კვირა, ივნისი 15, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

როგორი გაკვეთილი მოსწონთ ბავშვებს

0

ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს პედაგოგი, რომელსაც არ სურდეს, რომ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილებით ბავშვები კმაყოფილი რჩებოდნენ და სიხარულით მიიჩქაროდნენ მის მოსასმენად. საკუთარი მოსწავლეების ცნობისმოყვარე, ინტერესით და სიყვარულით სავსე თვალების დანახვა სწავლების პროცესში ნებისმიერი პედაგოგისთვის სერიოზული სტიმულის მიმცემია. ამდენად, მათთვის საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ როგორი გაკვეთილები მოსწონთ ბავშვებს, რა მოთხოვნებს უყენებენ ისინი მასწავლებლებს გაკვეთილის ჩატარების პროცესში და რა ზრდის მათ სასწავლო მოტივაციას.

     როგორც ჩვენ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგების ანალიზმა გვიჩვენა, სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე ბავშვები განსხვავებულ მოთხოვნებს უყენებენ მასწავლებლებს გაკვეთილის ჩატარების პროცესში. განსხვავებულია ის კრიტერიუმებიც, რომლითაც ისინი ამა თუ იმ პედაგოგის გაკვეთილს აფასებენ. დაუსრულებელ წინადადებას, „მე ძალიან მომწონს ისეთი გაკვეთილი…….“,  დაწყებითი კლასების მოსწავლეები შემდეგნაირად ასრულებენ: „სადაც ბევრს გვასწავლიან და გვათამაშებენ“; „რომელიც ხალისიანი და მხიარულია“; „სადაც ვხატავთ“; „სადაც მასწავლებელი კარგად მექცევა“; „სადაც მაქებენ“; „სადაც ბევრს ვთამაშობთ და ამასთან ვსწავლობთ კიდეც“; „სადაც თამაში დაშვებულია“; „სადაც თან ვმუშაობთ და თან ვერთობით“; „სადაც საინტერესოდ გვესაუბრება მასწავლებელი“; „სადაც ზომიერად ვთამაშობთ და ვსწავლობთ“; „სადაც მასწავლებელი არ გვიბრაზდება“; „რომელსაც კეთილი და მხიარული მასწავლებელი ატარებს“; „სადაც თამაშით ვსწავლობთ“; „სადაც სახალისოდ გვიხსნიან იმას, რაც ჩვენ არ ვიცით“; „სადაც გვამხიარულებენ“; „სადაც მარტო კი არ გვასწავლიან, გვასვენებენ კიდეც“;  „სადაც მასწავლებელი კარგ გუნებაზეა“;  „სადაც ხალისიანად გვასწავლიან“.

     როგორც გამოთქმული მოსაზრებებიდან ჩანს, დაწყებით სასკოლო საფეხურზე ბავშვებში განსაკუთრებით დიდ მოწონებას იმსახურებს ისეთი გაკვეთილები, სადაც თამაშის ელემენტები აქტიურად არის ჩართული. ვფიქრობ, ეს ძალიან ბუნებრივია, ვინაიდან ამ ასაკის ბავშვისთვის სულ ცოტა ხნის წინ ქცევის წამყვანი ფორმა თამაში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სწორედ თამაშის პროცესში ვითარდებოდა. მართალია, სასკოლო ცხოვრების დაწყებასთან ერთად ქცევის წამყვანი ფორმა სწავლა ხდება, მაგრამ ბავშვისთვის ყველაზე საყვარელ საქმიანობაზე, თამაშზე ერთბაშად უარის თქმამ და მისმა მთლიანად სასწავლო საქმიანობით ჩანაცვლებამ შესაძლებელია, უმცროსკლასელს სრულად დაუკარგოს სწავლისა და სკოლისადმი ინტერესი. ამდენად, თამაშის ელემენტების აქტიურად და ამასთან სწორად გამოყენება, მხოლოდ გაზრდის მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციას დაწყებით სასკოლო საფეხურზე და ჩვენ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს პატარებისთვის მიმზიდველს და საინტერესოს გახდის.

     გარდამავალ ასაკში მყოფ მოსწავლეებთან ერთგვარად შეცვლილია ის კრიტერიუმები, რომლითაც ისინი მათთვის მოსაწონ გაკვეთილს აფასებენ. ზემოაღნიშნულ წინადადებას „მე ძალიან მომწონს ისეთი გაკვეთილი….“, ისინი შემდეგნაირად ასრულებენ: „რომელიც საინტერესოა, დამაფიქრებელი და ამასთან მხიარულიც“; „სადაც დაძაბული არ ვარ“; „სადაც ჯგუფურად ვმუშაობთ“; „სადაც ისე გვიხსნიან რამეს, რომ მოსაბეზრებელი არ იყოს“; „სადაც აქტიურობაა“; „სადაც ბევრს არ გვაწერინებენ და ცოტა დავალებას გვაძლევენ“; „რომელსაც ხალისიანი და მხიარული მასწავლებელი ატარებს“; „სადაც ჩვენს აზრს ითვალისწინებენ“; „სადაც საინტერესოდ და გასაგებად გვიხსნიან ჩვენთვის უცხო საკითხებს“; „სადაც მასწავლებელი არ გვიყვირის და როგორც თანატოლს ისე გველაპარაკება“; „სადაც ბევრ დავალებას არ გვაძლევენ“; „სადაც უსამართლოდ და მკაცრად არ მეპყრობიან“; „სადაც მასწავლებელი მკაცრია, მომთხოვნი, მაგრამ სამართლიანი, კეთილი და ხანდახან დამთმობიც“; „სადაც მასწავლებელი გაკვეთილს წყნარად, მშვიდად, საინტერესოდ და გასაგებად ხსნის“; „სადაც ცუდი ნიშნები არ იწერება“; „სადაც მასწავლებელი მეგობრულია და არ ყვირის“; „სადაც მასწავლებელი ცდილობს ჩვენს ასაკში დაბრუნდეს და ჩვენი თვალით შეხედოს სიტუაციას“; „სადაც მასწავლებელი ცდილობს შეგვაყვაროს თავისი საგანი“; „რომელსაც გაგებული მასწავლებელი ატარებს“; „სადაც მასწავლებელი ისე გვეპყრობა, როგორც დიდ ადამიანს“; „სადაც მასწავლებელი მარტო იმაზე კი არ გველაპარაკება, რაც ჩვენს სახელმძღვანელოშია, არამედ ბევრ სადისკუსიო თემას გვთავაზობს“; „სადაც საშუალება გვეძლევა ყველამ ჩვენი საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ ამა თუ იმ საკითხზე“; „სადაც მრავალფეროვან დავალებებს ვასრულებთ“;“სადაც კომფორტულად ვგრძნობ თავს და არ მეშინია, რომ ვინმე ჩემს ნათქვამზე გაიცინებს“; „სადაც კარგი ვითარებაა და მასწავლებელს თბილი ურთიერთობა აქვს ჩვენთან“; „სადაც მასწავლებელი მაქებს“; „სადაც ჩემი აზრის გამოთქმა თავისუფლად შემიძლია“; „რომელსაც კარგ ხასიათზე მყოფი, კეთილი მასწავლებელი ატარებს“; „სადაც სააზროვნო დავალებები მეძლევა“; „სადაც მაქებენ და კარგ ნიშანს მიწერენ“; „სადაც არ ვნერვიულობ იმაზე, რომ მასწავლებელმა ისეთი შეკითხვა არ დამისვას, რომელზეც პასუხი არ მაქვს“; „სადაც გაკვეთილი კარგად ვიცი და არ მეშინია მასწავლებელი გამომკითხავს თუ არა“; „სადაც ახსნილ მასალას კარგად ვიგებ და მასწავლებელი ყველა შეკითხვაზე მპასუხობს“; „სადაც მასწავლებელი არ მიყვირის და დამსახურებულ ნიშანს მიწერს“; „სადაც ყველა კარგადაა ჩემ მიმართ განწყობილი“; „სადაც მასწავლებელს მოსწონს ჩემი პასუხი“; „სადაც ჩემი შრომა ფასდება“; „რომელიც მრავალფეროვანია და სულ ერთსა და იმავე დავალებაზე არ ვმუშაობთ“; „რომელიც ხალისიანად და მხიარულად მიმდინარეობს“; ‘სადაც უფრო მეტი პრაქტიკული სამუშაო ტარდება“; „სადაც მასწავლებელი მხოლოდ წიგნზე არ არის დამოკიდებული“; „სადაც მასწავლებელი ბავშვებს არ არჩევს და ყველასთან ერთნაირი დამოკიდებულება აქვს“; „სადაც ვიცი, რომ არავინ დამცინებს“; „სადაც მასწავლებელი ჩემი პასუხით კმაყოფილია“; „სადაც არ მეშინია ვუთხრა მასწავლებელს, რომ დავალების შესრულება ვერ მოვასწარი, რადგან ვიცი, რომ ის მე გამიგებს“.

     როგორც აღნიშნული ფრაზებიდან ჩანს, გარდამავალ ასაკში მყოფი მოსწავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საგაკვეთილო პროცესში მასწავლებელი მისთვის ყველაზე მტკივნეული პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდეს – შეეძლოს „დიდობის გრძნობის“ და სოციალური უსაფრთხოების მოთხოვნილების დაკმაყოფილება, თანატოლებთან ურთიერთობის მოგვარება, მათგან აღიარების მოპოვება და ჯგუფში სასურველი მდგომარეობის დამკვიდრება.

     რაც შეეხება უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებს, მართალია მათი მოსაზრებები მოსაწონ გაკვეთილთან დაკავშირებით დიდად არ განსხვავდება წინა სასკოლო პერიოდის მოზარდთა შეხედულებებისაგან, მაგრამ ერთგვარი სპეციფიკურობა მაინც ფიქსირდება. აი, რას ვკითხულობთ მათ ნაწერებში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – მე ძალიან მომწონს ისეთი გაკვეთილი…….. „სადაც მასწავლებელი საინტერესო,  სააზროვნო და დასაფიქრებელ შეკითხვებს სვამს“; „სადაც მასწავლებელი მრავალფეროვანი პროგრამით მუშაობს და გაკვეთილი ერთფეროვანი და მოსაწყენი არ არის“; „სადაც მასწავლებელი მეგობრულად გვეპყრობა და ყველას უგებს, ამასთან საინტერესო თემებზე საუბრობს“; „სადაც მასწავლებელი ცდილობს გაიგოს მოსწავლის აზრი მისი და მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შესახებ, რა მოსწონთ  და რა არ მოსწონთ ბავშვებს და ცდილობს გააუმჯობესოს გაკვეთილი“; „სადაც მასწავლებელი არ ცდილობს მოსწავლეების დიდი ინფორმაციით დატვირთვას, არამედ ცდილობს განუვითაროს მათ აზროვნება და ასწავლოს, როგორ უნდა ისწავლონ“; „სადაც მასწავლებელი მიხსნის, თუ რაში გამომადგება ის ცოდნა, რასაც გაკვეთილზე ვიღებ“; „სადაც მასწავლებელი იუმორის გრძნობით უდგება ბევრ რამეს, არც თვითონ იშლის ნერვებს და არც ბავშვებს უფუჭებს ნერვულ სისტემას“; „სადაც არ მაიძულებენ იმის კეთებას, რაც არ მინდა ან ნაკლებად  მაინტერესებს“; „სადაც საკუთარი თავის რეალიზება შემიძლია“; „რომელიც არ არის ერთფეროვანი, მოსაწყენი და მოსაბეზრებელი“; „სადაც მეძლევა საშუალება ვისწავლო და გავაკეთო ის, რაც მაინტერესებს“; „სადაც ნიშნებით არ გვთრგუნავენ და ტექსტებს არ გვაზუთხებენ“; „რომელიც ახალი მეთოდით და საშუალებით ტარდება“; „სადაც ბავშვები სწავლის მიზანს ხვდებიან“; „სადაც დავალებებს ზომიერად გვაძლევენ“; „სადაც ეწყობა დისკუსიები და ტარდება ექსპერიმენტები“; „სადაც ვეცნობი სიახლეებს და რომელიც საინტერესო და გასართობი აქტივობებითაა დატვირთული“; “სადაც ვარ თავისუფალი, ვიკეტები საკუთარ თავში და შემოქმედებითად ვიხილავთ საკითხებს, ვსაუბრობთ თავისუფალ თემებზე, ჩემს აზრს უშიშრად და თავისუფლად გამოვთქვამ“; „არ ვარ დაძაბული და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოთქმის უფლება მაქვს“; „სადაც მაფასებენ“; „სადაც ვმსჯელობთ და ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს“; „სადაც ვგრძნობ, რომ მასწავლებელი ჩემს შრომას სათანადოდ აფასებს“.

     როგორც წარმოდგენილი ფრაზებიდან ჩანს, სასკოლო ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მოსწავლეებს გაკვეთილის შეფასების სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული კრიტერიუმები აქვთ, თუმცა, არის რაღაც საერთოც, რაც გაკვეთილის შეფასების პროცესში ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის არსებითი და მნიშვნელოვანია – პედაგოგის კეთილგანწყობა, სითბო, სიყვარული, ბავშვის პატივისცემა, გულისხმიერება, ობიექტურობა, სამართლიანობა, საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული მეთოდებისა და აქტივობების მრავალფეროვნება – ყოველივე ეს არის ის, რაც სასკოლო ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე გაკვეთილს ბავშვისთვის მოსაწონს და საინტერესოს ხდის.

სამოდელო გაკვეთილი- მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება სწავლების დაწყებით საფეხურზე

0

 ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და საზოგადოებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები, რომელთა განვითარება ხელს უწყობს თანამედროვე მსიფლიოში დამკვიდრებული XXI საუკუნის უნარების ფლობას. სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება, რომელიც გულისხმობს ტრადიციული ტექსტების კვალდაკვალ მულტიმედიური ტექსტების დამკვიდრებას.

