სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

სოციალური გავლენა. კონფორმიზმი

0
 ადამიანები ხშირად მოქმედებენ სოციალური ნორმების, კანონების, დაწერილი თუ დაუწერელი წესების მიხედვით. მაგალითად, ბულგარელების უმრავლესობა, სხვა ბევრი ქვეყნის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით, უარის ნიშნად თავის დაგიქნევთ, ხოლო დასტურს თავის გაქნევით გამოხატავს.  თუ თქვენ დადგებით შუა ქუჩაში და ცაში დაიწყებთ ყურებას, გამვლელები ალბათ ჩვეულებრივად ჩაგივლიან. მაგრამ თუ რამდენიმე მეგობართან ერთად გაიმეორებთ იგივეს, გამვლელებსაც დააინტერესებთ  და მოგბაძავენ. 

ალბათ გქონიათ შემთხვევა, როცა შესულხართ მაღაზიაში და შეგიმჩნევიათ, რომ ერთ სალაროსთან დიდი რიგია და ადამიანები  მაინც იქ მიდიან, როცა მეორე სალაროსთან უფრო ცოტა მომხმარებელი იცდის. ეს არის სოციალური გავლენის “ბნელი მხარე”, რომლის ერთ-ერთი პროცესია კონფორმიზმი _ ინდივიდის ქცევების, რწმენების და განწყობები შეცვლა ჯგუფის რეალური ან წარმოსახვითი ზეწოლის გამო. ეს ცვლილება შეიძლება იყოს მხოლოდ საჯარო (ადამიანი მოიქცეს ისე, როგორც იქცევა უმრავლესობა) ან გადავიდეს შინაგან თანხმობაში. ამ დროს ის უკვე იწყებს გარშემომყოფებივით ფიქრს და განცდას. უფრო ხშირად, ადამიანები სოციალურ ნორმებს ემორჩილებიან მხოლოდ გარეგნულად, ისე, რომ არ იცვლიან შინაგან რწმენებს. 

1935 წელს შერიფი ლაბორატორიულ პირობებში დააკვირდა კონფორმულობის ჩამოყალიბების პროცესს. მან კვლევაში გამოიყენა ავტოკინეთიკური ფენომენი, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სრულ სიბნელეში გვეჩვენება, რომ  განათებული წერტილი მოძრაობს ქაოტურად, სხვადასხვა მიმართულებით და განსხვავებული სიჩქარით. რეალურად ეს წერტილი უძრავია. შერიფის ექსპერიმენტის დროს, სუბიექტები შეჰყავდათ ბნელ ოთახში და სთხოვდნენ შეეფასებინათ  განათებული წერტილის მოძრაობის მანძილი დიუმებში. აღმოჩნდა, რომ ცდის პირების შეფასება ერთმანეთისგან  განსხვავდებოდა და რადგან სიტუაცია ორაზროვანი იყო, ისინი არ იყვნენ დარწმუნებულები და ხშირად ცვლიდნენ საკუთარ შეფასებას. მას შემდეგ, რაც დადგინდა თითოეულის მოჩვენებითი მოძრაობის სიგრძე, ლაბორატორიაში 3-3 კაციან ჯგუფებად შეიყვანეს ის ადამიანები, რომელთა შეფასება  ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში უსმენდნენ ერთმანეთის მიერ განათებული წერტილის მოძრაობის სიგრძის შეფასებას. კვლევის შედეგების ანალიზმა გამოავლინა, რომ თუ პირველ დღეს მათი შეფასებები განსხვავებული იყო, მეოთხე დღეს ისინი ერთმანეთს ემთხვეოდა. კვლევაში მონაწილე პირებმა ჯგუფის წევრებად იგრძნეს თავი და  დაექვემდებარნენ ჯგუფის ნორმებს.  დაახლოებით ერთი წლის შემდეგ იმავე ცდის პირები  იგივე კვლევა ცალ-ცალკე ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ მათი შედეგები ისევ ემთხვეოდა ერთმანეთს. მათ შეინარჩუნეს ჯგუფის ნორმების ჩამოყალიბების ტენდენცია.

ამერიკელი ფსიქოლოგი სოლომონ აში დაინტერესდა საკითხით, თუ როგორ მოიქცევა ინდივიდი, როცა დარწმუნებულია საკუთარი შეფასების სისწორეში, დარჩება თავის აზრზე თუ დაეთანხმება უმრავლესობის მცდარ აზრს. ექსპერიმენტის დროს, ლაბორატორიაში შემოიყვანეს ხუთი ადამიანი, რომელთაგან ერთი იყო ნამდვილი ცდის პირი, ხოლო დანარჩენები ექსპერიმენტატორის მითითებით მოქმედებდნენ. ისინი დასვეს მაგიდის გარშემო, უთხრეს, რომ მონაწილეობას იღებდნენ პერცეპციის (აღქმის) შესწავლის ექსპერიმენტებში და მისცეს ინსტრუქცია, შეეფასებინათ ხაზების სიგრძის შეფასება. ამის შემდეგ მათ აჩვენეს სამი განსხვავებული, დანომრილი ხაზი და ერთ-ერთის ტოლი ცალკე დახაზული, ეტალონური ხაზი. მათ ევალებოდათ ხაზის ნომერზე მიეთითებინათ, რომელი იყო შესაბამისი ხაზი. ნამდვილ ცდის პირს სხვების პასუხების მოსმენის შემდეგ უნდა ეპასუხა. პირველი სუბიექტი ხაზის სიგრძეს აფასებდა მცდარად, მის პასუხს იმეორებდნენ დანარჩენებიც, ნამდვილი სუბიექტი ხვდებოდა მათ შეცდომას, მაგრამ ხანდახან თვითონაც იმავე პასუხს სცემდა, ე. ი. ავლენდა კონფორმულობას. კვლევის მიხედვით, პასუხების 63% არ ექვემდებარებოდა კონფორმიზმის გავლენას, ხოლო 37% კონფორმული იყო.

“დათმობა ჯგუფის ზეწოლის გამო” – მაინც რატომ ვთმობთ ადამიანები საკუთარ აზრს სხვების გამო? რატომ ვიქცევით ისე, როგორც დანარჩენები? ყველა ჯგუფის შეხედულებებს გავიზიარებთ? და თუ არა, როგორ ვფილტრავთ? რა ახდენს გავლენას იმაზე, რომ სხვებმა მოახდინონ ჩვენზე გავლენა? მკვლევრები შეეცადნენ გამოეყოთ რამდენიმე ფაქტორი,    რომლებსაც შეუძლიათ კონფორმულობაზე გავლენის მოხდენა:
ჯგუფის შეჭიდულობა და კონფორმულობა. როგორც წესი, იმ ჯგუფის წევრების გავლენის ქვეშ ვექცევით, რომელსაც ღირებულად ვთვლით, მოგვწონს და მათი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტია მოწონების ხარისხი, მით უფრო ძლიერია კონფორმულობა. თუ ინდივიდს სურს რომელიმე ჯგუფმა პატივი სცეს და მიიღოს, ყველაზე მოკლე გზა ამისთვის მათი შეხედულებების გათავისება ან უბრალოდ, თანხმობის გამოხატვაა. 
სისწორისადმი მიდრეკილება. ამ დროს ინდივიდი სიტუაციაში გასარკვევად იყენებს. აშის ექსპერიმენტში მონაწილეები არ შეიმჩნევენ ჯგუფის უმრავლესობის მცდარ შეფასებას, როცა დავალება მარტივია, მაგრამ ორაზროვნების შემთხვევაში, როცა სწორი პასუხის პოვნა რთულია, დაეთანხმებიან დანარჩენების აზრს. 
ჯგუფის სიდიდე და კონფორმულობა. კვლევების მიხედვით, კონფორმულობა იზრდება 5 კაციან ჯგუფებამდე, ამის შემდეგ ჯგუფის ზომის ზრდა ძალიან მცირე დამატებით ეფექტს იძლევა. 

სქესი და კონფორმულობა. მეოცე საუკუნის 70-იან წლებამდე არსებობდა თვალსაზრისი, რომ ქალები უფრო კონფორმულები იყვნენ, ვიდრე მამაკაცები, ამჟამინდელი კვლევები არ ადასტურებენ. როგორც ამ ექსპერიმენტების ანალიზმა აჩვენა, ცდის პირებს აძლევდნენ ისეთ მასალას, რომელიც უფრო ნაცნობი იყო კაცებისთვის, ვიდრე ქალებისთვის. შესაბამისად, ისინი იმყოფებოდნენ გაურკვეველ სიტუაციაში და ამიტომ ექცეოდნენ სხვის გავლენის ქვეშ.
სურვილი მოსწონდე სხვას. კონფორმულობა, რომელიც მომდინარეობს ამ წყაროდან, ცნობილია, როგორც ნორმატიული სოციალური გავლენა, რადგან ის გულისხმობს საკუთარი ქცევის შეცვლას, რათა მოერგო სხვების მოლოდინებს, სოციალურ ნორმებს. 
სურვილი იყო სწორი. ინფორმაციული სოციალური გავლენა გულისხმობს იმას, რომ სამოქმედოდ ჩვენ ვირჩევთ იმ ქცევებს და აზრებს, რომლებიც  სხვა ადამიანების მსგავსია და ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს სისწორეში. 

კონფორმულობა შეძენილი ფენომენია. ბავშვობიდანვე გვასწავლიან, როგორ უნდა დავექვემდებაროთ ჯგუფის ნორმებს, თუ გვინდა მისი წევრების პატივისცემა დავიმსახუროთ. თუმცა, გამოსავალი არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფიროსმანი, ვან გოგი, პიკასო და დალი ერთნაირ ნახატებს შექმნიდნენ. გამოსავალი ადამიანის ინდივიდუალურობის წახალისებაა.  რეალურად, ჩვენ გვინდა ვგავდეთ იმ ჯგუფის წევრებს, რომელიც მოგვწონს, მაგრამ ამავე დროს გვსურს ჩვენი უნიკალურობის შენარჩუნება, რათა თვითონ ვმართოთ ის მოვლენები, რომელიც ჩვენ გარშემო ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა  წაახალისონ ბავშვის დამოუკიდებელი აზრი, მასწავლებლებმა მისცენ ისეთი დავალებები, სადაც მკაფიოდ იქნება განმარტებული, რომ მათგან მოითხოვენ საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბებას. ბავშვებს უნდა შეექმნათ იმის განცდა, რომ არავინ დასჯის მათ ჯგუფისგან განსხვავებული მოსაზრების გამო. ამრიგად, ინდივიდუალურობის შენარჩუნებისკენ  მიდრეკილება ასუსტებს კონფორმულობის ძალას.

პროფესია მასწავლებელი

0

დიეგოს ბავშვობა

0
 ალბათ ყველას გვინახავს უკვდავი ვიდეოკადრები, რომელზეც ასახულია, როგორ კენწლავს ბურთს 8-9 წლის დიეგო მარადონა. ალბათ ისიც გვინახავს, უკვე სიჭაბუკეში შესული დიეგო არგენტინელ ჟურნალისტს რამდენიმე სიტყვას რომ ეუბნება და ესპანური ენის ცოდნა სულაც არაა საჭირო იმის გასაგებად, რომ დიეგო თავის მომავალზე საუბრობს, ოცნების ასრულების დიდი იმედი აქვს და ფეხბურთის ჭეშმარიტი ვარსკვლავი გახდება.
დიეგო მარადონას წინააღმდეგობებითა და სკანდალებით აღსავსე ცხოვრების შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცით, თუმცა როდესაც უგო ჩავესთან ანდა ედუარდ კოკოითთან ხელის ჩამომრთმევ მარადონაზე ვსაუბრობთ, თითქმის არასოდეს გვახსენდება დასაწყისში ჩვენ მიერ ხსენებული კადრები – 9 წლის მარადონა ბურთს კენწლავს. მარადონას სახელი მაშინ ჯერ არაფერს ნიშნავდა. დიეგო ერთი ჩვეულებრივი არგენტინელი ბავშვი იყო თავისი ბავშვური საფიქრალით.
ერთხელ, სკოლიდან ახლადდაბრუნებულმა დიეგო მარადონამ აღმოაჩინა, რომ სახლში საჭმელი არ ჰქონდათ, გასაყიდიც აღარაფერი დარჩენილიყო, მამამისი პორტში იყო წასული დღიური სამუშაოს საშოვნელად, დედამისი კი უკვე შეგუებოდა ბეჩავ ყოფას და რეალობისათვის წინააღმდეგობის გაწევაც კი უჭირდა. დიეგომ სკოლის ტანსაცმელი გაიხადა, მაისური, შორტები, კედები ჩაიცვა და მეზობლად მდებარე ხილის ბაზარში შევიდა, სადაც შეგროვილ ხალხს განუცხადა, რომ აიღებდა ფორთოხალს და მიწაზე დაუშვებლად ასჯერ აკენწლავდა. “თუ ვერ ავკენწლე, ან ფორთოხალი დამივარდება, ერთი კვირა უფასოდ მოგეხმარებით ყველას. თუ ავკენწლე, აი ამ ბადეში რაც ხილი ჩაეტევა, უნდა გამატანოთ”, – თქვა პატარა დიეგომ და შორტის ჯიბიდან ნაქსოვი ბადე ამოიღო.
ხილის გამყიდველებმა ამ უცნაური ბავშვის კიდევ უფრო უცნაური გამოწვევა მიიღეს, მისცეს ერთი ცალი ფორთოხალი და სეირის საყურებლად შემოიკრიბნენ თმახუჭუჭა დიეგიტოს გარშემო. მარადონამ, რა თქმა უნდა, დანაქადნები აასრულა, ფორთოხალი ასჯერ აკენწლა, ბადურა ხილით გაავსო და გამყიდველების აპლოდისმენტების თანხლებით გასწია სახლისაკენ. იმ დღეს მარადონას და დედამისს მშივრებს არ დაუძინიათ. დიეგოსათვის დედამისს ისიც კი არ უკითხავს, სად იშოვა ამდენი ხილი პატარა ბიჭმა. ალბათ ჯობდა, რომ ეკითხა, თუმცა ეს ნამდვილად არაა მთავარი.
ამის შემდეგ გავა წლები და ერთ-ერთ იტალიელ ჟურნალისტთან საუბრისას უკვე ფეხბურთის გენიოსად სახელდებული დიეგო მარადონა იტყვის: “პელეს და ჩემი შედარებაც კი სასაცილოდ მიმაჩნია, რადგან პელეზე ბევრად დიდი ვარ. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ რასაც პელე ბურთით აკეთებდა, მე იგივეს შესრულება ფორთოხლით შემიძლია!” დიეგოს ეს გამოთქმა მრავალნაირადაა განხილული და დამსახურებული კრიტიკაც არაერთგზის მიიღო. მარადონა ხომ ნარცისი და საკუთარ თავზე შეყვარებული კაცია, რომელსაც თავის ქების არასოდეს ერცხვინება. მაგრამ გადავდოთ ობიექტურობა გვერდით და ვაღიაროთ, რომ დიეგო პელეზე დიდი მართლაც იყო. თან ფორთოხლით, ფორთოხლით…

