შაბათი, მაისი 2, 2026
2 მაისი, შაბათი, 2026

სავარჯიშოები „რატომ“ მოსწავლეებისთვის

0

კონსტრუქტივისტული და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო მოიაზრებს აქტიურ, შემოქმედებით მასწავლებელსა და მოსწავლეს, რომლებიც მუდმივად ფიქრობენ განვითარებასა და ეფექტიან შედეგებზე. მაგრამ მოსწავლეებს სწავლის სხვადასხვა სტილი აქვთ. დაკვირვებული მასწავლებელი იოლად მიხვდება, როგორი მოსწავლეები ჰყავს კლასში, ვისთან როგორ იმუშაოს და რა გააკეთოს.

სწავლის ინდივიდუალური სტილის მიხედვით, მოსწავლეთა 35% „რატომ“ ტიპისაა. მათ აინტერესებთ, რა მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ინფორმაციას მათთვის და სწავლობენ „მნიშვნელობის ძიების გზით“. მათ სჭირდებათ მიზეზი, რათა ისწავლონ, მიზეზი, რომლის საშუალებითაც ახალ ინფორმაციას პირად გამოცდილებას დაუკავშირებენ და მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმატებით გამოიყენებენ. შეიძლება ითქვას, რომ „რატომ“ მოსწავლეები მოტივირებულნი არიან თვითაქტუალიზაციისთვის, მათ რეალურად მართავთ „ზრდის“ პროცესი, მაგრამ მხოლოდ მაშინ სწავლობენ, როდესაც საქმეში, დავალებაში, პირადი პოტენციალის რეალიზების საშუალებას დაინახავენ. ამის შემდეგ გააკეთებენ შედარებებს, შეპირისპირებებს, შეასრულებენ სააზროვნო ოპერაციებს და წარამტებულ შედეგსაც მიიღებენ.

ასეთ მოსწავლეებს სჭირდებათ „წამქეზებელი“ მასწავლებლი, რომელიც მათ დაანახებს, რა საინტერესო, საჭირო და, ამასთანავე, დაძლევადია დავალებები და საკუთარი თავის რწმენას შემატებს.

შედეგის თვალსაზრისით ეფექტური იქნება, თუ მასწავლებელი მოსწავლეთა ამ ტიპისთვის გამოიყენებს: ერთობლივ სწავლებას, გონებრივ იერიშს, შინაარსის კონკრეტული სფეროების ინტეგრირებას (მაგ., მეცნიერების ინტეგრირება სოციალურ კვლევებთან, წერის ინტეგრირება ხელოვნებასთან) და აქტიური სწავლების სხვა ფორმებს.

ცნობილია, რომ ცოდნის აქტუალიზაციის პროცესში მნიშვნელოვანია სამი დონე:

I – წინარე, „საწყისი“ ცოდნის აქტუალიზაცია;

II – წინარე გამოცდილებაზე ახალი მასალის დაშენება და ცოდნის გამდიდრება/გაღრმავება;

III – ძველი და ახალი მასალის შეერთებით მიღებული ახალი ცოდნის აქტუალიზაცია და „გამოცდილებაში გადატანა“.

მათზე დაყრდნობით მასწავლებელს შეუძლია „რატომ“ მოსწავლეების „წაქეზება“ და მაღალი შედეგების მიღება. მაგალითად:

  1. საწყისი/წინარე ცოდნის აქტუალიზაციის ეტაპზე მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს: „ჩვენ დღეს გვაქვს რიცხვითი სახელის შესახებ შემაჯამებელი გაკვეთილი. შევეცადოთ, მიღებული ცოდნა განვამტკიცოთ და ვუპასხოთ კითხვას:
  • „ვიცით თუ არა, რა არის რიცხვითი სახელი?“

თუ მიგაჩნიათ, რომ იცით, მაშინ ვუპასუხოთ კითხვას, სად შეიძლება გამოვიყენოთ რიცხვითი სახელების შესახებ არსებული ცოდნა.

მოსწავლის სავარაუდო პასუხი: „როდესაც ვეკითხებით, „რომელი საათია?“ ან ვეკითხებით ტელეფონის ნომერს, სახლის მისამართს, როდესაც მაღაზიაში მივდივართ რამის საყიდლად და ა.შ.“

მასწავლებელი: „რომელ გაკვეთილებზე გამოიყენება რიცხვითი სახელები და რა მიზნით?“

მოსწავლე: „მათემატიკის გაკვეთილზე, ამოცანების ამოხსნის დროს ისინი ყოველთვის გვჭირდება; გეოგრაფიის გაკვეთილზე. როდესაც ობიექტის ადგილმდებარეობას, კოორდინატებს ვადგენთ; ისტორიის გაკვეთილზე, როდესაც გამოჩენილი ისტორიული პირების ბიოგრაფიას ვეცნობით ან მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებსა და მოვლენებზე ვსაუბრობთ; ქიმიისა და ფიზიკის გაკვეთილებზე; სპორტის გაკვეთილზე, როდესაც ერთმანთს ვეჯიბრებით და დროს ვინიშნავთ; მუსიკის გაკვეთილზე, როდესაც რიტმს ვითვლით და ა.შ.“

მასწავლებელი: „აბა, საკლასო ოთახში მიმოიხედეთ, ხომ არ ხედავთ რამეს, რაც რიცხვით სახელს უკავშირდება?“

მოსწავლე: „მერხების რაოდენობა… მოსწავლეთა რაოდენობა… წიგნებისა და რვეულების რაოდენობა…“

მასწავლებელი: „მაშ, რისთვის გვჭირდება რიცხვითი სახელი? გამოიტანეთ დასკვნა და მოიყვანეთ არგუმენტი, დაასახელეთ მტკიცებულების საფუძველი“.

მოსწავლე: „რიცხვითი სახელი გამოიყენება ანგარიშის დროს, საგნის რაოდენობის, რიგობითობის აღსანიშნავად; იმისათვის, რომ ციფრები ჩავიწეროთ რიცხვებით (სიტყვებით)…“

II   წინარე გამოცდილებაზე ახალი მასალის დაშენება და ცოდნის გამდიდრება/გაღრმავება

ა) სრულდება სამუშაო: „სქემის გასიტყვება და შესაბამისი მაგალითების მოყვანა“

 

ბ) მიღებული ცოდნის აქტუალიზაციისთვის, მასწავლებლის წინადადებით, მოსწავლეები:

  • წერენ ტესტს, მუშაობენ სქემაზე, პასუხობენ მასწავლებლის კითხვებს, ასრულებენ სხვადასხვა ხასიათის დავალებას.

ტესტი: „მოცემულია კითხვები სამი სავარაუდო პასუხით. თქვენი ამოცანაა, იპოვოთ სწორი პასუხი“.

  1. რიცხვითი სახელი არის:

ა) სიტყვა, რომელიც აღნიშნავს საგანს;

ბ) სიტყვა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს სიტყვებს და ცნებებს;

გ) სიტყვა, რომელიც აღნიშნავს რიგს, რიცხვის რიგითობას, საგნების რაოდენობას.

  1. მიუთითეთ, რომელია რაოდენობითი რიცხვითი სახელი:

ა) მეხუთე სართულზე;

ბ) მესამე რიგში;

გ) სამი ძმა.

  1. მიუთითეთ, რომელია შედგენილი რიცხვები:

ა) მეთერთმეტე წელი;

ბ) ათასოცდამეთექვსმეტე;

გ) სამოცჯერ.

  1. იპოვეთ რიგობითი რიცხვითი სახელი:

ა) მესამე რიგიდან;

ბ) სამი მეგობარი;

გ) ფართობის მეოთხედი.

  1. მიუთითეთ, რომელია წილობითი რიცხვითი სახელი:

ა) მოსავლის ორი მეათედი;

ბ) ოცდაშვიდი გრადუსი;

გ) ექვსი ბავშვი.

  1. მიუთითეთ წილად რიცხვზე:

ა) მეტრის ხუთი მეშვიდედი;

ბ) ხუთიოდე მეომარი;

გ) ორმოცდათხუთმეტი წელი.

ბ) სქემაზე მუშაობა: მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, ამოიწერონ ტექსტიდან რიცხვითი სახელები და ჩაწერონ შესაბამის უჯრაში:

მარტივი (ნატურალური) რიცხვები შედგენილი რიცხვები
ოთხი.. ხუთი…ოთხმოცი… ორმოცდაორი.. ოთხას სამოცი.. მეათედი..
——- ——-

 

გ) კითხვაზე პასუხი:

მასწავლებელი: „რა აქვთ საერთო თქვენ მიერ დაწერილ რიცხვებს?!“

მოსწავლე: „ისინი პასუხობენ კითხვაზე „რამდენი?“ შესაბამისად, რაოდენობითი რიცხვითი სახელებია“.

მასწავლებელი: „სტრუქტურის გარდა, კიდევ რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან?“

მოსწავლე: „ოთხი, ხუთი – მარტივი რიცხვებია, ოთხმოცი, ორმოცდაორი – შედგენილი, მეათედი – წილადი რიცხვია“.

მასწავლებელი: „მაშასადამე, არსებობს რიცხვითი სახელების სამი ჯგუფი: რაოდენობითი, რიგობითი და წილობითი. შეასრულეთ დავალება „თავისუფალი არჩევანი“:

ვარიანტი 1 – ჩაწერეთ რიცხვების აღმნიშვნელი სიტყვები ციფრებით:

 

ერთი
ორი
სამი
ოთხი
ხუთი
ექვსი
შვიდი
რვა
ცხრა
ათი

 

ვარიანტი 2 – მოიყვანეთ რიცხვითი სახელების მაგალითები:

რაოდენობითი
რიგობითი
წილობითი

 

ვარიანტი 3 – დააკვირდით და მიუწერეთ პასუხები:

ა)

  • რამდენი წვერო აქვს ფიგურას?

ბ) დაწერეთ ფიგურების რიგითი ნომერი:

დააკვირდით ფიგურის გაფერადებულ ნაწილს და ჩაწერეთ შესაბამისი წილადი ცარიელ უჯრაში:

 

ბოლო ეტაპზე მასწავლებელი „რატომ“ მოსწავლეებს სთავაზობს სიტუაციურ ამოცანას და იყენებს უნივერსალურ ტექნიკას „ფანტაზია“, რომელიც მიზნად ისახავს გაკვეთილის თემისადმი ინტერესის გამოწვევას და მოსწავლის მიერ ახალი ცოდნის დამოუკიდებლად აგებას. მიდგომა გულისხმობს სასწავლო სიტუაციის უჩვეულო პირობებში ან გარემოში გადატანას. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ:

  • ა) ხართ უცხო პლანეტაზე; შეცვალეთ ზოგიერთი პარამეტრის მნიშვნელობა ისე, რომ ჩვეულებრივი მოცემულობები უცვლელი დარჩეს, ანუ შეხედეთ ნაცნობ სიტუაციას უჩვეულო პერსპექტივიდან. მაგალითად, მოხვდით პლანეტა X-ზე, სადაც ძალიან ცხელა. ხედავთ, როგორ მოემართება თქვენკენ სამი ლამაზი, ფუმფულა თეთრი დათვი. თქვენ მხოლოდ ერთი ნაყინი გაქვთ, თქვენ წინ კი 20 100 მეტრის სიგრძისა და 3 მეტრი სიგანის წყლის თხრილია. რა უნდა გააკეთოთ?

ბ) ანტარქტიდაზე მინიმალური ტემპერატურა კიდევ 10 გრადუსით დაეცა. რა შეიძლება გამოიგონონ პინგვინებმა ასეთ პირობებში გადარჩენისთვის?

გ) „ესტუმრეთ“ თქვენს საყვარელ პერსონაჟებს სახლში, დააკვირდით და აღწერეთ, როგორ გარემოში ცხოვრობენ ისინი, რამდენი არიან, ვინ რას საქმიანობს, რა აცვიათ და სხვ. მერე კი თქვენი საყვარელი ზღაპრის გმირი „გადმოიყვანეთ“ ჩვენს დროში.

„რატომ“ მოსწავლეები იწყებენ ფიქრს, მსჯელობენ, არ ნებდებიან, ხდება მათი ცოდნია აქტუალიზაცია და ვიღებთ საინტერესო შედეგებს, ამიტომ მსგავსი მიდგომები აქტიურად გამოიყენება მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში.

კოსმოსის შესწავლა სახალისო დაინტერაქციული მეთოდებით STEAM მიდგომა კოსმოსის შესწავლის დროს

0

ბუნებისმეტყველების ახალი სტანდარტის მიხედვით, თემა „კოსმოსი“ დაწყებითი საფეხურზე (V-VI) ისწავლება. კოსმოსთან დაკავშირებული საკითხები მოსწავლეებს ყოველთვის აინტერესებთ. ისინი სვამენ უამრავ კითხვას, ეძებენ ინფორმაციას ენციკლოპედიებში, უყურებენ დოკუმენტურ ფილმებს… ამიტომ კარგი იქნება, სახელმძღვანელოში მოცემულთან ერთად მივცეთ სხვა დავალებებიც, რომელთა შესასრულებლად თავად მოუწევთ ინფორმაციის ძიება, ვარაუდების გამოთქმა, აღმოჩენების კეთება და დასკვნების გამოტანა.

