კვირა, ივლისი 27, 2025
27 ივლისი, კვირა, 2025

გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები

0
„ჩვენ, ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი…” ან ქალაქები. გააჩნია, ვის როგორ გაგვიმართლა, ვინ როგორ ვიცხოვრეთ, ვინ საით ვიარეთ. ალბათ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, საკუთარი ქალაქი რომ არ გააჩნიათ და არც სხვისი ქალაქები მიაჩნიათ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად. რას გაუგებ ხალხის სიჭრელეს.

თბილისი ერთერთია ჩემს ქალაქებს შორის.

ჩვენ, ყველას, ჩვენს საყვარელ ქალაქებში, თითო ჯადოსნური ადგილი მაინც გვეგულება, სადაც მივდივართ ხშირად, მივდივართ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ან მარტოები, ვსხდებით, ვუყურებთ ცას, შენობებს (თუ ფინჯან ყავასაც შემოგვაშველებს ვინმე _ მთლად უკეთესი) და გვეჩვენება, რომ სწორედ აქ მთავრდება რეალობა და იწყება სიზმრების სამყარო. 

გუდიაშვილის მოედანი ჩემთვის ასეთი ადგილია. 

ჩვენ, ყველას, ალბათ ერთი მეგობარი მაინც გვყავს ისეთი, განსაკუთრებული პრეტენზიულობით რომ გამოირჩევა, არაფერი რომ არ მოსწონს, სტუდენტურ წვეულებებზე რომ არ დადის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს რომ დიდი სიფრთხილით არჩევს, რომანტიკისგანაც ცოტა შორს რომაა და უკმაყოფილებასაც არასოდეს მალავს. 

გამონაკლისი არც მე ვარ. ჩემი გერმანელი მეგობარი დომინიკი სწორედ ზემოთ აღწერილ კატეგორიას მიეკუთვნება. ერთ წელზე მეტი ხნის წინ მისმა საქართველოში ვიზიტმა სერიოზული თავსატეხი გამიჩინა: დეტალურად დავგეგმე, სად უნდა წამეყვანა, რა უნდა მეჩვენებინა, რომელი ქუჩებით უნდა მეტარებინა, რომ ის ქვეყანა მისთვის, რომელიც მე ასე მიყვარს, შეფერილი და შელამაზებული კი არა, საძირკველმორყეული, კედლებდაბზარული, რომელსაც ჩუმად უნდა ელაპარაკო, ხელიც ფრთხილად უნდა შეახო, რომ არაფერი დაუზიანო.

მეგობრები, როგორც უნდა განსხვავდებოდნენ ისინი, ალბათ სწორედ იქ ემთხვევიან ერთმანეთს, სადაც მათი განსხვავებული ყოველდღიურობა მთავრდება და მოსაბეზრებელი ფიქრებისგან თავის დაღწევის გზა იწყება. 
დღეს ჩემი პრეტენზიული მეგობარი შეყვარებულია გუდიაშვილის მოედანზე, ისევე, როგორც ჩემი სხვა, ქართველი და უცხოელი, პრეტენზიული, ნაკლებად პრეტენზიული და უპრეტენზიო მეგობრები, ისევე, როგორც მე. ჩვენ გვჯერა, რომ დედამიწაზე არსებობს ჯადოსნური ადგილები და ერთერთი მათგანი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება, თბილისს ერგო.
* * *
გუდიაშვილის მოედანი ერთადერთია თბილისში, რომელსაც თავისი პირვანდელი სახე თითქმის მთლიანად აქვს შენარჩუნებული. მთელს ქალაქში უძველესი საერო შენობებიც სწორედ აქ დგას.
თუ ერთხელ მაინც გაგივლიათ გუდიაშვილის მოედანზე, შეუძლებელია, თვალში არ მოგხვედროდათ ლურჯი, აივნებიანი შენობა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში აღადგინეს საქართველოში ახლად ფეხმოკიდებულმა რუსებმა. აივანი, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ თავისი არაჩვეულებრივი დეტალებით, ხის ქართველი ოსტატების ერთერთი უკანასკნელი შედევრია. შენობაში ჯერ სამხედრო შტაბი განთავსდა, შემდეგ კი ოფიცრების სასტუმრო. სწორედ აქ ცხოვრობდა საქართველოში ყოფნის პერიოდში მიხეილ ლერმონტოვი. 

სწორედ გუდიაშვილის მოედანზე მდებარეობდა ივანე კერესელიძის ”ცისკრის” რედაქცია. კერესელიძისავე სახლში იყო განთავსებული თეატრალური საზოგადოება, სადაც პირველი ქართული სპექტაკლი მომზადდა.

 

სწორედ გუდიაშვილის მოედანზე დგას შენობა, სადაც სომხური საქველმოქმედო საზოგადოება მუშაობდა და უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებდა მაშინდელი თბილისისთვის. 

გუდიაშვილის მოედანი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების წინანდელ თბილისში გუდიაშვილის მოედანი არ წარმოადგენდა ქალაქის გულს, დღეს მისი მნიშვნელობა ერთიორადაა გაზრდილი _ ის ერთადერთია, ერთადერთია თავისი უნიკალურობით, თავისი არქიტექტურით, სულით და ხასიათით. მაშინ, როცა სხვა ძველმა მოედნებმა სახე დაკარგეს დამპყრობლების, არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის, უყურადღებობის თუ სხვა მიზეზების წყალობით, გუდიაშვილი როგორღაც გადარჩა, შეიძლება ითქვას, გამოძვრა და ჩვენამდე მოვიდა, რომ ბანებზე გაშენებული, მტკვარზე ბადეებგაშლილი, თავისუფლებისთვის მებრძოლი თბილისის სურნელი და რომანტიკა მოეტანა. 

დღეს გუდიაშვილის მოედანს ცვლილებები ემუქრება. ჩვენ ალბათ ვერც კი ვხვდებით, რამდენს დავკარგავთ, თუკი უძველესი შენობებით გარშემორტყმული პატარა ბაღის ერთ ჩვეულებრივ, რიგით ადგილად გადაქცევას დავუშვებთ. გუდიაშვილის მოედნის გამაგრება ჯერ კიდევ შესაძლებელია და ამას, ჩვენს გარდა, ვერავინ გააკეთებს. ჯერ კიდევ შესაძლებელია, დედაქალაქის ერთერთი ყველაზე მფეთქავი ძარღვის გადაჭრას ხელი შევუშალოთ, თუკი ვიტყვით, რომ აქაურობა გვჭირდება, გვჭირდება ჩვენი სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის, ჩვენი ყოველდღიურობიდან სულ სხვა სამყაროში გადასასვლელად.
* * *
მე რომ მასწავლებელი ვიყო, აუცილებლად წავიყვანდი ჩემს მოსწავლეებს გუდიაშვილის მოედანზე, ახლომდებარე ქუჩებს და ისტორიულ ნაგებობებსაც ვაჩვენებდი, მოვუყვებოდი ადამიანებზე, რომლებსაც აქ უვლიათ, ლიტერატურაზე, თეატრზე, ქალაქზე, რომელიც თითქოს ყველას გვიყვარს და რომლის გაფრთხილებაც მაინც ყველას გვიჭირს, მიუხედავად ძალიან ხმამაღლა დეკლარირებული სიყვარულისა.

მაგრამ მე არ მეყო გამბედაობა, მასწავლებელი ვყოფილიყავი. მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელიც შენობების სულზე და ძველ სახლებში გახსნილ კაფეებზე გიჟდება, რომელსაც უბრალოდ, უნდა, ვერავინ წაართვას ადგილი, რომელზეც მისი ცხადისა და სიზმრების საზღვარი გადის და ყოველთვის შეეძლოს, მისწეროს თავის პრეტენზიულ მეგობარს: ”ჩამოდი, გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები!”
  
 

ლანა ღოღობერიძე – განათლებით ყველაფერი მიიღწევა

0
კინო, პოეზია, თარგმანები, მხატვრობა, პოლიტიკა და კიდევ რამდენი პროფესია შეიძლება ითქვას ლანა ღოღობერიძის მოღვაწეობაში, მაგრამ როგორც თავად ამბობს „კინო არ არის პროფესია, ცხოვრების წესია, და ამ ცხოვრებით ვიცხოვრე”.
“ერთი ცის ქვეშ”, “მე ვხედავ მზეს”, “როცა აყვავდა ნუში”, “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”” დღეს ღამე უთენებია”, “აურზაური სალხინეთში”, “ორომტრიალი” და მრავალი სხვა ფილმის რეჟისორი ლანა ღოღობერიძე დღეს “mastsavlebeli.ge”-ს სტუმარია.
ქალბატონო ლანა, ცოტა ხნის წინ, არ ვიცი უკვე მერამდენედ, ვნახე თქვენი ფილმი „როცა აყვავდა ნუში” და საოცრად მომინდა ბავშვობაში დაბრუნება. თქვენ თუ გიჩნდებათ ბავშვობაში დაბრუნების სურვილი?
ბავშვობა მუდმივად ცოცხლობს ადამიანში, რადგან ეს თანდაყოლილი თვისებაა. ტყუილად არ არის ნათქვამი – „ჩვენ ყველა ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ”. მართლაც ასეა, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ბავშვობა, ის მაინც ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელია. ბავშვობის სურათსაც რომ დახედავ, ის უკვე მთელი სამყაროა – გულუბრყვილობის, სამყაროს პირველადი აღქმის, სიხარულის. ზღაპრის სიყვარული ბავშვისათვის არის დამახასიათებელი, მაგრამ თუ ის გრძელდება მოწიფულ ასაკშიც, მხოლოდ დადებითი იმპულსების მომცემია. დედაჩემი – ნუცა (ნინო) ხუციშვილი მიყვებოდა, ბავშვობაში რამეს, რომ გიყვებოდი ან გიკითხავდი, წინასწარ მეკითხებოდი – სატირალი ხომ არ არისო. არ მინდოდა სატირალი. მერე დედაჩემმა თავის მოთხრობაში დაწერა – გადასახლებიდან როგორ შეგისრულო ეს სურვილი და როგორ არ მოგწერო სატირალი ამბებიო. ცხოვრება თან სატირალია და თან სასიხარულო. პირველად ჩემი საყვარელი ზღაპარი „წიქარა” იყო, შემდეგ უკვე „წითელქუდა”, რომელიც დედაჩემმა თარგმნა ფრანგულიდან, როცა პატარა ვიყავი. ამიტომ ეს ჩემი ზღაპარია.
თქვენ ძალიან მძიმე ბავშვობა გქონდათ. ჯერ მამა გადაასახლეს, შემდეგ დედა. მშობლებისგან მოწყვეტა ბავშვის ცხოვრებაზე ხშირად ნეგატიურად აისახება, თუმცა თქვენზე ამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება.
მშობლებთან განშორება, თავისთავად ცხადია, აისახა ჩემს ცხოვრებაზეც. დედაჩემი, სულ ადრეულ ბავშვობაში, ჩემთვის ყველაფრის განმსაზღვრელი იყო, 7 წლის ვიყავი, რომ გადაასახლეს და 10 წელი მის გარეშე გავიზარდე. ეს შეგრძნებებიც დავკარგე, რაღაც ფორმალურ ასპექტში გადავიდა დედასთან ურთიერთობა. კონკრეტული ურთიერთობაც აღარ მქონდა. რუსულად უნდა მიმეწერა წერილი, როცა წერილის მიწერის უფლება მოგვცეს. უცხო ენაზე დაწერილი წერილებიც, რაღაც ხელოვნური იყო. ნამდვილს ვერაფერს ვწერდი და არც მქონდა მოთხოვნილება. 10 წლის შემდეგ, როდესაც დედა დაბრუნდა, დიდი ხანი გავიდა, სანამ უბრალოდ შევძელი მეთქვა სიტყვა – დედა. ვერ ვამბობდი და როცა ვთქვი, ეს იმას ნიშნავდა, რომ ახლად გამიჩნდა დედა ცხოვრებაში. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ დედაჩემი ჩემთვის ნამდვილი მეგობარი გახდა, და არა მარტო ჩემთვის, ყველა ჩემი მეგობრისთვის. სულ სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ბევრად უფრო ინტენსიური და პიროვნების აღქმაზე დამყარებული, ვიდრე ჩვეულებრივ არის დედის და შვილის. საოცარი პიროვნება იყო დედაჩემი. თუმცა დედის გადასახლების შემდეგ მე ვიყავი გარემოცული დეიდებით, ბიძებით. ისეთი ადამიანებით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანნი იყვნენ ჩემთვის, განსაკუთრებით ბიძა რაჟდენ ხუციშვილი. იგი ფიზიკოსი იყო. 13 წლის ვიყავი, როდესაც ბიძაჩემი დაიჭირეს და მალევე ციხეში გარდაიცვალა. ეს კიდევ უფრო დიდი დარტყმა იყო ჩემთვის, რადგან უკვე გააზრებული მქონდა, რას ნიშნავდა განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვა.
მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ საკმაოდ ძლიერი ქალბატონის სახელი გაქვთ. ბავშვობაში გადატანილმა სიძნელეებმა გაგაძლიერათ.
რა თქმა უნდა. ზუსტად არის ნათქვამი – „რამაც არ მოგკლა, იმან გაგაძლიერა”. თუ არ მოგკლა იმან, რაც დაგატყდა თავს, ის თავისთავად გაძლიერებს. სიმართლე გითხრათ, სულაც არ აღვიქვამ თავს ძლიერ ადამიანად. ბუნებრივად ვარ ასეთი. წარსულზე როცა ვლაპარაკობ, თითქოს გამოდის, რომ მსხვერპლი ვიყავი. არადა საერთოდ არ აღვიქვამ თავს მსხვერპლად, არც მაშინ და არც ეხლა. იყო გარკვეული პოლიტიკური და სოციალური კატაკლიზმები, რომელშიც ყველა ვიყავით მოქცეულები. ამიტომ, ეს სულაც არ იყო მხოლოდ ჩემი განსაკუთრებული ხვედრი.
არადა, ხშირად ამბობენ, რომ იმ პერიოდში, რეპრესირებულთა ოჯახის წევრები ხშირად განიცდიდნენ სხვადასხვა სახის დევნას, თქვენ თუ გექმნებოდათ სკოლაში პრობლემები?
სულ ტყუილია, საქართველოში ასეთი ფაქტები არ ყოფილა, ასეთი მოვლენები უფრო რუსეთში იყო. იქ, ბევრად უფრო მძვინვარებდა რეპრესიებით გამოწვეული შიში. ჩვენთან პირიქით, მე სულ მახსენდება ვინ როგორ დამეხმარა. ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი იყო და ეს ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდებოდა.
მასწავლებლებს თუ ჰქონდათ თქვენდამი განსხვავებული დამოკიდებულება?
ვერ გეტყვით. იმის გამო, რომ მე თვითონ არ მქონდა რეპრესირებულის განცდა, სხვებისგანაც ვერ აღვიქვამდი ამას, რაღაც განსაკუთრებულად. თუმცა, მახსოვს უნივერსიტეტის რექტორის ნიკო კეცხოველის განსაკუთრებული დამოკიდებულება. პირველად თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მაგრამ ჩემი მასწავლებლის წასვლის გამო შუა წელში მომიწია სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლა. ამ პერიოდშიც კი ნიკო კეცხოველმა უნივერსიტეტში ქართულ ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სრულიად უპრობლემოდ მიმიღო. ერთხელ დამიბარა და მითხრა, გადაწყვეტილია, სტალინური სტიპენდია უნდა მოგცეთ, მაგრამ ვერ შევძლებთ, თუ კომკავშირში არ შეხვალო. ძალიან მთხოვა, ეს ნაბიჯი გადამედგა. დიდი დილემა მქონდა, როგორ მოვქცეულიყავი. ბოლოს დავთანხმდი, შევედი კომკავშირში, მაგრამ სტალინური სტიპენდია მაინც არ მომცეს. ამის წინააღმდეგ წავიდა უნივერსიტეტის КГВ-ს პირველი განყოფილება. ეს განყოფილება ეწინააღმდეგებოდა იმასაც, რომ ასპირანტურაში ჩამებარებინა. მაგრამ ნიკო კეცხოველმა ყველაფერი გააკეთა, რომ მოვხვედრილიყავი ასპირანტურაში. წინააღმდეგობები როგორ არ იყო, მაგრამ მე ის უფრო მახსოვს, ვისი დახმარებით გადავლახე. პოლიტიკური წნეხი სულ იყო, მაგრამ არა მხოლოდ კონკრეტულად ჩემს მიმართ, საერთოდ იყო ყველა ადამიანზე, რომელსაც რაღაცის თქმა უნდოდა და შემოქმედებითი პოტენციალი ჰქონდა. დიდი ბრძოლა იყო, როდესაც დისერტაციის თემად ავირჩიე უოლტ უიტმენი. ეს ისეთ უცნაურობად ჩანდა იმ დროინდელ ლიტერატურათმცოდნეობაში. ამბობდნენ, რა შუაშია უიტმენი ჩვენთან, საბჭოთა ქართველმა გოგომ, რატომ უნდა გააკეთოს დისერტაცია უიტმენზე. მაშინდელი დასავლეთ-ევროპული კათედრის გამგე და დეკანი (არ მინდა მისი სახელის თქმა), უფლებას არ მაძლევდა დამეცვა დისერტაცია. ჩემი დისერტაციის ხელმძღვანელი იყო შალვა ნუცუბიძე. მას ესმოდა, რომ ძალიან მინდოდა უიტმენის შემოქმედებაზე მუშაობა, რომელზეც უკვე დაწერილი მქონდა საკურსო შრომა და თან ვთარგმნიდი მის ლექსებს. ნუცუბიძე ძალიან ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ერთხელ შემხვდა უნივერსიტეტში გახარებული და მაჩვენა ამონაწერი, სადაც ეწერა, თურმე სადღაც, ოდესღაც სტალინს ერთ-ერთ წერილში ჰქონდა ნახსენები უიტმენის ფრაზა. ეს უკვე ისეთი რამე იყო, რომელსაც ვერავითარი კათედრის გამგე ვერ დაუპირისპირდებოდა. შალვა ნუცუბიძემ ეს ამონარიდი დაუდო კათედრის გამგეს და მან თურმე, მხოლოდ ხელები გაასავსავა. ასე დავწერე დისერტაცია უიტმენის შესახებ.

