სამშაბათი, აგვისტო 5, 2025
5 აგვისტო, სამშაბათი, 2025

მოდელების გამოყენება სასწავლო პროცესში

0

ადამიანი თავის სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ და მხატვრულ საქმიანობაში მუდმივად ქმნის და იყენებს გარემომცველი სამყაროს მოდელებს. მოდელები საშუალებას გვაძლევს, თვალსაჩინოდ წარმოვიდგინოთ ობიექტების ფორმები და პროცესები, განსაკუთრებით კი ისინი, რომელთა უშუალოდ დანახვა და წარმოდგენა შეუძლებელია (ძალიან დიდი ან ძალიან პატარა ობიექტები, ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა მიმდინარე პროცესები და სხვ.). მოდელირების ობიექტი შეიძლება იყოს საგანი, მოვლენა და პროცესი.

678

მოდელები როგორც თვალსაჩინოება ხშირად გამოიყენება სასწავლო პროცესში. მაგალითად, გეოგრაფიის სასწავლო კურსში პირველი წარმოდგენები ჩვენი პლანეტის შესახებ სწორედ მისი მოდელის – გლობუსის დახმარებით ფორმირდება. ფიზიკაში – ძრავის მუშაობის, ქიმიაში – ნივთიერების აგებულების, ბიოლოგიაში – ადამიანის აგებულების შესწავლაში ასევე მათი მოდელები გვეხმარება.

მოდელები უდიდეს როლს ასრულებს ტექნიკური მოწყობილობების, მანქანებისა და მექანიზმების, შენობების, ელექტრული წრედების და სხვათა პროექტირებასა და შექმნაში. ნახაზის წინასწარი შედგენის გარეშე არათუ რთული მექანიზმის, არამედ სულ პატარა დეტალის დამზადებაც კი წარმოუდგენელია. მეცნიერების განვითარება შეუძლებელია თეორიული მოდელების გარეშე (თეორია, კანონი, ჰიპოთეზა და სხვ.), რომლებიც ასახავს რეალური ობიექტების აგებულებას, თვისებებსა და ქცევას.

მოდელირება შემეცნების მეთოდია. იგი მოდელების შექმნასა და კვლევას მოიცავს. მოდელი – ეს არის ახალი ობიექტი, რომელიც ასახავს შესასწავლი ობიექტების, მოვლენებისა და პროცესების არსებით თავისებურებებს. ერთსა და იმავე ობიექტს შეიძლება ჰქონდეს მრავალი მოდელი, ხოლო სხვადასხვა ობიექტი შეიძლება ერთი და იმავე მოდელით იყოს წარმოდგენილი. მაგალითად, მექანიკაში სხვადასხვა მატერიალური სხეული (პლანეტით დაწყებული, ქვიშის მარცვლით დამთავრებული) შეიძლება განხილულ იქნეს როგორც მატერიალური წერტილი, ანუ ისინი სხვადასხვა ობიექტია, მაგრამ მათ ერთი მოდელი აქვთ.

მოდელები შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დავყოთ: საგნობრივ (მატერიალურ) მოდელებად და ინფორმაციულ მოდელებად. საგნობრივი (მატერიალური) მოდელები აღწერს ობიექტების გეომეტრიულ, ფიზიკურ და სხვა თვისებებს მატერიალური სახით (გლობუსი, ანატომიური მულაჟები, კრისტალური მესერების მოდელები, შენობა-ნაგებობების მაკეტები და სხვ.), ინფორმაციული მოდელები კი ობიექტებსა და პროცესებს წარმოსახვით ან ნიშნური ფორმით წარმოადგენს. საგნობრივი მოდელები (ნახატები, ფოტოსურათები და სხვ.), თავის მხრივ, ობიექტების მხედველობით გამოსახულებას ქმნის, რომელიც ინფორმაციის მატარებელ რომელიმე საშუალებაზეა (ქაღალდზე, ფოტო- ან კინოფირზე და სხვ.) აღბეჭდილი.

679

გეოგრაფიის სწავლების დამხმარე მოდელები

გამომსახველობითი ინფორმაციული მოდელებიც ფართოდ გამოიყენება როგორც სწავლების პროცესში (სხვადსხვა საგნის სასწავლო პლაკატები), ასევე მეცნიერებაშიც, სადაც საჭიროა ობიექტების კლასიფიცირება მათი გარეგანი ნიშნების მიხედვით (მაგალითად ბოტანიკაში, ბიოლოგიაში, პალეონტოლოგიაში, ასტრონომიაში და სხვ.).

ნიშნური მოდელები სხვადასხვა ენის (ნიშანთა სისტემის) გამოყენებით იქმნება. ნიშნური საინფორმაციო მოდელი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ტექსტის (მაგალითად, პროგრამები დაპროგრამების ენაზე), ფორმულის (მაგალითად, ნიუტონის მეორე კანონი – F=ma), ცხრილების (მაგალითად, დ. მენდელეევის ელემენტთა პერიოდულობის ცხრილი) და სხვა ფორმით. ზოგჯერ ნიშნური ინფორმაციული მოდელების შექმნის პროცესში რამდენიმე ენას (ნიშანთა სისტემას) ერთდროულად იყენებენ. ასეთი მოდელების მაგალითებია გეოგრაფიული რუკები, გრაფიკები, დიაგრამები. ყველა ამ მოდელში ერთდროულად გამოყენებულია როგორც გრაფიკული ელემენტების, ისე სიმბოლოების ენაც.

კაცობრიობა თავისი არსებობის განმავლობაში ინფორმაციული მოდელების შესაქმნელად სხვადასხვა ხერხსა და ინსტრუმენტს იყენებდა. მაგალითად, თუ პირველი ინფორმაციული მოდელები კლდეებზე ნახატების სახით შეიქმნა, ამჟამად ისინი უკვე თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით იგება და შეისწავლება.

ფორმალური ენების გამოყენებით ინფორმაციული მოდელების აგების პროცესს ფორმალიზაცია ჰქვია. ბუნებრივ ენებს აღწერილობითი ინფორმაციული მოდელების შესაქმნელად იყენებენ. მეცნიერების ისტორიაში ცნობილია მრავალრიცხოვანი აღწერილობითი ინფორმაციული მოდელი. მაგალითად, მსოფლიოს ჰელიოცენტრული სისტემა, რომელიც ნ. კოპერნიკმა შეიმუშავა და ასე ფორმულირდება: სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა; დედამიწა ბრუნავს თავისი ღერძისა და მზის გარშემო; ყველა პლანეტის ორბიტა გადის მზის გარშემო.
670

ჰელიოცენტრული სისტემის მიხედვით, დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, მზის გარშემო ბრუნავს.

ფორმალური ენების გამოყენებით იქმნება ფორმალური ინფორმაციული (მათემატიკური, ლოგიკური და სხვ.) მოდელები. ფორმალური ენები ყველაზე ფართოდ გავრცელებული და გამოყენებადია მათემატიკაში. მათემატიკური ცნებებისა და ფორმულების გამოყენებით შექმნილ მოდელებს მათემატიკური მოდელები ეწოდება. მათემატიკის ენა ფორამალურ ენათა ერთობლიობას წარმოადგენს. ფორმალური მოდლების კვლევის პროცესში ხშირად ხდება მათი ვიზუალიზაცია. ალგორითმების ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება ბლოკსქემები: სივრცობრივი მიმართებები ობიექტებს შორის – ნახაზები, ელექტრული წრედების მოდელები, ელექტრული სქემები, მოწყობილობათა ლოგიკური მოდელები – ლოგიკური სქემები და ა.შ.

ანიმაციის გამოყენებით ფორმალური ფიზიკური მოდელების ვიზუალიზაციისას შესაძლებელია პროცესის დინამიკის ჩვენება, ფიზიკური სიდიდეების ცვლილებების გრაფიკების აგება და ა.შ. ვიზუალური მოდელები, როგორც წესი, ინტერაქტიულია, ანუ მკვლევარს შეუძლია, პროცესების მიმდინარეობისას ცვალოს საწყისი პირობები და პარამეტრები და დააკვირდეს მოდელების ქცევაში მომხდარ ცვლილებებს.

სხვადასხვა ობიექტისა და სისტემის ინფორმაციული მოდელების კვლევისას კომპიუტერის გამოყენება შესაძლებლობას გვაძლევს, შევისწავლოთ მათი ცვლილება ამა თუ იმ პარამეტრის მნიშვნელობიდან გამომდინარე. კომპიუტერული მოდელირება რთული სისტემების შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. ხშირად კომპიუტერული მოდელების გამოყენება შედარებით ადვილი და უფრო ხელსაყრელია, რადგან მათი საშუალებით შეიძლება ვაწარმოოთ გამოთვლითი ექსპერიმენტები, მაშინ როცა მათი რეალური სურათი რთულია და შესაძლოა არაპროგნოზირებად შედეგამდე მიგვიყვანოს.

კომპიუტერული (ინგლ. computer model) ანუ რიცხვითი მოდელი (ინგლ. computational model) კომპიუტერული პროგრამაა, რომელიც რაიმე სისტემის აბსტრაქტული მოდელის რეალიზაციას ახდენს. კომპიუტერული მოდელები გამოიყენება კვლევის ობიექტის შესახებ ახალი ინფორმაციის მისაღებად ან სისტემის ქცევის ხასიათის შესასწავლად და მოსალოდნელი შედეგების განჭვრეტისთვის.

კომპიუტერზე მოდელების შემუშავების პროცესი და მათი კვლევა რამდენიმე ეტაპიაგან შედგება:

  1. ამოცანის დასმა – მოდელირების ობიექტის განსაზღვრა; აღწერილობითი ინფორმაციული მოდელის აგება (არსებითი პარამეტრების გამოყოფა);
  2. ფორმალიზაცია, ანუ მათემატიკურ მოდელებზე გადასვლა (ფორმალიზებული მოდელის შექმნა და ფორმულის დაწერა) და კომპიუტერული მოდელის შექმნა (ალგორითმის შექმნა და პროგრამის დაწერა);
  3. კომპიუტერული ექსპერიმენტის დაგეგმვა და ჩატარება;
  4. მიღებული შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და საკვლევი მოდელის კორექტირება.

ზოგიერთი შესაბამისობა ინფორმაციული მოდელების სხვადასხვა სახესა და იმ პროგრამულ საშუალებებს შორის, რომლებიც მათ რეალიზაციას ახდენს

მოდელები პროგრამული საშუალებები
ტექსტები ტექსტური რედაქტორი
ნახატები გრაფიკული რედაქტორი
ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები ელექტრონული ცხრილები
ალგორითმები (ალგორითმი ამოცანის ამოხსნის დინამიკური მოდელია) პროგრამირების საპროცედურო ენები (ბეისკი, პასკალი და სხვ.)

კომპიუტერული მოდელირება ფართოდ გამოიყენება ისეთი ამოცანების გადაჭრისას, როგორიცაა: ატმოსფეროში დამაბინძურებელი ნივთიერებების გავრცელების ანალიზი; ხმაურის ბარიერების პროექტირება ხმაურის დაბინძურების წინააღმდეგ; სატრანსპორტო ქსელების კონსტრუირება და მოდელირება; ამინდის პროგნოზირება; საფინანსო ბაზრებზე ფასების პროგნოზირება; შენობა-ნაგებობების, კონსტრუქციებისა და დატალების ქცევის ხასიათის შესწავლა მექანიკური დატვირთვების დროს; კონსტრუქციებისა და მექანიზმების მდგრადობის პროგნოზირება სტიქიური მოვლენების დროს; ორგანიზაციების სტრატეგიული კვლევა; ქალაქის განვითარების სცენარების ვარიანტების მოდელირება; წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების პროგნოზირება და დატბორვის ზონების განსაზღვრა.

კომპიუტერული მოდელების საშუალებით გეოგრაფიაში მრავალი საკითხის შესწავლა შეიძლება. მაგალითად, დედამიწის კლიმატური სარტყლებისა. უპირველესად უნდა განიზაღვროს ის ძირითადი ამოცანები, რომელთა ამოხსნაც მოდელების გამოყენებით უნდა მოხდეს. ეს საკითხებია: მოდელის გამოყენებით დედამიწის კლიმატური სარტყლების გავრცელება იმ შემთხვევაში, როცა დედამიწის ზედაპირი ერთგვაროვანია; დედამიწის რეალური ზედაპირის აგება (კონტინენტებითა და ოკეანეებით) და კლიმატური სარტყლებისა და ჰავის ოლქების აღწერა; წარმოსახვითი მოგზაურობა სამხრეთ ტროპიკის გასწვრივ და იმ ქვეყნების კლიმატის აღწერა, რომლებსაც ეს ტროპიკი კვეთს; მსგავსება-განსხვავების დადგენა სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და ავსტრალიის კლიმატურ სარტყლებს შორის; ზომიერი და ტროპიკული სარტყლების უდაბნოების კლიმატის თავისებურებათა დადგენა; პოლუსებიდან ეკვატორისკენ ბუნებრივი კომპლექსების ცვლილებათა მიზეზის დადგენა.

არსებობს სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება, მათი შესწავლა და პროგნოზირებაც კი. მაგალითად, დედამიწის კლიმატური სარტყლებისა, ლანდშაფტებისა და ა.შ. ჩამოთვლილი საკითხებისა და თემების შესასწავლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს კომპიუტერული პროგრამა: “ტემპერატურისა და ტენიანობის გავლენა დედამიწის ლანდშაფტების ფორმირებაზე”. ამ პროგრამით მუშაობისას შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორ იცვლება საკვლევი ტერიტორიის ლანდშაფტი გარკვეულ პირობებში. მოსწავლე თავად განსაზღვრავს კონკრეტულ პირობებსა და მათთან დაკავშირებულ კანონზომიერებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის ლანდშაფტების ფორმირებაზე.

601

602

სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით, მაგალითად, კონტინენტ ავსტრალიის შესწავლისას მოსწავლეები ხედავენ რეალურად რომელი ლანდშაფტებია ავსტარლიაში გავრცელებული, ხოლო ამავე პროგრამაში შესაბამისი პარამეტრების ცვლილებების (განედისთვის დამახასიათებელი ტემპერატურა და ტენიანობა, რელიეფი და დინებათა ხასიათი) შედეგად თვალნათლივ ხედავენ, როგორ იცვლება კონტინენტზე ლანდშაფტების ტიპები.

604

მოცემული რუკა შედგენილია თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით და ასახავს მდინარე ნატენებზე წყალმოვარდნების პერიოდში დატბორვის შესაძლო ზონების ფართობებს.

კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს გეოგრაფიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების ფორმირებას და თანამედროვე გეოგრაფიული მეცნიერების ანალიზის ინსტრუმენტირებას, ინფორმაციის განზოგადებასა და სისტემატიზაციას, ასევე პროგნოზირების საწყისი მიდგომების ათვისებას.

გეოგრაფიის მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მისი პროფესიული მოვალეობაა, მოსწავლეებს გაკვეთილზე შეუქმნას საკუთარი ქვეყნის, მთელი მსოფლიოსა და მისი ცალკეული რეგიონების გეოგრაფიული გამოსახულება, სივრცობრივი მოდელი, რაც, თავის მხრივ, სივრცობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გეოგრაფიის გაკვეთილის გარდა, არც ერთ სხვა გაკვეთილზე ამის სწავლა არ შეიძლება.

კომპიუტერული ტექნოლოგიები ააქტიურებს მოსწავლის დამოუკიდებელ, კვლევით, პრაქტიკულ საქმიანობას, რაც, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ამტკიცებს ცხოვრებისეულ სიბრძნეს: “მითხარი და დამავიწყდება, მანახე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და მეცოდინება”.

გეოგრაფიული რეკორდები – IV ნაწილი – ატმოსფერო

0
ჰაერის ყველაზე მაღალი ტემპერატურა – 58 გრადუსი – აღრიცხულია ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლისთან მდებარე სოფელ ელ-აზიზიაში (აფრიკა).

აი, სიცივის პოლუსი კი ანტარქტიდაში, სადგურ “ვოსტოკშია”. 1983 წლის 21 ივლისს აქ ყველაზე დაბალი ტემპერატურა – -89,2 გრადუსი – აღირიცხა.

ოიმიაკონის ღრმული ყველაზე ცივი ადგილია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. იგი მდებარეობს იაკუტიაში, რუსეთში, მდ. ინდიგირკას აუზში. აქ ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა -50 გრადუსია, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი -70 გრადუსს აღწევს.

