ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
10 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

ტყე, როგორც სრულყოფილება

0

ცნობილი ამბავია, რომ ჩვენი პლანეტის მცენარეულ საფარს, განსაკუთრებით ტყეს, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროში ჟანგბადის მარაგის შევსების საქმეში. ცნობილია, რომ დედამიწის ზედაპირზე არსებული ტყე ყოველწლიურად გამოყოფს 55.5 მილიონ ტონა ჟანგბადს.

სხვადასხვა მცენარეს ფოტოსინთეზის სხვადასხვა ინტენსივობა ახასიათებს, ე.ი. გამოყოფილი ჟანგბადის რაოდენობა დაკავშირებულია მცენარის სახეობასთან. ყველაზე დიდი რაოდენობით ჟანგბადს ალვის ხე გამოყოფს. ამ მხრივ მას ბევრად არ ჩამორჩება მუხა, ცაცხვი. შედარებით ნაკლებ ჟანგბადს გამოყოფს ფიჭვი, ნაძვი და სხვა წიწვოვანები.

ტყეს დიდი მნიშვნელობა აქვს ჰაერის მავნე მინარევებისაგან გასუფთავებაში. ცნობილია, რომ მტვრის 60-7-% ილექება მცენარეთა ფოთლების ზედაპირზე. ეს მტვერი შემდგომში წვიმის წყლით ჩაირეცხება ნიადაგში. მაგალითად, მუხნარის 1 ჰა ყოველწლიურად 54 ტონა მტვერს ფილტრავს, ფიჭვნარი – 37 ტონას, ხოლო ნაძვნარი – 30 ტონას. რაც უფრო ხორკლიანი ზედაპირი აქვს მცენარის ფოთოლს, მით უფრო მეტ მტვერს აკავებს იგი. მაგალითად, თელას ფოთოლი 6-ჯერ მეტ მტვერს აკავებს, ვიდრე ალვის ხის ფოთოლი.

ტყისა და ატმოსფეროს ურთიერთდამოკიდებულების ფორმებს დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებისთვისაც. ტყე მონაწილეობს ნახშირორჟანგის, გოგირდის, აზოტის ბრუნვაში. მის დადებით თვისებად ითვლება ისიც, რომ უნარი შესწევს, ატმოსფეროდან შთანთქას სხვადასხვა ქიმიური ნაერთები და გაასუფთაოს ჰაერი. სწორედ ამიტომ დიდი ქალაქების მიდამოებში ქმნიან მწვანე, ტყიან ზონებს. საინტერესოა ისიც, რომ ამ საქმეში განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩევა წიწვოვანი ჯიშები.

სხვადასხვა მცენარე სხვადასხვა მომწამლავ ნივთიერებას შთანთქავს. მაგალითად, გოგირდოვან აირს აქტიურად შთანთქავს ალვის ხე, თელა, ცაცხვი, არყი. აზოტის ჟანგს – ღვია. მცენარის ეს თვისება გასათვალისწინებელია ცალკეული სამრეწველო საწარმოების ან ქალაქების გამწვანების დროს.

ტყე ატმოსფეროდან ასევე აქტიურად შთანთქავს მავნე რადიაქტიურ ელემენტებს. ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში მეცნიერებმა გამოავლინეს ცალკეული მცენარის მიერ სპეციფიკური ნივთიერებების – ფიტონციდების გამოყოფის თვისება. ფიტონციდები ანადგურებს მავნე მიკროორგანიზმებს. მაგალითად, მუხის და ალვის ხის ფოთლები ანადგურებს დიზენტერიისა და მუცლის ტიფის, ხოლო სოჭის წიწვები – დიფტერიის გამომწვევ მიკროორგანიზმებს.

ფიტონციდების რაოდენობის მიხედვით ყველაზე ჯანსაღად ითვლება ფიჭვის ტყე. სწორედ ამიტომ აბასთუმანში თითქმის ერთი საუკუნეა არსებობს ტუბერკულოზის სამკურნალო ცნობილი კურორტი. კურორტები – შოვი, ლებარდე, ბახმარო და სხვა განლაგებულია სწორედ წიწვოვან ტყეში, იქ, სადაც ფიტონციდების განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა ჰაერში.

თუ დიდ ქალაქებში 1 მ3 ჰაერში დაახლოებით 50-60 ათასი ბაქტერიაა, ტყეში, ფიტონციდების გამო, მხოლოდ 200-300 ბაქტერია შეიძლება იყოს. ცნობილია, რომ ღვიის 1 ჰექტრიანი კორომი გამოყოფს 30 კგ ფიტონციდებს, რაც სრულიად საკმარისია პატარა ქალაქის ჰაერის სტერილიზაციისათვის.

ტყე მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურს. ხის ვარჯი და ტანი (ღერო) აფერხებენ ხმაურის ჰორიზონტალურ ტალღებს (თვითმფრინავის ხმა კი ტყეში კარგად ისმის). 100-მეტრიანი ტყის ზოლი ავტომანქანების ხმაურს 30%-ით ამცირებს. ტყის ხმაურსაწინააღმდეგო თვისებები დამოკიდებულია ტყის სტრუქტურაზე, ჯიშობრივ შედგენილობაზე და სხვა. მაგალითად, შერეული ტყე ბევრად უფრო ამცირებს ხმაურს, ვიდრე ფიჭვნარი.

 

 

 

გემოვნებაზე ყველაზე მეტს დაობენ?!

0
29880320 - old books and cup of coffee, free copy space

ახლახან ჩემი მეგობრის ფეისბუქის პოსტს კომენტარები მოჰყვა, რომლებშიც მისი ნაცნობები თავიანთი მასწავლებლების სახალისო ფრაზებს იხსენებდნენ. მეც, იცოცხლეთ, გასახსენებელი იმდენი მქონდა, ჰოდა, ეს პოსტი დავაკომენტარე და ჩემი ენამოსწრებული პასუხებით განთქმული ბიოლოგიის მასწავლებლის „ფრთიანი“ ფრაზა გავიხსენე: როდესაც დაფასთან გასულს შეგეკითხებოდა, გაკვეთილი რამდენჯერ წაიკითხეო და შენც უპასუხებდი, ერთხელო, გაბრაზებული მოგიგებდა, ერთხელ რა, საფლავის ქვის წარწერა ხომ არ არისო… ჩემს თავს ხშირად ვიჭერ, რომ მეც ბავშვობიდან ძვალრბილში გამჯდარი და ენის წვერზე მომდგარი ეს ფრაზა არ წამომცდეს და ასე არ ვუპასუხო ხოლმე ჩასაჭრელად განწირულ იმ ჩემს სტუდენტებს, რომლებიც მეტყვიან, რომ სილაბუსში მითითებული ნაწარმოები ადრე წაიკითხეს და ხელმეორედ მის წაკითხვას აღარ აპირებენ. მაგრამ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ ხუმრობის ტონს ვერ გაიგებენ და რაღაც დროის შემდეგ ამ ფრთიან ფრაზას მე მომაწერენ, თავს ვიკავებ. ეს, რა თქმა უნდა, ისევ ხუმრობით. სინამდვილეში კი მართლა მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ერთხელ წაიკითხავენ წიგნს ბავშვობაში ან სიყმაწვილეში და მერე სურვილი არ უჩნდებათ, ხელმეორედ დაუბრუნდნენ მას. თუ არ მოეწონათ და ხედავენ, რომ სხვებს მოსწონთ, გადაამოწმონ საკუთარი თავი, ეგებ ადრე შეცდნენ. ან, თუკი ადრე მოსწონდათ და ახლა ამ წიგნზე არავინ ლაპარაკობს, რატომ მოხდა ასე, ის შეცდა თუ საზოგადოება ცდება.

ზუსტად აღარ მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში რა კითხვა დაუსვა ჟურნალისტმა ირმა გიგანს, არც მისი პასუხი მახსოვს სიტყვასიტყვით, იმასაც ვხვდები, რომ ამ მუსიკოსის გარდა, სხვაც შეიძლება ამგვარადვე ფიქრობდეს, მაგრამ საუბრის შინაარსი ასეთი იყო: რამდენად გამართლებულია, როცა საკმაოდ რთულად შესასრულებელ ნაწარმოებს ასაკით პატარა პიანისტი ასრულებს, რომელიც ჯერ კიდევ არაა მომწიფებული, სრულად ჩაწვდეს მოცემული ნაწარმოების სიღრმეს. ერთი და იგივე ნაწარმოები ყველა ასაკში ახლებურად გესმის, მისი შესრულებისას ყოველ ჯერზე სიახლეს აღმოაჩენ და ამიტომაცაა გამართლებული მისი სხვადასხვა ასაკში შესრულება. იცვლები შემსრულებელი, რადგან ასაკთან ერთად გემატება გამოცდილება, იცვლება შენი მიდგომა, იცვლება შენი ხასიათი, იზრდები, სწავლობ და ახალ პერსპექტივას სთავაზობ მსმენელს. არაფერია ამაში დასაძრახიო, ამბობდა მუსიკოსი. მსმენელისთვის ის უნდა იყოს საინტერესო, რომელ ასაკში რას ჩასწვდა პიანისტი, პიანისტისთვის კი განვლილ წარსულში ნასწავლ ნაწარმოებთან ყოველი ახალი შეხვედრა სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით სავსე  უნდა იყოსო. იუთუბზე უამრავ ჩანაწერს შეხვდებით, საბავშვო პიესებს რომ საქვეყნოდ განთქმული პიანიტები ასრულებენ და ისეთ ჩანაწერებსაც, როცა პატარა შემსრულებლები, თითებით რომ ძლივს ფარავენ ოქტავას, ფეხებით რომ ძლივს სწვდებიან როიალის პედალს და ჯერ კიდევ წინ რომა აქვთ შემოქმედებითი ცხოვრება, ურთულეს, დიდებისთვის შექმნილ ნაწარმოებებს უკრავენ. ჰოდა, ასეთ შეკითხვას დავსვამ: რომელი ასაკობრივი კატეგორიისთვის დაწერა ანტუან დე სენტ-ეგზიუპერიმ „პატარა უფლისწული“ ან, თუკი ასტრიდ ლინდგრენი ბავშვებზე წერდა, ამით რამე დააკლდა მის გენიას? ამ უკანასკნელისთვის ხომ ღიმილისმომგვრელი იყო და თავადაც ხომ ხვდებოდა (ჰანს ქრისტიან ანდერსენის საერთაშორისო ოქროს მედლის გადაცემისას წარმოთქმულ სიტყვაში), რომ მავანთათვის ის მხოლოდ „უმცროსების“ ავტორი იყო: „უფროსებისთვის თუ შეგიძლიათ წიგნის დაწერა? – მეკითხებიან ხოლმე. ასე მეკითხებიან, გულში კი ფიქრობენ: მაგან უკვე იმდენი საბავშვო წიგნი დაწერა, დროა, რაიმე უფრო ღირებულს მოჰკიდოს ხელიო. მე არ მინდა, უფროსებისთვის წერა! მე მინდა ვწერო ისეთი მკითხველებისთვის, რომელთაც სასწაულების მოხდენა შეუძლიათ“.