გთავაზობთ რამდენიმე მიდგომას, აქტივობასა და რესურსს, რომლებსაც მასწავლებელი გამოიყენებს თემა „კოსმოსის“ ფარგლებში კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ მიდგომების გამოყენებით შესაძლებელია ბუნებისმეტყველების, მათემატიკის, ხელოვნების, ინგლისური ენისა და ქართული ენის ინტეგრირება. კარგი იქნება, თუ უცხო ენის მასწავლებელი ინგლისურის გაკვეთილზე მოსწავლეებს დაამუშავებინებს თემასთან დაკავშირებულ ლექსიკურ ერთეულებსა და სხვა გრამატიკულ მასალას. მასალა სამუშაო ფურცლების სახით არის წარმოდგენილი. მასწავლებელს შეუძლია მათი დიფერენცირება და მოდიფიცირება მოსწავლეთა ინტერესების, შესაძლებლობებისა და საჭიროებების მიხედვით. სასწავლო მასალის დამუშავებისას მოსწავლე უპასუხებს კითხვებს: რატომ არის დედამიწა, მზის სისტემის სხვა პლანეტებისგან განსხვავებით, დასახლებული? სად შეიძლება დასახლდნენ ადამიანები, თუ დედამიწაზე პირობები გაუსაძლისი გახდება?

 

სამუშაო ფურცელი 1.

მზის სისტემა

გამოიყენე აპლიკაცია https://www.solarsystemscope.com/[1] და შეავსე სამუშაო ფურცელზე მოცემული ცხრილები, შეასრულე დავალებები (იხ. ნიმუში)[2].

ალტერნატივა: თუ კლასში არ არის შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობა, მასწავლებელმა შეიძლება ისარგებლოს ენციკლოპედიით ან თავად მოამზადოს მცირე ტექსტები თითოეული პლანეტის შესახებ, რათა მოსწავლემ შეძლოს ცხრილის შევსება.

  1. შეავსე ცხრილი 1.
  ფერი დიამეტრი მასა დაშორება მზიდან თანამგზავრების რაოდენობა შეუძლია თუ არა ადამიანს სიცოცხლე?
მზე            
მერკური            
ვენა            
დედამიწა            
მარსი            
იუპიტერი            
სატურნი            
ურანი            
ნეპტუნი            

 

  • დაალაგე პლანეტები დიამეტრის ზრდადობის მიხედვით

 

  • გააანალიზე ცხრილში მოცემული მონაცემები შენი შეხედულებისამებრ

 

 

  1. შეავსე ცხრილი 2.
ჯუჯა პლანეტები ფერი დიამეტრი მასა მზისგან დაშორება
  • დაალაგე ჯუჯა პლანეტები მზისგან მათი დაშორების მიხედვით უახლოესიდან უშორესისკენ

 

  1. შეავსე ცხრილი 3.
გიგანტი პლანეტები ფერი დიამეტრი მასა მზისგან დაშორება
  • დაალაგე გიგანტური პლანეტები მზისგან მათი დაშორების მიხედვით, ყველაზე შორეულიდან უახლოესისკენ

 

სამუშაო ფურცელი 2.

მზის სისტემის 3D მოდელის აწყობა

შენს ხელთ არის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ზომის სფეროები/დისკოები, ხის ჩხირები, პლასტილინი, საღებავები, მაკრატელი, თაბახის ფურცლები[3]

ალტერნატივა: მასწავლებელი არ აძლევს მოსწავლეებს მზა რესურსს – ისინი თავად ამზადებენ მას კითხვების მიხედვით და საბოლოოდ ქმნიან მოდელს.

  1. აიღე ყველაზე დიდი სფერო/დისკო. მზის სისტემის რომელი წარმომადგენელია ის? გააფერადე.

______________________________________________________________________________

  1. აირჩიე 4 სფერო/დისკო, რომლებიც წარმოადგენს მყარ პლანეტებს. ერთი და იგივე დიამეტრი აქვთ თუ არა მათ?

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________

გააფერადე ისინი და დაალაგე მზისგან დაშორების მიხედვით ხის ჩხირების გამოყენებით.

______________________________________________________________________________

  1. აიღე 4 სფერო/დისკო, რომლებიც გამოხატავს გიგანტ პლანეტებს. ერთი და იგივე დიამეტრი აქვთ თუ არა მათ?

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

გააფერადე ისინი და დაალაგე მზისგან დაშორების მიხედვით ხის ჩხირების გამოყენებით.

______________________________________________________________________________

  1. რომელ პლანეტებს ჰყავთ თანამგზავრები? რომელ პლანეტებს აქვს სარტყელი? გამოძერწე სარტყელი და თანამგზავრები და შესაბამის პლანეტებთან განათავსე.

______________________________________________________________________________

  1. აიღე 4 სფერო/დისკო, რომლებიც გამოხატავს ჯუჯა პლანეტებს. ერთი და იგივე დიამეტრი აქვთ თუ არა მათ?

____________________________________________________________________________________________________________________________________________________________

გააფერადე და დაალაგე მზისგან დაშორების მიხედვით ხის ჩხირების გამოყენებით.

_________________________________________________________________________

ქვემოთ მოცემული კრიტრიუმების მიხედვით შეაფასე შენ მიერ შექმნილი მზის სისტემის 3D მოდელი:

დიახ არა
შევქმენი 8 პლანეტა და მზე შესაბამისი ფერების გამოყენებით
პლანეტები სწორად განვალაგე მზისგან დაშორების მიხედვით
თანამგზავრები სწორად შევუსაბამე პლანეტებს
შევქმენი 4 ჯუჯა პლანეტა შესაბამისი ფერების გამოყენებით
დავამატე ასტეროიდები და კომეტები მოდელის შესავსებად

 

სამუშაო ფურცელი 3

მონაცემები პლანეტებზე

  • გააანალიზე ცხრილში მოცემული მონაცემები. შეესაბამება თუ არა ადამიანის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს ვენერას ტემპერატურა?

. დიახ

. არა

 

  • ცხრილში ფარენჰეიტებში (oF) გამოსახული ტემპერატურის მაჩვენებელი მოცემული ფორმულის მიხედვით გადაიყვანე ცელსიუსებში (0C).

ტემპერატურა (oC)= ტემპერატურა (oF) – 32 x

ალტერნატივა: თუ ამ ტიპის დავალება რთული შესასრულებელი იქნება V კლასის მოსწავლისთვის, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ბმულით:

https://www.rapidtables.com/convert/temperature/fahrenheit-to-celsius.html?fbclid=IwAR1RB-DurW0cmC0qt69lKHXH0Hh-wDh_OwC3RxsMVd0WLQUmzFLYK_z3ZJ8

მერკური 333oF= oC
ვენერა 867oF= oC
დედამიწა -59oF= oC
მთვარე -4oF= oC
მარსი -85oF= oC
იუპიტერი -166oF= oC
სატურნი -220oF= oC
ურანი -320oF= oC
ნეპტუნი -330oF= oC

 

  1. NASA-ს კვლევების მიხდვით, ადამიანისთვის ხელსაყრელი ტემპერატურაა 4oC – 35oC. იმსჯელე, რომელ პლანეტაზე შეუძლია ადამიანს ცხოვრება და რატომ?

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

  1. ქვემოთ მოცემულ ცხრილში მოყვანილია დღის ხანგრძლივობა ყველა პლანეტაზე საათებში. მოიფიქრე, რამდენი დედამიწის დღეა სხვადასხვა პლანეტის თითო დღე?
დღის ხანგრძლივობა (საათებში) დღის ხანგრძლივობა (დედამიწის დღე)
მერკური 4222.6
ვენა 2802
დედამიწა 24
მთვარე 708.7
მარსი 24.7
იუპიტერი 9.9
სატურნი 10.7
ურანი 17.2
ნეპტუნი 16.1

 

  1. რომელ პლანეტებზე შეუძლია ადამიანს სიცოცხლე? იმსჯელე დღის ხანგრძლივობის მიხედვით და ახსენი, რატომ.

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

სამუშაო ფურცელი 4.

ვირტუალური ლაბორატორია

გრავიტაციის შესწავლა

გახსენი ქვემოთ მოცემული ბმული

https://phet.colorado.edu/sims/html/gravity-and-orbits/latest/gravity-and-orbits_ka.html

ახლა შენ იმყოფები ვირტუალურ ლაბორატორიაში.

შენი აზრით, რა არის ვირტუალური ლაბორატორია?

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

აღწერე, რას ხედავ მოცემულ სივრცეში.

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

როგორ ფიქრობ, რისი გაკეთება შეგიძლია ამ სივრცეში? რა მიზნით?

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

მარცხენა მხარეს არის ციური ობიექტების (მზე, დედამიწა, მთვარე, თანამგზავრი) რამდენიმე კომბინაცია. შეამოწმე თითოეული კომბინაციის ობიექტების ურთიერთმიმართება გრავიტაციის პირობებში და გრავიტაციის გარეშე. დაწერე რასაც ხედავ და ახსენი.

  1. I. მზე და დედამიწა

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

  1. II. მზე, დედამიწა და მთვარე

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

III. დედამიწა და მთვარე

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

  1. დედამიწა და ხელოვნური თანამგზავრი

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს გაიღვიძე და დედამიწაზე გრავიტაცია არ არის! რა შეიძლება მოხდეს?

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

ჩამოაყალიბე დასკვნა:

გრავიტაცია მნიშვნელოვანია, რადგან ___________________________ __________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

სამუშაო ფურცელი 5.

პლანეტებთან დაკავშირებული სხვადასხვა მონაცემის ანალიზი

სად შეიძლება იცხოვროს ადამიანმა დედამიწის გარდა

  1. დააკვირდი ქვემოთ მოცემულ გრაფიკებს. როგორ ფიქრობ, რომელი გრაფიკი შეესაბამება დედამიწას ატმოსფეროს აიროვანი შემადგენლობის მიხედვით? ახსენი, რატომ.

  1. გრაფიკზე ნაჩვენებია 26 კგ ბავშვის წონა სხვადასხვა პლანეტაზე.

 

  • რა სამეცნიერო ცოდნა შეიძინე ვირტუალურ ლაბორატორიაში მუშაობის დროს, რომელიც ამ გრაფიკის გაანალიზებისა და ახსნისთვის გამოგადგება?

 

 

________________________________________________________________________________________________________________________________________________

  • რა დასკვნის გამოტანა შეგიძლია?

________________________________________________________________________________________________________________________________________________

 

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან მიმართება

შემოთავაზებული მასალა ხელს უწყობს ბუნებისმეტყველების სტანდარტში გაწერილი მიზნების მიღწევას. მეტი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ თემა „კოსმოსის“ ფარგლებში:

  1. იმ შედეგების ინდიკატორებს, რომლებიც მიიღწევა მოცემული დავალებებით;
  2. ქვეცნებებს, რომლებიც მუშავდება მოცემული დავალებებით.
სამიზნე ცნება შედეგების ინდიკატორები

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

სხეული Ø  მარტივ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით ტრაექტორიის სახეების აღწერა და სხეულების მოძრაობაზე მსჯელობა;

Ø  ასტრონომიული სხეულების (გალაქტიკების, პლანეტების, ვარსკვლავების, თანავარსკვლავედების, ასტეროიდების, კომეტების, მეტეორების და ა.შ.) დახასიათება;

მოვლენა, პროცესი Ø  სიჩქარის როგორც მოძრაობის მახასიათებლის აღწერა; მარტივი ექსპერიმენტების საშუალებით სხეულის მოძრაობის სიჩქარის განსაზღვრა;

Ø  ციური სხეულების მოძრაობაზე გრავიტაციის ზეგავლენის მნიშვნელობაზე მსჯელობა;

Ø  სინათლის წყაროებზე, სინათლის სხივის გავრცელებასა და თვისებებზე (არეკვლა, გარდატეხა) მსჯელობა;

Ø  დედამიწაზე სითბოსა და სინათლის არათანაბარი განაწილების აღწერა;

Ø  მარტივი ექსპერიმენტების დაგეგმვა და განხორციელება დედამიწის ზედაპირზე სინათლისა და, შესაბამისად, სითბოს არათანაბარი განაწილების დამტკიცების მიზნით;

Ø  მოდელების გამოყენებით მარტივი ექსპერიმენტის საფუძველზე მზის, მთვარისა და დედამიწის მდებარეობის დადგენა მზისა და მთვარის დაბნელების დროს;

გეოგრაფიული ობიექტი Ø  ზღვის მიქცევა-მოქცევასა და მთვარის მდებარეობას შორის კავშირის ახსნა;
ორგანიზმი Ø  მზის სისტემაში (მაგალითად, დედამიწასა და მარსზე) სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების შესახებ მსჯელობა;
მდგრადი განვითარება Ø  ასტრონავტების უსაფრთხოებასა და კოსმოსში სასიცოცხლო პირობების შენარჩუნების აუცილებლობაზე მსჯელობა;

Ø  საერთაშორისო კოსმოსური სადგურების შესახებ ინფორმაციის მოძიება და მისი მნიშვნელობის შეფასება;

Ø  დედამიწისთვის კოსმოსური ნარჩენებით გამოწვეული საფრთხის თავიდან აცილების არსებული გზების გაანალიზება.

 

სამიზნე ცნებები ქვეცნებები ცნებების მიხედვით
სხეული აგრეგატული მდგომარეობა; სხეულის მოძრაობის სიჩქარე და ტრაექტორია; კოსმოსური სხეულები

 

მოვლენა, პროცესი ძალა, ურთიერთქმედება; მაგნიტური მოვლენები, გრავიტაცია; დედამიწაზე სითბოსა და სინათლის განაწილება; ასტრონომიული მოვლენები; სინათლის გავრცელება, არეკვლა, გარდატეხა; მზის დაბნელება
გეოგრაფიული ობიექტი ორიენტირება; მთვარის მდებარეობის გავლენა ზღვის მიქცევა-მოქცევაზე;

 

ორგანიზმი სასიცოცხლო პირობები; ასტრონავტი
მდგრადი განვითარება ბუნებრივი საფრთხეები, კოსმოსური ნარჩენები, კოსმოსური სადგური, ასტრონავტების უსაფრთხოება

 

 

სამუშაო ფურცლები მომზადდა და ქართულად ადაპტირდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საბუნებისმეტყველო კლუბ „ჩხირკედელას“ მიერ განხორციელებული პროექტის “STEAM-IT” ფარგლებში სსიპ ქალაქ თელავის N7 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელს.

