ორშაბათი, მაისი 4, 2026
4 მაისი, ორშაბათი, 2026

ვუთხრათ ბავშვებს სიმართლე

0
Motherhood

ერთხელ ერთმა ქალბატონმა შემომჩივლა: „საგონებელში ვარ ჩავარდნილი, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მე და ჩემს მეუღლეს კარგა ხანს არ გვიჩნდებოდა შვილი. ბოლოს გადავწყვიტეთ, აგვეყვანა ახალშობილი და ღვიძლი შვილივით გაგვეზარდა. ორი თვის იყო ჩვენი პატარა, როცა ვიშვილეთ. ამის შესახებ მხოლოდ უახლოესმა ნათესავებმა იციან. საცხოვრებელი ადგილიც კი შევიცვალეთ, რომ მეზობლებისაგან რამე არ გაეგო. მე და ჩემს მეუღლეს გადაწყვეტილი გვქონდა, ბავშვისთვის სიმართლე არასოდეს გვეთქვა, მაგრამ ბოლო ხანს ეჭვი მეპარება ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში. ახლა ბავშვი ხუთი წლისაა და ხანდახან ისეთ კითხვებს გვისვამს, რომ ძალიან გვაბნევს. იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლება, სიმართლე სხვისგან გაიგოს და მე და ჩემს მეუღლეს ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა არ გვაპატიოს, თავზარს მცემს“.

მშობლები, რომლებიც ნაშვილებ ბავშვს ზრდიან, ადრე თუ გვიან დგებიან დილემის წინაშე: უთხრან თუ არა შვილს, რომ ის სხვა ქალმა გააჩინა და თავად მისი „ნამდვილი“ მშობლები არ არიან.

დღეს ყველა თანხმდება, რომ ბავშვს აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე თავისი წარმომავლობის შესახებ. მთავარია, როდის და როგორ ვეტყვით ამას.

 

  • მნიშვნელოვანია, ბავშვმა სიმართლე აღმზრდელი მშობლებისგან გაიგოს. თუ ეს ამბავი უცხო ადამიანებისგან შეიტყო, თანაც გარდატეხის ასაკში, მშობლებისა და შვილის ურთიერთდამოკიდებულებას სერიოზული ზიანი მიადგება. დიდი ალბათობით, მათ შორის გაუცხოება და უნდობლობა დაისადგურებს.
  • არ არსებობს ბავშვისთვის სიმართლის სათქმელად საუკეთესო ასაკი, მაგრამ სასურველია, ეს გარდატეხის პერიოდის დაწყებამდე მოხდეს, ვინაიდან, ასაკობრივი სირთულეებიდან გამომდინარე, მოზარდისთვის სიმართლის თქმას შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვეს.
  • კარგი იქნება, თუ ეს მოხდება მაშინ, როცა ბავშვი იწყებს კითხვების დასმას: „საიდან გავჩნდი?“, „როდის მოვედი თქვენთან?“ – და ა.შ. ჩვეულებრივ, ეს პერიოდი 3-4 წლის ასაკში დგება. 5 წლის ბავშვს უკვე ზედმეტი ემოციების გარეშე შეუძლია მიიღოს ის ფაქტი, რომ ნაშვილებია. ამასთან, ის არ ჩაიციკლება სიტუაციაზე და არ დაიწყებს მშობლების დადანაშაულებას, როგორც გარდატეხის ასაკში.
  • შეიძლება, ბავშვისთვის საიდუმლოს გამხელა 8-10 წლამდე გადავდოთ – იმ პერიოდამდე, როცა ბავშვებს ნამდვილად ესმით, რას ნიშნავს შვილად აყვანა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო უმტკივნეულოდ აღიქვამს ასეთ ინფორმაციას.
  • საუბრის დაწყებისას მშობელი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბავშვის კითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა, რამაც შეიძლება ჩიხში მოამწყვდიოს. კითხვები შეიძლება იყოს ასეთი: „ე.ი. შენ არ ხარ ჩემი ნამდვილი დედა?“; „რატომ თქვა დედამ ჩემზე უარი, არ უნდოდა, რომ მისი შვილი ვყოფილიყავი და მასთან მეცხოვრა?“; „ბავშვთა სახლში იმიტომ წამიყვანა, რომ ცუდი ვარ?“; „თქვენც ხომ არ წამიყვანთ ბავშვთა სახლში?“; „თქვენ რატომ წამომიყვანეთ ბავშვთა სახლიდან?“
  • მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ პატარამ დაიწყო კითხვების დასმა მისი ამქვეყნად მოვლენის შესახებ, ის უკვე მზადაა მშობლებისგან ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად. მთავარია, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ახლოს იყოს სიმართლესთან. ბავშვს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ ატყუებენ.
  • მშობელმა აღნიშნულ თემაზე ბავშვთან საუბარი უნდა დაიწყოს მაშინ, როცა ის კარგ გუნებაზეა; საუბრის დროს მისი ყურადღება სხვა თემაზე არ გადაიტანოს. არ ღირს ბავშვისთვის ასეთი საიდუმლოს გამჟღავნება საღამოს საათებში ან იმ მომენტში, როცა ის სტრესშია. მშობელს შეუძლია, საუბრის წინ ბავშვთან ერთად უყუროს ფილმს ან მულტფილმს ისეთ ოჯახზე, სადაც ნაშვილები ბავშვი ჰყავთ. ასევე შეუძლია, მასთან ერთად შექმნას მისი ცხოვრების წიგნი ნახატებით. შემოქმედებითი მიდგომა ბავშვს სიტუაციის აღქმას გაუადვილებს.
  • საუბრისას მშობელმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. ტირილი და ბავშვისთვის ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის. თუ უფროსი არ შექმნის ტრაგედიას ამ სიტუაციისგან, ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის.
  • მშობელს, რომელიც ბავშვისთვის შვილად აყვანის საიდუმლოს გამხელას გადაწყვეტს, არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ამბის მოყოლა მხოლოდ ერთხელ მოუწევს – ის მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მას არაერთხელ გაამეორებინებს.
  • კარგი იქნება, თუ ბავშვს ინფორმაციას შვილად აყვანის შესახებ, ზრდისა და განვითარების პარალელურად, ნელ-ნელა, მცირე დოზებით მივაწვდით. მშობელს უნდა ესმოდეს, რა აინტერესებს მის შვილს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე. როდესაც მას დამაზუსტებელი ინფორმაცია დასჭირდება, ის აუცილებლად დასვამს საჭირო კითხვებს.

ამრიგად, ყველაზე სწორი და სამართლიანი სტრატეგია ბავშვისთვის სიმართლის თქმაა. ამასთან, დროულად, მანამდე, სანამ ამას გარეშე პირი გააკეთებს. არ არსებობს საიდუმლო, რომელიც ადრე თუ გვიან არ გაცხადდება. სიმართლის დამალვა იმ მოტივით, რომ ეს ოჯახურ ჰარმონიას დაარღვევს, გაუმართლებელია. მთავარია, ბავშვს სჯეროდეს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც მას ზრდის, ის საყვარელი, სასურველი, ნანატრი შვილია, გრძნობდეს, რომ ის უყვართ, მასზე ზრუნავენ და მომავალშიც ასე იქნება.

პერსი გრიმი

0

ყოველთვის, როცა ღმერთის სახელით ვისიმე მოკვდინების ამბავი მესმის, ფოლკნერის ერთი მოთხრობა მახსენდება. გადავწყვიტე, ისე მოგიყვეთ, როგორადაც პირველი წაკითხვისას ჩამრჩა გულში და მახსოვს.

მთავარ გმირს პერსი გრიმი ჰქვია. ოცდახუთი წლისაა და სიამაყით ატარებს ამერიკის სამოქალაქო გვარდიის კაპიტნის ჩინს.

პერსი ვერაფრით პატიობს მშობლებს, გვიან რომ დაიბადა და პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობა ვერ მიიღო. შესაბამისად, ვერც გმირის სახელი დაიმსახურა. ის შურით შესცქერის ომის ვეტერანებს და ღიზიანდება, როცა არ იზიარებენ მის აღტაცებას საომარი ბატალიებისა და გმირობების შესახებ.

ყოველ ეროვნულ დღესასწაულზე პერსი გრიმი სამხედრო უნიფორმაში გამოეწყობა ხოლმე და ქუჩაში გადის – წარბშეკრული, ბიჭური გულზვიადობით და მეომრული გამომეტყველებით.

მაგრამ მარტო გაჯგიმვა ხომ არ არის – საქმეც საჭიროა. საქმე სისხლიანიც უნდა იყოს, სახელი რომ მოუტანოს. მერე რა, რომ ზარმაცია და არც ისე ნიჭიერი, მთავარი ის არის, რომ იცის – დიდი საქმეებისთვის არის დაბადებული.

ერთ დღეს პერსის ოცნება აუხდება და საქმეც გამოუჩნდება. შაბათის მშვიდ საღამოს მის მშობლიურ ქალაქ ჯეფერსონში მულატ ჯო ქრისთმასს მოიყვანენ განაჩენის გამოსატანად. ის თეთრკანიანი ქალის ჯოანა ბარდენის მკვლელობაშია ბრალდებული. არადა სულ უმიზეზოდ – იმ ღამეს, როცა ქალი მოკლეს, ბრალდებული ქრისთმასი მღვდელ ჰაითაუერთან იყო სტუმრად. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ალიბის, როცა ის „სხვანაირია“.

ჩვენი გმირიც მიადგება ადილობრივი ლეგიონის მეთაურს და ეტყვის, რომ სამოქალაქო პირებს არ აქვთ ადამიანის სიკვდილით დასჯის უფლება, რომ ეს სამხედრო პირების მოვალეობაა. მეთაური წინააღმდეგია, მაგრამ როცა მულატი ბადრაგს გაექცევა, იძულებული ხდება, ამ გულანთებულ ახალგაზრდას დახმარება მიიღოს.

„გიჟს რაღა შესტვენა უნდაო“ – ანდაზა ხომ გაგიგონიათ? გრიმიც მთელი არსებით გადაეშვება საქმეში. თავისნაირი გულანთებულებისგან პატარა რაზმს შეკრავს და გაქცეულის ძებნას იწყებს.

მეორე ღამეს გადააწყდება გრიმი ქრისთმასს და მისი რევოლვერის ცივ ლულასაც იგრძნობს შუბლზე, მაგრამ, მისდა გასაკვირად, ქრისთმასი არ ესვრის – გაიქცევა. გრიმს არც კი ებადება კითხვა, რატომ არ გაიმეტა ბრალდებულმა მოსაკლავად. პირიქით, უფრო გახელებული მისდევს ორ ამხანაგთან ერთად. ქრისთმასი მაღალ მესერს გადაევლება და მღვდელ ჰაითაუერის სახლში შევარდება.

ფერდაკარგული მღვდელი სამეულის შეჩერებას ცდილობს:

– ჯენტლმენებო… ადამიანებო!!!

ადამიანებს არ ესმით. მღვდლისგან ქრისთმასის გაცემას მოითხოვენ. ძირს დაცემული, გასისხლიანებული მღვდელი ყვირის:

– ადამიანებო, მისმინეთ! იმ ღამით ის აქ იყო. ჩემთან იყო, როცა მკვლელობა მოხდა ღმერთს გეფიცებით!..

– დალახვროს ეშმაკმა! – შეჰყვირებს გრიმი. – რა ყველას გული გიჩვილდებათ ამ ძაღლიშვილის გამო! – და ოთახში შევარდნილი ყურადღებას არ აქცევს მულატის აწეულ ხელებს…

ოთახში შესული მღვდელი და დანარჩენი ორი დაინახავენ, როგორ აზის გრიმი ქრისთმასს ზემოდან და როგორ ასაჭურისებს. ერთ-ერთს გული აერევა…

– ახლა ჯოჯოხეთშიაც ვეღარ მიეკარები თეთრ ქალებს! – ვალმოხდილის ხმით იტყვის გრიმი და სისხლიან დანას მოისვრის, მომაკვდავი ქრისთმასი კი უკანასკნელ, მშვიდ და უძირო მზერას მოავლებს ოთახში მყოფებს.

 

რომან „აგვისტოს ნათლის“ ეს ფრაგმენტი ფოლკნერმა 1932 წელს დამოუკიდებელ მოთხრობად გამოაქვეყნა. ის ამბობდა, რომ გრიმისნაირი ბევრი არ არის ამქვეყნად, მაგრამ ისინი ყველგან არიან, ყველა ქვეყანაში, ყველა ხალხში.

მიეზღო თუ არა პერსი გრიმს ავკაცობისთვისო? – ჰკითხეს მწერალს.

დიდმა სამხრეთელმა უპასუხა: – ის კანონის ძალით არ დასჯილა, მისთვის ბრალი არც კი წაუყენებიათ, მაგრამ როცა დაბერდებოდა და საკუთარ თავთან მარტო დარჩებოდა, აუცილებლად იფიქრებდა იმაზე, რატომ ჩაიდინა ასეთი სიავე, მიხვდებოდა, რომ ცხოვრება ფუჭად განვლო. ამდენი თვითმკვლელობის მიზეზიც ალბათ ეს არისო, –  დაუმატებია ფოლკნერს.

ასეთები არიან ჩვენშიც. ისინი მზად არიან, ნებისმიერი ამოიღონ ოთხში თავიანთი ღმერთის სახელით, ღმერთისა, რომელსაც კარგად არც კი იცნობენ. უბედურება ის არის, რომ ცალ ხელში დანა უპყრიათ და მეორეში – ჯვარცმა…

იყვნენ, წყალსაც წაუღია, ოღონდაც სხვის სიცოცხლეს ნუ ხელყოფენ.

