ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

ოსი ბიჭის ამბავი

0

საშვიდნოემბრო არდადეგები გვქონდა. წვიმდა, ქართლის ველებს შეჩვეული ქარი ქროდა და ძველ დივანზე „გულივერის მოგზაურობასთან“ განმარტოებას არაფერი მერჩია, მაგრამ ერთ  შორეულ ნათესავთან გამგზავნეს. ის ნათესავი ბებიაჩემს ორ თავ კომბოსტოს შეჰპირებოდა. დაბალმა, შავკაბიანმა, ჩემი მაშინდელი შეფასებით, ასი წლის ქალმა სამ დიდრონ კომბოსტოზე მკლავები შემომახვევინა, ორი ასეთივე თავი კი მათ ზემოდან დაადო.

ატალახებულ გზაზე მოვდიოდი. ფეხი მიცურავდა. ხელები დამეღალა. ცოტაც და შინ მისატანს გზისპირას დავყრიდი. გული მომდიოდა ბებიაჩემზე, წიგნის კითხვას რომ მომწყვიტა და იმ შავკაბიან ქალზეც, გულუხვობის საზღვარი რომ ვერ გაეგო.

სწორედ ამ დროს დავინახე ძაგოევების სტუმარი. ველოსიპედზე იჯდა და გეზი ჩემკენ აეღო. ვიცოდი, ვინც იყო, მაგრამ მისალმებას არ ვაპირებდი – თვითონ ხომ არ მიცნობდა. თან ტალახში ამოსვრილი ჩექმები მეცვა. თან ცირკის მასხარასავით მოვათრევდი ამ ვეება კომბოსტოებს.

მოახლოებულმა სვლა შეანელა და რაღაც მკითხა რუსულად.

არ შემიხედავს. გზა ხმის ამოუღებლად გავაგრძელე.

ველოსიპედი შეაჩერა და მითხრა, დაგეხმარებიო.

გმადლობ, არ მინდა-მეთქი.

არ მომეშვა, მომეცი ეგ კომბოსტოები – მე წამოვიღებო. ნაბიჯს ავუჩქარე. ხმას რომ აღარ გავცემ, თავს დამანებებს-მეთქი.

ლამაზი ბიჭი იყო – ჩემზე ერთი-ორი წლით უფროსი იქნებოდა. ველოსიპედიც ახალი და ლამაზი ჩანდა.

ძაგოევების გარდა, კიდევ რამდენიმე ოსური ოჯახი ცხოვრობდა სოფელში. შერეული ოჯახებიც იყო. ძირითადად, ქალები მოჰყავდათ ოსური სოფლებიდან და მერე თავს იწონებდნენ მათი გამომცხვარი მთვარესავით ხაბიზგინებით. მაილევების ბავშვებიც მახსოვს – ახლა დიდი კაცები იქნებიან. ცხინვალი ახლოს იყო – გორში თუ ლამაზ საკაბეს ვერ იშოვიდნენ, ქალები იქაურ მაღაზიებში გარბოდნენ. გორში თუ რომელიმე წამლის დეფიციტი გაჩნდებოდა, ოსებსაც და ქართველებსაც ცხინვალის აფთიაქები ეიმედებოდათ.

ისიც მახსოვს, ოსებზე რომ ქილიკობდნენ – წითელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უყვართ და „შენი ჭირიმე“-ს ნაცვლად „სენი წირიმე“-ს ამბობენო. მიბაძვისას ხმას იწვრილებდნენ და ნახატი ფილმების თაგვებივით აწრიპინდებოდნენ ხოლმე.

სამაგიეროდ, ყველას მოსწონდა ოსური ცეკვა – სასკოლო ცეკვის წრე არ იყო, „სიმდი“ არ დაედგათ.

მე „ნართების“ კითხვა მომწონდა, და მამაჩემის მოყოლილი ამბები იმ წლებზე, როცა უმცროსი ლეიტენანტი იყო და ცხინვალში გამომძიებლად მუშაობდა.

მიუხედავად ყველაფრისა, იმ ბიჭს – ძაგოევების ნათესავს – სახელი არ ვუთხარი. წვიმაში ნელა მომყვებოდა და მთხოვდა, ორ კომბოსტოს მაინც წამოვიღებო.

ხმას არ ვცემდი. თავისი სახელი და გვარი მითხრა, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე.

მერე ის მოხდა, რის გარდაუვლობასაც უკვე შეგუებული ვიყავი: წავიქეცი. გაშლილი ხელებით დავეცი ტალახიან გზაზე. წამომაყენა, შორიახლო გაბნეული კომბოსტოს თავები წამოკრიფა და თავის ქურთუკში გამოკრა, ქურთუკი კი ველოსიპედზე დაამაგრა. მერე ცალი ხელი სახელურს მოჰკიდა და ნელი ნაბიჯით, უხმოდ გამომყვა. სახლს რომ მივუახლოვდით, სახელი კიდევ ერთხელ მკითხა. მხოლოდ მადლობა გადავუხადე.

ბებიაჩემს ტალახში ამოსვრილი ჩემი ხელებისა და ტანსაცმლის დანახვისას ფერი დაეკარგა.

აღარ მახსოვს, „გულივერის მოგზაურობის“ კითხვა გავაგრძელე თუ არა. ალბათ ძალიან მრცხვენოდა. ალბათ ყველაფერს დავთმობდი, ოღონდ კი ეს დამარცხება სამუდამოდ დამვიწყებოდა.

მეორე დღეს, საშვიდნოემბრო ზეიმზე წასასვლელად გამზადებული, სუფთად ჩაცმული და თმადავარცხნილი, იმ ბიჭს ისევ გადავეყარე. ველოსიპედით ჩამიქროლა და სიცილით მომაძახა:

– კაპუსტა!

ბოლომდე დამსახურებული სახელი იყო.

არდადეგები ისე არ ჩაივლიდა, ეს ხმა და ეს სიტყვა არ მომესმინა. მთელ სოფელს უვლიდა თავისი ველოსიპედით. გულიანი სიცილი იცოდა და ყოველთვის მზად იყო სოფლელებისთვის ხელის შესაშველებლად, ძირს გაბნეულის წამოსაკრეფად, ვინმე ჩემნაირის გასამხნევებლად და დასახმარებლად.

დიდი ხნის წინ დავიწყებული ეს ბიჭი – ძაგოევების ნათესავი სამხრეთ ოსეთიდან – ერთმა შემთხვევამ გამახსენა. ცოტა ხნის წინ ოს სტუმრებს ველოდებოდით და ჩემს მშობლებს ვკითხე, 90-იანებში, ყველაზე მძიმე დროსაც კი, როცა გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ოსები ბინებს ყიდდნენ და სამუდამოდ მიდიოდნენ, აქ, სოფელში, ხომ არაფერი დამუქრებიათ, ხომ უშიშრად ცხოვრობდნენ-მეთქი. თურმე ვცდებოდი. ძალიან ვცდებოდი. მიპასუხეს, ოსური ოჯახების სოფლიდან გასახლებაზე ლაპარაკი დაიწყეს, ავიწროებდნენ, აშინებდნენ, სულ საფრთხის მოლოდინში იყვნენო. უბრალოდ, ქვეყანაში ვითარება სწრაფად შეიცვალა და ვერ მოასწრესო.

ძაგოევებზე ვეღარაფერი ვკითხე. შემეშინდა.

კვლავ გეოგრაფიაზე და სიყვარულზე, ანუ რას წერენ ჩვენი მოსწავლეები ჩვენზე და არა მარტო ჩვენზე

0

კვლავ გეოგრაფიაზე და სიყვარულზე მინდა წერა. მოტივატორები ისევ და ისევ ჩემი მოსწავლეები არიან.

რატომ ვწერ ამ სტატიას? ალბათ მომენატრნენ. მომენატრა მათი სახეები, ღიმილი, სევდა თუ ანცობა.

ყოფიერებამ კვლავ ჩამითრია, სასკოლო პროგრამის მოსწრება, შემაჯამებელი წერები, ახალი პროექტები, ახალი სქემები, იმედგაცრუება და მაინც მომავლის იმედები… არადა, თაობები მიდიან, იცვლებიან, ვეძებთ მოტივაციის ამაღლების მეთოდებსა და გზებს და ხანდახან გვავიწყდება მათი მისწრაფებები, ფიქრები, ოცნებები…

გვრჩება კი ამისთვის დრო? ჩვენ უფროსებს – არა.

ყოველთვის არიან ისინი, ვისთანაც გიხარია მისვლა, ურთიერთობა; ვინც გელის, გენდობა და მოგყვება.

„კარს შემოაღებს ღიმილით,

მოგვესალმება მზისფერად,

გადაშლის ჩვენ წინ სამყაროს

სულ ყველას გვეალერსება“.

ეს მათი სიტყვებია, მეათეკლასელი ლალუკა ჩვენზე, მასწავლებლებზე წერს. ამაზე ლამაზად ვერ ვიტყოდი. ან კიდევ: „არ ემუქრება სიბერე, სიყვარული აქვს იმხელა“- ესეც მასწავლებელს ეძღვნება. ჩვენ კი ამ სიყვარულს რით ვპასუხობთ?

მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლება გვჭირდებაო და სოციალურ ქსელებში კი უამრავი უარყოფითი კომენტარი და კურიოზი იწერება. არადა, ბავშვები ასე არ ფიქრობენ. მათ მასწავლებელი უყვართ და პატივს სცემენ.

აი, რას წერენ ჩვენზე კიდევ ბავშვები: „ჩემს უსაყვარლეს, არაორდინალურ და ძვირფას მასწავლებელს …  ძალიან მიხარია თქვენთან ურთიერთობის ბედნიერება რომ მაქვს. მართლა ბევრი რამ ვისწავლე ამ მოკლე დროში თქვენგან და უდიდესი მადლობა ყველაფრისთვის. მადლობა, რომ ხართ ასეთი საინტერესო!!!” – არადა, თუ იცის ამ პატარა გოგონამ, რომ მისი სიტყვები, სიამაყისა და სიხარულის გარდა, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს, რომ არ გვაქვს უფლება სხვანაირები ვიყოთ. ნეტავ თუ გრძნობს, რომ ჩვენც, მასწავლებლებიც მათგან რამდენ რამეს ვსწავლობთ? სამყაროს მათი თვალით დანახვას ვსწავლობთ, სამყაროს, რომლის დაშლაც სურთ:

„რა მშვენიერია ჩემი სამყარო,

მსურს ეს ამბავი ყველას ვახარო.

მრავლად ნახულო და კიდეც სანახო

მინდა სამყარო შენ დაგანახო.

გადმოვიხედოთ მტკვარის კიდედან

ვარსკვლავნი იქნება ჩვენთვის ხიდებად.

მე ამ სამყაროს დავშლი ფიქრებად

და შენ მოგიძღვნი მე ყვავილებად“. –  მე -11 კლასელი სანდრო.

დეკემბრის სუსხიან დღეს მე-11 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლები ლიტერატურულ სალონში მიგვიწვიეს. ორიგინალური მოსაწვევები ჩვენივე ფოტოებით გაეფორმებინათ. ვფიქრობდი, რომ დამხვდებოდა ჩვეულებრივი საღამო, სადაც ლექსებს წაიკითხავდნენ. არადა, რამდენჯერმე შემახსენეს, ხომ მოხვალთო? (რომ არა განსაკუთრებული დამოკიდებულება მათ მიმართ, არ დავესწრებოდი). ოთახიც თავად მოაწყვეს, სტუმრებიც საგანგებოდ დაპატიჟეს. ღონისძიების სახელწოდებამ კი დამაფიქრა: „მე ამ სამყაროს დავშლი ფიქრებად“. მათ საკუთარი კლასელების სანდროსა და ნინის ლექსები, სალომეს ჩანახატები წაგვიკითხეს, მოცარტის და ბეთჰოვენის საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს… სალომე რომ წერდა, ვიცოდით, ნინი და სანდრო კი ყველასთვის აღმოჩენა იყო. „ასე უყვარდათ საქართველოში“ …. საქართველოში ახლაც ასე უყვართ. არ ვიცი, რომელი მათგანი მიაღწევს პოეზიისა თუ პროზის მწვერვალებს, როდის და ვინ გაუმართავთ საღამოებსა თუ შეხვედრებს, მაგრამ სანდროს, ნინის და სალომეს მეგობრების მიერ მოწყობილი სალონი არასოდეს დაავიწყდებათ. მათი გვერდში დგომა, მხარდაჭერა და აღიარება მთელი ცხოვრება გაჰყვებათ და გააძლიერებთ. რომ არა რეზი, ნიკა, გოგა, ქეთი ეს საღამო არ შედგებოდა (ამისთვის როგორ მიყვარხართ!).

ამ თეთრი ზამთრის ცივმა დღეებმა

მოგონებების ალში გამხვია.

თითქოს როგორი ცივი წელია,

მაგრამ დათბება მალე ძალიან. – ბავშვებო, თქვენ ჩვენი გულები გაათბეთ.

„და თუ, მოხვდებით ოდესმე ამ ბაღთან, შედით შიგ, გაუხვიეთ მარცხნივ და დაინახეთ ხე, შეეცადეთ მაინც, რომ დაინახოთ. მიდით მასთან და საკუთარი ფიქრებით გაერთეთ. მიდით, ოღონდ მარტო. მიდით, ოღონდ არეული ფიქრებითა და ბევრი სათქმელით“ – ეს 15 წლის სალომეს ჩანაწერია. წრფელი გულიდან ამოხეთქილი, უზარმაზარი სამყაროს პატარა, თუმცა ღრმა და ძლიერი ადამიანის ნაფიქრალი. შეიძლება, რომ ამან არ დაგაფიქროს, ან არ მოგანდომოს უფრო ახლოს გაიცნო მისი განცდები, იგრძნო და მოეფერო.

წლების წინ მეგობარმა მითხრა: შენში არსებული სიყვარულის დასაფარად უხეშობას იყენებო. დავფიქრდი და მას მერე ვცდილობ, ვიყო ის, ვინც ვარ. ჩემს სიყვარულს მიმართულება მივეცი. დავფიქრებულვართ რატომ არიან უხეშები ჩვენი ბავშვები? გარეგნულად უზადო გოგონა უკარება და ამპარტავანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.  ერთხელაც მოვიცალეთ და ვისაუბრეთ, პროექტს ვგეგმავდით. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ყოველი პროექტი თუ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც გაკვეთილებისა და საკლასო ოთახის ფარგლებს სცდება, ერთმანეთთან  გვაახლოებს, მათთან ერთად ახალი აღმოჩენების გაკეთება გვიხდება.

ამ ფოტოზე ერთ-ერთი მათგანია. სახეს სანახევროდ გვიჩვენებს … თითქოს არ სურს დავინახოთ, ხელს იფარებს. შორიდან, ძალიან შორიდან გვიღიმის…

  • ბებიაჩემის გამხდარ ხელებს ნახატი დინჯად, მაგრამ კანკალით ეჭირა. რომ შევხედე უცნაური სიამოვნება ვიგრძენი. ,,ცხოვრება ჩვენშია და არა ჩვენ გარშემო’’ – ფიოდორ დოსტოევსკი. – ამასაც 15 წლის გოგონა წერს.
  • ცხოვრება ჩვენშია და ზოგჯერ მგონია, ჩვენ გარეშე მიედინება. უჩვენოდ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება.

ჩვენ სხვა თაობა ვართ: უფრო ემოციური, მოსიყვარულე, პატრიოტი. ეს თაობა იმას ვერ გაიგებს, ვერ იგრძნობს, რასაც ჩვენო. გრძნობენ, იგებენ, სამყაროს ფიქრებად დაშლაც სურთ და უდიდეს სიყვარულსაც ატარებენ. ამას დანახვა უნდა. მოვიცალოთ ჩვენი ბავშვებისთვის, გვიყვარდეს ისეთები, როგორებიც არიან! მათ ჩვენი ყურადღება სჭირდებათ. შეიძლება ეს ლექსები პოეზიის ნიმუშებად არ ჩათვალოთ (მათ უკეთესებიც დაუწერიათ), მაგრამ სამყაროს მათეული აღქმა ჩანს: „გადაშლის ჩვენ წინ სამყაროს“,

„მე ამ სამყაროს დავშლი ფიქრებად!“

პ.ს. 2017 წელი ზამთრის არდადეგები.

