სამშაბათი, ივნისი 17, 2025
17 ივნისი, სამშაბათი, 2025

რატომ ვასწავლოთ თამაშით?!

0

თამაში რომ თვით კულტურაზე ძველი ფენომენია, ჯერ კიდევ იოჰან ჰაიზინგამ (1872-1945) დაასაბუთა თავის შემაჯამებელ ნაშრომში „Homo Ludens” (კაცი მოთამაშე, კულტურის თამაშში წარმოშობის შესახებ). თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის  მართვისთვის უმნიშვნელოვანეს ატრიბუტად დღესაც აქტიურად მოიაზრება თამაში, როგორც მეთოდი, როგორც აქტივობა, რომელსაც გარკვეული წინაპირობები გააჩნია და სასწავლო პროცესში წარმატების მიღწევის საუკეთესო საშუალებაა.

განათლების თანამედროვე სპეციალისტები თამაშით სწავლების რამდენიმე უმთავრეს გზას გვისახავენ, თუმცა ვიდრე მათზე დავიწყებდეთ საუბარს, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რატომ უნდა ვასწავლოთ თამაშით და რა წანამძღვრების წყალობით გახდა ეს საგანმანათლებლო მიდგომა ასე პოპულარული. დიმიტრი უზნაძე „ზოგად ფსიქოლოგიაში“ წერს: ბავშვებში თამაშის ძირითადი თავისებურება ისაა, რომ ყველაფერი, რაც არსებობს, ბავშვისთვის მოკლებულია თავის ობიექტურ ნიშნებს და, მაშასადამე, იძულებითს ხასიათს“ (უზნაძე, 1940:606).

დასავლური კულტუროლოგიის და კულტურის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი, იოჰან ჰაიზინგა ჯერ კიდევ „შუა საუკუნეების შემოდგომაში“ (1919) ეძებდა  კულტურის შემქმნელ თავისუფლების ფერმენტს“. მის შემდგომ კვლებში კი ნათლად გამოიკვეთა, რომ „კულტურაში მონაწილეობს და არსებით როლს ასრულებს თამაშის ელემენტი, მეტიც, ეს ელემენტია სწორედ კულტურის მაცოცხლებელი სული. მის გარეშე კულტურა ვერ იარსებებს, ხოლო თამაშის სულის დაკნინება კულტურის დაკნინებასც ნიშნავს“ (1938). თამაშის, როგორც კულტურის მოვლენის არსისა და მნიშვნელობის განსაზღვრისას ჰაიზინგა წერს: „თამაში კულტურაზე ძველია, რადგან რაც გინდა ფართე მნიშვნელობით გავიგოთ კულტურის ცნება, ის მაინც ადამიანთა საზოგადოებას გულისხმობს. ცხოველები კი ადამიანებს არ დალოდებიან, რომ მათგან თამაში ესწავლათ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანურ ცივილიზაციას თამაშის ზოგადი ცნებისთვის არსებითად არაფერი დაუმატებია… თამაში მეტია, ვიდრე წმინდა ფიზიოლოგიურად განსაზღვრული ფსიქიკური რეაქცია… იგი საზრისი მქონე ფუნქციაა. იგი თავად ანიჭებს საზრისს სასიცოცხლო მოღვაწეობას და რახან საზრისი მქონეა, მასში რაღაც არამატერიალური ელემენტიც მონაწილეობს“.

მაშასადამე, თამაში საზრისის მქონე აქტივობის ფორმაა და სოციალური ფუნქცია, სოციალური სტრუქტურა. ადამიანთა საზოგადოებისათვის ნიშნეული მოღვაწეობის ყველა ძირეული სახე იმთავითვე გამსჭვალულია თამაშით. ავიღოთ ენა, პირველი და უმაღლესი იარაღი, რასაც ადამიანი ქმნის, რათა გააგებინოს, ასწავლოს, უბრძანოს, ენა, რითაც ის განასხვავებს, საზღვრავს, ადგენს, მოკლედ – სახელს არქმევს., ესე იგი, ნივთი გონის საუფლოში აჰყავს. ენის სემოქმედი გონი მუდამ თამაშით გადადის ნივთიერიდან აზრისეულზე. რაიმე აბსტრაქტულის ყოველი გამოხატულების უკან მეტაფორა დგას, ყოველ მეტაფორტაში კი სიტყვათა თამაშია შეზავებული. ასე ქმნის კაცობრიობა არსებულის საკუთარ გამოხატულებას, ასე აგებს ბუნების სამყაროს გვერდით  მეორე, შეთხზულ სამყაროს.

ჰაიზინგას აზრით, „მითოსიც თავნება ფანტაზიაა, რომელშიც მოცემული გარდაისახება. გამომგონებლობის წყურვილს აყოლილი გონი ხუმრობისა და სერიოზულების ზღვარზე თამაშობს. დაბოლოს, კულტს დავაკვირდეთ: პირველყოფილი საზოგადოება თავის საღმრთო მოქმედებას, რომელმაც ქვეყნის ხსნა უნდა უზრუნველყოს – ზიარებას, მსხვერპლშეწირვას, მისტერიას –არასრულებს წმინდა თამაშში.  მითოსსა და კულტში კი სათავეს იღებს კულტურული ცხოვრების უდიდესი მამოძრავებელი ძალები: სამართალი და წესრიგი, ვაჭრობა, რეწვა, ხელოსნობა და ხელოვნება, პოეზია, სიბრძნე და მეცნიერება. მაშასადამე, ყველა ესენი თამაშობრივი ქცევის ნიადაგში არიან ჩაფესვებულნი. ამდენად, წმინდა თამაში  თავისთავად არის კულტურის ერთ-ერთი საფუძველი და მისი მონაწილე“.

თამაში დამოუკიდებელი კატეგორიაა და თავისუფალი მოქმედებაა. ნაბრძანები თამაში თამაში აღარაა. ის შეიძლება თამაშის უგერგილო მიბაძვა იყოს.  თამაში არის „ჩვეულებრივი“ ან „ნამდვილი“ ცხოვრება. „თამაში შეუცვლელი რამაა და კულტურას ემსახურება, თავად არის კულტურა. იგი თავის თავში მიმდინარეობს და საზრისიც თავისი აქვს. განმეორებადობა და წესრიგი თამაშის პოზიტიური ნიშნებია. მეტიც, ის არის წესრიგი. თამაში კრავს და თიშავს, ის მომნუსხველია და მომაჯადოებელი, იგი გამსჭვალულია რიტმითა და ჰარმონიით. მას არ უკავშირდება მატერიალური ინტერესი, მისი მეშვეობით არავითარი მოთხოვნილება არ კმაყოფილდება“.

ნამდვილი კულტურა ვერ იარსებებს გარკვეული თამაშობრივი შინაარსის გარეშე, რადგან იგი წანამძღვრად გულისხმობს ერთგვარ თვითშემოზღუდვას და თვითგანსაზღვრას, ესე იგი  უნარს იმის დანახვისა, რომ საკუთარი ტენდენციები ერთადერთი და უმაღლესი კი არ არის, არამედ მათი ძალა რაღაც ნებაყოფლობით მიღებული ჩაკეტილი სფეროთი შემოისაზრვრება. ნამდვილი კულტურა ყოველთვის მოითხოვს პატიოსან თამაშს. ნაღდი თამაში ყოველგვარ პროპაგანდას გამორიცხავს. მისი სულისკვეთება და განწყობა ბედნიერი შთაგონებაა დ არა ისტერიული აგზნებულობა. თანამედროვე პროპაგანდა, რომელსაც სურს ცხოვრების ყველა სფეროს დაეპატრონოს, ისტერიულ მასობრივ რეაქციებზე დაყრდნობით მუშაობს და ამიტომ, თუნდაც ხალისით მიმართავდეს თამაშობრივ ფორმებს, თამაშის სულის გაყალბებაა და არა მისი სულის თანამედროვე გამოვლინება“.

ეს ჰაიზინგასეული თამაშის აშკარა, ყოველდღიური მნიშვნელობებია, ფილოსოფიური გაზვიადების გარეშე. თუკი ჰერაკლიტე ადამიანის შეხედულებებს „ბავშვის თამაშს“ უწოდებდა, ანდა პლატონისათვის ყოველივე თამაში, მიმეზისი იყო, ამიტომაც ადამიანებს ღმერთების სათამაშო უწოდა და კაცსა თუ ქალს მოგვიწოდა, ცხოვრება ულამაზეს თამაშში გავატაროთ, ჩვენც ისღა დაგვჩენია, სერიოზულად მივუდგეთ საქმეს და დავრჩეთ თამაშში, რომელიც შეჯიბრის მხოლოდ და მხოლოდ საწყისია, შეთანხმებაა, რომ გარკვეული სივრცითი და დროითი საზღვრების შიგნით გაგვაკეთებინებს რაღაც ისეთს, რაც დაძაბულობას მოგვიხსნის და ყოველ კონკრეტულ ლექციასა თუ გაკვეთილზე ცხოვრების ჩვეული დინების გარეთ გაგვიყვანს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. იოჰან ჰაიზზინგა, Homo Ludens, კაცი მოთამაშე, კულტურის თამაშში წარმოშობის შესახებ, (მთარგმნ. გია ნოდია), CIPDD, თბილისი, 2004.
  2. დ. უზნაძე, ზოგადი ფსიქოლოგია, III-IV, თბ., 1940.

ბოლო წლების ანგარიში

0

1

თავს იკლავენ ნიჭიერი და მშრომელი ბიჭები. რა მალე ინგრევა ადამიანი, რა უცებ შეუძლია შეელიოს სიცოცხლეს, როცა ძალიან მძაფრი, გაუსაძლისი ტკივილისა და მღვრიე მორევის წინ დგება, და შემთხვევისა და სიმარტოვის დემონები მის გონებას იპყრობენ.

2

ცოტა ხნის წინ შემთხვევით გავიგე, რომ ნეიროქირურგი, რომელმაც ოპერაცია გამიკეთა – სლავა სექანია – გარდაცვლილა. ცოტა რთული, უხეში და მკაცრი კაცი იყო, მაგრამ თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი.

გული დამწყდა: სხვებთან ერთად, ამ ქვეყნიდან ის ადამიანებიც მიდიან, რომლებმაც გადაგვარჩინეს.

3

რა უჩვეულო განცდაა, როცა ძველ შეყვარებულებს შუაში უდგახარ და ეს ორი, ერთმანეთზე გაბუტული ადამიანი შენი დახმარებით ცდილობს საუბარში მონაწილეობას. თითქოს შენ გელაპარაკება, არადა მისკენ (გვერდით) გაურბის თვალი, თუ მისმენს, თუ აღელვებს ჩემგან ნათქვამი სიტყვაო. რომ არ იცოდე, ადვილად მიხვდები (უარ)ყოფილი სიყვარულის ყველა გატოკებას, გაბრძოლებას, რომ ან ხელმეორედ აიშალოს დალალი, ანაც თავი ამოიჭამოს, სამუდამოდ.

4

ბესიკ ხარანაულმა დამირეკა. დილის 10 საათია. დაღლილი ხმით მიყვება, რომ უკვე მოასწრო კაი ღონივრად მუშაობა და პარკში სეირნობა. ისეთი ცარიელი ვარ, ისეთი გამოღლილი, რომ გელაპარაკები, სიტყვა ძლივს ამომდისო.

აი, ვინ იცხოვრა პოეტის ცხოვრებით, ვინ გამოუზოგა თავი პოეზიას – ცხოვრების „გამოწვევებს“ კი არ აეკიდა, თავის საქმეს მიენდო.

5

„საქმეს ცხრა თავი აქვს“ – მითხრა ეთომ, – „ვერ გაწვდები, ვერ მოერევი“.

6

მკვდრადშობილი პერსონაჟების სევდას დავატარებდიო, – ამბობს ნოდარ წულეისკირი თავისი ჩანაწერების წიგნში.

ეტყობა, ყველა მწერალმა უნდა გამოსცადოს ეს პერიოდი.

7

„…და სიყვარულის ასე მოთმენა“ (გალაკტიონი)

„ბედნიერება უნდა მოითმინო“ (ოთარ ჭილაძე)

ბევრი ვიფიქრე, ამ ორი ფრაზისთვის რაღაც კომენტარი დამერთო, შიგ გამოჭედილი აზრისა და მუსიკის, ამბისა და შეგრძნებისთვის საჭირო სიტყვების მისადაგება მეცადა, მაგრამ ყოველ ჯერზე დავმარცხდი. აი, დაახლოებით ისე, გულშემატკივარი რომ შევარდება სტადიონზე საყვარელი ფეხბურთელის ჩასახუტებლად და იქამდე ვერ მიაღწევს, პოლიციელები დაეწევიან, გაკოჭავენ და გაათრევენ სტადიონიდან.