ჰაერის ტემპერატურის ყველაზე დიდი ამპლიტუდა, 106.7 გრადუსი, რეგისტრირებულია იაკუტიის ქალაქ ვერხოიანსკში (რუსეთი). აქ ზამთარში -70 გრადუსამდე ყინვა იყო, ხოლო ივლისში ჰაერის ტემპერატურამ +36,7 გრადუსს მიაღწია.

შედარებით დაბალი ტემპერატურული ამპლიტუდით გამოირჩევა მარიანის კუნძულები წყნარ ოკეანეში. აქ ყველაზე დაბალი ტემპერატურა 1934 წლის 30 იანვარს აღირიცხა – +19 გრადუსი, ყველაზე მაღალი კი იმავე წლის 9 სექტემბერს – +31,4 გრადუსი. ამპლიტუდამ სულ 11,8 გრადუსი შეადგინა.

ანტარქტიდაში ხშირია ძლიერი ქარები. აქ წელიწადში 300 დღე ქარიანია. განსაკუთრებით გამოირჩევა თანამეგობრობის ზღვა, რომლის ნაპირებთან ქარის სიჩქარე 320 კმ/სთ-ს აღწევს. თუმცა რეკორდი აშშ-ში, მასაჩუსეტის შტატში “დამყარდა” – 1934 წლის 12 აპრილს ქარის სიჩქარემ იქ 371 კმ/სთ-ს მიაღწია.
ყველაზე უქარო ადგილი უცნობია. საინტერესოა, არის კი ასეთი ადგილი ჩვენს პლანეტაზე?
ნიადაგის მარადიული მზრალობის რეკორდი ციმბირშია (რუსეთი). მდინარე ვილუის ჩრდილოეთ ნაპირებთან მისი სისქე 1370 მ-ზე მეტია.

ყველაზე ნალექიანი ადგილი დედამიწაზე ჰიმალაის სამხრეთ მთისწინეთი, ინდოეთის სოფელი ჩერაპუნჯაა (შტატი მეგჰალაია). აქ ყოველწლიურად საშუალოდ 12000 მმ-ზე მეტი ნალექი მოდის, ხოლო 1947 წელს მისმა ოდენობამ 24326 მმ შეადგინა. ჩერაპუნჯას დედამიწის ყველაზე სველ ადგილს უწოდებენ.


რეკორდის აღმნიშვნელი წარწერა სოფელ ჩერაპუნჯაში

ჩერაპუნჯას ტოლს არ უდებს კოლუმბიის სოფელი ტუპენენდო, სადაც წელიწადში საშუალოდ 11770 მმ ნალექი მოდის. საკმაოდ ნალექიანი ადგილია ჰავაის კუნძულებიც, სადაც წელიწადში თითქმის 350 დღე წვიმიანია.

კუნძულ რეიუნიონზე (ინდოეთის ოკეანე, კუნძულ მადაგასკარის აღმოსავლეთით, მავრიკიდან დაახლოებით 200 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით; ადმინისტრაციულად რეუნიონი საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა) აღრიცხულია მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი – 2 მ სიმაღლის ნალექი დღე-ღამეში.

ყველაზე ცუდი ამინდით გამოირჩევა ვულკანური კუნძული იანმაიენი ატლანტის ოკეანეში (ნორვეგიასა და გრენლანდიას შორის, ისლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით). აქ ერთმანეთს ერევა თბილი ჩრდილოატლანტიკური და ცივი პოლარული დინებები, რის გამოც გამუდმებით წარმოიქმნება ციკლონები, შტორმები და ნისლი. კუნძულზე წელიწადში მხოლოდ სამიოდე დღეა ასე თუ ისე ასატანი ამინდი.


კუნძულზე ადგილობრივი მოსახლეობა არ არის. აქ შორეული ნავიგაციის სადგურის მომსახურე პერსონალის 18 წევრი ცხოვრობს.

ბერინგის ზღვაში მდებარე კომანდორის კუნძულებს ქარებისა და ნისლის კუნძულებს უწოდებენ. აქ წელიწადში მხოლოდ 4 დღეა მოწმენდილი.
ყველაზე მსხვილი სეტყვა ყაზახეთში (შუა აზია) მოვიდა – ერთი მარცვლის წონა 1900 გრამი იყო.
ამინდის ფორმირებაში მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ციკლონები და ანტიციკლონები. ჩვენს პლანეტაზე წელიწადში, დაახლოებით, 15000 ციკლონი და 7000 ანტიციკლონი წარმოიქმნება.
ყველაზე უღრუბლო ცა დედამიწაზე უდაბნო საჰარის აღმოსავლეთ ნაწილშია (აფრიკა). აქ მზე წელიწადში 354 დღე ანათებს. მეცნიერთა გამოთვლით, შესაძლებელი რომ იყოს იმ სითბოს თუნდაც 1%-ის გამოყენება, რომელიც საჰარის უდაბნოზე მოდის, კაცობრიობა 10-ჯერ მეტ ენერგიას მიიღებდა, ვიდრე სჭირდება. ამ რეგიონებში ჰაერი ისეთი მშრალია, რომ ახალი პური ერთ დღეში ორცხობილად იქცევა, ხოლო დილას გამოშვებული გაზეთი საღამოს იმტვრევა და ქუცმაცდება. წიგნი თუ სადმე ჩრდილში არ შევინახეთ, მალე იგი ფურცელ-ფურცელ დაიშლება.
დედამიწაზე სიმშრალის პოლუსი სამხრეთ ამერიკის უდაბნო ატაკამაშია (ჩილე). აქ წვიმა თითქმის არ მოდის, ამიტომ ნალექის რაოდენობა ხშირად მილიმეტრის მეათედებით იზომება. უკანასკნელი მონაცემებით, აქ გვალვა უკვე 400 წელიწადია გრძელდება. ეს აბსოლუტური რეკორდი სოფელ დესფერტო-დე ატაკამაშია აღრიცხული.


ატაკამის უდაბნო

დედამიწაზე არის ადგილები, სადაც წვიმაში ვერ დასველდები. პარადოქსია, მაგრამ ასეა. დიდი სიცხისა და ჰაერის მაღალი სიმშრალის გამო წვიმის წვეთები ჰაერშივე ორთქლდება და დედამიწის ზედაპირამდე ვერ აღწევს. მათ მხოლოდ თავს ზემოთ ვგრძნობთ. ეს მოვლენა თითქმის ყველა ცხელ უდაბნოში შეინიშნება.
ბუნების ჩვეულებრივი მოვლენაა ჭექა-ქუხილი. ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 44 ათასი ჭექა-ქუხილი აღინიშნება და ყოველ წამში 100-ზე მეტჯერ ელავს. დედამიწის ყველაზე ჭექაქუხილიანი ადგილია ქ. ბაგორი კუნძულ იავაზე. იგი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტის სამხრეთით, მთა სალანგის ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს. აქ წელიწადში 322 დღე ჭექა-ქუხილია.

ჭექა-ქუხილი და ელვა ასევე ხშირია ვენესუელის სოფელ აუიან ტეპუიში, ბულგარეთში მდინარე დამიანეკას სათავეებთან, ფინეთში სოფელ ორავიკოსკში და სხვ.

დედამიწაზე არის ადგილებიც, სადაც ჭექა-ქუხილი მეტად იშვიათია. მაგალითად, აშშ-ში, კალიფორნიის შტატში ქ. სანტა-მარიაში ის ორ წელიწადში ერთხელ ხდება, ეგვიპტეში კი ჭექა-ქუხილი ეპოქალური მოვლენაა – იგი აქ 200 წელიწადში ერთხელ იცის.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ქალაქი ალვინია. იგი აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს. აქ სულ 10 კაცი ცხოვრობს.

ყველაზე ჭუჭყიანი ქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოში მდებარე კლივლენდია. აქ ყოველწლიურად 50 ტონა ჭვარტლი ილექება.
V ნაწილი – სახელმწიფოები და ქალაქები
მსოფლიოში ყველაზე “მაღალი” სახელმწიფოა ნეპალი. იგი სამხრეთ აზიაში, ჰიმალაის მთიანი სისტემის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. აქ არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის მწვერვალია.
მსოფლიოში ყველაზე “დაბალი” სახელმწიფოა ინდოეთის ოკეანეში მდებარე მალდივის კუნძულების რესპუბლიკა. მისი უმაღლესი წერტილი 2 მეტრ სიმაღლეზეა ზღვის დონიდან.
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა ჩინეთი. 2011 წლის მონაცემებით, იქ 1 347 350 000 კაცი ცხოვრობს.
ფართობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფოა რუსეთი. მისი ფართობი 17,1 მლნ კვ. კმ-ია, რაც დედამიწის ხმელეთის 11%-ს შეადგენს.
ფართობისა და მოსახლეობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე პატარა სახელმწიფო ვატიკანია. იგი იტალიის დედაქალაქ რომის ფარგლებში მდებარეობს. აქ 850 მცხოვრებია. ვატიკანის ფართობი 0,04 კვ. კმ-ია.
VI ნაწილი – საქართველოს გეოგრაფიული რეკორდები
საქართველოში ყველაზე ტენიანი ადგილი ბათუმის შემოგარენში მდებარე მთა მტირალას დასავლეთ ფერდობია, სადაც ნალექის საშუალო წლიური რაოდენობა 4000 მმ-ს აღწევს.

ყველაზე მშრალი ადგილი კი ელდარის ვაკეა. იგი ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აქ წლიურად 350 მმ ნალექი მოდის.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღრიცხულია ლათაში (კოდორის ხეობა) და ჭარნალში (აჭარა) – +43 გრადუსი.
ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -42 გრადუსი, კი აღირიცხა მეტეოსადგურზე “ყაზბეგი მაღალმთიანი”, რომელიც ზღვის დონიდან 3600 მეტრზე მდებარეობს. კარწახში (ჯავახეთი) ტემპერატურა -41 გრადუსამდე დაეცა, ხოლო რაჭაში, შაორის წყალსაცავის მიდამოებში, 40- გრადუსიანი ყინვ აღირიცხა.

საქართველოს უდიდესი ჩანჩქერია კლიჩი, რომელიც აფხაზეთში მდებარეობს – მისი სიმაღლე 100 მეტრს აღწევს.
ყველაზე მაღალი ჩამქრალი ვულკანია მყინვარწვერი – 5047 მეტრი.

საქართველოს უმაღლესი მწვერვალია შხარა – 5068 მეტრი.

საქართველოს ფარგლებში ყველაზე გრძელი მდინარეა ალაზანი (407 კმ), ხოლო წყალუხვი –რიონი.
ფართობით ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, რომელიც სამხრეთ საქართველოში მდებარეობს. მისი ფართობია 37.5 კვ. კმ-ია.

ყველა ღრმაა რიწის ტბა, რომლის სიღრმეც 101 მეტრს აღწევს.

ყველაზე დიდი ეროვნული პარკია თუშეთის ეროვნული პარკი (76004 ჰა), ყველაზე დიდი ნაკრძალი კი ფსხუ-გუმისთის ნაკრძალია (40734 ჰა).

საქართველოში ყველაზე დაბალი ადგილი პალიასტომის ტბის მიდამოებია – -2 მეტრი ზღვის დონიდან.
ფართობით ყველაზე დიდია მყინვარი ლეხზირი, რომელიც სვანეთში მდებარეობს. მისი სიგრძე 12 კმ-ია, ხოლო ფართობი – 36 კვ. კმ.

საქართველოში ყველაზე ქარიანი ადგილია ლიხის ქედის მიდამოები, სადაც ქარის საშუალო წლიური სიჩქარეა 33 კმ/სთ-ია.

ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებაა სოფელი უშგული (2200 მ). ამ მაჩვენებლით იგი ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებაა მთელ ევროპაშიც.

გეოგრაფიული რეკორდები (მესამე ნაწილი)

0

ლითოსფერო

ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი კონტინენტია აზია. მისი ფართობი დაახლოებით 44,6 მლნ კვ. კმ-ია, ხოლო ყველაზე პატარა – ავსტრალია (8,5 მლნ კვ. კმ). ამავე დროს, იგი ყველაზე მშრალი და მეჩხერად დასახლებული კონტინენტია.

დედამიწის ყველაზე მაღალი კონტინენტი ანტარქტიდაა. მისი საშუალო სიმაღლე 2024 მ-ია ზღვის დონიდან.

დედამიწის უდიდესი დაბლობია სამხრეთ ამერიკაში მდებარე ამაზონის დაბლობი – მისი ფართობი 4,5 მლნ კვ. კმ-ია.

ყველაზე მაღალი ზეგანი კი ტიბეტისაა. მისი საშუალო სიმაღლე 4875 მ-ია. ტიბეტის ზეგანის ფართობი 2 მლნ კვ. კმ-ია და ძირითადად მთიან უდაბნოს წარმოადგენს.

კორდილიერები ყველაზე გრძელი მთათა სისტემაა. იგი 18 ათას კმ-ზეა გადაჭიმული ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, წყნარი ოკეანის მთელ სანაპიროზე.

ყველაზე მაღალი მთებია ჰიმალაი. მათი სიგრძე 2400 კმ-ია, სიგანე კი – 350 კმ. ამ მთიანი სისტემის სიდიადის წარმოსადგენად დავუშვათ, რომ ჰიმალაის მთები დავაქუცმაცეთ და დედამიწის მთელ ხმელეთზე მოვფინეთ – ხმელეთის ზედაპირი 1820 მეტრით ამაღლდება. სწორედ ჰიმალაის მთებში მდებარეობს დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა, იგივე ევერესტი. მისი სიმაღლე 8848 მ-ია ზღვის დონიდან. 1953 წლის 23 მაისს იგი ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარმა და ნეპალელმა შერპმა თენსინგ ნორგეიმ დაიპყრეს. ჯომოლუნგმა ქართველ ალპინისტებსაც აქვთ დალაშქრული. ევერესტის დამპყრობი პირველი ქალი ალპინისტი იყო 34 წლის ინგლისელი ალისონ ჰარგრივსი (1955 წ.).

ხმელეთის ზედაპირზე ყველაზე დაბალი ადგილია მკვდარი ზღვა (მარილის ტბა). ის არაბეთის ნახევარკუნძულზე, ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე მდებარეობს. მისი ფართობი 810 კვ. კმ-ია, სიგრძე – 67 კმ, სიგანე კი 18 კმ. იგი ზღვის დონიდან 423 მ-ით დაბლაა (2012 წლის მონაცემებით). მარილის შემცველობა მასში 33.7%-ია.