 

გამოყენებული რესურსები:

  1. https://steamit.eun.org/the-solar-system-and-the-earth-where-could-humans-live/
  2. https://www.solarsystemscope.com/
  3. https://phet.colorado.edu/sims/html/gravity-and-orbits/latest/gravity-and-orbits_ka.html
  4. https://mes.gov.ge/content.php?id=12519&lang=geo

[1] https://www.solarsystemscope.com/ ჩამოსატვირთი აპლიკაცია, რომელსაც აქვს მობილურისა და კომპიუტერული მოწყობილობის ვერსიები

[2] აპლიკაცია ინგლისურენოვანია, შესაბამისად მნიშვნელოვანია ბუნებისმეტყველებისა და ინგლისური ენის მასწავლებელთა თანამშრომლობა

[3] სასურველია, ჯგუფში იყოს 3 მოსწავლე

რატომ არის დამოკიდებული ჩვენი მომავალი კითხვაზე

0

ფრაგმენტები სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტზის ჟანრის რომანების ავტორის, ინგლისელი მწერლის ნილ გეიმანის შესანიშნავი სტატიიდან კითხვის ბუნებისა და სარგებლობის შესახებ

 

ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმის ახსნა, ვის მხარეზეა და რატომ. ეს ინტერესთა ერთგვარი დეკლარაციაა. ასე რომ, ვაპირებ, გესაუბროთ კითხვაზე, ბიბლიოთეკებსა და იმაზე, რატომ მიმაჩნია, რომ მხატვრული ლიტერატურის კითხვა, სიამოვნებისთვის კითხვა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანის ცხოვრებაში.

ცხადია, მიკერძოებული ვარ, რადგან ვწერ. უმთავრესად – მხატვრულ ტექსტებს. ვწერ ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც. დაახლოებით 30 წელია, რაც სიტყვებით მოვიპოვებ ლუკმაპურს. რაღაცებს ვიგონებ და ვიწერ. ეჭვგარეშეა, დაინტერესებული ვარ, რომ ხალხი კითხულობდეს და კითხულობდეს მხატვრულ ლიტერატურას, არსებობდნენ ბიბლიოთეკები და ბიბლიოთეკარები, რომლებიც ხალხს კითხვას აყვარებენ და ადგილები, სადაც შესაძლებელია კითხვა.

ასე რომ, მე როგორც მწერალი მიკერძოებული ვარ, მაგრამ ბევრად უფრო მიკერძოებული ვარ როგორც მკითხველი.

 

წიგნიერი ადამიანები კითხულობენ მხატვრულ ლიტერატურას. მხატვრულ ლიტერატურას ორი დანიშნულება აქვს. უპირველესად, ის აჩენს კითხვაზე დამოკიდებულებას. იმის გაგების წყურვილი, რა მოხდება შემდეგ, გვერდის გადაფურცვლის სურვილი, გაგრძელების აუცილებლობაა, რა რთულიც არ უნდა იყოს, რადგან ვიღაცას უჭირს და უნდა გაიგო, რით დამთავრდება ყველაფერი – აი, ეს არის ნამდვილი დრაივი. ეს გაიძულებს, ისწავლო ახალი სიტყვები, იფიქრო სხვაგვარად, განაგრძო წინსვლა, აღმოაჩინო, რომ კითხვა თავისთავად სიამოვნებაა. როგორც კი ამას გააცნობიერებ, მუდამ გენდომება კითხვა.

 

წიგნიერი ბავშვების გაზრდის უმარტივესი გზა ასეთია: უნდა ასწავლოთ კითხვა და აჩვენოთ, რომ ეს სახალისოა. უმარტივესი ხერხია, იპოვოთ წიგნები, რომლებიც მათ მოეწონებათ და მისცეთ მათი წაკითხვის საშუალება.

 

ბავშვებისთვის ცუდი ავტორები არ არსებობენ, თუ თავად ბავშვებს სურთ მათი წაკითხვა და ეძებენ მათ წიგნებს. ბავშვები პოულობენ ისტორიებს, რომლებიც სჭირდებათ და ამ ისტორიებში შედიან. გაცვეთილი იდეა მათთვის შესაძლოა სულაც არ იყოს გაცვეთილი – ბავშვი ხომ მას ახლაღა აღმოაჩენს. ნუ აუცრუებთ  გულს კითხვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ, თქვენი აზრით, არასწორ რაღაცებს კითხულობენ. ლიტერატურა, რომელიც არ მოგვწონს, არის იმ წიგნებისკენ მიმავალი გზა, რომლებიც შეიძლება მოგვეწონოს. და ყველას არ აქვს თქვენნარი გემოვნება.

 

მეორე, რასაც მხატვრული ლიტერატურა აკეთებს: ის წარმოშობს ემპათიას. როდესაც სატელევიზიო შოუს ან ფილმს უყურებთ, თქვენ უყურებთ იმას, რაც სხვა ადამიანებს ემართებათ. მხატვრული ლიტერატურა არის ის, რაც იქმნება 33 ასოსა და რამდენიმე სასვენი ნიშნისგან, და თქვენ, მხოლოდ თქვენ, თქვენი წარმოსახვის მოშველიებით, ქმნით სამყაროს, ასახლებთ მას და უცხო თვალით უყურებთ. იწყებთ საგნების შეგრძნებას, დადიხართ ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებ ადრე არც იცოდით. იგებთ, რომ გარე სამყაროც თქვენ ხართ. თქვენ ხდებით სხვა და როცა თქვენს სამყაროს უბრუნდებით, თქვენში უკვე რაღაცაა შეცვლილი.

 

ემპათია ინსტრუმენტია, რომელიც აერთიანებს ადამიანებს და საშუალებას აძლევს მათ, მარტოხელა ეგოისტებივით აღარ მოიქცნენ.

 

 

გარდა ამისა, წიგნებში ვპოულობთ რაღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს, აი, რას: არ არის აუცილებელი, სამყარო ასეთი იყოს; ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

 

2007 წელს ჩინეთში ვიყავი, პარტიის მიერ ნებადართულ სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფენტეზის პირველ კონფერენციაზე. როგორღაც ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენელს ვკითხე: რატომ? სამეცნიერო ფანტასტიკა ხომ არ მოგწონდათ, რა შეიცვალა–მეთქი? ყველაფერი მარტივია, მიპასუხა მან. ჩინელები მშვენიერ ნივთებს ქმნიდნენ, თუ მათ სქემებით მოამარაგებდი, მაგრამ თავად ვერაფერს აუმჯობესებდნენ და ახალს ვერაფერს  იგონებდნენ, ამიტომ მათ გაგზავნეს დელეგაცია შეერთებულ შტატებში, Apple-ში, Microsoft-ში, Google-ში, რათა გაერკვიათ, როგორები არიან ადამიანები, რომლებიც იგონებენ მომავალს. და აი, აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი ბავშვობაში სამეცნიერო ფანტასტიკას კითხულობდა.

 

ლიტერატურას შეუძლია, სხვა სამყარო გაჩვენოთ. მას შეუძლია წაგიყვანოთ იქ, სადაც  არასდროს ყოფილხართ. მას შემდეგ, რაც სხვა სამყაროებს ეწვევით, ვეღარასოდეს იქნებით კმაყოფილი იმ სამყაროთი, რომელშიც გაიზარდეთ. უკმაყოფილება კი კარგია. უკმაყოფილო ადამიანებს შეუძლიათ, შეცვალონ და გააუმჯობესონ თავიანთი სამყარო, გახადონ უკეთესი, განსხვავებული.

 

როგორ შეიძლება ჩავუკლათ ბავშვის კითხვის სიყვარული? რა თქმა უნდა, იმით, რომ მის ირგვლივ არ იყოს წიგნები და არ იყოს ადგილები, სადაც მათი კითხვა შეეძლება. მე იღბლიანი ვარ: ბავშვობაში მქონდა დიდი რაიონული ბიბლიოთეკა და მყავდნენ მშობლები, რომლებიც საზაფხულო არდადეგებზე, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე, ბიბლიოთეკაში მტოვებდნენ.

 

ბიბლიოთეკები თავისუფლებაა. კითხვის თავისუფლება, კომუნიკაციის თავისუფლება. ეს არის განათლება, რომელიც არ მთავრდება სკოლის ან უნივერსიტეტის დასრულებისას, ეს არის დასვენება, ეს არის თავშესაფარი და ეს არის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

 

ვფიქრობ, საქმე ინფორმაციის ბუნებას ეხება. ინფორმაციას აქვს ფასი, ხოლო სწორი ინფორმაცია ფასდაუდებელია. თავისი ისტორიის განმავლობაში კაცობრიობა ინფორმაციის ნაკლებობაში ცხოვრობდა. ინფორმაციის მიღება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და ყოველთვის რაღაცად ღირდა. როდის დავთესოთ კულტურები, სად ვიპოვოთ ნივთები, რუკები, ისტორიები – ეს არის ის, რაც ყოველთვის ფასდებოდა. ინფორმაცია ღირებული იყო და მას, ვინც ამ ინფორმაციას ფლობდა ან მოიპოვებდა, შეეძლო, ჯილდოს იმედიც კი ჰქონოდა.

ბოლო დროს ჩვენ აღარ განვიცდიდით ინფორმაციის ნაკლებობას, პირიქით, მისი სიჭარბე უფრო გვაწუხებს. Google-ის წარმომადგენლის ერიკ შმიდტის თქმით, კაცობრიობა ახლა ყოველ ორ დღეში იმდენ ინფორმაციას ქმნის, რამდენიც შექმნილა ჩვენი ცივილიზაციის დასაწყისიდან 2003 წლამდე. ეს დღეში დაახლოებით ხუთი ეგზობაიტია. ახლა ჩვენი ამოცანაა არა იშვიათი ყვავილის პოვნა უდაბნოში, არამედ კონკრეტული მცენარის პოვნა ჯუნგლებში. ჩვენ გვჭირდება დახმარება ნავიგაციაში, რათა ინფორმაციის მორევში ვიპოვოთ ის, რაც ნამდვილად გვჭირდება.

 

წიგნები მიცვალებულებთან ურთიერთობის საშუალებაა. ეს არის გზა, რაღაც ვისწავლოთ მათგან, ვინც ჩვენთან აღარ არის. კაცობრიობამ შექმნა საკუთარი თავი, განვითარდა, წარმოშვა ცოდნის ტიპები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს და მხოლოდ დამახსოვრებაზე არ იყოს ორიენტირებული. არსებობს ზღაპრები, რომლებიც უფრო ძველია, ვიდრე მრავალი ქვეყანა, ზღაპრები, რომლებიც დიდი ხანია გასცდა იმ კულტურებს და კედლებს, რომლებშიც პირველად წარმოითქვა.

 

თუ არ აფასებთ ბიბლიოთეკებს, მაშინ არ აფასებთ ინფორმაციას, კულტურას და სიბრძნეს. ახშობთ წარსულის ხმებს და აზიანებთ მომავალს.

 

შვილებს ხმამაღლა უნდა ვუკითხოთ. უკითხეთ ის, რაც გაახარებთ. უკითხეთ ისტორიები, რომლებმაც უკვე დაგღალათ. ესაუბრეთ სხვადასხვა ხმით, შეინარჩუნეთ ინტერესი და არ შეწყვიტოთ კითხვა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უკვე თავადაც შეუძლიათ ამის გაკეთება. ხმამაღლა კითხვა აქციეთ ერთობის  მომენტად, დროდ, როცა ტელეფონს არავინ ჩაჰყურებს, როცა სამყაროს ცდუნებები განზეა გადადებული.

 

ენა უნდა გამოვიყენოთ. ისწავლეთ ახალი სიტყვები, მათი მნიშვნელობა და გამოყენება. არ შეიძლება ენის გაყინვა, თავის მოკატუნება, თითქოს ის მკვდარი იყოს. ენას უნდა მოვეპყროთ როგორც ცოცხალ არსებას, რომელიც მოძრაობს, ატარებს სიტყვებს და დროთა განმავლობაში მათ სხვა მნიშვნელობებს ანიჭებს.

 

მწერლებს, განსაკუთრებით – საბავშვო მწერლებს, ვალდებულება გვაკისრია მკითხველის წინაშე. ჩვენ უნდა დავწეროთ სიმართლესთან მიახლოებული რამ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ვიგონებთ არარსებულ ადამიანებს ან ადგილებს, სადაც არ ვყოფილვართ, რათა გავიგოთ, რომ სიმართლე არის არა ის, რაც სინამდვილეში მოხდა, არამედ ის, რაც გვეუბნება, ვინ ვართ ჩვენ.

 

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერთან ერთად, ლიტერატურა ხომ ნამდვილი ტყუილია. ჩვენ არ უნდა მოვაწყინოთ მკითხველი, უნდა ვაიძულოთ, თვითონვე გადაფურცლოს მომდევნო გვერდზე. ერთ-ერთი საუკეთესო რესურსი მათთვის, ვისაც კითხვა ეზარება, არის ამბავი, რომელსაც თავს ვერ ანებებს.

 

მკითხველს სიმართლე უნდა ვუთხრათ, შევიარაღოთ ის, დავიცვათ და გადავცეთ სიბრძნე, რომელიც ვისწავლეთ ამქვეყნად ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში. მას არ უნდა ვუქადაგოთ, არ უნდა ვუკითხოთ ლექციები, არ უნდა ვუტენოთ თავში მზა ჭეშმარიტება, როგორც ჩიტები ატენიან ბარტყებს ნისკარტში წინასწარ დაღეჭილ მატლებს, და არასოდეს, არაფრის გულისთვის, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავწეროთ ბავშვებისთვის ის, რისი წაკითხვაც თავად არ გვენდომება.

