ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
17 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

რჩევები მშობლებისთვის ვიცით, მაგრამ გავიხსენოთ

0

 

ზაფხული მშობლებს შვილებთან ურთიერთობის მეტ შესაძლებლობას აძლევს. განსაკუთრებით ემზადებიან სკოლამდელთა მშობლები, რადგან მათ შვილებს ცხოვრების ახალი საფეხური ელით. ეს სამზადისი ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებისა და თვისებების განვითარებაზე ზრუნვასაც გულისხმობს.

 

ვასწავლოთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა

დღეს ურთიერთობის უნარი მეტად მნიშვნელოვანია. უდიდესწილად მის ქონებასა და გამოყენებაზეა დამოკიდებული ადამიანის წარმატება სხვადასხვა სიტუაციაში. როგორ სწავლობს ბავშვი ურთიერთობას? მთავარი მოდელი, რომლის ქცევასაც ის საჭირო დროს გაიმეორებს, მისთვის მშობელია. ბავშვი გაკვირდებათ თქვენ, აკვირდება თქვენს უნარს, ეკონტაქტოთ გარშემო მყოფებს და გაუცნობიერებლად გბაძავთ. პატრიარქალური პრინციპი, რომ ქუჩაში ან სხვაგან უცნობ ადამიანებთან გამოლაპარაკება ცუდ ტონად ითვლება, რა თქმა უნდა, მოძველებულია და მისი შთაგონებით ბავშვი არ უნდა დააკომპლექსოთ. დრო იცვლება, იცვლება მიდგომები და დამოკიდებულებები, რომლებიც დიდხანს ჭეშმარიტებად მიაჩნდათ.

წაახალისეთ თქვენი პატარას ახალი ნაცნობობა. ესაუბრეთ იმაზე, რითი დააინტერესეს ახალმა მეგობრებმა. ამ ნაცნობობის განმტკიცებისთვის და იმისთვის, რომ შვილის ახალი ნაცნობები თავადაც გაიცნოთ, გამოძებნეთ საბაბი და მიიწვიეთ ისინი შინ.

იზრუნეთ იმაზეც, რომ თქვენი შვილიც საინტერესო გახდეს მათთვის. ბავშვი ჯერ მეტისმეტად პატარაა, რათა გააზრებულად იზრუნოს საკუთარ იმიჯზე და ის მიმზიდველი გახადოს. დაეხმარეთ. უამბეთ ახალი, საინტერესო ამბები, რომლებიც მასაც და მის გარემოცვასაც უთუოდ დააინტერესებს. ასწავლეთ ახალი, საინტერესო თამაშები, თუნდაც თქვენი ბავშვობის, ოღონდ შესძინეთ ამ თამაშს თანამედროვე ელფერი. მოკლედ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ როცა სხვა ბავშვები თამაშობენ, თქვენი შვილი განცალკევებით არ იდგეს, როცა გარშემო მისი თანატოლები მხიარულობენ, ის კალთაზე არ გეკვროდეთ.

 

განვუვითაროთ დამოუკიდებლობა

სკოლამდეც და სკოლაშიც ამ თვისებაზე ზრუნვა აუცილებელია. ბავშვი უნდა მიეჩვიოს უთქვენოდ ყოფნასაც. თუ აქამდე თქვენი პროგრამა–მაქსიმუმი იყო, ბავშვი მარტო დარჩენილიყო ოთახში და დამოუკიდებლად ეთამაშა, ახლა სხვა ამოცანა გაქვთ: შეგიძლიათ, გამოიყენოთ ახალი მეგობრების არსებობის ფაქტი და პატარა მათთან ერთად გაუშვათ ეზოში სათამაშოდ (თვალის დევნებას აივნიდან ან ფანჯრიდანაც შეძლებთ). თავდაპირველად ნახევარი საათით გაუშვით, შემდეგ ერთით და მიხვდებით, რომ ბავშვმა მისთვის მნიშვნელოვან სიტუაციებშიც კი შეწყვიტა თქვენკენ ყურება, თქვენი დაძახება. ის თავად იღებს პასუხისმგებლობას პატარ-პატარა გადაწყვეტილებებზე.

არის შემთხვევები, როცა ბავშვი ადვილად ვერ “აღწევს თავს” მშობელს. მისი თანატოლები და ამხანაგები თამაშობენ, ის კი ცალი თვალით სულ თქვენსკენ იყურება – ამოწმებს, ხომ არ წახვედით. აქ ისევ ეფექტურად უნდა ავამუშაოთ თანდათანობითი პრინციპი: იმოძრავეთ, ხან ერთი მხრიდან დაენახეთ, ხან მეორიდან, შემდეგ 10-15 წუთით თვალს მიეფარეთ და ისევ გამოჩნდით. დროთა განმავლობაში ბავშვი უთქვენოდ ყოფნასაც მიეჩვევა.

შეიძლება მიმართოთ შთაგონებასაც. ხშირად გაამახვილებინეთ ყურადღება იმაზე, რომ ის უკვე დიდია და თავისუფლად შეუძლია ყოფნა იქ, სადაც დედა და მამა არ არიან. მიანიშნეთ სხვა ბავშვების მაგალითზე, მათ დამოუკიდებლობაზე. ოღონდ აქ სიფრთხილეა საჭირო, რადგან კონკრეტულ თანატოლთან შედარება ზოგჯერ აგრესიას იწვევს. მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ვიღაცას სამაგალითოდ უსახავენ, აღიზიანებს ბავშვს: ,,ესე იგი, მე მასზე უარესი ვარ?“

ნებისმიერ თავმოყვარე პიროვნებას გულში მაინც გააღიზიანებს ასეთი სიტუაცია, თქვენი შვილი კი უკვე პიროვნებაა.

 

შეაქეთ შეუპოვრობისა და მონდომებისთვის

დროდადრო შეაქეთ ბავშვები დამოუკიდებელი მოქმედებებისთვის. თქვენი ქება მას თავდაჯერებას მატებს. მაშინაც კი, როცა რამე არ გამოსდის, იპოვეთ საბაბი მის შესაქებად. მაგალითად, თუ ფეხსაცმლის თასმების შეკვრას ცდილობს და არ გამოსდის, ამისთვის ვერ შეაქებთ, მაგრამ შეგიძლიათ შეაქოთ შეუპოვრობისა და მონდომებისთვის: ,,შენ ყოჩაღი ხარ, ამიტომ აუცილებლად მიაღწევ შენსას და ისწავლი!“

 

გამოიყენეთ სტიმულები, აუმაღლეთ მოტივაცია

აღზრდაში ძალიან გამოგადგებათ სტიმულის გამოყენება. ცხადია, ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ სტიმული და საჩუქრის დაპირება (მით უფრო – აუსრულებელი). აქ საზღვრის დაცვა ძნელია, მაგრამ ცხოვრებაში ისე ხშირად ვხვდებით ამ ფაქიზ საზღვრებს, რომ თანდათან გამოივრძმედებით.

არ შეცდებით, თუ ბავშვს, რომელიც ქუჩაში გაშვებას გთხოვთ, უპასუხებთ: ,,კარგი, თავად ჩაიცვი და წადი სასეირნოდ“. შესაძლოა, ჩაცმას ბევრი დრო მოანდომოს; სამაგიეროდ, თავად ჩაიცვამს. შესაძლოა, მის ჩაცმულობაში ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ. მშვიდად აუხსენით, რამ განაპირობა ეს და თანდათან ამის საჭიროება შემცირდება

 

უმიზეზოდ ნუ დაადანაშაულებთ

პატარა შეიძლება დავადანაშაულოთ სხვადასხვა წვრილმანში, მაგრამ შეუძლებელია მისი დადანაშაულება ოჯახის რთულ მატერიალურ მდგომარეობაში. მშობელი არასწორად იქცევა, როცა ბავშვს სწორედ ამ ტვირთს ჰკიდებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მან ძვირად ღირებული ნივთუ გააფუჭა ან ტანსაცმელი დაიხია. თუ ბავშვმა ძვირად ღირებული ნივთი გატეხა, უფროსმა საკუთარი დანაშაული უნდა იგრძნოს, იმიტომ, რომ შვილს ვერ ჩამოუყალიბა შესაბამისი დამოკიდებულება ამ ნივთის მიმართ, ვერ იზრუნა, ეს ნივთი ბავშვისთვის მიუწვდომელი ყოფილიყო. თუ ბავშვმა ტანსაცმელი დაიხია ან სულაც შემჩნეულია ტანსაცმლის დაუდევარ მოხმარებაში, ის საყვედურს იმსახურებს.

რეკომენდებულია, აუხსნათ პატარას, რომ ტანსაცმელი ფული ღირს, ფულს კი გამომუშავება სჭირდება (რაც არც ისე იოლია). გამომუშავებული ფულით შესაძლებელი იყო რამდენიმე საინტერესო სათამაშოს ან წიგნის, ნაყინის, ტორტის ან კანფეტების ყიდვა, შესაძლებელი იყო ამ ფულის დახარჯვა ატრაქციონებზე, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა ახალი ქურთუკის ან შარვლის შესაძენად მოუწევთ მისი დახარჯვა დახეულის სანაცვლოდ. დარწმუნებული იყავით, მისთვის ასეთი ახსნა გასაგები იქნება და დიდხანს დაამახსოვრდება.

 

არ შეაშინოთ ავადმყოფობით

სასურველია, შეძლებისდაგვარად ვარიდოთ თავი ბავშვთან და ბავშვის თანდასწრებით ავადმყოფობაზე საუბარს. რა თქმა უნდა, მან უნდა იცოდეს, რომ არსებობს დაავადებები, ისინი სხვადასხვაგვარია,ზოგიერთი – ძალიან მძიმეც. მაგრამ ყოველ წუთას აშინებდე ბავშვს ავადმყოფობით (ცივი არ დალიო, თორემ ყელი აგტკივდება და გლანდებს ამოგაჭრიან! არ მოკიდო ხელი ძაღლს, თორემ მუცელში ექინოკოკი გაგიჩნდება! ბევრი ტკბილი არ ჭამო, თორემ კბილები დაგიჭიანდება და ამოღება მოგიწევს!) – დაუშვებელია. ადამიანისთვის ბუნებრივ მდგომარეობაა ჯანმრთელად ყოფნაა, მით უფრო – ბავშვისათვის. მას უნდა შევუქმნათ რწმენა, რომ მას ვარვითარი დაავადება ბერ მოერია.

შესაძლოა. ამან გააოცოთ, მაგრამ ასეთი რწმენის ადამიანის ორგანიზმს ავადმყოფობისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი მეტი აქვს და _ პირიქით. საკუთარი თავის რწმენას მოკლებული, გამოჯანმრთელებაში დაეჭვებული, შეშინებული ადამიანი ავადმყოფობისკენ უფრო მეტად არის მიდრეკილი.

სქესის საკითხი

0

პირველი წიგნი, რომელიც მეორეკლასელმა სასკოლო ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე, არკადი და ბორის სტრუგაცკების „მეწამული ღრუბლების ქვეყანა“ იყო. მახსოვს, სიტყვა „მეწამულის“ მნიშვნელობა არ ვიცოდი და შინ მისვლისთანავე ვიკითხე. როგორც ჩანს, წიგნის არჩევისას ჩემი ყურადღება დარჩენილმა ორმა სიტყვამ მიიპყრო – ვინ იცის, რა წარმოვიდგინე მის გადაშლამდე, რა მოლოდინით დავიწყე კითხვა, რამდენიმე გვერდს კი ვერაფრით გავცდი. არ გამოდგა ის საკითხავი, რომელსაც თუნდაც ყველაზე მონდომებული მეორეკლასელი რამეს გაუგებდა.

