ოთხშაბათი, სექტემბერი 10, 2025
10 სექტემბერი, ოთხშაბათი, 2025

ამბავი მამალზე, რომელსაც ყიყლიყოს თქმა სურდა, მაგრამ ხმა არ ყოფნიდა…

0

სასტუმროს გვერდით კერძო სახლებია, პატარა ბაღები აქვთ, ბევრი ყვავილით. ხეებიც ბლომად უდგათ. საერთოდ, ესქიშეჰირი მწვანე ქალაქია. სახელი, ძველ ქალაქს ნიშნავს. ჰოდა, ეტყობა ძველი დროიდან მოყოლებული ჟანგბადის ფასი იციან. ერთ ეზოში პატარა მამალი ცხოვრობს, დილაობით მთელი გულით სურს „ყიყლიყოს“ თქმა, მაგრამ… ხმა არ ყოფნის. იფხრიწება, ისე ინდომებს, მაგრამ საქმეში ხარ… სასაცილო ბგერების გარდა არაფერი ამოსდის.  თუმცა, არ ეპუება და მცდელობას ყოველ დილით იმეორებს.

აივნიდან ესქიშეჰირის „შატოს“ ლურჯი კოშკურები მოჩანს. ეს ქალაქის სავიზიტო ბარათია და საზოვა პარკში მდებარეობს. აი, შედიხარ და გრძნობ, რომ ზღაპარში მოხვდი.   უამრავი სტუმარია- დიდები, პატარები, ადგილობრივები და უცხოელები, ყველანი აქ არიან. „შატომდე“ მისასვლელი გზა „ფათერაკებითაა“ სავსე, ჯერ მოლა ნასრედინს უნდა ჩაუარო, წინ დიდი ქვაბი უდგას და შიგ ტყუილ-მართალს ხარშავს. შემდეგი გაჩერება ოჩოფეხებზე შემდგარი სახლია. მეორე სართულზე რაღაც დაკლაკნილი კიბით უნდა ახვიდე და მიუხედავად იმისა, რომ ასასვლელად ბავშვების რიგი დგას, მეც სიამოვნებით ვუერთდები მათ. უკაცრავად, მაგრამ ასეთ ზღაპრულ ადგილას სერიოზულობა გარეთ, შემოსასვლელ ჭიშკართან  დავტოვე და ახლა მეც ამ ბავშვებივით გულიანად ვხალისობ.

მოპირდაპირე მხარეს, მეკობრეების იალქნიანი გემია. ხისგანაა დამზადებული და ჭრაჭუნობს. საჭე სწორედ „შენ“, დამთვალიერებელს, გელოდება და რომ არ დაატრიალო, მეკობრეებს გაანაწყენებ.

„შატოს“ გარშემო რაღაცნაირი ლურჯი ფერის წყლიანი თხრილია და შიგნით ნიანგი დაცურავს. ცოცხალი არ არის, მექანიკურია, მაგრამ ცოცხალივით დაპარტყუნობს წყალში. წყლიან თხრილთან წარწერაა-არ იბანაოთო. არა, რატომ უნდა მოგინდეს შიგ ჩახტომა და ბანაობა, მაგრამ, რადგან საგანგებოდ გვაფრთხილებენ, ეტყობა ოდესღაც ვიღაც მაინც გადახტა და გაცურვა სცადა.

„შატო“ უზარმაზარია, ზედა სართულებზე რა ხდება, ვერ გეტყვით, არავის უშვებენ. პირველი სართულის დარბაზებში კი უბრალოდ ზღაპრის გმირების ქანდაკებებია. ზოგი ვიცანი, ზოგიც ვერ, თურქული ზღაპრების გმირები იქნებიან უეჭველი.

გახსოვთ, ზემოთ მამალზე დავწერე. ყოველ დილით „ყიყლიყოს“ თქმას ცდილობს. საგანგებოდ ემზადება, ფრთებს აფართხუნებს, კისერს იგრძელებს და…უჰ, კვლავ არაფერი გამოსდის.

პირდაპირ მისაბაძი საქციელია, არ გამოგდის რაღაც, მაგრამ ცდილობ და ცდილობ… ჰოდა, ერთ დღესაც, დარწმუნებული ვარ, იმ უბანს მშვენიერ „ყიყლიყოს“ დასძახებს.

მამალს ისლამური ალქიმიური ხელნაწერების ფურცლებზეც შეხვდებით. რას მიანიშნებს, ამაზე განსხვავებული ვერსიებია. თუმცა, ყველაზე გავრცელებული აზრით, მამალი რაღაც ახლის დასაწყისს ნიშნავს.

თუ მამლაყინწა წყალს მიირთმევს, მაშინ ასეთ ხელნაწერში საუბარი, სწორედ წყალზეა, რადგან წყალი სიცოცხლის საწყისი გახლავთ.

„წყალი სიცოცხლის საწყისი“-სწორედ ასეთი სახელწოდებით სტამბულში ერთ-ერთი სამეცნიერო ფონდის მიერ საზაფხულო სკოლაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა , სადაც მეცნიერები რვა სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ მიწვეულნი. მონაწილეობის და პრეზენტაციის პატივი მეც მხვდა წილად. სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, წყალი იყო. წყალი ყველა მიმართულებით, დაწყებული ალ-ჯაზარის ოთხმოცი შადრევნით და დამთავრებული უძველესი აქვადუქებით.

აქვადუქზე გამახსენდა. სტამბულიდან ორი საათის სავალზე უძველესი და უზარმაზარი აქვადუქია. მის სანახავად ავტობუსით წავედით. ჩვენი გეგმით, რაღაც სპეციალური გზით, ზედ აქვადუქის თავზე უნდა მოვქცეულიყავით. თუმცა, გზა დაკეტილი აღმოჩნდა და ორი კილომეტრი ფეხით ტყე-ტყე მოგვიწია სიარულმა. ტყეში ვიღაცები  პიკნიკისთვის იყვნენ გასული და აქვადუქისკენ მწყობრი ნაბიჯებით მიმავალი უცხოელების ჯგუფს როგორც კი  მოკრეს თვალი, ხუმრობით  თუ შესაშინებლად ჰაერში სროლა ატეხეს. თავად თქვეს შემდეგ, ვიხუმრეთო, თორემ ჩვენ სახუმაროდ სულაც არ გვქონია საქმე.  ასე იყო თუ ისე, „ხუმარა“ მოპიკნიკეებს და ტყეს მშვიდობიანად დავაღწიეთ თავი და აქვადუქსაც დავხედეთ. მისი მონახულების შემდეგ კი, კვლავ სალექციო ოთახს მივაშურეთ, წყალზე საუბრის გასაგრძელებლად.

El Kanun Fit-Tibb (Canon Medicinae) ისლამური მეცნიერების ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ხუთ ტომეულია და ექვსი თავისგან შემდგარი  მეორე ტომი მედიცინაზეა. იბნ სინას დაწერილია, რომელიც 980-1037 ჩვ.წ. ცხოვრობდა. ეს წიგნი ევროპაში სამედიცინო საქმის სწავლებაში, მეჩვიდმეტე საუკუნის მიწურულამდე,  ერთ-ერთ მთავარ წყაროდ გამოიყენებოდა.

ავიცენა, იგივე იბნ სინა, წყალს ორ კატეგორიად ყოფს. პირველი მათგანი „კარგი წყალია“ და ის აუცილებლად სუფთა უნდა იყოს, სასმელად ვარგოდეს და ადვილად შეითვისებოდეს ორგანიზმის მიერ. სხვათა შორის, იქვე წერს, გაზიანი არ უნდა იყოსო, ანუ ჯანმრთელობისთვის გაზიან წყალს სასარგებლოდ არ მიიჩნევს და მინდა გითხრათ, სწორადაც იქცევა.

წყლის სმა, რომ აუცილებელია, ავიცენამ იცის და გვეუბნება: თუ გსურთ თავი აარიდოთ ავადმყოფობას, თქვენი კუჭი სამ ნაწილად დაყავით. ერთი ნაწილი საკვებისთვის შეინახეთ, მეორე სუნთქვისთვის დაიტოვეთ (ანუ, იმდენი ჭამეთ, რომ მერე სუნთქვა შეგეძლოთო), ბოლო მესამე ნაწილი კი წყლისთვის არის, რადგან დღის განმავლობაში, წყალი იმდენი გჭირდებათ, რამდენსაც ორგანიზმი მოგთხოვთო.

თანამედროვე მედიცინამ უკვე დაადგინა, რომ წყლის დღიური აუცილებელი ნორმა ორი ლიტრია, ზოგჯერ სამიც, მაგრამ ორზე ნაკლები არ უნდა მიირთვათ.

„ცუდი წყალი“ შეიცავს მინარევებს, არ არის სუფთა, ძალიან ხისტია და სასმელად არ გამოდგება.

ავიცენას მიხედვით, გამოხდილი წყალი კარგია ჭრილობების მოსაბანად. თანამედროვეობაში ჭრილობების მოსაბანად წყალბადის პეროქსიდს ვიყენებთ, რომელიც ჭრილობაზევე იშლება წყლის და ჟანგბადის გამოყოფით.

ცხელი წყალი თავის ტკივილს იწვევს, მაგრამ კარგია ყელის ტკივილის დროს.

ალუმინის შემცველი წყალი ამოსახველებლად ყოფილა კარგი. ეს წყალი მინერალური წყლის მსგავსია, თიხა მიწებიდან მოიპოვება და ალუმინის სილიკატს შეიცავს. ზოგიერთ სინჯში მისი შემცველობა 75%-საც აღწევს.

ცივი წყლის გადავლება    სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, კარგია დაჟეჟილზე ან ჭრილობაზე დასაფენად.  აძლიერებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოქმედებას. ამ უკანასკნელში ავიცენა რას გულისხმობს, ვერ გეტყვით. ცივი წყალი ორგანიზმის მიერ ცუდად შეითვისება და დამატებით ენერგიას ვხარჯავთ მის გასათბობად. იქვე წერს, რომ წყალი შიმშილის გრძნობას ანელებს და ეს სრული სიმართლეა. თუ გვშია, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო საკვების მიღება არ შეგვიძლია, ორი ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი სრულიად საკმარისია შიმშილის გრძნობის მოსაკლავად. საქმე იმაშია, რომ ადამიანის თავის ტვინში წყურვილის და შიმშილის ცენტრები ერთმანეთის გვერდითაა და წყლის დალევა შიმშილის ცენტრსაც „ატყუებს“.  ოღონდ, მხოლოდ ორი საათით, შემდეგ შიმშილი კვლავ თავს შეგვახსენებს. წყალს იმაშიც იყენებენ, რომ საკვები უფრო ნაკლები მივირთვათ. თუ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ერთ ჭიქა წყალს დავლევთ, მაშინ გამოყოფილი კუჭის წვენი განზავდება და დანაყრების გრძნობას უფრო მალე ვიგრძნობთ.

ზღვის წყალს ავიცენა  შუა ყურის ანთების  და  ადისონის დაავადებისას იყენებდა. ამ უკანასკნელის დროს თირკმელზედა ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ჰორმონ კორტიზოლს. ასეთი პათოლოგიური მდგომარეობა პირველად 1855 წელს აღწერა ბრიტანელმა თერაპევტმა თომას ადისონმა. ავიცენამ, რა თქმა უნდა, ადისონის შესახებ არც არაფერი იცოდა, მაგრამ სამაგიეროდ, როგორც ჩანს, დაავადების სიმპტომებს იცნობდა. ერთ-ერთი ადრეული სიმპტომი ღრძილების გაშავება და იასამნისფერში გადასვლაა. შემდეგ და შემდეგ სურათი მძიმდება და აქ მათი აღწერით თქვენც არ დაგამძიმებთ. ფონს ცხელება და მაღალი სიცხეები ახლავს თან და სავარაუდოდ ავიცენა, სწორედ ზღვის ცივი წყლის კომპრესებს იყენებდა მის დასაგდებად.

წყლის გაწმენდაზეც თავისებური წარმოდგენა ჰქონდა. მაგალითად, ნავთობით ან ცხიმით დაბინძურებული წყლის გასაწმენდად კარგი იყო რძე, ღვინო, სახამებელი და კიტრი. ხისტი წყლის დასარბილებლად ნიორს და ძმარს გვთავაზობდა.

სუფთა წყალზე მარტო ავიცენა როდი ფიქრობდა. მეფე ვახტანგ მეექვსე წიგნში „ზეთების შეზავებისა და ქიმიის ქმნისა“ წერდა, რომ წყლის გაწმენდა სავარაუდოდ ჭაობის მცენარეებით იქნებოდა შესაძლებელი. ესპანეთის მეფე ფილიპე მეორე კი გამოხდილ წყალში ვარდის ფურცლებს ათავსებდა და ისე სვამდა. მოგვიანებით, თავის სამეფო კარზე მიწვეული ალქიმიკოსების მეშვეობით, ერთი საუკუნით ადრე მცხოვრები, თავისი თანამემამულის რაიმონდ ლულის მიერ დაწერილი წყლის გამოხდის მეთოდიკა გაშიფრა და სწორედ მისებურად დაიწყო დისტილირებული წყლის დამზადება.

„შატოდან“ გამოსვლის დროა. გზა ზუსტად იგივეა, გადმოვდივარ თხრილზე, სადაც მექანიკური ნიანგი დაცურავს. ჩავუვლი მეკობრეების გემს, შემდეგ ოჩოფეხებიან სახლს და გამოსასვლელი ხეივნისკენ გავუხვევ. იქ დიდ ჭიშკართან ჩემი სერიოზულობა მაქვს დატოვებული (გახსოვთ ხომ, „შატოში“ არ მჭირდებოდა), ავიღებ და გზას განვაგრძობ, საქმეები მაქვს.

 

 

 

 

 აზიის ვეფხვების ლიდერი  –  სამხრეთი კორეა

0

„ოთხი აზიური ვეფხვი“ ან „აზიური დრაკონები“  ტერმინია, რომელიც სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ჰონგ-კონგის და ტაივანის მაღალგანვითარებული ეკონომიკის აღსანიშნავად გამოიყენება. ეს ქვეყნები გამორჩეულნი არიან განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით (წელიწადში 7%-ზე მეტი) და 1960 – 1990 წლებში სწრაფი ინდუსტრიალიზაციით.  XXI საუკუნეში მათ უკვე შექმნეს განვითარებული და მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკა, რომლებიც სპეციალიზდებიან სხვადასხვა კონკურენტულ სფეროში. მაგალითად: ჰონგ-კონგი და სინგაპური გახდნენ მსოფლიოს წამყვანი სავაჭრო ცენტრები, ხოლო სამხრეთ კორეა და ტაივანი დაწინაურდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების წარმოებაში. მათი ეკონომიკური წარმატება გახდა მრავალი განვითარებადი ქვეყნების მისაბაძი მოდელი. მათი ერთ-ერთი წარმატების მიზეზი იყო ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მხარს უჭერდა ექსპორტს განვითარებულ ქვეყნებში. ისინი ასევე გამოირჩევიან ბიზნესის კეთების სიმარტივით. მათი სხვა საერთო ნიშნებია: სახელმწიფოს მიერ დიდი ინვესტიციები განათლებაში, ნაკლებად დემოკრატიული და შედარებით ავტორიტარული პოლიტიკური სისტემა.

