ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ერიკ ერიკსონის რჩევები მასწავლებლებს

0

ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსი ერიკ ერიკსონი მასწავლებლებს ურჩევს:

. წაახალისეთ სკოლამდელი ასაკის ბავშვები, გამოიჩინონ ინიციატივა. ჩართეთ ისინი ისეთ საქმიანობაში, რომელიც მათ წარმოსახვის უნარს გააძლიერებს. დროდადრო მიეცით შესაძლებლობა, თავად აირჩიონ, რისი გაკეთება სურთ. წაახალისეთ, რაც შეიძლება მეტი ითამაშონ ერთად – ამ ასაკის ბავშვებს თამაში არა მხოლოდ სოციოემოციურ, არამედ კოგნიტურ განვითარებაშიც ეხმარება.
. გაუღვივეთ სიბეჯითე და შრომისმოყვარეობა. დაანახვეთ, რომ ისეთი რამის გაკეთება შეუძლიათ, რასაც ვერც კი წარმოიდგენდნენ. დაწყებით კლასებში მასწავლებელმა მოსწავლეებს ისეთი დავალებები უნდა მისცეს, რომელთა შესრულება ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არ აღემატება მათ შესაძლებლობებს. მტკიცედ მოსთხოვეთ ბავშვებს, იმუშაონ ნაყოფიერად, მაგრამ ზედმეტად არ გააკრიტიკოთ ისინი. განსაკუთრებული მოთმინებით მოეკიდეთ უნებლიე შეცდომებს. ხელი შეუწყვეთ მოზარდებში პიროვნების განვითარებას.
. წააქეზეთ მოსწავლები, დამოუკიდებლად იაზროვნონ. დაეხმარეთ იმის გარკვევაში, რა სურთ. წაახალისეთ, მოუსმინონ რელიგიურ, პოლიტიკურ და იდეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებს – ეს მათ პოზიციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
. გააანალიზეთ, ერიკსონის მიხედვით, ფსიქოსოციალური განვითარების რომელ სტადიაზე იმყოფებით თავად.
ერიკ ერიკსონი ცნობილი დანიელ-გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიტიკოსია, რომელმაც შეიმუშავა თეორია ადამიანის ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპების შესახებ. მისი თვალთახედვით, ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში განვითარების რვა ეტაპს გაივლის. ყოველ ეტაპზე მის წინაშე დგება ახალი გამოწვევები და ამოცანები, ყოველი ეტაპი წინას წარმატებით გადალახვაზეა დაშენებული. თუ რომელიმე საფეხური წარმატებით არ გადაილახა, შესაძლოა, ამ პერიოდის მოუგვარებელ პრობლემებს მომავალში ხელახლა შევეჯახოთ.
პირველი ეტაპი: იმედი, ნდობა უნდობლობის წინააღმდეგ (გრძელდება დაბადებიდან 12-18 თვემდე). ამ დროს წამყვანია ახალშობილის ძირითადი ინსტინქტები, ძირეული მოთხოვნები და საჭიროებები. ერიკ ერიკსონის მიხედვით, თუ ძირითადი მზრუნველი (ხშირად – დედა) ახალშობილს არ მოაკლებს საკვებს, კომფორტსა და სიყვარულს, იგი ისწავლის ნდობას. თუ ბავშვს უნდობლობა გაუჩნდა, იგი მიიჩნევს, რომ სამყარო არასაიმედოა, არაპროგნოზირებადი და, შესაძლოა, საშიშიც.
მეორე ეტაპი: ნდომა, ნებისყოფის ძალა, ავტონომია, სირცხვილი (მოიცავს 18 თვიდან 3 წლამდე პერიოდს). როდესაც ბავშვი ისწავლის საკუთარი სხეულის შესაძლებლობათა მართვას, ის გარე სამყაროს შესწავლას იწყებს. ამ ასაკში ის გამუდმებით იკვლევს გარემოს. ამასთან, ავლენს საკუთარ ინტერესებს, – ვთქვათ, განსაკუთრებით მოსწონს სიმღერა, ცეკვა ან ხატვა. ბავშვი სწავლობს საკუთარი შესაძლებლობების მართვას, უუმჯობესდება კუნთების კოორდინაცია და თუ ამ დროს მშობელი ან მზრუნველი წაახალისებს, თავის მოვლის ძირითად კომპონენტებსაც – ჩაცმას, ჭამას და ა.შ. – აითვისებს. ამ შემთხვევაში ბავშვს უვითარდება დამოუკიდებლობის, ავტონომიურობის განცდა, ის ფიქრობს, რომ შეუძლია, პრობლემები თავად მოაგვაროს. მაგრამ როდესაც მშობელი შვილისგან მოითხოვს მეტისმეტად ბევრს ან მეტისმეტად ცოტას და ყველაფერს თვითონ აკეთებს, ბავშვს უყალიბდება სირცხვილის განცდა და ეჭვი, რომ მას საკუთარი ძალებით პრობლემების მოგვარება არ შეუძლია.
მესამე ეტაპი: ინიციატივა, დანაშაული (სკოლამდელი ასაკი 3-დან 6 წლამდე). ეს პირველი ფსიქოსოციალური კრიზისის პერიოდია. ამ ეტაპისთვის ბავშვის ავტონომიურობას ემატება ინიციატივა. ბავშვები იწყებენ მცირე ამოცანების დაგეგმვას, შესრულებას, სწავლობენ მათ გარშემო არსებული პროფესიებისა და ხელობების ძირითად ელემენტებს. პარალელულად იწყებენ მოქმედებას ამა თუ იმ მიზნის შესასრულებლად. ამ დროს მათთვის დანაშაულის განცდა ახალი, გაუგებარი ემოციაა, თუმცა ეს გრძნობა შეიძლება გაუჩნდეთ, თუ მათმა ინიციატივამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. ამ პერიოდშივე ბავშვებს ნელ-ნელა უვითარდებათ სამართლიანობის გრძნობა. ამ ასაკში ბავშვი სწავლობს ლიდერის როლის მორგებას, ინიციატივის გამოჩენას მიზნის მისაღწევად. კარგი იქნება, თუ ამ პერიოდისთვის მშობლები შვილებს განუვითარებენ დამოუკიდებლობისა და ორგანიზების უნარ-ჩვევებს. მათ ხელი უნდა შეუწყონ ბავშვბის ინიციატივას, მიაჩვიონ ისინი რეალისტური გეგმების განხორციელებას, თუ მათ ბავშვის წამოწყება სისულელედ, აბეზრობად მიიჩიეს, ბავშვს განუვითარდება დანაშაულის გრძნობა საკუთარი საქციელისა და იდეების გამო.
მეოთხე ეტაპი: კომპეტენტურობა, ინდუსტრიულობა, ქვემდგომობა (ბავშვობა 6-დან 12 წლამდე). ამ დროს ბავშვის მოქმედების ტექნოლოგიები უფრო მეტად ვითარდება, იზრდება მისი პროდუქტიულობა საქმეში. ამ დროისთვის ბავშვები უფრო შეგნებულნი ხდებიან, უფრო უკეთ აცნობიერებენ სერიოზულ და აბსტრაქტულ საკითხებს. შეუძლიათ იშრომონ ბევრი და ბეჯითად, რათა დაიმსახურონ პატივისცემა, გააკეთონ საკუთარი საქმე კარგად და სწორად. მათ უკვე შეუძლიათ საქმის განაწილება, ერთად მუშაობა და გუნდური მუშაობის ძირითადი პრინციპების დაკმაყოფილება. ამ პერიოდისთვის ისინი იგებენ დროისა და სივრცის კონცეფციებს, უფრო ლოგიკურად აზროვნებენ და იქცევიან და პრაქტიკულად ასრულებენ ამოცანებს. უკეთ ესმით მიზეზშედეგობრივი კავშირები. ეცნობიან კალენდარს, იძენენ კომპლექსურ უნარ-ჩვევებს: წერას, კითხვას. უყალიბდებათ გარკვეული ზნეობრივი ღირებულებები.
თუ ბავშვები წავახალისეთ კარგი საქციელის ჩადენისას, გარკვეული უნარ-ჩვევების შეძენისას და გაუმჯობესებისას, მათი მოტივაცია გაიზრდება და ისინი უფრო ნაყოფიერად იშრომებენ, უფრო ბეჯითად და მეტ დროს დაუთმობენ იმ საქმიანობას, რაც კარგად გამოსდით.
ბავშვებს ამ ასაკობრივ დიაპაზონში უვითარდებათ სივრცული აღქმები, ეცნობიან ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების სხვადასხვა დარგს, ივითარებენ საუკეთესო შესაძლებლობებს. თუ მათ შევუზღუდეთ ხედვის არეალი, არ მივეცით საშუალება, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიასა და ხელობას, მოტივაცია და თვითშეფასება დაუქვეითდებათ, მოეშვებიან და მათი პროდუქტიულობაც მოიკლებს. ასეთი ადამიანები დუნე ცხოვრების სტილს ირჩევენ. ამიტომ აუცილებელია ბავშვის ინტერესების სფეროს განვითარება და ხელშეწყობა.
მეხუთე ეტაპი: ერთგულება, პიროვნების იდენტობა, გაურკვევლობა საკუთარ ადგილსა და როლთან მიმართებით (გარდატეხის ასაკი, 12-18 წელი). ამ ასაკისთვის ბავშვებს უძლიერდებათ განცდა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი და ფასულია სხვების აზრი მათ შესახებ. ამავე ასაკში ყალიბდება სქესობრივი იდენტობა, რომელიც მოიცავს სქესობრივ ორიენტაციას. ამ ასაკში მოზარდები ხშირად განიცდიან იმედგაცრუებას, აქვთ ერთმანეთში არეული გრძნობებისა და ემოციების ნაზავი. ერიკსონის ხედვით, ამ პერიოდისთვის მოზარდების უმეტესობას უჩნდება იდენტობის განცდა. თუ მოზარდმა ვერ შეძლო საკუთარი იდენტობის განსაზღვრა, განუვითარდება იდენტობის კრიზისი.
განვითარების მეხუთე ეტაპი ერთგვარი გზაჯვარედინია. ამ პერიოდში ხდება დიდი ბოლოგიური და ფიზიკური ძვრები ადამიანის ორგანიზმში, ხდება სქესობრივი მომწიფება და ეს ეტაპი ემსგავსება ბავშვობიდან დიდობისკენ გარდამავალ ხიდს. ერიკსონი მიიჩნევდა, რომ ამ პერიოდში მოზარდს აქვს საკმარისი დრო, რათა მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების კომბინირება და გააცნობიეროს, ვინ არის და რა სურს. ამ დროისთვის ადამიანი თვითონ ირჩევს საკუთარ იდეოლოგიას და ამიტომ ხშირად ხდება კონფლიქტი მოზარდებსა და დიდებს შორის.
მეექვსე ეტაპი: სიყვარული, ინტიმურობა, იზოლაცია (ახალგაზრდა ზრდასრული ასაკი, 19-40 წელი). ცხოვრების იმ ეტაპის შემდეგ, როცა ადამიანი არკვევს, ვინ არის და „საით მიდის”, იწყება მისი ინტიმური ცხოვრების გადაწყვეტის პერიოდი. ეს ეტაპი ბევრს 30 წლისთვის უკვე გადაწყვეტილი აქვს. ამ დროისთვის ან უკვე უყვარდებათ და ქმნიან ოჯახს, ან მარტო რჩებიან, წყვეტენ, ცხოვრება მარტო გააგრძელონ თუ თანამგზავრის თანხლებით. ამ დროისთვის ადამიანები მზად არიან, დაამყარონ და შეინარჩუნონ ახლო ინტიმური ურთიერთობები, იგრძნონ და შეასრულონ ვალდებულებები სხვების მიმართ, აყალიბებენ რეციპროკულ (თანაზიარ) ურთიერთობებს (მეგობრობის ან ქორწინების სახით). თუ პიროვნებამ ვერ ჩამოაყალიბა ინტიმური ურთიერთობა (ხშირად ეს საკუთარი არჩევნით ხდება), იგი იზოლაციაში ექცევა.
მეშვიდე ეტაპი: ზრუნვა, გენერაციულობა, სტაგნაცია (შუა ხნის ასაკი, 40-დან 65 წლამდე). გენერაციულობა მოიცავს მომდევნო თაობების წარმოქმნას, დახმარებას, მართვას (ნაწილობრივ), სოციალურად ღირებული საქმის შესრულებას. ამ ასაკისთვის ძირეული სურვილი და იდეაა, „აწარმოოს” მომავალი თაობა და მასაც დაეხმაროს გენერაციაში. თუ ადამიანი გამოკვეთილად ეგოცენტრულია და არ სურს, საზოგადოებას სარგებლობა მოუტანოს, უვითარდება სტაგნაციის განცდა.
შუა ხნის ასაკის ცენტრალური ამოცანებია: გამოხატოს სიყვარული უფრო მეტად, ვიდრე მხოლოდ სექსუალური გამოხატვაა; შეინარჩუნოს ჯანსაღი ცხოვრების მოდელი; განუვითარდეს პარტნიორთან (მეუღლესთან) ერთიანობის განცდა; დაეხმაროს ბავშვებს გაზრდაში და აღზარდოს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ზრდასრულებად; შექმნას კომფორტული ოჯახი; იამაყოს საკუთარი და მეუღლის ცოდნითა და პროფესიონალიზმით; გაუცვალოს როლი თავის მოხუცებულ მშობლებს (მოუაროს მათ); მიაღწიოს და შეასრულოს მოწიფული სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობები და სხვ.
მერვე ეტაპი: სიბრძნე, ეგოს ინტეგრულობა, სასოწარკვეთილება (ხანდაზმული ასაკი – 65 წელი და მეტი). როდესაც ადამიანი გადააბიჯებს 65 წელს, ქვეითდება მისი პროდუქტიულობა და ეს ეტაპი ხშირად პენსიაზე გასვლის პერიოდს ემთხვევა. ამ დროს ადამიანი თვალს ავლებს განვლილ ცხოვრებას და აფასებს მას, მიიჩნევს წარმატებულად ან წარუმატებლად, უნაყოფოდ. თუ ადამიანმა ვერ მიაღწია იმ ძირითად მიზნებს, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო, შესაძლოა დაუკმაყოფილებლობისა და იმედგაცრუების განცდა განუვითარდეს.
თუ ადამიანი მიიჩნევს, რომ ნაყოფიერი, წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება განვლო, უყალიბდება ეგოს ინტეგრულობა, ანუ ექმნება საკუთარ ეგოსთან ჰარმონიული ურთიერთობა; საპირისპირო შემთხვევაში ადამიანს იმედგაცრუება მოიცავს.