როგორ შევთხზათ მოთხრობა?

0

მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარება სასკოლო განათლების მიზნებს შორის ერთ-ერთი უპირველესია. ხელოვნების, მუსიკისა და ლიტერატურის მასწავლებლებს გვმართებს განსაკუთრებული ძალისხმევა, რომ ბავშვებს ხელი შევუწყოთ შემოქმედებით აზროვნებაში, დავხვეწოთ და განვავითაროთ მათი შემოქმედებითი აღმქმელობა. შემოქმედი ნატურა სულით თავისუფალია, შორსაა აგრესიისა და სწორხაზოვნებისგან, ჰუმანურია, აქვს მზაობა თანამშრომლობისა და სოლიდარობისთვის, მასთან ურთიერთობა საინტერესოა და იმპულსები – გადამდები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებელს მართებს დიდი სიფრთხილე შემოქმედებითი უნარების განსავითარებელი დავალებებისა და აქტივობების დაგეგმვის დროს.

მინახავს მეექვსეკლასელი მოსწავლე, რომელსაც ლიტერატურის მასწავლებელმა ბალადის დაწერა დაავალა, როცა სასკოლო პროგრამით ხალხური ბალადა შეისწავლეს. ბავშვი ცრემლმორეული იჯდა საათების განმავლობაში და ეძლეოდა თვითგვემას, ამბობდა, რომ უნიჭოა, რადგან ბალადის დაწერას ვერ ახერხებს. ლექსის, პოემისა და ბალადის შეთხზვა საშინაო დავალებად სრული აბსურდია და მიუტევებელი უვიცობაა მასწავლებლის მხრიდან, პოეტური ტექსტების შექმნას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება და მოსწავლეთა უმრავლესობა ამ სირთულეს ვერ დაძლევს, თუმცა ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია, რომ მცირე ფორმის პროზაული ტექსტების შექმნის მასტერკლასების ჩატარების შემდგომ მსგავსი საკლასო და საშინაო აქტივობები დაგეგმოს.

ბრწყინვალე ნიმუშები მიმიღია მოსწავლეებისგან, როცა ვცადეთ ზღაპრის, ნოველისა ან მოთხრობის შეთხზვა. უბრალოდ ამას წინ უძღოდა შრომატევადი სამუშაო, სადაც დეტალურად ვიხილავდით ამ ტიპის კლასიკური ტექსტების სტრუქტურას, შინაარსს, ყველა ტიპის მახასიათებელს, ვქმნიდით ახალ-ახალ ნიმუშებსა და სქემებს და მხოლოდ ამის შემდგომ ვბედავდით, რომ მოსწავლეს დამოუკიდებლად ემუშავა ამგვარ დავალებებზე. ბავშვებისთვის ეს უაღრესად საინტერესო პროცესი და გამოწვევა იყო, რომელსაც კლასის დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად გაართვა თავი. ბავშვები ისევ და ისევ ითხოვენ ამგვარ დავალებებს.

მსურს გაგიზიაროთ დაწყებით საფეხურზე, მეექვსე კლასში, ჩატარებული ამ ტიპის გაკვეთილის გამოცდილება.

როგორ შევთხზათ მოთხრობა? – ისმის კითხვა და სანამ ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში ფანტაზიორობას დავიწყებდეთ, კარგად უნდა გავერკვეთ მოთხრობის ძირითად საიდუმლოებებში. რა გვჭირდება საიმისოდ, რომ მოთხრობა საინტერესო, დამაინტრიგებელი, დამაფიქრებელი და მხატვრულად ღირებული გამოგვივიდეს.

ი დ ე ა

მხატვრულ ტექსტს ბევრი მახასიათებელი აქვს, მაგრამ მისი მთავარი სათქმელი, ანუ იდეა გადამწყვეტია. ჯერ იბადება იდეა და შემდეგ – სიუჟეტი, სახეები. იდეა უნდა იყოს ამაღლებული, ჰუმანისტური, ნათელი, შესაძლოა შეფარვით იყოს მინიშნებული, მაგრამ მისი ამოცნობა მკითხველს არ უნდა გაუჭირდეს. მსოფლიო მწერლობაში გავრცელებული იდეებიდან ახალბედა ავტორებსაც შეუძლიათ ისესხონ თემები.  შეგვიძლია ბავშვებს ვურჩიოთ, რომ თავიანთი ნაწარმოების იდეებში ამოირჩიონ: პატრიოტიზმის, ამაღლებული სიყვარულის, მეგობრობის, სიკეთის, უსამართლობისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლის, სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნების, პიროვნების თვითრეალიზაციისა და თვითძიების, ესთეტიზმის (სამყაროსა და ხელოვნების მშვენიერების) იდეები.

ს ა ხ ე ე ბ ი

ჩვენს „დებიუტანტ“ ავტორებს ასევე უნდა ვურჩიოთ, რომ მათი შემოქმედებითი ოსტატობის უპირველესი საზომი შთამბეჭდავი მხატვრული სახის შექმნაა. უნდა მოიფიქრონ დაუვიწყარი პერსონაჟი, რომლის სახელი, გარეგნობა, წარმომავლობა, ოჯახი საინტერესოდ უნდა წარმოაჩინონ, დააკისრონ მას ამაღლებული მისია, ან თუ ანტაგონისტია – ორიგინალურად დახატონ მისი უარყოფითი მახასიათებლები. პერსონაჟი მისი საინტერესო თავგადასავლების თხრობის დროს ბუნებრივი, გულწრფელი, დამაჯერებელი უნდა იყოს, უნდა მეტყველებდეს დასამახსოვრებლად, მის ყოველ ფრაზასა და სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა უნდა მივცეთ. ის შეიძლება ჰყვებოდეს ამბებს პირველ პირში, ან მესამე პირით გადმოსცეს ავტორმა პერსონაჟის თავს გადახდენილი ამბები. პერსონაჟი ორგანულად უნდა „იჯდეს“ იმ დრო-სივრცეში, რომელსაც ავტორი მოიფიქრებს, სადაც ხდება მოქმედება.  პერსონაჟი შეიძლება იყოს მთავარი, მეორეხარისხოვანი, ეპიზოდური, პასიური, თუმცა ყოველ მათგანს თავისი მისია უნდა დააკისროს ავტორმა.

დ ა მ ა ი ნ ტ რ ი გ ე ბ ე ლ ი    ფ ა ბ უ ლ ა

მოთხრობას, ნოველას, ლიტერატურულ ზღაპარს უპირველესად სჭირდება კარგად გამართული, მიმზიდველი, დამაინტრიგებელი ფაბულა. ავტორმა ფაბულა წინასწარ უნდა შეთხზას და შემდგომ შეუძლია ის განავრცოს. ფაბულაში თხრობის მიმდინარეობა, ანუ ნაწარმოების არქიტექტონიკა გარკვეული წესრიგით უნდა იყოს აგებული. ავტორმა უსათუოდ უნდა დაიცვას სიუჟეტის აგების უძველესი, მაგრამ კარგად გამოცდილი და უცვეთი ხაზი: შესავალი – ექსპოზიცია – კვანძის შეკვრა – მოქმედების განვითარება (1) – კულმინაცია – მოქმედების განვითარება (2) – კვანძის გახსნა – მოქმედების განვითარება (3) – ფინალი. ეს სქემა უნივერსალურია და მისი დაცვა აუცილებელია, რომ სიუჟეტი თანმიმდევრული, ლოგიკური ჯაჭვებით დაკავშირებული და დინამიკური იყოს მკითხველისთვის. რომელიმე ნაწილის დაკლება/ამოგდება ან გაწელვა იწვევს თხრობის თანმიმდევრობის რღვევას, რაც მკითხველს არ გამოეპარება.

ე მ ო ც ი უ რ ი    ფ რ ა ზ ე ბ ი

განსხვავებული, ინდივიდუალური თხრობის მანერა, სიახლე მეტყველებაში აუცილებელია, რომ ავტორის ხელწერა მისაღები იყოს მკითხველისთვის. შეგვიძლია გამოვიყენოთ დიალექტური ან არქაული ენა, ასევე ქალაქური მეტყველება (სლენგები), მთავარია, რომ ენა ორგანულად ესადაგებოდეს პერსონაჟის ხასიათს. შეგვიძლია გამოვიყენოთ მონოლოგები, დიალოგები, პოლილოგები, ავტორისეული ჩართვები. სასურველია, რომ ტექსტი გავამდიდროთ ემოციური ფრაზებით, რომლებიც მას განსაკუთრებულ მიმზიდველობას მიანიჭებს. ფრთიანი ფრაზები ლიტერატურული ტექსტებიდან განსაკუთრებით უყვარს მკითხველს, მათ იმახსოვრებენ, იმეორებენ, სხვა ტექსტებში აცოცხლებენ.

როცა მიმდინარე სასწავლო წელს შემოქმედებითი წერის გაკვეთილი დავგეგმე მეექვსე კლასში, ბავშვებმა მთხოვეს, რომ მათთან ერთად ნიმუშის სახით მეც შემეთხზა ტექსტი, რათა მოთხრობის აგების ტექნიკას იოლად დაუფლებოდნენ. გთავაზობთ ამ ტექსტს, როგორც მარტივ ნიმუშს ნარატიული ტექსტის შეთხზვისა. მას არ აქვს ამბიცია, რომ გამორჩეული და მაღალმხატვრული ნაწარმოებია ან უმნიშვნელოვანესი სიახლეა, თუმცა მოსწავლეებს მასწავლებლის მიერ შეთხზული ამგვარი ტიპის ტექსტები სტიმულსა და ბიძგს მისცემს, რომ თავადაც იოლად ჩაიფიქრონ ახალი და ახალი მხატვრული ნაწარმოებები

 

ო ფ ო ფ ი ნ ა ს   ფ ი ქ რ ე ბ ი

ოფოფინას დედა და ჩემი დაიკო ოფა მეძახიან, თორემ ისე ოფოფი ვარ, ტანმოხატული, გვირგვინოსანი, სხარტი და მოუსვენარი. თაშის ტყეში დავფრინავ და ყველაზე მეტად ტყის სიახლოვეს მცხოვრებთა ეზოებში ჩაფრენა მიყვარს. საკენკი ტყეშიც ბლომად მოიპოვება, ტყე ხომ არასოდეს გაძუნწდება ზოგიერთი ადამიანივით,  თუმცა სადაც ადამიანები ცხოვრობენ, ყოველთვის არის ხოლმე ბლომად სასუსნავი! ო, ეს სიტყვა როგორ უყვართ! ოღონდ აჭამე! ბუნებას კი არასდროს უგდებენ ყურს. განა ტყეში გაისეირნებენ? ცხოველს ან ფრინველს თუ დაინახავენ, აუცილებლად უნდა ხელი სტაცონ, შეჭამონ ან გალიაში დაამწყვდიონ. ღმერთო, რანაირები შექმენი ადამიანები?! ლამაზი ყვავილის დანახვაზეც კი თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიან, მაშინათვე მოგლეჯენ და ლარნაკებისკენ გააქანებენ. რომელი ფიქრობს, რა უნდა ყვავილს? სურს კი მას მშობლიური ნიადაგიდან მოწყვეტა, მეგობრებთან სამუდამოდ დამშვიდობება და 2-3 დღის სიცოცხლე ვიღაცის ორიგინალურ ლარნაკში, ოთახის გასალამაზებლად? რატომ ავიწყდებათ თავიანთი დიდი პოეტის დახატული დობილები, ია და სასუტელა? მათი გამეტება შეიძლება?

ერთი ეზო ამოვიჩემე. ლამაზი სახლია, შუშებიანი და აივნებიანი. ეზოში დიდი აუზია, ფირუზისფრად ლივლივებს ხოლმე წყალი. ულამაზესი ხუჭუჭა გოგონა გამოდის და მტრედებს საკენკს უყრის ხოლმე. როცა მტრედები გაფრინდებიან, მეც მივეპარები საკენკს. სახლს ლამაზი ბაღი აკრავს, სადაც დიდი, ღონიერტოტებიანი, გაბარჯღული კომშის ხე დგას. პირველად რომ ჩავფრინდი, მაშინათვე შევამჩნიე, შოშიებს იმ ხეზე ბუდე ჰქონდათ და ოთხი ბარტყი ჰყავდათ.

ხუჭუჭა გოგოს მეზობლად ბიჭი ცხოვრობს, ზუკას ეძახიან. ისეთი შუშის თვალები აქვს და გამყინავი მზერა, მზარავს მისი დანახვაც კი. ყველას მისი სახელი პირზე აკერია: „ზუკა, ნუ ურტყამ“, „ზუკა, არ გატეხო“, „ზუკა, არ დაანგრიო“, „ზუკა, არ წააქციო“, „ზუკა, ნუ უყვირი“, „ზუკა, შეეშვი“…

ხუჭუჭა ნიტა და ზუკა სულ ჩხუბობენ. რამდენჯერ მის ეზოში გადმოსულა და მოულოდნელად აუზში გადაუგდია გოგო. იცით, როგორ მიკვირს, რომ ნიტა მაინც უშვებს სახლში? ის კი არა, ნაყინები, შოკოლადები, ბურგერები, ბანანები და წვენები გამოაქვს ხოლმე, ჩამოსხდებიან კაკლის ხის ძირას მრგვალ მაგიდასთან და ნეტარებენ. ამ დროს ზუკა იკრიჭება და აგრესიული არ არის, მაგრამ სხვა დროს კი, უჰ!.. მე ეგეთ ადამიანს ზუკას კი არა, მავნეს დავუძახებდი.

