სამშაბათი, ივლისი 15, 2025
15 ივლისი, სამშაბათი, 2025

მშობლებთან მუშაობის ინოვაციური ფორმები

0

ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა, სხვადასხვა
სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, კითხვაზე თუ ვინ არის პასუხისმგებელი ახალგაზრდა
თაობის აღზრდაზე, პასუხობს – ოჯახი და სკოლა.

დიდი
წილი ამ პასუხისმგებლობისა, რა თქმა უნდა, ოჯახზეა, თუმცა, უმნიშვნელოვანესი როლი ბავშვის
აღზრდისა და პიროვნებად ჩამოყალიბების საკითხში სკოლას აკისრია. არადა, სკოლასა და
ოჯახს შორის ურთიერთობა ფორმალურ ხასიათს არ ცდება და უმრავლეს შემთხვევაში ღრმა კრიზისშია
შესული.

 

 

შეუძლებელია აღზრდის
პრობლემების ოჯახში და აღზდის პრობლემების სკოლაში ცალ-ცალკე განხილვა და გადაწყვეტა,
რადგან ორივე შემთხვევაში ერთ პიროვნე­ბასთან გვაქვს საქმე და პრობლემის გამომწვევი
მიზეზიც ერთია.

 

თანამედროვე სკოლას,
რომელსაც უამრავი გამოწვევა აქვს, როგორც განათლების პოლიტიკის, ორგანიზაციული თუ პროფესიული
განვითარების კუთხით, აუცილე­ბე­ლია ქონდეს სოციალურ პროექტები და აქტიურად მუშაობდეს
მასზე, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი, მოსწავლესთან ერთად, მშობელთან ურთიერთობასა
და თანამშრომლობას უნდა ეკავოს. მშობლის გარეშე, ამ შემთხვევაში, პარტნიორის გარეშე,
რომელიც დაინტერესებულ მხარეს წარმო­ად­გენს, ვერ მიიღწევა სათანადო შედეგი, რადგან
მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, წარმო­უდგენელია ჩვენი ინტერესების რეალიზაცია
და სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა.

 

აღზრდის საკითხებში
თანამედროვე სკოლასა და ოჯახს შორის ბევრი საპირისპირო შეხედულებები არსე­ბობს; მასწავლებლები
უკმაყო­ფი­ლო­ები არიან ოჯახის პედაგოგიური კულტურის დაბალი ხარისხითა და უყურადღებობით
ბავშვის აღზრდისა და განათლების მიმართ. თავის მხრივ, მშობლები, მასწავლებელთა პროფესიონალიზმს
უჩივიან, ხშირად კი გადამეტებულ აღმზრ­დე­ლობით იდეალიზმს, რაც მათი აზრით, რეალურ
ცხოვრებასა და ყოფას უპირისპირდება. ასეთი ტიპის დამოკიდებულებებს, იქამდე მივყავართ, როცა მშობელი და სკოლა პარტნიორები კი
არა ოპონენტები და კონკურენტები არიან, ეს კი ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის აღზრდის პროცესზე.

 

 

 

 

 

სოციალური აღზრდის აუცილებლობა სასკოლო პროცესში

 

სკოლაში ბავშვის
აღზრდა და მოქალაქედ ჩამოყალიბება სამ ძირითად პროცესში ხდება:

 

1. საგაკვეთილო
პროცესის დროს  – გაკვეთილზე, წრეებზე, სექციებზე
და ა.შ.

2. სკოლის
საზოგადოებრივი ცხოვრების დროს – სკოლის თვითმართველობასა და სამეურვეო საბჭოს მუშაობაში
მონაწილეობის დროს, სკოლის კლუბებში გაწევრიანების დროს და ა.შ.

3. არასასკოლო
ღონისძიებებსა და აქტივობებში – ოლიმპიადებში, კონკურსებში, გაცვლით პროგრამებში, საქველმოქმედო
აქციებში და ა.შ. ასეთ ვითარებებსა და სიტუაციებში მოსწავლე ყველაზე მეტად აღიქვამს
საკუთარ თავს საზოგადობის ნაწილად.

 

ჩვენს შემთხვევაში, უპირატესობას ყოველთვის საგაკვეთილო პროცესს
ანიჭებენ და თან ყურადღება მხოლოდ საგანმანათლებლო ასპექტებზე მახვილდება.


საგაკვეთილო დომინირების დაძლევას სკოლაში და აღმზრდელობითი
პროცესის სოციალური ასპექტით დაბალანსებას, უპირველესად სკოლაში პოზიტიური სამოქალაქო
მაგალითების განმეორება უწყობს ხელს, რაშიც დემოკრატიული ინსტიტუტების ანალოგიების არსებობა იგულისხმება. სამწუხაროდ, მასწავლებლები
ასეთ პროექტებს უნდობლობით ეკიდებიან და დროის ფუჭ ხარჯვად აღიქვამენ.

 

ფაქტია, თუ სკოლა პრობლემების მოგვარებას სოციალური აღზრდის
პრინციპებით გადაწყვეტს, ის ყოველთვის მოძებნის აღზრდისა და განათლების ნამდვილ ამოცანებს,
აუცილებელ რესურსებსა და პარტნიორებს. ხოლო, ასეთი ფორმის ურთიერთობებსა თუ დამოკიდებულებებში,
რა თქმა უნდა, ყველაზე ახლო პარტნიორი ყოველთვის ოჯახი იქნება.

 

 

თანამშრომლობა

 

ჩვენი დაკვირვებით, მშობლებს აღმზრდელობით
სფეროში სკოლასთან თანამშრომლობა რამოდენიმე ასპექტით აინტერესებთ:

 

     შეიძინონ ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური ცოდნა და უნარები
(“ცოცხალი” და არა წიგნებით ან სახელმძღვანელოებით);

 

     გააუმჯობესონ ურთიერთობა შვილთან;

     გაამყარონ საკუთარი ავტორიტეტი.

 

ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობისთვის
კი აუცილებელია:

 

     საინტერესო და კომფორტული გარემოს შექმნა, დიალოგისა და დისკუსიისთვის;

 

     თანამშრომლობის ძირითად საკითხებსა და ინტერესებზე
შეთანხმება;

 

     იურიდიული და ნორმატიული ბაზის შექმნა საგანმანათლებლო
ორგანიზაციის დონეზე (ეთიკის კოდექსებსა და შინაგანაწესზე დაყრდნობით);

 

     სოციალური თანამშრომლობის მმართველობითი სისტემის
ფორმირება;

 

     პარტნიორული პროექტებისა და პროგრამების დაგეგმვა
და განხორციელება.

 

 

ურთიერთობების ახალი ფორმები

 

განვიხილავთ მშობლებთან მუშაობისა და ურთიერთობის ერთ მაგალითს,
რომელიც არ არის ადაპტირებული ჩვენს სკოლებში:

 

პედაგოგიური განათლების კურსები მშობლებისთვის

 

ასეთი ფორმის  თანამშრომლობა
ემსახურება მშობელთა ფსიქოლო­გიურ-პედაგოგიურ განათლებას. კურსების ორგანიზება სკოლის
ადმინისტრაციამ უნდა უზრუნ­ველ­ყოს და მასში უნდა ჩართოს წარმატებული, გამოცდილი და
აქტიური მასწავლებლები. კურსების მეშვეობით მშობლები აუცილებელი აღმზრდელობითი უნარ-ჩვევებით
აღიჭურვებიან, მიეცემათ ინფორმაცია ასაკობრივ და სხვა ფიზიოლოგიური პრობლემების, ასევე,
ელემენტარული პედაგო­გიური მიდგომების, მეთოდებისა და სტრატეგიების შესახებ.

 

მოსწავლეთა ასაკის მიხედვით კურსების პროგრამას შეიმუშა­ვე­ბენ
პედაგოგები, სასურველია, თუ დაგეგმვაში გამოცდილ ექსპერტებ­საც დავიხმართ. კურსის ფარგლებში
შესაძლებელია სხვადასხვა სახის ფორმატის გამოყენება, როგორიცაა: ლექცია, საუბრები,
კონფერენცია, პრაქტიკული სამუშაო და დისკუსია.

 

    ლექცია

 

მასწავლებელი /აღმზრდელი/ დამრიგებელი მშობლებთან შეხ­ვედ­რისას
აანალიზებს და განიხი­ლავს ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ პრობლემებსა და საკითხებს, მიზეზებს
სხვადასხვა გამოვლი­ნე­ბებისა, პრობლემების მოგვარებისა და პრევენციის ხერხებს, ოჯახური
აღზრდის შესაძლებლობებსა და წესებს.

 

ლექციის მოსამზადებლად გასათვალისწინებელია მისი სტრუქტურა,
მიზანი და დანიშნუ­ლება. უნდა შედგეს გეგმა, სადაც ჩამოვაყალიბებთ იდეებს, ფაქტებს
და სტატისტიკას. ლექციის ერთ-ერთი მთავარი პირობაა აქცენტი გაკეთდეს ოჯახურ აღზრდაზე.
ლექციის წარმართვის მეთოდი დიალოგია, ხოლო თემატიკა უნდა იყოს მრავალფეროვანი და მშობლებისთვის
აქტუალური, მაგალითად:

 

“ასაკობრივი თავისებურებანი”;

 

“რა არის თვითშეფასება და თვითაღზრდა”;

 

“ინდივიდუალური მიდგომები და მეთოდები ოჯახურ
აღზრდაში”;

 

“ფიზიოლოგიური მომწიფების ასაკი” და ა.შ.

 

 

დისკუსია

 

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფორმა პედაგოგიური კულტურის
ასამაღლებლად. დისკუსიას ის განმასხვავებელი ნიშანი აქვს, მრა­­ვა­ლი სხვა სამუშაოსგან
განსხვავებით, რომ იძლევა საშუ­ა­ლებას, პრობ­ლე­მის განხილვაში ყველა მხარე ერთნაი­რად
იყოს ჩართული. ხდება იდეათა გენერირება და ყველა აქტიურად მონაწილეობს ფაქტებისა და
ინფორმაციის ანალიზში.

 

დისკუსიის წარმატება დიდ წილად დამოკიდებულია მის მომზადებასა
და სწორ დაგეგმვაზე. დაახლოებით ერთი თვის წინ მონაწილეებმა უკვე უნდა იცოდნენ დისკუსიის
თემა და საჭირო ლიტერატურის დასახე­ლე­ბა, რომლებიც დისკუსიაში მონაწილე­ობის დროს
დაეხმარებათ. დისკუსიის დროს ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილია დავის სწორად წარმართვა,
ამ ტიპის სამუშაოს დროს, ბევრ რამეს განაპირობებს წამყვანი (ფასილი­ტატორი). ფასილიტატორი
შეიძლება იყოს პედაგოგიც, მშობელიც ან მოწვეული ექსპერტი.

 

აუცილებელია, რომ რეგლამენტი წინასწარ იყოს დათქმული და გათვლილი.
ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ ყველა მონაწილეს, შევთავაზოთ და დავუსაბუთოთ საკუთარი პოზიცია.
ბოლოს დისკუსია უნდა შეჯამდეს და გაკეთდეს ანალიზი. ასეთი შეხვედრის მთავარი პრინციპია
– მოვუსმინოთ და პატივი ვცეთ ყველა მონა­წი­ლის შეხედულებებსა და აზრს.

 

დისკუსიის თემა შეიძლება იყოს ოჯახური და სასკოლო აღზრდის
ყველა სადავო საკითხი, მაგალითად:

 

“ვის მეტი პასუხისმგებლობა აკისრია- ოჯახს
თუ სკოლას?”;

 

“მოსწავლის მშობლისა და სკოლის განსხვავებული
შეფასება”;

 

“სწავლის ხელისშემშლელი მიზეზები”.
და ა.შ.

 

 

კონფერენცია

 

პედაგოგიური განათლების ფორმა, რომლის დროსაც განვიხილავთ,
ვაჯამებთ და ვიღრმავებთ ცოდნას ბავშვის აღზრდის შესახებ. კონფე­რენცია შეიძლება იყოს
სამეცნიერო ან პრაქტიკული ხასიათის, ასეთი ტიპის ღონისძიება ტარდება წელიწადში ერთხელ,
რადგან მას რთული მოსამზადებელი სამუშაოები უძღვის წინ და მშობლების აქტიურ მონაწილეობას
ითვალისწინებს, ხოლო მშობლებს ხშირად აქვთ დროის დეფიციტი.

 

ძალიან წარმატებული და ნაყოფი­ერია, თუ სკოლა კონფერენციის
პარალელურად ორგანიზებას გაუწევს სხვა ტიპის ღონისძიე­ბებ­საც (გამოფენებს, წარმოდგენებს,
საზოგადოებრივ და სოციალურ აქციებს და ა.შ.), რაც კვირეულის ფორმატითაც შეიძლება განხორ­ცი­ელდეს.
მომხსენებლები შეიძლება იყვნენ მშობლები, მოსწავლეები, მასწავლებლები და მოწვეული ექსპერტები.

 

კონფერენციის თემატიკა უნდა იყოს კონკრეტული და მიმართული
ამა თუ იმ აქტიური პრობლემის განსახილველად, ყურადღების გასამახვილებლად ან გადასაჭრელად,
მაგალითად:

 

“თამაში ბავშვის ცხოვრებაში”;

 

“მორალური აღზრდის ასპექტები”;

 

“ეკოლოგია და ბავშვის გარემო”;

 

“ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემები”;

 

“ტექნოლოგიები ბავშვის ცხოვრებაში”
და ა.შ.

