ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო მკითხველებო, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებას! ნაყოფიერი წელი გვქონდეს! ვისურვოთ, კიდევ უფრო მეტად დაეფასებინოთ ჩვენი შრომა, რომელიც ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო და მნიშვნელოვანია. ვისურვოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს უფრო უხაროდეთ სკოლაში მოსვლა და ჰქონდეთ ახლი ცოდნის მიღების სურვილი.
მხარდამჭერი ტექნოლოგიების ფუნქციები სსსმ მოსწავლის დარღვევებთან მიმართებით (ნაწილი I)
წინამდებარე წერილში ვისაუბრებთ სპეციალურ განათლებაში მხარდამჭერი ტექნოლოგიების (AT – Assistive technology) როლსა და დარღვევის ტიპთან მათი მიმართების შესახებ[1].
მხარდამჭერ ტექნოლოგიებად მოიაზრებენ სერვისებსა და მოწყობილობებს. რომლებიც ეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, გაზარდოს, შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს მოსწავლის ფუნქციური შესაძლებლობები. დამხმარე ტექნოლოგიების მოწყობილობების მაგალითებია:
- ეტლი ან ეტლის პანდუსი;
- ხმით გააქტიურებული კომპიუტერი;
- სატელეკომუნიკაციო მოწყობილობა;
- ხმოვანი ტექსტების ელექტროსინთეზატორები[2] – პატარა, პორტატული მოწყობილობები ინფორმაციის შესანახად ბრაილის ან საბეჭდი მანქანის კლავიატურის გამოყენებით. შენახულ ინფორმაციაზე წვდომა შესაძლებელია ჩაშენებული მეტყველების სინთეზატორის, ბრაილის ეკრანის ან ორთავეს მეშვეობით. წარსულში მსგავს მოწყობილობებს, რომლებიც ნაკლებად მძლავრი და ნაკლებად მრავალმხრივი იყო, მოიხსენიებდნენ, როგორც ბრაილის ჩანაწერებს, რომლებიც გამოიყენებოდა სახელებისა და ტელეფონის ნომრების შესანახად, შეხვედრების თვალყურის სადევნებლად და ჩანაწერების მისაღებად. ამ ფუნქციების გარდა, უახლესი ელექტრონული ჩამწერები უზრუნველყოფენ ტექსტის გაფართოებულ დამუშავებას, ვებგვერდების დათვალიერებას და სხვა ფუნქციებს.
- FM ტრენერი და წრიული გადამცემი[3];
- დიდი შრიფტით ნაბეჭდი წიგნები;
- სიტყვების პროგნოზირების, ხმის ამოცნობა–სინთეზისა და სიტყვების დამუშავების პროგრამული უზრუნველყოფა;
- გადამრთველები და სამართავები მოწყობილობაზე წვდომისათვის;
- ტაქტილური მასალები მხედველობადაქვეითებული სტუდენტებისთვის, როგორიცაა: ბრაილის შრიფტი, ფიგურების ან სივრცითი ურთიერთობების სწავლების დაფები, სახელმძღვანელო და ელექტრონული ბრაილის კლავიატურა, ადაპტირებული ქაღალდი, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით ვიზუალურ ან ტაქტილურ უკუკავშირს, როგორიცაა ამაღლებული ხაზის ქაღალდი;
- ფანქრის სახელურები;
- სმენის დამხმარე საშუალებები[4].
სამედიცინო მოწყობილობები, რომლებიც ქირურგიულად არის იმპლანტირებული, არ განიხილება მხარდამჭერ ტექნოლოგიად. დამხმარე ტექნოლოგიების სერვისი არის ნებისმიერი პირდაპირი დახმარება სწავლაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის, რაც გულისხმობს სათანადო ტექნოლოგიის შერჩევას, შეძენას ან გამოყენებას.
დამხმარე ტექნოლოგიების სერვისების მიწოდება მოიცავს: მოსწავლის საჭიროების შეფასებას, მათ შორის, ფუნქციური შეფასებას მოსწავლის ჩვეულ გარემოში; დამხმარე ტექნოლოგიის მოწყობილობის შეძენას, ლიზინგს ან მოპოვებას;
დამხმარე ტექნოლოგიების მოწყობილობის შერჩევას, დიზაინს, მორგებას, ადაპტაციას, შეკეთებას და შეცვლას; წვრთნას ან ტექნიკურ დახმარებას მოსწავლისათვის/სტუდენტისთვის, მისი ოჯახისთვის ან სხვა პროფესიონალებისთვის, რომლებიც მომსახურებას უწევენ ან სხვაგვარად არიან ჩართულნი მოსწავლის/სტუდენტის ძირითად ცხოვრებისეულ ფუნქციებში; სპეციალური განათლების მოთხოვნებისა და ტერმინების მოკლე მიმოხილვას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების აქტებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური განათლების ფედერალური კანონი საჯარო სკოლებს ავალდებულებს, ყველა ბავშვისთვის უზრუნველყონ მათ საჭიროებაზე მორგებული, უფასო საჯარო განათლება (Free Appropriate Public Education). აღნიშნული მხარდამჭერი სისტემის ფარგლებში სკოლებს სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვისთვის მოეთხოვებათ განსხვავებული ტექნოლოგიის შეძენა.
ინტელექტუალური ჩამორჩენის დროს მიზანშეწონილი ტექნოლოგიებია: საერთო გამოყენების ხელსაწყოები, როგორიცაა: სმენის აპარატები, კალმები სპეციალური დამჭერებით[5], კომპიუტერის ალტერნატიული მოწყობილობები, როგორიცაა: კლავიატურა და მაუსი; ვერბალური ტექსტის ამომცნობი/გარდამქმნელი ხელსაწყოები[6]; მართლწერისა და გრამატიკის შემმოწმებლები; შეხების კონტროლის მოწყობილობები[7], AT ვიზუალიზატორები[8], გაფართოებული ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებები[9], გრაფიკული ორგანიზატორები[10].
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის რეკომენდებული ტექნოლოგიებია: მარტივი სმარტფონები; Ginger, რომელიც თავიდან ააცილებს ბავშვს წერის პრობლემებით გამოწვეულ ტანჯვას; Solo 6 Literacy Suite, რომელიც მოიცავს ტექსტის წამკითხველს, გრაფიკულ ორგანიზატორებს, სამეტყველო პროცესორს და სიტყვების მოკარნახეს/გამომცნობს; See and Learn Speech ‘შეხედე და ისწავლე მეტყველება’ – არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც შექმნილია დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დასახმარებლად სალაპარაკო ენის უნარებისა და უფრო მკაფიო მეტყველების განსავითარებლად; Echo Smartpen ’ექო ჭკვიანი კალამი’, რომელიც ინახავს ყველა ინფორმაციას, რაც დაწერა, დახატა, მოხაზა და ა. შ.[11]; ‘მყარი კლავიშები’Rigid Keyguards, რომელიც უზრუნველყოფს ბარიერს მომხმარებლის ხელსა და კლავიატურას შორის, რაც საშუალებას აძლევს მას, დაასვენოს ხელები კლავიატურაზე ღილაკების გააქტიურების გარეშე. გამჭვირვალე ხისტი და მდგრადი პლასტმასის კლავიშები ადვილად მაგრდება ჩვეულებრივ კლავიატურაზე და ხელს უწყობს თითების სტაბილიზაციას; ანბანის შემსწავლელი სამოგზაურო თამაშები; PFM PRO პერსონალური FM მოსმენის სისტემა, რომელიც აწვდის გაძლიერებულ ბგერას პირდაპირ ყურს, აძლიერებს ხმას სახლსა თუ სკოლაში – ყველგან, სადაც ფონური ხმაური ან წყაროდან დაშორება ართულებს მოსმენას. ეს სისტემა იყენებს ტუტე ბატარეებს.