უცნაურია, რომ ზოგჯერ ნაშრომები, რომელთაც წლების წინ ვკითხულობდი და სულაც არ მომწონდა, დღეს ჩემი საყვარელი წიგნებია; ზოგჯერ იმ ფილმების სანახავად, რომლებსაც ოდესღაც სიამოვნებით ვუყურებდი, დღეს დროს არც დავხარჯავ; ზოგიერთ იმ ადამიანსაც კი, წარსულში რომ ახლო მეგობარი დავარქვი და ახლაც ინერციით ვმეგობრობ მათთან, ცოტა ადრე რომ გამეცნო, ვერაფრით დავარქმევდი მეგობარს, ის კი არა, ჩვენი ნაცნობობა მხოლოდ შეხვედრისას კარგი გამარჯობა-გაგიმარჯოთი წარიმართებოდა; და პირიქით, დღეს ვისაც მეგობრებს ვუწოდებ, ადრე რომ შემხვედროდნენ, შესაძლოა, ყურადღებაც არ მიმექცია მათთვის. ალბათ ასე იქნებით თქვენც. ცხადია, ასაკის მატებასთან ერთად გემოვნება გვეცვლება. გონიერი ადამიანი, რადგან საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს და დასკვნებიც აქედან გამომდინარე გამოაქვს, ხვდება, რომ გემოვნებაზე არ უნდა იდავოს. თუმცა სწორედ გემოვნებაა ის, რის გამოც ყველაზე მეტად დაობენ ადამიანები, ჯერ მშობლები და შვილები, მერე მეგობრები, მერე კი ყოფილი შვილები ახლა უკვე მშობლების ამპლუაში თავიანთ შვილებთან. თუმცა წიგნებთან მიმართებით ამ დავაში სიტყვა გემოვნებას არც ვიხმარდი. რადგან, როცა წიგნების მოწონება-არმოწონებაზე ვსაუბრობთ, ხშირ შემთხვევაში ჩვენი პასუხი მხოლოდ ემოციურ გამოცდილებას ეყრდნობა. შემდეგ კი, როცა ახსნა მოგვიხდება, რატომ უნდა წაიკითხოს ვიღაცამ ჩვენი მოწონებული წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ სასაცილოდ გაიჟღერებს ფრაზა, ბევრს იტირებ ანდა, ბევრ იცინებ, მაინც გასაგებია, რატომ ვურჩევთ ამა თუ იმ ადამიანს სწორედ ამ და არა სხვა წიგნს. რა თქმა უნდა, წიგნებს მარტო ასატირებლად და გასაცინებლად არ ვკითხულობთ, წიგნებს დასაფიქრებლადაც ვკითხულობთ, წიგნები საუკეთესო საშუალებაა, ჩვენი შეცდომებით კი არა, სხვისი შეცდომებით ვისწავლოთ, თუმცა მან ცხოვრებაც არ უნდა შეგვიცვალოს და, სხვისი (წიგნის პერსონაჟის) ბედნიერების ძიების ნაცვლად, საკუთარი ბედნიერება უნდა ვეძიოთ. აქ მახსენდება სტივენ ჩბოსკის პერსონაჟი წიგნიდან „მარტოსულობის უპირატესობანი“, რომელიც ძალიან ბევრს კითხულობს და მისი ლიტერატურის მასწავლებელს ეშინია, რომ ეს პოზა ცხოვრებისგან გაქცევა არ იყოს, ლიტერატურა მისთვის თავშესაფარი არ იყოს, თავიდან რომ აირიდოს ცხოვრებისეული სირთულეები, ადამიანებთან ურთიერთობის ტკბილმწარე და ძნელი მომენტები. ამიტომაც ურჩევს თავის მოსწავლეს უფრო აქტიურად ჩაერთოს ცხოვრებაში.

უნდა წაიკითხონ თუ არა მოზარდებმა უფროსებისთვის განკუთვნილი წიგნები? უნდა ვუთხრათ თუ არა მათ, ანდა ჩვენ თუ არ ვეტყვით, სხვა მაინც ეტყვის თუ არა მათ, ამ წიგნს ხომ ვერ გაიგებ და ასაკისთვის შესაფერისი წიგნი გამოძებნეო? უნდა წაიკითხონ თუ არა უფროსებმა ბავშვებისთვის დაწერილი წიგნები? ხომ არ დასცინებენ მათ ზურგსუკან და გონებრივ უმწიფრობაში ხომ არ ჩაუთვლიან ასაკისთვის შეუფერებელი წიგნებით გატაცებას? ჩემი გამოცდილებით გეტყვით, საშინლად მწყინდა, როცა არც მეექვსეკლასელს მიჯერებდნენ, რომ დოსტოევსკის ვკითხულობდი და ჩემი საყვარელი პერსონაჟი მიშკინი იყო, და არც იმისი სჯეროდათ, რომ მეათეკლასელი, სკოლის დამამთავრებელი და მისაღები გამოცდებისთვის მომზადების ნაცვლად, ასტრიდ ლინდგრენს ვკითხულობდი, სიამოვნებას კი პეპისა და კარლსონის ენამოსწრებული პასუხები მანიჭებდა. როდესაც დოსტოევსკის ვკითხულობდი, მე, მეექვსე კლასში, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ დოსტოევსკი არაჩვეულებრივად მესმოდა. წლების შემდეგ, როდესაც ამ ავტორს მივუბრუნდი, მიკვირდა, როგორ სწორად ვსვამდი აქცენტებს, როგორ მესმოდა ის, რაც მესმოდა პატარა ასაკში, თუმცა იმასაც ვაცნობიერებდი და გული მწყდებოდა, როგორ ვერ დავინახე ის, რაც დასანახი იყო. გული იმიტომ მწყდებოდა, რომ, ხომ შეიძლებოდა, მეთქვა, ნაწარმოები უკვე წაკითხული მაქვს და რაღა საჭიროა, მას კიდევ ერთხელ მივუბრუნდე, წასაკითხი ხომ ამდენია ჩვენს გარშემო. როდესაც ასტრიდ ლინდგრენს უკვე მერამდენედ ვკითხულობდი, მე, მეათეკლასელს, მერჩივნა, გამოცდებზე ნერვიულობის ნაცვლად, ბავშვების ლაღ და ხალისიან სამყაროში გადამენაცვლა. ვიცი, დღესაც უკვირთ, როცა გაიგებენ, რომ ბერძნული ფილოსოფიისა და ანტიკური ლიტერატურის შედევრების პარალელურად დეტექტივების მოყვარულიც რომ ვარ და მოზარდებისთვის განკუთვნილი ლიტერატურის ტრფიალიც, ასტრიდ ლინდგრენსაც და სხვა საბავშვო ავტორებსაც დღესაც ისეთივე დიდი სიამოვნებით ვუბრუნდები ხოლმე, როგორც იმ წიგნებს, ჩემი მაგიდის ორგანულ ნაწილად რომ გადაქცეულან. ჩემთვის წიგნი თავშესაფარი არ არის, ჩემთვის წიგნთან ყოველი ხელახალი დაბრუნება ახალი აღმოჩენებითაა აღსავსე.

როგორც წესი, წიგნებს ასაკობრივი ჯგუფებისთვის ყოფენ. რა თქმა უნდა, ეს დაყოფა ჩვეულებრივი ამბავია, რადგან სულაც არაა აუცილებელი სკოლამდელი ასაკის ბავშვმა ყოფიერების აუტანელ სიმსუბუქეზე იფიქროს ან თავი იმტვრიოს იმაზე, ბოროტი რატომ უნდა მომდინარეობდეს მშვენიერი სამყაროს შემოქმედი ღმერთისგან ან რატომ უნდა იტანჯებოდნენ უდანაშაულო ბავშვები იმ დროს, როცა უფალი სათნო და კეთილია. მაგრამ ბავშვმა რომც წაიკითხოს ამ იდეების შემცველი ნაწარმოებები (მილან კუნდერა, დოსტოევსკი), ის აქცენტებს სხვა რამეზე გააკეთებს, განა არასწორზე, უბრალოდ სხვაზე, მერე კი, წლების შემდეგ, როცა დაუბრუნდება იმავე ნაწარმოებს, სხვანაირად გადაიაზრებს. ეს ჩვეულებრივი და ნორმალური პროცესია. ჰოდა, ამ ყველაფერს, როდესაც დღეს ეს მოგვწონს, ხვალ კი სხვა მოგვეწონება, ჩემი მოკრძალებული აზრით, ჩვენი გემოვნების ცვალებადობა განაპირობებს. ჩვენი გემოვნების ცვლილება კი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორისაა წარმოსახვაც, ლოგიკური უნარებიც, გონებრივი სიმწიფეც და სხვა ფაქტორებიც, რომელთაც აქ არ ჩამოვთვლი. ამიტომაც არცერთი ადამიანი გემოვნებაზე არ იდავებს, რადგან იცის, რომ გემოვნება ცვალებად კატეგორიათა რიცხვს მიეკუთვნება; მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც ისე ხდება, რომ გემოვნებაზე ყველაზე მეტს დაობენ, რადგან ადამიანებს, როგორც წესი ავიწყდებათ, რომ თვითონაც გემოვნების „მსხვერპლს“ წარმოადგენენ.

ჰოდა, ამიტომაც, სანამ მოზარდს ვუსაყვედურებთ, რომ ის წიგნი აიღო, რომელსაც ვერ გაიგებს, ირონიულად ჩავიცინებთ, რომ ვერ ჩაწვდება ავტორისეულ სიღრმეს, ვერ გაისიგრძეგანებს წიგნის სიდიადეს ან დავცინებთ, რომ ისეთ წიგნს კითხულობს, რომელიც მისი ასაკობრივი კატეგორიისთვის არ შექმნილა, გავიხსენოთ, რომ წიგნის კითხვა ყოველთვის სასარგებლოა. მოვუწონოთ პირველ კატეგორიას მოქმედება, რადგან ისინი ასე მხოლოდ ლექსიკურ მარაგს კი არ გაიმდიდრებენ, არამედ წარმოსახვასაც განივითარებენ. თუმცა ერთი რჩევა კი მივცეთ, როცა გაიზრდებიან, არ დაიზარონ და კიდევ ერთხელ მიუბრუნდნენ წაკითხულს, თუნდაც იმიტომ, რომ თავიანთი თავი გადაამოწმონ წლების შემდეგ; მეორე კატეგორიას კი მივცეთ იმის საშუალება, კიდევ ერთხელ შეიგრძნონ ბავშვების ლაღი ბუნება და ამგვარად მაინც გაიხალისონ და გაიფერადონ ცხოვრება.

 

 

ეპიგრაფების კოლექციონერი

0

იყო დრო, ტუსკია ბრიტნი სპირსისა და ლინდა ევანგელისტას პოსტერებს აგროვებდა, ზოგს კედელზე აკრავდა თავის ოთახში და ზოგსაც საგულდაგულოდ ინახავდა მზის შუქისა და უცხო თვალთაგან მოშორებულ ადგილას. შეგროვებისა და შენახვის პრეისტორიული ღმერთი მარიონეტივით დააწოწიალებდა ქალაქიდან ქალაქში, ბუკინისტებთან, პრესის გამავრცელებლებთან თუ მასავით აცეტებულ კოლექციონერებთან, რომ გამოუკლებლივ შეევსო ის, რაც ცარიელი ეგულებოდა და ეს სიცარიელე – სიზმარშიაც ჩაყოლილი სიცარიელე – გულგვამს უჭამდა ხოლმე.

ამასწინათ ბიბლიოთეკის სამკითხველოში ვნახე.

– ტუსკი, რას ეძებ, ჯიგარო?

– ვაა, შენ აქ საიდან? მეიცალე მოკვდავებისთვის?

– კაი, ნუ ბლატაობ.

– მე არა, თქვენ ბლატაობთ, პრადვინუტები. ტელევიზორში გნახე კაი მოჭიმული სიფათით. ამ ვიღაცებს და რაღაცებს რომ აქებ ხოლმე, ასეთიო, ისეთიო, შეურიე ხოლმე ბაბუაჩემი, ხილად, ხილად შეურიე. უყვარდი შენ მაგას, მაგრამ ამაგის და სიყვარულის დავიწყება იცით ახლანდელმა ახალგაზრდებმა. ცოტას რომ წაიწევთ წინ, აღარ გახსოვთ უბრალო და სოფელში დაჩეჩქვილი ხალხი. ქალაქი რომ წამოგაზიდებთ, კი დაეშვებით მერე სოფლისკენ, მაგრამ წასულია უკვე ის სოფელი, თავის გზითაა წასული.

