კვირა, ივლისი 27, 2025
27 ივლისი, კვირა, 2025

ნინო ჭიაბრიშვილი – კონფლიქტის გადაჭრის „უდანაკარგო“ მეთოდი თავი 11

0
თომას გორდონი- როგორ გავხდე კარგი მშობელი 

იმ მშობლებისთვის, რომლებმაც კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ ტრადიციული – „გამარჯვება–დამარცხება” – მიდგომა იციან, ალტერნატივის არსებობა ნამდვილი აღმოჩენა ხდება. მათი უმრავლესობისათვის შვებისმომგვრელია იმის გაგება, რომ მესამე მეთოდიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდის გაგება იოლია, მისი გამოყენებისათვის მშობლებს გარკვეული მომზადება და პრაქტიკა სჭირდებათ.

ალტერნატივა კონფლიქტის გადაჭრის „უდანაკარგო” მეთოდია, რომლის დროსაც არავინ მარცხდება. P.E.T. სისტემაში მას III მეთოდს უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ახალია მშობელი–შვილის კონფლიქტების გადაჭრისას, მშობლები აღიარებენ, რომ ის ფართოდ გამოიყენება პრაქტიკაში. III მეთოდს იყენებენ: მეუღლეები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე უთანხმოების მოსაგვარებლად; ბიზნეს პარტნიორები მრავალრიცხოვანი კონფლიქტების დროს შეთანხმების მისაღწევად; პროფესიული კავშირები და მენეჯერები ხელშეკრულების ისეთ პირობებზე მსჯელობისას, რომელსაც მომავალში ორივე მხარე დაიცავს. აღარაფერს ვიტყვით იმ მრავალრიცხოვან სამართლებრივ კონფლიქტებზე, რომელიც III მეთოდის წყალობით, სასამართლოს კედლებს გარეთ მშვიდობიანად გვარდება.

III მეთოდი ხშირად გამოიყენება ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი ძალაუფლების მქონე ინდივიდებს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად. როცა ორ ადამიანს ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი ძალაუფლება აქვს, ბუნებრივია, რომ არც ერთი არ ეცდება მის გამოყენებას კონფლიქტის მოგვარების მიზნით. ძალაუფლებაზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენება ისეთ სიტუაციაში, როდესაც არც ერთ მხარეს არ აქვს ძალაუფლებრივი უპირატესობა, უბრალოდ, სასაცილოა.     

წარმოიდგინეთ ჩემი ცოლის რეაქცია, თუკი ვეცდები I მეთოდის გამოყენებას ისეთი კონფლიქტის გადაჭრისას, როგორიცაა ჩვენი ექვსი წლის ქალიშვილისთვის ძილის დრო. ზოგადად, მასთან თამაში საღამოობით მიყვარს, ჩვენ კარგად ვერთობით ხოლმე და 8:00 საათზე დაძინება ხალისიან გართობას არ გვაცდის. მეუღლეს კი, სურს, რომ 8:00 საათზე დაიძინოს და მეორე დღეს გამოუძინებლობის გამო უხასიათოდ არ იყოს. დავუშვათ, მეუღლეს ვუთხარი: „ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დასაძინებლად 9:00 საათზე დაწვება, რომ ჩვენ მეთი დრო გვქონდეს სათამაშოდ”. ამ სიტყვებით გაოგნებული მეუღლე, ალბათ, მიპასუხებს:

„თქვენ გადაწყვიტეთ!”

„მე კი, გადავწყვიტე, რომ აუცილებლად 8:00 საათზე დაწვება დასაძინებლად”.

„არაჩვეულებრივია! იმედი მაქვს, ხვალ ადვილად გააღვიძებ და იზრუნებ კიდეც, თუ გამოუძინებლობის გამო ავად გახდება!”

მე მყოფნის გონიერება, გავაცნობიერო, რა სასაცილო იქნებოდა ამ სიტუაციაში I მეთოდი რომ გამომეყენებინა. მეუღლესაც საკმარისი სიმტკიცე (ძალაუფლება) აქვს ჩვენს ურთიერთობაში, რომ ჩემი მხრიდან მისი მარცხის სანაცვლოდ ჩემი გამარჯვების ამგვარ სულელურ მცდელობას შეეწინააღმდეგოს.

შესაძლოა, კანონია, რომ ერთნაირი ან თითქმის ერთნაირი ძალაუფლების მქონე ადამიანები (ეგალიტარული ურთიერთობები) იშვიათად ცდილობენ I მეთოდის გამოყენებას. თუკი, შემთხვევით, რომელიმე მხარე ეცდება მის გამოყენებას, მეორე მხარე არ დაუშვებს, კონფლიქტის ამგვარად გადაჭრას. თუ ერთი მხარე თვლის (ან დარწმუნებულია), რომ მეტი ძალაუფლება აქვს, შესაძლოა გაუჩნდეს I მეთოდის გამოყენების ცდუნება. თუკი მეორე მხარე იფიქრებს, რომ პირველს მართლაც მეტი ძალაუფლება აქვს, ის გადაწყვეტს, რომ  დამორჩილების გარდა სხვა არაფერი დარჩენია ან აირჩევს წინააღმდეგობასა და ბრძოლას იმ ძალის გამოყენებით, რომელიც ფიქრობს, რომ აქვს.

ცხადია, რომ III მეთოდი არაძალადობრივი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, „უდანაკარგო” („ფრე”) მეთოდია; კონფლიქტი ისე გვარდება, რომ არც ერთი მხარე არც იმარჯვებს და არც მარცხდება. ორივე იმარჯვებს, რადგან გადაწყვეტილება ორივესთვის მისაღბი უნდა იყოს. კონფლიქტი იჭრება საბოლოო გადაწყვეტილებაზე ორმხრივი შეთანხმებით. ამ თავში მეთოდის მოქმედებას გავეცნობით. მომდევნო ორ თავში კი იმ სირთულეებზე ვისაუბრებთ, რომლებსაც მშობლები ამ მეთოდის გამოყენებისას აწყდებიან. პირველ რიგში, შემოგთავაზებთ III მეთოდის მოკლე აღწერას:

მშობელი და შვილი მოთხოვნილებათა კონფლიქტს აწყდება. მშობელი სთხოვს შვილს, მონაწილეობა მიიღოს ორივესათვის მისაღები გამოსავლის მოძებნაში. ერთ–ერთი ან ორივე სთავაზობენ შესაძლო ვარიანტებს. ისინი კრიტიკულად აფასებენ და საბოლოოდ ერთ–ერთ, ორივე მხარისათვის მისაღებ ვარიანტზე თანხმდებიან. გამოსავლის შერჩევის შემდეგ არც ერთი მხარე არ ცდილობს მეორის მოტყუებას, რადგან გადაწყვეტილება ორივესთვის მისაღები იყო. არც ერთ მხარეს არ სჭირდება ძალის გამოყენება მორჩილებისთვის, რადგან არც ერთი მათგანი არ ეწინააღმდეგება გადაწყვეტილებას. 

დავუბრუნდეთ ლაბადასთან დაკავშირებულ ნაცნობ სიტუაციას და ვნახოთ, როგორ შეიძლებოდა გადაჭრილიყო III მეთოდის გამოყენებით (სწორედ ასე აღწერა სიტუაცია ერთ–ერთმა მამამ):
ჯეინი: ნახვამდის, სკოლაში მივდივარ.
მშობელი: საყვარელო, წვიმს, შენ კი ლაბადა არ გაცვია. 
ჯეინი: არ მჭირდება.
მშობელი: მგონი, ძალიან წვიმს და მეშინია, არ გაცივდე!
ჯეინი: არ მინდა იმ ლაბადის ჩაცმა. 
მშობელი: ჰო, გეტყობა, მართლაც არ მოგწონს!
ჯეინი: მართალია, მეჯავრება!
მშობელი: გეჯავრება…
ჯეინი: ჰო, რას ჰგავს… ასეთი აღარავის აცვია.
მშობელი: არც შენ გინდა, რაღაც გამორჩეული გეცვას.
ჯეინი: რა თქმა უნდა. ყველას ისეთი მოდური აცვია.
მშობელი: ჰოო. როგორც ჩანს კონფლიქტი გვაქვს. შენ ლაბადის ჩაცმა არ გინდა, რადგან ძველმოდურია, მე კი არ მსურს გარისკო და გაცივდე, რადგან სამსახურის გაცდენა მომიწევს. იქნებ ისეთი გამოსავალი მოძებნო, რომ ორივესთვის მისაღები იყოს? როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა ისე, რომ ორივე კმაყოფილი ვიყოთ?
ჯეინი (პაუზა): იქნებ დედას ვთხოვო თავისი ძველი ლაბადა მათხოვოს.
მშობელი: ის ძველი ლაბადა?
ჯეინი: ჰო, მაგარია!
მშობელი: შენი აზრით, გათხოვებს?
ჯეინი: ვკითხავ. [რამდენიმე წუთში უკან ბრუნდება დედის ლაბადით; სახელოები ძალიან გრძელი აქვს, მაგრამ იკეცავს]. დედამ მათხოვა.
მშობელი: ახლა ბედნიერი ხარ?
ჯეინი: რა თქმა უნდა!
მშობელი: კარგია, არ დასველდები! თუ შენ კმაყოფილი ხარ არჩევანით, მეც მშვიდად ვიქნები.
ჯეინი: კარგი, უნდა წავიდე!
მშობელი: კარგ დღეს გისურვებ!

რა მოხდა ამ შემთხვევაში? ცხადია, ჯეინმა და მამამისმა ორივესათვის ხელსაყრელი გზით გადაჭრეს კონფლიქტი, თანაც საკმაოდ სწრაფად. მამას არ დაუკარგავს დრო უშედეგო თხოვნაში „გასაღებინა” თავისი გადაწყვეტილება, როგორც ეს I მეთოდის შემთხვევაში არის ხოლმე საჭირო. კონფლიქტში ძალაუფლება არ მონაწილეობდა – არც მამის და არც ჯეინის მხრიდან. საბოლოოდ, პრობლემა ისე გადაიჭრა, რომ მათ ერთმანეთის მიმართ თბილი გრძნობები შეინარჩუნეს. მამამ შეძლო გულწრფელად ესურვებინა კარგი დღე ჯეინისათვის, ხოლო ჯეინი სკოლაში თავისი „მახინჯი” ლაბადის გამო დაცინვის შიშის გარეშე წავიდა.

ქვემოთ მშობელთა უმრავლესობისათვის ნაცნობ კიდევ ერთ კონფლიქტს გთავაზობთ, რომელიც III მეთოდის გამოყენებით გადაიჭრა. ალბათ, ფუჭია იმის ჩვენება, თუ როგორ გადაიჭრებოდა ეს კონფლიქტი აუცილებელი არ არის I ან II მეთოდის საშუალებით; მრავალი მშობლისათვის ძალზე ნაცნობია შვილის ოთახის სისუფთავესთან დაკავშირებული წარუმატებელი გამარჯვება-მარცხი „ბრძოლები”. გთავაზობთ ჩვენი ერთ–ერთი კურსდამთავრებული მშობლის მონათხრობს:

დედა: სინდი, დავიღალე შენი ოთახის შესახებ ნოტაციებით და დარწმუნებული ვარ, შენც მოგბეზრდა ჩემი ლაპარაკი. ზოგჯერ ალაგებ ხოლმე ოთახს, მაგრამ ძირითადად არეული გაქვს და მაგიჟებ. მოდი, მოვსინჯოთ ახალი მეთოდი, რომელიც მეცადინეობებზე მასწავლეს. ვნახოთ, იქნებ ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება და ორივე ბედნიერი ვიქნებით. არ მინდა გაიძულო ოთახის დალაგება და ამის გამო თავი უბედურად იგრძნო, მაგრამ არც ის მინდა, რომ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენო ან გაგიბრაზდე. როგორ შეიძლება ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ? იქნებ მოვსინჯოთ?

სინდი: კარგი, მოვსინჯოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმით დამთავრდება, რომ იძულებული ვიქნები, სისუფთავეზე ვიზრუნო.

დედა: არა. გთავაზობ ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომელიც ორივესთის მისაღები იქნება და არა მხოლოდ ჩემთვის.

სინდი: კარგი, მაშინ იდეა მაქვს! შენ არ გიყვარს სადილის მომზადება, მაგრამ გიყვარს დასუფთავება, მე კი სადილის მომზადება მიყვარს და დასუფთავება მეჯავრება. ამას გარდა, მეტი მინდა ვისწავლო სადილების მომზადების შესახებ. რა იქნება, თუკი მე კვირაში ორჯერ მოვამზადებ სადილს შენთვის, მამასთვის და ჩემთვის, ხოლო შენ კვირაში ერთხელ ან ორჯერ დაალაგებ ჩემს ოთახს. 

დედა: მართლა ფიქრობ, რომ კარგი იდეაა?
სინდი: რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს!
დედა: მაშინ, ვცადოთ. ჭურჭელსაც დარეცხავ?
სინდი: რა თქმა უნდა!
დედა: კარგი. იქნებ ახლა მაინც იყოს ხოლმე დალაგებული შენი ოთახი ჩემი სტანდარტების შესაბამისად. სხვა რომ არაფერი, ხომ მე თვითონ უნდა დავალაგო.

III მეთოდით კონფლიქტის გადაჭრის ეს ორი მაგალითი გვიჩვენებს ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რომელსაც თავიდან ყოველთვის როდი ხვდებიან მშობლები. III მეთოდის გამოყენებით სხვადასხვა ოჯახი, როგორც წესი, ერთსა და იმავე პრობლემას სხვადასხვაგვარად ჭრის. ეს მშობლისა და შვილისათვის მისაღები გადაწყვეტილების და არა იმ ერთადერთი, ყველა ოჯახისათვის „საუკეთესო” შაბლონური გადაწყვეტილების მოძებნის გზაა. ლაბადის პრობლემა ერთ ოჯახში შესაძლოა ქოლგის შეთავაზებით გადაიჭრას, მეორე ოჯახში მამამ წაიყვანოს ქალიშვილი მანქანით სკოლაში, მესამეში, შესაძლოა, შეთანხმდნენ და ჯეინი „მახინჯი” ლაბადით წავიდეს სკოლაში, ხოლო მოგვიანებით ახალი ლაბადა უყიდონ. 

მშობლებისთვის განკუთვნილი წიგნების უმეტესობა „გადაწყვეტილებაზე ორიენტირებულია”; ისინი ურჩევენ მშობლებს შვილების აღრზდასთან დაკავშირებული კონკრეტული პრობლემები ექსპერტების მიერ „სანქცირებული” სტანდარტული რეცეპტებით გადაჭრან. მშობლებს სთავაზობენ „ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს” ისეთი პრობლემების გადასაჭრელად, როგორიცაა ძილის დრო, მაგიდასთან მოქცევის წესები, ტელევიზორისადმი დამოკიდებულება, ოთახის სისუფთავე, საოჯახო საქმეებში მონაწილეობა და ასე დაუსრულებლად.

ჩემი თეზისის მიხედვით, მშობელმა კონფლიქტების გადაჭრის ერთადერთი მეთოდი უნდა ისწავლოს, რომელიც ნებისმიერი ასაკის შვილთან გამოადგება. ამ შეხედულების მიხედვით, არ არსებობს ყველა ან თითქმის ყველა ოჯახისათვის გამოსადეგი „საუკეთესო” გადაწყვეტილება. ერთი ოჯახისათვის საუკეთესო გადაწყვეტილება – მისაღები კონკრეტული მშობლისათვის და შვილისათვის – შესაძლოა არ იყოს „საუკეთესო” მეორე ოჯახისათვის. 
აი როგორ გადაჭრა ერთ–ერთმა ოჯახმა მინიმოტოციკლის გამოყენებასთან დაკავშირებული კონფლიქტი. მამის ნაამბობი:

„13 წლის რობის მინიმოტოციკლის ყიდვის ნება მივეცით. ერთ–ერთმა მეზობელმა დაიჩივლა, რომ რობი ტროტუარზე დადის, რასაც კანონი კრძალავს. მეორემ გვითხრა, რომ რობიმ მოტოციკლით ნალოლიავები მოლი გაუფუჭა. ჩვენ საკუთარ ეზოში კი დედას ყვავილნარი გადაუთელა. ჩვენ პრობლემის გადაჭრა გადავწყვიტეთ და რამდენიმე შესაძლო ვარიანტზე შევჩერდით:
1.მხოლოდ ქალაქგარეთ ისეირნებს მოტოციკლით.
2.მხოლოდ ჩვენს ეზოში ისეირნებს მოტოციკლით.
3.არ გადათელავს დედის ყვავილნარს.
4.დედა ყოველ კვირა გაჰყვება რობის სკვერში, სადაც შეძლებს მოტოციკლით რამდენიმე საათი სეირნობას.
5.რობის შეეძლება პარკში მოლზე შესვლა იმ პირობით, თუ მოტოციკლზე არ იჯდება.
6.არ ისეირნებს მოტოციკლით არავის ეზოში.
7.არ გააფუჭებს საკუთარი ეზოს მოლს.
8.გაყიდის მოტოციკლს.
ჩვენ უარვყავით 1–ლი, მე–2, მე–4 და მე–8 პუნქტები, მაგრამ ყველა დანარჩენზე შევთანხმდით. ორი კვირის შემდეგ ყველაფერი მოგვარდა. ყველა ბედნიერი იყო”.

ამრიგად, III მეთოდი ის მეთოდის, რომლის საშუალებით ყოველი კონკრეტული მშობელი და კონკრეტული ბავშვი შეძლებს გადაჭრას კონკრეტული კონფლიქტი ორივესათვის მისაღები კონკრეტული გზით.

