სამშაბათი, მაისი 19, 2026
19 მაისი, სამშაბათი, 2026

ბავშვთა ადრეული განათლება

0

ანდრეა მილზი,  ვალდკინდერგარტენი – საბავშვო ბაღი ტყეში

 

ანდრეა მილზი (Andrea Mills) ბავშვთა ადრეული განათლების სპეციალისტია. მან განათლება აშშ-სა და ევროპაში მიიღო. ცხოვრობს ქ. სტოუნი ბრუქში, ნიუ–იორკის შტატში, მეუღლესა და შვილებთან ერთად.

 

„მე დღეს თოვლის კაცი გამოვძერწე“, – გაიძახოდა ჩემი პირველკლასელი შვილი, როდესაც იანვრის თოვლიან დღეს სკოლაში გავუარე. სიხარული და გაკვირვება ერთად მომეძალა. „ვაშა!“ – გამიხარდა გულში, – „როგორც ჩანს, მასწავლებელები ბავშვებს შესვენებებზე თოვლში თამაშის საშუალებას აძლევენ“, – დავასკვენი. „ალბათ რა კარგი იყო თოვლში თამაში! თოვლში სათამაშო შარვალი შენ თვითონ ჩაიცვი?“ – ვკითხე ჩემს შვილს.

ბიჭუნამ გაკვირვებით შემომხედა, – როგორც ჩანს, რაღაც არასწორად ვიკითხე, – და შემწყნარებლური ტონით მიპასუხა: „ჩვენ თოვლის კაცი კომპიუტერზე გავაკეთეთ და არა ეზოში!“

 

საკლასო ოთახის გარეშე

გამახსენდა რომ ჩვენს სამეზობლოში, ლონგ-აილენდზე, თოვლიან დღეს შესვენებისას ბავშვების შენობაში დატოვება ჩვეულებრივი სასკოლო პრაქტიკაა. ჩვენი ოჯახი ციურიხიდან აშშ-ში ოთხი წლის წინ დაბრუნდა. აშშ-ში ჩვენს დაბრუნებას ბევრი კულტურული ცვლილება მოჰყვა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე შესამჩნევი ბავშვების ეზოში თამაშისადმი ფრთხილი და შიშნარევი დამოკიდებულება გახლდათ, განსაკუთრებით – არცთუ იდეალურ ამინდში.

ციურიხში ცხოვრებისას ჩემი შვილი ვალდკინდერგარტენში (Waldkindergarten –გერმ. ტყის საბავშვო ბაღი) დადიოდა, რომელიც ორიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის იყო შექმნილი. სახელიდან გამომდინარე, ბაღი ბავშვების უმეტესად გარეთ ყოფნას ითვალისწინებდა. გარდა უამინდო დღეებისა, კვირაში ხუთი დღის განმავლობაში, 08:30-დან 2:30-მდე, წვიმასა თუ სითბოში, მზესა თუ თოვლში, ვალდკინდერგარტენის პატარა მოსწავლეები განათლებას უჩვეულო საკლასო ოთახში, ტყეში იღებენ. ტყის საბავშვო ბაღების მოძრაობა ევროპაში იზრდება. გერმანიაში შვიდასამდე ასეთი პროგრამაა პატარებისთვის.  ტყის მოძრაობამ გამოძახილი უკვე აშშ-შიც პოვა.

ეს არაჩვეულებრივი სკოლები/საბავშვო ბაღები განათლების სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, დაამყარონ ურთიერთობა ბავშვებთან საკლასო ოთახის გარეთ, მზერა გაუსწორონ განათლების სრულიად განსხვავებულ სტილს, რომელიც პირდაპირ გამოცდილებას, თვითმართვად მოქმედებას, ჯგუფურ მუშაობასა და საკუთარ ძალებზე დაყრდნობას სთავაზობს მათ.

შვეიცარიაში ცხოვრებისას დილაობით ჩემი შვილი საბავშვო ბაღში ზურგჩანთით, საწვიმრით, თბილი ტანსაცმლით ან მზისგან დამცავი ქუდით და შესაბამისი ფეხსაცმლით შემოსილი მიმყავდა და ეს ბავშვისთვისაც ჩვეულებრივი ამბავი იყო. პატარებმა იცოდნენ, რომ მათი ჩაცმულობა ამინდზე იყო დამოკიდებული და გარეთ გასატარებელი საათების შესაბამისად უნდა ყოფილიყვნენ ჩაცმულნი.

სწორედ მაშინ გავაცნობიერეთ, რამდენად სწორი იყო ცნობილი გამოთქმა ამინდზე, რომელსაც ჩვენი მასწავლებელი ხშირად ამბობდა : „არა არსებობს ცნება „ცუდი ამინდი“, არსებობს მხოლოდ „ცუდი ტანსაცმელი“.

მიუხედავად ზოგიერთი მშობლის შიშისა, რომ გარეთ დიდხანს დარჩენა სახიფათოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სუფთა ჰაერზე რეგულარულდ ყოფნა, ყინვიან დღეებშიც კი (რა თქმა უნდა, შესაბამისი ჩაცმულობით), ბავშვებს უფრო აკაჟებს და აჯანსაღებს, ვიდრე ზამთრის თვეების ძირითადად სახლში გატარება.

“ტყის“ საბავშვო ბაღებს თითქმის არ სჭირდება კომერციული სათამაშოები თუ ტიპური სასწავლო მასალები. ჯოხები, ფოთლები, გირჩები თუ რკოები და ბუნების სხვა საჩუქრები ბავშვების ხელში მაშინვე იძენს ახალი სათამაშოს ფუნქციასა და შინაარს და სათამაშო სცენის შესანიშნავ რეკვიზიტებად გარდაიქმნება. ასევე შეუცვლელია „ბუნებრივი“ რეკვიზიტი სამეცნიერო ექსპერიმენტებისა თუ მათემატიკის გაკვეთილებისთვის.

მახსოვს, ერთხელ, ჩემი შვილის ბაღის ამხანაგების თამაშის ცქერისას, აღმოვაჩინე, რომ ბავშვებ ფიჭვის გირჩების შეგროვებისას ავტომატურად ახარისხებდნენ მათ ზომის მიხედვით – ელემენტარული არითმეტიკის კურსისათვის მოსამზადებელი სავარჯიშო ბავშვებმა ყოველგვარი ინსტრუქციის, ფერადი კუბებისა თუ სათამაშოების გარეშე, თვითონვე ჩაატარეს.

რაც შეეხება მასწავლებლებს, მათი ჩარევა მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს იმ რწმენიდან მომდინარეობს, რომელის მიხედვითაც ბავშვების ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, ბუნების ელემენტებისადმი ინტერესი ხელს უწყობს მათი უნარების განვითარებას. უნარებისა, რომლებიც მათ უფრო მაღალ კლასებში სწავლისას გამოადგებათ.

ფრიბურის უნივერსიტეტის (University of Fribourg) 2003 წლის კვლევის თანახმად, რომელიც ვალდკინდერგარტენისა და ჩვეულებრივი, რიგითი შვეიცარიული საბავშვო ბაღების მოსწავლეთა უნარების განვითარების შედარებას ეხება, „ტყის“ საბავშვო ბაღისა და „ჩვეულებრივი“ ბაღების მოსწავლეებს ერთანირად აქვთ განვითარებული ნატიფი მოტორული უნარები, უხეში მოტორული და შემოქმედებითი უნარები კი „ტყის“ ბავშვებს საგრძნობლად უკეთესი აქვთ. ასევე, ტყის საბავშვო ბაღების მოსწავლეებს მეტად აქვთ განვითარებული პრობლემების გადაჭრის უნარები და უფრო მეტ ვარიანტს პოულობენ მათ მოსაგვარებლად.

საბავშვო ბაღში, რომელშიც შვეიცარიაში ჩემი შვილი დადიოდა, ჩვეულებრივი დღე ვალდში (გერმ. ტყე) სეირნობით იწყებოდა. ტყეში ბავშვები რამდენიმე საათს ატარებდნენ მათთვის მოწყობილი „ვალდზოფას“ („ტყის ტახტის“) გარშემო. „ტახტრევანი“ მრგვალი, ხის ტოტებით აწყობილი კედლებია სახურავის გარეშე.

„ტყის ტახტრევანთან“ მისასვლელად ბავშვებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რომლის გავლასაც ისინი ყველასთვის მისაღები სალაშქრო სიჩქარით ახერხებენ. გზაში ბავშვებს უწევთ გაიარონ მოყინული ადგილები ან ტალახიანი ბილიკები, რომლებიც, ბუნებრივია, აფერხებს მოძრაობას. მასწავლებლები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს პატარების ყოველდღიურ ლაშქრობებს. „ტახტრევანამდე“ მისასვლელ გზაზე ხშირად ისმის სიცილი და სიმღერა, მაგრამ ყველა სერიოზულად ეკიდება უსაფრთხოებას: არავინ დარბის ხის ტოტებით ხელში, არავინ სცილდება მთავარ ჯგუფს…

„ვალდზოფა“ ბავშვებისთვის ყოველდღიური სათამაშო ადგილია. მათი ნაწილი ერთად აჩაღებს კოცონს „ვალდზოფას“ ცენტრში. მოგვიანებით ამ კოცონზე მასწავლებლები ბავშვებისთვის საჭმელს ამზადებენ. ბავშვები ყოველდღიურად სწავლობენ, რომ ცეცხლის გაჩარება სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმეა და დიდ ყურადღებას და უსაფრთხოების წესების დაცვას მოითხოვს.

ჩემი შვილის საბავშვო ბაღში ბავშვები ნამდვილ დანებსა და ხერხებს იყენებდნენ, ცხადია, მასწავლებლების ზედამხედველობით. ტყის საბავშვო ბაღის სასწავლო პროგრამა მუდმივად ცვალებადი გარემოს შესაბამისად იცვლება.

„ტყეში ხილისა და თხილეულის შეგროვება სწავლის უსასრულო შესაძლებლობებს იძლევა“, – ამბობს პროგრამის დირექტორი, ქ-ნი მარგა კელერი, რომელიც მიუთითებს ცვალებად ამინდსა და გაფურჩქვნის პერიოდში მყოფ მცენარეებზე როგორც სწავლებისთვის საჭირო მომენტებზე ბუნების ცხოვრებიდან. – „ბავშვებს უზარმაზარი სივრცე აქვთ სამოქმედოდ, გარემოს საკვლევად, აღმოჩენებისთვის, ექსპერიმენტებისთვის, თვითმართვადი სწავლისთვის“.

ერთხელ მოსწავლეებმა ხეებზე ხვრელები შეამჩნიეს. მასწავლებლებმა მათ სხვადასხვა ცხოველის საცხოვრებლების, ცხოვრების წესის, გამოზამთრების შესახებ უამბეს.

კელერის თქმით, ტყის საკლასო ოთახი ბავშვებში ბუნებრივად იწვევს ინტერესს და ხელს უწყობს სხვადასხვა უნარის ჩამოყალიბებას, რომლებიც მათ მომავალში გამოადგებათ.

ტყის საბავშვო ბაღებში ბავშვები თამაშ-თამაშით ითვისებენ მოტორულ უნარებს. ამაში მათ ხელს უწყობს ტყის გარემოსთვის ჩვეულებრივი თამაშები: გორაობა, ცოცვა, ცეცხლის გაჩაღება, ხელსაწყოების – ქვისა და ხის ჩაქუჩებისა თუ ნაჯახების კეთება.

რაც უფრო მეტი გრძნობის ორგანოა ჩართული ბავშვის გამოცდილებაში, მით უფრო ღრმაა სწავლის პროცესი. ტყეში ბავშვების გრძნობები უფრო აქტიურია, ვიდრე დახურულ შენობაში.

ქ-ნი კელერი მოგვითხრობს იმ ფსიქოლოგიურ სარგებელზეც, რომელიც ბავშვების ბუნებასთან კონტაქტით ჩნდება, თავდაჯერებისა და სოციალური კომპეტენციის შეგრძნებთა ჩათვლით.

ბუნებრივი წინააღმდეგობების გადალახვა  – ტოტებისგან ბილიკის გათავისუფლება, ქვების დალაგება მდინარის ნაკადის გადასალახავად – ბავშვებს ასწავლის და ტავდაჯერებას მატებს.  ტყის ცხოვრებაზე დაკვირვება ბავშვებს შეგრძნებებს უვითარებს, ხოლო ტყის საკლასო ოთახი ხელს უწყობს მათ თანამშრომლობას ასწავლის და მისი აუცილებლობის გაცნობიერებაში ეხმარება. მძიმე კუნძის გადათრევა თუ მეგობრისთვის ხელის გაწვდენა სველი აღმართის გადალახვისას მოსწავლეებს ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემას უვითარებს.

