შაბათი, ივნისი 7, 2025
7 ივნისი, შაბათი, 2025

იავნანა საცობისთვის

0

სამსახურიდან გამოდიხარ. დღეს ყველა საქმე ერთად გეყარა თავზე. ნაწილის მოგვარება მოასწარი, ნაწილის – ვერა. დაუსრულებელი საქმეების გამო, უფროსმა შენიშვნა მოგცა. შინ წასვლის დრო დადგა. ერთი სული გაქვს სახლში მიხვიდე, სადაც ცხელი წვნიანი და  შემწვარი კარტოფილი გელოდება. ჯერ ამას ჩაატკბარუნებ და მერე Homeland-ის სამ სერიას დააყოლებ დესერტად, გარჩეული მზესუმზირასავით აკოწიწებ მესამე კვირაა. იმედოვნებ, რომ დაძაბულობას მოიხსნი, ოჯახის წევრებს დაელაპარაკები, ძველ ამბებს გაიხსენებთ და ამასობაში, ძილის დროც მოვა. ხვალიდან კი, კუნთებში ჰერაკლეს ძალასავით მომდგარი ენერგიით მიასიკვდილებ კისერზე ალესილი ხანჯალივით შემოლაგებულ საქმეებს.

ფიქრები მძიმე სკაფანდრივით გახურავს თავზე. მთვარეულივით დააბიჯებ და ვერც კი ამჩნევ, რომ გზის პირს მიუახლოვდი. ფიქრის უღრანებიდან სიგნალის მჭახე ხმას გამოჰყავხარ და რას ხედავ – მანქანების სანათებს თეთრი და წითელი მდინარეები შეუქმნიათ ტრასაზე. უძრავი მდინარეები.

ორთქლს პირიდან სიგარეტის ბოლივით უშვებ და გზაზე გამოკიდებულ რკინის კოლოფებს მისჩერებიხარ, რომლებშიც ადამიანთა ათასნაირი დარდი და სიხარული ჯინივით გამომწყვდეულა. ცივა და მძღოლები ფანჯრებს დაბლა აღარ უშვებენ. ამიტომ, გარეთ ვერც მათი დარდი აღწევს და ვერ სიხარული. ტაქსის გაჩერება არ გიწევს, ის მდორედ მოძრაობს გზაზე. უბრალოდ, კარი უნდა გამოაღო. „ვაზისუბანში რვა ლარად გამიყვანთ?“ – კითხულობ მორცხვად, თითქოს აქეთ სთხოვდე რვა ლარს ან შენი ბრალი იყოს, ამოდენა საცობი რომ დგას. „რომელში გინდა?“ – გკითხავს ეჭვით და როცა ეტყვი, აქა და აქო, მძიმედ დაიწყებს ფიქრს, თითქოს ქალიშვილის ხელი გეთხოვოს. დაჯეო, გეტყვის…

უკვე ნახევარი საათი გავიდა, თქვენ კი ჯერ ვერ გაიქეცით, მუხლიც  ვერ გამართეთ, ვერ კი გაიძუნძულეთ. ნელ-ნელა გეპარება აზრი, რომ აჯობებს სერიალი ხვალისთვის გადადო და მისთვის გამოყოფილი დრო ძილს დაუთმო. გაწვიმდა. ჰაერი ჩაიხუთა და საქარე მინები დაიორთქლა. მძღოლები თან ბუზღუნებენ და თან ისტერიულად უსვამენ  მინას ნაჭერს. ზოგიერთი, ვინც თადარიგიგი ვერ დაიჭირა და კარის უჯრედში ნაჭერი არ მოიმარაგა, მინაზე მოდებულ ორთქლს ხელით წმენდს. ოდნავ ჩამოწეული ფანჯრებიდან ისმის ცნობილი გინების უკანასკნელი თანხმოვნები. წყვილები, რომლებიც მანქანაში კარგ ხასიათზე ჩასხდნენ, გზამ ისე გააბოროტა, ახლა ცდილობენ ერთმანეთს შარი მოსდონ და მანქანაში ისე სხედან, როგორც ნაჩხუბარი ცოლ-ქმარი წევს საწოლში.

  • რო მოვწიო, ხო არ შეგაწუხებ? – გკითხავს მძღოლი და გაგახსენდება, რომ მეექვსე თვეა აღარ ეწევი.
  • მოწიეთ – ეტყვი იმ იმედით, რომ მოწყალებას გაიღებს, ერთი-ორჯერ სახეში შემოგაბოლებს და გაგახსენებს მწეველობის დიად დღეებს, როცა ჯიბეში მუდამ გედო ერთგული მეგობარი – წითელი Marlboro, რომელიც არასოდეს გტოვებდა მარტოს.

მძღოლი უკიდებს და ნერწყვი გადგება. ფიქრობ, რომ ახლა, სულ ერთი ნაფაზისთვის ცალ თირკმელს დათმობდი, რადგანაც ორი მაინც არაფერში გჭირდება (სიმართლე ითქვას, თირკმლის დანიშნულება საერთოდ არ იცი). მძღოლი ახველებს და ხელს მომდგარი ხრინწის ხმა გაფიქრებინებს, რომ მის ფილტვებში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს სიმსივნე და ადრე თუ გვიან წააქცევს ამ ვეება კაცს, რომელიც პატიოსნად დგას თავის ხაზში და გზას მიჰყვება. გრძნობ, რომ მორფეოსი ნელ-ნელა მკლავებს გხვევს და საძილეთში მიჰყავხარ. ფიქრობ დანებდე და თავი გადაქინდრო, მაგრამ უხერხულობ, ვაი თუ პირღიას ჩაგთვლიმოს. მიდიხარ ასე, ძილ-ღვიძილში და ხედავ, რომ ვიღაც ნაძირლები საპირისპირო ზოლებში იმოკლებენ გზას, რათა უფრო სწრაფად მიაღწიონ თავიანთ დამპალ სახლებში, შენზე სწრაფად დახვრიპონ წვნიანი, ეთამაშონ ბავშვებს, ტახტრევანზე წამოკოტრიალდნენ და უყურონ საინფორმაციო გამოშვებას, რომელშიც იტყვიან, საღამო მშვიდობისაო და როგორც ერთ ხუმრობაშია, მერე მოჰყვებიან, რატომ არ არის ასე.

თქვენ კი მიღოღავთ ისე დინჯად და ისე ნელა, რომ ფიქრობ, ამასობაში ხომ არ გამოიგონეს კიბოს წამალი. ან, იქნებ სირიის კონფლიქტსაც მოეღო ბოლო – ჯარისკაცებმა იარაღები დაყარეს და ხელი ხელს მისცეს.

„ახლა მარჯვნივ, მერე ზემოთ და მერე ისევ მარჯვნივ“ – ეტყვი მძღოლს და ისიც თავს გიქნევს. უკვე გენანება კიდეც მისი მიტოვება. ბოლო-ბოლო, იმდენი დრო გაატარეთ ერთად. ქაღალდის ფულს უწვდი და აყოლებ: „იყოს ათი, ხურდა არ მინდა“. ის დაიმორცხვებს და მადლობას გეტყვის.

ლიფტთან მიდიხარ და ოცნებობ, იქნებ ღმერთმა ამჯერად მაინც გაიღოს წყალობა შენზე და არავინ დაგემგზავროს. ამ დროს, სადარბაზოში სწორედ ის შემოდის, ვისთან ერთად მგზავრობაც ყველაზე ნაკლებად გაგიხარდებოდა – ახალი მეზობელი, რომელმაც ერთხელ უკვე სცადა შენთან დამეგობრება –  ფეხბურთის ნახვა შემოგთავაზათ ლუდისა და თევზის თანხლებით. შენ კი უთხარი – „როგორღაც მოვახერხოთ, ჩავუსხდეთ“ – მას შემდეგ კი თავსა და თვალს არიდებ. გგონია, რომ ახლა მოვა და ისევ დამეგობრებას შემოგთავაზებს, მაგრამ ცდები. მგონი ახალ მეზობელს უფრო ეზარება შენთან ერთად მგზავრობა და მობუზული დგება გვერდით. შენ იძულებული ხარ საყველპურო დიალოგისთვის პირველმა დაიკნავლო:

  • რა საცობი იყო.
  • ეჰ – ამოიოხრებს – ორი საათია სახლისკენ მოვდივარ.

ის თავის სართულზე გამოდის და ცალყბად გემშვიდობება. შენ გზას განაგრძობ და მხოლოდ ერთი აზრი გაწუხებს: იქნებ წვნიანიც ხვალისთვის გადადო.

კითხვები მხატვრული სახის გასააზრებლად

0

ნაწარმოების შესწავლისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მთავარი გმირის (ზოგჯერ, ერთი შეხედვით, არამთავარი), პერსონაჟის მხატვრული სახის გააზრებას. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეს, არა მხოლოდ გაიგოს ნაწარმოების შექმნის მიზეზი (იდეა), არამედ ჩასწვდეს ეპოქის ტკივილსა და მწერლის სატკივარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  ეს მეოცე საუკუნის მწერალთა ნააზრევის შესწავლისას, როცა ეპოქალური ძნელბედობით გადათელილი  „სისხლიან-ცხედრიანი“ გზა-სავალი ქვეყნისა და მამულიშვილისათვის ბუნდოვანი გამხდარა და როცა „სიტყვა ნაწყვეტი“ გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე თუნდაც ერთი დიდი ნარკვევი. ამ პრობლემის გადასაჭრელად მასწავლებელს მართებულად დასმული კითხვა და ამ კითხვებზე გაცემული პასუხები დაეხმარება. სხვაგვარად, წარმოუდგენელია მოსწავლის დაინტერესება, მისგან მართებული პასუხის მოსმენა.

      ამ საკითხით დაინტერესებულთათვის განვიხილავთ რამდენიმე მაგალითს:

  1. დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ კითხვისას მოსწავლემ უნდა გაიაზროს კირილე მიმინოშვილის სახე.

ეს პერსონაჟი ნაწარმოებში გამოჩნდება მამის გადაწყვეტილებით გამტკნარებული და-ძმის (პლატონი, დარიკო)  საუბრისას, თუმცა მისი ოჯახის წევრების დარდის საგანმა („კრიჭაშეკრული“ დარიკო) კირილე უზომოდ გაამხიარულა. მკითხველს თავიდან ესმის მისი სიცილის მიზეზი (სიტუაცია ტრაგიკომიკურია, კირილე კი, მისივე თქმით, იქ არის, „სადაც სიამე და მოლხენაა“) აკი, პლატონსაც ეღიმება, მაგრამ მალევე იხსნება „გვაროვნობით“ მხიარული მიმინოშვილის („მიმინოს შვილი“) ხასიათის თავისებურება („შვილი რომ ეყოლოს, სეირი არ იქნება?“), შემდეგ იგი შემზარავად დამაფიქრებელ ფრაზასაც ამბობს: „ჩხუბი და ცილობა უნდა ავუტეხოთ ერთმანეთში საწყალ დედაბრებს“. პლატონი მასთან ყოფნას „საფრთხილოდ“ მიიჩნევს და არც ცდება. მთვრალი კირილე შაფათაძის ოჯახში ჯერ „დაჩემებით სცლიდა“ ყანწებს, შემდეგ აურზაური ატეხა. ბოლოს, ბიძამისის (ჯიმშერ სალობერიძის) ოჯახში მისულმა სტუმრების თვალწინ სირცხვილისაგან ცოცხალ-მკვდარ პლატონს („ცოცხლებში აღარ ერია“) „უშვილო დედაბრის“ საძებნელად სიარული დააყვედრა და ბოღმამორეული ცხენის მოსაკლავად გაექანა… (მხიარული, ხუმარა, სეირის მოყვარული, თანაგრძნობის ნიჭის უქონელი, გამმეტებელი თუ „უინტელექტო პროტესტით“ გამსჭვალული კირილე?).

კირილეს ხასიათის გასააზრებლად მოსწავლემ უნდა ახსნას კონკრეტულ სიტუაციებში კირილე მიმინოშვილის ქცევის მიზეზი.

ა) მართლა ის კაცია კირილე, რომელიც მხიარულია იმიტომ, რომ „სხვასაც ეამება მისი შეხედვა“ (ანუ სხვისი დუხჭირი ცხოვრების შემამსუბუქებელია) თუ სეირის მოყვარული ცინიკოსია („შვილი რომ ეყოლოს, სეირი არ იქნება?“)?

  ბ) მხოლოდ უსაქმური და უპასუხისმგებლო ადამიანია (რომელსაც თვეში ერთხელ სახლში მისულს ყველაფერი ძველებურად ხვდება) თუ ბოღმისა და ჯავრის სხვაზე გადამტანი (შაფათაძის სტუმრებზე), გამმეტებელი (ჯიმშერ სალობერიძის ოჯახში ატეხილი აურზაური) უბედური, უმიზნო ადამიანია, რომელსაც „მხიარულება“ ადამიანის დამცირება, მისი ნაკლის ხაზგასმა ჰგონია, ხოლო გართობა (ქორწილი, სუფრასთან მოლხენა) ჯავრის ამოყრის საშუალება (იქნებ, ამიტომ ცლის „დაჩემებით“ ყანწს ყანწზე)?

 ამ კითხვებზე პასუხის გაცემისთანავე მკითხველს (მოსწავლეს) ებადება კითხვა:

  • რა ჯავრსა და ბოღმაზეა საუბარი?
  • რამ გააბოროტა კაცი, რომელიც ერთი სუფრიდან მეორე სუფრაზე მოსახვედრად „შეუსვენებლად“ ირთობს თავს?

  ამ კითხვაზე მართებული პასუხის ძიებისას კი უკვე ეპოქალური სატკივარიც გამოიკვეთება და იკვრება სურათი ფუნქციადაკარგული აზნაურისა, რომელსაც საკუთარი თაობისა და წოდების უუნარობა, უარსობა გაუსიგრძეგანებია და გალიაში გამომწყვდეული ცხოველივით გზადაკარგულსა და უღონოს თითქოს „მამხილებლის“ მისიის შესრულება გადაუწყვეტია. ეს მხილება კი სასტიკი, დაუნდობელი, მაგრამ „უინტელექტოა“. ამიტომაც, აღიზიანებს საზოგადოებას, მაგრამ ვერ წამლობს.

  1. მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნების“ წაკითხვისას მოსწავლემ უნდა გაიაზროს ივანეს სახე.