ენა-მეტყველების შეფერხებების, სმენის და მხედველობის დაქვეითების, დაბალი ემოციური ინტელექტის, ორთოპედიულ დარღვევების, აუტისტური სპექტრის აშლილობის, თავის ტვინის ტრავმული დაზიანებისა და სხვა შეზღუდვების მქონე მოსწავლეების მხარდამჭერი ტექნოლოგიების შესახებ წერილის შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ.
[1] https://www.disabilityrightswa.org/publications/assistive-technology-special-education-students/
[2] https://www.afb.org/node/16207/electronic-notetaker-speech
[3] FM სისტემის გამოყენებისას სპიკერი იყენებს მიკროფონს, ხოლო მსმენელი ატარებს მიმღებს. მიმღები შეიძლება იყოს: მარტივი ყურსასმენები, სიგნალის მიმღები, რომელიც აწვდის ხმას ყურებში, ან სმენის მოწყობილობა, როგორიცაა, კოხლეარული იმპლანტები თუ სასმენი აპარატები.
[4] https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/hearing-loss/in-depth/hearing-aids/art-20044116
[5]https://www.google.com/search?q=Pens+with+special+grip&rlz=1C1GCEA_enGE938GE938&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwjf5K6A1uL5AhXTQfEDHRHuCAQQ_AUoAXoECAEQAw&biw=1396&bih=604&dpr=1.38#imgrc=36sGdXZgbO_CUM
[6] დღესდღეობით საუკეთესო გარდამქმნელ სისტემებად მიჩნეულია: Google Docs Voice Typing; Dragon Professional Individual; Braina Pro; Speechnotes; e-Speaking; Voice Finger; Apple Dictation; Windows Speech Recognition და სხვა.
[7][7] მათში ძირითადად გამოყოფენ: რეზისტულს, საპროექციოს, ოპტიკურ-გამოსახულებითს და ინფრაწითელს. https://www.viewsonic.com/library/business/touch-panel-types-explained/
[8] https://www.aver.com/AVerExpert/4-ways-visualizers-enhance-classroom-learning
[9] https://www.alert-software.com/blog/internal-communication-tools
[10] https://creately.com/blog/diagrams/types-of-graphic-organizers/
[11] https://www.youtube.com/watch?v=oNjSN0y5A48
პირველი დღის აქტივობები დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის
მალე ახალი სასწავლო წელი დაიწყება. მასწავლებლები აქტიურად ვემზადებით მოსწავლეებთან შესახვედრად: ვადგენთ კურიკულუმს, ვქმნით რესურსებს, ვაწყობთ სასწავლო გარემოს. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის პირველი დღე, რომელიც სასიამოვნო ემოციებთან და შთაბეჭდილებებთან არის დაკავშირებული. დადებითი განწყობისა და მოტივაციის შექმნა მეტწილად დამოკიდებულია ჩვენ მიერ დაგეგმილ აქტივობებზე. ქვემოთ წარმოდგენილია რამდენიმე სახალისო დავალება, რომლებიც დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი. ის ამავე დროს ხელს უწყობს სასწავლო მიზნების მიღწევას.
აქტივობა 1. ვემშვიდობებით ზაფხულს, ვეგებებით სკოლას. ხშირად მოსწავლეებს უჭირთ არდადეგებიდან სასწავლო პროცესზე გადართვა. მნიშვნელოვანია, მათ გააცნობიერონ ამ ორ პერიოდს შორის არსებული განსხვავებები. მოსწავლეები ერთობლივად ავსებენ წარმოდგენილ ცხრილს, მარცხენა მხარეს წერენ აქტივობებს, რომლებიც ზაფხულში განახორციელეს, ხოლო მარჯვენა მხარეს წერენ იმას, რაც, მათი აზრით, სკოლაში სიარულთან არის დაკავშირებული.
აქტივობა 2. დავწეროთ ლექსი სკოლაზე. მოსწავლეები პასუხს სცემენ დასმულ შეკითხვებს და ავსებენ ხუთსაფეხურიან პირამიდას. აქტივობა ხელს უწყობს სასწავლო მიზნების მიღწევას, ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას. გთავაზობთ, აქტივობის ერთ-ერთ მაგალითს.
აქტივობა 3. მათემატიკა ჩემ შესახებ. მოსწავლეები ავსებენ პოსტერს, ჭრიან, აფერადებენ და ქმნიან ავტოპორტრეტს. გარდა იმისა, რომ აქტივობა სახალისოა, მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად მათემატიკური უნარ-ჩვევების გამოყენება სჭირდებათ. ბოლოს ეწყობა გამოფენა და პრეზენტაცია.
რესურსის ამობეჭდვა შეგიძლიათ ქვემოთ წარმოდგენილი ლინკიდან.
https://drive.google.com/file/d/1FYV9Pd9AuHEj2CNgxHuQn9YMq3kn_uEi/view?usp=sharing
გამოყენებული ლიტერატურა:
• მათემატიკის სტანდარტი I-IV კლასები;
ალაგთ ჰამბავი – დედამიწის ენა
ტოპონიმიკა დედამიწის ენაა, ხოლო დედამიწა წიგნია, რომელშიც კაცობრიობის ისტორიაა დაწერილი.
წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება გეოგრაფიული სახელწოდებების გარეშე. ყველაფერს დედამიწაზე თავისი მისამართი აქვს და ეს მისამართი იწყება ადამიანის დაბადების ადგილიდან. მშობლიური სოფელი, ქუჩა, სადაც ის ცხოვრობს, ქალაქი, ქვეყანა, ყველაფერს თავისი სახელი აქვს.
ტოპოგრაფიული სახელი თითქმის არასოდეს არ არის შემთხვევითი და მნიშვნელობას მოკლებული.
წარმოქმნისთანავე, ტოპონიმი დიდხანს რჩება ადამიანის მეხსიერებაში და თაობიდან თაობას გადაეცემა.
ტოპონიმი ერთგვარად ადამიანსა და ლანდშაფტის ობიექტს ერთმანეთს აკავშირებს.
იგი მოცემული ენისა და კულტურის მატარებელთა ფონური ცოდნის განუყოფელი ნაწილია;
ტოპონიმი ეროვნული თვითმყოფადობის მატარებელია, მასში ხალხთა ცხოვრების ისტორიული, გეოგრაფიული, ტერიტორიული და ბუნებრივ-გეოგრაფიული თავისებურებების პირობების გარდა, ერის ისეთი თავისებურებები აისახება როგორებიცაა ფსიქიკა, რომელიც ტრადიციებში, წეს-ჩვეულებებში და ფოლკლორშია აღბეჭდილი.