 

იდეა, რომ ბუნება კარგ სასწავლო გარემოს წარმოადგენს, ისეთივე ძველია, როგორიც თავად საბავშვო ბაღის არსებობის იდეა. გერმანელი განმანათლებელი ფრიდრიხ ფრიობელი (Friedrich Froebel), რომელსაც მიაწერენ პირველი საბავშვო ბაღის ორგანიზებას 1840 წელს და ტერმინ „კინდერგარტენის“ (გერმ. საბავშვო ბაღი) შექმნას, ამბობდა, რომ ბუნება ბავშვების სწავლებისთვის ბუნებრივი და კეთილისმყოფელი გარემოა. ევროპაში ტყის საბავშვო ბაღების პოპულარობა შესაძლოა ფრიობელის კონცეფციის პრაქტიკული განხორციელება იყოს ას სამოცდაათი წლის შემდეგ.

ამერიკელი ბავშვების უმეტესობისთვის გარე სამყაროსთან, ბუნებასთან, ტყესთან კავშირი უკვე წარსულია. ბავშვები თავიანთ თავისუფალ დროს, ნაცვლად ეზოში თამაშისა, ძირითადად კომპიუტერებთან, ტელევიზორებსა და სხვა მედიასთან კავშირში ატარებენ. აშშ-ში ბევრი საბავშვო ბაღი, მიუხედავად ექსპერტების დასკვნებისა აკადემიურ მოსწრებაზე თამაშისა და ბუნების გაცნობის უზარმაზარი მნიშვნელობის შესახებ, გარეთ თამაშის ნაცვლად ძირითად დროს ბავშვებს ოთახში ატარებინებს საწერი დაფისა და კალმის თანხლებით.

„ბოლო წლებში ბევრი საჯარო სკოლა შიგნით „ჩაიკეტა“ – აშენებენ უფანჯრო შენობებს, კრძალავენ საკლასო ოთახში ცხოველების ყოფნას და მეტიც – ამცირებენ ან აუქმებენ შესვენებებსა და საველე გაკვეთილებს“, – ამბობს რიჩარდ ლოუვი (Richard Louv), ავტორი წიგნისა „ბუნების უკანასკნელი შვილები: გადავარჩინოთ ბავშვები ბუნების დეფიციტის სინდრომისგან“.

ლოუვის სიტყვებით, ამერიკელ პედაგოგებს შეუძლიათ, ბევრი რამ ისწავლონ ევროპელებისგან. „შეიძლება, ყველას არ ჰქონდეს ტყე სახლის უკან, მაგრამ ყველგან არსებობს შესაძლებლობა ბავშვების განათლების გასამდიდრებლად“.

ლოუვი იმ სიკეთეებსაც გვიზიარებს, რომლებიც ბავშვებმა შეიძლება მიიღონ ბუნებაში ყოფნისას: პირველი – ბავშვები უფრო თავდაჯერებულები ხდებიან; მეორე – ჰიპერაქტიური ბავშვები სწავლობენ ფოკუსირებას; მესამე – ბავშვებს უფრო ადვილად და ბუნებრივად უვითარდებათ წარმოსახვა, ვინაიდან ბუნებაში ყოფნისას ისინი თვითონვე იგონებენ თამაშებს, მათ წესებს, სწავლობენ თამაშის დროს თანამშრომლობას და ბევრად მეტს იგებენ და სწავლობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესახებ.

იდეა, ნება დართონ ბავშვებს, თავისუფლად ირბინონ წვიმაში ან თოვლში, გამოიყენონ დანები და ითამაშონ ღია ცეცხლის ახლოს, აშშ-ში იმდენადაა დაშორებული საჯარო სკოლებისა და, საზოგადოდ, საგანმანათლებლო სისტემის წესებსა და პროცედურებს, რომ სასაცილოდაც კი ჟღერს. მიუხედავად ამისა, გარეთ გამართული გაკვეთილები სულ უფრო  მეტ პოპულარობას იხვეჭს ეროვნული მასშტაბით. რამდენიმე მათგანი ვალდკინდერგარტენის მოდელს ემყარება. რა თქმა უნდა, ეს აშშ-ში მხოლოდ კერძო ბაღებში ხდება და ბავშვთა ადრეული განათლების პროგრამის ფარგლებშია ნებადართული. კარგი ის არის, რომ მათი გამოცდილება სამომავლოდ შესაძლოა საჯარო სკოლებმა და ე.წ. „ჩარტერ-სქულებმაც“ (ჩარტერულმა სკოლებმა)[1] გამოიყენონ და ეს დაეხმაროს მათ საკლასო ოთახების გარეთ გასამართი გაკვეთილების პროგრამის ჩამოყალიბებაში.

მსგავსი პროგრამა შექმნა დავნეთ ქონვეი შაფერმა, გარემოს დაცვის აქტივისტმა და განმანათლებელმა, რომელსაც გამოცდილება ბავშვთა ადრეულ განათლებაშიც ჰქონდა – ევროპული „სატყეო“ სკოლების წესებისა და გამოცდილების გაცნობის შემდეგ შაფერმა გადაწყვიტა შეექმნა არამოგებიანი ორგანიზაცია – „ბუნების ცენტრი“, რომელიც კონეკტიკუტის შტატში, ქ. მისთიქში განთავსდა. ეს ცენტრი მთლიანად ვალდკინდერგარტენის პედაგოგიკასა და იდეოლოგიას დაეყრდნო.

ბუნების გავლენა ადამიანზე, მის ქცევაზე, მის შეგრძნებებზე, ბავშვებსა და მათი განვითარების პროცესზე კარგად არის შესწავლილი. UNESCO-ს 2008 წლის ანგარიშში, „The contribution of early childhood education to a sustainable society“[2], ხაზგასმულია, რამდენად დიდია ბუნებასთან ბავშვების ურთიერთქმედების როლი მათი განვითარებისა და განათლებისთვის. ანგარიშში, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის გამოცდილებას ბავშვთა ადრეული განათლების თავისებურებების შესახებ, აღნიშნულია, რომ ბუნებასთან ადამიანის ურთიერთობა დღევანდელ ურბანიზებულ სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბუნების გარეშე შეუძლებელია ბავშვის სწორი და სასურველი განვითარება. ბუნების ელემენტების კვლევა-შესწავლა, ბუნებრივ გარემოში თამაში, სწავლა თუ გართობა ადამიანის ცხოვრების ისეთივე აუცილებელი კომპონენტებია, როგორიც კვება, შრომა თუ დასვენება. სკოლისა და სასკოლო პროცესის დაახლოება ბუნებასთან, ტყესთან, მდინარეებსა თუ მთებთან ისევე აუცილებელია, როგორც სიარულისა და თუ ლაპარაკის სწავლა. ადამიანი ქალაქში გადასვლამდე მდინარეებთან, ზღვებთან, ტბებთან, ტყყებსა და მდელოებთან სახლობდა. ჩვენი წინაპრების ასეულობით თაობა პირველ გაკვეთილებს ბუნებისგან ირებდა. როგორც ვხედავთ, ამ გაკვეთილებს ფუჭად არ ჩაუვლია: ბუნებაზე, მის პროცესებზე დაკვირვებამ და მათმა შესწავლამ ადამიანი 21-ე საუკუნემდე მოიყვანა. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ ბუნებისგან და დღეს, როდესაც ბუნების „ბატონ-პატრონებად“ ვიგრძენით თავი, დაგვავიწყდა, რომ ბუნება კვლავ ჩვენი და ჩვენი შვილების მთავარი მასწავლებლად რჩება.

წყარო: https://www.edutopia.org/early-childhood-outdoor-education-waldkindergarten

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ

[1] ჩარტერული სკოლები/Charter Schools – ამერიკაში ე.წ. ჩარტერული სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ დაწყებით და მეორეული საფეხურის განათლებას სწავლის გადასახადის გარეშე და გამოცდებს ატარებენ შტატის მიერ მანდატირებული პროგრამის მიხედვით. ეს სკოლები ნაკლებად რეგულირდებიან საჯარო სკოლებისთვის აუცილებელი წესებით, აქტებითა და რეგულაციებით და საჯარო სკოლებთან შედარებით ნაკლებ საჯარო დაფინანსებას იღებენ ერთ მოსწავლეზე. მათ მინიჭებული აქვთ არაკომერციული (არამომგებიანი) ორგანიზაციების სტატუსი და უფლებები და შეუძლიათ მიიღონ შემოწირულობები კერძო პირებისგან ან ორგანიზაციებისგან.

[2] The contribution of early childhood education to a sustainable society, 2008. Source: https://unesdoc.unesco.org/images/0015/001593/159355e.pdf

ჰესეს ქვეყანა

0

სანამ ხელში ჩამივარდებოდა, წიგნს რა აღარ გადახდენოდა თავს: სოფლის ბიბლიოთეკიდან მოეპარათ, მწერალთან კამათი იქვე, მის ფურცლებზევე წამოეწყოთ, გულწრფელი აღფრთოვანებაც დაუფარავად გამოეხატათ, ერთ ღამეს კი უგონოდ მთვრალ მკითხველს ყდის შიდა მხარეზე საკუთარი ბრძნული აზრები მიეწერა და მიძღვნაც დაერთო, რომლის წაკითხვაც ყოველთვის მამხიარულებდა ხოლმე. ის მკითხველი – ჩემი მეგობარი – ბოლოს მეტისმეტად შეაწუხა სინდისმა და მოპარული წიგნი მაჩუქა. ჰერმან ჰესეს „მოხილვა დილის ქვეყნისა“, ანუ „მორგენლანდფართი“, როგორც იმხანად ვეძახდით (გერმანული არც ერთმა არ ვიცოდით, მაგრამ სიტყვის ხმოვანება მოგვწონდა) მალევე დავკარგე – წიგნმა გზა გააგრძელა სხვა მკითხველების გულებისკენ, სხვა მოგზაურთა დღეებისა და ღამეებისკენ.

1932 წელს გამოსული ეს პატარა წიგნი ქართულად 1982 წელს თარგმნეს რეზო ყარალაშვილმა და რუსუდან ქებულაძემ. თხელი, რბილყდიანი გამოცემა იყო – თუ ავტორზე წარმოდგენა არ გქონდა, ქართულ თარგმანზე თვალს, ალბათ, არც შეაჩერებდი. რატომღაც, მწერლის ადრეული ნამუშევარი მეგონა, არადა, ჰესეს ამ მოთხრობის დაწერამდე მოესწრო და საყოველთაოდ ცნობილი ისეთი ნაწარმოებები შეექმნა, როგორიც „ტრამალის მგელი“ თუ „ნარცისი და გოლდმუნდია“.

კი, „ტრამალის მგელი“ მოზარდობისას წასაკითხი წიგნების ჩამონათვალში უდავოდ უნდა იყოს. თუმცა მას აუცილებლად მივუწერდი გვერდით იმ წიგნის სათაურსაც, რომელზეც ამ წერილს ვწერ. „მოხილვა დილის ქვეყნისა“ – ყველაზე უკეთ რომ ეპასუხება მოზარდის მოთხოვნას – გასცდეს ყოველგვარ საზღვრებს, იმოგზაუროს დროსა თუ საკუთარ წარმოსახვაში, შორეულ ადგილებსა და უხილავ ქვეყნებში, ფორმა მისცეს სინამდვილეს, ფორმა მისცეს მას, ვისაც ყველაზე კარგად და ამავე დროს ყველაზე ცუდად იცნობს – საკუთარ თავს.

ამ წიგნის ახალ გამოცემას წიგნების ფესტივალზე გადავაწყდი და გულით გავიხარე – ძველი თარგმანი ხელუხლებლად გამოუციათ, რეზო ყარალაშვილის შენიშვნებითვე, რაც უდავოდ დაეხმარება ჰესეს ქვეყანაში ახლად ფეხშედგმულ მკითხველს. მთვარის ზღვის, ცისფერი ქვაბის, ფარვანების კუნძულის, ბავშვთა ჯვაროსნული ლაშქრობისა და კიდევ ბევრი სხვა რამის შესახებ შეიტყობთ წიგნის ბოლო გვერდებიდან.