ჩვენი წილი პასუხისმგებლობა

0
– აქ სულ ვაშლის ხეები გვქონდა. ეზო რომ გადაგვიწვეს, უზარმაზარი ვაშლები ესხა. თვალწინ მიდგას, როგორ ეკიდა ცეცხლი ვაშლებით დახუნძლულ ტოტებს… – მიყვება ჩემი ერგნეთელი მასპინძელი, სანახევროდ აღდგენილი სახლის წინ დგას და ხელის მოძრაობით მიხსნის, როგორი ნაყოფი ჰქონდა მის ვაშლის ხეებს, რომელიც გაუნადგურეს. თმა ზღაპრის წიგნის ბებოსავით გათეთრებია, ცუდად ესმის, მაგრამ მის მეხსიერებას დეტალები ნათლად შემოუნახავს. ოთხმოც წელსაა გადაცილებული და ახალი ცხოვრება რამდენიმე წლის წინ დაიწყო თავის ოჯახთან ერთად. მისთვის არავის უკითხავს, უნდოდა თუ არა, მზად იყო თუ არა, ჰქონდა თუ არა სულიერი ძალა ან მატერიალური შესაძლებლობა. უბრალოდ, ასე მოხდა. ზოგჯერ ადამიანები საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები სულაც ვერ ვართ.
ისტორიები გადამწვარ ბაღებზე, ცეცხლში გახვეულ ვაშლებსა და მანდარინებზე საქართველოში აღარავის უკვირს. უფრო მეტიც, ზოგჯერ მეჩვენება, რომ სენტიმენტები დაგვიბლაგვდა, იმ საზოგადოებად ვიქეცით, რომლის წევრებიც თავდაცვით ნაგებობებს დიდი მონდომებით აშენებენ, რათა კედლებს მიღმა დარჩენილებს შემთხვევით თვალი არ მოჰკრან. ალბათ ესეც თვითგადარჩენისკენ სწრაფვის ნაწილია – შეინარჩუნო ემოციური წონასწორობა და სიმშვიდე, თუნდაც სხვების გასაჭირზე თვალის დახუჭვის ფასად.
 რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე საინტერესო პოლემიკას შევესწარი – განიხილებოდა, უნდა დაეხმაროს თუ არა სახელმწიფო სოციალურად დაუცველებს, უმუშევრებს, დევნილებს. „რატომ ჩვენი ხელფასის ხარჯზე?” „რატომ ჩვენი შრომის ხარჯზე?” „ხელი გაანძრიონ და ეშველებათ!” – ისმოდა ჩემს თაიმლაინზე. გულახდილად რომ ვთქვა, ადამიანების ერთმანეთისადმი გულგრილობა აღარ მაკვირვებს, აღარ მაკვირვებს ხმამაღალი შეძახილები: „მე თუ შევძელი, სხვებმა რატომ ვერ შეძლეს?” ბოლო დროს განსაკუთრებით ვერიდები ასეთ პოლემიკაში ჩართვას, რადგან როგორც ყველას, თავდაცვისა და წონასწორობის შენარჩუნების საკუთარი მექანიზმი მეც გამაჩნია, მაგრამ ზოგჯერ მაინც მიჭირს მოთმენა. თავი ვერც ამჯერად შევიკავე.
გამოდის, ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი სრულ შეუსაბამობაშია უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების რაოდენობასთან, სადაც საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებსაც კი ხშირად უჭირთ სამსახურის პოვნა, სადაც არ არსებობს დასაქმების პოლიტიკა, სადაც თანმიმდევრული კარიერული ზრდაც კი სირთულეს წარმოადგენს, ჩვენ ვთხოვთ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან გადარჩენისთვის, სახელმწიფოს მოხსნან ყოველგვარი პასუხისმგებლობა და თავს ისე მიხედონ, რომ ჩვენ არც კი გავიგოთ მათი არსებობის შესახებ.
გამოდის, ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადების სწორედ ის ნაწილი გვენანება და გვაფიქრებს ყველაზე მეტად, რომელიც სოციალურად დაუცველ და დევნილ მოსახლეობას ხმარდება, თითქოს არასოდეს გაგვეტანებინოს ქარისთვის ერთი თეთრიც კი.
გამოდის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ისე ცხოვრობს, როგორც თავად მოისურვებს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი უამრავი ადამიანი, უბრალოდ, საკუთარი არჩევნის საფუძველზე ცხოვრობს სრულიად გაუსაძლის პირობებში.
გამოდის, საკუთარი ხალხის შესახებ არაფერი ვიცით.
მე შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ შედარებით მაღალანაზღაურებად დროებით სამუშაოზე, რადგან ასეთის არსებობის შემთხვევაში, ისინი ავტომატურად კარგავენ სახელმწიფო დახმარებას, რომლის მოგვიანებით აღდგენაც საკმაოდ რთულია. თუ ვინმე მეტყვის, რომ სამსახურის დაკარგვისგან დაზღვეული არავინაა, მე ვუპასუხებ, რომ განსაკუთრებით ძნელია, როცა საზღვრისპირა სოფელში ულუკმაპუროდ რჩები, ამიტომ ადამიანების არჩევანს, ჰქონდეთ რეგულარული, მიზერული შემწეობა, ცალსახად სიზარმაცეს ვერ მივაწერ. მათ ეშინიათ, ეშინიათ გაურკვეველი მომავლის, ზოგიერთისთვის ალბათ რთულად გასაგებია და შიმშილის ეშინიათ, რომელიც მუდამ ჩასაფრებულია ზღურბლთან და მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევთ.
მე შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებსაც საერთაშორისო ან არასამთავორობო ორგანიზაციების მიერ ნაჩუქარი მაცივრისა და ტელევიზორის გამო სახელმწიფო დახმარება მოეხსნათ. ძნელია, ასეთ ადამიანებს უმტკიცო, რომ ყველაფერი მათზეა დამოკიდებული და საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონები თავად არიან.
ვყოფილვარ დევნილთა ჩასახლებებში და მინახავს, როგორ ამუშავებენ ისინი სულ რამდენიმე კვადრატულ მეტრ მიწას, როგორ უვლიან პაწაწინა ბოსტანს და რამდენიმე ნერგს, უვლიან და ალბათ შორს დარჩენილი მშობლიური ეზოს ვაშლები და მანდარინები უდგათ თვალწინ, ცეცხლის ალში გახვეული ვაშლები და მანდარინები. წარმოუდგენელია, ამ ხალხს შრომის მნიშვნელობაზე წაუკითხო ლექცია. მათ ისედაც ყველაფერი კარგად იციან.
ცხადია, იმის თქმას არ ვცდილობ, რომ ზარმაცი ადამიანები არ არსებობენ, თუმცა სიღარიბე რომ ყოველთვის სიზარმაცის შედეგი არაა, ამაში საკუთარი გამოცდილებაც მარწმუნებს.
სამშობლოს არ ირჩევენ. სამშობლო ან გპატრონობს, ან შენგან ითხოვს პატრონობას. სამშობლო მარტო მიწა და სოციალურ ქსელებში გასაზიარებელი ლამაზი ხედები არაა. სამშობლო, პირველ რიგში, ის ხალხია, ვისაც ჩვენ ხშირად ვუბზუებთ ცხვირს, ვისაც „ჩამოთრეულებს” ვეძახით, ვისი ტრაგედიაც არ გვაინტერესებს, ვისი დამკსდარი ხელებიც ახლოდან არასოდეს გვინახავს, ის ხალხია, ვისთვისაც ჩვენი შემოსავლის ნაწილის გაღება გვენანება.
არც დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეობა ნიშნავს მხოლოდ საკუთარ უფლებებზე ზრუნვას. ჩემი აზრით, ის უფრო პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს, პასუხისმგებლობის აღებას მათზე, ვისი ცხოვრებაც ჩვენი ცხოვრებისგან განსხვავდება, ვისაც ჩვენზე მძიმე ხვედრი ერგო.
ალბათ ადამიანობაც სულ ესაა.

მოსწავლეთა თვითრეალიზაცია ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე

0
 
 ცნობილია, რომ დღეისათვის საზოგადოებაში ისეთ ადამიანებზეა მოთხოვნა, რომელთაც აქვთ ცოდნა და, ამასთან, შეუძლიათ თანამშრომლობა, სათანადო ვითარებაში დამოუკიდებლად მოქმედება და მოგვარებული აქვთ თვითიდენტიფიკაციისა და თვითრეალიზაციის პრობლემა. ეროვნული სასწავლო გეგმა ითვალისწინებს თანამედროვეობის მოთხოვნებს და საგნობრივი გეგმების მიზნებისა და შედეგების განხორციელებით ზრდის სოციალურად განვითარებულ მოსწავლეებს, რაც მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებას უადვილებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თვითრეალიზაცია პიროვნების ფორმირების აუცილებელი პირობაა, ტალანტისა და შესაძლებლობების რეალიზებისა და საზოგადოებასთან ინტეგრირების მთავარი გზა.

 პიროვნების ფორმირების გზაზე ძირითადი დატვირთვა სკოლაზე მოდის, ამიტომ მასწავლებელს ამ პროცესში უდიდესი როლი ეკისრება. მან ისე უნდა წარმართოს საქმიანობა, რომ მოსწავლეს თვითრეალიზაციის სურვილი გაუღვივოს. ფსიქოლოგიური პირობებიდან მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მოიხსნას დაძაბულობა გაკვეთილზე, მთელი ყურადღება სამუშაოსკენ მიმართოს, ირწმუნოს გაკვეთილის წარმატებისთვის საკუთარი პერსონის მნიშვნელობა, თავისუფლად გამოთქვას აზრი და საკუთარი დამოკიდებულება გასაანალიზებელი მოვლენების მიმართ, გამოხატოს წუხილი და სიხარული, გაუჩნდეს შემოქმედებითი საქმიანობის მოთხოვნილება.
ეს კი შეუძლებელი იქნება, თუ მასწავლებელმა ვერ მოახერხა სიტუაციის მოდელირება და სასწავლო პროცესის ორგანიზებისას ძირითადი ამოცანების შესრულება:
▪ გამჭოლი კომპეტენციებისა და მოსწავლეთა კომუნიკაციური უნარების ფორმირება;
▪ თვითდასწავლის, თვითკონტროლის, თვითშეფასების, რეფლექსიის უნარების ფორმირება;
▪ მიზნის დასახვისა და მიღწევის, ჰიპოთეზის წამოჭრისა და შემოწმების, მტკიცებითი უნარების ფორმირება;
▪ მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
მოსწავლის თვითრეალიზაციის მისაღწევად მასწავლებელი ირჩევს სასწავლო პროცესის ორგანიზების ფორმას, მეთოდებსა და მიდგომებს.