სამხრეთი კორეა, ოფიციალურად კორეის რესპუბლიკა უპირობო ლიდერია, როგორც   „აზიის ვეფხვების“ ქვეყნებს, ასევე ზოგადად, ე.წ. ახალ ინდუსტრიულ ქვეყნებს  შორისაც. კორეა აღმოსავლეთ აზიაში, კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. სახელი კორეა მომდინარეობს კორიოს სამეფოდან. ქვეყანას გააჩნია სახმელეთო ასტრონომიული საზღვარი ჩრდილოეთ კორეასთან (ჩრდილოეთით, გადის 38-ე პარალელზე) და საზღვაო საზღვრები იაპონიასა (აღმოსავლეთით) და ჩინეთთან (დასავლეთით). მეტად საინტერესოა ის ფაქტი, რომ კორეასა და იაპონიას შორის მდებარე იაპონიის ზღვას სამხრეთ კორეაში აღმოსავლეთის ზღვად მოიხსენიებენ.  კორეის მხარის განცხადებით სახელი „იაპონიის ზღვა“ მსოფლიო საზოგადოებას თავს იაპონიის იმპერიამ მოახვია. 1910-1945 წლებში კორეაში ადგილი ჰქონდა იაპონიის ინტერვენციას. ამიტომ კორეის მთავრობის პოზიცია ზღვის სახელწოდებასთან დაკავშირებით არ იქნა გათვალისწინებული, როცა 1929 წელს საერთაშორისო ჰიდროგრაფიულმა საზოგადოებამ (IHO) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „ოკეანეებისა და ზღვების საზღვრები“. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  სახელწოდება „აღმოსავლეთის ზღვა“ დაახლოებით 2000 წელს ითვლის და ბევრ ძველ რუკაზე გვხდება. მაგ; მარკო პოლოს მოგზაურობის რუკაზე, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ თარგმნილ მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე და სხვ. ამჟამად, ეს საკითხი კვლავ  განხილვის საკითხია: 2017 წლის აპრილში მონაკოში, აღნიშნული ორგანიზაციის შტაბბინაში მოეწყო შეხვედრა, სადაც მხარეებს 3 წელი მისცეს შესათანხმებლად. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოცემულ რუკებსა და გლობუსებზე, ასევე; Googl Maps-ის, Bing. Maps-is, National Geographic-ის ციფრულ რუკებზე, ორივე სახელწოდებაა დატანილი.

 

ეკონომიკური წინსვლა პირდაპირპროპორციულად მოქმედებს ქვეყანის განვითარებასა და მის საერთაშორისო სისტემაში ჩაბმის სიჯანსაღეზე. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო ეკონომიკური წინსვლა სამხრეთ კორეას ახასიათებს. ინდუსტრია არ არის ერთადერთი სფერო, რომელიც სამხერთ კორეამ, როგორც ინდუსტრიულმა ქვეყნამ ფაქტობრივად რამდენიმე ათეულ წელიწადში განავითარა. მათი წარმატება თვალსაჩინოა – ბიოტექნოლოგიაში, ზეგამტარობის სფეროში, ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაში და სხვა. ქვეყანამ განავითარა მძიმე მანქანათმშენებლობა, მათ შორის გემთმშენებლობა. მსოფლიოში წამყვანი პოზიციები უკავია „SAMSUNG“ -ს, „DEU ELECTRONIC“-ს, „HYUNDAI“-სა და “KIA MOTORS“-ს.

 

სამხრეთ კორეა 2016  წლის მონაცემებით, მსოფლიო ქვეყნების დემოკრატიის ინდექსის მიხედვით სრული დემოკრატიის მქონე ქვეყანათა რიცხვში მოხვდა და ის უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა იაპონია, საფრანგეთი, იტალია. ინდექსი შემდეგი ხუთი მონაცემის საშუალებით ადგენს დემოკრატიის ხარისხს: პოლიტიკური აქტივობა და პოლიტიკური კულტურა, საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო უფლებები,  მთავრობის ფუნქციონირება. ექსპერტები  იმასაც აღნიშნავენ, რომ რამდენიმე ათეულ წელში სამხრეთ კორეამ, როგორც ერთ–ერთმა უღარიბესმა ქვეყანამ ასეთ წარმატებას, არა  მხოლოდ ეკონომიკური, არამედ დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისითაც მიაღწია.  სამხრეთი კორეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის რეგიონში  უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი;  ასევე, მსოფლიოში  მერვე ადგილზეა ოჯახური შემოსავალის მხრივ.  ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვითაც  წამყვან ქვეყნებს შორისაა.

კორეა ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისით, თუმცა  უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის სიმკაცრემ საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია. 1945 წლისთვის იაპონიის ოკუპაციისგან გათავისუფლებული კორეაში ეშპ-ის სტრუქტურაში მრეწველობაზე 15%, ხოლო სოფლის მეურნეობაზე 40% მოდიოდა, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა წერა-კითხვა არ იცოდა,  რეფორმები კი ქვეყანაში ინდუსტრიალიზაციით დაიწყო და მთავარ პრიორიტეტად განათლება გამოცხადდა. სამხრეთ კორეის ეროვნულმა საგანმანათლებლო პროგრამამ უკანასკნელ წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, რაც სახელმწიფოს მიერ ფინანსების მობილიზების წყალობით მოხდა. სტატისტიკა და ციფრები ნათლად აჩვენებს განვითარების იმ გზას, რაც საგანმანათლებლო რეფორმამ გაიარა ამ ქვეყანაში: თუ 1945 წლისთვის წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობის 22% იყო, 1970 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 87,6%-ს მიაღწია, ხოლო 80-იანი წლების ბოლოსთვის – 93%-ს. განათლებაში ჩადებული კაპიტალი ქვეყანას ბუმერანგივით დაუბრუნდა.  ქვეყანაში დროთა განმავლობაში განვითარდა მძიმე მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და მეტალურგია. ინფრასტრუქტურის განვითარებამ ბიძგი მისცა მსხვილი პროექტების განხორციელებას ნავთობგადამუშავებასა და ნავთობქიმიაში.

ქვეყნის 51-მილიონიანი მოსახლების დაახლოებით ნახევარი  სეულის დედაქალაქის რეგიონში ცხოვრობს, რომელიც სიდიდით მეოთხეა მსოფლიოში თავისი 25-მილიონიანი მოსახლეობით და Arcadis NV-ის მიერ შეფასებულია, როგორც აზიის მეორე ყველაზე ხელსაყრელი ქალაქი ცხოვრების ხარისხის მიხედვით. სეულმა  1986 წელს აზიურ თამაშებს, 1988 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2002 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატს, Miss Universe 1980-ს, ასევე 2010 წლის  G-20 -ის სამიტს უმასპინძლა. იუნესკოს მიერ ქალაქი 2010 წლის მსოფლიო დიზაინის დედაქალაქად დასახელდა.

ბუნება კორეელებისთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, სამხრეთ კორეაში უამრავი ნაციონალური პარკია თავისი ფანტასტიკური ბუნებით, ისტორიული ტაძრებითა და რელიქვიებით.

სორაქსანის ეროვნულ პარკში შესვლა 3 500 სამხრეთ კორეული ვონა, ანუ 3 დოლარი ღირს, ბილეთებიდან შემოსული თანხა კი სრულად ირიცხება გარემოს დაცვის ფონდში. აქვეა სინჰინგსის ბუდისტური ტაძარიც, რომელიც 652 წელს აშენდა და ერთ-ერთი უძველესია აზიაში. ტაძრის შესასვლელთან მოგზაურებს დიდი ბუდას 19-მეტრიანი ბრინჯაოს მოოქროვილი სტატუა ხვდება, რომლის ჩამოსხმაზეც კორეას მთელი მოსახლეობა აგროვებდა თანხას.

ოდესანის ეროვნული პარკი ორ ზონად იყოფა – მე-7 საუკუნის სამონასტრო ზონა, სადაც უამრავი ისტორიული ძეგლია თავმოყრილი და მდინარე სოგიმგანგის ზონა თავისი ველებით, უცნაური ფორმის უზარმაზარი ქვებითა და კლდეებით. პარკის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ოქტაგონის მიერ აგებული ცხრაიარუსიანი პაგოდა, სანვონსის ტაძარი 725 წელს ჩამოსხმული ბრინჯაოს ზარით და ბუდას ქვის ფიგურა.

კაიასანის ეროვნულ პარკში, ჰეინსის მონასტერში ქვეყნის მთავარი საგანძური – მე-13 საუკუნის ხის ფირფიტებზე შესრულებული ბუდისტური ტექსტების კრებული – ტრიპიტაკა კორეანა ინახება. 1980-იან წლებში კორეას კულტურის სამინისტრომ სპეციალური მიწისქვეშა საცავი ააგო, სადაც რელიკვიის დასაცავად საჭირო ტემპერატურა და ჰაერის ტენიანობა იყო დაცული. თუმცა, საცავში გადატანილი საცდელი პარტია სწრაფად დაზიანდა და ეროვნული საგანძური ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდა. ტაძართან ახლოს ნებისმიერ მსურველს სულ რაღაც 9 დოლარად შეუძლია შეიძინოს უძველესი ტექსტის ანაბეჭდი სპეციალურ ბრინჯის ქაღალდზე.

პუკჰანსანის ეროვნულ პარკს, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში „ყველაზე პოპულარული და ხშირად მონახულებადი პარკის” სტატუსით შევიდა, ყოველწლიურად 5 მლნ-მდე დამთვალიერებელი სტუმრობს, რაც პირველ რიგში მისი მდებარეობის დამსახურებაა – პარკი სეულის საზღვრებშია მოქცეული და ერთ-ერთი მეტროსადგური პირდაპირ პარკშია მოწყობილი. პუკჰანსანის მთავარ ღირსშესანიშნაობას ბუდისტური ტაძარი ტოსონსა წარმოადგენს, რომლის სტუმართმოყვარე ბერები ყოველთვის დიდი სიამოვნებით უმასპინძლდებიან დამსვენებლებს ბრინჯისა და თხილის ღვეზელით.

ჩედჟუს კუნძულზე მოწყობილ ჰალასანის ეროვნულ პარკამდე მიღწევა  ჯიმპოს აეროპორტიდან შიდა რეისით შეიძლება. ჰალასანი ერთადერთი ნაკრძალია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდა. პარკმა ჩამქრალი ვულკანის – ჰალასანის პატივსაცემად მიიღო სახელი, რომლის სიმაღლე 1950 მეტრს აღწევს და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია. პარკის ტერიტორიაზე რვა სპეციალური ბილიკია მოწყობილი, რომლის მარშრუტი მანდარინის ხეივნებისა და უზარმაზარი მინდვრების გავლით მთის წვერზე სრულდება. ვულკანის კრატერში კი, პატარა მდინარე პენაქტომია, რომელსაც საოცრად ლამაზი, მუქი ლურჯი ფერი აქვს.

 

 

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი დაწყებით კლასებში

0

წინამდებარე სტატიაში  ვისაუბრებ პრობლემაზე ორიენტირებულ გაკვეთილზე – როგორ შეიძლება დავგეგმოთ და ჩავატაროთ ასეთი ტიპის გაკვეთილი. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის გეგმის ნიმუშსა და რეფლექსიას, რომლებიც რესურსის სახით შეიძლება გამოიყენონ მასწავლებლებმა. აღვნიშნავ, ასევე, რომ პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩავატარე ისეთი ინტერაქტიული მეთოდით, როგორიცაა „მორფოლოგიური ყუთი“.

  1. რა არის პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი?

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, ერთ-ერთ აქტივობად განსაზღვრულია სამოდელო გაკვეთილების ჩატარება. მსგავს სამოდელო გაკვეთილად კი მიიჩნევა პრობლემაზე ორიენტირებული ტიპის გაკვეთილი, რომლის იდეაც უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტიდან და ხელს უნდა უწყობდეს მასში დასახული შედეგების მიღწევას. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების გამოყენება შესაძლებელია როგორც მაღალ, ისე დაწყებით კლასებშიც, თუმცა ამ უკანასკნელში აუცილებელია ადეკვატური მოდელის შერჩევა. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეს ასწავლის პრობლემის იდენტიფიცირებას, ცოდნის სისტემატიზაციის საფუძველზე მისი გადაჭრის გზების ძიებასა და მიღებული გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისთვის აუცილებელია, რომ სწავლება ეყრდნობოდეს ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს. ამასთან ერთად საჭიროა:

  • პრობლემური ამოცანა ერთგვარი გამოწვევა იყოს მოსწავლეებისთვის;
  • პრობლემური ამოცანა იყოს მამოტივირებელი, ინტერესის გამომწვევი;
  • პრობლემის გადასაჭრელად მოსწავლეს დასჭირდეს ახალი გზების (ვარიანტების) მოძიება.
  • პრობლემური სიტუაცია არ იყოს იმდენად რთული, რომ მოსწავლეებს უკარგავდეს მისი გადაჭრის სურვილს და არც ზედმეტად მარტივი;
  • ფოკუსირებული იყოს ერთ საკითხზე;
  • პრობლემა შეესაბამებოდეს რეალობას და იძლეოდეს ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრირების საშუალებას;
  • პრობლემის შინაარსი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლის გამოცდილებასა და ასაკით განპირობებულ კოგნიტურ შესაძლებლობებს.

პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების პრინციპები შევუსაბამე „მორფოლოგიური ყუთის“  მუშაობის პრინციპებს. მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი პრობლემის გადასაჭრელად განსხვავებული ვარიანტების შედგენას გულისხმობს.

  1. მეთოდის „მორფოლოგიური ყუთის“ თეორიული მიმოხილვა

აღნიშნული მეთოდის მუშაობის ძირითადი პრინციპია პრობლემის ცალკეულ კომპონენტებად, ანუ ქვეპრობლემებად დანაწევრება და თითოეული კომპონენტისათვის რაც შეიძლება მეტი ლოგიკურად შესაძლო გადაჭრის გზის პოვნა, ბოლოს კი ცალკეული გადაწყვეტილებების მრავალნაირი კომბინაციით ერთიანი პრობლემის გადაჭრის რამდენიმე ალტერნატიული შესაძლებლობების მიღება.

მეთოდით მუშაობა მიმდინარეობს შემდეგნაირად:

  • პრობლემის განსაზღვრა – მასწავლებელი ფორმულირებას უკეთებს პრობლემას, რომელიც გაკვეთილზე უნდა გადაიჭრას და აცნობს მოსწავლეებს. დაფაზე ხატავს ცხრილს რამდენიმე სვეტითა და სტრიქონით ანუ „მორფოლოგიურ მატრიცას“.
  • პრობლემის დანაწევრება ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ პარამეტრებად – ანალიზდება პრობლემა და რამდენიმე ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ქვეპრობლემებად ნაწევრდება. მოძიებული პარამეტრები აღინიშნება მატრიცის მარცხენა ვერტიკალურ სვეტში.
  • ცალკეული ქვეპრობლემების გადაჭრის ვარიანტების განსაზღვრა – ჩამოყალიბდება რაც შეიძლება მეტი ალტერნატიული გზა და შესაბამისი პარამეტრების გასწვრივ ცხრილის ჰორიზონტალურ სვეტებში ჩაიწერება.
  • ახალი კომბინაციების პოვნა – ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პარამეტრები პრობლემის გადაჭრის ვარიანტებს დაუკავშირდება და შეიქმნება პრობლემის გადაჭრის საერთო სურათი. ცხრილში ისრებით ერთმანეთს დაუკავშირდება ყველა შესაძლო კომბინაცია.
  • ალტერნატიული კომბინაციების შეფასება – გადამოწმდება შესაბამისობის, ხელსაყრელობის, ტექნიკური განხორციელებადობის თვალსაზრისით.

