სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

კითხვის საათი და გააზრებული კითხვის აქტივობები

0
2014 წლის ეროვნული სასწავლო გეგმით დაწყებითი კლასების სადამრიგებლო პროგრამის ფარგლებში სავალდებულო გახდა ,,კითხვის საათი”,  რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებში გააზრებული კითხვის უნარების განვითარების ხელშეწყობას.
 წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ, რომელიც საქართველოში ორჯერ ჩატარდა, აჩვენა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ყველაზე მარტივია ტექსტიდან ზედაპირული ინფორმაციის გაგება. რაც შეეხება ტექსტიდან გამომდინარე დასკვნებს, მსჯელობას, შეფასებას, ჟანრის გაგებას და ა.შ. ამ მხრივ გამოიკვეთა პრობლემები.  ამიტომ ტექსტის წაკითხვის, წაკითხულის გაგება-გააზრებასა და ზეპირი და წერითი გადმოცემის უნარების დროულად განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
 მოგეხსენებათ, გააზრებული კითხვის აუცილებელი წინა პირობაა სწრაფი კითხვა. ეს კი მაღალორგანიზებული გონების, კონცენტრირებული ყურადღებისა და გავარჯიშებული მხედველობის თვისებაა. ეს თვისებები ახასიათებდა გენიოსებს. სწრაფი კითხვით აოცებდა თანამედროვეთ ნაპოლეონიც. ის თურმე წუთში –  2000 სიტყვას კითხულობდა.
 ზოგი ადამიანი ბავშვობიდანვე ბუტბუტით კითხვას ეჩვევა.  სხვადასხვა გარემოებები  კითხვის სისწრაფეს წუთში 120-150 სიტყვამდე ზღუდავს და ადგილი აქვს  ,,ფონეტიზაციას”. ცნობილია, რომ სმენითი არხის გამტარიანობა, მის მიერ ინფორმაციის მიღება-გადაცემა და გადამუშავება ათი ათასჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე მხედველობითი არხის გამტარიანობა. ამიტომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაიტვირთოს ის არხი, რომელიც უფრო პროდუქტიულია.
               მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც დამეხმარა კითხვის დამამუხრუჭებელი  უარყოფით ჩვევისგან ბავშვების გადაჩვევაში.  მართალია, ბავშვებს პირველ ხანებში უჭირდათ ასე წაკითხული ტექსტის გაგება, მაგრამ ყველაფერი გამოსწორდა. მობუტბუტე ბავშვებთან მუშაობა გამიადვილა  პირველ ეტაპზე, ,,წყალ-წყალა” ტექსტების კითხვამ, კონკურსების მოწყობამ – ,,ვინ უფრო სწრაფად?”, ,,სიტყვების ამოცნობამ” და სხვა.
               
   გთავაზობთ „კითხვის საათზე” ჩემს მიერ გამოყენებულ აქტივობებს. ეს აქტივობები წაკითხვამდელი,  კითხვის დროს  და წაკითხვის შემდგომი ეტაპის შესაბამისია.
   წაკითხვამდე ჩასატარებელი  შემეცნებითი  აქტივობის  ,,განძის მაძიებლების”  ჩემეული   ვერსია ასეთია:

შემეცნებითი გასართობი ,,განძის მაძიებლები”
მიზანი:
1.მოტივაციის ამაღლება
2. სწრაფი კითხვის უნარების განვითარება
3. კრიტიკული აზროვნების განვითარება

მსვლელობა

   პირველი ეტაპი – კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეული ჯგუფიდან ბავშვები ირჩევენ ორ მოსწავლეს, რომლებიც ,,გაემგზავრებიან” განძის საპოვნელად. სამოგზაურო სივრცე საკლასო ოთახია. მასწავლებელი წინასწარ ადგენს ,,სამოგზაურო რუკას”, რომლის მიხედვითაც  შესაბამის ,,ტერიტორიაზე” მოათავსებს ბარათებიან კონვერტებს. მასწავლებელი წინასწარ გეგმავს თუ რა შედეგის მომტანი იქნება მოსწავლეებისათვის იმ დღის მოგზაურობა და იმის მიხედვით ამზადებს ბარათებს. ბარათები უნდა იყოს ბავშვებისათვის საინტერესო, უნდა იკითხებოდეს კარგად და უნდა ხდებოდეს ბარათების ხშირი მონაცვლეობა.
    მეორე ეტაპი –  ბარათების ძებნის პროცესი. გახარებულები, როცა იპოვნიან, ცდილობენ წაიკითხონ ინტონაციით, უპასუხონ კითხვებს და ა.შ. ბარათის მფლობელს საჭიროების შემთხვევაში დახმარებას უწევს მისივე ჯგუფის წევრები, მხოლოდ მას  დააკლდება 1 – ქულა (თითო ბარათი 2 ქულით ფასდება).  ჯგუფის წევრები ინიშნავენ განძის მაძიებელთა ქულებს, სწორ პასუხებს აჯილდოებენ ტაშით, ამხნევებენ თავიანთი გუნდის წარმომადგენლებს. ბარათების რაოდენობა მაძიებლების რაოდენობის შესაბამისი უნდა იყოს. 
 გთავაზობთ ერთ-ერთ ,,მოგზაურობას”.

   მონაწილეები ,,სამგზავრო რუკიდან” შეიტყობენ, რომ პირველი ბარათი ,,ცოდნის ხეზეა” მოთავსებული. ვინც მიასწრებს, გახსნის კონვერტს და კითხულობს.

  „ჩემო კარგებო” განძის პოვნა გადაწყვიტეთ? ის შორს არ არის, აქვე საკლასო ოთახშია. გელოდებათ რამდენიმე დაბრკოლების გადალახვა, რისთვისაც საჭიროა თქვენი გონებამახვილობა, სისწრაფე და გამარჯვების სურვილი. ახლა კი სწრაფად გაეშურეთ ბუნების ცენტრისაკენ. იქ გაზაფხულის რომელიღაც თვის დღიურის ჯიბაკში დავალებებია. წარმატებებს გისურვებთ!” 

  (თუ ბარათის მფლობელი გამართულად და სწრაფად ვერ წაიკითხავს, ბარათი II – მონაწილეს გადაეცემა, მას კი 1 – ქულა აკლდება).

   მონაწილეები იპოვნიან ბარათს, რომელშიც 3 კითხვაა (აქ კითხვები სამ ,,მოგზაურზეა” გათვალისწინებული).
         გამოიცანი:

1.ღამღამობით ცის თაღზე ჩიტებივით სხდებიან,
ციმციმებენ, ნათობენ, ნეტავ ვინ ბრძანდებიან?
2.ანათებს თუ არა მთვარე?
3.რა არის გლობუსი?

 ( ბარათის მეორე მხარეს მინიშნებაა, თუ სად უნდა ეძებონ შემდეგი ბარათი).

გადალახეთ დაბრკოლება? 

 შემდეგი დავალება ქართულის ცენტრში გელოდებათ. კარგად მოძებნეთ ,,ფოსტა”,  ,,მკითხველთა  თეატრის” ფარდები.

ბარათზე შემდეგი დავალებებია
1.რომელია სწორი ფორმა? 
I.მე ვუთხარი 
II.მე  უთხარი
III.ჰქონდა 
IV.ქონდა

პასუხის შემდეგ ბარათის II მხარეს მინიშნება,  რითაც მაძიებლები  ხვდებიან, რომ შემდეგი დაბრკოლება მათემატიკის ცენტრში – ბრტყელ ფიგურებშია მოთავსებული.
უპასუხე:

1).  დაფიქრდი,  რამდენი ფეხი ექნება 20 – მამალს თუ მათ შორის 10 – ცალფეხაა?
2). რამდენია უდიდესი და უმცირესი ორნიშნა რიცხვების ჯამი?
3). რამდენი ხუთეულია 30-ში?

   ამის შემდეგ მათემატიკის ცენტრმა შეიძლება ხელოვნების ცენტრისაკენ ან ,,სიტყვის სკივრისაკენ” მიუთითოს გზის გაგრძელება – ეს მასწავლებელზეა დამოკიდებული. ამჯერად  კი ბავშვები კვლავ ,,ცოდნის ხეს” უბრუნდებიან. ცხადდება ჯამური ქულები, ყველაზე წარმატებული კითხულობს ბოლო ბარათს:

   ,,დამიბრუნდით,  ჩემო კარგებო? ასე სწრაფად გადალახეთ დაბრკოლებები? ძალიან გამახარეთ! დღეს თქვენ განძის ის მცირე მარცვლები შეიძინეთ, რომელიც ცოდნის დაგროვებაში დაგეხმარებათ. ცოდნა კი ყველაზე დიდი განძია ამქვეყნად”. 

   განძის მაძიებელთა ეს მოგზაურობა  5 – 10  წუთში მთავრდება.  ბავშვები მოტივირებული არიან.  მათ აღარ უჭირთ ახალ აქტივობაზე გადართვა. მოსწავლეებს მეტი  ქულების დაგროვების სურვილი უჩნდებათ. ,,განძის” ძიებამ ბევრი პასიური გაააქტიურა  და ახლა კლასში თითქმის ყველა კარგად კითხულობს. მყავს ,,საუკეთესო მკითხველები” საკუთარი ზღაპრებისა და მოთხრობების ავტორები, 20 – მოსწავლიდან ხუთმა უკვე მოიპოვა ,,საავტორო სკამზე” დაჯდომის უფლება.

    შემეცნებითი თამაში  ,,განძის მოპოვება” არამარტო კითხვის უნარებს უვითარებს მოსწავლეებს, არამედ ყველა სასწავლო საგანს სწვდება და თამაშ-თამაშით მარტივდება პრობლემების დაძლევა. 
ამის შემდეგ მოსწავლეებს დავურიგე  დაბეჭდილი ტექსტი ტესტებით.
დავალება:

   წაიკითხეთ  რ. ინანიშვილის ,,მუხა” და შეავსეთ ტესტები.
მუხარ. ინანიშვილი
    ეს მუხა ტყის პირას დგას, – ბებერი, ჯმუხი, ტანდაკოჟრილი, ფოთლებშეთხელებული. აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს. იშვიათად თუ ეწვევა ვინმე, – ადამიანი, ცხოველი თუ ფრინველი. საუკუნეებით დაღლილს, გაწამებულს ხანდახან ქორი თუ მოებმება ხმელ კენწეროზე, ისიც უძრავი, მრისხანედ მიშტერებული ველისაკენ; ხანდახან კოდალა თუ მოინახულებს; სწრაფად, უგულოდ შემოურბენს ირგვლივ, თითქოს ვალდებულების მოსახდელად ორიოდეჯერ დაჰკრავს ნისკატრს, – კივკივო! – ანუგეშებს და გაფრინდება სხვა ხეებისაკენ. ციყვებმაც კი მიატოვეს და წავიდნენ.

    ამ რამდენიმე წლის წინათ მუხის მეზობლად, ლამაზი თელის ძირში, მონადირეებმა შეისვენეს. დაანთეს ცეცხლი, გაშალეს სუფრა, დაიწყეს პურობა და სმა. ცოტა რომ შეზარხოშდნენ, აყაყანდნენ: არა მე ვჯობივარ სროლაში, არა მეო. ერთი მონადირე წამოდგა და თქვა: – აი ბურთი და აი მოედანი! – მუხის დიდ კოჟრზე ასანთის კოლოფი დასვა, – ვესროლოთო. ზოგი ფეხმორთხმული ისროდა, ზოგი – წაწოლილი. სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას, სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით.

   მონადირეები რომ წავიდნენ, ქარი ამოვარდა, მუხის სველი ჭრილობა მიწით ამოივსო. გამოხდა ხანი, – თვეები, წლები და აი, წლეულს გაზაფხულზე, ის მონადირე ასანთის კოლოფი რომ დასვა მუხაზე, უკვე ჭარმაგი, პატარა შვილიშვილთან ხელჩაკიდებული, ისევ მოხვდა ამ ადგილებში.

   მუხის ნაჭრილობევში მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა.

   მონადირის შვილიშვილმა, ლამაზმა, ყურებსიფრიფინა გოგონამ, აღტაცებულმა ჩაიმუხლა,     მუხამ ხელები მოხვია და მიეხუტა.
   მონადირემ უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა.
შემოხაზე ან დაასრულე  ტესტი
1. რატომ მიატოვა მუხა ყველამ? 
იმიტომ რომ:
   ა) ბებერი იყო;
   ბ) საუკუნეებით დაღლილი იყო;
   გ). ფოთლებშეთხელებული მუხა აღარც ჩრდილს იფენდა და აღარც რკოს ისხამდა;
  დ) თუ …………………………………………..
2. როგორ ამოვიდა ია მუხაზე?
ა) ია გოგონამ ჩათესა;
    ბ) მუხის კოჟრები წვიმამ დაასველა და ია ამოვიდა;
    გ) მუხის სველი ჭრილობა ქარმა მიწით ამოავსო, საიდანაც ია ამოვიდა;
   დ) თუ …………………………………………..

3. როდის უფრო შეგეცოდათ მუხა?
   ა) როცა ყველამ მიატოვა;
   ბ) როცა მონადირეებისაგან სიცილით გაშვებული ტყვიები წივილით ესობოდნენ მუხას?
  დ) თუ …………………………………………..
4.დააკავშირე  ისრებით
გამოხდა ხანიხანშიშესული
პურობა დაიწყეს  გავიდა დრო.
ჭარმაგიჭამა დაიწყეს.
5.დისკუსია თემაზე
როგორი ადამიანია მონადირე?
  ასეთი მიზნობრივი თამაშით დაწყებული კითხვის  საათი, გააზრებული კითხვის შემდეგ შეიძლება მცირე დისკუსიითაც დამთავრდეს.  ამ ტექსტის დამუშავებისას   კითხვაზე: როგორი ადამიანია მონადირე? – კლასის აზრი რამდენიმე ჯგუფად გაიყო. 

 I ჯგუფი ამტკიცებდა, რომ შეუბრალებელია; 
II ჯგუფი კი ამბობდა, რომ  ,,დაუკვირვებელია”; 
III ჯგუფი ამტკიცებდა, რომ კარგი ადამიანია, რომელსაც სინანული აქვს ოდესღაც ჩადენილი ცუდი საქციელის გამო. 

ასეთი მცირე დისკუსიები ხელს უწყობს პატარებში მეტყველების, მსჯელობის და კრიტიკული უნარების განვითარებას. რაც, მთავარია,  ამ დროს გამოვლინდება, თუ რამდენად შეძლეს მათ წაკითხული ტექსტის სწორად გააზრება. 
იზოლდა    ჯოხაძე

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი. ინოვაციური სასკოლო ცენტრის ხელმძღვანელი

საფოსტო ყუთი – ლიტერატურა წერილებად

0
 მეორე ნაწილი
წერილს ლიტერატურაში ყოველთვის დიდ როლს ანიჭებდნენ. მისი დახმარებით იხსნებოდა სიუჟეტური კვანძი, იმართებოდა აქტიური დიალოგი პერსონაჟებს შორის. წერილები იგზავნებოდა, მათ იღებდნენ, კარგავდნენ, პოულობდნენ, ელოდნენ, წვავდნენ, უბის წიგნაკში ინახავდნენ… ასეა თუ ისე, წერილების წყალობით ლიტერატურული თუ რეალური გმირების ცხოვრება ხშირად დამდგარა თავდაყირა.

დავიწყებ ეპისტოლური მწერლობის ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშით. ჯ. მ. კუტზეესა და პ. ოსტერის ერთობლივი კრებული ,,აქ და ახლა” ამ ორი მწერლის წერილობითი დიალოგის შედეგად შეიქმნა. ისინი ერთმანეთს 2008 წელს შეხვდნენ. კუტზეეს ინიციატივით, მალე მწერლებს შორის აქტიური მიმოწერა გაჩაღდა. როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთის შემოქმედების ერთგული მკითხველები ყოფილან, მოგვიანებით კი საფოსტო ყუთის განუყრელ მეგობრებად და პუბლიცისტური პროზის ძალიან საინტერესო კრებულის თანაავტორებად იქცნენ.

