პარასკევი, აპრილი 17, 2026
17 აპრილი, პარასკევი, 2026

წინაღი იონი – მტერი თუ მოყვარე?

0

საწარმოში ერთი ბერძენი ტექნოლოგი მყავდა – ალბათ 50-ს გადაცილებული, ჩია ტანის, გულჩათხრობილი ანდრეას კოურისი. ენისა და თავისი ხასიათის გამო სულ რამდენიმე კაცს თუ ეკონტაქტებოდა. ცხოვრების წესიც განსხვავებული ჰქონდა – ერთთავად ქარხანაში იყო, ცხოვრებითაც იქ ცხოვრობდა, ათენში კიევის გავლით უკრაინის ავიახაზებით დაფრინავდა… მოკლედ, მეც და სხვებსაც არაერთი “მიზეზი” გვქონდა, მასთან საქმიან ურთიერთობას დავჯერებოდით, მაგრამ ერთ დღესაც ეს ჩია კაცი რამდენიმე წამში დაიშალა ჩემ თვალწინ და ბუმბერაზ ადამიანად წარმოისახა.

ქარხანაში მორიგი საქმიანი თათბირი დამთავრდა. მოთათბირენი ფუნქციების, განყოფილებებისა და დავალებების მიხედვით ჯგუფებად დავიშალეთ და საუბარი განვაგრძეთ. ერთი კუთხე ჩვენც, მე და ანდრეასსაც, გვერგო იმ დღის გეგმების განსახილველად. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ორი კოლეგა შემოგვიერთდა და განვაგრძეთ საუბარი ქარხნისთვის მეტად საჭირბოროტო საკითზე – ხარისხიანი ნედლეულის შემოტანაზე. ალტერნატივა ორი გვაქვს – ჩინეთი და თურქეთი. სინჯი ორივე ქვეყნიდან მივიღეთ, ლაბორატორიაში ანალიზიც ჩავატარეთ და ახლა პარამეტრების შეჯერებით ვარ დაკავებული. ჩემი არჩევანი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, თურქეთისკენ იხრება. ანდრეასიც მხარს მიჭერს და ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ არგუმენტებიც მოჰყავს. „ოთხთა კავშირში” ერთ-ერთი ლოჯისტიკიდანაა და მოთმინებით ელის ჩვენს ვერდიქტს. მოკლედ, გადაწყდა, თურქეთს ვირჩევთ. დროც აღარ ითმენს… ანდრეასს კი მოჰყავს და მოჰყავს ახალ-ახალი არგუმენტები. და ამ საქმიან დიალოგში უცებ იმ მეოთხემ იკითხა: “კვიპროსი გახსოვთო?” ამ ახალგაზრდული სიანცით დასმულმა უადგილო კითხვამ მოწმენდილ ცაზე გავარდნილ მეხზე უფრო დიდი ეფექტი მოახდინა. ნანას, ლოჯისტიკის განყოფილების თანამშრომელს, შეცბუნებანარევმა გაკვირვების ღიმილმა გადაუარა სახეზე, მე – შეცბუნებულ-გაბრაზებულმა, მაგრამ ენა ვერ აღწერს, რა დაემართა ანდრეასს. სიტყვა პირზე შეაცივდა, სახის თითოეული კუნთი აუცახცახდა, ნაცრისფერმა გადაჰკრა, ხელით იქვე მდგომ მაგიდას დაეყრდნო და გაირინდა… ანდრეასის თავს ქარაშოტად დატეხილი მღელვარება ჩვენც გადმოგვედო და ერთხანს მივჩერებოდით გახევებულნი… ჩამოვარდნილმა სიჩუმემ აუტანელზე მეტხანს გასტანა. შემდეგ ვინ ბოდიშს იხდიდა, ვინ ტუქსავდა, ვინ მხრებს იჩეჩავდა და ამაოდ იმართლებდა თავს… ჩვენი ჩია ბერძენი კი მთელი შინაგანი ძალისხმევით ცდილობდა თვალის უპეზე მომდგარი ცრემლის უკან ჩაბრუნებას… ბოლოს მაინც გამოექცა ერთი წვეთი, სწრაფად ჩამოირბინა მარცხენა ლოყა და, თითქოს ჩვენგან დამალვა ეჩქარებაო, ულვაშში გაუჩინარდა…

ანდრეასის მთელი გულის დარდი ცრემლის ამ ერთმა წვეთმა გამორეცხა შიგნიდან. თავი არც აუწევია, ისე მოგვიხადა ბოდიში და გაგვერიდა…

მეორე დღეს ადრე მივედი სამსახურში. ანდრეასი უკვე თავის მაგიდასთან იჯდა. მივესალმეთ ერთმანეთს. პეტრეპავლობის დღესასწაულს ზეიმობდა საქართველო. ეს რომ ვამცნე, ადგა, მოვიდა, მომილოცა და ხანმოკლე პაუზის შემდეგ დასძინა: დღევანდელ დღეს თურქეთის არმია ჩემს სოფელში შემოიჭრაო, მე მაშინ 12 წლის ვიყავიო… კიდევ რაღაცას მიყვებოდა, მაგრამ არაფერი გამიგია, რადგან ახლა მე ვიბრძოდი მთელი ძალისხმევით, როგორმე ცრემლი უკან რომ ჩამებრუნებინა…

იმ წამს ანდრეასი ხელახლა დაიბადა ჩემთვის… მაშინ მივხვდი, რატომ დაფრინავდა ათენში უკრაინის ავიახაზებით… კიდევ ერთხელ გამახსენდა ოდესღაც ბავშვობაში წაკითხული კოლინ მაკალოუს ფრაზა ბერძენ ხალხზე “ეკალ-ბარდებში მომღერლიდან” და მივხვდი, რა ზუსტად დაუნახავს თავისი მატერიკის შორეული წერტილიდან ერთი ციცქნა საბერძნეთი…

რამ გამახსენა ანდრეასი? დღეს სტუდენტებთან ელექტროლიზის საკითხებს ვარჩევდი. ელექტროლიზის აბაზანაშიც ნატრიუმის ქლორიდის იონები გარეგანი ფაქტორის მოქმედებამდე ისევე მშვიდად თანაარსებობენ, როგორც ერთ დროს თურქები და ბერძნები კუნძულ კვიპროსზე. უფრო მეტიც – თუმცაღა ნატრიუმი და ქლორი სხვადასხვა ბუნებისანი არიან და ურთიერთსაპირისპიროდ არიან დამუხტულნი, სანამ ისინი ერთად სახლობენ, სისტემა ნეიტრალურია და მდგრადი. გარეშე ძალის (ელექტრული დენი) ზემოქმედებით კი ეს იონები ერთმანეთს სცილდებიან, დაჯარდებიან, თავქუდმოგლეჯილნი მიიჩქარიან ვიღაცის მიერ სისტემაში ჩადებული ელექტროდებისკენ და ივიწყებენ ერთმანეთს. კიდევ რა არის საინტერესო (და დამაფიქრებელი) მათ ქცევაში? დამუხტული ერთგვაროვანი იონები ერთმანეთსაც ვეღარ იტანენ, ახლოს აღარ იკარებენ და საწინააღმდეგო ელექტროდებისკენ ურთიერთქიშპით, ხელის კვრითა და გზიდან გადაგდებით მიიქჩარიან – არავინ მიგვასწროსო, თუმცა მასთან მიახლოებულნი (ვინ იცის, ნანობენ კიდეც, მაგრამ რაღა დროს) ელექტრონების გაცემა-მიერთებით სხვა ნაერთებად გარდაიქმნებიან და უწინდელი სახის დაბრუნებას ვეღარ შეძლებენ.

იქნებ მკითხოთ, ელექტროლიზის ასახსნელად ამ სიშორეს წასვლა რა საჭირო იყოო. აბა, რა გითხრათ… სხვის პრობლემებზე უფრო ადვილია საუბარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარისა გრცხვენია…

მოსწავლეთა “ცუდი ქცევის” ფსიქოლოგიური მოტივები, პრევენცია, მართვა ნაწილი მე-5.

0
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს, იგრძნონ თავიანთი ინტელექტუალური კომპეტენტურობა 
ქცევითი დარღვევების თავიდან აცილება მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი – მოსწავლე პატივს უნდა სცემდეს საკუთარ თავს. ის უნდა გრძნობდეს, რომ: 1. შეუძლია სასწავლო ამოცანის გადაწყვეტა, 2. შეუძლია, ორმხრივ სასარგებლო ურთიერთობა ააგოს მასწავლებელთან და 3. შეაქვს თავისი წვლილი საკლასო კოლექტივში. თუ ეს ასეა, მას აღარ გაუჩნდება სურვილი, დახარჯოს ენერგია ცუდ ქცევაში.

რწმენა, რომ ნიჭიერი ხარ, გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ნიჭიერების რეალური დონე, ყოველ შემთხვევაში, მოტივაციის თვალსაზრისით, ეს კი სწავლის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ეს რწმენა წარმატებას არა მარტო ფორმალურად, არამედ ემოციურადაც განგვაცდევინებს. მოსწავლეები, რომლებსაც სჯერათ თავიანთი ნიჭიერების, სკოლაში თავს კარგად და თანაც წარმატებულად გრძნობენ. მასწავლებელმა კი უნდა გაითვალისწინოს, რომ ნიჭი კარგად სწავლის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი კომპონენტია. „შეიძლება იყო ნიჭიერი, მაგრამ თუ არ ხარ მიზანსწრაფული, სწავლაში წარმატებას ვერ მიაღწევ” (ანასტაზი).

რა შეიძლება გაააკეთოს მან ამ თვალსაზრისით?

სტრატეგია 1. განიხილეთ შეცდომა ბუნებრივ და საჭირო მოვლენად. უპირველესად, იმუშავეთ იმაზე, რომ მოსწავლეს გაუქრეს შეცდომის შიში. ბავშვები ხშირად თავიანთ შეცდომებს ხედავენ, სხვისას კი ვერა (ან ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ), ამიტომ შესაძლოა, თავი სხვებზე უარესებად მიაჩნდეთ. მასწავლებელს შეუძლია, შეუცვალოს მათ საკუთარ თავისადმი დამოკიდებულება, თუ აჩვენებს, რომ შეცდომა ყველას მოსდის და ეს ბუნებრივია. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა თამაში, მაგ., “პაროლობანა”. მისი იდეა ასეთია: როცა ზარი დაირეკება, ჩადექით კარში და გამოაცხადეთ, რომ მოსწავლეებს კლასიდან მხოლოდ პაროლის თქმის შემდეგ გაუშვებთ. პაროლი კი ისაა, რომ თითოეულმა მათგანმა უნდა დაასახელოს ერთი შეცდომა, რომელიც ოდესღაც მოუვიდა და რომელმაც რაღაც ასწავლა (ნებისმიერ საგანში). თავდაპირველად მოსწავლეებს უჭირთ ამ თამაშში ჩართვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამას თავად გააკეთებთ, ის სასიამოვნო გასართობად იქცევა. შეიძლება, თამაში ასეთ რამესაც გულისხმობდეს: „როგორ მოვიქცეთ, რომ ეს შეცდომა აღარ გავიმეოროთ?” – და სხვა. მასწავლებლმა შესაძლოა ასეც უთხრას მოსწავლეს: „შეცდომა უკვე დაშვებულია, ახლა ვნახოთ, რას გვეუბნება ის”, – ან იუმორი მოიშველიოს: „ეს შეცდომაა, მაგრამ არა უშავს; შენ რომ შეცდომებს არ უშვებდე, მე სამსახურიც არ მექნებოდა”. ცნობილია შემთხვევები, როცა დიდი საწარმოები აჯილდოებენ თანამშრომლებს, რომელთა შემოქმედებითი იდეები ჩავარდა, მაგრამ მათ განიხილავენ როგორც არასტანდარტულს და ღირებულს.

როგორც ვიცით, მასწავლებლის ე.წ. “წითელი ფანქრის” აზროვნებას აყალიბებს პედაგოგიური პრაქტიკის წლები. მასწავლებელი მცირე შეცდომებზეც კი ავტომატურად რეაგირებს. უარი თქვით ამ პრაქტიკაზე. ნურც პრაქტიკულად გამოიყენებთ წითელ ფანქარს და ნუ დაუბრუნებთ მოსწავლეს წითლად გადახაზულ რვეულებს. ბავშვები ნაკლებად ენდობიან ფურცელს, რომელიც შეცდომას სამუდამოდ აღნუსხავს. თუმცა ეს კონსტრუქციულ კრიტიკაზე უარის თქმას არ ნიშნავს. ერთ ჯერზე გაასწორებინეთ ერთი ან ორი შეცდომა, ნახავთ, რომ შიშის დაძლევა უფრო მეტს მოგცემთ, ვიდრე წითელი პასტით აჭრელებული რვეული.

სტრატეგია 2. გამოუმუშავეთ მოსწავლეებს წარმატების რწმენა. ამისთვის გამოიყენეთ ხერხები, რომელთა ღერძს პოზიტიური უკუკავშირი წარმოადგენს. ჩვეულებრივ, მასწავლებელი ელოდება, როდის ამოხსნის მოსწავლე ამოცანას უშეცდომოდ. ასეთი განწყობით დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. პროცესს მეტი ყურადღება მიაქციეთ, ვიდრე შედეგს,  ხაზი გაუსვით ყოველგვარ წინსვლას, თუნდაც უმნიშვნელოს, წარმოაჩინეთ მოსწავლის ძლიერი მხარეები. როგორც კი მცირე უკეთესობას შეამჩნევთ, ჩაუწერეთ ეს რვეულში. ყველა მოსწავლე უხარია ქება და ეძლევა უფრო მეტი მოტივაცია წარმატების გასამეორებლად. ეს ძალზე ეფექტიანი სტრატეგიაა. 

არასოდეს შეადაროთ მოსწავლეები ერთმანეთს. შესაძლოა, მოსწავლე სათანადოდ ვერ წერდეს, მაგრამ კარგი იყოს ზეპირ გამოკითხვასა და დისკუსიაში. ხაზი გაუსვით თითოეულის შესაძლებლობებს. ამით ისინი საკუთარ კომპეტენტურობას იგრძნობენ.

ბევრ მასწავლებელს ეშინია, მოსწავლეებს “თავში არ აუვარდეთ”. ეს შეცდომაა. ადრე ნახსენები თამაში “პაროლობანა” აქაც დიდ სამსახურს გაგვიწევს: შესთავაზეთ მოსწავლეებს, დაასახელონ თავიანთი ძლიერი, კარგი მხარეები, ან ფურცელზე დაწერონ – ეს იქნება გარეთ გასაშვები ბილეთი. აჩვენეთ, რომ მათი წარმატების გჯერათ. მაგრამ მოლოდინი გულწრფელი უნდა იყოს – მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება ის ძლიერი ინსტრუმენტი. კომენტარები: “შენ ამას შეძლებ”,”შენ ერთი მათგანი ხარ, ვისაც ამის უნარი აქვს” და სხვა, – სასარგებლო აღმოჩნდება მოსწავლისთვის. უთხარით: “შენი შესაძლებლობების პატრონი, უკეთეს შედეგსაც მიაღწევ”, – და არა “შენთვის ეს შედეგიც არ არის ურიგო”, – თუნდაც მართლა ასე იყოს.