            ინფორმაციით გაჯერებული მედია მოიცავს ადამიანის ცხოვრების ყველა სფეროს. მულტიმედიური ტექსტების აღქმა-გააზრება ხდება ენობრივი, ხმოვანი და ვიზუალური საშუალებების გამოყენებით. თუ სწავლება სწორად შერჩეული მეთოდებით ხორციელდება, მოსწავლემ უნდა შეძლოს მედიასამყაროში ორიენტირება, ინფორმაციის გადარჩევა-გაფილტვრა და კრიტიკულად შეფასება. უმჯობესია, მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარებას დაწყებით საფეხურზე ჩავუყაროთ საფუძველი. გაკვეთილის დაგეგმვის დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მნიშვნელოვანი საკითხები და განვსაზღვროთ::

  • მედიაწიგნიერების მიზნები.
  • რამდენად სანდოა ინფორმაციის წყარო.
  • როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს კვლევითი, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები. (არგუმენტები და კონტრარგუმენტები)
  • ,,მოსწავლე-ექსპერტები’’
  • რატომ ვირჩევთ საანალიზოდ ისეთ მედიაგზავნილს, რომელსაც ჩვენი ვარაუდით მოსწავლეები არ იზიარებენ.
  • რატომ ვიყენებთ სოციალურ-კონსტრუქტივისტული თეორიის მიდგომებს.
  • როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა სოციალიზაციას და დამოუკიდებელ, მოაზროვნე, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების პროცესს.
  • შეფასება: რა ტიპის პროდუქტი შექმნეს მოსწავლეებმა მედიაგზავნილის გამოყენებით.

გთავაზობთ სამოდელო გაკვეთილის გეგმას ქართულ ენაში სწავლების დაწყებით  საფეხურზე

გაკვეთილის თემა  როგორ  დაარსდა თბილისი (ხანგრძლივობა – 90 წუთი)
სწავლების საფეხური, კლასი დაწყებითი – III კლასი
მასწავლებლის სახელი, გვარი
მოსწავლეთა რაოდენობა
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები
საგანი ქართული ენა
გაკვეთილის სასწავლო მიზნები ისტორიული ლეგენდის ტიპის ტექსტის წაკითხვა და გაგება, რეალური მოვლენების დაფიქსირება, შინაარსობრივ და საანალიზო კითხვებზე პასუხების გაცემა, გეოგრაფიული სახელების ზოგიერთი ტიპის სიტყვათწარმოების გააზრება.

მედიაწიგნიერების მიზნები:  კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ლეგენდისა და მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და განხილვა; მედიის მიერ სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.

 

ესგ-თი განსაზღვრული მისაღწევი შედეგი (ინდიკატორი) ქართ. III..2, 3, 4, 5. 7
გამოყენებული რესურსები ძირითადი სახელმძღვანელო – ქართული ენა IVკლასი-როდონაიას ჯგუფი განმარტებითი ლექსიკონები (მასწავლებლის მიერ დამზადებული), ფურცლები ჯგუფური მუშაობისთვის

დანართი 1. სქემა: ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე’’.

დანართი 2. საკითხავი მასალა სახელმძღვანელოში. ლეგენდა ,,როგორ დაარსდა თბილისი’’  (იაკობ გოგებაშვილის მიხედვით)

დანართი 3. T დიაგრამა

დანართი 4. შეფასების ინსტრუმენტები

მულტიმედიური რესურსი -ვიდეორგოლი

https://www.youtube.com/watch?v=0QLdLSW2Exc&feature=youtu.be

ტელეკომპანია ,,მაესტროს’’ სიუჟეტი ,,უნიკალური აღმოჩენა თბილისში’’

 

გაკვეთილის თანმიმდევრობა (აქტივობა, დრო)  I გაკვეთილი

აქტივობა 1. მოსწავლეები  დაფაზე ავსებენ გონებრივი იერიშის რუკას. (3 წთ)

მან

 

მასწავლებელი დაადგენს, რა დონის წინარე ცოდნა აქვთ მოსწავლეებს.

 

აქტივობა  2  ჯგუფური სამუშაო. სქემის-,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე’’- I და II სვეტის შევსება. (10 წთ)

 

ვიცი მინდა ვიცოდე ვისწავლე

 

 

აქტივობა  3.  მასწავლებლის მიერ  ტექსტის კითხვა (3 წთ)

როგორ დაარსდა თბილისი

თხუთმეტი საუკუნის წინათ, მეხუთე საუკუნეში, საქართველოს ძლევამოსილი მეფე იყო ვახტანგ გორგასალი.

ყველაზე დაუვიწყარი სახსოვარი მეფემ თბილისის დაფუძნებით დატოვა.

ის ადგილი, სადაც ახლა თბილისია, მანამდე ეჭირა ატეხილ ტყეს, რომელშიც მრავალი ნადირ-ფრინველი ბუდობდა.

ვახტანგი ერთხელ ამ ადგილებში ნადირობდა; მან გაჩვეული მიმინო აფრენილ ხოხობს დაადევნა. ხოხობიც და მისი მდევარიც ერთ ღრმა ხევში ჩაიკარგნენ და იქიდან აღარ გამოჩენილან.

მაშინ ვახტანგი თავისი ამალით ჩავიდა იმ ხევში. მან იქ ნახა უხვად მომდინარე ცხელი ნაკადული, რომელშიც მეფის მიმინო და ხოხობი მოხარშულიყვნენ.

მეფე მიხვდა ამ ცხელი წყლის მარგებლობას, აწონ-დაწონა ამ ადგილის მდებარეობა და მოხერხებულად მიიჩნია ის ციხე-ქალაქის  ასაგებად. ამიტომაც ბრძანა, გაეკაფათ ტყე და შესდგომოდნენ სახლების აშენებას.

ასე დააფუძნა ვახტანგმა ახალი ქალაქი, რომელსაც დაარქვა თბილისი იმის გამო, რომ თბილი წყლის პირას იდგა.

როცა თბილისი გადიდდა და გამშვენიერდა, იგი აღიარებულ იქნა დედაქალაქად, ნაცვლად მცხეთისა და მასში იქნა გადმოტანილი  სამეფო ტახტი.

იაკობ გოგებაშვილი

 

აქტივობა  4. ტექსტის კითხვა (ჩუმად და ხმამაღლა) მოსწავლეთა მიერ. მნიშვნელოვანი დეტალების მონიშვნა ფანქრით. (7 წთ)

 

აქტივობა  5 . ლექსიკონზე მუშაობა (5 წთ)

ძლევამოსილი – უძლეველი

დაფუძნება – შექმნა,  დაარსება

ატეხილი – უხვად გაზრდილი

ამალა-  მხლებლები

გაჩვეული – გაწვრთნილი

 

აქტივობა  6. შინაარსობრივ და საანალიზო კითხვებზე პასუხების გაცემა (5 წთ)

 

აქტივობა  7. ჯგუფური სამუშაო – სქემის ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე’’- სრულად  შევსება, წარდგენა  და შეფასება. (12 წთ)

 

შესვენება

II გაკვეთილი

აქტივობა  1. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ერთხელ კიდევ გაიხსენონ, რომ ლეგენდა ზეპირად გადმოცემული ისტორიული ამბავია და  შესაძლებელია, ის რეალურ ამბავს არ ასახავდეს.  მათი სურვილებიდან გამომდინარე,  (,,რა მინდა ვიცოდე’’)  სთავაზობს, ყურადღებით  უსმინონ ტელეკომპანია ,,მაესტროს’’ სიუჟეტს ,,უნიკალური აღმოჩენა თბილისში’’ (8 წთ)

შენიშვნა: სიუჟეტს უნიკალური აღმოჩენის შესახებ მოსწავლეებს ვაჩვენებთ ორგზის, რადგან  დროის მოცულობის სიმცირის მიუხედავად (3.20)  სიუჟეტი ინფორმაციითაა დატვირთული . იგი მოგცითხრობს

XXI საუკუნის აღმოჩენაზე ვახტანგ გორგასლის თბილისთან დაკავშირებით. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მეტეხის ხიდთან აკლდამაში ნაპოვნია I საუკუნით დათარიღებული ჭურჭელი, რომელზეც ხოხობია გამოსახული.

მეტეხის ხიდთან, ორმოცი მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ციხის გალავანი, რომელიც ვახტანგ გორგასლის პერიოდს განეკუთვნება. იქვე მიაკვლიეს სასახლის უფრო ძველ ფენებსაც, რაც ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობამდე ბევრად ადრინდელ ხანას მოიცავს. ასევე ნაპოვნია I-II საუკუნის რომაული აბანო, IV საუკუნის მარანი და სხვადასხვა დროის სამარხები, ძვირფასი კერამიკული ჭურჭელი და უნიკალური ლარნაკები, რომლის მსგავსი მანამდე არავის უნახავს.

ეს აღმოჩენები ამტკიცებს მოსაზრებას, რომ დღევანდელი აბანოთუბნის ტერიტორიაზე საკმაოდ მაღალი დონის ციხე-ქალაქი ვახტანგ გორგასლის მეფობამდე, ბევრად უფრო ადრე არსებობდა. ასევე აღმოჩენილია სამი აბანო და თიხის მილები, საიდანაც ცხელი გოგირდოვანი წყალი მოკირწყლულ აუზებში ჩაედინებოდა.

არქეოლოგიური  ჯგუფის ხელმძღვანელის,  მერაბ ძნელაძის აზრით, შესაძლოა, სამუშაოების დასრულების შემდეგ  ამ აღმოჩენამ თბილისის დაარსების ისტორია სრულიად შეცვალოს.

 

აქტივობა 2. სიტყვათა განმარტება ( 5 წთ)

უნიკალური-  ძალიან იშვიათი

არქეოლოგია- მეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს

სწავლობს

მეტეხის ხიდი-  ძველი თბილისის ისტორიული უბანი მტკვრის მარცხენა

ნაპირზე

აკლდამა-  სამარხი მაგებობა

გალავნის ნაშთი-  გალავნის ნარჩენი

ორმოცი  მოწამე- სარწმუნოებისთვის წამებული  კაბადოკიელი მეომრები

აბანოთუბანი- თბილისის ერთ-ერთი უძველესი  უბანი

მოკირწყლული – დაგებული

 

აქტივობა  3 . დისკუსია.  ,,მოსწავლე-ექპერტები’’ (8 წთ)

(რა არგუმენტები მოჰყავთ  მეცნიერებს ფაქტის დასაბუთებისთვის? ეთანხმებით არქეოლოგების მოსაზრებებს? რამდენად სანდოა მედიაინფორმაციის წყარო, დავუჯეროთ მხოლოდ ერთ სიუჟეტს, თუ კიდევ მოვძებნოთ სანდო წყაროებიდან დადასტურება?  დაასაბუთეთ  თქვენი მოსაზრება არგუმენტებით.)

 

აქტივობა  4. ინდივიდუალური  და  ჯგუფური მუშაობა. (15 წთ)

მოსწავლეები  ლეგენდისა და სინამდვილის შედარებითი ანალიზის  მიზნით ინდივიდუალურად  ავსებენ  T დიაგრამას, შემდეგ ჯგუფებში განიხილავენ და ლიდერები პრეზენტაციის სახით წარადგენენ საუკეთესო ვერსიას.

 

 

 

 

დანართი 3

 

ლეგენდა               სინამდვილე

 

 

 

 

 

აქტივობა 5.  შეჯამება. მოსწავლეების  მიერ დასკვნის გაკეთება. ( 3 წთ)

 

აქტივობა 6. თვითშეფასება. შეფასება (5 წთ)

შეფასების ინსტრუმენტები:

დანართი 4. თვითშეფასება.

გვარი, სახელი ——————————————

 

N კომპონენტები

 

თვითშეფასება
1 როგორ გავიგე ისტორიული ლეგენდის ტიპის ტექსტი? საუკეთესო          კარგი        საშუალო

 

2 როგორ შევძელი ლეგენდისა და სინამდვილის შედარება? საუკეთესო          კარგი        საშუალო

 

3  როგორია ჩემ მიერ მოყვანილი არგუმენტები? საუკეთესო         კარგი         საშუალო

 

რა რჩევას მივცემ საკუთარ თავს?  

 

 

 

დანართი 5. შეფასება (შენიშვნა: მასწავლებელი აკეთებს სიტყვიერ განმავითარებელ შეფასებას, ხოლო ნამუშევრების შეფასების შედეგებს მომდევნო გაკვეთილზე აცნობს მოსწავლეებს)

 

გვარი, სახელი ——————————————

 

N კომპონენტები

 

მასწავლებლის შეფასება
1 ისტორიული ლეგენდის ტიპის ტექსტის წაკითხვა და გაგება საუკეთესო       კარგი       საშუალო

 

2 ლეგენდისა და სინამდვილის შედარება საუკეთესო        კარგი       საშუალო

 

3  ადეკვატური არგუმენტები საუკეთესო        კარგი       საშუალო

 

რეკომენდაცია  

 

 

აქტივობა 7. საშინაო დავალების მიცემა:   (1 წთ)

მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა მედიაწყაროებიდან და მოამზადონ კითხვები   არქეოლოგიური ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთან- ბ-ნ მერაბ ძნელაძესთან ინტერვიუსთვის.