ეს მიდგომა არა მხოლოდ უფრო რეალისტურია, არამედ მნიშვნელოვნად ამარტივებს მშობლების სწავლების პროცესსაც. თუ აღმოვაჩენთ ერთადერთ მეთოდს, რომლის დახმარებით მშობლები კონფლიქტების წარმატებით გადაჭრას შეძლებენ, იმ იმედის უფლებაც გვექნება, რომ შევძლებთ მომავალი მშობლების ეფექტურობის ამაღლებასაც. მშობლის ეფექტურობის ამაღლება შესაზლოა არც ისეთი დაუძლეველი ამოცანაა, როგორც თვით მშობლები და პროფესიონალები მიიჩნევენ.
რატომ არის III მეთოდი ასეთი ეფექტური?

ბავშვი მოტივირებულია შეასრულოს გადაწყვეტილება

კონფლიქტის გადაჭრის III მეთოდი ბავშვს გადაწყვეტილების შესრულების მაღალ სტიმულს აძლევს, რადგან აგებულია მონაწილეობის პრინციპზე:

ადამიანი უფრო ხალისით ასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებაშიც თვითონ მონაწილეობდა, ვიდრე იმას, რომელიც სხვამ მოახვია თავს. 

ამ პრინციპის ჭეშმარიტება კვლავ და კვლავ მტკიცდება მრეწველობაში ჩატარებული ექსპერიმენტებით. მუშაკები მეტად არიან მოტივირებულნი შეასრულონ ის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაშიც მონაწილეობდნენ, ვიდრე ის, რომელიც ცალმხრივად მიიღეს ზემდგომებმა. ის ხელმძღვანელები თანამშრომლებს უფლებას აძლევენ მონაწილეობა მიიღონ ისეთი საკითხების განხილვაში, რომლებიც მათ ეხებათ, როგორც წესი, მაღალ მწარმოებლობას, სამსახურით კმაყოფილებას, ზნეობრივ კლიმატს და მუშახელის ნაკლებ გადინებას აღწევენ. 

მიუხედავად იმისა, რომ III მეთოდი არ გვაძლევს გარანტიას, რომ ბავშვები ყოველთვის ხალისით შეასრულებენ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვნად იზრდება იმის ალბათობა, რომ ასე მოხდება. ბავშვებს ეუფლებათ იმის განცდა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მათიც არის. მათაც აქვთ წვლილი ამ გადაწყვეტილების მიღებაში და გრძნობენ მისი შესრულების პასუხისმგებლობას. მათ მოსწონთ თვით ის ფაქტიც, რომ მშობლები არ ეცადნენ გამარჯვებას მათი მარცხის ხარჯზე.   

III მეთოდის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ხშირად ბავშვისეულია. ბუნებრივია, რომ იზრდება სურვილი დაინახო მისი შედეგი. ერთ–ერთმა მშობელმა III მეთოდით კონფლიქტის გადაჭრის მაგალითი შემოგვთავაზა:

„ოთხწლინახევრის ვილბურს არ სურდა დედის მეგობართან სტუმრად წასვლა. ამ მეგობარს ჰყავდა ქალიშვილი ბეკი, რომელიც ვილბურთან მეგობრობდა, თუმცა ეს არაფერს ცვლიდა, ვილბური ჯიუტობდა.
დედა: ბეკისთან წასვლა არ გინდა?
ვილბური: არა!
დედა: ალბათ, არის რაღაც, რაც არ მოგწონს მათ სახლში…
ვილბური: კი, ვანესა. [ბეკის უფროსი და].
დედა: ვანესა გადარდებს?
ვილბური: კი. მეშინია, ვანესამ დამარტყა და მატკინა და ამიტომ არ მინდა წამოსვლა.
დედა: გეშინია, რომ ვანესა გატკენს და ამიტომ გირჩევნია სახლში დარჩენა.
ვილბური: ხო.
დედა: ჰო, ეგ პრობლემაა. ძალიან მინდა ჩემს მეგობართან წასვლა და საუბარი. მაგრამ შენ არ გინდა წამოსვლა ვანესას გამო. როგორ მოვიქცეთ?
ვილბური: აქ დავრჩები.
დედა: შენზე ვიდარდებ. რა მოხდება თუკი ჩემს გვერდზე იქნები, სანამ სტუმრად ვიქნებით. მაშინ ვანესასთან თამაში არ მოგიწევს.
ვილბური: მმმ… კარგი… ვიცი! ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რომ ვანესამ აღარ დამარტყას! [მოაქვს ფურცელი და ფანქარი]. როგორ იწერება „არ დამარტყა”? [დედა უწერს ფურცელზე, ხოლო ვილბური შეძლებისდაგვარად ლამაზად იწერს].
ვილბური: ახლა მაქვს ეს წარწერა: „არ დამარტყა!” თუ ვანესას მოუნდება დამარტყას, ამ წარწერას ვაჩვენებ და ეცოდინება, რომ არ დამარტყას. [შერბის ოთახში და აგროვებს სათამაშოებს სტუმრად წასასვლელად].
ეს შემთხვევა თვალსაჩინოს ხდის, როგორი ძლიერი შეიძლება იყოს ბავშვის მოტივაცია შეასრულოს მისივე მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილება. III მეთოდით მიღებულ გადაწყვეტილებაში ბავშვის წვლილი, მისი ინვესტიციაცაა. ამასთან მშობელი აღმოაჩნეს, რომ შვილს ენდობა გადაწყვეტილების შესრულებაში. როცა ბავშვები ნდობას გრძნობენ, ისინი სწორედ ისე იქცევიან, რომ ამ ნდობას იმსახურებენ კიდეც.
მაღალხარისხიანი გადაწყვეტილების მიღების მეტი შესაძლებლობა

გარდა იმისა, რომ მეტია ალბათობა III მეთოდით მიღებული გადაწყვეტილებები ორივე მხარემ მოიწონოს და შეასრულოს, ისინი უფრო შემოქმედებითი და ეფექტურიც არის ხოლმე პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით, ვიდრე ეს I და II მეთოდით მიღებული გადაწყვეტილებები; III მეთოდის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება მშობლის მოთხოვნილებებსაც აკმაყოფილებს და შვილისასაც და ორივეს ძალისხმევის შედეგია. ოთახის დასუფთავებასთან დაკავშირებული მაგალითი კარგი თვალსაჩინოებაა იმისა, რამდენად შემოქმედებითი შეიძლება იყოს პრობლემის გადაჭრა. დედამაც და ქალიშვილმაც აღიარეს, როგორი მოულოდნელი იყო მათთვის პრობლემის ამგვარი გადაჭრა. 

ასეთივე მაღალხარისხიანი გადაწყვეტილება მიიღო III მეთოდის დახმარებით ერთ–ერთმა ოჯახმა იმ პრობლემის გადაჭრისას, რომელიც ორი მცირეწლოვანი ქალიშვილის მიერ სადილობის დროს ტელევიზორის მაღალ ხმაზე ყურებას ეხებოდა. ერთ–ერთმა ქალიშვილმა შესთავაზა ხმის გარეშე, მხოლოდ გამოსახულების ყურება. ყველა დათანხმდა ამ ორიგინალურ გადაწყვეტილებას, რომელიც, შესაძლოა, მიუღებელი ყოფილიყო სხვა ოჯახისათვის. 
           
III მეთოდი ხელს უწყობს ბავშვის სააზროვნო უნარების განვითარებას

III მეთოდი სტიმულს აძლევს, ფაქტობრივად, აიძულებს ბავშვს იფიქროს. მშობელი სიგნალს აძლევს შვილს: „კონფლიქტი გვაქვს, მოდი, ერთად დავსხდეთ და საუკეთესო გამოსავალი მოვძებნოთ”. III მეთოდი ინტელექტუალური სააზროვნო სავარჯიშოა როგორც მშობლისთვის, ასევე ბავშვისთვის. ის საინტერესო თავსატეხს ჰგავს და „წვდომას”, „გამოცნობას” მოითხოვს. არ გამიკვირდება, თუკი მომავალი გამოკვლევები დაადასტურებს, რომ იმ ოჯახის ბავშვებს, სადაც III მეთოდს იყენებენ უფრო მაღალი გონებრივი შესაძლებლობები აღმოაჩნდებათ, ვიდრე იმ ოჯახებში აღზრდილებს, სადაც I და II მეთოდებს იყენებენ.
ნაკლები მტრობა – მეტი სიყვარული

მშობლები, რომლებიც თანმიმდევრულად იყენებენ III მეთოდს, როგორც წესი, შვილების მხრიდან მტრობის მკვეთრ შემცირებას ამჩნევენ. ეს არც არის გასაკვირი; როცა ორი ადამიანი კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე თანხმდება, წყენისა და მტრობისათვის საფუძველი ქრება. არსებითად, როდესაც მშობელი და შვილი ერთად „გაივლის” კონფლიქტს და ორივესათვის დამაკმაყოფილებელ გადაწყვეტილებამდე მივა, ისინი ხშირად სიყვარულსა და სინაზის მძლავრ გრძნობას განიცდიან. თუკი კონფლიქტი ორივე მხარისათვის მისაღები გზით წყდება, ის მშობელსა და შვილს აახლოებს. ისინი კმაყოფილები არაინ არა მხოლოდ იმით, რომ კონფლიქტი დასრულდა, არამედ იმითაც, რომ არავინ დამარცხდა. საბოლოოდ, თითოეული მათგანი სითბოთი აფასებს მეორის მზადყოფნას პატივი სცეს მის ინტერესებსა და უფლებებს. ამგვარად, III მეთოდი ამტკიცებს და აღრმავებს ურთიერთობებს. 

ბევრი მშობელი ამას კონფლიქტის გადაჭრისთანავე ამჩნევს, ორივე მხარე რაღაც განსაკუთრებულ სიხარულს განიცდის. ისინი ხშირად იცინიან, სითბოს განიცდიან ოჯახის სხვა წევრების მიმართ, ეფერებიან და კოცნიან ერთმანეთს. ამგვარი სიხარული და სიყვარული ჩანს ქვემოთ მოცემულ ნაწყვეტში, რომელშიც კონსულტანტი, დედა და მისი სამი მოზარდი მონაწილეობს. ოჯახმა მთელი კვირა რამდენიმე კონფლიქტის გადაჭრას მოანდომა III მეთოდის გამოყენებით. 

ენი: ახლა უფრო უკეთ გვესმის ერთმანეთის; ყველას ერთმანეთი გვიყვარს.
კონსულტანტი: ნამდვილად გრძნობთ განსხვავებას თქვენს დამოკიდებულებაში, ერთმანეთის მიმართ გრძნობებში?
ქეითი: დიახ. ახლა ნამდვილად მიყვარს ყველა. დედას პატივს ვცემ და ტედი მიყვარს და, ზოგადად, ეს ყველაფერი მომწონს.
კონსულტანტი: ბედნიერი ხარ, რომ ამ ოჯახის წევრი ხარ.
ტედი: დიახ, მაგარი ოჯახი გვაქვს.

P.E.T. კურსების გავლიდან ერთი წლის შემდეგ ერთ–ერთმა დედამ ასეთი რამ მომწერა:

„ჩვენს ოჯახურ ურთიერთობებში ცვლილებები შეუმჩნეველი, მაგრამ რეალურია. უფროს შვილებს განსაკუთრებით ახარებთ ეს ცვლილებები. თავის დროზე ჩვენს სახლში „ემოციური სმოგი” მეფობდა – კრიტიკული, აღშფოთებული, მტრული გრძნობები, რომელსაც მანამდე ვაკავებდით ხოლმე, სანამ რომელიმე ჩვენგანი არ აფეთქდებოდა. P.E.T.–ისა და ჩვენი ახალი უნარების გაზიარების წყალობით, „ემოციური სმოგი” გავფანტეთ. ჰაერი გასუფთავდა და დღემდე სუფთაა. ჩვენს ოჯახში აღარ არის დაძაბულობა, თუ არ ჩავთვლით ნებისმიერ ოჯახში ყოველდღიურ პრობლემებთან დაკავშირებულ წვრილმან პრობლემებს. პრობლემებს წარმოშობისთანავე ვჭრით და ვაკონტროლებს საკუთარ და სხვების გრძნობებს. ჩემი 18 წლის ბიჭი ამბობს, რომ მეგობრების ოჯახებში დაძაბულობას გრძნობს და სიხარულს გამოხატავს იმის გამო, რომ ჩვენს ოჯახში მშვიდობა გვაქვს. P.E.T.–მა ბოლო მოუღო თაობათა შორის განხეთქილებას. რაკი გულწრფელი ურთიერთობები გვაქვს, თავისუფლად შემიძლია შვილებს ფასეულობათა საკუთარი სისტემა და ცხოვრებისეული შეხედულებები გავუზიარო. მეორე მხრივ კი, ისინი მამდიდრებენ თავიანთი შეხედულებებით”.     
მოითხოვს ნაკლებ იძულებას

III მეთოდი უმნიშვნელო იძულებას მოითხოვს, როცა ბავშვი თანხმდება მისაღებ გადაწყვეტილებას, როგორც წესი, ასრულებს კიდეც, ნაწილობრივ იმისა გამოც, რომ არ აიძულეს მიეღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც მათთვის წამგებიანი იყო. 

ჩვეულებრივ, I მეთოდი იძულებას მოითხოვს, რადგან მშობლის გადაწყვეტილება ხშირად მიუღებელია ბავშვისთვის. რაც უფრო ნაკლებმისაღბია გადაწყვეტილება მათთვის, ვინც უნდა შეასრულოს, მით მეტი იძულებაა საჭირო – შეხსენება, თხოვნა, დანამუსება, ნერვიულობა, შემოწმება და ა.შ. ჩვენი კურსების მსმენელი მამა ასე აღწერს III მეთოდის გამოყენების შედეგს:

„შაბათი დღე ჩვენს ოჯახში დავიდარაბით იწყებოდა. ვიბრძოდი, რომ ბავშვებს თავიანთი წილი საოჯახო საქმე შეესრულებინათ. ყოველ ჯერზე ერთი და იგივე რამ ხდებოდა – ბრძოლა, მრისხანება და დაუნდობლობა. მას შემდეგ რაც III მეთოდის გამოყენება დავიწყე, საოჯახო საქმის შესრულების პრობლემა გადაიჭრა – ბავშვები თითქოს თავისით აკეთებენ ყველაფერს. აღარ სჭირდებათ შეხსენება და იძულება”. 
არ მოითხოვს ძალის გამოყენებას 

უდანაკარგო III მეთოდი უარყოფს ძალის გამოყენების აუცილებლობას როგორც მშობლის, ისე ბავშვის მხრიდან. მაშინ როცა I და II მეთოდი ძალაუფლებისათვის ხელჩართული ბრძოლაა, III მეთოდი სავსებით განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. მშობელი და შვილი ერთმანეთს კი არ ებრძვის, არამედ ერთად მუშაობენ საერთო ამოცანის გადასაჭრელად, ამიტომ შვილებს არ სჭირდებათ მშობლის ძალაუფლების დასაძლევად ჩვენთვის ნაცნობი მეთოდების გამოყენება. 

III მეთოდის დროს მშობლის დამოკიდებულება ასე შეიძლება აღვწეროთ: ის პატივს სცემს შვილის მოთხოვნილებებს. მაგრამ იმავდროულად ის პატივს სცემს საკუთარ მოთხოვნილებებსაც. მშობელი თითქოს შვილს ეუბნება: „პატივს ვცემ შენს მოთხოვნილებებს და შენს უფლებას დაიკმაყოფილო მოთხოვნილებები, მაგრამ ასევე ვცემ პატივს ჩემს მოთხოვნილებებს და ჩემს უფლებას დავიკმაყოფილო მოთხოვნილებები. მოდი, ვიპოვოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ორივესათვის მისაღები იქნება. ასე შენი მოთხოვნილებებიც დაკმაყოფილდება და ჩემიც. არც ერთი არ წავაგებთ – ორივე მოგებულები ვიქნებით”.

აი რა უთხრა საღამოს სახლში დაბრუნებულმა თექვსმეტი წლის გოგონამ თავის მშობლებს:

„იცით, როგორ მიხარია, როცა მეგობრებისაგან ვიგებ, როგორ უსამართლოდ ექცევიან მათ მშობლები. ისინი სულ იმაზე საუბრობენ, როგორ ცოფდებიან მშობლებზე და როგორ ეჯავრებათ ერთმანეთი. მე კი ჩუმად ვდგავარ, რადგან მსგავსი გრძნობები უცხოა ჩემთვის. სრულიად უცხო. ვიღაცამ მკითხა კიდეც, რატომ არ ბრაზობ მშობლებზე, რითი განსხვავდება შენი ოჯახიო. თავიდან არ ვიცოდი რა მეპასუხა, მაგრამ რომ დავფიქრდი, ვუპასუხე, რომ ჩვენს ოჯახში ყოველთვის დარწმუნებული ხარ, რომ არავინ გაიძულებს რაღაცის გაკეთებას. არ გაქვს იძულების ან დასჯის შიში. მუდამ იცი, რომ გაქვს შანსი”. 

P.E.T.–ის მშობლები სწრაფად ხვდებიან ისეთი ოჯახური გარემოს მნიშვნელობას, სადაც ძალაუფლებაზე უარს ამბობენ. ისინი ხედავენ მომხიბვლელ შედეგს – შესაძლებლობას ისე აღზარდო შვილი, რომ მას არ დასჭირდეს ძალაუფლებასთან დაპირისპირების დამღუპველი, თავდაცვითი მექანიზმების სწავლა. 

