ორშაბათი, სექტემბერი 8, 2025
8 სექტემბერი, ორშაბათი, 2025

ერთი მოსწავლის წარმატება, იმედი და სურვილები

0

გიორგი ორკოდაშვილი თელავის № 1 საჯარო სკოლაში სწავლობს და გარდა სასკოლო ცხოვრებისა, სხვა აქტივობებითაც არის დატვირთული. ის სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტია, მხარს უჭერს ნარჩენების გადამუშავების პოლიტიკას და ხშირად არის ჩართული გარემოსდაცვით ღონისძიებებში.

გიორგი ამბობს, რომ 10 წელია, რაც ამერიკაში სწავლაზე ოცნებობდა, წელს კი ეს ოცნება აუსრულდა,  Flex-ის პროგრამის ფინალისტი გახდა და ერთი წელი ამერიკულ სკოლაში ისწავლის.

– მოსწავლე, ბლოგერი, ეკოაქტივისტი, ტრენერი, მოგზაურობის მოყვარული, სხვადასხვა დისკუსიის მოდერატორი და ა.შ ასეთი მრავალფეროვანი აქტივობის პარალელურად, როგორია მოსწავლის ყოველდღიური ცხოვრება?

ჩემი, ამ შემთხვევაში როგორც მოსწავლის, ყოველდღიური ცხოვრება ალბათ ზუსტად ისეთივეა, როგორც საქართველოში მცხოვრები ყველა სხვა მოსწავლის.  ვიაზრებ იმას, რომ ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მოვალეობა სწავლაა და ეს მისია უნდა შევასრულო. შესაბამისად, ყოველდღიურად დავდივარ სკოლაში. არ მიყვარს  გაცდენა და დაგვიანება. თუ სერიოზული მიზეზი არ მაქვს, არ ვაცდენ სკოლას,  ვსწავლობ, ვისმენ გაკვეთილებს და ვწერ დავალებებს და ა.შ.  თუმცა ეს საქმიანობა ჩემთვის უკვე მოსაწყენ რუტინადაა ქცეული და იმ საგნების სწავლას, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ გამომადგება, მუღამს ვერ ვუჭერ, თუმცა მაინც ვსწავლობ.

 

 მოდი, სკოლაზე ვისაუბროთ. რა ხდება საინტერესო სკოლაში?

მიუხედავად ყველაფრისა, სკოლაში ბევრი საინტერესო რამე ხდება – ყოველდღიური ინტერაქცია ადამიანებთან, ახალი ინფორმაციების მიღება და გარდა ამისა,  ის პრობლემები, რაც დღეს საქართველოს სკოლებშია. ჩემთვის გარკვეულწილად გამოწვევაა, გავაუმჯობესო ეს მდგომარეობა და მოსწავლედ ყოფნა გავხადო უფრო საინტერესო. ეს საკმაოდ საინტერესო პროცესია ჩემთვის – ახლა ჩემი სკოლის ეკოკლუბის პრეზიდენტი ვარ და  გუნდთან ერთად  ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ მოსწავლეებს ფორმალური განათლების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციებიც  მივაწოდოთ, ჩავატაროთ კონკურსები, გავაკეთოთ საზაფხულო ბანაკები და ა.შ.

 

 – ერთ წელიწადში სკოლას დაემშვიდობები. ამ  გადმოსახედიდან, როგორი წარმოგიდგენია კარგი სკოლა? თუ გაქვს ამ საკითხის მიმართ შენი მოსაზრებები? თუ არის რაიმე ისეთი, რის შეცვლასაც ისურვებდი  სკოლაში?

კი, ვფიქრობ, რომ დღევანდელ განათლების სისტემაში ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი. და ზუსტად ვიცი, რომ მოსწავლეებზე უკეთ არავინ იცის სკოლის და განათლების სისტემის უარყოფითი მხარეები და ის, თუ როგორი უნდა იყოს სკოლა.  რასაც პირველ რიგში შევცვლიდი, მე რომ წარმოვადგენდე გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ყოველთვიურ უკუკავშირს მივიღებდი მოსწავლეებისგან და გავიგებდი, როგორი სკოლა სურთ მათ.

 

მოსწავლის გადმოსახედიდან კი ვიტყვი, რომ სკოლაში ბევრი ისეთი რამ ისწავლება, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ თუ იმ სფეროს არ გაყევი, საერთოდ არ დაგჭირდება და ეს ინფორმაციაც აზროვნების განვითარებაში არ გეხმარება. და ამ დროს ყურადღების გარეშე რჩება ისეთი საგნები თუ საკითხები, რომლებიც ცხოვრებაში აუცილებელია. მაგალითად, სამოქალაქო განათლება, რომელიც დღემდე მეასეხარისხოვან საგნად ითვლება; ტოლერანტობა, რომელიც მჯერა, რომ ისწავლება; ასევე პირადი ჯანმრთელობა, ფულის მენეჯმენტი, კარიერის დაგეგმარება და პროფესიის სწორად შერჩევა, ადამიანის უფლებები. ასევე მიმაჩნია, რომ ლიტერატურასთან ერთად აუცილებლად უნდა ხდებოდეს კინემატოგრაფიის სასწავლო მასალად გამოყენება.

და კიდევ მთავარი, მიმაჩნია, რომ ლიტერატურის დაზუთხვა და ლექსების დაზეპირება კი არაა საჭირო, არამედ ეს ნაწარმოებები უნდა იყოს გამოყენებული აზროვნების, შეფასების, კრიტიკული და ანალიტიკური ჩვევების გამომუშავებისთვის. შესაბამისად, მოსწავლეებს კი არ უნდა გვავალებდნენ ლექსების დაზუთხვას, მოთხრობების მოყოლას და ა.შ., არამედ უნდა გვეხმარებოდნენ გაანალიზებაში, გააზრებაში და შემდეგ უნდა მიმდინარეობდეს დისკუსიები და მსჯელობა პერსონაჟებზე,  ნაწარმოებში მომხდარი სიტუაციის ირგვლივ და ა.შ. რადგან გავა დრო და ის ლექსები თუ მოთხრობები აუცილებლად დაგვავიწყდება, მაგრამ აუცილებელია დაგვრჩეს და ვისწავლოთ ლოგიკური აზროვნება, რომელიც ცხოვრებაში აუცილებელია.

გარდა ამისა, მე მომხრე ვარ რომ ბოლო საფეხურის კლასებში მოსწავლეები თავად ვირჩევდეთ საგნებს, რა გვინდა ვისწავლოთ და რომელი სფერო წარმოადგენს ჩვენთვის საინტერესოს. ამით სკოლას უფრო სახალისოს, საინტერესოს და სასარგებლოს გავხდიდით. გარდა ამისა, ვთვლი, რომ ნებისმიერ საგანში საჭიროა მეტი პრაქტიკა და ნაკლები თეორია, განსაკუთრებით მაღალ კლასებში.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად არის მოსწავლის აზრი გათვალისწინებული, ეს ცვლილებები, რაც ახლა ჩამოვთვალე, ვერ განხორციელდება ერთი სკოლის დონეზე. ეს უნდა მოხდეს სისტემის დონეზე. შესაბამისად, ამ პროცესში პირველ რიგში მთავარ მოქმედ ობიექტად განათლების სამინისტროს ვხედავ და არა სკოლას, თუმცა, შემდეგ სკოლა რამდენად შეძლებს  სისტემის მორგებას, ეს, რა თქმა უნდა, სკოლის დირექტორის და მასწავლებლების კომპეტენციაა.

 

–  აქტიურად მონაწილეობ სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში. როგორ ფიქრობ, ეს სკოლის დამსახურებაა, თუ პრადად შენი და რამდენად ხელს უწყობს სკოლა მომავალი მოქალაქეების მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბებას?

ამ შემთხვევაში დიდი წვლილი ჩემს სკოლაში არსებულ ეკოკლუბს მიუძღვის, თუმცა ასეთი კლუბები ყველა სკოლაში არ არსებობს. შესაბამისად, ყველას თანაბარი შანსები არ ეძლევა წარმატებისა და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვისთვის.

 ერთ წელიწადში პროფესიული არჩევანის წინაშე აღმოჩნდები. რამდენად კარგად გაქვს გააზრებული სამომავლო არჩევანის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

მიუხედავად იმისა, რომ 1 წელიწადში მიწევს პროფესიული არჩევანის გაკეთება, მაინც არ ვარ საბოლოოდ ჩამოყალიბებული, რა მინდა, რადგან არ მაქვს ინფორმაცია ზუსტად სხვადასხვა პროფესიების შესახებ. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღო, ერთწლიანი პაუზა და ამ დროში სხვადასხვა პროფესიების შეცნობა და საკუთარ თავში ჩამოყალიბება ვამჯობინო.

ახლა რაც მინდა, სოციალური მეცნიერებებია, და ალბათ ამ სფეროში მივიღებ ბაკალავრის განათლებას, შემდეგ კი დავფიქრდები და იმ დროისთვის ალბათ უკვე ზუსტად მეცოდინება, რა ვიწრო მიმართულებით გავაგრძელებ საქმიანობას.

 შენ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მოგვიყევი. რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი აქტივიზმი?

უკვე 6 წელია ჩემი სკოლის ეკოკლუბის წევრი ვარ. გარდა ამისა, თითქმის 1 წელია შევქმენი „ეკოაქტივისტების დამოუკიდებელი ჯგუფი”,  ვაკეთებთ პროექტებს, კამპანიებს, აქციებს,  ვთანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სკოლებთან და ასე ვცდილობთ, მეტი თანამოაზრე შემოვიკრიბოთ და ბევრი გავხდეთ.

პირველ რიგში, ამ აქტივობების დახმარებით, ისეთ რაღაცებს ვსწავლობ, რასაც არაფორმალურ განათლებას ეძახიან. თუმცა ვთვლი, რომ აუცილებელი უნდა გახდეს ეს ფორმალური განათლებაც. ამ აქტივობებით მე ვსწავლობ აქტიურ მოქალაქეობას,  ვსწავლობ ჩემს, როგორც მოქალაქის უფლებებს, მოვალეობებს, ვალდებულებებს.  ამ აქტივობების დახმარებით ვივითარებ აზროვნებას,  ვიცნობ ბევრ საინტერესო ადამიანს,  ვსწავლობ ტოლერანტობას და მნიშვნელოვან საკითხებს.

 

 –  რას აკეთებ, რას კითხულობ და როგორ იღრმავებ ცოდნას თავისუფალ დროს?

თავისუფალ დროს ფილმებს ვუყურებ,  მხატვრულ ლიტერატურას ვკითხულობ, მეგობრებთან ერთად ვარ,  ვმოგზაურობ, ძალიან მიყვარს ლაშქრობა. ცოდნას უფრო მეტად ონლაინკურსებით ვიღრმავებ. დღეს უკვე თითქმის ყველა ინტერესის მქონე ადამიანმა შეიძლება მოძებნოს  თავისი შესაბამისი ონლაინკურსი და გაიგოს მეტი იმის შესახებ, რაც აინტერესებს. მე მენეჯმენტის, აქტიური მოქალაქეობისა და ტოლერანტობის სწავლების ონლაინკურსებს გავდივარ და ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რასაც აქედან ვსწავლობ.

  • როგორია სამომავლო გეგმები?

მომავალი 1 წელი ამერიკაში ვისწავლი, სკოლის დამთავრება იქ მომიწევს. FLEX პროგრამის ფინალისტი გავხდი. ეს ერთი წელი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემს ცხოვრებაში, რადგან სხვანაირად დამანახებს ყველაფერს. ახლა ზუსტად ის ეტაპი მაქვს, როცა ჩემში პიროვნება ყალიბდება და ვფიქრობ, ეს ერთი წელი სწორ ფორმირებაში დამეხმარება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემს საქმიანობას გავაგრძელებ, უმაღლეს განათლებასაც მივიღებ. ვაპირებ, მთელი ცხოვრება ვიყო აქტიური მოქალაქე და ყოველთვის დავიცვა გარემო და ადამიანის უფლებები.

 

 

სწავლა სტრესის დროს

0

კრიტიკულ სიტუაციებში ზედმეტად დაძაბულ ფიზიკურ მდგომარეობას ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ძალუძს, სასკოლო კაბინეტში კი სტრესი სრულიად უადგილოა. როგორია სტრესის ბუნება და რამდენად ეხმარება ის მოსწავლეს სასწავლო მასალის ათვისებაში?

