ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

გეოგრაფიული დეტერმინიზმის სათავეებთან

0

გეოგრაფიული დეტერმინიზმი გეოგრაფიული და სოციალური ტერმინია, რომელიც საზოგადოებისა და გეოგრაფიული გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას აღნიშნავს. გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეა ორი ათას წელზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში სწავლების სოციალურმა ფუნქციამ რამდენჯერმე განიცადა სახეცვლილება, რაც არსებული პოლიტიკური წეს-წყობილების, რევოლუციის მიზეზების ან კოლონიალიზმის გამართლებით გამოიხატებოდა.

XVI საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც დაიწყო თანამედროვე გაგებით მეცნიერების ჩამოყალიბება, მრავალი მოაზროვნის წინაშე დაისვა შემდეგი კითხვა: რა განაპირობებს სხვადასხვა გარემოსა და ისტორიულ ეპოქაში სოციოისტორიულ მრავალფეროვნებას? ამ მეტად მნიშვნელოვან კითხვაზე ერთ-ერთი პასუხი ის იყო, რომ სხვადასხვა საზოგადოება სხვადასხვა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რაც მათი მრავალფეროვანი სოციალური, კულტურული, ინტელექტუალური და ეკონომიკური ცხოვრების საფუძველია.

თავისთავად, ამგვარი თეორია არ შეიძლება ჩაითვალოს გეოგრაფიულ დეტერმინიზმად. გეოგრაფიულ დეტერმინიზმზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ბუნებრივი გარემო სოციალური ცხოვრების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორია.

ეს თეორია ჩანასახოვანი ფორმით ჯერ კიდევ ძველი ბერძენი სწავლულის ჰიპოკრატეს ნაშრომში „ჰაერის, წყლისა და ადგილების შესახებ” გვხვდება. სახელგანთქმული ექიმი ამტკიცებდა, რომ ადამიანთა გარეგნულ სახესა და წეს-ჩვეულებებში აისახება ქვეყნის ბუნება. ჰიპოკრატეს მოსაზრება განავითარა არისტოტელემ, რომელიც თავის „პოლიტიკაში” წერდა: „ტომები, რომლებიც ჩრდილოეთ ევროპაში ცხოვრობენ, დაჯილდოებულნი არიან დიდი სიმამაცით, მაგრამ არ ჰყოფნით გონება სახელმწიფოებრივი საქმეების გადასაწყვეტად, ამიტომ მათ არ შეუძლიათ იბატონონ მეზობლებზე. აზიის მოსახლეობა კი, პირიქით, გამოირჩევა გონებრივი განვითარებით, მაგრამ აკლია სიმამაცე, ამიტომ მორჩილებასა და მონობაში ცხოვრობს”. არისტოტელეს თეორიას ნაწილობრივ იზიარებდა რომაელი ისტორიკოსი პოლიბიოსიც.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის პირველი ჩამოყალიბებული კონცეფცია XVI საუკუნეში შეიქმნა. მისი ავტორი გახლდათ ფრანგი სწავლული ჟან ბოდენი. თავისი თეორია მეცნიერმა განავითარა ორ ნაშრომში – „მსუბუქი შემეცნების მეთოდი” და „ექვსი წიგნი სახელმწიფოს შესახებ”.

ბოდენი მიიჩნევს, რომ კაცობრიობის ისტორიასა და სოციალურ ცხოვრებაში ბუნებრივი ფაქტორებიდან სწორედ კლიმატი ასრულებს გადამწყვეტ როლს. ის გამოყოფს სამ ძირითად კლიმატურ ზონას – სამხრეთისას, ჩრდილოეთისას და ზომიერს. მეცნიერს შემოაქვს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცნებაც, რომელშიც აღმოსავლეთს სამხრეთის ზონას მიაკუთვნებს, ხოლო დასავლეთს – ჩრდილოეთისას. მისი თქმით, საზოგადოების ცხოვრებაზე გავლენას ახდენს ისეთი ბუნებრივი ფაქტორები, როგორებიცაა მთიანი, ჭაობიანი თუ უდაბნო გარემო, ნაყოფიერი თუ უნაყოფო ნიადაგი, თუმცა გადამწყვეტი მაინც კლიმატია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთში სითბო ცოტაა, ბოდენის აზრით, ამ ზონის მაცხოვრებლებს მეტი შინაგანი სითბო აქვთ; სამხრეთის მკვიდრთ მზის სითბო უხვად აქვთ, მაგრამ აკლიათ შინაგანი სითბო. ამ შეხედულებაზე დაყრდნობით სწავლული ასკვნის, რომ საკუთარი შინაგანი სიმხურვალის გამო ჩრდილოელები უფრო ამტანნი, უშიშარნი და აქტიურნი არიან.

ბოდენის აზრით, სამხრეთელთა აზროვნება მეტადაა მიდრეკილი მჭვრეტელობისკენ, ხოლო ჩრდილოელებისა – ხელოსნობისა და გამომგონებლობისკენ. რაც შეეხება ზომიერი კლიმატის მოსახლეობას, ის უმთავრესად სხვადასხვა სახის საზოგადოებრივ საქმიანობას ანიჭებს უპირატესობას.

ჟან ბოდენი მიიჩნევს, რომ ნაყოფიერ ნიადაგზე მცხოვრები ხალხი ფუფუნებისკენ არის მიდრეკილი, ხოლო უნაყოფო ქვეყნები სახელოვანი მეომრებითა და ხელმარჯვე ოსტატებითაა დასახლებული. სწავლულს მაგალითად მოჰყავს ატიკა – ამ მხარის უნაყოფო მიწებმა აიძულა ათენელები, ხელოვნებაში უდიდესი წარმატებისთვის მიეღწიათ.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის თეორიას იზიარებდა XVII-XVIII საუკუნეების მოღვაწე ჟან-ბატისტ დიუბო. საკუთარი შეხედულებები მან ჩამოაყალიბა ნაშრომში „კრიტიკული ფიქრები ფერწერისა და პოეზიის შესახებ”. ამ წიგნში ავტორი განიხილავს არა კაცობრიობის ისტორიას მთლიანობაში, არამედ ხელოვნების ისტორიას.
დიუბო აღნიშნავს, რომ ხელოვნების ისტორიაში იყო აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდები, რომელთაგანაც შეიძლება გამოვყოთ ოთხი დიდი პერიოდი: 1) ეპოქა, რომელიც იწყება ალექსანდრე მაკედონელის მამის ფილიპე II-ის გამეფებამდე 10 წლით ადრე; 2) იულიუს კეისრისა და ოქტავიანე ავგუსტუსის ეპოქა; 3) რომის პაპების – იულიუს II-ისა და ლეონ X-ის ეპოქა; 4) ლუი XIV-ის ეპოქა. ხელოვნების აყვავებისა და დაცემის მიზეზების კვლევისას მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს ბუნებრივ ფაქტორებზე.

როგორც დიუბო გვეუბნება, არსებობს ქვეყნები, სადაც ვერასოდეს დაიბადებიან ვერც დიდი მხატვრები და ვერც დიდი პოეტები. ასეთებია ჩრდილოეთის ქვეყნები.

ამ მოვლენის მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ ადგილობრივ კლიმატში, უპირველეს ყოვლისა, ჰაერის ხარისხში, „რადგანაც, – წერს დიუბო, – ადამიანის სული და სხეული ურთერთქმედებენ ერთმანეთზე, ამიტომ სულის ხასიათი განპირობებულია სისხლის ხარისხით. სისხლით იკვებება ჩვენი სხეულის ყველა ორგანო, იგი მიაწვდის მათ იმ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვისა და მოზარდის ზრდისთვის”. სწავლული ასკვნის, რომ „სისხლის ხარისხი მნიშვნელოვანწილად არის განპირობებული იმ ჰაერის ხარისხით, რომლითაც ვსუნთქავთ, განსაკუთრებით – იმ ჰაერისა, რომელსაც ბავშვობაში ან სიყრმეში ჩავისუნთქავდით, რადგან სწორედ ამ დროს ხდება ადამიანის ორგანიზმის ფორმირება. სწორედ ამიტომ განსხვავდებიან სხვადასხვა კლიმატის პირობებში მცხოვრები ხალხები ერთმანეთისგან ინტელექტითა და მიდრეკილებებით. თვით ჰაერის ხარისხი კი დამოკიდებულია ნიადაგის ზედაპირიდან აორთქლებულ წყალზე. სხვადასხვა შემადგენლობის ნიადაგი სხვადასხვანაირ ჰაერს წარმოქმნის”.

სხვადასხვა ხალხის სულისა და მიდრეკილებების განმსაზღვრელ ფაქტორად ჰაერის მიჩნევა დიუბოს საშუალებას აძლევს განმარტოს, რატომ აქვთ სხვადასხვა ეპოქაში ერთსა და იმავე ერებს განსხვავებული წეს-ჩვეულებები და მიდრეკილებები. საქმე ის არის, რომ ჰაერის თვისებები დროთა განმავლობაში იცვლება. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი ისტორიის მანძილზე კონკრეტული საზოგადოების თვისებათა ცვლილებისა.

ამ თეზისის დასადასტურებლად დიუბოს მოჰყავს კონკრეტული მაგალითი: „თუ განსხვავება იტალიელებსა და ფრანგებს შორის განპირობებულია ამ ქვეყნებში ჰაერის არაერთგვაროვნებით, ასეთივე წარმატებით შეიძლება დავასკვნთ, რომ ფრანგებს შორის სხვადასხვა ეპოქაში ზნე-ჩვეულებებისა და მიდრეკილებების შეცვლა კლიმატის ცვლილებით არის განპირობებული”.

გეოგრაფიული დეტერმინიზმის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი ეკუთვნის ფრანგ განმანათლებელს შარლ მონტესკიეს. მისი აზრით, საზოგადოებრივი მოწყობისთვის გადამწყვეტ ფაქტორს წარმოადგენს კლიმატი. მონტესკიე წერდა: „არსებობს ქვეყნები, სადაც ცხელი კლიმატი იმდენად ფიტავს სხეულს და აძაბუნებს სულს, რომ აქ მცხოვრები ხალხი ყოველგვარ მძიმე სამუშაოს მხოლოდ მოსალოდნელი სასჯელის შიშით ასრულებს. ასეთ საზოგადოებებში მონობა ჩვეულებრივი მოვლენაა, ამიტომაც სამოქალაქო საზოგადოება აქ პოლიტიკურ მონობაში იმყოფება”.

მეორე მნიშვნელოვან ფაქტორს ადგილის რელიეფი წარმოადგენს. „აზიაში, – ვკითხულობთ მონტესკიეს ნაშრომში, – ყოველთვის არსებობდა ვრცელი იმპერიები, ევროპაში კი, პირიქით, ამგვარი იმპერიები დიდხანს ვერ ძლებდა. საქმე ის არის, რომ აზიაში მრავლად გვხვდება ვრცელი ვაკეები, რომლებიც ნაკლებად არის დასერილი მთებითა და ხევებით. ვინაიდან ეს რეგიონი სამხრეთითაა, მთებში თოვლის საფარი სწრაფად დნება და ნაკლებად წყალუხვი მდინარეები ადამიანისთვის არ წარმოადგენს ძნელად გადასალახ დაბრკოლებას. ამიტომ აზიაში ხელისუფლება ყოველთვის დესპოტური უნდა იყოს. ამ ქვეყნებში არსებული უკიდურესი მონობა საფუძველს ქმნის დიდი სახელმწიფოებისა და იმპერიების არსებობისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ადვილად დაიშლებოდა წვრილ და უფრო მცირე ზომის ერთეულებად, რაც ქვეყნის ბუნებრივი დაყოფისთვის შეუთავსებელი იქნებოდა”.

დაბოლოს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნიადაგის ხასიათს. „უნაყოფო ატიკამ, – ამტკიცებდა მონტესკიე, – წარმოშვა სახალხო მმართველობა, ხოლო ლაკედომონის ნაყოფიერ ველებზე სპარტის არისტოკრატიული სახელმწიფო შეიქმნა, რომელიც უფრო ახლოს დგას ერთმმართველობასთან და რომელიც სრულიად მიუღებელი იყო საბერძნეთის იმდროინდელი მოსახლეობისთვის”.

ბევრს შესაძლოა მოეჩვენოს, რომ მონტეკიეს მოსაზრებები მეტად პრიმიტიული და საკამათოა, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეცნიერულ აზროვნებას, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია შეჩვეულები ვართ, სწორედ ამ ეპოქაში ეყრებოდა საფუძველი. მოგვიანებით XIX-XX საუკუნეების მრავალი მოაზროვნე თავის თეორიებში ისტორიის მამოძრავებელი ფაქტორების შესახებ პირდაპირ თუ ირიბად შეეხო გეოგრაფიულ დეტერმინიზმს და ეს კონცეფცია წარმატებით გამოიყენა ისტორიის ერთიანი პროცესის გააზრებისას.

დაკარგული პოეტების ქვეყანა

0

ზუსტად არ მახსოვს, პირველად სად და როდის წავიკითხე ეს ლექსი:

„ ჩემს ტოლებს

ვიცი, რომ მზითვად
არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს,
არც წასაღებად
დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს,
არც ქართულ კაბას
ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს
მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.
დავიმალები
სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზე გადასული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს
სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმეს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი
რადგან მზითევში არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს.”
არ მახსოვს სად და როდის, მაგრამ მახსოვს როგორ – როგორ ძალიან განვიცადე, მომეწონა, დავდარდიანდი. მერე მისი ავტორის ძებნა დავიწყე, როგორ იქნა, სახელსა და გვარს მივაკვლიე  – ნინო თარიშვილი.

მერე ძალიან მომინდა, რამე გამეგო ამ ავტორის შესახებ, მენახა ფოტო, წამეკითხა მისი სხვა ლექსები. ვეძებე, ვეძებე  –  ბევრი არაფერი, გადმოცემები და ლეგენდები-  რომ პაოლო იაშვილი უყვარდა, უნივერსიტეტიდან მეტისმეტად გაბედული ლექსების გამო გარიცხეს, რომ  როცა პაოლომ მიატოვა, ლექსი აღარ დაუწერია.

ამეკვიატა ეს ქალი, ვერაფრით მოვიშორე და ამას წინათ, მასზე ცოტა მეტი ინფორმაციის მოსაძებნად ლიტერატურული განძის მცველს – ლიტერატურის მუზეუმს მივაკითხე- ყველაფერი მაინტერესებდა – ფოტოები, დღიურები, ჩანაწერები…

სხვისი დღიურების კითხვა ყოველთვის ურთიერთგამომრიცხავ გრძნობებთან არის დაკავშირებული – თან თითქოს გრცხვენია, ისე ახლოს მიდიხარ ადამიანის ყველაზე საიდუმლო და პირად ამბებთან, ამავე დროს კი ძალიან გაინტერესებს.

ამ ჩანაწერებიდან  მარტოსული, გულგატეხილი, მოწყენილი ქალი მესაუბრებოდა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის პროფესორი და ძალიან კარგი პოეტი იყო, ცხოვრებას ვერაფრით უმკლავდებოდა, რაღა ცხოვრება – საკუთარი ძაღლიც კი აშინებდა.

სამწუხაროა, რომ დრომ, საბჭოთა კულტურის თავისებურებამ თუ ზოგადად, გაბედული და ცოტა ეპატაჟური ქალებისადმი საზოგადოების  დამოკიდებულებამ, მკითხველისათვის თითქმის უცნობად დატოვა ეს შესანიშნავი პოეტი, ძალიან განათლებული და კულტურული პიროვნება, ვინც დასავლეთ ევროპისა თუ ძველბერძნული ლიტერატურის გარდა, პედაგოგიურ და ბავშვთა ფსიქოლოგიაზეც კითხულობდა ლექციებს და ნარკვევებს წერდა, ვისი პოეტური ენა და მხატვრული ოსტატობა ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა, ( თუ არ აღმატებოდა) მისი  მრავალი თანამედროვე პოეტის პოეტურ ხმას.

P.S.

 

18 სექტემბერი

” აღარ აინტერესებთ ჩემი ამბავი ზოგიერთებს, რომელთაც მე ვუთხარი, რომ სურათებს გადავცემ ფიროსმანის მუზეუმს გამოფენის შემდეგ, წიგნებს – უნივერსიტეტს, ბინას  – სახელმწიფოს. ამის შემდეგ არავინ გამოჩენილა” . . .

1982 წ. 2 იანვარი
“საზიზღარია ასეთი დღეები ჩემთვის, როგორიცაა ახალი წელი და სხვა, როდესაც განსაკუთრებით მკვეთრად ვგრძნობ ჩემს მარტოობას, ჩემს უბედობას”. . .

მასწავლებლების ურთიერთობა მშობლებთან

0

მასწავლებლის ერთი უმთავრესი პროფესიულ მოვალეობათაგანია მოსწავლეების მშობლებთან ურთიერთობა. ამ ურთიერთობამ ხელი უნდა შეუწყოს სწავლებისა და სწავლის ეფექტიანობას. მოსწავლის აღზრდა-განათლებასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში მასწავლებლისა და მშობლის როლი, ფუნქციები, ამოცანები და საბოლოო მიზნებიც კი ნაწილობრივ თანხვდება ერთმანეთს. სამაგიეროდ, სრული თანხვედრაა მათ ინტერესებში, ამიტომ მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობის ბუნებრივი და უალტერნატივო ფორმა თანამშრომლობაა.