აღიარეთ თქვენ მიერ მიცემული ამოცანების სირთულე. ნურასოდეს იტყვით, რომ დავალება ადვილია. თქვით, რომ რთულია, მაგრამ გჯერათ, მოსწავლეები თავს გაართმევენ. “ადვილი” დავალების შეუსრულებლობა დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეებს უფრო მეტად დაუქვეითებს საკუთარი თავის რწმენას. თუ რთულ ამოცანებს შეასრულებენ, ცხადია, თვითშეფასებაც აუმაღლდებათ.

ზოგჯერ შეუზღუდეთ ამოცანის ამოხსნისთვის გამოყოფილი დრო. თუ ხედავთ, რომ მოსწავლე ვერაფერს ახერხებს და დროის დამატებას აზრი აღარ აქვს, თქვით: “დავამთავრეთ”. ამით თქვენ მას იხსნით წარუმატებლობის განცდისგან – იმიტომ ვერ გააკეთა, რომ ვერ მოასწრო.

სტრატეგია 3. ხაზი გაუსვით წარსულ წარმატებებს. 

უფროსები ყურადღებას უმთავრესად იმაზე ამახვილებენ, რას ვერ აკეთებს ბავშვი კარგად. ისინი ფიქრობენ, რომ ამით ბავშვს აიძულებენ, მომავალში უკეთესი გახდეს, მაგრამ ეს ასე არ არის. განათლების ფსიქოლოგებს, პირიქით, მიაჩნიათ, რომ ერთადერთი უხიფათო გზა, რომელიც ბავშვს სწავლის მოტივაციას გაუძლიერებს, არის ხაზგასმა ყოველივე იმისა, რასაც იგი სწორად აკეთებს.

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ წარმატებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, ძალისხმევის ზომა, სხვების დახმარება, ამოცანის სირთულე, გამართლება. მოსწავლეს მხოლოდ პირველი ორის მართვა შეუძლია. ჩვენ მას იმის გაგებაში უნდა დავეხმაროთ, რომ სწორედ ეს ორია მთავარი. თუ მოსწავლე კითხვაზე: “შენი აზრით, რამ განაპირობა წინა კვირას შენი წარმატება ამოცანის ამოხსნისას?” – გიპასუხებთ: “ძალიან მოვინდომე”, ან: “ვიცოდი, თავს გავართმევდი”, – დაუდასტურეთ და შეგიძლიათ, აღარ გააგრძელოთ, მაგრამ თუ მან გიპასუხათ, რომ დაეხმარნენ, უთხარით: “კი, მართალია, მაგრამ შენ ცდილობდი და თანაც ნიჭიერი ხარ”. თუ გითხრა, რომ დავალება ადვილი იყო, უთხარით: “ეს შენთვის იყო ადვილი”. თუ გითხრათ, რომ გაუმართლა, დააზუსტეთ: “შენ განაპირობე შენივე იღბალი, რადგან უნარი გაქვს და მონდომებულიც ხარ”. გაიმეორეთ და განამტკიცეთ წარმატებები. თუ მოსწავლე ახალ მასალაში მოიკოჭლებს, ნუ იჩქარებთ, დაუბრუნდით მის მიერ წარმატებით ამოხსნილ ამოცანას და გაიმეორეთ ის. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ხერხია. მოსწავლეებს უყვართ წარმატების დემოსტრირება. მიეცით ამის საშუალება, გაამეორებინეთ, გამეორება ხომ ცოდნის დედაა. ამით იზრდება შანსი, ახალი მასალაც უკეთ გაიგოს. უფროსებსაც მოგვწონს ეს ხერხი – დააკვირდით რა ხშირად ვაკეთებთ იმ კერძს, რომელიც კარგად გამოგვდის.

სტრატეგია 4. გახადეთ სწავლების პროცესი ხელშესახები. ერთერთი მიზეზი, რის გამოც მოსწავლეებს არ სჯერათ თავიანთი წარმატებისა, ის არის, რომ ისინი ვერ გრძნობენ პროგრესს. შეფასება არ იძლევა ამისთვის საკმარის ინფორმაციას. მაგ., თუ მოსწავლეს საგანში 6 ქულა აქვს, მან შესაძლოა ჩათვალოს, რომ წინ არ მიდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დაწყებითი კლასის მოსწავლისთვის. მათთვის აუცილებელია, შეკითხვა “რა მიიღე?” შეიცვალოს შეკითხვით “რა ისწავლე?”

წახალისების მიზნით მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს ასეთი ხერხი, მაგ., პირველ კლასში მათემატიკის სწავლებისას: რა მოქმედებასაც დაეუფლება მოსწავლე, იმის აღმნიშვნელი წებოვანი ფურცელი ეკვრება მის მერხს. “შეკრება”, “გამოკლება”, “გამრავლება”, “გაყოფა”… ბავშვებს მოსწონთ ეს კოლექცია და მისი სიმრავლით ამაყობენ. ეს კარგი თვალსაჩინო მასალაა მშობელთა კრებისთვისაც – მასში ხომ თითოეული ბავშვის შესაძლებლობები და მონდომებაა ჩადებული.

წარმატების ალბომები. უფროსკლასელებმა შეიძლება ასეთ ალბომებში თავი მოუყარონ მათემატიკურ ამოცანებს, თემებს და სხვადასხვა პროექტში შესრულებულ სამუშაოებს, ასევე – წაკითხულ წიგნებს. მთავარია, ალბომი იყოს ინდივიდუალური და უკავშირდებოდეს პროგრამას. ერთმანეთს ნუ შეაჯიბრებთ მათ, ხაზი გაუსვით, რომ განვითარების პიროვნული გზა განსხვავებულია.

საუბარი გუშინდელის, დღევანდელისა და ხვალინდელის შესახებ. სხვა ხერხებთან ერთად ძალზე ეფექტიანია ეს მეთოდიც. მაგ., “მოკლედ მოგვიყევი იმის შესახებ, რომ შარშან ერთი სიტყვაც არ იცოდი, მაგ., ინგლისურ ენაზე, რა იცი დღეს და რა გეგმები გაქვს სამომავლოდ”. ცხადია, ეს საუბრები კორექტული უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყოს თვითრწმენის ამაღლებას. ისიც უნდა ითქვას, რომ წარსული წარუმატებლობა არაფერია, თუ დღეს გაცილებით წინ წაიწიე და ამდენი და ასეთი საინტერესო გეგმა გაქვს ხვალისთვის.

სტრატეგია 5. მიღწევების აღიარება. არიან წარმატებული მოსწავლეებიც და ისეთებიც, რომლებსაც განსაკუთრებული დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა წარმატებას მიაღწიონ. მათთან შეიძლება გამოვიყენოთ მხარდაჭერის რამდენიმე ხერხი:

აპლოდისმენტები. ქების სიტყვებში ენთუზიაზმი უნდა იგრძნობოდეს. მაგ.: “ყოჩაღ, ნინი, შენი მოხსენება (თხზულება) ისეთივე გემოვნებიანია, როგორიც შენი ნახატები”. თუ შეამჩნიეთ, რომ ანა, რომელსაც უჭირს კოლექტივში ჩართვა, ფიზკულტურის გაკვეთილზე თამაშში ჩაერთო, უთხარით: “ანა, ვხედავ, შენი წყალობით გუნდი ახლებურად თამაშობს”. მოსწავლე უნდა შევაქოთ სკოლის გარეთ მიღწეული წამატებისთვისაც.

ვარსკვლავები და სტიკერები. უმცროსკლასელებს ეს ძალიან მოსწონთ, სახე უბრწყინდებათ და მადლიერებას გამოხატავენ. თუ სხვა მასწავლებელმაც იგივე გააკეთა, უთხარით, რომ მოხარული ხართ. მედლები და ჯილდოები ეძლევათ მათ, ვინც შინაც კარგად იქცევა და სკოლაშიც. დაიხსომეთ, უნდა შევაქოთ ასაკისა და შესაძლებლობების შესატყვისი მცდელობა, გულმოდგინება და არა “საუკეთესო შედეგი”. იუმორისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებისთვის ზოგჯერ შეიძლება უცნაური ხერხი გამოვიყენოთ და დავაჯილდოოთ მოსწავლე, მაგ., “გადაწერის საუკეთესო და ორიგინალური ხერხის გამოყენებისთვის” (ჯილდოც მოიფიქრეთ).

მოაწყვეთ თხზულებების, ნახატების, მოხსენებების გამოფენა. კარგი იქნება, თუ სხვა კლასსაც მოიწვევთ.

პოზიტიური იზოლაცია. ზოგჯერ მოსწავლეს ქცევითი დარღვევისთვის იზოლაციაში ვამყოფებთ. ეს ნეგატიური გამოცდილება შეიძლება შეიცვალოს, თუ ორგანიზაციას გავუწევთ პოზიტიურ იზოლაციას. ამ მიზნით ბავშვი შეიძლება გაიგზავნოს სკოლის დირექტორთან, ფსიქოლოგთან ან სხვა, რომლებიც დაადასტურებენ მოსწავლის წარმატებას. ეს მეთოდი კარგად მოქმედებს საკუთარ თავში დაურწმუნებელ ბავშვებზე. შეიძლება სხვა ხერხის გამოყენებაც. მაგ., გაკვეთილის შემდეგ ცოტა ხნით დაიტოვოთ ბავშვი და ესაუბროთ მის წარმატებაზე. კარგია “სკამი პლუს ნიშნით” – მოსწავლისთვის, რომელმაც დღევანდელ გაკვეთილზე თავი კარგად წამოაჩინა.

თვითაღიარება. ბავშვი საკუთარი წარმატების აღიარებას სხვისგან ელოდება. ასწავლეთ მას საკუთარი წარმატებების შეფასება, მაგ., ასე: “დაფიქრდი, შენი რომელი წარმატება ღირს იმად, რომ სხვასაც გააცნო”. ასეთი განცხადების გაკეთება თავდაპირველად ბავშვებს უჭირთ, განსაკუთრებით – დაბალი თვითშეფასების მქონეთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ისინიც ახერხებენ.

წინადადება მასწავლებლებს: მოსწავლეთა პრობლემების იდენტიფიცირების, საჭიროებების დადგენისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. დაუმთავრებელი წინადადებების მეთოდი. მოსწავლეებს დაურიგეთ დაუსრულებელი წინადადებების ჩამონათვალი, სთხოვეთ მათი დასრულება (შეგიძლიათ, ჩამონათვალი თქვენი ინტერესების შესატყვისად შეადგინოთ), მაგ., ასეთი:

1. ნიჭიერების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ მე…
2. ჩემი აზრით, მონდომება სწავლაში…
3. როდესაც შეცდომა მომდის…
4.  სხვისი შეცდომების მიმართ…
5. შეცდომის აღიარება…
6. მასწავლებლის მიერ ჩემს რვეულში გაკეთებული შენიშვნები…
7. როდესაც ვინმეს მადარებენ…
8. წარსული წარმატებების გახსენება…

„მრგვალი მაგიდა“ და სწავლების აქტიური მეთოდები

0
„სწავლა-სწავლების” პრინციპით სასწავლო მოღვაწეობის ორგანიზებას ხელს უწყობს სწავლების აქტიური მეთოდები. ისინი სპეციალური ღონისძიებებისა და საშუალებების გამოვლენით პიროვნების თვითშემეცნებისა და თვითგანვითარებისთვის აუცილებელ პირობებს ქმნიან. ამ მეთოდების განსაკუთრებულ მხარე ის არის, რომ მათი რეალიზება მოსწავლისა და მასწავლებლის ერთობლივი მუშაობის გარეშე შეუძლებელია.

საზოგადოდ, სწავლების მეთოდების კლასიფიკაციაში ძირითადად სწავლების სამი მხარე გამოიყოფა:
ტრადიციული;
ახალი (იმიტირებული);
უახლესი (განმავითარებელი) ფორმები და მეთოდები.

სწავლების ყველა ფორმა და მეთოდი პირობითად ორ ნაწილად იყოფა – ევრისტიულ (შემოქმედებით, არაპროგრამირებულ, ახალი გზების აღმოჩენისკენ მიმავალ) და პროგრამირებულ (ალგორითმული პროგრამები) ნაწილებად.

სწავლების ტრადიციული ფორმები (ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა, ლექცია-ტრენინგი და ა.შ.)
უზრუნველყოფს გარკვეული ცოდნისა და უნარის დაუფლებას, ხელს უწყობს ცოდნის ტრანსფერს და შესაბამისი უნარების გამომუშავებას. ამ დროს ძირითად პრობლემას წარმოადგენს იმ მოსწავლეთა მოტივაცია, რომლებიც საკუთარი ძალებით ეუფლებიან განათლებას, რადგან მათი სურვილის, მათთან კონტაქტის გარეშე მასწავლებლები მათთვის ახალი ცოდნის გადაცემას ვერ მოახერხებენ.

სწავლების ახალი ფორმები (სწავლების იმიტირებული მეთოდები) უზრუნველყოფს აზროვნების როლისა და სწავლის მოტივაციის გაძლიერებას. მათ წარმატებით იყენებენ დისტანციური განათლებისა და სწავლების არაკლასიკური ფორმების (მაგ., ტრანსლაციური სწავლების) დროს.

სწავლების უახლესი ფორმები (ინოვაციური თამაშები, მოსწავლეთა მაორგანიზებელი თამაშები) განაპირობებს ინტელექტუალური და თვითგანვითარების კულტურის ფორმირებას. ამ დროს მოსწავლე ავლენს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს, უყალიბდება თვითორგანიზების მექანიზმი.

სწავლების აქტიური მეთოდების მახასიათებლებია:
აზროვნების მიზანმიმართული აქტიურობა (მოსწავლე აქტიური უნდა იყოს, თუნდაც თავისი სურვილის მიუხედავად, მისგან დამოუკიდებლად);
სასწავლო პროცესში მოსწავლის განუწყვეტელი ჩართულობის უზრუნველყოფა (რათა მოსწავლის აქტიურობა მდგრადი და ხანგრძლივი იყოს);
დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უნარის გამომუშავება (რომელიც აამაღლებს მოსწავლის მოტივაციას და ემოციურ დონეს);
სასწავლო პროცესის ორგანიზაციულ საკითხებში მოსწავლეებისა და მასწავლებლების ერთობლივი საქმიანობა.