 

ასევე, საინტერესო იქნება, კონფერენციის ჩატარების წინ მშობელთა
გამოკითხვა ჩავატაროთ და გავიგოთ ის საკითხები, რომელთა განხილვის შემთხვევაში მშობლები
ინტერესით ჩაებმებიან ასეთი ტიპის ღონისძიებაში.

 

 

პრაქტიკული სამუშაო

 

ასეთი ფორმის სამუშაო ხელს უწყობს მშობლების პედაგოგიური
უნარ-ჩვევების გამომუშავებას, და რთული სიტუაციების დროს სწორი პედაგოგიური გადაწყვეტილების
მიღებას, და მოქმედებას. პედაგო­გიურ-პრაქტიკული სამუშაოს ფარგლებში, მასწავლებელი
ურჩევს მშობელს რთული სიტუაციებიდან ან აღზრდის დროს წარმოქმნილი პრობლემების დროს
გამოსავლის გზებსა და გადაწყვეტის ხერხებს, რამაც უნდა განავითაროს და დადებითი ზემოქმედება
მოახდინოს მშობელსა და ბავშვს შორის, სკოლასა და ბავშვსა თუ მშობელსა და სკოლას შორის
ურთიერთობებს.

 

პრაქტიკული სამუშაოს ფარგლებში შესაძლებელია, მშობელი დავისწროთ
გაკვეთილებზე, ჩავატაროთ მასთან ინდივიდუალური შეხვედრები 
ან ვეწვიოთ შინ.

ეკრანიზაცია / ადაპტაცია

0

ლიტერატურის ეკრანიზაცია კინოს დაბადების (ოფიციალური თარიღი – 1895 წ.) პირველსავე წლებში დაიწყეს. თავდაპირველად ეს იმით იყო განპირობებული, რომ ფილმების შემქმნელები შთაგონებას უფრო ძველი (“მაღალი”) ხელოვნების ნიმუშებში ეძებდნენ. არსებობდა განწყობა, რომ კინო აუცილებლად უნდა დასესხებოდა ხელოვნების სხვა დარგებს, საუკუნეების განმავლობაში იქ დაგროვილი გამოცდილება გამოეყენებინა და ასე დაეინტერესებინა ადრეულ წლებში კინემატოგრაფიის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მაყურებელი. სწორედ მაშინ გაჩნდა კინოში ეს არაკინემატოგრაფიული ტენდენცია, რომელიც მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც კინოენა დაიხვეწა, მეტ-ნაკლებად გადაილახა. იყვნენ რადიკალებიც, მაგალითად, კინორეჟისორი სერგეი ეიზენშტეინი, რომელიც ამბობდა, რომ ლიტერატურაში არსებობს ნაწარმოებები, რომლებიც წყობითა და მხატვრული აზროვნებით კინემატოგრაფიულია (მათ შორის – კინემატოგრაფიის გაჩენამდე დაწერილი ლიტერატურაც, მაგალითად, პუშკინის „რუსლანი და ლუდმილა”). ასეა თუ ისე, გასული საუკუნის ათიანი წლებისთვის კინოში უკვე მრავალი სქელტანიანი რომანის, პიესისა და მოთხრობის ეკრანიზაცია არსებობდა.

დღეს მათი რიცხვი გაცილებით დიდია. ეკრანიზაციის ანუ ეკრანისთვის ლიტერატურული, პროზაული და პოეტური ნაწარმოებების, ოპერისა და ბალეტის ადაპტაციის პრაქტიკა თანამედროვე კინოში ისევე გავრცელებულია, როგორც საუკუნის წინ იყო. როგორც წესი, ყველა ლიტერატურული ბესტსელერი გარკვეული ხნის შემდეგ კინოეკრანზეც ხვდება. ამის მაგალითებია “ჰარი პოტერი”, “ბეჭდების მბრძანებელი”, “და ვინჩის კოდი” და მრავალი სხვა.

ოცდაათიან წლებში რომანების ადაპტაციას ერთგვარი საგანმანათლებლო ფუნქციაც მიენიჭა. მას, ვისაც დიდი ლიტერატურის ნიმუშები არ ჰქონდა წაკითხული, შეეძლო, კინოდარბაზში სულ რაღაც ორიოდე საათში “განათლებულიყო”. ლიტერატურის ასეთი სახით მოხმარება-მონელების ტენდენციას საბჭოთა კინომცოდნეები აკრიტიკებდნენ. რუსეთში, მაგალითად, წერდნენ, რომ მაყურებლები ამ გზით არასრულფასოვნად შეიცნობდნენ მაღალმხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

საქართველოში დღესაც არსებობს ეკრანიზაციის კრიტიკის ტენდენცია. ჩვენ გარშემო ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც აცხადებს, რომ ჯერ წიგნი უნდა წაიკითხო და შემდეგ ნახო მისი კინოვერსია. ასევე პოპულარულია მოსაზრება, რომ მხატვრული ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი ყოველთვის უფრო სუსტია, ვიდრე მისი ლიტერატურული პირველწყარო. ამ მოსაზრების ეჭვქვეშ დაყენება თავისთავად აუცილებელი მგონია (თუმცა აქ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს), მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მრავალი ნაწარმოები, განსაკუთრებით – მაღალმხატვრული ღირებულებისა, სჯაბნის ეკრანიზაციას. ეს უმეტესად მაშინ ხდება, როცა ფილმის ავტორებისთვის ამოსავალი წერტილი ლიტერატურაა და არა კინემატოგრაფი. თანაც, როგორც წესი, აკრიტიკებენ ადაპტაციებს XIX-XX საუკუნეებში დაწერილი ნაწარმოებებისა, რომლებიც დღემდე შედის იმ ადამიანთა წასაკითხი წიგნების სიაში, ვისაც პრეტენზია აქვს, განათლებულ პიროვნებად მიიჩნევდნენ.

მე მაინც მგონია, რომ ეკრანიზაციებისადმი იმთავითვე სკეპტიკურად მიდგომა არ ღირს და რომ სასკოლო პროგრამაში მათი ჩართვით შესაძლებელია საპროგრამო კურსის გამრავალფეროვნება და გახალისება. მით უმეტეს, როცა საზღვარგარეთული საგანმანათლებლო სექტორის პრაქტიკაში ამის მაგალითები არსებობს.

ეკრანიზაციების ჩვენება შეიძლება უცხო და ქართულენოვანი ლიტერატურის კურსის ფარგლებში, რომელიმე ნაწარმოების შესწავლის დაწყებამდე ან შემდეგ. არ არის აუცილებელი, ეს ფილმი შედევრი იყოს. თუ მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ეკრანიზაცია პირველწყაროს ჩამოუვარდება, კარგი იქნება სათანადო არგუმენტების მოხმობა, ასევე – განსხვავებული ხედვის ერთმანეთისთვის გაზიარება. ფილმისა და ლიტერატურული ნაწარმოების პარალელური განხილვის მეშვეობით გაიზრდება ინტერაქცია კლასსა და მასწავლებელს შორის, რაც მოსწავლეებისთვის კრიტიკული აზროვნების გაღვივების შესაძლებლობას მოგვცემს.

მოგეხსენებათ, ადაპტაციები არსებობს როგორც რომანებისა, პიესებისა და მოთხრობებისა, ასევე ბიოგრაფიებისაც. ცნობილი მწერლების შესახებ უამრავი ბიოგრაფიული ფილმია გადაღებული. ლიტერატურული მიმდინარეობის ან კონკრეტული მწერლის შემოქმედების შესწავლისას ასეთი ფილმების ჩვენებამ შესაძლოა მოსწავლე პროგრამით უფრო მეტად დააინტერესოს, ჩართოს კლასის მუშაობაში და ცოდნის გაღრმავებაში დაეხმაროს.

არა მხოლოდ მწერლების, არამედ მუსიკოსების, მხატვრების, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების შესახებაც მრავალი ბიოგრაფიული (მხატვრული თუ დოკუმენტური) ფილმის მოძიებაა შესაძლებელი. გაკვეთილზე მათი გამოყენება უთუოდ წაადგება სასწავლო პროცესს.

ეკრანიზაციები ქართულ კინოშიც მრავლადაა (“მაგდანას ლურჯა”, “ნატვრის ხე”, “ვინ არის დამნაშავე”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “უბედურება”, “ვედრება”, “არ იდარდო”, “ოტელო” და სხვ.). არსებობს ბიოგრაფიული ფილმებიც (“ლადო გუდიაშვილი”, “ნიკოლოზ ბარათაშვილი”, “დავით გურამიშვილი” და ა.შ.). საბჭოთა დროს შექმნილი ეს ფილმები ხშირად იდეოლოგიური კონიუნქტურის მატარებელია. კომუნიზმის ეპოქისთვის დამახასიათებელი ეს ფაქტი მოსწავლისთვის დამატებითი ინფორმაციის წყაროდ შეიძლება გამოვიყენოთ და მისი ცოდნა იმაზე საუბრით გავამდიდროთ, რატომ და როგორ იყენებდნენ მეოცე საუკუნის რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში კინო- და ტელემედიას პროპაგანდისტული მიზნით და როგორ აისახებოდა ეს სინამდვილე ამა თუ იმ ავტორის ბიოგრაფიული პორტრეტის შექმნის პროცესზე.

ბიოლოგია ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი წარმატებული მეცნიერებაა

0

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეკოლოგიის ინსტიტუტის, ემერიტუს პროფესორი, ბატონი აივენგო შათირიშვილი, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში ბიოლოგთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, მასწავლებლებს, აბიტურიენტებსა და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს წინასაგამოცდოდ რჩევებს აძლევს. ბიოლოგთა ამ ჯგუფის მიერ არის ვიზირებული და შედგენილი აბიტურიენტთა და მასწავლებელთა საგამოცდო პროგრამები, პრეტესტები და ტესტები ბიოლოგიაში.

 

 

რომელ დამხმარე სახელმძღვანელოს ურჩევდით პედაგოგებს მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მოსამზადებლად?

– სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ საქართველოში მასწავლებლებისთვის სპეციალური ლიტერატურა ბიოლოგიაში ძალიან მწირია. ბოლო ხანს ეს განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა. მეცნიერება წინ მიდის, ამიტომ მასწავლებელს სჭირდება სრულყოფილი, თანამედროვე მიღწევების ამსახველი სახელმძღვანელო, რომელიც მას დროისთვის ფეხის აწყობაში დაეხმარება.გამოცდების ეროვნული ცენტრმა,დირექტორის, ქალბატონი მაია მიმინოშვილისა და საბუნებისმეტყველო ჯგუფის კურატორის, ბატონი გოგი ჩეჩელაშვილის ინიციატივით ავტორთა კოლექტივმა ბატონებთან ილია ლაზარიშვილსა და სულხან ცაგარელთან ერთად ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის ასეთი სახელმძღვანელო შეადგინა

. ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეადგინადა გამოსცა. ბიოლოგთა ჯგუფმა შეიმუშავა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტიც. სახელმძღვანელო საგამოცდო პროგრამის მიხედვით არის შედგენილი. ის მომზადდა, რათა მასწავლებლებს გამოცდისთვის მომზადება არ გასჭირვებოდათ. სადღეისოდ არსებობს მისი ორი გამოცემა. ვფიქრობ, იგი კარგი გზამკვლევი იქნება ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის, რადგან საგამოცდო ტესტები სწორედ ამ სახელმძღვანელოს მიხედვით არის შედგენილი. მასში განხილულია ზოგადი ბიოლოგიის, ადამიანის ანატომიის, ზოგადი და ადამიანის გენეტიკის საკვანძო საკითხები, ასევე – ფიზიოლოგიის ყველა აქტუალური საკითხი, ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები და ბიოტექნოლოგიის გამოყენებით მათი გადაჭრის გზები.

გვესაუბრეთ მასწავლებელთა საგამოცდო ტესტების შინაარსის, ღია და დახურული კითხვების შესახებ

საგამოცდო ტესტების დახურული კითხვები ორიენტირებულია ცოდნაზე და ზოგადი ბიოლოგიის კარდინალურ საკითხებს მოიცავს. ეს ის საკითხებია, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება ყველა პედაგოგს და რომელთა უმეტესობას განიხილავენ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში. საგამოცდო ტესტების ღია კითხვები კი წარმოაჩენს მასწავლებლის ერუდიციას, მის მიდგომას, პედაგოგიურ უნარ-ჩვევებს, მეთოდიკას – როგორ გეგმავს იგი გაკვეთილს, რამდენად შემოქმედებითად უდგება სწავლებას, როგორ იყენებს საჩვენებელ მასალას, ამა თუ იმ ინოვაციას და ასე შემდეგ. პედაგოგიური უნარების წილად მოდის საგამოცდო ტესტების 30%, თეორიულის წილად – 70%, თუმცა იქაც არის როგორც ღია, ასევე დახურული კითხვები.

– როგორ ასწორებენ ტესტებს?

ლოჯისტიკის ჯგუფი შიფრავს ნაწერებს, რომლებსაც შემდეგ ასწორებს ბიოლოგიური ჯგუფისგან იზოლირებული საგამოცდო კომისია, ხოლო ჩვენ საბოლოო შედეგს მოგვიანებით ვიღებთ.