დამტკიცებულია, რომ სტრესსა და სიმშვიდეში მყოფი მოსწავლეების ტვინის მოქმედება პოლარულად სხვადასხვაა და არ აქვს მნიშვნელობა რა არის სტრესის მიზეზი – უეცრად გამოცხადებული საკონტროლო წერა თუ პირადი პრობლემა. ნერვულ სისტემასა და თავის ტვინში „ჩაშვებული“ სტრესის პროცესი განსხვავებულ რეაქციებს იწვევს, რაც რადიკალურად ცვლის ნებისმიერი ინფორმაციის ათვისებისა და დამახსოვრების უნარს.

ჩვენი სხეული და ტვინი სტრესს ავტომატურ რეჟიმში ეპასუხება ჰორმონების რთული კომპლექსითა და ნეირომედიატორებით. როგორც კი ჩვენი მგრძნობელობითი ორგანოები საფრთხეს იგრძნობენ, ხდება სტეროიდული ჰორმონების – გლუკოკორტიკოსტეროიდების      გრანდიოზული ამოფრქვევა. ამ ჰორმონებს შორის ძირითადი კორტიზოლია. ის სტრესზეა პასუხისმგებელი და პირდაპირ მოქმედებს გულის, ფილტვების, სისხლის მიმოქცევის მუშაობაზე, მეტაბოლიზმზე, იმუნურ სისტემასა და კანზე.

ნეირომედიატორები – ეს მრისხანე სახელწოდება არცთუ საშიშია – დოპამინი, ნორეპინეფრინი და ეპინეფრინი (ადრენალინი) ნუშისებრ ჯირკვალს ააქტიურებენ და ის კი, თავის მხრივ, დაძაბულობის და საფრთხის განცდას ბადებს. ამავდროულად, ჩვენი მზრუნველი ტვინი ნეიროპეპტიდ S-ის გამომუშავებას იწყებს, რაც ადამიანში გაღიზიანებისა და მოუსვენრობის განცდას იწვევს.

თუკი სტრესის პროცესი დაიწყო, ადამიანი მას, როგორც კაუჭს, ებმის და საკმარისია რამე მოხდეს, რომ მომენტალურად თავდაცვითი ინსტინქტები ერთვება. მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ სტრესი არა მხოლოდ მაშინ „ირთვება“, როდესაც, მარტივად რომ ვთქვათ, დათვი მოგვდევს და უნდა გავიქცეთ, არამედ სწავლისა და გამოცდების პერიოდშიც, როდესაც ტვინს ინფორმაციის გადამუშავება უწევს, რაც სტრესის დროს ორმაგად რთულდება.

ჰიპოკამპი – ტვინის სტრუქტურაა, რომელიც მახსოვრობასა და განწყობაზეა პასუხისმგებელი. ის ლიმფური სისტემის ყველაზე დიდი სტრუქტურაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ექსპლიციტური მეხსიერების პროცესებში, მასზე მნიშვნელოვნად ზემოქმედებს  სტრესი. სისხლის ნაკადის ან ჟანგბადის დოზის მცირეოდენი ცვლილებები ტვინის ამ რეგიონში სტრესის ემოციური ამოცნობისა და მასზე რეაგირების რაოდენობრივ მარკერად გამოდგება.

ჰიპოკამპს ხანგრძლივი მეხსიერებიდან ხანმოკლე მეხსიერებაში გადააქვს ინფორმაცია. როდესაც სტრესის გავლენის ქვეშ არსებული ჰორმონი კორტიზოლი ჰიპოკამპს აღწევს, მისი სტრუქტურა ელვის სისწრაფით იშლება. ამ დროს ტვინი ვეღარ ახერხებს ინფორმაციის იდენტიფიცირებას და შენახვას. მაგალითად, ალცგეიმერის დროს ჰიპოკამპი ზომაში შესამჩნევად მცირდება.

საბედნიეროდ, ჰიპოკამპის სტრუქტურა სამუდამოდ არ იშლება, მაგრამ ქრონიკული სტრესის დროს სხვა პრობლემაც იჩენს თავს. თუკი ბავშვი გამუდმებით განიცდის სტრესს, მისი ტვინი ერთსა და იმავე რეაქციას გამუდმებით იძლევა და ნერვულ დაბოლოებებს აძლიერებს. ეს არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია მუდმივ დაძაბულ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. თუმცა გაკაჟებული ნერვული გზების სიკეთე პრეფრონტალურ ქერქში სრულდება, იქ, სადაც თვითკონტროლის, მეხსიერებისა და ლოგიკური აზროვნების მექანიზმი უნდა ამუშავდეს, ზუსტად ის, რაც ასე აუცილებელია ბავშვის წარმატებული სწავლებისათვის.

მაშასადამე, ქრონიკული სტრესი ნეგატიურად მოქმედებს ყველა ასაკის მოსწავლეზე, მაგრამ ყველაზე მოწყვლადები მცირე ასაკის ბავშვები არიან. სტატისტიკის მიხედვით, ყურადღების კონცენტრირებისა და თვითკონტროლის პრობლემები იმ ბავშვებს აღენიშნებათ ხოლმე, ვინც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდანაა, ვინც ოჯახური ძალადობის მაყურებელი და მონაწილეა, ვის ოჯახშიც ნარკომანია და ალკოჰოლიზმია, ვისი მშობლებიც ფსიქიკური პრობლემების მქონენი არიან. ეს, ე.წ. რისკ ჯგუფია, ვისთანაც მასწავლებლებმა ზედმიწევნით  რუდუნებით უნდა იმუშაონ.

ნობელის პრემიის ლაურეატი, ფილოსოფიის დოქტორი და ეკონომისტი ჯეიმს ჰეკმანი ამტკიცებს, რომ საცნობარო უნარები ბავშვებში ათი წლის ასაკისთვის ფორმირდება. სოციალური უნარები, პიროვნული თვისებები რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად – ეს ყველაფერი შეიძლება ბავშვს ჩამოუყალიბო არა მხოლოდ მცირე ასაკში. ბავშვის ფსიქიკა იმდენად ელასტიკურია, რომ იძლევა ამის შესაძლებლობას. სტრესგადატანილი ბავშვის ტვინის გადაპროგრამირება მასწავლებელს თავისუფლად შეუძლია, თუმცა კი დიდ ძალისხმევას და მოთმინების უნარს მოითხოვს. გაკვეთილების სხვაგვარად დაგეგმვის გარდა, პედაგოგს კლასგარეშე სამუშაოს ჩატარებაც მოუწევს.

როგორ შევქმნათ სკოლაში ანტისტრესული სიტუაცია?

  1. რისკჯგუფისთვის სკოლის კედლებში სანდო ადგილის ორგანიზება – მასწავლებლის საიმედო ხელის გარდა, რისკჯგუფის ბავშვს ფსიქოლოგის დახმარებაც არ აწყენდა.
  2. თვითანალიზის სტიმულირება – კარგია ისეთი გაკვეთილის ჩატარება, სადაც მოსწავლეებს განემარტებათ სტრესის და ნერვული დაძაბულობის რაობა, სადაც ისაუბრებენ სტრესის მიზეზებზე, სიმპტომებზე, მათთან გამკლავებაზე.
  3. თაიმ მენეჯმენტის სწავლება – მოსწავლეში შფოთვის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირდება, თუ მოსწავლეს ეცოდინება დღის განმავლობაში რა ამოცანები უნდა გადაჭრას. ბავშვს მიზნის მიღწევაში რომ დავეხმაროთ, განუსაზღვროთ ვადები, ოღონდ მოქნილი ვადები.
  4. არ დაინანოთ მაღალი ნიშნის დაწერა – თუკი მასწავლებელი არ არის დარწმუნებული, რომ მოსწავლეს ყველაზე მაღალი ქულა ეკუთვნის, დამატებითი ნომინაციები და ბონუსები უნდა გამოიგონოს და მიანიჭოს. ბავშვმა არასწორადაც რომ უპასუხოს მასწავლებელს, მასწავლებელმა ფიქრისა და აზროვნების უნარი ცოტა მაინც უნდა შეუქოს. დაუშვებელია მასწავლებელმა ბავშვები მხოლოდ ორ კატეგორიად – „გამარჯვებულებად“ და „დამარცხებულებად“ დაყოს.
  5. ასწავლეთ აზროვნება და სიმშვიდე – თანამედროვე განათლება გვაიძულებს ვიფიქროთ სწავლების შედეგზე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციების მართვის ხელოვნების სწავლება. უფლება მიეცით მოსწავლეებს საკონტროლოს დაწყებამდე ხუთი წუთი უბრალოდ სიჩუმეში გაატარონ. ეს მათ დაამშვიდებს და აზროვნების პროცესს გაუმარტივებს.
  6. დაუშვით გამონაკლისი – მორცხვი მოსწავლისთვის დაფასთან გასვლა ან ტექსტის ხმამაღლა კითხვა შეიძლება ნამდვილ კოშმარად იქცეს. ნუ დატანჯავთ ასეთ მოსწავლეს, ეს არავის სჭირდება. უბრალოდ, ცოტა ხნით მიუჯექით მას და ერთი-ორი კითხვა ისე დაუსვით.

ეს არ არის უნივერსალური ინსტრუქცია, რომელიც მოსწავლეებში სტრესს შეამცირებს. ყველა კლასს, მასწავლებელს თავისი ისტორია, გამოცდილება, მიდგომები და მეთოდიკა აქვს.

 

 

 

 

შემოქმედებითი აზროვნების, პროდუქტიული სწავლის ხელსაწყოები

0

სასწავლო პროცესში ბავშვების შემოქმედებითი, პროდუქტიული აზროვნების განვითარება ყოველი ჩვენგანის უმთავრესი ამოცანაა. შემოქმედება სიკეთე და სათნოებაა, თუმცა მისკენ სავალ გზაზე ადამიანს შეიძლება არაერთი დაბრკოლება შეხვდეს. მთავარია, ვიცოდეთ ხერხები, რომელთა დახმარებით გზიდან არასოდეს გადავიჩეხებით და გაგვაჩნდეს ხელსაწყოები, რომლებიც ამ ხერხების გამოყენებაში დაგვეხმარება.

რადგან ოდესღაც ქართულ ენობრივ სივრცეში ერთ-ერთი ინსტრუმენტის სახელი ისე განზოგადდა, რომ რეალურ და დიდ ძალასთან უკვე ყოველთვის უპირატესია („ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა“), რადგან სადგისი, ჭყინტი ყველი და ნაცარი – ის ხელსაწყოებია, რომელთა გამოყენებით შესაძლოა დევები დაამარცხო, ხოლო გამოუყენებლობით – ერთ დღესაც კავკასიონის ქედზე მიგაჯაჭვონ, ცხადია, უნდა ვაღიაროთ მათი მნიშვნელობა და ამ „უტილიტარულ ხრიკებზე“ რაც შეიძლება ბევრი ვიფიქროთ. სააზროვნო ინსტრუმენტებს, რომლებსაც ასე უცნაურად ვიღებთ ან არ ვაღიარებთ, ხომ ძალიან შორს შეუძლია ჩვენი წაყვანა ანაც მთელი ჩვენი შეგრძნებების, ემოციურობის, შემეცნების დაკნინება თუ გაფართოება?!

აზროვნების ინსტრუმენტების შესახებ საუბრისას სავსებით  სამართლიანად მიიჩნევენ, რომ ისინი, განსაკუთრებით, ენისა და წიგნიერების ინსტრუმენტები, მხოლოდ ისეთი მარტივი მიზნებისთვის არ გამოიყენება, რომლისთვისაც გამოიგონეს, რომ მათი მიზნები ძალიან გასცდა გამომგონებლების წარმოდგენებს. ამიტომ მათზე მსჯელობას ენის ინსტრუმენტებზე საუბრით იწყებენ. კირან იგანის აზრით, სწავლა-სწავლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ ის მარტივი ინსტრუმენტებია, რომლებსაც ყოველთვის სათანადოდ ვერ იყენებენ და დროდადრო მათ საერთოდაც ივიწყებენ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების იმ კულტურული სიმდიდრეების სამყაროში გადაყვანა შეუძლია, რომელიც მარტივი წიგნიერების კარიბჭის მიღმაა მოქცეული.

ფსიქოლოგ დავიდ ოზუბელის (David Ausubel) მტკიცებით, ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი გახლავთ „წინასწარი ცხრილი“, რომელსაც მოსწავლისთვის მომავალი სასწავლო მასალის სტრუქტურის წინასწარ გაცნობით მათი შედეგების ბევრად გაუმჯობესება შეუძლია და, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ძველი პრინციპების გამეორებაა, იდეის წარდგენის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა:

  • ადამიანებს უთხარით იმის შესახებ, რაზეც მათთან ლაპარაკს აპირებთ;
  • მოუყევით სათქმელი;
  • ამის შემდეგ კი უკვე ნათქვამზე ესაუბრეთ.