მაღალი მარილიანობის გამო ტბაში ცოცხალი ორგანიზმები ვერ ცოცხლობენ. დამახასიათებელია დონის მნიშვნელოვანი რყევა. სანაპიროებზე იღებენ მინერალურ მარილებს.
ყველაზე მაღალი ვულკანური წარმოშობის მთაა მაუნა-კეა (თეთრი მთა) ჰავაის კუნძულებზე. იგი ჩამქრალი ვულკანია. მისი საერთო სიმაღლე 10203 მეტრია, აქედან 4205 მ ოკეანის წყალქვეშაა.
ყველაზე მაღალ, ჩამქრალ და “მძინარე” ვულკანად სამხრეთ ამერიკის ანდებში მდებარე აკონ-კაგუა მიიჩნევა. მისი სიმაღლე 6960 მეტრია. მას ხშირად ამერიკის და მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს “სახურავსაც” უწოდებენ.
პლანეტის მოქმედ და აქტიურ ვულკანებს შორის პირველობის რამდენიმე პრეტენდენტია. ერთ-ერთი მათგანია ვულკანი ისალკო სალვადორში (ცენტრალური ამერიკა, 1885 მ). იგი თითქმის 200 წელია მოქმედებს და ყოველ 10 წუთში ამოიფრქვევა. ეს ვულკანი თავისებური შუქურაა მეზღვაურთათვის. ასევე შუქურას როლს ასრულებს ვულკანი სტრომბოლი იტალიის სანაპიროსთან.
დედამიწის ერთ-ერთი უდიდესი მოქმედი ვულკანია მაუნა-ლოა ჰავაის კუნძულებზე (4168 მ).
ვულკან ფუძიამას (იაპონია, კ. ჰონსიუ) “მთვლემარეს” უწოდებენ. კიდევ უფრო “მძინარაა” ვულკანი ლაკი კუნძულ ისლანდიის სამხრეთით – IX საუკუნიდან დღემდე მან მხოლოდ 2-ჯერ გაიღვიძა.
ვულკანების რაოდენობის მიხედვით რეკორდსმენად ინდონეზიის კუნძულები ითვლება. აქ 500-მდე ვულკანია, რომელთაგან 150 მოქმედია. 28 მათგანი კუნძულ იავაზეა.
წყნარი ოკეანის ფსკერზე 1000-მდე ვულკანია. მათგან ყველაზე მაღალი 8555 მ სიმაღლისაა და ახალ ზელანდიასა და სამოას კუნძულებს შორის მდებარეობს.
ჩვენს პლანეტაზე ყოველწლიურად 300 ათასამდე მიწისძვრა რეგისტრირდება, რომელთაგან 100 საკმაოდ ძლიერია. ამ მხრივ პირველობას ერთმანეთს იაპონია და ჩილე ეცილებიან. გეოგრაფები ამ ქვეყნებს “დედამიწის ჰამაკებსაც” უწოდებენ. აქ წელიწადში საშუალოდ 1000-მდე, ე.ი. დღეში 3 მიწისძვრა ხდება. 1930 წელს იაპონიაში სულ რაღაც 16 დღეში 5744-ჯერ იძრა მიწა. თვით იაპონელებს კი “მიწისძვრის ბუდედ” იძუს ნახევარკუნძული მიაჩნიათ – ამ რაიონში 1986 წელს 3200-მდე მიწისქვეშა ბიძგი აღირიცხა.
1948 წელს მიწისძვრის შედეგად დაინგრა თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი და 110 ათასი კაცი დაიღუპა, ხოლო 1988 წლის დეკემბერში სომხეთში, ქალაქ სპიტაკში მომხდარ მიწისძვრას 25000 ადამიანი შეეწირა.
ბიძგების რაოდენობის თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი რაიონია ბაიკალის ტბის მიდამოები. სეისმოგრაფები აქ წელიწადში 2000-მდე ბიძგს აღრიცხავს.
ყველაზე მეტი მიწისძვრა მსოფლიო ოკეანის ფსკერზე ხდება. მაგალითად, 1982 წელს წყნარ ოკეანეში, კუნძულ სამოას მიმდებარე წყლებში 17 დღე-ღამის განმავლობაში 1000-მდე ბიძგი დაფიქსირდა.
ანტარქტიდა ერთადერთი კონტინენტია, სადაც არც ერთი მიწისძვრა არ არის რეგისტრირებული.
ფედჩენკო ყველაზე დიდი მთის მყინვარია მსოფლიოში. მდებარეობს ტაჯიკეთში, ჩრდილო-დასავლეთ პამირზე. მისი სიგრძე 77 კმ-ს აღწევს.
დედამიწის უდიდესი მღვიმე, ფლინტ-მამონტი, აშშ-ში, კენტუკის შტატში, აპალაჩის მთების კირქვიან პლატოზე მდებარეობს. იგი 1809 წელს აღმოაჩინეს და დღემდე სულ 560 კმ-ია გამოკვლეული. ფლინტ-მამონტის მღვიმე კარსტული წარმოშობის ხუთსართულიანი ლაბირინთია. ამ მიწისქვეშეთში 225-ზე მეტი დარბაზი, 47 მაღალი თაღოვანი გამოქვაბული, 23 ვერტიკალური ჭა, 3 მიწისქვეშა მდინარე, 8 ჩანჩქერი და 3 ტბაა. მეცნიერთა ვარაუდით, შემდგომი გამოკვლევა კიდევ მრავალ სიურპრიზს გვპირდება.
მღვიმეებს შორის სიგრძით მეორე ადგილზეა 165 კმ სიგრძის მღვიმე ოპტიმისტური (უკრაინა, ტერნოპოლის ოლქი), ხოლო მესამე ადგილი 135 კმ სიგრძის მღვიმე ჰიოლოსს (შვეიცარია) უკავია.
ყველაზე ღრმა მღვიმეა კრუბერი (საქართველო, კავკასია). მისი სიღრმე 1710 მ-ია. მას ოდნავ ჩამორჩება ჟან-ბერნარის მღვიმე (1602 მ) საფრანგეთის ალპებში.
საინტერესოა, რომ ადამიანის მიერ შექმნილი ხელოვნური მღვიმე-მაღაროები სიღრმით ბევრად აღემატება ბუნებრივს. მათ შორის გამოირჩევა ვიტვატერსრანდი (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), რომლის სიღრმე 4500 მ-ია. აქ ოქროს მოიპოვებენ. მიუხედავად ვენტილაციისა, მაღაროში ტემპერატურა +50 გრადუსს აღწევს.
დედამიწის ყველაზე ღრმა ჭაბურღილი რუსეთში, კოლის ნახევარკუნძულზე ქ. ზაპოლიანესთან მდებარეობს. მისი სიღრმე 12260 მ-ია. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწის შინაგანი აგებულების შესასწავლად. მიიჩნეოდა, რომ, ჩვეულებრივ, მიწის ქვეშ ტემპერატურა ყოველ 33 მ-ზე 1 გრადუსით იმატებს, აქ კი ასეთი მოვლენა ყოველი 70 მ-ის შემდეგ ხდება. 12 000 მ სიღრმეზე გაქვავებული მიკროორგანიზმების 20-მდე სახეობა აღმოაჩინეს, რაც მოწმობს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე გაცილებით ადრე გაჩნდა, ვიდრე ვარაუდობენ, კერძოდ, 1,6-1,9 მლრდ წლის წინ, კამბრიულის წინა ეპოქაში. ყველაზე ღრმა ჭაბურღილის კვლევა დღესაც გრძელდება.
დედამიწის უდიდესი უდაბნო საჰარაა (აფრიკა). მისი ფართობი 7 მლნ კვ. კმ-ია, მას კონტინენტის დაახლოებით მეოთხედი უკავია და ფართობით თითქმის ავსტრალიას უტოლდება. საჰარა აფრიკის ჩრდილოეთში მდებარეობს. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანის სანაპიროდან წითელ ზღვამდე და ხმელთაშუა ზღვიდან მდინარე ნიგერამდე და ჩადის ტბამდე. საჰარის ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მოქცეულია 11 სახელმწიფო: მაროკო, ალჟირი, ტუნისი, ლიბია, ეგვიპტე, დასავლეთი საჰარა, მავრიტანია, მალი, ნიგერი, ჩადი, სუდანი.

საჰარის უდაბნოს თანამგზავრული ფოტო

საჰარის უდიდესი ნაწილი უწყლო და უსიცოცხლოა. ბუნებრივი პირობები აქ მეტად მკაცრი და გაუსაძლისია. მიუხედავად ამისა, უდაბნოში გვხვდება დიდი ქვიანი სივრცეები, მაღალი ზეგნები, თანამედროვე ავტომაგისტრალები და ნავთობისა და გაზის ჭაბურღილები, არტეზიული ჭები და… თვით ჭაობებიც კი. და მაინც, ყველაზე მეტი აქ ქვიშაა. იგი სირთულეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე მოგზაურებსა და ტურისტებს. ხშირად ქვიშის უზარმაზარი მასები ძლიერ ქარს საკმაოდ შორს გადააქვს. გამოთვლებით, ყოველწლიურად 140 მლნ ტონა ქვიშის მტვერი ილექება ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ხოლო 50 მლნ ტონა თვით ამერიკის კონტინენტამდეც კი აღწევს. საბედნიეროდ, ქვიშას საჰარის ტერიტორიის მხოლოდ 20% უკავია. უზარმაზარი “ქვიშიანი ზღვები”, ე.წ. რეგი, ძირითადად, დასავლეთ საჰარაში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი ნაწილი გამადას – ქვიან უდაბნოებს უჭირავს.

საჰარის რელიეფის დამახასიათებელი ფორმებია ბარხანი (თურქ.) და დიუნა.

საჰარაში გვხვდება დაბლობები, ვაკეები და საკმაოდ მაღალი მთებიც. მათ შორის ყველაზე მაღალია ემიკუსი (3415 მ) ტიბესტის ზეგანზე (ჩადი). ზამთარში მისი მწვერვალები თოვლით არის დაფარული.

საჰარა აფრიკის ყველაზე ცხელი ადგილია. ტემპერატურული რეჟიმი არასტაბილურია, ამპლიტუდა – მაღალი. ზაფხულის უღრუბლო დღეებში, რომელთა რიცხვი წელიწადში 300-მდეა, თერმომეტრი ხშირად +50 გრადუსს აჩვენებს, ხოლო ქვიშა, ქვები და ლითონის ნივთები +70 გრადუსამდე ცხელდება და დამწვრობას იწვევს. ღამით ტემპერატურა +10 გრადუსია, ზოგჯერ კი 0 გრადუსამდეც ეცემა.

გაუდაბნოების უწყვეტი პროცესის გამო საჰარის ფართობი იზრდება.

ყველაზე მაღალი ქვიშის დიუნები რეგისტრირებულია ნამიბიაში (აფრიკა). მათი სიმაღლე 253 მ-ია. აფრიკაშია ყველაზე დიდი ბარხანებიც – 400 მ სიმაღლისა და 5 კმ სიგრძის ქვიშის მთებს ალჟირის საჰარაში შეხვდებით.

გეოგრაფიული რეკორდები (მეორე ნაწილი)

0
დედამიწის ტბებს შორის ფართობით ყველაზე დიდია კასპიის ზღვა-ტბა. მისი ფართობია 368 ათასი კვ. კმ. ჩვენი პლანეტის მტკნარწყლიან ტბებს შორის კი ყველაზე დიდი ზემო ტბაა (ჩრდილოეთ ამერიკა). მისი ფართობი 82,4 ათასი კვ. კმ-ია.

ყველაზე დიდი მიწისქვეშა ტბა ნამიბიაში (აფრიკა) მდებარეობს. ეს კარსტული წარმოშობის ტბაა, რომელსაც აბორიგენების ენაზე მეტად ორიგინალური სახელი აქვს: “დრაჰენ ხაუქლოკი” ანუ “დრაკონის ნესტოები” (Dragon’s Breath Cave). იგი 59 მ სირღმეზე მდებარეობს და მისი ფართობი 19 000 კვ. მ-ია. ტბის არაბუნებრივად გამჭვირვალე წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ტბაა არპორტ-ცო. იგი ჩინეთში, ტიბეტის ზეგანზე, ზღვის დონიდან 5465 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
მაღალმთიან ტბებს შორის ყველაზე დიდი და ცნობილი ტიტიკაკაა (სამხრეთი ამერიკა, ანდები, პერუსა და ბოლივიის საზღვარი). მისი ფართობი 8300 კვ. კმ-ია. ტბა ზღვის დონიდან 3812 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, მაგრამ არასოდეს იყინება. მისი წყლის ტემპერატურა +11 გრადუსია. ტბაში ჩაედინება 27 მდინარე და გამოედინება 20-მდე მცირე ნაკადული.

პლანეტის ყველაზე ღრმა ტბაა ბაიკალი. მისი სიღრმე 1629 მ-ია. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტექტონიკური წარმოშობის ტბა აღმოსავლეთ ციმბირში, ირკუტსკის ოლქისა და ბურიატეთის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 455,5 მეტრზე მდებარეობს. მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა მტკნარი წყლის უდიდესი რეზერვუარია.
მტკნარწყლიან ტბებს შორის ყველაზე გრძელია ტანგანიკა. იგი აღმოსავლეთ აფრიკაშია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტანზანიის, ზამბიისა და ბურუნდის ტერიტორიებს მოიცავს. იგი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ 670 კმ-ზეა გადაჭიმული. ეს ტბა სიღრმით – 1435 მ – მხოლოდ ბაიკალს ჩამოუვარდება და მასავით ტექტონიკური წარმოშობისაა. რუკაზე ტბები კონფიგურაციითა და ზომებით ტყუპ ძმასავით ჰგვანან ერთმანეთს.

ბაიკალის მსგავსად, ტანგანიკაც მხოლოდ ერთ მდინარეს უდებს სათავეს. განსხვავება მხოლოდ ტემპერატურულ რეჟიმშია: ბაიკალი ზამთარში 5 თვით იყინება და მისი წყალი +12 გრადუსზე მეტად არ თბება, ხოლო ტანგანიკაში წყალის ტემპერატურა +23 გრადუსზე დაბლა არასოდეს ჩამოდის. მყარი ტემპერატურული სტრატიფიკაციის გამო სიცოცხლისთვის ვარგისია მხოლოდ წყლის ზედა, 100-200 მ სისქის ფენა. ტბის ფაუნის დაახლოებით 75% ენდემურია. ტბაში ბინადრობს ბეჰემოთი, ნიანგი, ბევრია წყლის ფრინველი. განვითარებულია თევზჭერა და ნაოსნობა. ნავსადგურებია: კიგომა (ტანზანია), ბუჟუმბურა (ბურუნდი), კალიმა (ზაირი). ტბა 1858 წელს ინგლისელმა მოგზაურებმა რ. ბერტონმა და ჯონ სპიკმა აღმოაჩინეს.
დედამიწაზე ყველაზე გრძელი მდინარეა ნილოსი კაგერასთან ერთად (აფრიკა). მისი სიგრძე 6671 კმ-ია. მდინარე თეთრი ნილოსისა და ცისფერი ნილოსის შეერთებით წარმოიქმნება. აუზის ფართობი 2870 ათასი კვ. კმ-ია. ნილოსი ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება და შესართავთან საკმაოდ დიდ დელტას წარმოქმნის.

წყალუხვობით მდინარე ამაზონი (სამხრეთი ამერიკა) პირველობს. მისი წყალშემკრები აუზის ფართობი დაახლოებით 7 მლნ კვ. კმ-ია, რაც თითქმის ავსტრალიის ფართობის ტოლია – მდინარე ამითაც პირველია დედამიწაზე. მისი სიგრძე მარანიონის სათავიდან 6400 კილომეტრია, უკაიალის სათავიდან კი 7025 კმ. უდიდესი შენაკადებია რიუ-ნეგრუ, მადეირა, ტოკანტინსი. მის დელტაში მდებარეობს კუნძული მარაჟო, რომელზედაც თავისუფლად დაეტეოდა ბელგია. ამაზონის აუზის დიდი ნაწილი ბრაზილიაში მდებარეობს, სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი ნაწილი – ბოლივიაში, პერუში, ვენესუელაში, ეკვადორსა და კოლუმბიაში.

ამაზონს 500-მდე შენაკადი აქვს. მას ატლანტის ოკეანეში ყოველ წამში 120 ათასი კუბ. მეტრი წყალი ჩააქვს.
მდინარესა და მის შესართავებს გარს ერტყმის ტროპიკული ნოტიო ტყეები. ამ ტყეებში 20-სართულიანი შენობის სიმაღლის ხეები ხარობს. ამაზონის ჯუნგლებში მსოფლიოში ყველაზე მეტი სახეობის ცხოველი ბინადრობს, ტყეში დაახლოებით 1500 სახეობის ფრინველი ბუდობს, ამაზონის წყლებში კი 3000 სახეობის თევზი დაცურავს. ხვლიკები და გველები ხმელეთზე დასრიალებენ. ამაზონის ტყეებში 800-ზე მეტი ტიპის ძუძუმწოვარი (მათ შორის – მსოფლიოში ყველაზე მეტი ღამურა) და ურიცხვი მწერიც ცხოვრობს.

გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ დღესდღეობით აღიარებულია მდინარე რეუ (Roe River) მონტანას შტატში (აშშ, 61მ). თუმცა ორეგონის შტატში ჩამდინარე დიც (D River) მსოფლიოს უმოკლეს მდინარედ ითვლება – მისი სიგრძე სულ 36 მეტრია. დედამიწაზე ყველაზე მოკლე მდინარეებია ასევე: არილი (84 მ, იტალია), რეპრუა (საქართველო, 18 მ), ძიშხა (საქართველო, 7 მ).

მდინარე რეპრუა მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ძველი გაგრის მიდამოებში. ერთვის შავ ზღვას სათავიდან 18 მეტრის მოშორებით. წარმოადგენს მძლავრ ვოკლუზურ კარსტულ ნაკადს, რომელიც გამოედინება გაგრის ქედის კალთებიდან პლაჟის ზონაში. აღსანიშნავია, რომ მისი სიგრძე ზვირთცემისას უფრო ნაკლებია და 6-10 მეტრს შეადგენს.
დედამიწაზე ყველაზე დიდ დელტას მდინარე განგი წარმოქმნის. დელტის ფართობი თითქმის 80 ათასი კვ. კმ-ია და ამ ტერიტორიაზე თავისუფლად დაეტევა სამი ისეთი ევროპული ქვეყანა, როგორიცაა ბელგია ან ნიდერლანდი.

