სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

დათოს ფიქრის გეოგრაფია და ერთი თემის ნაღვლიანი ისტორია

0
ამ სტატიის დაწერას ოთხი მიზანი აქვს:
პირველი  და უმთავრესი – უნდა დავამშვიდო ჩემი და ჩემზე უფროსი თაობის კაცობრიობა, რომ ახალი თაობა სულაც არ არის ჩვენზე მეტად ხელიდან წასული, წიგნს დაშორებული, პასუხიმგებლობასა და შრომისმოყვარეობას მოკლებული. პირიქით, ყველაფერი ბევრად უფრო კარგადაა მათთან, რადგან, მგონია, რომ ეს ,,ყველაფერი”  პიროვნული თავისუფლების უკუპროპორციულია, რაც უფრო დიდია შინაგანი თავისუფლების ხარისხი, მით უფრო ცოტა ადგილი რჩება სულიერ თუ გონებრივ სიცარიელეს. ფაქტია, ისინი ჩვენზე თავისუფლები არიან. და თუ საუკუნემ ღირებულებები და პრიორიტეტები გადააფასა ან უკუღმა დააყენა, ეს სულაც არ არის მათი ბრალი.

მიზანი მეორე: დავარწმუნო მასწავლებლები, რომ შესაძლებელია, მოსწავლე დაგვეხმაროს და ისე დაგვეხმაროს, ჩვენ რომ ვერც კი წარმოვიდგენდით და ყველა ეს დახმარება კი არ აკნინებს, ასჯერ, ათასჯერ ზრდის მასწავლებლის ღვაწლსა და ავტორიტეტს.
მესამე: თუ რაიმეს ისე არ აკეთებენ ჩვენი შვილები თუ მოსწავლეები, როგორც ჩვენ გვინდა და გვეიდეალურება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია და სხვა არავისი!
მეოთხე და ძალიან პრაგმატული მიზანია, გამცნოთ მოსწავლის მიერ შექმნილი მოსწავლე – მასწავლებლისთვის საჭირო ერთი რესურსის შესახებ.
***
სამი წლის განმავლობაში მიტრიალებდა ეს იდეა თავში, რამდენჯერაც ,,დიდოსტატის მარჯვენას” სწავლებას დავიწყებდი და ,,დაატყდებოდათ თავზე”  მოსწავლეებს ამდენი გეოგრაფიული ადგილი, ციხე, ეკლესია… ცალკე ტექსტის სიღრმეს უნდა მიჰყვე, ცალკე სიტყვებს უნდა უკირკიტო, ცალკე ისტორიას, ცალკე კიდევ ეს გეოგრაფია გიღრღნის ტვინს.
ვეძებდი მოსწავლეს, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ამ არცთუ ისე ადვილ საქმეს. ინტერესიანი, პასუხისმგებლიანი და უნარიანი მოსწავლე ბევრია, მაგრამ ერთი უხერხულობა იყო, მეთერთმეტეები ,,დიდოსტატის მარჯვენას” არ სწავლობენ, უბრალოდ წაკითხვა კი არ იყო საკმარისი, ხოლო მეთორმეტეებს თემებისა და კონფერენციებისთვის, როგორც წესი, არ სცალიათ ხოლმე.

ჰოდა, კიდევ ერთხელ რომ შევერკინეთ მე და ჩემი მოსწავლეები გამსახურდიას სამყაროს, რომ მომაყარეს, სხვა კითხვებთან ერთად, გეოგრაფიული კითხვებიც, დავიწუწუნე კლასში, ამდენი ხანია ვეძებ ბავშვს, ვინც ამ საქმისთვის მოიცლის, ამოწერს ყველა გეოგრაფიულ სახელს შესაბამისი კონტექსტით და მერე რუკაზე გადაიტანს – მეთქი. ჩემდა გასაოცრად, დათომ სხვათა შორის  თქვა, რა უნდა, მე გავაკეთებო და… დაიწყო. შევდიოდით თანდათან ტექსტის სიღრმეში და დათო რვეულის ბოლოს იწერდა ყველა ციხისა თუ ეკლესიის სახელს თავისი უწვრილესი, თითქოს ბრინჯის მარცვალზე საწერად საგანგებოდ შემუშავებული ასოებით. რომ დავასრულეთ ნაწარმოები, დამიდო ეს რვეული. ახლა დაიწყე მასალების მოძიება და თემაზე მუშაობა- მეთქი. თვალები შუბლზე აუვიდა, რა თემაზეო (ოღონდ კონფერენციას, ტურსა და აუდიტორიას ნუ უხსენებ, თავისთვის ყველაფერს გააკეთებს). აბა, რისთვის დაიწყე – მეთქი? თქვენ მითხარითო. მოკლედ, ცოტა წავკამათდით (გვჩვევია), გავნაწყენდი, კარგი, არ გინდა, არ გააგრძელო-მეთქი და გავედი კლასიდან. მეორე დღეს, გაკვეთილი რომ დამთავრდა, იწრიალა ცოტა ხანს და კარგი, მას, ვიმუშავებო, – მითხრა. ცა გამეხსნა და დავიწყეთ.

 ყოველ დღე რაღაც ახალი მოთხოვნა მიჩნდებოდა, ჩვენი დიდი მეგობარი და უფრო დიდი გეოგრაფი მიშა ჩავრთეთ საქმეში და ვფაცურობდით, დავტრიალებდით ორივე ქორივით თავზე ისედაც ახლახანექსტერნჩაბარებულ, თავზესამეცადინოდაყრილ, გამოცდებკარზემომდგარ დათოს და მოსვენებას არ ვაძლევდით.

ერთ საღამოს მივწერე, იქნებ მხოლოდ ხელით შესრულებულ კი არა, რუკის კომპიუტერულ ვერსიაზეც იფიქრო-მეთქი. არადა, არ ვიცოდი, როგორ უნდა გაეკეთებინა. უჩხრეკია მთელი ღამე, მოუძებნია სპეციალური პროგრამა Scribble maps, რომლის საშუალებით კოსმოსიდან დანახული ესა თუ ის ადგილი ადვილად შეგიძლია დააფიქსირო, მონიშნო, დახაზო. ჩემთვის ეს ახალი კონტინენტის აღმოჩენას ჰგავდა, რადგან დათოს ასე სასარგებლო ნამუშევარი, მხოლოდ მის, ჩემს ან ვინმე კონკრეტული ადამიანის კონკრეტულ კომპიუტერში კი არ დარჩებოდა, ინტერნეტსივრცეში განთავსდებოდა  და ყველა მოსწავლისა თუ მასწავლებლისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. თანაც სტატიკურად კი არ ხედავ ამა თუ იმ ადგილსა თუ ძეგლს, როგორი იყო, არამედ ახლა რაა და თუა საერთოდ შემორჩენილი, ზემოდან უყურებ.

დათოს გაუკვირდა ჩემი აღფრთოვანება, რადგან თვითონ ,,ციფრული სამყაროს მკვიდრია” და ძნელია გაუგო ამ შემთხვევაში ჩემნაირ ,,ციფრულ ემიგრანტს”. ჯერ მარტო დაჯდა, მისხალ-მისხალ, გოჯი-გოჯ ზომა და ეძება ის ადგილები, რომლებიც რომანში იყო ნახსენები, ადარებდა, ქექავდა, აკვირდებოდა და ელექტრონულ რუკაზე გადაჰქონდა. როცა გაუჭირდა, მიშას მიაშურა. მერე ერთად ისხდნენ და ასჯერ გაზომილის გაჭრას მაინც აგვიანებდნენ. კარგა ხანს გაგრძელდა ასე, სანამ ფინალამდე მივიდოდით. მერე ბლოგიც მოვთხოვე, მერე ღია გაკვეთილი, მერე კონფერენციაზე გატანა… აპროტესტებდა, მაგრამ აკეთებდა. თებერვალის დასაწყისში რომ გავაგზავნეთ თემა, ვიცოდი, პასუხს აპრილამდე უნდა დავლოდებოდით. ველოდით. ,,თ” რა, მე და მიშა ველოდით, თორემ დათო არც ელოდა, ან ელოდა (ნაკლებ სავარაუდოა) და არ ამბობდა.

აღდგომის დღეებში გავიგე, რომ დათო გამარჯვებულების სიაში არ ეწერა. თემის პატივმოყვარე ხელმძღვანელის ნათქვამივით კი ჟღერს, მაგრამ ძალიან დამწყდა გული   (აღმოჩნდა, რომ ლიტერატურის სექციაში გაგზავნილი თემა, რუკის გამო გადაუგზავნიათ გეოგრაფია – გეოლოგიის სექციაში და რადგან ლიტერატურისთვის იყო უფრო განკუთვნილი, მეორე ხარისხზე მეტი ვერ მიანიჭეს).

მაგრამ მე რა, მთავარი დათოა.

დათოს გული არ დაწყვეტია (ან არ გამიმხილა), რადგან მისი შინაგანი მე იდეალურად ეხამება და ემორჩილება დანინგ – კრუგერის ეფექტს (რაც უფრო ფართოა ადამიანის თვალსაწიერი და ცოდნა, მით უფრო დაბალია თვითშეფასება), არც ველოდიო, მითხრა. ახსნა მოვთხოვე, რატომ-მეთქი და არ ამიხსნა. თუმცა, მე ისედაც ვიცი – მისი ფიქრის გეოგრაფია ხომ ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე ჩემი ან მისი თემის გამსწორებელ გეოგრაფისა თუ გეოლოგის…

 არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ მხოლოდ ერთ კონკრეტულ დათოზე ვწერ. ჩემ გარშემო უამრავი ,,დათო” ტრიალებს,ზოგი წავიდა უკვე სკოლიდან და თავისი გზა ნახა, ზოგი ახლა მიდის, ზოგი ხვალ ან ზეგ დაიწყებს თავისი გზის ძებნას და ზუსტად ვიცი, სანამ მათი ჩემ შორიახლო ტრიალი მავსებს, მახალისებს და ინტერესს მიჩენს, სანამ ისინი გრძნობენ ამ ყველაფერს, მანამ არ მომბეზრდება მასწავლებლობა და არც დავბერდები.

დედაჩემის თაობის რომ ვიყო, ამ სტატიას აუცილებლად დავასრულებდი მუხრან მაჭავარიანის სიტყვებით:

 ,,.. ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო, 
ვაჟა,
გიორგი,
გივი 
და …
იარონ,იარონ, იარონ
ამინ!”

მაგრამ მე სხვა თაობა ვარ და ძალიან პროზაულად დავასრულებ: გადადით ამ ლინკზე

https://didostatismarjvena.wordpress.com 

და იხილეთ, რატომ უნდა გვჯეროდეს მომავლის…

სოციალური განწყობიდან დისკრიმინაციამდე

0
სოციალური განწყობის (ატიტუდის) დეფინიციის ჩამოყალიბებასა და მის კვლევაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უილიან ი. თომასისა და ფლორიან ზნანიეცკის წიგნმა „პოლონელი გლეხი ევროპასა და ამერიკაში” (1918-1920). მათ სოციალური განწყობა განმარტეს როგორც შეხედულებებისა და იდეების მყარი სისტემა, რომელიც ამზადებს ინდივიდს განსაზღვრული ქმედებების შესასრულებლად. ღირებულებებთან ერთად თომასის თეორიის „ოთხი სურვილი” – ახალი გამოცდილებებისა, აღიარებისა, დომინირებისა და უსაფრთხოებისა – წარმოშობს განსაზღვრულ ატიტუდებს.