თავის მხრივ, კირან იგანი, ძირითადი შემეცნებითი ინსტრუმენტების იმგვარ ნაკრებს გვთავაზობს, რომელთაგან განსაკუთრებით პირველი ოთხი, მნიშვნელოვანია სიმბოლოთა ყველა სისტემის შესწავლისათვის, დაწყებული მათემატიკიდან და მუსიკიდან, ნებისმიერი ცოდნისა და გამოცდილების ყველა ფორმით დასრულებული. მაშ, ეს ინსტრუმენტებია:

  • ამბავი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შემეცნებითი ინსტრუმენტია. მას მოსწავლეები წარმოსახვის საშუალებით ცოდნის დამუშავებისთვის იყენებენ. ამბებს რეალური სამყაროს შინაარსის განსაზღვრა შეუძლია, რეალური სამყაროს ამგვარი ჩამოყალიბება კი სწავლების ყველაზე დიდ ღირებულებად მიიჩნევა.
  • მეტაფორა საშუალებას გვაძლევს, ერთი საკითხი მეორის საშუალებით დავინახოთ. ეს უჩვეულო უნარი ადამიანის ინტელექტუალური გამჭრიახობის, კრეატიულობისა და წარმოსახვის ძირითადი შემადგენელი ნაწილია და მოსწავლეებისთვის მის შენარჩუნებაში დახმარება, მათი სწავლების პროცესში ხშირად გამოყენება მოსწავლეებს ენერგიულად და მოქნილად კითხვასა და აზროვნებაში ეხმარება.
  • ბინარული დაპირისპირებანი ცოდნის მოწესრიგებისა და კატეგორიებად დაყოფის მნიშვნელოვანი და ძლიერი ინსტრუმენტებია. ამგვარ დაპირისპირებას თითქმის ყველა ამბავში ვხვდებით და მათ ცოდნის ბევრი კომპლექსური ფორმის საწყისი განაწილების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ყველაზე ძლიერი დაპირისპირებანი, მაგალითად, კარგი/ცუდი, უსაფრთხოება/შიში, შეჯიბრი/თანამშრომლობა – ემოციურად დატვირთულია და შინაარსთან დაკავშირების შემთხვევაში შემოქმედებითი ხდება.
  • რითმა, რიტმი და სტრუქტურა ნებისმიერი შინაარსისთვის დასამახსოვრებელი, აზრის შემცველი და მომხიბვლელი ფორმის მიცემის ძლიერი ინსტრუმენტებია. ძალიან დიდია როგორც მათი როლი სწავლებისას, ისე – მათი მნიშვნელობა ენის რიტმისა და სტრუქტურის წარმოსახვისა თუ ძირითადი ემოციების გააქტიურებისათვის.
  • ხუმრობები და იუმორი ენის ფუნქციონირების ძირითადი საშუალებების მაჩვენებელი ინსტრუმენტებია. ამავე დროს ისინი მოსწავლეებს ცოდნის ელემენტებთან თამაშისა და სწავლის სარგებლის აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს და ეხმარება, არ „დაავიწყდეთ“ წარმოსახვა და შეინარჩუნონ წესების მკაცრი, საყოველთაოდ აღიარებული გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის უნარი. ეს ინსტრუმენტები მოსწავლეებს მათი ცოდნის მრავალ განზომილებას დაანახვებს და გონების მოქნილობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
  • გონებრივი გამოსახულებები ძალიან დიდი ემოციური მნიშვნელობის ინსტრუმენტებია. ისინი ჩვენს მთელ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ვიზუალური სახეებით გაჯერებულ საზოგადოებაში შესაძლოა, უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყოს მოსწავლეებისათვის ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ისინი საკუთარი გონებრივი გამოსახულებების ჩამოყალიბების სწავლას შეძლებენ. ჩვენ შეგვიძლია, ადვილად დავივიწყოთ სიტყვების მეშვეობით წარმოქმნილი უნიკალური სახეების ძალა, რადგან ხშირად სახეს უფრო მეტი წარმოსახვითი და დასამახსოვრებელი ძალა აქვს, ვიდრე ეს მხოლოდ კონცეფციას ექნებოდა. ორივე ერთად შეიძლება კიდევ უფრო ძლიერი ეფექტის მქონე აღმოჩნდეს. აზრობრივი, გარე სახეებისგან განსხვავებული გამოსახულებების გამოყენებამ სერიოზული როლი უნდა ითამაშოს სწავლისა და სწავლების საქმეში.
  • ჭორი ხშირად უსარგებლო სიამოვნებად ფასდება, თუმცა სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. ჭორი სოციალური ურთიერთობების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმაა. მასში ჩართვა ადვილია და ეს, ჩვეულებრივ, სასიამოვნო პროცესად ითვლება. ამდენად, ჭორაობა, მოვლენების ნარატივის საშუალებით გადმოცემის ჩათვლით მთელ რიგ უნარებს აერთიანებს. მას მოსწავლეების ცოდნის წარმოსახვითი გაგების გაფართოება შეუძლია. ჭორის საშუალებით შესაძლებელია მოსწავლეების ენასა და, განსაკუთრებით, ზეპირმეტყველებაში მნიშვნელოვანი ელემენტებისა და შესაძლებლობების განვითარება.
  • თამაში დაკავშირებული შემეცნებითი ინსტრუმენტი ან ინსტრუმენტების ნაკრებია. ის ადამიანებს იმ ობიექტებისაგან გათავისუფლებაში ეხმარება, რომლებთანაც მჭიდროდ არიან გადაჯაჭვულნი. მაგალითად, „კლასობანას“ თამაშისას ბავშვები სკოლაში ქცევის ნორმებსა და შეზღუდვებს გაიზიარებენ. ისინი სიამოვნებას შემბოჭველი სამყაროს პაროდირებით იღებენ. თამაშისას მოსწავლეებს უვითარდებათ თვითკონტროლის უნარი და ახდენენ მისი მნიშვნელობის გააზრებას. თამაშის დროს ისინი სწავლობენ, რომ იმპულსურად კი არ უნდა იმოქმედონ, არამედ მოქნილ წესებს უნდა მისდიონ. მათ შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ ტირიან, სინამდვილეში კი  – თვალთმაქცობისაგან სიამოვნება მიიღონ.
  • საიდუმლო მოსწავლეთა ყოველდღიური გარემოს მიღმა არსებული ცოდნის საშუალებით მათი ჩართულობის განვითარებისთვისაა საჭირო. მოსწავლეებს უჩნდებათ მიმზიდველი განცდა, რომ კიდევ ბევრი არაჩვეულებრივად შთამბეჭდავი რამაა აღმოსაჩენი. ყველა საგნის კურიკულუმს აქვს თავისი საიდუმლო, ჩვენი საქმე კი მოსწავლეთათვის ამ შინაარსის გაცნობისას მისი უფრო მდიდარი და ღრმა შინაარსის ისეთი წარდგენა უნდა იყოს, რომ მათი გონება სწავლის თავგადასავალში ჩააბას.

 

სასწავლო პროცესში კირან იგანის ეს სააზროვნო „ხელსაწყოები“, ალბათ, ბევრ ჩვენგანს წარმატებით გამოუყენებია, ხოლო ვისაც არა – შეუძლია ღრმად იწამოს, რომ ისინი, ერთად აღებული, ტროას ცხენია, რომლითაც ბავშვების სულსა თუ გულში, გონებაში შეღწევა და საგაკვეთილო „ომების“ მოგება  ბევრად უფრო მარტივი, სასიამოვნო და, რაღა თქმა უნდა, უდანაკარგო იქნება, ვიდრე ნებისმიერი სხვა ძალისხმევის გამოყენება.

სხვა თბილისი

0

ჩვენი ქვეყნის არაერთ მაცხოვრებელსა თუ სტუმარს საქართველოს დედაქალაქის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. ტურისტებისთვის თბილისი მშვენიერ ლანდშაფტთან და არქიტექტურასთან, ქალაქის ძველ ნაწილთან, ერთ უბანში თავმოყრილ სალოცავებთან და სტუმართმოყვარეობასთან ასოცირდება. რეგიონებში მოგზაურობის დროს მრავალჯერ მომისმენია მითები დედაქალაქის მკვიდრთა ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. სოფლად ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ატალახებულ ორღობეში ცხოვრებას ნებისმიერ ფასად ქალაქისკენ გამოხიზვნა სჯობს. თითქმის აღარავინ ფიქრობს იმაზე, რომ ურბანულ სივრცეში ადამიანების მხოლოდ უმცირესი ნაწილი ახერხებს ველური კონკურენციის დაძლევასა და გადარჩენას. დანარჩენები კი „ბეტონის ჯუნგლებში“, ხმაურში, მტვერში, გაუცხოებაში, ჩაგვრასა და უსამართლობაში აგრძელებენ ცხოვრებას.

ჩვენს ქალაქში ყოველდღიურად მცირდება საჯარო და გამწვანებული სივრცეების რაოდენობა, თბილისში თითქმის არც ერთი დიდი ინდუსტრია აღარ მუშაობს, რომელიც მოქალაქეების მასობრივ დასაქმებას მოახერხებდა. საღამოს საათებში დიდ პროსპექტებზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია, ავტომობილთა არმიას ყველა პატარა შემოვლითი გზაც კი ჩახერგილი აქვს. ურბანისტების ნაწილი ჯენტრიფიკაციის პროცესზეც ამახვილებს ყურადღებას. საქართველოში აღნიშნული ტერმინი ჯერ კიდევ უცხო ცნებად მიიჩნევა, მაგრამ თავად ფენომენი თბილისელებისთვის საკმაოდ ნაცნობი უნდა იყოს. ჯენტრიფიკაცია აღნიშნავს პროცესს, რომლის დროსაც ქალაქის ძველი, არაკეთილმოწყობილი უბნებიდან ღარიბ მოსახლეობას აძევებენ. გამონთავისუფლებულ სივრცეებში კი ახალ, პრესტიჟულ კვარტალებს აშენებენ. ახალ კვარტალებში დასახლების შესაძლებლობა მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს ეძლევათ. გაძევებული მოსახლეობა კი მიყრუებულ გარეუბნებში აგრძელებს ცხოვრებას, საიდანაც სამუშაო ადგილებზე, უნივერსიტეტებში, სავაჭრო ცენტრებსა თუ თეატრალურ დარბაზებში აღმოჩენა მოუხერხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამო მრავალსაათიან მოგზაურობასთან არის დაკავშირებული.

საქალაქო ცხოვრების ამგვარ წესს მსხვერპლიც ახლავს თან. თბილისში შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება ნირშეცვლილი, დაკარგული ან განწირული ადამიანების აღმოჩენა. უცნაურ ადამიანებს ყველანი ვამჩნევთ, მაგრამ მათი ბედით იშვიათად ვინტერესდებით. ქუჩაში მოსიარულე სვედამწვარ მოქალაქეებზე დაკვირვება ნორმალურ და ყოველდღიურ ჩვევად გვექცა. არადა, თითოეული მოხეტიალის მიღმა დიდი ტრაგედია იმალება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ათი წუთით მაინც თუ მოკალათებულხართ იქვე მდგარ კომფორტულ ძელსკამზე, აუცილებლად შეამჩნევდით ორ ადამიანს. პირველი საშუალო ასაკისა და სიმაღლის ყვითელთმიანი ქალია. სახე უზომოდ ბევრი ფერუმარილით აქვს დაფარული. მუდამ ვაკის პარკის მიმართულებით გადაადგილდება და ყოველთვის ერთ ღერ სიგარეტს ან „ოც კაპიკს“ ითხოვს. იმდენად კეთილია, რომ ჩემნაირი მოცულობისა და გარეგნობის ბიჭსაც კი „კრასავჩიკად“ მოიხსენიებს. ქუთაისელები ამბობენ, რომ იგი ადრე საქართველოს საპარლამენტო დედაქალაქის ქუჩებში დადიოდა ხოლმე. ერთადერთხელ ვცადე მასთან გამოლაპარაკება. ჩვენი კომუნიკაცია წარმატებული აღმოჩნდა. მართალია, ვერ მოვახერხე მისი პროფესიის ზუსტად დადგენა, მაგრამ რამდენიმე საინტერესო დეტალი მაინც დავადგინე. ქალაქის მოხეტიალემ უამრავი ბიოლოგიური ტერმინი განმიმარტა. როგორც სჩანს, ის ერთ დროს ბუნებისმეტყველების მიმართულებით საქმიანობდა, დღეს კი რუსთაველის მეტროსა და უცნობი ჯარისკაცის მემორიალს შორის გადაადგილების გარდა, სხვა გზა აღარ დარჩენია.

