ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
25 ივნისი, ოთხშაბათი, 2025

“ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები” -წიგნი, საკუთარ ქალაქზე ზრუნვას რომ გვასწავლის

0

 

მინდა ყველა ქალაქში დადიოდეს `ოცნებასავით ჩუმი~ ტროლეიბუსი ასტარიონი! მინდა, ყველა ქალაქში ცხოვრობდნენ კაზოს, გინგუს, კირკიმელის, ამუსა და კამას მსგავსი არსებები! მინდა, ყველა ქალაქს ჰყავდეს `ტლუებთან~ და `მოჟმეებთან~ მებრძოლი `უჩინარი მცველები!~

დარწმუნებული ვარ, თქვენც იგივე გსურთ, ოღონდ ამას სხვა სიტყვებით გამოხატავთ, დაახლოებით ასე:

გვინდა, შეწყდეს ხეების განადგურება! გვინდა, გაქრეს უგემოვნო შენობები! გვინდა ადამიანები პატივს სცემდნენ ერთმანეთს და ნებისმიერ სულიერ არსებას! გვინდა ბევრი ტყე-პარკი და სუფთა ჰაერი!

მე ერთი ზღაპრის ენაზე გამოვხატე სათქმელი. ზღაპრის, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად მახსენდება, რომელიც დღითიდღე ისეთი აქტუალური ხდება, თითქოს, რამდენიმე თვის წინ დაწერა ნაირა გელაშვილმა, თითქოს სულ ახლახანს, ჩვენს ქალაქებში მომხდარ ამბებს გამოეხმაურა (თუმცა, `ტრიოლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები~ 2005 წელს გამოცემული წიგნია).

რაც დრო გადის, მედია-სივრცეში კოლეგები თუ შინაურ გარემოში მეგობრები გამალებულად ვმსჯელობთ საოცალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე. და, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი დასკვნა გამოგვაქვს – პრობლემებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოევლება, უმცროსი თაობას თუ ჩამოვუყალიბებთ სწორ დამოკიდებულებებს საკუთარი ქალაქისა თუ თანამოქალაქეების მიმართ. ამ საქმეში კი შესაბამის თემებზე დაწრილ საბავშვო წიგნებს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია.

უცხოურ ლიტერატურაში ამ მხრივ დიდი არჩევანია, ქართულში კი ასტარიონის შესახებ ამბავი ყველასგან გამორჩეულია. კარგი იქნებოდა, ეს წიგნი  დაწყებითი კლასებისთვის სავალდებულო საკითხავი ლიტერატურის სიაში, რამდენიმე თავი კი სახელმძღვანელოშიც შეგვეტანა.

 

თქვენს ქალაქში თვალი ხომ არ მოგიკრავთ ასტარიონისთვის?

 

ასტარიონი ვარდისფერი, თეთრად დაწინწკლული უნომრო ტროლეიბუსია, მხოლოდ ერთი, ღრუბელთან შეერთებული ბიგელი აქვს, წინა და უკანა შუშა მისი ცისფერი, უზარმაზარწამწამებიანი თვალებია.

ასტარიონი თავის ჭკუაზე დაეხეტაება, სადაც მოეპრიანება იქ ჩერდება, ვინც მოეწონება, კარს ფართოდ უღებს და ეპატიჟება. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასტარიონს ვერ ამჩნევენ, იმიტომ რომ ჭკუამხიარულ ტრანსპორტად თვლიან. სამაგიეროდ, ასტარიონში თავმოიყრილებს სიამოვნებთ ერთმანეთის აღმოჩენა.

ასტარიონის მგზავრები ძირითადად პოეტები, მხატვრები, მებაღეები, მომღერლები, ბალახით მკურნალები, ხალისინი მღვდლები, ბუნების დამცველები, საკუთარ ქალაქზე მზრუნველები, კარგი ამბების შეტყობინებით გახარებული ჟურნალისტები, უსახლკარო შეყვარებულები არიან. აქ შეიძლება ზოგიერთი მგზავრი ძალიან გეცნოთ, მარტივი მიზეზის გამო, ისინი ფიროსმანის ნახატიდან გადმოსული გმირები არიან: სევდიანი ჟირაფი, თეთრწინსაფრიან-ხელჯოხიანი მეთევზე, ბოჩლასთვალებიანი მუშა ზურგზე ღვინით სავეს ჭურჭელით, ვირზე ამხედრებული ექიმი შავი შლაპითა და ქოლგით, თეთრბუშტებიან გოგონა პეპლის საჭერით…

ასტარიონელები ზოგი მიწაზე ცხოვრობს, ზოგი ცაში, მაგრამ სადაც არ უნდა შეხვდნენ, მაშინვე სცნობენ ერთმანეთს. მათ დედამიწაზე ზრუნვა აერთიანებთ, ყველგან სამყაროს მეგობრებს დაეძებენ და ცდილობენ ყველას უხსნან, რომ `ჩვენ, დედამიწის ბინადართ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს, ოჯახსა და კარ-მიდამოს უნდა მოვუაროთ, თვით დედამიწაც მოსავლელი გვყავს. ტლუების მოდგმამ იგი ძალიან დააზიანა: ზღვები და მდინარეები მოწამლეს, ტყეები გაჩეხეს, ჰაერი და კოსმოსიც დააბინძურეს… გამოსწორებას მაშინ შევძლებთ თუ ძალიან ბევრი ადამიანი და არსება დამეგობრდება და ერთად შეუდგება საქმეს!~

 

მთავარი გმირების ორკესტრი

 

ორკესტრის თითოეული წევრი თავის საყვარელ ინსტრუმენტზე უკრავს:

გოგონა კაზო – ვიოლინოზე

კნუტი კამა – ფლეიტაზე

თაგუნა კირკიმელი – დოლზე

ბიჭი გინგუ – ფაგოტზე

ლეკვი ამუ – კონტრაბასზე

ერთ მშვენიერ დღეს ორკესტრის წევრები (`ტრიოლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრების~ მთავარი გმირები) ასტარიონით მგზავრობას დაიმსახურებენ!

რატომ?

შესაძლოა მიზეზები მარტივად მოგეჩვენოთ: მათი დაკრული მუსიკა ყველა სულიერს კარგი ფიქრებით ავსებს, ისინი უკანონო მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო კონცერტებს მართავენ, თავიანთი სიმღერებით ხან ზოოპარკის ბინადარ სევდიან ცხოველებს ახალისებენ, ხან ვეშაპ შამპიროს ზურგზე განლაგდებიან, სამი გოლიათის მწვანე კუნძულისკენ გასცურავენ და ომის შედეგად დანგრეული ქალაქიდან ჩამოყვანილ  ლტოლვილ ბავშვებს ართობენ, საავადმყოფოში კლოუნ ტიზასთან ერთად სიცილით, ხუმრობითა და სიმღერებით პატარებს კურნავენ.

ორკესტრის არც ერთ წევრს არ მოსწონს ის, ვინც ქუჩაში იფურთხება, იგნება, ნაყინისა და შოკოლადის ქაღალდს ურნაში არ აგდებს, განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ არიან შეუწყნარებლები, ნაგვით სავეს პარკებს ავნიდან რომ ისვრიან.

 

ფლორიან ნერგოვანის სანერგე

 

მგონი, უკვე ვთქვი, რომ ამ წიგნში ბუნება განსაკუთრებულად უყვართ!

დიდუდას ბინაც კი, რომელიც ცოცხალი არსებაა (სრულუფლებიანი პერსონაჟია), ცდილობს მხოლოდ მოწყვეტილი ყვავილებით არ შემოიფარგლოს, მეტად შემოუშვას ბუნება საკუთარ კედლებში. ამიტომ ძლიერი წვიმის დროს ლოჯიის ჭერიდან წვიმის წვეთებს ატარებს და არც იატაკზე გაჩენილი ერთი-ორი გუბის წინააღმდეგია.

ფლორიან ნერგოვანის სანერეგე კი ნერგებისა და თესლების ნამდვილი სამეფოა. იქ მიდის ყველა, ვისაც საკუთარი ეზო-კარის, ბაღებისა თუ სკვერების გამწვანება სურს. ვინც ზრუნავს ბავშვებზე და იცის, რომ მათთვის მისწრებაა ნაძვნარში სეირნობა და თამაში.

ფლორიან ნერგოვანის მეგობრები და თანამზრახველები ადამიანებს, რომლებიც ყველაფერს აზიანებენ და სანერგესაც განადგურებით ემუქრებიან, ტლუებს ან მოჟმეებს ეძახიან. იქ მისული ბავშებს დამყნობის, თესვისა თუ მცენარეების მოვლის პროცესებზე ისეთი ზღაპრული ხერხებით უამბობენ, რომ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეთ, ტლუებივით და მოჟმეებივით მოქცევა არასდროს მოუნდეთ.

თავად ფლორიან ნერგოვანს აღარ იკითხავთ? – ტანსაცმლის ზემოდან ფესვებისგან დაწნული, ბადესავით პერანგი აცვია, ამ ბადე-პერანგში ყვავილები გაუჩრია და მართლაც სასურველი ნაცნობია! თუ ჩემი არ გჯერათ, დიდუდას (იგივე დიდლის, იგივე თავგვირილას) ჰკითხეთ. მასავით კომპეტენტური არავინ მეგულება ამ წიგნში `ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები~ რომ ჰქვია!

უჩინარი მცველები

 

ძნელია ძნელია,

ძალიან ძნელია

ამდენი რეგვენი

რომ შემოგვერია,

მაგრამ, მეგობარო,

სხვა რა დაგვრჩენია,

ჩვენც ვიყოთ ერთად!

ჩვენც ვიყოთ ერთად!