ამერიკასა და ავსტრალიას შორის მფრინავ წერილებში ისინი საუბრობენ ყველაფერზე: მეგობრობაზე, ფინანსურ კრიზისზე, სპორტზე, ომსა და მშვიდობაზე და, რა თქმა უნდა, ლიტერატურაზე. მწერალთა დასკვნები მათთვის დამახასიათებელი დამაჯერებელი არგუმენტებითაა გამყარებული, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს, გულუბრყვილო ბავშვებივით სწამდეთ და იოცნებონ.

ძნელია, გაიხსენო ისეთი რომანი, სადაც ერთ პერსონაჟს მაინც არ წასცდენია ხელი კალმისკენ საყვარელი ადამიანის მოსაკითხად. მერე რა, თუ მათი შემქმნელები მელნისა და ბატის ფრთის ეპოქაში აღარ ცხოვრობენ და თავად გმირებიც ციფრული კალმით არიან შექმნილნი, ეს ფაქტორი რომანტიკულ მიმოწერას ხელს სულაც არ უშლის. 

ქართულ ლიტერატურას თუ გადავავლებთ თვალს, ,,ვეფხისტყაოსნის” სამყაროშიც მრავლად შევხვდებით პერსონაჟთა ეპისტოლეებს. ილიას „მგზავრის წერილებიც” არ დაგვავიწყდეს. თანამედროვე მწერლობაში თუ დავიწყებთ ძებნას, გვერდს ვერ ავუვლით ჩოხელის „თევზის წერილებს”, ან მის მეორე მოთხრობას – „წერილი ნაძვებს”… საბავშვო ლიტერატურის საგანძური ხომ ნამდვილი საფოსტო ყუთია: „ბიძია სევას ამბები” (დ. ჯავახიშვილი), „წერილი ბოთლში” (თ. ლომაძე), „წერილები დაჩის” (ო. იოსელიანი) და სხვ. ყველასათვის საყვარელი მწერლების ა. ლინდგრენისა და ა. კ. ვესტლის პერსონაჟებსაც აქტიური მიმოწერა აქვთ გაჩაღებული. ანე ფრანკს თავის ერთადერთ მეგობართან – საკუთარ დღიურთან გაუმართავს წერილობითი დიალოგი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ჰოგვორტსის საფოსტო ბუების თავდაუზოგავი შრომა რად ღირს…

ეპისტოლური ლიტერატურა როგორც ჟანრი ბერძნულ და რომაულ მწერლობაში წარმოიშვა, იქიდან კი ევროპულში გავრცელდა. საზოგადოებისთვის ცნობილია ციცერონის, ჰორაციუსის, სენეკას, ერაზმ როტერდამელის, მონტესკიეს, კარამზინის და სხვა ცნობილ ლიტერატურულ და საზოგადო მოღვაწეთა ეპისტოლური ნაწარმოებები. წერილებისგან შემდგარი რომანების სიაც საკმაოდ ვრცელია: გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, პუშკინის „რომანი წერილებად”, დოსტოევსკის „საბრალო ადამიანები”, ლაკლოს „სახიფათო კავშირები”, ჩესტერფილდის „წერილები ჩემს ვაჟს”, ცვაიგის „უცნობი ქალის წერილი”… შეუძლებელია ამ წერილების დავიწყება. მაგალითად ტატიანას ონეგინისადმი მიწერილი წერილიც კმარა:

დღეს ასეთი წერილების წერას არა მარტო რეალური ადამიანები, ლიტერატურული პერსონაჟებიც კი გაურბიან, ზედმეტად ტკბილი ეჩვენება თანამედროვე მწერალ-მკითხველის თვალს. თუმცა ისიც ცხადია, რომ მსგავსი წერილების ავტორ-პერსონაჟები დღემდე ახსოვთ და უყვართ, რადგან მათ თავიანთი სახელის უკვდავყოფა სწორედ „გადაჭარბებული” გულახდილობითა და გაუხედნავი ემოციების ფურცელზე ჯირითით მოახერხეს.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ლიტერატურულ საფოსტო ყუთად დღემდე „კატა მურის ცხოვრებისეული ფილოსოფია” (ე. თ. ა. ჰოფმანი) რჩება. მწერლის კატა, რომელიც ხშირად „ალაგებდა” ჰოფმანის საწერ მაგიდას, რომანის მთავარი პერსონაჟის პროტოტიპი და მწერლის მუზა გახლავთ. ის წიგნის დასრულებამდე გარდაცვლილა, რამაც წერილების ნაცვლად მწერალს მეგობრებისთვის სამგლოვიარო დეპეშები დააგზავნინა. აი, რა ეწერა დამწუხრებული პატრონის უსტარში: „ამა წლის 29 და 30 ნოემბრის გასაყარზე, იმედებით აღსავსე სიცოცხლის მეოთხე წელს გარდაიცვალა ჩემი აღზრდილი, უსაყვარლესი კატა მური. ის, ვინც იცნობდა და თვალყურს ადევნებდა პატიოსნებისა და სამართლიანობისათვის მებრძოლი ჭაბუკის მიერ განვლილ გზას, უთუოდ გაიზიარებს ჩემს მწუხარებას და დუმილით სცემს პატივს მის ხსოვნას”. კატა მურის სხვენზე დაბადებული ფილოსოფია ყველა მკითხველის ყურადღების ღირსია. 

ახლა კი ორიოდე სიტყვით წერილების მეტამორფოზის შესახებ მოგიყვებით.
ვის უჩივიან ფოსტალიონები

უკვე 44 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 30 წლის რეი ტომლინსონმა პირველი ელექტრონული ბარათი გაგზავნა და მისამართის ველში ყველასათვის კარგად ნაცნობი სიმბოლო @ ჩასვა. დღეს ელექტრონული ფოსტით სარგებლობს დედამიწის მცხოვრებთა უმრავლესობა, ყოველდღე იწერება მილიონობით ვირტუალური გზავნილი. ელექტრონული საფოსტო ყუთის „მშობელი”, მიუხედავად ასაკისა, დღემდე საუკეთესო პროგრამისტად მიიჩნევა თავის კომპანიაში. ტომლინსონის მიერ შესრულებული სამუშაოს უდიდესი ნაწილი სამხედრო-პოლიტიკური შინაარსის გამო გასაიდუმლოებულია, ასე რომ, ფართო საზოგადოებისთვის რეის მხოლოდ ერთი გამოგონებაა ცნობილი.

ელექტრონული წერილის თავდაპირველი მიზანი ის ყოფილა, რომ საქმეში ჩაფლულ პროგრამისტს დრო არ დაეკარგა და მარტივად და სწრაფად მიეწვდინა ხმა საერთო ოთახსა თუ შენობაში მომუშავე იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც არ იღებდნენ ტელეფონის ყურმილს. რეის დღემდე მიაჩნია, რომ ნებისმიერ გამოგონებაში სიმარტივეა ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა სიახლე ყველასათვის გასაგები და მისაღები გახდეს. Email-ის შექმნით პროგრამისტმა თავისივე შეხედულების არგუმენტირება მოახერხა. ორმოცი წლის შემდეგ ელექტრონული ფოსტა ისევ ისე გამოიყურება, როგორც შექმნის პირველ დღეს, თუმცა ახლა შეგვიძლია მასზე სხვადასხვა ფაილის მიმაგრება და ადრესატისთვის წერილთან ერთად გაგზავნა. ამ ერთი შეხედვით მარტივმა გამოგონებამ ცხოვრების ტემპი საკმაოდ დააჩქარა. წერილებს მყისიერად ვიღებთ ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან. ინფორმაცია აღარ არის დეფიციტური პროდუქტი, რადგან კომუნიკაციას მანძილი ხელს ვეღარ უშლის.

ელექტრონული ფოსტის სიმბოლო @, რომელსაც უმრავლესობა – ძაღლუკად, ზოგი კი ლოკოკინად ან ნიჟარად  მოიხსენიებს, ჯერ კიდევ პირველ საბეჭდ მანქანებზე არსებობდა და აღნიშნავდა ინგლისურენოვან არტიკლს „at”, თუმცა მას იშვიათად იყენებდნენ. რეი ტომლინსონმა მას სახელსა და მისამართს შორის გამყოფი საზღვრის როლი მოარგო და მიმოწერის გამუყოფელ ნაწილად აქცია. 

ელექტრონული წერილი ფოსტალიონის პროფესიის ყველაზე საშიში და დაუმარცხებელი მტერი აღმოჩნდა. დღეს იშვიათად თუ ნახავთ ხელით ნაწერ წერილს. ფოსტით უმთავრესად ორგანიზაციები სარგებლობენ, მისი მეშვეობით საქმიან ბანდეროლებს გზავნიან. ოცდამეერთე საუკუნის ფოსტალიონების ჩანთა თითქმის ცარიელია, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროფესია გაქრობის პირას სწორედ რეი ტომლინსონმა დააყენა.
სოციალურ ქსელებში ხშირად წავწყდომივარ ნოსტალგიურ პოსტებს ნამდვილი წერილების შესახებ. მაგალითად „ქარის მოტანილი წერილების დღეც” კმარა. 22 სექტემბერს ხელნაწერი ბარათების გასაცოცხლებლად ათასობით ადამიანი იღებს ხელში კალამს. უადრესატო წერილების რიცხვიც წლიდან წლამდე იმატებს.
წერილები და მომავალი თაობა

თუ გსურთ, ბავშვებს წერილის მნიშვნელობა მათთვის გასაგებ ენაზე აუხსნათ, შეგიძლიათ, კიპლინგის მოთხრობა „როგორ დაიწერა პირველი წერილი” წაუკითხოთ და თან ამავე მოთხრობის მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმიც აჩვენოთ:

წერილობითი ფორმით სათქმელის ჩამოყალიბება დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით უჭირთ, ამიტომ აქტივობა „სიმულაციური წერილები” ხშირად გამოიყენება ქართული ენის გაკვეთილზე. 

კლასის დამრიგებლები, გარდა საგაკვეთილო პროცესისა, წერილებს ურთიერთობის მართვის ერთ-ერთ ფორმადაც ვიყენებთ. მაგალითად, ე.წ. საჩივრების ყუთში გულნატკენი წერილები ხვდებიან (ბავშვებს შეუძლიათ, ვინაობის დასახელების გარეშე, რომელიმე თანატოლის ქცევაზე წერილობით გამოთქვან გულისტკივილი, დამრიგებლის საათზე კი ზოგადად განიხილება წერილებში წამოჭრილი ესა თუ ის პრობლემა); „რატომელა” ყულაბაში მოსწავლეთა შეკითხვები გროვდება – ბავშვებს ხომ უამრავი კითხვა ებადებათ, ყველა მათგანისთვის იმავე წამს პასუხის გაცემა შეუძლებელია, ასე კი კითხვები ინახება და კვირის ბოლოს მათი განხილვა მასწავლებელთან ერთგვარი ინტერვიუს სახეს იძენს.

წერილის სტრუქტურის გაცნობის მიზნით თვალსაჩინო მასალად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟურნალებიდან ამოჭრილი პუბლიცისტური წერილები, ცნობილ საზოგადო მოღვაწეთა პირადი მიმოწერა ან მოსწავლეებს პროექტორით აჩვენოთ სხვადასხვა ეპოქის რამდენიმე ეპისტოლური ნიმუში. საჟურნალე მასალისა და ლიტერატურული ნაწარმოების მსგავსება-განსხვავებათა უკეთ გასააზრებლად წაიკითხეთ ერთ-ერთი სტატია, შეადარეთ იმავე პიროვნებაზე/თემაზე დაწერილ ბიოგრაფიულ ტექსტს, მოთხრობას, მოგონებას… შემდეგ ადრესატები აირჩიეთ. შეგიძლიათ, წერილების საშუალებით ინტერვიუც კი ჩამოართვათ სასურველ კანდიდატს, მაგალითად, ერთ-ერთი მოსწავლე მოამზადებს კითხვებს აკაკის ბავშვობის შესახებ, მისი მეწყვილე კი, ანუ აკაკის როლის შემსრულებელი, შეეცდება მოირგოს მწერლის ხასიათი, გაიხსენოს ყველაფერი, რაც მის შესახებ წაუკითხავს და შესაბამისი პასუხები გასცეს კითხვებს.

სიმულაციურ წერილებზე მუშაობის დროს მოსწავლეები თავს ამა თუ იმ პერსონაჟთან ან რეალურ პიროვნებასთან აიგივებენ. დავალების წყვილებში შესრულება სამუშაო პროცესს უფრო დინამიკურს ხდის. რაც მთავარია, ეს აქტივობა კარგად წარმოაჩენს მოსწავლეთა დამოკიდებულებას ამა თუ იმ პიროვნების / პერსონაჟის მიმართ. წერის დროს მოსწავლეები ააქტიურებენ მიღებულ ცოდნას და თან ცდილობენ, პერსონაჟთა გადაწყვეტილება ახსნან, სინანული ან მადლიერება გამოხატონ, თანაგრძნობა გამოამჟღავნონ, რჩევა მისცენ.

პროცესის უკეთ გასააზრებლად ავიღოთ, მაგალითად, „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი”. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო საუბარი გაიმართებოდა მათ შორის. ქალი ჩვეული სითამამით დასვამდა კითხვებს, მეფეც გულახდილად უპასუხებდა. კითხვა-პასუხში იუმორიც გამოერეოდა…

ფაქტია, წერილი, როგორც წერითი აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ფორმა სწავლებისას გამოსაყენებელი საკმაოდ სასარგებლო მეთოდია. სასურველია, მისი შექმნა მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო პროცესად ვაქციოთ. მაგალითად, წარსულში გასაგზავნი წერილებისგან თვითმფრინავები გავაკეთოთ. ბავშვები ფრთაზე ადრესატის სახელს დააწერდნენ და გაუგზავნიდნენ მეზობელ მერხებთან მსხდომ „მეზობელ საუკუნეს”, რომელიც წერილობითი მიმოწერის გაჩაღების შემდეგ შორეულ და გაუგებარ ისტორიად აღარ მოეჩვენებოდათ. რა თქმა უნდა, ათასი სხვა „შესაფუთი ქაღალდის” მოფიქრებაც შეიძლება. მთავარი მასწავლებლის სურვილი და მონდომებაა. 
***
რაც უფრო წინ მივიწევთ, ათასგვარი გამოგონებით რაც უფრო მეტად ვიმარტივებთ ცხოვრებას, მით უფრო იმატებს მარტოსული ადამიანების რიცხვი. იქნებ ჩვენი ეპოქის მაჯისცემა ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრებისთვის მეტისმეტად სწრაფია?! მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოსთან შეგვიძლია კომუნიკაციის დამყარება, ხანდახან ახლობელ ადამიანებთან მისასვლელი გზისთვის ვერ მიგვიგნია. იმედი მაქვს, ერთ დღესაც ოცდამეერთე საუკუნე გამორთავს კომპიუტერს, გადადებს ტელეფონს, მოიმარჯვებს ჩვეულებრივ ფურცელს, კალამს და დაიწყებს: „ძვირფასო…”

ხმაური და მრისხანება

0
მაგრად მეშინია. აი,შვილს რო გავაჩენ და ჩემი თავი მეგონოს. აი, რო ავდგე და რაღაცები ვაიძულო. არ უნდოდეს და თავს მიქნევდეს, არ ესმოდეს და თავს მიქნევდეს, ვუყვარდე და ეშინოდეს, მიყვარდეს და მიყვარდეს და ამ ჩემი წარმოუდგენელი სიყვარულით იმას თავისუფლება ისე თანდათან, ისე ნელა, შეუმჩნევლად ეცლებოდეს ხელიდან, როგორც წლევანდელი თბილისური თოვლი, რომელსაც ვეღარც ვიხსენებთ. მეშინია, მაგრად მეშინია.

