კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

სტრატეგია  „იდეალი“ და მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარება

0

თანამედროვე საგანმანანთლებლო მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გზა პრობლემის გადაჭრასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებული  სწავლებაა. ეყრდნობა რა იდეების შემოქმედებითად გენერირებას, სწორად შერჩეულ რესურსებს, ინფორმაციის ტრანსფორმაციისა და  ცნებებთან მუშაობის სხვადასხვა გზებს, ასეთი  გაკვეთილები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს „დაზეპირების“  გარეშე აითვისონ ვრცელი სასწავლო მასალა.

პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართული მრავალი სტრატეგია არსებობს. მათ შორისაა სტრატეგია „იდეალი“ (ავტ. ჯ. ბრემფორდი), რომელიც  საშუალებას გვაძლევს, პრობლემას სხვადასხვა რაკურსით შევხედოთ, გავაანალიზოთ საჭირო ვარიანტები და ამოვირჩიოთ ყველაზე ოპტიმალური.

სტრატეგია „იდეალის“ მუშაობის ეტაპებია:

ი  – „იდენტიფიცირება“ (პრობლემის, სამუშაოს მიზნის)  და საკითხის ფორმულირება;

დ – „დასვლა“  ძირითად აზრამდე, შინაარსში ბოლომდე წვდომა, აღწერა, პრობლემის გააზრება და შეკითხვის ჩამოყალიბება. ის უნდა იყოს ზუსტი, კონკრეტული, უნდა იწყებოდეს კითხვითი სიტყვით – „როგორ?“ და არ უნდა შეიცავდეს  უარყოფას, მაგალითად, ნაწილაკს – „არა“;

ე – „უამრავი  ვარიანტი!“  – ამ ეტაპზე  „გონებრივი იერიშის“ გზით ბევრი იდეა წამოიჭრება. ამ დროს დაუშვებელია  კრიტიკა;

– „ყველა ვმუშაობთ!“ – ამ ეტაპზე ირჩევა სათანადო ვარიანტი, ვლინდება „პლიუს-მინუსები“ და დგება სამუშაო გეგმა;

ლ – „ლოგიკური დასკვნების დროა!“ –  ესაა შესრულებული მოქმედების ანალიზის, საჭირო გადაწყვეტილების მიღებისა და  ლოგიკური დასკვნების ეტაპი;

– „იხილეთ რაოდენობრივი და თვისებრივი შედეგები!“ –  რეფლექსიის ეტაპი (მიღებული რაოდენობრივი ცოდნისა და ათვისებული უნარების, აღიარების, შეფასების, საკუთარი გამოცდილების დაგროვების ეტაპი).

მოცემული სტრატეგია განსაკუთრებით ეფექტურია ტექსტურ  მასალასთან მუშაობისა და სიტუაციის ანალიზისას.

 

სტრატეგია  „იდეალი“ –  სამუშაო ფურცელი

 

 

მასწავლებელი კითხულობს (აჩვენებს…) წიგნის (ფილმის…)  ფრაგმენტს, რომელიც შეიცავს პრობლემას.

 

მოსწავლეები ახდენენ  პრობლემის ფორმულირებას შემდეგი შეკითხვების საფუძველზე:

·         რომელი მთავარი პრობლემაა გადასაწყვეტი?

·         რა მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს მოცემული ტექსტი.. ვიდეო-მასალა და ა.შ.  პრობლემის შესახებ?

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ინდივიდუალური და  ჯგუფური.
მასწავლებელი მიმართავს „გონებრივ  იერიშს“ ჰიპოთეზების წამოყენებისთვის.

 

მოსწავლეები განსაზღვრავენ, რა ინფორმაცია მიიღეს მოცემული ფრაგმენტიდან და რა იციან მის შესახებ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ინდივიდუალური და  ჯგუფური
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს შეკითხვით:  „როგორ ფიქრობთ, კიდევ როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება? რა იცით ამის შესახებ? კიდევ რის ცოდნა გჭირდებათ?“ მოსწავლეები წამოაყენებენ  პრობლემის გადაჭრის მინიმუმ სამ ძირითად გზას:

 

1. ——————————-

2. ——————————-

3.  ——————————-

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ინდივიდუალური და  ჯგუფური.
მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს, „განსაზღვრეთ, რისი ცოდნა და რომელი მონაცემის ფლობაა საჭირო, რომ პრობლემა გადაიჭრას?“ მოსწავლეები აყალიბებენ პრობლემის გადაჭრის  გზებს  და ირჩევენ ყველაზე ოპტიმალურს.

 

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ინდივიდუალური და ჯგუფური.
 პრობლემის გადაჭრის მრავალი ვარიანტიდან ერთი კონკრეტულის ამორჩევა. არჩევნის დასაბუთება  –  „მე ვთვლი“… „ მიმაჩნია, რომ…“ მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა – ინდივიდუალური.

კონკრეტულ ეტაპზე შესაძლებელია თითოეულმა მოსწავლემ ან საკითხის  ფორმულირების მისეული გზა აირჩიოს, ან – შეჯერდეს ზოგადად კლასისთვის სამუშაო ერთ ვარიანტზე. სწავლის ზედა საფეხურზე სასურველია პირველი გზის არჩევა, რადგან მათ უკვე აქვთ პრობლემაზე ორიენტირებული დავალებების შესრულების გარკვეულ გამოცდილება (თანაც ისინი პასუხისმგებელი არიან საკუთარ არჩევანზე), ხოლო საბაზო საფეხურზე ეფექტურია ჯგუფური მუშაობის ფორმა.

გთავაზობთ  მაგალითს ჩემი საგაკვეთილო პრაქტიკიდან:

 საგანი: ისტორია;

საფეხური – საშუალო;

თემა – „საქართველო V საუკუნეში. ვახტანგ გორგასალი“;  ისტ. XI.5;

გაკვეთილის ძირითადი ნაწილი –  ნარატივის გაცნობა – ნაწყვეტი  „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებიდან“: „ათი წლისა იქნებოდა ვახტანგი, ქართლს ოსები შემოესივნენ, მოაოხრეს იქაურობა, წაიყვანეს თან უამრავი ტყვე, მათ შორის ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტიც და უკან გაბრუნდნენ. ამავე დროს ბერძენნიც შემოესივნენ აფხაზეთს და დაიპყრეს იგი ეგრისწყლიდან ციხეგოჯამდე. ქართლში გლოვა და მწუხარება გამრავლდა, და ასე იყო ქვეყანა უპატრონოდ, ვიდრე ვახტანგი თხუთმეტი წლისა არ გახდა“.

