პარასკევი, ივნისი 20, 2025
20 ივნისი, პარასკევი, 2025

პალმების უბანში…

0

შორეულ აფრიკაში, სადაც გადაჭიმულ ტრამალებზე მზე სასტიკად აჭერდა, ერთი ლომი ცხოვრობდა. თანამედროვე ლომი არ იყო, ძველ დროზე ვწერ. თანამედროვე არ იყო-მეთქი, ჰო, არც ინტერნეტი ჰქონია, არც სოციალური ქსელი, არც ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა თავაუღებლად და არც სარკასტული სტატუსების თუ კომენტარების წერით იწუხებდა თავს. ეს ყველაფერი არც ახლანდელ ლომებს აქვთ, მაგრამ ამათ მხოლოდ ფაფარი აქვთ, იმ ძველს კიდევ თმით მთელი ტანი ჰქონდა დაფარული და პაპანაქება სიცხეში ღონემიხდილიღა დადიოდა. მობეზრდა ერთ დღესაც და პალმების უბანში სტილისტ წეროსთან გადაწყვიტა წასვლა.

წერო მაღალ ფეხებზე იდგა, ზემოდან იყურებოდა და თითო პალმაზე სამ-სამი სერთიფიკატი ეკიდა. სად აღარ იყო გამარჯვებული, რომელ ფერს აღარ „დასვამდა“ მხოლოდ ერთი საღებავიდან. შეჭრითაც ყველანაირ ფასონს ფლობდა, ისიც იცოდა თქვენს ოვალს რა ფორმა შეესაბამებოდა.

ლომი სიხარულით მიიღო და უთხრა, რომ შესაბამისად შეჭრიდა. ფაფარსაც შეუსწორებდა. თუმცა პროცესი ისე გაიწელა, რომ ფაფრის შესწორებამდე საქმე აღარ მივიდა, ლომს მოთმინებამ უმტყუნა, წამოხტა და გაიქცა. მას შემდეგ დადის ასე მხოლოდ ფაფრით და ტანზე შედარებით აღარ ცხელა.

წერომ რა გააკეთა ლომის გაქცევის შემდეგ? არც არაფერი, იქვე პალმის ზეთი ჩამოასხა და ნამცხვრის ცხობას შეუდგა.

შევჩერდეთ…

რაც აქამდე წაიკითხეთ, რა არ არის სწორი?

ლომებს ტელეფონი და ინტერნეტი არ აქვთ, თუმცა აფრიკაში ცხოვრობენ. ეს სწორია…

აფრიკაში წეროს ექვსი სახეობაა, თუმცა სტილისტობა არცერთს არ შეუძლია, არც „პეჩენიების“ ცხობა…

მეეჭვება ლომი სტილისტთან მისულიყო… ეს არასწორია.

საერთოდაც, ზემოთ დაწერილი იმ ნახატი ფილმის ჩემებური გადამღერებაა, რომელსაც ბავშვობაში სიამოვნებით უყურებდი.

ახლა პალმის ზეთს მივხედოთ. წერომ პალმის ზეთი ჩამოასხა-მეთქი, სწორია? ჰო, წერო ვერაფერს ჩამოასხამდა, მაგრამ წეროს ნაცვლად მე ან თქვენ რომ ვყოფილიყავით, პალმის ზეთი თხევადი სახით გვექნებოდა? გვექნებოდა, თან წითელი ფერის, თუ მისი მოპოვების თავდაპირველ ეტაპზე ვიქნებოდით. წითელ ფერს მას მასში შემავალი A ვიტამინი ანიჭებს, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს. სხვადასხვა ტიპის კაროტინოიდებიც აქვეა. რაც უფრო დიდხანს  ყოვნდება ჰაერზე, A ვიტამინი  მით უფრო მეტად იშლება, ცხიმიც მოთეთრო მოყვითალო ფერს იღებს და მყარდება.

მიმიხვდით არა? პალმის ზეთზე ვწერ. ბოლო დროს ინტერნეტგვერდებზე პალმის ზეთზე დაწერილ იმდენ ტყუილ-მართალს გადავაწყდი, ვიფიქრე, მეც უეჭველი რამე უნდა დავწერო-მეთქი. რადგან ეს წერილიც ინტერნეტში გამოქვეყნდება, გადავწყვიტე, მეც ტყუილ-ჭეშმარიტობანა მეთამაშა და სტატიის ზედა ნაწილში წეროსა და ლომზე სულ ტყუილები ვწერე.

მეორე ნაწილში სიმართლის დროა.

 პალმის ზეთს გვინეის პალმის ნაყოფისგან იღებს. ძირითადი მწარმოებლები ინდონეზია, ფილიპინები და მალაიზიაა. მცენარეული ზეთია, ოღონდ არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში მცენარეული ზეთის ქიმიური დამუშავებით მიღებული ჰიდროგენიზებული ცხიმი და პალმის ზეთი. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ტრანს ცხიმი, მაგ. მარგარინი.

  პალმის ზეთი 30 გრადუსზეც კი  არ ლღვება. თავდაპირველად, ანუ მიღების დროს,  ის მოწითალო ფერის სითხეა. ეს A ვიტამინის და სხვა კაროტინოიდების მაღალი შემცველობის გამო ხდება. ჰაერზე დაყოვნების შემდეგ ვიტამინი იშლება, სითხე კი მყარდება და მოთეთრო მოყვითალო ფერს იღებს. ანუ ახასიათებს ორი ფრაქცია – მყარი და თხევადი. ზოგიერთ ქვეყანაში სხვადასხვა სალათზე მოსასხმელად თხევად ფრაქციასაც იყენებენ. მყარი ფრაქცია კი ისეთი პროდუქტების შექმნისთვისაა, რომლებიც დიდხანს ინახება. ამ პროდუქტების მომხმარებელი მე და თქვენც ვართ, „პეჩენიები“, კამფეტები, ნაყინი.

ნაჯერ და უჯერ ცხიმოვან მჟავებზე თუ გსმენიათ რამე? ამ შეკითხვას  ქიმიკოსებისთვის არ ვწერ. ხომ შეიძლება წერილი ისტორიკოსმა, ან სულაც მარკშეიდერმა წაიკითხოს? ხომ გახსოვთ „ცისფერი მთებიდან“, ერთი-ორი მარკშეიდერი ყველგან უნდა იყოს, ჰოდა, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ წერილს არ წაიკითხავს.

ცხიმოვანი მჟავები ნახშირბადის ოთხი და მეტი ატომის შემცველი მონოკარბონმჟავებია. ისინი პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: 1)მოკლე ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C4-C10) და 2) გრძელი ნახშირწყალბადოვანი ჯაჭვის (C12-C24) შემცველ ცხიმოვანმჟავებად. მეორე ჯგუფის წარმომადგენლებს უმაღლეს ცხიმოვანმჟავებს უწოდებენ. უჯრედებსა და ქსოვილებში უმაღლესი ცხიმოვანი მჟავები თავისუფალ მდგომარეობაში ძალიან მცირე რაოდენობითაა. ძირითადად ლიპიდების შემადგენლობაში გვხვდებიან. ადამიანის ორგანიზმში ლიპიდები უპირატესად C16-C18 ცხიმოვანმჟავებს შეიცავს.

ცხიმოვანმჟავა შეიძლება იყოს ნაჯერი ან უჯერი. ნაჯერ ცხიმოვანმჟავებში ორმაგი ბმები არ არის. უჯერი ცხიმოვანმჟავები ერთ, ორ ან მეტ ორმაგ ბმას შეიცავს. ერთი ორმაგი ბმის შემცველ უჯერ ცხიმოვანმჟავას მონოუჯერს, ორი ან მეტი ორმაგი ბმის შემცველს პოლიუჯერს უწოდებენ.

ჰოდა, მოდი გავარჩიოთ, როგორია ნაჯერი და უჯერი  ცხიმოვანი მჟავების რაოდენობა  პალმის ზეთში, კარაქსა და ზეითუნის ზეთში?

უჯერი მჟავებიდან ყველაზე მეტად ომეგა სამი გვაინტერესებს და ის დიდი რაოდენობით ზეითუნის ზეთშია.

ნაჯერი მჟავების შემცველობა მეტია კარაქში (50% 100 გრამზე), შემდეგ პალმის ზეთში (40%100 გრამზე) და ბოლოს, ზეითუნის ზეთი 13 %-ს შეიცავს.

ცუდი რითია ნაჯერი მჟავაო, შეიძლება იკითხოს იმ მკითხველმა, რომელიც ქიმიკოსი არ არის. გახსოვთ არა? პირობითად დავუშვით, რომ ისტორიკოსი ან მარკშეიდერია.

ნაჯერი მჟავა  ქოლესტერინს იკავშირებს და სისხლძარღვებში დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის ფოლაქებს წარმოქმნის. შედეგად, სისხლძარღვები ვიწროვდება, სისხლის გამტარიანობა ძნელდება, რაც საკმაოდ მძიმე პროცესების ინიცირებას იწვევს, მაგ. ათეროსკლეროზის.

თუმცა, ცალკე აღებული „ცუდი“, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი ნებისმიერ ცხოველურ ცხიმში გვხვდება. არის კარაქშიც, რადგან ის ცხოველურია. ზეითუნის ზეთში არ არის, მცენარეულია და იმიტომ. პალმის ზეთში არის? პალმის ზეთშიც არ გვხვდება, ეს ზეთიც მცენარეულია. გამოდის რომ, პალმის ზეთი ათეროსკლეროზისთვის საშიში არ არის, თუ მის შემცველ პროდუქტებს კილოგრამობით არ მიირთმევთ, და/ან პარალელურად არ მიირთმევთ ქოლესტერინიან  პროდუქტებს.  ხომ გახსოვთ, პალმის ზეთი ნაჯერ მჟავებს შეიცავს (40%100 გრამზე), ნაჯერ მჟავებს კი სისხლძარღვებში ქოლესტეროლი შეაქვთ.

ზემოთ დავწერე A ვიტამინს შეიცავს-მეთქი, თუმცა მის შემადგენლობაში E ვიტამინიც შედის. კარაქში ის ძალიან მცირე რაოდენობით არის, ზეითუნის ზეთს კი ამ სამეულიდან, მისი შემცველობის მხრივ, პირველი ადგილი უჭირავს.

ეს ორივე ვიტამინი ცხიმში ხსნადი გახლავთ და სილამაზის  ვიტამინების სახელწოდებით არის ცნობილი.

A ვიტამინზე ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება 1-2,5მგ-ია. მას ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ჟანგბადის დაბალი პარციალური წნევის პირობებში უჯრედების მემბრანებს ზეჟანგური დაჟანგვისგან იცავს. ნაკლებობის დროს ეპითელური ქსოვილი რქოვანდება, კანზე ხორკლები წარმოიქმნება, ჩამოიფქცვნება ეპითელიუმი სასუნთქ ორგანოებში (და არა მხოლოდ), რის გამოც ადვილდება ინფექციის შეჭრა.

E ვიტამინზე ადამიანის სადღეღამისო მოთხოვნილება 30მგ-ია. ორგანიზმს მისი დეპონირების უნარი აქვს. ავიტამინოზის დროს დამახასიათებელია ცვლილებები კუნთებში, კლებულობს კრეატინის რაოდენობა. ვითარდება კუნთოვანი ქსოვილის ატროფია, რადგან მცირდება კუნთის შეკუმშვაში მონაწილე ცილის-მიოზინის რაოდენობა და მას სტრომის ცილა კოლაგენი ცვლის. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ცვლილებებისა, რასაც ამ ორი ვიტამინის ნაკლებობა იწვევს.

რაზე გავჩერდი? ჰო, პალმების უბანში სტილისტ წეროს რამდენიმესაათიანი პროცედურის შემდეგ ნახევრად გაკრეჭილი ლომი გაექცა. წერო უბრალო სტილისტი კი არ იყო, სამი ქვეყნის ჩემპიონი გახლდათ სტილისტობაში, თავისი ფასი იცოდა, ამიტომ ლომს უკან სულაც არ გაჰკიდებია, მაცივრიდან ნაყინი გადმოიღო და ყავასთან ერთად მიირთვა.

ნეტა თუ ახსოვდა, რომ პალმის ზეთში ნაჯერი მჟავები მცირედ, მაგრამ მაინც არის. ნაჯერი მჟავა ქოლესტერინს იკავშირებს და მის სისხლძარღვებში შეტანას უწყობს ხელს, ამიტომ პალმის ზეთის პარალელურად ქოლესტერინის შემცველი პროდუქტებისგან თავი უნდა შეიკავოს. პალმის ზეთის შემცველი პროდუქტები კი (ეს პროდუქტები დიდხანს ინახება, ნაყინიც მათ შორისაა) მცირე რაოდენობით უნდა მიიღოს.

წეროს ამის ცოდნა არაფერში სჭირდება, ჩვენ დავიმახსოვროთ.

ლუდის ფესვები

0

სამყაროს შექმნისა და ლუდის გამოგონების თარიღები ლამის ერთმანეთს ემთხვევა. ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღ-მდე X საუკუნეში მესოპოტამიაში ამ სასმლის 70-მდე რეცეპტი იცოდნენ. ბაბილონში ლუდის ხარისხის დაცვის კანონი მოქმედებდა.