ქართული ტოპონიმიკის ეტიმოლოგია საქართველოს „მემატიანეა“. ტოპოერთეულთა სტრუქტურულ-ეტიმოლოგიური კვლევა, საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის. მიკროტოპონიმიკური ერთეულის სტრუქტურული კვლევა ენობრივი ცვალებადობის, სხვადასხვა დიალექტების არსებობის გასაღებია, ხოლო – ეტიმოლოგია შესაძლებელია სასწავლო თეორიულ მასალად გამოიყენონ.
ლეგენდები
- სამღერეთი
ამბობენ, სამღერეთს სამი მომღერალი დის გამო ეწოდა ეს სახელი. ლეგენდის თანახმად, ოდესღაც, მტერი მოულოდნელად დასხმია თავს სოფელს. ბრძოლისთვის მზად არმყოფ მოსახლეობას თავის დაცვა გასჭირვებია. სწორედ ამ დროს გამოჩენილა ფანდურით ხელში ტკბილად მომღერალი სამი და, რომელთა სიმამაცესა და მომნუსხველ ხმებს მტერი დაუბნევია.
მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლაში მწარედ დამარცხებულან, ლეგენდა დების შესახებ თაობებიდან თაობებს გადაეცა. ამ ლეგენდას იქაური მაცხოვრებლები ამყარებენ, სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილი საფლავის ქვით. ქვაზე, თაღში სამი ჯვარია გამოსახული. მოსახლეობას სჯერა, რომ ეს სამი დის საფლავია.
- გმირთ ნაკვეთი, ბირთვისი, გომერი
სამების მთასთან, იგივე გმირთ ნაკვეთთან დაკავშირებით შემდეგი ლეგენდა არსებობს:
სამება და დევი დიდხანს კამათობდნენ, თუ ვისი სამფლობელო უნდა ყოფილიყო ეს შესანიშნავი მწვერვალი. ბოლოს სამება დასთანხმდა დაეთმო დევისთვის ერთი პირობით: დევს ერთ ღამეში, მამლის ყივილამდე, უნდა შემოესაზღვრა მთის წვერი ზღუდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწვერვალი სამებას დარჩებოდა.
დევი გრძნობდა, რომ ერთ ღამეში ამ სამუშაოს მარტო ვერ შეასრულებდა და დასახმარებლად მოიხმო თავისი და, რომელიც მას ძალით არ ჩამოუვარდებოდა. დევის და მოპირდაპირე მაღალ მთაზე, „საწურბლეზე” დამდგარა და იქიდან აწვდიდა ძმას უზარმაზარ ლოდებს. დევი იჭერდა ამ ქვებს და სწრაფად აშენებდა კედელს.
სამებამ რომ დაინახა, დევი სამუშაოს კარგად ართმევდა თავს, მთის შესანარჩუნებლად მაღლა წითელი ნაჭერი აისროლა, რომელიც მამლად გადაიქცა. მამალმა მაშინვე იყივლა, დევმა თავი დამარცხებულად იგრძნო და გაიქცა. ამბობენ, რომ სამება დევს გამოეკიდა და ბირთვისის ციხის მიდამოებში ისრით განგმირა. დღესაც აქ ერთ-ერთ ადგილს დევის ნარღვევს უწოდებენ.
საინტერესოა, რომ ქ. თეთრიწყაროში გმირის სახელთან დაკავშირებული კიდევ ერთი მთა არსებობს. ესაა ე.წ. ,,გომერგორა”.
ტერმინი ,,გმირი”, რომელიც ოსურში გამოითქმის „გუმირ”-ის (სომხურად ,,გამირ”) სახით ტოტემური სახელწოდებაა. აქედან გარკვეულ ახსნა-განმარტებას პოულობს კიდევ ერთი გეოგრაფიული სახელწოდება „გომერგორა”. გომერ – გმირი, გორა – მთა (რუსული).
- მამიდას ქვა/გულდამაანთ მამიდა
მოსახლეობას ოდითგანვე სჯეროდა, რომ მამიდას ქვას, რომელიც სოფ. გოხნარის თავზე მდებარეობს, სასწაულმოქმედი ძალა აქვს. გვალვის დროს ხალხი მიდიოდა ამ ქვასთან, იხდიდა პარაკლისს და შესძახებდა „აგვყე, მამიდაო”, შემდეგ, მსუბუქად აწევდნენ მძიმე ლოდს, გადააბრუნებენ და წვიმაც არ დააყოვნებდა.
თურმე, რიტუალში მონაწილეობა და საერთოდ მამიდას ქვასთან მისვლა ეკრძლებათ გულდამაშვილების გვარის წარმომადგენლებს. ხალხური რწმენით, მათ ლოდის გაცოცხლება შეუძლიათ.
ლეგენდის თანახმად, სწორედ გულდამაშვილების გვარის ქალს დასდევნებია მტერი. საფრთხეში მყოფ ქალს ღმერთისთვის უთხოვია: „ოღონდ ამ ურჯულოთა ტყვედ ნუ მაქცევ და აქვე გამაქვავეო”. ასე გადაქცეულა ქვის ლოდად. შემდეგ ლოდს ჯვრის ფორმა მიუღია, ან ხალხს გამოუკვეთავს.
თურმე, გულდამაშვილებს მამიდის გაცოცხლების შესაძლებლობა ჰქონიათ: თუ ამგვარის სახლიკაცი ლოდთან მივა და ხმამაღლა შესძახებს „ადექი, მამიდა, წამოდექიო”, ქვა სულს ჩაიდგამს და კვლავ ადამიანად იქცევა, მაგრამ სანაცვლოდ ყრმის ან მოზარდის სიცოცხლეს წაიღებს მათივე საგვარეულოდან. სწორედ ამიტომ, ქვა ჯვართან ხსენებული გვარის წარმომადგენლების მისვლა აკრძალულია.
თქმულებები
- შავსაყდარი
სოფელში ამბობენ, რომ დაახლოებით სამი საუკუნის წინ დუშეთის რაიონიდან ჩამოსახლებული ხალხი შავსაყდრის დღევანდელი მდებარეობიდან 2-3 კილომეტრის მოშორებით დაასახლეს. მაგრამ, იმ დასახლებაში ეპიდემია გავრცელებულა, რომლის გამოც ჩვილი ბავშვები იღუპებოდნენ.
ერთ-ერთმა დედამ, გვარად კედელაშვილმა, აიყვანა თავისი ჩვილი და წავიდა იქ, სადაც ახლა სოფელი შავსაყდარი მდებარეობს. აქ იყო ძველი ეკლესია, რომელიც მტერს გადაუწვავს და ამის გამო კედლებს შავი ფერი დაედო. ქალმა ამ ეკლესიას შეაფარა თავი და მის მახლობლად დასახლდა.
სოფლიდან წამოსვლამ მისი შვილი გადაარჩინა, ბავშვი ავად არ გამხდარა. ეს ამბავი დანარჩენებს რომ გააგებინა, ისინიც გადმოსახლდნენ და ასე შეიქმნა დასახლება. ადრე ამ ადგილს ვარდისუბანი ერქვა, შემდეგ, ეკლესიის გამო, დაერქვა შავსაყდარი: შავი საყდარი.