როგორი მოსწავლე იყავით?
ჩვენს თაობას საკმაოდ არეული ბავშვობა გვქონდა და სკოლის გაცდენა არ იყო ისეთი საგანგაშო, როგორ ეხლა. მე და ჩემი მეგობრები პიონერთა სასახლიდან, უბრალოდ ვაცდენდით სკოლას. მაგრამ არა იმიტომ, რომ სწავლა არ გვინდოდა. ამ დროს ვიჯექით ლიტერატურულ წრეზე ან საჯარო ბიბლიოთეკაში და ვეცნობოდით სხვადასხვა ლიტერატურას, თავად ვწერდით ლექსებს ან მოთხრობებს, ვაკრიტიკებდით მწერლებს, საღამოებს ვაწყობდით. ომის პერიოდი იყო და ვერავინ გვაქცევდა ყურადღებას. მერვე კლაში ორი მეოთხედი, ფაქტობრივად, არ მივლია სკოლაში. მეორე მეოთხედის ბოლოს პირველად რომ გამოვჩნდი სკოლაში, ლიტერატურის მასწავლებელმა, უცხო სახე რომ დაინახა, გამოიშვირა ხელი დემონსტრაციულად და მითხრა – აბა ადექი და ბარათაშვილის ლექსი თქვიო. მე კიდევ იმ პერიოდში შეყვარებული ვიყავი ბარათაშვილის შემოქმედებაზე, ავდექი დიდი სიხარულით ლექცია წავიკითხე. მასწავლებელს საოცრად გაუკვირდა და თქვა – ძლივს ვიპოვე მოწაფეო. ეს იყო არაჩვეულებრივი პედაგოგი ბაბო მჭედლიძე, რომელსაც მერე, პირდაპირ შეიძლება ვთქვა, რომ დავუმეგობრდი. ბოლოს სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. პრინციპში ის ერთი პერიოდი იყო, როცა ვაცდენდი სკოლას. მერე ასე აღარ ვიქცეოდი. ჩემი გაცდენების გამო ისეთი აღელვებულები იყვნენ ჩემი დეიდები და ბიძები, რომ დედაჩემს წერილი მიწერეს გადასახლებაში: „ ლანა გვეღუპება და იქნებ შენ მოწერო რამეო”. დედაჩემი როგორ აღელდებოდა წარმოიდგინეთ. მე კიდევ დედაჩემთან მქონდა სულ სხვა ტიპის მიწერ-მოწერა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ წავიკითხე ეს წერილები და მართლა გამიკვირდა. მთელი უშველებელი წერილი მქონდა მიწერილი ნოვალესზე. მის შემოქმედებაში ცისფერის შესახებ.

თქვენი ბავშვობის პერიოდში, რამდენადაც ვიცი, უცხოური ლიტერატურა ძნელად მოიპოვებოდა.
ქართულად ნამდვილად არ იყო, ამიტომ სულ რუსულად გიწევდა კითხვა. ჩვენი თაობის მთელი განათლება იყო რუსულ ენაზე დაფუძნებული. მაგრამ ფაქტია, ძალიან სერიოზულ განათლებას ვიღებდით. ჩვენს თაობას მიდრეკილება ჰქონდა ლიტერატურისკენ. მახსოვს ერთი, ყველაზე დიდი პერიოდი იყო ბლოკის. პიონერთა სასახლის მეგობრებმა ზეპირად ვიცოდით მისი შემოქმედება. საერთოდ, ძალიან ლიტერატურული ცხოვრებით ვცხოვრობდით.
ახალ თაობაზე ხშირად ამბობენ, რომ ნაკლებად უყვართ კითხვა.
ასეთი რამ მართლა არ შემიმჩნევია ახალ თაობაში. ეხლა ფილმს ვაკეთებ ჩვენს თაობაზე, რომელიც ჩემი აზრით, ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს საინტერესო. ჩვენი ურთიერთობა მართლა იყო პოეზიით ურთიერთობა. ჯერ ერთი, ყველა ვწერდით ლექსებს. ფილმს ალბათ ერქმევა სტრიქონი რეზო თაბუკაშვილის ლექსიდან, მაშინ იყო 14 წლის, როცა დაწერა, „დღეს სიხარულიც ნაღვლის ფერია” . იმ პერიოდისთვის ძალიან სიმბოლურია ეს ფრაზე, რადგან მაშინ სიხარულიც ნაღვლის ფერი იყო. ეს მხოლოდ ასაკის ბრალი არ იყო. ასაკთან ერთად იყო პროტესტი, შებრძოლება სისტემასთან, მხოლოდ პოეზიაში გადავარდნით.
პროტესტის ამგვარი ფორმა ეხლა აღარ შეგიმჩნევიათ?
ეხლა ინფორმატიკამ ისე შემოაბიჯა ადამიანის ცხოვრებაში და ახალგაზრდები კომპიუტერული ინფორმატიკის ტყვეობაში არიან გადავარდნილები. ეს ერთის მხრივ კარგია, რადგან ძალიან დიდი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ მეორეს მხრივ, აღარ იღებენ სულიერებას. თუ ეს არის ჩვენი მომავალი და ახალგაზრდობა წიგნს, დაწერილ სიტყვას არ დაუბრუნდება, მაშინ სულიერება ნამდვილად საფრთხის წინაშე დადგება.
არადა, თქვენს შემოქმედებაში ყოველთვის წინა პლანზეა გულწრფელი ადამიანური ურთიერთობები. მათი სულიერი ტკივილები და განცდები.
გეთანხმებით. რაც ფილმი გამიკეთებია, ამოსავალი წერტილი მაინც ეს არის. ინტერესი გარემოსადმი და ძირითადად ადამიანის შინაგანი სამყაროს მიმართ. სულ მაქვს იმის განცდა, რომ ნაკლებია ადამიანის პასუხისმგებლობა იმისადმი, რასაც ის ჩაიდენს. ცხოვრებაში ბევრად მეტია გარემოებების და განსაკუთრებით ავტორიტარული სისტემების ბრალი. დესპოტიზმის გავლენა ადამიანის საქციელზე. ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ყველაფრის გამართლება შეიძლება, მაგრამ თანაგრძნობა ნამდვილად შეიძლება ადამიანის მიმართ, რომელიც ჩავარდნილია ისეთ სიტუაციაში, რომ იძულებულია, ცუდად მოიქცეს. არადა, შეიძლება ბუნებით არ არის ბოროტი, ან ზიანის მიმყენებელი ვინმესთვის. ერთხელ დედაჩემმა მითხრა და სამუდამოდ დამამახსოვრდა. ეს იმ დროს უკავშირდება, ვიდრე დედაჩემს დააპატიმრებდნენ. იმ პერიოდში უკვე ვიყავით განდეგილებივით, საშიში იყო დალაპარაკებაც კი. მახსოვს, ერთხელ დეიდაჩემთან მივდიოდით ქვიშხეთში აგარაკზე, მატარებლიდან ჩამოვედით და ამ დროს დავინახე ერთი ადამიანი, პოეტი, რომელიც ჩვენს სახლში იყო დღე და ღამე და ძალიან მიყვარდა. რომ დაგვინახა, წამოვიდა ჩვენკენ, მაგრამ უცებ გაჩერდა, შეტრიალდა და წავიდა უკან. მე გამოვეკიდე ყვირილით, ვეძახდი სახელს, მაგრამ ის გარბოდა, გარბოდა და ბოლოს შეახტა მატარებელს. ალბათ სულ სხვა ადგილას ჩამოვიდა, ისე შეეშინდა ჩვენთან შეხვედრის. უკვე ფაქტი იყო, რომ დედაჩემი დღე-დღეზე უნდა დაეჭირათ. მახსოვს, ძალიან განვიცადე ეს ფაქტი. სახლში რომ მივედით, დედაჩემმა მითხრა – ძალიან მინდა გაიგო, შეიძლება ადამიანი არ იყოს ცუდი, მაგრამ რაღაც გარემოების გამო მოიქცეს ცუდად. 6 წლის ვიყავი და სამუდამოდ დამამახსოვრდა.
თქვენ სულ თბილად იხსენებთ იმ გარემოს, იმ ადამიანებს, სადაც ცხოვრობდით. ამბობენ, ცივილიზაციასთან ერთდ, ადამიანური ურთიერთობები თანდათან ცივდება. თუ გრძნობთ ამ გაუცხოებას დღეს?
არ მგონია, რომ დღევანდელ ადამიანსა და წინა საუკუნის ადამიანებს შორის არსებობდეს განსხვავება. სულ არის იმის საშიშროება, რომ კაცობრიობამ დაკარგოს ის ღირებულებები რითიც იცხოვრეს, რადგან უამრავი განსაცდელი ხდება. უამრავი ცდუნებაა ცხოვრებაში, რომელმაც შეიძლება დაგაკარგვინოს დამოკიდებულება სამყაროსადმი. მაგრამ მგონია, რომ ეს წრიულად ტრიალებს. საფრთხე არის, მაგრამ მაინც ბრუნდება საწყის წერტილზე. ძირითადი თვისება ადამიანის არის ის, რომ აღიქვამს მეორეს მის მსგავსს და მოყვასს, როგორც ობიექტს სიყვარულის, თანაგრძნობის, მეგობრობის. ეს ჩადებულია იმთავითვე. სხვანაირად საზოგადოება ვერ იარსებებს. საქართველოში ეს ძალიან ძლიერად არის ჩადებული. მიუხედავად ბევრი ნაკლისა, ჩვენში, რასაც მე ვხედავ, მეგობრობის ინსტიტუტი ძალიან მძაფრად არსებობს და არ მგონია, ოდესმე შეიცვალოს.
თქვენ თეატრალურ ინსტიტუტში ეწეოდით პედაგოგიურ მოღვაწეობას. მასწავლებელი ლანა ღოღობერიძე ფართო წრეებისთვის უფრო ნაკლებად არის ცნობილი.
ეს ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი პერიოდია. ჯერ ერთი, მე საერთოდ მაინტერესებს ადამიანებთან ურთიერთობა, მითუმეტეს, ახალგაზრდებთან. ეს ურთიერთობა ბევრის მომცემია ჩემთვისაც. არასოდეს აღვიქვამდი ისე, რომ მე ვასწავლი სტუდენტებს – ეს იყო ურთიერთობა. სხვათა შორის, სტუდენტებთან ერთდ ჩემს სახლშიც დიდ დროს ვატარებდი და ძალიან ბევრს ვსაუბრობდით, მათ შორის პოეზიაზეც. ერთ-ერთი ჩემი ცნობილი სტუდენტი იყო გოდერძი ჩოხელი, რომელთანაც უამრავი წელი გავატარე სტუდენტობის შემდეგაც. საოცრად საინტერესო იყო მასთან ურთიერთობა. ასევე ზაზა ურუშაძე, რომელიც კინოკავშირის დირექტორია და მშვენიერი ფილმი გააკეთა და დიდი წარმატება ჰქონდა. რეჟისურის სწავლება აბსტრაქტული ცნებაა. როგორ უნდა ასწავლო რეჟისურა, არავინ იცის. ეს არის ცხოვრების წესის გაზიარება. ძალიან ადვილია რეჟისურის გარეგნული დამახასიათებელის სწავლება, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია სიცოცხლისადმი დამოკიდებულების, სამყაროსადმი, ადამიანებისადმი, სულიერი ინტერესების და ფასეულობების გაზიარება. ჩემთვის ეს არის პედაგოგობა. თან მასწავლებლობა მართლა ორმხრივი პროცესი მგონია. სულ არ ვფიქრობ, რომ პირდაპირ უნდა ასწავლო შემდეგ თაობას ის, რაც შენ უკვე ისწავლე და იცი. იმისგანაც ბევრს სწავლობ. ისევ და ისევ დამოკიდებულებას სამყაროსადმი. ამიტომ არის საინტერესო ჩემთვის პედაგოგობა.
თქვენ ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრებით გიწევთ ცხოვრება. რეჟისორი, ლიტერატურული მიმართულება, პოლიტიკა და ა.შ. ამ პროფესიებზე დღეს ბევრი მოსწავლე ოცნებობს. რა რჩევას მისცემდით ახალ თაობას, რომელსაც უნდა თუნდაც ის პროფესიები აირჩიოს, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ?
რჩევა ძალიან ძნელია. უბრალოდ ვურჩევდი დაფიქრებას, გაიაზროს, რაც ჩვენ გვაკლია, მართლა უნდა თუ არა ეს პროფესია და რატომ უნდა. არ მესმის, შემოქმედებაში მოვიდეს ადამიანი, როგორც უბრალოდ პროფესიონალი. თუ მართლა არ გაქვს სათქმელი, შემოქმედებითი პროფესია არ უნდა აირჩიო. თუნდაც ეს იყო სულ უბრალო. შეიძლება არ იყოს ეს ზოგადსაკაცობრიო, მაგრამ რაღაც შენი ინდივიდუალური სათქმელის გარეშე ხელოვნებაში მოსვლა, უაზრობა მგონია. ძირითადად ესაა. რაც შეეხება რჩევას, ვურჩევდი შრომას. ორი რაღაც გვაკლია ქართველებს – თანმიმდევრული შრომა და მუდმივად ანალიზის უნარი. ემოციური აღქმა და კრეატიულობა ნამდვილად გვაქვს . ევროპული რაციონალიზმი ყველაფერში რომ დამკვიდრდეს, ძალიან ბევრს მოვიგებთ ამით. როდესაც პოლიტიკაში ვიყავი, ვხედავდი, რომ ბევრ ქმედებას ვამყარებთ ჩვენს ემოციურ აღქმაზე, რაც პოლიტიკაში დიდი შეცდომაა. რითი მოიგო ევროპამ? სწორედ ამ რაციონალიზმით. წარმოიდგინეთ საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა რომ გაგრძელებულიყო ემოციურ დონეზე. ისინი დღესაც მტრები იქნებოდნენ და შესაძლებელია ომიც დაწყებულიყო მათ შორის. მაგრამ დაძლიეს საუკუნეებით დაგროვილი წყენა, როცა ედავებოდნენ ერთმანეთს ტერიტორიებს, პირველობას და ა.შ. და სრულიად შეგნებულად მივიდნენ იმ დათქმაზე, რომ უნდა იმეგობრონ. დღეს ალიანსი არსებობს საფრანგეთ-გერმანიას შორის, რომელიც არის მოტორი ევროპის. ეს არის მხოლოდ ანალიზზე და რაციონალიზმზე დამყარებული ერთობა. ამან შექმნა დღევანდელი ევროპა. ჩვენ ეს ძალიან გვაკლია. თუმცა მაინც მგონია, რომ რაციონალიზმი თანდათან ფეხს იკიდებს ჩვენშიც. როდესაც ევროპულ ფასეულობებზე და მიდგომებზე ვლაპარაკობთ, მთავარია ანალიზის უნარი და ემოციების გვერდზე გადადება, რათა გონივრულად დავინახოთ ჩვენი თავი საერთო კონტექსტში. ხან უკიდურესობებისადმი საშინელი მიდრეკილება გვაქვს, ხან ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ რაცა ვართ და ჩვენზე უკეთესი მსოფლიოში არავინაა. მერე დგება პირიქით, ჩვენზე უფრო მდარე და არაფრისმქონე არავინ გვგონია. ეს არის, სწორედ, ემოციური ნაწილი. თუმცა ამასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები. შემოქმედებაში ეს აუცილებელია, რადგან ამაზეა დამოკიდებული კრეატიულობა. მაგრამ ამის მოთოკვაც, რომ ვისწავლოთ კარგი იქნება.