– წელს პირველად საბუნებისმეტყველო დარგებში სერტიფიცირებულმა მასწავლებლებმა ჩააბარეს გამოცდა სპეციალობის ექსპერიმენტულ ნაწილში. გვიამბეთ პროგრამის, ტესტების შედგენისა და შედეგების შესახებ.

დავიწყოთ შედეგებით. მოხარული ვარ, რომ მასწავლებლებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდა. უდავოდ რთული იყო, მაგრამ პედაგოგების 90%-მა ბარიერი გადალახა და ეს არა მარტო მათი, არამედ საგამოცდო ცენტრის გამარჯვებაც არის.

ექსპერიმენტული ნაწილი ითვალისწინებდა საგაკვეთილო გეგმაში ანიმაციის ჩართვას, ასევე მოიცავდა პრეპარატის ამოცნობას და გენეტიკურ ექსპერიმენტს. ანიმაცია მოითხოვდა ზოგადი ბიოლოგიური მოვლენებისა და კანონზომიერებების ცოდნას, ხოლო გენეტიკური ამოცანები ორიენტირებული იყო საკითხებზე, რომლებიც არ სცილდებოდა საშუალო სკოლის მოსწავლეთა პროგრამის ფარგლებს – ისეთებზე, როგორებიც არის, მაგალითად, მონოჰიბრიდული შეჯვარება, არასრული დომინირება… საგამოცდო დრო სავსებით საკმარისი აღმოჩნდა. გამოცდებმა მშვიდ ატმოსფეროში ჩაიარა. ამოცანები მასწავლებლებს ინდივიდუალურად დაურიგდათ, ხოლო პროგრამა იცვლებოდა სესიების მიხედვით. შესაბამისად იცვლებოდა ანიმაციებიც.

მასწავლებლის სახლში მიმდინარე ტრენინგები პედაგოგებს უდავოდ გამოადგათ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სერტიფიცირებისა და ტრენინგების სამსახურის უფროსთან, ქალბატონ ნინო გორდეზიანთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის კონსულტანტთან, ქალბატონ რუსუდან თედორაძესთან. ჩვენი საერთო მიზანი მასწავლებლების დახმარებაა. ვმოქმედებთ კოორდინირებულად. სწორედ ასეთ მიდგომას უნდა ვუმადლოდეთ შედეგს, რომელიც წელს აჩვენეს მასწავლებლებმა ექსპერიმეტული ნაწილის ჩაბარებისას. ამდენად, ჩვენს თანამშრომლობას აქვს მომავალი.

ტრენინგები, რომლებიც მასწავლებლის სახლში იმართება, მასწავლებლებისთვის ნამდვილად სასარგებლოა. განვიხილეთ ტრენინგისთვის მომზადებული საკითხებიც. სამწუხაროდ, უფლება არ გვაქვს, კონკრეტული საგამოცდო თემები მივუთითოთ, თუმცა შევთავაზეთ საკითხები, რომელთა ირგვლივაც მათ როგორც სასერტიფიკატო, ასევე ექსპერიმენტული ნაწილის ტრენინგმოდული მოამზადეს.

რა დოზით შევა სასერტიფიკატო გამოცდებში ბიომეტრიის ელემენტები?

რაც შეეხება მათემატიკურ ორიენტირებას, მხოლოდ ექსპერიმენტულ ნაწილში სჭირდებათ ამ საკითხების ინტეგრირება. მათ ბიოლოგიურად დაამუშავეს მონაცემები ამოცანების დროს. ამ საკითხებს საგამოცდოდ პედაგოგებს ცალკე არ ვაძლევთ; მიგვაჩნია, რომ ისინი თან უნდა ახლდეს პრაქტიკულ ნაწილს, გენეტიკური კანონზომიერების გამოსავლენად მათემატიკური აპარატის გამოყენება. დამატებით ტესტების სახით თეორიულ ნაწილში ეს არ შევა. არც ერთი მათემატიკური ფორმულა არ იქნება გამოყენებული გამოცდებში ტესტების სახით. აღსანიშნავია, რომ წელს მასწავლებლები ძალიან კარგად ფლობდნენ მათემატიკურ გამოთვლებს და ამ ნაწილში მაღალი შეფასებებიც დაიმსახურეს, რაც დაეხმარა კიდეც ზოგიერთ მათგანს ბარიერის გადალახვაში.

საინტერესო იქნება ექსპერიმენტული ნაწილის შესახებ იმ მასწავლებელთა მოსაზრებები, რომლებმაც ეს გამოცდა ჩააბარეს.

– დამამთავრებელი კლასის ტესტების ნიმუშებზე მინდა გკითხოთ. წელს პროგრამიდან ამოღებულია ეკოლოგია და დამატებულია გენეტიკა. შევა თუ არა ეკოლოგიის საკითხები ტესტებში?

– მეათე კლასის მოსწავლეები ბიოლოგიას გენეტიკის შესწავლით ასრულებენ. ახალი სასწავლო წლიდან უკვე სპეციალური სტანდარტი დაინერგება, რომლის შემუშავებაში მეც ვმონაწილეობდი. ამ სტანდარტის მიხედვით, ბიოლოგია უწყვეტად შეისწავლება მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში. აქამდე გენეტიკას მხოლოდ მეათე კლასში შეისწავლიდნენ. ახალი სასწავლო წლიდან საატესტატო პროგრამაში ჩართული იქნება გენეტიკის მარტივი ელემენტები: მონოჰობრიდული და დიჰიბრიდული შეჯვარება, სქესის გენეტიკა და ცვალებადობა. ტესტები აგებული იქნება სურათებზე, რაც კომპიუტერულ თაობას ამ საკითხების აღქმას გაუადვილებს.

საატესტატო გამოცდებზე არ მოითხოვება ეკოლოგიისა და ევოლუციის საკითხების ცოდნა, შევა მხოლოდ პროგრამით გათვალისწინებული საკითხები; ეკოლოგიის საკითხები შეტანილია მხოლოდ სააბიტურენტო პროგრამაში.

გამოცდაზე უმთავრესად იმავე სირთულის საკითხები იქნება, რაც შარშან.

რა მიზანს ემსახურება პრეტესტირება?

– პრეტესტირების შედეგები მუშავდება და სტატისტიკურად აღირიცხება, რამდენმა მოსწავლემ გაართვა თავი ამა თუ იმ საკითხს. ამ მონაცემებს რვა სხვადასხვა პარამეტრით ამუშავებს ცალკე ჯგუფი. თუ რაიმე ხარვეზი აღმოაჩინეს ან მოსწავლეებს პასუხის გაცემა გაუჭირდათ, მოხდება ასეთი ამოცანების ამოღება ან გადაკეთება. ტესტირებამდე ყველა ამოცანა გამოცდილი და სტატისტიკურად დამუშავებულია. ისინი არ იქნება იმ ამოცანებზე რთული, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოებშია შეტანილი.

რატომ უნდა ჩააბაროს აბიტურიენტმა საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტზე ბიოლოგიის სპეციალობით?

ბიოლოგია ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი წარმატებული მეცნიერებაა. თუ მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი ატომის ბირთვის შეცნობის ეპოქა იყო, ხოლო მეორე ნახევარი – უჯრედის ბირთვის შეცნობისა, დღეს უკვე გენებზე ვმანიპულირებთ. აქტიურად ვითარდება გენური ინჟინერია და შესაძლოა, მალე ისეთი გენეტიკური დაავადების განკურნებაც მოხერხდეს, რომლებიც აქამდე უკურნებლად იყო მიჩნეული. კარგი იქნება, თუ ქართველი ახალგაზრდები დაინტერესდებიან ამ დისციპლინით და ჩვენს ადგილს დაიკავებენ.

– თქვენ ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შვიდ სხვადასხვა სალექციო კურსს უძღვებით ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის. რა მიმართულებებია ბიოლოგიის კუთხით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომელ სალექციო კურსს კითხულობთ ამჟამად?

ამჟამად ვკითხულობ ევოლუციის თეორიას, გენეტიკას, ზოგად გენეტიკას, გენეტიკა და საზოგადოებას, პოპულაციების გენეტიკას, მოლეკულური გენეტიკის საფუძვლებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ორი კარდინალური მიმართულებაა ეკოლოგიისა და მოლეკულური ბიოლოგიის განხრით. ლექციებს კითხულობენ გამოჩენილი მეცნიერები – ბატონები დავით თარხნიშვილი, დავით მიქელაძე, ზაზა კიკვიძე, რეზო სოლომონია და სხვები. უნივერსიტეტში მიმდინარეობს კვლევები მოლეკულურ დონეზე ბატონ დავით თარხნიშვილთან თანამედროვე ხელსაწყოების გამოყენებით. ჩვენი სტუდენტები უცხოეთში სტაჟირებასაც გადიან.

მადლობა საინტერესო საუბრისთვის. თქვენი რჩევები ნამდვლად დროული და სასარგებლოა მასწავლებლების, აბიტურიენტებისა და დამათავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის.

ესაუბრა ხათუნა გოგალაძე

თამარ კაციტაძე – საით წავიდეთ ექსკურსიაზე – თბილისი

0

თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობები მისი ისტორიული ძეგლებია – ციხე-სიმაგრე ”ნარიყალა” IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც “შურის ციხე”. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI და XVII საუკუნეებით თარიღდება; ”აბანოთ უბანი” თავისი გოგირდის წყლებით, რასაც უკავშირდება ლეგენდა თბილისის დაარსებაზე; მეტეხი V საუკუნის ძეგლი; თბილისის ქარვასლები; მეფე ერეკლეს მეუღლის დარეჯანის სასახლე; V ს-ის II ნახევარში აგებული სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი; VI საუკუნით თარიღდება ანჩისხატის ტაძარი; VI საუკუნიდან იწყება მამადავითის ეკლესიის ისტორიაც; ქაშვეთის ეკლესია- XVIII საუკუნის ძეგლი; დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა; ლურჯი მონასტერი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, აშენებულია XII საუკუნის მიწურულს და ა.შ. თბილისი გამოირჩევა მუზეუმების სიუხვითაც, რომლებიც ჩვენ თემების მიხედვით დავყავით

ვრცლად 

წერილი შვედეთის აკადემიას – ჰერმან ჰესე

0
გულითადი პატივისცემით მივესალმები თქვენს საზეიმო თავყრილობას, და, უპირველეს ყოვლისა, სინანულს გამოვთქვამ იმის გამო, რომ ვერ მოვახერხე, ვყოფილიყავი თქვენი სტუმარი, რათა პირადად მოგსალმებოდით და თქვენთვის მადლობა მომეხსენებინა.
ყოველთვის სუსტი ჯანმრთელობით გამოვირჩეოდი, მაგრამ 1933 წლის შემდგომმა ქარტეხილებმა იავარყო მთელი ჩემი ცხოვრების ნაღვაწი, და, თან ისეთი მძიმე მოვალეობებიც დამაკისრა, რომ მთლად ხეიბრად მაქცია. მიუხედავად ამისა, სულიერად არ დავცემულვარ, და, ვგრძნობ, როგორ მაკავშირებს თქვენთან ის იდეა, ნობელის პრემიის ფონდს რომ დაედო საფუძვლად. ეს არის იდეა სულის ზეეროვნულობისა და ინტერნაციონალობისა, და, კიდევ, იდეა ამ სულის მოვალეობისა, ემსახუროს არა ომსა და ნგრევას, არამედ მშვიდობასა და შემწყნარებლობას. ჩემთვის მონიჭებული ეს პრემია ხომ იმავდროულად გერმანული ენისა, და, საერთოდ, მსოფლიო კულტურაში, გერმანიის წვლილის აღიარებასაც ნიშნავს, და, მე ამაში მშვიდობისმოყვარეობას, კეთილ ნებასა და ხალხებს შორის სულიერი თანამშრომლობის მცდელობას ვხედავ.
მაგრამ ჩემს იდეალად სულაც არ მესახება ეროვნული თვისებების მოსპობა-განადგურება, რომლის შედეგიც სულიერად უნიფიცირებული კაცობრიობა იქნებოდა. არამც და არამც! გაუმარჯოს მრავალფეროვნებასა და მრავალგვარობას ამ ჩვენს საყვარელ დედამიწაზე! განა მშვენიერი არ არის, რომ ამქვეყნად არსებობს მრავალი რასა და ხალხი, მრავალი ენა თუ გონებისა და თვალსაზრისების ნაირსახეობები! სხვა მიზეზთა შორის, ომების, დაპყრობებისა და ანექსიების მოძულე და დაუძინებელი მტერი იმიტომაც ვარ, რომ ამ შავბნელ ძალებს მსხვერპლად ადამიანური კულტურის მრავალი, ორგანულად ჩამოყალიბებული, ღრმად ინდივიდუალური და უკიდურესად მრავალფეროვანი თავისებურება ეწირება. მე მტერი ვარ “გრანდს სიმპლიფიცატეურს”*-სა და მომხრე ვარ ხარისხისა, და, იმ ყველაფრისა, რაც კი სწორუპოვარი და უნიკალურია. ამიტომ, როგორც თქვენი მადლიერი სტუმარი და კოლეგა, მივესალმები შვედეთს, მის ენასა და კულტურას, მის მდიდარ და საამაყო ისტორიას, და, ასევე, მის შეუპოვრობას, თავისი ბუნებრივი თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარებისკენ მიმავალ გზაზე.
შვედეთში არასოდეს არ ვყოფილვარ, მაგრამ ათეული წლების წინ, ამ ქვეყნიდან პირველი საჩუქარი მივიღე, და, მას შემდეგ უამრავი კეთილი და მეგობრული ნობათი მომდის. ამ ორმოცი წლის წინ, ეს იყო შვედური წიგნი (პირველი გამოცემა “ლეგენდები ქრისტეზე”), რომელსაც თავად სელმა ლაგერლოფის მინაწერი ჰქონდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ჩემდა სასიკეთოდ, ურთიერთობა მქონდა თქვენს ქვეყანასთან; ბოლოს და ბოლოს კი, აი ეს უდიდესი ჯილდო მხვდა წილად, რომლითაც მან ასე მოულოდნელად დამასაჩუქრა. სულით და გულით ვუძღვნი მას ამისთვის მადლობას!