ძველი რომაელები ლუდს უხვმოსავლიანობის ქალღმერთ ცერერასაგან ნაბოძებ ღვთიურ სითხედ მიიჩნევდნენ და ჰიმნებსა და ოდებში ხოტბას ასხამდნენ მას. მომთაბარე სკვითებს ჰიმნებზე არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ, სამაგიეროდ, ლუდს განათლებულ ბერძნებსა და რომაელებზე უკეთ ხარშავდნენ, რასაც ბერძენი მოგზაურებიც ადასტურებდნენ თავიანთ ნაშრომებში.

მოკლედ, მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი ერი, ლუდის დამზადების ხელოვნება რომ არ სცოდნოდა. გამონაკლისს მხოლოდ ავსტრალიელი აბორიგენები წარმოადგენდნენ, რომლებიც მეგობრებთან ერთად ლუდის სმას მათ შეჭმას ამჯობინებდნენ.

ჩვენი წინაპრების ლუდს თანამედროვე სასმელთან იმდენივე აქვს საერთო, რამდენიც მშვილდ-ისარს – კალაშნიკოვის ავტომატთან. მას არც თეთრი ქაფი დაჰყვებოდა და არც ოქროსფერი დაჰკრავდა. ეს იყო მღვრიე წებოვანი სასმელი, რომლის გემოც დამჟავებული ცომისას წააგავდა. მაშინდელ ლუდს ამ სასმლისთვის დამახასიათებელი სიმწარეც კი არ ჰქონდა.

ბავარიული სვია

ცნობილია, რომ ლუდს სიმწარეს სვია სძენს. ევროპაში მის შესახებ IX საუკუნემდე არავის არაფერი გაეგონა. მანამდე ამ სასმელში ათასგვარ „ნაგავს“ ყრიდნენ. მაგალითად, დაფნას. სვიის მოყვანა პირველებმა ბავარიელებმა დაიწყეს. ბავარიული ლუდის დიდებაც სწორედ აქედან იღებს სათავეს.

გერმანული ლეგენდის მიხედვით, სვიიანი სასმელი ზღაპრულმა მეფემ გამბრინუსმა შექმნა. მას რეალური პროტოტიპიც ჰყავდა – ლუდის დიდი მოყვარული ჰერცოგი იან პრიმუსი. 1515-1516 წლებში ბავარიის ჰერცოგმა ვილჰელმმა დაამტკიცა „კანონი სუფთა ლუდის შესახებ“, რომლის თანახმად, ნამდვილი ლუდის შემადგენლობაში ქერი, სვია და წყალი შედიოდა.

საყოველთაოდ მიღებული განმარტებით, ლუდი სუსტი ალკოჰოლიანი, მატონიზებელი და გამაგრილებელი სასმელია. მას მადაზე მოვყავართ და აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ძველადაც იცოდნენ. თბილი ლუდით აყუჩებდნენ კბილის ტკივილს და აცხრობდნენ ყელის გაღიზიანებას. მეომრები მას დაღლილობისას ფეხებზე ისვამდნენ. ლუდს ასმევდნენ ფიზიკურად და სულიერად დასუსტებულებს. ამ სასმლით მკურნალობდნენ ღვიძლსა და თირკმელებს და ქოლერის პროფილაქტიკის საშუალებად მიიჩნევდნენ. XIX საუკუნის შუა წლებამდე ევროპის ყველა საავადმყოფოში პაციენტებს წამალზე ლუდს აყოლებინებდნენ.

დღეს ლუდის მარგებლობაზე ბევრს კამათობენ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ის ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას, ამაღლებს იმუნიტეტს, აღადგენს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, ამცირებს სისხლძარღვების დაავადებათა რისკს.

ზედმეტი წონის დაგროვებაში ლუდის დადანაშაულება არასწორია. მისი კალორიულობა ხილის წვენებისა და ტკბილი გაზიანი სასმელებისას არ აღემატება. სხვა საქმეა, რომ „ფანტასა“ და „კოკა-კოლა“ 2-3 ჭიქაზე მეტს ვერ დალევ, ლუდი კი სამი ლიტრიც შეუმჩნევლად შემოგესმევა, თანაც მას, ტრადიციისამებრ, მსუყე მისაყოლებელთან ერთად სვამენ: ძეხვი, სოსისი, ღორის კანჭი გემრიელია, მაგრამ აღნაგობას დიდ დარტყმას აყენებს.

საფუარის ნალექი სასმლის ბუნებრიობაზე მეტყველებს, თანაც ეს არ ეხება მხოლოდ ხორბლისგან დამზადებულ ლუდს. მაგალითად, კლასიკური ბელგიური ქერის ლუდი „შიმეიც“ ძველებური ტექნოლოგიით მზადდება და არ იფილტრება.

ხორბალთან ერთად ლუდში ბრინჯს, კარტოფილის ფქვილს, შაქარს და ჯეჯილს ამატებენ. ეს დანამატები, სპეციალისტთა აზრით, ცვლის სასმლის არსს და გემოზე უმნიშვნელო გავლენას ახდენს. მუქი ლუდის წარმოებისთვის ქერს დამატებით ხალავენ, რათა მასში შემავალი შაქარი კარამელად იქცეს. სასმლის სიმწარე მასში სვიის ოდენობით განისაზღვრება – რაც უფრო ნაკლებია სვია, ლუდიც უფრო ტკბილი გამოდის.

გარდა ამისა, ლუდის ყველა ქარხანას სასმლის ორიგინალური, საიდუმლო რეცეპტი აქვს. ზოგი ლუდს ice-ripng ტექნოლოგიით ამზადებს – სასმელი სიცივეში „მწიფდება“, რაც მას წარმოუდგენელ არომატს სძენს. უშვებენ აგრეთვე დიეტურ ლუდს – უალკოჰოლოს დაბალკალორიულს, დიაბეტურს. რა თქმა უნდა, ეს კეთილშობილური საქმეა, მაგრამ, სიმართლე რომ ითქვას, გრადუსისა და ბუნებრივი შაქრის გარეშე ლუდი გაზიანი სასმელია, რომელსაც ნამდვილ ლუდთან საერთო არაფერი აქვს. ლუდის ნამდვილი მოყვარულები მას არ აღიარებენ და მიაჩნიათ, რომ ჯობს, ლუდზე საერთოდ უარი თქვა, ვიდრე მისი სუროგატით დაკმაყოფილდე. თუმცა ყოველთვის კარგია, როცა არსებობს არჩევანი, თუნდაც არასრულფასოვანი.

რეკორდები

ლუდის მწარმოებელ კომპანიებში უძველესად მიჩნევა გერმანული „ვეიჰნშტეფანი“. ის მიუნხენის მახლობლად მდებარე ქალაქის ფრეიზინგში 1040 წელს შეიქმნა.

ამერიკული „ადოლფ კურს კომპანი“ ლუდის უდიდესი ქარხანაა მსოფლიოში. ის კოლორადოში მდებარეობს და ყოველწლიურად ორნახევარ მილიარდ ლიტრ სასმელს აწარმოებს. ლუდის ყველაზე პატარა ქარხანად შეიძლება ჩაითვალოს ჩეხეთის ქალაქ პლზენის მუზეუმის ექსპონატი. მოქმედი ლუდის ქარხნის ასლი 1958 წელს ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენისთვის შეიქმნა. მინიქარხანა ერთ ჯერზე 30 ლიტრ ლუდს ხარშავს.

ნორვეგიელ იან სოლბერგს ლუდის ეტიკეტების ყველაზე დიდი კოლექცია აქვს. ის 350 000-ზე მეტ ეგზემპლარს ითვლის.

ავსტრიის დედაქალაქ ვენის მკვიდრი ლეო პისაქერი ლუდის ჭიქების სადგამთა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კოლექციის მფლობელია. 140 000 სადგამი მან 155 ქვეყანაში შეაგროვა. აღსანიშნავია, რომ თავად ლეო ლუდს არ სვამს.

სვიის ყველაზე დიდი პლანტაცია აშშ-ში ვაშინგტონის შტატის ქალაქ ტოპენიშაში მდებარეობს. მისი ფართობი 753,9 ჰექტარია. ის სვიის მსოფლიოში უდიდეს მწარმოებელს, ფირმა „ჯონ ი. ჰაას“ ეკუთვნის. ფირმის პლანტაციების საერთო ფართობი 2149 ჰექტარს შეადგენს. პლანტაციები ამერიკის შტატებში აიდაჰოში, ორეგონსა და ვაშინგტონში, ბრიტანეთის საგრაფო კენტში და ავსტრალიაშია მდებარეობს.

მალაიზიაში 1985 წელს ლუდის მსოფლიოში ყველაზე დიდი კათხა გააკეთეს. ფირმა „სელანგორ პიუტას“ ამ ქმნილების სიმაღლე 198,7 სმ იყო და ის 2796 ლიტრ ლუდს იტევდა.

ლუდის მსოფლიოში უდიდეს ბარს „მატჰაიზერი“ ჰქვია და მიუნხენში, ბაიერშტრასე 5–ში მდებარეობს. ყოველდღე იქ საშუალოდ 56449 ლიტრი ლუდი იყიდება. ეს ბარი 1829 წელს გაიხსნა, მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა, 1955 წელს კი აღადგინეს. დღესდღეობით ბარი 5500 ადამიანს იტევს.

1938 წელს ავსტრალიაში, შტატ ვიქტორიის ქალაქ მილდიურეში, ლუდის მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბარი გაიხსნა. მისი სიგრძე 91 მეტრია და იგი ლუდის 27 ავტომატს იტევს.

მსოფლიოში ყველაზე პატარა პაბი (ინგლისური ლუდის ბარი) „ლეიქსაიდინი“ ბრიტანეთის ქალაქ სუთპორტში მდებარეობს. მისი დარბაზის ფართობი 6,7X4,878 მეტრია.

ლუდის მსოფლიოში ყველაზე პატარა ბოთლი ციურიხის მახლობლად მდებარე სოფელ ვადენსვილში მზადდება. ის 40 მილილიტრ ლუდს იტევს და 9 ფრანკი ღირს.

სულ სხვა მინდია

0

მას არც მზე გასწითლებია, არც ,,მასკვლავი“ ჩამოსულა და არც მთვარე დამდგარა უკუღმა მისი სიკვდილის გამო…საერთოდაც, არ მომკვდარა.

ის არც ქისტებს ჰყოლიათ ტყვედ.

 მით უმეტეს – არც  ქაჯებს.

 არც მზისფერ ხადიშათზე უოცნებია, არც საკუთარი ლანდი დაუკარგავს, არც სამყაროს ხმები ესმის და თავი არ მოუკლავს სამყაროს უარმყოფელს…

სულ სხვა მინდიაც ჰყავს ვაჟას, მისი ცხოვრება არც მისტიკით, არც ღმერთთან თანაზიარობით, არც ტრაგიზმით არ არის სავსე. უბრალოდ, თორმეტი ქისტის ,,მამკლავია“ და ზის ,,შუბლმთვარიან“ ცხენზე,რომელიც ირემს უფრო ჰგავს, ვიდრე ცხენს.

ეს სულ სხვა მინდია ალუდას გულშემატკივარია და, ალბათ,მეგობარიც.

***

მინდიას ,,მიახარეს“ ხევსურებმა ალუდას აუგი და იწყინა ძალიან.

 სააუგო რა სჭირდა ალუდას, ალბათ, ის უთხრეს, მოიტყუაო (ვერ დაიჯერეს,მარჯვენა რომ არ მოსჭრა ქისტს). რეაქცია შესაბამისი ჰქონდა: ,,იწყინა,შუბლი დაკეცა ნაოჭით ზარიანითა“. საიდანღაც ახალმოსული არც დაფიქრებულა, ისე მოემზადა ისევ წასასვლელად, რათა ალუდას სახელი დაეცვა. ალუდა არც უნახავს, არც არავის დაუვალებია. უბრალოდ, დაიბარა, დაღამებამდე, ,,სანამ დაბრძანდეს მრავალი“, დავბრუნდებიო. თავისთავად ეს ფაქტი, სხვისი სახელისთვის ზრუნვა,დიდი ღირსებაა ადამიანისთვის და ვაჟა  კაი ყმის თვისებად ასახელებს: ,,სხვისა იუბნოს სახელი“.

მინდიას რომ ეგონა, იმაზე დიდი დრო დასჭირდა დასაბრუნებლად. მოსულს მთელი შატილი დახვდა, არავისთვის მიუქცევია ყურადღება, ახალგაზრდებს მიმართა:

,,ახლებო, სისხლი გიფუისთ,

სჭრითა და ჰკერავთ გულითა,

გულს ათრევინებთ გონებას,

თავს აჭრეინებთ ცულითა,

ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა

მის ვაჟკაცურის რჯულითა!

ერთურთს ნუ დააჩაგვრინებთ,

გული გონება ძმანია.

მართალი არი ალუდა,

თავს არ დამექცნენ ცანია!

მინდიას პიროვნების ამოსაცნობად ეს მონოლოგია ყველაზე ბევრისმთქმელი.