ნიტა ჩემს დანახვაზე გაიხარებს ხოლმე, მაშინათვე ტელეფონს ეცემა და ფოტოებს მიღებს. მის ტელეფონში ჩემი ათასი ფოტოა. მასთან მიახლოების არ მეშინია, აი, ზუკასთან მიკარებას კი არავის ვურჩევ! ამასწინათ ნიტას უთხრა: ეს სულელი ოფოფი, აქ რომ მოდის, არ გინდა დავიჭიროთ, გავპუტოთ, გავჭრათ და ვნახოთ ერთი, რანაირიაო? ნიტამ თავში მაგრად უთაქა, ხომ არ გაგიჟებულხარ, სადისტი კი არ ვარო!

კვირას რომ ჩავფრინდი ნიტას ეზოში, გოგონა არ ჩანდა. დავინახე, რომ ბეტონის მაღალ გალავანზე ზუკა მოცოცავდა. ნიტას კომშის ხეზე გადავიდა. შოშიების ბუდისკენ წავიდა ჯოხით ხელში. კანკალმა ამიტანა. რა უნდა მექნა? ნიტა არსად იყო. ეზოშიც არავინ ჭაჭანებდა. ძაღლთან მივფრინდი, რომ ყეფა აეტეხა. ყეფის ხმაზე კი ნიტა გამოვიდა აივანზე. მოაჯირზე შევფრინდი. ნიტამ ფოტო გადამიღო. ნელ-ნელა კომშის ხისკენ მივიწევდი და ნიტა კამერის წკაპუნით უკან  მომდევდა. მალე კომშის ხის ძირას აღმოვჩნდით.

  • აქ რა გინდა, ზუკა? – დაიყვირა ნიტამ.

ზუკას შოშიის ბუდე ხელში ეჭირა და ბარტყები საცოდავად ჭყიოდნენ.

  • ახლავე დააბრუნე თავის ადგილზე, თორემ მამიკოს დავუძახებ და განანებს, იცოდე! – მა-მაააა!!! – იკივლა ნიტამ…

ზუკამ ბუდე ფრთხილად ჩააბრუნა კომშის გაბარჯღულ ტოტებში.

ეს ამბავი შარშანწინ მოხდა. წელს კი ზუკას და ნიტას სულ ერთად ვხედავ. ზურგჩანთამოკიდებულები სახლიდან ერთად მიდიან სადღაც, ერთად ვიდეოებს უყურებენ. ნაყინებისა და ბურგერების ერთად ჭამასაც არ ივიწყებენ, აუზშიც კი ერთად ხტებიან. ზუკა უკვე ხელს არ კრავს ნიტას, პირიქით, ჩასვლა-ამოსვლისას ხელს უწვდის, ეშველება. ველოსიპედებითაც ერთად დაქრიან ტრასაზე… არ ვიცი, შესაძლებელია, რომ ზუკასნაირი ბიჭი შეიცვალოს? ადამიანები ასე ამბობენ: სიყვარულს ყველაფერი შეუძლიაო.

 

 

სამკუთხედის უტოლობა. ერთი გაკვეთილის ამბავი

0

„რაც მოვისმინე – დამავიწყდა, რაც დავინახე – დავიმახსოვრე, რაც გავაკეთე – გავიგე“.

ძველი ჩინური ანდაზა

ცოდნის მიღების მრავალი გზა არსებობს, შედეგად, არსებობს მრავალი მეთოდი, ტექნიკა, რომელთა სია მუდმივად ფართოვდება, ისინი იყენებენ (განსხვავებულ) კონკრეტულ უნარებს. სწავლა კეთებით კი საოცრად ეფექტური სასწავლო ინსტრუმენტია სხვადასხვა უპირატესობების გამო.

ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეებს ვასწავლოთ მეტი, როდესაც ისინი იძულებულნი არიან „შევიდნენ სიტუაციაში“ და ისწავლონ ის, რისი სწავლაც სჭირდებათ. ამით უფრო ადვილია გააზრება და დამახსოვრება, ყოველი ქმედება უზრუნველყოფს პერსონალიზებულ სწავლის გამოცდილებას და სწორედ აქ ყალიბდება მოტივაცია. მოტივაცია კავშირშია საკითხისადმი აქტიურ მოდგომასთან. აქტიური ჩართულობა კი უზრუნველყოფს უფრო ღრმა სწავლას.

გაგიზიარებთ მე-7 კლასში, კეთებით სწავლით მეთოდით დაგეგმილ ერთ გაკვეთილს. თეორემა სამკუთხედის უტოლობის შესახებ, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათემატიკური პრინციპი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დარგში, რეალურ ცხოვრებაში. სამოქალაქო ინჟინრები სამკუთხედის უტოლობის თეორემას იყენებენ ქალაქის დაგეგმარებას, ტრანსპორტირებასა და გეოდეზიაში, იგი ეხმარება მათ, გამოთვალონ უცნობი სიგრძეები და გააკეთონ სწრაფი შეფასება.

სამიზნე ცნება: გეომეტრიული ობიექტები და მათი თვისებები

კლასი: მე-7

საკითხი: სამკუთხედი

ქვესაკითხი: სამკუთხედის უტოლობა

საკვანძო შეკითხვა:

  • როგორ გვეხმარება ლოგიკური მსჯელობა თეორემის დამტკიცებაში?
  • როგორ ვიყენებთ სამკუთხედის უტოლობის თვისებას რეალურ ცხოვრებაში?

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ, დაადგინონ, როდის შეიძლება მოცემული სიგრძის სამი მონაკვეთიდან სამკუთხედს შექმნა და როდის არ შეიძლება.

სტანდარტის მიხედვით მისაღწევი შედეგები: მოსწავლემ უნდა შეძლოს:

გეომეტრიული ობიექტების წარმოდგენა ამოცანის კონტექსტის შესაბამისად (მათ. საბ. 4,5,6);

გეომეტრიული ამოცანების ამოხსნა სამკუთხედებთან დაკავშირებული ცნებებისა და ფაქტების გამოყენებით (მათ.საბ. 1,2,3,7,8,9)

გაკვეთილის მსვლელობა

წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ პირველი აქტივობა რეალური კონტექსტის მაგალითია. მოსწავლეთა წყვილებს ვურიგებ სურათს აღწერითა და შეკითხვით.

ოთხი მეგობრის საცხოვრებელი სახლები ისეა განლაგებული, როგორც სურათზე. სახლებს შორის მინდორია. სახლები ერთმანეთთან სატრანსპორტო გზითა და ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარებითაა დაკავშირებული, მაგრამ მინდორზე ვხედავთ ბალახში გაცვეთილ ბილიკებს, რომლებიც დიაგონალების სახითაა მწვანესაფრიან ტერიტორიაზე. თქვენი აზრით, რატომ კვეთენ ადამიანები მინდორს A სახლიდან C სახლში მოსახვედრად და პირიქით? ან B სახლიდან D სახლში მოსახვედრად და პირიქით?

მოსწავლეები სახაზავით ზომავენ A სახლიდან C სახლში მოსახვედრ შესაძლო გზების მანძილებს. 1) AC მონაკვეთის სიგრძე, 2) AB+BC მონაკვეთების სიგრძეთა ჯამი, 3) AD+DC მონაკვეთების სიგრძეთა ჯამი. შედარებისას აღმოჩნდა AC<AB+BC, ასევე AC<AD+DC ანალოგიურად, BD<BC+CD და BD<BA+AD.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სწორედ ამ უტოლობების თანახმად უმოკლეს სიგრძეებს ირჩევენ A და C სახლებში მცხოვრები მეგობრები და AC ბილიკით უკავშირდებიან ერთმანეთს, ისე, რომ ზუსტი ზომების განსაზღვრა არცაა მათთვის საჭირო. იგივე ითქვა B და D სახლში მცხოვრებ მეგობრებზეც.

მოსწავლეებს ვეკითხები საინტერესოა, ეს უტოლობა ნებისმიერი სამკუთხედისთვის სრულდება, ან შეიძლება თუ არა ნებისმიერი ზომის სამი მონაკვეთით სამკუთხედის ფორმირება?

აქტივობა 2: თეორემა სამკუთხედის უტოლობის შესახებ

მიზანი: მოსწავლეები მანიპულატივების დახმარებით აღმოაჩენენ სამკუთხედის გვერდების სიგრძეების შორის დამოკიდებულებას.

მოსწავლეებს ვეკითხები: შეიძლება თუ არა სამკუთხედის ფორმირება ნებისმიერი სამი მონაკვეთით? მათი სხვადასხვა ვარაუდების შემდეგ, მივმართავ, – თავად სცადე და ნახავ!

მოსწავლეებს ვურიგებ ჩხირებს, ვთხოვ ამ ჩხირებით შეკრან სამკუთხედები (ზოგ შემთხვევაში არ შედგება). შემდეგ გაზომონ ჩხირების სიგრძეები სახაზავით და აწარმოონ ცხრილი.

 

კლასში შეჯერდა მოსწავლეთა წყვილების ნამუშევრები. მოსწავლეები პასუხობდნენ კითხვებს, ჩხირებით ყოველთვის შეიკრა თუ არა სამკუთხედი? რა მოხდა, როცა ორი ჩხირი ძალიან მოკლე იყო და ერთი დიდი? ამდაგვარი დამხმარე შეკითხვებით, მათ მიერ ნაწარმოები ცხრილითა და მსჯელობა-ანალიზის საფუძველზე მოსწავლეებმა თავად გამოიტანეს დასკვნა: სამკუთხედის ფორმირებისთვის ერთი გვერდის სიგრძე ყოველთვის ნაკლები უნდა იყოს დანარჩენი ორი გვერდის სიგრძეთა ჯამზე, ამის შემდეგ ვთხოვე მოსწავლეებს, ეს წინადადება „თუ – – -, მაშინ – – -„ ფორმატში გადაიტანონ.

გიზიარებთ, მოსწავლეთა მუშაობის ამსახველ რამდენიმე ფოტოს.

აქტივობა 3. განმტკიცების პროცედურა

ეს აქტივობა მთელ კლასთან გავაკეთე სამი განსხვავებული შემთხვევის განხილვით. მოსწავლეებს ვეკითხები, მოცემული სიგრძის გვერდებით შესაძლებელია თუ არა სამკუთხედის შედგენა? ისინი ასაბუთებენ პასუხს, სამკუთხედის უტოლობის თეორემის გამოყენებით, ბოლოს კი მეტი თვალსაჩინოებისათვის ვაჩვენებ ვიზუალურ წარმოდგენას. ვაძლევ უკვე წინასწარ გამზადებულ ფიქსირებული ზომის ფანქრებს მოხალისე მოსწავლეს და ის მთელ კლასს კიდევ ერთხელ აჩვენებს, შედგა თუ არ სამკუთხედი.

პრობლემის დასმა პრობლემის გადაწყვეტა ვიზუალიზაცია
დაადგინეთ, შეუძლია თუ არა მოცემული სიგრძის გვერდებს შექმნას სამკუთხედი: 4; 6; 8.

 

ჯერ ავირჩევთ ორ უმოკლეს გვერდს 4 და 6. მათი ჯამი მეტია უდიდეს გვერდზეასეთი გვერდებით სამკუთხედი არსებობს.

დაადგინეთ, შეუძლია თუ არა მოცემული სიგრძის გვერდებს შექმნას სამკუთხედი:

7; 3; 2.

 

ჯერ ავირჩევთ ორ უმოკლეს გვერდს 3 და 2. მათი ჯამი არ არის მეტი უდიდეს გვერდზე

ასეთი გვერდებით სამკუთხედი არ არსებობს.

დაადგინეთ, შეუძლია თუ არა მოცემული სიგრძის გვერდებს შექმნას სამკუთხედი: 6; 6; 12.

 

ჯერ ავირჩევთ ორ უმოკლეს გვერდს 6 და 6. მათი ჯამი ტოლია უდიდეს გვერდზე

ასეთი გვერდებით სამკუთხედი არ არსებობს

 

ამ აქტივობით გავაკეთე წინა აქტივობის რეზიუმე, ამავდროულად პროცედურამ ხელი შეუწყო საკითხის უკეთ გააზრება/განმტკიცებას.

აქტივობა 4: გასასვლელი ბარათები-მოკლე წერა

ინდივიდუალური ბარათები, რომლებსაც მოსწავლეებს ვურიგებ, ამოწმებს რამდენად გაიაზრეს საკითხი და შეუძლიათ თუ არა პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა, სამკუთხედის თეორემის გამოყენებით.

გაგიზიარებთ რამდენიმე ბარათს:

1  შესაძლებელია თუ არა სამკუთხედის შედგენა შემდგი ზომის გვერდებით: 7 ერთეული, 4 ერთეული და 5 ერთეული.

 

2 გიორგის აქვს სამი განსხვავებული ზომის ჯოხი: 12 სმ, 20 სმ და 32 სმ. შეძლებს ის ამ ზომის ჯოხებით სამკუთხედის „გაკეთებას“?

 

3 შესაძლებელია თუ არა, სამკუთხედის გვერდების სიგრძეები იყოს შემდეგი სამი რიცხვი 7; 2; 11.

 

 

გასასვლელი ბარათების ანალიზის საფუძველზე დავგეგმე მომდევნო გაკვეთილი.