აღნიშნული მეთოდით მუშაობა მარტივია. თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი:

პრობლემა:  (მოსწავლეები გეგმავენ სასწავლო ექსკურსიაზე წასვლას და გადასაწყვეტი აქვთ რამდენიმე საკითხი)

პარამეტრები პირველი ვარიანტი მეორე ვარიანტი მესამე  ვარიანტი მეოთხე ვარიანტი

 

ტრანსპორტი

 

ფეხით ტაქსით

 

ერთ-ერთი მშობლის მანქანით

 

სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებით
რა დროს შეიძლება წასვლა

 

გაკვეთილების შემდეგ შაბათს კვირას საგაკვეთილო დროს
კვება

 

თან წაიღებენ საჭმელს გზაში შეიძენენ ადგილზე შეიძენენ

 

ისადილებენ მოსწავლის ნათესავთან, რომელიც იქვე ახლოს ცხოვრობს

 

ვინ იქნება ხელმძღვანელი (ვის წაიყოლებენ) რომელიმე საგნის მასწავლებელი ერთ-ერთი მშობელი დამრიგებელი უფროსი კლასის მოსწავლე

 

 

  1. წარმოგიდგენთ ჩემს გაკვეთილის გეგმას:

 

კლასი/კლასები I-III  კლასი (კლასკომპლექტი)

 

გაკვეთილის თემა კლასი 1 – ექიმი და წამლები

კლასი 3 – გაციება და გრიპი

 

კლასის დახასიათება კლასში 5 მოსწავლეა და კლასკომპლექტია. შესაბამისად, გამოვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას. მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მუშაობა და აზრის დაფიქსირება.

 

მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

 

 

გაკვეთილის მიზანი:

 

კლასი 1:

·         მოსწავლეებმა შეძლონ საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება აიცილონ თავიდან გაციება და ვირუსით დაავადება და რა ჰიგიენური წესები უნდა დაიცვან.

კლასი 3:

·         მოსწავლეებმა იმსჯელონ ვირუსით დაავადებული ადამიანის პირადი პასუხისმგებლობის შესახებ გარშემომყოფთა მიმართ;

·         იმსჯელონ, თუ როგორ შეიძლება თავიანთი სწორი ქცევით თავიდან აიცილონ დაავადების საშიშროება.

ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები და ინდიკატორები:

კლასი 1:

ბუნ. I.7. მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ასახელებს პირადი ჰიგიენის ნივთებს (კბილის ჯაგრისი, პირსახოცი, ცხვირსახოცი და სხვა) და აღწერს მათ დანიშნულებასა და მოხმარებას.

 

კლასი 3:

ბუნ. III.9. მოსწავლეს შეუძლია პირადი ჰიგიენის ძირითადი  წესების დაცვა.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

·         ჩამოთვლის ელემენტარულ ზომებს, რომელთა დაცვა საჭიროა გადამდები დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

 

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

 

 

გაკვეთილი გათვლილია 45 წუთზე და დაგეგმილია „მორფოლოგიური ყუთის“  მეთოდით:

 

გაკვეთილის პირველი ეტაპი:  15 წთ

 

პირველ ეტაპზე მოსწავლეებს განვუმარტავ გაკვეთილის მიზანს, გავაცნობ მეთოდის მიმდინარეობას და იმ წესებსაც, როგორც უნდა წარიმართოს გაკვეთილი.

გაკვეთილს ვიწყებ მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურებით და პირველივე  ეტაპზე გამოვიყენებ დიფერენცირებულ სწავლებას – კერძოდ, ორივე კლასს შევთავაზებ განსხვავებული სირთულის დავალებას.

პირველ კლასს ვთხოვ გადაშალოს სახელმძღვანელო შესაბამის მასალაზე (ბუნება, მოსწავლის წიგნი, გვ 67), სადაც ავადმყოფ ბავშვთან ექიმი იმყოფება ვიზიტზე. სურათის აღწერა და საუბარი მიმდინარეობს შემდეგი კითხვებით:

·         რა მოსვლია ბავშვს?  რატომ წევს საწოლში?

·         ვინ არის მასთან მოსული?

·         ვინ გამოიძახა (მოიწვია) ექიმი?

·         როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებს ექიმი?

·         როგორი ფორმის წამლები შეიძლება გამოწეროს ექიმმა?

 

მესამე კლასს კი ვთავაზობ განსხვავებულ ფოტოს, სადაც ჩანს როგორ ესაუბრება ავადმყოფი ბავშვი ჯანმრთელ ბავშვს და იქმნება ვირუსის გადადების საფრთხე. მოსწავლე იმსჯელებს რამდენად იცავენ ბავშვები პირადი ჰიგიენის წესებს.

 

ასევე, მოსწავლეებს ვაჩვენებ ნაწყვეტს საბავშვო ავტობიოგრაფიული მულტფილმიდან „ლუი ანდერსონი“. მულტფილმში ოჯახი მიემგზავრება ავადმყოფი ბებიის სანახავად. იქ მისულები კი არ იცავენ პირადი ჰიგიენის წესებს – იყენებენ ავადმყოფის ნივთებს, არ იკეთებენ ნიღაბს, რის შედეგადაც სტუმრებიც ავად ხდებიან. (აღნიშნული ვიდეო დამუშავებულია პროგრამა “Movie Maker”-ში). მოსწავლეებს დავუსვამ კითხვას: თავად როგორ მოქცეულან როდესაც ავად გამხდარან ან ავადმყოფი მეგობრის სანახავად წასულან?

პირველივე ეტაპზე უნდა გამოვკვეთოთ პრობლემა და დავწეროთ დაფაზე. კერძოდ, რა მიზეზებმა გამოიწვია ადამიანების ავად გახდომა?

 

 

გაკვეთილის მეორე ეტაპი:  15 წთ

 

ვსვამ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ კითხვას: თქვენი აზრით, რა გზებით იყო შესაძლებელი პრობლემის მოგვარება? ანუ რა შეიძლება გაკეთებულიყო, რომ არ დაავადებულიყვნენ? კითხვაზე პასუხის მისაღებად ორივე კლასის მოსწავლეებს ვაერთიანებ ერთ ჯგუფში და შევავსებთ ფლიფჩარტზე დახაზულ „მორფოლოგიურ მატრიცას“, რომელიც დაფაზეა გაკრული.  ჩამოიწერება იმდენი ქვეპრობლემა და მისი გადაჭრის ალტერნატიული გზა, რამდენსაც დაასახელებენ მოსწავლეები. ამ ეტაპზე მოსწავლეთა მიერ შევსებულ მატრიცაზე არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ, თუნდაც პრობლემის გადაჭრის აბსურდული გზა იყოს დასახელებული.

 

 

გაკვეთილის მესამე ეტაპი :  10 წთ

 

მთელ კლასთან ერთად ვიწყებთ მსჯელობას შემდეგი კითხვის ირგვლივ: იმისათვის რომ აგვეცილებინა ავად გახდომა, პრობლემის გადაჭრის რა გზა იქნებოდა ეფექტიანი? ან ქვეპრობლემების გადაჭრის გზების როგორი კომბინაციები იქნებოდა უფრო შედეგიანი? მოსწავლეები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პარამეტრებით პრობლემის გადაჭრის ვარიანტებს უკავშირებენ ერთმანეთს და ხსნიან, რატომ შექმნეს ასეთი კომბინაციები. შეიქმნება გადაჭრის რამდენიმე გზა.

 

გაკვეთილის მეოთხე ეტაპი:  5  წთ

შევაჯამებთ გაკვეთილს და ერთად ვიმსჯელებთ, პრობლემის მოგვარების შერჩეული გზებიდან რომელი კომბინაცია/კომბინაციები იქნებოდა ხელსაყრელი და რეალური ვიდეოში მოცემული სიტუაციისთვის.

 

მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზები

 

შესაძლებელია გაკვეთილის მეორე ეტაპზე პირველ კლასს გაუჭირდეს ქვეპრობლემების გადაჭრის გზების მოფიქრება.

მასწავლებელი მათ წაახალისებს და ნიმუშის სახით რამდენიმე გზას თავად დაუსახელებს.

სასწავლო მასალა და რესურსები

 

 

სახელმძღვანელო, დიდი ფორმატის ფურცელი – ფლიფჩარტი, მარკერები, ლეპტოპი, პროექტორი; სქემა „მორფოლოგიური მატრიცა“;   საბავშვო ავტობიოგრაფიული მულტფილმი „ლუი ანდერსონი“ – იხილეთ ბმული (https://www.youtube.com/watch?v=7JTYOI3i9JA&list=PLkRMnwaRqZND8kiwHm9rLDyxGiIGneNRK&index=7)

 

შეფასება და თვითშეფასება

 

 

·         მასწავლებელი ორივე კლასის მოსწავლეებს შეაფასებს შეფასების სქემით. შეფასების საგანი იქნება გაკვეთილზე ჩართულობა.

·         მასწავლებელი, გაკვეთილის დასრულების შემდეგ, საკუთარ თავს შეაფასებს თვითშეფასების სქემით.

 

მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა:

 

კრიტერიუმები ძალიან კარგია კარგია საშუალოა საჭიროებს გაუმჯობესებას
აქტიური მონაწილეობა ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას ყოველთვის მონაწილეობს ხშირად მონაწილეობს იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას.

 

თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დამთავრებას

 

წარმოგიდგენთ მოსწავლეთა მიერ შევსებულ „მორფოლოგიურ მატრიცას“:

ქვეპრობლემა გზა

 

II  გზა III  გზა IV  გზა
ავადმყოფთან კონტაქტი

 

 

გამოეყენებინათ ნიღაბი მოშორებით ყოფილიყვნენ ავადმყოფისგან თავი შეეკავებინათ ავადმყოფთან სტუმრობისგან ცხვირზე წაესვათ გაციების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მალამო

 

ავადმყოფის ნივთებით სარგებლობა

 

 

საერთოდ არ შეხებოდნენ ავადმყოფის ნივთებს გამოეყენებინათ ერთჯერადი ხელთათმანები გაესტერილებინათ ის ნივთები, რომლებსაც ავადმყოფი იყენებს

 

ესარგებლათ გამოუყენებელი ნივთებით
ავადმყოფის ოთახში პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩაუტარებლობა

 

ხშირად გაენიავებინათ ოთახი სახლი დაელაგებინათ სველი წესით ავადმყოფის მიერ გამოყენებული ნივთები დროულად განეთავსებინათ სანაგვე ურნაში ხშირად დაებანათ ხელები

 

  1. გაკვეთილის რეფლექსია

I-III კლასკომპლექტში „მორფოლოგიური ყუთის“ მეთოდით ჩატარებული გაკვეთილის თემა შინაარსობრივად მსგავსი  იყო ორივე კლასისთვის. კერძოდ, პირველ კლასთან  – „ექიმი და წამლები“, მესამესთან კი – „გაციება და გრიპი“.  უნდა აღინიშნოს, რომ პირველი კლასის შესასწავლი თემა გულისხმობდა როგორც ექიმის, ასევე, ავადმყოფის მხრიდან წესების დარღვევას. კერძოდ, არც ერთს არ ეკეთა დამცავი ნიღაბი. შესაბამისად, მსჯელობა მიგვყავს იქამდე, რომ ავადმყოფის სწორი ქცევა შეზღუდავდა დაავადების გავრცელების შესაძლებლობას.

მეთოდი ტექნიკურად ადვილად განსახორციელებელი აღმოჩნდა. მაგრამ, რადგანაც ამ მეთოდით პირველად ვატარებდი გაკვეთილს, შესავალ ნაწილს შედარებით დიდი დრო დავუთმე, აუცილებელი იყო თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი აქტივობების ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბება და განმარტება.

გაკვეთილი წარიმართა დაგეგმილის შესაბამისად და არ წარმოშობილა გეგმიდან გადახვევის აუცილებლობა. უნდა აღვნიშნო, რომ კლასკომპლექტის თავისებურებიდან გამომდინარე, გაკვეთილის პირველივე ეტაპზე ორივე კლასის მოსწავლეებს შევთავაზე განსხვავებული სირთულის დავალებები. აღსანიშნავია, რომ აქტივობას მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი.

„მორფოლოგიური მატრიცა“ მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილში. განსაკუთრებით გააქტიურდნენ პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა კომბინაციების შექმნის ეტაპზე. ცდილობდნენ დაესაბუთებინათ, რატომ მიიჩნიეს ესა თუ ის კომბინაცია უფრო ეფექტიანად სხვა კომბინაციასთან შედარებით. უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ერთმანეთის პოზიციებს.

საჭიროების შემთხვევაში ვეხმარებოდი მოსწავლეებს და ვაძლევდი რეკომენდაციებს. მაგალითად, როდესაც მოსწავლემ ერთ-ერთი ქვეპრობლემის გადაჭრის გზად დაასახელა ჰაერის გაწმენდა სურნელოვანი აეროზოლის გამოყენებით, აქ საჭიროდ ჩავთვალე, მიმეცა რეკომენდაცია, რომ სურნელოვანი აეროზოლის გამოყენება არ მოსპობდა მიკრობებს და შესაძლოა მკვეთრ სუნს გამაღიზიანებლად ემოქმედა ავადმყოფზე. ამიტომ, შევთანხმდით, რომ ეს ფრაზა  ფორმულირებულიყო შემდეგნაირად: „ხშირად გაენიავებინათ ოთახი“.

იგივე მეთოდით შემდგომში I-III კლასკომპლექტთან გაკვეთილის ჩატარებისას, ვფიქრობ, გეგმაში შევცვლიდი მხოლოდ ორგანიზების ფორმას. კერძოდ, ქვეპრობლემებისა და ალტერნატიული გადაჭრის გზების დასახელების ეტაპზე გამოვიყენებ წყვილებში მუშაობას: თითოეული წყვილი იმუშავებს თითო ქვეპრობლემის გადაჭრის გზების მოფიქრებაზე და თავადვე ჩაწერს დაფაზე გამოკრულ „მორფოლოგიურ მატრიცაში“.

დასკვნის სახით აღვნიშნავ, რომ „მორფოლოგიური მატრიცა“ არის პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის ეფექტიანი სტრატეგია, რომლის გამოყენება მოსწავლეებს უმაღლებს სწავლის მოტივაციას და გვიადვილებს შედეგზე გასვლას.

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016
  2. ინტერაქტიული მეთოდები პრაქტიკაში; ავტორები: სოფიკო ლობჟანიძე,მაია ფირჩხაძე, მანანა რატიანი, ნინო ლომიძე, ნინო ჭიაბრიშვილი, რუსუდან თედორაძე, მაია ჯალიაშვილი.
  3. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. მეორე ნაწილი.

 

 

 

ნინო დათუკიშვილი

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი

 

ინტერაქტიური მარტივი თვალსაჩინოების  და  კვლევითი აქტივობების  გამოყენება  სწავლებაში

0

საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლების მიზანია, აზიაროს მოსწავლე საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს და განუვითაროს კვლევის უნარ-ჩვევები, რაც მას საშუალებას მისცემს, შეიცნოს და გაითავისოს სამყარო, ჩაერთოს საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარი თავის, საზოგადოებისა და გარემოს წანაშე.

 

კლასიდან კლასში გადასვლისას მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გთვალისწინებით მათი ინტერესები იცვლება, რაც გარკვეულ პირობებთან არის დაკავშირებული.

რა არის ის პირობები, რომლებსაც ამ ასაკში სწავლისადმი სტაბილური დამოკიდებულების ჩამოყალიბება შეუძლია?