ის ორ რამეში ადანაშაულებს ახალგაზრდებს. პირველი იმაში, რომ ,,გულს გონებას ათრევინებენ“ ანუ გულისთქმას აჩაგვრინებენ გონებას და მხოლოდ გულით,ემოციით მოქმედებენ. და მეორე, რომელიც სწორედ აქედან გამომდინარეობს: ადვილად ვერ ცნობენ  ვაჟკაცს ,,მის ვაჟკაცურის რჯულითა“.

გული – დ გონება რომ ძმანია, ეს არ ახალია,ძველია, რადგან რუსთაველმა კარგად ახსნა ადამიანის ამ ორი მიდგომის ჰარმონიულობის აუცილებლობა:

 ,,გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან.
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან
“.

მინდია ეუბნება ახალგაზრდებს,რომ საღი განსჯა, სწორი ფიქრი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი,როცა გული და გონება ჰარმონიულად ,,თანაცხოვრობენ“ და მათ შორის არც ერთი არ არის დომინანტი.

ასმათი ავთანდილს ეუბნება, რომ გული წინამძღოლივითაა,ის თუ წავა, ან საითაც წავა, ცნობა-გონებაც(ანუ ახალი სალიტერატურო ქართულით: გონება და ფიქრი) მას მიყვება და არ შეიძლება, ესენი ცალ-ცალკე არსებობდნენ. მთავარია,საით გაიწევს გული.

სწორედ გული იყო, ალუდას მუცალი რომ შეაბრალა და ქალივით აატირა: ,,ალუდას თოფი არ უნდა, ატირდა,როგორც ქალიო“… ამბობს კიდეც შატილში დაბრუნებული ალუდა ძალიან გულ წრფელად და ძალიან გულ უბრყვილოდ:

,,გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
დაე დააკლდეს სახელსა,
მე გირჩევნივარ მრჩევლადა”.

ორივე შემთხვევაში, ვაჟასთანაც და რუსთაველთანაც,  გული წინამძღოლის, წარმმართველი ძალის როლს ასრულებს. უგულო ადამიანი რომ ადამიანობას კარგავს, ამას რუსთაველი ძალიან კარგად აყალიბებს ერთ სტრიქონში: ,, უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან,“ – უგულოდ ვეღარ ადამიანობს ადამიანი და ადამიანებისგან გარიყული რჩებაო.

ვაჟა იმავეს,მაგრამ უფრო მძაფრად და ცოტა სხვანაირად ამბობს ,,ბახტრიონში“:

,, მკვდარია უგრძნობი კაცი,

უსაზარლესი მკვდარზედა,

მით რომე სიცოცხლე უდგას

სალის ყინულის ტახტზედა.

არ ებრალება მოყვასი,

მის წინ რო აცვან ჯვარზედა.

ისე მოკვდება, ვერ შედგეს

ერთს წამს ტრფობისა მთაზედა.

შორს არის, მეტად შორს არის

დაშორებული მაზედა.

ჭაობში არის ჩაფლული,

ვიცნობ მოწამლულს ხმაზედა.

საზარელია დადგომა

უგრძნობელობის გზაზედა,“– რაც არ უნდა უგრძნობი იყო,ეს სიტყვები მაინც მოგხვდება გულზე და სულსა და ფიქრს ერთნაირად აგიფორიაქებს.

მაშინ რატომ იწყებს თავის საყვედურს ახალგაზრდებისადმი მინდია ასე: ,, სჭრითა და კერავთ გულითა“?

 საქმეც ეგაა,რომ ახალგაზრდები მხოლოდ და მხოლოდ გულით მოქმედებენ და მათ გულით ნამოქმედარს ,,ცნობა-გონება“ თან არ მიყვება.

ალუდა სხვაა. გულით კი მოქმედებს, მაგრამ გონება თან მიყვება მის ნამოქმედარს. ეს მის ყოველ შემდგომ ნაბიჯში კარგად ჩანს:

,,ყმა მოიდოდა გორიგორ,
არ ეწონება თავია;
პირს დასწოლია ნისლები,
გულით ნადენი, შავია,“ – ეს ნისლები მისი გონების ფიქრია, რომელიც გულში აღძრულმა გრძნობამ წარმოშვა. ამას  სიზმარი მოჰყვა (როცა ალუდა თავის სიზმარს ყვება, შეუძლებელია, გალაკტიონის ეს სიტყვები არ გაგახსენდეს: ,, მე ვხედავ სიზმრებს, არა თქვენებურს“), მერე ზოგადად ტრადიციის წინააღმდეგ გალაშქრება, მერე რჯულის წინააღმდეგ მტრის სიყვარულის გამო წასვლა.

ძნელია თქმა, გამოიცნო თუ არა მინდიამ ალუდას ქცევის მოტივი და ძნელია კიდეც მოსთხოვო, გამოეცნო, რადგან მას არც ალუდასა და მუცალის ორთაბრძოლა უნახავს, არც ალუდას გულწრფელი ლაპარაკი მოუსმენია თემის წინაშე, არც ალუდასნაირი სიზმრების ,,მსინჯველია“. მაგრამ ერთია, მინდიას ლამის ინტუიციურად სჯერა ალუდასი, რადგან ,ზოგადად,  ,,ვაჟკაცობის რჯულის“ სჯერა. მეორე ბრალდება სწორედ ეს არის: ,,ადვილ ვერ იცნობთ ვაჟკაცსა,მის ვაჟკაცობის რჯულითა“.

რა არის ვაჟკაცობის რჯული,რომელიც ძალიან კარგად იცის მინდიამ და ჯერ კიდევ კარგად არ იციან ახალგაზრდებმა გულ-გონების ჰარმონიის დარღვევის გამო?

 ეს ვაჟკაცობის რჯული თუ მანიფესტი ვაჟას სხვა ნაწარმოებში აქვს კონკრეტულად,ლამის პუნქტობრივად, ჩამოყალიბებული. ამ სხვა ნაწარმოებს ,,კაი ყმა“ ჰქვია. იქ ამბობს ვაჟა ერთ-ერთ ,,პუნქტში“: სხვისა იუბნოს სახელიო… ჰოდა,იუბნა კიდეც ალუდამ: ,,იმ ცხონებულსა მუცალსა, რკინა სდებიყო გულადა..“

სწორედ ამ ვაჟკაცობის ანუ კაიყმობის რჯულით, რომელიც მის შინაგან კანონს ემთხვეოდა სრულიად არაგასაკვირი მიზეზის გამო ( ,,მე მისჯილი მაქვს,საკუთარი კანონი მქონდეს“ -ჟან პოლ სარტრი ,,ბუზები“), მოქმედებდა ალუდა, ამ კანონით იყო გაკლდევებული მისი სიმართლე, რომელიც ბოლომდე დაიცვა. ,,მისჯილი“ ჰქონდა და სხვარიგად არ შეეძლო (,,აქა ვდგავარ და სხვარიგად არ ძალმიძს“ – მარტინ ლუთერი).

აი,ეს კი იცოდა მინდიამ ძალიან კარგად, რომ რაც უნდა უცნაური ყოფილიყო ალუდას ქცევა, მას აუცილებლად მისი ვაჟკაცობის რჯული კარნახობდა. ის რჯული, რომელიც, კიდევ ერთხელ ვიმეორემ, ალუდას შინაგან ზნეობრივ  კანონს  ზედმიწევნით ემთხვეოდა.

ისევ ამ შინაგანი კანონის ერთგულებამ  არ მიაღებინა ალუდას მინდიას მიერ მოტანილი მუცალის მკლავი. ახალგაზრდებს რომ უსაყვედურებს მინდია,მერე ძალიან გულუბრყვილოდ, უცერემონიოდ მიაწოდებს ალუდას მუცალის მკლავს: წაიღ მიაკარ ქავადაო. ალუდა პასუხობს:

,,- თუ ხელის მოჭრა მდომიყო,

გან ვერ მოვსჭრიდი თავადა?

ვერ გიქნავ კარგად, მინდიავ,

საქმე მოგირთავ ავადა

 არ მოეწონა მინდიას დაუფიქრებელი საქციელი, მაგრამ მასზე არ ბრაზდება, მხოლოდ საყვედურნარევი ხმით უხსნის,რომ ამ ,,კაი ყმის“ მარჯვენა, რომლის დანახვაც კი არ უნდა, არაფერში გამოადგება  – არ ხმლად, არც ფარად,არც კავად… სამაგიეროდ,უკვე ბრაზდება ხევსურებზე და მკითხველი აუცილებლად დაინახავს ალუდას თვალებში ცეცხლის ნაპერწკლებს,როცა ამბობს:

,,რაად სწყრებიან ხევსურნი,

რადა ტყვრებიან ჯავრითა?!

მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი

მარჯვენას მაგათ ჯაბრითა!

არადა,ალუდა მაშინაც კი არ გაბრაზებულა, როცა ტყუილი დასწამეს ახალგაზრდებმა,არც თავი უმართლებია,ხმაც კი არ გაუღია, არ შეპასუხებია მათ. ტექსტში ეს არ ჩანს.

ვაჟა ასევე ,,კადრს მიღმა“ ტოვებს მინდიას რეაქციას ალუდას ამ სიტყვებზე,თავი მთავრდება და ახალი თავი სულ სხვა თემით გრძელდება.

თუმცა მოგვიანებით გამოჩნდება,როგორ მოქცეულა მინდია:

,, მე მივუტანე ალუდას,

ფერი დავადევ წყენისა;

რო არ მიიღო ალუდამ,

სიღრმე ვაჩვენე ხევისა.“- ძალიან მარტივად აგდებს მინდია იმ ,,ურჯულო“ მუცალის მკლავს ხევში,რომლის სიკვდილმაც საერთოდ თავდაყირა დააყენა ალუდას ფიქრი,სული და გული,სრულიად მისი პიროვნება და ცხოვრება.

მინდიას არც ფიქრები დასწოლია ალუდას სიტყვების გამო,არც განსჯა ან განკითხვა დაუწყია,უბრალოდ,დაიჯერა,რომ არაფრად სჭირდებოდა ალუდას მუცალის მკლავი და თავიდან მოიშორა.

ოღონდ აქ არ მთავრდება მინდიას ამბავი. კიდევ ერთხელ გამოჩნდება ნაწარმოებში,როცა ალუდას მოიკვეთენ თემიდან შატილიონები.

ის ისევ გულშემატკივრად რჩება და არა თანამოაზრედ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ვიმსჯელოთ ჯერ პირველ ნაწილზე: მინდიას გულშემატკივრობა,ერთადერთი,მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავი ფრაზით გამოხატა ვაჟა-ფშაველამ: ,,მაუწყლიანდის თვალები“- მთლად ალუდასავით ქალივით ვერ ატირდა,ცრემლით კი აევსო თვალები,ისე დაენანა თემიდან მოკვეთილი მეგობარი.

 მაგრამ ფრაზა,რომელიც ამ სტრიქონს მოსდევს, აშკარად გვიჩვენებს,რომ მინდია არ ან ვერ არის ალუდას თანამოაზრე: ,,ვეღარასა ჰშველს ალუდას, გულზე გადიწყვის მკლავები“.

მინდია არ არის ალუდა,რომ თემს წინ აღუდგეს,მის წინააღმდეგ წავიდეს,თუნდაც ალუდასნაირი ვაჟკაცი და მართალი კაცის გამო.ოღონდ იმიტომ არა,რომ თემის ეშინია  ან მხნეობა არ ყოფნის. ამ გულზე ხელების დაკრეფაში აშკარად ჩანს,რომ მინდიასაც არ ესმის, რას ებრძვის ალუდა,საითკენ მიდის,რისკენ მიისწრაფვის. მინდიას გულწრფელად ენანება  ალუდა,მაგრამ ის ვერ გახდება მისი თანამოაზრე, ვერ შეუდგება  მის კვალს, თუნდაც იდეურად.

მინდია დარჩება ალუდას გულშემატკივრად, მაგრამ ვერ იქნება ზუ (ჯემალ ქარჩხაძის ,,იგიდან“),რომელიც თვალს არ აშორებდა იგის, მისი ნახატის ნამსხვრევები შეინახა და რომელიც იგის მსგავსად გამართული, მხრებგაშლილი, თავაწეული იდგა და მშვიდი მზერით უყურებდა დიდი დაძინების ქარაფს,რომლიდანაც იგი უნდა გადაშვებულიყო.

ის ვერც თოლია ფლეტჩერ ლინდი გახდება (რიჩარდ ბახის ,,თოლია ჯონათან ლივინგსტონიდან“),რომელიც უჯერებს დიდი მასწავლებლის სიტყვას და თოლიების თემში იმიტომ ბრუნდება,ფრენის ექსტაზი და ჭეშმარიტი ხიბლი სხვებისთვისაც რომ ესწავლებინა…

სულ სხვა მინდიას  ცხოვრება, ალბათ, ჩვეულებრივ გაგრძელდება, ის არ იქნება ტრაგიზმით სავსე,მისი კოშკის ქავს კიდევ შეემატება ურჯულო ქისტების მკლავები, იქნება თემისა და რჯულის უპირობოდ ერთგული და დამცველი. მაგრამ მას ყოველთვის ემახსოვრება კაცი,რომელსაც ყველაზე მეტად სწამდა ,,ვაჟკაცობის რჯულის“, რომელიც ყველაზე მეტად თავის გულსა და ღვთისაგან ,,მისჯილ“ საკუთარი ზნეობის კანონს ენდობოდა და ისიც ძალიან კარგად იცოდა,რომ ,, ყოველთვის, როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები, ისეთი აღარ ხარ, როგორიც სხვებს უნდიხარ“ ( ოღონდ ეს რიჩარ ბახმა დაწერა).