 – გეოგრაფია სად არის??

–  ჩვენ გარშემო.  ჩვენ ხომ გეოგრაფიულ გარემოში ვართ.

სკოლაზე, ბავშვებზე, განათლების რეფორმებზე

0

„განათლების რეფორმები უსარგებლოა, რადგან რეფორმა, თავისი არსით, მხოლოდ არსებული მოდელის გაუმჯობესებას გულისხმობს. მე თუ მკითხავთ, ერთიანი მოდელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს. უნდა არსებობდეს შესაძლებლობა იმისა, რომ სისტემა ადაპტირდებოდეს და ერგებოდეს მოსწავლეთა მოთხოვნილებებს გარკვეულ დროსა და ვითარებაში“, – ეს სიტყვები განათლების ბრიტანელ თეორეტიკოს, კენ რობინსონს ეკუთვნის. ის დარწმუნებულია, რომ სკოლა ბავშვის შემოქმედებითი უნარების აღმოჩენას უნდა ემსახურებოდეს და არა მათ დათრგუნვას. თავის წიგნებსა და გამოსვლებში კენ რობინსონი სწავლებაში რევოლუციების მომხრეა. მას სწამს, რომ არ არსებობს უნიჭო ადამიანი.

გთავაზობთ ბრიტანელი ექსპერტის მიერ გამოთქმულ ძირითად თეზისებს სკოლაზე, ბავშვებსა და განათლების რეფორმებზე.

„განათლების არსებული სისტემა სხვა ეპოქისთვის შეიქმნა – ის ინდუსტრიული რევოლუციის საჭიროებებს ერგებოდა. მაშინ პრიორიტეტი ენიჭებოდა ისეთ დისციპლინებს, რომლებიც ადამიანს დასაქმებაში ან მეცნიერული მუშაობის დროს დაეხმარებოდა. მას შემდეგ ცოტა რამ შეიცვალა.

გაიხსენეთ, სკოლაში ყველანაირად ცდილობდნენ ჩვენი ყურადღება ჩვენთვის საინტერესო და საყვარელი საგნებიდან სხვა საგნებზე გადაეტანათ, რომელიც „ცხოვრებაში გამოგადგებოდა“. „რად გინდა მუსიკა, შენ ხომ მუსიკოსი არ გამოხვალ. რად გინდა ხატვა, შენი პროფესია მხატვრობა ხომ არ იქნება?..“ – ასეთ რჩევა-დარიგებას ყველას გვაძლევდნენ, არადა, ეს ნამდვილად შეცდომა იყო.

იმ პერიოდში უნივერსიტეტებში შემუშავდა განათლების სისტემა, რომელიც ადამიანის გონებას მხოლოდ მისი აკადემიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე განიხილავდა. ამ შესაძლებლობების მიხედვით ორ კატეგორიად ვიყოფოდით – ჭკვიანებად და არცთუ ჭკვიანებად. ამ სისტემის იდეალად კი მეცნიერ-მუშაკი რჩებოდა. სამწუხაროდ, განათლების სახელმწიფო სისტემა დღესაც ისეა მოწყობილი, რომ ნიჭიერი ადამიანები იძულებული არიან „ცხოვრებაში გამოსადეგი“ პროფესიები აითვისონ, რადგან ის საგნები, რომელიც სკოლაში უყვართ, „უსარგებლოა“.

საგნების იერარქიის კუთხითაც ყველა განათლების სისტემა ერთნაირია. მოწინავე პოზიციებზე მათემატიკა და ენებია, შემდეგ ჰუმანიტარული მეცნიერებები და ბოლოსკენ მოჩანჩალებს ხელოვნება. იერარქია შემოქმედებით საგნებშიც იგრძნობა – .  მხატვრობა და მუსიკა მეტად პრიორიტეტულია, ვიდრე თეატრი და ქორეოგრაფია. არ არსებობს განათლების სისტემა, სადაც ცეკვა ისეთივე ყოველდღიური საგანია,  როგორც მათემატიკა. მათემატიკა მართლაც მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ მნიშვნელოვანია ცეკვაც. ბავშვებს ისევე სჭირდებათ ფიზიკური მოძრაობა, როგორც გონებრივი განვითარება. ბავშვს ტვინიც აქვთ და ხელ-ფეხიც. დღემდე სკოლაში სიხარულით მიესალმებიან „საჭირო“ საგნების სწავლებას, მოძრავი, აქტიური  ბავშვების მშობლებს კი იბარებენ და ექიმებთან კონსულტაციას ურჩევენ.

მგონია, რომ სწავლების ამ მოდელმა უამრავი ადამიანის ბედი გააუკუღმართა. ბევრისთვის არსებული სისტემა მისაღები იყო, მაგრამ ბევრი იძულებული იყო მორგებოდა მას. დაკვირვების თანახმად, სწორედ ამის შედეგად იქცა ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობის სინდრომი ეპიდემიად, რომელიც სინამდვილეში ჩვეულებრივ ფიქციას წარმოადგენს. ტესტირების სტანდარტული მეთოდების დანერგვის შემდეგ ეს სინდრომი კიდევ უფრო გახშირდა. ამ დიაგნოზს მედიკოსები თითქმის ყოველ დღე სვამენ. ამავდროულად, თანამედროვე ბავშვებზე ადრინდელზე გაცილებით მეტი რამ ახლა ზემოქმედებს. მათ ყურადღებას იპყრობენ კომპიუტერები, მობილურები, რეკლამები, ასობით ტელეარხი და ეს ყველაფერი ბავშვისთვის აკრძალულია. მათი მოხმარებისთვის ბავშვებს სასჯელი ელის. თუმცა, რა გასაკვირია – სწავლა თუ მოსაწყენია, რაღაცით გაერთო.

ბავშვების უმრავლესობას ტანჯავს არა ფსიქიკური სინდრომები, არამედ ბავშვობა. თუკი მას რამდენიმე საათის განმავლობაში პრიმიტიული საკანცელარიო საქმის კეთებას ვაიძულებთ, ის სკამზე აწრიალდება და მოსვენებას დაკარგავს. მოუსვენარ ბავშვებს კი ექიმები ათასგვარ პრეპარატს დაუნიშნავს. ეს პრეპარატები ადამიანების გრძნობებს თრგუნავს და გარე სამყაროს მიმართ ინტერესს აქვეითებს. ჩვენი შვილები ნარკოზის ქვეშ იღებენ განათლებას! მე ხშირად ვამბობ: არ არის საჭირო ბავშვებისა მიძინება, მინელება, პირიქით, მათი ფარული უნარები ბოლომდე უნდა გამოვავლინოთ.

ერთხელ, სადილობის დროს, ჯილიან ლინს (მიუზიკლ „კატებისა“ და „ოპერის აჩრდილის“ ქორეოგრაფს) ვკითხე, როგორ დაიწყო ცეკვა. აღმოჩნდა, რომ სკოლის ასაკში მისი მშობლები სკოლაში დაუბარებიათ და განუცხადებიათ, რომ  ბავშვს პრობლემები ჰქონდა, ძალიან მოუსვენარი იყო და ვერაფერზე კონცენტრირდებოდა. ალბათ ჩვენს დროში სწორედ ასეთ მდგომარეობას უწოდებენ ყურადღების დეფიციტის სინდრომს. მშობლებმა გოგონა ექიმთან წაიყვანეს. ექიმმა შეამოწმა, მერე კი ოთახიდან დედასთან ერთად გავიდა რომ დალაპარაკებოდა. ოთახში რადიო იყო ჩართული და მარტოდ დარჩენილმა გოგონამ ცეკვა დაიწყო… ექიმი შეტრიალდა და დედას უთხრა: „მის ლინ, თქვენი შვილი ჯანმრთელია. ის მოცეკვავეა. მიიყვანეთ ქორეოგრაფიულ სკოლაში“.

დივერგენტული აზროვნება აუცილებელი პირობაა შემოქმედებითობისთვის. ეს არის საკითხის სხვადასხვაგვარად, არასტანდარტულად მოგვარებისა და ინტერპრეტაციის  უნარი. აბა, სცადეთ,  მოიფიქრეთ რაში შიძლება გამოგვადგეს საკანცელარიო სამაგრი („სკრეპის“). ადამიანთა უმრავლესობა 10-15 ვარიანტს შემოგვთავაზებს, მაღალი ინტელექტის მქონე კი – 200 ვარიანტს. თან უამრავი კითხვაც გაუჩნდება: შეიძლება თუ არა სამაგრი სიგრძეში 100 მეტრიანი იყოს და თანაც პენოპლასტისგან შედგებოდეს… ასეთი ადამიანების წარმოსახვით გიგანტური სამაგრიც სამაგრია, მაგრამ უკვე განსხვავებული (სამაგრთან დაკავშირებულ ექსპერიმენტში ათას ხუთასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ის დეტალურადაა აღწერილი ჯოეჯ ლენდისა და ბეტ ჯარმანის წიგნში „საკონტროლო წერტილი და შემდგომი“).

3-დან 5 წლამდე ბავშვებში დივერგენტულად მოაზროვნეთა რიცხვი 98%-ს შეადგენს. ხუთი წლის შემდეგ მეცნიერებმა კვლავ  ჩაატარეს გამოკითხვა იმავე ბავშვებში, მაგრამ სასურველი შედეგი მხოლოდ 32%-ისგან მიიღეს, ხუთი წლის შემდეგ კი 10%-ისაგან. შედარებით უფროს ბავშვებში ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ დივერგენტულად მხოლოდ და მხოლოდ 2% აზროვნებდა. გამოდის, რომ წლების განმავლობაში ამ ადამიანების ცხოვრება შეიცვალა. ერთ-ერთი მთავარი ცვლილება ის იყო, რომ მათ განათლება მიიღეს. ათი წლის განმავლობაში, ვიდრე სკოლაში სწავლობდნენ, მათ უმტკიცებდნენ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი სასწავლო სახელმძღვანელოს ბოლო გვერდზე.

თანამედროვე განათლების სისტემის პირველი პრობლემა სწორხაზოვნებაა. ეს არის გზა დასაწყისითა და დასასრულით, ამ გზის გავლა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერს „სწორად“ აკეთებ. სკოლის განათლების კულმინაცია უნივერსიტეტში ჩაბარებაა, უნივერსიტეტში სწავლის კი – დიპლომის აღება.

დაახლოებით ცხრა წლის წინ ლოს-ანჟელესში ჩავედი და თვალში ერთი დეკლარირებული პრინციპი მომხვდა: „უნივერსიტეტი საბავშვო ბაღიდან იწყება“. მაპატიეთ, მაგრამ ეს ასე როდია! საბავშვო ბაღი საბავშვო ბაღიდან იწყება. ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა: „სამი წლის ბავშვი არ უდრის ორზე გაყოფილ ექვსი წლის ბავშვსო. ის უბრალოდ სამი წლისაა“.

ადრე მოსწავლეებს ეუბნებოდნენ: თუ კარგად ისწავლი, უმაღლესში მოეწყობი, დიპლომს აიღებ და აუცილებლად იპოვი სამსახურს. ეს სიმართლე იყო. ახლა ბევრი რამ სხვანაირად არის. განსაკუთრებით საწყენია, როდესაც განათლების გამო ადამიანს უარის თქმა უწევს მისთვის მნიშვნელოვან ამბებზე.

ცხადია, დიპლომი კარგია, მაგრამ ახლა დიპლომი არაფრის გარანტიას აღარ იძლევა. ჩემი სტუდენტობის დროს დიპლომი მართლაც გეხმარებოდა დასაქმებაში და თუ არ მუშაობდი, ეს მხოლოდ შენი სურვილით ხდებოდა. დღეს კი უნივერსიტეტდამთავრებული სტუდენტები სახლში ბრუნდებიან ვიდეოთამაშების სათამაშოდ. იქ, სადაც ადრე ბაკალავრობა იყო საკმარისი, მაგისტრს ითხოვენ; მაგისტრის ადგილზე კი – მეცნიერებათა კანდიდატს. განათლების ინფლაცია იმის ნიშანია, რომ საგანმანათლებლო სტრუქტურა ფეხქვეშ გვეცლება.

მეორე პრობლემა ერთფეროვნებაა. ადამიანებს სხავადასხვა უნარები და ტალანტები გააჩნიათ, მაგრამ სისტემა ამას არ ითვალისწინებს და სულ უფრო და უფრო მეტად ახდენს განათლების სტანდარტიზაციას.

ჩვენ განათლების სისტემა სწრაფი კვების მოდელის მიხედვით შევქმენით. იქ კი ხარისხის მხოლოდ ორი მოდელი არსებობს. პირველი – სწრაფი კვება, სადაც ყველაფერი სტანდარტს არის მორგებული და მეორე, მაგალითად, სადაც ყველაფერი არასტანდარტულია და ადაპტირებული ადგილობრივ პირობებზე. განათლების სისტემაში რატომღაც სწრაფი კვების მოდელი ვამჯობინეთ. ის მორალურად გვჯაბნის და ჩვენს გონებრივ ენერგიას ისევე ასუსტებს, როგორც ფასფუდი – ფიზიკურ ჯანმრთელობას.

ბევრ ქვეყანაში განათლების სისტემა მბრძანებლური მმართველობის პრინციპით მუშაობს, თუმცა, სინამდვილეში საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობს არა სხდომის დარბაზებში, არამედ სასკოლო კლასებში, სადაც პროცესის მთავარი მონაწილენი ჩინოვნიკები კი არა, მოსწავლეები და მასწავლებლები არიან.

განათლების მართვა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მბრძანებლური მმართველობით. ის უნდა ქმნიდეს სასურველ კლიმატს შესაძლებლობების გამოსავლენად. თუკი ამ პროცესის მონაწილეებს თავისუფლებას წავართმევთ, პროცესი შეჩერდება. შეუძლებელია განათლების გაუმჯობესება, თუ მასწავლებელი მონდომებული და ნიჭიერი არ იქნება, თუ მას მუდმივ მხარდაჭერას არ გამოვუცხადებთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლე სწავლობს, სისტემამ კი ის სწავლით უნდა დააინტერესოს, უნდა გამოიყენოს  მისი ცნობისმოყვარეობა, ინდივიდუალობა და შემოქმედებითობა.

თავაქარაშვილის  ამბავი

0

ყოველთვის ეშინოდა დიდი მთავრის, ისეთი ამბები სმენოდა მასზე.

ლევან დადიანზე რაღას არ ამბობდნენ, ზოგს მართალს, ზოგსაც მონაჭორს.  სისხლიანი კაცი იყო, მკაცრი და სასტიკი, პატივმოყვარე, ჯერ იყო და პირველი ცოლი, სიყრმიდან თანამეცხედრე, ცხვირმოჭრილი გაუშვა მამასთან, ბოროტი ხმები ორივე შვილის მკვლელობასაც აბრალებდნენ, შემდეგ ბიძას ცოლი მოსტაცა და დედოფლად დაისვა. ნამდვილი ამბების გარდა გაზვიადებულიც ბევრი აღწევდა იმერეთის სამეფომდე, სადაც სამეგრელოს მთავრის სახელით ლამის ბავშვებს აშინებდნენ.

ამას ემატებოდა იმერეთის მეფისა და ლევან დადიანის გამუდმებული შუღლი და მტრობა, რის გამოც, იმერეთის მეფის კარზე გაზრდილ თავაქარაშვილს ყოველთვის სძულდა სიმშვიდის დამრღვევი მთავარი, რომელიც თავის სამფლობელოში ნამდვილ მბრძანებლად ქცეულიყო

თითქოს დადიანის ტყვეობა არ ეყოფოდა მუდამ თავის ნაწერებსა და საღებავებთან მოკირკიტე კალიგრაფს, რომ საყვარელი ძმაც დაკარგა. მას მერე, რაც სამეგრელოს იძულებითი მცხოვრები გახდა, თავისი ძმის, პაატას შესახებ ერთი სიტყვაც არ სმენია.