ეროვნული არქივი საგანმანათლებლო ფუნქციით

0

ბოლო წლებში მიმდინარე რესტავრაციების შედეგად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აღარ არის “მკვდარი საბუთების” საცავი, რომლის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდით, რომ “შავ დღეშია” – სწორედ ამგვარად წარმოგვიდგენდნენ არქივის მდგომარეობას მისი მესვეურები ჯერ კიდევ 6-7 წლის წინ.

შენობა-საცავებისა და მასალების განახლების შემდეგ არქივში დაცული დოკუმენტები, წერილობითი საბუთები, ფონო-, ფოტო- თუ კინომასალა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების, მოსწავლეებისა და სხვადასხვა სპეციალობის მკვლევართათვის. ეროვნული არქივის მესვეურნი მიზნად ისახავენ, რესტავრაციასთან ერთად არქივს საგანმანათლებლო სივრცის ფუნქციაც შესძინონ, სადაც მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეეძლებათ საკუთარი თვალით ნახონ და მოისმინონ ისტორიული ხელნაწერი, ფოტო თუ ფონომასალა. ამისთვის აქ სასკოლო ტურებისა და ლექციების პროგრამა შეიმუშავეს.

ამჟამად ეროვნული არქივის სარესტავრაციო ლაბორატორიაში მიმდინარეობს რესტავრაცია რამდენიმე დოკუმენტისა, რომლებიც საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაშია დაცული. მათ შორისაა “ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი”, რომელიც 1123 წლით თარიღდება. საბუთის მიხედვით, მეფეს შიომღვიმისთვის ქართლის რამდენიმე სოფლის შემოსავალი და საეკლესიო ნივთები შეუწირავს.

როგორც არქივის ლაბორატორიის თანამშრომელმა თამილა აფაქიძემ აგვიხსნა, ძველი საბუთები ორი სახის მატარებლებზეა შემონახული – ეტრატზე, რომელიც გაცილებით გამძლეა, თუმცა დაზიანების შემთხვევაში ძნელად აღსადგენი და ქაღალდზე, რომელიც, თავის მხრივ, ორი სახისაა. ეტრატი წლებს კარგად უძლებს, მაგრამ საუკუნეების მანძილზე შეიძლება ფაქტურა იცვალოს. მრავალი დოკუმენტი არქივში მოხვედრამდეა დაზიანებული, რაც ტექსტის წაშლის საფრთხეს ქმნის. არქივში დაცულ ყველა დოკუმენტს მუდმივად უტარდება რევიზია იმის შესამოწმებლად, ხომ არ სჭირდება ჩარევა, ვინაიდან ეს სპეციფიკური მასალებია – უმეტესობა საუკუნეზე მეტისაა. საცავში მუდმივად საჭიროა დეზინფექცია და ატმოსფეროს შემოწმება, რათა ბაქტერიები არ გავრცელდეს.

აღმაშენებლის ანდერძი ეტრატზეა შესრულებული. 1911 წელს სარგის კაკაბაძემ სხვა დოკუმენტებთან ერთად იგი კალკაზე გადაიტანა სამეცნიერო შესწავლისთვის. მე-20 საუკუნის ოციან წლებში, როცა საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის გამო არქივი ჩრდილო კავკასიაში გაიხიზნა, გახიზნულ დოკუმენტებს შორის აღმაშენებლის ეს ანდერძიც იყო. ბედის დაცინვით, ქართული საგანძური ჩრდილო კავკასიაში ხანძარს ემსხვერპლა, ბევრი ექსპონატი განადგურდა. გადარჩენილთა შორის აღმოჩნდა აღმაშენებლის ანდერძიც, თუმცა კი არასრულად. სრულ წარმოდგენას მასზე, ისევე როგორც ბევრ სხვა დოკუმენტზე, სწორედ სარგის კაკაბაძის კალკაზე შესრულებული ასლები გვიქმნის, რომლებსაც დღეს უკვე ორიგინალის მნიშვნელობა აქვს.

აღმაშენებლის ანდერძისთვის რესტავრაცია 40-იან წლებში ჩაუტარებიათ და იგი ქაღალდზე დაუკერებიათ. მას შემდეგ რესტავრაციის მეთოდიკასა და ტექნოლოგიაში ბევრი რამ შეიცვალა. შესაძლებელია ამ კიდეებშემომწვარი ეტრატის დაზიანებული ნაწილების შევსება და ახალ ფუძეზე დასმა, რომელიც ასევე თხელ ეტრატს წარმოადგენს და თავისი ფაქტურით დავითისეულ დოკუმენტს შეესაბამება. თანამედროვე ეტრატი ვატიკანიდანდაა ჩამოტანილი და იგი არქივის ლაბორატორიას ხელოვნებათმცოდნე-რესტავრატორმა ლია სიხარულიძემ აჩუქა.

არქივის ლაბორატორიას სარესტავრაციოდ გადაეცა კიდევ ორი საბუთი: 1787 წლის 31 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის ეკატერინე II-ის მიერ გაცემული წყალობის წიგნი თავად სიმონ ხერხეულიძისადმი, რომელსაც იმპერატორმა 1752 წელს პრუსიისა და თურქეთის წინააღმდეგ ომში გამოჩენილი გმირობისთვის პოლკოვნიკის წოდება უწყალობა, – საბუთი რუსულ ენაზეა და ახლავს ეკატერინეს ხელრთვა, – და რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ I-ის მიერ 1839 წელს გაცემული საბუთი, რომლითაც იმპერატორმა ზაქარია სიმონის ძე ხერხეულიძეს თავადობის დამადასტურებელი მოწმობა განუახლა, – საბუთს ნიკოლოზ I-ის ხელრთვა ახლავს.

„ჩვენი ძალიან ბევრი უცხოენოვანი საბუთი გვაქვს, რითაც ძალიან ვამაყობთ. ეს მასალა ბევრი უცხოელი მკვლევარის ინტერესს იწვევს, რომლებიც ჩვენს არქივში სამუშაოდ ჩამოდიან, – ამბობს ეროვნული არქივის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი თეა ქიმერიძე, – რუსეთის იმპერატორთა ხელმოწერილი ეს საბუთები ინახებოდა თავადაზნაურთა საკრებულოს ფონდის მე-19 საუკუნის მასალებში და ჩაკერებული იყო როგორც მტკიცებულება. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მე-19 საუკუნის მასალების გადასინჯვა, სადაც ბევრი უფრო ძველი დოკუმენტი აღმოჩნდა. ისინი დანართებს წარმოადგენდა და ჩაკეცილი იყო. გადაწყდა მათი ამოღება, რესტავრაცია და ცალკე საბუთად შენახვა, რათა დაზიანების საფრთხე აღარ დამუქრებოდა. ძველ საბუთთა განყოფილებას აქედან ბევრი დოკუმენტი შეემატა”.

გარდა ამისა, მიმდინარეობს ქართული ძველი საბუთების დედნების კოლექციის 81 დოკუმენტის რესტავრაცია. საბუთები მოიცავს XVIII საუკუნისა და XIX საუკუნის პირველი მეოთხედის მასალას – მეფეთა წყალობის, ნასყიდობის, განაჩენის, ვალის წიგნებს, აგრეთვე ოქმებსა და საქმიან თუ პირად წერილებს. ყველა ეს საბუთი ქაღალდზეა შესრულებული. მათ შორის არის: 1750 წლით დათარიღებული თეიმურაზ II-ის მიერ გაცემული ოქმი ფავლენიშვილისთვის ჩამორთმეული მამულის დაბრუნების შესახებ; 1728 წელს მაჰმად ფაშას მიერ გაცემული წყალობის წიგნი ზაალ ჯანდიერიშვილისადმი ერწოს მოურავობის ბოძების შესახებ. 1791 წლით თარიღდება ერეკლე II-ის მიერ გაცემული ოქმი ფარსადან მაჩაბლისადმი; 1804 წლისაა მოკითხვის წერილი ეფრემისა ქაიხოსრო ჩაჩიკაშვილისადმი; 1797 წლისა – მიწის ნასყიდობის წიგნი სვიანიძისა ტეტია მამესწარაშვილისადმი; 1798 წლისა – ყმა-მამულის წყალობის წიგნი გიორგი II-ისა ელიზბარ მაჩაბლისადმი და სხვ.

მანძილი ორ ლექსს შორის

0
როგორ ცვლის იდეოლოგია ადამიანებს – გუშინ გულაგის, უკრაინის შიმშილობის, საქართველოს 1937 წლის რეპრესიების ამბებს ვკითხულობდი, თან მეშინოდა  და თან  გული მეფლითებოდა –  მგონი, ჯერ ვერ მივხვდით, რა დიდ ბოროტებას დავაღწიეთ თავი, ჯერ ვერ გავითავისეთ, როგორი დიდი უბედურება გვჭირდა.
მე რომ ისტორიკოსი ვიყო, ეპოქის ისტორიას თითო-თითო ადამიანის ბიოგრაფიობით ავაგებდი. ჩვეულებრივი ადამიანების ბიოგრაფიებით.

ახლა ასეთი პოეტი მახსენდება, არც ცნობილი , არც უცნობი – ილო მოსაშვილი.

აი, მისი ასეთი ლექსი:

ღამე გომბორზე
საღამო მოდის, როგორც მთაში მგზავრი ურჯულო,
შავი ნაბადით და ყაბალახით,
მინდა ამ ღამეს მიწა ვიგრძნო და ვეჩურჩულო,
ვწოვო ბალახი.
მთები დამსხდარან, როგორც კარის დარბაისლები
და გვიგზავნიან თეთრ ანგელოზებს,
შემოხვევია გომბორს ნისლი –
ჩვენ –  ოცნება საქართველოზე.
დღეს ჩვენ ვიყავით ვაჟასავით მონადირენი
ეხლა კი ვყრივართ ცის ქვეშ, კალოზე,
თუ სადმე ყვირის ნატყვიარი მკერდით ირემი,
ღმერთო, დალოცე.
მწვადი იწვება, შესევიან ცეცხლს შამფურები
ღვინით სავსე მოდის მათარა,
მთვარეა – როგორც გატენილი ძროხის ცურები,
ცა კი პატარა.
დასაძირავად გვემუქრება უნაპირობა,
და ტანს გვიმძიმებს ნაბადივით ღამის ბეწვები,
განშორებისას თითქოს გული ფარულ ტიროდა –
მშვიდობით, ძმებო, ვერ დაგვეწევით.
მინდორში ვყრივართ მუხლმოჭრილი მონადირენი,
ხოხბის ბუდობას გადმოსძახა სადღაც მამალმა,
ღმერთო, უშველე თუ დაჭრილი სადმე ირემი
ღამემ დამალა.
ეს ლექსი 1927 წელსაა დაწერილი.
1938 წელს კი გაზეთ კომუნისტში იმავე პოეტის სხვა ლექსს ვკითხულობთ, ლექსი დიდ ბელადს ეძღვნება:
ბელადს
“სხვა – სამშობლოში სამშობლოს ნატრობს,
მიწაზე დადის – არა აქვს მიწა,
ჩვენ კი, ბედნიერ სამშობლოს პატრონს,
შენი სახელი მიგვიძღვის ფიცად:
ზეცაში – მფრინავს, ბრძოლაში – მხედარს,
ვაჟკაცს – ზღვასავით გაშლილ ყანაში,
და ბავშვი, როცა შესცქერის დედას,
უსმენს და თითქოს სიზმარში ხედავს,
შენებრ მშობლიურ იავნანაში.
და როცა დილა, მთების ფიწალზე
ღრუბლის ბულულებს ლურჯად შეღებავს,
იგრძნობს სულდგმული დედამიწაზე
შენი გულის და ხელის შეხებას.
დგება ბალახი, აცახცახდება,
მოვარდნილ სითბოს წყალივით დალევს;
ტკბილი ოცნება ცხადად ახდება,
და შენი სახე ცაზე დახვდება
ქვეყნის პირველად გახელილ თვალებს”.
ამ ორ ლექსს შორის მთელი 11 წელია, წარმოიდგინეთ რა ზეგავლენა უნდა მოეხდინა იდეოლოგიას პოეტზე, როგორ უნდა შეეცვალა მისი ბუნება, სისხლისა და ცრემლის მდინარეზე გადებული რა დროითი ხიდი აერთებს ამ ორ ლექსს?
როგორც სხვადასხვა წყაროებით თუ ცნობებით ირკვევა, ილო მოსაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა წითელ  მთავრობასთან, მისთვის არც დასმენები იყო უცხო, არც ჩაშვება და არც ანონიმური წერილების წერა, მეტიც, ამბობენ, რომ იგი მიხეილ ჯავახიშვილის ტრაგედიის აქტიური მონაწილეა.
მანძილი ამ ორ ლექსს შორის ადამიანის ცხოვრების მთელი ტრაგედიაა, ქვეყნის ტრაგედია, ეპოქის ტრაგედია. . .