ნებისმიერ თანამშრომლობას აქვს თავისი პირობები და ორივე მხარისათვის სავალდებულო “თამაშის წესები”, რომელთა დაცვის გარეშე თანამშრომლობა ვერ შედგება. მასწავლებლისა და მოსწავლის მშობლის თანამშრომლობის ასეთ არსებით და აუცილებელ პირობას ეთიკური ნორმების დაცვა, ურთიერთნდობა და კეთილგანწყობა წარმოადგენს.
ვერშემდგარმა თანამშრომლობამ შესაძლოა კონფლიქტიც კი გამოიწვიოს მასწავლებელსა და მოსწავლის მშობელს შორის. კონფლიქტის მიზეზად შეიძლება იქცეს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ფაქტორი, კერძოდ:
. კომპეტენციის დეფიციტი, რომელიც უმეტესწილად გამოიხატება მოსწავლის ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ მასწავლებლისა და მშობლის წარმოდგენათა განსხვავებით და მათ მიერ ამ შესაძლებლობათა რეალიზაციის შეფასების არაერთგვაროვნებით. მოსწავლის ცოდნისა და უნარების ობიექტური შეფასება საგნის მასწავლებლის პრეროგატივაა, მშობელს ამ სფეროში საგნის მასწავლებელთან შედარებით არასაკმარისი კომპეტენცია აქვს. მას ნაკლებად ესმის სპეციფიკური პედაგოგიური და მეთოდური საკითხები, თუნდაც მრავალკომპონენტიანი შეფასება. რა კომფორტული გარემოც არ უნდა უზრუნველყოს მასწავლებელმა, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა გაკვეთილზე მიმდინარეობს მეტ-ნაკლები ფსიქოლოგიური დაძაბვის ფონზე, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს ცოდნისა და შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაზე. ამის გათვალისწინება მშობელს, რომელსაც ბავშვის ცოდნისა და უნარების შემოწმება სხვა ფსიქოლოგიურ ფონზე, განსხვავებულ სიტუაციასა და პირობებში უხდება, რა თქმა უნდა, არ შეუძლია. ეს განსხვავება კი გაუგებრობის და ზოგჯერ კონფლიქტის საფუძველსაც კი ქმნის. ამიტომ სასურველია, მასწავლებელმა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს მშობლებთან, აუხსნას მათ შეფასების ახალი სისტემის არსი, მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ, მისცეს რჩევები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ დაეხმარონ შვილს შედეგების გაუმჯობესებაში. ამისკენ მოუწოდებს მასწავლებელს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსიც: “ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ. მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ” (მუხლი 5. 2,3).
. საკუთარი შვილის ქცევათა სისტემის შესახებ არასრული ინფორმაციის ფლობა. ქცევათა სისტემა გულისხმობს სხვადასხვა სიტუაციაში ქცევის ნორმების სხვადასხვა გამოვლინებისა და მათი მართვის უნარ-ჩვევების ერთობლიობას. მშობლის კომპეტენცია ამ სფეროში შესაძლოა მასწავლებლისაზე ნაკლები იყოს, რადგან შვილის სიტუაციურ ქცევათა სრული რეპერტუარი მისთვის უცნობია ან, პირიქით, მასწავლებლისთვის არის უცნობი ბავშვის ქცევა არასასკოლო`არაფორმალურ სიტუაციებში. სკოლა თავისი სიტუაციური მრავალფეროვნებით, სოციალიზაციის აქტიური პროცესით ხელს უწყობს ამ რეპერტუარის გაფართოებას და ეს, ფაქტობრივად, მასწავლებლის, უფრო კი კლასის დამრიგებლის თვალწინ ხდება.
მშობლები იცნობენ ბავშვის ცხოვრებას, ქცევის თავისებურებებს ოჯახში, პედაგოგი კი – სკოლის ფარგლებში. ასე რომ, როდესაც მასწავლებელი და მშობელი ბავშვს სხვადახვაგვარად ახასიათებენ, არ არის გამორიცხული, ორივე მხარე გულწრფელი იყოს. ხშირად მშობლის წარმოდგენა, გნებავთ, სტერეოტიპი შვილის ყოფაქცევის შესახებ წინააღმდეგობაში მოდის მისი შვილის რომელიმე დისციპლინური დარღვევის შესახებ ინფორმაციასთან, ეს კი მშობელს აღიზიანებს და შესაძლოა მასწავლებელთან კონფლიქტიც გამოიწვიოს. ამ კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელია, როდესაც მშობელი და მასწავლებელი დარწმუნებულნი არიან ერთმანეთისგან მიღებული ინფორმაციის სანდოობასა და კონფიდენციალურობაში. მოსწავლის შესახებ მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობას პედაგოგს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსიც ავალდებულებს: “მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით” (მუხლი 3, 5).
. უამრავი მოვალეობა, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი ერთმანეთს აკისრებენ. ხშირად მასწავლებლები და მშობლები ერთმანეთს აკისრებენ აურაცხელ მოვალეობას გარემოებებისა და შესაძლებლობის გაუთვალისწინებლად. ამის გამო მხარეები ვერ ასრულებენ ამ მოვალეობებს, რაც საბოლოო ჯამში იწვევს უკმაყოფილებას, გაუგებრობას, წყენას. მასწავლებლის მშობლისადმი (და პირიქით) გადაჭარბებული მოთხოვნები შესაძლოა განაპირობოს იმან, რომ მხარეები აღიარებენ ერთმანეთის განსაკუთრებულ სტატუსსა და მნიშვნელობას, აქვთ დიდი მოლოდინი და`ან ცდილობენ, აღზრდა-განათლების პასუხისმგებლობა და მოვალეობები მეორე მხარეს გადააბარონ. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია იურიდიულ-ნორმატიული რესურსების არსებობა, კერძოდ, სკოლის შინაგანაწესისა, რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული თითოეული მხარის უფლება-მოვალეობანი, სამეურვეო საბჭოს დებულებისა, მოსწავლეთა ქცევის კოდექსისა, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსისა და სხვა, – რომელთა დაცვაც სასკოლო ურთიერთობებში ჩართულ თითოეულ მხარეს – მოსწავლეს, მასწავლებელს, სკოლის სხვა პერსონალს, მშობელს – მოეთხოვება.
. მშობლისა და მასწავლებლის ბავშვისადმი განსხვავებული დამოკიდებულება. სკოლა და ოჯახი არის სხვადასხვა სოციალურ-ფსიქოლოგიური ჯგუფი თავისი სპეციფიკური მრავალფეროვანი ფუნქციებითა და დამოკიდებულებებით. ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლები იწყებენ ურთიერთზემოქმედებას ისე, რომ ინარჩუნებენ ბავშვისადმი მათი ჯგუფისთვის ჩვეულ და განმტკიცებულ დამოკიდებულებას. პედაგოგსა და მშობელს შორის წინააღმდეგობა ძლიერდება იმ შემთხვევაში, როდესაც მასწავლებელი ფორმალისტია და თავისი მოღვაწეობა უბრალო სამსახურად მიაჩნია, ამიტომ მოსწავლესთან მხოლოდ და მხოლოდ “საქმიან ურთიერთობას” ამყარებს. მშობლებსა და ახლობლებს კი ბავშვისადმი სულ სხვაგვარი, ემოციურად შეფერილი დამოკიდებულება აქვთ. მშობლებს უჭირთ მასწავლებლის მშრალ დამოკიდებულებასთან შეუგება, პედაგოგს კი მშობლების ეს პრეტენზიები და განცდები გადაჭარბებული და უსაფუძვლო ეჩვენება. თუ მასწავლებელი ვერ შეძლებს გაიგოს, მიიღოს და თავის პედაგოგიურ საქმიანობაში გაითვალისწინოს მშობლების მღელვარება შვილის ბედ-იღბლის გამო, შესაძლოა მხარეებს შორის უკმაყოფილებამ იჩინოს თავი. ზოგიერთ მასწავლებელს უჭირს, თავი მშობლის ადგილას წარმოიდგინოს და გააცნობიეროს, რას განიცდის ის. ამიტომ ბავშვის უკეთ გასაგებად, სწავლისა თუ პიროვნული ზრდის ხელშეწყობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლისა და მასწავლებლის შეთანხმებული მოქმდება, თანამშრომლობა.
მასწავლებელსა და მშობლებს შორის არსებული წინააღმდეგობები, რომლებიც ხელს უშლის ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას, შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუ გავითვალისწინებთ შემდეგ რეკომენდაციებს:
. მოსწავლეთა მშობლებთან კონტაქტების ძიება. მშობლებთან კონტაქტის დამყარების სურვილის უქონლობა უმეტესწილად განპირობებულია მასწავლებლის ზედმეტი თავდაჯერებით, საკუთარი პედაგოგიური შესაძლობლობების დიდი რწმენით და`ან გულგრილობით, პასუხისმგებლობის ნაკლებობით. ეს წინააღმდეგობა რომ დაიძლიოს, ერთი მხრივ, აუცილებელია, მასწავლებელმა თითოეული მოსწავლის შესახებ მოიპოვოს სრულყოფილი ინფორმაცია, რომელსაც პედაგოგიური საქმიანობისას გამოიყენებს. მეორე მხრივ, უნდა დაიძლიოს მხარეებს შორის წინააღმდეგობები ბავშვისადმი მოთხოვნებისა და დამოკიდებულების გამო. ამ წინააღმდეგობათა დაძლევა კი შესაძლებელია მშობელთან მუდმივი თანამშრომლობის გზით, რასაც პირდაპირ გვავალდებულებს მასწავლებლის ეთიკის კოდექსი (მუხლი 5).
. პასუხისმგებლობა მშობლის წინაშე ბავშვის აღზრდისა და სწავლის შედეგებზე. მასწავლებელმა მუდმივად უნდა იქონიოს კონტაქტი მშობელთან და მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის ინდივიდუალური პროგრესის შესახებ, იმის შესახებ, რას მიაღწია მან, რას – ვერა და რატომ, ანდა რა შეიძლება იღონონ მასწავლებელმა და მშობელმა ურთიერთთანამშრომლობით მოსწავლის სუსტი მხარეების გასაძლიერებლად (ეთიკის კოდექსი, მუხლი 5,4).
. ბავშვის უნარების, ცოდნისა და ქცევის დაუსაბუთებლად უარყოფითი შეფასებით მშობლის განაწყენების თავიდან აცილება. მასწავლებლის ნებისმიერ დაუდევარ და მიკერძოებულ მსჯელობას ბავშვები მწვავედ განიცდიან და მათი განწყობა ხშირად გადაეცემა მშობლებს, რომლებიც, თავის მხრივ, მტკივნეულად რეაგირებენ ამ ფაქტზე. ხოლო თუ პედაგოგი ბავშვზე პატივისცემით ლაპარაკობს, ხედავს მის არა მარტო უარყოფით, არამედ დადებით მხარეებსაც, მაშინ ის მშობლის სახით მოკავშირეს იძენს.
უმჯობესი იქნება, თუ მასწავლებელი ბავშვის პრობლემებზე მშობელთან საუბრისას გამოიყენებს ე.წ. “სენდვიჩის” სტრატეგიას, რაც გულისხმობს შემდეგს: მასწავლებელი მშობელს ჯერ ბავშვის პოზიტიურ ქცევასა თუ მხარეებზე ესაუბრება, მერე პრობლემურზე გადადის, ხოლო საუბარს ისევ დადებითი ინფორმაციის მიწოდებით და გაუმჯობესების გზებზე მსჯელობით ასრულებს. იგი მშობელს ბავშვის ძლიერი მხარეების გათვალისწინება-გამოყენებით პრობლემის მოგვარების გზების ერთობლივად ძებნას სთავაზობს. უმჯობესი იქნება, თუ მასწავლებელი კი არ შეაფასებს, არამედ აღწერს ბავშვის ქცევას და დასკვნის გამოტანისა და ქცევის შეფასების საშუალებას მშობელს დაუტოვებს. ამგვარი მიდგომით მასწავლებელი პასუხისმგებლობას მშობელს უნაწილებს, რაც სტიმულს აძლევს ამ უკანასკნელს, ჩაერთოს პრობლემის მოგვარებაში.
. მოსწავლეების თვალში მშობლების ავტორიტეტის ამაღლება, ბავშვებისთვის მშობლების პოზიტიური მახასიათებლების ჩვენება. პედაგოგს ზოგჯერ დიდი ძალისხმევა უწევს იმ გაუცხოების დასაძლევად, რომელიც შესაძლოა იყოს ბავშვსა და მის მშობლებს შორის. მასწავლებელი, რომელიც გავლენას მოახდენს მშობლის ავტორიტეტზე, საკუთარ ავტორიტეტსაც ამაღლებს არა მარტო მოსწავლის, არამედ მშობლის თვალშიც.
. მშობლებისადმი აუცილებელი მოთხოვნების ტაქტიანი წარდგენა. გამოცდილი პედაგოგები ყოველთვის მიუთითებენ მშობლებსა და ოჯახებთან ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, მაგრამ ეს თავისთავად არ ხდება – მშობლებთან წარმატებული კომუნიკაციის განვითარებას მნიშვნელოვანი ძალისხმევა და ისეთი უნარები სჭირდება, როგორებიცაა ტაქტი, მოსაუბრის პატივისცემა, თავაზიანობა, სიკეთე, ენთუზიაზმი და სხვ.
მშობელთან შეხვედრის ეფექტურად წარმართვაში მასწავლებელს შემდეგი რჩევები დაეხმარება:
. მშობელს თბილად შეხვდით – გაუღიმეთ და ხელი ჩამოართვით; საუბარი მისი შვილის შესახებ პოზიტიური ინფორმაციით დაიწყეთ
. აგრძნობინეთ ასერტიულობა – მშობელთან საუბრისას ნუ მიუჯდებით თქვენს მაგიდას. სკამი მასთან ახლოს მიიდგით და აგრძნობინეთ, რომ თავს კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობთ. თუ მშობელი დგომას ამჯობინებს, თქვენც ფეხზე იდექით. თვალი თვალში გაუყარეთ – ნუ აფიქრებინებთ, რომ თქვენს დაშინებას შეძლებს.
. მოუსმინეთ ყურადღებით, მიეცით სიბრაზისა და იმედგაცრუების გამოხატვის საშუალება. ნუ შეაწყვეტინებთ ან შეეკამათებით, უბრალოდ მოუსმინეთ. გამოიყენეთ არავერბალური კომუნიკაცია ემპათიისა და გაგების საჩვენებლად. სანამ უპასუხებთ და თქვენს პოზიციას გამოთქვამთ, დარწმუნდით, რომ პრობლემა მშობლის პოზიციიდან გაიაზრეთ.
. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და წონასწორობა, ნურასოდეს წახვალთ კომპრომისზე თქვენს პროფესიულ წესიერებასთან. გაბრაზებული სიტყვების საპასუხოდ მშვიდი და გაწონასწორებული რეაქცია სიტუაციის განმუხტვას შეუწყობს ხელს.
. აწონ-დაწონეთ სიტყვები, თქვენს კომენტარებში მშობლებმა ცინიზმი არ უნდა იგრძნონ. ეცადეთ, საუბარმა თემას არ გადაუხვიოს და ის შეხვედრის საგანსა და მოსწავლის საჭიროებებზე იყოს კონცენტრირებული. მშობელს საშუალება მიეცით, ისე დაიხიოს უკან, რომ ამის გამო თავი “დამარცხებულად” არ იგრძნოს.
. ერთად იფიქრეთ პრობლემის მოგვარებაზე, ჰკითხეთ რჩევა, გამოთქვით თქვენი მოსაზრებები, რომლებიც მოსწავლის ძლიერი მხარეების გამოყენებაზე იქნება ფოკუსირებული.
. ყოველთვის პატივი ეცით მშობელს და მისგან საპასუხო პატივისცემა მოითხოვეთ. თუ მშობელი თქვენს სიტყვიერ შეურაცხყოფას ან დაშინებას ეცდება, უთხარით, რომ არავის აძლევთ ასეთი საუბრის უფლებას და სიამოვნებით გააგრძელებთ საუბარს მას შემდეგ, რაც ის დამშვიდდება. თუ მშობელი უღირს საუბარს და თქვენს შეურაცხყოფას გააგრძელებს, გაჩმდით, ზურგი შეაქციეთ და უემოციოდ გაეცალეთ.
. შეხვედრისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ბოლომდე მისდიეთ. დაუყოვნებლივ დაიწყეთ მშობელთან შეხვედრისას მიღებული შეთანხმების განხორციელება. თუ შეხვედრისას საკითხი არ ამოიწურა, გააგრძელეთ მასზე მუშაობა. მოსწავლის, მისი პრობლემების მიმართ გულწრფელი ინტერესი, წუხილი და შემდგომი დახმარებისთვის მზადყოფნა გამოხატეთ.
მასწავლებლის მიმართ მშობლის კრიტიკული შენიშვნების ანალიზი
პედაგოგს უნდა შეეძლოს მშობლის მიერ მისი მისამართით გამოთქმული შენიშვნების მიღება, კრიტიკის მთქმელისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელს ხშირად არ სიამოვნებს კრიტიკული შენიშვნების მოსმენა, მან ეს შენიშვნები უნდა პედაგოგიური მიზნებისთვის, პროფესიული განვითარებისთვის გამოიყენოს. მშობლების კრიტიკა უფრო კონკრეტული და საქმიანია, როდესაც მასწავლებელი თვითონ უწევს ორგანიზებას შენიშვნების გამოთქმას. იგი არწმუნებს მშობლებს, რომ სჭირდება მათი აზრის ცოდნა საკუთარი საქმიანობის შესახებ, აინტერესებს, სწორად ესმით თუ არა მისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, არის თუ არა, მათი თვალსაზრისით, ხარვეზები პედაგოგიურ პროცესში და, კერძოდ, რა. საკუთარი თავისადმი მომთხოვნი, თვითკიტიკული მასწავლებელი ყოველთვის აღმოაჩენს მშობლის შენიშვნებში მისთვის საინტერესო, სასწავლო პროცესის სრულყოფისთვის საჭირო რამეს. თუ მშობლებმა კრიტიკული მოსაზრების გამოთქმისგან თავი შეიკავეს, უკმაყოფილება შენარჩუნდება, გამძაფრდება და საბოლოო ჯამში გაუგებრობებამდე, უნდობლობამდე, კონფლიქტამდეც კი მიგვიყვანს.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ შენიშვნების მოსმენით, ხარვეზებზე საუბრით. პედაგოგმა უნდა გაიგოს ისიც, მის რომელ აქტივობას და რა თვისებებს აფასებენ მშობლები პოზიტიურად.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელსა და მშობელს ბავშვთან მიმართებით საერთო ინტერესები აქვთ, მათი ურთიერთობები არ უნდა გავიგოთ და განვიხილოთ როგორც სრული ურთიერთგაგება და უკონფლიქტო თანამშრომლობა. ამ ურთიერთობებში ხშირია წინააღმდეგობები და პრობლემური სიტუაციები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პედაგოგმა შეძლოს შედეგზე ორიენტირებული პოზიტიური ურთიერთობების დამყარება, გაიხადოს მშობელი მოკავშირედ ბავშვის აღზრდასა და განათლებაში.
სტატიაში გამოყენებულია მასალა, რომელიც მომზადდა წიგნისთვის “მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელო” (ავტორები: მ. ინასარიძე, ს. ლობჟანიძე, შ. მამუკიძე), მაგრამ არ შევიდა მასში.

თეორიები სწავლის სტილის შესახებ

0

სწავლობენ თუ არა ადამიანები განსხვავებულად? სწავლობს თუ არა უკეთ ბავშვი იმ შემთხვევაში, როდესაც მას ცოდნა რომელიმე კონკრეტული სტიმულის საშუალებით მიეწოდება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ. გაგაცნობთ იმ თეორიებს, რომლებიც სწავლის სტილის შესახებ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მეტ-ნაკლები პოპულარობით სარგებლობს.

რას გულისხმობს სწავლის სტილი?

სწავლის სტილი კოგნიტური და ქცევითი სქემაა, რომელიც მეორდება სხვადასხვა დავალებაზე მუშაობისას სხვადასხვა დროში. სწავლის სტილი ეფუძნება თითოეული ინდივიდის აღქმის სხვადასხვაგვარობას. ამ განსხვავებულობის უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვითი ასოციაციების სავარჯიშო. მაგალითად, რა მოგდით აზრად პირველ რიგში, როდესაც მოისმენთ სიტყვას „სკამი”? ეს შეიძლება იყოს დასაჯდომი საშუალება, ავეჯი, რომელიმე კონკრეტული სკამი და ა.შ. განსხვავებული ინტერპრეტაციის ეს მარტივი მაგალითი ნათელს ხდის, თუ რატომ აფასებენ და ესმით ადამიანებს კომპლექსური სიტუაციები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად. კლასში ხშირად ბავშვებს მასწავლებლის სხვადასხვა მითითება „ესმით”. მასწავლებელი ტრენინგ-სესიის ბოლოს, იმ დღეს გავლილი თემების ნაწილს ადვილად გაიხსენებს, ნაწილს კი-ვერა. ეს მაგალითები აღწერს აღქმისა, ინფორმაციის გააზრებისა და დახსომების სპეციფიურობას ყველაზე იდეალურ სიტუაციაშიც კი, სადაც ცოდნის თუ ინფორმაციის მიმღები სწავლაზე კონცენტრირებულია. უმცროსი ასაკიდანვე ბავშვებს ეს განსხვავებულობა სასწავლო სიტუაციაშიც გადააქვთ. სწავლის განსხვავებული სტილი გარკვეულწილად აყალიბებს სწავლისადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გვასწავლის ჩვენთვის „საუკეთესო” გზებს სწავლისათვის წარმატებით თავის გასართმევად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი სტილი თავისთავად ნეიტრალურია და წარმატება-წარუმატებლობას განსაზღვრავს ის, თუ როგორ გამოიყენებს მოსწავლე საკუთარ თვისებებს. ზოგიერთი სტილის სფეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება გარკვეულ დავალებებზე მუშაობა მოსწავლისთვის უფრო მარტივი ან უფრო რთული აღმოჩნდეს; როდესაც მოსწავლე მისი სტილის ძლიერ მხარეებს იყენებს, ის უფრო ეფექტურად ეუფლება ცოდნას თუ უნარებს.
თანამედროვე თეორიები
1960-იანი წლებიდან მეცნიერები აქტიურად იწყებენ სწავლასა და ინდივიდუალიზმთან დაკავშირებულ კვლევებს და ნელ-ნელა მკვიდრდება ტერმინი „სწავლის სტილი”. შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავთ. ბევრი მკვლევარის აზრით კი, რთულია მათ ჭეშმარიტება-მცდარობაზე საუბარი, სანამ შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით კვლევები არ ჩატარდება.
·შვეიცარიელი ფსიქოლოგის, კარლ იუნგის, თეორია ფსიქოლოგიური ტიპების შესახებ გამოყენებული იქნა კატერინ მაიერსისა და იზაბელ მაიერს ბრიგსის მიერ. მათ შეიმუშავეს სპეციალური ინსტრუმენტი „მაიერს- ბრიგსის ტიპის ინდიკატორი”. იუნგის თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის მიღების პროცესში: 1. შეგრძნებით აღქმა-ხუთი გრძნობის საშუალებით ინფორმაციის მიღების პროცესი; 2. ინტუიტური აღქმა- სენსორული ინფორმაციის მიღმა კავშირებისა და დასკვნების გაკეთების პროცესი. აგრეთვე, თეორია განსაზღვრავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ფსიქიკურ ფუნქციას, რომელიც ჩართულია ინფორმაციის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში: 1. გონებრივი მსჯელობა – ინფორმაციის ობიექტური და ლოგიკური კრიტერიუმების საშუალებით შეფასების პროცესი; 2. გრძნობითი მსჯელობა – ინფორმაციის სუბიექტური მნიშვნელობის საფუძველზე შეფასების პროცესი.
·რიტა და კენეტ დანებმა საკლასო ოთახში მოსწავლეთა ქცევაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად აღწერეს მოსწავლეთა გარემოს, ემოციური, სოციოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების სხვადასხვა მოდელები. მაგალითად, გარემო საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია- ხმაურის მიმართ მგრძნობელობა; ზოგიერთ ბავშვს დავალებების შესრულება მხოლოდ სიჩუმეში შეუძლია, ზოგს კი ხმაური საერთოდ არ აწუხებს. სოციოლოგიური საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა- ზოგ ბავშვს დავალებაზე მარტო მუშაობა უადვილდება, ზოგს კი პირიქით- თანატოლებთან ერთად. ფიზიკური საჭიროების ერთ-ერთი კომპონენტია აღქმის ძლიერი მხარები: ბავშვები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ როგორი ფორმით – ვიზუალური, აუდიო, ტაქტილური თუ კინესთეტური- მიღებულ ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებენ და გამოიყენებენ.
აღნიშნული მოდელი ავტორებმა შეიმუშავეს რათა მასწავლებლებს შეძლებოდათ თავინთი მოსწავლეების სწავლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.
· ენტონი გრეგორი განასხვავებს და აღწერს აღქმისა და გააზრების სხვადასხვა სტილს. ის გამოყოფს აღქმის კონკრეტულ და აბსტრაქტულ ხარისხს, და ინფორმაციის ორგანიზების თანმიმდევრულ და არათანმიმდევრულ სტილს. მეცნიერის მიხედვით, თითოეულ ინდივიდს გააჩნია როგორც კონკრეტული, ასევე აბსტრაქტული აღქმის უნარი, აგრეთვე ინფორმაციის თანმიმდევრულად და არათანმიმდევრულად ორგანიზების სტილი, თუმცა თითოეული ადამიანი უფრო წარმატებულად იყენებს ერთ-ერთს.
·უოლტერ ბარბიმ და რეიმონდ სვასინგმა შექმნეს მოდელი, რომელიც კონცეტრირებულია სწავლის აუდიტორულ, ვიზუალურ და კინესთეტურ მოდალობაზე და მასწავლებლებს სთავაზობს მოდელის პრაქტიკაში დანერგვის პრინციპებს. მეცნიერთა აზრით, უსამართლობაა, როცა ბავშვებს სწავლისას მუდმივად უხდებათ თავიანთი სწავლის სტილის (მოდალობის) სუსტ მხარეებთან შეჯახება, მაშინ როდესაც ძლიერი მხარეები შესაძლოა სრულიად იგნორირებული იყოს. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ადრეულ ასაკში უფრო მკვეთრად დომინირებს ერთ-ერთი მოდალობა. მოწიფულობასთან ერთად ადამიანს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში სხვა მოდალობების გაძლიერება, თუმცა სტრესულ სიტუაციებში ზრდასრულებიც დომინანტურ მოდალობას უბრუნდებიან.
ვიზუალური მოდალობა. ადამიანები, რომლებიც უკეთ იგებენ და იმახსოვრებენ ვიზუალური ფორმით მიწოდებულ ინფორმაციას, ხშირად საუბრის დროს ხატოვნად წარმოიდგენენ ნათქვამს; კითხვის დროს მონიშნავენ ტექსტს და ა.შ. მათ სწავლაში ეხმარება თვალსაჩინოებები- სურათები, ცხრილები, გრაფიკები და ა.შ.
აუდიტორული მოდალობა. პიროვნება, რომლის ძირითადი მოდალობა აუდიტორულია, ფიქრის დროს ხშირად ხმამაღლა გამოთქვამს აზრებს. საკუთარი აზრების მოსმენით, ის უკეთ იმახსოვრებს; ესწრაფვის დაზუთხვასა და გამეორეობას და როგორც წესი, დავალების შესრულებისას მოითხოვს სიჩუმეს, რადგან ხმაური ხელს უშლის დავალებაზე კონცენტრირებაში.
კინესთეტური მოდალობა. ბარბი და სვასინგი კინესთეტურ მოდალობას განმარტავენ, როგორც მსხვილი და ნატიფი მოტორიკისა და შეხების გრძნობის აქტიურ გამოყენებას სწავლის პროცესში. კინესთეტური მოდალობის მქონე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს გაკვეთილზე ხანგრძლივად უმოძრაოდ ჯდომა. ისინი ბევრად მეტს სწავლობენ მაშინ, როდესაც მშვიდად არ ზიან, რადგან ასეთ დროს მათ ყურადღებას არ ფანტავს ადგომისა და მოძრაობის სურვილი.
შერეული მოდალობები. მოსწავლის დომინანტური მოდალობა არის ის, რომლის საშუალებითაც ის ყველაზე ეფექტურად გადაამუშავებს ინფორმაციას. დომინანტური მოდალობა ცხადად ჩანს ადრეულ ასაკში, თუმცა ზრდასრულებში უკვე რთული ხდება მისი გამოცალკევება. მოსწავლეებში შერეული მოდალობები (ანუ ერთდროულად ორი ან სამი ძლიერი მოდალობა) გვხვდება მაშინ, როდესაც მათ ეძლევათ თანაბარი შესაძლებლობები თითოეული მოდალობის გასავარჯიშებლად (მაგ. მოსასმენი აქტივობები, თვალსაჩინობები, საკუთარი ხელით ჩატარებული ექსპერიმენტები და ა.შ.).
·ჰოვარდ გარდნერმა 80-იან წლებში შეიმუშავა და შემდგომ განავითარა მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. გარდნერი ინტელექტს განმარტავს, როგორც პრობლემების გადაჭრის ან ისეთი პროდუქტის შექმნის უნარს, რომელიც ღირებულია ამა თუ იმ კულტურულ გარემოცვაში. თეორია ეწინააღმდეგება წარმოდგენას, რომ ადამიანებს დაბადებიდან აქვთ „ერთი” ინტელექტი, რომელიც არ იცვლება და ფსიქოლოგიური ტესტების საშუალებით გაზომვადია. ინტელექტის ტესტების უმრავლესობა ზომავს ვერბალურ-ლინგვისტურ და ლოგიკურ-მათემატიკურ ინტელექტს, გარდნერი კი მათ გარდა კიდევ ექვსს გამოყოფს: სივრცითი ინტელექტი, სხეულებრივ-კინესთეტური ინტელექტი, ინტერპერსონალური ინტელექტი, ინტრაპერსონალური ინტელექტი, მუსიკალური ინტელექტი და ნატურალისტური ინტელექტი. გარდნერი თვლის, რომ თითოეული ადამიანს გააჩნია რვავე ინტელექტი, თუმცა დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი მეტად უვითარდება, სხვა კი ნაკლებად და შესაბამისად, სწავლისას უკეთ ართმევს თავს იმ სფეროებს რასაც „წარმატებული” ინტელექტი მოიცავს.
თეორიული ცოდნის გამოყენება საკლასო ოთახში
სწავლის სტილთან დაკავშირებული ზემოთ აღწერილი თეორიები და მოდელები იმდენად მრავალმხრივია, რომ შესაძლოა ბევრმა მასწავლებელმა იმთავითვე ჩათვალოს, რომ მათი გათვალისწინება პრაქტიკაში შეუძლებელი იქნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ თეორიასთან დაკავშირებით რიგ მეცნიერებსაც მსგავსი შეხედულება აქვთ და მიაჩნიათ, რომ სწავლების პროცესში თითოეული მოსწავლის სწავლის სტილის გათვალისწინება დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო მისი ეფექტურობის შესახებ კი სათანადო კვლევების შედეგები არ არსებობს. არც იმის განსაზღვრა არის ადვილი, თუ სწავლის რომელი სტილია (და რომელი კლასიფიკაციით!) დომინანტური თითოეული მოსწავლისათვის. მიუხედავად ამისა, მასწავლებელს ნამდვილად შეუძლია ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც სხვადასხვა სწავლის სტილის მქონე ბავშვებისთვის სწავლას გაამარტივებს და უფრო სახალისოს გახდის:
·მიეცით ბავშვებს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური დავალებები; რიგ შემთხვევებში მიეცით საშუალება თავად აირჩიონ დავალებაზე მარტო იმუშავებენ თუ თანაკლასელებთან ერთად;