 

ყველა – დიდებიც და პატარებიც, მწერლებიც და მკითხველებიც – უნდა ვოცნებობდეთ. უნდა ვიგონებდეთ. ადვილია თავის მოკატუნება, თითქოს ვერავინ ვერაფერს შეცვლის, თითქოს ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც საზოგადოება უზარმაზარია, ინდივიდი კი – არაფერზე ნაკლები, ატომივით მოცუცქნული, ბრინჯის მარცვლისოდენა. სიმართლე ის არის, რომ ინდივიდები ცვლიან სამყაროს, ქმნიან მომავალს და ამას აკეთებენ იმის წარმოდგენით, რომ ყველაფერი შეიძლება სხვანაირად იყოს.

 

მიმოიხედეთ. სერიოზულად ვამბობ. ერთი წუთით გაჩერდით და შეხედეთ ოთახს, რომელშიც იმყოფებით. მინდა გაჩვენოთ რაღაც ისეთი, რაც უკვე ყველამ მიივიწყა. აი, ყველაფერი, რასაც ხედავთ, კედლების ჩათვლით, რაღაც მომენტში გამოიგონეს. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ სკამზე ჯდომა უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე მიწაზე ჯდომა და სკამი მოიგონა. ვიღაცას მოაფიქრდა გზა, რომლითაც ახლა თქვენ გესაუბრებით ლონდონიდან ისე, რომ წვიმა არ მასველებს… ეს ოთახი და ყველაფერი, რაც მასშია, ამ ქალაქში არსებობს იმიტომ, რომ ადამიანები ისევ და ისევ იგონებენ რაღაცას.

ჩვენ უნდა გავამშვენიეროთ ნივთები. არ დავამახინჯოთ სამყარო იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენამდე იყო, არ გავანადგუროთ ოკეანეები, არ გადავულოცოთ ჩვენი პრობლემები მომავალ თაობებს. არ დავტოვოთ ჩვენი შვილები სამყაროში, რომელიც ასე სულელურად გავაფუჭეთ, გავძარცვეთ და დავასახიჩრეთ.

 

როგორ გავხადოთ ჩვენი შვილები უფრო ჭკვიანები? – ჰკითხეს ერთხელ ალბერტ აინშტაინს. მან უბრალო და ბრძნული პასუხი გასცა. თუ გინდათ, თქვენი შვილები ჭკვიანები იყვნენ, – თქვა მან, – უკითხეთ ზღაპრები. თუ გინდათ, ისინი კიდევ უფრო ჭკვიანები იყვნენ, უფრო ხშირად უკითხეთ ზღაპრები. მას ესმოდა კითხვისა და წარმოსახვის ფასი.

იმედი მაქვს, ჩვენ შეგვიძლია, გადავცეთ ჩვენს შვილებს სამყარო, სადაც ისინი წაიკითხავენ, სადაც საამისო ადგილი ექნებათ, სადაც ისინი წარმოიდგენენ და გაიგებენ.

 

თარგმნა ირმა კახურაშვილმა

გილოცავთ შობა- ახალ წელს!

0

ჩვენს ერთგულს მკითხველებს, საინტერესო,  განსაკუთრებულ  ავტორებს, დიზაინერს, მხატვარ-ილუსტრატორს, რედაქტორ-კორექტორებს, თითოეულ ადამიანს ვისაც თავისი წვლილი შეაქვს ამ რესურსების შექმნაში, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებს, მშობლებს,  გილოცავთ  შობა- ახალ წელს!

წარმატებას გისურვებთ პროფესიულ და პირად ცხოვრებაში!
გისურვებთ კეთილდღეობასა და წინსვლას.
ახალი წელი ყოფილიყოს სიხარულის, მშვიდობის, სიუხვისა და ბედნიერების მომტანი.

თანამშრომლობა თუ კონკურენცია?

0

„თამაში ბავშვის სამსახურია“.

მარია მონტესორი[1]

„რაიმე ახლის შექმნა ხდება არა ინტელექტით, არამედ თამაშის ინსტინქტით“.

კარლ იუნგი[2]

 

ბავშვებს ბუნებრივად უჩნდებათ ერთმანეთთან თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ ჩვენ მათ კონკურენციისკენ ვუბიძგებთ. რა ზიანი მოაქვს კონკურენციას, რომლის განვითარებასაც ჩვენ ვუწყობთ ხელს სკოლასა და სკოლის გარეთ?

ქვემოთ წარმოგიდგენთ ბოსტონის კოლეჯის პროფესორის, ბავშვთა ფსიქოლოგიის დოქტორის, პიტერ გრეის[3] მოსაზრებას ბავშვებში კონკურენციასა და თანამშრომლობის საკითხებზე.

დოქტორი პიტერ გრეი: „რამდენიმე წლის წინ წავიკითხე ქ-ნი ჰილარი ფრიდმანის საინტერესო წიგნი, რომელმაც ჩემში ერთდროულად გამოიწვია კმაყოფილებაც და ტკივილიც. წიგნის სათაურია: „თამაში მოგებისათვის: ბავშვების გაზრდა კონკურენციის კულტურაში“ (Friedman, L. H., Playing to Win: Raising Children in a Competitive Culture. Berkeley, CA: University of California Press, 2013). ეს ნაშრომი აღწერს იმ მეთოდებსა და მიგნებებს, რომლებიც ქ-ნმა ფრიდმანმა პრინსტონის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსტენსიური კვლევის დროს, სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას გამოიყენა. დოქტორ ფრიდმანს აინტერესებდა შემდეგი საკითხი – რატომ ხარჯავს ბევრი მშობელი უზარმაზარ თანხებსა და დროს ბავშვების არასასკოლო, კონკურენტულ აქტივობებზე? ამ კითხვის საპასუხოდ მკვლევარმა მოიძია ისეთი მშობლები, რომლებიც მათი ელემენტარული სკოლის ასაკის ბავშვებისთვის (აშშ-ში ელემენტარული სკოლა მოიცავს 4-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს) მსხვილ თანხებს იხდიან და დაჰყავთ შვილები ისეთ წრეებზე, რომლებიც შინაარსითა და ფორმით ბავშვებს შორის შეჯიბრს მოიაზრებს: ჭადრაკზე, ცეკვებზე ან ფეხბურთზე. ჯამში ქ-ნმა ფრიდმანმა გამოკითხვა ოთხმოცდათხუთმეტ ასეთ ოჯახში ჩაატარა და ზოგ შემთხვევაში მან ბავშვებიც გამოჰკითხა.

აღნიშნული მშობლების ჯგუფი ხარჯავდა საკმაოდ სოლიდურ თანხებს წრეზე სიარულში, მწვრთნელებისთვის და აღნიშნულ წრეებზე, შეჯიბრებებსა და სხვა ღონისძიებებზე სიარულში, შეჯიბრებში მონაწილეობისთვის. ამ დროს, ყველა ხელს უწყობდა შვილებს, ამ აქტივობებში მაღალი შედეგი დაედოთ და ზოგიერთ შემთხვევაში, თვითონაც აქტიურად სწავლობდნენ ამ სპორტს/აქტივობას, რათა მეტად დახმარებოდნენ ბავშვებს წარმატების მიღწევაში. რატომ აკეთებდნენ ისინი ამას?“

ამონარიდი ჰილარი ფრიდმანის წიგნიდან: „ეს მშობლები ხომ არ გაგიჟდნენ? რა ხდება? ნუთუ მათ დაკარგეს საკითხის გადაწყვეტის უნარი? არა. მათ [იციან], რომ ბავშვებს, ცხოვრებაში შეხვდებათ ძალიან რეალური ზღუდე-კარიბჭეები და კარიბჭეთა მცველები, რომელთა გავლა და გადალახვა მათ მოუწევთ“.

ამ ციტატის კომენტირებისას, დოქტორი გრეი შემდეგ მოსაზრებას გვთავაზობს: „ამ განცხადებით, ჰილარი ფრიდმანი გამოხატავს მშობლების ქცევის მისეულ აღქმას, რომელიც გადმოცემულია მის წიგნში. აღნიშნული წიგნი შეიქმნა, დოქტორი ფრიდმანის სადოქტორო დისერტაციაზე დაყრდნობით, რომელიც მოიცავს თექვსმეტთვიან საველე სამუშაოებს აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთის ერთ-ერთ მსხვილ ქალაქში (ქალაქის სახელი მითითებული არ არის). გამოკითხულ ოჯახებს ჰყავდათ სულ მცირე ერთი ბავშვი მაინც ელემენტარულ სკოლაში და დაჰყავდათ ისინი ჭადრაკის, ცეკვების ან ფეხბურთის წრეებზე. საინტერესოა რომ ქ-ნმა ფრიდმანმა, კვლევისას, საკმაოდ ბევრი დრო გაატარა იმ ტურნირებზე, რომლებშიც გამოკვლეული ოჯახების ბავშვები იღებდნენ მონაწილეობას (საცეკვაო სტუდიებში, საჭადრაკო კლუბებში, ფეხბურთის მოედნებზე) და იქ შეხვდა მათ მშობლებს, ბავშვებსა და მწვრთნელებს, ბავშვების პერსპექტივების შესასწავლად.

ფრიდმანმა კვლევის მეშვეობით შემდეგი დასკვნები გააკეთა: მშობლებს სჯეროდათ, რომ ინტენსიური შეჯიბრები კარგი მოსამზადებელი კურსია მათი ბავშვებისათვის უკვე ზრდასრული ასაკისათვის; ყველა მშობელი აღნიშნავდა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში არსებულ საზოგადოებაში და წარმატებისთვის აუცილებელია კონკურენტული დამოკიდებულება და უნარები, რომლებიც აქეზებენ კონკურენციას; შენ უნდა გსურდეს მოგება, რათა მოიგო; ფოკუსირებული უნდა იყო მოგებაზე; ბევრი იმუშაო მოგებისათვის და გარკვეული მსხვერპლი გაიღო მოგებისთვის“.

დოქტორი გრეის აზრით, აღსანიშნავია, რომ მშობელთა უმეტესობა არ ელოდა, რომ მათი ბავშვები ჩემპიონობას მიაღწევდნენ ჭადრაკში, ფეხბურთსა თუ ცეკვებში, ან პროფესიონალები გახდებოდნენ ამ სფეროებში. მათთვის მნიშვნელოვანი იყო ბავშვებში გამარჯვების სურვილის განვითარება-ჩამოყალიბება და დისციპლინის იმ წესების გამომუშავება, რომლებიც მათ ნებისმიერ სხვა სფეროში გამოადგებოდათ. ეს, მათი რწმენით, დაეხმარებოდა ბავშვებს ისეთი სამომავლო საფეხურების გადალახვაში, როგორებიცაა, პრესტიჟულ კოლეჯში ან უნივერსიტეტში სწავლა, მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა და კარიერული წინსვლა მუშაობისას. ფრიდმანმა ტერმინიც კი მოიფიქრა: კონკურენტული ბავშვის კაპიტალი, ან ბავშვის კონკურენტული კაპიტალი (competitive kid capital), რაც მისი განმარტებით, წარმოადგენს იმ ჯილდოს, რომელიც მომავალში მშობლების მიერ გაწეულ ინვესტიციას მოჰყვება შედეგად.

ბავშვებში გამარჯვების ჟინის განსავითარებლად და შესანარჩუნებლად ბევრი მშობელი ბავშვებისთვის გარკვეულ მატერიალურ საჩუქრებსაც იგონებდა, რომლებიც ღირებულებით ბევრად აღემატებოდნენ შეჯიბრებში ჩამორიგებულ იაფფასიან თასებსა და მედლებს. მაგალითად, ჭადრაკში ახალი რანგის მიღება ჯილდოვდებოდა მოგზაურობით დისნეილენდში, ან ჯიბის ფულის გაზრდით. ბევრი მათგანი ბავშვს უბრალოდ „ქრთამავდა“, რათა გაეხანგრძლივებინათ მათი სავარჯიშო დრო. ამ ქმედებებით, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, მშობლები ბავშვებში ამყარებდნენ რწმენას იმის შესახებ, რომ მატერიალური ჯილდო უფრო ღირებულია, ვიდრე თანდაყოლილი ან ბუნებრივი ინტერესი“.

ფრიდმანის კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბავშვებს, აშკარად მათ მშობლებზე ნაკლებად აინტერესებდათ შეჯიბრებში მოგება, თუმცა მათ მართლაც იზიდავდა მშობლების მიერ დაპირებული ჯილდოები. ბევრმა ბავშვმა თქვა, რომ ყველაზე მეტად შეჯიბრებში მოსწონდათ მეგობრების შეძენის შესაძლებლობა, რადგან სხვაგვარად, ისინი ამ ბავშვებს ვერ შეხვდებოდნენ (აქ აღსანიშნავია ის, რომ აშშ-ში, ხშირად, უმეტესწილად თეთრკანიანი, საშუალო ფენის ან მდიდართა კლასის წარმომადგენელი ამერიკელები, ძირითადად ქალაქების გარეუბნებში, ე.წ. „სუბურბიაში“ ცხოვრობენ კერძო სახლებში და ქალაქის ცენტრებზე უკეთეს ეკოლოგიურ გარემოში. თუმცა განსახლების ამ თავისებურების გამო, ამერიკელ ბავშვებს, ამერიკული ცხოვრების ასეთი წესის გამო, საკმაოდ შეზღუდული აქვთ მეზობლებთან, ან „უბნელებთან“ ერთად თამაშისა და ურთიერთობის შესაძლებლობა, ლ.ა.). ზოგიერთი ბავშვი იმასაც ამბობდა, რამდენად ცუდად გრძნობდა თავს მეგობრის დამარცხების შემთხვევაში, რადგან ეს მისთვის მეგობრის დაკარგვას ნიშნავდა. ბავშვები, როგორც გამოკითხვამ აჩვენა, იშვიათად საუბრობდნენ საკუთრივ შეჯიბრზე ან იმ სპორტზე/აქტივობაზე, რომელშიც იბრძოდნენ გამარჯვებისთვის. ფრიდმანის მიხედვით, არცერთ მშობელს არ აღუნიშნავს, რომ მათი ინვესტიცია ბავშვებისთვის მეგობრების შეძენაშიც იდებოდა.