საჭირო სასწავლო რესურსები ინტერნეტიდან

0

ბავშვები იზრდებიან და მე უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, რა, სად და როგორ უნდა ისწავლონ, როგორ მივხვდე, რა აინტერესებთ, განვუვითარო საჭირო უნარები, დავიცვა მოსაწყენ წრეებსა და გაკვეთილებზე დროის კარგვისგან. მოკლედ, მივცე ის, რაც მომავალში გამოადგებათ და რაზეც თავიანთ ცხოვრებას ააშენებენ.

რომ გითხრათ, რამე კონკრეტული მოვიფიქრე-მეთქი, მოგატყუებთ. პირიქით, რაც მეტს ვფიქრობ, მით მეტად ვიხლართები ინფორმაციულ ნაკადში, საკუთარ შიშებსა და კეთილ სურვილებში. ვხვდები, რომ სწორედ ეს დაბნეულობა და გაურკვევლობა შეიძლება იქცეს ფატალური შეცდომების მიზეზად. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის, რომ მათ, ჩვენზე 15, 20, 25 წლით პატარებს, სრულიად სხვა სააზროვნო სისტემა აქვთ, სრულიად სხვა გარემოში იზრდებიან და პარალელი საკუთარ თავთან არ უნდა გავავლოთ, უნდა ვეცადოთ, მათივე გადმოსახედიდან დავინახოთ მათი საჭიროებები. თუ ასე მოვიქცევით, აუცილებლად მივხვდებით, რა სჭირდებათ.

სწორედ ასე მივედი იმ აზრამდე, რომ სწავლების ერთ-ერთი ხელმისაწვდომი და ახალ თაობებს მორგებული ფორმა ონლაინსწავლებაა.

მგონია, რომ განათლების მომავალი, ნაწილობრივ მაინც, ინტერნეტში გადაწყდება. მინდა, გაგაცნოთ რამდენიმე რესურსი, რომლებიც საგაკვეთილო პროცესშიც გამოგადგებათ და ბავშვებისთვის დამატებითი ინტერესების გასაღვივებლადაც. რაც მთავარია, ისინი ქართულენოვანი მომხმარებლისთვისაცაა ადაპტირებული და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

  1. ხანის აკადემია (Khan Academy)

ხანის აკადემია საერთაშორისო საგანმანათლებლო რესურსია და ერთნაირად მოხერხებული და საინტერესოა როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვისაც. სასწავლო მასალები აქ საგნებისა და თემების მიხედვითაა დალაგებული. აკადემიის მთავარი მიზანია, თანამედროვე ტიპის სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ხარისხიანი განათლების მიღება სურს, განურჩევლად იმისა, რომელ ქვეყანაში ცხოვრობს, როგორ სკოლაში სწავლობს და რა აინტერესებს, ამიტომ აკადემიის მიერ მომზადებული ყოველგვარი მასალა უფასოა, მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნება და თავისუფლად ვრცელდება. ამჟამად ქართულად ხელმისაწვდომია ასობით ვიდეო მათემატიკის სწავლისა და სწავლებისთვის. იგეგმება სხვა საგნების მასალათა ადაპტაციაც. ვიდეოგაკვეთილებთან ერთად ნახავთ პრაქტიკულ ამოცანებსაც, რაც მომხმარებელს საშულებას აძლევს, ერთ პლატფორმაზე მიიღოს თეორიული ცოდნა და ივარჯიშოს მის პრაქტიკულ გამოყენებაში.

ხანის აკადემიის კიდევ ერთი ღირსება მისი დემოკრატიულობაა. ყველას შეუძლია, გახდეს მოხალისე და მონაწილეობა მიიღოს სასწავლო მასალების შექმნასა თუ ადაპტაციაში, ხარისხის შესანარჩუნებლად კი არსებობს მოდერაცია, რომელიც მხოლოდ სასურველი ხარისხის მასალებს აძლევს საჯარო არსებობის უფლებას.

https://www.youtube.com/channel/UC5YZ8qFapX-kgmL4WTtvdWA

  1. ნებულა

„ნებულა“ გონიერი პლატფორმაა, რომელთან დამეგობრებაც ყველაზე მეტად ალბათ აბიტურიენტებს წაადგებათ, ვინაიდან ის საშუალებას იძლევა, ისე მოემზადო ზოგადი უნარების გამოცდისთვის, რომ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალურად მაღალი ქულა მიიღო.

პლატფორმა ახალია, ის ხელოვნური ინტელექტი კი, რომელიც საიტის მომხმარებლებზე დაკვირვების შედეგად თითოეულ მოსწავლეს მხოლოდ მისთვის განკუთვნილ სავარჯიშოებს სთავაზობს, დღითი დღე ჭკვიანდება.

„ნებულას“ მთავარი მიზანია, გაგივარჯიშოს ის უნარები, რაშიც შედარებით სუსტი ხარ. ვებგვერდი შეიცავს როგორც ვიდეოგაკვეთილებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც. აქვე შესაძლებელია გამოცდის სიმულაციაც, რისი წყალობითაც რეალურ გამოცდაზე თავიდან აიცილებთ დაძაბულობას და სტრესს.

https://nebula.ge/

  1. Code.org

Code.org პლატფორმაა, რომელიც ყველას აძლევს შანსს, დაიწყოს პროგრამირების სწავლა. პროგრამირება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა, თანაც მოთხოვნა ჯერჯერობით საგრძნობლად აღემატება მიწოდებას, ამიტომ პროგრამირების შესწავლამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ახალი პერსპექტივა გადაუშალოს თვალწინ. რაც მთავარია, ამ რესურსის გამოყენება ადრეული ასაკიდანვე შეიძლება, როცა ბავშვისთვის სწავლა ჯერ კიდევ თამაშია. პროგრამირების ძირითად პრინციპებს მას საყვარელი გმირები აუხსნიან ლოგიკური სავარჯიშოებით და როცა გაიზრდება, საბაზისო ცოდნა უკვე ექნება.

  1. www.worddive.com/en/

ათასჯერ მაინც გამიგონია, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო, თუმცა ენის სწავლა არც ისე ადვილი რამაა. მით უმეტეს – რამდენიმე ენის და მით უმეტეს – მაშინ, როცა ქართულენოვანი მომხმარებლისთვის ძალიან ცოტა სასწავლო რესურსია ადაპტირებული. ვორდდრაივი იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ქართულენოვან მომხმარებელს შეუძლია, მშობლიურ ენაზე ისწავლოს ცხრიდან ერთი ენა. სწავლება აქაც ანიმაციებს, აუდიოგაკვეთილებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ეფუძნება.

ინტერნეტის ეფექტურ გამოყენებას და ხალისიან სასწავლო პროცესს გისურვებთ!

განათლების ჩინური სისტემა

0

 

ჩინეთს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური განათლების სისტემა აქვს. მოსწავლეთა მიღწევების შეფასების პროგრამის, PISA-ს, მაჩვენებლებით, ის პირველია მსოფლიოში და ბევრ მოწინავე ქვეყანას შესამჩნევად უსწრებს.

როგორია ჩინეთის განათლების სისტემა და რატომ სჯობნის ამ კომუნისტური ქვეყნის მოსწავლეთა აკადემიური შედეგები მსოფლიოს ბევრად უფრო დემოკრატიული და ლიბერალური სახელმწიფოების მაჩვენებლებს?

ქვემოთ შევეცდებით, აღვწეროთ ჩინეთის განათლების სისტემის ძირითადი თავისებურებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს ჩვენი განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და რეფორმირებაზე ფიქრისას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949 წელს დაარსდა. ქვეყნის ფართობი 9.6 მილიონი კვადრატული კილომეტრია. მისი 2/3 მთებსა და მთაგორიან ადგილებს უკავია.

2015 წელს ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა, რომლის 92% ეროვნებით ჰანის ჩინელია (ჩინეთის მთავარი ეთნიკური ჯგუფი), მილიარდ სამას სამოცდათხუთმეტ მილიონს შეადგენდა. ოფიციალური სტატისტიკით, მათ გარდა ჩინეთში დაახლოებით 56 ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, რომლებსაც სხვა მშობლიური ენა და განსხვავებული კულტურა აქვთ.

უკანასკნელ ათწლეულში, მრეწველობის სწრაფი განვითარების შედეგად, ჩინეთის მოსახლეობა მზარდი ურბანიზაციის ტენდენციას ამჟღავნებს, თუმცა ჩინელთა უმეტესობა (56%) დღესაც სოფლად ცხოვრობს.

განათლებას ჩინეთში უძველესი დროიდანვე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ჩინური ფილოსოფია მას ყოველთვის ყველა სხვა ღირებულებაზე მაღლა აყენებდა.

სწავლაზე ფოკუსირება ჩინეთის დღევანდელ საზოგადოებაშიც უმნიშვნელოვანეს ღირებულებად მიიჩნევა. განათლების მაღალი სტანდარტი მაღალ სოციალურ სტატუსთანაა ასოცირებული და მშობლების უმეტესობა შვილების წარმატებას განათლებაში მათ მიღწევებთან აკავშირებს. ეს კი, ჩინეთის მთავრობის ერთი შვილის პოლიტიკასთან ერთად (შენიშვნა: 2016 წლის 1 იანვრიდან ჩინეთში ნებადართულია ორი შვილის ყოლა, – ლ. ა.), მშობლებს ვალდებულს ხდიდა, ყოველგვარი მსხვერპლი გაეღოთ ერთადერთი შვილისთვის საუკეთესო განათლების მისაცემად.

თავის მხრივ, ბუნებრივია, ბავშვებსაც ესმოდათ, რა პასუხისმგებლობა უნდა ეტვირთათ და რა მნიშვნელობა ენიჭებოდა განათლებაში მათ მიღწევებს.

სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან თითქმის ორმოცი წლის შემდეგ ჩინეთმა მიიღო განათლების რეფორმის კანონი, რომელმაც „გახსნა“ ეს ქვეყანა დანარჩენი მსოფლიოსთვის, ხოლო სახალხო რესპუბლიკაში განათლების ახალი ეპოქა დაიწყო.

1986 წელს, რეფორმის შედეგად, ჩინეთმა მიიღო კანონი (აქტი) სავალდებულო განათლების შესახებ, რომლის მიზანი იყო განათლების მკაცრად კონტროლირებადი სისტემის დეცენტრალიზაცია და სასკოლო განათლების სისტემაში იმ ბავშვების ჩართვა, რომლებიც იმ დროისთვის სკოლებში არ დადიოდნენ. ასეთები უმთავრესად იყვნენ სოფლად მცხოვრები ბავშვები, გოგონები და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები. ახალი აქტის თანახმად, სასკოლო ასაკის ყველა ბავშვისთვის გარანტირებული უნდა ყოფილიყო, სულ მცირე, ცხრაწლიანი სასკოლო განათლება (ექვსწლიანი პირველადი და სამწლიანი ქვედა საფეხურის მეორეული), ხოლო სკოლების მართვა გადასულიყო ადმინისტრაციული რაიონებისა და სასოფლო გაერთიანებების დონეზე.

როგორ არის სტრუქტურირებული განათლება ჩინეთში?

ჩინელები თავიანთ განათლების სისტემას აღწერენ როგორც ოთხკომპონენტიანს. ეს კომპონენტებია: საბაზო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და ზრდასრულთა განათლება (ინგლ. adult education).

საბაზო განათლება მოიცავს სკოლამდელ განათლებას, პირველადი სასკოლო განათლების ექვს წელს, მეორეული სასკოლო განათლების ქვედა საფეხურის სამ წელს და მეორეული სასკოლო განათლების ზედა საფეხურის სამ წელს.

რიცხვები, რომელიც განათლების სისტემას აღწერს, უზარმაზარია: 192 მილიონი ბავშვი 400 000 პირველად და მეორეულ სკოლაში და 10 მილიონზე მეტი მასწავლებელი.

დღეს ჩინეთში დიდ მნიშვნელობას იძენს სკოლამდელი განათლება. საქალაქო დასახლებებში ის საბავშვო ბაღების მეშვეობით ხორციელდება. შესაძლოა, ერთი, ორი ან სამი წელი გაგრძელდეს და იყოს სრული ან არასრული განაკვეთისა, პანსიონის ტიპისა ან საათობრივ საფუძველზე.

გასულ წლებში დიდი ყურადღება ექცეოდა სოფლად არსებულ სკოლამდელ დაწესებულებებს, განსაკუთრებით – შორეულ, ღარიბ და მეტწილად ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ასეთ ადგილებში სკოლამდელ განათლებას ბავშვები უმთავრესად საბაზო საბავშვო ბაღებში ან სეზონურ სკოლამდელ დაწესებულებებში იღებდნენ, თუმცა ხელმისაწვდომი იყო სკოლამდელი განათლებისთვის გამიზნული ისეთი ღონისძიებებიც, როგორებიცაა ჯგუფური თამაშები, მობილური ცენტრები და მობილური სერვისები (სახელად „ქარავანი“).