სტრატეგია  „იდეალის“ ნაბიჯი N1:

მიმართვა მოსწავლეებს: „დაასახელეთ, რა პრობლემას ხედავთ?“

მოსწავლეები  უთითებენ ვახტანგ მეფეზე, ზოგადად ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და იყენებენ შეკითხვის ფორმულირების ზოგად წესს –  პრობლემის ფორმულირება დაიწყეს კითხვითი სიტყვით: „როგორ…?“,  ამავე დროს ცდილობდნენ, ფორმულირება მაქსიმალურად კონკრეტული ყოფილიყო. პრობლემის ფორმულირებისთვის კიდევ ერთხელ ყურადღებით წაიკითხეს ტექსტი, დაფაზე ჩამოწერეს ყველა იდეა და ამოირჩიეს მათ შორის  ყველაზე მნიშვნელოვნები:

  • როგორ უნდა იპოვოს გამოსავალი  ვახტანგმა, როგორ უნდა დაიბრუნოს თავისიანები და როგორ უნდა  გაათავისუფლოს ქვეყანა? როგორ უნდა  მიაღწიოს  მიზანს?
  • როგორ უნდა მოიკრიბოს ძალა, შეძლოს სამხედრო ძალის ორგანიზება, მტრის დამარცხება და ქვეყნის პატრონობა?
  • როგორ უნდა მოიქცეს არსებულ ვითარებაში, ბერძნებთან და ჩრდილოკავკასიელებთან როგორი ურთიერთობა უნდა დაამყაროს, რომ მიზანსაც მიაღწიოს და ნაკლები ზარალი ნახოს?
  • (ყველაზე „სუსტი“  ფორმულირება ასეთი იყო: „როგორ უნდა გადაწყვიტოს ვახტანგმა პრობლემა?“)

მას შემდეგ, რაც განსაზღვრეს პრობლემა, მოსწავლეები გადავიდნენ  შემდეგ ეტაპზე:

ნაბიჯი N2:  მიმართვაზე:  „მოდით, ვივარაუდოთ პრობლემის გადაჭრის რაც შეიძლება ბევრი ვარიანტი!“ –  შევთავაზე  „გონებრივი იერიში“ და მოსწავლეებს საშუალება მივეცი   იდეების მაქსიმალური რაოდენობა წამოეყენებინათ. ყველა იდეა  ჩამოწერეს დაფაზე (დაახლ. 10 წთ.), განსაზღვრეს  იდეების რაოდენობაც – მაქიმალური – 25 იდეა, (იყო ასეთი იდეაც – თითო მოსწავლეს წამოეყენებინა დაახლოებით 2 იდეა).

ასე შეიქმნა კლასში კრიტიკული აზროვნებისათვის სასურველი გარემო,  მას შემდეგ კი, რაც გამოიკვეთა იდეები, დადგა მომდევნო ეტაპიც:

ნაბიჯი N 3 –  პირველადი  შეფასებების პერიოდი –  „წამოჭრილი  ვარიანტებიდან  რომელია ყველაზე უფრო მეტად მისაღები გადაწყვეტილება?“ მოსწავლეებმა დაახასიათეს პრობლემის  გადაწყვეტის ყველა „პლიუსი“ და „მინუსი“.

ნაბიჯი N 4 –  მოსწავლეებმა აირჩიეს პრობლემის ერთი კონკრეტული  ვარიანტი და დაასაბუთეს საკუთარი არჩევანი (განსაკუთრებით რადიკალურად განსხვავებული პოზიციების დროს). ამავე დროს წარმოადგინეს პრობლემის მოგვარების გეგმა.

ძირითადი გადასაჭრელი პრობლემა: „როგორ უნდა  მოიქცეს არსებულ ვითარებაში, როგორი ურთიერთობა უნდა დაამყაროს ბერძნებთან და ჩრდილოკავკასიელებთან, რომ მიზანსაც მიაღწიოს და ნაკლები ზარალი ნახოს?“

პრობლემის მოგვარების გეგმა: „არსებული სამხედრო ძალების მობილიზება, მაქსიმალურად ცოტა ძალებით ძლიერი მოწინააღმდეგის დამარცხებისთვის მომზადება, სასაზღვრო პუნქტების გამაგრება; სათანადო მოკავშირის მოძებნა, რომლის სამხედრო ძალასაც ანგარიშს გაუწევდნენ ქართლის მეფის მოწინააღმდეგენი; ქვეყნის შიგნით მხარდამჭერი ძალების მობილიზება და ეკლესიის საქმეების გადახედვა, რომელიც მეფის ყველაზე დიდ მოკავშირე იდეოლოგიურ მხარეს წარმოადგენდა; შინაური მტრების წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღება, ციხე-ქალაქთა მშენებლობა და ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეების განსაზღვრა და ა.შ.

მოსწავლეებმა თითოეული მოსაზრება დაასაბუთეს. ამით გაიუმჯობესეს ფაქტობრივი მასალის ცოდნაც და გამოავლინეს არგუმენტირების უნარიც (მაგალითად, „მიუხედავად ბიზანტიის მხრიდან წინააღმდეგობისა, ქართლს აუცილებლად სჭირდებოდა მასთან (წყაროს „საბერძნეთი“) კავშირი, რადგან ტერიტორიული სიახლოვე, ერთმორმწუნეობა და საერთო კულტურული ღირებულებები გაცილებით შორსმიმავალ პერსპექტიულ თანამშრომლობას სთავაზობდა ქართლს, ვიდრე პოლიტიკურად და კულტურულად განსხვავებულ სპარსეთთან ურთიერთობა, ამიტომ სტრატეგიულ მოკავშირედ ქართლს შეიძლებოდა მხოლოდ ბიზანტიაზე (საბერძნეთის) შეეჩერებინა არჩევანი..“)

რეფლექსიის ეტაპზე მოსწავლეებმა მუშაობის საწყის ეტაპზე არსებული რაოდენობრივი და თვისებრივი ცოდნა  შეადარეს  პრობლემის გადაჭრის შედეგად მიღებულ გამოცდლებას და განუმტკიცდათ  ფაქტობრივი ცოდნა და უნარები.

ნაბიჯი N 4 – ის დასრულების შემდეგ  მოსწავლეებს შევთავაზე ტექსტის სრული ვარიანტი (საგაკვეთილო დროის გათვალისწინებით), რითაც საშუალება მიეცათ,  წარმოედგინათ საკუთარი გადაწყვეტილებების რეალურობა:

ნარატივის გაგრძელება:

მართალია, მოსწავლეებმა პრობლემების გადაჭრის იმაზე მეტი ორიგინალური გზა შემოგვთავაზეს, ვიდრე ეს ტექსტშია ნაჩვენები, მაგრამ მთავარია, რომ მათ შეძლეს სტარატეგიის ყველა ეტაპის რეალურად გავლა, ტექსტის ღრმად გააზრება და კრიტიკულად შესწავლა. ძნელი სათქმელია, როგორ მივიდა თავად ვახტანგ მეფე პრობლემების გადაჭრის გზამდე, აზროვნების რა სტრატეგიას  იყენებდა, ინდივიდუალურად უფრო გადაწყვეტდა, თუ მრჩევლებსის აზრს მეტად ითვალისწინებდა, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსწავლეებმა მისი ცხოვრების მაგალითზე შეძლეს რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების გზების მოძიება და შესაძლო შედეგების განსაზღვრა. მუშაობის პროცესში მათ ჯერ  ინტუიციით იმოქმედეს, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ საკითხის  შესწავლისთვის ამდაგვარი მიდგომები ძალიან პროდუქტიულია და წარსულის რეალური სურათების აღდგენა სავსებით შესაძლებელია.