 

ბავშვების თანამშრომლობისკენ მიდრეკილი ბუნება და თამაში

პროფესორი პიტერ გრეი: „მე ასობით საათი მაქვს გატარებული ბავშვების თამაშის ყურებაში – ეს იყო, საბავშვო ბანაკში თუ დასასვენებელ ჯგუფში ზედამხედველობისას, როდესაც თვითონ ვიყავი უფროსკლასელი-„თინეიჯერი“, თუ მაშინ, როდესაც მე გავხდი ახალგაზრდა მშობელი, ან უფრო გვიან პერიოდში, როდესაც როგორც როგორც მკვლევარი, ვსწავლობდი ბავშვების თამაშსა და მათ განვითარებას. ის, რაც ამ წლების განმავლობაში, აღნიშნული დაკვირვებებით დავინახე, შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: ბავშვებს უყვართ თამაში ყოველგვარი ზედამხედველობისა და ჩარევის გარეშე და იშვიათად შეჯიბრის ფორმატში. მაშინაც კი, როდესაც ისინი შეჯიბრის შინაარსის მქონე თამაშში არიან ჩართულნი, მათთვის მეგობრების შეძენის პროცესი, გართობა და ყველას კმაყოფილება უფრო საინტერესოა, ვიდრე გამარჯვება ან მოგება. ხშირად ბავშვები თამაშისას ქულებსაც კი არ ითვლიან. ჩემი დაკვირვებების მსგავსად, ანთროპოლოგების კვლევები ადასტურებენ, რომ სხვადასხვა კულტურაში, სადაც უფროსები (მშობლები) არ წაახალისებენ შეჯიბრსა და კონკურენციას ბავშვებში, განსაკუთრებით კი მონადირე-შემგროვებელთა ტომებში, ბავშვები იშვიათად ან არასდროს არ თამაშობენ კონკურენციის შინაარსის მქონე თამაშებს“.

პროფესორ გრეის აზრით, ნამდვილი თამაში, გახლავთ ისეთი თამაში, რომელიც უშუალოდ ბავშვების მიერ იმართება. ასეთი თამაში მოითხოვს თანამშრომლობას და ფუჭდება კონკურენციით. კონკურენცია ანგრევს ხალისს, სულ მცირე იმისთვის მაინც, ვინც თანმიმდევრულად აგებს მას (სხვადასხვა მიზეზების გამო, ლ.ა.) და რომლისთვისაც ასეთი თამაში აღარ არის სახალისო. თამაშის ყველაზე ფუნდამენტური უფლება, მისი მიტოვების თავისუფლება გახლავთ და სწორედ ეს გახლავთ ის ძალა, რაც მოთამაშეებს უბიძგებს თანამშრომლობისკენ. თუ გსურს თამაში გააგრძელო, მაშინ შენი თანამოთამაშეები, თამაშისას, ბედნიერად (ან კარგად, კომფორტულად) უნდა გრძნობდნენ თავს. საჯაროდ, ნებისმიერი ხერხით, თანამოთამაშეების დამარცხება, მით უმეტეს ეს თუ ხშირად ხდება და მუდმივად მეორდება, მათ თამაშის ხალისს უკარგავს. ბავშვებმა ეს კარგად იციან და როცა ეს ავიწყდებათ, მათ ამას ის ბავშვები ახსენებენ, ვისაც აღარ სურს თამაში.

პროფესორი გრეი აგრძელებს თავის მოგონებებს, რომლებიც მისი ბავშვობის დროის თამაშებს აღწერს: „კარგად მახსოვს, როგორ თამაშობდნენ ბავშვები ერთმანეთთან ჩემი ბავშვობისას, სანამ უფროსები აიღებდნენ „თამაშის სადავეებს“ თავიანთ ხელში. იმ დროს, თუ ბეისბოლის თამაში გვინდოდა, ვიკრიბებოდით რომელიმე თავისუფალ ადგილას. არ მახსოვს ოდესმე, ჩვენი თამაშისას იქ უფროსები ყოფილიყვნენ.

თამაშის მთავარი მიზანი გართობა და ხალისი გახლდათ. თუ ისე მოხდებოდა, რომ ვინმეს რაიმე არ მოსწონდა, ეს თამაშის მიტოვებით თავდებოდა, შესაბამისად, როცა რომელიმე გუნდს ვინმე გამოაკლდებოდა, თამაშიც წყდებოდა ხოლმე. მოგება-გამარჯვება არასდროს ყოფილა მთავარი მიზანი“.

„აქვე უნდა დავძინოთ, რომ მოგვწონდა საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, საუკეთესო შედეგის ჩვენება და მიღწევა თამაშის დროს; ახალი შემოქმედებითი გზების გამონახვა ბეისბოლის ბიტით თუ მინდორზე სირბილის დროს (საუბარია ბეისბოლზე, სადაც ბურთი, ბიტა და სირბილი, თამაშის მთავარი ელემენტებია, ლ.ა.). თუმცა არასდროს ყოფილა ბრძოლა ქულებისა და ანგარიშისათვის. საუკეთესო მოთამაშეები, ხშირად თვითშეზღუდვას მიმართავდნენ, რათა თამაში უფრო თანაბარი და ყველასთვის სახალისო ყოფილიყო. ასევე კარგად მახსოვს ტენისის გრძელი მატჩები, რომელშიც მთავარი არა ანგარიში, არამედ ბადეზე ბურთის გადაგდება და მისი აქეთ-იქით დიდი ხნით გათამაშება უფრო იყო ხოლმე. ასეთი ტენისი საკმაოდ მნიშვნელოვან უნარებს მოითხოვდა. უკეთეს მოთამაშეს ბურთი ისე უნდა ჩაეწოდებინა, რომ სიძნელე შეექმნა მეორისათვის (ძალიან ადვილი დარტყმები არ იყო სახალისო), მაგრამ არა ისე, რომ მისი მიღება შეუძლებელი გამხდარიყო“.

„ხანდახან, ჩვენ თვითონვე ვიგონებდით წესებს ან პირობებს, რაც თამაშს უფრო გაართულებდა – ვთქვათ, თითოეული დარტყმა, სხვადასხვა მხარეს უნდა ყოფილიყო მიმართული, ან ბურთს ბადეზე გარკვეულ სიმაღლეზე უნდა გადაეფრინა და არა უფრო მაღლა და სხვა. ერთადერთი ანგარიში, რომელსაც ყურადღებით ვეკიდებოდით, გახლდათ ის, თუ რამდენი ხანი შევძლებდით უშეცდომოდ ბურთის აქეთ-იქით გადაგდებას.

რა თქმა უნდა, ხანდახან, ბავშვები თვითონვე ებმებიან შეჯიბრში. მაგრამ ჩვეულებრივ, ეს მაშინ ხდება, როდესაც მათ თანაბარი შესაძლებლობები აქვთ. ამ დროს შეჯიბრი უფრო ერთმანეთის გამოცდას გულისხმობს, ვიდრე ვინმეს დაჯაბნას ან დამარცხებას!“ – ამბობს დოქტორი გრეი.

პროფესორ გრეის აზრით, ზემოთ აღწერილი შეჯიბრი, სრულიად შესაძლებელია ყოფილიყო ჯანმრთელი, მით უმეტეს მაშინ, თუ გულისხმობდა ან განიზრახავდა რაიმეს უკეთ მიღწევას ან შესრულებას და არა ვინმეს დამარცხებას. იგი ასევე დასძენს, რომ (და აქ არ არის საუბარი რაიმეს რომანტიზაციაზე) ხანდახან ბავშვები ერთმანეთზე ბრაზობენ, ჩხუბობენ და ჩაგრავენ კიდეც ერთმანეთს, რაც ასევე, ურთიერთობების ნაწილია. ისინი ყოველთვის დამჯერნი და კარგები არ არიან. მაგრამ იმის სწავლა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ურთიერთობებში რთულ საკითხებს უფროსების ჩარევის გარეშე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ის ბავშვების ზრდის პროცესის, განვითარებისა და ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბების პროცესების ნაწილს წარმოადგენს.

პიტერ გრეი ასევე აღნიშნავს, რომ და-ძმის ურთიერთობები ხშირად არის პრობლემური, ხშირია ჩხუბი და დაპირისპირება მათი ცხოვრების გარკვეულ პერიოდებში, თუმცა დღეს ამ წერილში ამ თემას არ განვიხილავთ. პიტერ გრეის ზოგადი დასკვნით, ბავშვები ერთმანეთთან ბუნებრივად თანამშრომლობენ, როდესაც ამაში უფროსები არ არიან ჩარეული.

(პირველი ნაწილის დასასრული)

[1] მარია მონტესორი (1870-1952) – იტალიელი ექიმი, განმანათლებელი, პედაგოგი, ბავშვთა სწავლების „მონტესორის მეთოდისა“ და სამეცნიერო პედაგოგიკის მიმართულების შემქმნელი.

[2] კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961) – შვეიცარელი მოაზროვნე, ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი, ანალიტიკური ფსიქოლოგიის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, არქეტიპული ფენომენის, კოლექტიური არაცნობიერის, ექსტრა- და ინტრავერსიის კონცეფციების შემქმნელი.

[3] პიტერ ოტის გრეი (Peter Otis Gray, დაბ. 1946 წელს), ამერიკელი ფსიქოლოგი, მკვლევარი და ავტორი. დოქტორი ასწავლის ქ. ბოსტონში (აშშ), „ბოსტონ კოლეჯში“ და არის მრავალი წიგნის ავტორი, რომელიც ბავშვთა ფსიქოლოგიასა და მათი განვითრების ევოლუციურ საფუძვლებს ეხება.

პოეზია მედიტაციაა

0

„ლიტერატურაში არსებობს ორი ურთიერთსაპირისპირო მიმართულება: ერთი ისწრაფვის, ენა გარდაქმნას უწონო ელემენტად, რომელიც ღრუბელივით დაცურავს (ან, უფრო უკეთ, მაგნიტური ველივით), მეორე – ენას მისცეს წონა, სიმკვრივე და ობიექტთა და სხეულთა კონკრეტულობა“.

იტალო კალვინო, „სიმსუბუქე“  („ექვსი შენიშვნა მომავალი ათასწლეულისთვის“)[1]

 

„მედიტაცია მოგვაგონებს ცეკვას, მხატვრობას, პოეზიას. შესაბამისად, მას შეგვიძლია ხელოვნება ვუწოდოთ“.

ოშო

 

ხელოვნება – საზღვრების დარღვევაა და მატერიალური სამყაროს მიღმა გახედვა. ამიტომ გვიზიდავს ხელოვნების ჭეშმარიტი ქმნილებები, რომლებსაც იდუმალი ძალით გადავყავართ სხვა განზომილებაში, სადაც ფორმები აღარ არსებობს, თუმცა სწორედ ფორმაა ის, რამაც შეუცნობლის საიდუმლო კარი გაგვიღო. ამ თემას ეძღვნება იტალო კალვინოს ესეი „სიმსუბუქე“.ერთგან კალვინო წერს: „ყოველ ჯერზე, როდესაც მეჩვენება, რომ კაცობრიობა განწირულია სიმძიმისთვის, მინდა, ის გადავიტანო სხვა განზომილებაში. მე არ ვგულისხმობ ფანტაზიის სამყაროში გაქცევას – ვგულისხმობ სამყაროს სხვა რაკურსით ხედვას, სხვა ლოგიკით და შეცნობის სხვა მეთოდებით“.ეს ერთგვარი მედიტაციის მდგომარეობაა – გაიხედო საგანთა სხვა მხარეს და არა მხოლოდ საგანთა, არამედ ფიზიკური სამყაროსა და საკუთარი თავის სხვა მხარესაც. საზოგადოდ, ფორმათა მიღმა: არაფერში… და იქცე არაფრად, გახდე არავინ… სწორედ ისე, როგორც ემილი დიკინსონის ამ ლექსშია:„- მე ვარ არავინ – შენ ნეტავ ვინ ხარ? – ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?- კეთილი, მაგრამ ნურავის ვეტყვით, – ყველა არავინ იმქვეყნად მიჰყავთ. ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად, კიდევ კარგი, რომ არვინ არა ვართ – როგორ იოლად ავცდით ორივე, აურზაურს და დავიდარაბას…“(„მე ვარ არავინ“)ხედავთ, როგორ დაკარგა ადამიანმა საზღვრები და იქცა აბსტრაქციად, არაფრად? ის, რაც დროში ხდება, ადამიანურ საზღვრებშია, ხოლო მარადიული – უცვლელია. პოეტურ მედიტაციებში დრო და მარადისობა ხვდება ერთმანეთს, ან, უბრალოდ, ადგილებს უცვლის. დაახლოებით ისე, როგორც გალაკტიონის ამ ლექსშია:„რომ ყოველივე მიმდინარეობს, და იმავე დროს დგას ყოველივე“.ბარათაშვილის „შემოღამება მთაწმინდაზედ“ ასეთივე პათოსითაა სავსე:„მე, შენსა მჭვრეტელს, მავიწყდების საწუთროება,
გულის-თქმა ჩემი შენს იქითა… ეძიებს სადგურს,
ზენაართ სამყოფთ, რომ დაშთოს ის ამაოება…
მაგრამ ვერ სცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს!“სიტყვებით აღწერილი მედიტაციური მდგომარეობაა გამოთქმული ამ სტრიქონებით. თითქოს სული მიმოიქცევა ორ ნაპირს შორის. პოეზიაში ძალიან კონკრეტული საგნები ბუნდოვანდება და გადადის აბსტრაქციაში და პირიქით: სულის ხილვები ზოგჯერ ისეთ ხელშესახებ ფორმებს იძენს, თითქოს მართლა არსებობდნენ ფიზიკურ სამყაროში.ამ ოპოზიციის საუკეთესო წარმომადგენლებად იტალო კალვინო კავალკანტისა და დანტე ალიგიერის ასახელებს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ერთი პოეტის შემთხვევაშიც შესაძლებელია კონკრეტულიდან აბსტრაქტულისკენ და აბსტრაქტულიდან კონკრეტულისკენ პოეტური სახეების მიმოქცევა. აგერ ბარათაშვილის „ძალიან კონკრეტული“ ხილვაც… ლამპარის ფონზე:„ვპოვე ტაძარი შესაფარი, უდაბნოდ მდგარი;მუნ ენთო მარად უქრობელი წმიდა ლამპარი.ანგელოსთაგან იკროდა მუნ დავითის ქნარი,და განისმოდა ციურთ დასთა გალობის ზარი!(„ვპოვე ტაძარი“)

„პოეტი ისაა, ვინც ხედავს ზეზღვრულ, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. როდესაც ფიზიკურ, ვიტალურ, მენტალურ, დროდადრო ფსიქიკურ პლანზე შევნიშნავთ განსაკუთრებულ პოეტს, რომელიც მთელ სამყაროს სთავაზობს თავის განძს, ჩვენ მას ვაფასებთ, ჩვენ მისით აღფრთოვანებულები ვარ. მაგრამ თუ პოეტში დავინახავთ ჭეშმარიტების მაძიებელს, ჭეშმარიტების მოყვარეს, ნამდვილ რეალობას პოეტის ხილვაში, მაშინ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევით. ჩვენ აღმოვაჩენთ განუყოფელ ერთობას პოეტთან“ (შრი ჩინმოი, „პოეზია – გზა აღტაცებისკენ“).