* დიდი გამმარტივებლები (ფრანგ.).

ბზარი კედელში, ანუ როგორი სისტემა ‘არ გვჭირდება’

0

დღევანდელი პოსტი ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა: ჯერ ერთი, ეს ჩემი პირველი პოსტია ამ გვერდზე და მეორე – ვწერ მუსიკასა და განათლებაზე, ანუ ისეთ თემებზე, რომლებიც, მეტ-ნაკლებად, ყველასთვის მნიშვნელოვანია.

ყოველთვის, როცა სამუშაო მაგიდასთან რამის საწერად მოვკალათდები, დიდი ყურადღებით ვარჩევ ფლეილისტს, რომელიც წერის დროს უნდა მქონდეს ჩართული. პრინციპი მარტივია: მუსიკა ნაკლებად ხმაურიანი, არცთუ ხანმოკლე და შეძლებისდაგვარად ერთი სტილისა უნდა იყოს, რომ ყურადღების კონცენტრირებაში ხელი არ შემიშალოს.

ყველაზე რთული სწორედ ამ უკანასკნელი პრინციპის გათვალისწინებაა, რადგან ბევრ სტილს ვუსმენ – კლასიკური ჯაზიდან დაწყებული, სკა პანკით დამთავრებული. ვერ ვიტყვი, რომ ყველა მიმდინარეობის ისტორიას ზედმიწევნით ვიცნობ, თუმცა ვცდილობ, მცირე ცნობები ყველა მათგანის შესახებ მოვიძიო ინტერნეტში.

სწორედ ასეთი ძიებისას შევიტყვე თავის დროზე, რომ ლეგენდარული როკჯგუფის Pink Floyd-ის ერთ-ერთი ლიდერი დევიდ გილმორი ჯგუფს 1967 წელს შეუერთდა და მცირე ხანს ბენდი 5 მუსიკოსისგან შედგებოდა; რომ როჯერ უოტერსი, რომელიც ჯგუფის ნამდვილ ტვინად მიმაჩნია, აქტიურად ერთვებოდა ხოლმე პაციფისტურ და ბირთვული განიარაღების აქციებში; რომ სიდ ბარეტს სინამდვილეში როჯერი რქმევია და ჯგუფი 1968-ში ფსიქიკური პრობლემების გამო დაუტოვებია…

ბარეტის წასვლის შემდეგ Pink Floyd-ისა და მთელი როკსამყაროსთვის ახალი ერა დაიწყო…

თემას გადავუხვიე? ნაწილობრივ, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.

რატომ დავიწყე საუბარი Pink Floyd-ზე განათლებისა და მუსიკის ჭრილში?

გაიხსენეთ ჯგუფის ყველაზე პოპულარული ტრეკი “Another Brick in The Wall” (“კიდევ ერთი აგური კედელში”), რომელიც 1979 წელს გამოსული ალბომის, “The Wall”-ის სავიზიტო ბარათად იქცა.

შესაძლოა, პირველივე ჯერზე ყველამ ვერ გაიხსენოს, ამიტომ ცოტას დაგეხმარებით და მისამღერის პირველ სტრიქონს შეგახსენებთ:

“We Don’t Need No Education!” (“არ გვჭირდება განათლება!”)

იხილეთ ვიდეოც 🙂

აი, ახლა კი უთუოდ გაიხსენებდით 🙂

არ მეგულება ჩემს ნაცნობებს შორის ადამიანი, გაგონილი მაინც რომ არ ჰქონდეს ეს მელოდია.

სიმღერის ავტორი როჯერ უოტერსია, რომელსაც ზემოთ Pink Floyd-ის ტვინი ვუწოდე. რამდენიმე დეტალს გაგაცნობთ მისი ცხოვრებიდან. ის ჯგუფში 1965-1985 წლებში უკრავდა. ბავშვობაში ჯერ ქალაქ კემბრიჯის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა, მერე – ვესტმინსტერის უნივერსიტეტში ინჟინერიის განხრით. სწორედ იქ გაიცნო ბენდის მომავალი წევრები და 1962 წელს პირველი კონცერტები გამართა.

ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ როჯერს განათლებასთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და თავის პროფესიას რომ გაჰყოლოდა, არცთუ ურიგო ინჟინერ-მექანიკოსი დადგებოდა.

მაშ, რატომ უარყოფს განათლებას ადამიანი, რომელსაც ცოდნის სერიოზული ბაზისი აქვს?

ჯგუფის დიდი ხნის მსმენელებისთვის პასუხი ალბათ ნათელია, დანარჩენებს კი მისამღერის გაგრძელებას შემოგთავაზებთ:

“არ გვჭირდება განათლება!

არ გვჭირდება ფიქრის კონტროლი!

არა შავ სარკაზმს საკლასო ოთახში!

მასწავლებლებო, დაანებეთ თავი ბავშვებს!”

უოტერსს არ მოსწონდა ტოტალური კონტროლი, რომლის ქვეშაც სკოლის მოსწავლეებს ამყოფებდნენ. მას მიაჩნდა, რომ ფიქრის კონტროლის პირობებში ბავშვები კედლის ერთ მხარეს იზრდებიან, ცხოვრება კი მეორე მხარეს, მათ გარეშე მიდის. როგორც ჩანს, ბრიტანეთის განათლების სისტემა ხელს უწყობდა ასეთ აღზრდას, რის შედეგადაც პიროვნება სწყდებოდა საზოგადოებას, რომელშიც მას სოციალიზაცია უნდა გაევლო. შენდებოდა კედელი, რომლის დანგრევაც თითქმის შეუძლებელი იყო.

როჯერი იხსენებდა, რომ სკოლაში, რომელშიც თავად სწავლობდა, სიტუაცია ძალიან მძიმე იყო. “მე მძულდა სკოლაში გატარებული ყოველი წამი… სკოლის რეჟიმი რეპრესიული იყო. გარდა იმისა, რომ ბავშვებზე სხვა ბავშვები ახდენდნენ ზეწოლას, მათზე მასწავლებლებიც ძალადობდნენ”, – ამბობს მუსიკოსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

საინტერესოა, რა ხდებოდა ამ დროს, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში, ბრიტანეთიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ საბჭოთა კავშირში.

სოციალური მეცნიერებების განხრით განათლების სისტემა 40-50-იან წლებში ტოტალურად იყო მოქცეული ლენინისტური იდეოლოგიის ქვეშ. ეს იყო მარქსიზმის ადაპტირებული, საბჭოეთზე მორგებული ვერსია. ყველა ბავშვს უნდა ჰქონოდა ისეთი ცნობიერება, როგორიც პარტიას სურდა.

როგორც ხედავთ, გარემო ორივე შემთხვევაში კონფორმისტების აღზრდაზეა ორიენტირებული და არ იძლევა ჩარჩოებიდან გასვლის საშუალებას. ჩანს, რომ პროპაგანდა, თავისუფალი ნებისა და შემოქმედებითობის შეზღუდვა 50-იანი წლების ბრიტანეთში (საბჭოთა კავშირის მსგავსად) ჩვეულებრივი ამბავი იყო, მოსწავლეებზე იდეოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და ამ ყველაფერმა ასახვა პოვა Pink Floyd-ის მუსიკაზეც.

ჯგუფმა მოახერხა და დაანახა ხალხს ალტერნატიული რეალობა – მეამბოხე ბავშვები, რომლებიც ყველა კედელს ანგრევენ, წვავენ სკოლას და უჯანყდებიან მასწავლებლებს.

ახალგაზრდები, რომლებიც ამტვრევენ ტელევიზორებს, რადგან მათ არ აწვდიან საჭირო ინფორმაციას. სავსებით ლოგიკური და “რაციონალური” ანარქია, რომელიც უკეთესია, ვიდრე კონფორმულ გარემოში ცხოვრება. პროტესტი – ეს არის გასაღები უსამართლო რეჟიმთან ბრძოლაში.

პროტესტის ტალღა თან ახლავს “ფლოიდის” მთელს შემოქმედებას. ფსიქოდელიური მუსიკა, არეული და ზოგჯერ დისჰარმონიული ელემენტები, მელოდიები, რომლებიც ღრმად აღწევს მსმენელის ცნობიერებაში, იქიდან მათი გამოდევნა კი თითქმის შეუძლებელია…

მუსიკოსებისთვის მიუღებელია ყოველგვარი კონფლიქტი, დაპირისპირება. ისინი თავიანთი იდეებით ებრძოდნენ ადამიანებსა თუ ქვეყნებს შორის არსებულ “კედლებს”, რომლებსაც არა მშვიდობა, არამედ კიდევ უფრო მეტი კონფრონტაცია მოჰქონდა.

ხშირად მისაუბრია ჩემს მეგობრებთან ჯგუფის შემოქმედებაზე და უამრავი დრო გაგვიტარებია მათი მუსიკის მოსმენაში. რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი ჰქონდა, მაგრამ ერთ საკითხზე ყველა ვთანხმდებოდით: საზოგადოება თავად აგებს კედელს და ცდილობს, თავისი ზოგიერთი წევრი მის მიღმა გარიყოს. ეს პრობლემა დღესაც, “ფლოიდის” ალბომის გამოსვლიდან 33 წლის შემდეგაც დგას. დღესაც იგება კედლები ინდივიდსა და საზოგადოებას, რეალობასა და გამოგონილ სამყაროს, თავისუფლებასა და ტყვეობას შორის. ადრე თუ გვიან ისინი აუცილებლად უნდა დაინგრეს არა იარაღით, არამედ ერთიანი, ძლიერი ტალღით, რომელსაც სოლიდარობა და პროტესტი გამოიწვევს.

Pink Floyd-ის მუსიკა გენიალურია სწორედ იმით, რომ ანგრევს ამ კედლებს და ის ნებისმიერ სიტუაციასა და ეპოქას შეიძლება მივუსადაგოთ. ადამიანის ცნობიერების განვითარებას საფუძველი ბავშვობაშივე ეყრება. აუცილებელია მისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომელთაც ის საკუთარი ნიჭის სრულყოფისთვის გამოიყენებს. მისთვის აღარ იარსებებს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს. შემოქმედებითობა სათანადოდ ვერ განვითარდება მარწუხებში, რომლებიც კონფორმული, მორჩილებითი კულტურის მქონე ინდივიდებისთვისაა შექმნილი. სწორედ შემოქმედებითი მიდგომით შეძლებს ახალგაზრდა, იცხოვროს ისე, რომ არ იყოს “კიდევ ერთი აგური კედელში”, რომელსაც საზოგადოება აშენებს და რომლის დანგრევაც ყველასთვის ერთნაირად მტკივნეული, მაგრამ აუცილებელია.

ახალგაზრდებს არ სჭირდებათ კედლები, მათ სურთ ხელშემწყობი სისტემა ინდივიდუალური უნარების განსავითარებლად.

P.S. როდესაც Pink Floyd-იდან უკვე რამდენიმე წლის წამოსულ როჯერ უოტერსს 1989 წლის ივლისში ჰკითხეს, აპირებდა თუ არა გაემართა The Wall-ის კიდევ ერთი კონცერტი, მან უპასუხა: “მხოლოდ მაშინ, თუ ნამდვილი კედელი დაინგრევა…”

კედელი დაინგრა, ცოტა ხანში კი ევროპის ერთ-ერთ ქალაქში დაიწყო ბილეთების გაყიდვა ასეთი წარწერით:

“როჯერ უოტერსი – “კედელი”

21 ივლისი, 1990 წელი

ბრანდენბურგის ჭიშკარი, ბერლინი”

სამოქალაქო აღზრდა – ზოგადი განათლების ძირითადი მიზანი

0

“ზნე-ხასიათის
წვრთნა ერთი უდიდესი, უაღრესი საგანია სკოლისა, რადგანაც გაადამიანება კაცისა თავი
და ბოლოა ყოველგვარი წვრთნისა, ზრდისა და განათლებისა”.

