კვირა, აგვისტო 3, 2025
3 აგვისტო, კვირა, 2025

„ლანდშაფტური ისტორია“  როგორც    სასწავლო  რესურსი

0

ლანდშაფტი ჩვენ გარშემო ყველგანაა. მაგრამ რას წარმოადგენს ის? რა მნიშვნელობა აქვს მას? როდესაც გარემოს გავცქერით, აღვწერთ და ვაფასებთ, მაშინ ლანდშაფტს  უბრალოდ სივრცის „ნაჭრად“ აღვიქვამთ. არადა, მასზე ყოველი  საზოგადოება  ტოვებს  ნაკვალევს, რითაც საკუთარ ლანდშაფტს ქმნის. ამიტომ პედაგოგის ხელში მას, როგორც ისტორიის, საზოგადოების, გეოგრაფიის შესწავლის წყაროს  განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა სიტყვებით, ლანდშაფტი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც სარკე, რომელშიც ადამიანის ქმედებები, ბუნებაზე მისი უარყოფითი გავლენა აისახება. ის საუკეთესო რესურსია პედაგოგის ხელში,  ერთგვარი მემატიანეა, რომელსაც შემოუნახავს ის ცალკეული მოვლენები, რომლებმაც მის სტრუქტურაზე მოახდინეს გავლენა.

მაგრამ იმისათვის, რომ ლანდშაფტი რეალურად გახდეს იმ ადგილის, ქვეყნის, ქალაქისა თუ სოფლის მეისტორიე, სადაც ვცხოვრობთ, ვსაქმიანობთ და ჩვენსავე ისტორიას ვქმნით, ამისთვის აუცილებელია ისტორიული და თანამედროვე ნარატიული და ვიზუალური მასალების –  სურათების, ნახატების, ფოტოგრაფიებს, რუკების – მოშველიება, განსაკუთრებით მათი, რომლებიც ერთსა და იმავე ადგილს აღწერენ და ასახავენ. ამგვარ წყაროთა სწორი ინტერპრეტაციით შესაძლებელია  წარსული სურათებს აღდგენა-წარმოსახვა. მთავარია, მოსწავლეებმა მოახერხონ გაანალიზება, გამოიტანონ დასკვნები, შეადარონ ავტორთა პოზიციები, თავი აარიდონ სუბიექტივიზმს  და თავადაც აღიქვან  გარემო, ჩამოუყალიბდეთ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება და გარემოს მიმართ საკუთარი ქმედებებიც შეაფასონ.

ლანდშაფტთან მუშაობის დიდაქტიკური მიზნებია:

  • ისტორიული კონტექსტის აღქმა (მაგალითად, გაარკვიონ,  როგორ შეიცვალა ქალაქი, რომელშიც ცხოვრობენ; რა მოვლენები  მოხდა, რა ახდენს მასზე ზემოქმედებას  და ა.შ);
  • მოტივაციის ამაღლება შემოქმედებითი მიგნებებისთვის, კრიტიკული აზროვნების გააქტიურებისთვის (მაგალითად, ილუსტრაციების გზით წარმოადგინონ „ლანდშაფტური ისტორია“, რითაც მოხდება მათი იდეების პროვოცირება და ისინი გარკვეული დროით წიგნებით და სურათებით დატვირთული ივლიან. ამგვარი გზით მოსწავლეები არამარტო ლანდშაფტის ინტერპრეტაციას მოახდენენ, არამედ კონკრეტულ ცოდნასაც შეიძენენ და მნიშვნელოვნ გამოცდილებასაც მიიღებენ საგნობრივი კომპეტენციების დაუფლების გზაზე);
  • ისტორიული პროცესების შემეცნების გაზრდა ისტორიული  ფაქტების მოდელირების გზით;
  • გარემოს მიმართ საკუთარი  დამოკიდებულების ფორმირება („პატარა გამომძიებლებს“ საშუალება მიეცემათ, ითანამშრომლონ მუზეუმებთან, ბიბლიოთეკის ფონდებთან, დაწესებულებებთან თუ კერძო პირებთან და დაიცვან  ლანდშაფტი „ისტორიული ცვლილებებისგან“);
  • ახალი ცოდნის აგება (მაგალითად, შეუძლიათ სახლიდან მოიტანონ ბავშვობის დროინდელი საყვარელი წიგნები, სადაც აღწერილია გარემო, ლანდშაფტი და  პატარა ნაწყვეტები წაუკითხონ თანაკლასელებს, შემდეგ კი განიხილონ, რა მოეწონათ ბუნების აღწერაში ყველაზე მეტად; როგორ აღიქვამს გარემოს მთავარი მოქმედი პირი; როგორი დამოკიდებულება აქვს ბუნებასთან და ა.შ);
  • სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მაგალითად:

ა) შეადარონ გარემო ადგილების ტოპოგრაფიული დასახელებები ისტორიულ გადმოცემებს, რუკებს და თანამედროვე დასახელებებს; გაარკვიონ,  რას გვაუწყებენ ისინი წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ.

 ბ) მოაწყონ  ექსკურსია  საცხოვრებელი რეგიონის გასაცნობად (არის თუ არა ახლომახლო ღირსშესანიშნაობები? რა ნიშნით გამოირჩევიან ისინი? გამოკითხონ ახლობლები, ნაცნობები, რა ახსოვთ, რა იციან ამ ადგილების შესახებ?);

გ) შეადარონ თანამედროვე ლანდშაფტი წარსულში არსებულ სიტუაციას და მიღებული პასუხების მიხედვით გამართონ დისკუსია ლანდშაფტის ტრანსფორმაციის მიზეზებზე.   

მოსწავლისათვის „ლანდშაფტურ ისტორიაზე“ მუშაობა  სწავლის ყველა საფეხურზე სახალისო და საინტერესოა. მაგალითად, X კლასის ისტორიის სწავლების კურსში (ისტ.X.2) შეგვიძლია საგაკვეთილო საქმიანობად მოსწავლეებს დავავალოთ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის, მაგალითად, თბილისის „ლანდშაფტური  ისტორიის“  ინტერპრეტაცია და კვლევა, რომელსაც ისინი მიაღწევენ ჩანახატების და ფოტოგრაფიების გამოყენების გზით, ხოლო შემდეგ გამართავენ დისკუსიას ლანდშაფტის ცვლილებების მიზეზებზე. ასეთ შემთხვევაში სავარაუდო ვიზუალური მასალა შეიძლება ასეთი იყოს:

ა) თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671 წ.

ბ)  ხედი ისტორიულ თბილისზე, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან.

გ) მეტეხის უბანი, ნ. ჩერნეცოვი, 1839 წ.

დ) ტფილისი, ძველი აბანოთუბანი.

ე) აბანოთუბანი — თბილისის უძველესი უბანი.

ვ) ტფილისადან თბილისამდე, ძველი აბანოთუბანი. ფოტოკოლაჟი.


სავარაუდო სადისკუსიო კითხვები:

  • ბუნებრივი წარმოშობისაა თუ არა თბილისის ლანდშაფტი?
  • ეწინააღმდეგებიან თუ არა ერთმანეთს ცნებები „ქალაქი“ და „ლანდშაფტი“? აქვს თუ არა ამ ცნებას – „ქალაქური ლანდაშფტს“ – არსებობის უფლება თბილისთან მიმართებაში?
  • აქვს თუ არა თბილისურ ლანდშაფტს რაიმე განსაკუთრებული თვისება? მიეკუთვნება თუ არა ამ ქალაქის ლანდშაფტი „კულტურულ ლანდშაფტებს“?
  • რა თავისებურებით ხასიათდება თბილისური ლანდშაფტი?
  • შეადარეთ ძველი ფოტოგრაფიების ლანდშაფტი თანამედროვეს. რა შეიცვალა? როგორი შეიძლება იყოს ამ ქალაქის მომავალი? როგორი პიროვნული დამოკიდებულება  გაგიჩნდათ  ქალაქ თბილისის მიმართ?
  • რა ისტორიული დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცა წყაროთა ინტერპრეტაციამ?
  • როგორ შეფასებას მისცემდით ფოტოკოლაჟს?
  • რა გავიგეთ ზოგადად თბილისის და, კერძოდ, მისი უძველესი და შესაძლოა პირველი უბნის – აბანოთუბნის შესახებ?
  • როგორ წარმოგიდგენიათ ამ უბნის ხვალინდელი დღე?

ლანდშაფტის გამოყენება სასწავლო რესურსად  ზრდის  სწავლის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას, კომუნიკაციურ კულტურას, საგნობრივ  ინტერესს, პიროვნულ  პასუხისმგებლობას. ამიტომ მისი საგაკვეთილო საქმიანობაში გამოყენება ეფექტური და მისასალმებელია.

 

 

მოსწავლეთა თვითუმმართველობა

0

ახალგაზრდები, როგორც მუდამ ამბობენ ხოლმე, სახელმწიფოში, სოციალურ ჯგუფებში ყველაზე აქტიური ნაწილი არიან, ან კანონზომიერებიდან გამომდინარე, უნდა იყვნენ მაინც. საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელიც სკოლაში იქმნება, აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდეს სასკოლო ცხოვრებაში.

მოსწავლეთა თვითმმართველობას უფლება აქვს სკოლის შინაგანაწესში შესატან ცვლილებებზე იმუშაოს, ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, შექმნას სხვადასხვა ჯგუფები და კლუბები სკოლაში და ხელი შეუწყოს ფორმალურ გარემოში არაფორმალური განათლებისა და აქტივობების განხორციელებას, ასევე მოპოვებული გრანტებისა და ფინანსების განკარგვაშიც კი შეუძლია მონაწილეობის მიღება.

ეს კიდევ არასრული ჩამონათვალიც ნათლად გვაჩვენებს, თუ რა მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობას. თუმცა, სკოლების ძალიან დიდ ნაწილში თვითმმართველობის საქმიანობა მხოლოდ ფურცელზეა გაწერილი.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არსებობა მნიშვნელოვანია დემოკრატიული სისტემების არსებობისთვის, რადგან ორგანიზაციებში ყველა ჯგუფს ჰქონდეს თანამონაწილეობის შესაძლებლობა და უფლება, ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოსწავლეებმა გამოიმუშაონ უნარები, ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება მართვის კუთხით, ისწავლონ პასუხისმგებლობების აღება საკუთარ თავზე, ჯგუფთან და ჯგუფში მუშაობა.

რა შეიძლება იყოს მიზეზები იმისა, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობები თითქმის არ მუშაობს სკოლებში?.. პირველი, თვითონ მოსწავლეების ნაკლებმოტივირებულობა, არაკრეატიულობა და საქმიანობისადმი ინტერესის არ ან ნაკლებად ქონა. სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის მხრიდან  მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციონირების უგულებელყოფა, გრანტებისა და დაფინანსებების ნაკლებობა.

ეს ჩამოთვლილი მიზეზები რა თქმა უნდა არასრულია და ჩამოთვლილსაც სჭირდება კვლევა და შემდგომ მისი გაანალიზება, რომ რეალური მიზეზები იყოს ნათელი. თუმცა, ყველაზე საშიში და უარყოფითი მიზეზი ამათგან რაც შეიძლება იყოს, არის მოსწავლეთა ნაკლებკრეატიულობა, მოტივაციისა და ინტერესის არარსებობა, რომ ჩაერთონ თვითმმართველობით საქმიანობაში, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ცხოვრების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ისე გამოდის, რომ ჩვენ ვზრდით ადამიანებს, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის დროს  სწავლობენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებს. იღენებ ინფორმაციას ისტორიიდან, გეოგრაფიიდან, მათემატიკიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებიდან, მშობლიური თუ უცხო ენებიდან და ისე გამოდის, რომ მათ ეს სჭირდებათ მხოლოდ იმისათვის, რომ საატესტატო თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი ან უკეთესი ქულა დააგროვონ, სხვა დანარჩენი სასწავლო პროცესი მათთვის უინტერესო და უმნიშვნელოა.

ახალგაზრდები, რომელთაც გამძაფრებულად აქვთ პიროვნული თავისუფლების, გადაწყვეტილებების მიღების მოთხოვნილება, არ ერთვებიან ამ საქმეში. იქნებ ამის მიზეზი გამოცდილების არარსებობაა და მათ გარკვეული შიშები აქვთ, რომ ჩაერთონ თვითმმართველობის საქმიანობაში?..

