კონფუცი და მისი მოძღვრება
მარადიული თემა
მშვენიერი საღამო გვქონდა გუშინ – დიდი, დიდი ხნის უნახავი კლასელები შევხვდით ერთმანეთს ჩვენთან, ჩემი და ზაზას მყუდრო სახლში პატარა, მეგობრული და მონატრებული ვახშამი გავმართეთ.
შემოდგომის წვიმიან საღამოს ძალიან მოუხდა აირღუმელიდან გამომავალი კომშის სურნელი, ქლიავსა და კომშთან ერთად შემწვარი კარტოფილიც გემრიელი იყო, სულგუნიანი ყაბაყის ნავებიც, ქლიავის ნამცხვარიც და შოკოლადის კექსიც. ვისხედით და სკოლას, ბავშვობას, ერთმანეთის გარეშე გატარებულ წლებს ვიხსენებდით. ჩვენს ასრულებულ თუ დავიწყებულ ოცნებებზე, შეცვლილ პროფესიებზე, სამსახურზე, შეყვარებულებზე, ქმრებზე, შვილებზე, წიგნებზე და მუსიკაზე ვლაპარაკობდით. მაგრამ ეს თავიდან, მერე, თავადაც ვერ მივხვდით, როგორ, საუბარმა ერთი მიმართულება მიიღო და ჩვენ, ყველანი სკოლაში დავბრუნდით…
– გახსოვს, იმ მასწავლებელს როგორი მწარე ხელი ჰქონდა? გახსოვს, დასვენებაზე მაგრად რომ ვიჩხუბეთ და ლამის ყურები ავახიეთ ერთმანეთს? გახსოვს, ჩვენი კორპუსის უკან რომ ვურტყით ერთმანეთს? გახსოვს, ის რომ მაგრად დაგცინოდა? გახსოვს, იმას რომ ძალიან დასცინოდი? გახსოვს, რაღაც უცნაური სახელი რომ შეგარქვეს და ძალიან გწყინდა? გახსოვს, ერთხელ რომ წაიქეცი და სიცილი დაგაყარეს? ის ჩვენი კლასელი გახსოვს, თმის უცნაური ფერის გამო რომ დასცინოდნენ? ის თუ გახსოვს, ერთი მასწავლებელი უცნაურ მეტსახელებს რომ გვეძახდა? ის გოგო არ გახსოვს, ფერადი და უცნაური სამოსი რომ ეცვა და ბიჭები დასცინოდნენ? გახსოვს, ნიუტონას რომ გეძახდნენ? გაკვეთილზე ხელის აწევის რომ გეშინოდა? გახსოვს? გახსოვს? გახსოვს?
რამდენი მეტსახელი გავიხსენეთ, რამდენი დამცინავი თუ შეურაცხმყოფელი მიმართვა.
ისიც მახსოვს, ვიღაცას თმის ფერის გამო რომ დასცინოდნენ, ვიღაცას მათემატიკის სიყვარულის, ვიღაცას მეტყველების დეფექტის ან სულაც იმის გამო, რომ ლექსებს სხვების მსგავსად ვერ იზეპირებდა…
17 წელია სკოლა დავამთავრე და მალე თორმეტი წელი გავა მას მერე, რაც ჩემი პირველი გაკვეთილი ჩავატარე. ყოველ სკოლაში, სადაც მიმუშავია, ყველა კლასში, რომელშიც შევსულვარ, პირველი და ყველაზე მტკივნეული იმის აღმოჩენა იყო, რომ აქაც ჩაგრავენ, აქაც დასცინიან და აქაც აუცილებელია ამ მიმართულებით მუშაობა.
რასაკვირველია, ყველა სკოლა, კლასი, შემთხვევა, მასწავლებელი, ბავშვი განსხვავებულია და ალბათ, ძნელია ისეთი გამოსავალი იპოვო, რომელიც ყველას მოერგება, მაგრამ მაინც, მინდა გაგიზიაროთ ჩემი, როგორც ერთ-ერთი კონკრეტული მასწავლებლის გამოცდილება, აქტივობათა თანამიმდევრობა ბულინგთან ბრძოლის რთულ პროცესში.