– კაი, ჩუ! ხო იცი, არ შეიძლება აქ ხმამაღლა ლაპარაკი.

– ყველამ თავისი მრევლი გააჩუმოს, რა! – სხარტი და მოსხეპილი პასუხით კმაყოფილი და შთაგონებულია ტუსკია, უცებ მეკითხება, – შენ რას შვრები, რამეს აკეთებ თუ დაყვინე?

აი, მაგ ბოლო სიტყვაზე სიბრაზე და თავბრუსხვევა მივლის. აქეთ-იქით ვიხედები – საკითხავებში თავჩარგული ხალხი განაგრძობს მშვიდ არსებობას, ჩემს თავში კი გადამწიფებული სიტყვები სკდომას იწყებენ. თავის ტკივილით წერა, წერა, როცა ათასი საქმე თავზე გაყრია, გვერდით ოთახში კი ხმაურია და ზარებიც არ წყდება ტელეფონში; როცა ყველაფერი გაღიზიანებს და ბრაზდები, სიტყვა სიტყვას რომ არ ეხიდება, რადგან დიდი ხნის უძრაობამ ფიქრს გადაგაჩვია. არა, ბოდიში მომითხოვია, უძრაობამ კი არა, დამქანცველმა მიწყდომ-მოწყდომამ აქეთ-იქით, ამღვრეული მდინარისგან მოჩეჩებულმა უამრავმა საქმემ, ვალდებულებებმა (არადა მესამე კურსზე ვალდებულებითი სამართალი იოლად ჩააბარე რიზოგრაფზე გადაბეჭდილი უხარისხო სახელმძღვანელოსგან მომზადებული კონსპექტით). რჩევები, რჩევები – სხვებისგან, საკუთარი თავისგან: უნდა წერო, ყოველთვის უნდა წერო და ყველგან უნდა წერო, სხვანაირად ჭირსაც წაუღია შენი სიცოცხლე. ხელ-პირს იბან, გძინავს, ჭამ, ტკბები და ისაქმებ – მაშინაც, ყოველ დღე, თუ გინდა რამე გამოვიდეს. მგონი ტონიო კროგერის შემქმნელმა თქვა ერთხელ, – არც ერთი დღე სტრიქონის გარეშეო. აი, ეგრე! თორე ნიჭი არაფერს არ ყოფნის, ჯიგარო, ნიჭს ისევე უნდა გალესვა, როგორც უხეში ბალახის მოსათიბად შემართულ ცელს, რომელსაც დიდი ხნის დებისგან პირი დაუბლაგვდა და ა. შ. და ა. შ.

– შენ რას შვრები, ტუსკი? – ვეკითხები პირგამშრალი და თვალებგაშტერებული.

– ეპიგრაფებს ვაგროვებ.

– რას?

– რაც გაიგე.

– შენი ამბავი რომ ვიცი, გექნება უშტი და უშქარი.

– კი, ბევრია. ზოგი ისეთი მხეცობაა, ერთ სახელმწიფოდ ღირს, პაპის სული ნუ წამიწყდება.

– ფორ იქზამპლ?

– ჰო, ახლა მაგას ჩაგიკაკლავ, ბიჭო, ზუსტად მაგ ჭკუაზე ვარ.

– მაინც-მაინც?

– კაი, ერთს გეტყვი ძმაკაცობის ხათრით, ოღონდ შენ უნდა გამოიცნო, რომელი წიგნის ეპიგრაფია.

– გამოუშვი.

ტუსკია მრავლისმთქმელად ჩაფიქრდება, ყელს მოიღერებს, ხმას ჩაიწმენდს და დუდუნით ამბობს:

– ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: უკეთუ არა მარცვალი იფქლისაი დავარდეს ქუეყანასა და არა მოკვდეს, იგი მარტოი ხოლო ეგოს; ხოლო უკუეთუ მოკვდეს, მრავალინ ნაყოფი გამოიღოს. იოანე, 12:24.

რამდენიმე წამს ვფიქრობ და ტვინის ნაოჭების დაუძაბავადაც ვრწმუნდები – არაფერი მახსენდება.

– არ ვიცი, ტუსკი, – მხრებს ვიჩეჩავ, – არ მახსენდება, რომელიმე წიგნის ეპიგრაფი იყოს ეგ ციტატა.

– კი, როგორ არა! – იღიმის ტუსკია, ყელი ისევ მოღერებული აქვს, ხმა ჩაწმენდილი და თითი შემართული:

– ზე ბრაზერს კარამაზოვ!

სასკოლო კლუბების არსებობის დადებითი მხარეები

0

მასწავლებელს, ვისაც ჯერ ქართულ სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში არ დაუკარგავს მოტივაცია და ინტერესი, აქვს შეკითხვა – რა შეიძლება გააკეთოს შემდეგი კვირის რომელიმე დღეს ერთ კონკრეტულ გაკვეთილზე. რა ახალი ფაქტორი გააჩინოს საგაკვეთილო პროცესში ისეთი, რომელიც საინტერესოს გახდის სასწავლო მასალას და ზოგადად, საგაკვეთილო პროცესს. ეს ერთი საკითხია, რომელიც ყველა შემდგომი გაკვეთილისთვის თავიდან უნდა მოიპოვო, მოძებნო, გამოცადო და გაიმარჯვო, ან დამარცხდე და მიზანს ვერ მიაღწიო.

თუმცა არის ერთი გრძელვადიანი მიზანი რამდენიმეს შორის, რომელიც სხვაგვარად შეიძლება მოგვარდეს: როგორ შეიძლება მოსწავლეთა დაინტერესება იმ საგნით, რომელსაც ასწავლი. დაინტერესება არა იმის გამო, რომ მათ კარგად ჩააბარონ სკოლის გამოსაშვები ან ერთიანი ეროვნული გამოცდები. არა, დაინტერესდნენ იმდენად, რომ სამომავლოდ ამ სფეროს კვლევა დაისახონ მიზნად; იმდენად, რომ ამაზე ისაუბრონ სახლშიც, მეგობრებთანაც იკამათონ და იცინონ და ა.შ.

ამის შესაძლებლობას გვაძლევს სასკოლო კლუბები. თუმცა როდესაც საუბარი ამის განხორციელებას ეხება, ჩნდება რამდენიმე პრობლემა:

1. რთულია სახლში მისული მოსწავლეები უკან სკოლაში დაბრუდნენ კლუბების გამო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ისინი სკოლისგან მოშორებით ცხოვრობენ;
2. მასწავლებელს, რომელიც ამ სამუშაოს შეასრულებს, სჭირდება დამატებითი ანაზღაურება;
3. თუ დამატებით წრეზე მასწავლებელს – კლუბის ხელმძღვანელს არ აქვს კარგად შემუშავებული გრძელვადიანი გეგმა და მიზნები, არ აქვს საინტერესო სასწავლო მასალა, ინტერაქცია, პროცესში არ იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაშინ რთული იქნება მოსწავლეთა შენარჩუნება;
4. მასწავლებელმა უნდა შეძლოს, რომ კლუბის სასწავლო პროცესი განსხვავებული გახადოს საგაკვეთილო სასწავლო პროცესისგან თავისი მოთხოვნებით, მიდგომებით, მოლოდინებითა და მასწავლებელ-მოსწავლეთა შორის სამუშაო ურთიერთობებით.

დღესდღეობით კერძო სკოლებს, რომელთაც, გარდა სახელმწიფო ვაუჩერული დაფინანსებისა, ასევე კერძო გადასახადით მიღებული შემოსავლებიც აქვთ, მეტ-ნაკლებად აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მსგავსი სერვისები შესთავაზონ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს, თუმცა საჯარო სკოლაში ამის განხორციელება რთული იქნება.

რამდენიმე თვის წინ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი აქტივობები ხორციელდებოდეს საჯარო სკოლებშიც, თუმცა ამის შემდეგ ამ თემაზე საუბარი ან მუშაობა არც დაწყებულა და არც გაგრძელებულა. ალბათ ამის მიზეზი ის არის, რომ სურვილის გარდა, ამ ყოველივეს ბევრად მეტი დამატებითი ფინანსები სჭირდება, რაც ამ დროისთვის ან არ მოიძებნება, ან გადანაწილება ვერ მოხერხდა.

გაკვეთილების შემდეგ კლუბები, თავისი შინაარსით არაფორმალური განათლების ელემენტების შეთავსებასაც მოახერხებენ და ამით ძალიან დადებით როლს შეასრულებენ მოსწავლეთა კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში, იმის გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრე, რომ ისინი უფრო დაინტერესდებიან ამა თუ იმ საგნით.

კარგი იქნება, თუ დაიწერება პროექტი და რამდენიმე საჯარო სკოლაში სამინისტროს მიერ წინასწარ გამოყოფილი თანხებით მოხდება პილოტირება.

 

 

“ვერ ვხედავ, ე. ი. არ არსებობს”

0

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოლოგის ჟან პიაჟეს კოგნიტიური განვითარების თეორიის მიხედვით, ადამიანის განვითარების სენსომოტორული სტადია დაბადებიდან ორ წლამდე გრძელდება და ამ პერიოდის მთავარი მიღწევა ობიექტთა მუდმივობის გაგებაა – ბავშვის მიერ იმის გაგება, რომ საგნები და ადამიანები არსებობენ მისგან დამოუკიდებლად, მაშინაც კი, როცა მათ ვერ ხედავს და მათი ხმა არ ესმის. დაახლოებით ორი თვის ბავშვების უმრავლესობას შეუძლია მოძრავი ობიექტისთვის თვალის გაყოლება, 5-6 თვიდან იწყებენ ნაცნობი ადამიანების ძებნას, ხოლო საგნებს 8-12 თვიდან ეძებენ. ამ მიღწევას ემატება მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება და თან ახლავს სირთულე, რომელსაც განშორებით გამოწვეულ შფოთვას (ბავშვის მღელვარება ან შიში, რომელიც გამოწვეულია მშობელთან ან მისთვის მნიშვნელოვან ადამიანთან განშორების გამო) უწოდებენ. ობიექტთა მუდმივობის გაგების შემდეგ ჩვილი ხვდება, რომ ის დედის სხეულისგან განცალკევებით არსებობს და როცა ის სცდება მისი თვალთახედვის არეს, განიცდის. ეს ვრცელდება იმ ადამიანებზეც, რომლებიც მასზე მუდმივად ზრუნავენ. ამას ემატება მიჯაჭვულობის განვითარების გამო უცხო ადამიანების შიში, – ბავშვები, რომლებიც უღიმოდნენ უცხოებსაც და უცნობ ადგილებშიც კარგად გრძნობდნენ თავს, უცებ იწყებენ შფოთვას უცხო გარემოში და ეკვრიან ნაცნობ ადამიანებს. ამ მოვლენას შვიდთვიანების შფოთვას უწოდებენ.

ზოგიერთმა ბავშვმა ჩვილ ასაკში შესაძლოა გამოტოვოს განშორებით გამოწვეული შფოთვის ეტაპი და 15-18 თვის ასაკში გამოავლინოს მისი ნიშნები. მათ, როგორც წესი, უფრო უკეთ აქვთ გაცნობიერებული, რა არის განშორება, ამიტომ მათი პროტესტი უფრო ხმამაღალია და ისინი იყენებენ სხვადასხვა გზას მის გადასავადებლად, მაგალითად, მშობლებს სთხოვენ, წასვლამდე ზღაპარი წაუკითხონ, კუბებისგან კოშკი აუშენონ და ა.შ. 3 წლის შემდეგ შფოთვის დონე იკლებს.