ნაწარმოებში იგი გამოჩნდება, როგორც ავთანდილ ხევისთავის გაზრდილი მღვდელი, რომელიც „აჩრდილივით“ დასდევს ახალდაქორწინებულებს, „ეკლესიურ დარიგებას“ აძლევს მათ და „ულევი ლოცვით“ ლოცავს –  თან ჩუმჩუმად ჯაყოს ოინბაზობას „ყურში აწვეთებს“ ჯერ კიდევ „უფლებამოსილ“ თეიმურაზს. თავის მამულში ხიზნად ჩასულ ნათავადარს უკვე „გესლიანი“ ნახუცარი ივანე ხვდება, რომელიც გამზრდელის (ავთანდილის) შვილს „ქვიშაზე გაგუდულ თევზად“ მოიხსენებს და მკვახედ ეტყვის, რომ „წყლის წასვლის“ მოლოდინს სამსახურის შოვნა სჯობდა. „ახალი რელიგიის“, ანუ მიწიერი ფასეულობების (მატერიალური საფუძვლის) განმტკიცების „მქადაგებელი“ „ცხოვრების ნამდვილ აზნაურს“ (ჯაყოს) ადღეგრძელებს და ერთი ტომარა ფქვილის ფასად მას „ღარიბ-ღატაკი გლეხობისა თუ გაჭირვებული ქვრივ-ობლის პატრონად“ მოიხსენებს. ივანეს მთავარი არგუმენტია ის, რომ ადრე ღატაკი ქართველობის უმეტესობა „ახალი დროების“ შემოსვლის შედეგად „ერეკლე მეფეზე“ უკეთ ცხოვრობს: მან ირწმუნა „ახალი ქვეყანა“, ძველს რწმენა (ანაფორა) გააყოლა. მან ღვთის რწმენა დაკარგა იმიტომ, რომ უფრო ძლიერი – მშრომელი ხალხის ძალა და მომავალი – ირწმუნა. მისთვის „ბედთან ჭიდილი“ გმირობა არ არის (ეს სახიფათოა!); სამაგიეროდ, „ბედთან შეგუება“ ხსნის გზაა, რადგან სხვა შემთხვევაში დაიღუპება. ეს არის კაცი, რომლის დევიზია: „საკუთარი თავი და სარგებლობა“ – აკი, თეიმურაზსაც შერიგების გზას ურჩევს.

 

ივანეს სახის გასააზრებლად სასურველია აიხსნას ივანეს „ცხოვრებისეული ფილოსოფია“:

 

  • როგორ და რატომ იქცა „მლოცველი“ და „ღვთის რწმენის“ მქადაგებელი ნახუცრად?
  • რატომ არ შეებრალა ნაამაგარი ოჯახის თუნდაც „წყალწაღებული“ თეიმურაზი?
  • რამდენად შეეფერება ყოფილ მღვდელს ჯაყოს (პირუტყვი, მოძალადე) დალოცვა?
  • იცის თუ არა მან, რას ნიშნავს „სიკეთის თესვა და ქვრივ-ობლის პატრონობა“?
  • იქნებ, დასცინის „ახალ დროებას“ („კოჭლ დროებას“) და შავბნელი ეპოქის შედეგად აღზევებულ ჯაყოს (აკი ჯაყომაც „იჭვის თვალი გადაავლო ყველას და პირი ღია დარჩა“)?
  • მის მიერ განმარტებული „საამქვეყნო რელიგია“ რატომ გულისხმობს „ჩემი მოყვასის მტრის“ გასრესასა და მოსპობას?
  • ივანეს მართლა სჯერა, რომ ქართველთათვის „ქრისტიანობა მხოლოდ ფარი იყო ეროვნულობის გადასარჩენად, თუ ამგვარი შეფასება საკუთარი „უბადრუკი“ არსებობის ხსნის გზების მტკივნეული ძიების გამომხატველია?
  • მართლა უნდა შეურიგდეს ღვთის ხატად დარჩენილი ადამიანი „ერთი ტომარა ფქვილის ფასად“ (თუ ოცდაათ ვერცხლად) ავსაც და კარგსაც, არ უწესებდეს ზღვარს ბნელსა და ნათელს?
  • რა არსებაა ის, ვინც „მთლიანად, უეჭვოდ, გულღიად“ „უკლებლად, დაუმატებლად და შეუსწორებლად“ მიიღებს მზესაც და ჭუჭყსაც მხოლოდ იმიტომ, რომ „ერთი წვეთი ეჭვისა“ ცხოვრებას მოუწამლავს?
  • რა ცოდნას „ეტანება“ იგი, თუ „დაღუპვა“ მხოლოდ ამქვეყნიური არსებობის, კეთილდღეობის დაკარგვად გაუაზრებია?
  • გამარჯვებულის მეხოტბე „ბრბოს ნაწილად თუ არა, მის „მეხოტბედ“ ქცეული ივანე რატომ არ რიყავს თეიმურაზს? ეცოდება თუ შემფასებელია დიდებული გვარის „ნაკაცარი“ ნაშიერისა?

3.ნ. ლორთქიფანიძის ნაწარმოების „შელოცვა რადიოთი“ წაკითხვისას მოსწავლემ უნდა გააანალიზოს შემდეგი საკითხი: ელის გაქცევა დასაბრუნებლად ანუ იმის ფასის გასაგებად, რა არის ჭეშმარიტად ღირებული („მთავარი მაინც სამშობლო არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი“…). ნაწარმოების ქვესათაურად მწერალს ჩაუსვამს: „დიდი გოდების მცირე ნაკადი“.

  „ქართული მშვენიერების“ ნაწილად ქცეული ქალი უარს ამბობს „ყველასაგან მოწონებულ, მაგრამ უღირს ქმარზე, შემდეგ „უბედურების (მოვლენის მამისეული შეფასება) ადვილად გადამტანი“ ჯერ „სულელი“ შვინდაძის ცოლი ხდება, მერე კი „მძიმედ დატვირთულ ურემში“ გაბმული ბედკრული საქართველოს გარედან მაყურებელი ევროპელი ავანტიურისტის თითქმის შეუფასებელი ნადავლი. ქვეყნის დატოვებისას მერსედესში მჯდარი ელი იმახსოვრებს ქართული სივრცის „ფერად ველებსა“ თუ „კოშკების გასალკლდევებულ ნანგრევებს“… ევროპის მდიდრულ სამყაროში უცხოა და სევდიანი („მე თუ ზეპირ მიცინია, ქვე ქვე მითქვამს იდუმალ ვა“) – სიყმაწვილეს რიდლის „საკუნტალა“ ახსენებს, ხოლო შვილის მონატრების ტკივილს ლენბახის „დედა და შვილი“ უძლიერებს. „გალიაში გამომწყვდეული ბულბული“ (ნ. ბარათაშვილი) ხვდება, რომ სულიერებას მოკლებული კაცისთვის გამდიდრება ადვილია (ბრომლეი), რომ სხვათა უბედურების ხარჯზე დაგეშილ, გამდიდრებულ ავანტიურისტთა სამიზნე საუკუნეობრივი ქარტეხილისაგან („მოვარდნილი კორიანტელი“) განწირული ქვეყნის („ეროვნული სხეულის შესანარჩუნებლად მებრძოლი) შვილები ხდებიან და იმასაც, რომ ყველაფერი არ იყიდება (რამინო, რომელიც ბედნიერია იმიტომ, რომ წავიდა). არსებობს რაღაც გაცილებით მნიშვნელოვანი, ღირებული, უმთავრესი, რომლის დაკარგვა ადამიანს საკუთარ თავსაც აკარგვინებს – ამიტომ, გადაწყვეტს, დაბრუნდეს, თუნდაც სიცოცხლის ფასად.

საკითხის – ელის გაქცევა დასაბრუნებლად, ანუ ჭეშმარიტად ღირებულის შესაცნობად – გასაგებად მოსწავლემ უნდა გაიაზროს ყველა ის მიზეზი, რომელთა გამოც მან სამშობლო დატოვა:

  • იმიტომ, რომ ცხოვრებამ ჯერ „უხამს“, შემდეგ კი „სულელ“ უპასუხისმგებლო კაცს გადაჰყარა?
  • მხოლოდ იმიტომ, რომ მან და მამამისმა „გაჰყიდეს, დააგირავეს უსაჭიროესიც“?
  • იქნებ, იმიტომ, რომ „სამოქალაქო ბრძოლის მოვარდნილ კორიანტელს“ ვერ გაუძლო „ცხოვრების ნაპტკვენმა ბუმბულმა“?
  • მართლა სჯობია „ჭკვიანი“ კაცის ხასობა (გაყიდვა იმისა, რაც იყიდება) „სულელის“ შვილობას (ჭეშმარიტი სულიერი ფასეულობის მემკვიდრეობა)?
  • რას ნიშნავს ამ კონტექსტში გამოყენებული ჭკვიანი ან სულელი: „ჭკვიანი“ – მატერიალურად უზრუნველყოფილს, „სულელი“ – ცხოვრების ორომტრიალისა და „კოჭლი დროებისაგან“ განადგურებულ რაინდს?
  • მართლა ასეთი ბედნიერებაა „საბურთალოს მტვრის“ მოცილება (თინო) და ქვეყნიერების დათვალიერება?
  • მაშინ რატომ უჭირს იქ ყოფნა, სადაც გაიქცა?
  • რატომ ცდილობს ხელოვნების ნაწარმოებთა საშუალებით პირად ტკივილთა გამწვავებას? მივიწყებულის გახსენებას?
  • როგორ უნდა გავიგოთ ელის ბიოგრაფია – არის თუ არა იგი „დიდი გოდების მცირე ნაკადი“ თუ „უძღები შვილის“ ბრძოლაა დაკარგული სამყოფლის დასაბრუნებლად?

  ამ კითხვებზე პასუხის ძიებისას მოსწავლეს საშუალებას ვაძლევთ, გაიაზროს ნაწარმოების შექმნის მიზეზი და წინაპირობა, მწერლის სატკივარიცა და სათქმელიც. ნაწარმოების  იდეის გააზრებისას კი მოსწავლე მზად არის, იმსჯელოს და იკამათოს, შეაფასოს და მიღებული ცოდნა შესაბამისად გამოიყენოს.

ბულუ, ბავშვობა გახსოვდეს…

0

ფეისბუქი ყოველდღე მახსენებს:

– გახსოვს?

– შარშან ეს სურათი რომ გააზიარე, გახსოვს?

– შარშანწინ კი ეს პოსტი დაგიწერია, გახსოვს?

უჰ, მუსიკალური კლიპიც გამიზიარებია. ფრანგი მომღერალი მღერის: არ იტირო, ბულუ, ყველაფერი გაივლის, გაიზრდები და ბედნიერი იქნები, ოღონდ, ბულუ, ბავშვობა მაინც არ დაივიწყო, გახსოვდეს…

მეც მახსოვს, ყველა წვრილმანი მახსოვს…

მახსოვს, ნათესავ გოგოსთან ერთად როგორ შევექცევი კიტრს ბებიას ბოსტანში. ის გოგო ჩემზე უფროსია, მაგრამ ჩემი ჭკუისაა. უფროსებისგან გაურეცხავი კიტრის ჭამისთვის რომ მოგვხვდა, ისიც მახსოვს…

მახსოვს ბატკანი… ეზოში ერთად ვთამაშობთ, რაც ჩემი წაქცევით და მუხლში შუშის ნატეხის შერჭობით მთავრდება. მერე ბებოს ქოთქოთი ისმის:

– ჰოი, ქეთო, ქეთო (თავის თავს ელაპარაკება), ყველანაირი უბედურება ამ ბავშვმა როგორ უნდა დაიმართოსო.

ნეტავი იმ დროს…

მახსოვს, გაზეთ „მასწავლებლისთვის“ რომ ვწერდი… ნეტავი იმ დროს…

ოღონდ მეხსიერებას ხელის შეწყობა და ვარჯიში სჭირდება.

– ჩვენ ის ვართ, რასაც მივირთმევთო, – წერდა პარაცელსი, ამიტომ მეხსიერება უნდა ვკვებოთ.

პირველი, რაც გვჭირდება, ვიტამინი B12-ია, კობალამინი. ეს ვიტამინი კობალტის იონს შეიცავს და დღეში 10 გრამია საჭირო. კობალამინი ორგანიზმში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მაგალითად, ნერვული უჯრედების მიელინის გარსს დაშლისგან იცავს. მისი უკმარისობისას ანემია ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლი უჯრედებს საკმარისი რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს ვეღარ მიაწვდის.

ამ ვიტამინით მდიდარია ხორცი და ღვიძლი. რძესა და კვერცხშიც მოიპოვება, მაგრამ შედარებით ნაკლები.

ვიტამინ B12-ს ნაწლავებში არსებული მიკროფლორაც ასინთეზებს. ის ერთადერთი წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს. უმთავრესად – ღვიძლში.

კარგი მეხსიერებისთვის და, საზოგადოდ, ორგანიზმის სწორი ფუნქციობისთვის ჯანმრთელი ფარისებრი ჯირკვალია აუცილებელი. ეს ნიშნავს, რომ ის საჭირო რაოდენობის ჰორმონებს  უნდა გამოიმუშავებდეს – არც მეტს და არც ნაკლებს, ამისთვის კი თუთიაა საჭირო.

თუთია აუცილებელია ლითონდამოკიდებული (ამ შემთხვევაში – თუთიადამოკიდებული) ფერმენტებისთვისაც. ეს ელემენტი ბევრია ზღვის პროდუქტებში, მარცვლეულში და… გოგრის თესლში. საჭირო რაოდენობის თუთიის მისაღებად, ასე, 140 გრამი თესლის ჩაკნატუნებაა საჭირო. ჰოდა, იოლი საქმეა, არა?

მეხსიერებას კიდევ ერთი ხელმისაწვდომი პროდუქტი სჭირდება – ოხრახუში უნდა მივირთვათ, დღეში, ასე, ერთი კონა. ის აპეგინინს შეიცავს.

აპეგინინი ფლავინების ჯგუფის ნივთიერებაა და უმთავრესად მცენარეების შემადგენლობაში შედის. ის უნგრელმა ბიოქიმიკოსმა ალბერტ სენტ-დიერდიმ აღმოაჩინა 1938 წელს და ვიტამინის მსგავს ნივთიერებებს მიაკუთვნა. ძლიერი ანტიოქსიდანტია და უჯრედს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. რეგულარული მიღებისას აპეგინინი:

* მოქმედებს როგორც:

ანთების საწინააღმდეგო საშუალება;

ანტიოქსიდანტი;

ანტიალერგენი;

* სპაზმისგან იცავს კუნთებს;

* ეწევა:

ათეროსკლეროზის პროფილაქტიკას;

სიმსივნეების პროფილაქტიკას (მათ შორის – სარძევე ჯირკვლების, სწორი ნაწლავის, ფილტვების, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეებისასაც);

* ამცირებს სისხლში ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინის რაოდენობას.