 

შეფასება განმავითარებელი (წინასწარ შემუშავებული  სქემების მიხედვით)

 

გთავაზობთ გაკვეთილზე განხორციელებული აქტივობების  ნიმუშებს:

ვიცი

 

მინდა ვიცოდე ვისწავლე
 ვახტანგ გორგასალი მეფე იყო რა მოხდებოდა, ვახტანგ მეფეს რომ არ ენადირა, თბილისი აქ არ აშენდებოდა? ვახტანგ გორგასალი თხუთმეტი საუკუნის წინ მეფობდა
მიმინო  და ხოხობი ცხელ წყალში მოიხარშნენ არავინ იცოდა, რომ აქ ცხელი წყალი ამოდიოდა? თბილისი იმიტომ დაერქვა, რომ თბილი წყლის პირას იდგა.
ვახტანგ მეფეს მოეწონა ეს ადგილი და თბილისი ააშენა ეს ამბავი ლეგენდაა. ვინმემ იცის, რა მოხდა სინამდვილეში? როცა თბილისი გადიდდა და გამშვენიერდა, დედაქალაქი გახდა

 

ძალზედ საინტერესოა მოსწავლე-ექსპერტების მოსაზრებები:

  • ეს ინფორმაცია სანდოა, რადგან ლეგენდა არ არის.
  • არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თბილისის ისტორია შეიცვლება, ნეტავ მართლა ასე მოხდება?
  • ინფორმაციას ვენდობი, რადგან კარგად სჩანს არქეოლოგიური გათხრების შედეგი.
  • არ მჯერა ,,მაესტროსი’’, მე  კიდრვ გადავამოწმებ!
  • ხომ ვნახეთ, ჭურჭელზე ხოხობი მართლა იყო გამოსახული და რამდენჯერ გაიმეორეს ჟურნალისტმა და არქეოლოგებმა, პირველ საუკუნეში უკვე იყო ციხე-ქალაქის ნანგრევებიო!
  • ინფორმაცია სანდოა, რადგან ,,მაესტრო’’ არ ტყუის.
  • მე მაინც კიდევ მოვძებნი, საინტერესოა, რას ამბობენ სხვა ტელევიზიები.
  • მე დავიმახსოვრე, რომ ჯერ არ დასრულებულა სამუშაოები, ხომ შეიძლება ლეგენდა აღმოჩნდეს მართალი!
  • წამყვანმა თქვა, ამ ადგილზე დიდგვაროვნები ცხოვრობდნენო. იქნებ მცხეთაზე ადრე თბილისი იყო საქართველოს დედაქალაქი?
  • მეცნიერმა ისიც თქვა, რომ ნაპოვნია პირველი საუკუნის რომაული აბანო და თიხის მილები.
  • მე მახსოვს, თქვეს,  ციხე-გალავანი ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდის არისო
  • ეგ მართალია, მაგრამ გალავნის ქვემოთ ძველი ფენები იპოვეს, ეს კი შეცვლის ქალაქის ისტორიას…

T დიაგრამის ნიმუში:

ლეგენდა სინამდვილე

 

ეს ამბავი მეხუთე საუკუნეში მოხდა. ვახტანგ მეფემ ტყეში ნადირობის დროს მიმინო ხოხობს დაადევნა. ისინი ხევში ჩაიკარგნენ. მეფე ჩავიდა ხევში და ნახა, რომ მიმინო და ხოხობი ცხელ წყალში მოხარშულიყვნენ. მეფეს  მოეწონა ამ ადგილის მდებარეობა, ბრძანა, რომ ტყე გაეკაფათ და ქალაქი აეშენებინათ.  მას თბილისი დაარქვეს, რადგან თბილი წყლის პირას იდგა. შემდეგ თბილისი საქართველოს დედაქალაქი გახდა. მეტეხის ხიდთან 2011 წელს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოაჩინეს ძველი ციხე-ქალაქის გალავანი. ის პირველ საუკუნეშია აშენებული. იპოვეს ძველი აბანოები, კიდევ ჭურჭელი, რომელზეც ხოხობია გამოსახული და ეს ყველაფერი მანამ არსებობდა, ვიდრე ვახტანგ გორგასალი აღმოაჩენდა. მეცნიერები ამბობენ, ამ ამბავმა შეიძლება თბილისის დაარსების ისტორია შეცვალოსო.

 

 

შეჯამება და მოსწავლეების მიერ გაკეთებული დასკვნა:

 

  • მეხუთე საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ თბილისის დაარსების ისტორია შეიძლება მთლიანად შეცვალოს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილმა ციხე-ქალაქმა და ნივთებმა.
  • ეს საოცარი ამბავი შევიტყვეთ მედიაინფორმაციის საშუალებით.
  • ჩვენ გვსურს სხვადასხვა წყაროს ძიება.

დასკვნის მაგიერ: მოსწავლეთა დამოუკიდებელი, კრიტიკული და შემოქმედებითი

აზროვნების უნარების განვითარების მიზნით ხშირად უნდა გამოვიყენოთ მედიაგზავნილები, რომელთაც ისინი გააანალიზებენ.

ლევ ვიგოტსკის სოციალურ-კონსტრუქტივისტული თეორიის თანახმად მოსწავლეებს ვთავაზობთ არა მზა რეცეპტებს, არამედ ვეუბნებით, საკუთარ თავზე აიღონ მართვა. (ცხადია, დოზირებულად) არ შეიძლება ბავშვები მუდმივად ჩვენზე იყვნენ დამოკიდებულნი და ვამეორებინოთ კითხვებზე გაცემული სწორი პასუხები.

წარმოუდგენელია ეფექტური კომუნიკაციისა და დიალოგის გარეშე მოსწავლეთა დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება, სადაც კვლევა და ანალიზი კომუნიკაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია.

თუნდაც არ ვიზიარებდეთ მათ მოსაზრებებს, საშუალებას ვაძლევთ, იფიქრონ, თავად როგორ დასვან კითხვები, გამოთქვან არგუმენტები და კონტრარგუმენტები.

წარმატებული უკუკავშირის მისაღწევად სასურველია ისეთი მედიაგზავნილების შერჩევა, რომლებსაც მოსწავლეები არ იზიარებენ. ამგვარი მიდგომით ჩამოუყალიბდებათ არგუმენტირებული მსჯელობისა და მედიაანალიზის  უნარები.

გამოყენებული ლიტერატურა და მულტიმედია  რესურსები:

ეროვნული სასწავლო გეგმა -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო-თბ.2016

გამჭოლი კომპეტენციები, ეკოლოგიური, სემიოტიკური და მედიაწიგნიერება-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -2015

მედიაწიგნიერება -სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი-თბ.2014

-სიუჟეტი ,,უნიკალური აღმოჩენა თბილისში’’

 

ლელა მანგოშვილი, სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებზე ორიენტირებული საერო სკოლა ,,ბინულის’’ ქართული ენის ( I-VI) მასწავლებელი

“ეს წვიმა ასე ჩემს გამო შფოთავს….”

0

– უკაცრავად, მაგრამ მომდევნო ერთი კვირა არ აპირებს…

– აბა ერთი კვირაო? გაიხედე ფანჯარაში…

– წელსაც იგივე მეორდება, დღეს შფოთავდა, გუშინაც, ხვალ ისვენებს…

– ხვალ დაისვენოს, ნებას ვრთავ…

რაც ზემოთ დავწერე, იქიდან აზრის გამოტანა ცოტა ძნელია, არა?  ეს ჩემი და ჩემი თანამშრომლის კომენტარებია სოციალურ ქსელში მისსავე გამოქვეყნებულ სტატუსზე, სადაც ოთარ ჭილაძის ლექსს იშველიებს და ხუმრობით ამტკიცებს, რომ წვიმა, სწორედ მის გამო შფოთავს. კომენტარები სხვადასხვა დროს არის დაწერილი: ზედა ორი – ერთ წელს, ქვედა ორი – მეორე წელს. გამოდის, რომ სტატუსის ავტორი ყოველ წელს მასზე მშფოთვარე წვიმაზე წერს და ეს წვიმაც ყოველ წელს გადაუღებლად მოდის.

იმ დღესაც ასე იყო… წვიმა შფოთავდა, მგონი ცოტა ზედმეტადაც, ნიაღვარივით მოდიოდა. იქვე სახლთან სუპერმარკეტში შევედი, ჩემი ყურადღება პატარა ბიჭმა მიიპყრო, რომელიც დაბეჯითებით მოითხოვდა ლიმონათი ეყიდათ მისთვის. დედა ცდილობდა აზრი შეეცვლევინებინა და ლიმონათის წვენში გაცვლას სთავაზობდა.  არ ვიცი, ეგ ამბავი რით დასრულდა, სწრაფად ავიღე, რაც მინდოდა და მშფოთვარე წვიმას შევუერთდი.

ლიმონათი პრისტლიმ გამოიგონა. ადგა და ტკბილ წყალში გაზი გაატარა.

გაზი მაშინ ახალი ხილი იყო და ყველა მის შესწავლას ცდილობდა. ტერმინი „გაზი“ ფლამანდრიელმა მეცნიერმა ვან ჰელმუტმა დაამკვიდრა. რეაქციის შედეგად გამოყოფილი „რაღაც“ მითოლოგიურ „ქაოსს“  შეადარა. ძველ ფლამანდრიულზე „ქაოსი“ იწერებოდა და „გაზად“ იკითხებოდა. ჰოდა, მივიღეთ ქაოსი, ანუ გაზი. დღეს ეს ლათინური წარმოშობის ტერმინი საერთაშორისო გახლავთ. ვან ჰელმუტმა „ტყის გაზი“ აღმოაჩინა (Gaz Silvestre). ჩვეულებრივი ნახშირორჟანგი იყო, ხეების დაწვით გამოყოფდა და ტყის გაზადაც ამიტომ მონათლა.

მოგვიანებით, ბლექმა იმავე გაზს „ბმული“ უწოდა. კალციუმის კარბონატის დაშლის შედეგად ღებულობდა, ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ კვლავ საწყისი ნივთიერება იყო სარეაქციო არეში. მიხვდით ალბათ, რეაქცია შექცევადი გახლავთ. ბლექმა კიდევ თქვა, ეს გაზი თან მიდის და თან ბრუნდებაო, ანუ „ბმულიაო“.

პრისტლის დავუბრუნდეთ. წყალში, რომ გაზები იხსნება, მანამდე სხვებმაც გაიგეს. უფრო მეტიც, სტივენ ჰეიქსის მიერ გამოგონილ, გაზების შემაგროვებელ ხელსაწყოში  ნახშირორჟანგის წყლის ზემოთ შეგროვების შემდეგ მიხვდნენ, რატომ ქონდათ გაზის დიდი დანაკარგი (ნახშირორჟანგი წყალში იხსნებოდა) და წყლის ზედაპირი ვერცხლისწყლით შეცვალეს. ასე გაზის მთლიან გამოსავალს იღებდნენ, თუმცა ვერცხლისწყლის სივერაგეზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. სწორედ იმ პერიოდში, ტკბილ წყალში ნახშირორჟანგის გატარებით  შეიქმნა პრისტლის მიერ პირველი ლიმონათიც.

მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ წყალს შეუძლია გახსნას ჰაერში არსებული სხვადასხვა გაზი. ჰაერი შედგება აზოტისგან, ჟანგბადისგან, ნახშირორჟანგისგან (ძირითადი შედგენილობა). აზოტის ხსნადობა ყველაზე დაბალია – 1/5 მლ ერთ ლიტრ წყალზე. მეორე ადგილზე ჟანგბადია – 3,1მლ ერთ ლიტრ წყალზე. ჟანგბადის ასეთი ხსნადობის გამო წყალში სიცოცხლე არსებობს. თევზებისა და წყალქვეშა სამყაროს სხვა წარმომადგენლების სასუნთქი აპარატი ისეა მოწყობილი, რომ ისინი წყალში გახსნილ ჟანგბადს შეითვისებენ.  CO2-ის ხსნადობა ყველაზე დიდია,  87,8მლ იხსნება ერთ ლიტრ წყალში.

გაზების წყალში ხსნადობა წნევაზე და ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ცივ წყალში უფრო მეტი გაზი იხსნება, ცხელ წყალში ნაკლები. ვისაც თევზები ჰყავს აკვარიუმში, იცის, რომ ტემპერატურის მომატებისას თევზებს სუნთქვა უძნელდებათ, ზედაპირზე ხშირად ამოდიან და ჰაერს ყლაპავენ. ეს სწორედ ჟანგბადის გახსნის შემცირებას უკავშირდება. ჟანგბადთან და ნახშირორჟანგთან ერთად აკვარიუმში შესაძლოა გოგირდწყალბადი და მეთანიც აღმოჩნდეს. ორივე მათგანი ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნება და იქ არსებულ წყალმცენარეებთან არის დაკავშირებული. გოგირდწყალბადი თევზებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, სამაგიეროდ ქიმიურ პროცესებში მონაწილეობს, რომლებიც ჟანგბადის შთანთქმით მიმდინარეობენ. მეთანი წყალში არ იხსნება და პატარა ბუშტუკების სახით ქვემოთ გრუნტში გროვდება. ორივე გაზი მოუწესრიგებელი, გასასუფთავებელი აკვარიუმის ნიშანია.

მყვინთავები, რომლებიც ღრმად ჩადიან წყალში, ე.წ. „მყვინთავების დაავადებით“ (კესონური დაავადება) იტანჯებიან (სტატისტიკით 10000 ჩაყვინთვაზე 2-4 შემთხვევა ფიქსირდება). ძირითადი  დამნაშავე ამ დროს აზოტია. ჰაერში არსებული აზოტი ორგანიზმზე ვერ მოქმედებს, ინერტულია. როცა მყვინთავი ღრმად ჩადის წყალში, ქვემოთ წნევა გაცილებით მეტია და აზოტი წნევის ზემოქმედებით მყვინთავის სისხლში იწყებს გახსნას. მყვინთავის ორგანიზმი თანდათან აზოტით გაჯერდება. რა მოხდება, თუ მყვინთავს უცბად ამოვიყვანთ წყლიდან? ანუ წნევას მკვეთრად შევამცირებთ? მისი სისხლი თითქოს ადუღდება, დაახლოებით ისე, თითქოს გაზიან ბოთლს მოხსნეს საცობიო, გაზი გამოსვლას იწყებს, ბოთლი თითქოს დუღს. მის სისხლში წარმოიქმნება აზოტის ბუშტუკები, რომლებსაც სისხლძარღვების დახშობაც და ზოგ შემთხვევაში გახეთქვაც შეუძლიათ. ამიტომ მყვინთავები სიღრმიდან ნელა და შესვენებით  ამოდიან. ასე ზედმეტი აზოტი, ფილტვებიდან გამოსვლას ასწრებს.