უნივერსიტეტის ბაღს ხშირად სტუმრობს ერთი მოხუცი ქალი. მას კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს, შესანიშნავად აყალიბებს თავის სათქმელს. მოხუცი ყველას ტელეფონზე დარეკვას სთხოვს. ის ყოველთვის პროკურატურაში რეკავს. რეკავს და ლამის საათობით ეჩხუბება ოპერატორებს. მოხუცი საათობით ითხოვს პასუხს დაკარგული ქონებისა და ადამიანების გამო. როგორც ჩანს, პროკურატურაში მის ზარებს მიეჩვივნენ, ალბათ, მისი ჩხუბის დროს თანამშრომლებს ყურმილი გვერდით აქვთ გადადებული. უკვე სტუდენტებიც კი ერიდებიან მისთვის მობილურის გადაცემას. გაბრაზებული ქალი ტირილითა და მოთქმით დაადგება ხოლმე სახლისკენ მიმავალ გზას.

კოსტავას ქუჩაზე, ალბათ, ყველას შეგხვედრიათ გრძელწვერა ქალი, რომელიც ნაგვის ურნებში იქექება. ყოველთვის სევდა და ტკივილი მიპყრობს მის დანახვაზე. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ლექციაზე სტუდენტმა შესანიშნავი ისტორია გაგვიზიარა. მან მოსკოვში მოღვაწე წარმატებული ექიმის შესახებ მოგვითხრო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ეს წარმატებული ექიმი კოშმარს თბილისის ყველაზე დასამახსოვრებელ და სულისშემძვრელ მოხეტიალედ გადაუქცევია.

ზოგიერთი ადამიანი ტრაგიკულ რეალობას ღიმილით გაურბის. არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე დილას თუ საღამოს, ქარში თუ წვიმაში, ზამთარ-ზაფხულ  ქ-ნი ნათელა დგას, რომელიც ყველა გამვლელს ხმამაღალი სიცილით, დალოცვითა და მხიარულად ეგებება, სანაცვლოდ კი ფეხითმოსიარულეთა და მძღოლთა პატივისცემასა თუ შემწეობას იმსახურებს ხოლმე. ნათელა ყველას უყვარს.

ჩვენს ქალაქში დადიან ისეთი ადამიანებიც, რომელთა უცნაურობასა და განსაკუთრებულობას ერთი შეხედვით ვერ აღმოაჩენთ. მათი მდგომარეობის აღსაქმელად მათთან გასაუბრებაა აუცილებელი. ჩემთან თითქმის ყოველ კვირა მოდიან მოქალაქეები და დახმარებას მთხოვენ. ზოგიერთს თამარ მეფის საფლავის გასათხრელად სჭირდება სახელმწიფო სტრუქტურებთან შუამავლობა. რამდენიმე მათგანი დავით აღმაშენებლის სამოცკილოგრამიან მახვილს მალავს სარდაფში. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარ თავს დედამიწაზე მეორედ მოსულ ქრისტედ აცხადებენ. ერთ-ერთ მათგანს მსოფლიოს მოსახლეობის შიმშილისგან გადარჩენა ძეძვისა და ანწლის ნაყენით სურს. თავიდან ამგვარი ისტორიების მოსმენისას მეცინებოდა. შემთხვევების მომრავლების შემდეგ კი უკვე სოსოწარკვეთა მიპყრობს. ეს ადამიანები ერთ დროს ყველანი წარმატებულები იყვნენ, ჰქონდათ თავიანთი საქმე და სამუშაო, მათ აზრს ეკითხებოდნენ, მათი შრომა სჭირდებოდათ. დღეს ისინი თავს ზედმეტად გრძნობენ, არსებულ სიტუაციაში საკუთარ ადგილს ვერ პოულობენ, ამიტომ ქმნიან ვირტუალურ რეალობას. დაკარგული და გარიყული ადამიანები მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში ახერხებენ თვითრეალიზებას, მხოლოდ იქ, არარსებულ ქვეყანაში შეუძლიათ საკუთარი საქმიანობის, საკუთარი სიცოცხლის მნიშვნელობის განსაზღვრა.

სხვა თბილისი არსებობს, მისი ყოფის გამოსწორება კი თითოეული ჩვენგანის მოვალეობა უნდა იყოს.

თვითშეფასება   და  მისი ეფექტურობა

0

შეფასება სწავლა-სწავლების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ვიცით, ვიცნობთ და ვიყენებთ სასწავლო გეგმის მიხედვით დადგენილ ორი ტიპის შეფასებას: განმსაზღვრელსა და განმავითარებელს. თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო განმავითარებელ შეფასებაზე-კონკრეტულად თვითშეფასებაზე.

განმავითარებელი შეფასება თავის თავში მოიცავს თვითშეფასებასაც და ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად, მოსწავლის განვითარების უზრუნველსაყოფად. ეს სწავლების პროცესის მიმდინარეობისას მიღწეულის შეფასებაა, მაგალითად: რაიმე თემის, ტექსტის შესწავლის პროცესი, საშინაო დავალების, პროექტის რომელიმე ეტაპის ან გაკვეთილზე ჩართულობის შეფასებაა. ამგვარი შეფასებისას მოსწავლე იღებს რჩევებს, რომელიც მას საკუთარი სწავლის გაცნობიერებასა და განვითარებაში ეხმარება.

V-VI – კლასში სისტემატურად ვიყენებ მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის თვითშეფასების ასეთ სქემას:

 

 

N

პირობითი

სახელები

 

მზე

 

აგური

 

დაკეცილი

კონვერტი

 

კაცუნა

მსმენელი

 

ღრუბლები

პირობით საახელებში

ნაგულისხმევი

შინაარსი

ვპასუხობდი კითხვებს და ჩემს პასუხებს მივყავდი პრობლემის გადაწყვეტამდე.

.ვიყავი აქტიური

ვამატებდი და ვავითარებდი სხვების პასუხებს,ვეხმარებოდი

გაკვეთილის „შენობის აგებაში“

ყველაფერი ვიცოდი და მესმოდა,მაგრამ ვდუმდი.ვშიშობდი არასწორად არ მეპასუხა.

(სანამ რამეს ვიტყოდი სხვები მასწრებდნენ)

ვდუმდი, რადგან არ ვიცოდი რა მეთქვა,მაგრამ ყურადღებით ვუსმენდი. ვოცნებობდი,

ნეტა რაზე?

(ღრუბლებში დავფრინავდი)

 

რიცხვი

და

თვე

 

ამგვარად, მოსწავლე აფასებს  საკუთარ წვლილს გაკვეთილზე, ფიქრობს საკუთარი აზროვნების პროცესზე და ეს  ეხმარება მოსწავლეს სასურველი შედეგის მიღწევაში.

 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე,  თვითშეფასება  ძალიან მნიშვნელოვანია და მისი ეფექტიც  დიდია. იგი მოსწავლეს აძლევს: რჩევას, რეკომენდაციას, უჩვენებს პრობლემათა გადაჭრის გზებს. შეფასების ეს ფორმა  ხელს უწყობს მოსწავლეს, სწავლის სხვადასხვა ეტაპზე  აღმოაჩინოს  საკუთარი სუსტი მხარე და დასახოს მისი გაძლიერების გზები.

ასე მაგალითად: როცა მოსწავლე წერს ნაშრომს ერთ კონკრეტულ თემაზე(ტექსტზე), ვთავაზობ თვითშეფასების ასეთ  სქემას:

 

სახელი გვარი ———————————                               თარიღი—————

 

 

როდესაც გადავხედე ნამუშევარს,დავინახე,რომ  ——————————————————————————————————————————————–გავაუმჯობესე ————————————————————————————————————————————————————————————-ვამაყობ ,რომ —————————————————————————————————————————————————————————————-

კვლავ მჭირდება განმტკიცება——————————————————————————————————————————————————————– შემდეგი წერითი დავალების შესრულებისას, შევეცდები,რომ ————————————————————————————————————————

 

    

 

 

გამომდინარე იქიდან, თუ რას ვამოწმებთ, საჭიროების მიხედვით შეგვიძლია მოცემული სქემის  შეცვლა.

თვითშეფასების დადებითი მხარეა ისიც, რომ მოსწავლე ეჩვევა დამოუკიდებლად სწავლისა და თვითკრიტიკის უნარს, რაც მნიშვნელოვნად გვეხმარება ჩვენ, მასწავლებლებს, მოსწავლეთა შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვებაში. ეს კი აუცილებელია იმისათვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ მოსწავლეთა საჭიროებანი.

ვაკვირდები მოსწავლეებს სწავლების ყველა ეტაპზე: კითხვებზე პასუხის გაცემისას, დაფასთან მუშაობისას, საკლასო და შემაჯამებელი წერისას, ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობისას,  შემდეგ მივმართავ  განმავითარებელ კომენტარს. ეს შეიძლება იყოს: ქება, გამხნევება, რჩევა, დაფიქრებისაკენ მოწოდება, შეცდომების გასწორება.

სწორ თვითშეფასებას ხელს უწყობს ურთიერთშეფასებაც, როდესაც მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ  შეაფასონ საკუთარი თავიც და თანატოლიც. ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტით ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვსარგებლობ და ეფექტურიცაა.    მოსწავლეები დიდი სიფრთხილით აძლევენ ერთმანეთს რჩევებს და არა შენიშვნებს, იზიარებენ და ითვალისწინებენ ერთმანეთის შეხედულებებს. რაც მთავარია, არ აქვთ ერთმანეთის მიმართ ბოღმა და შური.

წარმოგიდგენთ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის, ურთიერთშეფასების

 

 

 

 

 

 

 

 

ამდენად, განმავითარებელი შეფასებისას ქულა არ იწერება, მაგრამ მოსწავლე იღებს ყველაზე მნიშვნელოვანს: აკვირდება საკუთარ თავს, აკვირდება მეგობარს, ახდენს თვითშეფასებას და ითვალისწინებს რეკომენდაციებს და რჩევებს. ეს დიდ დახმარებას უწევს მოსწავლეს საკუთარი სწავლის პროცესის უკეთ  წარმართვაში, პრობლემის დაძლევაში, პროგრესის მიღწევაში და ა.შ.  მნიშვნელოვანია, რომ  მსგავსი ტიპის სქემები მორგებულია ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე მოსწავლეზე, მათ შორის სსსმ მოსწავლეზე და მცირედი მოდიფიცირების შემთხვევაში  ყველა საგანში შეიძლება გამოვიყენოთ.

 

 

რატომ სხეპენ ზროებს?

0

არცთუ ისე დიდი ხნის  ერთ-ერთ  ლიტერატურულ პერიოდულ გამოცემაში დაიბეჭდა ცნობილი და ღვაწლმოსილი (ეს ის შემთხვევაა, როდესაც ადრესატის დამსახურებისა და ასაკის გამო ამ ეპითეტის მაღალფარდოვნება ასატანია) მთარგმნელის წერილი, რომელშიც მან თავისთვის დამახასიათებელი გულმოდგინებითა და პასუხისმგებლობით განიხილა, თუ როგორი, რბილად რომ ვთქვათ, შეცვლილი სახით დაბეჭდა ერთ-ერთმა თანამედროვე გამომცემლობამ მის მიერ დიდი ოსტატობით ნათარგმნი მსოფლიო შედევრი.

მიუხედავად იმ პუბლიკაციის მთელი სიმძაფრისა და დამაჯერებლობისა, მომეჩვენა, რომ საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება არცთუ ისეთი მკაცრი იყო, როგორიც მშობლიური ენისა და არამხოლოდ მშობლიური ლიტერატურის კბილებით დამცველ საზოგადოებას მოეთხოვებოდა. რასაკვირველია, ამ წერილის მიზანი არავითარ შემთხვევაში არ არის კონკრეტული გამომცემლობის (ან ზოგადად, გამომცემლობების) კრიტიკა, მით უმეტეს, რომ გამომცემლობამ, როგორც ვიცი, აღიარა შეცდომა და არ გაექცა პასუხისმგებლობას და უფრო მით უმეტეს, რომ ეს-ესაა თბილისის წიგნის ფესტივალი ჩამთავრდა, ლიტერატურის მოყვარულთა წმინდა დღეები და ქართულ გამომცემლობებს მხოლოდ პოზიტიური ენერგია უნდა გავუგზავნოთ. ჩვენ უფრო დიდ საზოგადო ჭირზედა ვწერთ.