- მაწევანი
მოსახლეობაში ასეთი ამბავი არსებობს ამ სოფლის სახელთან დაკავშირებით:
დასახლებაში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, რომელიც ურმით დაატარებდა გასაყიდად მაწონს. სოფლისკენ მიმავალი გზა აღმართია, სადაც ურემი რთულად ადიოდა და ყოველ ჯერზე, ცოლი თურმე მეუღლეს შემოსძახებდა: „მააწე, ვანი! მააწე”.
მაწე – მოაწექი, ვანი – ვანო, ქმრის სახელი.
- წყლულეთი
თქმულების მიხედვით, ადგილის სახელწოდება დიდგორის ბრძოლას უკავშირდება. ამბობენ, რომ სწორედ აქ, წყაროზე იშუშებდნენ დაწყლულებულ იარებს დიდგორის ბრძოლაში დაჭრილი დავითის მეომრები. ერთ-ერთ წყაროს აქ, ახლაც „უკვდავების წყაროს” უწოდებენ.
- ვაკე
სოფელ ვაკის სახელი რელიეფის ფორმის ტერმინთან არის დაკავშირებული.
სოფლის აღწერისას ვახუშტი ბაგრატიონი მოგვითხრობს სასწაულმოქმედ ლოდზე:
„პატივანს ქვეით ვაკეს არს ლოდი, რომელი, გვალვასა თუ გარდააბრუნო და შენამო, მოვალს წვიმა, ხოლო წვიმიანობასა შინა თუ შეაყა რო ნაცარიდა გარდააბრუნო, იქმნების უწვიმრობა”.
- კლდეისი
პატარა კლდეისს ძველად ხორხები ერქვა. ხორხები ცნობილია თავისი ყინულოვანი ჭებით, მკვიდრ მოსახლეობაში ჭებს ხშირად თამარის საყინულეების სახელით მოიხსენიებენ, რადგანაც არსებობს თქმულება, რომ სწორედ აქედან მიჰქონდათ ცივი წყალი ნადარბაზევში დასასვენებლად ამოსული თამარ მეფისთვის.
„ხორხებს არს ქვაბი კლდისა, რომელი არს ზამთარ თბილ, ვითარცა აბანო, და ზაფხულს დის წყარონი კლდიდან. მას წყაროს ჰყინავს და არს ყინული ფრიად წმიდა და მრავალი, ზიდავენ ზაფხულს მეფისათვის”.
- სამშვილდე
ბევრი, სახელწოდება სამშვილდეს აკავშირებს საბრძოლო იარაღთან, მშვილდთან. თუმცა, მისი წარმოშობა შესაძლოა სულ სხვა შინაარსს ატარებდეს.
სახელი ერთ-ერთი ვერსიით შეიძლება დაკავშირებული იყოს ოთხ ქვასთან ე.წ. ტეტრალითთან. მსგავსი გვხვდება სამშვილდეში: სამი ერთმანეთზე აღმართული დიდი ლოდი, რომლის ძირშიც, მიწაში ჩაფლული მეოთხე ქვა შეინიშნება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს წარმართულ საკურთხეველს წარმოადგენდა, სადაც სამშვილდის პირველი მოსახლეები ზვარაკს (მსხვერპლად შესაწირავი საკლავი) სწირავდნენ საკუთარ ღმერთს.
ციხე-ქალაქის შესასვლელში მდებარე ტეტრალითი ძველისძველი საკულტო ობიექტია, რომელიც სიმბოლურად დაკავშირებულია ზოდიაქოს ნიშანთან – მშილდოსანთან.
- თეთრიწყარო
ქ. თეთრიწყარო გაშენებულია იმ ადგილზე, სადაც ძველად მდებარეობდა სოფელი გარისი. ეს ის ისტორიული ადგილია, სადაც 1556 წელს ცნობილი გარისის ბრძოლა მოხდა.
1820-1821 წწ. გარისის მიდამოებში დაბანაკდა ეგერთაპოლკი. მათი საჭიროებისთვის გაიყვანეს ორკილომეტრიანი წყალსადენი. ეს წყალსადენი სათავეს იღებდა კირქვიან გორაკზე და წვიმის დროს წყალი რძისფერი ხდებოდა. ამ წყალს და შემდეგ დასახლებასაც შეერქვა „Белый ключ”. შემდეგ, თურქეთიდან გადმოსახლებულმა სომხებმა და ბერძნებმა თარგმნეს დასახელება და უწოდეს „აღბულაღი“. ასე მივიღეთ ისტორიული გარისის დღევანდელი დასახელება თეთრიწყარო.
დეკაბრისტები თეთრიწყაროში და პირველი საოპერო წარმოდგენა საქართველოში
1825 წელს ქ. პეტერბურგში მომხდარი ამბოხების შემდეგ დეკაბრისტების ერთი ჯგუფი საქართველოში გადმოასახლეს, მათ შორის ქ. თეთრიწყაროში.
ეგ ერთაპოლკში გადმოყვანილი ერთ-ერთი დეკაბრისტის, ანდრეი როზენის ჩანაწერიდან ჩანს, რომ 1837 წლის დეკემბერში თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში არსებული თეატრის შენობაში (რომელიც აგრეთვე ეგერთაპოლკის მიერ იყო აშენებული) დაიდგა საოპერო სპექტაკლი ,,მეწისქვილე, ჯადოქარი და მაჭანკალი“ (ავტორი ალექსანდრე აბლექსიმოვი (1740-1782წწ). აღსანიშნავია, რომ რ. საყვარელიძის ნაშრომიდან (,,ქართული თეატრის ისტორიიდან“). ირკვევა, რომ, ეს იყო პირველი საოპერო სპექტაკლი საქართველოში.
- მგლისკარი
მარნეული-თეთრიწყაროს გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, თეთრიწყაროს შესასვლელთან არსებობს ადგილი, რომელსაც ეწოდება მგლისკარი. საქმე ის არის, რომ ამ გზაზე ხშირად გადაჰყავთ ცხვრის ფარები. ეს კონკრეტული მონაკვეთი კი ორივე მხრით ან კლდით არის „შემოღობილი”, რაც ქმნის ვიწრო გასასვლელს. გზის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აქ ცხვარს გაქცევა არ შეუძლია. აქ ფარა შემწყვდეულია ხოლმე, რაც მგლების თავდასხმისათვის მოსახერხებელ ადგილს ქმნის. სწორედ ამიტომ, მეცხვარეებმა ამ ადგილს მგლისკარი (волчьи ворота) უწოდეს.
- ცივიხიდი
თბილისიდან წამოსვლისას თეთრიწყაროს შემოსასვლელთან გადაივლით პატარა ხიდს, რომელიც, თითქოს, საზღვარს ქმნის ორ კლიმატურ ზონას შორის და მას ცივ ხიდს უწოდებენ. საქმე ის არის, რომ ამ ხიდის გავლის შემდეგ იგრძნობთ ჰაერის ტემპერატურის დავარდნას, შედარებით სიცივეს, სწორედ ამის გამო ეწოდა ხიდს ცივი.
- ნადარბაზევი
ნადარბაზევი მეფეთა საზაფხულო სასახლე უნდა ყოფილიყო, “არს ნადარბაზევი, თამარ მეფის ნასასახლევი”. ეს სოფელი ვახუშტი ბაგრატიონის საუფლისწულო მამული ყოფილა, რომელიც შემდეგ თავისი აღმზრდელისთვის გიორგი გარსევანიშვილისთვის უჩუქებია.