რატო იყო, დღესაც ვერ ვხვდები, რატო იქცეოდნენ ასე უცნაურად 90- იანი წლების მშობლები. მაშინ ვაზისუბანში ვცხოვრობდით, რაღაცნაირი სახლი იყო, სუ კედლები. მაღალი, თეთრი კედლები და თეთრი ჭერი. იმ სახლს ვაბრალებ ჩემს დღევანდელ სიყვარულს ჯურღმულის მსგავსი ოთახებისადმი, სინათლის სხივი რო არსაიდან აღწევს, ჭერი თავზე რო გადევს და ხელის ერთ გაწვდენაზე მოშინდისფრო კედელს ეხები. სახლები კი არა, ასანთის კოლოფები. ამ დროს მხრებით გრძნობ შენ საკუთარ ცხოვრებას, რომელიც, აბა, რა სალაპარაკოა, რო ძვირფასია. იმ თეთრ ბინაში ვცხოვრობდით, მოდიოდნენ ვიღაცები, სხდებოდნენ ჩვენს უზარმაზარ, ოთხკუთხა, გალაკულ მაგიდასთან  და სუ ბიზნესზე ლაპარაკობდნენ. იმ დროს ყველას საკუთარი, მცირე ბიზნესი ჰქონდა, ყველა ბიზნესმენი იყო, ყველა. მე მეგონა, რო ბიზნესი  ისაა, რაც თავად გამოდის და მერე, ათასში ერთხელ ხელის წაშველება სჭირდება. კვერცხის დების პროცესივით ხანმოკლე რამეა მეთქი, ვფიქრობდი. ეს ახმახები კი ჩეკავდნენ და ჩეკავდნენ ამ რაღაც ბიზნესებს. ხანდახან მამაჩემის მეგობარიც მოდიოდა მირიანთან, ჩემი ასაკის პატარა, გალეულ შვილთან ერთად. წაიწრიპინებდა მირიანი და მამაჩემის მეგობარი ხმას ჩააკმედინებდა. მე იმ მკაცრ და საქმიან მაგიდასთან ამაყად თავაწეული ვიჯექი, მირიანი შორიახლო გვივლიდა. მაშინ მტკიცედ მჯეროდა, რო სამყაროს საუკეთესო გადაწყვეტილება თავად გახლდით. ყველა საკითხის შესახებ ვალდებულიც კი ვიყავი, ჩემი კომპეტენტური აზრი გამომეთქვა. მე ვფიქრობდი, რომ  მქონდა ხმის უფლება და ეს ხმა გადამწყვეტი, უნიკალური და ომახიანი უნდა ყოფილიყო.  იმ რაღაც ბიზნესებზეც ისე უტიფრად ვაძლევდი რჩევებს გარშემომყოფებს, მამაჩემის ბრგე მეგობარი ხან ცალ წარბს ამიწევდა, ხანაც ულვაშებით თამაშს უხერხულად მიჰყოფდა ხელს. მერე ვიდექი სარკესთან და იმასავით ვცდილობდი ცალი წარბის მოძრაობა დამეხვეწა. უნიჭო გამოვდექი. მაშინ  დავასკვენი, რო ხანდახან სჯობს, რაღაცებს შევეშვა. მალე ყველაფერს ნათელი მოეფინა: მირიანის წრიპინსაც და აწეული წარბის მნიშვნელობასაც. 

ერთხელაც მირიანმა მაგიდასთან დაჯდომა მოინდომა. მე რამდენიმე წამში მთელი სტრატეგია დავსახე: ორი ხმა უკვე დიდი ძალაა, უფროსების მორჯულებაც გამიადვილდება- მეთქი და გახარებულმა სასწრაფოდ სკამი მოვურბენინე. მახსოვს: ვდგავარ მაგიდასთან, სკამი ჯერ კიდევ ხელში მიჭირავს, თითქოს დროშა იყოს, ოღონდ, ნირწამხდარი, დამარცხების მაცნე დროშა, ან თუნდაც- ზავის, ეგეც ხო ცოტათი დამარცხებაა, აბა, რა არი. ის კაცი კი, ყვირის ის კაცი. მოძრაობენ ულვაშები, ადიან- ჩადიან, ადიან- ჩადიან. ის მრისხანე ულვაშები. ულვაშები ყვირიან, რო პატარა ბავშვები უფროსების საქმეში ცხვირს არ უნდა ჰყოფდნენ და სადღაც შორს, მეორე, მესამე, მეოთხე ოთახში თამაშობდნენ. მირიანი ტირის და უფრო პატარავდება. ბავშვი კი არა, წერტილია. ამ წერტილს წერტილობაც აღარ უნდა, ერთი სული აქვს, მოვიდეს ვინმე, შეიარაღებული საშლელით და გააქროს. მოკუნტული, მცირე მირიანი. მაგას რა დამავიწყებს. ულვაშების გადაწყვეტილება ჩემთვის მნიშვნელობას, რა თქმა უნდა, იმ წამსვე კარგავს, რადგან ბავშვების საუკეთესო თვისება ყველა საქმეში ცხვირის ჩაყოფის უნარია. კიდევ ის, რო მათ აქვთ, უფლება, არ სჯეროდეთ უფროსების და იყვნენ იმდენად ცნობისმოყვარეები, მოუნდეთ, წარმოუდგენლად მოუნდეთ, გაბრაზებულ ულვაშებს ხელით შეეხონ. 

ხო არიან მირიანისნაირი ბავშვები. დღესაც ხო არიან. მე ვიცნობ ასეთებს, უკვე დიდებს, ბავშვობაშივე დაკარგული გადამწყვეტი ხმის უფლებით. დიდ ბავშვებს. ისინი, მორცხვები, საკუთარ ოჯახებს ჯიბეებივით გამოკერებულები, არ ლაპარაკობენ. რადგან მათ თავის დროზე  მთავარ ოთახში თამაში არ აცადეს და მეორე, მესამე, მეოთხე ოთახში გაისტუმრეს. 

მოსწავლეთა ქცევის და დისციპლინის საკითხები

0

მოსწავლეთა დისციპლინის საკითხი ყოველთვის იყო და არის სკოლის მასწავლებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. დღეს ყველა მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია შეკითხვა: როგორ უნდა მოხდეს მოსწავლეების მოტივირება და მართვა იმგვარად, რომ საკლასო ოთახი წამახალისებელ, საინტერესო სასწავლო გარემოდ იქცეს?

ამ თემასთან დაკავშირებით ექსპერტები გვთავაზობენ შემდეგ რეკომენდაციებს:

1.მასწავლებელმა უნდა მოახერხოს მოსწავლის ქცევის მოდიფიკაციის ძირითადი პრინციპების გააზრება და დაინახოს მისი როლი ამ პროცესში;

2.მნიშვნელოვანია მოტივაციისა და იმ ცვლადი სიდიდეების გააზრება, რომელთა მანიპულირებით შესაძლებელია მოსწავლეთა მოტივაციის დონის ამაღლება;

3.მასწავლებელმა უნდა გააანალიზოს, რამდენად მნიშვნელოვანია, ჰქონდეს მაღალი მოლოდინი მოსწავლეთა ქცევის ნორმებისა და აკადემიური მოსწრების მიმართ;

4.მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება;

5.მასწავლებელმა წარმატების მისაღწევად უნდა გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგიები;

6.მასწავლებელმა უნდა მოარგოს მართვის გეგმის სტრუქტურა მოსწავლეთა საჭიროებებს.

ქცევის მოდიფიკაციისა და ამ პროცესში მასწავლებლის როლის ძირითადი პრინციპების გაგება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მართოს მოსწავლეთა ქცევა, საჭიროა საფუძვლიანად იცოდეს, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეთა ქცევაზე ზეგავლენის მოხდენა. ეს ცოდნა საშუალებას აძლევს მასწავლებელს, დაეხმაროს მოსწავლეებს, რათა მათ აუმაღლდეთ პასუხისმგებლობის განცდა.

ქცევა შეძენილია. ჩვენ გამუდმებით დაკავებული ვართ სწავლით, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალ ქცევაზე.

მაგალითად, თუ მოსწავლე ნახავს ფილმს, რომელიც მეგობარმა ურჩია და აღმოაჩენს, რომ ეს დროისა და ფულის ფუჭი კარგვა იყო, მომავალში ამ მეგობრის რჩევებს ფილმების შესახებ ნაკლებად ენდობა. ასეთი სცენარი ხშირად ვითარდება უამრავი კომბინაციის სახით, რომლებიც ცოდნისა და გამოცდილების მდიდარ მარაგს ქმნიან. მარტივად რომ ვთქვათ, საქციელზე ზემოქმედებას ახდენს გამოცდილება, რომელიც ამა თუ იმ მოვლენებისა და გარემოებების შედეგად არის მიღებული. ზოგიერთი მოვლენა გვაქეზებს ამა თუ იმ ქცევისაკენ, ზოგი კი, პირიქით, გარკვეული ქცევისაგან თავშეკავებას იწვევს.

პედაგოგიური ფსიქოლოგიის სპეციალისტები გვთავაზობენ ქცევის ანალიზზე დაფუძნებულ მეცნიერულ მოდელს, როგორც ქცევის თეორიის მარტივ მაგალითს.

ამ მოდელის მიხედვით, ცვალებადი ქცევისას ყურადღების ცენტრში უნდა იყოს შემდეგი საკითხები:
1. რა იწვევს ამა თუ იმ ქცევას?
2. რა უწყობს ხელს ამ ქცევის განხორციელებას?
3. რა არის ამ ქცევის მომავალში გამოვლენის ხელისშემშლელი ფაქტორი?
ნებისმიერ ქცევას, რომელიც მეორდება, ამ ქცევის ჩამდენი ადამიანისათვის რაღაც ფუნქცია აკისრია. როდესაც მასწავლებელი ცდილობს დაეხმაროს მოსწავლეებს, აუცილებლად უნდა ახსოვდეს, რომ განმეორებად ქცევას ყოველთვის აქვს რაღაც ფუნქცია. მოსწავლემ, რომელიც ყოველთვის პასუხისმგებლობით იქცევა, “ისწავლა”, რომ ამას მოაქვს: მშობლების მიერ აღიარება, კარგი ნიშნები, მასწავლებელთა ყურადღება, წარმატებისა და სიამაყის შეგრძნება, ახალი შესაძლებლობები და ა.შ. ანუ მისი ეს ქცევა სპეციფიკურ ფუნქციას ემსახურება. ეს დებულება ერთნაირად ეხება როგორც უარყოფით ან მავნე, ასევე დადებით და პროდუქტიულ ქცევებს, რაც საბოლოოდ იმის ახსნაში გვეხმარება, თუ რატომ იქცევა ესა თუ ის მოსწავლე ცუდად, როდესაც მისი ქცევა ესოდენ უსიამოვნო შედეგებს იწვევს.

მნიშვნელოვანია მოტივაცია და ის ცვლადები, რომელთა მანიპულაციით შესაძლებელია მოტივაციის გაზრდა.
“მოტივაცია” შეიძლება იყოს განსაზღვრული, როგორც “წამახალისებელი მიზეზის

უზრუნველყოფა, მოქმედებაზე გადასვლა, წინსვლა”. მოტივაციის გააზრება ხელს უწყობს მასწავლებლის მცდელობას, მოსწავლეებთან ერთად ეფექტიანი მოტივაციური მეთოდები განახორციელოს. განვიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული დებულებები:

პირველი დებულება: ქცევა, რომელიც მეორდება, არის მოტივირებული; ქცევა არ განმეორდება, თუ არ არსებობს მოტივაცია.

დებულება ყოველთვის სარწმუნოა, მიუხედავად იმისა, თუ რას იფიქრებს ან იტყვის ადამიანი საკუთარი ქცევის შესახებ. მაგალითად, სპორტსმენი მოსწავლე შეიძლება უკმაყოფილო იყოს სპორტის გაკვეთილებით და განუწყვეტლივ წუწუნებდეს, შესაძლოა ისიც თქვას, რომ არ არის მოტივირებული, იაროს სპორტზე, მაგრამ თუ იგი რეგულარულად დადის, ეს აჩვენებს, რომ ფაქტობრივად მას საამისოდ გარკვეული მოტივაცია აქვს. ანალოგიურად, გოგონამ შეიძლება თქვას, რომ მისი ჰობია ხატვა და მოტივირებულია ხატოს, მაგრამ თუ იგი არასოდეს გამოიყენებს თავის ფუნჯებს, ე.ი. შესაბამისი მოტივაციაც არ გააჩნია. ეს არ გულისხმობს იმას, რომ სპორტსმენი მოსწავლე არასოდეს დაკარგავს სპორტზე სიარულის მოტივაციას, ან გოგონას აღარასოდეს ექნება ხატვის მოტივაცია, თუმცა მათი ამჟამინდელი მდგომარეობა სხვა ვითარებაზე მეტყველებს.

ამ დებულების მიხედვით, მასწავლებლებმა უნდა გააცნობიერონ, რომ მოსწავლე, რომელიც განმეორებით იქცევა ცუდად, ამ პერიოდში ცუდი საქციელისთვის უფრო მეტად არის მოტივირებული, ვიდრე კარგისთვის. მოსწავლე, რომელიც არაფერს აკეთებს, უსაქმურობისთვის მეტად მოტივირებულია, ვიდრე სწავლისთვის. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა საჭიროა გაზარდონ ამ მოსწავლეების მოტივაცია.

მეორე მნიშვნელოვანი დებულება: მოსწავლე მოტივირებულია გამოავლინოს ქცევა, რომელიც კომპლექსური, შიდა და გარე ფაქტორებით არის განპირობებული.

მოსწავლე შინაგანად მოტივირებულია, როდესაც ქცევის სასიამოვნო შედეგები ამ ქცევის ბუნებრივ გამოვლენასთან არის დაკავშირებული. ამგვარად, თუ ის შინაგანად მოტივირებულია, რომ წაიკითხოს, კითხულობს, იმიტომ რომ მოსწონს, თუ რაიმე ახალს გაიგებს, კარგი მოთხრობა სიამოვნებას ანიჭებს და წიგნის კითხვის დროს ისვენებს. გარე მოტივაცია ვლინდება, როდესაც ადამიანი ისეთი სასიამოვნო შედეგის მისაღებად მოქმედებს, რომელიც ქცევის ბუნებრივ გამოვლენასთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული. მაგალითად, პატარა ბავშვები “მამას” და “დედას” სხვა სიტყვებზე უფრო ხშირად წარმოთქვამენ. ეს იმ სასურველი რეაქციების გამო ხდება, რომლებსაც ისინი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებს აღუძრავენ. მოსწავლე ესწრება გაკვეთილებს და განაგრძობს იმ დავალებების შესრულებას, რომლებიც არ მოსწონს, თუმცა სჭირდება მაღალი ნიშნები და კარგი მუშაობის შედეგად წინ მიიწევს საკუთარი მიზნის მისაღწევად.

ქცევათა უმრავლესობისთვის მოტივაცია, ჩვეულებრივ, შერეული ტიპისაა, ე.ი. როგორც შინაგანი, ასევე გარე ფაქტორებით არის განპირობებული.

მესამე მნიშვნელოვან დებულება გულისხმობს ადამიანის შინაგანი მოტივაციისა და პროფესიონალიზმის ურთიერთკავშირის ჩართვას კონკრეტულ საქმეში.