პრობლემების გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ  მიმართული სტრატეგია „იდეალი“  ხელს  უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობას, კომუნიკაციური კულტურის გაზრდას, მოტივაციას, ხალისიანს და საინტერესოს ხდის გაკვეთილს და მისი სისტემატური გამოყენება რეალურად აუმჯობესებს მოსწავლეთა ცოდნასა და უნარებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Problem Solving Strategies., https://media.lanecc.edu/users/kime/Ch7Cproblemsolving.pdf
  2. https://prezi.com/bxxpzwg5epec/the-ideal-strategy-of-problem-solving
  3. Стратегия решения проблем „Идеал“., https://goroduspeha.com/strategiya-resheniya-problem-ideal/

 

 

პერსონაჟთა გალერია

0

სკოლაში ერთი ოთახი გვაქვს – თანამედროვე მედიათეკობა დავაკისრეთ, მართალია, ურბანული სივრცისგან სრულიად განსხვავებულ ადგილსა და შენობაშია – ირგვლივ უზარმაზარი მთები აქვს შემორტყმული, ახლოს მდინარე რიონი მოდგაფუნობს, ფანჯრიდან ტყე მოჩანს, მთელი თავისი იდუმალი სამყაროთი, მაგრამ ეს ყოველივე სულაც არ უშლის ხელს, რომ თანამედროვე სტანდარტებს „ეხმიანებოდეს“.

მედიათეკის ოთახზე სხვა დროს გიამბობთ. ამ წერილით ოთახის ჭერში რაც ხდება, ის ამბები უნდა აღვწერო.

შემოდგომაზე ერთ-ერთი ლიტერატურული კაფესთვის ვემზადებოდით. ეს არის დრო, როცა ჩვენი გონება მაქსიმალური დაძაბვით მუშაობს და სიახლეებზე ფიქრობს. მაშინ მომაფიქრდა, დაგვეხატა პერსონაჟები და ჭერში ჩამოგვეკიდა. როგორც კი ეს მშვენიერი იდეა მოფრიალდა, მაშინვე  გავუმხილე ჩემს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს და სამოქმედო გეგმაც გაჩნდა:

  1. პერსონაჟების ამორჩევა;
  2. მათი დახატვა;
  3. ფორმა, რომელზეც გაცოცხლებულ ლიტერატურულ მეგობრებს დავხატავდით;
  4. ფერადი ძაფები;
  5. საღებავები
  6. კიბე.

 

ჩემი სამწლიანი მასწავლებლობის შედეგად ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია ის, რომ პატარა ადამიანებმა პრობლემების მართვა ისწავლეს. არ არსებობს დაბრკოლება, რომელიც ხელს შეგვიშლის, რადგან წამოიჭრება თუ არა ის, მაშინვე მისი გადაჭრის გზებზე ვიწყებთ ფიქრს. ეს პროცესი კიდევ უფრო საინტერესოა ქალაქისგან მოშორებულ ადგილას, სადაც ყველაფერი ძნელად იშოვება.

პერსონაჟთა გალერეამ კიდევ იმაში დამარწმუნა, რომ პასუხისმგებლობების გადაცემის ეტაპმა წარმატებით მიაღწია განვითარების მწვერვალს. ადრე თუ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი იყო, ახლა ასე აღარაა – პატარა მითითებები საკმარისია, რომ ბავშვებმა თვითონ გაართვან თავი საკმაოდ რთულ პროცესებს.

 

ერთი სიტყვით, დავსახეთ თუ არა გეგმა, მოქმედების დრო დადგა.  პერსონაჟთა შერჩევა მათ მივანდე, შეიკრიბნენ სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები და მალევე მომირბენინეს სია, რომელიც ასე გამოიყურება:

 

  • ჯეინ ეარი;
  • ჰარი, რონი და ჰერმიონი;
  • ელისი საოცრებათა ქვეყნიდან;
  • მალალა იუსაფზაი;
  • ლოტა აურზაურის ქუჩიდან;
  • ჯერუშა და გრძელფეხება მამილო;
  • ბიძია თომა;
  • პატარა პრინცი;
  • ჰოლდენ კოლფილდი
  • მეფე მათიუში;
  • ოლივერ ტვისტი;
  • ზურიკელა, ილიკო და ილარიონი;
  • ბიულერბიელი ბავშვები.

 

საყოველთაოდ აღიარებული ხომ არის ის ფაქტი, რომ მასწავლებლებმა უნდა იარონ სპექტაკლებზე, გამოფენებზე, იკითხონ წიგნები, ერთი სიტყვით, საკუთარ თავზე თუ არ იმუშავე და თუ არ აგროვე შთაბეჭდილებები, რთულდება სწავლების ამბავიო, მე კი დავამატებდი იმას, რომ მასწავლებლებისთვის არაჩვეულებრივი შთაგონების წყაროა ბაზრობები, სადაც ათასნაირი და სხვადასხვა სახეობის ნივთი იყიდება, მაგალითად, ნაჭრებით, ძაფებით, თმისამაგრებით, შპალიერებით, ლურსმნებით, ღილებით, ჭიქებით, ნამცხვრის საცხობი ფორმებით აჭრელებულ დახლებში ბოდიალისას იდეები დაფრინავენ. მთავარია, რაღაცის შექმნისა და გამოგონების  სურვილი წაიყოლო თან, დანარჩენი თავისით მოხდება.

ქალაქ ონში ერთი სამეურნეო საქონლის მაღაზიაა. შევდგამ თუ არა ფეხს  ათასი წვრილმანითა და ლითონის სუნით გაჯერებულ ოთახში, გამოსვლა აღარ მინდა ხოლმე. იქ ვყიდულობ შპალიერის უკან გასაკრავ ქაღალდს. აქვე აღმოვაჩინე ბაწარი, რომელსაც თბილისში ვერაფრით მივაგენი. ამ ბაწარს სოფელში ბოჩოლების დასაბმელად იყენებენ, ჩვენ კი ინტერიერის გასაფორმებლად ამოვიჩემეთ.

ასე რომ, ონიდან ამოქროლებული ქაღალდის თოფები დავჭერით შესაბამის ზომებად, სიმყარისთვის რამდენიმე ფენა დავაწებეთ, ფერადი ძაფი გავუყარეთ და ხატვის დროც დადგა.  არც ეს არის რთული, ზოგი პერსონაჟი წიგნის ყდიდან გადმოვხატეთ, ზოგი კი ინტერნეტში მოვძებნეთ. ხატვას რაც შეეხება, პირადი მაგალითის მომნუსხველი ძალის ამღიარებელი მასწავლებელი თავდაპირველად თვითონ შევეჭიდე პერსონაჟების ილუსტრირებას, მაგრამ ბოლომდე არ დამასრულებინეს, პროცესის წარმმართველებად მოსწავლეები გადაიქცნენ და ზოგმა ერთად, ზოგმა კი ინდივიდუალურად დაიწყო ხატვა.  მეორეკლასელი თეკლადან დაწყებული მეათეკლასელი ნინოს (ციყვინას) ჩათვლით ყველამ შეიტანა თავისი წვლილი ამ პროცესში და ასე დაიბადნენ ჩვენი საყვარელი ლიტერატურული მეგობრები, რომელთაც წამსვე ღუმელის ქვეშ მივუჩენდით ხოლმე ბინას გამოსაშუშებლად და გამოსაშრობად.

ამის მერე დადგა დრო მხიარულებისა. სკოლის ალუმინის კიბე ამოვიტანეთ, დახმარება ბიჭებს ვთხოვეთ და მედიათეკის ოთახში ჩვეული ქაოსი შეიქმნა – არეულობის, რჩევების კითხვისა და მიღების, შეკითხვების, წვრილმანებით გახარების, მოლოდინის და სიცილის, ანუ ჩვენი საყვარელი დრო.