დედამიწაზე ყველაზე მაღალი ჩანჩქერია ანხელი (სამხრეთ ამერიკა, ვენესუელა, ბოლივარის შტატი), რომელიც მდინარე ორინოკოს შენაკად კარონზე მდებარეობს. ანხელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეა. ჩანჩქერი აუიანტეპუის მთიდან გადმოედინება. მისი ვარდნის სიმაღლეა 978 მეტრი. ანხელი მდინარე კერეპის წყლით იკვებება, რომელიც ერწყმის მდინარე კარაოს შენაკადს, მდინარე ჩურუნს. თავის მხრივ, ყველა ეს მდინარე ორინოკოს აუზს მიეკუთვნება.

ანხელი 1936 წელს ამერიკელმა მფრინავმა ჯეიმზ ეინჯელმა (ინგლ. Angel) აღმოაჩინა, ამიტომ ჩანჩქერი მის სახელს ატარებს.
სიმაღლის მიხედვით მეორე ადგილზეა ჩანჩქერი ტუგელა (სამხრეთ აფრიკა), რომელიც ამავე სახელწოდების მდინარეზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 933 მ-ია.
ჩანჩქერებს შორის ყველაზე მძლავრი და განიერია იგუასუ (სამხრეთ ამერიკა). ჩანჩქერთა ეს კომპლექსი ამავე სახელწოდების მდინარეზე, ბრაზილიისა და არგენტინის საზღვარზე, პარანას შესართავიდან 26 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. იგუასუ ინდიელების ენაზე “დიდ წყალს” ნიშნავს. 2,7 კმ სიგანის ჩანჩქერი 72 მ-ის სიმაღლიდან ვარდება.

ჩანჩქერთა კომპლექსი ბრაზილიისა და არგენტინის იგუასუს ეროვნულ პარკებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი.
ჩანჩქერები ოკეანეებისა და ზღვების სიღრმეშიც გვხვდება. მათ წყალქვეშა ჩანჩქერებს უწოდებენ. ერთ-ერთი მათგანი ბასის სრუტეში (ავსტრალიისა და კუნძულ ტასმანიის გამყოფი სრუტე) მდებარეობს. დადგენილია, რომ სრუტის ფსკერზე 400 მ სიმაღლისა და 150 კმ სიგანის კლდის ქიმია, საიდანაც ყოველ წამს დაახლოებით 30 ათასი კუბ. კმ წყალი ეცემა.

გეოგრაფიული რეკორდები (I ნაწილი – ჰიდროსფერო)

0

I ნაწილი – ჰიდროსფერო

რეკორდსმენები მხოლოდ სპორტს როდი ჰყავს; ისინი გეოგრაფიაშიც მრავლად არიან. გეოგრაფიულ “რეკორდებში” წარმოდგენილია ისეთი გეოგრაფიული ობიექტი ან მოვლენა, რომელიც თავისი მასშტაბურობით, განუმეორებლობით გამოირჩევა.

ოკეანეთაგან ყველაზე დიდია წყნარი ოკეანე, რომლის ფართობი 180 მლნ კვ. კმ-ია. მის ტერიტორიაზე თავისუფლად დაეტეოდა ყველა კონტინენტი და დამატებით კიდევ ერთი აფრიკა. ბუნებრივია, ასეთ დიდ სივრცეზე ყველაზე მაღალი ტალღებიც წარმოიქმნება. 1972 წლის გაზაფხულზე, შტორმისას, წყნარ ოკენეში 34 მ-ზე მეტი სიმაღლის ტალღები დაფიქსირდა, რომელთა გავრცელების სიჩქარე 138 კმ/სთ-ს აღწევდა. რაც შეეხება მიწისძვრების შედეგად წარმოქმნილ ტალღებს – ცუნამის, მათი სიმაღლე კიდევ უფრო მეტია. 1771 წლის 24 აპრილს, მიწისძვრის შემდეგ, იაპონიის კუნძულ ისიგაკისთან (რიუკიუს არქიპელაგი) ტალღამ რეკორდულ სიმაღლეს მიაღწია, ხოლო მისი სიჩქარე 700 კმ/სთ იყო.

წყნარ ოკეანეში ყველაზე შფოთიანია სამხრეთ განედებზე – ე.წ. “ღრიალა ორმოციანსა” და “ცოფიან ორმოცდაათიანს” შორის მდებარე სივრცე. ყველაზე წყნარი კი ოკეანე კუნძულ იავის რაიონშია – წელიწადში მხოლოდ 10-12-ჯერ ბობოქრობს და ძლიერი შტორმი საკმაოდ იშვიათია.

წყნარი ოკეანე ყველაზე ღრმაც არის. მისი საშუალო სიღრმე 4280 მ-ია. მსოფლიო ოკეანეში 19 ღრმულია, რომელთა სიღრმე 7000 მ-ზე მეტია. 15 მათგანი წყნარ ოკეანეში მდებარეობს, 3 – ატლანტის, ხოლო 1 – ინდოეთის ოკეანეში.

დედამიწაზე ყველაზე ღრმა ადგილია წყნარ ოკეანეში მდებარე მარიანის ღრმული – 11034 მ. იგი 1500 კმ სიგრძის წყალქვეშა ხეობას წარმოადგენს. 1960 წელს მარიანის ღრმულში ბატისკაფ “ტრიესტით” ექსპედიცია ჩავიდა, რომელსაც შვეიცარიელი მეცნიერი პიკარი ხელმძღვანელობდა. ექსპედიციამ დაადგინა, რომ ღრმულში წყლის წნევაა 1183 კმ/კვ.მ-ზე, ხოლო ტემპერატურა – 3 გრადუსი.

ყველაზე დიდი მიქცევა-მოქცევის ტალღები ფანდის ყურეში (ჩრდ. ამერიკის აღმოსავლეთ სანაპირო, კანადა) იცის. მათი სიმაღლე 18 მეტრს – დაახლოებით ექვსსართულიანი სახლის სიმაღლეს – აღწევს. დღე-ღამეში ორჯერ ამ ტალღებს მოაქვთ და უკანვე მიაქვთ 100 მლრდ ტონა წყალი. 1983 წელს ამ ყურეში მიქცევა-მოქცევის ელექტროსადგური ააშენეს.

როგორც ცნობილია, მიქცევა-მოქცევის ტალღების წარმოშობის მიზეზი მზისა და მთვარის მიზიდულობის ძალაა.

ფანდის ყურის სიგრძე დაახლოებით 300 კილომეტრია, სიგანე – 90 კმ, საშუალო სიღრმე – 214 მ. ყურის გარშემო არსებული ყველაზე დიდი პორტია სენტ-ჯონი (ნიუ-ბრანსუიკი).

ოკეანურ დინებებს ხშირად “ოკეანის მდინარეებსაც” უწოდებენ. ისინი მსოფლიო ოკეანის უზარმაზარ სივრცეზე სხვადასხვა მიმართულებით მიედინება. ცივი და თბილი ოკეანური დინებები გავლენას ახდენს არა მარტო ცალკეული კონტინენტებისა და ქვეყნების, არამედ მთელი ჩვენი პლანეტის კლიმატის ფორმირებაზე, ამიტომ თბილ დინებებს ზოგჯერ “დედამიწის გათბობის მილებსაც” უწოდებენ. ისინი არასდროს შრება, თვით ხანგრძლივი და დიდი გვალვების პერიოდშიც კი, და არასდროს გადმოდის ნაპირებიდან.

არცთუ დიდი ხნის წინ ყველაზე დიდ ოკეანურ დინებად გოლფსტრიმი ითვლებოდა. მას თავის “გაგრძელებასთან” – ჩრდილოატლანტიკურ დინებასთან ერთად მოაქვს თბილი სუბეკვატორული წყლები ჩრდილოეთ ევროპის ნაპირებთან და კოლის ნახევარკუნძულთანაც კი, ამიტომ მან “ევროპის ღუმლის” სახელწოდება მიიღო. სწორედ გოლფსტრიმის წყალობით არის ევროპის სანაპირო უფრო თბილი, ვიდრე ამავე განედებზე მდებარე ჩრდილოეთ ამერიკის სანაპირო, სადაც ეს დინება სანაპიროდან საკმაოდ დაშორებულია. გოლფსტრიმის დინება მაქსიმალურ სიგანეს, 640 კმ-ს, კ. ნიუფაუნდლენდთან აღწევს. მისი საშუალო სიღრმე 320 მ-ია. დედამიწის ყველა მდინარეს ერთად 22-ჯერ ნაკლები წყალი ჩააქვს მსოფლიო ოკეანეში, ვიდრე მხოლოდ გოლფსტრიმს.

და მაინც, ცოტა ხნის წინ გოლფსტრიმს “ჩემპიონის” ტიტული ჩამოერთვა: რუსმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწაზე ყველაზე დიდი ოკეანური დინება ანტარქტიკული, ანუ დასავლეთ ქარების დინებაა, რომელიც გარს უვლის ანტარქტიკას. მისი სიგრძე 30 ათასი კმ-ია, სიგანე – 1000 კმ, ხოლო სიღრმე 2 კმ-დან 4,5 კმ-მდე იცვლება. დინების სიჩქარე ზემო დინებაში 3,5 კმ/სთ-ის ტოლია. ყოველ წამს ანტარქტიკულ დინებას 240 მლნ კუბ. კმ-ზე მეტი წყალი გადააქვს. ეს დინება ციკლონების, ანტიციკლონებისა და ატმოსფერული ნალექების წარმოქმნის მნიშვნელოვანი წყაროა. იგი უდიდეს როლს ასრულებს ამინდის ჩამოყალიბების პროცესში, როგორც სამხრეთ ნახევარსფეროში, ისე მთელ დედამიწაზე.

ყველაზე სწრაფი დინებაა ნაკვატო რაპიდსი წყნარ ოკეანეში, კანადის პროვინციის, ბრიტანული კოლუმბიის ნაპირებთან. მისი სიჩქარეა 29,6 კმ/სთ.

ზღვებს შორის ფართობის მიხედვით აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს სარგასოს ზღვა იმსახურებს, რომელიც ატლანტის ოკეანის ცენტრში მდებარეობს. მისი ფართობი 4-დან 8,5 მლნ კვ. კმ-მდე მერყეობს, რაც მისი ნაპირების არასტაბილურობითაა გამოწვეული. ჩვეულებრივ ზღვებს შორის ჩემპიონია ფილიპინის ზღვა, რომელიც აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, წყნარ ოკეანეში მდებარეობს. მისი ფართობი 5,7 მლნ კვ. კმ-ია. ფილიპინის ზღვას საკმაოდ კომპლექსური და განსხვავებული წყალქვეშა რელიეფი აქვს. მისი ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, რომ იგი ყველაზე ღრმა ზღვაცაა. აქ მდებარეობს ზღვის ღრმა ღარი, რომელიც მოიცავს ფილიპინისა და მარიანის ღარებს. ეს უკანასკნელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პლანეტის უღრმესი წერტილია.

ზღვებს შორის ყველაზე პატარაა მარმარილოს ზღვა ბალკანეთისა და მცირე აზიის ნახევარკუნძულებს შორის. მისი ფართობი 11,5 ათასი კვ.კმ-ია.

ხმელეთში ყველაზე ღრმად არის შეჭრილი აზოვის ზღვა. ამავე დროს, იგი ყველაზე წყალმარჩხი ზღვაცაა დედამიწაზე. მისი საშუალო სიღრმე 7 მ-ია, ხოლო მაქსიმალური – 13 მ (დაახლოებით ხუთსართულიანი სახლის სიმაღლისა). ამიტომ შემოდგომობით, შტორმების პერიოდში, აქ მეტად სახიფათო პირობები იქმნება ნაოსნობისთვის, განსაკუთრებით კი დიდი გემებისთვის. მათთვის ზღვაში სპეციალური საზღვაო არხებია გაყვანილი.

ყველაზე მლაშე წყალი წითელ ზღვაშია – 1 ლიტრი 42 გ მარილს შეიცავს, ხოლო სუეცის არხში – 43,5 გრამსაც კი.

მტკნარ ზღვებს შორის ლიდერობს ბალტიის ზღვა. მარილის შემცველობა აქ 1 ლიტრ წყალში 2-8 გრამია. ეს იმით აიხსნება, რომ თითქმის ჩაკეტილ ზღვის აუზში 250-მდე მდინარე ჩაედინება. ბოტნიის ყურესთან ზღვის წყალს ფერმერები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასმელადაც კი იყენებენ.

რაც შეეხება ზღვების ტემპერატურულ რეჟიმს, აქ შედარებით რთულადაა საქმე. შეიძლება მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ ყველაზე დაბალი ტემპერატურა , +1.6-დან +1.8 გრადუსამდე (ზამთრის პერიოდში), ახასიათებს აღმოსავლეთ ციმბირის ზღვას, ბოფორტისა და ბერინგის ზღვებს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში და ოხოტის ზღვას წყნარ ოკეანეში. მეტად დაბალია ზღვის წყლის ტემპერატურა ანტარქტიდის ნაპირებთან მდებარე ზღვებშიც.

ზედაპირული წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურით – +35,6 გრადუსი – წითელი ზღვის სამხრეთი ნაწილი გამოირჩევა.

საუკუნეზე მეტია, რაც ზღვის ან ტბის წყლის გამჭვირვალობას სეკის დისკის საშუალებით ადგენენ. ეს ხელსაწყო იტალიელმა ასტრონომმა ანჯელო სეკიმ გამოიგონა. მისი საშუალებით პაპის ფლოტის კაპიტანმა ჩიალდიმ 1865 წელს პირველად განსაზღვრა წყლის გამჭვირვალობა. 20-40 სმ დიამეტრის თეთრი დისკი წყალში იძირება, მკვლევრები კი საზღვრავენ, რა სიღრმემდე რჩება იგი ხილული.

სეკის დისკი

ყველაზე გამჭვირვალედ უკანასკნელ დრომდე სარგასოს ზღვა (ატლანტის ოკეანე) მიიჩნეოდა – მასში დისკი 66,5 მეტრამდე სიღრმეზე ჩანდა, მაგრამ 1986 წელს გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ კუთხით ჩემპიონია უედელის ზღვა ანტარქტიკის ნაპირებთან. მის წყალში ჩაშვებული დისკის დანახვა 79 მეტრამდე სიღრმეზეა შესაძლებელი. შედარებისთვის, დისტილირებულ წყალში სეკის დისკი 80 მ სიღრმემდეა ხილული. ამრიგად, უედელის ზღვის წყალი შეიძლება აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ჩაითვალოს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში შედარებით გამჭვირვალეა თეთრი ზღვა, რომლის წყალშიც დისკი 8 მ სიღრმეზე მოჩანს.

ყველაზე დიდი ყურეა ბენგალის ყურე აზიის სამხრეთში (ინდოეთის ოკეანე). მისი ფართობი 2,2 მლნ კვ. კმ-ია, ხოლო საშუალო სიღრმე – 2507 მეტრი.
კუნძულების იერარქიას სათავეში უდგას გრენლანდია. მისი ფართობი 2176 ათასი კვ. კმ-ია, რაც თითქმის 10-ჯერ აღემატება დიდი ბრიტანეთისას. მისი ტერიტორიის 90% 2300 მ სისქის ყინულის ფენითაა დაფარული.
გრენლანდია ევროპის სახელმწიფო დანიის საკუთრებაა.
კუნძულთა შორის ყველაზე უკაცრიელია ვულკანური კუნძული ტრისტან და კუნია (ატლანტის ოკეანის სამხრეთი). მასთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული წმინდა ელენეს კუნძული მისგან 2120 კმ-თაა დაშორებული, აფრიკამდე კი აქედან 2741 კმ-ია. 98 ათასი კვ. კმ ფართობის კუნძულზე მხოლოდ 300 კაცი ცხოვრობს.
ფართობით ყველაზე დიდია არაბეთის ნახევარკუნძული (2,7 მლნ კვ. კმ).
ყველაზე განიერია დრეიკის სრუტე. 1100 კმ სიგანის სრუტე ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს ერთმანეთთან აკავშირებს, ხოლო სამხრეთ ამერიკასა და ანტარქტიკას ყოფს.
ევროპისა და აზიის გამყოფი ბოსფორის სრუტის მინიმალური სიგანე 0,7 კმ-ია.
ყველაზე გრძელია მოზამბიკის სრუტე. იგი 1760 კმ სიგრძისაა და აფრიკას კუნძულ მადაგასკარისგან გამოყოფს.