მოსწავლე, რომელიც სწავლაში წარმატებულია, უფრო ადვილად მიიღებს რთული კურსის შესწავლის გამოწვევას, ვიდრე მოსწავლე, რომელმაც წარსულში აკადემიური წარუმატებლობა განიცადა. ამ დებულების ძირითადი აზრი ის არის, რომ რაიმე ახლის შესწავლის საწყის ეტაპზე, ან როდესაც შესასწავლი საგანი რთულია, ზოგიერთი მოსწავლე სწავლისათვის აუცილებელი ქცევების მიმართ შინაგანად არ არის მოტივირებული. ამ კონცეფციის შემდგომ დეტალს წარმოადგენს “მოლოდინისა და ღირებულების მოტივაციის თეორია”. ეს თეორია პირველად ფიზერმა გამოიყენა (1982) და ადამიანის მოტივაცია წარმოაჩინა ამ ფორმულის სახით:

მოლოდინი X ღირებულება = მოტივაცია

ამ ფორმულაში მოლოდინი განსაზღვრულია, როგორც “მოლოდინის ხარისხი, რომელიც ადამიანს წარმატებული საქმის შემთხვევაში აქვს, ხოლო ღირებულება არის “ღირებულების ხარისხი”, რომლის მიხედვითაც ადამიანი წარმატების თანმდევ ჯილდოს ზომავს. ამ თეორიის სიძლიერე მდგომარეობს იმის გაცნობიერებაში, რომ მოტივაციის დონე ნებისმიერ საქმეში არის ფუნქცია, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სურს პიროვნებას/მოსწავლეს მიიღოს წარმატების თანამდევი ჯილდო და რამდენად აქვს მას ამ საქმის წარმატების მოლოდინი.
ამ ფორმულის მიხედვით, მთავარი ასპექტი ისაა, რომ მოლოდინისა და ღირებულების განმსაზღვრელია მოსწავლის რწმენა და არა მასწავლებლის რწმენა.

მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის მიმართ მაღალი მოლოდინის მნიშვნელობის გააზრება.

იმისათვის, რომ ყველა მოსწავლე აკადემიური მოსწრების მხრივ წარმატებული იყოს, საჭიროა, მასწავლებელს ჰქონდეს მაღალი და დადებითი მოლოდინი. კვლევების შედეგები აჩვენებს იმას, რასაც საღი აზრი გვკარნახობს: დაბალი მოლოდინი განაპირობებს მოსწრების დაბალ დონეს. მოსწავლეებზე განუზომელ გავლენას ახდენს დამოკიდებულება მათი მოსწრებისა და ყოფაქცევის მიმართ. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გამოხატოს მაღალი მოლოდინი ყველა მოსწავლის მიმართ როგორც აკადემიური, ისე ყოფაქცევის კუთხით. ეს მოსწავლეთა პრობლემებისა და სიძნელეების უგულებელყოფას არ გულისხმობს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც უნდა შენარჩუნდეს მაღალი, თუმცა რეალისტური მოლოდინი მოსწავლეთა მიმართ.

ყოველთვის აქტუალური იყო და არის მოსწავლეებთან პირადი ურთიერთობის დამყარების მნიშვნელობის გააზრება.

მრავალ ადამიანს მუდამ ახსოვს უსაყვარლესი მასწავლებლის სახელი. ძნელია, თითოეული მოსწავლისათვის უსაყვარლესი მასწავლებელი იყო. თუმცა, თუ მოსწავლეებთან პირადი ურთიერთობის დამყარებას შეეცდება მასწავლებელი, ის დადებით გავლენას მოახდენთ მათ ცხოვრებაზე.

მოსწავლეთა წარმატებისათვის მეტად მნიშვნელოვანია როგორც დადებითი განწყობა, ასევე პირადი ურთიერთობა. თუკი ბავშვები იგრძნობენ, რომ მასწავლებელს სინამდვილეში არ აღელვებს, როგორი მოსწრება ექნებათ, შეიძლება არც გადადგან ნაბიჯები წარმატების მისაღწევად. თუკი იგრძნობენ, რომ მასწავლებელი დაინტერესებულია მათი წარმატებით, მაგრამ სათანადოდ არ ზრუნავს მასზე, შეიძლება არ გაუჩნდეთ წარმატების მიღწევის სურვილი. დადებითი განწყობა და პირადი ურთიერთობა წარმოადგენს კლასის მართვის ორ ფუნდამენტურ ნაწილს. რომელიმე მათგანის არარსებობის შემთხვევაში, მთლიანი სტრუქტურა სრულყოფილი არ იქნება.

მასწავლებლის მხრიდან აუცილებელია წარმატების მიღწევის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელება.

საჭიროა, რომ მასწავლებლებმა მოსწავლეები დამოკიდებულების, ხასიათის თავისებურებებისა და ქცევების შესახებ სპეციფიკური ინფორმაციით უზრუნველყონ, რაც დაეხმარება მათ, წარმატებებს მიაღწიონ სკოლაში და ცხოვრებაში. სამწუხაროდ, არსებობენ მოსწავლეები, რომელთაც სჯერათ, რომ სკოლაში წარმატება შეუძლებელია მათთვის, ვინც განსაკუთრებული ოჯახიდან არ არის. არსებობენ ისეთებიც, ვისაც ჰგონიათ, რომ სკოლაში წარმატება დამატებით ფაქტორებზეა დამოკიდებული. მასწავლებლის პასუხისმგებლობის ნაწილია, გააგებინოს მოსწავლეებს, რომ ყველას ერთნაირად შეუძლია წარმატების მიღწევა. მათ უნდა მისცეთ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის მოხერხება.

წარმატების მიღწევის სახელმძღვანელო რეკომენდაციებში უნდა აირეკლებოდეს

მაღალი და კეთილშობილური იდეალები. მათ უნდა წარმოაჩინონ მასწავლებლის იმედი, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ შესასწავლი მასალის შინაარსს, არამედ იმ დამოკიდებულებას ან მოქმედებებსაც ისწავლიან, რომლებიც დაეხმარებათ, წარმატებას მიაღწიონ კლასში ან სხვა კლასებში, სადაც მომავალში მოხვდებიან და, ზოგადად, ცხოვრებაში.

მიუხედავად სტრუქტურის დონისა, წარმატების მიღწევის სახელმძღვანელო რეკომენდაციები ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლოა ამან მოსწავლეებს დიდი სარგებლობა მოუტანოს. ეს განსაკუთრებით აუცილებელია მაშინ, როცა კლასში ან სკოლაში ბევრი პრობლემური მოსწავლე სწავლობს. პრობლემურ მოსწავლეებს ხშირად აკლიათ ცოდნა ან მოტივაცია, რათა ხასიათის ის თვისებები გამოამჟღავნონ, რომლებიც აღმზრდელებს უნდათ, სჭირდებათ ან მოელიან.

მასწავლებელმა შეიძლება ასეთი წარმატების მიღწევის სახელმძღვანელო შეიმუშაოს:

1. გქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა;
2. ყოველთვის სცადეთ;
3. გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ;
4. ითანამშრომლეთ სხვებთან;
5. ყველას პატივისცემით მოეპყარით (საკუთარი თავის ჩათვლით).

წარმატების მიღწევის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება მხოლოდ პირველი ეტაპია. მასწავლებელმა უნდა გადააქციოს ისინი კლასის ცხოვრების მუდმივ შემადგენელ ნაწილად.

მოსწავლეთა ქცევისა და დისციპლინის საკითხების გაანალიზების შემდეგ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა მართვის გეგმის სტრუქტურა უნდა მიუსადაგოს მოსწავლეების საჭიროებებს. კლასის მართვის გეგმის სტრუქტურირების დონე განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ბევრი საქმის გაკეთება მოუწევს მასწავლებელს საკლასო აქტივობების დროს მოსწავლეების წარმატების მისაღწევად.

რას უნდა აძლევდეს სკოლა ბავშვს

0
რას უნდა აძლევდეს სკოლა ბავშვს – დღეს ეს შეკითხვა საკმაოდ აქტუალურია  განათლების სისტემასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ნებისმიერი ადამიანისთვის. შეკითხვა აუცილებლად საჭიროებს პასუხს, რომელზეც ბევრად იქნება დამოკიდებული ჩვენი სკოლის პოლიტიკა და მუშაობის ძირითადი ორიენტირები. თუმცა სანამ ამ შეკითხვას გავცემდეთ პასუხს, კარგად უნდა განვსაზღვროთ სკოლის მიზანი, ასევე ისიც, თუ ვინ  და როგორი გვინდა იყოს ჩვენგან წასული ახალგაზრდა, რომელიც სულ პატარა მოგვაბარეს მისმა მშობლებმა. თორმეტი წელი მისი სწავლებითა და აღზრდით ვიყავით დაკავებული, ახლა კი ცხოვრების დიდ ასპარეზზე ვუშვებთ, როგორც საზოგადოების სრულუფლებიან წევრს. საით იყო ჩვენი მცდელობა მიმართული მისი სკოლაში ყოფნის პერიოდში – გვინდოდა ის ჩამოგვეყალიბებინა ზღვა ინფორმაციის მატარებელ ადამიანად, რომელიც ყოველთვის, ყველასთან, ნებისმიერ სიტუაციაში მოახერხებდა ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხის გაცემას და ამით გარშემომყოფებში ერთგვარ აღფრთოვანებასაც კი გამოიწვევდა, თუ ჩამოგვეყალიბებინა დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებად, რომელსაც ნებისმიერ ფაქტთან, მოვლენასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ექნებოდა და არგუმენტირებული მსჯელობით შეძლებდა მის დაცვას. 

     ბუნებრივია, რომ საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სკოლის მიზანი გარკვეულ ცვლილებებს განიცდის და ეს ცვლილებები პირდაპირ კავშირშია მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებასთან. ამდენად დღეს, როცა საინფორმაციო ტექნოლოგიები ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება, არ იქნება გამართლებული, რომ სასწავლო პროცესში ბავშვი ძირითადად ფაქტებისა და ინფორმაციების დასწავლით და დამახსოვრებით  იყოს დაკავებული, მასწავლებელი კი საგაკვეთილო დროის ძირითად ნაწილს იმის შემოწმებაზე ხარჯავდეს, თუ რამდენად კარგად იცის მისმა მოსწავლემ განსახილველ საკითხთან დაკავშირებული ფაქტები. ვინაიდან დღეს მოზარდთა უმრავლესობა დამოუკიდებლადაც ძალიან კარგად ახერხებს საჭირო დროს საჭირო ინფორმაციებისა და ფაქტების მოძიებას, უკეთესი იქნებოდა სასწავლო პროცესის უმეტესი დრო ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებას დათმობოდა, როგორიცაა დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზის, არგუმენტირებული მსჯელობის, შეფასების, მოსმენის, თანამშრომლობის, გარემოს შეცვლილ სიტუაციასთან ადაპტაციის და კიდევ უამრავი სხვა უნარი, რომელიც სასურველია, რომ ისინი ბავშვს უკვე სკოლის პერიოდში გამომუშავდეს, ვინაიდან მოგვიანებით, როცა მოზარდი ამ უნარების გამოყენების საჭიროების წინაშე დადგება, მათ ჩამოყალიბებაზე ზრუნვა შეიძლება ძალიან რთული და უშედეგოც კი აღმოჩნდეს. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გარემოება გათვალისწინებული იქნა სასკოლო რეფორმის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, როცა ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი იქნა უმნიშვნელოვანესი პუნქტი – სკოლა ბავშვს უბრალოდ ცოდნას კი არ უნდა გადასცემდეს, არამედ სასწავლო პროცესში გარკვეულ უნარ-ჩვევებსაც უვითარებდეს. ვინაიდან, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი, როგორც მითითებული, ასევე უამრავი სხვა პუნქტი საგაკვეთილო პროცესის ძირეულ გარდაქმნას, ახალი სასწავლო მეთოდების, აქტივობებისა და რესურსების გამოყენებას მოითხოვდა, დაიწყო სერიოზული ზრუნვა სასწავლო პროგრამების, სასწავლო სახელმძღვანელოების შეცვლასა და პედაგოგთა პროფესიულ გადამზადებაზე. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დიდი მცდელობის მიუხედავად, დღეს სასურველი შედეგები მაინც არ გვაქვს. არსებული მდგომარეობის შესაცვლელად და წლების წინ დაწყებული რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად კარგი იქნება იმ მიზეზების გაანალიზება, რომელიც რეფორმით დასახული მიზნის მიღწევაში გვიშლის ხელს. 

      ალბათ საკამათო არ იქნება აზრი იმის შესახებ, რომ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელებაში გადამწყვეტი როლი მასწავლებელს აკისრია. როგორც არ უნდა შევცვალოთ სასწავლო პროგრამები და როგორი სახელმძღვანელოებიც არ უნდა შევიტანოთ სკოლაში, თუ პედაგოგი არ იქნება სათანადოდ მომზადებული ცვლილებების განსახორციელებლად, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. ამიტომაც არის, რომ დღემდე სერიოზული მუშაობა ტარდება პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ასეთი მუშაობის პროცესში, სიახლეების მიღებისა და დანერგვის კუთხით, პედაგოგთა სამი კატეგორია გამოიკვეთა –  ერთი ცდილობს მიიღოს სიახლე და აქტიურად დანერგოს ის. მეორეს მოწონს, იღებს სიახლეს, თუმცა უჭირს მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.  და მესამე კატეგორია პედაგოგებისა არც იღებს სიახლეს და არც მის დანერგვას ცდილობს, ვინაიდან, მას ძალიან მოწონს და უჭირს უარის თქმა სწავლების ტრადიციულ მეთოდებზე, რომლითაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა და ხშირ შემთხვევაში წარმატებასაც აღწევდა. აღნიშნული კატეგორიის პედაგოგების დამოკიდებულება ცვლილებების მიმართ, ვფიქრობთ, გაკვირვებას და უკმაყოფილებას ნამდვილად არ უნდა იწვევდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კორექცია ურთულესი პროცესია, გაცილებით ადვილია ახლის ჩამოყალიბება, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებულის შეცვლა. პედაგოგისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ამა თუ იმ მეთოდით მუშაობდა და გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა, ადვილი არ იქნება ძველზე უარის თქმა და ახლის მიღება, როგორ მიმზიდველადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ის. ადამიანის ფსიქიკას უჭირს ასეთი ნახტომის გაკეთება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ის პედაგოგები, რომლებიც სკოლაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით არ გამოირჩევიან, სიახლეებს იწონებენ, იღებენ და მის დანერგვასაც ცდილობენ, სისტემატურად ვერ ახერხებენ თანამედროვე მიდგომების გამოყენებას და შეძლებისდაგვარად ისევ ტრადიციულ  სწავლებას უბრუნდებიან. უნდა ითქვას, რომ ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ყველა პედაგოგისთვის კარგად არის ცნობილი, რომ თანამედროვე მიდგომებით გაკვეთილის ჩატარება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული გაკვეთილის ჩატარება. მისი მომზადება გაცილებით უფრო მეტ დროს, ენერგიას და შრომას მოითხოვს მასწავლებლისგან, ვიდრე ტრადიციული გაკვეთილის მომზადება. დღევანდელი მიზერული ანაზღაურების პირობებში მომუშავე პედაგოგისთვის, რომელიც დღეში 7-8 გაკვეთილსაც კი ატარებს, შემდეგ კი სკოლიდან გარბის და არსებობისთვის დამატებითი შემოსავლების მუდმივ ძიებაშია, ადვილი არ იქნება მეორე დღისთვის ისე მოამზადოს ჩასატარებელი გაკვეთილები, რომ თანამედროვე მიდგომების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. ხშირ შემთხვევაში მასწავლებელს სხვა მიზეზებიც აქვს, რომ სწავლების პროცესში ფაქტობრივი ცოდნის გადაცემაზე იყოს ორიენტირებული და არა მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაზე. ბევრი პედაგოგი სინანულით აღნიშნავს, რომ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, გაკვეთილზე ძალიან დიდ დროს უთმობს ფაქტობრივი ცოდნის გადაცემას და შედარებით უფრო ნაკლებს უნარების განვითარებაზე მუშაობას, ვინაიდან ეროვნული გამოცდის ტესტური დავალებები მის საგანში ისეთნაირადაა შედგენილი, რომ მოზარდისგან სწორედ ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვს და არა უნარების გამომჟღავნებას. ამიტომ, თუ სასწავლო პროცესში ის ფაქტობრივ ცოდნაზე არ იქნება ორიენტირებული, მისი მოსწავლე გამოცდას წარმატებით ვერ ჩააბარებს, რის გამოც ის ვერც მშობლების და ვერც სკოლის ხელმძღვანელობის რისხვას ვერ გადაურჩება.