1) ახალი და უკვე ნაცნობი ინფორმაციის სწორი შეთანხმება არის მთავარი პირობა ბავშვებში შემეცნებითი ინტერესების გასაჩენად. ის, რაც სრულიად უცნობია ბავშვებისათვის (ანუ არავითარი წინა ცოდნა არ აქვს ამის შესახებ), არ იწვევს მათში ინტერესს, მაგალითად, ბუნების მოვლენები, სიტყვის შემადგენლობა, რიცხვები (განსაკუთრებით, პირველ ეტაპზე); ასევე არ არის მათთვის საინტერესო ის, რაც კარგადაა ნაცნობი. მასწავლებელმა უნდა მოახერხოს და უკვე ნაცნობში ჩადოს ახალი შინაარსი: ნიშან-თვისებები, დამოკიდებულებები სხვა მოვლენებთან თუ ობიექტებთან და ა.შ.

2) შესაძლებლობა, გამოიყენოს საკუთარი ინიციატივა; საკუთარი აქტივობა შესასწავლი მასალის შემოქმედებითად გარდაქმნისათვის (მაგ., მოდელის, სქემის, წინადადების, მაგალითის, გეგმის რეკონსტრუირება), რაც ზრდის მოსწავლის ინტერესს.

3) ინტერესი წარმატების მიღწევისას. როდესაც მოსწავლე მოახერხებს წარმატებით გაართვას თავი დავალებას, თანაც სხვადასხვა ხერხით, ინტერესი მატულობს.

4)  შესასწავლი მასალის პრაქტიკულ გამოყენება, რაც, თავის მხრივ, აჩენს ახალ კითხვებს და ხელს უწყობს შემეცნებითი პროცესების განვითარებას.

 

საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, მინდა შემოგთავაზოთ ინტერაქტიურ თვალსაჩინოებაზე მუშაობის რამდენიმე აქტივობა, რომელთა გამოყენების შედეგად  მოსწავლეთა ინტერესი შესასწავლი თემის მიმართ გაიზარდა. ამ ინტერესის გაზრდის  საფუძველი კი   შექმნა-წარმოებაზე  ორიენტირებული აქტივობებია.

ცოცხალი ორგანიზმების დახასიათება გამრავლება, ზრდა, განვითარება, კვება, მოძრაობა, შეგუებულობა.

დავალება – შესწავლილი მასალის გამოყენებით დაასრულეთ მოცემული სქემა და  დაასათაურეთ და აღწერეთ   ვიზუალური მასალის  ხუთივე   კომპონენტი: 1. გამრავლება; 2. ზრდა; 3. კვება; 4. განგური; 5. ნაკვალევი.

 

 

 

დავალება – შესწავლილი მასალის გამოყენებით. დაასრულეთ  მცენარის ზრდა-განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების  სქემა. დაასახელეთ  ვიზუალურ მასალაში  ყველა   ფაქტორი და  განმარტეთ მათი მნიშვნელობა.

 

 

 

 

 

კვლევითი კითხვა – რატომ იცვლება წყალში თევზის სხეულის მდებარეობა საცურაო ბუშტის აირით ავსების და აირისგან დაცლის შემთხვევაში?

მასალად საჭიროა – რეზინის გასაბერი ბუშტები, შუშხუნა ასპირინი საბი, დიდი მოცულობის გამჭვირვალე ჭურჭელი, ძალიან წვრილი ნემსი, წყალი.

მოსწავლეებს ვაძლევ ინსტრუქციას, რომლის მიხედვითაც შეუძლიათ, ჩაატარონ ექსპერიმენტი და ექსპერიმენტის შედეგებზე დაყრდნობით უპასუხონ მთავარ კვლევით კითხვას.

კვლევის მიმდინარეობა – ჭურჭლის 2/3 გაავსე წყლით. აიღეთ რეზინის ბუშტი, ჩაასხით ონკანიდან წყალი, ჩააგდეთ შიგ ასპირინი საბი, ბუშტიდან ხელის მოჭერით გამოდევნეთ ჰაერი, თავი მოუკარით წკაპით და ჩადეთ ჭურჭელში. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად უნდა გააკეთო. ასპირინი საბი დაიწყებს წყალში გახსნას და აირის გამოყოფას. ბუშტი დაიწყებს გაბერვას ამ აირის დაგროვების გამო. რაც მეტად გაიხსნება ასპირინი და მეტი აირი გამოიყოფა, მით უფრო გაიბერება ბუშტი. დააკვირდი ჭურჭელში ბუშტის ადგილმდებარეობას 5 წუთის განმავლობაში.

უპასუხე კითხვებს :

  1. რა ადგილი დაიკავა ბუშტმა ჭურჭელში თავდაპირველად?
  2. შეიცვალა თუ არა ბუშტის ადგილმდებარეობა დაკვირვების განმავლობაში? თუ შეიცვალა, საითკენ გადაადგილდა ბუშტი?

ფრთხილად გახვრიტე ბუშტი (წკაპთან ახლოს) ნემსით. დააკვირდი, რა მოხდება.

უპასუხე კითხვას – შეიცვალა თუ არა ბუშტის ადგილმდებარეობა? საით გადაადგილდა ბუშტი?

ახლა სცადე პასუხი გასცე კვლევის მთავარ კითხვას –  რატომ იცვლება წყალში თევზის სხეულის მდებარეობა საცურაო ბუშტის აირით გავსების და აირისგან დაცლის შემთხვევაში.

კვლევითი კითხვა – რაში გამოიხატება აქლემის შეგუებულობა უდაბნოში, ქვიშნარში გადაადგილებასთან დაკავშირებით?

მასალად საჭიროა – მუყაოს ყუთი, ფქვილი, ორიგირი (500 გრ.), პლასტმასის ერთნაირი სისქის მართხკუთხა ფირფიტები (2ხ2სმდა10ხ10სმ), სახაზავი.

მოსწავლეებს ვთავაზობ ჩაატარონ კვლევითი ექსპერიმენტი ორ ეტაპად და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით უპასუხონ  მთავარ კვლევით შეკითხვას.

კვლევის მიმდინარეობა:

ეტაპი 1

  1. მუყაოს ყუთში ჩაყარე ფქვილი, მოუსწორეთ ზედაპირი;
  2. ფქვილის ზედაპირზე ფრთხილად მოათავსეთ ფირფიტა 2ხ2სმ;
  3. ფირფიტაზე მოათავსეთ გირი;
  4. დაიცადეთ 5 -10 წამი, გირი და შემდეგ კი ფირფიტა ფრთხილად აიღე;
  5. გაზომეთ ფირფიტის მიერ დატოვებული ნაკვალევი.

 

ეტაპი 2

  1. მოასწორეთ ფქვილის ზედაპირი;
  2. ფქვილის ზედაპირზე ფრთხილად მოათავსეთ ფირფიტა 10ხ10სმ;
  3. ფირფიტაზე მოათავსეთ გირი;
  4. დაიცადე 5-10 წამი, ჯერ გირი და შემდეგ კი ფირფიტა ფრთხილად აიღეთ;
  5. გაზომეთ ფირფიტის მიერ დატოვებული ნაკვალევი; გამოითვალეთ ორივე ფირფიტის ზედაპირის ფართობი (გაიხსენეთ შესაბამისი ფორმულა).

მონაცემები შეიტანეთ ცხრილში. გააანალიზეთ ცხრილის მიხედვით ცდის მონაცემები და უპასუხეთ კითხვებს:

  1. როგორია ფქვილში ნაკვალევის სიღრმე ცდის პირველ და მეორე ეტაპზე?
  2. არის თუ არა ამ მონაცემებს შორის განსხვავება?
  3. იყო თუ არა ერთნაირი ფირფიტის ზედაპირის ფართობი ცდის პირველ და მეორე ეტაპზე?
  4. ერთნაირი იყო თუ არა გირის წონა ცდის პირველ და მეორე ეტაპზე?
  5. რას შეიძლება უკავშირდებოდეს სხვაობა ცდის I და II ეტაპზე ფირფიტის მიერ ფქვილში დატოვებული ნაკვალევის სიღრმეებს შორის?
  6. ცდის შედეგი განმარტეთ ფიზიკაში მიღებული ცოდნის გამოყენებით. მოიშველიეთ სათანადო ფორმულები და მათი დახმარებით განმარტეთ ფირფიტების ნაკვალევის სხვადასხვა სიღრმის მიზეზი.
  7. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ახსენით, როგორაა აქლემი შეგუებული უდაბნოს პირობებთან?

 

ასეთი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლის მიერ გარემოს პასიური აღქმიდან აქტიურ შემეცნებაზე გადასვლას; შემოქმედებითი აზროვნებისა და გარემოსადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას; ბიომრავალფეროვნების, მატერიის, ენერგიის და ფიზიკური ძალების შეცნობას. მოსწავლემ უნდა შეძლოს მიღებული ცოდნისა და შეძენილი გამოცდილების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება. მოსწავლეს უვითარდება სპეციფიკური უნარ-ჩვევები, რომელთაგან პრიორიტეტულია:

  • გარემოზე დაკვირვება (როგორც საკუთარი შეგრძნების ორგანოების, ისე მარტივი ხელსაწყოების გამოყენებით);
  • ბუნებრივი მოვლენების ამოცნობა და მარტივი პროცესების აღწერა;
  • მონაცემების შეგროვება დაკვირვების, მარტივი ექსპერიმენტის, საინფორმაციო წყაროების საშუალებით;
  • გამოსაკვლევი საკითხის შესახებ შეკითხვების დასმა;
  • ობიექტების კლასიფიკაცია მათი მახასიათებლების მიხედვით;
  • რაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა, მათი ორგანიზება და პრეზენტაციის სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა;
  • გარემოზე ზრუნვა, უსაფრთხოების წესების დაცვა.

 

 

გაკვეთილი, როგორც პოზიტივი

0

გაკვეთილს,  პოზიტიური დასასრული უნდა ჰქონდეს, მასწავლებელი კი ვირტუოზი უნდა იყოს, რომელსაც საოცარი სამყაროს შექმნა შეუძლია. ყველაზე გადამდები  შინაგანი განწყობაა, თუ მასწავლებელს  არა გაქვს შემართება, ღიმილი და უდიდესი სურვილი სიახლის ძიების, ვერც მოსწავლეს ვერ გადასდებს ამ მაგიურ ძალას. თუ გულწრფელად არ გიხარია, ვერც მოსწავლეებისაგან მოითხოვ იმავე განცდას…

ბავშვობიდან მიყვარდა ყველა პერსონაჟის როლის მორგება და გათავისება… 7-იანი ულვაშებგაწკეპილ კაცს მაგონებდა, 8-იანი – ფაშფაშა  ქალს… და ასე გამწკრივდებოდნენ ციფრები… ადამიანების ხასიათების მთელი სამყარო.  ზოგჯერ ისე გავითავისებდი ხოლმე  ლიტერატურულ გმირის განცდებს, მთელი ღამე ვეღარ ვიძინებდი. ხოდა, ახლა ჩემს ბავშვობაში ვყურყუმალაობ და მისი თვალებით ვიყურები, რათა უფრო ახლოს მივიდე მათ ფიქრებთან, მათი ,,ტოლი’’ მინდა გავხდე, რომ სულიერი მეგობრობა შევძლო…

საოცარი პროგრამის, ,,ასწავლე საქართველოსთვის’’ წყალობით, ჯერ ბაღდადის რაიონის სოფელ საკრაულაში ვიმუშავე, შემდეგ მესტიის რაიონის სოფელ იელში, ახლა კი ქარელის რაიონის სოფელ ატოცში ვარ. ყველაფერი კი  სვანეთიდან დაიწყო… იქ თამამად ვფიქრობდი… და ერთ დილასაც  იდეა დამებადა  –  ამემეტყველებინა და გამესულიერებინა მეტყველების ნაწილები. წარმოვიდგინე, როგორ  შემოვიდოდნენ კლასში ჯანსუღ კახიძის ,,მარშით’’ არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი. როგორი თავაწეული და ღირსეული შემოვიდოდა  ზმნა – წინადადების სული და გული!  და ზღაპრის სცენარიც იწერება – სიტყვების სამეფოზე: ,,იყო და არა იყო რა, იყო ერთი ზღაპრული ქვეყანა… ბავშვების ფანტაზია ხომ უსაზღვროა და… ასე შეგროვდა იდეები ამ უცნაური ,,სიტყვების ქვეყანაზე’’… ხან რას წარმოიდგენდნენ და ხან რას… აქ ცხოვრობდნენ ნაირ-ნაირნი, ფერად-ფერადნი, კეთილნი და ბრაზიანნი, დიდნი და პატარანი, ამაყნი და თავმდაბალნი – სიტყვები…

ვისაც ხატვა შეეძლო, ხატავდა კიდეც, როგორ წარმოედგინათ გაადამიანურებული ზედსართავი  თუ არსებითი სახელი, რიცხვითი თუ ნაცვალსახელი და  ზმნა – წინადადების ღირსეული წევრები. დამხმარე მეტყველების ნაწილები მოუქნელი იქნებიანო – ესეც მათი იდეა იყო..

სიტყვებს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ხოდა, მათთან ერთად ვიმოგზაურეთ ამ ლამაზ  სამყაროში.

სვანეთის შემდეგ ეს იდეა უფრო დაიხვეწა, მაღალი კლასების მოსწავლეებმაც საკუთარი აზრები მოგვაწოდეს. მათ შედარებით დაასერიოზულეს სათქმელი, როლებიც მოირგეს და მინისპექტაკლიც შედგა… წინადადებაში ზმნის როლი რომ გამოეკვეთათ, კარს უკან დამალეს და შეეცადნენ აეწყოთ წინადადება – არაფერი გამოუვიდათ. ამ დროს კი თავი შემოყო ზმნამ – არ მელოდით? ვერ გაძელით უჩემოდ? მე ზმნა ვარ!  წინადადების სული და გული! მთელ სამყაროს ვამოქმედებ! ცდილობდნენ, რაც შეიძლება გაეთავისებინათ როლები, ღიმილით, ემოციებით, ხმის ტემბრით. ისე ლამაზად ჯდებოდნენ როლში, თვითონაც ვერ გაიაზრეს, ისე სიღრმისეულად გადაიმეორეს მთელი წლის მანძილზე დამატებით გაკვეთილებზე  ნასწავლი მორფოლოგია, ეს შემაჯამებელი გაკვეთილი იყო… საკმაოდ ნაყოფიერი…

როლური თამაში ხელს უწყობს საკითხის სიღრმისეული გააზრების, დისკუსიის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და როლური თამაშის  უნარ-ჩვევების განვითარებას. მოსწავლეები თვითშეფასებისას კრიტიკულად აფასებენ საკუთარ პერსონაჟს, აღნიშნავენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს, შინაგანად თავისუფლდებიან, იხსნებიან და ლაღდებიან .

„მე არსებითი სახელი ვარ და საგანს აღვნიშნავ… ყველაფერი, რაც სამყაროში  არსებობს, ჩემ გარშემო ტრიალებს, ჩემ გარეშე სხვები ვერაფერს გააკეთებენ, ყველა მეტყველების ნაწილს ვიცნობ, ვისაც გაუჭირდება, იმას ვეხმარები… ყველას ვუყვარვარ, ხანდახან მინდა ზმნასაც დავეხმარო, მაგრამ ვჭირდები კი? როგორ არა! ხანდახან ვჭირდები ხოლმე… ხომ საინტერესო ვინმე ვყოფილვარ?

„მე ნაცვალსახელი ვარ… არსებით სახელს, ზედსართავ სახელს და რიცხვით სახელს რომ გაუჭირდებათ, იმ წუთში მე მთხოვენ დახმარებას, ხუმრობით „112-საც“ მეძახიან. მე კი რა ვქნა, უარს ხომ ვერ ვეტყვი, იმ წუთში მათთან გავჩნდები ხოლმე. ოღონდ არ მიყვარს ხშირად რომ მიმეორებენ.