პირველი და მეორე საფეხურის სასკოლო განათლება

ბოლო სამოცი წლის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პირველი საფეხურის სასკოლო განათლების ორგანიზება დღევანდელი სახით შეიძლება ქვეყნის უდიდეს მიღწევად ჩაითვალოს.

1949 წელს ჩინეთში სკოლაში მოსიარულე ბავშვების წილი მხოლოდ 20%-ს შეადგენდა, დღეს კი სკოლაში დადის სასკოლო ასაკის ბავშვების 98%!

ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ექვსი წლის შესრულდება, ვალდებულია, პირველადი საფეხურის სკოლაში შევიდეს. სკოლაში ჩარიცხვა შეიძლება შვიდი წლის ასაკშიც მოხდეს, თუ წინა წელს საკმარისი ადგილი არ იყო.

პირველი საფეხურის სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვი ავტომატურად გადადის მეორე საფეხურის რომელიმე ახლომდებარე სკოლაში.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მეორე (დაბალი) საფეხურის სკოლაში ჩარიცხულ ბავშვთა რაოდენობა და წილი. 2006 წელს პირველი სასკოლო საფეხურიდან მეორე (ქვედა) სასკოლო საფეხურზე გადასულთა რაოდენობამ (პროფესიულ-ტექნიკური სკოლების ჩათვლით) ბავშვების 96% შეადგინა.

მეორე ქვედა სასკოლო საფეხურის წარმატებით დამთავრების შემდეგ მეორე ზედა საფეხურის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად მოსწავლეებს ევალებათ სავალდებულო გამოცდების ჩაბარება.

მოსწავლეებს, რომლებსაც სურდათ მეორე ზედა საფეხურის სკოლაში გადასვლა, მაგრამ გადასასვლელი გამოცდები ვერ ჩააბარეს, შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელონ.

პროფესულ-ტექნიკური სასწავლებლები ახალგაზრდებს სთავაზობს ორიდან ოთხ წლამდე ხანგრძლივობის სასწავლო კურსებს სოფლის მეურნეობასა და სხვადასხვა ტექნიკურ სპეციალობაში.

ჩინეთის სკოლები წელიწადში ორსემესტრიანი გრაფიკით მუშაობს. სწავლა ცხრათვე–ნახევარი გრძელდება. პირველი სემესტრი პირველ სექტემბერს იწყება, ხოლო მეორე – გაზაფხულის სადღესასწაულო არდადეგების შემდეგ, პირველ მარტს. მომდევნო არდადეგები ჩინეთის სკოლებში ზაფხულში, ივლისსა და აგვისტოშია.

პირველი საფეხურის სკოლების სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ დისციპლინებს, როგორებიცაა ჩინური ენა, მათემატიკა, ფიზიკური განვითარება, მუსიკა, მეცნიერებათა საბაზო კურსი, ისტორია და გეოგრაფია. ეს საგნები კომბინირებულია პრაქტიკული, სამუშაო გამოცდილების კურსებთან. პირველადი საფეხურის ყველა სკოლას მოეთხოვება სასწავლო პროგრამაში ეთიკის, მორალისა და ინგლისურის კურსების ჩართვა. ამ დისციპლინების სწავლება, წესისამებრ, პირველი საფეხურის სკოლებში სწავლების მეოთხე წელს იწყება.

სასწავლო პროგრამის შინაარსი და შემადგენლობა დაკავშირებულია სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან, სოციალურ განვითარებასა და ტექნოლოგიურ სიახლეებთან. პროგრამა ეფუძნება სწავლების ოთხ მთავარ პრინციპს: „სწავლა – რომ ვიცოდეთ, სწავლა – რომ ვაკეთოთ, სწავლა – რომ შეგვეძლოს თანაცხოვრება და სწავლა – რომ შეგვეძლოს ცხოვრება“.

სკოლის მეორე საფეხურზე სასწავლო პროგრამა მოიცავს ჩინურ ენას, მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, გეოლოგიას, ინგლისურს, ისტორიას, გეოგრაფიას, პოლიტიკას, მუსიკას, ხელოვნებას და ფიზიკურ განვითარებას. მეორე საფეხურის ზოგიერთი სკოლა მოსწავლეებს ასევე სთავაზობს რამდენიმე პროფესიულ-ტექნიკურ კურსს.

მეორე ქვედა საფეხურის სკოლების სასწავლო პროგრამის მესამედზე მეტი ჩინურ ენასა და მათემატიკას ეთმობა, მეორე ზედა საფეხურის სკოლებში კი პროგრამის ნახევარზე მეტი უკვე მათემატიკასა და მეცნიერებებზეა აგებული.

საყოველთაო სავალდებულო განათლების პოლიტიკის თანახმად, მოსწავლეებს მოეთხოვებათ გამოცდების (ან შემოწმების) ჩაბარება ყოველი სემესტრის ბოლოს, სასწავლო წლისა და სკოლის დამთავრებისას.

პირველი საფეხურის სკოლებში კურსის წარმატებით დასახურად სავალდებულოა ჩინური ენისა და მათემატიკის გამოცდების ჩაბარება. სხვა საგნებში ეს არ მოითხოვება, თუმცა ცოდნის შემოწმების პროცედურა აქაც სავალდებულოა – ამ დროს სწავლობენ და აკვირდებიან თითოეული მოსწავლის პროგრესს მოცემულ დისციპლინაში, თუმცა წლის დასამთავრებლად გამოცდების წარმატებით ჩაბარება აუცილებელი არ არის. მეორე საფეხურის სკოლებში იმ საგნების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია სასწავლო წლის დასახურად, ადგილზე ადგენენ და არა ცენტრალიზებულად.

მეორე ზედა საფეხურის დამთავრებისას მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელება სურთ, საერთოეროვნული გამოცდების ჩაბარება ევალებათ.

ეს გამოცდები, ჩვეულებრივ, ივნისში ტარდება. სამი დღის განმავლობაში სკოლადამთავრებულებს ინტენსიური და მძიმე გამოცდის, გაოკაოს ჩაბარება უწევთ.

საერთოეროვნული გამოცდების დღეებში ყოველწლიურად რვა მილიონზე მეტი ჩინელი ახალგაზრდა ეჯიბრება ერთმანეთს პრესტიჟული საუნივერსიტეტო ადგილებისთვის, რომელთა რაოდენობა გამოცდებზე გასულთა მხოლოდ 40%-სთვის არის საკმარისი. შესაბამისად, წარმოუდგენლად დიდია სტრესი, რომელსაც გამოცდებზე გასული ახალგაზრდები და მათი მშობლები განიცდიან.

უმაღლესის გამოცდები მოიცავს სავალდებულო ნაშრომებს ჩინურ ენაში, მათემატიკასა და უცხო ენაში (უმეტესად – ინგლისურში). აბიტურიენტებს საშუალება ეძლევათ, თავად შეარჩიონ მეოთხე საგამოცდო საგანი ექვსი დისციპლინიდან (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია და პოლიტიკური ეკონომია).

ამ გამოცდებზე დიდ სტრესს განიცდიან მასწავლებლებიც. მათი რეპუტაცია, რბილად რომ ვთქვათ, მოსწავლეების მიერ მიღებულ ნიშნებზეა დამოკიდებული; შესაბამისად, მთელი მათი ენერგია გამოცდებისთვის მოსწავლეთა მომზადებისკენაა მიმართული.

დღეს ჩინეთში უკვე ფიქრობენ, შეცვალონ საგამოცდო შეკითხვების სტილი ან შედეგების შეფასებისას და უნივერსიტეტისთვის სტუდენტების შერჩევისას გაითვალისწინონ მოსწავლის სასკოლო მოსწრებაც, თუმცა განათლების სისტემის მასშტაბი ართულებს ცვლილებათა შედეგების პროგნოზირებას.

სწავლა და სწავლება

ჩინეთის სკოლებში სწავლება უმთავრესად მასალის მოსმენას, ჩანაწერების გაკეთებასა და სახელმძღვანელოების ათვისებას ემყარება.

ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა პრობლემის გადაწყვეტა, კრიტიკული ანალიზი, მტკიცებულებების შეგროვება და ექსპერიმენტირება, ნაკლებად მიმართავენ და სკოლების უმეტესობაში არც შესწავლის უნარებზე ამახვილებენ ყურადღებას.

მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ბოლო დროს მთავრობა მეტ ყურადღებას უთმობს განათლებისადმი ახალ მიდგომებს, რომლებიც მოსწავლეს საკლასო ოთახში საქმიანობის მთავარ პერსონაჟად აქცევს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მეტ ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს და უფრო ფართო ასპარეზს მისცემს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას.

ოციოდე წლის წინ ჩინეთში მასწავლებლების უმწვავესი ნაკლებობა იყო. დღეს მასწავლებელთა უმრავლესობას კარგი განათლება აქვს და მათი უდიდესი ნაწილი 45 წელზე ნაკლები ასაკისაა.

მასწავლებლებისა და მოსწავლეების რაოდენობრივი თანაფარდობა დამაკმაყოფილებელია: 19:1 – პირველი საფეხურის სკოლებში, 17:1 – ქვედა მეორე საფეხურზე და 18:1 – ზედა მეორე საფეხურის სასწავლო დაწესებულებებში.

ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში კარგ სკოლებში, რომლებსაც ძირითად სკოლებს უწოდებენ, მიღებულია მოსწავლეთა მიზიდვა სხვა რაიონებიდან განსაზღვრულ ფასად, ეს კი სკოლებს დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.

ძირითად სკოლებს აქვთ საშუალება, მიიზიდონ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები და კარგი მასწავლებლები (რომლებსაც დამატებით ბონუსებს სთავაზობენ). შესაბამისად, ურბანულ რეგიონებში სკოლის მასწავლებლებს ზოგჯერ სოფლად მომუშავე კოლეგებზე  სამჯერ მეტი ხელფასი აქვთ, ეს უთანასწორობა კი, თავის მხრივ, კომპეტენტური მასწავლებლების სოფლიდან ქალაქში მასობრივ მიგრაციას იწვევს.

საზოგადოდ, დღევანდელი ჩინეთის განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სოფლის სკოლების სტანდარტის გაუმჯობესებაა. ამისთვის ჩინეთის მთავრობამ შეიმუშავა ინოვაციური სქემები, რომლებიც მასწავლებლების წახალისებასა და მოსწავლეთა დასწრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გარდა სოფელსა და ქალაქს შორის არსებული უთანაბრობისა, ჩინეთის განათლების სისტემა მთავარ პრობლემად აღიქვამს ახალგაზრდებში ინოვაციური, მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ტალანტების მნიშვნელოვან ნაკლებობას.

მიუხედავად PISA–ს სისტემით მიღებული უმაღლესი მაჩვენებლებისა, ჩინეთის განათლების სისტემის ექსპერტებს, მათ შორის – ორეგონის უნივერსიტეტის პროფესორს, ბესტსელერის „ვის ეშინია დიდი ბოროტი დრაკონის?“ ავტორს იონგ ჟაოს (Yong Zhao), მიაჩნიათ: „ჩინეთის განათლების სისტემა იმით გამორჩევა, რომ შეუძლია, ეფექტურად გადასცეს მოსწავლეებს იმ უნარების გარკვეული ჩამონათვალი, რომლებიც ახალგაზრდისთვის აუცილებელია, თუმცა სისტემა გამოცდების ჩაბარებაზე უფროა გათვლილი“, ეს კი თავისუფლებასა და შემოქმედებითობას ახშობს. ამ უნარების დასახვეწად უამრავი დრო იხარჯება – ჩინელ მოსწავლეს საშინაო დავალებების შესასრულებლად კვირაში საშუალოდ 14 საათზე მეტი სჭირდება, რაც, PISA-ს სისტემის მონაცემებით, ყველა სხვა ქვეყნის მაჩვენებელზე მეტია. მაგალითად, აშშ–ში საშინაო დავალებების მოსამზადებლად საჭირო დრო კვირაში 6 საათს შეადგენს. „თუმცა ეს მძიმე შრომა, როგორც ჩანს, არ არის ეფექტური სიახლეების შექმნის კუთხით“, – ამბობს პროფესორი ჟაო, ჩინური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი ორეგონის უნივერსიტეტიდან.

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

გამოყენებული წყაროები:

  1. https://www.ncee.org/programs-affiliates/center-on-international-education-benchmarking/top-performing-countries
  2. https://www.open.edu/openlearn/society/international-development/international-studies/chinese-education-how-do-things-work

მუსიკალური სმენა: კოორდინაცია

0

სიტყვა „კოორდინაცია“ ურთიერთმოწესრიგებულობას ნიშნავს. მოძრაობის კოორდინაციაზე საუბრისას, როგორც წესი, სხეულის კუნთების შეთანხმებულ აქტიურობას გულისხმობენ, რის შედეგადაც მოძრაობა წარმატებით სრულდება. კარგი კოორდინაციის მქონე ადამიანები მსუბუქად და ძალდაუტანებლად მოძრაობენ, ცეკვის დროს თავს კომფორტულად გრძნობენ, ადვილად ეუფლებიან სპორტის ამა თუ იმ სახეობას – სივრცეში ორიენტირების, წონასწორობის შენარჩუნების, სწრაფი რეაქციისა და კონცენტრაციის კარგი უნარის წყალობით ტრავმის ალბათობა მინიმუმამდე დადის.

