სამშაბათი, ივნისი 17, 2025
17 ივნისი, სამშაბათი, 2025

პროექტზე დაფუძნებული სწავლება დაწყებით კლასებში

0

წინამდებარე სტატიაში ვისაუბრებ პროექტებით სწავლებაზე – როგორ შეიძლება დავგეგმოთ და განვახორციელოთ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ ინტელის ფორმატით ჩატარებული სასწავლო პროექტის გეგმის ნიმუშს.

პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისაგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტითა და აქტივობით. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან.

რა უპირატესობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას?

  • იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა, საკუთარი თავის რწმენა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულება;
  • იზრდება კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგალითად, აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა;
  • მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე, განსხვავებით ტრადიციული მოდელისგან;
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს პრობლემების გამოძიებისაკენ უბიძგებს, რაც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებს;
  • მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას.

გაგაცნობთ ინტელის სასწავლო პროექტის მახასიათებლებს.

 

  1. ინტელის სასწავლო პროექტის მახასიათებლების თეორიული მიმოხილვა

ინტელის კურსი – პროექტებით სწავლება განსხვავებული სიახლეა, რომელიც გათვლილია მოსწავლის მაღალ უნარებზე. ინტელის პროგრამის ძირითადი კურსი ორიენტირებულია 21- საუკუნის უნარ-ჩვევებზე. მაგალითად, შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ინფორმაციასთან მუშაობა, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მიღებას, გადაცემას, დამუშავებას, ანალიზს, ახალი ინფორმაციის შექმნას. ინტელის კურსის მიხედვით, პროექტი აერთიანებს მუშაობის პროცესში შექმნილ შემდეგ ფაილებს:

  • კურსის რესურსები შედგება – მაგალითად, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, პრეზენტაციის ჩეკლისტი, პუბლიკაციის დაგეგმვის ჩეკლისტი, ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტები, ბლუმის ტაქსონომია, კარგი შეკითხვების ჩამონათვალი, კითხვარი დიფერენცირებული სწავლებისთვის და სხვა. ეს ფაილი აერთიანებს იმ დოკუმენტაციას, რომელიც მასწავლებელს სჭირდება პროექტის განხორციელებისათვის.
  • მოსწავლის ნიმუში – ეს არის მიღებული პროდუქტი, რომელიც შეიძლება იყოს პრეზენტაცია, ბროშურა, პუბლიკაცია.
  • სასწავლო პროექტის გეგმა – აქ ფიქსირდება თემის მონახაზი, თემის შინაარსი, საფუძვლები – შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები, მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები), შეფასების გეგმა, შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი, საბაზისო უნარ-ჩვევები, სასწავლო პროცედურები, დიფერენცირებული სწავლება (სპეციალური საჭიროებები, არაქართულენოვანი მოსწავლეები, მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები), სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები.
  • სასწავლო პროექტის დამხმარე მოიცავს შემდეგ მასალებს – მასწავლებლის ბროშურა, შაბლონი მოსწავლის ნიმუშისათვის, ფასილიტაციის მასალებს და სხვა. ე.ი. ამ ფაილში შედის ის მასალები, რომლებიც გამიზნულია მოსწავლეების დასახმარებლად პროექტის განხორციელების პროცესში.
  • სურათები, აუდიო, ვიდეო – ამ ფაილში შედის ციტირებული დოკუმენტი, რომელზეც ფიქსირდება გამოყენებული რესურსები.
  • შეფასებები მოიცავს – პროშურისა და პრეზენტაციის ჩეკლისტებს, მოსწავლეთა ჩართულობისა და აქტიურობის კოლაბორაციულ შეფასებას, პრეზენტაციისა და ბროშურის რუბრიკებს, წინარე ცოდნის დასადგენად სქემებს და დიაგრამებს. მაგალითად, ვმვ ცხრილს, T დიაგრამას. პროექტის მსვლელობისას და დასრულების შემდეგ პროექტის მართვის უნარების თვითშეფასებას, თანატოლთა უკუკავშირს და სხვა
  1. როგორია ინტელის ფორმატით განხორციელებული სასწავლო პროექტი?

გთავაზობთ პროექტს, რომელიც ჩავატარე ინტელის ფორმატით და რომელიც 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას უწყობდა ხელს. პროექტი ჩავატარე II-III  კლასკომპლექტში.

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
„ვისაუბროთ მგელზე“                

 მოსწავლეები მგელს განიხილავენ შემდეგი მახასიათებლის მიხედვით:  სად ბინადრობს, როგორ გამოიყურება გარეგნულად, რით იკვებებიან, რამდენს იწონიან, რა როლი აქვთ ჯვებით ჯაჭვში და ა.შ.

თემის შინაარსი
მოსწავლეები გაეცნობიან მგლის სახეობებს. ისინი განახორციელებენ სხვადასხვა შედარებით აქტივობას მგლების მასებს შორის არსებული სხვაობის გამოსავლენად. იმსჯელებენ რა როლი აქვს მგელს კვებით ჯაჭვში და ეკოსისტემაში. შექმნიან და  წარმოადგენენ პრეზენტაციას.
საგანი
 ქართული, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა
დონე/კლასი
დაწყებითი საფეხური, მეორე–მესამე კლასკომპლექტი
განხორციელების დროის ჩარჩო
3  კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ქართული:

მეორე კლასი:

ქართ.II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება

მესამე კლასი:

ქართ.III. 1. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დანიშნულებისა და ადრესატის ამოცნობა მოსმენით; შეუძლია სამეტყველო ქცევის წარმართვა ადრესატის გათვალისწინებით.

ქართ.III. 5.  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიაში)

ქართ.III. 9.  მოსწავლეს შეუძლია ვიზუალურად აღიქვას და/ან თავად შექმნას სხვადასხვა ტიპის ტექსტი, ვიდეო და აუდიომასალა.

ბუნებისმეტყველება:

მეორე კლასი:

ბუნ. II. 2. მოსწავლეს შეუძლია განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის თვისება.

მესამე კლასი:

ბუნ. III. 1. მოსწავლეს შეუძლია განარჩიოს სიცოცხლის ძირითადი გამოვლინებები.

ბუნ. III. 2. მოსწავლეს შეუძლია განმარტოს გარემოს მნიშვნელობა ორგანიზმებისათვის.

მათემატიკა:

მეორე კლასი:

მათ. II. 13. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია.

მესამე კლასი:

მათ. III. 11. მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით რაოდენობივი მონაცემების შეგროვება.

მათ. III. 12. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა.

მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
ქართული:

მეორე კლასი:

ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდის/ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათ შინაარსს.

მესამე კლასი:

წარმართავს დიალოგებს სხვადასხვა ადრესატთან (თანაკლასელთან, მასწავლებელთან) ერთსა და იმავე თემაზე და ადეკვატურად შეარჩევს შესაბამის სამეტყველო სტილს.

ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მიზეზ–შედეგობრივ კავშირებს.

მასწავლებლის დახმარებით შეადგენს საპრეზენტაციო პროგრამას (სლაიდშოუს) ნაცნობი სიუჟეტის გადმოსაცემად.

მასწავლებლის დახმარებით ადგენს ტექსტის მარტივ გეგმას მისთვის სასურველი ფორმით (სიტყვიერად ან ნახატებით).

სათაურის მიხედვით მოიძიებს მისთვის სასურველ წიგნს, სახელწოდების მიხედვით – საბავშვო ჟურნალ–გაზეთებს.

ბუნებისმეტყველება:

მეორე კლასი:

ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელი პირობების გამოსავლენად სვამს კითხვებს და პოულობს პასუხებს.

მესამე კლასი:

ირჩევს ობიექტებს სასიცოცხლო გამოვლინებებზე (მოძრაობა, კვება, სუნთქვა, ზრდა და გამრავლება) დასაკვირვებლად და სვამს კითხვებს (მაგალითად, რით იკვებება მგელი?).

აგროვებს ინფორმაციას, აღწერს ორგანიზმების გარემო ფაქტორებზე (საკვები, წყალი, ნიადაგი, ჰაერი, თავშესაფარი) დამოკიდებულებას, სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს.

მათემატიკა:

მეორე კლასი:

აანალიზებს  დიაგრამის სახით წარმოდგენილ მონაცემებს.

მესამე კლასი:

კითხულობს მოკლე ტექსტს (ორი–სამი მარტივი წინადადება) და ამოკრებს მითითებული ობიექტის შესახებ ტექსტში არსებულ მონაცემებს.

ალაგებს რამდენიმე რაოდენობრივ მონაცემს ზრდადობით, კლებადობით.

 

21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები:

მოსწავლეები შეძლებენ საღად მსჯელობას და აღქმას.

მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის კლასიფიკაციას, ანალიზსა და სინთეზირებას პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.

მოსწავლეები შეძლებენ იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვას წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით.

მოსწავლეები შეძლებენ ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვებას, კრეატიულ და კომპონენტურ შეფასებას, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენებას მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.

მოსწავლეები შეძლებენ დავალებების განსაზღვრას, პრიორიტეტების მინიჭებას და შესრულებას პირდაპირი ზედამხედველობის გარეშე.

მოსწავლეები შეძლებენ დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტურ განკარგვას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზმი?
 

 

თემატური კითხვები

 

რა გავლენას ახდენს მგელი ეკოსისტემაზე?

რა როლი შეიძლება ჰქონდეს მგელს კვებით ჯაჭვში?

რამდენად ღირს ყველა ცხოველის დაცვა?

შინაარსობრივი კითხვები რატომ არის მგლის პერსონაჟი აქტუალური ზღაპრებში?

როგორ მეხმარება მონაცემები დასკვნების გაკეთებაში?

 

რა სჭირდებათ ცხოველებს სიცოცხლისთვის?

როგორია მგლის საარსებო გარემო?

რა არის კვებითი ჯაჭვი?

რით განსხვავდება მტაცებელი ცხოველი ბალახისმჭამელი ცხოველისაგან?

მგლის რომელი სახეობებია გავრცელებული საქართველოში?

რა არის ზღაპარი?

რა მეთოდებით წარმოვადგინოთ მონაცემები?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეები მუშაობენ პროექტზე და ასრულებენ დავალებებს პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
თვითშეფასება

თანატოლთა შეფასება

ჯგუფზე დაკვირვება

დაკვირვება–ჩანიშვნები

პროექტის  გეგმა

პრეზენტაციის რუბრიკა

 

პროექტის გეგმა

პრეზენტაცია

ვ–მ–ვ ცხრილი

ვ–მ–ვ ცხრილი

დღიური

 

 

შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
დიაგრამის შევსებით მე შევაფასებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას ანუ საჭიროებებს და გამოვავლენ მათ ინტერესებს. ასევე, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა და აზროვნების ზედა დონის შეკითხვების გამოყენებით მოსწავლეებისათვის კითხვების დასმა ხელს შეუწყობს მათი აზროვნების გააქტიურებასა და პროექტის მიმდინარეობისას დისკუსიების წამოწყებას. მგლების შესახებ მოსწავლეთა საბაზისო ცოდნის გამოსავლენად, საკუთარი შეკითხვების სიღრმისეული გამოკვლევისა და შესწავლის ხელშესაწყობად გამოვიყენებ „ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ ცხრილს.

მოსწავლეები იმუშავებენ პრეზენტაციის შექმნაზე.

მათ სწორი მიმართულების მიცემისთვის, საბოლოო ნამუშევრის ჩაბარებამდე  დავურიგებ პრეზენტაციის რუბრიკას და პრეზენტაციის ჩეკლისტს.  პრეზენტაციის რუბრიკის საფუძველზე მოვახდენ მოსწავლეთა პრეზენტაციის შეფასებას. მოსწავლეთა ჩართულობისა და აქტიურობის  შესაფასებლად გამოვიყენებ წერით შეფასებას, კოლაბორაციულ შეფასებას, საქაღალდის შიგთავსს და არაფორმალურ დაკვირვებებს. საქაღალდეების არაფორმალური შემოწმების მეშვეობით, შევძლებ დავრწმუნდე იმაში, რომ მოსწავლეები ასრულებენ დავალებულ სამუშაოს და სათანადოდ ითვისებენ მიწოდებულ მასალას.

სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
Ø  მოსწავლეებს ჩავუტარებ გაკვეთილებს, ელექტრონული პროგრამით დიაგრამების აგებაში.

Ø  გამოიყენებენ წარსულ გამოცდილებას ელექტრონულ დოკუმენტებთან მუშაობასა და ფაილების მართვაში.

Ø  გამოიყენებენ თანამშრომლობით სწავლებას და ინტერნეტით სარგებლობის გამოცდილებას.

სასწავლო პროცედურები
მგლების გაცნობა: პროექტის დაწყებამდე გავეცანი ზოგად ინფორმაციას მასწავლებელთათვის, რომელშიც ზოგადი შესავალია მოცემული. გადავხედე როგორც მხატვრულ, ისე სამეცნიერო ლიტერატურას მგლების შესახებ. შევადგინე მოსწავლეთა ჯგუფი და სამუშაო განრიგი.

პირველი კვირა: პროექტის დასაწყისში გამოწვევისთვის მეორე კლასს წავაკითხებ შარლ პეროს ზღაპარს „წითელქუდა“, მესამე კლასს კი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობას „მგელი და სოფელი“. კლასში ოთხი მოსწავლეა და კლასკომპლექტია. შესაბამისად, პირველივე კვირას გამოვიყენებ  დიფერენცირებულ სწავლებას.