და რა არის დილის ქვეყანა, რომლის მოხილვაც განუზრახავთ ძმობის წევრებს და რომლის შესახებაც მოგვითხრობს ის, ვინც მოგვიანებით თვითმბრალდებელ ჰ.ჰ.-დ იქცევა? (ვინ არ ყოფილა თვითმბრალდებელი თუნდაც რამდენიმე წუთით?! ჰერმან ჰესე უნივერსალურ გამოცდილებაზე გვესაუბრება). ამ წიგნის სათაურს ხშირად თარგმნიან „აღმოსავლეთში მოგზაურობად“, „აღმოსავლეთის ქვეყანაში მოგზაურობად“, „აღმოსავლეთის მიწაზე მოგზაურობად“ – მზე აღმოსავლეთიდან ამოდის, დასავლელ კაცს კი გული მუდამ იქით მიუწევს: შეუცნობელისკენ, გაურკვეველისკენ, იდუმალი განძის მაცდუნებელი საუფლოსკენ, თუმცა ეს მოგზაურობა უფრო მეტია: „ჩვენი მიზანი მარტოოდენ დილის ქვეყანა კი არ გახლდათ, უფრო სწორედ: დილის ქვეყანა მარტოოდენ ერთი ქვეყანა და, ამრიგად, გეოგრაფიული ცნება კი არ იყო, არამედ იგი იყო სიყრმე და სამშობლო სულისა, იგი იყო ყველგან და არსად, იყო ყველა ჟამისა და დროის ერთიანობა“. ეს არის მოგზაურობა დროსა და სივრცეში, როგორც წარმოსახვით სანახებში, ასევე რუკაზე იოლად მოსაძებნ ადგილებში, როგორც სხვადასხვა ეპოქის შვილებთან, ისტორიულ პირებთან, ასევე წიგნების იმ გმირებთან ერთად, შემქმნელებზე ბევრად ნამდვილები, ბევრად სიცოცხლით სავსენი რომ მოჩანან… მოკლედ, დიდი თავბრუსხვევაა. პითაგორა, მოცარტი, პაულ კლეე, დონ კიხოტი, ჩექმებიანი კატა…

„სასოწარკვეთა არის შედეგი ყოველი ბეჯითი ცდისა – გაიაზრო, განჭვრიტო და გაამართლო ადამიანის ცხოვრება. სასოწარკვეთა არის შედეგი ყოველი დაჟინებული ცდისა – სათნოების, სამართლიანობისა და ჭკუა-გონების დახმარებით გაუმკლავდე ცხოვრებას და შეასრულო მისი მოთხოვნები. ამ სასოწარკვეთის გამოღმა ცხოვრობენ ბავშვები, გაღმა – გამოღვიძებულნი“. სასოწარკვეთასთან გამკლავება კი ყველაზე რთული სწორედ მისთვისაა, ვის ბავშვურ უდარდელობასაც ნელ-ნელა შეეპარა უჩვეულო განცდა – ფორიაქის, ავი წინათგრძნობის, სამყაროსეულ უთავბოლობაში გარკვევის შეუძლებლობის. ჰერმან ჰესე გვარწმუნებს, რომ უიმედობის ეს ხანა მხოლოდ ერთი საფეხურია და ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს შევყოვნდებით მასზე, შევძლებთ თუ არა იმ უსაზღვრო შესაძლებლობების გამოყენებას, რასაც აქ, ამ მიწაზე ადამიანად ყოფნა გვთავაზობს. ბოლოს და ბოლოს, ყოველ წუთს შეგვიძლია ხელი ჩანთას წამოვავლოთ, შიგ ყველაზე აუცილებელი ნივთები ჩავყაროთ და გზას გავუდგეთ.

დილის ქვეყნის ქუჩები, ბაღები, ტაძრები, სახლები და სასახლეები მომხილველებს ელის. ვერცხლისფრად მოჩრდილულ კლდოვან ნაპირზე მდინარიდან ამოსული წყლის ფერიები ერთობიან, მთვარესავით გრილ მათ საცხოვრისში კი დრო შეჩერებულა – ვერც მიხვდები, წამი დაჰყავი თუ მთელი წელი.

ინტეგრირებული გაკვეთილის სირთულეები

0

როცა სკოლაში მე და ჩემს კოლეგებს გვიწევს ვიფიქროთ ინტეგრირებულ გაკვეთილებზე არა მოვალეობის, არამედ საჭიროების გამო, უამრავი პრობლემა იჩენს თავს. ამ დამაბრკოლებელ ფაქტორებს შორის, რომელთა სახელიც ლეგიონია, უმთავრესია სასკოლო სახელმძღვანელოებში შეტანილი მასალების არათანმიმდევრულობა, ერთმანეთთან კავშირის უქონლობა ისტორიულ-მეცნიერულ-პოლიტიკურ-ლოგიკურ-ადამიანური კუთხით.

მაგალითად, მერვე კლასში თუ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ძირითადად მეთვრამეტე საუკუნის ლიტერატურა ისწავლება, ისტორიაში სწავლობენ შუა საუკუნეებსაც, პირველ მსოფლიო ომსაც.

შესაბამისად, მოსწავლეს უჭირს კავშირების დანახვა ისტორიულ ფაქტებსა და ტექსტებს შორის, ამის კვალობაზე კი – სასწავლო საგნებს, მეცნიერებებს შორის.

რა დადებითი შედეგი შეიძლება გამოიღოს ინტეგრირებულმა გაკვეთილებმა?

  1. ასეთი გაკვეთილები ეხმარება მასწავლებლებს, ერთად იმუშაონ, ერთმანეთისთვის გამოცდილებისა და იდეების გაზიარების გზით უკეთესად დაგეგმონ კონკრეტული სასწავლო მიზნის მიღწევის გზები;
  2. უმჯობესდება კათედრებს შორის კოორდინაცია და თანამშრომლობა;
  3. მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ პროფესიულ ცოდნას, კონკრეტულ კლასთან, ცალკეულ მოსწავლეებთან მუშაობის პრინციპებს და პრიორიტეტებს;
  4. მოსწავლეები საგნებსა და მოვლენებს უფრო ფართო ჭრილში ხედავენ და არა ერთი დისციპლინის გადმოსახედიდან.

ინტეგრირებული გაკვეთილების კიდევ არაერთი დადებითი მხარე შეიძლება ჩამოვთვალოთ, მაგრამ მოდი, გავიხსენოთ, ბოლოს როდის ჩავატარეთ ის, უფრო სწორად, როდის მოგვცა სახელმძღვანელოებმა, კონკრეტული კლასების სასწავლო გეგმით გაწერილმა პროგრამამ ამის შესაძლებლობა.

საბაზო და საშუალო საფეხურებზე სასწავლო მასალებს არც ერთ კლასში არ აქვს ერთმანეთთან ლოგიკური კავშირი. როდესაც მერვეკლასელებს ილია ჭავჭავაძისა და ვესაუბრები, თერგდალეულების შესახებ, ისტორიაში ეს პერიოდი ჯერ არ აქვთ შესწავლილი და დამუშავებული – იმ დროს საფრანგეთის რევოლუციას ან ჟან ფრანსუა შამპოლიონის მიერ ეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის ამბავს სწავლობენ.

მერე გვიკვირს, რატომ არ იწვევს ინტერესს კონკრეტული მხატვრული ტექსტები, რატომ უჭირთ მოსწავლეებს ლოგიკური მსჯელობა, არგუმენტირებული ესეების წერა, ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება და მოსაზრებათა დაცვა ან უარყოფა. უჭირთ იმიტომ, რომ საერთო სურათს სამყაროს შესახებ არ ვაწვდით – ვაძლევთ დაშლილ ფაზლს, რაც ასევე არ იქნებოდა პრობლემა, მას რომ უამრავი ნაწილი არ აკლდეს ან სხვა ფაზლის ფრაგმენტები ჰქონდეს დამატებული…

ილიას „ორიოდე სიტყვა“ როგორც ახალი ეპოქის დასაწყისი

0

ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობაივერიისფურცლებიდან

 ახალს ვერაფერს ვიტყვი ამ თემაზე, მაგრამ მაინც უნდა მეთქვა: მარად ახალი, ფერუცვლელი, თანამედროვე და სახელმძღვანელო პრინციპებით მასაზრდოებელი იდეოლოგია უკვდავ შემოქმედებასთან ერთად ქართველი ერისა და ჩვენი ახალი თაობებისთვის ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობაა. სასკოლო პროგრამაში თითქმის ყოველ საფეხურზე ვსწავლობთ ილიას ტექსტებს. ეს ის ავტორია, რომელთან მიბრუნებაც მუდამ გვიწევს მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც. ლექსები, მოთხრობები, პოემები… მაგრამ არანაკლებ ღირებული და გონების მასაზრდოებელია მისი პუბლიცისტიკა. ამ საქმეს ხომ მთელი ცხოვრება შეალია… მაცოცხლებელი იდეების გავრცელება მიძინებული ეროვნული თვითშეგნებით სნეულ საზოგადოებაში, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და ბრძოლის გზის ჩვენება, როგორც თავად თქვა ცნობილ ლექსში:

„ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში?

რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ,

ჩვენ წმინდა სიტყვა უშიშარად მოვფინოთ ხალხში

ბოროტთ საკლავად, – მათ სულთ-ხდომის სეირს ვუყუროთ“.

ალბათ არავის ქართულ საზოგადო სარბიელზე არ გაუკეთებია ისეთი ამბიციური განაცხადი, როგორიც ილიას. თუნდაც ეს სიტყვები რად ღირს: „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა, ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“. არ ღალატობდა რწმენა, რომ კალმით ბოროტების დამარცხება შეეძლო. არავის კალამს ისე ეფექტურად არ გაუკეთებია ეს, როგორც მისმა მახვილივით მჭრელმა კალამმა მოახერხა.

რამდენად სარწმუნოა, რომ ერთმა წერილმა საზოგადოებრივ ასპარეზზე წესრიგი და აზროვნება შეცვალოს და სათავე დაუდოს ისეთ სიახლეს, რაც შემდეგ ქმედით და უალტერნატივო ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობად გარდაიქმნება? დიახ, ეს შეძლო ერთმა წერილმა, რომელსაც ილიამ დაარქვა უცნაური სახელი: „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“.

არ დაგვავიწყდეს: წერილი 1860 წლის 5 ნოემბერს დაწერა 23 წლის ჭაბუკმა. ჟურნალმა „ცისკარმა“ ის თავის მეოთხე ნომერში გამოაქვეყნა და შემდეგ 2-3 წელი მამათა და შვილთა ცნობილი დაპირისპირება აისახებოდა მის ფურცლებზე, რომელიც 1863 წელს შეწყდა, 1871 წელს კი კვლავ განახლდა ილიას ცნობილი გამოცანებით. 1863 წლიდან ილიამ თერგდალეულთა იდეოლოგია ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გადაიტანა, ხოლო მოგვიანებით, 1877-იდან – „ივერიაში“, რომელსაც ხან გაზეთად, ხან კი ჟურნალის სახით გამოსცემდა. თუ სადმე ოდესმე პრესას და პუბლიცისტიკას გადამწყვეტი როლი შეუსრულებია საზოგადოების განვითარებაში, ეს უპირველესად ითქმის ილიას რედაქტორობით გამოცემულ პერიოდიკასა და მისი ხელმოწერით გამოქვეყნებულ სტატიებზე. ცარისტული იმპერიის სასტიკი ცენზურის პირობებში, როცა ოფიციალურად დანიშნული ცენზორი იჯდა და ანადგურებდა ინტელექტუალურ პროდუქტებს (გავიხსენოთ ლუკა ისარლოვი, რომელიც სისხლს უშრობდა ილიას და ეს უკანასკნელი ხშირად რედაქციის თანამშრომლებსაც კი უგზავნიდა, რომ მისი ქირურგის სკალპელივით დაუნდობელი კალმისგან ეხსნა ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ნაფიქრალ-ნააზრევი). კლდესავით ურყევმა რწმენამ, რომელსაც ილია ქართველი ერის წარსულში ხედავდა („ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად – ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი“, – ნაწყვეტი წერილიდან „რა გითხრათ? რით გაგახაროთ?“), მის ნააზრევშიც აღმართა ახალი საყდარი, რომელიც გარდამტეხი ეპოქის საყრდენად იქცა. 1861 წელს პეტერბურგიდან მომავალ 24 წლის ილიას უკვე გააზრებული ჰქონდა, სახელმწიფოებრიობადაკარგული და სრულ წყვდიადში მოქცეული საქართველო როგორ უნდა აღედგინა ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორ შემოეკრიბა პატრიოტული სულისკვეთებით ანთებული თანამებრძოლები და როგორ გაეღვივებინა მიძინებული ეროვნული თვითშეგნება. ის განმანათლებლად მოევლინა თავისი და მომავალი ეპოქების საქართველოს იმ გაგებით, რომ, გარდა უმნიშვნელოვანესი მხატვრული ტექსტებისა, თავისი საქმიანობით, უპირველესად კი პუბლიცისტიკით, საზოგადოებას შესთავაზა თანამედროვე, ახლებური აზროვნება, ეროვნული პრობლემატიკის ანალიზისა და გადაწყვეტის გზები. ეს მთელი იდეოლოგიაა, მთელი დოქტრინა, რომლითაც ჩვენი საზოგადოება დღესაც ხელმძღვანელობს და აქტუალობას ალბათ არასდროს დაკარგავს.

