ორშაბათი, ივლისი 28, 2025
28 ივლისი, ორშაბათი, 2025

რატომ გაურბიან მოზარდები სკოლას

0
ამ სტატიის დაწერის საჭიროება პედაგოგებისგან მიღებულმა კითხვებმა დაგვანახვა. აი, ორი ყველაზე ტიპობრივი კითხვა:

● „ერთ-ერთი მოსწავლე არ დადის სკოლაში. მასწავლებლების გადმოცემით, აქვს ძველი ბიჭის იმიჯი. არ ვიცი, რა მოვიმოქმედო, რომ სკოლაში დაბრუნდეს. მეცხრე კლასის ატესტატი ხომ მაინც უნდა მიიღოს? ვესაუბრე. დამპირდა, ვივლიო, მაგრამ უშედეგოდ. როგორ მოვიქცე?” (რუსული ენის მასწავლებელი)

● „მეთორმეტე კლასში ერთი ბიჭია. არ უნდა სწავლა და პროტესტის ნიშნად მესაუბრება სვანურად. მე რუსულს ვასწავლი. როგორ მოვიქცე?” (რუსული ენის მასწავლებელი)
პედაგოგებს მუდამ აწუხებდათ მოსწავლეთა დაუინტერესებლობა სკოლით, სასწავლო პროცესით. მაინც რატომ გაურბის ბავშვი სკოლას? ეს ხომ ის ადგილია, სადაც მას თავისი ინტელექტუალური მოთხოვნილებისა და შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილება შეუძლია.

ნებისმიერი პრობლემის მოგვარება იწყება იმ ქცევის მოტივების ძიებით, რომელიც აღნიშნულ პრობლემას ქმნის. ბავშვის ქცევის მოტივის მიგნება ძნელია, მასთან საუბარი უშედეგოა, რადგან მის ქცევას არცთუ იშვიათად ქვეცნობიერი მოტივები განაპირობებს. ამ დროს დაკვირვება და პირადი გამოცდილება შესაძლოა საუკეთესო მრჩევლებად მოგვევლინოს. როდესაც სკოლისა და სწავლისადმი უფროსკლასელის უარყოფით დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს დამოკიდებულება შესაძლოა სწავლის ადრეულ ეტაპზე, ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში იყოს ჩამოყალიბებული. ბავშვების დიდი უმრავლესობა პირველ ხანებში სიხარულით მიდის სკოლაში, მაგრამ მალე მრავალი მათგანისთვის სასწავლო პროცესი კარგავს ადრინდელ მომხიბვლელობას და მშობლებს იძულებით უხდებათ მათი სამეცადინოდ დასმა. დილაობით კი ასეთი ბავშვები ათასნაირ ხერხს მიმართავენ, რომ სკოლისგან თავი დაიძვრინონ.

საინტერესოა, რატომ ეცვლება მოწაფეს ასე მალე სკოლისადმი დამოკიდებულება.

ბავშვები შესაძლებლობებითა და უნარებით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ ყველა ერთნაირი წარმატებით ვერ ასრულებს დავალებებს. მარცხისა და წარუმატებლობის სისტემატური განცდა კი იწვევს უარყოფით დამოკიდებულებას სწავლისა და სკოლის მიმართ. როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, პატარებს არ უყვართ იმის კეთება, რაშიც მუდმივად მარცხს განიცდიან. წარუმატებლობა ბავშვს უკარგავს დავალების შესრულების სურვილს. ამდენად, თუ გვინდა, მოსწავლეს თავიდანვე შევუნარჩუნოთ სკოლისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება, უნდა მოვახდინოთ დავალებების დიფერენცირება და დროდადრო ბავშვს ისეთი სამუშაო შევთავაზოთ, რომელშიც ის წარმატებას მიაღწევს. წარმატებულობის განცდა მომავალში სასწავლო მოტივაციის შენარჩუნების მნიშვნელოვან წინა პირობად იქცევა.

რა შეიძლება მოხდეს, თუ დროულად არ დავეხმარეთ ბავშვს წარუმატებლობისა და მარცხის დაძლევასა და თავისი თუნდაც უმნიშვნელო შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაში?

ცნობილია, რომ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე ბავშვის სოციალური სტატუსი ჯგუფში, მისი სოციალური აღიარება თანატოლთა მხრივ უშუალოდ უკავშირდება მის სასწავლო წარმატებებს. როცა ბავშვს სწავლა უჭირს, თანატოლები ინტერესს არ იჩენენ მის მიმართ, არ გამოხატავენ მასთან მეგობრული ურთიერთობის სურვილს. უფრო მეტიც – არცთუ იშვიათად ასეთ ბავშვს იმთავითვე მიეკერება ხოლმე „სუსტის” იარლიყი, რომელიც წლობით მიჰყვება მას და აბრკოლებს მისი თვითრეალიზაციის პროცესს. გარკვეულ პერიოდამდე ბავშვი სერიოზულ ძალისხმევას არ იჩენს უახლოეს სოციალურ გარემოცვაში საკუთარი მდგომარეობის შესაცვლელად, მაგრამ გარდამავალი ასაკის დასაწყისში, როდესაც აქტუალური ხდება ყურადღების, პატივისცემის, აღიარების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მოზარდი ყოველგვარი საშუალებით, თანაც ძალიან აქტიურად იწყებს „ბრძოლას” ჯგუფში საკუთარი მდგომარეობის შესაცვლელად და თანატოლთა მხრივ აღიარების მოსაპოვებლად. ბუნებრივია, ასეთი ბავშვები სწავლაში სისტემატური ჩამორჩენის გამო სასწავლო წარმატებებით ვერ მოახერხებენ თანატოლთა შორის პოზიციის შეცვლას, ამიტომ მიზნის მისაღწევად ხშირად მიუღებლად იქცევიან – ცელქობენ, ხელს უშლიან მასწავლებელს, ცდილობენ გაკვეთილის ჩაშლას. სწორედ ასეთი ქცევით ცდილობენ „მაგარი” ბიჭის იმიჯის დამკვიდრებას და პოპულარობის მოპოვებას. ზოგიერთი ახერხებს კიდეც ამას. შედეგად კლასები, რომლებშიც ისინი სწავლობენ, უმართავები ხდებიან და დიდ სირთულეებს უქმნიან პედაგოგებს. თუ მოზარდი პედაგოგთან „ორთაბრძოლაში” დამარცხდა და სასურველი იმიჯის მოპოვება ვერ მოახერხა, ის თავს არიდებს სასწავლო პროცესს, გარბის სკოლიდან და გარეთ, ქუჩაში, ეძებს იმ წრეს, სადაც აღიარებენ, მოუსმენენ და პატივისცემით მოეპყრობიან. ამრიგად, ერთ დროს მშვიდი, წყნარი, შეუმჩნეველი ბავშვი, რომელიც, მართალია, არ სწავლობდა, მაგრამ არც ხელს უშლიდა მასწავლებელს და თანაკლასელებს, უფროს სასკოლო ასაკში შესაძლოა სერიოზულ პრობლემად იქცეს ოჯახისა და სკოლისთვის.

ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთხოვნილებას, თვითრეალიზაციის მოთხოვნილებას, მოზარდი სასწავლო პროცესში უნდა იკმაყოფილებდეს, ვინაიდან სასკოლო პერიოდში სწორედ სწავლაა ქცევის წამყვანი ფორმა. მოსწავლე, რომელიც წლების განმავლობაში ჩამორჩებოდა ამ კუთხით, ცხადია, აქ ვერ მოახერხებს თვითრეალიზაციას, არარეალიზებული პიროვნება კი უახლოეს სოციალურ გარემოცვაში ხშირად ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმია.
რა შეიძლება ვუპასუხოთ ზემოთ მოყვანილი კითხვების ავტორებს? როგორც კითხვებიდან ჩანს, ორივე შემთხვევაში საუბარია უფროსკლასელ მოსწავლეზე. ამასთან, პრობლემას ორივეჯერ უცხო ენის, კერძოდ, რუსულის, მასწავლებელი შეეჯახა. არც პირველ, არც მეორე შემთხვევაში მოზარდი ამ საგნის ცოდნით არ უნდა გამოირჩეოდეს. პირველი მათგანი შესაძლოა იმიტომ არ დადიოდეს სკოლაში, რომ „ძველი ბიჭის” იმიჯის დაკარგვა აშინებდეს. მისი თვალთახედვით, „ძველი ბიჭი” ყველაფერში „მაგარი” უნდა იყოს, რუსული ენის გაკვეთილზე კი მისი „სუსტი მხარეები” შესაძლოა ყველასათვის ადვილი შესამჩნევი გახდეს, რაც მის იმიჯს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. მეორე მოზარდი, მართალია, დადის სკოლაში, მაგრამ საკუთარი სისუსტის შესანიღბავად მასწავლებელს სვანურად ესაუბრება. მასწავლებელი აცხადებს, რომ მას სწავლა არ უნდა. იქნებ უნდოდეს კიდეც, მაგრამ წლების განმავლობაში ჩამორჩენამ თავისი კვალი დატოვა მასზე, მეთორმეტე კლასში კი სწავლის დაწყება, თანაც – უცხო ენის სწავლისა, არც ისე ადვილი იქნება. ამ მოსწავლეს საგნის შესასწავლად ნამდვილად სჭირდება დამატებითი, ინდივიდუალური მუშაობა, მაგრამ, როგორც ჩანს, უჭირს ამის აღიარება და მასწავლებლისთვის თხოვნა. ამიტომ მან საკუთარი „ძალის” დემონსტრირება დაიწყო – პედაგოგს სვანურად ესაუბრება, რადგან იცის, რომ ის მას ვერ გაუგებს. ასეთი ქცევით მოზარდს შესაძლოა იმის თქმა სურდეს, რომ მანაც იცის რაღაც ისეთი, რაც არ იცის მასწავლებელმა და, ამდენად, ის არც ისეთი სუსტია, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.

როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს თვითრეალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში. სწავლების თანამედროვე მეთოდების მრავალფეროვნება ამ მხრივ დიდ დახმარებას გაუწევს პედაგოგს. აქვე უნდა ითქვას, რომ როდესაც მეთერთმეტე-მეთორმეტეკლასელი სკოლაში არ დადის, შესაძლოა, ეს ოჯახური მდგომარეობითაც იყოს განპირობებეული. ამ ასაკის მოზარდი, განსაკუთრებით – რაიონებში, ხშირად სერიოზული დამხმარე ძალაა ოჯახისთვის, ამიტომ მას და ხშირად მშობელსაც ურჩევნია, მოზარდმა ოჯახს მოახმაროს თავისი ძალა და ენერგია, ვიდრე ყოველდღიურად იაროს სკოლაში, სადაც ახალს უკვე ვეღარაფერს ისწავლის წლების განმავლობაში ჩამორჩენის გამო. ამრიგად, შესაძლოა, 12-წლიანი სასკოლო სწავლების საკითხი ხელისუფლების მხრივ საფუძვლიან გადახედვას მოითხოვდეს. ხშირად არც მოზარდს და არც მშობელს არ სურთ, სწავლა 12 წელი გრძელდებოდეს, მაგრამ მაინც ვერ ტოვებენ სკოლას, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავს იჩენს ბავშვის დასაქმების პრობლემა. ხოლო თუ შეიქმნა პროფესიული სასწავლებლების ფართო ქსელი, შესაძლოა, მრავალმა მოზარდმა სკოლაში ამაოდ ჯდომას ასეთ სასწავლებელში სწავლა და კონკრეტული ხელობის, პროფესიის დაუფლება ამჯობინოს. ყოველივე ეს საგრძნობლად გააუმჯობესებდა მდგომარეობას სასკოლო სწავლების მესამე საფეხურზე, რადგან სკოლაში დარჩებოდნენ მოზარდები, რომლებსაც სწავლის გაგრძელების საფუძველიც ექნებოდათ და სურვილიც.

ნუ წაართმევთ პატარებს თამაშის კიდევ ერთ წელს

0
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, 5 წლის ბავშვების სკოლაში მიღება აიკრძალოს, საზოგადოებაში დიდი სჯა-ბაასი მოჰყვა. მშობელთა ერთი ნაწილი ამართლებს ამ გადაწყვეტილებას, მეორენი კი ემოციურად ეკიდებიან მას. განსაკუთრებით იმედგაცრუებულნი არიან ის მშობლები, რომლებსაც შვილის სკოლაში მიყვანა ეჩქარებათ – მიაჩნიათ, რომ თორმეტწლიანი სწავლების პირობებში საუკეთესო გამოსავალია, ბავშვი სკოლაში 5 წლისა მივიდეს. მასწავლებელთა აზრიც ორად გაიყო: ზოგი ამბობს, რომ აქ პრობლემას ვერ ხედავს, ზოგი კი ამართლებს 5 წლის ბავშვების სკოლაში შეყვანის აკრძალვას.

უნდა მიუსხდნენ თუ არა ხუთწლიანები მერხებს?! შეუძლია თუ არა ხუთი წლის ბავშვს იმ სასწავლო აქტივობათა განხორციელება, რომლებსაც ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს? დაძლევს თუ არა ის სტანდარტს?
სწავლა-სწავლების წარმატებისთვის მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქიკური განვითარების კანონზომიერებათა გათვალისწინება. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ უმცროსი სასკოლო ასაკი მოიცავს პერიოდს 6-დან 11 წლამდე. აქედან გამომდინარეობს, რომ 5 წელი სკოლამდელი ასაკია.

ბავშვის განვითარება მოიცავს კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების – აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების – განვითარებას. ჩამოთვლილი პროცესების ნაკლებ განვითარებას ემატება ისიც, რომ სკოლაში ბავშვი უფრო „მკაცრ”, „არალოიალურ” გარემოში აღმოჩნდება და ადაპტაციის საკმაოდ რთული პერიოდის გავლა უწევს.