6-7 თვიდან 2 წლამდე ბავშვის ძილი შეიძლება დაარღვიოს განშორებით გამოწვეულმა შფოთვამ. მან შესაძლოა რამდენიმეჯერ გაიღვიძოს ღამით და უხმოს მშობლებს, გადმოვიდეს თავისი საწოლიდან და მოითხოვოს დედ–მამის გვერდით დაძინება. ის ამას არ აკეთებს ურჩობის ან მანიპულირების სურვილის გამო, ეს მისი ემოციური განვითარების ნორმალური საფეხურია და მის გადასალახავად მშობლების სიყვარული და მათი თანმიმდევრული მიდგომა სჭირდება. ამ დროს ბავშვს გასაგებად უნდა აუხსნან, რომ თავის საწოლში უნდა დარჩეს, ამასთანავე, მშვიდად და სიყვარულით შეხვდნენ ღამით ყოველი გამოღვიძებისას.

ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში მშობლებს სთხოვდნენ, ერთი სიტყვით აღეწერათ, რას გრძნობენ, როცა მათ შვილებს განშორების შფოთვა აქვთ. შედეგები ასეთი იყო: 90% – იმედგაცრუება, 70% – სევდა, 70% თანაგრძნობა, 60% – დაბნეულობა, 50% – მღელვარება, 40% – ბრაზი, 30% – გაურკვევლობა, 20% – გაღიზიანება, 15% – აღიარება. (The No-Cry Separation Anxiety Solution: Gentle Ways to Make Good-bye Easy from Six Months to Six Years. 2010. Elizabeth Pantley).

იმისთვის, რომ ბავშვებს განშორების შფოთვასთან გამკლავებაში დავეხმაროთ, საჭიროა გვახსოვდეს, რომ ისინი არ ირჩევენ ამ სირთულეს, არ იღებენ სიამოვნებას მისგან და სურთ, თავი დააღწიონ, მაგრამ არ იციან, როგორ. ამისთვის მათ სჭირდებათ უფროსების უპირობო სიყვარული, მოთმინება და რამდენიმე წესის დაცვა. ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები მშობლებს და მომვლელებს განშორების შფოთვასთან გამკლავებაში დაეხმარება.

  • ეთამაშეთ “ჭიტა” და ისეთი თამაშები, რომლებიც დაეხმარება იმის გაგებაში, რომ მიდიხართ, მაგრამ ყოველთვის ბრუნდებით მასთან.
  • განურჩევლად ასაკისა, აცნობეთ ბავშვს, როცა სახლიდან გადიხართ. ეს მას თქვენდამი ნდობას განუმტკიცებს. როგორც არ უნდა იტიროს დაშვიდობების დროს, არ გაეპაროთ, თორემ ეს განამტკიცებს მის შფოთვას და შემდეგში აღარ გენდობათ, მუდმივად ექნება შიში, რომ მისგან წახვალთ.
  • შემოიღეთ სწრაფი დამშვიდობების რიტუალი. ეს შეიძლება იყოს ჰაეროვანი კოცნა, ხელის დაქნევა, ხელისგულზე ხელისგულის დარტყმა, ჩახუტება… დამშვიდობება დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს – ეს შფოთვის ალბათობას გაზრდის. დაემშვიდობეთ და წადით. თუ მისი ტირილის გამო დაბრუნდებით, პროცესი უფრო გაიწელება და მეტ ზიანს მიაყენებს ბავშვს.
  • შეასრულეთ დანაპირები. თუ ზუსტად არ იცით, როდის დაბრუნდებით, ნუ ეტყვით სავარაუდო დროს. თუ იცით, რომ დაბრუნდებით მის დაძინებამდე, უთხარით: “როცა კბილებს გაიხეხავ და პიჟამას ჩაიცვამ, მაშინ მოვალ”. თუ სამი ღამე არ იქნებით – “სამი ძილის შემდეგ მოვალ”. ამას უკეთ გაიგებს.
  • შეაჩვიეთ თქვენ გარეშე ყოფნას. რამდენიმე საათით დაუტოვეთ ბებიას, ოჯახის წევრებს. სანამ ბაღში მიიყვანთ, შეაჩვიეთ იქაურობას.

 

ყურადღების მართვის სტრატეგიების გამოყენება გაკვეთილზე

0

ჩვენ ყოველწამიერად გვჭირდება გარე სამყაროსთან კავშირი და შემეცნებითი, ფსიქიკური პროცესების: აზროვნების, მახსოვრობის, წარმოსახვის, ყურადღების, შეგრძნების, აღქმის, – გარეშე მას ვერ განვახორციელებთ. მასწავლებლის ცხოვრებაში ამ პროცესების დიდი ნაწილი სასკოლო ცხოვრებას უკავშირდება და იმაზე, რამდენად სწორად დავინახავთ მოსწავლეთა საჭიროებებს, გავაცნობიერებთ, რომელი თვისებების განვითარება გვჭირდება მათში, რისი მიღება გვინდა გაკვეთილისგან და ა.შ., სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიზნის შესაბამის ადეკვატურ ქცევაზე, დამოკიდებულია ჩვენი პედაგოგიური წარმატება.

განათლების ფსიქოლოგიაში ფსიქიკურ პროცესებს შორის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ყურადღებას. ის მახსოვრობისა და შემეცნებითი პროცესების 80%–ს მოიცავს. ყურადღების დახმარებით ხდება შემეცნების მიმართვა ერთი ან რამდენიმე ობიექტისა თუ საგნისკენ ან მათი თვისებისკენ, მოვლენისკენ, ქმედებისკენ, აზროვნებისკენ, სხვა ადმიანების გრძნობებისკენ ან საკუთარი შინასამყაროსკენ, საჭირო ინფორმაციაზე „გადართვა“, ამიტომ მოსწავლეთა სასკოლო წარმატება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ყურადღების განვითარების დონეზე.

ყურადღების რაობისადმი თანამედროვე მიდგომა დაკავშირებულია დონალდ ბროდბენტის სახელთან. თავის წიგნში „აღქმა და კომუნიკაცია“ (Broadbent D. E. Perception and communication. – London: Pergamon Press, 1958. – 338 p.) ის წერდა, რომ ინფორმაციის გადამუშავების უნარი შეზღუდულია გამტარუნარიანობით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ის; მთავარია, განვსაზღვროთ, რას ვაქცევთ ყურადღებას, რადგან ის, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, ხშირად ჩვენივე გამოცდილების ნაწილია და ვინაიდან საგანთა აღქმა დაკავშირებულია ჩვენს ინტერესებთან, მათი მართვაც შეგვიძლია. ბროდმენტის (ასევე – ა. ტეისმანის, დ. კანემანის, უ. ჯეიმსის, დ. უზნაძის, ლ. ვიგოტსკის და სხვ.) ყურადღების განვითარების თეორიის შესაბამისად, შესაძლებელია გაკვეთილზე მოსწავლეთა ყურადღების მართვა, მისი ხარისხის ამაღლება და მიმართვა სასწავლო პროცესის წარმატებისკენ.

ამისთვის გამოგვადგება:

  • სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება;
  • ვიზუალური და სმენითი სიგნალების მოშველიება (რომლებითაც აფრთხილებენ მოსწავლეს), ემოციის გამოხატვა, მტკიცე (და არა ხმამაღალი ანდა მუქარის) ტონი, მიმიკების, ჟესტების გამოყენება, აზრის გამოკითხვა, ყურადღების გამახვილება ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომებზე და ა.შ.;
  • პრობლემური კითხვების დასმა, მაგალითად, თუ „მოსწავლე კვირაში თითო გაკვეთილს დაისწავლის რომელიმე საგანში, შეძლებს თუ არა, დაეუფლოს საგანს როგორც ასეთს? ან „შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც საათობით გასცქერიან აყვავებულ ბუნებას, მუშაობენ?“ – და ა.შ.;
  • სპეციალური ცხრილის გამოყენება (ცხრილი 1), რომელშიც ასახულია გაკვეთილის ეტაპები და მოცემულია მოსწავლეთა ყურადღების მართვის ტექნიკა თითოეული ეტაპის შესაბამისად.

ცხრილი 1.

ეტაპები გაკვეთილზე მიმდინარე პროცესები
0-7 წუთი ყურადღება გაფანტულია
8-23 წუთი ეს პერიოდი შედარებითი მობილიზებისა და ყურადღების კონცენტრაციის პერიოდია
24-30 წუთი ყურადღება ქვეითდება, იზრდება შეცდომების რაოდენობა, საჭიროა დაძაბულობის მოხსნასა და მობილიზებაზე ზრუნვა
31-45 წუთი ყურადღების კონცენტრირება დასახული მიზნის შესაბამისად

 

არსებობს ყურადღების განსავითარებელი სავარჯიშოებიც, მაგალითად, ერთი წუთის განმავლობაში ერთდროულად ორივე ხელით დავხატოთ: მარცხენა ხელით – წრეები, მარჯვანათი – სამკუთხედები. მიზანია რაც შეიძლება მეტი წრისა და სამკუთხედის დახატვა. შეფასება: 5-ზე ნაკლები – ცუდი; 5-7 – საშუალო; 8-10 – კარგი; 10-ზე მეტი – საუკეთესო.

სახელდობრ, რომელი სტრატეგიები და მიდგომებია ეფექტური ყურადღების განვითარებისთვის?

საზოგადოდ, ყურადღების მობილიზებისათვის უმნიშვნელოვანესია:

1) გაკვეთილის ტემპი – ცოცხალი, სწრაფი ტემპით მუშაობა მობილიზებისკენ უბიძგებს მოსწავლეს. მას აღარ რჩება დრო უსარგებლო ემოციებისთვი. შეცდომების თავიდან ასაცილებლად მოსწავლე არ უნდა ავაჩქაროთ, თუმცა მუშაობის შენელებული ტემპი ყურადღების მოდუნებას გამოიწვევს. ტემპის განსაზღვრისას არ უნდა დაგვავიწყდეს შესასწავლი მასალის სირთულე, მოსწავლეთა შესაძლებლობები, ასაკი და ინდივიდუალური თვისებები.

2) გაკვეთილი არ უნდა იყოს დამღლელი, გაკვეთილის შინაარსი და მიდგომები თანხმობაში უნდა იყოს ერთმანეთთან.

3) დავალებები მეტისმეტად ხშირად არ უნდა ვცვალოთ.

4) მოსწავლეს გაკვეთილის დასაწყისშივე უნდა ვაცნობოთ მიზანი, რათა მან ყურადღება გაამახვილოს საინტერესო დეტალებზე. მისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ ყურადღების გარეშე მასალას ვერ გაიაზრებს.

5) ახალი მასალის მიწოდებისას მოსწავლეთა ყურადღების გასააქტიურებლად მასალის დაყოფა ცალკეულ ნაწილებად და გაკვეთილის მსვლელობის დროს პარალელებისა და შედარებების გავლება ნაცნობ მასალასთან მათ „აიძულებს“, განზე გადადონ წინასწარი განწყობა – „ამ ყველაფრის შესწავლა შინაც შეიძლება“.

6) გაკვეთილზე შეფასების სისტემის ადეკვატურად გამოყენება მოსწავლეს მოდუნების საშუალებას არ მისცემს.

7) მოსწავლეთა ყურადღების განვითარებას, მათ ინტელექტუალურ, მორალურ-ფიზიკურ განვითარებას და შემოქმედებით აქტიურობას ხელს უწყობს როგორც ინტეგრირებული, ასევე არასტანდარტული გაკვეთილები და აქტივობები, რომლებიც შეიცავს ერთგვარ „პროვოკაციას“ – ისეთს, როგორიცაა:

  • პრობლემური კითხვები და დავალებები – ისინი, როგორც წესი, იწვევენ გაოცებას, აღძრავენ დავალების დაძლევის სურვილს;
  • გკვეთილი-თამაში, გაკვეთილი-მოგზაურობა, გაკვეთილი-სასამართლო, გაკვეთილი-კონცერტი და ა.შ.;
  • შეჯიბრებითი ხასიათის დავალებები/კონკურსები: ვინ უფრო სწრაფად, ვინ უფრო საინტერესოდ და ა.შ..