     ალბათ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ სკოლის სასწავლო მიზნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მშობელსაც დიდი როლი აკისრია. ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი უკმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისმა შვილმა იმდენი ლექსი არ იცის ზეპირად და არც ისეთი დიდი ინფორმაციის მატარებელია, როგორც მისი მეზობლის ბავშვი, რომელიც სხვა სკოლის მოსწავლეა. ასეთი მშობელი მზად არის სკოლაც კი შეუცვალოს ბავშვს და არაფრად აგდებს იმას, რომ მისი შვილი ანალიზის, შეფასების, მოსმენის, არგუმენტირებული მსჯელობის ბევრად უკეთეს უნარს ამჟღავნებს, ვიდრე ის ბავშვი, რომლითაც ის ასე მოიხიბლა. ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი ბავშვის დაბადებისთანავე  ადგენს ერთგვარ პროგრამას, სადაც დაფიქსირებული აქვს, თუ რა უნდა ისწავლოს მისმა შვილმა მომავალში, როგორ უნდა ისწავლოს, რა პროფესია უნდა აირჩიოს, რომელ უმაღლეს სასწავლებელში უნდა ჩააბაროს. სკოლა ასეთ მშობელს იმისთვის სჭირდება, რომ თავისი პროგრამის განხორციელებაში დაეხმაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უკმაყოფილო რჩება სკოლითაც და მასწავლებლებითაც. სასურველია, რომ მშობელი შვილს არჩევნის თავისუფლებას, სკოლა კი თვითრეალიზაციის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას აძლევდეს.

       დაბოლოს, თანამედროვე მიდგომების უპირატესობებზე საუბრისას ნამდვილად არ გვინდა ტრადიციული სკოლის როლისა და მნიშვნელობის უარყოფა, იმის დავიწყება, რომ ტრადიციულმა სკოლამ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი აღზარდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სასწავლო პროცესში გადამწყვეტი როლი მასწავლებელს ეკუთვნის, ალბათ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, თუ რამდენი „სხვაგვარად” მოაზროვნე, არაორდინალური, „დაუმორჩილებელი” პედაგოგი გვყავდა ტრადიციულ სკოლაში, რომლებსაც ყოველგვარი ზეწოლისა და მკაცრი მოთხოვნების მიუხედავად მაინც შეჰქონდათ გარკვეული ცვლილებები სასწავლო პროგრამაში და ხშირად ისეთ გაკვეთილს ატარებდნენ, რომ საფრთხეშიც კი იგდებდნენ თავს, ვინაიდან პროგრამიდან თვითნებური გადახვევა სერიოზულ სასჯელს იმსახურებდა. ბავშვებს ყოველთვის ჰყავთ საყვარელი პედაგოგები. გავიხსენოთ, ვინ იყო ტრადიციულ სკოლაში ჩვენი საყვარელი მასწავლებელი, დარწმუნებული ვარ ის, ვინც სრულიად განსხვავებულ გაკვეთილს  ატარებდა, ვინც ჩვენგან უბრალოდ ფაქტების ცოდნას კი არ მოითხოვდა, არამედ აზროვნებას გვასწავლიდა, ვინც ჩვენ მიერ  საგაკვეთილო ტექსტების უბრალო მოყოლით არ კმაყოფილდებოდა და წაკითხულის ანალიზს დიდ დროს უთმობდა, გვესაუბრებოდა და ჩვენს მოსაზრებებსაც  სიამოვნებით ისმენდა. ერთი სიტყვით, თუ პედაგოგი დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნების  ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული, საკუთარ მოსწავლეებში ის საყოველთაო სიყვარულისა და პატივისცემის ობიექტი ადვილად გახდება, განურჩევლად იმისა, რა დროში და რა პირობებში უწევს მას   მოღვაწეობა.
  

„წყალწაღებულები“ ლიტერატურაში

0
წყალი, ნაკადი, მდინარე – დროის მეტაფორა

ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებაში დრო ყოველთვის ჰერაკლიტეს დროის მსგავსია. ჩვენ ნიადაგ ვიხსენებთ ამ ძველ შედარებას, თითქოს ამდენი საუკუნის მანძილზე არაფერი შეცვლილა და კვლავინდებურად ვრჩებით ჰერაკლიტედ, მდინარეში თავის ანარეკლს რომ უყურებს და ფიქრობს იმაზე, რომ მდინარე მდინარე არაა, იმიტომ, რომ წყალი შეიცვალა, და თავადაც არაა ჰერაკლიტე, რადგანაც ისიც შეიცვალა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად უმზერდა მდინარეს”. ბორხესი, „დრო”

„ვერ მოვირჩინე ჩემი ყრმობის წვიმების წყევლა. მაშინღა მივხვდი: რომ სიცოცხლის
წყალმა წამიღო”.

გიორგი კეკელიძე

წყლის (მდინარის) დროსთან კავშირი უნივერსალური მეტაფორაა. ამ ანალოგიით ენასა და კულტურაში მრავალი ახალი მეტაფორა იბადება – განსხავავებულ ენაზე, განსხვავებული სინტაქსით, მაგრამ საერთო იდეით, რაც ადასტურებს კაცობრიობის ფსიქიკურ და მენტალურ ერთიანობას და, ამავე დროს, გამოხატვის ინდივიდუალობას. ყველაფერი, რაც არსებობს, დროს მიაქვს… თუმცა ზოგს ინახავს დრო, ზოგს კი – სწრაფად აქრობს და ივიწყებს.
მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა – იტყვის ქართულ ენაზე მოლაპარაკე და „მრავალ წყალში” ბუნებრივია, დროს იგულისხმებს; ანუ – დიდი დრო გავიდა… შესაბამისად, ფრაზეოლოგიაში არსებობს სინტაგმა: ცხოვრების დინება. რაკი დრო – მდინარეა, ხოლო ცხოვრება დროით განსაზღვრული, მაშასადამე, ცხოვრებაც მდინარეა, ანუ დინება, რომელსაც ზოგი მიჰყვება, ზოგს მიათრევს ეს დინება, ხოლო ზოგისთვის მორევად იქცევა. აქედან კიდევ ერთი ფრაზეოლოგიური სინტაგმა: ცხოვრებისმორევი. ცხოვრება ზღვასთანაც იდენტიფიცირდება ქართულ ცნობიერებაში – ცხოვრების ზღვა. ამ მეტაფორულ კავშირის არსს კარგად გამოხატავს ოთარ ჭილაძე ლექსში „მოხეტიალე კუნძული”:

„დახეტიალობს ჩემი კუნძული,
მთელი ქვეყანა ზღვა არის მისთვის.
ის ერთ ადგილზე ვერ გაჩერდება,
გამოცლილი აქვს ფეხქვეშ საყრდენი.”

„მოხეტიალე კუნძული” ასოციაციას აჩენს არტურ რემბოს „მთვრალ ხომალდთან”.

მეც ჩამითრია ზღვის სიმღერამ, იქ ცის კამარა
და ვარსკვლავებით მოჭედილი მარადისობა
იმზირებოდა და ქცეული უძღებ სამარედ
ხანდახან ცხედარს, ჩაფიქრებულს, ზევით ესროდა.
უცებ დაირღვა ლილისფერი ზღვის მაქმანები,
დღის ნელი რიტმი და კაშკაში, და ვით უღვინოდ
დათრობა ანდა უსაზღვრობა ჩვენი ქნარების,
გამწარებული სიყვარულის ვიგრძენ დუღილი! 
(ფრანგულიდან თარგმნა გივი გეგეჭკორმა).

ცხოვრების ყველა დინება მეტაფორულად თავს იყრის ცხოვრების ზღვაში. ეს ზღვაც დროით და დროში განსაზღვრულია, თითქოს დაგროვილი დროა. ადამიანი მოგზაურია (ან მხედარი), ზღვაოსანი ან ნაოსანი (ან სულაც, კუნძული), რომელიც მოწოდებულია. გამუდმებულად მოძრაობდეს. ზღვა კი (ცხოვრება) მღელვარე და ხიფათით აღსავსეა, ამიტომ უნდა იმოძრაო ისე, რომ არ დაიღუპო. მაძიებელი ადამიანის თანდაყოლილი სწრაფვაა „ბედის სამძღვრის” გადალახვა… ბარათაშვილი „მერნით”, გალაკტიონი „ლურჯა ცხენებით” მიისწრაფის ამ გადალახვისკენ. ვაჟაფშაველა კი იტყვის:

„დეზი ვკრა ჩემსა ლურჯასა,
გადავერიო ზღვაშია.
თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს
სიკვდილი მიჯობს ცდაშია;
ვერ მააწონებთ კარგ ყმასა,
რაც არ მაუდის ჭკვაშია!” („ქეიფი”)
ბარათაშვილისეულ და გალაკტიონისეულ სულის სწრაფვას ვაჟაფშაველა „ლურჯას ზღვაში გადარევით” გამოხატავს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სულის სწრაფვას.

მდინარის, ზღვის გადალახვით გმირი გადის გაღმა, ახალ სამყაროში. ზღვის (მდნარის) გადალახვას და მეორე ნაპირზე (გაღმა) გასვლას ბევრი სიმბოლური, მეტაფორული თუ ეზოთერული მნიშვნელობა უკავშირდება. ქართული ენის ფრაზეოლოგიაში კი გაღმა გასვლა გარდაცვალებაა.
ზღვის საინტერესო სემიოტიკაა აკაკი წერეთლის ლექსში:

ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე!
აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე!
მარგალიტების სალარო შენი უფსკრული გულია,
მყუდროების დროს ის განძი ქვეყნისთვის დაფარულია.
მხოლოდ როდესაც მრისხანებ, გულს უხსნი მზეს და მთვარესა,
იმ მარგალიტებს შესტყორცნი შენ შემკვრელს არემარესა.
პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი მრისხანე გულის ღელვასა!..
ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი და სიბნელის დროს ელვასა!
აკაკი წერეთელი პოეტისა და ზღვის იდენტიფიკაციას მიმართავს და მღელვარებას მიიჩნევს მათ მთავარ თვისებად, რადგან სიმშვიდის დროს განძი პოეტისა და ზღვის გულში – ორივეგან დაფარულია და მხოლოდ აღელვებულ ტალღებს და პოეტის აღელვებულ გულს შეუძლია მარგალიტების ამოტანა ფსკერიდან.

ზღვის საინტერესო მეტაფორულ სემანტიკას წარმოადგენს თანამედროვე ავტორი გიორგი კეკელიძე თავის პოეზიაში. საინტერესოდ გადათამაშებული ქართული ენის იდიომატური თქმებით პოეტი ქმნის ხან ახალ სემანტიკას, ხან კიდევ ფრაზეოლოგიზმების (ენობრივი ცნობიერების) საზღვრებში რჩება.„ზღვა კოვზით დაილია” და „კოვზი ნაცარში ჩამივარდა” ზღვასთან მიმართებით ასე გამოიყენა პოეტმა:

კოვზის ძლისპირი
ზღვას ვსვამდი კოვზით –
ძარღვებად გავიდგი მარჯნები,
ხოლო თევზები
დარდივით მერეოდა –
ბადეებს ხანდახან თვითონვე ვჩუქნიდი,
რადგან დარდს რა დალევდა –
მე ერთი ვიყავი,
ერთი ვიყავი და
ზღვას ვსვამდი.
ზღვა დიდი იყო – მე უკვე უფრო.
ერთხელაც, ჩათვლემილს, სიზმრები ამეწვა –
მზე ჩემში ჩავიდა.
…..
კაცი აღარ დარჩა, რომ ებჭო –
ის კი მაინც იცინოდა:
სხვა მზეებმა სხვა ზღვები გადაწვეს,
ღრუბელი – ამ ზღვების ნაცარი აფანტეს ქარებმა
და მერე დაიქცა გაცრილი ნაცარი.
გაწვიმდა.
……
გაწვიმდა.
ზღვას ვსვამდი კოვზით
და ნაცარში ჩამივარდა.
ფრაზეოლოგიზმების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობების შერევით აქტიურდება სრულიად სხვა მნიშვნელობა და მყარი გამონათქვამებიც ახალ ნიუანსებს იძენს. ასეა ამ ლექსშიც. „ზღვა კოვზითდაილია”- ეს გამონათქვამი მოთმინების მნიშვნელობას უკავშირდება, ისევე, როგორც „წვეთმა ქვაგახვრიტა”. წარმოდგენილ ტექსტში კი პირდაპირი მნიშვნელობითაა (ლექსის კონტექსტში კი – სიმბოლური)გამოყენებული „ზღვის კოვზით დალევა”, რომლის ფინალია „კოვზი ნაცარში ჩამივარდა” ანუ: არაფერი გამომივიდა.

ამ ლექსის გაგებაც მრავალგვარად შეიძლება, ისევე, როგორც მრავალგვარია ზღვის მნიშვნელობა მოცემულ კონტექსტში. მითოლოგიური, არქეტიპური თუ მეტაფორული-სიმბოლური შინაარსი აქვს ამ ტექსტს… ზღვა არის – დრო, სტიქია, ცხოვრება, არაცნობიერი… ყველა შემთხვევაში, განსხვავებული მნიშვნელობების მიუხედავად, აზრი ფინალშია გაცხადებული. სხვა ლექსში კი გიორგი კეკელიძე საკუთარ ანდაზას შექმნის: „ვერ მოვირჩინე ჩემი ყრმობის წვიმების წყევლა. მაშინღა მივხვდი: რომსიცოცხლის წყალმა წამიღო”. „წყალწაღებული” პოეტი ფრთხილიცაა:

ნუ გაშლი აფრებს, ვერ წაგვიყვანს შორს ჩვენი ნავი…
წამიხდა ხასიათი და მოსავალი –
ქარი დავთესე
და
მზეა… („სხვა ანდაზის ძლისპირი”)

ლექსში „ემბიენტი” კი ავტორმა მშვიდი მგზავრობის სურვილი ასე გამოხატა: „მე იქით წავალ, სადაც წყალი იქნება მდორე”.

პოეტი ხან თავად იქცევა ზღვად, განუდგება ძმებს, რომლებმაც „აფრები გაშალეს” და შორეულ მოგზაურობაში წავიდნენ. სამაგიეროდ, გრძნობს მათი გემების ფსკერს…

ჩემმა
ძმებმა
მიაშურეს
უდიდეს
გემებს,
ჩემმა ძმებმა გაშალეს ამაყი აფრები.
მიცურავენ ახლა,
მიცურავენ მშვიდად,
საოცარი თავდაჯერებით
საოცრადვე ბედნიერნი.
და
ჩემი ძმების ხომალდების ფსკერს
მსუბუქად გრძნობს
ჩემი
მთვლემარე
მკერდი.

რა მიმართებაა ზღვის ფსკერსა და ზედაპირზე მოცურავე გემებს შორის? იქნებ მარადიულისა წარმავალთან?
ავტორი (ისევე, როგორც ყველა) ბოლოს „გაღმა გადის”, აქ გადაათამაშდება კიდევ ერთ იდიომა: დროის გაყვანა. ფინალი კი ლექსში „კაცის ძლისპირი” ასეთია:

დრო გამყავს,
რადგან მხოლოდ ეს საქმე ვიცი,
თუნდაც ხელს ხელად გამოწვდილი ტალღა მიშლიდეს,
ათასი და ბინძური ტალღა.
დრო გამყავს.
აჰა, გამოჩნდა ის ნაპირიც,
მე გავედი და დაღლისგან მალე მოვკვდები,
ასეთია ჩემი წესი –
მე მოვკვდები,
დრო კი სამშვიდობოს
გავიყვანე.