·ბავშვებთან ერთად რეგულარულად განახორციელეთ გონებრივი იერიში ახალ საკითხთან დაკავშირებით; ასეთი აქტივობის დროს თითოეული ბავშვი შეიძლება თანაბარი ინტერესით ჩაერთოს მასში. გონებრივი იერიშის დროს მოსწავლეები სპონტანურობასა და შემოქმედებითობას ავლენენ;

·მოსწავლეებისთვის ახალი ინფორმაციის მიწოდებისას გამოიყენეთ სხვადასხვა მანიპულატივები, თვალსაჩინოებები; მიეცით საშუალება ბავშვებს მოახდინონ მანიპულაციები შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების/საგანმანათლებლო თამაშების საშუალებით და ა.შ;

·ნუ დაუშლით ბავშვებს, განსაკუთრებით უმცროს ასაკში, კითხვისას თითი გააყოლონ ტექსტს, ან ფერადი ფანქრებით გააკეთონ წიგნში მონიშვნა;

·ახალი ინფორმაციის მიწოდების დროს შეეცადეთ ხატოვნად გადმოსცეთ თქვენი სათქმელი, ისე რომ, ბავშვებმა მეტი ყურადღებითა და ინტერესით მოგისმინონ;

·ზოგიერთ მოსწავლეს უყვარს ისეთი დავალებები, სადაც ზედმიწევნით გაწერილი რა ევალება მას, სხვებს კი ურჩევნიათ მეტი თავისუფლება ჰქონდეთ. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, გარკვეული დავალებების მიცემისას (მაგ. პროექტზე მუშაობა) მკაფიოდ განუსაზღვრეთ მოსწავლეს დავალების მიზანი, მაგრამ შესთავაზეთ რესურსების, დავალების ჩაბარების თარიღის და სხვ. არჩევანი;

·თუ შეამჩნევთ, რომ ბავშვს უჭირს მერხთან უმოძრაოდ ჯდომა, შეეცადეთ ფიზიკურად ჩართოთ რაიმე აქტივობაში, მაგ. სთხოვეთ, დაფაზე დაწეროს მომავალი გაკვეთილის თემა.

პარადოქსების ტყეში – ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო

0

რატომ ვწერთ? წარმომიდგენია, რომ ყველა თავისებურად უპასუხებდა ამ მარტივ კითხვას. არსებობს მისწრაფებები, გარემო, გარემოებები. აგრეთვე უნიჭობაც. თუ ვწერთ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვმოქმედებთ, რომ რეალობასთან პირისპირ დარჩენილნი დიდ გასაჭირში ვიმყოფებით, რომ რეაქციის სხვა გზა, კომუნიკაციის სხვა ფორმა ავირჩიეთ, როგორც გარკვეული მანძილი, დრო ფიქრისა და განსჯისთვის.

თუ იმ გარემოებებს ჩავუღრმავდები, რომლებმაც წერა დამაწყებინა – ამას თვითკმაყოფილებით კი არ ვაკეთებ, არამედ უფრო სიზუსტის სიყვარულით – ვხვდები, რომ ჩემთვის ყველაფერი ომით დაიწყო. არა ომით, როგორც ეპოქალური ძვრების, დიდი ისტორიული მოვლენების ხანით. ასეთი უნდა ყოფილიყო, მაგალითად, საფრანგეთის სამხედრო ოპერაცია, ვალმის ბრძოლის მონაწილე მხარეებმა დაწვრილებით რომ აღწერეს: გერმანელთა მხრიდან – გოეთემ და რევოლუციონერთა არმიის მხრიდან – ჩემმა წინაპარმა ფრანსუამ. ეს უდავოდ ამაღელვებელი, პათეტიკით სავსე წუთები იქნებოდა. არა, ჩემთვის ომი ის არის, რაც უბრალო მოქალაქე­ებმა გადაიტანეს, პირველ რიგში კი – მცირეწლოვანმა ბავშვებმა. ერთხელაც არ ჩამითვლია იგი ისტორიულ მოვლენად. გვციოდა, გვშიოდა, გვეშინოდა და ომი მეტი არც არაფერია. მახსოვს, ერთხელ ჩემს ფანჯარასთან მარშალ რომელის ჯარის ნაწილმა ჩაიარა, რომელიც ალპებისკენ მიემართებოდა, რათა გზა ეპოვა ჩრდილოეთ იტალიასა და ავსტრიაში გადასასვლელად. მეხსიერებაში არც ისე მკაფიოდ ჩამრჩა ეს სურათი. სამაგიეროდ, კარგად მახსოვს, როგორ გვაკლდა ყველაფერი მომდევნო წლებში, განსაკუთრებით საწერ-საკითხავი. მელნისა და ქაღალდის ნაკლებობის გამო სასურსათო ტალონების უკანა გვერდებზე დავიწყე წერა და ხატვა, თან მშენებლებს რომ დაჰქონდათ, ისეთ ლურჯ-წითელ ფანქარს ვიყენებდი. აი, აქედან მოდის ჩემი გატაცება უხეში ქაღალდითა და უბრალო ფანქრებით. რადგან იმ დროს საბავშვო წიგნები არსად იყო, ბებიაჩემის ლექსიკონები გადავიკითხე. ეს საოცარ კარიბჭეს წარმოადგენდა, რომლის ზღურბლის გადალახვითაც მთელს სამყაროს გაიცნობდი, აღმა-დაღმა იხეტიალებდი და რუკებით, ილუსტრაციებით, უცნობი სიტყვებით გარშემორტყმული უსა­სრულოდ იოცნებებდი. უფრო მეტიც, პირველ წიგნს, რომელიც ექვსი თუ შვიდი წლის ასაკში დავწერე, “დედამიწის დამწნილება” ვუწოდე. ამას უმალვე მოჰყვა გამოგონილი მეფის ბიოგრაფია, რომელსაც დანიელ მესამე ერქვა (ნეტა შვედი ხომ არ იყო?). მერე კი ერთი მოთხრობა დავწერე, სადაც თო­ლია თავის ამბავს ჰყვებოდა. ეს მარტოსულობის ხანაში ხდებოდა. ბავშვებს გარეთ თამაშის უფლებას არ გვაძლევდნენ, რადგან ბებიაჩემის სახლის ირგვლივ მოედნები და ბაღები მთლიანად დანა­ღმული იყო. მახსოვს, ერთხელ ზღვის ნაპირას სეირნობისას შემთხვევით წავაწყდი მავთულხლართებიან ღობეს, რომელზეც აბრა მიემაგრებინათ ფრანგული და გერმანული წარწერებით: უცხო პირებს იქ შესვლას უკრძალავდნენ და მუქარის ნიშნად თავის ქალაზე მიუთითებდნენ.

ვხვდები, რომ ეს კონტექსტი გაქცევის სურვილს ბუნებრივად გვიმძაფრებდა – ოცნებისა და ნაოცნებარის აღწერისკენ გვიბიძგებდა. გარდა ამისა, დედის მხრიდან ჩემი ბებია არაჩვეულებრივი მეზღაპრე იყო, რომელიც საათობით ჰყვებოდა ხოლმე ნაირ-ნაირ ამბებს. მისი ზღაპრები ყოველთვის საოცრად ამაღელვებელი იყო, მოქმედება კი ძირითადად ტყეში ხდებოდა – ალბათ, აფრიკაში ან მავრიკიზე, მაკაბელთა ტყეში. მთავარი პერსონაჟი, ცბიერი და გამჭრიახი მაიმუნი ყველაზე დიდ ხიფათსაც იოლად დაუძვრებოდა ხოლმე. მოგვიანებით აფრიკაში ვიმოგზაურე და ნამდვილი ტყე აღმოვაჩინე, სადაც თითქმის არც ერთი ცხოველი აღარ ბინადრობდა. მიუხედავად ამისა, კამერუნის საზღვართან სოფელ ობუდუს გამგებელმა ახლომდებარე გორაკზე შეკრებილი გორილების ბრაგა­ბრუგი მაინც მომასმენინა, როცა ისინი მკერდზე მჯიღის ცემით იყვნენ გართულნი. ამ მოგზაურობიდან, აქ გატარებული წლებიდან (ნიგერიაში, სადაც მამაჩემი ბუჩქებს უვლიდა და წამლობდა) არა მხოლოდ მომავალი რომანების მასალა დამჩრა, არამედ ერთგვარი მეორე “მე”-ც, მეოცნებე და ამავე დროს ნამდვილი ცხოვრებით მოხიბლული, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გამომყვა. ეს წინააღმდეგობრივი განზომილება, საკუთარი თავისგან გაუცხოება იყო, რასაც ზოგჯერ მტკივნეულად განვიცდიდი. ცხოვრება ისე მდორედ მიედინება, რომ მისი ძალიან დიდი ნაწილის გავლა დამჭირდა იმის მისახვედრად, თუ რას ნიშნავდა ეს წინააღმდეგობა.

ჩემს ცხოვრებაში წიგნები ოდნავ მოგვიანებით შემოვიდა. მას შემდეგ, რაც მამაჩემის მემკვიდრეობა სხვებმა დაინაწილეს, ის კი კუნძულ მავრიკიზე, მოკაში მდებარე მშობლიური სახლიდან გამოაძევეს, მან მაინც მოახერხა და რამდენიმე ბიბლიოთეკის ნარჩენები როგორღაც შეაკოწიწა. აი, სწორედ მაშინ გავაცნობიერე ჭეშმარიტება, რომელიც არც ისე იოლი აღსაქმელია ბავშვებისათვის: წიგნები ბევრად უფრო ღირებულ განძს წარმოადგენდა, ვიდრე უძრავი ქონება ან საბანკო ანგარიშები. ამ ტომებში, რომელთა უმრავლესობა ძველი და მკვიდრად აკინძული იყო, მსოფლიო ლიტერატურის უდიდესი ტექსტები აღმოვაჩინე: ტონი ჟოანოს მიერ ილუსტრირებული “დონ კიხოტი”, “ლასარილიო ტორმესელის ცხოვრება”, “ინგოლდსბის ლეგენდები”, “გულივერის მოგზაურობა”, ვიქტორ ჰიუგოს დიდი, განსაცვიფრებელი რომანები: “ოთხმოცდაცამეტი წელი”, “ზღვის მუშაკნი”, “კაცი, რომელიც იცინის”, აგრეთვე ბალზაკის “თავშესაქცევი ზღაპრები”. ყველაზე ღრმა კვალი კი მაინც სათავგადასავლო მოთხრობების კრებულებმა დამიტოვა, რომელთა უმრავლესობაში ინდოეთის, აფრიკისა და მასკარენიეს კუნძულების ამბები იყო მოთხრობილი, აგრეთვე დიუმონ დ’იურვილის, აბე როშონის, ბუგენვილის, კუკის დიდებულმა სამეცნიერო გამოკვლევებმა და, რა თქმა უნდა, მარკო პოლოს
“საოცრებათა წიგნმა”. მზის გულზე გარინდული პატარა პროვინციული ქალაქის უფერულ ცხოვრებაში ამ წიგნებმა ფათერაკების გემო გამასინჯა, ნამდვილი სამყაროს სიდიდე შემაგრძნობინა, შესაძლებლობა მომცა, რომ იგი უფრო მეტად ინსტინქტითა და შეგრძნებებით აღმექვა, ვიდრე ცოდნით. მათი წყალობით, ადრეულ ასაკშივე ვიგრძენი ბავშვის ცხოვრების წინააღმდეგობრივი ბუნება: ის ხომ მუდამ თავშესაფრისკენ მიილტვის, სადაც ძალადობასა და მუდმივ კონკურენციას გაექცევა და, ამავე დროს, ფანჯრიდან გარესამყაროს თვალიერებაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

სანამ შევიტყობდი, რომ ჩემთვის სრულიად მოულოდნელად შვედეთის აკადემიას დავუჯილდოებივარ, სტიგ დაგერმანის ერთ პატარა წიგნს თავიდან ვკითხულობდი. პოლიტიკური ესეების კრებულია, სათაურით:
“სევდის დიქტატურა”).

შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ ასეთი მძაფრად სარკასტული წიგნის კითხვით ვიყავი გართული. შვედეთში უნდა ჩავსულიყავი იმ პრემიის მისაღებად, რომელიც გასულ ზაფხულს დაგერმანის მეგობრების ასოციაციამ მომანიჭა და თან ის ადგილებიც უნდა მომენახულებინა, სადაც მწერალმა ბავშვობა გაატარა. ყოველთვის მხიბლავდა დაგერმანის ნაწარმოებები, ბავშვური სინაზის, მიამიტობისა და სარკაზმის თავისებური ნაზავი. ასევე მისი იდეალიზმიც. შორსმჭვრეტელობაც, რომლითაც ომის შემდგომი გაჭირვების წლებს განსჯის – მისთვის მოწიფულობის, ჩემთვის კი – მხოლოდ ყრმობის ხანას. ერთი ფრაზა განსაკუთრებით მომხვდა გულზე და მომეჩვენა, რომ იმ დროს სწორედ მე მომმართავდა, რადგან სულ ახალი გამოქვეყნებული იყო ჩემი ბოლო რომანი “შიმშილის სიმღერა”. აი, ეს ფრაზა, უფრო სწორად, პასაჟი: “როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, ისე მოიქცე, თითქოს ლიტერატურაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოში არაფერი იყოს, მეორე მხრივ კი, ირგვლივ მხოლოდ იმ ხალხს ხედავდე, შიმშილს რომ ებრძვის და ყველაზე ღირებულ რამედ თვის ბოლოს აღებულ ჯამაგირს თვლის? აქ ის (მწერალი) ახალ პარადოქსს ეჯახება: იმ დროს, როცა მათთვის სურდა ეწერა, ვისაც შიმშილით კუჭი უხმება, აღმოაჩენს, რომ მხოლოდ ისინი თუ ამჩნევენ მის არსებობას, ვინც კარგად დანაყრებულია” (“მწერალი და ცნობიერება”).

ეს “პარადოქსების ტყე”, როგორც სტიგ დაგერმანი უწოდებს, სწორედ მწერლობის სამეფოა – ადგილი, საიდანაც ხელოვანი კი არ უნდა გარბოდეს, არამედ, პირიქით, იქ უნდა “დასახლდეს”, რათა ყველა წვრილმანი მოჩხრიკოს, ყველა ბილიკი შეისწავლოს, თითოეულ ხეს სახელი მოუძებნოს. ასეთი მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნო ვერ იქნება. ერთ კაცს ეგონა, რომ თავშესაფარი იპოვა, ერთი ქალი კი ფურცელს ისე ენდობოდა, როგორც უახლოეს და უერთგულეს მეგობარს, მაგრამ ახლა ეს მწერლები რეალობას შეეჯახნენ – არა მხოლოდ როგორც დამკვირვებლები, არამედ როგორც მოქმედი პირები. თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ მხარეს დადგებიან. ციცერონმა, რაბლემ, კონდორსემ, რუსომ, მადამ დე სტალმა, სულ ახლახან კი სოლჟენიცინმა, ჰუანგ სოკიონგმა, აბდელატიფ ლააბიმ, მილან კუნდერამ სხვა ქვეყანას შეაფარეს თავი, რადგან მეტი გზა არ დარჩათ. მე, ვისაც ყოველთვის მქონდა გადაადგილების შესაძლებლობა – გარდა ომის ხანმოკლე პერიოდისა – იმ ადგილას ცხოვრების აკრძალვა, რომელიც ადამიანმა თავად აირჩია, ისეთივე მიუღებლად მიმაჩნია, როგორც თავისუფლების წართმევა.