წაუკითხავად დარჩენილი ეს წიგნი ურსულა ლე გუინის „წყვდიადის მარცხენა ხელმა“ გამახსენა. „ფანტასტიკური ბიბლიოთეკის“ სერიით გამოცემულ წიგნებს ერთი კარგი გოგოსთვის ვყიდულობ ხოლმე და, სიმართლე რომ ვთქვა, ძირითადად იმიტომ ვკითხულობ, მასთან სასაუბრო კიდევ ერთი თემა რომ მქონდეს. ურსულა ლე გუინის რომანი სწორედ იმის შესახებაა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ ბავშვობასა და დიდობას შორის მოქცეულ, ყოველდღიური ამოცანების სირთულით შეწუხებულ, სამყაროს მთავარი გამოცანის წინაშე აღმოჩენილ გოგოებს. როგორც ვიცი, ბიჭებსაც.
სქესი. ერთიც და მეორეც. საკუთარ სხეულზე დაკვირვება. საკუთარი სხეულის შესწავლის მცდელობები. სად იწყება და სად მთავრდება. რა იწყება და რა მთავრდება. ის, რითაც მეორე ადამიანისგან განსხვავდები. ის, რითაც სხვებს ჰგავხარ და სხვების ნაკვალევს მიჰყვები – დიდ ნაფეხურებში პატარა ფეხებს ადგამ, დაკვირვებით, დაძაბული გამომეტყველებით.
სქესის საკითხი მტანჯველი საკითხია. ამიტომაც არის ურსულა ლე გუინის წიგნის მთავარი გმირის გვარი „აი“ – ტკივილის გამომხატველი წამოძახილი. ის ერთადერთი დედამიწელია, რომელსაც წიგნის გვერდებზე ვხვდებით – შორეულ პლანეტაზე მეტად მნიშვნელოვანი მისიით წარგზავნილი, ამ პლანეტის მკვიდრთა აზრით, მუდმივად აღგზნებული, სქესობრივი კავშირისთვის მზადმყოფი, ანუ გარყვნილი. „ვიღაცამ „უცხოპლანეტელზე“ ჩამოაგდო სიტყვა და როცა სახელი ვიკითხე, ადამიანის ყელიდან ამოჭრილი ტკივილის გამომხატველი შეძახილი გავიგე. ახლა სძინავს. მკლავები უცახცახებს – კუნთების დაღლის ბრალია. ჩვენ გარშემო მთელი სამყარო – ყინული და ქვა, ფერფლი და თოვლი, ცეცხლი და წყვდიადი – თრთის, იგრიხება და ბუტბუტებს. წუთის წინ გარეთ გავიხედე. წყვდიადის თავზე დამხობილ ღრუბლებში ვულკანი მკრთალი წითელი ყვავილივით ელვარებდა“, – წერს დღიურში ესტრავენი, წიგნის ყველაზე მომხიბვლელი გმირი, ამ ყინულის, ფერფლისა და წყვდიადის შვილი.
მეშვიდე თავში, რომელსაც „სქესობრივი საკითხი“ ეწოდება, შთამბეჭდავად არის მოთხრობილი შორეული პლანეტის მკვიდრთა ფიზიოლოგიურ თავისებურებებზეც და ამ თავისებურებებით განსაზღვრულ სოციალურ კავშირებზეც. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მათსა და დედამიწელებს შორის ისაა, რომ იქაურები ანდროგინული არსებები არიან, სქესობრივი ციკლის უმეტეს ნაწილს სომერის ფაზაში ატარებენ – სქესობრივად არააქტიურები. კემერის, ანუ ურთიერთლტოლვის ფაზა რამდენიმე დღეს გრძელდება. სწორედ ამ დროს ხდება სქესის განსაზღვრა – კემერში მყოფი, პარტნიორის გავლენით, ან ქალად იქცევა, ან კაცად. ამ ფაზის დასრულების შემდეგ კი ის ისევ სრულყოფილ ანდროგინად გვევლინება. „მათი საზოგადოებრივი წყობილება, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და ვაჭრობა, მათი დასახლებების სიდიდე, მათი თქმულებებისა და ამბების შინაარსი – ყველაფერი სომერ-კემერის ციკლს არის მორგებული. თვეში ერთხელ ყველა ისვენებს; კემერში მყოფს, ვინც უნდა იყოს იგი, არავინ აიძულებს და ავალდებულებს რამის კეთებას […] ვნებების ყოველთვიურ ტანჯვასა თუ ზეიმს ყველა გზას უთმობს“.
რადგანაც პლანეტა გეთენზე ნებისმიერი არსება შეიძლება ქალი და დედა გახდეს, იქ არ არსებობს ის განსხვავება, რაც სხვა პლანეტებზე ქალებისა და კაცების ყოველდღიურ რუტინასა თუ სოციალურ როლებს შორისაა. უფლება-მოვალეობებს თანაბრად ინაწილებენ, თანასწორობის იდეალიც მეტ-ნაკლებად მიღწეულია. რაც უფრო წარმოუდგენელ სივრცეებს სწვდება მწერლის წარმოსახვა, მით უფრო საგრძნობი ხდება მისი ირონია. წიგნიც, აღწერილი დრამატული მოვლენების მიუხედავად, სულ უფრო სახალისო საკითხავად იქცევა.
მოზარდობის ხანაში, როცა მეტისმეტად ბევრს ფიქრობ სქესთან დაკავშირებულ ყველა წვრილმანზე, მუდმივად რაღაცის ამოხსნასა თუ განსაზღვრას ცდილობ, ურსულა ლე გუინის „წყვდიადის მარცხენა ხელი“ მართლაც საჩუქარია – გამოწვდილ ხელში ჩადებული ფილოსოფიური სათამაშო. ავტორი სააზროვნო ამოცანებს გთავაზობს და იქვე გახსენებს, როგორი დამღუპველი შეიძლება იყოს ზედმეტი სერიოზულობა: „გაითვალისწინეთ: შვილს მამასთან ან დედასთან ფსიქო-სექსუალური კავშირი არ აქვს. ზამთარზე ოიდიპოსის მითი არ არსებობს“.
ცხოვრება ოიდიპოსის მითის გარეშე. ცხოვრება მტანჯველი სექსუალობისა და მუდმივი ურთიერთლტოლვის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ შორეულ პლანეტაზე თითქმის სამოთხეა – წყვდიადში გაწოლილი ღრუბლების ქვეყანა.

ზამთარი პლანეტა გეთენის მეორე სახელია.

მადლობა ზაზა!

0

ეს სათაური არც შემთხვევით შემირჩევია და არც მხოლოდ ხატოვნებისთვის. დიახ, 2017 წლის ივნისში  ჩვენი საკალათბურთო ნაკრების აწ უკვე ლეგენდარულმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ არა მხოლოდ პირადად მოიპოვა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონის წოდება, არამედ სახელი მთელ ჩვენს ქვეყანას გაუთქვა და ყველას დაუმტკიცა, რომ ქართული საკალათბურთო სკოლა არავისზეა ნაკლები და ჩვენშიც შეიძლება დიდი ჩემპიონები დაიბადონ და გაიზარდონ.

 

ერთი სიამოვნებაა ამ დღეების განმავლობაში მსოფლიოს სპორტული გამოცემების კითხვა. ვებგვერდებისა, სადაც ზოგიერთი ჩვენი „კეთილმოსურნე” აშკარად ვერ მალავს ღვარძლსა და ბოღმას ზაზას ესოდენ დიდი წარმატების გამო. მით უმეტეს, დღეს, როდესაც ჩვენს ქვეყანას და ქართველ სპორტსმენებს წარმატებები ასე ძალიან სჭირდებათ და საქართველოს დადებითი კუთხით იმიჯის წინ წამოწევა ხომ ცალკე დიდი და უმაგრესი ამბავია! ზაზას მთელი საქართველოსგან მადლობა თუნდაც მხოლოდ ამის გამო ეკუთვნის.

 

ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ზაზა ფაჩულია „გოლდენ სტეიტში” გადავიდა და ამერიკის საკალათბურთო საზოგადოების გასაკვირად, არც ისე დიდ ხელფასს დასთანხმდა (თან ისე, რომ ფინანსურად ბევრად მაცდუნებელ წინადადებებზე თქვა მტკიცე უარი), მსოფლიოს არაერთი საკალათბურთო მიმომხილველი წერდა, რომ ზაზა ფაჩულია სპორტსმენთა იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, რომელთათვისაც ფულზე მნიშვნელოვანი სპორტული კარიერა და ამ კარიერაში წარმატებების მოპოვებაა.

 

„გოლდენ სტეიტი”, ცხადია, ძალიან მაგარი კლუბია და ჩემპიონობის შანსი ყველა იმ კლუბზე ბევრად მეტი ჰქონდა, სადაც ზაზას აქამდე უთამაშია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ესოდენი კონკურენციის პირობებში ზაზა ფაჩულიას წარმატების არანაირი გარანტია არ ჰქონდა. ნამდვილი სპორტსმენის გადაწყვეტილება შესანიშნავად დაფასდა და უკვე თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ: ჩვენი ნაკრების კაპიტანი დიდი, უდიდესი ჩემპიონია! ეს ამბავი ჩვენს ქვეყანაში ალბათ თაობებს გადაეცემათ.

 

გასულ ზამთარს, როდესაც „ოლ სტარში” ფაჩულიას მოსახვედრად მთელი საქართველო დაირაზმა და ამ გზით ვცდილობდით ჩვენი კაპიტნისთვის დახმარების გაწევას, საქართველოშიც და ამერიკაშიც, სამწუხაროდ, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იძახდნენ, რომ სპორტსმენის ამ გზით დახმარება არასწორი და ხელოვნური იყო, რაც საკუთრივ „ოლ სტარის” ფენომენს (მაინც რას ნიშნავს, ქართველი ამერიკის „ოლ სტარის” ხარისხზე რომ ზრუნავს) აკნინებდა.

 

 

 

ეს დამოკიდებულებები უსამართლო თუნდაც იმიტომ იყო, რომ ზაზა ფაჩულია თავისი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით ალალად იმსახურებდა ხალხის მხარდაჭერასაც და საუკეთესო ვარსკვლავებს შორის თამაშსაც. მაგრამ არამკითხეობამ და აღმართის მხვნელმა ძალამ მაშინ თავისი მაინც გაიტანა და, სამწუხაროდ, ფაჩულია „ოლ სტარში” ვერ ვიხილეთ. მაგრამ, ახლა ვიღას ახსოვს გასული ზამთრის დარდები, როდესაც ზაზა ფაჩულიამ მსოფლიოში ალბათ ყველა კალათბურთელისთვის საოცნებო ტიტული დამსახურებულად მოიპოვა და მისი მოკრიტიკეები ისე კოხტად მიაჩუმა, თქვენი მოწონებული!

 

ისიც სიმბოლური ამბავია, რომ ზაზა ფაჩულია აფხაზეთიდანაა. ზაზა ფაჩულია ქართველია და ჩვენი ნაკრების კაპიტანია! ზაზა დიდი და ღირსეული კაცია, რომელიც საკუთარი ქვეყნისთვის არც ძალას იშურებს და არც ნიჩაბის ქნევას იზარებს, როდესაც ეს ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ვამაყობთ, რომ ასეთი კაპიტანი გვყავს! ზაზა ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილია!

 

 

უმბერტოს საფლავს ვეძებდი

0

ქუთაისიდან მილანისკენ ოთხსაათიანი ფრენის განმავლობაში, ორი რამ არ მაძლევდა მოსვენებას: ჩემ უკან მჯდომი მამაკაცის გამაყრუებელი ხვრინვა და ჩემ გვერდით მჯდომი ქალი, რომელიც მალპენსას აეროპორტში დაშვებადე ტელეფონში „2048“-ს თამაშობდა და ერთხელაც ვერ ასცდა 256-ს.

ისე მოხდა, რომ ჩემს თანამგზავრებს – ნინიას, ტუკის და ნინოს თვითმფრინავის ბორტის წინა ნაწილში გამოუნახეს ადგილები, მე კი – ბედისა თუ რეგისტრატორის უკუღმართობით უკან მომიწია ჯდომა. მიუხედავად იმისა, რომ ნახსენებ გარემოებათა გამო ოთხ საათს სავარძელში გაუნძრევლად ყოფნა, თავისი სისასტიკით ესპანური ინკვიზიციის დაკითხვაზე უარესი იყო, ფრენის განმავლობაში არც ფეხზე წამოვმდგარვარ და არც მიწის თხილი ან სასმელი მომითხოვია გულის გადასაყოლებლად. სიმართლე რომ ითქვას, იტალიელ სულიკოზე ვფიქრობდი, რომლის საფლავიც მილანში უნდა მეპოვა.

გაფრენამდე ხათუნა ცხადაძეს, უმბერტო ეკოს მთარგმნელს მივწერე და მწერლის საფლავის ადგილი ვკითხე. „კრემაცია მილანში გაუკეთეს, ცერემონიალიც აქ იყო“ – მითხრა მან და ალილუია აღმომხდა მე, რადგანაც გეზი სწორედ მილანისკენ მეჭირა – „მაგრამ ზუსტი ადგილის შესახებ ინფორმაცია არ არის, წერენ, რომ ფერფლი ოჯახს გადაეცა“ – დააყოლა მან. ეს ამბავი დამიდასტურა იტალიაში ნასტუდენტარმა ომარ წოწორიამაც, რომლისაც აღარ მომერიდა და ინტერნეტში ვაყვინთავე ამ საკითხის გამოსაძიებლად. როცა ომარისგანაც იგივე პასუხი მივიღე, მხოლოდ იმის იმედიღა ჩავიდე გულში, რომ მილანის ქუჩებში სეირნობისას, სადმე, შემთხვევით წავაწყდებოდი იმ სულმნათი კაცის საფლავს და მისი წიგნების მადლობას გადავუხდიდი.

მილანი – პადოვა – ვენეცია – მილანი

…თუ პადუა. ზუსტად ვერ გეტყვით ქართულად როგორ გამოითქმის. იტალიელები პადოვას ეძახიან და ამას ისე აკეთებენ, თითქოს მათი ვალი გმართებდეთ. აი, დაახლოებით ისე, მოუსვენარ ბავშვს დამშვიდებისკენ რომ მოუწოდებ. პადოვა ცნობილია გალილეო გალილეის ობსერვატორიით, ბოტანიკური ბაღით, კბილებივით ჩაწიკწიკებული კოხტა სახლებით, ერთერთ მათგანში მცხოვრები ნინო კიკნაძის ბიძის არაჩვეულებრივი ოჯახით და ევროპაში ყველაზე დიდი მოედნით, რომლის გარშემოც მოკვდავ იტალიელებს უკვდავი იტალიელების ძეგლები დაუდგამთ. ასევე, პადოვა ცნობილია ჯიბის ქურდებით. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ჩვენ პირველად სწორედ ისინი გავიცანით…

რკინიგზის სადგურიდან გამოსულებმა, როცა ტრამვაიში ვაპირებდით ასვლას, აღმოვაჩინეთ, რომ ტუკის ჩანთა გახსნილია, საფულე კი – არ ჩანს. სადგურის პოლიციაში გავცვივდით. განყოფილებაში მყოფი პოლიციელებიდან საყველპურო ინგლისური მხოლოდ ერთმა, ახალგაზრდა კარაბინიერმა იცოდა. ჩვენი გასაუბრება ქართულ მოტივებზე რომ გადმოვიყვანოთ, დაახლოებით ასეთი იქნება:

  • საფულე ამომაცალეს.
  • საფულე?
  • კი.
  • შიგნით ნაღდი ფული იდო?
  • 800 ევრო და საკრედიტო ბარათები.
  • ეუფ.
  • რა ვქნათ?
  • ვერაფერს ვიზამთ.
  • კამერები?
  • მანდ არ არის კამერები.