ფსიქოლოგთა კვლევებმა ცხადყო, რომ ამ ასაკის პატარებს იმპულსურობა ახასიათებთ. მართალია, შეინიშნება ნებისყოფის გამომჟღავნების შემთხვევებიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამას ეპიზოდური ხასიათი აქვს. 5 წლის ბავშვები, წესისამებრ, განიცდიან იმპულსების ძლიერ გავლენას, მაშინ როდესაც 6 წლისანი მეტად არიან მობილიზებულნი და შეუძლიათ, დაემორჩილონ მასწავლებლის ინსტრუქციას.

5 წლის ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია. ვიგოტსკის აზრით, თუ ბავშვმა არ გაიარა თამაშის ყველა ფორმა, სწავლის მოტივიც დაიგვიანებს. თუ თამაში შევაწყვეტინეთ და სწავლის მოტივმაც დაიგვიანა, შესაძლოა ბავშვი დაეჭვდეს საკუთარ ძალასა თუ უნარში, ეს კი დაბალ თვითშეფასებამდე მიგვიყვანს.

ბუნებრივია, ყველა ბავშვზე იმავეს ვერ ვიტყვით, მაგრამ მაინც მინდა ვურჩიო სკოლამდელების სკოლაში მიყვანის მსურველ მშობლებს: ნუ წავართმევთ პატარებს თამაშის კიდევ ერთ წელს. თქვენ შინაც შეგიძლიათ შეუწყოთ ხელი ბავშვის კოგნიტური სფეროს განვითარებას. კერძოდ:
◊ ხშირად უკითხეთ ლექსები და ზღაპრები, აუხსენით ყველა უცხო სიტყვა (ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას);
◊ დაათვალიერებინეთ სურათები, დაეხმარეთ აღწერაში, მსგავსება-განსხვავებათა პოვნაში, გამოცანების გამოცნობაში (ავითარებს აღქმას);
◊ შეუწყვეთ ხელი, რომ ხშირად ხატოს და ძერწოს (ავითარებს ნატიფ მოტორიკას);
◊ უთხარით ბგერებად დაშლილი სიტყვა, რომელსაც ბავშვი გაამთლიანებს და პირიქით (თანდათან ეუფლება სიტყვების ფონოლოგიურ ანალიზს);
◊ დაიწყვეთ წინ რამდენიმე სათამაშო. ბავშვი 30 წამის განმავლობაში აკვირდება მათ. შემდეგ ერთ მათგანს მალავთ ან ადგილს უცვლით. პატარამ უნდა დაასახელოს „დაკარგული” სათამაშო (ავითარებს მეხსიერებას);
◊ ჩართეთ რაიმე საქმიანობაში, მიეცით მისი უნარების შესატყვისი დავალება;
◊ მიეცით თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება. აქ მან თანაფარდობაში უნდა მოიყვანოს საკუთარი და სხვისი პოზიცია (ხელს უწყობს ეგოცენტრიზმის დაძლევას);
◊ ნუ შეაქებთ დაუმსახურებლად;
◊ ხელი შეუწყვეთ ინიციატივის გამოვლენაში;
◊ არასოდეს შეადაროთ სხვა ბავშვებს, შეადარეთ მხოლოდ საკუთარ თავს.

ირმა კუჭავა
ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

ყველაფერი დედაჩემის მეგობრის შესახებ

0
დედაჩემმა უარი თქვა ჩემი კლასისთვის რუსული ენა და ლიტერატურა ესწავლებინა. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. მან თავიდან აიცილა უხერხულობა. მე კი დამრჩა შანსი, რომ რუსულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი ნიშანი მქონოდა. თუმცა, ამ მხრივ დედამ მაინც დიდი როლი ითამაშა ჩემს განათლებაში, რადგან თაროებზე შემოწყობილ, მის მიერ შეგროვებულ კლასიკურ ლიტერატურას, რომლის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე იყო გამოცემული – მხატვრული ლიტერატურით გატაცებული მოზარდი გვერდს ვერანაირად ავუვლიდი. „საიდუმლო კუნძული” ჯერ ქართულად წავიკითხე, შემდეგ კი ოკუპანტის ენაზე, რადგანაც რუსულ ვარიანტში,  ტექსტს თან ერთვოდა ლინკოლნის კუნძულის რუკა, რაც საშუალებას მაძლევდა ჩემს წარმოსახვაში დახატული მიწები, ქაღალდზე გადმოტანილისთვის შემედარებინა. უნდა ვაღიარო, სხვაობა დიდი იყო. 

დედაჩემის ნაცვლად ჩემს კლასში მისი უფროსი მეგობარი – მადლენა შარიქაძე შემოვიდა. მაღალი, არისტოკრატული შესახედაობის მქონე, მარტოხელა, ხნიერი ქალბატონი, რომელიც დღემუდამ მოწესრიგებულად იყო ჩაცმული, სიარულის მანერაში ძველებური სტილი ეკითხებოდა და არასოდეს ავიწყდებოდა ხან ზურმუხტისფერი, ხანაც ქარვისფერი სამკაულის გულზე გაკეთება.

 „ძალიან მკაცრია” – ამბობდნენ მასზე ვაზისუბანში, სადაც თითო კორპუსში თითო მასწავლებელი მაინც ცხოვრობს. მადლენა შარიქაძე მე-9 კორპუსის მეოთხე სართულის მობინადრეა. იმ კორპუსის, ზედ სკოლის პირისპირ რომ დგას და რომელთანაც დილაობით, თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი სკოლისკენ მიმავალს. „დილამშვიდობისა მადლენა მასწ” – მივესალმებოდი და მისი დინჯი სიარულის ფონზე, შენობაში შესვლას ბარე 40 ნაბიჯით ადრე მოვასწრებდი. 

სხვებისგან განსხვავებით, თავდაპირველად, მადლენა შარიქაძის სიმკაცრისა არ მეჯერა. ვფიქრრობდი, რომ მეგობრის შვილის მიმართ დამყვავებელი და ნიშნების საკითხში გულუხვი იქნებოდა. საით არ წაგიყვანს ყმაწვილური ოცნებები. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით მოხდა. დაფასთან ვიდექი ყოველთვის, კარნახებს ვწერდი პირველ მერხზე, საპირფარეშოში, მაშინ საჭირო ოთახს რომ ვუწოდებდით, თითქმის არასოდეს მიშვებდა. ასევე, მადლენა შარიქაძე უხეშად არღვევდა ჭეშმარიტი მასწავლებლის ტრადიციას – მას ყოველთვის ჰქონდა თავისი ცარცი, რომლის რამდენიმე ნატეხიც წამლის გამჭვირვალე ბოთლში მოეთავსებინა. 

„მე რუსების ენას არ ვისწავლი” – ვუთხარი ერთხელ ფეხზე წამომხტარმა, ყმაწვილური სიამაყით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი პატრიოტიზმით და თითქოს, ჩემს წარმოსახვაში მთელმა კლასმა მქუხარე ტაში დამიკრა. აპლოდისმენტები არ წყდებოდა. მე აქოშინებული  ვიდექი მერხთან, როგორც დირიჟორი, რომელმაც მუსიკოსების არმიას წარმატებით უხელმძღვანელა და ვიღებდი ტაშის ზღვას. კლასელები კი გაჰკიოდნენ – „ბრავო მაესტრო”. უცებ, აპლოდისმენტები მადლენას ერთმა სიტყვამ მოგუდა: 

ისწავლი” – თქვა მან და მართალიც აღმოჩნდა. 

საბოლოოდ, ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე. ვიჯექი და ლიტერატურის გაკვეთილებს ბოლომდე ვუსმენდი. თავიდან უგუნებოდ, მაჯაზე სახის ჩამოყდნობით. მერე კი… ნელ-ნელა აღმოვაჩინე, რომ ამ მკაცრი, ხნიერი ქალბატონის მიღმა კიდევ ცხოვრობდა ერთი ადამიანი, რომელიც ცნობილ პერსონაჟებსა და მათ შემქმნელებს შენობით ესაუბრებოდა. განა მხოლოდ გამარჯობა-გაგიმარჯოს?! კარგად იცნობდა, მოკითხვით და ფინჯან ჩაის თანხლებით, ბუხრის პირას მუსაიფით და რახმანინოვის მუსიკის ქვეშ. მოგვიანებით, შარიქაძის მეცადინეობის შემდეგ მომავალმა ფიზკულტურის გაკვეთილმა ფასი დაკარგა. მე თავს დავაჯერე, რომ რუსულის მასწავლებლის სახლში, რომელიც უწინ იუსტინო ბრინიონის ალაგად მესახებოდა, თავს აფარებდნენ პუშკინი და ესენინი, ტოლსტოი და დოსტოევსკი და ხანდახან გოგოლიც შემოეხეტებოდა ხოლმე. 

როცა გადავწყვიტე, რომ საიდუმლო საიდუმლოდ დარჩებოდა, იუსტინო ბრინიონის სასახლეში სწორედ მაშინ აღმოვჩნდი. აღმოვჩნდი მისსავე დაბადების დღეზე, რომელზეც დედამ წამიყვანა. ჩემს მასწავლებელს სახლშიც ისევე მოხდენილად ეცვა, როგორც სამსახურში. მის სამ ოთახიან ბინაში მართლაც ცხოვრობდნენ დოსტოევსკი და პუშკინი, ოღონდ წიგნებში გამომწყვდეულები, უშველებელი ბიბლიოთეკის უსასრულობაში ჩაკარგულები. მათ წინ ფოტოები ეღობებოდათ – რომლებიც ჩემი მასწავლებლის ცხოვრების ყველა ეტაპს ასახავდნენ. წლიდან წლამდე. ეპოქიდან ეპოქამდე. საბჭოთა კავშირიდან დამოუკიდებელ და მაინც დამოკიდებულ საქართველომდე და ერთ მომენტში ჩანდა, რომ მადლენა მასწავლებელს ფოტოების გადაღება შეეწყვიტა. თითქოს მადლენა შარიქაძე სწორედ ამ მისტიური რიტუალით ცდილობდა მწერლებთან ცხოვრების დაკავშირებას. ფოტოებს კი მკრთალად ანათებდა სქელი ფარდიდან ქსოვილში შემომძვრალი შუქი, რომელიც ჯერ ილფისა და პეტროვის „12 სკამს”  ეცემოდა და შემდეგ ნაწილდებოდა. 

მე-11 კლასში ამ მისტიური სახლის მუდმივი სტუმარი გავხდი. მადლენა შარიქაძეს გამოცდებისთვის უნდა მოვემზადებინე და ბოლომდე დავუმეგობრდი ადამიანს, რომელიც სხვებს ტირანად ესახებოდათ. 

ალბათ 5 წელი იქნება, რაც მადლენა შარიქაძე არ მინახავს, მაგრამ თავს ხშირად მახსენებს. ყოველთვის, როცა სამართლიანად ვამბობ, რომ რუსეთი მტერია, ქვეცნობიერად ვფიქრობ, რომ არსებობს მადლენა შარიქაძე, რომელიც ალბათ მეთანხმება და რომლის გამოც, მე უფლება არ მაქვს რუსული ლიტერატურა არ მიყვარდეს. 

გლობალური აზროვნების და დამოუკიდებელი უნარების განვითარება მოსწავლეებში

0
სკოლა რომ ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეების მოაზროვნე პიროვნებებად ჩამოყალიბებას, საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა. ამაში აკადემიური საგნების სწავლება გვეხმარება. მაგრამ ისიც ცნობილია, რომ მხოლოდ აკადემიური საგნების ცოდნა არ განაპირობებს სამოქალაქო თვითშეგნებით გამორჩეული ადამიანების ჩამოყალიბებას. სამოქალაქო თვითშეგნებით გამორჩეული ადამიანების ჩამოყალიბებისას დიდია პირადი გამოცდილებით მიღებული ცოდნის როლი. ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლამ მარტო თეორიული ცოდნით კი არ უნდა აღჭურვოს მოსწავლეები, არამედ უნდა წაახალისოს კიდეც ისინი, რომ იმოქმედონ, თავად მიიღონ ისეთი გამოცდილება, რომელიც დაეხმარებათ მათ, გახდნენ უკეთესი მოქალაქეები. 

როგორ უნდა შეუწყოს ხელი სკოლამ და მასწავლებელმა ისეთი მოსწავლის აღზრდას, რომელიც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით გამოირჩევა? ვნახოთ, რას გვთავაზობს საერთაშორისო გამოცდილება. მსოფლიო ბაზარზე აღიარებული და წარმატებით მოქმედი პროგრამა _ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა _ გვეუბნება, რომ მისი მოსწავლეებისთვის CAS ერთ-ერთი სავალდებულო ნაწილია. ეს აბრევიატურა სამ კომპონენტს მოიცავს, სადაც პირველი ასო კრეატიულობას, მეორე ასო მოქმედებას, ხოლო მესამე სერვისს აღნიშნავს. 

ამჯერად მესამე კომპონენტზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას. სერვისს საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე-11 და მე-12 კლასებში მოსწავლეებმა ამ კომპონენტს კლასგარეშე დროის დაახლოებით 50 საათი უნდა დაუთმონ. ეს, უხეში გათვლებით, კვირაში ერთ საათს გულისხმობს. პროგრამის დასრულებისთანავე მოსწავლე ჩათვლას იღებს, რომელსაც მას კოორდინატორი ანიჭებს. ვინ შეიძლება გახდეს CAS-ის კოორდინატორი? ნებისმიერი მასწავლებელი, რომელსაც დრო აქვს იმისთვის, რომ რჩევებით დაეხმაროს ბავშვებს, ხოლო სხვადასხვა ეტაპზე გააკონტროლოს, რამდენად რეალურია ის საქმიანობა, რომელსაც მოსწავლე CAS-ის ფარგლებში ახორციელებს. ამ მიზნით პროგრამა გამოყოფს ერთ მასწავლებელს (რომელიც ჩვენს პირობებში საგნის მასწავლებელი ან დამრიგებელი შეიძლება იყოს). მისი მოვალეობაა, დაეხმაროს მოსწავლეებს, სწორად დაგეგმონ აქტივობები, აკონტროლოს განხორციელებული სამუშაოები და ბოლოს მისცეს ჩათვლა, რომლის გარეშეც ვერც ერთი მოსწავლე ვერ მიიღებს დიპლომს, თუნდაც უმაღლესი ქულები ჰქონდეს აკადემიურ საგნებში. ეს ბოლო პუნქტი კარგად გამოხატავს პროგრამის შემქმნელთა დამოკიდებულებას: შეუძლებელია, მოსწავლეს პრეტენზია ჰქონდეს უმაღლესში სწავლის გაგრძელებაზე, თუკი იგი არ არის ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. 