მოთხრობისა და ზღაპრის  წაკითხვამდე მოსწავლეებს შევავსებინებ „ვიცი–მინდა ვიცოდე– ვისწავლე“ ცხრილის  იმ ნაწილს, რომელიც პირველ კომპონენტს ასახავს. თავიანთ ცოდნის თვალსაჩინოდ გამოსავლენად, მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაწერონ სიტყვები ან დახატონ სურათები. მას შემდეგ, რაც პერსონალურ ვ–მ–ვ ცხრილის პირველი პუნქტის შესავსებად განკუთვნილი დრო ამოიწურება, მოსწავლეებს ვთხოვ გამიზიარონ თავიანთი მოსაზრებები, რომელთაც საკლასო ვ–მ–ვ ცხრილში შევიტან. მიღებულ პასუხებს გამოვიყენებ დისკუსიების წარსამართავად. მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას გავზრდი შეკითხვით, კიდევ რა გსურთ, რომ მგლების შესახებ იცოდეთ? შემდეგ შევავსებინებ პუნქტს „მინდა ვიცოდე“ ვ–მ–ვ ცხრილში. მოსწავლეებს ვთხოვ, მთელ კლასს გაუზიარონ თავიანთი შეკითხვები, რომლებიც საკლასო ვ–მ–ვ ცხრილის შუა სვეტში უნდა ჩაიწეროს. მოსწავლეების ხელშესაწყობად ცხრილი მთელი მოდულის განმავლობაში საკლასო ოთახში მექნება გაკრული და ხშირად დავუბრუნდებით შეკითხვებს, რომელთაც მოდულის მიმდინარეობისას გაეცემათ პასუხი.

პირველივე კვირას მოვახდენთ ზღაპრისა და მოთხრობის დამუშავებასა და გააზრებას. მეორე კლასთან გამოვიყენებ ზღაპრის ელემენტების შაბლონს, სადაც წარმოდგენილია შესავალი, სიუჟეტის განვითარება და დასკვნა. მესამე კლასთან კი წარვმართავ დისკუსიას სოკრატული დისკუსით. მთავარი განსჯის თემა იქნება „გავასამართლოთ მგელი“. დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები შემდეგ კითხვებს წერილობით გასცემენ პასუხს:

·         რა შედეგები ან გადაწყვეტილებები მიიღეთ დისკუსიის შედეგად?

·         როგორ შეიძლება ამ იდეების ინტეგრაცია ჩვენს პროექტთან?

·         რა კონკრეტული საკითხები გაიგე დღეს, როგორც სოკრატული დისკუსიის შედეგი?

 

ქაღალდის დიდ ფურცელზე დავწერ ზოგად შეკითხვას და მოსწავლეებს ვთხოვ, იმსჯელონ კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზმი? საკლასო ოთახში გავაკრავ ფურცელს, რომელზეც მოსწავლეების მოსაზრებებს და იდეებს ჩამოვწერ. პროექტის განმავლობაში მოხდება ამ ფურცლის შევსება.

შემდეგ აქტივობას მოსწავლეები შეასრულებენ ინდივიდუალურად. მათ სახლში გავატან „MOVIE MAKER”– ში მომზადებულ ვიდეორგოლს მგლების შესახებ და კორნელის გრაფას.  მოსწავლებს დავავალებ ყურადღებით მოუსმინონ სახლში ვიდეოს და შეავსონ კორნელის გრაფა, რომელსაც მომდევნო დღეს კლასში განვიხილავთ და შევაჯერებთ მოსაზრებებს.

შეკითხვაზე, რა სჭირდებათ ცხოველებს სიცოცხლისთვის?  მოსწავლეები გამოიყენებენ ბუნებისმეტყველებაში მიღებულ ცოდნას და დაადგენენ, რომ ისევე, როგორც ყველა ცოცხალ ორგანიზმს, ცხოველებსაც სიცოცხლისთვის და გადასარჩენად  ესაჭიროებათ:

  • მიწა
  •  ჰაერი
  •  წყალი
  •  მზე
  • საკვები
  • თავშესაფარი

 

მეორე კვირა:

ჯგუფს მივუთითებ საიტის მისამართს (https://sheni-blog.blogspot.com/2014/11/blog-post.html), სადაც მოთავსებულია მასალა კვებით ჯაჭვზე. მათ ევალებათ, ყურადღებით გაეცნონ მოცემულ მასალას და უპასუხონ კითხვებს. პასუხებს მოსწავლებს ჩავანიშნინებ, რადგან ეს პასუხები დასჭირდებათ საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად.

გამოკვლევის დრო. მოსწავლეებს გავაერთიანებ ერთ ჯგუფში და დავეხმარები მგელთან დაკავშირებული საკითხების ანალიზში.  ჯგუფს ჩავრთავ გამოკვლევაში სახელწოდებით „რა გავლენას ახდენს მგელი ეკოსისტემაში“, გავაცნობ იელოუსთოუნის პარკის შემთხვევას და შევადარებინებ მგლის ორ სახეობას – რუხსა და წითურ მგელს.

მოსწავლეებთან ერთად დაწვრილებით ვიმსჯელებთ შემდეგი საკითხების შესახებ: მაგალითად, ზომა, წონა, ბინადრობის გარემო,  კვებითი ჯაჭვი, კვება, ზრდა და განვითარება. ამ სავარჯიშოს შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას გამოვიყენებთ მომდევნო აქტივობაში, როდესაც მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციას.

ამ აქტივობის ფარგლებში  მოსწავლეები დაუბრუნდებიან და პასუხს გასცემენ მომდევნო თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს:

  • რა გავლენას ახდენს მგელი ეკოსისტემაზე?
  • რა როლი შეიძლება ჰქონდეს მგელს კვებით ჯაჭვში?
  • რამდენად ღირს ყველა ცხოველის დაცვა?
  • როგორია მგლის საარსებო გარემო?
  • რა არის კვებითი ჯაჭვი?
  • რით განსხვავდება მტაცებელი ცხოველი ბალახისმჭამელი ცხოველისაგან?

მესამე კვირა:

მოსწავლეები თავიანთი საბოლოო პროდუქტის შექმნისათვის მოემზადებიან. კერძოდ, გააკეთებენ პრეზენტაციას, რომლის შექმნაშიც საჭიროების შემთხვევაში დავეხმარები. მოსწავლეებს გავაცნობ პრეზენტაციის რუბრიკასა და ჩეკლისტს. აუცილებლად, წარმოადგენენ დიაგრამას, სადაც შედარებული იქნება სხვადასხვა სახეობის მგელთა წონები. პრეზენტაციის დროს მათ უნდა გასცენ პასუხი ერთ–ერთ თემატურ კითხვას – ღირს თუ არა დავიცვათ მგელი?

დასკვნითი აქტივობა:

მთელ კლასში განვიხილავ ზოგად შეკითხვას, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზმი?  მოსწავლეების მოსაზრებებს საკლასო ოთახში გაკრულ იმ ფურცელზე ჩავწერ, რომელზეც პროექტის  დასაწყისში ვიმუშავეთ. მოსწავლეებს ვთხოვ, დაასრულონ მათი ვ-მ-ვ ცხრილის „ვიცი“ სვეტის შევსება,  ნასწავლი სულ მცირე ორი ფაქტი ან იდეა დაურთონ.

 

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებები კლასში არ არის ასეთი მოსწავლე

 

არაქართულენოვანი

მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)

კლასში არ არის ასეთი მოსწავლე
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები ·         მოსწავლეს წავახალისებ წარმოადგინოს დიაგრამა მგლების მაქსიმალური სიგრძეების შესახებ.

·         დავავალებ მოსწავლეს შეადაროს ძაღლი და მგელი და გამოავლინოს მსგავსება–განსხვავებები.

 

სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
ტექნოლოგიატექნიკა
ფოტოკამერა

კომპიუტერი (ები)

ციფრული კამერა

DVD ფლეიერი

ინტერნეტკავშირი

 ლაზერული დისკი

საბეჭდი მანქანა/პრინტერი

პროექტორი

სკანერი

ტელევიზორი

 VCR, ვიდეო

ვიდეოკამერა

ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.

სხვა

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები

საგამომცემლო პროგრამები

ელფოსტის პროგრამა

ენციკლოპედია კომპაქტდისკზე

 ფოტო/სურათების დამუშავება

ინტერნეტძიება

მულტიმედია

 ვებგვერდის შექმნა

ვორდის პროგრამა

სხვა

ბეჭდვითი მასალები შარლ პეროს ზღაპარი „წითელქუდა“.

იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა  “მგელი და სოფელი

„საბავშვო ენციკლოპედია“

ინვენტარი/მასალები მგლებისა და ირმის სურათები
ინტერნეტრესურსები https://www.google.ge/search?q=Wolf%27s+family&biw=1366&bih=657&tbm=isch&source=lnms&sa=X&ved=0ahUKEwje9p-eobzLAhVF6xQKHVRWCTEQ_AUIBigB

https://www.youtube.com/watch?v=UGFHdlXDkXk

https://hunters.ge/gareuli-cxovelebi/163-mgeli.html

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98

https://sheni-blog.blogspot.com/2014/11/blog-post.html

აღნიშნული აქტივობების შედეგად, პროექტი მიმდინარეობდა საინტერესოდ და სახალისოდ. მოსწავლეებს განუვითარდათ ის უნარები და კომპეტენციები, რომლებიც 21-ე საუკუნის უნარებად მოიაზრება. კერძოდ, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაცია, თანამშრომლობა. ასევე, საღად მსჯელობა და აღქმა, პრობლემების გადასაჭრელად ინფორმაციის კლასიფიცირება, ანალიზი და დამუშავება, ინფორმაციის კრეატიული და კომპონენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტი და შემოქმედებითი გამოყენება, დროისა და სამუშაო დატვირთვის ეფექტური განკარგვა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
  2. ინტელის კურსი – პროექტებით სწავლება

www.tpdc.ge/essentials/

ნინო დათუკიშვილი

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი

 

ბავშვი და ქალაქი 

0

ქალაქში ცხოვრება ცუდად აისახება ბავშვთა ფსიქიკაზე – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ დიუკის უნივერსიტეტისა (აშშ) და ლონდონის სამეფო კოლეჯის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევრები. მიზეზი მეზობლებს შორის არსებული სუსტი სოციალური კავშირი და დანაშაულის მაღალი დონე აღმოჩნდა.

მკვლევართა ახალი სტატია რამდენიმე დღის წინ ჟურნალ Schizophrenia Bulletin-ში გამოქვეყნდა. მკვლევრები დაკვირვებას აწარმოებდნენ დაბადებიდან – 12 წლის ასაკის სოფლად და ქალაქად მცხოვრებ ორი ათას ტყუპ ბავშვზე.

12 წლის ასაკში ბავშვთა ფსიქოტიური სიმპტომების დასადგენად ჩატარდა ტესტირება პარანოიდულ აზრებზე, ხმოვან და ვიზუალურ ჰალუცინაციებზე, მზარდ შფოთვასა და ეჭვებზე. მკვლევრებმა დეტალურად შეისწავლეს ის გარემო, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ. გამოკითხვა ჩაუტარდა მეზობლებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს, Google Street View-სა და ადმინისტრაციული მონაცემების მეშვეობით შეიქმნა რაიონების სივრცული პროფილები, გაანალიზდა ფსიქიატრიულ მოშლილობათა ოჯახური ისტორიები.

„გვინდოდა გაგვეგო, როგორ აისახება ბავშვებზე გარემო, სადაც იზრდებიან, – ამბობს დიუკის უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი კენდის ოჯერსი. – ამისათვის ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კვლევის ყველა არსებული მეთოდი გამოვიყენეთ“.

12 წლის ასაკისთვის ქალაქელ ბავშვებს ორჯერ მეტი ფსიქოტიური სიმპტომი აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ სოფლელ თანატოლებს. ქალაქში მცხოვრებ 7,4%  ბავშვს ერთი ფსიქოტიური სიმპტომი მაინც აღენიშნა, რაც სოფლად მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ 4,4%-ს ჰქონდა. „სიმპტომების არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ ფსიქიკური დაავადება აუცილებლად განვითარდება, – აზუსტებს ოჯერსის კოლეგა ჰელენ ფიშერი. – ბევრს არ გაურთულდება, მაგრამ სამომავლოდ რისკი მაინც იარსებებს“.

ანალიზმა აჩვენა, რომ ფსიქოტიური სიმპტომები უფრო ხშირად გხვდება არაკეთილმოწყობილ, დანაშაულის მაღალი დონის მქონე ქალაქურ რაიონებში მცხოვრებ ბავშვებთან, სადაც მეზობლები არა მხოლოდ არ ეხმარებიან, არამედ არც კი იცნობენ ერთმანეთს. ასეთ გარემოში ბავშვებს არავისი თანადგომის იმედი არ აქვთ. მცირე ასაკიდანვე ისინი არაკეთილმოსურნე, ვანდალიზმითა და გულგრილობით გაჟღენთილ სივრცეში ვითარდებიან. აქ ხშირად ჩხუბობენ მეზობლები. საქმე უარესდება მაშინ, როდესაც ბავშვის რომელიმე მშობელი მეზობლებს შორის ჩხუბისა და გარჩევების მსხვერპლი ხდება.

ოჯერსის თქმით, მეზობლებს შორის სუსტი სოციალური კავშირების ნეგატიური ზემოქმედება ბავშვთა ფსიქიკაზე არ განიხილება ფაქტორად, რომელიც რამენაირად  ოჯახების შემოსავლების დონეზეა დამოკიდებული. „ჩვენ მიერ გამოკვლეული ბევრი ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა, მაგრამ მეგობრული იყო“, – ხაზგასმით ამბობს ის. ოჯერსი და მისი კოლეგები გეგმავენ ახალ კვლევას, რათა უფრო სიღრმისეულად შეისწავლონ, რომელი სოციალური და ბიოლოგიური მექანიზმების დახმარებით ახერხებენ ბავშვები „ქალაქურ სტრესებთან“ გამკლავებას.

ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც მკვლევრები ამტკიცებენ, რომ დიდ ქალაქებში ცხოვრება ბავშვებისთვის მხოლოდ უპირატესობების წყება არაა. შემოქმედებითი წრეების, სპორტული სექციებისა და მოსწავლეთა სასახლეების გარდა, სადაც ქალაქელ ბავშვებს განვითარების მრავალგვარი შესაძლებლობა ეძლევათ, მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მეტი პრობლემაც აქვთ. რაც უფრო დიდია ქალაქი, პრობლემებიც მეტია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტით ხშირი გადაადგილება, ტელევიზორი და კომპიუტერი, როგორც გართობის საშუალება და აი, ჰიპოდინამიის პრობლემა უკვე არა მხოლოდ უფროსი თაობის ხვედრია. რასაკვირველია, სპორტული სექციები სიტუაციას აკეთილშობილებენ, მაგრამ რამდენიმესაათიანი ვარჯიშით კვირაში-2-3-ჯერ აქტივობის დეფიციტის კომპენსირება ვერ ხდება. ცხოვრების უძრავი წესი მოზარდობის პერიოდში იწვევს ჩონჩხის დეფორმირებას, აუარესებს ბავშვის მხედველობასა და გულის მუშაობას. ფიზიკურ აქტივობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის ყოველდღიურია, თუნდაც მცირე დოზით. სკოლამდელი ასაკის ბავშვები ამას აქტიური სირბილით და სეირნობით ინაზღაურებენ, მაგრამ სკოლის ასაკის მოსწავლეები შედარებით პასიურნი არიან. ყოველდღიური ვარჯიში და 40-60-წუთიანი სეირნობა მათთვის ნორმა უნდა იყოს.

ბავშვის ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება ქალაქის ხმაური. ხმაურის უწყვეტი ნაკადი იწვევს დაღლილობას და აღგზნებადობას. ხმაურის ის ნაწილი, რომელიც   მხოლოდ, ე.წ. ინფრაბგერების სახით არსებობს, კიდევ უფრო სახიფათოა. დაბალსიხშირიანი რხევები ბავშვებს „ზღვის დაავადების“ მსგავს შეგრძნებებს უჩენენ.

ჟანგბადის უკმარისობა – კიდევ ერთი არაპოზიტიური თემა. ადრე ჰაერის დაბინძურების მთავარ მიზეზად საწარმოო კომპლექსების არსებობა მიაჩნდათ, დღეს კი ეს სატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეულ გარემოს დაბინძურებასთანაა კავშირში. საწვავის ხარისხთან მიმართებაში საქართველოში სულ უფრო და უფრო მკაცრდება არსებული რეგულაციები და 2017 წლიდან ის ევროსტანდარტებს  უნდა გაუთანაბრდეს, მაგრამ ჯერჯერობით პრობლემა პრობლემად რჩება. გამონაბოლქვი განსაკუთრებით მატულობს საცობების პერიოდში, მათი რიცხვი კი თბილისის სხვადასხვა მონაკვეთებზე სულ უფრო იზრდება.

კარცეროგენს შეიცავს ქალაქის მტვერი. ის აზიანებს სასუნთქ გზებს, იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სიმსივნეს. ეს ყველაფერი მძიმე გავლენას ახდენს ბავშვების იმუნურ სისტემაზე. პრობლემაა მწვანე ნარგავების შემცირებაც. სკვერებსა და პარკებში იდგმება შენობები, რის გამოც ქალაქის ქუჩები საკმარისად ვერ ნიავდება.

ქალაქელ ბავშვთა ჯანმრთელობის პრობლემებს განაპირობებს არასაკმარისი განათებაც. თანამედროვე პედიატრები ხშირად ჩვილებსაც კი უნიშნავენ ვიტამინ D-ს, რადგან დიდ ქალაქებში მისი ბუნებრივი გზით მიღება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ქალაქში ბევრია ისეთი ბინა და სახლი, სადაც პირდაპირი მზის სხივები ვერ აღწევენ. არადა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ პატარა ადამიანის გუნება-განწყობა, არამედ ათასგვარი ბაქტერიების გამრავლება და იმ ვიტამინის გამომუშავებაც, რომლის უკმარისობის გამო ბავშვებს ხერხემლისა და ძვლების დეფორმირება ემუქრებათ.

მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა, გადატვირთული ოფისები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი – ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსების გამრავლებას. სწორედ ამიტომ ქალაქებში ეპიდემია უფრო მალე ვრცელდება, ვიდრე მცირე დასახლებებში. ვირუსების გამრავლებას ხელს უწყობს ხოლმე მშობლების მჭიდრო სამუშაო გრაფიკიც, როდესაც ბავშვისათვის დაგვიანებით იცლიან. დაავადებული ბავშვები ბაღსა და სკოლაში დაჰყავთ, რაც ინფექციის გავრცელების სწრაფი წყარო ხდება.

კიდევ ერთი ქალაქური სენი – ელექტრომაგნიტური დასხივება, რომლის შესახებ პირველი კვლევები ცამეტიოდე წლის წინ დაიდო. პასიურ რეჟიმში არსებული მობილური ტელეფონიც კი ძილის დარღვევებს იწვევს. მართალია, ეს საკითხი ჰაერის დაბინძურებასთან შედარებით მინიმალურია, მაგრამ დღის წესრიგში დგას და ამ მიმართულებით ახალ კვლევებს საჭიროებს.

აგრეთვე, ბავშვები ქალაქური ცხოვრების სწრაფი რიტმის მსხვერპლნი არიან. თანამედროვე მშობლები ცდილობენ ბავშვის გრაფიკი მაქსიმალურად დატვირთონ. ბავშვი იძულებულია ყოველ დილით ადრე ადგეს, გაძლიერებულად ისწავლოს, იაროს უცხო ენებზე, სპორტულ და ცეკვის სექციებზე… – ეს ყველაფერი მისი ვალდებულება ხდება. მშობლები ცდილობენ შვილების განათლების დონე მაქსიმალურად უზრუნველყონ, მაგრამ ხშირად ეს არცთუ კარგად მთავრდება. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ბავშვი ყველაფერზე ღიზიანდება, გახდა აგრესიული, დიდხანს ვერ იძინებს, შფოთავს, დაეკარგა მადა და მეცადინეობას მოუკლო, ეს სტრესული დაღლილობითაა განპირობებული. დაადგინეთ, რა არის ამის მთავარი მიზეზი და დატვირთვის მეოთხედი მაინც შეუმცირეთ. თუ შედეგი არც ამან არ გამოიღო, მხოლოდ სკოლის გაკვეთილებით შემოიფარგლეთ, ნუ ატარებთ რამდენიმე წრეზე ერთდროულად. ბავშვის გრაფიკის ფორმირების პროცესში თავისუფალი დროის უკმარისობა აუცილებლად მიგიყვანთ არასასურველ შედეგებამდე. დასვენებისთვის და მეგობრებთან ურთიერთობისთვის ბავშვს დღეში 1,5-2 საათი და მეტიც უნდა ჰქონდეს.

ქალაქში ცხოვრების ერთ-ერთი ხიბლი სწრაფად ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებაა, რაც რეგიონში მცხოვრები ბავშვისთვის შეიძლება დიდი პრობლემა აღმოჩნდეს, მით უმეტეს საქართველოს მთიან სოფლებში, სადაც გამოძახებულ ექიმს დღესაც უწევს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა. ამიტომ პედიატრები გვირჩევენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შანსი და დროულად გამოვიკვლიოთ ბავშვის ფიზიკური და სულიერი საჭიროებები.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

0

ჟურნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს !

გრიგოლ რობაქიძე. წერილები სტეფან ცვაიგს

0

 

1928 წელს გერმანიაში, იენაში, დიდერიხსის გამომცემლობაში დაიბეჭდა გრიგოლ რობაქიძისგველის პერანგიშტეფან ცვაიგის წინასიტყვაობით. რომანის თარგმნისა და გამოცემის შესახებ დაწყებულმა მიმოწერამ საფუძველი ჩაუყარა ამ ორი მწერლის მეგობრობას.

გრიგოლ რობაქიძის შვეიცარიული არქივი დაკარგულად არის მიჩნეული, შესაბამისად, არ მოგვეპოვება შტეფან ცვაიგის ქართველი მწერლისადმი მიწერილი წერილები. საბედნიეროდ, გრიგოლ რობაქიძის ეპისტოლური მემკვიდრეობა (ავსტრიელი შემოქმედისადმი გაგზავნილი წერილები) დაცული აღმოჩნდა ამერიკაში, ნიუიორკში, ფრედონიის უნივერსიტეტის დანიელ რიდის ბიბლიოთეკაში, შტეფან ცვაიგის არქივში.

გრიგოლ რობაქიძის შტეფან ცვაიგისადმი მიწერილი წერილები ითარგმნა და გამოიცა პირველად. ამ კრებულით მკითხველს საშუალება ეძლევა, ქართულ ენაზე გაეცნოს მათ. ეს წერილები ბევრ, აქამდე უცნობ ინფორმაციას იტევს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მკითხველს ვთავაზობთ რამდენიმე წერილს წიგნიდან.

Robakidze-Zweig

25.3.1927.

ღრმად პატივცემულო ბატონო!

გიგზავნით ჩემი რომანის _ ,,გველის პერანგის~ გერმანული თარგმანის წინასიტყვაობას, რათა მისი საშუალებით დაახლოებით შეძლოთ წარმოდგენა ნაწარმოების ხასიათისა. ბუნებრივია, ის არ შეიცავს იმ ძარღვს, რომელიც ,,ამოკისა~ და ,,გრძნობათა შფოთვის~ ავტორის მახასიათებელია, მასთან სულ მცირე ,,წვრილმანიც~ კი უჩინარი ძაფით იხვევა ისე, რომ ეს წვრილმანი თანდათანობით სამუმად  იქცევა და ძაფი – ლასოდ, რომელიც გადმოტყორცნილია სამუმის მიერ,  არ შეიცავს იმ დინამიკას, რომელშიც ზუსტად არ იცი, სამუმი გლეჯს ლასოს თუ ლასო აცლის სამუმს თავს, ან ორივე, ერთმანეთს გადახლართული, მკვდარივით გაქვავდება…

მაგრამ მე მჯერა, ჩემს რომანში თქვენ შენიშნავთ სულიერ ლანდშაფტებს, რომლებიც ისე ჩანს, თითქოს არიან მსგავსნი და მშვიდნი, თუმცა შორიდან ,,უჩინარნი”, წარმოდგენას გვიქმნიან ადამიანის შინაგან მდგომარეობაზე…

ჩემი თხოვნაა, მაჩუქოთ ერთი დღე ან საღამო (სწორედაც რომ ,,მაჩუქოთ“), რათა ჩემი ნაწარმოები წაიკითხოთ – და ამასთან: შეფასებისას იყოთ განსაკუთრებით მკაცრი – (იმედი მაქვს ლიტერატურული ეროსის, რომელიც თქვენში ასე უხვადაა). შეწყნარება სჭირდება მხოლოდ ,,ადამიანს“, მაგრამ არა – ,,შემოქმედს“. პოეტური სიტყვა – ესაა მაგიური ტონი, რომელიც პირდაპირ ღმერთს მიემართება  (ეს ჩემთვის არაა მეტაფორა). ამიტომ საჭიროა, აიტანო ცეცხლის გამწმენდი ძალა… და თუ ჩემი რომანი თქვენი შეფასებისას ცეცხლის ამ ძალას გაუძლებს, მინდა გთხოვოთ რამდენიმე სიტყვის დაწერა, რომელიც ძალიან მჭირდება ევროპელი მკითხველისთვის… საქმე ეხება არა პოეტის ლიტერატურულ სახელს, არამედ ერთი პატარა აღმოსავლური ერის სულიერი მდგომარეობის გაცნობას ევროპელი ხალხებისათვის.

ლიტერატურული საქართველო ევროპაში სამოგზაუროდ როცა მაცილებდა, ერთი პოეტის შეკითხვაზე, უპირველეს ყოვლისა, ვის მივმართავდი, სხვა პოეტმა, ჩემმა შემოქმედებითმა ძმამ, ინტუიციური გულით ნათელმხილველივით, დაუყოვნებლივ წარმოთქვა: ბუნებრივია, სტეფან ცვაიგს! ეს იყო ჩემი პასუხიც.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დამეთანხმებით და ზალცბურგში ჩამოსვლის ნებას დამრთავთ, შევძლებ თქვენი პირადად გაცნობის ბედნიერებით დავტკბე.

15.9.1927

საყვარელო ბატონო ცვაიგ,

პირველ სექტემბერს შემზარავი ამბავი შევიტყვე: ჩემი მეგობარი, პოეტი მაყაშვილი  გარდაიცვალა. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო. ჩემს უკანასკნელ წერილში მის სიკვდილზე სიტყვა არ მითქვამს, ის წერილი უამისოდაც მძიმე იყო. გუშინ თქვენგან ორი წერილი მივიღე (ერთი – ბატონი როზენკრანცისთვის). ამ წერილებმა დიდი სიხარული მომანიჭა. როგორ შემიძლია თქვენდამი ჩემი გულითადი და პოეტური მადლიერება გამოვხატო?! ახლა დიდ ნაწარმოებს ვწერ: მას თქვენ გიძღვნით – პოეტს, ესსეისტს, ადამიანს. სხვაგვარად ჩემი მადლიერების გამოხატვა არ შემიძლია.

ბატონი როზენკრანცი დღეს ვნახე. მან ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ვიმედოვნებ, ის დიდ დახმარებას გამიწევს. თქვენი სიტყვა მისთვის ესთეტიკური კანონია.

ძალიან მახარებს, რომ ამჟამად მუშაობთ ვრცელ ესსეზე ტოლსტოის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ იგი ისეთივე გენიალური იქნება, როგორიც თქვენი ესსე დოსტოევსკიზე. ტოლსტოი და დოსტოევსკი განიხილეთ არა მხოლოდ ,,წმინდა ლიტერატურულად“ (თითქმის ყველა საუბრობს მარტოოდენ მათს ცხოვრებისეულ ფილოსოფიაზე), არამედ  უპირველესად თქვენ დაიწყეთ, თქვენ შეხედეთ ამ ავტორებს ლიტერატურულად (მაგ., რომანის არქიტექტონიკა დოსტოევსკისთან). მოუთმენლად ველი ამ ესსეს ხილვას.