თუმცა მოძრაობის თავისუფლების, როგორც პრივილეგიის, შედეგიც პარადოქსულია. შეხედეთ: აი, ხე პირბასრი ეკლებით იმ ტყის შუაგულში, სადაც მწერალი ცხოვრობს – განა ეს კაცი თუ ეს ქალი, თავაუღებლად რომ წერს და საკუთარ სიზმრებს თხზავს, ყველაზე იღბლიან რჩეულ უმცირესობას არ ეკუთვნის? მოდი, წარმოვიდგინოთ უკიდურესად დაძაბული, შემაძრწუნებელი სიტუაცია – სწორედ ისეთი, როგორშიც ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. და ოდესღაც ცხოვრობდნენ ისინი, ვისაც არისტოტელეს დროს ან თუნდაც ტოლსტოის ეპოქაში განუსაზღვრელი სტატუსი ჰქონდა: მონები, მოახლეები, გლეხები შუა საუკუნეების ევროპაში, ან ის ხალხი, რომლებსაც განმანათლებლობის ხანაში აფრიკის სანაპიროდან იტაცებდნენ და ყიდდნენ გორეში, ელ მინაში, ზანზიბარში. დღესაც კი, როცა თქვენ გესაუბრებით, არის ზოგიერთი ადამიანი, ვისაც სიტყვის უფლება აქვს წართმეული, ვინც ენის მიღმა იმყოფება. ასე რომ, დაგერმანის პესიმისტური ნააზრევი გულზე უფრო მეტად მხვდება, ვიდრე გრამშის საბრძოლო მზაობა ან სარტრის ილუზიებისგან დაცლილი რისკი. იდეა, თითქოს ლიტერატურა მმართველი კლასის ფუფუნებაა და უმრავლესობისთვის სრულიად უცხო იდეებითა თუ სურათ-ხატებით იკვებება – აი, რა ქმნის იმ უხერხულობას, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განიცდის (მათ მივმართავ, ვინც წერს და კითხულობს). ხომ შეგვეძლო, გვეცადა და ჩვენი სიტყვა მათთან მიგვეტანა, ვისაც ის ხელებიდან გამოაცალეს, სულგრძელად მიგვეპატიჟებინა ისინი კულტურის ნადიმზე? რატომ არის ეს ასეთი რთული? დამწერლობის არმქონე ხალხმა, როგორც ანთროპოლოგებს უყვართ ხოლმე თქმა, სრულფასოვანი კომუნიკაციის არხის გაჭრა შეძლო, სიმღერებისა და მითების მეშვეობით. რატომ არის დღეს ეს შეუძლებელი ჩვენს ინდუსტრიალიზებულ საზოგადოებაში? ნუთუ თავიდან უნდა გამოვიგონოთ კულტურა? ნუთუ უშუალო, პირისპირ ურთიერთობას უნდა დავუბრუნდეთ? იქნებ ავყვეთ ცდუნებას და დავიჯეროთ, რომ ჩვენს ეპოქაში კინო ასრულებს ამ როლს, ან პოპ-მუსიკა თავისი რიტმებით, რითმებით, საცეკვაო მელოდიებით. იქნებ ჯაზიც, ან სულ სხვა ცის ქვეშ – კალიფსო, მალოია, სეგა.

ეს პარადოქსი გუშინდელი დღით არ თარიღდება. ყველაზე დიდმა ფრანგმა მწერალმა ფრანსუა რაბლემ ჯერ კიდევ როდის გამოუცხადა ომი სორბონელ სწავლულთა პედანტიზმს, როცა სასაუბრო ენიდან ამოკრეფილი სიტყვები მათ პირდაპირ ცხვირ-პირში მიახალა. ნეტა იმ ადამიანებსაც თუ ესაუბრებოდა, ვისაც შიმშილით კუჭი ეწვოდა? სიმაძღრე, გალეშვა, ქეიფი. მან სიტყვებში ჩააქსოვა მათი საკვირველი მადა, ვინც გლეხებისა და მუშების სიგამხდრის ხარჯზე ისხამდა ფერ-ხორცს – კარნავალის დროს, როცა სამყარო თავდაყირა იყო ამობრუნებული. რევოლუციის პარადოქსი, როგორც მწუხარე სახის რაინდის მოგზაურობის ეპოპეა, მწერლის ცნობიერებაში ხდება. და თუ მის კალამს ერთი ღირსება მაინც უნდა ჰქონდეს, ის არასდროს არ უნდა ემსახუროს ძლიერთა ამა ქვეყნისათა ხოტბა-დიდებას, თვით უმცირესი მაამებლობაც არ ეპატიება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელოვანი ამ ღირსებით გამოირჩევა, იგი არ უნდა თვლიდეს, რომ ყოველგვარი ეჭვი საბოლოოდ ჩამოერეცხა. მისი უარი, ამბოხი, წყევლა ბარიერის ერთ მხარეს რჩება, ამა ქვეყნის ძლიერთა ენის მხარეს. ზოგიერთი სიტყვა, ზოგიერთი ფრაზა მაინც გასხლტება ხოლმე, მაგრამ დანარჩენი? ერთი გრძელი პალიმფსესტია, გადავადების, დაგვიანების ელეგანტური ფორმა. ჰო, ხანდახან იუმორიც გვხვდება, რომელიც სასოწარკვეთის გამომხატველი თავაზიანობა კი არ არის, არამედ არასრულყოფილთა სასოწარკვეთაა – პლაჟი, სადაც უსამართლობის აქოჩრილმა ტალღებმა ისინი გამორიყა.

მაშ, რატომ ვწერთ? კარგა ხანია, რაც მწერალი აღარ არის მტკიცედ დარწმუნებული, რომ სამყაროს შეცვლის და თავისი მოთხრობებითა თუ რომანებით უკეთეს ცხოვრებას დაუდებს დასაბამს. უბრალოდ, მას სურს, მოწმე გახდეს. შეხედეთ ამ მეორე ხეს პარადოქსების ტყეში. მწერალს სურს, მოწმე იყოს, სინამდვილეში კი, უმეტესწილად, მხოლოდ უბრალო დამკვირვებლად გვევლინება ხოლმე.

ზოგჯერ ხელოვანი მართლაც მოწმე ხდება: დანტე “ღვთაებრივ კომედიაში”, შექსპირი “ქარიშხალში” და ემე სეზერი ამ პიესის შესანიშნავ ადაპტაციაში, სადაც დენთის კასრზე გადამჯდარი კალიბანი იმუქრება, რომ თავს აიფეთქებს და საძულველ ბატონებსაც დღის შუქს ჩაუქრობს. ხანდახან ისეთი პირუთვნელი მოწმეც შეგვხვდება, როგორიც პრიმო ლევი ან ევკლიდეს და კუნიაა “შორეული მხარის ამბოხში”. სამყაროს აბსურდულობას ვხედავთ “პროცესში” (ასევე ჩარლი ჩაპლინის ფილმებში), მის არასრულყოფილებას კი – კოლეტის “დღის დაბადებაში”, ფანტასმაგორიას – იმ ირლანდიურ სიმღერაში, რომელიც ჯეიმს ჯოისმა “ფინეგანის ქელეხში” ააჟღერა. მისი მშვენიერება დამაბრმავებლად ელვარებს პიტერ მატიესენის “თოვლის ლეოპარდსა” თუ ალდო ლეოპოლდის “ქვიშის საგრაფოს ალმანახში”. სიავე – უილიამ ფოლკნერის “ტაძარსა” თუ ლაო შეს “პირველ თოვლში”. ბავშვური უმწეობა – დაგერმანის “გველში”.

მწერალი მხოლოდ მაშინ არის საუკეთესო მოწმე, როცა ამ როლს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, უნებურად ითავსებს. პარადოქსია, რომ იგი იმის მოწმე ნამდვილად არ არის, რაც დაინახა, იმისაც კი არა, რაც გამოიგონა. მწარე ნაღველს და ხანდახან სასოწარკვეთასაც გრძნობს იმის გამო, რომ მისი ჩვენება საბრალდებო დასკვნაში ვერასდროს ვერ მოხვდება. ტოლსტოიმ მთელი სიღრმით დაგვანახა საშინელება, რაც ნაპოლეონის არმიამ რუსეთს თავს დაატეხა, მაგრამ მაინც არაფერი შეიცვალა ისტორიის მსვლელობაში. კლერ დე დიურასმა “ურიკა” დაწერა, ჰარიეტ ბიჩერ სტოუმ კი – “ბიძია თომას ქოხი”, თუმცა საკუთარი ბედისწერა მაინც დამონებულმა ხალხმა შეცვალა, რომელიც ერთ დღეს აჯანყდა და უსამართლობას არალეგალურად შექმნილი წინააღმდეგობის მოძრაობით დაუპირისპირდა ბრაზილიაში, გვიანაში, ანტილის კუნძულებსა და შავკანიანთა პირველ რესპუბლიკაში კუნძულ ჰაიტიზე.

მწერალს ყველაზე ძალიან მოქმედება სურს. მოწმედ ყოფნაზე მეტადაც. უნდა, რომ წეროს, წარმოიდგინოს, ოცნებებს მიენდოს, რათა მისმა სიტყვებმა თუ გამონაგონმა სინამდვილეში შეაღწიოს, მკითხველთა გული და გონება შეცვალოს, უკეთესი სამყაროს კარი გაუღოს მათ. და მაინც, სწორედ ამ წამსაც კი მას შინაგანი ხმა კარნახობს, რომ სიტყვები მხოლოდ სიტყვებია, რომლებსაც საზოგადოების შიგნით მოთარეშე ქარები გააქრობენ, რომ ოცნებები მხოლოდ ქიმერაა. რა უფლებით ჰგონია, რომ სხვებზე უკეთესია? ნუთუ გამოსავლის ძებნა მართლაც მწერლის საქმეა? განა ის იმ მეველის მდგომარეობაში არ იმყოფება, მიწისძვრის შევედრება რომ უნდა ჟიულ რენარის პიესაში “ნოკი, ანუ მედიცინის ზეიმი”? ან კი როგორ უნდა იმოქმედოს მწერალმა, როცა მას მხო­ლოდ წარსულის გახსენება შეუძლია?

მარტოობა მუდამ მისი ხვედრი იქნება. ყოველთვის ასე იყო. ბავშვობისას ეს ბიჭუნა ხომ სუსტი, გულდამძიმებული, ზედმეტად მგრძნობიარე არსება იყო, ან ის გოგონა, კოლეტმა რომ აღწერა, რომელიც უმწეოდ იდგა და მშობლების ჩხუბს დაძაბულობისგან გაფართოებული, ტკივილით სავსე შავი თვალებით შეჰყურებდა. მარტოობა ბუნებრივად იზიდავს მწერლებს, მხოლოდ მის გვერდით თუ სწვდებიან ისინი ბედნიერების არსს. ეს წინააღმდეგობრივი ბედნიერებაა, ტკივილნარევი, სიამეში გაზავებული, მოჩვენებითი ზეიმი, ყრუ და ყოვლისმომცველი უამური შეგრძნება, როგორც საიდანღაც აკვიატებული მელოდია. მწერალმა ყველაზე უკეთ იცის იმ შხამიანი და საჭირო მცენარის მოვლა-პატრონობა, რომელიც მხოლოდ მისი უძლურებით გაჯერებულ ნიადაგზე ამოდის. მას სურდა ესაუბრა ყველას ნაცვლად, ყველა ეპოქაში: ხან აქ ვხედავთ, ხან – იქ, საკუთარ ოთახში განმარტოებულს, ცარიელი ფურცლის გადაფითრებულ სარკესთან დარჩენილს, იმ აბაჟურის ქვეშ გარინდულს, იდუმალ შუქს რომ ასხივებს. ან კომპიუტერის მეტად კაშკაშა ეკრანთან, კლავიატურის ღილაკებს თითებს რომ უკაკუნებს და ამ ხმაურს უსმენს. აი, ეს არის ის ტყე. მწერალმა მისი ყოველი ბილიკი ზეპირად იცის, ხოლო თუ ზოგჯერ ხელიდან მაინც გაუსხლტება რამე, როგორც ალიონზე ძაღლის ყეფით დამფრთხალი ჩიტი, მის ჩრდილს გაოგნებული მზერა მიაცილებს – ეს შემთხვევით მოხდა, ამ კაცის უნებურად, ამ ქალის სურვილის წინააღმდეგ.

სულაც არ მინდა, უარყოფითი ემოციების ფრქვევით გული მოვიოხო. ლიტერატურა – აი, ამის სათქმელად ვემზადებოდი – არქაული გადმონაშთი არ არის, რომელსაც ლოგიკურად უნდა ჩაენაცვლოს აუდიოვიზუალური ხელოვნება და განსაკუთრებით, კინო. ის კომპლექსური, რთული გზაა, მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს იგი უფრო საჭიროა, ვიდრე ბაირონისა თუ ვიქტორ ჰიუგოს ეპოქაში.

ეს საჭიროება ორი მიზეზით არის განპირობებული:

პირველ რიგში, იმით, რომ ლიტერატურას ენა ქმნის. სიტყვა “მწერლობის” უპირველესი მნიშვნელობაა: “ის, რაც დაწერილია”. ფრანგული სიტყვა “რომან” (რომანი) იმ პროზაულ ნაწარმოებებს აღნიშნავს, რომლებშიც შუა საუკუნეების შემდეგ პირველად გამოიყენეს ახალი ენა, რომელზეც ყველა საუბრობდა – რომანული ენა. აგრეთვე სიტყვა “ნოუველლე” (ნოველა, მოთხრობა) ამ სიახლის იდეიდან მოდის. თითქმის იმავე ეპოქაში საფრანგეთში შეწყვიტეს სიტყვა “რიმეურ”-ს (გამრითმავი, მელექსე – სიტყვიდან: “რიმე” რითმა, ლექსი) ხმარება პოეზიასა და პოეტებთან (ბერძნული ზმნიდან: “პოიეინ” – შექმნა) მიმართებაში. პოეტი, მწერალი, რომანისტი შემოქმედნი არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ენას თავიდან იგონებენ, არა, მას იდეების, სახეების, მშვენიერების შესაქმნელად იყენებენ. ამიტომაც, მათ გარეშე საერთოდ ვერაფერს გავხდებოდით. ენა კაცობრიობის ყველაზე უცნაური გამოგონებაა, რომელიც ყველაფერს წინ უსწრებს და ყველაფერს ანაწევრებს. უენოდ არც მეცნიერება იარსებებდა, არც ტექნიკა, არც კანონები, არც ხელოვნება, არც სიყვარული. თუმცა ეს გამოგონება თანამოსაუბრესთან ურთიერთობის გარეშე სრულიად უსარგებლო ხდება. ის შეიძლება სისხლისგან დაიცალოს, გაღარიბდეს, სრულიად გაქრეს. მწერლები, გარკვეული აზრით, მისი მცველები არიან. როცა ისინი რომანებს, ლექსებს, პიესებს წერენ, ამით ენას აცოცხლებენ. ეს ადამიანები სიტყვებს კი არ იყენებენ, არამედ, პირიქით, თავად ემსახურებიან ენას – განადიდებენ, პირს ულესავენ, სახეს უცვლიან, რადგან იგი მხოლოდ მათით და მათში ცოცხლობს და ფეხს უწყობს ეპოქის სოციალურ თუ ეკონომიკურ ტრანსფორმაციებს.

როდესაც გასულ საუკუნეში რასისტული თეორიები გაჩნდა, მაშინვე კულტურებს შორის არსებული სიღრმისეული განსხვავებები გაიხსენეს. რაღაც აბსურდული იერარქიით ერთმანეთს დაუკავშირეს კოლონიზატორთა ეკონომიკური წარმატება და ე. წ. კულტურული უპირატესობის ცნება. ეს თეორიები, როგორც არაჯანსაღი, სახიფათო იმპულსები ახლაც კი ხან სად იჩენს თავს და ხან სად, რათა ნეოკოლონიალიზმისა თუ იმპერიალიზმის გამართლება სცადოს. ზოგიერთი, ვისაც თანაბარი უფლება არ მისცეს ენასთან მიმართებაში, რადგან ეკონომიკურად ჩამორჩენილები იყვნენ, ან მოძველებულ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, მაჩანჩალას როლში აღმოჩნდა. ნუთუ ვერავინ შენიშნა, რომ მსოფლიოს ყველა ხალხი, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და როგორი განვითარებულიც არ უნდა იყოს, ენას იყენებს? თითოეული ენა კი ერთმანეთს ჰგავს, რადგან ლოგიკურ, კომპლექსურ, კონსტრუირებულ და ანალიტიკურ მთლიანობას წარმოადგენს, რომელიც სამყაროს გამოხატვის საშუალებას იძლევა, რომელზეც მეცნიერების შექმნა ან მითების შეთხზვაა შესაძლებელი.

მას შემდეგ, რაც ისეთი გაორებული და ცოტა ჩამორჩენილი არსება დავიცავი, როგორიც მწერალია, მინდა, ლიტერატურის არსებობის მეორე მიზეზი გაგიმხილოთ, რამდენადაც ეს უკანასკნელი, პირველ რიგში, გამომცემლის საქმიანობას ეხება.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ გლობალიზაციაზე და ივიწყებენ, რომ ეს მოვლენა აღორძინების ეპოქის ევროპაში დაიწყო, კოლონიალიზმის ხანასთან ერთად. თავისთავად, მონდიალიზაცია სულაც არ არის ცუდი. კომუნიკაცია პროგრესს აჩქარებს, მედიცინასა თუ ზოგადად, მეცნიერებაში. ისე, შესაძლოა, ინფორმაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობამ კონფლიქტები კიდევ უფრო გაართულოს. ჰიტლერის დროს ინტერნეტი რომ ყოფილიყო, თავისი მუხანათური ჩანაფიქრის განხორციელებას ის ნამდვილად ვერ მოახერხებდა – დაცინვის შიში გადააფიქრებინებდა.

ჩვენ ინტერნეტისა და ვირტუალური კომუნიკაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს კარგია, მაგრამ რისი მაქნისია საკვირველი გამოგონებები, თუ მწერლობის გაცნობასა და წიგნებს არ მოხმარდება? თხევადკრისტალური მონიტორებით კაცობრიობის უდიდესი ნაწილის უზრუნველყოფა უტოპიაა. ჰოდა, განა ახალ ელიტას არ ვქმნით, ახალ გამყოფ ხაზს არ ვავლებთ, რომელიც სამყაროს ორ ნაწილად გაყოფს: აქეთ დარჩებიან ერთნი, ვისაც ხელი მიუწვდებათ კომუნიკაციასა და ცოდნაზე, ხოლო იქით – მეორენი, ვინც უბრალოდ არადანს წარმოადგენენ? დიდი ერები, დიდი ცივილიზაციები გაქრნენ, რადგან ეს ვერ გააცნობიერეს. ზოგიერთმა უძველესმა კულტურამ, რომელთაც უმცირესობებს ვუწოდებთ, დღემდე იმის წყალობით მოაღწია, რომ ცოდნასა და მითებს თაობიდან თაობას ზეპირი გზით გადასცემდა. მეტად საჭირო, კეთილგონივრული ნაბიჯი იქნება მათი დამსახურების აღიარება. თუმცა, ჩვენი სურვილისა და იმის მიუხედავად, მკაცრ რეალობაში ცხოვრებისთვის მომწიფებულნი ვართ თუ არა, კარგა ხანია, მითების ხანაში უკვე აღარ ვცხოვრობთ, შეუძლებელია სხვი­სი პატივისცემა დავიმსახუროთ და საყოველთაო თანასწორობა დავამყაროთ, თუ თითოეულ ბავშვს წერის სიკეთეს არ ვაზიარებთ.

დღეს, დეკოლონიზაციის მომდევნო ეპოქაში, ლიტერატურა ერთ-ერთი საშუალებაა თანამედროვე კაცებისა და ქალებისთვის საკუთარი იდენტობის გამოსახატად, აგრეთვე იმისთვის, რომ სიტყვის უფლება მოითხოვონ და დანარჩენებს თავისი მრავალ­ხმიანობა გააგონონ. მათი ხმის, მათი ძახილის გარეშე სრულიად მდუმარე სამყაროში ვიცხოვრებდით.

ლიტერატურის ადგილი მსოფლიოში ყველას თანაბრად გვაღელვებს. პირველ რიგში კი, ამაზე მკითხველები, სხვაგვარად თუ ვიტყვით, გამომცემლები არიან პასუხისმგებელნი. ცხადია, უსამართლობაა, რომ კანადის უკიდურესი ჩრდილოეთის მკვიდრმა ინდიელმა დამპყრობელთა ენაზე – ფრანგულად ან ინგლისურად უნდა წეროს, რათა საკუთარი ხმა გაგვაგონოს. რა თქმა უნდა, თავს მოვიტყუებთ, თუ დავიჯერებთ, თითქოს მავრიკის ან ანტილიის კუნძულების კრეოლურ ენას მსოფლიოში ყველა ისევე იოლად გაიგებს, როგორც იმ ხუთ-ექვს ენას, რომლებსაც დღეს სრულიად დაპყრობილი აქვთ მედიასივრცე. თუმცა თარგმანის მეშვეობით მაინც შეიძლება მსოფლიომ მათი ხმა მოისმინოს, ეს კი რაღაც ახალი და იმედისმომცემი ამბავი იქნება. კულტურა, როგორც ვამბობდი, ჩვენი, მთელი კაცობრიობის საერთო ქონებაა. ეს რომ მართლაც ასე იყოს, ყველას თანაბარი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ყველას უნდა მიუწვდებოდეს ხელი კულტურაზე. ამისთვის კი იდეალური იარაღი წიგნია, მთელი თავისი არქაულობით. პრაქტიკულია, მოსახერხებელია, ეკონომიურია. განსაკუთრებული ტექნოლოგიური დამუშავება არ სჭირდება და ნებისმიერ კლიმატურ პირობებში კარგად ინახება. მისი ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ – აი, აქ განსაკუთრებით გამომცემლებს მივმართავ – ბევრი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ ძნელად ხელმისა­წვდომია. მავრიკიზე რომანისა თუ ლექსების კრებულის ფასი ოჯახის ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მექსიკაში, ოკეანიის კუნძულებზე წიგნი წარმოუდგენელ ფუფუნებად ითვლება. ამ უბედურებას საშველი აქვს. განვითარებად ქვეყნებთან ერთად განხორციელებული ერთობლივი გამოცემები, ფონდების შექმნა ბიბლიოთეკებისა თუ ბიბლიობუსებისთვის, ზოგადად, უფრო მეტი ყურადღება ამ ხალხის მოთხოვნებისა და იმ მწერლობის მიმართ, რომელიც ე. წ. უმცირესობის ენაზე იქმნება (ზოგჯერ უმრავლესობას რომ წარმოადგენს). ამ გზით ლიტერატურა ისევ დარჩებოდა საკუთარი თავის შეცნობისა თუ სხვისი გაცნობის საოცარ საშუალებად, რაც შესაძლებლობას მოგვცემდა, ერთ დღეს კაცობრიობის კონცერტი მოგვესმინა, მთელი თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი თემებითა თუ ვარიაციებით.