კვლევების წარმოება გეოგრაფიის სწავლებაში (მეორე ნაწილი)

0

ვისაც ერთხელ მაინც ჩაგიტარებიათ გეოგრაფიული კვლევა მოსწავლეებთან ერთად, დამემოწმებით, როგორი ენთუზიაზმით ერთვებიან ისინი მის თითოეულ ეტაპში, რამდენ ხანს იხსენებენ თავს გადახდენილ ამბებს, როგორ იზრდება საგნისადმი მათი ინტერესი.

წინა პუბლიკაციაში ჩვენ ვისაუბრეთ ახალ სასწავლო კურსზე “გეოგრაფიული კვლევა” და ისიც ვთქვით, რომ თუნდაც ეს საგანი არ აგერჩიოთ, კვლევების უგულებელყოფა არ ღირს.

ყოველი კლასის გეოგრაფიის სტანდარტი მიგვითითებს, სად არის მიზანშეწონილი კვლევის ჩატარება. გარდა ამისა, მასწავლებელს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა საკითხთან მიმართებით გამოიყენოს ის.
თემის შერჩევა
ყველაზე რთული საფეხურია გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რას გამოიკვლევ. რა თქმა უნდა, თემის შერჩევა უნდა დავიწყოთ სასწავლო გეგმის წაკითხვით, მოვნიშნოთ საკითხები, რომლებთანაც ყველაზე საინტერესოდ მოხერხდება კვლევის შერწყმა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება, დავაზუსტოთ კვლევის საგანი. მასწავლებელმა ყოველთვის იცის, რით დაინტერესდებიან მისი მოსწავლეები, მაგრამ შეიძლება, მათაც ვკითხოთ, რა აინტერესებთ. შეიძლება, არჩევანი შევუზღუდოთ და თემიდან არჩეული რამდენიმე საკითხი შევთავაზოთ, რათა სასწავლო გეგმის საგნობრივ მოთხოვნებს არ გავცდეთ, მაგრამ თუ საგანი არჩევითია, მეტი თავისუფლებაც შეიძლება მივცეთ.

დაგეგმეთ ზედმიწევნით. თუ ყველაფერი წინასწარ იქნება მოფიქრებული და დაგეგმილი, გაურკვევლობა ნაკლებ დროს დაგვაკარგვინებს. თემა უნდა იყოს საინტერესო, ადგილი, სადაც კვლევის ჩატარებას ვაპირებთ – ხელმისაწვდომი.

იკვლიეთ ახლომდებარე გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში განმეორებითაც ესტუმრებით – შესაძლოა მონაცემები დაგაკლდეთ და თუ საკვლევ ადგილს ვეღარ დაუბრუნდით, ვეღარც შედეგი იქნება სრულყოფილი, ანდა კვლევა სულაც ჩაიშლება.

კვლევის ობიექტი უნდა იყოს ვიწრო, კონკრეტული. თუ იგი ფართოა, მისი სრულფასოვნად შესწავლა ვერ მოხერხდება, ინფორმაციის მოსაძიებლად, მერე კი მის დასამუშავებლად უამრავი დრო გახდება საჭირო. საკვლევი ობიექტის მასშტაბი უნდა შეესატყვისებოდეს მოსწავლეთა ასაკს და, ამასთან, იყოს ვალიდური (ანუ არც მეტისმეტად პატარა, რომ კვლევის შესაძლებლობას იძლეოდეს). მაგალითად, თუ ქალაქის იერარქიულობას შეისწავლით, უმჯობესია რამდენიმე ქუჩა შეარჩიოთ.

დააკონკრეტეთ სათაური. მაგალითად, სათაური “თბილისის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა” მეტისმეტად ფართო შინაარსისაა და გასაგებია, რომ მოსწავლეებს არ შესწევთ ასეთი კვლევის ჩატარების ძალა. ამ შემთხვევაში აჯობებს, იგი კვლევის მიზნისა და საკვლევი ჰიპოთეზის შესაბამისად დავაკონკრეტოთ. მაგალითად, თუ ვიკვლევთ, რა სოციალური და ეკონომიკური შედეგი შეიძლება გამოიღოს ახალი გასართობი ობიექტის გახსნამ და გვსურს დავადგინოთ მისი მომსახურების არეალი, ეს აუცილებლად უნდა აისახოს სათაურშიც.

შეიძლება ჩავატაროთ ტიპობრივად შედარებით მარტივი კვლევებიც – ლოკალური გარემოსი, მის ფარგლებში ადამიანსა და გარემოს შორის კონფლიქტისა, გარემოზე ტურისტების გავლენისა, ასევე – ერთი ობიექტის კომპლექსური ან ორი ობიექტის შედარებითი კვლევა განსაზღვრული გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით.

არჩეული თემა უნდა იყოს გეოგრაფიული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესასწავლია სივრცეში გავრცელება, ადგილის მახაიათებლები (სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, ბუნებრივი), კავშირი ბუნებასა და ადამიანს შორის.
ვიდრე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, მასწავლებელმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას არაერთი კითხვა:

. როგორ ესადაგება ჩემი დაგეგმილი კვლევა ეროვნულ სასწავლო გეგმას?
. როგორ ესადაგება ეს კვლევა მოსწავლეთა საჭიროებებს?
. მაქვს თუ არა საკმარისი ინფორმაცია და რესურსები კვლევის ჩასატარებლად?
. რა არსებულ მასალაზე მიმიწვდება ხელი?
. ვის მივმართო დახმარებისთვის? ჩაუტარებიათ თუ არა მსგავსი კვლევა ჩემს კოლეგებს?
. რა ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებებს განუვითარებს დაგეგმილი კვლევა მოსწავლეებს?
. რა სახის ნაშრომი უნდა მივიღოთ კვლევის შედეგად? რა შედეგს გამოიღებს სწავლება?
ასევე – კითხვები, რომლებიც ეხება:
. გასვლის ორგანიზებას: რა უნდა მოექცეს გასვლის ფოკუსში? რა სასწავლო მიზანი ექნება მას? რას მოვინახულებთ ვიზიტის ფარგლებში? ვის წავიყოლებთ ასისტენტად/დამხმარედ? რას გააკეთებენ მოსწავლეები მისვლიდან წამოსვლამდე? რამდენ ხანს მოვანდომებთ – ერთ საგაკვეთილო საათს, მთელ დილას თუ მთელ დღეს? დაგვჭირდება თუ არა დაკვირვების ფურცლების, ანკეტების, კითხვარების წინასწარ მომზადება? ხომ შესაძლებელია ადგილის კვლევა, ხომ არ არის საჭირო სპეციალური ნებართვა? საჭიროა თუ არა მასალის წინასწარ გამრავლება? საჭიროა თუ არა ადგილის წინასწარ მონახულება?
. სასკოლო პოლიტიკას: მშობლებისა და დამრიგებლის გარდა, ვისთან უნდა იყოს შეთანხმებული გასვლა? საჭიროა თუ არა სპეციალური მოთხოვნის ფორმის შევსება გასვლამდე და ანგარიშის დაწერა ჩამოსვლის შემდეგ (ეს დოკუმენტაცია სკოლას აკრედიტაციის პროცესისთვის დასჭირდება)? აქვს თუ არა სკოლას ხელშეკრულება სატრანსპორტო კომპანიასთან?

მშობლებთან კონტაქტი: სასურველია, ინფორმაცია მგზავრობის მიზნისა და მისი ღირებულების თაობაზე, საჭირო ნივთების ნუსხა (მაგ., ფოტოკამერა, სანტიმეტრი, ბლოკნოტი, საკვები) მშობლებს წერილობითი ფორმით გადაეცეთ, ასევე ეცნობოთ, როდის იგეგმება გასვლა და დაბრუნება, გაირკვეს, რაიმე სპეციფიკური საჭიროება ხომ არ აქვს მოსწავლეს (მაგალითად, წამალი ხომ არ უნდა მიიღოს).

მოსაპოვებელი ინფორმაცია და მისი აღრიცხვა: აუცილებელია, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს, რა ტიპის ინფორმაცია უნდა მოიპოვონ, რა სახის გეოგრაფიული იდეები უნდა განავითარონ. მოსწავლეებს წინასწარ უნდა მივაწოდოთ დეტალური ინსტრუქცია, რათა ინფორმაცია დაგეგმილ დროში შეიკრიბოს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ განსავითარებელი უნარები და მოსწავლეთა ავტონომიურობის ხარისხიც. შეიძლება, მათ მეტი სივრცე დავუტოვოთ ინიციატივისა და შემოქმედებითი მიდგომის გამოსავლენად – ეს დამოკიდებულია კლასის მომზადების საერთო დონეზე, მათ უკვე გამომუშავებულ კვლევით უნარებზე.
გაითვალისწინეთ:

. მოსწავლეები შეიძლება აქტიურად ჩაებან ადგილის, სატრანსპორტო საშუალების, გასვლისა და ჩამოსვლის დროის, საკვების შერჩევაში, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის გაცნობით ჯერ სავარაუდო, მერე კი ზუსტი თარიღის დაგეგმვაში.

ამ პროცესში მონაწილეობა უფრო მეტად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და თვითრწმენას.
შესაძლოა, კვლევა ჯგუფურ მუშაობას გულისხმობდეს. ესეც წინასწარ უნდა დაიგეგმოს და ეცნობოს მოსწავლეებს.
სასურველია, წაიყოლოთ დამხმარეც – პედაგოგი, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელი ან აქტიური მშობელი, ისე, რომ 10 ბავშვს ერთი უფროსი ახლდეს.

ზოგიერთი ადგილის მონახულება შეზღუდულია. შესაძლოა, ერთად მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის მოსწავლე შეუშვან. ამან გაუთვალისწინებელი შეფერხებები რომ არ გამოიწვიოს, საჭიროა ინფორმაციის წინასწარ მოძიება. თუ საქმე კერძო საკუთრებას ეხება, წინასწარი მოლაპარაკების გარეშე შესაძლოა კვლევა ჩაიშალოს (ჩემს მოსწავლეებს ერთ-ერთი კვლევა კუს ტბაზე ჰქონდათ დაგეგმილი. მათი ნაწილი, რომელიც გამოკითხვას ატარებდა, მოულოდნელად პრობლემის წინაშე აღმოჩნდა – მათ დაცვამ აუკრძალა უნებართვოდ გამოკითხვის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინასწარ ეცნობოდნენ გამვლელებს და თავიანთი ინტერვიუს მიზანსაც უხსნიდნენ. კვლევის დაგეგმვისას ეს არ გავითვალისწინე, ასე რომ, ადგილზე დაგვჭირდა გამოსავლის ძიება).

მასწავლებელმა წინასწარ უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რა უნდა ნახონ, რას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, რა მეთოდებით მოიპოვონ ინფორმაცია და ა.შ. წაახალისოს ისინი კითხვების დასასმელად. შესაძლოა, საჭირო იყოს ზოგი რამის ჩანიშვნა, ჩანახატების გაკეთებაც.

შესაძლოა, წინასწარ შედგეს დაკვირვების ანკეტა, რომელსაც მოსწავლეები თან წაიღებენ.

თუ კვლევას წინასწარი მომზადება სჭირდება, მოსწავლეებს უნდა მიეთითოთ, სად და რა სახის ინფორმაციას უნდა გაეცნონ წასვლამდე. არ არის გამორიცხული, საველე კვლევის შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების საჭიროებაც გაჩნდეს.

ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოებასა და ეთიკას! შეახსენეთ მოსწავლეებს, მოიქცნენ ზრდილობიანად, ზიანი არ მიაყენონ ბუნებას, შენობებს, არ დატოვონ კოცონი, დაცული ტერიტორიის ვიზიტის შემთხვევაში გაეცნონ ადგილობრივ წესებს.

პოტენციური საფრთხეა: უამინდობა (ამიტომ წინასწარ გაიგეთ ამინდის პროგნოზი), მყინვარი, მთა, მდინარე, ტყე, გზატკეცილი, სანაპირო, ხანძარი, აგრესიული ან შხამიანი მცენარეები და ცხოველები, ტექნიკის მოხმარების არცოდნა, გამტარები, უცხო აგრესიული მოსახლეობა.

აუცილებელი ნივთები: შესაბამისი ტანისამოსი, დახმარების ტელეფონის ნომრები (სასურველია, დაიხსომონ კიდეც), საველე აფთიაქი პირველი დახმარების ნივთებით, საკვები, სასმელი, სანავიგაციო საშუალებები – კომპასი, რუკა, ნავიგატორი.
კვლევის წერილობითი სტრუქტურა

საჭიროა, უკვე მოპოვებული ინფორმაცია გაანალიზდეს და ამის შემდეგ დაიწეროს კვლევის ანგარიში, რომლის სტრუქტურული ერთეულებია: შესავალი, მეთოდები, შედეგები, დასკვნა. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.

შესავალი

შესავლის მიზანია საკვლევი სივრცის შექმნა და მკითხველის მოპოვება. აქ უნდა აიხსნას საკითხით დაინტერესება, მისი აქტუალობა, ასევე – რა კუთხით წარიმართება კვლევა, რა კითხვას გაეცემა პასუხი.
მეთოდები

კვლევის ანგარიშის ამ სექციის მიზანია ახსნას, როგორ ჩატარდა კვლევა – რა მონაცემები იქნა მოპოვებული და როგორ, რა გზით და როგორ განხორციელდა მათი ანალიზი.

მეთოდების სექციაში მოცემულია:

. სამიზნე ჯგუფი (კვლევის მონაწილე ადამიანები) – როგორ მოხდა მათი შერჩევა და კვლევაში ჩართვა;
. მონაცემების შეგროვების აღწერა (დაკვირვება, ინტერვიუ, ანკეტირება და ა.შ.), რის მიზანიცაა იმის შეფასება, რამდენად სანდოა მოპოვებული მონაცემები; გარდა ამისა, ის საშუალებას აძლევს მკითხველს, სურვილის შემთხვევაში გაიმეოროს კვლევა, რაც კიდევ ერთხელ იძლევა მონაცემების შემოწმების საშუალებას;
. კვლევის პროცესში თავჩენილი პრობლემებისა და მათი გადალახვის გზების აღწერა;
. საკვლევი გარემოს აღწერა – მონაცემების სანდოობა ხშირად კვლევისთვის შერჩეული გარემოს ადეკვატურობაზეა დამოკიდებული.
. მონაცემთა მოპოვების მეთოდების განხილვა ამ სექციის საკვანძო ელემენტია, რადგან ანალიზის ტექნიკაზე ბევრად არის დამოკიდებული მონაცემების სწორად დამუშავება და მიღებული შედეგების სანდოობა.
შედეგები

(მთავარი ნაწილი)
რაოდენობრივი კვლევის ანგარიშის შედეგების სექცია ძირითადად ცხრილებისა და გრაფიკებისგან შედგება, თვისებრივი კვლევის ანგარიში კი მოიცავს დაკვირვებისა და ინტერვიუს ჩანაწერებს, ფოტოებს, ნახატებს და ა.შ.
კვლევის ანგარიშის შედეგების სექცია უნდა მოიცავდეს:
. მეთოდოლოგიის დასაბუთებას;
. შედეგების ინტერპრეტაციას;
. არსებულ გამოკვლევებთან თანხმობის დადგენას;
. კომენტარებს მიღებული მონაცემების თაობაზე;
. ინტერპრეტაციის პროცესში წარმოშობილ სირთულეთა ჩვენებას.
დასკვნა

დასკვნაში მკვლევარი გაიმეორებს და შეაჯამებს ძირითად დასკვნებს, ამასთან, მიღებულ შედეგებს უკვე არსებული კვლევების ფონზე გააშუქებს.
მაშასადამე, კვლევის ანგარიშის დასკვნაში პასუხი ეცემა საკვლევ კითხვას/ჰიპოთეზას, ხდება დასკვნების გამოტანა, მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ის ძალისხმევა, რომელიც საველე კვლევისთვის იხარჯება, უდავოდ პოზიტიური შედეგის მომტანია. იზრდება მოსწავლეთა ინტერესი საგნისადმი, ისინი უკეთ თანამშრომლობენ თანატოლებთან და ხდებიან აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც განვითარებული აქვთ კვლევითი უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს.