ასევე, ძალიან მახარებს, რომ ზამთარში რუსეთში გამგზავრება გსურთ. იმედი მაქვს, მოახერხებთ ჩემი სამშობლოს მონახულებას. თუ ვერ შეძლებთ – ეს ძლიერ დამტანჯავს. მსურს კიდეც აქვე თქვენი მოგზაურობის გეგმის მონახაზი წარმოგიდგინოთ. მოსკოვიდან ვლადიკავკაზამდე რკინიგზით იმგზავრებთ (დაახლოებით 40 საათს). ვლადიკავკაზში მე დაგხვდებით. აქედან ცნობილი სამხედრო გზის გავლით თბილისამდე მანქანით ვიმგზავრებთ (8 საათს). თქვენ ნახავთ ბუნების ნამდვილ საოცრებას – საქართველოს მთებს, რომლებიც თავიანთი მცხოვრებლებით ,,რომანტიზმზე“ გაცილებით მეტს ამბობენ, ვიდრე – მთელი ფრანგული ლიტერატურა. შემდეგ – თბილისში თქვენი ყოფნის პროგრამა: 1 დღე – წარმოდგენა დრამატულ თეატრში (ჩემი დრამა). თქვენ სცენაზე ნახავთ არა მხოლოდ ,,ფსიქოლოგიას“, არამედ ,,ბიოლოგიას“ ქართველისა. 2 დღე – თეატრალური წარმოდგენა ოპერის თეატრში (ქართული ორიგინალური მუსიკა). 3 დღე – ქართველ მწერალთა კავშირის ღია სხდომა (მე ვარ კავშირის ვიცე-პრეზიდენტი; პრეზიდენტი კომუნისტი უნდა (?) იყოს). მე აქ მოხსენებას წავიკითხავ: ,,სტეფან ცვაიგი – პოეტი – ესსეისტი”. წავიკითხავ რამდენიმე ნაწყვეტს ,,იერემიადან” (ზაფხულში ეს მონაკვეთები ქართულად ვთარგმნე. აქვე შევნიშნავ: ,,ამოკი“ უკვე თარგმნილია). 4 დღე – ცნობილი ქართული ლხინი. იქ იქნებიან ჯიშიანი კაცები და მომაჯადოებელი ქალები. თქვენ ნახავთ ჩვენს ცეკვას, მოისმენთ სიმღერებსა და ლექსებს – ერთი სიტყვით: გპირდებით, ღმერთი დიონისო გაცოცხლდება. შემდეგ: ჩვენი კათედრალები, ჩვენი ფრესკული მხატვრობა, ჩვენი მუზეუმები, ჩვენი უნივერსიტეტი, ჩვენი არქიტექტურა და უპირველეს ყოვლისა – ჩემი ძმები და მეგობრები – პოეტები… ეს გახლავთ ჩემი პროგრამა თქვენთვის. მე ვფიქრობ, ,,მიზნის ჰეტერონომია“ გამრავალფეროვნდება. ჩემი მისამართი:

თბილისი. საქართველო. ს. ს. რ. კ.

გურამიშვილის ქ. 10

27.9.1927.

საყვარელო ბატონო ცვაიგ!

ოიგენ დიდერიხსის გამომცემლობასთან ხელშეკრულება გავაფორმე. ეს მოხდა უეცრად, მოულოდნელად და სწრაფად. ბატონმა ფონ ვეზენდონკმა, ყოფილმა კონსულმა საქართველოში, დიდერიხსის გამომცემლობასთან მოლაპარაკება გამართა. არ მეგონა, ეს გამომცემლობა ჩემს რომანს თუ მიიღებდა და მოლაპარაკება უყურადღებოდ დავტოვე. გამომცემლობის წერილმა გამაოცა. ბატონი როზენკრანცი გაემგზავრა (საქორწინო მოგზაურობაში). ამასთან – მან მითხრა: მას შემდეგ, რაც  ბატონმა სტეფან ცვაიგმა თქვენს რომანზე აზრი გამოთქვა, ბუნებრივია, არ შემიძლია იგი მხატვრულად შევაფასო – მაგრამ ტექნიკურ-საგამომცემლო დონეზე იგი უნდა შემოწმდეს (ორმა რედაქტორმა უნდა წაიკითხოს)… ამგვარად: გაურკვევლობის წინაშე ვიდექი….. მიუხედავად ამისა, არ მინდოდა თქვენი თანხმობის გარეშე ხელშეკრულებაზე ხელი მომეწერა. კურიერის მეშვეობით მოგწერეთ. იენაში ველოდი თქვენს პასუხს. მაგრამ არაფერი არ მოსულა. სავარაუდოდ, თქვენ გაემგზავრეთ, თორემ ორიოდე სიტყვას მომწერდით… რომანი გამომცემლობამ დიდი აღფრთოვანებით მიიღო. მე გიგონებთ თქვენ და თქვენს რჩევებს, რომლებმაც ჩემი რომანი გადაარჩინა. თავად ნახავთ, ტექსტი როგორი ძლიერი და მიმზიდველი გახდა. რომანი 1928 წლის გაზაფხულზე გამოვა. ჩემი სანუკვარი სურვილია, რომ წიგნი მანამ წაიკითხოთ, ვიდრე გამოიცემა. გაზაფხულამდე, ვფიქრობ, გამოძებნით თავისუფალ დროს მანუსკრიპტის კიდევ ერთხელ თვალის გადასავლებად. გულწრფელად ვაღიარებ, ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იქნება, თუ რომანი თქვენი წინასიტყვაობით დაიბეჭდება და ისე მოევლინება სამყაროს… თბილისიდან ცნობა მივიღე  (ტელეგრაფით), რომ ლიტერატურული საქართველო თბილისში უსაზღვრო აღფრთოვანებითა და სიხარულით გელოდებათ.

12.10.1927.

საყვარელო ბატონო ცვაიგ,

მე მალე უნდა გავემგზავრო. ამ დღეებში თბილისიდან მივიღე ცნობა. 15-ში, შაბათს, საქართველოში ვბრუნდები. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ თებერვალში თბილისში გიხილავთ.

სტილისტური დახვეწა ჩემი რომანის თარგმანისა გამომცემლობამ საკუთარ თავზე აიღო. ჩემი სანუკვარი სურვილია, რომ მანუსკრიპტს გამოქვეყნებამდე კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი. ჩემთვის ძალიან საინტერესოა – (ვფიქრობ, თქვენთვისაც) – იმის ცოდნა, რამდენად გავითვალისწინე თქვენი რჩევები ნაწარმოების გადამუშავებისას.  სწორედ ამ იდეით მივწერე ბატონ კორნელიუს ბერგმანს.

აქ, ბერლინში, არც ერთ მწერალს არ დავკავშირებივარ. ალბათ – განზრახ. რადგან აქ ბატონობს მხოლოდ ცივი ეგოიზმი, თვით დახმარებაც შეიძლება ეგოისტური იყოს – (წარმოიდგინეთ, ერთი ადამიანი მეზობელ პალატაში მყოფ ავადმყოფს ეხმარება იმით, რომ სხვას ავალებს საავადმყოფოში მის მოვლას, რადგან ავადმყოფის ტკივილები მისთვის აუტანელია)… თქვენ კი მე შემოქმედებითად დამეხმარეთ: ესაა სწორედ ნამდვილი ადამიანური სიყვარული – ,,ადამიანური“ არა ბანალური „ჰუმანიზმის“ გაგებით. სამყაროს გულში რაღაც კოსმიური, საშიში, ცივი, ჯოჯოხეთური ხდება – და ამ დროში სამყაროსთვის ეს შემოქმედებითი სიყვარული ძალზე საჭიროა.

სოფლად დედას ბევრს ვუამბობ თქვენზე. მას არ ესმის „ლიტერატურა“, მაგრამ იცის ზღაპრები, მასში ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა მიწის სული. დედას  შეუძლია, მე მჯერა ამის, თქვენდამი გულითადი მადლიერების გამოსახატავად სიტყვების მოძებნა…

იცოცხლეთ კარგად! ,,izozchleth1  კარგად” (იცოცხლეთ კარგად!)! მომავალ შეხვედრამდე!

1 ,,Sizozchleth= სიცოცხლესა და ,,Zezchli”=ცეცხლს ქართულ ენაში ერთი და იგივე ძირი აქვს. ეს რომ ჰერაკლიტე ეფესოელს სცოდნოდა!

თქვენი ერთგული

გრიგოლ რობაქიძე

გერმანულიდან თარგმნა

ნათია ფურცელაძემ

ნიჭიერი მოსწავლეები, მათი აღმოჩენა და სწავლება

0

ნიჭიერების განსაზღვრის ბევრი მეთოდი არსებობს, რადგან ადამიანებს ბევრი სხვადასხვა ნიჭი აქვთ. ყველაზე გავრცელებული განმარტებით „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები და მოზარდები ავლენენ შესრულების გაცილებით უფრო მაღალ პოტენციალს,  ვიდრე იმავე ასაკის, იმავე გამოცდილებისა და გარემოს სხვა ბავშვები და მოზარდები. ასეთი ბავშვები და მოზარდები ავლენენ ინტელექტუალურ, შემოქმედებით, არტისტულ, ლიდერის არაჩვეულებრივ უნარს ან სწავლების სფეროში განსხვავებულ ნიჭს.  განსაკუთრებული ნიჭი გვხვდება ბავშვებსა და მოზარდებში ნებისმიერ კულტურულ ჯგუფში ნებისმიერ ეკონომიკურ ფენაში, ადამიანის ნებისმიერი მისწრაფებების სფეროში“.

ჭეშმარიტი ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები უბრალოდ მხოლოდ იმით არ გამოირჩევიან, რომ ყველაფერს ძალდატანების გარეშე, უცებ შეისწავლიან. ნიჭიერი მოსწავლეების მიერ შესრულებული სამუშაო ორიგინალობით გამოირჩევა, ასაკს წინ უსწრებს და დიდი პოტენციალის მაუწყებელიცაა. მათ სულ მცირე დახმარება სჭირდებათ,  რათა 3-4  წლის ასაკში უკვე კარგად კითხულობდნენ. ისინი შეიძლება გამოცდილი მოზრდილის მსგავსად უკრავდნენ რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, მაღაზიაში საყიდლებზე წასვლა გადააქციონ მათემატიკურ თავსატეხად. თანაკლასელებისგან განსხვავებით, აღფრთოვანებულები არიან ალგებრული ამოცანებით. ნიჭიერებაზე ბოლოდროინდელი შეხედულებები გაფართოვდა და ახლა ის მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვების კულტურას,  ენას და განსაკუთრებულობას.

რა ვიცით ასეთი მოსწავლეების შესახებ?  აკადემიური და ინტელექტუალური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებისთვის დამახასიათებელი ნიშნების კლასიკური შესწავლა, ათეული წლების წინათ, ლუის ტერმანმა და მისმა კოლეგებმა დაიწყეს. უზარმაზარი პროექტი 1528 ნიჭიერი მამაკაცისა და ქალის ცხოვრებას აკვირდებოდა და 2010 წლამდე გაგრძელდა. ცდისპირების IQ-ს მაჩვენებელი მოსახლეობის საუკეთესო 1%-შია (სტენფორდ-ბინეს ინტელექტის ტესტის მიხედვით  140  ან მეტი ქულა).  ისინი შეარჩიეს ამ ტესტის შედეგების საფუძველზე და მასწავლებელთა რეკომენდაციით.

ტერმანისა და მისი კოლეგების დაკვირვებით,  ჩვეულებრივთან შედარებით, ნიჭიერი ბავშვები უფრო დიდები,  ძლიერები და ჯანმრთელები აღმოჩნდნენ. ისინი,  ხშირად,  უფრო ადრე იწყებენ სიარულს და უფრო ღონიერებიც არიან. თანატოლებთან შედარებით ემოციურად უფრო მდგრად და გაწონასწორებულ ადამიანებად იზრდებიან,  ვიდრე საშუალო შესაძლებლობის ინდივიდები. მათ დანაშაულის, ემოციური სირთულეების,  განქორწინების,  ნარკოტიკული პრობლემებისადმი მიდრეკილების უფრო დაბალი მაჩვენებელი აღმოაჩნდათ. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტერმანის ნაშრომში ნომინაციების შემდგენელმა მასწავლებლებმა შესაძლოა, ის მოსწავლეები შეარჩიეს,  რომლებიც გაწონასწორებულობას საწყის ეტაპზე ამჟღავნებდნენ.  გახსოვდეთ, რომ ტერმანის ჩატარებული კვლევა აკადემიური ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეებს ეხება. ნიჭის კი ბევრი სხვა გამოხატულებაც არსებობს.

ზემოაღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ნიჭიერ ბავშვებს პრობლემები არ ხვდებათ. ტერმანის ჩატარებული გამოკვლევების შედეგების მიუხედავად, არასწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველა ნიჭიერი მოსწავლე გაწონასწორებული და ემოციურად ჯანსაღია.  ფაქტობრივად,  ნიჭიერი მოსწავლეები დეპრესიულნი არიან ხოლმე და ხშირად ჰყვებიან თავიანთი სოციალური და ემოციური პრობლემების შესახებ. ნიჭიერ ბავშვს ბევრი წინააღმდეგობა აქვს გადასალახი. მოწყენის, მობეზრების,  ასევე თანატოლთა მხრიდან იზოლაციისა და ფრუსტრაციის ჩათვლით.  თანაკლასელები შეიძლება თავს იკლავდნენ ფეხბურთის თამაშით და ბრაზდებოდნენ,  როცა მათემატიკას თავს ვერ ართმევენ. ნიჭიერი ბავშვი კი აღფრთოვანებულია მოცარტით, ყურადღებას აქცევს საზოგადოებრივ საკითხებს ან მთელ დროს უთმობს კომპიუტერს,  თეატრსა თუ გეოლოგიას.  ნიჭიერი ბავშვები შეიძლება გაღიზიანდნენ მეგობრების,  მშობლებისა და იმ მასწავლებლების მიმართაც,  ვინც არ იზიარებს მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს.  რადგან ენა კარგად უჭრით,  შეიძლება მოგვეჩვენოს,  რომ ტრაბახობენ.  ისინი დიდ მგრძნობელობას იჩენენ სხვების მოლოდინისა და გრძნობების მიმართ, ამიტომაც,  ასეთი მოსწავლეები შეიძლება ავადმყოფურად განიცდიდნენ კრიტიკასა და დაცინვას. მიზანდასახულობისა და მობილიზებულობის გამო ისინი შეიძლება ჯიუტებად და თანამშრომლობის დეფიციტის მქონეებად მოგვეჩვენონ,  იუმორის კარგი გრძნობა კი იარაღად გამოიყენონ მასწავლებლებისა და თანაკლასელების მიმართ. გარემოსთან მორგება უმაღლესი აკადემიური შესაძლებლობების მქონე განსაკუთრებულად ნიჭიერი ბავშვებისათვის ლამის უმთავრესი პრობლემაა

ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენა ყოველთვის ადვილი არაა.  მათი სწავლება კი შეიძლება უფრო მეტად წინააღმდეგობრივი იყოს. ბევრი მშობელი საკუთარი ბავშვებს განათლებას ადრეულ ასაკშივე აძლევს. ადრეულ წლებში კითხვის უნარით განსაკუთრებულად დაჯილდოებული ბავშვებიც კი ვერ მოგვცემენ იმის გარანტიას, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ასევე კარგად გაართმევენ თავს ამოცანას.