 პირველია გაკვეთილზე მოსწავლის წარმატებული საქმიანობისთვის შესაფერისი სიტუაციის შექმნა.
როდის გაუჩნდება მოსწავლეს გაკვეთილზე აქტიურობისა და რამის გაკეთების სურვილი? მაშინ, როდესაც ეცოდინება, რომ დავალებას თავს გაართმევს, როდესაც არ შეუშინდება მის პირობას, ანუ როდესაც მასწავლებელი ისე ააგებს სამუშაოს, რომ მოსწავლე ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევდეს შედეგს.
არსებობს სხვადასხვა დონის ტესტები, რომლებიც ასეთ დროს უნდა გამოიყენოს მასწავლებელმა.
მოვიყვანოთ მაგალითები ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებიდან:
I დონის ტესტები – მოწმდება მოსწავლის სპეციალური შესაძლებლობები და მიღწევები (თარიღების, მოვლენების, მოქმედების ადგილის, ისტორიული პირებისა და ფაქტების ცოდნის დონე);
II დონე – ალტერნატიული დავალება (ჭეშმარიტი და მცდარი მტკიცებულებების შეფასება, პირველწყაროს ცოდნა, შესაბამისობის დადგენა);
III დონე – ინტელექტის ტესტები (ისტორიული ფაქტებისა და ანალოგიების დაჯგუფება, თანმიმდევრობის განსაზღვრა).

 ტესტების თითოეული დონე განსაზღვრულ ცოდნას შეესაბამება. მოსწავლეები თავად ირჩევენ დონესაც და შესასრულებელ დავალებასაც. ამით მასწავლებელი განსაზღვრავს მოსწავლის ცოდნისა და უნარების საწყის დონეს და შესაბამისად იმუშავებს.

 მეორე – თემის შინაარსის განსაზღვრა სხვადასხვა სახის შემოქმედებითი საქმიანობის შეთავაზებით
გაკვეთილზე შემოქმედებითი საშუალებების სტრუქტურული ელემენტების ფორმირებით მასწავლებელი ქმნის პირობებს, რომელთა დახმარებითაც მოსწავლე წარმატებით შეძლებს საზოგადოებაში სოციალიზაციას. 

 მაგალითი – მოსწავლის შემოქმედებითი საქმიანობა გაკვეთილზე და კლასგარეშე სამუშაოს დროს:
▪ ისტორიული სიტუაციის მოდელირება (წერილი წარსულიდან, მაკეტი, ისტორიული მოღვაწის სახის შექმნა);
▪ ისტორიული თემის ლიტერატურული დამუშავება (მოთხრობები, ლექსები, ზღაპრები);
▪ თეატრალიზებული სიუჟეტი, როლური თამაში;
▪ წარმოსახვითი ექსკურსია/ტური;
▪ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.

მესამე – თემის შესაბამისი სასწავლო დავალების მოდელირება

გაკვეთილზე მოსწავლის თვითრეალიზების ბაზას სასწავლო მასალა წარმოადგენს. მოსწავლეები დამოუკიდებლად ასრულებენ დავალებას შესწავლილი მასალის მიხედვით, მერე კი, გამოკითხვის დროს, უცვლიან დავალებას ერთმანეთს და უმოწმებენ ცონეს დონეს.
მაგალითი – დავალების ტიპები:
▪ ტესტები;
▪ პრობლემური ხასიათის კითხვები;
▪ ტექსტი შეცდომებით;
▪ კროსვორდი;
▪ ცხრილის შევსება და ა.შ.

 

მეოთხე – წამყვანი, ძირითადი დავალება
მაგალითი – წამყვანი, ძირითადი დავალების სახეებია:
▪ თემის დამოუკიდებლად სწავლა, გაკვეთილზე მასწავლებლის დამხმარე როლი;
▪ გაკვეთილისთვის საჭირო დამატებითი მასალის მომზადება;
▪ კითხვების მომზადება ახალი თემის შესახებ, რომელიც განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. 
ასეთი დავალება თვითრეალიზებაში განსაკუთრებით ეხმარება ძლიერ მოსწავლეებს.

მეხუთე – პროექტული საქმიანობა
პროექტული მეთოდი იძლევა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ინფორმაციასთან მუშაობის უნარის ფორმირების საშუალებას, რაც სავსებით შეესაბამება მოსწავლის თვითრეალიზაციის ამოცანას.
მაგალითი – პროექტის სახეები:
▪ კვლევითი (ისტორიული მოღვაწის ბიოგრაფია, გენეალოგიური ხე);
▪ საინფორმაციო პროექტი (რელიკვიების გამოფენა); 
▪ შემოქმედებითი პროექტი (ინტერვიუ და სხვ.).
მეექვსე – პრობლემური მასალის წინ წამოწევა

ის მნიშვნელოვანია იმით, რომ მასწავლებელი, მას შემდეგ, რაც გამოკვეთს პრობლემას, სთავაზობს მოსწავლეებს, დაასახელონ ფაქტები, რომლებიც პირდაპირ არ უპასუხებს ლოგიკურ დავალებას, მაგრამ შეიცავს მისი გადაწყვეტის ფარულ მინიშნებას. მეთოდის დანიშნულებაა, აჩვენოს მოსწავლეებს პრობლემის მეცნიერული გადაწყვეტის გზები, ხოლო მოსწავლეები ცდილობენ, იაზროვნონ ლოგიკურად და მიღებული გამოცდილება გამოიყენონ გაკვეთილის დასაწყისში დასმული შემოქმედებითი ხასიათის დავალების გადასაწყვეტად.
იმისთვის, რომ პრობლემური სიტუაცია ორგანულად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში, მან უნდა მიიღოს შემეცნებითი ხასიათის დავალების სახე. შემეცნებითი ხასიათის ისტორიულ დავალებას აქვს საკუთარი ინვარიანტული სტრუქტურაც, მაგრამ აქ მთავარია მასწავლებლის „ფარული” პოზიცია, რომელიც „ამწვავებს” დაპირისპირებას შემეცნებით დავალებასა და ფაქტებს შორის. მასწავლებლის მონოლოგის დასრულების შემდეგ მოსწავლეები მზად არიან, დაუბრუნდნენ საწყის პირობას და პასუხი გასცენ ლოგიკურ დავალებას.

შემოქმედებითი დავალების მაგალითი მსოფლიო ისტორიის კურსიდან:
პეტრე I-მა რუსეთი იმპერიად გადააქცია და სახელმწიფოს განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულა, მაგრამ მის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს:
ა) „პეტრე I თავისი ეპოქის შვილი გახლდათ. ის იმდენად დიდი და ძლიერი ხელისუფალი იყო, რომ გამუდმებით ზრუნავდა თავისი ხალხის ბედზე, სახელმწიფოს ზრდასა და ძლიერებაზე”;
ბ) „პეტრეს რეფორმები გარდაუვალი იყო, მაგრამ ისინი ხალხის რწმენასა და მათ საქმიანობაზე საშინელი ძალადობით ხორციელდებოდა”.
აირჩიეთ პოზიცია და მოიყვანეთ არანაკლებ სამი არგუმენტისა თქვენი არჩევანის სასარგებლოდ.

მეშვიდე – „დაუმთავრებელი თემა”
ახალი მასალის შესწავლისას მასწავლებელი თემას სრულად არ გადმოსცემს და სთავაზობს მოსწავლეებს ისტორიული სიტუაციის მოდელირებას და მოვლენის განვითარების საკუთარი ვარიანტების წარმოდგენას, მერე კი სახელმძღვანელოში წარმოდგენილ ვერსიასთან შედარებას და იმის ახსნას, რატომ განვითარდა მოვლენები სწორედ ასე.

მერვე – თემის შესწავლა პრობლემური ხასიათის კითხვებით და საინფორმაციო ფურცლებით
ეს მიდგომა შეიცავს დამოუკიდებელი მუშაობის სხვადასხვა ფორმას და მეთოდს (რეპროდუქციული ხასიათის დამოუკიდებელი სამუშაო, რეკონსტრუქციული და შემოქმედებითი ხასიათის სამუშაო), რაც ხელს უწყობს მოსწავლის კოგნიტური, სოციალური და კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებას. ამ დროს ახალი მასალის შესასწავლად მასწავლებელი ორგანიზებას უწევს მოსწავლეთა დამოუკიდებელ სამუშაოს, წინასწარ ამზადებს პრობლემურ კითხვებს პარაგრაფის ტექსტის მიხედვით ან ადგენს საინფორმაციო ფურცლებს/ახალი მასალის გზამკვლევს, რომელიც მოსწავლეს თემის შესწავლასა და მნიშვნელოვანი საკითხების აქცენტირებაში დაეხმარება.
მაგალითად, ავიღოთ თემა „ბაგრატ III – ერთიანი საქართველოს მეფე”

დავალება: ახალი მასალის შესწავლა მითითებული გზამკვლევის/საინფორმაციო ფურცლის მიხედვით (მოსწავლეთა დამოუკიდებელი სამუშაო გაკვეთილის ტექსტის საფუძველზე)

ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის წინაპირობები

წინაპირობები (მიზეზები)

შინაარსი

ეკონომიკური

 

პოლიტიკური:

) შიდაპოლიტიკური

) გარეპოლიტიკური

 

რელიგიური

 

2. საქართველოს ისტორიული მიწების გაერთიანება და
ცენტრალიზაცია

გაერთიანება:

თარიღი

ტერიტორია

 

 


3.           

ხელისუფლების
ცენტრალიზაცია:

საქართველო

გერბი

ხელმწიფის კარის ეტიკეტი

   სწავლის სხვადასხვა
ტექნოლოგიის, ფორმისა და მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა სრულფასოვან განვითარებას,
აადვილებს მოზღვავებული ინფორმაციის ნაკადში ორიენტირებას, პრობლემების აღმოჩენას და
შემოქმედებით გადაწყვეტას, კოგნიტური (შემეცნებითი) და საინფორმაციო-ტექნოლოგიური უნარების
განვითარებას, ყველაფერი ეს კი მოსწავლეთა თვითრეალიზაციისა და კომუნიკაციური კომპეტენციების
განვითარების, საზოგადოებასთან წარმატებული სოციალიზაციის საფუძველია.

წინ, ბავშვობაში

0

გამარჯობა, მიხარია თქვენთან კიდევ ერთი შეხვედრა, ვიცი, რომ თქვენც.

მიყვარს თქვენი გამოხმაურებების კითხვა, ძალიან ხშირად ვამოწმებ, ჩავუყვები ხოლმე ყველა ბლოგს და თუ ახალი კომენტარია, პატარა ბავშვივით ვჭყლოპინებ. არა, არ გეგონოთ, ქება მიყვარდეს. ( თუმცა არც უამისობაა), მოსმენა და გაზიარება მაბედნიერებს, განცდა, რომ ვიღაც სადღაც შენს ნააზრევს კითხულობს, ჰოდა, მგონი, დიდი აღიარების დროც დადგა. ადამიანისთვის, რომელიც ოცდაოთხი საათის მანძილზე სკოლაზე წერს და ფიქრობს, არცთუ ბუნებრივი, მაგრამ გულწრფელი აღიარების – მე არ მიყვარდა სკოლა, მეტიც , ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მძულდა.

დღემდე, ჩემს ყველაზე დიდ კოშმარებში მესიზმრება, როგორ ვდგავარ დაფასთან და ვცდილობ, მოვყვე გაკვეთილი, რომელიც არ მესმის, ერთი სიტყვაც, ერთი ბწკარიც, ყველაფერი გაუგებარია, თითქოს ქართულად კი არა, ურდუზე ეწეროს.

მე არ მიყვარდა სკოლა და ერთადერთი, რაც იმ ხანად მაძლებინებდა, წიგნები იყო. ყველანაირი, სხვადასხვა, განსხვავებული, ცუდი და კარგი, ძალიან ცუდი და ძალიან კარგი წიგნები.

ცუდიო? კიდევ ერთი აღიარებაო? ვგრძნობ, რომ ამ წერილს ბევრი სტუმარი ეყოლება. დღემდე ბევრს ვფიქრობ, არის თუ არა დაკარგული ის უზარმაზარი დრო, რაც მე ცუდი წიგნების კითხვაში გავატარე. არადა, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე კარგი და სასაცილო გასართობიც შევიძინე, დღესაც დავსხდებით მე და ჩემი მეგობარი და ერთმანეთს ვეჯიბრებით, რომელს უფრო მეტი დებილური წიგნი გვაქვს წაკითხული, სათაურები? სათაურებს არ დავასახელებ, მაგრამ არცერთი საბჭოთა და ქართული, თუ საბჭოთა და ყაზახური, წითელი თუ პროპაგანდისტული, ძალიან სუსტი და უხარისხო წიგნი არ გამომიტოვებია. რაო? ისეთ წიგნებს თუ კითხულობდიო? კი, მიმალავდნენ, მაგრამ მაინც ვახერხებდი.

 

მახსოვს, უგულისყურობისთვის შენიშვნა ბევრჯერ მიმიღია, ტექნიკურ საგნებში ნიშნებს ჩემი უფროსი და-ძმის ხათრით მიწერდნენ, ბევრჯერაც უჩხუბიათ, როცა ფიზიკის გაკვეთილზე თავი ამიწევია სრულიად არაფრისმთქმელი მზერით, მერხის ქვეშ კი ისეთი თავგადასავლებით აღსავსე წიგნი მედო…-

ჰოდა, რაზე გამახსენდა ეს ამბავი.