გაზების ხსნადობაზე წყლის მარილიანობაც ახდენს გავლენას. რაც უფრო მეტია მარილი, მით ნაკლები გაზი შეიძლება გაიხსნას მასში. ერთ ჭიქაში მარილიანი წყალი ჩავასხათ, მეორეში – გაზიანი. შემდეგ ამ უკანასკნელს   მარილიანი წყალი დავამატოთ, დაინახავთ, მარილი გაზს ჭიქიდან როგორ გამოაძევებს. ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე ცნობილი მკვდარი ზღვაა. ყველაზე მარილიანი ტბა გახლავთ. მაღალი მარილიანობის გამო მასში არავინ ცხოვრობს, ამიტომ მკვდარი ქვია. თუ ადუღებამდე მისულ წყალს მარილს დავამატებთ, ის „აბობოქრდება“, რადგან მარილის დამატება წყლიდან გაზების გამოძევებას დააჩქარებს. მარილის დამატება წყლის ადუღებას პირიქით ანელებს, უბრალოდ ვიზუალური ეფექტი აქვს დუღილის, რადგან გაზების ინტენსიური გამოსვლა მიმდინარეობს.

ჩინეთში ჩაის დასაყენებელი წყლის ადუღებას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ძველ ტრაქტატში წერია, რომ, როცა ცეცხლზე შედგმულ ჩაიდანში კიბორჩხალას თვალი წარმოიქმნება, ანუ წვრილი ბუშტუკები ფსკერიდან ზემოთ თითო-ოროლად ამოსვლას დაიწყებენ, ეს დუღილის პირველი სტადიაა. შემდეგ, ბუშტუკები იზრდებიან და მეორე სტადია იწყება. ეს თევზის თვალია. მესამე სტადიაზე  ჩაიდნის კედლებზე მარგალიტის ძაფები იბმება, ჩაიდანი შეშფოთდება და სწორედ ეს არის ნამდვილი დუღილი. ზუსტად ამ დროს უნდა დააყენო ჩაი, თორემ მერე უკვე მეოთხე სტადიის ტალღები  წავა და ამ დროს წყლის გემო უკვე ფუჭდება. მისგან გახსნილი ჟანგბადი სამუდამოდ მიდის. გარდა ამისა, წყალი მარილებსაც შეიცავს და თუ დიდხანს ავადუღებთ, წყლის ნაწილი აორთქლდება, დარჩენილ წყალში კი მარილის კონცენტრაცია გაიზრდება.

აი, იმ ტბიდან უცნაური ხმები ისმის, თითქოს ვიღაც იღრინებაო. ტბის თავს  იდუმალი თეთრი ღრუბელი ფარავს. ცოტა ხანში სრულიად გაუფრთხილებლად წყლის უზარმაზარი ნაკადი ამოხეთქავს. რამდენიმე წუთში კი ახლო-მახლო მოსახლეობის ნახევარზე მეტი გრძნობას დაკარგავს, მოგვიანებით ნაწილი კვლავ გონზე მოდის, თუმცა 1700 ადამიანი დაიღუპება.

არა, საშინელებათა ფილმის შინაარს არ გიყვებით. ეს კამერუნის  ჩრდილოეთ-დასავლეთით ტბა ნიოსთან მოხდა. 1986 წლის 21 აგვისტოს, საღამოს რვის ნახევარზე. ტრაგედიის შემდეგ, სამეცნიერო გამოძიება დაიწყო.

რა მოხდა ტბაზე?

ტბიდან 240000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოთავისუფლდა. პირდაპირ ზედაპირზე ამოიფრქვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ტბაში წყლის დონე მოულოდნელად ერთი მეტრით დაეცა. ნახშირორჟანგის სიმკვრივე ჰაერთან შედარებით 1.5 მეტია. ამ გაზით დაიფარა ტბის მიმდებარე ტერიტორია. შედეგად უამრავმა ადამიანმა ჟანგბადის უკმარისობის გამო გრძნობა დაკარგა, 1700 კი – გარდაიცვალა.

ნიოსის ტბა გამყოფ ხაზზე მდებარეობს და კრატერული წარმოშობისაა. მისი ზედაპირული სივრცე 1.48კმ2-ია,  ვერტიკალურად შეკვეცილი კონუსით, სიღრმე 210მ-ია. წყალქვეშ ნახშირორჟანგი მუდმივად შემოედინება, შემოდინების სიჩქარე დაახლოებით 10მ3/წუთში. ტბაში დაახლოებით 1.5კმ3 გაზი შეიძლება იყოს გახსნილი.

გადარჩენილები იხსენებდნენ, რომ უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. წვიმა ცივი იყო და  შფოთავდა…

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ცივმა წვიმამ წყლის ზედაპირის სიმკვრივის მომატება გამოიწვია, რამაც ქვედა ფენებში დაგროვილი  გაზი ზემოთ გამოდევნა.

გაზის წარმოქმნის ერთ-ერთი მექანიზმი შემდეგი იყო: ქვედა ფენებში არსებული რკინის (II) ჰიდროკარბონატი დაჟანგვის შედეგად წარმოქმნიდა რკინის (III) ჰიდროქსიდს და ნახშირორჟანგს.

4 Fe(HCO3)2+O2+2H2O=4Fe(OH)3+8CO2

ტრაგედიის შემდეგ ტბაში ფართოპირიანი პოლიეთილენის მილი იქნა ჩამონტაჟებული, რომელიც წყლის მოძრაობას უზრუნველყოფს და გაზის საშიში კონცენტრაციით დაგროვებას აფერხებს.

ტბამ  „მკვლელი ტბის“ სახელი მიიღო, მაპროვოცირებლად წვიმა მოგვევლინა…

შფოთავდა… რამდენიმე დღე გადაბმულად…

მუსიკალური სმენა: ინტონაციის განვითარება (I)

0

მსოფლიოს ენათა უმეტესობა ტემბრულ-არტიკულაციურია ანუ ხმოვნებისა და თანხმოვნების გარჩევას ეფუძნება, ხოლო ისეთ ენებში, როგორებიცაა ჩინური, ვიეტნამური, დანიური, მეტყველების ძირითად კომპონენტს ბგერის სიმაღლე წარმოადგენს, ამიტომ ამ ქვეყნების მოსახლეობას ნატიფი მუსიკალური სმენა აქვს და მათი მეტყველება ხმოვან ბგერათა შეფერილობით აღიქმება.

 

ინტონაცია (intono – ხმამაღლა წარმოვთქვამ) უმნიშვნელოვანესი მუსიკალურ-თეორიული და ესთეტიკური ცნებაა. მუსიკალური ინტონაცია წარმომავლობით სამეტყველო ინტონაციის ანალოგიურია (ვგულისხმობთ მეტყველების სიმაღლებრივ მხარეს), მაგრამ თუ სამეტყველო ინტონაციაში ბგერები არ არის დიფერენცირებული და არ გააჩნია ფიქსირებული სიმაღლე (თუნდაც შეფარდებითი სიზუსტისა), მუსიკაში ინტონაციას მუსიკალური ტონები – ბგერები ქმნის, რხევების სიხშირის მუდმივობის გამო სიმაღლებრივ შეფარდებაში მკაცრად შეზღუდული.

შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური ინტონაცია სამეტყველო ინტონაციისგან ხარისხობრივად განსხვავდება. ის მეტად დამოუკიდებელია, განვითარებული და განუზომლად დიდი გამომსახველობითი შესაძლებლობა აქვს. მუსიკას, როგორც ინტონაციური ბუნების მქონე ფენომენს, ინტონაციის გარეშე არსებობა არ შეუძლია.

როგორც წინა წერილში მოგახსენებდით, მუსიკალური სმენა მუსიკალური მოღვაწეობის პროცესში ვითარდება და მის განვითარებას დისციპლინა – სოლფეჯიო ემსახურება. შემუშავებულია მთელი სისტემა იმის დასამტკიცებლად, რომ მუსიკის შესწავლა პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, წარმატებითაც კი.

გავრცელებული შეცდომები

ბავშვი პირველად ლაპარაკს სწავლობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ „სამეტყველო სმენა“ უვითარდება. გახდება თუ არა სმენა მუსიკალური, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებულია გარემოზე. თუ მშობლები მღერიან ან რომელიმე მუსიკალურ საკრავზე უკრავენ, ბუნებრივია, ბავშვი აუცილებლად ეცდება მათ მიბაძვას. მუსიკალური მონაცემები სწორედ ამ დროს ვითარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარება შეჩერდება და მომავალში ის გეგმურ მუსიკალურ-პედაგოგიურ მუშაობაზე იქნება დამოკიდებული.

მთელ მსოფლიოში ცნობილი კომპანია Sony–ს დამფუძნებელი წერს: „მშობელს სმენა თუ არ აქვს და ბავშვი ყოველდღე დედის მიერ არასწორად ნამღერ იავნანას ისმენს, ასეც იმახსოვრებს მას და დამახინჯებულ მელოდიას იმეორებს. ღიმილის მომგვრელია, როდესაც დედა ნამღერს მოისმენს და დაასკვნის, რომ მის შვილს სმენა არ გააჩნია“. ამგვარი მიდგომით სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეიძლება არასწორი სასიმღერო ჩვევები ჩამოუყალიბდეს.

ბავშვის ხმა და მეტყველება, ოჯახთან ერთად, საბავშვო ბაღისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გავლენითაც ფორმირდება.

ვიდრე პრობლემის მოგვარების საშუალებებს დავუწყებდეთ ძებნას, გავარკვიოთ, რატომ ინტონირებს ზოგი ბავშვი უსუფთაოდ. ამ საკითხზე ბევრი იმუშავეს მუსიკის მასწავლებლებმა, ფსიქოლოგებმა, ფონიატრებმა.

მუსიკის მასწავლებლებს მუდამ აწუხებდათ და აწუხებთ არასწორად მომღერალი ბავშვების მუსიკალური განვითარების შესაძლებლობის, კერძოდ, უსუფთაო ინტონაციის საკითხი (ეს განსაკუთრებით სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებთან შეინიშნება).

სუფთა ინტონაციაზე მუშაობის დროს ხშირად ხდება, რომ მუსიკის მასწავლებელი ბავშვებს უცნობ სიმღერას უმღერის და, მიუხედავად სირთულისა, იწყებს მის სწავლებას. შედეგად სწორად მღერიან ის ბავშვები, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ განვითარებული მუსიკის აღქმის უნარი, ბავშვების უმეტესობა კი ყალბად მღერის, გაკვეთილიდან გაკვეთილამდე – უფრო და უფრო მცდარად. ასეთ ბავშვებს საკუთარი თავისა ცუდად ესმით და ხშირად ყვირილზეც კი გადადიან. ზოგიერთი აცნობიერებს, ზუსტად რომ ვერ იმეორებს ცალკეულ ბგერებსა თუ მელოდიას, მაგრამ სწორად სიმღერას მაინც ვერ ახერხებს. ამ შემთხვევაში არასწორი ინტონირების მიზეზი სმენასა და ხმას შორის კოორდინაციის უქონლობაა (იხ. „მუსიკალური სმენა: კოორდინაცია“).

ბავშვები არაზუსტად იმიტომ ინტონირებენ, რომ ზოგი უბრალოდ უყურადღებოა, ზოგიერთს კი სმენის სიმახვილე არ ჰყოფნის. ერთნი მეტისმეტად ჩუმად მღერიან, მეორენი – მეტისმეტად ხმამაღლა. საკითხს ადვილად და სწრაფად ის მასწავლებლები წყვეტენ, რომლებიც არასწორად მომღერალ ბავშვებს „უსმენოთა კატეგორიას“ მიაკუთვნებენ და მათთან მეცადინეობის გაგრძელებას არამიზანშეწონილად მიიჩნევენ. გუნდურ მეცადინეობებში ასეთ ბავშვებს დუმილს ურჩევენ, რათა სხვებს ხელი არ შეუშალონ. კვალიფიციური მასწავლებელი, როგორც წესი, არასწორად მომღერალი ბავშვების სიმღერის გაკვეთილიდან გათავისუფლების წინააღმდეგია, ვინაიდან მათზე დაკვირვება აუცილებელია მიზეზთა გამოსავლენად. მასწავლებლები, რომლებიც სიყვარულითა და ინტერესით ეკიდებიან თავიანთ საქმეს, ბავშვებს მუსიკისადმი დიდ ინტერესსა და სიყვარულს აღუძრავენ.

არანაკლები ბრალი მიუძღვით მშობლებსაც, როცა „უსმენო“ შვილს სიმღერას უშლიან. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ბავშვის მუსიკალური უნარის დამოუკიდებელი დიაგნოსტიკის დროს. ასე რომ, მუსიკალური მონაცემების განსაზღვრისას აჩქარება არ შეიძლება. მხოლოდ სიმღერის საფუძველზე გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ ადამიანს სმენა ან მუსიკალური ნიჭი არ აქვს. უსუფთაო სიმღერა მასწავლებელთა და მშობელთა მხრივ ზედმიწევნით ყურადღებიან დამოკიდებულებასა და მიზეზთა გამოვლენას მოითხოვს. სისტემატური მუშაობის შედეგად არასწორად მომღერალი ბავშვების რიცხვი თანდათან აუცილებლად შემცირდება.

მაკ

არაზუსტი ინტონირების მიზეზი ბავშვის მუსიკალური სმენის განვითარებასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ის ყოველი ბავშვისთვის განსხვავებული და ინდივიდუალურია.

სწავლების პირველი წელი ინტონირების სისუფთავის თვალსაზრისით ბევრი მოსწავლისთვის პრობლემურია, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. საჭიროა გამოვიკვლიოთ, მოსწავლეს სწორად სიმღერაში რა უშლის ხელს.

ბავშვებთან არაზუსტი ინტონირების გამომწვევი მიზეზებია: აღქმისა და მელოდიის ათვისების (სასიმღერო) ჩვევების უქონლობა ანუ სუსტად განვითარებული მუსიკალური სმენა, სახმო აპარატის მართვის არცოდნა, თავის რეზონატორის გამოყენების არცოდნა, ცუდი არტიკულაცია, ხმის ჟღერადობის შეზღუდული დიაპაზონი, კოორდინაციის უქონლობა სმენასა და ხმას შორის, საჭირო გარემოცვის არარსებობა (ოჯახისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უარყოფითი გავლენა), უყურადღებობა, სიმორცხვე – შინაგანი დაძაბულობა (ფსიქოლოგიური მიზეზები).