თავდაპირველად ფერადი ძაფების ჭერი ჩამოვკიდეთ,  მერე პერსონაჟები ჩამოვამწკრივეთ და სხვადასხვა ქვეყნისა და დროის ადამიანებს ერთმანეთის  მეზობლობა დავაკისრეთ.

ბოლოს დავდექით მათ წინ და ყურებით ვერ ვძღებოდით, ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, კიდევ უფრო სასიხარულო იყო იმის გამო, რომ იდეა ხალისით აიტაცეს  და ამასთანავე დამოუკიდებლად განახორციელეს. ჩავთვალოთ, რომ სიტყვა „დამოუკიდებლობა“  გასულიერებული დალივლივებდა ჩემსა და პერსონაჟებს შორის, თან თვალს მიკრავდა და პატარა ადამიანებზე მიმანიშნებდა.

 

გარდა იმისა, რომ პერსონაჟთა გალერეამ ოთახი გაალამაზა, შესვლისთანავე ლიტერატურულ სამყაროში მოგზაურობისთვის განაწყობს ყველას, გვიანი შემოდგომის დღეები დაუვიწყრად აქცია, ამასთანავე, არ მასვენებდა სურვილი, რომ ბავშვების ხელით გაკეთებული რესურსისთვის ჭერში ყოფნის გარდა სხვა რამეც მომეფიქრებინა, გამექატიურებინა, გამეცოცხლებინა და ამ სურვილმა სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა გადამაწყვეტინა, ძალიან ბევრი ვიფიქრე, რჩევებისთვის მეგობრები შევაწუხე, საბოლოოდ, გეგმამ საინტერესო სახე მიიღო და დაუვიწყარი გაკვეთილიც გამოგვივიდა, თუმცა ამ ამბავს სხვა წერილისთვის შემოვინახავ.

 

 

 

კარი მიხურე, სიტყვები არ გაგვიფრინდნენ

0

ყველაფერი, რაც კი ადამიანის შესახებ ოდესმე ვინმეს უთქვამს,

იყო მხოლოდ სიტყვები – ადამიანური სიტყვები…

ზაზა თვარაძე, „სიტყვები“

„კარი მიხურე, სიტყვები არ გაგვიფრინდნენ“. ამ ფრაზას „ზაზა თვარაძის რომანის, „სიტყვების“, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ლევანი, თავის მეგობარს, პროტაგონისტ ზაზას ეუბნება. მეგობრებმა ეს-ესაა თავი ახადეს  „სანეტარო კანტორაში“ ათი დღით ნაქირავებ სიტყვების „ზარდახშას“ და იქიდან ამოსულ სიტყვებს ისეთი აღტაცებით შესცქერიან, როგორც პატარა ბიჭები „ოქროს თევზებიან აკვარიუმს“. შთაბეჭდილება იმდენად დიდია, რომ ერთი სიტყვის „გაფრენაც“ კი დიდი დანაკლისი და დანაშაული იქნება. თანაც, „კანტორის ნეტარიუსმა“, აფანასოვიჩიმაც გააფრთხილა  მეგობრები, რომ „სიტყვებით სარგებლობა მიზანშეწონილი იყო“ მხოლოდ „დახურულ შენობაში“. ზარდახშის „წიაღებიდან“ ცალობით თუ  მრავალსიტყვედებად წამოსული სიტყვები საოცარ სურნელს გამოსცემდნენ. „რას შეიძლება შევადაროთ ეს სურნელი? – სვამს კითხვას ავტორი და იქვე პასუხობს: ცხადია, „გაზაფხულზე, სოფლად აყვავებულ ხეს, რომლის ყვავილები დილის კრიალა ჰაერს მათრობელა თაფლის სურნელით“ ავსებენ“.  და თუ ერთხელ მაინც – წერისას, ფიქრისას, საუბრისას თუ მოსმენისას, არა აქვს მნიშვნელობა – განუცდია ადამიანს  სიტყვისგან მიღებული სიამოვნება, შეუგრძნია სიტყვის ძალმოსილება, შეუძლებელია არ დაეთანხმოს მას.

სიამოვნებით მივყვებოდი ჩემს საყვარელ ტექსტს და რომანის ყველა იმ ადგილს გავიხსენებდი, სადაც  მეგობრები ზარდახშიდან ამოსული სიტყვებით ნეტარებენ, ხოლო მკითხველი წიგნის წაკითხვით მოგვრილი სიამოვნებისგან ტკბება; ჩავიდოდი ბოლო გვერდებამდე, ანუ ზაზას სიზმრამდე – როდესაც სავარძლებში მოკალათებული ზაზა და ლევანი წარსულ ცხოვრებას, უპირველესად კი „სიტყვების ზარდახშასთან“ დაკავშირებულ პირველ ნაბიჯებს იხსენებენ, „ხარხარებენ“ და ერთმანეთს უსიტყვოდ ეთანხმებიან იმაში, რომ „ფანტასტიკური იყო, ფანტასტიკური იყო ის ყველაფერი!“ მაგრამ წიგნით შთაგონებულმა, მეც მინდა გავბედო და საკუთარი – არც ვიცი რა დავარქვა – გულის? გონების? ხსოვნის – „ზარდახშიდან“ ჩემგან სრულიად დამოუკიდებლად, დაუდგენელი ნიშნით, მიზეზითა და თანმიმდევრობით თავმოყრილი სიტყვებისა თუ მრავალსიტყვედების მცირე ნაწილი „ამოვაფრინო“, რომელთა რაოდენობა და შინაარსიც, ასევე ჩემი ჩარევის გარეშე, ხან მატულობს, ხან კი კლებულობს.

წიგნში ნეტარიუსი აფანასოვიჩი ასე ხსნის გაქირავებული სიტყვების დანიშნულებას: სიტყვებით „ჩვენ უნდა მოვინადიროთ ადამიანთა სულები! განსაკუთრებით – ახალგაზრდების! … ჩვენ უნდა ჯანსაღი საზრდო მივცეთ ახალგაზრდა სულებს! თორემ, ხომ ხედავთ, რას დაემსგავსა ჩვენი ახალგაზრდობა! აბსოლუტური გამოფიტვა!.. აბსოლუტური გამოფიტვა!.. …საჭიროა დააინტერესო ახალგაზრდა! საჭიროა სულიერი საზრდო მისცე მას! ხომ გესმით! სულიერი საზრდო! სულიერი! და აქედან გამომდინარე – სულის განვითარება, სულის წარმართვა იმ გზით, რა გზითაც უმჯობესი იქნება თვითონ მისთვის!“

ვერაფერს იტყვი, კარგი ჩანაფიქრია, თუმცა მთავარი მაინც მისი განხორციელებაა, თორემ, დარწმუნებული ვარ, ასეთი „საზრდო“ არც ერთ ასაკში არ იქნება მაწყინარი. ისიც მნიშვნელოვანია, რომ იმ „პირველი“ და დიადი „სიტყვიდან“ დაწყებული, ადამიანს სწამდეს სიტყვის ძალის, მისი ყოვლისშემძლეობის, რადგან სიტყვა ყველას „საზრდოა“, ის ყველას სჭირდება საკომუნიკაციოდ, სხვებთან დასაახლოებლად, სიყვარულისა და თუნდაც აგრესიის გამოსახატავად;  მისი „სიჯანსაღე“ კი თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესსა და „გულის თქმაზეა“ დამოკიდებული.