პოეზია მედიტაციაა. ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, სხვა განზომილება, სხვა რაკურსი, სხვა აღქმა და შემეცნება.

„არც გონებაა და არც ფორმა, მე მხოლოდ ვარსებობ;
ყველა აზრი და სურვილი გაქრა.
საბოლოოდ დასრულდა ბუნების ცეკვა.
ვისაც ვეძებდი, ის ვარ.

აღტაცების სამეფოს კარი გაიხსნა;

შეცნობილისა და შემცნობის მიღმა

მე უსაზღვრო სიმშვიდით ვტკბები;

და ვუმზერ მხოლოდ ერთს.

ცხოვრების საიდუმლო გზები განვვლე,

მე მიზნად ვიქეცი.

უცვლელი ჭეშმარიტება გაიხსნა ჩემ წინ:

მე ვარ გზა და სული-უფალი.

სულმა შეიცნო ყველა სიმაღლე, ვდუმვარ მნათობის გულში.

მე არ მეხება არც დრო და არც საქმენი;

დასრულდა ჩემი კოსმიური თამაში“.

(შრი ჩინმოი, „აბსოლუტი“)[2]

სხვა განზომილებაში გადასული ადამიანი თავს გრძნობს კოსმოსად. „ვდუმვარ მნათობთა გულში“ – იტყვის ჩინმოი, ხოლო თანამედროვე ქართველი პოეტი, რატი ამაღლობელი, კოსმოსს ასე განიცდის:

„წარმოიდგინე თავის ნაცვლად,

ან გულის ნაცვლად

მზე გაქვს,

მთვარე კი,

პლანეტები და ვარსკვლავები –

არიან შენი შინაგანი ორგანოები.

ღვიძლი, ფილტვები, თირკმელები,

სულაც თვალები,

მოქსოვილია მათი შუქით,

ნისლოვანებით“.

(„სული“)

საოცარია: აზრი სიტყვების მეშვეობით აქციო მატერიად და მერე ეს მატერია ისევ სიტყვების მეშვეობით დაშალო და აქციო არაფრად…

ეს შეუძლია პოეზიას.

ეს არის პოეზია.

ეს კი შალვა ბაკურაძეა:

„სიტყვები, თითქოს ბალახია, ერთი შეხედვით,მაგრამ კარგად თუ დააკვირდი, მათი ფეხებივაზის ფესვივით ცეცხლგამძლეა და უფრო მეტიც -მე მათზე ვსახლობ, მათზე მძინავს, მათზე დავდივარ…“

 

[1] https://www.paranteza.info/post/calvino-six-memos-1 (ქართულად თარგმნა მალხაზ ხარბედიამ)

[2] შრი ჩინმოი – ინდოელი გურუ, პოეტი, ფილოსოფოსი, მხატვარი

ბავშვთან ეფექტიანი ურთიერთობის ხელშემწყობი ფაქტორები

0

ძნელი წარმოსადგენია, რომ რომელიმე აღმზრდელს, განურჩევლად იმისა პედაგოგია ის, თუ მშობელი, სურვილი არ ჰქონდეს, რომ თავისი აღსაზრდელისთვის უახლოეს მეგობრად იქცეს, ადამიანად, რომლისთვის მიმართვისა და რომლისგან რჩევების მიღების სურვილი მას ყოველთვის ექნება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ბავშვის მომავალი, მისი განვითარება, პიროვნების ჩამოყალიბება, მისი ფსიქო-ფიზიკური ჯანმრთელობა ბევრად არის დამოკიდებული ჩვენზე, უფროსებზე, ჩვენს სიტყვებზე, ქცევაზე, ემოციურ რეაქციებზე. სწორედ ამიტომ აუცილებელია, გავითვალისწინოთ, როგორი ქცევა, საუბრისას გამოყენებული რომელი ფრაზა დაგვეხმარება ბავშვთან ეფექტიან ურთიერთობაში. როცა ბავშვთან ყოველდღიურად გვიწევს ურთიერთობა, ჩვენს ქცევასა და სიტყვას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია მის ცხოვრებაზე, იმაზე, თუ რამდენად მშვიდი, საკუთარ თავში, საკუთარ ძალებში დარწმუნებული და ბედნიერი გაიზრდება ის, რამდენად გაბედული, უშიშარი იქნება და სირთულეების გარეშე დაძლევს წინააღმდეგობებს, რამდენად სანდო ადამიანი ვიქნებით მისთვის, გავხდებით თუ არა მისთვის მეგობარი და პირველები გავიგებთ თუ არა ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება.

რეკომენდაციები – როგორ გავხადოთ ჩვენი ურთიერთობა ბავშვთან ეფექტიანი:

  • უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ბავშვის უპირობო მიღება, უპირობო სიყვარული გაურჩევლად იმისა, როგორ იქცევა და რამდენად მოსაწონია ის გარშემომყოფებისთვის. თავს ნუ შევიკავებთ და ვუთხრათ პატარას, რომ ჩვენ ის ძალიან გვიყვარს. „მე შენ მიყვარხარ“ – ყველას კარგად გვესმის, რომ ამ სამი სიტყვის მოსმენა, განსაკუთრებით საკუთარი მშობლებისგან ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ბავშვისთვის. სწორედ მშობლები წარმოადგენენ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდა უყვარდეთ და იღებდნენ ბავშვს ისეთს, როგორიც არის. ვასწავლოთ ბავშვს უპირობო სიყვარული – სიყვარული მხოლოდ იმისთვის, რომ არსებობს. სასურველია ვუთხრათ პატარას ეს ფრაზა არა მხოლოდ ყოველდღე, არამედ დღეში რამდენჯერმეც კი – დილით, გაიღვიძებს თუ არა, სახლიდან სკოლისკენ ან საბავშვო ბაღისკენ მიმავალს, საღამოს, როცა სკოლიდან გამოსულს ვხვდებით. ეს სიტყვები უძლიერებს ბავშვს რწმენას, რომ ის გვიყვარს. ამიტომ, ვუთხრათ მას ეს სიტყვები რაც შეიძლება ხშირად. დღეს ბევრი მშობელი ჩივის, რომ დრო არ რჩება ბავშვთან ურთიერთობისთვის. თუმცა, დღის განმავლობაში თავისუფალი წუთების გამონახვა, სატელეფონო ზარი პატარასთან და ზემოაღნიშნული ფრაზის განმეორება ბევრ პრობლემას ააცილებდა მას თავიდან;
  • ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ის სასურველი და ნანატრი შვილია საკუთარი მშობლებისთვის. ამიტომ, მათი ნათქვამი ფრაზა – „ჩვენ ბედნიერი ვართ, რომ შენ გვყავხარ; ჩვენ სწორედ ისეთი ბავშვი გვინდოდა, როგორიც შენ ხარ“- ბავშვს თავს ბედნიერად აგრძნობინებს და საკუთარი ძალების რწმენას განუმტკიცებს, აავსებს მას სიხარულით და დაარწმუნებს, რომ ის შემთხვევით არ გაჩნდა ოჯახში და ამ სამყაროში;
  • ბავშვს სიამოვნებს, აბედნიერებს და საკუთარი ძალების რწმენას უძლიერებს ასევე იმის ცოდნა, რომ ის საკუთარი მშობლებისთვის მოსაწონი და მისაღებია. მართალია, ნებისმიერი მშობლისთვის საკუთარი შვილი საუკეთესო ბავშვია ამ სამყაროში, მაგრამ ზოგიერთი მშობელი ხშირად თავის შვილს არ ეუბნება ამ სიტყვებს იმის შიშით, რომ არ გაათამამოს ის. ჩვენ შეიძლება ვერ ვხვდებოდეთ, ვერ ვამჩნევდეთ, როგორ ვუყალიბებთ ჩვენი ქცევითა და სიტყვებით ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსს, როცა ვეუბნებით, რომ მას რაღაც ჭირს, რომ ის ლამაზი არ არის, არ არის სიმპათიური და მომხიბვლელი, არა აქვს ლამაზი ცხვირი, ყურები, თვალები და ა.შ. ამიტომ, უკეთესი იქნება, თუ პირიქით მოვიქცევით – უფრო ხშირად შევაქებთ ბავშვს. ყოველთვის შესაძლებელია ნებისმიერ ბავშვში მოვძებნოთ ისეთი რამ, რაც მოწონებას და შექებას იმსახურებს. მთავარია, ამის სურვილი გვქონდეს;
  • განვითარების პროცესში ბავშვი შეიძლება რაღაც სფეროში, რაიმე საქმიანობაში წარმატებებს აღწევდეს, მაგრამ სხვა საქმიანობაში წარუმატებელი იყოს და მუდმივად მარცხს განიცდიდეს. გამომდინარე იქიდან, რომ პატარებს არ უყვართ იმის კეთება რაშიც წარუმატებლები არიან და მარცხს განიცდიან, შევეცადოთ, ბავშვთან ურთიერთობაში უფრო მეტად ორიენტირებული ვიყოთ მის წარმატებულ ნაბიჯებზე და ნაკლებად გავამახვილოთ ყურადღება მარცხზე. ეს ბავშვს საკუთარ თავში დარწმუნებულობას, გამბედაობას, შემართებას შემატებს და როცა დრო მოვა, რომ რეალიზება გაუკეთოს საკუთარ თავს, საკუთარ შესაძლებლობებს, ის თამამად დათანხმდება შეთავაზებებს და ცხოვრებაში ბევრის მიღწევასაც შეძლებს;
  • ნებისმიერ მშობელს აქვს სურვილი იყოს პირველი იმ ადამიანთა შორის, ვისთანაც ბავშვი საკუთარი პრობლემით მისვლასა და რჩევების მოსმენას გადაწყვეტს, ვისაც ენდობა და ვის სიტყვასაც სერიოზული წონა აქვს. იმისათვის, რომ ბავშვისთვის ასეთ სანდო ადამიანად ვიქცეთ, საჭიროა, გამოვიჩინოთ  სიფრთხილე და მისგან მიღებული ინფორმაცია მისსავე წინააღმდეგ არ გამოვიყენოთ. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვთან საუბრისას არ იქნება ეფექტიანი ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა: „მე შენ გეუბნებოდი!“ „მე გაფრთხილებდი!“ „რამდენჯერ შეიძლება ამაზე გელაპარაკო!“  – იმიტომ, რომ ამ ფრაზების მოსმენის შემდეგ მომავალში ბავშვი ჩვენთან აღარ მოვა თავის პრობლემაზე სასაუბროდ. ყოველთვის მადლობა გადავუხადოთ ბავშვს იმისათვის, რომ გვენდო, მოვიდა და გვითხრა სათქმელი. თუმცა, მანამ, სანამ მას რაიმეს ვეტყვით, გულდასმით გავაანალიზოთ ის, რის თქმასაც ვაპირებთ, დაფიქრდეთ იქნება თუ არა ეს სარგებლის მომტანი მისთვის, დაეხმარება თუ არა პრობლემისთვის თავის გართმევაში და მომავალშიც მოისურვებს თუ არა ჩვენთან მოსვლას ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვების მოსმენის შემდეგ.

ზემოაღნიშნული დამოკიდებულებები ბავშვს ქედმაღალ და ამპარტავან ადამიანად ნამდვილად არ აქცევს, რისი შიშიც არცთუ უსაფუძვლოდ ხშირად აქვთ ხოლმე აღმზრდელებს. პირიქით, ასეთი დამოკიდებულებები თანდათან უფრო მეტ თავდაჯერებულობასა და საკუთარი ძალების რწმენას გამოუმუშავებს ბავშვს. ის გაიზრდება უფრო მშვიდი, გაწონასწორებული, ჰარმონიული. მისთვის უფრო ადვილი იქნება სამყაროსა და ცხოვრების აღქმა, ეცოდინება, რა სურს ცხოვრებაში, მშვიდად ივლის თავისი გზით და იქნება წარმატებული.

 

 

 ჩვენი მეგობარი პადინგტონი

0

ჩემი მესამეკლასელი მოსწავლეებისთვის კითხვის პროექტის განსახორციელებლად წიგნს ვეძებდი. ბიბლუსში შევიარე, სადაც ახლობელი ახალგაზრდა გოგონა მუშაობდა, ვიცოდი, ძალიან უყვარდა საბავშვო ლიტერატურის კითხვა. მისი რჩევით მაიკლ ბონდის „დათვი, სახელად პადინგტონი” შევარჩიე. ასე დაიწყო ჩვენი თავგადასავლები საუცხოო სამყაროში.