სწავლების აქტიური მეთოდები

არაიმიტირებული

იმიტირებული

არასათამაშო

სათამაშო

პრობლემური სწავლება

კონკრეტული სიტუაციების ანალიზი

საქმიანი თამაში

ლაბორატორიული სამუშაო

იმიტირებული სავარჯიშო

როლების გათამაშება

პრაქტიკული მეცადინეობა

ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება


თამაშის პროექტირება

ევრისტიული ლექცია

დოკუმენტაციის შერჩევა

როლების ავტომატიზება

სემინარი

თემატური დისკუსია

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

პროგრამირებული სწავლება

საკურსო სამუშაო

სადიპლომო პროექტირება

საწარმოო სწავლა, მეცადინეობა

პრაქტიკული საქმიანობისას მასწავლებელს შეუძლია სწავლების აქტიური მეთოდებიდან გამოიყენოს მისთვის მისაღები, კონკრეტული სიტუაციის შესაბამისი ხერხები. მაგალითად, რაიმე საკითხის ახსნის, შექმნის, ობიექტის სრულყოფის პროცესის ანუ იმიტირების დროს შეუძლია გამოიყენოს „თამაშის პროექტირების” მეთოდი; ასევე მის ხელთაა ტესტირება (დიაგნოსტირების მეთოდი) – დავალებების სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, გავზომოთ თითოეული მოსწავლის განვითარების დონე; „საქმიანი თამაშის” მეთოდით კი მოახდენს პირობით გარემოში რეალური პროცესების მოდელირებას.

ამ მეთოდის განმსაზღვრელი აუცილებელი ნიშნებია:
პროცესის წარმოება;
საქმიანი მოდელირებისთვის საჭირო ობიექტის არსებობა;
თამაშის მონაწილეებს შორის როლების განაწილება;
ამა თუ იმ როლის შესრულებისას მონაწილეთა ურთიერთზემოქმედება;
მონაწილეების ინტერესთა სხვადასხვაობა;
კონფლიქტური სიტუაციის არსებობა თამაშში;
მთელი ჯგუფისთვის საერთო მიზნის არსებობა;
თამაშის მსვლელობისას „გადაწყვეტილებათა ჯაჭვის” რეალიზაცია;
თამაშის დროს ჯგუფის თითოეული წევრის და მთლიანად ჯგუფის შეფასება.
საზოგადოდ, სასწავლო თამაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სწავლების მეთოდადაც და სწავლების ორგანიზების ფორმადაც.
 
სასწავლო თამაშების კლასიფიკაციის სქემა:

სასწავლო თამაში გამოიყენება:

სასწავლო პროცესში სივრცობრივდროითი ორიენტაციისას: ისტორიული თამაშები (პრეცედენტის მეთოდის მიხედვით); ტაქტიკური თამაშები, შეჯიბრება;

მოთხოვნილების (ნებელობის) მიხედვით: თამაში- ტრაგედია, მშვიდი ან ზედმეტად მკაცრი თამაშები, კომედიები;

შინაარსისადამიზანმიმართულებისმიხედვით: საქმიანითამაშები, ორგანიზაციულშემოქმედებითითამაშები; საზოგადოდ, როლური თამაშები;

შემეცნებისმიხედვით: დიდაქტიკურითამაშები; თამაშივარჯიში; შემოქმედებითი (კონსტრუქტიული), ევრისტიული, კვლევითი თამაშები;

განხორციელების ფორმის მიხედვით: საგნობრივი, ინსტრუმენტული და ინტელექტუალური თამაშები.


სწავლების მეთოდებიდან უკანასკნელ ხანს აქტიურად გამოიყენება მეთოდი „მრგვალი მაგიდა”. ეს არის მეთოდების ჯგუფი, რომლის საფუძველია პრობლემის ჯგუფურად გადაწყვეტის პრინციპი. იგი სხვადასხვა სახის სასწავლო მეცადინეობას მოიაზრებს.

კონკრეტულად „მრგვალი მაგიდის” მეთოდების ჯგუფში ერთიანდება შემდეგი ქვეჯგუფები:

I – სასწავლო სემინარები:

ა) საგანთაშორისი სემინარი – მეცადინეობაზე გამოაქვთ თემა, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ასპექტით: პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, იურიდიული, ზნეობრივი და სხვ. სემინარზე შეიძლება შესაბამისი პროფესიის სპეციალისტების მოწვევა, მსმენელებს შორის განაწილებულია მოხსენების თემებიც. ასეთი სემინარი იძლევა მოსწავლეთა აზროვნების გაფართოებისა და პრობლემის კომპლექსური შეფასების საშუალებას.

ბ) პრობლემაზე ორიენტირებული სემინარი – კურსის თითოეული თემის შესწავლის წინ ხდება თემის შინაარსთან დაკავშირებული პრობლემის განხილვა. შემდეგ მოსწავლეებს ავალებენ პრობლემების შერჩევასა და ახსნას. პრობლემის განხილვა ხდება სემინარზე, ჯგუფური დისკუსიის დროს.
გ) პრობლემაზე ორიენტირებული სემინარი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მსმენელთა შესაძლებლობები ცალკეული კუთხით. ამავე დროს ის იწვევს მძაფრ ინტერესს სასწავლო კურსის აღნიშნული თემის მიმართაც.

დ) თემატური სემინარი – მზადდება და ტარდება რომელიმე აქტუალურ თემაზე ანდა მის რომელიმე საკითხზე აქცენტირებისთვის. სემინარის დაწყების წინ მოსწავლეებს აძლევენ დავალებას – გამოყონ თემის არსებითი მხარეები, იპოვონ კავშირები პრაქტიკულ ცხოვრებასთან, საქმიანობასთან. თემატური სემინარები წარმართავს მონაწილეთა ინტერესს განსახილველი საკითხის გადაწყვეტის საშუალებათა მოძიებისკენ.

ე) ორიენტაციული – ასეთ სემინარზე განხილვის საგანია ნაცნობი თემების ახალი ასპექტები, შესწავლილი პრობლემების მოგვარების გზები, გამოქვეყნებული ოფიციალური მასალები, დირექტივები.

ვ) სისტემური სემინარები – ისინი ტარდება მთლიანად კურსის ანდა რომელიმე თემის პრობლემატიკის შესასწავლად (თემატიკა შეიძლება იყოს, მაგალითად, „კულტურული ღირებულებების სისტემა და ადამიანის სულიერი განვითარება”). ასეთი სემინარები ხელს უწყობს მოსწავლეს, ფართოდ გამოავლინოს შესაძლებლობები, არ ჩაიკეტოს ვიწრო წრეში, აღმოაჩინოს მიზეზშედეგობრივი კავშირები, ყურადღებით შეისწავლოს საზოგადოებრივ-ეკონომიკური ცხოვრების სხვადასხვა მხარე.

II – სასწავლო დისკუსია

იგი ტარდება:

სალექციო მასალების მიხედვით;
პრაქტიკული მეცადინეობების შედეგებით;
პრობლემების მიხედვით, რომელებსაც გამოყოფენ თავად მსმენელები;
შესასწავლი სფეროს მოვლენებისა და ფაქტების საფუძველზე;
ნაბეჭდი პუბლიკაციების მიხედვით.

სასწავლო დისკუსიისას ახალი ინფორმაციის მოცულობის გაზრდის გზით ხდება ცოდნის გამტკიცება; იგი ხელს უწყობს კამათის ხელოვნების გამომუშავებას, საკუთარი აზრის დამტკიცებას და დაცვას, სხვისი აზრის პატივისცემას.

III – სასწავლო შეხვედრები „მრგვალ მაგიდასთან”

მეთოდის უფრო მეტი ეფექტურობისთვის ძალიან სასარგებლოა „მრგვალ მაგიდასთან” სხვადასხვა სპეციალისტის (მეცნიერების, ხელოვნების მუშაკების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელების და სხვ.) მოწვევა. ყოველი ასეთი შეხვედრის წინ მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, განსახილველად წამოსწიონ მათთვის საინტერესო საკითხები. შერჩეული საკითხები შესაბამისი პასუხების მოსამზადებლად გადაეცემათ „მრგვალ მაგიდასთან” მოწვეულებს.

„მრგვალ მაგიდასთან” გამართული სხდომა აქტიურად და საინტერესოდ რომ წარიმართოს, აუცილებელია დისკუსიისა და აზრთა თავისუფალი გაცვლისთვის აუდიტორიის წინასწარ მომზადება.

„მრგვალი მაგიდის” გამართვისას მოსწავლეებს აქტიურობის ასამაღლებლად სთავაზობენ რამდენიმე კრიტიკული, მწვავე საკითხის განხილვას; ამავე დროს ამა თუ იმ პრობლემის თვალსაჩინოებისთვის კარგი იქნება კინო-ფოტო-დოკუმენტური, საგაზეთო, გრაფიკული, დიაგრამული მასალების გამოყენებაც. ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ განხილვისას არ უნდა მოხდეს თემიდან გადახვევა, გამომსვლელებმა მონაწილეობა მიიღონ აზრთა თავისუფალი გაცვლის პროცესში და მათ გამოსვლას არ ჰქონდეს მოხსენების ხასიათი.

აღნიშნული ჯგუფი შეგვიძლია ორ „ბანაკადაც” გავყოთ და თითოეულ მათგანს მივცეთ სხვადასხვა დავალება.

მაგალითად, ერთ ჯგუფს შეიძლება მიეცეს ასეთი დავალება/თეზისი: „ძალიან თვალსაჩინო ფაქტების მიღება და აღიარებაც კი არ შეიძლება უარგუმენტოდ”. მეორე ნაწილს შეიძლება შევთავაზოთ ასეთი პრინციპი: „გაუმართლებელია დროის დახარჯვა ჭეშმარიტების მტკიცებაზე, რადგან ყოველი განათლებული ადამიანი თავად მიხვდება, რა არის ჭეშმარიტი და რა – არა”.

გთავაზობთ „მრგვალი მაგიდის” ორგანიზების მაგალითს: 6 მონაწილეს სთავაზობენ სამ-სამი იდეის წამოყენებას დასახული პრობლემის გადაჭრისთვის. მონაწილეები იდეებს იწერენ თავიანთ ბლანკზე, მერე კი წრეში გადაცემენ ერთმანეთს და ასე იქცევიან ხუთჯერ.

აღნიშნული მეთოდების გამოყენება სწავლა/სწავლების პროცესს გაააქტიურებს და გაახალისებს, გაზრდის მოსწავლის კომუნიკაბელურობას, გააცნობს მას ცოდნის მოპოვების ალტერნატიულ გზებს, აამაღლებს სასწავლო მოტივაციას და გაცილებით ეფექტურს გახდის მთლიანად სასწავლო პროცესს.

მითი მედეაზე

0
სამწუხაროა, ისე მოხდა, რომ არასოდეს მისწავლებია მეთორმეტე კლასისათვის, არადა, მეთორმეტე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო ჩემი ფავორიტია, ამის ორი მიზეზი მაქვს: პირველი მიზეზი ძალიან სუბიექტურია _ ამ წიგნის კონცეფციით მაღალ დონეზე შესრულებული თარგმანი უკვე მიმღები ენისა და ლიტერატურის ნაწილია და ვთქვათ, დავით წერედიანის მიერ თარგმნილი ,,დიდი და მცირე ანდერძი” ისე უნდა აღვიქვათ, როგორც ქართული ლიტერატურის ძეგლი, და ეს კონცეფცია მე გულზე მეფონება; ხოლო მეორე მიზეზი  კიდევ უფრო სუბიექტურია _ შემდგენელთა ლიტერატურული გემოვნება სრულად ემთხვევა ჩემსას. აი, თუნდაც ჰერმან ჰესეს ,,სიბერე”, ნამდვილი ლიტერატურა ხომ ძალიან დამაჯერებელია _ ამ ტექსტმა არათუ გამიქრო სიბერის შიში, მეტიც, სიბერისადმი ინტერესი და მოლოდინის გრძნობაც კი გამიჩინა; მერე კი  ქალბატონი მედეა ზაალიშვილი გავიცანი და ახლა უკვე ლიტერატურულის გარდა, ცხოვრებისეულმა მაგალითმაც დამარწმუნა, რომ მოხუცებულობა ადამიანის ცხოვრების ისეთივე მშვენიერი პერიოდია, როგორც ვთქვათ, პირველი სიყვარული ანდა სტუდენტობა.

მაშინ, როცა უკვე ჩვენი რეალობისთვის ტრადიციად ქცეული სიძულვილის საყოველთაო ამოფრქვევები დახრჩობას მიპირებს და მაშინ, როცა ჩემი მცდელობა, შევინარჩუნო წონასწორობა და საღი აზრი, ყოველი მხრიდან ეგზალტირებულთა აღშფოთებას აწყდება, სახლში დავიბარებ ხოლმე: ,,ქალბატონ მედეასთან მივდივარ!” და მივაშურებ იმ ადგილს, სადაც დროს ყოველგვარი ავი თუ კეთილი ვნებათაღელვა, კარგი თუ ბოროტი თავის ფილტრში გაუტარებია და უქცევია ერთ რამედ _ ძვირფას მოგონებებად სიცოცხლეზე; და მოხუცებულობის ამ განსაწმენდელში იოლია იმის გაცნობიერება, რომ რაც დღეს მტანჯველია და აღმაშფოთებელია, ხვალ აუცილებლად კეთილად მოსაგონებელ წარსულად იქცევა, ვინაიდან სიცოცხლე ისეთი მშვენიერია, ოდესმე მისი მწარე გაკვეთილებიც ღიმილით გაგვახსენდება.

  ქალბატონი მედეა შესანიშნავი მთხრობელია, მაგრამ იშვიათად წერს თავის მოგონებებს, ამიტომ მე გადმოგცემთ ჩრდილის ჩრდილად მის მონაყოლ ამბებს. თუ ბოლომდე წაიკითხავთ ამ წერილს, იმედი მაქვს, არ მკითხავთ, მაგრამ თუ სტიმული გნებავთ მის წასაკითხად, გეტყვით: ქალბატონი მედეა ზაალიშვილი ჩემი ფავორიტია ორი სუბიექტური მიზეზით; პირველი ისაა, რომ მისი თარგმანები _ ფოლკნერის ,,სული რომ ამომდიოდა”, შექსპირის ,,ვენერა და ადონისი”,  იეიტსის ,,კელტური იავნანა” და მრავალი სხვა _ ქართული ლიტერატურის ნაწილია; ხოლო მეორე მიზეზი კიდევ უფრო სუბიექტურია _ ქალბატონი მედეა სრულიად მიესადაგება ჩემს გემოვნებასა თუ წარმოდგენას საკუთარი მომავლის იდეალური სურათის შესახებ.

ხის ქოშის ამბავი

პატარა მედეას დედა ბიბლიოთეკარი იყო, საბავშვო ბიბლიოთეკაში მუშაობდა და როცა ბავშვები წიგნს დაუბრუნებდნენ, ჩამოსვამდა, ამ წიგნზე გაესაუბრებოდა და თუ შეატყობდა, რომ უგულოდ ან სულ არ წაეკითხათ, უკან ატანდა ხოლმე.