100 გრამი პიტნა 8,71 მგ აპიგენინს შეიცავს; ისპანახი – 62,2 მგ-ს; დაფნის ფოთლები – 2,84 მგ-ს; არტიშოკი – 4,7 მგ-ს; ერთი ჭიქა შავი ღვინო – 1,33 მგ-ს; ოხრახუში კი 225,93 მგ-ს. როგორც ხედავთ, ამ უკანასკნელში აპეგინინი ყველაზე მეტი და ყველაზე ხელმისაწვდომია.

„…ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,

ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა…“ (ლადო ასათიანი)

სილამაზეს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება და მერე როგორი… მაგრამ ყოველდღე სამი პროდუქტიც რომ  მივირთვათ, კანი მადლობას გვეტყვის. სილამაზე კანიდან იწყება.

პირველი მათგანი ბულგარული წიწაკაა. კანს ყოველგვარი წიწაკა უხდება, მაგრამ მწარე ნაღვლის ბუშტს და ნაწლავებს აღიზიანებს, ბულგარული – არა. ჰო, ის არ მითქვამს, რომ ერთი ცალი ბულგარული წიწაკა C ვიტამინის სამი დღის ნორმას შეიცავს – 390 მგ-ს.

ელასტიკურობას კანი ცილების – ელასტინისა და კოლაგენის ხარჯზე ინარჩუნებს. C ვიტამინი სწორედ ამ ცილების სინთეზისთვის არის აუცილებელი (თუმცა არაერთი  სხვა ფუნქციაც აქვს). ამ ცილების გარეშე ეპიდერმისი ვარდება და კანი ბერდება.

C ვიტამინი იმ ხილსა და ბოსტნეულშია, რომელიც მწვანე, ყვითელი, წითელი ან ნარინჯისფერია, ბულგარულ წიწაკაში კი – ყველაზე მეტი.

მეორე აუცილებელი პროდუქტი მზესუმზირაა. ის E ვიტამინითაა მდიდარი. ეს ვიტამინი უძლიერესი ანტიოქსიდანტია. თავისუფალი რადიკალები დაბერების პროცესს უწყობენ ხელს, E ვიტამინი კი მათ ბოჭავს და ანეიტრალებს. ამ ვიტამინის ნაკლებობა, უპირველეს ყოვლისა, კანზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნით იჩენს თავს. 100 გ მზესუმზირა 182 მგ E ვიტამინს შეიცავს. ეს ორი დღის ნორმაა. თანაც რა მშვენიერი საკნატუნოა…

E ვიტამინს ასევე შეიცავს რძე, კარაქი, კვერცხი, ხორბალი, მწვანე ბოსტნეული, ლობიო, ასკილი, ღვიძლი, კუნთი, ელენთა…

ადამიანის ორგანიზმს E ვიტამინის დეპონირების უნარიც შესწევს. ის უმთავრესად ცხიმოვან ქსოვილში დეპონირდება. ასე რომ, მეტისმეტი არ მოგივიდეთ. ზედმეტი არაფერი ვარგა. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ვიტამინი E.

მესამე მნიშვნელოვანი პროდუქტი პომიდორია. ის უხვად შეიცავს წითელ პიგმენტ ლიკოპინს. თერმული დამუშავება ამ პიგმენტს ააქტიურებს და უფრო იოლად ასათვისებელს ხდის (დაწვრილებით წაიკითხეთ სტატიაში https://mastsavlebeli.ge/?p=11176).

ვწერ და დროდადრო ფეისბუქს ჩავცქერი… თურქი კოლეგა შინ მარტო დარჩენილა და იძულებული გამხდარა, სადილი თავად მოემზადებინა. მერე უფიქრია, ეს ამბავი მთელ ფეისბუქს უნდა გავაგებინოო, კერძისთვის სურათი გადაუღია და გამოუფენია. მოიცა, წარწერაც აქვს. ვკითხულობ, მესმის და მიხარია – თურქული ენა სულ უფრო უკეთ მესმის, ანუ ჩემი მეხსიერება კარგია და ახალი სიტყვების მარაგს საიმედოდ ინახავს. წერია, პომიდორი შევწვი, კვერცხი გადავასხი, მერე წიწაკა დავამატე და ახლა გემრიელად მივირთმევო.

…სოფლის ეზოში ვზივარ. გზაზე ვიღაც ბიჭი ხან აივლის, ხან ჩაივლის. მორიგი ავლის დროს ჯოხზე დაყრდნობილ სანდრო პაპას ხედავს და ხმამაღლა გასძახის:

– როგორა ხარ, ბებერო?

ასეთი მიმართვის მოსმენაზე უსიამოვნოდ ვიშმუშნები, ბიჭი კი აგრძელებს.

-ბებერო, გზაზე ხომ არ გინდა გადასვლა? გადაგიყვანო?

პაპამ ეტყობა თავი გაუქნია, არაო და ბიჭმაც:

– მაშ, კარგი, ჭკვიანად იყავი, ბებეროო.

ცოტა ხანში ბიჭი ისევ ქვემოთ მოდის, ჩემი ეზოსკენ უნდა გამოიაროს. თავს ვერ ვიკავებ და ვეუბნები:

– ბიჭო, პაპას ასე რატომ მიმართე?

– შენ რა, რო? – მივიღე ორიგინალური პასუხი.

– მე არც არაფერი, მაგრამ შენ რომ ასე მოგმართონ, მოგეწონება?

– მე ჯერ ახალგაზრდა ვარ!

– ააა, – ვპასუხობ მე.

ჰოდა, ახალგაზრდებო, იცოდეთ, რომ ეს დროებითი უპირატესობაა. სწორი კვებითა და ცხოვრების წესით შეგიძლიათ სიბერე ოდნავ შეაფერხოთ, ოღონდ ახლავე უნდა დაიწყოთ… წამზომი ჩართულია.

დიალოგურობა და სინერგიის ეფექტი – მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები

0

„დი: თან, დიალოგი ალბათ, ყველაზე უფრო ჰგავს იმ პროცესს, აზრის გაჩენა რომ ჰქვია – სხვადასხვა აზრების შეჯერება, წინააღმდეგობების ძებნა, რაიმე დასკვნების გაკეთება და ასე უსასრულოდ…

თეთრი ორქიდეა: ანუ, დიალოგი თვითონ არის აზრი.

…………………………………………

ტომი: მართალია – დიალოგი არის აზრის გადმოცემა – ამიტომ ის სალაპარაკოდ არ გიბიძგებს, ის გიბიძგებს ფიქრისაკენ და საკუთარ თავში დიალოგის აღმოჩენისაკენ

გიგი თევზაძე „აქ და ყველგან“

 

დიალოგურობა არ არის დიალოგი… ხშირად მოგისმენიათ, საუბრობს ორი ადამიანი, ორივე „თავისას“ ლაპარაკობს და ამტკიცებს, არ უსმენენ და არ ესმით ერთმანეთის… სხვა შემთხვევაში, ისმენთ მონოლოგს, სულაც ქუჩაში, სულაც უცხო ადამიანისგან და მოულოდნელად მას თქვენზე ისეთი გავლენა აქვს, იწყებთ ფიქრს…

 დიალოგი ზოგჯერ სულაც არ არის „დიალოგური“, ზოგჯერ მონოლოგი ზედმიწევნით დიალოგურია…

რას ნიშნავს დიალოგურობა…? როგორია დიალოგურობა პრეზენტაციის დროს, როდესაც ფატქობრივად მონოლოგში ვიმყოფებით?

დიალოგურობა, პირველ რიგში, ეს არის ცნობიერების გახსნილობა, მიიღოს და გადაამუშაოს ინფორმაცია, ამ მზაობის გარეშე კომუნიკაცია არ არის ეფექტური.

დიალოგურობა _ ცნობიერების თვისებაა, მისი მზაობა თანასწორი ურთიერთობისათვის;

დიალოგურ კონტექსტს არა აქვს საზღვრები, ის ვრცელდება წარსულშიც და მომავალშიც…

დიალოგური დამოკიდებულება იწვევს ახალი აზრის წარმოქმნას, რომელიც არასდროს არ არის სტაბილური და ერთხელ და სამუდამოდ დასრულებული …

პრეზენტაციის დასაწყისში ყოველთვის ყველა ცდილობს, ჯერ ერთგვარი რეზონანსი დაამყაროს აუდიტორიასთან და მერე გადავიდეს მთავარ სათქმელზე. სწორედ ამ დროს ხდება უხილავი ენერგიის „გაგზავნა“ ადრესატისადმი. აუდიტორიაც ამ გზავნილს იღებს, რა თქმა უნდა, და ის ან იკეტება, ან იხსნება მოსაუბრის მიმართ…. რეზონანსის მიღწევის შემდეგ კი ნებისმიერი მონოლოგი ხდება დიალოგური, ანუ ტექსტი, ინფორმაცია, რომელსაც „იღებს“ მსმენელი, უკვე აღწევს მასში და იწყებს შერევას, „გადამუშავებას“, რაც ნიშნავს, რომ მიღწეულია მთავარი – შინაგანი დიალოგი.  დიალოგური ტექსტი სწორედ  „ … ამიტომ  სალაპარაკოდ არ გიბიძგებს, ის გიბიძგებს ფიქრისაკენ და საკუთარ თავში დიალოგის აღმოჩენისაკენ“ (გიგი თევზაძე, „აქ და ყველგან“).

დიალოგურობას და მოტივაციის გაძლიერებას ხელს უწყობს გადასაცემი შინაარსის პოზიტივზე აგება. მსმენელებს უნდა „ეხებოდეთ“ ის, რაზეც ესაუბრებით და თანაც პოზიტიურად; უნდა ურთიერთქმედებდეს მათ ცნობიერებაზე. გადასაცემ ტექსტში შეგიძლიათ ფონად გამოიყენოთ:

  • პოზიტიური მტკიცება – ე. წ. აფირმაციები;
  • პოზიტიური განწყობა – რწმენა იმისა, რომ ყველაფერი გამოგივათ;
  • პოზიტიური აზროვნება – სამყაროს აღქმა პოზიტიური რაკურსით;

დიალოგურობა და სინერგია

დიალოგურობის ეფექტი გამოიხატება მის სინერგეტიკულობაში. რაც ნიშნავს, რომ განსხვავებული აზრები ქმნიან ერთ მთლიანს, აძლიერებენ საგნის, მოვლენის აღქმას. დიალოგურობა აფართოვებს ცნობიერებას.

თუ ჩვენ ვაშლებს გავცვლით ერთმანეთში, ისევ ვაშლები დარჩება… მაგრამ იდეების გაცვლის სინერგეტიკული ეფექტი იმაში ვლინდება, რომ იდეების გაცვლით ორივე მხარე მდიდრდება და იდეებიც ერთის მაგივრად თითოეულს ორი უხდება.

ჯამში, ჩვენ ვიღებთ გამდიდრებულ იდეებს თითოეული მხარისთვის, რომელიც ბევრად აღემატება ცალკე აღებულ თითოეულის იდეას.

1+1=2x   სადაც  x>1

სინერგია – ურთიერთქმედებაა.

როგორც კომპოზიტორი 7 ნოტისგან ქმნის მუსიკას, მხატვარი ფერების შერევით – ტილოს, როგორც 33 ასო-ბგერისგან ვიღებთ უამრავ აზრს და შინაარს… ამ კანონს ეფუძნება   სინერგიაც.

 ამიტომ იძენს თანამედროვე სამყაროში დიალოგურობა სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას. სინერგია წარმოქმნის და  ბადებს ახალ ცნობიერებას, რომელშიც მეტი თავისუფლება და შემოქმედებითობაა. ცნობიერების ამ მდგომარეობის მიღწევის გარეშე ბედნიერების განცდაც უსუსურია.

ზოგადად, ადამიანის და სამყაროს ბუნებაც სინერგიითაა განსაზღვრული. აქ კლასიკური მათემატიკის კანონები უძლურია… ერთს როცა ერთი ემატება, ყოველთვის ორზე მეტია… ეს ძალიან ჰგავს შექმნას და დაბადებას…  თუ პოეტის ლექსს მეტაფორულად გავიგებთ, სინერგიის არსი კარგად აიხსნება:

„ერთს როცა ერთი ემატება

სამი ყოფილა –

თქვა სიყვარულმა პირველყოფილმა…

თქვა და კრუსუნით შეაწება ადამი ევას.

არად დააგდო ცათა შინა ქვეყნისა წყევა.

დაიბინდება ყველაფერი,

ჟამი დაწდება…

ორს თუ მივიღებთ,

როცა ერთი ერთს ემატება.“

(მორის ფოცხიშვილი)

ასევე მეტაფორულია გამოთქმა: „იდეების სექსი“, რომელიც სწორედ ორი იდეის იმგვარ ურთიერთგავლენას გულისხმობს, რომლის შედეგადაც ახალი იბადება.

სინერგია – ჩვენი ცნობიერების მდგომარეობაა, რომელშიც გამუდმებულად მიმდინარეობს „იდეების სექსი“, სწორედ ამის გამო ცნობიერების ამ ფაზაში „ცხოვრობს“ შემოქმედება, თავისუფლება, სიყვარული და ბედნიერება.

დიალოგურობა – ეს არის სინერგიის საფუძველი. ამიტომ ნებისმიერი ცოდნა, სწავლება, ადამიანთა შორის ურთიერთობა, კულტურათა შორის კავშირი უნდა ეფუძნებოდეს დიალოგურობას…

ინკლუზიის ინსტრუმენტები – შემეცნებითი უნარების განვითარება (ნაწილი Ι)

0

 

 

შემეცნება შეგრძნების, აღქმის, წარმოდგენისა და აზროვნების პროცესებს აერთიანებს. გარდა ამისა, მოიცავს ყურადღებას, მეხსიერებას და სხვ. მაკონტროლებელ-ემოციურ თუ თვითრეგულაციურ ფუნქციებს. რაკი თითოეული მათგანი სინამდვილის ასახვის მიზანს ემსახურება, მიჩნეულია, რომ შემეცნება არის ცოდნის მიღებისა და სამყაროს მოვლენების შესახებ წარმოდგენების შექმნის, მათი თანაარსებობისა და თანმიმდევრობის პროცესი, რომელსაც ახასიათებს ეტაპობრიობა, კერძოდ, განვითარების ყოველი შემდგომი ეტაპი წინა ეტაპზე მიღებულ გამოცდილებას ეფუძნება.