ფსიქოლოგები განწყობის სხვადასხვა განმარტებას გვთავაზობენ, რომლებიც მის სხვადასხვა ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას. ერთ-ერთი განმარტების თანახმად, ესაა „რწმენების, განცდებისა და ქცევითი ტენდენციების შედარებით მყარი სტრუქტურა სოციალურად მნიშვნელოვანი საგნების, ჯგუფების, მოვლენებისა და სიმბოლოებისადმი” ((Hogg, & Vaughan 2005, p. 150). ოლპორტის მიხედვით, ატიტუდი არის გამოცდილებით გამყარებული სულიერი და ნერვული მზაობა, რომელიც მიმართულებას აძლევს და განსაზღვრავს განწყობასთან დაკავშირებული საგნებისა და სიტუაციის მიმართ ქცევის დინამიკას. დუბის აზრით, „განწყობა სტიმულსა და რეაქციას შორის ჩართული ცვლადია, რომელიც ქცევის მიმართულებას განსაზღვრავს”. სხვები მას განმარტავენ როგორც „ფსიქოლოგიურ ტენდენციას, რომელიც გამოიხატება განსაზღვრული ობიექტის ან გაერთიანების მიმართ დადებითი ან უარყოფითი შეფასებით” (Eagly, & Chaiken, 1993, p. 1). კრეჩის, კრეჩფილდისა და ბალაჩის დეფინიციით, განწყობა სოციალური ობიექტის დადებითი ან უარყოფითი შეფასების, ასევე დამოკიდებულებისა და ობიექტისადმი სამტროდ ან სასიკეთოდ მოქმედების მყარი სისტემაა. ატიტუდის სტრუქტურა 3 კომპონენტისგან შედგება: 1. აფექტური კომპონენტი – ინდივიდის განცდები/ემოციები, რომლებსაც ის განწყობის ობიექტს უკავშირებს („მე მეშინია ძაღლების”); 2. ქცევითი კომპონენტი – ატიტუდის გავლენით ინდივიდის ქცევა განწყობის ობიექტის მიმართ („როცა ძაღლს დავინახავ, გავიქცევი”); 3. შემეცნებითი კომპონენტი – ინდივიდის რწმენები/ცოდნა განწყობის ობიექტის მიმართ („მჯერა, რომ ძაღლები საშიშები არიან”).

განწყობის შესაქმნელად საჭიროა ობიექტი და მისი შეფასება. განწყობის ობიექტად შესაძლოა იქცეს ერთი ადამიანი ან სოციალური ჯგუფი, აბსტრაქტული ან კონკრეტული საგანი და ა. შ. მისი შეფასება შესაძლოა იყოს დადებითი ან უარყოფითი. თუ ადამიანი დადებითად აფასებს განწყობის ობიექტს, იგი მის მიმართ იმოქმედებს დადებითი მანერით, ხოლო თუ უარყოფითად – უარყოფითი მანერით. თუ მასწავლებელს მოსწონს ცაცია მოსწავლეები (აფექტური კომპონენტი), წარსული გამოცდილებიდან სჯერა, რომ ისინი კარგად სწავლობენ (შემეცნებითი კომპონენტი).

თურსტონმა განაცხადა, რომ „ატიტუდი შეიძლება იყოს გაზომვადი” და შემოგვთავაზა მისი საზომი სკალა, რომელიც განწყობის ობიექტის მიმართ გამოვლენილ დადებით ან უარყოფით შეფასებას განსაზღვრავს. ამ მიზნით გამოიყენება ოზგუდის სემანტიკური დიფერენციალი და ლაიკერტის ტიპის სკალა. ბოგარდუსის მიერ შემუშავებული სოციალური დისტანციის სკალა სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა მიმართ ატიტუდის გასაზომავად შეიქმნა. 

პრეჯუდისი ეწოდება უარყოფით განწყობას ზოგიერთი ჯგუფის წევრებისადმი, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ისინი მოცემულ ჯგუფს ეკუთვნიან. თუ ადამიანი ჯგუფის წევრებს მიაწერს განსაზღვრულ ნეგატიურ საერთო თვისებას ისე, რომ არ ითვალისწინებს მათ ინდივიდუალურ ქცევებსა და თვისებებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას აქვს პრეჯუდისები ამ ჯგუფის მიმართ. მაგალითად, თუ მასწავლებელს ჰგონია, რომ ყველა ცაცია მოსწავლეს ცუდი კალიგრაფია აქვს, შესაძლოა დაუმსახურებლად დაუწეროს დაბალი ნიშანი ამ ჯგუფის ისეთ წარმომადგენელს, რომელიც კარგად წერს. პრეჯუდისი, ატიტუდის მსგავსად, შეიცავს სამ კომპონენტს. კანონების, სოციალური ზეწოლის ან სამაგიეროს გადახდის შიშით ინდივიდები ხშირად შემეცნებით და აფექტურ კომპონენტზე ჩერდებიან. როცა ასეთი შემაკავებელი გარემოებები არ არსებობს, ადამიანს შეუძლია, თავისი ნეგატიური ქცევა განსაზღვრული ჯგუფის ან მისი წევრების მიმართ ღიად გამოხატოს – უარყოფითი სოციალური განწყობა/პრეჯუდისი გადავიდეს დისკრიმინაციაში.

პრეჯუდისები და დისკრიმინაცია შეძენილი ფენომენებია. „მე არ მინდა, ჩემმა შვილმა სკოლაში იაროს ამ ჯგუფთან ერთად”, „მე არ ვისადილებ იმ კაფეში, სადაც ამ ეროვნების მზარეული ჰყავთ”, „ჩემი შვილი ამ რელიგიის წარმომადგენელს ცოლად არ მოიყვანს” – ხშირად ამ ფრაზებით მშობელი „პასს” აწვდის შვილს, რათა შემდგომ უკვე მან გაიტანოს „გოლი”. უფროსების უარყოფითი განწყობა რომელიმე ჯგუფის მიმართ შესაძლოა ბავშვის გონებაში დაილექოს, მასაც გაუჩნდეს პრეჯუდისი და გამოხატოს. გამოხატვის ფორმად მან შესაძლოა აირჩიოს როგორც ობიექტის გარიყვა, პერსონა ნონ გრატად მისი გამოცხადება, ასევე ვერბალური ან ფიზიკური აგრესიაც.

დისკრიმინაციასთან ბრძოლისას ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ფაქტორი ის არის, რომ ბავშვები არ იბადებიან განსაზღვრული სოციალური ჯგუფებისადმი სიძულვილით. საჭიროა ბავშვების აღზრდის პროცესის წარმართვა სტერეოტიპებისა და პრეჯუდისების გარეშე.

რამდენიმე რჩევა მშობლებს:

* მიიღეთ თქვენი შვილები როგორც უნიკალურები, ინდივიდები. დაანახვეთ, რომ აღიარებთ და აფასებთ მათ ინდივიდუალურ თვისებებს, ამასთანავე, ესაუბრეთ სხვა ადამიანების განსხვავებულობაზე.

* დაეხმარეთ თქვენს შვილებს მეტი თანაგრძნობით მოეკიდონ სხვის განცდებს. კვლევების მიხედვით, ემპათიური ბავშვები ნაკლებად ხდებიან პრეჯუდისების ტყვეები, რადგან შეუძლიათ სხვა ადამიანის განცდების წარმოდგენა.

* აუხსენით ბავშვებს, რომ დაუშვებელია ადამიანების გარიყვა ან დამცირება მათი რელიგიური, ეთნიკური, გენდერული, გარეგნული, სექსუალური ორიენტაციის გამო. 

* ასწავლეთ თქვენს შვილებს განსხვავებულ ჯგუფებთან, სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და მათი პატივისცემა.

* მიიღეთ ზომები პრეჯუდისებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენ ან თქვენი შვილის წინააღმდეგ გამოიყენეს ფანატიკური ენა, დაუყოვნებლივ უთხარით მას, რომ „ასეთი ხუმრობა შეურაცხმყოფელია თქვენთვის”, რადგან ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რა არის მიუღებელი. თუ გსურთ, ბავშვი შორს იყოს უარყოფითი განწყობებისგან, თავადაც უნდა მიბაძოთ მას.

პრეჯუდისებთან ბრძოლის პროცესში მშობლებთან ერთად ძალიან დიდი როლი ეკისრება მასწავლებელს. ჯგუფური მუშაობის დროს დაპირისპირებული ჯგუფების წევრებს შორის საერთო მახასიათებლების აღმოჩენა და ხაზგასმა ბავშვებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაში დაეხმარება. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი თავად უნდა იყოს უარყოფითი სოციალური განწყობისგან შორს. სტერეოტიპებისა და პრეჯუდისებისგან თავისუფალ საკლასო ოთახში ხშირი, არგუმენტებით გაჯერებული საუბარი იმაზე, რა ნეგატიურ შედეგებს იწვევს დისკრიმინაცია და პირიქით, როგორ აფერადებს და საინტერესოს ხდის დედამიწას ადამიანებისა და მათი კულტურების განსხვავებულობა, საბოლოოდ შედეგს გამოიღებს და „ფანატიკოსის ჯაჭვიც” გაწყდება.

სასკოლო ლაბორატორიული ცდები ფიზიკაში

0
 ფიზიკა, ისევე როგორც სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ექსპერიმენტული მეცნიერებაა. ამიტომ ფიზიკის სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ ცდებს. სადემონსტრაციო ცდების გარდა, მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავად ჩაატარონ ცდები და შემდეგ წერილობითი ფორმით ჩამოაყალიბონ ჩატარებული ცდის შედეგები. წინამდებარე წერილში მკითხველს ვთავაზობთ ზოგადად მოთხოვნების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევის ანგარიში. ეს მოთხოვნები არის ამ წერილის ავტორის მოსაზრება, თუმცა იგი მოიცავს ანგარიშისთვის საჭირო მოთხოვნებს. მათემატიკური ქანქარას მაგალითზე მკითხველს კონკრეტული კვლევის ანგარიშს ვთავაზობთ.

ვრცლად

სხვა შედარების საქმე

0

ლიტერატურას მაინც სჭირდება ლეგენდები. ანუ მათ, ვინც ლიტერატურას ქმნის.

ელიოტმა კი თქვა, ავტორი მოკვდა და აწი ტექსტებს მიეძალეთო, მაგრამ მხოლოდ თეორეტიკოსებმა თუ შეისმინეს ეს ამბავი. მწერალი ხომ ადამიანია (პოეტიც), ჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივი ექოთი – ხან წამებული, ხან მწამებელი, ათას ფათერაკთა და ჭირთა გადამხდელი და დამთმენი ან ვერდამთმენი. ჰოდა, ხალხს აინტერესებს მისი ისტორიები. მერე გზადაგზა რაღაც-რაღაცას თვითონ გამოიგონებს და მითებიც იბადება. მითი ხუმრობასავითაა, აბა, იმ მითს რა ვუთხარი, სიმართლის მარცვალი რომ არ ურევია.

ტიციან ტაბიძეც მითების საუფლოდან მოდის, მეტი რაღა გინდათ – „ცისფერი ყანწების” მანერული სერობები, „ქიმერიონის” ჩვენებური ბოჰემა, ფრანგული ნიავი და ქართული ლექსი, სმა და გარჩევები, გნებავთ ლიტერატურული, გნებავთ მუშტი-კრივი, უბრობა გალაკტიონ ტაბიძესთან – მურმან ლებანიძეს აქვს ლექსად, როგორ შეებნენ ერთმანეთზე გაბუტული გალაკტიონი და ტიციანი ერთად ახირებულ „რეგვენთა ჯგუფს”. მერე – ბოლშევიკები, „თანამგზავრობა” – როცა ტიციანის ცნობილ ფრაზაში: „სამშობლო მიწავ, გიკოცნი ფესვებს”, – „სამშობლოს” ნაცვლად „საბჭოთა” ჩაჯდა, როცა არც დიადი კომუნიზმის მშენებლობაზე პოემის წერამ და არც სხვა ნაძალადევმა „აღიარებითმა წერილებმა” არ უშველა (ამგვარი აღიარება-შენანების კლასიკური ნიმუშია მწერალთა კავშირის ერთი იმდროინდელი სხდომის სტენოგრაფიული ჩანაწერი, სადაც კონსტანტინე გამსახურდიას გამოსვლაა მოყვანილი – „ვინანიებ, ამხანაგებო, ვინანიებ (და ქვედა ყბა აუკანკალდა)”.