1879 წლიდან ყოველთვიურ ჟურნალ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე რეგულარულად ბეჭდავდა ნოვატორული პუბლიცისტური ჟანრის წერილებს, რომლებიც დასათაურებული იყო, როგორც „შინაური მიმოხილვები“. ამ წლების განმავლობაში დაიბეჭდა 30 ასეთი წერილი, რომლებშიც ილიასთვის დამახასიათებელი ბასრი ხელწერით შუქდებოდა მისი თანამედროვე საქართველოს ყოფის ყველა აქტუალური პრობლემა – ეროვნული თვითგამორკვევითა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით დაწყებული, საქალებო სკოლაში გამართული ქალთა კრების ან სამედიცინო საზოგადოებაში ავჭალის წყლის საკითხებისადმი მიძღვნილი შეკრების გაშუქებით დამთავრებული.

ილიამ საგანმანათლებლო მოღვაწეობა დაიწყო საზოგადოებაში არსებული პრობლემების არსში წვდომითა და ანალიზით. მას მიაჩნდა, რომ „არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანებს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა“. ისტორიის ერთობაში, სავარაუდოდ, ილია გულისხმობდა დროთა კავშირს. იგი არაერთგან იმოწმებდა ლაიბნიცის ცნობილ სენტენციას: „აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. მისი ცნობილი წერილი „აი, ისტორია“ სწორედ ამას გვეუბნება, რომ ერის დაბერება, რომელსაც რუსულ ჟურნალ „სევერნი ვესტნიკის“ ერთ-ერთი ავტორი გვაცნობდა როგორც ქართველი ერის პრობლემას, აბსურდული იყო, რადგან ილიას აზრით, სიძველე ერს კი არ აბერებს, არამედ აძლიერებს, ეროვნულ ენერგიას მატებს. ერებს შორის ზოგი ადრე გამოსულა საიასტორიო ასპარეზზე და ზოგიც გვიან, ბევრი აღგვილა პირისაგან მიწისა და ამის მიზეზი სიბერე კი არ ყოფილა, არამედ „შინაურ საქმეთა მოუწყობლობა“ და მტერთა ძლევა. სწორედ ამიტომ ილიას „ისტორიის ერთობა“ ესახებოდა ქართველი ერის ჩამოყალიბების ყველაზე არსებით და მნიშვნელოვან ფაქტორად. მწერალი ქართველობას უხსნიდა, რომ წარსულის ისტორიული გაკვეთილები ერმა სწორად უნდა გაიაზროს და გამოიყენოს მერმისის ასაშენებლად, სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და განმტკიცების გზაზე.

ეროვნული პრობლემების გააზრების საუკეთესო მაგალითი იყო აჭარის საკითხის წინ წამოწევა. ერთ-ერთ „შინაურ მიმოხილვაში“ ილია დაწვრილებით აანალიზებდა აჭარის პრობლემას და მიაჩნდა, რომ ამ კუთხის ეროვნული საფრთხეები განაპირობა არა რელიგიურმა საკითხმა, არამედ რუსულ-ოსამლური დაპირისპირების პოლიგონად ამ კუთხის ქცევამ, რამაც გააჩინა მოსახლეობის აყრის და ოსმალეთში გადასახლების საფრთხე. ილია ამ პრობლემების გადაწყვეტის გზებს ასე ხედავდა: აჭარის შემოერთების პროცესში აჭარელთა შორის განათლების გავრცელების საკითხს ანიჭებდა უპირატესობას, მეორე ადგილზე კი აყენებდა დანარჩენი საქართველოს მობილიზებას აჭარელთა თანადგომისთვის. ილია ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, კინტრიშის მაზრის, ქობულეთის და მთელი აჭარის მოსახლეობის სატკივარისთვის მიეხედა, მაგრამ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით დანარჩენ ქართველობას მიმართავდა, გამოეჩინათ სოლიდარობა, მონოლითური ეროვნული სულისკვეთება, ქველმოქმედების ნება და ერთობლივად გადაეჭრათ აჭარელთა სოციალური პრობლემები. ილიას აზრით, გაჭირვებულ აჭარელთა დახმარება მთელი ერის მოვალეობა იყო და სოლიდარობა ინდივიდუალურ სიკეთემდე სწორედ ამიტომ არ დაიყვანებოდა. ერს უნდა გაეაზრებინა, რომ საზოგადო სატკივარს ეროვნულმა მთლიანობამ უნდა უწამლოს, თორემ ცალკეული პიროვნული ინიციატივები ვერ ამოწურავდა მთელი კუთხის საზრუნავს.

ერთ-ერთ მიმოხილვაში ილია კანონისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას ეხებოდა. ის წერდა: „ჩვენში კანონი თუ იბადება, ოთხ კედელ შუა იბადება და ზოგჯერ ისე მოუხდება ხოლმე ჩვენს ცხოვრებას, როგორც კაცს – სხვის ტანზედ შეკერილი ტანისამოსი“. საკითხავი ეს იყო: რატომ ხდება კანონი საძულველი, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის სავსებით გონივრულია? ამის მიზეზად ილიას განათლების დეფიციტი, მოქალაქეობრივი კულტურის დაბალი დონე და თვითნებობა მიაჩნდა. კანონმორჩილება მაღალგანვითარებული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი თვითშეგნებაა და ის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეიძინოს საზოგადოებამ, რადგან უამისოდ შეუძლებელია მწყობრი სახელმწიფოებრივი ინსტიტუციების მშენებლობა.

მიუხედავად მეცხრამეტე საუკუნეში მომხდარი პოზიტიური ძვრებისა, ილია ეჭვქვეშ აყენებდა „ისტორიის პროგრესს“ და, ჩემი აზრით, ეს სკეფსისი განპირობებული იყო იმით, რომ ქართულმა საზოგადოებამ ისტორიის გაკვეთილები გონივრულად ვერ გაიაზრა. მეოცე საუკუნის პირველ დღეს ილია შეხვდა წერილით „მეცხრამეტე საუკუნე“, სადაც ის გასული საუკუნის მიერ მოტანილ ყველა სიკეთეს, სიახლესა და პროგრესს ხაზს უსვამდა, მაგრამ აქვე მიუთითებდა, რომ მიუხედავად ადამიანური ყოფის გაუმჯობესებისა, ბედნიერება მაინც შორს იყო, რომ ახლა ზღვარი ძლიერსა და უძლურს შორის კიდევ უფრო ღრმა და საგრძნობი გახლდათ და რომ მეცხრამეტე საუკუნე მეოცე საუკუნეს უანდერძებდა, აეღორძინებინა მეცნიერება, ადამიანის გონების წინსვლა და ზნეობის აღმატება მოეტანა. ილიას სკეფსისი უიმედობისა და მარცხის განცდიდან კი არ იღებდა სათავეს, არამედ რეალობის ობიექტურ აღქმაზე, იმედიანი, მაძიებელი, ახალი საუკუნის მიმართ მომთხოვნ პოზიციაზე მეტყველებდა.

ილია ქართველ ხალხს სთავაზობდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეებს, ეწეოდა მათ პროპაგანდას, ამხელდა იმ პირებს, იმ მოვლენებს, რომელნიც ხელს უშლიდნენ ქვეყნის განვითარებას, ეწეოდა საჭირბოროტო ეროვნული, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პრობლემატიკის კვლევას, მონიტორინგს, იქვე გვთავაზობდა მათი გადაწყვეტის გზებს. ის მიმართავდა იმპერიულ ხელისუფლებას, შეემსუბუქებინა მოსახლეობისთვის სხვადასხვა სახის ტვირთი, გადასახადები, დაენერგა ახალი, ქვეყნისთვის სასარგებლო ინიციატივები. ცდილობდა, რუსეთსა და ევროპაში შემოსული სასიკეთო ნოვაციები გაეცნო ქართველი ხალხისთვის. ის შეუსვენებლად ადევნებდა თვალყურს საქართველოში მძლავრი საგანმანათლებლო სისტემის შექმნისთვის აუცილებელ პროცედურებს, მოითხოვდა საზოგადოების აქტიურობას ქართული სკოლების, სემინარიების, გიმნაზიების, ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების, ქართული თეატრისა და პრესის შენახვისა და განვითარებისთვის ბრძოლაში.

ცნობილი წერილი „ორიოდე სიტყვა…“ იყო ახალი ეპოქის დასაწყისი, რომელმაც შემდეგ გაგრძელება პოვა „საქართველოს მოამბისა“ და „ივერიის“ ფურცლებზე. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა სწორედ ამ გამოცემების ფურცლებზე დუღდა და კეთილი ალქიმიკოსივით ხარშავდა საოცნებო კვინტესენციას, რომელსაც ყველანაირი ეროვნული სატკივრისთვის უნდა ეშველა.

რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეს წერილი და მასში გაჟღერებული იდეები? ამ კითხვას უპასუხებს მცირე რესურსი, რომელიც, ვფიქრობთ, მასწავლებლებს და მოსწავლეებს ხელს შეუწყობს ილიას პუბლიცისტიკის მნიშვნელობის გააზრებაში.

(იხ. პრეზენტაცია)

ილიას ორიოდე სიტყვა

წერილები ასტრიდ ლინდგრენისგან

0

ყველას გამოგვივლია ბავშვობისა და მოზარდობის მძიმე წლები, როცა წარმოდგენა არ გვქონდა, როგორი იყო სამყარო, რას გვიმზადებდა მომავალი, სად ვიპოვიდით სიმშვიდეს და როგორი იქნებოდა ცხოვრება სკოლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობა ალბათ ბევრისთვის უდარდელი ხანაა და ყველაზე ტკბილი მოგონებები ბავშვობიდან მოდის, ადამიანის ცხოვრების ამ ადრეულ წლებს თავისი სირთულეებიც ახლავს. ვის არ გგონებიათ თავი 12 წლის ასაკში ყველაზე შეუხედავი, ვის არ გიფიქრიათ, რომ თქვენზე სულელი ქალაქში არავინ დადის და არავის უყვარხართ, მშობელ დედასაც და მამასაც კი.

ჩემს ბავშვობას მრავლად ახლავს მსგავსი მოგონებები, მაგრამ მიუხედავად ამ თუ სხვა სირთულეებისა, გვერდით მყავდა ძალიან ახლო და ძვირფასი მეგობარი, დეიდა ასტრიდი და მისი უკვდავი პერსონაჟები. მე ძალიან მიჭირს ვიპოვო ვინმე, ვის ბავშვობაშიც ფეხი არ შეედგას ამ საოცარ შვედ ქალს თავისი დაუვიწყარი ისტორიებით და ონავარი პერსონაჟებით. გიყვარს თუ არა ლიტერატურა, კარგი ადამიანი ხარ თუ ცუდი, ბანკის ოფიცერი ხარ თუ მსახიობი, ყველას ცხოვრებაში იყო ასტრიდი, მაგრამ ზოგ ადამიანს იმაზე მეტად გაუმართლა, ვიდრე დანარჩენებს. ერთ-ერთი ასეთი იღბლიანი ადამიანი სარა შვარტია, რომელიც გარდა იმისა, რომ  კითხულობდა ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს, ასევე წერილებს იღებდა ავტორისგან წლების განმავლობაში.

ცნობილი ფაქტია, რომ ასტრიდ ლინდგრენი არავის ტოვებდა უპასუხოდ, ის ყოველთვის პოულობდა დროს, პასუხი გაეცა ყველა მისი თაყვანისმცემლისთვის. წერილები დასტებად მისდიოდა მწერალს, მაგრამ ქალი მაინც ახერხებდა გული არავისთვის დაეწყვიტა, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ასაკში არ შევიდა. ამის შემდეგ მხოლოდ სტანდარტული შაბლონით შემოიფარგლებოდა.

სარა შვარტიც ერთ-ერთი ჩვეულებრივი შვედი გოგონა იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა მისი ქვეყნის გამორჩეული ავტორის წიგნები და ოცნებობდა მსახიობობაზე, უნდოდა პეპის და სხვა ცნობილი პერსონაჟის როლები ეთამაშა ეკრანიზაციებში და სწორედ ამიტომ მისწერა ასტრიდს. მათი მიმოწერა თითქმის ოცი წელი გაგრძელდა. სარამ თავისი საყვარელი ავტორისგან ორმოცამდე წერილი მიიღო და სხვადასხვა დროს ძალიან დიდი როლი ითამაშა მის ცხოვრებაში „პეპი გრძელიწინდას“ და „სახურავის ბინადარი კარლსონის“ ავტორმა.