ამ შემთხვევაში მათ სკოლის ადმინისტრაცია და სამეურვეო საბჭო, მასწავლებლებლები, მშობლები – და მათ განათლებაში ჩართული ყველა პირი უნდა იყოს გარანტორი მორალური თუ სხვა ტიპის თანადგომის. არ ღირს არც „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის ზეპირად ცოდნა, არც მათემატიკური გამოთვლების შესრულება, ან ორგანული და არაორგანული ნივთიერებების გარჩევა, თუ მოსწავლეს არ შეუძლია ეს ყველაფერი გამოიყენოს და გააჩნდეს კომპეტენციები, რომ ჩამოაყალიბოს, მართოს, შეათანხმოს სამუშაო და ჰქონდეს ახალი, საინტერესო, სიკეთეებისა და საჭირო ცვლილებების მოტანის ინტერესი.

ხელოვნებისა და სპორტის ხელმისაწვდომობის შესახებ

0

 

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოზარდისათვის ფიზიკური დატვირთვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანსაღი კვება. ამასთან, ხელოვნებასთან სიახლოვეც საკვებივით აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის.

შეცევადე გამერკვია სპორტული თუ სახელოვნებო წრეები რამდენადაა ხელმისაწვდომი საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისათვის. საჯარო სკოლების რამდენიმე კლასის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა საშუალოდ 40% დადის დამატებით სპორტის რომელიმე სახეობაზე ან მაგალითად სიმღერაზე, ცეკვასა თუ ხატვაზე. უფროსები ვამბობთ, რომ თანამედროვე ბავშვები წიგნებს არ კითხულობენ, კომპიუტერს უსხედან, მაგრამ იქნებ მშობლებსაც მიუძღვით „წვლილი“ შვილების დღის რეჟიმის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში? მიუძღვით და თან არ მიუძღვით. ყველა მოქალაქის ვალია დიდი ქალაქების ჰაერის დაბინძურების ფონზე მოითხოვოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მაგრამ ხშირად თავს ზემოთ ძალა არ არის.

პედიატრ ეკა უბერის რჩევით, ბავშვი ნებისმიერ ამინდში მინიმუმ ორ საათს მაინც უნდა ატარებდეს ჰაერზე. ასევე დადგენილია, რომ ის ყოველდღიურად მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში უნდა იყოს ფიზიკურად (აქტიური თამაში, ვარჯიში, სირბილი და სხვ.) დატვირთული.

ფიზკულტურა საქართველოს სკოლების სასკოლო ცხრილში კვირაში ორი-სამჯერ გვხვდება, სადაც ბიჭებს მეტწილად ფეხბურთს ათამაშებენ, გოგონებს კი – წრეში ბურთს. რეაბილიტოლოგი მარინე აფციაური მიიჩნევს, რომ ეს არ არის საკმარისი მოზარდის ძალის, გამძლეობის, მოქნილობის, სისწრაფისა და სიმარჯვის განვითარებისათვის. „სწორი მიდგომა ამ საგნისადმი საბავშვო ბაღიდანვე უნდა ხდებოდეს. დაწყებით კლასებში სასურველია ჩატარდეს მსუბუქი ტანვარჯიში კვირაში სამჯერ. ასევე კარგი პრაქტიკაა ნებისმიერი საგნის მასწავლებლის მხრიდან ე. წ. „ფიზკულტურის წუთის“ გამართვა, რომელიც ყოველ გაკვეთილზე 2-3 წუთის განმავლობაში „აქტიურ დასვენებას“ გულისხმობს. ეს ჯდომას მიუჩვეველი ბავშვებისთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა და დასწავლასა და კონცენტრაციასაც უწყობს ხელს.

მოსწავლის ფიზიკურ დატვირთვას ასაკისა და მისი ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით განსაზღვრავს სათანადო კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი.  ფიზკულტურის გაკვეთილი სპორტის ყველა სახეობის ელემენტებით უნდა იყოს გაჯერებული. მეხუთე კლასიდან სასურველია დაიწყოს სირბილი, მსუბუქი ტანვარჯიშის კომპლექსი, სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომა, ბაგირზე ცოცვა, ფრენბურთი, შვედურ კედელზე ვარჯიში და ა. შ. სკოლის დამთავრებამდე მოზარდმა უნდა იცოდეს სპორტის თითქმის ყველა სახეობის თამაშის წესები. სამწუხაროდ, დღესდღეობით შესასწავლ სპორტის სახეობას სკოლის დირექტორი ირჩევს და ის ერთადერთი სახეობა ყველა მოსწავლისათვის შეიძლება ჭადრაკი იყოს, რომელიც კვლავაც ჯდომას მოითხოვს მოზარდისაგან. ეს კი დაუშვებელია. ასევე დასადგენია, რამდენად გამართულია პროგრამებიც, რითაც ამჟამად ფიზკულტურის მასწავლებლები ხელმძღვანელობენ.

ჩემი აზრით, სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემების ერთობლიობის გამო იმატა ბოლო პერიოდში მოზარდებში აღნაგობის დარღვევამ და სერიოზულმა პათოლოგიებმა. სკოლის დამთავრებისთანავეც ხომ სულ სხვა ფიზიკური დატვირთვა ელოდებათ ვაჟებს ჯარში. ცხადია, მას, ვისაც 100 მეტრიც არ ურბენია სკოლის პერიოდში, გაუჭირდება ჯარის ფიზიკური ნორმატივების შესრულება და კილომეტრების გარბენა.“

მოსწავლეთა სქოლიოზისადმი მიდრეკილება მშობლებისათვის კარგადაა ნაცნობი. ამ და სხვა დარღვევების თავიდან ასაცილებლად და პროფილაქტიკისათვის სპორტის მრავალი სახეობა არსებობს. მათ შორისაა ცურვა, რომელიც სასარგებლოა როგორც მოზარდის ნერვული სისტემისთვის, ისე კუნთებისთვის, სისხლის მიმოქცევისა და ძვლოვანი სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბებისათვის. ერთია ბავშვის საჭიროება და მეორე – თანხები, რომელიც პირდაპირ აწვება მშობლების მწირ ბიუჯეტს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ფინანსების არარსებობის გამო უარესდება მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დედაქალაქში ასე თუ ისე არის არჩევანი აუზებისა, სადაც სწავლის ფასი 60-დან 150 ლარამდე მერყეობს, რეგიონებში კი აუზები ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად არ არსებობს. იქ უმეტესად გვხვდება ფეხბურთისა თუ რაგბის კლუბები, ცეკვის შემსწავლელი კურსები.

როდესაც საქმე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეს ეხება, ბავშვისთვის მაგალითად ცურვის მასწავლებლის მოძიება კიდევ უფრო რთულდება. ამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ. https://mastsavlebeli.ge/?p=10030 სასიხარულოა, რომ ბოლო დროს გაჩნდა საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბები, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სოციალიზაციასა და მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობას ემსახურება.  მოზარდებისთვის შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რაც ინდივიდუალური და გუნდური სწავლის მიდგომებზეა დამყარებული. ბევრ მოზარდს ესაჭიროება იპოთერაპია, არტ თერაპია, სენსორული ინტეგრაციის სეანსები, არადა საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ცოტაა  საჯინიბოები თუ კარგად აღჭურვილი ოთახები, რომლებიც მათ სათანადოდ მოემსახურება. უნდა აღვნიშნოთ კვალიფიკაციური სპეციალისტების ნაკლებობა და მაღალი ტარიფებიც (1 საათი 20-30 ლარიდან ზევით), რომელსაც ბევრი მშობელი ფინანსურად ვერ სწვდება. რაც შეეხება ჩოგბურთსა და თხილამურებით სრიალს, ორივე ყოველთვის „ძვირიან სპორტად“ ითვლებოდა სპეციალური აღჭურვილობისა და მწვრთნელების გამო.

თბილისში ბოლო დროს მომრავლდა საკვირაო სკოლები, სადაც მოზარდებს ხატვას, ძერწვას, ასევე აპლიკაციების, ხელნაკეთი წიგნებისა თუ სხვადასხვა ნივთის შექმნას ასწავლიან, საუბრობობენ წიგნების გმირებზე და სხვ. ფასები 30-დან 120 ლარამდე მერყეობს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამები ასე თუ ისე შეიცავს ზემოხსენებულ არტ თერაპიისა და სენსორული ინტეგრაციის მცირე ელემენტებს, რაც ასე აუცილებელია ბავშვებისათვის.

მოზარდებს ძალიან რომ შეუყვარდათ ე. წ. „ტყლარწი“, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ამას ორ ახსნას უძებნის: „1. ბავშვებს სენსორული შიმშილი აქვთ; 2. ტყლარწი შფოთვას ამცირებს. ფეხბურთს ვინ თამაშობს დღეს? ან ეზოში ვინ დარბის? ეზოში თუ არიან, უმეტესწილად სხედან. ბავშვები ძირითად დროს ან სკოლაში ატარებენ ან კომპიუტერთან, ამიტომ აქვთ სენსორული შიმშილი. ამ ფონზე ასეთი ტიპის ფაქტურები მათთვის მიმზიდველია. საჭიროა, რომ ბავშვებს ბუნებასთან ჰქონდეთ კონტაქტი და სპორტითაც დაკავდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ამას ტყლარწი ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ როცა თბილისში ხე და ბალახი აღარ არის, ის, როგორც ჩანს, მოზარდებს ამ შეგრძნებებს უწესრიგებს“.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი უფრო და უფრო ნაკლებად დადის დამატებით სპორტსა თუ სახელოვნებო კურსებზე. ამასთან, მომსახურების ფასები დედაქალაქში რამდენჯერმე აღემატება რეგიონისას.

 

სტუდენტები მოჯადოებულ წრეში

0

როცა სკოლაში ვასწავლიდი, სოციალურ უთანასწორობასთან მაშინაც მქონდა შეხება: ვიღაცას ფეხსაცმელი არ ჰქონდა, სკოლაში ევლო; ვიღაცას ძვირადღირებული მანქანით აკითხავდნენ. თუმცა სკოლაში პატარები მყავდნენ და ეკონომიკური გავლენა იმდენად მძიმედ არ ჩანდა, რამდენადაც ზოგადად ოჯახური სიტუაციისა: ვიღაცას ურტყამდნენ (ოჯახში ძალადობა, ბავშვზე ძალადობა მაშინ კანონით არ ისჯებოდა), ვიღაცას არასდროს უშვებდნენ ექსკურსიაზე (მშობლები ასაკში იყვნენ და ზედმეტად ღელავდნენ ყველაფერზე), ვიღაცას კი ნორმალური, ადეკვატური დედ-მამა ჰყავდა. ამ ტიპის ოჯახური სიტუაცია უფრო თვალნათლივ აისახებოდა ბავშვების ქცევასა და აკადემიურ მოსწრებაზე, ვიდრე ის, ვინ რამდენად იყო უზრუნველყოფილი.
დღეს მე პატარებს აღარ ვასწავლი, სტუდენტებთან მაქვს საქმე. სოციალურ უთანასწორობას აქაც ვაწყდები. თან უფრო მძიმედ, რადგან გამკლავება ამ უთანასწორობასთან უკვე თავად უწევთ, თავად ეძებენ გზებს, საშუალებებს ქვეყანაში, სადაც ძალიან ძნელია, იყო სტუდენტი და გამოიმუშაო მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც ან საკვებზე გეყოფა, ან ბინაზე, ან სწავლის ფულის გადახდას შეძლებ, ან უცხო ენაში მოემზადები, იმიტომ, რომ ზოგჯერ შენი უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს უცხო ენის ისეთ სწავლებას, როგორიც მაგისტრატურაში ჩასაბარებლად ან თუნდაც ელემენტარული სამეცნიერო კვლევისთვის, ან უბრალოდ წარმატებისთვის გჭირდება. მოკლედ გინდა ან იძულებული ხარ მშობლებს რაღაცით შეუმსუბუქო შენი შენახვა, თორემ მთლიანად რომ ვერ უზრუნველყოფ საკუთარ თავს, თავისთავად ცხადია!
შედიხარ აუდიტორიაში და იმათგან, ვინც ლექციებზე დადის, ორ ძირითად ჯგუფს ხედავ:

თვალებამოღამებულები, ფერი რომ არ ადევთ და ძილს რომ ებრძვიან; და მეორენი: სახეზე ღიმილითა და ჩვეულებრივი მზერით.