23 წელი ტყვეობაში, 23 წელი თავისი საყვარელი ადამიანებისგან შორს… იმერეთი, ოჯახი, საყვარელი საქმე, ხელნაწერები, ყველაფერი შორს დარჩა. ასეთი იყო ბედისწერა, ერთნი იბრძოდნენ და ამ ბრძოლით მეორეთა ბედს სამუდამოდ ცვლიდნენ.

„“დიდება სრული მყოფელსა ღმერთსა, ყოველთა შემწე მფარველს. ვეფხის ტყაოსანი თიბათვესა ცამეტსა, სრულ თვრამეტსა აგვისტოსა, ქორონიკონსა სამოცდა თორმეტ… რამ აკლდეს ნურავინ დამწყევლით. ტყვეობაშიდ ვსწერდი, ოცდა ცხრა რვეული არის, ფურცელი… ორმოცი“ – მიაწერა ხელნაწერს, რომელშსაც თითქის მთელი თავისი ცხოვრება შეალია,  თითქოს ის მინიატურები მხოლოდ სინგურით კი არა, თავისი სისხლითაც მოეხატა.

ლევან დადიანი ჩვეულებრივი, გვიანშუასაუკუნეების ტირანის თვისებებით აღჭურვილი მთავარი კი იყო, უცნაური და დაულაგებელი პირადი ცხოვრებითა და ახირებებით, მაგრამ კულტურასა და განათლებას განსაკუთრებით მფარველობდა. ეკლესიათა მშენებლობა, მოხატვა და შემკობა, განსაკუთრებით, წიგნების გადაწერაზე ზრუნავდა, მის კარზე, შეიძლება ითქვას, მჩქეფარე კულტურული ცხოვრება იყო გაჩაღებული.

ფრანგი მოგზაური, შარდენი ლევან დადიანს ასე ახასიათებს  – „ვეფხვი, რომელიც ბავშვებთან თამაშობს და ლომებთან იბრძვის. ქვეშევრდომის შემბრალებელია – ქედმაღალი და მძლევარი. ლევან დადიანზეა ნათქვამი. იეროგლიფურად შეგუებული იყო კოლხეთის მეფის ბუნებასთან ის, რაც შირად ხდებოდა მის კარავში. იგი ერთობოდა ბავშვებთან და ლეკვებთან, შემდეგ კი სასტიკ მხეცად და დიდ მებრძოლად გადაიქცეოდა ხოლმე თავის მეზობელ მთავრებსა და მეფეებთან ბრძოლის დროს.“

            თითქოს ორი მთავარი არსებობდა, ერთი-სტრატეგი, მაშენებელი, შექმნელი, მეორე – ბოროტებით სავსე, ცბიერი, სისხლიანი… ამიტომაც ყოველთვის ცდილობდა ტყვე-კალიგრაფი, აუცილებელი შემთხვევების გარდა, არსად გადაყროდა გოროზ მბრძანებელს.

„ვეფხისტყაოსანი“ ლევან დადიანს განსაკუთრებით უყვარდა, აკი მის ცოლსაც, რომელიც ერთდროულად მისი ბედისწერა, ბედნიერება და უბედურების სათავე გამხდარიყო, ნესტან-დარეჯანი ერქვა, ჭილაძის ასულს. როდესაც კალიგრაფს „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა უბრძანა, ნახატებით შემკობა და გაწყობა, რასაკვირველია, იგულისხმა კიდეც რომ მისი პორტრეტიც უნდა აღმოჩენილიყო მინიატურათა შორის. დიდი პოეტი და  დიდი მთავარი -მშვენიერი შეხვედრა საუკუნეების შემდეგ, ასეთი იყო მთავრის ამბიცია. შოთას პოემას მრავალი და მრავალნაირი მკითხველი ჰყავდა, მათ შორის, ლევან დადიანიც, რომელიც, როგორ ამბობდნენ, საქართველოს სხვა მეფეებსა თუ მთავრებთან ბრძოლის, სამეფოს საქმეების მოგვარების, ოჯახური საკითხებისგან დაღლილი პოემის საოცარ სტრიქონებს, განსაკუთრებით, ნესტანის სასიყვარულო წერილებს დიდი სიამოვნებით კითხულობდა….

კალიგრაფმა ტყვემ გადაწერა და მოხატვა დაიწყო. პოემის ავტორის, შემკვეთის-ლევან დადიანის პორტრეტების გარდა, მინიატურებს შორის თავად გადამწერლისა და კალიგრაფის, მამუკა მდივნის ავტოპორტრეტსაც იპოვით.

ეს ნუსხა ჩვენამდე შემორჩენილი უძველესი დათარიღებული ხელნაწერია,  იგი 1646 წელს გადაუწერიათ, კალიგრაფს დაწერა დაუწყია 13 ივნისს და დაუმთავრებია 18 აგვისტოს… საოცარი ხელოვნებით შესრულებული ტექსტის გარდა, ხელნაწერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მისი განსაკუთრებული მხატვრობითაა – 39 მინიატურა პოემის სხვადასხვა ეპიზოდს ასახავს.

ხელნაწერი   შეიცავს 267 ფურცელს, ნაწერია მხედრულად. იწყება ლევან დადიანის პორტრეტით, რაც მოწმობს, რომ პოემის ტექსტი მამუკამ სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის დაკვეთით გადაწერა.

ლევან მეორის გარდაცვალების შემდეგ მამუკა მდივანმა იმერეთში დაბრუნება და თავისი მოღვაწეობის გაგრძელება მოახერხა,ხოლო ქართული ლიტერატურის ისტორიას შემორჩა ეს უძვირფასესი ხელნაწერი – მძიმე ტყვეობის ფასდაუდებელი შედეგი.

ავთენტური მასალის გამოყენება უცხოური  ენის გაკვეთილზე

0

XXI საუკუნის  უცხოური ენის  გაკვეთილი განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პირველ რიგში იმით, რომ ორიენტირებულია კომუნიკაციაზე, რაც ენობრივი მასალის დასწავლა-თარგმნისა და მასალის მექანიკური დაზეპირების გზით სწავლებას არ გულისხმობს. უცხოური ენის სწავლების ძირითად მიზანს დღეს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება წარმოადგენს.  ეს ეხება ნებისმიერ უცხო ენას.

უნდა აღინიშნოს, რომ (2017 წლამდე არსებული) ეროვნული სასწავლო გეგმის უცხოური ენის სტანდარტი საერთო იყო ნებისმიერი უცხო ენისათვის, რომელიც შეიძლება სკოლაში ისწავლებოდეს. არ ჰქონდა მნიშვნელობა სწავლების დონეს, საათებისა და წლების რაოდენობას. არსებული სტანდარტი კი განსაზღვრავს  უცხოური ენის სწავლების წლის ბოლოს მისაღწევ შედეგებს სწავლების თითოეული საფეხურისათვის. მისი ახალი რედაქცია ორი ტიპის სტანდარტს გვთავაზობს: პირველი უცხოური ენისთვის (ინგლისური ენა)  და მეორე უცხოური ენისთვის (რუსული ენა, ფრანგული ენა, გერმანული ენა და სხვ.).  თუმცა ორივე შემთხვევაში,  უცხოური ენის სტანდარტი ენის ფლობის დონეების მიხედვითაა დაყოფილი. სტანდარტის საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსმენისა და კითხვის მიმართულებებში აქცენტი სასწავლო პროცესში ავტენტური მასალის გამოყენებაზე კეთდება. მესამე ეტაპზე (საშუალო საფეხურზე) მოსწავლეებს მოეთხოვებათ ავთენტური, სხვადასხვა ჟანრისა თუ ტიპის, ლიტერატურული თუ ფუნქციური ტექსტების გაგება და გაანალიზება. აქ იგულისხმება შემეცნებითი გადაცემის, დებატების, ზეპირი გამოსვლის, რეპორტაჟის, ინტერვიუს, ტელეჟურნალის, ლექციის მოსმენა-გაგება. რაც შეეხება კითხვას, მოსწავლეს მოეთხოვება  წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან),  საგაზეთო პუბლიკაციები მისთვის საინტერესო თემებზე (მაგ., ინტერნეტის/ მობილურის/მპ3-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, უსაფრთხო სკოლა, როკმუსიკა, ჯანსაღი კვება, წიგნი, კომპიუტერი და სხვა),  ტექსტები (სამეცნიეროპოპულარული სტატია, ესე, საგაზეთო პუბლიკაცია, ბუკლეტი, რეპორტაჟი, ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია, მოგონება, დღიური როგორც ავტობიოგრაფიული ტექსტი) მხატვრული ტექსტი (მოთხრობა, ნოველა, მინიატურა, პოეზიის, თანამედროვე პროზის ნაწყვეტები).

  ავთენტური მასალის გამოყენება   დაკავშირებულია ენის სწავლების თანამედროვე მოთხოვნებთან, თუმცა ამ თემამ მეთოდისტებში   აზრთა   სხვადასხვაობა გამოიწვია. რუსული ენის სწავლების მეთოდიკაში ავთენტური მასალის ცნება არც ისე დიდი ხანია რაც გაჩნდა. ტერმინმა „ავთენტური მასალა“, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა ტერმინი „ორიგინალური მასალა“, რომელიც ადრე გამოიყენებოდა. ამას გარდა, მასალის ავთენტურობის ხარისხი წარმოადგენს სერიოზულ მეთოდურ პრობლემას. ავთენტურობის ასპექტის აღწერა სხვადასხვა მიდგომითაა შესაძლებელი.

ერთი მიდგომა განიხილავს  ავთენტურობას, როგორც სასწავლო პროცესის დახასიათებას, მიჯნავს ავთენტურობისა და ორიგინალის ცნებას. ამ მიდგომის თანახმად ორიგინალურად ითვლება  არასასწავლო მიზნით ენის გამოყენების ყველა  შემთხვევა. ავთენტურობა კი განიხილება, როგორც „შემთხვევა“ სწავლების პროცესში. მაგალითად, არ არის საკმარისი  მასწავლებელმა კლასში შემოიტანოს  სტატია ჟურნალიდან ან გაზეთიდან,  აუცილებელია, მან  ეს რესურსი ავთენტურად აქციოს. სწავლების პროცესში მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს ტექსტი არა როგორც სავარჯიშო, არამედ როგორც ავთენტური საკომუნიკაციო საშუალება, რაც მას კონკრეტულ გაკვეთილზე ბუნებრივი სიტუაციის შექმნის საშუალებას მისცემს.    მეორე მიდგომით, მასალის ავთენტურობა არ უარყოფს სასწავლო მიზნებისთვის სპეციალურად შექმნილ მასალას. არსებულ მრავალფეროვან მიდგომებს შორის  ავთენტური მასალის გამოყენების მეთოდიკა გულისხმობს ისეთი მასალის გამოყენებას, რომელიც უცხოენოვანის მიერ არის შექმნილი, მაგრამ გამოიყენება ყოველგვარი ცვლილებისა და სიტუაციის მორგებაზე ორიენტირების გარეშე.

თუ ქვემოთ წარმოდგენილი ავთენტური მასალის ჩამონათვალს დავაკვირდებით, დავრწმუნდებით, რომ  ის ესგ-ის უცხოური  სტანდარტის მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია:

  • ლიტერატურული, მუსიკალური, სახვითი ნაწარმოები, ფოლკლორი, ილუსტრაციები და სხვა;
  • პრაგმატული ხასიათის მასალები, როგორიცაა, განცხადება, ანკეტა-კითხვარი, ეტიკეტი, მენიუ, ანგარიში, ქვითარი, სარეკლამო განცხადებები, რომლებიც მოსწავლეს უცხოენოვან გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება. რაც მეტად პროდუქტიულია, ვიდრე ნებისმიერი ტექსტის სახელმძღვანელოდან სწავლა.

პრაქტიკული მაგალითი.

წარმოგიდგენთ ერთ პატარა მაგალითს, რომელიც გაახალისებს და მოტივაციას აუმაღლებს თქვენს მოსწავლეებს და გაკვეთილს უფრო საინტერესოსა და შედეგიანს გახდის.

გაკვეთილის ჩასატარებლად დაგჭირდებათ ჯგუფებში დასარიგებელი სუპერმარკეტის ქვითრები. ქვითრის შერჩევისას ყურადება უნდა მიაქციოთ ნაყიდი პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც, სასურველია, იყოს მრავალფეროვანი და არ შეიცავდეს  ალკოჰოლსა და სიგარეტს.

კლასი შესაძლებელია დაიყოს 5 ან 6 ჯგუფად, სადაც დაარიგებთ სუპერმარკეტის ქვითრებს.

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს შემდეგ დავალებას. ქვითარში ჩამოთვლილი პროდუქტების მიხედვით უნდა განსაზღვრონ, რამდენი ადამიანია ოჯახში? ვინ არის მყიდველი? რა პროფესიის ადამიანები? რა გემოვნება (გასტრონომიული) აქვთ  ან ნებისმიერი სხვა კითხვა, რომლის პასუხის მოძებნა შესაძლებელი. მათ თავიანთი მოსაზრება უნდა გაამყარონ არგუმენტებით; მასწავლებელმა, შესაძლოა, მოიფიქროს ნებისმიერი სხვა ტიპის  კითხვა, რომელიც აალაპარაკებს და ფანტაზიას გაუღვივებს მოსწავლეს. ჯგუფებს განუსაზღვროს დრო, რომ ისინი მოემზადონ საკუთარი ვერსიების წარსადგენად. საინტერესო ისაა, რომ ჯგუფებს ერთნაირი შინაარსის ქვითრები არ შეხვდებათ. ამიტომ ერთმანეთის მოსმენა არ იქნება მოსაბეზრებელი. ჯგუფების პრეზენტაციის შემდეგ, რაიმე კონკრეტული გრამატიკული კონსტრუქციის გამოყენების მიზნით, მასწავლებელმა შესაძლოა მისცეს კონკრეტული წერითი დავალება. მაგალითად, დაწერონ ადამიანის ან ოჯახის დახასიათება,  რაიმე ამბავი ან საყვარელი მენიუ, რის საშუალებასაც ქვითრის ჩამონათვალი მისცემს. სასურველია, ისეთი დავალების მიცემა, რომლის შესრულება დამოუკიდებლად შეეძლებათ. რა თქმა უნდა, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს სწავლების საფეხური, დონე და ასაკობრივი ჯგუფი. ამ აქტივობის ჩატარება შესაძლებელია საშუალო საფეხურზეც. მასალის სირთულის გათვალისწინებით შესაძლებელია დავალების გართულება და შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების გამოყენებაც. ეს ძალიან მარტივად ჩასატარებელი აქტივობა გაახალისებს გაკვეთილს, მოსწავლეებს დაგროვილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.

  საინტერესო და მნიშვნელოვანია ავტენტური  ვიდეო- და აუდიოვიზუალური რესურსის  გამოყენება. ეს შეიძლება იყოს ახალი ამბები, ამინდის პროგნოზი, საინფორმაციო განცხადებები სადგურებსა და აეროპორტებში და სხვ. ეს მასალა ფასეულია იმით, რომ წარმოადგენს თანამედროვე ენის ნიმუშს და ამავე დროს  ქმნის ყოველდღიურობის ილუზიას, რაც ხელს უწყობს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებას.