ქართულ ენაზე, ჯერჯერობით სამი წიგნია ნათარგმნი ამ პატარა, უსაყვარლეს დათუნიაზე: ,,დათვი, სახელად პადინგტონი”, ,,პადინგტონი გვეხმარება“ და ,,პადინგტონის ახალი თავგადასავალი“.

ჩვენს პროექტს დავარქვით ,,ჩვენი მეგობარი პადინგტონი“. გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც ამ პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ:

აქტივობა პირველი – პატარებთან ერთად პროექტის გახსნის დღე დავთქვით, მოვრთეთ საკლასო ოთახი საზეიმოდ, გავალამაზეთ იგი ჩვენი საყვარელი სათამაშო დათუნიებით. გავაკარით პადინგტონის ფოტოები, გამოვთქვით ვარაუდები წიგნის შინაარსთან დაკავშირებით; ჩამოვწერეთ ფურცლებზე ჩვენი მოლოდინები, ვნახეთ ნაწყვეტები პადინგტონის თავგადასავლების მიხედვით გადაღებული ფილმებიდან; ვიმსჯელეთ, ვისაუბრეთ ნანახის ირგვლივ და ერთმანეთს პირობა მივეცით, რომ წიგნის კითხვის დასრულებამდე, ფილმს არ ვნახავდით. ბოლოს კი კალათში ჩავყარეთ ჩვენი დათუნიას საყვარელი ნუგბარი – მარმელადი და ფლაერებთან ერთად მთელს სკოლაში დავარიგეთ. ასე მოვუწოდებდით ყველას, რომ ჩვენთან ერთად დაეწყოთ ამ წიგნის კითხვა.

აქტივობა მეორე – ერთ დღეს თოჯინა პადინგტონი გვესტუმრა კლასში. ეს თოჯინა ერთ-ერთი მოსწავლის დედიკომ მოგვიქსოვა. საყვარელი თოჯინა მალე ყველამ შეიყვარა. პატარებს მორიგეობით მიჰყავდათ სახლში, უვლიდნენ, დაჰყავდათ სტუმრად, ერთად მეცადინეობდნენ, სეირნობდნენ, იძინებდნენ და მეორე დღეს ისევ მოჰყავდათ სკოლაში. ჩვენი საყვარელი თოჯინა ხშირად გვესწრებოდა გაკვეთილებზე, დაგვყავდა ექსკურსიებზე.

აქტივობა მესამე – მოვაწყვეთ ,,მარმელადობა”. ერთ-ერთი მოსწავლის დედიკომ წიგნის პერსონაჟი მისის ბირდი განასახიერა და პატარებთან ერთად დათუნიას ფორმის მარმელადი მოგვიმზადა. მარმელადის მომზადების რეცეპტი გულდაგულ ჩავიწერეთ, რათა სახლში კიდევ ერთხელ დაგვეგემოვნებინა საოცარი ნუგბარი.

აქტივობა მეოთხე – ერთ დღეს მოსწავლეებს მათემატიკური ამოცანები მოვუმზადე, რომლის გმირებიც პადინგტონი და მისი ოჯახის წევრები იყვნენ. მოსწავლეებმა ხალისით ამოხსნეს საყვარელი გმირების მიხედვით შედგენილი ამოცანები. გაგაცნობთ რამდენიმე ამოცანას:

  1. პადინგტონი წიგნს კითხულობდა, რომელიც 400-გვერდიანია. წაიკითხა 100 გვერდი. რამდენი გვერდი დარჩა წასაკითხი?
  2. პადინგტონმა 41 მარმელადი იყიდა. პირველ დღეს შეჭამა 12 ცალი. მეორე დღეს – 25. რამდენი მარმელადი დარჩა პადინგტონს?
  3. ჯუდიმ ამოხსნა 8 ამოცანა, ჯონათანმა – 3-ჯერ მეტი. რამდენი ამოცანა ამოხსნა ჯონათანმა?
  4. მისტერ ბ რაუნმა 16 ბანანი გაწურა, მისის ბრაუნმა 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე მისტერ ბრაუნმა, ხოლო პადინგტონმა 12-ით მეტი, ვიდრე მისის ბრაუნმა. რამდენი ბანანი გაწურა პადინგტონმა?
  5. მისის ბირდმა ლანგარზე დადო 36 ორცხობილა. რამდენი ორცხობილა შეჭამა პადინგტონმა, თუ ლანგარზე დარჩა 12 ორცხობილა?

აქტივობა მეხუთე – არც პოეზია დავიწყებიათ პატარებს და ხუთსტრიქონიანი ლექსის წერის შესწავლისას საინტერესო ლექსები მიუძღვნეს პადინგტონს. დაწერეს ფერად ფურცლებზე, გააფორმეს და საკლასო ოთახში გამოფინეს. ლექსების წერისას ლექსიკური მარაგიც გაიმდიდრეს და უამრავი საფერებელი სიტყვაც მიუძღვნეს საყვარელ დათუნიას. საკუთარ ლექსებს ისე მხატვრულად და სითბოთი უკითხავდნენ ერთმანეთს, რომ მათ მოსმენას არაფერი სჯობდა.

 

აქტივობა მეექვსე – შევხვდით წიგნის მთარგმნელს, ქალბატონ თეა ბაკურაძეს. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ქალბატონმა თეამ პატარებს მოუყვა პადინგტონის თარგმნის ისტორია, უპასუხა მათ შეკითხვებს. დაახატვინა საყვარელი ეპიზოდი ნაწარმოებიდან. ესაუბრა წიგნებზე, თარგმანებზე, საკუთარ პროფესიაზე. ჩვენმა სტუმარმა ბავშვებს დიდი სითბო და სიყვარული აჩუქა. ვფიქრობ, მათ ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ.

აქტივობა მეშვიდე – პროექტის დახურვა საზეიმოდ მოვაწყვეთ. ჩავატარეთ ვიქტორინა, გავაკეთეთ პადინგტონის აპლიკაცია, გავაცოცხლეთ ნაწარმოების ოთხი პერსონაჟი, ეს როლი მშობლებმა მოირგეს. ,,მამიდა ლუსიმ” პატარებს უსაყვარლესი ძმისშვილის, პადინგტონის შესახებ მოუყვა ბავშვებს, შემდეგ კი საინტერესო მოთხრობა წაუკითხა, დარიგებები მისცა და ქილებში საგულდაგულოდ ჩალაგებული მარმელადებით გაუმასპინძლდა. მისის ბრაუნი თავისი შვილების ჯუდისა და ჯონათანის შესახებ ესაუბრა პატარებს და ,,ცხელ-ცხელი” საიდუმლოებებიც გაანდო მათ. მისის ბირდმა ამჯერად წიგნის მიხედვით შედგენილი გამოცანები წაუკითხა ბავშვებს, ხოლო მისის კლაიდმა პირობა დადო, რომ აღარასოდეს მოიქცეოდა ცუდად. ბოლოს მისის ბირდმა და მისის კლაიდმა ულამაზესი სიმღერა შეუსრულეს ბავშვებს, რომლის ტექსტის ავტორიც ჩვენი ერთ-ერთი მოსწავლის დედიკო გახლდათ. ბოლოს ყველამ ერთად ვიცეკვეთ პადინგტონისადმი მიძღვნილ ულამაზეს სიმღერაზე (Paddington sang).

ასეთი იყო პადინგტონთან ერთად ჩვენი თავგადასავალი სამი თვის განმავლობაში, რომელმაც დიდ სიამოვნებასთან ერთად დაგვიხვეწა კითხვის უნარები, გაგვიმდიდრა ლექსიკური მარაგი, შეგვაყვარა ცხოველები, გვასწავლა მზრუნველობა, ფიქრი, აზროვნება, ერთობლივი მუშაობა, სხვა კუთხით დაგვაახლოვა დედიკოებთან და გვაზიარა ბევრ სითბოსა და სიყვარულს.

 

 

ანიმაციებით სწავლება, ანუ გზა საინტერესო გაკვეთილისკენ

0

ჩემი პროფესიის დამსახურებით ყოველდღიურად 6-12 წლის პატარა ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. უნდა ვაღიარო, რომ დასვენების პერიოდში მათ შორის გამართულ საუბარსა და დიალოგს ხშირად ვუგდებ ყურს. ეს მეხმარება მოსწავლეების უკეთ გაცნობა/შეცნობაში. თემები მრავალფეროვანი აქვთ, თუმცა აღმოვაჩინე, რომ არაფერზე ისე ხშირად არ საუბრობენ, როგორც ანიმაციებზე. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ახალია. განიხილავენ პერსონაჟებს, მათ ქცევებს, შინაარსს. მსჯელობენ, ურჩევენ, აკავშირებენ. შორიდან მაყურებლისთვის ეს იმდენად საინტერესო პროცესია, რომ შეუძლებელია არ მოიხიბლო. მარტივი მისახვედრია, რომ ანიმაციებზე საუბარი ბავშვებთან პოზიტიური ურთიერთობის აგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენაა.

პირადად მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომლისთვისაც ელექტროენერგია სანატრელი იყო. სანატრელი იმ მიზნით, რომ სამაუწყებლო არხზე გასული ძილისპირულისთვის მეყურებინა, რომელსაც ფონად „ინდი-მინდის“ სიმღერა გასდევდა ხოლმე. თავად გადაცემა კი სულ რაღაც 10-15-წუთიან ანიმაციას გვთავაზობდა. იმ პერიოდისთვის ეს იყო რამდენიმე სერიად დაყოფილი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, „ ბემბი“ „ტომი და ჯერი“ , „მიკი მაუსი“ და სხვა.

გავიდა წლები და ანიმაციური ფილმების ტექნიკაც დაიხვეწა. გამოსახულებები იმდენად ფერადი, ლამაზი და რეალურთან დაახლოებული გახდა, რომ უფროსიც ვერ მოწყვეტს თვალსა და ფიქრს. ჩემი მოსწავლეების გამო კვირის განმავლობაში ბევრ ანიმაციას ვეცნობოდი (თუმცა, უნდა ვაღიარო ამით ალბათ 90-იანი წლების დანაკლისის ამოვსებასაც ვცდილობდი). ზოგიერთი ფილმი იმდენად საინტერესო და დიდაქტიკური აღმოჩნდა, რომ სასწავლო პროცესში მათი ინტენსიურად გამოყენება გადავწყვიტე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. ბავშვები საოცარი ენთუზიაზმით ეცნობოდნენ ამა თუ იმ ფილმს და საინტერესოდაც განიხილავდნენ.

თუ დავფიქრდებით სრული ანიმაციური ფილმის ჩვენებას, ყურებასა და გარჩევას რამდენიმე გაკვეთილი დასჭირდება. ამის გამო შესაძლებელია სასწავლო წლის განმავლობაში ამგვარი ჩვენების რამდენჯერმე მოწყობა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ამიტომ დავიწყე ისეთი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების ძიება, რომლებსაც სასწავლო პროცესში ეფექტიანად გამოვიყენებდი, ჩვენების შემდგომ რეფელექსიასაც მოვასწრებდით და საგაკვეთილო ლიმიტსაც არ გადავაჭარბებდით. ასეთი ბევრი აღმოჩნდა. მინდა, რამდენიმე გაგიზიაროთ (მათი გამოყენება საინტერესოს გახდის სადამრიგებლო საათსაც):

  1. მიზნის დასახვა –
  2. შეზღუდული შესაძლებლობები –
  3. ინკლუზიური სწავლება – https://www.youtube.com/watch?v=wh8TIE2W_54&list=PLKfBtiEBHjpvHzCPmS4lbuWujpfyFQn5j&index=7
  4. განსხვავებულის მიმღებლობა –
  5. ახალი წლის თემატიკა:
  1. ცოდნის ტრანსფერი –
  1. თანაგრძნობა –https://www.youtube.com/watch?v=tl57Gy5X_Kg&list=PLKfBtiEBHjpvHzCPmS4lbuWujpfyFQn5j&index=18
  2. ეკოლოგია –
  1. ცხოველთა დაცვა – https://www.youtube.com/watch?v=r5XIyKlLThs&list=PLMsEfpLFuC5GDmiV-8M_M4GyPSK1C10yr&index=2
  2. ოცნება – https://www.youtube.com/watch?v=5L4DQfVIcdg&list=PLKfBtiEBHjpvHzCPmS4lbuWujpfyFQn5j&index=1
  3. ბულინგი – https://www.youtube.com/watch?v=5L4DQfVIcdg&list=PLKfBtiEBHjpvHzCPmS4lbuWujpfyFQn5j&index=1
  4. სტერეოტიპები –
  5. ეგოიზმი – https://www.youtube.com/watch?v=v5l0XINFQao&list=PLKfBtiEBHjpvHzCPmS4lbuWujpfyFQn5j&index=15
  6. ძველი ნივთების მოფრთხილება – https://www.youtube.com/watch?v=P7k2MkVYLDE&list=PLMsEfpLFuC5GDmiV-8M_M4GyPSK1C10yr&index=17
  7. აუტიზმი –
  8. მშობლის მხარდაჭერა – https://www.youtube.com/watch?v=8PstSiTCk74&list=PLMsEfpLFuC5GDmiV-8M_M4GyPSK1C10yr&index=20
  9. თავისუფალი დრო –
  1. ახირებული ქცევა/ სიჯიუტე –
  2. დედამიწის მოფრთხილება/ დაზოგვა –

ეს მცირე ჩამონათვალია. შევეცადე ისინი თემატურად დამელაგებინა. თუმცა ეჭვიც არ მეპარება, რომ მასწავლებლები, მშობლები მათში კიდევ სხვა მნიშვნელოვან ასპექტებსაც აღმოაჩენენ.