გიფიქრიათ, რა შეიძლება დაგემართოთ 14 წლის ასაკში, თქვენი საყვარელი მწერლისგან წერილი რომ მიიღოთ. თან წერილიც არის და წერილიც. ერთ-ერთ წერილში ასტრიდი პატარა სარას არწმუნებს, რომ მასზე ლამაზი გოგო ცოტა უნახავს და არასდროს იფიქროს, რომ შეუხედავია. ასტრიდი ყველა წერილში გულისყურით ეკიდება გოგონას პრობლემებს, აძლევს რჩევებს დაუნანებლად და ყველა სიტყვას ფრთხილად არჩევს, ზრუნავს გოგონას ფსიქიკაზე და არასდროს მალავს განსაკუთრებულ სიმპათიას მის მიმართ.

წერილების კრებული „შენს წერილებს ბალიშის ქვეშ ვინახავ“, რომელიც 2012 წელს, ასტრიდი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ გამოიცა შვედეთში, ქართულად გამომცემლობა ინტელექტმა თარგმნა (მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე). წიგნში თავმოყრილია 1971 წლიდან 2002 წლამდე დაწერილი წერილები. სარა შვარტი 11 წლის იყო, როცა წერილების წერა დაიწყო, ხოლო ასტრიდი 53 წლის. წიგნში ასტრიდი ჰყვება, როგორ წერს თავის ძალიან ცნობილ რომანებს, „ძმებ ლომგულებს“ და „ყაჩაღის ასულ რონიას“, პატარა გოგონას უყვება, რას ნიშნავს, როცა ცნობილი ადამიანი ხარ; ისინი ძალიან ღიად მსჯელობენ ბევრ საკითხზე.

გარდა იმისა, რომ წიგნი ძალიან ძვირფასი შეიძლება აღმოჩნდეს ლინდგრენის მოყვარულებისთვის, ასევე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ძალიან დროული და მნიშვნელოვანია ჩვენი მასწავლებლებისთვის, რადგან წერილებში ძალიან კარგად ჩანს, როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს, როგორ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და რა უმჯობესია, დავარიგოთ ჭკუა და დავმოძღვროთ, თუ ვიყოთ მათი მეგობრები და უბრალოდ მოვუსმინოთ.

ასტრიდი რჩევებს არ ინანებს პატარა გოგონასთვის, კითხულობს ყველა მის წერილს, ეხმარება მორალურადაც და ფინანსურადაც და ჩვენც, მკითხველები თვალს ვადევნებთ წერილებს შორის როგორ იზრდება სარა და რა გავლენას ახდენს მასზე დეიდა ასტრიდის სიტყვები.

ასე რომ, თუ გაინტერესებთ, რა ხდება დიდი ავტორების წიგნებს მიღმა და როგორები არიან ისინი რეალურ ცხოვრებაში, აუცილებლად წაიკითხეთ წიგნი დიდ სიყვარულზე. დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ დააფასებთ ასტრიდ ლინდგრენს. ერთია, როცა ხარ კარგი საბავშვო მწერალი, დაწერილი გაქვს უამრავი წიგნი ბავშვებისთვის და შეგიძლია ფეხი-ფეხზე გადაიდო და სხვა არც არაფერი გააკეთო და მეორეა, როცა შეგიძლია იყო ძალიან კარგი მეგობარი პატარა ადამიანებისთვის, იცოდე რა ხდება მათ გულში და იპოვო დრო და ენერგია მათთვის.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2018-ის საუკეთესო ათეული ცნობილია !

0

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2018-ის საუკეთესო ათეული ცნობილია !

 ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “განათლების მეცნიერება” გილოცავთ  საუკეთესო ათეულს!

შემოქმედების ადაპტირებული მეთოდების გამოყენება სწავლის დაწყებით საფეხურზე

0

ახალი სტანდარტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში მიმართულია მოსწავლეთა შემოქმედებითი  და კრეატიული  აზროვნების გააქტიურებაზე,  რომელიც  ხელს უწყობს საგნობრივი კომპეტენციების დაუფლებას.  თავის მხრივ ინტეგრირებული სწავლება  შემოქმედობითობისა და  კრეატიულობის განვითარების მნიშნელოვანი ფაქტორია. მასწავლებლის ამოცანაა შექმნას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო და მოსწავლის პიროვნულ, სოციალურ-ემოციურ  მოთხოვნილებებსა  და სასწავლო ამოცანებს შეუხამოს სწავლების სტრატეგიები და მეთოდები.

დაწყებით საფეხურზე, V-VI  კლასებში ხდება საზოგადოებრივი მეცნიერებების   ბაზისური  შინაარსისა და უნარების დაუფლება. ამ დროს მოსწავლეებმა  მსოფლიო კონტექსტში უნდა გაიაზრონ  საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები; უნდა გაეცნონ თავიანთი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ძირითად ასპექტებს, მათ შორის შრომის ბაზარს, გააცნობიერონ ეკონომიკური გამოწვევების მნიშვნელობა, რომელიც ხელს შეუწყობს საკუთარი ქვეყნის ინტეგრაციას გარესამყაროსთან. ეს უნდა მოხდეს  ნაბიჯ-ნაბიჯ და  საფეხურებრივად. ამის მისაღწევად  მათ სხვადასხვა სახის წყაროები და მეთოდური მიდგომები უნდა შევაშველოთ, რაც ამ ასაკისთვის ინფორმაციის შესაფერისი სიღრმის განსჯისა და წვდომის საშუალებას მისცემს.

 

ფაქტია, მდგრად  განვითარებასა  და უწყვეტ  განათლებაზე  ორიენტირების პირობებში მსგავსი ცოდნისა და უნარების დაუფლებაზე ზრუნვას დიდი  პიროვნული მნიშვნელობა აქვს მოსწავლისათვის. თუმცა მსგავსი საკითხების შესწავლამდე მოსწავლემ  უნდა გაიგოს:

  • ადამიანის ცხოვრებაში შრომის როლისა და მნიშვნელობის რაობა;
  • უნდა გაეცნოს სულ ცოტა ისეთი ცნების შინაარსს, როგორიცაა „შრომა“ და  „შრომის პროცესი“;
  • გაეცნოს შრომის სახეობებს;
  • გააცნობიეროს შრომის ღირებულება;
  • ჩამოუყალიბდეს სათანადო დამოკიდებულება შრომითი საქმიანობის მიმართ;
  • გაიაზროს, რომ ადამიანთა საზოგადოების ისტორია ადამიანთა კოლექტიური შრომის შედეგია და რომ სოციალურ უნარებს, კომუნიკაციას, გადამწყვეტი მნიშვნელობა  აქვს შრომით  პროცესში წარმატებისთვის;
  • რომ შრომის გარეშე საკუთარი ქვეყანა და მისი საზოგადოება სათანადო ადგილს ვერ დაიმკვიდრებს მსოფლიო საზოგადოებაში;
  • და რომ ყველაფერი საკუთარი „მე“-ს, როგორც  „მშრომელი ადამიანის“  საქმიანობაზე, მის პასუხისმგებლობაზე და პროფესიონალიზმზეა  დამოკიდებული.

ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით მასწავლებელს შეუძლია დაანაწილოს მოსწავლეთა   კრეატიული საქმიანობა და შემოქმედების ადაპტირებული მეთოდებითა და  სხვადასხვა დონის, სხვადასხვა სირთულის პრობლემური სიტუაციების, სააზროვნო მოქმედებების, ღია თუ დაფარული წინააღმდეგობების, ცოდნის კონსტრუირებისათვის აუცილებელი შემოქმედებითი ამოცანების  შეთავაზებით მიაღწიოს შედეგს, რომლის დროსაც  ყოველი ახალი დონე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს შემოქმედებითი საქმიანობის გამოცდილებისა და ცოდნის დაუფლებისკენ.

მუშაობის საწყის, I დონეზე (მოტივაცია) მასწავლებელი  ძირითადად მიმართავს გონებრივი იერიშის მეთოდს და კლასს ამუშავებს ცნება „შრომითი საქმიანობის“ გააზრებაზე. მოცემული აქტივობა  შეიძლება დაიყოს  ცალკეულ საფეხურებად:

  1. საფეხური – მასწავლებელს შეუძლია სიტუაციური ამოცანების შეთავაზება მოსწავლეებისათვის, მაგალითად: „ორი თაგვი ჩავარდა რძიან ვედროში. ერთი დაიხრჩო, მეორემ იმდენი შეძლო, რომ რძე დახვრიპა და ბოლოს ვედროდან ამოძვრა“. მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს: „რაზეა ეს  ისტორია?“

მოსწავლეთა შესაძლო პასუხები:

  • „მცდელობაზე, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე“…. „რომ არასოდეს არ უნდა ჩაიქნიო ხელი“…. „უნდა სცადო, იშრომო და შეძლებ“ და სხვ.

მასწავლებელს  შეუძლია დააზუსტოს პირველი შეკითხვა: „რა მოხდებოდა, რომ ორივე თაგვს ერთად ემუშავა?“

მოსწავლეთა შესაძლო პასუხები: „ისინი გაცილებით მალე ამოძვრებოდნენ“… „ორივენი გადარჩებოდნენ“..

მასწავლებელი: „ყოჩაღ, ბავშვებო, პასუხები სწორია, შრომა მართლაც რომ ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“.

ამოცანის განხილვისას მოსწავლეები ისაუბრებენ იმაზე, რომ შრომა ცხოვრების საფუძველია, რომ ისტორიულად ადამიანის ცხოვრება და მისი განვითარება შრომასთან არის დაკავშირებული და ა.შ.

  1. საფეხური – მოსწავლეები განიხილავენ ვიზუალურ მასალას, მაგალითად   ნ. ფიროსმანის ნახატებს, რომელთა მიხედვით მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ მასწავლებლის  შეკითხვებს:
  • თქვენ რომ მხატვრები იყოთ, როგორ დაასათაურებდით ნახატებს?
  • რა საქმიანობას ეწევიან  ნახატებზე გამოსახული ადამიანები?
  • აღწერეთ სურათები.

ნახატებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეები განმარტავენ ცნება „შრომას“ და განხილვისას გამოყოფენ იმ ნიშნებს, რაც, მათი აზრით, მეტ-ნაკლებად საინტერესოდ მიიჩნიეს.

 

  1. საფეხური – მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ცნებაზე „შრომა“ ააგონ ასოციაციური ჯაჭვი. მოსწავლეები რიგრიგობით ასახელებენ სიტყვას, მასწავლებელი კი ჩამოწერს მათ დაფაზე. დავალების შესრულების ბოლოს დაფაზე გამოისახება სქემატური ჯაჭვი, რომელიც, კლასის აზრით, დაკავშირებული იქნება ცნება „შრომასთან“.

 

  1. საფეხური – მოსწავლეები განსაზღვრავენ, ჯაჭვის რომელი ნაწილი, ანუ რომელი ცნება გამოხატავს ყველაზე მეტად ცნებას – „შრომა“. მოსწავლეები ასევე ასახელებენ სიტყვას, რომელიც, მათი აზრით, გახდება  ცნების, „შრომა“,  ნაწილი;
  2. საფეხური – სავარჯიშოს ბოლოს შესაძლებელია გარკვეული კონცეფციის აგება მოცემულ ცნებასთან დაკავშირებით – კლასი თანხმდება, თუ რას ნიშნავს ცნება „შრომა“ და „შრომითი საქმიანობა“. ამ ეტაპზე მოსწავლეებს შეაქვთ გარკვეული კორექტივები თავდაპირველ ვერსიაში.

 

  1. საფეხური – მოსწავლეები რვეულებში იწერენ ცნების განმარტებას.

 

გონებრივი იერიშის შემდეგ, მუშაობის II დონეზე (ექსპერიმენტი): მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს ჯგუფურ სამუშაოს: ჯგუფებმა უნდა შეარჩიონ ტერმინები, რომლებიც ყველაზე მეტადაა დამახასიათებელი შრომითი საქმიანობისათვის. ამისათვის მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ სახელმძღვანელოს ტექსტსა და ილუსტრაციებზე. ამზადებენ პასუხს კითხვაზე: რას ნიშნავს „ნაწარმი“, რას ნიშნავს „მომსახურეობა“, რა განსხვავებაა  მათ შორის და „რა იქმნება შრომის შედეგად?“

III დონეზე (თეორიული ნაწილი): მასწავლებელი მოუთხრობს მოსწავლეებს შრომის  დანიშნულების შესახებ ადამიანის ცხოვრებაში და სთხოვს მათ, დაასახელონ, რომელ პროფესიებს იცნობენ ან რის დაუფლებას აპირებენ მომავალში;

IV დონეზე  (ინტელექტუალური ჭიდილი): მოსწავლეების დავალებაა, მოიფიქრონ, როგორი იქნებოდა ის რეკლამა, რომლითაც საზოგადოებას გააცნობდნენ თავიანთ მომავალ პროფესიას. დავალების შესრულების ფორმას მოსწავლეები თავად ირჩევენ.