მოძრაობის კოორდინაცია იმ ასაკში იწყებს განვითარებას, როდესაც ჩვილი მუცელზე ბრუნდება და თავს მაღლა იჭერს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ეს უნარი ბავშვობაში არ განვითარდა? ნუ აღელდებით, კოორდინაციის განვითარება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი. ზრდასრულისთვის, რა თქმა უნდა, ოდნავ უფრო რთულია, ვიდრე ბავშვისთვის, მაგრამ შეუძლებელი არაფერია – ვარჯიშით ყოველგვარ მიზანს მიაღწევთ.

მუსიკალური სმენაც, ისევე როგორც მოძრაობის კოორდინაცია, ადრეული ასაკიდანვე უნდა განვუვითაროთ ბავშვს და ცალკეულ ელემენტებზე მუშაობით – მუსიკის მოსმენის, სუფთა ინტონირების, სწორი სუნთქვის, მეტრ-რიტმის შეგრძნების, მეხსიერების ჩვევების გამომუშავებით – სრულყოფილებამდე მივიყვანოთ.

სოლფეჯიო, „სმენის ვარჯიში“, რთულ მუსიკალურ დისციპლინად მიიჩნევა. ამ საგნის მეთოდიკა მუსიკალური სმენის განვითარებისთვის საჭირო საშუალებათა მთელ კომპლექსს ითვალისწინებს, რაც მასწავლებლისგან დიდ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. სოლფეჯიოს გაკვეთილებზე გამომუშავებული სმენითი (მელოდიური, ჰარმონიული, პოლიფონიური…) ჩვევები და თეორიული ცოდნა (ფორმის ანალიზი, ჰარმონია, რიტმიკა…) უდიდეს როლს ასრულებს მოსწავლის მუსიკოსად ჩამოყალიბებაში.

***

„ – იცი, როდის მღერიან ადამიანები?

– როცა არც სმენა აქვთ და არც ხმა?

– როცა ბედნიერები არიან!..“

(ფილმიდან „ბედის ირონია“)

საინტერესოა, თუ სმენა ყოველ ადამიანს აქვს, ყველა რატომ ვერ ახერხებს სიმღერას. ჩვეულებრივ სმენასა და მუსიკალურ სმენას შორის, ჩვეულებრივ ხმასა და სასიმღერო ხმას შორის ხომ პრინციპული განსხვავება არ არის. მოსმენისა და სამეტყველო ბგერის ასახვის (გამეორების) უნარი თუ შეგვწევს, ესე იგი ჩვენთვის მუსიკალური ბგერებიც მისაწვდომია. როდესაც სმენის უქონლობაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში სმენასა და ხმას შორის კოორდინაციის დარღვევასთან გვაქვს საქმე.

სმენა

არსებობს ასეთი ცნება – ხმისა და სმენის კოორდინაცია. თუ ადამიანს ეს უნარი არ გააჩნია, მას ესმის ბგერები, განასხვავებს მათ სიმაღლეს, მაგრამ სიმღერა არ შეუძლია. განურჩევლად იმისა, გვაქვს თუ არა საკმარისი მონაცემები, მიზანმიმართული და სისტემატური მეცადინეობით სიმღერის სწავლა ისევეა შესაძლებელი, როგორც ოდესღაც სიარული, ლაპარაკი, კოვზის დაჭერა, წერა-კითხვა ვისწავლეთ. ეჭვგარეშეა – რეგულარული ვოკალური ვარჯიშის შედეგად ხმასა და სმენას შორის კავშირი დამყარდება. დიახ, კოორდინაციის აღდგენა შესაძლებელია!

პრაქტიკაში სხვადასხვაგვარი მუსიკალური მონაცემების მქონე ბავშვები გვხვდებიან. იმ ბავშვების მუსიკალური განვითარების შესაძლებლობის საკითხი, რომლებიც ყალბი ბგერებით მღერიან, მუდამ აღელვებდათ მუსიკის მასწავლებლებს. საინტერესოა, რომ ბევრი ბავშვი უშეცდომოდ ასახელებს ნაცნობ სიმღერას, ადვილად ამჩნევს, როცა მასწავლებელი დაკვრის დროს განზრახ ცვლის მელოდიას ან რიტმს, არც სხვა მომღერლების შეცდომები რჩება შეუმჩნეველი, მუსიკალურ საკრავზე სიმღერის მელოდიასაც დამოუკიდებლად (სმენით) აწყობს, მაგრამ… მისი სწორად სიმღერა უჭირს. ასეთ „უცნაურობას“ იშვიათად პროფესიონალ მუსიკოსთა შორისაც წააწყდებით, რომლებსაც შესანიშნავი მუსიკალური სმენა აქვთ, მაგრამ ამა თუ იმ მელოდიის სიმღერა არ შეუძლიათ. ამის მიზეზი სწორედ სმენისა და ხმის კოორდინაციის უქონლობაა.

კოორდინაციის უქონლობის დროს ბავშვი ვერ ფლობს საკუთარ სახმო აპარატს, სასიმღერო ბგერის სწორად ფორმირება არ შეუძლია. ბავშვებს, რომლებსაც დარღვეული აქვთ კოორდინაცია სმენასა და ხმას შორის, შესანიშნავად ესმით, მაგრამ მელოდიას მაინც შეცდომით – ტერციით, კვარტით ან კვინტით ქვევით მღერიან. მთავარია, მეცადინეობისას ბავშვს საკუთარი ხმის გააზრებულად მოსმენის ჩვევა ჩამოვუყალიბოთ.

***

მუსიკალური სმენის განუვითარებლობა (სიმღერის უუნარობა) ბავშვს ფსიქოლოგიურ კომპლექსს უჩენს. როდესაც მასზე ამბობენ, რომ „ყურზე დათვმა  დააბიჯა ფეხი“ (და ეს ხშირად მშობლის მიერ გამოტანილი ვერდიქტია), ბავშვი ან საერთოდ ჩუმდება, ან ყველაზე ხმამაღლა იწყებს სიმღერას.

უფრო მეტიც: ბავშვებს, რომლებმაც მიზეზთა გამო სიმღერა ვერ ისწავლეს, მომავალში მუსიკის მიმართ ერთგვარი მტრული დამოკიდებულებაც კი უყალიბდებათ. მუსიკამ მათ სიხარული ვერ მიანიჭა… მეცადინეობებზე ისინი „თეთრ ყვავებად“ – აუდიალურ ხეიბრებად გამოიყურებოდნენ და ამის შეგრძნებამ მათ ხასიათზე მოახდინა გავლენა. ამიტომაა, რომ მუსიკის სწავლების უარყოფა არ შეიძლება.

იმედი მაქვს, მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ფილმი „ვის უნახავს, სად გაგონილა“, მიუხედავად „საბჭოთა ბავშვობისა“, საუკეთესო ემოციებს გაუღვიძებს ჩემი თაობის მშობლებს. ეს კეთილი, ხალისიანი სურათი სკოლაში მომხდარ ამბავს მოგვითხრობს.

სასწავლო წლის დასასრულს დენისკა და მისი მეგობარი მიშკა სკოლის კონცერტზე სადებიუტო გამოსვლისთვის გულმოდგინედ მოემზადნენ, მაგრამ, დარცხვენილებმა და დამფრთხალებმა, ყველაფერი აურ-დაურიეს. მიშკას ზედმეტი მღელვარებისგან ტექსტი დაავიწყდა და ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებს, ხოლო დენისკა მთელი მონდომებით, სამ ფორტეზე (fff), უსმენოდ მღერის მისამღერს. მათ დუეტს დარბაზის გამაყრუებელი ხარხარი მოჰყვება.

ფრაგმენტში კარგადაა ნაჩვენები სიმღერის დროს ყვირილის უარყოფითი გავლენა მუსიკალურ სმენაზე, რაც ხშირად გვხვდება საბავშვო ბაღგამოვლილ ბავშვებთან და არცთუ იშვიათად – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებთანაც.

არ ვიცი, როგორი მათემატიკოსი იყო ვასიას მამა, მაგრამ დღემდე მახსოვს, როგორ განვიცდიდი ფილმის ყურებისას დაბნეული „მომღერლების“ დაცინვას, განსაკუთრებით – კარგი სმენის მქონე, მაგრამ მორცხვი მიშკას გამო.

აპლოდისმენტების მოლოდინში კრახით დასრულებული წარმოდგენით დათრგუნულმა დუეტმა მტკიცედ გადაწყვიტა, აღარასოდეს გამხდარიყვნენ „სატირიკოსები“.

ასეთ სიტუაციას ჩვენს დროშიც არაერთ სკოლაში წააწყდებით, ამიტომ ბავშვები ან საუკეთესოდ უნდა მოემზადონ, ან, თუ დაიბნენ, შეეგუონ, რომ მაყურებელი მათ ყოველთვის არ თანაუგრძნობს. თუმცა ვინ იცის, ამ ფილმის ნახვის შემდეგ თანატოლებს დაბნეულ „მომღერალზე“ აღარც კი გაეცინოთ.

სიყვარულის მეტაფორები: „შეჭამა ბატკანმა ვარდი თუ არა…?“

0

„თუ ყვავილი გიყვარს, რომელიც სადღაც, ვარსკვლავზე ხარობს,

სიხარულით შესცქერი ღამით ცას და ყველა ვარსკვლავი ყვავის შენთვის…“

ეკზიუპერი, „პატარა უფლისწული“

შეგიძლიათ, გაიხსენოთ სიყვარულის ერთი მეტაფორა, რომელიც დაგამახსოვრდათ, რომელმაც გავლენა მოახდინა თქვენზე  ან რომელიც ამ კითხვის დასმის შემდეგ გაცოცხლდება თქვენს ცნობიერებაში?

მეტაფორების საიდუმლო იმაშია, რომ ისინი, ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ცნობიერსა და არაცნობიერში განაგრძობენ თავისუფალ მოძრაობას და აყალიბებენ აღქმისა და შემეცნების საკუთარ პარამეტრებს. ვერ გეტყვით, რომ რომელიმე მეტაფორის მიერ მოდელირებული მსოფლმხედველობა უპირატესია, აქ საერთოდ არ დგას ამგვარი „შეჯიბრის“ მომენტი. ჩვენი მოწონება-არმოწონება ყოველთვის განპირობებულია და დამოკიდებულია ძალიან ბევრ ქვეტექსტზე: ასოციაციები, პირადი გამოცდილება, კულტურისა და აღზრდის კონტექსტი, გუნება-განწყობა და სხვა მრავალი. მათ შორის, შესაძლოა, რომ სიყვარულის ზოგიერთი მეტაფორის მოწონება ვერც ავხსნათ, რადგან, ერთი შეხედვით, არც ლოგიკურია და არც განპირობებული.

მოკლედ, სიყვარულის მეტაფორები ისეთივე აუხსნელი შეიძლება იყოს, როგორიც თავად ეს გრძნობაა. ჩვენ მხოლოდ მის გამოვლენილ ელფერებს ვებღაუჭებით, როდესაც გვინდა, რომ როგორმე ავხსნათ და ჩავწვდეთ მის ბუნებას. მაინც რამდენი შეიძლება იყოს სიყვარულის ელფერი? რა თქმა უნდა, მას ცისარტყელას ფერები არ ეყოფა… ფერებსა და ელფერებს აუცილებლად დაემატება: გემო, სურნელი, შეგრძნებები… და ეს ყველაფერი იმდენია, რამდენი შეყვარებული წყვილიც არსებობს სამყაროში.

სიმართლე გითხრათ, მე როდესაც ჩემს თავსაც დავუსვი ეს შეკითხვა: სიყვარულის ერთი მეტაფორა, რომელიც პირველ რიგში გამახსენდებოდა, სულ სხვა მეტაფორები ამოტივტივდა გონებაში, მაგრამ ახლა, როდესაც წერას შევუდექი, ისეთი ტექსტი გამახსენდა, მანამდე  მასზე, როგორც სიყვარულის მეტაფორაზე, არც მიფიქრია და წერის პროცესში ალბათ ავხსნი, რატომ მგონია, რომ  ეკზიუპერის „პატარა უფლისწული“ თავიდან ბოლომდე სიყვარულის მეტაფორაა.

 თითქოს სული მოგზაურობს სხვადასხვა პლანეტაზე და აკვირდება ადამიანებს, რომლებიც უაზრო ფუსფუსში ჩართულან და საკუთარი თავი დავიწყებიათ ან ცდილობენ, რომ დაივიწყონ. „თავის დავიწყება“ სულის დავიწყებაა… სულის გარეშე კი ვერასდროს ვერავის შეიყვარებთ ნამდვილად… სწორედაც, ეს პატარა მოთხრობა სიყვარულზეა… მთავარი მეტაფორა ვარდია, რომელიც პატარა უფლისწულის პლანეტაზე ხარობს და რომელზე ფიქრსაც დაატარებს იგი მთელი მოგზაურობის მანძილზე.