თუმცა ვიდრე ამ ჭირზედ მოგახსენებთ, კიდევ ერთ არაკს ვიტყვი: ამ რამდენიმე წლის წინ საზოგადოება და განსაკუთრებით, მისი ახალგაზრდა ნაწილი დიდი მოუთმენლობით ელოდა, როდის იხილავდა დღის სინათლეს იმ ნაწარმოების ქართული თარგმანი, რომლის მიხედვითაც მთელ მსოფლიოში მეგაპოპულარული სატელევიზიო შოუ შეიქმნა. და როდესაც ბოლოს და ბოლოს წიგნი გამოვიდა, იმედგაცრუება და კრიტიკის ქარიშხალი ზუსტად მოლოდინის პირდაპირპროპორციული აღმოჩნდა, ამის მიზეზი კი მთარგმნელის სრულიად ლოგიკური გადაწყვეტილება გახდა, არქაული რეალიების აღსაწერად არქაიზმები გაეცოცხლებინა, ხოლო ახალგაზრდა მკითხველს ისე არაფერი აღიზიანებს, როგორც ძველებური შეფერილობის სიტყვები (საინტერესოა, ასოციაციურად ეს სკოლაში ძველი ქართული მწერლობის სწავლისას გადატანილ ვაინაჩრობას ხომ არ უკავშირდება?).

ამ ორი მაგალითის დაწყვილებას მარტივ დასკვნამდე მივყავართ – სალიტერატურო ენის ბაზარზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენზე, მიწოდება მოთხოვნის შესაბამისია და სწორედ ისე, როგორც არსებობს რესტორნები, სადაც მომხმარებელს ძვირფას ღვინოსა და საჭმელს დახვეწილი ჭურჭლით მიართმევენ და არსებობს სწრაფი კვების ობიექტები, ვხვდებით მაღალი ხარისხისა და ფასტ-ფუდ ლიტერატურას, იოლად ჩასაყლაპი და  უგემური ენით მორთმეულს. რასაკვირველია, ლიტერატურული ფასტ-ფუდი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, ეს პრობლემა სულაც არაა, პრობლემაა ის ტენდენცია, რომ მაღალმხატვრული ღირებულების მქონე, მდიდარი ლექსიკით დაწერილი ნაწარმოები ქართველ მკითხველამდე ენის გემრიელი საწებლის გარეშე უნდა მივიდეს.

რა განაპირობებს ენის გამარტივების ამ სურვილს, სიტყვებისა და ლინგვისტური ძიებების შიშს? მე მხოლოდ ის შემიძლია ვივარაუდო, რომ, ალბათ, ავტორი ან მთარგმნელი უფრთხის მკითხველს, რომელიც, თუკი ზედიზედ რამდენიმე მისთვის უცნობ ლექსიკურ ერთეულს წააწყდება, წიგნს გვერდზე გადადებს და შეშინდება. სხვებსაც გააფრთხილებს, რომ ის წიგნი ,,რთული ენითაა დაწერილი” და შიგ საშიში  უცნობი სიტყვები ცხოვრობენ.

დალი ფანჯიკიძე ,,ქართული თარგმანის ისტორიის საკითხებში” წერს მაღალფარდოვანი, ხელოვნურად არქაიზებული სტილის შესახებ, რომელსაც საბჭოთა პერიოდის მთარგმნელები ნებისმიერ ავტორს არგებდნენ და ერთგვარ ,,თარგმანის ენად” იქცა. შეიძლება ამის უკიდურესი უარყოფაა ახალი გემოვნების ჩამოყალიბება – თარგმანში გამოიყენებოდეს მხოლოდ ნეიტრალური კონოტაციის სიტყვები, რომლებიც ვერ ქმნის სტილს და მთარგმნელს არ აძლევს, ერთი მხრივ, იმის საშუალებას, რომ თავისი კვალი დაატყოს დედანს (რაც, ალბათ, კარგია, თუმცა ესეც საკამათო თემაა), ხოლო, მეორე მხრივ, დედნის სტილის რეპროდუქცირებასაც უძნელებს.

განსაკუთრებით დასანანია, როდესაც მაქსიმალურად გამარტივებისა და ნეიტრალიზაციის ტენდენცია საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურასაც ეხება. ამ შემთხვევაში ნაწარმოები ნაწილობრივ კარგავს დიდაქტიკურ ფუნქციას – ვერ ამდიდრებს პატარა მკითხველის სასაუბრო ენას. არადა, საკუთარი გამოცდილებით მახსოვს, როგორ ვსწავლობდი სიტყვებს, ფრაზებს, იდიომებს, ენობრივ თამაშებს წიგნებიდან.

აი, მაგალითად, მახსოვს, ჯერ კიდევ ბავშვობისას როგორ წავაწყდი სიტყვა ,,ზროს” რომელიღაც ნაწარმოებში, როგორ დავიმახსოვრე საგანგებოდ, რომ ლექსიკური მარაგი გამემდიდრებინა, როგორ გამოვიყენე ერთ-ერთ თარგმანში და როგორ გადამიხაზა რედაქტორმა და ყველგან ,,ხის ტანით” ჩაანაცვლა, ხოლო მე კი გადავწყვიტე, რომ ერთი სიტყვისთვის ბრძოლას აზრი არა აქვს და გონების თვალით უცებ დავინახე ეს სიტყვა – მოჭრილი ხის ზროსავით რომ გადაისხიპა და მიწაზე დაეცა.

მოგვიანებით, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიის თარგმნისას, ერთი წინადადება ასე გამოვიდა: ,,ისინი დიდი შავი ლოქორებივით მოიბღუნძებოდნენ და ასე ამოხდებოდათ სული.” საღი აზრი მკარნახობდა, რომ დიალექტური ფორმის, თანაც ორისა და თანაც გვერდიგვერდ გამოყენება, საღ აზრთან ახლოს არააო; გაურკვეველი წარმოშობის შინაგანი ალღო კი სრულიად საწინააღმდეგოს მიმტკიცებდა. მერე ვიფიქრე, მოდი, ზვიად კვარაცხელიას, რედაქტორს, ასე მივუტან და თვითონ ამოშალოს-მეთქი. საბოლოო ტექსტის შეთანხმებისას, როგორც მოველოდი, თვალი მოვკარი, რომ ზვიადს ეს ფრაზა გაეხაზა. ის-ის იყო, ყურები ჩამოვყარე, რომ მითხრა – ,,ეს ადგილი განსაკუთრებით მომეწონა!”

ამ ერთხელ ყველაფერი რიგზე იყო.

 

 

 

 

 

ქონდარეთიდან დღემდე

0

ალბათ  საოცარი, ყველასგან განსხვავებული ფიზიკურ-ქიმიური რეაქციები უნდა ხდებოდეს ადმიანის თავში, ციცინათელებისა და ჭიამაიაების მწყემსები რომ გამოიგონოს. როგორც ჩანს,  სწორედ ამ უნიკლაური ნიჭის წყალობით მოახერხა არჩილ სულაკაურმა ცეროდენა სამყაროებში შეღწევა და ისეთი დეტალების გამომზეურება, პატარაობიდან იქ მოხვედრის დაუოკებელი სურვილით რომ გვავსებდა. ამიტომაც იქცა „სალამურას თავგადასავალი“ ჩვენი ბავშვური ოცნებებისა და თამაშების განუყოფელ ნაწილად. ქონდარეთში თავი ამოვყავით თუ არა, ამ საოცარი სამეფოს არსებობა მაშინვე დავიჯერეთ და რას წარმოვიდგენდით იქით მიმვალი გზა ოდესმე თუ დაგვავიწყდებოდა.

„ქალაქი, წიგნი, მდინარე – ის კონტურია, სადაც არჩილ სულაკაუირის განწყობა, ფიქრი და განცდა თავსდებაო,“ – თვლიდა თამაზ ჩხენკელი. ჩვენც ამ კონტურს გავყვეთ. ვნახოთ, სად მიგვიყვანს.

ქალაქები

მეზღაპრე თხრობას იწყებს: ფანტასტიურ ქალაქებს აშენებს, ერთმანეთთან აკავშირებს,  სულიერსა და უსულოს შორის ზღვარს კი ოსტატურად აქრობს. მიუხედავად იმისა რომ ზღაპარი საოცნებო სიზმრით იწყება, პირველ ნაწილს „განსაცდელს“ არქმევს. განსაცდელს თავი რომ დავაღწიოთ და ამბავი გაგრძელდეს, კლასიკური „ცხრა მთა და ცხრა ზღვა“ უნდა გადავიაროთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ იქ სადაც „საქმენი საგმირონი“  ანუ მეორე თავი იწყება.

„სალამურთან ერთად დაბადებულ სალამურას“ ფეხს თუ ავუწყობთ, ფონს მშვიდობით გავალთ და ზღაპრული ქალაქებიდან დაუვიწყარ მოგონებებსაც გამოვიყოლებთ:

მოგზაურობის საწყისი წერტილი ქონდარეთის აღმოსავლეთით აღმართული მეცხრე მთა იქნება;

ქარისა და წვიმის ქვეყნების გზებზე ჭიამაიები გვიამბობენ;

ციცინათელების ქვეყანაში სტუმრობა კი ღამით ჯობია (ციცინათელების მწყემსმა  ბაიამ დღისით თუ არ გამოიძინა,  ვერც ციცინათელებს მოუვლის  და ვერც მგზავრებს დაეხმარება გზის გაგნებაში);

ბაია საგმირო საქმეების ჩასადენად მშვენიერი სტიმულია, თუმცა, მთავარმა გმირმა საკმარისი ცოდნა და გმოცდილება რომ დააგროვოს, მეზღაპრე კიდევ რამდენიმე ქალაქს  ააგებს:

თოკზე მოსიარულეთა ქალაქს, ქუჩების ნაცვლად თოკებზე რომ დადიან და ამის გამო სართულების ნუმერაცია შებრუნებული აქვთ;

მოკრივეთა ქალაქს, რომლის ყოველ მოედანზე მუშტიკრივია გამართული და ადამიანები ერთმანეთს ცხვირ-პირს ალეწავენ;

პოეტების ქეყანას, ვარდს უეკლოდ რომ არ მოგართმევენ;

ქონდარეთს კი გემრიელი ლუკმასავით ბოლოს შემოგვინახავს, ზღაპრის კეთილი დასასრულით რომ გაგვამხნევოს.  

„სალამურას თავგადასავალი“ მართლაც რომ ტრადიციული ზღაპარია, არჩილ სულაკაური საუკუნეების მანძილზე დადგენილ ზღაპრის სქემას მიჰყვება. მარტივი, ბავშვებისთვის იოლად გასაგები ფაბულის მიღმა ირონიით ნიღბავს უფროსებისთვის განკუთვნილ მთავარ იდეას. სწორედ იმ უფროსებისთვის, ბაიასა და სალამურას მსგავსად ქონდარეთი რომ მოენატრათ და მის მოსანახულებლად გამგზავრებულებმა ვეღარ მიაგნეს. იმ უფროსებისთვის, ცეროდენა სამყაროებისა რომ აღარ სჯერათ და მაშასადამე ზღაპრის კითხვაც დაუსრულებიათ.

 

წიგნი

ამბავმა  წლებს გაუძლო და პატარა მკითხველს  დღესაც ცნობისმოყვაროვბას უღვიძებს. მისი პერსონაჟები ღირსეულ პაექრობას გაუწევენ თანამდროვე უცხოური ზღაპრების გმირებს, სამგანზომილებიან ანიმაციურ ფილმებსა და კომპიუტერულ თამაშებსაც უპირობოდ მოირგებენ, მათი შექმნის საკითხი დღის წესრიგში თუ დადგა.

არჩილ სულაკაური ზღაპრის ტრადიციებს არც პერსონაჟების შერჩევის დროს ღალატობს. ვის არ შეხვდებით წიგნის ფურცლებზე: დესპოტ მმართველსა თუ გაზულუქებულ, ინფანტილური უფლისწულს, ცბიერ მინისტრს თავისი შეუხედავი ქალიშილით, ცხვირის ოპერაციაზე რომ ოცნებობს, ცომი ზელიას პოეტად დაბადებულ ვაჟს, ფსევდონიმად ჰილარიო ბუერას რომ შეირჩევს, შორსმჭვრეტელ და ფულზე დახარბებულ მწვრთვნელებს – ჰალე ჰოპსა და მიდი მოადეს, ბრძენ კინა-ლოკოს, აბსურდულ რჩევებს რომ იძლევა და ყველა ბრმად უჯერებს.