რას გულისხმობს ის საზოგადოებრივი საქმიანობა, რასაც CAS-ის სერვისის ნაწილი გვთავაზობს და რომელშიც მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს? ასეთი საქმიანობა უამრავია დაწყებული შეჭირვებული ოჯახების დახმარებით და დამთავრებული გარემოზე ზრუნვით თუ უფასო გაკვეთილების ჩატარებით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებისთვის.
როგორ უნდა მოხდეს ჩვენს პირობებში CAS-ის ამ ნაწილის დანერგვა? როგორ შეიძლება წავახალისოთ მოსწავლეები, გამოცდილებით მიიღონ ის ცოდნა, რომელიც უკეთეს მოქალაქეებად ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს? ამისთვის მრავალი ნაცადი ხერხი არსებობს. ერთ-ერთი ასეთი ხერხია, ვაჩვენოთ მათ დოკუმენტური ფილმები, სადაც თვალნათლივ ჩანს ის ეკოლოგიური კატასტროფები, რომლებიც დედამიწას ემუქრება იმ შემთხვევაში, თუკი ბუნების მოფრთხილებას არ დავიწყებთ. ცხადია, ამგვარი დოკუმენტური ფილმები პანიკის გამოწვევის მიზნით კი არ იქმნება, არამედ იმისთვის, რომ მოსახლეობამ უკეთ გააცნობიეროს მოსალოდნელი საფრთხეები და რაღაც შეცვალოს საკუთარ ქცევაში, რაც გააუმჯობესებს გარემოს. 

რატომ არ შეიძლება, მოსწავლეებმა თავად დაგეგმონ და მოაწყონ აქცია, დაასუფთაონ სკოლის მიმდებარე უახლოესი ტერიტორიები მაინც? თუკი მოსწავლეები სკოლის ასაკიდანვე მიიღებენ მონაწილეობას მსგავს აქციებში, მათ მომავალში აღარ გაუჩნდებათ სურვილი, დააბინძურონ გარემო და ალბათ სხვებსაც მიუთითებენ უგვან საქციელზე. მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება არ არის სერიოზულ ხარჯთან დაკავშირებული. დასუფთავება რაღაც ხარჯებს ყოველთვის გულისხმობს, თუნდაც სანიტარული ხელთათმანებისა და ნაგვის განსათავსებელი ტომრების შეძენას. შორ მანძილზე წასვლა სატრანსპორტო ხარჯებსაც უკავშირდება, მაგრამ ინიციატივიანი მოსწავლეები ამ პრობლემის მოგვარებასაც ახერხებენ. 

მოსწავლეებს შეუძლიათ ორგანიზება გაუკეთონ ხეების დარგვის ღონისძიებას. ასეთი აქციები კარგად უნდა დაიგეგმოს, შეთანხმებული უნდა იყოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ ორგანოებთან. მოსწავლეებმა წინასწარ უნდა შეიგულონ ნერგებიც და ის უახლოესი ტერიტორიაც, სადაც ხეების დარგვის უფლება ექნებათ. ამ აქციას დიდი ხარჯები არ სჭირდება, რადგან მათ ნიჩბებსაც და სხვა ინვენტარსაც უფასოდ ათხოვებენ შესაბამის დაწესებულებებში.    

როგორც აღვნიშნეთ, მოტივაციის გაზრდის მიზნით, კარგია ფილმების ჩვენება ეკოლოგიაზე. აგრეთვე სასარგებლოა ისეთი ფილმებიც, სადაც მოთხრობილია შეჭირვებულთა ცხოვრებაზე. ემოცია, რომელსაც ასეთი ფილმების ნახვა აღძრავს, თითქმის ყველას უბიძგებს მომენტალური ქმედებისკენ. ბევრი ფიქრობს, რომ შეჭირვებულთა დახმარება მხოლოდ მატერიალური თანადგომით გამოიხატება. არადა, ეს ასე არ არის. მშობლის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლებში ბევრია ისეთი ბავშვი, რომელთაც სწავლაში დახმარება სჭირდებათ. ამგვარი დახმარება კი ბევრ მოსწავლეს შეუძლია. დახმარება მარტო ასეთ სახლებში არ სჭირდებათ. უთხარით მოსწავლეებს, მიმოიხედონ გარშემო და ადვილად შენიშნავენ, რომ თანატოლებს, სკოლის პერსონალს, სამეზობლოსაც შეუძლიათ დაეხმარონ. ხშირად მოსწავლეებმა იციან უცხო ენა, რომელსაც სიამოვნებით ისწავლიდნენ უფროსებიც, თუკი ასეთ მომსახურებას უსასყიდლოდ შესთავაზებდნენ. რომელი ზრდასრული არ ივლიდა სიამოვნებით კომპიუტერულ კურსებზე, რომელსაც მოსწავლეები გაუძღვებოდნენ?! ეს არა მარტო ადამიანთა მადლიერებას გაზრდიდა, არამედ მოსწავლეების პასუხისმგებლობის შეგრძნებასაც აამაღლებდა. 

მთავარი მონდომებაა. ჩვენ, მასწავლებლებს, ამაში უდიდესი წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ. კვირაში ერთი საათის გამოძებნა თითქმის ყველა მოსწავლეს შეუძლია, რათა ესტუმროს ბავშვთა სახლს და იქ წიგნები წაუკითხოს პატარებს ან, უბრალოდ, მათთან გაატაროს დრო. ასეთი გასვლის მოწყობა მოხუცებულთა სახლებშიც შეიძლება. მთავარია, ასეთ ღონისძიებებს სისტემატური სახე ჰქონდეს და არ იყოს ერთჯერადი. თანაც ეს აქციები აუცილებლად მოსწავლემ უნდა დაგეგმოს. ჩვენ მხოლოდ მოტივაცია უნდა გავუზარდოთ ფილმის ჩვენებით თუ სხვათა ისტორიების მოყოლით.

როგორც ვიცით, ზოგიერთ აქციას ხარჯებიც ახლავს თან. ინიციატივიან მოსწავლეებს თანხის მოძიებაც შეუძლიათ. ე.წ. “ფანდრეიზინგი” (თანხის მოძიება) “ბეიქ სეილის” გზით ძალიან პოპულარულია დასავლეთის სკოლებში. ეს აქციები დღესასწაულების წინ ეწყობა, რათა მოსწავლეებმა საშობაოდ, საახალწლოდ ან სააღდგომოდ გაახარონ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა. ამ მიზნით სკოლებში ეწყობა “ბეიქ სეილი”, როდესაც მოსწავლეები თვითონ აცხობენ ნამცხვრებს სახლებში და შემდეგ გასაყიდად მოაქვთ სკოლაში. აუცილებელი არაა, მხოლოდ მოსწავლეებმა შეიძინონ პროდუქტი. შეგიძლიათ სკოლაში მოიწვიოთ მშობლები და სხვა სტუმრებიც, რომელთაც წინასწარ ეცოდინებათ აქციის შესახებ. შემოსული თანხა მოხმარდება იმ მიზნებს, რისთვისაც მოეწყო აქცია.  
რა არის საჭირო, რომ მოსწავლემ ხორცი შეასხას თავის იდეებს და როგორ უნდა დაეხმაროს მას მასწავლებელი? პირველ რიგში, აუცილებელია,    მოსწავლეს ვასწავლოთ სწორად დაგეგმვა – სასწავლო წლის დასაწყისში ყველა მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს გეგმა, თუ რის განხორციელებას აპირებს ორი წლის მანძილზე. ამისთვის მან სწორად უნდა ამოიცნოს ისეთი გლობალური პრობლემები, რომელთა შეცვლაც ლოკალურ დონეზე იწყება. იგულისხმება გარემოზე ზრუნვა, დევნილებისა და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დახმარება, ხანდაზმულთა თავშესაფრების მონახულება, საავადმყოფოებში არსებული პრობლემების გაცნობიერება და სხვადასხვა ინიციატივის გამოჩენა, საქველმოქმედო აქციების ჩატარება, უმცროსკლასელებისთვის დამატებითი გაკვეთილების ორგანიზება, სკოლის პერსონალის (ან ადგილობრივი მოსახლეობის) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სასწავლო ჯგუფის ჩამოყალიბება. მას შემდეგ, რაც მოსწავლე სწორად ამოიცნობს პრობლემას, სასურველია, გაიაზროს, რამდენად შეძლებს მის დაძლევას და რა არის ამისათვის საჭირო. თუკი მოსწავლე თავად გაართმევს თავს, მას შეუძლია, მარტომ წამოიწყოს საქმიანობა, ხოლო თუ პრობლემა ღრმაა, მაშინ მას თანაკლასელთა ან სკოლელთა გუნდისა და სკოლის ადმინისტრაციის დახმარება დასჭირდება. ზოგჯერ შეიძლება მშობლების ჩართვაც გახდეს საჭირო. გეგმის შედგენის შემდეგ მოსწავლე შეხვდება კოორდინატორს, რომელიც მიუთითებს მას გეგმის სუსტ მხარეებზე, რაც ზოგჯერ იმაში გამოიხატება, რომ მოსწავლეები სწორად ვერ საზღვრავენ თავიანთ ძალებს, მათ სურთ, დაძლიონ ისეთი პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ორ წელიწადში წარმოუდგენელია. ეს კი გამოიწვევს იმედგაცრუებას და დაწყებული საქმისთვის თავის დანებებას.

გარდა იმისა, რომ ასეთი აქტივობებით მოსწავლე სკოლის ასაკშივე კარგ მოქალაქედ ყალიბდება, იგი სხვა შედეგებსაც იღებს. საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა CAS-ისთვის (მათ შორის სერვისის კომპონენტისთვის) რვა შედეგს მოიაზრებს:

1.მოსწავლე მოახდენს საკუთარი ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებას, ხოლო სუსტი მხარეების აღმოჩენის შემთხვევაში გაიაზრებს შემდგომი ზრდის აუცილებლობას. როგორც ვიცით, ყველა მოსწავლეს სხვადასხვა უნარი აქვს უკეთ განვითარებული, შესაბამისად, მათი საწყისი მდგომარეობა არათანაბარია. ზოგი დაბადებიდან ლიდერულ თვისებებს ამჟღავნებს, ზოგს გუნდური მუშაობა უჭირს და საქმის მარტო გაკეთება ურჩევნია და ა.შ. მას შემდეგ, რაც მოსწავლე სკოლას დაამთავრებს, მან უნდა შეძლოს, სწორად შეაფასოს თავისი შესაძლებლობები, დაინახოს, რომელი მხარე აქვს გამოსასწორებელი და შეეცადოს, გამოასწოროს სუსტი მხარეები, ხოლო ძლიერი მხარეები საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოიყენოს. ამაში კი CAS არაჩვეულებრივ დახმარებას გაუწევს.

2.მოსწავლე თვალს გაუსწორებს ახალ გამოწვევებს. ნებისმიერი ახალი საქმის დაწყება, მით უმეტეს, ისეთი საქმის წამოწყება, რომელიც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, ეხმარება მოსწავლეებს, აიმაღლონ საკუთარი თავის რწმენა, მიხვდნენ, რომ მათაც შეუძლიათ დადებითად შეცვალონ ის გარემო, რომელშიც მოუწევთ ცხოვრება.

3.მოსწავლე ისწავლის დაგეგმვას და განხორციელებას. ნებისმიერი წამოწყება ბევრად ადვილად შესასრულებელია, თუკი ის სწორად არის დაგეგმილი. სწორედ ამის შესწავლას უწყობს ხელს კოორდინატორი. დასაწყისში მოსწავლეს უჭირს პრიორიტეტების განსაზღვრა, მაგრამ ერთხელ და ორჯერ სხვადასხვა ტიპის ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ, მას უკვე თავისუფლად შეეძლება, მომავალში მარტომ განახორციელოს მსგავსი ტიპის სამუშაო. 

4.მოსწავლე ისწავლის გუნდურ მუშაობას. ყველამ ვიცით, რომ გუნდში მუშაობა არც ისე ადვილია, არადა, ცხოვრებაში თითქმის ყველა სამუშაო ამას მოითხოვს. თუკი ასეთ მუშაობას ადრეული ასაკიდანვე შევაჩვევთ მოსწავლეებს, მათ ის უფრო გაუადვილდებათ მომავალში. გარდა ამისა, გუნდური მუშაობა სხვაგვარი ვალდებულების წინაშე აყენებს ადამიანს, რაც მას პასუხისმგებლობის შეგრძნებას უვითარებს.

5.მოსწავლე მიეჩვევა საქმის ერთგულებას, ჩამოუყალიბდება შეუპოვარი ხასიათი. თუკი მოსწავლე დაგეგმავს აქტივობას, მერე კი პატარა სირთულის დანახვისთანავე ხელს ჩაიქნევს და აღარ გააგრძელებს დაწყებულ სამუშაოს, ეს მას სიკეთეს ვერ მოუტანს მომავალში. ამიტომაც, აღნიშნული სახის საქმიანობა მას ხასიათის გამობრძმედაში ეხმარება. 

6.მოსწავლე სკოლიდანვე ჩაებმება გლობალურ ინიციატივებში. 

7.მოსწავლე ისწავლის ეთიკური ქვეტექსტის ამოცნობას.

8.მოსწავლე განივითარებს ახალ უნარებს.

ჩვენი, მასწავლებლების მოვალეობაა, დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ წამოწყებებში. ამ ყველაფერს სხვა დადებითი მხარეც აქვს: თუკი მოსწავლეთა ასეთ აქციებს სტატიებში აღვწერთ, მაშინ სხვადასხვა ჟურნალის საშუალებით ანდა მასწავლებელთა კონფერენციებში მონაწილეობით ჩვენს გამოცდილებას სხვა მასწავლებლებისთვისაც ხელმისაწვდომს გავხდით. 