სიამოვნებით ვისაუბრებდი კიდევ ამ ტყეზე. ალბათ იმის გამო, რომ სტიგ დაგერმანის ფრაზა ჩემს მეხსიერებაში ისევ ხმიანობს, მისი წაკითხვა და გადაკითხვა, მასში შეღწევა მინდა. არის ამ ფრაზაში რაღაც სასოწარმკვეთი და ამავე დროს საზეიმო, რადგან მხოლოდ მწარე ნაღველით თუ მივაგნებთ იმ ჭეშმარიტების მარცვალს, რასაც ყველა ვეძებთ. ბავშვობაში ამ ტყეზე ვოცნებობდი ხოლმე. მაშინებდა და იმავდროულად მიზიდავდა – ალბათ ცეროდენას ან ჰენზელსაც მსგავსი შეგრძნება ექნებოდათ, როცა ისინი შუაგულ ტყეში აღმოჩნდნენ, საფრთხეებითა და საოცრებებით გარემოცულნი. ტყეში საზღვრები არ არსებობს. შეიძლება დაიკარგო კიდეც გაბარდულ ხეებსა და ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში. ამავეს ვიტყოდი უდაბნოსა თუ ღია ზღვაზე, სადაც თითოეული ტალღა, თითოეული ბორცვი თავისსავე მსგავსში გადადის, ზუსტად იმავენაირ ტალღას, იმავენაირ ბორცვს წარმოქმნის. მახსოვს, პირველად რომ მივხვდი, რა შეიძლება ყოფილიყო ლიტერატურა – ჯეკ ლონდონის “წინაპართა ძახილში”, უფრო სწორად, იმ პასაჟში, თოვლში დაკარგული ერთ-ერთი პერსონაჟი რომ იგრძნობს, როგორ ნელ-ნელა იტანს სიცივე მაშინ, როცა მგლების ხროვა თანდათან უახლოვდება. ის გაქვავებულ ხელს შესცქერის და ცდილობს, თითოეული თითი ერთმანეთის მიყოლებით აამოძრაოს. ამ აღმოჩენას ჩემნაირი ბავშვისთვის ნადვილად ჯადოსნური ელფერი ჰქონდა. ამას თვითშემეცნება ერქვა.

ტყეს უნდა ვუმადლოდე ერთ-ერთ უდიდეს ლიტერატურულ ემოციას ზრდასრულობის ასაკშიც. ეს ოცდაათი წლის წინ მოხდა, ცენტრალური ამერიკის რეგიონში, რომელსაც ელ ტაპონ დე დარიენი ჰქვია. მაშინ (და როგორც ვიცი, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა) სწორედ დარიენის ხეობამდე მოდიოდა და ვეღარ გრძელდებოდა პანამერიკული გზატკეცილი, რომელიც ორი ამერიკის დასაკავშირებლად გადაეჭიმათ, ალასკიდან ცეცხლოვანი მიწის კიდემდე. ამ ნაწილში პანამის ყელი ახლაც საშინლად გაუვალი ტყით არის დაფარული, რომელშიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეაღწევ, თუ მდინარეებს ადგილობრივი წარმოების გრძელი და წვრილი ნავით აუყვები. ამ ტყეში ამერიკელი ინდიელები ცხოვრობენ, ორ ნაწილად დაყოფილნი: ემბერას ტომად და ვონანას ტომად. ორივენი გე-პანო-კარიბის ლინგვისტურ ოჯახს მიეკუთვნებიან. იქ შემთხვევით მოვხვდი და ამ ხალხით იმდენად მოვიხიბლე, რომ რამდენჯერმე დიდი ხნითაც ვესტუმრე, დაახლოებით სამი წლის მანძილზე. მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რომ სახლიდან სახლში ალალბედზე დავდიოდი – ეს ხალხი უარს ამბობდა სოფლებად დაჯგუფებაზე – და რასაც მანამდე მივეჩვიე, იმისგან სრულიად განსხვავებული რიტმით ცხოვრებას ვსწავლობდი. როგორც ყველა ნამდვილი ტყე, ესეც გამორჩეულად მტრული და საშიში იყო. იძულებული გავხდი, ყველა საფრთხე და აგრეთვე მათგან თავის დაღწევის გზები ორ გრძელ სიად ჩამომეწერა. უნდა ვთქვა, რომ, საერთოდ, ემბერები ძალიან ბევრს მითმენდნენ, ჩემს მოუქნელობაზე იცინოდნენ და ალბათ მეც გადავუხადე სამაგიერო, როცა მათ სიბრძნეებზე, ცოტა არ იყოს, ვიხალისე. მაშინ ბევრს არ ვწერდი. ტყე ნამდვილად არ არის იდეალური ადგილი ამისათვის. ნესტი ქაღალდს ალბობს, სიცხე მელანს ახმობს. არც ერთი მექანიზმი, რაც ელექტროენერგიით მუშაობს, დიდხანს არ ძლებს. იქ იმ რწმენით ჩავედი, რომ წერა პრივილეგია იყო და ნებისმიერ სირთულეს მუდამ დამაძლევინებდა. ჩემი პატარა თავშესაფარი, წარმოსახვითი სარკმელი, რომელშიც მაშინვე გადავძვრებოდი, როცა ქარიშხალი ამოვარდებოდა.

მას შემდეგ, რაც ბოლომდე გავითავისე პირველყოფილი კომუნიზმის სისტემა, ისევე როგორც ავტორიტეტებისადმი ის ღრმა სიძულვილი, რაც ამერიკელ ინდიელებს ახასიათებთ და აგრეთვე, ბუნებრივი ანარქიისკენ მათი სწრაფვა, მივხვდი, რომ ხელოვნება, როგორც ინდივიდუალური თვითგამოხატვის ფორმა, ტყეში არაფრად ვარგოდა. სხვათა შორის, ამ ხალხში იმის მსგავსიც კი არაფერი იყო, რასაც მომხმარებელთა საზოგადოებაში ხელოვნებას ვუწოდებთ. სურათების დახატვის ნაცვლად, კაცები და ქალები სხეულებს იხატავდნენ და არაფრით არ სურდათ რაიმე ისეთის შექმნა, რაც დროს გაუძლებდა. მერე მითებიც მოვისმინე. როცა ჩვენს წიგნიერ სამყაროში მითებს ახსენებენ, თითქოს რაღაც ძალიან შორეულზე ლაპარაკობენ – დროში ან სივრცეში დაშორებულზე. მეც მჯეროდა ამ მანძილისა. და აი, მითები თვითონ მოდიოდა ჩემთან, განუწყვეტლივ, თითქმის ყოველ ღამით. იმ კოცონის წინ, სახლების სიღრმეში სამი ქვით მოწყობილ კერიაზე რომ გიზგიზებდა, კოღოებისა და ღამის პეპლების ცეკვის თანხლებით, მეზღაპრე კაცებისა თუ ქალების ხმები ამ ისტორიებს, ლეგენდებს, ამბებს ისე აცოცხლებდნენ, თითქოს ყოველდღიურ სინამდვილეზე მოგვითხრობდნენ. მეზღაპრე გამკივანი ხმით მღეროდა, მკერდზე მჯიღს იცემდა, სახის გამომეტყველებას იცვლიდა პერსონაჟთა განცდების, ვნებების, მღელვარების მიხედვით. ეს შეიძლებოდა სულაც რომანი ყოფილიყო და არა მითი. ერთ ღამეს კი ახალგაზრდა ქალი მოვიდა. მას ელვირა ერქვა. ემბერას ტყის მიდამოებში ზღაპრების ოსტატურად თხრობით იყო განთქმული. თავგადასავლების მაძიებლად ითვლებოდა, რომელიც უქმროდ და უშვილძიროდ ცხოვრობდა, – ამბობდნენ, ცოტა ლოთია და ცოტა ბოზიცო, მაგრამ არაფერი მჯერა – და სახლიდან სახლში იმისთვის დადიოდა, რომ ემღერა, საფასურად კი სადილი, ერთი ბოთლი მაგარი სასმელი, ხანდახან კი მცირეოდენი ფულიც მიეღო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ზღაპრების თარგმანს ვისმენდი – ემბერას ენას ლიტერატურული ვერსია აქვს, რომელიც ყოველდღიურ ენაზე გაცილებით რთულია – მაშინვე მივხვდი, რომ ის დიდი ხელოვანი იყო, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით. მისი ხმის ტემბრი, ხელების რიტმი, როცა მათ მკერდზე ირტყამ­და, ვერცხლის მონეტებით დამძიმებულ ყელსაბამებად და ამ ყველაფერთან ერთად შეშლილის იერი, რომელიც სახესა და თვალებს საოცარი შუქით უნათებდა – ეს მოზომილი და რიტმული ტრანსი თანაბარი ძალით მოქმედებდა ყველაზე, ვინც იქ იყო. მითების მარტივ სიუჟეტებს – თამბაქოს გამოგონებას, პირველ ტყუპებს, ღმერთებისა და ადამიანების უხსოვარი დროის ამბებს ის საკუთარ თავგადასავალს უმატებდა, თავისი ხეტიალის, სიყვარულის, ღალატისა და ტანჯვის, ხორციელი ტკბობის სიამე­ების, ეჭვიანობის მწარე ნაღველის, სიბერისა და სიკვდილის შიშის ისტორიებს. ის გაცოცხლებული პოეზია, ანტიკური თეატრი და, ამავე დროს, მეტად თანამედროვე რომანი იყო. ამ ყველაფერს წარმოუდგენელი ცეცხლითა და მგზნებარებით ასრულებდა. კუნაპეტ ტყეში, მწერების, გომბეშოების, ღამურების გუნდის გარემოცვაში იმ განცდას ძერწავდა, რასაც სილამაზის გარდა სხვა სახელს ვერ დაარქმევ. თითქოს მისი სიმღერა ბუნების ჭეშმარიტი ძალის გამოვლინება იყო – ალბათ, ყველაზე დიდი პარადოქსიც იმაში მდგომარეობდა, რომ ეს განმარტოებული ადგილი, ლიტერა­ტურის ხელოვნურ სირთულეებს განრიდებული ტყე ისეთ ადგილად ქცეულიყო, სადაც ხელოვნება ყველაზე ძლევამოსილი და თავისთავადი სახით იქმნებოდა.

მერე წამოვედი ამ ქვეყნიდან და არც ელვირა, არც დარიენის ტყის სხვა მეზღაპრეები აღარასდროს მინახავს. თუმცა იმაზე უფრო მეტი რამ დამრჩა, ვიდრე ნოსტალგიაა – რწმენა, რომ ლიტე­რატურას მაინც შეეძლო არსებობა, მიუხედავად გადაღეჭილი პირობითობებისა და კომპრომისებისა, მიუხედავად იმისა, რომ მწერლები სამყაროს შესაცვლელად უძლურნი იყვნენ. ზოგჯერ რაღაც დიდი და ძლიერი, რაც მათზე ბევრად აღმატებულია, ამ ადამიანებს გამოაცოცხლებს და თავიდან ბოლომდე ცვლის, ბუნების ჰარმონიას დაუბრუნებს ხოლმე. რაღაც ახალი და იმავდროულად ძალიან ძველი, ქარივით მოუხელთებელი, ღრუბლებივით უსხეულო, ზღვასავით უსასრულო. ეს ის არის, რაც ჯალალ ალ-დინ რუმის პოეზიასა თუ ემანუელ სვედენბორგის ვიზიონერულ არქიტექტურაში ფეთქავს. თრთოლა, კაცობრიობის ისეთი საუკეთესო ტექსტების კითხვისას რომ გვიპყრობს, როგორიც ის სიტყვაა, რომლითაც XIX საუკუნის ბოლოს ლუმნის ტომის ინდიელების წინამძღოლმა სტელსმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიმართა, სანამ მიწას საბოლოოდ დაუთმობდა: “ჩვენ ალბათ ძმები ვართ…”.

არის რაღაც უბრალო და ნამდვილი, რაც მხოლოდ ენაში არსებობს. ხიბლი, ხანდახან ცბიერი სვლები, თვალშისაცემად მყვირალა ცეკვა თუ სიჩუმის დიდი პლაჟები. დაცინვის ენა, შორისდებულების, წყევლის და აი, აქვე, სამოთხის ენა.

სწორედ ელვირას წინაშე მინდა ვალის მოხდა – მას ვუძღვნი ამ პრემიას, რომელიც შვედურმა აკადემიამ გადმომცა. მას და ყველა იმ მწერალს, რომლებთან სიახლოვე – ზოგჯერ კი დაპირისპირებაც – ჩემი ცხოვრების ნაწილია. აფრიკელებს: უოლე შოიინკას, ჩინუა აჩებეს, აჰმადუ კურუმას, მონგო ბეტის, ალან პეიტონის “საყვარელი ქვეყნის გამოტირებას”, ტომას მოფოლოს “ჩაკას”. დიდ მავრიკელს მალკოლმ დე შაზალს, სხვა წიგნებთან ერთად, “იუდას” ავტორს. მავრიკელ რომანისტს, აბიმანიუ უნუთს, რომელიც ჰინდის ენაზე წერს, “სისხლის სუნისთვის”.

რომანისტს, რომელიც ურდუს ენაზე წერს, ჰიდერ ქურატულენს, ეპოპეისთვის “ცეცხლის მდინარე”. რეუნიონელ შეუპოვარ დანიელ უაროს, მალოიას სიმღერებისთვის, კანაკ პოეტ ქალს დეუე გოროდეს, რომელმაც კოლონიზატორები ისე გამოიწვია, რომ საქმე საციხედ გაიხადა. ამბოხებულ აბდურაჰმან ვაბერის. ხუან რულფოს, “პედრო პარამოსა” და სხვა მოთხრობებისთვის, რომლებშიც მექსიკური სოფლის უბრალო და ტრაგიკული სურათები გვაჩვენა. ჯონ რიდს “ამბოხებული მექსიკისთვის”, ჟან მეიერს, რომელიც აურელიო ასევედოსა და კრიტეროს ამბოხებულების სახელით ლაპარაკობდა ცენტრალურ ამერიკაში. ლუი გონსალესს, “ჰაერში გამოკიდებული სოფლის” ავტორს. ჯონ ნიკოლს, ვინც ყამირი მიწის შესახებ მოგვითხრო წიგნში “ომი მილაგროს ცერცვის ველებზე”, ჰენრი როთს, ჩემს მეზობელს ნიუ-იორკის ქუჩაზე, ალბუკერკში (ნიუ-მექსიკო), წიგნისთვის “ესეც ძილია”. ჟან პოლ სარტრის, იმ ცრემლებისთვის, რომლებითაც მისი პიესა “უსაფლავო მკვდრებია” გაჯერებული. უილფრიდ ოუენს, პოეტს, რომელიც მარნის მისადგომებთან გარდაიცვალა 1914 წელს. სელინჯერს, რადგან მან იმ თოთხმეტი წლის ყმაწვილად გვაგრძნობინა თავი, რომელსაც ჰოლდენ კოლფილდი ჰქვია. ამერიკის პირველი ერების მწერლებს: სიუ შერმან ალექსის, ნავაჯო სკოტ მომადეის, “სახელებისთვის”. რიტა მესტოკოშოს, მინგანელ (კვებეკის პროვინციის მკვიდრ) პოეტ ქალს, რომელმაც ხეები და ცხოველები აამეტყველა. ხოსე მარია არგედას, ოქტავიო პასს, მიგელ ანხელ ასტურიასს. უალატას ოაზისის პოეტებს, შინგეტში. ალფონს ალესა და რაიმონ კენოს, საოცარი წარმოსახვისთვის. ჟორჟ პერეკს წიგნისათვის: “პატარა ველოსიპედი მონიკელებული თვლებით დიდი რბოლის შუაგულში”. ანტილიელ ედუარ გლისანს და პატრიკ შამუაზოს, ჰაიტელ რენე დეპესტრს, ასევე შვარც-ბარტს წიგნისთვის “უკანასკნელი მართალნი”. მექსიკულ პოეტს ომერო არიდისს, რომელიც ტყავისბაკნიანი კუს ცხოვრებას თვალწინ გადაგვიშლის და სამეფო პეპლებით სავსე იმ ფორთოხლისფერ მდინარეებზე გველაპარაკება, კონტპეკში, მისი სოფლის ქუჩებში რომ მიედინება. ვენუს კური გატას, ვინც ისე საუბრობს ლიბანზე, როგორც ტრაგიკულ და უძლეველ სატრფოზე. ხალილ ჯიბრანს. რემბოს. ემილ ნელიგანს. რეჯენ დუშარმს – არსებობისთვის.

ვუძღვნი იმ უცნობ ბავშვს, რომელსაც ერთხელ მდინარე ტუირას ნაპირას გადავეყარე, დარიენის ტყეში. ღამით, მაღაზიის იატაკზე წამომჯდარი ნავთის ლამპის შუქზე წიგნს კითხულობდა და წინ გადახრილი რაღაცას წერდა კიდეც. ირგვლივ ყურადღებას არაფერს აქცევდა, არც უხერხულობა აწუხებდა, არც ხმაური, არც უწესრიგობა, არც მწარე და სასტიკი ცხოვრება, რომელიც მის გვერდით მიედინებოდა. აი, ეს ბავშვი, მაღაზიის იატაკზე ფეხმორთხმული რომ იჯდა ტყის შუაგულში და ლამპის ალის შუქზე კითხულობდა, შემთხვევით არ მიხსენებია. ის ძმასავით ჰგავს იმ ბიჭუნას, რომელზეც დასაწყისში ვსაუბრობდი, მშენებლის ფანქრით სასურსათო ტალონის უკანა გვერდზე რაღაცის დაწერას რომ ცდილობდა ომის შემდგომი სიბნელის წლებში. ის კაცობრიობის ისტორიის ორ დიდ ამოცანას შეგვახსენებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ გადაგვიჭრია: შიმშილის დამარცხება და უწიგნურობის აღმოფხვრა.

სტიგ დაგერმანის ფრაზა, მთელი თავისი პესიმიზმით იმ მწერ­ლის ფუნდამენტური პარადოქსის შესახებ, რომელიც უკმაყოფილოა, რადგან არ შეუძლია ხმა მიაწვდინოს მათ, ვისაც საკვებიც აკლია და ცოდნაც – უფრო დიდ სიმართლეს გვიმხელს. უწიგნურობის აღმოფხვრა და შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლა მჭიდროდ არის ერთმანეთზე გადაჯაჭვული. ვერც ერთს ვერ გადავჭრით წარმატებით მეორის გარეშე. ორივე ითხოვს და მოითხოვს, რომ რაღაც ვიღონოთ. ამ მესამე ათასწლეულში, რომელიც სულ ახლახან დაიწყო, ჩვენს პლანეტაზე არც ერთი ბავშვი, რა სქესის, ენისა თუ რელიგიისაც არ უნდა იყოს, შიმშილისა და უმეცრების ტყვეობაში არ უნდა აღმოჩნდეს, შორიდან არ უნდა უყურებდეს სხვების ზეიმს. ეს ბავშვი საკუთარ თავში ადამიანური მოდგმის მომავალს ატარებს. მისია მეუფება, როგორც დიდი ხნის წინ ბერძენმა ჰერაკლიტემ ბრძანა.

ქიმიური თეატრი წარმოგიდგენთ

0

ბავშვობიდან, რომ იტყვიან, მიხეილ თუმანიშვილისა და მისი კინომსახიობთა თეატრის ტრფიალი ვარ. მახსოვს, სპექტაკლები შაბათ-კვირას იმართებოდა და კვირის ბოლოს დღესასწაულივით ველოდი. ეს იყო ჩემი ჯილდო მთელი კვირის კარგი ქცევისთვის. ველოდი, რომ კვირის ბოლოს ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდებოდი და თეატრი მოლოდინს არ მიცრუებდა. იქიდან ენერგიით დამუხტული ვბრუნდებოდი და უკვე მომდევნო კვირის ბოლოზე ვოცნებობდი. ეს ის დრო იყო, როცა ამ თეატრის მოლარე, პროგრამის გამყიდველი და გამნათებელიც კი ქუჩაში მცნობდნენ და მესალმებოდნენ, მე კი მთელი რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი, გმირებთან ერთად ვტიროდი და ვიცინოდი, ვსწავლობდი ავსა და კარგს.

 

მერე გავიზარდე, ყოველდღიურმა რუტინამ უფრო და უფრო ჩამითრია და ჩემი საყვარელი თეატრისთვისაც უფრო და უფრო ნაკლები დრო მრჩებოდა. ამ საღამოს, სტატიის დასაწერად მომზადებულს, „ჩემი” თეატრი გამახსენდა, ასე რომ გამილამაზა ბავშვობა, და თავს უფლება მივეცი, ორიოდე სიტყვა მეთქვა მის შესახებ. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი სტატიის თემაც თეატრია, ოღონდ არა ჩვეულებრივი, არამედ ქიმიური თეატრი…

ამ თეატრში კონფერანსიე ქიმიის სახელმძღვანელოა, მსახიობები კი – ქიმიური ელემენტები, რომლებიც პოპულარულ ენაზე წარმოგვიდგენენ თავიანთ თავს და გვეუბნებიან, რომ ნამდვილად ღირს, ცოტა რამ მაინც ვიცოდეთ მათზე.

„ქიმიური პროცესების სამყარო თეატრის სცენას ჰგავს, სადაც ერთი მოქმედების შემდეგ უმალვე თამაშდება მეორე. მოქმედი პირები ელემენტები არიან და თითოეულ მათგანს თავისი როლი აკისრია” (კ. ვინკლერი, 1897 წ.).

პირველი სცენაზე, რა თქმა უნდა, წყალბადი გამოდის. „მე წყალბადი ვარ, ბუნებაში ძალიან გავრცელებული ელემენტი. შევდივარ როგორც ორგანიზმების, ასევე არაორგანული ნაერთების შემადგენლობაში. ყველაზე მსუბუქი აირი ვარ, არც სუნი გამაჩნია, არც გემო და არც ფერი. ძალიან მიყვარს ჟანგბადი. ის ჩემგან მოშორებითაა, მისი რიგობრივი ნომერი რვაა. ვიცი, თქვენც გიყვართ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ერთად წარმოვქმნით წყალს. წყლის გარეშე კი სიცოცხლე შეუძლებელია. ბევრი მეგობარი მყავს, მოგვიანებით გაგაცნობთ. ყველანი ერთად კი ქიმიური ელემენტები ვართ. ძალიან გვინდა, რომ მოგეწონოთ და დაგვიმახსოვროთ!”