სახელწოდება პრეფიქს-სუფიქსით ნაწარმოები სახელია – ნა-დარბაზ-ევ-ი და ამ ადგილის სასახლე-დარბაზის ნადარბაზევად გადაქცევაზე მიანიშნებს. ნადარბაზევის ირგვლივ რამდენიმე ნასოფლარიცაა.
პრეფიქსი „ნა” მიანიშნებს იმაზე, რომ ესა თუ ის ერთეული აღარ ფუნქციონირებს ძველი დანიშნულებით.
- წინწყარო
თურმე, სოფელს ეს სახელი იქ არსებული განსაკუთრებული წყაროს გამო დაერქვა, რომელსაც ვახუშტი ბაგრატიონი ასე აღწერს:
„…არს წინყარო, ქალაქი მცირე, მოსავლიანი, კეთილ-ჰაოვანი, მაღალს ადგილზედ მდგომი. აქა არს წყარო: უკეთუ მით მოხარშო მარცვალნი რომელი მე და დღეთა შენთა ხარშო, ვერა ოდეს მოხარშავს, გარნა სასმელად დასახმარად კეთილი”.
იმ წყაროს წყალი მხოლოდ სასმელად და ზოგადი გამოყენებისათვის იყო ვარგისი. რამის მოხარშვა რომ მოგდომებოდათ, წყაროს წყალში ვერასდროს მოიხარშებოდა.
- მანგლისი
სახელწოდება მანგლისის წარმოშობაზე არსებობს ორი თქმულება:
პირველის მიხედვით, სახელი მომდინარეობს „მანგალიდან”, რაც ძველი ქართულით ნამგალს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, თითქოს მახლობელ სოფელ კველთაში (ამჟამად ნასოფლარი) ამზადებდნენ საქართველოს ფარგლებს გარეთაც ცნობილ ნამგლებს.
მეორე თქმულების მიხედვით, ამ ადგილს სახელი დაერქვა ბიზანტიელი ხუროთმოძღვრის მანგლის პატივსაცემად, რომელსაც მეოთხე საუკუნეში ტაძარი აუშენებია აქ.
ენათმეცნიერი პროფ. ზ. ჭუმბურიძის მიხედვით: „სახელწოდება ნაწარმოებია ის სუფიქსით: მანგლ-ის-ი. „მანგლარის“ შეკუმშული ფორმა „მანგალა“ „ნუნამგალ“ სიტყვისა (ასეთი კუმშვა ხშირია ქართულში; მაგალითად: მარცვალი – მარცვლის, სარდალი – სარდლის და მრავალი სხვ.). „მანგალ“ სიტყვა ამ ფორმით გვხვდება ძველ სალიტერატურო ძეგლებში (ზოგ კუთხეში დღესაც იხმარება); მაშასადამე, ეს უფრო ძველი ფორმაა. შემდეგ კი ამ სიტყვაში „მ” და „ნ” ბგერები გადაადგილებულია და მივიღეთ „ნამგალი”. ამავე მოსაზრებას გვიზიარებს ლეონ მელიქსეთ-ბეგი.
ამრიგად, მანგლისი ძველი სამეურნეო იარაღის სახელწოდებისაგან არის მიღებული.
- ამლევი
ისტორიულად სოფელი გარდა ამლევისა, მოიხსენიება ამლივი, ამლავი სახელებით. იგი მეჩვიდმეტე საუკუნის ბევრ ისტორიულ საბუთშია მოხსენებული. სოფლის განაპირას მდებარეობს წყარო. სავარაუდოდ, სოფლის სახელწოდებაც მას უნდა უკავშირდებოდეს, რადგანაც ამლევი სასმელს წყალს ნიშნავს.
- ასურეთი
მკვიდრი მოსახლეობისგან გაიგებთ რამდენიმე ვერსიას, მათ შორის რომ სახელწოდება ასურეთი მომდინარეობს ასურისგან, რაც ღვთაებას ნიშნავს; რომ სახელწოდება უკავშირდება ცნობილ ასურელ მამებს და ძველ ქალაქ-სახელმწიფო ასურეთს. ისტორიულად ეს ტერიტორია ასევე ცნობილია სამაჩვეთის სახელით.
გარდა, გამორჩეული სახელებისა, სოფელი საინტერესოა იმით, რომ 1818 წელს საქართველოში ჩამოსახლებულ გერმანელ კოლონისტთა პირველი ნაკადი (70 ოჯახი) სწორედ აქ დაასახლეს. ახალშენს ელიზაბეტთალი უწოდეს. კოლონიის სახელს მისი დასაბინავებლად არჩევის დღეს (1818 წლის 19 ნოემბერი ახალი, და 5 ნოემბერი ძველი სტილით არის წმ. ელიზაბეთის ხსენების დღე) უკავშირებენ.
საქართველოში, მათ შორის ასურეთში ჩამოსახლებული გერმანელები ვიურთემბერგელი შვაბები იყვნენ.
მთავრობის განკარგულების საფუძველზე სახლების მშენებლობაში მათ უფასოდ ეხმარებოდნენ მანგლისში დაბანაკებული ჯარისკაცები, მეზობელი სოფლების მკვიდრნი კი მათთვის საშენ მასალებს ურმებით ეზიდებოდნენ და მიწებს უხნავდნენ.
მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ჩართვიდან რამდენიმე თვეში საბჭოთა კავშირის სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის 1941 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით საქართველოდან 23580 გერმანელი უნდა გადაესახლებინათ ყაზახეთში. 1942 წლის ცნობით ზუსტდება, რომ 1941-1942 წლებში საქართველოდან სულ 20423 გერმანელი გადაასახლეს. მათ დაცარიელებულ სახლებში კი საქართველოს რეგიონებიდან ჩამოყვანილი, ასევე სხვადასხვა ეროვნების ოჯახები შეასახლეს.
დეპორტაციას გადაურჩა მხოლოდ გერმანელთა ეთნიკურად შერეული ოჯახები (თუ გერმანელი ქალი არაგერმანელზე იყო დაქორწინებული).
დღესაც კი ამდენი წლის შემდეგ, გულგრილად ვერავინ წაიკითხავს ყაზახეთში გადასახლებულ გერმანელთა ლექსად გამოთქმულ წუხილს სამშობლო საქართველოსა და საკუთარ კერიაზე.
,,..შორს სამხრეთით, ველურ კავკასიაში სადაც სალი კლდეებიდან ანკარა ნაკადულები მორაკრაკებს, სადაც ამაყი ციხე-კოშკნი დგას ნათელ მწვერვალებზე, სადაც ძველ ქვებში ბევრის დანახვა შეიძლება. დიახ, იქ არის ჩემი საყვარელი სამშობლო, სადაც დაირწა ჩვენი წინაპრების აკვანი, მთებს შორის იდგა მშობლიური სახლი. იქ იყო ჩემი სამშობლო, იქ იყო ჩემი შინ…”.
საქართველოს გერმანელებზე უმნიშვნელოვანეს ცნობებს შეიცავს გაზეთი ,,კაუკაზისეპსტ”, რომლის პირველი ნომერი 1906 წლის 18 ივნისს გამოვიდა თბილისში. (რედაქტორი არტურ ლაისტი; გამომცემელი კურტ ფონკუჩენბახი). 1907 წლის 6 მაისს, საქართველოში გერმანელების ჩამოსახლებიდან თითქმის 100 წლისთავზე, ,,კაუკაზიშეპოსტ”-ში გამოქვეყნდა არტურ ლაისტის ლექსი.