 

V  დონეზე (რეფლექსია/შეჯამება) მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეებს:

  • რისთვის უნდა მიგვეღწია გაკვეთილის დასაწყისში?
  • როგორ მიაღწიეთ დასახულ მიზანს?
  • რა იყო ისეთი, რაც არ იცოდით და გაიგეთ?
  • რისი გაკეთება შეგეძლოთ უკეთესად?
  • რა რჩევას მისცემდით თქვენს თანატოლებს?

და სხვ.

 

შემოქმედების  ადაპტირებული  მეთოდებით, საფეხურეობრივი და დიფერენცირებული მიდგომებით, კონსტრუქტივიზმითა და თანამშრომლობით მოსწავლეები თვალნათლივ დაინახავენ ადამიანთა გამოცდილების მრავალფეროვნებას, ნათლად წარმოიდგენენ შრომით საქმიანობასთან დაკავშირებულ სირთულეებს თუ ცალკეულ დეტალებს, შეძლებენ გაიაზრონ, რაც უკვე იცოდნენ, ან ახლა გაიგეს საკუთარ თავზე, როგორც პიროვნებაზე, მოქალაქესა და საზოგადოების წევრზე.

 

კრეატიული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული  დავალებები და შემოქმედების ადაპტირებული მეთოდები დასახული მიზნების მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ხალისსა და ინტერესს ჰმატებს გაკვეთილს, ხელს უწყობს ეფექტურ კომუნიკაციას და მაღალ შედეგებზე გაჰყავს მოსწავლეები.

 

 

 

 მასწავლებლის რჩევები: როგორ ავამაღლოთ სწავლის მოტივაცია?

0

სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა არ არის მარტივი ამბავი. წიგნის – „კლასის მასწავლებელი“ – ავტორი ნინა ჯექსონი ბრიტანელი პედაგოგი და განათლების საერთაშორისო ექსპერტია.  მას შეუძლია სწავლით არა მხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსების დაინტერესებაც. ახალ წიგნში ის სწორედ იმ პრობლემებს განიხილავს, რომლებსაც მასწავლებელი ყოველდღიურად აწყდება: მოსწავლეებს არ უნდათ სწავლა, კონსერვატორი კოლეგებისთვის მიუღებელია სწავლების ახალი მეთოდები, შელახულია მასწავლებლის იმიჯი, საზოგადოება კი მის შრომას არასათანადოდ აფასებს.

ნინა ჯექსონს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის თანამშრომლობს იუნესკო-სთან და იუნისეფ-თან, ბევრს მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და უყვება მასწავლებლებს, როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვებს მტკივნეული პრობლემების გადაჭრაში. ის კონსულტაციებს უწევს უმაღლეს პედაგოგიურ სასწავლებლებს, მისი სამაგისტრო ნაშრომი კი მუსიკის საშუალებით სწავლისადმი მოტივაციის გაზრდას ეძღვნება.  ნინა ჯექსონის რჩევები განსაკუთრებით ღირებულია დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის, ვინც აქტიურად არის ჩართული სწავლების პროცესებში. გთვაზობთ მცირე ამონარიდს მისი ახალი წიგნიდან „კლასის მასწავლებელი“:

„სკოლაში ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, როდესაც ერთმა ძალიან სასაცილო ბიჭუნამ მითხრა: „თქვენ, ეტყობა ახალმოსული ხართ, ხო? აი, რას გეტყვი… მე წერა არ მჭირდება, მე დრამერი ვარ!“ და ეს სიტყვები ოცდახუთი წელია გონებაში მაქვს ჩაბეჭდილი. ამას ჰქვია, იცოდე, რა იწვევს ბავშვებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას. ინსტრუმენტზე დაკვრა! და არა მართლწერა! ყოველ შემთხვევაში, ამ ბავშვის შემთხვევაში ასეთი იყო.

ამიტომ, ვიდრე ას საუკეთესო რჩევას წავიკითხავთ, როგორ ვიმუშაოთ სწავლების მოტივაციის ამაღლებაზე,  უნდა გავიაზროთ თეზისი, რომელიც პირადად მე ამ საკითხში გადამწყვეტად მიმაჩნია: იმისათვის, რომ ბავშვი სწავლით დავაინტერესოთ, კარგად უნდა ვიცნობდეთ მას.

თქვენ – მასწავლებელმა და მოსწავლეებმა – ერთმანეთი კარგად უნდა გაიცნოთ და შრომითი ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ. მაშინ მოსწავლეები კმაყოფილნი იქნებიან თავიანთი ცხოვრებით და პიროვნულად განვითარდებიან, რაც, ბუნებრივია, მათ შინაგან მოტივაციაზეც აისახება.

როგორი მოსწავლე აღარ არსებობს, ყველას თავისი ხასიათი აქვს, თავისი სასწავლო მოთხოვნები. და საერთო სასწავლო პროგრამიდან თითოეულს უნდა შევურჩიოთ სწორედ ის, რაც მის მოთხოვნებს მიესადაგება. ვიღაცას მოსწონს საკუთარი შესაძლებლობების  ჩვენება და მისი ხმაც მაქსიმალურად ისმის, ვიღაცას კი ეს ხმა გამორთული აქვს, მაგრამ თუ თქვენ წააქეზებთ და შეაქებთ – პერსონალურად და დამსახურებულად – ის საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთ მოსწავლეებს არ ვაქცევთ ყურადღებას, არადა, ის მათთვის ისევე აუცილებელია, როგორც ჩვენი უშურველი ქათინაურები და მხარდაჭერა.

აუცილებლად იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ისხდებიან ბავშვები კლასში. პირადად მე, არასოდეს მივუთითებ მათ, ვინ ვისთან უნდა იჯდეს და ამ საქმეს მათ ვანდობ. ზოგიერთი მასწავლებელი უპირატესობას ანიჭებს კლასში ბავშვების ფიქსირებულ განლაგებას. ნება თქვენია. ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. მთავარია, თვალი ადევნოთ იმას, რომ თქვენმა მოსწავლეებმა იაქტიურონ და სწავლებისგან მაქსიმუმი მიიღონ.

რაშიც ზედმიწევნით ვარ დარწმუნებული, აუცილებელია ხმაურიან ბავშვებთან ზომიერი ურთიერთობა, იმისათვის, რომ მათ თქვენი დრო არ „ამოჭამონ“. თუ ისინი თქვენთან ახლოს ისხდებიან, მოსვენებას დაგაკარგვინებენ და გაიძულებენ მათი ხმაურიანი ეგოც დააკმაყოფილო. გარდა ამისა, სხვა მოსწავლეები იფიქრებენ, რომ გამომწვევ ქცევას მიესალმებით, რადგან ამდენ ყურადღებას უთმობთ.

სხვადასხვა ინდივიდუალური სასწავლო მოთხოვნების ფონზე შეუძლებელია ყველა მოსწავლეს ერთი საზომით მივუდგეთ, საუბარია საშინაო დავალებებზე. მოუფიქრეთ ბავშვებს დიფერენცირებული სავარჯიშოები. მნიშვნელოვანია არა ის, რომ ბევრი დავალება მივცეთ, არამედ ეს დავალება შინაარსიანი იყოს. მაგალითად, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ან განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე ბავშვებისთვის საშინაო დავალების შეასრულება ნაკლებად საინტერესოა. მათთვის შეიძლება მოიგონოთ დავალება, რომელსაც ზეპირად შეასრულებენ.

რაც შეეხება შედარებით მონდომებულებს ან ნიჭიერებს, მათ იტაცებს საინტერესო, განმავითარებელი და არა რიგითი სავარჯიშოები. რაც უფრო კარგად იცნობთ თქვენს მოსწავლეებს, მით უფრო კარგად გესმით, რა შეიძლება იყოს მათთვის მოტივაცია. ვიღაცისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევის დამოუკიდებლად ჩატარების საშუალებას აძლევთ, ვიღაცისთვის კი – მასწავლებელთან ახლო ურთიერთობა. რაც არ უნდა იყოს, მოტივაციის მხარდაჭრისა და გაღვივებისთვის აუცილებელია მოსწავლეებს მუდმივად ვაწვდიდეთ რაღაც ახალს. თუკი მოსწავლე ერთ ადგილზეა და მოიწყინა, ის სასწავლო პროცესს მანამდე გაეთიშება, ვიდრე თქვენ სიტყვა „ელექტრობას“ ახსენებთ.

ყოველ მოსწავლესთან უნდა გამოვიყენოთ პედაგოგიური მიდგომები, მათ შორის გაქეზება და ქება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენსა და მოსწავლეებს შორის შედგეს სასწავლო დიალოგი, თუნდაც მცირედი. გახსოვდეთ, რომ თოვლში გადადგმული პატარა ნაბიჯიც კი დიდ ნაკვალევს ტოვებს. მოსწავლეების მიერ შესრულებულ სამუშაოში, მიდგომებში სწავლისადმი, პირად მიღწევებში და საერთოდ, ყველაფერში, დადებითი უნდა დავინახოთ.

თუკი ბავშვს ეჩვენება, რომ ვერ ახერხებს საქმის მოგვარებას და ვერ ასწრებს დაგეგმილის გაკეთებას, ნელ-ნელა სხვა ინტერესი გაუჩნდება, მაგალითად, კომპიუტერული თამაშები, რაც საბოლოოდ მშობლების გამოძახებითა და სხვა დისციპლინური პრობლემების მოგვარებით დამთავრდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვები ოთხჯერ მეტად უნდა ვაქოთ, ვიდრე ვაკრიტიკოთ.

ასევე აუცილებელია ბავშვებს საკუთარ ქმედებებსა და თავზე პასუხისმგებლობის აღება ვასწავლოთ. ამისათვის ისინი უნდა ხედავდნენ, რომ ჩვენ ვენდობით. ორმხრივი ნდობა „მთვლემარე“ მდგომარეობიდან ნებისმიერ აპათიურ მოსწავლეს გამოიყვანს.

ეცადეთ, აამუშაოთ მოტივაციის ოთხი შემადგენელი ნაწილი:

  1. მოსწავლეებით დაინტერესება – აჩვენეთ მოსწავლეებს, რომ თქვენ, როგორც მასწავლებელს, გაინტერესებთ, თუ რას საქმიანობს თითოეული მათგანი კლასში, რომ თქვენ აფასებთ თითოეულს როგორც პიროვნებას, მათი მოთხოვნების, საჭიროებების, მიღწევების, აკადემიური მოსწრების, ქცევის ან ხასიათის მიუხედავად.
  2. ბიძგი ქმედებისაკენ – შესთავაზეთ ბავშვებს ისეთი საქმიანობა, რომელიც მათში ინტერესს აღძრავს. მაგალითად, კედელზე ჩამოკიდეთ „სასწაულების დაფა“ და თხოვეთ მოსწავლეებს, ჩამოწერონ, რა შეუწყობდა ხელს სწავლაში. თქვენ დაინახავთ, რომ ისინი აუცილებლად დაფიქრდებიან თავიანთ სასწავლო ცდებზე, შემდეგ ჩამოყრიან უამრავ იდეასა და ფაქტორს, თუ რა იმოქმედებდა მათი მოტივაციის გაზრდაზე.
  3. ურთიერთობის მოდელი – საინტერესო საქმიანობის შეთვაზებით განსაზღვრეთ ურთიერთობის რომელი მოდელი მუშაობს საუკეთესოდ. მნიშვნელოვანია, მოძებნოთ ბალანსი ავტორიტარულ კონტროლსა და არჩევნის თავისუფლებას შორის.
  4. უკუკავშირი – ის უნდა იყოს მხოლოდ კონსტრუქტიული და მეგობრული, თანაც ყველასთვის. მაშინ აკადემიური მოსწრებაც გაიზრდება, ბავშვებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ. ის კი, ვისაც შინაგანად კონფორტული მდგომარეობა აქვს, არ უშინდება არანაირ წინააღმდეგობას!

აი, მოსწავლის გამამხნევებელი სიტყვებისა და გამონათქვამების ჩამონათვალი. წაიკითხეთ და თქვენეული ვერსიაც შეჰმატეთ: „გმადლობთ“, „არაჩვეულებრივია“, „ბრწყინვალეა“, „შესანიშნავია“, „ძალიან მაგარია“, „წარმოუდგენელია“, „აღფრთოვანებული ვარ“, „ჩემს ყველა მოლოდიანს გადააჭარბე“, „ძალიან წარმატებულია“, „როგორ მოახერხე ამის გაკეთება“, „შინაარსი ფანტასტიკურია“, „აუცილებლად მომიყევი ამის შესახებ“.