ძალიან ხშირად მოსწავლეები თავიანთი უნარის დამალვისკენ არიან მიდრეკილნი. დაბალ და მაღალ კლასებში ზოგი მოსწავლე სპეციალურად იღებს უფრო დაბალ ქულებს,  რაც ხელს უშლის მათი ნიჭის გამოაშკარავებას. მერილინ ფრენდი ტალანტის აღმოსაჩენად რამდენიმე კითხვას გვთავაზობს: ვის შეუძლია ისეთი აბსტრაქტული სიმბოლოების სისტემის ადვილად მართვა, როგორიც მათემატიკაა? ვის შეუძლია ხანგრძლივად კონცენტრირება პიროვნულ ინტერესებზე?  ვის ამახსოვრდება ახლად ახსნილი მასალა ადვილად? ვინ ითვისებს მეტყველებას და კითხვას ადრე? ვინ არის ცნობისმოყვარე და ინტერესდება ბევრი რამით? ვისი ნამუშევარია ორიგინალური და შემოქმედებითი?  ასეთი მოსწავლეები შეიძლება ცალკე მუშაობას ამჯობინებდნენ, სამართლიანობისა და წესიერების გრძნობის სიმძაფრით გამოირჩეოდნენ,  იყვნენ ენერგიულნი,  დაჟინებულნი და მეგობრებისადმი (ხშირად მათზე უფროსი მოსწავლეების)  პასუხისმგებლობით აღსავსენი და იბრძოდნენ სრულყოფილებისთვის (პერფექციონიზმი).

ჯგუფზე გათვლილი წარმატებებისა და ინტელექტის ტესტი განსაკუთრებით ნათელი გონების მქონე ბავშვების IQ-ს სათანადოდ ვერ აფასებს. ჯგუფური ტესტები შეიძლება შესამოწმებლად მოსახერხებელი იყოს, მაგრამ ამ სისტემაზე დაყრდნობით რაიმე ძირეული დასკვნების გამოტანა ვერ ხერხდება. ნიჭიერი ბავშვების აღმოსაჩენად ბევრი ფსიქოლოგი კონკრეტული შემთხვევის კვლევის მეთოდს გვთავაზობს. ეს ნიშნავს მრავალგვარი ინფორმაციის შეგროვებას სხვადასხვა კონტექსტში: ტესტის მაჩვენებლებს, ხარისხს, შესრულებული სამუშაოს მაგალითებს,  პროექტებსა და პორტფოლიოებს, თვითშეფასებებს, ბავშვის წარდგენის ნებართვას მასწავლებლებისა და თანატოლებისაგან და ა.შ. შეიძლება განსაკუთრებული არტისტული ტალანტის აღმოსაჩენად, ბავშვის შემოქმედებითი შესაძლებლობების განსჯისთვის, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექსპერტების მოწვევა გახდეს საჭირო. მეცნიერული პროექტები, გამოფენები, წარმოდგენები, საუბრები და მოსმენები – ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს. შემოქმედებითმა ტესტებმა შეიძლება წარმოაჩინოს ბევრი ისეთი ბავშვი,  რომლებსაც სხვა საგნებში განსაკუთრებული მიღწევები არ აქვთ. გახსოვდეთ, თუკი მოსწავლე ერთ რომელიმე სფეროში საოცარ შესაძლებლობებს ავლენს, შეიძლება სხვა მიმართულებებით ნაკლები ნიჭით გამოირჩეოდეს.

ზოგ პედაგოგს მიაჩნია,  რომ ნიჭიერი მოსწავლეები ყველაფერს სწრაფად უნდა ითვისებდნენ – სწრაფად გადადიოდნენ მაღალ კლასებში. პედაგოგთა ნაწილი კი ცოდნის გამდიდრების მომხრეა – მოსწავლეებს უნდა მივაწოდოთ დამატებითი,  გართულებული და დამაფიქრებელი სამუშაო, ოღონდ ასაკის შესაბამისად. სინამდვილეში, ორივე მეთოდი მისაღებია. ამის განხორციელების ერთი გზა კურიკულუმ შესაბამისობაა – მოსწავლეთა ცოდნის შეფასება სწავლის საზომით და შემდეგ სწავლება მხოლოდ იმ მიზნების განსახორციელებლად,  რომლებიც ჯერ არ არის მიღწეული. თავისუფალი დრო შეიძლება დაეთმოს იმ მიზნების ჩამოყალიბებას,  რომლებიც შეეხება გამდიდრებას,  დახვეწას,  სიახლეს.

            ბევრი ადამიანი აქსელერაციის წინააღმდეგია, მაგრამ ფრთხილ გამოკვლევათა უმრავლესობა მიუთითებს, რომ ნამდვილად ნიჭიერი ბავშვები,  დაწყებით, საშუალო,  მაღალ კლასებში,  ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაშიც კი, თავიდანვე კარგად ან უკეთ ეუფლებიან საგნებს,  რომელთაც ჩვეულებრივი შესაძლებლობების ბავშვები ნორმალური განვითარების ტემპით შეისწავლიან. სოციალური და ემოციური მორგება არ იწვევს მიღწევების გაუარესებას. ნიჭიერი ბავშვები უფროსებთან ურთიერთობას ამჯობინებენ და შეიძლება მოსაწყენად ეჩვენოთ თანატოლთა წრეში  ყოფნა. კონკრეტული მოსწავლისთვის კლასებში „გადახტომა“ შეიძლება არც იყოს სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ არც იმდენად ცუდი,  როგორც ბევრს ჰგონია. კლასებში „გადახტომის“ ალტერნატივა ერთ ან ორ გამორჩეულ საგანში მოსწავლეთა დაჩქარებული ტემპით სწავლებაა – იმდენად დაჩქარებული ტემპით, რომ რომელიმე უნივერსიტეტის შესაბამის კურსებზეც კი შესაძლებელია მოსწავლის ჩარიცხვა,  მაგრამ სასურველია, რომ ასეთმა მოსწავლემ სკოლა თანატოლებთან ერთად დაამთავროს. განსაკუთრებული ინტელექტით დაჯილდოებული მოსწავლეებისთვის (მაგ., ინტელექტის ტესტის მიხედვით ვისი მაჩვენებელიც 160  ან უფრო მეტია)  მხოლოდ პრაქტიკული გადაწყვეტილება თუ დააჩქარებს მათ განათლებას.

ნიჭიერთა სწავლების მეთოდებმა შეიძლება ხელი შეუწყოს აბსტრაქტულ აზროვნებას  (პროცესის სწორად მართვის მოფიქრება),  შემოქმედებითობას, ძნელი და ორიგინალური ტექსტების წაკითხვის,  დამოუკიდებლობის უნარის განვითარებას და არამხოლოდ მეტი ფაქტების სწავლას.  ერთი ასეთი მეთოდი  (რომლის პერსპექტიულობასაც ვერ ვხედავთ)  ნიჭიერ მოსწავლეთა სხვადასხვა შესაძლებლობის ჯგუფებში ერთობლივი მუშაობაა. ნიჭიერი მოსწავლეები, თუ ისინი სხვა დიდი შესაძლებლობის მოსწავლეებთან ერთად მუშაობენ,  სწავლას უფრო გულმოდგინედ ეკიდებიან. ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობისას მასწავლებელი უნდა იყოს წარმოსახვის უნარის მქონე, მოქნილი, ტოლერანტული და,  რაც მთავარია,  მოსწავლეთა განსაკუთრებული ტალანტი მასზე დამთრგუნველად არ უნდა მოქმედებდეს. მასწავლებელი საკუთარ თავს უნდა ეკითხებოდეს:  ყველაზე მეტად რა უნდათ ამ ბავშვებს?  რის სასწავლად არიან მზად?  ვინ დამეხმარება მათ გამოწვევაში?  ნებისმიერი მოსწავლისათვის გამოწვევა და ხელშეწყობა უმთავრესია. მაგრამ ასეთი ნიჭიერი მოსწავლეები, რომელთაც სკოლაში ყველაზე მეტი იციან ისტორიის,  მუსიკის,  მეცნიერებისა თუ მათემატიკის შესახებ,  უკვე ხომ გამოწვევაა!  პასუხებს ახლომდებარე სკოლების ან უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთაგან,  პენსიონერ პროფესიონალთაგან,  წიგნებიდან,  მუზეუმებიდან ან უფროს მოსწავლეთაგან უნდა ველოდოთ.  სტრატეგიები ისეთივე ცალკეული შემთხვევების მიხედვით უნდა იყოს შემუშავებული, როგორიც ბავშვისთვის შემდეგი კლასის მათემატიკის სახელმძღვანელოს შეთავაზებაა; ლექციები ადგილობრივ ხელოვან ადამიანებთან,  მუსიკოსებთან ან მოცეკვავეებთან ერთად; დამოუკიდებელი კვლევითი პროექტები; უმცროს მოსწავლეთათვის საშუალო სკოლის შერჩეული კლასები; ფრიადოსან მოსწავლეთა კლასები;  განსაკუთრებული ინტერესების კლუბები.

პრობლემებთან გამკლავებისას არ დაგავიწყდეთ მხარდაჭერაც. ჩვენ, ყველას, არაერთხელ გვინახავს მშობელთა,  მწვრთნელთა ან მასწავლებელთა მუქარით აღსავსე მზერა,  რომელთაც სურთ ნიჭიერი ბავშვის გართობიდან „მოგლეჯა“. უფროსები ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ მისგან გამუდმებულ მუშაობას, გაუმჯობესებასა და სრულყოფას ითხოვენ. ზუსტად ისევე, როგორც არ უნდა წავახალისოთ ბავშვთა ძალისხმევის შეფერხება თავიანთი ტალანტის განვითარებაში, ასევე უნდა ვერიდოთ ბავშვის შინაგანი მოტივაციის ნგრევას მძიმე ზეწოლით ან ზედმეტი ქებითა და დაჯილდოებით.

პოლიტიკაში არ მიდიხარ?

0

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში უამრავი ადამიანი მისვამს შეკითხვას: „პოლიტიკაში არ მიდიხარ?“ მოქალაქეთა ნაწილს წარმოუდგენლად მიაჩნია სამოქალაქო აქტივიზმი პირდაპირი პარტიული მიზნების გარეშე. ყველა ფიქრობს, რომ გარკვეული ამოცანების გადაწყვეტისთვის ბრძოლა მხოლოდ საშუალებაა თანამდებობის დასაკავებლად, ჩინის მისაღებად. დამახინჯებულია პოლიტიკის ცნების აღქმაც, ის მხოლოდ ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილებასთან, კაბინეტში სავარძელზე მოკალათებასთან, ბინძურ ინტრიგებთან და არაეთიკურ ქცევასთან ასოცირდება. სინამდვილეში კი ყველაფერი ასე მარტივი არ არის. საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. პოლიტიკა ფეშენებელური აპარტამენტების მიღმაც კეთდება.

თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ პოლიტიკას ვერსად გავექცევით. პოლიტიკა ბედისწერასავითაა, ის ყველაზე მიყრუებულ ადგილასაც კი მოგვაგნებს. თითოეული მოქალაქე პოლიტიკის ნაწილია. პურს ხომ ყოველდღე ყიდულობთ? საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხომ გადაადგილდებით? სკოლაში ან უნივერსიტეტში ხომ დადიხართ? გადასახადებს ხომ იხდით? საზოგადოებაში დადგენილ კანონთა ნაწილს მაინც ხომ ემორჩილებით? ყველა ჩამოთვლილი ქცევის შინაარსს პოლიტიკა განსაზღვრავს. პოლიტიკურმა პროცესებმა ხორბლის შემოტანაზე რეგულაციები დააწესეს. პოლიტიკური თანამდებობის პირებმა დაადგინეს ავტობუსის მარშრუტთა რაოდენობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი. პოლიტიკური დისკუსიების შედეგად, პარლამენტის გავლით შეიქმნა ეროვნული სასწავლო გეგმაც და საუნივერსიტეტო წესდებებიც. პარტიათა მეტოქეობის ხარჯზე დადგინდა ჩვენი საგადასახადო კოდექსის ნორმები, კანონებიც პოლიტიკის პროდუქტს წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, პოლიტიკით დაუინტერესებლობა საკუთარი თავით, საკუთარი ყოფით, საკუთარი მომავლით დაუინტერესებლობას ნიშნავს. პოლიტიკა გადაწყვეტილებების მიღებისა და ძალაუფლებრივი ურთიერთმიმართების პროცესია. თუ არ ჩავერევით, თუ ძალაუფლების გაყოფისათვის არ ვიბრძოლებთ, ჩვენ ნაცვლად ნებისმიერ გადაწყვეტილებას სხვები მიიღებენ.

აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვავოთ პოლიტიკის ურთიერთგანსხვავებული ფორმები. საქართველოს მაგალითზე შეგვიძლია ვისაუბროთ თანამედროვე ქართულ და ალტერნატიულ პოლიტიკაზე. როგორია თანამედროვე ქართული პოლიტიკა? მას ძირითადად ავანტიურისტები ან ქვეშევრდომები აკომპლექტებენ, რომლებიც თავიანთ პროფესიებში, თავიანთ პირველად საქმიანობაში წარუმატებლები არიან. ავანტიურისტებისათვის ძალაუფლება უზენაესი მიზანია და არა მორიგი საშუალება საერთო სიკეთის მისაღწევად. თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში გამარჯვებული გამოდის ის, ვინც ყველაზე დაუნდობელია, ყველაფერს იკადრებს, სხვის უბედურებაზე შეეცდება საკუთარი ბედნიერების აშენებას. გამარჯვებულებს მწყობრი იდეები და ღირებულებები არ აქვთ. ისინი გარემოებების მიხედვით იცვლიან თავიანთ დამოკიდებულებებს და გავლენის შესანარჩუნებლად მზად არიან ერესად გამოაცხადონ ის, რასაც ერთი საათის წინ ღვთიურ ჭეშმარიტებად მიიჩნევდნენ. აქვე შეხვდებით ისეთ ხალხსაც, რომლებიც მომქანცველი და საინტერესო ცხოვრების დასრულების შემდეგ ახალ გასართობსა და თავგადასავლებს ეძებენ. მათი გამხიარულებისა და თავისუფალი დროის შევსებისთვის ქვეშევდრომები საუკეთესო წინაპირობებს ქმნიან. თანამედროვე ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ მისთვის რიგითი მოქალაქეების, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისა და მათი პრობლემების ადგილი აღარსად რჩება. სწორედ ამიტომ მიმდინარე საზოგადოებრივი დისკუსიების დროს ვერასდროს გაიგონებთ მსჯელობას სოციალური სამართლიანობის, გარემოს დაცვის, ძალაუფლების მქონე პირთა შეზღუდვისა და დაჩაგრული ადამიანების გაძლიერების შესახებ. თანამედროვე პოლიტიკოსებისთვის დასახელებული თემები მეასეხარისხოვანია, უფრო მნიშვნელოვანი საკითხია რამდენი ექნება დაფინანსება რომელიღაც პარტიას, ვინ უფრო ხმამაღლა შეაგინებს კოლეგას, რა ჩაიწერება მეათესეხარისხოვანი ტექნიკური კანონის მემილიონე მუხლში, ვინ უფრო შემაძრწუნებლად შეგვახსენებს ოკუპაციის უბედურებას და ა.შ.

პოლიტიკა მხოლოდ არაორგანიზებული და ავტორიტარული ქართული პარტიების საქმიანობის დონეზე არ უნდა დავიყვანოთ. საქართველოში 2010-იანი წლებიდან გაძლიერებას იწყებს ალტერნატიული პოლიტიკური პროცესიც. მისი უყურადღებოდ დატოვება დაუშვებელი უსამართლობა იქნებოდა. ალტერნატიულ პოლიტიკას რიგითი მოქალაქეები და აქტივისტები ქმნიან. თქვენ შეიძლება გსმენიათ, განათლების ხარისხის, მეცნიერების დაფინანსების გაზრდისა და საუნივერსიტეტო დემოკრატიისთვის მებრძოლი სტუდენტების შესახებ. ალბათ, ისიც გაგიგიათ, რომ შრომის დროს სიცოცხლის გადასარჩენად და ღირსეული ხელფასის მისაღებად ყოველწლიურად იფიცებიან კაზრეთელი მუშები, ჭიათურელი მაღაროელები, ტყიბულელი მეშახტეები, რუსთაველი მეტალურგები და საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები. რამდენიმე თქვენგანმა შეიძლება ისიც იცის, რომ 30 წელია სვანეთის მოსახლეობა გიგანტური ტექნიკური ნაგებობებისგან ტყეებისა და სხვა ეკოსისტემების გადარჩენას ცდილობს. სწორედ ეს ჯგუფები ქმნიან ალეტრნატიულ პოლიტიკას. მათ იდეები და საერთო მიზნები აქვთ, ისინი, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი კეთილდღეობისა და პირადი კომფორტისთვის არ იბრძვიან. ალტერნატიული პროცესის მონაწილენი არ არიან მზად იმისათვის, რომ გავლენის მოსაპოვებლად ყველაფერზე წავიდნენ. მათი უდიდესი უმრავლესობა სიმდიდრის განაწილებაზე ფიქრობს და უარს ამბობს ყველანაირი სიკეთის ეგოისტურ დასაკუთრებაზე. ისინი არც ფუფუნებაში ცხოვრობენ და არც საინფორმაციო გამოშვებების პირველ სიუჟეტებში ხვდებიან. მათი ბრძოლა ხშირად შეუმჩნეველი და ჯერჯერობით წარუმატებელია. იმედია, ჩვენი მსგავსი ადამიანების წარუმატებლობა დროებითია.

ამის შემდეგ თუ კიდევ შემეკითხებიან – „პოლიტიკაში არ მიდიხარ?“ ჩემი პასუხი მარტივი იქნება. დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ ჩართული, ოღონდ ალტერნატიულ, გარიყულ, ჯერჯერობით წარუმატებელ და დავიწყებულ პოლიტიკაში, რომელშიც ყველა ჩვენგანი უნდა მონაწილეობდეს. რაც შეეხება, თანამედროვე ქართულ პოლიტიკას, ის აღარ უნდა არსებობდეს.

ინტერაქტიული სწავლება და შემაჯამებელი დავალებები

0

ჩემთვის ტესტების შედგენა არც თუ ისე სასიამოვნო პროცესი იყო. მოსაბეზრებელი და ნაკლებ შემოქმედებითი მეჩვენებოდა. როდესაც ინტერაქტიულ გაკვეთილებს ატარებ (ყოველ შემთხვევაში ცდილობ), ასწავლი დიაგრამების ცხრილების, რუკების კითხვას, გაგებას, ანალიზს ვერ შემოიფარგლო მხოლოდ ცოდნაზე ორიენტირებული ერთქულიანი კითხვებით; რა, სად, როდის საკმარისი აღარ არის…

გთავაზობთ ტესტებს, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა საფეხურზეა შესაძლებელი, დავალებების გართულების ან გამარტივების შემთხვევაში.

  1. მოცემული დიაგრამის დახმარებით უპასუხეთ კითხვებს.

N ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა

სე1

ა) ლურჯი დიაგრამა გამოსახავს N ქვეყნის ექსპორტს, წითელი – იმპორტს. რას გამოსახავს მწვანე დიაგრამა? დაასაბუთეთ თქვენი ვარაუდი.

ბ) რას უდრის N ქვეყნის სავაჭრო ბალანსი 2010 წელს? (აჩვენეთ გამოთვლა).

ამ დავალებით ვამოწმებთ ცოდნასაც და ანალიზის უნარსაც, რადგან იმისათვის, რომ მოსწავლემ პირველ შეკითხვას უპასუხოს, უნდა გაიხსენოს ვაჭრობასთან დაკავშირებით რა ტერმინები ისწავლა, გამოიყენოს ეს ცოდნა (შეასრულოს არითმეტიკული მოქმედება) და გაანალიზოს, რომელი მათგანი შეიძლება იყოს მწვანე დიაგრამით გამოსახული.

მეორე დავალება:

  1. გაანალიზეთ მოცემული ცხრილი, რომელიც ასახავს ქვეყნის მეურნეობის სტრუქტურას და ჩაწერეთ შესაბამისი ქვეყნები:

ა) მოზამბიკი;              ბ) გერმანია;        გ) ირანი.

 

ეკონომიკის სექტორი      
მრეწველობა 21 % 32 % 34 %
სოფლის მეურნეობა 45 % 1 % 21 %
მომსახურების სფერო 24% 67% 45%

დავლების შესასრულებლად ანალიზია სჭირო. მოსწავლემ მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის ანალიზის შედეგად ერთმანეთს უნდა შეუსაბამოს მონაცემები და ქვეყნები.

მესამე დავალება:

  1. მოცემული ცხრილის გამოყენებით უპასუხეთ შეკითხვებს:

სე2

მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლები ‰

  1. ბუნებრივი მოძრაობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია:

ა) 1960-1969 წწ;                  ბ) 1980 -1989 წწ;      გ) 1990 -1999 წწ;      დ) 2000 -2009 წწ.

  1. ბუნებრივი მოძრაობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია:

ა) 1960-1969 წწ;                  ბ) 1980 -1989 წწ;      გ) 1990 -1999 წწ;      დ) 2000 -2009 წწ.

  1. რამდენი ბავშვი დაიბადა 2000-2009 წლებში თუ იმ პერიოდისთვის ქვეყანის მოსახლების რაოდენობა 5 მილიონს შეადგენდა?

  1. ახსენით ბუნებრივი მატების შემცირების სავარაუდო მიზეზები და განსაზღვრეთ ქვეყნის განვითარების დონე.

მოცემული ცხრილის მიხედვით შესრულებული დავალებები (1-ლი, მე-2 და მე-3) გადის გამოყენების დონეზე, ხოლო მე-4 დავალება ანალიზის დონეს ამოწმებს.

მეოთხე დავალება:

  1. მოცემული დიაგრამის საშუალებით უპასუხეთ შკითხვებს:

სე3

  1. რომელი ქვეყნები ლიდერობენ მშპ-ის მაჩვენებლის მიხედვით?
  2. რომელი ქვეყნები გამოირჩევა ურბანიზაციის დონით?
  3. ურბანიზაციის რომელი მახასიათებლით ლიდერობენ ეს ქვეყნები? ახსენით მიზეზები.

 

მეხუთე დავალება:

  1. მოცემული რუკის დახმარებით უპასუხეთ შეკითხვებს:

Facebook მსოფლიო რუკაზე

სე4

ა) რომელი რეგიონი გამოირჩევა Facebook-ის მოხმარების მაღალი მაჩვენებლით?  ჩამოთვალეთ ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები.

ბ) ქვეყნები განათავსეთ ცხრილში და ახსენით, რა ურთიერთმიმართებაა განვითარების დონესა და სოციალური ქსელის გავრცელებას შორის. გამოიტანეთ დასკვნა:

განვითარებული გარდამავალი განვითარებადი
   

 

 

 

 

ამ დავალებით რუკაზე მუშაობის უნარიც მოწმდება და მოსწავლეებს უხდებათ ანლიზისა და შეფასების გაკეთება.

მეექვსე დავალება:

რომელ კლიმატურ სარტყელზეა საუბარი?

  1. ეს სარტყელი ჩრდილოეთით და სამხრეთით 65°-იან განედამდე. ხასიათდება ტემპერატურის მაღალი ამპლიტუდით (-7°- +17°) და ნალექების საშუალო წლიური რაოდენობით (600-1000 მმ). სარტყელში გამოიყოფა კონტინენტური (ნალექების მაქსიმუმი გამოიყოფა ზაფხულში, მინიმუმი-ზამთარში) და ზღვიური (მაქსიმუმი გამოიყოფა ზამთარში) ოლქი.

ამ დავალებას გთავაზობთ მე-7 კლასელებისთვის. მარტივი და მცირე ტექსტის ანალიზის შედეგად მათ უნდა გამოიცნონ, რომელ სარტყელზეა საუბარი.

კიდევ უამრავი განსხვავებული და საინტერესო დავალების შედგენა შეიძლება. ისე, რომ სწავლაც და შეფასებაც ფერადი და მიმზიდველი იყოს.

წყაროსათვის – ვით ირემსა

0

წინამდებარე წერილი ეძღვნება გელათის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს,  ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ დაწესებული მსოფლიოში საუკეთესო ირანისტის პრემიის მფლობელს,  ჟურნალ “ქართველოლოგიის” დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიისა და თარგმანის ავტორს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ და გამორჩეულ რექტორს, პროფესორ მაგალი თოდუას ნათელ ხსოვნას.

ტარიელისადმი თქმული ფრიდონის გამოსათხოვარი სიტყვები – „შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა“ – ბიბლიური ალუზიაა და სათავეს დავითის ქართული თარგმანის 41-ე (მასორული რედაქციით კი 42-ე) ფსალმუნში იღებს. ამ ტროპის სახისმეტყველებით კომენტარს იოვანე ბერაის მიერ 973-976 წლებში გადაწერილ შატბერდის კრებულშიც ვხვდებით და, გარდა რუსთაველისა,  ვაჟასა თუ გალაკტიონის შემოქმედებაშიც, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ის სულიერი მნიშვნელობაა, რომელსაც ადამიანური არსებობისთვის გადარჩენის ცხოველმყოფელი ძალა გააჩნია და პიროვნებები, რომლებთან გამოსათხოვრად იმავეს ვიტყოდით, არც თუ ბევრნი არიან.

რუსთველოლოგიური პრობლემატიკის კვლევისას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა იმ მართებული მოსაზრების დამკვიდრებას, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრული ტექსტის შემეცნება ეროვნულ ძირებს უნდა ემყარებოდეს. თუმცა მანამდე ვახტანგ მეექვსის საპირისპირო, ნიკო მარის idée fixe – სპარსული ამბის „სიუჟეტური შენიღბვისა“ თუ ხელოვნური გაუცხოების მეთოდოლოგია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიაც გამხდარა საკმაოდ ფეხმოკიდებული.

მცდარი „იდეოლოგიზებული მეთოდოლოგიის“ აღმოსაფხვრელად ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან მოხმობილი დიდძალი მასალის ანალიზის საფუძველზე „ვეფხისტყაოსნის“ ფაბულისა და სიუჟეტის წარმომავლობასთან დაკავშირებული რადიკალურად განსხვავებული დასკვნებია წარმოდგენილი მაგალი თოდუას ნაშრომში  „ვეფხვის ნახტომი, ანუ რითი სჯობს რუსთაველი შექსპირსა და გოეთეს“, რომელიც 1993 წელს ქუთაისშია გამოცემული, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსთველოლოგიის მიმართულების თანამედროვე მკვლევრების ნაშრომებში აღნიშნული მონოგრაფია ნაკლებად სახელდება სადმე, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოცდაათწლიანი მეცნიერული კვლევა-ძიების ნაყოფია და ხანგრძლივი დავისა და კამათის საგნად ქცეულ უმთავრეს რუსთველოლოგიურ პრობლემასაც მრავალი ძეგლის შეპირისპირებითი ანალიზის  მეთოდებით გადაჭრის.  ამდენად, უაღრესად საინტერესოა როგორც მკვლევრების, ასე პედაგოგებისა თუ რუსთველოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირთათვის.