ამას წინად, წიგნის მაღაზიაში ფრანგი მწერლის, ანა გავალდას წიგნს წავაწყდი – „35 კილო იმედი”. წიგნი სოფია ბარშოვამ თარგმნა და ისეთმა გამომცემლობამ გამოსცა, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობი, თანაც გადავშალე და პირველივე აბზაცმა მომჭრა თვალი:

„ვერ ვიტან სკოლას.
ამქვეყნად ყველაზე მეტად ეგ მეზიზღება.
არა, უფრო მეტადაც…

გამიმწარა ცხოვრება. „

ჰოდა, რა თქმა უნდა, ვიყიდე.

ვიყიდე კი არა, თუკი ოდესმე სკოლის ბიბლიოთეკებისთვის აუცილებელი, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის წასაკითხი წიგნების სიას გავაკეთებ, გრეგუარის ისტორია სიის თავში იქნება, ჰოლდენ კოლფილდისა და გრძელფეხება მამილოს შორიახლოს.

თუ გვინდა გავიგოთ, რატომ არ უყვართ ბავშვებს სკოლა, რატომ უხარიათ თუნდაც ერთი გაკვეთილით ადრე შინ წასვლა, რას ვაშავებთ და რას ვაკეთებთ არასწორად, როგორ არ უნდა მოვექცეთ მოსწავლეებს, მხოლოდ მოსწავლეებს კი არა, შვილებს, როგორ უნდა მოვუსმინოთ მათ და მათივე ინტერესების მიხედვით განვსაზღვროთ მათი პრიორიტეტები და არა პირიქით – მოკლედ, ვიქნები ბანალური და ვიტყვი, ეს წიგნი სარკეა, ჩვენთვის, მშობლებისა და პედაგოგებისთვის, უფროსებისთვის.

„მე, მაგალითად, ჩემი მაღვიძარას დარეკვამდე ერთი საათით ადრე თვალები უკვე დაჭყეტილი მაქვს და ამ ერთი საათის განმავლობაში ვგრძნობ, თანდათან როგორ იმატებს და იმატებს მუცლის ტკივილი. ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან ჩამოსვლის დროს კი გული ისე მერევა, თითქოს ჩემს ოთახში კი არა, გემზე ვიყო, გაშლილ ზღვაში. ავტობუსში ჩემი მუცლის ტკივილი ძალიან მძიმე ბურთად გადაიქცევა ხოლმე. თუ შემთხვევით რომელიმე კლასელს დავემგზავრე და ლაპარაკი ჩვენი საყვარელი მულტფილმის გმირ ზელდაზე წამოვიწყეთ, მაშინ არაფერი მიჭირს, ტკივილი თანდათან იკლებს, სხვა შემთხვევაში კი მგუდავს. ყველაზე უარესად მაშინ ვარ, როდესაც უკვე სკოლის ეზოში შევდივარ. სკოლის თავისებური სუნი პირდაპირ ავად მხდის. წლები გადის და ადგილები იცვლება, მაგრამ სუნი იგივე რჩება. – ცარცის და სხვადასხვანაირი, ძველი ბოტასის სუნი, რომელიც ყელში ჩამდის და გულს მირევს.”

 

გრეგუარს სკოლა არ უყვარს – სამაგიეროდ, ჩხირკედელაობაზე გიჟდება, მე – ტექნიკურ საგნებს ვერ ვიტანდი , სამაგიეროდ წიგნს არ ვუშვებდი წაუკითხავს. მგონია, რომ ჩვენ, ორივეს გვქონდა და გვაქვს ჩვენი ინტერესის შესაბამისი განათლების მიღების უფლება.

ძალიან, ძალიან ძნელია, როცა სკოლის გახსენებაზე მუცელი გტკივდება… მასწავლებლებო, თქვენ არ გამოგიცდიათ ეს?

 

მე კი, სწორედაც მასწავლებლოს დროს – პატარა სტუდენტი გოგო ვიყავი და ერთ სკოლაში ვმუშაობდი. ყველა კლასში ყველაფერი კარგად მიდიოდა, პროცესი მეც მომწონდა და მოსწავლეებსაც, ერთმანეთს კარგად ვუგებდით. უფრო სწორად, თითქმის ყველა კლასში, ერთის გარდა. არ ვიცი, რატომ ვარდებოდა იქ გაკვეთილი სულ, რატომ ვიდექი პირველკლასელი ბავშვივით აკანკალებული და შეშინებული, როგორ ვნატრობდი, რომ რაც შეიძლება მალე გასულიყო ეს 45 წუთი. როგორ ვერ ვიტანდი ოთხშაბათ საღამოს, რადგანაც მეორე დილით იმ კლასში გაკვეთილი უნდა მქონოდა და როგორი განსაკუთრებული ბედნიერება იყო ხუთშაბათი საღამო, როცა ვიცოდი, რომ თითქმის ერთი კვირა იმ კლასში აღარ შევიდოდი…

მოკლედ, ახლა ვხვდები, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ერთმანეთის გაგება არ გვიცდია, მე მათი ხმაურის და სიცელქის მიზეზის, მათ-ჩემი შიშის და ნერვიულობის.

გრეგუარის პირველი მთავარი პრობლემა სწორედ ესაა, მეორე კი – მისი განსაკუთრებული უნარები. იქნებ დისლექსიაც აქვს, ანდა გონებაგაფანტულობის სინდრომიც, სამაგიეროდ, სრულიად განსაკუთრებულ რამეებს იგონებს, ნამდვილი გამომგონებელია, მისნაირი ადამიანები კაცობრიობის წინსვლას განაპირობებენ.

წიგნი ისეთი თანაგრძნობითაა დაწერილი, ისე თანდათანობით გადადის პატარა, ერთი შეხედვით ზარმაცი და თავისებური ბიჭის ისტორია დრამაში, იმდენ ასპექტში იჭერ და ითავისებ საკუთარ შეცდომებს, რომ მგონია, მასწავლებელთა სერტიფიცირების თუ პროფესიული განვითარების გამოცდებზე პედაგოგიკის მამების თუ ფსიქოლოგთა ნაშრომების ნაცვლად, ანა გავალდას „35 კილო იმედი” და კიდევ რამდენიმე მხატვრული ნაწარმოების წაკითხვა და გაგება უნდა მოვთხოვოთ ჩვენს პედაგოგებს.

იქნებ მაშინ მაინც მივხვდეთ, რომ წარმატებული შედეგისათვის ბევრის მოთხოვნა კი არ არის საჭირო, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის არსებობა, ვისი სიყვარულითაც ბავშვი ისწავლის – ეს შეიძლება ბაბუა იყოს, რომელიმე წიგნის გმირი ან თქვენ – ნებისმიერი მარი მასწავლებელი.

რელიგიის ისტორიის სწავლა და რელიგიის შესწავლა

0

,,იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ იქ, სადა ერთისა და იმავე სახელმწიფოს ერნი სხვადასხვა წესით ადიდებენ ღმერთსა, ერთობა სახელმწიფოსი ვერ იხეირებსო და დაირღვევაო. რეფორმაციამ დაამტკიცა, რომ ეგ აზრი მარტო უმეცრების ნაყოფია: დაამტკიცა, რომ ერთსა და იმავე სახელმწიფოში ძალიან კარგად მოთავსდება

სხვადასხვაობა სარწმუნოებისა და ერთობის კავშირის საძირკვლიდამ ერთს
ქვასაც ვერ გამოაცლის”.

,,შინაური მიმოხილვა”, 1881 მარტი ილია ჭავჭავაძე
შესავალი

რელიგიური ორგანიზაციებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ურთიერთობა მნიშვნელოვანი საკითხია და რიგ შემთხვევებში უკავშირდება სახელმწიფოში დემოკრატიის ინდექსს.

ქვეყნები ამ საკითხს განსხვავებულად არეგულირებენ. რელიგიურ ორგანიზაციებსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას შორის თანამშრომლობა რეგულირდება ქვეყნის განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების განვითარებაზე პასუხისმგებლობას, როგორც წესი, სახელმწიფო იღებს, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც პასუხისმგებლობას სახელმწიფოსთან ერთად რელიგიური ორგანიზაციებიც ინაწილებენ. სკოლებისა და რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობის წესები გვაძლევს ინფორმაციას სახელმწიფოს წყობის შესახებ, კერძოდ: ა) სახელმწიფოს კანონები ემყარება და ასახავს რელიგიურ რწმენას; ბ) სახელმწიფო და რელიგიური ორგანიზაციები გაყოფილია, მაგრამ ერთი რელიგია დომინირებს; გ) სახელმწიფოში თანაარსებობენ სხვადასხვა რელიგიები, არსებობს რელიგიური შემწყნარებლობა და რწმენის თავისუფლება (ჯერალდინ ვან ბუერნი, ბავშვები და რელიგია, სოლიდარობა, 2007, N10).

სკოლებისა და რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობა დაუსრულებელი დისკუსიის საგანია. ამ დისკუსიების დროს ხშირად მოისმენთ მოსაზრებას, რომ სკოლაში მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგია უნდა ასწავლონ. ზოგი თვლის, რომ მართალია, მათი რწმენაა ჭეშმარიტი, მაგრამ სხვა აღმსარებლობებიც უნდა ისწავლებოდეს.ზოგი თვლის, რომ უმრავლესობის რელიგიას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. არსებობს მოსაზრება, რომ განათლებულმა ადამიანმა ყველა რელიგია უნდა იცოდეს. ათეიტებს, აგნოსტიკოსებს, სეკულარისტებს მიაჩნიათ, რომ რელიგია არ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში, რადგან მოხდება დომინანტური რელიგიის ინდოქტრინიზაცია.
ბავშვის უფლებათა კონვენციაში ბავშვის უფლება, ჰქონდეს ან მიიღოს რელიგიური აღმსარებლობა ან რწმენა საკუთარი შეხედულებით, აღნიშნული არ არის. კონვენცია მხოლოდ ირიბად კრძალავს ძალისმიერი მეთოდებით ბავშვის აღმსარებლობის თავისუფლების შეზღუდვას.

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ (1989 წლის 20 ნოემბერი) აღიარებს, რომ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი უმცირესობის მქონე ბავშვს უფლება აქვს ისარგებლოს თავისი კულტურით, რელიგიით, ენით (მუხლი 30).

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ, როგორაა დარეგულირებული რელიგიური ორგანიზაციებისა და სკოლების ურთიერთობა სამხრეთ კავკასიაში, თურქეთსა და ირანში, და კეთილდღეობისა და დემოკრატიის მაღალი ინდექსის მქონე ავსტრიაში.

სამხრეთ კავკასია

საქართველო

საქართველოში მოსახლეობის 84% მართლმადიდებელი ქრისტიანია, 9,9% – მუსლიმი, 3,9% – სომხური ეკლესიის წევრი, 0,8% – კათოლიკე, 0,4% – იეზიდი, 0.1% – იუდევეველი. საქართველოში ისლამის ორივე მიმდინარეობის აღმსარებლები ცხოვრობენ – ქვემო ქართლში შიიტური, ხოლო აჭარაში სუნიტური ისლამის აღმსარებლები (საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული აღწერა).

საქართველო სეკულარული ქვეყანაა. კონსტიტუცია აღიარებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, კონსტიტუციაში ასევე ხაზგასმულია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში და მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ურთიერთობები განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით (საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 9).

კანონი ზოგადი განათლების შესახებ მკვეთრად მიჯნავს რელიგიურ ორგანიზაციებსა და საჯარო სკოლებს. კანონის მიხედვით, აკრძალულია რელიგიური ინდოქტრინიზაცია, პროზელიტიზმი. თუმცა დასაშვებია საჯარო სკოლებში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნა და ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისკენ (კანონი ზოგადი განათლების შესახებ, მუხლი 13.2).

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის მოსახლეობის 93.40% ისლამის აღმსარებელია, მათგან 85% შიიტური, ხოლი 15% სუნიტური ისლამის აღმსარებელია. 3.1% ქრისტიანია (აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია).

აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა (კონსტიტუცია,1995, მუხლი 18). აზერბაიჯანის კანონის რწმენის თავისუფლების მიხედვით (მუხლი 6), სკოლა გამოყოფილია რელიგიური ორგანიზაციებისგან, ხოლო სკოლაში თეოლოგიურ, რელიგიურ და რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებას უნდა ჰქონდეს საგანმანათლებლო და არა აღმსარებლობითი ხასიათი. ამასთან ერთად მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს რელიგიური განათლება. ამ მიზნით რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება აქვთ შექმნან საგანმანათლებლო ასოციაციები და ასწავლონ მოქალაქეებს მათ კუთვნილ შენობებში, მათ კუთვნილებაში არსებული რესურსების გამოყენებით.