8

– საქმე როგორ მიდის, ბიზნესი? – ეკითხება შუახნის კაცი შემელოტებულ ბიჭს გაჩერებაზე.

– მიდის, ისე რა, ნიჩივო. – ის მოკლედ პასუხობს.

– კარგია. ხო იცი, ებრაელები როგორც ამბობენ?

– როგორ?

– იწანწკაროს, დაგენაცვლე. რაც წანწკარებს, დიდხანს არ დაილევა.

9

ოთარ ჩხეიძის ნოველების წიგნზე („მიწა“) ვმუშაობდით – ბოლო კორექტურა და ტექნიკური წვრილმანები მოვაწესრიგეთ. სტამბიდან გვითხრეს, რომ დაბეჭდვისთვის აუცილებელი იყო გვერდების კონკრეტული რაოდენობა, რომელიც 32-ის ჯერადი იქნებოდა, ამისთვის კი აუცილებლად ოთხი გვერდი უნდა მოგვეკლო წიგნისთვის. დეტალებზე შესათანხმებლად როსტომ ჩხეიძეს დავურეკე.

„თავში მამაჩემის ფოტოს და ბოლოში სარჩევს უნდა შეველიოთ“ – მითხრა მაშინვე, რამდენიმე წამის შემდეგ კი: „ახლა საოცარ რამეს გეტყვი, შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ უნდა დამიჯერო, რომ ჩვენი ეს საუბარი სამი დღის წინ, სიზმარში ვნახე“.

მონუსხული ვუსმენდი. „ოღონდ ცოტათი განსხვავებული იყო ის საუბარი დღევანდელისგან – შენთან ვიყავი გამომცემლობაში მოსული, თვალებში გიყურებდი და გარწმუნებდი, რომ ოთხი გვერდის ამოღება არაფერს დაუშავებდა წიგნსო“.

10

„ხანგეფ რეთ, მარა მუნდებ ხოლო რეთია“ (გიჟები ხართ, მაგრამ მშიშრებიც ხართო) – ერთმა ჭკვიანმა კაცმა უთხრა თავის ავზნიან შვილებს და რაც ეს სიტყვები გავიგე, თავიდან არ ამომდის: ბევრჯერ გამხსენებია, ბევრჯერაც იმწუთას ნანახ ან განაგონი ამბისთვის მიმიკერებია და იმასაც მოხდენია ძალიან. მგონია, რაღაც მეტაფორასავით არის: ჯერ ჩვენს კანში ვერ ვეტევით და გაუგონარი მიწყდომით ისეთ საქმეს ვატრიალებთ, დიდი ქვეყანა ვერ დაიტრაბახებდა; მაგრამ მერე, რასაც ჩვენივე სიმხდალითა და უპრინციპობით ვაშავებთ, კარგახნის მიბრძანებული უნდა ვიყოთ მსოფლიოს ფიზიკური რუკიდან.

p.s. ბარემ იმასაც ვიტყვი, რატომ დამჭირდა ამ ნატეხების მობოჭვა და ერთ ფაილში გაერთიანება ასე მიყოლებულად, კიდეც რომ დავნომრე და ჩემი ჭკუით ვითომ რაღაცას დავამგვანე. რაც ეს დრო, ჩემთვის, როგორც რიგითი მუშაკაცისთვის, წუთებად და წამებად დაიტეხა, დაიხლიჩა, დანაწევრდა, ამ წუთებსა და წამებს შორის მოყოლილ ყველა (საჩემოდ) გადარჩენილ სიტყვას მინდა სალამი ავართვა, ფხა მოვუსინჯო. ამიტომ ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ რაც ზემოთ წერია, თანმიმდევრულად კი არ დაიწერა, დალაგებულ გონებაზე, არამედ იმ რიტმსაყოლილად, როცა გგონია, რომ საღამოს (ან ღამით, ან გამთენიისას, ან ზეგ, ან შაბათ-კვირას) ყველაფერს დაწერ, მაგრამ დილით (მაზეგ, ორშაბათს) აღმოაჩენ, რომ… ბავშვები შენმა ხვრინვამ გააღვიძა.

მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ძლიერი მხარეები

0

გასული წლის დეკემბერში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა ვორკშოპი, რომელმაც უმასპინძლა მსოფლიო ბანკის მისიას. შეხვედრას, რომლის  განხილვის საგანი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა იყო, ესწრებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის მესვეურები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები. მსოფლიო ბანკის მისიას, სხვა კოლეგებთან ერთად, წარმოადგენდა ჰეიზლი როჯერსი, მსოფლიო ბანკის განათლების ეკონომიკის დარგობრივი ექსპერტი, მსოფლიო ბანკის 2020 წლის განათლების სტრატეგიის ავტორი და გუნდის ლიდერი.

HALSEY-ROGERS

შეხვედრის შემდგომ, მსოფლიო ბანკის გუნდმა შთაბეჭდილებები და უკუკავშირი წარუდგინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

წარმოგიდგენთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ წარმოდგენილ ანგარიშს, რომელშიც აისახა  მასწავლებელთა ახალი სქემის ძლიერ მხარეები და რისკები:

  1. სქემის ძლიერი მხარეები

როგორც უცხოელმა ექსპერტმა აღნიშნა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ  ახლად დანერგილ სქემას ბევრი დადებითი მხარე აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ იდენტიფიცირებულია ძირითადი პრობლემური მიმართულებები და ერთდროულად ხორციელდება მრავალმხრივ ინტერვენცია, რადგანაც ცალკეულმა რეფორმამ თანამდევი კომპონენტების გარეშე, შესაძლებელია კრახი განიცადოს.

სქემის მრავალმხრივი ხასიათის შესაფასებლად მნიშვნელოვანია ელემენტების დახარისხება  მსოფლიო ბანკის პოლიტიკის დოკუმენტის SABER (System Approach for Better Education Results – ინგლ. სისტემური მიდგომა განათლების უკეთესი შედეგებისათვის) სასწავლო მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც  მოცემულია ქვემოთ მოყვანილ სქემაში:

Picture4

ახალი სქემის დადებითი მხარეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკისათვის:

  • სქემის მიზანი – საუკეთესო კადრების მოზიდვა პროფესიაში: რეფორმის მიზანია ხელფასის ზრდისა და კარიერულ წინსვლის გამჭვირვალებაზე დაყრდნობით კვალიფიციური კადრებისათვის მიმზიდველი გახადოს მასწავლებლობა. გაზრდილი ხელფასის სარგებელი თვალნათელია. რაც შეეხება კარიერული წინსვლის პროგრესიისათვის თვალის მიდევნების შესაძლებლობას, ის ასევე დადებით მხარეს წარმოადგენს, რადგანაც შესაძლებლობას აძლევს პროფესიაში მყოფ მაღალკვალიფიციურ კადრებს, დაადასტურონ რომ კომპეტენცია, თავდაუზოგავი შრომა და პროფესიონალიზმი დაფასებულია.
  • სქემის მიზანი – სწავლების მონიტორინგი და შეფასება: როგორც ვიდეო-, ისე პირისპირ შეფასება, რომელიც ეფუძნება დაკვირვების კარგად გააზრებულ ინსტრუმენტს, ასახავს თუ რის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მასწავლებლებს და არა მათ თეორიულ ცოდნას. გარდა შეფასებისა, ზემოხსენებული ინსტრუმენტი საშუალებას აძლევ სისტემას არამარტო შეაფასოს, არამედ მიზნობრივად დაეხმაროს სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში ცალკეულ მასწავლებლებს საჭიროების მიხედვით. მისაღებია ის ფაქტიც, რომ მთავრობა (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო) გეგმავს ცალკეული საგნებისა და სკოლების მოსწავლეების შეფასების პილოტირებასაც; მას შემდეგ, რაც პილოტირება დასრულდება და მისი განვრცობა შესაძლებელი გახდება, ის მეტ ნათელს მოჰფენს რეფორმის გავლენას  სწავლების პროცესზე, ანუ მოსწავლეებზე.
  • სქემის მიზანი –  მასწავლებლების ინსტრუქტაჟი უკეთესი შედეგების მისაღწევად:  გარე დაკვირვების გზით ჩატარებული განმავითარებელი შეფასება მორგებულია პროფესიული განვითარების საჭიროებებზე, რაც საშუალებას მისცემს მოტივირებულ პედაგოგებს, გააძლიერონ სუსტი მხარეები სწავლა-სწავლების პროცესში.
  • სქემის მიზანი – მასწავლებლების მომღებლობის ზრდა რეფორმების მიმართ: სქემა საშუალებას აძლევს მასწავლებლებს გაიუმჯობესონ უნარები კარიერული წინსვლისათვის. მათ კი, ვინც სერტიფიცირების აქამდე არსებული გზა გაიარა, უღიარებს პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებულ ძალისხმევას. ორივე ზემოხსენებული გზა ეხმარება მასწავლებლების მოტივაციის ზრდას, რაც ისეთივე გადამწყვეტია, როგორიც სწავლა-სწავლების პროცესის ცოდნა.
  1. გამოწვევები და რისკები

ძირითადი გამოწვევებისა და რისკების აღწერილობა:

  • რეფორმებმა შესაძლებელია ვერ იქონიოს გავლენა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე სქემის მოკლე ვადიდან გამომდინარე.
  • იმპლემენტაციის დროს განხორციელებულმა ზეწოლამ შესაძლებელია უგულებელყოს სწავლების ხარისხის ასპექტი და ხაზი მხოლოდ მასწავლებლებისათვის განსაზღვრულ სარგებელზე გააკეთოს.
  • რეფორმის კომპლექსურობიდან გამომდინარე, არსებობს პროცესებს შორის კოორდინაციის რღვევის საშიშროება.
  • წინა რეფორმის მონაწილეებმა შესაძლებელია დაკარგონ ვალდებულებისა და პროცესებში მონაწილეობის შეგრძნება, რადგანაც მათ დიდ ნაწილს, მიუხედავად პოლიტიკის ცვლილებისა, უღიარდათ ძველი სქემით გათვალსიწინებული აქტივობები.
  • მაღალი ხარისხის პოტენციური აპლიკანტების მოზიდვა პროფესიაში შესაძლებელია დაბრკოლდეს საზოგადოებაში არსებული გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულებების გამო.
  • საკლასო დაკვირვებამ შესაძლებელია არ ასახოს მასწავლებელთა რეალური პროფესიონალიზმი.

მიუხედავად გარკვეული რისკებისა და გამოწვევებისა, უცხოელი ექსპერტი პოზიტურად აფასებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მასწავლებლის პროფესიის ირგვლივ ძირეული დადებითი რეფორმებისაკენ.

თეატრზე, შესაძლებელსა და შეუძლებელზე

0

სამი წლის წინ, სასცენო ხელოვნების ფესტივალზე, რაღაც ისეთი ვნახე, რაც ძალიან ჰგავდა სასწაულს. მუსიკალური წარმოდგენა იყო – სტოკჰოლმის სახელმწიფო თეატრის „From Sammy with Love”. კეთილგანწყობა ინგლისურმა სახელწოდებამ გამოიწვია და ალბათ სწორედ ამის გამო გადავწყვიტე დარბაზში შესვლა. არჩევანმა გაამართლა. ის, რასაც სცენაზე და არა მხოლოდ სცენაზე ვხედავდი, ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის,  მოცეკვავის, მომღერლის, მუსიკოსის – სემი დეივის-უმცროსის (ერთ ქართულ თარგმანში სემი დეივის-უმრწემესიც კი ჰქვია) პიროვნებით, შემოქმედებით, ამქვეყნად დატოვებული კვალით იყო შთაგონებული. ჩვენ წინ ორი კაცი იდგა: ერთი უკრავდა, მეორე რაღაცას ყვებოდა, ერთი მღეროდა, მეორე  ყირაზე გადადიოდა, ერთი ცეკვავდა, მეორე სხვა შემსრულებელს განასახიერებდა, ერთი დაფრინავდა, მეორე ჯადოქრობდა – ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა და ყველა შემსრულებელი იყო, ერთი უკვე სამყაროს განმგებლად ქცეულიყო, მეორეს ეს სამყარო ხელისგულზე ედო და სულს უბერავდა… ჰერმან ჰესეს „მაგიური თეატრი“ გამახსენდა – იმ წუთებში მჯეროდა, რომ დარბაზის გარეთ აღარაფერი არსებობდა, შიგნით კი ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. ადამიანის შესაძლებლობები მართლაც უსაზღვრო აღმოჩნდა. წარმოსახვამ ერთიანად წალეკა ყველაფერი, რაც კი წინ ეღობებოდა და ერთადერთ ხელშესახებ სინამდვილედ იქცა.