მათ შვილებს არ დასჭირდებათ განივითარონ: წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის უნარი (უბრალოდ არაფერი იქნება ისეთი, რასაც შეეწინააღმდეგებიან და წინ აღუდგებიან); მორჩილების და პასიური კაპიტულაციის უნარი (არ იქნება ძალაუფლება, რომელიც მორჩილებას და კაპიტულაციას მოითხოვს); უკან დახევისა და გაქცევის უნარი (თავის დაღწევა არაფრის არ სჭირდებათ); კონტრშეტევისა და მშობლისათვის „ადგილის მიჩენის” უნარი (მშობელი არ ეცდება გამარჯვებას უფრ დიდი ფსიქოლოგიური ზომის გამოყენებით).    
III მეთოდი რეალური პრობლემების გადაჭრის საშუალებას გვაძლევს 

I მეთოდის გამოყენებისას მშობელი ხშირად ხელიდან უშვებს შვილის ნამდვილი სატკივარის გაგების შესაძლებლობას. ის სწრაფად პოულობს პრობლემის გადაჭრის საკუთარ გზას, შემდეგ აიძულებს შვილს ამ ნაჩქარევი გადაწყვეტილების შესრულებას და არ აძლევს სიღრმისეული გრძნობების გაზიარების შანსს, რომელიც იმ მომენტში მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის ქცევას. ამგვარად, I მეთოდი ხელს უშლის მშობელს ძირეული პრობლემის დანახვაში და არ აძლევს შესაძლებლობას რაღაც უფრო მნიშვნელოვანი გააკეთოს ბავშვის გრძელვადიანი ზრდისა და განვითარების თვალსაზრისით. 

მეორე მხრივ III მეთოდი ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. ბავშვს საშუალება ეძლევა დეტალურად ჩაუღრმავდეს თავის პრობლემას, რომელიც მის კონკრეტულ ქცევას უდევს საფუძვლად. როგორც კი რეალურ პრობლემას აღმოაჩენს, კონფლიქტის გადაჭრის შესატყვისი გზა თითქმის ცხადი ხდება. ფაქტობრივად III მეთოდი პრობლემის გადაჭრის პროცესია: როგორც წესი, ის საშუალებას აძლევს მშობელსაც და შვილსაც პირველ რიგში განსაზღვრონ რეალური პრობლემა, ეს კი ზრდის შანსს, რომ ისინი მივლენ რეალური და არა „მოჩვენებითი” (რომელიც ხშირად ზედაპირული ან სიმპტომურია) პრობლემის გადაჭრის გზამდეც. ამის კარგი ილუსტრაციაა „ლაბადის პრობლემა”, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, იმის გამო წარმოიშვა, რომ ბავშვს ძველმოდური ლაბადის გამო დაცინვის შიში ჰქონდა. გთავაზობთ რამდენიმე სხვა მაგალითსაც.

ხუთი წლის ნათანი საბავშვო ბაღში წასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ უარს ამბობდა წასვლაზე. თავდაპირველად დედამ რამდენჯერმე იძულებით წაიყვანა. შემდეგ პრობლემის გადაჭრა გადაწყვიტა. როგორც აღნიშნა, რეალური მიზეზის დადგენას მხოლოდ ათი წუთი დასჭირდა: ნათანს ეშინოდა, რომ დედა საბავშვო ბაღში დატოვებდა და დღის ბოლოს ოთახის დალაგებასა და დედის მოსვლას შორის დრო საუკუნედ ეჩვენებოდა. ამას გარდა, ვერ იგებდა, რატომ ცდილობდა დედა მისგან თავის დაღწევას ბაღში გაგზავნით. 

დედამ ნათანს თავისი გრძნობები გაუზიარა: დედა სულაც არ ცდილობდა მის თავიდან მოშორებას და ძალიან სიამოვნებდა, როცა სახლში ჰყავდა. მაგრამ ის თვლიდა, რომ ნათანისათვის საბავშვო ბაღი აუცილებელია. III მეთოდის საშუალებით პრობლემის გადაჭრის პროცესში რამდენიმე გადაწყვეტილება მოძებნეს და ერთ–ერთი შეარჩიეს: დედა მანამდე წამოიყვანდა სახლში, სანამ ბაღის დასუფთავებას დაიწყებდნენ. დედის სიტყვებით, ამის შემდეგ ნათანი ხალისით მიდიოდა საბავშვო ბაღში და ხშირად ახსენებდა დედას შეთანხმებას, რაც ცხადყოფდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეთანხმება მისთვის.   

ანალოგიური კონფლიქტი სხვაგვარად გადაიჭრა ერთ–ერთ ოჯახში, რადგან III მეთოდით მისი გადაჭრის პროცესმა გამოავლინა ძირეული პრობლემა. ხუთი წლის ბონი უარს ამბობდა დილით ადგომაზე, ჩაცმაზე და საბავშვო ბაღში წასვლაზე, რაც მთელ ოჯახს უქმნიდა პრობლემას. 

ქვემოთ გთავაზობთ პრობლემის შემოქმედებითი გადაჭრის საკმაოდ ვრცელ, მაგრამ არაჩვეულებრივ დეტალურ ჩანაწერს. ეს ჩანაწერი არა მხოლოდ გვარწმუნებს, რამდენად ეფექტურია III მეთოდი ძირეული პრობლემის აღმოჩენისას, არამედ გვაჩვენებს კონფლიქტის გადაჭრისას აქტიური მოსმენის და ორმხივად მისაღები გადაწყვეტილების მნიშვნელობასაც. და ბოლოს, ნაწყვეტი მკაფიოდ ცხადყოფს, შვილებისა და მშობლების დაინტერესებას III მეთოდით ორმხივად მისაღები გადაწყვეტილების შესრულებისას. 

დედამ ეს–ეს არის გადაჭრა პრობლემა, რომელიც მის ოთხივე შვილს ეხებოდა. ახლა ის ბონის ესაუბრება და უზიარებს პრობლემას, რომელიც მხოლოდ მას ეხება.

დედა: ბონი, პრობლემა მაქვს და მინდა გაგიზიარო. დილით ისე ნელა იცვამ, რომ ყველას გვაგვიანდება, ტერი ზოგჯერ თავის ავტობუსს ვერ უსწრებს; იძულებული ვარ ხოლმე შემოვიდე შენს ოთახში, დაგეხმარო ჩაცმაში, მერე კი დრო აღარ მრჩება, რომ საუზმე მოვამზადო ყველასთვის და სულ ვჩქარობ, ვჩქარობ, ვჩქარობ… ვუყვირივარ ტერის, იჩქაროს, რომ ავტობუსს მიუსწროს. ეს ისეთი დიდი პრობლემაა…

ბონი (გრძნობით): არ მინდა ხოლმე დილით ჩაცმა.
დედა: საბავშვო ბაღისთვის ჩაცმა არ გინდა?
ბონი: არ მინდა ბაღში წასვა, მინდა სახლში დავრჩე და წიგნები ვათვალიერო, როცა გვერდით ხარ და არ გძინავს. 
დედა: ბაღში წასვლას სახლში ყოფნა გირჩევნია?
ბონი: ჰო.
დედა: გირჩევნია სახლში დარჩე და დედას ეთამაშო?
ბონი: ჰო, ვეთამაშო და წიგნები ვათვალიერო.
დედა: ბაღში ამას არ აკეთებთ?
ბონი: არა. ისე მენატრება ხოლმე ის თამაშები, რომელსაც დაბადების დღეზე ვთამაშობთ. ბაღში სხვანაირად ვთამაშობთ.
დედა: ბაღში თამაში მოგწონს?
ბონი: არც ისე, რადგან სულ ერთი და იგივეა.
დედა: ერთხელ თამაში მოგწონს, მაგრამ სულ ერთი და იგივე გბეზრდება.
ბონი: ჰო, ზუსტად ამიტომ მინდა ხოლმე სახლში თამაში.
დედა: რადგან სახლის და ბაღის თამაშები განსხვავდება და გბეზრდება ერთი და იგივე. 
ბონი: ჰო, ყოველ დღე ერთი და იგივე.
დედა: გაცილებით სახალისოა განსხვავებულის კეთება.
ბონი: ჰო, მაგალითად, ძერწვა.
დედა: ბაღში არ ძერწავთ?
ბონი: არა, მხოლოდ ვაფერადებთ და ვხატავთ.
დედა: ესე იგი, ძირითადად ის არ მოგწონს, რომ ყოველ დღე ერთსა და იმავეს აკეთებთ, მართალია?
ბონი: ყოველ დღე არა – ყოველ დღე ერთი და იგივეს არ ვაკეთებთ.
დედა: ყოველ დღე ერთსა და იმავე თამაშებს არ თამაშობთ?
ბონი (ოხვრით): ერთსა და იმავე თამაშებს ვთამაშობთ ყოველ დღე, მაგრამ ზოგჯერ ახლებსაც ვსწავლობთ, თუმცა მაინც არ მომწონს. სახლში ყოფნა მომწონს. 
დედა: ახალი თამაშების სწავლა არ მოგწონს?
ბონი (ძალიან გაღიზიანებული): მომწონს…
დედა: მაგრამ სახლში ყოფნა გირჩევნია.
ბონი (შვებით): ჰო, ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა, თამაში და წიგნების თვალიერება და სახლში დარჩენა და ძილი, როცა შენ სახლში ხარ. 
დედა: მხოლოდ როცა მე ვარ სახლში?
ბონი: როცა სახლში რჩები, მეც სახლში ყოფნა მინდა, თუ არ იქნები, მირჩევნია, ბაღში წავიდე. 
დედა: როგორც ჩანს, ფიქრობ, რომ დედა ცოტა დროს ატარებს სახლში?
ბონი: ძალიან ცოტას. მთელი დღე სკოლაში ხარ, დილითაც გაკვეთილები გაქვს და საღამოთიც.
დედა: და გინდა, რომ გარეთ ამდენი ხანი არ ვიყო ხოლმე?
ბონი: ჰო.
დედა: უფრო ხშირად გინდა ჩემთან ყოფნა?
ბონი: ყოველ საღამოს, როცა შენ არ ხარ, სუზანი [ძიძა] მაძინებს.
დედა: გირჩევნია მე დაგაძინო?
ბონი (დაბეჯითებით): ჰო.
დედა: და შენი აზრით, დილით, როცა სახლში ვარ…
ბონი: …მეც სახლში დავრჩები.
დედა: გინდა სახლში დარჩე დედასთან ერთად?
ბონი: ჰო.
დედა: კარგი, მოდი დავფიქრდეთ. მე აუცილებლად უნდა ვიარო სკოლაში. როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადავჭრათ? რაიმე იდეა ხომ არ გაქვს?
ბონი (ყოყმანით): არა.
დედა: იცი რას ვფიქრობ? იქნება მეტი დრო გვეთამაშა ერთად საღამოს, როცა რიკის სძინავს.
ბონი (მხიარულად): რა კარგი იქნება!
დედა: გაწყობს?
ბონი: კი.
დედა: მხოლოდ ჩემთან ერთად გინდა ყოფნა?
ბონი: ჰო, რენდის, ტერის, რიკის გარეშე, მხოლოდ მე და შენ ვითამაშოთ და წავიკითხოთ წიგნები. მაგრამ წიგნების წაკითხვა არ მინდა, როცა კითხულობ, ყოველთვის გეძინება ხოლმე, ოველთვის გეძინება…
დედა: ჰო, მართალი ხარ. მაშინ იქნებ შენი დღის ძილის ნაცვლად? ბოლო დროს არარ იძინებ დღისით, როგორც ჩანს, აღარ გჭირდება.
ბონი: არ მიყვარს ძილი, მაგრამ ამაზე არ ვსაუბრობდით.
დედა: მართალია, ძილზე არ ვსაუბრობდით, მაგრამ ვიფიქრე, იქნებ, ძილის ნაცვლად… როცა უნდა გეძინოს, იქნებ ერთად ვყოფილიყავით. 
ბონი: მხოლოდ ჩვენ?
დედა: ჰო. მაშინ იქნებ ისე ძალიან აღარ მოგინდეს დილით სახლში დარჩენა. როგორ ფიქრობ, ასე გადავჭრით პრობლემას?
ბონი: ვერც კი გავიგე რა თქვი.
დედა: მე ვთქვი, რომ თუკი საღამოს, სადილის შემდეგ რამდენიმე საათი გვექნება, რომ ერთად ვიყოთ და მხოლოდ ის ვაკეთოთ, რაც შენ გინდა – მზად ვარ ამისთვის საოჯახო საქმეები გადავდო და მხოლოდ შენთან ვიყო – იქნებ უფრო ხალისით წახვიდე ხოლმე დილით საბავშვო ბაღში, თუკი გეცოდინება, რომ საღამოს ერთად ვიქნებით. 
ბონი: ჰო, სწორედ ეს მინდა. დილის საბავშვო ბაღში მინდა წასვლა, ხოლო დღისით, როცა იქ წყნარი საათია, შენთან ვიყო და შენ არაფერი აკეთო და მხოლოდ ის გააკეთო, რასაც გთხოვ.
დედა: მხოლოდ ის, რასაც მთხოვ და არანაირი საოჯახო საქმე?
ბონი (მტკიცედ): არა, არანაირი საოჯახო საქმე.
დედა: კარგი, მაშინ მოვსინჯოთ. ხვალიდანვე დავწყოთ?
ბონი: კარგი, ოღონდ რაღაც ნიშანი გვჭირდება, თორემ შენ დაგავიწყდება.
დედა: თუ დამავიწყდება, თავიდან მოგვიწევს ამ პრობლემის გადაჭრა.
ბონი: ჰო, მაგრამ, დედი, ეს ნიშანი უნდა დახატო და შენი ოთახის კარებზე მიაკრა, რომ გახსოვდეს. კიდევ ერთი ასეთი ნიშანი სამზარეულოში დაგვჭირდება. რომ როცა ბაღიდან მოვალ გაგასხენდეს ნიშანს რომ შეხედავ და რომ გაიღვიძებ, ნიშანს შეხედო და გაგახსენდეს. 
დედა: სხვაგვარად შეიძლება შემთხვევთ დამავიწყდეს და ჩავთვლიმო ან საოჯახო საქმეები დავიწყო.
ბონი: ჰო. 
დედა: კარგი, კარგი იდეაა. გავაკეთებ მაგ ნიშანს. 
ბონი: საღამოს გააკეთე, როცა დავიძინებ.
დედა: კარგი. 
ბონი: მერე შეგიძლია სკოლაში წახვიდე კრებაზე.
დედა: კარგი, ჩემი აზრით, პრობლემა გადავჭერით, არა?
ბონი (სიხარული): კი!

ამ დედამ, რომელმაც ასეთი წარმატებით გამოიყენა III მეთოდი, ტიპური, მაგრამ არც ისე მარტივი ოჯახური პრობლემის გადასაჭრელად, მოგვიანებით გვაცნობა, რომ დილაობით ბონი აღარ უწევდა წინააღმდეგობას და არ ზუზუნებდა ჩაცმისას. რამდენიმე კვირის შემდეგ ბავშვმა გამოაცხადა, რომ ურჩევნია მეტი დრო ითამაშოს გარეთ, ვიდრე ამდენი დრო გაატაროს დედასთან. ეს შემთხვევა გვასწავლის, რომ საკმარისია პრობლემის გადაჭრის გზით ბავშვის რეალური მოთხოვნილებები გავარკვიოთ და შესაბამისი გადაწყვეტილება მოვძებნოთ, რომ პრობლემა ქრება ბავშვის დროებითი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთანავე. 
ბავშვებს ისევე ვექცევით, როგორც დიდებს  

  

უდანაკარგო III მეთოდი ბავშვებს აგებინებს, რომ მშობლებისათვის მათი (შვილების) მოთხოვნილებებიც მნიშვნელოვანია და სჯერათ, რომ საპასუხოდ ისინიც ყურადღებაინები იქნებიან მშობლების ინტერესების მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ შვილებს ისევე ვექცევით, როგორც მეგობრებს ან მეუღლეს. ეს მეთოდი ბავშვებს მოსწონთ, რადგან სიამოვნებთ, როცა ენდობიან და ისე ექცევიან, როგორც ტოლს. (I მეთოდი ბავშვებს მოუმწიფებელ, უპასუხისმგებლო და უჭკუო ადამიანებად მიიჩნევს).

ქვემოთ მოცემული ნაწყვეტი P.E.T.–ის კურსდამთავრებულმა შემოგვთავაზა:

მამა: ვფიქრობ, რაღაც უნდა ვიღონოთ შენს დაძინებასთან დაკავშირებით. ყოველ ღამე მე ან დედაშენი, ან ორივე ერთად იძულებული ვართ ვიბუზღუნოთ, ვინერვიულოთ და ზოგჯერ გაიძულოთ, რომ დროულად, 8 საათზე დაწვე დასაძინებლად. ჩემთვის ეს მუდამ უსიამოვნოა და მაინტერესებს შენ რას გრძნობ. 