საბოლოოდ მოსწავლეები აჯამებენ გაკვეთილის მსვლელობას, რა მოეწონათ, რა გაუმარტივდათ, შეძლებენ თუ არა გაკვეთილზე გადაჭრილი პრობლემების ანალოგიით მსგავსის დამოუკიდებლად გადაჭრას და მცირე კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვას?


მოსწავლე. რომელიც სკოლაში არ იყო გადავუგზავნე ხანის აკადემიის ვიდეო სამკუთხედის უტოლობაზე ბმულის სახით, შესაბამისი სავარჯიშოებით.

საშინაო დავალება:

  1. სამკუთხედის გვერდების სიგრძეების წესზე ხანის აკადემიის სავარჯიშოები
  2. აწარმოვე კვლევა:

დახაზე რამდენიმე სახის სამკუთხედი. გაზომე გვერდები, კუთხეები. შექმენი ამ მონაცემების დასაორგანიზებელი ცხრილი, დააკვირდი გვერდის ზომასა და მის წინ მდებარე კუთხის ზომებს შორის კავშირებს და აღმოაჩინე მიმართებები სამკუთხედის გვერდებსა და შიდა კუთხეებს შორის. გამოიტანე დასკვნა. წარმოადგინე კლასის წინაშე

ამ თემას აქვს მტკიცებულება, რომლის სწავლა შესაძლებელია აღმოჩენის გზით. მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ მათ შეუძლიათ, რეალურად გაარკვიონ სამი მოცემული ხაზი ქმნის თუ არა სამკუთხედს. ამ საკითხის გააზრების შემდეგ მარტივია სამკუთხედების აგების ამოცანებზე მუშაობა.

გამოყენებული ლიტ-რა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/sabazo-safekhuri-vi-ix-klasebi-proeqti-sadjaro-gankhilvistvis;

 

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-7 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/meshvide-klasi/;

  1. https://www-katesmathlessons-com.translate.goog/triangle-inequality- theorem.html?_x_tr_sl=en&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=ka&_x_tr_pto=sc/

 

ცა და კაცი საკრამულიდან

0

ადამიანებს და სოფლებს ერთი ფერი აქვთ. სახეზე ივლისის მომაკვდავი ყაყაჩოსფერი დამკრავს, ხელის გული, კიდევ, აი, იმ მინდვრებს მიმიგავს, ნახნავებში ფრთხილი სიმწვანით.

მე ვარ გლეხი-კაცი საკრმალუდან. ძველი საკრამულიდან. ჯუმბერ ბუღულაშვილი.

ვინმესა შეიძლება, პირუკუ ეგონოს, მაგრამა – სოფელი არის მაღლა ყურება – ჯერ ბავშვი ხარ და ვარსკვლავებს უყურებ.  ცაზე. აქ ცა ახლოა. ჩხუბი მოგვდიოდა – ის ჩემი ვარსკვლავია, ის – ჩემი! დიდი ხარ კიდევ და ისევ ცას უყურებ – დათესავ რამესა და მაღლა იყურები, იწვიმებს ან არ იწვიმებს, ან მოვა მოსავალი ან არ მოვა.

სხვადასხვანაირი ცისთვის ყურებაა სოფელი.

საკრამული არის  შეჩვეული ზღაპარი. ანუ უფრო სწორედ – ვინც ზღაპარში ცხოვრობს, მისთვის ზღაპარი ზღაპარი ვერ არის. სხვები კიდევ უყურებენ და ტკბებიან. ტყე და ნიავი კარგია, კარგი. მაგრამა, მე სულ ზევით ვიყურები – იწვიმებს – არ იწვიმებს.

გარდაცვლილი ყაყაჩოების სული არის შემოდგომის მთვარე. შეგროვებული სული. ეგ მამამ მომიყვა. ბევრი სული ერთად. ჰოდა, ზღაპარი ჩემთვის არის მაშინ, როცა მოვდივარ ტყიდან და ცაზე არის მთვარე. გვერდით ნაგრილი მომდევს. იცი, რა არის ნაგრილი? რომ მიდიხარ და ჩრდილი მოგყვება, ეგ არის ნაგრილი. ძლიერი მთვარე იცის აქა. და ნაგრილი კარქათა ჩანს. ზღაპარი. სხვა დანარჩენი შრომაა. აქ ყველა ხეს ჩემი სისხლი უდგას, ეგრე დავრგე. კამენდატი საათი რომ დადგა, მას მერე ვეღარ მივუმატე ვერაფერი. ის მანქანაც ჩანადირებში დამრჩა, ახლა წამოვიღე. ჰოდა, სულ შრომაა. სულ მაღლა ყურება – იწვიმებს, არ იწვიმებს.

ხან მინდა ეს ფიქრები ღამით სხვანაირ სიზმრებში გადავცვალო. არ იცვლება. სიზმარიც ისეთივეა, იქაც ცას ვუყურებ, მაგრამ ვარსკვლავები არა ჩანან. იქაც ის ცაა, რომ უნდა იწვიმოს ან არ იწვიმოს. ბავშვობა კიდევ იყო სირბილი. სირბილი და სირბილი. კარქია სირბილი. ახლა ვეღარა დავრბივარ. მაშინ რომ დავრბოდი, მერე ვიღლებოდი და მინდორზე ვჯდებოდი. ზევით ავხედავდი. ვარსკვლავები ჩანდა. შეიძლება ახლა რომ ვერ დავრბივარ, მაგიტომ ვეღარ ვხედავ ვარსკვლავებს.

ვიცი? არ ვიცი.

 

ჟურნალ “მასწავლებლის” 2022 წლის მესამე ნომერი გამოიცა!

0

ხშირად მიფიქრია იმაზე, რა არ უსწავლებიათ ჩემთვის და პირველი, რაც მახსენდება, კითხვების დასმაა. ჩემი თაობა უფრო მსმენელი იყო. უფროსები გვესაუბრებოდნენ და ჩვენ ვუსმენდით. კითხვების დასმა მაინცდამაინც კარგი აღზრდის ნიშნად არ მიიჩნეოდა.

ახლა, როცა თავად ვასწავლი და მაქვს შესაძლებლობა, სხვებსაც გავუზიარო ის, რაც ვიცი და რისიც მჯერა, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ კითხვების დასმა ცოდნის მთავარი ინსპირატორია. მათ შორის – ისეთი კითხვებისაც, რომლებზეც პასუხი არ მაქვს.

ჩემი გამოცდილებით, სასწავლო გარემოზე დაკვირვებით, სპეციალურ თუ მხატვრულ ლიტერატურაზე დაყრდნობით შემიძლია იმის თქმა, რომ მოსწავლეებს შესასწავლი თემის გარშემო რაც შეიძლება მეტი კითხვის დასმის უფლება უნდა მივცეთ. თუნდაც უხერხულის. მეტიც: კითხვები საშინაო დავალების თემაც კი შეიძლება გახდეს.

ოღონდ მანამდე უნდა ვასწავლოთ, როგორ დასვან კითხვები სწორად, მეტიც: უნდა ვასწავლოთ, რატომ უნდა დასვან კითხვები.

კითხვა-პასუხი გაკვეთილზე თუ გაკვეთილის მიღმა – ამას მოელიან ჩვენგან ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებელი ამისთვის მზად უნდა იყოს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის გასაღვივებლად. დანარჩენს მოსწავლე თავად გაარკვევს, მას ამისთვის წინ მთელი ცხოვრება აქვს.

რას ითხოვენ ჩვენი მოსწავლეები ჩვენგან?

უპირველესად ალბათ ურთიერთობას.

სწავლება და კითხვების დასმა ურთიერთობის კარგი საშუალებაა. როცა ამ ურთიერთობაში გულწრფელობა და ნდობა ჩნდება, პასუხგაუცემელი კითხვები აღარ არსებობს.

მოსწავლე ჩვენგან რაღაც ახლის გაგებას ელის.

მხოლოდ დასმული კითხვების ანალიზი მიგვახვედრებს, რომელი ასპექტია საინტერესო მათთვის. კითხვები მოგვცემს ლავირების საშუალებას და გვაპოვნინებს ბევრი რამის გასაღებს ჩვენს მოსწავლეებთან ურთიერთობაში.

რაც მეტია მოსწავლეების წვლილი საკითხის განხილვაში, მით უფრო საინტერესო ხდება ის მათთვის.

და თუ ყველა კითხვაზე არ მაქვს პასუხი, თუ პასუხი ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვს, რომელიც არ მყოფნის, ეს თამამად უნდა ვთქვა. მშვენიერი საშუალებაა მოსწავლეების გასააქტიურებლად: ვეუბნები, რომ არ ვიცი და მოვძებნი, ან უმჯობესია, თვითონვე მოიძიონ ინფორმაცია, – ამით ვაჩვენებ, რომ ვენდობი.

სხვაგვარად მოსწავლის გონებაში ყოველთვის იტრიალებს ერთი პასუხგაუცემელი კითხვა: რატომ ვსწავლობ? რისთვის ვსწავლობ? რაში გამოვიყენებ?

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  გიორგი ჭანტურია, მაია ფირჩხაძე,  მანანა ბოჭორიშვილი, თემურ სუყაშვილი, ლელა კოტორაშვილი, ლევან ალფაიძე, ირმა კახურაშვილი, მაია ჯალაიშვილი, ნინო ფეტვიაშვილი, ხათუნა მჭედლიშვილი, მარიამ გოდუაძე, ქეთევან კობალაძე, ლელა მანგოშვილი, ელიზბარ ელიზბარაშვილი, ბესო პაპასქუა, ნასტასია არაბული, ქრისტინა სურგულაძე

სანამ დროა

0

„ყველაზე მნიშვნელოვანი არა მატერიალური ნივთების, არამედ ადამიანურ ფასეულობათა გაცემაა… გაღება თავისთავად მძაფრი სიხარულია. გაცემისას ადამიანს არ შეუძლია, გვერდი აუაროს სიახლის შეტანას სხვის ცხოვრებაში და შემდგომ, რასაც იგი წარმოშობს, მასზევე აირეკლება… გაცემის ქმედებაში რაღაც იბადება და ორივე ადამიანი მადლიერია იმ სიახლისა, რომელიც მათთვის იშვა“.

ერიხ ფრომი, „სიყვარულის ხელოვნება“

ამერიკელი ფსიქოლოგის, ერიხ ფრომის, ეს მოსაზრება ზუსტად განსაზღვრავს სტატიის მოტივს. ბავშვთან ურთიერთობისას მშობელი/აღმზრდელი მუდმივად გასცემს და უკან უფრო მეტი უბრუნდება. გაცემის უნარს განვითარება სჭირდება. გიზიარებთ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რას ვკითხულობ, ვუყურებ, ვუსმენ ჩემი, როგორც მშობელ-აღმზრდელის თვალთახედვით, ზაფხულის დღეებში და ვისურვებდი, ჩემ მიერ აკინძულმა კოლაჟმა მკითხველს ქმედებისკენ უბიძგოს.

რებეკა პირსონი

ამერიკული სერიალი „ეს ჩვენ ვართ“ ოჯახური დრამაა. სერიალის გადაღება 2016 წელს დაიწყო და 2022 წელს დასრულდა. ცოლ-ქმარ პირსონებისა და მათი სამი შვილის ცხოვრება სხვადასხვა ჭრილში ვითარდება. სცენარი თემატიკის მრავალფეროვნებით გამოირჩევა: შვილად აყვანა, ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, რასობრივი დისკრიმინაცია, ჭარბწონიანობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის აღზრდა, ალცჰაიმერი.

ყველაზე დიდი ყურადღება გამახვილებულია ოჯახურ ფასეულობებსა და ბავშვობის მნიშვნელობაზე. რებეკასა და ჯეკის სამი ტყუპიდან ერთი მშობიარობისას გარდაიცვლება. იმავე დღეს სამშობიაროში მიიყვანენ შავკანიან ბიჭს, რომელსაც პირსონები იშვილებენ. რენდალის, შავკანიანი ბიჭის, პიროვნული განვითარების გზა თეთრკანიან მშობლებსა და და-ძმასთან არ აღმოჩნდება მარტივი, მიუხედავად იმისა, რომ პირსონების წყვილი ძალისხმევას არ იშურებს და ყურადღების თანაბრად განაწილებას ცდილობს.

ამ სერიალის მთავარი პერსონაჟი რებეკა პირსონია, რომელსაც მთელი ცხოვრება დედის, ცოლისა და შემდეგ უკვე ბებიის როლი ჰქონდა მორგებული. ჩემთვის მეექვსე სეზონის მეათე სერია განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა. რენდალი უკვე ზრდასრული მამაკაცია. ერთ დღეს დედასთან ერთად ატარებს. კაფეში სადილობისას შაქრის პატარა პაკეტებისგან რენდალი თეფშზე სახლის აგებას ცდილობს, რაც რებეკას მოგონებებს გაუღვიძებს:

„ეს ითენ-პარკში იყო, პირველად რომ შევამჩნიე, ამას როგორ აკეთებდი. ის ზაფხული სკოლის კლუბის წიგნის კითხვაში გავატარეთ. გინდოდა, კლასში ყველასთვის გეჯობნა და სიაში ყველა წიგნი წაგეკითხა. ყოველღამე მისაღებში ტახტზე ვისხედით, ერთად ვკითხულობდით. კევინი, ქეითი და მამა ტელევიზორს უყურებდნენ. ზაფხულობით, ყოველ პარასკევს, ბიბლიოთეკაში მის გახსნამდე მივდიოდით და დაკეტვამდე ვჩერდებოდით. მერე ითენ-პარკში მივდიოდით მხოლოდ ჩვენ ორნი. საყვარელი ნაწილი ღიმილიანი ორცხობილას ჭამა იყო“.