მოვიყვანოთ მაგალითები ისტორიის სწავლების კურსიდან, სადაც, ისევე როგორც სხვა საგანში, აუცილებელია და შესაძლებელია მოსწავლეთა ყურადღების ორგანიზება და განვითარება. მაგალითად, თემა „ძველი საბერძნეთის“ (ისტ. VII) გავლისას მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცებისა და გაფართოებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ თამაშის სტრატეგიები. თამაშის შემცველი ელემენტები – კონკურსები, რომლებსაც გაკვეთილის რომელიმე ეტაპზე გავმართავთ. მაგალითად, ასეთი:

  • „აბა, გამოიცანი“;
  • „ვის ეკუთვნის სიტყვის უფლება“?
  • „ათენი და სპარტა“ – იპოვე შესაბამისობა;
  • „ვინ უკეთ წარმოადგენს…“ (ძველი ბერძნული დღესასწაულები);
  • „ძველი ბერძნული საოცრებები“;
  • „ძველი ბერძნული კულტურა“.

თამაშის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რისი მიმცემია ის მოსწავლეებისთვის. ყველაზე ეფექტურია გაკვეთილები, რომლებიც არსებული ცოდნის გამოვლენას და შემდგომი წარმატებისთვის ყურადღების მობილიზებას მოითხოვს. მოსწავლეებს ეხალისებათ იმგვარ მასალაზე მუშაობა, რომელიც მათ სივრცესა და დროში წარმოსახვითი გადაადგილებისკენ უბიძგებს, თუნდაც მოგზაურობასთან დაკავშირებული თამაშები. მაგალითად, ძველი აღმოსავლეთის თემის გავლისას შეიძლება შევთავაზოთ ამგვარი თამაში: „დაეხმარეთ მოგზაურს დაკარგული გზის პოვნაში“, – რომელსაც ორ ეტაპად წავმართავთ:

I ეტაპზე, იმისათვის, რომ „მოგზაურის დამხმარე“ გახდეს, მოსწავლემ უნდა შეასრულოს სხვადასხვა სავარჯიშო ანუ თქვას სწორი პასუხი:

  • ეგვიპტის მდინარე:

ა) ნილოსი; ბ) ტიგროსი; გ) ევფრატი.

  • ნახევარკუნძული, რომელზეც მდებარეობს ინდოეთი:

ა) ინდოსტანი; ბ) სომალი; გ) აპენინი.

  • მთები ინდოეთის ჩრდილო ნაწილში:

ა) ჰიმალაი; ბ) ტიბეტი; გ) ალპები.

  • ჩინეთის ძირითადი მდინარეები:

ა) პო; ბ) ხუანხე; გ) დუნაი.

  • ეგვიპტის უძველესი დედაქალაქი:

ა) თებე; ბ) ბაბილონი; გ) აკრა.

  • შუამდინარეთის მდინარეები:

ა) ხუანხე და იანძი; ბ) ტიგროსი და ევფრატი; გ) მტკვარი და არაქსი.

  • ზღვა საბერძნეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე:

ა) ეგეოსის ზღვა; ბ) იონიის ზღვა; გ) შავი ზღვა.

  • საბერძნეთის სამხრეთი ნაწილი:

ა) ცეილონი; ბ) კარნაკი; გ) პელოპონესი.

  • ქალაქი მდ. ტიბრის ნაპირზე:

ა) რომი; ბ) ვენეცია; გ) დელფოსი.

II ეტაპზე მოსწავლე შეადგენს წინადადებებს ქვემოთ მოცემული სიტყვებისგან და სიტყვათშეთანხმებებისგან, რომელთა მეშვეობითაც შეძლებს ძველი აღმოსავლეთის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში „მოგზაურობას“:

  • ძველი ეგვიპტე, მდებარეობს, ნაპირიდან ზღვამდე, იყო, დაბლობი და ნილოსის დელტა;
  • ბრაჰმა, ქვეენიერებისა და ადამიანების შემოქმედი; ინდოეთში, ღმერთი, ითვლებოდა;
  • მთაგრეხილი, კავკასიაში, ეკიდა ხეზე, ტყავი, შავი ზღვის სანაპიროზე, ოქროს ტყავი, ცხვარი.
  • ატიკა, გაერთიანებული ფლოტი, სალამინის სრუტე, შორის, ბერძნები, ყურეში, იდგა;
  • რესპუბლიკა, თავისი მმართველობა, „საერთო სახალხო საქმე“, პატრიცია, ლათინურად, ეწოდებოდა, რომში;
  • კონფუცი, მისი მანერებით, მიაჩნდა, ადვილი გასაგებია, აღზრდილი ადამიანი;
  • დემოკრატიის ფუძემდებლები, კანონები, ათენში, სოლონი, დაავალეს;
  • მთელი ელადა, დარიოს I, VI საუკუნის ბოლოს, მეფე, დაქვემდებარება, დაფიქრდა, უდიდესი სპარსული იმპერია, მფლობელი;
  • მთელ სამყაროში, დიდება, უზარმაზარი, ბაბილონი, მდიდარი;
  • მოჰყავდათ, ინდოეთში, შაქრის ლერწამი, ბამბის და სხვ.

ყურადღების მობილიზების დავალებები ეფექტური საშუალებაა სასწავლო ამოცანების გადასაწყვეტად, საუკეთესო შედეგების მისაღებად, განწყობისა და მოტივაციის, კომუნიკაციური კულტურის ასამაღლებლად, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად, ამიტომ წარმატებით შეიძლება მისი გამოყენება სასწავლო პროცესში.

მამის დღე

0

დღეს ტვ-ში ვიქნები, აქა და აქ, ამ საათზე – მივწერე ტელეფონზე.

აქანა რაფერ ვუყურო? – უჩველოდ სწრაფად მომწერა. აქამდე პასუხს არ მიბრუნებდა ხოლმე და თუ კი, ძალიან ნელა კრეფდა ასოებს. ეგრე მოიტანა სასტიკმა ცხოვრებამ, რომ სულ ამ ტელევიზორში ვარ. მამაჩემმა კიდევ, იმ დროიდან, კანტი-კუნტად რომ ვჩნდებოდი, დამავალა, გამეგებინებინა და შემოგვრჩა ეს ჩვევა. ისედაც, ბავშვობიდან მოყოლობული, სადაც რამე დაიბეჭდებოდა ჩემზე, ყველაფერს ინახავდა და მერე წუხდა, ახლებს რომ ვერ ვუგროვებდი.

დავურეკე.

-სად ხარ? უკვე ახვედი სოფელში?

ზაფხული დგება. თხილის აღების დრო.

-რაის სოფელში კაცო, იქინე ვარ მე.

-სა იქინე?

-ზეით

ვახ – დავიბენი. სად ზევით?

  • ხო მოვკტი, მე კაცო
  • მითხრა სიცილით.

მაშინ მივხვდი, სიზმარში ვიყავი. არ ვიცი რატომ ეს, მაგრამ ვკითხე:

-ძაან გეტკინა?

-აფერი არ გამიგია ბოლოს. თავიდან კი მტკიოდა და მორიგე ექიმი მევიდა. მარა, იცი,რაფერაა?. არავინ არ მოგატყუოს, სიკტილის წინ არავის არ ჯერა, რომე კტება. არც არავის. ან რაფერ უნდა დეიჯერო, რომ კტები ცოცხალმა ადამიანმა? ხოდა, მეგონა, რომე ვიძინებდი და არც მითქვია, იგი, მოფიქრებული რომ მქონდა სიკტილის წინ ვიტყვი, ბაღანე მანახეთ მეთქი.

უდროოდ გამეღვიძა. მინდოდა კიდევ მეკითხა რაღაც. ერთი კი არა, ბევრი რამ მეკითხა, მაგრამ ძილს რას გაუგებ. მაგრამ, მთავარია, რომ არ ეტკინა. ეს არის მთავარი. სიზმარი იყო? მერე რა. სიზმარიც სიმართლეა. ყველაფერი სიმართლეა რასაც ვხედავთ და ან გვინდა, რომ ვხედავდეთ. მამაჩემს არ ეტკინა. მამაჩემი ცოცხალია. ზევითაა. უბრალოდ, მამაჩემს ტელევიზორი არ აქვს.

სადღაც, ფიქრის ფსკერზე აწყვია ის ღამეები, ცივი და გრძელი ღამეები, მამაჩემი ლოგინს რომ მითბობდა. ათი წუთით ადრე ადიოდა დასაწოლად. მე ცეცხლის ჩაქრობას ველოდი და ცოტაც თავს ვიმცივნებდი – ასე შეცივებულს ათასჯერ უფრო მეთბილებოდა ლოგინი. ,,გოუშვი გათბობა?” – ვეკითხებოდი. ,,გაშობილია” – მეუბნებოდა თავზე საბანწაფარებული. სადღაც ფიქრის ფსკერზე აწყვია და ხან რაღაც უცნობი მიწისძწვრა წამოკრავს ფეხს, წამოშლის და ტალღებზე ამოაგდებს. მრისხანეა ეს ტალღები და სარკესავით – შიგნით ჩემს თავს ვხედავ. უუნაროს და უპასუხოს. მე არ შემიძლია მამაჩემის საწოლის გათბობა, იმ წლების უღიმღამო ღამეების პასუხი, უღიმღამო, მაგრამ ჯადოსნური ღამეების.

როგორ დავიცვათ მოზარდი კიბერბულინგისგან

0

თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში მოზარდების უმრავლესობა ვირტუალური სამყაროს „მოქალაქეა“. რაც უფრო მყარია ეს განცდა, მით უფრო იზრდება მოზარდზე კიბერბულინგის უარყოფითი გავლენა. სოციალურ ქსელებში გაკეთებულ აგრესიულ და ნეგატიურ კომენტარებს მისი ფსიქიკისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია.

დღეს მოსწავლეთა უმრავლესობას თავისი გვერდი აქვს სოციალურ ქსელებში და პოპულარულ ბლოგერობაზე ოცნებობს. ამ ვითარებაში ვირტუალური სამყარო მისთვის რეალურზე მეტ მნიშვნელობას იძენს, ამიტომ ამ სივრცეში მიყენებულ შეურაცხყოფას, დამამცირებელ კომენტარებს ხშირად უფრო მტკივნეულად აღიქვამს, ვიდრე სკოლაში ან ოჯახში პირდაპირ ძალადობას.

ეს აგრესიული და დამაკნინებელი პოსტები მხოლოდ გუნება-განწყობას კი არ უფუჭებს მოზარდს, არამედ ძლიერ ფსიქიკურ ტრავმასაც აყენებს. სამწუხაროდ, ინტერნეტძალადობა იშვიათი არ არის. ჩვენთან ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევათა შედეგები აჩვენებს, რომ მოსწავლეთა 23 პროცენტი წელიწადში ერთხელ მაინც ხდება ინტერნეტაგრესიის მსხვერპლი, ხოლო ყოველი მეოთხე ბავშვი აღიარებს, რომ სოცქსელებში თავადაც შეურაცხყოფს თანატოლს. პრობლემა სერიოზულია, ამიტომ YouTube-მა კიბერბულინგთან ბრძოლის პროგრამა აამოქმედა. ამ პროგრამის პრეზენტაციაზე სოციალურ ქსელებში ,,გამობრძმედილმა“ ბლოგერებმა მოზარდებს რამდენიმე რჩევა მისცეს.

 

– დიდხანს მტკივნეულად ვრეაგირებდი ასეთ კომენტარებზე, ვტიროდი კიდეც. გავიდა ხანი და მივხვდი, რომ სანამ ასეთი კომენტარების კითხვას არ შეწყვეტ და თავს არ მოერევი, ვერავინ გიშველის. ახლა უკვე ასე ვიქცევი, – აღნიშნა ერთმა ბლოგერმა. ამრიგად, პირველი რჩევა ასეთია: კიბერბულინგთან საბრძოლველად საუკეთესო იარაღია შეურაცხყოფისა და მისი ავტორის იგნორირება.