 

ილია ჭავჭავაძე


 

 

საქართველოს ზოგადი
განათლების სისტემაში სამოქალაქო აღზრდას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, უფრო მეტიც,
ჩვენს ქვეყანაში ზოგადი განათლება სამოქალაქო ხასიათისაა, რადგან მისი მიზანია “საქართველოს
მოქალაქის აღზრდა და მომზადება ზოგადი განათლების შემდგომი პროფესიული და საზო­გა­დოებრივი
ცხოვრებისათვის”. შესაბამისად, სამოქალაქო აღზრდის, როგორც დისციპლინის მიზანია,
ზოგადი განათლების ყველა საფე­­ხურზე ხელი შეუწყოს ინფორ­მი­რე­ბუ­ლი, აქტიური და პასუხისმ­გებ­ლო­ბის
გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდას. ამასთან, აღნიშნული საგ­­ნის სწავლებას გადამწყვეტი
მნიშვ­­ნელობა აქვს მოსწავლის სამოქა­ლა­ქო კომპეტენციის ჩამო­ყალიბებისა და საზოგა­დოებაში
სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისათვის.

 

 

ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
მოქალაქის აღზრდა

 

ნებისმიერ ქვეყანაში
დემოკრატიის არსებობა დამოკიდებულია სწორედ მოქალაქეების უნარებზე, ცოდნასა და განწყობებზე.
სამოქალაქო აღზრდის სწავლების შედეგად მოსწავლეები იგებენ იმას, თუ რას ნიშნავს, იყო
მოქალაქე. ამასთან, მოქალაქე არა მხოლოდ უფლე­ბე­ბით არის აღჭურვილი, არამედ მას შესაბამისი
ვალდებულებები და პასუხისმგებლობებიც აქვს. მნიშვ­ნელოვანია ისიც, რომ თუ ადამიანი
საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს ვერ აცნობიერებს, ის ვერ გამოი­ყე­ნებს ვერც საკუთარ უფლებებსა
და თავისუფლებებს და ვერც მიღე­ბულ ცოდნას.

 

 

სამოქალაქო კომპეტენცია

 

საქართველოს კონსტიტუციის
მიხედვით, ხელისუფლების წყარო ხალხია. აღნიშნული პრინციპი დემოკრატიის ფუნდამენტს წარმოადგენს,
თუმცა ადამიანები ვერ შეძლებენ საკუთარი ხელი­სუფ­ლების საქმიანობაში მონაწილე­ო­ბას,
ან მის გაკონტროლებას სამო­ქა­ლა­ქო კომპეტენციის გარეშე. ადამია­ნის მოქალაქედ ჩამოყალიბებაში
დიდ როლს თამაშობს ოჯახი, მედია, რელიგიური და სხვა ინსტიტუტები, თუმცა ზოგადი განათლების
სის­­ტემას ყველაზე სერიოზული წვლი­­ლი შეაქვს მასში ისეთი ეფექტიანი ინსტრუმენტის
მეშვეობით, როგორიც სამოქალაქო აღზრდაა.

 

 

    სამოქალაქო კულტურა

 

სამოქალაქო აღზრდა
ხელს უწყობს სამოქალაქო კულტურის ჩამოყა­ლიბებას. საქართველო მრავალ­ფე­როვანი (მრავალეროვნული,
მრა­­ვალეთნიკური, მრავალრელიგიური) ქვეყანაა, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთო
სამოქალაქო ღირებულებების პატივისცემა და ერთგულება.

 

სამოქალაქო აღზრდის
მიზანი სამი არსებითი კომპონენტის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ: სამო­ქა­ლაქო ცოდნის,
სამოქალაქო უნა­­რებისა და სამოქალაქო განწყობის ჩამოყალიბება.

 

 

სკოლისა და მასწავლებლის მნიშვნელობა სამოქალაქო აღზრდაში

 

მოსწავლეების,
მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური
მონაწილეობა განაპი­რო­ბებს მიზნების (ზოგადი განათლე­ბის) მიღწევის ხარისხსა და წარმატებას,
ნათქვამია “ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში”. მნიშვნელოვანია, რომ განათლების
მუშაკებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებ­მა მხარი დაუჭირონ სამოქალაქო
აღზრდას საზოგადოების ყველა სეგმენტის, ინსტიტუტების ფართო სპექტრისა და ხელისუფლების
საშუალებით.

 

“მასწავლებელთა
კომპეტენციების ჩარჩო” გვთავაზობს იმ ასპექტების ჩამონათვალს, რომლებსაც სამოქა­ლაქო
განათლების (და არა მარტო) მასწავლებლის კომპეტენცია უნდა მოიცავდეს. ამავე ნაშრომში
დეტა­­ლურად არის აღწერილი სამოქა­ლა­ქო განათლების მასწავლებლისთ­ვის აუცილებელი
15 კომპეტენცია. ამიტომ მათზე აღარ შევჩერდებით.

 

სამოქალაქო აღზრდის
მნიშვნელო­ვანი ნაწილს უნდა შეადგენდეს საზოგადოებრივი შრომა, რომელიც ინტეგრირებული
უნდა იყოს სკოლის როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ სასწავლო გეგმაში. მოსწავლეებს
უნდა შევუქმნათ როგორც ხელმძღვანელობის, თვითმმართველობის, საზოგადო­ებრივი საქმიანობის,
ისე საკუთარ გამოცდილებაზე რეფლექსიის რეგულარული შესაძლებლობები.

 

 

მსოფლიო სწავლების მიმართულებები და მათი ასახვა საგნობრივ
ჭრილში

 

დემოკრატიული მოქალაქეობის
სწავლება სასკოლო კულტურის განუყოფელი კომპონენტია, რად­გან ის საზოგა­დო­ებ­რივ ცხოვრებაში
ჩართვისა და ურთიერთობების დამყარების საშუალებას წარმოადგენს.

 

ეროვნულ სასწავლო
გეგმაში განსაზღვრულია ყოველი კლასის ან საფეხურის ბოლოს სასწავლო პროცესის შედეგები
და მოსწავლის მიერ მათი მიღწევის ინდიკატო­რე­ბი. შედეგები დაჯგუფებულია მიმარ­თულებების
მიხედვით. ყოველი მიმართულება ასახავს საგნის ძირითად შინაარსს და ეფუძნება ერთ ან
რამდენიმე დისციპლინას.

 

მიმართულებების
ჩამოყალიბებას მარტივიდან რთულისკენ, კონკრე­ტულიდან ზოგადისკენ  პრინციპი დაედო საფუძვლად. სამივე მიმართულება ერთადერთ
მიზანს  – მოქალაქის ფორმირებას ემსახურება
და მოცემული სახით მათი წარმოდ­გენის არსი მიზნისკენ სავალი გზის – სწავლა/სწავლების
გამარტი­ვე­ბაა. ეს მიმართულებები, რომლებიც იმავდროულად სამოქალაქო საზოგადოების საფუძველიც
არის, ასე წარმოვადგინეთ: პიროვნული განვითარება, მდგრადი განვითარება, მმართველობა.

 

სწავლების შედეგად
მოსწავლეს უნდა განუვითარდეს სამოქალაქო კომპეტენციის  სამი ურთიერთ­და­კავშირებული კომპონენტი: სამოქალაქო ცოდნა, სამოქალაქო უნარ-ჩვევები და
სამოქალაქო განწყობები.

 

 

სამოქალაქო აღზრდის სპეციალური და ინტერდისციპლინარული ხასიათი

 

მიუხედავად იმისა,
რომ “უფრო ეფექტურად ითვლება ფოკუსირე­ბული მიდგომა, როცა სამოქალაქო განათლება
სასწავლო გეგმაში ცალკეა გამოყოფილი”, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, სამოქალაქო
განათლება ინტეგრი­რებულად ისწავლება დაწყებით კლასებში (1-4 კლასებში სხვა საგ­­-ნებთან
ინტეგრირებულად, ხოლო მე-5-6 კლასებში – კვირაში 3-საა­­თიანი სასწავლო კურსი “ჩვენი
საქართველო”). საბაზო საფეხურზე იგი ისწავლება ისტორიასთან ინტეგრირებით (საერთო
დატვირ­თ­ვა – კვირაში 3 საათი), ხოლო ცალკე საგნად არის გამოყოფილი საბაზო საფეხურის
მე-9 და საშუა­ლო საფეხურის მე-10 კლასებში (შესაბამისად, კვირაში 2- და 3-საათიანი
კურსი “სამოქალაქო განათლება”). სამოქალაქო აღზრდის სავალდებულო სწავლებისას
მოსწავლის მისაღწევი შედეგები დაყოფილია შემდეგი სამი მიმარ­თუ­ლების მიხედვით: პიროვნული
განვითარება, მდგრადი განვითა­რება, მმართველობა და მოქალა­ქეობა. მე-11-12 კლასებში
ის არჩევითია (ერთწლიანი, კვირაში

2-საათიანი კურსები:
მოქალაქეობა, გამოყენებითი ეკონომიკა, სახელმ­წიფო და პრაქტიკული სამართა­ლი). ეროვნულ
სასწავლო გეგმაში წარ­­მოდგენილია არჩევითი კურსების სტანდარტებიც.

 

სამოქალაქო აღზრდის ხელშემწყობი ფორმები სკოლაში

 

წარმოგიდგენთ სამოქალაქო
აღზრ­­დის ორგანიზების რამდენიმე სანი­­მუშო ფორმას: საზოგადოებ­რი­ვი სამსახური, მონაწილეობა
სკოლის მართვაში, მონაწილეობა წინასაარ­ჩევნო კამპანიაში, მთავ­რობის ინიცი­რება და
მოდელირება, ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესწავლა, ინტერვიუ აქტიურ ადამიანებთან,
საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროს კვლევა, საჯა­­რო გამოსვლები, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება
და გამოხატვა, პოლი­­ტიკურ დისკუსი­ებ­-ში მონაწილეობა, პროექტები, სადამ­რიგებლო შეხვედრების
საათი.

 

 

სამოქალაქო კომპეტენციები და მათი განვითარება სკოლაში

 

თანამედროვე სკოლა
მოწოდებუ­ლია, მოსწავლეებს განუვითაროს დემოკ­­-რატიული მოქალაქეობის­თ­ვის მნიშვ­­ნელოვანი
სამოქალაქო წიგნიერების ისეთი ასპექტები, როგორიცაა: პო­­ლიტიკური და იურიდიული წიგნი­ერება,
სოცია­ლუ­რი და კულტუ­რუ­ლი წიგნიერება, ეკონომიკური წიგნი­ერება და ეროვნული, ევროპული
და გლობალური წიგნიერება.

 

 

საბაზო სამოქალაქო კომპეტენციები

 

სწავლა-სწავლების
კონტექსტში სიტყვა “კომპეტენცია” გულისხ­მობს ადამიანის დახელოვნებას გარკვეულ
საკითხში, ერთდროუ­ლად საკითხის შესახებ (ა) ცოდნის შეძენას, მასთან (ბ) ურთიერთქმე­დე­ბის
უნარ-ჩვევების ათვისებასა და (გ) მის მიმართ გარკვეული განწყობის/დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 

ამ სამი კომპონენტის
ჭრილში საბაზო სამოქალაქო კომპეტენ­ცი­ები ასე შეიძლება წარმოვადგინოთ: პოლიტიკური
და იურიდიული კომ­­პეტენცია, სოციალური და კულტუ­რული კომპეტენცია, ეკონომიკური კომპეტენცია
და მდგრადი განვითარების კომპეტენცია.

 

 

კომპეტენციების განვითარების მიმართება ბავშვის ასაკობრივ
განვითარებასთან

 

კომპეტენციების
რთული ბუნები­დან გამომდინარე, მათი განვითარება სკოლაში სწავლის პერიოდში ნაბიჯ-ნაბიჯ
ხორციელდება, მოსწავლის ფსიქო-ფიზიკური განვითარების შესაბამისად. 

 

სასკოლო გარემოში
სამოქალაქო კომპეტენციების განვითარების ამოცანის მისაღწევად სამოქალაქო განათლების
სტანდარტში წარმოდ­გენილია სწავლების ყოველი მიმართულების შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა
და განწყობების ზუსტი დახასიათება და ზოგადსა­გან­მანათლებლო სკოლის საფეხუ­რების მიხედვით
არის შემოთავაზე­ბული ყოველი მიმართულების შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევე­ბისა და განწყობების
სირთულე

და “ულუფები”.

ნინო რევიშვილი – ქვეყნის განათლების სისტემა და მასწავლებელი

0

მასწავლებლის სტატუსის, პროფესიული მომზადებისა და ხელფასის საკითხი მუდმივი განსჯის თემაა საქართველოში. გასაგებიცაა – რთულია, ერთნაირად შეუწყო ხელი 76 ათასი მასწავლებლის საჭიროებებსა და ინტერესებს. ბუნებრივია ის კითხვაც, რაც ბევრ ადამიანს გასჩენია: “ნეტავ, რა ხდება სხვაგან, სადაც მასწავლებლები უკეთეს პირობებში მუშაობენ?”. მართლაც საინტერესოა, რა ფაქტორები ახდენს გავლენას იმაზე, რომ იაპონელი, სინგაპურელი და სამხრეთ კორეელი მოსწავლეები უმაღლეს შედეგებს აჩვენებენ საერთაშორისო ტესტირებების დროს? ცხადია, შეუძლებელი და გაუმართლებელია უცხო ქვეყნების გამოცდილების ბრმად მიღება, მაგრამ უდავოდ მნიშვნელოვანია, რა გამოცდილება და პრაქტიკა არსებობს წარმატებული საგანმანათლებლო სისტემების მქონე ქვეყნებში.