სომხეთი
2011 წლის სახელმწიფო აღწერის შედეგების მიხედვით, სომხეთის მოსახლეობის 98% ეთნიკურად სომეხია, მათგან 92% სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელია. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, სომხურ ეკლესიასთან მიკუთვნებულობა ატარებს უფრო კულტურულ, ვიდრე რელიგიურ ხასიათს (სომხეთის კანონი აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ).

სომხეთის კონსტიტუცია იცავს რელიგიურ თავისუფლებას. კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო სკოლები სეკულარულია. სკოლებში რელიგიის ისტორია ისწავლება. ამ საგანს სახელმწიფოს მიერ მომზადებული მასწავლებლები ასწავლიან. სომხური ეკლესიის ისტორია კურიკულუმის ნაწილია. ბევრი სკოლა დაწყებით საფეხურზე ასწავლის მსოფლიო რელიგიებს, ხოლო საბაზოზე – სომხური ეკლესიის ისტორიას. სკოლაში რელიგიური რიტუალების ჩატარება და სწავლება რელიგიური ორგანიზაციების მიერ აკრძალულია.

სამხრეთ კავკასიის სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო სეკულარულია და სკოლები რელიგიური ორგანიზაციებისგან გამიჯნულია. თუმცა კვლევებში შეიძლება მოვიძიოთ რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტები, მათ შორის ისეთ ჰომოგენურ სახელმწიფოში, როგორიც სომხეთია (StepanDanielyan, AraGazaryan, 2012). ამ საკითხს ამ სტატიაში არ მიმოვიხილავთ.

რა ხდება მეზობელ თურქეთსა და ირანში?

თურქეთი

თურქეთში ისლამის აღმსარებელთა რაოდენობა 99.8%-ია (სხვა წყაროების მიხედვით, ისლამის აღმსარებელთა რაოდენობა უფრო მცირეა და 96.4 %-ს აღწევს). თურქეთში ძირითადად სუნიტები (72%) ცხოვრობენ, ხოლო შიიტების რაოდენობა დაახლოებით 25%-ს აღწევს. სხვა აღმსარებლობის (მართლმადიდებლები, სომხური ეკლესიის მიმდევრები) წარმომადგენლები 0.2%-ს შეადგენენ.
თურქეთი სეკულარული ქვეყანა გახდა 1924 წელს მიღებული კონსტიტუციური ცვლილებისა და ათათურქის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად. რელიგიური ორგანიზაციები განდევნილნი იყვნენ საჯარო სკოლებიდან.

1956 წელს ახალმა მთავრობამ საჯარო სკოლებს წარუდგინა რელიგიის შემსწავლელი კურსი, 1980 წელს ეს კურსი გარდაიქმნა რელიგიის კულტურისა და რელიგიური ეთიკის საგნად. მოსწავლეები თავდაპირველად ისლამსა და მის ინტერპრეტაციას სწავლობდნენდა შემდეგ – სხვა რელიგიებს. ეს კურსი შეესაბამებოდა განათლების მოთხოვნებს, კერძოდ, მოსწავლეების კრიტიკულ და აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში.

რელიგიის სკოლაში დაბრუნების დინამიკა ასეთია:
1949 წელს მეოთხე და მეხუთეკლასელებისთვის მომზადდა ისლამის სწავლების არჩევითი კურსი. მშობლებს შეეძლოთ, სურვილის შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაციისთვის მიემართათ თხოვნით.

1950 წელს კურსი სავალდებულო გახდა.

1956 წელს რელიგიის შემსწავლელი კლასების რიცხვს შეუერთდა მეექვსე და მეშვიდე კლასები. 11 წლის შემდეგ, 1967 წელს – მეცხრე და მეათე კლასები.

1974 წელს მეოთხედან მეათე კლასის ჩათვლით ეთიკის გაკვეთილები სავალდებულო გახდა.

1982 წელს ეთიკისა და რელიგიის სწავლების გაკვეთილები გაერთიანდა და ეწოდა რელიგიის კულტურისა და ეთიკის განათლება.

დღეს რელიგიის სწავლების საკითხი თურქეთში აქტუალურია. სკოლებში მოსწავლეები ლოცულობენ, რელიგიურ რიტუალებს ატარებენ. რელიგიის კულტურისა და ეთიკის გაკვეთილები ძირითადად სუნიტურ სწავლებას ემსახურება.

ირანი
2011 წლის მონაცემებით, ირანში მოსახლეობის 99.4% მუსლიმია, მათგან 90% – შიიტი, ხოლო 10% – სუნიტი, სხვა რელიგიური ჯგუფები – დაახლოებით 0.4%.

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ისლამი სახელმწიფო რელიგიაა. განათლების სექტორზე ისლამის გავლენა მაღალია. სკოლების ,,ისლამიზაცია” ბოლო 30 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. 1979-2012 წლებში შეიცვალა კანონმდებლობა, კურიკულუმი, ისლამის როლის გაზრდის მიზნით რამდენჯერმე ხელახლა დაიწერა სახელმძღვანელოები. ცვლილებების მიზანი ისლამური კულტურის სკოლაში დანერგვა იყო. რელიგიამ შეცვალა გოგონების ჩაცმულობა, სკოლებში დაინერგა ლოცვები, ტარდებოდა პოლიტიკური და რელიგიური ხასიათის ღონისძიებები. მოხდა კურიკულუმის რეფორმირება ისლამური ღირებულებების შესაბამისად (Mehran, 1990; Mehran, 1998; Mohsenpour, 1988; Shorish, 1988). 1987 წელს პარლამენტმა მიიღო რეფორმატორული კანონი, რომელიც ხაზს უსვამდა სკოლებში სწავლებისას შიიტური აღმსარებლობის, როგორც სახელმწიფო რელიგიისა და დედამიწაზე წმინდა რელიგიის რეპრეზენტაციას. 1987 წლიდან სკოლების მისია გახდა ახალი მუსლიმების, მტკიცე მორწმუნეებისა და ისლამურ საზოგადოების მსახურთა აღზრდა (Paivandi, 2006).

ირანის ისლამურ რევოლუციამდე რელიგიის სწავლებას სკოლაში გარკვეული დრო ეთმობოდა. რელიგიის შესწავლაზე დახარჯული დროის ცვლილების დინამიკა ასეთია: რევოლუციამდე რელიგიის სწავლებას ეთმობოდა სასწავლო დროის 6.4%, რევოლუციის შემდეგ – 12.7%. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ეს დრო 25%-მდეც კი გაიზარდა (Saeed Paivandi , 2008).

2008 წელს Freedom House-მა შეისწავლა 2006-2007 წლებში გამოცემული 95 სახელმძღვანელო. კვლევის მიხედვით, სახელმძღვანელოები შედგენილია შიიტური რელიგიის პერსპექტივიდან.

რელიგიის გავლენა იგრძნობა არა მხოლოდ სოციალურ მეცნიერებებში, ისტორიაში, სპარსულ ლიტერატურაში, არამედ ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოებშიც.

  • შესწავლილ იქნა 412 გაკვეთილი. ღმერთის, მოციქულის, რელიგიური და ისტორიული პირების შესახებ ინფორმაცია მოცემულია გაკვეთილების 38%-ში.

  • შეწავლილ იქნა 3115 ილუსტრაცია, 645 ასახავს რელიგიურ, კულტურულ, პოლიტიკურ ლიდერებსა და მეცნიერებს.
  • მოცემულია ინფორმაცია ომებზე, კონფლიქტებსა და წამებულებზე. სამშობლოსთვის და რწმენისთვის სიცოცხლის შეწირვა სახელმძღვანელოებში ერთი მთავარი თემაა.
  • სოციალურ მეცნიერებებში საკითხები (ოჯახი, სოციალური ჯგუფები, სოციალიზაცია, პოლიტიკური სისტემები) განხილულია ისლამის ჭრილიდან.
  • ისტორიის სახელმძღვანელოები საზოგადოებრივ ცვლილებებს რელიგიის პრიზმიდან განიხილავს.

რელიგიის სწავლება ავსტრიაში

როგორ ხდება რელიგიური ორგანიზაციებისა და საჯარო სკოლების ურთიერთობა ისეთ ქვეყანაში, როგორიც ავსტრიაა?

თანამედროვე ავსტრია მულტიკულტურული ქვეყანაა.მოსახლეობის 64,1% კათოლიკეა, 3.8% – ლუთერანი, 12% – ათეისტი. ავსტრიაში ცხოვრობს 340 000 მუსლიმი (ძირითადად თურქები) და 180 000 მართლმადიდებელი (ძირითადად სერბები).

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ავსტრია მკაცრად სეკულარული ქვეყანა გახდა. თუმცა სეკულარიზმის ჩარჩოებში ქვეყანამ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო. ავსტრიის ყველა მოქალაქეს საშუალება აქვს ისწავლოს ის რელიგია, რომელიც მას სურს. რელიგიის მასწავლებელი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელია, ხოლო სწავლის ხარჯებს ფარავს ავსტრიის სახელმწიფო. ამ მიზნით მიიღეს კანონი ბავშვთა რელიგიური განათლების შესახებ (Law on the Religious Education of Children). კანონის მიხედვით, 14 წელს მიღწეულ მოზარდს შეუძლია დამოუკიდებლად შეარჩიოს ის რელიგია, რომლის შესწავლაც უნდა, ხოლო 14 წლამდე ასაკის ბავშვისთვის რელიგიას მშობელი ირჩევს. დგება რელიგიის კლასები; თუ მსურველი ცოტაა, მაშინ რამდენიმე სკოლა ერთიანდება. რელიგიის სწავლება რომ სკოლაში განხორციელდეს, აუცილებელია, რელიგიური გაერთიანება აღიაროს ავსტრიის სახელმწიფომ.

რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება სკოლაში რელიგიის სწავლების შესახებ

  • როცა რელიგია გავლენას ახდენს კურიკულუმზე ან მასწავლებელი რელიგიურ თემებს იყენებს გაკვეთილზე, რელიგიური შეხედულებები და მეცნიერული ცოდნა ერთიანდება. მეცნიერება კი რელიგიისგან დამოუკიდებელია. მეცნიერებისა და რელიგიის განვითარების გზები სრულიად განსხვავებულია.

  • რელიგიის სწავლების დროს აქტუალურია ცივილიზაციათა კონფლიქტი, დღევანდელობის მთავარი გამოწვევა კი ცივილიზაციათა დიალოგია.

  • რელიგია დაფუძნებულია რწმენაზე, ხოლო მეცნიერების სწავლება შეუძლებელია საკითხის კრიტიკული განხილვის გარეშე. რწმენას კრიტიკულად ვერ განიხილავ, არგუმენტირებულად ვერ დაასაბუთებ რელიგიური აღმსარებლობის დოგმებს.
  • მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მულტიკულტურულია. რელიგიური ორგანიზაციების გავლენა სკოლებზე იწვევს რელიგიურ, გენდერულ და ეთნიკურ დისკრიმანაციას.
რატომ ვკამათობთ ამდენს რელიგიური ორგანიზაციებისა და სკოლების თანამშრომლობის შესახებ?

თითოეულ მოქალაქეს საკუთარი რელიგიური არჩევანი აქვს. რელიგია ათეისტის ცხოვრების ნაწილიცაა. მას სწამს, რომ რელიგიის არსებობას ლოგიკური არგუმენტები არ აქვს. ხოლო მორწმუნეს საკუთარი აღმსარებლობა მიაჩნია უფლისკენ სავალ ჭეშმარიტ გზად.

მე მომწონს ჩვენი კანონმდებლობა, ჩვენი კანონი ყველა მოქალაქეს თანაბარ მდგომარეობაში აყენებს. თუ კანონი დაცული იქნება, არ მოხდება მოქალაქეთა სეგრეგაცია სკოლებში რელიგიური ნიშნით.

სკოლებში რელიგიის სწავლების ხარისხი ქვეყნის დემოკრატიის ხარისხის პირდაპირპროპორციულია. ქვეყნების დემოკრატიის ინდექსი, რომელსაც ყოველწლიურად ადგენს ჟურნალ ,,ეკონომისტის” კვლევითი ჯგუფი, ქვეყნებს ანაწილებს ოთხი რეჟიმიდან ერთ-ერთში: სრული დემოკრატია, არასრული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი

გთავაზობთ 2014 წლის მონაცემებს:

ირანი 1.98
აზერბაიჯანი 2.83
სომხეთი 4.13
საქართველო 5.82
თურქეთი 5.12
ავსტრია 8.54

რეგიონში საქართველო ლიდერობს, თუმცა 10-ქულიან სკალაზე მისი ადგილი მოკრძალებულია. არასრული დემოკრატიის ქვეყნების რიცხვში რომ მოხვდეს, 0.22 ქულა აკლია – შესაძლოა სწორედ ის ქულა, რომელსაც ქვეყანაში სეკულარიზმის გაძლიერება და საქართველოს მოქალაქეობაზე ორიენტირებული ქვეყნის მშენებლობა მოგვიტანს.
გამოყენებული ლიტერატურა
1.საქართველოს კონსტიტუცია
2.კანონი ზოგადი განათლების შესახებ
3.სოლიდარობა 2007 №10
4.https://www.geostat.ge/?action=page&p_id=52&lang=geo, საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგები, ტომი I ცხრილი 24
5.Administrative Department of the President of the Republic of Azerbaijan P R E S I D E N T I A L L I B R A R Y, RELIGION
6.Law of the Republic of Azerbaijan “On Freedom of Religious Belief”
7.Protection of the Rights of Children from Religious and Ethnic Minority Groups in Armenia, Field study with children and young people in Armenia, Council of Europe, 2014
8.StepanDanielyan, AraGazaryan, HovhannesHovhannisyan, ArturAvtandilyan, ‘Issues of Religious Education in public Schools of the Republic of Armenia, Yerevan, 2012
9.World Factbook, Central Intelligent Agency, 2007
10.https://www.worldbulletin.net/haber/116510/religious-education-in-turkey, ნანახია 2015 წლის 22 მარტს
11.https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ir.html, ნანახია 2015 წლის 22 მარტს
12.Religious Education in Europe Oslo University 8th September 2005, Peter Schreiner ICCS Comenius-Institut/Germany
13.Democracy Index, Economist 2014
https://www.sudestada.com.uy/Content/Articles/421a313a-d58f-462e-9b24-2504a37f6b56/Democracy-index-2014.pdf, ნანახია 2015 წლის 18 მარტს.