ცისფერყანწელთაგან ბევრი უფრო არტისტული იყო, მაგრამ ბუნებით მორცხვ ტიციანს, მგონი, ყველაზე მეტი „თეატრი გადახდა”, როგორც მაშინ იტყოდნენ საოცარ ამბებზე. მეგობრობა მას უწინაც რუს კოლეგებთან ჰქონდა (ბარემ ფრანგებთან ექნებოდა, მაგრამ მხოლოდ იაშვილმა მოახერხა ერთწლიანი პარიზობა და მერე კარიც მიიხურა). ამ მეგობრობას უფრო ძმობა ეთქმოდა, მაგალითად, ბორის პასტერნაკის შემთხვევაში, რომელსაც ბალიშის ქვეშ, სასიკვდილო სარეცელზე, ორი წერილი ედო – რილკესი და ტიციანის. ასევე ძალიან საინტერესო ფაქტია: ტიტეს (გალაკტიონი ეძახდა) ის ცარიელი ფურცლები, საწერ მაგიდაზე რომ დარჩა 1937 წელს, პოეტის მეუღლემ, ნინო ტაბიძემ, პასტერნაკს აჩუქა და ბორისმა „ექიმი ჟივაგოს” წერა სწორედ მათზე დაიწყო. ნინო ტაბიძის მოგონებებში შეხვდებით არაერთ არნახულ ამბავს. ალბათ იცით, როგორ მიიყვანა და აჩვენა საკუთარ მეუღლეს მუზა – თამუნია და რა თავგამოდებით უქებდა მის სილამაზეს. ნინო ტაბიძე წერს მაიაკოვსკისთან შეხვედრაზეც, რომელიც თბილისს 1926 წელს ესტუმრა. იგონებს დუქან „სიმპათიას”, რომლის „კედლები ვიღაც თვითნასწავლი მხატვრისთვის მიებარებინათ. აქ შეხვდებოდით მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანთა პორტრეტებს. შექსპირს მხარს მეფე სოლომონი უმშვენებდა. ორივენი პუშკინს, რუსთაველსა და ლერმონტოვს შესცქეროდნენ. შემდეგ გოგოლი, ჰომეროსი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი, სპინოზა, გოეთე, შილერი გამოეხატათ. ცნობით ვერც ერთს ვერ იცნობდით, წარწერით თუ მიხვდებოდით”.

ბუნებრივია, სრული სიმართლეც რომ ყოფილიყო, ნინო ამას საკუთარ წიგნში ვერ მოჰყვებოდა, მე კი ერთმა პატიოსანმა ლექტორმა მიამბო, ძველი დროის საქმეების კარგად მცოდნე კაცმა. მერე რამდენიმემ დამიდასტურა. მოკლედ, თბილისში ჩამოსული მაიაკოვსკი დაბინავდა ერთ-ერთ სასტუმროში. ტიციანი, პაოლო და რამდენიმე ქართველი პოეტი საგანგებოდ მომზადებულან მასთან შესახვედრად, ფრაკებში გამოწყობილები მისდგომიან ნომერს. მაიაკოვსკიმ გამოსძახა თურმე, სააბაზანოში ვარ, კარი ღიაა და დაბრძანდითო. შევიდნენ და დასხდნენ. ვლადიმერი საოცრად გაფანტული ადამიანი გახლდათ, ჩაცმა დავიწყებია და ღიღინ-ღიღინით სრულიად შიშველი გამოვიდა და მიესალმა ფრაკიანებს. ესენიც არაფერს იმჩნევდნენ, მაგრამ კიდევ უარეს დღეში ჩაცვივდნენ, როცა რუსმა ფუტურისტმა მათი გაცილება მოინდომა და ლამის ქუჩაში გამოჰყვა. ბოლოს ტიციანს ამოუღერღავს: „შეგცივდებათო”. მეორე დღეს მთელ თბილისს ეს ამბავი აბოდებდა.

ერთხელ თურმე სერგეი ესენინი ესტუმრა და გახარებული ტიციანი ქართულ მასპინძლობას შეუდგა, აქეთ ბიჭებს დაუძახა, იქით გეგმა შეადგინა პურობების, მაგრამ მეორე დღეს სერგეიმ მოულოდნელად დაიწყო ჩემოდნის ჩალაგება. მერეღა გაამხილა, თურმე აქ აისედორა დუნკანს ემალებოდა (რომელთანაც რომანი ჰქონდა) და სხვა მეგობრებს უთქვამთ, თბილისში შენი ყოფნის ამბავი გაიგო და ქუჩა-ქუჩა დაგეძებსო. ასე გაიპარა ესენინი და მერე ზრდილი ტიციანი აისედორას მასპინძლობდა, ოღონდ, ბუნებრივია, არაფერს იმჩნევდა.

ამბობენ, სულ ტიციანის ოინებია, ერთ-ერთი პურობისას ქართველმა მწერლებმა პაოლო იაშვილის კეპი რომ მიირთვესო. არავინ იცის, ეს ამბავი მართალია თუ არა, მაგრამ პოეტმა ერთ-ერთ ლექსში სულ სხვა რამის სათქმელად კი დაწერა: „გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო”.

მოკლედ, დანარჩენს სხვა დროს მოგიყვებით, სხვა დროს და სხვებზეც. ამით დავასრულოთ:

როცა დააპატიმრეს, აწამებდნენ და მოსთხოვეს, შეთქმულთა რაზმის უფროსის სახელი გვითხარიო, მან გიორგი სააკაძე ჩააწერინა და მერე კარგა ხანს ეძებდნენ ქართველ სარდალს გადარჩენილ მწერალთა რიგებში.

შეიძლება, ეს ამბავი ყველაზე მართალია. რომც არ იყოს – ლიტერატურას მაინც სჭირდება ლეგენდები.

ანუ მათ, ვინც ლიტერატურას ქმნის.

ლეგენდა მე ერიკ კანტონა ტიციანი და მაიაკოვსკია. ერთად.

რა ეხმარება ბავშვებს სწავლაში

0
ტეხასის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამეცნიერო ცენტრის კვლევამ დაადასტურა, რომ მაღალ მერხებთან ფეხზე მდგომი მოსწავლეები უკეთ ითვისებენ მასალას, ვიდრე ისინი, ვისაც მერხთან ჯდომა უწევს. კვლევის შედეგები „ჯანდაცვისა და განათლების დაცვის საერთაშორისო ჟურნალში” დაიბეჭდა. კვლევაში 300-მდე მეორე და მეოთხეკლასელი  მონაწილეობდა. მკვლევრები მათ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შეფასების კრიტერიუმები ასეთი იყო: კითხვებზე პასუხები, ხელის აწევა, აქტიური მსჯელობა სხვადასხვა თემებზე. 

მაღალ მერხებს, ე.წ. სტენდ-მაგიდებს თავისი სკამებიც აქვს. მოსწავლეს, მისი სურვილისამებრ, შეუძლია გაკვეთილის დროს იჯდეს ან იდგეს. თავდაპირველად ფილოსოფიის დოქტორი მარკ ბენდენი მაღალი მერხებით სხვა მიზეზი გამო დაინტერესებულა – ის ჭარბწონიან ბავშვებს აკვირდებოდა. მათთვის მერხთან დგომა მისწრება იყო, რადგან ასეთ მდგომარეობაში ისინი 15%-ით მეტ კალორიას წვავდნენ, ვიდრე ტრადიციულ მერხთან ჯდომისას. 

ბენდენმა განაცხადა, რომ კვლევის შედეგმა არ გააკვირვა. აქამდეც ცნობილი იყო, რომ ფიზიკური აქტივობა, თუნდაც მცირედი, კოგნიტურ შესაძლებლობებზე დადებითად აისახებოდა. „ფეხზე მდგომი მოსწავლეების ყურადღება იზრდება და ისინი უკეთ ასრულებენ სხვადასხვა დავალებებს, რაც ნაკლებად შეიმჩნევა მონოტონურ მდგომარეობაში, ანუ ერთ ადგილას ჯდომის დროს”, – აცხადებს მკვლევარი. სამუშაოს შეჯამებისას ბენდენმა აღნიშნა, რომ ის სასწავლო დაწესებულებები, რომელთა საკლასო ოთახები სტენდ-მაგიდებითაა აღჭურვილი, ორ პრობლემას აგვარებენ: მაღალი აკადემიური მოსწრებისა და ბავშვთა ჭარბწონიანობის. 

**აქამდე ბავშვთა მოუსვენრობა, ყურადღებისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი მოსწავლეებში საგაკვეთილო მასალის ათვისებაში ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდებოდა. ახალმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მოძრაობას სულ სხვა დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა. ფლორიდის ცენტრალური უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჰიპერაქტიურ ბავშვებს მოუსვენრობად წოდებული მოძრაობა ინფორმაციის დამახსოვრებასა და რთული კოგნიტური ამოცანების ამოხსნაში ეხმარება. ჰიპერაქტიურობა საკმაოდ გავრცელებული სინდრომია. ასეთი ბავშვები ცელქები არიან, მუდამ ლაპარაკობენ, უჭირთ კონცენტრირება.

წინა კვლევამ, რომლის ავტორი დოქტორ მარკ რეპორტი გახლდათ, აჩვენა, რომ ჰიპერაქტიური ბავშვები ძლიან ბევრს მაშინ მოძრაობენ, როდესაც ტვინი თავის ფუნქციებს ზედმიწევნით კარგად ასრულებს. მკვლევრებმა 8-12 წლის 52 ბიჭს რამდენიმე ამოცანის ამოხსნა სთხოვეს. მკვლევრებმა ბავშვების „მუშა მეხსიერება” შეაფასეს. კვლევის მონაწილეებს ეკრანზე სხვადასხვა რიცხვებსა და ასოებს აჩვენებდნენ, კამერა კი მათ მოძრაობასა და ყურადღების ხარისხს აფიქსირებდა. 29 ბავშვი ჰეპარაქტიური იყო, დანარჩენები – ჩვეულებრივი განვითრების მქონე. კვლევამ აჩვენა, რომ ჰიპერატქიური ბავშვები მოძრაობის დროს დავალებებს გაცლებით სწრაფად და კარგად ასრულებდნენ. „ჩვენთვის უჩნურია, მაგრამ ამ ბავშვებმა უნდა იმოძრაონ, რომ მათი ყურადღების კონცენტრაცია ამაღლდეს”, – განაცხადა რაპორტმა. ჩვეულებრივ ბავშვებს კი მოძრაობის დროს ყურადღება ეფანტებათ. 

კვლევის შედეგმა ეჭვის ქვეშ დააყენა ჰიპერატიურ მოსწავლეებთან სკოლაში მუშაობის ბევრი მეთოდის პროდუქტიულობა. ჰიპერაქტიურ ბავშვებს სჭირდებათ სწავლების ისეთი პირობები, სადაც ისინი იმოძრავებენ. ამ ეტაპზე ჰიპერატქიური ბავშვების მართვა პრობლემურია. ქცევის თერაპიას და მედიკამნტოზურ მკურნალობას იშვიათად ვინმე თუ გადის.  

**თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა კარგად ისწავლოს და განვითარდეს, ოჯახის წევრებმა ერთად ისადილეთ და ივახშმეთ. ფსიქოლოგებმა 6-დან 11 წლამდე ასაკის 25 ათასი ბავშვი შეისწავლეს. ბავშვები, ვინც ოჯახურ გარემოში ხშირად ტრაპეზობენ, სხვა თანატოლებთან შედარებით 10%-ით უკეთესად სწავლობენ და 7%-ით ნაკლები პრობლემები აქვს მეგობრებთან. ოჯახურ გარემოში სადილ-ვახშამს კვირაში, სულ ცოტა, ოთხჯერ მაინც უნდა ვახერხებდეთ, ასეთია მკვლევართა რეკომენდაცია. 