პატარა მედეას მამა მათემატიკოსი გახლდათ, ბუღალტერი, პოეტი და მარადიული მიჯნური, ნამდვილი რომანტიკოსი, რომელიც უფროს შვილს ომში გაჰყვა და იქიდან დაავადებული დაბრუნდა. ამიტომაც ოჯახს ძალიან უჭირდა.

მედეას ფეხსაცმელები არ ჰქონდა და სკოლაში ვერ დადიოდა. ერთხელაც ძმამ ხისგან ერთიანი ქოში გამოუთალა, ზედ ტყავი გადაუკრა: ,,აი, ისეთი იყო, აბანოში მექისეებს რომ ეცვათ”, _ სიცილით ჩაურთავს ქალბატონი მედეა; ჰოდა, ამოისუნთქა, დაკაკუნებდა ამ ქოშებით და სწავლობდა, სანამ ერთ დღესაც ცალი ქოში შუაზე არ გადაიმტვრა. რაღას იზამდა, ადგა და ფეხშიშველი წავიდა სკოლაში. 

გეოგრაფიის გაკვეთილზე მასწავლებელმა გამოიძახა. ვერ გამოვალო. რატომო, _ გაუკვირდა მასწავლებელს. ფეხზე არ მაცვიაო. შეხედა და ყოვლად გასაოცარი რეაქცია ჰქონდა: რატომღაც შეურაცხყოფილად და აბუჩად აგდებულად იგრძნო თავი და უფეხსაცმლო მოსწავლე კლასიდან გააგდო. აიტუზა ფეხშიშველი გოგონა კლასის კარებთან (აქ, ალბათ, უნდა დავწერო, რომ სლუკუნებდა, მაგრამ _ არა მგონია), გამოიარა სასწავლო ნაწილმა ვანო, რატომ ხარ გარეთო, გაუბრაზდა; ამანაც _ მასწავლებელმა გამომაგდოო. კი მაგრამ, რატომო; ფეხსაცმელები არ მეცვაო; გადაირია ვანო მასწავლებელი, რა უყავი ფეხსაცმელებსო და მანაც უამბო, როგორც გადაუტყდა ერთ-ერთ ქოშს ძირი.

სასწავლო ნაწილმა თავის კაბინეტში შეიყვანა, დაჯექი აქაო, უფროსკლასელი თავის სახლში გაგზავნა და თავისი შვილის ფეხსაცმელი მოატანინა, მედეას ჩააცვა და უთხრა:

_ ახლა ეს ჩაიცვი და გაკვეთილზე შედი. ხვალაც ეს ჩაიცვი და ისე მოდი.

და კართან მისულს მეტი დამაჯერებლობისთვის მიაყოლა:

_ ზეგაც და მერეც სულ ეს ჩაიცვი და ისე მოდი ხოლმე!

და მართლაც მედეას ხვალაც, ზეგაც და კიდევ დიდხანს ეცვა ეს ფეხსაცმელი.

ოთარაანთ ქვრივი _ ოღონდ კაცი

ნიკო კეცხოველი მათი ნათესავი გახლდათ დედის მხრიდან. ერთხელ მცხეთაშიც სტუმრებია გედევანიშვილებს და გიორგი ლეონიძე უახლებია თან. ახალგაზრდა ლეონიძეს ქალბატონი მედეას მაშინ ჯერ კიდევ გაუთხოვარი დედა მოსწონებია და ნიკოს დანიძლავებია კიდეც, ვაკოცებო. ნიკომ, რა თქმა უნდა, არ დაუჯერა, მაგრამ გოგლა კარებს უკან დაიმალა და როდესაც რუსუდანმა კართან ჩამოიარა, უცებ გადმოუხტა და ლოყაზე აკოცა. ქალბატონი მედეას დედამ ერთი ამბავი დააწია თურმე აცანცარებულ პოეტს.

ჰოდა, მერეც ნიკო უკვე მცხეთის ქუჩაზე ცხოვრობდა დიდ სახლში თავის მინისტრ ძმასთან ერთად და მედეაც ყოველ დღე, სკოლაში წასვლისას და წამოსვლისას, ჩამოუვლიდა ხოლმე ამ სახლს. გაზაფხულობით, ბალი რომ დამწიფდებოდა, ძია ნიკო კალათს გამოუტანდა ხოლმე მედეას: ჭინკა, ადი ერთი, ბალი დამიკრიფეო. ძრომაში გაწაფული მედეა (სახლში რამდენჯერაც წვიმა ჩამოვიდოდა, იმდენჯერ თავად აძვრებოდა ხოლმე სახურავზე და კრამიტებს ასწორებდა), უცებ ავიდოდა ხეზე და აავსებდა კალათს, მაგრამ ძია ნიკო მუდამ უკმაყოფილო იყო: რას გავს ეს, მარტო ჭიანი ბლები დაგიკრეფია, რა ჯანდაბად მინდა, წადი, დედაშენს წაუღეო. და დატუქსული და აბუზული მედეაც მოსაკითხით ხელდამშვენებული მიდიოდა შინ.

ერთხელაც ზამთარში, დიდ ყინვაში, მისი სახლის წინ ჩამოვლილ, სიცივისგან აკანკალებულ, ფეხებდასველებულ მედეას ძია ნიკომ გამოსძახა: ,,ჭინკა, მოდი აქ!”  შევიდა შინ და ცოტა ხნის მერე თავისი ტყავის ხელთათმანები გამოუტანა, მე დამიპატარავდა და შენ გქონდესო.

ხანდახან მედეას დედასაც მიიყვანდა შინ, დამიხარისხე როგორმე ეს ბიბლიოთეკაო და მერე ,,გასამრჯელოს” აძლევდა, პირდაპირ არ ჰკადრებდა ფულის შეთავაზებას.

როცა მედეა სტუდენტი გახდა, ნიკო კეცხოველი უკვე უნივერსიტეტის რექტორი გახლდათ. პირველკურსელთა მიღების ცერემონიალზე ძია ნიკომ სტუდბილეთი გადასცა და უთხრა: ,,არ შემარცხვინო, თორემ აქედან კუდით ქვას გასროლინებ, ჭინკა!”


გორელი ,,ჩარჩენილები”

უნივერსიტეტის შემდეგ 23 წლის კოხტა და მოხდენილი მედეა გორში, ვაჟთა გიმნაზიაში გაგზავნეს ინგლისური ენის მასწავლებლად. მეათე კლასელებს ასწავლიდა. ნახევარი კლასი ,,ჩარჩენილი” იყო, ზოგიერთი მასწავლებელსაც უახლოვდებოდა ასაკით. მოსული, ლაზღანდარა ბიჭები სწავლით თავს არ იკლავდნენ: ,,აარ ვიცი გაკვეთილი, პატივცემულო”. მედეა მასწავლებელს ეუცხოვებოდა მათი გორული კილოც, ტლანქი იუმორიცა და პირდაპირ გაცხადებული გულგრილობაც ინგლისური ენის მიმართ. ან კი როგორ უნდა იგრძნოს თავი შექსპირსა და ჯოისზე გაზრდილმა, უნივერსიტეტის მწერალთა წრის, ქვეყანა თავისი რომ გონიათ, თავმომწონე ყმაწვილებთან მოკეკლუცე გოგონამ ვაჟთა გიმნაზიის მოყალთაბანდო ბიჭებს შორის.

მასწავლებელს ერთი პატარა ოთახი ეჭირა, თუნუქის ღუმელს ნახშირით ახურებდა ხოლმე. ერთ დილითაც ჩაის ასადუღებლად უბერა და უბერა ღუმელს, მაგრამ ვერაფრით აანთო. ამასობასი მოახლოვდა 9 საათი და გაიქცა გაკვეთილზე. უკითხავს ბერნსის ლექსს, თორმეტი ბიჭი კი ხითხითებს და ხითხითებს. აიბნა და აიჭრა პატარა მასწავლებელი, ბოლოს ერთი, გვარად შაფთოშვილი, წამოდგა და ეუბნება: ,,პატივცემულო, ცხვირზე მური გისვიათ”. მედეა გაწითლდა გაწითლდა და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო: ბიჭებს გულახდილად აუხსნა თავისი გასაჭირი. 

,,იმ საღამოს გაყინულ ოთახში ფანჯარასთან ვზივარ და წიგნს ვკითხულობ, უცებ ვხედავ, წიგნს ჩრდილი ეფინება, გაისმის ,,ბრახ” და ვიღაცის ფეხის ბრაგუნი. ასე განმეორდა თორმეტჯერ და რომ გავედი, უკვე ჩემი პატარა ოთახის წინკართან თორმეტი ტომარა შეშა ეყარა. ტირილი წამსკდა. მეორე დილით დიდი მადლობებით მივედი სკოლაში.”

_ კაით რა, რის მადლობა, პატივცემულო!
უკვე დიდი ქალი იყო, ორი შვილის დედა და უნივერსიტეტის პედაგოგი, თავისი გოგონები ,,პიონერთა სასახლეში”, მხატვრული კითხვის წრეზე რომ მიიყვანა. ამ დროს გორულ კილოზე ძახილი შემოესმა:

_ პატივცემულო მასწავლებელო!

ვიღაც ეცა, ხელში აიტაცა და დააბზრიალა. შაფთოშვილი იყო, თურმე მხატვრულ კითხვას უძღვებოდა სასახლეში, აქცენტი კი კვლავაც ძველებური შერჩენოდა.

გაოცებული უყურებდნენ საკუთარი შვილები და სხვისებიც.
_  დედა, _ შევედი სამზარეულოში, _ ქალბატონ მედეაზე ვწერ, ყველა ამბავში გაჭირვებაა და ყველა რაღაცნაირად ტრაგიკული გამომდის, ქალბატონი მედეა კი სხვანაირად ყვება. მისი ნაამბობი ყოველთვის მსუბუქია, თბილი და სასაცილო.

_ ასე იციან კულტურულმა ადამიანებმა! _ მოკლედ მომიჭრა დედამ.

იმედი მაქვს, მეც შევძლებ ასე მსუბუქად მოვყვე ოდესმე, რომ ჩვენს დროს დიდი ვნებათაღელვების ეპოქა იყო, ადამიანები მიზეზს ეძებდნენ და ხშირად პოულობდნენ კიდეც, რომ ორ ჯგუფად გაყოფილიყვნენ და დაგროვილი ღვარძლი ერთმანეთზე გადმოენთხიათ. ამ დროს თავდაცვის ერთადერთი საშუალება ის იყო, რომელიმე ჯგუფს მიკედლებოდი, ასე მტრებსაც გაიჩენდი, მაგრამ დამცველები და თანამოაზრეებიც გეყოლებოდა, ხოლო თუ იტყოდი, რომ როცა ორი ჩხუბობს, ორივე დამნაშავეა, სრულიად მარტო დარჩებოდი. მერე ვიტყვი:

_ იცი, ჩვენს დროს ადამიანები განსხვავებული აზრისათვის სცემდნენ კიდეც ერთმანეთს.

ჩემს ახალგაზრდა კოლეგას კი გაუკვირდება და წარბებაწკეპილი მკითხავს:

_ რას ამბობთ, მართლა?

საგზლის საქმე

0
ახლა, არ ვიცი, დააქვთ თუ არა.

ჩემი დრო სხვა იყო – ერთხელ ბებიაჩემმა გვითხრა, ეკონომია რომ გავაკეთოთ, პური ჭამეთ და ყველს უსუნეთო. ასე ვცხოვრობდით. მაგრამ საგზალი მაინც ყოველთვის მქონდა. მართალია, რამდენჯერმე ჭამა დამავიწყდა, სახელმძღვანელოებს შეერია და მრავალმხრივ დავზარალდი, მაგრამ ეს საგზლის საქმე მაინც უფრო ტკბილად მახსენდება.

შინიდან ასე გაბარებენ: ჩუმად შეჭამე. ბევრი რამეა ამ დაბარებაში: ერთი, რომ საკვები მწირია და “თავი არ მოგვეჭრას”, მეორე – ცოტაა, არ გეყოფა და მესამე… მესამე დანამდვილებით არ მახსოვს, თუმცა იყო.

საგზლის ტიპებიც არსებობდა: უფრო სერიოზული, რომელიც გაკვეთილებს შორის, ე.წ. დიდ დასვენებაზე უნდა შეგემუსრა და მცირე, დილით ჭამას რომ ვერ მოასწრებდი და პირდაპირ ხელში გაჩეჩებდნენ – “გზაზე წეილუკმე”.

მაგრამ შეგონება ყოველთვის არ ჭრიდა და ეს საგზლები, სხვათა საგზლებთან გაერთიანების შემდეგ, პირველ ქეიფებად იქცნენ. მერე სუფრას ჭიქა ღვინოც შემოეპარა და იდეამ სხვა სიმაღლეები დაიპყრო. მერე ესეც აღარ გვეყო… ზღაპარში რომ ვყოფილიყავით, სურვილის ფასკუნჯს საკუთარ ხორცს მივცემდით, მაგრამ ოზურგეთში ვიყავით, სადაც ზღაპრული, ფასკუნჯური და ფენიქსური მაშინ მხოლოდ ის თუ იყო, რომ ტროლეიბუსი საკუთარი ფერფლიდან აღდგა და ხანდახან ამ ტრანსპორტით დავდიოდით. საგზლის ესთეტიკამაც დაკარგა ხიბლი.

დამამთავრებელ კლასებში უკვე “გასატეხი” იყო ეს საქმე. ყინვაში რომ ბიჭს რეიტუზი სცმოდა შარვლის ქვეშ, ეგეთი. ჰოდა, ზამთარში გმირულად გვციოდა და გვშიოდა. მაი აფერი.

ეს საგზალი კი სრულიად სხვა ამბავმა გამახსენა და სრულიად ირიბმა. გზამ გამახსენა და სკოლის სიშორემ.

ნატო გოგელიამ, რომელიც გურიაში მუშაობს ჟურნალისტად, სიუჟეტი მაჩვენა ერთ გოგონაზე, რომელიც ხუთ კილომეტრს ფეხით გადის და კლასში მარტოა – https://gurianews.com/news-tv/10525-2013-06-01-10-33-42.html

მე არ ვიცი, ეს გოგო “დიდი ქალი” გამოვა თუ არა – არ მჯერა ფორმულებზე დაფუძნებული წარმატებების, რომ ვიღაც ღარიბი ობოლი აუცილებლად მილიონს იშოვის და ვიღაც, ლამფის შუქზე რომ სწავლობდა, მაინცდამაინც მთვარიდან გადმოგვხედავს. სიმართლე გითხრათ, დიდად არც მაინტერესებს, ვინ დადგება მისგან მომავალში – შესაძლოა, ის დღეს და ახლა იყოს გმირი (ამ სიტყვის ბევრს ეშინია, მაგრამ რა ვუყოთ). თუნდაც უნებლიე გმირი. გმირები ხომ მეტწილად უნებლიეთ ხდებიან. და მას და შენ და მე გვაძლევს მაგალითს – მე, ხან ადგომა რომ მეზარება, თუნდაც სახლთან მანქანა მელოდეს. მაგრამ არავინ იცის, უნდა თუ არა ამ გოგონას გმირობა, საჭიროა თუ არა საერთოდ გმირობა. იქნებ ჩვეულებრივი ბავშვობა ურჩევნია, კლასელებით და ჭორაობით და შატალოებით. მაგრამ მას ერთი დიდი უპირატესობა აქვს – ახლა ალბათ საგზლით მიდის, და როცა მიილუკმები და მიდიხარ – სხვა ამბავია. როცა მიილუკმები და ფიქრობ.