ზღვის მეტაფორას საინტერესოდ ხსნის ზურაბ ქარუმიძე რომანში „ღვინომუქი ზღვა”. ავტორი წერს: „ყველაზე საინტერესო სტიმული ამ წიგნის დაწყებისთვის იყო თბილისის ისტორიის ხუთტომეულის პირველი ტომი. გადაშლი და კითხულობ, რომ თბილისის ტერიტორია გეოლოგიური თვალსაზრისით კაინოზოური ზღვის ფსკერია, რომელიც ჩამოყალიბდა კაინოზოურ ერაში და ა. შ. წარსულის ხედვის ჩვენებური ვარიანტია. მე მომეწონა ეს მეტაფორა. შემდეგ ზღვისა და ქალაქის მეტაფორაა.ეს ახალი არ არის, ჯოისისეულია; აქ იმდენად ქალაქისა და ზღვის მეტაფორა კი არ არის მთავარი, თვითონ ეს წიგნია ზღვა – ღვინომუქი ზღვა. ხატების ასოციაციები, რაღაც უცხოსადმი სწრაფვის, ღიაობის, დამოკიდებულების, ამიტომაც ეს არის გარემოს გარღვევის მცდელობა.” (ხაზგასმა ჩემია -ც.ბ.)

ზაზა შათირიშვილი ამ რომანის შესახებ მიუთითებს: „ავტორი არ არის ორიენტირებული ამბის მოყოლაზე – მას აინტერესებს არა ისტორია, არამედ ის, თუ რა მოსდის ენას, როცა წერ. წერა – აი, რომანის რეალური თემა და შინაარსი.

ქარუმიძე იღებს იდიომას, ენის ამ გაქვავებულ შრეს, ჯერ აქცევს მას მეტაფორად, ანუ იმად, რაც იდიომა ოდესღაც იყო (ლინგვისტური „მითოლოგიის” თანახმად) და ამის შემდეგ ის ამ მეტაფორას „ანარატივებს”, „აამბებს”. მაგალითად, „ხელწერა”, „ბედის წერა” – გამოთქმები, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა გაქვავებული მეტაფორები, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურ მეტყველებაში ავტომატურად, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ვიყენებთ – ქარუმიძის რომანში „იბრუნებენ” ორაზროვნებას, იძენენ მეტაფორულ (საზოგადოდ, ტროპულ) განზომილებას, რომლის შემდეგაც ავტორი კიდევ ერთ ხერხს მიმართავს – ტროპს „აბუკვალურებს”, მატერიალურს ხდის – ხელი პერსონაჟი ხდება, „ხელწერა” – ამბავი, ანუ ის, რასაც ავტორი გვიყვება.”

სხვათა შორის, აქვე შევნიშნავთ, რომ ისინი იმას, რასაც ზურაბ ქარუმიძე მიმართავს (ე.წ. იდიომათა ეტიმოლოგია) „ღვინომუქ ზღვაში”, გიორგი კეკელიძე ამას პოეზიაში „აკეთებს”. ენა, რომელიც სცენაზე გამოდის ავტორის (როგორც მედიუმის) მეშვეობით, გვაბრუნებს საგანთა არსისკენ და სიღრმისკენ. მეტაფორულად ტექსტი იქცევა ზღვად, რომელიც პერიოდულად ზედაპირზე ამოატივტივებს იმგვარ „ნიშნებს”, რომლებიც გვიხსნიან ეტიმოლოგიას, ანუ არსს.

რაც შეეხება, წყალთან დაკავშირებულ ქართული ენის ფრაზეოლოგიზმებს და იდიომებს, უნდა აღინიშნოს, რომ ისინი უმეტესწილად, უარყოფით სემანტიკასთანაა დაკავშირებული. მაგალითად:წყლის ნაყვა, წყალში გადაყრა, წყალწყალა, წყალწაღებული, არც ძმარი, არც წყალი, წყალი შეუდგა, წინ- წყალი, უკან – მეწყერი, წყალი არ გაუვა და სხვა. დადებითი სემანტიკისაა წყლისგან ნაწარმოები -წყალობა, მწყალობელი… აგრეთვე: შენი წყალი გადამესხას!
ზღვა, როგორც კონცეპტი, ამბივალენტურ ხასიათს ატარებს და აერთიანებს დადებით და უარყოფით მნიშვნელობებს ერთდროულად, რითაც ქმნის ერთიან და განუყოფელ ბუნებას.

გაზაფხული მაინც მოვა…

0

მოსწავლეებს “განთიადის” დაწერის ისტორიის მოძიება დავავალე.

ყოველთვის ვცდილობ, დავუკონკრეტო, რას ვითხოვ მათგან. ამიტომ ფრჩხილებში მივუწერე – რატომ დაწერა, ვის მიუძღვნა, რატომ მიუძღვნა და ერთი საინტერესო ფაქტი ადრესატის შესახებ.

გაისმა ყველა მოსწავლისთვის საინტერესო და საჭირბოროტო კითხვა – ინტერნეტში მოვიძიებთ? იმის შიშით, რომ ძიების და სწავლის სურვილი ჩანასახშივე არ ჩამეხშო მათთვის, ბრმად დავეთანხმე – დიახ, მოიძიებთ. მერე კი თავადვე გადავამოწმე, რა შეიძლებოდა „ამოეგდო” საძიებო სისტემას.

აღმოჩნდა, რომ დიმიტრი ყიფიანის შესახებ ცნობების მოძიება ინტერნეტში სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. (რამდენიმე მართლმადიდებლურ საიტზე, ვიკიპედიაზე, სხვადასხვა რესურსზე – ლიტერატურული განხრით). ერთი სიტყვით, სად დაიბადა, ვის ოჯახში დაიბადა, რომელ წელს დაიბადა, რომელ სასწავლებელში სწავლობდა და როდის შეირაცხა წმინდანად – ადვილი მოსაძიებელია. თუმცა, ახლა უკვე მეთორმეტეკლასელებმა კარგად იციან, რომ მწერლის შემოქმედების შესწავლისას და მისი ბიოგრაფიის გაცნობისას ჩემთვის დაბადება-გარდაცვალების, პირველი პოეტური კრებულის და დაოჯახების წლებზე მნიშნელოვანი სულ სხვა ცნობებია.

ვფიქრობ, ისტორიული პირების და შემოქმედი ადამიანების ცხოვრების, მათი ნამოქმედარის გაცნობისას ისეთ დეტალებს აქვს დიდი მნიშვნელობა, რაც წლების შემდეგაც არ დაგავიწყდება. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ვერ გაიხსენო, მაგალითად, ვარსქენ პიტიახშის და გნებავთ, შუშანიკ დედოფლის გარდაცვალების ზუსტი თარიღები, რომ ტექსტის დაწერის წელი გამოითვალო, მაგრამ სასურველი იქნება ისეთი ფაქტები გვახსოვდეს ამ ტექსტიდან და ამ ტექსტის ავტორზე, როგორიცაა, მაგალითად ის, რომ იაკობ ხუცესი ნებსით თუ უნებლიეთ არღვევს ჟანრის მკაცრად განსაზღვრულ კანონს და შუშანიკს ვერ წარმოგვიდგენს ბოლომდე იდეალურ, სრულყოფილ გმირად (სწორედ ამიტომაცაა ბევრისთვის ეს ტექსტი განსაკუთრებით მომხიბლავი და საინტერესო, მთავარი მოქმედი გმირი კი ცოცხალი და „ადამიანური” პერსონაჟი და არა სტატიკური, ერთგანზომილებიანი კანონიკური ფრესკა).
ერთი სიტყვით, მშრალი ფაქტები და თარიღები უმნიშვნელოა, ადამიანის ხასიათის, მისი სისუსტეების, ძლიერი მხარეების, საინტერესო გამონათქვამების, ცხოვრებისეული შემთხვევების, ყოველდღიურობის შესახებ საინტერესო ცნობები კი გაცილებით მნიშნელოვანი.

დიმიტრი ყიფიანს დავუბრუნდები და მეთორმეტეკლასელებს.

ძალიან მინდა ხვალ საშინაო დავალების გამოკითხვისას მოვისმინო, რომ დიმიტრი ყიფიანი სულაც არ იყო „მოსაწყენი” ადამიანი, როგორც მას 1832 წლის შეთქმულების შეკრებებზე უწოდა ერთ-ერთმა დამსწრემ (თავის მემუარებში დიმიტრი ყიფიანი წერს, რომ 18 წლისა „თავისუფალი მსმენელის” სტატუსით ესწრებოდა შეთქმულთა კრებებს. მეტწილად დუმდა და გამოსვლებს უსმენდა. ერთხელ კი შეკითხვაზე – „რას ფიქრობთ” ალალად უპასუხა – „სულ ვფიქრობ, რით დაბოლოვდება ეს ყველაფერი”. ამის შედეგად უწოდა მას ერთ-ერთა შეთქმულმა მოსაწყენი კაცი. აქვე იმასაც იგონებს ყიფიანი, რომ შეთქმულების გაცემის შემდეგ მას პირადად შედარებით მსუბუქი ბრალდება ერგო – ვოლოგდაში გადაასახლეს…), არამედ იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოღვაწე, მამათა თაობის წარმომადგენელი, რომელსაც ილიაც და აკაკიც უდიდეს პატივს სცემდნენ, (ამ ორის გამანადგურებელი ქილიკის და კრიტიკის ამბები უკვე იმ პერიოდიდან იციან, „თერგდალეულების” და „მტკვარდალეულების” „შეტაკებებს” რომ განვიხილავდით…). ადამიანი, რომელსაც „არ მოუსვენია არც ერთი დღე, არც ერთი საათი, მაგარი და მტკიცე სულით იგი მხნედ ასრულებდა თავის მოვალეობას, მაგრამ ისე კი არა, როგორც ჩინოვნიკი, არამედ როგორც პატიოსანი კაცი და დაუცხრომელი მოღვაწე”(გუნია ვალერიან, დიმიტრი ივანეს-ძე ყიფიანი, ტფილისი, 1887;)

ან თუ მაინცდამაინც ასეთად (მოსაწყენად) მოეჩვენებათ, საკუთარი არგუმენტებით გამტკიცებული მსჯელობა უნდა წარმოადგინონ კლასის წინაშე.

კარგი იქნება, თუ მისი წერილებისა და ჩანაწერების მიხედვით შეიქმნიან წარმოდგენას ამ უჩვეულო, ალალი, გულუბრყვილო და მამაცი ადამიანის შესახებ.

ძალიან გულისამაჩუყებელია მისი წერილი, რომელიც რუს გენერალს მისწერა, როცა ამ უკანასკნელმა უკადრებელი იკადრა და საქართველო აუგად მოიხსენა. ნახეთ, რას წერს: “იმის მერე, რაც მოხდა, მე ვეღარ დავტოვებ ჩემს ფოტოსურათს თქვენს ოჯახში და აღარც მე შევინახავ თქვენს სურათს ჩემს სახლში. დამიბრუნეთ ჩემი სურათი და დაგიბრუნებთ – თქვენსას”.

სახალისო იქნება, თუკი ილია ჭავჭავაძის ცნობილი გამონათქვამი მის შესახებ “იგი იყო კაცი, რომელიც თავის დღეში არ იტყოდა “ჰოს”, როცა მისი გული ამბობდა “არას” – თანამედროვე ავტორის, გურამ დოჩანაშვილის რომანის ერთ-ერთ პერსონაჟს გაახსენებთ, რომელიც, ცხადია, არაფრით ჰგავს მას. უბრალოდ, ალუზიური ფრაზაა.
თუ ყურადღებით გაეცნობიან მის ნააზრევს, მომავალში თანამედროვე ღირებულებებსა და თანამედროვე სამყაროში ცოდნისა და განათლების აუცილებლობაზე მსჯელობისას დიმიტრი ყიფიანის ფრაზის დამოწმება შეეძლებათ – “სწავლა აპატიოსნებს კაცსა, აფაქიზებს, აღონიერებს, ზეაღავლენს და ღირსჰყოფს დაუსაბამობასთან მიახლოებისა… განათლება ყველას გვათანასწორებს”.

..

იმედი მაქვს, მოვისმენ სასულიერო აკადემიის რექტორის, ჩუდეცკის მკვლელობისა და ეგზარქოსი პავლეს ამბებს, იქნებ იმ უაღრესად ზრდილობიანი და ამავდროულად მტკიცე, გაბედული წერილის ამონარიდებიც ამოიწერონ, ყიფიანმა რომ მისწერა ხაშურიდან ეგზარქოსს. ძალიან საინტერესო წერილია. ასეთი მშვიდი, აუღელვებელი და შთამბეჭდავი ტექსტი ცოტა თუ წამიკითხავს…

ამ პატარა წერილში ყველა საინტერესო ეპიზოდის ჩატევას ვერ მოვახერხებ. 45 წუთის განმავლობაში ვერც მეთორმეტეკლასელების მიერ მოძიებულ მასალებს გავეცნობი სრულად, თუმცა, დიმიტრი ყიფიანისა და აკაკი წერეთლის უკანასკნელი შეხვედრა კი მაინც მინდა ცალკე გამოვყო. აკაკი იხსენებდა: „როცა დიმიტრის მღვდელმთავრის შეურაცხყოფისთვის სტავროპოლში გადასახლება გადაუწყვიტეს და ეს ამბავი ქვიშხეთში მყოფს შეატყობინეს, მისმა მხიარულმა სახემ გამაოცა. სიცილით მითხრა: ნუ გშურს, ჩემთვის ეს ღვთის წყალობაა, უკეთეს ჯილდოს მე ვერც კი მოვიფიქრებდი. ერთი საუკუნეა ქართველები ცუდკაცობისთვის იგზავნებიან ციმბირში და ჯერ იდეურად არავინ დასჯილა. დე, პირველი მერცხალიც მე ვიყო, მართალია, პირველ მერცხალს ხანდახან სუსხი დაჰკრავს და გაზაფხულს ვეღარ ესწრება, მაგრამ მაინც პირველი მახარობელია და გაზაფხული მაინც მოვა”…

კონტექსტი – მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებათა გახსნის გასაღები

0
მეოთხე კლასში ქართლის მასწავლებელმა გვითხრა, რომ თემები გარკვეული გეგმის მიხედვით უნდა დაგვეწერა. შაბლონიც მოგვცა, რომლის პირველი პუნქტი იყო “ეპოქის მიმოხილვა”, ხოლო მეორე – “მწერლის მოღვაწეობა”. მეც და ჩემმა კლასელებმაც ვიცოდით, თუკი გეგმის ყველა პუნქტს არ დავიცავდით, მაღალ ქულას ვერ მივიღებდით. არადა, ხშირად თემის შესავალი ნაწილი, რომელშიც ეპოქასა და მწერალზე ვსაუბრობდით, არანაირად არ სჭირდებოდა საკუთრივ თემის გახსნას. დღეს აღარავინ თხოულობს მოსწავლეებისგან ამგვარი ორპუნქტიანი შესავლების გაკეთებას, სამაგიეროდ, ერთგვარ ტენდენციად იქცა და მოსწავლეები თემებს მხატვრულ-გამომსხველობითი საშუალებების ხსენებით ამთავრებენ. იმის გამო, რომ ეროვნულ გამოცდებზე თემის შესაფასებლად ერთ-ერთი კრიტერიუმი ითვალისწინებს, თუ რამდენად კარგად ამოიცნო აბიტურიენტმა ნაწარმოებში სხვადასხვა მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალება, ქართულის მასწავლებლების დიდი ნაწილი კატეგორიულად ითხოვს, მოსწავლეებმა თემის ბოლოში მაინც მიაწერონ გაზუთხული ფრაზა: მწერალი იყენებს ეპითეტებს, შედარებებს, მეტაფორებს… არადა, რა აზრი აქვს ამ ფრაზას, თუკი მოსწავლე კონტექსტის გათვალისწინებით არ ახსნის ამ მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს. კონტექსტი კი ზოგჯერ საკუთრივ ტექსტია, ზოგჯერ მწერლის ბიოგრაფია ან ეპოქა, რომელშიც მწერალი მოღვაწეობდა. მხატვრული საშუალების სწორად გახსნა კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად ამოიცნობს მკითხველი კონტექსტს. ხდება ისეც, რომ არასწორად მისადაგებული კონტექსტი არასწორ დასკვნას გაგვაკეთებინებს. ჩემი მოსაზრების დასადასტურებლად ერთ მაგალითს მოვიტან – სრულიად უწყინარ არასაპროგრამო საყმაწვილო ლექსს განვიხილავ სხვადასხვა კონტექსტის გათვალისწინებით. მაგრამ მანამდე მცირე ექსკურსის გაკეთება დამჭირდება. 