მიჩნეულია, რომ შემეცნების პირველად პროცესს წარმოადგენს აღქმა, როგორც გარესინამდვილის განცდა, ხოლო აზროვნება შემეცნების მეორადი პროცესია და მას საფუძვლად გაკვირვება უდევს. იქ, სადაც აღქმული სინამდვილე ასეთ განცდას არ იწვევს, აზროვნების განვითარებას არავითარი აზრი არ ექნებოდა. გაკვირვების ფენომენზე მსჯელობისას დიმიტრი უზნაძე პლატონს იხსენებს და აღნიშნავს, რომ გაკვირვება ჯერ კიდევ ძვ. წ. მე-4 საუკუნეში გამოუცხადებია ფილოსოფიური აზროვნების სტიმულად. თუმცა ქართველი მეცნიერი აზროვნების ძირითად სტიმულად არა გაკვირვებას, არამედ მოთხოვნილებას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ რაც უფრო ძლიერია მოთხოვნილება, რაც უფრო მნიშვნელოვანია იგი სუბიექტისათვის, მით უფრო ენერგიულ აქტივობას იწვევს. ხოლო როდესაც მოთხოვნილების დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, მაშინ ჩნდება გაკვირვების გრძნობა და იწყება აზროვნების პროცესი. აზროვნების ამოქმედების პროცესს შეიძლება ყოველი ახალი მოთხოვნილება დაედოს საფუძვლად, ოღონდ გადამწყვეტი როლი აქვს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მოთხოვნილება პიროვნებისთვის. აზროვნების აქტუალიზაციის გარეპირობას სიტუაციის ორი მომენტი – სიახლე ან უჩვეულობა და მისი პერსონალური ღირებულება შეადგენს.

ადამიანს სამყაროს შესახებ წარმოდგენა ადრეული ასაკიდანვე ექმნება. დასაწყისში ეს გამოიხატება მხოლოდ ხმაზე ან მხედველობით გამღიზიანებელზე რეაქციით, თანდათან შემეცნებითი პროცესები ვითარდება, ადამიანი აღიქვამს, იმახსოვრებს გარესინამდვილეს, წარმოიდგენს და აანალიზებს მას. შემეცნებითი უნარების, შესაძლებლობის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარების პირველი წლები. ბავშვს ცოდნის შეძენასთან ერთად უვითარდება ის ფუნქციები, რომელთა მეშვეობითაც ამ ცოდნას იძენს.

შემეცნებით განვითარებას საციცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება როგორც ყოველდღიური ფუნქციონირებისათვის, ასევე წარმატების მისაღწევად. შემეცნებითი განვითარებისათვის საჭიროა, ბავშვს  განუვითარდეს რაოდენობრივი წარმოდგენები, ჩასწვდეს მოვლენებს შორის სივრცით, დროით და მიზეზშედეგობრივ კავშირებს.

ცოდნის თვალსაზრისით ბავშვი იღებს ინფორმაციას როგორც ფიზიკური, ისე სულიერი სამყაროს შესახებ ადამიანებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის საშუალებით. ასევე მნიშვნელოვანია, ჩართული იყოს შემოქმედებით პროცესებში და ჰქონდეს თვითგამოხატვის მრავალფეროვანი საშუალება. ყოველივე ეს ხელს უწყობს, რომ ბავშვს შეექმნას წარმოდგენა ადამიანის სპეციფიკურ მახასიათებლებზე, შემოქმედებაზე, ზოგადად კულტურაზე და სოციალურ მახასიათებლებზე – ოჯახზე, საზოგადოებაზე.

 შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა ოთხ ქვესფეროს აერთიანებს:

  • ესთეტიკა და კულტურა;
  • ბუნება და ტექნოლოგია;
  • რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება;
  • მოვლენებს შორის მიმართებების წვდომა.

ესთეტიკა და კულტურა  მოიცავს ბავშვის უნარს, გამოხატოს და წარმოადგინოს საკუთარი თავი, მისი შინაგანი სამყარო მუსიკის, ცეკვის, ხატვისა და სხვა ვიზუალური და გამომსახველობითი ხელოვნების საშუალებით. ეს კი, თავის მხრივ, გულისხმობს ბავშვის მიერ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების სწორ აღქმას, გაგებასა და დაფასებას.

 ამ ქვესფეროში ასევე დიდი ყურადღება ეთმობა იმას, თუ როგორია ბავშვის მიერ საკუთარი თავის აღქმა სხვებთან მიმართებით, მისი წარმოდგენა იმ სოციალურ გარემოზე, რომელშიც იზრდება. აქ იგულისხმება გათვითცნობიერებულობა ოჯახის, საზოგადოებისა და კულტურის თვალსაზრისით. ეს ქვესფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • შემოქმედების აღქმა და გაგება;
  • შემოქმედებითი თვითგამოხატვა;
  • ოჯახი, საზოგადოება და კულტურა.

ბუნება და ტექნოლოგია გულისხმობს ბავშვის უნარს, გაიგოს, შეიმეცნოს ფიზიკური გარემო; დააკვირდეს, გამოიკვლიოს, ჩაატაროს ექსპერიმენტები იმ პროცესებზე, რომლებსაც თვალსაჩინო შედეგი მოსდევს. გარემოს შესახებ ცოდნის შეძენით ბავშვი ინფორმაციას იღებს, მაგ. დედამიწისა და ცოცხალი ბუნების შესახებ. ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება ბავშვს ეხმარება, გამოსცადოს და გამოიყენოს მიღებული ცოდნა ასაკის შესაბამის პრაქტიკაში, ექსპერიმენტის დროს. ეს ქვესფერო მოიცავს შემდეგი უნარების განვითარებას:

რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება მოიცავს ანგარიშს, გაზომვას და კანონზომიერებების დადგენას. ყველა ამ უნარს მნიშვნელოვანი ღირებულება აქვს იმისათვის, რომ ბავშვს შეეძლოს იმ მათემატიკური საკითხების გადაჭრა, რომელიც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება შეხვდეს. ეს ქვესფერო მოიცავს:

  • ანგარიშს;
  • გაზომვას;
  • კანონზომიერების დადგენას.

მოვლენებს შორის მიმართებების წვდომა რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. დროითი მიმართებები გულისხმობს, თუ როდის ხდება კონკრეტული მოვლენა წარსულში, აწმყოსა თუ მომავალში; ასევე მოვლენათა თანმიმდევრობას, ხანგრძლივობასა და თანხვედრას. სივრცითი მიმართებები გულისხმობს საგანთა მდებარეობის აღქმას – სად მდებარეობს კონკრეტული საგანი? ჩემ ზევით, ქვევით და ა.შ. – საგანთა ურთიერთგანლაგების აღქმასა და წარმოდგენას. მიზეზშედეგობრიობა გულისხმობს საგნების ან მოვლენების დაკავშირებას ერთმანეთთან; იმის გარკვევას, თუ რა იწვევს ცვლილებას, რაზე მოქმედება განაპირობებს მას.

ძირითადი სტრატეგიები:

  • ბავშვებს შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც დაფასებული იქნება შემოქმედებითობა, ორიგინალურობა და მრავალფეროვნება;
  • შევუქმნათ საკუთარი იდეების, გრძნობების, ემოციების სხვადასხვა საშუალებებით გამოხატვის პირობები;
  • გამოვყოთ დრო, რათა შეისწავლოთ თითოეული ბავშვის ყოველდღიური გამოცდილება როგორც სახლში, ასევე მის გარეთ;
  • გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა და გავაფართოვოთ ბავშვის წარმოდგენები, შეხედულებები, გამოცდილება სამყაროს შესახებ;
  • ჩვენი სწავლების მეთოდები და  მექანიზმები   უნდა ითვალისწინებდეს  თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

გამოყენებული რესურსები:

  1. უზნაძე, დ., ზოგადი ფსიქოლოგია, ტ. ΙΙΙ-ΙV, თბ. 1981.
  2. https://sharpbrains.com/blog/2006/12/18/what-are-cognitive-abilities/

3.https://ncp.ge/ge/preschool-education/general-part/brief-review-of-learning-and-development-fields/shemetsnebiti-ganvitareba-da-zogadi-tsodna

რევაზ ხოფერია – სასკოლო ასაკი გერმანიასა და საქართველოში

0

ყველა ბავშვს აქვს განათლების უფლება. ამასთანავე, მშობელი ვალდებულია ბავშვი მისცეს ზოგადი განათლება სასკოლო ასაკის მიღწევისთანავე.

გერმანიაში სასკოლო ასაკი 6 წელია. ყველა ბავშვი, რომელსაც 6 წელი შეუსრულდა, იწყებს სწავლას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. თუ სასწავლო პროცესის დაწყებამდე ბავშვი უკვე არის 6 წლის, მშობლები ვალდებულნი არიან, ბავშვი სკოლაში წაიყვანონ. თუ ბავშვი სასწავლო პროცესის დაწყების დროს ჯერ კიდევ არ არის 6 წლის, მაგრამ მიმდინარე წლის დასრულებამდე უსრულდება, მაშინ მშობლები იღებენ გადაწყვეტილებას, ბავშვს 5 წლის ასაკში წაიყვანენ სკოლაში თუ 6-ის.

გერმანიაში ასეთი რეგულაცია იმიტომ არსებობს, რომ მიაჩნიათ, ბავშვი, რომელსაც მალე 6 წელი შეუსრულდება ფიზიკურ, სულიერ, ენობრივ, ემოციურ და სოციალურ წინაპირობებს, როგორც წესი, აკმაყოფილებს.

ასეთი ასაკის ბავშვის მშობელმა უნდა იფიქროს, სურს თუ არა ბავშვი შეიყვანოს სკოლაში. როდესაც სკოლაში ბავშვებს შორის ასაკობრივი სხვაობაა, არის შემთხვევები, როდესაც ასაკით პატარა ბავშვებს უჭირთ თვითდამკვიდრება და მათ მეტი თავდაჯერებულობა სჭირდებათ. მაშინაც კი, თუ ასაკით პატარა ბავშვი წარმატებით ართმევს თავს დავალებებს და შეუძლია სასკოლო ასაკის შესაბამისი დავალებების შესრულება, მათ შედარებით მეტი დრო სჭირდებათ ამისთვის. გერმანიაში ჩატარებული ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ასაკით პატარა ბავშვებს სჭირდებათ ხოლმე კლასის გამეორება, განსხვავებით უფროსი ასაკის ბავშვებისაგან.

იმისთვის, რომ მშობელს გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდეს, გერმანიაში მათ სთავაზობენ კონსულტაციას ექიმებთან და აღმზრდელებთან. ბავშვს ამოწმებს ბავშვთა ექიმი, კერძოდ, მის ფიზიკურ, სულიერ, სოციალურ, ემოციურ და ენობრივ განვითარებასა და უნარებს. შედეგების მიხედვით, მშობელი იღებს გადაწყვეტილებას.

თუ მშობელი გადაწყვეტს, რომ სკოლაში წაიყვანს ბავშვს, რომელიც 6 წლის ხდება სასწავლო პროცესის დაწყების მიმდინარე წელს, ის ვალდებულია სკოლას მიმართოს განცხადებით. სკოლის უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ბავშვის სკოლაში მიღების შესახებ. სკოლა უფლებამოსილია ბავშვის შეფასება სთხოვოს სკოლის ექიმს, ასევე მოითხოვოს ბავშვის ფსიქოლოგიური მზაობის შემოწმება სკოლაში. ბავშვი სკოლაში ჩაირიცხება, თუ არსებობს ვარაუდის საფუძველი, რომ ის დაძლევს სასკოლო პროგრამას და მას აქვს განვითარების სათანადო დონე.

მშობელს ასევე აქვს უფლება, სკოლას მოსთხოვოს, განმეორებით გაატაროს კლასი ბავშვს, თუ აღმოჩნდება, რომ ის მზად არ იყო ამისთვის. მშობელს ასევე აქვს უფლება ბავშვისთვის განსაკუთრებული პედაგოგიური ხელშეწყობა მოითხოვოს.

თუ სკოლა დაადგენს, რომ ბავშვის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური განვითარების დონე არ იძლევა ჩარიცხვის საფუძველს, მაშინ ის არ დააკმაყოფილებს მშობლის მოთხოვნას. ამ შემთხვევაში, ბავშვის მიყვანა შესაძლებელია სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე სკოლაში ან საბავშვო ბაღში, რომლის პროგრამა სრულად არის მორგებული ასეთი ასაკის ბავშვის განათლების საჭიროებებზე.

საქართველოში სასკოლო ასაკი დადგენილია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. კერძოდ, კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. ეს ნორმა არ ითვალისწინებს გამონაკლის შემთხვევას. სკოლაში მიიღება მხოლოდ ის ბავშვი, რომელსაც სასწავლო პროცესის დაწყების დროს შეუსრულდა 6 წელი. ამ რეგულაციის დადგენამდე, ბავშვის სასკოლო ასაკად დადგენილი იყო 5 წელი, ხოლო მანამდე – 6 წელი, თუმცა გამონაკლისის დაშვებით: სკოლაში შესაძლებელი იყო 5 წლის ბავშვის ჩარიცხვა, თუ მას მიმდინარე წლის ბოლომდე უსრულდებოდა 6 წელი.

დღეს არსებული რეგულაციის საფუძვლად მიჩნეულია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ „ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა“. კვლევა 2012 წლით არის დათარიღებული და როგორც კვლევის დოკუმენტშია აღნიშნული, ექსპერტების ნაწილი მხარს უჭერს ბავშვების სკოლისათვის მზაობის ინდივიდუალურ შეფასებას.

კვლევის თანახმად, 5 წლის ბავშვის სწავლების პრობლემა არ უკავშირდება იმას, რომ ამ ასაკის ბავშვებს არ შეიძლება ვასწავლოთ, არამედ პრობლემა სწავლების მეთოდებშია. ასეთი ასაკის ბავშვებს უნდა ვასწავლოთ განსხვავებული მიდგომებით, რომელიც არაერთ დასავლურ ქვეყანაშია დანერგილი, თუმცა ის ამ ეტაპზე საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემისთვის უცხოა და საჭიროებს დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსის მობილიზებას. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ამ ეტაპზე არ არის რეკომენდებული 5 წლის ბავშვების სასწავლო პროცესში ჩართვა, სანამ არ ჩატარდება „მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები“.