არჩევნები

0
როცა ჩემს შვიდი წლის ძმისშვილს სძინავს, ფიქრის დროა. მივუწვები ხოლმე გვერდით, ჯერ საკუთარ სუნთქვას მისას გავუთანაბრებ და მერე ჩემი დაბნეული, სწრაფი აზრებიც, აყოლილები თომას მშვიდ რიტმს, თავისით დალაგდებიან. ამ ბოლო დროს კი საკუთარი თავი უცნაურ რამეში გამოვიჭირე: მივუწვები და არ ვფიქრობ. მთავარია, ვიგრძნო ტემპერატურა და კანი, რომლის ქვეშაც ორგანოები მუშაობენ. ძაღლივით ვდარაჯობ მის ყოველ უჯრედს და ბევრობა მინდება: თითოეულ უჯრედს საკუთარი პირადი მცველი სჭირდება. ის ძალიან მაგარი ბიჭია და ერთდროულად შეუძლია იყოს კაპიტანი კაუჭა და ალისა, მეფე ლომი და ნემო, კალე ბლუმკვისტი და კაი, ჩემი ძმისშვილი და ჩემი ძმისშვილი. ფიქრიც არ მინდა, რა მოხდება, ერთხელაც ხელი რომ აიღოს ჩემს ძმისშვილობაზე! მაგრამ თავის დასამშვიდებელი არგუმენტიც ყოველთვის მზად მაქვს: შეიძლება, ხელი აიღო მეგობარზე ან სულაც თავზე – მამიდაზე ხელის აღება გამორიცხულია. სიცოცხლეზე ხელის აღებაც შესაძლებელა. განსაკუთრებით მაშინ, თუ გაქვს სუსტი ხელები და არ გაქვს საკვები. ასანთის ღერებით აწყობილი სომალელი ბავშვები, რომლებიც ფოტოებიდან გვიყურებდნენ დიდი, თაფლისფერი თვალებით, ანიმაცია უფრო გვეგონა და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასანთის ღერები უკვე ჩამწვარი იყო. სულ ასეა: შორი ქვეყნების შორი ამბები ჩვენს ამბებად არასდროს იქცევა.
ცოტა ხნის წინ კი ჩვენი ამბავი მოხდა… ეს მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო, რადგან საქართველოში 77 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 205 ათასი – სიღარიბეში (გაეროს ბავშვთა ფონდის 2012 წლის კვლევა). მაგრამ რიცხვები მშრალი და ფუყე გვეჩვენება, სანამ მათ მიღმა ნამდვილ სისხლს ან გაცივებულ ხორცს არ დავინახავთ. ასე გვჩვევია რიცხვების “განაღდება”, თითქოს ადამიანები თამასუქები იყვნენ და მათ სხვა ადამიანები აპროცენტებდნენ. ჰოდა, დაველოდეთ მსხვერპლს. გამოდის, ჩვენი არჩევანი ყოფილა პატარა გოგიტა აბაშიძის სიკვდილი. ჩემი არჩევანია არ ან ვერგამეტებული უმცირესი თანხა დიანა ანფიმიადის ლოკალური, მიკროსაქველმოქმედო ფონდისთვის. ჩემი არჩევანია ქართველი პატარების დასუსტებული სხეულები, შუქი რომ გასდით და გგონია, თითი რომ მიადო, ქაღალდივით დაიფლითებიან. 

“ბრიუგეში” (In Bruges) არის ფილმი, რომელშიც არჩევანს აკეთებენ, უკვე გაკეთებულ არჩევანს ნანობენ ან გასაკეთებელი არჩევანის გამო წუხან. ლონდონელმა ირლანდიელმა მარტინ მაკდონაჰმა ხუთი წლის წინ, 38 წლის ასაკში, გადაიღო ფილმი, რომელშიც დიდი არჩევნები გამართა. ახალ ტარანტინოდ შერაცხულმა რეჟისორმა ბელგიის არქაულ, ულამაზეს ქალაქ ბრიუგეში დიდი ორომტრიალი მოაწყო. ისევე ოსტატურად, როგორც დედაჩემმა – ჩვენი ახალგარემონტებული სახლი. დიახ, მაკდონაჰი კარგი რეჟისორია, ხოლო დედაჩემი – გემოვნებიანი დიასახლისი.
ეს არის ამბავი ორი მკვლელისა და მუდმივი არჩევანისა. არჩევანი კი იმდენია, რომ შესაძლოა, ბიულეტენი გაგითავდეთ და მშრალზე დარჩეთ. ახალგაზრდა რეის თავის პირველ საქმეზე ბავშვი შემოაკვდება და კენთან, გამოცდილ მკვლელთან ერთად ბრიუგეში იძულებით გამოხიზნული, ისევ პატარა მსხვერპლზე ფიქრობს. ფეხის გადაბრუნება ან თავზე აგურის დაცემა ეგებ შემთხვევითობაა, მაგრამ ბავშვის სიკვდილი – არამც და არამც. რეი თავად წავიდა დავალებაზე, ე.ი. გააკეთა არჩევანი, დანიშნულ დროს დანიშნულ ადგილას ყოფილიყო და სასიკვდილოდ გაესროლა. ეს რომ არ გაეკეთებინა და დანიშნულ დროს, დანიშნული ადგილის გარდა, ნებისმიერ სხვა, შემთხვევით ადგილას – ბარში, პარკში ან ტრანსპორტში ყოფილიყო, ბავშვი გადარჩებოდა. იმავდროულად, რეი, კოლინ ფარელის ექსცენტრიკული გმირი, რომელიც თავადაც ძალიან ჰგავს ბავშვს, თვითონაც გადასარჩენია.

ფაინსის გმირი, მთელი ამ გაუგებრობის შემოქმედი, კენს უკვეთს მეგობრის მკვლელობას და რადგან კენი პროფესიონალია და რადგან კენის საქმე მკვლელობა და რწმენაა და რადგან ის ამ არქაულ ბრიუგეშია, სიკვდილისთვის ყველაზე ნაკლებად მოხდენილ ადგილას, და რადგან მას ჰარი ძალიან ადრე დიდად დაეხმარა და რადგან ის თან უყვარს და თან სძულს, ე.ი. რეი უნდა მოკვდეს. დიახ, მაკდონაჰს უყვარს კონტრასტები: მორწმუნე და მკვლელი გმირები, ექსცენტრიკული, თან კეთილი, თან ბოროტი “ბოსები”, დიდებული ადგილები და არასასიკვდილო ბუნაგები. მაკდონაჰი პირდაპირ გიჟდება ამ ყველაფერზე. რეჟისორი რომ არ იყოს, დიქტოფონზე ჩაწერდა და ყველას დაგვიგზავნიდა ფრაზებს: “დაივიწყეთ სრული ბოროტება ან სრული სიკეთე, ნუ განსაზღვრავთ საგნებს ერთი კუთხიდან დანახული ხედით და ადამიანებს – ერთი თვისებით”.
ადამიანებს წმინდანობა არ ეხერხებათ, განსაკუთრებით – მკვლელებს. “ბავშვი მკვლელი”, რეი, თავის მოკვლას ბავშვებისგან უკვე დაცლილ საბავშვო პარკში აპირებს. კენი კი, რომელსაც მკაცრად დაავალეს ბიჭის თავიდან მოშორება, გადაარჩენს. გადაარჩენს იმისთვის, რომ მერე რეიმ გადაარჩინოს სხვები, აი, მაშინ, უფრო დიდი და კარგი ბიჭი რომ გაიზრდება. მაგრამ ფაინსის გმირს სულაც არ უნდა, რეი დიდი ბიჭი გახდეს. ის კენის და რეის დასასჯელად ბრიუგეში ჩამოდის.
კარგი დიალოგები, ასეთივე იუმორი, კარგი მუსიკალური გაფორმება, საინტერესო სცენები მოულოდნელი დასასრულით, ახირებული, ადამიანური პერსონაჟები, ლანგარზე დადებული ძალადობა, რომელიც ძალიან ჰგავს “მოსამსახურეში” (“The Help”) ფეკალიებისგან გამომცხვარ ნამცხვარს და არცთუ შემთხვევითი დეტალები ამ ფილმს ერთხელ საყურებელ კადრებად არასდროს გაგამეტებინებს. მით უმეტეს, თუ შენი ძმისშვილის მცველობა გადაწყვიტე.

ნინა კოლტაშოვა-აღზრდა ბრიტანულად

0
გარდატეხის ასაკი პრობლემური პერიოდია მშობლებისთვის, მასწავლებლებისა და თავად მოსწავლეებისთვის. მაგრამ, აი, რა არის საინტერესო: თუ თქვენი 13-14 წლის შვილი ბრიტანულ სკოლაში აღმოჩნდა, გარკვეული ხნის შემდეგ შეიძლება გაკვირვებულმა იკითხოთ: „როგორ აღწევენ ასეთ შედეგს?” მართლაც, როგორ? ამ კითხვით მივმართეთ ნინა კოლტაშოვას – ერთ-ერთი უდიდესი და ხანგრძლივი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო კომპანიის ITEC-ის დირექტორს.
უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შესამჩნევად იზრდება საზღვარგარეთ სასკოლო განათლების მიღების მსურველი იმ ოჯახების რიცხვი, რომლებიც უპირატესობას სწორედ ბრიტანულ სკოლებს ანიჭებენ. იმ ბავშვთა ასაკი კი, რომლებიც ბრიტანეთის სკოლებში იგზავნებიან, სულ უფრო მცირდება. დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელ სკოლათა საბჭოს (Independent Schools Council) მდივნის მეთიუ ბერჯესის შეფასებით, საშუალო განათლების სეგმენტში უცხოელი (არაბრიტანელი) ბავშვების სიმრავლით შემდეგი სამი ქვეყანა ლიდერობს: რუსეთი, ჩინეთი და გერმანია. მაგ., 2010 წელს რუსეთიდან მხოლოდ ITEC კომპანიის შუამდგომლობით 150 ბავშვი იქნა გაგზავნილი ბრიტანულ სკოლებში.

რა სამწუხაროც არ უნდა იყოს, უნდა ვაღიაროთ: ყოფილი საბჭოთა ქვეყნის სკოლებში მოსწავლეთა აღზრდის მეთოდები ნაკლებეფექტური იყო. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: მასწავლებელთა დატვირთულობა, მცირე ხელფასი, მასწავლებლის დაბალი სტატუსი და, დასასრულ, ზოგადი სოციალური ფონი, რაც არცთუ კეთილ გავლენას ახდენს მათზე. ეს ყოველივე კი ყველაზე მტკივნეულად სწორედ ბავშვებზე აისახება ხოლმე, რომელთაც მაქსიმალური ყურადღება და მზრუნველობა, მკაფიო ორიენტირები და, რაც მთავარია, პოზიტიური განწყობა, საკუთარი ძალების რწმენა სჭირდებათ.

შეუძლებელია, მშობლის გული არ გაახაროს იმ „სასწაულმა”, რომელსაც ბრიტანული სკოლა ახდენს. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ, უპირველესად, გარდატეხის ასაკში მყოფ, 13-14 წლის მოსწავლეებზე. ასეთ სკოლაში ყველაფრისადმი გულგრილი მოზარდიც კი, რომელსაც შესაძლოა კომპიუტერულ თამაშებზე მეტად არც არაფერი აინტერესებდეს, სერიოზული საგნებით ინტერესდება. აქ „დედიკოს ბიჭებიც” კი, რომლებსაც ჯერ კიდევ გუშინ საკუთარი ფეხსაცმლის გაწმენდაც არ შეეძლოთ, ეჩვევიან დამოუკიდებლობას და შესაშური პასუხისმგებლობის გრძნობას იძენენ. თითქმის უმართავი და უხეში ბავშვები აქ „ჭეშმარიტ ჯენტლმენებად” იქცევიან ხოლმე, გულჩათხრობილი ბავშვები კი საოცრად იხსნებიან და ადამიანებთან თავისუფლად ურთიერთობენ.

რასაკვირველია, ყველა ამ „ზღაპრულ გარდასახვას” სავსებით რეალური საფუძველი აქვს. მათი მთავარი ღერძია ნმრაღზრდის სისტემა, რომელიც ტრადიციული ჰუმანიტარული ღირებულებებისა და პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის მეცნიერებებში უახლესი მიღწევების გათვალისწინებით არის შემუშავებული. მთავარი კი ის გახლავთ, რომ ეს პრინციპები მხოლოდ ქაღალდზე კი არ არსებობს, არამედ გამოიყენება კიდეც ყოველდღიურ პრაქტიკაში.

„ინგლისური სკოლა იოლი გზების გარეშე მუშაობას ასწავლის”, – ჰყვება Bedford High School-ის კურსდამთავრებული გოგონა, – „მხოლოდ შენი ცოდნა ფასობს. მაგალითად, გადაწერა ძალიან მკაცრად ისჯება”. განა იმავეს არ მოველით ჩვენი შვილებისგან? – საკუთარი თავის იმედი ჰქონდეთ და აცნობიერებდნენ, რომ თუ რაიმეს მიღწევა სურთ, საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაონ.

განებივრებული ბავშვი (ბავშვის ასეთად ჩამოყალიბებაში კი თითოეული მშობელი სცოდავს) თავიდან მტრულად ხვდება ამგვარი სკოლის რეჟიმს, მაგრამ, როგორც Wycliffe College-ის მოსწავლის მშობელი, ეკატერინე ვრუბლევსკაია ადასტურებს, მისი „თავისუფლებისმოყვარე შვილი მალე მიხვდა, რომ ეს უკეთესია, ვიდრე უპასუხისმგებლობა და ყველაფრის ნებართვა, როგორც ჩვენი მშობლიური ქვეყნის სკოლებშია. მან ძვირფასი გამოცდილება მიიღო გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების თვალსაზრისით, ისწავლა უფროსების პატივისცემა და ქცევის გარკვეული ნორმების დაცვა. ახლა მან იცის, რომ არ შეიძლება გამოცდების ჩაბარება უპატიოსნო გზით”.