ოკლაჰომის უნივერსიტეტის ექსპერტები აცხადებენ, რომ ოჯახური ტრაპეზი ამეგობრებს ოჯახის წევრებს, ამყარებს ბავშვებსა და მშობლებს შორის კავშირს. ასეთ ოჯახებში უფროსი თაობა მეტ თვალყურს ადევნებს ბავშვებს, უპრობლემოდ აკონტროლებს, ბავშვებსაც სოციალური ჩვევები კარგად უვითარდებათ. ასეთ ოჯახებში ბავშვები ნაკლებად ეტანებიან ალკოჰოლს და ნარკოტიკებს, ნორმალურად სწავლობენ. აუცილებელი პირობაა მშობელი ბავშვს ენდობოდეს, მისი იმედი ჰქონდეს.      
**დილის კვება ჯანსაღი უნდა იყოს. ამის შესახებ ყველამ ვიცით. დღის განმავლობაში კვების 30-40%-ი სწორედ საუზმის ტრაპეზზე უნდა მოდიოდეს. აიოვას უნივერსიტეტის მკვლევართა აზრით, ბავშვებისათვის სოციალურად სუსტი ოჯახებიდან სკოლის საუზმეს  სწავლის პროცესის გაუმჯობესების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს. სოციალურად დაუცველი ბავშვების კვებას ბევრ სკოლაში აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი პროგრამა უზრუნველყოფს.

**მშობლები ხშირად ჩივიან, რომ მათი შვილები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან და გატაცებულები არიან  ვიდეოთამაშებით, რაც ხელს უშლით სწავლაში. თუმცა PISA-ს აკადემიური მოსწრების შეფასების საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მოულოდნელად გამოიკვეთა, რომ ვიდეოთამაშების მოყვარული მოზარდები მათემატიკაში საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ. კვლევაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ეს ბავშვები ყოველდღიური მოთამაშეები არ არიან. ასე რომ, ვიდეოთამაშების გამოყენება სხვადასხვა უნარების განვითარების ეფექტიან ინსტრუმენტად შიძლება იქცეს, ნათქვამია PISA-ს ანგარიშში.   

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვიდეოთამაშებით გატაცება ამცირებს მოსწავლეთა პროდუქტიულობას სხვა სფეროებში. მაგალითად, ეს თვალსაჩინოა საშინაო დავალებების შესრულების დროს. ექსპერტები ამბობენ, რომ მოზარდები, რომლებიც  ქსელური ვიდეთამაშებით ძალიან არიან გატაცებული და ონლაირეჟიმში მართლაც დიდ დროს ატარებენ, სხვა მოსწავლეებთან შედარებით ცუდად სწავლობენ. ვიდეოთამაშების მოყვარულთა რიგებში ძირითადად ბიჭები ირიცხებიან. ექსპერტები ურჩევენ მშობლებს აკონტროლონ შვილები, გამოუყონ მათ კომპიუტერთან ჯდომის გარკვეული საათები. 

**ბავშვებმა დიდი დრო უნდა გაატარონ სუფთა ჰაერზე. კარგად რომ ისწავლონ, ბევრი უნდა ითამაშონ. კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრები ირწმუნებიან, რომ  სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენება დადებითად აისახება სწავლის ხარისხზე. ბავშვებმა უნდა იარონ სპორტზე, ისეირნონ ზოოპარკში, მონაწილეობა მიიღონ ლაშქრობებში, ეს მათ მიზნის დასახვაში, დამოუკიდებელი ცხოვრების წესის არჩევაში დაეხმარება. მეორე მხრივ, უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე სტრუქტუირებული აქტივობები, მაგალითად, მეცადინეობა მუსიკაში ან სახლის დალაგება. ბავშვი „სხვის დავალებებებს” ავტომატურად ასრულებს და ეს ნაკლებ როლს თამაშობს მის განვითარებაში.  

 **ევროპელმა მკვლევრებმა ექსპერიმენტის მსვლელობისას შეამჩნიეს, თუ როგორ ითვისებენ ახალ ინფორმაციას თამაშის დროს 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები. ახალი ინფორმაციის ათვისება იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდხანს და ღრმად სძინავს ბავშვს. კვლევის შედეგები ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა. პატარებს, რომლებიც თამაშის შემდეგ მომენტალურად იძინებენ, გაღვიძებისას ახსოვთ პრაქტიკულად ყველაფერი, რითაც ეთამაშებოდნენ. იმ ბავშვებს კი, რომლებსაც რაღაცის  სწავლების შემდეგ ოთხი საათი ეძინათ გაღვიძებისას არაფერი ახსოვთ.      

       

**ყველა ადამიანს შესაძლებლობების წარმოჩენის საკუთარი ლიმიტი აქვს. ვიღაც შედარებით იოლად სწავლობს და ითვისებს, ვიღაც – ნაკლებად. იმისათვის, რომ ბავშვმა კარგად ისწავლოს, აუცილებელია მისი სამუშაო ადგილის კეთილმოწყობა. მაგალითად, სპეციალისტები მშობლებს ურჩევენ ბავშვის სამუშაო მაგიდა კართან უფრო ახლოს იდგეს, ვიდრე ლოგინთან, ანუ უფრო აქტიურ ზონაში. სულაც არ არის საშიში თუ ბავშვი სახით კედლისკენ იჯდება და არა ღია სივრცისკენ, რადგან ასე მისი ყურადღება მეტად იქნება კონცეტრირებული. მაგიდაზე არ უნდა ედოს სათამაშოები, გასართობი ნივთები, არასასკოლო ლიტერატურა. მაგიდა კარგად უნდა იყოს განათებული. ის სივრცე, სადაც ბავშვი მეცადინეობს, ხშირად უნდა ნიავდებოდეს. მეცადინეობის დროს მშობლებმა ტელევიზორს ხმა უნდა ჩაუწიონ. თუ ბავშვი დაღლილია, ნუ დააძალებთ მეცადინეობას და „ბარემ” საქმის ბოლომდე მიყვანას. ამას ხარისხიანად მანც ვერ მოახერხებს. სჯობს დაისვენოს და მხოლოდ მას მერე შეუდგეს მეცადინეობას. 

ცისფერია თუ მწვანე?…

0
რაღაცნაირად არასასიამოვნოდ ჩამობნელდა. არადა, სულ ათიოდე წუთის წინ მზე ანათებდა. მერე ნიავმა წამოუქროლა, თანდათან გაძლიერდა და ცაზეც ელვის ხაზები დაიკლაკნა. ჯერ ოდნავ, მერე მკვეთრად. გაიელვებდა და სულ წამიერად ცის იქითა სამყაროს დაგვანახებდა. ცოტა ხანში ზუზუნიც გაისმა.

მოიცათ, ხომ არ ფიქრობთ, რომ მორიგი თბილისური წვიმის და ელვის აღწერით ვარ დაკავებული? არა, ბატონო, ასე გარუდა მოფრინავს… ჩემი ფაიფურის ყავის ფინჯნის გარე კედელზე. დიახ, ფინჯანზე სწორედ, გარუდას მიწაზე დაფრენის სცენაა დახატული. ეს ფინჯანი სადღაც, მოგზაურობის დროს ვიყიდე. იქვე, ლამაზი საღებავებით მიხატულ-მოხატული, თავად გარუდას სურათებიც იყიდებოდა, მაგრამ დიდი ზომის იყო და წამოღება გამიჭირდებოდა. ამიტომ ყავის პაწაწუნა ფინჯანს დავჯერდი.

მხოლოდ მესამე აბზაცს ვწერ და სახელი „გარუდა” უკვე სამჯერ ვახსენე. ვინ არის გარუდა? ნახევრადადამიანი და ნახევრადარწივია. ღვთაება ვიშნუს პირადი ტრანსპორტი. ზოგიერთი მითის მიხედვით კი, ფრინველის სახით წარმდგარი თავად მზეა. მესამე ცაზე ცხოვრობს, საიდანაც გამოსასვლელი ელვის შედეგად იხსნება. ვიშნუ მოიხმობს და გარუდაც მიწაზეა. ახლა არ იფიქროთ, ვიშნუ ისეთი თავქარიანი ვინმე იყო, რომ გარუდას მესამე ციდან სასეირნოდ ეძახდა. ისინი ერთად დემონებს და ურჩხულებს ებრძოდნენ.

არსებობს, ე.წ. პალეოკონტაქტის თეორია. მე სკეპტიკურად უყურებ, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს და მიმდევრებიც ჰყავს. თანაც, სერიოზული მიმდევრები. სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორები-არქეოლოგები, ისტორიკოსები, ეთნოლოგები და ა.შ. თეორია ამბობს, რომ უცხოპლანეტელები არსებობენ და ჩვენთან კონტაქტი ახლაც აქვთ, ადრე ხომ ჰქონდათ და ჰქონდათ. უფრო მეტიც, ისინი რაღაცებს გვასწავლიდნენ და ეს ცოდნა ლეგენდების სახით არის შემონახული. მაგ. ამ თეორიის თანახმად „გარუდა” ცოცხალი არსება კი არა, საფრენი მანქანაა და მისი აფრენ-დაფრენა ზემოთ აღწერილ ბუნებრივ მოვლენებს იწვევს. ანუ უცხოპლანეტელებმა „გარუდას” სახით პირველი საფრენი აპარატები დაამკვიდრეს, შემდეგ კი კაცობრიობამ ყველაფერი დახვეწა და დღეს თვითმფრინავით დავფრინავთ. გარუდა გველებს ჭამდა. ეს იყო მისი საზრდო. ზოგიერთ ნახატზე სწორედ სადილის დროსაა გამოსახული და ნისკარტიდან გრძელი გველი მოუჩანს. პალეოკონტაქტის თეორიის მიმდევრები ამბობენ, შეხედეთ ბატონო, როგორ ასხამენ თვითმფინავში ბენზინსო. შლანგი ზუსტად ისევე აქვს მიერთებული, როგორც სურათებზე „გარუდას” აქვს გველიო. მოკლედ, გარუდა კი არ სადილობდაო, საწვავს უსხამდნენ ხოლმე და ლეგენდაში ეს ფაქტი გველის ჭამად შერაცხესო.

რა ვიცი, ლეგენდასაც და თეორიასაც არსებობის უფლება აქვს. ვინ დაიჯერებს და ვინ არა, ეს ყველამ თავად გადაწყვიტოს. მე კიდევ იმ ფერადსაღებავიან გარუდას სურათებს მინდა დავუბრუნე, უცხოეთში ერთ ვიწრო ქუჩაზე მხატვარს, რომ ჰქონდა გასაყიდად გამოფენილი. დღეს წახვალ მაღაზიაში და რა გინდა სულო და გულო, ყველანაირ საღებავს იყიდი. აი, შუა საუკუნეებში კი მხატვრები… რას აღარ ჩადიოდნენ…
მომავალი ნახატის ტილო ჯერ გრუნტით უნდა დაეფარათ. გრუნტისთვის იღებდნენ ზუთხის კანს, ძვლებს და ლაყუჩებს, დებდნენ წყალში და ხარშავდნენ. დიდი დრო სჭირდებოდა და გარშემო ცუდ სუნს აყენებდა. რა ხდებოდა ქვაბში ქიმიის კუთხით? თევზის კანიც, ძვლებიც და ლაყუჩებიც შეიცავს ცილა კოლაგენს. გაცხელებისას კოლაგენი წყლის არეში ჰიდროლიზდება და წარმოიქმნება გლუტინი. ის ბუნებრივი ცხოველური წებოა. გლუტინს ხელით არა ერთხელ შეხებიხართ. არ გახსოვთ? თუ თევზს მოხარშავთ და მოხარშულ ნაჭერს შეეხებით, თითები რაღაცნაირი წებოვანი გაგიხდებათ. ეს სწორედ იმის გამო ხდება, რომ თევზის ნაჭერზე წარმოქმნილ გლუტინს შეეხეთ. გლუტინს ჟელატინსაც უწოდებენ. ჟელატინის მისაღებად ზუთხის მოხარშვა საჭირო აღარ არის, ნებისმიერ სუპერმარკეტში იყიდება. ჟელატინის წყალში გახსნით ჟელესმაგვარი სუბსტანცია წარმოიქმნება. ჩვენ კიდევ ოდნავ გავათბოთ წყლის აბაზანაზე, რომ უფრო თხევადი გახდეს.