ქართულ განათლების რეფორმას თუ ადევნებთ თვალს?
სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვარ გარკვეული. წინააღმდეგობრივი აღქმა მაქვს. ჩემი მეგობრების ერთი ნაწილი მეუბნება, რომ ძალიან კარგი თაობა მოდის, მეორენი ამბობენ, რომ ზოგჯერ ისეთი ბავშვები ხვდებიან, ვინც ისიც კი არ იციან, რა დაწერა ილია ჭავჭავაძემ. ალბათ, როგორც ყოველთვის იყო, ზოგი ასეთია, ზოგიც ისეთი. მაგრამ მთლიანად თაობას ვერ დავახასიათებ. მე კი ვხედავ ძალიან საინტერესო ახალგაზრდებს, რომლებსაც მართლა ბევრი რამის უნარი აქვთ და უნდათ რაღაც შეცვალონ, რა თქმა უნდა, განათლებაზე დამყარებით. ჩვენ კი ვამბობთ, რომ განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, მაგრამ ვიდრე მართალა არ გახდება პრიორიტეტი, რომ მასზე იყოს მართლა დამყარებული ყველაფერი, იქამდე ნამდვილი, რეალური წევრი ცივილური სამყაროსი ვერ გავხდებით.
შვილებთან და შვილიშვილებთან ალბათ ბერს საუბრობთ თქვენს ცხოვრებაზე, როგორი დედა და ბებია ლანა ღოღობერიძე?
სტერეოტიპული ფრაზები გამოდის, მაგრამ შვილებთანაც და შვილიშვილებთანაც ურთიერთობა დამყარებული მაქვს პიროვნების პატივისცემის აღიარებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია და მაინტერესებს პიროვნება. ენის მოჩლექვით არ ველაპარაკებოდი არც შვილებს და არც შვილიშვილებს. ის არის საინტერესო, რაც მათში არის თავისთავადი. ჩემში პიროვნების გამოხატულება იწვევს აღფრთოვანებას. ადამიანის დაბადებიდან ჩანს მის პიროვნება. თან სულ მაკვირვებს ის, რომ ერთი და იმავე მშობლების შვილები, ერთი და იმავე გარემოში გაზრდილები, სრულიად განსხვავებულები არიან. რითი აიხსნება არც ვიცი, რამდენად ძლიერია პიროვნული საწყისი, რომელიც საიდანღაც მოდის. მხოლოდ გენეტიკურსაც ვერ იტყვი.
ქალბატონო ლანა, ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” მთავარ გმირს მუდმივად ახსენდება ეპიზოდები მისი ცხოვრებიდან. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ყველაზე ხშირად რა ეპიზოდები გახსენდებათ თქვენი ცხოვრებიდან?
დედის დაპატიმრება და დედის დაბრუნება გადასახლებიდან. ეს იყო საკვანძო ეპიზოდი ჩემს ცხოვრებაში. ზოგადად, პირადი ცხოვრება ძალიან რთულია. სავსეა აღმაფრენით, უფსკრულში გადაშვებით. მე პირადად ძალიან მიყვარს ის ეპიზოდი ფილმში, როდესაც სოფიკო ჭიაურელი ხედავს ქუჩაში ახალგაზრდა ქალს, რომელიც სრულიად ცვლის მის ცხოვრებას. როდესაც მირბის, როგორ უყურებს, როგორ მიყვება. ბოლოში ცოტათი რომ ეღიმება. ამ ღიმილშია ყველაფერი – სიმწარე, ტრაგიზმი და აღიარება იმის, რომ ის არის მშვენიერი და ახალგაზრდა და ეხლა მას ეკუთვნის ცხოვრება. რაღაც ასეთია ჩადებული ამ ეპიზოდში. სხვათა შორის, ძალიან გაუჭირდა ამ ეპიზოდის თამაში სოფიკოს. ერთადერთი შეთხვევა იყო, სადაც მეწინააღმდეგებოდა. ვერ წარმომიდგენია, ეს როგორ ვითამაშო, რადგან ეს დამცირებაა, როდესაც მისდევ ადამიანსო. ბევრი ვისაუბრეთ ამაზე. მე ვეუბნებოდი, რომ აუცილებელია ადამიანმა გაიაროს დამცირების ეტაპი, რომ დადგეს კათარზისი მის ცხოვრებაში, რადგან თუ ასეთ რამეებს არ განიცდი, ცხოვრება ძალიან ღარიბია. ეს საბოლოოდ აღიქვა სოფიკომ და ვფიქრობ, შესანიშნავად ითამაშა.

„დასწავლილი უმწეობა“, როგორც ფენომენი

0
მეოცე საუკუნის 60-იან წლებში მარტინ სელიგმანმა სათავე დაუდო  ცნობილი ფენომენის, „დასწავლილი უმწეობის”, შესწავლას. ის დაეყრდნო რეფლექსის შემუშავების პავლოვისეულ თეორიას და ქვემოთ მოტანილი სქემის მიხედვით ჩაკეტილ სივრცეში მოთავსებულ ცხოველთა სამ ჯგუფზე საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა: პირველ ჯგუფში ძაღლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბერკეტზე ცხვირის დაჭერით გაეთიშათ დენის წყარო. ძაღლები აკონტროლებდნენ სიტუაციას – მათ ქმედებაზე იყო დამოკიდებული, დაარტყამდათ თუ არა დენი. ძაღლების მეორე ჯგუფი პირველთან იყო „შეკავშირებული” – დენის დარტყმის აცილება მათ რეაქციაზე არ იყო დამოკიდებული – მტკივნეული ზემოქმედება მხოლოდ მაშინ წყდებოდა, როდესაც პირველ ჯგუფში შემავალი ძაღლები ბერკეტს დააჭერდნენ. ძაღლების მესამე ჯგუფს საერთოდ არ ურტყამდნენ დენს, ის საკონტროლო ჯგუფი იყო. ამ სახის „გავარჯიშების” შემდეგ სამივე ჯგუფის ძაღლები მოათავსეს ყუთში,  სადაც მათ დენს ურტყამდნენ, მაგრამ იქედან გაქცევა მათ მარტივად შეეძლოთ. პირველი და მესამე ჯგუფის ძაღლები მაშინვე გადაახტნენ მოაჯირს და თავს უშველეს, მეორე ჯგუფის ძაღლები კი გადახტომას საერთოდ არ ცდილობდნენ, ერთხანს დადიოდნენ ყუთში, წკმუტუნებდნენ, შემდეგ იატაკზე წვებოდნენ და შეშინებულები დაძაბული კუნთებით ხვდებოდნენ დენის დარტყმას. მათ დაისწავლეს უმწეობა! ამ ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ ავტორმა დაასკვნა: უმწეობას იწვევს არა თავისთავად უსიამოვნო მოვლენები, არამედ ის, რომ  ვერ აკონტროლებ მათ.  იგივე ხდება ადამიანებშიც – როცა ჩნდება განწყობა, რომ შენს აქტივობაზე არაფერია  დამოკიდებული და პრობლემას ვერაფერს მოუხერხებ. ეს განწყობა ადამიანის ცხოვრებაში ბევრ რამეს განსაზღვრავს: როგორ აღიქვამ  სამყაროს, რა მიზნებს ისახავ და რა გზით მიაღწევ ამ მიზნებს. საბოლოო ჯამში, უმწეობის ხარისხზეა დამოკიდებული არ მხოლოდ ცხოვრების მიზნების რეალიზაცია, არამედ ისიც, თუ როგორია შენი ჯანმრთელობა. მ. სელიგმანი მიიჩნევს, რომ დასწავლილი უმწეობა ძირითადად 8 წლის ასაკისთვის ფორმირდება და იმ 3 წყაროს მიგვითითებს, რომელიც მას აყალიბებს: 1. არასასურველი განცდები – დაკავშირებული იმასთან, რომ ვერ გავუწიეთ კონტროლი გარკვეულ მოვლენებს ჩვენს ცხოვრებაში და უარყოფითი გამოცდილება გადავიტანეთ სხვა სიტუაციებზე, სადაც კონტროლი სრულიად შესაძლებელი იყო. წყენა, რომელიც  შესაძლოა გამოეწვია მშობლების, აღმზრდელების, მასწავლებლების გარკვეულ ქმედებებს…, საყვარელი ადამიანის ან ცხოველის დაკარგვით გამოწვეულ სევდას, ავადმყოფობას, მშობლების გაყრას, ოჯახურ  სკანდალებს, სამსახურის დაკარგვას და სხვა; 2. უმწეო ადამიანებზე დაკვირვების უშუალო გამოცდილება, ასევე სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც დაუცველი მსხვერპლის ისტორიებია მოცემული; 3. ბავშვობაში დამოუკიდებლობის შეზღუდვა, როცა ბავშვის ნაცვლად ყველაფერს მშობელი  აკეთებს.

 ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ბავშვობაში ფიქსირებული უმწეობის განწყობა ადამიანს მთელი ცხოვრება თან სდევს. ამდენად, კიდევ უფრო აუცილებელია იმ მექანიზმების ცოდნა, რაც ამ ფენომენის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პრევენცია აქ ძალზე მნიშვნელოვანია.

    ამგვარად,  მარტინ სელიგმანის კონცეფციის თანახმად, დასწავლილი უმწეობა არის მდგომარეობა, როცა სუბიექტი დარწმუნებულია, რომ სიტუაცია,  რომელშიც ის აღმოჩნდა და რომელიც მას არ მოსწონს, საერთოდ არ არის დამოკიდებული მის ქცევაზე, მის ძალისხმევაზე; იგი ურიგდება ბედს, პასიურია და არ ეძებს გამოსავალს არა მხოლოდ ამ კონკრეტული, არამედ ნებისმიერი  მდგომარეობიდან. ეს არ არის ადამიანის თანდაყოლილი მახასიათებელი – ეს მას დაასწავლეს. აღნიშნული ფენომენის მზაკვრობა ის გახლავთ, რომ მას ახასიათებს გაფართოების ტენდენცია და ვრცელდება იმ ქმედებებზეც, რომელიც საერთოდ არაფრით უკავშირდება „დასწავლილ” ქცევას. მაგ. ადამიანი, რომელიც სამსახურში ხელოვნურად შექმნილ გადაუჭრელ  წინააღმდეგობებს შეხვდა და ვერ გადაწყვიტა მისი დატოვება, აღმოაჩენს, რომ მას არ შესწევს საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრის უნარი.. რამდენი ადამიანის ცხოვრება დაუნგრევია აღნიშნულ ფენომენს, ვერავინ მოთვლის. დასწავლილი უმწეობა ხშირად ხდება ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითების, სხვადასხვა დაავადების და დაღუპვის  მიზეზიც კი. ადამიანი დარწმუნებულია, რომ ყველა მისი წარუმატებლობის მიზეზი თვითონაა – უნიჭოა, სულელი, უნებისყოფო, წინააღმდეგობის გადალახვის უუნარო და თუ  რაიმეში წარმატებას მიაღწია – ეს განგების ძალის, შემთხვევითობის  ან სხვისი დამსახურებაა. 

  დასწავლილი უმწეობა სამ სფეროში ვლინდება. ესენია – მოტივაციური, კოგნიტური და ემოციური სფეროები. მოტივაციური დეფიციტი იმაში ვლინდება, რომ ადამიანი ქმედუუნაროა, აქტიურად ვერ ერევა სიტუაციაში; კოგნიტური დეფიციტია, როცა ადამიანი უუნაროა ისწავლოს ის, რომ სხვა სიტუაციაში  შეიძლება ძალიანაც წარმატებულად გადაჭრა პრობლემა და სულაც არ არის აუცილებელი ასევე წარუმატებელი იყო; ემოციონალური გამოვლინება კი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ითრგუნება  საკუთარი მოქმედებების უნაყოფობით   და,  მეტიც, შეიძლება დეპრესიაშიც ჩავარდეს. 

ყოველივე ზემოაღნიშნული უშუალოდ ეხება სწავლების თეორიასა და პრაქტიკას. მიუხედავად იმისა, თუ რა არის აკადემიური ჩამორჩენილობის  მიზეზი, მასწავლებლის პოზიცია  გადამწყვეტ  როლს ასრულებს ჩამორჩენის გადალახვასა თუ განმტკიცებაში. ხომ ფაქტია, რომ ერთიმეორეზე მიყოლებული დაბალი ქულები მოსწავლის წარმატებას ვერ უზრუნველყოფს. პირიქით, ის საბოლოოდ უკარგავს მას საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, იწვევს იმედგაცრუებას.  ასე  მოსწავლეები  საერთოდ კარგავენ სწავლის ინტერესს. მთელი ამ ციკლის საბოლოო შედეგი კი დასწავლილი უმწეობაა. ამ თვალსაზრისით, ძალიან საზიანოა თუ მასწავლებელი მოსწავლესთან, როგორც უიმედოდ ჩამორენილთან (აუტსაიდერთან), ურთიერთობს. ეს  დამოკიდებულება ვლინდება ინტონაციაში, მიმიკაში, ჟესტებში, რომლებსაც მოსწავლეები უშეცდომოდ გრძნობენ. ბავშვებისა  და მოზარდებისთვის (რომელთა თვითშეფასებაც დიდადაა დამოკიდებული გარშემომყოფთა შეფასებაზე) განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასწავლებლის შეფასება და ასეთი დამოკიდებულება შესაძლებელია საბოლოოდ რწმენის დაკარგვის მიზეზად იქცეს.

განვიხილოთ ასეთი შემთხვევა: თუ მოსწავლე ფიქრობს, რომ მოცემული მათემატიკური დავალების ამოხსნა მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია, ამ შემთხვევაში  საკუთარი წარუმატებლობა გავლენას არ ახდენს მის სხვა საქმიანობაზე. მაგრამ თუ მოსწავლე მიიჩნევს, რომ  თანაკლასელები მას წარმატებით გადაჭრიან თვითონ კი – ვერა, მაშინ ეს პოზიცია არა მხოლოდ მათემატიკის სწავლისთვისაა საზიანო, არამედ სხვა საგნის სწავლაზეც (უფრო მეტიც, სკოლის ფარგლებს გარეთაც) შეიძლება გავრცელდეს. ამგვარად, აღნიშნული თვალსაზრისითაც მოსწავლის თანაკლასელებთან შედარება ძალზე საზიანოა .

მოსწავლეთა ნაწილი დაბალი ცოდნის დონის ან გადმოცემის უუნარობის გამო ვერ ახერხებს მასწავლებლამდე ნასწავლი მასალის მიტანას.  ის იღებს დაბალ ნიშანს და შესაბამის მორალურ შეფასებას. სამწუხაროდ, ზოგიერთი მასწავლებელი, იმის ნაცვლად, რომ მოსწავლე აქტიური სასწავლო საქმიანობისთვის წაახალისოს, კიდევ უფრო მეტი ჩამორჩენისკენ  უბიძგებს მას. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება,  როდესაც მასწავლებელს პედაგოგიურ ტაქტი ღალატობს, მიმართავს ისეთ სტერეოტიპულ გამოთქმებს, როგორიცაა: „შენ ვერასოდეს ისწავლი..”, „შენგან რა უნდა გამოვიდეს” და სხვა. სამწუხაროდ,  ასეთი  ლექსიკა არაერთი პედაგოგის სამეტყველო ლექსიკაში გვხვდება.

  ასეთი მოსწავლის მიერ გამოყენებული საკუთარი თავის გამამართლებელი ხერხები და არგუმენტები  ( მასწავლებელი ზედმეტ მოთხოვნებს მიყენებს, ბედი არ მწყალობს, შემთხვევით მოხდა და სხვა) არამხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მოსწავლე  პასუხისმგებლობას გაურბის, არამედ ერთგვარად გამართლებული მცდელობაც  კია,  თავი დაიცვას ისეთი განწყობებისგან, რომელსაც შეუძლია  უმწეობა სტაბილურ მდგომარეობად გადააქციოს. თუ მოსწავლე თავის წარუმატებლობას გარემოებებს მიაწერს, ეს იმას გულისხმობს, რომ სხვა შემთხვევაში ის წარმატებულიც შეიძლება აღმოჩნდეს – მოსწავლე არ კარგავს იმედს და მომავალში  წარუმატებლობას  ნაკლებად პროგნოზირებს. სიტუაციის სირთულე იმაში გამოიხატება, რომ,  ერთი  მხრივ, მასწავლებლის შიშითა  და საკუთარ ძალებში ეჭვის შეტანით საგნის სწავლისადმი ინტერესი არ იზრდება, ხოლო, მეორე მხრივ,  წარუმატებლობის   გარემოებებზე  გადაბრალების  ფსიქოლოგიური დაცვითი მექანიზმი  (რომელიც მოსწავლეს იცავს უმწეობის განწყობის ფიქსირებისგან)  არ შეიძლება მასწავლებლის მიერ იქნას წახალისებული. ეს არის ერთგვარი ჩაკეტილი წრე, საიდანაც თავის დაღწევა არც ისე იოლია.