როგორ ვებრძოლოთ ნარკომანიას – II ნაწილი

0

 

გაბორ მატე ნარკოდამოკიდებულების სიღრმისეულ მიზეზებსა და იმაზე გვესაუბრება, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ნარკომანიას. დოქტორ გაბორ მატე კანადასა და მის ფარგლებს გარეთ ძლიერი დამოკიდებულების მქონე ადამიანებთან მუშაობს, გადაურჩენია არაერთი სიცოცხლე, კითხულობს საჯარო ლექციებს და მოუწოდებს საზოგადოებას, მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ნარკომანიით დაავადებულ პირებს. მას მიაჩნია, რომ ბავშვობაში მიღებული სტრესი, ტრავმა ან ემოციური უკმარისობა დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის უნივერსალურ ნიადაგს ქმნის.    

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: საიდან ჩნდება ლტოლვის უნარი?

თაგვებზე ჩატარებულ კიდევ ერთ ექსპერიმენტზე გიამბობთ: თუკი ახალშობილ წრუწუნას დედას ჩამოაშორებ, ის არ იდარდებს. დარდი რომ შეეძლოს, გადაჰყვებოდა.  დედა ხომ მშობელია, გვიცავს და გვზრდის. მაგრამ წრუწუნას არ გამოუმუშავდება რეცეპტორები, რომლებიც ქიმიურად აკავშირებენ ერთმანეთთან ტვინის უბნებს ენდორფინებისთვის. ენდორფინი – ენდოგენური მორფია. ეს არის ჩვენი ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი. მორფინის ან ენდორფინის საშუალებით ჩვენ ვგრძნობთ სიყვარულს, მშობლებისა და შვილების ურთიერთკავშირს, მიჯაჭვულობას. შესაბამისად, ტვინში ენდორფინის რეცეპტორების არმქონე წრუწუნას არ შეუძლია დედაზე დარდი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნარკოტიკებისადმი, ჰეროინისა და მორფისადმი  ლტოლვა განპირობებულია მათი მოქმედებით ენდორფინულ სისტემაში. საკითხავი ის არის, რა ემართება ადამიანს, რომელიც ქიმიურ ნივთიერებების მიღებას „გარედან“ საჭიროებს?

თუ ის ბავშვობაში ძალადობას განიცდის, მოცემული სქემები არ მუშაობს. როდესაც ადამიანი ვერ იღებს სიყვარულს და არ გრძნობს ურთიერთკავშირს ადრეულ ასაკში, ვთქვათ იმავე მშობლებთან, მისი თავის ტვინის მნიშვნელოვანი უბნები უბრალოდ შესაბამისად არ ვითარდება. ისინი არასწორად ფორმირდებიან დაუნდობელი ძალადობის პირობებშიც. ამის მერე ტვინი ნარკოტიკების მიმართ უფრო ტოლერანტული ხდება. ასეთი ადამიანი იღებს ნარკოტიკს  და თავს ნორმალურად გრძნობს – მას უმსუბუქდება ტკივილი, ის სიყვარულისა და სითბოს მოზღვავებას განიცდის. ერთმა პაციენტმა ქალმა აღნიშნა: „პირველად რომ ჰეროინი მოვიხმარე, თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ვიღაცაც თბილად მეხვეოდა, თითქოს დედა მეფერებოდა“.

მეც ისეთივე სიცარიელეს განვიცდიდი, როგორსაც ჩემი პაციენტები. და აი, რა შემემთხვა მე:  დავიბადე უნგრეთში 1944 წელს ებრაულ ოჯახში. ორი თვის ვიყავი,  როდესაც გერმანელებმა ბუდაპეშტი აიღეს. მეორე დღეს დედაჩემმა პედიატრს დაურეკა და სთხოვა მოსულიყო, რადგან განუწყვეტლივ ვტიროდი. პედიატრმა უპასუხა: „რასაკვირველია, მოვალ, მაგრამ რომ იცოდეთ, ჩემი ებრაელი ჩვილები რატომღაც სულ ტირიან“. რატომ? განა ჩვილებმა რამე იცოდნენ ჰიტლერზე, გენოციდზე, ომზე?..

არა.

ის, რაც მაშინ გვატირებდა ჩვენი დედების სტრესი, საშინელებები და დეპრესია იყო. ეს ზემოქმედებას ახდენს ბავშვის ტვინზე და ბუნებრივია, ჩემმა ტვინმა წინასწარ მიიღო მესიჯი, რომ ჩემს მოლოდინში მყოფი დედა მუდმივ განცდებში იყო. მაშასადამე, ძალიანაც არ უხაროდა ჩემი დაბადება და შეიძლება ამის გამო მაინცდამაინც სასურველი შვილი არ ვიყავი.

რატომ გადავიქეცი, ე.წ. „ტრუდაგოლიკად“?

თუ ეს სამყარო ჩემს საჭიროებას დიდად არ განიცდიდა, მაშინ ჩემი შრომით უნდა ვქცეულიყავი საჭირო ადამიანად, ცნობილ ექიმად, რომლის იმედიც ბევრს ექნებოდა. ასე თუ შევძლებდი გამემართლებინა ჩემი დაბადება.

ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ მე სულ ვმუშაობ და თუ არ ვმუშაობ, მუსიკას ვყიდულობ.

როგორ მესიჯებს იღებენ ქვეცნობიერად ჩემი შვილები? ისეთივეს, რასაც მე ვიღებდი. ამდენად, მშობლები არაცნობიერად გადავცემთ მათ ტრავმებს, ჩვენს ტანჯვას და ასე გადაეცემა ეს თაობიდან თაობას.

სიმარტოვის ამოვსების უამრავი ხერხი არსებობს. ის ყველა ადამიანს თავისი აქვს, მაგრამ სიცარიელე მუდამ გიბრუნდება, რადგან ოდესღაც, ღრმა ბავშვობაში, ჩვენ სიყვარულის დეფიციტი გვქონდა.

როდესაც ნარკომანს ვხედავთ, ვეკითხებით: „რას უშვრები საკუთარ თავს? როგორ შეგყავს ორგანიზმში ბინძური ნივთიერება, რომელმაც შეიძლება სიცოცხლეს გამოგასალმოს?“ მაგრამ აბა, მიმოიხედეთ, რა დღეში ვაგდებთ დედამიწას? როგორ ვკლავთ სამყაროს ატმოსფეროს ოკეანეებში გაშვებული სიბინძურით, რომელიც ჩვენც და პლანეტასაც ანადგურებს.

ახლა თუ შეძლებთ, მიპასუხეთ, რომელი დამოკიდებულება უფრო ძლიერია? ნავთობზე დამოკიდებულება? მომხმარებლურ სურვილებზე დამოკიდებულება? რას უფრო მეტი ზიანი მოაქვს?

ჩვენ გვძულს ნარკომანები, რადგან ისინი გვაიძულებენ დავინახოთ, რომ მათ ვგავართ. ეს არ მოგვწონს, არ გვსურს ამის აღიარება, ამიტომ ვამბობთ: „არა, თქვენ ჩვენნაირები არ ხართ. თქვენ უარეს დღეში ხართ“.

ერთხელ თვითმფრინავში ვკითხულობდი სტატიას ბრაზილიაზე და ადამიანზე სახელად ნისიო ჰომესი, ამაზონის აუზში მდებარე გუარანის ლიდერზე, რომელიც ახლახან დახვრიტეს. ის თავის ხალხს მსხვილი ფერმერებისგან და კომპანიებისგან იცავდა. ისინი კი ტროპიკულ ტყეებს იპყრობდნენ და გარემოს აოხრებდნენ. კანადაშიც იგივე ხდებოდა. ბევრი ჩემი პაციენტი ინდიელია. კანადის მკვიდრ მცხოვრებლებს ხშირად აღენიშნებათ დამოკიდებულება. ისინი საკმაოდ დიდ პროცენტს შეადგენენ სხვა მომხმარებელთა შორის, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები აქვთ ან თვითმკვლელები არიან. რატომ?

იმიტომ, რომ საკუთარი მიწები წაართვეს. იმიტომ, რომ კლავდნენ, მათზე ძალადობდნენ და ეს მრავალი საუკუნის განმავლობაში გრძელდებოდა.

ასეთი განმარტების შემდეგ თქვენ ალბათ უკეთ გესმით იმ ადამიანების, ვინც ცდილობდა ტკივილი ნარკოტიკებით ჩაეხშო, მაგრამ შეგიძლიათ თანაგრძნობა გაუწიოთ იმ ადამიანების დამოკიდებულებას, ვისაც ძალაუფლების გარეშე ცხოვრება არ შეუძლია? ვინც სიმდიდრეზეა დამოკიდებული? ვისაც უნდა მეტი და მეტი მოიხვეჭოს?

როდესაც ძალაუფლებისადმი ლტოლვაზე დავფიქრდი, დიდ ისტორიულ პერსონებამდე მივედი: ნაპოლეონი, ჰიტლერი, სტალინი. რად უნდოდათ ამდენი ძალაუფლება? საინტერესო ფაქტი: ისინი ფიზიკურად არც ისე განვითარებული მამაკაცები იყვნენ, არც ადგილობრივ მოსახლეობას წარმოადგენდნენ. სტალინი ქართველი იყო და არა რუსი, ნაპოლეონი კორსიკელი და არა ფრანგი, ჰიტლერი ავსტრიელი და არა გერმანელი. მათ აკლდათ თავდაჯერება, არ ჰქონდათ სრულფასოვნების შეგრძნება. მათ სჭირდებოდათ ძალაუფლება, რათა თავი კარგად ეგრძნოთ. იმისათვის, რომ ძალაუფლება მოეპოვებინათ, ყველაფერზე მიდიოდნენ – ომზე, მკვლელობებზე. მე არ ვამტკიცებ, რომ ძალაუფლების მოყვარე ადამიანები მაინცდამაინც ფიზიკურად განუვითარებლები უნდა იყვნენ, მაგრამ ძალაუფლებისადმი ლტოლვის განხილვისას ვითვალისწინებ იმ  სიცარიელეს, რომლის შევსებას სხვადასხვა მეთოდებით „გარედან“ ვცდილობთ.

ძალაუფლებადაკარგული, წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებული ნაპოლეონი ხშირად იმეორებდა: „მე მიყვარს ძალაუფლება, მიყვარს ძალაუფლება!“ საკუთარი თავი მის გარეშე ვერ წარმოედგინა. თუ ნაპოლეონს იესოს ან ბუდას თუ შევადარებთ,  საინტერესო რამეს შევამჩნევთ. იესოს და ბუდას ეშმაკი აცდუნებდა, ერთ-ერთი ცდუნება კი ხელისუფლების შეთავაზებას ეხებოდა. ამაზე ორივემ უარი განაცხადა. რატომ? იმიტომ, რომ შინაგან ძალას ფლობდნენ და არ ჰქონდათ საჭიროება „გარედან“ მოეძებნათ რამე. არ უნდოდათ ადამიანების კონტროლი, უნდოდათ ესწავლებინათ ადამიანებისთვის საკუთარი მაგალითებით, რბილი შეგონებებითა და არა ძალისმიერი მეთოდებით. ამიტომ თქვეს უარი ხელისუფლებაზე.

მოკლედ, ჩვენ გარშემო რთული სამყაროა გადაგვარებადი გარემოთი, გლობალური დათბობითა და გამოცარიელებული ოკეანეებით. მოდით, ნუ ვენდობით მხოლოდ მათ, ვის ხელშიცაა ხელისუფლება. ისინი ვერ შეცვლიან მდგომარეობას – არ მინდა ამაზე ბევრი ვისაუბრო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ხელისუფლებაში არცთუ გონიერი ადამიანები მოდიან და ისინი ჩვენ გამო არაფრის შეცვლას არ აპირებენ.

სინათლე ჩვენშია. იქ უნდა ვეძიოთ. უნდა ვეძებოთ საკუთარ გონიერებაში, შემოქმედებაში, თანადგომაში.  თუ ჩვენ არაფერი შევცვალეთ, ხელისუფლების სათავეებთან მყოფი ადამიანები უკეთესობისკენ არაფერს შეცვლიან, რადგან, მათი აზრით, ადამიანის ბუნებაში მხოლოდ კონკურენცია, ეგოიზმი და აგრესია მკვიდრობს“.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

ჩვენი სამუშაოს შეფასება: რეფლექსური პრაქტიკა

0

 

თუკი თქვენ უკვე გაქვთ პედაგოგიური მოღვაწეობის პრაქტიკა, უპასუხეთ ქვემოთ მოყვანილ კითხვებს. თუ ასეთი გამოცდილება ჯერ არ გაქვთ, გადადეთ ანკეტის შევსება შემდეგისთვის.  ანკეტის მიზნისა და შედეგების შეჯამების პროცედურა მოცემულია ცხრილში. ჩაწერეთ, ეთანხმებით თუ არა ყოველ მოცემულ მტკიცებულებას.

 

როდესაც მე მივმართავ ჩემს პედაგოგიურ გამოცდილებას…-V ან X
A1. მე არ განვიხილავ წარსულის მიღწევებს ან წარუმატებლობებს, მე უბრალოდ ვაგრძელებ მუშაობას
A2. ვცდილობ არ გავაკეთო ნაჩქარევი დასკვნები
A3. გაკვეთილის შემდეგ მიყვარს მისი განხილვა ვინმესთან ერთად
A4. მე ვცდილობ მაქსიმალურად კარგად ვასწავლო: თუკი ისინი არ სწავლობენ, ეს მათი ბრალია
A5. როცა სამუშაოს თვითშეფასებას ვახდენ, ვცდილობ მიუკერძოებელი ვიყო
A6. მე არ მიჭირს წარუმატებლობის აღიარება
B1. ინტუიცია, ჩვეულებრივ უკეთ მუშაობს, ვიდრე თეორია
B2. მე მიყვარს საკუთარი ქმედებების გაანალიზება სამუშაოს საერთო პრინციპებიდან  გამომდინარე
B3. მე მიყვარს შექმნილი სიტუაციის  გაანალიზება
B4. ჯამში ინტუიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაწვრილებითი ანალიზი
B5. მე მიყვარს მოსწავლეთა გადმოსახედიდან ვუყურო ყველაფერს
B6. მე მაინტერესებს თეორიები მოტივაციისა და სწავლების შესახებ
C1. საკმარისია ერთი კარგი სამუშაო მეთოდიკის ათვისება და მერე მას უნდა მიჰყვე
C2. მე მომწონს ახალი იდეები
C3. მე მიჭირს ახალი იდეების შეთავაზება
C4. მე უპირატესობას ვანიჭებ კარგად შემოწმებულ იდეებს
C5.   საგნის სწავლებისას, უმჯობესია საზოგადოდ მიღებული მიდგომების გამოყენება
C6. ჩემი სამუშაოს გაუმჯობესებას მე ახალ იდეებს ვუმადლი

 

კარგ პედაგოგად არ იბადებიან და მათ მეთოდისტები ვერ ქმნიან. კარგ პედაგოგად ადამიანი თავად ყალიბდება. უფრო მეტიც- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კარგად ასწავლოს. კვლევებმა აჩვენა, რომ არ არსებობს პიროვნების კონკრეტული ტიპი, რომელიც მოწოდებულია წარმატებული პედაგოგიური საქმიანობისათვის. მორიდებული ინტროვერტი იქნებით თუ ენერგიული ექსტრავერტი, ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ ეფექტურად ასწავლოთ, თუკი თავად ისწავლით საკუთარ შეცდომებსა და წარმატებებზე.   პედაგოგს ზოგჯერ 30 წლიანი პრაქტიკა აქვს, თუმცა დღემდე ვერ ასწავლის კარგად. პრაქტიკა, აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არაა. მაშ, როგორ ვისწავლოთ საკუთარ გამოცდილებაზე?

გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, ჩვენ ერთი და იმავე ციკლს გავდივართ, როცა ვსწავლობთ ლაპარაკს, ტარებას ან ვამყარებთ კონტაქტს ადამიანებთან.

 

 

1.კონკრეტული გამოცდილების მიღება- ეს თქვენი პედაგოგიური გამოცდილებაა. სამწუხაროდ შეუძლებელია სწავლების მეთოდების სწავლა ზღვის სანაპიროზე წამოწოლით. ამისთვის პრაქტიკაა საჭირო, თუმცა, გმოცდილების ნაკლებობა ყოველთვის არ წარმოადგენს მთავარ დაბრკოლებას პედაგოგიური მოღვაწეობის ათვისებისას.

2.მიღებული გამოცდილების მიმოხილვა- ამ ეტაპზე თქვენ მიმოიხილავთ საკუთარ საქმიანობას, რათა გაიგოთ, რაში იყავით ეფექტური და რაში არა.

3.გამოცდილების კავშირი თეორიასთან- აქ თქვენ გიჩნდებათ ასეთი ტიპის კითხვები: რატომ იყო გაკვეთილის მეორე ნაწილი ასეთი წარმატებული? ან რატომ ვერ შევძელი გაკვეთილის მიზნის მიღწევა ? თქვენ იაზრებთ ისეთი მცნებების აუცილებლობას როგორიცაა წახალისება, შეფასება და ა.შ. ეძებთ და პოულობთ საკუთარი წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზებს.

4.ახალი გამოცდილების მიღების დაგეგმვა- პირველ ეტაპზე მიღებული გამოცდილების საფუძველზე, თქვენ სვამთ კითხვას:  რას გავაკეთებდი სხვაგვარად, თუკი ამ გაკვეთილის  ჩატარება ისევ მომიწევდა, დღევანდელი გამოცდილების გათვალისწინებით,რას გავაკეთებ სხვაგვარად შემდეგ გაკვეთილებზე,  როგორი მეთოდების, მიდგომებისა და ხერხების გამოყენება უნდა ვცადო, რათა გავაუმჯობესო ჩემი სამუშაო?

იმისთვის რომ მიმოხილვის ეტაპი წარმატებული იყოს, უბრალოდ საჭიროა ხშირი თვითშეფასება. სწავლების ციკლის ლოგიკა მოითხოვს, რომ ჩვენს სუსტ მხარეებზე ინფორმაცია შემზადებულებმა მივიღოთ, ეს  დაგვეხმარება სამუშაოს სრულყოფაში.  როცა ჩვენ, პარასკევს, ბოლო გაკვეთილიდან დაღლილები გამოვდივართ, ნაკლებად სავარაუდოა ეს გვახსოვდეს. ჩვენ ვგრძნობთ დაღლას, მომართულნი ვართ თავდაცვაზე და ვცდილობთ შევინარჩუნოთ შელახული ეგო, თვალებით ვეძებთ განტევების ვაცს. მისი პოვნა კი სირთულეს არ წარმოადგენს. კლასი, კაბინეტი, ცხრილი, სასწავლო ნაწილი, დაფა…, „არცთუ ისე ცუდი იყო ეს გაკვეთილი…“.

გახსოვდეთ: უკიდურესი იშვიათობაა, როცა მოსწავლეთა ბრალია ცუდად ჩატარებული გაკვეთილი ან საგაკვეთილო ციკლი. სწავლების მეთოდები და მიდგომები მოსწავლეებზე უნდა იყოს გათვლილი და არა პირიქით – თერძი ხომ არ ადანაშაულებს კლიენტს, თუკი მას შეკერილი სამოსი არ მოერგება?

თუმცა არის შემთხვევები, როცა მასწავლებლის წინაშე გადაუჭრელი ამოცანა დგას. არცთუ იშვიათია, როცა ჩვენი სასკოლო პროგრამა არ არის მორგებული იმ მოსწავლეთა სწავლებაზე, რომლებიც აკადემიური საგნებისადმი არ იჩენენ ინტერესს. ჩვენ არ უნდა დავადანაშაულოთ მოსწავლეები გაკვეთილის არაეფექტურობაში, მაგრამ არც თავის დადანაშაულება ღირს. მცირედი წარუმატებლობა არაა საშიში, მთავარია სწორი დასკვნა გავაკეთოთ. შეცდომები გარდაუვალია და ნებისმიერი სამუშაოს თანმდევია. თუკი პერიოდულად ჩავარდნებს არ განიცდით, ესე იგი საკმარისად არ ხართ დაკავებული ექსპერიმენტების ჩატარებით. რომ გაიგოთ, რა სიმაღლეებს მიაღწიეთ, ძალიან მაღლა უნდა ახვიდეთ. თუკი ერთნი არ იღებენ საკუთარ წარუმატებლობას, მეორენი არ აღიარებენ საკუთარ წარმატებებს.  სთხოვეთ კოლეგას, რომელსაც ენდობით, რომ შეაფასოს თქვენი გაკვეთილი. ასე თქვენ შეძლებთ გაიგოთ ობიექტური აზრი თქვენი პედაგოგიური შესაძლებლობების შესახებ.

 

 nax - Copy

 

 

ანკეტის შედეგები: სწავლების თქვენი სტილი

 

წარმატებული სწავლების გამოცდილებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია თქვენეული ხედვები და მიდგომები. თქვენ მზად უნდა იყოთ რეფლექსიისათვის და იყოთ მიზანმიმართულნი, როცა საქმე ეხება თეორიისა და გამოცდილების კავშირს. არ უნდა შეუშინდეთ ექსპერიმენტებს.  სტატიის დასაწყისში მოცემული ანკეტა შემუშავებულ იქნა, რათა გაარკვიოთ,  რა წარმოადგენს თქვენთვის განსაკუთრებულ სირთულეს.

  • დაწერეთ 1 ქულა უარყოფით პასუხზე A1, A4, B1, B4, C1, C4, C5 მოცემულ

მტკიცებულებებზე.

  • დაწერეთ 1 ქულა დადებით პასუხზე, ყველა დანარჩენ მტკიცებულებებზე.

 

დაითვალეთ ქულათა რაოდენობა ყველა პუნქტში(A,B და C). A-ში ქულათა მეტი რაოდენობა ნიშნავს, რომ თქვენი სტილია „მიმომხილველი“.B პუნქტი შეესაბამება ეტაპს „კავშირი თეორიასთან“. C პუნქტი შეესაბამება შემდგომი გამოცდილების მიღების ეტაპის დაგეგმვას. ამ პუნქტში დაგროვილი უმეტესი ქულები მიუთითებს, რომ თქვენ „აქტივისტი“ ხართ. რაც უფრო მეტი ქულა გაქვთ ამა თუ იმ პუნქტში, მით მეტად გიადვილდებათ სწავლების ციკლის შესაბამისი ეტაპი. ყოველ ჩვენთაგანს გვაქვს ამ ციკლში სუსტი ეტაპები. თუ თქვენ სამზე მეტი ქულა დააგროვეთ რომელიმე პუნქტში, მაშინ საკუთარ თავზე მუშაობა გესაჭიროებათ.

 

რისთვის გვჭირდება პრაქტიკის დღიურები

 

მე მახსოვს ერთი სტუდენტი-პედაგოგი (დავარქვათ მას ჯიმი), რომელსაც გამოცდილების, ანალიზისა და სწავლების თეორიის მნიშვნელოვნების დიდად არ სწამდა. მას მიაჩნდა, რომ სწავლება, უბრალოდ საღ აზრზეა დაფუძნებული, ხოლო თეორიები მეცნიერებმა გამოიგონეს, რათა საკუთარი არსებობა გაემართლებინათ. ჯიმის აზრით, მეცნიერები სწავლების თეორიებს ართულებენ, რათა თავად გამოჩნდნენ ჭკვიანები, ჩვენ კი სულელები. მას მიაჩნდა, რომ თეორიასა და გამოცდილების ანალიზს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ პედაგოგიურ მუშაობასთან. ძნელია მოიფიქრო ამაზე მეტად მცდარი შეხედულება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ჯიმის შეხედულებები ძირეულად შეიცვალა სასწავლო კურსის ათვისების პროცესში.

ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს, სწავლების საკუთარი თეორია გააჩნია. ამ მხრივ გამონაკლისს არც თქვენ წარმოადგენთ. თქვენ გაგაჩნიათ საკუთარი იდეები და შეხედულებები სწავლებაზე. გაქვთ საკუთარი მოსაზრება იმაზე, თუ რა ტიპის მუშაობას მივყავართ სწავლებამდე და როგორს არა. თქვენ გამოიყენებთ ამ თეორიას გაკვეთილების დაგეგმვასა და სწავლების პროცესში გადაწყვეტილებების მიღებისას. დ.შონი ამას „სამუშაო თეორიას“ უწოდებდა. მნიშვნელობა არ აქვს, რას დაწერ საგამოცდო ბილეთში ან რას ეტყვით თქვენს მეთოდისტს, სინამდვილეში თქვენს მოქმედებებს „სამუშაო თეორია“ წარმართავს. თქვენ მას გამოიყენებთ გაკვეთილის დაგეგმვისას და მოსწავლეთა სწავლებისას.

თუკი ჰკითხავთ საკუთარ თავს: როგორაა უმჯობესი ამ თემის მიწოდება, მაშინ დახმარებისათვის საკუთარ „სამუშაო თეორიას“ მიმართავთ. თუ რომელიმე მოსწავლე გაკვეთილზე ცუდად იქცევა, შესაბამისი მოქმედების მისაღები ვარიანტის შესარჩევად, კვლავ „სამუშაო თეორიას“ მიუბრუნდებით. თუ გაკვეთილმა ცუდად ჩაიარა, წარუმატებლობის მიზეზების გაანალიზებასა და შემდეგი გაკვეთილების სრულყოფისათვის აუცილებელი გზების დაგეგმვას  სწორედ „სამუშაო თეორიის“  მეშვეობით შეძლებთ.

nax

რადგან თქვენეული „სამუშაო თეორია“ წარმართავს მთელს თქვენს პედაგოგიურ მოღვაწეობას, შესაბამისად მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუკი ის კეთილსინდისიერად და ადეკვატურად აღწერს სწავლების პროცესს, მაშინ ის სწორ გზაზე დაგაყენებთ და თქვენ შეძლებთ კარგად ასწავლოთ. თუკი თეორია რეალობას ნაკლებად შეესაბამება, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თქვენ გაგიჭირდებათ ეფექტიანი სწავლება, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, თქვენი „სამუშაო თეორიის“ მაქსიმალურად ადეკვატური და დაწვრილებითი ფორმულირება.

ერთი ვარიანტია, აკეთოთ ის რასაც ახლა აკეთებთ,- იკითხოთ სასწავლო პროცესისა და სწავლების შესახებ. მეორე ვარიანტია- სწავლა.  იმისთვის რომ სწავლამ გავლენა მოახდინოს თქვენს სამუშაოზე,  დაგჭირდებათ ნასწავლის ინტეგრირება თქვენს „სამუშაო თეორიაში“, ნასწავლის გააზრება. მაგალითისათვის, ერთია ვიცოდეთ მასლოუს მოტივაციის თეორია ან რეფერატიც კი დავწეროთ ამაზე, მეორეა მისი ინტეგრირება „სამუშაო თეორიაში“.  თქვენ უნდა გაიგოთ, როგორ და რამდენად ეხება მასლოუს თეორია თქვენს მოსწავლეებს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოთ ის მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად.  რა თქმა უნდა ეს ყოველივე  ძალისხმევას,  განსჯასა და პრაქტიკას საჭიროებს.

ყველაზე ეფექტურ „სამუშაო თეორიას“ პედაგოგიური მოღვაწეობის პროცესში, საკუთარი გამოცდილების მუდმივი ანალიზის გზით მიაღწევთ.

სავარჯიშო

  • ქვემოთ მოყვანილია ჩვენთვის ნაცნობი ჯიმისა და კეროლის „სამუშაო თეორია“. როგორ იმუშავებს ეს ორი მასწავლებელი მოსწავლეებთან, რომელთაც უჭირთ თემის გაგება?

ამონარიდი ჯიმის „ სამუშაო თეორიიდან“

  • მასწავლებელმა გულდასმით უნდა აუხსნას ბავშვებს ყველაფერი, რაც კი იცის , მოცემული სასწავლო თემის გარშემო.
  • სწავლება წარმოებს მასწავლებლის მიერ მოსწავლისათვის ინფორმაციის მიწოდებისას მისი დამახსოვრების გზით.
  • ზოგიერთი მოსწავლე მოტივირებული და ბეჯითია, როგორც წესი, ისინი კარგად სწავლობენ
  • თუ კი მოსწავლე რამეს ვერ იგებს, მას კიდევ ერთხელ უნდა აუხსნა თემა.

ამონარიდი  კერის „სამუშაო დღიურიდან“.