ტუკი ისე უყურებს შუახნის კარაბინიერს, ვხვდები, რომ მისი მოკვდინების რამდენიმე ვარიანტს ალაგებს გონებაში და ვშიშობ, ყველა მათგანს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლი მიესადაგება. ამიტომაც ვცდილობ საუბარს გამოვარიდო.

  • ფოტოების ბაზა არ გაქვთ? იქნებ ქურდი ამოვიცნოთ.

ახალგაზრდა პოლიციელს ეცინება და მის სიცილზე ვხვდები, რომ პადოვას რკინიგზის სადგურში ჯიბის ქურდების რაოდენობა საურონის ორკების არმიას საგრძნობლად აღემატება და შესახედათაც, ნახსენები ორკების მსგავსად, ერთმანეთს ჰგვანან.

  • არა – ამბობს ღიმილით.

ეს მინიშნებაა იმაზე, რომ ჩვენი წასვლის დროა. კართან მისულებს ზურგსუკან გვეწევა ხმა:

  • თუ საფულე ვიპოვეთ, დაგიკავშირდებით.
  • როგორ დაგვიკავშირდებით? ტელეფონი რომ არ იცით?
  • მართალია! – პოლიციელი საკუთარ შეცდომას ხვდება, ქაღალდის ნაგლეჯს მაგიდაზე აცურებს და თითით გვანიშნებს, აქ დაწერეთო.

რამდენიმე წამში, როდესაც განყოფილებიდან გავალთ, ერთმანეთს შევპირდებით, რომ ვიღაც ოხერი ჯიბგირის გამო მოგზაურობას არ ჩავიშხამებთ და ვიფიქრებთ, რომ ეს ფული არც გვქონია. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, როცა თითქმის მშივრები აღმოვჩნდებით მილანის შემოგარენის შავ-თეთრ უბანში და უჭმელები ვილასლასებთ, მივხვდებით, რომ 800 ევრო ძალიან წაგვადგებოდა. მანამდე კი პადუა, ვენეცია და მილანია, სადაც უმბერტოს საფლავი უნდა ვეძებო. პადუადან ვენეციამდე მატარებლით სულ ნახევარი საათის გზაა. კიკნას ბიძამ გაგვაფრთხილა, ადგილობრივებისთვის სხვა მატარებელი დადის, თითქმის იმავე დროში ჩავა და ბილეთი ნახევარი ფასი ღირსო. ვაგონში ასულებმა კუთხეში მჯდომი საშუალო ასაკის კაცი შევნიშნეთ. ფანჯარაში იყურებოდა და კანფეტს აკნატუნებდა. საფულესთან  დაკავშირებული დავიდარაბიდან დრო იყო გასული, ამიტომაც ამ ამბავს სევდანარევი იუმორით ვაცოცხლებდით ხოლმე.

  • ამან ხო არ ამოგაცალა? – ვეუბნები ტუკის.
  • უეჭველად.
  • ეს უნდა იყოს პადოველი ჯიბგირების მეთაური – ხმამაღლა ვლაპარაკობთ, რადგანაც ვაგონში ჩვენი და ამ კაცის გარდა არავინაა – ნახე, ყელზე რა ბოზური შრამი აქვს. სერჯიო უნდა ერქვას. არა, უფრო თესლი სახელი ექნება – ჯეპი ან რამე.

ცოტა ხანში ვხვდებით, რომ ჯიბგირის ლეგენდის შესაქმნელად ლიტერატურული ოსტატობა არ გვყოფნის და დროულად ვამუხრუჭებთ. ამ დროს უცნობი კაცი გვიახლოვდება, კოწახურის კანფეტით სავსე მუჭს გვიწვდის და გვეუბნება:

  • გამარჯობა, ქართველებო!
  • გაგიმარჯოთ – ერთდოულად ვპასუხობთ ჩვენ და ვხვდებით, რა ტყუილად შემოგველანძღა ეს უცხო მიწაზე გადმოხვეწილი ჩვენიანი. ან იქნებ ტყუილადაც არა, ვინ იცის, იქნებ სწორედ მაგან აგვწაპნა 800 ევრო და ბარათიდან განაღდებული 250-იც ზედ დააყოლა.
  • ცოტა არ იყოს გვშია, ამიტომაც კოწახურზე უარს არ ვამბობთ და ცოტა ხანში კნატუნის ხმა მთელ ვაგონს მოიცავს.

„თავს და ჯიბეებს გაუფრთხილდით“ – გვითხრა დამშვიდობებისას – „ამ ქვეყანაში ორივე დაგჭირდებათ“. შექმნილ უხერხულობაზე ფიქრმა იქამდე გასტანა, სანამ ის იმ შთაბეჭდილებამ არ გადაფარა, რომელიც რკინიგზის სადგურიდან გამოსულებს არხში არხეინად მოლივლივე შავმა გონდოლებმა შეგვიქმნა. უშველებელ ტერიტორიაზე ქიმიური ნაწილაკებივით მოფუსფუსე ყველა ტურისტი თავისი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას ცდილობდა – გონდოლიერებს ევაჭრებოდნენ, ტურისტულ ჯიხურებში იტალიურ ქუდებს ირგებდნენ, რომლებშიც, ერთი შეხედვით, ყველა სასაცილოდ გამოიყურებოდა, ინგლისურის არმცოდნე იტალიელებს ინგლისურად სთხოვდნენ გზის გაგნებაში დახმარებას და ცდილობდნენ ამ ყველაფრის ერთმანეთში აღრეული სურნელი ერთბაშად და ღრმად ჩაეშვათ ფილტვებში.

გონდოლა ზედმეტად ბანალურად მივიჩნიეთ, ფეხით გავლა ვამჯობინეთ და არც შევმცდარვართ. თუ გინდა წარმოიდგინო, რას იგრძნობდი ეკოს მიერ შექმნილ ბიბლიოთეკა-ლაბირინთში მოხვედრისას,  ვენეციის უვიწროეს, თუგინდ სავსე და თუგინდ ცარიელ ქუჩებში უნდა იხეტიალო. ეს ბიბლიოთეკაა – ქვის ბიბლიოთეკა, რომლის დაძველებული ჭერიდან წყალი ჩამოდის და შემდეგ თავის გზას პოულობს. ქუჩიდან ქუჩამდე პატარ-პატარა სასწაულები გხვდება ხან ულამაზესი კარ-ფანჯრის, ხან ხავსმოდებულ ჯებირთან ეულად მოტივტივე ნავის, ზოგჯერ ჩიხებს შორის ჩაკარგული ულამაზესი კათედრალების, ზოგჯერ კიდევ უბრალო კაფეს სახით, რომელშიც ყლუპი ესპრესოს დალევა ახალ ენერგიას გიხსნის. ზოგიერთ ქუჩაზე, ხის კუბოკრული ვიტრაჟებიდან ნამდვილი „ვარდის სახელი“ იღვრება. ყვითელი, თბილი სინათლით განათებული ოთახის თაროებზე ძველი ხელნაწერები, გახუნებულ ქაღალდებზე შავი ფანქრით დახატული გამოსახულებები და უცნაური, ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთები აწყვია. კათედრალებში კათოლიკური ესთეტიკა და ბიბლია თითქოს კედლებიდან იღვენთება. საოცარია ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნის მონუმენტი, რომელიც ალალბედად აღმოჩენილ ტაძარში ვნახე. ამ ქანდაკების ქვეშ დგომისას თითქოს უხერხულობა გიპყრობს და იძულებული ხდები ქანდაკების პერსონაჟებს ხელი შეაშველო – თითქოს სადაცაა ქრისტეს ცხედარს ჩამოგაწვდიან. ცხედარს, რომელსაც თითოეული კუნთი თუ ნაჩხაპნი ეტყობა და ძეს ღვთისას ადამიანურ სახეს აძლევს.

ვენეცია ჩვენთვის განსაკუთრებული სანახაობაა, მაგრამ ვენეციისთვის ჩვენ ჩვეულებრივი ტურისტები ვართ, ის ჩვენთვის დროს ვერ გააჩერებს – მატარებელს უნდა მივუსწროთ. Google map -ი ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევს – მის მიერ დადგენილი მარშრუტის მიხედვით, მის მიერვე გამოანგარიშებულ დროში, წამი წამში სიზუსტით, უკვე მატარებელში ვსხედვართ და ჩემი ტვინი ნანახის გონების ფსკერზე დაარქივებას იწყებს.

მილანი დიდი სავაჭრო ცენტრია, თუმცა სავაჭრო ცენტრებს შორისაც ხომ არის განსხვავება – დუომოს კათედრალის მიმდებარედ მდგომი ცენტრი ხელოვნების ნიმუშია. თაღოვან შენობაში შესვლისთანავე, უზარმაზარი მასშტაბების დანახვისას, თვალწინ დამიდგა კადრი მულტფილმიდან „ურჩხული და მზეთუნახავი“, როცა ბელი პირველად შედის ბიბლიოთეკაში. რაც შეეხება დუომოს: ადამიანების უცნაურ მისწრაფებებს შორის ისიცაა, რომ ზოგიერთს გაურკვეული ნივთების შეჭმის მოთხოვნილება აქვთ: საშლელის, ბათქაშის, მიწის, საპნის, უმი ცომის. დუომოს  კედლებზე გამოსახული ჩუქურთმებისა და ქანდაკებების დანახვისას სურვილი გიჩნდება თითოეულ დეტალს შეეხო ხელით და ენის შეხებით გაიგო, როგორი გემო აქვს მას. თუმცა მილანში, მთავარ სანახაობებზე მეტად მე ერთი, მნიშვნელობით და მასშტაბებით მათზე ბევრად უფრო მოკრძალებული ადგილი მომეწონა, სადაც ტუკიმ წაგვიყვანა. ესაა პატარა კაფე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის, Fondazione Prada-ს გვერდით, რომელიც ვეს ანდერსონის ფილმების მხატვრობისა და სტილის მიხედვითაა მოწყობილი. იქ მისულები იფიქრებთ, რომ სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტში“ მოხვდით, სადაც ცოტა ხნის წინ მისიუ გიუსტავმა ისაუზმა და ხნიერ ქალებთან საარშიყოდ გაემართა.

მილანში, ყავის სმის დროს, გუმანმა მიკარნახა, ამას უეჭველად ეცოდინება-მეთქი და მიმტანს ვკითხე:

  • ხომ არ იცით, უმბერტო ეკოს საფლავი სად არის?

 

შუახნის მამაკაცს, რომელსაც უყურადღებოდ გაპარსვის გამო ნიკაპზე წვერის მოზრდილი კუნძული შერჩენოდა, სახე ჯერ გაუნათდა, შემდეგ კი მოეღუშა.

 

  • არსად. ის დაწვეს და… – თავისი კოჭლი ინგლისურით ვეღარ ამოთქვა კრემაცია ჩაუტარესო და ჟესტების ენით მიმანიშნა ურნაზე, რომელშიც ფერფლს ათავსებენ.
  • მეგონა სასაფლაოზე იქნებოდა.
  • სასაფლაოზე ჩვეულებრივი ხალხია მისტერ – ღიმილით მითხრა და შეკვეთა დამიზუსტა.

უამინდობის გამო, ფრენა 33 საათით გადაიდო. ავიაკომპანიამ უხალისოდ გადაგვიყვანა მილანთან ახლოს, შავ-თეთრ მიდამოებში მდგომ სასტუმროში, რომელსაც ირგვლივ გოლფის მოედნები აკრავდა. ვერ გამერკვია, ასეთი ფერები რომელ ფილმს უფრო მაგონებდა – „პლეზენტვილს“ თუ „ნებრასკას“. რადგანაც მთელი ფული მოგზაურობისას გამოვხარჯეთ (ნაწილი კი მოგვპარეს), ავიაკომპანიის მიერ ნაკისრ სადილს ისევე ველოდით, როგორც აცქმუტებული ძაღლები პატრონის ხელში დანახული კონსერვის ქილის გახსნას. აღმოჩნდა, რომ ფრანგული გვინეის მკაცრი რეჟიმის კოლონიის კარცერში უფრო ხელგაშლილად კვებავდნენ პატიმრებს, ვიდრე ჩვენ. ამის გამო, უკანასკნელი ევროცენტები ამოვფხიკეთ და სუპერმარკეტში ნაყიდი პურითა და „ნუტელათი“ გადავაგორეთ დღე. მომდევნო ღამით უკვე ზეცაში ვიყავით გამოკიდებულები. თვითმფრინავი თითქოს არ მოძრაობდა, უბრალოდ უძრავად ეკიდა ძაფზე. ჩემ გვერდით მჯდომი, გამოხატული ნევროზის მქონე ქალი რამდენიმე წუთში ერთხელ ისინჯავდა პულსს.