,,თითქმის ერთი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც საბედისწერო ხეტიალის მერე პირველმა გერმანელებმა აქ დაიდეს ბინა, უცხო მზის ქვეშ, უცხო ადამიანებს შორის. ისინი დიდი ხანია ამ მიწაში განისვენებენ, შორს თავიანთი ძმებისა და მშობლიური კერისაგან… ჩვენგან მეტის მოთხოვნის უფლება აქვს იმ ქვეყანას, რომელმაც თავის უბეში შეგვიფარა…”.
- საღრაშენი
საღირ-აშენი ნიშნავს საღირის ნაშენ სოფელს. თვით პიროვნების სახელი „საღირ” არაერთ ძველ წყაროშია მოხსენებული და მსგავსი წარმოშობის დასახელებები საკმაოდ ბევრგან გვხვდება საქართველოში: წუღრუღაშენი, ბეშკენაშენი, გოგაშენი, ოთარაშენი და სხვა.
- აბელიანი
აბელია ბიბლიური პერსონაჟის სახელია. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა სოფლის სახელიც აქედან მოდიოდეს.
სოფელი საინტერესოა აქ მდებარე ტაძრის სამხრეთ ფასადზე გამოსახული ოცდასამსტრიქონიანი ლაპიდარული (ქვაზე შესრულებული) წარწერით, რომელშიც ერთად არიან მოხსენიებულნი დავით-ულუ და დავით-ნარინი. აღსანიშნავია, რომ ეს ამ ორი მეფის ერთად ხსენების ერთადერთი შემთხვევაა.
- ფარცხისი
ფარცხისის ციხე ითვლებოდა ბირთვისის დამცავად, რადგანაც, სამხრეთიდან მოსული მტრის პირველი დამხდური სწორედ ფარცხისი იყო. აქედან დამკვიდრდა გამოთქმა „ფარცხისი – ფარი ბირთვისის ციხისა”, რომლის მიხედვითაც წარმოიშვა სახელწოდებაც.
- დაღეთი
დაღეთი არაერთ ძველ წყაროშია მოხსენებული.
მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს ერეკლე მეორემ ყარაბაღიდან გადმოასახლა სომხები, რომელთაც სოფლისთვის დაღეთხაჩინი უწოდებიათ. ხაჩინი სომხურად ჯვარს ნიშნავს.
სოფლის სახელწოდება უნდა მომდინარეობდეს ქართული წარმოშობის სიტყვიდან „დაღი” – ნიშანი, დასმული სავაჭროთა ზედა, ანუ ხვასტაგთა (საქონელი) გასარჩევად” – ვკითხულობთ ნიკო ჩუბინიშვლის ლექსიკონში.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაღეთის გვერდით მდებარეობდა ქვემო ქართლის ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრე და ქალაქი სამშვილდე, ცხადი გახდება, რომ ეს სახელწოდება ესადაგება მის მდებარეობას.
- დურნუკი
„ასურეთის ხევს ქვეით, სამხრით, არს დურნუკი. აქა არს კარკნალი და დარანნი დიდი-დიდნი”.
სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით კარკალი, კარკნალი ნიშნავს დიდ ქვავნარს. დურნუკის სახელწოდებაც სწორედ აქედან უნდა მომდინარეობდეს. „დური” ნიშნავსტოტს, ხოლო „ნუკი” (ძველი საზომი ერთეული) ლიტრას. ანუ, ქვების უზარმაზარი ნაკადი, მდინარე.
23.დიდი თონეთი
სოფელი თავისი ადგილმდებარეობით თონეს ჰგავს. მისი სახელიც აქედან მოდის.
გარდა განსაკუთრებული კლიმატისა და ულამაზესი ლანდშაფტებისა, სოფელი გამოირჩევა იმითაც, რომ 1886-1888 წწ.-ებში დიდი თონეთის სკოლაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა დიდი ვაჟა-ფშაველა.
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლის ლ. რაზიკაშვილის მოხსენება:
„მაქვს პატივი, ვაცნობო მმართველობას, რომ დანიშნულს ადგილას გამოვცხადდი 16 ამ თვისას, 17-ს შევუდექი სწავლას. სწავლა ისევ ძველ შენობაში მიმდინარეობს. ჯერჯერობით ოცამდე მოსწავლეა, მათ შორის ორი სულ ახლები არიან. როგორც საზოგადოება და მამასახლისი იმედს მაძლევენ, მოსწავლეთა რიცხვმა ერთი-ორად უნდა იმატოს. სკოლისთვის საჭიროა „ბუნების კარი“არანაკლებ 5 ეგზემპლარი, დაფები, გრიფელები, კარანდაშები, საწერლები, კალმები, რვეულები. ახალი სკოლის შენობა ჯერ არ დაუსრულებიათ. ამასთანავე ვსთხოვ უმორჩილესად ერთი ეკზ. პროგრამაც გამომიგზავნოს მმართველობამ, რომლითაც მოვალე ვარ ვიხელმძღვანელო“. ვაჟა უბრალო ადამიანების გამოსარჩლების გამო, იძულებული გახდა სოფლიდან წასულიყო.
შეჯამება
„ადვილი შესამჩნევია, რომ ტოპონიმები უბრალო გეოგრაფიული ტერმინები კი არ არის, არამედ მათ სემანტიკაში კულტურული კომპონენტებია მოცემული.
ტოპონიმიკა – სახელდების შემოქმედებაა, რომელსაც დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. იგი, როგორც მეცნიერება, შეიძლება ერთ-ერთ საინფორმაციო წყაროდაც კი ჩავთვალოთ.
ზოგადად, ეტიმოლოგიური კვლევის შედეგად შეგვიძლია გამოვყოთ ტოპონიმთა შემდეგი ტიპები:
- გეოგრაფიული, რომელთა სახელდება ტერიტორიულმა მდებარეობამ განაპირობა..
- ისტორიული, რომელთა სახელდება ისტორიული ფაქტითაა განპირობებული.
- ანთროტოპონიმიკური, რომელთა სახელდება ადამიანთა სახელსა თუ გვარზეა დამოკიდებული.
- ზოონიმური, რომელთა სახელდება ცხოველთა ან ფრინველთა სახელს ეფუძნება.
- ხალხური (ეტიმოლოგიური), რომელთა სახელდება ლეგენდის ან ხალხური ეტიმოლოგიის მიხედვით დაარსდა და დაფუძნდა.
- მეტამორფოზული, რომელთა სახელდება აღებულია სხვადასხვა ენიდან, შემდეგ კი მისი თარგმნა ყოველთვის იწვევს ჟღერადობის ცვალებადობას.
კვლევისას, აღმოვაჩინეთ, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებების სახელწოდებები, მათი წარმოშობიდან გამომდინარე, შეგვიძლია გავაერთიანოთ რამდენიმე ჯგუფში:
სახელწოდებები, რომლებიც წარმოიშვა ფრინველების სახეობებიდან: ორბეთი, ჩხიკვთა, ჭივჭავი;
სახელწოდებები, რომელთა შინაარსიც დაკავშირებულია წყალთან: თეთრიწყარო, წინწყარო, ამლევი, წყლულეთი;
ცალკე გამოვყოფთ კლდესთან და ქვასთან დაკავშირებულ სახელწოდებებს: კლდეისი, ლიპი, გოხნარისლოდოვანი, ხრამი, კლდეკარი, ხორხები, კარაქა (ძველადსოფ. შიხილოს ერქვა ასე).