თუ რას მიაწერ წარუმატებლობას – გარეგან თუ შინაგან მიზეზს, ეს არ არის დასწავლილი უმწეობის  განმსაზღვრელი ერთადერთი განწყობა. ადამიანს შეიძლება მიაჩნდეს, რომ წარუმატებლობას განიცდის მხოლოს „აქ და ამჟამად”. შეიძლება პირიქითაც ფიქრობდეს-წარუმატებლობა მისი ცხოვრების მუდმივი თანამდევია, თანაც ნებისმიერ საქმიანობაში. სხვადასხვა განწყობათა შორის დამოკიდებულება შესაძლებელია საკმაოდ რთული იყოს. მართლაც, ჩამორჩენილ მოსწავლეს შეიძლება მიაჩნდეს, რომ ცუდი ნიშნების საფუძველი  ინტელექტის დაბალი დონეა. ეს უმწეობის  შინაგანი მიზეზია – სტაბილური და გლობალური. მოსწავლე ფიქრობს, რომ დაბალი ინტელექტის გამო შეიძლება მთელი ცხოვრება ყველაფერში წარუმატებელი იყო და ეს განცდა მთელი ცხოვრება თან გაჰყვეს. არსებობს სხვა ვარიანტიც. მოსწავლე ფიქრობს, რომ ეს გადაღლის ბრალია. მართალია,  ამ შემთხვევაშიც მიზეზი შინაგანია, ვრცელდება ყოველგვარ საქმიანობაზე, მაგრამ არ არის სტაბილური (დაისვენებ, გამოკეთდები და უკეთ ისწავლი ). ერთი საგნისადმი გამოვლენილი უინტერესობა შესაძლებელია ზოგად უმწეობაში გადაიზარდოს.

  მხედველობაშია უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ მნიშვნელობა არ აქვს,  რატომ ვსაყვედურობთ ბავშვებს – სიზარმაცისა  თუ  არასაკმარისი საზრიანობის გამო.

სიზარმაცესთან მასწავლებლის ბრძოლის ძირითად მეთოდი მოსწავლის დასჯაა, რადგან იგულისხმება, რომ ამ გზით შეიძლება თვითკონტროლის უნარის განვითარება. სინამდვილეში  ნებისყოფის დეფიციტი ( რომელიც სიზარმაცისა  და კონცენტრირების უუნარობას უდევს საფუძველად)  განხილული უნდა იქნას  როგორც  მუდმივად მოქმედი ფაქტორი. ყველა ახლი წარუმატებლობა  ამ განწყობას მხოლოდ აძლიერებს. მოცემულ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს ე.წ. უმწეობის დასწავლასთან – ცუდი ნიშნები მასწავლებლის მიერ გამოიყენება, როგორც დასჯის საშუალება, ის კი, თავის მხრივ,  მოსწავლეში იწვევს უუნარობის განცდას, რითაც  ამძაფრებს უსარგებლო  გაღიზიანებასა  და წყრომას. დასწავლილი უმწეობა ბევრ რამეში ვლინდება: ქვეითდება სწავლის  ინტერესი, მოსწავლე ვერ ამჩნევს საკუთარ წარმატებას (როცა წარმატება რეალურია), იზრდება ემოციური დაძაბულობა. დასწავლილი უმწეობა, ძიებაზე უარის თქმა – ეს პიროვნების ავადმყოფობა, მისი  რეგრესის მაჩვენებელია. ამ მდგომარეობის გადასალახად ყველა ხერხი კარგია. ნებისმიერი ინტერესი (რასაკვირველია, აქ არ იგულისხმება ანტისოციალური) წახალისებული უნდა იქნას. მშობლებმა, მასწავლებლებმა,  მეგობრებმა, გარკვეული თვალსაზრისით, ფსიქოთერაპევტის  ფუნქცია უნდა შეასრულონ. ახალგაზრდა ადამიანისთვის საყრდენი მათი თბილი დამოკიდებულებაა. ის ამას მარტო ვერ გაუმკლავდება. რასაკვირველია,   ეს საყრდენი არ გულისხმობს პასიური ქცევის, სიზარმაცის, მოვალეობებისგან თავის არიდების  წახალისებასა  და მიღებას.
         განასხვავებენ სიტუაციურ და პიროვნულ უმწეობას. სიტუაციური უმწეობა ეს არის ადამიანის მიერ მოვლენის  გაკონტროლების შეუძლებლობის პირობებში    გამოვლენილი დროებითი რეაქცია. პიროვნული უმწეობა – ადამიანის მყარი მოტივაციური მახასიათებელი, რომელიც  განვითარდა გარემოსთან ურთიერთდამოკიდებულების პროცესში და ვლინდება ჩაკეტილობაში, ემოციონალურ არამდგრადობაში, აგზნებულობაში, შიშში, პესიმისტურ განწყობებში, დანაშაულის განცდაში, დაბალ თვითშეფასებაში, უამბიციობაში, გულგრილობაში, პასიურობაში, არაკრეატულობაში.

მოგვიანებით მ. სელიგმანმა დააზუსტა, რომ ერთსა და იმავე სიტუაციაში მყოფი ადამიანების ერთი კატეგორია შეიძლება აღმოჩნდეს უმწეო მდგომარეობაში, მეორენი – არა. ამ გარემოებამ დააფიქრა მეცნიერი განესაზღვრა,  რა არის ამის მიზეზი.  მან ეს მიზეზი დაასახელა: მნიშვნელოვანია  რა ახსნას უძებნიან ადამიანები თავის წარუმატებლობას – ოპტიმისტურს თუ პესიმისტურს. 

მოგვიანებით მ. სელიგმანმა დაამუშავა ოპტიმიზმის თეორია – რეალობასთან წარმატებული ბრძოლის თეორია, რათა  დროებითმა გადაულახავმა სირთულეებმა ადამიანს არ ჩაუქროს (ან ნაკლებად შეუსუსტოს) აქტიური მოქმედების მოტივაცია, როგორც ეს პესიმისტურად განწყობილ ადამიანებს ემართებათ.

 გთავაზობთ ამერიკის ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური ცენტრის მიერ შემოთავაზებულ ლ. რადდოფის ტესტს ე.წ.CES-D.

ინსტრუქცია: შეაფასეთ შესაბამისი ქულით თქვენი მდგომარეობა უკანასკნელი კვირის განმავლობაში:

0 ქულა – არაფერი მაწუხებდა (არასოდეს);
1 ქულა -კვირაში 1-2 დღე რაღაც მაწუხებდა (ძალზე იშვიათად);
2 ქულა – კვირაში 3-4 დღე რაღაც მაწუხებდა (ზოგჯერ);
3 ქულა – თითქმის მთელი კვირა რაღაც მაწუხებდა;
1. რაღაც მაწუხებდა ისეთი, რაც ადრე არ მაწუხებდა;
2. ჭამა არ მინდოდა, ცუდი  მადა მქონდა;
3. დანაღვლიანებული ვიყავი, ახლობლებმა და მეგობრებმაც ვერ შემიმსუბუქეს სევდა;
4. სხვებზე უარესად ვგრძნობდი თავს;
5. საქმიანობის დროს ვერ ვახერხებდი კონცენტრირებას;
6 დათრგუნულად ვგრძნობდი თავს;
7. ყველაფერს დიდი ძალისხმევით ვაკეთებდი;
8. მომავალი უიმედო მეჩვენებოდა;
9. მივიჩნევდი, რომ ჩემს ცხოვრება არ შედგა;
10. მეშინოდა;
11. მოუსვენრად მეძინა;
12. უბედურად ვგრძნობდი თავს;
13. სხვა დროსთან შედარებით, ნაკლებს ვლაპარაკობდი;
14. მარტოსულად ვგრძნოდი თავს;
15. ადამიანები არამეგობრულად იყვნენ ჩემ მიმართ განწყობილნი;
16. ცხოვრება არ მიხაროდა;
17. მეტირებოდა;
18. მოწყენილი ვიყავი;
19. ვგრძნობდი რომ სხვებს არ მოვწონდი;
20. ვერ „გამოვცოცხლდი”.
შეაჯამეთ ქულები: 0-9 ქულა დეპრესიაში არა ხართ, 10-15-სუსტად გამოხატული დეპრესია, 16-24- ზომიერად გამოხატული  დეპრესია, 24 და მეტი –  დეპრესია. რაც მაღალია მაჩვენებელი,  მით უფრო მძიმე მდგომარეობაა.
თუ თქვენი მაჩვენებელი არასახარბიელოა, მაშინ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია გაეცნოთ მ. სელიგმანის ოპტიმიზმის თეორიას, რომელსაც მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ.

ის, რაც ნაგავში ყარს…

0
ამბობენ, რომ დიდი ხნის წინათ ედემის ბაღში ადამს ხელი წაუცდა აკრძალული ხილისკენ, დააგემოვნა, ნარჩენი კი სადღაც იქვე მოისროლა.

ასე გაჩნდა ამქვეყნად პირველი ცოდვა და პირველი ნაგავი… 

მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, ძალიან ბევრი; გამოვიგონეთ დამწერლობა, საზღვრები და სოციალური ფორმაციები, მორალი, ეთიკა, ეკოლოგია და ათასი სხვა რეგულაცია, გიგა- და ნანოტექნოლოგიები, მაგრამ ცოდვასა და ნაგავს ვერაფერი ვუშველეთ…

პირველი ჩვენს სულს ამძიმებს, მეორე – დედამიწას… ცოდვა უხილავია, შეიძლება, თვალს მოაფარო და სადმე, გულის კუნჭულში გადამალო, ნაგავს კი ვერ დამალავ, უბეში ვერ ჩაიკუჭავ – სუნი გაგყიდის… ამიტომ მას ყოველთვის შორიდან ვუვლით, ამრეზით ვუყურებთ, გულს გვაზიდებს… და გვავიწყდება, რომ ცოტა ხნის წინ მისი დიდი ნაწილი ერთობ კოპწიად და მადის აღმძვრელად გამოიყურებოდა ჩვენს მაგიდებზე.

კონსტანტინე კაპანელი ბრძანებს, თანაც – სავსებით სამართლიანად: „ის, რაც დღეს ნაგავში ყარს, ხვალ თეთრ ზამბახად გაიშლებაო”. უდავოდ მოხდენილი ნათქვამია, მაგრამ როგორია მისი პრაქტიკული (ქიმიური) ასპექტი?

ქიმიურ ინდუსტრიას ნედლეულის მოსაპოვებლად უზარმაზარი ჭაპნის გაწევა უწევს. რაღას არ ვჩადით ქიმიური რეაქტორების სტომაქების ამოსავსებად – წელში ოთხად მოკეცილებმა და პირზე ოფლშეუშრობლებმა, ნედლეულის მოსაპოვებლად გოჯი-გოჯ შემოვიარეთ მთელი დედამიწა, რაც ზედაპირზე ვერ ვუპოვეთ, გული გადავუღეღეთ და მის წიაღშიც ღრმად ვაფათურეთ ხელი. არც ცა და ოკეანე დავტოვეთ მოუხილველი და თუ რამის გამოწვლილვა შეგვეძლო, არაფერზე დავიხიეთ უკან… და მთელი ამ ძებნა-მოპოვების პროცესში ათასჯერ გადავაბიჯეთ ნაგვის გროვებს სუნთქვაშეკავებულებმა…

არადა, რა არის ნაგავი, საიდან მოვიდა? ფაბრიკა-ქარხნები ნთქავენ წიაღისეულს და აწარმოებენ სხვადასხვა პროდუქტს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ამ პროდუქტებს ვიყენებთ ნედლეულად, ვნთქავთ და ვაწარმოებთ ნაგავს… ასეა საუკუნეების განმავლობაში, განუწყვეტლივ წრებრუნავს ციკლი: ნედლეული-პროდუქტი-ნაგავი. გადის საუკუნეები, უფრო და უფრო მცირდება ნედლეული და მრავლდება ნაგავი…

გაივლის სულ ცოტა ხანიც და ნახშირბადოვანი ნაერთების საწყობი გამოცარიელდება – ნავთობი მილევადი რესურსია. რა გვეშველება მერე? მოგვიწევს, ვიკადროთ ნაგვის პატივისცემა!

ამა თუ იმ პროდუქციის წარმოება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ნედლეულზე, ლოჯისტიკაზე, მარკეტინგზე, საწარმოო სიმძლავრეებსა და ტექნოლოგიებზე, გასაღების ბაზარზე და სხვა მისთანებზე.

ნაგვის გადამუშავების ტექნოლოგიაზეც იგივე ითქმის, მაგრამ იგი, სხვა ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, უმთავრესად ადამიანის მენტალობაზეა დამოკიდებული.

ნაგვის გადამუშავება თეორიულად ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესია, მაგრამ მისი მოგებიანობა მიიღწევა მხოლოდ მაშინ, როცა ნაგავი დახარისხებულია. სხვაგვარად მისი რენტაბელობის გაზრდა დაუძლეველ სიმაღლედ იქცევა.

ამიტომ, თუ ნაგავი ასე გვძაგს, ასე ვნატრობთ მის მოშორებას თვალსაწიერიდან, დროა, ამის ცივილიზებულ მეთოდებზეც ვიფიქროთ. დროა, დავიჯეროთ, რომ საჭიროა ნაგვის დახარისხება მეტალებად, პოლიმერებად და საკვებ ნარჩენებად.

და ჩვენ მიერ გაწეული შრომა სულაც არ იქნება მიმართული მხოლოდ ქარხნის მეპატრონის გამდიდრებისაკენ (თუ ოდესმე მართლა გვეღირსა ასეთი საწარმო) – ეს იქნება ინვესტიცია ჩვენს ეკოლოგიურად უსაფრთხო მომავალში.

დასანანი იქნება, 21-ე საუკუნეში, ისევე როგორც შუა საუკუნეებში ან უფრო იქით, ნაგვის გადამუშავების ერთადერთი მეთოდი ღორების მოშენება იყოს… და ნაგავს „მწვადის” სუნი ასდიოდეს.

მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა. მსოფლიო გამოცდილება (მესამე ნაწილი)

0
ჩვენი ქვეყანა პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ახალი სისტემის ამოქმედების მოლოდინშია. მიმდინარეობს დისკუსია სისტემის დადებით მხარეებსა და იმ საფრთხეებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ასეთი მნიშვნელოვანი სიახლის წარმატებით განხორციელებისთვის. ამ კონტექსტში საყურადღებოა ანალოგიური სისტემების გაანალიზება და შედარება ჩვენი ქვეყნის რეალობასთან. ჩვენი წერილი ეყრდნობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის განათლების ექსპერტების 2011 წლის მოხსენებას. მოხსენება მომზადებულია ანდრეას შლეიხერის (გერმანია) – განათლების მკვლევარის, ეკონომიკური და კულტურული განვითარების ორგანიზაციის (OECD) PISA-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელისა და კოორდინატორის – მიერ.
რეკრუტინგული (დაქირავების) მეთოდები შეიძლება ადაპტირებული იყოს ისე, რომ მოხერხდეს მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე პედაგოგების მოზიდვა.

მრავალ ქვეყანაში ცდილობენ, მასწავლებლებად მოიზიდონ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან – არა მხოლოდ კადრების დეფიციტის დასაძლევად, არამედ იმისთვისაც, რომ გააფართოონ მათი გამოცდილების დიაპაზონი და აამაღლონ კვალიფიკაცია. ამ მიმართულებით ძალისხმევა მოცავს პედაგოგიური პროფესიის უპირატესობის რეკლამირებას იმ პროფესიულ და სოციალურ ჯგუფებში, რომლებიც არასაკმარისადაა წარმოდგენილი პედაგოგთა შორის. ესენი, რასაკვირველია, არიან მამაკაცები, ასევე – სხვადასხვა სოციალური უმცირესობა.

ამისთვის მიმართავენ რამდენიმე საინტერესო ხერხს:

▪ პედაგოგის პროფესიაში იწვევენ სხვა სფეროში დიდი გამოცდილების მქონე ადამიანებს და არამხოლოდ მათი საწყისი სპეციალიზაციის სფეროში პროფესიონალის ხარისხით;

▪ ხდება განათლების სფეროს გარეთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების აღიარება საწყისი ხელფასის დანიშვნით;

▪ საკმაოდ კვალიფიციურ ახალბედებს, მათ შორის – პასუხისმგებლობიან სტუდენტ-სტაჟიორებს, ეძლევათ საშუალება, დაიწყონ მუშაობა და იშოვონ ფული, არ დაელოდონ, როდის მიიღებენ დიპლომს;

▪ მოქნილია პედაგოგიური განათლების მიღებისადმი მიდგომა: მსურველებს ეძლევათ შესაძლებლობა, ისწავლონ დაუსწრებლად, საღამოს ფაკულტეტებზე ან დისტანციურად; ხდება მიღებული გამოცდილებისა და დიპლომების გათვალისწინება. ეს ალტერნატიული გზები შესაძლოა მიმზიდველი აღმოჩნდეს ზემოხსენებული ჯგუფებისთვის.
პედაგოგებს უხდიან ნაკლებს, ვიდრე უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, მაგრამ არჩევითი სტიმულირების სწორად გამოყენების შემთხვევაში მცირე რესურსიც შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს მასწავლებელთა მოზიდვისთვის იქ, სადაც ეს აუცილებელია.