არტიკულაცია

სპეციალისტთა მოსაზრებების საფუძველზე არაზუსტი ინტონირების სამი მიზეზი გამოიკვეთა: ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და გარემოს გავლენა.

ფსიქოლოგიურ მიზეზსა და გარემოს გავლენაზე წინა წერილში გესაუბრეთ. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ მიზეზებს, ერთი მათგანია არასწორი ინტონირება, რომელიც ხშირად ცუდი არტიკულაციით არის გამოწვეული. ამ დროს ყალბად სიმღერას ცალკეული ბგერების, მარცვლებისა და სიტყვების არასწორი გამოთქმა იწვევს. როგორც ვიცით, საარტიკულაციო აპარატს ხმოვნებისა და თანხმოვნების ფორმირებაში მთავარი როლი ეკისრება. უმცროსი ასაკის ბავშვებს საარტიკულაციო აპარატი ხშირად დუნე აქვთ – ნაკლებმოძრავი და დაძაბული ქვედა ყბით, ენითა და ტუჩებით. ყოველ ხმოვანს შეესაბამება ენის, ტუჩებისა და რბილი სასის განსაკუთრებული მდგომარეობა. საარტიკულაციო აპარატის არასაკმაო აქტიურობის დროს გაურკვეველ ხმოვნებსა და თანხმოვნებს ვიღებთ. მათ სიმღერისთვის საჭირო მკაფიოობა აკლიათ. ვარჯიშის შედეგად ეს ნაკლოვანებები თანდათან გამოსწორდება.

მასწავლებლის უმთავრესი ამოცანაა, ბავშვის მთელი სახმო აპარატი ნორმალურ სასიმღერო მდგომარეობაში მოიყვანოს. მუსიკალური სმენის შეფასებისას ყურადღება მიაქციოს ბავშვის მეტყველებასაც. მონოტონური, მცირედ გამომსახველი მეტყველებისას ტონალური სფერო უნდა გაფართოვდეს, რისთვისაც აუცილებელია ლექსების სხვადასხვა რეგისტრში გამოთქმით კითხვა.

წითელცხვირა გენიოსი

0

სამი სიცოცხლეც რომ ჰქონდეს კაცს, შესაძლოა, მაინც ვერ მიაღწიოს ისეთ დაფასებას, როგორსაც სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი ცხოვრების შვიდი ათეული წლის განმავლობაში მიაღწია.  გარდა „წითელ ეშმაკებთან“ ერთად მოპოვებული ურიცხვი ტიტულისა, ფერგიუსონმა აღიარება თავისი განსაკუთრებული ბუნებითა და სამყაროს ხედვითაც დაიმსახურა.

განა ბევრს იცნობთ ისეთს, ვისაც შეუძლია იყოს ერთსა და იმავე დროს მკაცრიც და ლმობიერიც, მხიარულიც და გულჩათხრობილიც, მშვიდიც და ფეხბურთელების გამსილაქებელიც?! ცდება, ვისაც ჰგონია, რომ ალექს ფერგიუსონის მრავალმხრივობა მის შოტლანდიურ ფესვებსა და, საზოგადოდ, ეთნოგენეტიკურ წარმომავლობაშია საძიებელი; ფერგიმ თავისი პიროვნება საკუთარი ჯაფითა და ტალანტით შექმნა. სწორედ ამიტომ არ ჰგავს ის არც უზომოდ გონიერ, მაგრამ მეწვრილმანე ჟოზე მაურინიოს და არც გულღია, მაგრამ ცოტა „ოფოფებიან“ ტერი ვენეიბლზს.

როდესაც ამა თუ იმ მწვრთნელზე რამეს ამბობენ, ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომელი საფეხბურთო ფილოსოფიის მიმდევარია და რომელ სტილსა თუ მიდგომებს აღიარებს ეს კაცი. ფერგიუსონზე საუბარი ამ კუთხითაც ძნელია, რადგან სერ ალექსი იმ იშვიათთაგანია, ვინც თავისი საფეხბურთო ფილოსოფია ჩამოაყალიბა. ფერგის ფილოსოფია არ გახლავთ მიხელსის ან ლუის მენოტის შეხედულებათა დარად ერთსახოვანი და „ერთ ხაზზე გაჭიმული“. ტყუილად კი არ ამბობდა მისი ყოფილი შეგირდი ტედი შერინგემი, რომ პირველ ხანებში არ ესმოდა ფერგიუსონისა, რომელიც ერთი თამაშის წინ ერთს ეჩიჩინებოდა ფეხბურთელებს, მეორე მატჩისთვის მზადებისას კი „საკუთარი თავის წინააღმდეგ“ მიდიოდა და სულ სხვა რამეს ქადაგებდა. ფერგიუსონის ფილოსოფია ყველა სტილსა და ხედვას მოიცავდა, რაც კი აქამდე ყოფილა და რაც ბევრისთვის ალბათ ჯერ ახალია. მას სიცილად არ ჰყოფნიდა, როდესაც ინგლისელი ჟურნალისტები არასასურველი შედეგით დასრულებული რომელიმე თამაშის შემდეგ „საკუთარი სტილის ღალატის“ გამო აკრიტიკებდნენ. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ხნიერი კაცი გაცილებით დიდი ნოვატორი იყო და უფრო იოლად უმკლავდებოდა ახალ-ახალ საფეხბურთო გამოწვევებს, ვიდრე ბევრი ახალგაზრდა მწვრთნელი, რომლებიც, წესით, თავად უნდა ნერგავდნენ სიახლეებს და მხცოვან კოლეგებს მოძველებულ სტრატეგიებს უწუნებდნენ.

ჩვენ მიერ უკვე ხსენებულმა ჟოზე მაურინიომაც კი, რომელიც „ჩელსიში“ მოღვაწეობის დროს ფერგის უმთავრესი მეტოქე და გამქიაქებელი იყო, ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ გაკვირვებულია ფერგიუსონით, რომელიც დღესაც თანამედროვე ფეხბურთს თამაშობს.

სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი მოღვაწეობის მანჩესტერული პერიოდის განმავლობაში ოთხი ფორმაციის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩამოყალიბება მოასწრო. „იუნაიტედის“ ქომაგებმა, რა თქმა უნდა, ჩემზე უკეთ იციან, რომელი ფორმაციის გუნდი იყო უკეთესი და იორკი-კოულის წყვილი ჯობდა თუ რონალდუ-რუნისა, თუმცა წითელცხვირა შოტლანდიელის მთელი სიდიადე განსაკუთრებით მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც გუნდიდან ბექჰემისა და რონალდუს მსგავსი უდავო ლიდერები მიდიან, მაგრამ თითქოს არაფერი მომხდარაო – „მანჩესტერ იუნაიტედი“ კვლავ ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს და ახალ-ახალ სიმაღლეებს ეპოტინება. სამწუხაროდ, ამ დიდ გამარჯვებათა წყება წარსულს ჩაბარდა.

არაერთხელ გვინახავს ლიდერის წასვლის გამო დაქცეული და დაჩაჩანაკებუული კლუბები. ასეთ კლუბებს ევროპის თითქმის ყველა ეროვნულ პირველობაზე დღესაც ნახავთ. „იუნაიტედი“ ამ კუთხით ყოველთვის გამორჩეული იყო. ალექს ფერგიუსონმა თავისი ქომაგებიც კი დაარწმუნა, რომ გუნდი მხოლოდ ერთი ან თუნდაც ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი არ არის. როდესაც დევიდ ბექჰემი „რეალის“ ფერადოვნებას დახარბდა და მადრიდში გადაბარგდა, „მანიუს“ ფანებმა „ოლდ ტრაფორდზე“, ჩემი აზრით, ისტორიული პლაკატები გამოფინეს. პლაკატებზე ეწერა: „ვინ არის დევიდ ბექჰემი? ჩვენ ასეთს არავის ვიცნობთ!“ ეს არ ყოფილა მხოლოდ ნიშნის მოგება – ეს იყო რწმენა იმისა, რომ ფერგის ყველაფერი შეეძლო და უბექჰემოდაც ხელეწიფებოდა წარმატების მიღწევა. და ვერ შეძლო?! ვერ აიყვანა გუნდი მეორედ ევროპის უმთავრეს ოლიმპოზე?! ვერ დაამტკიცა, რომ ნიჭს სიბერე ვერაფერს აკლებს?!.

მერწმუნეთ, ფერგი ბებერი არ არის და არც არასოდეს დაბერდება. უბრალოდ, წლები ემატება. წლები, რომლებისაც ასე ეშინოდა ინგლისის მეფე რიჩარდს და არასოდეს შეეშინდება ფერგიუსონს – ეს კაცი ხომ წლებსაც იმორჩილებს…

წესები და პროცედურები კლასში

0

დაწყებით  კლასებში  მასწავლებლებს 20-30  მოსწავლის ხელმძღვანელობა უწევთ.  ცხადია, ყველა პედაგოგს ერთნაირად არ შეუძლია, ბავშვებს განსხვავებული აქტივობები შეასრულებინოს. შესაბამისი წესებისა  და  პროცედურების გარეშე დიდი დრო იკარგება ერთსა და იმავე კითხვებზე პასუხის გაცემაში: „ფანქარი გამიტყდა, როგორ დავწერო?“; „დავამთავრე წერა, ახლა რა ვქნა?“…

საშუალო კლასებში მასწავლებლებს ასობით მოსწავლესთან აქვთ ურთიერთობა. ამ ასაკის მოსწავლეები უდიდეს მასალას გადიან; ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ  მასწავლებლის ავტორიტეტს. წარმატებული მენეჯერები გეგმავენ პროცედურებს, აყალიბებენ წესებს,  რათა ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდნენ.

პროცედურები.  როგორ  უნდა  მოხდეს  მასალისა  და  დავალებების  განაწილება და  შეგროვება? რა პირობებში შეუძლიათ მოსწავლეებს დატოვონ ოთახი? როგორ  განისაზღვრება  მათი  შეფასება  და  ქულები?  ინვენტარის  გამოყენების რა წესები არსებობს ბუნებისმეტყველებისა თუ ხელოვნების გაკვეთილებზე? პროცედურა (ხშირად მას რუტინას უწოდებენ) აღწერს,  როგორ  უნდა  შესრულდეს  მოქმედება  კლასში. პროცედურა კლასში რაიმე ქმედების  შესრულების  გზაა. მასწავლებლებს, წესრიგის დასამყარებლად, შემდეგი  რუტინების  განსაზღვრა  ესაჭიროებათ:

  1. ადმინისტრაციულირუტინა – დასწრება;
  2. მოსწავლეთა გადაადგილება – კლასშიშესვლადა  კლასის  დატოვება;  მაგალითად,  ტუალეტში  წასვლა;

3.საკლასო ოთახის დალაგება – მცენარეების მორწყვა ან პირადი  ნივთების  შენახვა;

4.გაკვეთილების  წარმართვის  რუტინა,  მაგალითად, როგორ  უნდა  შეგროვდეს  მოსწავლეების  ნამუშევრები და როგორ უნდა დაუბრუნდეთ ისინი მათ;

  1. ურთიერთობა მასწავლებელსა და  მოსწავლეს  შორის,  მაგალითად,  როგორ  უნდა  მიიპყრო  მასწავლებლის  ყურადღება,  როცა  დახმარება  გჭირდება;
  2. საუბარი მოსწავლეთა შორის – დახმარება  ან  სოციალიზაცია.

ეს  ექვსი  რუტინა  უნდა  გამოიყენოთ, როგორც  ერთგვარი  ჩარჩო  საკლასო პროცედურებისა  და  რუტინების  დაგეგმვისას.

წესები. წესები ეხება კლასში დაშვებულ და აკრძალულ აქტივობებს,  ანუ  რა შეიძლება  გაკეთდეს და რა არ უნდა გაკეთდეს კლასში. პროცედურებისაგან განსხვავებით, წესები  ყოველთვის  დაწერილია  და  თვალსაჩინოდ არის  გამოფენილი. წესების შემუშავებისას უნდა გაითვალისწინოთ, როგორი ატმოსფეროს შექმნა გსურთ. მოსწავლეთა რომელი ქცევა გამოგადგებათ მათი ეფექტიანად სწავლებისთვის? რა შეზღუდვები შეიძლება იყოს საჭირო მოსწავლეთა ქცევის  სამართავად?  თქვენ  მიერ  დადგენილი  წესები უნდა შეესაბამებოდეს მთელ  სკოლაში  მოქმედ  წესებსა  და  სწავლის  პრინციპებს. მცირე  ჯგუფების  კვლევებიდან  ვიცით,  რომ  მოსწავლეთათვის სასარგებლოა,  როცა ისინი თანაკლასელებს უხსნიან მასალას. მოსწავლეები სხვათა სწავლებით სწავლობენ.  ურთიერთდაუხმარებლობის წესი შეიძლება არ შეესაბამებოდეს კარგად  სწავლის  პრინციპებს;  ან, მაგალითად, წესმა „არ  წაშალოთ წერისას!” შეიძლება  უბიძგოს  მოსწავლეებს იმისკენ, რომ მეტი  ყურადღება გაამახვილონ  შეცდომების  არდაშვებაზე, ვიდრე  აზრის  ნათლად  გადმოცემაზე.

წესები პოზიტიური უნდა იყოს, ასევე მათ შესრულებაზე დაკვირვება უნდა შეიძლებოდეს. უმჯობესია, შეიმუშაოთ მრავალი საკითხის მომცველი რამდენიმე ზოგადი წესი, ვიდრე ჩამოწეროთ უამრავი ნებადართული თუ აკრძალული ქცევის სია. თუ აკრძალვა ეხება  სპეციფიკურ  ქცევას, მაგალითად, შენობის დატოვებას ან ტუალეტში მოწევას, წესებში ეს  უნდა  აისახოს.