გამოდიან ლითიუმი და ნატრიუმი. შემდეგ კალიუმის გამოსვლის დროც დგება:

„მოვერცხლისფრო-თეთრი ბზინვარე რბილი მეტალი ვარ. დანითაც კი ადვილად ვიჭრები. ძალზე რეაქციისუნარიანი გახლავართ, ჰაერზე უმალვე ვიჟანგები. ჩვეულებრივ პირობებში ქლორისა და ფთორის გარემოშიც ადვილად შეიძლება ჩემი აალება. იისფერი ალით ვიწვი. იცი, რას ვიზამ, წყალში თუ ჩამაგდე? – ცეცხლმოკიდებული „ვირბენ” და კალიუმის ტუტეს წარმოვქმნი. ოღონდ მასწავლებლის გარეშე ამის გაკეთებას არ გირჩევ. დამცავი სათვალეც გაიკეთე – ჩემთან თამაში უხიფათო არ არის. შენს ორგანიზმშიც ვარ და თავის ტვინის კუნთების მუშაობაში შეუცვლელ როლს ვასრულებ. იცი, სად უნდა მეძებო? მწვანე ლობიოში, მწვანე სალათში, ბადრიჯანსა და ბრინჯში. შეხვედრამდე”.

ამის შემდეგ სცენაზე მძიმე მეტალები გამოდიან. იციან თავიანთი ფასი და თავმდაბლობით ნამდვილად არ გამოირჩევიან.

სპილენძი: „მოწითალო ფერის ლითონი ვარ, ძალიან პლასტიკური, კარგი თბო- და ელექტროგამტარი. სხვადასხვა მინერალში მიპოვით, თუნდაც მალაქიტში. მშრალ ჰაერზე თითქმის არ ვიჟანგები, მაგრამ თუ სინესტეში მოვხვდი და იქვე ახლოს ნახშირბადის დიოქსიდიც იმყოფება, ჩემი ზედაპირი ჰიდროქსოსპილენძის კარბონატის მომწვანო ფენით დაიფარება. ჰაერზე ვიჟანგები და წარმოვქმნი შავი ფერის ოქსიდს – CuO-ს. ისე, წითელი ოქსიდის – Cu2O-ს – წარმოქმნაც შემიძლია. შენს ორგანიზმშიც ვარ, ოღონდ ძალიან მცირე რაოდენობით. მაინც გახსოვდე”.

სცენაზე ვერცხლი გამოდის. მას ფეხდაფეხ ოქრო მოჰყვება. აურუმი ნამდვილი ტრაბახაა, თუმცა აქვს კიდეც სატრაბახო:

„მე ოქრო ვარ და ამით ძალიან ვამაყობ! გახსოვთ ალქიმიკოსები? სწორედ ჩემს მისაღებად ეძებდნენ „ფილოსოფიურ ქვას”. ბუნებაში თითქმის მხოლოდ თვითნაბადი სახით ვარსებობ. მცირე რაოდენობით შემხვდებით რკინისა და სპილენძის სულფიდურ მადნებში. ჩემი კვალი ზღვის წყალშიც აღმოაჩინეს. დედამიწის ქერქში კი ოქროს შემცველობა მცირეა. ქიმიურად ნაკლებაქტიური ვარ, ჰაერზე გაცხელებითაც კი არ ვიცვლები. სამაგიეროდ, მარილმჟავასა და აზოტმჟავას ნარევში – „სამეფო არაყში” – ვიხსნები”.

სცენაზე ერთად შემორბიან ბერილიუმი, მაგნიუმი და კალციუმი. მაგნიუმი და კალციუმი ჩვენს ორგანიზმშიც არიან. პირველი ენერგიის სინთეზის რეაქციებში მონაწილეობს, მეორე კი კბილის მინანქრისა და ძვლოვანი ქსოვილის უმთავრესი კომპონენტია. შედის თავის ტვინში არსებულ ცილა კალმოდულინის შემადგენლობაშიც. ასე რომ, მაგარი კბილები, ძვლები და საღი აზროვნება – ეს კალციუმია. D ვიტამინი სჭირდება, რომ სისხლიდან უჯრედებში მოხვდეს. ერთი მტერიც ჰყავს, რომელიც მას უჯრედებიდან აძევებს და ეს მტერი თქვენ ძალიან გიყვართ. ვინ არის? კოფეინია. კოფეინის შემცველი სასმელები ზედმეტი მოგივათ და… ჩათვალეთ, რომ კალციუმი აღარ გაქვთ.

გინახავთ სიუჟეტი ბოროტი პერსონაჟების გარეშე? ისინი ჩვენს სპექტაკლშიც არიან: ქსენობიოტიკები – განსაკუთრებით საშიში მძიმე მეტალები. იცნობდეთ და ერიდეთ: კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტყვია.

კადმიუმი თავს იმართლებს, არც ისეთი ცუდი ვარ, ბირთვულ რეაქტორებში ჯაჭვური რეაქციების დასარეგულირებლად მიყენებენო. ასეც არის, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ თიოლურ შხამს წარმოადგენს, ცილების იმ ნაწილში ჩაერთვება, რომელიც გოგირდის ჯგუფებს შეიცავს და მისგან თავის დაღწევა არც ისე იოლია. თამბაქოს ფურცლებს აქვთ კადმიუმის იონების შთანთქმისკენ მისწრაფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ლითონი სიგარეტის შემადგენლობაშიც შედის. იცით, რომ ერთი ღერი სიგარეტის მოწევის შედეგად ორგანიზმში მოხვედრილი კადმიუმის უკან გამოდევნას რამდენიმე წელი სჭირდება? და ის თუ იცით, რომ ეს პასიურ მწეველებზეც ვრცელდება? ჰოდა, ყველას აუკრძალეთ თქვენს ახლოს მოწევა. თუ კადმიუმი დიდი რაოდენობით დაგროვდა ორგანიზმში, დაავადება „იტაი-იტაი” ვითარდება.

მეორე ბოროტი გმირი ვერცხლისწყალია, იგივე ჰიდრარგირუმი, ერთადერთი თხევადი მეტალი, ალქიმიკოსების ოცნება – ეგონათ, გოგირდთან მისი შეერთებით ოქროს მიიღებდნენ, თუმცა სინამდვილეში კინოვარს იღებდნენ და იწამლებოდნენ. აქროლადია და ორგანიზმში მოხვედრისას ცენტრალურ ნერვულ სისტემას თრგუნავს, თუმცა ამაზე შეიძლება ცალკეც ვისაუბროთ. სცენიდან თვითონვე გვეუბნება, მიფრთხილდითო!

მესამე „ბოროტმოქმედი” ტყვიაა. მას მეთილირებულ ბენზინს უმატებენ. ორგანიზმში ჩასუნთქვითაც ხვდება და მცენარეებიდანაც, რომლებიც გზის პირას იზრდებიან და მანქანების გამონაბოლქვს შთანთქავენ.

კულისებიდან გამოდიან ბორი, ალუმინი (რომელიც ერთ დროს ისეთ ძვირფას მეტალად ითვლებოდა, რომ ლონდონში ქიმიის სამეფო საზოგადოებამ მენდელეევი ალუმინის ჭიქით დააჯილდოვა). შემდეგ მიზანსცენა იცვლება და სცენაზე ცოცხალი და მკვდარი სამყაროს ორი წარმომადგენელი შემოდის: ნახშირბადი (ცოცხალი სამყაროდან) და სილიციუმი (მკვდარი სამყაროდან). გამოდის კალა, ფეხდაფეხ მოჰყვებიან აზოტი და ფოსფორი. „ბუნებაში უმეტესად თავისუფალ მდგომარეობაში ვიმყოფები და ჰაერის ძირითადი კომპონენტი ვარ (78,2%), – ამბობს აზოტი, – ბუნებაში ჩემი ნიტრატებია გავრცელებული. როგორც ნახშირბადს, წყალბადსა და ჟანგბადს, მეც თითქმის ყველა ბიომოლეკულაში მიპოვით. ამინმჟავების არსებობა უჩემოდ წარმოუდგენელია, ე.ი. უჩემოდ ვერც ცილები იარსებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი ვარ”.

„ბუნებაში საკმაოდ გავრცელებული ელემენტი ფოსფორი ვარ, იოლად ვიჟანგები. აზოტის მსგავსად, ცოცხალი ორგანიზმებისთვის შეუცვლელ როლს ვასრულებ. შევდივარ ზოგიერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცილის შემადგენლობაში”.

მომდევნო მოქმედება დარიშხანს, ჟანგბადს (რომელიც თავისი აღმოჩენის ამბავს მოგვითხრობს), გოგირდსა და სელენს ეთმობა. მათ ჰალოგენები მოჰყვებიან. რა თქმა უნდა, პირველი ფთორია:

„მე ფთორი ვარ, ქლორთან, ბრომსა და იოდთან ერთად ჰალოგენების ჯგუფს მივეკუთვნები. იცი, რას ნიშნავს სიტყვა „ჰალოგენი”? – მარილმბადს. დიახ, ჩვენ მეტალებთან ურთიერთქმედებისას ტიპურ მარილებს წარმოვქმნით. ყველა ჰალოგენს მკვეთრი სურნელი გვაქვს. ჩვენი მცირე რაოდენობით ჩასუნთქვაც კი სასუნთქი გზებისა და ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას იწვევს, ამიტომ ჩვენთან ფრთხილად იყავი!”

სპექტაკლი გრძელდება, სცენაზე ერთიმეორის მიყოლებით შემოდიან ქრომი, ვოლფრამი, მანგანუმი, რკინა, კობალტი, ნიკელი…

 

ამ „სპექტაკლის” ვიდეოვერსიას შემდეგ მისამართზე ნახავთ:

 

პირველი მოქმედება – https://www.youtube.com/watch?v=zu8PLi90cOk&feature=youtu.be

 

მეორე მოქმედება – https://www.youtube.com/watch?v=d6dgq7lq-tw&feature=youtu.be

 

მესამე მოქმედება – https://www.youtube.com/watch?v=AHgxKbNKTBo&feature=youtu.be

ნეკნიდან კეჟერაძემდე

0

არის ფრაზები, რომლებიც მთელი ცხოვრება შენი გგონია, მათ იყენებ საგაზეთო სტატიებში, საკუთარ მოთხრობებშიც კი და ეს ისევე ბუნებრივად მიგაჩნია, როგორც შენი სიგამხდრისგან წინ წამოწეული ნეკნები. გარეშე თვალისთვის იქნებ ძალიან ულამაზოც იყოს ძვლების ასეთი უნებლიე, მაგრამ თვალსაჩინო და არაბუნებრივი ხილულობა, შენთვის კი შენი სხეულია – ერთადერთი და მარტო შენი. ზუსტად ასე ცხოვრობს ხოლმე დოჩანაშვილი ჩემი რომელიმე ტექსტის სხეულში, ჩემი ნეკნებივით საყვარელი და ჩემი რეზუსუარყოფითი სისხლივით პრობლემური – თბილისური ჭადრების ნაჩუქარი მაისის ალერგენი. ალერგიები მაშინ იცის, როცა რომელიმე დიდად განათლებული კრიტიკოსი ჩემ მიერ გამოყენებული “მოიისფროს” ან “მისალოცის” მიღმა პლაგიატს ხედავს. მიდი და უმტკიცე ამ სწორხაზოვან თეორეტიკოსს, რომ წინ წამოწეულ ნეკნებს ვერაფრით ამოვიცლი.

მაინცდამაინც ნეკნით დავიწყე. უმჯობესი იქნებოდა, შიშით დამეწყო და თქვენთვის ბიბლიური სიმბოლოების ამოხსნის მცდელობისკენ არ მებიძგა, – არაფერი ბიბლიური, უფრო – პირადული. თუმცაღა ბიბლია ჩემთვის იმაზე პირადულია, ვიდრე ის, რამდენი შეყვარებული მყავდა (გოგონები ყოველთვის მალავენ მათ რიცხვს, ბიჭები – პირიქით). შედარება ძალიან არაწმინდაა. უკაცრავად.
სანამ ამ წიგნს წავიკითხავდი, ლიტერატურა უკვე ძალიან მიყვარდა და ეს სულ ბეტანკურიანი წიგნის გამო დამემართა. მანამდე შეყვარებული არ მყოლია. მაშინ უკვე ინტუიციურად ვხვდებოდი, რომ ეს სიყვარული გულისხმობდა სიკეთეს, ორივე ერთად კი ჩემი უმნიშვნელოვანესი მისიის, უფრო მეტად გაადამიანურების, დასაწყისი გახლდათ. ადამიანად დაბადება ადამიანურობას რომ არ გულისხმობს, ცხადია: თუ შენ მხოლოდ იმიტომ დგები ცუდ ხასიათზე, რომ შემწვარი ქათმის ნაცვლად სახლში აჯაფსანდალი დაგახვედრეს, დაფიქრდი, რამდენ ძვირფას წუთს კარგავ გაუღიმრად, კიტრის მწნილის სიმჟავეშერეული ხასიათის გადამკიდე. ანდა, ხომ არ აჯობებდა, მეზობლის ქალიშვილის საქმროს ნაკლოვანებათა ძებნის ნაცვლად სხვა რამ მოგეფიქრებინა, ან, უბრალოდ, გეფიქრა წიგნებზე, რომლებიც წაიკითხე და დაივიწყე, ან არ წაგიკითხავს და “მისალოცი” ხარ, ან წაიკითხე და გადაკითხვას უპირებ?!
რაკი რამდენჯერმე შეყვარებული ვახსენე:
კეჟერაძის ამბებამდეც კი, მანამდე, სანამ მოიისფრო ქალზე წავიკითხავდი, ძალიან მეშინოდა, რომ ოდესმე ჩემი გოგო შვილი (რომელიც, რაღა თქმა უნდა, ოდესმე დაიბადება) გადაეყრებოდა ვინმეს და ეს ვინმე ძალიან ემსგავსებოდა სიტყვას “გავძეხი”, მე კი ვიქნებოდი ისეთივე უადგილო, როგორიც სიტყვა “მაშასადამე” და ვერაფერს შევცვლიდი, რადგან საკუთარი შვილის ნეკნები ჩემი ნეკნებივით ვერასდროს ვიგრძენი და მისი პირველი შეყვარებული საერთოდ არ ჰგავდა ჩემს პირველ შეყვარებულს.
“კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, როგორც გითხარით, “სამოსელი პირველივით” ვერ შევიყვარე და ვერც ცხოვრების წიგნად ვაქციე, რადგან ცხოვრების წიგნი ვერ იქნება რამდენიმე და მე, უბრალოდ, მისთვის ადგილი აღარ დამრჩა. თანაც, ცოტა ხნის წინ, წიგნის მაღაზია “დიოგენეში” პირველად რომ ვნახე დოჩანაშვილი, მაღალი და გამხდარი, მივხვდი: ზუსტად ასეთი იქნებოდა ხანში შესული დომენიკო. ჰოდა, “სამოსელი” კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა.
გამიგონია, რომ ვასიკო კეჟერაძეს დოჩანაშვილისავე სიყვარულებს და, ერთი სიტყვით, ავტორს მის პროტოტიპობას მიაწერენ, მაგრამ ცდებიან: დოჩანაშვილის პერსონაჟი აუცილებლად იტყოდა ამ ფრაზას აგდებულად: “გააშავე, თორემ მაგასაც აკადემიაში ირჩევდნენ…” თავად დოჩანაშვილი კი – არასოდეს. ასე რომ, მე დომენიკოობას უფრო დავაბრალებდი, მიუხედავად იმისა, რომ გულუბრყვილობაა ავტორის ძებნა დიდ ნაწარმოებებში – ვისაც ოდესმე დაგვიწერია, ხომ მშვენივრად ვიცით, რომ ზოგჯერ ყველაზე უსიამო პერსონაჟსაც ყველაზე დაკვირვებული მკითხველის გამოცდილი თვალისთვისაც კი უხილავად აქვს ჩვენი, ავტორისეული ნიშანი; ის ეჟვანივით არ წკარუნობს, ჰგავს ხალს ყველაზე ინტიმურ ადგილას.
ვასიკო კეჟერაძე კი ანტიგმირი, რა თქმა უნდა, არ არის. უსიამო ვერ იქნება ვერავინ, ვისაც ლიტერატურა ძალიან უყვარს. და რაკი ის მას ასე ძალიან უყვარს, მშვენიერი იდეაც აქვს: “არის ქვეყნად სიტყვები, რომლებისთვისაც ძალზე ძნელია გვერდიგვერდ ყოფნა, ამ შემთხვევაშიც ასეა – სად „კარცერი” და სად „ლუქსი”; მაინც არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ორი სიტყვა, ოდესმე ერთმანეთს რომ არ შეეხამოს, ახლაც ასეა – ეს იქნებოდა კარცერი-ლუქსი, წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე – ნათურა-სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი-ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულისთვის. რას იზამ, ყველას არ შეუძლია ბიბლიოთეკაში კითხვა, და ვინც თავისი ფეხით შევა ჩემ მიერ შემოღებულ მოწყობილობაში, მისთვის ეს ოთახი იქნება უბრალოდ ლუქსი, მრავალთათვის კი – კარცერი-ლუქსი”…
რა თქმა უნდა, განუხორციელებელი იდეაა მსგავსი კარცერის არსებობა, მაგრამ მაინცდამაინც პირდაპირი მნიშვნელობით ნუ გავიგებთ: ასეთ კარცერად შეიძლება იქცეს ნებისმიერი სკოლის ნებისმიერი საკლასო ოთახი, თუ ქართულის მასწავლებელი მოსწავლეებს ვაჟასა და აკაკის გვერდით, მაგალითად, ზვიად რატიანისა და ბესიკ ხარანაულის პოეზიის შესახებაც დაელაპარაკება, ვერლიბრისა და ვერბლანის შესახებ უამბობს, ანდა, პოეზიას თავი დავანებოთ და, თომას ვულფის, ტრუმენ კეპოტეს, კორტასარისა და ბორხესის ან ბიბილურისა და სხვების შესახებ უამბობს და ამცნობს: ისინი არსებობენ და რაკი ისინი არსებობენ, არსებობს წიგნებიც, რომელთა წაკითხვის შემდეგ თქვენ იმაზე უკეთესები გახდებით, ვიდრე ახლა ხართ (პავიჩი, პელევინი, ფოლკნერი და, მით უმეტეს, ჯოისი მერე იყოს).
მე მაინც მგონია, რომ კარცერ-ლუქსზე უფრო მნიშვნელოვანი ტექსტში აღწერილობითი ინტერვიუს პრაქტიკის ფონზე დანახული კოლექტივიზმის პრობლემაა – ინდივიდის არარსებობა, თამაზის (აურელიანო სქელს რომ ჰგავდა გასუქებამდე) გაკვირვება და მერე მისი უეცარი ზიზღი ადამიანისადმი, რომელიც სულაც არ ჰგავს მას და რომლისთვისაც რიგში დგომა ფიქრის კარგი საშუალებაა. მოდი, ვიზუალური მხარე ავიღოთ: ჩვეულებრივად შემოსილი გამვლელი ამრეზით უყურებს ვარდისფერთმიან და სვირინგიან გოგონას. სტერეოტიპი: რაკი მე არ მგავს, სატანისტია. ჩვენ ხომ ასე ვიცით ხოლმე, იარლიყებს დაუფიქრებლად ვაკერებთ ადამიანებს და ამას არც ვნანობთ, სამუდამოდ გავრიყავთ – ზღვა ზოგჯერ იბრუნებს ხოლმე გარიყულ ნიჟარებსა თუ კენჭებს, ჩვენ კი ადამიანებს ხელახლა არასოდეს მივუბრუნდებით. ეს, რა თქმა უნდა, არასაკმარისი განათლების და, აქეან გამომდინარე, ფიქრისა და სიკეთის ნაკლებობის შედეგია.
ფიქრი კი ყველაზე დიდი გასართობია, ერთგვარი სათამაშო, რომლითაც დიდები ვიქცევთ თავს. ფიქრის მოყვარულებს კარგად ესმით, რას ნიშნავს, იყო მკითხველი: “სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია, ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი”… ფიქრის მოყვარული მკითხველები “პლაჟის” ან, პირიქით, “ჩრდილის” წიგნებს მაინცდამაინც არ ეტანებიან, რადგან ისინი ძალიან ჰგვანან დაბადების დღის მისალოც ფრაზებს, მაშინვე რომ გავიწყდება. მაგრამ არის სხვა კატეგორიაც, რომელიც ცნობილ ავტორებს ეტანება მსგავსი პრინციპით: “ხანდახან დიკენსი და აქა-იქ – ტოლსტოი”, შიგადაშიგ – შექსპირი და ნაწილობრივ – მარკესი.
ლიტერატურისადმი ჩემი ადრეული სიყვარულის გამო ეს წიგნი იმაზე ბუნებრივი იყო, ვიდრე ბეღურების მუდმივი, ზამთარ-ზაფხულ ჯდომა მავთულებზე. ეს წიგნი აუცილებლად უნდა დაწერილიყო, მერე მე აუცილებლად უნდა წამეკითხა (სამწუხაროდ, დიდობაში, ბეტანკურის შემდეგ) და მისი სიტყვები განეკნებულიყო წინ, გულმკერდის ადგილას.

მომავლის განათლება: კითხვების დასმა

0

ბავშვობის ადრეულ ასაკში კონტაქ­ტისა და კომუნიკაციის დამყარების მცდელობები, უმეტესწილად, შეხებით იწყება, რის მეშვეობითაც ბავშვი საკუთარ “მე”-ს გარემოსგან განასხვავებს და, ამავდროულად, კონტაქტს ამყარებს მასთან. როდესაც ბავშვს საშუალებას ვაძლევთ, უსუნოს ყვავილს, შეხედოს ხეს და დააკ­ვირ­დეს მის დეტალებს, ხელი გადაუს­ვას კატას, ჩვენ მას შემოქმედებითობის განვითარებისკენ ვუბიძგებთ. როცა ბავშვს პრობლემებისადმი მგრძნობელობა და ხელოვნები­სად­მი მოქნილი დამოკიდებულება განუ­ვი­თარდება, ის თავდაჯერებულო­ბასაც შეიძენს და მის გამოყენებას, მოგვიანებით, სხვა სფეროებშიც შეძლებს. იყო შემოქმედებითი, ნიშნავს, ნაცნობ გარემოს სხვადას­ხვა კუთხიდან შეხედო, აღმოაჩინო ახალი ურთიერთკავშირები იმ საგნებს შორის, რომლებიც ერთმა­ნეთისგან იზოლირებულია. შემოქ­მედებითობა გარემოს მიმართ გახსნილობას, საკუთარი გრძნო­ბე­ბის გააზრებასა და გამოცდილების თავისთავადობას მოითხოვს.