პედაგოგთა ხელფასები OECD ქვეყნებში 1996-დან 2008 წლამდე გაიზარდა, მაგრამ სხვა სპეციალისტთა ანაზღაურებაზე დაბალი რჩება. 15-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებლის კანონით დადგენილი ხელფასი უმაღლესი განათლების მქონე სხვა სფეროს სპეციალისტების, რომლებიც სრულ დღეს მუშაობენ, საშუალო შემოსავლის 80%-ზე ნაკლებია, ხოლო ჩეხეთში, უნგრეთში, ისლანდიაში, ისრაელში, იტალიაში, სლოვაკეთსა და აშშ-ში – 60%-ზე ნაკლებიც კი.

ამავე დროს მასწავლებელთა შრომითი პირობები (შვებულება, დასაქმების გარანტიები, პენსია) ხშირად უფრო მიმზიდველია, ვიდრე სხვა პროფესიათა წარმომადგენლებისა. კვლევები ადასტურებს, რომ პედაგოგთა ხელფასები დაბალია მრავალი იმ პროფესიის წარმომადგენელთა ხელფასებთან შედარებით, რომლებიც იმავე დონის კვალიფიკაციას მოითხოვს. პედაგოგიური კადრებით უზრუნველყოფისთვის დამახასიათებელია ხელფასების „ელასტიკურობა”: ხელფასის გარკვეული პროცენტით ზრდა მაღალი პროცენტით ზრდის პოტენციური მასწავლებლებით უზრუნველყოფას. ქვეყნებში, სადაც პედაგოგთა ხელფასები შედარებით მაღალია, კადრებით უზრუნველყოფა ნაკლებად ელასტიკურია.

მასწავლებელთა მრავალრიცხოვნების გამო ხელფასის რამდენიმე პროცენტით მომატებაც კი ძალზე ხარჯიანია. გარდა ამისა, სწავლების ბაზარი მრავალფეროვანია და რეკრუტინგმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტ-ნაკლები სირთულე სკოლის ტიპის ან რეგიონის კვალობაზე. პედაგოგთა სიმცირე და მათი გადინება განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა წარუმატებელ სკოლებში, ამიტომ ზოგიერთ ქვეყანაში მიღებულია პრაქტიკა ხელფასის მნიშვნელოვანი ზრდისა განსაკუთრებული მოთხოვნის ან „დეფიციტური” პედაგოგების ჯგუფებისთვის.

გადასახადებისგან გათავისუფლება, აკადემიური სტიპენდიები და სესხები დაბრუნების გარეშე – აი რამდენიმე ფინანსური სტიმული, რომლებსაც იყენებენ განათლებაში ადამიანების მისაზიდად; პრემიები და სამუშაო გამოცდილების აღიარება კი გამოიყენება მათთან, ვინც უკვე მიიღო „დეფიციტური” განათლება. ზოგიერთი ქვეყნის რთულ რეგიონებში გათვალისწინებულია სახელფასო დანამატები, მგზავრობის ღირებულების ანაზღაურება ან პრემიები მასწავლებლებისთვის, რომელთაც აქვთ „დეფიციტური” უნარ-ჩვევების ცოდნა, რათა უზრუნველყონ სკოლები სათანადო დონის პედაგოგებით.

უნდა ვახსენოთ პედაგოგთა მოზიდვის სტრატეგიებიც, რომლებიც არ არის დაკავშირებული ანაზღაურებასთან: დაბალ კლასებთან მუშაობის ხანგრძლივობის რეგულირება ან რთულ რაიონებსა და განსაკუთრებული მოთხოვნის სკოლებში მცირე კლასების ფორმირება.

საუკეთესო პოტენციის პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს კარგი სამუშაო.

კურსდამთავრებულთა პედაგოგის პროფესიაში მოზიდვის მცდელობა ძნელად თუ გამოიღებს შედეგს, თუ საუკეთესო კანდიდატები კარიერული ზრდის გზაზე პრობლემებს წააწყდებიან. ბუნებრივია, საუკეთესო კანდიდატებს პედაგოგობის გარეშეც აქვთ მუშაობის კარგი პერსპექტივა და ისინი არ მოისურვებენ, ელოდონ საინტერესო ვაკანსიას ან იმუშაონ რთულ სკოლებში. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ორგანიზებული და რესურსებით უზრუნველყოფილი შერჩევის პროცესი და სხვადასხვა პოზიციაზე შეყვანის პროგრამები, მიმართული იმისკენ, რომ თავისუფალ ვაკანსიებზე საუკეთესო კანდიდატები მოხვდნენ. იმისთვის, რომ ახალგაზრდა მასწავლებლები არ „გადაასახლონ” რთულ სკოლებში, საჭიროა დაიწიოს შრომითი სტაჟის მნიშვნელობა კანდიდატთა შეფასებისას.
მაღალი დონის დაწყებითი პედაგოგიური განათლების უზრუნველყოფა

ქვეყნებში, სადაც განათლების სფეროში წარმატებას მიაღწიეს, პედაგოგებს ასწავლიან, როგორ იმუშაონ ეფექტურად და მიიღონ აქტიური მონაწილეობა რეფორმებში.

დაწყებითი პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვნად განსხვავდება და ჩვენი მოხსენების მიზანი არ არის შესაბამისი პოლიტიკური კურსისა და პრაქტიკის შეფასება, მაგრამ OECD კვლევებმა გამოავლინა ზოგიერთი პრინციპი, რომლებიც უნდა ვახსენოთ:

▪ საუკეთესო შედეგებს აჩვენებს ის განათლების სისტემები, რომლებშიც არსებობს მკაფიო და ნათელი კრიტერიუმები იმისა, რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა კონკრეტული დისციპლინის ფარგლებში. ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს დაწყებით პედაგოგიურ განათლებას, სერტიფიცირებას, პედაგოგიური მუშაობის უწყვეტ შეფასებას, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ ზრდას, ასევე ხელს უწყობს ყველა ამ შემადგენლის ეფექტურობას. ეს კრიტერიუმები ასახავს სკოლის სასწავლო მიზნებს და იმის გაგებას, რა უნდა ჩაითვალოს კვალიფიციურ სწავლებად.

▪ მრავალ ქვეყანაში დაწყებითი პედაგოგიური განათლება ორიენტირებულია მოდელზე, რომელშიც შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა აკადემიურ მომზადებას და მეტი – პროფესიონალთა მომზადებას სკოლის გარემოში შესაბამისი თეორიისა და პრაქტიკის ბალანსირებით. ეს საგანმანათლებლო პროგრამები გულისხმობს, რომ მასწავლებლები კლასში შედიან პროფესიული სწავლების ადრეულ ეტაპზე, დიდხანს რჩებიან იქ და მომზადების პროცესში დიდ დახმარებასაც იღებენ. მათი მომზადება ითვალისწინებს ფართო საკურსო სამუშაოს, რომლის ნაწილია კვლევის ჩატარება, რომელიც ეფუძნება თანამედროვე პრაქტიკას ან ერთ წელიწადზე ხანგრძლივ მუშაობას სკოლაში ან უნივერსიტეტში; იგულისხმება, რომ ამ ხნის განმავლობაში მასწავლებელი ავითარებს და ავარჯიშებს ინოვაციურ პრაქტიკას და სწავლა-სწავლების სფეროში ატარებს კვლევას.

▪ დაწყებითი პედაგოგიური განათლების მოქნილი ვარიანტების შექმნა პედაგოგიური კარიერის დაწყების საშუალებას აძლევს  მათ, ვინც სხვაგვარად სკოლაში არც მოვიდოდა, თუმცა ეს არამც და არამც არ აკნინებს პროფესიაში შესვლის ტრადიციული გზების მნიშვნელობას. დაწყებითი პედაგოგიური განათლების ეტაპები, პროფესიაში შესვლა და პროფესიული განვითარება ურთიერთკავშირში უნდა იყოს, რათა იქცეს პედაგოგიური კარიერის ერთ მთლიან საფუძვლად. მრავალ ქვეყანაში პედაგოგიური განათლება მოიცავს არა მხოლოდ საფუძვლიან მომზადებას ცალკეულ სფეროებში, გარკვეული დისციპლინების თეორიულ სწავლებას და საერთო პედაგოგიურ თეორიას – ის მიმართულია იმ უნარების განვითარებისკენაც, რომლებიც საჭიროა რეფლექსიური პრაქტიკისთვის და კვლევებისთვის სამუშაო ადგილზე. დაწყებითი პედაგოგიური განათლება სულ უფრო მეტად არის ორიენტირებული მოსწავლეთა პრობლემების სწრაფად და ზუსტად ამოცნობისა და გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტებიდან სათანადოს ამორჩევის უნარების განვითარებაზე. მაგ., ფინეთსა და ჩინეთში პედაგოგები სწავლობენ ექსპერიმენტული კვლევების ჩატარებას და ვარჯიშობენ „სწრაფი რეაგირების” უნარებში: როგორც კი მოსწავლე დაიწყებს ჩამორჩენას, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ეფექტური დახმარება.

გარდა ამისა, ზოგიერთი ქვეყანა სისტემიდან, რომლის დროსაც მასწავლებლებს ამზადებენ მრავალრიცხოვან სპეციალიზებულ პედაგოგიურ კოლეჯებში შედარებით დაბალი გამსვლელი ქულებით, გადავიდა უნივერსიტეტების ბაზაზე მცირე პედაგოგიური კოლეჯების შექმნაზე საკმაოდ მაღალი მისაღები მოთხოვნებით და მაღალი სტატუსით.
სტატია მომზადდა „Building a high-quality teaching profession. Lessons from around the world” მოხსენების საფუძველზე.
რედაქტირება გაუკეთა კახა ჟღენტმა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. Building a High-Quality Teaching Profession Lessons from around The world – https://asiasociety.org/files/lwtw-teachersummit.pdf
2. https://www.oecd.org/education/school/programmeforinternationalstudentassessmentpisa/47506177.pdf
3. „Учитель как специалист высокой квалификации: построение профессии.Уроки со всего мира”, Вопросы образования, 2011

როგორ ვისწავლოთ სწავლა?!

0
არცთუ ისე შორეულ წარსულში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მშობლისა და შვილის სასწავლო საბაზისო პრაქტიკა ასეთი იყო – ‘’შენ მომზადებ გაკვეთილებს და თუ რამეს ვერ გაიგებ, იმ შემთხვევაში დაგეხმარები’’. ამჟამად კი დაწყებით კლასებში სასწავლო სისტემა იმაზეა გათვლილი და დაფუძნებული, რომ მშობელმა და შვილმა გაკვეთილები ერთობლივად  მოამზადონ. აი, სწორედ აქ იქმნება მორიგი დილემა იმ მოცემულობით, რომ სასკოლო პროგრამები საკმაოდ შეიცვალა, ასევე რადიკალურადაა შეცვლილი დაწყებითი კლასების პედაგოგების მიმართება მოწაფეებისადმი. არცთუ იშვიათად სასწავლო დაწესებულებები ისეთ ბავშვებს ელოდებიან, რომლებმაც წერა-კითხვა უკვე იციან. უცხო ენის სწავლება კი, უკვე პირველი-მეორე კლასებიდან იწყება. სავარაუდოდ, ამა თუ იმ სკოლის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ მოზარდს უცხო ენის ათვისებაში მშობელი დაეხმარება, მაგრამ რა მოიმოქმედოს მშობელმა იმ შემთხვევაში, თუ მან ეს უცხო ენა არ იცის? ასევე აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ბოლო პერიოდში ძალიან იმატა უმუშევარ მშობელთა რიცხვმა და სამსახურის გარეშე დარჩენილი დედები მზად არიან, მთელი თავიანთი დრო შვილის აღზრდა–განათლებას მოახმარონ, რაც შესაბამისად უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე. კერძოდ, საშინაო დავალების შესრულებისას თუ სხვა გადაწყვეტილების მიღებისას მასში ბოლომდეა ჩახშობილი დამოუკიდებლობის გრძნობა. ხსენებული ცვლილებები მშობლებს საკმაო დისკომფორტს უქმნის თუნდაც იმიტომ, რომ მათ პირდაპირ პასუხისმგებლობას აკისრებს შვილების განათლების საქმეში. გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი დამოკიდებულება ყალიბდება მშობლებსა და შვილებს შორის. იმის გამო, რომ მოსწავლეები გაკვეთილს დამოუკიდებლად არ ამზადებენ, მათში ნელდება თავისუფალი აზროვნების სურვილი, იკლებს მშობლების დახმარების გარეშე მეცადინეობის მოტივაცია. 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სკოლების მშობელთა კრებებზე მასწავლებლები მშობლებს მოუწოდებენ, აქტიურად ჩაერთონ დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან ერთად საშინაო დავალების მომზადებაში. მასწავლებლების აზრით, მშობლების დახმარებით მოზარდი გაცილებით უფრო ხარისხიანად მოახერხებს მიცემული დავალების შესრულებას. თუ ადრე მასწავლებლების ფუნქციას სწავლება წარმოადგენდა, ახლა მათი მოვალეობა მხოლოდ საშინაო დავალების მიცემით შემოიფარგლება, რომლის შესრულებაზე მშობელმა უნდა იზრუნოს. რაც შეეხება უცხო ენის სწავლებას, პროგრამა ისეა შედგენილი, რომ მისი  დაძლევა მოზარდს უფროსის დახმარების გარეშე არ შეუძლია. ‘’მასალა ვერ გაიგე? საკუთარ თავს დააბრალე! მე ავხსენი გაკვეთილი და თუ ის გაუგებარი აღმოჩნდა, ან დამატებით გაკვეთილზე იარე, ანდა მშობელს სთხოვე დახმარება’’, – მასწავლებლის მხრიდან ამგვარი დამოკიდებულებისადმი თანამედროვე მშობელი ყოველთვის მზად უნდა იყოს. 
სასკოლო ‘’თაიმ მენეჯმენტი’’
 
საშინაო დავალების მოსამზადებლად, ბუნებრივია, გარკვეული დროა საჭირო. ამისათვის აუცილებლობას წარმოადგენს დღის განრიგის დაგეგმვა: გაღვიძება, ხელ–პირის დაბანა, საუზმე… და საშინაო დავალების მომზადება. ბავშვისთვის გაცილებით იოლია, როდესაც ყველაფერი შემუშავებული რიტმის მიხედვით მიმდინარეობს. ყალიბდება დინამიკური სტერეოტიპი – მოზარდი წინასწარ ემზადება და განეწყობა შემდგომი დავალების შესასრულებლად. ამგვარი სისტემა ბავშვების 85 პროცენტისთვის სრულიად მისაღებია, თუმცა არსებობს ბავშვების კატეგორია, რომლებიც ქაოტურ სიტუაციაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ მოზარდისათვის აუცილებელია ე.წ. ‘’წყნარი საათი’’, რის შემდეგაც გაკვეთილების მომზადების პროცესი უნდა დაიწყოს. მშობლებს შეუძლიათ შვილს საკუთარი დღის განრიგი აჩვენონ და აგრძნობინონ, რომ მათაც შეუძლიათ მსგავსი განრიგის შედგენა. მოზარდი ხვდება, რომ ამგვარი განრიგის შედგენა მოზრდილების პრეროგატივაა და თავადაც ხალისით შეუდგენს საკუთარ თავს მსგავს განრიგს. 
თანამედროვეობის ერთ–ერთი დიდი პრობლემა დროის ფაქტორია. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ მოზარდებს დროის შეგრძნება ნაკლებად აქვთ, ვიდრე მოზრდილებს. სხვადასხვა კლასის მოსწავლე გაკვეთილების სწავლაზე დროს სხვადასხვაგვარად უნდა ანაწილებდეს: პირველკლასელი მოსწავლე სწავლას 40 წუთს უნდა უთმობდეს; მეორეკლასელი – საათს, საათნახევარს; მესამე და მეოთხეკლასელები – საათნახევარს, 2 საათს, ხოლო მეხუთე კლასის მოსწავლეები – 2–3 საათს.  როცა მოზარდი გაკვეთილების მომზადებაზე ძალიან დიდ დროს კარგავს, ეს იმის ნიშანია, რომ მისთვის შრომა (მუშაობა) არ უსწავლებიათ. ბავშვი დროს სრულფასოვნად ვერ  გრძნობს და მშობელი მას დროის შეგრძნების აღქმაში აუცილებლად უნდა დაეხმაროს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი გაკვეთილების მომზადებას განსაზღვრულ დროზე მეტს ანდომებს, ის უბრალოდ კარგავს საკუთარსა და მშობლის დროს. სულაც არაა საჭირო აქტიურად დავეხმაროთ ბავშვს საშინაო დავალების მომზადებაში, მაგრამ დროის სწორად განსაზღვრაში კი აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. 