სიყვარულის არსი კი აი, ამ წინადადებაშია გამოხატული: „თუ ყვავილი გიყვარს, რომელიც სადღაც, ვარსკვლავზე ხარობს, სიხარულით შესცქერი ღამით ცას და ყველა ვარსკვლავი ყვავის შენთვის…“

ამ მოთხრობის ყველა დიალოგი სულისა და სიყვარულის ძიებაა… და წუხილიც იმის გამო, რაც სიჩქარეში დაკარგა ადამიანმა:

„ – ადამიანები, – თქვა პატარა უფლისწულმა, ჩქარი მატარებლებეივით დაქრიან, მაგრამ თვითონაც არ იციან, რას დაეძებენ. ამიტომაა, რომ მოსვენება დაუკარგავთ და აქეთ-იქეთ აწყდებიან.“

ადამიანები მთელი ცხოვრება ავტომატურ რეჟიმში ცხოვრობენ… ითვლიან, მუშაობენ, დადგენილ წესებს ემორჩილებიან, ეტიკეტს იცავენ… მაგრამ ბედნიერები არ არიან, მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც ეძებენ…

  • შენი პლანეტის ადამიანებს, – მითხრა პატარა უფლისწულმა – ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ, მაგრამ მაინც ვერ პოულონებ იმას, რასაც დაეძებენ.
  • ვერ პოულობენ… – დავუდასტურე მე.
  • ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა.
  • მართალია – ისევ მივუგე მე.
  • მაგრამ თვალი ბრამაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს…“

სადღაც, სიღრმეში, ყოველთვის იმალება საიდუმლო, რომელიც უნდა მოძებნოს და აღმოაჩინოს ადამიანმა, როგორ უდაბნოში ჭის წყალი აღმოაჩინა პატარა უფლისწულმა…

 მრავალთაგან ერთი მხოლოდ მაშინ ხდება გამორჩეული, როგორც კი ყურადღებას მასზე გადაიტან, როგორც კი სიყვარულით ზრუნვას დაიწყებ. ამას ეძახის მელია „მოშინაურებას“. სიყვარული იწყება მაშინ, როდესაც ჩვენ ვინმეს ისე მოვიშინაურებთ, რომ ერთადერთი გახდება.

 კითხვაზე: –  რა არის მოშინაურება? – მელია პასუხობს:

„ – შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია, მაგრამ თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირო გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის…

  • მგონი მიგიხვდი, – თქვა პატარა უფლისწულმა…- ერთ ყვავილს ვიცნობ, მან, მგონი, მომიშინაურა.
  • შეიძლება, – მიუგო მელიამ, – რა არ ხდება დედამიწაზე.
  • ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, – თქვა პატარა უფლისწულმა.“

და აი, ბრუნდება პატარა უფლისწული თავის პლანეტაზე და გვიტოვებს მარადიულ კითხვას… ამ კითხვაზე პასუხი თითოეულმა დამოუკიდებლად უნდა იპოვოთ. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია…

თქვენი არ ვიცი და როდესაც ვარსკვლავებიან ცას ავყურებ, იქ ყოველთვის ვხედავ პატარა უფლისწულის პლანეტას, ერთადერთი ვარდი რომ დაურგავს თავის პლანეტაზე და მხოლოდ მას ელაპარაკება, მასზე ზრუნავს და უვლის… ყვავილიც თავის სურნელებას და სილამაზეს უხვად აფრქვევს სატრფოს…

სიყვარული – ვარდის მოვლაა საკუთარ პლანეტაზე, ეს პლანეტა ზემოთ, ვარსკვლავებიან ცაშიც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ და თუ უფრო ყურადღებიანები იქნებით, ის უფრო ახლოსაა –  თქვენთან და თქვენში… ის პატარა პლანეტა თქვენი გულია, რომელშიც სიყვარულის ყვავილს ახარებთ… ან – ახარებთ და ან – კლავთ..

ამიტომ მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ „პატარა უფლისწულის“ ფინალი:

  „ეს ამბავი დიდი საიდუმლოებითაა მოცული. ჩემთვის, ისევე როგორც თქვენთვის, ვისაც პატარა უფლისწული გიყვართ, მთელი ქვეყანა შეიცვლება, თუ სადღაც, სამყაროს რომელიღაც უხილავ მხარეში, ბატკანმა, რომელიც თვალით არ გვინახავს, ვარდი შეჭამა.

ახედეთ ზეცას და იკითხეთ:  „შეჭამა ბატკანმა ვარდი თუ არა?“ და დაინახავთ, როგორ შეიცვლება ყველაფერი…

მაგრამ დიდები ვერასდროს მიხვდებიან, რამოდენა რამაა ეს!“

რეცეპტები ინკლუზიისა და პედაგოგიური გამძლეობისთვის – პირველი ნაწილი

0

თანამედროვე ინკლუზიური სკოლის კურსი და სტრატეგია ეფუძნება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სკოლის ცხოვრებასა და აქტივობებში სრულფასოვან მონაწილეობას, რაც მათი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. ბავშვის კოგნიტიური ფუნქციების მოწესრიგება მხოლოდ და მხოლოდ აქტიური ინტერაქციის პროცესშია შესაძლებელი და ამ პროცესის სრულყოფა თანამედროვე მასწავლებლის ართ თუ იოლი გამოწვევაა. მოსწავლის ჩართულობა, თანამონაწილეობა საკლასო აქტივობებში, კოგნიტური და აკადემიური ფუნქციების მომწიფება და განვითარება – ის მიზნებია, რომლებსაც სკოლა  საგნის პედაგოგთა ძალისხმევითა და სპეციალური მასწავლებლების დახმარებით ახორციელებს.

ამ უკანასკნელის როლი განისაზღვრება საგნის მასწავლებლის ხელშეწყობით კონკრეტული მოსწავლის ან კლასის ქცევის მართვაში. ის არის ადამიანი, რომელიც ფლობს პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიებს, შეუძლია დაადგინოს პრობლემური ქცევის გამომწვევი მიზეზები. ხშირად მასწავლებელსა და სსსმ მოსწავლეს შორის არ ხერხდება თანამშრომლობა იმის გამო, რომ მოსწავლეს კომუნიკაციის დამყარების პრობლემები აქვს. საგნის მასწავლებელს ასეთ დროს კონსულტირებას უწევს სპეცმასწავლებელი და დამხმარე ან ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს მოსწავლესთან კომუნიკაციის დამყარებას. ამგვარი საშუალებები შეიძლება იყოს სურათებით კომუნიკაცია, ერთად შემუშავებული სიმბოლოები, დამხმარე ილუსტრაციები.

თუკი კლასში იმყოფება მოსწავლე, რომელის აკადემიური სფეროს განვითარება დიდი განსხვავებით არ ჩამორჩება თანაკლასელების აკადემიური სფეროს განვითარებას, მაგრამ მას აქვს პრობლემები მეტყველების განვითარებაში, ვერბალურად ვერ გადმოსცემს საკუთარ აზრს, შეხედულებებს, ვერ პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს… ასეთ დროს სპეციალური მასწავლებელი და საგნის მასწავლებელი მოსწავლესთან მუშაობისას იყენებენ სურათებით კომუნიკაციას, როგორც დამხმარე საშუალებას. სურათზე გამოსახული ობიექტებით მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი, სურვილი. წინასწარ შეთანხმებული სიმბოლოები, რომლის მნიშვნელობა ცნობილია, როგორც სსსმ მოსწავლისათვის, ასევე მასწავლებლებისა და თანაკლასელებისთვის, ასევე შეიძლება გამოიყენონ, რათა კომუნიკაცია მოსწავლესთან მისთვის შესაძლებელი ფორმით დაამყარონ.

სსსმ მოსწავლე საჭიროებს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, რომლის შედგენაში აქტიურად მონაწილეობს სპეციალური მასწავლებელი. ის, მოსწავლის ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ახდენს ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას. სპეც.მასწავლებლი უშუალოდ გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში ეხმარება მასწავლებელს ისგ-თი გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი აქტივობების განხორციელებაში, მოსწავლეს განუმარტავს მასწავლებლის ინსტრუქციებს და ა.შ. სპეციალური მასწავლებელი მონაწილეობს სსსმ მოსწავლის ირგვლივ მიმდინარე სასკოლო აქტივობებში. ამისთვის აუცილებელია, რომ ის კარგად იცნობდეს მოსწავლეს, მის შესაძლებლობებს, ინტერესებს, ამიტომ სპეც.მასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობს როგორც მოსწავლის მასწავლებლებთან, ასევე მის მშობელთან.

 სპეციალური მასწავლებლის ფუნქცია-მოვალეობები საკმაოდ ვრცელია, მისი შესრულება თავისთავად მოითხოვს გარკვეულ ცოდნას. სპეცილური მასწავლებელი უნდა  ფლობდეს ინფორმაციას ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლების, ინკლუზიური განათლების რაობის შესახებ. იცნობდეს ქვეყანაში დამკვიდრებულ ტერმინოლოგიას და ზრუნავდეს სასწავლო პროცესში არაეთიკური ტერმინების (გონებაშეზღუდული, დეფექტური, ინვალიდი, უნარშეზღუდული და ა.შ.) აღმოფხვრასა და ადექვატური პროფესიული ტერმინების დამკვიდრებაზე. სპეციალური მასწავლებელი უნდა იცნობდეს სხვადასხვა სახის დარღვევებს, რომლებიც ხელს უშლის ინდივიდს სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებაში, იცოდეს რა გავლენას ახდენს ესა თუ ის დარღვევა მოსწავლის სწავლასა და განვითარებაზე და შესაბამისად, შეეძლოს განსაზღვრა სსსმ მოსწავლის სწავლების მეთოდოლოგიებისა, სწავლების სტრატეგიებისა და დამხმარე ტექნოლოგიებისა (ინკლუზიური განათლების გზამკვლევი მასწავლებლებისათვის, 2009).

ეს არ თუ ისე ცოტა ჩამონათვალია და ერთი ადამიანის მხრიდან საკმაო შრომას მოითხოვს. დარგის უცხოელი სპეციალისტები მეტი შედეგისა და, ამავდროულად, მთელი სასწავლო წლის მანძილზე პიროვნული გამძლების შენარჩუნებისათვის ამგვარ პედაგოგებს შემდეგ რჩევებს აძლევენ. ესენია:

  1. ორგანიზებულობა, რისთვისაც მნიშვნელოვანია იმგვარი სისტემის პოვნა, რომელიც საუკეთესოდ მოერგება ჩვენს მოთხოვნილებებს. თითოეული მოსწავლის ბაინდერში ცალკე უნდა გამოიყოს წერის, კითხვის, მათემატიკის, ისგ-ს ან ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის, მშობლებთან კომუნიკაციის პროგრამის, წინა წლების მონაცემები.

ამგვარად უფრო იოლია მოსწავლეთა შრომის, სხვადასხვა საგანში შეფასებათა დახარისხება, სასწავლო გეგმების შესრულების მონიტორინგი და სხვ.). უკეთესი იქნებოდა მშობლებთან და ისგ გუნდის წევრებთან შეხვედრების და ამ შეხვედრათა ამსახველი საქმიანი ქაღალდების (ოქმების) წარმოებისათვის ერთი ბანდერის ცალკე აღება. როგორც წესი, ისგ გუნდის წევრები სემესტრის მანძილზე რამდენჯერმე იკრიბებიან და ამ შეკრებათა ფორმალური ასახვა დირექციის მხრიდან მკაცრად მოითხოვება.

სასურველია  ცალკე ბაინდერის არსებობა ყოველდღიური მონაცემების შესაგროვებლად, მოწაფეთა ნაშრომების, მოკლევადიანი მიზნების მისაღწევი საშუალებებისა და აქტივობების, მეთოდების აღსაწერად, ასევე მიღწეული შედეგების ჩასანიშნად.

  1. პირადი ცხოვრების შენარჩუნება

 

კარგმა მასწავლებელმა ყოველთვის იცის, სად და როგორ გაავლოს საზღვარი პროფესიულსა და პირად ცხოვრებას შორის, მიუხედავად იმისა, რომ აღმზრდელობითი საქმიანობა ცხოვრების უზარმაზარ წილს მოითხოვს. საუკეთესო მეგობრებთან თუნდაც სატელეფონო კომუნიკაცია, შაბათ-კვირის კარგი დაგეგმვა და ბუნებაში დასვენება, მოხალისეობა სხვადასხვა ორგანიზაციებში და გარდა მასწავლებლობისა, იმ საქმის კეთება, რაც  ყოველთვის მოგვწონდა, გართობა და ოჯახის წევრებთან ერთად თუნდაც მცირე წვეულების ღამის მოწყობა  ჩვენი პირადი ცხოვრების შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

  1. ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, რადგან ეს უმნიშვნელოვანესია სასწავლო გამოწვევებთან გასამკლავებლად. ენერგიის აღდგენისა და სტრესებისაგან გათავისუფლების საუკეთესო საშუალებებია: კარგად და ჯანსაღად კვება, რეგულარული ვარჯიში, ფეხით სიარული, გატაცებებით (ცეკვა, დაკვრა, ქარგვა, ქსოვა, ცურვა, სპორტდარბაზში თამაში, მცენარეთა მოვლა…) სიამოვნება და გამოძინება.