  • ცუდად ხომ არ ხართ? – ვკითხე.
  • არა შვილო, აღელვებული ვარ.

 

მიზეზს არ ჩავძიებივარ, ვიფიქრე  უადგილოდ არ გამომივიდეს-მეთქი.

 

  • შვიდი წელია საქართველოში არ ვყოფილვარ – თავად განაახლა საუბარი – ახლა ვბრუნდები, პირველად ვნახავ შვილიშვილს და გული მაქვს აჩქარებული.

 

ჩვენ ვისხედით და ვუყვებოდით ერთმანეთს ხან ამ მთისას, ხან იმ ბარისას, თვითმფრინავი კი, სინამდვილეში ელვის სისწრაფით ჭრიდა ჰაერს საქართველოსკენ და თან მიჰყავდა ქალი, რომელიც ოჯახთან შეხვედრის მოლოდინის გამო, გულს ვეღარ იმშვიდებდა. მაშინ ილუმინატორში გავიხედე და მივხვდი, რომ ამ რკინის კოლოფს იმ მომენტში ყველა ძრავი რომ გაფუჭებოდა, უკლებლივ ყველა მოწყობილობას რომ ერთბაშად ეთქვა უარი მუშაობაზე, მხოლოდ ამ ქალის გულისცემაც ჩაგვაფრენდა საქართველომდე.

მასწავლებლის გამარჯვების ცეკვა

0

ნინო შავგულიძე – გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ვან-ზომლეთში  მეუღლესთან, ორ შვილთან და გერმანულ ნაგაზ  ჯუნაიდთან ერთად ცხოვრობს  და მეზობელი სოფლის, სამების  ცხრაკლასიან  სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის. თბილისიდან გურიაში რვა  წლის წინ მარტოდმარტო იმ მიზნით გაემგზავრა, რომ ცხოვრება შეეცვალა, რაღაც სრულიად ახალი ეცადა. გადაწყვეტილი ჰქონდა სოფელში და ისეთ რეგიონში, რომელთანაც არაფერი აკავშირებდა, პატარა სახლი ეყიდა და მეფუტკრეობა შეესწავლა. აი, ასე მარტო გაემგზავრა გურიაში, თუმცა სასურველი ადგილის მოძებნა არცთუ ისე ადვილი აღმოჩნდა. ცხოვრების ახალ გამოწვევას ახალი ეტაპის დაწყება მოჰყვა. გურიაში ნინო შეხვდა ადამიანს, რომელმაც  წლების წინ ამავე მიზეზით დატოვა თბილისი და გურიაში გადავიდა საცხოვრებლად. ნინოსგან განსხვავებით მას ჰქონდა მამაპაპისეული სახლ-კარი და წლების მანძილზე სოფლად ცხოვრების გამოცდილებაც დაუგროვდა. ისინი მალევე დაქორწინდნენ და უკვე მერვე წელია გურიაში ცხოვრობენ და საქმიანობენ.

 

„როგორ შევეჩვიე აქაურობას? ამ შეკითხვას ხშირად მისვამენ. აქ ძალიან მშვიდად და რეალიზებულად ვგრძნობ თავს. მომწონს ჩემი საქმე – ბავშვებთან ურთიერთობა. მომწონს ის გამოწვევები, რომლებიც სწავლების პროცესთანაა დაკავშირებული და ამ გამოწვევებზე პასუხების ძიების პროცესი. თუმცა, აქ ცხოვრება საკმაოდ რთულია. ხშირად სკოლაში ფეხით მიხდება წასვლა (3 კმ. ღელე და აღმართებია). ხანდახან ისეც ხდება, რომ დიდთოვლობის  გამო, ვერც ფეხით და ვერც მანქანით ვახერხებ სკოლამდე მისვლას; შემოდგომის მეორე ნახევრიდან  საკმაოდ ცივა. გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელია, ამავე ღუმელზე ვაკეთებ საჭმელს. მიუხედავად იმისა, რომ სამეურნეო საქმეებს ძირითადად ჩემი მეუღლე უძღვება, ვთვლი, რომ საქმე გაცილებით მეტია, ვიდრე ქალაქში. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენს სოფელში არ არის ბაღი და ჩემს სამუშაო საათებში ჩემს შვილებზე ძირითადად მამა ან თანასოფლელები ზრუნავენ. თუმცა ამ მიზეზით უფროსი შვილის ზამთარში ბებიასთან გაგზავნა მოგვიხდა”.

მანამდე, სანამ ნინო გურიაში სოფლის ცხოვრებას შეეჭიდებოდა, თბილისის ერთ- ერთი კერძო სკოლის ბიბლიოთეკაში მუშაობდა და ასევე bagpacker-ობდა, ანუ ზურგჩანთით მოგზაურობდა  თურქეთსა და სირიაში. ძირითადად, მარტო დადიოდა. ნინო ამბობს, რომ მოგზაურობა ენატრება, რადგან ჭეშმარიტად თავისუფალი მაშინ იყო, თუმცა ახლანდელი ცხოვრებითაც კმაყოფილია და თავს რეალიზებულად გრძნობს.

ნინოს ცხოვრება დატვირთულია.  სკოლა, ოჯახი, მეურნეობა, ახალ-ახალი ცხოვრებისეული გამოწვევები და ბევრი შრომა მისი ყოველდღიურობაა. სოფლის სხვა მცხოვრებთა მსგავსად, ნინოს ოჯახსაც ჰყავს ძროხები, ღორები, აქვთ ყანები. მისი ქმარი ძალიან ბევრს შრომობს. ნინო გვეუბნება, რომ მისი მეუღლე მღვდელია და თვითონ სოფლის ეკლესიაში გალობს, თუმცა ამბობს, რომ ამაზე აპელირება მაინცდამაინც არ უყვარს, რადგან ჩვეულებრივი ადამიანები არიან  და ისე ცხოვრობენ და შრომობენ, როგორც სხვები… ისევ და ისევ საკუთარი თავისთვის.

ნინო სოფლის მასწავლებლების დატვირთულ ცხოვრებაზეც გვიყვება. გარდა სკოლისა, მათ უმეტესობას აქვთ მეურნეობა, რომელიც მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისთვის. ისინი ფიზიკურად ბოლომდე იხარჯებიან (უვლიან ძროხებს, მუშაობენ ბოსტანში) და მათთვის ერთგვარი გამოწვევაა ამ პირობებში სრულყოფილად იზრუნონ სწავლების ახალი მეთოდების ათვისებაზე, რომელიც თავის მხრივ დიდ ყურადღებას და ენერგიას საჭიროებს.  ნინო ამბობს, რომ ასეთი დიდი ფიზიკური დატვირთვა ხშირად იწვევს სტრესს, დემოტივაციას და გაღიზიანებას მათში, მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ, ყველანაირად დაეხმარონ ბავშვებს საჭირო უნარები და ცოდნა მიიღონ.

„ისე მოხდა, რომ ჩვენ არც ზღვის დონიდან აღმოვჩნდით ძალიან მაღლა და არც რაიონული ცენტრიდან  – ძალიან შორს, არც რაიმე სხვა ნიშნით ვართ გამორჩეული, გურიის ჩვეულებრივი, რიგითი სოფლის სკოლა ვართ, ამიტომ წლების მანძილზე მხოლოდ ფოიე და ფასადი შეგვირემონტეს. საკლასო ოთახები გაურემონტებელია და ბევრ ოთახს კარიც არ ჰქონდა“, – გვიყვება ნინო. უფერული კედლები და იატაკის ჩავარდნილი ფიცრები, არა მარტო მოსწავლეებზე, მასწავლებლებზეც ახდენს გავლენას. სწორედ ამ მიზნით, ნინომ გადაწყვიტა ემოქმედა  და ინგლისური ენის კაბინეტი მოეხატა. დირექციასთან შეთანხმების შემდეგ და მეგობარი მხატვრების დახმარებით და ნინოს პირადი ხარჯებით კაბინეტის ერთი კედელი მოიხატა. ნინო ფიქრობს, რომ თუნდაც ასეთი პატარა დეტალი, მსგავსი ტიპის შემოქმედებითობა ბავშვებისთვის ზეიმი და სხვა მასწავლებლებისთვის სტიმულის მომცემი იქნება. სექტემბრისთვის კი მოსწავლეებს ინგლისური ენის კაბინეტში, ლონდონის და ნიუ-იორკის ცნობილი შენობების ილუსტრაციები დახვდებათ. ნინო ამბობს, სკოლის დირექტორთან ერთად  დამატებითი თანხების მოძიებასაც აპირებს, რომ დანარჩენი კედლებიც შეათეთროს და მოხატოს. „ბავშვების გულის გასანათებლად, ჯერჯერობით ეს ერთი მოხატული კედელიც საკმარისი იქნებაო”, – ამბობს ნინო.

„ბევრი მასწავლებელი ფიქრობს, რომ მათი შრომა არ ფასდება, მადლობელი არავინაა. მე კი ვფიქრობ, რომ მადლობა საერთოდ არაა საჭირო. მიღწეული შედეგი ისე გავსებს, რომ მადლობა ხშირ შემთხვევაში ზედმეტიცაა”, – ამბობს ნინო და  იმასაც ამატებს, რომ აქაური ბავშვები, იმდენად  მოკლებული არიან სიახლეებსა და გართობებს, მასწავლებლის ყველა მცდელობას და მონდომებას აშკარა მზაობითა და მადლიერების გრძნობით პასუხობენ. მთავარია, მათ რაიმე სიახლე შესთავაზო, დააინტერესო, ფანტაზია გაუღვიძო.

მასწავლებლის პროფესია

გურიაში გადასვლის  და პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ, ნინოს ცხოვრებაში სამსახურის აუცილებლობის დრო დადგა. მიხვდა, რომ უკვე საჭირო იყო შვილის მატერიალურ უზრუნველყოფაზე ზრუნვა. ის პროფესიით ისტორიკოსია და მისი ინტერესების სფეროს ფოტოგრაფია და ახალი მედიები წარმოადგენდა. სამხატვრო აკადემიაში, სწორედ ეს ფაკულტეტი დაამთავრა. მასწავლებლობაზე, არასდროს უფიქრია, მაგრამ როდესაც სოფლის სკოლაში ინგლისურის მასწავლებლის ვაკანსია გამოცხადდა, ნინომ   მუშაობა  დაიწყო  და იმავე წელს სერთიფიცირებული მასწავლებელი გახდა.

„არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნები მასწავლებელი, მაგრამ რადგან ახლა ამ საქმეში ვარ, ვთვლი, რომ ბოლომდე პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდო ამ საქმეს. მე იმის მომხრე ვარ, რომ სანახევროდ საქმე არ კეთდება და ბოლომდე დახარჯვა აუცილებელია, რამე მაინც რომ გამოვიდეს. არ შეიძლება თავი დაზოგო მაშინ, როცა ადამიანების ბედთან გაქვს საქმე. ხშირად მიწევს ჩემს თავსა და ჩემს სისუსტეებს გადავაბიჯო, სხვანაირად ცხოვრებას აზრი ეკარგება”, – თვლის ნინო.

მასწავლებლის პროფესიული გარემო

ნინოს სოფლის სკოლაში გატარებული წლები მნიშვნელოვან პროფესიულ გამოცდილებად მიაჩნია და ფიქრობს, რომ ყველა დამწყები მასწავლებლისთვის ძალიან სასარგებლო გამოცდილება იქნებოდა ერთი ან ორი წელი სოფლის სკოლაში სწავლება.

„მასწავლებელს ბევრი რამ აქვს სასწავლი, მას მერე, რაც ის პრაქტიკულ საქმიანობას შეუდგება. დროის მართვა, გაკვეთილების გეგმის მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგება, ლავირება და საჭიროების შემთხვევაში გაკვეთილის მიმდინარეობის შეცვლა. მასწავლებლის ეს უნარ-ჩვევები ორ დღეში არ ყალიბდება. სოფლის სკოლა, სადაც გაცილებით ნაკლებია დისციპლინის პრობლემები, სადაც მოსწავლეები ხშირ შემთხვევაში პირიქით ხელს უწყობენ მასწავლებელს,  რომ წარმატებული გაკვეთილი შედგეს, დამწყები მასწავლებლისთვის იდეალურია. ასეთ დროს ის ნაკლებად დაძაბულია, ხარვეზის შემთხვევაში მას მისცემენ საშუალებას, გაკვეთილი გადაარჩინოს. სოფელს უჭირს კვალიფიციური კადრები, სოფლის მასწავლებლებს კი სჭირდება კონკურენტული გარემო, რათა ხარისხმა აიწიოს”, – გვეუბნება ნინო.

 

რატომ ცეკვა?

 

პირველად, როცა მისმა მოსწავლემ სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე ინგლისურ ენაში ცხრა ქულა აიღო, ნინო გამოვიდა ეზოში და ინდიელების საბრძოლო გამარჯვების ცეკვა იცეკვა. მერე კი უთხრეს : ნახე რა უმადურია, ერთი მადლობაც არ უთქვამს შენთვისო. ნინო ამბობს, რომ იმხელა სიხარული იგრძნო, სულ არ სჭირდებოდა მადლობების მოსმენა.