შენი სიტყვები შეიძლება სულაც არ ჰგავდეს „სიტყვების“ ავტორისას, შეიძლება ისინი არც „ზღვის ფსკერზე“ წარმოშობილი“ „რაღაც არსებები იყოს“, რომელთაც „საკუთარი სიმკვრივე, გემო, შეფერილობა აქვთ“ და რომელთაგან „ზოგი ხმალთევზაა, ზოგი მედუზა, ზოგი მარჯანი“;  სიტყვას „ინდივიდუალობა“ ანიჭებს  განსაკუთრებულ მნიშვნელობას და მას  მრავალფეროვან, შენიან „არსებად“ ხდის – შენთვის ძვირფასი წარსულის მემატიანედ, შენი აწმყოს თანამგზავრად და შენი მომავლის მაცნედ. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი წარმოდგენა არსებობს სიტყვაზე – მის შეფერილობაზე, სურნელზე, მის კონსისტენციასა და  წარმოშობაზე. უბრალოდ, ადამიანთა უმეტესობა არასოდეს დაფიქრებულა ამაზე, ხოლო ზოგიერთს, ეს მხოლოდ ხელოვანების და ენათმეცნიერების საქმე ჰგონია. არადა, დარწმუნებული ვარ, თავის „ზარდახშაში“ ყველას მოეძევება არაერთი ისეთი სიტყვა ან მრავალსიტყვედი, რომლებიც, მოძიების შემთხვევაში, ისე, როგორც ზაზა თვარაძის რომანშია,  „მოლუსკივით (ან შეიძლება სულ სხვაგვარადაც) ამოიწვერება“, განწყობისა და შინაარსის შესაბამის ფერს მიიღებს და ხელშესახები გახდება.

არც ის არის აუცილებელი, შენი სიტყვების ზარდახშა სხვათათვისაც თვალსაჩინო და ხილული იყოს. მთავარია, შენ ხედავდე მას, შენ იცოდე მისი არსებობა და მერე, განმარტოებით მყოფმა თუ სასურველი ადამიანებით გარშემორტყმულმა – მასში არსებული სტყვების დახმარებით შენი სამყარო „ააწყო“, შენი სათქმელი მოჰყვე; ყველაზე სასურველ შემთხვევაში კი, ისე შეძლო ამ სიტყვების „მოთვინიერება“, რომ „საჭირო სიტყვა“, მოხმობისთანავე „თვითონ მოდიოდეს შენთან“.

არასოდეს გქონდეს იმის იმედი, რომ აუცილებლად ბრძენის, მწერლის ან ფილოსოფოსის ნათქვამი სიტყვა მოხვდება შენს ზარდახშაში; იძულებითაც ნუ მოინდომებ ამის გაკეთებას, რადგან ხშირად, სულისთვის შეიძლება ბევრად „სანეტარო“ იყოს მასში მხოლოდ შენთვის მნიშვნელოვანი, სხვათათვის კი სრულიად უცნობი ადამიანის ნათქვამი „უბრალო სიტყვების“ არსებობა.

წორედ ასეთ, სხვისთვის უმნიშვნელო და ჩემთვის ღირებულ სიტყვებზე ვამბობდი ზემოთ,  რომელთაგან ზოგიერთი, უკვე ფრაზებად დაფრთიანებული, დიდი ხანია იქცა ჩემი ზარდახშის მუდმივ ბინადრად, ზოგი კი სულ ახალთახალია, ჯერ ისევ „დაბინავების“ პროცესში მყოფი და მათი  ბედი გაურკვეველია.

სამამდე ვითვლი და მეც  ვხდი თავს „ზარდახშას“, ხოლო სანამ ამას გავაკეთებ, ლევანს მივბაძავ  – კარს მივხურავ, რომ სიტყვები არ გამიფრინდნენ:

სიტყვები ბავშვობის სიზმრიდან, როგორც ზღაპრიდან (მითხრა გველეშაპმა, რომელიც ჩემს ეზოში, გაშლილი პიონის ძირში იწვა მრგვლად დახვეული): ოდესმე აქ, ამ ადგილას, წყარო გადმოედინება, და ერთხელ, როცა სახლის დედა შინ არ იქნება, ხოლო მამა შორი გზიდან გამოეჩქარება ცუდი წინათგრძნობით სავსე, როცა მოგესმება ბევრი ჩიტის გალობა ერთად, და შენ სათლით მოხვალ წყლის ასავსებად, იცოდე, რომ შენც წყლად იქცევი.

პაპის სიტყვები: ღამღამობით, როცა ცა წითლდება, ანგელოზები გადაიფრენენ ხოლმე.

გულსუნდას სიტყვები (ლამაზ ფეხებზე ხმამაღლა ნატვრის შემდეგ): როცა ამაზე კიდევ იფიქრებ, ყოველთვის გაიხსენე, რომ მაგ ფეხებს დაჰყავხარ და კიდევ დიდხანს უნდა გატარონ. მათ შემცვლელს ვერ იპოვი.

ჩემი მათემატიკის მასწავლებლის სიტყვები (როდესაც გაიგო, რომ მისი ერთ-ერთი  მოსწავლე სკოლიდან გათხოვდა): აბა რად უნდოდა მაგას აკვადრატი-ბეკვადრატი?!

მამაჩემის სიტყვები:(56 წლის გარდაიცვალა, 54 წლისამ თქვა): ახლა მივხვდი, როგორ უნდა მეცხოვრა.

ჩემი ფიზკულტურის მასწავლებლის სიტყვები (სკოლის სტადიონზე დილაობით ჩატარებულ მასობრივ საბჭოთა ვარჯიშებზე): აბა ბავშვებო, ზნექი ჭაღარა კავკასიონის მთებისაა-კენ!

„ორსიტყვედი“ (ჩემი კარის მეზობლის დამარცვლით ნატირალი გარდაცვლილ მამაზე): „ვა-ი-მე მა-მიიიიიიიი!..

იზო ბებოს სიტყვები: გასათხოვარი გოგო დილით ისე უნდა ადგეს ლოგინიდან, რომ გახამებულ თეთრეულს ნაკეცები არ  ეტყობოდეს.

თეიმურაზ მაღლაფერიძის სიტყვები: ისე უნდა მოვკვდე, რომ პარიზი ვერ ვნახო?!

მამიდის დატირება (უგრძესი, დაუსრულებელი, ერთსიტყვიანი, მესამე გარდაცვლილ ძმაზე): ძმა-ვოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო!..

ბებოჩემის სიტყვები: შუბლიდან თმა გადაიწიე.

ბესიკ ხარანაულის სიტყვები (პირად საუბარში): ეკლესია ერთი უნდა იყოს ადამიანის გულივით.

დედის სიტყვები (სახლის გამოგვისას, ქალაქიდან რომ სოფელში გადავბარგდი): ჩამოხვედი და ქალაქური მტვერი ჩამოიტანე.

3 წლის ირაკლის ერთ ასობგერიანი სიტყვა: ბ მინდა, ბ მინდა, ბ ბ ბ ბ ბ ბ… (სტუმრად მისულებს ხილი შემოგვთავაზეს და თურმე ბროწეული უნდოდა).

დეიდაჩემის „მრავალსიტყვედი“ (დანანებით ნათქვამი): მეხუთე კლასში ვიყავი, გო, მამაჩემის გაუთხოვარ დეიდას, შაშხანაანთ ნინას, თეთრეულს რო ვურეცხავდი.