ამასობაში სამხატვრო გრუნტის სხვა კომპონენტი მოვამზადოთ. ეს ჩვეულებრივი ცარცია. ფაიფურის როდინში დავსრისოთ, სანამ ფხვნილს არ მივიღებთ. ცარცის ფხვნილი ჟელატინში ჩავყაროთ და ავურიოთ. მიღებული მასა სახატავ ქაღალდზე უნდა დავატანოთ სამჯერ და თითოეული წასმის შემდეგ, გრუნტს გაშრობა უნდა დავაცადოთ. როცა გრუნტის მესამე ფენაც გაშრება, მომავალი ნახატის საფუძველი მზად არის.

მუზეუმებში ყოფნისას შეამჩნევდით, რომ ძველ შედევრებს ფერი საოცრად აქვთ შენარჩუნებული. გეთანხმებით, მათთვის სპეციალური მიკროკლიმატია შექმნილი და უვლიან კიდეც. თუმცა მიზეზი ისიც არის, რომ შუა საუკუნეებში მხატვრები მხოლოდ ბუნებრივ საღებავებს იყენებდნენ. ფერად მინერალებს ფქვავდნენ და მიღებულ ფხვნილებს პიგმენტად მოიხმარდნენ. ასევე ჰქონდათ, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პიგმენტებიც.

ლაბორატორიაში თიხა მაქვს და ფაიფურის როდინში დავსრეს. ყავისფერია და ყავისფერ საღებავს მივიღებ. ფხვნილი კი მივიღე, მაგრამ ვერაფერსაც ვერ დავხატავ, რადგან მასში რაიმე საფუძვლის დამატებაა საჭირო. ასეთი რამ კი კვერცხის გულია. მისი ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ოლეინის მჟავაა. ოლეინის მჟავა წყალს არ შეერევა. ამიტომ, კვერცხის გულის საფუძველზე მომზადებულ საღებავს ვერანაირი ნესტი ვერ გააფუჭებს. კვერცხის გულს დავამატებ თიხას და ავურევ, მივიღებ ყავისფერ საღებავს. შემდეგ, დარჩენილ კვერცხის გულს ქრომის ოქსიდს ჩავამატებ და კვლავ ავურევ. Cr2O3 ძალიან ლამაზ მწვანე შეფერილობას წარმოქმნის. თუმცა ასეთი საღებავები საკმაოდ წებოვანი და სქელია და მალე შრება. ამიტომ, ძველად მათ ბურახით აზავებდნენ.

ახლა ლურჯი საღებავი მივიღოთ. სინჯარაში რკინის ნაქლიბს ჩავყრი, დავამატოთ განზავებული მარილმჟავა. ეს რეაქცია შესანიშნავად იცით, გამოიყოფა წყალბადი, რკინის იონები კიდევ ხსნარში გადადის. რკინის იონების აღმოსაჩენად სისხლის წითელი მარილი გამოვიყენოთ (კალიუმის (III) ჰესქაციანო ფერატი). მარილის სინჯარაში დამატების შემდეგ, სინჯარა მწვანედ შეიფერება, რომელიც ლურჯში გადავა. ეს ბერლინის ლაჟვარდის წარმოქმნის გამო ხდება. გაფილტვრის შემდეგ ფილტრის ქაღალდზე, სწორედ მოლურჯო ფხვნილი დაგვრჩება.
სურათებს ოლიფათი ფარავდნენ. მასვე დაატანდნენ ზედაპირზე ხატებსაც. ასე წარმოიქმნა, ე.წ. ხატების ოლიფა. მცენარეული ზეთები ორ ჯგუფად იყოფა: ერთი მალევე შრება, მეორენი კი არა. მაგ. ზეითუნის ზეთი ოლიფასთვის არ გამოდგება. თავად ზეთი ძალიან კარგია, ზეთების სამეულში მესამე ადგილზეა (იხ. ჩემივე ავტორობით დაწერილი წერილი „ბიჭო გოგიაა…” https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=9&id=617), მაგრამ არ შრება. მზესუმზირის ზეთი ოლიფასთვის სანახევროდ გამოდგება. ისე კი ზეთებში მეორე ადგილზეა. მხატვრისთვის ყველაზე კარგი სელის ზეთია (ზეთების სამეულში სასარგებლო თვისებებით პირველ ადგილზეა), ის მდგრად აპკს წარმოქმნის. მაგრამ როცა გაშრება, მუქ ყავისფერს ღებულობს. ძველად, სელის ზეთს ორი წელი მზეზე ტოვებდნენ (ბუნებრივია, ვიღაც ყურადღებას აქცევდა და ქარის, წვიმის ან თოვლის დროს მშრალ ადგილას გადაიტანდა). ამ ხნის განმავლობაში ღიავდებოდა. შემდეგ უმატებდნენ ტყვიის მათეთრებელს 2PbCO3·Pb(OH)2 და მაღალ ტემპერატურაზე ხარშავდნენ. შემდეგ ზეთს ფილტრავდნენ და მასში ქარვას გახსნიდნენ.

ამას წინათ სოციალურ ქსელში ფუსფუსი იყო ატეხილი. სიმართლე გითხრათ, იქ ყოველთვის ფუსფუსია, ხან პოლიტიკური, ხან სოციალური, ხან სატირული, ხან სენსაციური და ხანაც უბრალოდ გასართობი. მე ამ უკანასკნელზე მოგახსენებთ. მოკლედ, ვიღაცის კაბას განიხილავდნენ და ვერაფრით დაედგინათ ოქროსფერი იყო თუ იასამნისფერი. ქსელის შიგნით და მის მიღმა უცნობი ადამიანები, ერთმანეთს ეკამათებოდნენ და საბოლოოდ მგონი იმაზე შეჯერდნენ, რომ კაბის ფერი განწყობაზე იყო დამოკიდებული, შენ რა ხასიათზეც შეხედავდი, კაბაც ის ფერი იყო. მერე კიდევ მგონი გაირკვა, რომ პატრონს ეს კაბა ორი ფერის ჰქონია, ორივეს სურათი გამოუფენია და გართობის მიზნით უკითხავს, აბა, რა ფერისააო. ეს ვნებათაღელვა რომ მინელდა, შემდეგ ვიღაცამ კატის სურათი დადო. თვითკმაყოფილი სახით კიბეზე ადიოდა… ან იქნებ ჩადიოდა… ან სულაც ერთდროულად ადიოდა და ჩადიოდა. კამათის თემა ასეთი იყო: რას აკეთებდა კატა. ბარემ იმასაც დავწერ, რომ სოციალური ქსელის მთელი ეს ვნებათაღელვანი მე ნაკლებად მაინტერესებს, უბრალოდ ჩემს „კედელზე” გამოჩნდება ხოლმე და ვხედავ. ეს შესავალი კი იმიტომ დავწერე, რომ ერთი ექსპერიმენტის შესახებ მინდა მოგითხროთ.

ქიმიურ ჭიქაში ჩაასხით მცირე რაოდენობით კალიუმის ბიქრომატის ნარინჯისფერი ხსნარი. დაუმატეთ გოგირდმჟავას ხსნარის მცირე რაოდენობა. მათი შერევისთანავე ხსნარი გაწითლდება. ასეთ შემჟავებულ ხსნარში თუთიის რამდენიმე პატარა ნატეხი ჩააგდეთ. ბიქრომატი აღდგება და ხსნარი გამწვანდება.

K2Cr2O7+7H2SO4+3Zn=Cr2(SO4)3+K2SO4+3ZnSO4+7H2O

ერთდროულად, თუთიის რეაქციით მჟავასთან გამოიყოფა აირადი წყალბადი.

თუმცა რეაქცია კვლავ გაგრძელდება და ხსნარი ცისფერი გახდება. ასეთი შეფერილობა აქვს ქრომის (II) სულფატს-CrSO4. ხსნარი სხვა ჭიქაში უნდა გადავასხათ (ასე ჟანგბადით გავამდიდრებთ) და კვლავ მწვანე ფერს მიიღებს ქრომის (III) სულფატის Cr2(SO4)3 წარმოქმნის გამო.

სოციალურო ქსელო, რას იტყვი? ხსნარი ცისფერია თუ მწვანე?…

ვანის ლიტერატურული ტრადიცია- ერთი სკოლის და ერთი მასწავლებლის შესახებ

0

გაზაფხულზე იმერეთს არაფერი სჯობს. სულ სხვანაირი სიმწვანე, ხასხასა, გაკუწკუწებული ეზოები, მოყვავილე მაგნოლიები და აზალიები, ტიტები და ნარცისები, უნაბი და კომში.

სწორედ იმერეთში წავედი რამდენიმე ძალიან კარგ მწერალთან ერთად განსაკუთრებული მისიით – ლიტერატურული პრემია „საბას” ნომინანტებს იმერეთის რამდენიმე სკოლისთვის ელექტრონული წიგნების სახლ „საბას” ბიბლიოთეკა უნდა გადაგვეცა, 600-ზე მეტი ელექტრონული წიგნითა და შესაბამისი ტექნიკით.

ამ მოგზაურობაზე, მკითხველთან შეხვედრაზე, ჩვენი სკოლების მდგომარეობაზე, საოცარ გაზაფხულზე და უსაყვარლეს მასპინძელ-მოსწავლეებზე ბევრი მაქვს მოსაყოლი, თუმცა ახლა ერთ ამბავზე შევჩერდები, მინდა მოგითხროთ, როგორ გრძელდება ლიტერატურული ტრადიცია გალაკტიონის სოფელთან ახლოს, შუამთის სკოლაში და როგორ ვიპოვე სრულიად განსაკუთრებული ქართულის მასწავლებელი.

ერთი შეხედვით რამის გამოცნობა შეგიძლიათ? მაგალითად, ფერით მიხვდეთ, ახალია თუ არა ბოსტნეული, რომელიც ბაზარში იყიდეთ. ან გატყუებთ თუ არა ადამიანი, რომელიც გესაუბრებათ, ან როგორ ნიადაგზეა აშენებული სახლი და ემუქრება თუ არა კედლებს ეროზია? შეგიძლიათ? მე – არა. ერთადერთი, რასაც ერთი თვალის შევლებით ვცნობ, გნებავთ გუმანი დაარქვით, გნებავთ ინტუიცია, ან უბრალოდ, სიყვარული – ვცნობ სკოლებს, რომელთაც კარგი ქართულის მასწავლებელი ჰყავთ, ყველაფრით ვცნობ, ასეთი სკოლები განსაკუთრებით ცოცხლები არიან.

ვანის რაიონის სოფელ შუამთის სკოლაში ახლომდებარე სოფლების მოსწავლეებიც სწავლობენ, მათ შორისაა, გალაკტიონ ტაბიძის სოფელი, ჭყვიში, რომლის ერთმა გენიალურმა შვილმა სრულიად შეცვალა ქართული პოეზიის მდინარება.

სკოლაში მოსწავლეებთან ერთად მთელმა პედკოლექტივმა გვიმასპინძლა. შეხვედრის დროს კი ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამბავი გავიგე – სკოლის მკითხველთა კლუბის შესახებ.

არა, უფრო სწორად, მკითხველთა კლუბზე ცოტა ადრე შევიტყვე, როცა ელექტრონული წიგნების კატალოგით დაინტერესებული ხან ერთმა მოსწავლემ მოირბინა – ამ წიგნებში ჰოლდენ კოფილდის ამბავი არის? ხან კიდევ მეორემ – თანამედროვე მწერლების წიგნები ჩამოგვიტანეთ?