მეთოდური ლიტერატურის თანახმად, სასწავლო პროცესში ავთენტური მასალის გამოყენების უპირატესობები:

  • ავთენტური მასალის გამოყენება ენობრივ რეალობაში კომუნიკაციის ტოლფასია;
  • ავტენტური მასალის გამოყენებით მცირდება უცხოენოვანი რეალობის დამახინჯებისა და რეალობიდან მოწყვეტის საშიშროება;
  • აღწერილი იდეები და მოსაზრებები ასახავენ კონკრეტული საზოგადოების, კულტურის  რეალობას;

მეთოდისტებმა შეიმუშავეს ავთენტური სასწავლო ტექსტების პარამეტრები. მათი მოსაზრებით, ასეთი ტექსტები წარმოადგენს   ავთენტურ დისკურსს, რომელიც წარმოადგენს ბუნებრივი ლექსიკური ელემენტებისა და გრამატიკული ფორმების, სიტუაციების  ერთობლიობას.  ავთენტურ მასალას ისინი მიაკუთვნებენ პირად წერილებს, ანეკდოტებს, სტატიებს, რეკლამას, კულინარულ რეცეპტებს,  ზღაპრებს, სხვადასხვა ტიპის ტექსტებს. თუმცა, მიუხედავად, ასეთი ტიპის მასალის გამოყენების უპირატესობისა, ერთიანი ხედვა ამ მიმართულებით მაინც არ არის. არსებობს აზრი, რომ ხელისშემშლელი ფაქტორები ასეთი მასალის ხშირად გამოყენებისა არსებობს:

  1. ვიზუალური, ვერბალური და ხმოვანი ინფორმაციის დიდი რაოდენობა, რომლის მოცვა ერთი გაკვეთილის ფარგლებში რთულია;
  2. თემატური მრავალფეროვნება, რომელიც ყოველთვის არ არის თანხვედრაში ლექსიკურ მასალასთან;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესში  ავთენტური ვიდეომასალის გამოიყენება მნიშვნელოვანია საინფორმაციო, სამოტივაციო, სამოდელო, ინტეგრირებული და განმავითარებელი მიზნით. ავთენტური ვიდეომასალის შერჩევისას გასათვალისწინებელია ენობრივ-შინაარსობრივი და მოსწავლეთა მომზადების თანხვედრა, მასალის აქტუალობა, გახმოვანების ხარისხი, მხატვრული  გაფორმება. ეს ყველაფერი შესაბამისობაში უნდა იყოს სასწავლო მიზნებთან და ამოცანებთან. სასურველია, ყურადღება მიექცეს აუდიო და ვიდეომასალის სპეციფიკას, სოციოკულტურული შინაარსის გათვალისწინებას. ამასთანავე, შესაძლებელია არასასწავლო მიზნებისთვის შექმნილი ტექსტების გადამუშავება და ისე გამოყენება. ასეთი ტექსტები ლიტერატურაში მოხსენიებულია, როგორც ნახევრადავთენტური,  რედაქტირებული ავთენტური ტექსტი, ავთენტურთან მიახლოებული ან სასწავლო-ავთენტური ტექსტი. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ   თანამედროვე უცხოური ენის შესწავლისას სასურველი და ეფექტიანია ისეთი მასალის გამოყენება, რომელიც შერჩეულია კულტურული თავისებურებებისა და თანამედროვე ცოცხალი ენობრივი ნორმების გათვალისწინებით. არასწორი იქნება, მედიის როლის დაკნინება უცხოური ენის ათვისების საქმეში. მედიების გამოყენება სასწავლო პროცესში აიოლებს და სრულყოფს გაკვეთილს, მინიმუმადე დაჰყავს მშობლიური ენის გამოყენება, მრავალფეროვანი მეთოდებისა და ხერხების გამოყენების საშუალებას იძლევა და დადებითად მოქმედებს მოსწავლეთა მოტივაციაზე.

როგორ გავხადოთ სადამრიგებლო კლასთან პირველი და ბოლო შეხვედრა დაუვიწყარი

0

სადამრიგებლო კლასთან ურთიერთობა, მოსწავლეთა შესახებ  ყველაფრის ცოდნა,  მათთან ქცევის წესების ჩამოყალიბება  მნიშვნელოვანია  ნებისმიერი დამრიგებლისთვის.  დამრიგებელზეა დამოკიდებული, როგორ წარმართავს სიტუაციას.

ჩვენ, ყველას, გვინდა ზღაპრული ცხოვრებით ვიცხოვროთ. არა აქვს მნიშვნელობა, დიდები ვართ თუ პატარები. გავხადოთ ჩვენი მოსწავლეები ზღაპრის პერსონაჟები. ჩვენც ჩავერთოთ და  ზღაპრის ერთ-ერთი პერსონაჟი განვასახიეროთ.

ვიზრუნოთ, რომ ოთახში, სადაც ჩვენი კლასის საათი ტარდება, იყოს რამდენიმე დაფა. ჩვენი ზღაპრის გმირები ჩვენ თვითონ შევქმნათ, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე. ეს გმირები შეიძლება იყვნენ:

1)დედა თაგვი, თავზე ფრაზით:  მოდი, ერთად გავუმკლავდეთ ამ რთულ ამოცანას!

2)დიდი ზომის წრუწუნა, თავზე ფრაზით: ვიყოთ მეგობრულად!

3) ტომი თავზე ფრაზით:  ჯერი, მოდი ერთად გავუმკლავდეთ ამ რთულ ამოცანას!

4) გმირი  ჭოგრიტით.

ამ ტიპის პერსონაჟი-გმირები შეგვეფერება ჩვენ,მასწავლებლებს იმ მარტივი მიზეზით, რომ მოსწავლეებმა იგრძნონ ჩვენი თანადგომა.

როგორი უნდა იყოს ნახატები კლასის საათისთვის, რომელიც ემსახურება მოსწავლეების გაცნობას და მათი ინტერესების გაგებას?

მოსწავლეებს ვაჩვენოთ:

1)წრუწუნა,რომელიც ცეკვავს.

2დონალდი ფოტოაპარატით.

3)სპანჩბობი ფუნჯითა და პალიტრით.

4)მიკი მაუსი ბურთით.

5)მინი მაუსი ბურთით.

6)პატრიკი, ჭადრაკის ფიგურებზე მეოცნებე.

7)ბარბი მიკროფონით.

8)ჩექმებიანი კატა მიკროფონით.

მთავარია ეს ნახატები ასახავდეს ყველა იმ  მახასიათებელს, რაც მოსწავლის ინტერესს შეესაბამება.

  ნახატები დაფაზე დავამაგროთ მაგნიტით ისე, რომ არ ჩანდეს. რომ არ აგვერიოს,  ყველა   დავნომროთ. დავიწყოთ იმ პერსონაჟებით, რომლებსაც  ჩვენ განვასახიერებთ  და ვიკითხოთ!  ვინ შეიძლება  იყოს ეს? თუ ვერ გამოიცნობენ, მივანიშნოთ და მივახვედროთ.

დავიწყოთ იმ პერსონაჟების გადმობრუნება, რომლებიც ბავშვებს წარმოადგენენ.  ჩავინიშნოთ, რომელთან გააიგივებენ თავს. წავახალისოთ,  შევაქოთ კარგი გატაცებებისთვის,  კლასგარეშე აქტიურობისთვის.

შედეგად, გვეცოდინება, ვინ რითია დაკავებული და ბავშვებიც დადებითად განეწყობიან ჩვენ მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქმედება, თითქოსდა, არასერიოზულია, ვმართოთ სიტუაცია ისე,  რომ ყველა მოსწავლემ თავი სერიოზულ გარემოში იგრძნოს.  ჩვენი ბოლო პერსონაჟი იყოს გმირი ბევრი წიგნით.  ეს იქნება ჩვენი სურვილი  ბავშვებისადმი.

მეორე კლასის საათი ჩავატაროთ ქცევის წესების შემუშავებაზე და იმის გააზრებაზე,რა არის კარგი და რა ცუდი.

დასაწყისი, რომ ეფექტური გამოგვივიდეს, აუცილებლად გავიხსენოთ ყოფილი მოსწავლეები, რომლებიც წარმატებულნი არიან, პროექტორით ვაჩვენოთ საინტერესო ადგილებში გადაღებული მათი ფოტოები, თუ გვაქვს მათთან  ურთიერთობა, გავაცნოთ მათი აზრი კარგ საქციელზე,  წიგნიერებაზე და ასე შემდეგ.

დავიწყოთ ზღაპრის პერსონაჟების შემოყვანა.

პირველი პერსონაჟი იყოს სამთავიანი გველეშაპი, რომელიც შევუსაბამოთ წარმატებულ    მოსწავლეებს და გამოვთქვათ სურვილი, რომ ისინიც ასეთები გახდნენ. (სამი თავი ნიშნავს მრავალმხრივ განათლებას)

 ამის შემდეგ წინასწარ მომზადებული ნახატები დავყოთ კატეგორიებად. ეს კატეგორიებია:

1)რა არის ცუდი გაკვეთილზე?

2)რა არის ცუდი შესვენების დროს?

3)რა არის კარგი გაკვეთილზე?

4)რა არის კარგი შესვენების დროს?

გაკვეთილზე ცუდი შეიძლება იყვნენ პერსონაჟები:

  • მეოცნებე ბარბი, თავზე ფრაზით: რა ჩახლართულია ყველაფერი!
  • ,,აბა, დამაცადეს’’ მგელი, თავზე ფრაზით: რა ჩახლართულია ყველაფერი!
  • წრუწუნა ბალიშით(ანუ ძილზე ოცნება)
  • ასევე, ვარდისფერი დათუნია, თავზე ფრაზით: ამას რა გამოთვლის, ცოტას წავუძინებ.
  • პინოქიო თავზე ფრაზით: სად არ დადიან ეს ჭიანჭველები? ანუ მოუსვენრად ყოფნა
  • დონალდი, თავზე ფრაზით: ჩემი ტვინი ამას ვერ აიტანს!
  • ტომი და ჯერი,თ ავზე ფრაზით: ხან ესაო, ხან ისაო (ანუ გადალაპარაკება)
  • ციყვი თავზე ფრაზით: რიცხვებს ციფრებით ვერ ვწერ და ამ სამკუთხედებით რა გავიგო!!
  • პლუტო ფრაზით: რა სასაცილო ამოცანაა!
  • არხეინად მყოფი გუფი ფრაზით: ვაა, მგონი ადვილია!
  • დონალდი ფრაზით: ეჰ, ახლა ბურთი მომცა!
  • ჯერი ფრაზით: მგონი გამოვიცანი, უცოდინარ ტომის კი არ ვგავარ!(ანუ დაცინვა)

კარგი პერსონაჟები შეიძლება იყვნენ:

        1)საყვარელი სპილუკა ფრაზით-ნეტა რა რიცხვია?

        2) პლუტო თავზე ფრაზით- უნდა დავფიქრდე.

        3) გუფი ფრაზით-დაფიქრებაა საჭირო.

         4) მიკი მაუსი ფრაზით- მაინც გამოვიცნობ!

          5)რომელიმე ლამაზი გმირი კითხვის ნიშნებით თავზე

          6)ტომი და ჯერი, ტომი უხსნის ჯერის რთულ საკითხებს(წყვილებში მუშაობის დროს).

ამჯერად ნახატები ხელში გვეჭიროს და ბავშვებს მივცეთ არჩევანის საშუალება. აირჩიონ, კარგია ეს თუ ცუდი. დაფა  დაყოფილია   4 ნაწილად და ბავშვების გადაწყვეტილებით  ნახატებს დავამაგრებთ სათანადო ადგილას.

ბოლოს შევიმუშაოთ ქცევის წესები და გამოვაკრათ თვალსაჩინო ადგილას.

სკოლის დამთავრების დღეს ჩვენ შეგვიძლია მოსწავლეები ბავშვობაში დავაბრუნოთ. ამჯერად ჩვენი ნახატები რებუსებად უნდა ვაქციოთ. დავფიქრდეთ მათ სახასიათო ნიშნებზე: ვინ იყო კლასის პაპარაცი?  კლასის ბარბი,  რომელიც საჭესთან პირველი დაჯდა? გოგონა ან ვაჟი ყოველთვის მოწესრიგებული? პროფესიონალი პოეტი ? მუსიკოსი? მოცეკვავე,?  მსახიობი? კლასის ხულიგანი? სპორტის სახეობით  გატაცებული? წიგნის ჭია? განსაკუთრებული იუმორის მქონე მელომანი!

ურ1

დავნომროთ ნახატები და  მივამაგროთ დაფაზე.

ვიქონიოთ რამდენიმე დაფა, ერთ-ერთი საჭადრაკო დაფა უნდა იყოს, რომელზეც მოვათავსებთ ფოტოსურათებს : წარმატებები, ექსკურსიები, კლასის ღონისძიებები, მნიშვნელოვანი მომენტები. სურათებთან ერთად მოვათავსოთ წარწერა: ცხოვრება საჭადრაკო დაფაზე თამაშს ჰგავს- ხან მოიგებ,ხან წააგებ, გისურვებთ ღირსეულად გააგრძელოთ თამაში.

დავიწყოთ ზღაპრის მოყოლა. პირველი ფურცელი, რომელსაც გადმოვაბრუნებთ იქნება ტექსტით: იყო და არ იყო რა.  იყო ერთი ანცი და მოუსვენარი მეოთხე კლასი …

ავუხსნათ, რომ მათ წინ გამოსაცნობად ელოდებათ რებუსებად ქცეული ზღაპრის გმირები. ისინი ასეთი შეიძლება იყვნენ:

1)წრუწუნა, რომელიც ცეკვავს.

2დონალდი ფოტოაპარატით.

3)სპანჩბობი  ფუნჯით და პალიტრით.

4) მიკი მაუსი ბურთით.

5) მინი მაუსი ბურთით.

6) პატრიკი ჭადრაკის ფიგურებზე მეოცნებე.

7) ბარბი მიკროფონით.

8) ჩექმებიანი კატა მიკროფონით.

9) დონალდი მუდმივად მზადმყოფი დავალებების შესასრულებლად (ანუ ვინმე მოწესრიგებული)

10) მგელი, აბა, დამაცადედან .

11) წრუწუნა,თავზე ფრაზით:დღეს საჭიდაოდ მივდივარ.

12) 1)საყვარელი სპილუკა ფრაზით „ნეტა რა რიცხვია“?

        2) პლუტო თავზე ფრაზით „უნდა დავფიქრდე“!

        3) გუფი ფრაზით “დაფიქრებაა საჭირო“!

         4) მიკი მაუსი ფრაზით“ მაინც გამოვიცნობ“!

13)ტომი და ჯერი: ტომი უხსნის ჯერის რთულ საკითხებს(რომელიმე ორი კარგი მეგობარი)

14) დაძინებული წრუწუნა, რომელიც ძილშიც  მუსიკოსობაზე ოცნებობს(მელომანი მოსწავლე)…

და ასე შემდეგ.

ურ2

მათი სასკოლო ცხოვრება წარმოუდგენელია მასწავლებლის გარეშე , ამიტომ ჩავრთოთ  მასწავლებლებიც და ვისაუბროთ მათ შესახებ .  დავიწყოთ საკუთარი თავით.

აი, ჩვენი გმირის შესაძლო ვარიანტები:

1)დედა თაგვი,თავზე ფრაზით: მოდი ერთად გავუმკლავდეთ ამ რთულ ამოცანას!

2)დიდი ზომის წრუწუნა თავზე ფრაზით: ვიყოთ მეგობრულად!

3)ტომი და ჯერი თავზე ფრაზით:ჯერი,მოდი ერთად გავუმკლავდეთ ამ რთულ ამოცანას!

4)გმირი ჭოგრიტით.

ისინი მაშინვე ამოიცნობენ  ჩვენს გმირს.

მასწავლებლებიდან გამოვყოთ სამეული, რომლებსაც შევუსაბამებთ ზღაპრის გმირებს, მაგალითად გოჭუნებს ან კეთილ ფერიებს.

სამეული შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეების შემთხვევაშიც. მაგალითადისინი დავყოთ:  მოცეკვავეთა, მეოცნებეთა, სისხლის გამშრობთა, პოეტთა, ლიტერატორთა, ინტელექტუალთა სამეულებად. ესეც  ერთგვარი რებუსი იქნება.