რებეკას მონოლოგმა ბევრ რამეზე დამაფიქრა. სასკოლო პროექტებში ერთვებოდა, პატარ-პატარა რიტუალებს იგონებდა მხოლოდ ორისთვის და მრავალი წლის შემდეგ ამ ყველაფერს საჭირო დროს დიდი სიყვარულით იხსენებდა.

შვილთან ერთად წიგნის კითხვა გამქრალ დროში დროის კაფსულებს ქმნის. რებეკას და რენდალის ამბავმა ჩემი და ჩემი ბიჭის უბნის ბიბლიოთეკასთან ურთიერთობა გამახსენა. გაბრიელმა ბიბლიოთეკიდან „თბილისის ისტორიის“ ილუსტრირებული წიგნი გამოიტანა და საზაფხულო საკითხავად ვაქციეთ. ამ წიგნიდან გავიგეთ IV საუკუნით დათარიღებული რომალეთა საგზაო რუკის – Tabula Peutingeriana-ს – შესახებ, რომელზეც თბილისი დატანილია „ფილადოს“ სახელით. საყვარელი ტკბილეულის საჭმელად წასვლის რიტუალიც გვაქვს. და ზუსტად ვიცი, რას შეარჩევს – შოკოლადისა და ბანანის ნაყინის ბურთულებს ვაფლით.

სერიალს ჩემი დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე რამდენიმე თვის განმავლობაში ვუყურებდი, უმეტესად, ჭურჭლის რეცხვისას ან სადილის მზადებისას. ლეპტოპის კლავიატურას ჩაის ტილოს გადავაფარებდი ხოლმე და წყლის ჩხრიალისა თუ ბავშვების ყაყანის ფონზე პირსონების ოჯახურ ამბებში ვმოგზაურობდი. ერთ ასეთ მომენტში ჩემი უფროსი გოგონა მოვიდა და მითხრა, რომ ძალიან მოსწონს საყვარელი სერიალი რომ მაქვს. სხვა ყველა ამბავთან ერთად ეს შემთხვევა ძალიან ძვირფასია, რადგან მშობლების გატაცებების აუცილებლობაში დამარწმუნა.

ენი და მონათესავე სულების ძიება

ლ.მ. მონტგომერის წიგნი „ენი „მწვანე მეზონინებიდან“ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, 2022წ.) 1908 წელს დაიწერა და დაუჯერებელია ასწლიანი სიშორე, იმდენად თანამედროვე და ცოცხალი ტექსტია.

წითურთმიან, ჭორფლებიან, სიცოცხლეზე შეყვარებულ 12 წლის ობოლ გოგონას და-ძმა, მარილა და მეთიუ იშვილებენ. თავდაპირველად ოჯახისთვის ენი დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდება, რადგან ობოლთა თავშესაფრიდან ბიჭის ნაცვლად შეცდომით გოგონას გამოგზავნიან. ენის მწვანემეზონინებიან სახლში მაინც ტოვებენ და მალევე მიხვდებიან, რომ დიდი შეცდომა წყალობად იქცა.

შვილად აყვანის პროცესი ფაქიზი, რთული და საპასუხისმგებლოა. ვისურვებდი, ყველა მშობელსა და აღმზრდელს წაეკითხა წიგნი, რომელიც კითხვებითა და ეჭვებით სავსე გზას შუქურასავით ანათებს. თუკი რომელიმე ბავშვს კვლავ უმალავენ ვინაობას, წიგნი მკითხველს სიმართლის გამხელის საჭიროებასა და აუცილებლობაში დაარწმუნებს. მთავარი პერსონაჟი, ენი, მონათესავე სულების გაცნობაზე ოცნებობს. შეიძლება, ცხოვრებამ ისე ჩაიქროლოს, შვილისთვის მონათესავე სულად ვერ იქცე და, პირიქით, აღზრდის პასუხისმგებლობა იტვირთო და თქვენში ბავშვმა მონათესავე სული იპოვოს. ამ პრობლემის გასააზრებლად ენისთან ერთად მეთიუ უნდა გაიცნოთ. სიტყვაძუნწი, მორცხვი, მარტოსული მამაკაცის მთავარ ღირსებად ენი მგრძნობიარობას, ნდობასა და მოსმენის უნარს მიიჩნევს.

„თანაგრძნობით არის სავსე, სულაც არ ანაღვლებს, რამდენს ვლაპარაკობ – თითქოს, მოსწონს კიდეც. დავინახე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი, ჩემი მონათესავე სული რომ იყო“, – ამგვარად აფასებს ენი მეთიუს.

მარილას და მეთიუს აღზრდის სტილი რამდენადაც განსხვავებულია, იმდენად ერთმანეთის შემავსებელია. ისინი დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ზრუნავენ გოგონაზე, რაც კეთილი ძალებით ავსებს მკითხველს და სურვილი გიჩნდება მეთიუს მსგავსად ბავშვებმა მონათესავე სულად მიგიჩნიონ.

როგორ ვიყენებთ სიტყვებს?

ზამთრის ერთ გრძელ დღეს თურქეთის აეროპორტში 70 წლის მეღფრიდი გავიცანი. ღია კაფეში იჯდა და წერდა. კაცი, რომელიც პოეტი მეგონა, გერმანელი აღმოჩნდა, ბათუმში მიფრინავდა და ქართულს სწავლობდა. ასე უცნაურად გადაიკვეთა ჭაღარათმიანი მოგზაურისა და ქართულის მასწავლებლის გზა იქ, სადაც ყველა ეროვნების ადამიანი იყრის თავს. მაგიდაზე ჰაიმ ჯ. ჯინოტის წიგნი „მშობელსა და შვილს შორის“ მედო, მეღფრიდმა მითხრა, რომ ეს წიგნი წაკითხული ჰქონდა. მაშინ ვიფიქრე, ქართველმა მშობლებმა ამ წიგნის წაკითხვა ძალიან დავაგვიანეთ-მეთქი.

„მშობელსა და შვილს შორის“ 1965 წელს გამოიცა. ავტორი მიმოიხილავს აღზრდის სხვადასხვა ასპექტს. წამოჭრილი პრობლემები თანამედროვე სამყაროსთვის გაუხუნარია და ქართველი მშობლებისთვის ბევრი საკითხი კვლავ მწვავედ დგას.

წიგნის დასაწყისში ჰაიმ ჯ. ჯინოტი წარმოსახვით სიტუაციას გვთავაზობს. სტუმარს ქოლგა რომ რჩება თქვენთან, დაბდურას და დაუდევარს უწოდებთ თუ თავაზიანად ეუბნებით, რომ ქოლგა დაგრჩათო. ავტორი სწორედ ამგვარი პატივისცემის გამომჟღავნებისკენ მოუწოდებს მშობლებს.

ყველა მშობელს თავისი უნიკალური აღზრდის მეთოდი აქვს. წიგნის მთავარი გზავნილები და შეხედულებები ჩემთვის სიახლე არ ყოფილა, თუმცა, სათქმელის ზუსტი ფორმულირებების მიგნებამ მადლიერებით ამავსო.

  1. „ჰამბურგერისა თუ პიცის ან რაიმე სხვა კერძის ჭამასთან ერთად თუ ბავშვი მშობლის ყურადღებას იგრძნობს, მას გულს ადვილად გადაუშლის და ის დღე არასდროს დაავიწყდება“.
  2. „ზედმეტად სიტყვაგრძელი მშობლები სუსტი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, არადა, მათგან ძალა უნდა მოდიოდეს“.
  3. „ბავშვთა ფსიქოლოგებმა გაგვანათლეს, თუ რაოდენ დამანგრეველი ძალა შეიძლება ჰქონდეს ადამიანისთვის მის უბედურ ბავშვობას და ჩვენც ყველაზე მეტად იმის გვეშინია, ჩვენი შვილები არ გავაუბედუროთ“.
  4. „მშობლის მიერ შვილის გაკრიტიკება სრულიად ფუჭი განზრახვაა. იგი ბრაზსა და წყენას იწვევს. უარესიც – ბავშვები, რომლებსაც ხშირად აკრიტიკებენ, საკუთარი თავისა და სხვების გაკრიტიკებას ეჩვევიან. ისინი საკუთარ მნიშვნელობაში ეჭვის შეტანას იწყებენ და ვეღარც სხვების დაფასებას ახერხებენ“.
  5. „სიტყვებს შეუძლია გააძლიეროს და ენერგიით დამუხტოს ადამიანი, ან დააშინოს და გაანადგუროს იგი“.

ხუთი მთავარი გზავნილი მოკლედ რომ შევაჯამო და ქმედებას დავუკავშირო, ამგვარი რამ გამოვა: დროის ნაყოფიერად გატარება, ბავშვობის დღეების სინათლით შევსება და საუბრისას ტონის შერჩევა. როგორი ტონით ველაპარაკებით ბავშვებს და რას ვეუბნებით – ამ კითხვებზე ფიქრი გამომაყოლა წიგნმა და ემოციური ბალანსის რეგულირებისთვის ყოველდღიური პრაქტიკისკენ მიბიძგა.

(ამ წიგნის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ შორენა ტყეშელაშვილის სტატიაში)

„პრინცესა მონონოკე“ – ჰაიაო მიაძაკი

იაპონელი ანიმატორის, ჰაიაო მიაძაკის, ანიმეები ძალიან ძვირფასია ჩემთვის. შეიძლება ითქვას, ჩემი შვილები მიაძაკის ანიმეებთან ერთად გავზარდე. „პრინცესა მონონოკე“ ამ ზაფხულის აღმოჩენად გვექცა.

ანიმაციის სიუჟეტი იაპონურ მითოსზეა აგებული. მთავარი პერსონაჟი, აშიტაკა, დემონჩასახლებულ ტახს მოკლავს, რის გამოც დაიწყევლება და სოფლიდან გამრუდებული ბედისწერის დასამარცხებლად მიდის.

აშიტაკას კეთილშობილება ყველაფერზე აისახება – გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, საქციელზე, მისი ლოსიც კი შეგიყვარდებათ. ვფიქრობ, მიაძაკის პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი სრულყოფილი და ყველაზე მითური ბიჭია. ერთი კადრია – ლოსი იაკული აშიტაკას ტყეში მიაქროლებს, რქებით ტოტებს მიარღვევს, ნაფლეთებად ქცეული ფოთლები რქებზე ებნევა და ამ ფონზე აშიტაკას დიდი, კეთილი თვალები კადრს ფონად მიჰყვება. მხატვრული ესთეტიზმით გაჯერებულ ანიმეში მუდმივად იბრძვიან სამყაროში დარღვეული ჰარმონიის აღსადგენად.

პრინცესა მონონოკე თეთრ მგელზე ამხედრებული მოზარდი გოგოა. მისი გული ადამიანებისადმი სიძულვილით არის სავსე, რადგან ადამიანები ტყეს ჩეხენ, იარაღს ამზადებენ და ბუნებაში სიკვდილი შემოაქვთ.

„პრინცესა მონონოკე“ თქვენს გულს შთაგონებით აავსებს და შვილებთან საინტერესო საუბრის საშუალებას მოგცემთ. მე და ჩემს შვილებს ლიტერატურული პარალელები ამოგვიტივტივდა. ერთ-ერთმა ეპიზოდმა ჩვენი საყვარელი ქართული ხალხური ზღაპრის გმირი, უხეიროც, კი გაგვახსენა.

ფრაზების დღიური

ერთ მშვენიერ დღეს შვილები იმდენად დიდები ხდებიან, რომ მათი ფრაზების ჩასაწერად დღიურისკენ აღარ გავრბივართ. „სანამ დროა!“ – ვუმეორებ საკუთარ თავს და უკვე ხუთი წელია ერთ დღიურში ვიწერ უცნაურ, სასაცილო, ბავშვური გულწრფელობითა და გაკვირვებით სავსე წინადადებებს.

თავიდან დღიურში მხოლოდ ორი ხმა ისმის, შემდეგ მესამე შვილის ფრაზებიც ჩნდება. ამას წინათ პირველად გაიგეს ხისყდიანი დღიურის შესახებ. ხმამაღლა ვუკითხავდი ჩანაწერებს და საკუთარ თავებს სხვაგვარად ხედავდნენ. იმდენად გაუხარდათ, კიდევ უფრო მეტი შემართებით განვაგრძე დღიურის ფრაზებით შევსება. ერთ-ერთი ჩანაწერი ამგვარია:

„17 ივნისი, 2022 წელი

ჭურჭელს ვრეცხავ, თან სერიალს „This is us“ ვუყურებდი, ლეპტოპის კლავიატურაზე ჩაის ტილო მაქვს გადაფარებული და ამ დროს მარნეულიდან რეკავს გაბრიელი:

– დედა! – ისე მითხრა, მის ხმაში ახალი ამბავი დავიჭირე.

– ხო, გაბო!

– კუ ვიპოვეთ!“

გული მადლიერებით ამევსო იმის გააზრებისას, 9 წლის ბიჭმა მყისიერად რომ გამიზიარა აღმოჩენის სიხარული. ვიცი, დრო გავა და კუს პოვნა დიდი სიხარულის მომტანი აღარ იქნება, ჩემი ხისყდიანი დღიური კი ჩვენი სიახლოვისა და ამბების ნამდვილ საგანძურად შემოგვრჩება.