როგორ შევამციროთ ბავშვთა აგრესია

0

აგრესიის რეგულაციის ხელშეწყობის სტრატეგიები:

წინა წერილში ჩვენ შევეხეთ აგრესიის მიზეზებს და აღვნიშნეთ, რომ მას განაპირობებს როგორც სხვათა ქცევის მიბაძვა, ასევე ბავშვის ხასიათის თავისებურებებიც, ამიტომ ეისენბერგი (Eisenberg, 1992) მიიჩნევს, რომ თუ გვსურს, ჩვენი მოსწავლეები არ გამოირჩეოდნენ აგრესიული ქცევით, მათში უნდა აღვზარდოთ საპირისპირო თვისება – ალტრუიზმი (სხვis ადგილას თავის წარმოდგენის უნარი).
გთავაზობთ კონკრეტულ რეკომენდაციებს:
1. მნიშვნელოვანია ბავშვის ემპათიის გრძნობის გამოყენება (ემპათია – სხვა ადამიანის მიმართ ემოციური თანაგრძნობა/თანაგანცდა). თუ ბავშვი ვისიმე მიმართ ფიზიკურ აგრესიას ამჟღავნებს, გაამახვილებინეთ ყურადღება ქცევის შედეგზე: `სანდროს რომ ჩაარტყი, ეტკინა~. მნიშვნელოვანია აღნიშნული სტრატეგიის სისტემატური გამოყენება, ოღონდ მას არ უნდა ახლდეს აგრესორის ფიზიკური დასჯა, ამ შემთხვევაში ბავშვი იფიქრებს, რომ აგრესია ნებადართულია, თუ მოწინააღმდეგეზე ძლიერი ხარ.
2. კეთილგანწყობილი კლიმატის შექმნა კლასსა და ოჯახში. მეტი აგრესიულობით გამოირჩევიან ის ბავშვები, რომლებიც გარემოსგან საფრთხეს მოელიან. როცა მასწავლებელი ბავშვებს თბილად და კეთილგანწყობით ექცევა, ბავშვებიც მას ბაძავენ.
3. პროსოციალური ქცევის წახალისება. მნიშვნელოვანია, კლასში მოხდეს პროსოციალური ქცევის წახალისება (სხვაზე ზრუნვა, როდესაც არ მოელი აქედან პირად გამორჩენას). დაწყებით კლასებში ამისთვის სასურველია კონკრეტული ინსტრუქციების მიცემა, მაგ., `მინდა, დათოს თავსატეხის ამოხსნაში დაეხმარო~ ან `ანა ავადმყოფობის გამო სკოლას აცდენს, დაურეკეთ და მოიკითხეთ, როგორ არის~.
4. პროსოციალური თვისებებისთვის ხაზის გასმა. მაგ., `მსიამოვნებს, რომ ყურადღებით ეპყრობით თანაკლასელებს~.
ეს სტრატეგია მეტად ეფექტიანია 7-8 წლის ბავშვებთან. ამ დროს თვითშეფასება უფრო ადეკვატური ხდება და განპირობებულია ბავშვის კონკრეტული თვისებებით.
ბავშვთა აგრესიის შემცირებისკენ მიმართული პროგრამები მოიაზრებს მუშაობას პრობლემური ქცევის მოდიფიკაციაზე; თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე, ბრაზის მართვასა და ასერტული ქცევის განვითარებაზე.
პრობლემური ქცევის მოდიფიკაცია
აღნიშნული მოდელის მომხრეები (ბიჰევიორისტები) განიხილავენ პრობლემურ (ჩვენს შემთხვევაში – აგრესიულ) ქცევას როგორც მანამდე დასწავლილს ან იმის შედეგს, რომ ბავშვმა უბრალოდ არ იცის, სხვაგვარად როგორ მოიქცეს კონკრეტულ სიტუაციაში, როგორ განახორციელოს ალტერნატიული ქცევა.
მოცემული თეორიის ფარგლებში ჩვენ შევეხებით ქცევის მოდიფიკაციის (ცვლილების) მოდელს და სისტემური განმტკიცების პროგრამას.
ქცევის მოდიფიკაციის მოდელი
ქცევის მოდიფიკაცია რამდენიმე საფეხურს მოაზრებს, კერძოდ:
ა) არასასურველი, პრობლემური ქცევის განსაზღვრას. პირველ რიგში, მასწავლებელმა არასასურველი ქცევა უნდა განსაზღვროს. არასასურველია ქცევა, რომელიც ხდება მეტისმეტად ხშირად (მოსწავლეს დავალება არ გამოსდის, დაბლა ყრის ნივთებს) ან მეტისმეტად იშვიათად (მოსწავლე უარს ამბობს ახალი დავალების შესრულებაზე ისე, რომ დახმარებასაც არ ითხოვს). პრობლემური ქცევის განსაზღვაში შესაძლოა მონაწილეობა მოსწავლეებმაც მიიღონ.
ბ) არასასურველი, პრობლემური ქცევის სერიოზულობის განსაზღვრას. მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს, რამდენად სერიოზულია ეს ქცევა, გააანალიზოს თითოეული შემთხვევა და მისი გამოვლენის სიხშირე (ერთხელ მოხდა ასეთი რამ თუ სისტემატური ხასიათი აქვს).
გ) ქცევის მიზეზებისა და შედეგების განსაზღვრას. მასწავლებელი უნდა დააკვირდეს, რა უძღვის წინ არასასურველ ქცევას, რა მოსდევს მას ყოველთვის, ხომ არ იწვევს ვინმე ან რამე არასასურველი ქცევის პროვოცირებას ან განმტკიცებას.
დ) არასასურველი, პრობლემური ქცევის მიზეზებისა და შედეგების ცვლილებას. საჭიროა დაკვირვება, რაგვარი შედეგი იწვევს ქცევის განმტკიცებას. მაგ., შესაძლოა, მოსწავლეს მხოლოდ არასასურველი ქცევის განხორციელებისას აქცევდნენ ყურადღებას. ამიტომ უნდა შეიცვალოს ქცევის შედეგი, მასწავლებელმა ნაკლები ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლის ცუდ ქცევას, მაგრამ აღნიშნოს მისი ყოველი ადეკვატური საქციელი.
ე) ცვლილებების დაგეგმვას. მას შემდეგ, რაც ზუსტად განისაზღვრება, რა იწვევდა არასასურველი ქცევის პროვოცირებას და განმტკიცებას, საჭიროა იმის მოფიქრება, კიდევ როგორ შეიძლება მოქცევა პრობლემურ სიტუაციაში (თუ დავალება რთულია, ვის ჯობს მიმართოს დახმარებისთვის? რა ფორმით?).
ვ) სრულყოფას. საბოლოო ეტაპზე უნდა მოხდეს ახალი, შეცვლილი სიტუაციის გაანალიზება: შენარჩუნებულია თუ არა არასასურველი ქცევა, რამდენად ეფექტურია სტრატეგია, რომელსაც მასწავლებელი მიმართავს არასასურველი ქცევის შემდგომ. უეფექტობის შემთხვევაში ახალი სტრატეგიები უნდა მოვიფიქროთ.
სისტემური განმტკიცების პროგრამა
მასწავლებლები ხშირად წაახალისებენ მოსწავლეებს ქებით, ნიშნებით, ყურადღებით, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ ასეთი სახის განმტკიცების სისტემა საკმარისი არ არის, მოსწავლე ისევ ცუდად იქცევა და უფრო სერიოზული ჩარევა ხდება საჭირო. ასეთ დროს ჟეტონების სისტემას მიმართავენ. მოსწავლე თუ კარგად მოიქცა, იღებს ჟეტონს, თუ ცუდად – აკლდება (ჟეტონებად შეგვიძლია გამოვიყენოთ სტიკერები, დახატული გაცინებული სახეები). წინასწარ დადგენილი რაოდენობის ჟეტონს რომ შეაგროვებს, მოსწავლე ცვლის მას გარკვეულ მატერიალურ განმამტკიცებელზე, იღებს პრიზს. პრიზად იყენებენ საკვებს, სათამაშოს, საკანცელარიო ნივთს. გამოიყენება სოციალური განმამტკიცებლებიც – ქება, ღიმილი, თავზე ხელის გადასმა. ამასთან, პრიზი მოსწავლისთვის სასურველი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გამოიწვევს ქცევის განმტკიცებას.
განმამტკიცებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ პრემაკის პრინციპიც, ანუ ქცევა, რომელიც ხშირად ვლინდება, შეიძლება იშვიათად გამოვლენილის განსამტკიცებლად გამოვიყენოთ. მშობლები და პედაგოგები ხშირად იყენებენ ამ განმამტკიცებელს. მაგ., ბავშვს ჩაუშვებენ ეზოში მას შემდეგ, რაც წვნიანს შეჭამს ან ტელევიზორის ყურების ნებას მას შემდეგ დართავენ, რაც დავალებებს შეასრულებს.
გარე განმამტკიცებლები შემდეგ კატეგორიებად იყოფა:
. საკვები;
. ვიზუალური და ხმოვანი სიგნალები – გარკვეული სიგნალის მიცემა მას შემდეგ, რაც ბავშვი განახორციელებს სასურველ ქცევას;
. სოციალური სტიმული – ღიმილი, მოფერება (დაწყებით კლასებში);
. ჟეტონები – პატარა ბარათები, რომელთა დაგროვების შედეგად შესაძლებელი იქნება უფრო სერიოზული განმამტკიცებლების მიღება.
საკლასო გარემოში განსაკუთრებით ეფექტიანად მიიჩნევა ხმოვანი ან ვიზუალური სიგნალები, სოციალური განმტკიცება.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ძალზე ახალისებთ სხვადასხვა სიგნალი. მაგ., როცა კლასი სასურველ ქცევას ახორციელებს, მასწავლებელი რეკავს ზარს ან დაფაზე გაცინებულ კაცუნას ხატავს.
გამოცდილმა პედაგოგებმა კარგად იციან, რაოდენ დადებითად მოქმედებს მოსწავლეებზე დამსახურებული ქება, წახალისება. სასურველი ქცევის აღსანიშნავად მასწავლებელს შეუძლია კლასის გამოყენებაც, ვინაიდან ბავშვისთვის სხვა ბავშვებისგან წამოსული სიგნალები ძალზე მნიშვნელოვანია. გარდა ქებისა, აუცილებელია, მასწავლებელმა კლასში იმგვარი სიტუაციის პროვოცირება მოახდინოს, რომ მოსწავლეს ახალი, სასურველი ქცევის განხორციელება მოუხდეს – ეს ბავშვს კმაყოფილებას ჰგვრის. ამასთან, მნიშვნელოვანია, ავუხსნათ, როგორი ქცევის გამო მიიღებს ჯილდოს, რატომ არის ასეთი ქცევა ეფექტიანი და რა უსიამოვნებებს ააცილებს ის თავიდან.
გარე განმამტკიცებლების სწორი გამოყენებით უნდა ვეცადოთ, ალტერნატიული ქცევის განხორციელება ბავშვისთვის ნელ-ნელა მნიშვნელოვანი გახდეს.
რა პრინციპებს ეფუძნება განმამტკიცებლების გამოყენება?
. განმამტკიცებელი მაშინ არის ეფექტიანი, როდესაც ის მნიშვნელოვანია კონკრეტული მოსწავლისთვის. მაგ., თანაკლასელების ყურადღების ცენტრში მოხვედრა ძალზე მორიდებული ბავშვისთვის შესაძლოა პრობლემად იქცეს და მისდამი მოზღვავებული ყურადღება სასჯელადაც კი აღიქვას.
. განმტკიცება უშუალოდ უნდა იყოს დაკავშირებული სასურველ ან არასასურველ ქცევასთან. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რის გამო აჯილდოებენ ან სჯიან.
. განმტკიცება უშუალოდ უნდა მოსდევდეს ქცევას. გადავადებული განმტკიცება ნაკლებეფექტიანია.
. განმტკიცება უნდა იყოს საკმარისი და ქცევის შესატყვისი.
. განმტკიცება უნდა იყოს თანამიმდევრული – ყოველ ჯერზე უნდა მოჰყვეს სასურველ ქცევას.
არასასურველი ქცევის აღმოსაფხვრელად პედაგოგები დასჯასაც მიმართავენ.
როგორც ვიცით, არსებობს ორი ტიპის დასჯა: დადებითი – უსიამოვნო სტიმულის დამატება (მაგ., დატუქსვა) და უარყოფითი – სასიამოვნო სტიმულების მოშორება (მაგ., ეზოში სათამაშოდ გაშვებაზე უარის თქმა).
დასჯის საწინააღმდეგოდ შემდეგი არგუმენტები მეტყველებს: დასჯა იწვევს პრობლემური ქცევის შეწყვეტას, მაგრამ ნაკლებად ახდენს გავლენას მის რეციდივებზე. თანაც ფიზიკურ დასჯას შესაძლოა ბავშვზე ძალადობის ფორმაც ჰქონდეს. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ გაცილებით ეფექტიანია ნეგატიური დასჯა, მოსწავლისთვის სასიამოვნო სტიმულების მოშორება. ამავე დროს ეს მეთოდი ბავშვის მიმართ ჰუმანური უნდა იყოს და არ არღვევდეს კომუნიკაციას. მაგრამ არსებობს ისეთი სიტუაციები, რომლებიც მყისიერ ჩარევას მოითხოვს. ამ შემთხვევაში არგუმენტები და ნეგატიური დასჯა არ გამოგვადგება. ფიზიკური დასჯა მიუღებელია, მაგრამ შენიშვნა და ტაიმ-აუტი შედეგის მომტან სტრატეგიებად მიიჩნევა.
შენიშვნა
. შენიშვნა უნდა იყოს დაკონკრეტებული: მაგ., `დათუნა ნუ ათამაშებ პენალს – ამით შენს მეწყვილეს დავალების შესრულებისგან აცდენ~ უფრო ეფექტიანია, ვიდრე `ნუ აკეთებ ამას~.
. შენიშვნა უნდა მივცეთ ახლო მანძილიდან, მაქსიმუმ ერთი მეტრიდან. ამ მანძილზე უკეთ ჩანს არავერბალური მანიშნებლებიც.
. გაკვეთილის მიმდინარეობისას სასურველია შენიშვნების მოკლე ფორმების გამოყენება. მაგ., `შშშ~, `დაიცადე~, `არა~, – რათა არ დაირღვეს გაკვეთილის მსვლელობა.
ტამ-აუტი
ტაიმ-აუტი პროცესისგან ჩამოშორებას გულისხმობს. მაგალითად, ბავშვი შეიძლება გადავსვათ სხვაგან, როცა ის გვერდით მჯდომს ეკამათება, ან თამაშს ჩამოვაშოროთ, თუ მისი ქცევა კონფლიქტს იწვევს.
ბრაზის მართვა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ზოგ შემთხვევაში აგრესიულ ქცევას ნეგატიური ემოციები იწვევს.
ბრაზი ბუნებრივი გრძნობაა, რომელიც ყველა ადამიანს ახასიათებს და ვლინდება მაშინ, როდესაც იმედგაცრუებას, უარყოფას ან მტრულ განწყობას ვგრძნობთ. ბრაზი ძლიერი ემოციაა და თუ ვერ მოვთოკეთ, შესაძლოა ოჯახის წევრებთან, თანაკლასელებთან, საზოგადოდ, ადამიანებთან სერიოზული უთანხმოება მოგვივიდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს გრძნობების ზომიერად, ყვირილისა და ძალადობის გარეშე გამოხატვა. არსებობს სხვადასხვა ინტენსივობის ბრაზი, მცირე გაღიზიანებიდან დაწყებული, გააფთრებით დამთავრებული. სხვა ემოციების მსგავსად, ბრაზიც ახდენს გავლენას ორგანიზმის მდგომარეობაზე: იმატებს გულისცემა, იწევს ადრენალინის დონე, იზრდება სისხლის წნევა და სხვ.
მეცნიერული კვლევების შედეგად დადგენილია, რომ ბავშვებისთვის ბრაზის მართვის საუკეთესო სტრატეგიაა მშობლების/მასწავლებლების ჩართულობა, როდესაც ბავშვისთვის უფროსი მისაბაძი მაგალითი ხდება და თან ემოციის არააგრესიული ფორმით გამოხატვასაც ასწავლის.
მშობლების/მასწავლებლების მიერ განხორციელებული ბრაზის მართვის სტრატეგია წარმატებული რომ იყოს, უპირველეს ყოვლისა, უფროსებმა უნდა გავითავისოთ, რომ ბავშვებსაც ჩვენსავით სჭირდებათ დრო საკუთარი თავის შესაცნობად და იმის გასარკვევად, რომ ბრაზი ისეთივე ბუნებრივი ემოციაა, როგორიც სიყვარული, მხიარულება ან მოწყენილობა.
ბრაზის მართვის სტრატეგიის განხორციელებისას პირველი ნაბიჯია ბრაზის მიზეზისა და მისი ძირითადი სიმპტომების გაცნობიერებაში დახმარება. მაგ., ბრაზის დროს სუნთქვა ხშირდება, კუნთები და კანი იჭიმება; მაშ, შესაძლებელია მისი წინასწარ ამოცნობა.
მას შემდეგ, რაც ბავშვი გაეცნობა ბრაზის სიმპტომებს, უნდა მოვიქცეთ ასე:
1) დავეხმაროთ ბავშვს დამშვიდებასა და რეფოკუსირებაში, მაგ., ვასწავლოთ ღრმად ჩასუნთქვა და ათამდე დათვლა;
2) როდესაც ბავშვი გაბრაზებულია, შევთავაზოთ მოქმედების ალტერნატივა, მაგ., თუ სკოლის დავალება მისთვის რთულია და ამის გამო ბრაზობს, მის შესრულებაში დავეხმაროთ;
3) ხშირად პატარა ბავშვებს უჭირთ ბრაზის სიტყვებით გამოხატვა, ამიტომ მათ შესაძლებლობა უნდა მივცეთ, დახატონ, რაც აბრაზებთ.
კონკრეტული სტრატეგიები ბრაზის სამართავად
. ბრაზის სიმპტომების ამოცნობა. მნიშვნელოვანია, ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ სანამ ბრაზი მოერევათ და ყველაფერს აქეთ-იქით მოისვრიან, შეიძლება წინასწარ ამოიცნონ მისი სიმპტომები. მაგ., სახე წითლდება, კუნთები იჭიმება… მთავარია, ამ დროს `მოვახერხოთ ბრაზის შეჩერება~ და ერთად მოვიფიქროთ, რომელი `ჯადოსნური სიტყვა~ დაგვეხმარება დამშვიდებაში. მაგ., `დამშვიდდი~, `მე ამას შევძლებ~.
. მნიშვნელოვანია, ბავშვს ვასწავლოთ ბრაზის სხვაგვარად გამოხატვა. ამისთვის უნდა მოვიფიქროთ რაც შეიძლება მეტი სიტყვა, რომლებიც მის ნეგატიურ ემოციებს აღწერს. მაგ., `გავბრაზდი~, `მეწყინა~, `აღვშფოთდი~. თან განცდის ვერბალურად ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ. მაგ., `მეწყინა, ჩემი ნივთი ძირს რომ დააგდე~.
. მას შემდეგ, რაც ბავშვს ბრაზის სიმპტომების ამოცნობას ვასწავლით, შეიძლება შევთავაზოთ, რომ ამ დროს რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს. შეგვიძლია აგრეთვე ვასწავლოთ სტრატეგია 1+3+10: თქვას ერთი დამამშვიდებელი სიტყვა, მაგ., `დამშვიდდი~, სამჯერ ღრმად ჩაისუნთქოს და ათამდე დაითვალოს.
. თუ ბრაზი სხვის მიერ არის პროვოცირებული, ბავშვს უნდა ვასწავლოთ სქემის `მე მინდა…~ გამოყენება. მაგ., `მე მინდა, უკანვე დადო ჩემი სათამაშო, მეწყინა, რომ აიღე~.
აღნიშნული სტრატეგიების გაცნობის შემდეგ მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ ბრაზის გამოხატულება. ვთხოვოთ ბავშვს, დააკვირდეს, როგორ გამოხატავენ ემოციებს სხვები და თან აღნიშნული სტრატეგიების სწორი გამოყენების მაგალითები ვუჩვენოთ.
ასერტული ქცევა
ბრაზის მართვის სტრატეგიების გაცნობის პარალელურად მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს განვუვითაროთ და განვუმტკიცოთ ასერტული ქცევა (თავდაჯერებული, გაწონასწორებული ქცევა, მიმართული საკუთარი მოსაზრების გამოხატვის/უფლებების დაცვისკენ).
დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის ამ ქცევის განვითარება როლური თამაშის გზით არის შესაძლებელი. პირველ რიგში მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან საუბარი ასერტული – თავდაჯერებული – ქცევის მნიშვნელობაზე, მისი შედარება აგრესიულ ქცევასთან, აღნიშვნა, რომ ეს უკანასკნელი გაცილებით მეტ პრობლემას იწვევს.
ამის შემდეგ სასურველია მოსწავლეებისთვის თამაშის მიზნისა და წესების ახსნა, პრობლემური სიტუაციის შეთავაზება და შემდეგ ასერტული ქცევის რეპეტიცია: მოსწავლე მშვიდად ამბობს, რას გრძნობს ამგარ სიტუაციაში, გამოთქვამს აზრს და ეკითხება მოწინააღმდეგეს, რას ფიქრობს ამის თაობაზე. მაგ., თუ მოსწავლემ წიგნი ამხანაგს ათხოვა და ის არ უბრუნებს, სასურველია უთხრას მას, რომ ძალიან ღელავს, ვინაიდან ხვალისთვის მასაც სჭირდება წიგნი და შეუთანხმდეს, როდის შეძლებს მის დაბრუნებას. როლური თამაშის გარდა, საჭიროა, პედაგოგმა შემდეგშიც წაახალისოს და აღნიშნოს ბავშვების მიერ განხორციელებული სასურველი ქცევა.