კითხვის სიყვარული თამაშით

0
საზოგადოებაში ხშირად გაიგონებთ, რომ დღეს ბავშვები აღარ კითხულობენ, რომ კომპიუტერმა შეცვალა წიგნი, თუმცა აქვე ისმის კითხვა: შეცვალა კი? სასკოლო ასაკის ბავშვები უმეტესად კომპიუტერული თამაშებით ერთობიან. ბუნებრივია, სწორად შერჩეული თამაშებიც ხელს უწყობს მათ განვითარებას, მაგრამ უფრო და უფრო აშორებს წიგნს. ამ ფაქტს ვერსად გაექცევი. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ დაბალია წიგნიერების დონე, მოზარდებს უჭირთ აზრის გამოხატვა, მეტყველებაში იმატა უცხოურმა ტერმინებმა. ამ ფონზე მასწავლებელი უნდა დაფიქრდეს, როგორ მოახერხოს, რომ მისმა საგანმა მოსწავლეებს მიანიჭოს ინტელექტუალური სიამოვნება, რით და როგორ დააინტერესოს ისინი. პედაგოგებმა კარგად იციან, რომ თამაში ბავშვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობაა, ამიტომაც იყენებენ მას სწავლების ერთ-ერთ ფორმად. თამაშისა და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის გაერთიანებით შესაძლებელია მოტივაციის ამაღლება, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებლის მიერ დასახული სასწავლო მიზნის შესრულებას, მასალის ათვისებას.

თამაშის როლი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი ხელს უწყობს მოსწავლის გონებრივ მობილიზებას. თამაშის დროს მას სჭირდება სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელება, ლოგიკური აზროვნება, დასკვნების გამოტანა, ნასწავლის გახსენება, გამოყენება, სხვებთან ურთიერთობა, აზრის გაზიარება და, რაც მთავარია, ამას აკეთებს ემოციურად დამუხტული, სიამოვნებით. იქმნება კეთილმოსურნე განწყობა, ამიტომ მოსწავლეს უხარია ასეთ გაკვეთილზე მოსვლა, ელის, რომ მასწავლებელი შესთავაზებს რაიმე საინტერესოს.

თამაში როგორც სწავლების აქტიური მეთოდი შემდეგ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს:

• უვითარებს მოსწავლეს შემეცნებით ინტერესებს;
• უღვივებს ტოლერანტობას;
• უვითარებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევებს;
• უმაღლებს თვითშეფასებას.

როგორ შეიძლება გამოვიყენოთ თამაში იმისთვის, რომ მოსწავლემ წაიკითხოს წიგნი, მიიღოს ინტელექტუალური სიამოვნება? გაგაცნობთ ჩემ მიერ ამ მიზნით გამოყენებულ აქტივობებს, რომლებიც შეიძლება ჩაატაროთ როგორც გაკვეთილზე, ასევე არასაგაკვეთილო დროს, განახორციელოთ ცალკე პროექტად, კვლევად, მაგრამ, მოსწავლეთა დასაინტერესებლად, უმჯობესია, მისცეთ თამაშის ფორმა. ეს აქტივობებია: „ავტორი გვეწვია”, „გეპატიჟებით ჩაიზე”, „კრიტიკოსთა ჯგუფი”, „მკვლევარები”.

„ავტორი გვეწვია”

ამ თამაშის არსი ასეთია: მოსწავლეები წინასწარ ირჩევენ მოსწავლეს, რომელმაც უნდა მოირგოს მოსწავლეთა მიერ შერჩეული ამა თუ იმ ავტორის როლი. მასწავლებელი არჩევს მწერლის 2-3 მოთხრობას (შეიძლება ლექსებიც), რომელსაც უნდა გაეცნონ „ავტორიც” და მკითხველებიც. დათქმულ დღეს სტუმრად მობრძანებულ „მწერალს” მოსწავლეები უსვამენ კითხვებს ნაწარმოების შესახებ, მაგალითად, რატომ მიიღო ავტორმა ესა თუ ის გადაწყვეტილება. ისიც ყველა კითხვას პასუხობს და, თავის მხრივ, ინტერესდება, ვინ როგორ დაასრულებდა ნაწარმოებს, როგორ პერსონაჟს ისურვებდა და სხვა.
„გეპატიჟებით ჩაიზე”

ეს თამაში ბავშვებს ძალიან მოსწონთ, რადგან მათთან ჩაიზე მიდიან მოწვეული პარალელური (ან სხვა) კლასის მოსწავლეები. ბავშვები წინასწარ ამზადებენ მაგიდებს, (ურიგო არ იქნება რუსული „სამოვრის” დადგმაც) და ჩაით უმასპინძლდებიან სტუმრებს. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ასეთ შეკრებებზე აუცილებელად საუბრობენ რომელიმე მწერლის ორ მოთხრობაზე, რომელსაც მასწავლებელი საგანგებოდ ურჩევს მათ ამ დღისთვის წასაკითხად.
„კრიტიკოსთა ჯგუფი”

მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ორ ჯგუფად – კრიტიკოსებად და მკითხველებად. მათ ევალებათ შერჩეული მწერლის ნაწარმოების წაკითხვა. თავდაპირველად მკითხველთა ჯგუფი აუდიტორიას წარუდგენს ნაწარმოებს, მერე კი თამაშში ერთვებიან კრიტიკოსები, გამოყოფენ ნაწარმოების სუსტ და ძლიერ მხარეებს, ვარაუდობენ, როგორ აჯობებდა ამა თუ ეპიზოდისა თუ გმირის წარმოჩენა. ბოლოს დასკვნისთვის იწვევენ ექსპერტს – მასწავლებელს ან სხვა მოსწავლეს, რომელსაც წინასწარ ამზადებს მასწავლებელი.
„მკვლევარები”

მოსწავლეებს ევალებათ, ერთი კვირის განმავლობაში სასკოლო ბიბლიოთეკიდან სურვილისამებრ წაიკითხონ რომელიმე ნაწარმოები. ამის შემდეგ გაკვეთილზე მასწავლებელი გამოყოფს 15 წუთს იმ აქტივობის გასაგრძელებლად, რომელიც ერთი კვირის წინ დაიწყო -მკვლევარები ისაუბრებენ იმაზე, რომელი ნაწარმოები წაიკითხეს, ვინ იყო ავტორი, რამდენად შეესაბამებოდა შინაარსს ნაწარმოების სათაური და წიგნის დიზაინი.
კიდევ ბევრი საინტერესო აქტივობა შეიძლება მოიფიქროს მასწავლებელმა, რათა მოსწავლეს გაუღვიძოს კითხვის სურვილი და ინტერესი, ჩაუღრმავდეს პერსონაჟს, გაუგოს მას, განუვითაროს შემოქმედებითი უნარები და ახალ ამპლუაში თავის წარმოჩენის საშუალება მისცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგჯერ ძნელია ასეთი თამაშების საგაკვეთილო ჩარჩოში მოქცევა, განსაკუთრებით – იმ კლასებში, რომლებშიც ბევრი მოსწავლეა, ამიტომ უმჯობესია, მასწავლებელმა დაგეგმოს ამგვარი აქტივობები არასაგაკვეთილო დროს. კარგი იქნება, თუ ამისთვის კვირის რომელიმე დღე გამოიყოფა.

მესაუბრეთ ჩარლიზე

0
გუშინ ცნობილი პროფესორისა და ლიტერატორის ლექციის ვიდეო ჩანაწერს ვუსმენდი, უფრო სწორად, ჩემი მეუღლე უსმენდა და მე კი თავიდან, შეძლებისდაგვარად, ყურს ვარიდებდი: ცინიკოსებისა არაფერი მწამს და საერთოდაც, ვფიქრობ, რომ, მიუხედავად ზოგიერთი მათგანის სიჭკვიანისა და ორატორული ხელოვნების უნარის ფლობისა ანდა სწორედ ამ უნარის გამოც, ახალგაზრდებზე მუდამ ცუდ გავლენას ახდენენ. მაგრამ მერე ამ კაცმა ერთი სწორი და მშვენიერი ახსნა შესთავაზა სტუდენტებს იმისა, თუ რატომ უნდა ვიკითხოთ _ ლიტერატურა გვაძლევს იმუნიტეტს ჩვენი მოსალოდნელი უსიამოვნებებისა და უბედურებების გადასატანად, გვაძლევს გამოცდილებას, რომ ტრაგედია, რომელიც ყველა ადამიანის ცხოვრებაში გარდაუვლად მოხდება ერთხელ მაინც, მხოლოდ ჩვენი ხვედრი არ არის და გვთავაზობს გამოსავალს, როგორ შეიძლება, ერთი შეხედვით დაუძლეველ გასაჭირთან გამკლავება.

დეპრესია თუ გქონიათ ოდესმე? მე ორჯერ მქონდა, გარდატეხის ასაკის ჩვეული უხასიათობა კი არა _ უფრო გვიანდელი, სერიოზული. ორჯერვე წიგნმა მიშველა: პირველი რუბენ გალიეგოს რომანი გახლდათ, ,,შავით თეთრზე” _ მის შესახებ უკვე დაწერა ჩვენს ინტერნეტჟურნალში გოჩა გაბოძემ; მეორემ უფრო მიშველა, რადგან ეს მხატვრული კი არა, ავტობიოგრაფიული ნაწარმოები გახლდათ, თანაც არამწერლის (თუმცა, ამ წიგნის ავტორს და დავით აღმაშენებელს სულ მერიდება ,,არამწერალი” ვუწოდო, მერე რა, რომ სხვა საქმეს უკეთ აკეთებდნენ და ამით შემორჩნენ ისტორიას _ ისინი ნამდვილი მწერლებიც იყვნენ) და ამიტომ უფრო რეალისტურად მეჩვენა მისი პერიპეტიები _ ეს ჩარლი ჩაპლინის ,,ჩემი ბიოგრაფია” იყო, რომელსაც ვახტანგ ჭელიძის უნაკლო თარგმანით გავეცანი.

გავიხსენოთ, როგორ იწყება კლასიკური ინგლისური რომანი: ,,დევიდ კოპერფილდი”, ,,ტეს დ’ერბერვილი”, ,,ჯეინ ეარი”. . . _ რა თქმა უნდა, უბედური ბავშვობის აღწერით: შიმშილამდე მისული გაჭირვებით, უდიერი მოპყრობით, დამამცირებელ მდგომარეობაში მყოფი მშობლების ყურებით… ჩარლის რეალური ცხოვრება ზედმიწევნით ჰგავს ფიქშენს, ოღონდ ერთი განსხვავებით, ჩარლი ხუთი წლის იყო, როდესაც საკუთარი თავი იპოვნა, როდესაც ერთხელ ხმაჩამწყდარი დედის ნაცვლად გამოვიდა სცენაზე და მაყურებელი მოაჯადოვა.

ნაკლებად თუ გამოვდგები ფსიქოანალიტიკოსად, მაგრამ ასე მგონია, რომ ადამიანი ბავშვობაში თავის ცხოვრებისეულ მოწოდებას ოდნავ მაინც თუ შესწვდება, ოდნავ მაინც თუ მიუახლოვდება, შორიდან მაინც თუ მოკრავს თვალს, ამის შემდეგ მისთვის ყველა ცხოვრებისეული გასაჭირი გასაძლისი გახდება. ამიტომაც გული საგულეში ჩამიდგება ხოლმე, როდესაც ვუყურებ ჩემს მოსწავლეს, რომელიც სხვაზე უკეთ წერს, ცეკვავს, ხატავს… ანდა უბრალოდ, იმისი თანდაყოლილი ცოდნა აქვს, რომ ,,თუ თავი შენი შენ გახლავს…” _ ესეც ნიჭია.

ხოლო თუკი ადამიანს ისე გაუმართლა, რომ ხელს მოავლებს, ხელს მოსჭიდებს იმას, რისთვისაც დაიბადა, მერე ყველაზე დიდი გასაჭირი, სიმარტოვეც კი გასაძლისი გახდება მისთვის. ჩარლის ავტობიოგრაფია, ჩემი აზრით, სიმარტოვის ამბავია, რომელსაც გენიოსი წარმატებებით უპირისპირდება, მერე ისევ სიმარტოვე იმარჯვებს, მერე კვლავ წარმატება აბრუებს ჰაშიშივით და დროებით ავიწყებს სიმარტოვეს. და ბოლოს, როდესაც იპოვის უნას, იგი ჩარლისგან რვა შვილს აჩენს _ ეს უფრო მყარი და ხელშესახები ბრძოლაა მარტოსულობის წინააღმდეგ, ვიდრე _ ფილმებით მოსული აღიარება.

ჩარლი ცოტას ყვება სასიყვარულო თავგადასავლებზე და ყოველთვის იმედგაცრუების კილოთი, სამაგიეროდ დიდხანს, დეტალურად და აღფრთოვანებით საუბრობს თითოეული ფილმის პერიპეტიებზე იდეის მოსვლიდან მაყურებლის რეაქციამდე. აღნიშნავს კიდეც, რომ მისთვის სატრფიალო გატაცება არასოდეს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მუშაობაში შეეშალა ხელი.