მაჰალია ჯეკსონი

როგორი მუსიკა მოგწონს? – ხშირად მეკითხებიან ჩემი შვილები. ამ ზამთარს შტუტგარტის ოპერაში პროკოფიევის ოპერას დავესწარი. ბილეთები თბილისში შევიძინე და ერთი სული მქონდა, როდის ვესტუმრებოდი უცხო ქალაქში ოპერას. შინ დაბრუნებისას ნეონის ნათურებით აციმციმებულ „ეშმაკის ბორბალთან“ ჩავიარე და ზუსტად იმ დროს ხმის გამაძლიერებლიდან გამომავალმა რეპის ხმამ ადგილს მიმაჯაჭვა. „ეს არის ჩემი იდენტობა!“ – გავიფიქრე და გამიხარდა. ოპერაში თავს უცხოდ ვგრძნობდი. ჩემი მშობლიური ქალაქიდან ძალიან შორს, ღამით ქუჩაში მარტოდ მყოფს ემინემის ხმა ახლობელი ადამიანივით მამხნევებდა. საქმე ის არის, რომ ათი წლისას ჩემი ძმის მეგობარმა 2Pac-ის რეპი გამაცნო და ახლაც ყველაზე დიდ მიჯაჭვულობას მუსიკის ამ ჟანრთან ვგრძნობ.

მუსიკისა და ლიტერატურის სამყაროში გზის გაკვალვა ერთმანეთს ჰგავს. მუსიკის ძიება ახლაც გრძელდება. მშობლების ამგვარ მაძიებლობას შვილებიც რომ ხედავენ, მათთვისაც პირად მაგალითად იქცევა.

მაჰალია ჯექსონს გოსპელის დედოფალს უწოდებენ და ის ზაირა არსენიშვილმა მაპოვნინა. გოსპელი საეკლესიო სიმღერების ჟანრია, რომელსაც ფერადკანიანმა ადამიანებმა რიტმი და იმპროვიზაციული ელემენტები შემატეს. ზამთარში ვკითხულობდი რომანს „კოლაჟი მთვარის შუქზე“. ერთი ეპიზოდია, თიკო ბატონ შალვას მაჰალია ჯექსონის სიმღერებს მოასმენინებს. მაჰალია ჯექსონის მგრძნობიარობა ბატონ შალვას გაქცევისკენ უბიძგებს.

შემდეგ რებეკა პირსონი ახსენებს ამ მომღერალს და ჩემთვის თანდათან უფრო ახლობელი ხდება ღვთის სიყვარულით გასხივოსნებული ნიუორლეანელი მომღერალი, რომელიც ჩემს შვილებსაც შევაყვარე.

სტატიისთვის მისი მრავალფეროვანი რეპერტუარიდან „Summertime“ შევარჩიე. მელოდია და მაჰალიას ხმა გულში მწუხრის სევდასავით იჭრება. სიმღერას ულამაზესი ტექსტი აქვს – ადრესატი პატარა ბავშვია. ზაფხულში თევზები წყლიდან ხტებიან, ბამბა ცას სწვდება, მამა მდიდარია, დედა – მშვენიერი და სამყაროს ჰარმონიის ფონზე მომღერალი პატარა ბავშვს მიმართავს, ნუ ტირი, პატარავ, დედ-მამა შენთან დგანანო. „ზოგჯერ მე უდედო ბავშვად ვგრძნობ თავს“ – ეს ფრაზა რეფრენად მიჰყვება სიმღერას და მაჰალიას ბიოგრაფიის გაცნობისას მივხვდი, რომ მომღერალი ამ სიმღერას საკუთარ თავს უმღერის. მაჰალიას 5 წლისას გარდაეცვალა დედა და იმ ბავშვს მიმართავს უზარმაზარი სევდითა და თანაგრძნობით გამსჭვალული ფრაზით.

რატომღაც ისე გამოვიდა, რომ სტატიას მაჰალია ჯექსონის ზაფხულის სიმღერასავით დიდი სევდა გასდევს. ალბათ, მიზეზი ის არის, რომ შვილები თვალსა და ხელს შუა იზრდებიან. დრო კი მიქრის. ახლა ზაფხულია. ციცინათელები აღარ ჩანან, მაგრამ მშობლებისა და შვილების თავგადასავლებისთვის ჯერ კიდევ გვიან ღამდება. ამიტომ სანამ დროა, შვილებისთვის და შვილებთან ერთად იცეკვეთ, იკითხეთ, ისეირნეთ, მუსიკას მოუსმინეთ, ისაუბრეთ, წვრილმანებით გაიხარეთ და წიგნებით, ფილმებით, მუსიკით, ანიმაციებით თქვენი პირადი დროის კაფსულები შექმენით.

 

 

ინტერვიუ ბაკურ ხიჯაკაძესთან – პირადი გამოცდილება, დაკვირვებები და მოსაზრებები

0

ბაკურ ხიჯაკაძე უკვე 4 წელია, რაც სამოქალაქო განათლების მასწავლებელია და ასწავლის რუსთავის მე-11 და მე-18 საჯარო სკოლებში. ამ ოთხი წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო პროექტში მიუღია მონაწილეობა, რის ფარგლებშიც უამრავ ქვეყანას ესტუმრა და მათი განათლების სისტემის შესახებ მეტი გაიგო. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაკვირვებით, რამდენიმე ხნის წინ საინტერესო პოსტიც გამოაქვეყნა, რამაც ჩემი ყურადღებაც მიიქცია. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე ჟურნალის მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა მისი მოსაზრებების გაცნობა.

როგორც იცი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რააც თქვენთან ინტერვიუს სურვილი გამიჩინა, თქვენი ბოლო პოსტია, რომელშიც საკმაოდ საინტერესოდ საუბრობ განათლების სისტემის გამოწვევებზე. სწორედ ამ საკითხებზე მინდა, რომ ვისაუბროთ.

სანამ ამ თემებზე გადავალთ, საკმაოდ საინტერესო 4წლიანი გამოცდილება დაგიგროვდა. ამბობ, რომ მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა, იურისტობასაც ადარებ. ოდა, ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა შეგიძლიათ, ურჩიო მასწავლებლებს? რა მუშაობს და რა არ მუშაობს სწავლებისას? თუ შეგიძლიათ, გვასწავლოთ რაიმე უნივერსალური სტრატეგი.

ჩემს შემთხვევაში, რაც ვისწავლე, ისაა, რომ რამდენად გულწრფელიც ხარ ბავშვებთან, მით უფრო გამოგდის ყველაფერი. ოღონდ, გულწრფელობაში ვგულისხმობ აბსოლუტურ გულწრფელობას. დაახლოებით ისეთს, როგორიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მეგობრებთან. მაგალითად, ჩვენს საგანში, სამოქალაქო განათლებაში, უამრავ თემას ვეხებით. რაღაცაში მეტი გამოცდილება გვაქვს, რაღაცაში – ნაკლები. თუ ამას ღიად იტყვი, რომ, მაგ. კონკრეტულ საკითხში ნაკლებად ხარ გამოცდილი და მოდი, ერთად გავერკვეთ, ეს უფრო ბუნებრივია და მუშაობს ბავშვებთან.

იყო პერიოდი, განსაკუთრებით დასაწყისში, როცა ვცდილობდი, რაღაცები ხელოვნურად გამეკეთებინა. მაგ. მიმართვები, ინტონაცია, გაკვეთილის წარმართვა. რაც უფრო გადავუხვიე რაღაც დიადი მიზნებისგან და უბრალოდ კარგი ურთიერთობისთვის დავიწყე საქმის კეთება, ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა.

გარდა ამისა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა ინტეგრირებულმა გაკვეთილებმა. კლასში მოსწავლეთა რაღაც ჯგუფი კარგად მოგყვება და ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, მეორე ნაწილი კი არ მონაწილეობს. ინტეგრირებული გაკვეთილების დროს ეს პრობლემა თითქმის ბოლომდე მოიხსნა. მაგ. ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურთან ერთად. ხანდახან, როცა დრო მაქვს, ასევე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობა, გაკვეთილებს ინგლისურად ვატარებ. ასეთ დროს მოსწავლეთა თითქმის 90% სრულად მონაწილეობს პროცესში. ეს იმიტომ, რომ ამ თაობაში ინგლისური ენა თვითგამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. ხოდა, შესაძლოა მოსწავლე სამოქალაქოს სტანდარტული გაკვეთილით ვერ დააინტერესო, მაგრამ როცა ინგლისურად დაელაპარაკები, ამას კარგი შედეგი მოაქვს.

როგორ დაახასიათებდი თავს, როგორც მასწავლებელს,?  ზოგზე ამბობენ, რომ მკაცრია ან მეგობრულია და ა.შ. თქვენ როგორი ხარ?

მე მგონი, შერეული ვარიანტი. როგორც მასწავლებელი, მკაცრიც ვარ, ავტორიტარული სწავლების სტილიც მაქვს. მეორე მხრივ, მაქსიმალურად ვცდილობ, მოსწავლეს რამე ისეთი არ მივცე, რასაც მე თვითონაც არ გავაკეთებდი. ამიტომ, ბავშვებს ხშირად ვეკითხები, თავად რის გაკეთება უნდათ, რის სწავლას ისურვებდნენ და ვცდილობ, გაკვეთილი მათ მოვარგო. ამის შემდგომ, ბუნებრივია, უფრო მომთხოვნიც ვარ და ეს მათთვისაც უფრო ბუნებრივია.

სხვათა შორის, ვცადე ე.წ. „ძალიან თავისუფალი“ სტილიც, თუმცა, ჩემს შემთხვევაში – დიდად არ გაამართლა. მე ვფიქრობ, ამას შესაბამისი გარემო სჭირდება. თავისუფლება არ არის მხოლოდ ის, რომ ვთქვათ, კარგია და მოდი, ასე გავაკეთოთ. ამას თავისი გარემო და მომზადება სჭირდება. ის გარემო კი, რაც ახლა სკოლაში გვაქვს, გარკვეულწილად, ცოტ-ცოტა ავტორიტარიზმს ითხოვს.

განათლების სისტემის გამოწვევებზე რომ გადავიდეთ, წერსკოლის გარემო-პირობების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობაზე. ცხადია, ეს ყველაფერი აქსიომაა, მაგრამ იქნებ, კიდევ ერთხელ, მკითხველისთვის დააკონკრეტოთ, რას გულისხმობ გაუმჯობესებაში, საიდან შეიძლება ეს გაუმჯობესება მოვიდეს და რატომ არის ეს საკითხი ამდენად მნიშვნელოვანი?

განათლების სისტემაში გამოწვევები აბსოლუტურად ყველგან გვაქვს. ნებისმიერი საკითხი შეიძლება ავიღოთ და დაუსრულებლად ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ყურადღება რამდენიმე მიზეზის გამო გავამახვილე.

პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს საკითხი საკამათო არ არის. როდესაც პოლარიზებაზე ვლაპარაკობთ, ეს მხოლოდ პოლიტიკასა და პოლიტიკოსებს არ ეხებათ. სამწუხაროდ, შეთანხმების კულტურა სადღაც გაგვეპარა და ადამიანებს ძალიან უჭირთ რაიმე საკითხზე საერთო აზრის გამონახვა. ამიტომ, თუ საჯაროდ ვწერ ან ვსაუბრობ, ვცდილობ, შევარჩიო ისეთი საკითხი, რომელზეც მაქსიმალური კონსენსუსი არსებობს.

გარდა ამისა, მაქვს მეორე მიზეზიც. საერთაშორისო ვიზიტებიდან გამომდინარე, რაც ვნახე, თუკი სკოლაში ინფრასტრუქტურა და გარემო კეთილმოწყობილია, ეს უამრავ სხვა გამოწვევას აკომპენსირებს. ამიტომ, ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს საკითხი.

ამბობ, რომ ამ საკითხს ნაკლები „მოწინააღმდეგე“ ჰყავს, ანუ ნაკლები ადამიანი ფიქრობს სხვაგვარად. აბა, რა საკითხებზე არსებობს საწინააღმდეგო აზრი?

ნებისმიერ საკითხზე, რომლებიც უშუალოდ განათლების ადმინისტრირებას ეხება. როგორ უნდა ვასწავლოთ, რა უნდა ვასწავლოთ, რამდენი ხანი და ა.შ. მე მაგალითად, მიმაჩნია, რომ გაკვეთილი 1 საათზე მეტხანს უნდა გრძელდებოდეს. ასევე, ვფიქრობ, რომ ის ფორმა, რომლითაც ახალი სკოლის მოდელი ხორციელდება, არ არის მისაღები. თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს განსხვავებული აზრი.

 

„ახალი სკოლის მოდელი“, ანუ დღეს უკვე „ზოგადი განათლების რეფორმა“ ახსენე და რას ფიქრობ  ამ მოდელზე?

 სხვათა შორის, ახალი სკოლის მოდელთან დაკავშირებით, როდესაც იწყებოდა მისი დანერგვის პროცესი, „რადიო იმედზე“ მიმიწვიეს და მაშინ ძალიან პოზიტიურად ვისაუბრე. რა თქმა უნდა, ზოგადად, იდეას, ვემხრობი. მაგ. სწავლების მიმართულების ცვლილება, რომ უნდა გადავიდეთ პრაქტიკულ სწავლაზე, კომპლექსური დავალებების გამოყენება და ა.შ. თუმცა, ამ ყველაფრის იმპლემენტაცია როგორც ხდება, ეს უკვე საკამათოა.