თვალებამოღამებულებს შორისაც ორი ჯგუფია: ერთნი ჩვილბავშვიანები არიან, მეორენი – მუშაობენ.
სხვათა შორის, ჩემი სტუდენტობის დროს ბავშვიანების მიმართ გაცილებით კრიტიკულად ვიყავი განწყობილი. ისინი უფრო მეტად არ სწავლობდნენ და ნიშნებს მათხოვრობდნენ, ან შეიძლება მე ვუყურებდი ასე. დღეს ჩვილბავშვიანებიც სწავლობენ და ჯერ არ შემხვედრია, ვინმეს შეღავათი მოეთხოვოს შვილის ყოლის გამო. თუმცა ფაქტია, რომ ან ძალიან უჭირთ, ან სხვები უზრდიან შვილებს. ერთხელ იყო, წერით გამოცდაზე უცებ გოგონა ატირდა, წამოხტა და გამომიცხადა, მივდივარო. რა გჭირს-მეთქი, რომ ვკითხე, 3 თვის ბავშვი ბიძაშვილთან დავტოვე და ვერ აჩუმებს, ტირისო. კარგი ნაწერი ჰქონდა, ნახევარი მოესწრო, მაგრამ იმ ნახევარშიც ეტყობოდა, ბევრი ეშრომა და გონებაც გამჭრიახი ჰქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, უმრავლეს შემთხვევაში ჩვილბავშვიანობა ცუდად აისახება სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე. თუმცა ოჯახის შექმნა და შვილის ყოლა, უფრო მეტადაა მისი არჩევანი, ვიდრე ის, იმუშაოს კაბალურ პირობებში და ვეღარ შეძლოს შესაბამისი განათლების მიღება, ან შეძლოს, მაგრამ საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

სულ ახლახან „ბიბლუსში“ დასაქმებულ სტუდენტთა მიმართვის შემდეგ ფეისბუქზე აგორდა ტალღა და უამრავმა დაწერა, როგორ და რაში აიღო პირველი ხელფასი. მე მგონი, უბრალოდ რომანტიკული აღტკინება იყო, ყველას გადაედო სურვილი, გაეხსენებინა ახალგაზრდობა. თუმცა პირდაპირი მოწოდებებიც ჩანდა: ჩვენ ასე ვიტანჯებოდით და თქვენ რა გახმაურებთ, გაუძელით და თქვენც იქნებით მომავალში ჩვენსავით წარმატებულებიო.

ამ კომპანიის გარეშეც ვიცი, როგორ უჭირთ ჩემს სტუდენტებს. სხვათა შორის, შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ ყველაზე ნიჭიერების, მონდომებულების, შრომისმოყვარეების ნახევარი მაინც ფინანსურად უზრუნველყოფილი არაა და იძულებულია იმუშაოს.

„იძულებული“ – ეს სიტყვა, სამწუხაროდ, ძალიან ადეკვატურად გამოხატავს დღევანდელ სინამდვილეს, რადგან ხშირად მათი შრომა იმდენად მძიმეა, არ შეიძლება, დაერქვას ნებაყოფლობითი, სწორედ რომ იძულებაა.

აქ არ დავიწყებ იმ მონურ პირობებზე საუბარს, რომლის შესახებაც ყველამ ვიცით, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ასეთი შრომა ხშირად სავალალოდ აისახება სტუდენტის (საუკეთესო მონაცემების მქონე სტუდენტისაც) აკადემიურ მოსწრებასა და ზრდა-განვითარებაზე.

ზის თვალებამოღამებული, შეიძლება უსმელ-უჭმელიც კი და ცდილობს, არ ჩაეძინოს. ზის იმიტომ, რომ ელემენტარული პატივისცემა გამოხატოს შენ მიმართ და ხანდახან მაინც მოვიდეს, თორემ, თავისთავად ცხადია, დასწრებით არ გამოირჩევა.

არადა, წინა კვირას რომ საწერი დავალებები მიეცი, ყველაზე საინტერესო ესე გადმოგიგზავნა. ელაპარაკები და რწმუნდები, რომ მისი ნამუშევარია. გიხარია, მაგრამ ეკითხები, ამდენს რატომ აცდენს და იწყებს მოყოლას 12-საათიანი სამუშაოს შესახებ, რომელიც ძლივს იშოვა.

მერე დგება ფინალური გამოცდის დროც, რაღაცები მაგრად იცის, ყველაზე მაგრადაც, სააზროვნო დავალებებში არ უჭირს, მაგრამ რაღაც ტექსტები საერთოდ არ აქვს წაკითხული. გინდა დაუწერო უმაღლესი ქულა და გაატანო უმაღლესი ცოდნა, რისი მიცემაც შეგიძლია. სთხოვ, შემდეგ კვირაში მოვიდეს. ატყობ, სულ არ უნდა შემდეგ კვირაში მოსვლა, მინიმალური ქულა და თავისუფლება ურჩევნია. ახლა არდადეგები ეწყება და ორმაგი დატვირთვა აუღია, ორ ცვლაში უნდა იმუშაოს. ისიც არ იცის, როდის შეძლებს მოსვლას. საბოლოოდ თანხმდებით, რომ დარეკავს, მეტ გზას რომ არ უტოვებ, რეკავს და მოდის ბოლომდე მომზადებული, ისეთი, როგორსაც მისგან ელოდი. მაგრამ რას იზამს სხვა საგნებში? ბოლომდე ეყოფა ჯანმრთელობა და გამძლეობა?!

განსაკუთრებით მძიმეა ასეთი ამბები, როცა შენ თვითონაც სტუდენტის დედა ხარ. შენ შეძელი, შენი შვილი საკუთარ შრომაზე არ იყოს დამოკიდებული და გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, იმუშაოს თუ არა, მაგრამ როგორც მოქალაქემ ვერ შეძელი, შენი სტუდენტებისათვის შეგექმნა უკეთესი ქვეყანა, სადაც მათი შრომითი უფლებები უფრო მეტად იქნებოდა დაცული.

ამიტომ აწყდები ხოლმე აშკარა უსამართლობას. გულისამაჩუყებელი სულაც არ უნდა იყოს სტუდენტის შრომა. ნორმალურ პირობებში არც არის. აქაც ახერხებენ ზოგიერთები, შედარებით მისაღები გზით გამოიმუშაონ რაღაც თანხები. ზოგჯერ შენც ცდილობ რაღაცას, ვთქვათ მოსწავლეების ან შესაბამისი სამუშაოს შოვნას, თუმცა ყოველთვის შეუძლებელია. ამიტომ ზოგიერთი შრომობს, რომ ისწავლოს, მაგრამ სწავლისთვის ძალა აღარ რჩება. ნამდვილად არიან ისეთებიც, შრომით თვალებამოღამებულებს სწავლით თვალების ამოღამებაც რომ შეუძლიათ, მაგრამ ეს ძალზე ინდივიდუალურია და არა მგონია, მათ ჯანმრთელობაზე კვალს არ ტოვებდეს.

ასეა თუ ისე, საკუთარი ახალგაზრდობის გახსენება მეც მომინდა, თუმცა გახსენების გარეშეც ვიცი, რომ მიუხედავად მძიმე ოთხმოცდაათიანებისა, მიუხედავად უშუქობისა, მიუხედავად საინტერესო ალტერნატივისა, გაყინულიყავი უნივერსიტეტის აუდიტორიაში თუ მის ეზოში, ჩვენ მაინც სადღაც დავაშავეთ, სადღაც ვიზარმაცეთ, მეტი შეგვეძლო და ვერ შევძელით, არ უნდა დავრჩენილიყავით აქციებზე უიმედოდ დგომის ამარა და თავი არ უნდა გვენუგეშებინა – „ცუდად მაინც ხომ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთებაო.“

უკეთესი ქვეყანა უნდა აგვეშენებინა და ჩვენთვის თუ არა, სტუდენტებისთვის მაინც შეგვექმნა ნორმალური, უსაფრთხო, ადამიანური შრომის პირობები.

ხანდახან საკუთარი უძალობისგან სასოწარკვეთილი ვფიქრობ ხოლმე, იქნებ ყველას იურიდიულზე უნდა გვესწავლა, რომ უსამართლობას კანონის ენაზე შევწინააღმდეგებოდით.

რასაც ახლა დავწერ, იქნებ სწორედ იურისტები გამოეხმაურონ. თავისთავად ცხადია, საკანონმდებლო ბაზა უნდა დაიხვეწოს და მართლაც მონური შრომა აიკრძალოს. მაგრამ იქნებ შესაძლებელია, ცოტა შევზღუდოთ სტუდენტის მუშაობის საათები. შეიძლება დასაშვები საათების რაოდენობა პირველ კურსზე ყველაზე მცირე იყოს და მერე იზრდებოდეს. თავიდან მაინც უფრო მეტად უჭირთ. ამან შეიძლება სტუდენტებშიც გამოიწვიოს უკმაყოფილება, მაგრამ ვფიქრობ, შრომითი უფლებების უკეთ დაცვასთან ერთად ესეც უნდა მოწესრიგდეს. არ შეიძლება ვიღაცა ჯანმრთელობის ხარჯზე სწავლობდეს, ხოლო ვიღაცა სწავლობდეს უხარისხოდ და საბოლოოდ რჩებოდეს დაბალანაზღაურებად სამსახურში, ანუ თავს ვერ აღწევდეს ჯადოსნურ წრეს.

კარგად მახსოვს, პირველი ფული რაში ავიღე, კიდევ უფრო კარგად მახსოვს რაში ავიღე ბოლო ჰონორარი! ეს თითქმის მექანიკური და რაღაცნაირად დამამცირებელი სამუშაო იყო. იმ ფულით ჩემი სტუდენტი გოგოს სწავლის საფასური დავფარე. არც მე მილხინს, მაგრამ ჩემს შვილს რაღაცნაირად უზრუნველვყოფ, არ დათანხმდეს კაბალურ პირობებს. სამწუხაროდ, მხოლოდ ჩემს შვილს. ამიტომ აუდიტორიიდან გამოსულს ხშირად მომყვება უსამართლობისა და დანაშაულის განცდა.

ინტერაქციული სწავლება – მრავალმხრივი დიალოგი

0

ინტერაქტიული მეთოდები განათლების თანამედროვე მიდგომების რეალიზების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. თეორეტიკოსები ინტერაქტიულ სწავლებას შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზების სპეციალურ ფორმასაც უწოდებენ. ეს ფორმა ისახავს სრულიად კონკრეტულ და პროგნოზირებად მიზანს: სწავლებისათვის შექმნას კომფორტული პირობები, რომელშიც მოსწავლე შეიგრძნობს საკუთარ წარმატებულობას, ირწმუნებს საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, პრაქტიკულ უნარებს, რომელსაც შემდეგ პრობლემების მოგვარებისთვის გამოიყენებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტერაქტიული სწავლება  დიალოგური სწავლების  ფორმაა, რომლის მიმდინარეობისას ხორციელდება ინტერაქცია როგორც მოსწავლეებსა და მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებს შორის.

ინტერაქტიული მეთოდებით სწავლების ამოცანას წარმოადგენს:

  • მოსწავლისათვის ინტერესის გაღვიძება;
  • სასწავლო მასალის ეფექტური ათვისება;
  • დასახული სასწავლო ამოცანის გადაწყვეტის გზებისა და ვარიანტების დამოუკიდებლად მოძიება (შეთავაზებული ვარიანტებიდან ერთისშერჩევა ან განსხვავებული გზის  შეთავაზება არგუმენტებზე დაყრდნობით) მოსწავლეთა მიერ.
  • მოსწავლეთა თანამშრომლობის, გუნდში მუშაობის უნარების განვითარება, განსხვავებული თვალსაზრისის მოსმენის უნარების განვითარება, ერთმანეთის სიტყვის თავისუფლების, ღირსების პატივისცემის განვითარება;
  • მოსწავლეთა მიერ თვალსაზრისის ჩამოყალიბებისა და ურთიერთობებისუნარების განვითარება;
  • ცხოვრებისეული და საგნობრივი უნარების ფორმულირება.

ინტერაქტიული მეთოდების გამოყენების დროს მასწავლებლის როლი  მნიშვნელოვნად იცვლება. ის პროცესში არ არის ცენტრალური ფიგურა, არამედ არეგულირებს პროცესს, ახდენს მის ზოგად ორგანიზებას, წინასწარ ამზადებს სათანადო  დავალებებს, ამზადებს თემებსა თუ კითხვებს ჯგუფებში სამუშაოდ, უწევს კონსულტირებას, თვალს ადევნებს დროის ლიმიტის დაცვას და დასახული გეგმის შესრულების მიმდინარეობას. ცდილობს „უჩინრად“ შეაშველოს ხელი მოსწავლეების მიერ ახალი ცოდნის დამოუკიდებლად მიგნებისა და აგების პროცესს. მოსწავლეებს უწევთ კომუნიკაცია ერთმანეთთან, დასახული ამოცანების ერთობლივი გადაწყვეტა, კონფლიქტების გადალახვა, თანმხვედრი პოზიციების მიგნება, კომპრომისებზე წასვლა და ასე შემდეგ. ანუ აქტიურდება სოციალური უნარების მთელი სპექტრი.