ქვის აღმნიშვნელი ტოპონიმები ამ მასალით მდიდარ რეგიონში შეიქმნა, სადაც ხალხი ოდითგანვე მას საცხოვრებელ და საყოფაცხოვრებო ფუნქციას ანიჭებდა, ზოგიერთ გამორჩეულ ლოდს კი სარიტუალო დატვირთვასაც აძლევდა.
ფაქტია, ქვის აღმნიშვნელი ტოპონიმებით ქვემო ქართლი, კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გვევლინება, რის ხელშემწყობ ფაქტორადაც ალგეთისა და ხრამის ხეობის განსაკუთრებული ლანდშაფტი შეგვიძლია მივიჩნიოთ;
გვხვდება სახელწოდებები, რომლებიც მცენარეებიდან მოდის: იფნარა, მუხათი, მოხისი (ესეც მუხას ნიშნავს), პანტიანი, ვაშლოვანი;
აღსანიშნავია რეალური თუ ბიბლიური პერსონაჟებიდან წამოსული სახელწოდებები, როგორებიცაა: საღრაშენი, ჯორჯიაშვილი, მაწევანი, აბრამეთი (სოფლის, სადაც ცხოვრობდნენ აბრამიძეები), აბელიანი, ასურეთი;
გვაქვს, ასევე, ისეთი სახელწოდებების მაგალითები, რომლებიც სამეურნეო იარაღიდან მომდინარეობენ. ესენია მანგლისი (ნამგალი) და ხოპისი („ხოპი” ნიჩაბს ნიშნავდა).
თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მეტყველებაში დაცულ მასალებთან მიმართებით ყოფით ცხოვრებაში შემორჩენილი სახელწოდებები და მათგან წარმოქმნილი ტოპონიმები მკაფიოდ ასახავს აქ ოდითგან და დღეს მაცხოვრებელთა სიახლოვეს ბუნებასთან.
ეს პატარა ნარკვევი, რომელიც შემდეგ პატარა წიგნად იქცა, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის მიერ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, თანამედროვე ხელოვნების ცენტრის პროექტ “კონვერსიის” ფარგლებში შეიქმნა. წიგნი გაფორმებული იყო ილუსტრაციებით თითოეული სოფლის შესახებ, რომლებიც გაკეთდა მერიის მხარდაჭერით
ზუტნერები საქართველოში
(„წერილები საქართველოდან“ – 1876-1885)
ბერტა ფონ ზუტნერი საქართველოში, ერთთავად მშვენიერი მიზეზით მოხვდა: მან და მისმა მეუღლემ – არტურ გუნდაკარ ზუტნერმა, საქორწინო მოგზაურობა სწორედ ყველასთვის უცხო და შორეულ, მაგრამ „მოულოდნელობებით სავსე“ ქვეყანაში გადაწყვიტეს.
ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა: მეუღლეზე 7 წლით უფროსმა ბერტამ არტურის მშობლების გული ვერაფრით მოიგო, პირიქით, ისინი მათი ქორწინების დაუღალავ მოწინააღმდეგეებად იქცნენ, ამიტომ, ახლად შეუღლებული წყვილი იძულებული გახდა, ერთობლივი ცხოვრების პირველი, ყველაზე ამაღელვებელი და მგზნებარე ხანა მათგან რაც შეიძლება შორს გაეტარებინა.
როგორც მერე აღმოჩნდა, ძალიანაც ნაყოფიერად და ბედნიერად.
წლების შემდეგ, თავის მემუარებში, უკვე მთელ მსოფლიოში სახელმოხვეჭილი მწერალი და პაციფისტი ბერტა ფონ ზუტნერი იტყვის, რომ სწორედ საქართველოში გატარებული ათი წელი იქცა მისი „ცხოვრების სკოლად“.
ცხადია, საქართველო შემთხვევითი არჩევანი არ ყოფილა. არც მხოლოდ მისი სიშორე და უცხოობა იყო მთავარი არგუმენტი. ტყუილად არ ჩნდება ბერტა ფონ ზუტნერის ჩანაწერებში ასეთი ფრაზა: „ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა“.
მეტაფორულად თუ ვიტყვით, ძიების და აღმოჩენების ხანგრძლივი თავგადასავლით, ბერტა და არტურ გუნდაკარ ზუტნერები ახალ არგონავტებად მოევლინნენ ჩვენს ქვეყანას, იმ განსხვავებით, რომ მათ ერთმანეთის სიყვარულიც უღალატოდ და უდანაკარგოდ შეინარჩუნეს და საქართველოდან წაღებულ „ოქროს საწმისს“ – აქ დაგროვილ ცხოვრებისეულ და პროფესიულ გამოცდილებას, სიბრძნეს, შთაბეჭდილებებს ჭეშმარიტი ევროპული ღირსებით და მადლიერებითაც უპატრონეს.
ბერტა ფონ ზუტნერი (ქალიშვილობის გვარით – გრაფინია ფონ კინსკი) 1843 წელს, პრაღაში დაიბადა. ის ზუტნერების ოჯახში, ვენაში, თავდაპირველად, მასწავლებლის სტატუსით მოხვდა – მომავალი მეუღლის ოთხ დას უცხო ენებს და მუსიკას ასწავლიდა. ბერტას და არტურს ერთმანეთი თავდავიწყებით შეუყვარდათ, რის გამოც, ოჯახის უფროსმა ქალი სახლიდან დაითხოვა. მომდევნო ერთი წელი ბერტამ პარიზში, შვედი ინჟინრის – ალფრედ ნობელის გარემოცვაში გაატარა – მის პირად მდივნად მუშაობდა. გულჩათხრობილ და მარტოსულ ნობელსაც ძლიერ შეუყვარდა ბერტა, რომელსაც, თავის მხრივ, ვერც ამ ერთ-წლიანმა სიშორემ გაუნელა არტურის სიყვარული. საბოლოოდ, ბერტა კვლავ ვენაში დაბრუნდა და 1876 წელს, მან და არტურმა საიდუმლოდ იქორწინეს.
მშობლებისგან მემკვიდრეობაჩამორთმეული არტური და ბერტა საქართველოში ეკატერინე დადიანის მიწვევით გაემგზავრნენ.
ალექსანდრე ჭავჭავაძის უფროს ასულს, სამეგრელოს დედოფალ ეკატერინეს, ბერტა ფონ ზუტნერი ჯერ კიდევ 1864 წლიდან იცნობდა – მათ ერთმანეთი ბად ჰომბურგში გაიცნეს.
ეს შეხვედრაც და საქართველოში, კერძოდ სამეგრელოსა და თბილისში გატარებული წლებიც შთამბეჭდავად აქვს აღწერილი ბერტა ფონ ზუტნერს კრებულში „წერილები საქართველოდან“. ცოტა ხნის წინ, მზია გალდავაძის მიერ გერმანულიდან ქართულად თარგმნილი ეს კრებული „არტანუჯმა“ გამოსცა.