განათლების სისტემის სრულყოფა, როგორც წესი, ყველა განვითარე­ბუ­ლი თუ განვითარებადი ქვეყნის სახელმწიფო პრიორიტეტებს შორი­­საა. მიუხედავად ყოველწლიურად მზარდი დანახაჯებისა განათლე­ბა­ზე და განათლების სისტემის რეფორმირების მრავალმხრივი და მრავალჯერადი მცდელობებისა, მსოფლიოს მასშტაბით, ზოგადსა­გან­მანათლებლო სკოლების მხოლოდ მცირე ნაწილმა გააუმჯობესა სწავლების ხარისხი. მაგალითად, საერთაშორისო შეფასებების თანახმად, აფრიკისა და შუა აღმო­­სავლეთის სკოლის მოსწავლეების 1%-ზე ნაკლებმა შეძლო გადაელა­ხა სინგაპურელი მოსწავლეების მიერ გაკეთებული ტესტის – PIშA-ს (სტუდენტების შეფასების საერთა­შორისო პროგრამა) შედეგების საშუალო მაჩვენებელი. პირველი შეფასებით, აკადემიურ მოსწრე­ბა­ში ქვეყნებს შორის ასეთი განსხვავება განათლების დაფინანსების სხვაო­ბით აიხსნება, მაგრამ ფაქტია, რომ სინგაპური, მსოფლიოში საშუალო განათლების ერთ-ერთი საუკეთესო სიტემის მქონე ქვეყანა, განათლე­ბაზე უფრო ნაკლებ რესურსებს ხარ­­ჯავს, ვიდრე სხვა წამყვანი ქვეყნები.
საინტერესოა, რომ სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემები ხშირად რადიკალუად განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც კვლევამ და საერთაშორისო შეფასებებმა ცხადყო, მიუხედავად შესწავლილი ქვეყნების განსხვავებული ეკონო­მიკური, პოლიტიკური, სოციალური და კულტურული კონტექსტებისა, საუკეთესო სისტემების წარმატე­ბას სამი ძირითადი პრინციპი განაპი­რო­­ბებს: 1) წარმატებული და მოტი­­ვი­­რებული სტუდენტების მასწავ­ლებ­ლის პროფესიით დაინტე­რე­სე­ბა; 2) მათი პროფესიული განვითა­რე­ბის ხელ­შეწ­-ყობა; 3) ისეთი სისტემის ჩამოყა­ლი­­ბება და განვითარება, სადაც მასწავ­-ლებელს საშუალება ექნება, საუკე­თესო სასწავლო გა­­რემო შექმნას მოსწავლეთა სწავ­ლი­სათვის. მნიშ­ვნელოვანია, რომ სამივე ფაქტორი მასწავლებელს უკავშირდება.
მასწავლებელთა შერჩევა პროფესიული განვითარების პროგრამებისათვის
რიგ ქვეყნებში, სადაც მოს­წავლე­ე­ბი გამოირჩევიან კარგი აკადემიური მოსწრებით, სკოლები ქირაობენ საუკეთესო მასწავლებლებს და მათ უნიშნავენ კარგ (მაგრამ არა ძალიან მაღალ) ხელფასს საწყის ეტაპზევე. მოტივირებული, დამწყები მასწავ­ლებ­ლებისათვის წახალისების ამგ­­ვარი სისტემის შექმნა სტატუსის ამაღლებას უწყობს ხელს. ეს კი სკოლას საშუალებას აძლევს, უკე­­-თესი მასწავლებლები მიიზიდოს მომავალში.
სამხრეთ კორეაში წამყვანი და წარმატებული სკოლები მასწავ­ლებ­ლის ვაკანსიაზე სამუშაოდ იწვევენ უნივერსიტეტების კურს­დამ­თავრებულთა საუკეთესო 5%-ს, ფინეთში – საუკეთესო 10%-ს, ხოლო სინგაპურსა და ჰონგ-კონგში – 30%-ს.
სინგაპურში უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულს არ ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გაიაროს პროფესიული მომზადების ტრე­ნინ­გი მასწავლებელთათვის. ცენტრალი­ზებულ დონეზე ხდება თითოეული კანდიდატის ტესტირება და კომპე­ტენციების შეფასება. საბოლოოდ, სახელმწიფოს მიერ შერჩეულ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, გაიარონ ფუნდამენტური ტრენინგი მასწავლებლობისთვის მოსამზა­დებ­ლად. სინგაპურის მსგავსად, ფინეთშიც, სადაც მმართველობა მკვეთრად დეცენტრალიზებულია, მასწავლებელებლობის კანდიდა­ტე­ბის შერჩევა კომპლექსური შეფა­სე­ბის სისტემის საშუალებით ხდება.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ როგორც სინგაპურში, ასევე სამხ­­რეთ კორეაში მასწავლებლების ასეთი ზედმიწევნითი სელექცია ხდება მხოლოდ დაწყებითი კლასე­ბისათვის. რაც შეეხება საშუალო საფეხურის პედაგოგებს, შერჩევის პრინციპი რადიკალურად განსხვა­ვებულია. ყველა კანდიდატს აქვს საშუალება, გაიაროს პროფესიული მომზადების ტრენინგი, თუმცა კონკურსი მასწავლებლის ადგილის მოსაპოვებლად ძალიან მაღალია. შესაბამისად, საუკეთესო მასწავ­ლებ­ლებისათვის არ არის მიმზიდველი ამ საფეხურზე სწავლება და მათი საუკეთესო ნაწილი ცდილობს, სამუ­­შაო ადგილი დაწყებითი კლასებში მოიპოვოს. სხვათა შორის, ეს განსხვავება არა მხოლოდ სტატუს­ზე, არამედ ხელფასზეც აისახება.
კარგი სასტარტო კომპენსაცია
კარგ ხელფასს გადამწყვეტი მნიშვ­­ნელობა აქვს. როგორც საერთა­შო­რისო კვლევები ცხადყოფს, მასწავ­ლებლები იშვიათად აღიარებენ, რომ მათთვის გადამწყვეტი ხელფასია. ისინი ხშირად იმეო­რე­ბენ: “ჩვენ, მასწავლებლები, ხელფა­­­სისათვის არ ვმუშაობთ”. თუმცა ყველა იმ სისტე­მაში, სადაც სკოლები წარმატებულია, მასწავლებლებს მაღალი ანაზღა­უ­რება აქვთ. აღსა­­ნიშნავია ისიც, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მასწავლებლის ხელფასი საბაზრო საშუალო ხელფა­სის ნიშნულს სცდება (მაგალითად, ესპანეთში, გერმანიასა და შვეიცარიაში, სადაც მასწავლებ­ლის სასტარტო ხელფასი ევროპაში ყვე­­ლაზე მაღალია), არ იზრდება მასწავ­­ლებელთა პროდუქტულობა და მოსწავლეთა აკადემიური მოსწ­რე­ბა.
მასწავლებლის სტატუსის მნიშვნელობა
აღნიშნულ ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ მასწავ­ლებ­ლების საქმიანობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საზო­­გადოების მხრიდან მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის პოზი­ტი­ური შეფასება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოტენ­ციური მასწავლებლის მოტივირე­ბისათვის.
იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სწავლა, უნდა გაუმჯობესდეს სწავლება.
იმისათვის, რომ მოსწავლემ უკეთ ისწავლოს, აუცილებელია, მასწავლებელმა ასწავლოს უკეთ. სწავლა/სწავლება მასწავლებლისა და მოსწავლის სწორ და ეფექტურ კომუნიკაციას ეფუძნება. საუკეთესო სისტემებში ცხადად არის გარკვეული, რას მოიცავს სწორად და ეფექტურად წარმართული სასწავლო პროცესი.
სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება
რიგ ქვეყნებში დამწყები მასწავ­ლებ­ლები საფუძვლიან პრაქტიკულ მომზადებას გადიან. აშშ-ში, ბოსტონში დამწყები სპეციალისტე­ბი, რომელთაც უკვე გააჩნიათ თეორიული ცოდნა, ერთ სასწავლო წელს ატარებენ სკოლაში: 4 დღე ეთმობა პრაქტიკულ სწავლებას, ხოლო 1 დღე – აკადემიურ კურ­სებზე დასწრებას. მეორე სასწავლო წლის განმავლობაში თითოეულ მასწავლებელს ჰყავს მენტორი, რომელიც ხელს უწყობს მას არა მხოლოდ საინტერესო გაკვეთილე­ბის დაგეგმვასა და ჩატარებაში, არამედ საკლასო მუშაობის ეფექ­ტურად მართვასა და ინოვაციური სასწავლო სტრატეგიების გამოყე­ნე­ბაშიც.
ინგლისში, სადაც მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებას კერძო საგანმანათლებლო ორგანიზაციები ახორციელებენ, სკოლების ტრენინ­გისა და განვითარების ეროვნული სააგენტო აკონტროლებს, რომ დამწყები მასწავლებლის მოსამზა­დე­ბელი კურსები პედაგოგიური პრაქტიკის დიდ სეგმენტს მოიცავ­დეს (სულ ცოტა, 24 კვირა წელი­წად­ში). ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა, ლიცენზი­რებულ ორგანიზაციას დაფინანსება შეუმცირონ, ან უარეს შემთხვე­ვა­ში, სრულიად შეუწყვიტონ.
ფინეთში თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი, სადაც განათლების მიმართულების სწავლება ხორცი­ელდება, სკოლებთან თანამშრომ­ლობს. სტუდენტებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება სკოლებში შეუძლიათ. მათი სწავ­ლა/სწავლების პროცესს ზედამხედ­ველობას უწევენ უნივერსიტეტის პროფესორები, ხოლო შეძენილი პრაქტიკის საუკეთესო მაგალითებს უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაშიც ასახავენ.
სკოლის დონეზე მასწავლებელთა თანამშრომლობა
ზოგადად, მასწავლებლები ინდი­ვი­დუალური მუშაობის მეთოდს ანიჭებენ უპირატესობას, თანამშ­რომლობაზე დაფუძნებული სწავ­ლება კი ბევრად უკეთეს შედეგებს გვაძლევს. იაპონიასა და ფინეთში, სადაც მოსწავლეების ტესტების მაჩვენებლები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მასწავლებლები ერთად გეგმავენ სასწავლო პროცესს, აკვირდებიან ერთმანეთის გაკვეთილებს, კრიტიკულ ანალიზს უკეთებენ ერთმანეთის პროფესიულ საქმიანობას.
იაპონიაში ხდება საუკეთესო საკლასო გამოცდილების, მეთოდე­ბისა და გეგმების ჩაწერა/დაარქი­ვება. შესაბამისად, სკოლის წიაღში საკეთესო მასწავლებლების მიერ შემუშავებული საუკეთესო გაკვე­თილები და სტრატეგიები მემკვიდრეობად რჩება სკოლას.
აშშ-ში, ბოსტონში მასწავლებლები ერთად გეგმავენ სასწავლო პროცესს სკოლის შიდა შეფასების სისტემის რეკომენდაციების საფუძველზე. ასეთი შეხვედრების მიზანია სკოლის მასწავლებლების მიერ გამოყენებული მეთოდებისა და სტრატეგიების შედარება, აგრეთვე იმის დადგენა, თუ რომელი მეთოდი თუ მიდგომაა ოპტიმალური კონკ­რეტული ასაკობრივი ჯგუფი­სათ­ვის.
პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა მასწავლებლებს რიგი მიზეზების გამო უჭირთ, ხოლო სკოლასა და საკლასო ოთახში ურთიერთთანამ­შრომლობით პროფესიული ზრდის საშუალება მათ მუდმივად აქვთ.
სკოლის ლიდერების შერჩევა და მომზადება
საუკეთესო სისტემებში სკოლა ცდილობს, სკოლის დირექტორი იყოს არა მხოლოდ კარგი მენეჯერი და მმართველი, არამედ კარგი ლიდერი. იდეალურ შემთხვევებში, თვით დირექტორები მონაწილეო­ბენ დამწყები მასწავლებლების მენტორობაში. პატარა სკოლებში ასეთი ლიდერები სამუშაო დღის 80%-ს სწორედ სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვას უთმობენ.
ინგლისში 2005-2006 წელს ჩატა­რე­ბული კვლევის თანახმად, სკოლების მხოლოდ 8% -ში აღმოაჩნდა ეფექ­­ტური სასკოლო მმართველი/დირექტორი. როგორც კვლევა ცხადყოფს, იმ შემთხვევაში, თუ დირექტორს ან დირექტორის მოადგილეს არა აქვს სასწავლო პროცესისა და გაკვეთილების დაგეგმვის დიდი გამოცდილება, სკოლაში არ არის მოტივაცია სწავლისა და სწავლების პროცესის გაუმჯობესებისათვის. იმ ქვეყ­ნებ­ში, სადაც არცთუ მცირე ყურადღება ექცევა სკოლაში საუკეთესო მას­­წავლებლების მოზიდვასა და შენარ­­ჩუნებას (აშშ, ინგლისი, სინგა­პუ­რი), იმაზეც ზრუნავენ, რომ გამოცდილი მასწავლებლები სკოლის ლიდერებად ჩამოყალიბ­დ­ნენ და სკოლის დირექტორები გახდნენ.
იმისათვის, რომ მასწავლებელი სკოლის მმართველი გახდეს, აუცი­­ლებელია, სკოლამ და სახელმწი­ფომ სწორი სისტემა შექმნას მის წასახალისებლად. ბუნებრივია, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, სკოლის დირექტორის არჩევა ცენტრალიზე­ბულ სისტემას ეფუძნება თუ დეცენტრალიზებულს. თუმცა ამის განხორციელება ნებისმიერი სის­­ტემის პირობებშია შესაძლებელი.
მაგალითად, სინგაპურში სკოლის დირექტორის ხელფასი საკმაოდ მაღალია, რასაც ორი მიზეზი აქვს. ამით სახელმწიფო ამ თანამდე­ბო­ბის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამასთანავე, ეს ძლიერი კანდიდა­ტების მოზიდვის საშუალებაა. ისინი ძალიან მკაცრი და ზედმი­წევ­ნითი შერჩევის პროცესს გადიან. დადებითად შეფასებული კანდი­და­ტები, რომელთაც სკოლის ეფექ­ტუ­რად მართვის უნარი აღმოაჩნ­დე­ბათ, შემდეგ ეტაპზე გადადიან და განათლების ეროვნული ინსტი­ტუ­ტის მიერ ორგანიზებულ ექვსთვიან ტრენინგ-პროგრამას ესწრებიან. ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდა­ტებს კომპლექსურად აფასებენ. ყველა ეტაპის შედეგების გათვალის­წინების შემდეგ ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
აშშ-ში, ჩიკაგოში, სადაც სისტემა უფრო დეცენტრალიზებულია, დირექტორს სკოლა და სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს, რის გამოც ხარისხის კონტროლი უფრო რთულდება. ამის გასაკონტრო­ლებ­ლად შტატის მთავრობამ ორეტა­პი­ანი მკაცრი შერჩევა დააწესა. შერჩევის კრიტერიუმი იმდენად კომპლექსურია, რომ აპლიკანტების 2/3 მეორე ეტაპზეც ვერ გადადის, შესაბამისად, სკოლის დირექტო­რობაზე კენჭს მხოლოდ ძლიერი კანდიდატები იყრიან.
როგორც საერთაშორისო გამოცდი­ლებიდან ჩანს, მასწავლებლის როლი გადამწყვეტია სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე და შეუძლებელია, განათლების სისტემა იყოს ძლიერი და ფუნქციური პროფესიონალი მასწავლებლების გარეშე. როგორც ერთ-ერთმა კორეელმა განათლების სპეცია­ლისტმა მართებულად აღნიშნა, “ქვეყნის განათლების სისტემა ვერასდროს იქნება უკეთესი, ვიდრე ამ ქვეყნის მასწავლებელია”.