რუკის მნიშვნელობა გეოგრაფიის სწავლებისას

0

შესავალი

კარტოგრაფია მეცნიერებაა ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცისა და მისიდროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. ეს კონკრეტული სივრცე, როგორც სინამდვილის საგნებისა დამოვლენების ურთიერთგანლაგების წესრიგი, სამგანზომილებიანი, დროში ცვალებადი კონტინუუმია.

კარტოგრაფია სპეციფიკურ ხელოვნურ ნიშნობრივ სისტემას – რუკის ენას და სპეციფიკურ მეთოდს –კარტოგრაფიულ მოდელირებას იყენებს. კარტოგრაფიული შემეცნების შედეგია საკვლევი სინამდვილისკარტოგრაფიული მოდელი, რასაც მეცნიერებასა და საზოგადოებრივ პრაქტიკაში რუკა ეწოდება.

მთელი სინამდვილის შესაბამისად, კარტოგრაფია და რუკები ორ – დედამიწისეულ და კოსმოსურ – ჯგუფადიყოფა. პირველში გეოგრაფიული კარტოგრაფია და გეოგრაფიული რუკები შედის, ხოლო მეორეში -ასტრონომიული კარტოგრაფია და ასტრონომიული რუკები. რეალური სინამდვილის კონკრეტულ სივრცეს აქვსგარკვეული სტრუქტურა. მისი ელემენტებია ათვლის სივრცითი სისტემა და მის მიმართ ურთიერთგანლაგებისდროში ცვალებად წესრიგში მყოფი საგნები და მოვლენები.

შესაბამისი სტრუქტურა აქვს იმავე სინამდვილის კარტოგრაფიულ გამოსახულებასაც (რუკას).

გეოგრაფიული კარტოგრაფიისთვის ათვლის სივრცით სისტემად მიჩნეულია დედამიწისსაკოორდინატო ბადე – გრადუსთა ბადე,

რომლის გამოხატულება სიბრტყეზე –კარტოგრაფიული ბადე
გეოგრაფიული რუკის მათემატიკურ საფუძველს წარმოადგენსდა გარკვეული

კარტოგრაფიული პროექციის დახმარებით მიიღება.

გეოგრაფიული სინამდვილის საგნების (ოკეანეები და ხმელეთი, მდინარეთა ქსელი, რელიეფი,

დასახლებული ადგილები და სხვ.), მოვლენების (ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები, ზედაპირულიჩამონადენი და სხვ.), მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის, განათლებისა და სხვათაგამოსახულებები კარტოგრაფიული ბადის მიმართ რუკაზე ზუსტად ისევეა განლაგებული, როგორცსინამდვილეში. ეს არის სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელის უნიკალური თავისებურება, რაცმას დიდ მეცნიერულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს.

გეოგრაფიული კარტოგრაფიისთვის მნიშვნელობა აქვს გეოდეზიის მონაცემებს დედამიწის ფორმისადა ზომების შესახებ, საყრდენი წერტილების კოორდინატებსა და აეროფოტოტოპოგრაფიულიგადაღების მასალას, რომელთა საფუძველზე მიიღება დედამიწის ყველა რუკის პირველწყარო –

ტოპოგრაფიული რუკა.

ამთვალსაზრისითკარტოგრაფიატექნიკურმეცნიერულციკლში შედის, ხოლო სინამდვილისგარკვეული მხარის კარტოგაფიული მეთოდით გამოკვლევის პროცესში იგი საბუნებისმეტყველო დასაზოგადოებრივ მეცნიერებებს უკავშირდება, რომლებსაც, თავისი შემეცნების საგნის შინაარსთან ერთად, საგნის სივრცითი თავისებურებებიც აინტერესებს. ამ კავშირის საფუძველზე იქმნებასპეციალური სამეცნიერო კარტოგრაფიული დისციპლინები (მაგ., გეოლოგიური კარტოგრაფია,გეომორფოლოგიური კარტოგრაფია, ეკონომიკური კარტოგრაფია) და მათი განმაზოგადებელიდისციპლინა – თემატური კარტოგრაფია.

გეოგრაფიული რუკა დედამიწის ზედაპირის ან მისი ნაწილის შემცირებული და განზოგადებულიგამოსახულებაა სიბრტყეზე.

რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების შემცირების ხარისხს გვიჩვენებს მასშტაბი. რუკებისუმრავლესობას არაერთი საერთო მახასიათებელი აქვს. ყოველ რუკაზე წარმოდგენილია მასშტაბი,გრადუსთა ბადე, პირობითი ნიშნები და გეოგრაფიული ობიექტების ნაწილი.

ადამიანი რუკებს უძველესი დროიდან ქმნიდა და მათი მეშვეობითთვალსაჩინოდ წარმოიდგენდაგეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგებას.

ამჟამად ქაღალდისრუკებთან ერთად არსებობს ელექტრონული რუკებიც –

რუკები, რომელიცკომპიუტერის ეკრანზეა გამოსახული. მათიმეშვეობით მანძილებისა და სხვა კარტოგრაფიულიგაზომვების ჩატარება გაცილებით ადვილად,სწრაფად დაზუსტად ხერხდება. მასზე მხოლოდ ხაზისგავლებაასაჭირო ნებისმიერორ პუნქტსშორის, მონაცემებს კი სპეციალურიპროგრამა მყისიერად დაითვლის. ერთ-ერთიასეთიკომპიუტერული პროგრამაა Google Earth.

რუკის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში

სასწავლო პროცესში რუკა მრავალმხრივ საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებს.

  1. გეოგრაფიის სწავლებისას რუკა ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი თვალსაჩინოებაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია სწრაფად მიმოვიხილოთ დედამიწის ზედაპირის უკიდეგანო სივრცეები და მთლიანად დედამიწა. ამ ფაქტის განსაკუთრებული მნიშვნელობა უფრო ნათელი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორ და ღია ადგილზეც კი წარმოქმნილ ჰორიზონტს მხოლოდ 5 კმ-იანი რადიუსი აქვს, რაც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 1/7 მემილიონედ ნაწილს შეადგენს. თვალმიუწვდომელი სივრცის უშუალო მხედველობითი გამოსახულება, რომელიც რუკის საშუალებით იქმნება, მასზე წარმოდგენის ფორმირებაში გვეხმარება. სრულიად უიმედო საქმე იქნებოდა, გვეცადა მოსწავლეებისთვის სწორი წარმოდგენის შექმნა კავკასიის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ ამერიკისა თუ სხვა გეოგრაფიული ობიექტების, ასევე მათთვის დამახასითებელი ისეთი ნიშნების შესახებ, როგორიცაა სანაპირო ხაზი, რელიეფი, კლიმატი, ჰიფროგრაფიული ქსელი, მცენარული საფარი და სხვ., თუ ისინი ვერ ხედავენ აღსაწერ და შესასწავლ ტერიტორიას ან ობიექტს თუნდაც ყველაზე უხეშ სქემატურ რუკაზე.
  2. რუკის მთავარი ფუნქციაა დედამიწის ზედაპირზე გეოგრაფიული ობიექტების განლაგებისა და მდებარეობის შესახებ ცნობების ასახვა. ამ კუთხით ის შემეცნების შეუცვლელი საშუალებაა, რადგან არც ერთი სხვა საშუალება – არც სიტყვა, არც სურათი და თვით ადგილმდებარეობასთან პირადი ნაცნობობაც კი – არ იძლევა ნათელ, მკაფიო და ზუსტ წარმოდგენას სივრცეში ობიექტების განლაგების, მიმართულებების, კონფიგურაციისა და მოხაზულობის შესახებ. ასეთი ცოდნა კი აუცილებელია ადამიანისთვის, განურჩევლად იმისა, სამეურნეო საქმიანობის რომელ სფეროში მოღვაწეობს იგი. ამიტომაც აქვს რუკას დიდი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით დიდ როლს კი გეოგრაფიაში ასრულებს: იგი ყოველგვარი გეოგრაფიული კვლევის საწყისი პუნქტია, თან ახლავს მუშაობის პროცესის ყოველ ეტაპს და, ამავე დროს, კვლევის ერთ-ერთი შედეგიცაა, ამიტომ მას სავსებით სამართლიანად ვუწოდებთ გეოგრაფიის ალფას და ომეგას. როგორ გამოიყენება რუკის ეს ძირითადი ფუნქცია სკოლაში? რუკის მარტივი მხედველობითი აღქმაც კი გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მოსწავლეებს ობიექტების განლაგების შესახებ. რუკაზე შეიძლება თვალით შევაფასოთ გეოგრაფიული ობიექტების ფორმები, დავადგინოთ მათი ურთიერთმიმართება, განლაგება და ფართობები, ასევე – მათ შორის მანძილები. გეოგრაფიის მასწავლებლები ხშირად იყენებენ რუკას ამ მიზნით. მაგალითად, მოსწავლეებს სთხოვენ, რუკის გამოყენებით უპასუხონ მარტივ კითხვებს გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობის, მათი შეფარდებითი ზომების, მათ შორის მანძილების და სხვათა შესახებ, ასეთი ტიპის სავარჯიშოები კი მოსწავლეებს სივრცეში ორიენტირების უნარ-ჩვევას უვითარებს.
  3. რუკა სიმბოლოების ენის საშუალებით გეოგრაფიული ობიექტების მხოლოდ განლაგებას კი არ ასახავს, არამედ ახასიათებს კიდეც მასზე გამოსახულ ობიექტებს. ამასთან, აჩვენებს არა მხოლოდ მათ არსებულ მდგომარეობას, არამედ მოძრაობას, განვითარებას და ცვლილებებსაც კი. ასეთია, მაგალითად, ისტორიული, ზოგიერთი ეკონომიკური და სხვა თემატური რუკები. ამგვარი რუკების გამოყენებით შესაძლებელია არა მარტო გეოგრაფიული ობიექტების შედარება, არამედ მათ შორის სივრცობრივი კავშირებისა და ურთიერთზემოქმედების დადგენაც. შედეგად მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, იმსჯელონ და დასკვნები გამოიტანონ გეოგრაფიული ობიექტების იმ თვისებების შესახებ, რომლებიც რუკებზე უშუალოდ არ არის ასახული. მაგალითად, რუკაზე რომელიმე ქვეყნის, ტერიტორიის მდებარეობის დადგენისას მოსწავლეს შეუძლია, საფუძვლიანად დაახასიათოს მისი კლიმატი, მცენარეულობა, ამ და რუკაზე მოცემული მონაცემების (რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი) შეჯერების საფუძველზე კი დაახასიათოს მდინარეთა წყლის რეჟიმი, ნიადაგები, გამოთქვას ვარაუდი მოცემულ ბუნებრივ პირობებში ადამიანის სავარაუდო სამეურნეო საქმიანობის შესახებ. თუმცა ნუ ვიფიქრებთ, რომ რუკა თავად გვესაუბრება ობიექტის ყველა თვისებაზე; იგი თავის მდიდარ შინაარსს მხოლოდ მას უმხელს, ვისაც აქვს როგორც კარტოგრაფიული, ისე გეოგრაფიული ცოდნა და შეუძლია მისი გამოყენება ანუ რუკის კითხვა. თვითონ რუკა, მისი სწორედ წაკითხვისას, წარმოადგენს ცოდნის არა მარტო მდიდარ და მრავალფეროვან წყაროს, არამედ მოსწავლეთა გონებრივი განვითარების სტიმულატორსაც. რუკის კითხვა მოსწავლეებს ისეთ უნარებს უყალიბებს, როგორიცაა ლოგიკური, დიალექტიკური აზროვნება. ობიექტებისა და მოვლენების ფართო სპექტრითა და მოცულობით აღქმა ანუ დიდი კატეგორიებით აზროვნება ავითარებს მრავალმხრივ და ცოცხალ წარმოდგენებს რუკაზე გამოსახული ობიექტების შესახებ; დაბოლოს, რუკა გეოგრაფიაში შეგნებულად და მყარად მიღებული ცოდნის კარგი საფუძველია.
  4. რუკა გეოგრაფიის სწავლების პროცესში ფსიქოპედაგოგიურ როლს ასრულებს. იგი ხელს უწყობს ცოდნის სისტემატიზაციას, აიოლებს ცოდნის მიღებას და ინფორმაციის დამახსოვრებას. რუკა ამ როლს ინარჩუნებს არა მხოლოდ სკოლაში, არამედ მაშინაც, როცა მოზრდილი ადამიანი თავის გეოგრაფიულ ცოდნას ივსებს წიგნებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან, ინტერნეტიდან თუ სხვა წყაროებიდან. რუკის კარგი ცოდნისას ადამიანის გეოგრაფიული ცოდნის მარაგიც გამუდმებით ივსება, იზრდება, ფართოვდება და ეფუძნება წინარე გეოგრაფიულ ცოდნას. ამიტომაც არის მეტად მნიშვნელოვანი, სკოლაში მოსწავლეებს რუკაზე გეოგრაფიული ნომენკლატურის გარკვეული რაოდენობა მაინც ვასწავლოთ. ამ მიზნით, სასურველია, მასწავლებელმა ხშირად გამოიყენის სწავლების ისეთი ხერხები, რომლებიც ხელს უწყობს კარტოგრაფიული ნახატის დამახსოვრებას. მაგალითად, ასეთია რუკის ან კარტოგრაფიული სქემის დახაზვა, კონტურულ და მენტალურ რუკებზე მუშაობა და სხვ. ასეთი სავარჯიშოები ხელს უწყობს მოსწავლეებში მეხსიერების, წარმოსახვის, ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას, ანალიზის, შედარების, მსჯელობის და დასკვნების გამოტანის უნარების ჩამოყალიბებას.

რუკა სწავლების აქტივიზაციის პროცესში ყველაზე ხელმისაწვდომ და მოქმედ საშუალებას წარმოადგენს, რადგან იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებელ მუშაობას, უღვიძებს მათ ინტერესს ამა თუ იმ გეოგრაფიული ობიექტისა და მოვლენის მიმართ და, რაც მთავარია, ერთმანეთთან აკავშირებს სასკოლო გეოგრაფიასა და პრაქტიკულ საქმიანობას. მაგალითად, რუკების გამოყენებით გეოგრაფიის გაკვეთილებზე შესაძლებელია ჩატარდეს შინაარსისა და ფორმის მიხედვით მრავალფეროვანი ფრონტალური თუ ინდივიდუალური პრაქტიკული სამუშაოები, ამოიხსნას სხვადასხვა გეოგრაფიული ამოცანა.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ რუკას უდიდესი როლი აკისრია გეოგრაფიის სწავლების პროცესში. მისი მნიშვნელობის შეფასება რთულია. ფრთიანი გამონათქვამი “რუკის გარეშე არ არსებობს გეოგრაფია” მართლაც ღრმა აზრის მატარებელია, რადგან როგორც გეოგრაფიულ მეცნიერებას არ შეუძლია რუკის გარეშე არსებობა, ისე გეოგრაფიის სწავლაც შეუძლებელია მის გარეშე.

რუკის კითხვა

გეოგრაფიის სწავლებისას რუკაზე მუშაობის მთავარი მიზანია, ვასწავლოთ მოსწავლეებს რუკის გაგება, კითხვა და გამოყენება. შევეცდებით ავხსნათ, რას ნიშნავს ეს ტერმინები.

რუკის გაგება ნიშნავს, რომ მოსწავლეს აქვს კარტოგრაფიული ცოდნა: იცის, რა არის რუკა, როგორია მისი თვისებები, შინააარსი, მნიშვნელობა, რას აღნიშნავს თითოეული პირობითი ნიშანი მასზე, როგორ გამოიყენოს რუკა და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მისგან.

რუკის კითხვა ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია, პირობითი ნიშნების გამოყენებით გამოიტანოს დასკვნა ამა თუ იმ გეოგრაფიული ობიექტის დამახასიათებელი თვისებების შესახებ, დაინახოს და აღიქვას ობიექტი, ადგილი, ტერიტორია რეალურთან მიახლოებულად, წაიკითხოს და გაიგოს ბუნებასა და საზოგადოებაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენა, დაამყაროს მათ შორის კავშირები.