 

შორენა ტყეშელაშვილი

მშვენიერების არსი ,,განდეგილში“

0

,,განდეგილის“ შესწავლას რომ ვიწყებთ, ყოველთვის ვეუბნები მოსწავლეებს, რომ საოცარი ბედის ნაწარმოებია: უღმერთობისა და ,,ღმერთის დაბრუნების“  ხანაშიც ერთნაირი წარმატებით ისწავლებოდა. ვისაც როგორ უნდოდა, ისე იგებდა და ისე აჯერებდა სხვასაც. დღემდე უამრავი წერილი დაწერილა და იწერება დღემდე.

მოსწავლეებს ადვილად უყვარდებათ „განდეგილი“  და ლიტერატორ – კრიტიკოსებივით ისინიც სხვადასხვა მხრიდან უტრიალებენ და საკამათო არ ელევათ.

ამ წერილში პოემასთან დაკავშირებულ მარადიულ კითხვას – რამ დაღუპა განდეგილი? – თავს ავარიდებ და უშუალოდ ვისაუბრებ მშვენიერების არსზე ამ ნაწარმოებში. ვფიქრობ,  ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ასპექტზე ყურადღება გავამახვილებინოთ მოსწავლეებსაც, რადგან მთელი პოემის განმავლობაში ეს ცნება დომინირებს.

შეგვიძლია ეს თემა სამ ძირითად ასპექტად დავყოთ ნაწარმოების მიხედვით:

  • მშვენიერება- წუთისოფლის ერთ-ერთი საცდური;
  • მშვენიერება – მზე;
  • მშვენიერება – ქალი;

როცა ილია განდეგილზე იწყებს საუბარს, უპირველესად გვიხსნის მიზეზებს, თუ რატომ აირჩია განდეგილობა. გვაცნობს თავად ბერის შეხედულებას წუთისოფელზე – მისთვის ეს ცხოვრება ცოდვის სადგური და ბოროტების სამეფოა, რომელშიც მუდამ განსაცდელი ელოდება ეშმაკისაგან თითოეულ ადამიანს. აქ სიმართლის გზით სიარული წარმოუდგენელია, აქ სიყვარულიც კი სიძულვილად იქცევა…

წუთისოფლის დახასიათება, რომელიც მართლა ძალიან მკაცრი, რადიკალური და ასკეტურია, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო სიტყვებით სრულდება:

,,განშორებია ამ წუთისოფელს,

სად ყოვლი ნიჭი მაცდურებაა,

სად თვით სიტურფე და სათნოება

ეშმაკის მახე და ცდუნებაა.–  ანუ ნებისმიერი ნიჭი და მათ შორის მშვენიერებაც/სიტურფეც არის საცდური ადამიანისთვის. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ეს არა ილიას, არამედ განდეგილის შეხედულებაა.  ამ რადიკალურ დახასიათებაში, ჩემთვის, როგორც რიგითი მკითხველისთვის, წუთისოფლის საოცარი შიში ირეკლება; შიში ყველაფერ იმისადმი,რაც სინამდვილეში ადამიანურ ყოფას ამართლებს და ალამაზებს.

მეორე ეპიზოდი, რომელიც მშვენიერებას უკავშირდება, არის ის მომენტი,როცა განდეგილი ტკბება მზის ჩასვლით. აქ ილია დაწვრილებით აღწერს მზის ჩასვლის სილამაზეს:

,, მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად

მთისა გადაღმა არ დასულიყო

და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,

ირგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.

ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,

წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა,

და განმსჭვალული მისით ღრუბელი

შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.

ამა უბიწო დიადის ხილვით

წარტყვევნილ იქმნა განცვიფრებული,

და ვით ცხოველს ხატს ღვთის დიდებისას

შესცქერდა მზესა განცვიფრებული “ – განდეგილი ტკბება იმით, რასაც უარყოფს და ასე ეშინია. ეს არის მშვენიერება, მზეში განსხეულებული და ეს მზე ღვთის დიდების ,, ცხოველი ხატია“.

მკითხველი აუცილებლად შეამჩნევს იმასაც, რაც მერე აღმოჩნდა: პარალელურად სულ სხვა ადგილიდან, მთის ძირიდან, ზუსტად ისე ტკბებოდა ახალგაზრდა მწყემსი ქალი მზის ჩასვლის ცქერით:

„ შევხედე თუ არ იმ მზეს, იმ ცასა,

გავშტერდი ვეღარ მოვსხლიტე თვალი.

ღვთის სახესავით გარს შუქმოსხმული

მთის წვერზედ დიდი მზე ბრწყინვალებდა

და საკვირველი ის სანახავი

თვალთანა ერთად გულსა მტაცებდა“.

არც ისაა შემთხვევითი, რომ მწყემსი ქალიც, როგორც ღვთის სახეს,ხატს, ისე აღიქვამს მზეს.  გამოდის, რომ  ამ დროს განდეგილისა და მწყემსი ქალის ( ამ ორი ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული მიკროსამყაროს) ხედვა სამყაროსადმი ზუსტად ემთხვევა, მშვენიერებამ გააერთიანა ისინი ისე, რომ არც იცოდნენ.

საინტერესო და ალბათ, საკამათოცაა მზის სიმბოლიკა. მკვლევარი მარიამ ნინიძე თავის ძალიან საინტერესო და ამომწურავ წერილში ,,დაცარიელებული ბეთლემი“(https://www.orthodoxy.ge/skhva/betlemi/betlemi_3.htm ) საგანგებოდ ჩერდება ამ საკითხზე და აღნიშნავს: ,, განდეგილის თვალი გაიტაცა ჩამავალი მზის ცქერამ. როგორც ჩანს, იგი იმით ცდუნდა, რომ, როგორც „ღვთის დიდების ხატს“, ისე უყურებდა ამ სურათს, მაგრამ განა ღვთის დიდების ჭვრეტა შეიძლება ხორციელი თვალით? მზე მარტოოდენ ქმნილებაა ღვთისა. მოვა დრო, როდესაც ისიც დაბნელდება და მთვარეც აღარ გამოსცემს ნათელს (მათე 24,29) მარადიული, დაუსრულებელი ნათელი მხოლოდ თვით ღმერთია […] ამდენად ბერი მაინც წარმავალის ცქერამ გაიტაცა და მარადიულზე ფიქრს მოსწყვიტა. ხორციელმა ხიბლმა სულიერად მოადუნა. განდეგილის თვალი გაიტაცა ჩამავალი მზის ცქერამ. როგორც ჩანს, იგი იმით ცდუნდა, რომ, როგორც „ღვთის დიდების ხატს“, ისე უყურებდა ამ სურათს, მაგრამ განა ღვთის დიდების ჭვრეტა შეიძლება ხორციელი თვალით? მზე მარტოოდენ ქმნილებაა ღვთისა. მოვა დრო, როდესაც ისიც დაბნელდება და მთვარეც აღარ გამოსცემს ნთელს (მათე 24,29) მარადიული, დაუსრულებელი ნათელი მხოლოდ თვით ღმერთია…“  – და არაერთ ციტატას იმოწმებს ბიბლიიდან და  წმინდა მამათა ნააზრევიდან იმის შესახებ,რა საშიშია მზის თაყვანება. თუმცა მზის სიმბოლიკას ძალიან ღრმა და შორს გადგმული ფესვები აქვს. სამყაროსავით ძველი და უნივერსალური სიმბოლოა და ბევრნაირად შეიძლება მისი გაგება. მათ შორის, მზე ძალიან ხშირად თვითონ უფლის სიმბოლოცაა.

,, ვეფხისტყაოსანშიც“ ასეა: „იტყვის: ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად”

და გურამიშვილის ,,დავითიანშიც“:

 ,, სახით სიტყვა შვენიერო, სხიო, მზეთამზის სახეო
ვეძებე და შენი მზგავსი მე აქ ვერცადა ვნახეო
გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო
ჯოჯოხეთში ნუ ჩამაგდებ, მიწყალობე სამოთხეო

ჩემთვის მზე, რომლის ცქერითაც განდეგილი ტკბება, ის მზეა, რომელიც  „სასწაულმოქმედია“, რომლის სხივებზე ლოცვანს აყრდნობს ის უფლის ნებით.

ეს წამიერი ტკბობა განდეგილისთვის არის განცდა იმისა, რომ ამ მშვენიერებაში ღვთის ხელი ურევია, მისი შექმნილია, მისი ნაწილი და ხატია. ამ განცდის გამოა, რომ საზარელ ჭექა-ქუხილში თითქოს სამყაროზე გულმობრუნებული გულმხურვალედ ლოცულობს: იხსნას ღმერთმა ქვეყანა დაღუპვისაგან.

და მესამე  და ყველაზე მნიშვნელოვანი მშვენიერება: მამის ერთა და მამის ურჩი მწყემსი ქალი.

ეს მშვენიერება უმეტესად მაცდუნებელ, ეშმაკეულ მშვენიერებად არის მიჩნეული.

ჩემი აზრით, ის ცხოვრებისეული, სამყაროს განუყოფელი და აუცილებელი ნაწილი, სიცოცხლისთვის აზრის მიმცემი მშვენიერებაა.

ბერის სენაკში შესულ ადამიანზე განდეგილი ასე ფიქრობს:

„რა დედაღვთისამ სენაკს შეუშვა

და არ შერისხა იგი მოსული,

გულში სთქვა მწირმა: ძეა კაცისა

და არა მავნე, ბოროტი სული. – განდეგილი რწმუნდება, რომ ეს ეშმაკეული ძალა არ არის. მერე აღმოაჩენს, რომ ის თავად მშვენიერებაა. მშვენიერება, რომლისაც ასე ეშინოდა ამ წუთისოფელში.

„თვით მადლს ტრფობისას რომ მოესურვოს

ხორცსხმულად ვლენა ოდესმე ქვეყნად,

უკეთეს სახეს ვერ ინატრება

თავის სიცოცხლის გამომსახველად.

მაშინაც ვინ სთქვას, –ვინ ვის აშვენებს,

მადლი ამ სახეს, თუ სახე მადლსა!..

თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდა

ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა.“ – განდეგილი, რომელიც მშვენიერებასაც გამოექცა წუთისოფლიდან, მისი ტყვე ხდება უკვე მეორეჯერ. მაგრამ საინტერესოა, რომ მწერალი არ ადანაშაულებს მას ამაში, პირიქით, ცდილობს კიდეც, გაამართლოს:

 ,, ვის არ მოიმხრობს, მოინადირებს

ყოვლად ძლიერი მშვენიერება!..

თქმულამხეციც კი გააფთრებული

მის წინ დატკბება და დაწყნარდება“ – თუ მხეციც კი ემორჩილება მშვენიერების ძალას, მაშინ რატომ არ უნდა დაემორჩილოს განდეგილი?! მართალია, ბერია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანია. ასეც ხდება. ბერი მეორეჯერ ტყვევდება სილამაზით და ეს სილამაზეც ისეთივე სამყაროსეული და დიდებულია, როგორც მზის ჩასვლა.

საინტერესო პერსონაჟია თავად ქალი, ის სრულიად ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, თამამი, ლამის ბავშვურად გულღია  ქალია. არც სულელია, არც ენაჭარტალა და რაც მთავარია, არც გამომწვევი. მართლა ახალგაზრდულად თამამია, მის ქმედებაში არ იგრძნობა მოკრძალება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს ბერის სენაკში თუ აღმოჩნდება. მაშინვე მივარდება ცეცხლს და შეშასაც მოურიდებლად სთხოვს განდეგილს. თან იმასაც ჰპირდება გულუბრყვილოდ:

„ ხვალ თუნდა მთელ ზურგს მე ამოგიტან,

ოღონდ დღეს გავთბე, შენ შენი ღმერთი¨.

განდეგილის შეკითხვის შემდეგ იწყებს თავისი თავგადასავლის მოყოლას. ამ თავგადასავალში არც თავმოწონება ჩანს, არც ბერი ცდუნების მცდელობა. პირიქით, ქალი, რომელიც მწყემსი აღმოჩნდება, ძალიან უბრალოდ, უშუალოდ, ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე საუბრობს საკუთარ თავზე. თავდაპირველად ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ის მწყემსია და მწყემსობა ლიტერატურული და  რელიგიური ტრადიციით, ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმედ ითვლებოდა. „ მე ვარ მწყემსი კეთილი“ – ამბობს მაცხოვარი საკუთარ თავზე. ,,მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგვანთა მეფეთა“ – წერს სულხან – საბა თავის ,,სიბრძნე  სიცრუისაში“, დავით გურამიშვილი, როცა ყმაწვილებს  7 ძირითად ხელობას ჩამოუთვლის, სამს, განსაკუთრებულს, ცალკე ამატებს.ესენია: მიჯნურობა,მწყემსობა და მეფობა:

„ მწყემსობა უნდა სიფრთხილით, აქვნდეს მცირედი ძილია:

მუდამ მხნედ სამწყსოს უვლიდეს, დღე ყინელი თუ თბილია;

მწყემსმან კეთილმან ცხვართათვის დადვისო სული ტკბილია”.

ვინც ბრძანა, მან მე მარიდოს უხილავთ მხეცთა კბილია!