რადგანაც მოგველიან

უჩინარი მცველები…

 

დიახ, წიგნში ერთი ახალგაზრდა ბიჭის, ელექსის დაწერილი რეპიც გაისმის, ქალაქზე მზრუნველი `უჩინარი მცველები~ ვის არ აღაფრთოვანებენ, ვის არ მოიყვანენ სიმღერის ხასიათზე. ისინი ხომ ბაღების გადასათხრელად მობილიზებულ ბულდოზერებსა და ტრაქტორებს, ტყე-პარკების ნაცვლად აღმართულ მონსტრ შენობებს აქრობენ; მწყობრიდან გამოჰყავთ ბენზინგასამართი სადგურები, რომლებიც უხარისხო ბენზინს ყიდიან, ასევე მოუვლელი მანქანები, რომლებიც ჰაერს წამლავენ; ბევრს წვალობენ, `ვიდრე მერიას დაიყოლიებენ ან ხუთიოდ მდიდარს დაარწმუნებენ კარგი საქმეების კეთებაში.~

`უჩინარი მცველები~ ის ადამიანები არიან, რომლებსაც `სილამაზე ესმით,~ რომლებიც  ისეთი სახლების მშენებლობას ემხრობიან, უბანის კოლორიტს რომ არ ამახინჯებს და მიდამოს ეხამება. მათ გულით სჯერათ, რომ `თუ კარგ საქმეებს აღარ აკეთებ, თანდათან უშნოვდები და ავად ხდები.~ ისინი უმცროს თაობასაც უზიარებენ საკუთარ ცოდნას, ბავშვებს თანამებრძოლებად მიიჩნევენ და ასწავლიან: `როდესაც ვიღაც რაღაცას აზიანებს, ხმა უნდა ამოიღოთ!~

ნაირა გელაშვილის `ტროლეიბუსი ასტარიონი და მისი მგზავრები~ მართალია, ზღაპარივით ამბავია, მაგრამ მისი წაკითხვის შემდეგ ბავშვებს საკუთარი ქალაქის გაცნობა და მოვლა-პატრონობა აუცილებლად მოუნდებათ. ამავე დროს, ეს მართლაც საოცარი წიგნი პატარაობიდან შთაგვაგონებს, რომ `სამყარო მხოლოდ ის როდია, რასაც ყოველდღიურად, ჩვენს თვალწინ ვხედავთ!~ _ გაცილებით ფართედ ყურება გვმართებს და რთული სიტუაციებიდან გამოსავალს მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაგნებთ.

და, ვინ იცის, ერთ მშვენიერ დღეს იქნებ ასტარიონით მგზავრობაც დავიმსახუროთ.

მათემატიკის სამოდელო გაკვეთილი

0

ყველა მასწავლებლის მოვალეობაა  საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ახალი სქემის მიხედვით განისაზღვრა  მასწავლებლის ოთხი კატეგორია: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი. სქემის მიხედვით მოცემულია თითოეული კატეგორიის მასწავლებლისათვის შესასრულებელი ძირითადი და დამატებითი აქტივობები, რაც ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას. მინდა შევეხო წამყვანი მასწავლებლის ერთ-ერთ აქტივობას-სამოდელო გაკვეთილს. მასწავლებლის მიერ ჩატარებული  გაკვეთილები მიზნობრიობით ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ გაკვეთილებს შორის არის ისეთებიც, რომლებიც არა მხოლოდ მოსწავლეების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, არამედ პედაგოგიური თვალსაზრისით ინოვაციურია და კოლეგებისათვის სასარგებლო. სქემის უპირველი მიზანი ურთიერთთანამშრომლობის გზით მასწავლებლის პროფესიული განვითარებაა. სწორედ ამიტომ განისაზღვრა წამყვანი მასწავლებლისათვის სავალდებულო აქტივობად სამოდელო გაკვეთილის ჩატარება. სამოდელო გაკვეთილი შეიძლება იყოს: 1. ინტეგრირებული გაკვეთილი; 2. პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი; 3. გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული; 4. ინოვაციური გაკვეთილი. მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო პრობლემაზე ორიენტირებულ სამოდელო გაკვეთილზე მათემატიკაში.

ჩემს მიერ დაგეგმილი გაკვეთილი ჩავატარე ევროპულ სკოლაში. გაკვეთილის დეტალებზე  საუბრის დაწყებამდე მინდა შევეხო გაკვეთილის ჩატარებამდე ზოგიერთ რეკომენდაციებს. პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის რეკომენდაციებიდან მინდა გამოვყო შემდეგი:

  • სწავლის პროცესი უნდა დაიწყოს პრობლემის განხილვით. პრობლემა უნდა იყოს მოსწავლეებისათვის აქტუალური.
  • პრობლემური ამოცანის შინაარსი მოსწავლეებში უნდა აღძრავდეს ინტერესს.
  • პრობლემური სიტუაცია არ უნდა იყოს იმდენად რთული, რომ მოსწავლეებს უკარგავდეს მისი გადაჭრის სურვილს და არც ზედმეტად მარტივი.
  • პრობლემები უნდა შეესაბამებოდეს რეალობას და იძლიოდეს ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირების შესაძლებლობას.
  • პრობლემა ფოკუსირებული უნდა იყოს ერთ საკითხზე.
  • მოსწავლეებს უნდა მიეცეს საკმარისი დრო, რომ შეძლონ პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა.

ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით დავგეგმე და ჩავატარე  პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული  სამოდელო გაკვეთილი.

კლასი: IX

თემა: მათემატიკის გამოყენება ერთი პრაქტიკული პრობლემის გადასაჭრელად

დრო: ორი გაკვეთილი

მისაღწევი შედეგი, ინდიკატორი: მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით. მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას. IX.8. IX.11

სასწავლო მიზანი: მოსწავლეები გამოიყენებენ  მათემატიკაში მიღებულ  ცოდნას კერძოდ მართკუთხა სამკუთხედის ამოხსნასთან დაკავშირებით, მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება  და გამოცდილებას რეალური პრობლემის მიუწვდომელ წერტილთან დაკავშირებული მანძილის პოვნის გადასაჭრელად.

ინტეგრირებული უნარ–ჩვევები: შემოქმედებითობის, დამოუკიდებელი აზროვნების, კომუნიკაციის, სხვისი მოსმენის, დავალების გადანაწილების, ურთიერთთანამშრომლობის, გადაწყვეტილების მიღების უნარები.

სტრატეგიები: კითხვა-პასუხი,   პრეზენტაცია, პრაქტიკული სამუშაოს შესრულება (ხელსაწყოს დამზადება, მონაცემების შეგროვება, დამუშავება და დასკვნის გაკეთება)

გაკვეთილის სცენარი: გაკვეთილის მსვლელობა:

შესავალი:  (10 წთ.)

გაკვეთილი დაიწყო  მასწავლებლის შესავლით.  კერძოდ,  მასწავლებელმა   დასვა პრობლემა, რაც დაკავშირებულია მიუწვდომელი წერტილის სიმაღლის პოვნასთან. აღნიშნული პრობლემა შესაძლებელია დავუკავშიროთ სატელევიზიო ანძის, ქართლის დედის სიმაღლის, მათ შორის, ევროპული სკოლის შენობის სიმაღლის გამოთვლას. აქ მასწავლებელი ელოდება მოსწავლეებისაგან მოსაზრებებს, ასევე სად ვხვდებით ანალოგიური ტიპის პრობლემებს. მოსწავლეების პასუხებმა არ დააყოვნა და მსგავსი შინაარსის პრობლემები დაასახელეს: ძირითადად თბილისის მაღალი შენობების სიმაღლეების განსაზღვრასთან. შემდეგი შეკითხვა მასწავლებლისგან იყო, როგორ შეიძლება გავზომოდ ეს მიუწვდომელი სიმაღლეები ?  აქ  მოსწავლეების დაფიქრების შემდეგ პასუხები იყო არარეალური, მაგრამ ისინი მალე ხვდებოდნენ, რომ პასუხები სიმაღლის პოვნასთან ერთად იყო არარეალური ან სახიფათო. ანუ ნელ-ნელა კლასი დაფიქრდა, რომ ერთის მხრივ მარტივი პრობლემა, რომელიც რეალურია ითხოვს მათგან გადაწყვეტას-ამოხსნას.

წინარე ცოდნის გააქტიურება-(15 წთ.)

გაკვეთილის ეს  ნაწილი  დაეთმო მოსწავლეების მიერ აქამდე შეძენილი ცოდნის გააქტიურებას, აქ შეიძლება გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების რაიმე ინსტრუმენტი მაგალითად კითხვების დასმის სახით.

აქ შეიძლება დავაზუსტოდ საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს წინარე ცოდნის გააქტიურებას: დამოკიდებულებანი კუთხეებს და გვერდებს შორის მართკუთხა სამკუთხედში; სინუსისების და  კოსინუსების თეორემა; სამკუთხედის ამოხსნა; პითაგორას თეორემა;  მონაცემთა პირველადი დამუშავება (საშუალო, სტანდარტული გადახრა, მოდა, მედიანა).

ძირითადი  ნაწილი-(20 წთ.) იმისათვის რომ გაკვეთილის ძირითადი მხოლოდ  ნაწილი ვიდეოს ნახვას და თარგმნას (ზოგიერთ სკოლასი მოსწავლემ სესაძლოა ვერც შეძლოს ტარგმნა) არ დაეთმოს იქნებ ეს ნაწილი შემდეგნაირად სესთავაზოთ მკითხველს –

ამ გაკვეთილის სამოდელო გაკვეთილად წარმოდგენა ჩემს მიერ ისახავდა მიზანს, რომ მოსწავლეებს თავად შეექმნათ რესურსი, რომელსაც თავადვე გამოიყენებდნენ. აქ  გამოვიყენე ჩემი გამოცდილება საერთაშორისო ბაკალავრიატში სწავლებისა. მოსწავლეებს შევთავაზე ინტერნეტში შემდეგი ვიდეოს ნახვა:

ვიდეო არის საინტერესო ინსტრუმენტის შესახებ-„კლინომეტრი“,  მარტივი ხელსაწყო, რომელიც მარტივად, რომ ვთქვათ კუთხის საზომია:

 

ვიდეოს ნახვის დროს მოსწავლეები თავად თარგმნიდნენ მოცემულ ინსტრუქციებს  და ინიშნავენ ხელსაწყოს  დამზადების ეტაპებს და საჭირო მასალას. ხელსაწყოს ასაგებად მათ სჭირდებათ: ტრანსპორტირი, მაკრატელი, სკოჩი, მუყაოს ფურცელი, საწრუპი, სამაგრი, სქელი ძაფი. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა გააკეთეს ვიდეოს მიხედვით ხელსაწყოს დამზადების ეტაპების და საჭირო რესურსების პრეზენტაცია მათ აღნიშნეს,   რომ ინსტრუმენტი კლინომეტრი იყო საკმაოდ მარტივი. მათ მივეცი დავალება ვიდეოს მიხედვით დამოუკიდებლად შეექმნათ ეს ინსტრუმენტი.