გავრცელებული ინტერაქტიული მეთოდები(მრგვალი მაგიდა, დისკუსია, დებატები, გონებრივი იერიში,  როლური თამაშები, სიტუაციური ანალიზი და ასე შემდეგ) არ ამოწურავს ამ მეთოდების ჩამონათვალს, რადგან მასწავლებელს რჩება შესაძლებლობა,  დასახული მიზნის შესაბამისად, მიმართოს ამ მეთოდების კომბინაციას,  მოახდინოს მოდიფიცირება, ან სულაც შეიმუშაოს სრულიად ორიგინალური ფორმა.

ინტერაქტიული მეთოდით მუშაობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ:

  • ეს არ არის ლექცია, ერთობლივი სამუშაო;
  • მოსწავლეები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, მიუხედავად მათი მსგავსება-განსხვავებისა;
  • ყოველ მონაწილეს აქვს ნებისმიერ საკითხზე საკუთარი მოსაზრების გამოთქმის უფლება;
  • აქ არ არის ადგილი პიროვნული კრიტიკისათვის, კრიტიკას მხოლოდ იდეები ექვემდებარება;
  • გაკვეთილზე მოსმენილი მოსაზრებები არ არის გადაწყვეტილება, ის არის ინფორმაცია განსჯისათვის.

 

როგორ ვემზადებით ინტერაქტიური გაკვეთილისთვის?

 

  • ვარჩევთ თემას მოსწავლეთა ასაკის, ინტერესებისა დაწინარე ცოდნის გათვალისწინებით;
  • ვგეგმავთ გაკვეთილის ეტაპებს დროით ჩარჩოზე მორგებით.

აუცილებელი პირობების ჩამონათვალი:

  • კონკრეტულად ჩამოყალიბებული გაკვეთილის მიზანი;
  • წინასწარ მომზადებული დასარიგებელი რესურსები (საკითხავი მასალა, ჯგუფური სამუშაოები…)
  • გამართული ტექნიკური საშუალებები;
  • ჩამოყალიბებული საკითხები და მათი თანმიმდევრობა;
  • შერჩეული ცხოვრებისეული მაგალითები;

გაკვეთილის წინ ჩამოყალიბებული  უნდა გვქონდეს:

  • პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც იმუშავებენ მოსწავლეები;
  • მიღებული ცოდნისა და უნარების ცხოვრებაში რეალიზების პერსპექტივა;
  • პრაქტიკული ბლოკი (რაზეც ჯგუფები იმუშავებენ);

მოსწავლეები უნდა აღიარებდნენ ჯგუფში მუშაობის წესებს:

  • აქტიურობა;
  • ჯგუფის წევრთა აზრის პატივისცემა;
  • კეთილგანწყობა;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა;
  • არ შეაწყვეტინო საუბარი სხვას;
  • მზაობა თანამშრომლობისთვის;
  • ინტერესის შენარჩუნება;
  • სწრაფვა ჭეშმარიტების მისაგნებად;
  • რეგლამენტის დაცვა;
  • კრეატიულობა.

 

ინტერაქტიული მეთოდების გამოყენება მასწავლებლისგანაც და მოსწავლეებისგანაც გარკვეულ უნარებსა და გამოცდილებას ითხოვს. ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ მასწავლებელმა შეძლოს დათმოს დომინანტის როლი. ეს აუცილებელია, რომ საგაკვეთილო სივრცეში მოსწავლეებს თავიანთი როლისა და მნიშვნელოვნების განცდა გაუჩნდეთ. ეს ერთბაშად არ იქცევა მყარ განცდად, ამიტომაც ინტერაქტიული სწავლება უნდა იყოს მიდგომა, რომელსაც მასწავლებელი შეგნებულად აღიარებს, აქვს პოზიტიური დამოკიდებულება ამ მიდგომისადმი და სისტემატურად იყენებს.

გარკვეულ დროში ეს მიდგომა შედეგს გამოიღებს და დავინახავთ, როგორ აისახება ეს გამოცდილება მოსწავლეების ქცევაზე. მათ განუვითარდებათ საკუთარი აზრის ფორმულირებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარები. ისინი ღია და გულწრფელი დიალოგებისთვის იქნებიან მზად. იგრძნობენ პასუხისმგებლობას კლასში მიმდინარე პროცესებზე, პასუხისმგებლობას ერთმანეთის წარმატებებზე. მათ უვითარდებათ თავდაჯერებულობა, რაც აისახება კიდეც აკადემიურ მოსწრებაზე.

ფაქტია,  მოსწავლეები , რომლებიც ასე მუშაობენ სულ სხვა სილაღითა და ბუნებრიობით ერთვებიან ინტერაქციაში, ხოლო მხოლოდ საჩვენებლად გახსენებული ინტერაქცია არაბუნებრივი და შეზღუდულია.

 

 

 

 

მე ის ვარ

0

გერმანულ და ავსტრიულ პრესაში საქართველოზე იშვიათად წერენ. ცენტრალური ევროპის გერმანულენოვანი გამოცემები საქართველოს ეგზოტიკურ პოსტსაბჭოთა  სახელმწიფოდ აღიქვამენ. ევროპელთა დიდი ნაწილისთვის კავკასია კვლავ მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც პერიფერიულ რეგიონად რჩება. დასავლური გაზეთების ფურცლებზე გაელვებას პოლიტიკური ფიგურები და ბანდიტურ დაჯგუფებათა წევრები თუ ახერხებენ.

რამდენიმე კვირის წინ „Die Presse“-ს (ერთ-ერთი მთავარი ავსტრიული გაზეთის) ვებგვერდზე მოულოდნელად რეცენზია აღმოვაჩინე. რეცენზიის ავტორი, მიმომხილველი იუტა ზომერბაუერი, ნაირა გელაშვილის ნაწარმოებს წარმტაც და იუმორით სავსე რომანად („ein entzückender und humorvoller Roman“) მოიხსენიებდა. ცხადია, დავინტერესდი. ცოტა შემრცხვა კიდეც. კიდევ ერთხელ აღმოვაჩინე, რომ მეც ჩვეულებრივი უმადური ვარ, რომელსაც საკუთარ ბაღში თურაშაულის დანახვა უჭირს და პანტის საშოვნელად აქეთ–იქით დაეხეტება. თუმცა ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. რომანის „მე ის ვარ“ რამდენიმე სიუჟეტი პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლებსა და მათ როლს მოსწავლეთა ცხოვრების გადამწყვეტ ეტაპებზე. ამიტომ მინდა, რამდენიმე მოსაზრება გაგიზიაროთ ქართველი მწერლის ამ შესანიშნავი წიგნის შესახებ.

რომანის მთავარი გმირი თორმეტი წლის ნია ლელიშვილია. გოგონა ვაკის ერთ მშვიდ და წყნარ ქუჩაზე ცხოვრობს. ის მეოცე საუკუნის სამოციანი წლების – საბჭოთა კეთილდღეობის ეპოქის – ინტელიგენტურ ოჯახში იზრდება. ნიას ცხოვრება სრულიად იცვლება, როდესაც მისი ოთახის პირდაპირ მცხოვრები უცნობი ბიჭი, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი შეუყვარდება. ეს გრძნობა გოგონას შეცვლის, გაურთულებს ურთიერთობას მეგობრებთან, მასწავლებლებსა და ოჯახის წევრებთან. ის მარტოსულ მოზარდად იქცევა, რომელიც სხვებისთვის აუხსნელი მიზეზების გამო უცნაურად იქცევა ხოლმე. მოკლედ, რომანი ცალმხრივ სიყვარულზე, ქარიშხალსა და უდაბნოში მარტო დარჩენილ 12 წლის ადამიანის სულიერ მდგომარეობასა და ბავშვობასთან გამოთხოვებაზეა. გუბეებში მოთამაშე, ველოსიპედით მონავარდე, ინდიელთა ბელადის როლის შემსრულებელი, ბაყაყივით მოხტუნავე და მამალივით ხმაურიანი ბავშვი მკითხველის თვალწინ ბედნიერების შეუძლებლობის წინათგრძნობასთან მარტო დარჩენილ, საიდუმლოებით დახუნძლულ მოზარდად იქცევა.

ნია თავისი განწყობითა და მოქმედებით ძალზე ენათესავება „ვეფხისტყაოსნის“ პროტაგონისტს – ისიც მარტო ყოფნას ესწრაფვის, ხატოვნად თუ ვიტყვით, ველად გაჭრას ცდილობს. მასაც დაუკარგავს იმედი, რომ ოდესმე კვლავ მოახერხებს სულის სიმშვიდის დაბრუნებას. „ვეფხისტყაოსნის“ საზეპიროები ზუსტი და ამომწურავი პასუხია ყველა იმ კითხვაზე, რომლებიც გოგონას ძილს უფრთხობს და სიმშვიდეს აკარგვინებს, მაგრამ ამაზე მას არავინ ესაუბრება, მხოლოდ გენიალური სტრიქონების დაზეპირებას აიძულებენ, მისგან მხოლოდ დისციპლინასა და უტყვ მორჩილებას მოითხოვენ. ერთი მასწავლებელიც არ გამოჩნდება, რომ ნიას ეპოსის გმირებთან მისი კავშირის არსი აუხსნას. გოგონა განსაცდელის წინაშე მარტო რჩება.

დარწმუნებული ვარ, დღესაც ბევრი ნიას მსგავსი გოგო დადის ჩვენს სკოლებში. მათაც უწევთ განსაცდელთან სხვების დაუხმარებლად გამკლავება. მათ კითხვებზე პასუხი დღევანდელ სასწავლო პროგრამებშიც არის ნაგულისხმები. უბრალოდ, ამ საიდუმლოებათა აღმოსაჩენად შეგირდებს ოსტატების თანადგომა სჭირდებათ.

ნიას ცხოვრებისეულ გამოცდილებას მწერალი რაინერ მარია რილკეს პოეზიის შუქზეც აფასებს. ნაწარმოები „მე ის ვარ“ იმის ჩვენებას ცდილობს, რომ ადამიანი დიადი არსებაა. მის სიდიადეს მოგონების, წინათგრძნობის, სინანულის, აღტაცების უნარები განაპირობებს. ადამიანის მთავარი ღირსება კი ის არის, რომ შეუძლია, ტანჯვა სულიერი ზრდისთვის გამოიყენოს. ენერგიას, რომელსაც სიყვარულში ვერ გამოხატავს, ნია სხვა საქმისკენ მიმართავს და შესანიშნავ გერმანისტად ყალიბდება. მისი მაგალითი გვეუბნება, რომ ყველაზე უიღბლო სიყვარულიც კი უკვალოდ არ იკარგება და უტოვებს შანსს ადამიანს, საკუთარი ადგილი და თავისი წილი ბედნიერება მოიპოვოს.

ნაირა გელაშვილი თავისი რომანით მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ადამიანი მხოლოდ სიამოვნებისთვის არ არის შექმნილი. ცხოვრება მას მხოლოდ ბედნიერებას არ ჰპირდება. ასაკთან ერთად დაბრკოლებები მხოლოდ იმატებს. მწერლის აზრით, მთავარია ვისწავლოთ, „როგორ გარდავქმნათ ცუდი, ანუ გამანადგურებელი მარტოობა კარგ, ნაყოფიერ მარტოობად და მარტოობის შიშით უაზრო და გამომფიტავ დროსტარებაში არ დავენარცხოთ, თორემ სიხარულს სამუდამოდ დავკარგავთ“.

ძალადობისა და სექსის მთავარ საბაზრო იარაღად ქცევის, კივილ-წივილისა და ეპატაჟის, კომერციალიზაციისა და მომხმარებლური ეთიკის ეპოქაში ნაირა გელაშვილის რომანი არის ნამდვილი მანიფესტი, რომელიც უპასუხო სიყვარულის, სასარგებლო მარტოობისა და მტანჯველი ენერგიის გადარჩენისთვის გარდაქმნის მნიშვნელობას შეგვახსენებს. ის გვაჩვენებს, რომ რეალობისგან გაქცევა და უშინაარსოდ ცხოვრება ან სიკვდილი გამოსავალი არ არის.

რაც მთავარია, რომანი სავსეა ურთიერთგანსხვავებული და ცოცხალი პერსონაჟებით, თითოეული ჩვენგანისთვის კარგად ნაცნობი ქუჩებითა და ხალასი იუმორით. მასწავლებელსაც და მოსწავლესაც, დედასაც და შვილსაც, დასაც და ძმასაც ეს ნაწარმოები ერთმანეთის მისწრაფებათა გამოაშკარავებაში დაეხმარება.