„ვეფხისტყაოსნის“ ამბის წარმომავლობაზე მსჯელობას ავტორი მანამდე არსებულ არამეცნიერულ ატმოსფეროზე მითითებით იწყებს და სხვადასხვა არგუმენტზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პოემის პირველ ბეჭდურ გამოცემაში არსებული ვახტანგ VI-ის განცხადება – „ეს ამბავი სპარსში არ არის“, ამბავიცა და ლექსიც რუსთველის ნახელავიაო, – მართალია, არასაკმარისად მყარია, თუმცა მის კვალდაკვალ მდგარი ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, კ. კეკელიძის, პ. ინგოროყვას, ვ. ნოზაძის, ალ. ბარამიძის, მოგვიანებით კი  ივ. ჯავახიშვილის, ასევე ნ. ნათაძის თვალსაზრისები „ვეფხისტყაოსნის“ ამბის ორიგინალობის მცველია და პლატონ იოსელიანის, ნ. ნიკოლაძის, ი. მეუნარგიას, მ. ჯანაშვილის, ზ. ჭიჭინაძის, ზ. ავალიშვილის, კ. დონდუას, ნ. მარის, იუსტინე აბულაძის, ს. კაკაბაძის, შ. ნუცუბიძის მოსაზრებებს მკვეთრად ემიჯნება, რადგან აქამდე არავის გაუკეთებია უმთავრესი და უპირველესი საქმე – არავის შეუმოწმებია, მართალი არის თუ არა თავად ავტორი, –სპარსული ლიტერატურა არავის შეუსწავლია იმ მიზნით, რომ ენახა, იყო ეს ფაბულა იქ თუ არა. ამდენად, ივანე ჯავახიშვილის მოლოდინი – მხოლოდ მომზადებულს და აღმოსავლეთის მწერლობის განსაკუთრებული ცოდნის პატრონს შეუძლია საფუძვლიანი რამ გამოთქვასო, – მაგალი თოდუამ გაამართლა და დაამტკიცა, რომ „ორჯერ ორი ხუთი არ არის“.

საკუთარი დაკვირვების საფუძველზე მკვლევარი მარტივად აცხადებს, რომ „მრავალი ლიტერატურული ნაწარმოების ამბავი ერთმანეთს ჰგავს. კიდევ მეტი, კლასიკოსებს ძალიან ხშირად სხვისი ნაწარმოები აქვთ გამოყენებული. მეცნიერულ დონეზე კი ფაბულათა ასეთი ზიარობის მაგალითები უფროა გაზრდილი და შედარების სფეროც უფრო ფართოა. და მართლაც, მსოფლიო ლიტერატურის უპირველესი ძეგლები ამ ნიშანს უკვე ატარებენ“.  ზიარი ფაბულების გამოვლენისთვის უაღრესად საინტერესოა ავტორისეული ექსკურსი, რომლის თანახმად იკვეთება, რომ  ანტიკური ლიტერატურის პირველივე ნიმუშები, კერძოდ, ჰომეროსის, ჰესიოდეს, არისტოფანეს, ესქილეს, სოფოკლეს, ევრიპიდეს შემოქმედება, ასევე ბერძნული ლიტერატურა ბიზანტიური ხანის ჩათვლით, მთლიანად ფაბულათა გაზიარების ტრადიციაზეა  აგებული; ზიარ სიუჟეტებზეა დაფუძნებული ფრანგული, იტალიური, ინგლისური, მთელი გერმანული ლიტერატურაც XIX საუკუნის ჩათვლით.

რუდაქის, ფირდოუსის, ნიზამის, ფახრ ად დინ გორგანის, ასევე ქართულ სასულიერო და საერო სალიტერატურო ძეგლების ანალიზზე დაყრდნობით, „ვეფხისტყაოსნის“, როგორც რენესანსული ქმნილებისადმი, ავტორის დასკვნები ასეთია: ვისაც რუსთაველის ეპოქის სპარსული ლიტერატურა უკითხავს, ადვილად შეამჩნევს, რომ „ვეფხისტყაოსანს“, როგორც მხატვრულ ფენომენს, თითქმის არაფერი აქვს საერთო სპარსულ ეპიკურ პოეზიასთან. მისი ესთეტიკური სისტემა და იდეა სრულიად ორიგინალურია, ოდენ ქართულია. რასაკვირველია, სპარსული პოეზიის ერთგვარი გავლენა შეიმჩნევა, მაგრამ მხოლოდ რომ შეიმჩნევა და მეტი არაფერი. ეს გავლენა ძირითადად ტროპის მარტივი სახეების ერთგვარ მსგავსებაში თუ ვლინდება (ტანი – სარო, თვალი – ნარგისი და სხვ.). მნიშვნელოვანია იმის გამიჯვნა, თუ როდის არის ეს მსგავსება ტიპოლოგიური და როდის – გენეტიკური. მაგრამ სრული შესაბამისობანი იქაც არა გვაქვს. მაგ., სპარსულ პოეზიაში, როგორც წესი, შედარებული, ხოლო მთვარეს – ქალი (ასევე მზე მამაკაცის მეტაფორად გვევლინება, ხოლო მთვარე – ლამაზი ქალისა), ვეფხისტყაოსანში კი სპარსული პოეზიის ეს რკინის კანონი უგულებელყოფილია. აქ მზე ქალის შესადარებლადაც გამოიყენება და კაცისაც (ასეთივე ფუნქციის მატარებელია მთვარეც). თუ სპარსულ პოეზიაში ასეთი აღრევა არ ეპატიებოდა დამწყებ პოეტსაც კი, რუსთველი ამგვარ დაუდევრობას აინუნშიაც კი არ ჩაგიგდებთ, რადგან იგი სხვა ამქარს ეკუთვნის და სპარსული პოეტიკის კანონებს არ ემორჩილება. ასევე თავისებურად ეკიდება რუსთველი იმ დროის სპარსულ პოეზიაში ფართოდ აპრობირებულ მოვლენას – მიჯნურთა ველად გაჭრის მოტივს. წრეს გადასული მიჯნურის დასახატად იგი დიახაც მიმართავს ამ ხერხს, მაგრამ აქაც რეალისტი რჩება“ (მ. თოდუა, 1993:125).

მკვლევრის მოსაზრებით, ფაბულა, როგორც მაქსიმალურად შეკუმშული სიუჟეტი, გარკვეული ერთეულებისაგან მის შემადგენლობას როდი გამორიცხავს. თუმცა ფაბულის განმარტების ავტორთ არ უნდა დაავიწყდეთ იმის აღნიშვნა, რომ ეს ერთეული არის ფუნქცია. ვ. პროპის, ა, გრემასის, კ.ლევი-სტროსის, ი. კრონის, ვ, ბრიუსოვის მოსაზრებების გათვალისწინებით და ფაბულათა სქემატიზმის, ტრანსფორმაციების, სტრუქტურული ანალიზის პრინციპების, ბადალი თუ კონტრასტული ფუნქციების მონაცვლეობის ხერხების გამოყენებით მაგალი თოდუა პოემის ფაბულას ჰყოფს შვიდ ფუნქციად და ზოგიერთ მათგანს ჰპოულობს კიდეც რუსთაველის ეპოქის სხვა ძეგლებში („ვისრამიანი“, „ამირან-დარეჯანიანი“, „შაჰ-ნამე“, „ტრისტანი და იზოლდა“ და სხვ.). სტრუქტურული ანალიზის მეთოდის გათვალისწინებით კი ასკვნის, რომ რუსთაველის პოემის ფაბულა ეყრდნობა აღმოსავლურ დასთანს, მაგრამ მას ისეა დაშორებული, რომ ნასხვისარი მხოლოდ ფაბულის ფუნქციები თუ აქვს შემორჩენილი. ეტყობა, ასევე სახეცვლილი და საკმაოდ გაქართულებული იყო ის ხელიხელ საგოგმანები პროზაული თხზულება, რომელიც რუსთაველმა ლექსად გარდათქვა. ამაზე მეტყველებს პოემის საკუთარი და გეოგრაფიული სახელებიო (იქვე, გვ.126). მკვლევარი იშველიებს გოეთეს მოსაზრებას, რომლის თანახმად, მწერალმა თავისი ორიგინალური თხზულების დასაწერად აუცილებლად სხვისი ნაწარმოები უნდა გამოიყენოს. ამ მასალაში მზამზარეულად უნდა იყოს როგორც სასურველი ფაბულა, ასევე მოქმედ გმირთა ხასიათები (ე. ი.  სიუჟეტი) და იგი  მთლიანად თუ არა, მაქსიმალურად უნდა იყოს გათვისებული. სიბერეში გადამდგარ გოეთეს კი ვეღარ აკმაყოფილებს მემკვიდრეობით მიღებული სიუჟეტიც კი და თავისი მომავლი თხზულების საფუძვლად ისეთ ნაწარმოებს არჩევს, რომელსაც გააჩნია გოეთესთვის საჭირო გრძნობადობაც. გოეთე მხოლოდ აჯამებს მსოფლიო ლიტერატურაში გაბატონებულ ტენდენციას, ისევე, როგორც შექსპირი, რომლის მხოლოდ სამი პიესის შექმნის წყაროა ჯერჯერობით უცნობი და რომელსაც თავისი თხზულებებისათვის სხვის როგორც ფაბულები, ასევე სიუჟეტებიც გამოუყენებია. მაგრამ „შექსპირის ეფექტი“ მთელი ამ მასალის შექსპირის ქურაში გადახარშვით და მისთვის უკვდავი სულის შებერვით მიიღწევა (თოდუა, იქვე, გვ. 127). „ნიზამის, ნავაის, შქსპირის, გოეთეს, ბაირონის და სხვათა მიერ გამოყენებული თხზულებების კვლევისას შედარებით-შეპირისპირებითი მეთოდები „ავლენს იმ ნაბიჯის ზომას, რომელიც ამ უკანასკნელთა ავტორებმა გადადგეს წინამორბედი მწერლის თხზულებიდან საკუთარ ნაწარმოებამდე. თუმცა არ შემოგვრჩენია ის წყარო, რომელიც რუსთველმა გამოიყენა, ჩვენ შეგვიძლია, ერთგვარი წარმოდგენა მაინც ვიქონიოთ მასზე. ეს ძეგლი „ამირანდარეჯანიანის“ ტიპის საფალავნო თხზულება უნდა ყოფილიყო ზღაპრული ელემენტების დომინირებით… „ვეფხისტყაოსანსა“ და მის წინამორბედს შორის ვეება უფსკრულია, ამ უფსკრულს გამოღმა, ახალი ეპოქის სამზეოზე სასახლეში აღზრდილი, ადამიანებთან ურთიერთობის ურთულეს ხლართებში გაბმული ქალწული თავის მიჯნურთან (რომელიც მან ნატიფად მორთულ ბუდუარში მიიღო და ეს-ეს არის პირველად გააბედნიერე იმით, რომ მასთან ახლოს დაჯდომის ნება დართო) უფაქიზეს სახელმწიფოებრივ თუ ინტიმურ საქმეებს არჩევს, გაღმა კი მითოლოგიურ ბურუსში გახვეული მისი პრიმიტივი ორეული თავის ქაჯ მამიდას უზის და მისგან გრძნეულებას სწავლობს.“ ასე რომ „მანძილი, რომელიც „ვეფხისტყაოსანსა და მის წინამორბედ მტკნარ ამბავს შორის ძევს, შეუდარებლად მეტია იმ მანძილზე, რომელიც ჰომეროსის, ნიზამის, შექსპირის, გოეთეს ქმნილებებსა და მათ წყაროებს შორის ძლივს შეიმჩნევა. ამიტომაც რუსთველის ნახტომი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მათი, – იგი ვეფხის ნახტომს ჰგავს. ამ თვალსაზრისით რუსთაველი უფრო ორიგინალური ხელოვანია და უკვდავთა ოლიმპზე უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჰომეროსი, ნიზამი, დანტე, შექსპირი, გოეთე“ (თოდუა,იქვე, გვ. 128).

 „საჭირო ის არის, რა საგანსაც კრიტიკულად იხილავ, ის საგანი კარგად, დაწვრილებით იცოდე და ამასთან უნარი კრიტიკისა და  სწორი მეთოდი კვლევისა გახლდეს თანა. უამისოდ კვლევა-ძიებას არავითარი ფასი არ ექნება, ნაყოფს ვერ გამოიღებს და ჩირთიფურთებად გადაიქცევა“, – წერდა ვაჟა  ფშაველა „ვეფხისტყაოსნის შესახებ წერილში. სწორედ ამგვარი კრიტიკის უნარით, კვლევა-ძიების სწორი მეთოდით იკვლევდა წერდა, თარგმნიდა და თაობებს ზრდიდა მაგალი თოდუა, ადამიანი, რომლის გარდაცვალებამ ჰაფეზის მის მიერვე ნათარგმნი სიტყვები გაგვახსენა აღზრდილთ: „მკვდრად ნუ მახსენებთ, – ვკვდები სიკვდილით, რათა სიცოცხლით ვიცოცხლო მარად!“

და, რაღა თქმა უნდა, არც ილია ჭავჭავაძე დაგვვიწყებია: „ვინ უწყს, რავდენი საუნჯენი დავმარხეთ ჩვენა!“..

გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა:

  1. ვაჟა-ფშაველა, ფიქრები „ვეფხის ტყაოსნის“ შესახებ. – რუსთველოლოგიური რჩეული ლიტერატურა, II. შეადგინა, გამოსაცემად მოამზადა და შენიშვნები დაურთო იოსებ მეგრელიძემ. „მეცნიერება“, თბ., 1980;
  2. მაგალი თოდუა, ვეფხვის ნახტომი, ანუ რითი სჯობს რუსთაველი შექსპირსა და გოეთეს, ქუთაისი, 1993;
  3. მაგალი თოდუა, სპარსული პოეზიის ნიმუშები, თბ. 1980;
  4. ჟურნალი „რუსთველოლოგია“ – I, II, III, IV, V

სკოლა და ევროკავშირის საგზაო რუკა

0

შესავალი

ადვილია შეთანხმების მიღწევა იმ საკითხზე, რომ განვითარებული ზოგადსაგანმანათლებლო სისტემა ნიშნავს 2100 საჯარო სკოლის კარგ ინფრასტრუქტურას, სკოლაში დასაქმებულ პროფესიონალ მასწავლებლებს, მოსწავლეზე ორიენტირებულ სასკოლო კულტურას, სკოლის ეფექტურ მენეჯმენტსა და ეკონომიკურად დაწინაურებულ საზოგადოებას.

სკოლების ავტონომიურობის შესახებ დისკუსიები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს.  საქართველო გამონაკლისი არაა.

წარმოდგენილი სტატია მიზნად არ ისახავს ახალი მიგნების დემონტრირებას ან რაიმე აღმოჩენის გაკეთებას. მისი მიზანია, ახალი გამოწვევების ფონზე, სკოლების ავტონომიურობის შესახებ დისკუსიის გააქტიურება.

2005 წლის 8 აპრილს ამოქმედდა კანონი ზოგადი განათლების შესახებ. მისი მთავარი სულისკვეთება სკოლების ავტონომიურობა იყო. ამ მიზნით, 2005 წელს, სკოლას მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და დიდი ავტონომია. თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ გატარებულმა ცვლილებებმა სკოლების ავტონომიურობას მყარი საფუძველი გამოაცალა. ცვლილებების მიუხედავად, სკოლა დღესაც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის მმართველობაც მონაწილეობით პრინციპზეა აგებული. არსებობს თვითმმართველი სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო და მოსწავლეთა თვითმმართველობა. თუმცა თვითმმართველობები სუსტია და ვერ ხერხდება მონაწილეობაზე დაფუძნებული მმართველობის ეფექტური ამოქმედება.

სკოლის ავტონომია

სკოლებს, უნივერსიტეტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის ეფექტურ თანამშრომლობაზე საუბარი რთულია, თუ არ განვიხილავთ სკოლას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც უფლება აქვს, ითანამშრომლოს სხვა ორგანიზაციებთან. ამ თანამშრომლობის რეალიზების საფუძველი კი სკოლების ავტონომია და განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის ხარისხია.

სკოლების ავტონომიურობაში ვგულისხმობთ მათ გათავისუფლებას ცენტრალიზებული და ბიუროკრატიული კონტროლისგან.

სკოლები შეიძლება ავტონომიურები იყვნენ: მართვაში, კურიკულუმის შემუშავებასა და ბიუჯეტის შედგენაში.

მკვლევრები სხვადასხვა გზით ზომავენ სკოლების ავტონომიურობას. მაგალითად, ერიკ ჰანუშეკი (Eric A. Hanushek, 2011) გვთავაზობს ასეთ მოდელს:

სკოლების ავტონომიურობის ხარისხის შეფასებისას მნიშვნელოვანია, რამდენიმე კითხვას გაეცეს პასუხი: 1. ვინ იღებს გადაწყვეტილებას, რომელი საგნები/კურსები ისწავლონ სკოლაში? 2. ვინ საზღვრავს კურსის შინაარსს? 3. ვინ ირჩევს სახელმძღანელოებს? 4. ვინ ქირაობს მასწავლებლებს? 5. ვინ იღებს გადაწყვეტილებას მასწავლებლების ანაზღაურების შესახებ? 6. ვინ გეგმავს სკოლის ბიუჯეტს?

გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლები შეიძლება იყვნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მისი ნახევრად ავტონომიური სსიპები და სკოლა, სკოლაში კი, მონაწილეობითი მმართველობის დროს – დირექტორი, კათედრა, მასწავლებლები, სამეურვეო საბჭო, პედაგოგიური საბჭო და მოსწავლეთა თვითმმართველობა.

ზოგიერთი კვლევის შედეგის მიხედვით, ავტონომიურობა ეფექტურია ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში, ხოლო განუვითარებელი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ავტონომიურობა ნეგატიურად მოქმედებს მოსწავლეთა მიღწევებზე, განსაკუთრებით, თუ სკოლებს საგნის აკადემიურ შინაარსზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვთ. აკადემიურ შინაარსზე პასუხისმგებლობა გულისხმობს პერსონალურ ავტონომიურობას და ნაკლებად უკავშირდება სკოლის მართვის სხვა ასპექტებზე პასუხისმგებლობის დელეგირებას (ჰანუშეკი, 2011).

როდესაც სკოლების ავტონომიურობაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ორ უკიდურესობაზე არ უნდა ვიფიქროთ, კერძოდ ა)სკოლას აქვს სრულად დელეგირებული უფლებები, შეუძლია კურიკულუმის შედგენა, სახელმძღვანელოების შერჩევა, პერსონალის დაქირავება, შეფასების კომპონენტების განსაზღვრა, მასწავლებლის შეფასება, ბ) ცენტრალური ხელისუფლება საზღვრავს ყველაფერს და სკოლებს ხისტ ინსტრუქციებს უწესებს.

განათლების პოლიტიკის მოქმედ დოკუმენტებში არის მცდელობა, ხაზი გაესვას დეცენტრალიზაციის ნიშას, თუმცა, რეგულირებული განათლების სისტემისა და ნაკლებად ავტონომიური სკოლის პირობებში, ეს ნიშა უფერული ან უხილავია.

რატომ უნდა გაიზარდოს სკოლის ავტონომიურობა?

ავტონომიურობის შესახებ დისკუსიები მიმდინარეობს როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში. დეცენტრალიზაციის მომხრეთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ სკოლებმა უკეთ იციან საკუთარი საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე ის მოთხოვნები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. ამიტომ სკოლებში მიღებული გადაწყვეტილებები გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ცენტრალიზებულად მიღებული ინსტრუქციები. ცენტრალიზაციის მომხრეთა მოსაზრებით კი, ცალკეული სკოლის მიერ მიღწეული შედეგები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ქვეყნის მიერ დასახულ მიზნებს.

საზოგადოება ჯერ უნდა შეთანხმდეს, უნდა თუ არა ძლიერი ავტონომიურობის მქონე სკოლები და შემდეგ იმსჯელოს, რა სახის ძალაუფლების დელეგირება უნდა მოხდეს სკოლის დონეზე. სკოლის ავტონომიურობის გაძლიერება გულისხმობს სკოლების მხრიდან იმ ტვირთისა და პასუხისმგებლობის ზიდვას, რასაც სასკოლო შედეგები ჰქვია. დღეს ამ შედეგებზე პასუხისმგებლობა აქვს მას, ვის ხელშიცაა სკოლების ადამიანური რესურსების მართვა, კურიკულუმის შინაარსის შედგენა, სკოლის ბიუჯეტის განსაზღვრა.

სკოლის ავტონომიურობას სახელმწიფოში არსებული კანონები განსაზღვრავს. ქვეყნებს აქვთ დამტკიცებული სტანდარტები, ეროვნული შეფასებისა და ანგარიშვალდებულების სისტემები; გარკვეულია, რა გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი სკოლის დონეზე.

სკოლის ავტონომიურობის დაკავშირება მოსწავლეთა მიღწევებთან რთულია. მკვლევრებს ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. OECD-ის მიერ 2012 წელს გამოქვეყნებულ საერთაშორისო შეფასების (PISA) ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსწავლეებს მაღალი მიღწევები აქვთ იმ ქვეყნებში, სადაც რესურსები თანაბრადაა გადანაწილებული. ამ ქვეყნებში სკოლებს აქვთ კურუკულუმისა და შეფასების სეგმენტში მაღალი ავტონომიურობა. ცხადია, მოსწავლის წარმატებაზე გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს, მაგალითად,  სკოლის ანგარიშვალდებულების მექანიზმები, მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის თანამშრომლობა, მასწავლებლის დაქირავება და სხვ.

სკოლების ავტონომიურობაზე მსჯელობის დროს, საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად, ოპონენტებს მოჰყავთ ფილოსოფიური და იდეოლოგიური არგუმენტები. პროფესიულ და სოციალურ მედიაში ამ თემაზე გამართულ დისკუსიებში ნაკლებად ისმის სასკოლო საზოგადოების, მშობლის ხმა, რომლის უპირველეს ინტერესს უნდა წარმოადგენდეს ძლიერი და განვითარებული სკოლა.

ვის წინაშეა სკოლა ანგარიშვალდებული?

სკოლას უწევს ანგარიშების ჩაბარება სახელმწიფო უწყებებთან. ადმინიტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლები გზავნიან ანგარიშებს საკუთარი საქმიანობის შესახებ სახელმწიფო უწყებებში, თუმცა ადგილობრივი საზოგადოება ნაკლებად იცნობს სკოლის მიღწევებსა და პრობლემებს. არადა, სწორედ თემშია ის რესურსები, რომელთა დახმარებით სკოლა ზოგიერთი პრობლემის მოგვარებას შეძლებს.

სტატიის დაწერამდე საჯარო სკოლის რამდენიმე ვებ-გვერდსა და ბლოგს გადავხედე. ვერ ვიპოვე სკოლის ყოველწლიური ანგარიშები. რა იცის ადგილობრივმა საზოგადოებამ სკოლის პრობლემების შესახებ? იცის, რატომ ვერ აგვარებს პრობლემას? რატომ არაა ისტორიის კაბინეტში პროექტორი, ან ქიმიის კაბინეტში – ლაბორატორია? ვინმემ იცის, რა წიგნებით გამდიდრდა სასკოლო ბიბლიოთეკა და რა წიგნებს კითხულობენ ბავშვები? რა ინფორმაციას უზიარებს სკოლა საზოგადოებას, რითია განსაკუთრებული კონკრეტული სკოლა?

კერძო სკოლის ვებ-გვერდები კი უფრო სრულყოფილად ასახავს სასკოლო ცხოვრებას, მნიშვნელოვან მიღწევებს. ძლიერია მარკეტინგული გზავნილებიც. კერძო სკოლა მეტადაა ორიენტირებული მშობელსა და საზოგადოებაზე, ვიდრე საჯარო სკოლა.

კერძო სკოლები იწვევენ საზოგადოების წარმომადგენლებს, მასპინძლობენ მასწავლებლების მასტერ-კლასებსა თუ კონფერენციებს, უზიარებენ გამოცდილებას საზოგადოებას. მათი ამგვარი აქტიურობა მხოლოდ მეტი ფინანსური რესურსით არ აიხსნება. ამ სკოლებს მეტი ავტონომიურობა აქვთ და უფრო სწრაფად და ეფექტურად იღებენ გადაწყვეტილებებს.

ევროკავშირის საგზაო რუკა

სკოლების ავტონომიურობის საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ვექტორი.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოსა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემას. ეს ხელშეკრულება და ევროპასთან დაახლოების საგზაო რუკა აღწერს იმ გზას, რაც ერთად უნდა გავიაროთ ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერების მიმართულებით.

2013 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა ევროკავშირის საგზაო რუკა – სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო შემუშავდა ,,სამოქალაქო საზოგადოების თაობაზე ევროკავშრის კომუნიკეს” პრიორიტეტების გათვალისწინებით. ეს პრიორიტეტებია:

  • პარტნიორ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეწყობის ძალისხმევის გაძლიერება;
  • პარტნიორი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში, ევროკავშირის პროგრამების ციკლში და საერთაშორისო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აზრიანი და სტრუქტურირებული თანამონაწილეობის ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ მათი, როგორც განვითარების პროცესებში დამოუკიდებელი აქტორების, როლის შესრულების შესაძლებლობის გაძლიერება.

საგზაო რუკაში მოცემულია ის შედეგები, რომლებსაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს 2014-2017 წლებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპეტების გაძლიერებაა. ამ მიზნით სასურველია, გაიზარდოს იმ სკოლების რაოდენობა, რომლებიც თანამშრომლობენ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. მოსწავლეებმა სკოლის ასაკიდანვე უნდა შეძლონ მოხალისეობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, უნდა გაძლიერდეს სამოქალაქო ჩართულობა და თემების განვითარება.

როგორაა შესაძლებელი სკოლაში სამოქალაქო განათლების პრაქტიკული ასპექტების გაძლიერება? ცხადია, სკოლა მარტო ვერ განახორციელებს ცვლილებებს ამ მიმართულებით. სკოლებსა და უნივერსიტეტებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ახალგაზრდულ ჯგუფებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება შესაძლებელია თემსა და სკოლაში ერთობლივი პროექტების განხორციელებით. ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სკოლასა და თემში არსებული პრობლემების ერთობლივად მოგვარებს.

სკოლების გაძლიერება შეუძლებელია კრიტიკული დისკუსიის გარეშე. მნიშვნელოვანია ამ დისკუსიაში საზოგადოების ყველა სექტორის მონაწილეობა. ხიდჩატეხილობა სკოლას, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ბიზნესს შორის უნდა დამთავრდეს. თუ გვინდა ჩვენს ქვეყანაში ძლიერი სკოლები, მაშინ  პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ მათ გაძლიერებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ევროკავშირის საგზაო რუკები სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისათვის 2014 – 2017 წწ. სახელმძღვანელო https://eeas.europa.eu/delegations/georgia/documents/civil_society_library/eu_roadmap_georgia.pdf
  2. „კანონი ზოგადი განათლების შესახებ“
  3. https://www.oecd.org/pisa/keyfindings/pisa-2012-results-volume-IV.pdf

PISA 2012 Results: What Makes Schools Successful? Resources, Policies and Practices Volume IV

  1. Does School Autonomy Make Sense Everywhere? Panel Estimates from PISA Eric A. Hanushek Hoover Institution, Stanford University, CESifo and NBER Susanne Link University of Munich and ifo Institute Ludger Woessmann University of Munich, ifo Institute, CESifo and IZA Discussion Paper No. 6185 December 2011
  2. Child friendly schools, Chapter 4, School and community, UNICEF, 2009

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...