ვიქონიოთ გაკვეთილზე შავი ყუთი, რომელშიც მოვათავსებთ შავ  სათვალეებს და სათამაშო თოფებს. დავსვათ კითხვა: რა დევს შავ ყუთში თუ აქ მოთავსებული ნივთები იდეურად შეესაბამება ამ წარმატებულ მოსწავლეებს? პასუხები სავარაუდოდ, ასეთი იქნება: წიგნი, რვეული, უბის წიგნაკი და ასე შემდეგ. გადმოვაბრუნოთ ჩვენი ზღაპრის ბოლოს წინა ფურცელი, რომელზეც იქნება გამოსახული ძაღლუკა შავი სათვალეებით, ხელში თოფით და თავზე ფრაზით: ხომ დავბომბეთ საგანმანათლებლო სივრცე. ვთხოვოთ მათ განასახიერონ იგივე. ეს იქნება კადრი, რომელსაც დავარქმევთ: საგანმანათლებლო სისტემის ,,მაგარი’’ ბიჭები და გოგოები.

ბოლო ფურცელზე  კი ეწერება:,,ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა“.

არ არსებობს ორი ერთნაირი კლასი, ორი ერთნაირი მოსწავლე, ამიტომ ჩვენი შერჩეული გმირები მათ უნდა მოვარგოთ, ვიპოვოთ და დავინახოთ განსხვავებები, მთავარია  არავინ გამოგვრჩეს, არ დავივიწყოთ, რომ ეს მათი ბოლო დღეა სკოლაში მოსწავლის ამპლუაში.    სასურველია სკოლის დირექტორიც ჩავრთოთ წარმოდგენაში- ეს იქნება პერსონაჟი ხელში ტრაფარეტით „მეამაყებით!“ ან „გილოცავთ!.“

როგორ შევაფასოთ – ნიშნით თუ უნიშნოდ?

0

სკოლებში ნიშნებით შეფასებაზე მსჯელობისას ვირტუალურ თუ პირად საუბრებში ბევრი კარგი პედაგოგი ღიად აცხადებს, რომ შეფასება მისი ყველაზე სუსტი წერტილი, აქილევსის ქუსლია. ყველამ ვიცით, თეორიულად შეფასების პრინციპების ცოდნა და ის, რომ ნიშნები სამართლიანობასა და ობიექტურობაზე, სიზუსტესა და გონივრულობაზე, სწორ განსჯასა და პროფესიონალიზმზე უნდა დავაფუძნოთ, მაგრამ შესასწავლი მასალის მოცულობა, კლასში მოსწავლეთა რაოდენობა და მათი საჭიროებების მრავალფეროვნება, დროის სიმცირე თუ  ბევრი სხვა მიზეზი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსწავლის ცოდნა, მისი სააზროვნო უნარების განვითარება ზუსტად, სრულყოფილად შევაფასოთ და ჩვენ მიერ ბავშვისთვის დაწერილი ესა თუ ის ნიშანი ჩვენივე ქმედების მსაჯულად, მკაცრ შემფასებლად არ გადავაქციოთ.

ბავშვების ამა თუ იმ ქულით შეფასებისას საკუთარ თავს ალბათ ყველა მასწავლებელი მკაცრად აკონტროლებს და ცდილობს, ზემოთ მოხმობილ პრინციპებს არ გადაუხვიოს, ზუსტად, ზედმიწევნით ასახოს ქულა და პირნათელი იყოს როგორც მოსწავლის, ისე საკუთარი თავის წინაშე. მიუხედავად ამისა, ხშირად მოძულებული თავკიდური ლოდის პოზიციაში ისევ ჩვენ აღმოვჩნდებით ხოლმე, რადგან არასასურველი ნიშნის გამო მოსწავლე ან ტირის და მშობელსაც ანერვიულებს, ან ბრაზობს და მშობელსაც ბრაზით აღავსებს ხოლმე. ბრაზმორეული მშობელი ძალიან ხშირად უკონტროლოა, მიმართავს დირექციას, რომელიც თავის მხრივ, „გამღიზიანებელ“ პედაგოგს მიადგება და დათმობაზე წასვლას სთხოვს, რადგან  სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება გვაქვს. მასწავლებელი ან არბილებს თავის პოზიციას და მზადაა, პრეტენზიულ მოსწავლეს იმაზე მაღალი ქულა დაუწეროს, ვიდრე იმსახურებს, ან პოზიციას არ ცვლის და, შესაბამისად, ყველას პრობლემას უქმნის. სხვათა შორის, ამგვარი შემთხვევა არაერთია არა მხოლოდ სასკოლო, არამედ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, სადაც არცთუ იშვიათად მოიძებნება ხოლმე მოსწავლე ან სტუდენტი, რომლის ობიექტური შეფასება კვალიფიციური პედაგოგის ან ლექტორის სამსახურიდან წასვლის მიზეზი გამხდარა.

პედაგოგებს ან დირექციის წარმომადგენლებს გამოცდილება ხშირად ათქმევინებს: „მოუმატე ნიშანი, შენც დაისვენებ, მოსწავლეც და მშობელიცო“. განსაკუთრებით სასწავლო წლის დასაწყისში, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეს არ იცნობს კარგად და, პირიქით, მოსწავლე – მასწავლებელს. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელიც ჩვენს სკოლებში სუფევს და რომლიდან საუკეთესო გამოსავლის საძებნელად არც დრო გვყოფნის და არც ის გარემო გვეხმარება, რომელსაც დიდი ძალისხმევითა და  მონდომებით ვქმნით ხოლმე.

რატომ? – იმიტომ, რომ ქვეყანაში არასაკმარისად კარგი, არასაკმარისად ნათელი, არასაკმარისად პრაქტიკული და შედეგზე გათვლილი შეფასების სისტემა გვაქვს და თუ იოანე დამასკელის ან აინშტაინის ლოგიკას მოვიშველიებთ, გამოდის, არასაკმარისად კარგი – ცუდია, არასაკმარისად ნათელი – ბნელი, არასაკმარისად პრაქტიკული გამოუყენებელია და არასაკმარისად შედეგზე გათვლილი – არავალიდური და ფუჭია. ამიტომ იგი აუცილებლად ითხოვს გადაფასებას, შეცვლას თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენს პირობებში მოსწავლის შეფასება ცოდნის დონეზეც კი რთულია, რადგან ცოდნის ცნება არასათანადოდ არის გააზრებული. უკანასკნელი წლების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცოდნის სამი კატეგორიაა წარმოდგენილი. ესენია: დეკლარატიული, პროცედურული, პირობისეული. ჩვენს წერილში ვერბალიზმსა და ნეგატიური დემოსტრაციულობის შესახებ ვწერდით, რომ ბევრი ლექსის, განმარტების, თეორემის, კანონის დახსომება სულაც არ ნიშნავს ცოდნას, რადგან ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს მართლაც ბევრი რამ ახსოვს, მაგრამ არ შეუძლია მიღებული ცოდნის შესაბამის სიტუაციაში გამოყენება. გამოდის, ცოდნის მხოლოდ და მხოლოდ პირველ კატეგორიაზე ვრჩებით და მიღებული ცოდნის ადეკვატურად გამოყენების პროცესს თითქმის არ მოვიაზრებთ, ანუ არ ვაკავშირებთ ცოდნის ფუნქციურ გამოყენებას დინამიკასთან. ამიტომაც დღესაც სწავლება-სწავლა და მოსწავლეთა შეფასება მხოლოდ სტატიკურ დონეზე მიმდინარეობს და არ ითვალისწინებს ცოდნის ცნების ადეკვატურ გაგებას.

იან ამოს კომენსკის ნაშრომში „კარგად მოწყობილი სკოლის კანონები“ ცოდნის პროცედურული და პირობისეული გაგება მთელი სიცხადითა და პრინციპულობითაა წარმოდგენილი. განმანათლებლის აზრით, ცოდნა არის ის, რის გამოყენებაც შეუძლია ადამიანს: „მხოლოდ ლაპარაკი რომ ვასწავლოთ და ამასთან ერთად არ ვასწავლოთ გაგება (ე.ი ვასწავლოთ ენა საგნების გაგების გარეშე) – ეს იმას ნიშნავს, რომ არ სრულვყოთ ადამიანის ბუნება, არამედ მივცეთ მას გარეგნული, ზერელე მორთულობა.  ვასწავლოთ საგნების გაგება, მაგრამ ამავე დროს არ ვასწავლოთ მოქმედება – ფარისევლობის ერთ-ერთი სახეა: თქმით ვთქვათ, მაგრამ არ გავაკეთოთ… ბოლოს გვესმოდეს და ვაკეთებდეთ საგნებს, ნახევრად უვიცობაა… სკოლამ უნდა წარმართოს გონება საგნების შესწავლით იმგვარად, რომ ყველგან დაცული იყოს სარგებლობა…“.

„იცის, მაგრამ არ ახსოვს“,  „ახსოვს, მაგრამ არ იცის“ – ამ ტიპის მაგალითები არაერთია  სკოლის ცხოვრებაში. მაგალითად, თუკი მოსწავლეს ახსოვს, რომ ალუდა ქეთელაურს „სიტყვა მოუდის გზიანი“ – ეს დეკლარატიული ცოდნაა, თუკი ის ამ ცოდნას ვერ დააკავშირებს ალუდას საქციელს მუცალთან ან თემთან მიმართებით. გამოდის, მან არ იცის ალუდას პიროვნება და, შესაბამისად, საკითხი. მაგ., მოსწავლეს ახსოვს დიდგორის ბრძოლის თარიღი ან მონაწილე მხარეები (დეკლარატიული ცოდნა), მაგრამ ვერ განმარტავს, რამ გამოიწვია ამ ბრძოლის წარმატება ქართველთათვის, გამოდის, მან საკითხი არ იცის, რადგან ცოდნას ვერ ასახავს პროცედურულად და ვერ პასუხობს კონკრეტულ პირობას, ცოდნის ამოცანას;  თუკი მოსწავლემ იცის, რომ სამკუთხედის შიდა კუთხეების ჯამი უდრის 2d-ს, ეს დეკლარატიული ცოდნაა, მაგრამ თუ ის ამ თეორემას ვერ დაამტკიცებს, ვერ განმარტავს, რას ნიშნავს ერთი d, ჩავთვალოთ, რომ მან საკითხი არ იცის, რადგან არ ერგება ცოდნის პროცედურას და ვერ პასუხობს კონკრეტულ პირობას, ცოდნის ამოცანას. ჩვენში არსებული საგაკვეთილო ფორმატი კი ნაკლებად იძლევა აზროვნების პირამიდის დონეების შესაბამისად ცოდნის გადაცემის თუ სათანადოდ შეფასების საშუალებას. შედეგად ვიღებთ მოსწავლეებში სწავლისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკებს და არა პოზიტიური დამოკიდებულების შექმნის საშუალებას, რაც იმთავითვე მოითხოვს სწავლებაში მოსწავლეთა აქტიურობისა და შეგნებულობის მოთხოვნების დაცვას და გამორიცხავს მექანიკური დაზეპირებით ინფორმაციის დამახსოვრებას.

პრობლემის გადაჭრის გზად ვერც ნიშნების კვალიფიციურად  წერის ინსტრუქციები გამოგვადგება [ნოზაძე 2017] და ვერც  სკოლაში შეფასების სანდოობისა და ვალიდურობის დადასტურების კარგად გამართულ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით [კობახიძე 2016].

ამ ხარვეზს ალბათ მხოლოდ ნიშნებით ყოველდღიური შეფასების შეცვლა და რეიტინგულ-დაგროვებითი სისტემის დანერგვა თუ მოაგვარებს. იგი  მსოფლიოს მრავალი ქვეყნის განათლების სფეროში ეფექტურად გამოიყენება  მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან. რეიტინგი ადამიანთა მიერ შესრულებული საქმიანობის ხარისხის, შედეგების განსაზღვრისა და შედარების საშუალებას იძლევა და ყოველთვის გულისხმობს ჯანსაღ კონკურენციას, თანამშრომლობით შეჯიბრს. ამდენად, ფართოდ გამოიყენება მოსწავლეებისა/სტუდენტების, პედაგოგების და სხვათა შესაფასებლად. რეიტინგი (rating – ინგლისურად) შეფასებას ნიშნავს.

       მოსწავლეთა მიერ შესრულებული სამუშაოები  განსხვავებულ ძალისხმევას მოითხოვს, აქედან გამომდინარე, რეიტინგის დადგენისათვის საჭიროა „წონათა“ განსაზღვრა, რადგან სხვადასხვა საქმიანობას განსხვავებული ღირებულებითი მნიშვნელობა აქვს. მოსწავლეთა შეფასების რეიტინგული მოდელი ტრადიციული შეფასების სისტემაში ხარვეზების გამოსწორების ან ზოგიერთი მათგანის “განეიტრალების” საშუალებას იძლევა,      მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმებისა და შეფასების დროს მთავარია არა ქულების რაოდენობის (ხუთბალიანი, ათბალიანი და სხვა) გაზრდა ან შემცირება (რადგან ყოველთვის აღმოჩნდება ციფრთა გარკვეული რაოდენობა, რომელსაც შეფასების დროს მასწავლებელი ვერ გამოიყენებს (მაგალითად, ათბალიან სისტემაში „1“, „2“, „3“ და „4” ან ხუთბალიან სისტემაში „1“ და „2“  და სხვა). შესაბამისად, ეს ციფრები მოსწავლის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ვერ მოგვცემს), არამედ აუცილებელია მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეფასების მიზნებისა და პრინციპების ძირეული ცვლილება.

      ამერიკისა და ევროპის სკოლებში უკვე დიდი ხანია შეიცვალა ნიშნებით (ქულებით) შეფასების სისტემა. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება. ამისათვის კი შეფასების მრავალფეროვან მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებენ, რითაც ხელს უწყობენ მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას და კრიტიკული აზროვნებისათვის სასურველი სასწავლო გარემოს ორგანიზებას (Assessment, Evaluation, and Curriculum Redesign).  ამერიკისა  და ევროპის სკოლები  თავად ირჩევენ შეფასების სისტემას, ადგენენ შეფასების კრიტერიუმებს, შეიმუშავებენ ტესტებს, დავალებებს, პროგრამებს. სკოლა არის დეცენტრალიზებული. მისი ანგარიშვალდებულება მხოლოდ მოსწავლეთა სახელმწიფო (შემაჯამებელი შეფასება) გამოცდით განისაზღვრება (Rules and regulations 2011/2012- European School Strasbourg).

ფინეთში საბაზო საფეხურის ჩათვლით მხოლოდ განმავითარებელი შეფასება არსებობს. სკოლაში არ არსებობს ნიშნებით შეფასება  მეცხრე კლასის ჩათვლით. ალბათ, შეფასების მოცემული სისტემის დამსახურებაა, რომ მოსახლეობის წიგნიერების დონის მიხედვით ფინეთი  მსოფლიოს ლიდერია. აქ დაწყებით და საბაზო საფეხურზე (I-IX კლასები) „უნიშნო“ სწავლებაა. სკოლაში დადგენილია შიდა, კლასიდან კლასში გადასაყვანი, სტანდარტები. საჭიროების შემთხვევაში იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და პროგრამა მოსწავლეებში კითხვისა და გაგების უნარების გასაუმჯობესებლად. ისინი მხოლოდ მე-9 კლასში აბარებენ სახელმწიფო გამოცდას და მხოლოდ მისი წარმატებით დამთავრების შემდეგ ეძლევათ კოლეჯში ჩაბარების უფლება. მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმებისა და შეფასების დროს დიდი ყურადღება ექცევა კითხვის, წერისა და საკითხის გაგების უნარების შეფასებას, რომლის საფუძველზეც სასწავლო პროცესში ჩართულობისა და მიღწეული შედეგების დაბალი მაჩვენებლებით გამორჩეული მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად გეგმავენ სწავლის პროცესს, დელეგირების მეშვეობით უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და სისტემატურად ზრუნავენ თვითგანათლებაზე. ასეთი ტიპის მონიტორინგი და შეფასება პედაგოგიური პროცესის განუყოფელი ნაწილია და საშუალებას აძლევს მასწავლებელს, სასწავლო პროცესში არსებული მიღწევებისა და ნაკლოვანებების გამომჟღავნების საფუძველზე სწორად წარმართოს მუშაობა.