წესები დაწყებითი კლასებისთვის. ფსიქოლოგები იძლევიან ზოგადი წესების ოთხ მაგალითს დაწყებითი კლასებისთვის:

  1. 1. პატივი ეცით და  ზრდილობიანად  მოექეცით  ყველა  ადამიანს.  ახსენით  ნათლად, რას გულისხმობთ სიტყვაში „ზრდილობიანი“ – რომ ეს გამორიცხავს ჩხუბს, დაცინვას,  ხელით შეხებას. ზრდილობიანი ქცევის მაგალითია შენი რიგის დალოდება;  გამოყენება სიტყვებისა:  „თუ  შეიძლება“, „გმადლობთ“…, შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან თავის შეკავება. ეს წესი ეხება როგორც უფროსებთან, ასევე თანატოლებთან ქცევას.
  2. იყავით მომართული და  მომზადებული. ეს წესი ხაზს უსვამს კლასში  აკადემიური  მუშაობის  მნიშვნელობას.  მომართულობა  ნიშნავს  დღის  ენერგიულად დაწყებას და ადეკვატურ გადასვლას აქტივობიდან აქტივობაზე.
  3. მშვიდად მოუსმინეთ სხვების საუბარს. ეს ეხება მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც. ამ წესის დაცვა აუცილებელია როგორც დიდ კლასებში, ასევე მცირე ჯგუფებში დისკუსიებისას.
  4. დაემორჩილეთ სასკოლო წესებს.  ეს  შეახსენებს  მოსწავლეებს,  რომ  კლასში  მოქმედებს სკოლის საერთო წესები. მოსწავლე ვერ იტყვის, რომ კლასში საღეჭი რეზინის ღეჭვა ან ტელეფონზე თამაში ნებადართული ეგონა, მაშინ  როცა ეს სკოლაში აკრძლულია: „თქვენ არ გითქვამთ, რომ ეს ჩვენთვისაც  აკრძალულია“.

ნებისმიერი  წესის  შემთხვევაში,  მოსწავლეებმა  უნდა  ისწავლონ  ამ  წესის შესაბამისი  ქცევა.  საჭირო  იქნება  მაგალითების  მოყვანა,  გავარჯიშება, განხილვა.

როგორც ვნახეთ, სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა წესს მოითხოვს. ეს შეიძლება  დამაბნეველი  იყოს  დაწყებითი კლასების  მოსწავლეთათვის –  სანამ ამ  წესებს  დაისწავლიან. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დაბნეულობა და უწესრიგობა, შეგიძლიათ  მოიფიქროთ ნიშნები თითოეული აქტივობის წესებისათვის. საქმიანობის დაწყებამდე უჩვენეთ  მოსწავლეებს  ნიშანი,  რომელიც  შეახსენებს  მათ  წესებს.  ეს  იქნება  ზუსტი  და  მუდმივი  მინიშნება მონაწილეობის  ფორმაზე  – არა  მხოლოდ  სანიმუშო  მოსწავლეებს, არამედ ყველას ეცოდინება, რა არის მოსალოდნელი. რა თქმა უნდა, წესები უნდა  აიხსნას  და განხილულ იქნას, სანამ  ნიშნების  ეფექტი  სრულად გამოვლინდება.

წესები საშუალო კლასებისთვის.  ფსიქოლოგები გვაძლევენ წესების ექვს მაგალითს საშუალო სკოლებისათვის:

  1. მოიტანეთ კლასში ველა საჭირო მასალა. მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს კალმის, ფანქრის, ქაღალდის, რვეულის, ტექსტის და ა. შ. ტიპი.
  2. ზარი რომ დაირეკება, დასხედით თქვენს ადგილებზე და მოემზადეთ მუშაობის დასაწყებად.
  3. პატივი ეცით სხვებს  და  ზრდილობიანი  იყავით  მათ  მიმართ. ეს  წესი  ეხება ჩხუბს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, ზოგადად, პრობლემების შექმნას.  იგულისხმება,  რომ  წესის დაცვა აუცილებელია  მასწავლებელთან მიმართებაშიც.
  4. პატივი ეცით სხვა  ადამიანის  საკუთრებას. იგულისხმება  ის  ქონება, რაც სკოლის, მასწავლებლის ან სხვა მოსწავლის საკუთრებაა.
  5. მოუსმინეთ და იყავით წყნარად, როცა სხვა ლაპარაკობს. იგულისხმება სიტუაცია, როცა ლაპარაკობს მასწავლებელი ან სხვა მოსწავლე.
  6. დაემორჩილეთ სასკოლო წესებს.  დაწყებითი კლასების  მსგავსად, ეს წესიც მრავალ  ქცევასა  და  სიტუაციას  ეხება. არ არის საჭირო ყველა მათგანის გამეორება კლასში. ეს ასევე შეახსენებს მოსწავლეებს, რომ  მათ  თვალყურს  ადევნებთ  როგორც  კლასში, ისე  მის  გარეთ.  დარწმუნდით,  რომ  თავად  იცით  სკოლის  ყველა  წესი.  ზოგიერთი მოსწავლე დახელოვნებულია  მასწავლებლის  დარწმუნებაში, რომ მისი  კონკრეტული  ქცევა „სინამდვილეში  წესებს  არ  ეწინააღმდეგება“.

შედეგები. როცა უკვე განსაზღვრული გექნებათ წესები და პროცედურები, უნდა  მოიფიქროთ, რას მოიმოქმედებთ, როცა მოსწავლე დაარღვევს წესს ან არ მიჰყვება პროცედურას. ძალიან გვიანია გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა წესი დაირღვევა.

მრავალი  დარღვევის  შემთხვევაში, ლოგიკური  შედეგი  უკან  დაბრუნება  და „სწორად  მოქცევაა“.  მოსწავლეები,  რომლებიც  უთავბოლოდ  დარბიან დერეფანში, შეიძლება უკან მიაბრუნოთ და მოსთხოვოთ, ისე გამოვიდნენ, როგორც საჭიროა.  დაუსრულებელი  დავალება  შეიძლება  ხელახლა  შესრულდეს. დაფანტული ნივთები  შეიძლება  მილაგდეს. თქვენ  შეგიძლიათ გამოიყენოთ  ბუნებრივი  ან  ლოგიკური  შედეგები,  რათა  ხელი  შეუწყოთ  მოსწავლეების ემოციურ და სოციალურ განვითარებას შემდეგი ღონისძიებების გატარებით:

  • თქვენი რეაქცია  უნდა  განასხვავებდეს  ერთმანეთისაგან  საქციელსა  და  მის ჩამდენს – პრობლემა  ქცევაშია  და  არა  მოსწავლეში.
  • ხაზგასმით აღნიშნეთ მოსწავლეებთან, რომ მათ აქვთ მოქმედების არჩევის და კონტროლის  დაკარგვის  თავიდან  აცილების  ძალა  და  უნარი.
  • ხელი შეუწყვეთ აზროვნებას, საქციელის შეფასებას, პრობლემის გადაჭრას – თავი აარიდეთ მორალის კითხვას.
  • დაეხმარეთ მოსწავლეებს, რაციონალურად შეაფასონ საკუთარი ქმედებები და განსაზღვრონ, როგორ მოიქცევიან  ანალოგიურ  სიტუაციაში.

მთავარი აქ ის არის, რომ გადაწყვეტილებების მიღება სასჯელთან (და ჯილდოსთან)  დაკავშირებით უნდა ხდებოდეს უფრო ადრე, ანუ მოსწავლემ უნდა იცოდეს, რა არის  მოსალოდნელი  წესის  დარღვევის  ან  არასწორი  პროცედურის გამოყენების შემთხვევაში და რა მნიშვნელობა აქვს ამას მისთვის.

გურული მატარებლის ამბავი

0

ილო მოსაშვილის მაჯამური შეთამაშება ხომ გახსოვთ:

„სადმე სადგურია,

სად მე, სად გურია?’’

არადა გურია და მატარებელი რამ გაყო?

მის სამი სახეობა შემომრჩა:

1) ელექტრიჩკა. ბათუმი–ოზურგეთი. ჩემი დედულეთის, ნატანების, გავლით. მისი ბორბლების ქვემოდან ამოსული ხმაა ჩემი ბავშვობის საუნდტრეკი. უცნაური, მონოტონური, ხან – უცაბედ ამოოხვრასავით, ხან – არითმიული. თითქოს სადღაც ცუდ ამბავზე მიეჩქარებოდა. ფეხს ითრევდა. ახველებდა. ცალკე საგა იყო. ძაბვა ვარდებოდა და სადღაც ჩერდებოდა. ერთხელ ნატანებში ძველი ველოსიპედი მაჩუქეს და ოზურგეთში მიმქონდა. ერთი სული მქონდა შინ მისვლამდე და შუაღამემდე კი ველოდეთ ამ ელექტრიჩკას. იქ მომუშავე კაცი დაზეპირებული დანანებით ამბობდა, ოჩხამურშია გაჭედილი, ოჩხამურშიო. ადრეც მითქვამს – რაღაც საბედისწერო ქოროს სიტყვებად მახსოვს ეს „ოჩხამურშია გაჭედილი“. როგორც რომ ყორანი მისჩხაოდა ბარათაშვილის, ისე მომჩხავის.

2) სატვირთო მატარებელი. ეგ შორიდან თუ გვინახავს. გულისხმობდა ბენზინის ან ნავთის სუნს და მრგვალ ვაგონებს. ნიშნავდა იმაზე ნელ სვლას, ვიდრე ჩემი მეზობელი ანზორიე მიდიოდა ღობეზე ჩამოკონწიალებული, გალეწილი მთვრალი. მით უფრო – თუ ძაბვა იყო დაბალი, დაძაბულობა – მაღალი და ყაჩაღების მზაობა – შესაბამისი. თან დასდევდა ჟანგის ფერი და ლეგენდა, რომ ერთ-ერთ ავზში მთვრალი რუსი მოსამსახურე ჩაიხრჩო და იქვე ჩარჩა. როცა ჩაივლიდა, სულ მეგონა, რომელიღაც მათგანში იყო და მაინტერესებდა, როგორ გამოიყურებოდა. ამ მატარებლისთვის შეგეძლო ქვები გესროლა, მაინც ვერ გაბზარავდი, შენ კი „გაგისწორდებოდა“ – პატარა ბიჭი იყავი. პატარა ბიჭობა კი სულ ამას ნიშნავს – კენჭივით ხარ და კენჭებს ისვრი. შეგეძლო, ვაგონს მიპარვოდი და ზედ მიგეწერა: „გიორგის + ქრისტინა“, – და მიუყვებოდა შენი სიყვარულის ამბავი კავკასიის ეზოებს და ამ ეზოების წინ გამოფენილ ბავშვებს. და ბავშვების თვალებს, ამ წარწერას რომ ირეკლავდა, ოღონდ შეცვლილს – საკუთარი სახელებით. მერე ზოგიერთი ვაგონი მოხსნეს და ჯართში ჩააბარეს, ჯართიდან ხალხმა დაიტაცა და „თურქული ფეჩები“ გააკეთა. შეიძლება, ის წარწერები გადაფხიკეს/გადაღებეს. არ ვიცი. თუ დარჩა, დიდად პოეტურ-ფილისოფიური საქმე კი გამოდის.

3) დიდი მატარებელი. ასე ვეძახდით თბილისისკენ მიმავალ მატარებელს. ბილეთები სადგურის სალაროში იყიდებოდა, მაგრამ სრულიად სიმბოლურად. „პრავადნიკი“ თუ „პრავადნიცა“ სერიოზულად ჩართულიყო სამგზავრო ბიზნესში. მიხვიდოდი, გეტყოდა: „მარტო პლაცკარტი მაქ, პლაცკარტიიიიი“. „პლაცკარტი“ ნიშნავდა სტალინის გულაგების ინსცენირებას ცოტა მოდერნულ სტილში, ამიტომაც არავის უნდოდა და მიდიოდა თვალის ჩაპაჭუნება და ჭყინტი ყველის – ათლარიანის დანახება. „ესვე მაქ, კიდო, ესვე“, და უცებ – ყოველგვარი იმედის მესაფლავე: „მარა მაი 15 ლარი ღირს“. სა იყო 15 ლარი. და მიდიოდა ღრეჯა და „ჭვრითი მაქ, ნუ დამტიებ გლახა სიტვაციაში. ნუ დამტიებ, ლილოში ვარ წასავალი, ბაღნებიზა ტანსაცმელი მაქ საყიდი“. ბოლოს მოლბებოდა და გაძლევდა საკუთარ ოთახში ზედა ადგილს. და ვწვებოდით ორი ერთ ადგილზე. ან მონაცვლეობით. ვუყურებდით შუქს, რომელიც უცნაურად ანათებდა და გვიან აქრობდნენ და ვერ აქრობდნენ. ვუსმენდი ლიანდაგის ხმას, რომელზეც, გამეგონა, რომ მუსიკას ჰგავდა და მუსიკას ვერ ვამსგავსებდი. ვიგერიებდით სუნს, რომელიც ტუალეტიდან მოდიოდა და ვერ ვიგერიებდით. ვხედავით სიზმრებს, რომელთაც არ უნდოდათ ღამის გაცდენა, მიუხედავად იმისა, რომ გზაში იყვნენ და ვერც ვხედავდით. ჩავდიოდით თბილისში. ნამდვილად ჩავდიოდით.

ვის აწითლებენ გოგოები?

0

პატარა ოთახში ათიოდე მსმენელი ვიყავით. საბავშვო წიგნები, ალბომები, ხელნაკეთი თოჯინები, არაერთი მოულოდნელი ფერთაშეხამება, არათანაბარი სიმაღლის კედლებში მოქცეული სივრცე. ის, რაც, ყავისა და დარიჩინის სუნთან ერთად, შვედეთია. ჩემთვის – ამ ქვეყნით და მისი თავისებურებებით სამუდამოდ მოხიბლულისთვის. Unga Klara-ს – 2010 წლიდან სტოკჰოლმის დამოუკიდებელი თეატრის ორი რეჟისორი მოზარდებისთვის განკუთვნილ ექსპერიმენტულ წარმოდგენებზე საუბრობდა. მათი რწმენით, თეატრში მოსული ნებისმიერი ასაკის მაყურებელი სიმართლეს იმსახურებდა – პირველ რიგში, სიმართლეს საკუთარი თავის შესახებ. ვუყურებდით ეკრანზე ამ ექსპერიმენტული წარმოდგენების ჩანაწერების ფრაგმენტებს და მომდევნო დღეს ერთი ასეთის ნახვას ვაპირებდით.