წარმოდგენის დასრულებისთანავე მივხვდი, რომ ძალიან უცნაური და ალბათ სასიცოცხლოდ აუცილებელი გამოცდილება მივიღე. დავრწმუნდი, რომ ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი მართლაც არ აქვს. რასაც ორი მსახიობი მაყურებლების თვალწინ თუ ზურგს უკან აკეთებდა, ბევრად მეტი იყო – წარმოუდგენლად მეტი – მოსალოდნელსა და შესაძლებელზე.

ფრანგები ამბობენ, „შეუძლებელი“ ფრანგული სიტყვა არ არისო, ანუ ფრანგის პირიდან ამას ვერ გაიგებო. როგორია, ამ რწმენით რომ იზრდები?!

მე საპირისპიროში მარწმუნებდნენ გასული საუკუნის 80-იანი წლების საბჭოთა სკოლაში, პიონერთა სასახლეში, სახლში. თითქმის ყველაფერი შეუძლებლად მოჩანდა, რასაც კი ჩემი წარმოსახვა სწვდებოდა: შორეულ ქვეყნებში გემით მოგზაურობა, „ინტელიჯენს სერვისთან“ თანამშრომლობა, წიგნების წერა, გორის თეატრის მსახიობობაც კი… სხვა ყველაფერთან ერთად, მთელი ბავშვობა ამაზეც ვოცნებობდი – გორის თეატრის მსახიობობაზე. ბოლო კლასში კი, როცა დიდ ქალაქში დამოუკიდებლად ცხოვრების სიტკბოსა და სიამეს წარმოვიდგენდი, პირველ რიგში, თეატრში სიარულის შესაძლებლობა მახსენდებოდა. ერთხანს სულაც იმიტომ მინდოდა სტუდენტობა, რომ ყოველ საღამოს ახალი სპექტაკლი მენახა.  მახსოვს, სწორედ ასე ვამბობდი – ყოველ საღამოს-მეთქი!

„შეუძლებელი“ – კარგად ნაცნობი ქართული სიტყვაა მათთვის, ვისი ბავშვობის, მოზარდობის, ახალგაზრდობის წლებიც წინა საუკუნის 90-იანებს დაემთხვა. უნივერსიტეტში სწავლის ხუთმა წელმა ისე ჩაიარა, რომ თეატრში ერთხელაც არ ვყოფილვარ. თუმცა, არა, ბოლომდე მართალიც არ ვარ – გორის თეატრში ნახევრამდე ვნახე ერთი სპექტაკლი 1994 წლის იანვარში. დარბაზში ზუსტად ისეთი ყინვა იყო, როგორიც ქალაქის ქუჩებში. მოსწავლეობის დროინდელი პალტო მეცვა – ძველი, მძიმე და თბილი. ქუდი, კაშნე, ხელთათმანები… ჩემსავით საგულდაგულოდ ჩაფუთნული ათიოდე მაყურებელი გმირულად უძლებდა აუტანელ სიცივეს და, თუ არ ვცდები, ალექსანდრ ტოლსტოის პიესის მეტად თავისებურ ინტერპრეტაციას. მოულოდნელად წარმოდგენა შეწყდა – მთავარი როლის შემსრულებელს სიცხემ აუწია.

ბოლო დროს თეატრსა და შესაძლებლობებზე ფიქრი ორი მიზეზით დავიწყე. პირველი ისაა, რომ 13 წლის გოგოს, რომელზეც წინა წერილში ვწერდი, თითქმის ნახევარი წლის წინ დავპირდი, თეატრში წავალთ-მეთქი, შესაფერის სპექტაკლს კი ვერაფრით ვერ მივაგენი. ვიცი, საბავშვო წარმოდგენები ვეღარ მოხიბლავს, სამეფო უბნის თეატრში დადგმული ავგუსტ სტრინდბერგის „ფრეკენ ჟულის“ და ჟან ჟენეს „მოახლეების“ ნახვა კი მეტისმეტად დააბნევს და არასწორ წარმოდგენას შეუქმნის მისთვის უცნობ სამყაროზე. იმისთვის, რომ თეატრისკენ გული მიუწევდეს, იქ რაღაც ისეთი უნდა დახვდეს, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია  – რაც 13 წლის გოგოებისთვის და ბიჭებისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი.

არსებობს მოზარდმაყურებელთა თეატრი.

არსებობს მოზარდმაყურებელთა თეატრის გულსაკლავი აფიშაც.

მეორე მიზეზი კიდევ ერთი თეატრალური ფესტივალია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება შვედეთში და ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დადგმული სპექტაკლების, მათთვის განსაზღვრული წარმოდგენების ნახვის, შედარების, შეფასების შესაძლებლობას იძლევა. საფესტივალო პროგრამისთვის თვალის გადავლებაც კი საკმარისია, რომ დავინახოთ, რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ამ ქვეყანაში ყველაფერს, რაც ბავშვის განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი; რამდენად არსებითია ის, რომ პატარებისთვის, მოზარდებისთვის, ახალგაზრდებისთვის თეატრი კარგად ნაცნობი და საყვარელი სივრცე იყოს, სადაც აუცილებლად იპოვიან საკუთარი გამოცდილებისა თუ გემოვნების შესაფერის წარმოდგენებს.

შეუძლებელია, ბავშვზე ზრუნვა მისთვის იმ შესაძლებლობების ჩვენება იყოს, რომლებმაც ადამიანად ყოფნის სიხარული უნდა აგრძნობინოს?

                  სემიოტიკური კომპეტენციის განვითარება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

ახალი სქემის ფარგლებში მასწავლებელს სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვა და ჩატარება ევალება, რომელთა შორის არის გაკვეთილები, რომლებიც გამჭოლი კომპეტენციების განვითარებასა და გამომუშავებას უწყობს ხელს. გეოგრაფიის გაკვეთილზე ხშირად ხდება თითოეულ მათგანზე მუშაობა. პირველობას მაინც სემიოტიკური კომპეტენცი იკავებს, რადგან რუკისა და ილუსტრაციების, სქემებისა და დიაგრამების გარეშე გეოგრაფიის გაკვეთილი წარმოუდგენელია. ინფორმაციის ერთი სისტემიდან მეორეში გადატანა და ინტერპრეტაციაც ყოველ გაკვეთილზე ხდება.

გთავაზობთ გეოგრაფიის გაკვეთილის სცენარს, რომელიც სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას განაპირობებს.

რუკების ანალიზი

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ტექსტს, რუკებსა და ფერად ბარათებს, რომლებზეც ქვეყნები უნდა ამოწერონ, შეადარონ მეორე რუკაზე არსებულ ინფორმაციას; სახელმძღვანელოში არსებული რუკების დახმარებით აღწერონ მოცემული ქვეყნები განვითარების დონის მიხედვით.

  1. პირველი ჯგუფი – წითელი ბარათი – პირველი რიგის (განსაკუთრებით შემაშფოთებელი) ქვეყნები;
  2. მეორე ჯგუფი – ნარინჯისფერი ბარათი – მეორე რიგის ქვეყნები;
  3. მესამე ჯგუფი – ყვითელი ბარათი – სხვა სახელმწიფოების მონიტორინგის ქვეშ მყოფი ქვეყნები;
  4. მეოთხე ჯგუფი – მწვანე ბარათი – ქვეყნები, სადაც რელიგიის თავისუფლების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

პირველი რიგის ქვეყნებში განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ქვეყნები შედიან, რომელთა მთავრობა რელიგიური თავისუფლების სისტემატურ, მიმდინარე, შეუწყნარებელ დარღვევებს მფარველობს. მათ შორის 9 ქვეყანა გამოიყოფა:

სეხ1

 „განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ქვეყნების“ რიცხვს რელიგიის თავისუფლების შეუწყნარებელი დარღვევების გამო კიდევ 8 ქვეყანა ემატება:

სეხ1 - Copy

მეორე რიგის ქვეყნებია, სადაც ხელისუფლება მინიმუმ ერთ ელემენტს მაინც აკმაყოფილებს „რელიგიური თავისუფლების სისტემატიური, მიმდინარე, შეუწყნარებელი დარღვევების“ სტანრდატებიდან, მაგრამ სრულად არ აკმაყოფილებს „განსაკუთრებულად შეაშფოთებელი ქვეყნების“ სტანდარტებს.

სეხ1 - Copy - Copy

მესამე რიგის ქვეყნები მოიცავს სხვა სახელმწიფოების მონიტორინგის ქვეშ მყოფ სახელმწიფოებს. კომისიას მათ რიცხვში შეჰყავს შემდეგი ქვეყნები: ბაჰრეინი, ბანგლადეში, ბელარუსია, კვიპროსი, ყირგიზეთი, შრი-ლანკა.

სეხ2

შემდეგ თითოეული ჯგუფი ადარებს მეორე რუკას, რომელზეც ასახულია ქვეყნები ტოლერანტობის მაჩვენებლის მიხედვით. მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ, რამდენად ტოლერანტულნი არიან მათი ჯგუფის ქვეყნები და შეავსონ დანარჩენი ბარათები: წითელ ბარათებზე გამოყოფენ პრობლემას, ყვითელ ბარათებზე – გარემო პირობებს, ლურჯ ბარათებზე კი – პრობლემის გადაჭრის გზებს.

სეხ2 - Copy

პრეზენტაცია მეტად ფერადოვანი და საინტერესო იქნება, რადგან ჯგუფების განსხვავებული მოსაზრებები მსჯელობასა და კამათს გამოიწვევს.

რესურსები (ტექსტი და რუკები): USCIRF ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური კომისიაა, რომელიც რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მსოფლიო უნივერსალური უფლების დაცვაზე მუშაობს. USCIRF – აანალიზებს წლის განმავლობაში რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მომხდარ ფაქტებს და მდგომარეობებს, შემდგომ რეკომენდაციების სახით აწვდის აშშ-ის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და კონგრესს. USCIRF-ს კომისრები თავად აშშ-ის პრეზიდენტისა და კონგრესის ორივე პარტიის მიერ ინიშნებიან.

2015 წლის ყოველწლიური ანგარიში 33 ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს აღწერს. USCIRF კონკრეტული ქვეყნებისთვის საჭირო რეკომენდაციებს გასცემს. ანგარიში 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ეს ქვეყნები დაყოფილნი არიან სამ რიგად.

სეხ3

ამერიკის შეერთებული შტატების კომისია საერთაშორისო რელიგიის თავისუფლებაზე ასკვნის, რომ ყოველწლიურ ანგარიშში მოტანილი რეკომენდაციების მიღება მნიშვნელოვნად გაზრდის აშშ-ის ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს და დაიცვას რელიგიის ან რწმენის თავისუფლების საყოველთაო უფლებები მსოფლიო მასშტაბით.

ყველაზე მეტად ან ნაკლებად ტოლერანტული ერები

სეხ4

ლურჯად გაფერადებული ქვეყნების მოქალაქეებს უკონფლიქტოდ  შეუძლიათ თანაცხოვრება განსხვავებული რასის წარმომადგენლებთან. წითლად შეფერადებული ქვეყნის მოსახლეობა კი ტოლერანტულები არიან.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები: https://kenozisi.ge/www.washingtonpost.com

მოსწავლეთა  პასუხებზე  რეაგირების  სტრატეგიები

0

 

როგორ მოვიქცეთ, როცა მოსწავლე შეკითხვას სწორად პასუხობს, შევაქოთ თუ არა იგი? როგორ მოვიქცეთ, როცა მოსწავლე არასწორ პასუხს იძლევა, დავმალოთ თუ არა ჩვენი შეშფოთება? რა სახის რეაგირება უნდა მოახდინოს პედაგოგმა, რომ დაეხმაროს მოსწავლეს სწავლის გაუმჯობესებასა და საკუთარი თავის გონივრულად მართვაში? მასწავლებლის სწორი რეაქცია სასწავლო პროცესს უფრო ნაყოფიერს ხდის. ამ სტატიაში განვიხილავთ სტრატეგიებს, რომლებიც ამ მიზანს ემსახურება.

 

სტრატეგია 1 სწორი  პასუხის  დადასტურება

 

მიზანი: პასუხის სისწორის დადასტურება ემოციების გარეშე

აღწერა: მოსწავლეებს,  უბრალოდ,   ვამცნობთ, რომ პასუხი სწორია.