ლორა: არ მომწონს, როცა მებუზღუნები… და არც ასე ადრე დაძინება მინდა. ახლა უკვე დიდი ვარ და მგონია, რომ მაქვს პიტერზე გვიან დაწოლის უფლება [ორი წლით უმცროსი ძმა].
დედა: გგონია, რომ ისევე გექცევით, როგორც პიტერს და უსამართლოა?
ლორა: ჰო, პიტერზე ორი წლით დიდი ვარ.   
მამა: ფიქრობ, რომ ისე უნდა გექცეოდეთ, როგორც დიდს?
ლორა: ჰო.
დედა: პრინციპში, მართალი ხარ. მაგრამ თუ უფრო გვიან დაძინების უფლებას მოგცემთ, თავდაყირა დადგები და, ვშიშობ, ძალიან გვიან მოგიწევს დაძინება. 
ლორა: არ დავდგები თავდაყირა, ოღონდ ცოტა გვიან დაწოლის უფლება მომეცით.
მამა: მაშინ მოვსინჯოთ, რამდენიმე დღე შევხედოთ, როგორ მოიქცევი და იქნებ შევცვალოთ დაძინების დრო.
ლორა: ესეც უსამართლობაა.
მამა: უსამართლობაა, რომ გვიან დაძინება უნდა „დაიმსახურო”?
ლორა: ვფიქრობ, გვიან იმიტომ უნდა დავიძინო, რომ დიდი ვარ. [სიჩუმე.] რა მოხდება, თუკი რვაზე დავწვები და ცხრის ნახევრამდე წიგნს წავიკითხავ ლოგინში?
დედა: ესე იგი, ჩვეულ დროს იწვები ლოგინში, ოღონდ შუქი გენთება და წიგნს წაიკითხავ?
ლორა: ჰო, მიყვარს ლოგინში კითხვა.
მამა: ჩემთვის მისაღებია, მაგრამ დროს ვინ გააკონტროლებს?
ლორა: მე თვითონ. ცხრის ნახევარზე შუქს ჩავაქრობ. 
დედა: ძალიან კარგი იდეაა! მოდი, მოვსინჯოთ. 
მოგვიანებით მამამ მოლაპარაკების შედეგი შეგვატყობინა:

„მას შემდეგ თითქმის არ გვქონია დაძილების დროსთან დაკავშირებით სირთულეები. იშვიათად, როდესაც ლორა შუქს არ აქრობდა 9–ის ნახევარზე, ერთ–ერთი ჩვენგანი ასეთ შენიშვნას აძლევდა: „ლორა, ცხრის ნახევარია, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, რომ ამ დროს ჩააქრობდი შუქს”. ამ შეხსენებებს ის ყოველთვის იღებდა. ამგვარმა გადაწყვეტილებამ ლორას ‘დიდ გოგოდ” ყოფნის უფლება და მშობლების მსგავსად ლოგინში კითხვის უფლება მისცა”.
III მეთოდი, როგორც ბავშვისთვის „თერაპია” 

ხშირად III მეთოდი ბავშვის ქცევაში ისეთ ცვლილებებს იწვევს, რომელიც ორგანიზმში თერაპევტის მკურნალობის შედეგად მიმდინარე ცვლილებების მსგავსია. კონფლიქტების გადაჭრისა და პრობლემების მოგვარების ამ მეთოდში მართლაც არის რაღაც პოტენციურად თერაპიული.

ერთ–ერთმა მამამ ორი მაგალითი შემოგვთავაზა, იმის დასტურად, როგორი  მყისიერი „თერაპიული” ცვლილებები გამოიწვია მის 5 წლის ვაჟიშვილში III მეთოდის გამოყენებამ:

„ბიჭს ფულისადმი ძლიერი ინტერესი გაუჩნდა და ხშირად იღებდა ხურდას ჩემი მაგიდის უჯრიდან. იმ პერიოდში III მეთოდით კონფლიქტის გადაჭრა ვისწავლეთ და შვილს შევთანხმდი, რომ ყოველდღიურად მივცემდი 10 ცენტს ჯიბის ფულად. შედეგად მას აღარ აუღია ფული უჯრიდან და მიზანმიმართულად დაიწყო ფულის შეგროვება სასურველი ნივთების საყიდლად”.

 „ძალიან ვნერვიულობდით სამეცნიერო ფანტასტიკის შესახებ არხისადმი მისი ინტერესის გამო, რომელიც ღამის კოშმარების მიზეზი იყო. იმავე დროს სხვა არხზე მშვიდი საგანმანათლებლო გადაცემა გადიოდა ხოლმე. ბიჭს ეს გადაცემაც მოსწონდა, თუმცა, იშვიათად ირჩევდა. პრობლემა III მეთოდით გადავჭერით და გადავწყვიტეთ, რომ ერთ დღეს ერთ გადაცემას ნახავდა, მეორე დღს – მეორეს. შედეგად, კოშმარები შემცირდა და გარკვეული დროის შემდეგ მან უფრო ხშირად საგანმანათლებლო გადაცემების ყურება დაიწყო”. 

სხვა მშობლები ასევე გვიყვებიან ხოლმე III მეთოდის შედეგად გარკვეული დროის შემდეგ მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ – სკოლაში წარმატებები, თანატოლებთან ურთიერთობები, გრძნობების უფრო თავისუფლად გამოხატვა,  ნაკლები აფეთქებები, სკოლისადმი ნაკლებად მტრული განწყობა, საოჯახო საქმეებისადმი მეტი პასუხისმგებლობა, მეტი დამოუკიდებლობა, მეტი თავდაჯერებულობა, უფრო ხალისიანი განწყობა და სხვა წინსვლა, რომელიც მშობლებს ასე ახარებთ.
  

მასწავლებლის თვითშეფასების მნიშვნელობათვითშეფასების ეფექტური ინსტრუმენტები

0

მასწავლებლის თვითშეფასება შიდა სასკოლო შეფასების სისტემის, სკოლის განვითარების გეგმის, ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის ან გარე შეფასების შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს. წინამდებარე წერილში მასწავლებელთა თვითშეფასების დადებით მხარეებს, თვითშეფასების ინსტრუმენტებს და მათ გამოყენებას, აგრეთვე შესაძლო სირთულეებს მიმოვიხილავთ. 

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თვითშეფასების მიზნით შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებამდე საჭიროა წინასწარი ტრენინგი თვითშეფასების მეთოდებისა და შედეგების ანალიზში, ინსტრუმენტების შექმნის და/ან მოდიფიცირების საკითხებში. ტექნიკური ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ შეფასების ინსტრუმენტები ითვალისწინებდეს და ეფუძნებოდეს პროფესიულ სტანდარტს. ისინი მასწავლებლის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული, რათა შედეგების გამოყენებით შესაძლებელი გახდეს სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. იმისათვის, რომ თვითშეფასების განმავითარებელი ინსტრუმენტები ეფექტურად გამოვიყენოთ, აუცილებელია მათი დიფერენცირება დამწყები და გამოცდილი მასწავლებლებისთვის. თვითშეფასების შედეგები, პირველ რიგში, სწავლების პროცესის, სასწავლო მასალების და ანგარიშგების გაუმჯობესებისთვის გამოიყენება. ასევე, რეკომენდებულია მასწავლებელთა თვითშეფასების შედეგების გამოყენება სკოლის განვითარების გეგმის ფორმირებისას.  

მასწავლებლის თვითშეფასების საანალიზო სფეროები შეიძლება იყოს: პროფესიული ცოდნა, სწავლების მეთოდიკა და ტექნიკა, სასწავლო პროცესის მართვა, პროფესიული უნარები/თვისებები და მოსწავლეთა შეფასების პროცესი. აღსანიშნავია, რომ შიდა სასკოლო შეფასებისა და გარე შეფასების პროცესშიც სწორედ ამ მიმართულებების დაკვირვება ხორციელდება და ამდენად, თვითშეფასება მასწავლებლს შემაჯამებელი გარე შეფასების წარმატებით გავლაშიც შეუწყობს ხელს. უკეთესი წარმოდგენისთვის დეტალურად მიმოვიხილავ, თუ რა კომპონენტებს შეიძლება მოიცავდეს თითოეული მიმართულება. 

·პროფესიული ცოდნა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: საგნობრივი კომპეტენცია, სასწავლო გეგმა, წარმატებული პრაქტიკა, საგნობრივი მასალის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე, ადეკვატური სასწავლო მიზნები, დავალებები. 

·სწავლების მეთოდიკა _ სასწავლო ამოცანების, აქტივობების და შეფასების შესაბამისობა სტანდარტებთან, ადეკვატური სტრატეგიები, ტექნიკები, დიფერენცირებული სწავლება, რესურსები, მასალა, მოსწავლეთა მონაცემების ანალიზი გრძელვადიანი სასწავლო გეგმების შესაქმნელად, ჩართულობა (მოსწავლეთა მოტივაცია სწავლისადმი/მონდომება/ხალისით სწავლა). 

·სწავლების პროცესი _ სასწავლო მიზნების გაცნობა, მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება, მოსწავლეთა მომზადება ახალი მასალისთვის (თემისთვის), ახალი მასალის წარდგენა, ცოდნის გაღრმავება,  ცოდნის გამოყენება, აზროვნებისა და სწავლის კულტურა, მოსწავლეების რეფლექსიის ხელშეწყობა.

·მასწავლებლის პროფესიონალური უნარები – გაკვეთილის დაგეგმვა, პოზიტიური ურთიერთობები / სასწავლო გარემო, ორგანიზება, წესები და პროცედურები, მოლოდინები, ნდობა, გუნდური მუშაობა, უსაფრთხო გარემო, მოსწავლეთა პატივისცემა, მიუკერძოებელი დამოკიდებულება, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კოლეგებთან თანამშრომლობა. 

·მოსწავლეთა შეფასება _ გაზომვადი მიზნები, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასების გამოყენება, საჭიროებების გამოვლენა, სწავლების ეფექტურობის შეფასება, მოსწავლეებისთვის შეფასების ინსტრუმენტების/კრიტერიუმების წარდგენა/ახსნა; დროული, ხშირი, ეფექტური, ინდივიდუალური უკუკავშირის უზრუნველყოფა. 

ცხადია, ყველა ამ სფეროს ანალიზი და თვითანალიზი შეუძლებელი იქნება გარკვეული პრიორიტეტების დასახვის და სტრატეგიის შემუშავების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თვითშეფასების ყველა სფეროსთვის, მასწავლებლის საჭიროებების და განვითარების მიზნების გათვალისწინებით, შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა იქნება საჭირო. 

წარმოგიდგენთ მასწავლებლის თვითშეფასების ინსტრუმენტების სპექტრს და მათი შემუშავებისა და გამოყენების პრინციპებს. 

თვითშეფასების ინსტრუმენტებს, მათი ფორმატის მიხედვით, პირობითად, სამ ძირითად კატეგორიად დავყოფ: თავისუფალი, სტრუქტურირებული და ინტეგრირებული. რაც შეეხება მათ გამოყენებას, თვითშეფასების ინსტრუმენტები შეიძლება იყოს განმავითარებელი და/ან შემაჯამებელი. 

თავისუფალი ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ფართოდ გამოიყენება რეფლექსიის წერილობითი ან ზეპირი ფორმები, მულტიმედია საშუალებების გამოყენებით თვითდაკვირვება და შეფასება (მაგ., გაკვეთილის ვიდეო გადაღება და შემდგომი ანალიზი) და შენიშვნებისა და ჩანაწერების დღიური. რეფლექსია, ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლის პორტფოლიოს ნაწილად წარმოგვიდგება, თუმცა ის დამოუკიდებლადაც ხორციელდება.  მისი მიზანია, მასწავლებელმა გააანალიზოს, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სწავლების პროცესისადმი, რა ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, რამდენად თავდაჯერებულია თავის კომპეტენციებში. რეფლექსიის დროს მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გააანალიზოს, დაასაბუთოს ან გააკრიტიკოს თავისი გადაწყვეტილებები, იფიქროს ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეთა რეაქციებზე და მათ უკუკავშირზე. მულტიმედია საშუალებების გამოყენება თვითშეფასების პროცესში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებასთან ერთად. გაკვეთილის ვიდეო გადაღება და შემდგომი ანალიზი თვითანალიზის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მასწავლებლებისთვის. მხოლოდ რეფლექსიით შეუძლებელია საგაკვეთილო პროცესის ყველა დეტალის აღქმა და  საანალიზოდ გახსენება, ვიდეო გადაღება კი სკრუპულოზური ანალიზისთვის საუკეთესო მასალას იძლევა. რეფლექსია და ვიდეო გადაღება გარკვეული პერიოდულობით შეიძლება განახორციელოს მასწავლებელმა. ჩანაწერების დღიურის წარმოება ყველაზე მოქნილი მეთოდია. თუმცა ანალიზის სიღრმის თვალსაზრისით, დღიურში წარმოებული ჩანაწერები მყისიერ რეაგირებას უფრო ეფუძნება, ვიდრე საკითხის კომპლექსურ ანალიზს. 

სტრუქტურირებული ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებს განეკუთვნება: კრიტერიუმების ჩამონათვალი, კითხვარი, მოსწავლეთა გამოკითხვა, რანჟირებული შეფასება, რეიტინგის მინიჭება. აღნიშნული ტიპის ინსტრუმენტები შესაძლებელია ეფუძნებოდეს შესრულების კრიტერიუმებს, სასკოლო მიზნებს ან სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებელის პროფესიულ სტანდარტს, ეთიკის კოდექსს ან სხვა ნებისმიერ ნორმატიულ თუ პროცედურულ დოკუმენტს. სტრუქტურირებული ფორმატის ინსტრუმენტების საანალიზო საკითხები შეიძლება იყოს:

·როგორ ვხელმძღვანელობ (ან ვხელმძღვანელობ თუ არა) გაკვეთილის დაგეგმვისას სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტით?

·როგორ შევიმუშავებ გაკვეთილის დაგეგმვისას (ან შევიმუშავებ თუ არა) შეფასების სტრატეგიას და ინსტრუმენტებს?  

·ვიყენებ თუ არა მრავალფეროვან შეფასების ინსტრუმენტებს სწავლის შედეგის და აკადემიური მიღწევის სტანდარტის შესაბამისად?

·რა დროს ვუთმობ შეფასებას? 

·მოსწავლეებს ყოველთვის ვაცნობ და ვუხსნი გაკვეთილის მიზნებს?

·ვაძლევ თითოეულ მოსწავლეს უკუკავშირს ზეპირად და წერილობით?

·რა დამხმარე მასალას ვიყენებ? 

·რა აქტივობებს ვიყენებ სპეციფიკური მიზნით? 

·რა სტრატეგიას ვიყენებ საშუალო და სუსტ ბავშვებთან მუშაობისთვის? 

·აკადემიური პასუხისმგებლობის გარდა რა ვალდებულებებს ვასრულებ? 

·როგორ ვიყენებ საგაკვეთილო “ფანჯარას”? 

·რა მეთოდებით ვუწყობ ხელს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე აქტივობებში? 

·კლასის მართვის რა მეთოდებს ვიყენებ? 

·ვთანამშრომლობ კოლეგებთან, რათა უკეთ გავიგო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე სხვადასხვა კლასში?

·როგორ ვმუშაობ მშობლებთან? 

·რა სახით შეიძლება პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა?

·როგორ ვინარჩუნებ სისუფთავეს კლასში? 

·როგორ ვიცავ ვადებს? 

შეკითხვების სახით ფორმულირება შეესაბამება კითხვარის ან გამოკითხვის მეთოდს. კრიტერიუმების ჩამონათვალის ან რანჟირების მეთოდის გამოყენებისას ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის შეკითხვები თხრობით ფორმას მიიღებს და რანჟირების შემთხვევაში, რამდენიმე სავარაუდო პასუხიც წარმოდგენილი იქნება. 

ინტეგრირებული ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებში ერთიანდება: მასწავლებლის პორტფოლიო, პროფესიული განვითარების გეგმა, შეფასების რუბრიკა, სწავლის შედეგების ანალიზი, მტკიცებულებათა შეკრება და არტეფაქტების შეგროვება-ანალიზი. ინტეგრირებული ფორმატის  ინსტრუმენტების გარკვეული კომპონენტები სტუქტურირებულია სკოლის ან შემფასებლების მიერ განსაზღვრული სტანდარტის ნაწილში, ხოლო თავისუფალი ფორმატისაა მასწავლებლის ინდივიდუალური მიზნების და ამოცანების შესაბამისად. 

მასწავლებლის პორტფოლიო მტკიცებულებებზე დაფუძნებული წერილობითი დოკუმენტია, რომელშიც მასწავლებელი ლაკონურად, სტრატეგიულად და სელექციურად განათავსებს ინფორმაციას მიმდინარე მიღწევების შესახებ. პორტფოლიო, როგორც წესი, 8-10 გვერდისგან შედგება და სამ ძირითად სფეროს მოიცავს: სწავლებას, კვლევას და ბენეფიციარებთან მუშაობის ხარისხს. პორტფოლიოში განთავსდება სასწავლო პროცესის ანალიზი, მასალები, გარე შეფასების შედეგები და მოსწავლეების მიღწევები. სწავლების მიმართულებით პორტფოლიო აღწერს მასწავლებლის მიერ გამოყენებულ მეთოდებს, მიზნებს, მასალებს, აქტივობებს. ბენეფიციარებთან მუშაობის ხარისხი განისაზღვრება თანამშრომელთა შეფასებების, სასკოლო რეიტინგების, წლიური შეფასებების, ჯილდოებისა და პრემიების, მოსწავლეებისგან, მშობლებისა და კოლეგებისგან მიღებული მადლობის წერილების მეშვეობით. მოსწავლეთა მიღწევები განისაზღვრება განმავითარებელი შეფასებების, შესრულებული პრე- და პოსტ-ტესტების, გამოცდების, პროექტების, პრეზენტაციების, ესეებისა და უკუკავშირის მეშვეობით. 

პროფესიული განვითარების გეგმა იმავე კომპონენტებს მოიცავს, რასაც პორტფოლიო (მიზნები, სტრატეგია, სწავლების ტექნიკა, მასალები). პროფესიული განვითარების გეგმაში დამატებით განსაზღვრულია დავალებების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები და შესრულების ვადები. მრავალ ქვეყანაში პროფესიული განვითარების გეგმის წარმოება რესერტიფიცირების ავტომატური საშუალებაა. 