მოვლენებიც თანმიმდევრულად ვითარდება: სიზმარს ოცნება, ოცნებას დაჟინებული სურვილი, სურვილს ძალადობა მოსდევს. ძალადობა კი დესპოტიზმს ბადებს, ამიტომაც: პირველი ვეზირი ჯადოსნურ ჯამს კედელს მიადებს ხოლმე, ზუსტად იგებს ყველაფერს და ინფორმაციას ასე აგროვებს; პირველ ვეზირს ჭკუით მეორე ვეზირი სჯობს, მაგრამ ახალგაზრდაა და არ აწინაურებენ; ხელმწიფე და დედოფალი მაშინ არიან კმაყოფილები, მათი ვაჟი დროს კარგად თუ ატარებს და სიცილსგან თახთახებს; ქონდარეთის მაღალი ჯილდო მეორე ხარისხის ქონდრის ფოთოლი გახლავთ, პირველი მხოლოდ მეფეს აქვს და ვერავისთვის ვეღარ იმეტებს;  ფეხბურთელი კვანტი დაუდე უნებურად სასახლის ფანჯარას ჩალეწავს და ქონდართუხუცესს ცხვირზე წამოსკუპებულ  საამაყო მეჭეჭს დაუზიანებს, უკეთილშობილეს ცხვირზე მეჭეჭი, მართალია, ისევ მარგალიტივით გაბრწყინდება, მაგრამ კვანტის ციხიდან არ გაათავისუფლებენ.

ავტორის მახვილი თვალის დამსახურებით ზღაპარში არაერთი საინტერესო დეტალი და ნიუანსი მარგალიტებივითაა მობნეული და ხან ცრემლს, ხან კი ირონიულ ღიმილს გვრის მკთხველს: დედოფალი ქონდარინე ახალგაზრდობაში თითქმის მზეთუნახავს გავდა, მაგამ მას შემდეგ, რაც ქვეყანას უფლისწულლი აჩუქა, მეტისმეტად გასუქდა. გაგონილი ჰქონდა, რომ სადღაც, რომელიღაც ქვეყანაში, წონის დასაკლებად თამაშობდნენ პინგ-პონგსა და ბადმინტონს, ყველას ეკითხებოდა ამ თამაშებზე, ძალიან უნდოდა ცოტათი მაინც მოეშორებინა ზედმეტი ქონი; ქონდარუხი თითქმის ძილში გაიზარდა, მუდამ მოშოიშხინე ტაფებზე, ფუნთუშებსა და დაღვეზელებზე ისმენდა ზღაპრებს; ქონდარეთში პოეტი თუ არ მოგესალმებოდა, სირცხვილად ითვლებოდა; თუ გსურდა მზეთუნახავი გამხდარიყავი, მზეს უნდა მორიდებოდი; უფლისწულისთვის სალამურასგან ნათავაზებმა წკიპურტმა შეძრა მთელი ქონდარეთი;

მსგავსი პასაჟები გავიწყებენ კიდეც, ზღაპარს რომ კითხულობ, კრიტიკული რეალიზმიაო, – შეიძლება გაიფიქროს პრაგმატულმა ადამიანმა და სამეცნიერო კვლევაც კი დაწეროს ამ საოცარ წიგნზე.

მდინარე

„ერთხელ ქონდარეთის ხელმწიფის ვაჟმა უცნაური სიზმარი ნახა,“ – მდინარის  რაკრაკივით ჩაგვესმის და ზღაპარიც იწყება. მალე კი სულაკაურისეული კონტურის ბოლო პუნქტი, ჩქაფუნაც გამოჩნდება – მდინარე, რომლის ორ ტოტს შორის ქონდარეთია გაშენებული. მერე კი, მთელი თხრობის განმავლობაში, ზღაპრის ბოლომდე და სანამ მდინარე იარსებებს წვეთ-წვეთ ჩგვესმის შთაგონებები, ბავშვობდან უხილავი საგზალივით რომ მოგვყვება და მთელი ცხოვრება გვაპურებს (მიუხედავად იმისა, დედამიწა მშვენიერი, ზღაპრული ქვეყნებით რომ აღარ არის დასახლებული  და ქონდარეთს სახელგანთქმული მოგზაურებიც ვერსად პოულობენ):

თუ ბედის მორჩიილი იქნები, ისე გათამაშებს ბედი, როგორც ნაფოტს მდინარე;

თუ იცი, სად არის შენი გზა, როგორ წინააღმდეგობასაც არ უნდა წააწყდე, ამ გზიდან არ გადაუხვიო, რადგან არ არსებობს წინააღმდეგობა, რომელიც ადამიანის შვილმა ადრე თუ გვიან არ აძლიოს;

ბოროტებას არ დაეჩაგვირინო, ნუ მოიხრი ქედს და როგორც შეძლებ, ისე შეებრძოლე,რადგან ამ ქვეყნად ყველაზე უფრო ძლიერი სიკეთის ძალაა, ოღონდ კეთილისა და ბოროტის გარჩევა უნდა შეძლო!“

მოსწავლე უთქვენოდ მიემგზავრება

0

თუკი ისე მოხდა, რომ თქვენი შვილი სხვა ქვეყანაში გაემგზავრა სასწავლებლად, ზედმეტად ნუ იღელვებთ. ის არ მოკვდება შიმშილით, არ შეშინდება, ახალი გარემო მას ბევრ რამეს ასწავლის და ახალ მეგობრებსაც შესძენს. როგორ უნდა მოვამზადოთ მოზარდი გასამგზავრებლად? ამის შესახებ პრაქტიკოსი ფსიქოლოგები გვირჩევენ:

ადრეული ასაკიდან ბავშვზე მზრუნველობა დედაზე ან დედის შემცვლელზეა დამოკიდებული. დედა ჩართულია ბავშვზე უწყვეტი ზრუნვის პროცესში: ის მას აჭმევს, აბანავებს, უცვლის სამოსს, ზრუნავს მის კომფორტზე, ცდილობს, ასწავლოს გარე სამყაროსთან ურთიერთობა. აღზრდის მთავარი პრინციპის მიხედვით, ბავშვზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას დედა ნელ-ნელა ბავშვსაც უნაწილებს. გარკვეული დროის შემდეგ ბავშვმა თავად უნდა მოუაროს თავს და გარკვეული ვალდებულებები აიღოს.

სამი წლის ასაკისთვის ბავშვს უნდა გაუჩნდეს ღამის ქოთანზე დაჯდომის მოთხოვნილება, ხუთი წლისას უნდა ესმოდეს, რომ შეუძლია მარტივი საკვები დაიმზადოს, სკოლის ასაკისთვის უნდა ეხერხებოდეს ჩანთის ჩალაგება, გაკვეთილების სწავლა, სუფთა და ჭუჭყიანი პერანგის გარჩევა.

თუმცა მშობელთა ჰიპერმზრუნველობა ხშირად უკარგავს ბავშვს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობას და მოზარდი კარგა ხნით რჩება ბავშვობაში „ჩარჩენილი“. მას ზედაპირული წარმოდგენა აქვს ცხოვრებისეულ სირთულეებზე, რადგან ყველაფერს მშობლები უგვარებდნენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც 12-13 წლის მოზარდს მშობლები კუდში დასდევენ, რადგან შიშობენ, რომ ბავშვი „შარში არ გაეხვეს“. ასეთ მშობლებს მიაჩნიათ, რომ ბავშვის ერთადერთი მოვალეობა სწავლაა და აუცილებელი როდია, იცოდეს, როგორ ირეცხება სარეცხი, რისგან მზადდება საჭმელი, რატომ უნდა მოუაროს თავის ჯანმრთელობას. ასეთი მიდგომით აღზრდილ მოზარდს გაუჭირდება უცხოეთში სასწავლებლად წასვლა, რადგან იქ ცხოვრება სწავლის გარდა, სხვა ცხოვრებისეული ამოცანების გადაჭრასაც მოიაზრებს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, უფრო სიღრმისეულად დავფიქრდეთ შვილების მომავალზე და თუ მას უცხოეთში სწავლების შანსი გაუჩნდა, ვურჩიოთ, არ გაუშვას ის ხელიდან. თვითრეგულაციის, თვითმომსახურებისა და თვითმხარდაჭერის უნარები ბავშვს მცირე ასაკიდან უნდა გამოვუმუშავოთ. ამ უნარების მქონე მოზარდი გაცილებით იოლად გადაიტანს მშობლებისა და ნაცნობი გარემოს სიშორეს.

თვითრეგულაციის უნარი – თავდაპირველად საკუთარ თავს დაეკითხეთ, არჩევთ თუ არა ზუსტად ერთმანეთისგან კითხვებს: „როგორ ხარ“ და „რას გრძნობ“? პირველი კითხვა უკავშირდება ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობის მოკითხვას, მეორე კი – ფიზიკურის. როგორ ხართ დღეს? კარგად ან მოწყენილი. რას გრძნობ დღეს? ბედნიერებას ან უბედურებას. ყველა განცდას თავისი გრადაცია და ხარისხი აქვს, ანუ შესაძლოა უბედური იყო იმიტომ, რომ საშინაო დავალების გაკეთება ვერ მოასწარი და იმიტომ, რომ შენი თანაკლასელი ავარიამ იმსხვერპლა და ახლა საავადმყოფოში წევს. ამ ორ უბედურების განცდას შორის დიდი სხვაობაა.

მშობელმა უნდა ასწავლოს ბავშვს სხვადასხვა ემოციური მდგომარეობის გარჩევა, ემოციის ფიზიოლოგიისგან გამიჯნვა. უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვმა ზუსტად უნდა იცოდეს, რომ უბედურების განცდას ღვინის სმით ვერ ჩაიხშობს, ანდა გასტრიტის შეტევას პანიკა ვერ უშველის. გოგონებმა უნდა იცოდნენ კრიტიკული დღეების შესახებ, ბიჭები კი ინფორმირებული უნდა იყვნენ, როგორ დაიცვან თავი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. ამის შესახებ სათუოა, მასწავლებელმა უამბოს. მშობელი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული, რომ შვილი პანიკაში არ ჩავარდეს იმის გამო, რომ თავის დროზე მშობელს ინტიმური ნიუანსების ახსნა მოერიდა.

ვიდრე მოზარდი სახლიდან გაემგზავრება, მან კარგად უნდა იცოდეს, რა დაავადებები აქვს გადატანილი, რაზე აქვს ალერგია, მიღებული აქვს თუ არა ოდესმე სერიოზული ტრავმები, ავადობდა თუ არა მის გვარში ვინმე რაიმე სერიოზული დაავადებებით და სხვ. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომელი წამალი შველის მაღალ სიცხეს, რა უნდა მოიმოქმედოს გულის რევისას, როგორ უნდა იკვებოს სწორად. ასეთ ნიუანსებზე სახლში მშობლები ზრუნავენ. ხშირად ყველაზე უსუსურ მდგომარეობაში ბიჭები ვარდებიან, რომლებმაც თავის მოვლა კი არა, საკუთარი წინდის გარეცხვაც კი არ იციან.

მშობელმა უნდა განუმარტოს ბავშვს თუ რამდენსაათიანი ძილი სჭირდება იმისათვის, რომ გამოიძინოს და გაკვეთილზე/ლექციაზე არ ჩათვლიმოს. ძილი ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ცხოვრებაში, ის ენერგიის აღდგენას ემსახურება.

თვითმომსახურების უნარი – უცხოეთში გატარებული ბავშვის პირველი დღეები ასეთი შეიძლება იყოს: გაეღვიძა, აღმოაჩინა, რომ აგვიანდება და უჭმელი წავიდა სასწავლებლად.  გზაში დაივარცხნა თმა, გაახსენდა, რომ რვეულები სახლში დარჩა. როგორც წესი, ასეთ დროს იმასაც ნაკლებად მიაქცია ყურადღება, თუ რა ჩაიცვა. საღამოს კი წვიმა იყო გამოცხადებული. სასწავლებელში შესვენებაზე მან ორი ფუნთუშა მშრალად შეჭამა, სადილიც ეგ იყო და სამხარიც. საღამოს კი ბურგერსა და გაზიან სასმელს დასჯერდა.

უცხოეთში სასწავლებლად წასულ ბიჭს ნამდვილად გაუმართლებს, თუ მეგობარ გოგოს იპოვის. როგორც წესი, გოგონები მზრუნველობას იჩენენ ბიჭების მიმართ და ეხმარებიან მათ ყოფითი პრობლემების მოგვარებაში, ანდა ბიჭები გოგოების გამო თვითონ იწყებენ საკუთარ თავზე ზრუნვას, რათა უფრო პეწიანად გამოიყურებოდნენ.