 

მოსწავლის სწორ პასუხზე საუკეთესო რეაქციაა პირდაპირი და უემოციო განცხადება: „დიახ, ეს პასუხი სწორია“ ან, უბრალოდ, „სწორია“, „მართალია“, „დიახ, გმადლობთ“, „დიახ, ეს ზუსტად ის არის, რისი მოსმენაც მსურდა“. ეს რეაქცია შევადაროთ შემდეგ განცხადებებს: „გასაოცარია! არაჩვეულებრივი პასუხია! ბრწყინვალეა!“ სწორედ ეს არის გადაჭარბებული შექება, რომელიც უმჯობესია, ჩავანაცვლოთ პასუხის სისწორის უბრალო დადასტურებით. ამ სტრატეგიის გამოყენებით პედაგოგი მოსწავლეს უდგება, როგორც გონიერ და ღირსეულ პიროვნებას, რომელსაც ურჩევნია, პირდაპირ უთხრან, ვიდრე გადაჭარბებულად შეაქონ. ამგვარად, მოსწავლეებს ვაწვდით პირდაპირ გზავნილს: თქვენი პასუხი სწორია. შექებისგან განსხვავებით, ის მხოლოდ კონკრეტულ პასუხს აფასებს და არა – თვით მოსწავლეს. პასუხის სისწორის უბრალო დადასტურება არის ექსპერტის, ამ შემთხვევაში, მასწავლებლის შეფასება პასუხის სიზუსტესთან დაკავშირებით. ის არ იწვევს ემოციას, რამაც შეიძლება მოაცდინოს მოსწავლე სწავლის პროცესში. ზოგჯერ სასარგებლოა, პასუხის სისწორის დადასტურებას დავამატოთ ინფორმაციის გამეორება, მაგალითად: „პასუხი სწორია. ეს წესი არ ვრცელდება არაწესიერი წილადების შეკრებაზე”. ამ მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს ცოდნის განმტკიცებას.

 

სტრატეგია 2 არსწორი  პასუხების  დადასტურება  ემოციის  გარეშე

 

მიზანი: არასწორი პასუხის დადასტურება ემოციების გარეშე

აღწერა: მოსწავლეებს, უბრალოდ, ვამცნობთ, რომ პასუხი არ არის სწორი.

 

წინა სტრატეგიის მსგავსად, მოსწავლის მცდარ პასუხზე საუკეთესო რეაქციაა მოკლე და უემოციო განცხადება, მაგალითად:

  • არა, სწორი პასუხია…
  • არა, ეს ის არ არის, რისი მოსმენაც თქვენგან მინდოდა.
  • მართალი არ ბრძანდებით. სწორი პასუხია…
  • ეს პასუხი შეესაბამება სხვა რამეს. ამ კითხვაზე სწორი პასუხია…
  • არა, მაგრამ კარგია, რომ ეს საკითხი წამოწიეთ, რადგან სხვებიც ასე ფიქრობენ. სწორი პასუხია…

პასუხის სიმცდარის დადასტურების შემდეგ პედაგოგმა უნდა თქვას სწორი პასუხი და გადავიდეს სხვა შეკითხვაზე.

უნდა ვეცადოთ თუ არა, რომ სწორი პასუხი როგორმე ვათქმევინოთ იმ მოსწავლეს, ვინც არასწორად უპასუხა?

ამის გაკეთება საკმაოდ მიმზიდველია, როგორც შემდეგ მაგალითშია მოცემული: „არა, ნინო, კალიფორნიის დედაქალაქი ლოს-ანჯელესი არ არის. სწორი პასუხი იწყება ასო „ს“-ზე. აბა, თუ გამოიცნობ. მოდი, კიდევ სცადე. გინდა, კიდევ ერთი მინიშნება მოგცე?“ ამ დროს მოსწავლე ხშირად განიცდის ზეწოლას, უფრო მეტად იბნევა და ღირსება ელახება. გარდა ამისა, ეს მეთოდი აგდებს გაკვეთილის ტემპს და ასუსტებს მოსწავლეების ჩართულობას. ამიტომ, უმჯობესია, პედაგოგმა მაშინვე გასცეს სწორი პასუხი და სხვა საკითხზე გადავიდეს.

 

სტრატეგია 3 პასუხის  არამართებულობის  დადასტურება  პატივისცემის  გამოხატვით

 

მიზანი: მოსწავლის ძალისხმევის დაფასება

აღწერა: არასწორი პასუხის შემთხვევაში გამოვხატავთ, რომ ვაფასებთ და პატივს ვცემთ მოსწავლის ძალისხმევას.

მაგალითები:

  • პასუხი არასწორია, მაგრამ მაინც კარგი მოსაზრებაა.
  • კარგი პასუხია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეუსაბამოა. საუკეთესო პასუხი იქნებოდა…
  • თქვენი პასუხის პირველი ნაწილი სწორია. ნამდვილად სწორ გზას ადგახართ. სრული პასუხია…

ამ სტრატეგიით კონცენტრირება ხდება არა თვით პასუხზე, არამედ აზროვნების პროცესზე და პასუხის გაცემის სურვილზე, რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმსახურებს შექებას. მოსწავლის იმედგაცრუებას აწონასწორებს მასწავლებლის პოზიტიური კომენტარი. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაკლებად თავდაჯერებული მოსწავლეებისთვის.

 

ტრატეგია 4 შექება  და  ჯილდო  ყველას

 

მიზანი: მთელი ჯგუფის წახალისება და კლასში მტკიცე ერთობის შექმნა

აღწერა: მთელი ჯგუფის შექება ან დაჯილდოება

 

მოსწავლეების უმრავლესობას სიამოვნებს შექება და დაჯილდოება. ამ დროს ისინი თავს ღირსეულ ადამიანებად გრძნობენ, რაც სტიმულს აძლევს, უფრო გულმოდგინედ ისწავლონ და უკეთ მოიქცნენ. თუმცა ამ სტრატეგიამ შესაძლოა, უარყოფითი შედეგები გამოიღოს:

მიჩვევა. თუ მოსწავლეები განებივრებულები არიან შექებით და ადვილად იღებენ ჯილდოებს, ეს იწვევს უარყოფით შედეგს: სიადვილე აფერხებს დამოუკიდებლობის, შრომისმოყვარეობის, თვითკონტროლის და ინიციატივის უნარების განვითარებას. შექებამ და ჯილდოებმა შესაძლოა გამოიწვიოს მიჩვევა. როგორც ნებისმიერი მავნე ჩვევა, ესეც იწვევს უფრო მეტის და მეტის მიღების სურვილს, რაც მოსწავლეს სხვებზე დამოკიდებულს ხდის.

დევალვაცია. ზოგიერთი მოსწავლე ამჩნევს, რომ მასთან შედარებით სხვა თანაკლასელებს უფრო ხშირად აქებენ ან მეტ ჯილდოს აძლევენ. ამ დროს მოსწავლეს უყალიბდება ასეთი შეხედულება: „ამ კლასში ყველას ერთნაირად არ გვაფასებენ. მე არ ვარ პატივისცემის ღირსი“.

მანიპულაცია. მასწავლებელი ამბობს: „შეხედეთ, რა კარგები არიან პირველ რიგში მსხდომი მოსწავლეები“, და ყველა მოსწავლის ყურადღებას მათკენ მიმართავს. მოსწავლეებს უჩნდებათ ასეთი გრძნობა: „მასწავლებელს ჩვენ არ ვედარდებით. მას მხოლოდ გარკვეული მოსწავლეები მოსწონს“.

გაზვიადება. მასწავლებელი ამბობს: „ბრწყინვალე პასუხია! არაჩვეულებრივია! სენსაციურია! განსაცვიფრებელია! მოდი, ამ პასუხისთვის სანდრას ტაში დავუკრათ“. გაზვიადებული შექება იწვევს მის გაუფასურებას, მოსწავლეები კი მასწავლებელზე ფიქრობენ: „მას მიაჩნია, მე იმდენად სულელი ვარ, რომ ამ უაზრობის მჯერა“, ან „მე იმდენად სუსტი ვარ, რომ ასეთი გაზვიადება მჭირდება“.

ჩვენი მიზანია მოსწავლეების ჩამოყალიბება ღირსეულ ადამიანებად, გულმოდგინე სწავლის მოტივირება, თვითდისციპლინის განვითარება ზემოთ აღნიშნული უარყოფითი მოვლენების გარეშე. იქნებ  უმჯობესია, არასოდეს  შევაქოთ  მოსწავლე?

სულაც არა. ერთ-ერთი მეთოდი ამ გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად არის მთელი ჯგუფის შექება ან დაჯილდოება მაშინ, როდესაც ჭეშმარიტად იმსახურებს ამას.

მაგალითები:

  • ეს ჯგუფი სწრაფად ვითარდება. მე ვაფასებ ამას. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა თქვენთან მუშაობა;
  • რა კარგი ჯგუფი ხართ! მიუხედავად იმისა, რომ მასალა რთული იყო, თქვენ მაინც დაძლიეთ ის. მოხიბლული ვარ თქვენი შეუპოვრობით;
  • ჩვენ ზუსტად ჩავეტიეთ დროში! დიდი მადლობა ამისთვის;
  • ეს ყველაზე ძლიერი გუნდია. ხომ ასეა?
  • მოდი, ვიამაყოთ იმით, რაც დღეს შევძელით;
  • თქვენ ძალიან კარგად მუშაობთ ერთად! მე უკვე მოვახსენე სკოლის დირექტორს,

რა კარგები ხართ ყველანი;

  • თქვენი კლასი იმდენად კარგად სწავლობს, რომ დღეს მე გიმასპინძლდებით

ყველას.

 

სტრატეგია 5 შეცდომებზე  ჩუმი  რეაგირება

 

მიზანი: მოსწავლის შეცდომებზე არაპროდუქტიული რეაქციის თავიდან აცილება

აღწერა: შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი მოგვიანებით განხილვა ან გამოსწორება

 

ზოგჯერ საუკეთესო რეაქცია შეცდომაზე ჩუმი რეაგირება და მისი მოგვიანებით განხილვა ან გამოსწორებაა.

 მაგალითად:

  • გიორგი კლასის წინაშე აკეთებს თავისი სამუშაოს ანგარიშს. საუბრის დროს ის რამდენჯერმე უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას. ამ შეცდომაზე რეაგირება უმჯობესია ანგარიშის დასრულების შემდეგ იმგვარად, რომ სხვებმა „არ გაიგონ“.
  • მოსწავლე აბარებს მასწავლებელს საშინაო დავალებას, რომელშიც რამდენჯერმე მეორდება შეცდომა ერთი და იმავე სიტყვის მართლწერაში. მოვნიშნოთ თუ არა ეს შეცდომა? თუ შეცდომას მოვნიშნავთ, ამ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს ორგვარი შედეგი:

1)რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, მოსწავლე მაინც არ გამოასწორებს ამ სიტყვის მართლწერას.

2) მოსწავლეს ნაკლებად გაუჩნდება სურვილი, გამოიყენოს ეს სიტყვა ნაწერებში.

 

შეცდომის რვეულში მონიშვნის ნაცვლად, უმჯობესია, დავიმახსოვროთ ის და გაკვეთილზე ზოგადად განვიხილოთ. თუმცა შეცდომებზე ჩუმი რეაგირება ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. საერთოდ, მოსწავლეები წინააღმდეგი არ არიან, მათი შეცდომები მასწავლებელმა მონიშნოს რვეულში. თუმცა, როცა ამაში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ჩუმი რეაგირების სტრატეგიას. ეს უფრო უსაფრთხოა.

 

სტრატეგიაშეკითხვა  შეგიძლია…?“

 

მიზანი: მოსწავლისთვის შეკითხვის იმგვარად დასმა, რომ შემცირდეს მისი ღირსების

შელახვის ალბათობა

აღწერა: იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ მოვთხოვოთ პასუხი, მოსწავლეებს ჯერ ვეკითხებით,

შეუძლიათ თუ არა შეკითხვაზე პასუხის გაცემა. იმისთვის, რომ უკეთ ჩაწვდეთ ამ სტრატეგიის არსს, ერთმანეთს შევადაროთ შემდეგი  შეკითხვები:

„შეგიძლიათ მითხრათ, რას გულისხმობთ?“

„რას გულისხმობთ?“

„შეგიძლიათ მაგალითის მოყვანა?“

„რა არის ამის მაგალითი?“

„შეგიძლიათ მითხრათ, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან?“

„რას იწვევს ეს?“

„შეგიძლიათ დაასახელოთ  ილინოისის შტატის დედაქალაქი?“

„რომელია ილინოისის შტატის  დედაქალაქი?“

შეკითხვის დასმის დროს ამ სიტყვის – „შეგიძლიათ?“ – გამოყენება ნაკლებად შელახავს მოსწავლეთა ღირსებას. როდესაც მათ არ იციან პასუხი, ამას თავისუფლად ამბობენ და არ ცდილობენ  შემთხვევითი ვერსიის შეთხზვას. მოსწავლეებს ადვილად შეუძლიათ თქვან: „არა, არ შემიძლია“. ამგვარი შეკითხვების გამოყენების დროს მასწავლებელიც უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან დარწმუნებულია, რომ მოსწავლეს კლასის წინაშე ღირსება არ შეელახება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პასუხი არ აქვს.