ინტერნეტისგან მოზარდის იზოლირება ყველა გამომსვლელმა არასწორად მიიჩნია, მაგრამ იქვე აღნიშნეს, რომ ინტერნეტსამყაროში მისი უმეთვალყურეოდ დატოვება არ შეიძლება. ის, რაც სოციალურ ქსელებში ხდება, მოზარდის სულიერ მდგომარეობაზე აისახება, ამიტომ მშობლებს მუდამ უნდა აინტერესებდეთ მისი სულიერი მდგომარეობა, ეს კი შვილთან სისტემატური კომუნიკაციის გარეშე შეუძლებელია. თუ ბავშვი აფორიაქებულია, დაძაბული, უნდა გამოველაპარაკოთ, აღვუძრათ ნდობა და მივაგნოთ შფოთვის მიზეზს. უფროსთან ერთად ინტერნეტძალადობასთან გამკლავება უფრო იოლია.

კიდევ ერთი რჩევა: ნუ მიაქცევთ ყურადღებას ინტერნეტში ნეგატიურ ამბებს. ასწავლეთ მოზარდს ჯანსაღი და კონსტრუქციული კრიტიკის თვითმიზნური აგრესიისგან გარჩევა. ზოგიერთი უარყოფითი კომენტარი შეცდომებზე მიუთითებს და მათზე დაფიქრება ღირს.

ეფექტური რჩევა: დაბლოკეთ, ვინც თქვენს შეურაცხყოფას და დამცირებას ცდილობს, დააყენეთ ფილტრები საკვანძო სიტყვებზე. თუ ამან არ იმუშავა, გაწმინდეთ კომენტარები. აქ შესაძლოა საჭირო გახდეს მშობლების დახმარება YouTube–ის სპეციალური ფუნქციების გამოსაყენებლად.

როცა ბავშვი ძალიან ცუდ გუნებაზეა რომელიმე კომენტარის გამო, წყრომის მიზეზის გაზიარება სჭირდება, ამიტომ უფროსებმა აუცილებლად უნდა გამონახონ დრო მასთან სასაუბროდ.

საზოგადოდ, მშობლებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი უფლება და შეასრულონ თავიანთი მოვალეობა – დაიცვან ბავშვის ინტერესები მისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად. ისინი უნდა ჩაერიონ ბავშვის ცხოვრებაში, დაინტერესდნენ მისი გატაცებებით, ნახონ ვიდეოები, რომლებსაც ბავშვი უყურებს. თუ ბავშვი ინტერნეტძალადობას განიცდის, ამის უყურადღებოდ დატოვება არ იქნება მართებული. საუკეთესო, რაც ამ დროს მშობელს შეუძლია მოიმოქმდოს, არის საკუთარი გამოცდილების გაზიარება იმის შესახებ, თავად როგორ ებრძოდა ძალადობას.

კრიტიკულ სიტუაციაში უფროსებმა მეტი დრო უნდა დაუთმონ მოზარდს, რათა მან იგრძნოს, რა მნიშვნელოვანია ის ოჯახისთვის, დაინახოს, რომ მის თავს არავის დააჩაგვრინებენ.

საზოგადოდ, ათ წლამდე ბავშვი უნდა ვარიდოთ სოციალურ ქსელებს, მერე კი ნელ–ნელა ვუმეგზუროთ ამ რთულ სამყაროში, ვასწავლოთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის წესები, მათი გამოყენება.

მშობელი საყრდენი და შემგულიანებელი უნდა იყოს მოზარდისთვის. როცა ის გატაცებით აკეთებს ვიდეოს ან წერს პოსტს, პასუხად კი უარყოფით გამოხმაურებას ან შეურაცხყოფას იღებს, შესაძლოა სამუდამოდ გაუქრეს შემოქმედებითი საქმიანობის სურვილი. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა შევაქოთ, წავახალისოთ, ვურჩიოთ, არ მიაქციოს ყურადღება ავყიებსა და ტროლებს, აკეთოს თავისი ვიდეოები, წეროს ბლოგები და სანამ გამოაქვეყნებს, გაგიზიაროთ, რათა ერთად დაგეგმოთ, რა მიმართულებით განავითაროს თავისი არხი. ასეთი შეგონებები საჭიროა მოტივაციის შესანარჩუნებლად: თუ უახლოესი ადამიანები მხარს არ გიჭერენ, ინტერნეტში საქმიანობა იოლი არ არის.

მთავარია, მოზარდს შეეძლოს კონსტრუქციული კრიტიკის ამოცნობა და მიღება, რადგან სინამდვილეში ყველაზე მტკივნეულად იმ კრიტიკას აღვიქვამთ, რომელშიც სიმართლეს ვხედავთ, თვითმიზნური დაცინვა და შეურაცხყოფა კი ყურადღებას და რეაგირებას არ იმსახურებს.

ამის გასააზრებლად ბავშვებსა და მოზარდებს უფროსების რჩევები სჭირდებათ.

დაუვიწყარი ღამის  პოეტური ანაბეჭდი – გიორგი ლეონიძის “ნინოწმინდის ღამის” სწავლებისთვის

0

როგორ შეიძლება დაუდგრომელ დროს გამოსტაცო დაუვიწყარი შთაბეჭდილებები? როგორ შეიძლება წარმავალი აქციო მარადიულად? პოეზიას აქვს ამ რთულ კითხვაზე მარტივი პასუხი: სიტყვებად უნდა აქციო შეგრძნებები, მიენდო გულის კანონებს და პოეზიის განზომილებაში მიანიჭო ახალი სიცოცხლე. ამისთვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ შთაბეჭდილება არ კმარა, არამედ მისი მხატვრულ სახეებად გარდასახვის ნიჭი, ხელოვნება და შთაგონებაა საჭირო. ეს ყოველივე კი გიორგი ლეონიძეს უხვად აქვს. ამის დასტური  „ნინოწმინდის ღამეცაა“, რომელიც  მეგობრობისა და სიყვარულის ქებათაქებაა. ეს ორი გრძნობა თითქოს ერთმანეთს განმსჭვალავს და აპირობებს.

ლექსს ეპიგრაფი ქმნის ჰარმონიისა და მშვენიერების განწყობას, რომელიც სტრიქონთა კითხვისას მძაფრდება. 1926 წლის 26 მარტს ნინოწმინდის გალავანში შეიკრიბნენ პოეტები: სანდრო შანშიაშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე. ლექსში პოეტურად არის აღბეჭდილი ამ შეხვედრის დაუვიწყარი წუთები. პოეზიამ გადაარჩინა ეს დღე და ლექსის გზით მარადიულობას აზიარა. ამ დღეს პოეტი ასე იგონებს შემდეგ: “1926 წლის მარტში მე დავპატიჟე პაოლო, ტიციანი, სანდრო შანშიაშვილი და სხვა ამხანაგები ჩემს დედულეთში, ნინოწმინდაში. V საუკუნის ტაძრის ეზოში გაიმართა დიდი ღრეობა სიმღერით, ცეკვა-თამაშით. შუა ნადიმის დროს პაოლო ავარდა თორმეტი საჟენის სიმაღლის სამრეკლოზე და იქიდან დაიწყო ლექსის კითხვა. შემდეგ მე და ტიციანი გამოგვიწვია გუმბათიდან და ჩვენც იქიდან ვკითხულობდით ლექსებს. ეს იყო პაოლოს საოცარი რეჟისურა, განუმეორებელი სურათი. ეს დაუვიწყარი საღამო, დაუვიწყებელ მეგობრებთან გატარებული, აღბეჭდილი მაქვს ჩემს ლექსში “ნინოწმინდის ღამე”.

ლექსის განწყობილება იბადება ღამის ფონზე გამოკვეთილი ნინოწმინდის გალავნით. პოეტის მეხსიერებაში შემოჭრას ლამობს წარსული, მაგრამ მხოლოდ მინიშნებაა მასზე. ამჯერად მისი ყურადღება მთლიანად აწმყოზეა მიჯაჭვული. მეფეთა პალატები (სასახლეები) გაიელვებს წარმოსახვაში და გაქრება. რჩება ფიალა _ აქაფებული ღვინით სავსე. პოეტები ქეიფობენ, ტკბებიან სიცოცხლის სიხარულით და გიორგი ლეონიძესაც სწორედ ამ წუთების მოხელთება სურს. მას უნდა, რომ გამოსტაცოს წარმავლობას ეს მშვენიერი ღამე და მკითხველს მიუძღვნას ძვირფასი საჩუქარივით. სიცოცხლის ზეიმი ამ ლექსშიც ისეთივე გადამდები და ყოვლისმომცველია, როგორიც ლეონიძის სხვა ლექსებში.

ლექსის წარმოსახულ სივრცეში ცოცხლდება ღამე, როდესაც პოეტები თვრებიან ღვინით, პოეზიითა და ერთმანეთის სიყვარულით. მაგრამ ეს არის თრობა, უპირველეს ყოვლისა, შთაგონებით, პოეზიით, რათა დაუსხლტნენ დროის ულმობელ მსვლელობას და პოეტურ სტრიქონებში აღბეჭდონ წამები. მათ შეუძლიათ თქვან: “მშვენიერი ხარ, წამო, შეჩერდი” (გოეთე). ლექსი ეხმიანება გიორგი ლეონიძის საყვარელი ფრანგი პოეტის, შარლ ბოდლერის მინიატურას “თრობა”, რომელშიც ვკითხულობთ “თრობას მიეძალე. თრობაა ყველაფერი. ეგ არის ხსნა ერთადერთი, რათა არ შეიგრძნო ამაზრზენი ტვირთი დროისა, რომელიც დაგცემს, წელში გაგტეხს. ჰოდა, ამადაც თრობას მიეძალე, გამოუნელებელს. ჰო, მაგრამ რითი? ღვინით, პოეზიით, სიქველით, რითიც გენებოს, ოღონდ იყავი მთვრალი.

და თუ ოდესმე კვლავ გამოფხიზლდები  _ სასახლის კიბეზე, მდინარისპირა პატარა მდელოზე, თუ შენი ოთახის შემზარავ სიმარტოვეში, _ მაშინ ქარს, ტალღას, ვარსკვლავს, ჩიტს, საათს, ყოველივეს, რაც დარბის, ან დაქრის, კვნესის ან მიედინება, ჰკითხე: რომელი საათია? და მაშინ ქარი, ტალღა, ვარსკვლავი, ჩიტი, საათი მოგიგებენ: თრობის საათია! თრობის და თავდავიწყების, რათა არ ვეყმოთ, არ ვემონოთ დროს, არ შევიქმნათ მისი მარტვილნი; ამიტომ მივეძალოთ დაუსრულებელს: ღვინით, პოეზიით, ან სიქველით _ წადილისამებრ”. სწორედ ეს სტრიქონები გახდა შთამაგონებელი გალაკტიონ ტაბიძის შედევრისა „რომელი საათია?“, რომელშიც ვკითხულობთ:

„იყო შარლ ბოდლერი: „მწარე და ძვირფასი,

ღვინის საათია, თრობის საათია“.

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:

რომელი საათია?“

„ნინოწმინდის ღამის“ პოეტურ განზომილებაში კი უცებ ელვასავით შემოიჭრება სტრიქონები:

“შენი სახე რისთვის შემომეფეთა,

ხატი იყავ, ვეფხი დაქალებული”.

თითქოს საკმარისი უნდა ყოფილიყო იმ მშვენიერი ღამისთვის თრობა ღვინით, მეგობრობითა და პოეზიით, მაგრამ სიყვარულის გარეშე დაეკარგებოდა ფერი და ბრწყინვალება. ამიტომაც არის, რომ პოეტის შთაგონებულ მზერაში შემოიჭრება სახე, “ხატი” საყვარელი ქალისა, “დაქალებული ვეფხისა”. პოეტში იღვიძებს ტრფიალების განცდა. მისთვის ღვინო, პოეზია და მეგობრობა იყო ის ნოყიერი ნიადაგი, სადაც სიყვარული იოლად ხარობდა, ფესვებს იდგამდა და ნაყოფმრავლობდა.