არსებითი სახელები ხშირად იღლებოდნენ და  ნაცვალსახელები მათ საშველად გამორბოდნენ ხოლმე, ჩაენაცვლებოდნენ, ამშვიდებდნენ მეგობარს  და  თან ლექსებს უკითხავდნენ – „ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით, ვიწვით და ღუღუნებს კერია, – მე ვმღერი, შენ მღერი, ის მღერის… თურმე ნაკვერჩხლები მღერიან..’’ / მორის ფოცხიშვილი /. თან პრეზენტაცია გავაკეთეთ მოსწავლეებთან ერთად და პროექტორით დაფაზე ვწერდით სავარჯიშოებს, სადაც თავმომწონე სახელები უნდა მოგვეძებნა, თორემ უყურადღებობაში ჩამოგვართმევდნენ და ეწყინებოდათ და თან მორფოლოგიურად უნდა გაგვერჩია. ასე თამაშ-თამაშში, ხალის-ხალისში გავიაზრეთ მორფოლოგია.

აქ გვყავდა შეწუხებული ზმნიზედაც, რომელიც განიცდიდა, რომ მას დაარქვეს დამხმარე სიტყვა. ის ხომ ასეთი  აუცილებელი და მნიშვნელოვანი  წევრია წინადადებაში,  ,,სულ ჩემია ეს სამყარო, რადგან მე გამოვხატავ, თუ სად, როდის, როგორ ან რატომ ხდება მოქმედება“.  გულში განიცდიდა ასე გახევებული რომ დადიოდა და გაოცებული უყურებდა ზმნას თუ სახელს, ხან ერთი ფორმით რომ გამოცხადდებოდნენ და  ხან მეორეთი.

დააბოტებდნენ ნაწილაკები: -ც, -ღა, -ვე… დაუძახებდა არსებითი სახელი და ისინიც მაშინვე  გამოფრინდებოდნენ ხოლმე. ნაწილაკი კი ყველას აფრთხილებდა – ,,არ შეგეშალოთ და  ,,ლაწირაკი’’ არ დამიძახოთ, მე ვალამაზებ წინადადებას  და ამიტომაც დავერთვი წინადადების წევრს, ან მთელ წინადადებას და ჰოპლა! სულ სხვა ელფერი ეძლევა მას!

ზმნის დასახმარებლად სიხარულით მორბოდნენ კავშირები – „და“, „მაგრამ“, „რომ“, „თუ“… თანდებულთან ერთად ისე მიჰკედლებოდნენ სიტყვას, ვერც გაარჩევდი მისგან. ისინი, დიახაც, საჭირონი იყვნენ!  ფორმაცვალებად სახელებს ყველა ძალიან უყვარდა. ძალიან წუხდა თანდებული: ,,ყურადღებას არავინ მაქცევს, მაგრამ მაგიდაზე როცა რაიმეს დებენ, ვინ სჭირდებათ? თანდებული  – ,,ზე’’, კარადაში როცა რაიმეს დებენ, ვინ სჭირდებათ  თანდებული – ,,ში’’, მდებარეობის განსაზღვრა სჭირდებათ, მე მიხმობენ, მიმართულების განსაზღვრა უნდათ – ისევ მე… მსგავსების განსაზღვრა მე, მე, მე… აღარ შემიძლია!  დავიღალე!

მთელ სამეფოში განსაკუთრებით შორისდებული უყვარდათ, საოცრად მგრძნობიარე და ემოციური იყო და ამიტომ. მთელი დღის მანძილზე ათას რამეს გაიკვირვებდა და არ იღლებოდა – ხან ბრაზდებოდა, ხანაც უხაროდა: ბიჭოს!  ვაი! ეჰ! ოჰ! უჰ! ყოჩაღ! ისმოდა მუდამ. ახლაც რომ გაიგო, ყველანი ერთად შეკრებილანო სიხარულით გამოიქცა და ლამაზი ემოციებიც შემოიტანა: ბიჭოს! ესენი ვინ შეკრებილან!  უჩემოდ რა უემოციოდ დგახართ, გაიღიმეთ! მე მოვედი!

ახლა კი დროებით მინდა დაგემშვიდობოთ… წინ სინტაქსი გველის… ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.

ამ გაკვეთილს, როგორც ყველა ზღაპარს ლამაზი დასასრული ჰქონდა… ღიმილი.. გულწრფელობა  და  უდიდესი მოტივაცია… ჩემი ,,აპლოდისმენტები’’ მათი ცნობისმოყვარე, აციმციმებული თვალები იყო.

გამოდიხარ დაღლილი, წინა ღამის უძინარი, მაგრამ მაინც გაღიმებული… შედგა!  იმსჯელეს, იკითხეს, იფიქრეს, ივარაუდეს, წარმოიდგინეს, პარალელები გაავლეს, გაიაზრეს, შეაფასეს – სწორედ ეს მინდოდა! და  საიდანღაც ენერგიაც გიბრუნდება… გონებაში ახალი იდეები იწყებენ მოუსვენრად ტრიალს, ერთგვარი ჟინიც გიპყრობს – ხვალ უკეთესი  და ორიგინალური მასალა, იდეა, ტექსტი შექმნა…

და ვიწყებ ახალი დღისთვის მზადებას – კეთილი  ჯადოქარი, ხელისგულისოდენა სცენის მსახიობი  –  მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია საოცარი სამყარო შექმნას.

 

 ცისანა ლონდარიძე  – ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი           პროგრამით  ,,ასწავლე საქართველოსთვის“ ქარელის მუნიციპალიტეტი,  ატოცის საჯარო სკოლა.

 

 

რატომ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში ილია ჭავჭავაძის პოემა-_„აჩრდილი“ -_სრულყოფილად

0

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, პირველ რიგში, ისევ კითხვით უნდა დავიწყოთ. რატომ აღარ ისწავლება  ილიას ეს ნაწარმოები სკოლაში? პასუხი ცალსახად მარტივია, იმიტომ, რომ რთულია. რთულია ასახსნელად, რთულია გასაგებად. (ყოველ შემთხვევაში, ასეთი აზრი არსებობდა იმ  საზოგადოებაში, რომლის კომპეტენციაშიც შედის ამგვარი  საკითხების გადაწყვეტა). ამ აზრს ნამდვილად ვეთანხმები-პოემა საკმაოდ მძიმე და დატვირთულია, როგორც აზრობრივი, ასევე იდეურ-თემატური თვალსაზრისით, მაგრამ ეს აზრი და თემატიკა იმდენად აუცილებელი და საჭიროა ახალგაზრდის მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოსაყალიბებლად ეს სირთულე უნდა დავძლიოთ. შევეცდები მოკლედ განვიხილო ნაწარმოები და შეძლებისდაგვარად  წარმოვაჩინო ის იდეა, რომლის გამოისობითაც ილიამ ეს დიდებული პოემა შექმნა.

ილიამ ნაწარმოებს ეპიგრაფად წარუმძღვარა რუსთველის სიტყვები:

     „რა ვარდმან მისი  ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა,

იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა.“

ქალბატონი მაია ჯალიაშვილი თავის წერილში-„ილია ჭავჭავაძის „აჩრდილის“  სწავლებისათვის“_ წერს: „ეპიგრაფში აისახა გამეორებისა და ცვლის ერთიანობა და აუცილებლობა“.  მისი   დედააზრი  პოემაში  განსხეულდა.

 

       „აღმობრწყინდა მზე დიდებულადა, და გაანათა ქვეყანა ბნელი,

        კავკასის მთების წვერთა მაღალთა  ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.“

ნაწარმოების დასაწყისშივე ილიამ ორი უკიდურესობა გამოკვეთა-ეს გახლავთ „ქვეყანა ბნელი“და  „ოქროს ნათელი“, რომელმაც ის გაანათა. პოეტის გულს ვერ ხიბლავს, მზერას ვერ ატყვევებს დილის სილამაზე, რადგან „ამგვარი დილა ქვეყანას ბედკრულს ბევრჯერ სხვა დროსაც გასთენებია, მაგრამ არც ერთხელ მის გულსა ვნებულს, მადლი ცისა არ მიჰკარებია.“

„მზით გაბრწყინებულ“ ქვეყანაში, ერთი შეხედვით,  „ძალუძს კაცსა ბედნიერება,“  მაგრამ ილიას ბედნიერად არ ეგულება თავისუფლებაწართმეული ერი.

პოეტს ფიქრთა მოზიარე და საქართველოს გულშემატკივარი მოხუცის აჩრდილი მოევლინება, რომელსაც „ცალის ხელითა ეჩრდილნა თვალნი“ და „შორს გაჰყურებდა“.

ილია თვალს გაადევნებს მოხუცის მზერას და არაგვის ხეობის ჭვრეტით ტკბება. არაგვი ხომ მომსწრეა საქართველოს უამრავი ჭირ-ვარამისა; მისი ხეობის ყოველი გოჯი მამა-პაპის სისხლითაა მორწყული, ძვლებითაა გაპოხიერებული: „შენს ზვირთებს შორის ჩემი ქვეყნისა, გრძელი მოთხრობა დამარხულია, და წმინდა სისხლი ქართველებისა შენს კიდეებზედ გადასხმულია“. მოხუცის მზერა ვერ დაატყვევა არაგვისა და თერგის თვალწარმტაცმა ხეობამ, იგი უფრო შორს, სივრცეში იმზირებოდა „სრულ საქართველო მოჩანდა შორსა“. გაკვირვებული პოეტი ეკითხება: „საიდამა ხარ ვინ მოგავლინა;“ პასუხად მოხუცი საქართველოს მიმართავს:

„მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა,

მე ვარო შენი თანამდევი, უკვდავი სული,

შენ შვილთა სისხლით გული სრულად გარდამებანა,

ამ გულში მე მაქვს  შენი  აწმყო,შენი წარსული“.

მოხუცი შეძრულია საქართველოს მდგომარეობით.  ქართველთ დავიწყებიათ, „რომ ქვეყნად ცასა ღვთად მოუცია მარტო მამული,“  „შური, ლალვა, და მტრობა“ ისეა ფეხმოკიდებული, რომ თავად მამულიშვილთაც აღარ სწამთ მამულის აღდგენის შესაძლებლობა  და  „დაუგდიათ იგი,  ვით  ტაძარი გაუქმებული.“  მოხუცის აზრით, გონიერების მოხმობაა საჭირო, თუ არ სურთ ქართველთ მარტოდენ ცრემლთა ღვრა, რომელიც მათ უძლურებას ღაღადებს. ეს საკითხები დღესაც ისევე, და უფრო მძაფრადაც, აქტუალურია, როგორც მაშინ, XIX საუკუნის საქართველოში იყო,  მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დღეს ცრემლს აღარ ვღვრით, იმდენად, რამდენადაც ცოტა თუ აცნობიერებს    დღევანდელ უსუსურ და უძლურ მდგომარეობას და ილიასაგან განსხვავევით  ნაკლებად გვტკივა მოყვასის ტკივილი. თავად მოყვასის ცნებაც კი გაუცხოვდა დღევანდელი საზოგადოებისათვის. მამულისა და სამშობლოს მხსნელი უკვდავების შარავანდედითაა მოსილი:

„წმიდაა იგი, ვისაც, ეღირსა მამულისათვის თავის დადება,

ნეტა იმ ვაჟკაცს, ნეტა იმ გმირსა, ის თავის ხალხში აღარ მოკვდება!“

საქართველოს ადრეც ბევრჯერ განუცდია დაცემა, განადგურება,მაგრამ  ჭეშმარიტ გმირებს უხსნიათ იგი. აწმყოში კი  „გმირის დამბადი დიდი საგანი“   „სპობილა და წარწყმედილა.“ გაუნელდათ რა ქართველთ მამულის ტრფობა, მომძლავრდა ბოროტება. ქვეყანა იძულებული გახდა „უცხო კალთის ქვეშ, ვითა ობოლი, შეფარებულიყო“.  ამდენად, ის „დიდი საგანი“, თავისუფლება ერისა,რომელიც მომავალ მხსნელს აღზრდიდა,  ქვეყანაში აღარ არსებობს. „საქართველოს თანმდევი,  უკვდავი სული “ მძიმედ განიცდის ეროვნულ ტკივილებს; იგი  ხედავს, თავგზააბნეული ქართველები „ თვით ანგრევენ მას, რისი აღდგენაც სურთ, თვით შველიან მას, რასაც ებრძვიან.“ არც ეს პროცესია თანამედროვე საქართველოსათვის უცხო.

აკაკი ბაქრაძე ბრძანებდა -ილიამ საქართველის დაჭრილი, დასახიჩრებული სხეული ქირურგის მაგიდაზე დადო და ქირურგიული სიზუსტით შეუდგა მისი ჭრილობების დამუშავებას.  ამდენად, ილია  სოციალურ პრობლემებსაც ეხება_  მოხუცის  აზრით, „ქვაა ბატონის გული, მონისათვის ლამაზი ქალის ყოლაც კი საშინელებაა,  რადგან „გახდიან ყვავილს ფეხქვეშ სათრევლად.“

ამ პოემაში ილიამ ზუსტად განსაზღვრა XIX საუკუნის მისია: „შრომისა ახსნა ეგ არის ტვირთი, ძლევამოსილის ამ საუკუნის.“

ეროვნული მთლიანობა დარღვეულია, ზოგი ფუფუნებით ცხოვრობს  და გაჭირვებულ მოძმეს არ ეხმარება, ვაჭარი მხოლოდ მოტყუებაზეა გადასული, თბილისში თითქოს დუღს სიცოცხლე, მაგრამ ყველაფერი მოჩვენებითი და ამაოა, რადგან, „დაჟანგებულ ბორკილზედ“ ცვლიან თავისუფლებას. თვით მცხეთაც კი „სავანე გმირთა“, სამიკიტნო დაბად ქცეულა და „პირუტყვთ ქელვითა შეგინებულა.“

მოხუცი იხსენებს ალექსანდრე მაკედონელის შემოსევას და გარდასული მტრის დახასიათებაში თანამედროვე დამპყრობლის,  რუსეთის სახე ამოიცნობა:

      „თვით ერის ენას, მაგ ერის განძს იგი სდევნიდა,

სძაგდა ყოველი, რაშიც იყო ერის ღირსება,

 რაშიაც ერი თვისთა ნიჭთა იყო მსახველი….

      რისთვისაც დაშვრა მამა-პაპის გული და ხელი.“

როდესაც ხმალს „მამულის ტრფობამ“ მოჰკიდა  ხელი, მტერი განიდევნა საქართველოდან და ფარნავაზ მეფემ ქვეყანას „ვით მზე  მოჰფინა თავისუფლება“. სწორედ მამულისადმი ტრფობის ქადაგებაა მთელი პოემა. ამის გარეშე ილიას ვერ წარმოუდგენია ქვეყნის თავისუფლება. სამწუხაროდ, არც ეს პრობლემა გამქრალა XXI საუკუნის საქართველოში;  უბრალოდ „ფერი იცვალა“.