დასასრულ კი მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება, თუ რა ფორმით შეიძლება წარვუდგინოთ ბავშვებს მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმები.

წარმოგიდგენთ დისნეისა და პიქსარის ერთობლივ ნამუშევარს “pipper”, რომელიც პატარა წყლის ფრინველის შიშს, დაძლევის გზებსა და შესაძლებლობებს ეხება ( საპრეზენტაციო მასალა ).

ფილმი მოსწავლეებს დანაწევრებული სახით ვაჩვენე. თითოეულ ეპიზოდს კი თან ახლდა რეფლექსიური კითხვები. ამგვარმა მიდგომამ გააადვილა ფილმის მთავარი სათქმელის გააზრება, გამოკვეთა ის და სასურველ შედეგზე გაგვიყვანა.

გირჩევთ, თქვენც სცადოთ! დარწმუნებული ვარ, რომ მოსწავლეებს ძალიან მოეწონებათ. სასწავლო პროცესი კი პოზიტიურად და საინტერესოდ წარიმართება.

 

 

2022 – გიოკურო ტანაბეს არომატით

0

***

22-წლიანი წარმატებული კარიერის და ახლა უკვე მატასისთვის საიდუმლოს გამხელის შემდეგ, ჩვენმა სანტა კლაუსმა წერილი მიიღო, რომ უნარჩუნდება ყველა სიამე, მათ შორის, წვერზე მოფერება და დიასახლისის კოცნა.

 

სიმართლეს თავისი ფასი აქვს.

 

***

„აი, ჩვენი მისაღები ოთახი სადაც იყო, იქ ქართულის მასწავლებელი იულია უროტაძე ცხოვრობდა. საკონტროლოს რვეულები სახლში მოჰქონდა ხოლმე გასასწორებლად და მეც გადამაკითხებდა. ეს ნდობა ჩემთვის დიდი ამბავი იყო. ერთი გამორჩეული მოსწავლე ჰყავდა, სულ განსაკუთრებული სითბოთი ახსენებდა – ჩემი ვატო, ჩემი ვატო… მომცემდა იმის ნაწერს, წაიკითხე, აბა, შეცდომას თუ უპოვიო. მართლა უშეცდომოდ წერდა, მერე მეტყოდა, მიდი, ჩაუწერე ფრიადიო. რა იცოდა ვახტანგ როდონაიამ, მასწავლებლის მეზობელი, მასზე უმცროსი გოგო რომ უწერდა ნიშანს.“

 

დედაჩემი ამოვიტყუე ნიჩბისში და ძველი თბილისური ეზოს ამბებს მიყვება.

 

***

როდესაც ვინმესთვის მითქვამს, მე მესმის შენი, ვფიქრობ, ბოლომდე მაინც არასოდეს მესმოდა. სხვა შემთხვევაში, უსიტყვოდ მიგრძნობინებია, თუნდაც ხელზე შეხებით.

 

***

ომის ბურუსი რომ გადაიწმინდება და ტოპონიმები ადამიანების სახელებით ჩანაცვლდება, იმ დღეების გაძლებაც მოგვცეს.

 

***

86 წლის გაზაფხულზე ჩვენმა კარის მეზობელმა ერთი ოჯახი შეიფარა ჩერნობილიდან – დედა და სამი ბავშვი. ყველაზე უმცროსი, მხიარული ჰალია მთელმა სამეზობლომ გაიცნო. ტკბილეულს თუ უწილადებდი, ფეხს არ მოიცვლიდა, იმდენი მომეცით, რომ ჩემს და-ძმასაც მივუტანოო. ჰალია ახლა 40 წლისა მაინც იქნება და დარწმუნებული ვარ, თბილისში გატარებული თვეების გამოც, სიკეთის რწმენა არ დაუკარგავს.

 

***

წუხელ სიზმარში ღმერთს ვეუბნებოდი, შენ ხო ყველა ენა იცი, უფრო სწორედ, ყველას ჩივილი ერთ ენაზე ჩაგესმის და ამ სიტყვების გადაპარვა-გადმოპარვა, ბარბარიზმებთან ჭიდაობა და რედაქტორების ჯაფა შენი თვალით დამანახე-მეთქი.

 

***

მაღაზიიდან გამოვდივარ დატვირთული, ნაცნობი კონსულტანტის ხმა მესმის:

– მოიცა, გოგო, გაგიღო! ისე არ ქნა, მხრით დატაკება რო იცი.

 

***

„დედა ყვავილი დაჭკნა, მარა დოუყრია ბუშები.“

ფურისულა წყალტუბოელმა ქალმა მომყიდა.

 

***

„ფესვები 2“

 

“ეჰ, 68-ში წამოვედი, მალე დავბრუნდები-მეთქი და ახლაც აქ ვარ, ეს ტაქსი მაჭმევს პურს. დედაჩემის საფლავი იქაა. ადრე ჩავდიოდი, ახლა წლები ისე გადის, ვეღარ ვახერხებ. ხანდახან სული მიმდის, ისე მენატრება იქაურობა. რა გვარი ვარ? კუხიდან ვარ, გოგო-თქვა და რა გვარის ვიქნები?! კოსტავა, ბიძია, კოსტავა ვარ მე! ბოდიში ახლა, ფულს რომ გართმევ ხონელი ხონელს.”

 

***

„რო ამოივლის, ჩემ გოგოს უთხარი, მე ვერ დავიმახსოვრებ.”

ვერაზე საკუთარი სიბერე დავლანდე.

 

***

მატასის ყიჟინა კითხვაში უშლის ელენეს და ვუბოდიშებ.

– ჯერ 11-ისაა.

– ჯერ? მეტისაც უნდა იყოს. 2022 წელია, ვიღაა 11-ის?!

 

***

„რო მამწერა, ეგრევე ვერ მივხვდი, მერე აბანოში მამეკიდა ცეცხლი.”

სოფლის მაღაზიაში გაგონილი

 

***

იყო ასეთი მშვიდი დილები, გვიანი საუზმის დროს სწრაფი სქროლვისას, შიკიბუს ახალ თარგმანს ცერა თითით დავიჭერდი ხოლმე.

 

***

„აღდგომებზე ისეთი ფასები მედო იასამნებზე, სუ ბუწუწები მცვიოდა სირცხვილისგან.“ – მეყვავილე არაყიშვილის ქუჩიდან.

 

***

“ბუზი რო დეიძინებს, ქალბატონო, მერე.”

ლაგოდეხი – იმერელი კახელებისა.

 

***

ჩრჩილის პეპელას ტაშით დავდევ, ის კიდევ ცეკვავს.

 

***

 

ბანკში ქალი შემოვიდა, აიღო ნომერი, სამასრაღაცა, გახედა ხალხს და დაიძახა:

გადაგვდის თავზე?!

 

***

კლასელ გოგოებს ცალკე ჯგუფური ჩატი გვაქვს – გოგოების გასახდელი.

 

***

 

ამ კვირაში იმდენჯერ მივიღე მესიჯი წყლის შეწყვეტაზე, ჭურჭლის ავსებამ და დაცლამ გამთანგა. ცოტას გადავიტან დაბადების დღეს და ზოდიაქოს შევიცვლი. თხის რქად მე აღარ ვივარგებ.

 

***

ზამბახებმა დაიყვავილეს, მაგრამ გამრავლებისთვის ემზადებიან. ამათ რომ ჰკითხო, მთელი დედამიწა ზამბახებით უნდა იყოს დაიფარული, მაგრამ ასე არ ფიქრობს გულყვითელა.

 

***

აქაურ პოსტებს ერთ ფაილად ვკინძავ და ირკვევა: ფეისბუქზე ნამდვილ ამბებს ვწერ, წიგნებში – გამოგონილს, ჩემი ცხოვრება კი მათ შორის მიედინება.

 

***

ერთ ლამაზ ჩაის კოვზს ავედევნე დილიდან: “კოვზი გლდანშია”, “კოვზი მშრალ ხიდზე მიმაქვს”, “კოვზი მანუჩარს დავუტოვე”, “მანუჩარი გავიდა და რამაზთან იკითხეთ”, “რამაზმა, კლიენტი მადგას, ორი ერთად მიაქვს და ვატანო.”

 

კოვზი ნაცარში ჩამივარდა.

 

See also: მშრალზე დარჩენილი

 

***

არასოდეს ღალატობს მთხრობელის ალღო:

„ამაზე შემდეგ, თავის ადგილას გვექნება საუბარი…”

ივანე ჯავახიშვილი, “ქართველი ერის ისტორია”

 

***

ხანდახან ყავასაც ვსვამ და მინდა გითხრათ, რომ ყველა ჩაის მოყვარული ლედი აკეთებს ამას.

 

***

შაბათს ამ დროს ჯერ კიდევ უნდა მეძინოს, მაგრამ სიზმარში მიღებულმა განშორების წერილმა გამაღვიძა:  გუშინ ათასჯერ გადავწერე შენი სახელი, ვაუბრალოებ.

 

***

ჯერ დასრულებულ ფრაზებს ვაყვითლებ, მერე აბზაცებს და გვერდებს, ბოლოს ათასჯერ შესწორებულ ტექსტს და რჩება ის, რასაც ვეღარ ვცვლი, რაც შავით თეთრზე წერია.

 

***

ორი წლის მერე მოვიცალე მოთხრობის საწერად და ორი დიდი შეცდომა დავუშვი.

პირველი: პირველ პირში დაწყებული ამბავი მესამე პირში მოსაყოლი გამიხდა.

მეორე: გვიან დავიწყე ხმამაღლა კითხვა და თვალისთვის შეწყობილი აბზაცები რიტმითა და ჟღერადობით შეუსაბამო აღმოჩნდა.

 

***

დედაჩემი დროდადრო მჩუქნის ყელსმომდგარ მძივებს, რომლებიც ოდესღაც მზის წნულს სწვდებოდა. მე და ჩემს დას ბავშვობაში დიდობანას თამაშის დროს გვიწყდებოდა ხოლმე, საჩქაროდ ვკრეფდით და ჭიქაში ვაგროვებდით, მაგრამ რამდენიმე მაინც უმისამართოდ გაიბნეოდა, ან აცმის მერე გამოჩნდებოდა, ან რამდენიმე დღის მერე ცოცხს გამოჰყვებოდა და დედაჩემი იტყოდა – აი, სად ყოფილა! ჩვენ ვიზრდებოდით, მძივები პატარავდებოდა და წლობით ეკიდა სარკის კუთხეზე. ახლა კი დედაჩემმა ეს მძივები დათმო და არ ვიცი, რა უფრო მისერავს გულს, იატაკზე გაფანტული ქვების შორეული რაკარუკი თუ დედაჩემის ნათქვამი – ჩემი მძივი მოგიტანე.

 

***

როცა ლევანი შუადღის ძილში კრთება და გვერდით მთვლემარე რომი მოგუდულად ყეფს, დარწმუნებული ვარ, ერთსა და იმავე სიზმარს ხედავენ.

 

***

ცხოვრება შუქნიშანთან

 

აივანზე ფარდაგს ვბერტყავდი და სამარშრუტოს მძღოლმა ტაში დამიკრა. კიდევ ერთხელ ჩავიხედე ქვემოთ, გამვლელს მტვერი ხომ არ გადავაბერტყე-მეთქი. მერე უკრაინის დროშაზე მანიშნა ცერა თითით, მაგარიაო. დასტურად თავი დავუქნიე და ფარდაგი მოაჯირზე გადავფინე. მუშტი შეკრა, გავიმარჯვებთო, მეც აწეული მუშტით ვუპასუხე და ვიყავით ასე, სანამ მწვანე აინთებოდა. ორივე ვიღიმოდით – თანამოაზრესთან შეხვედრა ყოველთვის დიდი სიხარულია.

 

***

– სამწუხაროდ, რძიანი ულუნი არ გვაქვს.

– მსგავსი არომატით რას მირჩევთ?

– გიოკურო ტანაბე… გენიოსების ჩაის ეძახიან, გამოცდების წინ სვამენ.

მკითხეთ, რაც გინდათ.

 

***

„სკოლა გახადეს კოოპერატივი!”

წმინდა ბარბარეს უბნისკენ მიმავალ ავტობუსში გაგონილი

 

 

***

– კოღომ გვიკპინა! კოღომ გვიკპინა!

იმუნიზაციის კაბინეტიდან გახარებული ძმები გამორბიან.

 

***

პუტკუნა გოგო კისკისებს ქუჩაში. შეხედავ, ოცისაც არის და ორმოცისაც. თავს გვერდულად ხრის და ცალი ხელით ყურსასმენს ისწორებს. თან მობილურის ეკრანს თვალს არ აშორებს.

– ჩამო, ბიჭო, ჩამო, იცი რა ქალი დავდექი!

 

***

– ელე, როგორ ჩაიარა იაპონურის გაკვეთილმა?

– მგონი, მასწავლებელი არ არის, უბრალოდ იაპონელია. რა ვიცი, რა სიტყვა გაინტერესებთო.

 

***

„მეზობელმა რძალი მოიყვანა. ჰა, როგორი ქალია-მეთქი. ჩემი რძალიო? რძალი კი არა, პატრულია, პატრულიო.”

ცოცხს ჩამოეყრდნო მეეზოვე.

 

***

ძვირფასი სტუმრები გვეწვივნენ ნიჩბისში. გავხედე, ჭიშკართან ორი მანქანა დგას.

მე: უი, ორი მანქანით ხართ?

იზა: არა, რუსო, ერთი თქვენია.

***

მთაგორიანი ქალაქის ამბები

 

რაზმაძის ქუჩის ხეებიდან აბაშიძის ეზოებში ცვივა ნაყოფი.

 

***

შეიძლება თმა მოკლედ შეიჭრა, მაგრამ მოკლეთმიანი ქალი მაინც ვერ გახდე.

ბარაქა, ვინც 31 დეკემბერს სალონში წასვლასაც ასწრებს.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...