მოკლედ, ის ფაქტი, რომ ეს სიყვარულივით ლამაზი ქალი მწყემსია, განსაკუთრებულ ხიბლს უნდა მატებდეს მას მკითხველის თვალში. ის თვითკრიტიკულიცაა -„დავღუპე ცხვარი მე მამის ურჩმა,/ მე გავცემ პასუხს, ჩემი ბრალია!..  საკუთარ თავს „მამის ურჩს“ უწოდებს და შეუძლებელია მკითხველს უძღები შვილის, იგივე ძე შეცდომილის,  მხატვრული სახე არ ამოუტივტივდეს გონებაში. ეს არის შვილი,რომელიც ნანობს, რომ მამის რჩევა გადაივიწყა და ზუსტად იცის, რომ პასუხიც უნდა აგოს ამისთვის. თუმცა მის საუბარში ძალიან კარგად ჩანს, რომ მამის ერთა და ნებიერაა, მამის ( მამა კი  იგივე ლიტერატურული და რელიგიური ტრადიციით მამა ღმერთის სიმბოლოა) სიყვარულით განებივრებულია. იცის, რომ მამა დაღუპულ ცხვარზე ( ანუ შვილის შეუსრულებელ მისიაზე) კი არ იდარდებს, არამედ თავად შვილზე:

„ცხვარი დავღუპე, – ეგ ერთადერთი

მამის სარჩო და საბადებელი,

მაგრამ წარბსაც კი არ შეიხრიდა,

ოღონდ ვენახე მე უვნებელი.

ქალს ისევ მამის ნათქვამის გახსენება იხსნის განსაცდელიდან: გაახსენდება, რომ მამა მოუყვა მყინვარის მონასტრის ბინადარ ბერზე.

ქალის თავგადასავლის მერე, საუბარი იმართება ბერსა და ახალგაზრდა ქალს შორის. ამ დიალოგშიც ქალი ძალიან უშუალოა, უსვამს იმ კითხვებს, რომლებიც თურმე დიდი ხანია აწუხებს. ახალგაზრდა ქალის არც ერთ კითხვაში არ იგრძნობა ჩასაფრება, ცდუნების მცდელობა. უბრალოდ, ის ბავშვივით ცნობისმოყვარეა და თავის კითხვებზე პასუხების მიღების შანსი მიეცა.

ის მშვენიერებაა, რომელიც ღვთის შექმნილი და ცხოვრების ნაწილია და თავისდაუნებურად პასუხს სთხოვს განდეგილს შეძულებისთვის. მის გულუბრყვილობას, ბავშვურ მიამიტობას ხაზს უსვამს ის უცნაური ფაქტი, რომ მაშინ, როცა დამღუპველი სიტყვით -„უბედურსაო“  სულ და გონებაფორიაქებული ბერი ადგილს ვერ პოულობს, აღმოჩნდება, რომ ქალს იქვე, კერასთან, ბავშვივით ჩასძინებია:

„ საოცარ იყო მიძინებული

იგი სიტურფე, იგი მშვენება!..

თითქო მის შექმნას ერთად ცდილანო

თვით სიყვარული და ნეტარება.

თითქო თვით მადლსა შვენებისასა

თვისი საუნჯე აქ დაჰბნევია

და ეშხსა, ვითა იადონს ვარდზედ,

სული მის ღაწვზედ დაულევია. – ვფიქრობ, რომ შეუძლებელია ამ მშვენიერებას მაცდუნებლობა დააბრალო, ის, უბრალოდ,  სრულყოფილი და თავისთავადია. სხვა მხარეა, რამდენად ძლიერია მშვენიერების განცდა და რა ძნელია, ამ გრძნობას გაუმკლავდე.

ამიტომ მგონია, რომ ილიამ ამ ნაწარმოებით მხოლოდ იმაზე კი არ დაგვაფიქრა, რა ძნელია საკუთარ იდეალს უერთგული, იპოვო საკუთარი ადგილი, რა რთულია კონკრეტულად განდეგილის გზის არჩევა, რომ ყველას თავისი გზა და სიმართლე აქვს… არამედ ისიც გვაჩვენა, რამხელა ძალა აქვს მშვენიერების ცნებას, რომელსაც, მზის არ იყოს, უხსოვარი დროის ისტორია და მრავალგვარი გაგება აქვს.

და იმედს ვიტოვებ, ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, მკითხველს კითხვაზე  – რამ დაღუპა განდეგილი? – არ გაუჩნდება ღიმილის მომგვრელი პასუხი: იმან, რომ სულით ესთეტი იყო.

 

 

სივრცობრივი ისტორიული აზროვნების განვითარების სავარჯიშოები მენტალური რუკების გამოყენებით

0

სასკოლო პრაქტიკული საქმიანობის დროს ხშირად გვესმის ასეთი ფრაზები: „მდინარე მტკვარი გაივლის თითქმის მთელ საქართველოს და ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“; „მდინარე ნილოსი სათავეს იღებს ცენტრალურ აფრიკაში, მიედინება ჩრდილოეთით და ჩაედინება ხმელთაშუა ზღვაში“; „ინდოეთს დასავლეთიდან ინდოეთის ოკეანე ეკვრის“. რა დგას მოსწავლის მონათხრობის უკან – დაზეპირებული ტექსტი თუ მკაფიო სივრცობრივ-ისტორიული წარმოდგენა? ამის დადგენასა და მოსწავლეთა კოგნიტიური განვითარების დონის განსაზღვრაში გვეხმარება მენტალური რუკები (რომლებიც კოგნიტიური რუკების სახელწოდებითაცაა ცნობილი). ეს რუკები წარმოადგენს ჩვენი აზროვნების ნაწილს, დიდ როლს ასრულებს მოვლენებისა და ფაქტების ლოკალიზაციასა და სივრცობრივი გამოსახულების წარმოდგენაში.

მენტალური რუკების შექმნით ანუ სივრცობრივი ისტორიული აზროვნების ტექნიკის გამოყენებით გაცილებით ადვილი შესასრულებელია ისტორიის საგნობრივი სტადნარტის მოთხოვნები: „მოსწავლე კითხულობს და იყენებს ისტორიულ რუკებს… შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე“. ამ მიმართულებით მუშაობის ამოცანებია:

  • კარტოგრაფირების საფუძველზე დიდაქტიკური ამოცანების შემუშავება ისტორიის სახელმძღვანელოს თითოეული თემისათვის და
  • სწავლის საბაზო საფეხურზე პირობითი ნიშნების სწავლებისას (VII კლასში) რიგითობის საკითხისა და მენტალური რუკების შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა.

ისტორიული რუკები ძირითადად იყოფა ტერიტორიული ნიშნისა (მსოფლიო, რეგიონული…) და შინაარსის (ზოგადი, თემატური, სქემატური…) მიხედვით. ზოგადი (ტერიტორიული) ხასიათის რუკები ასახავს ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე ისტორიულ მოვლენებს, რომლებიც შეესაბამება ისტორიული განვითარების განსაზღვრულ მომენტს, თემატური რუკები ეძღვნება ცალკეულ მოვლენებს ან ისტორიული პროცესის ერთ რომელიმე მხარეს, ხოლო სქემატური – კონკრეტული საკითხის ან მოვლენის შინაგან კავშირებს.

ვინაიდან მენტალური რუკა მოსწავლის შინაგანი წარმოსახვაა, შინაგანი სივრცეა, სადაც მოსწავლე ამა თუ იმ ობიექტს ათავსებს, ამიტომ ის ვერბალური აზროვნების განვითარების პარალელურად აიგება, დაიწყება სუფთა ფურცლიდან და თანდათანობით შეივსება მიღებული გეოგრაფიული და ისტორიული ცოდნის საფუძველზე. მენტალური რუკის აგების შემდეგ ხდება მისი შეერთება/შედარება რეალურ რეგიონულ რუკასთან, შეფასებისთვის კი გამოიყენება შემდეგი პარამეტრები: ლოკალიზაცია, მასშტაბი, ზომა, ფორმა, გეოგრაფიული რელიეფი და რეგიონის პოლიტიკური რუკა.

ისტორიულ რუკებზე მუშაობის ფორმები ასეთია:

I ეტაპზე მოსწავლე ეცნობა გამზადებულ რუკებს, სწავლობს რუკის ლეგენდის წაკითხვას, სივრცის აღქმის ელემენტებს – დედამიწის ნაწილებსა და გეოგრაფიულ მიმართულებებს, ეუფლება პირობით ნიშნებს, ფერისა და პირობითი ნიშნების გამოყენებით რუკაზე „მოთხრობილი ამბის წაკითხვის“ უნარს; მისი ცოდნის მარაგი ყოველი მომდევნო რუკის გაცნობისას ივსება ახალ-ახალი პირობითი ნიშნებით: ქვეყნის საზღვრებით დაწყებული, მდინარეთა ქსელის, ზღვებისა და ოკეანეების, სიღრმისა და სიმაღლის ჩათვლით და ა.შ. პირობითი ნიშნების შესწავლის შემდეგ ის ეცნობა ციხესიმაგრეების, რელიგიური ცენტრების, ბრძოლების ადგილების, მოგზაურთა მარშრუტების და ა.შ. აღმნიშვნელ ნიშნებს.

ამ ეტაპზე ცოდნის გამტკიცებისთვის მოსწავლეებს შეგვიძლია შევთავაზოთ ასეთი სავარჯიშო: „ჩასვით გამოტოვებული ტექსტი, მერე კი მოძებნეთ რუკაზე მითითებული ადგილი“ (სურ. 1.)

სურ.1.

 

მოცემული დავალება ერთგვარი ნიმუშია იმისა, როგორ შეიძლება განუვითარდეს მოსწავლეს სივრცის აღქმა. ის არსებული ცოდნის შემოწმების საშუალებასაც მისცემს მასწავლებელს, თუ საკონტროლო სამუშაოდ გამოიყენა.

დავალების II ტიპი ძირითადად პირობითი ნიშნების ცოდნის შემოწმებისკენაა მიმართული, რადგან ისინი ყოველთვის საჭიროა რუკაზე მუშაობისას.

პირობითი ნიშნების ათვისებისკენ მიმართული დავალება:

* მიუთითეთ, რას ნიშნავს რუკაზე მოცემული პირობითი ნიშნები: 1) კმ; 2) 500; 3)… და ა.შ. (სურ. 1);

დავალების III ტიპი უფრო რთულია, მოიცავს ინფორმაციას გეოპოლიტიკური ფაქტორების – საზოგადოების განვითარების პირობების შესახებ. ამ ეტაპის დავალება ასეთია: გეგმის მიხედვით აღწერე ქვეყნის გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობა რუკაზე (სურ. 1):

  • განსაზღვრე ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა: ა) დედამიწის რომელ ნაწილში მდებარეობს; ბ) რომელი მდინარეები, ზღვები, მთები, ნაყოფიერი მიწები, უდაბნოები ესაზღვრება; გ) მეურნეობის რომელი დარგების განვითარება შეიძლება წარმოვიდგინოთ ამ ქვეყანაში;
  • განსაზღვრე: ა) ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა (სადაც წარმოიშვა სახელმწიფო), ბ) რომელი სახელმწიფოები ესაზღვრება მას გეოგრაფიული მხარეების მიხედვით; გ) რომელი სახელმწიფოებრივი ერთეული წარმოიშვა შემდეგ ამ ადგილზე;
  • დროის აღმნიშვნელი პირობითი ნიშნების გამოყენებით: ა) დროში ორიენტაცია; ბ) დროითი მოვლენების დაფიქსირება რუკაზე.

მაგალითად, ასურეთის გაცნობის დროს მოსწავლე ეცნობა ცნება „იმპერიას“ – დიდ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს, რომელიც აერთიანებს ქვეყნებსა და ხალხებს. გეოგრაფიული განსაზღვრის შემდეგ რუკაზე ვაჩვენებთ, რას ნიშნავს ამ ცნების „კარტოგრაფიული შინაარსი“ – მივუთითებთ ასურეთის იმპერიის შემადგენელ ნაწილებს (სურ. 2)

IV ტიპის საშუალებით მოსწავლეებს ვაცნობთ თემატურ რუკებზე მუშაობის წესებს. რუკები, რომლებზეც აღნიშნულია ცალკეული მოვლენები და თემები, საშუალებას გვაძლევს, გეგორაფიული მდებარეობისა და ბუნებრივ-კლიმატური პირობების გამოყენებით ავაგებინოთ ცოდნა დასახული მიზნის შესაბამისად.

 

V ეტაპზე ვაცნობთ კონტურულ რუკებს, რომლებსაც მოსწავლეები დამოუკიდებლად ავსებენ. ძალიან მნიშნელოვანია ასეთი რუკების „წაკითხვის“ სწავლებაც (სურ.3.):

სურ. 3

 

გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ცოდნის სისტემატიზაციაში მოსწავლეს დაეხმარება ცხრილის შევსებაც. მაგალითად, ცხრილი რომის ისტორიისა და ბერძნული კოლონიზაციის შესწავლისთვის (ცხრილი 1 და ცხრილი 2):

 

ცხრილი 1. რომის სახელმწიფო, ძვ. წ. III-II ს.ს.

წლები მოცემულ პერიოდში სახელმწიფოებისა და ქალაქების დასახელება მმართველები, მხედართმთავრები შემოერთებული ტერიტორიების დასახელება, მათი გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა სავაჭრო საქონელი

 

 

 

 

ცხრილი 2. ბერძნული კოლონიზაცია და ვაჭრობა

გეოგრაფიული მიმართულება ბერძნული კოლონიები სავაჭრო პარტნიორები
დასახელება რით ვაჭრობდნენ დასახელება რით ვაჭრობდნენ

 

მენტალურ რუკებზე მუშაობა ხდება წყვილებში და ჯგუფურად. მოსწავლე უნდა იცნობდეს შეფასების კრიტერიუმებს (ცხრილი 3), მაგალითად:

 

 

 

კრიტერიუმები +
1 ხარისხი

1. გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა

2. ისტორიული მოვლენის ადგილის დასახელება (ლეგენდაზე დაყრდნობით)
3. ისტორიული მოვლენის მონაწილე პირების დასახელება (ლეგენდაზე დაყრდნობით)
4. დაასახელეთ წელი
5. დაასახელეთ ისტორიული მოვლენები, რომლებიც ასახულია რუკაზე
2 ხარისხი

გეგმის მიხედვით გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ადგილმდებარეობის აღნიშნვა

3 ხარისხი

მენტალური რუკების შედგენა

სქემა 1.