ქართული იავნანას ციკლის ერთი ჯგუფის სიმღერები – სახადების ანუ ბატონების დროს შესასრულებელი სიმღერები – გამოირჩევა დახვეწილი მხატვრული სახეებით. არ შეიძლება, თვალში არ მოგვხვდეს მეტაფორებად გამოყენებული შემდეგი სიტყვები: მზე, მთვარე, ვარსკვლავი, ცისკრის ვარსკვლავი, მარიხი; ბულბული, შავარდენი, მტრედი, ქედანი, ოქროს ყოჩი; იაგუნდი, ლალი, ოქრო, ვერცხლი, მარგალიტი (ლობიო მარგალიტი), ალმასი, ბროლი, გიშერი; ია, ვარდი (კოკორი, გაშლილი ვარდი), ყაყაჩო, ნარგიზი, ალვა, ვერხვი, ბაზმა, თუთა, ყურძნის მტევანი, წმინდა ხე, ებანოზი, ბჟოლა. ეს ლექსიკა, რომელიც დადებითი ემოციებით გვავსებს და სილამაზეს აღწერს, სწორედაც რომ საპირისპიროს, ულამაზოს შესანიღბადაა გამოყენებული. ამაზე მიგვანიშნებს ზოგიერთი სიმღერის დაბოლოება: მიუხედავად ამდენი მცდელობისა, აამონ სნეულებას, არ აღნიშნონ ის უარყოფითი მხარეები – ძირითადად, გამონაყარი, რაც ამ დაავადებას ახლავს თან, არის შემთხვევა, როდესაც სიმღერაში ეს არასახარბიელო მდგომარეობა მაინც გამოიხატა და აისახა აკვნის სიმღერაში მხატვრულად: “ცხენის ჯოგი შაჩვეულა, იავნანინაო, სუ მთლად წაუხდენიაო, იავნანინაო”. საინტერესოა, მაინც რას უნდა უკავშირდებოდეს ასეთი მხატვრული სახეებით მდიდარი ლექსიკის გამოყენება იავნანას სიმღერებში. ჩემი აზრით, აქ საქმე გვაქვს ტაბუსთან. როგორც ცნობილია, არაერთ კულტურაში ავადმყოფობების ხსენება ტაბუირებული იყო. ამას განაპირობებდა შიში, რომ ავადმყოფობის ხსენება რეალურ ცხოვრებაში გამოიწვევდა ნამდვილ ავადმყოფობას. ეს წესი დღემდე გვხვდება ყოფაში, განსაკუთრებით, ბავშვებთან მიმართებაში. დედა არასოდეს არ ახსენებს შვილთან მიმართებაში რომელიმე კონკრეტულ სნეულებას, მაგალითისთვის არ მოიყვანს საკუთარ შვილს, ავადმყოფობის ხსენებისას თითით არ მიანიშნებს საკუთარ შვილზე და, თუ ეს აუცლებელია, მაშინ აუცილებლად მოაყოლებს გარკვეულ მოქმედებას (მაგ. სამჯერ გადაფურთხების იმიტირებას, ხეზე დაკაკუნებას, უფლის სახელის მფარველად ხსენებას და სხვ.). ტაბუირებისას ენა მიდრეკილია ევფემიზმების გაჩენისკენ. ასეთი ევფემიზმები არა მარტო უწმაწური სიტყვების ან ანატომიური ნაწილების, არამედ რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის ჩასანაცვლებლადაც გამოიყენება, ძირითადად მაინც სიკვდილთან ასოცირებულ სიტყვებს (კუბო-სასახლე, მოკვდა–გარდაიცვალა-მარილზე გავიდა-მიიძინა…, ) ემუქრება ევფემიზმით ჩანაცვლების საფრთხე. იავნანას ტექსტებში ევფემიზმებად საპირისპირო, რადიკალურად განსხვავებული სიტყვები გამოიყენება. თუმცა, როდესაც სახადისგან დაუშნოებული ბავშვის სახე დარდება ყვავილს, ანუ მეტაფორად ყვავილი გამოიყენება, საქმე გვაქვს (თუმცა არა ყოველთვის) რაღაც ნიშნით მსგავსი მცენარის დასახელებასთან. წითელასა და წითურას შემთხვევაში ეს ვარდი ან ყაყაჩოა, ჩუტყვავლილასა და ყვავილის შემთხვევაში თუთა, ბჟოლა და ყურძნის მტევანი. ასეთივე ვითარებაა ძვირფასი ქვის მეტაფორად გამოყენებისასაც, ჩუტყვავილას შემთხვევაში ეს უნდა ყოფილიყო მარგალიტი, ხოლო წითელასა და წითურას შემთხვევაში – ლალი. რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ამ მხატვრულ სახეებს დაემატა სხვა სახეებიც. იმისათვის რომ ბავშვს გამონაყარი არ გართულებოდა, გამონაყარს სახელით კი არა, შენიღბული ფორმით, ევფემისტური მეტაფორით მოიხსენიებდნენ. ბავშვიც, რომლის სახეც დროებით დაუშნოვდებოდა ხოლმე სახადის შემთხვევაში, დარდებოდა საპირისპიროს – ხალხის წარმოდგენებში ლამაზ საგნებად მიჩნეულ საგნებს. ასეთი სიტყვები იყო მზე, ყვავილი, ძვირფასი ქვა და ლითონი და ა.შ. იავნანას ციკლის სიმღერებში ნახსენები მცენარეების ძირითადი ნაწილი სეზონურია, ამიტომაც ძნელია იმის დაჯერება, რომ ისინი პრაქტიკიდან გადავიდა პოეზიაში. აქ ვგულისხმობ იმას, რომ გამორიცხულია, ეს მცენარეები სამკურნალო თვისებების გამო პრაქტიკაში გამოეყენებინათ და შემდეგ ამის გამო ხშირი ყოფილიყო მათი ხსენება პოეზიაში. საქმე გვაქვს სეზონური ყვავილებისა და ხილის ხსენებასთან – მაგ. ვარდი, ყაყაჩო, თუთა, ყურძნის მტევანი. საქმე ისაა, რომ ამ მცენარეთა უმეტესობა სწორედაც რომ ფორმით ან ფერით წააგავს და დაახლოებით მაინც იმეორებს ინფექციური დაავადების ამოსაცნობ მახასიათებელს – ან გამონაყარს ყვავილის, ჩუტყვავილას, წითელას, ქუნთრუშას შემთხვევაში ან ფერს – წითელასა და წითურას შემთხვევაში. მოგვიანებით ის, რაც მოიხსენიებოდა სიმღერებში, გადავიდა პრაქტიკაშიც და მიიჩნეოდა, რომ ეს მცენარეები უნდა ყოფილიყო სნეულის სასთუმალთან, თუკი ოჯახის წევრებს სურდათ დაავადების კეთილად დასრულება (ამ შემთხვევაში იგულისხმება არა მარტო სიკვდილიანობა, არამედ სახის დამახინჯებაც, მასზე სნეულების კვალის დარჩენაც). იმის გამო, რომ ინფექციური დაავადებები ძირითადად გვიან ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე ვრცელდებოდა, წარმოუდგენელი იყო პოეზიაში ნახსენები მცენარეების შოვნა, ამიტომაც ეს მცენარეები პრაქტიკაში შეიცვალა ისეთი მცენარეებით, რომლებიც შესაბამის სეზონზე იყო გავრცელებული ან მათი შენახვა შეიძლებოდა რაღაც ფორმით (მაგ. გამხმარი ყვავილების ფურცლები ან ქიშმიში და ჩირი). თვალი შეიძლება მივადევნოთ ასეთ პრაქტიკას: თავდაპირველად ტაბუების გამო ადგილი ჰქონდა გამონაყარის ჩანაცვლებას სხვადასხვა მხატვრული სახეებით, რომელსაც ეს გამონაყარი წააგავდა. თავდაცვისა და ავადმყოფის უკეთ მოვლის მიზნით, ავადმყოფის პატრონებმა ეს მხატვრული სახეები გადაიტანეს ყოფაში და მიიჩნიეს, რომ სნეულის სასთუმალთან მხატვრულ სახეებად ნახსენები მცენარეები უნდა ყოფილიყო. ვინაიდან წარმოუდგენელი იყო ამ მცენარეთა მოძიება მათი სეზონურობის გამო, მოხდა მათი ჩანაცვლება სხვა მცენარეებით, რომლებიც ან გავრცელებული იყო სეზონზე და შესაბამისად ადვილად მოსაძიებელიც ან მათი შენახვა რაღაც სახით შეიძლებოდა. ამის გამო, აცდენა მოგვცა პრაქტიკაში გამოყენებულმა მცენარეებმა და პოეზიაში ნახსენებმა მცენარეებმა. თუმცა ამგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ზოგიერთი მცენარე მოგვიანებით გაჩნდა პოეზიაში, ალბათ მათ ჩაანაცვლეს ის სხვა მცენარეები, რომლებიც მანამდე იყო ნახსენები. ასე გაჩნდა პრაქტიკაში ჩიჩილაკი, რომელიც დამშვენებული იყო ჩირით, კაკლით, თხილით, ასევე სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ოქროსფერი და წითელი ბურთებით. სავარაუდოდ, ეს ბურთები იმეორებდა ასტრალურ სიმბოლიკას, რომლებიც უხვად გვხვდება აკვნის პოეზიაში. თუმცა ამ ბურთების, ყვინჩილების დაკიდება ჩიჩილაკზე, შესაძლოა, ყბაყურასთვის დამახასიათებელ ნიშნებსაც – შესიებულ ჯირკვლებს – იმეორებდეს. ხესთან ახლოს, ცხადია, ფრინველიც უნდა იყოს, ამიტომაც პოეზიაში პრაქტიკიდან გადასული უნდა იყოს ფრინველთა მხატვრული სახეების გაჩენა. ფრინველის გაშლილი ფრთა მარაოს იმეორებდა, რომელიც სნეულის გაგრილებას ემსახურებოდა.

ახლა ავიღოთ ერთი საბავშვო ლექსი ყაყაჩოზე, რომლის სიწითლესაც ყანა დაუშვენებია და რომელიც ყველა ქართველმა ზეპირად ვიცით. თუკი ამ ლექსს ავიღებთ და ქრესტომათიაში შევიტანთ, მისი ანალიზი არ მოგვცემს იმის საფუძველს, რომ ძირითად ლექსიკურ ერთეულს მეტაფორა დავარქვათ. მაგრამ როგორც კი ამ საყმაწვილო ლექსს იავნანას ციკლის საყმაწვილო ლექსებთან ერთად მოვათავსებთ, მაშინ მისი განხილვა სრულიად სხვა კონტექსტში მოხდება. წითელი ყაყაჩო და ყანა უკვე აღარ იქნება ბუნების აღწერის ნაწილი. ყაყაჩოც და ყანაც მეტაფორებად გადაიქცევა და ეს ლექსი წითურას დროს შესასრულებელი სარიტუალო ტექსტი გახდება. ყაყაჩოცა და ყანაც ზუსტად ჩაჯდება იმ ევფემისტურ მეტაფორათა რიგში, რომელიც სხვა მცენარეთა სახელწოდებებისგან შედგება და ტიპურია იავნანას ციკლის პოეზიისათვის. აი, თუკი ამ უწყინარ ლექსს სატრფიალო ლირიკის ნიმუშებთან ერთად მოვათავსებთ, მაშინ ლექსს კონტექსტი ეროტიკულ ელფერს შესძენს და ყაყაჩოსა და ყანის მეტაფორები უკვე სულ სხვაგვარად გაიხსნება.

ამიტომაც ვთვლი, რომ კონტექსტს მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების გახსნისას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება და მისი არათუ უგულვებელყოფა, არამედ არასწორად მისადაგებაც კატეგორიულად დაუშვებელია.
 

კლასში არასასურველ ქცევასთან გამკლავება

0
რაც უნდა წარმატებით ართმევდეთ თავს დადებითი საქციელის წახალისებას, ყოველთვის დგება მომენტი, როცა არასასურველთან გამკლავებაც გიწევთ. შესაძლოა იმიტომ, რომ სხვა მეთოდები არ ამართლებს, ან იმიტომ, რომ თავად ქცევაა სახიფათო და უშუალო რეაგირებას ითხოვს. გამოსავლად გვევლინება უარყოფითი განმტკიცება, მოყირჭება, შენიშვნის მიცემა.
უარყოფითი განმტკიცება. უარყოფითი განმტკიცების ძირითადი პრინციპი ასეთია: თუ მოქმედება აჩერებს ან თავიდან იცილებს რაიმე უსიამოვნოს, მაშინ ამგვარ სიტუაციაში ეს მოქმედება კვლავ იჩენს თავს. უარყოფითი განმტკიცება მოქმედებს კლასში, სადაც მოსწავლეები წუწუნებენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რითაც თავიდან იცილებენ ტესტს ან რაიმე სხვას, მათთვის უსიამოვნოს. ამრიგად, უარყოფითი განმტკიცებით მათ შეუძლიათ ისწავლონ მეტი წუწუნი და ჩივილი მომავალში.

ნეგატიური განმტკიცება შეიძლება სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლადაც იქნეს გამოყენებული. თქვენ შეგიძლიათ შეუქმნათ მოსწავლეებს უსიამოვნო სიტუაცია, საიდანაც თავის დაღწევა მათ კარგი საქციელის მეშვეობით შეეძლებათ. განვიხილოთ შემდეგი მაგალითები:

* მასწავლებელი მიმართავს მესამეკლასელებს: „როცა ყველაფერი თავის ადგილზე იდება და თქვენც წყნარად ისხდებით მერხებთან, გავალთ გარეთ. მანამდე შესვენებაზე ვერ გახვალთ”.

* მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეს, რომელიც იშვიათად ასრულებს საკლასო დავალებებს: „როგორც კი დავალებას შეასრულებ, შეგიძლია შეუერთდე კლასს სპორტულ დარბაზში, მაგრამ სანამ მუშაობ, საკლასო ოთახში უნდა დარჩე”.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, რატომ არ მიიჩნევა ზემოთ განხილული უარყოფითი განმტკიცების მაგალითები სასჯელად. ცხადია, დასვენებისას კლასში დარჩენა და სპეციალური პროგრამის გაცდენა მაშინ, როცა მთელი შენი კლასი ესწრება მას, ნამდვილად სასჯელია. მაგრამ თითოეულ ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილებულია განსაზღვრული ქმედების განმტკიცებაზე (საკლასო ოთახის მილაგებასა და საკლასო სამუშაოს დასრულებაზე). მასწავლებელი განამტკიცებს ქცევას გამაღიზიანებელი, არასასურველი „სასჯელის” დასრულებით, როგორც კი თავს იჩენს სასურველი ქცევა. ვინაიდან შედეგები გულისხმობს სტიმულის ჩამოშორებას, „გამოკლებას”, განმტკიცება უარყოფითია.

გარდა ამისა, უარყოფითი განმტკიცება მოსწავლეს აძლევს კონტროლის შანსს. დასვენების გაცდენა და კლასისგან ჩამორჩენა, მართალია, არასასიამოვნოა, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში მოსწავლეები ინარჩუნებენ კონტროლს. როგორც კი ისინი სათანადოდ მოიქცევიან, უსიამოვნო სიტუაცია დასრულდება. ამისგან განსხვავებით, სასჯელი ფაქტის შემდეგ იწყებს მოქმედებას და მოსწავლეს არ შეუძლია მისი ასე ადვილად კონტროლი და განსაზღვრა.