გაკვეთილის გაგრძელება (45 წთ.)

მეორე გაკვეთილი უკვე იყო პრაქტიკული სამუშაოს შესრულება და შემდეგ მიღებული შედეგების დამუშავება.

ყველა   მოსწავლემ მოიტანა სახლში დამზადებული კლინომეტრი.  აქ უკვე დადგა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტა, კერძოდ სკოლის შენობის სიმაღლის პოვნა. ამისათვის გავემართეთ სკოლის ეზოში.

 

ამ  ნახაზზე  სწორედ AD არის   შენობის სიმაღლე, ხოლო B წერტილში აქვს დამკვიდრებელს კლინომეტრი და აწარმოებს გაზომვას  და  კუთხე A  არის გაზომვის შედეგად მიღებული კუთხე, ცხადია თითოეული მოსწავლისათვის ამ ნახაზის ზომები იქნება სხვადასხვა ვინაიდან არის გაზომვის ცდომილებები, მოსწავლეების სხვადასხვა სიმაღლე.

აქ  უკვე  მოსწავლეები აწარმოებენ გაზომვებს

და ავსებენ შემდეგ ცხრილს:

კუთხე A მანძილი BC მანძილი BN
     
     
     
     
     
     

 

წერტილი A არის სწორედ სკოლის შენობის ყველაზე მაღალი წერტილი,  BC მანძლი არის მოსწავლესა და სკოლის შენობას შორის, BN არის მოსწავლის სიმაღლე. ცხადია გაზომვები შეიცავს ცდომილობებს, ამიტომ თითოეული მოსწავლე აკეთებს რამოდენიმე გაზომვას და შემდეგ სტატისტიკურად ამუშავებს მიღებულ მონაცემებს.

საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ ვინაცვლებთ საკლასო ოთახში. აქ  უკვე მოსწავლეები იწყებენ დაწყებული საქმის დასრულებას. კერძოდ მიიღებენ AD-ს გამოსათვლელ გამოსახულებას და მასში ჩასვან მიღებულ მონაცემებს. შეაფასებენ ცდომილებას. გაზომვების შედეგები მართლაც საინტერესო აღმოჩნდა ვინაიდან იყო ცდომილებები. მოსწავლეებს მიეცათ ინსტრუქცია მონაცემთა  დამრგვალებისას და მათი სტატისტიკურად დასამუშავებლად. კერძოდ თითოეული მახასიათებელისათვის გამოთვალეს საშუალო და სტანდარტული გადახრა. შემდეგ კლასში გაიმართა უკვე თითოეული მოსწავლის მიერ მიღებული შედეგების შედარება.

საშინაო დავალების  მიცემა:  ამ დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეებს მიეცათ დავალება ქართლის დედის ძეგლის ანძის სიმაღლის შეფასება კლასში გამოყენებული მეთოდის მიხედვით (შეიძლება ანალოგიური შინაარსის მქონე დავალების მიცემა მაგ.: სატელევიზიო ანძის სიმაღლის განსაზღვრა და ა.შ.).

რესურსები: სახელმძღვანელო-მათემატიკა IX თ. ვეფხვაძე,  დაფა, მარკერი, პროექტორი, კომპიუტერები, ინტერნეტი, ტრანსპორტირი, მაკრატელი, სკოჩი, მუყაოს ფურცელი

გაკვეთილის რეფლექსია: რამოდენიმე სიტყვით მინდა შევეხო გაკვეთილის რეფლექსიას. გაკვეთილი მოსწავლეებისათვის იყო საინტერესო, ხალისით ასრულებდნენ ყველა დავალებას, განსაკუთრებით მოეწონათ ხელსაწყოს შექმნის გეგმის შედგენა-შექმნა-გამოყენების პროცესი თითქმის ყველა მოსწავლემ შეასრულა გაზომვები, ზოგიერთ მოსწავლეს გაუჭირდა AD-ს გამოსათვლელი გამოსახულების მიღება. ცდომილება 7-9% ის ფარგლებში. გაკვეთილი თავისი შინაარსით სტრუქტურით აკმაყოფილებდა პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის შეფასების კომპონენტებს. მოსწავლეებმა  სურვილი გამოთქვეს ამ ტიპის გაკვეთილების ინტენსიური ჩატარება.

 

 

 

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით

0

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით – დოკუმენტი

 

დანართი – მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები

ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ ხუთი წლისაა!

0

 

ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ 2012   წელს 1 მარტს    შეიქმნა და თავისი  შინაარსიით  მასწავლებლებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის  წარმომადგენლბისათვის და განათლების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის მნიშვნელოვანი რესურსი გახდა.

ინტერნეტრესურსის შინაარსზე მუშაობენ როგორც განათლების ექსპერტები, ასევე ბლოგერები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად თანამშრომლობენ სკოლის მასწავლებლები.

ინტერნეტგაზეთს შექმნის დღიდან- დღემდე https://analytics.google.com-ის მონაცემებით,  ჰყავს  3, 616, 307  მომხმარებელი, აქედან 1, 648, 089 უნიკალური მომხმარებელია.  ვებგვერდიდან ნანახი და ჩამოწერილი სტატიების რაოდენობა შეადგენს  510, 641 950.

ვებდგვერდის მომხმარებელთა გეოგრაფია საინტერესოა და  მასზე შემოსვლა ფიქსირდება საქართველოს  გარდა  მსოფლიოს 157 ადგილიდან.

 

ასევე მნიშვნელოვანია, ინტერნეტგაზეთის მომხმარებელთა ასაკი:

ინტერნეტგაზეთი, საინტერესოდ გამოიყურება გენდერულ ჭრილში:

ჟურნალისა და ინტერნეტგაზეთის ფარგლებში  უკვე მეოთხე წელია გამოდის მასწავლებელის ბიბლიოთეკის სერიით მასწავლებლის წიგნი. უკვე გამოცემულია ამ სერიის შვიდი  წიგნი და წელს ორი ახალი წიგნი შეემატება.

ინტერნეტგაზეთის რედაქცია მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს ვინც წვლილი შეიტანა ამ სასარგელო რესურსის შექმნასა და მის წარმატებით საქმიანობაში!

„ … არა მიფლობს დუმილად“

0
20 yr old woman flipping pages of a book

მასწავლებელს და წიგნს ბევრი საერთო აქვთ: ორივე ერთ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურება, ორივემ ინტერესი უნდა  გააღვივოს რაღაცის მიმართ და უფრო მეტიც,შეაყვაროს კიდეც ის რაღაც.  ამ ურთულეს საერთო საქმეში, მართალია, მასწავლებელი ვერ ეხმარება წიგნს, მაგრამ სამაგიეროდ წიგნი უპირველესი დამხმარეა მისთვის. დღეს იმ სავალალო შემთხვევაზე უნდა ვილაპარაკო,როცა ეს ჰარმონია ირღვევა.

ძველი ქართულის სწავლა – სწავლება ყოველთვის მტკივნეული საკითხი იყო ერთნაირად მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის. ასე იყო ჩემს ბავშვობაშიც, 90 – იანებში და ასეა ახლაც. პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად ამდენი რეფორმისა, მაინც  მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. ძველი ქართული მაშინაც ტვირთი იყო ბავშვებისთვის და ახლაც ასეა. კიდევ კარგი, არავის მოსვლია აზრად, ქუჩაში ახალგაზრდებს აჰკიდებოდა და ეკითხა, უყვართ თუ არა სკოლაში ნასწავლი, ერთი წლის განმავლობაში ტვინდანთხეული ჰაგიოგრაფია, ან გურამიშვილი, ან ,,ვეფხისტყაოსანი“ ( სულხან – საბას სიყვარულის მეტი შანსი აქვს იგავ- არაკების სიმარტივის გამო)… ეკითხა შუახნის ადამიანებისთვის, სკოლის დამთავრების მერე ერთხელ მაინც თუ მოუნდათ, გადაეშალათ  ძველი  ტექსტები, ან ,, დავითიანი“, ან ,,ვეფხისტყაოსანი“…

დარწმუნებული ვარ, პასუხთა უმეტესობა გულის გასახარებელი არ იქნებოდა.

თუკი სადმე თავს მოიყრიან ფილოლოგები, მგონია,რომ მხოლოდ იმაზე ლაპარაკობენ, როგორ გაუადვილონ ბავშვებს ძველი ქართული მწერლობის სწავლა, როგორ დააძლევინონ ზღვა მასალა და მგონი, შეყვარებამდე აღარც მიდის ფიქრი. არადა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფიქრია. მერე მიდიან სახლში და ისევ ამაზე ფიქრობენ, უამრავ პროექტსა და აქტივობას იგონებენ ამ პრობლემის დასაძლევად და ბავშვებისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად. ეს ის პრობლემაა,რომელიც არა ერთსა და ორს აწუხებს დიდი ხანია და სამუშაო თუ არასამუშაო გარემოში თავმოყრილი მასწავლებლები ჩუმად არ უნდა წუწუნებდნენ.