 

მენტალური რუკის შედარება/შეერთების ცხრილი (ცხრილი 4):

მენტალური რუკების შეფასება თანხვედრა „ნამდვილ“ რუკაზე
1. ისტორიული ობიექტის ფორმა

 

სრული თანხვედრა ნაწილობრივი

(50%–ზე მეტი)

ნაწილობრივი

(50%–ზე ნაკლები

დამთხვევა არ ფიქსირდება
2. ზომები
3. სივრცობრივი

მდებარეობა არათანხვედრა თანხვედრა

4. გეოგრაფიული თავისებურებების გამოსახვა
5. ისტორიული ობიექტების გამოსახვა

ასეთი სავარჯიშოებით ნებისმიერი თემა შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეებს, განვუვითაროთ ზოგადკოგნიტიური უნარები, კომუნიკაციური კულტურა; კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შეეძლება სივრცესა და დროში ორიენტირება, რუკის ლეგენდის წაკითხვა, რუკის „ამბის“ გადმოცემა თხრობითი ფორმით და საკუთარი სივრცობრივი და ისტორიული წარმოდგენების გამოსახვა მენტალური რუკების მეშვეობით, რაც ისტორიული აზროვნების გამდიდრების ეფექტური საშუალებაა.

პოლ კოლარდი: კრეატიულობის შეფასება

0

როგორ არის შესაძლებელი მასწავლებლის ან მოსწავლის კრეატიულობის გამოცდა ან შეფასება?  რას „ვზომავთ“კრეატიულობის შეფასებისას? პოლ კოლარდი, ორგანიზაცია „კრეატიულობა, კულტურა და განათლების“ (Creativity, Culture and Education (CCE) ხელმძღვანელი გვესაუბრება „გონების კრეატიულ თავისებურებებზე“ და გვიხსნის, როგორ შეიძლება შევაფასოთ სწავლებისა და შესწავლის პროცესები, კრეატიულობის, შემოქმედებითობის კუთხით. ორგანიზაციის ხედვა ითვალისწინებს ბავშვებში შემოქმედებითი უნარების, მათი კრეატიულობის ხელშეწყობასა და განვითარებას. CCE-ის აზრით, ბავშვის სხვადასხვა სახის კულტურულ აქტივობაში ჩართვა სკოლაში თუ მის გარეთ დიდად გაზრდის ახალგაზრდების შანსებს მომავალ ცხოვრებაში. როგორ შევაფასოთ კრეატიული სწავლება და შესწავლის პროცესი? დასაწყისისთვის უპრიანი იქნება განვსაზღვროთ, რას ვგულისხმობთ კრეატიულობაში.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ დღეს ცნება „კრეატიულობა“ დიდ საერთაშორისო ინტერესს იწვევს, ადასტურებს იმას, რომ უამრავი აკადემიური, კვლევითი და საკონსულტაციო ერთეული იკვლევს, საუბრობს, აანალიზებს და წერს ამ თემაზე.

კრეატიულობისადმი ასეთი ინტერესი ნაცვლად დახმარებისა საკმაოდ ართულებს კრეატიულობის შეფასებისათვის საჭირო ჩარჩო-სქემის დადგენასა და ჩამოყალიბებას. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ცნება „კრეატიულობის“ განსაზღვრებების სიმრავლე გარკვეულწილად იზრდება და ფართოვდება და ხშირად ადამიანის ქცევისა და საქმიანობის სხვადასხვა სფეროებზეც ინაცვლებს.

შემოქმედების უნარი, ინოვაციურობა და საქმიანი უნარები, მათი ურთიერთკავშირისა და ურთიერთდამოკიდებულების გამო, საკმაოდ ხშირად უგულვებელყოფილია და გენიოსის კრეატიულობა შეცდომით გაიგივებულია ადამიანის ბუნებრივ შემოქმედებით უნართან, რომელიც ნებისმიერი ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა.

ენა და ლექსიკაც კი, რომელსაც ამ საკითხებზე მსჯელობისას იყენებენ, ბუნდოვანია და ხშირად გაუგებარი მასწავლებლებისთვის, რომლებიც სრულიად გულწრფელად ცდილობენ ბავშვებში შემოქმედებითი მუხტის „გაღვივებას“.

CCE ცდილობს ამ საკმაოდ რთული საკითხების გადაწყვეტას, რათა დაეხმაროს მასწავლებლებსა და, ზოგადად, განათლების პროცესს.

პირველი, რასაც CCE საკითხზე მსჯელობისას ახმოვანებს, გახლავთ ის, რომ აუცილებელია მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, ინდივიდუალური კრეატიულობისა და ბავშვის ბუნებრივი ტალანტის ხელშეწყობის გზით. იმ უნარების ხელშეწყობით, რომლებიც ადამიანს ეხმარება საკუთარი თავის შემეცნებაში, ადაპტაციის უნარის განვითარებაში და ცვლილებების განხორციელებაში, ხვალინდელი დღის წარმოდგენასა და შეცვლაში. ეს 21-ე საუკუნის ცენტრალური ამოცანაა.

მეორე, რასაც CCE აკეთებს, უინჩესტერის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრ Real World Education-თან ერთად, გახლავთ ის, რომ ის კრეატიულობის განსამარტავად ქმნის ლექსიკონს. ენას, რომელიც გასაგები და აღქმადი იქნება მასწავლებლებისათვის.

ეს პროცესი აუცილებელია იმ უნარებისა და ქცევის ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მასწავლებლებს შემოქმედების უნარებისა და კრეატიულობის განსამარტავად ესაჭიროებათ. გონების კრეატიულ თავისებურებებში იგულისხმება ზოგადად ადამიანის და, კერძოდ, მოსწავლის შემდეგი უნარები და ქცევის თავისებურებები:

  • ცნობისმოყვარეობა

– ინტერესის გამოჩენა და კითხვების დასმა;

– ახლის გაცნობის სურვილი  და გამოკვლევა;

– ვარაუდებისა და წინასწარდაშვებების კრიტიკა.

 

  • შეუპოვრობა, უდრეკობა

– გაურკვევლობებისადმი შემწყნარებელობა და მომთმენის უნარი;

– სიძნელეებისადმი თვალის გასწორება;

–  გამბედაობა იყო განსხვავებულობა.

 

  • წარმოსახვის უნარი

– სხვადასხვა შესაძლო ვარიანტების განხილვის მხარდაჭერა;

– ურთიერთკავშირების დანახვის უნარი;

– ინტუიციის გამოყენება.

 

  • დისციპლინირებულობა

– კეთების სურვილი და შედეგების გაუმჯობესება;

– ტექნიკის განვითარების სურვილი და უნარი;

– კრიტიკული თვითშეფასების (რეფლექსიის) უნარი.

 

  • თანამშრომლობის უნარი

– თანამშრომლობა დადგენილი წესებით;

– შეფასებების მიცემის და სხვებისგან მიღებისთვის მზადყოფნა;

– „პროდუქტის“ (შედეგის) გაზიარებისთვის მზადყოფნა.

კრეატიულობის შეფასებისათვის საჭირო ჩარჩო-სქემის ჩამოყალიბებისას, CCE-მ მასწავლებლებზე სამუშაო ვარიანტები ბევრ ქვეყანაში გამოსცადა და მათი გამოხმაურებები, უმეტეს შემთხვევაში, დადებითი იყო. მასწავლებლებმა ზემოთ მოყვანილ განსაზღვრებებს „ადვილად გასაგები და აღქმადი“ უწოდეს და დარწმუნებული იყვნენ საკლასო ოთახში მათი გამოყენების ეფექტურობაში. მათივე თქმით, ჩამოთვლილი ატრიბუტები მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მოზარდების განვითარებისათვის.

ამავე დროს, ბევრმა მასწავლებელმა ჩარჩო-სქემის შეფასებისას განაცხადა, რომ მათთვის ძნელი იყო სქემაში ჩამოთვლილი თვისებებით ბავშვების შეფასება. ამის მიზეზი ალბათ  განათლების ის პირდაპირი, „ფრონტალური“ გადაცემა-გაზიარების სტილი იყო, რომელიც ძირითად აქცენტს ცოდნის  მასწავლებლიდან მოსწავლისთვის „გადაცემაზე“ აკეთებს და ზღუდავს მოსწავლეების კრეატიული თვისებების ჩვენება-გამომჟღავნებას.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლების უმეტესობა აღიარებს ცნობისმოყვარეობისა და ცოდნისმოყვარეობის გადამწყვეტ მნიშვნელობას, გაკვეთილებზე მაინც ძალიან მცირე დროს უთმობენ მოსწავლეების შეკითხვებს ან თავიანთი შეკითხვებით გაკვეთილის შინაარსის ან ფორმის შეცვლას.

ამ გარემოებამ CCE-ს უბიძგა გაეანალიზებინა ცოდნის გადაცემისა და ტრადიციული სასწავლო პროგრამის შესაბამისობა, გონების კრეატიული შესაძლებლობების განვითარების მიზნებთან. CCE-ს საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სასწავლო პროგრამების უმეტესობა შესაძლებელია ისე მოიმართოს, რომ სწავლების პრაქტიკა შეიცვალოს. ამ ცვლილებით, საკლასო ოთახში  უნდა შეიქმნას სივრცე, რომელიც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, განივითარონ ბუნებრივი კრეატიულობა. ამ კუთხით სწავლების მეთოდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის შინაარსი, რომელსაც ეს სწავლება მოიცავს.

სწავლებისა და სწავლისადმი ასეთი მიდგომა მეტადაა ფოკუსირებული სასწავლო გარემოს მართვაზე და ნაკლებად – იმაზე, თუ რას ვასწავლით ბავშვებს და როგორ აისახება ეს მათ აკადემიურ მოსწრებაზე.

ეს მიდგომა, რომელსაც „მაღალფუნქციონალურ ან ეფექტურად ფუნქციონირებად საკლასო ოთახს“ უწოდებენ (ინგლ. ‘the High Functioning Classroom’), მოსწავლეებს მეტ გამოწვევებს უყენებს და ნაკლებად წარმართავს მათი აზროვნების პროცესს. ასეთი სწავლება უბიძგებს მათ ფიზიკურად, ემოციურად და სოციალურად უფრო მეტად ჩაერთონ ასეთი „გამოწვევების“ გადალახვა-სწავლებაში. ასეთი მეთოდი მოსწავლეს სასწავლო პროცესის ცენტრში აქცევს და უზრუნველყოფს, რომ მათი დაკვირვებები, ისტორიები, გარემო, მათ აღქმებთან ერთად სწავლების ცენტრალურ შემადგენელ ელემენტებს წარმოადგენდნენ.

ამ კონტექსტში კრეატიული სწავლებისა და შესწავლის შეფასება გაცილებით ადვილი ხდება. მასწავლებლებისათვის „გონების კრეატიული თავისებურებების“ ჩარჩო-სქემის გამოყენებით ნათლად ჩანს, რომელი უნარები განვითარდა მოსწავლეებში და  შესაძლებელი ხდება მოსწავლეებში კრეატიული უნარების განვითარების მასშტაბის გაგება. ეს მასწავლებლებსაც ეხმარება, შეაფასონ თავიანთი პრაქტიკა და უზრუნველყონ იმ კრიტერიუმებთან შესაბამისობა, რომელსაც „მაღალფუნქციონალური საკლასო ოთახის“ კონცეფცია ითვალისწინებს.

ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებისათვის საწყისი ტრეინინგების ჩატარება, რაც მათ დაეხმარება კონცეფციის გაგება-გააზრებაში და თავიანთი შესაძლებლობების შეფასებაში.  სწორედ ეს გახლავთ ის მთავარი საქმე, რომელსაც CCE მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ახორციელებს. დაგროვილმა გამოცდილებამ და ცოდნამ გვიჩვენა, რომ კრეატიულობის უნარების განვითარება-ჩამოყალიბება და შემდეგ მისი შეფასება ეფექტურია როგორც ინგლისურენოვან გარემოში, ისე – ლიტვაში, ჩეხეთში და პაკისტანში და კიდევ ბევრ ქვეყანაში, სადაც CCE მუშაობს.

 

წყარო: https://www.wise-qatar.org/measuring-creativity-education-paul-collard

კვლევის სრული ანგარიში: https://www.creativitycultureeducation.org/

 

სტატია თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

მალტის გიგანტური მეგალითები

0

ქვეყანა ხმელთაშუა ზღვაში ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის, მალტის არქიპელაგზე მდებარეობს. მთავარი კუნძულებია მალტა, გოცო და კომინო. ფართობი – 316 კვ.კმ.

მალტის ყველა მეგალითური ტაძარი დიდი ხანია აღმოჩენილია და შესწავლილი არქეოლოგების მიერ, მაგრამ აქამდე ეს ნაგებობები უამრავ კითხვას ბადებს მსოფლიოს მეცნიერებს შორის.