რეჟიმი რეჟიმად, მაგრამ ბრიტანული აღზრდის მთავარ საიდუმლოს მაინც მოსწავლისადმი პედაგოგის პატივისცემა წარმოადგენს. არა უხეში დიქტატი (ეს გააკეთე, ეს არ გააკეთო), არამედ მზადყოფნა მოსწავლის მოსასმენად და მის დასახმარებლად, თავჩენილი გაუგებრობის მოსაგვარებლად თუ პრობლემის გადასაჭრელად. მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლის შექება თუნდაც მცირე წარმატების შემთხვევაში, მით უმეტეს, თუ მას საკუთარ სისუსტეთა დაძლევის სურვილი შეატყო. აი, რა ქმნის მასწავლებლის არა ხელოვნურად გაბერილ, არამედ ნამდვილ ავტორიტეტს, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთგაგების საფუძველს წარმოადგენს.

ბრიტანელი პედაგოგები, უპირველეს ყოვლისა, ცდილობენ, მოსწავლეებში ზრდასრული ადამიანები დაინახონ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასაკით ჯერ პატარები არიან. ნაცვლად ამბიციების ჭიდილისა – ვინ ვის, აქ პარტნიორულ ურთიერთობებს ენიჭება უპირატესობა. მასწავლებელი არის არა „ბოროტი ჯალათი”, არამედ მეგობრულად განწყობილი უფროსი კოლეგა, რომელიც, რასაკვირველია, მოსწავლეზე მეტ ცოდნას ფლობს, მაგრამ კი არ მედიდურობს თავისი ჭკუითა და გამოცდილებით, რომ მოსწავლე დაამციროს, არამედ ყველაფერს აკეთებს მის დასახმარებლად. როგორც კი ბავშვები დარწმუნდებიან, რომ მათდამი ასეთი მოპყრობა არის არა თამაში და სიყალბე, არამედ სკოლის ცხოვრების მთავარი კანონი, მათ ფრთები ესხმებათ, სადღაც ქრება მოზარდისთვის დამახასიათებელი გარემოსადმი შეურიგებლობა, რომელსაც ენაცვლება შინაგანი მზაობა პედაგოგთან თანამშრომლობისა და წინსვლა-განვითარებისთვის. ფსიქოლოგები ამას მოტივაციას უწოდებენ, მშობლები კი… მშობლები გაკვირვებული კითხულობენ: „როგორ აღწევენ ამას?”

რასაკვირველია, ნიჭიერი პედაგოგები პოსტსაბჭოთა ქვეყნების სკოლებშიც არიან, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ბრიტანულ სკოლებში ეფექტურ აღზრდას უზრუნველყოფენ არა ცალკეული მასწავლებლები, არამედ თავად სისტემა. ბრიტანული სკოლების ასოციაცია კომპლექსური სქემით ახერხებს სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევასა და შენარჩუნებას. აღმზრდელ-მასწავლებელნი და თავად სკოლების მფლობელებიც სპეციალიზებულ წვრთნებს გადიან და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ხშირად ასეთ ტრენინგებზე პედაგოგები დაწვრილებით განიხილავენ განსაკუთრებით რთულ შემთხვევებს საკუთარი პრაქტიკიდან. ეს ერთგვარად პრეცედენტებზე აგებულ სწავლებას ჰგავს, ბიზნესსკოლებში ტოპმენეჯერების მოსამზადებელი კურსების მსგავსად. თითოეული სკოლა რეგულარულად იღებს მეთოდურ რეკომენდაციებს, რომლებიც პედაგოგებს მუშაობაში ეხმარება. ყოველ სკოლაში მოქმედებს წესების კოდექსი მასწავლებლებისთვის, რომელიც ეფუძნება თანამედროვე პედაგოგიკის უახლოეს მიღწევებს.

სასწავლო წლის დასაწყისში მოზარდთა მშობლებს აუცილებლად იწვევენ სკოლაში, რათა აუხსნან, რაოდენ რთულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს განიცდის მოზარდ ასაკში თითოეული მოსწავლე (განა ყველა ჩვენგანს ახსოვს საკუთარი თავი 13 წლის ასაკში?). ეს არის არა სავალდებულო მშობელთა კრება, რომლის დროსაც უმთავრესად ერთმანეთისადმი საყვედურები ისმის, არამედ საუბარი ორი მხარისა, რომლებიც თანაბრად არიან დაინტერესებულნი, დაეხმარონ მოზარდს ცხოვრების რთული ეტაპის გადალახვაში, საიდანაც ბავშვი გამარჯვებული უნდა გამოვიდეს.

ამ პრობლემას მავანი ადვილად აგვარებს, სხვა – შედარებით რთულად. სწავლის პროცესთან დაკავშირებული პრობლემების (ახლისა თუ ძველის) გადასაჭრელად დანერგილია სპეციალისტთან პერსონალური შეხვედრების პრაქტიკა. არსებობს ასევე თვითგანვითარებისა და სოციალური აღზრდის სპეციალური გაკვეთილები, რომლებიც უშუალოდ სკოლის პროგრამების ნაწილია. ყველაფერი ეს, ერთად აღებული, განაპირობებს იმ შედეგს, რომელსაც გარეშე თვალი სასწაულად აღიქვამს. გარდატეხის ასაკიდან ბავშვი გამოდის არა დათრგუნული და დაკომპლექსებული, არამედ დაჭკვიანებული და გაძლიერებული. ის ემშვიდობება ბავშვობას და მოწიფულ ასაკს ჰარმონიულად განვითარებული ეგებება – ანუ ისეთ პიროვნებად, როგორადაც ჩვენ გვსურს მისი ხილვა.

ბრიტანეთში განათლება საკმაოდ ძვირია, მაგრამ მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ სწავლის გადასახადი არის არა ხარჯი, არამედ ინვესტიცია საკუთარი შვილების წარმატებულ მომავალში.

თარგმნა დავით თინიკაშვილმა

როგორ სწავლობენ ბავშვები თავისით (მესამე ნაწილი)

0
მონადირე-შემგროვებელთა სიბრძნე 

ასეულობით ათასი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის ჩასახვის დღემდე (დაახლ. 10 000 წლის წინ), ჩვენ, ადამიანები, მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოება ვიყავით. ჩვენი ადამიანური ინსტინქტები, ყველა იმ ინსტინქტური შესაძლებლობის ჩათვლით, რომლებიც სწავლის ინსტინქტს მოიცავს, სწორედ ცხოვრების ამ წესის კონტექსტში განვითარდა. ამიტომაც, ვფიქრობ, ბუნებრივია ვიკითხოთ: როგორ სწავლობდნენ მონადირე-შემგროვებელთა ბავშვები იმას, რაც აუცილებელი იყო სრულყოფილ და ეფექტურ ზრდასრულ ადამიანებად ჩამოყალიბებისთვის მათ კულტურაში?
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ანთროპოლოგებმა აღმოაჩინეს და შეისწავლეს ადამიანთა ბევრი განსხვავებული ჯგუფი აფრიკის, აზიის, ავსტრალიის, ახალი გვინეის, სამხრეთ ამერიკის და სხვა ქვეყნების შორეულ ადგილებში. ეს ის ჯგუფები იყვნენ, რომლებმაც შეინარჩუნეს მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრების წესი, რომლებზეც გავლენა თითქმის არ მოუხდენია თანამედროვე ცივილიზაციას. თუმცაღა თითოეულ შესწავლილ ჯგუფს თავისი ენა და კულტურული ტრადიციები აქვს, ცხოვრების წესით, მისი მოწყობით ისინი ერთმანეთს ჰგვანან, რაც საშუალებას გვაძლევს, ვისაუბროთ მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრების წესზე მხოლობით რიცხვში.
მონადირე-შემგროვებლები პატარა მომთაბარე ჯგუფებად ცხოვრობენ (25-დან 50 კაცამდე თითოეულ ჯგუფში)  ყველა ჯგუფი გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად იღებს. მათ თავიანთი ეთიკური სისტემა აქვთ, რომელიც წევრთა თანასწორობას ემყარება და ჯგუფის ყველა წევრი იზიარებს მდიდარ კულტურულ ტრადიციებს, რომლებიც მოიცავს მუსიკას, ხელოვნებას, ცეკვებს, ძველ ლეგენდებსა თუ ისტორიებს.

ანთროპოლოგიურ ლიტერატურაში მოძიებული მონაცემების სრულყოფისთვის მე და ჯონათან ოგასი (მისი სტუდენტობის პერიოდში) დავუკავშირდით რამდენიმე ცნობილ ანთროპოლოგს, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ მონადირე-შემგროვებელთა თემში. ვთხოვეთ, შეევსოთ ჩვენ მიერ მომზადებული კითხვარები და გაეზიარებინათ ამ თემებში ბავშვების ცხოვრების შესახებ მათი დაკვირვების შედეგები. ცხრა მკვლევარი გამოგვეხმაურა და გასცა პასუხი ჩვენს კითხვარს. საბოლოოდ შეგროვდა მასალები ექვსი სამონადირეო-შემგროვებელი თემის შესახებ. სამი მათგანი აფრიკაში ცხოვრობდა, ერთი – მალაიზიაში და ერთიც – ახალ გვინეაში. 

როდესაც კითხვარი და ლიტერატურა გადავამუშავეთ, დაუჯერებელი აღმოჩნდა შედეგების სრული შესაბამისობა კულტურასთან. ქვემოთ იხილეთ 4 ძირითადი დასკვნა, რაც ამ კვლევის შედეგად მივიღეთ: 

1. მონადირე-შემგროვებელთა ცივილიზაციის ბავშვებს წარმატებულ ზრდასრულებად ჩამოყალიბებისთვის უამრავი სახის ცოდნის ათვისება უწევთ.
შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ განათლებას არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს მონადირე-შემგროვებელთა კულტურაში, რადგან მათ არც ისე ბევრის სწავლა უწევთ. სინამდვილეში ისინი უზარმაზარ ინფორმაციასა და ცოდნას იღებენ.

კარგი მონადირე რომ გახდეს, ბიჭმა უნდა შეისწავლოს ორასიდან სამასამდე სახეობის ძუძუმწოვრისა და ფრინველის ქცევის წესები და თვისებები (ეს ის სახეობებია, რომლებზეც მონადირეთა ჯგუფები ნადირობენ), მათზე ნადირობის, მათი დევნისა თუ პოვნის რთული წესები, ნადირობისთვის საჭირო იარაღების (მშვილდ-ისრის, შუბის, ხელშუბის, მახის, ხაფანგის, ბადის) დამზადება და მათი პრაქტიკაში გამოყენება – სროლა, ხაფანგების გამართვა-დამაგრება, ცხოველის კვალში ჩადგომა და სხვა.

გოგონებმა უნდა შეისწავლონ, ურიცხვი მცენარიდან რომლის ნაყოფი, ღერო, ფესვი თუ თესლია საკვებად ვარგისი, დაიხსომონ მათი შეგროვების დრო, ადგილი და წესები, მოპოვებული ნედლეულის გადამუშავების, მისი უსაფრთხო საკვებად ქცევისა და საკვები ღირებულების გაზრდის მეთოდები. ამ უნარებს ქალი წლების განმავლობაში ეუფლება. საჭიროა ამ მრავალფეროვანი ცოდნის შენახვა, გადამუშავება და ვერბალურად გადაცემა მომდევნო თაობებისთვის.

დამატებით მონადირე-შემგროვებელთა ბავშვებმა უნდა შეისწავლონ მათ ტერიტორიაზე (ტერიტორიაზე, რომელზეც საზრდოს მოიპოვებენ) გზის გაგნება-ნავიგაცია, ქოხებისა და დროებითი თავშესაფარის აშენება-გამართვა, ცეცხლის დანთება, საჭმლის მომზადება, მტაცებლებისგან თავის დაცვა, ამინდის პროგნოზირება, ჭრილობებისა და სნეულებების მკურნალობა, მშობიარობისას დახმარება, მცირეწლოვანი ბავშვების მოვლა-პატრონობა, ჯგუფის სხვა წევრებთან ჰარმონიული თანაცხოვრება და სწორი ქცევა, მეზობელ ჯგუფებთან მოლაპარაკება, ისტორიების მოყოლა, მუსიკისა და სიმღერების შექმნა, სარიტუალო ცეკვები და სხვა. ვინაიდან ჯგუფში ვიწრო სპეციალიზაცია არ მიმდინარეობს (გარდა იმისა, რომ ქალები შემგროვებლები არიან, ხოლო მამაკაცები – მონადირეები), ყველა ვალდებულია, აითვისოს მოცემულ კულტურაში დაგროვილი მთელი ცოდნისა და უნარების ძირითადი ნაწილი.
2. ბავშვები ამ ყველაფერს სწავლების პროცესის გარეშე ითვისებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მონადირე-შემგროვებელთა ბავშვებს უზარმაზარი ინფორმაციის ათვისება და გადამუშავება უწევთ, მონადირე-შემგროვებლების ჯგუფებს სკოლის მსგავსი არაფერი აქვთ. მოზრდილები არ ქმნიან სასწავლო პროგრამებს პატარებისთვის, არც მათ მოტივირებას ცდილობენ, არც გაკვეთილებს უტარებენ და არც მათი სწავლის პროგრესის მონიტორინგით იწუხებენ თავს. როდესაც ვიკითხეთ, როგორ სწავლობენ ბავშვები იმას, რაც სჭირდებათ, დაახლოებით ასე გვიპასუხეს: ისინი თვითონვე სწავლობენ დაკვირებით, თამაშით და კვლევით. რა თქმა უნდა, ზრდასრულს შეუძლია, აჩვენოს მოზარდს, როგორ გააკეთოს უკეთ, მაგალითად, ისრის პირი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი ამას გულწრფელად ითხოვს. მოზრდილები თავად არ ერევიან ბავშვების ცხოვრებასა თუ აქტივობაში და არც მათი განათლების საკითხი აწუხებთ – ათასწლოვანმა გამოცდილებამ დაარწმუნა ისინი, რომ ბავშვები თვითსწავლების ოსტატები არიან (Y. Gosso et al. (2005), “Play in hunter-gatherer societies”).
3. ბავშვებს უამრავი დრო აქვთ თამაშის, კვლევისა და თავგადასავლებისთვის.
კითხვაზე, რამდენი დრო აქვთ ბავშვებს სათამაშოდ, ჩვენ მიერ გამოკითხულმა ანთროპოლოგებმა ერთსულოვნად გვიპასუხეს, რომ მონადირე-შემგროვებელთა ბავშვები, რომლებსაც ისინი აკვირდებოდნენ, უმეტესად თავისუფლები იყვნენ და მთელ დღეებს თამაშში ატარებდნენ.

თავისუფლება, რომელიც მინიჭებული აქვთ მონადირე-შემგროვებელთა კულტურის ბავშვებს, ნაწილობრივ ამ ტომების წარმოდგენებიდან მომდინარეობს. უფროსები დარწმუნებულნი არიან, რომ ბავშვის მიერ განათლების მიღების უტყუარი გზა სწორედ თავისუფლებაზე გადის. გარდა ამისა, ეს დაუწერელი კანონი ამ ტომებში გამეფებული ეგალიტარიანიზმის, პერსონალური ავტონომიიისა და თანასწორობის პრინციპს ეფუძნება, რომელიც თანაბრად ეხება ბავშვებსა თუ მოზრდილებს (S. Kent (1996), “Cultural diversity among African foragers: causes and implications).