ბევრ ადამიანს მოიხსენიებს მეგობრად, თუმცა, დუგლას ფერნბექსის გარდა, ყველაზე ყვება თითო ისეთ დეტალს, რომელიც მიგვახვდრებს, რომ ეს მავანი მისი მეგობარი კი არა, უბრალოდ, მისი ,,წრის” წევრია, წრისა, რომელსაც ხელოვანები ქმნიან, რათა ერთმანეთისგან შემოქმედებითი ენერგია მიიღონ. საინტერესოა ჩარლის დაკვირვება მათზე:

,,მწერლები კარგი ხალხია, მაგრამ ადვილად არაფერს დათმობენ. რაც თვითონ იციან, იმას იშვიათად თუ გაუზიარებენ სხვებს. უმრავლესობა თავიანთ წიგნის ყდაში ინახავს ამ საუნჯეს. მეცნიერები კარგი სამეგობრო ხალხია, მაგრამ მათი უბრალო გამოჩენაც კი სასტუმრო ოთახში ერთბაშად გაგაოგნებს. მხატვრები საშინლად მოსაწყენები არიან. სულ იმას ცდილობენ, როგორმე დაგარწმუნონ, ჩვენ ფილოსოფოსები უფრო ვართ, ვიდრე მხატვრებიო. პოეტები, უსათუოდ, მაღალი კლასის არსებანი არიან _ სასიამოვნო ხალხია, ადვილად ასატანი, ნამდვილი მეგობრები… მაგრამ, მე თუ მკითხავთ, ყველაზე ადვილად მაინც მუსიკოსებთან შეიძლება მეგობრობა. სიმფონიურ ორკესტრზე უფრო თბილი და ამაღელვებელი არაფერია ქვეყნად. პიუპიტრების რომანტიკული შუქი, საკრავების მომართვა, უეცარი სიჩუმე, როცა დირიჟორი გამოვა, თითქოს ხაზს უსვამს მათი ხელოვნების თავისებურებას, იმას, რომ იგი ურთიერთ მჭიდრო თანამშრომლობასა და მეგობრობაზეა დაფუძნებული.”

რა თქმა უნდა, სიყვარულიც, მეგობრობაც და ყოველგვარი ამაღლებული ადამიანური ურთიერთობაც ჭეშმარიტებებია, რომელთაც მეც ვაღიარებ _ მაგრამ ჩარლი ჩაპლინის ,,ავტობიოგრაფია” ჩემთვის არის წიგნი იმაზე, რომ, როდესაც ცვლადი ჭეშმარიტებები მიდიან და მოდიან _ სიყვარულიდან სიყვარულამდე, მეგობრობიდან მეგობრობამდე, წარმატებიდან წარმატებამდე ადამიანს აქვს ყველაზე გამძლე თავშესაფარი _ საკუთარი თავი და საკუთარი საყვარელი საქმე, და ხანდახან ადამიანის ცხოვრება მხოლოდ მისი საყვარელი საქმეა და ეს სულაც არ არის ცუდი, სულაც არ არის ცოტა და ეს არის ის, რამაც მე ერთხელ ასე მიშველა და რის ცოდნასაც ჩემს მოსწავლეებსაც ვუსურვებდი.

ზემოთ მოტანილ ციტატაში ჩარლი არაფერს წერს იმის შესახებ, როგორი მეგობრები არიან სკოლის მასწავლებლები, სკოლაში ცოტა ხანს დადიოდა, კითხვაც კი არ იცოდა ბავშვობაში წესიერად და ეგებ არც ჰყავდა მეგობარი სკოლის მასწავლებელთა შორის; ერთი რამ კი ცხადია, მიუხედავად ამისა, პედაგოგებზე საუკეთესო წარმოდგენის გახლდათ. როდესაც საპატიო ლეგიონის ორდენით თავისი დაჯილდოების სცენას აღწერს, იგი იხსენებს:

,,…მერე კი, როდესაც მინისტრმა ქება-დიდების სიტყვა წამოიწყო, უკვე ასე ჩამჩურჩულებდა ჩემი მეგობარი: ,,გაგაცურეს, ბიჭუნა, სხვა ფერის ბაფთა მოუტანიათ, ამას სკოლის მასწავლებლებს აძლევენ ხოლმე, ამიტომაც აღარც ღაწვებში ჩაგპროშტნიან _ წითელი ბაფთა გეკუთვნოდა, ბიჭუნა.”

მე კი ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ პატივი დამდეს და სკოლის მასწავლებლებთან გამათანაბრეს.”

ტექსტზე მუშაობა და კითხვის სტრატეგიები უცხო ენის გაკვეთილზე

0
კითხვა თვითშემეცნების, საკუთარი აზრების ჩამოყალიბებისა და გამუდმებული შედარების პროცესია – ამ აზრისა იმ აზრთან, შენი გამოცდილებისა სხვის გამოცდილებასთან. 
მონტენი 
უცხო ენის ათვისებისას ტექსტზე მუშაობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ტექსტის გაგება და ტექსტის შექმნა ენის შესწავლის ის საკვანძო საკითხებია, რომელთა გარეშეც მასწავლებელსა და მოსწავლეს ნებისმიერი მიზნის მიღწევა გაუჭირდებათ. ამ პროცესის გარეშე წარმოუდგენელია გრამატიკული თუ ლექსიკური სიახლეების გაკვეთილზე შეტანა, შესასწავლი ქვეყნის შესახებ მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, სამეტყველო უნარ-ჩვევებზე ვარჯიში, ენობრივი საშუალებების  მნიშვნელობის, ფუნქციისა და სტრუქტურის ათვისება და ა.შ.  

უცხოენოვანი ტექსტის კითხვის დროს მოსწავლეები ბევრ სირთულეს აწყდებიან, რაც არა მარტო ლექსიკური ერთეულებისა თუ გრამატიკული წესების, უცხო ქვეყნის სოციალური თუ კულტურული მოვლენების არცოდნას უკავშირდება, არამედ ენის ათვისებისას უცხოენოვან ტექსტზე მუშაობის არასწორ სტრატეგიებსა და ხერხებსაც. 

ტექსტის, როგორც ენის ათვისების ერთ-ერთი ძირითადი საშუალების, რეცეფცია და მისი დახმარებით ახალი ტექსტის შექმნა მოსწავლეებს კოგნიტურ და კომუნიკაციურ  კომპეტენციებს უვითარებს. შესაბამისად, ტექსტზე მუშაობის ფუნქციაა, მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ უცხო ენის ფლობისთვის საჭირო კომპეტენციებს განუვითარებს.  

ტექსტის შინაარსის სრულყოფილად გაგებისა და სწორად აღქმისთვის გადამწყვეტი როლი ენიჭება უცხოენოვანი ტექსტის სწორად შერჩევას, რაც შედეგების ეფექტურობასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას განაპირობებს.
უცხოენოვანი ტექსტის შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია, რომ სამიზნე ჯგუფისათვის ტექსტი ენობრივად მარტივი და ინტერესების შესაბამისი იყოს. სასურველია: 

ტექსტს ჰქონდეს აღმზრდელობითი ფუნქცია და შეიცავდეს მნიშვნელოვან, შემეცნებით ინფორმაციებს;

ტექსტის თემატიკა შეესაბამებოდეს მოსწავლეთა ინტერესებსა და ემოციებს, რათა მათ მთავარი საკითხების აღქმა გაუიოლდეთ;

ტექსტის პრობლემატიკა მოსწავლეებისთვის ნაცნობი იყოს (მაგ., სხვა საგნებიდან);

ტექსტს კავშირი ჰქონდეს სახელმძღვანელოში მოცემულ განვლილ ან აქტუალურ მასალასთან/თემატიკასთან;
ტექსტი არ შეიცავდეს საკუთარ ან შესასწავლ ქვეყანაში ტაბუდადებულ თემებს;

ტექსტს შეეძლოს მოსწავლეებზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა
და სხვ.

მიზნების მისაღწევად კითხვის სტრატეგიები გამოიყენება, რომლებიც მთელ რიგ მიზანდასახულ ქმედებებს გულისხმობს. კითხვის სტრატეგიებს მოსწავლეები შეგნებულად ეუფლებიან და დამოუკიდებლად იყენებენ.
სწორად შერჩეული სტრატეგია მოსწავლეებს ეხმარება:  

ტექსტის გაგებასა და დამუშავებაში;
ტექსტის შესახებ შეკითხვების დასმაში;
ტექსტიდან დასკვნების გამოტანასა და მიღებული ცოდნის გამოყენებაში და ა.შ.

უცხო ენის თანამედროვე გაკვეთილზე ხშირად გამოიყენება:

oტექსტში ორიენტირებისათვის საჭირო სტრატეგიები (მაგალითად, ყველაფრის გაგება, რომელიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოიძიება ან თვალის ერთი გადავლებით კითხვა);

oტექსტიდან მთავარი იდეების ამოკრეფა (მაგ., ბარათებზე საკვანძო სიტყვების ამოწერა, ძირითადი შინაარსის გამოტანა, გეგმის შედგენა, გრაფიკების/ცხრილების შედგენა); 

oტექსტში რთულად გასაგები ადგილებისათვის დამხმარე საშუალებების  გამოყენება: შეკითხვების დასმა, უცნობი სიტყვების ლექსიკონში მოძებნა, ტექსტის დანაწევრება და ა.შ. 
ტრადიციული გაკვეთილისგან განსხვავებით, დღეს, ტექსტის რეცეფცია სხვადასხვა ხერხით ხდება. თუ ტრადიციულ გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებისაგან ტექსტში ყველაფრის დეტალურად გაგებას, ყოველი სიტყვისა და წინადადების თარგმნას, ყველა ინფორმაციის ცოდნას მოითხოვდა, დღეს ყველაფერი დამოკიდებულია, უპირველეს ყოვლისა, იმაზე, თუ რა მიზანი აქვს მოსწავლეს. შესაძლებელია კითხვის მიზანი ძირითადი აზრის გაგება, რომელიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოღება ან ტექსტის დეტალურად გაგება იყოს. მნიშვნელოვანია არა მარტო სავარჯიშოდ აგებულ დავალებებზე მუშაობა ან ლექსიკური ერთეულების დაზეპირება, არამედ თვით კითხვის პროცესიც.

ახალი ტექსტის იოლად გასაგებად სასურველია

Øმასწავლებელმა მოსწავლეებს წააკითხოს ტექსტი და პირველად წაკითხვისას  მხოლოდ ტექსტის იდეის გაგება მოსთხოვოს (გაცნობითი კითხვა);
Øმასწავლებელმა მოსწავლეებს წააკითხოს ტექსტი და ტექსტიდან მხოლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციების ამოღება მოსთხოვოს (ამორჩევით კითხვა);
Øმასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთხელ ან ორჯერ წაკითხულ ტექსტში ყველა დეტალის, სიტყვისა და წინადადების გაგებას დაუთმონ დრო (დეტალური კითხვა) (იხ. ცხრილი 1). 
კითხვის სახეები გაკვეთილზე
. გაცნობითი, გადახედვითი, ორიენტირებადი კითხვა (ექსპრეს-კითხვა)
. ამორჩევითი, კურსორული, ძებნითი კითხვა (ყნოსვითი კითხვა)
. დეტალური/ტოტალური კითხვა, ანუ კითხვა სიტყვისა და წინადადების დონეზე (დეტექტიური კითხვა)
შერჩეულ ტექსტზე სამუშაოდ მასწავლებელი წინასწარ ამზადებს დავალებების ფართო სპექტრს და გეგმავს ტექსტის წაკითხვამდე, ტექსტის წაკითხვის პარალელურად მიმდინარე და ტექსტის  შემდგომ შესასრულებელ დავალებებს.

ტექსტამდელ ფაზაში საჭიროა, მოსწავლეებს ისეთი დავალებები მიეწოდოს, რომელთა დახმარებითაც მათ გაუიოლდებათ ტექსტისა და ახალი თემების გაგება. ახალი ტექსტის შეტანამდე სასურველია მოსწავლეთა  დაინტერესება და მოტივაციის ამაღლება. ეს მათთვის საინტერესო ისეთ საკითხებზე საუბრით ან სურათისა თუ ვიდეოსცენის ჩვენებით არის შესაძლებელი, რომლებიც ახალ თემას უკავშირდება (სავარჯიშოთა ტიპოლოგია: ტექსტში მოცემულ თემატიკაზე საუბარი, კითხვა-პასუხი, მარტივი დისკუსიის წარმართვა, თემასთან დაკავშირებული სურათის აღწერა ან სიმღერის მოსმენა და ა.შ.). შესაძლებელია, რიგ შემთხვევებში, ტექსტში მოცემული ახალი გრამატიკული სტრუქტურების შესწავლის გასაიოლებლად ნასწავლი მასალის გამეორება  (მაგ., წარსული დროის ფორმების ახსნამდე აწმყო დროის ფორმების გამეორება დ.ა.შ.) და/ან ახალი ლექსიკური ერთეულების ტექსტში შეხვედრამდე მათზე მუშაობა (მაგ., შედგენილი სიტყვების შემთხვევაში ამ სიტყვების შემადგენელი მარტივი ლექსიკური ერთეულების გამეორება წინასწარ მომზადებული ბარათებით, დაფაზე ჩვენებით და ა.შ.). შესასწავლი კულტურის შესახებ ინფორმაციების მიღება მოსწავლეებს ტექსტამდელ ფაზაში შეუძლიათ მშობლიურ ენაზეც (განსაკუთრებით საწყის საფეხურზე). 

ტექსტამდელ ფაზაში გამოიყენება როგორც ღია და ნახევრად ღია,ასევე დახურული და ნახევრად დახურული ტიპის დავალებები.

ტექსტის კითხვის პარალელურ ფაზაში, ძირითადად, ტექსტის გაცნობითი კითხვა ხდება, რომლის ტიპურ დავალებასაც წარმოადგენს შეკითხვა: ”რის შესახებ არის ტექსტში საუბარი?” ამავე ფაზის ტიპურ დავალებას წარმოადგენს ტექსტის წაკითხვა და ცალკეული ნაწილების დასათაურება, ან პატარ-პატარა ტექსტების სურათებთან დაკავშირება. ტექსტის პირველი წაკითხვისას მოსწავლეები ძირითად აზრს იგებენ და ახალი ინფორმაციების, ლექსიკური თუ გრამატიკული ერთეულების გასაცნობად და შესასწავლად ემზადებიან (ტექსტის დეტალური გაგება). ამავე ფაზაში შესაძლებელია მოსწავლეებს ტექსტში მხოლოდ რომელიმე ინფორმაციის/ინფორმაციების ამოკრეფა/მოძებნა დაევალოთ (სავარჯიშოთა ტიპოლოგია: წაიკითხეთ ტექსტი და უპასუხეთ კითხვას: რაზეა ტექსტში საუბარი?; მოძებნეთ ტექსტში გარკვეული ინფორმაცია; დააკავშირეთ ტექსტები მოცემულ სათაურებთან; დააკავშირეთ ტექსტები მოცემულ სურათებთან და ა.შ.)