მალტის ტაძრების მთავარი საიდუმლო მათ წარმოშობაში მდგომარეობს: ეს ნაგებობები ეგვიპტის პირამიდებზე დიდი ხნით ადრე აშენდა – ბრინჯაოს ხანაში და მათი ასაკი 5000-ზე მეტ წელს ითვლის.

 

საგულისხმოა, რომ ყველა ეს ნაგებობა აშენებულია რკინის იარაღების გამოყენების გარეშე. ხოლო მეგალითების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ადგილობრივებს სჯერათ, რომ  გიგანტებმა ააშენეს.

არაფერია ცნობილი ამ უნიკალური დიდებული ნაგებობების მშენებლებზე, ეს ადამიანები  ათასწლეულის შემდეგ უკვალოდ გაუჩინარდნენ. დღეს,  უახლესი კვლევების წყალობით, მეცნიერებმა წამოაყენეს ახალი ჰიპოთეზები, რომელიც, სავარაუდოდ, შეძლებს ნათელი მოჰფინოს მეგალითური ტაძრების საიდუმლოს.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ  მალტის ტაძრების  მშენებლობა დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე კონტინენტურ ევროპაში (უძველესი ცნობილი – Cairn de Barnenez, Finistère, საფრანგეთი, 4500 წ.) და ამიტომ მალტური მეგალითები პროტოტიპებს წარმოადგენს სხვა რეგიონების ტაძრებისთვის. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პრეისტორიული მალტის კულტურა დიდწილად უკავშირდება სიცილიას. ასე რომ, არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ მალტა იყო საკულტო ცენტრი სიცილიური ხალხებისთვის.


მალტის ყველა მეგალითური ტაძარი  იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. უძველესად ითვლება  ორი ტაძრის კომპლექსი ჯგანტია კუნძულ გოზოზე. ორივე ტაძარი აგებულია მარჯნის კირქვის ბლოკებით.

ზოგიერთი ბლოკის წონა დაახლოებით ორმოცდაათ ტონას და  სიგრძე ხუთ მეტრს აღწევს. ტაძრებს აქვთ ხუთ-ხუთი, ერთმანეთთან დერეფნებით დაკავშირებული აფსიდა (ნაგებობის ნახევრად  გამოწეული ნაწილი, წრიული ან მრავალწახნაგოვანი ფორმის, რომელიც გადახურულია ნახევარგუმბათით და მოთავსებულია საკურთხევლის ნაწილი).

მალტის კიდევ ერთი გრანდიოზული ტაძარი, ჰაჯარი, კლდის წვერზე დგას. დიდ ინტერესს იწვევს ტაძრის დეკორი, კედლები მოჩუქურთმებულია ობსიდიანის და სილიციუმის ღვთაებებით და ცხოველებით. კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე კლდეებს შორის  არის  სამი ტაძრის კომპლექსი – მნაიდრა.  იგი მარჯნის კირქვითაა ნაგები. აქვს რთული ჯვარედინული დაგეგმარება – წააგავს სამყურა ბალახს. პრეისტორიული სტრუქტურა სამი გაერთიანებული, მაგრამ არა ერთმანეთთან შეერთებული ტაძრისგან შედგება – ზედა, შუა და ქვედა ტაძრები. მათ შორის უძველესი ზედა ტაძარია.


ქვედა ტაძარი, სავარაუდოდ, ასტრონომიული დაკვირვებებისათვის გამოიყენებოდა. არქიტექტორების ჩანაფიქრით, 22 სექტემბერს და 20 მარტს მზის სხივები ზუსტად განსაზღვრული ხაზით  გაივლიან ტაძარში.
ყველაზე ადრეულ მეგალითებს მიეკუთვნება Ta’Hadzhrat ტა ჰაჯრეთის ტაძრების კომპლექსი, რომელიც, სავარაუდოდ, აგებულია ნასოფლარზე და გამოირჩევა არასტანდარტული განლაგებით.

მალტის ტაძრების ყველაზე რთულ არქიტექტურულ კომპლექსად ითვლება ტარშიენის ტაძრები. იგი მიეკუთვნება ჩ.წ.აღ.-მდე 3600-2500 წლებს და შედგება ოთხი მეგალითური ტაძრისგან. 1960 წელს, მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს სამგლოვიარო, ტაძრები, რომლებიც ცუდადაა შემონახული.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტაძრების პერიოდის ცვლილება არ იწვევდა ძველი ტაძრების განადგურებას ან მიტოვებას, ადგილობრივი მოსახლეობა განაგრძობდა მათ გამოყენებას სამარხებად, რაც მიანიშნებს მნიშვნელოვან უწყვეტობაზე. გავრცელებული ჰიპოთეზით, მეგალითური ტაძრების  შემცირების მიზეზად მიიჩნევა: კლიმატის არიდიზაცია, სამოქალაქო ომი, საგარეო გავლენა, მალტის და სიცილიის მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების ამოწურვა.

მეცნიერებისთვის გაუგებარი რჩება მეგალითური ტაძრების პერიოდის კულტურა. რამდენადაც მალტაზე არ არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ კუნძული დასახლებული იყო ზემოადრეულ პალეოლითსა და მეზოლითში. თითქოს არსაიდან, ყოველგვარი წინასწარი ფაზების გარეშე ჩნდება ნეოლითი, რომელიც მოიცავს ცივილიზაციის მთავარ მიღწევებს: კერამიკას, სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობას.

მეცნიერების მიერ მხოლოდ ცოტა ხნის წინ აღინიშნა ტაძრების განლაგების გარკვეული თავისებურება, რომელსაც შეუძლია ნათელი მოჰფინოს უძველესი ნაგებობების საიდუმლოს. კერძოდ, მეგალითური ტაძრების ცენტრში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კრომლეხის  ნამარხები – წრიული ფორმით განლაგებული უზარმაზარი ქვის ფილები. მკვლევრებმა ტაძრების ახლოს  კიდევ არაერთი ნამარხი შენიშნეს.

საოცარია, რომ ასეთ მჭიდროდ ათვისებულ არქიპელაგზე, როგორიც მალტაა, არქეოლოგები დღემდე პოულობენ ახალ მეგალითებს, თუმცა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. ზოგიერთი მათგანი გაიძარცვა და ზოგიც  დასახლებული რაიონებში მოხვდა, ამიტომ, მათი აღმოჩენისთვის სპეციალური კვლევებია საჭირო.

აუცილებელია ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მეცნიერები მივიდნენ საინტერესო დასკვნამდე. ექსპერტების აზრით, მალტის მეგალითური ნაგებობები გახდა პროტოტიპი მითოლოგიური ელისეის მინდვრების, სადაც, ძველი ბერძნების აზრით, სიკვდილის შემდეგ ცხოვრობენ ღმერთების საყვარელი გმირების სულები. მიცვალებულების ეს საუფლო ჰგავს ეგვიპტის „იალუს მინდვრებს“ საბერძნეთის დასავლეთით.
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბრინჯაოს ხანაში – ადრე რკინის ხანის მალტამ განიცადა რამდენიმე მასობრივი მიგრაცია, რის შედეგადაც დაკარგა უწყვეტობა მეგალითურ ხალხებთან. სავარაუდოა, რომ ეს მიგრაცია დაუკავშირდა მთელ ხმელთაშუა ზღვისპირეთს, განსაკუთრებით, ეგვიპტეში. აქედან გამომდინარე, დღეს არქეოლოგების წყალობით მეცნიერები თანდათან უახლოვდებიან პასუხს კითხვაზე: როგორ, ვის მიერ და რა მიზნით აიგო მალტის ამოუცნობი მეგალითური ნაგებობები.

 

 

გაყინული ხინკლის საიდუმლო

0

თავის წიგნში „ტიციანი და მისი მეგობრები“ (ასე ჰქვია, თუ სწორად მახსოვს)

ნინა მაყაშვილი წერს, რომ, როცა მაიაკოვსკი თბილისში ჩამოვიდოდა და „ყანწელები“ კარგ რესტორანში მიიპატიჟებდნენ ბავშვობის მეგობარს, ის უარობდა და უახლოესი დუქნისკენ იწევდა, იმიტომ კი არა, რომ „ყანწელების“ ან მისი ჯიბე ელიტურ რესტორანს ვერ გასწვდებოდა (ჯიბის ფულის უქონლობას არც ერთი არ უჩიოდა), არამედ იმიტომ, რომ დუქანს მაშინ ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი ტიპური თბილისური დუქნის ხიბლი, რომელიც სახელოვნებო ბოჰემას ყოველთვის იზიდავდა.

შემორჩენილი ხიბლისა რა გითხრათ, მაგრამ ძველი შენობების სარდაფებსა და ნახევრადსარდაფებში გახსნილ დუქნის შვილიშვილებს სტუმრები არც დღეს აკლია, სიიაფის და ზაფხულობით სიგრილის გამო.

ამ რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი ძმაკაცი ორბელიანის ქუჩაზე (ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი) ერთ-ერთ ასეთ მოდუქნო დაწესებულებაში ჩავედით. სანამ შეკვეთის რიგში ვიდექით ლოყებღაჟღაჟა ძიაკაცთან, რუსი ტურისტების ორმა წყვილმა ხინკალი შეუკვეთა და კუთხის მაგიდასთან დაჯდა (ასეთ სარდაფებში უცხოელები არაერთხელ მინახავს, სიიაფესთან ერთად, მათთვის ალბათ ეგზოტიკაა ნესტის სუნი და შეულესავ კედლებზე დაკიდებული მტვრიანი ხალიჩები და ფარ-ხანჯლებიც), ჩვენც ხინკალი გვინდოდა, მაგრამ ხსენებულმა წითურმა ძიამ გვითხრა, ხინკალი არ გვაქვსო. კი გაგვიკვირდა, მაგრამ არ გაგვიპროტესტებია და სხვა რამე შევუკვეთეთ. მერე, როცა შეკვეთა მოგვიტანა, თავისი ჭკუით, ჯიგრულად გვითხრა: ბიჭებო, არ გეწყინოთ, ჩვენ ხინკალს არ ვახვევთ, მაღაზიაში ვყიდულობთო, მაგათი ასე და ისეო, – რუსებზე მიგვითითა, – მაგრამ თქვენ როგორ გაკადრებდით, ქართველები ხართო.

ჩვენი ამჟავებული სახეებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მიტრიალდა და პირში ასანთისღერგარჭობილი, დარწმუნებული იმაში, რომ მორიგი ეროვნული საქმე ჩაიდინა, კმაყოფილი სახით წავიდა თავისი სადგომისკენ. ამასობაში ტურისტებსაც მოუტანეს შეკვეთილი ხინკალი, მედუქნე კი უტიფრად თვალმოწკურული აუვლ-ჩაუვლიდა და რუსულად დასძახოდა, ხო გემრიელიაო.

მე და ჩემმა ძმაკაცმა უგემურად ვჭამეთ მიმწვარი ქაბაბი და მლაშე სალათა, დავაყოლეთ გაზგასული, სავარაუდოდ, ბოთლებში ჩარჩენილი და მერე ერთ ბოთლში გადასხმული, პლასტმასის საცობით და ალუმინის ფურცლით კუსტარულად მოხუფული მსხლის ლიმონათი.

ამ ამბავმა ოთარ იოსელიანის კინოშედევრ „გიორგობისთვის“ ის ეპიზოდი გამახსენა, როცა რუსი ტურისტების ჯგუფს კაკო კვანტალიანის გმირი მჟავე ღვინოს ასმევს, შეზარხოშებულებს კი გიდი „სულიკოს“ ამღერებს. ვინმე შესაძლება შემომედავოს და მითხრას, რომ რუსები ჩვენგან ყველაფრის ღირსები არიან. არ მოვყვები პათეტიკურ შეგონებებს იმის თაობაზე, რომ სტუმარი ღვთისაა, სამაგიეროდ, შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, რომ იმ დუქნის კაცისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რუსები იყვნენ ისინი, უკრაინელები თუ ირლანდიელები – ნებისმიერ შემთხვევაში ისევე მოიქცეოდა, როგორც მოიქცა, რადგან მხოლოდ და მხოლოდ გამოუცდელი უცხოელებისთვის ჰქონდა გადანახული გაყინული ხინკალი, ყბებგაწაფულ ქართველებს რომ ვერ აჭმევდა.

რა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ქართველი ასეთია. მეტიც – მიმაჩნია, რომ ხშირად გადამეტებული სტუმართმოყვარეობით, კაცთმოყვარეობისა და ალტრუიზმითაც გამოვირჩევით, უბრალოდ, იმ მედუქნისნაირი არსებები, რბილად რომ ვთქვა, ცუდ გუნებაზე მაყენებენ. იმ დღესაც საშინელ განწყობაზე დავდექი და იმ ღაჟღაჟა კაცის დარცხვენილი თვალები, როცა მე და ჩემმა მეგობარმა რუსი ტურისტების დანახარჯიც გადავუხადეთ და დავუბარეთ, ფული არ გადაახდევინო და უთხარი, ასე ვიცით ქართველებმა პატივისცემაო, მაძლევს იმედს, რომ შუბლის ძარღვს ბოლომდე არ გაიწყვეტდა და მათაც არ გამოართმევდა უგემური ხინკლის და რამდენიმე კათხა ლუდის საფასურს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...