  • სასწავლო მასალის კარგად ათვისებისათვის მოსწავლემ უნდა გამოიყენოს ეს მასალა.
  • როცა მოსწავლეები იყენებენ სასწავლო მასალას, ისინი იწყებენ თემის საკუთარი ვარიანტების შექმნას, გაგებულისა და აღქმულის გამოყენებას კითხვა-პასუხისას და ჩემ მიერ მიცემული დავალების შესრულებისას.
  • მოსწავლეთა ნამუშევრები- ეს „ფანჯარაა“, რომელიც მიჩვენებს მიმდინარე თემის აღქმის დონეს.
  • მოსწავლეთა მიერ კითხვებზე გაცემული პასუხები გვეხმარება იმ პრობლემების აღმოფხვრაში, რაც მასალის ათვისებისას გაჩნდა. კარგია დავიწყოთ შეკითხვით, რატომ გაგვცა მოსწავლემ არასწორი პასუხი?

უნდა აღვნიშნო, რომ ჯიმის თეორიაში ზოგიერთი რამ ნაწილობრივ სწორია, მაგრამ ბევრ მნიშვნელოვან მომენტთან მიმართებაში არცთუ ისე კორექტულია. მაგალითად, ის მოსწავლეებს სდებს ბრალს, თუკი მათ მასალა ვერ გაიგეს.

კეროის თეორია ჭეშმარიტებასთან ახლოსაა და ამიტომაც ის უფრო ადეკვატურ გადაწყვეტილებებამდე მიდის. კეროლი უკეთესი მასწავლებელი დადგება, ვიდრე ჯიმი და არა იმიტომ, რომ ის უფრო ნიჭიერია, არამედ იმიტომ რომ, უფრო ადეკვატურად ესმის კავშირი სწავლის პროცესსა და სწავლებას შორის.

როცა თქვენ აანალიზებთ საკუთარ გამოცდილებას, თქვენი „სამუშაო თეორია“ იხვეწება, შედეგად თქვენ არა მარტო ეფექტური მასწავლებელი ხდებით, არამედ იუმჯობესებთ პრობლემებთან გამკლავების უნარებს. წარმატებული მასწავლებლები სამუშაოს მოდიფიცირებას მუდმივად ახდენენ, სწავლების უფრო ეფექტური გზების მუდმივ ძიებაში არიან. სწავლისა და სწავლების პროცესები რთულია. თუ თქვენ იგივე გამოცდილება გაქვთ, რაც მე, მაშინ გაგიჭირდებათ საბოლოო დასკვნის გაკეთება სწავლისა და სწავლების ბუნებასთან მიმართებაში, თუმცა მთელი კარიერის მანძილზე მუდმივად სრულყოფთ ამ პროცესებში წვდომასა და მათ გაგებას.

ერთხელ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ვიოლონჩელისტს, პაბლო კაზალის ჰკითხეს, მიუხედავად მისი საოცარო პროფესიონალიზმისა, რატომ იყო რტეპეტიციები ასე ხანგრძლივი  80 წლის ასაკშიც კი, მან უპასუხა: “ მე მგონია ნელ-ნელა ვიწყებ წარმატებების მიღწევას!“. სწავლა არასოდეს სრულდება, განსაკუთრებით გამორჩეული ნიჭის ადამიანებისათვის. ასეთ გამორჩეულებად ისინი, უპირველეს ყოვლისა, სწავლისადმი მიდრეკილებამ აქცია.

 

როგორ სრულვყოთ და განვავითაროთ ჩვენი „სამუშაო თეორია“? – გამოცდილების ხარისხიანი ანალიზით, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია გამოცდილ პედაგოგთან თქვენი სწავლების მეთოდის განხილვისა და თქვენი იდეების ჩაწერის გზით. სწორედ ამისთვისაა საჭირო პედაგოგიური დღიური, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ, უკეთ ისწავლოთ საკუთარ გამოცდილებაზე.

სავარჯიშო

ჯონ ბიგსი აღნიშნავს, რომ პედაგოგიურ „ სამუშაო თეორიას“ საფუძვლად უდევს სამიდან ერთი მახასიათებელი:

1.მოსწავლეთა ბუნება: მათი შესაძლებლობები, მოტივაცია, სიმწიფის დონე, ქცევა და ა. შ. ან

  1. მასწავლებლის ქმედებები ან
  2. მოსწავლეთა ქმედებები.

პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილების შეძენისას, რაც მეტად იმსჯელებთ სწავლების შესახებ, მით მეტად მიემხრობით ჭეშმარიტებასთან მდგომ მესამე ვარიანტს. და რატომაა, რომ ბევრი დამწყები მასწავლებელი იხრება 1 ან 2 ვარიანტისკენ?

თეორიებისადმი მტრული განწყობილება, ჩვეულებრივ ნიშნავს საკუთარი იდეებისადმი უყურადღებობას.

 ტერი იგლტონი, ლიტერატურული კრიტიკოსი და ფილოსოფოსი

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press. 2009, p. 559-565.

როგორ დავეხმაროთ პირველკლასელს, გახდეს მოსწავლე

0

ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

შვილის სკოლაში შეყვანა ნებისმიერი მშობლისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან სკოლა მშობლებს, უპირველეს ყოვლისა, იმაზე მიანიშნებს, რომ მათი შვილი გაიზარდა და იწყება სრულიად ახალი ეტაპი როგორც ბავშვის, ისე მშობლების ცხოვრებაში. სწავლების პირველი თვეები, როგორც წესი, დიდ სირთულეებს უკავშირდება. ამ სირთულეთა უმტკივნეულოდ გადასალახავად ბავშვს არა მხოლოდ მასწავლებლების, არამედ მშობლების დახმარებაც სჭირდება.

ვფიქრობ, პირველკლასელთა მშობლებისთვის საინტერესო იქნება რეკომენდაციები, რომლებიც მათ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში შვილთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში დაეხმარება:

  • ნუ დაივიწყებთ, რომ ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მივიდა, ჯერ კიდევ არ არის მოსწავლე, ის ჯერ მხოლოდ გარდამავალ პერიოდში იმყოფება – ერთი ასაკობრივი საფეხურიდან მეორეზე გადადის. ამიტომ პირველკლასელს იმდენივეს არ უნდა ვთხოვდეთ, რამდენსაც „გამოცდილ“ მოსწავლეს.
  • ახალ გარემოში მოხვედრა და ახალი ცხოვრების დაწყება ბავშვისთვის დიდი ემოციური დატვირთვაა, ამიტომ მშობლებთან ურთიერთობისას ემოციური კომფორტის შეგრძნება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გააღვიძეთ ბავშვი მშვიდად, ღიმილით, ალერსიანი ხმით. ნუ დაიწყებთ დღეს საყვედურებით, ჩხუბითა და შენიშვნებით, თუნდაც ბავშვი ამას იმსახურებდეს. ისინი სხვა დროისთვის გადადეთ.

  • ნუ ააჩქარებთ ბავშვს სკოლაში წასვლის წინ. დროის სწორად გათვლა თქვენი ამოცანაა და თუ ეს არ გამოგდით, ამაში ბავშვი არ არის დამნაშავე.
  • სკოლაში მიყვანილ ბავშვს ნუ დაემშვიდობებით მუქარით: „არ იცელქო, თორემ ვერ გადამირჩები!“; „იცოდე, მასწავლებელმა საყვედური არ მითხრას, თორემ იმ სათამაშოს აღარ გიყიდი!“ უსურვეთ წარმატება და გაამხნევეთ. გაითვალისწინეთ, რომ მას რთული დღე ელის.
  • სკოლიდან გამოსულ ბავშვს ნუ ჩააცივდებით, ნუ დააყრით კითხვებს განვლილი დღის შესახებ: „რა მიიღე დღეს?“, „შეგაქო თუ არა მასწავლებელმა“, „ვისი პასუხი მოეწონა მასწავლებელს ყველაზე მეტად?“ და ა. შ. მიეცით ბავშვს საშუალება, მოეშვას, დაისვენოს. თუ აფორიაქებულია და თქვენთან საუბარი სურს, ნუ მოიცილებთ თავიდან, ნუ გადადებთ საუბარს სხვა დროისთვის, მოუსმინეთ – ეს ბევრ დროს არ წაგართმევთ. არის შემთხვევები, როცა ბავშვი მოწყენილია, მაგრამ ჩუმადაა. ასეთ დროს ნუ დააძალებთ მომხდარის შესახებ საუბარს. ადროვეთ, დამშვიდდეს. მალე ყველაფერს თავად მოგიყვებათ და თავის მესაიდუმლედ გაქცევთ.
  • თუ მასწავლებელმა თქვენი შვილის საქციელის გამო გისაყვედურათ, შეეცადეთ, ამას მშვიდად შეხვდეთ. ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და ბავშვის დასჯას. მასაც მოუსმინეთ. ამასთან, სასურველია, მასწავლებელთან თქვენს საუბარს ბავშვი არ ესწრებოდეს.
  • ნუ იჩქარებთ ბავშვის სამეცადინოდ დასმას. მიეცით დასვენების საშუალება.
  • მიეცით საშუალება, დამოუკიდებლად იმუშაოს, მაგრამ თუ თქვენი დახმარება დასჭირდა, უარს ნუ ეტყვით. მოიკრიბეთ მოთმინება და სიმშვიდე. იმედიანი სიტყვები: „ნუ ღელავ, ყველაფერი გამოგივა! მოდი, ერთად გავერკვიოთ“ – ბავშვს საკუთარი თავის რწმენას შემატებს, რაც წარმატების წინაპირობაა.
  • ერიდეთ პირობების წაყენებას: „თუ ამას გააკეთებ, გასართობ ცენტრში წაგიყვან“; „თუ მასწავლებელმა შეგაქო, იმ სათამაშოს გიყიდი, რომელიც მოგეწონა“.
  • სასურველია, ბავშვთან ურთიერთობისას, მისი აღზრდისას ოჯახის წევრები შეთანხმებულად მოქმედებდნენ და ერთსა და იმავე ტაქტიკას იყენებდნენ. თუ ერთმანეთს არ ეთანხმებით, ეცადეთ, ბავშვი თქვენი უთანხმოების მოწმედ არ აქციოთ.
  • ნუ უგულებელყოფთ ბავშვის ჩივილს დაღლილობის შესახებ. ყურადღებით მოეკიდეთ მის მდგომარეობას. თუ ხშირად უჩივის თავის ტკივილს, მუცლის ტკივილს, ეს შესაძლოა სასკოლო შფოთვით, უფრო მეტიც – სასკოლო ნევროზით იყოს გამოწვეული.
  • ემოციური სიმშვიდისთვის ბავშვს ჯანსაღი და მშვიდი ძილი სჭირდება. ნუ დაივიწყებთ, რომ 6-7 წლის ბავშვებს ჯერ კიდევ ძალიან უყვართ ძილის წინ ზღაპრების მოსმენა. შესაძლოა, უბრალო მოფერებაც კი საკმარისი აღმოჩნდეს ბავშვის დასამშვიდებლად. ძილის წინ ნუ გაიხსენებთ უსიამოვნებებს, ნუ დაიწყებთ ბავშვთან ურთიერთობის გარკვევას და ნუ განიხილავთ მომდევნო დღის გაკვეთილებს.
  • პირველ წელს ერიდეთ ბავშვის დატვირთვას სხვადასხვა სპორტული თუ სახელოვნებო წრით. სასკოლო ცხოვრების დაწყება 6 წლის ბავშვისთვის ისედაც ძლიერი სტრესია. თუ თავისუფალი დრო, თამაშისა და სეირნობის შესაძლებლობა აღარ დავუტოვეთ, შესაძლოა, ნევროზი ჩამოუყალიბდეს ან გადაღლილობის გამო ჯანმრთელობა შეერყეს. თუ სპორტი, მუსიკა და ცეკვა ბავშვის აღზრდისთვის აუცილებლად მიგაჩნიათ, დააწყებინეთ სკოლაში მიყვანამდე ერთი წლით ადრე ან მეორე კლასიდან.
  • გაითვალისწინეთ, რომ პირველკლასელს მხოლოდ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლია ყურადღების კონცენტრირება, ამიტომ მეცადინეობისას 15 წუთში ერთხელ აუცილებლად უნდა მოუწყოთ ხანმოკლე შესვენება, მეცადინეობის საერთო ხანგრძლივობა კი არ უნდა აჭარბებდეს ერთ საათს.
  • გაითვალისწინეთ, რომ კომპიუტერი, ტელევიზორი და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა, რომელიც მხედველობას ტვირთავს, არ შეიძლება, ბაშვმა ერთ საათზე მეტხანს მოიხმაროს.
  • გამოუმუშავეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედებისა და თვითმომსახურების ჩვევები. რაც უფრო მეტის გაკეთება შეეძლება დამოუკიდებლად, მით უფრო მეტი ექნება საკუთარი თავის რწმენა.
  • სწავლის პირველ წელს ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდება მშობლების თანადგომა. მხარი დაუჭირეთ წარმატებისკენ მის სწრაფვას, ეცადეთ, მის ნამუშევრებში იპოვოთ რამე ისეთი, რის გამოც შეიძლება შეაქოთ. გახსოვდეთ, ქება ძლიერი ემოციური მხარდაჭერაა, რომელსაც შეუძლია, საგრძნობლად გაზარდოს ბავშვის ინტელექტუალური მიღწევები.
  • მოთოკეთ ემოციები. უფროსების მღელვარება, შფოთვა ბავშვს გადაედება და აშინებს.
  • სასურველია, ახლობლებისგან ბავშვი პოზიტიურ ინფორმაციას იღებდეს სკოლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა სკოლაში წასვლა აღარ მოუნდეს.
  • გიყვარდეთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გინდათ იყოს.
  • ადეთ, ხანდახან საკუთარი თავი ბავშვის ადგილას დააყენოთ – უფრო იოლად მიხვდებით, როგორ მოიქცეთ.

დაბოლოს, გახსოვდეთ: სასკოლო სწავლების პირველ წელს სირთულეები დროებითი მოვლენაა და სწორი დამოკიდებულებით აუცილებლად დაძლევთ. მშობლების რწმენა, მშვიდი, გაწონასწორებული დამოკიდებულება დაეხმარება ბავშვს, თავი გაართვას ყველა სირთულეს და წარმატებულ მოსწავლედ იქცეს.

კრეატიულობა

0

საუბარი  დავიწყოთ  არა  იმით,  თუ რა  არის  კრეატიულობა,  არამედ იმით, თუ რა  არ  არის  კრეატიულობა.  წარმოგიდგენთ  კრეატიულობის  შესახებ არსებულ ოთხ მცდარ მოსაზრებას.