რა არის სიმართლე 13-14 წლის მოზარდებისთვის, რომლებიც მოუმზადებლები არიან ახალი სხეულებისთვის, ახალი წესებით ცხოვრებისთვის, დიდების გაუგებრად ორგანიზებულ, დამთრგუნველ სამყაროში გზის გაგრძელებისთვის? ზემოთ ნახსენებ რეჟისორებს მიაჩნდათ, რომ სიმართლე სიჩუმის მიღმა უნდა ეძებო – ეს ისაა, რაზეც იშვიათად საუბრობენ ან საერთოდ გაურბიან საუბარს. სიჩუმეს დამანგრეველი ძალა აქვს. გაჩუმდები და განადგურდები. უნდა თქვა. უნდა გამოხატო. ყველას უნდა დაანახო, რომ არსებობ და შენს არსებობას მნიშვნელობა აქვს ამ სამყაროში.

„GIRLS WILL MAKE YOU BLUSH!“ – ასე ერქვა წარმოდგენას, რომელიც საფესტივალო პროგრამის ნაწილი იყო და რომლისთვისაც ფესტივალის სტუმრები ერთგვარად შეგვამზადეს.  ველოდებოდით. თავისუფალ ექსპერიმენტებზე, ენების გამუდმებულ არევაზე, სხეულის ენაზე, ქორეოგრაფიის მნიშვნელოვნებაზე ორსაათიანმა საუბარმა თავისი ქნა. ვიცოდით, როგორ იმუშავეს მსახიობებმა, რისკენ ისწრაფოდნენ, რა გამოხმაურება მოჰყვა წარმოდგენებს, როგორ მიიღეს მოზარდებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა, კრიტიკოსებმა.  გოგოების ამბები იყო. მენსტრუაცია. სისხლით დასვრილი საფენები – ხელიდან ხელში. მასტურბაციის იმიტაცია. სხვაც – ასეთივე სითამამით.

ინგლისური სახელწოდებაც გამომწვევად მოჩანდა. ეს მხოლოდ ჩვენი ამბავი არ არის, ყველა ქვეყანაში ყველა გოგოს ამბავიაო – ამას ამბობდნენ.

კიდევ იმას ამბობდნენ, რომ არ უნდა გრცხვენოდეს ფიზიკური სახეცვლილების – იმის, რაც თავზარდამცემი სიახლეა შენს ცხოვრებაში. სხეული, რომელიც ასეთი უცხო და სხვანაირია – ეს შენ ხარ. ნუ გეშინია, ერთ დღეს აუცილებლად გახდება სასურველი ეს შენი სხეული და მის მშვენიერებას და გამორჩეულობას, ბევრ სხვასთან ერთად, თვითონაც შენიშნავ. არ უნდა გრცხვენოდეს ლტოლვის, რომელსაც საპირისპირო ან სულაც შენივე სქესის თანატოლების მიმართ გრძნობ. იყვირე, ყირაზე გადადი, შეიცანი შენი სხეული, იმოძრავე, გამოხატე გრძნობები, შიში, ტკივილი, შეიყვარე, ილაპარაკე სიყვარულზე, იცეკვე, ისევ იყვირე მთელი ძალით,  და ასე შემდეგ.

წარმოდგენის დამთავრების მერე რაიმეს თქმის სურვილი არ გამჩენია. არც იმ გოგოებს გავუწითლებივარ, სცენაზე თავს რომ არ ზოგავდნენ. თანავუგრძნობდი. მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად გამოსვლოდათ – მათთვის ეს მეტისმეტად მნიშვნელოვანი იყო. რეჟისორებს და ალბათ მაყურებლების ნაწილსაც მიაჩნდათ, რომ ეს ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო.

დარბაზიდან გასვლისას უზარმაზარი პოსტერები დაგვირიგეს, ღია მწვანე ფონზე ალისფერი წარწერებით და სახალისო ნახატებით. ბიჭებიც გახსენებოდათ – ერთ-ორ ადგილას რაღაც ისეთი მიეხატათ, რაც უდავოდ მათი საკუთრება უნდა ყოფილიყო.

რა მოხდებოდა, ეს ექსპერიმენტული წარმოდგენა 13-14 წლისას რომ მენახა? მახსოვს, როგორი მტკივნეული იყო ყველაფერი, რაც ჩემი სხეულის თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებას უკავშირდებოდა. მხოლოდ ის მინდოდა, რომ არაფერი ეკითხათ, საერთოდ ვერ შეემჩნიათ, რომ ვიზრდებოდი და ვიცვლებოდი. შესაძლო პასუხების სისწორეში დარწმუნებული არ ვიყავი – მეჩვენებოდა, რომ „კიც“, „არაც“ და ყველა სხვა სიტყვაც ერთნაირად ამაზრზენად გაისმებოდა. სასოწარკვეთამდე მივყავდი იმ შეკითხვების გააზრებას, რომლებსაც აუცილებლად დამისვამდნენ – მესმოდა, სხვებს როგორ უსვამდნენ კლასში და როგორ იწყებდნენ ფიზიკურ ტრანსფორმაციაში შემჩნეულები თავის მართლებას. ალბათ არ მომეწონებოდა „მტკივნეულ თემებზე“ სცენიდან საუბარი – ჩემი „საიდუმლოებების“ გამხელა, თითოეული წვრილმანის სახალხოდ  განხილვა. ალბათ, ამგვარი წარმოდგენის ნახვას არც ე. წ. თერაპიული ეფექტი ექნებოდა, რაც არის კიდეც მსგავსი სოციალურ-თეატრალური ექსპერიმენტების ამოცანა.  შიშისგან გათავისუფლება. სიჩუმის – ამ ყველაზე დიდი და საშიში მტრის დამარცხება.

ჩემი მოსწავლეობის მერე დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც არის კითხვები, რომლებიც მაშინებს და რომლებსაც მუდმივად თავს ვარიდებ. გაწითლებითაც სულ იოლად ვწითლდები ხოლმე. შემოქმედებითი სითამამისა და თეატრალური ექსპერიმენტების საწინააღმდეგო არც არაფერი მაქვს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ საკუთარ თავთან მრავალჯერ განხილული, იდუმალებისა და მრავალმნიშვნელოვნების საბურველით მოცული რომელიმე ძველი კითხვა უფრო მომხიბვლელად არ გამოიყურება.

ძველი და ახალი კითხვები.

  როლური თამაში გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

სამუშაოს, რომლის შესახებაც მინდა გესაუბროთ, მოსწავლეები, როგორც წესი, ხალისით ასრულებენ: იკვლევენ, წარადგენენ ანგარიშებს და აწყობენ პრეზენტაციებს. ეს როლური თამაშია. მის მნიშვნელობასა და შედეგებზე არაფერს ვიტყვი. ის ისედაც ყველამ კარგად იცის. მე ძალიან მიყვარს ეს მეთოდი. რატომ?

ჩემი მოსწავლე ხან ქალაქის მერია, ხან გაერო-ის დამკვირვებელი და ხანაც სოფლის მეურნეობის მინისტრი. ინვესტორები და ექსპერტები კლასში ხომ მრავლად გვყავს. ასე თამაშ-თამაშით გეოგრაფიასაც ვსწავლობთ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსაც განვიხილავთ. ჩემი აზრით, როლური თამაში ყველაზე სახალისო და შემოქმედებითი მეთოდია. მოსწავლეები ყველაზე თამამები და კრეატიულები ამ დროს არიან.

პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ დამკვირვებელთა, ანუ „ექსპერტთა ჯგუფი“ მოტივაციის ამაღლების მიზეზად შეიძლება იქცეს. ამ ჯგუფის წევრებს თავად მოსწავლეები ირჩევენ. „ექსპერტთა ჯგუფი“ წინასწარ შემუშავებული რუბრიკების საშუალებით მოსწავლეთა ნამუშევრებსა და პრეზენტაციებს აფასებს. გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების შედეგად ჯგუფში ხდება ცვლილება. მთელი წლის განმავლობაში „ექსპერტთა ჯგუფში“ მოხვედრა მოსწავლეს მოტივაციას უმაღლებს. წლის ბოლოს ჯილდოს ჯგუფის წევრებისთვის თავადვე არჩევენ: „ყველაზე აქტიური“, „ყველაზე სამართლიანი“, „ყველაზე კრეატიული“ და ა.შ.

გთავაზობთ როლური თამაშის რამდენიმე ვარიანტს და შესაბამის მასალას:

მე-10 კლასში გეოგრაფიის გაკვეთილზე ევროკავშირის შესწავლის შემდეგ შესაძლებელია ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის განხილვის მოწყობა.

აქტივობა №1.

იქმნება ,,ევროკავშირის ექსპერტთა“ ჯგუფები, რომლებმაც ევროკომისიას არგუმენტირებულად დასაბუთებული, სამომავლო 2013-2020 წლების ბიუჯეტის პროექტის საკუთარი ვარიანტი უნდა წარმოუდგინონ, სადაც მკვეთრად იქნება განსაზღვრული პრიორიტეტები (აღმოსავლეთ ევროპის განვითარება, დასავლეთ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარების დონის თანაფარდობის მიღწევა,  ეკოლოგიური პრობლემების გააზრება და ა.შ.).

პრეზენტაციას წარმოადგენენ სასურველი ფორმით. გამარჯვებული პროექტის ავტორთა ჯგუფი წახალისდება ,,ფულადი პრემიით“: 10 000$ (10), 9 000$ (9), 8 000$ (8) და ა.შ.

პროექტის შემუშავების დროს სასურველია გამოიყენონ ევროკავშირის ბიუჯეტის 2012 წლის მონაცემები.

  1. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს, თუ როგორ ნაწილდება ევროკავშირის ბიუჯეტი წევრ ქვეყნებს შორის: კვლევისა და ინოვაციების, განათლებისა და ტრენინგების, ტრანსევროპული ქსელების, სოციალური პოლიტიკის, ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროების განვითარებისათვის.როლ
  2. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ევროკავშირის სტრატეგიას ნაკლებად განვითარებული ევროკავშირის ქვეყნებსა და რეგიონებში, მდგრადი განვითარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რეგიონთა შორის თანამშრომლობას და ინტეგრაციის პოლიტიკას.

როლ2

  1. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა ასახავს, თუ რას მოიცავს ევროკავშირის ბიუჯეტი. დაფინანსების ნაწილი ევროკავშირის ბიუჯეტიდან მოიცავს საერთო სამეურნეო პოლიტიკას, სოფლის მეურნეობის განვითარებას  და გარემოს დაცვაზე გათვალისწინებულ ხარჯებს.

როლ3

  1. მოცემული კარტოგრაფიული ანამორფოზა გვიჩვენებს ადმინისტრაციულ ხარჯებს ყველა ევროპულ ინსტიტუტებში, ასევე, ჯანდაცვისა და საპენსიო ფონდში.

 როლ4

გამარჯვებულ პროექტს „ექსპერტთა ჯგუფი“ გამოავლენს. აქ შეიძლება შეიქმნას მეორე ჯგუფიც, „საზოგადოების წარმომადგენლების“ ან „არასამთავრობოთა ჯგუფი“. ისინიც წარმოადგენენ საკუთარ შეფასებას. ეს ჯგუფები მუშა ჯგუფების წარმომადგენლებისგან იქმნება. შეფასების კრიტერიუმებიც წინასწარ ერთობლივად შემუშავდება. ასე რომ, სუბიექტურობა გამორიცხულია.

მეორე  აქტივობაც მე-10 კლასისთვის არის გამიზნული, თუცა მისი გამოყენება მე-11 კლასშიც შესაძლებელია.

აქტივობა №2. როლური თამაში. ტექსტისა და სქემის ანალიზი.

ახალგაზრდული სამიტი თემაზე ,,ათასწლეულის განვითარების მიზნები საქართველოში“.

კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს ბარათებს, რომელშიც მსოფლიოში ,,ათასწლეულის განვითარების მიზნებია (MDG) ” გაწერილი. სამიტზე უნდა იმსჯელონ საქართველოში ათასწლეულის განვითარების ამ 8 მიზნის შესახებ. მათ უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები და წარმოადგინონ „სამომავლო ინიციატივები“ თითოეული მიზნის შესაბამისად.

ბარათი:2000 წლის სექტემბერში გაერო-ის ათასწლეულის სამიტზე წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2015 წლამდე ათასწლეულის განვითარების რვა მიზანს მიაღწევდნენ. ეს მიზნები ემსახურება ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიცაა სიღარიბე, შიმშილი, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა, გენდერული უთანასწორობა და სხვა.

ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი:

  1. უკიდურესი სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრა;
    2. დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა მთელ მსოფლიოში;
    3. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდა;
    4. ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება;
    5. დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება
    6. აივ/შიდსთან, მალარიასა და სხვა დაავადებებთან ბრძოლა;
    7. ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფა;
    8. მსოფლიო თანამშრომლობის ჩამოყალიბება-განვითარებისთვის.

ათასწლეულის დეკლარაციაზე ხელისმოწერით, საქართველომ ვალდებულება აიღო, განსაზღვროს და განახორციელოს ათასწლეულის განვითარების რვა მიზანი საქართველოს კონკრეტული საჭიროებებიდან გამომდინარე. ქვეყნის განვითარებით დაინტერესებული მხარეებისათვის ათასწლეულის განვითარების მიზნები დისკუსიის, პრიორიტეტებზე შეთანხმებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალება გახდა.

გაერო-ის სააგენტოთა ჯგუფმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ათასწლეულის განვითარების მიზნების პირველი ანგარიში 2004 წლის ივნისში შეიმუშავა, ხოლო ანგარიში ათასწლეულის განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ 2005 წლის სექტემბერში მომზადდა.

ეს ანგარიშები, რომელიც საქართველოს მთავრობისა და განვითარების პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია,  წარმოგვიდგენს მიზნების მისაღწევად გადადგმულ ნაბიჯებს და ქვეყნის მიერ 2015 წლისათვის თითოეული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.

შემდეგი მასალა კი დებატების ჩატარებაში დაგვეხმარება.