გაკვეთილების მომზადებისას აუცილებელია ერთგვარი გეგმის ჩამოყალიბება – მეცადინეობა იოლი საგნიდან უნდა იწყებოდეს, მისი მომზადებიდან ხანმოკლე შესვენების შემდეგ უფრო რთულ საგანზე გადადიოდეს და ასე შემდეგ. 
გაკვეთილების მომზადება ენთუზიაზმით
იმისათვის რათა მოზარდმა უკეთ და ხარისხიანად შეძლოს საშინაო დავალების შესრულება, მშობელმა მას უნდა ასწავლოს შრომისადმი განსაკუთრებული მიდგომა. ბავშვისათვის გაკვეთილების მომზადება სატანჯველი და უსიამო კი არა, სახალისო, გასართობი საქმიანობა უნდა იყოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოზარდს სკოლაში საშინაო დავალება არ მისცეს, სასურველია, მშობელმა მას რაიმე სხვა სახის დავალების შესრულება დაავალოს, რათა არ მოხდეს იმ პროცესის წყვეტა, რომელსაც მოზარდში დროის სწორად განაწილება ჰქვია. როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად ასრულებს მიცემულ დავალებას, მშობელმა ის აუცილებლად უნდა შეაქოს. შესაძლოა, რიგ შემთხვევაში მოზარდმა გარკვეული შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ ეს არაა მთავარი – შექებამ უფრო მონდომებული უნდა გახადოს მოსწავლე, რათა მან განსაზღვრულ დროში შეასრულოს მიცემული დავალება. ნებისმიერი მშობლის მხრიდან დაბალი შეფასების გამო უკმაყოფილების გამოხატვა, მოსწავლის თავმოყვარეობაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება. „მე ვცდილობ, კარგად შევასრულო დავალება, მაგრამ არ გამომდის, შენ კი საყვედურებით მავსებ” , – ასე ფიქრობს დაწყებითი კლასის თითქმის  ყველა მოსწავლე. ამიტომ მშობლის ყურადღება მხოლოდ შედეგზე არ უნდა იყოს გამახვილებული. მან განსაკუთრებით უნდა აღნიშნოს და შეაქოს მოზარდის მონდომება და შრომისმოყვარეობა. 
დაწყებითი კლასების მოსწავლეების უმთავრესი ფუნქცია გახლავთ იმის გათავისება, რომ სწავლა მათი სამუშაოა და მასზე ისინი სრულად არიან პასუხისმგებლები. თუ მოზარდს პირველი პედაგოგი გამოცდილი და კომპეტენტური შეხვდა, ესე იგი, მას გაუმართლა. პირველი მასწავლებლის ავტორიტეტი საყურადღებო და საპასუხისმგებლო ფაქტორია, რადგან ის რიგ შემთხვევებში მშობლის ავტორიტეტსაც კი აღემატება. იმ შემთხვევაში, როცა პედაგოგი არასწორად იქცევა, მაგალითად, გამოარჩევს ბავშვებს, უხეშობს და ასე შემდეგ, მოსწავლეს უნდა დავეხმაროთ საუბრებით, რათა მან არ დაკარგოს მასწავლებლის პატივისცემა. ბავშვის აღზრდის საქმეში დიდ როლს თამაშობს მშობლის სასკოლო მოგონებები. მოზარდის მშობელმა საკუთარი ბავშვობა უნდა გაიხსენოს. სასარგებლო იქნება, თუ მშობელი საკუთარ საშინაო დავალებების რვეულს მოიძიებს და სახელმძღვანელოდ გამოიყენებს მას. კარგი იქნება, თუ მოსწავლე მშობელს მოუყვება სკოლაში გატარებული დროის შესახებ – რა მოხდა საინტერესო, სასიხარულო და პირიქით – ნეგატიური და უსიამოვნო შემთხვევა. აუცილებელი ფაქტორია თანაკლასელებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაც. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები სკოლაში სახლიდან საკმაოდ შორს დადიან. ასეთ შემთხვევაში მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს თანაკლასელებთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში – ხშირად ესტუმრონ ერთმანეთს ოჯახებით, მიულოცონ დაბადების თუ სხვა სადღესასწაულო დღეები და ასე შემდეგ. 
მოამზადა კახა ჭაბაშვილმა

დიფერენციაციის თეორიის რამდენიმე ასპექტი

0
დიფერენციაციის თეორია ეყრდნობა დასკვნას, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები არსებობს (კ. ტომლინსონი). ამ დასკვნის საფუძველზე დიფერენციაციის თეორია გვთავაზობს სტრატეგიებს, რომლებიც ეხმარება მასწავლებელს, განსაკუთრებული პირობები შეუქმნას თითოეულ მოსწავლეს კარგად სწავლისთვის. ამისთვის მასწავლებელი იყენებს სხვადასხვა სასწავლო მასალას, განსხვავებულ  დავალებებს და სხვაგვარ  პრაქტიკას. 

დიფერენციაციის თეორიის პრაქტიკული გამოყენებისას მასწავლებელი ხელმძღვანელობს კლასის ფასილიტაციის ზოგადი პრინციპებით, რომლებიც ეფექტურია თითოეულ მოსწავლესთან მიმართებაში. ამ თეორიის მიხედვით, სწავლებისას გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობების

Øშინაარსი  
Øპროცესი  
Øპროდუქტი 

სისტემატურად იცვლება გამომდინარე იქიდან, თუ რისთვის არიან მზად მოსწავლეები. დიფერენციაციის თეორიის  პრაქტიკაში გამოყენებისას: 

1.მასწავლებელმა ზუსტად იცის, რა არის მნიშვნელოვანი გაკვეთილში;
2.მასწავლებელი აცნობიერებს, აფასებს და ეყრდნობა მოსწავლეთა შორის განსხვავებას;
3.სწავლება და შეფასება ურთიერთკავშირშია;
4.მასწავლებელი აკვირდება და არეგულირებს შინაარსს, პროცესსა და შედეგს;
5.მოსწავლეთა ინდივიდუალური წარმატება და წარმატების მაქსიმალური ზრდა ორი მთავარი მიზანია;
6.სწავლების ყველა ეტაპზე (დაგეგმვა, სწავლება, შეფასება) ლავირება აუცილებელია დიფერენციაციის განსახორციელებლად. 

საკლასო ოთახში დიფერენციაციის თეორიის პრაქტიკული გამოყენებისას მასწავლებელი ახდენს შემდეგი კომპონენტების მოდიფიცირებას:

·სასწავლო მასალების; 
·სასწავლო რესურსების;
·საწავლო გარემოს. 

მოდიფიკაცია სამი ძირითადი ასპექტის გამოა აუცილებელი: 

1.სწავლის შესაძლებლობა; 
2.სწავლის მოტივაცია;  
3.სწავლის ეფექტიანობა.

ეს სამივე ასპექტი აუცილებლად უნდა დავუკავშიროთ:

·მოსწავლის მზადყოფნას;
·ინტერესს;
·სწავლას. 

   ფაქტია, რომ ყველა მოსწავლე განსხვავებულია. არ არსებობს “სტანდარტული” მოსწავლე და არ არსებობს იდეალური ხერხი, რომლითაც მასწავლებელი ყველა მოსწავლის პრობლემებს გაუმკლავდება. სწორედAაქ გვეხმარება დიფერენციაციის თეორია, რომელიც მოსწავლეებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებების არსებობას აღიარებს. სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მას შემოაქვს დიფერენცირებული მიდგომები სწავლის მოდალობების თვალსაზრისით.  მათზე დაყრდნობით  მასწავლებელს ადვილად შეუძლია მოსწავლეთა განსხვავებების გამოყენება სასწავლო მიზნით გათვლისწინებული შედეგების მიღწევისთვის. 
სწავლის მოდალობებია:  
·სმენითი; 
·ვიზუალური; 
·კინესთეტიკური. 
ვიზუალურად შემსწავლელები
    ვიზუალურად შემსწავლელები კლასის უმსხვილეს ჯგუფს წარმოადგენენ. ამგვარმა მოსწავლეებმა უნდა “დაინახონ” სასწავლი მასალა იმისათვის, რომ იგი გასაგები გახდეს. მნიშვნელოვანია, გვქონდეს ვიზუალური დამხმარე საშუალებები, რომელთა მეშვეობითაც ისინი შეძლებენ ინფორმაციის დანახვას. ამისთვის მათ სჭირდებათ სურათები, გრაფიკული სახელმძღვანელოები, ოთახში გამოკრული ინფორმაცია და ვიზუალიზაციის ხელშემწყობი პირობები. 

ტომლინსონი გვთავაზობს ვიზუალურად შემსწავლელთა შემდეგ დახასიათებას:

Øმოსწავლეებს უჭირთ სახელების დამახსოვრება, თუმცა ადამიანის შესახებ სხვა დეტალებს უკეთესად აღიქვამენ;
Øისინი შესანიშნავად ითვისებენ ცოდნას, თუკი ვიზუალური საშუალებები ხელმისაწვდომია ამ ცოდნის ასახსნელად;
Øმათ ურჩევნიათ, თავად წაიკითხონ ტექსტი და არა სხვამ წაუკითხოს;
Øისინი ჩამოწერის მეშვეობით ალაგებენ აზრებს;
Øუჭირთ სმენით მიღებული დირექტივების დამახსოვრება;
Øხშირად ამჟღავნებენ ემოციებს სახის გამომეტყველებით;
Øუყვართ “ფაზლები” და მსგავსი გასართობები. 
უნდა გვახსოვდეს, რომ კლასში ვიზუალური სტიმულის შემოტანით ჩვენ ხელს ვუწყობთ ამგვარ მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში. უნდა გვახსოვდეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის “დანახვა”. 
სმენით შემსწავლელები

სმენით შემსწავლელები კლასის უმცირეს ჯგუფს წარმოადგენენ. შესაძლოა მულტიმედიის, დღევანდელი ტექნიკური საშუალებების ბრალია ის, რომ იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებსაც სწავლა ჯდომისა და მოსმენის მეშვეობით ურჩევნიათ, ასე შემცირდა. ამგვარი მოსწავლეებისთვის  მნიშვნელოვანია ინფორმაციის მოსმენა _ იქნება ეს ლექცია თუ დისკუსია _  მაგრამ მათ უნდა მივცეთ ლაპარაკის საშუალებაც. 

სპრენჯერი წერს: “როდესაც ამ კატეგორიის მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს, ან ზოგჯერ მაშინაც კი, როდესაც არ კითხულობენ, ხშირად შევამჩნევთ, რომ ისინი ამოძრავებენ ტუჩებს ან ბუტბუტებენ. საერთოდ, ასეთ მოსწავლეებს საკუთარ თავთან ლაპარაკისკენ მიდრეკილება აქვთ”.    

ასეთი მოსწავლეები ხანდახან სმენით ინფორმაციას თანმიმდევრულად ინახავენ და ამ ინფორმაციის აღდგენაც თანმიმდევრულად უნდა მოხდეს. მასწავლებლები, რომლებიც თითქმის მთლიანად სმენით სწავლებას ეყრდნობიან, შესაძლოა პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, თუ სხვა მოდალობების მოსწავლეებთან ექნებათ საქმე, გასაკუთრებით კი კინესთეტიკურებთან.

მეცნიერები  გვთავაზობენს სმენით შემსწავლელთა შემდეგ დახასიათებას:

Øსმენით შემსწავლელები სახელებს უკეთესად იმახსოვრებენ, ვიდრე სახეებს;
Øმოუსვენრობას ავლენენ, თუკი საკლასო ოთახში დიდხანს უწევთ ჯდომა;
Øრეაგირებენ ფიზიკურ წახალისებაზე, როგორიცაა, მაგალითად, მხარზე ხელის გადასმა;
Øურჩევნიათ კონკრეტული თემის შესახებ ჯგუფურ დისკუსიაში მონაწილეობა, ვიდრე მის შესახებ წაკითხვა.

უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი გრძნობენ საკლასო ოთახის კომფორტულობის დონეს და ექცევიან ამ მახასიათებლის გავლენის ქვეშ; ადვილად ეფანტებათ ყურადღება ხმაურისაგან; კარგი მეზღაპრეები არიან; წერით სამუშაოს ამჯობინებენ ზეპირ გამოსვლას.
კინესთეტიკურად შემსწავლელები

სპრენჯერი ამბობს: “ყოველი გაკვეთილი უნდა შეიცავდეს მოძრაობას. აიღეთ ეს მოძრაობა და ხშირად გაიმეორეთ იგი. ბოლოს იგი მუდმივ მეხსიერებად იქცევა”. სიმართლე რომ ვთქვათ, პედაგოგები, რომლებიც ლექციური ტიპის გაკვეთილებს ანიჭებენ უპირატესობას, დიდ სირთულეებს წააწყდებიან კინესთეტიკურად შემსწავლელებთან ურთიერთობისას. ამგვარ მოსწავლეებს მოძრაობა სჭირდებათ. მათ აგრეთვე სჭირდებათ სასწავლო მოდელები, რომლებსაც ისინი ხელში დაიჭერენ და შეეხებიან. ამგვარ მოსწავლეებს სჭირდებათ პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და პრაქტიკული სწავლა იმისათვის, რომ სასწავლი მასალა მათთვის გასაგები იყოს.

მკვლევარები გვთავაზობენ კინესთეტიკურად შემსწავლელთა შემდეგ დახასიათებას:

Øუკეთესად იმახსოვრებენ, როდესაც თავად ქმნიან. ეს ურჩევნიათ ნახვას ან მოსმენას;
Øპრობლემის გადაჭრისას ხშირად ირჩევენ ისეთ ხერხს, რომელიც მაღალ ფიზიკურ აქტიურობას საჭიროებს;
Øარ უყვართ ისეთი პროცესი, რომელიც მხოლოდ ყურებას ითხოვს;
Øუყვართ იმიტაციები, დრამატული ინსცენირებები და აქტივობები ღია ცის ქვეშ.
უნდა გვახსოვდეს, რომ მათ უყვართ მოდელები და ხშირად აგებენ მოდელებს დამოუკიდებელი პროექტებისათვის; თავიანთ ემოციებს გამოხატავენ  “სხეულის ენით”.
  
მთავარია, სწავლებისას სხვადასხვაგვარ მეთოდიკას მივმართოთ _ ისეთ მეთოდებს, რომლებიც ითვალისწინებს მოსწავლეთა ხედვის, სმენის და მოძრაობის გამოყენებას სასწავლო აქტივობებში. 

როგორც ცნობილია, ყველა შემომავალ მონაცემს გონება უმკლავდება პერცეპტუალური რეგისტრატორის ან რეტიკულაციური აქტივაციის სისტემის (RAS) მეშვეობით. ეს მძლავრი სისტემა სწრაფად წყვეტს, ღირს თუ არა მისთვის ყურადღების მიქცევა. თუ სენსორულ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია სწრაფად არ იქნა კოდირებული, იგი დაიკარგება. რის კოდირებას ახდენენ მოსწავლეები, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აქცევენ ყურადღებას.   დიფერენციაციის თეორიის გამოყენებისას მასწავლებელი გეგმავს აქტივობებს სხვადასხვა მოდალობის მოსწავლეებისთვის, ქმნის ეფექტურ სასწავლო გარემოს, რითაც ეხმარება კლასში მყოფ სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს, ისწავლონ. როდესაც მოსწავლეს სასწავლო მასალა მიეწოდება შესაბამის მოდალობაში, ხდება ინფორმაციის სწრაფად კოდირება და ის არ იკარგება. 

   საკლასო ოთახში დიფერენციაციის თეორიის გამოყენება შესაძლებელია  სხვადასხვა ფორმატში:

1.სასწავლო მასალა და აქტივობები ყველა მოდალობის მოსწავლეზეა  გათვლილი;
2.კლასში ჯგუფების ფორმირება ხდება სწავლის მოდალობის მიხედვით და თითოეული ჯგუფისთვის შექმნილია შესაბამისი სავარჯიშო.

პირველი ფორმატი ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ მოსწავლე სწავლობს ყველა მოდალობით, მაგრამ დომინანტური ერთ-ერთი მოდალობაა და ამ ფორმატით სწავლების დროს მასალის მაქსიმალურ გააზრებას იმ აქტივობით მიაღწევს თითოეული მოსწავლე, რომელი მოდალობაცაა მისთვის დომინანტური. ამიტომ ამ ფორმატით სწავლების წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად ახერხებს მასწავლებელი აქტივობების დონეზე დიფერენციაციის  თეორიის რეალიზებას. 