სამწუხარო რეალობაა, რომ ჩემი მოსწავლეების უმეტესობას, ჩემი მეგობარი ფილოლოგი მეგობრების მოსწავლეთა უმეტესობას, იმათი ფილოლოგი მეგობრების მოსწავლეთა უმეტესობას არ უყვარს ძველი ქართული ლიტერატურა.

ყველანაირად ვცდილობ, მთელი სულითა და გულით, ყველა მასწავლებლურ თუ მკითხველურ ხრიკს ვიშველიებ, რომ ბავშვებს შევაყვარო ის, რაც მე მართლა გულწრფელად მიყვარს, მაგრამ ვერ დავიკვეხნი, რომ ამას ჩინებულად  ვახერხებ.შეიძლება ბევრმა ისწავლა, მაგრამ  ჩემი პედაგოგიური ცხოვრებიდან მხოლოდ ორიოდე მოსწავლე თუ მახსოვს, რომლებსაც მართლა მოეწონათ და შეუყვარდათ ,,ვეფხისტყაოსანი“ ჩემი დახმარებით.

ამ ,,უსიყვარულობას“ თავისი მიზეზები აქვს –

პირველი: ძველი ქართული ლიტერატურის სწავლა (სწავლებაც) ძალიან რთულია;

და მეორე, უმნიშვნელოვანესი: ამ ურთულეს საქმეს  ერთ წელში უნდა გაართვას თავი: წაიკითხოს,თანამედროვე ქართულზე უნდა გაიაზროს, ლექსიკაზე იმუშავოს,წამოჭრილ უამრავ პრობლემაზე დაფიქრდეს,იმსჯელოს,წეროს და შეიყვაროს (!) კიდეც.

 

რა განაპირობებს იმას,რომ მთელი ძველი ქართული ერთი სასწავლო წლის ფარგლებში უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა? ერთადერთი რამ – ლიტერატურული ქრონოლოგიის დაცვა. მაშინ მიჩნდება კითხვა – რა უფრო მნიშვნელოვანია, ის,რომ ლიტერატურის ისტორიის განვითარება თარიღების მიხედვით იცოდეს მოსწავლემ თუ ის, რომ გაიაზროს, მოეწონოს, შეუყვარდეს და რაც შეიძლება, ადვილად დაძლიოს ურთულესი ძველი ქართული ლიტერატურა? არადა, საგანგებოდ გადავათვალიერე, ყველა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო ამ პრინციპს მყარად იცავს.

ეროვნულ სასწავლო გეგმას რომ გადავხედე, ვერც ზოგადად და ვერც კონკრეტულად მე-10 კლასის საგნობრივ სტანდარტში ვერ ვიპოვე რაიმე განსაკუთრებული მითითება იმის შესახებ,რომ მოზარდმა ლიტერატურა მაინცადამაინც ლიტერატურის ისტორიის ჭრილში უნდა  გაიაზროს.

ვერც სახელმძღვანელოსთვის გრიფის მინიჭების პრინციპებსა და სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმებში ვიპოვე მსგავსი რამ.

ვერც იმას გადავაწყდი სადმე,რომ პედაგოგიკაში აუცილებელია, მაინცადამაინც ქრონოლოგიის დაცვით ისწავლებოდეს ტექსტები და ეს ქრონოლოგია განსაკუთრებულად უწყობდეს ხელს მოსწავლეს ამ ტექსტების აღქმა – გააზრება – შეყვარებაში.

რატომ არ შეიძლება, გადანაწილდეს თუნდაც ეს სამი საინტერესო ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები სამ წელზე?ან ,,დავითიანი“ და ,,ვეფხისტყაოსანი“ დაიყოს მონაკვეთებად ( საერთოდ, მოცულობა უნდა შემცირდეს თუ არა, ეს ცალკე წერილის თემაა) და სხვადასხვა წელს ისწავლებოდეს? ყოველ ახალ წელს ხომ უფრო ლაღად და თავისუფლად იგრძნობს თავს ბავშვი ძველი ქართული ლიტერატურის სამყაროში, ახალს აღმოაჩენს, სხვანაირად გაიაზრებს?!  ჩემი აზრით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლემ პარალელები გაავლოს სხვა ეპოქის ნაწარმოებებსა და პრობლემებთან, გარდა რელიგიური საკითხისა, დაინახოს პიროვნული თავისუფლების, მოძალადის, მსხვერპლისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემა; რა გზას გადის ადამიანი მიზნის მისაღწევად, რა მნიშვნელობა აქვს  ზნეობას… ,,ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ საზეპიროები არ ეგონოს და დავითიანი მხოლოდ ,,სწავლა მოსწავლეთა“.

თანაც ეს ლიტერატურის ისტორიის უწყვეტი ჯაჭვის მიყოლა მხოლოდ  ძველი ქართულის შესწავლაში არ ქმნის პრობლემას, ეს ჯაჭვი გრძელდება მე-19 საუკუნის ქართულის შესწავლისას. მიუხედავდ იმისა,რომ მე-11 კლასში საკმაოდ ბევრი მწერლისა თუ პოეტის შემოქმედებას სწავლობენ, ეს ქრონოლოგია ერთგვარად მაინც ქმნის თემების, პრობლემების, პერსონაჟთა სახეების, სტილის ერთფეროვნებას, რაც სწავლების პროცესს ნამდვილად არ მატებს ხიბლს.

ამიტომაც ვფიქრობ, სპირალური სწავლების სტილი, როცა სახელმძღვანელოში სხვადასხვა ეპოქის ნაწარმოებები ერთმანეთის ენაცვლება და ქრონოლოგიის მიხედვით კი არა თემის, პრობლების მიხედვით ნაწილდება, ბევრად უფრო საინტერესო, მრავალფეროვანი და მომგებიანია შესწავლის თვალსაზრისით. 2010-11  წლებში კრიტიკოს თამაზ ვასაძის ამ პრინციპით შედგენილი (ოღონდ ძველ ქართულს არა) სახელმძღვანელოებით ვასწავლიდით  და ეს წიგნები ნამდვილად მეხმარებოდა, მოსწავლეთა ინტერესი არ განელებულიყო,ღრმად გაეაზრებინათ პრობლემა და გაკვეთილის გარეთაც გაჰყოლოდათ ფიქრი. დღესაც ვერ ველევი და სულ ხელმისაწვდომ ადგილას მიწყვია.

ჰო, ასეთი სახელმძღვანელოებიც არსებობენ, არა მარტო გვეხმარებიან, სამუდამო მეგობრებადაც რჩებიან.

 

 

 

მასწავლებლები წიგნებიდან – რობერ ბორდასი მორიაკის „მაიმუნიდან“

0

„– კიდევ ბედავ მიმტკიცო, გაკვეთილი ვიციო? არაფერიც არ იცი! ერთი ამას დამიხედეთ, ისწავლა გაკვეთილი! ისწავლე? ზეპირად დაისწავლე არა?“

და ისე ცხადად თუ შემზარავად მგონი არც არაფერი გამიგონია, როგორც პატარა გიიუს ლოყაზე  ჯერ ერთი ხელით, ხოლო შემდეგ კი მეორეთი სილის გაწნა-გალაწუნება.  თანაც დედისაგან, რომელიც, მთელ სამყაროზე გაბრაზებული, ჯავრს ერთადერთ, ჩხირივით გამხმარ ნაშიერზე იყრის. მერე ბავშვს დერეფანში გამოაგდებს, კარს მიუჯახუნებს, მალე სახელმძღვანელოს და რვეულებსაც გარეთ გადმოუყრის, შვიდიოდ  წლის ბიჭი კი ტირილ-სლუკუნითა  თუ ფორთხვა-ფორთხვით კრებს თავის ნივთებს და სიბნელეში უჩინარდება.

ბარონების შთამომავალი  გიიუ, იგივე გილიომ დე სერნე, სამწუხაროდ, დედის თვალში მხოლოდ და მხოლოდ საცოდავი, გაწლობილი და ასანთის ჩხირებივით დაკვარჯღულფეხებიანი ღლაპია, რომელსაც ფეხსაცმლის ყელზე გადმოჩაცული წინდები აცვია, ადენოიდებით სუნთქვაშევიწროვებულს კი პირი მუდამ  ღია აქვს და „გადმოფლაშული ქვედა ტუჩიდან“ ზოგჯერ ნერწყვიც სდის. ბავშვის ფართო და ხავერდოვან თვალებს დედა ვერ ამჩნევს.  შვილი მისთვის საძულველი ქმრის მსგავსი „პატარა მაიმუნია“ , რომლისაგან რაიმე სიკეთეს არავინ ელის.

თუმცა ფრანსუა მორიაკის ამ მოთხრობაში უმკაცრესად განსჯის საგანი მხოლოდ გილიომის დედა როდია. პოლი დედაა და მიუხედავად შვილისადმი სიძულვილისა, ყველაზე მეტად მაინც ისევ მას შესტკივა გული, სიღრმეშიც სჯერა, რომ  შეძლებს უკანასკნელი იმედის, ერთადერთი მასწავლებლის გიიუს მეცადინეობაზე დათანხმებას, მიუხედავად გილიომ დე სერნეს განსხვავებული გარეგნობისა და იმის გამოც, რომ ზოგჯერ საწოლში ისვრის, და მერე რა, რომ  სკოლიდანაც გამორიცხეს რამდენიმეჯერ; იმის მიუხედავადაც, რომ ამ სოფლის მასწავლებელმა უკვე უარით გაისტუმრა გიიუს ბებია, ბარონესა და სერნე.