სამი წლის კატოს „სამსიტყვედი“: ცის გოჭი მიყიდეთ.

ჩემი მეგობრის, „სიტყვების“ ავტორის, ზაზა თვარაძის სიტყვები (გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ნათქვამი): შავები არ ჩაიცვა, გადაყარე შავი სამოსი, ფერადები ჩაიცვი, ფერად ფერები…

და კიდევ მრავალი…

თუმცა ეს არ არის წერილის ავტორის ბოლო სათქმელი. მინდა, ის ისევ წიგნის პროტაგონისტის, ზაზას სიტყვებით დავასრულო: „საკვირველია! ამ სიტყვებს ყველაფრის გაცოცხლება შეუძლიათ! ეს ხომ თვითონ სიცოცხლეა!“

 

სექტემბრის მოლოდინში

0

,,დაგლასი წელს უკანასკნელად ატარებდა ღამეს ბებოსა და პაპას სახლის მაღალ მანსარდაში. ძილის წინ თავის ბლოკნოტში ჩაწერა: ,,ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. როგორც კინოში, როდესაც ადამიანები წყლიდან სახტუნაო კოშკურაზე ხტებიან. სექტემბერი მოდის და ზაფხულის დასაწყისში გაღებული ფანჯრების დაკეტვა გიწევს, ბოტასებს იხდი და ივნისში გადაყრილ ტყავის მძიმე ფეხსაცმელს იცვამ. ადამიანები სახლებში ისევე ბრუნდებიან, როგორც საათიდან გადმომხტარი გუგული ბრუნდება შიგნით. სულ რაღაც წუთის წინ პარმაღები ყაყანითა და ხალისით იყო სავსე, მეორე წუთში კი კარებს აჯახუნებენ, ლაპარაკი წყდება და მხოლოდ ფოთლები ცვივიან ძირს გიჟებივით…“– ესაა ნაწყვეტი ზაფხულის სურნელებით, გემოებით, განცდებით, ოცნებებით, აღმოჩენებით ყველაზე მეტად სავსე წიგნიდან ,,ბაბუაწვერას ღვინო“ ( რეი ბრედბერი) და ასე მთავრდება მთავარი პერსონაჟის, დაგლასის, ზაფხული.

ქალაქის არ იყოს, ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ზაფხული და ყველას ზაფხული სხვადასხვანაირად სრულდება, ყველა განსხვავებულად ვეგებებით თუ ვეგუებით სექტემბერს. ბავშვებთან მაინც ყველაფერი განსაკუთრებულია.

დაჩის მეექვსე სექტემბერი რომ დადგა, სკოლაში წასვლას დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია, არც ახალი ჩანთით მოხიბლულა, არც ფერად-ფერადი წიგნებითა და რვეულებით. რატომ არ გიხარია – მეთქი და რატომ უნდა მიხაროდეს, აზრზე არ ვარ, იქ რა უნდა ვისწავლოო.

მეორე დღეს ჩანთაც არ მიჰქონდა, რად მინდა, იქ მაინც მხოლოდ იმას გვასწავლიან, როგორ მოვიქცეთო.

მოგვიანებით იმას აპროტესტებდა, რა ამბავია ამდენი სწავლა, ბაღში უკეთესი იყოო.

მოკლედ, დაჩი ერთი რიგითი პრეტენზიული სუბიექტია, რომლის მოხიბვლა ძალიან რთულია.

რომ დავფიქრდები, რამდენი ასეთი პრეტენზიული სუბიექტის მოხიბვლა გვიწევს მასწავლებლებს, ზოგჯერ მეშინია.

მე არ მიყვარს ხოლმე პირველი დღე სკოლაში. სულ მაქვს შეგრძნება, რომ „ჩემებს“ აღარ ვემახსოვრები და „ახლების“ მოხიბვლა ურთულეს საქმედ მეჩვენება.

ბავშვებს ძალიან უყვართ ზაფხული, თავიანთ ზაფხულებზე ლაპარაკიც ეხალისებათ და სჭირდებათ სკოლის გარემოსთან ადაპტაციისთვის,  მაგრამ ვერ იტანენ მასწავლებლების ტრადიციულ კითხვას: აბა, ბავშვებო, როგორ და სად გაატარეთ ზაფხული?

ამიტომ პატარა ხრიკები უნდა მოვიფიქროთ და ისე ავალაპარაკოთ. იქნებ ეს რამდენიმე ხერხი დაგეხმაროთ, მარტივად დაუძვრეთ ამ აბეზარ კითხვას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში და თან ბავშვების ზაფხულების ნამცეცებიც დააგემოვნოთ:

  • მოსწავლეებს ვურიგებთ პატარა ფერად-ფერად წებოვან ფურცლებს და ვთხოვთ, ამ ფურცლებზე სიმბოლოების ან მინიმალისტური ნახატების სახით გამოსახონ თავიანთი ზაფხული. როცა ყველა დაასრულებს ხატვას, ჩაამწკრივონ დაფაზე და რიგრიგობით მივყვეთ: ჯერ კლასმა ისაუბროს, როგორ ზაფხულს, ან ზაფხულის რა ამბავს შეიძლება, ასახავდეს თავიანთი მეგობრის ნახატი. კლასის მოკლეხნიანი მსჯელობის შემდეგ, თავად ავტორი ამატებს, ამოიცნეს თუ არა მეგობრებმა მისი ზაფხული.
  • უფროსკლასელებთან ნახატები შეგვიძლია მხოლოდ ერთი სიტყვით შევცვალოთ. ანუ ბარათებზე დაწერონ მხოლოდ ერთი სიტყვა, რომელიც მათ ზაფხულს უკავშირდება. ოღონდ ისეთი სიტყვა, რომელიც ძალიან მარტივად ამოსაცნობიც არ იქნება და ორაზროვან ვარაუდებს დაბადებს.მასწავლებელი მოაგროვებს ამ სიტყვებს,მერე ამოაქვს სათითაოდ და კლასი ისევ ცდილობს, გამოიცნოს, რა ისტორია იმალება ერთი სიტყვის უკან. ვერსიების დასახელების შემდეგ, სიტყვის პატრონი ამჟღავნებს თავის ვინაობას და მოკლედ ხსნის თავის სიტყვასა და ზაფხულს.
  • ბავშვები პატარა ყუთიდან რიგ-რიგობით იღებენ ფურცლებზე მასწავლებლის მიერ დაწერილ ფრაზეოლოგიზმებს, რომლებიც ემოციას უკავშირდება.მაგალითად: ,,გული ამიჩქროლდა“, ,,ბურთი ყელში მომებჯინა“, ,,ტანში გამცრა“, ,,სული ამიფორიაქდა“, ,,ავფეთქდი“, ,,გულზე ცეცხლი მომეკიდა“, ,,თავი გამისკდა“… მოსწავლეები ჯერ თავად ცდილობენ, განმარტონ ფრაზეოლოგიზმები, შემდეგ მასწავლებელიც ეხმარებათ.მხოლოდ ამის შემდეგ მასწავლებელი აძლევს რამდენიმე წუთს, რათა თავიანთი ზაფხულიდან გაიხსენონ ეპიზოდი,მომენტი,რომელიც იმ ფრაზეოლოგიზმს უკავშირდება, რომელიც შეხვდათ. ეს აქტივობა ერთგვარი ლექსიკური სავარჯიშოცაა და ბავშვებსაც ავალაპარაკებთ თავიანთ თავზე და თავიანთ ზაფხულზე.
  • უფრო დაბალ კლასებში შეგვიძლია, ფრაზეოლოგიზმები ჩვეულებრივი, ემოციის გამომხატველი სტიკერებით ჩავანაცვლოთ. დავუკრათ თითოეულ ბავშვს მერხზე. სტიკერების დანახვა გაახალისებთ, მაგრამ დავალების მიცემის შემდეგ, როგორც წესი, აწუწუნდებიან,რომ არაფერი ახსენდებათ. ამიტომ ვთხოვოთ, რამდენიმე წამით დახუჭონ თვალები და გონების თვალი გადაავლონ ზაფხულს. სად იყვნენ, ვინ ნახეს,რა დაათვალიერეს,რა წაიკითხეს,რომელი ფილმები ნახეს და ასე იპოვონ სტიკერის ემოცია თავიანთ პატარა თავგადასავალში.
  • წინასწარ მოვიფიქრებული კითხვები დავწეროთ წებოვან ქაღალდებზე და თითოეულს მივუკრათ სკამის ქვეშ. კითხვები უნდა იყოს ძალიან ყოფითი და უშუალო, ისეთი,ადვილად რომ დაუკავშიროს ბავშვმა თავის ზაფხულს. მაგალითად: რატომ აღარ დაასრულე ის წიგნი? რას აკეთებდი შუადღისას იმ სიცხეში? რატომ ურჩიე მაინცდამაინც ის ფილმი ენახა? რატომ გაებუტე მეგობარს? ვისთვის იყიდე ის საჩუქარი? ვინ შეაწუხეთ შენ და შენმა მეგობრებმა თქვენი ხმამაღალი სიცილით? მაშინ რატომ შეგეშინდა ასე ძალიან?.. ჯერ კითხვების აღმოჩენის პროცესი ძალიან ახალისებთ და მერე ასეთი ტიპის კითხვები უჩენს განცდას, რომ თითქოს თქვენ მათ შორიდან უყურებდით ზაფხულის განმავლობაში და ყველაფერი იცით. ზოგს ზუსტად მოერგება კითხვა, ზოგსა არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, საბაბი ნამდვილად იქნება, რომ საკუთარ თავზე ალაპარაკდენენ.
  • სულ პატარებმა, რომლებმაც ჯერ წერა-კითხვაც არ იციან, რომ არ იგრძნონ,წიგნები არაფერში სჭირდებათ, შეგვიძლია, ასეთი თამაში მოვუწყოთ: ვთხოვოთ, ჩაიხედონ თავიანთ ჩანთებში და ამოიღონ ის წიგნი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონთ( თუ არჩევანი გაუჭირდათ, ნებისმიერი). აღმოჩნდება, რომ მათი არჩევანი მრავალფეროვანია, ერთნაირი წიგნის ,,პატრონები“ დავაჯგუფოთ და დავავალოთ, რომ გააცოცხლონ ეს წიგნი, გაასულიერონ და ალაპარაკონ თავის გარეგნობაზე, სავარაუდო დანიშნულებაზე, თავის პატრონზე, სამომავლო იმედებზე და ა.შ. ისე უნდა გავანაწილოთ ეს სათქმელი,რომ ყველამ, ვინც ეს წიგნია ამოირჩია, თქვას ორი-სამი წინადადება მაინც.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენვე მივცეთ მაგალითი. თან წაიღეთ, რომელიმე საინტერესო წიგნი,რომელიც ,,სადიდოც“ იქნება, მაგრამ ილუსტრირებული,საინტერესო გამოცემა და პირველად თქვენ აალაპარაკეთ ის.

ასევე შეგიძლიათ, უთხრათ, რომ ხვალ აალაპარაკებენ ნებისმიერ ერთ ნივთს, რომელიც მათ ჩანთაში ,,ცხოვრობს“. ეს ერთგვარი ,, საფიქრალი საშინაო დავალება“ იქნება, რომელზეც აუცილებლად იფიქრებენ სახლში პატარები და სკოლაშიც ,,მომზადებული“ მოვლენ.

 

  • მოიმარჯვეთ ბურთი და დააყენეთ ბავშვები წრეზე. თამაშის წესი ასეთია: ვისაც ბურთს გადააწოდებენ, მან ძალიან სწრაფად უნდა თქვას რაიმე წინადადება, რომელიც მის ზაფხულს უკავშირდება. ვისაც წინადადებები გამოელევა,ან ვერ მოასწრებს სამის დათვლაში თქმას, ტოვებს წრეს. საბოლოოდ ვინც გაიმარჯვებს, სწორედ მისი ზაფხულის შესახებ იგებს კლასი ყველაზე მეტს.თამაში დასრულების შემდეგ შეგიძლიათ,დასხდეთ და ისაუბროთ, აბა, ვის რა დაამახსოვრდა ერთმანეთის ზაფხულის შესახებ. ბავშვებმა თამაშის დასაწყისიდანვე უნდა იცოდნენ: ტყუილი სასტიკად აკრძალულია! ( თუმცა შემაჯამებელი საუბრისას ამ მოკლეფეხება ტყუილის დაჭერაც არ გაუჭირდება მასწავლებელს.)

 

,,…დაგლასმა თვალები დახუჭა.

ივნისი რიჟრაჟები, ივლისის შუადღეები, აგვისტოს საღამოები – ყველაფერი დასრულდა და მხოლოდ ამ ყოველივეს განცდა შერჩა გულს და გონებას. გრძელი შემოდგომა, თეთრი ზამთარი და გრილი, მწვანე გაზაფხული გასული ზაფხულის შეჯამებასა და შეფასებას დაეთმობა…“

ჩვენც უნდა დავეხმაროთ ბავშვებს განცდილის შეფასებაში.ეს მათ, ჩვენ რომ გვგონია, იმაზე მეტად სჭირდებათ.

 

რატომ არჩევს ზოგი ბავშვი საჭმელს?

0

ახალი კვლევა ამას ტემპერამენტით ხსნის.

 

ზოგი ბავშვი ადვილად ეჩვევა ახალ საკვებს, ზოგიც – მასზე უარს ამბობს.  რით შეგვიძლია ამ ქცევის ახსნა? 2017 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევა (Moding and Stifter) მცირეწლოვან ბავშვებში ახალი საკვების მიღება-უარყოფის რეაქციებს სწავლობდა.

 

ადამიანს აქვს მიდრეკილება, მიიღოს ან უარყოს ახალი სტიმული და ამ პროცესში მონაწილეობს ტემპერამენტი, რომელიც გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს ადამიანი სამყაროსთან. შესაძლოა ეს დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ რატომ არის ზოგიერთი ბავშვი უფრო „გახსნილი” ახალი საკვების მიმართ.

 

მკვლევრებმა საწყის ეტაპზე შეარჩიეს 80 ბავშვი და 80 მომვლელი, რომელთაგან  ყველა, ერთის გარდა, დედა იყო. აგრეთვე, ბავშვთაგან 75 გოგონა იყო. მკვლევრები აკვირდებოდნენ დედა-შვილის წყვილებს. აგროვებდნენ მონაცემებს ლაბორატორიის იმ ვიზიტებიდან, როცა ბავშვები 6, 12 და 18 თვის იყვნენ.