 

სტრატეგია 7 გულახდილიმე ვაფასებ

 

მიზანი: შევახსენოთ მოსწავლეებს, რომ თითოეულ მათგანს ერთი ზრდასრული ადამიანი

მაინც სცემს პატივს.

აღწერა: მოსწავლეებს ვეუბნებით, თუ რას ვცემთ პატივს მათში. როდესაც მოსწავლე შეკითხვას სწორად პასუხობს და გვსურს, რომ შევაქოთ, ვეუბნებით: „ყოჩაღ!“ გაითვალისწინეთ, რომ ეს ფრაზა განკუთვნილია მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, ანუ მასწავლებელი პატივს სცემს რომელიმე კონკრეტული მოსწავლის ძალისხმევას. შეგვიძლია მივმართოთ სხვანაირად: „დამატებით ქულას გიწერ ამ პასუხისთვის“. ამ შემთხვევაში აქცენტი გადატანილია არა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, არამედ მის გასამრჯელოზე.

კიდევ ერთი მიდგომა: „მე ვაფასებ, თუ როგორ ჩამოაყალიბე პასუხი“. ამ ფრაზით კი არ ვაქებთ მოსწავლეს, არამედ გამოვხატავთ გულწრფელ პატივისცემას. ეს არის გულახდილი განცხადება და არა – ბანალური ან გაზვიადებული ფრაზა.

ქვემოთ მოცემულია გულწრფელი პატივისცემის გამომხატველი ფრაზები:

  • უღრმესი მადლობა;
  • მე ვაფასებ ამას;
  • მე მომწონს თქვენი განაცხადი;
  • უდიდესი სიამოვნება მომანიჭა თქვენმა გამოსვლამ;
  • კარგია, რომ დამისვით ეს შეკითხვა;
  • ეს ღიმილს მგვრის;
  • დიდი მადლობა, რომ სცადეთ;
  • მომეწონა თქვენი გამოხედვა, როდესაც ამას აკეთებდით.

შექებისა და დაჯილდოებისგან განსხვავებით, გულახდილი პატივისცემის გამომხატველი ფრაზები ნაკლებად მანიპულაციური, განსჯითი და მექანიკურია. თუ მოსწავლე სამართლიანად იმსახურებს პატივისცემას, ეს კომენტარები იშვიათად იწვევს უარყოფით მოვლენებს. რაკი ნებისმიერ ადამიანს აქვს რაღაც, რაც პატივისცემას იმსახურებს, ამიტომ არც ერთი მოსწავლე არ უნდა უგულებელვყოთ კლასში და გამოვხატოთ გულახდილი პატივისცემა მათ  მიმართ.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატივისცემა თანაბარი უნდა იყოს ყველა მოსწავლის მიმართ. ადრე თუ გვიან, ისინი მიხვდებიან, რომ ზოგიერთი უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს. ეს ცხოვრებისეული რამაა, რასაც ვერ გავექცევით. პატივისცემის გამოხატვაში მცირე დისბალანსი სრულიად მისაღებია მოსწავლეებისთვის.

 

სტრატეგია 8 მე შენთან ვარ

 

მიზანი: მოსწავლეებს ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტო არ არიან.

აღწერა: მოსწავლისადმი მასწავლებლის თანაგრძნობა

 

  • შეიძლებოდა, რომ მეც იგივე შეცდომა მომსვლოდა;
  • მეც ანალოგიურად ვფიქრობ;
  • შემიძლია გითხრა, რომ ძალიან ღელავ ამ ანგარიშის თაობაზე;
  • ვფიქრობ, მესმის, როგორ გრძნობ ახლა თავს;
  • ძალიან სამწუხაროა;
  • მე მესმის, რატომაც გააკეთე ეს;
  • ვფიქრობ, შენთვის დიდებული დღე იყო.

ამ კომენტარების გზავნილი ნათელია: „შენ არ ხარ მარტო. მე შენთან ვარ. ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები პიროვნება ხარ“.

 

 

სწავლა-სწავლების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგების მოქმედება იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ მოსწავლეების საუკეთესო უნარების განვითარებას. მნიშვნელოვანია მათი ღირსების, ენერგიის, საკუთარი თავის მართვის უნარის, სოციალურობისა და ცნობიერების განვითარების ხელშეწყობა. მათ უნდა შეძლონ ღირსეულად დაიცვან თავიანთი მოთხოვნები, შეასრულონ აღებული ვალდებულებები, ჰქონდეთ საკუთარი თავის მართვის უნარი, სოციალურობის შეგრძნება და მდიდარი ცნობიერება. ასეთი მონაცემებით და მისწრაფებებით ნებისმიერი ადამიანი მიაღწევს წარმატებას. მასწავლებლების მოვალეობაა, ყოველდღიური საქმიანობით ხელი შეუწყონ მოსწავლეების ყოველმხრივ განვითარებას. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ზომიერი, გაწონასწორებული გამოხმაურებები სხვადასხვა მიმართულებით:

 

ღირსება:

  • მე ნამდვილად ვაფასებ, რომ გამოავლინეთ თქვენი თავი;
  • აღფრთოვანებული ვარ თქვენი თავდაჯერებულობით;
  • მომეწონა, როგორც დაიცავით თქვენი მეგობარი;
  • მომეწონა, რომ, თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, ეს ზუსტად ისეა, როგორც მე ვფიქრობ;
  • მე ვაფასებ, რომ თქვენ ხალხს თვალებში ჩახედეთ.

ენერგია:

  • მომწონს, რომ ამ საკითხზე დიდხანს ჩერდებით;
  • მომწონს, რომ იყენებთ თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს;
  • ვაფასებ თქვენს სისხარტეს;
  • მომწონს, როდესაც ენერგიულად ლაპარაკობთ;
  • მომწონს, რომ მაშინვე არ ნებდებით.

საკუთარი  თავის  მართვა:

  • მომწონს, როდესაც თქვენს ნამუშევრებს აკურატულად ალაგებთ;
  • მომწონს, როდესაც ადგენთ დროის განრიგს;
  • ვაფასებ თქვენს სისწრაფეს;
  • მომწონს თქვენი თვისება, როდესაც დაჟინებით მოითხოვთ იმას, რაც გჭირდებათ;
  • მომწონს, როდესაც საკუთარ თავზე ფიქრობთ;
  • მომწონს, რომ ითხოვთ დახმარებას, როცა გჭირდებათ.

სოციალურობა:

  • მომწონს, როდესაც თანაკლასელს დახმარების ხელს უწვდით;
  • მომწონს, რომ უფრო მეტს აკეთებთ, ვიდრე საუბრობთ თქვენი სამუშაოს შესახებ.

ცნობიერება:

 

  • დიდი მადლობა, რომ ყველაფერს გონივრულად აღიქვამთ;
  • დიდი მადლობა, რომ ისევ უთმობთ ყურადღებას ამ საკითხს;
  • დიდი მადლობა, რომ ყურადღებას არ აქცევთ გონების გამფანტავ ფაქტორებს.

 

 

 

ლონდონს მუსლიმი მერი ჰყავს

0

მაისის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. ჩემი პროფესიული ინტერესის საგანი პოლიტიკის მეცნიერება გახლავთ. შესაძლოა, მალე დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოვიდეს. გაერთიანებული სამეფოს ოპოზიციას ახალი და არაორდინარული ლიდერი ჰყავს. შესაბამისად, ევროპის თანამედროვე პოლიტიკური მდგომარეობით დაინტერესებული ნებისმიერი პირისათვის ოთხ ზღვას შორის მოქცეულ კუნძულზე განვითარებული თითქმის ყველა პოლიტიკური მოვლენა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. ლონდონის მერის არჩევნების მნიშვნელობას მასში მონაწილე კანდიდატების გამორჩეული მახასიათებლებიც განაპირობებდნენ.

არჩევნების საღამოს სოციალურ ქსელებში შემდეგი ცნობა გავავრცელე: „მისი მშობლები პაკისტანიდან ჩამოვიდნენ. მამა ავტობუსის მძღოლი გახლდათ, დედა – მკერავის თანაშემწე. იგი რვაშვილიანი ოჯახის მეხუთე ვაჟი იყო. ოჯახი დიდი ქალაქის გარეუბანში, სამოთახიან კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა. არასრულწლოვანების მიუხედავად, სუნიტი ბიჭი არასოდეს თაკილობდა მძიმე, შავი სამუშაოს შესრულებას, რათა ელემენტარული შემოსავალი მოეპოვებინა. თავიდან კბილის ტექნიკოსობას ცდილობდა, მაგრამ ბოლოს მაინც გაიჭირვა და უმაღლესი განათლება მიიღო. პაკისტანელი მიგრანტი ჯერ კვალიფიციური იურისტი გახდა, შემდეგ –ლეიბორისტული პარტიის წევრი, შემდეგ – პარლამენტარი… დღეს კი მუსლიმმა სოციალისტმა მსოფლიოს უდიდესი ქალაქის მერის არჩევნებში მილიარდერის ვაჟი, გოლდსმიტების მილიარდერთა ოჯახის წარმომადგენელი, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისგან მხარდაჭერილი კონსერვატორი და ევროპასკეპტიკოსი კანდიდატი დაამარცხა. ლონდონის მერი სადიქ ხანი გახდება“.

ოპოზიციონერმა კანდიდატმა 300 000 ხმის უპირატესობით გაიმარჯვა. ჩემი მეგობრების უმრავლესობამ ცნობა ადეკვატურად აღიქვა. ადამიანებს გაუხარდათ, რომ წარსულში მრავალმხრივ დაჩაგრული მოქალაქე არ განადგურდა, არ დაიკარგა, არ გაირიყა. საქართველოში მცხოვრები პირები აღფრთოვანებულები იყვნენ იმით, რომ, სოციალური, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, აქტივისტს წარმატების შესაძლებლობა მიეცა. ბევრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თანასწორობის ღირებულების გამორჩეულ ძალას. თანასწორობის საშუალებით მიუღწეველი მიზანი შეიძლება აბსოლუტურ რეალობად იქცეს.

ლონდონის ახალარჩეულმა მერმა თავის პირველ მიმართვაში აღნიშნა: „მე ვარ ლონდონელი, ევროპელი, ბრიტანელი და ინგლისელი. მე ვარ მუსლიმი, პაკისტანური წარმოშობის… მე ვარ მამა და მეუღლე“. მან მადლობაც კი გადაიხადა ბავშვობაში მიღებული სოციალური საცხოვრისისთვის.

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოშიც და ევროპაშიც ბევრი სადიქ ხანში მხოლოდ მუსლიმს ხედავს. მათ არ სურთ შესანიშნავი პოლიტიკოსის სხვა ღირსებების შემჩნევა. მათ არ აქვთ მოტივაცია, ხანის რეალური ნაკლოვანებების ძებნა დაიწყონ. ისინი მხოლოდ „გადაგვარებაზე“ საუბრობენ. ვიღაცები აბორიგენი მოსახლეობის გაქრობასა და ისლამურ კოლონიზაციაზე მიანიშნებენ.

ზოგიერთი ევროპელი ინტელექტუალი უფრო შორსაც წავიდა. ისინი ამტკიცებენ, რომ ისლამი ევროპაში მხოლოდ რელიგია აღარ არის. ევროპაში მუსლიმები ცალკე, უცხო ეთნოსად ჩამოყალიბდნენ, რომელიც, რაც არ უნდა მოხდეს, უცხოებად დარჩება. ბევრი მათ ინტეგრაციას შეუძლებლად მიიჩნევს. ერთმა გერმანელმა სოციოლოგმა ისიც კი თქვა, რომ მუსლიმები თავიანთ სექსუალობას ვერ აკონტროლებენ და პოლიგამიის, მრავალცოლიანობის გარეშე საკუთარ საზოგადოებრივ ქცევაზე კონტროლს კარგავენ.