დაქალებული ვეფხვი, უპირველესად, აცოცხლებს ნესტან-დარეჯანის სახეს. იგი პოეტისთვის ქალურობის, სიყვარულის მარადიულობის სიმბოლოა. მისთვის ის შორეული, სალოცავი ხატიც არის და ხელშესახები სათაყვანებელიც.

“ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა, ვეფხი პირგამეხებული,

არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემეს ხებული” (“ვეფხისტყაოსანი”).

ამ მშვენიერ ღამეს ნინოწმინდაში შეკრებილი პოეტები “ვეფხისტყაოსნის” სტრიქონებს ამბობენ, ალბათ. რადგან, სადაც სიყვარულზე ითქმის რამე, იქ თავისთავად რუსთაველივ ჩნდება, ამიტომაც არის, რომ გიორგი ლეონიძის პოეზიაში ხშირად გაიელლვებს ხოლმე ამ “ჟრჟოლის მომგვრელი” წიგნის სახება.

მუსიკა ყველაზე ძლიერი ფონია გიორგი ლეონიძის ლექსებში. ხან, მართლაც, ნამდვილად უკრავენ, როგორც ამ შემთხვევაში: “საზანდარმა ღამე ააცახცახა”. საზანდარი მესტვირეა და საქართველოში ოდითგანვე ძალიან უყვარდათ ეს საკრავი _ სტვირი. ამ მეტაფორაში კარგად ჩანს რა გავლენას ახდენს მუსიკა გარემოზე, როგორ იმსჭვალება მისით მთელი სამყარო. ხან თვითონ საგნები გამოსცემენ იდუმალ ხმებს. პოეტი შეიგრძნობს სამყაროს მირიადხმიან მელოდიას და სტრიქონებში ამხელს, რათა მკითხველსაც შეაგრძნობინოს ამ ჯადოსნური, მაგიური, ენერგიული მუსიკის ხმები.

“ავთანდილის მწვადი ცეცხლზე შხიოდა”, _ წერს პოეტი. აქ “ვეფხისტყაოსნის” გმირის ხსენება ბუნებრივად შემოიჭრება ლექსის სამყაროში. მეგობრობისთვის თავგანწირული ავთანდილი მარტო მიეხეტებოდა ტყე-ღრეებში, მერე დაღლილ-დაქანცული სადმე ჩამოჯდებოდა, შეისვენებდა, ნანადირევს შეწვავდა და სატრფოს მოგონებით დაზაფრული ცხელ ცრემლებს წყაროსავით დააფრქვევდა.

აქაც, 1926 წ. 26 მარტს, ამ ღამეში, ავთანდილის, და საერთოდ, “ვეფხისტყაოსნის” გმირთა სული იგრძნობა. მათშიც რუსთველისა თუ მის მიერ შექმნილ გმირთა სისხლი ჩქეფს, უწმინდესი მეგობრობისა და სიყვარულის გრძნობითა აქვთ სავსე გულები.

პოეტი ხატავს ცის უმშვენიერეს სურათს. ცას თითქოს ატმები მოუსხამს, ისე ახლოა და სურნელოვანი მისი ხავერდოვანი სივრცე. ეს მეტაფორა არაჩვეულებრივად შეაგრძნობინებს მკითხველს, როგორ დუღს მთელ სამყაროში სიხარულით აღსავსე სიცოცხლე. ყველაფერი ღამეული სინათლით ჩახჩახებს და ბრდღვიალებს, თითქოს თავს ასწევ და რომელიმე ვარსკვლავს მიეხლები. მზერაც უამრავი ვარსკვლავის ციმციმით არის გადანათებული. მიწა და ცა ერთმანეთს უახლოვდება, მათი შესაყარი გულებშია ამ პოეტთა, რომლებიც ფეხებით მიწას ებჯინებიან, ხოლო ხელებით კი ზეცას სწვდებიან და ვარსკვლავთა სურნელს მწიფე ატმებივით ყნოსავენ. სიყვარულისა და მეგობრობის გრძნობამ ისე განწმინდა და გააკეთილშობილა პოეტთა გულები, იმგვარად აამაღლა, რომ მიუწვდომელთან მიახლოების შესაძლებლობა მისცა, ცის წალკოტში შეახედა.

ამ ლექსის მიხედვით, სამყარო გარშემო ისეთი ხალასია და უმანკო, ისეთი პირველქმნილი, თითქოს მკითხველის თვალწინ ახლა იბადებოდეს, თითქოს ახლა ძერწავდეს ღმერთი თავისი ყოვლისშემძლე ხელებით, როგორც ფსალმუნშია: „ვიხილნე მე ცანი, ქმნილნი თითთა შენთანი, მთოვარე და ვარსკულავები, რომელ შენ დააფუძნენ (8,4).  თითქოს ახლა “გამოთქვამდეს” უფალი თავისი ღვთაებრივი სიტყვით: “პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი” (იოანე, 1,1). ამიტომაც ასდის გაზაფხულს რძის სუნი, რომელიც სამყაროს სინორჩეს წარმოაჩენს. გარემოს ამგვარი აღქმა კი ადამიანს ბუნებასთან განუყოფლობას, მასთან ერთობას შეაგრძნობინებს.

ლექსის მიხედვით, პოეტები “თავს დაესხნენ” ნინოწმინდას ხაზარებივით. გიორგი ლიონიძეს მოსწონდა სიტყვა “ხაზარი”, რომელიც მასში ხანძრის ასოციაციას იწვევდა. ამ სიტყვაში თითქოს ჩანდა აგიზგიზების, აბრიალების სიხარული. ხაზარი მომთაბარე ტომი იყო კავკასიაში, ცნობილი ვაჟკაცობითა და თავგანწირულობით. საქართველოს ამ ტომებთან ხან მტრობა და ხან მეგობრობა აკავშირებდა. ამ, შემთხვევაში, ხაზარი არ არის დაკავშირებული თავის რეალურ შინაარსთან, არამედ მხოლოდ მუსიკალური განცდის აღმძვრელია, მან უნდა დაბადოს მკითხველში ცეცხლოვან ვაჟკაცთა სახეები და ასეც ხდება. ნინოწმინდის გალავანში შეკრებილ პოეტებსაც ეკიდათ გულში მეგობრობისა და სიყვარულის დიდი ცეცხლი. “საქართველოს ლექსის მეხანძარენი” ბრიალებდნენ მეგობრობის, ძმობის კეთიშობილური გრძნობებით და სიხარული ცრემლებად ეღვრებოდათ თვალთაგან.

პოეტი ხატავს, როგორ “შეეჯახება” მის გულს ტამერლანის, იგივე თემურ-ლენგის, ხმალივით სიყვარული: ეს შედარება და მეტაფორა: “როგორც ხმალი, ძმებო, ტამერლანისა

სიყვარული ისე დამჯახებია” _ არაჩვეულებრივად წარმოაჩენს, როგორ დაიპყრო პოეტის არსება სიყვარულმა. საზოგადოდ, გიორგი ლეონიძის პოეზიაში სიყვარული ხშირად სწორედ ასე იბადება, მოულოდნელად, ძლიერად, თითქოს ნგრევით, ზათქით, ზრიალით, ლეწვით, ხანძრით… პოეტი წერს “ტამერ ლანს” (და არა თემურ-ლენგს), როგორც ევროპაში უწოდებდნენ ამ თავდაუზოგავ და შეუდარებელ მხედართმთავარს, რადგან სიტყვა “ტამერ” უფრო მაგარია და მჟღერი, მასში მოზღვავებული ენერგია იგრძნობა, ერთგვარი ზვავი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს. ლენგი შეიცვალა ლანგად_ ხმოვანების გასაძლიერებლად. სიტყვის ორი ა (ტამერლანი) ტკბილხმოვანებას იწვევს. სიტყვა “თემურლენგის” სირბილე თითქოს გამოუსადეგარი იყო “დაჯახებისთვის”. ტამერლანის ყოვლის მმუსრავი, სასტიკი ხმალივით უცებ, მოულოდნელად, გამეტებით დაეჯახა მის გულს სიყვარული და გაუღვიძა შორეული წარსული, მეხსიერების კუნჭულებში გადანახულ-გადამალული: შეიძლება რეალური, შეიძლება მოგონილი.

წარმოსახვაში ჩნდება სატრფოს, ათაბაგის ქალის უმშვენიერესი სურათი. აქ ისე გამოკვეთილად იხატება ქალის ყოველი ნაკვთი, თითქოს ანტიკური ხელოვანის სრულყოფილად გამოკვეთილ შიშველ ქანდაკებას ვუმზერდეთ. იმავდროულად, ეს ქანდაკება კი არა, ხორციელი ქალია, მის მკერდში სისხლი ჩუხჩუხებს, მისი თავთუხისფერი წამწამები ირხევიან, მისი სხეული აყვავებული ვაზის სურნელს აფრქვევს, “ზამბახებიანი ღამე” კი ამ წარმოსახვას იდუმალების ბურუსში ახვევს. მკითხველიც ხედავს ქალს, თითქოს გასაფრენად გამზადებულ დურუჯს. დურუჯიც “ვეფხისტყაოსნის” ალუზიაა _ ცნობილ ეპიზოდს წამოატივტივებს მკითხველის მეხსიერებაში. როდესაც ნადირობიდან დაბრუნებული ფარსადანი და ტარიელი ნესტანთან წავიდნენ, ასმათმა ფარდაგი აწია, რომ ტარიელისთვის ნანადირევი _ დურაჯები გამოერთმია, სწორედ ამ დროს დაინახა ტარიელმა ნესტან-დარეჯანი და გული წაუვიდა.

“წინანდალის ვაზი აყვავებული” კი გვახსენებს ნინო ჭავჭავაძეს, ალექსანდრე ჭავჭავაძის უმშვენიერეს ქალიშვილს, პოეტთა მუზას. გიორგი ლიონიძეს არაერთ ლექსში აქვს მისი მშვენება აღწერილი, მათ შორის, გამორჩეულია ლექსი “ნინა ჭავჭავაძეს”, რომელშიც ვკითხულობთ:

“ასი წლის შემდეგ მე შენ გიგალობ,

ათას წელს გასძლებს შენი შვენება;

შენ, სილამაზის ნაზო გრიგალო,

შენგან არასდროს მომესვენება”.

ამგვარი ალუზიები თითქოს აფართოებენ ლექსის პირობით ჩარჩოებს და უსაზღვრო სივრცეს მოიცავენ, რომელიც სუნთქავს და ცოცხლობს სიყვარულით. პოეზიის მადლით შეკავშირებული ადამიანები სამყაროს შეერწყმიან თავიანთი ლექსებით. პოეტს სწორედ ეს სურს, მკითხველმა შეიგრძნოს ის დიდი ძალა, რომელიც სიყვარულის, მეგობრობისა და პოეზიის უწმინდესი კავშირისას წარმოიქმნება.

მოსწავლეთა საკლასო შეფასება

0

მოსწავლეთა საკლასო შეფასება, როგორც პროცესი, პირობითად ოთხ ეტაპად შეიძლება დაიყოს:

  1. შესამოწმებელი კომპეტენციების შერჩევა და შეფასების მიზნის განსაზღვრა -რას და რისთვის ვაფასებთ;
  2. შერჩეულ კომპეტენციებში მოსწავლეთა დახელოვნების შემოწმება და მტკიცებულებების შეგროვება;
  3. შემოწმების შედეგების ანალიზი, დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება;
  4. უკუკავშირის მიწოდება, მოსწრების აღრიცხვა და წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის (მოსწავლე, მშობელი, კოლეგა-მასწავლებელი, დირექტორი).

უფრო დაწვრილებით განვიხილოთ თითოეული ეტაპი.