ამ ფაზაში გამოიყენება უმეტესწილად დახურული ტიპის დავალებები.

ტექსტზე მუშაობის შემდგომი ფაზა გულისხმობს ტექსტის საშუალებით შესწავლილი ახალი მასალის გამოყენებას, რაც ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით ახალი ტექსტის შექმნას უკავშირდება. ამ ფაზაში, უმეტესწილად, ნახევრად ღია და ღია ტიპის დავალებები გამოიყენება, როგორებიცაა: ტექსტის პერსონაჟებზე საუბარი, ტექსტში მოცემული კულტურული მოვლენების საკუთარ კულტურასთან შედარება, კულტურულ მსგავსება-განსხვავებებზე დისკუსიის წარმართვა, წერილის დაწერა და ა.შ. 

აქ  წარმოდგენილია ის სტრატეგიები, რომლებსაც მასწავლებლები  ყველაზე ხშირად მიმართავენ. 
 
კითხვის სტრატეგიები

1. კითხვის წინასწარ დაგეგმვა:

Øმოსწავლეთა ცოდნის გააქტიურება 
oტექსტის სათაურის შესახებ იდეების შეგროვება;
oტექსტის შინაარსზე ვარაუდის გამოთქმა და ა.შ.

2. ტექსტის ზოგადი/გლობალური გაგების სტრატეგიები:

Øთვალის გადავლებით ტექსტის წაკითხვა, ანუ ტექსტის სწრაფად გადაკითხვა;
Øკითხვის პროცესის შემოწმება; 
Øვარაუდების გადამოწმება; 
Øტექსტის გაგების სირთულის დადგენა; 
Øტექსტში ექსპლიციტური და იმპლიციტური ინფორმაციების შედარება მოსწავლეთათვის ნაცნობ ინფორმაციებთან და ა.შ.

3. ტექსტის დამუშავებისა და გამოყენების სტრატეგიები:
Øტექსტის შესახებ კითხვების დასმა;
Øმნიშვნელოვანი ინფორმაციების მოძიება;
Øსაკვანძო სიტყვების ქვეშ ხაზის გასმა;
Øმინდორზე ჩანიშვნების გაკეთება;
Øტექსტის მონაკვეთებად დაყოფა;
Øქვესათაურების პოვნა/გამოყოფა;
Øწაკითხულის საკვანძო სიტყვების დახმარებით მოყოლა და ა.შ.
4. ტექსტის გაგების დროს წამოჭრილი პრობლემების დასაძლევი სტრატეგიები:

Øსიტყვების ახსნა (კონტექსტის მიხედვით, ლექსიკონის დახმარებით, მასწავლებლის მიერ წინასწარ შედგენილი გლოსარის მიხედვით);
Øტექსტის შინაარსის გაგების შემდეგ საუბარი ამა თუ იმ თემაზე;
Øსაკუთარ ცოდნასა და ტექსტის ერთი ნაწილის გაგებაზე დაყრდნობით მთლიანი ტექსტის გაგება და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების დაძლევა და ა.შ. 
  

ქართული მელანქოლიის ანატომია

0
ოქტომბრის დასაწყისში თბილისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი  „არტისტერიუმი” გაიმართა. მიუხედავად ძალიან საინტერესო პროგრამისა, ვერც ერთი გამოფენა ვერ ვნახე, გარდა ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ლადო ფოჩხუას, ფოტოგამოფენისა. სწორედ ამ გამოფენაზე უნდა მოგიყვეთ, ბნელი 90-იანებისა და აფხაზეთიდან ლტოლვილთა შავ-თეთრი ცხოვრების ამსახველ „ქართული მელანქოლიის ანატომიაზე”, რომელიც ეროვნულ გალერეაში 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. მისი ნახვა მკაცრად რეკომენდებულია.
ლადო ფოჩხუა 1993 წლამდე სოხუმში ცხოვრობდა, მერე ცნობილი მოვლენების გამო იძულებული გახდა, საცხოვრებლად თბილისში, უფრო სწორად, წყნეთის „ლტოლვილთა დასახლებაში” გადმოსულიყო და სამხატვრო აკადემიაში დაიწყო სწავლა. სწორედ იმ პერიოდს ასახავს „ქართული მელანქოლიის ანატომიაც”.
„ამ პროექტის არსებობას დიდწილად ვუმადლი ჩემს მეხსიერებას და ვითარებებს, რომელთა შეცვლაც მე არ შემეძლო. ოცდასამი წლისამ ყველაფერი დავკარგე – ოჯახი, მეგობრები, მშობლიური ქალაქი, სახლი, საბუთები. უკვე თბილისში შევიტყვე, რომ ახალ, მოუწყობელ და მშიერ ცხოვრებაში ლტოლვილი ვარ. აფხაზეთიდან ლტოლვილი, ანუ – არავინ. ნოლი. ადამიანი სოციალური ფუნქციის გარეშე. როცა პირველი ჰუმანიტარული დახმარება მივიღე, ამერიკული სამხედრო ულუფა, ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული ლობიო და ხორცი, საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თავს დავაღწევ გასაჭირს, რომელშიც აღმოვჩნდი. ამისთვის წლები დამჭირდა. ეს ფოტოსურათები ჩემი გზის ეტაპებია, რომელიც ლტოლვილის ცხოვრებიდან ადამიანურ ცხოვრებამდე გავიარე”, – წერია პირველივე ფოტოსთან. 

„…წყნეთში ყველაფერი სპექტაკლად გარდაიქმნება. ნებისმიერ მოვლენას მაყურებელი ჰყავს. ცხოვრება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, თავადაა შიშისა და მოწყენილობის წამალი. სცენა. სოფლის მაწანწალა ფოტოგრაფი (არ ვიცი, ეს პროფესია დღესაც თუ არსებობს) ჩემს მეზობლებს იღებს. ფოტოს და ფოტოგრაფირებას ამ შემთხვევაში ყოვლად უტილიტარული მნიშვნელობა აქვს. ეს პატარა ფოტო იქნება, პორტრეტი ცისფერი ცის ფონზე – საპასპორტე ფოტო. რატომ ვიღებ ამ სცენის ფოტოს, ვერც ფოტოგრაფს გაუგია და ვერც მეზობლებს. მართლაც, მე ვისთვის ვიღებ? ეს ხელოვნებაა? ვსწავლობ? ეს მასალა მომავალში გამომადგება? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. უბრალოდ, ჩემ გარეშემო ცხოვრებას ვიღებ”.
ლადოს წყნეთში გადაღებულ ფოტოებზე ყველაფერს ნახავ: ეროვნულ სამოსში გამოწყობილ გოგონას გვერდზე USAID-ის ერბოს კოლოფით; ხორცის საკეპ მანქანას; ტელეეკრანიდან მომზირალ ედუარდ შევარდნაძეს; იმ ეპოქის საყოველდღეო ნივთს – ლამპას; ოჯახურ ფოტოებს: დედას, მამას და მათ ბიჭუნას, რომელიც ფაზლს აწყობს, დაღლილ ქალს, რომლის უკან, კედელზე, ბედნიერი, ფერხორციანი ქალების, ხელოვნების შედევრებად აღიარებული ტილოების რეპროდუქციები კიდია, ველოსიპედის საჭეს ჩაფრენილ ბავშვებს, უმიწოდ დარჩენილ გლეხებს, რომლებისთვისაც სახნავ-სათესისგან, ბაღებისა და მინდვრებისგან მოწყვეტა ტრაგედიაა, აივნებს აქა-იქ თოკებზე გაფენილი სარეცხით…

„წყნეთში საგნების სტატუსი იცვლება. ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთები საკრალურ მნიშვნელობას იძენს. უბრალო სიაა. ტანსაცმელი: ბატინკები, სვიტრები, ქურთუკები ან პალტო. ოთახისთვის – ელექტროგამათბობელი, ღუმელი – ბურჟუიკა, ნავთის ლამპა, სანთლები. სამზარეულო – წყლის ვედრო, თეფშები, კოვზები, ჩანგლები, ტაფები, ქვაბები, დანები. სააბაზანო – ბაკი, ვედროები, ტოლჩა. ყველაფერი ეს სიცოცხლის გადარჩენისთვისაა აუცილებელი. წყნეთში სიკვდილი სიცოცხლეზე გაცილებით ადვილია”.
„პეიზაჟი, გარშემო სხვა ხეებია, სხვა ბალახი, სხვა ჩიტები. ზღვის ნაცვლად – მთები. მიდამოს გავცქერი. ვუყურებ ცას და ჩემს ფეხქვეშ – მიწას. უწინდელი, ჩვეული სამყარო დაინგრა. მარტო ვარ, ოცდასამი წლის. „უნდა გადარჩე!” – ვეუბნები საკუთარ თავს. ხრამის პირას ვდგავარ, სადღაც ქვევით, შორს, თბილისია, ჩემს უკან – სოფელი წყნეთი. შემოდგომის სიჩუმე. ცაში შავი ფრინველი უცნაურ გეომეტრიულ ფიგურებს ხაზავს: ზევით, ქვევით მიფრინავს, ბრუნდება. პირველი დღე. ჩემი მეორედ დაბადება…”

ლადო გადარჩა. ის მესამედაც დაიბადა, 2004 წლიდან აშშ-ში ცხოვრობს, სისტემატურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, პერსონალურ სტუდიაში ასწავლის ხატვას, კითხულობს ლექციებს კოლუმბიის უნივერსიტეტში ქართული და საბჭოთა ხელოვნების შესახებ. ნოემბერში პერსონალურ გამოფენას მართავს ნიუ-იორკის Brooklyn Box-ში. ამრიგად, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი წარმატებული, რეალიზებული და შემდგარი ხელოვანია. ახლა ალბათ უკვე ადვილია ძველი ნეგატივების ამოქექვა და მათი გალერეაში გამოფენა, იმ დროის ნეგატივებისა, როცა არავინ იყავი, ცაში თვითმფრინავის თეთრ კვალს იღებდი და ფიქრობდი, რომ რასაც ახლა იღებ, შესაძლოა, ოდესმე საინტერესო აღმოჩნდეს, შესაძლოა, არც. აქვე, ფოტოებად ქცეული ძველი ნეგატივების გვერდით, იმასაც წაიკითხავთ, როგორ ემზადებოდა ლადო გადასარჩენად, აქედან შორს წასასვლელად: 
„თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ბუკინისტებთან, სქელტანიან, გვარიანად შელახულ წიგნს ვყიდულობ. რიჩარდ ბარტონის „მელანქოლიის ანატომია”. ვტირი, ვიცი, რომ ჩემს კვალობაზე ასტრონომიული თანხა გადავიხადე, ამ ფულით ერთი კვირის შეშას ან საჭმელს ვიყიდიდი. წიგნი ინგლისურადაა. გადავწყვიტე, ინგლისური ვისწავლო. „აქ და ახლა!” – ვეუბნები საკუთარ თავს. მიმართლებს, „მელანქოლიის ანატომიამდე” ორი დღით ადრე ქუჩაში ყდამოხეულ ინგლისურ-რუსულ ლექსიკონს ვპოულობ.
მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში დაწერილი წიგნით ინგლისურის სწავლა, ერთი შეხედვით, სისულელეა. ეს მე ვიცი. ლექსიკონით ხელში წიგნის სტრუქტურაში გარკვევას ვცდილობ, ვთარგმნი წინასიტყვაობას, თავების სათაურებს, ცალკეულ ფრაზებს, დილიდან საღამომდე წიგნში ვიქექები. წყნეთში ცივა.
 
ამ უცნაური წიგნის ძირითადი ნაწილი მელანქოლიის მიზეზების აღწერას ეთმობა. ორასი გვერდია. თუ ანაქრონიზმებს ყურადღებას არ მიაქცევ, – და ბარტონთან კი უხვად არიან სულები და მოჩვენებები, ზეგარდმო ნიშნები, ჯადოქრობა, ჯადოქრები და კუდიანები, – სევდისა და უბედურების ნამდვილი მიზეზების პოვნასაც შეძლებ. სიღარიბე, მომავლის შიში, ომები, განსაცდელები და ქონების დაკარგვა, ახლობლების სიკვდილი. სიტყვასიტყვით ვთარგმნი. სიღარიბე. შიში. ომი. განსაცდელი. დანაკარგი. სიკვდილი. ვამთავრებ და ფანჯარაში ვიხედები. სადღაც შორს, უხილავი საკვამურიდან, კვამლი ამოდის და ტყვიისფერ ცაზე უცნაურ თეთრ კვალს ტოვებს. ვიღაცასთან თბილა, ზამთრის პირველი დღეა”.

ორ დარბაზში გამოფენილი შავ-თეთრი ფოტოები კიდევ ერთხელ გახსენებს იმას, რის გადახარშვას, მონელებას, დავიწყებასაც აგერ უკვე ოცი წელია ვცდილობთ. სევდას და სიდუხჭირეს, რომელიც წლების განმავლობაში ბევრს ცხოვრების წესად ექცა. ადრე დაკარგულ ტერიტორიებს ახლახან დაკარგული ტერიტორიები დაემატა, ძველ „ლტოლვილებს” – ახალი ლტოლვილები, წყნეთის გარდა სხვაგანაც შეიქმნა დევნილთა დასახლებები… უყურებ ფოტოებს და ხვდები, რომ, მართალია, ახლა ტელევიზორი სხვა პრეზიდენტს აჩვენებს, ლამპით აღარ ვინათებთ ოთახს და აღარც USAID-ის ერბოთი ვიკვებებით, მაგრამ მელანქოლია თითქმის არ გაგვქარვებია. მელანქოლია, რომელსაც თავისი ანატომია აქვს: სიღარიბე. შიში. ომი. განსაცდელი. დანაკარგი. სიკვდილი.