ჩვენი შვილების მომავალი პროფესიები

0

Microsoft-მა და The Future Laboratory-მ გადაწყვიტა, წარმოედგინა როგორი გახდებოდა შრომის ბაზარი 10 წლის შემდეგ, რომელი პროფესიები იქნებოდა ყველაზე მოთხოვნადი. კვლევაში მონაწილეობა არაერთმა წამყვანმა მეცნიერმა, ანალიტიკოსმა და ტექნოლოგმა მიიღო, კვლევის შედეგები კი ბრიტანულმა გამოცემამ – The Independent-მა გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ ყველაზე პოპულარული მომავლის პროფესიები კოსმოსსა და ვირტუალურ რეალობას დაუკავშირდება. თუმცა გავრცელებულმა მოსაზრებამ იმის შესახებ თითქოსდა რობოტები შეცვლიან ადამიანებს, მკვლევრების ეჭვი გამოიწვია. მათი განცხადებით, ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში ადამიანს პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები გაუჩნდება.

კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ამჟამინდელი სკოლის მოსწავლეთა და სტუდენტთა 65% ამ ეტაპზე არარსებულ პროფესიებში ჩაერთვება.

კომპანიების მიერ გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობა მომხრეა ახალგაზრდებმა ახალი ცოდნა და უნარები აითვისონ იმისათვის, რათა არ იყვნენ დამოკიდებული ვიწრო სპეციალიზაციაზე ორიენტირებულ განათლების ტრადიციულ სისტემაზე. „ჩვენ ვხედავთ, რომ სულ უფრო ბევრი ახალგაზრდა ღელავს თავის მომავალზე. ისინი არ არიან მზად თანამედროვე ტექნოლოგიებთან ურთიერთობისთვის“, – ამბობს Microsoft-ის წარმომადგენელი რაიან ასდოურიანი.

„ახლა მეტად ფასობს სხვადასხვა სფეროებში რამდენიმე უნარისა და ცოდნის ფლობა. მაგალითად, ვირტუალური გარემოს დიზაინერს უნდა ჰქონდეს რედაქტორის კომპეტენციები. და კიდევ, ეს პროფესია რაღაცით გეიმდიზაინსაც ჰგავს. სავარაუდოდ, ამ სფეროს სპეციალისტს დასჭირდება არქიტექტორისა და ფსიქოლოგის კვალიფიკაცია, რათა შეძლოს აქტუალური საკითხების სწრაფად გადაჭრა. მაგალითად, მას მოუწევს დაფიქრება იმაზე, თუ რატომ მოსწონთ ადამიანებს ხის ქვეშ ჯდომა; და როგორ გადავიტანოთ ეს ვირტუალურ რეალობაში“,- ასკვნის სტივ თოზი, The Future Laboratory რედაქტორი და წარმოდგენილი ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი.

2025 წლამდე პოპულარული გახდება შემდეგი ისეთი პროფესიები:

ვირტუალური გარემოს დიზაინერი – ცოდნის სფერო: არქიტექტურის დიზაინი, რედაქტორის საქმე, ფსიქოლოგია.

2020 წლის პროგნოზით, VR-საშუალებების ბაზარი 40 მილიარდი დოლარით შეფასდება, 2026 წლისთვის კი მილიონობით ადამიანი წარმოუდგენლად დიდ დროს გაატარებს ახალი წესების მქონე ვირტუალურ სივრცეში. ისინი იქ არა მხოლოდ გაერთობიან, არამედ იმუშავებენ და ისწავლიან. ვირტუალური გარემოს დიზაინერი ვირტუალური სამყაროების პროექტირებით დაკავდება, რათა ინტერნეტმომხმარებლებმა იქ საარსებო და სამუშაო პირობები შექმნან. ვირტუალურ სივრცეში დაინიშნება საქმიანი შეხვედრების უმეტესობა, ადამიანები ივლიან ვირტუალურ მუზეუმებში, უნივერსიტეტებში… ოფისის მუშაკთა ტიპური დღე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ კოლეგებთან ვირტუალური ურთიერთობით დაიწყება. მათი პროექტი შეიძლება გახდეს ფეხბურთის მოედნის მოდელი ან იუნესკოს მემკვიდრეობის ციფრული კოპია, რომელიც ორიგინალის დასაცავად შეიქმნება.

ამ სფეროში პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ავსტრალიაში დიკინის უნივერსიტეტი თანამშრომლობს პროგრამული უზრუნველყოფის მუშაკებთან, რათა მათ ვირტუალური და დამატებითი რეალობის სფეროში ახალი სპეციალისტების ნაკადი მოამზადონ. პირველ ნაკადზე ზრუნვა 2016 წელს დაიწყეს.

რობოეთიკის ადვოკატი – ცოდნის სფერო: კომუნიკაციები, ფილოსოფია, ეთიკა.

ექსპერტთა აზრით, მომავალი ათასწლეული რობოტების ერად გადაიქცევა. რობოტები დაეხმარებიან ადამიანს ყველა სფეროში. ისინი მათი პირადი ასისტენტები გახდებიან. 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ამ სფეროში 55,8 ათასი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდება. რობოეთიკის ადვოკატი შეასრულებს შუამავლის როლს ადამიანსა და რობოტს შორის, დაარეგულირებს მორალურ და ეთიკურ კანონებს მათი მშვიდობიანი თანაარსებობისთვის.

ამ მოსაზრებას ეთანხმება ალექსანდრე რებენი, კალიფორნიის უნივერსიტეტის (ბერკლი) პროფესორი, „ტკივილის მომნიჭებელი“ რობოტის გამომგონებელი. „მე დავამტკიცე, რომ მომავალში არა მხოლოდ ადამიანზე მზრუნველი, არამედ „ცუდი“ რობოტებიც იარსებებენ. ამიტომ ჩვენ გაგვიჩნდება იმ ცოცხალ ადამიანთა საჭიროება, რომლებიც ჩვენს შიშებს შეეწინააღმდეგებიან, რათა ერთ მშვენიერ დღეს ხელოვნური ინტელექტი კონტროლიდან არ გამოვიდეს“.

კულტურის Digital-კომენტატორი – ცოდნის სფერო: ხელოვნების ისტორია, ბიზნესი, პიარი და მარკეტინგი.

ათი წლის შემდეგ სოციალურ ქსელებში დომინანტობას ვიზუალური კომუნიკაცია გასწევს. ამ მოსაზრებას ამყარებს ინსტრაგამის პოსტთა რაოდენობა – 2016 წელს ქსელებში მათ 15% ეკავა. ვინც კარგად აითვისებს digital სფეროს „ენას“, მოთხოვნადი სპეციალისტი გახდება და ტრადიციულ კულტურაში ციფრული კულტურის ინტეგრირებას შეძლებს. ამ უნარებს ის კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოქმედ დაწესებულებებში და ინსტიტუციებში გამოიყენებს.

ტეიეტის თანამედროვე გალერეის დირექტორი, ფრანსეს მორისი დარწმუნებულია, რომ ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს საკმაოდ დიდი ფინანსური შემოსავალი გაუჩნდებათ, რადგან ისინი მოეხმარებიან მომავლის აუდიტორიას მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის აღქმაში თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.

ფრილანსერი ბიოჰაკერი. ცოდნის სფერო: ბიოლოგიური მეცნიერებები, სამედიცინო მეთოდოლოგია, მონაცემთა ანალიზი.

დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერება უნივერსიტეტებში და საკვლევ ინსტიტუტებში მომუშავე მკვლევრების საქმიანობა იყო, მაგრამ Microsoft-ში აცხადებენ, რომ პლატფორმები ღია საწყისი კოდით ხელს უწყობენ აკადემიური საზოგადოების დემოკრატიზაციას და ბიოჰაკერების (სამოყვარულო კვლევების სფეროს ენთუზიასტები მოლეკულურ ბიოლოგიაში) რაოდენობის გაზრდას.

ღია კოდის მქონე ინსტრუმენტების დახმარებით ათასობით მკვლევარი მსოფლიოს მასშტაბით ახალ მეთოდებზე იმუშავებს, რომელიც დეპრესიის, აუტიზმის, შიზოფრენიის, ალცჰეიმერის მკურნალობაში გამოდგება. ვირტუალური ბიოჰაკერების ფრილანსერთა გუნდები ამ საქმეში მკვლევრებს დიდ სამსახურს გაუწევენ.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის სინთეტიკური ბიოლოგიის წარმომადგენელი დოქტორ დარენ ნესბეტი ამბობს, რომ ბიოჰაკერების შრომა ძალიან სასარგებლო იქნება მასშტაბური კვლევების დროს.

2025 წელს და შემდგომში პოპულარული იქნება ახალი პროფესიები:

კოსმოსური გიდი – 2020 წლის შუა პერიოდისთვის დაიწყება მოგზაურობა კოსმოსში. ამასთან დაკავშირებით მოთხოვნა გაჩნდება ადამიანებზე, რომლებიც კოსმოსში მოგზაურობის მსურველთა უსაფრთხოებაზე და ექსკურსიებზე იზრუნებენ. ჩვენი პლანეტის საზღვრებს გარეთ კოსმოტურიზმის ტურების შედგენას კარგად მომზადებული სპეციალისტები დასჭირდება.

პირადი მონაცემების კურატორი – ინტერფეისები „ტვინი-კომპიუტერი“ 2020 წლის ბოლოსთვის გავრცელდება. აღნიშნული მოწყობილობა შეაძლებინებს ადამიანს საკუთარი აზრების, მოგონებებისა და ოცნებების წაკითხვასა და დაფიქსირებას, ასევე სოციალურ ქსელებში მათ გაზიარებას. პირადი მონაცემების კურატორები ნეიროინტერფეისების და ნეტის მომხმარებლებს დაეხმარებიან, სწრაფად ადაპტირდნენ უზარმაზარ საინფორმაციო ნაკადში.

გარემოს აღდგენის ინჟინერი – 2025 წლისთვის დედამიწის მოსახლეობა 9 მილიარდ ადამიანს მიაღწევს, რის გამოც ბუნებრივი რესურსების რაოდენობა საკმარისი აღარ იქნება. გარემოს აღდგენის ინჟინრები ეკოსისტემების რეაბილიტაციით დაკავდებიან და ამაში მათ არსებული ფლორა-ფაუნის ნიმუშები დაეხმარება. ეს სპეციალისტები გადაგვარებული მცენარეებისა და ცხოველების სახეობების აღდგენით დაკავდებიან.

მუდმივ კვებაზე მომუშავე სპეციალისტი – მკვლევართა გათვლით, 2020 წლისთვის კაცობრიობა მდგრად ენერგეტიკაზე გადავა და მთელი სიმძლავრით გამოიყენებს მზისა და ქარის ენერგიას. ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც მომავლის ადამიანი აღმოჩნდება, მოღრუბლული ან უქარო ამინდი იქნება, როდესაც ზემოთ ნახსენებ რესურსებს ვერ გამოიყენებ. მუდმივ კვებაზე მომუშავე სპეციალისტები იქნებიან ადამიანები, რომლებიც ამ პრობლემების მოგვარებას შეეცდებიან.

ადამიანის სხეულის დიზაინერი – ტექნოლოგიები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ადამიანის ქსოვილის აღდგენა და ორგანოების შეცვლა მომავლისთვის ჩვეულებრივ ამბად იქცევა. ბიოინჟინერიის ჩარევით, ადამიანი შეძლებს გარეგნობის შეცვლას და ისეთი გახდება, როგორიც სურს რომ იყოს. სხეულის ნაწილები პროთეზების სახით მოდური და ფუნქციური იქნება.

გაცვლითი პროგრამის მონაწილე მოსწავლეების შთაბეჭდილებები

0
social media communication or office staff meeting or kids talking. The vector graphic also represents people conference social media interaction & engagement children talking employee discussions

ამ წერილში გაგაცნობთ ურთიერთგაცვლის პროგრამებში მონაწილე გერმანელ და ამერიკელ მოსწავლეთა შთაბეჭდილებებს გერმანიისა და ამერიკის სკოლების შესახებ.

 

შარლოტე ჰაინე (გერმანია), მეთერთმეტე კლასის მოსწავლე:

„როდესაც ჩემს კლასელებს ვუთხარი, რომ ურთიერთგაცვლის პროგრამით აშშ-ს სკოლაში ვაპირებდი წასვლას, ბევრმა მითხრა, რომ ეს სასწავლო წელი ჩემთვის არდადეგების მსგავსი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ ბევრ შემთხვევაში უესტ ჯონსტონის (ჩრდილოეთი კაროლინა) ჰაი-სქულში სწავლა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ჩემთან, ფრანკფურტში, მაგრამ ამერიკაში უამრავ ახალ პრობლემასთან მომიწია გამკლავება და მათი უმეტესობა კულტურულ განსხვავებებს შეეხებოდა.