მონადირე-შემგროვებელი მშობელი ბავშვს უყურებს როგორც სრულყოფილ ინდივიდს, რომელსაც იგივე უფლებები აქვს, რაც ზრდასრულს. მათ მიაჩნიათ, რომ ბავშვები ტომის ეკონომიკაში მაშინ ჩაერთვებიან, როდესაც მზად იქნებიან ამისთვის. მათ მიაჩნიათ, რომ არ უნდა აკეთებინო ბავშვს ისეთი რამ, რაც თავად არ სურს. ნიშანდობლივია, რომ სწავლისა და საზოგადოებისთვის (ტომისთვის, ჯგუფისთვის, – ლ.ა.) სასარგებლო საქმის კეთების ინსტინქტები სწორედ იმ საზოგადოებაში წარმოიშვა, სადაც ადამიანის ინსტინქტებს ნდობით ეკიდებიან!
4. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა საქმიანობას და დაკვირვების შედეგებს თავიანთ თამაშებში იყენებენ.
მონადირეთა და შემგროვებელთა ხალხების ბავშვები არ არიან მოწყვეტილნი ზრდასრულთა სამყაროს. ისინი უშუალოდ აკვირდებიან ყველაფერს, რაც მათ დასახლებაში (ბანაკში) ხდება – ექსპედიციისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს, ქოხების მშენებლობას, იარაღის, კულტურისთვის დამახასიათებელი არტეფაქტებისა და სხვა, ყოფა-ცხოვრებაში საჭირო ხელსაწყოების დამზადებას, საჭმლის მომზადებას, მცირეწლოვანი ბავშვების მოვლასა და გაზრდას, ავადმყოფობასა და მტაცებლებთან ბრძოლას, ჭორაობასა და კამათს, ადგილობრივ პოლიტიკას, ცეკვებსა და დღესასწაულებს. ხანდახან ბავშვები მოზრდილებს მიჰყვებიან საკვების მოსაპოვებელ ექსპედიციებში, ხოლო ბიჭები, დაახლოებით 10 წლიდან, ხანდახან მამაკაცებს სანადიროდაც მიჰყვებიან.

ბავშვები აკვირდებიან ყოველივე ამას და თვალით დანახულს თუ ყურით გაგონილს თავიანთი თამაშების სცენარში რთავენ. დროთა განმავლობაში, თამაშითა და ერთობლივი შემოქმედებით, ისინი თანდათან ოსტატდებიან სხვადასხვა საქმიანობაში. ასაკის მატებასთან ერთად მათი თამაში ძალიან ემსგავსება რეალურ აქტივობებს. არ არსებობს მკაფიო საზღვარი თამაშსა და რეალურ მოქმედებებს შორის. მაგალითად, ბიჭები, რომლებიც თამაშ-თამაშით ნადირობენ პეპლებზე თავიანთი პატარა მშვილდ-ისრებით, მოგვიანებით, ასევე თამაშით, მომცრო ძუძუმწოვრებზე გადადიან და ხშირად ნანადირევი სახლშიც მოაქვთ. მოგვიანებით მოზრდილი ბიჭები უკვე კაცებთან ერთად მიდიან „ნამდვილ” სანადირო ექსპედიციაში, თუმცა თამაშის სული ამ დროსაც შენარჩუნებულია.

კიდევ ერთ საინტერესო მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბიჭებისა და გოგონების მიერ სათამაშო სახლების მშენებლობაც. ჩვენი კითხვარის შევსებისას ნენსი ჰაუელმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ტომის, ი-კუნგის ბავშვები თამაშ-თამაშით ხანდახან მთელ „საბავშვო” სოფელსაც კი აშენებენ თავიანთი ნამდვილი სოფლიდან რამდენიმე ასეულ მეტრზე. ეს სოფელი იქცევა მათ სათამაშო ადგილად, სადაც ბავშვები დიდებზე დაკვირვების შედეგად ათვისებულ აქტივობათა უამრავ სცენას გაათამაშებენ.

გამოკითხული მეცნიერები აღწერენ უამრავი სხვა ტიპის აქტივობასაც, რომლებსაც ბავშვები მოზრდილთა იმიტაციით რეგულარულად იყენებენ თამაშებში: ფესვების ამოთხრა, მაჩვზღარბის სოროდან გამოგდება კვამლით, საჭმლის კეთება, პატარების მოვლა, ხეზე ძრომა, ლიანებისგან კიბის დაწვნა, იარაღებისა და ხელსაწყოების დამზადება, მძიმე ტვირთის აწევა-ზიდვა, ნაკადულზე გადასასვლელი ხიდების კეთება, ცეცხლის გაჩაღება, მტაცებლებისგან დამცავი ზღუდეების მშენებლობა, ცხოველების მიბაძვა (მათი გარჩევა-ცოდნა და მათი ქცევების შესწავლა), მუსიკის შექმნა, ცეკვა, თხრობა, კამათი და არგუმენტირება – ყველა ეს საქმიანობა აღნიშნული იყო ჩვენი რესპონდენტების პასუხებში. ვინაიდან ყველა ეს თამაში-აქტივობა სხვადასხვა ასაკის ბავშვების გარემოში მიმდინარეობს, პატარები გამუდმებით სწავლობენ უფროსი ბავშვებისგან იმას, რაც ჯერ თვითონ არ იციან.

ბავშვებს ამას არავინ სთხოვს, არც არავინ აქეზებს – ისინი ყველაფერს ბუნებრივად აკეთებენ, ისევე, როგორც ყველა სხვა ბავშვი, რადგან ბავშვისთვის არაფერია ამქვეყნად უფრო სასურველი, ვიდრე მალე გაზრდა და მშობლებივით ან უფროს და-ძმასავით „დიდად” გახდომა. ეს სურვილი მძლავრი მოტივატორია საიმისოდ, რომ ბავშვებმა, თუ ამის საშუალება მისცეს, უსასრულოდ ითამაშონ და დახვეწონ თავიანთი უნარები, რომლებიც მათთვის „დიდობასთან” ასოცირდება.
შეიძლება თუ არა ამ დაკვირვებების მისადაგება ჩვენს კულტურასთან?

ჩვენი კულტურა, რა თქმა უნდა, ძალიან განსხვავდება მონადირე-შემგროვებელთა კულტურისგან, ამიტომ ბევრი ეჭვით შეხედავს იმ გაკვეთილებს, რომლებიც მონადირეთა კულტურებისგან შეგვიძლია ვისწავლოთ. მაგალითად, მონადირე-შემგროვებელ ხალხებს არ გააჩნიათ დამწერლობა და არითმეტიკა; აღმოჩნდება კი თვითგანსწავლის, თვითმოტივირებადი სწავლისა და ცხოვრების წესი ეფექტური მათთვისაც, ვისაც სამი „რ”-ს შესწავლა სურს?

ჩვენს კულტურაში, მონადირე-შემგროვებელთა კულტურისგან განსხვავებით, თავისა და ოჯახის შენახვა-უზრუნველყოფის უამრავი გზა არსებობს, უამრავი უნარი და ცოდნის ათვისება შეუძლიათ ჩვენს შვილებს, თუმცა, იმავდროულად, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, დააკვირდნენ ჩვენს, მოზრდილთა, ყოველდღიურ საქმიანობას და აითვისონ – ჩვენთან ბავშვები, მონადირეთა შვილებისგან განსხვავებით, უმეტესად შორს არიან ზრდასრულთა საქმიანობისგან, რაც ხელს უშლის მათ, მიბაძონ უფროსებს და მათი საქმიანობა თავიანთ თამაშებში გაიმეორონ. 

თუმცა, მომდევნო სტატიაში ვეცდები გიჩვენოთ, რომ სწავლის ის მეთოდი, რომელიც ასე ქმედითია მონადირე-შემგროვებელთა კულტურაში, ასეთივე შეიძლება იყოს ჩვენი შვილებისთვისაც. ეს შესაძლებელია, თუ მათ ისეთ სასწავლო გარემოს შევუქმნით, რომელშიც იმავე მეთოდის გამოყენებით ჩვენს შვილებსაც მიეცემათ თავისით სწავლის საშუალება.

პირველი ნაბიჯები

0
საწვრთნელი ბაზის კარი ჭრიალით გაიღო. ჯერ მამა შევიდა, უკან პატარა ლუკა მიჰყვა მორიდებული ნაბიჯებითა და შიშნარევი გამომეტყველებით. „ნეტავ თუ ამიყვანენ?”, „ამათ შეხედეთ, რამხელები არიან, ალბათ, ზედაც არავინ შემომხედავს. გუნდში ამხელა ბიჭები ჰყოლიათ და…”, „მწვრთნელსაც რა მოღუშული სახე აქვს. ალბათ, სულ ეჩხუბება ბიჭებს”, – ფიქრობდა პატარა ლუკა, რომელიც ბატკანივით მიჰყვებოდა უკან მამას, ის კი თანდათან უახლოვდებოდა პატარა მორაგბეებით სავსე სტადიონთან მდგომ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ნამდვილად მწვრთნელი უნდა ყოფილიყო.
 
ლუკა მთელი სამი თვე ეხვეწებოდა მამს, რაგბიზე მიმიყვანეო. მამა ხან რას იმიზეზებდა, ხან – რას. ბოლოს ისიც კი უთხრა, მეტისმეტად პატარა ხარ, არაფერი გამოგივა, იქ იმხელა ბიჭები არიან, იმათში, ალბათ, არც კი გამოჩნდებიო, მაგრამ ბიჭი მაინც ჯიუტად ითხოვდა. მისი სამი მეგობარი უკვე დადიოდა რაგბიზე და უნდა გენახათ, თანაკლასელი გოგონები როგორი პატივისცემით ეპყრობოდნენ მათ. და განა მხოლოდ გოგონები – მასწავლებლებიც კი. თუ გაკვეთილის გაცდენის გამო ლუკას და სხვა ბიჭებს ერთ ამბავს დააწევდნენ, მათი თანაკლასელი მორაგბეების გაცდენებზე ხშირად თვალს ხუჭავდნენ – იქნებ მართლა გამოვიდეს მაგათგან რამე, ხელი რატომ უნდა შევუშალოთო. ლუკა ვისზე ნაკლები ბიჭია?! ტანად კი პატარაა, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვებზე სწრაფი და ღონიერიცაა. აგერ, ერთი კვირის წინ, მთელი კლასის ბიჭებს აჯობა ხელის გადაწევაში. ჯერ მივიდეს რაგბიზე, ნახავთ, რაც შეუძლია!

ერთ საღამოსაც შინ კარგ გუნებაზე დაბრუნებულმა მამამ ლუკა წინ დაისვა და ჰკითხა:

– მართლა გინდა რაგბიზე სიარული, შვილო?
– სულ მაგას არ გეხვეწები?! – უპასუხა გახარებულმა ლუკამ.  
– კარგი, მაშ, ხვალ მივიდეთ გუნდში და იცოდე, არ შემარცხვინო. დღეს მწვრთნელს ველაპარაკე და მითხრა, ხვალ მოიყვანეო. ახალი კედები ხომ გაქვს?

მოკლედ, დადგა ესოდენ ნანატრი ჟამი და ლუკა და მამამისი მწვრთნელის პირისპირ დგანან.  

– აი, ესაა ჩემი ბიჭი. თუ გამოვა რამე, ხომ კარგი. თუ არადა, კაცურად მითხარი და არც შენ გაწვალებ და არც ამას…

მამის სიტყვებმა მწვრთნელი, ცოტა არ იყოს, გააბრაზა.  

– გუშინაც ხომ გითხარი, კაცო. რას ჰქვია „არაფერი გამოვა”?! დიდი მორაგბე თუ არა, კარგი კაცი ხომ დადგება? მერე ეს ცოტაა, შე დალოცვილო?!.

ლუკას ტანსაცმლის გამოცვლა და სხვა ბავშვებში გარევა უბრძანეს. როგორც უკვე ვთქვით, ბიჭების უმეტესობა დიდი იყო, ღონიერი, სახეჩამოკაწრული, სქელკისრიანი… ლუკას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ამდენ ზორბა ბიჭში რამდენიმე მასავით ტანდაბალი და უმცროსი ასაკისა აღმოაჩინა. რაგბის წესები თავისი მორაგბე მეგობრებისგან და ტელევიზორიდან კარგად იცოდა, მაგრამ სად ვინმე რომ გიყვება ან ტელევიზორში უყურებ და სად – თვითონ რომ უნდა აკეთო. აუჰ, როგორ ინატრა იმ წამს პატარა ლუკამ, მისი მორაგბე მეგობრებიც იმ გუნდში ყოფილიყვნენ! „ეს მამაჩემიც მაგარი ვინმეა. ბარემ ჩემი მეგობრების გუნდში მივეყვანე. როგორ დამეხმარებოდნენ ადაპტაციის გავლაში”, – ფიქრობდა ლუკა და ცდილობდა, არ ჩამორჩენოდა თანაგუნდელებს, მოედანს ძუნძულით რომ ურტყამდნენ წრეებს.

სიტყვა „ადაპტაცია” ლუკამ მამის მეგობრისგან გაიგო, რომელიც დღენიადაგ ფეხბურთზე ლაპარაკობდა და სულ იმაზე წუწუნებდა, ამ ჩემი ცოდვით სავსე ფერნანდო ტორესმა „ჩელსიში” რით ვერ გაიარა ეს ოხერი ადაპტაციაო. ლუკას აზრით, ადაპტაციას გუნდში მაშინ აძლევდნენ ახალმისულს, თუ ის კარგად ითამაშებდა. მოკლედ, ეს რაღაც საშვისმაგვარი ეგონა.

იმ დღეს მწვრთნელმა ლუკა ბურთს საერთოდ არ გააკარა – ჯერ ფიზიკურად გაძლიერდი და გუნდს შეეჩვიეო. ამან ბავშვი ძალიან დაამწუხრა, მაგრამ რაკი მამამაც უთხრა, თავდაპირველად ყველა ახალბედას არბენინებენო, დაიჯერა – ალბათ, მართლა ასეა საჭიროო. საწვრთნელი ბაზიდან გამოსულ ლუკას მამამ უზარმაზარი შაურმა უყიდა. იმხელა, მარტო კაცები რომ ჭამენ. „ბევრი უნდა ჭამო, იმათოდენა რომ გახდეო”, – უთხრა და პატარა მორაგბემაც, მართალია, დიდი ხვნეშითა და წვალებით, მაგრამ მაინც შეჭამა ის უზარმაზარი შაურმა.