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ბევრი ჭირი და ლხინი უნახავს, მისი ცხოვრების მდინარე ბევრჯერ დამშრალა და შევსებულა.  ბოლოს კი უცხო ძალას „შური მტრობა და ლალვა“ გაუღვივებია ქვეყანაში, რის შედეგადაც,  მდინარის ნაპირები მორღვეულა და ზვირთნი „სხვადასხვა  ტოტად გადაგდებულან“. მოხუცის ფიქრი მხოლოდ ერთს  დასტრიალებს, თუ  როდის შეიკვრებიან „ერთის ფიქრით, ერთის ოცნებით“,  „იგიტომნი ცად აწვდილი, მძლავრ კავკასისა.“  ნაწარმოების მთავარი აზრი და იდეა სწორედ ამ სიტყვებში დევს. საქართველო თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის იყო ცენტრი კავკასიისა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვით კი ამ ცენტრმა რუსეთში გადაინაცვლა. ამ რეალობის წყალობით კი თუ საქართველო კავკასიის გამაერთიანებელი იყო, „ბარაქალა, ერთმორწმუნე  რუსეთი“ მის დამშლელ, და მეტიც, დამაპირისპირებელ ძალად მოევლინა კავკასიას. სამწუხაროდ, იმპერიული ზრახვები  „რუსეთუმე“  ქართველების განსაკუთრებული „ღვაწლის“  წყალობით  განხორციელდა კავკასიაში. ეს, შეიძლება ითქვას,  XIX საუკუნიდან მოყოლებული შეუქცევადი პროცესია, მიუხედავად საბჭოთა იმპერიის დაშლისა. საბჭოთა ბელადის, ლენინის სიტყვები გახლავთ: „მტერი დამარცხებულია და არა მკვდარი“. ჩვენ ან გამოგვრჩა მხედველობის არედან, ან თავს ვიტყუებთ, როცა გვგონია, რომ  საბჭოეთის დაშლით რუსეთი გარდაიცვალა და იდეოლოგია, რომელიც ამ ჩრდილოელი დათვის წინააღმდეგ იყო მიმართული დავიწყებას უნდა მიეცეს.

„საქართველოს თანმდევი, უკვდავი  სული“ შესთხოვს ღვთისმშობელს:

„დედავ ღვთისაო ეს ქვეყანა შენი ხვედრია,

შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულ ხალხსა…

 

ჰოი, სახიერო  ცისარტყელა განავლე ცასა,

რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა.“

ღვთისმშობელმა შეისმინა მოხუცის ვედრება და  „მსწრაფ გადმოეშვა ცისა კიდესა შვიდფეროვანი სარტყელი ცისა!“  ეს სარტყელი, მაცხოვრის კვართი  და ყოვლადწმინდა ქალწული  არის გარანტი საქართველოს მთლიანობისა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

ილია ჭავჭავაძე_ქართული საყმაწვილო ლიტერატურის ბიბლიოთეკა,  ტომი-4

 

          აკაკი ბაქრაძე -„მწერლობის მოთვინიერება“

 

          მაია ჯალიაშვილი _„ილია ჭავჭაძის „აჩრდილის“ სწავლებისათვის“

სწავლების პრინციპები

0

სწავლების პრინციპები, ეს ის ძირითადი დებულებებია, რომლებიც პედაგოგიური  მეცნიერების საფუძვლების  საყრდენს წარმოადგენს. ძირითადი წყარო, რომელიც  პრინციპების ჩამოყალიბებას  დაედო  საფუძვლად –  სწავლების პრაქტიკა,  გამოცდილება და მასწავლებლის საზრიანობაა. სწავლების პრინციპების  დანერგვისას მასწავლებელს მისი  გააზრება და განზოგადება უხდება.

გამოვყოთ სწავლების რამდენიმე  ძირითადი პრინციპები:

  1. თვალსაჩინოების სასწავლო პროცესში გამოყენება;
  2. მოსწავლეთა შეგნებულობა და აქტიურობა სწავლების პროცესში;
  3. სწავლების მეცნიერულობა;
  4. მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური განსაკუთრებულობის აღიარება;
  5. ცოდნის მტკიცედ ათვისება, მჭიდრო კავშირი თეორიასა და პრაქტიკას შორის.

თვალსაჩინოების სასწავლო პროცესში გამოყენება, ისევე როგორც განჭვრეტა, შემეცნების პროცესს გულისხმობს და სხვადასხვა მოდალობებზეა გათვლილი.

მოსწავლეთა შეგნებულობისა და აქტიურობის პრინციპი სწავლების პროცესში ითვალისწინებს შესასწავლი მოვლენების მიზანმიმართულად აღქმას, მათ გააზრებას, შემოქმედებითად გადამუშავებასა და გამოყენებას.  შეგნებულად ათვისება დამახსოვრების უმნიშვნელოვანესი პირობაა.

სწავლების ხელმისაწვდომობის პრინციპის არსი. მნიშვნელოვანია, რომ შესასწავლი მასალა სიძნელის დონის მიხედვით უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ათვისების პროცესში ის არ უნდა მოითხოვდეს ზედმეტ ძალისხმევას. ეს აუცილებელი პირობაა, რადგან სწავლებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა განვითარების დონე და ამავდროულად მან ხელი უნდა შეუწყოს მის ამაღლებას.

მეცნიერული მიდგომის პრინციპი ნიშნავს მეცნიერებაზე, კერძოდ როგორც ფაქტების სისტემათა წყაროზე, ასევე მის ცნებებსა თუ კანონზომიერებებზე დაყრდნობას, რომლებიც სკოლებში შესაბამისი საგნების მიხედვით ისწავლება.

მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების პრინციპის გათვალისწინება განაპირობებს სხვა დანარჩენ ქმედითობასა და შედეგს. მისი ძირითადი მიზანია: „ასწავლი რა ყველას, უნდა ასწავლო თითოეულს“.

სისტემატურობისა  და თანამიმდევრულობის პრინციპი გულისხმობს სვლას ფაქტებიდან დასკვნებისკენ, მაგალითებიდან წესებისაკენ, ზოგადიდან კერძო მაგალითებისკენ.

მასალა ათვისებულად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსწავლეს გაუჩნდება ასოციაციების სისტემა, კავშირი ახალსა და ძველს შორის. გააზრება იოლია, როცა  ასახსნელი მასალა მცირე ნაწილებადაა დაყოფილი და სისტემურად, მარტივიდან – რთულისკენ პრინციპით  მიეწოდება მოსწავლეებს.

ცოდნის მტკიცედ ათვისების პრინციპი გულისხმობს ცოდნის იმგვარად ათვისებას, როდესაც ცოდნა მოსწავლის მონაპოვარი ხდება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსწავლეებს ყოველთვის შეეძლებათ ისარგებლონ ცოდნით, როგორც სასწავლო, ისე პრაქტიკული მიზნების განსახორციელებლად. ამ პრინციპის რეალიზებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთავარის დეტალებისგან გამოყოფა.

თეორიისა  და პრაქტიკის დაკავშირების პრინციპი გულისხმობს სწავლების ცხოვრებასთან დაკავშირებას. ეს მისი ძირითადი კანონია: ცოდნა ცხოვრებასთან მუდმივ კავშირში უნდა იყოს, გამოიყენებოდეს პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად. ის მხოლოდ ამ შემთხვევაში აღძრავს მოსწავლეებში ინტერესს და მათ შემეცნებით საქმიანობაში სტიმულის მიმცემი ხდება.

აღზრდის პრინციპი სწავლების პროცესში. აღმზრდელობით როლს სწავლების პროცესში უწინარეს ყოვლისა თამაშობს: სწავლების მეთოდები, გაკვეთილის სტრუქტურა, უკუკავშირის ფორმები, მოსწავლეთა ორგანიზება, ღირებულებითი მიდგომები.

 

 

წყარო:

https://www.telenir.net/pedagogika/pedagogika

როგორ შევქმნათ სამუშაო ატმოსფერო საკლასო ოთახში

0

ზოგი მასწავლებელი დისციპლინასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს აწყდება, მაშინ როდესაც მისი კოლეგები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ქმნიან სწავლისთვის ნაყოფიერ გარემოს. როგორ ახერხებენ ამას?

ქაოსსა და წესრიგს შორის გადებული ხიდი ოთხი ხიმინჯისგან შედგება. თუ კლასის მართვა გსურთ, ყოველ მათგანს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს:

  • კარგად გათვლილ პროგრამაზე დაფუძნებული ეფექტური გაკვეთილები;
  • კარგი ორგანიზატორული უნარები;
  • მოსწავლისა და მასწავლებლის კარგი ურთიერთობა;
  • ეფექტური დისციპლინა (რომლის მიღწევაც შეუძლებელია, თუ წინა სამი პირობა არ შესრულდა).

პირველი ფაქტორი ძნელი შესაფასებელია – იმ დისციპლინური პრობლემების დიდი ნაწილი, რომლებსაც მასწავლებელი ეჯახება, ჯერ კიდევ გაკვეთილის დაწყებამდე, მისი დაგეგმვისას იჩენს თავს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სამოტივაციო ნაწილს. მოსწავლეებისთვის შეთავაზებული სამუშაო საინტერესო და მრავალფეროვანი დავალებებით გაჯერებული უნდა იყოს. სასწავლო აქტივობის დაგეგმვისას უნდა ვითვალისწინებდეთ  ყოველი მოსწავლის ინტერესებს და შესაძლებლობებს. დავალებები არც მეტისმეტად რთული უნდა იყოს და არც მეტისმეტად მარტივი. მოსაფიქრებელია წახალისების ფორმაც. ეს არ არის ადვილი, მაგრამ განა, საზოგადოდ, მასწავლებლობა ადვილია?!

განვიხილოთ „რთულ“ კლასთან ნაყოფიერი მუშაობის თემა. გამოცდილი პედაგოგები პრობლემებს კი არ აგვარებენ, არამედ იმთავითვე არ უშვებენ მათ წარმოშობას. პრაქტიკანტები გულმოდგინედ ცდილობენ იმ „ხრიკების“ ამოცნობას, რომელთა წყალობითაც  პედაგოგები „რთულ“ კლასებთანაც კი ახერხებენ ნაყოფიერ მუშაობას. კარგად ორგანიზებული გაკვეთილი შედეგიანია, დადებითი გამოცდილება კი დადებით ურთიერთობას განამტკიცებს.

ყველა პედაგოგს აქვს მოთხოვნებისა და წესების საკუთარი ნაკრები, თუნდაც ის გაცხადებული არ იყოს. გულდასმით გაიაზრეთ, მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ ეს წესები და თანმიმდევრულად მოითხოვეთ მათი შესრულება. გინდათ, დავალებები ორშაბათობით ან სამშაბათობით ჩაგაბარონ? მოსწავლემ ხელი აიწიოს კითხვის დასასმელად? პრაქტიკული მეცადინეობისას ნებადართულია თუ არა საუბარი?

წესების ფორმირება დროს მოითხოვს. ისინი საგანმანათლებლო შედეგების მიზანმიმართულობაზე, უსაფრთხოების ტექნიკასა და სხვა ასეთ ამოსავალ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა თქვენს ჩვევებზე. დღემდე მახსოვს წყენა, მასწავლებელმა რომ მომაყენა, როცა მთელი თხზულება თავიდან გადამაწერინა, რადგან მწვანე კალმით მქონდა ნაწერი. თუმცა ამის გამო მოგვიანებით „შური ვიძიე“.

გაკვეთილზე რა შეიძლება და რა – არა, ამაზე მოსწავლეები თქვენი სიტყვების კი არა, ქცევის საფუძველზე იმსჯელებენ. თუ გაკვეთილზე საუბარს კრძალავთ, მაგრამ არ აღკვეთთ მას, წესი არაქმედითი ხდება. თუ უცებ მივარდებით მოსწავლეს და უსაყვედურებთ უდროო და უადგილო საუბრისთვის, მიიღებთ აღშფოთებულ პასუხს: „რატომ მარტო მე? სხვებიც ხომ ლაპარაკობდნენ?!“

თუ მხოლოდ იმ მოსწავლეებს მისცემთ აზრის გამოთქმის საშუალებას, რომლებიც ხელს იწევენ და უგულებელყოფთ მათ, ვინც ადგილიდან წამოიყვირებს, ხელის აწევა წესად იქცევა.

რა მკაფიოდაც უნდა ჩამოაყალიბოთ თქვენი წესები, იცოდეთ, რომ ისინი სიმტკიცეზე გამოცდას მაინც გაივლიან, ამიტომ დაჟინებით მოითხოვეთ მათი შესრულება. ეს საკმაო დროს მოითხოვს, მაგრამ ამგვარი სამუშაო მნიშვნელოვანი ინვესტიციაა სამომავლო წესრიგისათვის.

ადამიანთა ქცევის წესები პრეცენდენტებზეა დამყარებული, ამიტომ მათთან მიმართებით შეუბრალებლად თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ. გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ ისინი არცთუ ხშირია. დარწმუნდით საკუთარი ქმედების სამართლიანობაში და იყავით პრინციპული. ერთმა დიდი გამოცდილების მქონე პედაგოგმა ხუმრობით ასეთი რჩევა მომცა: „თავის მართლებას მოუსმინე თანაგრძნობით და ინტერესით, მერე კი ყურადღება არ მიაქციო“.

ზოგჯერ კარგია წესებისა და მოთხოვნების მოსწავლეებთან ერთად განხილვა: „როდის ისურვებდით დავალებების ჩაბარებას – ორშაბათობით თუ სამშაბათობით?“ ზოგ პედაგოგს პრობლემა კლასის სამსჯავროზე გამოაქვს: „ვხედავ, რომ ბევრი დროულად არ აბარებს სამუშაოს, რაშია საქმე? იქნებ დავალებები  მეტისმეტად რთულია?“ დაჟინებით მოითხოვეთ იმ წესების დაცვაც, რომლებიც თავად შემოგთავაზეს. როცა წესები დამკვიდრდება, შეგიძლიათ, ოდნავ გადაუხვიოთ მათ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც სამართლიანი იყავით.

ყველა პედაგოგს, რომლებიც კონკრეტულ მოსწავლეთა ჯგუფებთან მუშაობენ, შეძლებისდაგვარად მსგავსი მოთხოვნები და წესები უნდა ჰქონდეს. სთხოვეთ კოლეგებს მათ გაკვეთილზე დასწრების ნებართვა. თუ თქვენი მოთხოვნები შეესაბამება მათსას, მუშაობაც გაადვილდება.

კლასში მოსწავლეების მოსვლამდე შედით, შეამოწმეთ, მზად გაქვთ თუ არა და მუშაობს თუ არა ყველაფერი. თუ საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლით, წინასწარ გაიარეთ ის ექსპერიმენტი, რომელსაც შემდეგ მოსწავლეებს წარუდგენთ. მოამზადეთ ყველა საჭირო ხელსაწყო, რომ მერე საძებარი არ გაგიხდეთ. როცა მოსწავლეები საკლასო ოთახში შემოსვლას დაიწყებენ, შეგიძლიათ, კართან დახვდეთ, მიესალმოთ და თვალი ადევნოთ, როგორ დასხდებიან მერხებთან. შეეცადეთ, საქმიანი, მშვიდი და თავდაჯერებული გამომეტყველება გქონდეთ. გაკვეთილი დროულად დაიწყეთ, დაგვიანებულების ლოდინი უსამართლობა იქნება დროულად მოსულების მიმართ, თანაც ამით დანარჩენებსაც უბიძგებთ დაგვიანებისკენ.

ძალიან მნიშვნელოვანია კლასში დისციპლინის დამყარება და შენარჩუნება. ახალ ჯგუფთან მუშაობის დაწყებისას პედანტურად მოქმედებაა საჭირო. ამისთვის დროის დახარჯვა ღირს. თუ ამას პირველსავე გაკვეთილზე ვერ მიაღწიეთ, საეჭვოა, შემდგომში მოახერხოთ. თუ მოსწავლეებს არ ესმით თქვენი ნალაპარაკები, არ მოგისმენენ.

სთხოვეთ, გაჩუმდნენ და დაელოდეთ, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას. თუ თხოვნის გამეორება მოგიხდათ, გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული რჩევები.

არ დაიწყოთ საუბარი, სანამ ყველა არ გაჩუმდება და მზერას არ მოგაპყრობთ, თორემ მოსწავლეებს შეექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ნებას რთავთ, როცა მოესურვებათ, მაშინ ისაუბრონ.