სამოდელო გაკვეთილი რუსულ ენაში -ნაწილი პირველი

0

სახელმძღვანელო არ არის
ერთადერთი რესურსი, რომელსაც მასწავლებელი უნდა იყენებდეს გაკვეთილზე. რუსული ენის
მასწავლებლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სასწავლო მასალის სწორად შერჩევა. ეს ეხება
როგორც მხატვრულ, ისე საინფორმაციო ტექსტებს. სახელმძღვანელოებში ტექსტები ზოგჯერ საინტერესოა,
მაგრამ შესაბამისი აქტივობები არ ახლავს, ზოგჯერ – ასაკთან შეუსაბამო ან ლექსიკურად
რთული და ა.შ. გამოსავალი ისევ მასწავლებლის მიერ ახალი რესურსის მოძიება, ადაპტირება
ანუ შექმნაა.

გთავაზობთ ერთი ტექსტის
მაგალითზე დაგეგმილ გაკვეთილს.
ტექსტი სახელმძღვანელოშია
მოცემული. ეს არის მოთხრობა, რომელსაც რამდენიმე საათი ეთმობა. ჩვენ გთავაზობთ თემასთან
დაკავშირებულ ინფორმაციული ტექსტის დამატებას შესაბამისი აქტივობებით.

 

თემა: История русского искусства
XIX-XX веков. В. Пикуль. Моя милая, милая, милая Уленька.

თემას ეთმობა 6 გაკვეთილი. თუმცა, კლასის დონიდან გამომდინარე, შეიძლება საათის
დამატება ან მოკლება. ეს მასწავლებლის გადასაწყვეტია.

 

რესურსი:ნახევრად ავთენტური ტექსტები, თაბახის ფურცლები, სამუშაო ცხრილები, ფორმატი, წებო,
დამატებითი მასალა (ტექსტი).

 

I გაკვეთილი

 


·                    

მასწავლებელი დაფაზე აკრავს კლოდტის
ცხენების ცნობილ სურათს, წერს მოთხრობის სათაურს და ს
თხოვს მოსწავლეებს, გამოთქვან ვარაუდი, რაზე
შეიძლება იყოს ეს თხზულება.


·                    

ვარაუდები იწერება დაფაზე.


·                    

მოსწავლეები კითხულობენ Iთავს. მარკერით მონიშნავენ
უცხო სიტყვებს (ტექსტის ბოლოს უცხო სიტყვები მოცემულია). მიმდინარეობს ახალ ლექსიკაზე
მუშაობა.


·                    

მასწავლებელი აძლევს დავალებას, ამოიწერონპერსონაჟები და წერილობით გადმოსცენ, რა გაიგეს მათ შესახებ.

 


·                    

მასწავლებელი სთავაზობს მათ ცხრილს, რომლის მარცხენა სვეტში უნდა ჩაწერონ პერსონაჟები, მარჯვენაში მოიწერონ ტექსტიდან მათი თვისებები, ფაქტები მათ შესახებ

Выпишите героев рассказа.

Что вы о них узнали из данного текста?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


·                    

 მოსწავლეები კითხულობენ და ადარებენ ამოკრეფილ ინფორმაციას (დავალება სრულდება რვეულში ან წინასწარ მომზადებულ
ცხრილში. შესაძლებელია ამ დავალების წყვილებში შესრულება
).

 

საშინაო დავალება:წაიკითხეთ ტექსტი. დაწერეთ თქვენი ვერსია, რა მოხდება შემდეგ(5-7 წინადადება).

 

II გაკვეთილი

•           I თავის გახსენება, დავალების წაკითხვა
სურვილისამებრ (ვარაუდები).

•           შემდეგ მოსწავლეები კითხულობენ II თავს
დამოუკიდებლად, მონიშნავენ უცხო სიტყვებს. ვისი ვარაუდი გამართლდა?

•           რა შეიცვალა კლოდტის ცხოვრებაში და რატომ?
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში. შემდეგ კითხულობენ შესრულებულ დავალებას, მოჰყავთ
არგუმენტები.

საშინაო დავალება:ინფორმაციის ამოკრეფა ტექსტიდან. წინა გაკვეთილზე შევსებულ ცხრილს ემატება ინფორმაცია.

 

III – IV გაკვეთილები

 

•           III თავი დაყოფილია 4 ნაწილად. კითხულობენ
I ნაწილს დამოუკიდებლად. წერენ სავარაუდო კითხვებს (რა კითხვებს დასვამდით ამ აბზაცის
ამოსაწურავად?).

•           მოსწავლეები კითხულობენ კითხვებს, ეძებენ
სავარაუდო პასუხებს. ასე გრძელდება თავის ამოწურვამდე.

•           ბოლოს მასწავლებელი არიგებს ცხრილებს (ვიცი,
გავიგე, მინდა ვიცოდე). ავსებენ I სვეტს ტექსტის მიხედვით (რა ვიცი კლოდტის შესახებ).

•           მასწავლებელი ინსტრუქციას აძლევს მოსწავლეებს,
შემდეგ ორჯერ კითხულობს ტექსტს „
Петр Клодт (ბიოგრაფია)” დამატებითი სახელმძღვანელოდან.

დავალება: მოისმინეთ და პარალელურად შეავსეთ ცხრილის II სვეტი (რა გაიგეთ
ახალი). მასწავლებელი ტექსტს კითხულობს 2-ჯერ.

•           მოსწავლეები ისმენენ და ადარებენ ინფორმაციას.
იწერენ ცხრილებში მხოლოდ იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხრობაში არ შეხვდათ. შემდეგ კითხულობენ
წყვილებში და არჩევენ კლასში მასწავლებლის დახმარებით. III სვეტს ავსებენ ტექსტის მოსმენის
შემდეგ (რა გინდათ გაიგოთ კლოდტის შესახებ).

საშინაო დავალება:მოცემული ინფორმაციის გამოყენებით ჩამოწერონ კლოდტის ცხოვრების ეტაპები გეგმის სახით.

 

V გაკვეთილი

 

•           კლასი იხსენებს ორივე ტექსტს, ერთმანეთს
ადარებს ინფორმაციას, მხატვრულ და ბიოგრაფიული ხასიათის ტექსტებს.

•           მოსწავლეები ავსებენ ცხრილს, რომელშიც უნდა
მოიყვანონ მოცემული ფაქტების დამადასტურებელი ან საწინააღმდეგო არგუმენტები.

•           შემდეგ კითხულობენ წყვილებში და არჩევენ
კლასში.

•           მასწავლებელი არიგებს ტექსტს ოგიუსტ მონფერანის
ბიოგრაფიით, რომელიც მოსწავლეებმა შინ დამოუკიდებლად უნდა გაარჩიონ.

საშინაო დავალება:წაიკითხონ დარიგებული ინფორმაცია, მოიძიონ დამატებითი ფაქტები, მოამზადონ მოცემული
ტექსტების მიხედვით საპრეზენტაციო თემა «Архитектурные памятники и другие
достопримечательности Санкт-Петербурга» და მოემზადონ კლასის წინაშე მის წარსადგენად.
თემა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ზემოაღნიშნული და სხვა არქიტექტორების შესახებ, რომელთა
ნამუშევრები ამშვენებს პეტერბურგს.

 

VI გაკვეთილი

•           თემის პრეზენტაცია

•           პრეზენტატორები გამოსვლის შემდეგ მოძიებულ
ინფორმაციას, ფოტოებს და ტექსტებს ამაგრებენ კედელზე გაკრულ ფორმატზე (შეიძლება ამ
დავალების კლასშივე შესრულება. ამ შემთხვევაში მოსწავლეები ოგიუსტ მონფერანის შესახებ
ტექსტს არჩევენ ჯგუფებში. სასურველია, ფოტოები წინასწარ მოიძიონ. შეიძლება მასწავლებლის
დახმარებითაც).

 

შეფასების კრიტერიუმები:


·                    

შეუძლია ვარაუდის გამოთქმა;


·                    

ამოიცნობს პერსონაჟებს;


·                    

ამოიცნობს პერსონაჟთა
დამახასიათებელ თვისებებს;


·                    

მოჰყავს არგუმენტები
ტექსტიდან;


·                    

ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს
ზოგადი შინაარსის გასაგებად;


·                    

მუშაობს ცხრილებზე;


·                    

შეუძლია ამბის მსვლელობის,
მოვლენათა თანმიმდევრობის ამოცნობა, გააზრება;

პრეზენტაცია – აქ უკვე უშუალოდ პრეზენტაციის კრიტერიუმების გამოყენება
შეგიძლიათ (დროის ლიმიტი, გაბმული ლაპარაკი თემის გარშემო, საუბრისას ნასწავლი გრამატიკული
კონსტრუქციების სწორად გამოყენება და სხვ.). მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

. თუ იყენებს განმსაზღვრელ
შეფასებას, ამ კრიტერიუმებს დაუმატებს ქულებს;

. თუ მხოლოდ განმავითარებელს,
მაშინ ამ კრიტერიუმების გამოყენებით შეადგინოს რუბრიკა.

 

Прочитайте текст.

   Клодт

Русский скульптор, автор петербургских памятников
Николаю Первому на Исаакиевской площади и баснописцу И.А.Крылову в Летне
м саду.

 

 В Петербурге есть Аничков мост*. Все знают этот мост,
потому что он находится в самом центре города, на Невском проспекте. На мосту
стоят четыре скульптурные группы. Это знаменитые кони Клодта.

 Пётр
Карлович Клодт – немец по национальности, но родился и вырос в России, в семье
генерала. Сначала семья жила в Сибири, потом в Петербурге. Здесь маленький
мальчик учился в военной школе и успешно ее закончил. Его ждала блестящая
военная карьера, однако он решил стать скульптором.

 Маленький
Клодт очень любил животных, особенно лошадей. В доме Клодтов был маленький
зоопарк: в комнатах жили петух, кот, собака, лиса, обезьяна и даже … лошади.

 Мальчик
рисовал их с детства. В его альбомах были только лошади – десятки лошадей на
каждой странице. Он делал лошадей из бумаги, гипса и меди.

 Когда
в 1841 году на Невском проспекте открыли мост через Фонтанку, все увидели, что
его украшают четыре скульптурные группы – кони Клодта. Петербуржцы говорили,
что это самые прекрасные кони города.

 Вторые
и третьи экземпляры лошадей Клодта находятся в Берлине и Неаполе, там их тоже
любят.

 Недавно
петербургские кони были на реставрации. Сейчас они вернулись на своё место и
стоят там, где были всегда.

 Для
петербуржцев кони Клодта – своеобразная визитная карточка города.

 

*Аничков мост – так назывался первый деревянный мост
через Фонтанку, построенный в 1715 году под руководством подполковника
М.О.Аничкова. Нынешний мост был сооружен позже, но сохранил старое название.

 

  Огюст Монферран

Выдающийся французский архитектор, проработавший в России
более сорока лет. Автор известных архитектурных сооружений Петербурга –
Исаакиевского собора и Александровской колонны.

 

 Огюст Монферран родился во
Франции и стал одним из выдающихся архитекторов
XIX века. Удивительный
исторический парадокс, но во Франции его знали как русского архитектора, потому
что он практически ничего не построил у себя на родине.

 Его полное имя Анри Луи Огюст Рикард де
Монферран, но в Росии он предпочитал называть себя Огюстом Монферраном. Будущий
архитектор окончил Королевскую специальную школу архитектуры в Париже и в 27
лет получил диплом строителя и архитектора. Это было время падения империи
Наполеона, и в стране не было денег, чтобы строить новые дворцы и соборы. В
такое время Монферран-архитектор был не нужен Франции.

 Он уехал в Россию и она стала его второй
родиной. Монферран прожил в России 41 год, из них 40 лет он строил Исаакиевский
собор. Так долго в Петербурге никогда ничего не строили. Начали в 1818 году, а
кончили в 1858 году.

 Одновременно с Исаакиевским собором в городе
сооружали первый постоянный мост через Неву и первую железную дорогу. Когдва
кончится это строительство, никто не знал. В Петербурге шутили: «Мост через
Неву увидим мы и наши дети; а Исаакиевский собор и мы не увидим, и наши дети не
увидят».

 Храм строили как главный кафедральный собор
России, поэтому он такой огромный. Исаакиевский собор – это целый город,
который строили 440 тысяч строителей. В нем могут находиться одновременно 14
тысяч человек. Он третий в мире по высоте после знаменитых соборов Рима и
Лондона. Исаакий украшают 112 коллон из гранита. Каждая большая колонна весит
114 тонн, а общий вес всего собора – 300 тысяч тонн. В интерьере собора можно
увидеть 150 картин лучших русских мастеров, 382 скульптуры и мозаику, которая
занимает площадь 600 квадратных метров!

В
Исаакиевском соборе Монферрану удалось сделать невозможное: соединить вместе
архитектуру, скульптуру, живопись, мозаику и камень. Вот почему специалисты
считают его самым значительным религиозным зданием Европы, которое построили в
XIXвеке.