შორს რომ არ წავიდეთ,  ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში  საქართველოში, ჩემთვის ესოდენ მშობლიურ და საამაყო პირველ ქართულ გიმნაზიაში ყოველდღიური შეფასებისთვის უნიშნო, განმავითარებელი მოდელი მოქმედებდა. ქულით შეფასება ხდებოდა მხოლოდ გამოცდებზე („ეკზამენებზე“) სემესტრების ბოლოს. აკი აქ მოღვაწე და შემდგომ ქალთა გიმნაზიის დამაარსებელი დიმიტრი უზნაძე „აღზრდის ტრაგედიას“ უწოდებს  განათლების ისეთი სისტემის არსებობას, რომელშიც ნიშანი უარყოფით ზეგავლენას ახდენს მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, რადგან ამ ტიპის შეფასება მოსწავლეებში იწვევს მთელ რიგ ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ დარღვევებს და მოზარდის ფსიქოსოციალური ადაპტაციის ხელისშემშლელ ფაქტორებად ითვლება. დ. უზნაძის ქალთა სკოლაში მასწავლებლები მოსწავლეთა წარმატებებისა და წარუმატებლობების შესახებ ინფორმაციას ნიშნების ნაცვლად თავიანთ რვეულებში ინიშნავდნენ. მათი გაანალიზების საფუძველზე აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს აძლევდნენ რჩევებს პრობლემების აღმოსაფხვრელად. ასეთმა მიდგომამ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო, სკოლაში გაიზარდა სწავლის ხარისხი, თუმცა კი სკოლის მუშაობა გართულდა. დ. უზნაძის აზრები საკმაოდ პროგრესული იყო, მაგრამ როგორც ყველა ტოტალურ სახელმწიფოში, მიუხედავად იმ მნიშვნელოვანი მიღწევებისა, რაც ამ სკოლას ჰქონდა, პროგრესული აზრი დაიკარგა. Dmitry Uznadze www.ibe.unesco.org

ეს გამოცდილება უკუსაგდები როდია, პირიქით, მეტისმეტად საშური და ყურადსაღებია, მით უფრო, როცა ვიცით, რამდენი საზოგადო მოღვაწე და დიდი პიროვნება აჩუქა ამ გიმნაზიებმა ერს. იქნებ იმიტომ, რომ აქ ცოდნისთვის აფასებდნენ და არა – ნიშნებისთვის?! იქნებ იმიტომ, რომ შეფასება კი არ მიაჩნდათ სასწავლო პროცესის დასკვნით აქტად, არამედ  მუდმივი ძიების შემოქმედებითი პროცესი, რომელმაც უამრავი მისაბაძი ადამიანი აჩუქა ერს. ამდენად, დროა, უკუვაგდოთ ნაკლი და მანკიერება მოსწავლეთა შეფასებისას და ავირჩიოთ ის მშვენიერი მოდელი, რომელიც აზროვნებას, შემოქმედებას გაუხსნის გზას და ამ გზაზე კვლავაც უამრავ კარგ პიროვნებას, ერის მოამაგესა თუ ბურჯს წარმოაჩენს.

გამოყენებული რესურსები:

  1. ი.კიკვაძე, მოსწავლეთა ცოდნის განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება, ბათუმი, 2013.
  2. თ. კობახიძე, სწავლის შედეგების შიდაშეფასება (ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სკოლაში, ნაწილი I, II, III, IV, თბ., 2016. https://mastsavlebeli.ge/?p=10811
  3. გ. ნოზაძე, რატომ, რისთვის და როგორ უნდა დაიწეროს ნიშნები სკოლაში? თბ. 2017, https://mastsavlebeli.ge/?p=12780
  4. გ. ნოზაძე, ბარიერები შეფასების სისტემის რეფორმაში, თბ., 2017.https://mastsavlebeli.ge/?p=12848

16 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა

0

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მსოფლიო 2010 წლიდან აღნიშნავს.  შარშან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და LitWorld მხარდაჭერით ეს თარიღი ჩვენთანაც დაწესდა. 100-მდე ქვეყანას გვერდში ამოვუდეგით და 31 მილიონ ადამიანთან ერთად კითხვის მარათონში ჩავებით.

WRAD2017SpotFinal

ღონისძიებებმა ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, ყველა მოლოდინს გადააჭარბა: მონაწილეობას იღებდნენ მწერლები, გამომცემლობები, სასწავლო დაწესებულებები, წიგნის მაღაზიები, კულტურის ცენტრები, რიგითი მოქალაქეები. მთელი დღის განმავლობაში, თბილისსა თუ რეგიონებში თანამედროვე ქართველი ავტორები საბავშვო ბაღებს, სკოლებს, უნივერსტეტებს, ბიბლიოთეკებს, წიგნის კლუბებს, კერძო თუ საჯარო ორგანიზაციებს სტუმრობდნენ.

კითხვის პოპულარიზაციის საქმეში მართლაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა, პრობლემებიც გამოიკვეთა, საგულდაგულოდ რომ ჩავინიშნეთ მომდევნო წლებში გასათვალისწინებლად.

წელს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 16 თებერვალს აღინიშნება. თარიღამდე რამდენიმე დღე დარჩა და საჭირო გზავნილები ზუსტად რომ მივიდეს ადრესატამდე ჟურნალი Mastsavlebeli.Ge დავიგულეთ საუკეთესო შუამდგომლად. დარწმუნებულები ვართ, მასწავლებლები გვერდში დაგვიდგებით და თქვენი დახმარებით სასწავლო დაწესებულები უკეთ გაიაზრებენ ამ თარიღის მნიშვნელობას, უმცროსი თაობა კი ისე შეიყვარებს და გაითავისებს წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს, მისი აღნიშვნის სურვილი  მომავალშიც გაუჩნდება.

WRADSpot2017

ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“

ასეთია წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარი ლოზუნგი. მისი ავტორი კი ამერიკელი მწერალი და წიგნიერების ექსპერტი პემ ალინია – ქალი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბავშვების წიგნიერებისთვის ბრძოლის საქმეში როგორც აშშ-ში, ასევე მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში. სწორედ პემ ალინი გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაცია LitWorld დამფუძნებელი დირექტორი და წიგნის საჯაროდ კითხვის დღის დაწესების ინიციატორიც.

ზოგიერთ ქვეყანაში პემ ალინს უმცროსი თაობისთვის წიგნიერების უფლების მოსაპოვებლად იბრძოდა, თუმცა, არანაკლები ძალისხმევა წიგნთან გაუცხოებული მოსწავლეების დასაინტერესებლადაც ჩადო. სამუშაო პრაქტიკიდან გამომდინარე, მშვენივრად ჰქონდა გააზრებული, როგორ ზრდიდა წიგნები ბავშვების, თინეიჯერებისა და მოზარდების მოტივაციას. სწორედ ამიტომ, 2010 წლიდან მოყოლებული დღემდე, თანამოაზრეებთან ერთად Lიტჭორლდ ოფიციალური საიტიდან საჯაროდ და ხმამაღლა მოგვმართავს:

სწორედ შენი დახმარება გვჭირდება დღეს! სწორედ შენ უნდა გაავრცელო ცოდნა დედამიწაზე! შენ უნდა აქციო წიგნის კითხვა ნამდვილ ზეიმად! შენ უნდა იკითხო ხმამაღლა, შენ უნდა შეცვალო სამყარო!

ერთი ქოლგის ქვეშ.

წიგნიერებისთვის მებრძოლი ადამიანები არც საქართველოში გვაკლია. LitWorld კი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია (GPBA) დაუკავშირდა, დაუმეგობრდა და კიდევ ერთი საჭირო თარიღი გვაჩუქა.

დიახ, გვაჩუქა! – არ იფიქროთ, რომ ვალდებულებებით დაგტვირთა. “კითხვა ვერ იტანს ბრძანებით კილოს“და არც ეს თარიღი უნდა იქცეს ხარკის გადახდის დღედ. დღესასწაულის მასპინძელი და ბატონ-პატრონი თითოეული ჩვენგანია. წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია კი მზად არის საინტერესო კერძო შემოთავაზების მისაღებად, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად მოიფიქროს ორიგინალური ფორმატი და ღონისძიების ერთიანი ქოლგის ქვეშ შეუერთდეს საქართველოში ამ დღის აღნიშვნის ინიციატივას.

ვიდეორგოლების ატვირთვა უკვე დაიწყო

როგორ გადადგათ პირველი ნაბიჯი?

სოციალურ ქსელში, Facebook-ze მოძებნეთ გვერდი:  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე /World Read Aloud Day.  აქ უკვე მიმდინარეობს ვიდეოების ატვირთვა. შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენი დაწერილი ან თვქვენი საყვარელი მხატვრული ტექსტი, გადაიღოთ წაკითხვის პროცესი, ვიდეო კი მითითებულ გვერდზე  ატვირთოთ, გააზიაროთ და მეგობრებიც გამოიწვიოთ.

იმისთვის, რომ თქვენი ვიდეო მინიშნებულ გვერდზე გაზიარდეს, პოსტში უნდა მონიშნოთ ღონისძიების ორგანიზატორი და ფეისბუქ გვერდი: GPBA / საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia

თუ გსურთ LitWorld-მაც გაიგოს თქვენი ინიციატივის შესახებ, კიდევ ორი მონიშვნის დამატება მოგიწევთ: #WRAD17 და #SavetheDate.

 ვიდეოები შეგიძლიათ სკოლებში, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთად ან დამოუკიდებლად გადაიღოთ. შეარჩიოთ ორიგინალური გარემო, გაითამაშოთ პერფპრმანსი. მთავარია, თქვენი ტექსტი შემდეგი სიტყვებით იწყებოდეს:

ვუერთდები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს!

16 თებერვალს ჩატარებული ღონისძიებები და გაწეული სამუშაო სრულად რომ აისახოს, თქვენი გადაღებული ფოტო თუ ვიდეომასალაც მითითებულ გვერდზე გაგზავნეთ და ისინიც აუცილებლად გამოქვეყნდება.

როგორ ხდება სკოლებში ავტორების მიწვევა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შარშან თანამედროვე ქართველი ავტორები სასწავლო დაწესებულებებს სტუმრობდნენ. პოეტებისა და პროზაიკოსების მიწვევა წელსაც არის დაგეგმილი და თუ რომელიმე ავტორის მიწვევის სურვილი გექნებათ, მიწერეთ Facebook გვერდს: GPBA/საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე / World Read Aloud Day in Georgia.  გაიარეთ კონსულტაცია, გააკეთეთ არჩევანი, რათა უკეთ დაგეგმოთ 16 თებერვლის ღონისძიებები.

შარშან ზოგიერთი სკოლა მთელი სასწავლო დღის განმავლობაში იყო ჩართული საჯაროდ კითხვის მარათონში: მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. კითხულობდნენ, თავიანთ საყვარელ წიგნებსა და ავტორებს წარადგენდნენ, ერთმანეთს  შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ, მსჯელობდნენ. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ მხოლოდ სტუმრად მიწვეული მწერლის მისვლაზე არ იყვნენ დამოკიდებულები.

სასწავლო დაწესებულებისთვის დამზადდა სპეციალური ბანერები შესაბამისი ლოგოებით. მათზე განაცხადის გაკეთება წინასწარ არის საჭირო, ამისთვის უნდა დარეკოთ ნომერზე: 598 120 012

საკუთარი ღონისძიების გაფორმება თავადაც შეგიძლიათ – გამოიყენეთ LitWorld-ის ლოზუნგი, საინტერესო გამონათქვამები წიგნებსა თუ კითხვაზე ან უბრალოდ დაწერეთ: “ვუერთდებით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს!“

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე გვანცა ჯობავა თითოეულ თქვენთაგანს განურჩევლად ასაკისა და პროფესიისა მოგმართავთ და თანამშრომლობას გთხოვთ:

ჩვენი მიზანია საქართველო შეუერთდეს ამ ინიციატივას და გახდეს მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებულ პროცესებს უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის. პროექტის ფარგლებში მართალია უამრავი ღონისძიება იგეგმება, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ფინანსურ მხარდამჭერი თბილისის მერიაა, რეგიონებს ვერ ვწვდებით. გაგვიხარდება მათგან თუ წამოვა ინიციატივა და ავტორების ტრანსპორტით უზრუნველყოფასა თუ მასპინძლობას საკუთრ თავზე აიღებენ.

წიგნის ქომაგი

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 16 თებერვალს 19:00 საათზე საქართველოს მწერალთა სახლში გამართული დასკვნითი ღონისძიებით დაიხურება. სწორედ იქ გამოვლინდება “წლის წიგნის ქომაგი.“ შეგახსენებთ, რომ შარშან ეს ჯილდო ლევან ბერძენიშვილმა დაიმსახურა.

თუმცა, სასწავლო თუ კერძო დაწესებულებებსაც შეუძლიათ საინტერესო ნომინაციების გამოგონება და წიგნის მოყვარულების გამოვლენა. გამარჯვებულს კი გნებავთ “წიგნის ჭია“ დაარქვით და გნებავთ “წიგნის აპოლოგეტი.“ ვისაც ოფიციალური ცერემონიები არ გიყვართ და ხმამაღალ აქცენტებსაც ერიდებით თავად იქეცით წიგნის ქომაგად და წიგნის ჩუქებით გაახარეთ ახლობელი ან სულაც უცნობი ადამიანები. მშვენიერი საბაბია სამახსოვრო წარწერის გასაკეთებლად – წიგნის საჯაროდ კითხვის დღის ქართული ისტორია ხომ ჩვენს თვალწინ იწერება.

მე, როგორც საბავშვო ლიტერატურის ერთგული მხარდამჭერი ამ დღეს უმცროს თაობაში წიგნის პოპულარიზაციისათვის გამოვიყენებ და ჩვენს თანამედროვე მწერლებსა და მასწავლებლებსაც მოვუწოდებ, საკუთარი ვიდეორგოლების ჩაწერის დროს, მაქსიმალურად გაუწიონ რეკომენდაციები წიგნების ბავშვებისა და მოზარდებისთვის. გამოვიყენოთ შანსი და უმცროს თაობას  სათანადოდ შერჩეული ნაწყვეტის წაკითხვით წიგნის მიმართ ინტერესი გავუღვივოთ.

P.S

ჩვენი გზავნილები მხოლოდ სასწავლო დაწესებულებებს როდი ეკუთვნის. თარიღის აღნიშვნა სახლებშიც შეიძლება – უარი ვთქვათ ციფრულ ტექნიკაზე, დავსხდეთ და საყვარელი წიგნებიდან ნაწყვეტები წავუკითხოთ ერთმანეთს.

ვისაც წიგნი უყვარს, ვინც კითხვას მთელი ცხოვრება მიუძღვნა ან ჯერაც ვერ გამოუნახავს საჭირო დრო, 16 თებერვალი სწორედ ის დღეა, ყოველდღიურ ვალდებულებებზე უარი რომ უნდა ვთქვათ და რუტინულ ცხოვრების გრაფიკს კითხვის საათები გამოვტყუოთ.

გეოგრაფიის ერთი გაკვეთილის ნიმუში ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით

0

მართალია, ბლუმის ტაქსონომია სასწავლო პროცესში უმთავრესად სხვადასხვა სახის დავალებათა კლასიფიკაციის დროს გამოიყენება, მაგრამ, ამავე დროს, ის საკმაოდ ეფექტური საშუალებაა თვით სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროსაც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოგრაფიის სწავლებისას, რომლის ძირითადი მიზნები დაკავშირებულია სწავლების მთავარ პირობასთან – შევძლოთ მრავალმხრივ განვითარებული პიროვნების აღზრდა გეოგრაფიული მეცნიერების შინაარსის, პრობლემატიკისა და კვლევის მეთოდების გათვალისწინებით. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გეოგრაფია ერთადერთი საგანია სკოლაში, რომელიც ერთდროულად განიხილავს და სწავლობს საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ ობიექტებსა და მოვლენებს. მისი ამოცანები ფართო და მრავალმხრივია, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მკაფიოდ ჩამოყალიბებული სასწავლო მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩევა. ერთი კონკრეტული გაკვეთილის ფარგლებში სასურველია დავალებათა დონეების მრავალფეროვნება.