არ შეიმჩნიოთ შიში და ბრაზი, არ გადახვიდეთ შეურაცხყოფაზე. ეს არ არის შედეგის მომტანი და ისეთ წარმოდგენას ქმნის, რომ სიტუაციის კონტროლი არ შეგიძლიათ. ნაცვლად ამისა, დაანახეთ ბავშვებს, რომ ხმაურის გამო რაღაც მნიშვნელოვანს უშვებენ ხელიდან.

როცა ყველა გაჩუმდება, კლასს რამდენიმე წამი ადროვეთ, რომ სიჩუმე იგრძნონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ ლაპარაკი. თუ რომელიმე მათგანი თქვენს პარალელურად ალაპარაკდა, სიტყვა გაწყვიტეთ და მზერა მოლაპარაკეს მიაპყარით, სანამ არ გაჩუმდება. თუ საჭირო გახდა, სახელით მიმართეთ, სთხოვეთ, გაჩუმდეს და გისმინოთ, ხოლო როცა კვლავ იდეალური სიჩუმე დამყარდება, განაგრძეთ იქიდან, სადაც შეჩერდით. მალე მოსწავლეები მიხვდებიან, რომ ისე ვერ შეძლებენ საუბარს, ყურადღება არ მიიქციონ და ასე აღარ მოიქცევიან.

თუ რომელიმე მოსწავლე გამუდებით არღვევს სიჩუმეს, შეახსენეთ, რომ ერთდროულად მოსმენაც და საუბარიც შეუძლებელია. გვერდით დაუდექით ან სხვაგან გადასმით დაეუქრეთ. სხვა ვარიანტებიც არსებობს, რომლებსაც შემდეგ განვიხილავთ. რომელიც არ უნდა აირჩიოთ, მთავარია, არ დანებდეთ, მაგრამ ნურც ზედმეტის მოლოდინი გექნებათ. ზოგიერთ ჯგუფს მასწავლებლის საუბარზე კონცენტრირება მხოლოდ რამდენიმე წუთით შეუძლია. თუ ასეთ ჯგუფთან მოგიწიათ მუშაობა, ფრონტალურ სიტყვიერ მეთოდზე ნუ აიღებთ ორიენტაციას. მოსწავლეთა მცირე ჯგუფებს ესაუბრეთ, გამოიყენეთ დაფა ან პროექტორი, დაეყრდენით ჩამოსარიგებელ მასალაზე მუშაობის მეთოდს.

დააწყისი გაკვეთილის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. პირველი ხუთი წუთი განსაზღვრავს მთელი გაკვეთილის მსვლელობას. თუ გსურთ, „მიძინებული კლასი“ გამოაცოცხლოთ, დაიწყეთ ენერგიულად, თუ ახმაურებული კლასის დაწყნარება გინდათ – წყნარად. თუ კლასი განსაკუთრებით ხმაურიანია, შეეცადეთ, დაიწყოთ დავალებით, რომელიც ინდივიდუალური მუშაობისთვისაა განკუთვნილი და თქვენი მხრის ახსნას არ მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს დაფიდან სქემის გადახაზვა, სახელმძღვანელოში მოცემულ დავალებაზე მუშაობა ან წინა გაკვეთილზე დაწყებული სამუშაოს გაგრძელება. ეს საშუალებას მოგცემთ, მთლიანად მოახდინოთ ფოკუსირება სიწყნარის დამყარებაზე, სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე, დაგვიანებულ მოსწავლესთან მუშაობაზე, რომელმაც სახელმძღვანელო დაკარგა. თუ სიჩუმე ხუთ წუთს გაგრძელდა, ესე იგი სამუშაო ატმოსფერო მთელი გაკვეთილის განმავლობაში უზრუნველყოფილია.

ზოგი პედაგოგი, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ხმაურიან გარემოში (მაგალითად, ჩართული კომპიუტერების თანხლებით) უწევთ მუშაობა, ყურადღების მისაქცევად განსაკუთრებულ პრაქტიკას იყენებენ, მაგალითად, სამჯერ შემოკრავენ ტაშს. ილაპარაკეთ ლაკონიურად, მაგრამ გასაგებად და პოზიტიურად. ინტონაცია უნდა იყოს სასიამოვნო, მაგრამ მტკიცე და დამაჯერებელი.

თუ მოსწავლეებს ხშირად უწევთ თქვენს მაგიდასთან მოსვლა სადემონსტრაციო ცდის უკეთ დასანახავად, აჯობებს, მათი განლაგების გეგმაც შეიმუშაოთ, რათა თითოეულმა მათგანმა იცოდეს, სად დადგეს.

ნუ გამოიყენებთ განზოგადებულ მიმართვებს, მაგალითად: „ბოლოს და ბოლოს, როდის შეუდგებით მუშაობას?“ საერთო ინსტრუქცია მხოლოდ ერთხელ მიაწოდეთ, მერე კი მიმართეთ კონკრეტულ მოსწავლეებს, რომლებიც არ ან ვერ ასრულებენ ამ ინსტრუქციას. გამოიყენეთ სახელებით მიმართვის ფორმა ან თვალებით კონტაქტი: „ლეო, დროა, მუშაობა დაიწყო!“

თუ ინსტრუქციებს იძლევით, თავადვე უნდა მისცეთ მათი შესრულების მაგალითი. თუ მოსწავლეებისგან მოითხოვთ რვეულის ფაქიზად და მეთოდურად წარმოებას, თავადაც ასე წერეთ დაფაზე. თუ მოითხოვთ უსაფრთხოების ტექნიკის დაცვას, თქვენც დაიცავით. უფლება არ მისცეთ მოსწავლეებს, გაკვეთილის დასრულებამდე გავიდნენ საკლასო ოთახიდან – ეს სახიფათო პრეცენდენტს შექმნის. მათ, ვინც სხვებზე ადრე დაასრულებს მუშაობას, მიეცით დავალება მიმოხილვაზე.

 

 

კლასის გრძნობა – „თვალები კეფაზე“

როდესაც სამოცი წლის სასწავლო ნაწილი რჩევებს მაძლევდა, ნახევრად ხუმრობით შემომთავაზა, კლასისთვის ლაბორატორიული კარადის შუშაში მედევნებინა თვალყური და მოუსვენრებისთვის თავის მოუბრუნებლად მიმეცა შენიშვნა. „ეს პატარა ეშმაკუნები მაშინ გცემენ პატივს, როცა ჰგონიათ, რომ მათ აზრებს კითხულობ და მაშინაც კი იცი, რას აკეთებენ, როცა ვერ ხედავ“.

შეუფერებელი საქციელი გადამდებია. მოსწავლეები ფიქრობენ: „რატომ მოვიქცე კარგად, როცა სხვები ცუდად იქცევიან?“

რასაც არ უნდა აკეთებდეთ თქვენ ან თქვენი მოსწავლეები, თქვენი იქ ყოფნა კლასის ყოველ კუთხეში უნდა იგრძნობოდეს. უკანა მერხზე მსხდომი მოსწავლეები თქვენს გავლენას ისე მძაფრად ვერ შეიგრძნობენ, ამიტომ დროდადრო მიუახლოვდით მათ. საუბრისას შეეცადეთ, ყველას თვალებში უყუროთ. იყავით ყურადღებიანი და გამუდმებით მაგიდასთან ნუ იდგებით. საით იყურებიან ბავშვები? გისმენენ თუ არა? ყველას აქვს მომარჯვებული კალამი? თუ რომელიმე არ მუშაობს, შეაჩერეთ მასზე მზერა, თუ საჭიროა, ახლოს მიდით, გვერდით დაუდექით და ისე განაგრძეთ ახსნა. ჩვეულებრივ, ეს საკმარისია უდისციპლინო საქციელის ასალაგმავად.

დაფაზე წერისას დროდადრო შემოტრიალდით და მზერა მოავლეთ კლასს. როცა ერთ მოსწავლეს ესაუბრებით, ყურადღება არ მოადუნოთ, ისე დადექით, რომ მთელ კლასს ან მის დიდ ნაწილს ხედავდეთ. როცა მერხებს შორის დადიხართ, მაშინაც მზერით მოახდინეთ „სკანირება“. მახვილები ყურადღება დაგეხმარებათ, დასაწყისშივე ალაგმოთ არასასურველი ქმედება, ოპერატიულობის შემთხვევაში კი მოსწავლეები მიხვდებიან, რომ დაწყებას აზრი არ აქვს.

ზოგჯერ უკეთესია, თავი ისე დავიჭიროთ, თითქოს მოსწავლეების უწყინარ ცელქობას ვერ ვამჩნევთ. გამოცდილების დაგროვებასთან ერთად ისწავლით, რისი იგნორირება შეიძლება, თუმცა ასეთი შემთხვევა ცოტაა.

ძნელია, ყურადღება სწავლების პროცესში არ მოადუნდო. ამას პრაქტიკა სჭირდება. პირველ ხანებში ეს შეუძლებელი გვეჩვენება, მაგრამ მალე ამას ისევე მექანიკურად გააკეთებთ, როგორც გამოცდილი მძღოლი რთავს მანქანის სიჩქარეს. ასევე უნდა ისწავლოთ კარგი საქციელის დანახვა და აღნიშვნა, რათა მოწესრიგებული მოსწავლეები წაახალისოთ.

არასათანადო ქმედება რაც შეიძლება სწრაფად უნდა ალაგმოთ სამი მიზეზის გამო:

* რომ სხვა მოსწავლეებსაც არ გადაედოთ;

* ადამიანის შეჩერება მაშინ უფრო ადვილია, როცა რაღაცას იწყებს, ვიდრე შემდეგ;

* რომ არ მივცეთ მოსწავლეს საშუალება, მიიღოს შედეგი, რომელსაც ცუდი საქციელისგან ელის.

მოსწავლეებს უყვართ გაკვეთილზე ლაპარაკი. თუ მათ მოახერხეს რამდენიმე ფრაზის გაცვლა, სანამ ყურადღებას მიაქცევთ, მიიჩნევენ, რომ ეს თქვენს უკმაყოფილებად ღირს. თუ პირველივე სიტყვებზე შეაჩერეთ, მიხვდებიან, რომ გაგრძელება არ ღირს.

„ხანძრის“ ეფექტურად ჩასაქრობად ყველა მოსწავლის სახელის ცოდნა აუცილებელია.

„იმ დროს გენუა იყო აყვავებული სავაჭრო პორტი… ხომ ასეა, სემუელ? ეს იყო არცთუ ისე დიდი ქალაქი…“

თუ სახელი უკმაყოფილო კილოთი წარმოითქვა, სემუელი ხვდება, რატომ მიმართეს სწორედ მას და არა სხვას. ეს ილეთი პრაქტიკულად ყოველთვის საკმარისია არასათანადო ქცევის შესაჩერებლად.

თუ ამჩნევთ, რომ გაუგონარი მოსწავლეები თქვენი ძალისხმევის წყალობით უბრუნდებიან სამუშაო პროცესს, ნუ დაიშურებთ დადებით გამოხმაურებას: „აი, ახლა გაცილებით უკეთესია, სწორ გზას ადგახარ“. გამოკვლევები მოწმობს, რომ კარგი საქციელის დაფასება გაცილებით ქმედითია, ვიდრე ცუდის კრიტიკა.

 

ქების ძალა

ერთ-ერთი გამოკვლევის ფარგლებში ნოემბრიდან ივნისამდე კვირაში სამჯერ, დღეში 20 წუთის განმავლობაში, აკვირდებოდნენ „პრობლემური ქცევის მაღალი მაჩვენებლის“ მქონე მოსწავლეებს და 10 წამში ერთხელ აღნუსხავდნენ მათ „სწორ“ და „არასწორ“ საქციელს. კვლევის დასაწყისში ზოგი მათგანი დროის 70%-ის განმავლობაში არასწორად იქცეოდა, თუმცა გამოცდილი და კომპეტენტური მასწავლებელი იყენებდა სხვადასხვა სტრატეგიას, რომლებიც მოსწავლეებს უკეთ მოქცევაში ეხმარებოდა. ქცევის წესების შეხსენება ნაკლებად ჭრიდა, ხოლო ცუდი საქციელის იგნორირება უფრო მეტად აფუჭებდა საქმეს. როცა მოსწავლეებს შეახსენებდნენ ქცევის წესებს, ცუდ საქციელს უგულებელყოფდნენ, მაგრამ უქებდნენ კარგს, ეს ბავშვები დროის 90%–ის განმავლობაში კარგად იქცეოდნენ. დასკვნა თავად გამოიტანეთ.

 

წყარო:

Geoff Petty. Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher. Oxford University Press, 2009. p. 125-133

 

 

 

  თბილისი–თბილისი

0

  ალბათ, ყველას გვახსოვს რამდენიმე წლის წინანდელი ამბავი, რომლის თვითმხილველი მწერალი და კრიტიკოსი ლელა კოდალაშვილი იყო: როგორ ჩამოაგდეს, ებოლას ვირუსის შიშით, ფერადკანიანი ბიჭი ავტობუსიდან. რამდენადაც მახსოვს, შემდეგ ლელამ აღიარა, რომ ამბავი ცოტა გაამწვავა, მაგრამ ეს სიტუაციას არ ცვლის, შეიძლება ასეთი რადიკალური ფორმით არა, მაგრამ რასისტულ გამოხტომებს, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არცთუ იშვიათად ვაწყდებით. რასიზმი მხოლოდ და მხოლოდ ცხვირ–პირის დალეწვით არ გამოიხატება, ის შეიძლება ავტობუსის კონტროლიორის  მხრიდან ეთნიკურად და რელიგიურად განსხვავებული ადამიანის მიმართ არასათანადო მოპყრობაშიც გამოიხატოს, ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე მქონია, მაგრამ ამჯერად ორ შემთხვევას გავიხსენებ:

მახსოვს ერთხელ ავტობუსში რამდენიმე მგზავრმა (ახალგაზრდებიც იყვნენ მათ შორის) კონტროლიორს ხურდა მიაწოდა, რომ მათთვის ბილეთები აეღო. წინ შავკანიანი ბიჭი იჯდა და იმანაც მიაწოდა, კონტროლიორმა ყველასთვის აიღო ბილეთი, გარდა იმ ბიჭისა. დაბღვერილი სიფათით შეხედა და ხელით ანიშნა შენ თვითონ აიღეო. „სულ გაბლატავდნენ ესენიო!“ – ჩაილაპარაკა მერე და ამაყად მოგვავლო თვალი თანამოაზრის მოლოდინში, მაგრამ რამდენიმე ჩვენგანის აღშფოთებას რომ გადააწყდა, ავტობუსის უკანა ნაწილისკენ გაიძურწა. არადა მგზავრებისთვის ბილეთების აღება მისი პირდაპირი მოვალეობაა და უნდა მოემსახუროს ყველას, განურჩევლად რასისა, სექსუალური ორიენტაციისა და პოლიტიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა.

კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება: რუსთაველზე, ავტობუსში, სომხურად მოლაპარაკე ორი გოგო (სავარაუდოდ ტურისტები) იჯდა, გაჩერებასთან კონტროლიორები ამოვიდნენ, რამდენიმე მგზავრმა ბილეთი აიღო, ამ გოგოებმაც ლაპარაკი შეწყვიტეს და ერთ–ერთი მათგანი ბილეთის ასაღებად ადგა, კონტროლიორმა სალარომდე არ მიუშვა და ჯარიმის გამოსაწერად ქვევით ჩაიყვანა ორივე.