უკეთ შევიცნოთ თავი

0
კითხვარში ჩამოთვლილია თვისებები. ამოიწერეთ თითოეული პუნქტის ნომერი და გვერდით მიუწერეთ „ა” ან „ბ”, იმის მიხედვით, რომელი ვარიანტი შეგეფერებათ: ა) დიახ, აღწერილი თვისება ტიპურია ჩემთვის; ბ) არა, აღწერილი თვისება არ მახასიათებს. 
1. თავისუფლად ვიცხოვრებდი განმარტოებით, ადამიანებისგან შორს. 
2. ხშირად ვჯობნი სხვებს თავდაჯერებით. 
3. ჩემი სასწავლო საგნის ღრმა ცოდნამ შეიძლება aდამიანს ცხოვრება მნიშვნელოვნად შეუმსუბუქოს.
4. ადამიანებმა მეტი ანგარიში უნდა გაუწიონ მორალურ ნორმებს. 
5. ყურადღებით ვკითხულობ ყოველ წიგნს, ვიდრე პატრონს დავუბრუნებდე. 
6. ჩემი იდეალური სამუშაო გარემო წყნარი ოთახი და სამუშაო მაგიდაა. 
7. ხალხი ამბობს, რომ მე ყველაფერს ვაკეთებ ჩემებურად, ორიგინალურად.
8. ჩემს იდეალებს შორის თვალსაჩინო ადგილი უკავიათ გამოჩენილ მეცნიერებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს დარგის განვითარებაში. 
9. ირგვლივ მყოფებს მიაჩნიათ, რომ მე არ შემიძლია უხეშობა. 
10. ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ თვალყურს საკუთარ ჩაცმულობას. 
11. ხდება ხოლმე, რომ მთელი დილა არავისთან მსურს საუბარი.
12. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემ გარშემო ყველაფერი მოწესრიგებული იყოს.
13. ჩემი მეგობრების უმეტესობა არის ადამიანი, რომლის ინტერესებს ბევრი საერთო აქვს ჩემს პროფესიასთან. 
14. ბევრ დროს ვანდომებ საკუთარი ქცევის ანალიზს. 
15. შინ სადილობისას ისევე ვიქცევი, როგორც რესტორანში. 
16. წვეულების დროს სხვებს საშუალებას ვაძლევ, იხუმრონ და გაიხსენონ ათასგვარი ისტორია. 
17. მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას დიდხანს ყოყმანობენ.
18. თავისუფალ დროს მირჩევნია, რაიმე წავიკითხო ჩემს სპეციალობაში. 
19. წვეულების დროს მეუხერხულება თავის მოსულელება, მაშინაც კი, როცა ყველა ასე იქცევა. 
20. ხანდახან მიყვარს იმ ადამიანზე ჭორაობა, რომელიც ჩემ გვერდით არ არის. 
21. ძალიან მიყვარს სტუმრების მოწვევა და მათი გართობა. 
22. იშვიათად ვუწევ წინააღმდეგობას კოლექტივის აზრს. 
23. მომწონს ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან თავიანთი საქმე, გაურჩევლად მათი პიროვნული თვისებებისა.
24. არ შემიძლია, სხვისი პრობლემების მიმართ გულგრილი ვიყო. 
25. ყოველთვის ვაღიარებ ჩემს შეცდომებს.
26. ჩემთვის ყველაზე მძიმე სასჯელი მარტოობაა.
27. ძალისხმევა, რომელიც გეგმების შესადგენად იხარჯება, ფუჭია. 
28. სკოლაში სწავლის დროს ვკითხულობდი სპეციალურ ლიტერატურას და ვიმდიდრებდი ცოდნას.
29. ვერ განვსჯი ადამიანს მისი მოტყუებისთვის, ვინც თავს მოგატყუებინებს. 
30. არასოდეს მიჩნდება შინაგანი პროტესტი, როცა დახმარებას მთხოვენ 
31. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ბევრს ვლაპარაკობ. 
32. ვერიდები საზოგადოებრივ საქმიანობას და მასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას. 
33. მეცნიერება ის არის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს ცხოვრებაში. 
34. ნაცნობებს ჩემი ოჯახი ინტელიგენტურად მიაჩნიათ. 
35. დიდი ხნით სამოგზაუროდ წასვლისას გულმოდგინედ ვარჩევ თან წასაღებ ნივთებს. 
36. სხვებზე მეტად ვცხოვრობ დღევანდელი დღით. 
37. თუ არჩევანის საშუალება მაქვს, მირჩევნია ორგანიზაცია გავუწიო კლასგარეშე ღონისძიებას, ვიდრე მოვუთხრო ბავშვებს რაიმე ჩემი საგნის შესახებ.
38. მიმაჩნია, რომ მასწავლებლის მთავარი ამოცანაა, მოსწავლეს მისცეს ცოდნა თავის საგანში.
39. მიყვარს წიგნებისა და სტატიების კითხვა ზნეობის, მორალისა და ეთიკის შესახებ. 
40. ხანდახან მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც კითხვებით მომმართავენ.
41. ადამიანებს, რომლებთან ერთადაც წვეულებებზე დავდივარ, უხარიათ ჩემი ნახვა. 
42. ვფიქრობ, მომეწონებოდა საპასუხისმგებლო ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაო. 
43. სრულიადაც არ შევწუხდები, თუ შვებულებას კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გავატარებ. 
44. სხვებს ხშირად არ მოსწონთ ჩემი თავაზიანობა. 
45. იყო შემთხვევა, როცა სხვისი წარმატების შემშურებია. 
46. თუ უხეშად მომექცნენ, მალე მავიწყდება.
47. წესისამებრ, ირგვლივ მყოფები ჩემს აზრს იზიარებენ. 
48. მოკლე ხნით მომავალში მოხვედრა რომ შემეძლოს, უპირველესად, წავიღებდი წიგნებს ჩემი სპეციალობის შესახებ.
49. სხვისი ბედის მიმართ დიდ ინტერეს ვიჩენ. 
50. უსიამოვნო ამბებზე ღიმილით არასდროს ვლაპარაკობ. 
ტესტის გასაღები

● პასუხი, რომელიც ემთხვევა გასაღებს, ფასდება 1 ქულით;
● პასუხი, რომელიც არ ემთხვევა გასაღებს – 0-ით.
მაგ., თუ პირველ დებულებაზე თქვენი პასუხია „ბ”, მაშინ გვერდით მიუწერეთ „1″, თუ „ა” – „0″. 
ყოველი დებულების პასუხი შეადარეთ გასაღებს და ასე ჩაყევით ბოლომდე. 
კითხვარის კოდი

კომუნიკაბელურობა _ 1ბ, 6ბ, 11ბ, 16ბ, 21ა, 26ა, 31ა, 36ა, 41ა, 46ა. 
ორგანიზებულობა _ 2ა, 7ა, 12ა, 17ა, 22ბ, 27ბ, 32ბ, 37ა, 42ა, 47ა. 
საგანზე ორიენტირებულობა _ 3ა, 8ა, 13ა, 18ა, 23ა, 28ა, 33ა, 38ა, 43ა, 48ა. 
ინტელიგენტურობა _ 4ა, 9ა, 14ა, 19ა, 24ა, 29ბ, 34ა, 39ა, 44ა, 49ა. 
შექების მოტივაცია _ 5ა, 10ა, 15ა, 20ბ, 25ა, 30ა, 35ა, 40ბ, 45ბ, 50ა. 
უპირველესად, ვამოწმებთ მონაცემებს სკალაზე „შექების მოტივაცია”. თუ ამ 10 დებულებაში თქვენი ქულების ჯამი 6 და მეტია, მონაცემები სანდოდ ვერ ჩაითვლება; თუ ნაკლები, გააგრძელეთ ტესტზე მუშაობა. ამის შემდეგ გადადით ყველა დანარჩენზე. დაითვალეთ თითოეულ სკალაზე მიღებული ქულების ჯამი და დაადგინეთ თქვენი ტიპი.

თითოეულ პარამეტრში ქულათა მაქსიმუმია 10. ნორმა – 3-დან 7-მდე. 3 ქულაზე ნაკლები კონკრეტული მიმართულობის არასაკმარის განვითარებაზე მიუთითებს, 7 ქულაზე მეტი – არაგულწრფელობაზე. ამ შემთხვევაში ტესტირების მონაწილე, სავარაუდოდ, არ არის გულწრფელი და მონაცემები არასანდოა.

ერთი ფაქტორის გამოკვეთა პედაგოგის პიროვნების მონომიმართულობაზე (ერთმიმართულობაზე) მიგვანიშნებს, ხოლო რამდენიმე ფაქტორისა – პოლიმიმართულობაზე (მრავალმიმართულობაზე). 
◊ „კომუნიკატორი” _ მისი პიროვნების სტრუქტურა ისეთი თვისებებისგან შედგება, როგორებიცაა კომუნიკაბელურობა, სიკეთე, გარეგნული მიმზიდველობა, მაღალი ზნეობა, ასევე – ემოციური და პლასტიკური ქცევა. 

◊ „ორგანიზატორი” _ მისი პიროვნების სტრუქტურა შედგება ისეთი თვისებებისგან, როგორებიცაა მომთხოვნელობა, ძლიერი ნებისყოფა, ენერგიულობა. 

◊ „საგანზე ორიენტირებული” _ მისთვის დამახასიათებელია დაკვირვების უნარი, პროფესიული კომპეტენტურობა, შემოქმედებითობა. 

◊ „ინტელიგენტი” _ ახასიათებს მაღალი ინტელექტუალური განვითარება, ზოგადი კულტურა და მაღალი ზნეობა. 
დიდია შუალედური ტიპის გამოვლენის ალბათობა. მაგ., „საგნობრივ-ორგანიზატორისა”. იგი მოიცავს ორივე ტიპის ხასიათის თვისებებს, თუმცა განსხვავდება წმინდა წყლის ორგანიზატორისგან იმით, რომ, კლასგარეშე მუშაობასთან ერთად, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონკრეტული საგნის ცოდნას. შესაძლებელია სხვა შუალედური ტიპების არსებობაც. 

პედაგოგის თითოეულ ტიპს აქვს აღმზრდელობითი ზემოქმედების საკუთარი მექანიზმები და ხერხები. მაგალითად:

◊ მასწავლებელი-კომუნიკატორი ექსტრავერტულობით გამოირჩევა, გარემოზეა ორიენტირებული, არ არის კონფლიქტური, კეთილგანწყობილია, ემპათიურია, უყვარს ბავშვები, მოსწავლეებთან შეთანხმებულად მოქმედებს.
◊ საგნის სწავლებაზე ორიენტირებული მასწავლებელი რაციონალურია, დარწმუნებულია თავისი საგნის ცოდნის აუცილებლობაში, მის მნიშვნელობაში. იგი ცდილობს, თავისი საგნის მეშვეობით ასწავლოს მოსწავლეებს გარე სამყაროს აღქმა, აქტიურად რთავს მათ წრეებში და ა. შ. 

◊ მასწავლებელი-ორგანიზატორი ლიდერია. მასთან ურთიერთობას უფრო საქმიანი ხასიათი აქვს, ვიდრე პირადული; იგი გვევლინება ყოველგვარი საქმის ორგანიზატორად. კოლექტივის ინტერესები და დისციპლინა _ აი რა არის მისთვის მთავარი. 

◊ მასწავლებელი-ინტელიგენტი (განმანათლებელი) _ იგი პრინციპულია, იცავს მორალურ ნორმებს, თვითრეალიზაციას ახდენს მაღალინტელექტუალური, საგანმანათლებლო საქმიანობით. მას მიაქვს მოსწავლეებთან ზნეობა, სულიერება და თავისუფლების შეგრძნება. 
თითოეული ტიპისთვის არსებობს პროფესიული დეფორმაციები/არასასურველი ცვლილებები. ისინი შეიძლება რამდენიმე დონეზე გამოვლინდეს:

1. ზოგადპედაგოგიური დეფორმაცია. იგი საერთოა ყველასთვის, ვინც პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. პედაგოგიური მოღვაწეობის პროცესში ყველა მასწავლებელი ამა თუ იმ დოზით მიმართავს ზემოქმედების ავტორიტარულ ხერხს; მის პიროვნებაში ჩნდება ხასიათის ისეთი თვისებები, როგორიცაა არაადეკვატური თვითშეფასება, ზედმეტი თავდაჯერება, მოუქნელობა.

2. ტიპური დეფორმაცია. პედაგოგთა სხვადასხვა ტიპისთვის დეფორმაციის განმსაზღვრელი შეიძლება იყოს ამ ტიპის ხასიათის თავისებურებები. მაგალითად: პედაგოგი-კომუნიკატორი გამოირჩევა ზედმეტი კომუნიკაბელურობით, ბევრს ლაპარაკობს, უჭირს პარტნიორებთან დისტანციის დაცვა, ხშირად ეხება ინტიმურ თემებს და ა. შ.; პედაგოგი- ორგანიზატორი ზედმეტად აქტიურია, ერევა სხვების პირად ცხოვრებაში, ხშირად ცდილობს, დაიმორჩილოს ირგვლივ მყოფები და ორგანიზება გაუწიოს მათ საქმიანობას; პედაგოგი-განმანათლებელი (ინტელიგენტი) ხშირად ფილოსოფოსობს. იგი, ერთი მხრივ, შეიძლება ჩამოყალიბდეს პიროვნებად, რომელიც მისტირის ძველ დროს და უზნეობისთვის ლანძღავს ახალგაზრდობას, მეორე მხრივ კი მიდრეკილია თვითანალიზისკენ და ხშირად იკეტება თავის თავში. 

3. სპეციფიკური ანუ საგნობრივი დეფორმაცია. იგი იმაზეა დამოკიდებული, რომელ საგანს ასწავლის პედაგოგი. გარეგნული ნიშნის მიხედვითაც კი შეიძლება განისაზღვროს, ვინ რომელი საგნის მასწავლებელია – ხატვის, ფიზკულტურის, მათემატიკის თუ მშობლიური ენის. ასეთ სპეციფიკურ დეფორმაციებს ხშირად აღწერენ იუმორისტუ მოთხრობებში. 

ცხადია, თავიანთი პიროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე, პედაგოგები უფრო მეტად იყენებენ ერთ კონკრეტულ პროფესიონალურ ფუნქციას. მაგალითად, ინტელიგენტს შეუძლია გნოსტიკური (შემეცნებითი), ინფორმაციული, კვლევითი, ასევე საკუთარი თავის სრულყოფის ფუნქციების რეალიზაცია; საგნის სწავლებაზე ორიენტირებულს – კონსტრუქციული, მეთოდური, სასწავლო, საორიენტაციო ფუნქციათა რეალიზება; ორგანიზატორს – საშემსრულებლო, სამობილიზაციო, საორგანიზაციო ფუნქციებისა; კომუნიკატორს – მხოლოდ საკომუნიკაციოსი. უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია არა აბსოლუტურ, არამედ შედარებით უპირატესობაზე. მაგ., კომუნიკატორსაც შეუძლია საორგანიზაციო საქმიანობის წარმართვა, თუმცა, მას ეს პროცესი უფრო მეტ დროსა და ენერგიას წაართმევს, ვიდრე ორგანიზატორს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...