რუკის გამოყენება რუკის ფლობის მაღალი საფეხურია. შეიძლება იცოდე კარტოგრაფიის ანბანი (პირობითი ნიშნები, მასშტაბი, რუკის პროექცია და ა.შ.), მაგრამ არ შეგეძლოს მისი სწორედ კითხვა და, შესაბამისად, სწორედ გამოყენება. რუკის სწორად წასაკითხად აუცილებელია როგორც კარტოგრაფიული, ასევე გეოგრაფიული ცოდნა და, აგრეთვე, ბევრი და მრავალმხრივი სავარჯიშოსა და დავალების შესრულება, რადგან რუკის კითხვა უნარ-ჩვევაა, ნებისმიერი უნარ-ჩვევა კი სწორედ ვარჯიშის შედეგად გამომუშავდება.

რუკის კითხვის სწავლება ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში, ბუნებისმეტყველების კურსის შესწავლისას იწყება. კარტოგრაფიული ცოდნის საფუძვლები, გეოგრაფიული ცოდნა და რუკის კითხვა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ განუყოფელ, მთლიან სისტემას ქმნის, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე.

ამრიგად, რუკა გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ცოდნის მდიდარ წყაროს წარმოადგენს, ამიტომაც რუკის კითხვა გეოგრაფიის სწავლებისას მნიშვნელოვანი რგოლია.

რუკის კითხვის მეთოდები

რუკის გაგებისა და კითხვის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში მოსწავლეები იღებენ საწყის ცოდნას და იძენენ უნარებს ადგილზე ორიენეტირების შესახებ. ისინი ეცნობიან ადგილის გეგმას, გლობუსს, ნახევარსფეროებისა და საქართველოს რუკებს. ადგილის გეგმის შესასწავლად მოსწავლეები ეუფლებიან ფურცელზე ჰორიზონტის მხარეების გამოსახვას, ეცნობიან მარტივ ადგილის გეგმებს (მაგ., კლასისას, სკოლისას), თავად ცდილობენ მსგავსი გეგმების დახაზვას, რაც ხელს უწყიობს სივრცეში ორიენტაციის უნარის გამომუშავებას. ასეთი პრაქტიკული სამუშაოების უმეტესობა მასწავლებლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და რუკის გაგებას ემსახურება. რუკის პირობითი ნიშნების სწორად აღსაქმელად საჭიროა, მოსწავლეებს ჰქონდეთ კონკრეტული წარმოდგენა შესაბამის რეალურ ობიექტზე. ასეთი წარმოდგენები კი მათ ექსკურსიებზე, ლაშქრობებზე, ასევე ნახატების, მოდელებისა თუ კინოფილმების საშუალებით ექმნებათ. თუმცა ეს, რა თქმა, უნდა საკმარისი არ არის. აუცილებელია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ, როგორ არის ეს ობიექტები დაკავშირებული მათ კარტოგრაფიულ გამოსახულებებთან. ამისათვის კი საჭიროა, ვაჩვენოთ და შევადარებინოთ რუკები და სურათები, გამოვიყენოთ შესაბამისი მხატვრული და ლიტერატურული ნაწარმოებები.

მუშაობის შედარებით აქტიური ფორმებია რუკაზე წარმოსახვითი მოგზაურობა, ტოპოგრაფიული კარნახი და სხვ. ამ გზით მოსწავლეებს ვაჩვევთ რუკაზე მუშაობას და, ამავე დროს, ვასწავლით სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის დამოუკიდებლად გამოსახვას.

დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში დიდი დრო ეთმობა კლასსა თუ გარემოში პრაქტიკული სამუშაოების ჩატარებას. კარტოგრაფიის სწავლა და სწავლება მხოლოდ მასწავლებლის სიტყვებით ან სახელმძღვანელოთი შეუძლებელია. აქ აუცილებელია მუდმივი პრაქტიკა, ჩვენება. სწავლების წარმატება და შედეგი მეთოდურად სწორედ შერჩეულ დავალებებსა და სავარჯიშოებზეა დამოკიდებული. ამასთან, სწავლება უნდა იყოს თანამიმდევრული და თანდათან გადადიოდეს მარტივიდან რთულზე. მაგალითად. სავარჯიშოები კომპასზე უნდა დავიწყოთ მისი ისრის საშუალებით ჰორიზონტის ძირითადი მხარეების დადგენით, შემდეგ ჩავრთოთ კომპასის სკალა, მისი გამოყენებით ვასწავლოთ ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეები, მოგვიანებით კი – აზიმუტი.

პრაქტიკული მუშაობისას მეტად მნიშვნელოვანია ისეთი სავარჯიშოებისა და დავალებების შერჩევა, რომელებიც მოსწავლეთა ცხოვრებას უკავშირდება. ასევე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალის გამოყენებას და ხატვა-ხაზვას. ეს ყოველივე სწავლების აქტივიზაციას უწყობს ხელს და სწორუპოვარი პედაგოგიური ეფექტი აქვს ისეთი საკითხების შესწავლისას, როგორიცაა ადგილზე, გეგმაზე, გლობუსსა და რუკაზე ორიენტირება.

მეტად მნიშვნელოვანია საკითხია რუკის გრადუსთა ბადისა და მათი გეომეტრიული თავისებურებების შესწავლა, მათი საშუალებით რუკასა და გლობუსზე ორიენტირება და გეოგრაფიული ობიექტების ადგილმდებარეობის დადგენა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს საკითხები საკმაოდ უჭირთ მოსწავლეებს. მთავარი სირთულე ის არის, რომ მოსწავლეებს ფორმირებული აქვთ არასწორი სივრცობრივი წარმოდგენები დედამიწის ფორმასა და ზომებზე, მის ზედაპირზე პარალელებისა და მერიდიანების მდებარეობაზე და სხვ. ამიტომ ამ საკითხების შედეგიანად შესასწავლად მეტად მნიშვნელოვანია ისეთი თვალსაჩინოების გამოყენება, როგორიცაა შავი (ინდუქციური) გლობუსი. ასევე მიზანშეწონილია სავარჯიშოთა წყების შესრულება, მაგალითად, რვეულებში ნახევარსფეროების რუკის გრადუსთა ბადის დახატვა, გლობუსსა და რუკაზე მერიდიანებისა და პარალელების გადაკვეთის ადგილების პოვნა, ერთსა და იმავე გრძედსა და განედზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების დადგენა, ანდა, პირიქით, სხვადასხვა ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრა და სხვ. აღნიშნული მასალის შესწავლა “გლობუსი – რუკა” თანმიმდევრობით უნდა მოხდეს. გრადუსთა ბადის ხაზები ჯერ გლობუსზე უნდა იქნეს განხილული, გაირკვეს მათი არსი, გეომეტრიული თავისებურებები და განისაზღვროს კოორდინატები, მერე კი იგივე სამუშაო შესრულდეს რუკაზე.

რუკის გრადუსთა ბადე

რუკის კითხვის უნარ-ჩვევა სწრაფად და ერთბაშად არ ყალიბდება. იგი თანდათან უნდა ჩამოყალიბდეს და მიაღწიოს სრულყოფილებას. რუკის კითხვა მოიცავს:

ა) რუკის ლეგენდის გამოყენებით რუკაზე გამოსახული ცალკეული ობიექტების ან მოვლენების თავისებურებათა ახსნას;

ბ) ობიექტებისა და მოვლენების მდებარეობისა და მათი ურთიერთგანლაგების შესახებ სწორი სივრცობრივი წარმოდგენების შექმნას;

გ) სივრცეში მდებარე ობიექტებისა და მიმდინარე მოვლენების შეჯერებას ამა თუ იმ ტერიტორიის ან დამატებით რუკაზე გამოუსახავი ობიექტისა და მოვლენის შესახებ ერთიანი წარმოდგენის შეასქმნელად;

დ) შესასწავლი ობიეექტების განლაგების, ურთიერთკავშირების, ურთიერთზემოქმედებისა და განვითარების კანონზომიერებათა მიზეზების დადგენას.

სირთულის მიხედვით რუკის კითხვის სამი დონე გამოიყოფა.

რუკის ელემენტარული კითხვა გულისხმობს მოცემული ობიექტის თავისებურებათა ახსნას მისი გარეგნული იერსახის მიხედვით. ობიექტის სახელწოდებისა და მისი გამოსახულების შეჯერების შედეგად მივიღებთ მტკიცებულებას: “ეს კავკასიონის მთებია”; “ეს აფრიკაა”; “ეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარია”. რუკის კითხვის ეს დონე პრიმიტიულია და დამახასიათებელია მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. ის შეიძლება ანბანის ათვისებას შევადაროთ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუკის ელემენტარული კითხვის გარეშე შეუძლებელია შედარებით რთულ დონეზე გადასვლა. ამიტომ მასწავლებელმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ საკითხების შესწავლას, რათა რუკის “ანბანი” მოსწავლეებმა მყარად და საფუძვლიანად აითვისონ.

რუკის რთული კითხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეს შეეძლოს მსჯელობა რუკაზე გამოსახული ობიექტების თავისებურებების, დედამიწის ზედაპირზე მათი მდებარეობისა და ურთიერთგანლაგების შესახებ. ამ უნარ-ჩვევის ფორმირება შეადრებით რთულია, თუმცაღა სირთულის ხასიათი აქაც მოსწავლეთა კარტოგრაფიულ და გეოგრაფიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული. მოვიყვანოთ მაგალითი: “ურალის მთები გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ”; “აფრიკა არ არის დანაწევრებული კონტინენტი, მისი ზედაპირი ერთგვაროვანია. იგი ცხელ სარტყელში მდებარეობს”. როგორც ვხედავთ, ობიექტის გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ მსჯელობა იმ მონაცემთა საფუძველზე მიმდინარეობს, რომლებიც რუკაზეა ასახული (ისე, როგორც რუკის ელემენტარული კითხვის დროს), მაგრამ ობიექტის დახასიათება შედარებით სრულად ხდება.

რუკის კითხვის მესამე დონეგონებრივი შესაძლებლობების უფრო მეტ დაძაბვას მოითხოვს. ამ დროს მოსწავლე იყენებს გეოგრაფიულ ცოდნას, სარგებლობს რუკაზე გამოსახული ფაქტებით, მათზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნები და იძენს ახალ ცოდნას. მოვიყვანოთ მაგალითი: რომელიმე ქვეყნის დახასიათება რუკაზე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე. დავუშვათ, ამ ქვეყნის რუკაზე აღნიშნულია ქვიშები, მლაშე ტბები, სარწყავი არხები. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და მოცემული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დაახასიათოს ეს ქვეყანა. ის ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ცხელი და მშრალი კლიმატია. მართალია, ეს რუკა კლიმატის შესახებ უშუალო ცნობებს არ იძლევა, მაგრამ რუკიდან ამოკითხული მონაცემების ასოციაციის საფუძველზე მოსწავლეს შეიძლება სწორი წარმოდგენა შეექმნა ამ ქვეყნის კლიმატის შესახებ. მან, ამავე დროს, გამოიყენა გეოგრაფიული ცოდნა განედური ზონალურობისა და მშრალი კლიმატიდან გამომდინარე შედეგების შესახებ. რუკის კითხვის ეს დონე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კუთხით, რადგან აქ ორგანულად და ღრმად ერწყმის ერთმანეთს გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ცოდნა და უნარები. მოსწავლეები ეჩვევიან ნებისმიერი მოვლენის განხილვას არა იზოლირებულად, არამედ გეოგრაფიული ფაქტებისა და მოვლენების ურთიერთდამოკიდებულების მიზეზშედეგობრივ სისტემაში.

გეოგრაფიის საწვლებისას მოსწავლეებს უნდა გავუღვიძოთ ინტერესი, ხშირად გამოიყენონ რუკა მათთვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. ამისთვის პედაგოგმა მოსწავლეებს წინასწარ არ უნდა ამცნოს ის, რისი ამოკითხვაც მათ რუკიდან შეუძლიათ. მართალია, რუკის დამოუკიდებელი კითხვა შედარებით მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ, ამ დროს მოსწავლეთა საქმიანობა აქტიურდება, რის შედეგადაც ისინი მასალას უფრო ღრმად და საფუძვლიანად ითვისებენ.

მასწავლებლის მიერ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ჩამოთვლა და მათი რუკაზე ჩვენება მოსწავლეებისთვის მოსაწყენია, დამოუკიდებელი მუშაობა – პირიქით, სახალისო. თანაც ის მათ პასუხისმგებლობას, ყურადღებას უვითარებს. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის მეთოდური ამოცანაა, მოსწავლეთა რუკაზე მუშაობის ფორმები და სახეები გაამრავალფეროვნოს, გაააქტიუროს და ამისთვის თამაშები, სავარჯიშოები, კითხვები გამოიყენოს.

შედარებით რთული ამოცანაა, ვასწავლოთ მოსწავლეებს რუკის კითხვა იმ მიზნით, რომ მათ დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით ცალკეული ტერიტორიების გეოგრაფიული აღწერა შეძლონ. ამ დროს მეტად ეფექტურია მოსწავლეებისთვის იმ პროგრამის წინასწარ გაცნობა, რომლის მიხედვითაც მათ უნდა წაიკითხონ რუკა. მასწავლებელი ადგენს კითხვებს, რომელთა პასუხებიც მოსწავლეებმა რუკიდან უნდა ამოიკითხონ. მაგალითად, ზღვების შესწავლისას შეიძლება ასეთი პროგრამა-კითხვების გამოყენება:

. აჩვენეთ ზღვები რუკაზე მათი დასახელებით.

. დაადგინეთ, რომელი ოკეანეების აუზებს მიეკუთვნება ისინი.

. დაადგინეთ, რომელ კონტინენტებსა და ქვეყნებს ესაზღვრება.

. დაასახელეთ ამ ზღვებში მდებარე კუნძულები და ნახევარკუნძულები.

. დაადგინეთ, რომელი მდინარეები ჩაედინება მათში.

. დაადგინეთ, რომელი ზღვები იყინება.

. დაადგინეთ, რომელი მნიშვნელოვანი ნავსადგურები მდებარეობს მათ ნაპირებზე.

. დაადგინეთ, გადის თუ არა ამ ზღვებზე სამგზავრო თუ სატვირთო გემების სანავიგაციო გზები.

როგორც ვხედავთ, ეს კითხვები რუკის კითხვის პირველ და მეორე დონეს შეესაბამება. ახლა კი გავეცნოთ რუკის კითხვის მესამე დონის შესაბამის კითხვებს:

. შესაძლებელია თუ არა მთელი წლის განმავლობაში ნავიგაცია კარის, ბარენცის, ჩრდილოეთის ზღვებში?

. სად უფრო მეტხანსაა შესაძლებელი ნავიგაცია – სკანდინავიის ნახევარკუნძულის დასავლეთით, ნორვეგიის ზღავსთან თუ თეთრ ზღვაში? რატომ?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ ზღვებში გაყინვის ხაზის მდებარეობა და გამოიტანონ დასკვნა, რომ ნავიგაცია კარის ზღვაში შესაძლებელია მხოლოდ ზაფხულში, ხოლო სკანდინავიის დასავლეთით – მთელი წელი, რადგან იქ ჩრდილოატლანტიკური თბილი დინება გაივლის.

ასეთი დავალებების შესრულება ხელს უწყობს გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ცოდნის გაღრმავებასა და გაფართოებას.

მოსწავლეებს გასაკუთრებით უჭირთ თემატური რუკების კითხვა. ასეთი რუკები ფართოდ გამოიყენება შეადრებით მაღალ კლასებში და ხშირად სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს. თემატური რუკების სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ ერთი, ისინი გასაკუთრებული შინაარსისაა, მეორე – მოსწავლეებს არ შეუძლიათ მათი შედარება. ამ რუკების შინაარსი ხშირად აბსტრაქტულია, რადგან მათზე გამოსახულ მოვლენებს სინამდვილეში არ გააჩნიათ ხილული კონტურები. ასეთია, მაგალითად კლიმატური, სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების და სხვ. რუკები. მათზე გამოყენებულია გამოსახვის გასაკუთრებული ხერხები (წერტილები, პუნსონები, კარტოგრამები და კარტოდიაგრამები და სხვ.), რომლებიც მოსწავლეებს ზოგადგეოგრაფიულ რუკებზე არ ხვდებათ. ასეთი ტიპის რუკებზე პირველ ხანებში მოსწავლეებს საკმაოდ უჭირთ ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის დადგენა, რადგან მათთვის ცნობილი ორიენტირების მახასიათებელთა ქსელი (მაგალითად, რელიეფი) ასეთ რუკებზე არ ხვდებათ. ამ შემთხვევაში უპრიანია ფიზიკური და თემატური რუკების ერთდროული გამოყენება, რათა მოსწავლეები მიეჩვიონ თემატურ რუკებზე იმავე ობიექტების პოვნას და მათი მდებარეობის დადგენას. ასეთი რუკების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მოსწავლეებმა მსჯელობა და დასკვნების გამოტანა უნდა შეძლონ.