დილით, აშშ-ში ჩასვლის დღესვე, მასპინძლებთან ერთად ჩემს ამერიკულ სკოლაში წავედი. პირველი შთაბეჭდილება იყო სისუფთავე! დიახ, ამერიკულ სკოლაში კედლებზე არც ნახატები (ე.წ. „გრაფიტი“) იყო და არც სხვა ისეთი რამ, რაც არ ეხამებოდა სკოლის დიზაინის მწვანე და თეთრ ფერებს. ძნელი დასაჯერებელი გახლდათ, რომ სკოლა, რომელშიც 1.500-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა, ასე განსხვავდებოდა გერმანიაში მდებარე ჩემი სკოლისგან (რომელიც ასევე საკმაოდ დიდია, 1.000-მდე მოსწავლით). ჩვენს სკოლაში, ფრანკფურტში, გრაფიტი ჩვეულებრივი ამბავია (ისევე, როგორც ჩვენi ქალაქის სხვა სკოლებში), სკამები და მაგიდებიც სხვადასხვა ფერისა და მოდელისაა და არა ისეთი, როგორიც ჯონსტონში დამხვდა.

ზოგიერთი განსხვავება არც ისე სასიამოვნო გახლდათ. სასწავლო განრიგის მიღება საკმაოდ რთული პროცედურა აღმოჩნდა და, საზოგადოდ, მთელი წლის განმავლობაში არაერთხელ დავინახე, როგორ ანელებს პროცესებს სკოლის ბიუროკრატია. ამან გამაკვირვა, რადგან გერმანიაში ყველას გვეგონა, რომ ამერიკელ მოსწავლეებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ.

პირველსავე დღეს უფრო მეტი განსხვავება დავინახე ჩემს სკოლასა და ამერიკულ სკოლას შორის, ვიდრე ველოდი.

ამერიკაში ყოველდღიურად ოთხი გაკვეთილი გვქონდა, თითოეული ოთხმოცდაათ წუთს გრძელდებოდა, შესვენება კი მხოლოდ ხუთ წუთს. ასეთი გრძელი გაკვეთილები საკმაოდ მომაბეზრებელი იყო, თუმცა სასწავლო დღეს ერთგვარ სტრუქტურას ანიჭებდა, რაც გერმანიაში არ არის. ამერიკულ სკოლაში ზოგიერთ საგანში ტესტი ყოველკვირა გვიტარდებოდა, ხოლო ტესტებს შორის გვეძლეოდა კითხვებზე პასუხის გაცემის სავარჯიშოები – ე.წ. ქვიზები.

ვერ ვიტყვი, რომ ეს ყოველკვირეული ტესტები რთული იყო, რადგან მათში შესაძლო პასუხებიც გახლდათ გათვალისწინებული. გერმანიაში ტესტებს სემესტრის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ვწერდით, ხოლო ქვიზებს – ძალიან იშვიათად. ფრანკფურტში ამ ორ, საკმაოდ რთულ ტესტზე იყო დამოკიდებული ჩემი ნიშნის ორმოცდაათი პროცენტი, სემესტრის ჯამური შეფასების დანარჩენი ორმოცდაათი პროცენტი კი კლასში საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიხედვით გამოჰყავდათ. გამიხარდა, როცა აღმოჩნდა, რომ უესტ ჯონსტონში „მონაწილეობას“ ამხელა მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ, რადგან პირველ ხანებში კლასში ინგლისურად ლაპარაკისა ცოტა მერიდებოდა.

ჩრდილოეთ კაროლინაში სწავლა ხელოვნების კლასით დავიწყე. ხელოვნების მასწავლებელი ძალიან ახლაგაზრდა იყო, სულ ოცდასამი წლისა. გერმანიაში ამ ტიპის სკოლებში ასეთ ახალგაზრდა მასწავლებელს იშვიათად შეხვდებით.

კიდევ ერთი რამ, რამაც ძალიან გამაკვირვა, გახლდათ ასაკობრივი სხვაობა თანაკლასელებს შორის. გარდა ინგლისურისა და მათემატიკისა, ჩემთან ერთად კლასში ყოველთვის ისხდნენ თოტხმეტიდან თვრამეტ წლამდე ასაკის მოსწავლეები. ეს ძალიან უცნაური მომეჩვენა, რადგან მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, სხვა ასაკის თანაკლასელი მყოლოდა. ამერიკაში მოსწავლეთა კონტინგენტი საკმაოდ შერეულია. ევროპაში სკოლას, რომელშიც ვსწავლობ, გიმნაზიუმი ეწოდება და მაღალი დონის სკოლაა მათთვის, ვინც უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. გერმანიაში ასევე არსებობს რეალშულე და ჰაუპტშულე – სკოლები იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ მუშაობის დაწყებას აპირებენ.

უესტ ჯონსტონის სკოლაში ასევე შესამჩნევი იყო სხვადასხვა რასისა და ეკონომიკური წრის მოსწავლეთა ერთად სწავლა. აქვე დავინახე ისიც, რომ ისინი თავიანთი რასისა და სოციალური-ეკონომიკური ჯგუფების მიხედვით არიან დაყოფილნი. მაგრამ, მიუხედავად მოსწავლეების განსხვავებული წარმომავლობისა და ეკონომიკური შესაძლებლობებისა, მათგან ძალიან ბევრი რამ გავიგე განსხვავებული კულტურებისა და ამერიკაში მათი თანაარსებობის შესახებ.

გერმანიაში, ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, უამრავი დისკუსია იმართება რასიზმის პრობლემების შესახებ, მაგრამ ჩემს სკოლაში სხვა რასების წარმომადგენლები ცოტანი არიან. ჩრდილოეთ კაროლინაში კი შერეულ კლასებში გამართულმა დისკუსიებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ხალხი ფიქრობს, რომ გერმანელები უაღრესად დისციპლინირებულები არიან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უესტ-ჯონსტონში წესები უფრო მკაცრი იყო, ვიდრე აქამდე მენახა ან გამომეცადა.

მაგალითად, გაკვეთილიდან საპირფარეშოში გასასვლელად აუცილებელი იყო მასწავლებლისგან დროებითი საშვის აღება. სადილის დროს, სკოლის კაფეტერიაში, სკოლის დირექტორის მოადგილემ მოსწავლეებს რამდენიმეჯერ მისცა შენიშვნა და სიჩუმისკენ მოუწოდა. მე წესებისა და გარკვეული შეზღუდვების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ მართლაც მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ შესაძლო იყო, „წესების“ გამო ვინმეს ჩემთვის მეგობრებთან ერთად სეირნობა და მათთან საუბარი შეეზღუდა.

იგივე შეიძლება ითქვას ამერიკული საჯარო სკოლების ჩაცმის წესზეც, ე.წ. დრესკოდზე, რომელიც მე, გერმანელს, უცნაური მომეჩვენა.

ჩემი მასპინძელი ოჯახი ყოველ შაბათს სუპერმარკეტში (ამერიკულად – მოლში) დადიოდა შოპინგზე. როდესაც განვაცხადე, რომ გახეხილი და დაძენძილი ჯინსის ყიდვა მინდოდა, ამან ჩემს მასპინძლებს შორის ასეთი ჯინსით სკოლაში სიარულის მიზანშეწონილობის თაობაზე დისკუსიაც კი გამოიწვია.

ახლა, როდესაც ჩრდილოეთ კაროლინის სკოლაში გატარებულ წელს ვიხსენებ, მართლაც მენატრება რამდენიმე საგანი, რომლებსაც უესტ-ჯონსტონის სკოლაში გვიკითხავდნენ, განსაკუთრებით კი ჟურნალისტიკის, სამსახიობო, სიმღერისა და ქოლორ გარდის (ინგლ. Color guard) კლასები, სადაც დროშებით, დოლებითა და საზეიმო ჯოხებით მარშირებას, ცეკვასა და ტანვარჯიშს გვასწავლიდნენ.

გერმანიაში ჩემი სკოლა ძალიან ცოტა ისეთ საგანს გვთავაზობს, რომლებიც ე.წ. აკადემიურ კურიკულუმში არ შედის.

ყველაზე მეტად კი ამერიკულ სკოლაში ალბათ მაინც ის სასკოლო პატრიოტიზმის სული მომეწონა, რომელიც იქ ტრიალებდა. ასევე დაუვიწყარი გახლდათ სკოლებს შორის ჩატარებული შეჯიბრებები – ეს ის გამოცდილებაა, რომელსაც გერმანიაში ვერ შეიძენ.

უესტ ჯონსტონში ასევე იმართებოდა ერთი ღონისძიება, რომელსაც Spirit Week-ს ეძახდნენ. ამ ღონისძიების დროს სკოლის ყველა მოსწავლე ჩართული იყო სკოლისადმი ერთგულების ხელშეწყობის აქტივობებში.

მე ძალიან მიყვარდა სფირით უიქებში მონაწილეობა და გერმანიაში დაბრუნებისას გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად რაღაც მსგავსი ჩემს სკოლაშიც გამეკეთებინა. ჯერ ბევრი ვერაფერი გამოგვივიდა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ“.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

„სფირით უიქი“ ამერიკულ სკოლებში გავრცელებული სკოლისადმი ლოიალურობის გამომხატველი ღონისძიებებია. ამ დროს საშუალო და მაღალი კლასების ყველა მოსწავლეს (რომლებიც თავიანთ ჯგუფებს ქმნიან) ევალება, მოიფიქრონ და განახორციელონ სკოლის პოპულარობისა და სასკოლო სულის ხელშემწყობი წარმოდგენები, სიმღერები, ცეკვები ან პრეზენტაციები (ლ. ა.).

 

წყარო:

  1. https://www.edutopia.org/foreign-intrigue-living-in-loving-america
  2. 2. https://toridykes.com/blog/2014/6/20/schoolsystemdifferences#.WIHM0FV96Uk

 

თარგმნა ლევან ალფაიძემ

სააზროვნო უნარების დემონსტრაცია

0

თუ თქვენ ასწავლით აზროვნებითი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, შეგიძლიათ, ეს დემონსტრაციის საშუალებით ასწავლოთ. იმ მასწავლებელთა უმრავლესობა, რომლებსაც საქმე აქვთ პიროვნების ინტელექტუალურ სფეროსთან, ამ მეთოდს სათანადოდ არ იყენებს და არ აფასებს.

არსებობს ორი ძირითადი გზა, „გაჩვენოთ, როგორ“.

 

სამუშაოს მაგალითის დემონსტრირება

 

მასწავლებელი ახდენს კარგად შესრულებული სამუშაოს მაგალითის დემონსტრირებას, რომლის გადმოღება, ადაპტირება ან გამოყენებაც შეუძლიათ მოსწავლეებს სამუშაოს შესრულების პროცესის ათვისებისას. შეგიძლიათ, მოსწავლეებს აჩვენოთ კარგი თხზულება, მასალის ანალიზი, კარგად შედგენილი კომპიუტერული პროგრამა, უტოლობის ამოხსნა, ხარისხიანი დიზაინი და სხვა. მაგალითებად შეიძლება გამოიყენოთ მასწავლებელი, წიგნი, ყოფილი მოსწავლეები და თანაკლასელებიც კი. ყოველი ნიმუში კარგად უნდა იქნეს შესწავლილი და, შესაძლოა, კრიტერიუმების სისტემის მიხედვით შეფასებულიც. შესაბამისად, სიფრთხილე გვმართებს როგორც დადებით, ისე უარყოფით მაგალითებზე სწავლისას (ნუ გამოიყენებთ იმავე კლასის მოსწავლეთა ნამუშევრებს ცუდ ან კარგ მაგალითებად – ამან შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს და თავდაცვის იმპულსი აღძრას).

თავისთავად, ნიმუშის დემონსტრაცია საკმარისი არ არის. მოსწავლეებმა უნდა გაიგონ და აღიქვან, როგორ შესრულდა ის და რითაა კარგი. ამის გაგება კი შესაძლებელია კითხვებისა და მსჯელობის გზით. სასურველია, პედაგოგისგან სრული ინფორმაცია არ მოდიოდეს. ზოგჯერ სასრგებლოა, თვით მოსწავლეებს შესთავაზოთ, შეიმუშაონ კარგად შესრულებული სამუშაოს განსაზღვრის კრიტერიუმები.