განსაკუთრების სასარგებლოა, თუ ჩვენს კოლეგებს ამგვარ გატაცეცში ავიყოლიებთ, მათთან ვიმეგობრებთ და ერთად დავისვენებთ. მსოფლიოში არსებობს სკოლები, სადაც კვირაში ორჯერ სასწავლო პროცესის შემდეგ მასწავლებლები განტვირთვის მხიარულ ნახევარ საათს აწყობენ და ეს საკუთარ თავზე ზრ უნვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

  1. განვტვირთოთ ბავშვები

თუ ჩვენი მოწაფეებისთვის სწავლა მოსაწყენ და უხალისო საქმიანობად გადაიქცევა, მაშინვე უნდა შევცვალოთ სტრატეგიები, რათა არ შემცირდეს მოსწავლეთა პროგრესი. იმისათვის, რომ ფორმაში ვიყოთ, მნიშვნელოვანია ბავშვებს არ მივცეთ მოდუნების საშუალება და შთავაგონოთ შემოქმედებითობა სასწავლო აქტივობებში.  თბილი და ყველა მოსწავლისათვის სასურველი სასწავლო გარემოს  შექმნა შესაძლებელია მათდამი მეტი ყურადღებისა და გულითადი დამოკიდებულების გამოჩენით.   თუკი მოსწავლეები დაღლილები ჩანან, შეიძლება მოვუწყოთ მოძრაობითი განტვირთვა. Youtube-ზე ბევრი სასწავლო აქტივობაა, რომლებიც ამ განტვირთვების, ე.წ. ენერჯაიზერების ორგანიზებაში დაგვეხმარება. მაგ.: jammin’ minute და სხვ. ასევე უმნიშვნელოვანესია ბავშვებისათვის  კითხვისა და წერის კომფორტული გარემოს შექმნა – განათება, ჰაერი, ავეჯი, ფიჯეტები და სხვ.. თითოეული მოსწავლის საჭიროების პოვნისთვის უნდა მოვძებნოთ გზა კინესთეტიკური აქტივობების, ვიზუალური, სმენითი თუ ტაქტილის/შეხების ცენტრების  სტიმულაციისათვის.

  1. გამოვიყენოთ მონაცემები

სპეციალური განათლების მუშაკები მონაცემთა შეგროვების  ექსპერტებიც არიან. მათ მოეთხოვებათ ამ აურაცხელი მონაცემის სწორად გამოყენება. მონაცემებს კი, თავის მხრით, სწორი ინსტრუქციების მოცემა შეუძლიათ. თუკი მათ სწორად შევაგროვებთ, აღარ გვჭირდება თავის ჭყლეტა, რა და როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, რაკიღა თვალნათლივ ვხედავთ მათი სწავლის შედეგებს.

 

  1. მივენდოთ პირად ინსტინქტებს

მართალია, მონაცემები მნიშვნელოვანია, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი ყველაფერი ვერ იქნება. პროფესიონალი მასწავლებელი თავისი დარგის ექსპერტიცაა. უამრავი მიზეზი არსებობს, თუ რატომ დაიმსახურეს მოსწავლეებმა ესა თუ ის შეფასება, მაგ.: შიმშილი, წყურვილი, ძილის ნაკლებობა, გაღიზიანება, ნერვიულობა, სტიმულისა და მოტივაციის/შთაგონების არქონა… ან –პირიქით.  ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ მოსწავლეებთან და მათი სწავლის სტილს კარგად ვიცნობთ. ნუ დავაჯგუფებთ ბავშვებს მონაცემების მიხედვით, ვენდოთ კეთილ ინსტინქტებს, განმავითარებელი შეფასებებით  ავამაღლოთ მათში მოტივაცია, ჩავსახოთ შთაგონება, ვაჩუქოთ სტიმული და ამ მოტივებით დავგეგმოთ გაკვეთილი, რადგან პირადი ინსტინქტები ხშირად ფურცლებზე დატანილ მონაცემებზე მეტად ამართლებს.

გამოყენებული ლიტერტურა და ელ-რესურსები:

  1. ანა ლაღიძე, თათია პაჭკორია, მაია ბაგრატიონი, ”ინკლუზიური განათლება – გზამკვლევი მასწავლებლებისათვის”, თბილისი, 2009.
  2. თათია პაჭკორია, სალომე მაზმიშვილი, თამუნა კბილცეცხლაშვილი, ქეთევან იაშვილი, მეიკო ჭელიძე, ინკლუზიური განათლება, მოსწავლე, ოჯახი და სკოლა, თბილისი, 2012.

https://www.friendshipcircle.org/blog/2014/02/04/10-ways-a-special-education-teacher-can-stay-sane-during-the-school-year/

საჯარო სკოლების სახელმწიფო კონტროლი

0

 

აჯარო სკოლაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო პროფილურ სკოლებზე – შესაბამისი სამინისტროები. საჯარო სკოლებზე სახელმწიფო კონტროლს ასევე ახორციელებენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები მათი უფლებამოსილებების ფარგლებში.

            სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე ზედამხედველობას. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში და კანონის მიზნის შესაბამისად.

არსებობს ორი ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესს. ეს არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.

            „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, საჯარო სკოლა ზოგიერთ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობის საფუძველზე. ეს გადაწყვეტილებებია:

  • უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
  • სესხის აღება და თავდებობა. ამ გადაწყვეტილებების მისაღებად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობა საკმარისი არ არის – აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობაც;
  • საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
  • სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასასაქმებელი შტატგარეშე მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებებისა და რაოდენობის განსაზღვრა. 2017 წლის პირველი იანვრიდან ეს ნორმა შეიცვლება და აუცილებელი იქნება სკოლების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირთა ფუნქციებისა და რაოდენობის შეთანხმება;
  • სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

            კონტროლის განხორციელების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეუძლია, სკოლიდან გამოითხოვოს მასალები და ინფორმაცია ან ადგილზე შეისწავლოს სკოლის მიერ კანონის მოთხოვნათა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების საკითხი. სკოლა ვალდებულია, მოთხოვნილი ინფორმაცია მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს.

საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია, სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე. სკოლის სამეურვეო საბჭო ვალდებულია, დირექტორისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებაში მითითებულ ვადაში.

თუ სამეურვეო საბჭო მიიჩნევს, რომ დირექტორს არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის გამო, იგი ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. თუმცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სკოლის დირექტორს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია:

  • დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში მისი საქმიანობის გამო დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა;
  • ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა მისი საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
  • დაითხოვოს სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

დირექტორისთვის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია, დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული წესით სკოლის სამეურვეო საბჭოს ან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დირექტორისთვის ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პირს 3 წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, დაიკავოს საჯარო სკოლის დირექტორის ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ასევე – ნებისმიერი სხვა თანამდებობა საჯარო სკოლის დირექციაში.

სხვათა ცხოვრება

0

თავი I. სხვათა საკვები

  • ცუდად მოიქეცი, არ უნდა ჩაგერტყა ძმისთვის ხელში ჩანგალი და არ უნდა გეთქვა, რომ მისი სიკვდილი გინდაუთხრა დაბნეულმა მამამ, ოთახში შევიდა, გრძელი თითები სანახევროდ გაქაჩლებულ თავში შეიცურა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
  • ჩემი თეფშიდან კარტოფილს იპარავდა.
  • კარტოფილის გამო ძმას ხელში ჩანგალი უნდა ჩაარტყა?
  • სულ ასე იქცევა. არადა, თვითონაც იმდენივე აქვს თეფშზე, რამდენიც მე.
  • აბა შემწვარი კარტოფილი არ მიყვარსო?
  • არ მიყვარს, მაგრამ მას თავისი აქვს.
  • ხვალ, სკოლაში წასვლამდე კიდევ დავილაპარაკოთ. პირობა მომეცი, რომ ბოდიშს მოუხდი.
  • სულ ჩემკენ იყურება. მეცადინეობის დროსაც ჩემი წიგნიდან კითხულობს, როცა თავისი ხელში უჭირავს. დიდ დასვენებაზეც სულ მე დამყვება.
  • ტყუპები ხართ, შენ მასზე 12 წუთით ადრე გაჩნდი. სულ 12 წუთით. როცა დედაშენის გულზე იწექით, დაე სიმშვიდეში იყოს მისი სული, მაშინაც შენ გიყურებდა.
  • ჩემს კარტოფილს ნუ ჭამს. მაგის კარტოფილსაც იგივე გემო აქვს.
  • კარგი, ვეტყვი, რომ შენს თეფშზე ხელი აღარაფერს ახლოს.
  • და, საერთოდ, უთხარი, რომ აღარ მინდა იმის თამაში.

 

თვეც არ გასულა, რაც ადამიანთა საბნების ქვეშ ჭვრიტინი და ნანახის სახალხოდ გამომზეურება ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო გამოშვებებისა და სოციალური ქსელების მთავარი სალაპარაკო თემა გახდა. ამ ამბავმა 13 ივნისს ადიდებული მდინარე ვერესავით წალეკა Facebook და იქ დაბუდებული მხეცები გალიებიდან გამოათავისუფლა. მათი დაჭერა, იმ ლომის მსგავსად, დღემდე ვერ ხერხდება.

ამ გულისამრევმა მოვლენებმა ჩემი ძველისძველი, დაუმთავრებელი მოთხრობა გამახსენა. რადგანაც მის დასრულებას ადრე თუ გვიან მოვახერხებ, მხოლოდ ზოგად მონახაზს მოგიყვებით: მოთხრობა აღწერს წინააღმდეგობრივ ამბავს ტყუპი ძმებისა, რომლებიც ყოველ საღამოს უყურებენ სერიალს “ბლანკოს ქვრივი” და გადაწყვეტენ ფილიპესა და დიუვანივით იცხოვრონ. დროთა განმავლობაში ერთ-ერთი მათგანი ხვდება, რომ შეუძლებელია ორ ადამიანს ერთი ცხოვრება ჰქონდეს და ცდილობს დიდი ხნის წინ დაწყებული თამაში უმტკივნეულოდ დაასრულოს, თუმცა ეს ძალიან რთული აღმოჩნდება.

ერთი ადამიანი – ერთი ცხოვრება. ამ თემაზე ჯერ კიდევ მაშინ დავფიქრდი, წერის პროცესში, როცა მივხვდი, რომ შენი მხედველობის სიმახვილე ბნელში უნდა მოექცეს იქ, სადაც მე ფარდას ვაფარებ და აღარ მინდა დაინახო რას ვჭამ, რას ვიცვამ, რას ვაკეთებ.

არსებობს ერთი ევროპულ-ამერიკული პრემიების მომხვეჭელი, ფლორიან ჰენკელ ფონ დონნერსმარკის ფილმი “სხვათა ცხოვრება”. ვიფიქრე, რომ ამ სურათის დახმარებით შევძლებდი ამომეხსნა ზოგიერთი ამოცანა.

ფილმის მოქმედება 1984 წლის აღმოსავლეთ ბერლინში ვითარდება – ადგილზე, სადაც საბჭოთა მეტასტაზები მთელ ტერიტორიაზე და ადამიანთა ტვინებზეა მოდებული. მიწაზე, სადაც კედლებსაც კი ყურები აქვთ – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ადგილზე, სადაც ადამიანი თავისუფალი მხოლოდ ფიქრის დროსაა და როცა კი ფიქრი ბგერად გადაიქცევა, აპარატები ირთვება, КГБ-ის მიერ დაგეშილი ფორმიანი და უფორმო ჯალათები კი სმენად მოსხდებიან. იქ მხოლოდ იმის უფლება გაქვს, რომ უკეთესის იმედი გქონდეს სიკვდილამდე. თუკი შენი IQ თვალშისაცემია და ზედმეტის წამოყრანტალება შეგიძლია, შენზე იციან ყველაფერი – რას ჭამ, რა სისწრაფით, რამდენჯერ მიაშურებ ღამით ტუალეტს, რამდენ ხანს ჩერდები იქ, რა გაჩუქეს დაბადების დღეზე, როდის გაქვს ურთიერთობა შენს პარტნიორთან და რამდენად კმაყოფილი ხარ ამით.

ფილმში ნათლად ჩანს, რომ ადამიანის ხელით შექმნილ ბოროტებას, ამ 1000 თვალ-ყურიან ურჩხულს მხოლოდ ადამიანისავე ძალით თუ დაამარცხებ და რაც მეტია ადამიანი, მით უფრო სუსტდება ბოროტება.

ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ კადრებზე სოციალური ქსელების მომხმარებელთა რეაქციამ სასიამოვნოდ გამაკვირვა. მათ ერთხმად დაგმეს მომხდარი და დიდმა ნაწილმა საერთოდაც უარი თქვა მოგდებული ულუფის ჭამაზე, ანუ ვიდეოებს არ უყურა. ეს ერთადერთი სწორი გზაა.

იგნორირება ყველაზე ძლიერი იარაღია. ჯალათთა დაცინვა, მათი საქმიანობის აბუჩად აგდება კი ამ ამბების დასასრულის დასაწყისი.

ბოლო-ბოლო, ყურები მათ რომ აქვთ, ეგეთი უნდა. სხვისი ცხოვრების მოსმენასთან ერთად, იქნებ თავიანთ სინდისსაც მოუსმინონ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...