  1. შესამოწმებელი კომპეტენციების შერჩევა და შეფასების მიზნის განსაზღვრა – რას და რისთვის ვაფასებთ.

საწყის ეტაპზე ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის საბოლოო ან საშუალედო შედეგების შერჩევა, რომლებზეც მიმდინარეობდა მუშაობა მოსწავლეებთან, და რომელთან მიმართებითაც ვაპირებთ მოსწავლეთა დახელოვნების დონის განსაზღვრას.

თუ ეს შემოწმება მიზნად ისახავს წინასწარ ხარვეზების ან ძლიერი მხარეების მოძიებას, ანუ დიაგნოსტიკას, მაშინ იგი საორიენტაციო დანიშნულებისაა (როგორი მზაობის, სასწავლო პროფილისა თუ ინტერესების მოსწავლეები სხედან კლასში? საით უნდა ავიღოთ გეზი – წინარე ცოდნის განმტკიცებისკენ, თუ ეს უკვე აღარაა საჭირო?).

თუ შემოწმება მიზნად ისახავს მიმდინარე სასწავლო პროცესის მონიტორინგს (განმავითარებელი შეფასება – შესაბამისი ტემპით და ხარისხით ითვისებენ თუ არა მოსწავლეები სასწავლო მასალას), მაშინ იგი მარეგულირებელი დანიშნულებისაა (უნდა შევიტანოთ კორექტივები სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში, თუ ეს არაა საჭირო? მაინც, როგორი კორექტივები უნდა შევიტანოთ?).

თუ შემოწმება მიზნად ისახავს იმის გარკვევას, რამდენად მიუახლოვდა სასწავლო პროცესის ბოლოს მოსწავლეთა ოსტატობა დაგეგმილ მოლოდინებს (განმსაზღვრელი შეფასება – აკმაყოფილებენ თუ არა მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებს და რა ოსტატობით?), მაშინ იგი სასერთიფიკაციო დანიშნულებისაა (მოსწავლეებს ციფრულ-სიმბოლური, ვერბალურ-გრაფიკული ან წერილობითი ცნობის სახით ვუდასტურებთ მიღწევებს).

აქვე განისაზღვრება და დაკონკრეტდება სასწავლო ობიექტები (მაგალითად, ფაქტები, ცნებები, პროცედურები, შესრულების ხერხები) და მათზე მიმართული მოქმედებები (ესგ შედეგებში და ინდიკატორებში შესაბამისი ზმნებით გამოხატული), რომელთა ფლობაც უნდა შემოწმდეს შეფასების პროცესში.

დაბოლოს, აქვე ხდება შერჩეულ ობიექტებზე მოქმედებების შესრულების იდეალისა თუ მიუღებელი ნიმუშის გააზრება და მოსწავლეთა ტიპური/მოსალოდნელი შეცდომების ჩამონათვალის შედგენა. მისაღები თუ მიუღებელი ნიმუშები მასწავლებელმა შეიძლება მოიძიოს წინა თაობის მოსწავლეთა ნამუშევრებს შორის ან თვითონ შეადგინოს. მოსწავლეთა კომპეტენციების შემოწმება-შეფასების დაწყებამდე მას მზად უნდა ჰქონდეს ტიპურ შეცდომათა ჩამონათვალი და ამ შეცდომებზე სკაფოლდინგით რეაგირების სტრატეგიები. იგი პერიოდულად კოლეგებთან უნდა შეავსოს, გადაამოწმოს და გადასინჯოს.

 

  1. შერჩეულ კომპეტენციებში მოსწავლეთა დახელოვნების შემოწმება და მტკიცებულებების შეგროვება.

მოცემულ ეტაპზე განისაზღვრება შეფასების მეთოდი (მაგალითად, წერითი თუ ზეპირი გამოკითხვა, პროექტის პრეზენტაცია თუ შესაფასებელი მოქმედების შესრულებაზე დაკვირვება), აგრეთვე გამოკითხვის, პრეზენტაციებისა თუ დაკვირვების ორგანიზების ხერხები, ვადები, განრიგი და შემოწმების ადმინისტრირების სხვა საკითხები თუ წესები.

გარდა ამისა, მასწავლებელმა უნდა მოამზადოს გამოკითხვისთვის საჭირო საშუალებები (ტესტი, კითხვარი, პროექტების თემატიკა, პრეზენტაციების სტრუქტურა, გასაზომი ობიექტები და საზომი ხელსაწყოები, კომპლექსური დავალების ტექსტი და სხვა) და შეფასების ინსტრუმენტები (აღრიცხვის ცხრილები, შეფასების კრიტერიუმები და მათი წონები, რუბრიკები დახელოვნების დონეების მითითებით, შეფასების სქემები, ათბალიან სისტემაში ქულების  კონვერტაციის ცხრილები ან ფორმულები და სხვა).

ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ მოსწავლეებთან შეთანხმებულ ვადებსა და პირობებში, შეფასების კრიტერიუმების წინასწარ წარდგენის შემდეგ, უნდა მოხდეს კომპეტენციებში მოსწავლეთა დახელოვნების შემოწმება:

  • თუ შემოწმება მოიცავს მოქმედების შესრულებაზე დაკვირვებას, მაშინ მასწავლებელმა იქვე უნდა დააფიქსიროს გაწაფულობისა თუ სიზუსტის მაჩვენებლები;
  • თუ მასწავლებელმა მოსწავლეების კომპეტენციებზე უნდა იმსჯელოს მოსწავლეთა მომზადებული პროდუქტების მიხედვით, მაშინ მას დასჭირდება მოსწავლეთა მიერ შექმნილ ნამუშევრებში ოსტატობის დონის მაჩვენებლების ამოცნობა და დაფიქსირება. ანგარიშგასაწევ მტკიცებულებებს შორის უნდა იყოს ხარვეზები, და კიდევ უფრო მეტად – მიღწევები. მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს როგორ მწვანე (მიღწევების მოსანიშნად), ასევე წითელი ფერის კალამი (ხარვეზების მოსანიშნად). მიზანშეწონილია იქვე გაკეთდეს კომენტარები და განმარტებები მოკლე უკუკავშირის სახით, ოღონდ არა წითელი ფერის კალმით, რათა არ გაძლიერდეს მოსწავლის შფოთვა და მან უკუკავშირი სამუშაო, საქმიან რეჟიმში გაიაზროს, საგანგებო მდგომარეობის განცდისა და განგაშის გარეშე.

 

  1. შემოწმების შედეგების ანალიზი, დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება.

ამ ეტაპზე ხდება შეგროვილი მტკიცებულებების დახარისხება, მათი შედარება დახელოვნების დადგენილი დონეების შესაბამის მაჩვენებლებთან, ოსტატობის იდეალთან შეპირისპირება, თითოეული მოსწავლის მიერ მიღწეული ოსტატობის დონის გარკვევა ანდა ქულის მინიჭება, ინდივიდუალური და ერთიანი საკლასო პროგრესის/რეგრესის დაფიქსირება.

ეს ყველაფერი ემსახურება მოცემული ეტაპის საბოლოო აქტს –  ერთი მხრივ, დასკვნების გამოტანას სასწავლო პროცესის წარმართვისა და კორექციის მიმართულებების, შინაარსისა თუ ხერხების შესახებ (მასწავლებლის დაგეგმილი და განხორციელებული სტრატეგიებიდან და მეთოდებიდან რამ გაამართლა და რამ – არა? რა უნდა შეიცვალოს და როგორ?) და, მეორე მხრივ, რეკომენდაციების შემუშავებას მოსწავლის სასწავლო ტრაექტორიის მომდევნო მონაკვეთის შესახებ (რა შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა მიზანშეწონილი მოსწავლისთვის მისი საჭიროებებისა და მიღწევების შესაბამისად სწავლის გასაგრძელებლად?).

 

  1. უკუკავშირის მიწოდება, მოსწრების აღრიცხვა და წარდგენა დაინტერესებული მხარეებისთვის.

შეფასების ბოლო ეტაპზე მასწავლებელი შეარჩევს უკუკავშირის ფორმას (ვერბალური, სიმბოლური, გრაფიკული), ჩამოაყალიბებს მას და მიაწვდის მოსწავლეებს. გარდა ამისა, მან აუცილებლად უნდა დაწეროს ანგარიში შეფასების ჩატარებისა და მისი შედეგების შესახებ და წარადგინოს კათედრაზე, შეინახოს პორტფოლიოში.

დაინტერესებული მხარეებისთვის (მოსწავლეები, მშობლები, კოლეგები, დირექცია) განკუთვნილი ინფორმაცია-ანგარიში უნდა მოიცავდეს შემოწმების ამსახველ დოკუმენტაციას, შედეგების სტატისტიკურ ნაწილს ცხრილური თუ დიაგრამული სახით; აგრეთვე, ვერბალური ფორმით გაკეთებული დასკვნებისა და რეკომენდაციების ნაწილს.

მრავალჯერადი საკლასო  შემოწმება-შეფასების მონაცემების შეჯამება უნდა მოხდეს შესაფერისი სტატისტიკური მახასიათებლების (მაგალითად, მონაცემთა საშუალო, მოდა, მედიანა, დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა) გამოყენებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ტენდენციები და კორელაცია შედეგებზე ზეგავლენის მქონე ფაქტორებთან.

მიზანშეწონილია სასკოლო შეფასების მონაცემთა მომზადებული ანალიზის შედარება გარე შეფასების ანალიზსა და შედეგებთან, რომელიც მოწვეულმა დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა შეასრულეს; ან სახელმწიფო თუ საერთაშორისო შეფასების შედეგებთან, რათა გაირკვეს სკოლის მოსწავლეთა მიღწევების ადგილი სახელმწიფო თუ საერთაშორისო სკალაზე.

შეფასების ამგვარი პროცედურების დამკვიდრება გამორიცხავს მასწავლებელთა უხეშ შეცდომებს შეფასებისას, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე ზეგავლენას ახდენს მოსწავლეების მოტივაციასა და სასწავლო პროცესის ნაყოფიერებაზე. მაგალითად, როდესაც:

  • მასწავლებლები ერთმანეთს ადარებენ მოსწავლეების პასუხებს, ნამუშევრებსა და მოქმედებებს ან სულაც თვით მოსწავლეთა პიროვნულ მახასიათებლებს და არა მათ მიმართებას ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სტანდარტებსა და ნორმებთან;
  • მასწავლებლები არ იყენებენ შეფასების კრიტერიუმებსა თუ რუბრიკებს – ისინი, უბრალოდ, ითვლიან მოსწავლეთა შეცდომებს;
  • მასწავლებლები ასაშუალებენ ქულებსა და ნიშნებს ყოველგვარი საფუძვლისა და მოსწავლეებისთვის შესაბამისი დასაბუთება-განმარტების გარეშე;
  • მასწავლებლები წინასწარ, შემოწმება-შეფასებამდე, არ წარუდგენენ მოსწავლეებს კრიტერიუმებსა თუ რუბრიკებს;
  • მასწავლებლები შემოწმებისას ორიენტირებული არიან სასწავლო საკითხების დაფარვაზე და არა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგებზე;
  • მასწავლებლები არასაკმარისად ფლობენ შემაჯამებელი თუ მიმდინარე ან სადიაგნოსტიკო დავალებებისა და ტესტების შედგენის ხელოვნებას და ბრმად ენდობიან სახელმძღვანელოებში მოცემულ მწირ, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შეუსაბამო „საკონტროლო წერის“ ნიმუშებს.

სწორად წარმართული შეფასება ზედმიწევნით შეასრულებს თავის ძირითად ფუნქციებს:

  • გააძლიეროს სასწავლო მიზნების მიღწევის მისწრაფება;
  • იტვირთოს კონსტრუქციული გზამკვლევის მისია;
  • მოიცვას მოსწავლეთა მიღწევების სრული სპექტრი.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...