ახლა კი იმ თემაზე უნდა გადავიდე, რამაც ამ ბლოგის დაწერა გადამაწყვეტინა: ზოგადად, როგორც ყველა ნორმალური ქართველი ახალგაზარდა, ისე ვარ აღზრდილი, რომ ტრანსპორტში უფროს კაცს, ქალს თუ გოგონას ადგილი უნდა დავუთმო. ამას წინათაც „მარშრუტკაში“ ვიჯექი, ქალი ამოვიდა და დავუთმე ადგილი, ცოტა ხანში სხვა ადგილი განთავისუფლდა და იქ დავჯექი, ისევ ამოვიდა ქალი და ამჯერად და იმას დავუთმე ადგილი და ასე რამდენჯერმე. სამედიცინო უნივერსიტეტთან ან ინდოელი ან პაკისტანელი გოგო ამოვიდა და მასაც დავუთმე ადგილი. უცებ ზურგზე და წელზე ჯგუფური ბწკენა ვიგრძენი, მივბრუნდი და რამდენიმე გაავებული ქალის სისინი გავიგონე:“რატო დასვი ეს“, „ამას რატო დაუთმე ადგილი“ და ასე შემდეგ. თავიდან ვითმინე, მაგრამ ბოლოს ნერვებმა მიმტყუნა და გაბრაზებულმა „მარშრუტკა“ გავაჩერებინე და ჩავედი. სხვათაშორის, მძღოლმა ფული არ გამომართვა.

ეს ყველაფერი იმ დღესვე ფეისბუქზე დავასტატუსე და ერთმა ფრენდმა დამიკომენტარა: არ მჯერა, იგონებო. ვერც მაშინ მივხვდი და ვერც ახლა ვხვდები, რატომ შეიძლება ადამიანს ასეთი რამის მოგონების სურვილი გაგიჩნდეს. მაგრამ, ეტყობა, ადამიანი რასაც თავისთავში უშვებს, სხვისთვისაც დასაშვებად თვლის.

ვიღაცა შემომედავება: ასეთი რაღაცები სხვაგანაც ხდებაო. კი, ბატონო, შეიძლება სხვაგანაც ხდება, მაგრამ რასისტული თუ ჰომოფობიური გამოხტომები ყველგან უპირობოდ დასაგმობია, არ აქვს მნიშვნელობა პარიზში ხდება, თბილისში თუ ქვედაჩხოროწყუში.

არადა თბილისი ყოველთვის მრავალეთნიკური ქალაქი იყო. თავის დროზე სირცხვილად ითვლებოდა ადამიანისთვის წარმომავლობის და ეროვნების კითხვა, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ხვდებოდნენ ადამიანის წარმომავლობას, იმის მიხედვით, თუ რომელ სასაფლაოზე დაკრძალავდნენ, რადგან ყველა ეთნიკურ ჯგუფს თავისი სასაფლაო ჰქონდა.  ე. წ. იტალიურ ეზოებში დღემდეა შემორჩენილი ურთიერთპატივისცემა. მე ერთი წელი ვცხოვრობდი ე. წ. იტალიურ ეზოში, სომეხი, რუსი–გერმანელი და ებრაელი მეზობლები მყავდა და საოცარი თანადგომა იცოდნენ.

ერთი უახლოესი ძმაკაცი მყავს, ბოლნისელი სომეხი, არმენ არუთინოვი, შესანიშნავი მთარგმნელი, მწერალი და პოეტი. მისნაირი მოქართულე იშვიათად მინახავს, მისი მოსმენა ერთი სიამოვნებაა, თითოეულ ქართულ სიტყვას თითქოს ტკბილეულივით აგემოვნებს. სწორედ მას ვუძღვნი ამ ბლოგს.

 

 

 

 

 

ძველი პრესის ნათელი

0

სამი ათას წელზე მეტი

გვიცხოვრია, როგორც ერსა.

ბევრსა შავ დღეს მოვსწრებივართ,

მაგრამ ბევრსაც ბედნიერსა.

გვიმღერია, კიდეც ვიმღერთ

ჩვენ ტკბილ მრავალჟამიერსა…

                                      ა. შანიძე

 

ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის მეასე წლისთავს

 

 

ერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობისას, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ძველი პრესის გადათვალიერება მომიწია. თავიდან სწორედ ასე ვაპირებდი – გადათვალიერებას, იღბლისა და მახვილი თვალის წყალობით ჩქარ-ჩქარა ჩაფურცლულ ამბებში შენთვის საინტერესოს და საჭიროს რომ წააწყდები ხოლმე უცებ – ამ იღბლიანი შემთხვევის იმედით.

ზუსტად ერთი საუკუნის წინანდელი პრესა გადმოვიღე, დავაკონკრეტებ, გაზეთი  „საქართველო“,  და შევუდექი ფურცვლას…

ჩვენს ისტერიკულად ასწრაფებულ დროში, სადაც ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ლამის კენჭებიდანაც კი ჟონავს, წინა საუკუნის პრესა, მოგეხსენებათ, რა დიდი ანაქრონიზმი, საექსპონატო ამბავი უნდა ყოფილიყო, ან რით უნდა გაოცდე დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინფორმაციული ბუმის ეპოქაში. მაგრამ ეს ამაყი თავდაჯერება აუცილებლად გვერდზე დაგრჩებათ, თუკი გადაწყვეტთ და თქვენს ძვირფას დროს, რამდენიმე საათით მართლა დაუთმობთ ძველი პრესის გაცნობას.

1917-18-19-20 და -21 წლების გაზეთები – დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდიკა, ყველაზე ცოცხალი, მძლავრად მფეთქავი ძარღვი სახელმწიფოს ცხოვრების რიტმში – ყველა ფურცლიდან თითქოს ახალი სიო უბერავს, ახალი ენერგია იგრძნობა, რაღაცნაირი, ღონიერი რწმენა საკუთარი თავისა, საქციელისა. ეს ხომ ბუნებრივიცაა – საქმე პირველი რესპუბლიკის პერიოდთან გვაქვს, სამწლიან ისტორიასთან, რომელმაც ჩვენი ეროვნული თავისუფლების ზღაპარი სინამდვილედ გვიქცია, გლობალურ მსოფლიო ამბებში დამოუკიდებელ სუბიექტად ჩაგვრთო და ცოტა ხნით წარმოგვადგენინა, როგორი შეიძლება იყოს ჭეშმარიტი თავისუფლება…

 

გაზეთი „საქართველო“ ეროვნულ-დემოკრატების პლატფორმა გახლდათ და ცხადია, რომ ეროვნული პათოსით სავსე, სოციალ-დემოკრატიული და მენშევიკურ-ბოლშევიკური ახირებებისგან დიდწილად თავისუფალი პერიოდიკა იყო. როგორც ჩანს, გაზეთს ჯანსაღი ხალხი ქმნიდა – არა მოპოვებული გამარჯვებით დაბრმავებული და ილუზიებს გამოკიდებული, არამედ, სრულიად რეალისტურად მოფიქრალ-მოაზროვნე ჟურნალისტები, რომლებსაც, ამ დაუფლებული დამოუკიდებლობის შენარჩუნების მთავარ გზად ქვეყნის ეკონომიკური ძლიერება – ეკონომიკური დამოუკიდებლობაც ესახებოდათ.

ჭიათურის შავი ქვის მადანი და აფხაზეთის თამბაქოს მრეწველობა – ეს ის კორპორაციებია, რაზეც გაზეთის სოციალური ბლოკის ავტორები დიდ იმედებს ამყარებენ, ვრცელ სტატიებს უძღვნიან, ამხნევებენ ეროვნულ წარმოებას.

იხსნება ახალი ბანკი – ცენტრობანკი; გაზეთის რამდენიმე ნომერი პირველ გვერდს მის რეკლამას უთმობს. იხსნება რესტორნები, სასადილოები, ზოგი სტანდარტული, ზოგიც უცნაური და სასაცილო სახელით; იხსნება სხვადასხვა ტიპის მაღაზიები – ტრიკოტაჟის, ტექსტილის. გაზეთი მათ რეკლამას ისევ პირველ გვერდებზე ათავსებს.

 

„ქეთო და კოტეში“ ქაბატო რომ ქეთოს მზითევს რეპის რეჩიტატივით კითხულობს, დაახლოებით ეგეთ რიტმულ პოეზიასთან გვაქვს საქმე ზოგიერთი მათგანის სარეკლამო ტექსტში.

აბა, უსმინეთ:

„გვაქვს გასაყიდად: ტრიკო ფრანგ.კოსტუმებისთვის. შევიოტი, ხაბარდინი, კოვერკოტი, დრაფი რუხი, მაუდი მოწაფეთათვის, ტრიკო ვაჟთათვის, ტაფტა, რატინი, შიფონკა, მადაპალომო, გრიზბონი, შერტინგი, ბატისტი, რაგოჟა თეთრი…“ და ა.შ.

რა მრავალფეროვანი არჩევანია! ახლა მათგან შეკერილი კოსტუმები წარმოიდგინეთ – რომელი ფეშენ-ვიკი და მოდის კუტურიე აუვა ამ თავბრუდამხვევ პალიტრას, რომლითაც დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები თავიანთ თავისუფალ არსებობას მოსავდნენ?

იმდროინდელ თბილისზეც მკაფიო და ფერადოვანი წარმოდგენა გექმნებათ, როცა, მაგალითად, ასეთ რეკლამასაც გადააწყდებით:

 

ზუსტად ვერ გეტყვით, რომელ ქუჩას ნიშნავდა მაშინდელი „თეატრალური ქუჩაბანდი“, სადაც ეს მაგიური ხირომანტ-ასტროლოგი კლიენტებს ეპატიჟებოდა, თუმცა, როგორც ყოველთვის, მას მაშინაც ბევრი ვიზიტორი ეყოლებოდა, რადგან ადამიანებს ხომ ყოველთვის, ყველა ეპოქაში აინტერესებთ გნებავთ საკუთრი და გნებავთ სხვისი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც…

ახლა მომდევნო გვერდები გადავფურცლოთ და სიღრმეში წავიდეთ – გაზეთის და აზრის სიღრმეში ერთდროულად, იმიტომ, რომ აქ მართლაც ღრმა და ანალიტიკურ სტატიებს შეხვდებით – ავტორები ქვეყნის ბედს იკვლევენ, მკითხველს მსოფლიოს ახალ ამბებს აცნობენ, ეროვნულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობენ. არც კრიტიკას ერიდებიან – მენშევიკური მთავრობა უკვე ბევრ შეცდომას უშვებს, ეს ქვეყანას დამოუკიდებლობის მიღებიდან რამდენიმე თვეში უკვე დაეტყო. გაზეთები აფრთხილებენ მათაც და მოსახლეობასაც, ხან მწარედ, ხან იუმორით, ხან მწარე იუმორით. „ვინმე მესტვირე“ ჰყავთ – მელექსე, (ხანდახან „ისკანდერ მუნჯის“ ფსევდონიმსაც იშველიებს), ყოველ თვე ახალ-ახალ შაირებს აცხობს. მაგალითად, 1920 წლის დადგომას ასე ულოცავს სრულიად საქართველოს:

„შაირ-ლექსით მომილოცავს

მკითხველო, ახალი წელი,

იმ ოხერმა ძელმა წელმა

შიმშილით მომწყვიტა წელი.

 

…საქართველოს ემუქრება

დენიკინი მორიელი,

დენიკინს თვალი დაუდგა

დაგვესია უცხოელი… „

და ა.შ.

სავარაუდოდ, მისი ლექსები პოპულარულია, ხალხში ზეპირსიტყვიერადაც ვრცელდება, რადგან არ არსებობს თემა, „მესტვირე“ რომ არ გამოეხმაუროს და გაზეთიც დიდი სიამოვნებით ბეჭდავს მის შაირებს…

ეს კი ხელს არ უშლის მკითხველს, ამავე გაზეთებში ისეთი ავტორები იკითხოს, როგორებიცაა – გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი; თითქმის ყველა „ცისფერყანწელი“. მათი ლექსები, მოთხრობები, ესეები ყველა ნომერშია, ეს კი ნიშნავს, რომ გაზეთი მაღალკულტურულია, სანდოა და ჯანსაღი – აქ ქვეყნის გული მთლიანად ფეთქავს!

რამდენი რამ მოხდა იმ სამ წელიწადში – მარტყოფის მონასტრის კელიაში საეჭვო გარემოში (თვითმკვლელობას აბრალებდნენ რეჟიმის მიერ მოკლულს) გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე; გორში მოხდა დიდი მიწისძვრა და ზარალიც იყო აურაცხელი და ფატალური; დავკარგეთ და ისევ დავიბრუნეთ ბათუმი; ანტანტამ აღიარა საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა…

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა წლიდან წლამდე მძიმდებოდა, ბოლშევიკები უფრო და უფრო იკრებდნენ ძალას, საქართველოს მოსახლეობა, მთავრობასთან ერთად, მაინც ჯიუტად დარაჯობდა მოპოვებული თავისუფლების იდეასა და სინამდვილეს!

1920 წელს, ერთ მშვენიერ დღეს, დიდუბის პანთეონში, კათალიკოსმა ლეონიდემ პანაშვიდი გადაუხადა საქართველოს თავისუფლებას „მონატურ“ მწერლებს – ი.გოგებაშვილს, ნ.ბარათაშვილს, გ.წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, არჩილ ჯორჯაძეს… თითქოს გასაკვირიც რაა ამაში, მაგრამ ხომ წარმოიდგენ იმ დიდ-განცდებიან ქართველებს, თავისი ქვეყნის თავისუფლება ერთნაირად რომ ახარეს ცოცხალსაც და გარდაცვლილსაც!.. იმ წინაპრებს რომ „აბარებენ ანგარიშს“, ვინც მთელი ცხოვრება ამ თავისუფლების „მონატური“ იყო და ეს ოცნება საფლავში წაიღო!.. შესაშური კავშირია დროსთან, იმიერ და ამიერ სამყაროსთან, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების იდეასთან!..

ეს ყველაფერი გაზეთებიდან იკითხება, იქაა ეს ამბები – ხან მშრალად, ხან კი გემრიელად, ავტორის პირადი ემოციით და შთაბეჭდილებით მოყოლილი. თანამედროვე ჟურნალისტიკა სხვა სიმაღლეებიდან უყურებს მოვლენებს, მათ შორის წარსულსაც და ყველაფერს, რაც ამ წარსულში იყო, თუმცა, ვფიქრობ, ამ გაზეთების შემთხვევაში მხოლოდ ბიბლიოგრაფიულ სიძველეებთან არა გვაქვს საქმე. ეს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პერიოდიკაა – პრესა, საიდანაც ყველაზე ცხადად და მრავალფეროვნად ვკითხულობთ ჩვენი ქვეყნის საუკუნის წინანდელ ისტორიას. საიდანაც ვკითხულობთ, რომ, რომ არა ბედის უკუღმართობა და რუსული იმპერიალიზმის ბოროტება, ჩვენ ერთი საუკუნის წინ უკვე გვქონდა ყველა მყარი სახელმწიფოებრივი მონაცემი, ვფიქრობდით მასშტაბურად და ანალიტიკურად და ვიკრებდით ძალას, რომ ეს ქვეყანა, ბოლოს და ბოლოს, საკუთარ თავს ღირსეულად დაუფლებოდა!..  ეს ჩვენი ქვეყნის არც ისე შორი წარსულია, ისტორია, რომელიც ძალიან ხშირად გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენს თანამედროვეობას.

თუმცა, პარალელები ისტორიკოსების და ანალიტიკოსების საკვლევი საქმეა. ჩვენ ახლა მხოლოდ ძველი გაზეთების მოკრძალებულ ხიბლზე და სინათლეზე ვწერთ…

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...