ფორუღ ფაროხზადის “ქართული სარკმელი”

0

“ფორუღი” სპარსულად “სინათლეს”, “ნათელს” ნიშნავს. ფორუღ ფაროხზადისათვის ცხოვრებამ მხოლოდ სახელი თუ გაიმეტა თბილი და ნათელი. დანარჩენი ყველაფერი წაართვა და ისე საგულდაგულოდ ცდილობდა მისი მგრძნობიარე პიროვნების წაშლას, რომ ცოტა ვინმე თუ მოახერხებდა გაეძლო იმდენი უბედურებისა და განსაცდელისათვის, რისი გადატანაც შეძლო აწ უკვე თანამედროვე საპარსული პოეზიის კლასიკოსად აღიარებულმა ამ დიდმა ქალბატონმა. შეძლო ლექსით, რომელსაც ნათესავ-მეგობართაგან განსხვავებით, იგი არასოდეს მიუტოვებია და რომელიც მხარში ედგა მას უმძიმეს წუთებში: _ ბავშვობაში, როცა სალდაფონი მამა ჯარისკაცის მძიმე ჩექმებით უმნიშვნელო ცელქობისათვისაც კი მიწასთან ასწორებდა, ყმაწვილქალობაში, როცა მეტისმეტად თამამი ლექსებისთვის, სახლიდან გააძევეს. უიღბლო ქორწინებაში, რომელიც სწორედ ისევ ლექსებისათვის, განშორებით დასრულდა და ასე განსაჯეთ, მაშინაც, როცა მისი პოეზიის “ამორალური ხასიათის გამო” ქმართან გაყრილ ფორუღ ფაროხზადს დედობის უფლება ჩამოართვეს და ერთადერთი შვილის ნახვაც კი სასტიკად აუკრძალეს. მოგვიანებით, ფორუღ ფაროხზადი ლექსში, რომელსაც თავის შვილს მიუძღვნის, იტყვის: “აქ ჩამქრალია ყველა ვარსკვლავი, აქ პეპლის ცრემლი არ უღირთ გროშად, აქ ეკლებს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე სინაზით გადაშლილ შროშანს”. ეს ერთი შეხედვით ტკბილხმოვანი ლექსი არ არის “იავნანა”, შვილს რომ უმღერიან. ეს თავის მართლებაა და იმავდროულად მხილებაა საზოგადოებისა, სადაც არა ღირს შროშანივით სინაზით გაიშალო, რადგან ყვავილობას _ სიყვარულსა და სიფაქიზეს _ არავინ გაპატიებს. ამ შემზარავი ჭეშმარიტების ცოდნა ფორუღ ფაროხზადთან უმძიმესი პიროვნული გამოცდილების საფასურად მოვიდა, რის შემდეგაც ძირეულად შეიცვალა საზოგადოებასთან დაპირისპირების ტაქტიკა და შესაბამისად _ შეიცვალა გამოხატვისა თუ თვითდამკვიდრების ფორმაც: ფორუღ ფაროხზადის “ბრიალა” ლექსი ნელ-ნელა მიყუჩდა და მთელი ცეცხლი, მთელი გიზგიზი შიგნით ჩაიგროვა; ამიტომაც, იგი თავის ბოლო კრებულებში “ხელახალი დაბადება” და “ვერწმუნოთ სიცივეს” სრულიად ახლებური კუთხით, მოულოდნელი რაკურსით წარმოჩინდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ფორუღ ფაროხზადმა თქვა: “მე მჭირდებოდა გავზრდილიყავი. ზრდა კი საფუძველს მოითხოვდა და მოითხოვს. ვიტამინის აბებით შეუძლებელია ერთბაშად გაიზარდო. მე ჯერ ჩამოყალიბებული არ ვიყავი, ჩემი ენა და წერის მანერა არ მქონდა ნაპოვნი. იმ პატარა, ვიწრო გარემოში ვცხოვრობდი, ოჯახს რომ ვეძახით. “ახალგაზრდობაში გრძნობებს სუსტი ფესვები აქვთ. მათში ხიბლი უფრო მეტია. მოგვიანებით, თუ ისინი ფიქრით არ იმართვიან, ანდა აზროვნების შედეგი არ არიან, ხმებიან და თავდებიან”.
“ჩემი აზრით, ხელოვნება შემეცნებას უნდა ეფუძნებოდეს. შემეცნებას ცხოვრებისას, არსებობისას, სხეულისას. ასე განსაჯეთ, იმ ვაშლის შემეცნებასაც კი, რომელსაც შეჭმას, ჩაკბეჩას ვუპირებთ. მხოლოდ გრძნობით, ვნებით ცხოვრება შეუძლებელია. უფრო სწორად, შეუძლებელია ნამდვილმა ხელოვანმა მხოლოდ გრძნობებითა და ვნებებით იცხოვროს. კაცმა საკუთარი თავისა და სამყაროს ჭვრეტა უნდა ისწავლოს და სწორედ ეს აუცილებლობა უბიძგებს ადამიანს აზროვნებისაკენ. მე ვამბობ: პოეზია, ისევე როგორც ზოგადად ხელოვნება, უნდა იყოს აზროვნების საშუალებით განვითარებულ-ჩამოყალიბებული გრძნობისა და აზროვნების შედეგი, როცა პოეტი ნამდვილი პოეტია _ ანუ როცა შეგვიძლია პოეტის სინონიმად “სიზუსტე” მივიჩნიოთ _ უკვე იცით, მისი ფიქრები რა სახით შემოდიან მის ლექსებში. ვთქვათ, “ციცინათელასავით მოფრინდებიან ფანჯარასთან” ან “ტოროლასავით დასხდებიან უსიცოცხლო ქვაზე” ან თუნდაც _ კუსავით, რომელიც მზის ქვეშ ჩათვლემილა” _ სწორედ ასე სადად, ლამაზად და უპრეტენზიოდ”.