წიგნი 1876-1885 წლების ზუტნერების ოდისეას ეძღვნება. თხრობა ბოლოდან იწყება – იმ მომენტიდან, როცა ბერტა და არტური ბათუმიდან ოდესისკენ მიმავალ რუსულ ორთქლმავალ „კოცებუზე“ ააბიჯებენ. გემბანიდან გადაშლილი შავი ზღვის უნაპირო სივრცეები მწერალ ქალს მეხსიერებას უღვივებს და შთაბეჭდილებებზე სალაპარაკოდ აღძრავს.
რამდენიმე წერილი დღიურის ტიპის ჩანაწერია („კავკასიელი ქალები“, „მოგონებები სამეგრელოზე“), სადაც პირად ქრონიკებთან ერთად მკაფიო, მრავალფეროვანი ეთნოგრაფიული სურათიც იხატება.
ბერტა ფონ ზუტნერი დაუფარავი აღტაცებით საუბრობს კავკასიელი ქალების უამრავ ღირსებაზე, მათ სილამაზესა და ბუნებრივ არისტოკრატიზმზე, მათ სიმამაცეს კი სპარტელი და რომაელი ქალების სიმამაცის გვერდით მოიხსენიებს (ამის მაგალითად მარაბდის ბრძოლისა და ხერხეულიძეთა დედის ეპიზოდს ახსენებს). საქართველოში ქალის კულტის არსებობას იმ არგუმენტით ამართლებს, რომ აქ ქრისტიანული სარწმუნოება ქალმა შემოიტანა, ხოლო მოციქულები თვით ყოვლადწმინდა ქალწულმა წარმოგზავნა.
ბერტა ფონ ზუტნერი უზადო დამკვირვებელია – მას ყოფის ყველა დეტალი აინტერესებს, ყველაფერზე ჰყვება, რამაც მოხიბლა, გააკვირვა, გააღიზიანა ან დააეჭვა. საინტერესოა მისი მსჯელობა ცრურწმენების შესახებ, რომელთა სიმრავლემ, როგორც ჩანს, ცოტათი დააბნია კიდეც იმ გარემოში, სადაც, წესით, ორთოდოქსი მორწმუნეები ცხოვრობენ.
ერთ რამედ ღირს მისი „ქალაქური ქრონიკები“ – იმდროინდელი თბილისის აღწერა – ადამიანები, ქუჩები, ხასიათები, ტრადიციები… თავად ზუტნერები თბილისში 1878 წელს გადმოვიდნენ და ახლანდელი აღმაშენებლის გამზირზე ცხოვრობდნენ. მათი „თბილისური საშვიც“ ეკატერინე დადიანის გაცემულია – მან გამოატანა ავსტრიელ მეგობრებს ერეკლე ბაგრატიონის ქვრივთან, თამართან, სარეკომენდაციო წერილი.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისი უფრო აღმოსავლურ ქალაქად მიაჩნია, ბერტა ფონ ზუტნერი მაინც შენიშნავს ბანოვანი ქალების ევროპულ განათლებას. თითქმის ყველამ ფრანგული იცისო, გაოცებით წერს. დაუვიწყარ სურათსაც გვიხატავს: ზის ჭრელაჭრულა ბალიშებში ქართველი ბანოვანი ქალი, დროდადრო ქარვის კრიალოსანს გვერდზე გადადებს, რათა ალფონს დოდე ან რომელიმე ფრანგული ჟურნალი აიღოს…
ავსტრიელი მწერლის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი, ცხადია, თავად ეკატერინე დადიანია, მისი უფროსი მეგობარი (ბერტა ეკატერინეს უმცროსი ქალიშვილის, სალომეს კბილა იყო). სამეგრელოს მთავრის ქვრივი მასში პატივისცემას ბევრი მიზეზით იწვევს. ბერტას თვალწინ ეკატერინეს ტკივილებითა და ვნებათაღელვით სავსე წლებმა გაიარა; კარგად ახსოვს, რამდენი მთხოვნელი ჰყავდა უდროოდ დაქვრივებულ, მშვენიერ პრინცესას (რომლის, ვინტერჰალტერის მიერ შესრულებული პორტრეტიც – ორდენის ლენტებით და სიმამაცის მედლით შემკულ სამეჯლისო კაბაში გამოწყობილი – ტოლს არ უდებდა ამავე მხატვრის მიერ შესრულებულ, დედოფალი ევგენიას პორტრეტს), მაგრამ ეკატერინე აღარასდროს გათხოვილა და დარჩენილი ცხოვრება შვილებზე ზრუნვას მიუძღვნა.
„უკლებლივ ყველას, ვინც კი მას მიუახლოვდებოდა, დაუოკებელი სურვილი იპყრობდა, ამ საოცარი ქალბატონის მიმართ მოწიწება გამოეხატა“, – ვკითხულობთ ზუტნერის მოგონებებში, ეკატერინე დადიანის შესახებ. იმასაც ვკითხულობთ, თუ როგორი დახვეწილი და გრაციოზული იყო მისი აპარტამენტები პარიზში, რაც მხოლოდ მატერიალურ სიუხვეზე კი არა, უპირველესად, ღრმა შინაგან კულტურაზე, სულიერი სამყაროს მშვენიერებაზე მიუთითებდა. ვკითხულობთ ეკატერინეს ორი ვაჟისა და ერთი ასულის შესახებ, მათ ვნებებზე, ქცევებზე, ქორწინებებზე – ეს ამბები დადიანების ოჯახის ქრონიკებთან გვაახლოებს, მათ კარზე ატეხილ სამეფო-სამთავრო თამაშებსაც მოვკრავთ თვალს, ალბათ პრინცი ნიკო დადიანის რუსეთის მიმართ მეტისმეტი რევერანსებიც გაგვაღიზიანებს, იმ რუსეთის, მარტო მას და მის ოჯახს კი არა, მთელ საქართველოს რომ სუვერენიტეტი გაუუქმა, პირადად ნიკოს კი ამის სანაცვლოდ ტიტული „უმაღლესობა“ და საკომპენსაციო თანხა უბოძა…
ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალია მსოფლიოში, რომელმაც ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიიღო. სამართლიანად ამბობენ, რომ მისმა რომანმა „ძირს იარაღი!“ მსოფლიო შეცვალა. არც ისაა შემთხვევითი, რომ ამ წიგნის პირველი გამოცემა ზუგდიდში ინახება. იქ, სადაც ერთობლივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი წლები გაატარეს ბერტა და არტურ ფონ ზუტნერებმა.
საქართველოში ყოფნის დროს ჩაისახა ის სამშვიდობო იდეები, რომლებიც, მოგვიანებით, ბერტა ფონ ზუტნერმა სხვადასხვა ფორმით – მწერლობით თუ საზოგადო მოღვაწეობით – თავდაუზოგავად და უკომპრომისოდ განახორციელა.
ოქროს საწმისის ქვეყანამ თავისი მადლით უხვად დაასაჩუქრა ახალი არგონავტები. მათ კი, მადლს მადლი მიუმატეს, კაცობრიულ სიკეთედ აქციეს.
დღეს, ომებით დაღლილი და ცეცხლწაკიდებული მსოფლიოსათვის, ეს სიკეთე განსაკუთრებულად დასაფასებელია.