ახალი სემიოზისი

0
კულტურულმა პარადიგმამ – „შეშლილობა და შემოქმედება” – 21-ე საუკუნეში ინტენსიურად შემოაბიჯა. „მოდერნიზმში და ავანგარდში შემოვიდა შეშლილობის სემიოტიზაციის პროცესი, როცა ფსიქოპათოლოგია ხელოვნების სამსახურში ჩადგა. მე-20 საუკუნის ხელოვნებაში უზარმაზარი როლი ითამაშეს შიზოფრენიულმა სამყაროებმა. პარანოიდულმა სისტემებმა ბევრად განსაზღვრეს ევროპული ფაშიზმისა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის სოციოკულტურული სისტემები.
შესაბამისად, მხატვრულ შემოქმედებაში პარანოიდული დისკურსი კვლევის საგნად იქცა. ზოგადად, ნორმის რღვევა შემოქმედებისათვის და შემოქმედთათვის ნორმაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია „ჭკუისმიღმურ” ენაზე, სრულ „ბოდვაზე” შემოქმედებაში, რომელიც ნიშანდობლივი გახდა თანამედროვე მხატვრული ლიტერატურისათვის. თუ მხატვრულ ტექსტს განვიხილავთ აგრეთვე, როგორც ერის ცნობიერების მდგომარეობას, მაშინ ფსიქოანალიზის მოშველიებით შესაძლოა გარკვეული დასკვნების გამოტანაც. ამ შემთხვევაში კი, ჩვენი ამოცანაა პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურული პროცესების ანალიზი (და არა შეფასება) ამ მიმართულებით და გამოვლენა იმ სემიოტიკური ნიშნებისა, რომლებიც დამახასიათებელია მხატვრულ შემოქმედების ამ ნაკადისათვის. პირობითად ამგვარ შემოქმედებას ვუწოდებთ „ალტერნატიულ პოეზიას”.

ბუნებრივია, შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მხატვრული ლიტერატურაში „ბოდვა” მართლაც ბოდვას ნიშნავდეს და სხვას არაფერს. ნეტარი ავგუსტინე დიალოგში „მასწავლებლის შესახებ” საინტერესოდ განიხილავს ნიშნებს, საგნებსა და სიტყვებს: „საგანთა შეცნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნიშნები,” – წერს იგი და აგრძელებს, რომ „სიტყვებს აქვთ ნაკლები მნიშვნელობა, ვიდრე იმას, რისთვისაც ისინი გამოიყენებიან… სახეზე გვაქვს ოთხი რამ: სახელი, საგანი, სახელის შეცნობა და საგნის შეცნობა.” ნიშნის სემიოტიკის გაშიფვრა – ეს არის გზა შეცნობისაკენ.
„შეშლილობა” მხატვრულ ტექსტში მეტაფორული ხასიათისაა, ტროპია ან ფიგურა, გამოხატვის პლანია და არა შინაარსის პლანი. სინამდვილეში შეშლილობის პოეტიკა ნიშანია, რომელიც უნდა გაიშიფროს… გარკვეული იდეის „შეფუთვაა”, რომლის ახსნით ვხსნით მთავარ შინაარსს.

ყოველგვარი ზღვრის მოშლა პოეტურ ტექსტებში და ერთგვარი ბოდვა „სხვა” სამყაროსთან ზიარებაა, რომელსაც ჩვეულებრივი ფსიქიკა ვერ გამოავლენს. პოეტის „შეშლილობის პარადიგმაში” ყოფნა არ ნიშნავს, რომ მართლა შეშლილია, მას შეუძლია ამ პარადიგმიდან გამოსვლა და დაბრუნება ჩვეულებრივ მდგომარეობაში (თუმცა ისეთებიც არსებობენ, რომლებიც ვერ გამოდიან ამ მდგომარეობიდან), რადგან შეშლილობა ფსიქიკის შეცვლილი მდგომარეობაა და არა გონების სისუსტე. კარლ იასპერსი წერს ამ მდგომარეობის შესახებ „ზოგად ფსიქოპათოლოგიაში”: „იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ ბოდვითი იდეა, აუცილებელია, გავთავისუფლდეთ იმ წარმოდგენისაგან, თითქოს ის ეფუძნება გონების სისუსტეს. ამ უკანასკნელთან ნებისმიერი დამოკიდებულება ატარებს ფორმალურ ხასიათს…”

ალტერნატიული პოეზია

პოსტკოლონიურმა რეალობამ ქართულ ლიტერატურულ პროცესებში გაააქტიურა ე.წ. ალტერნატიული პოეზია, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა კულტურისათვის დამახასიათებელი მოვლენაა (მაგალითად, „ნონსენსის” ლიტერატურა ინგლისში (ედუარდ ლირი (1812-1888), ლუის კეროლი (1832-1898); მე-20 საუკუნეში კი აბსურდის თემას პოეზიაში აგრძელებენ „როკ-პოეზიის” წარმომადგენლები, რომლის თვალსაჩინო ნიმუშია კონცეპტუალური ალბომი ჯგუფისა „Pink Floyd”: „The Dark Side of the Moon”(1973); ბიტნიკების პოეზია, სიმბოლისტები, დადაისტები, ავანგარდიზმი და სხვა).

ქართულ რეალობაში 90-იანი წლებიდან არსებობდა ალტერნატიული პოეტური დაჯგუფებები: 90-იანელების: „რეაქტიული კლუბი”, „ქრონოფაგები”, „ბებერი პოეტების ორდენი”, „დემონები” და ბოლო დროის: „ვარდისფერი ავტობუსი” და „სამკაული” (დღეისთვის ყველა დაჯგუფება დაშლილია).

თითოეულ დაჯგუფებას თავისი მანიფესტი ჰქონდა, მაგალითად, „ვარდისფერი ავტობუსის” პოეტები მანიფესტში წერენ: „პოეზია – ტრანსლაციის საშუალებაა. წარმოდგენის ღვთაებებს ვუხმობ, ვთხოვ, რომ ხილვები გაათავისუფლოს, გათენდეს ამ წუთში, აქვე დავრჩეთ და თან წავიდეთ. გამოვიდეთ და თან შევიდეთ. ავჯანყდეთ და თან შევრიგდეთ. ეს არ ხერხდება. საჭიროა განადგურდეს ურთიერთობები ნაცვალსახელების ზედაპირულობით, შემდეგ დაიწყოს ადამიანთა დაახლოების პროცესი, რომელიც არასოდეს დასრულდება. „შენი მეზობელი დაფარული არსია შენი, დამდგარი წყლები მის ლანდს აირეკლავს, რომელშიც თუკი კარგად დაუკვირდები, საკუთარ თავს და სახეს დაინახავ”…

გრძელდება ჩვენება ჩვენი ლოცვების, მის გარშემო რკალურად განლაგებული სკამები იწყებენ დაცარიელებას, გეტოებისკენ, საწოლებში. მაგრამ მიწისძვრა – ეს ხომ გარდაუვალია! კულტურული სივრცის შერყევა, გამოვრბივართ სახლებიდან, გვცივა, ვანთებთ ცეცხლს და… ამ დროს გამოჩნდება ვარდისფერი ავტობუსი, განათებული, თბილი. იღება კარი და ჩვენ ვიწყებთ მოგზაურობას, ვიწყებთ ერთმანეთის, ვარდისფერი ავტობუსის ქუჩას. წინ, ერთმანეთისკენ! წინ, ვარდისფერი პლანეტისკენ!

და ბოლოს დაინახავთ ვარდისფერ ნათებას…”
როგორია ალტერნატიული პოეზიის ძირითადი მახასიათებლები?

ნიშნის დესემანტიზაცია, ახალი სემიოზისი, რომელსაც იწვევს ამ „(ანტი) ესთეტიკის” წარმომადგენელთა მიმართება სამყაროსთან და საკუთარ თავთან: ბუნტი, ეპატაჟი, ტრადიციების და ტრადიციული სალექსო ფორმებისა და პოეტიკის უარყოფა… ანტი… ანტილექსი, ანტიკულტურა…

ახალი ლექსიკონები

ალტერნატიული პოეზიისათვის დამახასიათებელია ნიშნის (ლექსიკურ, გრამატიკულ, ფრაზეოლოგიურ დონეზე) დესემანტიზაცია, ტრადიციული, სალექსიკონო გაგების გაუქმება და ახალი შინაარსის შექმნა, მაგრამ იმისათვის, რომ ე. წ. „ახალი ანბანი” გასაგები გახდეს მკითხველისთვის, ავტორები ხშირად ხსნიან სიტყვათა ახალ, მეტაფორულ მნიშვნელობებს, რითაც იქმნება ახალი პოეტური ენა, განსხვავებული ტრადიციულისაგან. ზოგ შემთხვევაში კი, ავტორი-პოეტები მანიფესტს ქმნიან, ან თავადვე იძლევიან „გასაღებს” საკუთარი პოეტური ტექსტების გასაგებად, რომელიც შეიძლება ამდენი ახსნის შემდეგ მაინც გაუგებარი დარჩეს, მაგრამ „გაუგებრობა” ხომ ამგვარ ტექსტთა სემიოტიკური მახასიათებელია.

იქმნება ტექსტები (ლექსები), რომლებსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „ახალი ლექსიკონები”, მაგალითად, იორიკის (იგივე დათო ყანჩაშვილის) ლექსი: “ლექსიკონი”:

„შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი.
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გზა – ის, რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყავა – დილის სინონიმია…….
…………………………………………………………………
ლექსიკონი -წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან”.
მაგალითად, იცით, რას ნიშნავს, „თოვს”? გიორგი კეკელიძისათვის ამ სიტყვის განმარტება ასეთია:

აგვისტოს ძლისპირი

ნა-გუ-ს

თოვს – ნიშნავს ღამეც… ღამეს თეთრად ათენებს
და ღრუბლის ფერფლი თამბაქოს ფერფლს დაფარავს კართან,
ნიშნავს ტოტებცრუდაყვავებულ ანტენებს,
სახლებს – თვალი რომ გაეყინათ და ღია დარჩათ.
ნიშნავს – მე თოვლი მივიწყებულ ოთახს მაგონებს,
იქ, სადაც სტვენის გეშინია და თან გინდება,
თოვს – ნიშნავს აქლემებად ქცეულ ვაგონებს
და რომ ცერებზე აიწია ნელ-ნელა მთები.
თოვს – ნიშნავს ვინმე უსათუოდ ყრუდ ჩაახველებს
და ნაბიჯს ექოდ ძველი უჯრის გახსნის ხმა ახლავს,
რომ კედლებს სუნი წასკდათ მზისთვის გადანახული
და გაამხელენ მოწყენისგან ჩათვლემილ სახლთან.
თოვს – ნიშნავს ახლა მძინავს
და სიზმრებს ვერ ვხედავ –
ისე თოვს.

მე-ს დაკარგვა

„მე – შენ ვარ!”
ნოვალისი
„я – это другой!”
ლაკანი
„Я – такого слова нет!”
Пригов

ყველაზე უფრო თვალშისაცემი ნიშანი ალტერნატიულ პოეზიაში, ეს არის ავტორის მე-ს დაკარგვა. იდენტიფიკაცია იმდენად რთულდება, რომ ავტორი არა ერთ რომელიმე საგანთან, მცენარესთან ან ცხოველთან იგივდება, არამედ ყველაფერთან და ყველასთან, ნებისმიერ სიტყვასთან და მის მნიშვნელობასთან, რომელსაც იგი წარმოთქვამს. ამ ნიშნით საინტერესოდ გვეჩვენება პაატა შამუგიას ლექსი – ლინგვისტიკის წრე:

„……და მე – პოეტი,
მე – მეძავი,
მე – პატრიარქი,
მე – ტერორისტი,
ლიბერალი,
ავტომრბოლელი,
მე – ცირკის მუშა,
გენიოსი და ღვთისმშობელი,
ვზივარ და ვუფრთხი მნიშვნელობებს, რომლებიც უკვე
მექცნენ სხეულის დამატებით ორგანოებად…..”