დაბალი დონის შესაბამისი დავალებების გამოყენება, როგორც წესი, უფრო ადეკვატურია: მოსწავლეთა არსებული ცოდნის შესამოწმებლად; მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების დასადგენად; სასწავლო შინაარსის შეჯამებისა და მიმოხილვის მიზნით.

მაღალი დონის დავალებების გამოყენება მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც სასწავლო მიზნებია: მოსწავლეებში უფრო ღრმა და კრიტიკული აზროვნების წახალისება; პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარება; მოსწავლეთა მიერ ჰიპოთეზის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება, ინფორმაციის მოძიება და მოსაზრებების დასაბუთება. დავალებები, რომლებიც მოსწავლისგან მოითხოვს საკუთარი მოსაზრების დასაბუთებას სიტყვების, რუკების, ფოტოების, ნახაზებისა და დიაგრამების გამოყენებით, მას მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებისკენ უბიძგებს. ამ პროცესის საბოლოო მიზანია პრობლემაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის საფუძველზე ახალი ცოდნის კონსტრუირება თვით მოსწავლეთა მიერ.

სანიმუშოდ განვიხილოთ ერთი კონკრეტული თემა და მის მიხედვით შედგენილი ცხრილი, რომელშიც წარმოდგენილია ტაქსონომიით განსაზღვრული დონეების მოკლე აღწერა, ამ დონეებთან დაკავშირებულ მოქმედებათა აღმნიშვნელი ზმნებისა და შესაბამისი კითხვებისა და აქტივობების მაგალითები:

მაგალითი: თემა – ჰაერის ტემპერატურა ( 7 კლასი)

მზე დედამიწაზე სითბოსა და სინათლის ძირითადი წყაროა. მზის მიერ სითბოსა და სინათლის გამოსხივებას რადიაცია ეწოდება. ჰაერი სითბოს ცუდი გამტარია. იგი ატარებს მზის სხივებს, რომლებითაც თბება დედამიწის ზედაპირი, მერე კი, მასთან შეხებისას – ტროპოსფეროც. ბუნებრივია, რაც უფრო ახლოსაა ჰაერის ფენა დედამიწის ზედაპირთან, მით უფრო თბილია, ხოლო რაც უფრო შორსაა – მით უფრო ცივი.

ჰაერის ტემპერატურას თერმომეტრით ზომავენ. მეტეოროლოგიურ სადგურებში მას სპეციალურ ჯიხურებში ათავსებენ. ტემპერატურის გასაზომად გამოიყენება თვითმწერი ხელსაწყო – თერმოგრაფი.

დედამიწაზე ყველაზე მაღალი აბსოლუტური ტემპერატურა – +57,8 გრადუსი – აღრიცხულია ჩრდილოეთ აფრიკაში, ქალაქ ტრიპოლის მიდამოებში, მინიმალური – -89,2 გრადუსი – კი ანტარქტიდაზე, სადგურ `ვოსტოკში~, 1983 წლის ივლისში. რუკებზე ერთნაირი ტემპერატურის მქონე ადგილების შემაერთებელ ხაზებს იზოთერმები ჰქვია.

დედამიწა წლის განმავლობაში სხვადასხვა რაოდენობის სითბოს იღებს. ჰაერის ტემპერატურა გეოგრაფიული განედის მიხედვით იცვლება, თუმცა საკმაოდ ნელა. ეკვატორიდან პოლუსებისკენ იგი თანდათან იკლებს, რადგან მცირდება მზის სხივის დაცემის კუთხე. განედის მიმართულებით ტემპერატურის ერთი გრადუსით შესაცვლელად საშუალოდ 200 კმ-ის გავლაა საჭირო.

სიმაღლის მატებასთან ერთად იკლებს ჰაერის ტემპერატურაც: ყოველ 1 კმ-ზე – 5-6 გრადუსით. ამ დროს ამბობენ, რომ ჰაერის ტემპერატურის ვერტიკალური (სითბური) გრადიენტი 5-6 გრადუსია.

ჰაერის ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტის საშუალებით შეიძლება ჰაერის ტემპერატურის განსაზღვრა ნებისმიერი ადგილისათვის. მაგალითად, თუ ზღვის დონიდან 500 მ-ზე ჰაერის ტემპერატურა 20 გრადუსია, გრადიენტი კი 6 გრადუსი, მაშინ 1200 მ-ზე ჰაერის ტემპერატურა იქნება 200 – (1200-500)/1000 X 6 = 15,8 გრადუსი.

დედამიწის ზედაპირი არაერთგვაროვანია, რის გამოც იგი არათანაბრად თბება და ცივდება. ვინაიდან წყალი გვიან თბება და გვიან ცივდება, ხმელეთი კი პირიქით, ამიტომ ჰაერის ტემპერატურა ქვეფენილი ზედაპირის ხასიათზეცაა დამოკიდებული.

ჰაერის ტემპერატურა როგორც დღე-ღამის, ისე წლის განმავლობაში იცვლება. დედამიწის ზედაპირის ნებისმიერ ადგილას ჰაერის ტემპერატურა დღე-ღამის განმავლობაში ყველაზე დაბალია გათენებისას, ყველაზე მაღალი – ნაშუადღევს. დღე-ღამის განმავლობაში ტემპერატურის უდიდეს და უმცირეს მაჩვენებლებს შორის სხვაობას ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა ეწოდება, ხოლო წლის განმავლობაში სხვაობას – წლიური ამპლიტუდა.

ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღეღამური (თვის, წლის) ტემპერატურების შეკრებითა და დაკვირვებათა რიცხვზე გაყოფით გამოითვლება.

ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა დამოკიდებულია ადგილის გეოგრაფიულ განედზე, რელიეფზე, წელიწადის დროზე, ქვეფენილ ზედაპირზე, ჰაერის ტენიანობასა და ღრუბლიანობაზე. ჰაერის ტემპერატურის დღეღამური რყევა ხმელეთზე ყოველთვის მეტია, ვიდრე ზღვებისა და ოკეანეების ზედაპირზე. მაგალითად, თუ ოკეანეებსა და ზღვებზე იგი 1-2-გრადუსს უდრის, ნახევარუდაბნოებსა და უდაბნოებში 15-20 გრადუსია, ზოგჯერ კი 30-საც აღწევს.

ჰაერის ტემპერატურის წლიური რყევა უმთავრესად ადგილის გეოგრაფიულ განედზეა დამოკიდებული. ამპლიტუდა ყველაზე ფართოა გაზაფხულზე და ზაფხულში ზომიერ განედებზე.

დონეები ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით ქმედებები კითხვები, აქტივობებისა და დავალებების

ნიმუშები

ცოდნა – ინფორმაციისა და ფაქტების დამახსოვრება გახსენება, გამეორება, ამოცნობა, აღწერა, დასახელება, შესაბამისობის დადგენა, ამორჩევა 1. რა არის რადიაცია?

2. რითი ზომავენ ჰაერის ტემპერატურას?

3. რას ეწოდება იზოთერმა?

4. როგორ იცვლება ჰაერის ტემპერატურა სიმაღლის მატებასთან ერთად?

5. სად არის დედამიწაზე დაფიქსირებული ჰაერის ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი ტემპერატურები?

 

გაგება – სასწავლო შინაარსის გაგება- გააზრება ინტერპრეტირება, მაგალითის მოყვანა, შეჯამება, საკუთარი სიტყვებით გადმოცემა, ახსნა,

კლასიფიკაცია

 

1. რაზეა დამოკიდებული ტემპერატურის დღეღამური და წლიური ამპლიტუდა?

2. როგორ გამოითვლება ჰაერის ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი და ამპლიტუდა?

 

გამოყენება- არსებული ცოდნის გამოყენება ამოცანის ამოხსნისას, მათ შორის –რეალურ ვითარებასთან მიახლოებულ ამოცანებში ამოხსნა, გამოთვლა, გამოყენება, პოვნა. 1. განსაზღვრეთ ჰაერის ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა შემდეგი მონაცემების მიხედვით: + 10 გრადუსი, + 12 გრადუსი; + 5 გრადუსი, 0 გრადუსი, – 2 გრადუსი; – 5 გრადუსი;

2. ააგეთ ჰაერის ტემპერატურის ცვლილების გრაფიკი შემდეგი მონაცემების მიხედვით: 1 სთ – -6 გარდუსი, 4 სთ – -4 გრადუსი, 7 სთ – -10 გრადუსი , 10 სთ. – +2 გრადუსი, 13 სთ – +10 გრადუსი, 16 სთ. – +8 გრადუსი, 19 სთ. – +5 გრადუსი, 22 სთ – 0 გრადუსი.

3. გრაფიკის მიხედვით დაადგინეთ, როდის იყო ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი და დაბალი;

4.შეიძლება თუ არა გრაფიკის საშუალებით განისაზღვროს, რას უდრიდა ჰაერის ტემპერატურა დღის 12 სთ-ზე?

ანალიზი ნაცნობი ფაქტის, მასალის გაანალიზება, კომპონენტებად დაშლა, მაგალითად, მიმართებათა დადგენის მიზნით გაანალიზება, ელემენტების / ატრიბუტების აღწერა, შედარება, დაშლა 1. როგორ ფიქრობთ, რატომ იცვლება ჰაერის ტემპერატურა განედისა და სიმაღლის მატებასთან ერთად?

2. რატომ არის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ყველაზე თბილი თვე ივლისი, ხოლო ცივი – იანვარი, სამხრეთ ნახევარსფეროში კი – პირიქით?

3. თქვენი აზრით, დევს თუ არა თოვლი მწვერვალებზე: ა) კილიმანჯაროზე (5895 მ), თუ მის ძირში ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსია; ბ) კოსციუშკოზე (2228 მ), თუ მის ძირში ჰაერის ტემპერატურა ზაფხულში – +23-25 გრადუსია, ხოლო ზამთარში – +17 გრადუსი?

სინთეზი – ცოდნისა და ფაქტების კომბინირება ახალი მასალის, მეთოდის, პროცედურის შექმნის მიზნით აღმოჩენა, შედგენა, აგება, შემუშავება, კომბინირება, დაგეგმვა, ორგანიზება 1. დააკვირდით ნახაზს და განსაზღვრეთ, რა ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ:

 

 

2. შეგიძლიათ, ნახაზის მიხედვით დაადგინოთ, რომელ სითბურ სარტყელში მდებარეობს X პუნქტი?

შეფასება სხვადასხვა მოდელის შედარება / შეფასება და საუკეთესოს შერჩევა, პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგიის შედარება შედარება, ოპტიმიზაცია, შეფასება, საუკეთესოს შერჩევა 1. როდის უფრო მაღალია ჰაერის ტემპერატურის დღეღამური ამპლიტუდა – ღრუბლიან თუ უღრუბლო ამინდში? პასუხი დაასაბუთეთ.

2. როგორ ფიქრობთ, რა საჭიროა ჰაერის ტემპერატურაზე დაკვირვება?

 

როგორც ამ ცხრილიდან და, რა თქმა უნდა, პრაქტიკიდანაც ჩანს, სააზროვნო დონეები ერთმანეთისგან იზოლირებული არ არის: რომელიმე ერთი დონის შესაბამისი აქტივობა ხშირად მოიცავს ისეთ ქვეაქტივობებს, რომლებიც სხვა დონეებს შეესაბამება.

ზღაპრები და მათი მნიშვნელობა ბავშვებისა და ჩვენთვის (გაგრძელება)

0

 

წერილის გაგრძელებამდე შემოგთავაზებთ მოკლე ცნობებს მსოფლიოს დიდი მეზღაპრეებისა და საქვეყნოდ ცნობილი ავტორების შესახებ:

ძმები გრიმები

XIX საუკუნის დასაწყისში ძმებმა იაკობ და ვილჰელმ გრიმებმა გერმანიის ქალაქ ჰანაუდან გადაწყვიტეს, გერმანული ფოლკლორის შესანარჩუნებლად ჩაეწერათ ზღაპრები მეგობრებისგან, მეზობლებისა თუ უბრალო მშრომელი ადამიანებისგან, რომლებსაც იცნობდნენ. ამგვარად, მათ ლიტერატურის ისტორიაში ერთ–ერთმა პირველებმა შეკრიბეს და გადაამუშავეს ზეპირსიტყვიერი კულტურის შემორჩენილი ნიმუშები. შეკრებილი ზღაპრები თავდაპირველად მოზრდილებისთვის გამოქვეყნდა. ამ კრებულში ბევრი რამ სასტიკი ფორმით იყო გადმოცემული. მოგვიანებით, როდესაც გრიმებმა მათი ზღაპრებისადმი ბავშვებისა და მოზარდების ინტერესი შეამჩნიეს, მათი საფუძვლიანი რედაქტირება გადაწყვიტეს. შედეგად ზღაპრებმა უფრო სასიამოვნო ფორმა და გაწონასწორებული, ბავშვებზე ორიენტირებული შინაარსი შეიძინა. გრიმების ზღაპრები დღეს მსოფლიოს 160 ენაზეა თარგმნილი და მსოფლიო კულტურის ნაწილად მიიჩნევა.

ჰანს კრისტიან ანდერსენი

ძმები გრიმებისგან განსხვავებით, ანდერსენი ზღაპრებს თვითონვე იგონებდა, თუმცა წერისას ტრადიციულ თემებს ეყრდნობოდა და მათ მონათხრობის სტილში აწვდიდა მკითხველს.  დანიელი მეზღაპრის ისტორიები იმდენად პოპულარული გახდა, რომ მათმა დიდმა ნაწილმა ზეპირსიტყვიერებაში გადაინაცვლა. ანდერსენი წელიწადში ზღაპრების საშუალოდ ერთ კრებულს გამოსცემდა. მას სიცოცხლეშივე უწოდეს დანიის უდიდესი მთხრობელი. მისი ზღაპრები ხშირად სევდიანი და ტრაგიკულია. ფანტაზიამ, მდიდარმა, ხატოვანმა ენამ და მოვლენების აღწერის შეუდარებელმა ნიჭმა კოპენჰაგენელი მეზღაპრე მოკლე ხანში ჟანრის ეტალონად აქცია. ანდერსენის ასზე მეტი ზღაპრიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „თოვლის დედოფალი“, „მეფის ასული ცერცვის მარცვალზე“, „ნამცეცა“, „მახინჯი იხვის ჭუჭული“, „პატარა სირინოზი“, „იმპერატორი და ბულბული“, „მფრინავი სკივრი“, „ტალ-კვესი“, „კალის ჯარისკაცი“, „გარეული გედები“, „პატრა ნაძვი“, „მეფის ახალი სამოსი“.

ეზოპე

ლეგენდარული ბერძენი იგავთმწერალი, ჰეროდოტეს თანახმად, მონა იყო და კუნძულ სამოსზე ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე მეექვსე საუკუნეში. კუზიანი, შეუხედავი და უპოვარი მონა გასამრჯელოდ მხოლოდ თავისუფლებას ითხოვდა. როგორც ჩანს, პატრონმა მოგვიანებით ის გაათავისუფლა კიდეც. სხვა წყაროები ეზოპეს მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს და ახსენებს მის კავშირს ისეთ მმართველებთან, როგორებიც იყვნენ სოლონი და კრეზი. ეზოპეს იგავ-არაკები შემონახულია ბაბრიუსის, ფედრუსისა და პლანუდეს მაქსიმუსის ნაშრომებში. პოეტური ფორმა მათ მეჩვიდმეტე საუკუნეში ფრანგმა მეიგავემ ჟან დე ლაფონტენმა მისცა. ქართულ კულტურაში ეზოპესგან ნასესხებ ზოგიერთ სიუჟეტზე იგავები შეთხზა სულხან-საბა ორბელიანმა.

ეზოპე გამორჩეულ ადგილს იკავებს ლიტერატურის ისტორიაში, რადგან ის მხოლოდ იგავ-არაკებს კი არ წერდა, არამედ შექმნა ქარაგმული ენაც, რომელსაც მწერლები და პოეტები საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ ტირანებსა თუ დიქტატორებთან საბრძოლველად.