მასწავლებელთა თვითშეფასების რუბრიკას მარტივი ცხრილის სახე აქვს. ის შეფასების სამიზნედ სამ კომპონენტს იღებს: სასწავლო გარემოს, სწავლების ტექნიკასა და კლასის/გაკვეთილის ორგანიზებას. თვითშეფასების სხვა ფორმებისგან განსხვავებით, რუბრიკაში აღინიშნება სასწავლო გარემოში არსებული ნეგატიური ფაქტორები ან შემთხვევები და განისაზღვრება მათი მოგვარების გზები, ასევე, სწავლების პროცესში წამოჭრილი შინაარსობრივი და ტექნიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.  

მტკიცებულებათა ნაკრები და არტეფაქტები შესაძლებელია პორტფოლიოს ფარგლებში შეგროვდეს, მასალების გაუმჯობესებისა და მენეჯმენტის შემადგენელი ნაწილი იყოს, ან დამოუკიდებელი მიზნისთვის გამოიყენოს პედაგოგმა (მაგალითად, საუკეთესო გაკვეთილის გეგმის კონკურსში). 

მასწავლებლის მიერ თვითშეფასების განხორციელებას გარკვეული სირთულეებიც სდევს თან. როგორ ზემოთ აღინიშნა, აუცილებელია, მასწავლებლმა გაიაროს შესაბამისი ტრენინგი თვითშეფასების მეთოდებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას შეფასების სიზუსტე/სანდოობა, შეირჩეს სათანადო სფეროები შეფასებისთვის, შეფასების ინსტრუმენტები შეესაბამებოდეს სასწავლო მიზნებს, პროფესიულ სტანდარტებს და პროფესიული პრაქტიკის კრიტერიუმებს (სტანდარტები შეიძლება მოიცავდეს კომპეტენციებს, სამუშაო პროფილს, სამუშაოს აღწერას, ეთიკის კოდექსს, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, წლიურ სამოქმედო გეგმას). ასევე, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს მონაცემების შეგროვების მიზნობრიობა, უნდა შეაგროვოს სათანადო მონაცემები და განსაზღვროს თვითშეფასების გეგმის განხორციელების შესაძლებლობა.

აზროვნება საკუთარი აზროვნების შესახებ

0

მასწავლებლებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის, დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამსჯელო კითხვებს წარმოადგენს:

 

·    რა უნარებით უნდა აღვჭურვოთ მოსწავლეები იმისათვის, რომ მათ შეძლონ თანამედროვე, კონკურენტუნარიან გარემოსთან ეფექტურად ადაპტირება?

·   როგორ შევუქმნათ მოსწავლეებს მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და განვითარების მოტივაცია?

 

სტატია განიხილავს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებს დამოუკიდებელ და წარმატებულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. განხილულია აგრეთვე ამ უნარ-ჩვევების განვითარების მნიშვნელობა სწავლება-სწავლის პროცესში.

ითვლება, რომ მოსწავლეს, რომელსაც კარგად აქვთ განვითრებული მეტაკოგნიტური უნარები,შეუძლია დაგეგმოს, აწარმოოს მონიტორინგი და შეაფასოს საკუთარი სწავლის პროცესი, საჭიროების შემთხვევაში კი, მუშაობის დროს გამოყენებული სტრატეგიები შეცვალოს ან მათი მოდიფიცირება მოახდინოს. მრავალმა კვლევამ დაადასტურა, რომ მეტაკოგნიცია შედეგზე ორიენტირებული სწავლის უმნიშვნელოვანესი  ნაწილია და საშუალებას აძლევს მოსწავლეს, განივითაროს თვითშემეცნების, საკუთარი აზროვნების მართვის, დამოუკიდებლად სწავლის, პრობლემების ეფექტურად გადაჭრისა და სხვა ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც არა მარტო სწავლაში, არამედ სხვა საქმიანობებშიც  მაღალი შედეგების მიღწევას განაპირობებს.

 

მეტაკოგნიციას, რომელიც მარტივად განიმარტება, როგორც “აზროვნება აზროვნების შესახებ”,  მკვლევარები ორ ძირითად ნაწილად ყოფენ (იხ. სურ. 1):

 

1.      მეტაკოგნიტური ცოდნა, რომელიც გულისხმობს შემეცნების პროცესების გაცნობიერებას და კითხვაზე პასუხს, თუ როგორ სწავლობს ადამიანი ეფექტიანად; ასევე, ცოდნას საკუთარი კოგნიტური სისტემებისა და მათი ფუნქციონირების შესახებ.

2.      თვითრეგულაცია, ანუ საკუთარი აზროვნების პროცესების მართვის უნარი და სასწავლო გამოცდილების რეგულაცია.

 

       მეტაკოგნიტური ცოდნა, თავის მხრივ, პირობითად სამი ტიპის ცოდნას აერთიანებს:

·         დეკლარირებული ცოდნა პასუხობს კითხვაზე, თუ რა ცოდნას ფლობს მოსწავლე საკუთარი სწავლის პროცესებისა და მეტაკოგნიტური სტარტეგიების შესახებ;

·         პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვზე, თუ როგორ უნდა გამოიყენოს მოსწავლემ მეტაკოგნიტური უნარები და სტრატეგიები;

·         პირობითი ცოდნა პასუხობს კითხვებზე, თუ როდის და რატომ უნდა გამოიყენოს მოსწავლემ სხვადასხვა სასწავლო სტრატეგია.

 

თვითრეგულაცია,ისევე, როგორც მეტაკოგნიტური ცოდნა, მეტაკოგნიციის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი არსი სამ ფუნდამენტურ უნარს ეფუძნება:

 

·         დაგეგმვა მუშაობის დაწყებამდე შესასრულებელი პროცესია, მაგ.: შედეგების პროგნოზირება, პრობლემის გადაჭრამდე სტრატეგიის შერჩევა, საკუთარი ფიქრების ორგანიზება, დავალების შესრულებისთვის საჭირო დროისა და რესურსის წინასწარ განსაზღვრა და ა.შ.

·         მონიტორინგი მოსწავლეთა პროგრესის გაცნობიერებას გულისხმობს; მონიტორინგის დროს მოსწავლე პერიოდულად ამოწმებს, რამდენად კარგად გაიგო და გაიაზრა ახალი ინფორმაცია, რამდენად ეფექტურია შერჩეული სტრატეგია დასახული მიზნის მისაღწევად, რა არის შესაცვლელი უკეთესი შედეგის მისაღებად და ა.შ.

·         შეფასება მოიცავს დასახული მიზნების, დასკვნების, შედეგებისა და მიღებული გამოცდილების გაანალიზებასა და განსჯას. თვითრეგულაციის ამ ეტაპზე მოსწავლე ეკითხება საკუთარ თავს, თუ რამდენად კარგად შეასრულა დავალება, სად რა ხარვეზია და რა არის გასაუმჯობესებელი.

 

როგორც ვხედავთ, მეტაკოგნიციის ეს ორივე კომპონენტი – მეტაკოგნიტური ცოდნა და შემეცნების რეგულაცია ეფექტიანი სწავლება-სწავლის განუყოფელი ნაწილია და მათი განვითარება მაღალი სააზროვნო უნარებით მოსწავლეთა აღჭურვას გულისხმობს.

 

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში?

 

მასწავლებელები, რომლებიც მიმართავენ მრავალფეროვანი სასწავლო მეთოდების მიზანმიმართულად გამოყენებას და მოსწავლეთა აღჭურვას სხვადასხვა სტრატეგიით, ხელს უწყობენ მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას და შესაბამისად, უკეთესი შედეგის მიღწევას. მარტივიდან რთულისაკენ სააზროვნო დონეების მიხედვით დასმული შეკითხვები, პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული დავალებები, ტექსტის კონკრეტული ინსტრუქციებით კითხვა, დისკუსიები, როლური თამაშები და სხვა სტრატეგიების გამოყენება შესაძლობლაბას აძლევს მოსწავლეებს, დააკვირდნენ საკუთარი აზროვნების პროცესს, გააცნობიერონ და გააკონტროლონ ის.

მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის მასწავლებელმა უნდა შექმნას აზროვნებისთვის ხელსაყრელი გარემო და წაახალისოს მოსწავლეები, სწავლის სხვადასხვა სტრატეგიით შეასარულონ დავალებები. ის უნდა დაეხმაროს მათ იმის გააზრებაში, თუ როგორ სწავლობენ, რა ფაქტორები უწყობს ან არ უწყობს ხელს მათი სწავლის პროცესის ეფექტიანობას, როგორ გააუმჯობესონ შედეგი და ა.შ. 

ქვემოთ მოცემული სტრატეგიების სასწავლო პროცესში გათვალისწინება დაეხმარება მოსწავლეებს სწავლის პროცესის გააზრებასა და საკუთარი შემეცნებითი აქტივობების მართვაში.

 

·         სტრატეგიების შერჩევა _ ეს მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პროცესია. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეებს და წაახალისოს ისინი, დამოუკიდებლად განსაზღვრონ დავალების წარმატებით დაძლევისთვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია. დავალების დასრულების შემდეგ მასწავლებელმა შეიძლება ჰკითხოს მოსწავლეებს, რომელი სტრატეგია აირჩიეს და რატომ? როგორ გადაჭრეს პრობლემა და რა სირთულეებს წააწყდნენ? როგორ ფიქრობენ, სხვა სტრატეგიის გამოყენება უკეთესი ხომ არ იქნებოდა და რატომ? ამგვარი მსჯელობით მოსწავლეები აფასებენ არა მარტო შერჩეული სტრატეგიის ადეკვატურობას, არამედ საკითხს სიღრმისეულადაც იაზრებენ.

·         შესრულებული სამუშაოს შეფასება – სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეები განიხილავენ მიღებულ შედეგებს და განსაზღვრავენ, რა გამოუვიდათ კარგად, რისი გაკეთება სჯობდა სხვანაირად, სად აქვთ ძლიერი მხარე და რა უნდა გააუმჯობესონ. მოსწავლეების მიერ შედეგების თვითანალიზი და შეფასება ხელს უწყობს მათ როგორც საკითხის სიღრმისეულად გააზრებაში, ასევე საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებაში.

·         თვითშეფასება – მოსწავლეები განსაზღვარევნ, რამდენად კარგად ისწავლეს საკითხი და რა აქვთ ხელახლა დასამუშავებელი, რომელი უნარები განუვითარდათ და რას უნდა მიაქციონ ყურადღება. თვითშეფასება საშუალებას აძლევს მათ, თვალი ადევნონ საკუთარ განვითარებასა და პროგრესს. საკუთარი აზროვნების გაცნობიერებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე, მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის შეფასებაც.

·         დავალების შესრულების პროცესის გააზრება _ მუშაობის დროს მასწავლებლი მოსწავლეებს უსვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ეხმარება მათ, გაიაზრონ, რამდენად ეფექტური გზა აქვთ არჩეული დავალების შესასრულებლად. მაგ:  “რას აკეთებ ახლა? რატომ აკეთებ ამას? როგორ დაგეხმარება ეს?” და ა.შ. მასწავლებელმა ასევე უნდა წაახლისოს მოსწავლეები, თავადაც დაუსვან მსგავსი ტიპის შეკითხვები საკუთარ თავს.

·         სხვადასხვა ტიპის შეკითხვები – მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა და მოსწავლეებმა, ცოდნის შემოწმებისა და სააზროვნო პროცესების მართვის მიზნით, საკუთარ თავს და ერთმანეთს დაუსვან შემდეგი სახის შეკითხვები: რა იციან განსახილველი ან/და შესასწავლი საკითხის შესახებ? რა შეიძლება, რომ არ იცოდნენ? რა აინტერესებთ? რა უნდათ, რომ იცოდნენ? რა ისწავლეს? რა ვერ გაიგეს? რაში დასჭირდებათ დახმარება? და ა.შ.

გარდა ზემოთ აღნიშნული კითხვებისა, სასურველია, მასწავლებელმა უბიძგოს მოსწავლეებს, დაუსვან შეკითხვები როგორც საკუთარ თავს, ასევე თანაკლასელებს უშუალოდ დავალების შინაარსიდან და ფორმიდან გამომდინარე (წერითი, კითხვითი, მსჯელობითი და ა.შ), მაგ.: ვეთანხმები თუ არა ავტორის პოზიციას და რატომ? მოცემული პრობლემის გადაჭრის რა ალტერნატიული გზები არსებობს? რა დააინტერესებს ჩემს მკითხველს? და ა.შ. მსგავსი ტიპის შეკითხვებით მოსწავლე დამოუკიდებლად იაზრებს საკითხს და პარალელურად ახდენს საკუთარი აღქმის გაკონტროლებას.

·         შედეგების პროგნოზირება – ეს ყველაზე ხშირად გამოიყენება მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. საკითხის დამუშავებამდე მისაღები შედეგის პროგნოზირება ეხმარება მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდი, თუ რა სახის ინფორმაცია შეიძლება დასჭირდეთ პრობლემის წარმატებით გადაჭრისთვის. პროგნოზირება ასევე ეხმარება მოსწავლეებს, შეადარონ საკუთარი მოსაზრება პრობლემის ან ექსპერიმენტის საბოლოო რეზულტატს. ამგვარად გააზრებული საკითხი კი ხელს უწყობს ახალი მენტალური სქემის ჩამოყალიბებასა და მყარი გამოცდილების შეძენას.

·         მსჯელობა – მსჯელობის პროცესი აზროვნების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. მოსწავლეთა მიერ გარკვეული იდეებისა და მოსაზრებების საკუთარ თავთან, ერთმანეთთან ან მასწავლებელთან ერთად განხილვა ხელს უწყობს მათ, ისწავლონ კითხვების დასმა, სხვისი ნაფიქრის გაზიარება და საკუთარ მოსაზრებებთან შედარება-შეჯერება, არსებულ ცოდნასა და გამოცდილებაში ხარვეზების იდენტიფიცირება, პირადი მოსაზრებების გაანალიზება და შეფასება.

·         უკუკავშირი – შესრულებული საქმიანობის კონსტრუქციული მიდგომით განხილვა და უკუკავშირი ხელს უწყობს მოსწავლეებს, პოზიტიურ კონტექსტში გაიაზრონ საკუთარი ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეები და დაფიქრდნენ, რა ცვლილებების განხორციელება იქნება საჭირო არსებული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის.

·         გადამოწმება – მასწავლებელი უბიძგებს მოსწავლეებს, რომ უკუკავშირის მიღების შემდეგ დაუბრუნდნენ შესრულებულ სამუშაოს და შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები. ეს შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს,  გადაამოწმონ სწავლის სტრატეგიის გამოყენების ადეკვატურობა და აზროვნების პროცესი.

მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა სწავლის სტილის განსაზღვრა, რაც მათი ინდივიდუალური მახასითებელია და დიდ გავლენას ახდენს სწავლის შედეგებზე. სხვადასხვა მოსწავლე ავლენს ვიზუალური, სმენითი, კინესთეტიკური ან ტაქტილური აზროვნების სტილს, რის გამოც მასწავლებელმა ხშირად უნდა ცვალოს სწავლების მეთოდები. მან უნდა შეძლოს ყველა მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინება.

 

ბოლოს უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ზემოთ მოცემული რეკომენდაციებისა, მეტაკოგნიტური უნარების განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეთა ემოციური მხადაჭერა და გამხნევება, რაც გულისხმობს მათი პიროვნების აღიარებას, მოსაზრებების პატივისცემას, საკლასო ოთახში სამრთლიანობის პრინციპის დაცვას, ინდივიდუალური ძალისხმევის დაფასებას, ნდობის ატმოსფეროს შექმნას, თვითრწმენის განმტკიცებას და ა.შ. ეს ყველაფერი კი მთლიანობაში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას იმისათვის, რომ უფრო ხალისით ჩაერთონ საკუთარი სწავლისა და განვითარების პროცესში.  

გაცრეცილი ფოტოების ხიბლი

0
მოცალეობისას, როდესაც მსოფლიო სპორტში განსაკუთრებული არაფერი ხდება, კარგი წიგნის ძებნა გეზარება და თავისუფალი დროც თავზე საყრელად გაქვს, ინტერნეტზე უკეთესი გულის გადასაყოლებელი, არა მგონია, არსებობდეს. ასეთ დროს კაცი „ყვითელი ჟურნალების” მოყვარულ ქალს ემსგავსები. იძრომიალებ, იძრომიალებ და ბოლოს სპორტსმენების პირად ინტერნეტგვერდს ან ფანკლუბის საიტს ესტუმრები. საინტერესო არ არის, როგორ უხსნის სიყვარულს ჯონ ოშის მავანი სტოკჰოლმელი ფანი, ანდა როგორ მოთქვამს თავის ბედკრულ ბავშვობაზე რობერტო კარლოსი – რა საჭიროა სიტყვები, როდესაც ყველაფერს სპორტსმენების ძველი, ბავშვობისდროინდელი ფოტოები გეუბნებიან.

საოცარ გრძნობას იწვევს უხარისხო, შავ-თეთრი ფოტო – 11-12 წლის რუბენს ბარიკელო და მისი მეგობარი შავკანიანი ბავშვი საღეჭ რეზინს ბერავენ და ისეთი კმაყოფილი სახეები აქვთ, არც კი შეგშურდებათ. მეორე ფოტოზე ექვსიოდე წლის გაბრიელ ბატისტუტა ფერმერ მამასთან ერთად ცხენს სათლში შვრიას უყრის. მამა-შვილის ჩაცმულობით ადვილად მიხვდებით, რომ ბატისტუტების ოჯახი 40 წლის წინანდელი არგენტინის კვალობაზეც კი ძალიან ღარიბი იყო. 
 