საქართველოს კლიმატური და ფიზიკური რუკები

ამ მეთოდს პირობითად შეიძლება “რუკების ერთმანეთზე დადების” მეთოდი ვუწუდოთ. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორი ან მეტი სხვადასხვა შინაარსის რუკის მონაცემთა შედარებითა და შეჯერებით ვიმსჯელოთ და გამოვიტანოთ დასკვნები შესასწავლი ტეირტორიიის თავისებურებებისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების შესახებ.

ახალი გეოგრაფიული ცოდნის მიღება ასევე შესაძლებელია შინაარსის მიხედვით ერთნაირი, მაგრამ მასშტაბით განსხვავებული რუკების შედარებით.

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ რუკა გეოგრაფიის (და არამარტო მისი) სწავლების მნიშვნელოვანი საშუალებაა, ხოლო რუკის კითხვა – ამ პროცესში გამოსადეგი მეტად ეფექტური მეთოდი, რომელიც მოსწავლეებს ცოდნასთან ერთად მრავალ უნარ-ჩვევას სძენს.

საინტერესო საიტები:

https://unintentionalmaps.blogspot.com/

https://www.maps-for-free.com/

https://www.loc.gov/rr/geogmap/guide/gmilltoc.html

https://www.journalofmaps.com/

https://old.enciclopedia.com.pt/articles.php?article_id=1498

კვლევების საჭიროება გეოგრაფიიის სწავლებაში

0

ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩემს პედაგოგებს, რომლებსაც დღემდე დიდი პატივისცემით ვიხსენებ, წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორი იქნებოდა სამყარო, რომელშიც მე და ჩემი თანატოლები ვიცხოვრებდით 20 წლის შემდეგ. ერთმნიშვნელოვანი წარმოდგენა ჩვენი მოსწავლეებისა თუ სტუდენტების მომავალზე არც ჩვენ გაგვაჩნია. იქნება თუ არა ის უფრო სამართლიანი, უფრო დემოკრატიული, უფრო განვითარებული, უფრო უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ჩვენს დღევანდელ ქმედებებზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, შეუძლებელია, მომავლის შესაბამისი ცოდნა დღეს მივცეთ მათ, თუ აქცენტი უნარების – მაგალითად, კვლევითი უნარის – გამომუშავებაზე არ გავაკეთეთ. კვლევის დროს ადამიანი მხოლოდ კი არ მოიპოვებს ინფორმაციას, არამედ ორგანიზებას უწევს მას, გარე ფაქტორებს უკავშირებს და აანალიზებს. ინფორმაციის მართვა და ანალიზი კი ის უნარებია, რომლებიც, როგორც არ უნდა შეიცვალოს კონტექსტი, ყოველთვის საჭირო და დროის მოთხოვნათა ადეკვატური იქნება. განათლების მთავარი გამოწვევა სწორედ ის არის, მოსწავლე, განურჩევლად გარემოსი, იყოს კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი. ეს ის მთავარი ორიენტირია, რომლისკენაც ახალი არჩევითი საგნის – გეოგრაფიული კვლევის – სწავლებას მივყავართ.

კვლევა ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გამოქვეყნებაა (კვლევის ანგარიში, სტატია, პროექტი და სხვ.). ამ პროცესის ცალკეული ნაბიჯები, ისევე როგორც მათი თანამიმდევრობა, კვლევის სფეროსა და ტიპის კვალობაზე, სხვადასხვანაირია.

სწავლების საშუალო საფეხურზე გეოგრაფიული კვლევის კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეს შეეძლება, გარემოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით განსაზღვროს მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები და პრობლემები, შეისწავლოს და დაგეგმოს მათი გადაჭრის გზები, დაგეგმოს და ჩაატაროს გეოგრაფიული კვლევა და წერილობით თუ ზეპირად წარუდგინოს აუდიტორიას მისი შედეგი. ამასთანავე, შეეძლება კვლევის პროცესში ვიზუალური მასალის (რუკისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებების) შექმნა, მარტივი თემატური რუკების შედგენა, გეოგრაფიული ნაშრომის დაწერა. კურსი იმგვარად არის აგებული, რომ მოსწავლემ, საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, შეძლოს გეოგრაფიული საკითხის დამოუკიდებლად გამოკვლევა და ნამუშევრის აუდიტორიისთვის წარდგენა, მომავალში გეოგრაფიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება, მათი გადატანა სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. გაიზრდება მოსწავლეთა ინტერესი არა მხოლოდ საგნისადმი, არამედ სოციალური თუ ბუნებრივი გარემოსადმი, საზოგადოდ, კვლევისადმი; ისინი უკეთ ითანამშრომლებენ თანატოლებთან და ჩამოყალიბდებიან სოციალურად აქტიურ მოქალაქეებად, პასუხისმგებლობის გრძნობით მოეკიდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს.

კვლევისას მოსწავლემ მხოლოდ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაცია კი არ უნდა დაამუშაოს, არამედ თვითონვე მოიპოვოს იგი. ამისთვის მან ისეთი თემა უნდა აირჩიოს, რომლის შესახებაც ინფორმაციას თავის უშუალო გარემოში მოიპოვებს. თემა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისე საზოგადოებრივ-გეოგრაფიული თუ გარემოსდაცვითი.
გეოგრაფიული კვლევის სწავლების მიზანია, მოსწავლეს:
. გააცნოს გეოგრაფიის კვლევის მეთოდები;
. დაეხმაროს ლოკალური გარემოს აღქმაში;
. დაეხმაროს კვლევის საგნის იდენტიფიცირებაში;
. გაუღრმაოს საგნის ცოდნა;
. ასწავლოს პოზიციის შემუშავება და დაცვა;
. დაეხმაროს პრობლემის გააზრებასა და სხვადასხვა საკითხს შორის კავშირის დადგენაში;
. განუვითაროს:
ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი;
ფაქტების, პროცესებისა და მოვლენების ინტერპრეტაციის უნარი;
შემოქმედებითი უნარები;
მასალის ანალიზისა და დამუშავების უნარი;
პრობლემის გადაჭრის უნარი;
კომუნიკაციის უნარი.
ახალი მოთხოვნების შესაბამისად გეოგრაფიის სწავლებისთვის მასწავლებელი ამ საკითხს შემოქმედებითად უნდა მიუდგეს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების ხელშესაწყობად საჭიროა, საკლასო მეცადინეობებთან ერთად დაიგეგმოს აქტივობებიც, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, თვითონვე ჩაატარონ კვლევა ლოკალურ გარემოში. კვლევისას მოზარდები თავს სრულფასოვან მკვლევარებად აღიქვამენ. როდესაც ასეთი აქტივობები საკლასო ოთახიდან გარეთ გადაინაცვლებს, ისინი მეტი ხალისით თანამშრომლობენ და დროც მათთვის უფრო შინაარსიანად გადის. ასეთი აქტივობაში პასიური მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან, ხშირად განსხვავებულ როლსაც კი ირგებენ, რაც ამაღლებს მათ თვითშეფასებას, აცილებს მათ “უმაქნისის”, იარლიყს.
გეოგრაფიული მეცნიერება კვლევის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა წლების განმავლობაში ამ სასკოლო დისციპლინის ძირითადი სამოქმედო არეალი საკლასო ოთახი იყო, ხოლო სასწავლო რესურსი – მხოლოდ სახელმძღვანელო და რუკა. დღეს კი საკვლევად ბუნებრივი, სოციალური, ეკონომიკური გარემო შეიძლება გამოვიყენოთ.

კვლევა, რა თქმა უნდა, სახალისოა, მაგრამ არის კი ამის საჭიროება? კვლევითი სამუშაოების აუცილებლობაში სკოლის ადმინისტრაციის დარწმუნება არც ისე ადვილია, რადგან კვლევა მატერიალურ დანახარჯს მოითხოვს და მას გაუმართლებელ ფუფუნებად მიიჩნევენ. საპასუხო არგუმენტების მოსაყვანად მასწავლებელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რა არის საველე კვლევა და წინასწარ ჰქონდეს დაგეგმილი მისი ყოველი ეტაპი.
“ექსპერიმენტული სწავლება” ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, რადგან ისინი ინფორმაციას მოიპოვებენ უშუალოდ გარემოზე ან მოსახლეობაზე დაკვირვებით და არა სხვა ავტორის მიერ მოპოვებული წყაროდან. ამგვარად მიღებული ცოდნა უფრო სიღრმისეული და ძნელად დასავიწყებელია. საველე კვლევის ძლიერი მხარეა ისიც, რომ პრაქტიკული საკითხების გადაჭრისას ვითარდება სოციალური უნარ-ჩვევები, შესასწავლი საკითხი რეალურია და ხელშესახები. გეოგრაფია როგორც გარემოს შემსწავლელი მეცნიერება მოსწავლეებს აძლევს ვრცელ ინფორმაციას, რომლის ინტერპრეტაციასაც ისინი თავიანთ კვლევაში ასახავენ.

კვლევის დროს მასწავლებელი მოსწავლეთა მეგზურია. მან მოზარდების ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რა მგრძნობიარეა გარემო უგუნური, არარაციონალური ჩარევებისადმი, როგორ შეიძლება დაირღვეს ეს სათუთი წონასწორობა.

მოსწავლეებს ადრეულ ასაკშივე შეუძლიათ გარემოზე დაკვირვება, ადგილის, ბუნების კომპონენტების აღწერა, მათი თვისებების შესწავლა, უფრო დიდები კი ყოველივე ამის ინტერპრეტაციასაც ახდენენ, ხსნიან სამყაროში მიმდინარე მოვლენების, პროცესების კანონზომიერებებს. მოსწავლეები, რომლებიც დაწყებითი კლასებიდანვე იწყებენ გარემოს შესწავლას, უკეთ არიან მომზადებულები გარემოზე პასუხისმგებლობის ასაღებად.

საველე კვლევები სხვაგვარად იგეგმება, ვიდრე საკლასო ოთახში განსახორციელებელი. გაკვეთილზე ჩასატარებელი კვლევებს მთლიანად მასწავლებელი გეგმავს, მასწავლებელივე იძლევა ინსტრუქციებს, მოსწავლეთა თავისუფლების ხარისხი შედარებით ნაკლებია, ხოლო საველე კვლევაში, რომლის მიზანიც არის გარემოზე (ბუნებრივზე, სოციალურსა თუ ეკონომიკურზე) დაკვირვება, მონაცემების შეგროვება, მათი ინტერპრეტაცია, მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართულნი. შესაძლოა, კვლევის ეტაპების განსაზღვრაშიც კი მიიღონ მონაწილეობა.არჩოში მოცემულია სარეკომენდაციო თემები კვლევებისთვის, რომლებიც მასწავლებელმა არჩევითი საგნის ფარგლებში შეიძლება ჩაატაროს.
სარეკომენდაციო თემები:

1.ფიზიკური გეოგრაფია

·ლოკალურ გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენა (ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სტატისტიკურ წელიწდეულებში, მეტეოსადგურებში, ბიბლიოთეკებში არსებულ კლიმატოლოგიურ ცნობარებსა თუ ძველ გაზეთებში)
·ლოკალური გარემოს ლანდშაფტის ტრანსფორმაცია (ძველი ფოტოების, საარქივო მასალის, უფროსი თაობის მონათხრობის საფუძველზე)
·რელიეფისა და კლიმატის გავლენა ტურიზმზე
·გეოგრაფიული ობიექტები სტოპონიმიკა
·ორი ფერდობის, მდინარის სანაპიროს შედარება

2.საზოგადოებრივი გეოგრაფია

·კულტურული ღირსშესანიშნაობების, საინტერესო ადგილების მიზიდულობის არეალის დადგენა (ინფორმაცია ვიზიტორთა რაოდენობისა და გეოგრაფიის შესახებ)
·ლოკალური გარემოს ტრანსფორმაცია – არქიტექტურა, ტრანსპორტი (ძველი ფოტოების, საარქივო მასალის, უფროსი თაობის მონათხრობის საფუძველზე)
·გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებები უახლეს ისტორიაში და მათი მიზეზები
·თავისუფალი დროის ორგანიზების თანამედროვე ფორმები და მათი გეოგრაფია
·სკოლის მიზიდულობის არეალის დადგენა, მოსწავლეთა გეოგრაფია
·დემოგრაფიული ქცევის ცვლილება თაობების მიხედვით (ინტერვიუების საფუძველზე)

3.გარემოს დაცვა
·ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება (ვირტუალური დაკვირვება დღის სხვადასხვამონაკვეთში, კვირის დღეებში და დაკავშირება სატრანსპორტო საშუალებებთან თუ ნაკადის ინტენსივობასთან. ბიუჯეტის პირობებში – სინჯების აღება)
·მდინარის აუზის შესწავლა და დაბინძურებაზე დაკვირვება (დაკვირვება ნაპირის დანაგვიანებაზე, სინჯების ლაბორატორიული ანალიზი დაფინანსების შემთხვევაში)
·დასვენების პარკებში ლანდშაფტის ცვლილება და გარემოს მდგომარეობა
ურიგო არ იქნება, კვლევის თემატიკა მოსწავლეებმა თავად შეარჩიონ – მოაწყონ გონებრივი იერიში, მერე კი განიხილონ, რამდენად შესაძლებელია თითოეული იდეის განხორციელება, აწონ-დაწონონ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგალითად, ხელმისაწვდომია თუ არა ინფორმაცია ამა თუ იმ ადგილზე, მოვლენასა თუ პროცესზე, შესაძლებელია თუ არა ამა თუ იმ ადგილის მონახულება, თუ ინფორმაციის გადამოწმება ან დამატება გახდა საჭირო, ხომ არ ჩაშლის ეს კვლევას, ხომ არ ჯობს, საკვლევი ობიექტი ახლოს, ადვილად მისასვლელი იყოს, ხო არ წარმოადგენს იგი კერძო საკუთრებას და მფლობელთან მოლაპარაკება ხომ არ იქნება საჭირო, თუ ინფორმაცია დაკვირვებისა და გამოკითხვის საშუალებით ვერ მოიპოვეს, ხელმისაწვდომი იქნება თუ არა მათთვის სხვა წყაროები, ხომ არ არის გამოსაკვლევი საკითხი იმდენად მარტივი, რომ მასზე პასუხი წინასწარ არსებობდეს, ან იმდენად რთული, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობებს აღემატებოდეს, თუ სასურველია ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, შესაძლებელია თუ არა ამის თაობაზე მოლაპარაკება რომელიმე კვლევით ლაბორატორიასთან/ინსტიტუტთან/ცენტრთან.

ნაშრომი ვიზუალურად უფრო გამომხატველი რომ იყოს, შეიძლება ფოტოების გადაღება, ჩანახატების გაკეთება, ადგილის გეგმის შედგენა, ხოლო შეგროვილი ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად ჩასატარებელი კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

უფრო დაწვრილებით გეოგრაფიულ კვლევასა და მის განხორციელებაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ. მოვიყვანთ კონკრეტულ რჩევებსაც. ისინი განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუ საგანი აირჩიეთ და პრობლემებს აწყდებით სახელმძღვანელოს უქონლობის გამო. ვისაც წელს არ აგირჩევიათ, შესაძლოა, მისი გაისად სწავლების სურვილი გაგიჩნდეთ, ჩვენ კი გირჩევთ, ამთავითვე დაიწყოთ მცირე კვლევები, თუმცაღა არჩევანი “გეოგრაფიული კვლევის” სასარგებლოდ არ გაგიკეთებიათ.

რას მოგვითხრობს გეოგრაფიული სახელები

0

გეოგრაფიული სახელების გარეშე რუკა მუნჯია. ნეტავი, რამდენი გეოგრაფიული სახელია დედამიწაზე? უთვალავი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

გეოგრაფიული სახელების შემსწავლელ მეცნიერებას ტოპონიმიკა ეწოდება (ბერძნული სიტყვებიდან “ტოპოს” – “ადგილი” და “ონიმა” – სახელი). ამბობენ, რომ ტოპონიმიკა დედამიწის ენაა. ის გეოგრაფიული სახელების მეშვეობით კაცობრიობის ისტორიას მოგვითხრობს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...