ეზოპეს ენას უწოდებენ იგავურ, ორაზროვან ენას. მისი ყველაზე ცნობილი იგავ-არაკებია „მელა და ყვავი“, „მელა და ყურძენი“ და „კუ და კურდღელი“.

შარლ პერო

შარლ პერო, მეჩვიდმეტე საუკუნის ფრანგი მწერალი და საფრანგეთის აკადემიის წევრი, ლიტერატურული ზღაპრის ფუძემდებლად მიიჩნევა. მისი დამსახურებაა ფრანგული სიტყვიერების ნიმუშების შეკრება და გადამუშავება. შარლ პეროს კალამს ეკუთვნის საქვეყნოდ ცნობილი ზღაპრების: „წითელქუდას“, „კონკიას“, „ჩექმებიანი კატის“, „ცეროდენას“, „მძინარე მზუთუნახავისა“ და „ლურჯწვერას“, – ლიტერატურული ვერსიები.

სი ეს ლუისი

კლაივ სტეფლზ ლუისი (უფრო მეტად ცნობილი როგორც სი ეს ლუისი), მეოცე საუკუნის ინგლისელი მწერალი და მეცნიერი, ოქსფორდის უნივერისტეტის მაგდალენის კოლეჯის ფლოლოგიის პროფესორი და ქრისტიანული აპოლოგეტიკის მკვლევარი, ცნობილი გახდა ზღაპრების სერიით „ნარნიის ქრონიკები“, რომელიც შვიდი ჯადოსნური მოთხრობისგან შედგება. სი ეს ლუისის უახლოესი მეგობარი გახლდათ ჯ. რ. რ. ტოლკიინი, რომელიც იმავე პერიოდში სწავლობდა ოქსფორდში. ზღაპრების მოწინააღმდგეებს სი ეს ლუისმა ასეთი პასუხი გასცა: „როდესაც ამბობენ, რომ ზღაპრები აშინებს ბავშვებს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას სურს, ბავშვები მოარიდოს ძალადობის, სიკვდილის, ჭრილობების, თავგადასავლების, გმირობისა და სიმხდალის, კეთილისა და ბოროტის სამყაროს. მაგრამ ჩვენ, ყველანი, ასეთ მსოფლიოში ვართ მოვლენილნი და ამ ყველაფრის დამალვით ბავშვებს უნარშეზღუდულებად ვაქცევთ, რადგან სავსებით მოსალოდნელია, ისინი ცხოვრების გზაზე სასტიკ მტრებს გადაეყარონ. მოდი, იმის საშუალება მაინც მივცეთ, გაგონილი ჰქონდეთ უშიშარი რაიდებისა და მათი მამაცობის შესახებ… დაე იყვნენ მათ მიერ მოსმენილ თუ წაკითხულ ისტორიებში ბოროტი მეფეები და თავმოკვეთილი ტუსაღები, ბრძოლები და მიწისქვეშა დილეგები, გიგანტები და გველეშაპები და მოხდეს ისე, რომ ბოროტი აუცილებლად დამარცხდეს წიგნის დასასრულს…“

დავუბრუნდეთ ზღაპრების შესახებ დიდ მოაზროვნეთა მოსაზრებებს.

ალბერტ აინშტაინი ამბობდა: „თუ გსურთ, თქვენი შვილები გონიერები გამოვიდნენ, წაუკითხეთ ბევრი ზღაპარი“.

დიდი ინგლისელი მწერალი და კრიტიკოსი გილბერტ კიტ ჩესტერტონი წერდა: „ზღაპრები იმას კი არ ასწავლის ბავშვებს, რომ გველეშაპები არსებობენ, – ბავშვებმა ისედაც იციან ეს, – ზღაპრები ასწავლის იმას, რომ გველეშაპი შეიძლება დაამარცხო“.

თუ კვლავ ტოლკიინის შეგონებებს მივყვებით, ზღაპრები უადვილებს ბავშვს მატერიალური სამყაროს აღქმას. საგნები და მოვლენები, რომლებიც ჩვენ გარშემოა, მრავალრიცხოვანია. მცირეწლოვანი ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი გონებისთვის ძნელია ამ სიმრავლის აღქმა, მისთვის სახელის დარქმევა, მეხსიერებაში სწორად განლაგება-შენახვა და კატეგორიზაცია. მცირე ასაკში ბავშვის სამყარო უმთავრესად მშობლების, და-ძმის, ოჯახის სხვა წევრებისა და უშუალო სიახლოვეს არსებული საგნებისგან შედგება. შეზღუდულია მისი ლექსიკონიც, რომელიც ყველაზე ინტენსიურად სწორედ სამი-ოთხი წლის ასაკში მდიდრდება. ზღაპრების წყალობით, რომლებსაც ახლობლებისგან ისმენს, ბავშვი ძალდაუტანებლად იგებს და იმახსოვრებს ახალს. თანაც ეს პროცესი მისთვის კომფორტულ, ნაცნობ გარემოში მიმდინარეობს, დედასთან, მამასთან, უფროს და-ძმებსა და ბებია-ბაბუასთან, ანუ იმ ადამიანებთან ერთად, ვისგანაც ბავშვი სამეტყველო ენას, ამ ენის ლექსიკონს, ადამიანთა გარემოში მოქცევასა და სამყაროში ორიენტირებას სწავლობს. ზღაპრები ბავშვს თვალწინ გადაუშლის იმ ახალ სამყაროს, რომელიც ზღაპრების გარეშე მისთვის შესაძლოა განსაზღვრულ ასაკამდე დახურული დარჩენილიყო. კერძოდ, ბავშვი ეცნობა „სხვა“ ადამიან-გმირებს, „სხვა“ არსებებს, თავად ცნება „სხვაგან-ს“, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვისთვის ძნელი წარმოსადგენია, რადგან ამ ასაკში მას ჯერ კიდევ უჭირს სივრცის, დროისა და მანძილის აღქმა. ასევე ზღაპრის საშუალებით ეცნობა პატარა მსმენელი „კარგისა“ და „ცუდის“ ცნებებს, რაც ხელს უწყობს აბსტრაქტული აზროვნების განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრები აუცილებელი საზრდოა მცირეწლოვანი ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის.

აი, ის ძირითადი სარგებელი, რომელიც ზღაპრებს ბავშვისთვის მოაქვს:

  1. ზღაპრები ასწავლის ბავშვს დაბრკოლებების გადალახვას და პრობლემების მოგვარებას.

ჩვენ, დიდები, უამრავ რამეს ვსწავლობთ სხვის მაგალითზე ან სხვის შესახებ გაგონილი ისტორიების მეშვეობით. ეს საშუალებას გვაძლევს, გაგონილი საკუთარ ცხოვრებას შევადაროთ და ჩვენი ქმედებები, საჭიროებისამებრ, მათ შევუსაბამოთ. სხვის მაგალითს ვუკავშირებთ საკუთარ საქციელს, ოცნებებს, სურვილებს, შიშებს და წარმოვიდგენთ, როგორ მოვიქცეოდით მათ ადგილას. ზღაპრები ბავშვებს ცხოვრებაში მოგზაურობის დაწყებაში ეხმარება, მათთვის ერთგვარი გზამკვლევი ხდება.

  1. ზღაპრები ბავშვს ემოციურ მდგრადობასა და მოქნილობას უვითარებს.

ზღაპრებში აღწერილია სიტუაციები, რომლებსაც ბავშვები თავიანთ „მცირე სამყაროში“, ოჯახსა თუ საცხოვრებელ გარემოში, შესაძლოა ვერ წააწყდნენ, თუმცა ეს სიტუაცია ჯადოსნურ გარემოშია წარმოდგენილი და ზღაპრის გმირი უმეტესად იმარჯვებს. ბავშვებისთვის აუცილებელია იმის მიხვედრა, რომ ცუდი ამბავი ყველას შეიძლება შეემთხვეს. რაც მთავარია, ამას ისინი უსაფრთხო გარემოში უნდა მიხვდნენ. რისთვის? იმისთვის, რომ იცოდნენ: ხიფათისგან არავინ არის დაზღვეული. ეს მათ გააძლიერებს და აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებაში დაეხმარება. რა სჯობია – განვუვითარო ბავშვებს „ემოციური კუნთები“ და რთული პერიოდისთვის მოვამზადოთ თუ დავიცვათ ყველაფრისგან და გავზარდოთ უუნარო, სუსტ პიროვნებებად, რომლებიც უბრალო წინააღმდეგობასაც კი ვერ გადალახავენ?

  1. ზღაპრები გვივითარებს საერთო, ყველასათვის გასაგებ სამეტყველო უნარებს. ისინი ერთგვარი საერთო ენის მასწავლებლები არიან თაობისთვის. ნილ გეიმანი ამბობს: „ჩვენ ზღაპრებს ვეცნობით ბავშვობაში, წაკითხულის მოსმენით ან წარმოდგენების ყურებით. ჩვენ მათი სუნთქვით ვიზრდებით. ჩვენ ვიცით, რა ხდება მათში“.
  2. ზღაპრები გადალახავს კულტურულ საზღვრებს.

მრავალ კულტურაში ვიპოვით ზღაპრებს, რომლებსაც ბევრი რამ აქვს საერთო. ქართულ ზღაპრებში მრავლადაა წარმართული, ქრისტიანული, სპარსული თუ რუსული კულტურის ელემენტი. თითქმის ყველა ბავშვს მოუსმენიია, წაუკითხავს ან უნახავს „კონკია“ და თითოეულ ერს, კულტურას, ენას ამ ზღაპრის საკუთარი ვერსია აქვს. ჩვენ ვეცნობით ამ ვერსიებს და ვეზიარებით რაღაც საერთოს, მნიშვნელოვანს. სხვადასხვა ისტორიის მეშვეობით ვიგებთ ცხოვრების გემოს და უმეტესად ვიმედოვნებთ, რომ კეთილი სძლევს ბოროტს.

  1. ზღაპრები გვასწავლიან, რა არის ამბავი.

ზღაპრები ბავშვებს მოთხრობის, ამბის საფუძველს აცნობს – აღწერს მოქმედების ადგილსა და გარემოს, მოქმედ გმირებს და ინტრიგას (ამბის განვითარებას, კულმინაციას და დასასრულს); ზღაპარი მკაფიოდ გვიჩვენებს ზღვარს გამოგონილსა და რეალურს შორის. მოსმენილი ან წაკითხული ამბავი ბავშვს ეხმარება, განივითაროს წინასწარჭვრეტის, შედარებისა და მონათხრობის აღქმის უნარი, რომელიც სხვა მოთხრობისა თუ ზღაპრის კითხვისა თუ მოსმენისას გამოადგება.

  1. ზღაპრები ავითარებს წარმოსახვას.

ალბერტ აინშტაინი წერდა: „როდესაც ვფიქრობ საკუთარ თავზე და ვუფიქრდები ჩემი აზროვნების მეთოდებს, ვასკვნი, რომ ჩემთვის წარმოსახვა და ფანტაზია გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე აბსტრაჰირებისა და პოზიტიური აზროვნების ნიჭი“.

  1. ზღაპრები მშობლებს საშუალებას აძლევს, განუვითარონ ბავშვებს კრიტიკული აზროვნება.

ძნელია დაეთანხმო დისნეის სტუდიის მიერ გადაღებული მულტფილმის „პატარა სირინოზის“ იდეას – გოგონა თავს წირავს ვაჟის გამო. ეს ალბათ მოდელად ვერ გამოადგება ჩვენს შვილებს. მულტფილმის ლიტერატურულ პირველწყაროშიც კი სირინოზი სუსტი ქალია, რომელიც მამაკაცისთვის კვდება – ვერც ამას მოვიწონებთ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვებს „პატარა სირინოზის“ კითხვა ავუკრძალოთ. რამის დამალვა მათ კრიტიკული აზროვნების განვითარებაში ვერ დაეხმარება. ხოლო არიელის ამბის გაცნობა და შემდეგ მისი განხილვა ნამდვილად უკეთესი გაკვეთილი იქნება მათთვის.

  1. ზღაპრები კარგ მაგალითებს აღწერს.

მაგალითად, რა შეიძლება გვასწავლოს „ოქროსთმიანმა გოგონამ“ ან „კონკიამ“? მართლა საშიში ხომ არ არის ზოგიერთი ზღაპარი?

უდავოდ, არის.

ზღაპრის შერჩევისას ბავშვის ასაკი და მისი განვითარების ეტაპი უნდა გავითვალისწინოთ. ბუნებრივია, ორი წლის ბავშვს არ წავუკითხავთ „რაპუნცელს“, რომელშიც პრინცი ბრმავდება და დასისხლიანებული დადის. მაინც ვერ გაიგებს ან შეეშინდება. როგორც მშობელმა, თვითონვე შეაფასეთ, რა ჯობია. გაითვალისწინეთ ბავშვის შეფასებაც – იოლად შეამჩნევთ, რომ მას ზღაპრისა ეშინია…

ზღაპრების კითხვისთვის სწორად უნდა შევარჩიოთ დროც. ზოგი ზღაპარი ძილის წინ საკითხავი არ არის. წაუკითხეთ ისინი ნაშუადღევს.

არაფრით არ გააქროთ რომელიმე ზღაპარი თქვენი შვილის ცხოვრებიდან მხოლოდ იმის გამო, რომ, თქვენი აზრით, საშიში ან პოლიტიკურად არაკორექტულია. შეგიძიათ, ოდნავ შეცვლილი ვერსია შესთავაზოთ ბავშვს, თუ ის უკეთ მიესადაგება მის ბუნებას და თქვენი ოჯახის გარემოს.

ალბათ ღირს იმაზე დაფიქრებაც, რას ნიშნავს ზღაპრები თქვენთვის. ცნობილი ამერიკელი მწერალი და გამომცემელი, ბრემ სტოკერის პრემიის ლაურეატი ტერი უინდლინგი, ამბობს: „განურჩევლად იმისა, ზღაპრებს ბავშვებისთვის დაწერილ ისტორიებად მივიჩნევთ თუ არა, სიმართლე ის არის, რომ ზღაპრების წიგნი შედარებით ახალი მოვლენაა. ძველი ზეპირსიტყვიერი ტრადიციით, ჯადოსნურ ამბებს საუკუნეების განმავლობაში თანაბარი ინტერესით ისმედნენ როგორ პატარები, ისე დიდები, ჩვენთვის ცნობილი ზღაპრების ლიტერატურული ფორმა კი უმთავრესად XIX საუკუნის მოვლენაა და ისინი უდიდესწილად ზრდასრული მკითხველისთვის შეიქმნა“.

კენტერბერის 104-ე ეპისკოპოსის, სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის კანცლერის, ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგდალენის კოლეჯის თავმჯდომარის, ბარონ როუან უილიამსის თქმით, „ზღაპრებს შეუძლია, შესანიშნავად ასახოს ის ურთულესი გამოწვევები, რომლებსაც ადამიანები ვეჯახებით ცხოვრების გზაზე“.

დასასრულ, გთავაზობთ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ავტორის, ავსტრიული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოლოგის, ბუხენვალდისა და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკებში გადარჩენილი მეცნიერის ბრუნო ბეთელჰაიმის მოსაზრებას ზღაპრების მნიშვნელობის შესახებ. ბეთელჰაიმი ყოველთვის ამბობდა, რომ ზღაპრები ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია რეალობაში გასარკვევად და იმ სამყაროში გადასარჩენად, რომელსაც მოზრდილები მართავენ. ზღაპრების გმირების (რომლებიც ხშირად ბავშვები არიან) საოჯახო კონფლიქტები და ზნეობრივი მაგალითები ბავშვებს ასწავლის რეალობისთვის თავის გართმევისა და მასთან ადაპტაციის სხვადასხვა მოდელს: „ბავშვებს ძალიან უყვართ ზღაპრები… რადგანაც, მიუხედავად ბრაზისა თუ შფოთვისა, რომელსაც ისინი წარმოშობენ ბავშვის გონებაში, ეს ისტორიები ყოველთვის ბედნიერად მთავრდება. მთავრდება შედეგით, რომელსაც ბავშვი თვითონ ვერ წარმოიდგენდა“.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...