მოკლედ, როგორ ვიქცევი მე, როდესაც საკლასო ბულინგის შემთხვევას ვაწყდები:
1.სულ თავიდან, აუცილებლად ვადგენ ჩემი მოქმედების გეგმას;
2.პირველ რიგში, ისე რომ მოსწავლეების ყურადღება არ მივიპყრო, ვცდილობ მაქსიმალურად მეტი გავარკვიო ძალადობის კონკრეტული შემთხვევის შესახებ, გავიგო მოძალადისა და მსხვერპლის, ძალადობის მიზეზის, მასში მონაწილე მოსწავლეების რაოდენობის შესახებ. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეუმჩნევლად იმოქმედოთ, რომ არ დააფრთხოთ მოსწავლეები თქვენი აქტივობით და დანაშაულის დაფარვისკენ არ უბიძგოთ, მათ შეიძლება დროებით შეწყვიტონ მოქმედება, შეცვალონ მოქმედების ადგილი ანდა განსაკუთრებით სასტიკად დააშინონ მსხვერპლი;
3.როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში მონაწილე ბავშვების ვინაობას ვიგებ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ვიწყებ მუშაობას მათთან სხვადასხვა საშუალებით:
ა. ინდივიდუალური საუბარი – მოძალადესა და მსხვერპლთან, სასურველი, მეტიც, აუცილებელია სკოლის ფსიქოლოგის ჩართვა პროცესში;
ბ. საუბარი კლასში, საგაკვეთილო პროცესში ძალადობის შესახებ მასალის ჩართვა;
დ. ფილმებისა და წიგნების შერჩევა არასაკლასო მუშაობისთვის;
4.მუშაობა მსხვერპლთან – ვმუშაობ მისი თვითშეფასების ამაღლებაზე, თავდაჯერებაზე, ვუფიქრებ ისეთ როლსა და აქტივობას, რომელიც განსაკუთრებით გაზრდის კლასში მის მიმართ პატივისცემას;
5.ვგეგმავ ექსკურსიებს, კინოსა თუ თეატრში, ან უბრალოდ პარკსა თუ კაფეში კლასის ერთად გასვლას. ვქმნი მაქსიმალურად ბუნებრივ, საინტერესო სიტუაციას, რომლის დროსაც უკეთ ვაკვირდები მოსწავლეების ქცევას.
6.მუშაობა მოძალადესთან – დიახ, არ დაგავიწყდეთ, რომ შესაძლოა, მასაც სჭირდება დახმარება, ხშირად მოძალადე თავადაც მსხვერპლია, მას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოექცეთ;
ჯენეტი ქვარცხავა – მასწავლებლად ყოფნის სიყვარული
ამირანიანი- სასწავლო პროექტის შექმნისთვის
შრომის გაკვეთილების ნოსტალგია
შხამი წვეთობით…
უმრავლესობის ქვეყანა
შარშან გაზაფხულზე, ბევრის აზრით, უცნაური გადაწყვეტილება მივიღე _ ხორცზე უარი ვთქვი. დიდად არასოდეს მიყვარდა. პერიოდულად მანამდეც დამინებებია თავი ხორცის ჭამისთვის _ ორი-სამი თვით, ბოლოს კი გადავწყვიტე, რომ რაც უსიამოვნო შეგრძნებას გიტოვებს, ჯობია, არ მიირთვა. ექიმებთან კონსულტაციები გავიარე და მეგობრებს და ახლობლებს გამოვუცხადე, რომ ახალ გასტრონომიულ ეტაპზე გადავედი. სოციალურ ქსელში ხმაური არ ამიტეხავს, არც არავის ველაპარაკები უხორცოდ ცხოვრების სიკეთეებზე, რადგან კვების საკითხები ჩემთვის უაღრესად ინტიმური და ინდივიდუალურია და გარშემომყოფთათვის დისკომფორტის შექმნას მაქსიმალურად ვერიდები. მიზეზებზე და შედეგებზე საუბარს არც ახლა ვაპირებ. საერთოდაც, პირველად ვწერ ჩემი არცთუ ისე ახალი გადაწყვეტილების შესახებ. ვწერ კონკრეტული მიზეზის გამო.
დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ სასტუმროს რესტორანში შესულმა აღმოვაჩინე, რომ ყველა ძირითადი კერძი, წვნიანის ჩათვლით, ხორცით იყო დამზადებული. ხმაური არ ამიტეხავს, არც მიჩხუბია. მენეჯერთან მივედი და წყნარად ვუთხარი, რომ მენიუს შედგენისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მათი ინტერესები, ვინც ხორცს არ ჭამს. პასუხმა, რომელიც მივიღე, მსოფლიო ვერა, მაგრამ მე ნამდვილად გამაოგნა: „თქვენ რომ ხორცს არ ჭამთ, ჩვენი ბრალი არ არის!”