ფორუღ ფაროხზადმა ასე სადად, ლამაზად და უპრეტენზიოდ წერის ხელოვნება ძნელად შეისწავლა. მისი თავდაპირველი კრებულები “ტყვე”, “კედელი” და “ჯანყი” ტრადიციული ლექსებია, რომელთაც ბუნებრივია, აჩნევია ნიჭიერი პოეტის ხელი, მაგრამ ნამდვილი ფორუღ ფაროხზადი, შემოქმედი, ვის გარეშეც წარმოუდგენელია უახლესი სპარსული ლიტერატურის ისტორია, სწორედ “ხელახალი დაბადებიდან” იწყება. ამ წიგნში პოეტი ქალის ის მუდმივი ამბოხი და წინააღმდეგობაა საკუთარ თავთან თუ საზოგადოებასთან, რაც, პრინციპში, მთლიანად განსაზღვრავდა მისი შემოქმედების ხასიათს, პიროვნული ტკივილებიდან და ვიწრო ოჯახური გარემოდან ჭეშმარიტ პოეზიამდე მაღლდება. “ხელახალ დაბადებაში” ფორუღ ფაროხზადი ყოველგვარი ზედმეტი მინარევისა და გავლენისაგან თავისუფალია. თვითონ პოეტი ჟურნალისტ სადროდ-დინ ელაჰისთან საუბრისას აღნიშნავდა: “კედელში” (და ბუნებრივია _ “ტყვეშიც”) მე მხოლოდ ჩემს გარეთ არსებული სამყაროს გამომხატველი თუ ვიყავი. იმ დროისათვის პოეზია ჩემში დავანებული არ იყო. ის მხოლოდ ჩემთან ერთად ცხოვრობდა, როგორც ქმარი, როგორც საყვარელი, ან საერთოდ, როგორც ის ხალხი, რომელთაც ადამიანთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში უხდებათ ყოფნა. მაგრამ მერე ლექსმა ჩემში ფესვი გაიდგა. ამის გამო, ჩემთვის საერთოდ პოეზიის გაგება შეიცვალა და ლექსს მხოლოდ ჩემი პირადი განცდების გამოხატვის საშუალებად აღარ მივიჩნევდი. პირიქით, რაც უფრო მტკიცდებოდა ჩემში პოეზია, უფრო ვივრცობოდი და ახალ-ახალ სამყაროს ვპოულობდი”.

მანამდე, კი, რასაკვირველია იყო გავლენები. ცალკე _ უბრწყინვალესი კლასიკური სპარსული პოეზია და ცალკე თანამედროვე პოეტების საინტერესო ძიებები ფორუღ ფაროხზადის მაძიებელ სულს გულგრილს ვერ ტოვებდა.

“¼თოთხმეტი წლის ასაკში _ მეჰდი ჰამიდი, ოცი წლის ასაკში კი _ ნადერფური, საიე, მუშირი ჩემი უსაყვარლესი პოეტები იყვნენ. ამ პერიოდშივე აღმოვაჩინე ლაჰუთი და გოლჩინ გილანი. ამ აღმოჩენამ განსხვავებებზე ჩამაფიქრა და კიდევ იმ ახალ საკითხებზე, რომელთაც შემდგომ ჯერ აჰმად შამლუმ მისცა ფორმა ჩემს გონებაში, უფრო მოგვიანებით კი ნიმა იუშიჯმა, რომელმაც თითქმის საბოლოოდ ჩამოაყალიბა ჩემი პოეტური გეზი და გემოვნება.

ნიმა იუშიჯი იყო პოეტი, რომლის ლექსებშიც პირველად მივაკვლიე სააზროვნო სივრცესა და ჰაფეზის მაგვარ თავისებურ სრულქმნილებას ადამიანისას. მე _ მკითხველმა _ ვიგრძენი, რომ საქმე მაქვს ადამიანთან და არა ზედაპირული გრძნობებისა თუ ყოველდღიური, გაცვეთილი ტერმინების უსახურ გროვასთან. მე ნიმასგან ვისწავლე, როგორ უნდა დამენახა. უფრო უკეთ _ ნიმამ ხედვის სივრცე გამითავისუფლა¼ ამიტომაც, ფესვი ერთია, აი, ის კი, რაც ამ ფესვზე იზრდება, სხვადასხვაა: მე ჩემი სულიერი წყობისა და პიროვნული მრწამსის თავისებურების გამო (და თუნდაც იმიტომ, რომ ქალი ვარ) საგნებს, ბუნებრივია, სხვანაირად აღვიქვამ, მაგრამ მინდა მქონდეს ნიმა იუშიჯის მზერა, ოღონდ ჩემს სარკმელთან ვიჯდე და იქიდან ვხედავდე”.

ფორუღ ფაროხზადმა ამას სწორედ თავის ბოლო კრებულებში მიაღწია. მისი ლექსი ავტორის ფაქსიმილეს გარეშეც მშვენივრად იცნობა, რადგან მკითხველმა იცის, რომ მხოლოდ ფორუღის ლექსი შეიძლება იყოს ამდაგვარი _ ღრმა, თავისუფალი, უკომპლექსო და ეს თავისუფლება ყველაფერში ვლინდება _ პოეტურ ფორმაშიც და სიტყვათა შერჩევაშიც. თუმცა, თვითონ სიტყვა “შერჩევა” ამ კონტექსტში ძალზე სახამუშოა, რადგან ფორუღ ფაროხზადს სხვა მისი თანამედროვე პოეტებისაგან სწორედ ლექსისადმი ლაღი და თამამი დამოკიდებულება გამოარჩევს.
თვითონ პოეტი ერთგან აღნიშნავდა:
“მე შევხედე ჩემს გარემომცველ სამყაროს, საგნებს, ადამიანებს, აღმოვაჩინე ამ სამყაროს ძირითადი ხაზები და როცა მომინდა რაღაც მეთქვა, დავინახე, რომ სიტყვები მჭირდება. რა მნიშვნელობა აქვს, თუ რომელიმე სიტყვა პოეტური არ არის. სული ხომ აქვს, ჰოდა, ავდგებით და გავაპოეტურებთ. როცა ლექსი “პოეზია, რომელიც სიცოცხლეა” (ნიმა იუშიჯის ერთ-ერთი ბრწყინვალე ლექსი. _ გ. ლ.) წავიკითხე, მივხვდი, რომ სპარსულ ენას დიდი შესაძლებლობები აქვს და სპარსულის ის თავისებურებაც აღმოვაჩინე, რომ ამ ენაზე შესაძლებელია მარტივად ლაპარაკი”.

“ჩემთვის სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველ სიტყვას საკუთარი და განსაკუთრებული სული აქვს, ასევე საგნებსაც. ამიტომაც, ყურადღებას არ ვაქცევ საგნებისა და სიტყვების პოეტურ წრასულს. მერე რა მოხდა, თუკი რომელიმე სპარსულენოვან პოეტს თავის ლექსებში დღემდე სიტყვა “აფეთქება”, ვთქვათ, არასოდეს უხმარია. მე დილიდან საღამომდე საითაც გავიხედავ, ყველგან ვხედავ, რომ რაღაცა ფეთქდება. და როცა მინდა ლექსი დავწერო, საკუთარ თავს ხომ არ ვუღალატებ და მოვატყუებ?! თუკი “ხედვა” თანამედროვე ხედვაა, მაშინ ენაც იპოვის თავის სიტყვებს. ხოლო როცა ენა ჩამოიქნება, შეიკვრება და გულწრფელი გახდება, რიტმიც იქვე დაიბადება თავისთავად.”

ამის მიუხედავად, ფორუღ ფაროხზადს მაინც ჰქონდა განსაკუთრებულად საყვარელი სიტყვები. უპირველესად კი სიტყვა “სარკმელი”, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება მის ლექსებში, როგორც სამზერი და როგორც თავშესაფარი, სადაც დაღლილსა და გაწამებულს ჟამითჟამზე შეუძლია “თავი მიიდრიკოს”. მასთან სტუმრად მისულ ადამიანებსაც იგი საჩუქრად სარკმლის მიტანას სთხოვს. ამ თარგმანებით, ასე მგონია, ჩემს საყვარელ პოეტს თხოვნა შევუსრულე, ვაჩუქე სარკმელი, საიდანაც უკვე შეუძლია ქართველი მკითხველის სულსაც გადახედოს.

ფორუღ ფაროხზადს, გარეგნული სიმშვიდის მიუხედავად, მთელი ცხოვრება აწვალებდა დედა, რომელიც ვითომ კანონის ძალითა და ბავშვის მომავალზე ზრუნვის პრეტენზიით, შეუბრალებლად ჩაწიხლეს და გასრისეს მის არსებაში. შესაძლოა, გულის კუნჭულში თვითონაც დამნაშავედ გრძნობდა თავს შვილის წინაშე და სწორედ დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობდა 1969 წლის იმ წვიმიან დღეს, როცა უცნობი პატარა ბიჭუნას გადასარჩენად ამჯობინა თვითონ გადაჩეხილიყო მანქანით უფსკრულში.

სიკვდილის შემდგომ ფორუღს მისმა მეგობარმა, სოჰრაბ სეფეჰრიმ, ასეთი სტრიქონები უძღვნა: “დიდი იყო და დღევანდელი დღის შვილი იყო და ნათესავად ერგებოდა ყველა ღია ჰორიზონტს”.

“ღია ჰორიზონტებთან ნათესაობამ”, ანუ პოეზიამ წაართვა ფორუღს ყველა ამქვენიური სიკეთე. აკი თვითონაც წერდა: “პოეზიისა დიდხანს არ მჯეროდა და მას გართობის ერთგვარ საშუალებად მივიჩნევდი. მერე დადგა დრო, როცა ვგრძნობდი, რომ თუკი ლექსს დავწერდი, რაღაც უეჭველად შემემატებოდა. ახლა, დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ყოველთვის, როცა ლექსს ვწერ, რაღაც მაკლდება; უფრო უკეთ, მე ჩემგან რაღაც ნაწილს ვითლი და სხვებს ვთავაზობ. სწორედ ამის გამოა, რომ პოეზია სერიოზულ საქმიანობად მესახება და ამ აზრისადმი ფანატიკურად ვარ განწყობილი. პოეზია¼ რამდენხანს ვიწვალე, სანამ ამ უცხო ველურს მოვათვინიერებდი და ჩემს შიგნით დავამწყვდევდი, სანამ შევერწყმოდი მას და ერთმანეთს ისე შევეწებებოდით, რომ განცალკევება ძნელი ყოფილიყო”.

მართლაც, ძალზე ძნელია ფორუღ ფაროხზადის ცხოვრებისა და პოეზიის ცალ-ცალკე წარმოდგენა. წეღან მოგახსენეთ: ფორუღ ფაროხზადს პოეზიამ ყველაფერი წაართვა-მეთქი და რაც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, პოეზიამვე მისცა მას ყველაფერი _ ლექსმა გაამართლა ის ყველასთან, ვინც კი ოდესმე ფორუღს ვერ გაუგო, ვინც კი გაიმეტა იგი და თავიდან მოიშორა.

პოეზია ხომ განსაკუთრებული მადლით აჯილდოებს მისთვის წამებულებს. მარტო ის რად ღირს, რომ დღევანდელი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, სადაც კანონი სასტიკად კრძალავს საზოგადოებრივ ადგილებში ქალის “ჰეჯაბის” _ მუსლიმური თავსაბურავისა და მანტოს _ გარეშე გამოჩენას, ფორუღ ფაროხზადის სურათი უჩადროდ იბეჭდება.

https://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=148&composition=482

წინ მთელი ზაფხულია

0

მიწა აშრა. თქვენი არ ვიცი და ჩემი გონება უმთავრესად განტვირთვასა და დასვენებაზეა ორიენტირებული. ქალაქიდან გასვლამდეც საკმაო ხანია, ამიტომ ვცდილობ, დასვენების იოლი ფორმა ვიპოვო, თანაც ისეთი, ხან თოვლიან ყარსში რომ ამომაყოფინებს თავს, ხანაც პრაღის ქუჩებში მამოგზაურებს. შინიდან გაუსვლელად, ისე როგორ!

ლიტერატურას მივეძალე, გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის გმირისა არ იყოს, სპეციფიკურად – მხოლოდ მხატვრულს. თან გონებაში გეგმას ვადგენ, როდის რა და რამდენ ხანში წავიკითხო. არ გქონიათ საკუთარ თავთან მსგავსი შეჯიბრება? მე – კი.

შეჯიბრების არსი კი, აი, რაში მდგომარეობს: ზაფხულის განმავლობაში ქართულ ლიტერატურას შეძლებისდაგვარად სრულად უნდა გავეცნო. ოღონდ სრულიადაც არ ვაპირებ, საბჭოთა დროს გამოცემულ ქართული ლიტერატურის ქრესტომათიულ ტომებში ვდურთო თავი. ჰაგიოგრაფიამ, სკოლიდან მოყოლებული, ფსიქოტრავმები დამიტოვა… ამაზე – სხვა დროს. პრინციპის ამბავია, დიდხანს აღარ მივუბრუნდები.

თანამედროვე ქართული ლიტერატურით დავინტერესდი და, აი, რატომ:

90-იანი წლების ქართული ლიტერატურა მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე შესაძლოა განსაკუთრებულს ვერაფერს ამბობდეს; ვერც ნობელიანტი მწერლით დავიკვეხნით მეზობელი თურქეთის მსგავსად; თითებზე ჩამოსათვლელი გვყავს მწერლები, რომელთა ნაწარმოებები თუნდაც ერთ ევროპულ ენაზეა თარგმნილი…

ლიტერატურაშიც, როგორც ბევრ სხვა დარგში, ათეულობით წლით ჩამოვრჩით მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ განსაკუთრებული სიმაღლეები იშვიათად თუ გვეპყრა. ლოგიკურიც არის – ჩვენ ხომ რკინის ფარდა გვყოფდა დანარჩენი სამყაროსგან… თუმცა, ნებით თუ უნებლიეთ, მრავალი წლის დაგვიანებით, თანამედროვე ქართველი მწერლები თითქმის იდენტურად იმეორებენ იმ ფაბულებს, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალა როგორც ლიტერატურის ენა, ისე მწერალსა და მკითხველს შორის კომუნიკაციის ფორმაც, რაც იმედის მომცემი ნიშანია, რომ უახლოეს მომავალში ჩვენც ჩავებმებით დიდ ლიტერატურულ ლოკომოტივს და ქართული მწერლობაც მოფლიო ლიტერატურულ პროცესში თუნდაც მცირე, მაგრამ საკუთარ სათქმელს იტყვის, რათა განცალკევებით აღარ იდგეს, როგორც დღეს, მხოლოდ ლოკალური სივრცისთვის არ იყოს გათვლილი.