მოსწავლეთა ლიტერატურული ცნობისწადილის მთავარი მიზეზიც ცოტა ხანში გავიცანით – ქალბატონი აზა სართანია, სოფელ შუამთის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

-მკითხველთა კლუბი 2014 წელს დავაარსეთ მე და ბავშვებმა, უფრო სწორად, იმ ბავშვებმა, რომლებსაც კითხვა უყვართ. მიზანი ახალგაზრდების სულის გაფაქიზებაა, ეს ცოდნის გარეშე შეუძლებელია, ცოდნის მიღება კი -კითხვის გარეშე. ამ უხეშმა ეპოქამ, მხოლოდ კაპიტალის დაგროვებით რომაა დაკავებული, ლიტერატურა, მთლიანად ხელოვნება, უგულებელყო. ლიტერატურის უმთავრეს მოვალეობად კი ის მიმაჩნია, არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანები ვართ. ახალგაზრდებმა ბევრი მხატვრული ლიტერატურა უნდა იკითხონ, შეიყვარონ წიგნი და გადაარჩინონ სამყარო. ვინც მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს, არასოდეს გახდება ბოროტი, შურისმაძიებელი, უსიყვარულო, უნდო. აი, ეს არის ჩვენი კლუბის არსებობის არსიც”, – მპასუხობს ქალბატონი აზა, როდესაც კლუბის დაარსების შესახებ ვეკითხები.

შემდეგ, რასაკვირველია, მისი პედაგოგიური ცხოვრება მაინტერესებს, გაკვეთილები, აქტივობები, სიახლეები:

-ჩემს სადამრიგებლო კლასში ყველაფერს ვაკეთებ: კლასისა თუ სასკოლო ღონისძიებებს, აქციებს და ა. შ. 2013-2014 სასწავლო წელს რაღაც ხალისს შევიტან სასკოლო ცხოვრებაში-მეთქი, შევკრიბე თვითმმართველობის წევრები და გადავწყვიტეთ იუმორისტული გაზეთის გამოშვება. მოსწავლეთა პრობლემებზე უნდა დაგვეწერა. მოპოვებული მასალები ჩემთვის უნდა მოეწოდებინათ. მე კი სამი ისეთი მოსწავლე მყავდა შერჩეული, მასწავლებლებმა და არც მოსწავლეებმა დღესაც არ იციან, ვინ იყვნენ. ხელმძღვანელი მე რომ ვიყავი, ეს კი იცოდნენ. ,,წკიპურტი” ერქვა ჩვენს გაზეთს. პირველი წკიპურტი გათბობას ეხებოდა. ატყდა აჟიოტაჟი. ბავშვებიც გამოცოცხლდნენ”.

ლიტერატურამ სკოლის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, წიგნები მოსწავლეების ყოველდღიური მეგობრები გახდნენ, დისკუსია, წიგნების განხილვა, წიგნების გაცვლა-გამოცვლა სასწავლო პროცესის განუყრელი ნაწილი გახდა.

-ბევრი ვიფიქრე, როგორ დამეინტერესებინა ბავშვები. მოდით ახლა და წავიკითხოთ და გავაანალიზოთო, ამის თქმით არაფერი გამოვიდოდა. ჰოდა, პირველად პოეზიის საღამო მოვაწყვეთ, ბევრი გასართობი პროგრამით. მთავარი მხატვრული კითხვის კონკურსი იყო, ექსპრომტი – მეგობრული. ერთ-ერთი კონკურსი იყო ,,გამოიცანი, ვინ რა თქვა”. მე მქონდა მომზადებული ჩემი სავარაუდო პასუხები. ბავშვებისამ ჩემ მიერ მოფიქრებულს ბევრად აჯობა. მონაწილეებმა იმ დღეს მანამდე მიჩქმალული უნარები გამოავლინეს (მე ყოველთვის მათ უპირატესობას ვუსვამ ხაზს და ესეც კარგ შედეგს იძლევა).

არამხოლოდ ლიტერატურა, სიახლეები კინოში, საზოგადოებრივი მოვლენები, ახალგაზრდობის პრობლემები – საინტერესო განხილვები, კამათი და ყველაფერი ის, რასაც ცოცხალი სკოლა ჰქვია.

-ურუშაძის ,,მანდარინებს” ვუყურეთ ერთად და ჩვენი აზრიც გამოვხატეთ. თქვენი საჩუქრის შემდეგ უფრო სწრაფად შევძელით ,,თეთრი ბაირაღების” წაკითხვა. ამ ორ დღეში შევიკრიბებით და ერთმანეთს ჩვენს აზრს გავუზიარებთ. ამის შემდეგ დაბალ კლასებში გამოვაცხადებთ აკაკის საიუბილეო კონკურსს დაწყებითებში მხატვრულ კითხვაში, მაღალ კლასებში – ვიქტორინაში. თუ იშრომებ და იბრძოლებ, შედეგი აუცილებლად იქნება. მანამდე კლუბში გაწევრიანება რომ არ სურდა, ისეთი მოსწავლე რომ მთხოვს, თქვენთან მინდა და რამე კარგი პროექტი მოვიფიქროთო, ეს უკვე შედეგია. კლუბში მხოლოდ მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებია გაერთიანებული. ნეტავ განახათ, მერვეკლასელები როგორ ერთვებიან ქართულის პროექტებში, რომ სექტემბრიდან კლუბის წევრობის ღირსი გახდნენ, თავი მომაწონონ.

მოკლედ, დიდი გეგმები აქვთ, რომელთა შესრულებაში მე ეჭვი არ მეპარება, ისევე როგორც ლიტერატურული ტრადიციის უწყვეტობაში, რომლის სულის ჩამდგმელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია.

ფანტასმაგორიული შეხვედრები

0

თუ ბორხესი ეჭვობდა, რომ ადამიანები პერსონაჟთა მსგავსად, შეიძლება გამოგონილნი ყოფილიყვნენ, გივი მარგველაშვილი ამ ეჭვს რეალობად აქცევს და წერს:

„მე წიგნის გმირი ვარ.
ჩემს წიგნში_მე მას ჩემს ბიოგრაფიულ რუკასაც ვუწოდებ,
ზუსტად მიწერია ჩემი ბედისწერა.
იქ მატარებელივით მივიწევ წინ.
ჩემი ცხოვრების ხაზი
ამ წიგნის ყველა თავში უცვლელი რჩება.
დღე, როდესაც მავანი მკითხველი ამ მარშრუტს აირჩევს,
ჩემი დაბადების დღეა”.

ასე რომ, მწერალი თვითონვე აქცევს თავს წიგნის გმირად და ამგვარად თავს დააღწევს მოკვდავობას, სიცოცხლის ერთჯერადობას. წიგნის ყოველი წაკითხვისას ის ხელახლა აღდგება და ასე, მკითხველთან ყოველი ახალი შეხვედრისას ისევ იგრძნობს ცხოვრების სიტკბოსა და სიმწარეს და გაიმეორებს ცხოვრების მისტერიას.

ხორხე ლუის ბორხესს წერილში „დონ კიხოტში” დაფარული მაგია” მოჰყავს მაგალითები მსოფლიო ლიტერატურიდან, როდესაც პერსონაჟები და რეალური პიროვნებები ერთ დრო-სივრცულ არეალში მოაზრებიან. მაგალითად, „დონ კიხოტში” მღვდელი და დალაქი ათვალიერებენ დონ კიხოტის ბიბლიოთეკას, სადაც ერთ-ერთი წიგნი თვითონ სერვანტესის „გალათეაა”. უფრო მეტიც, დალაქი მაინცდამაინც არ არის აღფრთოვანებული ამ წიგნით და მიაჩნია, რომ ავტორი უფრო ძლიერი ფათერაკების აღწერაშია. „ასე რომ, სერვანტესის გამონაგონი, ან სერვანტესის სიზმრის ნაშიერი ეს დალაქი თვით სერვანტესზე მსჯელობს”. ამავე რომანის მეორე ნაწილში კი პერსონაჟებს უკვე წაკითხული აქვთ „დონ კიხოტის” პირველი ნაწილი. ამ და სხვა მსგავსი მაგალითების მოხმობით ბორხესი დაასკვნის: „კაცობრიობის ისტორია არის დაუსრულებელი ღვთაებრივი წიგნი, რომელსაც მსოფლიონნი წერენ და კითხულობენ (და ცდილობენ შეიმეცნონ) და რომელშიც თვითონ მათაც ამგვარადვე წერენ”. ბორხესისთვის „წიგნი, ყოველგვარი წიგნი წმინდა რამ არის”. იგი ლეონ ბლუას მოიხმობს, რომლის მიხედვითაც, ჩვენ მაგიური წიგნის სტრიქონები ვართ, ან სიტყვები, ან ასოები; და წიგნი, რომელიც მარადჟამს იწერება, ერთადერთია.

ჩვენს დროში განსაკუთრებულად გამძაფრებული შეგრძნება, რომ ყველაფერი უკვე დაწერილია, გივი მარგველაშვილმა გადალახა ამ დაწერილთან ურთიერთობის გამონახვის ფორმების ძიებით. სწორედ ეს ძიებებია ასახული მისი მინიატურებისა და ლექსების წიგნში „მე წიგნის გმირი ვარ” (გერმანულიდან თარგმნა და წინათქმა დაურთო ნაირა გელაშვილმა).

გივი მარგველაშვილი ტრაგიკული ბედის წყალობით გერმანულენოვან მწერლად იქცა, თუმცა მისი მრავალფეროვან შემოქმედებაში საქართველოს თემატიკა გამორჩეულია და მნიშვნელოვანი. მან საუკეთესო თავშესაფრად დაწერილი მხატვრული ტექსტი აირჩია. იგი მკითხველის კულტსაც ქმნის. ადამიანი, ერთი მხრივ, კითხულობს სხვათა დაწერილ ტექსტებს, მეორე მხრივ, საკუთარ თავსაც ამოიკითხავს (შეიმეცნებს) ცხოვრების წიგნში. ამ შემთხვევაში, მთავარია, ერთგვარი მეორეული ცხოვრება, რომელიც იქმნება კითხვის პროცესში. ამ დროს ადამიანი (მკითხველი) იქცევა სხვად და ერთგვარ იწყებს მოგზაურობას და ურთიერთობას ტექსტისმიერ სამყაროსთან. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ის ეხმიანება ოსკარ უაილდს, ჰერმან ჰესესა თუ მარსელ პრუსტს, რომლებიც წიგნის, გამოგონილი და წარმოსახული სამყაროს რეალობაზე უპირატესობას აღიარებდნენ.

უპირველესი წიგნი, რომელთანაც ურთიერთობით ახალ სიცოცხლეს შეიძენს ადამიანი, არის ბიბლია. გივი მარგველაშვილის დამოკიდებულება ამ წიგნის და იქ აღწერილი მოვლენების მიმართ ორიგინალურია. იგი ქმნის მისტიფიკაციას ერთგვარი რაინდული ორდენისას, რომელსაც ჩვენს დროში სიკეთის დაცვა აურჩევია თავის მოვალეობად. ამ ორდენს შეიძლება შეუერთდეს ნებისმიერი მკითხველი, რომელიც გივი მარგველაშვილის მინიატურების კითხვას შეუდგება. მწერალი ერევა უკვე დაწერილი ტექსტის ისტორიაში და ცვლის, მართალია ეს ცვლილება წარმოსახულია და მხოლოდ კითხვის პროცესში ხორციელდება, მაგრამ მკითხველს პასიური დამკვირვებლიდან აღწერილი ამბების აქტიურ მონაწილედ აქცევს, მას უქმნის ილუზიას, რომ შეუძლია ჩაერიოს უკვე დაწერილში და პერსონაჟთა ბედი შეცვალოს. მინიატურაში „ისააკის გაქცევა ბეთლემში” მწერალი მკითხველთან ერთად ცვლის ცნობილ ისტორიას. ის მამის წინ სამსხვერპლოდ მორჩილად მიმავალ ისაკს მოულოდნელად შეშინებულ ბავშვად აქცევს, ჯიუტად რომ გაურბის დანამოღერებულ მამას. მწერალი მკითხველთან ერთად მფრინავი თეფშით მიუძღვება ისააკს ახალი აღთქმის ტექსტისაკენ, სადაც „ძველტექსტისმიერ არსებას თემატიურად ეკრძალება აქ შემოსვლა. პატარა ისააკისთვის კი გამონაკლისს ვუშვებთ”. ეს, რა თქმა უნდა, ლიტერატურული თამაშის ნაირსახეობაა, მაგრამ ძალიან ორიგინალური და საინტერესო. მკითხველი თავისუფლდება ტექსტზე მიჯაჭვულობისაგან, ის შედის ტექსტში და მონაწილეობას იღებს პერსონაჟთა ბედის გადაწყვეტაში. მსოფლიო ლიტერატურაში ამგვარი „თამაშების” გამოცდილება, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ გივი მარგველაშვილის მიერ შემოთავაზებული ამ თამაშის ფორმები განსხვავებულია, მომნუსხველი და შთამბეჭდავი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ბიბლიურ პერსონაჟებს ეხებათ. აქ უკვე აღარ მოჩანს საბედისწეროდ და გარდუვალად: „რომ დაწერილი სიტყვა უნდა აღსრულდეს”.