იმისათვის რომ ნიჭიერი ბავშვების შემოქმედებითი და წარმოსახვითი უნარი კიდევ უფრო განვავი­თა­როთ, სავარჯიშოები უნდა შეიცავდეს კითხვების დასმის, შედარებების, პარადოქსებისა და ანალოგიების ელემენტებს.
შეკითხვების როლი განათლებაში
ბევრი მასწავლებლის გამოცდი­ლე­ბა გვაჩვენებს, რომ კითხვების მეშვე­ობით სწავლება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ფაქტებით. ეს მეთოდი ბავშვების ცნობისმოყვა­რეობას ზრდის და, შესაბამისად, მათ შეკითხვების დასმისკენ უბიძგებს. მასწავლებლებს ვურჩევთ, გაკვეთილი შემდეგნაირი შეკითხვე­ბით დაიწყონ: “რა ვიცით ამ თემის შესახებ? რას ფიქრობთ ამ თემაზე?” ასეთი მიდგომა გამოიწვევს მოს­წავ­ლეს, წინარე ცოდნას გაუაქტი­ურებს, ან გააცნობს ახალ იდეებს და წაახალისებს, დასვას შეკითხვები თემის გარშემო. ასეთ მიდგომას თან უნდა ახლდეს სავარჯიშოები და ვიზუალური დამხმარე მასალა, რო­­მელიც, მასწავლებლის აზრით, მაქსიმალურად შესაბამისი იქნება ბავშვების პოტენციალთან და შესაძლებლობებთან. გაკვეთილი არასოდეს არ უნდა დამთავრდეს წერტილით. გაკვეთილის ბოლოს ყოველთვის უნდა დაისვას შემდეგი შეკითხვა: “გინდათ, ეს თემა უკეთ შეისწავლოთ, როცა უნივერსი­ტე­ტის სტუდენტები იქნებით?” როცა ბავშვი უფრო საფუძვლიანი განხილვების საჭიროებას ხედავს, ის საკითხის უფრო რთული, აბსტრაქტული და სიმბოლური ასპექტების გარჩე­ვა­საც შეძლებს. ამავე დროს, სასურველი ინფორმაციის მოპოვებისთვის საჭირო წყაროების შესახებაც დასვამს შეკითხვებს.
შეკითხვების დონეები
შეკითხ­ვე­ბის პირველი დონე აღწერითი კითხვების კატეგორიას უნდა მიეკუთვნებოდეს. ასეთი შეკითხვები შეიძლება იყოს: “ვინ რას აკეთებს, როგორ, როდის და სად”. ისინი უკავშირდება აწმყოს, მიმდი­­ნარე მოვლენებს, გარემოს და, ზოგადად, ფაქტობრივ ცოდნას. ასეთი შეკითხვები ბავშვისგან არსებული სიტუაციის აღწერას მოითხოვს. მათზე პასუხის გაცემი­სას ბავშვი საგნების შემჩნევას და აღწერას სწავლობს, იძენს თავდა­ჯე­რებულობას სიტუაციის ან პრობ­­ლემის აღქმის საკითხში. შეკითხვე­ბის მეორე დონეზე გადასვლა შეგ­­ვიძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვს სიტუაციის ან პრობლემის დეტალურად აღწერის უნარი გამო­­უმუშავდება. მეორე დონის შეკითხ­ვებს თავისუფალი ან “რატომ?” ტიპის შეკითხვები ეწოდება და ის “ვინ? როგორ? სად? როდის?” ტიპის შეკითხვებს სხვა ტიპის ინფორმა­ციასთან აკავშირებს. მეორე დონის შეკითხვების საპასუხოდ, ბავშვმა ინფორმაცია მშობლისგან(ებისგან), მასწავლებლებისგან ან სკოლისგან უნდა მიიღოს. ამ ორი დონის შეკითხვების დასმა აუცილებელია მაშინ, როცა ბავშვს ვასწავლით მოვლენების თუ საგნების ობიექტურად აღქმას, აღწერას და ერთმანეთთან დაკავშირებას.
მხოლოდ ამ ორი ტიპის შეკითხვე­ბის შემდეგ ვსვამთ სუბიექტურ შეკით­ხვებს: “რა ვიცი ამ თემის შესახებ? რას ვგრძნობ? როდის ვნახე ან გამოვცადე რაიმე მსგავსი?” ასეთი შეკითვები, ხშირად, ემოციურ ჩართულობას მოითხოვს, რომლის­თ­ვისაც ბავშვებს წინა ორი დონის “ობიექტურ” შეკითხვებზე მუშაო­ბისას ვამზადებთ. ამ ეტაპზე ბავშვები სხვადასხვა კუთხიდან განიხილავენ პრობლემას, აკეთებენ ასოციაციებს და ეძებენ ანალო­გი­ებს, რაც მათ მოქნილობას და ჩართუ­ლო­ბას ზრდის, რადგან პროცესში საკუთარ ცოდნასა და გრძნობებს დებენ. უცნობი პრობლემა ამ ეტაპ­­ზე ნაცნობი ხდება. შეკითხვების წრე იხსნება და იქმნება “სპირალი”, რომლის ფარგლებშიც ბავშვები ბედავენ ნაცნობი და უსაფრთხო საზღვრების მიღმა გასვლას.
იმ დროისთვის, როცა ბავშვი პრობ­­ლემას საკუთარი ინტელექტითა და ემოციებით აფასებს და, ამასთა­ნა­ვე, სწორ პასუხს “სპირალის” ხვე­­ულში ეძებს, შეგვიძლია გადავი­დეთ წარმოსახვით შეკითხვებზე, როგო­­რიცაა “რა მოხდება, თუ ა-ს და ბ-ს დავაკავშირებთ ერთმანეთთან?” ამ შეკითხვაზე რამდენიმე ალტერნა­ტი­ული პასუხის გაცემამ, შესაძ­ლოა, პრობლემის ამოხსნამდე მიგვიყ­ვა­ნოს _ ეს კი სპირალის კიდევ ერთი საფეხურია. ამ ეტაპზე კიდევ უფრო მეტი სიმამაცეა საჭირო _ წარმო­სახ­ვის გამოყენება.
მსჯელობითი შეკითხვები, როგო­რიცაა: “რა უფრო მნიშვნელო­ვა­ნი­ა? რა სჯობს?” ალტერნატივებიდან გამომდინარეობს და სპირალის კიდევ ერთი საფეხურით მაღალ დონეს წარმოადგენს. მხოლოდ ამ ეტაპის შემდეგ შეიძლება ვუბიძგოთ მოსწავლეებს მსჯელობისაკენ. უფრო ადრეულ ეტაპებზე მსჯელობის პროცესი შეზღუდული იქნება ასოციაციების სუსტი ჯაჭვის გამო. პრობლემის გამომწვევი ცალკეული მიზეზებისა და ალტერნატიული გადაწყვეტილებების ერთმანეთთან დაკავშირების ახალი მეთოდების ძებნა უკვე აზროვნების პროცესის ახალ დონეს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ეტაპზე პრობლემა უკვე გადაჭრი­ლია, სასურველია, თუ ბავშვს მოვამზადებთ აწმყოსა და მომავ­ლის დაკავშირებისთვის. ამ მიზნით, ბავშვს შემდეგ შეკითხვებს ვუსვამთ: “კიდევ რა გაინტერესებს ამ პრობლემის შესახებ? რა შეგიძლია გააკეთო ამ პრობლემასთან დაკავ­შირებით?” ასეთი შეკითხვები ერთგვარი გამოწვევაა, მის ცნობისმოყვარეობას აღვიძებს და, შესაძლებლობებისა და საზღვრე­ბის დასადგენად, ფანტაზიის უნარს უაქტიურებს. ამგვარი შეკითხვები არსებითად მნიშვნელოვანია, რად­­-გან ბავშვის გულში იმედს ბადებს მის მიღწევებთან და მომავალში საკაცობრიო მნიშვნელობის საკით­­ხებში ჩართულობასთან დაკავ­ში­რებით.
ამ პრინციპების დაცვა ბავშვს, მისი პირადი შესაძლებლობების გამოყე­ნე­ბით, წარმატების მიღწევისკენ უბიძგებს. გარდა ამისა, ბავშვი აც­­ნობიერებს იმ ფაქტს, რომ მას ყველაფერი არ ესმის, თუმცა შე­­უძლია, დასვას შეკითხვები ყველა იმ საკითხის შესახებ, რაც მას აკვირვებს. და ბოლოს, აღნიშნული მიდგომა მომავალზე ფიქრისა და მასზე მსჯელობის საფუძველი ხდება.
შეკითხვები მომავალზე
შეკითხვების მეშვეობით, ბავშვებს მოქმედებისკენ ვუბიძგებთ, ერთი მხრივ, ინტელექტუალურ დონეზე, რაც შემდეგ მოტივაციად იქცევა და, მეორე მხრივ, პრაქტიკულ დონეზე. შეკითხვების დასმა მათ დამატებითი შეკითხვების მოფიქ­რე­ბასა და პრობლემის არსისა და მისი შედეგების უკეთ გაცნობაში ეხმარება. საბოლოო ჯამში, ბავშვე­ბი პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი თავისა და საზოგადო­ების მიმართ.
მომავალიკიდევ რისი გაკეთება შემიძლია?
განსჯარა უფრო მნიშვნელოვანი, უკეთესია?
წარმოსახვარა მოხდება თუ …?
სუბიექტურირას ვგრძნობ მე ………….-თან დაკავშირებით?
თავისუფალირატომ?
აღწერითივინ, რა, სად, როდის, როგორ?
შეკითხვების სპირალური გამოსახულება
დღევანდელ ფაქტებსა და მომავლის გამოწვევებს შორის კავშირების გავლება შემოქმედე­ბი­თი შეკითხვების მეშვეობით შეგვიძლია. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებს ვასწავლოთ, რა იფიქრონ, უმჯო­ბე­სია, მათ ისეთი კითხვების დასმა ვასწავლოთ, რომელიც პასუხების მიღებაში დაეხმარებათ. კითხვების დასმით, ბავშვები ისწავლიან, როგორ დააკმაყოფილონ თავიანთი ცნობისმოყვარეობა, მიუხედავად თითოეული კითხვის თანამდევი უცნობი და მიუღებელი გარემო­ების­გან გამოწვეული შიშისა. განათ­ლების ასეთი ფორმა არა მხოლოდ ინტელექტუალურ შესაძლებლო­ბებს ზრდის, არამედ ბავშვის ემოციურ განვითარებასაც უწყობს ხელს. და ბოლოს, კითხვების დასმა ბავშვებს თავიანთი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების შემოწმებისთვის საჭირო სიმამაცესა და პოტენციურ პრობლემებთან თავის გართმევის ხერხებს შესძენს.
შეკითხვების დასმის წახალისებით, სასიამოვნო სასწავლო პროცესის წარმართვასთან ერთად, ბავშვებში ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის შენარჩუნებას შევძლებთ, გავაღვიძებთ მათი ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარს. როცა ბავშვებს სწავლის პროცესი სიამოვნებთ, უფრო აქტიურები არიან და მეტი შეკითხვის დასმასაც ბედავენ. ეს კი, სწავლისა და წარმატებისადმი მუდმივად დადებითი დამოკიდე­ბუ­ლების შენარჩუნებას განაპირო­ბებს. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია, დავეხ­მა­როთ მათ იმ ინტელექტუალური ხერხების შეძენაში, რაც მომავალში გამოადგებათ.
შეკითხვების დასმის სწავლებით, ბავშვებს ცოდნისა და გამოცდი­ლების შეძენის ხერხებს ვასწავლით, რაც შემდეგი უძველესი ჩინური ლეგენდის ანალოგიური მოვლენაა: ერთხელ, მშიერმა მათხოვარმა მეთევზეს თევზი სთხოვა, რათა ძლიერი შიმშილი დაეკმაყოფილე­ბინა. მეთევზემ უარი უთხრა და, სანაცვლოდ, თევზაობის სწავლება შესთავაზა. მეთევზემ განმარტა, რომ ის თუ დღეს მათხოვარს თევზს მისცემდა, ეს უკანასკნელი მეორე დღეს ისევ მშიერი იქნებოდა, ხოლო თუ თევზაობას ასწავლიდა, მათხოვარი მშიერი აღარასოდეს დარჩებოდა.
ინგლისურიდან თარგმნა
თეო ნეფარიძემ
სტატია წიგნიდან შემოქმედებითობა (სახელმძღვანელო მასწავლებლებისათვის)

ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების მნიშვნელობა სკოლაში

0
მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ `ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული”, `არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას”, `არავის შეიძლება მოეთხოვოს იძულებითი ან სავალდებულო სამუშაოს შესრულება”, `ყველას აქვს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება”, `ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ”, დაუშვებელია `სასჯელი კანონის გარეშე”, `ყოველი ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე”, `ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება”, `ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას”, ყველას აქვს უფლება `აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა”, `გამოხატვის თავისუფლებისა”, `მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა”… ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები უნდა ისწავლებოდეს სკოლაში; ეს ხელს უწყობს სტაბილური და ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას საზოგადოებებს შორის, ტოლერანტობისა და მშვიდობის მნიშვნელობის გააზრებას, – აღნიშნულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2005 წლის 2 მარტის (NA/RES/59/113B) რეზოლუციით დამტკიცებულ პროგრამაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების შესახებ.
საერთაშორისო თანამეგობრობა თანხმდება, რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წარმატებით დანერგვის მნიშვნელოვანი წინააპირობა არის სწავლება მათ შესახებ. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების შესახებ ნორმები გათვალისწინებულია მრავალ საერთაშორისო სამართლებრივ აქტში. მათ შორის აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (მუხლი 26), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი (მუხლი 13), ბავშვთა უფლებების კონვენცია (მუხლი 29), ქალთა დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის აღმოფხვრის კონვენცია (მუხლი 10), საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყოველგვარი ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (მუხლი 7).
სწავლების ძირითადი მიზანია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებებისადმი ყურადღების გაძლიერება, პიროვნების სრული განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის ღირსების მიმართ დამოკიდებულების გაცნობიერება, ურთიერთგაგების, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობის, ერთა შორის მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბების, აგრეთვე მშვიდობის დამყარებისა და შენარჩუნების, ადამიანზე ორიენტირებული სოციალური სამართლიანობის დამკვიდრების ხელშეწყობა.
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას ითვალისწინებს საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ პროგრამაში დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე.
დაწყებით საფეხურზე საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლა იწყება მე-5 კლასიდან. მოსწავლე ეცნობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამახასიათებელ ძირითად პრინციპებს. დაწყებითი საფეხურის დასრულებისას მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და თანასწორობისადმი პატივისცემის გრძნობა.
საბაზო საფეხურზე მოსწავლე აცნობიერებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს სახელმწიფოს წინაშე. ამ ეტაპზე მან უნდა შეძლოს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება და დაცვა, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, განსხვავებული აზრის, ეროვნების, სარწმუნოებისა და კულტურის მქონე ადამიანების პატივისცემა. მოსწავლემ უნდა გაიაზროს თავისუფლება როგორც უფლება და იმავდროულად პასუხისმგებლობა; ქვეყნის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის), საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის მნიშვნელობა. მან უნდა შეძლოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საკუთარი და სხვისი უფლებების დასაცავად, უნდა გაიაზროს ადამიანის უფლებების მნიშვნელობა და მათი დაცვისთვის განახორციელოს კონკრეტული ქმედება.
საშუალო საფეხურზე მოსწავლეს უნდა განუვითარდეს საჭირო კომპეტენციები სოციალური, მორალური, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობისთვის. სამოქალაქო განათლების სავალდებულო და არჩევითი საგნები მას უნდა დაეხმაროს პიროვნული განვითარების, იდენტობის ახალი ასპექტების შემეცნებაში. საშუალო საფეხურზე მოსწავლემ უნდა გაიაზროს საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვის მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
თუმცა, გაეროს მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით, მხოლოდ სწავლების შინაარსი არ არის საკმარისი დაგეგმილი შედეგის მისაღწევად. აუცილებელია სათანადო სასწავლო გარემოს არსებობა. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სწავლება და სწავლა უნდა წარიმართოს ისეთ სასწავლო გარემოში, რომელიც თავად ეფუძნება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. სკოლის მართვა უნდა ხორციელდებოდეს საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანია, სასკოლო საზოგადოებას, სკოლის ფარგლებში და მის გარეთ, გათავისებული ჰქონდეს ეს ღირებულებები და პრინციპები. სკოლისთვის დამახასიათებელი უნდა იყოს ტოლერანტული გარემო. სკოლა ხელს უნდა უწყობდეს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს შორის თანაბარი შესაძლებლობების არსებობას, მათი ღირსების დაცვას. სკოლის საზოგადოების ყველა წევრი ვალდებულია იზრუნოს ამ ღირებულებების დამკვიდრებაზე.
გაეროს რეზოლუციით დამტკიცებული პროგრამის თანახმად, სკოლაში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ყურადღების ცენტრშია იმ შემთხვევაში, თუ:
1. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დანერგვის პოლიტიკა არის ერთმნიშვნელოვანი და ნათელი, რაც, ძირითადად, გულისხმობს შემდეგს:
. არსებობს დოკუმენტი მასწავლებლისა და მოსწავლის უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ;
. დამტკიცებულია ქცევის კოდექსი, რომელიც კრძალავს ძალადობას, მოსწავლის ფიზიკურ დასჯას, დადგენილია კონფლიქტისა და ძალადობის აღმოფხვრის პროცედურები;
. სკოლაში ხორციელდება დისკრიმინაციისაგან დაცვის ღონისძიებები.
. დისკრიმინაციისგან დაცულია სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი;
. სკოლა აღნიშნავს მასწავლებელთა და მოსწავლეთა განსაკუთრებულ წარმატებებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლის სფეროში.
2. მასწავლებლები მთავარ როლს ასრულებენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ სასწავლო პროცესის წარმართვაში. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა:
. ჩაერთონ პროფესიული განვითარების სათანადო პროგრამებში;
. მიიღონ ინფორმაცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების სფეროში ახალი და ინოვაციური პრაქტიკის განვითარების შესახებ;
. სწავლებაში დანერგონ ინოვაციური პრაქტიკა და ამ მიზნით ჰქონდეთ კომუნიკაცია სფეროში მოქმედ სპეციალისტებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
3. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ:
მოსაზრების თავისუფლად გამოთქმის, პასუხისმგებლობის აღებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, განურჩევლად მათი ასაკისა, ასევე – ინიციატივების, აქტივობების დაგეგმვისა და მოწყობის, ინტერესების გამოხატვის შესაძლებლობა.
4. სკოლას, ხელისუფლების ორგანოებსა და საზოგადოებას შორის უნდა არსებობდეს ურთიერთობა, რაც გულისხმობს:
. მოსწავლეთა მშობლებისა და ოჯახებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლების შესახებ;
. მშობლების ჩართვას პროექტებსა და ინიციატივებში, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას უკავშირდება;
. მშობელთა მონაწილეობას სკოლის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;
. მოსწავლეთა არასასკოლო პროექტების განხორციელებას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით;
. საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების დანერგვის (მოსწავლეთა მობილობის) ხელშეწყობას.

…ვალდებული ვარ უარი ვთქვა – ბორის პასტერნაკი

0

კომუნისტური ხელისუფლების ზეწოლის გამო ბორის პასტერნაკი იძულებული გახდა, უარი ეთქვა ნობელის პრემიაზე.