 

წერილი 1: გაცოცხლებული ფოლკლორი-საგამანათლებლო რესურსი

0

წელს ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე თურქი კოლეგა გავიცანი, რომელიც საქართველოში გამოცდილების გასაზიარებლად  და კონტაქტების დასამყარებლად იყო ჩამოსული. მასთან საუბარის შედეგად რამდენიმე საპროექტო იდეა გამიჩნდა. სანამ გიამბობთ, როგორ შევასხით ხორცი ამ იდეას მე და ჩემმა თანამოაზრეებმა, მოკლედ გეტყვით, რომ დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, განსაკუთრებით, ფოლკლორის დაცვას. რატომ? იმიტომ რომ ზეპირსიტყვერების ნიმუშები ხშირ შემთხვევაში უძველესი მასალაა, რომელიც ინახავს საუკუნეების მანძილზე ხალხში დაგროვილ გამოცდილებას. საქართველოში ზეპირსიტყვიერებას მეცხრამეტე საუკუნიდან შეისწავლიან, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ქართული კულტურა და, კერძოდ, ფოლკლორული ტექსტები, რუსეთს თავისი იმპერიალისტური მიზნით აინტერესებდა, ამიტომაც ხელს კი არ უშლიდა, პირიქით, ხელს უწყობდა მათი შეგროვების პროცესში ჩართულ ქართველ მამულიშვილებს. ფოლკლორის შეგროვების საქმე გაგრძელდა საბჭოთა პერიოდშიც. მიუხედავად იმისა, რომ ზეპირსიტყვიერების მეცნიერულ შესწავლას საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, მათ ნაკლებად იცნობენ ახალგაზრდები. რადგან, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც მოყოლის ტრადიცია ჩაანაცვლა პოლიგრაფიულად მიმზიდველმა გამოცემებმა, მულტიპლიკაციურმა და საბავშვო ფილმებმა. თურქი კოლეგისგან შევიტყვე, რომ თურქულ მხარეს ზღაპრების გაცოცხლების ტრადიციის ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ამ მიზნით ისინი მიმართავენ ცნობილ სახეს, პოპულარულ მსახიობს, რომელიც ბავშვების ჯგუფებს ასწავლის ზღაპრებს. ბავშვები აცოცხლებენ ზღაპრებს: ხატავენ მათთვის საინტერესო პერსონაჟებს, ასურათებენ ეპიზოდებს, მოცემულ თემატიკაზე ქმნიან ხელნაკეთებ ნივთებს ხისგან და სხვა მასალისგან, დგამენ სხვადასხვა ფორმატში სპექტაკლებს (იქნება ეს სპექტაკლები ბავშვების მონაწილეობით თუ ჩრდილების თეატრი). სპექტაკლები იმართება რეგიონებში სხვადასხვა დროს, გარკვეული ფესტივალების ფარგლებში, დღესასწაულებზე და სრულდება პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ბავშვები რეგიონებიდან ამ დღეებში სტუმრობენ იმ ქალაქს, სადაც ტარდება ღონისძიებები. ზღაპრების შესწავლის პარალელურად ბავშვებს პროფესიონალი პედაგოგები შეასწავლიან ხატვას, ძერწვას, ხეზე მუშაობას, ქსოვას და სხვა ტიპის აქტივობებს. ამ აქტივობის შედეგად ბავშვები სხვადასხვა მიმართულებით იღრმავებენ ცოდნას, იმდიდრებენ ლექსიკას, თანაც ახალგაზრდებს ეცოდინებათ თავიანთი ქვეყნის ზღაპრები, სწავლობენ საკუთარი კულტურის პატივისცემას. ეს კი ხელს შეუწყობს არამატერიალური კულტურის ძეგლების პროპაგანდას. ამგვარი პროექტის სამიზნე ჯგუფია არა მარტო პროექტში უშუალოდ ჩართული ბავშვები, არამედ მათი მომავალი აუდიტორიაც, რადგან შემდგომში მსგავსი ღონისძიებები სამაგალითო იქნება მომავალი ინიციატივების განხორციელების საქმეში.

როდესაც ეს ამბავი მოვისმინე და ფოტომასალასაც გავეცანი, გადავწყვიტე, მომეძებნა დაინტერესებული მოსწავლე, რომელიც გაიზიარებდა ჩემს ინიციატივას და გააცოცხლებდა ფოლკლორს. ამისთვის დახმარება ვთხოვე ჩემს კოლეგას, ია ღადუას, რომელიც ყოველთვის გვერდში მიდგას და მეხმარება შეძლებისდაგვარად. მან დააინტერესა ერთ-ერთი მეათეკლასელი მოსწავლე, ნინი გოთოშია და ასე ერთობლივად შევუდექით იდეისთვის ხორცის შესხმას. თურმე ნინის ბებია საბჭოთა პერიოდში პიონერთა სასახლეში ფოლკლორის წრეს ხელმძღვანელობდა. როდესაც ნინის ოჯახის წევრებმა შეიტყვეს ინიციატივის თაობაზე, მათ სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადეს და ყველანაირ დახმარებას შეგვპირდნენ. პროექტზე მუშაობისას მივხვდით, რომ, ზღაპრების ნაცვლად, აჯობებდა, ნინის პატარა ბავშვებისთვის ისეთი თამაშები ესწავლებინა, რომლებიც აღარავის ახსოვს და მათი გაცოცხლება მართლა ძალიან კარგი ინიციატივა იქნებოდა.

ბავშვთა თამაშები ტრადიციულად გათვლებით იწყება და შემდეგ ფიზიკური აქტივობით გრძელდება. ხანდახან ფიზიკურ აქტივობას ტექსტებიც ახლავს. ეს ტექსტები და გათვლები ფოლკლორისტთა მიერაა ჩაწერილი და შესულია ფოლკლორის კრებულებში. საბჭოთა პერიოდში სპორტის კომიტეტმა, გაზეთი „ლელოს“ დახმარებით, მასშტაბური პროექტი წამოიწყო. მათ აღწერეს და გამოაქვეყნეს საქართველოს ყველა რეგიონში შეკრებილი თამაშები. ნინიმ ბევრი იმუშავა ბიბლიოთეკაში, მოძებნა გაზეთის ის ნომერები, რომლებშიც ქვეყნდებოდა აწ უკვე დაკარგული თამაშები, შეარჩია რამდენიმე საინტერესო თამაში და ასწავლა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს. მან ასევე შეარჩია სახალისო გათვლები, ისინიც შეასწავლა პატარებს და, როდესაც საკმარისად დათბა, ბავშვები სკოლის შენობიდან ბუნებაში გაიყვანა და გააცოცხლებინა შესწავლილი რეპერტუარი. პროექტი რომ უფრო შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო, მან მიმართა მუზეუმების გაერთიანებას და თხოვა, ნება დაერთოთ და რეპერტუარის წარმოსადგენად ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორია დაეთმოთ. გაერთიანებამ, რა თქმა უნდა, უარი არ უთხრა სკოლის მოსწავლეს და, როგორც კი დადებითი პასუხი მიიღო, ნინის ოჯახმა დაწყებითი კლასის მოსწავლეები ტრანსპორტით უზრუნველყო და პატარები ღია ცის ქვეშ სათამაშოდ წაიყვანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ, ეს დღე არ დაავიწყდებათ არც მათ მშობლებს და არც სხვა სტუმრებს, რომლებმაც ძალიან მოიწონეს ნინის პროექტი. მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ბავშვებს არასოდეს დაავიწყდებათ ტრადიციული თამაშები და ამიერიდან, როგორც კი დათბება, ხშირად გავლენ გარეთ და გაერთობიან ამ თამაშებით ჩახუთულ ოთახში ჯდომის ნაცვლად.

პროექტის მიზანი იყო მივიწყებული საბავშვო თამაშების გაცოცხლება. პროექტის ფარგლებში ახალმა თაობამ მივიწყებული თამაშები ისწავლა და, იმედია, უკვე გაზრდილი ბავშვები თავიანთ ცოდნას გადასცემენ თავიანთ შვილებს და შვილიშვილებს, მომავალ თაობებს, ამდენად თამაშები აღარ დაიკარგება და მხოლოდ გაყვითლებულ საგაზეთო ფურცლებზე არ დარჩება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი თამაშები ხელს უწყობს ბავშვების ადაპტაციას საზოგადოებაში, ფიზიკური აქტივობები კარგია ჯანმრთელობისთვის, ხოლო ვერბალური რეპერტუარი – მეხსიერების გასავარჯიშებლად. დღევანდელ სამყაროში, როდესაც ტრადიციული თამაშობები ჩაანაცვლა პოპულარულმა თამაშებმა, როდესაც ურბანიზაციამ ბავშვი მოწყვიტა ეზოს, განვითარებულმა ტექნოლოგიებმა კი შეცვალა კომუნიკაციითვის უფრო სასარგებლო აქტივობები, დამეთანხმებით, რომ ტრადიციული თამაშების შესწავლის საქმე ნამდვილად შესაშურია და ფასდაუდებელ საქმეს წამოიწყებთ, თუკი თქვენც გაიზიარებთ ნინის პროექტს და თქვენც შეუერთდებით ამ წამოწყებას. თანაც პროექტი ხომ მიზნად ისახავს განადგურების პირას მყოფი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, რომელიც პოპულარული კულტურის სამიზნეა. ტრადიციული თამაშების გაცოცხლებით ბავშვები ისწავლიან საკუთარი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემას და ასე ამაღლდება მათი ცნობიერება ადგილობრივ, ეროვნულ დონეზე.

ძალიან გთხოვთ, ნუ დაველოდებით, როდის გაახსენდება ეს საქმე იმას, ვისაც უნდა გაახსენდეს, ავიღოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა და ერთად დავიწყოთ ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა, გავაცოცხლოთ ფოლკლორი: როცა დათბება, თამაშების შესწავლა დავიწყოთ, ხოლო ზამთრის მოღუშულ დღეებში ერთად გავაცოცხლოთ ზღაპრები! შეიძლება ჩვენ ისეთი მასშტაბური ღონისძიებები არ გამოგვივიდეს, როგორც თურქებს – მათ ხომ სახელმწიფო ედგათ მხარში, მაგრამ, მოდით, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში არ დავიშუროთ ძალ-ღონე და პირველი ნაბიჯი მაინც გადავდგათ ამ საშვილიშვილო საქმეში.

 

 

მასწავლებელი სოფელ ილმაზლოდან

0

მარნეულის რაიონის სოფელ ილმაზლოში ორი მხრიდან მოხვდებით: მარნეულის გზითაც და რუსთავი-წითელი ხიდის გზის გავლითაც. ამჯერად ილმაზლოში რუსთავიდან სამარშრუტო მიკროავტობუსს მივყვები ილმაზლოს სკოლის ქართულის მასწავლებელთან თამარ ჩიხრაძესთან ერთად. თამარი მეოთხე წელია ილმაზლოში ასწავლის. ახლა მესამე კლასთან აქვს გაკვეთილი. მეთორმეტესთან მუშაობა ცოტა ხნის დაასრულა და ახლა მისი საატესტატო გამოცდების შედეგებს ელის. გზაში იმ მოსწავლეების შესახებ მიყვება, რომლებიც, იმედი აქვს, საატესტატო გამოცდებსაც წარმატებით ჩააბარებენ და ეროვნულსაც. ერთი მათგანი მარიამ რუსტამოვაა, რომელსაც, როგორც თამარი ამბობს, მტკიცე ხასიათი აქვს, ბეჯითია და ოჯახიც უჭერს მხარს, რომ უმაღლესი განათლება მიიღოს. თამარი ფიქრობს, რომ მარიამი უნივერსიტეტში ჩაბარებას არ იკმარებს და როდესაც სოფელში დაბრუნდება, ცვლილებებსაც გამოიწვევს თავის თემში. მგზავრობისას მარიამიც რეკავს და მასწავლებელს ატყობინებს, რომ მათემატიკის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. თამარს მოსწავლეების შედეგები ახარებს, თუმცა გული სწყდება, რომ ზოგიერთი მათგანი წელს ეროვნულ გამოცდებს ვერ ჩააბარებს. თუნდაც რაშადი, რომელიც ოჯახის დასახმარებლად თურქეთში აპირებს წასვლას და მუშაობას. თამარს სჯერა, რომ რაშიდი ახლა თუ არა, მომავალ წელს მაინც ჩააბარებს ეროვნულ გამოცდებს, მატერიალურად თუ მოძლიერდება.