პაატა შამუგიას „მეები” პარალელურად ან ერთდროულად თანაარსებობენ, განფენილები არიან დროსა და სივრცეში… მეს რთულ და მრავაფეროვან სამყაროს იორიკი კი (დათო ყანჩაშვილი) მეტაფორულად წარმოგვიდგენს „მატრიოშკების” სახით, რაც გარკვეულ იერარქიას გულისხმობს და მიმართულია გარედან – შიგნით…
……………
ეს „ჭკუისმიღმური” ენა ვერ ეგუება შტამპებს და მუდმივად ნგრევა-შენების პროცესშია. რაც იმას ნიშნავს, რომ სიტყვებს, რა თქმა უნდა, აქვთ ძირითადი, სალექსიკონო მნიშვნელობები (ამის გარეშე საერთოდ შეუძლებელი იქნებოდა კონოტაციური მნიშვნელობების გაჩენა). ნიშნები მხატვრულ მეტყველებაში ჩვეულებრივი მეტყველების კანონებისაგან განსხვავებით სრულიად სხვა განზომილების კანონებში არსებობენ. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია არა თავად ნიშანი, არამედ ის განცდა, რომელიც ნიშნის მეშვეობით მიიღწევა, ანუ შეცნობის პროცესი. „საგანთა შეცნობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი აღმნიშვნელი ნიშნები”( წმინდა ავგუსტინე).

ავადმყოფობის შიგნითა მხარე ანუ facebook-ის სამძიმრის წიგნი

0

ყველაფერს აქვს საკუთარი უპირატესობა. მათ შორის ავადმყოფობასაც. სკოლის დროს საქმე ასე მოჩანდა, რომ თუკი სიცხე გქონდა ან მუცელი გტკიოდა ( ამ უკანასკნელის სიმულაცია მარტივ ხერხებს მოითხოვს), მომდევნო ორ დღეს გააცდენდი. ალგებრის სწავლა მთლად მომხიბვლელი საკითხი ხომ ვერ იყო და ეს ხაზვა? მოკლედ სცილასა და ქარიბდას შორის გადიოდი ოდისევსზე ადვილად ერთი ჯადოსნური წინადადებით: ,,დღეს რაცხა გლახათ ვარ!’

ტეტრისი. არის ასეთი საკულტო თამაში, არ ვიცი ახლა რამდენად პოპულარული, თუმცა მის ვარიაციებს ხშირად შეხვდებით ფლეშ-პორტალების შეღებისას. მაშინ კიდევ ცენტრში იდგა. მგელი რომ კვერცხებს იჭერდა და კაცი ბატებს ხოცავდა, იმის მერე მოდიოდა. ხელში დასაჭერი აპარატი არცთუ ცხადი გრაფიკით. მით უფრო თუ ბატარეა გამოსაცვლელია. ,,ელემენტები’’. და მაგ ტეტრისს ვუბერავდი. თუ მართლა სიცხე მქონდა, ჩემი თვალები უარესად წითლდებოდნენ და ფხალისფურცელშემოკრული თავი სკდებოდა, მაგრამ 19024 ქულაზე ვინ გამაჩერებდა. მიდიოდნენ და მიდიოდნენ კონსტრუქციები. უფრო სწრაფად და სწრაფად. ისევე როგორც ბავშვობამ ჩაიარა და ერთხელც დაეწერა: game over! აქ ხომ თავიდან დაწყება და მსგავსი ვირტუალური გამოსავლები არ მოქმედებს და გავაგრძელე.

სტუდენტობის დროს ავადმყოფობა არ იყო კარგი. ერთი შესამჩნევი და სახალისო რაც ჰქონდა, შეიძლება ფილმი გენახა ან რამე წაგეკითხა. ეგეც წვალებით. კვერცხია შესაწვავი, ჩაი მოსადუღებელი და ათასი ხათაბალა. ვირუსი და ცხენუსი კი აქეთ გხედნიდა და მოკლედ, ის ძმრიანი ნასკები, ბავშობაში ბებია რომ მაცმევდა ტემპერატურის დასაგდებად, ახლა პირით უნდა გეწურა. ძმრად ამოდენის ამბავში. მოკლედ – ტანჯვა. გასაძლები, ცხადია.

ახლა ავადმყოფობას ეგ ხიბლი აქვს, რომ ვფიქრობ. ხან ძნელად, იმიტომ რომ ის წითელი წერტილები, რაც 38.9 გრადუსს ახლავს, იმაზე მეტია, ვიდრე მოგონება. ან თუნდაც ოცნება. მაგრამ ფიქრის ადგილი მაინცაა. ჰოდა, ეგეთი ფიქრები ხშირად სიკვდილისკენ უფრო გაგირბის, რადგან რაც უნდა იოლი იყოს ავადობა, მაინც სიკვდილის შეხსენება მეტადაა, ვიდრე რამე უკეთესის. მერენდელი ამბები გაინტერესებს, ტომიც ხომ ეგრე აწყობდა ხოლმე სამომავლო ხედვებს. ტომ სოიერი. აი, როგორ ტირის დეიდა პოლი, როგორ მოაქვთ სკოლიდან კლასელებს ყვავილები და ცხარე ცრემლებით ნამავენ. მერე პანაშვიდი ეკლესიაში და სიტყვები. დაზეპირებული. კარნავალი და სინამდვილეც. კვირა-კვირანახევრიანი. ახალი ტომი კი ასე იფიქრებდა: რას დაწერს ჯო ჰარპერის და ფეისბუკზე? ალბათ ჩემთნა ერთად გადაღებულ სურათს დადებს, მისისპზე რომ გემმა ჩამოიარა და ცოტა ხნით გაჩერა და ჩვენ იქ წავედით სამახსოვრო ფოტოებისთვის. მიაწერს: ტომ, ტომას!! და გულები და მოწყენილი სმაილები და ქვევით კიდევ ჰელენ ჯონსი: აუ, არ მჯერააა! და სხვანი.

აქ საქილიკო და რამე ცინიკური კი არ გვინდა ვთქვათ, არამედ იმ ცვლილებზე, რომელიც სოციალური ქსელის დიდი და ჯერ კიდევ ნახევრადმწიფე ნაყოფია. მისი მთავარი გამარჯვება ისაა, რომ ჩვენი ფიქრები შეცვალა. ოცნებები და სურვილებიც. ფორმა შეუცვალა, თორემ სიამაყე, შური, სიყვარული და მისთანანი ჯერ კიდევ ანტიკურ ფორმაში არიან. უბრალოდ გალურჯდნენ. აი, როგორი ფერიც facebook-ს აქვს.

სასწავლო პროგრამების დანერგვის დონეები

0
სხვადასხვა ქვეყანაში ზოგადი განათლების მიღება რეგულირდება  სასწავლო გეგმით, რომელზე დაყრდნობითაც მასწავლებლები ქმნიან სასწავლო პროგრამებს კონკრეტული კლასისათვის. სასწავლო პროგრამების დანერგვის პროცესი ინდივიდუალურია. ამ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მასწავლებლისა და კლასის თავისებურებები. სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების  განზოგადების შემდეგ განათლების სპეციალისტებმა გამოყვეს სასწავლო პროგრამების დანერგვის სამი დონე.  ამ სტატიიაში  მიმოვიხილავთ სასწავლო პროგრამების დანერგვის დონეებს, მასწავლებლის ექსპრესიული მიზნების როლს და ლატენტური სასწავლო პროგრამის მნიშვნელობას. 
საკვანძო სიტყვები: იმიტაციური დონე, შუალედური დონე, კოგნიტურ-გენერაციული დონე,  ექსპრესიული მიზნები, ლატენტური სასწავლო პროგრამა.
შესავალი
კარგმა მასწავლებელმა ზუსტად იცის, როგორ შეარჩიოს კონკრეტული თემის სწავლების შესაბამისი მეთოდი; ამაზე დაყრდნობით როგორ გაუმკლავდეს სწავლების პროცესში წარმოქმნილ სიტუაციებსა და პრობლემებს ისე, რომ არ გადაუხვიოს სასწავლო პროგრამას.  სასწავლო პროგრამების შექმნა და დანერგვა ერთნაირად შრომატევადია პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის. სწორად ორგანიზებული მოქმედებები საშუალებას აძლევს მას, განახორციელოს სასწავლო პროგრამით დასახული ექსპრესიული მიზნები და ამოცანები (ეისნერი, 1998). პედაგოგიკა ვითარდება გამოცდილებასთან ერთად. მასწავლებლის განვითარების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს მის უნარს,  დამოუკიდებლად და სპონტანურად მიიღოს  გადაწყვეტილება გარკვეული სიტუაციიდან გამომდინარე და ყოველთვის გაითვალისწინოს  მოსწავლისა და სასწავლო პროგრამის ინტერესები და მიზნები.  სასწავლო პროგრამის დანერგვის პროცესის მრავალფეროვნებაზე  მსჯელობისას აუცილებელია გავითვალისწინოთ ამ პროცესში სწავლების დონეებად დაყოფის მიდგომები.
ძირითადი ნაწილი 

სასწავლო პროგრამის  დანერგვის  პროცესში  სწავლებას  გარკვეულ დონეებად   (ტანერი & ტანერი, 1995) განიხილავენ.  გამოყოფენ სამ ძირითად დონეს.
პირველი დონეა იმიტაციური დონე. იგი მოიცავს რუტინულ, მეთოდურ ქმედებებს. აღნიშნული ქმედებები განპირობებულია კონკრეტული სახელმძღვანელოთი და ინსტრუქტაჟით. 
მეორე დონე, ანუ შუალედური, უფრო მაღალპროფესიულ დონეს შეესაბამება და მოიცავს მეთოდურ და მოდიფიცირებულ სწავლებას. 
მესამე დონე კრეატიულ-გენერაციულია, ყველაზე მაღალი პროფესიონალიზმით ხასიათდება და გულისხმობს ინტერპრეტირებულ სწავლებას, რომელიც მასწავლებლისგან მოითხოვს როგორც სკოლის მიზნების გათვალისწინებას, ისე მოსწავლის საგანმანათლებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
   
მასწავლებელი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასწავლო პროგრამის იმპლემენტაციასა და შედეგის მიღებაში.

იმიტაციური დონე – მასწავლებელი, რომელიც მუშაობს ამ დონეზე, უბრალოდ, ხელმძღვანელობს კლასს. იგი მიმართავს ისეთ რუტინულ ქმედებებს, როგორიცაა ბავშვების მუდმივი დასაქმება სხვადასხვა დავალების მიცემით; ასევე ინარჩუნებს დისციპლინას კლასში. ამ დროს ძირითადად მოსწავლეებს აძლევენ მარტივ პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მასწავლებლებისთვის იდეასა და პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება მეთოდოლოგიური სირთულეა, რადგან იგი სცდება წინასწარ განსაზღვრული გეგმის ფარგლებს და პედაგოგისგან მოითხოვს სწავლების მეთოდის ინტერპრეტირებას, კლასში არსებული მდგომარეობის შესაბამისად. მასწავლებლები ძირითადად ასრულებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ინსტრუქციულ მითითებებს. ამ სახის ინსტრუქტაჟი ხელს უწყობს კლასში მასწავლებლის როლის შესუსტებას და მის დაყვანას რუტინულ ელემენტებამდე. ნათელია, რომ ამ შემთხვევაში მასწავლებლის პედაგოგიური როლი დაკნინებულია. ზოგჯერ მისი ფუნქცია დადის მხოლოდ გარკვეული მოქმედებების ტექნიკურ შესრულებამდე, როგორიცაა: ტესტების და დავალებების დარიგება და შეგროვება, შედეგების დოკუმენტირება, მოსწავლეების დაკავება სავარჯიშოების შესრულებით და ა.შ.
მასწავლებლები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ტესტებისთვის მოსწავლეების მომზადებაზე. ისინი მიმართავენ სწავლების ყველაზე ბანალურ მეთოდს, როგორიცაა საგამოცდო საკითხების პირდაპირი სწავლება. ამ დროს არ ხდება სწავლების მეთოდის შერჩევა მოსწავლეების ცოდნის დონის შეფასების საფუძველზე. პედაგოგი არ ცდილობს შეიტანოს გონივრული კორექტივები სასწავლო პროცესში. ასევე არ ხდება მოსწავლეთა სუსტი მხარეების გამოვლენა, რის მიხედვითაც უნდა მოდიფიცირდეს სწავლების მეთოდიკა. 
შუალედურ დონეზე მასწავლებელი ახდენს სწავლების მეთოდის მოდიფიცირებას მოსწავლეთა პროფესიული შეფასების საფუძველზე; ადაპტირდება პირველი დონისთვის დამახასიათებელი სწავლების სტრატეგია კლასში არსებული სიტუაციის მიხედვით. ხშირად პედაგოგები ტოვებენ სასწავლო პროგრამის გარკვეულ ნაწილს, პერიოდულად ამატებენ დამატებით მასალას ან მიმართავენ სწავლების სხვა მიდგომას ბაზისური მეთოდის პარალელურად. მასწავლებლისგან არ უნდა ველოდოთ რაიმე დიდ ინოვაციას – სასწავლო პროგრამაში მას შეაქვს საშუალო დონის მოდიფიკაცია. ზოგჯერ  მასწავლებლებს სასწავლო პროგრამა ხელს უშლის პედაგოგიური კვალიფიკაციის გამომჟღავნებაში. ეს ეხება ისეთ სკოლებში მომუშავე პედაგოგებს, სადაც ხელმძღვანელობა მათგან მოითხოვს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მეთოდების ზედმიწევნით ზუსტ გამოყენებას. ამ შემთხვევაში, მასწავლებლები შეზღუდულნი არიან – არ შეუძლიათ შეიტანონ შესწორებები სასწავლო პროგრამაში. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, რომ შესთავაზონ სკოლის ხელმძღვანელობას ალტერნატიული სასწავლო პროგრამა.
 