დედა  თავისას აღწევს და „თავგზაარეული“ თუ „თავზარდაცემული ბაჭია“ რობერ ბორდასთან სამეცადინოდ მიჰყავს. ნერვიულობით მოკაწკაწე გილიომის წარმოდგენაში მასწავლებელი-„კაციჭამია“ მაშინვე ქრება, როცა დედა კარს გაიხურავს და ბატონი ბორდასი მაგიდაზე გაშლილი ბარდის რჩევას შესთავაზებს. გიიუსათვის გასაოცრად მომხიბვლელი სამყარო იშლება, იგი მუხუდოს პარკებს არჩევს და შეუძლია იფიქროს, რამდენიც უნდა და, რამდენიც უნდა, „კაციჭამიასა“ და მის ცოლს მათსავე სახლში უცქიროს.

უკვე ალერსიანი და აცრემლებული თვალებით  მასწავლებელს შემაცქირალი პატარა თბილ და თავაზიან შეთავაზებაზე უარს არ ამბობს და ახლადშეძენილ მოძღვარს თავისი წარმატებული შვილის საწოლ ოთახში მიჰყვება ნახატებიანი თუ უნახატო წიგნების ასარჩევად. მოახლის ოთახის მდგმური, საკუთარი ოთახის არმქონე და სკოლაში ყველაზე წარმატებული ჟან-პიერ ბორდასის ოთახით განცვიფრებული ბარონთა შთამომავალი სიამოვნებით იხსნებს უკვე წაკითხულ წიგნებს და მასწავლებელსაც აძლევს გვერდებზე მინიშნებებს. მერე პატარა სიამოვნებით ებმება ჯერარნახულ თამაშში და ცვლის როლს.  საუკეთესო მასწავლებელი, როგორც მოწაფე, ისე უსმენს ჯერ გაუბედავ, შემდეგ კი კრეტინად მიჩნეული ბავშვის მოზღვავებულ და თავდაჯერებულ ხმას, რომელიც, წესით, აუცილებლად უნდა აოცებდეს, უნდა აცვიფრებდეს, უნდა ახარებდეს, რადგან მის ხელთაა ამ პატარა, მოცახცახე არსების ხსნა“.

მაგრამ ბორდასი ამ დროს მხოლოდ იმას სჯავრობს, რატომ უნდა ჩარჩეს და ჩაიმარხოს ორმოცი წლის მოწიფული, ძალ-ღონე მოჭარბებული, სურვილებით და აზრებით სავსე ვაჟკაცი სოფლის სკოლაში. მისი თუნდაც ზერელე შეკითხვები კი ძალიან შველის გიიუს, რომელმაც  სურათიდან ოთახის მეპატრონეც გაიცნო და ამ მყუდრო სავანის ძალაც ირწმუნა. თუმცა ამაოდ. მასწავლებლის დაპირების მიუხედავად, იგი ვეღარასდროს ახერხებს ჟან-პიერის ოთახში შეღწევას და იქ არსებული ყველა წიგნის წაკითხვას, რაც ასე ძლიერ მოესურვა უკვე გილიომს.

„– არა, ერთი ნახე რა უქნა ჟან-პიერის წიგნებს. მაგ საცოდავმა მაიმუნმა ყველა ყდა დათხვარა და მწვინტლიც კი ზედ დააჩნია… არ მსურს, რომ ჩვენთან დაეთრეოდეს! სადაც გინდა, იქ მიეცი გაკვეთილები – სკოლაში, საჯინიბოში!“ – ბორდასის ცოლის ეს სიტყვები გილიომ დე სერნეს განაჩენია. მეორე დღეს მასწავლებლის ხელით გამოგზავნილი წერილიდან პატარამ უკვე იცის, რომ ჟან-პიერის ოახში ვეღარსოდეს შეაბიჯებს, რადგან  „ცუდი, ბინძური და სულელია!“

საკუთარ თავზე ამავეს ფიქრობს გიიუს მამა გალეასიც, რომლის საქმიანობას, გარდა ფორტეპიანოზე დაკვრით გილიომის გართობისა, წინაპართა სასაფლაოების დასუფთავება წარმოადგენს. იგი ხშირად დაასეირნებს პატარა ვაჟს სასაფლაოზე. ყველას ჰგონია, რომ უკანასკნელადაც იქ წაიყვანს „ამ დაჭრილ მუდოს, ხაფანგიდან რომ ამოეგლიჯათ და სისხლისაგან იცლებოდა“. მამამ ცოლის უთქმელადაც ყველაზე უკეთ იცის: „მისი შვილია ეს, მისი მსგავსება, რომლის წინაშე მთელი ცხოვრების გრძელი გზაა. იგი უკვე საკმარისად გაიტანჯა და ახლაც წვალობს. მაგრამ წამება აწი იწყება. ადამიანს ბავშვობაში სხვა ჯალათები აწვალებენ, სიყრმისას კი – სხვა. სხვა ჯალათები გაუმწარებენ მოწიფულობის წლებს“. მძულვარება და უფრო მეტად სირცხვილი ახრჩობს, რადგან თვითონაა გიიუმის დედის ჯალათი. ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ დაეუფლა და ახლა ბუნაგში ჩაკეტილი ძაღლივითა ჰყავს. ასეთივეა ამ უმწიფარის ბედიც, მათი ერთადერთი მოხვევის შედეგად რომ დაიბადა… „და აი,  აი, ახლა მიაღწევენ იმ სამეფოს საზღვრებს, სადაც ვერც დედა და ვერც ცოლი ვერ დატანჯავენ. ახლა გათავისუფლდებიან გორგონასაგან. ახლა მიიძინებენ“.

სერნეში მოტოვებულ სასაფლაოებს სამუდამოდ ბალახი ფარავს. პოლი კიბოთი იღუპება. ბებერი ბარონესა თავისუფლდება. მისი ხვედრია ვერდელეს თავშესაფარი, რადგან ქალიშვილის არბებმა ასე ისურვეს. მასწავლებელ ბორდასის მზერა კი იმქვეყნიურ ადგილს დაეძებს, იქნება ნახოს მარადიული სიცოცხლისთვის ხელმეორედ შობილი ბავშვი, რომელიც მასწავლებლის ჩამქრალ თვალებზე შეუშრობელ ცრემლს დაინახავს.

დაგაგვიანდა, რომ გიიუ გადაგერჩინა,  მასწავლებელო!

მოვყევი მაინც. თავერაზეც მოვყვები მერე, „დაობებულ ყველზე“ ან რიშანეკზე.

 

 

 

 

„პროვინციულ მეტყველებასა“ და ენის ხალხურობაზე

0

„პროვინციული მეტყველება“ – დიალექტური მეტყველების დამაკნინებელი ეს სიტყვათშეთანხმება ხშირად გვხვდება. მთქმელი, როგორც წესი, გულისხმობს შეცდომებითა და სხვადასხვა დიალექტისთვის დამახასიათებელი ფორმებით დახუნძლულ სახასიათო საუბარს. ვფიქრობ, ამ უსიამოვნო ეპითეტის გამოყენება დაუშვებელია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ, საზოგადოდ, მიუღებელია დაკნინება და შეურაცხყოფა. მეორეც, დიალექტური (და არა „პროვინციული“) მეტყველება ფასდაუდებელი განძია, რომელიც სალიტერატურო ენას ამდიდრებს და მას მოფრთხილება და პატივისცემით მოპყრობა შეჰფერის. წერილში სწორედ დიალექტური მეტყველების მნიშვნელობასა და სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში დიალექტიზმების წვლილზე ვისაუბრებთ.

სალიტერატურო ენა ერის ისტორიულ-კულტურული განვითარების მაღალ საფეხურზე ჩნდება და, თავის მხრივ, შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს კულტურის შემდგომი განვითარებისთვის. სალიტერატურო ენა მხატვრული, პუბლიცისტური, მეცნიერული ტექსტების ენაცაა და, იმავდროულად, ხალხის ცოცხალ მეტყველებასთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული.

სალიტერატურო ენას ჩამოყალიბების პროცესში საფუძვლად ედება რომელიმე დიალექტი. ეს, ჩვეულებრივ, იმ კუთხის მეტყველებაა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურსა და კულტურულ ცხოვრებაში. სალიტერატურო ენა მუდმივად ივსება და მდიდრდება სხვა დიალექტების მეშვეობით. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან სასაუბრო ენასთან კავშირის გარეშე სალიტერატურო ენის დაღუპვა (პირდაპირი მნიშვნელობით!) გარდაუვალია. ამ მხრივ თვალსაჩინოა ლათინური ენის მაგალითი. მიჩნეულია, რომ ენობრივ ნორმათა მკაცრმა სტაბილიზაციამ, სასაუბრო ენისგან გამიჯვნამ იმდენად დააშორა ცოცხალი მეტყველება სალიტერატუროს, რომ ეს უკანასკნელი ერთხელ და სამუდამოდ შემუშავებული ნორმების ტყვეობაში მოექცა და სასაუბრო ენასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. შედეგად დამოუკიდებლად განვითარდა არაერთი დიალექტი და შემდგომ ეს დიალექტები საფუძვლად დაედო ახალ სალიტერატურო ენებს, ლათინური ენა კი დღეს მკვდარ ენად მოიხსენიება.

შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ილიას ცნობილი ფრაზა: „ხალხია ენის კანონის დამდები და არა ანბანთ თეორეტიკა“. მან და მისმა თანამოაზრეებმა სწორედ ხალხის ცოცხალ მეტყველებაზე დაყრდნობით დახვეწეს სალიტერატურო ენა. ცნობილია, რომ იაკობ გოგებაშვილი „ბუნების კარზე“ მუშაობის დროს სოფელ-სოფელ დადიოდა და გლეხებს ეკითხებოდა ამა თუ იმ ცნების ზუსტ აღმნიშვნელებს, მათგან ყველაზე მოქნილი და მოხერხებული კი წიგნში შეჰქონდა და ასე ამდიდრებდა ლექსიკურ მარაგს. ამიტომაც იყო დაწერილი მისი სახელმძღვანელოები საქართველოს ყველა კუთხის მცხოვრებთათვის გასაგები ენით და იმ დროისთვის გასაოცარი ტირაჟით გამოიცემოდა. „უმთავრესი და საუკეთესო ღონისძიება ენის შესწავლისთვის გახლავთ: ხალხის გონების ნაწარმოები, პოეზია და სიტყვა-კაზმული პროზა… გრამატიკა არის მხოლოდ დამხმარებელი ღონისძიება, რომელიც სარჩულად დაედება პრაქტიკულს ცოდნასა, მაგრამ გრამატიკამ რომ ეს სამსახური გაგვიწიოს, იგი უნდა იყოს შედგენილი ცოდნით და მარჯვედ და იპყრობდეს უტყუარს კანონებს ენისასა“, – წერს ის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სასაუბრო ენასა და დიალექტურ ფორმებზე სალიტერატურო ენის დაფუძნება სტიქიური, უმართავი და შეუზღუდავი პროცესი არ არის. სასაუბრო ენა ძალდაუტანებლად ვითარდება თავისი შინაგანი კანონების მიხედვით, სალიტერატურო კი ნორმირებულია და აუცილებელია, არსებობდეს ოფიციალური სტრუქტურა, რომელიც შემთხვევითი, ფონეტიკურად დამახინჯებული, ენის ძირითადი კანონების უგულებელმყოფელი ფორმების გაცხრილვაზე იზრუნებს. თუმცა აქ გვერდს ვერ ავუვლით ერთ ძალიან საინტერესო მოვლენას:

თუ სასაუბრო ენა (იგულისხმეთ „ხალხი“) მოირგებს უმართებულო ფორმას და, მიუხედავად არსებული ნორმისა, დაამკვიდრებს მეტყველებაში, ეს სიტყვა ადრე თუ გვიან აუცილებლად იქცევა ჯერ პარალელურ (ანუ დასაშვებ) ფორმად, მერე კი სალიტერატურო ნორმადაც. სწორედ ასე მოხდა ზმნა „მინახავხარის“ შემთხვევაში. დღესდღეობით უკვეა მონიშნული პარალელურ ფორმად გრამატიკულად მცდარი, თუმცა ცოცხალ მეტყველებაში დამკვიდრებული ფორმა „მინახიხარ“.

დიალექტური მეტყველების მნიშვნელობისა და სალიტერატურო ენის გამდიდრებაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად მოვიყვანთ კიდევ რამდენიმე მაგალითს, როდესაც ცალკეული კილოებისთვის დამახასიათებელმა ფონეტიკურად სახეცვლილმა ვარიანტმა სალიტერატურო ენაში დაიმკვიდრა ადგილი. ასეთია, მაგალითად, ლიტერატურული სიტყვა „კვამლი“. ზოგიერთ კილოში სიტყვამ ფონეტიკური ცვლილება განიცადა და გამოითქმებოდა როგორც „კომლი“. მოგვიანებით ეს სახესხვაობა სალიტერატურო ენაში განსხვავებული მნიშვნელობით დამკვიდრდა და დღეს მას ოჯახის აღსანიშნავად ვიყენებთ („სოფელში ათი კომლი ცხოვრობს…“). ამრიგად, კომლი ოჯახის მნიშნელობით სალიტერატურო ფორმად იქცა, მაგრამ კვამლის მნიშვნელობით ის დიალექტიზმია. გამოდის, სალიტერატურო ენამ შეითვისა ფონეტიკურად სახეცვლილი დიალექტური ფორმა და ახალი ლექსიკური მნიშვნელობა მიანიჭა მას. ფონეტიკური ვარიანტებია ასევე სიტყვები: კრება და კრეფა, სული და სუნი, შთამომავალი და ჩამომავალი, რყევა და რხევა, ჯანღი და ჯანყი.

აუცილებელია, აღვნიშნოთ დიალექტიზმების მნიშვნელობა სინონიმთა არსებობის კუთხითაც. სინონიმთა სიმრავლე, როგორც ცნობილია, ენის სიმდიდრის ნიშანია, სინონიმთა წარმოქმნა-ჩამოყალიბება კი წარმოუდგენელია ცოცხალი მეტყველების, კერძოდ, დიალექტების მონაწილეობის გარეშე. დიალექტური სინონიმები იმითაცაა განსაკუთრებით საყურადღებო, რომ ისინი ხშირად მნიშვნელობათა გამიჯვნას (როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითშიც დასტურდება) ან დაზუსტებას უწყობს ხელს და განსხვავებულ ემოციურ ელფერსაც სძენს აღმნიშვნელს. მაგალითად, მკვეხარა და ტრაბახა, ლოგინი და ქვეშაგები, საჭრეთელი და სატეხი, სეტყვა და ხოშკაკალა, ყოყმანი და ჭოჭმანი, ქვევრი და ჭური, კაკალი და ნიგოზი, ბიცოლა და ძალო, თხუნელა და მუდო (ამ უკანასკნელმა ეპითეტის მნიშვნელობაც კი შეიძინა სალიტერატურო ენაში), კორიანტელი და ბდღვირი, შვილიშვილი და ბადიში და ა.შ.

რასაკვირველია, ენას დიალექტურ „შენაკადებთან“ ერთად ამდიდრებს სამწერლო ენაც – მხატვრული, პუბლიცისტური, მეცნიერული ტექსტები, ასევე – სამეურნეო და კულტურულ წინსვლასთან დაკავშირებული პროცესებიც. „თუ ხალხი ცხოვრობს, განვითარებაში არის, ე.ი. აზრიანობა, გამსჯელობა ემატება, სიტყვაც მოემატება, ენაც გაუმდიდრდება“, – წერდა ილია ჭავჭავაძე.

ლექსიკის შევსება-გამდიდრების ჩამოთვლილ საშუალებათა შორის ახალი სიტყვების წარმოქმნის აუცილებლობა მართლაც ხშირად ჩნდება. არსებული მარაგიდან, ძირითადი ლექსიკური ფონდიდან ან სხვა ენებიდან სიტყვათა შემოტანა, ახალი საჭიროებისთვის სესხება ასევე ბუნებრივი მოვლენაა. არ არსებობს „აბსოლუტურად წმინდა ენა“, რომლისთვისაც სიტყვათა სესხება უცხოა. ამიტომ სადავოა „ენის სიწმინდის“ დამცველთა მცდელობები, ოდენ ქართული შესატყვისები დაძებნონ და დაამკვიდრონ გარკვეული ცნებებისთვის. აქ მახსენდება ერთ-ერთი პარლამენტარის ბოლოდროინდელი გამოსვლა ტერმინ „ინკლუზიის“ თაობაზე. ის აღნიშნავს, რომ სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის, საჭიროდ მიიჩნევს ქართული შესატყვისის შერჩევას და „ინკლუზიის“ ხმარებიდან ამოღებას.

მაგრამ ეს უკვე სულ სხვა საკითხია, სხვა მსჯელობის საგანი, რომლის მიმოხილვასაც მომდევნო წერილში შევეცდები.

 

„ლანდშაფტური ისტორია“  როგორც    სასწავლო  რესურსი

0

ლანდშაფტი ჩვენ გარშემო ყველგანაა. მაგრამ რას წარმოადგენს ის? რა მნიშვნელობა აქვს მას? როდესაც გარემოს გავცქერით, აღვწერთ და ვაფასებთ, მაშინ ლანდშაფტს  უბრალოდ სივრცის „ნაჭრად“ აღვიქვამთ. არადა, მასზე ყოველი  საზოგადოება  ტოვებს  ნაკვალევს, რითაც საკუთარ ლანდშაფტს ქმნის. ამიტომ პედაგოგის ხელში მას, როგორც ისტორიის, საზოგადოების, გეოგრაფიის შესწავლის წყაროს  განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვა სიტყვებით, ლანდშაფტი შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც სარკე, რომელშიც ადამიანის ქმედებები, ბუნებაზე მისი უარყოფითი გავლენა აისახება. ის საუკეთესო რესურსია პედაგოგის ხელში,  ერთგვარი მემატიანეა, რომელსაც შემოუნახავს ის ცალკეული მოვლენები, რომლებმაც მის სტრუქტურაზე მოახდინეს გავლენა.

მაგრამ იმისათვის, რომ ლანდშაფტი რეალურად გახდეს იმ ადგილის, ქვეყნის, ქალაქისა თუ სოფლის მეისტორიე, სადაც ვცხოვრობთ, ვსაქმიანობთ და ჩვენსავე ისტორიას ვქმნით, ამისთვის აუცილებელია ისტორიული და თანამედროვე ნარატიული და ვიზუალური მასალების –  სურათების, ნახატების, ფოტოგრაფიებს, რუკების – მოშველიება, განსაკუთრებით მათი, რომლებიც ერთსა და იმავე ადგილს აღწერენ და ასახავენ. ამგვარ წყაროთა სწორი ინტერპრეტაციით შესაძლებელია  წარსული სურათებს აღდგენა-წარმოსახვა. მთავარია, მოსწავლეებმა მოახერხონ გაანალიზება, გამოიტანონ დასკვნები, შეადარონ ავტორთა პოზიციები, თავი აარიდონ სუბიექტივიზმს  და თავადაც აღიქვან  გარემო, ჩამოუყალიბდეთ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულება და გარემოს მიმართ საკუთარი ქმედებებიც შეაფასონ.