ლუკას სახლი იქვე, ორიოდე ნაბიჯზე იყო და სანამ სახლამდე მივიდოდნენ, მამა ძველ ამბებს უყვებოდა – როგორ დადიოდა ჯერ კრივზე, მერე ფეხბურთზე და როგორ ვარჯიშობდნენ მაშინ მისი თანატოლები. პატარა ლუკა მამას დიდი ამბით უქნევდა თავს, აქაოდა ყურადღებით გისმენო, მაგრამ მისი ფიქრები ისევ რაგბის, ახალ თანაგუნდელებსა და მწვრთნელს დასტრიალებდა. „იქნებ ხვალ მაინც მათამაშოს მწვრთნელმა. აი, ნახავს, ქარივით რომ გავვარდები და დავდებ ლელოს! აი, ნახავს, თუ ასე არ იქნება!” რა იცოდა ლუკამ, რომ ის უკვე აღარ იყო პატარა – იმ დღეს ის კაცი გახდა. კაცი, რომელსაც რაგბი უყვარდა…

კლასგარეშე ლიტერატურის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში

0
იმ დროს, როდესაც მე სკოლის მოსწავლე ვიყავი, არსებობდა კლასგარეშე მასალა ქართული ლიტერატურისთვის. დამატებითი ტექსტები საგაკვეთილოსთან იყო დაკავშირებული და, შეიძლება ითქვას, მასალის უკეთ გააზრებასა და ათვისებას უწყობდა ხელს.
ამ სტატიაში, მინდა, კლასგარეშე ლიტერატურის არსებობის აუცილებლობაზე ვისაუბრო. რამდენად კარგად ასწავლიან სასკოლო პროგრამით განსაზღვრულ ტექსტებს, სხვა საქმეა, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, უდავოა, რომ ლიტერატურა, რომელიც დაუკავშირდება საგაკვეთილო მასალას, უნდა არსებობდეს. საჭიროა, იყოს რამდენიმე წიგნი, რომლებიც შედგენილი იქნება იმის მიხედვით, რა ტექსტები ისწავლება ამა თუ იმ კლასში. მნიშვნელოვანია მათ შედგენაში მასწავლებლების ჩართვაც.
იმის დასამტკიცებლად, რაოდენ მნიშვნელოვანია კლასგარეშე ტექსტების არსებობა, ერთ მაგალითს მოვიყვან. სასკოლო სასწავლო მასალაში შეტანილია ილია ჭავჭავაძის პოემა “აჩრდილი”. მე ამ ტექსტს დავუკავშირებ შარლ დე კოსტერის რომან-ეპოპეა “ულენშპიგელისა და ლამე გუძაკის ლეგენდას”.
ეს ორი ტექსტი დამოუკიდებლად დაიწერა ბელგიასა და საქართველოში დაახლოებით ათწლიანი შუალედით. მიუხედავად მათი თვითმყოფადობისა, ამ ტექსტებს ბევრი რამ აქვთ საერთო, რაზეც მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს და დასკვნები გამოიტანოს. მაგალითად:
შარლ დე კოსტერი და ილია ჭავჭავაძე ერთი და იმავე ეპოქის ავტორები არიან. ორივე მათგანი აქტიურად არის ჩაბმული ჟურნალისტურ საქმიანობაში. 
მათ, უეჭველია, არ ექნებოდათ წაკითხული ერთმანეთის ნაწარმოებები. მაშ, რამ გამოიწვია ის გადამკვეთი იდეურ-შინაარსობრივი თუ სხვა ხაზები, რომლებზეც ვისაუბრებ?
მოკლედ გავიხსენოთ ამ ორი ტექსტის შინაარსი: “აჩრდილში” ავტორი ხვდება მთაზე მდგომ უცხოს, აჩრდილს, რომელიც თავის ქვეყანას გადმოჰყურებს და მის იმჟამინდელ უბედურებაზე წუხს, კოსტერის გმირი ულენშპიგელი კი, მას შემდეგ, რაც ნახევარ ევროპას მოივლის, მტარვალი მეფისა და ინკვიზიციის წინააღმდეგ აჯანყებაში ჩაებმება. ბრძოლა აჯანყებულთა გამარჯვებით მთავრდება.
ვნახოთ მოქმედი გმირების შინაარსობრივ-იდეური მსგავსებანი. ჭავჭავაძის პოემაში ვკითხულობთ: 
“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!
მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული”.
აქედან ჩანს, რომ მთაზე მდგომი უცნობი ქვეყნის სულია, რომელიც იქამდე იარსებებს, ვიდრე მისი სამშობლო იქნება. იგრძნობა მისი სტოიციზმიც, რაც მთაზე – სიმაღლეზე განრიდებით დგომით გამოიხატება.
ახლა ვნახოთ, რას ამბობს კოსტერის გმირი ულენშპიგელი საკუთარი თავის შესახებ: “მე ძეხორციელისა არა მცხია რა, ცარიელი სული ვარ… ფლანდრიის სული…”
განსხვავავება ამ ორ “სულს” შორის მათი არსებობის სტატიკური თუ დინამიკური მდგომარეობაა მხოლოდ, რადგან ჭავჭავაძის აჩრდილის სტოიციზმს უპირისპირდება ულენშპიგელის მოხეტიალე ბუნება და მოვლენების ეპიცენტრში მყოფობა.
“და მომევლინა მე კაცი დიდი,
მყინვარზედ მდგომი, მოხუცებული”, – ეს ჭავჭავაძის აჩრდილია. 
ულენშპიგელი კი ახალგაზრდაა, მკვირცხლი, საზრიანი.
გაჩნდება კითხვა: რატომაა ასეთი სხვაობა მათ აღწერილობაში? პირველი და უმთავრესი ის არის, რომ კითხვის ამგვარად დასმა არასწორია, რადგან ორივე ტექსტი თავისთავადია და თუ მათში რაიმე საერთოს ვეძებთ, ესეც – რაღაც შემთხვევის წყალობით, მეორე კი ის, რომ ქვეყანა, ისევე როგორც მისი ლიტერატურა (რადგან ჭავჭავაძე ქვეცნობიერად მაინც ითვალისწინებს ამას) ძველია და, აქედან გამომდინარე, ტექსტის მთავარი გმირი, აჩრდილი, მოხუცია. უკეთ რომ ვთქვათ, ჭავჭავაძემ იცის, რომ მისი ტექსტის გმირი იმ დროში არ დაბადებულა – ის არსებობდა ადრეულ საუკუნეებშიც და სხვა მწერალთა ადრეულ ტექსტებშიც. კოსტერის გმირი კი იმ დროში დაიბადა, რომელსაც ეს რომანი-ეპოპეა აღწერს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მეორე დაბადება მოხდა ტექსტის დაწერისა და გამოქვეყნების შემდეგ, ანუ აღწერილი მოვლენებიდან ორი საუკუნით გვიან. ამის დასტურად ორიოდე ციტატას მოვიყვან: “ულენშპიგელის ლეგენდა” პირველი წიგნია, რომელშიც ჩვენი ქვეყანა საკუთარ თავს პოულობს”, – წერს ვერჰარნი, კარლ ლემონიე კი ამ რომან-ეპოპეას ფლანდრიულ ბიბლიას უწოდებს. 
“მოვიდა ეს დღეც შურის-გებისა”, – ამბობს ჭავჭავაძის პოემის გმირი. “მე მინდა, ვიხსნა, მე მინდა, შური ვიძიო”, – ეს ულენშპიგელის სიტყვებია. საინტერესოა, რომ ორმა ქრისტიანმა მწერალმა, რომელთა ტექსტებიც ძირითადად ქრისტიანულ საზოგადოებაში უნდა ყოფილიყო გავრცელებული, დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს შურისძიებას. უფრო მეტიც, მათ თავიანთ გმირებს ათქმევინეს, რომ საჭიროა შურისძიება. რა თქმა უნდა, ორივე ეს ტექსტი ძის ეპოქაშია დაწერილი და რაკი თვითონ ისინი ვერ გასცდებიან ქრისტიანობის არეალს, ჩვენც ამ კუთხით განვიხილოთ: 
“თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ” (მათ. 5,38), “მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს; არამედ, თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგარტყას, მეორე ლოყაც მიუშვირე” (მათ. 5.39). ასეთია ქრისტეს მოძღვრება. მაშ, რატომ არღვევს მას ორივე გმირი? თუ უფრო კარგად დავუკვირდებით, იქნებ არც არღვევს. “ვინც თავის სულს პოულობს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც თავის სულს ჩემთვის კარგავს, პოვებს მას” (მარ. 8,35; ლუკ. 9,24; იოან. 12,25) 
ეს ორი სული ითხოვს შურისძიებას სხვათა გადასარჩენად, მრავალთა გადასარჩენად ითხოვს იმას, რაც თითქოს იკრძალება სჯულით. “ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა” (მათ. 10,34; ლუკ. 12,51). ამ სახარებისეულ ფრაზათა ლოგიკური ბმიდან მომდინარეობს შურისგების გამართლება, რადგან თვითონ ქრისტიანული სამყაროს ღმერთი, ქრისტე, შურისგებისათვის მოვიდა და თუ გავიხსენებთ წმინდა მოციქულის სიტყვებს: “კეთილ არს ბაძვა კეთილისა”, – ყველაფერი ნათელი გახდება. 
საინტერესოა, რა როლს ასრულებს ორივე ტექსტში ბუნების მოვლენები, საკუთრივ ბუნება. “აჩრდილში” ვკითხულობთ:
“ამ დროს ქუხილმა დაიგრიალა,
გრგვინვა დაიწყო მისმა ხმამ მთებში,
ცაზედ ელვამა გაიპკრიალა
და გაანათა მდინარე ხევში.
ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი,
ნისლში შთაცვივდნენ მთანი და ველნი.
ქარმა დაჰღმუვლა ხევ-ხუვსა, მთებსა,
ბუქი სვეტივით აატრიალა,
რისხვითა ჰგლეჯდა კლდესა და ღრესა,
ზვავმაც მაღლიდან დაიგრიალა, –
და მყის ბუნების მშვიდი დუმილი
ბნელ ჯოჯოხეთად გადიქცეოდა.
წყალი და ცეცხლი, მეხი, ქუხილი
ერთმანეთშია აირეოდა”.
“თანდათან უფრო მჭახედ ქუხდა დარტყმა, იმძლავრა გრგვინვამ”; “გასკდა კედელი ყინულოვანი, გადმოიქცა ყინულეთი და დღის ნათელი იშვა ზეცაში”; “და ყველამ ერთხმად აიტაცა: – დიდება ბუნებას! დიდება მის ძალას!” – ეს ნაწყვეტები “ულენშპიგელის ლეგენდიდან” არის, იმ ეპიზოდიდან, სადაც კატლინი თავისი ჯადოქრობის წყალობით ნელესა და ულენშპიგელს ზღაპრულ მხარეში გაგზავნის. აქ უადგილო იქნება, შევადაროთ ერთმანეთს ბუნების აღწერა, რადგან ჭავჭავაძის ტექსტში ამ უკანასკნელს სულ სხვა დატვირთვა აქვს, ისევე როგორც კოსტერთან. მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე მწერალი ემხრობა სამყაროს ერთიანობის, ბუნების საიდუმლოებათა, საგანთა თუ მოვლენათა ურთიერთკავშირის იდეას. ორივე ტექსტში გამოკრთის ოთხი ელემენტის (წყალი, ცეცხლი, მიწა, ჰაერი) თეორიაც: “უფალი ღმერთი ყურს ვერ მოგვაპყრობს – ჯერ სტიქიონების სულებს უნდა გაანდო გულისნადები”, – ამბობს ულენშპიგელი.
საინტერესოა რიცხვი შვიდი, რომელსაც ორივე ტექსტში საკრალური დატვირთვა აქვს. ულენშპიგელი, ზღაპრულ მხარეში მოგზაურობის დროს შეიტყობს, რომ უნდა ეძებოს შვიდეული, ჭავჭავაძის პოემა კი ასე მთავრდება:
“მსწრაფლ გადმოეშო ცისა ლაჟვარდსა
შვიდფეროვანი სარტყელი ცისა”.
ცისარტყელა, საზოგადოდ, მშვიდობასა და თავისუფლებასთან ასოცირდება. ასევე ის შვიდეულიც, რომელიც ულენშპიგელს უნდა მოეძებნა, იქნებოდა ფლანდრიისა და ყველა ჩაგრულის თავისუფლების საწინდარი.
ორივე ტექსტში მთავარი ადგილი უჭირავს თავისუფლების იდეას. “შვილო, არც ადამიანს, არც სხვა სულდგმულს არასოდეს წაართვა თავისუფლება, თავისუფლება უდიდესი ნეტარებაა ამქვეყნად”, – ეუბნება კლაასი ულენშპიგელს. 
“გადგა და დასცა თავზარი მტერსა,
დაამხო პირქვე ყმობა, მონობა
და უცხოთ ხელთქვეშ დაჩაგრულს ერსა,
ვით მზე, მოჰფინა თავისუფლება”, – ამბობს ფარნავაზის შესახებ ჭავჭავაძის “აჩრდილი”. 
საინტერესო შედარებაა “ვით მზე”. მზე, ქართული სიმბოლიკით, ღმერთს, მარადიულ სინათლესა და სიცოცხლეს გამოხატავს. მცირედ რომ ავცდეთ ტექსტის ფაქტებით განმტკიცებას, იოანე საბანისძესაც ხომ ასე განუმარტეს მოწაფეებმა, რომ თვითონ მზე მამა ღმერთია, მზის სინათლე – სულიწმინდა, ხოლო მზის სითბო – ქრისტე? (ნოდარ წულეისკირი, “ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი”). ე. ი. ილია ჭავჭავაძე თავისუფლებას ადარებს მზეს და, ვინაიდან მზე არის ღმერთის ერთი სახე-სიმბოლო, ხოლო ღმერთი უმაღლესია, თავისუფლებაც ასეთივე გამოდის.
ვეცადე, სანიმუშოდ ერთმანეთისთვის შემედარებინა ორი ტექსტი, რომელთაგან ერთ-ერთი სასკოლო სასწავლო პროგრამაში შედის, ხოლო მეორე კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურად დავსახე. ორივე ტექსტი დავაკავშირე-განვიხილე ისე, როგორც ეს დაახლოებით უნდა ხდებოდეს სკოლაში, თუკი, სასწავლო მასალასთან ერთად, იარსებებს დამატებით შესასწავლი ტექსტებიც.
კლასგარეშე ლიტერატურის წყალობით მოსწავლეები უკეთესად აითვისებენ პროგრამით განსაზღვრულ მასალას, განუვითარდებათ შეკავშირების, ანალიზის, ფაქტების ქრონოლოგიურად დალაგებისა და ქვეტექსტების ამოკითხვის უნარი. ამასთანავე, დამატებითი ლიტერატურის გაცნობა იქნება საწინდარი იმისა, რომ მოსწავლე არ მიეჯაჭვება მხოლოდ საპროგრამო მასალას, რომ მას ბავშვობიდანვე ექნება კავშირი იმ ტექსტებთან, რომელთა გაცნობაც უდავოდ წაადგება მის განვითარებას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...