კოგნიტურ-გენერაციული დონე, ანუ მესამე დონე წარმოადგენს პედაგოგიური პროფესიონალიზმის უმაღლეს სტანდარტს. აღნიშნულ დონეზე სწავლება ხორციელდება სკოლის ყველაზე ამბიციური მიზნის მისაღწევად. ამიტომ კლასის აქტივობები ძალიან მაღალი ხარისხისაა და კონცენტრირებულია არა მარტო აკადემიურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე, არამედ სოციალური და მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და შეხედულებების ჩამოყალიბებაზეც. სასწავლო პროგრამის განხორციელება ფოკუსირებულია მოსწავლის ინდივიდუალურ ნიჭსა და ინტერესებზე, რაც ხელს უწყობს აზროვნების, კომუნიკაციისა და კვლევის უნარების განვითარებას. იდეასა და პრობლემაზე ორიენტირებული საკლასო აქტივობები იგეგმება და ხორციელდება მასწავლებლის მიერ, მოსწავლის ბუნების, მოთხოვნილებებისა და საზოგადოებრივი ღირებულებების გათვალისწინებით. სასწავლო პროგრამა ორგანიზებულია სხვადასხვანაირად და ყოველთვის შეესაბამება ასაკობრივ ჯგუფსა და ბავშვის განვითარების დონეს. პედაგოგი ჯერ აფასებს კლასის შესაძლებლობებს და შემდეგ ირჩევს სწავლების მეთოდს. შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ყურადღება ექცევა, თუ რამდენად შეესაბამება სწავლების შერჩეული მეთოდი მოსწავლეების განვითარების დონეს, ინტერესებსა და მისწრაფებებს, ასევე, თუ რამდენადაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა. როდესაც მასწავლებელი ხვდება, რომ ვერ აღწევს დასახულ მიზანს, მაშინ მას საკუთარ გამოცდილებაზე, თეორიულ ცოდნასა და სხვადასხვა კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ცვლილებები შეაქვს სწავლების მეთოდში. ამგვარად, პედაგოგს გააჩნია ისეთი მაღალი დონის კვალიფიკაცია, რომ შეუძლია დამოუკიდებლად აირჩიოს სასწავლო მასალა და მეთოდები.
ყველაფერი, რისი გაკეთებაც მიზანშეწონილია სკოლაში, ყოველთვის არ გამომდინარეობს სასწავლო პროგრამის გეგმიდან. ეისნერმა (1998) საკლასო ოთახში მიმდინარე მოვლენებს, რომლებსაც არ გააჩნიათ გამოხატული გეგმა ან მიზანი, ექსპრესიული მიზნები უწოდა. სიტყვა „მიზანი” ამ შემთხვევაში ცოტა დამაბნეველია, რადგან არ იგულისხმება წინასწარ დაგეგმილი მოვლენა. წარმოვიდგინოთ პედაგოგი, რომელიც კლასში ახორციელებს ახალ და დაუგეგმავ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია რაიმე გარემოებით. ცალკეული მოსწავლის ან კლასის გაუთვალისწინებელი სასწავლო მიმართულებით წაყვანა დამოკიდებულია მასწავლებლის ინტუიციაზე, აღებული გეზის შეცვლის აუცილებლობაზე, გაჩენილი პრობლემის გამოსწორების სურვილზე ან მოსწავლეებში ინტერესის გაღრმავების მიზანზე. ექსპრესიული მიზანი – ეს არის სწავლების პროცესში ახალი და ღირებული ელემენტების ჩართვა, რომლებიც წინასწარ არ იყო დაგეგმილი.
ექსპრესიული მიზნები მნიშვნელოვანია სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესში, რადგან სასკოლო პროგრამას ანიჭებს მნიშვნელოვან მოქნილობას და აგრეთვე ითვალისწინებს პედაგოგის პროფესიული გადაწყვეტილების მიღების უნარს. ამ გზით მასწავლებელს შეუძლია გაუმკლავდეს კლასში წარმოქმნილ მოულოდნელ სიტუაციებს. ექსპრესიული მიზნებით ასევე შესაძლებელია სასწავლო პროცესის ინდივიდუალიზება მოსწავლეების ინტერესებისა და მოთხოვნილების გათვალისწინებით.
კრეატიულ-გენერაციული პედაგოგიკა ეფუძნება ექსპრესიულ მიზნებს – ამ დროს ხდება კლასში არსებული პრობლემების შეფასება და ამ პრობლემების გადასაჭრელი მოქმედებების განხორციელება. 
მაგალითისთვის განვიხილოთ ისტორიის პედაგოგი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სწავლების როლური თამაშის მეთოდი გამოიყენოს. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებს დაევალათ სცენარის შექმნა, მასწავლებელმა აღმოაჩინა, რომ მათ ძალიან გაუჭირდათ დიალოგების შეთხზვა. ამ შემთხვევაში პედაგოგს შეუძლია აირჩიოს რამდენიმე მიმართულება: 

1.თავი დაანებოს აღნიშნულ დავალებას და გადავიდეს გეგმით გათვალისწინებულ სხვა საკითხზე; 

2.ყურადღება არ მიაქციოს იმ ფაქტს, რომ მოსწავლეებს უჭირთ დიალოგების დაწერა და მოითხოვოს აღნიშნული დავალების შესრულება;

3.გადავიდეს ექსპრესიულ მიზანზე, ანუ შეეცადოს წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრას სხვადასხვა მეთოდით, მაგალითად, სთხოვოს მშობლიური ენისა და ლიტერატურის პედაგოგს ერთკვირიანი თანამშრომლობა მოსწავლეებში წერის პრობლემის გადასაჭრელად.

ამ შემთხვევაში დიალოგის დაწერა არ წარმოადგენს ისტორიის საგნის მთავარ მიზანს, მაგრამ მასწავლებელს აქვს საშუალება, გამოასწოროს შექმნილი მდგომარეობა. ექსპრესიული მიზნების წარმოშობა საშუალებას აძლევს პედაგოგს, გაუმკლავდეს წარმოქმნილ სირთულეებს. სწავლების პროცესი მიმართულია კონკრეტული მიზნისკენ, მაგრამ იგი თვითონაც განაპირობებს ახალი მიზნების წარმოშობას. სასწავლო პროცესში წარმოქმნილი ექსპრესიული მიზნები ყოველთვის გამომდინარეობს მოსწავლის ინტერესებიდან და აძლევს მას მნიშვნელოვან საგანმანათლებლო შედეგს. აღსანიშნავია, რომ ექსპრესიული მიზნების წარმოშობა არ ანიჭებს პედაგოგს სრულ თავისუფლებას. მას არ აქვს უფლება, რადიკალურად გადაუხვიოს გეგმიდან. არ შეიძლება სასწავლო პროგრამის ნორმატიული განრიგის უარყოფა, თუნდაც ეს გამოწვეული იყოს მოულოდნელად შექმნილი სიტუაციით.
სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, თუ რამდენად მანიფესტირებადია პროგრამა და რამდენად შეესაბამება იგი დასახულ   მიზანს. ამიტომ სასწავლო პროგრამა უნდა მოიცავდეს ზუსტად განსაზღვრულ მასალასა და ქმედებებს, რომლებიც შეესაბამება საზოგადოებრივ ღირებულებებსა და მოთხოვნებს.
ნებისმიერი სასწავლო პროგრამის განხორციელება დაკავშირებულია ლატენტურ და შეუცნობელ პროცესებთან, რომლებიც ბავშვებს ასწავლის მნიშვნელოვან საკითხებს. მაგალითად, როდესაც მოსწავლეებს ვასწავლით გამრავლების ტაბულას, შეიძლება შევაყვაროთ ან შევაძულოთ მათემატიკა და სწავლის პროცესი, ასევე, შეიძლება  განვუვითაროთ ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა.
სასწავლო პროგრამის შემქმნელები მრავალი წლის განმავლობაში მოხიბლულნი იყვნენ ლატენტური სასწავლო პროგრამის ცნებით. იგი აფართოებს სასწავლო პროცესის მნიშვნელობას, რადგან სცდება მისი მიზნების, შინაარსის, თანმიმდევრობისა და შეფასების სისტემის ტრადიციულ ფარგლებს. განათლების სისტემაში არსებული ადრეული პროგრესული მიმდინარეობა მიმართული იყო სასკოლო პროგრამების გაფართოებისკენ (სხვადასხვა უნარ-ჩვევების, დამოკიდებულებების, მისწრაფებების განვითარებისკენ). ამიტომ ლატენტური სასწავლო პროგრამა გახდა სასწავლო პროგრამების პროგრესულად მოაზროვნე შემქმნელების ძირითადი ორიენტირი.
ამასთანავე, წარმოიშვა შეკითხვები სასწავლო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით. მაგალითად, რა გავლენა აქვს სკოლას მოსწავლის განწყობასა და ცოდნის შეძენის სურვილზე? რას აკეთებს სკოლა იმისათვის, რომ ბავშვებს ჩამოუყალიბოს საკუთარი თავის პატივისცემა, გავლენა მოახდინოს დასვენების ჯანსაღ წესზე, მიმართოს მათი ქმედებები საზოგადოებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ? ჯონ დიუი ლატენტურ სასწავლო პროგრამას უწოდებდა კოლატერალურ სწავლებას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მას. იგი წერდა: „როცა აღიარებენ, რომ მოსწავლე სწავლობს მხოლოდ გარკვეულ საგანებს სკოლაში, ეს ალბათ ყველაზე დიდი პედაგოგიური შეცდომაა”. კოლატერალური სწავლება – ეს არის შეხედულებების, დამოკიდებულებების, მიდრეკილებებისა და გემოვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთი ლატენტური სასწავლო პროგრამა, რომელიც მეტწილად დამოკიდებულია მასწავლებლის პედაგოგიურ მონაცემებზე.

დასკვნა
რა განაპირობებს სასწავლო პროცესის წარმატებას? ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს.  რაც უნდა სრულყოფილი და დახვეწილი იყოს სასწავლო პროგრამის შინაარსი, მის პრაქტიკულ განხორციელებას განაპირობებს სწავლების მეთოდი და პედაგოგიკა. მარტივად რომ ვთქვათ, პედაგოგიკა – ეს არის ურთიერთობა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის, რასაც სასწავლო პროგრამა მოჰყავს მოქმედებაში.
მასწავლებლის კვალიფიკაცია მდგომარეობს მის უნარში, სხვადასხვა კუთხით შეაფასოს კლასისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და ამის საფუძველზე წარმართოს სასწავლო პროცესი. ექსპრესიული მიზნების გაჩენა დამოკიდებულია პედაგოგის გონივრულ გადაწყვეტილებაზე, სწავლების პროცესში ჩართოს დაუგეგმავი ეფექტური მოქმედებები, რომლებიც მოსწავლეების ინტერესებიდან გამომდინარეობს და ემსახურება საგანმანათლებლო  მიზანს.
რადგან სასწავლო პროგრამა უფრო მეტია, ვიდრე დაწერილი ინსტრუქციები, მისი განხორციელება დამოკიდებულია პედაგოგის დამოუკიდებელ გონივრულ გადაწყვეტილებებზე. ასეთი მასწავლებლები მოქმედებენ სასწავლო პროგრამის განხორციელების კრეატიულ-გენერაციულ დონეზე. მათ შესწევთ უნარი, შეაფასონ და გაითვალისწინონ კლასში არსებული პრობლემები და ვითარებები და ამის მიხედვით მიიღონ გადაწყვეტილებები. მათ ასევე კარგად ესმით ლატენტური სასწავლო პროგრამის მნიშვნელობა, რომელიც თან ახლავს სასწავლო პროცესს და შეუცნობლად ახდენს გავლენას მოსწავლის დამოკიდებულებაზე სხვადასხვა საკითხის მიმართ.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Eisner, E. (1998). The educational imagination. New York: Macmillan Co.
2.Tanner, D. & Tanner, L. (1995). Curriculum development. New York: Macmillan Co.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...