ლანდშაფტთან მუშაობის დიდაქტიკური მიზნებია:

  • ისტორიული კონტექსტის აღქმა (მაგალითად, გაარკვიონ,  როგორ შეიცვალა ქალაქი, რომელშიც ცხოვრობენ; რა მოვლენები  მოხდა, რა ახდენს მასზე ზემოქმედებას  და ა.შ);
  • მოტივაციის ამაღლება შემოქმედებითი მიგნებებისთვის, კრიტიკული აზროვნების გააქტიურებისთვის (მაგალითად, ილუსტრაციების გზით წარმოადგინონ „ლანდშაფტური ისტორია“, რითაც მოხდება მათი იდეების პროვოცირება და ისინი გარკვეული დროით წიგნებით და სურათებით დატვირთული ივლიან. ამგვარი გზით მოსწავლეები არამარტო ლანდშაფტის ინტერპრეტაციას მოახდენენ, არამედ კონკრეტულ ცოდნასაც შეიძენენ და მნიშვნელოვნ გამოცდილებასაც მიიღებენ საგნობრივი კომპეტენციების დაუფლების გზაზე);
  • ისტორიული პროცესების შემეცნების გაზრდა ისტორიული  ფაქტების მოდელირების გზით;
  • გარემოს მიმართ საკუთარი  დამოკიდებულების ფორმირება („პატარა გამომძიებლებს“ საშუალება მიეცემათ, ითანამშრომლონ მუზეუმებთან, ბიბლიოთეკის ფონდებთან, დაწესებულებებთან თუ კერძო პირებთან და დაიცვან  ლანდშაფტი „ისტორიული ცვლილებებისგან“);
  • ახალი ცოდნის აგება (მაგალითად, შეუძლიათ სახლიდან მოიტანონ ბავშვობის დროინდელი საყვარელი წიგნები, სადაც აღწერილია გარემო, ლანდშაფტი და  პატარა ნაწყვეტები წაუკითხონ თანაკლასელებს, შემდეგ კი განიხილონ, რა მოეწონათ ბუნების აღწერაში ყველაზე მეტად; როგორ აღიქვამს გარემოს მთავარი მოქმედი პირი; როგორი დამოკიდებულება აქვს ბუნებასთან და ა.შ);
  • სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, მაგალითად:

ა) შეადარონ გარემო ადგილების ტოპოგრაფიული დასახელებები ისტორიულ გადმოცემებს, რუკებს და თანამედროვე დასახელებებს; გაარკვიონ,  რას გვაუწყებენ ისინი წარსულისა და თანამედროვეობის შესახებ.

 ბ) მოაწყონ  ექსკურსია  საცხოვრებელი რეგიონის გასაცნობად (არის თუ არა ახლომახლო ღირსშესანიშნაობები? რა ნიშნით გამოირჩევიან ისინი? გამოკითხონ ახლობლები, ნაცნობები, რა ახსოვთ, რა იციან ამ ადგილების შესახებ?);

გ) შეადარონ თანამედროვე ლანდშაფტი წარსულში არსებულ სიტუაციას და მიღებული პასუხების მიხედვით გამართონ დისკუსია ლანდშაფტის ტრანსფორმაციის მიზეზებზე.   

მოსწავლისათვის „ლანდშაფტურ ისტორიაზე“ მუშაობა  სწავლის ყველა საფეხურზე სახალისო და საინტერესოა. მაგალითად, X კლასის ისტორიის სწავლების კურსში (ისტ.X.2) შეგვიძლია საგაკვეთილო საქმიანობად მოსწავლეებს დავავალოთ საკუთარი საცხოვრებელი ადგილის, მაგალითად, თბილისის „ლანდშაფტური  ისტორიის“  ინტერპრეტაცია და კვლევა, რომელსაც ისინი მიაღწევენ ჩანახატების და ფოტოგრაფიების გამოყენების გზით, ხოლო შემდეგ გამართავენ დისკუსიას ლანდშაფტის ცვლილებების მიზეზებზე. ასეთ შემთხვევაში სავარაუდო ვიზუალური მასალა შეიძლება ასეთი იყოს:

ა) თბილისი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენის მიხედვით, 1671 წ.

ბ)  ხედი ისტორიულ თბილისზე, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან.

გ) მეტეხის უბანი, ნ. ჩერნეცოვი, 1839 წ.

დ) ტფილისი, ძველი აბანოთუბანი.

ე) აბანოთუბანი — თბილისის უძველესი უბანი.

ვ) ტფილისადან თბილისამდე, ძველი აბანოთუბანი. ფოტოკოლაჟი.


სავარაუდო სადისკუსიო კითხვები:

  • ბუნებრივი წარმოშობისაა თუ არა თბილისის ლანდშაფტი?
  • ეწინააღმდეგებიან თუ არა ერთმანეთს ცნებები „ქალაქი“ და „ლანდშაფტი“? აქვს თუ არა ამ ცნებას – „ქალაქური ლანდაშფტს“ – არსებობის უფლება თბილისთან მიმართებაში?
  • აქვს თუ არა თბილისურ ლანდშაფტს რაიმე განსაკუთრებული თვისება? მიეკუთვნება თუ არა ამ ქალაქის ლანდშაფტი „კულტურულ ლანდშაფტებს“?
  • რა თავისებურებით ხასიათდება თბილისური ლანდშაფტი?
  • შეადარეთ ძველი ფოტოგრაფიების ლანდშაფტი თანამედროვეს. რა შეიცვალა? როგორი შეიძლება იყოს ამ ქალაქის მომავალი? როგორი პიროვნული დამოკიდებულება  გაგიჩნდათ  ქალაქ თბილისის მიმართ?
  • რა ისტორიული დასკვნების გაკეთების საშუალებას მოგვცა წყაროთა ინტერპრეტაციამ?
  • როგორ შეფასებას მისცემდით ფოტოკოლაჟს?
  • რა გავიგეთ ზოგადად თბილისის და, კერძოდ, მისი უძველესი და შესაძლოა პირველი უბნის – აბანოთუბნის შესახებ?
  • როგორ წარმოგიდგენიათ ამ უბნის ხვალინდელი დღე?

ლანდშაფტის გამოყენება სასწავლო რესურსად  ზრდის  სწავლის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას, კომუნიკაციურ კულტურას, საგნობრივ  ინტერესს, პიროვნულ  პასუხისმგებლობას. ამიტომ მისი საგაკვეთილო საქმიანობაში გამოყენება ეფექტური და მისასალმებელია.

 

 

მოსწავლეთა თვითუმმართველობა

0

ახალგაზრდები, როგორც მუდამ ამბობენ ხოლმე, სახელმწიფოში, სოციალურ ჯგუფებში ყველაზე აქტიური ნაწილი არიან, ან კანონზომიერებიდან გამომდინარე, უნდა იყვნენ მაინც. საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ კანონის თანახმად, მოსწავლეთა თვითმმართველობა, რომელიც სკოლაში იქმნება, აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდეს სასკოლო ცხოვრებაში.

მოსწავლეთა თვითმმართველობას უფლება აქვს სკოლის შინაგანაწესში შესატან ცვლილებებზე იმუშაოს, ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში, შექმნას სხვადასხვა ჯგუფები და კლუბები სკოლაში და ხელი შეუწყოს ფორმალურ გარემოში არაფორმალური განათლებისა და აქტივობების განხორციელებას, ასევე მოპოვებული გრანტებისა და ფინანსების განკარგვაშიც კი შეუძლია მონაწილეობის მიღება.

ეს კიდევ არასრული ჩამონათვალიც ნათლად გვაჩვენებს, თუ რა მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობას. თუმცა, სკოლების ძალიან დიდ ნაწილში თვითმმართველობის საქმიანობა მხოლოდ ფურცელზეა გაწერილი.
მოსწავლეთა თვითმმართველობის არსებობა მნიშვნელოვანია დემოკრატიული სისტემების არსებობისთვის, რადგან ორგანიზაციებში ყველა ჯგუფს ჰქონდეს თანამონაწილეობის შესაძლებლობა და უფლება, ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მოსწავლეებმა გამოიმუშაონ უნარები, ცოდნა და შეიძინონ გამოცდილება მართვის კუთხით, ისწავლონ პასუხისმგებლობების აღება საკუთარ თავზე, ჯგუფთან და ჯგუფში მუშაობა.

რა შეიძლება იყოს მიზეზები იმისა, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობები თითქმის არ მუშაობს სკოლებში?.. პირველი, თვითონ მოსწავლეების ნაკლებმოტივირებულობა, არაკრეატიულობა და საქმიანობისადმი ინტერესის არ ან ნაკლებად ქონა. სამეურვეო საბჭოსა და დირექტორის მხრიდან  მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციონირების უგულებელყოფა, გრანტებისა და დაფინანსებების ნაკლებობა.

ეს ჩამოთვლილი მიზეზები რა თქმა უნდა არასრულია და ჩამოთვლილსაც სჭირდება კვლევა და შემდგომ მისი გაანალიზება, რომ რეალური მიზეზები იყოს ნათელი. თუმცა, ყველაზე საშიში და უარყოფითი მიზეზი ამათგან რაც შეიძლება იყოს, არის მოსწავლეთა ნაკლებკრეატიულობა, მოტივაციისა და ინტერესის არარსებობა, რომ ჩაერთონ თვითმმართველობით საქმიანობაში, დაგეგმონ და განახორციელონ აქტივობები, აქტიური მონაწილეობა მიიღონ სასკოლო ცხოვრების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ისე გამოდის, რომ ჩვენ ვზრდით ადამიანებს, რომლებიც საგაკვეთილო პროცესის დროს  სწავლობენ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ საგნებს. იღენებ ინფორმაციას ისტორიიდან, გეოგრაფიიდან, მათემატიკიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებიდან, მშობლიური თუ უცხო ენებიდან და ისე გამოდის, რომ მათ ეს სჭირდებათ მხოლოდ იმისათვის, რომ საატესტატო თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელი ან უკეთესი ქულა დააგროვონ, სხვა დანარჩენი სასწავლო პროცესი მათთვის უინტერესო და უმნიშვნელოა.

ახალგაზრდები, რომელთაც გამძაფრებულად აქვთ პიროვნული თავისუფლების, გადაწყვეტილებების მიღების მოთხოვნილება, არ ერთვებიან ამ საქმეში. იქნებ ამის მიზეზი გამოცდილების არარსებობაა და მათ გარკვეული შიშები აქვთ, რომ ჩაერთონ თვითმმართველობის საქმიანობაში?..