ნახავთ მეგობრის დღეობაზე მისულ 15 წლის პოლ ინსს, რომელსაც ხელში შავი ლუდით სავსე უზარმაზარი ბოკალი უჭირავს და გვარიანად შექეიფიანებული ჩანს. ინსის გვერდით გამოპრანჭული ქერათმიანი გოგონა ზის, რომელიც პოლს ისე შესციცინებს, ინსი ქართველი რომ იყოს, იფიქრებდით, ნამდვილად მანდილოსნების სადღეგრძელოს სვამსო… აი, ამ ფოტოზე პატარა ფაბრიციო რავანელი მშობლებთან ერთად მტვრიან ქუჩაშია გადაღებული. ძალიანაც რომ მოინდომოთ, შავთმიან, წითელშარვლიან ბავშვში ფაბრიციოს ვერ ამოიცნობთ. ფოტოს კუთხეში ბეჭდური წარწერაა: „ემილია პიტო”. ჩანს, ფოტოსურათი არა მოყვარულს, არამედ პროფესიონალ ფოტოგრაფს გადაუღია.

 
უსაშველოდ დიდი ფანტაზია უნდა გქონდეთ, პატარა გემის მოაჯირზე მდგომ მაღალ, თმახუჭუჭა თინეიჯერში ანდრე აგასი რომ ამოიცნოთ. ცამეტიოდე წლის მომავალ სპორტსმენს ხელში გრძელი ანკესი უჭირავს და, მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, თევზაობაში იმ დღეს მწარედ მოეცარა ხელი. სამაგიეროდ, ადვილად მიხვდებით, რომ ნაცრისფერ სასკოლო ფორმაში გამოწკეპილი ქერაკულულებიანი ბავშვი დევიდ ბექჰემია. დევიდს ცალი ხელი დედისთვის ჩაუკიდია, მეორეში კი ნახევრად შეჭმული ნაყინი უჭირავს. ასეთ ფოტოებს ბავშვებს სკოლაში მისვლის პირველ დღეს სკოლის ეზოში მდგარი მოხუცი ფოტოგრაფები უღებენ და, როგორც წესი, ფოტო სულაც არ გამოდის ისეთი კარგი, როგორიც ბავშვის დედას უნდა.
 
თუ დააკვირდებით, ადვილად შეამჩნევთ, რომ ევროპელი სპორტსმენების ფოტოები უმეტესად ფერადია, ლათინოამერიკელებისა და აფრიკელებისა კი – შავ-თეთრი. ეს უბრალო დეტალიც კი ცხადყოფს, როგორი სხვადასხვანაირი ბავშვობა ჰქონდათ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში გაზრდილ სპორსტმენებს. თუ ინტერნეტში დევიდ სიმენის ბავშვობის უამრავ ფოტოს იპოვით, რომლებზეც აღბეჭდილია, როგორ დადიოდა დევიდი ბაღში, სკოლაში, ვარჯიშებზე, როგორ ჭამდა, როგორ ეძინა და სხვა, ჟორჟ ვეას ბავშვობისდროინდელი ფოტოსურათი სულ ორიოდე მოიპოვება, ისიც უხარისხო, და ორივეზე ვეა სხვა ბავშვებთან ერთად არის გადაღებული. ეჭვგარეშეა, ამ ფოტოებში ვეას მშობლებს ფული არ გადაუხდიათ, ისინი საერთოდ არ არის მათი ოჯახური ალბომიდან  (ან ჰქონდათ კი ოჯახური ალბომი?!) – ისინი აშკარად რომელიმე სხვა ბავშვის არქივიდანაა და მას შემდეგ, რაც ვეა პოპულარული გახდა, გადავიდა ხელიდან ხელში.
 
ვის არ უნახავს სპორტული გამარჯვების შემდეგ გახარებულ-გალაღებული სპორტსმენების ფოტოები… ფოტოები რა ბედენაა, როდესაც უზარმაზარი პოსტერები ჩეჩქივით ყრია. მაგრამ სულ სხვა ხიბლი აქვს ძველ, გაცრეცილ ფოტოსურათებს, რომლებსაც სამუდამოდ შემოუნახავს იმ გზის ფრაგმენტები, სპორტსმენებმა ხშირად უსიხარულო ბავშვობიდან დიდ წარმატებამდე რომ განვლეს.

მასწავლებელი სამოქალაქო პოზიციით

0

თბილისის ცენტრში ერთი ძალიან გადატვირთული ქუჩაა. პარლამენტის
ყოფილ შენობასა და მოსწავლეთა სასახლეს შორის ამავალ ციცაბო აღმართზე უამრავი მნიშვნელოვანი
დაწესებულებაა განლაგებული. მთაწმინდის ამ პატარა უბანში დაუდვიათ ბინა საგარეო საქმეთა
სამინისტროს, „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს”
(
GFSIS), იტალიის რესპუბლიკის
საელჩოსა და ძალიან პრესტიჟულ, ერთ-ერთ უძველეს 47-ე საჯარო სკოლას. ქუჩა ცნობილი ქართველი
მასწავლებლის შიო ჩიტაძის სახელს ატარებს.

მეოცე საუკუნის დასაწყისის გავლენიანი სამოქალაქო აქტივისტი
ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ფეხით მოსიარულეთა ყურადღების მიღმა. გამოცდილი პედაგოგის
შესახებ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა ბევრი არაფერი იცის. ღირსეული მოღვაწის
მივიწყებას, ალბათ, მეცნიერებაში მყარად ფეხმოკიდებული სტერეოტიპები განაპირობებს.
ჩვენთან, ბოლშევიკური რევოლუციის მსგავსად, სრულიად უსამართლოდ არის დემონიზებული 1905-1907
წლების სოციალურ მოძრაობათა ისტორიაც, რომლის აქტიური მონაწილე გახლდათ შიო ჩიტაძე.
მოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ დოგმატური წარმოდგენების გარდაქმნა და ვისაუბროთ მასწავლებელზე,
რომელიც არასდროს ერიდებოდა თავისი საზოგადოებრივი პოზიციის საჯაროდ გამოხატვას.

შიო ჩიტაძე 1873 წელს გორში დაიბადა. მომავალმა პედაგოგმა
პირველადი განათლება გორის სახელგანთქმულ სემინარიაში მიიღო, მერე კი თბილისის კლასიკური
გიმნაზიის გავლით იმპერიის ცენტრში აღმოჩნდა. საუკუნის ბოლო ათწლეულში ჩიტაძე მოსკოვის
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი გახდა. საბოლოოდ მან სწავლა კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიისა
და ისტორიის ფაკულტეტზე დაასრულა. ბუნებრივია, ნიჭიერმა კურსდამთავრებულმა უსწრაფესად
დაიმკვიდრა ადგილი ახალბედა მასწავლებლებს შორის და უკრაინის დედაქალაქშივე მიჰყო ხელი
პედაგოგიურ საქმიანობას. შრომატევადი სამუშაოს მიუხედავად, საქართველოსგან შორს მცხოვრებ
ახალგაზრდას თავის ქვეყანასა და თანამემამულეებთან კავშირი არ გაუწყვეტია. წლების განმავლობაში
იგი სათავეში ედგა უკრაინის ქართულ სათვისტომოს და საკუთარ შესაძლებლობებს კავკასიაში
გაძლიერებული ეროვნული თუ სოციალური მოძრაობის მხარდასაჭერად იყენებდა.

შიო მალევე თბილისში იხმეს. რა გახდა მისი სამშობლოში
დაბრუნების მიზეზი?


1979 წელს „ღარიბ მოწაფეთა შემწე საზოგადოებამ” საქართველოს
დედაქალაქში პირველი დაწყებითი სკოლა დააარსა. სასწავლებლის დაფუძნება რუსეთის იმპერიალისტური
პოლიტიკის გაძლიერებასა და უკიდურეს გამკაცრებას დაემთხვა. რუსი ზედამხედველები ყოველმხრივ
ავიწროებდნენ და ზღუდავდნენ ქართულენოვან საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ამიტომ დაწყებითი
სკოლა ძალიან დიდხანს ნახევრად არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა. მიუხედავად დაბრკოლებებისა,
1900 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა მაინც მოახერხა ერთადერთი ქართული სასწავლო კერის რვაკლასიან
გიმნაზიად გარდაქმნა, თუმცა რამდენიმე სემესტრის შემდეგ ის მასწავლებელთა დეფიციტის
პრობლემას შეეჯახა. ცხადია, თაყაიშვილის წინადადება თბილისის  გიმნაზიაში მუშაობის შესახებ შიო ჩიტაძემ უპასუხოდ
ვერ დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

1905 წელს შიო ჩიტაძე სკოლის ინსპექტორი (გამგე) გახდა.
ამ პერიოდს უკავშირდება მისი მოღვაწეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდიც.
გიმნაზიის ხელმძღვანელმა საზოგადოებას „სკოლის რეორგანიზაციის პროექტი” წარუდგინა,
რომელიც დღესაც კი ძალზე თანამედროვე დებულებებს აერთიანებდა. ჩიტაძის გეგმის მიხედვით,
მთელ იმპერიაში აპრობირებული ძალადობრივი სწავლების მეთოდი ფსიქოლოგიური მიდგომით უნდა
შეცვლილიყო. მოსწავლეებთან ურთიერთობისას მასწავლებლებს ინდივიდუალური, მოზარდთა ასაკისა
და მისწრაფებების შესატყვისი პედაგოგიური ტექნიკები უნდა გამოეყენებინათ. რევოლუციური
გახლდათ ინსპექტორის დამოკიდებულება სასწავლებლის მართვის საკითხებისადმი. ჩიტაძე მხარს
უჭერდა დემოკრატიულად არჩეული პედსაბჭოსა და მოსწავლეთა საკრებულოსთვის სასკოლო ძალაუფლების
უდიდესი ნაწილის გადაცემას. შეუვალი იყო ცნობილი მასწავლებლის დამოკიდებულება ხელმოკლე
ოჯახებიდან გამოსული ბავშვებისთვის უფასო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის
შესახებ. რეფორმის პროექტი ქართულმა ორგანიზაციებმა მოიწონეს და ჩიტაძეს მონდომებით
შეუდგა საქმიანობას.

პარალელურად კიევის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტურ პარტიაში ჩაირიცხა და დაიწყო მემარცხენე-პატრიოტული
ღირებულებებისთვის ბრძოლა. ჩიტაძე ეწინააღმდეგებოდა მეფის თვითმპყრობელობის პოლიტიკას,
ემხრობოდა დამფუძნებელი კრების მოწვევას, ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეასა და სახელმწიფოში
სოციალური სამართლიანობის მექანიზმების დანერგვას. სკოლის ინსპექტორი გასული საუკუნის
დასაწყისში თბილისში ჩატარებული საპროტესტო დემონსტრაციებისა და გაფიცვების მონაწილეც
გახლდათ. ალბათ, თავადაც მიხვდებით, რომ მეფის „ოხრანკა” გავლენიან მასწავლებელს მიზანში
ამოიღებდა. ქალაქის პოლიციამ სამართალდამცველთა მეთაურ მარტინოვზე განხორციელებული
თავდასხმა საბაბად გამოიყენა. 1906 წელს ჯარისკაცები გიმნაზიაში შეიჭრნენ და 33 წლის
ჩიტაძე მოკლეს.

უდიდესი დანაშაულია, რომ ჩვენ იშვიათად ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს
ისტორიულ მოღვაწეებსა თუ მოვლენებზე. ქართულ საზოგადოებას ავიწყდება, რომ ქვეყანაში
ევროპული ღირებულებების დამკვიდრების პირველი მცდელობა გავლენიანი პედაგოგების მიერ
შემუშავებულ რეფორმებს უკავშირდება. შიო ჩიტაძის ცხოვრების ამ მოკლე აღწერით მინდოდა
შემეხსენებინა, რომ ყოველ ეპოქაში დემოკრატიის განვითარების მთავარ ბერკეტებს გამბედავი
მასწავლებლები ფლობენ.

მანანა რატიანი – წიგნების არითმეტიკა

0
ყველაფერი ასე დაიწყო: მოვიდოდა ზამთარი თავისი გრძელი, ბებოს ნაქსოვ კაშნესავით დაუმთავრებელი საღამოებით, აგუზგუზდებოდა ღუმელი და მოიყოლებდა შემწვარი ვაშლების სურნელს. თოვლი იყო ან არც. ლამპას პატრუქს ისე ავუწევდით, არც გადახურებული შუშა გატეხილიყო და ტექსტიც მეტ-ნაკლებად მკვეთრად გამოჩენილიყო. ჩვენ, ბავშვები, ტახტზე წამოვწვებოდით, თვალებს დავხუჭავდით ან არც, დედა ლამპასთან ახლოს მიჩოჩდებოდა, გადაშლიდა წიგნს და გვიკითხავდა. წიგნები იცვლებოდა. ჩვენ – არ. ჩვენ, ასე შეუცვლელებს, ასე ღარიბებს, ასე პატარებს, შეგვეძლო, ვყოფილიყავით ყველგან. ვყოფილიყავით მდიდრები ან არც. დიდები ან არც. ის ზამთრის საღამოები მურაბებივით დავხუფე და მეხსიერების არცთუ უმაღლეს თაროებზე შემოვაწყვე. გაჭირვების ჟამს თავს მოვხსნი და შეშის, ვაშლის, დედის სუნი ცხვირში ისე მძაფრად მეცემა, თითქოს ყველაფერი გუშინ ყოფილიყოს. ისე ბუნებრივად დაიწყო. ჩვენთან ბუნებრივად დაიწყო. ხმამაღლა კითხვით.
წიგნის სიყვარული ღვთის მიერ ბოძებული საჩუქარი რომ არ არის, დანიელ პენაკის „რომანივით საკითხავის” ფურცვლისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ეს არის წიგნი წიგნების შესახებ, ეს არის წიგნი წიგნების კითხვის შესახებ, ეს არის წიგნი მშობლების, მასწავლებლების, საერთოდაც, უფროსების და, რაც მთავარია, ბავშვების შესახებ. მათ შესახებ, ვისთვისაც ყველაფერი არაბუნებრივად დაიწყო, რადგან არც არასდროს ყოფილან ღარიბები და, მით უმეტეს, 90-იანების პირმშოები.

ჩვენი ბავშვები, ტექნიკური საუკუნის შვილები, სხვანაირად ჭკვიანები და სხვანაირად დიდები, სხვანაირად ჩაცმულები და მიწაზე მყარად მდგარნი, დაბადების დღეზე საჩუქრად Iphone 5-ს ითხოვენ, ღმერთო ჩემო. ღმერთო ჩემო, წიგნი აღარავის უნდა. ღმერთო, ტელევიზორმა და ინტერნეტმა წიგნის დრო შეცვალა. ვწუწუნებთ. ვწუწუნებთ. ვწუწუნებთ. მერე ვჩხუბობთ, ვყვირით, ვსჯით, ვაძალებთ. თუ არ იკითხა, მისგან არაფერი გამოვა, თუ არ იკითხა, ვერაფერს მიაღწევს, თუ არ იკითხა, არავის ეყვარება, თუ არ იკითხა, ღმერთო ჩემო, თუ არ იკითხა…
შეშინებული ბავშვები
მობუზული ბავშვები
დასჯილი ბავშვები
გვერდებს ითვლიან.
მათთვის არავის უთქვამს, რომ ამ წიგნების ავტორთაგან ზოგი გაიძვერა იყო, ზოგი – არც ისე. წერისას ისინიც ფურცლებს ითვლიდნენ. სწორედ მათნაირად. არითმეტიკული ლიტერატურა. მერე რა. მათთვის არავის უთქვამს, რომ ლიტერატურა წმიდათაწმიდა ტაძარი არ არის, პირიქით, ისეთი ხორციელია, რომ მოინდომო, წონას გაუგებ, ტემპერატურას გაუზომავ. მათ ჯერ არ იციან, რომ კითხვა დასჯა კი არა, სიამოვნებაა. შიში კი არა, კომპეტენტური აჩრდილებისგან გათვისუფლების საუკეთესო საშუალებაა. ტყვეობა კი არა, თავისუფლებაა. დაკარგული დრო კი არა, მოპარული დროა. კომპენსაციად კი, იქნებ, „რამის გამოსვლა” სულაც არ ელოდეთ. მათთვის კითხვის ერთადერთი მიზანი მხოლოდ სიამოვნება შეიძლება იყოს და არა მომავალი პრეზიდენტობის ხიბლი. 
ისინი, ჩვენი ბავშვები, ტექნიკური ეპოქის შვილები, სხვანაირად ჭკვიანები და სხვანაირად დიდები, სხვანაირად ჩაცმულები და მიწაზე მყარად მდგარნი, დაბადების დღეზე საჩუქრად Iphone 5-ს რომ ითხოვენ, ნებისმიერ წუთს შეგვიძლია დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ძალით გამოვიყვანეთ. ასოების ამოხსნილი ლაბირინთებიდან – უკანვე, ხმამაღლა კითხვის მომხიბვლელობის ბურუსში. მერე რა, თუ ხანდახან წიგნების სიმაღლისა და წაკითხულის ვერგაგების ეშინიათ. პასუხგაუცემელი კითხვების ეშინიათ. სქელტანიანი რომანების ეშინიათ. დროა, საქმეში ჩავრთოთ პენაკი.