როგორ ვწეროთ ესე

0
“ცდა ბედის მონახევრეა”
              ქართული ანდაზა
“ლეს ესსაის” – ასეთი სახელწოდება შეურჩია თავის გულწრფელ წიგნს  ქალაქ ბორდოს მერმა მიშელ მონტენმა. ეს დიდი ხნის წინათ მოხდა – XVI  საუკუნეში.  ფრანგი ინტელექტუალები წიგნის გამოქვეყნებას  ორჭოფულად შეხვდნენ. ზოგმა  აღფრთოვანება ვერ დამალა, ზოგმა – ფარული აგრესია და ირონიული დამოკიდებულება.
რადგან ესსაი – ფრანგული სიტყვაა და ქართულად ცდას ნიშნავს,  მონ­­ტენმაც გადაწყვიტა, მტკიცე ნაბიჯი  გადაედგა და ყველაფერი ეცადა საკუთარი თავის შესაცნობად, რათა ამ გზით მაინც ამოეცნო  ადამიანური ბუნების საიდუმლო.     
კაცობრიობის მოღვაწეობის თითქ­მის ყველა სფეროს შეეხო ამ გამჭ­­რი­ახი ადამიანის გონება. პედა­გო­გი­კაც არ გამორჩენია და თავის წიგნში “ბავშვის აღზრდას” მთელი თავი და­­უთმო: “მე არ მსურს, რომ მხოლოდ მასწავლებელი წყვეტდეს ყველა­ფერს, მხოლოდ ის საუბრობ­დეს _ მოძღ­ვარ­მა  თავის შეგირდსაც უნდა მო­­უსმინოს”. ეს აზრიც XVI საუკუნისა და მონტენის კუთვ­­ნი­ლებაა.
 
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონტენის “ცდებს” უკვალოდ არ ჩაუვლია, რადგან თანამედროვე კულტურა დღესაც აქტიურად იყენებს  მწერ­ლის  გაკვეთილებს.
სწორედ მონტენის წერისა და აზროვ­­ნების მანერას უკავშირდება ესეს, როგორც ლიტერატურული ჟანრის წარმოშობა. 
მაგრამ რას ნიშნავს მონტენის წერისა და აზროვნების მანერა? რით განსხვავდება მონტენის ესეები სხვა ლიტერატურული ტექსტებისგან?  შეგვიძლია თუ არა ვისწავლოთ და ვასწავლოთ კიდეც ესეს წერა? ამ კითხვებზე პასუხი  იქნებ თავად მონტენმა გვიკარნახოს. ლოგიკური გამოსავალია, თანაც შეიძლება  გაამართლოს კიდეც ამ მეთოდმა… 
ვცადოთ… 
აი, მონტენის პასუხიც: “მავანნი და მავანნი ადამიანს ქმნიან, მე კი მხო­­ლოდ მოგითხრობთ მის შესახებ, მის პიროვნებას აღვწერ. მე რომ მისი თავიდან გამოძერწვა შემეძლოს, სი­­მართლე გითხრათ, სრულიად სხვაგ­ვარად შევასრულებდი ამ საქმეს. მაგრამ ყოველივე უკვე აღსრუ­ლე­ბუ­ლია და ამაზე ფიქრიც ნაგვიანევია. 
ჩემი ნახატის შტრიხები ჭეშმარი­ტე­ბას არაფრით ამახინჯებენ, თუმცა გამუდმებულ ცვლილებას კი განიცდიან.
ჩემ მიერ აღწერილ საგანს ისეთად აღვწერ, როგორც იმ წუთში ვხე­­დავ… მოძრაობაში… უნდა გვახ­სოვ­დეს, ჩემი მონათხრობი გარკვეულ ჟამს შეეხება – მე ხომ შეიძლება უც­­ბად შევიცვალო… ჩემს ნაწერებში კი საგანი ზუსტად ისე აღინუსხება, როგორც ოქმში – ცვალებადობის მიზეზი ხან ჩემშივეა, ხანაც განსხ­ვავებულ სიტუაციაში – რის გამოც სხვადას­ხვაგ­ვარად წარმოჩნდებიან საგნები, ანდა, იმ განსხვავებულ თვალსაზ­რისებში, რომლითაც მი­­ვუდგები ხოლმე ამ საგანს. და აი, გამოდის, რომ ზოგჯერ ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები, ჭეშმა­რი­ტებას კი – არასოდეს…  მხოლოდ ჩემსავე თავს”.
დაგვეთანხმებით, რომ ეს პასუხი, ერთი შეხედვით, საკმაოდ სუბი­ექ­ტურია, ზოგადი. ძალიან ლაღად, მსუბუქად და თავისუფლად საუბ­რობს მონტენი ადამიანზე, შემოქ­მედებასა და ჭეშმარიტებაზე.      
გულწრფელად რომ ვთქვათ, არა­­­­აკადემიური განმარტებაა. თუმცა, თუ კარგად დავუკვირდებით, უთუ­­ოდ აღმოვაჩენთ, რომ მონტენის გამონათქვამი დაინტერესებულ მკითხველს ფიქრისა და აზროვ­ნე­ბისთვის განაწყობს, თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით,  დავინა­ხავთ, რომ მწერალი, ფაქტობრი­ვად, საკუთარი წერისა და აზროვნების მანერასაც ახასიათებს… 
მონტენის “ცდებმა”, ბიბლიასა და მარკუს ავრელიუსს თუ არ ჩავთვ­ლით, სათავე დაუდო ევროპული და ამერიკული ესეისტიკის განვითა­რებას. სწორედ მისმა არააკადე­მიურმა – ლაკონურმა, ექსპრესი­ულ­მა და ასოციაციურმა აზროვნებამ შექმნა ლიტერატურული სტი­ლი, რომელსაც დღეს ესეს ვუწოდებთ. 
რაც შეეხება შეკითხვას – როგორ ვწეროთ ესე? – მარტივად შგვიძ­ლია ვუპასუხოთ – მივბაძოთ მონ­­ტენს და არა მარტო მას! დაწვრი­ლებით შევისწავლოთ და გავაანა­ლიზოთ თანამედროვე ესეისტთა ტექსტების სტრუქტურა; დავაკ­ვირ­დეთ მათი აზროვნების მანერას, წერის სტილს; ანალიზის შემდეგ კი შევქმნათ სტრუქტურული სქემა, რომელსაც მოსწავლეებს შევთავა­ზებთ; მოსწავლეები კი, თავის მხრივ, მოცემული სქემის მიხედ­ვით, ადვილად შეძლებენ  წერის ტექნიკის დაუფლებას. 
არც თუ ურიგო მეთოდია, საკმაოდ პრაქტიკული და, პედაგოგიკური თვალსაზრისითაც, ერთი შეხედ­ვით, სრულყოფილი. მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ბევრი მნიშვნე­ლო­ვანი დეტალი გვრჩება უყურად­ღე­ბოდ. კერძოდ, რა უფრო არსე­ბი­თია, – წერის ტექნიკის დაუფლება თუ შემოქმედებითი აზროვნება და თა­­ვისუფლება? რას ვანიჭებთ უპი­რა­ტესობას, დამოუკიდებელ, არას­ტან­დარტულ აზროვნებას თუ ენობრივ ნორმებსა და ესეს სტრუქ­­ტურის ცოდ­ნას? თუ ეს საკითხები გადაჯაჭვუ­ლია ერთმანეთთან და გაუმართ­ლე­ბელია რომელიმე მათგანზე აქცენ­ტი­რება? 
ბოლო შეკითხვა ახალი მსჯელობის თემაა, ზოგადად, ლიტერატურის სწავლების თავისებურებას ეხება და ამიტომ სხვა დროისთვის გადავდოთ, ისედაც ბევრი შეკითხვები დაგვიგ­როვდა…
მონტენის შემდეგ ესემ, როგორც ლიტერატურულმა ჟანრმა დიდი ცვლილება განიცადა, გამრავალ­ფეროვნდა თემატური და სტილის­ტური თვალსაზრისით, მაგრამ  ყველაზე მთავარი – აზროვნების მანერის სუბიექტურობა და თავისუფლება უცვლელად შეინარჩუნა. რას ნიშნავს ეს? 
ჩვენ შემთხვევაში – სრულ შემოქ­მე­დებით თავისუფლებას. მოსწავ­ლემ უნდა იცოდეს, რომ განსხვა­ვე­ბული აზრისთვის მას არავინ გაკიცხავს; მისი თავისუფალი, ზოგ­­ჯერ პარადოქსული, მაგრამ გულ­­წრ­ფელი მოსაზრებები არ გახდება აღშფოთების საგანი. მონტენი ხომ თავის ნაშრომს გულწრფელ წიგნს უწოდებდა და გულახდილობას ძალიან აფასებდა. 
მაშ ასე, მოსწავლე თვითონ ირჩევს მისთვის სასურველ თემას და თა­­ვადვე განსაზღვრავს საკუთარი ნაწერის სტილს.   
ესეში მოსწავლემ უპირველესად საკუთარი ინდივიდუალური ფასე­ულობები უნდა წარმოაჩინოს. ნაწერში უნდა ჩანდეს მისი პიროვ­ნუ­ლი დამოკიდებულება სამყაროს­თან. სწორედ გამოხატვის ეს ფორ­­მა განასხვავებს ესეს ტრადიციული თხზულებისაგან, რომელშიც მოსწავ­­-ლემ ობიექტური მსჯელობა   კონკრე­­ტულ მოთხოვნას – მოცემული ტექსტის ლიტერატურულ ანალიზს უნდა შეუსაბამოს. 
ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესე ირაციონალური ტექსტია. მას აქვს თავისი სუბიექტური ლოგიკა, რომელიც ყოველთვის უნდა ჩანდეს ესეს ავტორის აზრებში, შთაბეჭ­დი­ლებებსა და განცდებში. მოსწავლეს  უნდა ავუხსნათ, რომ სრული თავი­­სუფლება არ ნიშნავს ქაოსურ და ეკლექტურ მსჯელობას. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია:
ნებისმიერ საკითზე მსჯელობი­სას, ორიგინალური მოსაზრე­ბე­ბისა და ინდივიდუალური პო­­ზიციის გამოხატვა, მაშინაც კი, თუ ესე ტრადიციულ თემაზე იწერება;  
განსახილველი პრობლემის არასტანდარტული ინტერპრე­ტა­ცია, მიუხედავად იმისა (და სწორედ იმის გამო), რომ არავინ მოითხოვს  მისგან ობიექტური ჭეშმარიტების ძიებას; 
ტექსტი გამოირჩეოდეს ლექსი­კური მრავალფეროვნებითა  და ხატოვანებით. გამოთქმული მოსაზრებები კი – ლოგიკური და სტილური გამართულობით.    
ცხოვრებისეული გამოცდი­ლე­ბი­სა და ისტორიულ-ლიტერატუ­რუ­ლი პარალელების გამოყენება და მათი ბუნებრივად დაკავშირება ტექსტის ძირითად იდეასთან, ავტორის პოზიციასთან. 
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი კრი­­ტერიუმებით უნდა შეფასდეს იმ მოსწავლის ესე, რომელიც ბავშ­ვო­ბის ასაკიდან კითხულობს, წერს, ფიქ­­რობს და აზროვნებას სწავლობს, ცხადია, მასწავლებლის დახმა­რე­ბით.
     