სწორად შეარჩიეთ სადემონსტრაციო ნიმუშების რაოდენობა. ჩვეულებრივ, ამ დროს მოქმედებს პრინციპი: „რაც მეტი, მით უკეთესი“. კარგი იქნება, ნიმუშები მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ეს დაეხმარება მოსწავლეებს, იპოვონ მსგავსება და დანახებს, როგორ გამოიყენონ ათვისებული უნარები სხვადასხვა კონტესტში.

უმჯობესია, კარგი გადაწყვეტის ნიმუში მაშინვე განვიხილოთ, როგორც კი მოსწავლეები იდენტურ სამუშაოს დაასრულებენ. მაგალითად, სამაგალითო ლაბორატორიულ ანგარიშს ან ტექსტის თარგმანს, ან იმავე თემაზე დაწერილ თხზულებას, რომელიც ფრიადზეა შესრულებული.

 

სამუშაოს შესრულების პროცესის დემონსტრაცია

სწავლების უნარების დემონსტრირება მასწავლებელმა მთელი კლასის წინაშე უნდა მოახდინოს. მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელმა აჩვენოს, როგორ ხდება გეომეტრიული ამოცანის ამოხსნა, ლიტერატურისამ – ლექსის ანალიზზე მუშაობის პროცესი და ა.შ.

აზროვნებითი უნარების დემონსტრაცია პედაგოგისგან მოითხოვს ხმამაღალ განსჯას. ამისათვის საჭიროა პრაქტიკა. დააკვირდით წარმატებული მათემატიკის მასწავლებლის სამუშაო პროცესს. ის არა მარტო თანმიმდევრულად და ლოგიკურად აჩვენებს აზრთა მდინარების მაგალითს, არამედ თავს არიდებს გავრცელებულ შეცდომებსაც და გამართული კითხვების მეშვეობით ახერხებს, საგაკვეთილო პროცესში მთელი კლასი ჩართოს. მაგალითად, ასე:

„ვვარაუდობ, ზოგ თქვენგანს მიაჩნია, რომ სწორი პასუხია თორმეტი, მაგრამ ასე არ არის! იცის ვინმემ, რატომ არ არის ასე?“

„რა უნდა გავაკეთო ამის შემდეგ? მე არ შემიძლია, ახლავე ვიპოვო სიმაღლე h, ასე რომ, ვატყობ, ამოცანის ამოხსნა შეუძლებელია… ან იქნებ მაინც არის სხვა ხერხი?“

ამის შემდეგ მასწავლებელი კიდევ ერთხელ ახდენს დემონსტრირებას, ოღონდ ამჯერად უკვე კლასის მიერ მოწოდებული ინსტრუქციების მიხედვით. ამ გზით პედაგოგი იღებს უკუკავშირს და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მისი აქტიური ხელმძღვანელობით სინჯონ სამუშაოს შესრულება, სანამ დამოუკიდებლად „ფრენას“ შეუდგებიან.

ზუსტ მეცნიერებათა მასწავლებლები ხშირად მიმართავან მუშაობის ამგვარ ხერხს – კითხვების დასმის გზით მოსწავლეებისგან ინსტრუქციების მიღებას: „მაშ ასე, გამოვთვალეთ ფარდობითი მოლეკულური მასა. რას ვაკეთებთ შემდეგ?“

მაგალითების დემონსტრირების გზით სწავლება ერთ-ერთი ეფექტური და სახალისო მეთოდია მოსწავლეებისთვის სამუშაოს ტექნოლოგიის ანუ იმის საჩვენებლად, სახელდობრ რა უნდა აითვისონ და რომელია ამისთვის საუკეთესო გზა. მნიშვნელოვანია, პედაგოგი დარწმუნებული იყოს, რომ მოსწავლე კი არ იზუთხავს, არამედ გააზრებულად იძენს ცოდნას.

შეგიძლიათ, თავად მოსწავლეებს მიანდოთ სამუსაოს დეტალებში გარკვევა. „გეზის მიმცემი აღმოჩენების“ მეთოდმა შესაძლოა შესანიშნავად იმუშაოს, მაგრამ ამ შემთხვევაში სიფრთხილე გმართებთ: თუ თქვენ დაუფიქრებლად მიანდობთ მოსწავლეებს სამუშაო ტექნოლოგიას, არსებობს საფრთხე, ძლიერმა მოსწავლეებმა კარგად გაართვან თავი დავალებას, სუსტები კი „დაიკარგონ“.

ხშირად მოსწავლეები იძულებულნი არიან, ერთმანეთში განიხილონ სამუშაოს თავისებურებები: „რისი გაკეთება დაგვავალა?“, „რამდენი ხანი დაგვჭირდება ამისთვის?“, „როგორ ფიქრობთ, გავართმევ თავს ამ დავალებას?“, „ეს როგორ გააკეთე?“. როგორც წესი, ამ კითხვებზე ყველაზე უკეთ პასუხობს მასწავლებლის მიერ ჩატარებული დემონსტრაცია ან „გეზის მიმცემი აღმოჩენების“ მეთოდის ყურადღებით გამოყენება. არ შეიძლება, მოსწავლეები გაურკვევლობაში დავტოვოთ იმის თაობაზე, რა და როგორ გააკეთონ.

სოციალური მეცნიერებების, ლიტერატურისა და ზოგი სხვა საგნის მასწავლებლებმა მოსწავლეებს აზრის ინფორმაციულად ფორმირების უნარი უნდა განუვითარონ. თვით უმაღლესი რანგის გონებრივი შესაძლებლობების ათვისებაც კი შესაძლებელია დემონსტრაციის მეთოდის გზით.

მოსწავლეებს შეიძლება გავაცნოთ მოსაზრებათა მაგალითები და კრიტიკულ ჭრილში განვიხილოთ ისინი. მაგალითად, ექსპერტთა ან მათივე თანაკლასელთა მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე, სახელმძღვანელოში მოცემული მოსაზრება და სხვა. მასწავლებელს შეუძლია კლასის წინაშე საჯაროდ გააანალიზოს მოცემული მოსაზრება – არის თუ არა ის ფაქტებით გამყარებული, რატომ არის ან არ არის ის დამაჯერებელი ან რატომ იქნება ამ საკითხზე სხვა მოსაზრება უფრო არგუმენტირებული. ამგვარად მოსწავლეები მიხვდებიან, რას ნიშნავს კარგად დასაბუთებული აზრი ან არგუმენტი და განუვითარდებათ საკუთარი ინფორმაციული პოზიციის ჩამოყალიბების უნარი.

ასეთი სწავლება უმეტესად გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. ხშირად მას მოდელირებას უწოდებენ. ყოველი შემთხვევისათვის, შეეცადეთ, გონებრივი შესაძლებლობების დემონსტრაცია გაცნობიერებულად გამოიყენოთ. საჯაროდ განსჯა და გაანალიზება მოსწავლეებს ჩვევების გამოყენების მაგალითს აძლევს.

როცა საქმე გაქვთ საკუთარი აზრის ფორმირებასთან, შეგიძლიათ, დაეხმაროთ მოსწავლეებს, თუ აუხსნით მათ, რას ნიშნავს კარგად არგუმენტირებული მოსაზრება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის. საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო საგნების შესწავლისას მოსწავლეებს არ მოეთხოვებათ, დამოუკიდებლად გამოიყვანონ სამეცნიერო დებულება ექსპერიმენტის მონაცემების განხილვის გზით. პედაგოგები სამართლიანად მიიჩნევენ, რომ მეცნიერული კანონები მეტისმეტად რთული და სენსიტიური რამაა საიმისოდ, რომ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად გამოიყვანონ ისინი. ჰუმანიტარული საგნების შესწავლისას კი მოზარდებს უწევთ, დამოუკიდებლად ჩასწვდნენ აზროვნების გაცილებით რთულ კანონებს.

 

დემონსტრაცია და ახსნა

 

დემონსტრაცია ყოველთვის არ არის საჭირო. თუ ახალი უნარი უკვე კარგად ნაცნობი ქმედების მოდიფიკაციაა, საკმარისია ავუხსნათ, „როგორ“, მაგრამ თუ ასათვისებელი უნარი სირთულესთანაა დაკავშირებული და მისი ათვისება ბევრ დროს მოითხოვს, მნიშვნელოვანია ამის ჩვენებაც.

დემონსტრაცია და ახსნა ერთი და იმავე ინფორმაციის წარდგენის ალტერნატიული ფორმები არ არის. ეს ორი მეთოდი განსხვავებულ აზროვნებით პროცესებზეა დაფუძნებული. დემონსტრაცია კონკრეტული და მთლიანია. ის ხელს უწყობს მოსწავლის ჩართვას მაგალითების ანალიზისა და მათი საერთო ნიშნების ძიების პროცესში. დემონსტრაცია ინდუქციურ აზროვნებაზეა ორიენტირებული. ამის საპირისპიროდ, ახსნის პროცესი აბსტრაქტულია. ის მოსწავლეს იწვევს სიინთეზის პროცესში და დედუქციური აზროვნების სტიმულირებას ახდენს. კოგნიტიური თვალსაზრისით დემონსტრაცია და ახსნის პროცესი ერთმანეთის სარკისებურ გამოსახულებებია. სავარაუდოდ, ისინი ტვინის სხვადასხვა ნახევარსფეროს სტიმულაციას ახდენენ.

განსაზღვრული ცნებების შესწავლისას, ბუნებრივია, გვინდა ვნახოთ მათი გამოყენების მაგალითებიც, რადგან მხოლოდ განმარტება არ გვაკმაყოფილებს. ჩვენ გვირჩევნია, ამ ცნებათა შესაძლო გამოყენების მაგალითები დავინახოთ და, იმავდროულად, მოვისმინოთ, როგორ არის შესაძლებელი მათი რეალიზება.

სწავლებისას აუცილებელია როგორც კონკრეტული, ისე აბსტრაქტული, ინდუქციაც და დედუქციაც (თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი მოსწავლისთვის ერთი სახის სწავლება იყოს მისაღები).

მიბაძვის გზით სწავლების მეთოდის გამოყენებისას ეცადეთ, ზომიერება დაიცვათ, რადგან ის ძალზე ქმედითია. რა წარმოუდგენელიც უნდა იყოს, ურთულეს ცოდნას, მაგალითად, გრამატიკის ან ლოგიკის საკითხებს, სწორედ ამ გზით ვითვისებთ, როცა არ ვიღებთ იმ წესების განმარტებას (ისე, რომ ფორმალურად გაგების ფორმირებაც არ ხდება), რომლებიც ამ პროცესებს მართავს. შესაძლოა, სწავლების ამ მეთოდის ძლიერი მხარე ის იყოს, რომ მიბაძვას უფრო ადრე ვსწავლობთ, ვიდრე ლაპარაკს. ხომ არ განიცადა ჩვენმა ტვინმა იმგვარი ევოლუცია, რომ სწავლის საუკეთესო საშუალებად მიბაძვა იქცა? ვინ იცის! ერთი რამ კი ნათელია: არც ერთ პედაგოგს არ აქვს უფლება, მიბაძვის მეთოდის ეს ძლიერი მხარე ბოროტად გამოიყენოს.

 

თვითშემოწმებისათვის

 

აზროვნებითი უნარების სწავლება

  • ახდენთ თუ არა მოსწავლეებთან კარგად შესრულებული სამუშაოს მაგალითების დემონსტრირებას?
  • უხვად იყენებთ თუ არა მრავალფეროვან მაგალითებს?
  • მსჯელობთ თუ არა ხმამაღლა, მოსწავლეთა გასაგონად, რათა მათ ლოგიკური აზროვნების მაგალითი მისცეთ?
  • განიხილავთ თუ არა მოსწავლეებთან როგორც დადებით, ისე უარყოფით მაგალითებს?
  • შეგიძლიათ თუ არა იმ კონკრეტული სიტუაციების განხილვა, რომლებიც თქვენი საგნის თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენებას წარმოაჩენს?
  • იცით თუ არა, როგორ გაიგეს თქვენ მიერ მიწოდებული მასალა, ანუ გაქვთ თუ არა უკუკავშირი?

 

სავარჯიშო

  1. შეიმუშავეთ, ქვემოთ მოცემული თემების დემონსტრაციის გზით სწავლების მეთოდიკა:
  • როგორ გამოვიყენოთ ტექსტში ბრჭყალები;
  • როგორ შევადგინოთ განცხადება, სამსახურში მიღების თაობაზე.
  1. ეცადეთ, დემონსტრაციის აპრობაციის პროცესში ხმამაღლა იმსჯელოთ და შემდეგ ეს კლასში გაიმეოროთ.