ამ შემთხვევაში მათ სკოლის ადმინისტრაცია და სამეურვეო საბჭო, მასწავლებლებლები, მშობლები – და მათ განათლებაში ჩართული ყველა პირი უნდა იყოს გარანტორი მორალური თუ სხვა ტიპის თანადგომის. არ ღირს არც „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგის ზეპირად ცოდნა, არც მათემატიკური გამოთვლების შესრულება, ან ორგანული და არაორგანული ნივთიერებების გარჩევა, თუ მოსწავლეს არ შეუძლია ეს ყველაფერი გამოიყენოს და გააჩნდეს კომპეტენციები, რომ ჩამოაყალიბოს, მართოს, შეათანხმოს სამუშაო და ჰქონდეს ახალი, საინტერესო, სიკეთეებისა და საჭირო ცვლილებების მოტანის ინტერესი.

ხელოვნებისა და სპორტის ხელმისაწვდომობის შესახებ

0

 

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოზარდისათვის ფიზიკური დატვირთვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჯანსაღი კვება. ამასთან, ხელოვნებასთან სიახლოვეც საკვებივით აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის.

შეცევადე გამერკვია სპორტული თუ სახელოვნებო წრეები რამდენადაა ხელმისაწვდომი საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვისათვის. საჯარო სკოლების რამდენიმე კლასის გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა საშუალოდ 40% დადის დამატებით სპორტის რომელიმე სახეობაზე ან მაგალითად სიმღერაზე, ცეკვასა თუ ხატვაზე. უფროსები ვამბობთ, რომ თანამედროვე ბავშვები წიგნებს არ კითხულობენ, კომპიუტერს უსხედან, მაგრამ იქნებ მშობლებსაც მიუძღვით „წვლილი“ შვილების დღის რეჟიმის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საქმეში? მიუძღვით და თან არ მიუძღვით. ყველა მოქალაქის ვალია დიდი ქალაქების ჰაერის დაბინძურების ფონზე მოითხოვოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მაგრამ ხშირად თავს ზემოთ ძალა არ არის.

პედიატრ ეკა უბერის რჩევით, ბავშვი ნებისმიერ ამინდში მინიმუმ ორ საათს მაინც უნდა ატარებდეს ჰაერზე. ასევე დადგენილია, რომ ის ყოველდღიურად მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში უნდა იყოს ფიზიკურად (აქტიური თამაში, ვარჯიში, სირბილი და სხვ.) დატვირთული.

ფიზკულტურა საქართველოს სკოლების სასკოლო ცხრილში კვირაში ორი-სამჯერ გვხვდება, სადაც ბიჭებს მეტწილად ფეხბურთს ათამაშებენ, გოგონებს კი – წრეში ბურთს. რეაბილიტოლოგი მარინე აფციაური მიიჩნევს, რომ ეს არ არის საკმარისი მოზარდის ძალის, გამძლეობის, მოქნილობის, სისწრაფისა და სიმარჯვის განვითარებისათვის. „სწორი მიდგომა ამ საგნისადმი საბავშვო ბაღიდანვე უნდა ხდებოდეს. დაწყებით კლასებში სასურველია ჩატარდეს მსუბუქი ტანვარჯიში კვირაში სამჯერ. ასევე კარგი პრაქტიკაა ნებისმიერი საგნის მასწავლებლის მხრიდან ე. წ. „ფიზკულტურის წუთის“ გამართვა, რომელიც ყოველ გაკვეთილზე 2-3 წუთის განმავლობაში „აქტიურ დასვენებას“ გულისხმობს. ეს ჯდომას მიუჩვეველი ბავშვებისთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა და დასწავლასა და კონცენტრაციასაც უწყობს ხელს.

მოსწავლის ფიზიკურ დატვირთვას ასაკისა და მისი ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით განსაზღვრავს სათანადო კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი.  ფიზკულტურის გაკვეთილი სპორტის ყველა სახეობის ელემენტებით უნდა იყოს გაჯერებული. მეხუთე კლასიდან სასურველია დაიწყოს სირბილი, მსუბუქი ტანვარჯიშის კომპლექსი, სიგრძეზე და სიმაღლეზე ხტომა, ბაგირზე ცოცვა, ფრენბურთი, შვედურ კედელზე ვარჯიში და ა. შ. სკოლის დამთავრებამდე მოზარდმა უნდა იცოდეს სპორტის თითქმის ყველა სახეობის თამაშის წესები. სამწუხაროდ, დღესდღეობით შესასწავლ სპორტის სახეობას სკოლის დირექტორი ირჩევს და ის ერთადერთი სახეობა ყველა მოსწავლისათვის შეიძლება ჭადრაკი იყოს, რომელიც კვლავაც ჯდომას მოითხოვს მოზარდისაგან. ეს კი დაუშვებელია. ასევე დასადგენია, რამდენად გამართულია პროგრამებიც, რითაც ამჟამად ფიზკულტურის მასწავლებლები ხელმძღვანელობენ.

ჩემი აზრით, სწორედ ზემოაღნიშნული პრობლემების ერთობლიობის გამო იმატა ბოლო პერიოდში მოზარდებში აღნაგობის დარღვევამ და სერიოზულმა პათოლოგიებმა. სკოლის დამთავრებისთანავეც ხომ სულ სხვა ფიზიკური დატვირთვა ელოდებათ ვაჟებს ჯარში. ცხადია, მას, ვისაც 100 მეტრიც არ ურბენია სკოლის პერიოდში, გაუჭირდება ჯარის ფიზიკური ნორმატივების შესრულება და კილომეტრების გარბენა.“

მოსწავლეთა სქოლიოზისადმი მიდრეკილება მშობლებისათვის კარგადაა ნაცნობი. ამ და სხვა დარღვევების თავიდან ასაცილებლად და პროფილაქტიკისათვის სპორტის მრავალი სახეობა არსებობს. მათ შორისაა ცურვა, რომელიც სასარგებლოა როგორც მოზარდის ნერვული სისტემისთვის, ისე კუნთებისთვის, სისხლის მიმოქცევისა და ძვლოვანი სტრუქტურის სწორად ჩამოყალიბებისათვის. ერთია ბავშვის საჭიროება და მეორე – თანხები, რომელიც პირდაპირ აწვება მშობლების მწირ ბიუჯეტს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ფინანსების არარსებობის გამო უარესდება მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან დედაქალაქში ასე თუ ისე არის არჩევანი აუზებისა, სადაც სწავლის ფასი 60-დან 150 ლარამდე მერყეობს, რეგიონებში კი აუზები ხშირ შემთხვევაში ფიზიკურად არ არსებობს. იქ უმეტესად გვხვდება ფეხბურთისა თუ რაგბის კლუბები, ცეკვის შემსწავლელი კურსები.

როდესაც საქმე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეს ეხება, ბავშვისთვის მაგალითად ცურვის მასწავლებლის მოძიება კიდევ უფრო რთულდება. ამაზე ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ. https://mastsavlebeli.ge/?p=10030 სასიხარულოა, რომ ბოლო დროს გაჩნდა საფეხბურთო და საკალათბურთო კლუბები, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სოციალიზაციასა და მათი რეაბილიტაციის ხელშეწყობას ემსახურება.  მოზარდებისთვის შემუშავებულია სპეციალური პროგრამა, რაც ინდივიდუალური და გუნდური სწავლის მიდგომებზეა დამყარებული. ბევრ მოზარდს ესაჭიროება იპოთერაპია, არტ თერაპია, სენსორული ინტეგრაციის სეანსები, არადა საქართველოში სამწუხაროდ ძალიან ცოტაა  საჯინიბოები თუ კარგად აღჭურვილი ოთახები, რომლებიც მათ სათანადოდ მოემსახურება. უნდა აღვნიშნოთ კვალიფიკაციური სპეციალისტების ნაკლებობა და მაღალი ტარიფებიც (1 საათი 20-30 ლარიდან ზევით), რომელსაც ბევრი მშობელი ფინანსურად ვერ სწვდება. რაც შეეხება ჩოგბურთსა და თხილამურებით სრიალს, ორივე ყოველთვის „ძვირიან სპორტად“ ითვლებოდა სპეციალური აღჭურვილობისა და მწვრთნელების გამო.

თბილისში ბოლო დროს მომრავლდა საკვირაო სკოლები, სადაც მოზარდებს ხატვას, ძერწვას, ასევე აპლიკაციების, ხელნაკეთი წიგნებისა თუ სხვადასხვა ნივთის შექმნას ასწავლიან, საუბრობობენ წიგნების გმირებზე და სხვ. ფასები 30-დან 120 ლარამდე მერყეობს. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამები ასე თუ ისე შეიცავს ზემოხსენებულ არტ თერაპიისა და სენსორული ინტეგრაციის მცირე ელემენტებს, რაც ასე აუცილებელია ბავშვებისათვის.

მოზარდებს ძალიან რომ შეუყვარდათ ე. წ. „ტყლარწი“, ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ამას ორ ახსნას უძებნის: „1. ბავშვებს სენსორული შიმშილი აქვთ; 2. ტყლარწი შფოთვას ამცირებს. ფეხბურთს ვინ თამაშობს დღეს? ან ეზოში ვინ დარბის? ეზოში თუ არიან, უმეტესწილად სხედან. ბავშვები ძირითად დროს ან სკოლაში ატარებენ ან კომპიუტერთან, ამიტომ აქვთ სენსორული შიმშილი. ამ ფონზე ასეთი ტიპის ფაქტურები მათთვის მიმზიდველია. საჭიროა, რომ ბავშვებს ბუნებასთან ჰქონდეთ კონტაქტი და სპორტითაც დაკავდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ამას ტყლარწი ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ როცა თბილისში ხე და ბალახი აღარ არის, ის, როგორც ჩანს, მოზარდებს ამ შეგრძნებებს უწესრიგებს“.

გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ საქართველოში ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი უფრო და უფრო ნაკლებად დადის დამატებით სპორტსა თუ სახელოვნებო კურსებზე. ამასთან, მომსახურების ფასები დედაქალაქში რამდენჯერმე აღემატება რეგიონისას.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...