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისთვის

ნებისმიერი ტიპის ესე შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან:
I.შესავალი
იმისათვის, რომ ესეს შესავალი ეფექ­­ტური და საინტერესო გამოვიდეს, სასურველია რამდენიმე მარტივი წესის დაცვა:
1. ტექსტის შესავალ ნაწილში  მკაფიოდ გამოკვეთეთ მიზანი, ანუ თავიდანვე გააცანით მკითხ­ველს  განსახილველი საკითხი. 
2.დასვით ისეთი შეკითხვა, რომლის შესახებაც შეიძლება ისაუბროთ ესეში;
3. შესავალი დაიწყეთ მკითხვე­ლი­სათვის ნაცნობი, ადვილად აღ­­საქმელი სიტუაციის (ფაქტი; ამ­­ბავი; ინფორმაცია) აღწერით, რათა დააინტერესოთ მკითხველი.
II.ძირითადი ნაწილი
ძირითად ნაწილში გადმოეცით თქვენი მთავარი სათქმელი, განმარ­­ტეთ და დაასაბუთეთ თქვენ მიერ გამოთქმული  დებულებები და მოსაზრებები. 
მსჯელობა ააგეთ ლოგიკურად და თანმიმდევრულად.  წარმოაჩინეთ თქვენი პირადი დამოკიდებულება და პოზიცია განსახილველი საკითხისადმი.
III.დასკვნითი ნაწილი
დასკვნით ნაწილში შეაჯამეთ ესეში გადმოცემული მოსაზრებები, მკით­­ხველს კიდევ ერთხელ დაუ­კონ­კ­რე­ტეთ თქვენი მთავარი სათქმელი და დაასაბუთეთ შერჩეული თემის აქტუალობა.
ფორმის თვალსაზრისით, გვხვდება ორი  სახის ესე:
1. ახსნითი (განმარტებითი), ინფორმაციული ესე;
2. არგუმენტირებული ესე.
ახსნითი ესე
ახსნითი ესეს ფუნქციაა ამა თუ იმ მოვლენის ან ფაქტის აღწერა, ზოგა­დი ანალიზი ან ახსნა. შესაბამისად, ამ ტიპის ესე არ გულისხმობს საკით­­ხის სიღრმისეულ ანალიზს ან გარკვეული პრობლემის გადაჭრას.  ახსნითი ესე აწვდის მკითხველს გარკვეულ ონფორმაციას, ეხმარება მას  ამა თუ იმ საკითხზე ზოგადი ცოდნის მიღებაში.
არგუმენტირებული ესე
არგუმენტირებულ ესეში ავტორი წარმოაჩენს თავის სუბიექტურ მოსაზრებებს, გვთავაზობს საკუთარ პოზიციას  და კონკრეტული არგუ­­მენტებით ლოგიკურად ასაბუთებს თავის სათქმელს.
მსჯელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია არგუმენ­ტაცია, ანუ პოზიციის დასაბუთება და ადეკვატური არგუმენტებით გამყარება.
შინაარსობრივი თვალსაზრისით, ესე რამდენიმე სახეობად იყოფა:
ლიტერატურულ-პუბლიცისტური; კრიტიკული; ფილოსოფიური; ის­­-ტორიული; სამეცნიერო; ბიოგრა­ფი­ული; ფსიქოლოგიური; სოციოლო­გი­ური და ა.შ.
დეტალური გეგმის შედგენა
ტექსტის შესაქმნელად, დეტალური გეგმის შედგენა გაგიადვილებთ ესეს წერას, რადგან სწორად შედგე­­ნილ გეგმას ეყრდნობა მთელი ტექსტი. 
დეტალური გეგმა საშუალებას მოგ­­ცემთ, მკაფიოდ და გამართულად ჩამოაყალიბოთ სათქმელი,  ლოგი­კუ­რად წარმართოთ მსჯელობა და არ გადატვირთოთ იგი ზედმეტი ინფორმაციით. 
გეგმის პირველი ვარიანტი შეიძ­ლე­ბა ჩაასწოროთ მუშაობის პროცესში, დაუმატოთ ახალი პუნქტები ან პირიქით – ამოიღოთ ან გადაად­გი­ლოთ მისი შემადგენელი   ნაწილები.

მარკ ცუკერბერგის ღია წერილი (მეორე ნაწილი)

0

გთავაზობთ მარკ ცუკერბერგის ღია წერილის მეორე ნაწილს.

პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=12&id=32

 

ჰაკერის გზა

 

ძლიერი კომპანიის შექმნის პროცესში ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ფეისბუქი იქცეს საუკეთესო ადგილად მაღალი დონის პროფესიონალებისთვის, რომელთაც შეუძლიათ დიდი გავლენა მოახდინონ ჩვენს სამყაროზე და იმავდროულად სხვა პროფესიონალებისგანაც ისწავლონ. ჩვენ მოვახდინეთუნიკალური კულტურის კულტივირება და შევიმუშავეთ მენეჯერული მიდგომა, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ჰაკერის გზა.

სიტყვაჰაკერს უსამართლოდნეგატიურ მნიშვნელობას მიაწერენპრესაში ასე იმ ადამიანებს მოიხსენიებენრომლებიც კომპიუტერული დაცვის სისტემებისგატეხვას ცდილობენ. სინამდვილეში კი ჰაკინგი რამის სწრაფად შექმნას ან ისეთი რამის შემუშავებას ნიშნავს, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.როგორც სხვა ყველაფერი, ესეც შეიძლება კარგი ან ცუდი საქმისათვის გამოვიყენოთ, მაგრამ იმ ჰაკერების უმეტესობა,რომლებთანაც შეხება მქონია, იდეალისტია,რომელსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვსურს.

ჰაკერის გზაეს არის მიდგომა, რომლიც პროგრამული კოდის მუდმივ გაუმჯობესებას გულისხმობს. ჰაკერებს წამთ, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი გახდეს, რადგან ამქვეყნადარაფერია სრულყოფილი,და აუმჯობესებენ კიდეც, მათგან განსხვავებით, ვისაც მიაჩნია, რომ გაუმჯობესება შეუძლებელია ან კმაყოფილია არსებული ვითარებით.

ჰაკერებიცდილობენ, დროთაგანმავლობაში შექმნანსაუკეთესო სერვისები,ისწავლონ საკუთარშეცდომებზე დაარ ისწრაფიანთავიანთი სამუშაოსიდეალურად, ერთხელდა სამუდამოდშესრულებისკენ. ამპრინციპების მხარდასაჭერად შევქმენით ტესტირების სისტემა, რომელსაც ნებისმიერწუთს შეუძლია,ფეისბუქის ათასობითგანსხვავებული ვერსიაგამოსცადოს. ჩვენიდევიზი – “გაკეთებული პროდუქტი იდეალურზეუკეთესია” (“Done is better
than perfect
”)
გამოსახულია ჩვენსკედლებზე დაგამუდმებით წინსვლისკენ გვიბიძგებს.

ჰაკერის გზა, არსებითად, გამოყენებითი და აქტიური დისციპლინაა. ნაცვლად იმისა, რომ მთელი დღეების განმავლობაში იკამათონ, რომელი გზაა საუკეთესო,ჰაკერები ამჯობინებენ შექმნან პროტოტიპი და გამოსცადონ იგი რეალურ პირობებში. ჰაკერების მანტრა, რომელსაც ხშირად გაიგონებთ ფეისბუქის ოფისებში, ასე ჟღერს: “კოდი ამარცხებს არგუმენტს” (“Code wins arguments”).

ჰაკერების კულტურა ღია და მერიტოკრატიულია. ჰაკერებს სწამთ, რომ უნდა გაიმარჯვოსსაუკეთესო იდეამ და არა პიროვნებამ, რომელსაც შესწევს საკუთარი იდეის ლობირების უნარი ან ხელმძღვანელი პოზიცია უკავია.

ამმეთოდის წასახალისებლად რამდენიმე თვეშიერთხელ ვმართავთჰაკატრონს”, რომლისდროსაც ყველამსურველი საკუთარიიდეის ბაზაზეპროტოტიპს ქმნის.შემდეგ მთელიგუნდი იკრიბებადა აკვირდებაშედეგს. ჩვენიწარმატებული იდეებისუმეტესობა სწორედჰაკატრონისმსვლელობისას დაიბადა:თაიმლაინი (Timeline), ჩატის ფუნქცია(chat), ვიდეო(video)ჩვენი მობილურიგანვითარების ფრეიმვორქი (mobile development framework)და ინფრასტრუქტურის ისეთი უმნიშვნელოვანესი ელემენტები, როგორიცაა ჰიპჰოპკომპილერი (HipHop
compiler
).

რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ მიდგომას ყველა ჩვენი ინჟინერი იზიარებს, ახალ თანამშრომლებს, მათ შორისმენეჯერებსაც, რომელთა პროგრამული კოდის წერა არ ევალებათ, ვთხოვთ გაიარონ პროგრამა Bootcamp. ამ პროგრამის საშუალებით ისინი სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს, ითვისებენ ჩვენს ინსტრუმენტებსა და მიდგომებს. ჩვენს ინდუსტრიაში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ პროგრამისტებს, მაგრამ თავად არ სურთ პროგრამულიკოდის შექმნა, ჩვენ კი ისეთ ადამიანებს ვეძებთ, რომლებსაც შეუძლიათ Bootcampის გავლა.

ზემოთ მოყვანილი პრინციპები მხოლოდ პროგრამირებას ეხება; ჩვენ გამოვყავით კიდევ ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლებიც ეხება ზოგადად ფეისბუქის ფუნქციობას:

. კონცენტრირება მოახდინე მნიშვნელოვანზე

თუ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება გვინდა, საუკეთესო გზაა, კონცენტრირება მოვახდინოთ უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაჭრაზე. ერთი შეხედვით, ეს მარტივია, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომპანიების უმეტესობა ამას არასწორად აკეთებს და უამრავ დროს ფლანგავს. ჩვენ ველით, რომ ფეისბუქის ყველა თანამშრომელი საუკეთესო იქნება დიდი პრობლემების აღმოჩენასა და გადაჭრაში.

 

. იმოძრავე სწრაფად

სწრაფად მოძრაობა შესაძლებლობას მოგვცემს, შევქმნათ უფრო მეტი და ვისწავლოთ უფრო სწრაფად. კომპანიების ზრდასთან ერთად მათი წინსვლა ნელდება, რადგან ისინი უფრო და უფრო უფრთხიან შეცდომებს. ჩვენ კი ვამბობთ: “იმოძრავე სწრაფად და ნურაფრისგაფუჭებისა ნუ შეგეშინდება(Move fast and break things), რაც გულისხმობს, რომ იქ, სადაც არაფერი ტყდება, არც პროგრესია.

 

. იყავი გაბედული

დიდი საქმეების კეთება რისკს მოითხოვს. ამან შესაძლოა შეაშინოს კომპანიების უმეტესობა და ხელი შეუშალოს მათ გაბედული საქმეების კეთებაში, თუმცა მსოფლიოში, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება, რისკის გარეშე წაგებული დარჩები.

ჩვენ კიდევ ერთი გამოთქმა გვაქვს: “ყველაზე სარისკო რისკისგან თავის შეკავებაა(The riskiestthing is to take no risks ). ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველას, ვინც მაშინაც კი იღებს გაბედულ გადაწყვეტილებებს, როდესაც ეს, ერთი შეხედვით, გაუმართლებელია.

 

. იყავი გახსნილი

ჩვენ მიგვაჩნია, რომ გახსნილი მსოფლიო უკეთესია, ვინაიდან მა, ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს, გავლენაც მეტი აქვს და უკეთეს გადაწყვეტილებებსაც იღებს. ეს ჩვენი კომპანიის მართვასაც ეხება. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რათა ფეისბუქის თითოეული თანამშრომლისათვის ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია კომპანიის ნებისმიერი განყოფილების შესახებეს მათ შესაძლებლობას მისცემს, მიიღონ საუკეთესო გადაწყვეტილებები და მეტიგავლენა მოახდინონ კომპანიის მუშაობაზე.

 

. შექმენი ის, რაც სოციალურად ღირებულია

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ფეისბუქი მხოლოდ კომპანია არ არის; იგი არსებობს, რათა მსოფლიო უფრო ღია და ურთიერთდაკავშირებული გახადოს. ფეისბუქის ყველა თანამშრომელი ყოველდღე მუშაობს, რათა მსოფლიოს რაღაც ჭეშმარიტად ღირებული შესთავაზოს.

 

გმადლობთ, რომ გამონახეთ დრო წინამდებარე წერილის წასაკითხად.ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთმსოფლიოზე და მდგრადი კომპანია შევქმნათ. მე მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, თქვენთან ერთად შევქმნა რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი.

მარკ ცუკერბერგი

 

წერილის დედანი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე:  https://www.huffingtonpost.com/2012/02/01/mark-zuckerberg-letter-to-investors-facebook_n_1248186.html

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...