აუცილებელია ბავშვი მცირე ასაკიდან მივაჩვიოთ თავის მოვლას. სკოლადამთავრებულ ახალგაზრდას ჩაის მოდუღებისა და ბუტერბროდის მომზადების გარდა, ბევრი რამის გაკეთება უნდა შეეძლოს. იმისათვის, რომ ორივე სქესის ბავშვმა დაინახოს, როგორ ზრუნავენ მათზე მშობლები, მაღაზიებშიც უნდა გაყვნენ მათ და მოგზაურობაშიც. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჭურჭელი ჟელეთი ირეცხება და ეს ჟელე აშკარად განსხვავდება საკვები ჟელესგან! ახალი თაობა გაცილებით კარგად გრძნობს თავს სოციალურ ქსელში, საიდანაც ნებისმიერ წამს შეუძლია პიცის მომტანი გამოიძახოს, მაგრამ როგორ მზადდება პიცა, ამის შესახებ წარმოდგენა ნაკლებად აქვს.

ბავშვი უნდა ხედავდეს რამდენ დროს ართმევს მშობლებს სამსახური, ყოველდღიური წვრილ-წვრილი საზრუნავი, პროდუქტების მოტანა და საჭმლის მომზადების პროცესი, სახლის მოვლა და სხვ. მომავალში, როდესაც მოზარდი მარტო იცხოვრებს, ამ ყველაფრის დაგეგმვა-განხორციელება დამოუკიდებლად მოუწევს და თუ რეალური ცხოვრების საქმის კურსში იქნება, მეტი დრო დარჩება სწავლისათვის და გართობისთვის.

თვითმხარდაჭერის უნარი – როგორ იქცევით მაშინ, როდესაც პრობლემები გაქვთ? ეძებთ საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში? მეგობართან გარბიხართ? ლუდს ეძალებით? თქვენმა შვილმა თუ იცის, როგორ უნდა მოიქცეს პრობლემების შემთხვევაში? ვის დაურეკოს და ვის – არა? როგორ გადადგას მდგომარეობის გასაუმჯობესებელი ნაბიჯი? მშობლებმა ხშირად არ იციან, როგორია მათი შვილის თვითმხარდაჭერის რეპერტუარი.

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ის, რაც მშობელს ამშვიდებს, მისი შვილისთვის შეიძლება ფუჭი იყოს. ვიღაცას განმარტოება შველის, ვიღაც კი კარადის უჯრების დალაგებაში ჰპოვებს სიმშვიდეს. ზოგი ქალაქგარეთ გარბის და ქაოსისგან მოწყვეტით ურჩევნია ყოფნა, ზოგი კი ხმაურიანი მეგობრების გარემოში ეძებს საყრდენს… სამწუხაროდ, ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით შვილების შესახებ, რადგან მთელი ცხოვრება მხოლოდ იმას ვადევნებთ თვალს თუ როგორ სწავლობენ და რა ნიშნებს იღებენ. ჩვენ ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, რა ავსებს მას ენერგიით და რა ართმევს მას. რა კურნავს, როდესაც მორალურად დაჭრილები არიან ან ცუდი განცდა ეუფლებათ…

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ, ასე თუ ისე, გოგონები ახერხებენ საკუთარ თავზე ზრუნვას და თვითმხარდაჭერას, ბიჭები კი ამ უნარების სხვებისგან „გამოტაცებას“ არიან ჩვეული – დედისგან, ბებიისგან, მოსიყვარულე დეიდა-ბიცოლებისგან. ბიჭებს ბავშვობიდან შთავუნერგავთ, რომ არამამაკაცურია წუწუნი, ტირილი, ხაზგასმა იმაზე, რომ თავს ცუდად გრძნობენ. ისინი მედგარნი და უნაკლონი გვინდა იყვნენ. ერთის მხრივ, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციაში მშობლის მიერ დაპროგრამებულ თავშეკავებას ცუდი შედეგი მოჰყვება. უთქმელობა, რეალობაში კი უსუსურობის განცდა, რომელსაც ბიჭი ყველას უმალავს, არანაირ კავშირი არ არის დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებასთან.

რასაკვირველია, ჩვენი ბავშვები მაინც გაიზრდებიან და მათი ცხოვრებაც აეწყობა. დროდადრო ისინი სირთულეებსაც გადააწყდებიან. ჩვენ ყოველთვის ვეცდებით ვიყოთ მათ გვერდით, მაშინაც კი, როცა ძალიან დიდები იქნებიან, მაგრამ გამოცდილება მაინც უნდა მივცეთ. მათ უნდა ჰქონდეთ საკუთარი გამოცდილება შეცდომების, წარმატებების, მარტოობის და ერთობის.

 

 

 

ისტორიის გაცოცხლების საქმე

0

ციფრული ფოტომატიანე საუკუნის პროექტია: დიდი, აუცილებელი და რაღაც აზრით, დაუსრულებელიც კი. სიტყვა აუცილებელი შემთხვევით როდი ვთქვი. აი, ხომ არის მარტო კარგი, მნიშვნელოვანი,  სასურველი ინიციატივები. ეს პროექტი კი აუცილებელია, აუცილებელი და შეიძლება ყველა სხვა დანარჩენი ეპითეტითურთ. მიზეზი მარტივად ასახსნელია: ჩვენი ისტორია იშვიათად ასახავდა ხალხის ყოფას. ამაზე ილია ჭავჭავაძემაც დაიჩივლა ,,აჩრდილის წერისას’’: სულ მეფეების ამბებიაო. მართალიც იყო. ლამბერტის და შარდენის წიგნები ამადაცაა ფასდაუდებელი. მთავარი არსი სწორედ ესაა: აქ ჩანს ხალხი, არა მხოლოდ გამორჩეული და წარმატებული. ჩვენი ჯგუფები, სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან და აციფრებენ ფოტოებს და გიგანტურ არქივს ქმნიან – ეს არის ისტორიის აღმოჩენაც და გადარჩენაც.

რადენიმეს გამოვყოფ:

“თვალი დაუდგა ევროპას. ღვინის სმა” – ამ ფოტოს ასე დავარქმევდი. გურული ბუკისციხელი შარაშიძეები ფართო აივანზე შეკრებილან (1907 წელი). ზედ აწერია – თამარა პარიზში წასვლის წინ”, რაც ცხადია, განსაკუთრებულ მზაობას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ სუფრა მინიმალისტურია, არ გულისხმობს კერძების ზედახორას. ჩაცმულობა სადა, მათ შორის ნაციონალური სამოსიც. სწორედ ასეთი სურათებია ჩვენი ევროპული წარსულის უტყუარი პასპორტი.


ყაზბეგი, თავის დროზე, იმპერიისა და პროვინციის გზაგასაყარი, ანუ მრავალფეროვნების, სისხლისა და სიახლის ადგილი გახლდათ… ესეც იქაური სადილის სცენა, ორი მოხუცი – ყოფითი სევდის კლასიკა, მსოფლიო სევდის თანაბარი. მთავარი ადამიანები და გასული საუკუნის დაბადება.


ქართველი ბავშვები საბჭოთა კავშირის “ხახასთან”, ვიდრე 21-წლამდე.

სხვა ფერები, სხვა სახეები, სხვა განწყობა. დაკარგული და ძნელად მოსაბრუნებელი.
კინორეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის წინაპრები და ნათესავები. ზედა რიგში მარჯვნიდან: მარიამ ჯორჯაძე (მერაბ კოკოჩაშვილის დედა), მერაბ ჯორჯაძე (ბიძა), ივლიტა ჯორჯაძე (დეიდა).

 

ოლია სვანიშვილი 1937 წელს ქმართან ერთად დააპატიმრეს და ცოცხალი არც ერთი აღარ დაბრუნებულა. სურათი კი სულ სხვა აწმყოს მიუთითებს. მსგავსი დრო შორსაა ბოლშევიზმის შტამპისა და ყალბი ღიმილისგან. ასეთ დროს სხვა სიხარული ახასიათებს, თურმე – ხანმოკლე.


თბილისის მეორე სამშობიარო სახლი (1947 წელი). ეს ქალბატონი მარგალიტა ჩუბინაშვილია… ასეთი ფოტოები ითხოვენ მარტივ, გაცვეთილ, მაგრამ მაინც ხანდახან აუცილებელ წარწერას: უკომენტაროდ…

 

„პოეზიის აფთიაქი“ რიზეს  უნივერსიტეტში-მოგზაურობის დღიური

0

თურქეთის ისტორიაში პირველად  რამდენიმე უნივერსიტეტში (ყარსის, დუზჯეს, არდაგანის უნივერსიტეტებში) საფუძველი ჩაეყარა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობას, რასაც საფუძვლად დაედო საქართველოსა და თურქეთის ხელისუფლებათა ერთობლივი გადაწყვეტილება. მეოთხე ქალაქია რიზე, სადაც 2011 წელს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა.

ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის ხელმძღვანელად დაინიშნა  ფილოლოგიის დოქტორი, ასისტ. პროფესორი ჰარუნ ჩიმქე. ის არის პირველი ქართველოლოგი თურქეთში, რომელმაც სადოქტორო დისერტაცია ქართულ ენაში დაიცვა საქართველოში, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

რიზეს უნივერსიტეტში ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე 2015 წლის იანვარში საქართველოდან მიიწვიეს ორი სპეციალისტი: ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი რუსუდან საღინაძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მაია კიკვაძე, ფილოლოგიის დოქტორი, ასოც. პროფესორი (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამივე პროფესორი დიდი წარმატებით უძღვება ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამას რიზეს უნივერსიტეტში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„პოეზიის აფთიაქის“ იდეა უნივერსალურია. ჩვენ ვამბობთ, რომ პოეზიით ვავრცელებთ ბედნიერების მუხტებს და ზოგჯერ პოეზია უბრალოდ მეტაფორაა… ყველაფერს, რამაც შეიძლება სიყვარული და ბედნიერება გაავრცელოს, პოეზიად მოვიხსენიებთ. ის ერთგვარი „მატარებელია“, ენდორფინების გადამტანი და გამავრცელებელი საშუალება და, ამავე დროს, „პოეზიის აფთიაქი“  მოგზურობით (ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ) კიდევ უფრო მდიდრდება და ძლიერდება, რადგან შეუძლებელია, რომ ამ იდეას არ იზიარებდნენ ადამიანები იმის მიუხედავად, თავად გამოსდით თუ არა, რომ ბედნიერები იყვნენ… ბედნიერება ყველას უნდა… სიყვარულიც… „პოეზიის აფთიაქი“ კი მედიუმია, ამ ენერგიას დაგაკავშიროთ და უნებურად გაგრძნობინოთ ბედნიერება და სიხარული არაფრის გამო.

ჩვენ იქ ვართ, სადაც გვიხმობენ და ამიტომ პირველივე შემოთავაზებაზე რიზეს უნივერსიტეტეიდან: „ჩამოდით და წამოიღეთ ჩვენთვის ბევრი სამკურნალო ლექსი“ (გვწერდა რიზეს უნივერსიტეტის პროფესორი რუსუდან საღინაძე), რიზეს გზას დავადექით…

ჩვენთვის ხომ ყველაფერი სემიოტიკური და სიმბოლურია… და აი, როდესაც ნისლიან-წვიამიან ამინდში სარფის დაულაგებელ საზღვარს მივადექით, ვამბობდით მე და ჩემი სტუდენტები, –  სოფო სამხარაძე და ალექსანდრე ჯიქია, რომ საზღვრის გადალახვა ცოტა რთულია, მაგრამ ამ გვირაბს გავივლით და მერე არა მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული საზღვარი, არამედ ჩვენი ცნობიერების საზღვრებიც გაფართოვდება და სამყაროს სურათი კიდევ უფრო საინტერესო და მდიდარი გახდება… მანამდე კი ეს ვიწრო და ტალახიანი დერეფანი უნდა გავიაროთ… მანამდე კი რაღაც უნდა გადავლახოთ…

ასეც იყო… რიზეს მიმართულებით სამარშუტოში როცა აღმოვჩნდით და თურქ მძღოლს ვუსმინეთ, დავრწმუნდით, რომ სამარშუტოს მძღოლს („ორი კაციც და გავდივართ…“) ეროვნება არა აქვს…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რიზეში ჩასულებს სასურველ ადგილამდე ერთ უცნობ თურქ ქალბატონს მივყავართ, თეთრი შარფით შემოსილი ისე თავისუფლად და ამაყად მიგვიძღვება და იმდენი თავისუფლებაა მის მოძრაობაში, ტრანსპორტი აჩერებს და ყველგან გზას გვითმობს… სანამ მასპინძელი გამოჩნდება, ქალაქს შესეულ თოლიებს ვუყურებ და უცნაურ სითბოს, სიმშვიდეს და სურნელს ვგრძნობ… სოფო და ალექსანდრეც ქალაქს ათვალიერებენ და ცოტა ხანში ჩვენი მასპინძელი, პროფესორი ჰარუნ ჩიმქეც გამოჩნდება… რიზეში ქართველი პროფესორები  რუსუდან საღინაძე და მაია კიკვაძე გვმასპინძლობენ… მათი წყალობით ჩვენი მოგზაურობა საოცარ განცდად და ბედნიერებად ჩაიწერა ჩვენი მეხსიერების მყარ დისკზე.