ინგლისურის მასწავლებელი

0
ექვსი წლის ვიყავი, როცა ერთი სკოლიდან მეორეში გადამიყვანეს იმ მოტივით, რომ იქ, ახალ სკოლაში, გერმანულს მეორე კლასიდან ასწავლიდნენ. იმ დროიდან ვიცი, რომ უცხო ენის ცოდნა მეტ შესაძლებლობას ნიშნავს. მაშინ ჩემთვის ეს დაახლოებით ასე ითარგმნებოდა: თუ კარგად ვისწავლიდი წესიერ და უწესო ზმნებს, ზედსართავი სახელის ბრუნებას, უშეცდომოდ გამოვიყენებდი დამხმარე ზმნებს და ერთმანეთში არ ამერეოდა აქტივ-პასივის წარმოება, აუცილებლად წავიდოდი გერმანიაში.

გერმანიაში მართლაც წავედი, უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე. მართალია, იქ ჩასული მივხვდი, რომ ჩემს ენობრივ უნარებს გვარიანი დახვეწა სჭირდებოდა და ენა გრამატიკულ ფორმულებზე მეტია, მაგრამ ეგ არაფერი, ბუნებრივ გარემოში გაცილებით ადვილია სწავლა, ვიდრე მერხებთან. რამდენიმე თვეში დიალექტებიანად გავითავისე გრძელსიტყვებიანი და საშინელგრამატიკიანი ენა და აღფრთოვანებული ვიყავი ევროპით – უზარმაზარი სივრცით, სადაც ადგილი ყველასთვის მოიძებნება, სადაც მრავალი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მშვიდად ცხოვრობს გვერდიგვერდ და სადაც მართლაც მეტი შესაძლებლობაა საკუთარი სურვილების რეალიზებისთვის. რთული სინტაქსური კონსტრუქციებიც იმ დროიდან გამომყვა.

დღემდე, იმ ადამიანებზე ფიქრისას, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს, ერთ-ერთი პირველი ჩემი გერმანულის მასწავლებელი მახსენდება და მინდა, რაც შეიძლება მეტ ბავშვს ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი ასეთი მასწავლებელი. საჭიროა ეს. სწორი მიმართულებებებისთვის.
დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან ჩამოსული მასწავლებლები, რომლებსაც ქართველი ბავშვებისთვის ინგლისური უნდა ესწავლებინათ, ჯერ კიდევ მანამდე გამოჩნდნენ, სანამ მე გერმანიაში წავიდოდი. ამ პერიოდში სკოლასთან თითქმის აღარაფერი მაკავშირებდა და დიდად არც დავინტერესებულვარ მათი ამბით. შიგადაშიგ მესმოდა ხოლმე, რომ, მაგალითად, იმ სკოლაში, რომელიც მე დავამთავრე, ამერიკელ გოგონას რამდენიმე აბორიგენი უიმედოდ გაუმიჯნურდა, სხვები იმასაც ამბობდნენ, სპეცსამსახურების გამოგზავნილია, ისე აქ რა ჩამოიყვანდა მხოლოდ გაკვეთილების ჩასატარებლადო, ვიღაცას, ზურგჩანთით რომ დადიოდა „ამხელა გოგო”, ის არ მოსწონდა და ასე. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც ხდება ფილმში, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ვნახე და რომელიც ერთ-ერთ ასეთ, საქართველოში ჩამოსულ მოხალისე მასწავლებელზე მოგვითხრობს.

ნანა ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის დოკუმენტური ფილმი „ინგლისურის მასწავლებელი”, რომლის გადაღებაც 2011 წელს მიმდინარეობდა, სამხრეთაფრიკელი ბრედლი ნელსონის სამეგრელოში, სოფელ საჯიჯაოში, გატარებულ ერთ წელს და პედაგოგიურ საქმიანობას ასახავს. ბრედლის ამბის ფონზე მაყურებელი სარკეში იყურება და ხედავს თანამედროვე განათლების სისტემაში არსებულ ყველაზე მძიმე ხარვეზებს, დაშვებულ საბედისწერო შეცდომებს, ყბადაღებულ სტუმარმასპინძლობას, რომელიც სინამდვილეში უცხოს მიუღებლობა და საკუთარი თავით ტკბობაა, საზოგადოებას, რომელსაც უჭირს ყოველგვარი უცხოსა და ახლის მიღება, ბუნდოვანი მომავლისა და სტანდარტული სურვილების მქონე ბავშვებს, კლიშეებს, სტერეოტიპებს, ისმენს სადღეგრძელოებს, პრეზიდენტის პოზიტიურ შეფასებებს, ბრედლის იმედგაცრუებულ ნარატივებს და ხვდება, რომ უცხო ენის საჭიროება მხოლოდ მეათასედია იმისა, რაც ჩვენ და ჩვენს შვილებს სასიცოცხლოდ გვჭირდება. 

ფილმში, რომლის მთავარი გმირიც 22 წლის ბიჭია, ყველაზე სევდიანი იმ ბავშვების ბედია, რომლებისთვისაც ბრედლი შორეული სამხრეთ აფრიკიდან საქართველოში ჩამოვიდა: მათ უმეტესობას ბრედლის არც ერთი სიტყვა არ ესმის (ინგლისური ცუდად ესმის ინგლისურის მასწავლებელ ციალასაც), მის კითხვებს მორცხვი ღიმილით პასუხობენ, დაბნეული უყურებენ, როცა მასწავლებელი ცდილობს, მათთვის უჩვეულო მეოდებით, მაგალითად, სიმღერით აუხსნას გაკვეთილი და ერთადერთი, რაზეც ოცნებობენ, სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში წასვლაა. 

ბრედლიც, ისევე როგორც მაყურებელი, ხშირად ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა უტოპიაა, ის არავის სჭირდება, ინგლისური და სწავლების ახლებური მიდგომები არავის აინტერესებს, ის მხოლოდ უხერხულობას ქმნის საჯიჯაოს სკოლაში, სადაც ყველაფერი მისი წასვლის მერეც ისევე იქნება, როგორც მოსვლამდე იყო. აქ არავინ ფიქრობს იმაზე, რატომ არის სწავლა მნიშვნელოვანი, რა უპირატესობა აქვს განათლებულ ადამიანს და რაში გამოადგება უცხო ენა. მეტიც – აქ არავინ ფიქრობს და არავინ ოცნებობს. აქ უბრალოდ ცხოვრობენ ისე, როგორც მიეჩვივნენ. 

მინდა მჯეროდეს, რომ საჯიჯაოს სკოლა გამონაკლისია, მაგრამ სამწუხარო რეალობა ამბობს, რომ ის განზოგადებული სახეა არაერთი სხვა სკოლისა, სადაც ბავშვებს არავინ ასწავლის, რატომ უნდა ისწავლონ, სადაც მასწავლებლებს მხოლოდ სამსახურის დაკარგვისა ეშინიათ და არა თავიანთი საპასუხისმგებლო მისიის შეუსრულებლობისა, სადაც მოსწავლეები არათუ ფუნდამენტურ, არამედ ბაზისურ განათლებასაც კი ვერ იღებენ, სადაც არ ჰყავთ ისეთი მასწავლებლები, როგორიც ჩემი გერმანულის მასწავლებელი იყო. 

ეს ბავშვები, რომლებისთვისაც სულერთია, ფილმს რუსული გახმოვანებით უყურებენ თუ ინგლისურით – მაინც არც ერთი ენა არ ესმით, ბავშვები, რომლებიც თბილისში წასვლაზე გეგმების გარეშე ოცნებობენ, ერთგვარი შიშით უყურებენ უცხოელს, გამოსაშვებ საღამოებზე გაცვეთილ სიმღერებს მღერიან და მოუხერხებელ კაბებს ირგებენ, სამწუხაროდ, არა მხოლოდ ეკრანზე, ყველგან შეგხვდებათ და ალბათ ყველა უნდა ვეცადოთ, როგორც შეგვიძლია, უფრო საინტერესო გავხადოთ მათი ცხოვრება, ასე, ბრედლისავით მოვინდომოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მონდომება შესაძლოა უშედეგო ჩანდეს. 

ფილმს ორჯერ ვუყურე. ვიჯექი და ვფიქრობდი: ჩვენ, ვისაც გაგვიმართლა და კარგი მასწავლებლები შეგვხვდა, ვინც მოვახერხეთ სხვა ქვეყნების ნახვა, ვინც გავიგეთ, რომ ცივილიზაცია სხვაგანაც არსებობს და სტუმარიც მარტო ჩვენ არ გვიყვარს, ვინც ვიცით, რა უპირატესობა აქვს განათლებას, – როგორ შეიძლება მივაწვდინოთ ხმა ამ ბავშვებს, ვიხსნათ მოსაწყენი, უმომავლო ცხოვრებისგან. ბევრი ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ თქვენთვის მომეყოლა სევდიანი ამბავი, რა უშედეგოდ ჩაირა პროექტმა „ისწავლე და ასწავლე” და რომ სწავლაც და სწავლებაც ისევ ჩვენი საზრუნავია.

ანალოგიებსა და სურათზე დაფუძნებული ტექნიკები – ბისოციაცია

0
ადრე შემოთავაზებულ მასალებში განვიხილეთ შემოქმედებითი უნარების განვითარების ასოციაციური მეთოდები/ტექნიკები (გონებრივი იერიში, გონებრივი რუკა), რომლებიც საშუალებას გვაძლევს, აზრი თავისუფლად გამოვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით ვიაზროვნოთ, მოპოვებული იდეები შევავსოთ, ერთმანეთს დავუკავშიროთ, შევურწყათ და მათ შორის ყველაზე ღირებული ავირჩიოთ ან სულაც ახალი ჩამოვაყალიბოთ. გაგაცანით შემოქმედებითი უნარების განვითარების სისტემური მეთოდებიც (აზროვნების სამი სკამი უოლტ დისნეის მიხედვით და მორფოლოგიური ყუთი), სადაც აქცენტი დაისმის სტრუქტურებზე, სისტემატიზაციაზე და თემისა და პრობლემის სხვადასხვა თვალთახედვით, სხვადასხვა კუთხით გაშუქებაზე.

შემოქმედებითი უნარების განვითარების მეთოდების კლასიფიკაციისას გამოყოფენ მესამე ჯგუფსაც – ანალოგიებსა და სურათზე დაფუძნებულ ტექნიკებს/მეთოდებს, რომლებიც გვეხმარება ისეთ საგნებს, მოვლენებს, თემებს, პრობლემებს შორის მსგავსებათა პოვნაში, რომლებსაც ერთი შეხედვით არაფერი აქვს საერთო.

დღეს ამ ტიპის ტექნიკებიდან გაგაცნობთ ბისოციაციის მეთოდს, რომელსაც ხშირად „ორჯერ ასოციაციას” უწოდებენ. 

ცნება „ბისოციაცია” პირველად გამოჩნდა 1970-იან წლებში, ფილოსოფოსისა და მწერლის არტურ კოეზლერის ნაშრომში The Act of Creation (1964). მოგვიანებით ბისოციაცია ჩამოყალიბდა შემოქმედებითი უნარების განვითარების მეთოდად, რომლის ძირითადი იდეაა ლოგიკური კავშირების პოვნა ისეთ ცნებებს, წარმოდგენებს, სურათებს და სხვ. შორის, რომლებიც კონცეპტუალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.

მეთოდის ძირითადი მიზანია:

* უჩვეულო კომბინაციებით ძველ/არსებულ ჩვევებზე უარის თქმა;
* მენტალური რუტინის მსხვრევა;
* ახალი პერსპექტივის საშუალებით უჩვეულო იდეების პოვნა;
* სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიგნება.
რა ძირითადი განსხვავებაა ასოციაციასა და ბისოციაციას შორის?

ასოციაციის დროს ცენტრში დგას ამოსავალი კითხვა, პრობლემა, რომლის შესახებ ჩვენ მოგვდის მრავალი იდეა და რომელიც ძირითადი პრობლემის კონტექსტში თავსდება, ბისოციაციის დროს კი ხდება ორჯერ ასოციაცია: პირველ წრეზე შეიკრიბება თემის შესახებ აზრები და იდეები, რომლებიც ნაკლებად ან, ერთი შეხედვით, საერთოდ არ უკავშირდება ამოსავალ საკითხს, მეორე წრეზე კი ვცდილობთ, საწყისი/ძირითადი საკითხი უკვე მოპოვებულ ასოციაციებთან დავაკავშიროთ და ამ მიდგომით გადავჭრათ პრობლემა. ამ „ორმაგი აზროვნებით” ხდება ორი ისეთი კონტექსტის ერთმანეთთან დაკავშირება, მისადაგება, შერწყმა, რომლებსაც თითქოს არაფერი აქვს საერთო.
მაშასადამე, ასოციაცია რჩება აზროვნების იმავე ჩარჩოში და ერთგვარი სწორხაზოვნება ახასიათებს, ხოლო ბისოციაციის დროს იძულებული ხარ, დაამყარო კავშირები და იპოვო ანალოგიები ორ სრულიად განსხვავებულ „გონებრივ განზომილებას”, მოვლენას, ფაქტს, საგანს, პრობლემას შორის.

მეთოდის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმ „გონებრივი განზომილებების” სწორად შერჩევაზე, რომელთა შორის კავშირები უნდა დამყარდეს. ბისოციაციის გამოყენება ნაკლებად ეფექტურია, თუ არ ვიცით, დაახლოებით სად უნდა ვეძებოთ გამოსავალი/გადაწყვეტილება. ამ ტექნიკის გამოყენება მოითხოვს საკმაოდ ბევრ დროს. 
მეთოდის მიმდინარეობა:

* პრობლემის დასმა – ჩამოაყალიბეთ პრობლემა ან კითხვა შეძლებისდაგვარად ნათლად და გასაგებად და თვალსაჩინოდ დაწერეთ ფლიფჩარტზე ან დაფაზე.

იმისთვის, რომ მეთოდის მიმდინარეობა უფრო გასაგები გახდეს, გთავაზობთ კონკრეტულ მაგალითს. 

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ქეისს: „თქვენ გაქვთ კაფე, რომელსაც წარმატებით ამუშავებდით, სანამ თქვენს ქალაქში არ გაიხსნა კაფეთა ქსელი, რომელიც სერიოზულ კონკურენციას უწევს თქვენ კაფეს”. მოსწავლეებმა ბისოციაციის ტექნიკის გამოყენებით უნდა წარმოადგინონ კაფეს გადარჩენის იდეა.

* სურათების შერჩევა – შემთხვევითობის პრინციპით ამოირჩიეთ სურათები, კატალოგები, საფოსტო ბარათები, გაზეთებიდან ამონაჭრები.

თუ ტექნიკას ჯგუფში იყენებენ, შეიძლება, მის ერთ-ერთ წევრს ვთხოვოთ, ამოარჩიოს გროვიდან ერთი ფოტო ან სხვა მსგავსი რამ, ანდა ჯგუფი ამოიღებს რამდენიმეს და შემდეგ თანხმდება ერთზე.

ყურადსაღებია, რომ სურათებს პირდაპირი კავშირი არ უნდა ჰქონდეთ ამოსავალ, ძირითად საკითხთან. რაც უფრო დიდია განსხვავება ძირითად საკითხსა და შეთავაზებულ ნახატებს, გამოსახულებებს შორის, მით უფრო არატიპური, საინტერესო და ორიგინალური კომბინაციები ყალიბდება. სწორედ ეს წარმოადგენს ამ მეთოდის ხიბლს.

მაგ., მოსწავლეებმა შეარჩიეს სურათი – ჭრელი საჰაერო ბუშტები მთის პანორამის, ლაჟვარდოვანი ცისა და მზის სხივების ფონზე.

თავისუფალი ასოციაციები: კარგად დააკვირდით თქვენ მიერ არჩეულ სურათს და დაფიქრდით – რა ასოციაციები, აზრები და მოგონებები მოგდით თავში? დაწერეთ თქვენი იდეა ბარათზე. სასურველია, ჯგუფში აირჩეს მოდერატორი, რომელიც შეკრებს ჯგუფის ყოველი წევრის ნააზრევს და გააკრავს კედელზე.

 

მაგ., მოსწავლეებმა ჩამოწერეს ყველა ის ასოციაცია, რაც სურათზე დაკვირვებამ წარმოშვა: ფერები, თავისუფლება, სიმაღლე, ზაფხული, თავგადასავალი, ბედნიერება, ტრადიცია და სხვ.

ანალოგიების შექმნა: შეკრიბეთ თქვენ მიერ შეგროვებული ასოციაციები და ეცადეთ, ამოსავალ/ძირითად პრობლემას დაუკავშიროთ.

მოინიშნეთ ყველა იდეა და არ შეშინდეთ, თუ ის აბსურდული მოგეჩვენათ. რაც უფრო არასტანდარტულია გადაწყვეტილება, მით მეტი პოტენციალია მასში ჩადებული.

გთავაზობთ რამდენიმე ანალოგიას, რომლებიც მოსწავლეებს მოუვიდათ თავში. 

ფერები – მრავალფეროვნება, ყავის დიდი არჩევანი, ყველა ტიპის მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინება…
თავისუფლება – ყავის მომზადების ახალი რეცეპტების შექმნა, გადახდის არჩევანის შესაძლებლობა (ნაღდი ფულით, ბარათით და სხვ.)… 

ზაფხული – შესაძლებლობა, გარეთ მოეწყოს მაგიდები, სეზონური წინადადებები…

თავგადასავალი – ეგზოტიკური პროდუქტები, თემატური დღეების გამართვა, მომხმარებლებისთვის სიურპრიზების მოწყობა…

შეფასება და ტრანსფერი – დასასრულ, შეაფასეთ თქვენი მიგნებები და დაფიქრდით, შესაძლებელია თუ არა მათი რეალიზება და როგორ.