მოკლედ, ზოგიერთმა თანამედროვე ფსევდომოაზროვნემ ხელში აიღო ნაცისტური ლიტერატურა და რასის ცნება კულტურის ცნებით ჩაანაცვლა. დღეს აღარ საუბრობენ განვითარებულ და განუვითარებელ რასებზე, მაგრამ საუბრობენ კულტურებზე, რომლებიც ნებისმიერ შემთხვევაში ზარალის, ზიანისა და უბედურების მომტანებად ცხადდებიან.

ევროპას ურთულესი პერიოდი უდგას, მისი მომავალი ძალზე ბუნდოვანი და, შესაძლოა, საშიშიც იყოს, მაგრამ ამის ერთადერთი და თუნდაც მთავარ მიზეზად რომელიმე კულტურას, რელიგიას ან ეთნიკურ ჯგუფს ვერ მივიჩნევთ. საქმე სხვა პრობლემებთან უნდა გვქონდეს, რომლებსაც ევროპის უდიდესმა და უძველესმა დედაქალაქმა ავტობუსის მძღოლისა და მკერავის ვაჟის, ცნობილი იურისტისა და სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლის, მრავალშვილიანი მამისა და კარგი მეუღლის პირველ პირად არჩევით უპასუხა.

ისლამოფობია ისლამის შესახებ არსებული ჭორების შედეგი უნდა იყოს. ჭორების ნაცვლად რეალური ტრადიციების შესწავლა უკეთესი გამოსავალი იქნებოდა.

ყველა ვყოფილვართ კერი უაიტი

0

სტივენ კინგი ჩემი საყვარელი მწერალი არასოდეს ყოფილა, მაგრამ მისმა რომანმა „კერიმ“ კიდევ ერთხელ გადამისროლა იმ დროში, როდესაც არც ისე თავდაჯერებული ვიყავი და ცოტა მეშინოდა კიდეც. როგორც ჩანს, არც ისე საყვარელ მწერლებსაც შეუძლიათ, ჩვენი გულებისკენ მთავარი გზავნილები გამოუშვან, დაგვაფიქრონ, გაგვახსენონ მივიწყებული წყენა თუ შფოთვა და გაგვიყვანონ ახალ გზებზე, სადაც გამოცდილებას სხვებსაც გავუზიარებთ და, შესაძლოა, ახალი შეცდომების ალბათობაც გამოვრიცხოთ.

მიჭირს იმის აღიარება, რომ საკმაოდ მშიშარა ვიყავი და ზოგჯერ ჩემი მასწავლებლებისა და თანაკლასელებისაც კი მეშინოდა. მსურდა, ბევრი მეგობარი მყოლოდა და ვეძებდი მათთან დასაახლოებელ გზებს. ეს ხან გამომდიოდა, ხან – არა. მაინცდამაინც არც საკუთარი გარეგნობა მომწონდა და არც დიდად იღბლიანი მეგონა თავი. მახსოვს, ვღელავდი იმის თაობაზე, მქონდა თუ არა კითხვაზე სწორი პასუხი, ვიყავი თუ არა ლამაზი, ნიჭიერი, მოუნდებოდათ თუ არა ჩემთან მეგობრობა ან რა იფიქრეს ჩემზე, როდესაც საყვარელმა მასწავლებელმა გაკვეთილზე უხეში და დამამცირებელი რეპლიკით მომმართა ან როდესაც, დაფასთან გაძახებული, ფორმულებში ისე გავიხლართე, რომ სწორ პასუხს ვეღარ მივაგენი, ან როდესაც აზრი გამიწყდა და რაღაც მნიშვნელოვანის თქმა დამავიწყდა.

როცა ვიზრდებით და თავდაჯერებაც გვემატება, უფრო მეტად ვერიდებით ემოციების გამომჟღავნებას, უფრო მეტად ვმალავთ სურვილებს და ისე ვიქცევით, თითქოს არაფერი გვანაღვლებდეს, თითქოს ჩვენ გარშემო ყველაფერი იდეალურად იყოს. სინამდვილეში კი, თუ გულახდილები ვიქნებით, შეიძლება ვაღიაროთ კიდეც საკუთარ თავთან, რომ დიდად სანერვიულო არც ყოფილა ეს ყველაფერი, რომ ეს ცხოვრებაა, სადაც შეიძლება ბევრი წარმოუდგენელი რამ მოხდეს.

ჩვენს სიცოცხლეში შეიძლება არაერთი უმიზეზო თავდასხმის ობიექტად ვიქცეთ და დიდხანს ვერ მივიღოთ პასუხი კითხვაზე, რატომ დაგვემართა ეს. იქნებ ყველაფერი ჩვენივე გაუცხოების ბრალია?.. ვის არ გამოუცდია მოზარდობის დროინდელი სიმწარე, როცა გინდა, სამყაროს ცენტრი იყო, მაგრამ საკუთარი პერსონის მნიშვნელობის შესახებ ეჭვი გტანჯავს. წლების შემდეგ შეძენილ თვითკმაყოფილებას კი მართლაც ვერაფერი შეედრება. საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებას და მიწაზე მტკიცედ დგომას. ცოდნას, რომ საკუთარ თავთან, საკუთარ ღირებულებებსა და შესაძლებლობებთან ჰარმონია იმისთვისაა მნიშვნელოვანი, საზოგადოებასთანაც შეძლო საერთო ენის გამონახვა. საკუთარ თავს აღარ გაურბიხარ და მეგობრებსაც იმის მიხედვით ირჩევ, რამდენად თანხვდება თქვენი ღირებულებები ერთმანეთს. განუწყვეტლივ, ალბათ, იმიტომაც მივისწრაფვით დიდობისკენ, რომ თავისუფლებას ბოლომდე გავუგოთ გემო. უფროსებს ხომ ისე აღარ გვჭირდება, დავემსგავსოთ სხვებს. შეგვიძლია წინააღმდეგობის გაწევა, პრინციპულობის გამოჩენა, გვაქვს ღირებულებათა სისტემა, რომელიც სწორად ცხოვრებისთვის აუცილებელი გვგონია. მაგრამ ამ უბრალო ფუფუნებამდე მისვლა თითქოს არ არის ადვილი, მთელი გზა დიდი თავგადასავალია.

კერიზე გიყვებოდით. ვინ არის კერი უაიტი? ის ჩვეულებრივი ამერიკელი მოზარდია, რომელსაც შინ დედის რელიგიური ფანატიზმი ტანჯავს, ხოლო სკოლაში – თანაკლასელების დაუნდობლობა. უიღბლოა, ვერც ბრწყინვალე გარეგნობით დაიკვეხნის და არც სითამამე აქვს საიმისო, რომ ამდენ გამოწვევას გაუმკლავდეს. ერთი სიტყვით, ის ყველასგან გარიყული პერსონაა, რომელიც ტყავიდან ძვრება, რომ წრე გაარღვიოს და თანაკლასელების მარაქაში გაერიოს, მათნაირი გახდეს, გუნდის ნაწილი იყოს და არა გაბოროტებული მარტოხელა მგელი. მას აღარ უნდა იმ კერიდ დარჩენა, რომლის დანახვა ყველას მხოლოდ ბოროტი ხუმრობის სურვილს აღუძრავს. „ყველას ვძულვარ და არასოდეს დამანებებენ თავს, არასოდეს მობეზრდებათ ჩემი წვალება“, –ფიქრობს ის.

ერთხელ უიღბლობის გამო კერის სკოლაში მწარედ დასცინეს და ერთი ადამიანიც კი არ აღმოჩნდა მის გვერდით, არავინ გამოესარჩლა და დაიცვა გააფთრებული თანაკლასელებისგან. სამწუხაროდ, ეს ვერც იმ მასწავლებელმა მოახერხა, რომელიც შემთხვევით შეესწრო უხერხულ სიტუაციას, რომლის შემდეგაც გოგონას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს.

„ლაშქრობისას კერი უაიტი მუდამ კლასის ბოლოში მიღოღავს. მას ხან ძროხას ეძახიან, ხანაც – თავგასიებულს. მუდამ ოფლის სუნად ყარს“.

აი, ბილი პრესტონი თმაში არაქისის კარაქს აზელს ჩაძინებულს…

ვინ მოთვლის, რამდენჯერ უჩქმეტიათ, რამდენჯერ გამოუკრავთ ფეხი, რამდენჯერ გადმოუყრიათ მერხიდან მისი წიგნები!

ან ის ამბავი რა ღირს, ჩანთაში უხამსი სურათი რომ ჩაუგდეს!

კერი არ იყო, საშუალო სკოლაში სწავლის მეორე წელს ცეკვისას რომ წაიქცა და კბილი ჩამოსტყდა?

ასე ექცევიან ადამიანებს, რომლებიც სხვებისგან განსხვავდებიან; მათი განსხვავებულობა სხვებს უფლებას აძლევს, თავიანთი მრისხანება უდანაშაულო მსხვერპლზე გადმოანთხიონ.

კერის არაფერში მიუძღვის ბრალი, გარდა იმისა, რომ სხვებისგან ოდნავ განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს.

„დაკორტნილი ჩიტები არავის ამოჰყავს ტალახიდან. პირიქით, მათ კიდევ უფრო კორტნიან და ქოლავენ“, – ეს სევდიანი რეფრენი გასდევს კერის ტრაგიკულ ამბავს და კერიც მართალია, როცა ფიქრობს, რომ არასოდეს დაანებებენ თავს.

ეს სიტუაცია ყველას გვეცნობა. კლასში ყველას გვეყოლებოდა ერთი კერი – გოგონა, რომელსაც ჩაგრავდნენ და არავის ეცოდებოდა; რომელთანაც არავინ მეგობრობდა; რომელიც მარტო იჯდა, რადგან მის გვერდით დაჯდომა არავის უნდოდა; რომელსაც არც ისე თანამედროვედ ეცვა, ძველმოდურადაც კი, ან ისე ვერ სწავლობდა, როგორც მისგან ოჯახი და მასწავლებლები მოითხოვდნენ.

ეს ტიპური ძალადობის ამბავია. ცენტრში მსხვერპლია, მჩაგვრელებით და დამკვირვებლებით გარშემორტყმული. ბევრი გულგრილად აკვირდება მოვლენებს და ჩარევას არც კი ცდილობს. საბოლოოდ კი საქმე იქამდე მიდის, რომ თავად მსხვერპლი იქცევა მოსიარულე ბოროტებად. კერის მასწავლებელიც ძალიან წუხდა, რომ ვერ შეძლო გადაერჩინა გოგონა, რომელსაც მისი დახმარება სჭირდებოდა. მაგრამ დაგვიანებული სინანული ამაოა…

ნუშისა და ბრინჯის რძე

0

ამჯერად არც ლექსს წაგიკითხავთ იმის შესახებ, როგორ აყვავდა ნუში. არც ნუშის ყვავილებს შევასხამ ხოტბას. პირდაპირ საქმეზე გადავალ.

კახეთის ერთ სოფელში სახლი მაქვს და იქით მიმავალი ან უკან, თბილისისკენ მომავალი, გზად ბაზარში შევივლი ხოლმე. საყიდლებზე სიარულზე რომ არ ვგიჟდები, ადრეც მითქვამს, მაგრამ როცა საჭიროა, სხვა რა გზაა.

ბაზრის შუაგულში დახლია, რომელთანაც ერთი, როგორც კახეთში იტყვიან, კარგად გამოკვებილი კაცი დგას. ათას ნუგბართან ერთად ნუშსაც ყიდის. თავისი ეზოსია, იცის, რომ პესტიციდებს და სხვა წამალ-უბედურებას (სტილი დაცულია) არ აყრის, ამიტომ შეგვიძლია, თამამად მივირთვათ.

როცა ვკითხე, კახური ნუში შუააზიურთან შედარებით მომწარო რატომ არის–მეთქი, ჩაეცინა: მა როგორი უნდა იყოსო? კახელები პირდაპირი ხალხი ვართ, მწარე სიმართლის პირში თქმა ვიცით და ნუშიც ეგეთი გვაქვსო.

ნუში ძალიან მიყვარს. მანამდეც მიყვარდა, სანამ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ შევიტყობდი. აი, ნუშის რძე კი არასოდეს გამისინჯავს. არადა, კარგი ყოფილა. ევროპის სუპერმარკეტებში იყიდება კიდეც. ჩვენთან არსად შემიმჩნევია, მაგრამ ეგ არაფერი – მისი მომზადება თურმე შინაც შეიძლება.

ნუში კურკოვანი მცენარეა, ქლიავისა და ალუბლის გარე ბიძაშვილი. შუა აზიაში აღმოაჩინეს, იქიდან ევროპაში გადააბრძანეს, ევროპიდან – ამერიკაში და დღეს ყველაზე მეტს კალიფორნიაში აწარმოებენ. წარმოების მხრივ მეორე ადგილზე ესპანეთია.