ქართველმა მწერლებმა განსაბჭოების შემდეგ თავიანთ პროფესიას სულის ინჟინრის მისია ჩამოაცილეს. აღმზრდელობით-შემეცნებითი დემაგოგიური ტექსტები, რომლებიც ხშირად პროპაგანდის მანქანას ემსახურებოდა, საბჭოთა წარსულის საკუთრებად დარჩა. იშვიათია კრიტიკოსი, რომელიც იტყვის, რომ 90-იანების შემდგომი ქართული ლიტერატურის პერსონაჟები ოდნავ მაინც სცდებიან რეალობას. დიახ, ჰეროიკული გმირებისა და მითების ეპოქა წარსულს ჩაბარდა. დღეს ჩამწერი მწერლები მეტად ფასობენ. ჩასაწერი კი საქართველოს უახლეს ისტორიაში მრავლად არის… ჩამწერებიც მეტ-ნაკლებად ნიჭიერი ხალხია. ბოლო ხანს გამოცემულ ქართულ წიგნებს თუ გადავავლებთ თვალს, პროგრესი შესამჩნევია, გაცილებით მეტი ახალი წიგნი იბეჭდება და სულ უფრო მეტად ჭირს საუკეთესოების გამორჩევა.

წიგნებზე მოთხოვნაც  თანდათან იზრდება, განსაკუთრებით – მათზე, რომლებიც ბოლო დროს ჟურნალ-გაზეთებს სხვადასხვა სერიის სახით მოჰყვება. მათი მთავარი პლუსი ხელმისაწვდომი ფასია, ჟურნალ-გაზეთების გავრცელების არეალიც, წიგნის ბაზრისგან განსხვავებით, დიდია, ამიტომ ეს წიგნები საქართველოს ნებისმიერ სოფლამდე აღწევს.

ერთ-ერთი ასეთი ლიტერატურული სერია, “ახალი ქართული ლიტერატურა”, რომელშიც 90-იანი წლების შემდგომი პერიოდის ქართველ მწერალთა ნაწარმოებებია თავმოყრილი, ჟურნალ “ლიტერატურულ პალიტრას” ერთვის. პროექტის მიზანია, მთელ საქართველოს გააცნოს იმ თაობის რჩეულ მწერალთა საუკეთესო ნაწარმოებები, რომლებიც საბჭოთა იმპერიის დანგრევის შემდეგ გამოჩნდნენ ასპარეზზე და ლიტერატურის მოყვარულთა მოწონება დაიმსახურეს.

სერიის მე-14 ტომი მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის შემოქმედებას დაეთმო. წიგნში შესულია უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა კრებულსა თუ პერიოდულ გამოცემაში დაბეჭდილი მოთხრობები, ასევე ნაწარმოებები მისი წიგნებიდან “ბერიკაობა” და “მე, მარგარიტა”. წიგნის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ ლიტერატურის მუზეუმში გაიმართა.

ანა კორძაია-სამადაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის. გამორჩეულია მისი ენა, რომელიც კითხვისას გამუდმებით გაფიქრებს სხვადასხვა თემაზე; განსხვავებულია სიკვდილისადმი მისი დამოკიდებულება; ანას გმირები ხშირად იხოცებიან, თუმცა განსაკუთრებულ ტრაგიზმს ეს არ იწვევს – სიკვდილი მათთვის ხშირად საუკეთესო გამოსავალია. მიუხედავად გმირის გარდაცვალებისა, ცხოვრება ჩვეულ დინებას უბრუნდება. ნაწარმოებებში იშვიათად წააწყდებით HAPPY END-ს, რადგან დასასრული არასოდეს არის დასასრული, რადგან ყოველთვის იწყება ახალი სიცოცხლე. მცირე სიხარულებით აღსავსე ანას გმირები იშვიათად თუ განიცდიან დიდ ბედნიერებებს, თუმცა ისინი მუდამ ცხოვრებაზე შეყვარებულნი არიან. მათთვის პატარა სიხარულიც დიდი ბედნიერებაა.
ასე, მივყვები პირველი ტომიდან და გავეცნობი თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. წინ ლამის მთელი ზაფხულია. მიწაც უკვე აშრა…

თამარ კაციტაძე – გარდატეხის ასაკი და მასთან დაკავშირებული პრობლემები

0
მშობლებიც და მასწავლებლებიც მოზარდებთან ურთიერთობის ყველაზე რთულ პერიოდად გარდატეხის ასაკს მიიჩნევენ. თუმცა ზრდასრული ადამიანები, რომლებსაც, ფაქტობრივად, კარგად აქვთ დავიწყებული ის პრობლემები, რომლებიც ამ ასაკში თავადაც გაიარეს, მოზარდებს ხშირად არაადეკვატურად ექცევიან. ფსიქოლოგები კი მიიჩნევენ, რომ გარდატეხის ასაკში, რომელსაც მედიცინაში პუბერტატულ პერიოდს უწოდებენ, მოზარდებს ყველაზე მეტად სწორედ გარშემო მყოფი ზრდასრული ადამიანების დახმარება სჭირდებათ. ამ ასაკში თავჩენილ სირთულეებს ხშირად თავად მოზრდილები – მშობლები, მასწავლებლები, ოჯახის სხვა წევრები – აპროვოცირებენ, რომლებიც უგულებელყოფენ მოზარდის თავისებურებებს, ანგარიშს არ უწევენ მის პიროვნებას. თუმცა სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ მზა რეცეპტი, ვინ როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ მოზარდთან, არ არსებობს. ერთადერთი გამოსავალი ამ ასაკის ფსიქოფიზიოლოგიურ თავისებურებათა ცოდნა და გათვალისწინებაა.

გარდატეხის ასაკი ინდივიდუალურია, საზოგადოდ კი ეს ეტაპი 12-13-დან 15-18 წლამდე პერიოდს მოიცავს. არის შემთხვევები, როცა მოზარდი ნაადრევად იწყებს მომწიფებას – შესაბამისად, გარდატეხის ასაკიც ნაადრევად ეწყება. გოგონებში ნაადრევი გარდატეხა – 8 წლამდე, ხოლო ვაჟებში 9 წლამდე შეინიშნება. ეს უმეტესად ამა თუ იმ დაავადებას უკავშირდება, რომლის მკურნალობა ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, რადგან ნაადრევად გაჩენილი სასქესო ნიშნები მძიმე დაღს ასვამს მოზარდის ემოციურ სფეროს, გამოარჩევს მას თანატოლებისგან და უამრავ კომპლექსს უჩენს. არის შემთხვევები, როდესაც სქესობრივი მომწიფება იგვიანებს. თუ მეორეული სასქესო ნიშნები გოგონას – 13 წლამდე, ხოლო ვაჟს 14 წლამდე არ განუვითარდა, შეიძლება ითქვას, რომ პუბერტატული ასაკი გადაიდო. მიზეზი უმეტესად მემკვიდრეობითია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომელიმე დაავადების ბრალი იყოს.

ერთი სიტყვით, გარდატეხის ასაკი საკმაოდ მძიმე პერიოდია. ორგანიზმში ამ დროს არსებითი ფიზიკური და ნერვულ-ფსიქიკური გარდაქმნები მიმდინარეობს, რაც საგრძნობლად ცვლის მოზარდის ქცევას, მის ყოველდღიურ რეჟიმს, სურვილებსა და მისწრაფებებს. ის მოუსვენარი, ჯიუტი და თავდაჯერებული ხდება.

ყოველივე ამის მიზეზი სისხლში მოცირკულირე სასქესო ჰორმონებია. ისინი აფხიზლებენ სქესობრივ სწრაფვას, რაც პირველ ხანებში – ცნობისმოყვარეობით, მერე კი საპირისპირო სქესისადმი მოჭარბებული ინტერესით გამოიხატება. მოზარდებს უცნობი შეგრძნებები და აზრები, ბუნების ინტიმურ საიდუმლოებათა შეცნობის სურვილი ებადებათ. ამავე დროს, მათ ცხოვრებაში შემოდის მოზრდილთა ქცევის ახალი სტერეოტიპები: სიკეთე, სიყვარული, პასუხისმგებლობა, ვალდებულებები სწავლის, ოჯახის, გარშემო მყოფების მიმართ. მაგრამ მოზარდმა არ იცის, როგორ იცხოვროს როგორც დიდმა, მას არ აქვს საამისო გამოცდილება. ფსიქოლოგები ამ დროს უმთავრეს როლს მშობლებს აკისრებენ. მათი მტკიცებით, მოზარდს, პირველ რიგში, მისთვის უსაყვარლესი ადამიანებისგან – მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრებისგან სურს სიყვარული და აღიარება. თუ მოზარდს ოჯახში არ აღიარებენ, იგი აღიარებას სხვაგან ეძებს: ქუჩაში, სკოლაში, უბანში. თვითდამკვიდრება კი ხშირად ძალადობის ხარჯზე ხდება. არა იმიტომ, რომ ეს ბავშვის თვისებაა, არამედ იმიტომ, რომ მასში მძლავრობს თვითრეალიზების, სამყაროში ადგილის დამკვიდრების მოთხოვნილება. ამიტომ მშობლებმა უნდა მოახერხონ შვილთან მეგობრული, თბილი ურთიერთობის დამყარება, ამასთან, ისე, რომ შეინარჩუნონ ავტორიტეტი მის თვალში და იმავდროულად მისცენ მას, როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას, არსებობის უფლება.

გარდატეხის ასაკში მოზარდს სურს, თვითრეალიზაცია მოახდინოს როგორც დამოუკიდებელმა, ძლიერმა და დიდმა ადამიანმა, ამიტომ მენტორული და დიდაქტიკური ტონი ხშირად არაფერის მომცემია და ზოგჯერ უარყოფითი შედეგიც კი მოაქვს. მშობელმა შვილს უნდა მოუსმინოს, გაუგოს და, ზომიერების ფარგლებში, დაუთმოს კიდეც. თუ მოზარდი არაფერს აშავებს, დამოუკიდებლად მოქმედების უფლება უნდა მივცეთ. ბავშვის ფსიქიკა ისეა მოწყობილი, რომ მისი თვითდამკვიდრებისა და ჰარმონიული განვითარებისთვის დამოუკიდებელი ნაბიჯი აუცილებელია.

ბავშვი მარტო სიტყვით კი არა, მაგალითითაც იზრდება. ჩხუბით, აყალმაყალით, ულტიმატუმებით, პრეტენზიებით რამის მიღწევა შეუძლებელია. თუ ბავშვი არ იხსნება მშობელთან, მაშინ მშობელი თავად უნდა დააკვირდეს მის ინტერესებს, განვითარებას, თუ შესაბამისი განათლება არ აქვს, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ამის შემდეგ მიაწოდოს შვილს გარკვეული ცნობები. ასეთი ფორმით მიწოდებული ცოდნა გაცილებით პოზიტიურია, ვიდრე ინტერნეტიდან, წიგნიდან თუ ქუჩიდან მიღებული მშრალი ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური დატვირთვაც. ამ ასაკში დიდია საკუთარი სხეულისა და სქესობრივი სფეროს მიმართ ინტერესი. ეს ბუნებრივია. არსებობს სქესობრივი ენერგეტიკა, ლიბიდო. მოზარდისთვის არამც და არამც არ არის სასურველი ჭარბი ინტერესი ამ ენერგიის მიმართ. უმჯობესია, ლიბიდოს სუბლიმირებისთვის ის არა მარტო გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც იღლებოდეს, ანუ სქესობრივი ენერგია სხვა სფეროებზე გადაჰქონდეს. ვინც ამას ახერხებს, წარმატებით სწავლობს. ვინც ვერ ახერხებს ან სათანადოდ არ უწყობენ ხელს, იკეტება თავის სექსუალურ ენერგეტიკაში, თავად ეძებს კითხვებზე პასუხებს და განმუხტვის გზებს, ამიტომ უამრავ შეცდომასაც უშვებს.