უარყოფით განმტკიცებას რამდენიმე წესი აქვს: აღწერეთ სასურველი ცვლილება პოზიტიურად. არ მოიტყუოთ. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ უსიამოვნო სიტუაციის გაძლიერება. ჩივილის მიუხედავად, მიჰყევით ბოლომდე. მოითხოვეთ ქცევა და არ დასჯერდეთ პირობას. თუ უსიამოვნო სიტუაცია სრულდება, როცა მოსწავლე გპირდებათ მომავალში უკეთ მოქცევას, ამით პირობის მიცემას განამტკიცებთ და არა ქცევას.

მოყირჭება-სატიაცია. პრობლემის მოგვარების კიდევ ერთი საშუალებაა, დაჟინებით მოითხოვოთ, რომ მოსწავლემ განაგრძოს მოქმედება, სანამ ამის კეთებით არ დაიღლება. ამ პროცესს ეწოდება სატიაცია – მოყირჭება. ის ძალიან ფრთხილ მიდგომას მოითხოვს – დაძალება, რომ დიდხანს აკეთოს რაღაც, მოსწავლისთვის შესაძლოა ემოციურად და ფსიქოლოგიურად საზიანო ან სახიფათო აღმოჩნდეს.

სიტუაციის შესაფერისი გამოყენების მაგალითი:

* მეცხრე კლასის ალგებრის გაკვეთილზე მასწავლებელმა მოულოდნელად შეამჩნია, რომ ოთხი მოსწავლე უცნაურ მოძრაობებს ასრულებდა. მასწავლებლის დაჟინებული კითხვების შემდეგ მათ ბოლოს და ბოლოს აღიარეს, რომ კენწლავდნენ წარმოსახვით ბურთებს. მასწავლებელმა თავი მოიკატუნა, თითქოს ამ ახალ იდეას ენთუზიაზმით შეხვდა და შესთავაზა კლასს, ეს ყველას გაეკეთებინა. თავდაპირველად კლასში სიცილი და ხუმრობა გაისმა, მეორე წუთს კი ხმაური შეწყდა და ერთმა მოსწავლემ თავიც დაანება წარმოსახვითი ბურთებით „თამაშს”, მაგრამ მასწავლებელმა დაიჟინა, რომ ყველას გაეგრძელებინა თამაში. ხუთი წუთის შემდეგ მასწავლებელმა მათ გაჩერების უფლება მისცა. მას შემდეგ წარმოსახვითი ბურთი კლასში არავის აუკენწლავს.

მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეს იმდენ ხანს აცადოს რამის კეთება, სანამ ის თავად არ გაჩერდება, თუ, რა თქმა უნდა, ეს ხელს არ უშლის კლასის საქმიანობას; შეიძლება უბრალოდ უგულებელყოს მისი ქცევა. გახსოვდეთ: ისეთ ქცევაზე რეაგირებით, რომლის იგნორირებაც შესაძლებელია, შესაძლოა ეს ქმედება განამტკიცოთ კიდეც.
სატიაციის საშუალებით მასწავლებელი უნდა ეცადოს, არ დანებდეს, სანამ მოსწავლეები არ დანებდებიან. ალგებრის მასწავლებელს რომ ეიძულებინა ბავშვები, 500-ჯერ დაეწერათ ფურცელზე: „მე აღარასოდეს ავკენწლავ წარმოსახვით ბურთს”, – მოსწავლეები წერით იჯერებდნენ გულს და არა ბურთის თამაშით.

საყვედური. ციტატა ერთი მეოთხეკლასელის თხზულებიდან „რატომ მომწონს სკოლა”: „მე ჩემი მასწავლებელიც მომწონს. ის მეხმარება გაგებასა და სწავლაში. ის ყველას კარგად ექცევა. მე მომწონს, რომ როცა ის ვინმეზე ბრაზდება, ყველას წინაშე კი არ უყვირის, არამედ ცალკე ელაპარაკება ხოლმე”.

ხელის შემშლელი საქციელის შესამცირებლად რბილი, მშვიდი და პირადი შენიშვნები უფრო ეფექტურია, ვიდრე ხმამაღალი და საჯარო. კვლევებმა ცხადყო, რომ თუ შენიშვნა ხმამაღალია და ის მთელ კლასს ესმის, ხელის შემშლელი საქციელი ძლიერდება ან მუდმივ ხასიათს იღებს. ზოგ მოსწავლეს მოსწონს, როდესაც ცუდი საქციელით ყურადღებას იპყრობს ან არ მოსწონს, როცა თანაკლასელები ხედავენ, როგორ „მარცხდება” მასწავლებელთან. თუ მოსწავლე არ არის ჩვეული შენიშვნებს, თუ კლასში, საზოგადოდ, თბილი და პოზიტიური ატმოსფეროა, მაშინ ის ძალიან სწრაფად რეაგირებს პირად შენიშვნებზე.

სასჯელი თავისთავად არ იწვევს პოზიტიურ ქცევას. მკაცრმა სასჯელმა შესაძლოა აფიქრებინოს მოსწავლეს, რომ „ძლიერია მართალი” და შურისძიების სურვილი გაუღვივოს. ამრიგად, როცა მოსწავლის დასჯაზე ფიქრობთ, ამას ორი მიზანი უნდა ჰქონდეს. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს სასჯელი, რომელიც შეაჩერებს არასასურველ მოქმედებას; მეორე მიზანი კი ის არის, რომ აუხსნათ მოსწავლეს, როგორ უნდა იქცეოდეს და წააქეზოთ სწორი საქციელი. ასეთი მოქმედებით პრობლემური ქცევა ითრგუნება, პოზიტიური ალტერნატივა კი ძლიერდება. თანამედროვე მიდგომები განსაკუთრებით უსვამს ხაზს პოზიტიური საქციელის წახალისებას.

რეკომენდაციები სასჯელის გამოყენების თაობაზე:

* ყურადღება გაამახვილეთ მოსწავლის ქმედებაზე და არა მის პირად თვისებებზე.

* მიეცით მოსწავლეებს საშუალება, თავი აარიდონ არასასიამოვნო სიტუაციას (დამატებითი სავარჯიშოების შესრულება, ყოველკვირეული ტესტირება), როცა მიაღწევენ კომპეტენციის განსაზღვრულ დონეს.

* ნუ მისცემთ მოსწავლეებს უფლებას, შეთანხმების პირობები შეგაცვლევინონ.

* ნუ გააძლიერებთ უნებლიეთ იმ საქციელს, რომლის დასჯასაც ცდილობთ. კონფრონტაციას ნუ გაახმაურებთ, რათა მოსწავლეები არ გახდნენ „გმირები” კლასის თვალში მასწავლებელთან დაპირისპირების გამო.

* ეცადეთ, მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ, რა მოჰყვება საკლასო წესების დარღვევას. ამისთვის უმცროსკლასელებს ჩამოუწერეთ ძირითადი საკლასო წესები, უფროსკლასელებს კი ეს წესები და მათი დარღვევის შესაძლო შედეგები სილაბუსებში ჩამოუთვალეთ.

* უთხარით მოსწავლეებს, რომ სასჯელამდე ისინი მხოლოდ ერთ გაფრთხილებას მიიღებენ. მშვიდად გააფრთხილეთ და განაგრძეთ გაკვეთილი.

* ეცადეთ, სასჯელი შეძლებისდაგვარად მყისიერი იყოს.

* შენიშვნა მიეცით მშვიდი, მაგრამ მკაცრი ხმით.

* ერიდეთ შურისმგებლურ და სარკასტულ ტონს. ამ თქვენს ინტონაციას შესაძლოა მოსწავლეების იმიტაციით მოჰკრათ ყური.

* ხაზი გაუსვით პრობლემური ქცევის გამოსწორების აუცილებლობას და არა მოსწავლისადმი თქვენს პირად ანტიპათიას.

* უმნიშვნელო დარღვევას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, შეაჩერეთ ეს საქციელი მზერით ან უბრალოდ მიუახლოვდით მოსწავლეს, რომელიც ხელს გიშლით.

* დარწმუნდით, რომ სასჯელი დანაშაულს შეესაბამება – ნუ წაართმევთ მოსწავლეს დამსახურებულ თავისუფალ დროს წესების მხოლოდ ერთხელ დარღვევისთვის.

* ნუ გამოიყენებთ სასჯელად საშინაო დავალებას ისეთი საქციელისთვის, როგორიცაა საკლასო ოთახში საუბარი.

* თუ პრობლემური საქციელი დიდხანს გრძელდება, გააანალიზეთ სიტუაცია და გამოიყენეთ ახალი მიდგომა. შესაძლოა, თქვენი სასჯელი არ იყო სერიოზული ან მოქმედებას არაადეკვატურად აძლიერებდა.

საკუთარი სამეფოს პროექტი

0
არ ვიცი, ოდესმე მოვახერხებ თუ არა, დავწერო წიგნი ბავშვებზე, რომელსაც წვიმიან უქმეებზე, პლედმოხურულები და ჩათბუნებულები წაიკითხავენ. გარეთ იწვიმებს და მათაც არაფერი ექნებათ სადარდებელი, უამინდობის გარდა – რომ მზიან ამინდში თავის გემოზე ვერ დახტიან. სამაგიეროდ, ფანჯრის რაფაზე შემომსხდარნი ამოიკითხავენ ამბებს, რომლებიც დიდად განსხვავებული არ იქნება მათივე თავგადასავლებისგან; მიხვდებიან, რომ ტკივილი თუ სიხარული ყველა თაობის ადამიანებს საერთო აქვთ; რომ ყველა დაუსრულებლად ეძებს და აგებს თავშესაფრებს, მაღალ ციხე-კოშკებს, წარმოსახვით სამყაროებს აშენებს, ეძებს და პოულობს მეგობრებს, ხანდახან კარგავს მათ და ასე გრძელდება ცხოვრება, რომელსაც ჩვენ „შეგნებულ ცხოვრებას” ვეძახით ხანდახან. ეს ცხოვრება კი ბაბუაწვერასავით სათუთია, ერთი შებერვაც კმარა, რომ ნაწილ-ნაწილ დაიშალოს.

 

უპასუხო წერილებზეც შეიძლება წერა, რომლებსაც მეგობრის ფანჯრებამდე გაბმული სარეცხის თოკის მეშვეობით ვგზავნიდით სიგარეტის კოლოფით და ამაოდ ველოდით პასუხს. იმ წითელ, მწვანე, ნარინჯისფერ და ლურჯ საფოსტო ყუთებზეც, კარგა ხანს რომ ეკიდა ჩვენი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებში. არავის გვინახავს იმ საფოსტო ყუთებში თეთრი კონვერტები, ისე გაქრნენ ჩვენი ცხოვრებიდან.


ბავშვობა ბედნიერიც არის და ტკივილიანიც. ჩვენი ამბები კი ძალიან გავს ერთმანეთს. საკმარისია, ცოტა ხნით ერთად ჩამოვსხდეთ, რომ წამოვა მოგონებათა კასკადი – ფერად-ფერადი ბავშვებით სავსე ეზოები, რეზინობანასა და წრეში ბურთის თამაშში გამორჩეულად ყოჩაღი გოგონები, ბიჭები – რატი და მერაბი, გოგონების სამეფოში რომ შემოიჭრებოდნენ და დაფხვნილი წითელი აგურისგან თოჯინებისთვის მომზადებულ „წვნიანს” ფეხს ჰკრავდნენ. ასეთი პატარა მიზეზები კმაროდა ბავშვური სიძულვილისთვის, რომელიც სულ გემახსოვრება. გემახსოვრება ეს ფეხის კვრაც. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თოჯინას უმზადებ წითელი აგურისგან წვნიანს თუ შვილებს – გემრიელ კერძს, ფეხის კვრა ფეხის კვრაა.


შიშები, გაუბედაობა, ყურადღების ნაკლებობა, ასაკობრივი სენტიმენტები, კონფლიქტები პირად და საზოგადოებრივ სივრცეში, კომპლექსები, საკუთარი თავის მიუღებლობა და გაუცხოება. ეს გახსნილი ჭრილობები ისევ თავიდან იწყებს ფეთქვას, თუ ქეთრინ პატერსონის „ხიდი ტერაბითიაში” წაიკითხეთ.


ტერაბითიის სამეფოს მბრძანებლები ბავშვები არიან. წესრიგსაც სამეფოში თავად ბავშვები ამყარებენ. აქ თავისუფლად შეიძლება თამაში და განმარტოება. შეიძლება ეომო გოლიათებს და მოსიარულე მკვდრებს შეებრძოლო. აქ მისასვლელად სწრაფი მდინარეც უნდა გადალახო და საკუთარი შიშებიც, რომლებიც ლამის ყვირის გულახდილობისგან და მათი ხმა ყველას ესმის. წიგნის გმირსაც, მეხუთეკლასელ ჯესი აარონსს, შიშების დამარცხება და გამბედაობის მოკრება სურს. ტერაბითიის სამეფოში მოსახვედრად სახიფათო გზა თვალდაუხუჭავად და გაბედულად უნდა გაიაროს, რათა საუკეთესო მეგობარმაც კი ვერ შეატყოს შიში, რომ ცურვა არ იცის, რომ წყლის ეშინია, რომ ჩავარდნის ეშინია…


მთელი ამ ხიფათებისა და შიშებთან გამკლავების მიუხედავად, წიგნი ისეთი მზიანია, როგორიც აპრილის ან მაისის ადრიანი დილა – ჩიტების ჭიკჭიკით და ასეთი დილისთვის შესაფერისი ფუსფუსით. ასეთ წიგნებს ერთი უცნაური თვისება ახასიათებს – ყველას აპოვნინებს საკუთარ თავს, ბავშვი იქნება თუ მშობელი, მასწავლებელი თუ სკოლის დირექტორი.


„შენ დაუმუშავებელი ალმასი ხარ”, – ეუბნება მეხუთეკლასელ ჯესის მუსიკის მასწავლებელი ჯულია. იგი ერთადერთია მთელ სკოლაში, რომელსაც ჯესი თავის ნახატებს აჩვენებს. ყველა დანარჩენი კი მის გატაცებას დროის ფლანგვად და „ჯღაბვნად” მოიხსენიებს. ჯესიც ხვდება, რომ მარტო ჯულიას უნდა ენდოს, მარტო მას შეიძლება გაუმხილოს თავისი საიდუმლო.


მის ედმუნდსი მთელი სკოლის ბავშვების საყვარელი მასწავლებელი და ნათელი წერტილია. ჯულია ბევრი რამით ჰგავს თავის მოსწავლეებს: უშუალოა, ლაღი, თავისუფალი. ის ერთადერთი მასწავლებელია მთელ სკოლაში, რომელიც ჯინსებით დადის და თვალები მუქად აქვს შეღებილი, როკვარსკვლავივით უკრავს გიტარაზე და როცა სამასწავლებლო ოთახიდან ჯულიას სიცილი ისმის, ეს ხმა მხოლოდ მასზე ყურებამდე შეყვარებულ ჯესი აარონსს არ აბედნიერებს – მის ედმუნდსი ყველას უყვარს. ის აცლის თავის მოსწავლეებს, იყონ ისეთები, როგორებიც არიან, არ ცდილობს მათ ამოხსნას, პირიქით, საშუალებას აძლევს, ჰქონდეთ პატარ-პატარა საიდუმლოები, პროექტები, რომლებსაც, იმედია, აუცილებლად განახორციელებენ.


ტერაბითიის სამეფოში ხიდის გადება კი იმედის ნაპერწკალივითაა, რომ კვლავ იარსებებს ადგილი, სადაც ბავშვები შეძლებენ თავისუფლად თამაშს. და როცა ჩემი სამი წლის შვილი კარს მომიხურავს და მაგიდის ქვეშ შემძვრალი საკუთარ თავთან დაიწყებს საუბარს მანქანებზე, უნდა ვიცოდე, რომ კარს მოვშორდე და საკუთარ სამეფოში განმარტოება ვაცადო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...