ნუშში ბევრია ტოკოფეროლი, კობალამინი, რიბოფლავინი, კალციუმი. მის რძეზე ამბობენ, ძროხის რძესაც მშვენივრად შეცვლისო.

სუპერმარკეტში რძის შერჩევისას მე კალორიებს შევხედავდი. რომელი უფრო კალორიული იქნება, ძროხის თუ ნუშის? ერთ ჭიქა ნუშის რძეში 175 კილოკალორიაზე მეტია, ძროხისაში კი სულ 70–მდე. ასე რომ, ვისაც ზედმეტი კალორიებისა ეშინია, ისევ ძროხის რძეს დაუბრუნდეს.

მეორე საინტერესო კომპონენტი ქოლესტერინია. ნუშის რძე მცენარეულია, ამიტომ ქოლესტერინი მასში ვერაფრით იქნება, ძროხის რძეში კი, ას მილილიტრზე გადათვლით, მისი მაჩვენებელი თხუთმეტს აღწევს.

ცხიმიანობით ნუშის რძე ლიდერობს – მისი ცხიმიანობის მაჩვენებელი 11,1-ია, ძროხის რძისა კი მხოლოდ 3,6.

ნუშის რძე 0,13 მგ ნატრიუმს შეიცავს, ძროხისა – 107 მგ-ს. ნახშირწყლები ძროხის რძეში უფრო მეტია. აი, ცილა კი მხოლოდ ძროხის რძეში მოიპოვება, ნუშის რძეში მისი შემცველობა ფაქტობრივად ნულის ტოლია. ხომ გახსოვთ, ნუში თხილეული კი არა, კურკოვანია. თხილეულში ცილა ყოველთვის არის.

რძე და რძის ნაწარმი კალციუმის წყაროა. მას ნუშის რძეც შეიცავს – ერთ ჭიქაზე 120 მგ–ს. ძროხის რძეში კი კალციუმის შემცველობა 300 მგ-ია.

კიდევ რას მივაქციოთ ყურადღება? ნუშის რძე, როგორც გითხარით, საკმაოდ კალორიულია. თუ ეტიკეტზე ნაკლები კალორიაა მითითებული, ესე იგი რძე განზავებულია. შესაძლოა, სიროპი ან რამე სხვა დამატკბობელიც ჰქონდეს დამატებული. მარილსაც ამატებენ. რაც უფრო ნაკლებია დანამატი, მით უკეთესია რძე. საუკეთესო შემთხვევაში, მას მხოლოდ წყალი უნდა ერიოს. დანამატების გარეშე ნუშის რძე მხოლოდ საკუთარი ხელით შეგიძლიათ მოამზადოთ.

ერთი ლიტრის მოსამზადებლად აიღეთ 300 გრამი ნუში, დაასხით ღამით 100 მლ მდუღარე წყალი და დილამდე დატოვეთ. დილით კანი იოლად გასძვრება. კანგაცლილი ნუში ბლენდერში ჩაყარეთ, დაასხით წყალი და დასრისეთ, მერე რამდენიმე ფენა დოლბანდში გაწურეთ და მიღებული მასა ერთ ლიტრამდე შეავსეთ. მიიღებთ თქვენივე ხელით მომზადებულ ნუშის სუფთა რძეს, გაწურვის შემდეგ დარჩენილი მასით კი ნამცხვრის გამოცხობა შეიძლება.

ჩრდილოეთ აფრიკაში ცხოვრობს ასეთი ხალხი – ბერბერები. ბერბერთა ტომები წინათ უმთავრესად მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ, ხან იქ იყვნენ, ხან აქ, ხოლო როცა ერთ ადგილას ჩერდებოდნენ, ბრინჯის მოყვანით იქცევდნენ თავს. მოწეულ ბრინჯს ხარშავდნენ და რძისმაგვარ სასმელს აკეთებდნენ.

ბრინჯის რძე ნახშირწყლებით მდიდარი ბრინჯის ნახარშია, თუმცა მთლად ნახარშსაც ვერ დაარქმევ – ეს უკანასკნელი გამჭირვალეა, ბრინჯის რძე კი მართლაც რძეს ჰგავს. მისი მომზადება თქვენც შეგიძლიათ: ერთ ჭიქა უმ ბრინჯს დაასხით წყალი და 12 საათით დატოვეთ. დამბალი ბრინჯი მოათავსეთ ბლენდერში, დააქუცმაცეთ და ერთი წუთის განმავლობაში თავისივე წყალში ხარშეთ, მერე გააცივეთ და დოლბანდში გაწურეთ. ერთ ჭიქა უმ ბრინჯზე შვიდი ჭიქა წყალი უნდა აიღოთ.

საინტერესოა, გლიკემიური ინდექსი ანუ სწრაფი გლუკოზა ბრინჯის რძეს უფრო მეტი აქვს თუ ძროხისას?

გავიხსენოთ, რომ მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტი მარტივ, ე.წ. სწრაფ შაქრებს შეიცავს, რომლებიც სწრაფად შეიწოვება და მალე გადამუშავდება, ამიტომ ორგანიზმს მცირე ხნის შემდეგ ისევ გაუჩნდება შიმშილის შეგრძნება.

ბრინჯის გლიკემიური ინდექსი მაღალია – 76-82.

კალორიულობით კი ძროხის რძე სჯობნის: ერთ ჭიქაში, როგორც გითხარით, 70–მდე კილოკალორიაა, ბრინჯის რძეში კი სულ 49. ბუნებრივიცაა, რადგან ძროხის რძე ცხიმს შეიცავს. ბრინჯშიცაა მცენარეული ცხიმი, ოღონდ ძალიან ცოტა.

ნახშირწყლების შემცველობით ბრინჯის რძე ლიდერობს ერთ ჭიქაზე 10 მგ–ით, ერთ ჭიქა ძროხის რძეზე კი 5 მგ მოდის.

ცილა ბრინჯის რძეში ვერ იქნება, ძროხის რძეში კი, ბუნებრივია, არის.

კალციუმი ბრინჯის რძეში 20 მგ–ია, ძროხის რძეში კი 300 მგ.

ლათინურ ამერიკაში ბრინჯის რძე ძალიან გავრცელებულია, რადგან მოსახლეობა მგრძნობიარეა ძროხის რძის მიმართ – მისი დაახლოებით 25% რძის შაქარს ვერ გადაამუშავებს.

მე-16 საუკუნეში ერთი ექიმი ცხოვრობდა, ლეონორდ ტურნელიუსი. თურმე ახალ-ახალ წამლებს ეძებდა გამუდმებით. ერთ დღესაც თეთრი წყლით დაინტერესებულა (ასე ეძახდა რძის შრატს). ტურნელიუსის ცდა თქვენც შეგიძლიათ გაიმეოროთ: აიღეთ ცოტაოდენი ძროხის ან თხის რძის შრატი, ჩაასხით სინჯარაში და სპირტქურის ალზე მთლიანად ამოაშრეთ. სინჯარის კედლებსა და ფსკერზე თეთრი კრისტალები დარჩება. ამ კრისტალებს ტურნელიუსმა რძის „მთავარი მარილი“ უწოდა, მერე კი… გადაივიწყა. ასი წლის შემდეგ იტალიელმა ექიმმა ფაბრიციო ბერტოლეტიმ გაიმეორა იგივე ცდა და მყარ ნაშთს „ციური მანანა“ დაარქვა. მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში ეწოდა ამ ნივთიერებას რძის შაქარი – ლაქტოზა (ლათინური სიტყვიდან lactis – რძე). ლაქტოზა მხოლოდ რძეშია და დისაქარიდს წარმოადგენს. ის გალაქტოზისა და გლუკოზის ნაშთებისგან შედგება. მის გარეშე რძის პროდუქტები ვერ იარსებებს, რადგან მათ სწორედ ლაქტოზის დუღილის შედეგად ვიღებთ.

ნაწლავის წვენის სპეციფიკური ფერმენტის, ლაქტაზის, ზემოქმედებით ლაქტოზა ადვილად ჰიდროლიზდება გალაქტოზისა და გლუკოზის მოლეკულების წარმოქმნით. სწორედ ფერმენტ ლაქტაზის არარსებობა, უკმარისობა ან არააქტიურ მდგომარეობაში არსებობა ართულებს ლაქტოზის გადამუშავებას. ამ დროს ადამიანი, მარტივად რომ ვთქვათ, რძეს ვერ ინელებს. რძის მოუნელებლობა გალაქტოზემიის დროსაც შეინიშნება. ამ დროს ლაქტოზა იშლება გლუკოზად და გალაქტოზად იშლება, შეიწოვება კიდეც, აი, ღვიძლში კი, სადაც გალაქტოზა გლუკოზად უნდა გარდაიქმნას, პროცესი იბლოკება, რაც შესაბამისი ფერმენტის უკმარისობითაა გამოწვეული. ამ დროს იკრძალება ყველა ის პროდუქტი, რომელიც ან პირდაპირ შეიცავს გალაქტოზას, ან მის წარმოქმნას უწყობს ხელს.

ნუშისა და ბრინჯის რძე ვინმესთვის შესაძლოა გამოსავალი იყოს…

საინფორმაციო ტექსტის დამუშავება დაწყებით საფეხურზე

0

2006 და 2011 წელს საქართველოში ჩატარებულმა წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოს სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მხატვრული ტექსტების გააზრებაში უფრო კარგი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე საინფორმაციო ტექსტების გააზრებაში, თუმცა ორივე შემთხვევაში ეს შედეგები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება კვლევის მონაწილე სხვა ქვეყნების მაჩვენებელს.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ 2006 წელთან შედარებით 2011 წლისთვის მოსწავლეები მნიშვნელოვნად უფრო მაღალ მაჩვენებელს ავლენენ ტექსტის ინტერპრეტაციასა და ინტეგრირებასთან დაკავშირებულ დავალებებში; იმ ტიპის დავალებებში, კი რომლებიც მოითხოვს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაციის პოვნას და უშუალო დასკვნის გამოტანას, შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ. წინა კვლევასთან შედარებით  მაღალი მაჩვენებელი და ეს წინსვლა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობები და მასწავლებელთა მცდელობა, გაეცნონ და დანერგონ სწავლების თანამედროვე სტრატეგიებს, ეფექტიანია, თუმცა სამუშაო, როგორც ვხედავთ, ამ მიმართულებით მაინც ბევრია.

არამხატვრული, საინფორმაციო-შემეცნებითი, ენციკლოპედიური ტექსტების კითხვა, გაგება და გააზრება თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესი უნარია. ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საშუალო სკოლებში ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებით საფეხურზე იწყება. საგნობრივი პროგრამის მიხედვით, დაწყებითი საფეხურის დასრულების შემდეგ მოსწავლეს უნდა შეეძლოს:

ინფორმაციის გაგება, ანალიზი და შეფასება:

სხვადასხვა ტიპის ტექსტების მოსმენა და გადმოცემა;

წაკითხული წინადადებებისა და ტექსტის კონსტრუირება;

სხვადასხვა სახის ტექსტების შეგნებულად და გააზრებულად კითხვა;

ტექსტებში მოცემული გრამატიკული კონსტრუქციების გამოყოფა და სათანადო ინტერპრეტაციით წარმოდგენა;

მისთვის ნაცნობ თემებზე სხვადასხვა ხასიათის ტექსტების გამართულად წერა;

გრამატიკის, ორთოგრაფიის, პუნქტუაციის პრაქტიკულად აუცილებელი მინიმუმის შეგნებულად გამოყენება.

სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება.

დღევანდელ წერილში შემოგთავაზებთ  აქტივობას, რომლის გამოყენებითაც მასწავლებელი ზემოთჩამოთვლილი უნარების გააქტიურებას შესძლებს.

თავდაპირველად, შევაჯეროთ რამდენიმე ცნება:

საინფორმაციო(არამხატვრული, შემეცნებითი) ტექსტი:

ამ კატეგორიაში იგულისხმება ნარატიული  რესურსი, რომელიც რაიმე სახის მნიშვნელოვანი, საინტერესო, სასარგებლო ცნობების შემცველია. იწერება მესამე პირში და როგორც წესი, არ გამოხატავს ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას. აღწერს, გადმოცემს სოციალური, კულტურული, სამეცნიერო და ა.შ. მნიშვნელობის რაიმე ფაქტს, მოვლენას, ამბავს.

გაგება

 ბლუმის მიხედვით, გაგება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა  გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას; კერძოდ:

ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერას;

ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნას მშობლიურ ენაზე;

ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემას;

სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანას;

შესაბამისი მაგალითის მოყვანას.