მეორე ფორმატი ეყრდნობა იმ მოსაზრებას, რომ მთავარია, მოსწავლემ იმ მოდალობით ისწავლოს, რომელიც მისთვის დომინანტურია. ამ ფორმატით სწავლების ეფექტურობა დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: 

1. რამდენად სწორად მოახერხა მასწავლებელმა ჯგუფების დაკომპლექტება შესაბამისი მოდალობის მიხედვით; 
2. რამდენად სწორაადა ადაპტირებული სასწავლო აქტივობა კონკრეტული მოდალობის ფარგლებში.

  პრაქტიკაში მეორე მოდალობა უფრო პოპულარულია, თუმცა განათლების სპეციალისტები მუდმივად აღნიშნავენ პირველი ფორმატის ეფექტურობას. ასაკობრივ განვითარებასთან ერთად შერეული მოდალობით სწავლების ხარისხი იზრდება, თუმცა დომინანტური მოდალობა ადამიანს ბოლომდე უნარჩუნდება. შესაძლოა, გაკვეთილის დაგეგმვა დაეყრდნოს იმ მოსაზრებას, რომ მოსწავლე ყველა მოდალობით სწავლობს, თუმცა თითოეული აქტივობის ფარგლებში გამოჩნდება, რომ ერთი მოდალობაა დომინანტური, ანუ დიფერენციაციის თეორია აქტივობების დონეზე რეალიზდება. მნიშვნელოვანია, დავსვათ შეკითხვა: 

რა ხდება შემდეგ, ანუ რამდენად აქტუალურია დიფერენციაციის თეორია  საკითხის ღრმა გააზრების, მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების თვალსაზრისით; როგორ ახერხებს მოსწავლე ანალიზს, სინთეზს და შეფასებას _ რამდენად დინამიკური და ტრანსფერულია შეძენილი ცოდნა? მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მიიღებენ და გადაამუშავებენ ინფორმაციას, ის გონების ფილტრებში გაივლის. სწორედ გონება გადაწყვეტს, თუ რა უნდა მოუხერხდეს ამ ინფორმაციას. აზროვნების პროცესი განსაზღვრავს იმ ფაქტორებს, რომლებიც ეხმარება მოსწავლეებს, უკეთესად შეძლონ მასალის ღრმად გააზრება და ერთმანეთთან დაკავშირება. ამისთვის კი მასწავლებელს სხვადასხვა როლის შესრულება უწევს: 1. ზოგიერთი მოსწავლისათვის ის კოლეგა ხდება აღმოჩენების პროცესში. 2. ზოგიერთი მოსწავლისათვის მასწავლებელი მწვრთნელის როლს ასრულებს. 3. არიან მოსწავლეები, რომლებისთვისაც ის წამქეზებლის როლს ასრულებს. 4. მასწავლებლი ვალდებულია, შინაარსის გამოტანაში დაეხმაროს ზოგიერთ მოსწავლეს. მასწავლებლის სხვადასხვა როლი სასწავლო პროცესისადმი დიფერენცირებული  მიდგომიდან გამომდინარეობს, რადგან დიფერენციაციის თეორია აღიარებს მოსწავლეებს შორის არსებულ მნიშვნელოვან განსხვავებებს და თითოეული მოსწავლის უნიკალურობას. 

მწვანე ქვის საიდუმლო

0
ბავშვობაში საიდუმლო მიყვარდა. თუ რამე იდუმალებით იყო მოცული, ეს ნიშნავდა, რომ კარგი უნდა ყოფილიყო. საიდუმლო კი მიყვარდა, მაგრამ მისი ფასიც ვიცოდი, არ ვამხელდი. მე და ბებოს ქათმები ყოველთვის ვმეგობრობდით. მართალია, იძულებით მათი მირთმევაც მიხდებოდა, მაგრამ უფრო მათთან თამაში მომწონდა. ჩემი ხელიდან ათას ნუგბარს შეექცეოდნენ და ეს ჩვენი საიდუმლო იყო (ბებია ფიქრობდა, რომ ქათამს ქათამივით უნდა ეჭამა და არა ადამიანივით). ეზოს ქვედა ნაწილში რომ დიდი მორი ეგდო და მის ქვეშ ჭიაყელები გროვდებოდნენ, ესეც მხოლოდ მე და ქათმებმა ვიცოდით და ორ-სამ დღეში ერთხელ ჩავუვლიდით ხოლმე. დიდი გაჭირვებით გადავაგორებდი მორს და აღტაცებული შევყურებდი, როგორ იტკბარუნებდნენ პირს ჩემი მეგობრები ცოცხალი პროტეინებით.

მოკლედ, საიდუმლოს შენახვა უნდოდა. 

დღეს კი ტრადიციას ვღალატობ და მწვანე ქვის საიდუმლო საჯაროდ გამომაქვს. მწვანე ფერისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. კიდევ, თვალებიც მწვანე მაქვს და სულიც. მწვანე სული როგორიაო, ან ფერს როგორ ატყობო, მკითხავთ. არ ვიცი, ფერს შიგნიდან ვგრძნობ – რანაირია და ჩემი სულისნაირი… იმასაც გეტყვით, რომ მწვანე სულის ადამიანებს შორიდანვე ვცნობ და მათ მიმართ განსაკუთრებული სითბოთი ვივსები.

პარიზიდან მოშორებით შამპანის საგრაფო იყო. 1042 წელს აქ ედ დე შატილიონ დე ლაჟერი დაიბადა. ეს სრულიად არაფრისმთქმელი სახელი და გვარი ასეთებადვე დარჩებოდა, მათი პატრონი მომავალში რომის პაპი ურბან მეორე რომ არ გამხდარიყო. ეს პაპიც ჩვეულებრივი იქნებოდა, 1095 წელს კლერმონის ტაძარში ჯვაროსნული ლაშქრობის დაწყება რომ არ გამოეცხადებინა. ლაშქრობის ოფიციალური ვერსია იერუსალიმის გათავისუფლება იყო, ამასთან, მის მონაწილეებს ყველა ცოდვა მიეტევებოდათ. სინამდვილეში ეს ლაშქარი ძარცვის მეტს არაფერს აკეთებდა და, როგორც წყაროები მოგვითხრობენ, მის პირველ ნადავლში ოქროსფერ-მომწვანო ქვა ქრიზოლითი ჭარბობდა. სწორედ ამ ქვით იყო შემკული მაშინდელ საეკლესიო პირთა სამკაულები. ტაძრის საიდუმლო საცავებში კი ამ ქვის ხელისგულისოდენა ნიმუშები ინახებოდაო, ამბობდნენ, თუმცა ისინი არავის უნახავს. აი, ლონდონის გეოლოგიურ მუზეუმში თუ შეივლით, იქ 146-კარატიან ქრიზოლითს ნახავთ.

ქრიზოლითი, იგივე ოლივინი, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ყოფილა ცნობილი. საზოგადოებაში ის თურმე ურთიერთსაპირისპირო რეპუტაციით სარგებლობდა – ერთნი უძვირფასესად მიიჩნევდნენ, მეორენი კი იმ ფრანგულ ანდაზას ემხრობოდნენ, რომელიც ამბობდა: „თუ ორი ქრიზოლითი გაქვს, ერთი ზედმეტიაო”.

ქრიზოლითი სილიკატების წარმომადგენელია ასეთი ქიმიური შემადგენლობით: (Mg,Fe)2[SiO4] – და  რომბისებრი ფორმის ატომური კრისტალური მესერი აქვს. აქ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძველი ეკბატანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ქრიზოლითი, რომელსაც ასევე ატომური კრისტალური მესერი ჰქონდა, ოღონდ სწორხაზოვანი, სიმწვანეც უფრო მკვეთრი დაჰკრავდა და მას პიროქსენიტი უწოდეს.

…სპარსეთის ბაზარზე მწვანე ქვა იყიდებოდა. თუ იმ ქვას შეიძენდი, თურმე ნებისმიერი ლამაზმანის გულს მოინადირებდი. ყოველ შემთხვევაში, გულისკენ ერთი-ორი ნაბიჯით მაინც წაიწევდი წინ. სპარსულად – „ზამოროდი”, ბერძნულად – „სმარაგდოსი”, ლათინურად კი „სმარაგდუსი” ერქვა. ქართულად რა ჰქვია, ჯერ არ გეტყვით… ისტორიაში სად აღარ არის მისი კვალი მიმობნეული: კოლუმბთან, ამერიკა რომ აღმოაჩინა, კლეოპატრასთან, რომელიც ყელიდან არ იშორებდა, კორტესთან, რომელიც დაპყრობილი მექსიკიდან ამ ქვისგან შექმნილ თევზის ფიგურებს სუვენირებად არიგებდა. ჰმ, სუვენირებად… სადღეისოდ მეტისმეტად ძვირფასი სუვენირები კი იქნებოდა… თუმცა იმხანად სწამდათ, რომ ასეთი ქვის მფლობელს დემონი ვერ გაეკარებოდა, თავად მფლობელი კი ძლიერი და წარმატებული იქნებოდა, დიდების მწვერვალებისკენ მიმავალ ბილიკებს გაუყვებოდა. ეს არც უკვირდათ, რადგან ქვა თითქოსდა ცისარტყელას მწვანე სპექტრისგან იყო შექმნილი და წარმატებასთან ერთად ჯანმრთელობაც მოჰქონდა – ყველა სნეულებას კურნავდა; გარდა ამისა, თუ ამ ქვისგან სპირტხსნარს დააყენებდით და დღეში ერთხელ მიიღებდით, ვერავითარი შხამი ვერ მოგერეოდათ. ის კი არა, ქიმიკოსები ამ სპირტხსნარს მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობის შემდეგ ორგანიზმის დასაცავად სვამდნენ. რა საინტერესოა… მე კი ლაბორატორიიდან გამოსვლის შემდეგ ისევ რძეს ვსვამ… თქვენც იმავეს გირჩევთ – გამოცდილია.

სიმართლე გითხრათ, უარს არ ვიტყოდი, მწვანე ქვა, სახელად „ზამოროდი” ან „სმარაგდოსი”, ან სულაც „სმარაგდუსი” ყელზე ან ყურზე რომ ჩამომეკონწიალებინა ან სულაც თითზე წამომეცვა და დიდებისკენ დამეწყო სვლა, თუმცა ეჭვი მეპარება, შრომისა და გარჯის გარეშე, „სმარაგდუსის” იმედად დარჩენილს, რამე გამომსვლოდა. 
მოკლედ, მითებს თავი დავანებოთ და ქვის ქართული სახელი გამოვიცნოთ.

ქიმიური შემადგენლობა: ВеО — 14,1%, А12О3 — 19,0%, SiO2 — 66,9%, თუმცა ხშირად თან ახლავს Na, К, Li, Rb, Cs, Sc, Cr, Fe. ბერილიუმის ოქსიდის დანახვისას, წესით, ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს… რა თქმა უნდა, ზურმუხტზე გესაუბრებით… სხვათა შორის, კაშკაშა მწვანე შეფერილობაც სწორედ ბერილიუმის დამსახურებაა, თუმცა აქ ქრომი და რკინაც ამბობენ თავიანთ სიტყვას და ზურმუხტს ზოგჯერ მოყვითალო-მოცისფრო გადაჰკრავს. 

ზურმუხტის სიმწვანე ქრომის პროცენტულ შემცველობაზეა დამოკიდებული:

მუქი მწვანე ქვა შეიცავს 0,29-1% ქრომს; 
საშუალოდ მუქი მწვანე – 0,27-0,29%-ს;
საშუალოდ მწვანე – 0,17-0,27%-ს;
საშუალოდ ბაცი მწვანე – 0,06-0,17%-ს;
ბაცი მწვანე – 0,01-0,06%-ს;
ბაცი მწვანე ბერილიუმი კი (ის უკვე ზურმუხტად არ ითვლება) 0,01% ქრომს შეიცავს.

კიდევ ერთი მწვანე ქვა არსებობს, რომლის შემადგენლობაშიც სპილენძი შედის (Cu2(OH)2CO3). მას მალაქიტს უწოდებენ და მისგან ძალიან ლამაზ სამკაულებს ამზადებენ.

თუ ლაბორატორიაში მალაქიტის ფხვნილი მოგეპოვებათ, შეგიძლიათ დაშალოთ:
 
აიღეთ ყელიანი სინჯარა და მასში ცოტაოდენი მალაქიტის ფხვნილი მოათავსეთ. სინჯარას საცობი მოარგეთ (ნახშირორჟანგი რომ არ „გაიქცეს”) და ყელზე რეზინის მილი გაუკეთეთ. მილი წყლიან ჭიქაში ჩაუშვით (წყალში რამდენიმე წვეთი ინდიკატორი ლაკმუსი ჩააწვეთეთ) და დაიწყეთ სპირტქურის ალზე სინჯარის გაცხელება. მალე მწვანე ფხვნილი გაშავდება (ჰკითხეთ მოსწავლეებს, რატომ), სინჯარის კედლები წვეთებით დაიფარება (ჰკითხეთ მოსწავლეებს, რატომ), ხოლო წყლიანი ჭიქა, რომელშიც რეზინის მილია ჩაშვებული, სასაცილოდ აბუყბუყდება და ლაკმუსიანი წყალი ოდნავ გაწითლდება (ჰკითხეთ მოსწავლეებს, რატომ).
 
როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ეგვიპტე დაიპყრო, იქ მმართველად თავისი ერთგული მეგობარი, მთავარსარდალი პტოლემეოსი დასვა. პტოლემეოსმა დავალებას ბრწყინვალედ გაართვა თავი და უამრავ სხვა წვრილმანთან ერთად იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ ეგვიპტელები საბრძოლო იარაღის ბასრ ბუნიკს ძალიან მაგარი და უცნაური მუქი მწვანე ქვისგან ამზადებდნენ. მოგვიანებით იმავე მინერალს ხელჩართული ბრძოლისთვის იყენებდნენ ევროპაში, ამერიკაში, ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაშიც კი. აქ ისე შორს წავიდნენ, რომ მწვანე ქვისგან ჩაქუჩისა და ცულის პირების დამზადებაც კი დაიწყეს. ეს ქვა ნეფრიტი გახლდათ. მისი ქიმიური შემადგენლობა ასეთია: Ca2Mg5(OH)2(Si4O11)2, – თუმცა მინარევის სახით შეიძლება Cr-ის, Ni-ის, Co-ის, V-ის იონებსაც შეიცავდეს და ეს მის ფერზეც ახდენს გავლენას. ანუ ნეფრიტი მხოლოდ მწვანე არ არის, თუმცა ყველაზე სუფთა ქვად სწორედ მწვანეა მიჩნეული.

ჩინეთში ნეფრიტის მიმართ მოკრძალებული დამოკიდებულება ჰქონდათ. მაგალითად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ 1176 წელს ნეფრიტის შესახებ ვრცელი ნაშრომი გამოქვეყნდა. ეს ნაშრომი 100 წიგნსა და 700 ილუსტრაციას მოიცავდა. ჩინელი მწერალი ჰიუ-ჩინი კი ამბობდა, „იუ” (ანუ ნეფრიტი) ქვებს შორის ყველაზე აღმატებულია, ელვარე, კამკამა და უდრეკიო. ჩინეთში ნეფრიტისგან დამზადებული ფირფიტები თავიანთ ენაზე წკრიალებდნენ და ადამიანებს, რომლებსაც მოსმენა შეეძლოთ, საიდუმლოს ჩასჩურჩულებდნენ. ისინი იმახსოვრებდნენ და სხვებს გადასცემდნენ, ისინი – კიდევ სხვებს, ეს სხვები კი სხვადასხვა ენაზე თარგმნიდნენ და ასე ვრცელდებოდა მთელ მსოფლიოში ის, რის თქმასაც ნეფრიტის ფირფიტები ცდილობდნენ.

21-ე საუკუნის ადამიანებო, შეიძლება, ნეფრიტის ფირფიტების საიდუმლო დანაბარები გადმოგცეთ? 

არ იჩქაროთ და ფუჭად არ იღელვოთ.

ასე თუ მოიქცევით, თურმე ყველაფერი გამოგივათ.