ამის შემდეგ მოსწავლეები აფასებენ, რომელი ღონისძიება იქნება უფრო ეფექტური და იოლად განსახორციელებელი. მაგ., პროდუქციის დიფერენცირება როგორც სეზონურად, ასევე ინდივიდუალურად მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით;

ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს ურთიერთობის ხალისს შესძენს და სხვ.
მეთოდის წყალობით მოსწავლეებს უვითარდებათ: 

მახვილგონიერება: ისეთი საკითხების/საგნების ერთმანეთთან დაკავშირებისას, რომლებიც ერთმანეთს არ ეკუთვნის, ვითარდება იუმორი.

შემეცნება/აღმოჩენა: როდესაც ერთმანეთს ვუკავშირებთ ორ ელემენტს, საკითხს, მოვლენას, რომელთა შორის კავშირზე აქამდე არ გვიფიქრია, ამან შესაძლოა გასაოცარ მიგნებამდე მიგვიყვანოს.

გაგება: განსხვავებული ელემენტების ერთმანეთთან შეხვედრას ურთიერთკავშირების ღრმა, გააზრებულ გაგებამდე მივყავართ.

მაშასადამე, ბისოციაცია არის მეთოდი, რომელიც გაცნობიერებულად აკავშირებს ერთმანეთთან ისეთ ცნებებსა და საგნებს, რომლებსაც, ჩვეული რუტინული აზროვნებით არაფერი აქვს საერთო, ეს კი კრეატიულობის განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

როგორ ვიმუშაოთ სხვადასხვა ეროვნებისა თუ ეთნიკური წარმომავლობის ბავშვებთან

0
„გარემო ის არის ორგანიზაციისთვის, რაც ჯანმრთელობა – ადამიანისთვის. ის მოიცავს მოვალეობის გრძნობას, რწმენასა და ღირებულებებს, მის დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს, რიტუალებსა და ტრადიციებს”.
ეუჯინ ოუარდი
საზოგადოდ, პოზიტიური სასწავლო გარემო, მასწავლებლისა და მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთთანამშრომლობაზე დამყარებული ურთიერთობა წარმატების წინა პირობაა.

სასწავლო პროცესის სწორად წარმართვა მასწავლებლისგან დიდ დაკვირვებას, ცოდნასა და პროფესიული უნარების ფლობას მოითხოვს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სასწავლო პროცესისადმი მასწავლებლის დამოკიდებულება უშუალო გავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე, მათ შედეგებზე.

საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. თბილისის ბევრ სკოლაში შეხვდებით სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეებს (რომ არაფერი ვთქვათ მრავალეთნიკური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებულ წერტილებზე მთელ საქართველოში), რომლებსაც განსხვავებული ტრადიციები, ადათ-წესები და ენა აქვთ. ვფიქრობ, მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში ქართულ სკოლებში საგრძნობლად იმატა სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენელ მოსწავლეთა რიცხვმა. ბევრ არაქართულ ოჯახს გაუჩნდა სურვილი, შვილებს განათლება ქართულ ენაზე მიაღებინოს.

ამას ხელს უწყობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც. შემუშავდა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი სტრატეგია. ამოქმედდა პროგრამა: „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”. რაღა თქმა უნდა, მოსწავლეები ერთნაირად კარგად ვერ სწავლობენ. მით უმეტეს, ხშირად მშობლებსაც უჭირთ ქართულ ენაზე მეტყველება. ამ შემთხვევაში მასწავლებელი ყოველ ღონეს უნდა ხმარობდეს მოსწავლის მოტივაციისა და თვითშეფასების ასამაღლებლად. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ეს იოლი არ არის, მაგრამ არც შეუძლებელია.

განსხვავებული წარმოშობის მოსწავლეთა განათლების დონის ამაღლების საუკეთესო გზაა, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს თითოეულისთვის საჭირო ცვლილებები და მათ თავისებურებათა გათვალისწინებით შეძლოს შესაფერისი გარემოს შექმნა.

უპირველეს ყოვლისა, კლასში უნდა შეიქმნას ურთიერთპატივისცემის ატმოსფერო. პირველი კლასიდანვე უნდა იგრძნოს მოსწავლემ, რომ ის არ არის გარიყული, მისადმი ყურადღებას იჩენენ მასწავლებელი და თანაკლასელები, ცდილობენ, მხარში ამოუდგნენ და წაახალისონ მისი ყოველი მცდელობა. მნიშვნელოვანია, მოსწავლემ იგრძნოს, რომ თქვენ გჯერათ მისი შესაძლებლობების. იმის გათვალისწინებით, რომ მოსწავლეთა სწავლის სტილი ხშირად მათი ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, ეფექტიანი იქნებოდა სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით შედეგიანია ინტერაქტიური გარემოს შექმნა, რადგან ის ემყარება თანამშრომლობის პრინციპებს, უვითარებს მოზარდებს ერთიანობის გრძნობას, სოციალურ და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს. როდესაც მოსწავლეები, განურჩევლად სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა, აკადემიური მოსწრებისა და განსხვავებული კულტურისა, ერთად მუშაობენ, ყალიბდება მეგობრული, ჯგუფური კოლექტივი და არა ეთნიკურ-კულტურული ნიშნებით დაყოფილი საზოგადოება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლების მოზიდვა და ჩართვა სასკოლო პროექტებსა და საკლასო საქმიანობაში. ყოველივე ეს საშუალებას მისცემს მოსწავლეს, გახდეს მისაბაძი საკუთარი და სხვა კულტურული ჯგუფებისათვის.

მასწავლებელმა უნდა გააანალიზოს, რა გამოცდილება აქვს იმ კულტურისა და ეროვნების ადამიანებთან ურთიერთობისა, რომელსაც მისი მოსწავლეები ეკუთვნიან და როგორ გამოიყენებს ამ გამოცდილებას სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის; გაიაზროს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები; ეცადოს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს მათი კლასგარეშე ცოდნისა და უნარების შესახებ და დაეხმაროს მათ ამ ცოდნის, უნარების გამომჟღავნებაში. მოსწავლეებს ეს ძალიან დაეხმარებათ თვითშეფასების ამაღლებაში. მასწავლებელს, ერთი მხრივ, არ უნდა გამოეპაროს მოსწავლეთა სოციალური და აკადემიური წარმატებები, მეორე მხრივ, ფხიზლად უნდა იყოს, რომ რომელიმე გარიყული არ დარჩეს, შედარებით პასიურ მოსწავლეებსაც უპოვოს განსაკუთრებული უნარები და ნიჭი და დანარჩენებს გაუზიაროს.

საკმაოდ ეფექტურია მოსწავლეების ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში; მათთან სტუმრობა; მათი შეგულიანება, უამბონ თანატოლებს თავიანთ წარმოშობაზე; საუბრები ისტორიულ ფაქტებსა და დღესასწაულებზე; განსაზღვრულ დღეებში პრეზენტაციების გამართვა საკუთარი რელიგიის, ენის, ეთნიკური წარმომავლობის, ოჯახური ტრადიციებისა თუ სხვა საკითხების შესახებ. დავანახვოთ, რომ გვაინტერესებს ყოველივე ეს, წავახალისოთ მოსწავლეები და მშობლები, დაუსვან ერთმანეთს კითხვები. ეს უსაფრთხო კომუნიკაციასა და მოსწავლეთა შორის მნიშვნელოვანი კულტურული განსხვავებების შესწავლაში დაგვეხმარება.

საინტერესოა დისკუსიების გამართვა სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანთა ურთიერთობის მნიშვნელობაზე. მნიშვნელოვანია, დავარწმუნოთ მოსწავლეები ერთზე მეტი ენის ცოდნის უპირატესობაში, შევაგულიანოთ ისინი, ისწავლონ სიტყვები ერთმანეთის ენებზე.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ თვითონ ვირწმუნოთ ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობები და საქმით დავანახვოთ, რომ მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ მათი წარმატებისთვის. მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ოჯახებთან და თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი შევატყობინოთ მშობლებს. ეს ჩვენს მოსწავლეებს თავდაჯერებას შემატებს და მათ აღარც შეცდომით წარმოთქმული ფრაზებისა და სიტყვების შიში და რიდი ექნებათ, რაც არცთუ იშვიათია, განსაკუთრებით – სწავლების პირველ წლებში. როდესაც ბავშვი დარწმუნებულია, რომ მას შეცდომისთვის არ დასცინებენ, არ გაკიცხავენ, პირიქით, მხარში ამოუდგებიან თანატოლები, გაამხნევებს მასწავლებელი, უეჭველად შეექმნება განწყობა, უფრო მეტი გააკეთოს და თავი გამოიჩინოს.

ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ნებისმიერი ეროვნებისა თუ ეთნიკური წარმომავლობის მოსწავლეს წაადგება.
გამოყენებული ლიტერატურა: 
1. ეთნოსები საქართველოში, რედაქტორი – მერაბ ბასილაია, სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა,თბილისი 2008;
2. მულტიეთნიკური საზოგადოების კვლევა ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, რაოდენობრივი კვლევის ანგარიში, განვითარების სააგენტო, თბილისი 2011;
3. განათლების რეფორმა და ეროვნული უმცირესობები საქართველოში, სალომე მეხუზლა და ეიდინ როშე, ECMI-ის სამუშაო მოხსენება;
4. „მოსწავლეთა უმცირესობის ეფექტური სწავლების სტრატეგიები”, დონალდ ქუინი;
5. „სასწავლო და პროფესიული გარემო” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

სტიგმის მიღმა დარჩენილი ადამიანები

0

ყველა იმ ამბის გმირი, რომლის მოყოლასაც ვაპირებ, საზოგადოებისგან ზურგშექცეული, თავის პატარა
სამყაროში ცხოვრობდა
გარეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში
გამოდის – სურსათის საყიდლად, დილაობით სუფთა ჰაერზე სასეირნო, საავადმყოფოში წასასვლელად... მათი განსხვავებული
ფიზიკური თუ გონებრივი მახასიათებლები ხშირად მათი პიროვნების დისკრიმინაციის
მიზეზად იქცევა, ამიტომ
ეს ადამიანები მარგინალები ხდებიან
დანარჩენი სამყაროსთვის. მაგრამ ხანდახან ისინბედავენ
და გამოდიან გარეთ, ტოვებენ თავიანთი მოწყენილ სამფლობელოს, და როგორც კი ნეიტრალურ
ტერიტორიაზე აღმოჩნდებიან, მაშინვე
ქრება ის ზოგადსაკაცობრიო სოციალური სათნოებები, რომლებზეც ასე ხშირად და პათეტიკურად
ვლაპარაკობთ ხოლმე ადამიანები, რეალურად კი შუბლით ვასკდებით სხვა სიმართლეს, რომლის დაჯერებაც არ
გვინდა, რადგან
ფორმალური ურთიერთობების სამყაროში
ცხოვრება დამამცირებლად მიგვაჩნია.

 

წერილი ერთ წვიმიან დღეს გადახდენილ ამბავს ეხება, რომელიც ალბათ მთელი სიცოცხლემემახსოვრება, როგორც ფოტოკადრი,
რომლის გადაღებაც ვერ მოვასწარი, მაგრამ მაინც მკაფიოდ შემორჩა მეხსიერების ფოტოგალერეას.

ნოემბერი იდგა. მიკროავტობუსში ვიჯექი. ფანჯრებიდან წვიმანარევიქარი უბერავდა. სააკაძეზე,ავტობუსების გაჩერებასთან,დედა და პატარა ბიჭი დავინახე.ბიჭისე დაჩოქილიყო, მუხლებითითქმის ასფალტს ეხებოდა. წვიმდა, მათ კი ქოლგა არ ჰქონდათ. ისინი ჩვენს მიკროავტობუსში ამოვიდნენ და ჩემ წინ, ბავშვიანი ქალის გვერდით დასხდნენ. მათი დასხდომისთანავე ქალი წამოხტა და წინა რიგში გადაჯდა. ყველა
მიხვდა, რაც მოხდა და ჩახუთული ჰაერი გაბზარა დედის სიტყვებმა:რა არის,ქალო, ჩემი ინვალიდი შვილის შეგეშინდა?
თუ გადმოვედი, გაგხეთქავ
შუაზე. თავი ყველამ დამნაშავედ ვიგრძენით დედა-შვილის მიმართ. ბიჭს ამ დროს მკლავი დედის მუხლებზე ჩამოეყრდნო
დადუმდა.
რაზე ფიქრობდა,ვინ იცის… შინდაბრუნებულს,მთელი დღე ჩარლი გორდონის სიტყვები
მიტრიალებდა თავში. გახსოვთ
დენიელ ქიზის ყვავილები
ელჯერნონისთვის? იქ ჩარლი ასეთ რამეს ამბობს: საოცარიანორმალური შეგრძნებების ადამიანებ, რომლებიც არასდროს დასცინებენ ხეიბარს, რომელიც
უხელო, უფეხო ან ბრმა დაიბადა, არაფრად უღირთ გონებაჩლუნგიშეურაცხყოფა.

 

ჩემს ერთ-ერთ ფობიას,
რომ ერთ დღესაც ბრმა ნაწლავი გამისკდება
და მოვკვდები, მეგობარი
გამოუჩნდამგონია,ვერასდროს დავწერ მოთხრობებს,
რომელთა გმირებიც უკვე
მყავს, ამიტომ,ვფიქრობ, თუკი ხმამაღლა მოვყვები
მათისტორიებს, ამით ჩემს გმირებს დაკარგვისგან ვიხსნი.

 

კრილის და ლელის სიყვარულის ამბავი ერთ ზაფხულს გავიგე, როცა ლელიმ წვიმისგან დალაქავებულ ჭერზე მიმითითა და ლაქა დამანახა. ის კრილია, ზემოთ კრილია“,– მითხრა მან. ძალიან ვეცადე,მაგრამ ვერაფერი გავიგე,გარდა იმისა, რომ ჭერზე წვიმისგან დარჩენილ ლაქა ბიჭია, რომელსაც
კრილი ჰქვია, ლელის კი ის უყვარს, ზის და უყურებს ხოლმე

 

ის გოგო, სკვერში რომ
იშვიათად გამოდის, ჩემზე
ოდნავ უფროსი იქნება, გრძელი თმა ორ ნაწნავად აუწნავს და დიდების საქანელაზე ქანაობს, ჯინსის
შარვლის ორივე ტოტზე ძაფით
პატარ-პატარა სათამაშოები მიმაგრებია, კეებზეც პატარა კაცუნები აქვს მიკერებული... როცა ისიქვე მოთამაშე ბავშვების მშობლებს და ძიძებს ემშვიდობება და შინმიდის, ყველა დამცინავ გამომეტყველებასიღებს და მასზე იწყებსჩურჩულ.

 

პალამბო ჩემი უსაყვარლესი
გმირია. იგი
დიდ, ძალიან დიდოთახებიან შენობაშია გამოკეტილი და ელის ბერს,
რომელიც მას მონასტერში წაიყვანს? ასე ერთმა ბიჭმა მოატყუა,ალბათ, კეთილი განზრახვით,
– და დაიწყო პალამბოს
უსასრულო
მოლოდინი, რომელიც დღემდე გრძელდება... იმდენ სიგარეტს ეწევა, მეშინია, ერთ დღესაც არ გაქრე. დანამდვილებით
ვერ გეტყვით, რამდენი
წლისაა, მაგრამ ვიცი, რომ ოდესღაც, პატარა
ბიჭობაში, დედას სახლის ცივ კიბეზე ჩამომჯდარი ელოდებოდა.ხანდახან იქვე ჩაეძინებოდა თურმე.მერე თავი გაუცივდა
და ბავშვებმაც პალამბო შეარქვეს.

 

ნაწნავებიანი გოგო,
ლელი, პალამბო, შემოდგომის წვიმიან დღეს ნანახი დედაშვილი და სხვები, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და იგივე უფლებები
აქვთ, რაც ჩვენ: გამოვიდნენშინიდან, იმგზავრონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ისარგებლონ სხვადასხვა მომსახურებით, სოციუმისგან მაინც გარიყულები
არიან, რადგან ჩვენ, ვისაც თავი
ნორმალურებად”
მიგვაჩნია,
უკმაყოფილებას ვერ
ვმალავთ, თუ
ჩვენს სოციალურ გარემოში ისეთი წევრი გამოჩნდ, რომელიც ჩვენ მიერ დადგენილ არც ერთ სტანდარს არ აკმაყოფილებს;
ვერ ვხვდებით, რომ
ამით მათ მკაცრად ვიშორებთ თავიდან, უარს ვეუბნებით მეგობრობაზე,
ისევე როგორც სკოლაში
არ მეგობრობენ ლამაზი გოგონები მსუქან გოგონებთან, თითქოს ისინი მათ სილამაზეს რამეს დააკლებდნენ.

 

ოველგვარიფიზიკური თუ გონებრივი განსხვავების, წონის, ფერის, რასისდა მრწამსის მიღმა უნიკალური ადამიანი დგას, რომლის დასანახად არც გადამეტებული სიბრალულისაჭირო და არც სხვანაირის” იარლიყი – ამით ჩვენი არასწორი შეფასებით გამოწვეული წარმოდგენები უფრო მკვეთრდება,უფრო მეტადგვაშორებს ამ ადამიანებს და მათაც
უძლიერებს საკუთარი თავის მიმართ არასრულფასოვან დამოკიდებულებას. სტიგმებთან საბრძოლველად სწორი და გულწრფელი
მესიჯებია საჭირო, რომლებიც ჩვენც და მათაც ერთმანეთის
სწორად დანახვაში დაგვეხმარება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...