კვლევების თანახმად, დაწყებით საფეხურზე სწორედ ამ მიმართულებითაა მნიშვნელოვანი მუშაობა.

მომზადების ეტაპი

მასწავლებელმა კლასის ინტერესების, მზაობის და შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა მოამზადოს საინფორმაციო ტიპის ტექსტი, რომელშიც აუცილებლად იქნება გათვალისწინებული განვითარების უახლოესი ზონა (განვითარების ამჟამინდელი/არსებული დონე  – ბავშვს დავალებების შესრულება დახმარების გარეშე შეუძლია; განვითარების უახლოესი ზონა –  გულისხმობს იმ ამოცანათა/მოქმედებათა ზედა ზღვარს, რომელთა შესრულებაც ბავშვს შეუძლია უფრო კომპეტენტური ადამიანის დახმარებით).

პირველი ეტაპი

მოსწავლეებს ურიდებათ სამუშაო ფურცლები ( ამობეჭდილი ტექსტი). მითითება ასეთია:

წაიკითხეთ, მოიმარჯვეთ ფანქრები და ფურცელზევე დაამუშავეთ ტექსტი დაფაზე დაწერილი წესების მიხედვით.

დაფაზე იწერება:

აღვნიშო „კ“ ასოთი მონაკვეთი, ადგილი, წინადადება, რომელიც კითხვას მიჩენს;

აღვნიშნო „მ“ ასოთი აბზაცი, სადაც, ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცნობაა გადმოცემული და რაც აუცილებლად უნდა დავიხსომო;

გავხაზო ყველა სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც არ მესმის.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვთ გაგვაცნონ ნამუშევარი.

აქტივობის მეორე ეტაპზე მათ უნდა:

დასვან კითხვები, რომლებიც გაუჩნდათ გარკვეულ მონაკვეთებთან დაკავშირებით. კარგი იქნება, თუ ამ კითხვებზე პასუხებს კლასელებისგან მოისმენენ.  მასწავლებელი აჯამებს.

ისაუბრონ განსაკუთრებით მნიშნელოვან ადგილებზე. მნიშნელოვანი პირობაა – გადმოსცენ ამ მონაკვეთების აზრი საკუთარი სიტყვებით!

დაასახელონ სიტყვები, რომელთ მნიშნელობაც ვერ გაიგეს – მასწავლებელი ცდილობს, კონტექსტის ან სხვა მოსწავლეების დახმარებით ახსნას სიტყვები.

სამუშაო ფურცელზე მოსწავლეები მოკლედ ჩაინიშნავენ განმარტებებს საკუთარი სიტყვებით.

ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მოსწავლეებისთვის ლექსიკურ დონეზე ტექსტი ბოლომდე გასაგებია.

მესამე ეტაპი

მასწავლებლის მიერ მომზადებული კითხვარი

კითხვარი ცალკე ფურცელზე მზადდება და ურიგდება წყვილებს.

კითხვარი მოიცავს რამდენიმე დონის კითხვას: გლობალურს, ექსტრატექსტუალურს, ენობრივს, შინაარსობრივს და ლექსიკურს.

განვიხილოთ თითოეული:

გლობალური კითხვა მოსწავლეს საშუალებას აძლევს ტექსტში მოცემული ცნობები გაიზროს მთლიანობაში. ეს შეიძლება იყოს ქვესათაურის რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთის შერჩევა, შესაბამისი ილუსტრაციის მოფიქრება და სიტყვიერდ აღწერა, რამდენიმე აფორიზმის, ანდაზის ან გამონათქვამის მისადაგება მთლიან ტექსტთან.

ექსტრატექსტუალური დონის კითხვა მოსწავლეს საშუალებას უნდა აძლევდეს წინარე ცოდნა დააკავშიროს ტექსტში მოცემულ რაიმე ცნობასთან, ტერმინთან, კონკრეტულ მონაკვეთთან.

ენობრივი კითხვა გრამატიკული ცოდნის შემოწმება-გააქტიურებას ემსახურება.

შინაარსობრივი კითხვა კონკრეტული მონაცემების მიხედვით უნდა შევადგინოთ. გამოვიყენოთ კითხვითი სიტყვები – რა? როგორ? რატომ?

ლექსიკური კი სინონიმია-ანტონიმიას, შესაფერისი ფრთიანი გამონათქვამის მისადაგებას ან ლექსიკური მარაგის გასააქტიურებელ ნებისმიერ კითხვას მოიაზრებს.

ქვევით გთავაზობთ ამ პარადიგმის მიხედვით მომზადებულ სამეცნიერო ტექსტსა და შესაბამის კითხვებს. მოცემული მაგალითი სანიმუშოა, მასწავლებელმა კონკრეტული კლასის შესაძლებლობების, ინტერესებისა და უნარებისა მიხედვით  უნდა შეადგინოს მსგავსი სავარჯიშო.

ტექსტი განკუთვნილია მესამე-მეოთხე კლასის  მოსწავლეებისთვის.

იეროგლიფი*

იეროგლიფი ისეთ დაწერილს ნიშნავს, სადაც ასოების ან სიტყვების ნაცვლად ნახატები და სხვა ნიშნებია გამოყენებული.

 მაგალითად,  იხატება წრე   O, მკითხველმა კი უნდა წაიკითხოს – მზე!

იეროგლიფებს სულ თავიდან, უძველესი დროიდან იყენებდნენ ძველი ეგვიპტელები, ჩინელები, იაპონელები.

 ძველად ეგვიპტელები წერდნენ და კითხულობდნენ ხან მარჯვნიდან მარცხნივ, ხან მარცხნიდან მარჯვნივ.  კითხვის მიმართულებას აუცილებლად მიანიშნებდა ის, თუ რომელ მხარეს ჰქონდა შებრუნებული თავი ადამიანის, ცხოველის ან ფრინველის აღმნიშვნელ იეროგლიფს.

 ეგვიპტელებს სწამდათ, რომ იეროგლიფები სიბრძნის ღმერთმა, თოტმა შექმნა.

ჩინეთში არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმადაც უხსოვარ დროს ბრძენმა იმპერატორმა იეროგლიფების მსგავსი ნიშნები დრაკონის სხეულზე შენიშნა. იმპერატორი ყვითელი მდინარის (ხუანხეს) პირას სეირნობდა, როდესაც უზარმაზარი დრაკონი შენიშნა. ის დააკვირდა მის სხეულს და დრაკონის ფარფლებზე უცნაური ნიშნები დაინახა. მოგვიანებით იმპერატორმა ეს ნიშნები ჩახატა და ასე შექმნა დამწერლობა. ჩინურ დამწერლობაში 40 000-ზე მეტი იეროგლიფია.

საინტერესოა, რომ სიტყვები „ოჯახი“,  „მხნეობა“ და აგრეთვე  „ ჩაი“ ერთი და იგივე იეროგლიფით აღინიშნება.

 სიტყვა იეროგლიფი ბერძნულია და ორი სიტყვისგან შედგება. იეროს ბერძნულად ნიშნავს წმინდას, საღვთოს, გლიფო კი ამოჭრას, ამოკვეთას.

კითხვები(მოცემული ვერსია სამუშაო ვარიანტია, განკუთვნილი მასწავლებლისთვის. მოსწავლეების სამუშაო ფურცელზე კითხვების სააზროვნო დონის მითითება, ცხადია, საჭირო არაა):

გლობალური – ბავშვებს ვაჩვენებთ ორ ილუსტრაციას. ერთზე არაბული ( ლურსმული ან ნებისმიერი სხვა ტიპის, არაიეროგლიფური)დამწერლობის ნიმუშია, მეორეზე კი – იეროგლიფები. ტექსტში მოწოდებული ცნობების მიხედვით მათ უნდა ამოიცნონ, რომელზეა გამოსახული იეროგლიფური დამწერლობის ნიმუში და ტექსტზე დაყრდნობით დაასაბუთონ საკუთარი პასუხი.

მონიშნე არასწორი ვარიანტი:

სავარაუდო პასუხები

  • ტექსტში დახატული წრე არის მაგალითი, მკითხველი უფრო ადვილად რომ მიხვდეს, თუ რა იგულისხმება იეროგლიფებში;
  • ტექსტში დახატული წრე არის მაგალითი, მკითხველი უფრო ადვილად რომ მივხვდეს, თუ რა კავშირია ნიშანსა და სიტყვას შორის;
  • ტექსტში დახატული წრე არის ნიმუში იეროგლიფური დამწერლობის, რომელიც სხვადასხვა ზომის წრეებისგან და ნახატებისგან შედგება.

რომელი სათაური შეესაბამება ტექსტს?

სავარაუდო პასუხები

  • ცნობები ჩინური და ეგვიპტური იეროგლიფების წარმოშობის შესახებ;
  • ცნობები ჩინური, ეგვიპტური და იაპონური იეროგლიფების წარმოშობის შესახებ;
  • ცნობები სიტყვა იეროგლიფის წარმოშობის შესახებ.

ექსტრატექსტუალური ცოდნა – როგორ ვკითხულობთ ჩვენ?

სავარაუდო პასუხები

  • ძველი ეგვიპტელების მსგავსად;
  • მარცხნიდან მარჯვნივ;
  • მარჯვნიდან მარცხნივ.

შინაარსობრივი კითხვები – ჩინელების აზრით, რა ვითარებაში შექმნა იმპერატორმა დამწერლობა?

სავარაუდო პასუხები

  • მდინარის ნაპირზე სეირნობისას;
  • დრაკონის დანახვისთანავე;
  • მას შემდეგ, რაც ცოტაოდენი დრო გავიდა მდინარის ნაპირზე სეირნობისა და დრაკონის სხეულზე ნიშნების დანახვიდან.

სიტყვა იეროგლიფი არის:

სავარაუდო პასუხები

  • ბერძნული;
  • ეგვიპტური;
  • ჩინური.

შესაძლებელია თუ არა ერთი იეროგლიფით რამდენიმე სიტყვის აღნიშვნა?

სავარაუდო პასუხები

  • არა, რადგან ერთი ნახატი ან ნიშანი ერთ ასოს შეესაბამება;
  • კითხვაზე პასუხი ამ ტექსტში მოცემული არ არის;
  • შესაძლებელია, რადგან ტექსტში ამის მაგალითია მოყვანილი.

ლექსიკური კითხვა:

მონიშნე განსხვავებული შინაარსის მქონე სიტყვა:

სავარაუდო პასუხები

  • ბრძენი;
  • გონიერი;
  • ჭკვიანი;
  • სამართლიანი.

დააკვირდი ნიმუშს და მონიშნე სწორი ვარიანტი:

უზარმაზარი – ციცქნა

სავარაუდო პასუხები

  • უდიდესი – უმცირესი;
  • უნაკლო – სრულყოფილი;
  • უგუნური – უჭკუო.

ენობრივი დავალება:

რა შეცდომაა დაშვებული მოცემულ წინადადებაში?(მონიშნე სიტყვა და გაასწორე შეცდომა)

იმპერატორ ყვითელი მდინარის პირას სეირნობდა.

მონიშნე ყველა წინადადება, რომელშიც არასწორად დაწერილი სიტყვა შეგხვდება. შეცდომები გაასწორე:

  • ჩინელები იეროგლიფებს უძველესი დროიდან იყენებდენ;
  • ძველად ეგვიპტელები წერდნენ მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით;
  • ძველად ეგვიპტელები კითხულობდენ მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით.

მოსწავლეები კითხვარს ამუშავებენ წყვილებში, მსჯელობენ, აჯერებენ სწორ პასუხებს. დასასრულ, მასწავლებელი ამოწმებს შესრულებულ დავალებას.

სავარჯიშოებსა და დავალებებს მასწავლებელი საკუთარი შეხედულებისამებრ გადაანაწილებს რაოდენობრივად. აუცილებელი პირობაა, რომ თითო არამხატვრულ ტექსტს მოჰყვებოდეს თითოეული დონის შესაბამისი ერთი კითხვა მაინც!

ამ პრინციპით დამუშავებული ტექსტი საშუალებას მისცემს მოსწავლეს, გაააქტიუროს და გაიუმჯობესის სხვადასხვა სააზროვნო უნარი, დაძლიოს ის სირთულეები, რაც არამხატვრული ტექსტის დაამუშავების პროცესში იჩენს თავს.

* საინფორმაციო ტექსტი „იეროგლიფი“ და შესაბამისი დავალებები აღებულია შემეცნებითი პორტალიდან „ლოგიკმეტრი“   (logicmeter.com)

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...