რა თქმა უნდა, პრობლემას არ წარმოადგენს, ადამიანმა, რომელიმე საღამოს, მშიერმა დაიძინო, ან ხილზე გადაიარო. რა თქმა უნდა, კარგად მომეხსენება, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სრულფასოვნად ვერ იკვებება და ამ ფონზე, ჩემი უკმაყოფილება, თუკი მას ერთი კონკრეტული მომხმარებლის პრეტენზიად განვიხილავთ, სასაცილოდ ჩანს, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელი სხვაა. ის არ ეხება ერთ კონკრეტულ ვახშამს, ჩემს პირად უკმაყოფილებას, ან რომელიმე სასტუმროს არადამაკმაყოფილებელ სერვისს. საქმე ჩვენს დამოკიდებულებებშია, ჩვენს მიდგომებში, ჩვენი გონების მოწყობაში.
ჩვენ ვცხოვრობთ უმრავლესობის ქვეყანაში, რომელიც გზიდან გადახვევას არ გპატიობს, რომელიც არ გპატიობს, თუ ხინკლის წვენს სოკოს სუპი გირჩევნია, რომელიც თავზე გადგას და დაგყვირის, რომ უნდა იკვებო ისე, როგორც სხვები იკვებებიან, ძალით გიდებს თეფზე არასასურველ კერძს, ძალით გაცხოვრებს ისე, როგორც თავად მიაჩნია სწორად. ასე ხდება მაშინაც, როცა საკუთარი გადაწყვეტილებებით არავის აწუხებ, მაშინაც, როცა უბრალოდ, შენთვის, მშვიდად ყოფნას ცდილობ და მაშინაც, როცა ძალიან გინდა, პირადი სივრცე არავინ დაგირღვიოს.
რაც საზოგადოდ მიღებულია _ ყველასთვის სავალდებულოა. ასე სჯერათ ჩვენთან და ეს დაჯერებულობა გენეტიკურად გადაეცემა თაობიდან თაობას, ყოველი შემდეგი თაობა კი მას ფართოდ ავრცელებს ყველაფერზე, იქნება ეს რელიგია, პოლიტიკა, სექსუალური ორიენტაცია, წეს-ჩვეულებები და როგორც ირკვევა, კვების რაციონიც კი. ადამიანებს, რომლებიც თავს უმრავლესობას ეძახიან, რატომღაც არასოდეს ერიდებათ, მოგიბრუნდნენ და გითხრან, რომ შენი განსხვავებულობა, შენი არჩევანი, მათი ბრალი არ არის.
დიახ, ჩემი არჩევანი მარტო ჩემია და მის განაწილებას არავისთან ვაპირებ, მაგრამ მე, ჩემი არჩევანითურთ, ამ საზოგადოების ნაწილი ვარ, როგორც ბევრი, ვინც აირჩია განსხვავებული ცხოვრება, განსხვავებულად კვება, განსხვავებულად ლოცვა, განსხვავებულად სიყვარული, ვინც დინების საწინააღმდეგოდ მოკლე მანძილზე მაინც გაცურა, ვინც არჩევნებზე მივიდა და ყველა პოლიტიკური პარტია გადახაზა, და ასე შემდეგ, დაუსრულებლად.
მინდოდა, ამ პოსტით შემეხსენებინა ბევრისთვის (რადგან საკუთარ თავსაც პერიოდულად ვახსენებ, რათა შეცდომებისგან დაზღვეული ვიყო), რომ კონსტიტუცია და ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ისევე, როგორც მზე, ყველას თანაბრად გვწვდება (გნებავთ, მოგვეფინება). სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი და არა მწვადი, ან რომელიმე სხვა კერძი. მინდოდა, მეთქვა, რომ დედამიწა ბრუნვას მაშინ შეწყვეტს და დანარჩენი პლანეტებიც მაშინ შეგვაქცევენ ზურგს, როცა ყველანი ერთნაირად ვიფიქრებთ, ერთნაირად მოვიქცევით და თუნდაც, გამოვიკვებებით.
ალბათ გაინტერესებთ, როგორ დასრულდა ჩემი თავგადასავალი ზემოთხსენებულ ცნობილ სასტუმროში. არც ისე კარგად, ანუ კუჭის სამდღიანი ტკივილით და საშინელი გადაღლით, რადგან კვების რაციონის ამბებს სხვა უსიამოვნო თავგადასავალიც დაემატა. თუმცა ქართული მომსახურების ამ და სხვა „სიკეთეების” შესახებ სხვა დროს დავწერ, მთავარ თემას რომ არ მოგწყვიტოთ.