მარკესი და ფეხბურთი

0
ცოტა ხნის წინ დიდი კოლუმბიელი მწერალი, გაბრიელ გარსია მარკესი გარდაიცვალა. მარკესი იყო არამხოლოდ კოლუმბიის, არამედ სრულიად ლათინური ამერიკის უკვდავი სული, რომელიც აცოცხლებდა ამ საოცარი კონტინენტის ლიტერატურულ ცხოვრებას, და რომელიც იყო ჭეშმარიტი წინამძღოლი ესპანურენოვანი ლიტერატურისა. როცა ასეთი ხალხი  კვდება, ყველაზე მეტად ისაა გულდასაწყვეტი, რომ მათი ტოლ-სწორნი არ ჩანან (თუმცა ბევრი კარგი ლათინოამერიკელი მწერალი ვიცით) და როგორც ჩვენ ველოდებოდით (ალბათ ახლაც ველით) ახალი ვაჟას დაბადებას, ალბათ ისე დაელოდებიან ოკეანისგაღმელნიც ახალი გაბრიელ მარკესის – იგივე “გაბოს” (როგორც მას კოლუმბიაში ეძახდნენ) დაბადებას.
გაბრიელ მარკესი ფეხბურთის მოყვარული კაცი იყო, თუმცა თავისებურად. თუკი სხვა მისი თანამემამულეები ცხოვრების უმეტეს ნაწილს სტადიონზე სიმღერასა და გულმხურვალე ქომაგობაში ატარებდნენ, გაბრიელი ფეხბურთს ძირითადად ტელევიზორში უყურებდა (ამბობდა, ცუდი მხედველობის გამო სტადიონზე ფეხბურთელების გარჩევა მიჭირს და თეატრის გამო სიარულს აზრი არ აქვსო). სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სიბერე შეეპარა და საერთოდ იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, მაგრამ ისტორიას დარჩა მარკესის, ჩემი აზრით, ერთ-ერთი შესანიშნავი ინტერვიუ, სადაც უკვდავი მწერალი, აი, ასეთ აზრს აყალიბებს:
”მე ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს ვგულშემატკივრობ – კოლუმბიას და არგენტინას. როგორც იცით, არგენტინა ჩემი ძველი სიყვარულია და კოლუმბიის შემდეგ ყოველთვის “ალბისელესტესკენ” ვარ, რაც ვიცი, რომ დიდად არ მოსწონთ კოლუმბიაში. ფეხბურთში ყველაზე მეტად უბრალოება მომწონს. წარმოიდგინეთ, თითქოს რა მარტივია ყველაფერი. მინდორზე 20-ზე მეტი ბიჭი დარბის, რომლებიც ცდილობენ, რომ ბურთი კარის ხაზს იქით გადააგდონ. სულ ესაა! ბურთი ხაზს იქით უნდა გადააგდონ! აი, ამიტომ არ მესმის მათი, ვინც ამ თამაშს ართულებენ და ათასგვარ ნახაზს აკეთებენ. მე არ ვლაპარაკობ მწვრთნელებზე და მენეჯერებზე. მე ვლაპარაკობ ხალხზე, რომლებსაც ფეხბურთი ჰეგელის წიგნები ჰქონიათ და ტვინს გამუდმებით იჭყლეტენ. ფეხბურთი, ეს ჩვენი ხალხის ცხოვრებაა, რომელიც რაც მეტად გართულდება, მით უფრო მძიმე და აუტანელი გახდება. განა კოლუმბიელების ცხოვრებას კიდევ გართულება უნდა?!”
რას ნიშნავს იცხოვრო და მოკვდე კოლუმბიაში – ამ უცნაურ და მრავალმხრივ ქვეყანაში, სადაც საოცრად დიდ თავისუფლებას სიღარიბე, კლანური მმართველობა, სუსტი ეკონომიკა და არეული პოლიტიკური ვითარება ახლავს თან. აღარაფერს ვამბობ იმ საშინელ ნარკო-ომებზე, რომელიც კოლუმბიაში ლამის ყოველდღიურად მიმდინარეობს. ნარკოტიკის დამზადების კუთხით ეს ქვეყანა კვლავ მოწინავეა მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ კოლუმბიის მთავრობა ყოველწლიურად ნარკოტიკის უამრავ პლანტაციას ანადგურებს და ამაში მას სხვა ქვეყნებიც ეხმარებიან. რა ხალისი და აზრი ექნებოდა კოლუმბიელთა ყოფას, რომ არა ფეხბურთი და ფეხბურთით სუნთქვა?… 
როგორც უკვე ვთქვით, სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარკესი სახლიდან იშვიათად გადიოდა და ფეხბურთზე ლაპარაკის ილაჯიც ნაკლებად ჰქონდა. ამიტომ ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით მისი მოლოდინები ბრაზილიის 2014 წლის მუნდიალთან დაკავშირებით. თუმცა აქვე შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ კოლუმბიის ნაკრების ქომაგთა იმედები წელს განსაკუთრებულად დიდი იქნება და ეს ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული.

 
ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ლათინოამერიკის ზონის მატჩებს უყურა, ალბათ დამეთანხმება, რომ არგენტინის ნაკრებთან ერთად (მარკესიც ხომ სწორედ ამ ორ გუნდს ქომაგობდა) კოლუმბიის ნაკრებმა უდავოდ ყველაზე გამორჩეული ფეხბურთი აჩვენა. დღევანდელი ფორმაციის კოლუმბიის ნაკრებში ისეთი შემსრულებლები დარბიან, რომ სხვაგვარად არც უნდა ყოფილიყო. კოლუმბიის ნაკრებისგან ბრაზილიის მუნდიალზე ყველა რაღაც განსაკუთრებულის ჩვენებას ველით და ყველას გვაქვს იმედი, რომ ამ გუნდს თავისი ძველი სახელი და დიდება დაუბრუნდება. კოლუმბიელებმა მსოფლიო ფეხბურთს თავისი კვალი ჯერ კიდევ ათწლეულების წინ დაატყვეს და ეს კვალი ალბათ არასოდეს გაქრება. წელს კი რადამელ ფალკაო (ექიმები გვაიმედებენ, რომ მუნდიალზე ფალკაო ფორმაში იქნება), ხუან კუადრადო და მათი მეგობრები სრულიად კოლუმბიის გარდა “გაბოსთვისაც” ითამაშებენ!

ანტიდისკრიმინაციული

0

“ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის კანონმდებლობით დაცული უფლებებით სარგებლობის თანასწორი უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, ორსულობის ან დედობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების ან შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად”.

მე სურამში გავიზარდე, ანუ პატარა დასახლებაში, სადაც ყველა ყველას იცნობს, ყველამ იცის სხვისი ამბავი და სადაც ქართველებთან სომხების, ებრაელების და ოსების თანაცხოვრების დიდი ტრადიცია და მრავალსაუკუნოვანი ისტორია არსებობდა. არ ვიცი, როგორი იყო ეს თანაცხოვრება სხვადასხვა პერიოდში, მაგრამ მაშინ, როცა პატარა ვიყავი, ფუნქციონირებდა სინაგოგა, შაბათ საღამოს თავზე უცნაურქუდიანი ებრაელი კაცები დადიოდნენ იქ სალოცავად. მანამდე ეს კაცები ცოლებთან და შვილებთან ერთად პარკებსა და ქუჩებში იყვნენ გამოფენილები. უქმე დღეს მთელი სიმკაცრით იცავდნენ და სეირნობა-ლოცვის გარდა არაფერს აკეთებდნენ. ჩვენი ქუჩის ბოლოს ერთი ასეთი ებრაული ოჯახი ცხოვრობდა, ყველაზე უფროსი წევრი ხარაზი იყო და სწორედ მის სახელოსნოში ვეზიარე პირველად ჭეშმარიტი ხარაზის ყოფის ესთეტიკას, – კედლებზე გაკრულ ნახევრად ან სრულიად შიშველი ქალების სურათებს, სამუშაო მაგიდაზე მიმოყრილ წვრილ ლურსმნებსა და კალთაზე დაფენილ გაშავებულ წინსაფარს.
იქვე მეორე ოჯახი იყო, ხისაივნიანი სახლი ჰქონდათ და ამ აივანზე დიდი, ფერადბალიშებიანი საქანელა ედგათ. ასეთი საქანელა სხვებსაც ჰქონდათ, ზოგს აივანზე და ზოგს ეზოში, მაგრამ იმ მოხუცი წყვილის აივანს განსაკუთრებით უხდებოდა. მათზე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მათი შვილიშვილი, სრულიად ახალგაზრდა გოგონა ისრაელის სამხედრო სამსახურში მუშაობდა. 90-იან წლებში ეს ფაქტობრივად ეგზოტიკა იყო, მოცემულობა, რომლის რეალურობისაც დიდად არ გჯერა.
მერე ნელ-ნელა ებრაელებმა სახლები დაკეტეს, აივნის ფანჯრები დარაბებით დაახშეს, საოჯახო ნივთები ქართველ მეზობლებს მიყიდეს და შეკოწიწებული ფულით ნაყიდი ბილეთებით თავიანთი ისტორიული სამშობლოს გზას დაადგნენ. ახლა რომ ჩახვიდეთ, შეიძლება ვერც კი იპოვოთ ისეთი ებრაული ოჯახი, რომლის წევრებიც სხვა ეროვნების ადამიანზე არ ქორწინდებიან, შაბათობით ცეცხლსაც კი არ ანთებენ და ლოცვებს მათთვის გაუგებარ ენაზე გულმხურვალედ კითხულობენ.
ოსები ფაქტობრივად არ მინახავს, ამბობდნენ ისინი ჩვენი პირველი პრეზიდენტის პირად დამოკიდებულებას ემსხვერპლნენ, დედაბუდიანად აყარეს და ოსეთში გაასახლეს. მათი სახლები კი კარგად ჩამრჩა მეხსიერებაში, აბორიგენები მსჯელობდნენ ხოლმე, კეთილგონივრული იქნებოდა თუ არა უპატრონოდ დარჩენილი სახლების ათვისება.
სომხები ებრაელებისგან და ოსებისგან განსხვავებით სრულად იყვნენ ასიმილირებულები, გვარებიც კი გადაკეთებული ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, არსებობდა “სომხების უბანი” და ყველა იქაურმა ზუსტად იცოდა, ვინ იყო სომეხი და ვინ – არა. მეტიც, მახსოვს, ქართველი დედები შვილებს რომ უკრძალავდნენ “სომხის ბავშვებთან” თამაშს. ამათაც, ცხადია, დიდად არ ახარებდათ თავიანთი წარმომავლობის ხსენება და ერთგვარად შეგუებულები იყვნენ იმ აზრს, რომ ქართველი მეზობლები მათ ოდნავ ალმაცერად უყურებდნენ.
“სომხების უბანში” ეკლესია იდგა, ულამაზესი ფრესკებით მოხატული. იქ მხოლოდ მაშინ შევედი, როცა ქართულმა ეკლესიამ “სამართლიანობა აღადგინა” და “სომხებისგან მიტაცებული ტაძარი დაიბრუნა”.

ქვედა დონე ლურჯ ფონზე წვრილ-წვრილი ვარსკვლავებით იყო დაფარული. ბავშვისთვის (და ალბათ არც უფროსებისთვისაც) ცოტა რამ მეგულება იმაზე საამო სანახავი. საათობით შემეძლო მათი ყურება. დაბრუნების შემდეგ ცხადია ეს მხატვრობა ჩამოფხიკეს, გაათეთრეს და ახალი, კანონიკური მხატვრობით დაფარეს. ასეთი მხატვრობა თანამედროვე ეკლესიებში მრავლადაა, ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს და, როგორც წესი, ძველ ნაგებობებს დიდად ჰარმონიულადაც ვერ ეწყობიან. დღემდე გული მწყდება იმ ძველ მხატვრობაზე, რომელმაც მიმახვედრა, რას ქვია შიდა და გარე სივრცის ჰარმონიულობა.
მიტაცებულის დაბრუნებამდელი ამბებიც მახსენდება ხოლმე, ის დრო, როცა ახლო-მახლო მხოლოდ ერთი პატარა ეკლესია ფუნქციონირებდა. მოხუცი მღვდელი მსახურობდა და ვინაიდან მაშინ ცოტა ვინმე თუ დადიოდა შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე, ის მაშინ ლოცულობდა, როცა ვინმე შევიდოდა ეკლესიაში. მოკლე ლოცვებს წაიკითხავდა, ზეთს გაცხებდა, გკითხავდა, ხომ კარგად ხარო და მერე გაირინდებოდა. მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა და უკვე იმედიც კი გადავიწურე, რომ ისევ ვიპოვი მღვდელმსახურს, რომლისთვისაც არა მასა, არამედ ცალკეული ადამიანი იქნება მნიშვნელოვანი, რომელსაც არ დაეზარება და თითოეულისთვის ცალ-ცალკე ილოცებს, მუქარისა და შეშინების მაგივრად სიყვარულს და სიმშვიდეს გაუზიარებს ადამიანებს.
იქ, იმ ეთნიკურად ჭრელ ადგილას ყველაზე მეტად ჩვენი მოხუცი მეზობელი ბებო მიყვარდა, ორივე ბიოლოგიურ ბებიაზე მეტადაც. ყველაზე მშიერ პერიოდშიც კი “სუხარებით” სავსე ნაჭრის ჩანთა ჰქონდა. ეს ორცხობილა და ჩაი ჩემი საყვარელი საჭმელი იყო. თხელი, კაფანდარა ქალი იყო, კეხიანი ცხვირით და თლილი თითებით, ზემოთ შეკრულ თმას და ფანელის ხალათს ატარებდა. სხვები ამბობდნენ, სიგარეტს ეწევა და ახალგაზრდობაში ქმარს ღალატობდაო.

გასული კვირა ფაქტობრივად პირგამშრალმა გავატარე. მონუსხული ვუყურებდი საინფორმაციო საშუალებებს და მიკვირდა, როგორ შეიძლება სიტყვა „ანტიდისკრიმინაციულმა” ასეთი ვნებათა ღელვა გამოიწვიოს, როგორ შეიძლება ერი და ბერი დაირაზმოს და იდაოს იმაზე, გამართლებულია თუ არა ვინმეს შევიწროება, ჩაგვრა.

მეგონა, როგორც მე გავიზარდე და მივხვდი, რომ არ შეიძლება შენ შვილს სხვა ეროვნების ბავშვთან თამაში დაუშალო, ვინმე აყარო და მისთვის უცხო მიწაზე გადაასახლო, სხვის სახლში შესახლებაზე სერიოზულად იფიქრო, სხვების ფრესკები ვანდალურად გაათეთრო, მოხუცი, რომელიც ახალგაზრდა ქალს ბავშვების გაზრდაში ეხმარება სიგარეტის მოწევის გამო ამორალურად გამოაცხადო, საზოგადოებაც ასე გაიზარდა დროის გასვლასთან ერთად.

მეგონა, რომ გადავეჩვიეთ სამსახურების დაყოფას გენდერული ნიშნით, აღარ არის ის რეალობა, ყველა დედა დიასახლისი რომ იყო და ყველა მამა ინჟინერი, ეკონომისტი ან ექიმი, ქალებმა სხვა საინტერესო საქმიანობებიც იპოვეს და აღარ გვიკვირს ქალი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს.

მეგონა, რომ ჩვენს პირად ამბებს იმდენი რესურსი მიაქვს, ჯანსაღ ადამიანს აღარ უნდა რჩებოდეს დრო სხვების ცხოვრებაში ხელის საფათუროდ და ისიც ბუნებრივად მეჩვენებოდა, ირგვლივ დაჩაგრული, ნაცემი და შეურაცხყოფილი ხალხის ნახვას, ბედნიერების ნახვა რომ გვირჩევნია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად.
აღმოჩნდა, რომ ილუზიაა ეს ზრდა და განვითარება, გამოცდილებიდან გამომდინარე სწორი დასკვნების გამოტანა და სხვა მსგავსი სიკეთეები.
ვერაფერსაც ვერ ვსწავლობთ სხვებთან თანაცხოვრებით. ზუსტად ისე, როგორც 20 და მეტი წლის წინ გვგონია, რომ კედელზე გაკრულმა შიშველი ქალის ფოტომ ბავშვი შეიძლება დაღუპოს; ისევ ვერ ვიტანთ განსხვავებულს, ვერ ვთოკავთ სხვის ცხოვრებაში ხელების ფათურის ვნებას; დისკრიმინაციის აღმოფხვრა, ჰუმანური დამოკიდებულებებით ნაკლებძალადობრივი გარემოს შექმნა ჩვენი განადგურების წინაპირობა გვგონია.

ისევ ისე გვგონია, რომ ვინც არ მოგვწონს, ის უნდა გავაქროთ, გადავასახლოთ ან საკუთარ ოთხ კედელში შევკეტოთ და მხოლოდ მაშინ შევძლებთ ჰარმონიულად ცხოვრებას, როცა ჩვენნაირებთან წინასწარშეთანხმებულ თემებზე ვილაპარაკებთ.
იქნებ როდესმე სხვანაირად ცხოვრებაც გვეცადა. იქნებ გვეკითხა ჩვენი შვილებისთვის და მოსწავლეებისთვის, რა უფრო აშინებთ მაშინ, უცხო, განსხვავებული ადამიანით უჭარბი სიძულვილი, ირაციონალური შიში და ფართოდ დახუჭული თვალები?

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...