 

წყარო:

  1. Geoff Petty, Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press. 2009, p. 215-219

სპორტის გაკვეთილები ფანჯრიდან

0

ნაძვები

თბილისში მუდმივად გადატვირთული ქუჩებიდან ერთ-ერთის, დადიანის ქუჩის, სიახლოვეს ვცხოვრობ. თითქოს ტრანსპორტის აუტანელი ხმაურით შეწუხებული უნდა ვიყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ არის. ჩემს კორპუსს წინიდან აფარებული კიდევ ერთი უსაშველოდ გრძელი კორპუსი და თბილისური ეზოებისთვის უკვე „ფანტასტიკის სფეროდ“ ქცეული ხეები, რომელთა უმეტესობა ნაძვია, ისე კარგად ახშობენ მანქანების ხმაურს (მტვერსა და გამონაბოლქვს ხომ თავისთავად ისრუტავენ) რომ ხანდახან აგარაკზეც კი მგონია თავი. განსაკუთრებით ქარის დროს, როცა ნაძვები მწვანე თითებს ააფხაჭუნებენ ფანჯრის მინებზე და, ანას ცნობილი თუთის ხისა არ იყოს, სახლში შემოჭრას ლამობენ. თითქმის დაუჯერებელ რამეს ვამბობ, მაგრამ, წეღან, სახლიდან გაუსვლელად, მარტო ფანჯრიდან, არც მეტი, არც ნაკლები, 23 ძირი ნაძვი დავითვალე ეზოში.

 

კორპუსებს შორის

ორ კორპუსს შორის მოქცეული სპორტული მოედანიც მწვანეა ნაძვებივით. უფრო მწვანეც კი, იმიტომ რომ ხელოვნური საფარითაა დაფარული. კარიც მტკიცე აბია და მაღალ მილებზე შემოხვეული მავთულის ბადითაც საიმედოდაა დაცული. ოღონდ, ჩიტი ვერ გადაფრინდება კი არა, ჩიტებიც და შინაური მტრედებიც ხშირად სტუმრობენ აქაურობას. ვინ იცის, მაღლიდან მწვანედ მოხასხასე მინდორს რომ დაჰყურებენ, გაზაფხული ჰგონათ. „აეროდრომადაც“ გამოსადეგი ადგილია მათთვის და, იმედია, პატარა ჩიჩაყვების გასაბერად, რაიმე საკვებსაც პოულობენ ამ ვითომბალახში.

თავად სტადიონის არსებობის გარდა, რაც მე მახარებს, ისაა, რომ ყოველდღიურად  აქ ჩიტებზე ბევრად მეტი ბავშვი დახტის, თამაშობს და ჟრიამულობს. საღამოობით, ამ ორ კორპუსში მცხოვრებთა გარდა, სხვა ბავშვებიც მოდიან სავარჯიშოდ „ტრენერების“ თანხლებით და ლამპიონებით განათებულ მინდორზე ხან ოვალური ბურთი დაგორავს, ხან მრგვალი; დილაობით კი, კვირაში რამდენჯერმე, რომელიღაც ახლომდებარე სკოლის, ალბათ, მე-4-მე-6 კლასელებს, სპორტის გაკვეთილებსაც უტარებს ერთი ახალგაზრდა სპორტის „მასი“.

 

ლურჯი ქუდი და სხვა

ყვითელი სასტვენი სულ თან დააქვს. მწვანე და შინდისფერ სპორტულ ქურთუკებს ამინდის შესაბამისად იცვლის. სპორტულ ფეხსაცმელებსაც ქურთუკის ფერი თასმებით იკრავს. ყველაზე ხშირად თვალში მაინც მისი ლურჯი ქუდი მხვდება ხოლმე, რომელიც მუდმივად ახურავს. უქუდო  მასი ჯერ არ მინახავს. დათბება  და მოიხდის ალბათ.

საშუალო სიმაღლისაა, ასაკით, ყველაზე ბევრი, 27-28 წლის იქნება. თხელ, მოდურად შეკრეჭილ წვერს ატარებს. სიარულსა და მიხრა-მოხრაზე ეტყობა, რომ სპორტის მასწავლებლობამდე სპორტსმენის გზა გაიარა, ან იქნებ, ჯერაც ისევ  აქტიურად მისდევს სპორტს. ჩემი აზრით, უფრო ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო (ან არის), ფეხბურთელებმა იციან ასე აქეთ-იქით ქანაობით და მსუბუქი რწევით სიარული. ზოგჯერ გაკვეთილის დაწყებამდე მარტო მოდის ხოლმე სტადიონზე. შევა, ხან მოედნის ცენტრში გაჩერდება, ხან კიდეებში, ფეხით საფარს  მოსინჯავს, დაზიანებული ხომ არ არის, შუშა ან ქვა ხომ არ გდია, ბავშვები თამაშის დროს რომ არ დაეცნენ და რამე არ იტკინონ… ყველაფერს რომ შეამოწმებს,  მოედნის კარს გაიხურავს და ცოტა ხანში ბავშვებთან ერთად  ბრუნდება ისევ უკან – მათსავით  ხალისიანი და ბედნიერი.

 

გაბრაზებული მასი

ერთხელ გაბმულმა სასტვენის ხმამ გამახედა ფანჯარაში. მანამდე, ბურთის ტყაპატყუპზე და შეძახილებზე ვხვდებოდი, რომ ბიჭები ფეხბურთს თამაშობდნენ, „მასი“ კი მსაჯობდა. გოგონების უმეტესობა სტადიონის გარეთ დამონტაჟებულ ტრენაჟორებზე ვარჯიშობდა, რამდენიმე მათგანი კუთხეში მიმჯდარიყო და კლასელ ბიჭებს გულშემატკივრობდა. მასი თან მსაჯობდა, თან მოვარჯიშე გოგონებს აძლევდა მითითებებს, სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. ერთი სიტყვით, გაკვეთილზე „სიტუაციას სრულად აკონტროლებდა“.

სასტვენის გაბმულ სტვენას მასის გაბრაზებული ხმა მოჰყვა. პირველად მოხდა, რომ ბავშვებთან ურთიერთობაში ხმას აუწია. როგორც მივხვდი, ბიჭები თამაშის დროს წაკინკლავდნენ და ვერც სასტვენის ხმამ და ვერც ძახილმა – „გეყოფათ… მორჩა… შეწყვიტეთ…“ – ვერ დააშოშმინა, სანამ ახლოს არ მივიდა და თვითონ არ გააშველა. ეს მცირე ინციდენტი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ სულ რაღაც 10-12 წუთის დაწყებული გაკვეთილი დაესრულებინა და ბავშვები თავჩაქინდრულები წაესხა სკოლისკენ. აქა-იქ უკმაყოფილო შეძახილები გაისმა. „სულ ტყუილად ბუზღუნებთ, რადგან დააშავეთ, კეთილი ინებეთ და სასჯელიც ღირსეულად მოიხადეთ“, – ეს იყოს პორტის მასის ბოლო წინადადება, რომელმაც ჩემს ყურამდე მოაღწია.

ეზოში შემოდგომის თბილი მზე იღვრებოდა. ცხვირჩამოშვებული ბავშვები ძალისძალად მიათრევდნენ ფეხებს კლასისკენ, გულიც და თვალებიც სტადიონზე რჩებოდათ, მაგრამ  სიტყვა არცერთს აღარ შეუბრუნებია, მორჩილად მიჰყვებოდნენ გაბრაზებული მასის მწვანე ზურგს.

 

გუნდაობა

თბილისში ლამის გაზაფხულის პირას მოსული თოვლი – რაც უნდა „ერთდღიანი, სასაცილო და ტალახიანი“ ვეძახოთ მას უფროსებმა – ბავშვებს მაინც ყოველთვის უხარიათ. ალბათ სწორედ ამიტომ არის ბავშვობა უნიკალური, რომ ყველაფრიდან  შეიძლება სიხარულისა და ბედნიერების გამოდნობა.

ასეთი ბედნიერი და გამორჩეული დღე იყო ორი კვირის წინანდელი ოთხშაბათიც ბავშვებისთვის, როცა თბილისში, ბოლოს და ბოლოს – სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ არცთუ ურიგო – თოვლი მოვიდა. მთელი ღამე ბარდნა და დილითაც ისეთი პირი უჩანდა, რომ კარგა ხანს არ გადაიღებდა. უმეტესად აჟრიამულებული მწვანე მოდანი ახლა თეთრად გაყურსულიყო კორპუსებს შორის და ბავშვების გამოჩენას ელოდა.

გამოჩნდნენ კიდეც, წინ მასი მოუძღოდათ, მაგრამ შიგნით შესვლა აზრადაც არ მოსვლიათ,  წინ გაიჭრნენ და განიერ ეზოში  გაიშალნენ. აი, „გაკვეთილი“ და ურთიერთობა ეს იყო, თუ იყო! ყოველგვარი ასაკობრივი ზღვარი  და ცენზი გამქრალიყო სპორტის მასსა და ბავშვებს შორის. მასი, მგონი, ბავშვებზე მეტი მონდომებითა და აღტყინებითაც კი გუნდაობდა და კოტრიალობდა თოვლში; ბავშვებს უფლებას აძლევდა, მიპარვოდნენ და შიგ კისერში ჩაეხალათ, ან სახეში ესროლათ ცივი და სველი გუნდები. არანაირი წყენა, არანაირი აკრძალვა, დროდადრო მარტო იმას იხვეწებოდა, მაცადეთ, ამომასუნთქეთ, კისრიდან თოვლი გადმომაყრევინეთო. ამ დროს ბიჭები ცოტა უხერხულად შედგებოდნენ ხოლმე, გოგონებიდან უფრო თამამები კი მიდიოდნენ და მასს თავიანთი პატარა ხელებით კაპიუშონიდან თოვლის გადმოფერთხვაში ეხმარებოდნენ. შიგადაშიგ ნაძვებიც დაიქნევდნენ ხოლმე თოვლით ავსებულ მძიმე მუჭებს და რამდენიმე წამით ბავშვებიც, მასიც და ეზოც, თეთრ, ზღაპრულ კორიანტელში ეხვეოდა.

„ყოჩაღ, მას!“ – ასეთი გაკვეთილები და „მასები“ მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ ბავშვებს“ – გავიფიქრე და ჩვენი ეზოს ოთხ ერთმანეთის მსგავს შავ-თეთრ ძაღლს გავხედე, რომლებიც მაღლა აპრიხილი კუდებით გაუნძრევლად იდგნენ  თოვლში და ჩემთან ერთად ადევნებდნენ თვალს ამ ჟრიამულს.

 

„გაცნობა“

„ჰა ბურთი, ჰა მოედანი და სპორტის მასი და ჰა შენი ვორდის დოკუმენტი!“ – ვუთხარი ჩემს თავს, როცა, ბოლოს და ბოლოს, მივხვდი, რომ სწორედ ასე, „ფანჯრიდან“, ყოველგვარი საუბრისა და ინტერვიუს გარეშე, ვაპირებდი მასზე წერილის დაწერას. და მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს კინაღამ გადავიფიქრე და უარი ვთქვი საკუთარ გამოწვევაზე, გადაწყვეტილება აღარ შემიცვლია. თან, როგორც იტყვიან ხოლმე, ერთგვარი „სპორტული ინტერესიც“ გამიჩნდა, მით უმეტეს, რომ დამთხვევაც საინტერესო გამოვიდა – აბა, ვისზე უნდა წერო სპორტული ინტერესით, თუ არა, სპორტის მასწავლებელზე!

ადამიანის უფლებებზე რაღაც-რაღაცეები კი წამიკითხავს, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, ჩემი წერილით დავარღვევ თუ არა იმ ადამიანის პიროვნულ თუ პროფესიულ უფლებებს, ვისზეც ახლა  ვწერ. ის რომ „უსახელო“ სპორტის მასად დარჩენილიყო ჩემს ამბავში (და ასეც ვაპირებდი), ალბათ არანაირი პასუხისმგებლობა არ დამეკისრებოდა. თუმცა მოხდა ისე, რომ ახლობლისგან მისი სახელი და გვარი გავიგე, გავიგე რომელ სკოლაში ასწავლის, ვნახე მისი ფბ-გვერდიც, და მიუხედავად იმისა, ვარღვევ თუ არა კანონს, მაინც გადავწყვიტე, სწორედ ასე, ამ ფორმით და საჯაროდ მეთქვა: სპორტის მასი, რომელზეც გიამბეთ, და რომელსაც,  მხოლოდ ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვიცნობ, კერძო სკოლა „ოაზისის“ სპორტის მასწავლებელი, ფეხბურთელი (არ შემცდარვარ!) და მძლეოსანი აჩიკო(აჩი) მუხიგული აღმოჩნდა.

 

მიხარია, რომ გაგიცანით, აჩიკო მას!..

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...