ადამიანის უფლებების სწავლება ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით
მოძალადე და მსხვერპლი სკოლაში შესასწავლი რამდენიმე ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით
Лапша, я поскользнулся…
პირველი სიტყვები რუსულად, რაც გავიგე და დავიმახსოვრე, სერჯო ლეონეს სახელგანთქმული ფილმიდან იყო, რომელსაც მაშინ ყველა „ადნაჟდი ვ ამერიკე”-ს ეძახდა. მაშინ არც მიცდია, უფრო ზუსტად, არც გამიბედავს ვინმესთვის მეკითხა, რას ნიშნავდა, ქართულად როგორ ითარგმნებოდა ეს ფრაზა – ყველა ისე მოხიბლული და აღტაცებული, აცრემლებული იყო გარშემო, მომეჩვენა, რომ მათთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა შეკითხვის დასმა. და ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ თავმოყვარეობა მქონდა: სადმე ოდესმე უსათუოდ გავარკვევდი.
ეს „ოდესმე” ერთხელაც დადგა და ის დროც მოვიდა, როცა „ერთხელ ამერიკაში”-ს ქართული გახმოვანებით ვუყურე. ერთი ნაცნობი მეუბნებოდა, ქართულად გახმოვანებულ „ხიტებს” რომ ვუყურებ, მგონია, დასცინეს და გააბანძესო, კაცი კაცს არ ჰგავს, ქალი – ქალს, სიტყვა სიტყვას არ ემთხვევაო. მოგვიანებით ეს ბრალდება ქართულად თარგმნილი წიგნების შესახებაც მომისმენია, და ასე მგონია, ამ შეხედულებებს შუალედური ენის გამოცდილება კვებავს. თუმცა რაღა შუალედურის – გასული საუკუნის 70-იანების ბოლოს სულ ცოტა დააკლდა და კონსტიტუციით გამყარებული, დომინანტი, უპირატესი ენა იქნებოდა.
ხშირად ყოფილა, ტექსტზე მუშაობის დროს, ზოგიერთი ავტორისთვის მითხოვია, რუსულად ციტირებული ბოდლერის, სარტრის, ჰემინგუეის, აკუტაგავას და სხვათა ფრაზები როგორმე ქართულად ეთარგმნათ. „ეფექტი დაიკარგება”, – მათი არგუმენტები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს, – „განა თარგმნა მიჭირს, უბრალოდ ის სიმძაფრე, მოქნილობა, დატვირთვა არ ექნება”. „რატომ?” – მიკვირდა ხოლმე, და სულ ვფიქრობდი, კონკრეტული ავტორი ქართულ ენაში ვერ ხედავდა იმის შესაძლებლობას თუ საკუთარ თავში ვერ პოულობდა ძალას, რიგიანად ეთარგმნა ის (თუნდაც გენიალური) ფრაზა.
მერე დავრწმუნდი, რომ საჭიროდაც არ მიაჩნდა. „რად გვინდა იმის განმარტება, რაც ისედაც ყველას ესმის?” – მეტყოდნენ გაკვირვებულები. და მაშინ იძულებული ვიყავი ბავშვობიდან მყარად გამჯდარ თავმოყვარეობაზე ხელი ამეღო: „მე არ მესმის”.
ამ შემთხვევაში კინოთეატრების მესვეურთა დადანაშაულება, რბილად რომ თქვა, პრობლემის მხოლოდ ცალმხრივად შეფასება იქნებოდა. საქმეში ჩახედული ადამიანები სხვა უამრავ მიზეზთან ერთად, რამდენიმეს ფაქტორს ხაზგასმულად ასახელებენ:
1) მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა, რაც შეზღუდავს კინოთეატრებში რუსულად გახმოვანებული/დუბლირებული ფილმების ჩვენებას, 2) საგანმანათლებლო დაწესებულებების, კინოსტუდიების, ამ თემით დაინტერესებული საჯარო და კერძო ორგანიზაციებისათვის ხელის შეწყობა სფეროს გასავითარებლად (ფილმის დუბლირებას, პროფესიონალი მსახიობების გარდა, მინიმუმ კარგი მთარგმნელი და დუბლირების რეჟისორი სჭირდება), 3) ქართულად დუბლირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი იქნება კინოთეატრებს შორის კონკურენციის გასაძლიერებლად (ვფიქრობ, უშუალო მფლობელისაგან შეძენილ, ორიგინალიდან ნათარგმნ და დუბლირებულ ფილმებს/მულტფილმებს მეტი მაყურებელიც ეყოლება და სერიოზულ როლსაც შეასრულებს ქართული ენის განვითარებაში).
ასე თუ არ მოხდა… ასე უნდა მოხდეს! ისიც ცხადია, რომ უფრო და უფრო მომძლავრდება ნაკითხი თუ გაუნათლებელი ნიჰილისტების ნიაღვარი, რომელიც ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნებისა და ფილმების გამასხრებაში გაეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგრამ ეს ქართულ ენას – ჩვენი სახელმწიფოსა და იდენტობის ყველაზე ძლიერ საყრდენს – კიდევ უფრო გააძლიერებს.