  1. ადამიანები დაბადებიდანვე კრეატიულები  არიან.  კვლევების  შედეგად დადგინდა,  რომ  შესაძლებელია  კრეატიულობის  განვითარება,  გაძლიერება და  ხელშეწყობა  ერთი  ადამიანის  ან  ჯგუფების  გარემოს  საშუალებით.
  2. კრეატიულობა და ნეგატიური  თვისებები  ერთმანეთთან  პირდაპირ  კავშირშია.  ცნობილია,  რომ  ზოგიერთი  კრეატიული  ადამიანი  გამოირჩევა არაკონფორმისტობით  და  ზოგიერთ  მათგანს  მენტალური  და  ემოციური პრობლემებიც  აქვს,  მაგრამ  იგივე  შეიძლება  ვთქვათ  არაკრეატიულ ადამიანებზეც.  ამ  მოსაზრების  გამო  ზოგიერთ  მასწავლებელს  შეიძლება გაუჩნდეს  შიში,  რომ  კრეატიული  მოსწავლე  ბევრ  ცუდ  საქციელს  ჩაიდენს და  ამიტომ  ისინი  (მასწავლებლები)  მათ  მიმართ  ტენდენციურად  არიან განწყობილნი.
  3. კრეატიულობა არის ბუნდოვანი, რბილი კონსტრუქცია.  ზოგიერთი  ადამიანი თვლის, რომ კრეატიული პიროვნებები ახალი ეპოქისათვის დამახასიათებელი ადამიანები/ჰიპები არიან. სინამდვილეში კი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კრეატიული ადამიანები უფრო  გახსნილნი არიან ახალი გამოწვევების მიმართ და ზოგადად არაკონფორმისტებად ითვლებიან, არ არის გამორიცხული,  რომ  ისინი  კონცენტრირებული, ორგანიზებული და მოქნილი ხასიათის ადამიანები იყვნენ.
  4. ჯგუფში ყოფნა ზრდის  კრეატიულობას.  ცნობილია,  რომ  ჯგუფში  მუშაობისას, ე.წ.  გონებრივი იერიშის გამოყენების შედეგად, მოსწავლეები კრეატიულ მოსაზრებებს  გამოთქვამენ. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგჯერ უმჯობესია ჯგუფში მუშაობის დაწყებამდე საშუალება მივცეთ მოსწავლეებს პრობლემის შესახებ დამოუკიდებლად იფიქრონ  და  მხოლოდ  შემდეგ  ეტაპზე  ჩაერთონ  ჯგუფურ  მუშაობაში.

მაშასადამე,  რა  არის  კრეატიულობა?  კრეატიულობა  არის  უნარი – შექმნა ნამუშევარი,  რომელიც  ორიგინალურია,  ამავე  დროს  საჭირო/სასარგებლო.  ფსიქოლოგთა  უმრავლესობის აზრით, არ არსებობს “კრეატიულობა ყველა მიზნისათვის“; ადამიანები  კრეატიულები  არიან  რომელიმე კონკრეტულ სფეროში. აღსანიშნავია, რომ კრეატიულობა არ არის სპონტანური ქმედება. შემოქმედი გამიზნულად ქმნის თავის „პროდუქტს”. კალმის შემთხვევით მოსმით დაწერილი წინადადებები არ არის კრეატიული, თუ ავტორს გააზრებული არა აქვს “მონახაზის” პოტენციალი, ან თუ ეს ავტორის წერის ტექნიკა არ არის. მიუხედავად  იმისა, რომ  ჩვენ  ხშირად  კრეატიულობას  ხელოვნებას  ვუკავშირებთ,  უნდა  გავითვალისწინოთ,  რომ  ნებისმიერ  საკითხს/საგანს შეიძლება  კრეატიულად  მივუდგეთ.

კრეატიულობის  ასპექტები  ნათლადაა  მოცემული  შემდეგ  განმარტებაში:

  • კრეატიულობა ერთზე  მეტ  ადამიანს  მოიცავს;
  • კრეატიულობა თავს  იჩენს  იმ  შემთხვევაში,  როდესაც  ადამიანები  თავიანთ უნარებს  იყენებენ  მუშაობის  პროცეში,  როგორც  ამ  პროცესის  ერთ-ერთ შემადგენელ  ნაწილს  და  ეს  პროცესი  მიმდინარეობს  შესაფერის  გარემოში;
  • კრეატიულობის შედეგად  იქმნება  ახალი,  გამოსადეგი  და  კონკრეტულ კულტურასა  თუ  სიტუაციაში  აღიარების  ღირსი  პროდუქტი.

რა არის კრეატიულობის წყარო?

მეცნიერები  იკვლევენ  კოგნიტურ  პროცესებს,  პიროვნულ  ფაქტორებს,  მოტივაციის მოდელებსა  და  ფონურ  გამოცდილებას  იმისათვის,  რომ  ახსნან, რა  არის  კრეატიულობა.  მაგრამ იმისათვის, რომ ჩავწვდეთ კრეატიულობის არსს, უნდა გავითვალისწინოთ  სოციალური გარემოს ფაქტორი. ექსპერტთა  აზრით,  კრეატიულობას  ერთგვარ  „მხარდამჭერ” ფონს უქმნის ინტრაპერსონალური (შემეცნება, პიროვნული თვისებები) და სოციალური ფაქტორები. ტერეზა ამაბაილი გვთავაზობს კრეატიულობის სამი კომპონენტისაგან  შედგენილ  მოდელს.  მისი აზრით,  ერთ  ადამიანს,  ან  ადამიანთა  ჯგუფს:

  1. ნიჭისა და სათანადო  კომპეტენციების  გარდა,  უნდა  ჰქონდეს  კონკრეტული სფეროსათვის  რელევანტური უნარ-ჩვევები. მაგალითად, მიქელანჯელო ქვის მჭრელის ოჯახში  იზრდებოდა  და  ამან  განაპირობა  მისი  უნარ-ჩვევების განვითარება;
  2. კრეატიულობის რელევანტური პროცესები  მოიცავს  მუშაობის  უნარ-ჩვევებსა და  პიროვნულ  თვისებებს.  მაგალითად,  ისეთს  როგორიც  ჰქონდა ჯონ  ირვინგს – ის  დღეში  10  საათის  განმავლობაში  წერდა,  შემდეგ  ხელახლა გადაწერდა ხოლმე თავის მოთხრობებს საბოლოო დახვეწამდე;
  3. უნდა ჰქონდეს შინაგანი მოტივაცია,  ან  მათში  კონკრეტული  საკითხი  უნდა იწვევდეს  დიდ  ინტერესს. კრეატიულობის ამ კონკრეტულ ასპექტზე დიდ გავლენას ახდენს  სოციალური  გარემო, ავტონომიურობა, სტიმულის მიმცემი ცნობისმოყვარეობა, ფანტაზია და გამოწვევასთან შეჭიდების სურვილი.

კიდევ  ერთი  ფაქტორი,  რაც  გავლენას  ახდენს  კრეატიულობაზე,  არის კონკრეტული  სფეროს  მზაობა  და  სურვილი – აღიაროს  ესა  თუ  ის  კრეატიული წვლილი. ისტორიაში მრავლადაა იმის მაგალითები,  როგორ  ხდებოდა  კრეატიული  მეცნიერული  მიღწევების უკუგდება  (მაგალითად,  კოპერნიკის  თეორია  იმის  შესახებ,  რომ  მზე  სამყაროს ცენტრშია  მოქცეული); იმის მაგალითებიც მრავლადაა, როგორ ხდებოდა პიროვნებების  კრეატიულობის  მასშტაბების გაფართოება შემოქმედთა (მეტოქე შემოქმედთა) შორის არსებული  კონკურენციის  ფონზე  (მეგობრული  და პროდუქტიული  მეტოქეობა  პიკასოსა  და  მატისს  შორის).

კრეატიულობა და შემეცნება. კონკრეტულ  სფეროში ცოდნის მდიდარი მარაგი კრეატიულობის  საწინდარია,  მაგრამ  ზოგჯერ  მხოლოდ  ეს  არ  არის  საკმარისი. მრავალი საკითხის გადაჭრის დროს, აუცილებელია ადამიანს ჰქონდეს საკითხისა თუ მოვლენის სხვა კუთხით დანახვისა და პრობლემის რესტრუქტურიზების უნარი, რაც პრობლემის არსის ღრმა წვდომის საშუალებას იძლევა. ეს ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი პრობლემასთან ჭიდილის შემდეგ დროებით  გადადებს  მას  გვერდზე.  ფსიქოლოგთა  ერთი  ნაწილი  თვლის, რომ  პრობლემის  გარკვეული  დროით  გვერდზე  გადადების  შედეგად  იქმნება საინკუბაციო  პირობები – პიროვნება  გაუცნობიერებლად  აგრძელებს  მუშაობას  პრობლემაზე.  პრობლემის  დროებით “დავიწყების” შედეგად ადამიანმა შეიძლება დაამუხრუჭოს აზროვნების  რიგიდული  გზა  და  შეცვალოს  თავისი შეხედულება  სიტუაციის  შესახებ.  აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კრეატიულობის აუცილებელი ატრიბუტებია ფართო ცოდნა, მოქნილობა და იდეების მუდმივი რეორგანიზაციის უნარი. აგრეთვე, დავძენთ, რომ კრეატიული პროცესისათვის აუცილებელია მოტივაცია, ხასიათის სიმტკიცე/სიჯიუტე და სოციალური მხარდაჭერა.

დღევანდელი და მომავლის რთული პრობლემები აუცილებლად მოითხოვს მათ კრეატიულად გადაჭრას. კრეატიულობა აუცილებელია პიროვნების ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სოციალური კეთილდღეობისათვის.  ის წარმატებული კარიერის საწინდარია.  რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის,  რომ მოსწავლეს განუვითარდეს კრეატიული აზროვნება? ჩვეულებრივ,  სკოლის ყოველდღიური ცხოვრების პროცესში,  მასწავლებლები ჩანასახშივე კლავენ მოსწავლეების კრეატიულ აზრებს და ვერც კი აცნობიერებენ თავიანთ საქციელს. მასწავლებლები პრივილეგიურ პოზიციაში იმყოფებიან – მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ან შეუშალონ მოსწავლეების კრეატიული აზროვნების განვითარებას.

გონებრივი იერიში. მოსწავლეების კრეატიულობის განვითარებისათვის მასწავლებლები, ყოველდღიური ინტერაქციების გარდა, მიმართავენ, ე.წ. გონებრივ იერიშს. გონებრივი იერიშის ძირითადი პრინციპია მოხდეს იდეების შექმნის პროცესის განცალკევება/გამოყოფა ამ იდეების შეფასების პროცესისაგან, ვინაიდან შეფასება ხშირად აფერხებს კრეატიულობას.  შეფასება, დისკუსია და კრიტიკული ანალიზი მხოლოდ მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც დასახელდება ყველა მოსაზრება.  ამ მეთოდით ერთი იდეის საფუძველზე იქმნება მეორე;  ადამიანებს არა აქვთ იმის შიში,  რომ მათ პოტენციურად კრეატიულ აზრებს ვინმე გააკრიტიკებს.  ჯონ ბაერი გვთავაზობს გონებრივი იერიშის წესებს:

  • მოსაზრებების განსჯა დროებით გვერდზე გადადეთ;
  • ეცადეთ, რომ ადამიანებმა აზრები გამოთქვან,  მაგრამ იმავდროულად მათ არ უნდა გაუჩნდეთ ამ აზრებისადმი  „მესაკუთრული“  დამოკიდებულება, ვინაიდან,  როდესაც ადამიანები ამბობენ:  „ეს ჩემი იდეაა“,  ეს  (ეგო)  ხშირად ხელს უშლის კრეატიულ აზროვნებას.  მათ არ მოსწონთ,  როდესაც ამ იდეებს აკრიტიკებენ ან ცვლიან;
  • იყავით თავისუფალნი და ნუ იტყვით უარს, თუ მოგეწონებათ სხვების მიერ გამოთქმული მოსაზრებების კონკრეტული ელემენტები. თავისუფლად გამოიყენეთ ისინი თქვენი იდეის სრულყოფისათვის;
  • წაახალისეთ უცნაური იდეები. იცოდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში სრულიად განუხორციელებელმა იდეებმა ვიღაცას შეიძლება გზა გაუხსნას უფრო დასაშვები და რეალური იდეებისაკენ. უფრო ადვილია მიიღოთ უკიდურესად არარეალური ცუდი იდეა და მისი რეალობის ჩარჩოში ჩასმა სცადოთ, ვიდრე დაიწყოთ უინტერესო ცუდ იდეაზე მუშაობა საბოლოოდ მის იმ დონეზე ასაყვანად, რომ ღირდეს მასზე ფიქრი და მსჯელობა.

გონებრივი იერიში სასარგებლოა როგორც ინდივიდუალური,  ისე ჯგუფური მუშაობის დროს.

ნუ ჩქარობთ – ითამაშეთ! წლების წინ ცნობილმა ფსიქოლოგმა ზიგმუნდ ფროიდმა ერთმანეთს დაუკავშირა კრეატიულობა და თამაში: „შეგვიძლია ვთქვათ,  რომ ბავშვი თამაშის დროს ისევე იქცევა,  როგორც კრეატიული მწერალი.  მწერალი,  ისევე, როგორც ბავშვი თამაშის დროს, ქმნის თავის სამყაროს და საგანთა განლაგება ამ სამყაროში მისი სურვილზეა დამყარებული. ესე იგი,  კრეატიული მწერალი ისევე იქცევა,  როგორც ბავშვი თამაშის დროს. მას ძალზე სერიოზული დამოკიდებულება აქვს თავისი ფანტაზიის ნაყოფისადმი და უზარმაზარ ემოციას აქსოვს მასში“.  ცნობილია, რომ სკოლამდელი ასაკის მოსწავლეები,  რომლებიც ფანტაზიასა და თამაშს უთმობენ დიდ დროს,  უფრო კრეატიული არიან.  ფრიად საინტერესოა,  რომ ერთ-ერთი კვლევის დროს მეცნიერებმა დაადგინეს,  რომ კრეატიულობის ტესტის ჩატარებამდე თამაში გავლენას ახდენს და ზრდის დაბალი ასაკის მოსწავლეების შედეგებს.  მასწავლებელი უნდა ეცადოს, რომ ყველა ასაკის მოსწავლეს განვითარებული ჰქონდეს რეფლექსია – იდეების გენერაციის,  განვითარებისა და რესტრუქტურირების უნარი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...