გარდატეხის ასაკში მხოლოდ წმინდა ფსიქოლოგიური პრობლემები როდი იჩენს თავს; ორგანიზმში მიმდინარე რთული ანატომიურ-ფუნქციური ცვლილებები მოზარდის ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება. მედიკოსების თქმით, ამ ასაკში ყველაზე ხშირია სისუსტე, ანუ ასთენიური სინდრომი, რომელიც გონებრივი და ფიზიკური შრომისას მომეტებული დაღლილობით, ფიზიკური და ფსიქიკური დისკომფორტის მუდმივი შეგრძნებით გამოიხატება. მოზარდებს ხშირად და უმიზეზოდ ეცვლებათ გუნება, ეტირებათ, უქვეითდებათ შრომის უნარი და ყურადღების კონცენტრაცია. ზოგი მეხსიერების დაქვეითებასაც უჩივის. ამის კვალობაზე, იკლებს აკადემიური მოსწრების დონეც, რაც თვითდამკვიდრების მოსურნე მოზარდის მდგომარეობას უფრო მეტად აუარესებს – უჩენს პესიმისტურ განწყობას, არასრულფასოვნების განცდას, ურთულებს თანატოლებსა და ახლობლებთან ურთიერთობას. მრავალი მოზარდი გამუდმებით უჩივის თავის ტკივილს, რომელსაც სხვადასხვა ლოკალიზაცია აქვს: შესაძლოა, მოიცვას შუბლი, წარბი, კეფა, მთელი თავი, – ხასიათით კი დამწოლი, მოპულსირე ან მქაჩავია. ისინი ვერ იტანენ ხმაურს, სკოლის ზარი მათში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, ზედმეტად მგრძნობიარენი არიან სინათლის, სუნის, შეხების მიმართ; ამ ფაქტორთა გავლენით უძლიერდებათ თავის ტკივილი, ოფლიანდებიან, უვითარდებათ სისხლძარღვოვანი რეაქციები. შეინიშნება ძილის დარღვევაც. ძილი ხანმოკლე და მშფოთვარე ხდება. ამასთან, ერთნი სწრაფად იძინებენ, მაგრამ მალევე იღვიძებენ და ხელახლა ჩაძინება უჭირთ, მეორენი კი ძნელად ხუჭავენ თვალს, გამოუძინებლები დგებიან, დღის პირველ ნახევარში მოთენთილები არიან და მხოლოდ მეორე ნახევარში ახერხებენ მობილიზებას.

გარდატეხის ასაკში ხშირია ტკივილი გულის არეში. არცთუ იშვიათად მას გულის ფუნქციური ცვლილებებიც ახლავს თან. ხშირდება მაჯისცემა, იმატებს გულის ფუნქციური ხმაური, არტერიული წნევა ხშირად იცვლება. ეს ყოველივე იწვევს განგაშის შეგრძნებას და ქმნის საიმისო ნიადაგს, რომ მოზარდს სიკვდილის ან სხვა ფობია გაუჩნდეს. ხშირია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სეკრეტორული და მოტორული ფუნქციის დარღვევები, რაც ვლინდება მუცლის ტკივილით, მადის დაქვეითებით, დეფეკაციის დარღვევით. თავს იჩენს გარდატეხის ასაკის ანორექსია, გოგონები თავს მსუქან და არასრულფასოვან ადამიანებად მიიჩნევენ და საკვებზე უარს ამბობენ, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ ჭამა საერთოდ აღარ შეუძლიათ, მიუხედავად იმისა, რომ ჭამის სურვილი უკვე აქვთ. ეს მდგომარეობა სპეციალურ მკურნალობას მოითხოვს.

ნევროზის დროს ხელსაყრელი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნით მოზარდები ყოველგვარი ჩარევის გარეშე იბრუნებენ წონასწორობას, მაგრამ თუ ეს ცვლილებები გარდატეხის ასაკის შემდეგაც (18-20 წელი) გაგრძელდა, ჯობს, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მივმართოთ.

მოზარდებში ხშირია ისტერიკის შეტევები, რომელთა მიზეზად სპეციალისტებს ყურადღების მიპყრობის სურვილი მიაჩნიათ. მოზარდი ყვირის, ტანსაცმელს იხევს, თმას იგლეჯს, ამტვრევს ჭურჭელს, იკბენს ხელებს, იფურთხება, თავს ესხმის უდანაშაულოს. შეტევის ხანგრძლივობა მაყურებელთა რაოდენობასა და რეაქციაზეა დამოკიდებული: რაც უფრო მეტია მაყურებელი და მეტ თანაგრძნობას გამოხატავენ ისინი, მით უფრო მეტ ხანს გრძელდება შეტევა. თავს იჩენს ვეგეტატიური მოშლილობაც – ბრონქოსპაზმი, რომელიც შეუძლებელს ხდის ლაპარაკს, ყლაპვას, იწვევს კრუნჩხვით ხველას, ისტერიულ ღებინებას, ჰაერის უკმარისობას, ასთმურ შეტევას, ტემპერატურის მატებას. ხშირია აკვიატებული აზრებით გამოწვეული პრობლემებიც – მოზარდი აიკვიატებს ხოლმე არარეალურ სურვილს, რომლის შეუსრულებლობას ძალზე განიცდის. მშობლები ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ და აუცილებლობის შემთხვევაში კვალიფიციური სამედიცინო ჩარევისთვის სპეციალისტს მიმართონ.
ფსიქოლოგები მშობლებსა და მასწავლებლებს ურჩევენ:

. მშვიდად, აუღელვებლად მიიღონ მოზარდის ხასიათსა და ყოფა-ქცევაში მომხდარი ცვლილებები;
. ზომიერად დატვირთონ იგი ფიზიკურად და გონებრივად, რათა ჭარბმა დატვირთვამ გული და სხვა სისტემები არ დააზიანოს;
. სწორად, სრულფასოვნად შეურჩიონ კვების რაციონი და მოუწესრიგონ კვების, შრომისა და ძილის რეჟიმი.

მადლობა, ვიქტორ!

0

Земля – Небо. Между Землей и Небом – война.”

ცოი

მე 1990 წლის 2 ნოემბერს დავიბადე, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა. ჩემი დაბადების მოწმობაც მწვანე ფერისაა, ამიტომაც თამამად შემიძლია ვთქვა საკუთარ თავზე – ‘”Рожденный в СССР”

ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ საბჭოთა კავშირზე. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ზედმეტად ხშირადაც კი. ნოსტალგიას ვერ დავარქმევ, რადგან ვფიქრობ, ნებით თუ უნებლიედ, მაინც კარგად იმუშავეს პროპაგანდისტულმა მანქანებმა ჩემზე. იმაზეც ვფიქრდები, კარგია თუ ცუდი ანტისაბჭოთა პროპაგანდა.. მაგრამ ფაქტი ერთია, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი დღეს საბჭოეთის გაუცნობიერებელი, უარგუმენტო სიძულვილითაა შეპყრობილი.. არადა, რომ ვაკვირდები, რამდენი რამაა არგუმენტირებულად საზიზღარი.. თუმცა ისეთი სისტემის პირობებშიც კი, როგორიც სსრკ იყო, არსებობდნენ ძალიან ძლიერი, დადებითი ენერგიით დამუხტული პიროვნებები.

ჩემს დაბადებამდე დაახლოებით 2- თვე – ნახევრით ადრე, 15 აგვისტოს, ლატვიაში ერთი ძალიან არასასიამოვნო ამბავი მოხდა.. ქალაქ ტალსის მიმართულებით, დიდი სიჩქარით მოძრავი საბჭოთა წარმოების მოსკვიჩი ავტობუსს შეეჯახა.. ავარია იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსკვიჩის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

ორი დღის შემდეგ, 17 აგვისტოს საბჭოთა გაზეთ “Комсомольская Правда”- ში გამოქვეყნდა სტატია გარდაცვლილი მუსიკოსის შესახებ, რომელშიც ეწერა: “ის ჩვენი ახალგაზრდებისთვის ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი, ცნობილი ადმიანი ან მწერალი. ეს იმიტომ, რომ ის არასდროს იტყუებოდა და არასდროს იყიდებოდა. ის არ ღალატობდა საკუთარ პიროვნებას. ეს ადამიანი ერთადერთი როკ მუსიკოსია, რომელიც ცხოვრობდა ისე, როგორც მღეროდა და არ განსხვავდებოდა მის მიერ შექმნილი იმიჯისგან.. ის როკის უკანასკნელი გმირია..”

გარდაცვლილი მუსიკოსი ჯგუფ “Кино”-ს სოლისტი და ახალგაზრდების ნამდვილი კუმირი, ვიქტორ ცოი იყო. ახალგაზრდა ვარსკვლავის გარდაცვალება იმდენად დიდი შოკი იყო საზოგადოებისთვის, რომ მომდევნო დღეებში მისმა, დაახლოებით 45-მა თაყვანისმცემელმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ცუდია, მაგრამ ფაქტია).

90 წლის დეკემბერში ჯგუფმა “Кино”-მ მე-7, ბოლო ალბომი გამოუშვა, რომლის ვოკალის ჩაწერაც ვიქტორ ცოიმ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დაასრულა. ალბომის გარეკანი ძალიან სადა, სრულიად შავი ფერის იყო და ზედ მხოლოდ ჯგუფის სახელწოდება ეწერა. ბენდის დანარჩენმა წევრებმა სახელიც შესაბამისი მოიფიქრეს – “შავი ალბომი”.

ვიქტორ ცოი 1962 წელს, პეტერბურგში (მაშინდელ ლენინგრადში) დაიბადა. წარმოშობით კორეელი ვიქტორი ბავშვობიდანვე ჩაკეტილი პიროვნება იყო, რისი მიზეზიც, ძირითადად, გარეგნული განსხვავებულობა გახლდათ. მცირეწლოვანი სულ უფრო და უფრო იკეტებოდა, თავის ფიქრებს კი ნახატებით გამოხატავდა. 12 წლის ცოი დედამ სამხატვრო სკოლაში მიიყვანა, თუმცა ცოტა ხანში გაირკვა, რომ მისი მოწოდება ხელოვნების სხვა დარგთან უფრო მეტ კავშირში იყო.

ჯერ კიდევ თინეიჯერი ცოის პირველი შეხება როკთან ლეგენდარული ჯგუფის, “The Beatles”-ის დახმარებით მოხდა.. “ხოჭოებმა”,  მას ახალი სამყარო აღმოაჩენინეს – განსაკუთრებული, გიჟური და, რაც მთავარია, არასაბჭოთა.. შემდეგ იყო “Rolling Stones”, “Pink Floyd”.. ოდნავ მოგვიანებით ის საკმაოდ ახლოს გაეცნო პანკ კულტურას. 70-იან წლებში საბჭოთა კავშირში როკმუსიკა ე.წ. “ანდერგრაუნდში” იყო, შესაბამისად, იმდროინდელი ჯგუფებიც მუსიკოსების სახლებში, სარდაფებსა და მსგავს ადგილებში მართავდნენ კონცერტებს მცირე რაოდენობის მსმენელისთვის. ვიქტორიც არ იყო გამონაკლისი, ხშირად ესწრებოდა მსგავს საღამოებს და თავადაც უკრავდა.

ჯგუფი “Кино” ცოიმ 1981 წელს შექმნა. ამ დროისთვის უკვე მეტ-ნაკლებად ცნობილი პიროვნება იყო იმ წრისთვის, რომელიც საბჭოთა კავშირში როკმუსიკით ინტერესდებოდა. პირველი, პოსტ-პანკ ჟანრის ალბომი 1982 წელს გამოვიდა. კრებულს “45” ერქვა და მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრეკი “ელექტრიჩკა” გახლდათ.. თემა, რა თქმა უნდა პროტესტია – სიმღერაში საუბარია ელექტრომატარებელზე, რომელიც მუსიკოსს მიაქანებს იქით, საით წასვლაც მას არ სურს.. რეალურად, საბჭოთა სისტემა სწორედ ასეთ ჩაკეტილ “ელექტრიჩკას” ჰგავდა, საიდანაც გასვლა თითქმის შეუძლებელი გახლდათ..

პროტესტის გამოხატვა საბჭოთა კავშირში ძალიან რთული იყო. შეიძლება რეპრესიული პოლიტიკა 1980-იანი წლებისთვის იმდენად მკაცრი არ იყო, როგორიც 30-იან ან 40-იან წლებში, თუმცა სასიცოცხლო რისკი მაინც არსებობდა (გარკვეული დროის შემდეგ ცოის სიკვდილის ალტერნატიული ვერსიაც გაიჟღერებს, თუმცა საბჭოთა სპეცსამსახურების კვალის დამტკიცება ამ საქმეში ძალიან რთულია).

ცოის შეეძლო ხმამაღლა ეყვირა, დაესვა კითხვები, თუ რატომ აიძულებენ იცხოვროს ისე, როცორც სხვას უნდა.. ყველაზე დიდი პროტესტი სიმღერა ‘”Перемен”-ში გამოხატა, რომლის ტექსტშიც ის ამბობს:

“წითელი მზე ბოლომდე იწვება..

..ცვლილებას ითხოვენ ჩვენი გულები!

ცვლილებას ითხოვენ ჩვენი თვალები!

ჩვენს სიცილსა და ცრემლებში,

ჩვენი ვენების პულსაციაში,

ცვლილებას! ჩვენ ველით ცვლილებას!”

აღსანიშნავია, რომ ეს სიმღერა ვიქტორმა 1986 წელს, 15 ათასი ადამიანის თანდასწრებით, საკონცერტო დარბაზის სცენაზე შეასრულა.. სწორედ ამ კონცერტმა შეიტანა გარდამტეხი როლი მუსიკოსის კარიერაში. მან უკვე იგრძნო, რომ შეეძლო მართლაც მოეტანა ცვლილებები ერთფეროვანი ცხოვრებისგან დაღლილი ხალხისთვის..

ხალხიც აჰყვა..

აჰყვა იმდენად, რომ 80-იანი წლების ბოლოს ცოი უპრობლემოდ ატარებდა კონცერტებს მოსკოვისა თუ პეტერბურგის გადაჭედილ საფეხბურთო სტადიონებზე. სისტემაც მაინცადამაინც აღარ ეწინააღმდეგებოდა, “პერესტროიკის” ხანამ სრულად გაუხსნა ფრთები ალტერნატიულ შემოქმედებას. “Кино”, “ДДТ”, “Аквариум” და სხვა ჯგუფები ნელ-ნელა უკვე ახერხებდნენ ჩრდილიდან გამოსვლას.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველაზე უკეთ დროზე მორგება მაინც “Кино”-მ მოახერხა, რომელმაც არაერთი ხმაურიანი საღამო აჩუქა თავის მსმენელს მთელი რუსეთის მასშტაბით. ხალხისთვის ვიქტორ ცოი ერთგვარ გმირად იქცა. გმირად, რომელიც ასე სჭირდებოდა საბჭოთა ხალხს. გმირად, რომელსაც ბევრი რამ უნდა შეეცვალა.. “Кино” ბრენდი გახდა, ცოი – უზომოდ პოპულარული ადამიანი. სთხოვდნენ ავტოგრაფებს, უღებდნენ სურათებს და უკვე ვეღარავინ წარმოიდგენდა, რომ პოპულარობის მოპოვებამდე რამდენიმე წლით ადრე ცოი თავს პლაკატების ხატვით ირჩენდა, რომელსაც ქალაქში, მეტროსადგურთან სულ რაღაც 5 რუბლად ყიდდა ხოლმე..