ისტორიული სამართლიანობა 31 წლის შემდეგ, 1989 წელს აღდგა: გარდაცვლილი მამის კუთვნილი დიპლომი და მედალი ნობელიანტის შვილს გადასცეს.
სანობელო სიტყვის ნაცვლად, რომელიც ბორის პას­ტერ­ნაკს უნდა წარმოეთქვა, გთავაზობთ მისი შვილის, ევგენი პასტერნაკის სტატიას.
ბორის პასტერნაკის ასი წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მოვლენათა შორის გამორჩეული ადგილი უკავია ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებას, აღედგინა ისტორიული სიმართლე – იძულებითად და ძალდაკარგულად ეღიარებინა პასტერნაკის უარი ნობელის პრემიაზე და დიპლომი და მედალი გადაეცა გარდაცვლილი ლაურეატის ოჯახისათვის. 1958 წლის შემოდგომაზე პასტერნაკისათვის ლიტერატურაში ნობელის პრემიის მინიჭებამ დიდი სკანდალი გამოიწვია. ამან ღრმა ტრაგიზმით აღავსო და სიცოცხლე მოუსწრაფა პოეტს. მომდევნო ოცდათი წლის განმავლობაში ეს თემა აკრძალულად ითვლებოდა და ამოუცნობი რჩებოდა.
პასტერნაკის ნობელის პრემიაზე პირველად ომის შემდგომ წლებში ალაპარაკდნენ. ნობელის კომიტეტის ამჟამინდელი მეთაურის ლარს გილენსტენის მიერ მოწოდებული ცნობების მიხედვით, მისი კანდიდატურა თურმე ყოველწლიურად განიხილებოდა, დაწყებული 1946 წლიდან და დამთავრებული 1950 წლით. მერე მისი სახელი კვლავ გამოჩნდა 1957 წელს, პრემია კი მიენიჭა 1958 წელს. პასტერნაკი ამის თაობაზე ირიბად – სამამულო კრიტიკის თავდასხმათა გამწვავების მიხედვით – გებულობდა. ზოგჯერ იძულებული ხდებოდა თავი ემართლებინა, რათა თავიდან აეცილებინა ევროპაში სახელის მოპოვებასთან დაკავშირებული პირდაპირი მუქარა: “მწერალთა კავშირის ცნობით, დასავლეთში ზოგიერთ ლიტერატურულ წრეში ჩემს მოღვაწეობას უჩვეულო მნიშვნელობას ანიჭებენ – მისი უბრალოებისა და უნაყოფობისათვის სრულიად შეუხამებელს”.
მისდამი გამახვილებული ყურადღების გასამართლებლად იგი დაჟინებითა და ვნებით წერდა რომანს “ექიმი ჟივაგო”, რუსული სულიერი ცხოვრებისადმი მიმართულ მხატვრულ ანდერძს.
ოლღა ფრეიდენბერგი ეკითხებოდა ლენინგრადიდან: “ჩვენთან ხმა დადის, ნობელის პრემია მიგიღია. მართალია? აბა, საიდან დაირხა ასეთი ხმა?”. “მსგავსი ხმები აქაც გაისმის, – პასუხობდა პასტერნაკი, – ოღონდ ჩემამდე სულ ბოლოს აღწევს. მე ყველაზე გვიან ვგებულობ – …უფრო მეშინოდა, ვიდრე მინდოდა ჭორი არ გამართლებულიყო. თუმცა ამ მინიჭებას თან მოჰყვებოდა სავალდებულო გამგზავრება ჯილდოს მისაღებად, ფართო სამყაროში გაფრენა, აზრთა გაცვლა, მაგრამ, მაინც, მე ვერ შევძლებდი ამ მოგზაურობას ჩვეულებრივი მოსამართი თოჯინასავით, როგორც მიღებულია საერთოდ. მე ჩემიანების სიცოცხლე მაფიქრებს, რომანი დაუწერელი მაქვს… ჩანს, ღმერთი მოწყალეა და საფრთხემაც ჩაიარა, ეტყობა, დასახელდა კანდიდატურა, რომელსაც გარკვევით დაუჭირეს მხარი. ამაზე წერდნენ ბელგიურ, ფრანგულ და დასავლეთ­გერმანულ გაზეთებში. ეს უნახავთ, წაუკითხავთ, ასე ყვებიან. მერე ხალხმა მოისმინა (როგორც ვიყიდე, ისე ვყიდი), რომ მე დამასახელეს, იცნობდნენ რა წესებს, წარმომადგენლობას, რომელიც შუამდგომლობდა, მოსთხოვეს დათანხმებოდა და ეცადა შოლოხოვის კანდიდატუ­რით ჩემი შეცვალა, რომლის უარყოფის შემდგომაც კომისიამ დაასახელა ჰემინგუეი, და მას, ალბათ, მიანიჭებენ კიდევაც პრემიას მე კი გამეხარდებოდა სავარაუდოდ მაინც მოვხვედრილიყავი იმ რანგში, რომელშიც იყვნენ ჰამსუნი და ბუნინი, და თუნდაც გაუგებრობისა გამო აღმოვჩენილიყავი ჰემინგუეის გვერდით”.
რომან “ექიმ ჟივაგოს” წერა ერთი წლის შემდეგ დასრულდა. მის ფრანგულ თარგმანს თანაგრძნობით ადევნებდნენ თვალს ალბერ კამიუ, ნობელის პრემიის 1957 წლის ლაურეატი. თავის შვედურ ლექციაში იგი აღფრთოვანებული ლაპარაკობდა პასტერნაკზე. 1958 წელს პასტერნაკს მიენიჭა ნობელის პრემია “თანამედროვე ლირიკულ პოეზიასა და დიდი რუსული პროზის დარგში თვალსაჩინო დამსახურებისათვის”.
ნობელის კომიტეტის მდივნის ანდერს ესტერლინგის დეპეშა რომ მიიღო, პასტერნაკმა 1958 წლის 23 ოქტომბერს ასე უპასუხა: “მადლობელი ვარ, მიხარია, მეამაყება, დარცხვენილი ვარ”. მას ულოცავდნენ მეზობლები, მოდიოდა დეპეშები, თავს ეხვეოდნენ კორესპონდენტები. ზინაიდა ნიკოლაევნა ფიქრობდა, როგორი კაბა უნდა შეეკერა სტოჰოლმ­ში გასამგზავრებლად. ისე ჩანდა, თითქოს ყოველგვარი უბედურება, შევიწროება რომანის გამოცემასთან დაკავშირებით, ცეკასა და მწერალთა კავშირში გამოძახებები უკან დარჩა, ნობელის პრემია იყო სრული და აბსოლუტური გამარჯვება და აღიარება, პატივი, რომელიც მთელ რუსულ ლიტერატურას მიაგეს.
მაგრამ მეორე დილით მოულოდნელად მოვიდა კონსტანტინ ფედინი, რომელმაც გვერდი აუარა სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისს და პირდაპირ პასტერნაკთან, კაბინეტში ავიდა. ფედინმა პასტერნაკს მოსთხოვა დაუყოვნებლივ, დემონსტრა­ციულად უარი ეთქვა პრემიაზე, თანაც ხვალინდელ გაზეთებში დევნით ემუქრებოდა. პასტერნაკმა უპასუხა, რომ ვერაფერი აიძულებს უარი თქვას მისდამი გამოჩენილ ასეთ პატივზე, რომ მან უკვე უპასუხა ნობელის კომიტეტს, და აღარ შეუძლია მის თვალში უმადურ მატყუარად გამოჩნდეს. მან აგრეთვე გადაჭრით იუარა ფედინთან ერთად მის აგარაკზე წასვლა, სადაც იჯდა და ახსნა-განმარტებისათვის ელოდა ცეკას კულტურის განყოფილების გამგე პოლიკარპოვი.
იმ დღეებში ჩვენ ყოველდღე დავდიოდით პერედელკინოში. მამას ჩვეული რიტმისათვის არ უღალატნია, განაგრძნობდა მუშაობას. მაშინ იგი სლოვაცკის “მარიამ სტიუარტს” თარგმნი­და, სახეზე ნათელი დასთამაშებდა, გაზეთებს არ კითხულობდა, ამბობდა რომ ნობელის პრემიის ლაურეატობის პატივისათვის მზად იყო ყოველგვარი დანაკლისი აეტანა. სწორედ ასეთი ტო­ნით მისწერა წერილი მწერალთა კავშირის პრეზიდენტს, სხდომაზეც არ წავიდა, და სადაც გ. მარკოვის მოხსენების მიხედვით გარიცხულ იქნა კავშირის წევრობიდან. ჩვენ არაერთხელ შევეცადეთ, მაგრამ მწერალთა კავშირის არქივში ამ წერილს ვერ მივაგენით, ალბათ, გაანადგურეს. მამა ხალისით გვიყვებოდა მის შესახებ, პერედელკინოში დაბრუნებამ­დე რომ შემოგვიარა. წერილი ოცდაორი პუნქტისა­გან შედგებო­და, რომელთა შორის დამამახსოვრდა:
“მე მიმაჩნია, რომ შესაძლებელია დაწერო “ექიმი ჟივაგო” და დარჩე საბჭოთა მწერლად, მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში დამთავრდა, როცა გამოაქვეყნეს დუდინცევის რომანი “არა მხოლოდ პურითა”, რაც დათბობის შთაბეჭდილებას ქმნიდა. რომანი იტალიის კომუნისტურ გამომცემლობას გადავეცი და ველოდებოდი ცენზირებული გამოცემის მოსკოვში გამოსვლას. თანახმა ვიყავი ყველა საჩოთირო ადგილის ჩასწორებაზე. საბჭოთა მწერლის შესაძლებლობები მე უფრო ვრცელი მეგონა, ვიდრე ყოფილა. რომანი რომ ჩავაბარე იმ სახით, როგორიც იყო, იმედი მქონდა, რომ მას კრიტიკოსების მეგობრული ხელი მოხვდებოდა.
ნობელის კომიტეტში სამადლობელო წერილს რომ ვგზავნიდი, მიმაჩნდა, რომ პრემია მომენიჭა არა რომანისათვი, არამედ მთლიანად ყველაფრისათვის, რაც გამიკეთებია, როგორც აღნიშნულია მის ფორმულირებაში. ასე შემეძლო მეფიქრა, რადგანაც პრემიაზე ჩემი კანდიდატურა ჯერ კიდევ იმ დროში დაასახელეს, როცა რომანი საერთოდ არ არსებობდა, და მის თაობაზე არავინ არაფერი იცოდა.
ვერაფერი მაიძულებს უარი ვთქვა იმ პატივზე, რაც მომაგეს მე, თანამედროვე მწერალს, რუსეთში მცხოვრებს, და შესაბამისად საბჭოელს. მაგრამ მე მზად ვარ ნობელის პრემიის ფული გადავუგზავნო მშვიდობის დაცვის კომიტეტს.
ვიცი, რომ “საზოგადოების აზრის გათვალისწინებით” დაისმება საკითხი მწერალთა კავშირიდან ჩემი გარიცხვის შესახებ. თქვენგან მე სამართლიანობას არ ველი. თქვენ შეგიძლიათ დამხვრიტოთ, გადამასახლოთ, გააკეთოთ ყველაფერი, რასაც ინებებთ. მე წინასწარ შეგინდობთ. ოღონდ ნუ აჩქარ­დებით. ეს არც ბედნიერებას შეგმატებთ და არც დიდე­ბას. და გახსოვდეთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მაინც მოგიწევთ ჩემი რეაბილიტაცია. თქვენს პრაქტიკაში ეს ხომ პირველად არ ხდება”.
ამაყი და დამოუკიდებელი პოზიცია დაეხმარა პასტერნაკს პირველი კვირის განმავლობაში მაინც აეტანა ყველა შეურაცხყო­ფა, მუქარა და ბეჭდვითი სიტყვის ანათემა. ის აწუხებდა, რამე უსიამოვნება ხომ არ მომადგა მე სამსახურში და ლენას უნივერსიტეტში. რაც შეგვეძლო ვამშვიდებდით, ერენბურგისგან ვიგებდი და ვუამბობდი მამას იმის შესახებ, თუ როგორი მხარდაჭერის ტალღა აზვირთდა იმ დღეებში დასავლეთის პრესაში.
მაგრამ უკვე აღარაფერი აღარ აინტერესებდა 29 ოქტომბრიდან, როცა მოსკოვში ჩამოვიდა, ტელეფონით ო. ივინსკაიას ელაპარაკა და ტელეგრაფისაკენ გაეშურა სტოკჰოლმ­­­­ში ტელეგრამის გასაგზავნად: “იმ მნიშვნელობის გამო, რაც ჩემთვის მონიჭებულმა ჯილდომ შეიძინა საზოგადოე­ბაში, რომელსაც მე ვეკუთვნი, ვალდებული ვარ უარი ვთქვა, შეურაცხყოფად ნუ მიიღებთ ჩემს ნებაყოფლობით უარს”. მეორე ტელეგრამა ცეკაში გაიგზავნა: “დაუბრუნეთ ივინსკაიას სამსახური, მე უარი ვთქვი პრემიაზე”.
საღამოს პერედელკინოში რომ ჩავედი, მამა ვეღარ ვიცანი. ნაცრისფერი, ფერდაკარგული სახე, ნატანჯი, უბედური თვალები, და ყველაფერზე ერთი და იგივე: “ახლა აღარაფერს ამას მნიშვნელობა არა აქვს, პრემიაზე უარი ვთქვი”.
მაგრამ ეს მსხვერპლი უკვე აღარავის სჭირდებოდა. ამან ვერანაირად ვერ შეუმსუბუქა მდგომარეობა. ეს არც შეუმჩნევიათ არც მწერალთა მოსკოვის საერთო შეკრებაზე, ორი დღის შემდეგ რომ გაიმართა… მოსკოველი მწერლები მთავრობას მიმართავდნენ თხოვნით, ჩამოერთმიათ პასტერნაკისათვის მოქალაქეობა და გაესახლები­ნათ საზღვარგარეთ. მამა ძალიან მტკივნეულად განიცდიდა ზინაი­და ნიკოლაევნას უარს, რომელიც ამბობდა, რომ არ შეუძლია სამშობლოს დატოვება და ლენას გადაწყვეტილებას დარჩენილიყო დედასთან. იგი ხალისით შეეგება ჩემს თანხმობას ყველგან გავყოლოდი, სადაც უნდა გაესახლებინათ.
გასახლება დაუყოვნებლივ მოხდებოდა, რომ არა ხრუშჩოვთან ჯავა­ჰარლალ ნერუს საუბარი, რომელმაც თანხმობა განაცხადა პასტერნაკის დაცვის კომიტეტს ჩასდგომოდა სათავეში. ყველაფერი თავის ნებაზე რომ მიეშვა, საჭირო იყო პასტერნაკს ხელი მოეწერა “პრავდაში” და ხრუშჩოვისადმი ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულ მიმართვის ტექსტზე. საქმე ის კი არ არის, ამ წერილების ტექსტი კარგია თუ ცუდი, ან რა ჭარბობს მათში – მონანიება თუ თვითგანმტკიცება, მთავარი ის არის, რომ ეს წერილები პასტერნაკის მიერ არის დაწერილი, ხელმოწერა იძულებითია. ეს დამცირება, მის ნებაზე ძალადობა განსაკუთ­რებით მწვავდებოდა იმის გამო, რომ ეს აღარავის სჭირდებოდა.
გავიდა წლები. მე ცოტაღა მიკლია იმ ასაკს, მამა რომ იყო 1958 წელში. სახვითი ხელოვნების მუზეუმში, რომლის ახლო მეზობლად ცხოვრობდა მამა 1914-1938 წლებში, 1989 წლის 1 დეკემბერს გაიხსნა გამოფენა “პასტერნაკის სამყარო”. შვედეთის ელჩმა, ბატონმა ბერნერმა გამოფენაზე ჩამოიტანა ნობელის პრემიის ლაურეატის დიპლომი. გადაწყვეტილი იყო მედალი საზეიმოდ გადაეცათ მიღებაზე, რომელსაც შვედეთის აკადემია და ნობელის კომიტეტი მართავდნენ 1989 წლის ლაურეატებისათვის. ბატონ ბერნერის აზრით, მე სტოკჰოლმში უნდა ჩავსულიყავი და მიმეღო ეს ჯილდო. ვუპასუხე, რომ ვერანაირად ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ამის მოხერხება. მან ნობელის კომიტეტის თანხმობა მიიღო და საელჩომ და კულტურის სამინისტრომ რამდენიმე დღეში გააფორმეს საჭირო ქაღალდები, ასე რომ, 7-ში მე და ჩემი მეუღლე საშობაო ეჟვნებით მორთული თვითმფრინავით სტოკჰოლმში მივფრინავდით.
ჩვენ დაგვხვდა პროფესორი ლარს კლებერგი, ცნობილი 20-იანი წლების რუსულ ავანგარდზე თავისი ნაშრომებით და ქალაქის საუკეთესო სასტუმრო “გრანდ ოტელში” წაგვიყ­ვანა, სადაც იმ დღეებში თავიანთ ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრობდნენ 1989 წლის ნობელის ლაურეატები. ნომერში მორთმეული ვახშმის შემდეგ დასაძინებლად დავწექით.
დილის მზის სხივებმა ფარდებში შემოაღწია და გამაღვიძა. საწოლიდან წამოვხტი და დავინახე ზღვის ლაგუნის მკლავი, ხიდები, გემები, რომლებიც მზად იყვნენ არქიპელაგის კუნძული­საკენ გაეცურათ, რომელზეც მდებარეობდა სტოკჰოლმი. მეორე ნაპირზე გორაკად შემორკალულიყო ძველი ქალაქის კუნძული თავისი სამეფო სასახლით, ტაძრითა და ბირჟის შენობებით, სადაც შვედეთის აკადემიას მეორე სართული უკავია,ვიწრო ქუჩებით, საშობაო ბაზრით, დახლებითა და ნებისმიერ გემოვნება­ზე გათვლილი პატარა რესტორნებით. გვერდით ცალკე კუნძულ­ზე აღმართულიყო პარლამენტის შენობა, მეორეზე – რატუ­შა, ოპერის თეატრი…
ის დღე პროფესორ ნილს ოკე ნილსონის, რომელიც ოცდაათი წლის წინათ გავიცანით პერედელკინოში, როცა 1959 წლის ზაფხულში პასტერნაკთან ჩამოვიდა და პერ არნე ბუდინის, რომელმაც დაწერა წიგნი იური ჟივაგოს ლექ­სების ევანგელისტურ ციკლზე, საზოგადოებაში გავატარეთ. ვსეირნობ­დით, ვსადილობდით, ვათვალიერებდით ნაციონალური მუზეუ­მის დიდებულ კრებულს. გაზეთების მუშაკები გვეკი­თხებოდ­ნენ ჩვენი ჩასვლის მნიშვნე­ლობაზე.
მომდევნო დღეს, 9 დეკემბერს, შვედეთის აკადემიაში საზეიმო მიღებაზე ნობელის პრემიის ლაურეატების, შვედეთისა და სსრკ-ის ელჩების, აგრეთვე მრავალრიცხოვანი სტუმრების თანდასწრებით აკადემიის ნამდვილმა მდივანმა, პროფესორმა სტურე ალენმა გადმომცა ბორის პასტერნაკის ნობელის მედალი. მან წაიკითხა მამას მიერ 1958 წლის 23 და 29 ოქტომბერს გაგზავნილი ორივე ტელეგრამა და თქვა, რომ შვედეთის აკადემიამ პრემიაზე პასტერნაკის უარი ჩათვალა იძულებითად და ახლა, ოცდათერთმეტი წლის შემდეგ, მედალს გადასცემს მის ვაჟს, და წუხს იმის გამო, რომ ლაურეატი უკვე აღარ არის ცოცხალი. მან თქვა, რომ ეს იყო ისტორიული მომენტი.
საპასუხო სიტყვა მომცეს მე. მადლობა მოვახსენე შვედეთის აკადემიასა და ნობელის კომიტეტს მათი გადაწყვეტი­ლებისათვის და ვთქვი, რომ ჯილდოს საპატიო ნაწილს ვღებულობ ტრაგიკული სიხარულის გრძნობით. ბორის პასტერნაკისათვის ნობელის პრემია, რომელსაც იგი უნდა დაეხსნა მარტოსული და დევნილი კაცის მდგომარეობიდან, მიზეზი გახდა ახალი ტანჯვისა, რამაც სიმწრით შეფერა მისი ცხოვრების უკანასკნელი წელიწად-ნახევარი. ის, რომ იგი იძულებული გახდა უარი ეთქვა პრემიაზე და ხელი მოეწერა მთავრობისადმი შეთავაზებულ მიმართვაზე, აშკარა ძალადობა იყო, რომლის სიმძიმესაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე განიცდიდა. მინდა მჯეროდეს, რომ ის სასიკეთო ცვლილებები, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს, და რამაც შესაძლებელი გახადა დღევანდელი მოვლენა, ნამდვილად მიიყვანს კაცობრიობას იმ მშვიდობიან და თავისუფალ არსებობამდე, რისი დიდი იმედიც ჰქონდა მამაჩემს და რისთვისაც მუშაობდა. მე მეტად მიახლოებით გადმოგცემთ ჩემი სიტყვების შინაარსს, რადგანაც ტექსტი არ მომიმზადებია…
1989 წლის პრემიების გადაცემისადმი მიძღვნილი 10 დეკემბრის საზეიმო ცერემონია, ჩემს აღქმაში ქვეშეუცნობლად დაუკავშირდა შექსპირსა და მის ჰამლეტს. მეგონა, მივხვდი, თუ რისთვის სჭირდებოდა შექსპირს ამ დრამის სკანდინავიური გარემო, მოკლე საზეიმო სიტყვებისა და ორკესტრის მონაცვლეობა, ზარბაზნის შუშხუნები და ჰიმნები, ძველებური კოსტიუმები. ოფიციალური ნაწილი ფილარმონიაში მიმდინარე­ობდა, ბანკეტი ათას მონაწილეზე და მეჯლისი – რატუშაში. შუა საუკუნეების მონატრება იგრძნობოდა თვით რატუშის არქიტექტურაშიც, დარბაზს შემოწყობილ გალერეებშიც, მაგრამ სახალხო სულისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების ცოცხალი სუნთქვა ისმოდა სტუდენტურ სიმღერებში…
ამ ნადიმზე თვალისა და სმენის დამპყრობ და სულის ამაფორიაქე­ბელ ნოტად იქცა ფართო კიბის ბაქანზე მსტისლავ როსტროპოვიჩის გამოჩენა. თავის გამოსვლას მან წარუმძღვარა სიტყვები: “თქვენო უდიდებულესობავ, ღრმად პატივცემულო ნობელის ლაურეატებო, ქალბატონებო და ბატონებო! ამ დიდებულ ზეიმზე მინდა შეგახსენოთ რუსი პოეტი ბორის პასტერნაკი, რომელსაც სიცოცხლეში მოაკლდა უფლება მიეღო მინიჭებული ჯილდო და ესარგებლა ბედნიერებითა და პატივით – ყოფილიყო ნობელის პრემიის ლაურეატი. ნება მომეცით, როგორც მისმა თანამემამულემ და რუსული მუსიკის წარმომად­გენელმა დაგიკრათ სარაბანდა ბახის სიუიტა დ-მოლიდან ვიოლონჩელოს სოლოსთვის”. კლავდიას ნადიმზე ჰამლეტისეუ­ლი მონოლოგის ტრაგიკული ხმით ჟღერდა ვიოლონჩელი, ბახის უძირო მუსიკაში ისმოდა გეთსიმანიის ნოტის სევდანა­რევი ტკივილი:

Гул затих, Я вышел на подностки.
Прислонясь к дверному косяку,
Я ловлю в далеком отголоске,
Что случится на моем веку.
ბანკეტის შემდეგ როსტროპოვიჩმა და გალინა ვიშნევსკაიამ სასტუმრო ოთახში შეგვიყვანეს, სადაც მეფე და დედოფალი საპა­ტიო სტუმრებს იღებდნენ. ჩვენ რამდენიმე მეგობრული სიტყვით მივმართეთ ერთმანეთს.
მეორე დილით მოსკოვში გამოვფრინდით.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...