აქ მჟღავნდება მარგველაშვილის პოსტმოდერნისტული თვალთახედვა, მისთვის აღარ არსებობს ტექსტი, როგორც ავტორიტეტი, ხელშეუხებელი. ის დაწერილს ცვლის, მართალია, მას არა აქვს პრეტენზია ჭეშმარიტების ჩანაცვლებისა, ან რაიმე აღიარებული ჭეშმარიტების ეჭვქვეშ დაყენებისა, ის, უბრალოდ, წაკითხვის ახალ გზას იგონებს ძველი ტექსტების ახალი გაცოცხლებისთვის და მათთან ახალი და ორიგინალური დიალოგის გასამართავად. ამ შემთხვევაში, ბიბლიური ამბავი, რა თქმა უნდა, ინარჩუნებს მის თვალში ავტორიტეტულობას, მაგრამ ის არ კითხულობს მას ისე, როგორც აქამდე სხვები კითხულობდნენ, ის ეძებს და პოულობს კიდევაც ახალ გზებსა და ბილიკებს ცნობილი მხატვრული ტექსტების ახალი აღქმისათვის, რათა ძველ ტექსტთან ურთიერთობის ნაცნობი განცდა გადაახალოსოს და გაამრავალფეროვნოს.

გივი მარგველაშვილი, როგორც ნაირა გელაშვილი შენიშნავს ხატოვნად, მართლაც, „პერსონაჟების მესიად” გვევლინება. „აი, ძვირფასო მკითხველო, _ აი, მცირეოდენი ოქრო, გუნდრუკი და მური. აიღე და შეურთდი იმ ქარავანს! ესენი აღმოსავლელი ბრძენები არიან.… ჰო, მართლა, სად მიდიან? შეგიძლია მიპასუხო? არა? ო_ო_ო… დაგვიწყებია. დიდხანს, ძალზე დიდხანს მიედინებოდა შენი უაზრო კითხვა_ყოფნა უბადრუკ წიგნთა საუფლოში”.
ასე და ამგვარად, მწერლის კეთილშობილური განზრახვით, მკითხველი მასთან ერთად ბიბლიაში მიემგზავრება, თავისსავე წარსულში, რათა გაიგოს: „ვინ არის, სიდამ მოსულა,/ სად არის, წავა სადაო”(გურამიშვილი).

მკითხველი კითხვის ახალი სასწაულის მოწმე და მონაწილე ხდება მინიატურაში „წიგნის გმირების დროული გადასახლება”. უჩვეულო შთაბეჭდილებას იწვევს ამბავი, რომლის მიხედვითაც, „წიგნის სამყაროს მმართველობის მიერ წარგზავნილ წინამძღოლებს” მშობლიური კუთხიდან აყრილი მშობლები და ყრმანი მათეს სახარებიდან ლუკას სახარებაში გადაჰყავთ, „რადგან აქ არ ჟლეტენ ყრმებს და ლტოლვილებს წიგნის სამყაროს ამ მხარის ისტორია ხიფათს არ უქადის”. ის, რაც რეალურ დროში განხორციელდა და ამგვარადვე აღიბეჭდა დაწერილში, კითხვის პროცესში შეიცვალა. უდანაშაულო ყრმები ჰეროდეს რისხვას და გაჟლეტას გადაურჩნენ. რა თქმა უნდა, ეს ილუზიაა, მაგრამ მკითხველი გრძნობს, რომ დაწერილი არ ნიშნავს შეუცვლელს, ყოველ შემთხვევაში, კითხვის პროცესში ყველაფერი შეიძლება მკითხველის სურვილისამებრ გარდაიქმნას.

ეს არის არა განსხვავებული ინტერპრეტაცია ტექსტისა, არამედ მისი სრულიად ახალი ვერსია. ამოსავალი მწერლისთვის არის ცნობილი პოსტმოდერნისტული ფორმულა: „სამყარო ტექსტია”. ამ სივრცეში ის თავისუფლად მოძრაობს, შლის და გადაადგილებს ამ დაწერილის ცალკეულ ფრაგმენტს. მწერალი ქმნის უტოპიას, რომლის მიხედვითაც, თუ ღმერთის სურვილი იქნება, შეიძლება ადამიანის შექმნილი ტექსტი ღვთის შექმნილს გაუთანაბრდეს, ე.ი. რეალურ დრო_სივრცეში დაიწყოს არსებობა.

პერსონაჟებს აღარ აკმაყოფილებთ ადამიანი _პასიური მკითხველი, მათ სურთ არა ხანმოკლე, არამედ მარადიული სიცოცხლე, გათავისუფლება ქაღალდზე მიჯაჭვულობისაგან და სიცოცხლის თავბრუდამხვევ რიტმში მონაწილეობა. ამგვარ ლიტერატურულ თამაშებში შემოჰყავს მწერალს მსოფლიო თუ ქართული ლიტერატურის გმირები და ფანტასმაგორიული შეხვედრების სამყაროს ქმნის.

მნიშვნელობა აღარ აქვს

0
ჭკვიანი და მკვდარი კაცებისა ტყუილიც დაიჯერება. ჟურნალ Esquire-ის ფურცელზე სულმნათი გაბრიელ გარსია მარკესის ასეთი სიტყვები წერია: „ჩვენ გვიწევს, ვიბრძოლოთ ენის გაქვავების წინააღმდეგ. ისეთმა სიტყვებმა, როგორებიცაა „ერი”, „დემოკრატია”, დაკარგა მნიშვნელობა. ყველას, ვისაც არჩევნების ორგანიზება შეუძლია, თავი დემოკრატი ჰგონია”.
კოლუმბიიდან საქართველომდე ოკეანე და მრავალი ათასი კილომეტრია, მაგრამ მარკესის აზრი ჩვენს ქვეყანას ისევე ერგება, როგორც თემიკო ჩირგაძე – ვაჟა ზაზაევიჩის როლს. „ერისა” და „დემოკრატიის” გარდა, ჩვენში ყველა, როგორც იტყვიან, ძაღლი და ღორი, წაღმა-უკუღმა რომ ატრიალებს, უამრავმა სიტყვამ თუ ფრაზამ დაიწყო გაქვავება. ბევრი კი თავიდანვე ქვადშობილი იყო. მათ დაკარგეს მნიშვნელობა ან მნიშვნელობის გარეშე დაიბადნენ, ზოგიერთი საფიცარი, ამაღელვებელი ფრაზის გაგონებაზე კი არათუ სისხლის ტემპერატურა არ გვიწევს მაღლა, არამედ ხანდახან გვეცინება კიდეც.

ამას ჩვენ ყოველდღე ვაკეთებდით: შინ, ოჯახის წევრებთან საუბრისას; სკოლებში, გადაუმოწმებელი და გაუაზრებელი ისტორიული პასაჟების მოყოლისას; ბირჟებზე, ქვეყანაში მოქმედი კანონების ალტერნატიული, ქუჩის კანონების შექმნისას; საზოგადოებრივ ტრასპორტში, დადგენილი წესების ერთობლივად უგულებელყოფისას; სუფრებზე, მლიქვნელობისა და ფარისევლობის ზეიმის დროს; პარლამენტში, საკუთარი უნიათობის მაღალფარდოვანი სიტყვებით გადაფარვისას; მიტინგის ტრიბუნაზე, ხელოვნური ცრემლების მოსადენად.
დღეს ჩვენ ისე გვჭირდება ერთად დგომა, როგორც არასდროს
ქართული მიტინგების სცენარის გამოცნობა ისევე იოლია, როგორც დაბალბიუჯეტიანი ჰოლივუდური ფილმის ფინალისა, რომელშიც უბრალო ბიჭს კოლეჯის ფეხბურთის გუნდის კაპიტნის შეყვარებული უყვარს, მაგრამ თქმა ვერ გაუბედავს. რუსთაველის გამზირზე, ყოფილი და მომავალი (ამისა ვეღარა გავიგე რა) პარლამენტის შენობის წინ, უკან საეჭვობანერგაკრულ სცენაზე გამოსული მოპატრიოტო ან ვაიმოპატრიოტო ელემენტი ადრე თუ გვიან აუცილებლად იტყვის სიტყვებს: „ქართველებო, დღეს ჩვენ ისე გვჭირდება ერთად დგომა, როგორც არასდროს”. მიდი და არკვიე ახლა მტყუან-მართალი. ბოლო-ბოლო, ერთი და ორი ცრუ მესია გვინახავს?!

ერთადერთი ემოცია, რომელიც ამ სიტყვების გაგონებისას მეძალება, სიცილია, ამის მთქმელი ადამიანები კი წამსვე გადაიქცევიან ხოლმე კომიკურ, პატარა პერსონაჟებად, რომლებიც, რამე რომ იყოს, ასანთის კოლოფშიც თავისუფლად მოთავსდებოდნენ. გახსოვთ, როგორ მთავრდება „მარტოობის 100 წელიწადი”? „ადამიანთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასწლიანი მარტოობისთვის, მეორედ ვეღარ მოვა ამქვეყნად”. ჩვენს შემთხვევაში კი ასე მგონია: ადამიანთა მოდგმას, რომელიც ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად ვერ აკეთებს თავის საქმეს, გაერთიანება არ უწერია.
თავისუფლება ლომთა ხვედრია
ჩვენში დარჩეს, მაგრამ თავისუფლება ადამიანთა ხვედრი უფროა. ოღონდ ყველა ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ვერ ან არ ახერხებს იყოს თავისუფალი თავისი დამოკიდებულების, კომპლექსების, მიჯაჭვულობის, წარსულის, მოკლე მეხსიერების გამო. რაგბის თამაშის წინ, რესტორნებში, მანქანებში ვუსმენთ და ხანდახან ავყვებით ხოლმე სიმღერას, რომელშიც ამბობენ, რომ თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია. ამასობაში ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს სიტყვები ჩვენზე კია დაწერილი, მაგრამ არ გვეხამება.

ტალონით ნაყიდი რუსული ხიზილალას გემო; ფიქრი: რას იტყვის მეზობელი, თუ ჩემმა შვილმა ტატუ გაიკეთა; ეჭვი, რომ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავენ, პატრონი არ ჰყავთ; რწმენა, რომ ნუგეში ვითომდა საერთო რელიგიის აღმსარებელი მეზობელის უბეშია; იმის კომპლექსი და მცდარი აზრი, რომ ვინც ტელევიზორში ხშირად გამოდის, შენზე ჭკვიანია; შიში, რომ კონკურენტზე უკეთესი ვერ იქნები; ძალა, რომელსაც საკუთარ ორგანიზმსა და გონებაში ვერ პოულობ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის; არგუმენტი, რომ ვაჟა-ფშაველა მხოლოდ იმიტომაა მაგარი, რომ ალენ დელონმა წაიკითხა (თუმცაღა არ წაუკითხავს); იდეა, რომ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ. ეს ყველაფერი და კიდევ ვინ მოთვლის რამდენგვარი სიმსივნე გვართმევს საშუალებას ვიყოთ თავისუფლები. ესაა ბალასტი, რომელიც აეროსტატიდან უნდა გადაიყაროს.
და თუკი თავისუფლება მართლაც ლომთა ხვედრია, მაშინ ჩვენ ნაღდად არ ვართ ლომები. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
მანდილოსნებს გაუმარჯოს
ამ სადღეგრძელოს ორ რამეს ვედავები – სიკეკლუცესა და სიყალბეს. გამარკვიეთ ერთი, რატომ უნდა გაუმარჯოს მანდილოსნებს ცალკე? ქართულ სუფრაზე მე არ მომისმენია მამაკაცების სადღეგრძელო. თუ მაინცდამაინც არ ვიშლით, იქნებ აჯობებდეს ვთქვათ, ადამიანებს გაუმარჯოსო. განა ქალი სხვა სახეობაა?