ბოლო კონცერტი 1990 წლის ივნისში, “ლუჟნიკებზე” ჰქონდა.. როგორც ცოის ბავშვობის მეგობარი, მაქს პაშკოვი იხსენებს, უკანასკნელი კონცერტის მერე ვიქტორმა მას უთხრა, რომ ყველაფრით ძალიან კმაყოფილი იყო და თავს უბედნიერეს ადამიანად გრძნობდა..

მცირე ხნის შემდეგ ოჯახთან ერთად ლატვიაში წავიდა. შემდეგ იყო უბედური შემთხვევა…

თაყვანისმცემლებს დაჯერება გაუჭირდათ.. ცოი ხომ მათი გმირი იყო, გმირები კი უკვდავნი არიან. სწორედ ამიტომ, დღესაც, მოსკოვისა და პეტერბურგის რამდენიმე ქუჩაზე დაინახავთ ვიქტორის სახელობის კედელს, რომელიც გრაფიტითაა დაფარული. ასეთ კედლებზე ხშირია წარწერა: “Цой Жив!”

დიახ, მუსიკოსი ცოცხალია მანამ, სანამ მის მაგივრად მისი შემოქმედება ლაპარაკობს. ვიქტორის შემოქმედება კი დღესაც არანაკლებ აქტუალურია, ვიდრე 80-იან წლებში იყო. რუსული როკის პიონერი მუდამ დარჩება საბჭოთა ხალხის “უკანასკნელ გმირად.”

მე კი მხოლოდ იმის გამო ვიამაყებ ჩემი დაბადების მოწმობით, რომ მე და ცოი ერთ ქვეყანაში დავიბადეთ 🙂

დაბადების დღეს გილოცავ, ვიქტორ! დღეს 50-ს გახდებოდი…

და მადლობა! შენ ჩვენ შეგვცვალე! 🙂

ფრთხილად, ბორნ აუტი! – პროფესიული გადაწვის სინდრომი

0

ამ დაავადებას სახელი გასულ საუკუნეში დაარქვეს. იგი თანამედროვე აჩქარებული ყოფის თანამდევია, ევროპაში ყველაზე ხშირად მენეჯერებსა და მასწავლებლებს ემართებათ, თუმცა მისი ყველა პროფესიის ადამიანს ეშინია.

ეს პროფესიული გადაწვის სინდრომია – როგორც უცხოურ ლიტერატურაში უწოდებენ, Burn Out სინდრომი, მეოცე საუკუნის მიწურულისა და ოცდამეერთე საუკუნის ინტელექტუალურიშრომით დაკავებული ადამიანის ყველაზე საშიში და, სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, თითქმის გარდაუვალი პერსპექტივა.

ბორნ აუტის ანუ პროფესიული გადაწვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შესრულებული სამუშაოს სრულყოფილებისკენ ლტოლვა. პერფექციონიზმი, ანუ ყოველგვარი სამუშაოს სრულყოფილად შესრულების სურვილი, შრომისუნარიანობას კლავს. არ მოგიწოდებთ, საქმეს ნაკლები პასუხისმგებლობით მოეკიდოთ, მაგრამ გახსოვდეთ – ნამდვილი პროფესიონალი ის არის, ვისაც შეუძლია, თავის საქმიანობას გონივრულად მიუდგეს, გარკვეული დისტანციიდან, გარეშე თვალით შეძლოს მისი შეფასება და საკუთარი თავი თავის საქმიანობასთან არ გააიგივოს. დღეს ნებისმიერი პროფესიის ადამიანს ყველაზე მეტად მოქნილობა და სიახლეებისადმი ღიაობა, ადაპტირებისა და სიახლეთა პრაქტიკაში დანერგვის უნარი მოეთხოვება. ამრიგად, ის, ვინც საკუთარ „მეს” თავის პროფესიასთან აიგივებს, იმთავითვე უარყოფს მოქნილობას, რომელიც მას პროფესიულ ასპარეზზე მოეთხოვება. ამ შემთხვევაში პროფესიონალის გზავნილი შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ: „ჩემი საქმიანობა არის ის, რასაც მე ცხოვრების განსაზღვრულ ეტაპზე ვასრულებ, მაგრამ ჩემი „მე” გაცილებით მეტია, შეუძლია უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული საქმიანობა მოითხოვს მისგან, მათ შორის -ისიც, გარეშე თვალით შეაფასოს, როგორია, რასაც აკეთებს და მოითხოვს თუ არა იგი გაუმჯობესებას”.

სრულყოფილებისკენ, როგორც წესი, ახალბედა და გამოუცდელი კადრები ისწრაფიან. ისინი თავს არ ზოგავენ, რომ ხელმძღვანელის ქება დაიმსახურონ და, საბოლოოდ, თავი დაიმკვიდრონ ამ სფეროსა თუ კონკრეტულ ორგანიზაციაში. რა გასაკვირია, რომ მათი მონდომება ყოველთვის ვერ იღებს დამსახურებულ შეფასებას. ამასთანავე, ახალგაზრდებსა და გამოუცდელებს, უამრავ სირთულესთან შეჯახება უწევთ, რაც მათი მოტივაციისთვის სერიოზული გამოცდაა. ხშირად ისეც ხდება, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის მიერ დიდი ძალისხმევით მიღწეული შედეგი ორგანიზაციისთვის სულაც არ არის უჩვეულო და განსაკუთრებული. გამოუცდელი ახალგაზრდა გულნატკენი და იმედგაცრუებული რჩება და კიდევ უფრო მეტ ძალისხმევას ხარჯავს უკეთესი შედეგის მისაღწევად. ასე გრძელდება უსასრულოდ, და ერთ დღესაც გონება „გადაიწვება”. ახალგაზრდა სპეციალისტი აღმოაჩენს, რომ მას სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, გონებასა და სხეულს მეტი აღარ შეუძლიათ, პროტესტს გამოთქვამენ ამგვარი არაადამიანური დატვირთვის მიმართ და ”იფიცებიან”.

ამრიგად, პროფესიული გადაწვის რისკი, პირველ რიგში, ახალბედა პროფესიონალებს ემუქრებათ, თუმცა არც გამოცდილი კადრები არიან დაზღვეულნი, თუ თავიანთი გამოცდილება არასწორად გამოიყენეს.

პროფესიული გამოცდილება ერთ-ერთი მძლავრი და მნიშვნელოვანი იარაღია შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ის შეიძლება პროფესიული გადაწვის წინა პირობად და, ამასთანავე, პროფესიული წარმატების დამაბრკოლებელ ფაქტორადაც იქცეს. ასეა, როდესაც ადამიანს თავისი პროფესიული ცოდნა და გამოცდილება ერთადერთ და შეუცვლელ ჭეშმარიტებად მიაჩნია და ჰგონია, უკვე ყველაფერი ნახა გამოსცადა და თავის პროფესიაში ახალს ვეღარაფერს ისწავლის. ასე ფიქრი პროფესიული თვითმკვლელობის ტოლფასია, რადგან ცოდნა ნებისმიერ და მათ შორის მასწავლებლის პროფესიაშიც სწრაფად იცვლება. ჩნდება ახალი გამოწვევები, ტექნოლოგიები, რომელთა ფლობა მასწავლებელს მოეთხოვება, რათა აქტუალური ცოდნა ჰქონდეს თავის პროფესიაში, საჭირო ცოდნა გადასცეს მომავალ თაობას და მისი უნარების განვითარებას შეუწყოს ხელი. თუ მასწავლებელი სიახლეებს ძნელად იღებს და უკვე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას ებღაუჭება, იგი პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ აღმოჩნდება.

პროფესიული გადაწვისგან არც ხელმძღვანელ პოზიციებზე მომუშავე ადამიანები არიან დაზღვეულნი. როდესაც ხელმძღვანელს აქვს მოთხოვნილება, თავად აკონტროლოს მისდამი დაქვემდებარებული ყველა ადამიანის საქმიანობა, იგი იოლად მოექცევა პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ. ხელმძღვანელს, რა თქმა უნდა, მთელი ორგანიზაციის მართვა ევალება, მაგრამ კარგი ლიდერი აანალიზებს პერსონალის პროფესიულ შესაძლებლობებს და პასუხისმგებლობას ისე ანაწილებს, რომ ყოველი მოვალეობა ხარისხიანად და წინასწარ განსაზღვრულ დროში შესრულდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხელმძღვანელს უნდა შეეძლოს შესაბამისი კადრების არჩევა და დასაქმება. ეს მას საშუალებას მიცემს, საკუთარ თავზე არ აიღოს პასუხისმგებლობა ყველა პირველ- თუ მეორეხარისხოვანი გადაწყვეტილების გამო, დაზოგოს ძალები და საკუთარი რესურსები რაციონალურად გამოიყენოს. რაც მთავარია, ამით იგი შეამცირებს პროფესიული გადაწვის რისკს.


ბორნ აუტის პირველი და მომდევნო სიმპტომები

გადაღლილობა და გამოფიტვა – აი, რას გრძნობს ადამიანი, რომელსაც პროფესიული გადაწვის სინდრომი ემუქრება ან უკვე აქვს. ამ სინდრომს კარგა ხანს არ მიიჩნევდნენ დაავადებად. მეოცე საუკუნის ბოლოდან და ოცდამეერთეს დასაწყისიდან კი ბორნ აუტს განმარტავენ როგორც მდგომარეობას ჯანმრთელობასა და მძიმე დეპრესიას შორის. ბორნ აუტი ადამიანს ერთბაშად არ ემართება; ეს არის პროცესი, რომელიც შესაძლოა წლობით მიმდინარეობდეს და ერთგვარი პაუზებით განახლდებოდეს ადამიანის ფსიქიკაში. ბორნ აუტის საბოლოო ჩამოყალიბებამდე ადამიანმა შესაძლოა რამდენიმე საფეხური გაიაროს. მაგალითად, პირველ ეტაპზე მას აწუხებს თავის, წელის, ხერხემლისა და სხეულის სხვა ნაწილების სისტემატური ტკივილი, დარღვეული აქვს ძილის რიტმი და ჰგონია, რომ ვერაფრით შეცვლის თავის გარშემო არსებულ ვითარებას. მომდევნო საფეხურზე თავს იჩენს გაღიზიანება, აგრესია, რთულდება კონცენტრაცია და ყურადღების მობილიზება, ადამიანი სოციალური ურთიერთობებისთვის ვეღარ იცლის, აღარც საამისო ხალისიი აქვს და ფიქრობს, რომ მთელ დროს სამსახური ართმევს. ყოველივე ამასთან ერთად, ეუფლება დანაშაულის შეგრძნებაც, რომ სათანადოდ ვერ ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

პროფესიული გადაწვის უკანასკნელ, გადამწყვეტ ფაზაში ადამიანი კარგავს მოტივაციას და ინტერესს სამსახურის მიმართ, ეუფლება პანიკური შიში, რომ ვერ შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, ტანჯავს შინაგანი მოუსვენრობა, აპათია და ხასიათის ძლიერი ცვალებადობა, ფიქრობს, რომ თავს ვერ გაართმევს სამუშაოს და დეპრესიული განწყობა მის ყოველდღიურობად იქცევა.

თითოეული ამ ფაზის დადგომისას ადამიანს შეუძლია, მიიღოს ზომებიდა უშველოს საკუთარ თავს, შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება რეალობისადმი ან რეალობა თავის გარშემო.

როდესაც სიტუაცია გამოუვალი გეჩვენება

შესაძლებლობა

აქტივობა

წინააღმდეგობა

შეიყვარე

შეიყვარეთ თქვენი საქმე. ფურცელზე ჩამოწერეთ, რა სარგებლობა მოაქვს თქვენთვის სამსახურს: ხელფასი, საზოგადოებრივი პატივისცემა, სამუშაო გარემო, სამუშაო საათები. გაიხსენეთ უმუშევარი ადამიანები თქვენ გვერდით.

თქვენი მცდელობა, სიტუაცია უკეთესობისკენ შეცვალოთ, შეჩერებულია.

შეცვალე

ნათლად გაქვთ წარმოდგენილი, რის მიღწევა გსურთ სამსახურში? თუ ეს მხოლოდ ფარული სურვილია სიტუაციის შესაცვლელად? დაგეგმეთ, რა გსურთ, რომელი პოზიციაა თქვენთვის საინტერესო და მისაღები. დარწმუნებული ხართ, რომ ეს პოზიცია თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის? ნათლად განსაზღვრეთ თქვენი სამომავლო გეგმები, წარმოიდგინეთ, როგორი გინდათ იყოს თქვენი მდგომარეობა ორგანიზაციაში მომავალი სამი წლის განმავლობაში და იმოქმედეთ ამის მისაღწევად.

 

ეს ბევრ შრომასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

მიატოვე

ვერ ხედავთ შანსს თქვენს სამუშაო ადგილზე და არ გინდათ, სიტუაციას შეურიგდეთ. თქვენი მოლოდინი არ ემთხვევა სამსახურში არსებულ ვითარებას. ამ შემთხვევაში ორი გზა გაქვთ: ან სამუშაო უნდა მიატოვოთ, ან პერსპექტივაზე ფიქრი.

მოლოდინებზე მას შემდეგ თქვით უარი, რაც ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ფრთხილად იყავით, ახალ პოზიციაზე იგივე სიტუაცია არ დაგხვდეთ. არ არის გამორიცხული, ვაის გაეყაროთ და უის შეეყაროთ.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...