ახალი სკოლის მოდელის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მასწავლებლის შინაგანი მოტივაციის გაძლიერება. მე არ მესმის რას ნიშნავს მასწავლებლის შინაგანი მოტივაცია? ისეთი მასწავლებელი, რომელიც შინაგანი მოტივაცია აქვს, საქართველოში ძალიან ცოტაა. იმას ვგულისხმობ, რომ როგორც ნებისმიერ ადამიანს, მასწავლებელსაც სჭირდება დამატებითი მოტივაცია, რაც უნდა გამოიხატებოდეს ანაზღაურებაში, შრომითი პირობების გაუმჯობესებაში, როგორიც არის სხვადასხვა ტიპის სარგებელი, მაგ. კარგი დაზღვევა. მით უმეტეს, ისეთ დროს, როდესაც სკოლაში ცვლილებას ნერგავ. ბუნებრივია, ეს გარეგანი მოტივატორები კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

უნდა გითხრათ, რომ რეფორმის ფარგლებში, მასწავლებლის შრომა მინიმუმ ორჯერ მაინც გაიზარდა, რაც შრომით პირობებზე არ ასახულა. ასევე უმჯობესია ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებიც მოსწავლეებსაც აინტერესებს.

მასწავლებლობა მაინც კეთილშობილი პროფესიაა და პირველი, რასაც მასწავლებლები ამბობენ, არის ის, რომ დრო აღარ რჩებათ გაკვეთილის მოსამზადებლად. მე როგორც იურისტი, მაინც სხვაგვარად ვფიქრობ, რომ შრომა გაიზარდა, მაგრამ ანაზღაურება იგივე რჩება. მასწავლებლები კი, სხვაგვარად უყურებენ ამას.

საბოლოოდ, მთელი იდეა, ახალი სკოლის მოდელის ის არის, რომ წიგნს რომ ვაკითხვინებდით ბავშვებს, ეს შევცვალოთ ცხოვრებისეული გამოცდილებებით. ეს ყველაფერი კი საჭიროებს ძალიან სერიოზულ მომზადებას მასწავლებელთა მხრიდან, მათ ამისთვის დრო უნდა რჩებოდეთ.

თუ გაკვეთილის მომზადებაში დრო არ ეხარჯებათ, სხვა რაში იხარჯება ეს დრო?

ბიუროკრატიულ საქმიანობაში, მაგ. ანგარიშების წერა, ტრენინგებზე მონაწილეობის მიღება, რომელიც თითქოს სავალდებულო იყო და შემდგომ აღმოჩნდა, რომ არჩევითია. შემაჯამებლების შედეგების ანალიზი, რომელიც ხელით არის საწერი. კათედრების ოქმების წერა და ა.შ., ანუ ბიუროკრატიული საკითხები.

ბუნებრივია, ცალკე აღებული, ყველაფერი მნიშვნელოვანი და საჭიროა. პირველ რიგში, ისევ მასწავლებლისათვის. უბრალოდ, როდესაც ბევრ ბავშვს ასწავლი, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ამ ტიპის დოკუმენტაციის წარმოება. შესაბამისად, კეთდება არა შედეგისათვის.

აქედან გამომდინარე, ვსვამ შეკითხვას, რისთვის გვჭირდება და ვისთვის გვჭირდება ეს ბიუროკრატია? მშობლები ამ ყველაფერს ძალიან ნაკლებად იცნობენ. რას აძლევს ეს ყველაფერი რეფორმას, მე ვერ გეტყვით. უბრალოდ ვენდოთ მასწავლებლებს და მათ აკეთონ ის, რაც მათი საქმეა.

 

ბაკურ, როგორც აღნიშნავ, თავად დარეგისტრირდი და მონაწილეობ მასწავლებლის გამოცდაში. მეორე მხრივ, ამბობთ, რომ მასწავლებლები არ უნდა ეგუებოდნენ ამ ტიპის გამოცდას. შეგიძლიათ, უფრო კონკრეტულად თქვა, რას გულისხმობ?

მასწავლებლებს სთხოვენ, თუ როგორც უნდა ასწავლონ და როგორი პრაქტიკაც უნდა ჰქონდეთ, თავად სახელმწიფო არ იყენებს ასეთ მიდგომებს მასწავლებლებთან მიმართებაში. მაგ. ტრენინგები ფორმატის შეცვლა აუცილებელია. გამოცდები ყველასათვის ერთი სახის და ერთგვაროვანია და ა.შ. მაგალითად, მათემატიკისა და ქართულის მასწავლებლები ერთსა და იმავე ტესტს წერენ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სამყაროს წარმოადგენენ.

 

თქვენს ნაწერში საზოგადოებასაც აკრიტიკებ. იმ მოცემულობაში, რომელშიც ვართ, რა შეიძლება საზოგადოებამ გააკეთოს? ვინ არის ეს საზოგადოება, ანუ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრა, ვინ წარმოგიდგენიათ, ვინც შეიძლება დამატებით რაიმე გააკეთოს ამ ცვლილებების განსახორციელებლად?

ძირითადად, ჩემი მიმართვები საზოგადოებას ეხება, იმიტომ, რომ მხოლოდ აქ ვხედავ პოტენციალს და შესაძლებლობას. ამას იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ რაც მინახავს ამ ქვეყანაში ცვლილება და გაკეთებული საქმე, ისევ საზოგადოების მიერ კეთდება. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში საქმე საჭიროებისამებრ ნაკლებად კეთდება. რაც პოპულარული და მოთხოვნადია, ის უფრო კეთდება. ეს ორი კი – საჭიროება და პოპულარობა – ერთმანეთთან შესაძლოა კავშირში არც იყოს.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში უნდა გაჩნდეს მოთხოვნა სკოლის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების, რაც ხელს შეუწყობს არამხოლოდ ძირითადი მიმართულებების სწავლების განვითარებას, როგორიცაა, მათემატიკა, ქართული, საბუნებისმეტყველო საგნები და ა.შ. არამედ, ისეთი მიმართულებების განვითარებას როგორიცაა ხელოვნება, მუსიკა, პროფესიული განათლება.

ამის კარგი მაგალითია სკოლის კვების თემა. როდესაც თქვენ და სხვა ჯგუფებმა ამაზე ლაპარაკი დაიწყეთ და საზოგადოებამაც ეს თემა აიტაცა, საკითხი მყისიერად მოხვდა პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, მეც მიმაჩნია, რომ სასკოლო კვება აუცილებლად დასანერგია.

 

ბაკურ, საუბრის ბოლოს, სამომავლო გეგმებზეც, რომ გვითხრა. რა გეგმები გაქვ მომდევნო აკადემიურ წელს?

ეგ ყველაზე რთული კითხვაა ჩემთვის. რაიმე კონკრეტული გეგმა არ მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ვაპირებ, მინდა, რომ მაქსიმალურად შევიმცირე საკონტაქტო საათები, რაც საშუალებას მომცემს, უფრო ხარისხიანად ვასწავლო. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ფინანსურ საკითხებთანაც არის დაკავშირებული. შესაბამისად, ვეძებ რაიმე ალტერნატიულ საქმიანობას, უფრო სწორად ძირითადი შემოსავლის წყაროს, რომელიც საშუალებას მომცემს, დავრჩე მასწავლებლად და საყვარელი საქმე ვაკეთო ხარისხიანად. ვიყო კარგი მასწავლებელი, ნაკლები დატვირთვით.

საბოლოოდ, თქვენ რომ მკითხოთ, რას ნიშნავს კარგი მასწავლებლობა, შეიძლება მოკლედ ჩამოყალიბება გამიჭირდეს. თუმცა, თუ მკითხავთ შეიძლება თუ არა ამ სისტემაში იყო კარგი მასწავლებელი, ვიტყვი რომ – არა, არ არის შესაძლებელი. ის მასწავლებლები, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ, რასაც გულისხმობს კარგი მასწავლებლობა, ამას ვერ ახერხებენ. მე ვფიქრობ, ამაში ისინიც დამეთანხმებიან. შესაბამისად, ეს არის ჩემი გეგმა – შევამცირო დატვირთვა და გავზარადო ხარისხი.

მხატვრული წერის გაკვეთილები

0

ნაწილი მეექვსე

 სავარჯიშო მეთექვსმეტე

დაურეკეთ მეგობარს ან ნაცნობს და სთხოვეთ დაგისახელოთ საყვარელი წიგნი. თუ ეს წიგნი ნაცნობია, დაურეკეთ სხვას, თუ უცნობი სათაურის მიხედვით მოიფიქრეთ საკუთარი ამბავი, რომელიც 71 სიტყვისგან უნდა შედგებოდეს.

სავარჯიშო მეჩვიდმეტე

სარეკლამო განცხადება: თქვენ გმირს ძალიან, ძალიან, ძალიან სჭირდება ფული, მაგრამ ამ წუთას არაფერი აქვს გასაყიდი გარდა უკბილო ალიგატორისა. გამოაქვეყნეთ განცხადება ისეთი სარეკლამო ტექსტით, რომ მკითხველი გამოჩნდეს.

სავარჯიშო მეთვრამეტე

დაწერეთ ჰამბურგერის ან ლიმონათის ანტი რეკლამა.

სავარჯიშო მეცხრამეტე

უცნობმა დააკაკუნა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი გმირი სახლშია, უსმენს მუსიკას და ისვენებს, კარზე კაკუნია, გმირი აღებს კარს და მოულოდნელად… მოიფიქრეთ გაგრძელება არასტანდარტული დასასრულით.

სავარჯიშო მეოცე

წაიკითხეთ წიგნი და სცადეთ წერის სტილით მიბაძოთ მწერალს ისე, რომ ყველას გაუჭირდეს გაარჩიოს, რომელია ნამდვილი ავტორი.

სავარჯიშო ოცდამეერთე

ახლა საკუთარ თავს მიბაძეთ.

სავარჯიშო ოცდამეორე

ყველა ახალბედა მწერალს აქვს ხოლმე შიში, რომ ერთხელაც, ის უბრალოდ ვეღარაფერს დაწერს. მოდი, ეს სავარჯიშო მთელი ცხოვრება გამოიყენეთ: როგორც კი შეატყობთ, რომ წერა გიჭირთ, დაისახეთ მიზანი: მე დავწერ ასს სიტყვას და მერე შევხედავ რა იქნება.
დაწერეთ ას სიტყვიანი ტექსტი და ყველაფერი კარგად იქნება.

მესამე თავი

მოდი, თავიდან გავიაზროთ გმირი, რომელიც თქვენი შექმნილია. შეავსე კითხვარი და კიდევ ერთხელ გაიაზრე ვინაა ის გმირი, შენ რომ გამოიგონე:

პერსონაჟის სახელი, გვარი, მეტსახელი

პერსონაჟის ასაკი

როგორი ხასიათი აქვს

რა მდგომარეობაშია ახლა, ამ წუთას (ბედნიერი, უბედური, მოწყენილი, მხიარული და სხვა)

სხვა პერსონაჟები, ვინც თქვენს გმირს იცნობენ, მოკლედ აღწერეთ ისინიც
ა)
ბ)
გ)
დ)
ე)
ვ)

ანტაგონისტი (ვინაა ის, ვინც თქვენს პერსონაჟთან კონფლიქტშია, რა მიზეზით?

სად ხდება მოქმედება

აღწერეთ გარემო, სადაც მოქმედება ხდება

ორი ზედსართავი, რომელიც თქვენ პერსონაჟს ზუსტად აღწერდა

ორი ზედსართავი, რომელიც მოსაფიქრებელ ამბავს ზუსტად აღწერდა

ოთხი ზედსართავი, რომელიც ოთხ მთავარ პერსონაჟს ერთი სიტყვით აღწერდა.

თქვენი პერსონაჟის საყვარელი საჭმელი, სასმელი, გასართობი და ასე შემდეგ

რომელ ცხოველს ჰგავს თქვენი პერსონაჟი, დაასაბუთეთ რატომ?

ჰყავს თუ არა ცხოველი თქვენ პერსონაჟს, რომელი. აღწერეთ.

გამოკვეთეთ გმირის ცხოვრების მთავარი მიზანი, რომლის გარეშეც მას ძალიან გაუჭირდებოდა.

რა გამოსდის საუკეთესოდ თქვენ გმირს, რა არ გამოსდის?

სასკოლო მზაობა- პირველკლასელობის მზადყოფნისთვის

0

პირველკლასელობა განსხვავებული სოციალურ სტატუსია. ის მოიაზრებს განსხვავებულ მოვალეობებსა და უფლებებს. ბავშვისთვის პირველკლასელობა აქამდე უცნობი და მიმზიდველი რამეა, მშობლისთვის კი მოლოდინებითა და შფოთვით აღსავსე ცვლილებების კასკადი – რას მოუტანს სკოლა ბავშვს? როგორ განვითარდება მისი ურთიერთობა მასწავლებელთან, თანატოლებთან? როგორ ისწავლის გაკვეთილებს, გაუმკლავდება კი სკოლის პროგრამას? ეს კითხვები, ყველა მშობელს აწუხებს. თუმცა, მთავარი კითხვა, რომელიც 6-7 წლის ბავშვის მშობლებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს, შემდეგში მდგიმარეობს – არის თუ არა მათი შვილი მზად სკოლისთვის?

სასკოლო მზაობა განაპირობებს ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დონე. სწორედ ის განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ბავშვი წარმატებით სწავლას ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. სკოლისთვის ფსიქოლოგიური მზაობა ბავშვთა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა.

არსებობს ბავშვის სკოლისთვის მზადყოფნის სხვადასხვა კრიტერიუმი. მაგალითად, მშობლები ხშირად კითხულობენ, აუცილებელია თუ არა ბავშვს სკოლაში სწავლის დაწყებამდე შეასწავლონ ანბანი ან თვლა. ეს დამოკიდებულია თქვენი შვილის განვითარების ხარისხზე, მის სწავლის სურვილსა და თქვენს შესაძლებლობებზე.

არიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები 4-5 წლის ასაკიდან წიგნისკენ უბიძგებენ, ცდილობენ, კითხვა ასწავლონ. თუ ასეთი ტიპის მეცადინეობა ბავშვისთვის სახალისოა და ნაკლებად დამქანცველი, უფროსებს შეუძლიათ მათთან მუშაობა.

თუ თქვენი შვილი სკოლამდე კითხვას არ ისწავლის, საშიში არაფერია. მთავარია, მას სწავლის ხალისი ჰქონდეს. თუ ბავშვს კითხვა არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია ფიქრი, ლოგიკური ამოცანების გადაჭრა, ახლის შემეცნება, დიდი ალბათობით, ის სკოლაშიც წარმატებული იქნება.

თუმცა, ზოგიერთი მშობელი ზედმეტ მოთხოვნებს უყენებს სკოლამდელ ბავშვს. მათი აზრით, 6-7 წლამდე პატარას უნდა შეეძლოს არა მხოლოდ კითხვა, არამედ წერა, თვლა, მშობლიური და ინგლისური ანბანის ცოდნა და ა.შ. მშობლები იწყებენ ბავშვის იძულებით „წვრთნას“, სინამდვილეში კი – ტანჯვას. იძულება იწვევს ბავშვის სტაბილურად ნეგატიურ დამოკიდებულებას სასწავლო საქმიანობისადმი.

გარდა ამისა, ყველა მშობელს არ შეუძლია კვალიფიცირებულად ასწავლოს შვილს, მაგალითად, წერა. არასათანადოდ ჩანერგილი წერის უნარ-ჩვევები, რომლებსაც ბავშვების ფსიქო-ემოციური მოუმზადებლობაც ერთვის, იწვევს უამრავ საგანმანათლებლო პრობლემას, რომლის დაძლევაც სკოლაში უწევს.

რადგან პირველკლასელის მშობლისთვის პირველი სასწავლო წელი დატვირთული იქნება, სკოლის დაწყებამდე ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ ბავშვის ჯანმრთელობას, თუ რამდენად ჯანმრთელია ის ფიზიკურად და გონებრივად, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალი სკოლის ან სასწავლო პროგრამების არჩევანიც.

თუ ხედავთ, რომ ბავშვი სწრაფად იღლება, ვერ ახერხებს ყურადღების ფოკუსირებას რამდენიმე წუთითაც კი, მიმართეთ სპეციალისტს. შესაძლოა თქვენი შვილისთვის ნაადრევია სასკოლო განათლების მიღება ან დახმარების გაწევაა საჭირო. თუ ბავშვს აქვს მხედველობის, ხერხემლის პრობლემები, ასევე აუცილებელია ექიმთან დროულად მისვლა და რეკომენდაციების მიღება, რომლებსაც შემდგომში თქვენ მასწავლებელს და სკოლის ექიმს გაუზიარებთ. ფიზიკური მზაობა გულისხმობს ბავშვის ზოგად ფიზიკურ განვითარებას: ნორმალური წონა, სიმაღლე, გულმკერდის მოცულობა, კუნთების ტონუსი და ა.შ. ასევე მხედველობის, სმენის, მოტორული უნარების მდგომარეობა.

თუ მშობლებმა უკვე აირჩიეს სკოლა, მაშინ ღირს ბავშვთან ერთად იქ წასვლა, მასწავლებლის თანდასწრებით გასაუბრება, ბავშვის გასეირნება სკოლის დერეფნებში, საკლასო ოთახებისა და ეზოს დათვალიერება. მშობლებს შეუძლიათ, მასწავლებელთან შეხვედრის შემდეგ, გაარკვიონ, თუ რა პროგრამაზე იქნება დაფუძნებული სწავლა, როგორ შეიძლება ბავშვის წინასწარ შემზადება (საჭიროა თუ არა ეს).

იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ რომელ სკოლაში ივლის თქვენი შვილი, გაიარეთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან, რომელიც განსაზღვრავს ბავშვის განვითარების დონეს, ასევე, გაიარეთ კონსულტაცია იმ საბავშვო ბაღის აღმზრდელთან, რომელთანაც ბავშვი დაგყავდათ. აღმზრდელებს, რომლებიც ყოველდღიურად იყვნენ თქვენი შვილის გვერდით, ნამდვილად შეუძლიათ მისი შესაძლებლობების შეფასება.

ამ ყველაფრის შემდეგ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი შვილი სკოლაში თავს მეტ-ნაკლებად კომფორტულად იგრძნობს. ბავშვის შემდგომი წარმატებული განათლება ხომ იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად კარგი სტარტი აიღო მან სწავლის დაწყების პირველი დღეების მარათონში.

შესაძლებელია სკოლისთვის მზაობის სხვა ასპექტების გამოყოფა, მაგალითად, პიროვნული.

პიროვნული მზაობა მოიცავს: სწავლის მოტივებს, თვითშეფასებას, ქცევის თვითნებობას.

თუ ბავშვი პიროვნულად მზად არ არის სკოლისთვის, ის გაკვეთილზე სპონტანურობის გამოვლენით სხვა მოსწავლეებთან ერთდროულად პასუხობს, ხელის აწევის გარეშე, სხვას აწყვეტინებს საუბარს, უზიარებს თავის პირად აზრებსა და გრძნობებს მასწავლებელს. ის, როგორც წესი, მუშაობაში ერთვება მხოლოდ მაშინ, როდესაც მასწავლებელი პირდაპირ მიმართავს მას. დანარჩენ დროს კი ყურადღება ეფანტება, არ ადევნებს თვალ-ყურს კლასში მომხდარს, არღვევს დისციპლინას. მაღალი თვითშეფასების გამო, მას სწყინს შენიშვნები, როდესაც მასწავლებელი ან მშობლები გამოხატავენ უკმაყოფილებას მისი საქციელის გამო. ხშირად წუწუნებს, რომ გაკვეთილები უინტერესოა, სკოლა ცუდია ან მასწავლებელი გაბრაზებულია. ამ ბავშვის თანდაყოლილი მოტივაციური მოუმწიფებლობა ხშირად იწვევს ცოდნის პრობლემებს, აკადემიურ წარუმატებლობას.

იმისათვის, რომ ბავშვმა წარმატებით ისწავლოს, პირველ რიგში, უნდა ჰქონდეს სკოლაში წასვლის სურვილი, ე.ი. სწავლის მოტივაცია. უნდა ესწრაფოდეს ახალი სასკოლო ცხოვრებისკენ, „სერიოზული“ სწავლისკენ, „საპასუხისმგებლო“ დავალებებისკენ. ასეთი სურვილის გაჩენაზე გავლენას ახდენს უფროსების დამოკიდებულება სწავლისადმი, როგორც მნიშვნელოვანი საქმისადმი და არა თამაშისადმი, ასევე, სხვა ბავშვების დამოკიდებულება. ბავშვის სურვილი, დაიკავოს ახალი სოციალური პოზიცია, იწვევს მისი, როგორც მოსწავლის შინაგანი პოზიციის ჩამოყალიბებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სკოლაში წარმატებული ადაპტაციისთვის.

თანამედროვე ბავშვში სკოლისთვის პირადი მზაობის დონე შეიძლება დაეცეს სხვა ბავშვების ისტორიების მოსმენით, რომლებსაც სკოლაში სირთულეები აქვთ. ამის მიზეზი შეიძლება იყოს უფროსი და-ძმების გამოცდილება, ან განათლების მნიშვნელობის განსჯა მშობლების მიერ.

აქ მშობლებს შეიძლება ვურჩიოთ, რომ არ აჩვენონ შვილს თავიანთი შეშფოთება „სასკოლო საკითხთან დაკავშირებით“. ბავშვები ხშირად უარყოფითად რეაგირებენ არა სკოლის იდეაზე, არამედ დამოკიდებულებისა და ვალდებულების გრძნობაზე. შეეცადეთ ბავშვის ცხოვრებაში მომავალი ცვლილება წარმოადგინოთ როგორც საკუთარი არჩევანი: აუხსენით, რატომ არის საჭირო სკოლაში სიარული, მაგალითად, ცოდნის მისაღებად, რომლის გარეშეც შეუძლებელია ცხოვრება. აუცილებლად დაამატეთ: „თუ ახლა არ გინდა პირველ კლასში წასვლა, არ წახვიდე. შეგიძლია წახვიდე მაშინ, როცა გინდა“. ასე თუ ეტყვით, ბავშვი სკოლაში წასვლას აუცილებლად წელს მოინდომებს.

სკოლისთვის პირადი მზაობა ასევე მოიცავს ბავშვის გარკვეულ დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ. წარმატებული საგანმანათლებლო საქმიანობა გულისხმობს ბავშვის ადეკვატურ დამოკიდებულებას მისი შესაძლებლობების, მუშაობის შედეგების, ქცევის მიმართ. ბავშვის თვითშეფასება შეიძლება იყოს ძალიან მაღალი, ძალიან დაბალი ან საშუალო. მნიშვნელოვანია, ბავშვის თვითშეფასება ემთხვეოდეს მის რეალურ შესაძლებლობებს.

როგორ ვლინდება თვითშეფასება ბავშვის ქცევაში? აქტიურობა, მოხერხებულობა, ხალისი, იუმორის გრძნობა, კომუნიკაბელურობა – ეს ის თვისებებია, რომლებიც დამახასიათებელია ადეკვატური თვითშეფასების მქონე ბავშვებისთვის. ისინი ნებით მონაწილეობენ თამაშებში, არ სწყინთ თუ დამარცხებულის როლში აღმოჩნდებიან. დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებისთვის დამახასიათებელია პასიურობა, ეჭვიანობა, მომატებული დაუცველობა. გადაჭარბებული თვითშეფასებით, ბავშვები ცდილობენ ყველაფერში სხვებზე წარმატებული იყვნენ.

რაც შეეხება პოტენციური პირველკლასელის ინტელექტუალური მზაობას:

ინტელექტუალური მზაობა მოიცავს არა მხოლოდ ლექსიკას, არამედ შემეცნებითი პროცესების განვითარების დონეს: ყურადღებას, მეხსიერებას, აზროვნებას.

რა უნდა შეეძლოს 6-7 წლის ასაკის ბავშვს (რეკომენდაციები ზოგადია):

  • შეასრულოს დავალება დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ყურადღების გაფანტვის გარეშე;
  • იპოვოს ობიექტებს შორის 5-6 სხვაობა;
  • შემოთავაზებული ნიმუშის მიხედვით, დამოუკიდებლად სწრაფად და სწორად შეასრულოს დავალება;
  • ზუსტად დააკოპიროს ნიმუში ან მოძრაობა;
  • შეძლოს დამახსოვრებული ლიტერატურულ ნაწარმოების (ლესის) თქმა;
  • ზუსტად გაიმეოროს 3-4 წინადადებისგან შემდგარი ტექსტი;
  • მოვლენათა თანმიმდევრობის განსაზღვრა;
  • ააწყოს 9-10 ნაწილად დაჭრილი სურათი;
  • იპოვოს და ახსნას ნახატებში არსებული შეუსაბამობა;
  • შემოთავაზებულ საგნებს შორის ზედმეტი ნაწილის პოვნა.

ასევე, ბავშვს უნდა ჰქონდეს მეტყველების განვითარების გარკვეული დონე:

მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის მოტორიკის უნარებს. სკოლამდელ ბავშვს უნდა შეეძლოს:

  • დაშტრიხვა ან ნახატის გაფერადება კონტურების მიღმა გასვლის გარეშე;
  • რვეულში უჯრედებსა და ხაზებს შორის განსხვავების დანახვა;
  • ნახატზე საგნის ზუსტი ფორმის გადმოცემა, პროპორციები, ნაწილების განლაგება.

ბავშვი სკოლისთვის საბავშვო ბაღში ემზადება, მაგრამ კარგია, თუ მშობლები დაინტერესდებიან ამ რთული მოსამზადებელი ეტაპით და შეძლებენ დამატებითი სამუშაოს შესრულებას სკოლამდელ ბავშვთან. ამ შემთხვევაში მათ უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

  • წაუკითხეთ თქვენს შვილს ყოველდღე და განიხილეთ წაკითხული.
  • წაახალისეთ თქვენი შვილი კითხვების დასმაში.
  • ბავშვთან საუბრისას დაასახელეთ რაც შეიძლება მეტი საგანი, მათი ნიშნები, მათთან მოქმედებები. ყურადღება მიაქციეთ, იცის თუ არა ბავშვმა საგნების სახელები.
  • ასწავლეთ თქვენს შვილს შედარება, საერთოსა და განსხვავებების პოვნა: „რა განსხვავდება ამ სურათში?“, „რა შეიცვალა?“ და ა.შ.
  • მოამზადეთ ნახატებით ისტორიები თქვენს შვილთან ერთად. ჯერ თქვენ დაიწყეთ, შემდეგ სთხოვეთ ბავშვს, განაგრძოს ამბავი. შეგიძლიათ იკითხოთ მოკლე მოთხრობები და ყოველ ჯერზე სთხოვოთ მათი მოყოლა. მიაქციეთ ყურადღება, რომ ბავშვმა გაიაზროს მოთხრობის მთავარი აზრი.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

წყარო:

https://www.understood.org/en/articles/academic-skills-your-child-needs-for-first-grade

Click to access ED539436.pdf

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...