შეხვედრა სტუდენტებთან

ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის სტუდენტებთან ჩვენი შეხვედრა დაემთხვა მათი სასწავლო წლის დასასრულს და ერთგვარი შეჯამებასავით გამოვიდა. თურქმა ახალგაზრდებმა ნამდვილად გაგვაოცეს… მათი სამუშაო რვეულების ნახვისას სიამოვნება მოგვანიჭა და აღგვაფრთოვანა კალიგრაფიამაც… მე არ ვიცი, ასეთი სიამოვნებით კიდევ ვის გამოჰყავს ქართული ასოები… ქალბატონი რუსუდანისა და ქალბატონი მაიას შრომა უბრალოდ შრომა კი არ არის, სიყვარულით სწავლებაა… კალიგრაფიის მასტერკლასიც გავატარეთ და ნახეთ როგორ ხატავენ თავიანთ სახელებსო, – მეუბნება რუსუდანი და მე ვფურცლავ და ვათვალიერებ სტუდენტების რვეულებს და მათი ხელით გამოყვანილ ქართულ ასოებში სიყვარულს ვკითხულობ… ჯერ მხოლოდ პირველი წლის სტუდენტები არიან. მათთვის ქართული ენა სამყაროს აღქმისა და შემეცნების ახალი გზაა, პროფესორები კი არ იშურებენ ენერგიას, რომ ქართული სამყარო უფრო ახლოს მიიტანონ მათთან, შეაყვარონ ენა, ადამიანები, კულტურა… ეს ერთგვარი ჯადოქრობაა და ამას ნამდვილად ახერხებს ამ მიმართულების სამივე პროფესორი.

ბატონი ჰარუნ ჩიმქე თავად არის შეყვარებული ქართულ კულტურაზე, მის სამუშაო მაგიდაზე 10-ზე მეტი ნათარგმნი წიგნია ქართულიდან თურქულად, კიდევ უფრო გრანდიოზული გეგმები აქვს და ამას აკეთებს სიყვარულით, ენთუზიამით და სიამოვნებით, ის ნამდვილად განსაკუთრებული ადამიანია… ისეთი, თითზე ჩამოსათვლელები რომ გვეგულება სამყაროში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უნივერიტეტის ეზო

უნივერსიტეტის ეზო ზღვას გადაჰყურებს, აყვავებული ტერასები, პატარა ჩანჩქერები, ხიდები… მედიტაციის ადგილივითაა: გაიხედავ მთა დაგყურებს და გადახედავ და ზღვას უყურებ… სტუდენების განსაკუთრებული მოკრძალება მხვდება თვალში: რაღაცნაირი მშვიდები და ღიმილიანები არიან და ძალიან ხშირად ამბობენ: „მრცხვენია“ და წითლდებიან… ჩემს სიცილზე ისინიც გულიანად იცინიან და ვეუბნები, რომ სირცხვილი არაფერია, არც პროფესორებთან თავისუფალი საუბარი… გაფართოებული თვალებით მიყურებს და ვარსკვლავები უელავს ბუშეს…

რაც ეზოში ვიყავი, დიდი ხანი ვაკვირდებოდი ორ სტუდენტ გოგონას, თავსაფრით შემოსილებს, სკამზე ისხდნენ და ზღვას გადაჰყურებდნენ, მუსიკას უსმენდნენ და ხმას არ იღებდნენ… წარმოგიდგენიათ? მთელი საათი ასე ჩუმად იყვნენ… ორი გოგონა, რომლებიც არ ჭორაობდნენ… დუმდნენ და ტკბებოდნენ, ზედმეტად არ მოძრაობდნენ… ეს იყო ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამ მშვენიერი ეზოდან...

 

ჩაი, როგორც ტექსტი

ჩაი ამ კულტურაში სიამოვნების აბივითაა, როგორც „პოეზიის აფთიაქისთვის“ – პოეზია. აქაურ ჩაის განსაკუთრებული არომატი აქვს და სრულიად განსხვავებული გემო იმის მიხედვით, სად სვამ ამ ჩაის: ზღვისპირა კაფეში დაისისას, შუა ქალაქში, აფაუსფუსებულ სავაჭრო ცენტრს რომ გადაჰყურებ, რესტორანში, რომელიც ქალაქს დაჰყურებს, უნივერსიტეტის კაფეში თუ შინ, სადაც რუსუდანი და მაია სულ დაფუსფუსებენ, რაიმე გემრიელი გაგვასინჯონ, ხოლო ჰარუნი ყოველ დღე ნუგბარებით მოდის… ხალიჩაზე ჩამსხდარი ჩაის სმა კიდევ სხვა ნეტარებაა…

ჩაი – მთელი ტექსტია…. პატარა, წელში გამოყვანილი ჭიქებიდან დაგემოვნებული… მისი არომატი ურთიერთქმედებს შენს ფიქრებთან, აზრებთან, გრძნობებთან და განსაკუთრებული სივრცის თანაზიარს გხდის.

 

სოფო სამხარაძე – „პოეზიის აფთიაქარი“

საზღვარზე მეგობრობის გადმოტანა შეუზღუდავია…

„პოეზიის აფთიაქის“ იდეის ღირსეულად წარდგენის სურვილით, კეთილგანწყობილი მასპინძლების შეხვედრის მოლოდინით  და ორი საიმედო, მხიარული თანამგზავრით გადავკვეთე თურქეთის საზღვარი ისე, რომ ვერაფრით  ვიფიქრებდი, თუ იქ ცამეტამდე მეგობარს შევიძენდი და იქიდან ემოციებით, ტკბილი მოგონებებით დაზურგული წამოვიდოდი (მათი გადმოტანა საზღვარზე შეუზღუდავია).

პირველივე დღე რიზეში ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ჩვენი მასპინძლების სახლში ქართული კერძებით ვივახშმეთ და ლამის დავივიწყეთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ბატონმა  ჰარუნ ჩიმქემ, რიზეს უნივერსიტეტში „ქართული ენისა და ლიტერატურის“ მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა და მთარგმნელმა,   სასიამოვნო სიახლე და ჩვეული მეგობრული ღიმილი შემოიტანა. რიზეს რეჯეფ ტაიფ ერდოღანის  უნივერსიტეტში, რომლის ნახვის იმედიც, სიმართლე გითხრათ, მეორე დღემდე არ მქონდა, თურმე ნაციონალური ცეკვების საღამო იმართებოდა, სადაც თავისუფლად შეგვეძლო დასწრება.

საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, სასიამოვნო იყო ასევე უნივერსიტეტის რექტორთან მოულოდნელი შეხვედრა, რომელსაც ილიაუნის „პოეზიის აფთიაქი“ დიდი პატივისცემით წარუდგინა ბატონმა ჰარუნმა და რომელიც ასევე მეგობული ღიმილით, პატივისცემითა და სიხარულით შეხვდა ჩვენი სტუმრობის იდეას.

პირდაპირ გეტყვით, რომ ყველაზე დიდი გავლენა უნივესიტეტში შესვლისთანავე მიიქცია გარემომ და ღია სტუდენტურმა სივრცეებმა: კულტურისა და გართობის ცენტრში თავმოყრილმა: სააქტო დარბაზმა, სასადილოებმა, სწრაფი კვების ობიექტებმა, გასართობმა კომპლექსმა უამრავი უფასო თამაშებით, სპორტ-დარბაზმა, სალონებმა, ყავახანამ, ჩაიხანამ….. ეს არის ქალაქი-ქალაქში, რომლიდანაც გამოსვლა სტუდენტს არ სჭირდება, შეუძლია მთელი დღე საინტერესოდ გაატაროს. ამ ფონზე ჩვენი უნივერსიტეტის უნიფუდი და „ლიგამუსი“ ნამდვილად კარიკატურად გამოიყურება…

სახლში მონუსხული დავბრუნდით, ეს ხომ ყველა სტუდენტის ოცნებაა, წარმოუდგენლად ხელმისაწვდომ ფასად ისწავლო უნივერსიტეტში, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შენს მატერიალურ საჭიროებას და გიქმნის იდეალურ სასწავლო და გასართობ გარემოს!

სულმოუთქმელად ველოდი მეორე დღეს, შევხვედროდი იღბლიან თურქ სტუდენტებს, რომლებიც არაჩვეულებრივი პროფესორების: რუსუდან საღინაძის, მაია კიკვაძის და ჰარუნ ჩიმქეს დახმარებით სწავლობენ ქართულ ენას.

ნანატრი დილაც დადგა, კიდევ ერთხელ შევავლეთ თვალი უნივერსიტეტის წარმოუდგენლად ფართო სივრცეს. ქალბატონი მაია შეგვიძღვა აუდიტორიაში, რომელშიც სტუდენტებთან დილიდან მუშაობდა პროფესორი რუსუდან საღინაძე.  ცამეტამდე ბედნიერმა, ჩვენი ჩასვლით გახარებულმა  სტუდენტმა, გამართული ქართულით გაგვაცნო თავი. ჩვენ არც ერთმანეთის სახელების გაგებამდე გვიგრძვნია უცხოობა. მოვაწყვეთ ვირტუალური მოგზაურობა საქართველოში, მოგზაურობა დროში…  ჩვენი შეხვედრა კი თავად იყო ერთი პატარა მოგზაურობა სხვა სამყაროში, სადაც კომუნიკაციისთვის ენა საერთოდ არ იყო საჭირო!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დავრწმუნდით, რომ ამ სპეციალობის პროფესორების მეგობრულობა აუდიტორიის კართან არ მთავრდებოდა. მათი გასაოცარი თვისების მიუხედავად, თანატოლებივით მოექცნენ და ესაუბრონ სტუდენტებს, მოსწავლეები მათ დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ესაუბრებოდნენ… ეს დამოკიდებულება კი ენასაც უფრო მეტად აყვარებს სტუდენტებს და მეტ მოტივაციას უჩენთ.

შეხვედრა ისეთი თბილი აღმოჩნდა,  სტუდენტებს დაავიწყდათ შესვენებაზე გასვლა. ჩემი მწირი თურქულით და მათი ქართულით მოვახერხეთ საკონატქტო ინფორმაციების გაცვლა და მეორე დღეს შეხვედრაზე შევთანხმდით. მთელი ღამე ვწერდით ერთმანეთს სოციალური ქსელის საშუალებით და ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი და მეტი სიტყვა გვეთქვა ერთმანეთის ენაზე, რითაც ერთმანეთის მიმართ პატივისცემასა და სიყვარულს გამოვხატავდით. შევთანხმდით კიდეც, რომ მე დავხვეწდი ჩემს თურქულს, ისინი კი – თავიანთ ქართულს.

მეორე დღეს ფეხით მოვიარეთ მთელი ქალაქი, სტუდენტებმა რომელთა უმრავლესობა თავად უცხოდ იყო რიზეში (ისინი თურქეთის სხვადასხვა ქალაქებიდან არიან ჩასულები სასწავლებლად), გვიმასპინძლეს თურქულ ყავასა და კერძებზე. ჩვენ, ჩვენდაუნებურად, ვხდებოდით ჩვენთვის უცხო კულტურის ნაწილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შემეცნებითმა მოგზაურობამ მეტი შეძლო, ვიდრე უბრალოდ აზრებისა და იდეების გაცვლა-გამოცვლამ, ჩვენ შევიძინეთ ერთმანეთი და, ჩემი ღრმა რწმენით, სტუდენტები ამის შემდეგ უფრო დიდი ენთუზიაზმითა და სურვილით შეუდგებიან ქართული ენის შესწავლას. ამას საკუთარი მაგალითი მათქმევინებს, არასდროს გამჩენია საკუთარი თურქულის ასე გაუმჯობესების სურვილი.

მოგზაურობა დამთავრდა, მაგრამ თავგადასავლები ახლა იწყება. ჩვენ ველოდებით ჩვენს თურქ მეგობრებს საქართველოში. მათ ტური უკვე დაგეგმეს და ჩვენც ვემზადებით, ახლა ჩვენი მასპინძლობის დროა!

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...