ასეც რომ არ იყოს, ამ სიტყვებს გაგრძელება და საქმით დასტური არ გააჩნია.

ცოტა ხნის წინ ერთ თბილისურ საპურმარილეში ასეთ ამბავს შევესწარი: ფერხორციანი მამაკაცები ერთი მათგანის დღეობას აღნიშნავდნენ. სუფრა ეზნიქებოდათ. ხორხოცებდნენ, ნაკლებად სასაცილო ანეკდოტებს ჰყვებოდნენ, გაუცინარზე იცინოდნენ. მიჰყვნენ პროტოკოლით განსაზღვრულ სადღეგრძელოებს და მიადგნენ მანდილოსნებს. სად წაუვიდოდნენ?! დიდად აზიზი სიტყვებით შესვეს. ზოგიერთმა უცნობი პოეტების ნაკლებად ცნობილი ლექსებიც მოაყოლა. არ გასულა ხუთი წუთი, რომ ერთმა მათგანმა, ყველაზე მთვრალმა და ცუდი ენის კაცმა, მიმტან გოგონას მიმართა:

– სადაა ჩემი ხინკალი?

– გამოვა თუ არა, მოგიტანთ, ბატონო, – უპასუხა მიმტანმა და შებრუნდა.

– ოე, …-ო – უღრიალა მამაკაცმა, რომელმაც ხუთი წუთის წინ ცრემლმოსადენი სიტყვებით დალია მანდილოსნების სადღეგრძელო.

ღმერთმა დამიფაროს, იმას ვამბობდე, რომ ასე უგვანად ბევრი მოიქცეოდა. ცხადია, ცოტა მოიძებნება ასეთი არაკაცი, მაგრამ ამ სიტყვების ფასი რომ ნულია, ნული ეგეთი უნდა.
დანარჩენზე მერე დავწერ.

ზრდასრულთა განათლება საქართველოში – რეალობა და პერსპექტივები

0
სწავლა სიბერემდეო, გვასწავლის ქართული ანდაზა. ბევრი იზიარებს და მისდევს ამ ბრძნულ გამონათქვამს, თუმცა უმეტესობა ამას მხოლოდ თვითგანათლებით ახერხებს.
რა მდგომარეობაა საქართველოში ზრდასრულთა განათლების მხრივ? ათეულობით წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული იყო აზრი, რომ ადამიანი ერთხელ ირჩევდა პროფესიას და შეცდომა არ უნდა დაეშვა, ვინაიდან მთელი სიცოცხლე ამ პროფესიით მოუწევდა მუშაობა. ამასთან, პროფესიასაც დროულად უნდა დაუფლებოდა, ვინაიდან რამდენიმე წლის შემდეგ განათლებაზე ფიქრი მისთვის შესაძლოა ოცნებადვე დარჩენილიყო. ასეთივე მიჯაჭვულობა იგრძნობოდა სამსახურის მიმართაც: როცა ამა თუ იმ პროფესიის ადამიანი მუშაობას იწყებდა, დარწმუნებული იყო, რომ სიკვდილამდე იქ იმუშავებდა, ამიტომ, თუ რაიმე მიზეზით სამსახურის დატოვება მოუწევდა, ეს სიცოცხლის დაკარგვის ტოლფასად მიაჩნდა. უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ ათწლეულებში რაიმე სერიოზული ძვრა ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში არ მომხდარა. უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველთა ასაკი დღესაც მკაცრად არის განსაზღვრული. ზრდასრულთა განათლება საქართველოში დღეს უმთავრესად განსაზღვრული პროფესიის მქონე პირთა შემდგომ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვით შემოიფარგლება და ეს, როგორც წესი, ტრენინგების ფორმატში მიმდინარეობს. წლების განმავლობაში მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტთან არსებული სასწავლო კურსები საშუალებას აძლევდა მსურველს, რამდენიმე გამოცდის ჩაბარების შემდეგ პედაგოგის პროფესიას დაუფლებოდა, თუმცა აქ წინაპირობა ის იყო, რომ მას უკვე უნდა ჰქონოდა ნებისმიერ სხვა სფეროში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ კურსებმა ბევრი კარგი პედაგოგი შემატა საქართველოს. ისინი დღესაც წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას ჩვენს სკოლებში.
ზრდასრულთა განათლებისადმი ინტერესი ხშირად ამა თუ იმ საგრანტე პროგრამის განხორციელებისას წარმოიშობა და მისი დასრულებისთანავე ქრება. ბევრ სხვა საინტერესო პროგრამასთან ერთად ასეთი ბედი ეწია ადრეული ასაკის ბავშვის განვითარების პროგრამასაც, რომელიც წლების წინ გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით წარმატებით ამოქმედდა. ის მიზნად ისახავდა მშობლებში პედაგოგიური, ფსიქოლოგიური და სამედიცინო განათლების გავრცელებას. ამ პროგრამის ფარგლებში ბევრი სასიკეთო და სასარგებლო რამ გაკეთდა: მომზადდა პოპულარული საკითხავი ლიტერატურა 3 წლამდე ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხებზე, დაიწერა სცენარი და გადაღებულ იქნა ვიდეოფილმები, ტელეკომპანია „იმედის” მხარდაჭერით მომზადდა გადაცემების ციკლი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი”, გაიმართა ტრენინგების სერია მშობლებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამას მშობელთა მხრიდან დიდი მოწონება, აღიარება, მხარდაჭერა ხვდა წილად, მან მხოლოდ ორი წელი იმუშავა და დაიხურა, როდესაც ჩვენს ქვეყანას უკვე დამოუკიდებლად, საგარეო დახმარების გარეშე უნდა ეზრუნა მომავალი თაობის მშობელთა შემდგომ განათლებაზე. ამ პროგრამის დახურვით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის, მშობელთა განათლების, მოგვარება კიდევ ერთხელ დავაყენეთ კითხვის ნიშნის ქვეშ. და ეს მაშინ, როცა მშობლების განათლებისა და მშობლობისთვის მათი მომზადების კუთხით თითქმის არაფერი კეთდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ მშობლობაც პროფესიაა და, თამამად შეიძლება ითქვას, ყველაზე რთული პროფესია, ამასთან, ბავშვის აღზრდაში მშობლების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგვიანებით ხშირად შეუძლებელიცაა, ალბათ ეჭვს არ უნდა ბადებდეს, რომ ზრდასრულთა განათლების სისტემის ამოქმედების შემთხვევაში მის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ მიმართულებად მშობელთა განათლება უნდა იქცეს. ამასთან, მშობლობისთვის ადამიანის მომზადება ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაიწყოს, როცა ის ბავშვის ყოლას გადაწყვეტს. სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს ბავშვის განვითარების, მისი სწავლებისა და აღზრდის საკითხების შესახებ მომავალი მშობლის განათლება, და ყოველივე ამაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა სწორედ ზრდასრულთა განათლების პროგრამას შეუძლია.
თამამად და გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ზრდასრულთა განათლების საკითხებზე ჩვენს ქვეყანაში ყველაზე აქტიურად და ნაყოფიერად პროფესიული კოლეჯები მუშაობენ, მაგრამ თუ ამ საწავლებლებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები დროულად არ მოგვარდა, შესაძლოა, იქ მომუშავე პედაგოგები დიდ სირთულეებს შეეჯახონ. უპირველეს ყოვლისა, ყურადსაღებია, რომ პროფესიული კოლეჯების სასწავლო ჯგუფები საკმაოდ არაერთგვაროვანია, ხშირად გვერდიგვერდ უწევთ სწავლა 14-15 წლის მოზარდს და 40-50 წლის ზრდასრულს. ცხადია, ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც საბაზისო ცოდნით, ასევე ცხოვრებისეული გამოცდილებით, სასწავლო მოტივაციითა და სამომავლო მიზნებითაც. რასაკვირველია, ყველაფერში დადებითი მხარე უნდა ვეძებოთ. ამ შემთხვევაშიც მდგომარეობა შეიძლება სასწავლო მიზნებს დავუკავშიროთ და სასიკეთოდაც გამოვიყენოთ, შევქმნათ ისეთი სიტუაციები, რომ 14-15 წლის მოზარდმა უფროსი მეგობრისგან ბევრი საჭირო რამ ისწავლოს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ზრდასრულთა განათლება სპეციფიკურია და ძირეულად განსხვავდება მოზარდთა განათლებისგან, ცხადი გახდება, რომ პროფესიული კოლეჯების პედაგოგებს სერიოზული დახმარება სჭირდებათ ზრდასრულთა სწავლების საკითხებზე ცოდნის გაღრმავებისა და ახალი ინფორმაციის მიღების კუთხით, რათა ასეთ არაერთგვაროვან ჯგუფებშიც წარმატებით მოახერხონ სასწავლო პროცესის წარმართვა და მოსალოდნელი სირთულეების თავიდან აცილება.
ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რატომ უნდა ზრუნავდეს ქვეყანა ზრდასრულთა სწავლებაზე, როცა მას უამრავი სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. ვფიქრობ, დამეთანხმებით, რომ ქვეყნის ძლიერება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად დაცულად, უსაფრთხოდ, იმედიანად და მშვიდად გრძნობენ თავს მისი მოქალაქეები, რამდენად აქვთ მათ ემოციური სტაბილურობის განცდა და ახერხებენ თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღებაზე ფიქრს ადამიანი საკმაოდ ადრე ამთავრებს და ამით მომავალში საკუთარ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების იმედსაც კარგავს, რაც მასში ემოციური არასტაბილურობის განცდას ბადებს. ცხადია, ასეთი ადამიანი სასიკეთოს ბევრს ვერაფერს გააკეთებს ქვეყნისთვის და თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებაც დაუკმაყოფილებელი დარჩება. არარეალიზებული ადამიანი კი ასაფეთქებლად გამზადებული ნაღმია საზოგადოებისთვის და ასოციალურ ქცევას სწორედ მისგან უნდა მოველოდეთ.
განათლება ადამიანს ეხმარება როგორც შიშის დაძლევაში, ასევე ემოციური სტაბილურობის განცდაშიც, მომავლის რწმენას, იმედს უღვივებს მას და, აქედან გამომდინარე, უფრო დაცულადაც აგრძნობინებს თავს. ასეთი ადამიანი სასიკეთო საქმეების საკეთებლად არის მომართული, რაც, თავის მხრივ, ქვეყანას აძლიერებს.
ზრდასრულთა სწავლების სისტემის დამკვიდრება და ამოქმედება საქართველოში გაცილებით იმედიანებს გახდის ადამიანებს, რაც საზოგადოების ემოციურ ფონზეც აისახება, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარალელურად ხელისუფლება დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლადაც დაიწყებს ზრუნვას და დასაქმების ასაკიც მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეს, როცა 30-35 წლის ადამიანი მრავალი სამსახურისთვის უკვე ხანდაზმულად ითვლება და დასაქმებაზე უარს ეუბნებიან, საეჭვოა, ზრდასრულმა მოქალაქეებმა თავიანთ მომავალ განათლებაზე დაიწყონ ზრუნვა.
განათლებული ადამიანების სიმრავლე ქვეყანას აძლიერებს. ძლიერი საქართველო განათლებული მოქალაქეების გარეშე წარმოუდგენელია. ვიზრუნოთ ადამიანების განათლებაზე, რა ასაკისაც უნდა იყვნენ ისინი; მუდამ გვახსოვდეს, რომ სწავლისთვის მეტისმეტად ხნიერი არავინ არის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...