ქვეყნიდან სამუშაოდ წასვლა და სკოლის მიტოვება არახალია ქართული სკოლებისთვის. როგორც თამუნა ამბობს, მეცხრე კლასიდან ამ მიზეზითაც ხდება მოსწავლეთა გადინება. კიდევ ერთი მიზეზი ნაადრევი ქორწინების პრაქტიკაა, როცა დანიშნულ გოგონას სკოლაში აღარ უშვებენ, ან მოზარდს ნებას აძლევენ, დაამთავროს სკოლა, მაგრამ, რა კარგი მოსწავლეც უნდა იყოს, თბილისში მის გაგზავნას ერიდებიან და ეს პრობლემა განსაკუთრებით გოგონებთან იჩენს თავს. თამარიც ალბათ ამიტომ მიყვება მარიამზე ასე ხშირად. ის ფიქრობს, რომ ადგილობრივი გოგონებისგან მარიამი მტკიცე ხასიათით გამოირჩევა, ამასთან, ცოდნითა და არგუმენტებითაცაა შეიარაღებული; უნდა, ისწავლოს, გახდეს მასწავლებელი და ქალთა უფლებებზე იმუშაოს. მარიამის საყვარელი პერსონაჟი მალალაა, რომელიც გოგონების განათლების უფლებისთვის იბრძვის.

ილმაზლო მარნეულის რაიონის სხვა სოფლებისგან დიდად არ განსხვავდება. სოფლის შესასვლელიდანვე იწყება მცირე ზომის სათბურები, ჩანან ადგილობრივები, რომლებიც მიწაზე მუშაობენ, ჭიშკრებზე აქა-იქ წითელი ბაფთები გაუკრავთ. (აზერბაიჯანულ თემში ახალდანიშნული გოგონას ოჯახი ჭიშკარზე წითელ ბაფთას ამაგრებს. ზოგჯერ ეს ბაფთა გოგონას დაქორწინების შემდეგაც რჩება). სოფელი გაზიფიცირებული არ არის, რაც შრომას უფრო მეტად ამძიმებს.

სკოლის ეზოში თამუნას მესამეკლასელები ელოდებიან. ამ კლასში ცხრა მოსწავლეა: ლამია, ფაჰრადი, მუსტაფა, რუსლანი, რამალი, ხოშგადამი, შამისტანი, ნაიბი და ჭრელთვალა მინაია, რომელსაც მოუთმენლად უცინის თვალები.

საკლასო ოთახის კედლებიდან კალის ჯარისკაცი, პატარა პრინცი, კარლსონი, პინოქიო და ბრემენელი მუსიკოსები შემოგვყურებენ.

– ესე იგი ყველა ხართ. სიის წაკითხვა არ გვინდა. იცით, რა მოგიტანეთ? ამ ჩანთაში სათამაშოები მაქვს. ახლა უნდა გამოიცნოთ, ვინ არიან, – ასე იწყებს თამარი გაკვეთილს და ნაჭრის ჩანთიდან რიგრიგობით ამოჰყავს თავისი ბავშვობის რბილი სათამაშოები. ბავშვებიც მხიარულად და ლაღად ებმებიან თამაშში, ცდილობენ გამოიცნონ ცხოველები, დაახასიათონ ისინი და ახალი სიტყვებიც ისწავლონ. ხელიდან ხელში გადადის დათვი, სპილო, კურდღელი, პეპელა, კუ. ასე, ნელ-ნელა ჩნდება მათ ლექსიკონში ახალი სიტყვები: ხორთუმი, ჯავშანი, კურდღელი, სპილო, პეპელა, ბუნაგი, სორო… მესამეკლასელები ხალისიანად ირგებენ ცხოველების როლს და მარტივ დიალოგებს მართავენ ქართულ ენაზე. თამარის უპირველესი მიზანიც სწორედ ის არის, რომ ბავშვებმა საკომუნიკაციო უნარები გამოიმუშაონ და გაიაზრონ, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა პრივილეგიაა, შესაძლებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ. თამარი ამბობს, რომ ქართულის ცოდნის საჭიროებას უფროსებიც ხედავენ, თუმცა სწავლა უჭირთ. თბილისში ან რუსთავში, ექიმთან ვიზიტის დროს, ისინი ხშირად ვერ ახერხებენ სრულყოფილ კომუნიკაციას ვერც ქართულ და ვერც რუსულ ენაზე და ეძებენ სხვა, ქართულის ან რუსულის მცოდნე ადამიანს, რომ თან გაიყოლონ.

თამარი განათლების სამინისტროს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამაშია ჩართული და გასულ წელს ადგილობრივ მასწავლებლებთანაც მუშაობდა ენის ფლობის კომპეტენციებზე. მისი აზრით, აუცილებელია, სოფელში იყოს ადგილობრივი, პროფესიონალი კადრი და მათი მომზადება ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

აზერბაიჯანულენოვან სკოლაში თამარი ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში რვაწლიანი პრაქტიკის შემდეგ მოხვდა. ქართულ სკოლაში ლიტერატურას ასწავლიდა, აქ კი მისი როგორც მეორე ენის მასწავლებელია და ამ განსხვავებულმა სპეციფიკამ მას საინტერესო გამოცდილება შესძინა.

– აქ სწავლებამ სრულიად ამოატრიალა ჩემი მეთოდიკა და ეს პროცესი ძალიან საინტერესოა. აქამდე ამისთვის ასე არ შემიხედავს, იმიტომ რომ არ მქონია საჭიროება, აქ კი ყველა ნიუანსი და დეტალი უნდა გათვალო. რვა წელი ვასწავლიდი ჩვეულებრივ ქართულ სკოლაში, თუმცა ამ მეთოდიკამ გაცილებით ფასეული უნარ-ჩვევები შემძინა როგორც მასწავლებელს. ქართულ სკოლაში რომ დავბრუნდე ქართულის მასწავლებლად, ბევრ რამეს შევცვლიდი. აქაურმა გამოცდილებამ სხვანაირად დამანახა ენის სწავლის სპეციფიკა, – ამბობს თამარი.

თამარი 21 წლისა გახდა მასწავლებელი. ამბობს, რომ როდესაც მასწავლებლობა დაიწყო, არც იმ სირთულეებზე უფიქრია, რაც ამ პროფესიას ახლავს თან და არც პროფესიაში დარჩენა ჰქონია გადაწყვეტილი. სირთულეების აღქმაც, მათი დაძლევის გზების ძიების სურვილიც და იმის გაცნობიერებაც, რომ, ყველაფრის მიუხედავად, გინდა, ეს საქმე აკეთო, მოგვიანებით გაჩნდა.

 

გაკვეთილის შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვი. თამარი მესაუბრა საკუთარი პროფესიის ხიბლზე, სირთულეზე, მასწავლებლის პროფესიულ მიზნებსა და შესაძლებლობებზე.

ამბობთ, რომ გრძნობთ თქვენს საჭიროებას იქ, სადაც ასწავლი. რას ეფუძნება თქვენი პედაგოგიური რწმენა?

– ჩემი როგორც მასწავლებლის რწმენა ეფუძნება ხარისხიანი და თანაბარი განათლების ხელმისაწვდომობის პრინციპს. ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ჩვენთან თვალში საცემი განსხვავებაა, როგორც კერძო და საჯარო სკოლებს შორის, ისე დედაქალაქისა და რეგიონების/სოფლების სკოლებს შორისაც. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობების სკოლებში. ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემის სკოლებში სახელმწიფო ენის კვალიფიციური მასწავლებლების გაგზავნა, რასაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამა აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე ამ სკოლებისთვისაც და, საზოგადოდ, თემის ინტეგრაციისთვის. საგაკვეთილო მუშაობასთან ერთად ვცდილობთ, არაფორმალური აქტივობებითაც შევუწყოთ ხელი მოსწავლეთა ინტეგრაციასა და მათი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებას, საკლუბო მუშაობა იქნება ეს თუ სხვადასხვა პროექტში მათი ჩართვა.

ხშირად აქ პროგრამის მიერ გაგზავნილი ქართული ენის მასწავლებელი ერთადერთია, ვინც მოსახლეობასთან სახელმწიფო ენაზე ამყარებს კომუნიკაციას. მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, ავთენტურ გარემოში შეისწავლონ ენა, ამიტომ საზოგადოების საყვედური, რატომ არ იციან ჩვენმა ეთნიკურმა უმცირესობებმა სახელმწიფო ენა, ვფიქრობ, უსამართლოა. გაუცხოება ქართულენოვან საზოგადოებასა და ჩვენი ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებს შორის ჯერ კიდევ არის, რასაც ისიც განაპირობებს, რომ ჩვენები ჯერ კიდევ არ იცნობენ ჩვენებს. სტერეოტიპები, რომელსაც ეს გაუცხოება წარმოშობს ორივე მხარეს, დასამსხვრევია. სწორედ ამიტომ ვხედავ ჩემს თავს აქ და ახლა.

– თქვით, რომ არაქართულენოვან სკოლაში მიღებული გამოცდილება ჩვეულებრივ სკოლაშიც დაგეხმარებათ. რას სწავლობს მასწავლებელი სასწავლო პროცესში, როგორ მდიდრდება მისი პროფესიული ცოდნა?

– ვფიქრობ, მეორე ენის სწავლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებისა და სტრატეგიების მოდელირება მშობლიური ენის სწავლებაშიც ძალიან ეფექტური იქნება. როდესაც ახალ სტრატეგიას ვეცნობი და მის მიხედვით გაკვეთილს ვგეგმავ, ვფიქრობ ხოლმე, როგორ გამოვიყენებდი ამას მშობლიური ენის სწავლებაში.

მაგალითად, დღეს ბევრს საუბრობენ წიგნიერების საერთაშორისო კვლევების შედეგებზე, სადაც უმცროსკლასელებმა წაკითხულის გააზრებაში დაბალი შედეგები აჩვენეს. უცხო ენისა და ქართულის როგორც მეორე ენის სწავლებაში კითხვის კომპეტენციის განვითარებისთვის არსებობს უამრავი ძალიან კარგი მეთოდი და სტრატეგია, რომლებიც მოსწავლეებს ტექსტის სხვადასხვა დონეზე (გლობალურიდან დეტალურისკენ) ნაბიჯ-ნაბიჯ გააზრების საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, ამ სტრატეგიების გამოყენება ძალიან ეფექტური იქნება ქართულის როგორც მშობლიური ენის სწავლების დაწყებით საფეხურზეც.

სასკოლო რუტინას როგორ ებრძვით? მასწავლებლის შემოქმედებით მარაგსაც ხომ შევსება სჭირდება

– ერთი შეხედვით, ენის სწავლება, მით უმეტეს – მისი ფლობის დაბალ საფეხურზე, შესაძლოა მოსაწყენი და რუტინული მოგეჩვენოთ. გამოსავალი სასწავლო აქტივობებისა და მეთოდების მრავალფეროვნებაში უნდა ვეძებოთ. იმისთვის, რომ მოსწავლეს არაავთენტურ გარემოში შეზღუდული შესაძლებლობებით შევასწავლოთ ენა, გვჭირდება მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება, მათი მოდელირება, ჩვენი საჭიროებებისთვის მორგება. ეს, ფაქტობრივად, შემოქმედებითი პროცესია, ხოლო კმაყოფილება ამ პროცესის შედეგების (რომლებიც ნამდვილად არ არის მყისიერი) თვალნათლივ დანახვას მოჰყვება.

რას ნიშნავს თქვენთვის მასწავლებლობა? მასწავლებლობის 12წლიანმა პრაქტიკამ ალბათ სხვანაირად დაგანახათ თქვენი პროფესია

– მასწავლებელი ერთგვარი მოდელია მოსწავლისთვის – ქცევის, დამოკიდებულებების, ურთიერთობების კულტურის… ამიტომ მთავარია, არ ითამაშო ცუდი როლი, არ გახდე ცუდი მაგალითი, პირიქით, ეცადო, იყო ერთგვარი ორიენტირი ყველა იმ საჭირო უნარის-ჩვევისა და დამოკიდებულების ჩამოყალიბებისას, რომლებიც მოსწავლეს აუცილებლად დასჭირდება მომავალ ცხოვრებასა და საქმიანობაში.

მასწავლებლობა ჩემთვის სტერეოტიპების ნაბიჯ-ნაბიჯ მსხვრევასაც ნიშნავს. აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო, თუმცა შეგრძნება და თუნდაც ერთი კონკრეტული მაგალითით გამყარებული რწმენა იმისა, რომ აქ და ახლა რეალურად ცვლი რაღაცას უკეთესობისკენ, მოტივაციის მთავარი საფუძველია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...