აქტივობა3. როლური თამაში. დებატები.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს  ათასწლეულის განვითარების პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტის ენდი სამნერის მოსაზრებებსა და ინფორმაციას ნიუ-იორკში ჩატარებული კონფერენციის შესახებ.

კლასი იყოფა ჯგუფებად. ერთი ჯგუფი იქნება გაერო-ის წარმომადგენელთა მუშა ჯგუფი;

მე-2 – ,,ათასწლეულის განვითარების მიზნების“  პროგრამის 2015 წლის შემდეგ

გაგრძელების მომხრე;

მე-3  –  ჯგუფი იქნება პროგრამის გაგრძელების მოწინააღმდეგეები.

მე-4 –  საზოგადოების წარმომადგენლები.

წყარო: მსოფლიოს 130-მდე ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ ნიუ-იორკში, ეგრეთ წოდებული, „ათასწლეულის განვითარების მიზნების“ კვლავ განსახილველად. გაერო-ში ეს კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება. მონაწილეებს სურთ, გადახედონ ათი წლის წინ დასახულ ამოცანებს და იმაზე იფიქრონ, თუ რა გზებით შეიძლება 2015 წლისთვის გათვლილი ამ მიზნების მიღწევა, რაც აშკარად შეაყოვნა მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა. კონფერენციაზე გაერო-ის გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განვითარებული ქვეყნების ლიდერები, ასე ვთქვათ, მიიხმო, რათა მათთან ერთად კვლავ განეხილა ის მიზნები, რომლებიც ათი წლის წინ დაისახა. ესენი იყო: სიღარიბის და შიმშილობის დაძლევა, დაწყებითი განათლების უზრუნველყოფა ყველასათვის, ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და შიდსის ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა. დღეს, როცა მიზნის მიღწევის ვადამდე 2 წელი დარჩა, გენერალური მდივანი ცდილობს ამ ამოცანების მიღწევის საქმეში ჩავარდნები დიპლომატიურად გამოხატოს: კეთილდღეობის, ეკონომიკური ზრდის მექანიზმების შექმნას ძალზე ცოტა აქვს საერთო გაერო-სთან…

„ამ თავყრილობის მხარდაჭერამ გული გამიმაგრა. ჩვენ კვლავაც ვიხილეთ, თუ რა დიდია განსხვავება, როცა საქმეში მაღალი რანგის პოლიტიკა ჩაერევა. დროსთან ამ შეჯიბრის

პირობებში ყველა დანაპირები უნდა შევასრულოთ“.

ნიუ-იორკში დაფუძნებული საგარეო ურთიერთობათა საბჭოს თანამშრომელი მარკ ლეგონი მთავარ პრობლემაზე ლაპარაკობს. მისი აზრით, გაერო-ის შეუძლია სიღარიბის თაობაზე მსოფლიო შეკრება გამართოს, მაგრამ, როგორც საერთაშორისო ინსტიტუცია, ის ნაკლებად ეფექტიანია ადამიანების შემოსავალზე გავლენის მოხდენის კუთხით: „გაერო არის სახელმწიფოთა ფორუმი, სადაც მათ შეუძლიათ თავიანთი შეშფოთება გამოხატონ მსოფლიოში სიღარიბის გამო, მაგრამ კეთილდღეობის, ეკონომიკური ზრდის მექანიზმების შექმნას ძალზე ცოტა აქვს საერთო გაერო-სთან“.

მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ის ორგანიზაციებია, რომლებზეც ბევრია დამოკიდებული მსოფლიოში ადამიანების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ. სტიუარტ პატრიკი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მუშაობს, ნიუ-იორკის ამ შეხვედრის მნიშვნელობას ხედავს, მაგრამ მაინცდამაინც დიდი იმედი არა აქვს, რომ შეხვედრა “ათასწლეულის განვითარების მიზნების“ მიღწევის საქმეში დიდი ცვლილებების მომტანი იყოს: „მიზნები ერთობ ამბიციურია. მათი მიღწევა ისედაც რთული იყო. 2008 წლის ბოლოს ეკონომიკურმა კრიზისმა მათი მიღწევა კიდევ უფრო გაართულა. ვითარება ასეთია: საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ჩამორჩა“.

ჩამორჩა რადგან არაერთმა ქვეყანამ უარი თქვა თავდაპირველი დანაპირების შესრულებაზე. ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი ერთადერთი არ არის, ვინც აცხადებს, რომ უჭირს ამ პროექტისთვის გათვალისწინებული სახსრების გამოყოფა. გენერალური მდივნის განცხადებით, გაერო-ს დღეს სჭირდება 26 მილიარდი, 2015 წლისთვის კი  უკვე 100 მილიარდი დოლარი დასჭირდება. გამონაკლისის სახით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ „ათასწლეულის განვითარების“ პროექტისთვის დაპირებულ თანხას გაიღებს. მაგრამ სტიუარტ პატრიკი განმარტავს, ვაშინგტონმა ასეც რომ ისურვოს, კონგრესი შეიძლება წინააღმდეგ წავიდესო. ათასწლეულის განვითარების მიზნებისადმი მიძღვნილი ამ  წარმომადგენლობითი შეხვედრის შემდეგ გაერო-ის გენერალური ასამბლეის შეხვედრა იმართება, რომელსაც დაესწრებიან აზიის ქვეყნების – მათ შორის, პირველად უზბეკეთისა  და  ავღანეთის – პრეზიდენტები. ნიუ-იორკში ჩავა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი. ორივე შეხვედრაზე იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. გენერალური ასამბლეის მთავარი საკითხები იქნება ბირთვული იარაღის გავრცელების შეზღუდვა და ადამიანის უფლებები.

ენდი სამნერი, ათასწლეულის განვითარების პროგრამაზე მომუშავე სპეციალისტია, რომელმაც თავის ნაშრომში  ფინანსებისა და განვითარების თანაფარდობა შეაფასა.: „კამათი იმის შესახებ, თუ რა მოხდება 2015 წელს, მაშინ, როცა ათასწლეულის განვითარების პროგრამა დასრულდება, ფართო განხილვის თემას წარმოადგენს. მოხდება კი პროგრამით გათვალისწინებული უფრო მეტი მიზნობრივი ჯგუფის შექმნა? შევძლებთ კი მსოფლიოში სიღარიბის დაძლევას. ამ გადასახედიდან, უმჯობესია პროგრამის მიმდინარეობის განვლილ 10-წლიან გზას გადავხედოთ. “ბატონი სამნერი  სასექსის უნივერსიტეტში სიღარიბის დაძლევის საკითხებზე მომუშავე მკვლევარია. მისი თქმით, ამ დოკუმენტის ეფექტურობის თაობაზე უამრავი კითხვა დაისმის: „სინამდვილეში, გაერო-ის ათასწლეულის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების განხორციელების თაობაზე ხელი არასდროს მოუწერიათ ქვეყნების მეთაურებს. მათ ხელი მხოლოდ ათასწლეულის განვითარების დეკლარაციაზე აქვთ მოწერილი. და სწორედ ამიტომ, მის წინაშე, ალბათ არავინ თვლის თავს ანაგრიშვალდებულად“. დეკლარაციის პარალელურად, ბევრი ანგარიში სავარაუდო დანახარჯისა და  შემოთავაზებული კრიტერიუმების ცვლილებებს წარმოადგენს.  აქედან გამომდინარე, საყოველთაოდ გავრცელებული იმედი ათასწლეულის განვითარების პროგრამის შესახებ, გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს სწრაფი განვითარების საკითხში.

ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ათასწლეულის  განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის დიდი რაოდენობა დახმარების სფეროში დაიხარჯა, რომლის ეფექტურობა და პროდუქტიულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ საკითხს  – ფართო თუ ვიწრო რაკურსით: „თუ ამ თემას გლობალური კუთხით შევაფასებთ, დავინახავთ, რომ გაერო-ის სიღარიბის დაძლევის შვიდი ძირითადი პრინციპიდან სამი მათგანი პროგრამის მიზნებს ამართლებს, ხოლო ერთ-ერთი მათგანი – ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა კი – ვერ აკმაყოფილებს.  არავინ არაა დარწმუნებული მისი მონაცემების ადეკვატურობაში“.

ენდი სამნერის მოსაზრებით, სიღარიბის შემცირების მიზანი 2015 წლისათვის  ბიზნესის  დაუსრულებლობას კვლავ განაპირობებს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოში გავრცელებულ შეხედულებას სიღარიბის დაძლევის თაობაზე მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს.  ახლა მხოლოდ ის გვაინტერესებს, თუ რა მოხდება 2015 წლის შემდეგ. მოხდება კი ათასწლეულის განვითარების პროგრამის გაგრძელება თუნდაც განახლებული მიზნებით?

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

  1. https://www.undp.org.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=52;
  2. https://www.viewsoftheworld.net/?p=3049.

2016 წლის მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტები

0

ვებგვერდმა მისამართით – www.topuniversities.com, რომელიც პერმანენტულად აქვეყნებს სტატიებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების შესახებ, ორიოდე კვირის წინ მსოფლიოს 2015 წლის საუკეთესო რეიტინგის მქონე უნივერსიტეტები გააცნო.

პრესტიჟულობის მაჩვენებელი ამ უნივერსიტეტებს შორის რამდენიმე კრიტერიუმით განისაზღვრება:

  • სწავლების მეთოდებით;
  • გარემოთი და ინფრასტრუქტურით;
  • დასაქმების ბაზარზე კონკრეტული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების მოთხოვნით.

ამ კრიტერიუმების სათავეში წელს, სხვა წლების მსგავსად, საუკეთესო შედეგი აჩვენა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებმა. საუკეთესო ათეულის ტიტული მხოლოდ და მხოლოდ ამ ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს ერგოთ.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული ჟურნალმა – Times Higher Education – მსოფლიოს საუკეთესო 100 უნივერსიტეტის სიის შესაქმნელად, ინტერვიუ ჩამოართვა გამოცდილ და კომპეტენტურ შემფასებლებს. შემფასებლების აზრი ზუსტად დაემთხვა რეალურ სტატიკას – მათი ათეული ზუსტად ის გახლდათ, რაზეც ქვემოთ გიამბობთ.

ასე გამოიყურება 2016 წლის ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტების სია:

მე-10 ადგილი კოლუმბიის უნივერსიტეტმა დაიკავა. ის აშშ-ში, ნიუ-იორკში მდებარეობს და ძველად მეფეთა სასწავლებლის სახელით იყო ცნობილი. კოლუმბიის უნივერსიტეტი 1754 წელს დაარსდა. 2015 წლის მონაცემებით, იქ დაახლოებით 28,000 სტუდენტი სწავლობს.

მე-9 ადგილი კალიფორნიის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაიკავა, რომელიც 1891 წელს დაარსდა და ყოველწლიურად 3,000 სტუდენტს იღებს.

აშშ-ში, კონეკტიკუტში მდებარე იელის უნივერსიტეტი მე-8 ადგილზე გავიდა. ის 1701 წლიდან არსებობს და ამჟამად დაახლოებით 13,000 სტუდენტს ითვლის.

პრინსტონის უნივერსიტეტს ძველად ნიუ-ჯერსის კოლეჯი ერქვა. ის აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში მდებარეობს და 10,000-მდე სტუდენტს ითვლის. 1746 წელს დაარსებული პრინსტონის უნივერსიტეტი და სიის მეშვიდე ადგილზეა.

კალიფორნიის უნივერსიტეტმა, რომელიც აშშ-ში, კალიფორნიაში მდებარეობს, საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. ეს უნივერსიტეტი ცნობილია სწავლების ძალიან მაღალი დონითა და ფაკულტეტების სიმრავლით. შესაბამისად, ამჟამად კალიფორნიის უნივერსიტეტში 40,000-მდე სტუდენტი ირიცხება. ის1868 წელს დაარსდა.

„თავისუფლების ქარი ქრის“ – ესაა სტენფორდის უნივერსიტეტის დევიზი, რომელიც სიის მეხუთე ადგილს იკავებს და სტენფორდში, კალიფორნიაში მდებარეობს. ის 1891 წელს დაარსდა. იქ ამჟამად დაახლოებით 16,000 სტუდენტი სწავლობს.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი სიის მეოთხე ადგილზეა. 1861 წელს დაარსებული ინსტიტუტი კემბრიჯში, აშშ-ში მდებარეობს. დღეს იქ დაახლოებით 12,000 სტუდენტი სწავლობს.

მესამე ადგილი უჭირავს ოქსფორდის უნივერსიტეტს, რომელიც დღემდე კონსერვატიული მეთოდებითაა სახელგანთქმული. აქ სტუდენტებს ყოველთვის უნიფორმით ნახავთ. მათ გამოცდაზეც კი სპეციალური სამოსის ჩაცმა უწევთ. მკაცრი დრესკოდის მიუხედავად, ოქსფორდის უნივერსიტეტი სახელგანთქმულია განსაკუთრებული სწავლის დონით. ის 1096 წელს დაარსდა. დღეს აქ დაახლოებით 23,000 სტუდენტი სწავლობს.

1209 წელს დაარსებული კემბრიჯის უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების სიის მეორე ადგილზეა. დიდ ბრიტანეთში მდებარე კემბრიჯის უნივერსიტეტში დღეს დაახლოებით 20,000 სტუდენტი სწავლობს.

პირველ ადგილს კი ჰარვარდის უნივერსიტეტი იკავებს. ის 1636 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. გასაკვირი არაა, რომ ჰარვარდში მოსახვედრად საუკეთესო ქულები, შრომა და მეცადინეობაა საჭირო.

რა ბედი ელით სტუდენტებს, რომლებიც ამ უნივერსიტეტებში ჩააბარებენ და წარმატებით მოიპოვებენ დიპლომს? რასაკვირველია, დიდი შრომა, ჯაფა და მეცადინეობა. შემდეგ კი საუკეთესო შემოთავაზებები სხვადასხვა წარმატებული კომპანიიდან დასაქმების თაობაზე. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები, ძალიან მალე ხდებიან საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ან თავადვე აარსებენ საკუთარ კომპანიებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...