 

6 და 12 თვის ბავშვებს ვიზიტებისას „აცნობდნენ” ახალ საკვებს და ახალ სათამაშოებს. 18 თვისები მიჰყავდათ „რისკის ოთახში”, სადაც მათ შეეძლოთ „ურთიერთობა” ოთხ ნივთთან: გვირაბი, კიბეები დიდი ლეიბის გვერდით, შავი ყუთი ზედ მიხატული თვალებითა და კბილებით და მაგიდაზე მოთავსებული გორილას ნიღაბი. ბავშვების რეაქციებს ინიშნავდნენ. ექსპერიმენტს დედებიც ესწრებოდნენ.

 

მკვლევრებმა გამოიკვლიეს, რომ 12 თვის ასაკის ბავშვები, რომლებიც მეტად ხარბდებოდნენ  ახალ სათამაშოებს, ახალ საკვებსაც მეტი ენთუზიაზმით  ხვდებოდნენ. და პირიქით, ის ბავშვები, რომლებიც ახალი სათამაშოებისკენ არ მიიწევდნენ, ახალ საკვებსაც გაცილებით თავშეკავებულად იღებდნენ. მეტიც, დამოკიდებულება, რომელიც ბავშვს ახალი საკვების მიმართ 12 თვის ასაკში ჰქონდა, წინასწარ იტყობინებოდა ახალი ნივთების მიმართ ამავე ბავშვის დამოკიდებულებაზე 18 თვის ასაკში.

 

აღსანიშნავია, რომ 6 თვის ასაკის ბავშვებში არ აკვირდებოდნენ ბავშვის ასოციაციებს  ახალ სათამაშოებსა და ახალ საკვებთან მიმართებაში, რადგან წინა კვლევებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვები თავშეკავებული დაახლოებით 12 თვის ასაკში ხდებიან.

 

მკვლევართა აზრით, ამ კვლევის შედეგები გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჭირვეული ან თავშეკავებული მჭამელი ბავშვის მშობელმა უკეთ იცის, როგორ ჩართოს მყარი საკვები ბავშვის მენიუში.

 

„იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც ისეთ ახალ სტიმულთან მიმართებაში, როგორიცაა, მაგ. ახალი სათამაშოები, არ იჩენენ აქტიურობას, მზად უნდა იყვნენ იმისთვისაც, რომ მათი შვილები ახალ საკვებთან მიმართებაშიც ასე მოიქცევიან. ასეთი ბავშვების მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შვილები დიდი ალბათობით ახალ საკვებს თავიანთი ტემპერამენტის გამო უარყოფენ. თუმცა მათ შეუძლიათ, მოახერხონ და შვილებს მიაღებინონ ახალი პროდუქტი, თუკი დაჟინებით გააგრძელებენ ამ საკვების შეთავაზებას სხვადასხვა გარემოში”.

 

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენი ბავშვი ძნელად ეჩვევა ახალ სათამაშოებს, ის, სავარაუდოდ, ახალ საკვებსაც ძნელად მიიღებს. ამასთან, რამდენიმე ცდის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ბავშვი უფრო „გახსნილი” გახადოთ ახალი საკვების მიმართ. თუ შედეგი პირველივე მცდელობის შემდეგ არ დადგა, სცადეთ კიდევ და კიდევ.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/blog/the-red-light-district/201708/why-are-some-children-picky-eaters

 

 

იან გიუს „უკეთურება“ – წიგნი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე

0

იან გიუს „უკეთურება“ ორი ეგზემპლარი მაქვს: ერთი გადაუშლელ-წაუკითხავია (საჩვენებელ-გასათხოვებელი), მეორე კი სხვადასხვა ფერის პასტითა თუ ფანქრით აჭრელებული, კლაკნილ, ერთ- ან ორხაზგასმული, ძახილისნიშნებდასმული, მინდვრებზე შენიშვნებმიწერილი, ფურცლებჩაკეცილი (ალაგ-ალაგ ჩასწორებულიც კი), მოკლედ რომ ვთქვა, არაერთხელ გადაკითხულ-გადაწერილია. წაკითხვისთანავე ეს წიგნი მრავალი მიზეზის გამო მოვიწონე და შევიყვარე. ამ მიზეზებიდან ყველაზე მთავარი კი ის გახლდათ, რომ „უკეთურებამ“ ჩემი 14 წლის ვაჟი რადიკალურად შეცვალა, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად კითხვა შეაყვარა. მაშინ გაზეთში „WEEKEND“ ამ წინგზე მცირე რეცენზიაც კი დავწერე, რომელსაც ასე ვიწყებდი: „თუ თქვენი შვილი გარდატეხის ასკშია და კითხვა მისთვის ჯერაც არ ქცეულა საყვარელ საქმედ, შეგიძლიათ ეს ლაფსუსი მარტივად გამოასწოროთ, იან გიუს „უკეთურება“ უყიდოთ-მეთქი“.

დიახ, ეს იყო რამდენიმეაბზაციანი ჩანახატი ავტორზე, წიგნის გმირებსა და მთავარ თემებზე, რომელიც ისე დავწერე, ერთხელაც არ მიხსენებია სიტყვა ბულინგი. მაშინ, ანუ 2012 წელს, წიგნში ჯერ გაუბედავად, ფრჩხილის გასმით მომენიშნა ჩემთვის საინტერესო, დასაფიქრებელი აბზაცები, წაკითხულზე გაკვირვებასა და აღშფოთებას გამოვთქვამდი მეგობრებთან, კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან და იან გიუს რომანის წაკითხვას ყველას ვურჩევდი. ხუთი წლის განმავლობაში, ამა თუ იმ სოციალურ საკითხზე მუშობისას, მოსწავლეებთან გაკვეთილებზე თუ  პირადი საუბრებისას არაერთხელ მიმიმართავს ამ წიგნისთვის. დღესაც, თუ საშუალება მომეცა, 14-15 წლიდან მოზარდებთან მთელი გულითა და ენთუზიაზმით ვუწევ რეკომენდაციას „უკეთურებას“. ზოგჯერ, წიგნის მაღაზიაშიც ვაკვირდები ახალგაზრდებს, წიგნს რომ ეძებენ, კონსულტანტებს დახმარებას სთხოვენ და თაროზე იან გიუს რომანი თუ დავიგულე, მოსვენებას ვკარგავ. იშვიათად გამიბედავს და შემითავაზებია კიდეც მისი წაკითხვა და თუ რჩევა გაუთვალისწინებიათ, სახლში უზომოდ ბედნიერი დავბრუნებულვარ – დარწმუნებული, რომ ერიკ პონტი (წიგნის მთავარი გმირი) იმედებს არ გაუცრუებდათ და მათ საყვარელ ლიტერატურულ პერსონაჟად იქცეოდა.

დღეს კიდევ ერთხელ შევეცდები ხმა მოგაწვდინოთ და იან გიუს „უკეთურებაზე“ ახლებურად გესაუბროთ. წიგნი, მართალია, არც ისე ცხელია, მაგრამ ყველაზე გემრიელი სწორედ იმ რომანებზე საუბარი გამოდის, მრავალჯერ რომ გვახსენებენ თავს, დროს არაფრად აგდებენ და თანამედროვე ტერმინებსაც ოსტატურად იხდენენ.

იან გიუ

იან გიუ შვედეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანისტი და დამოუკიდებელი ჟურნალისტია. მისი წიგნები მზევერავ კარლ ჰამილტონსა თუ ტამპლიერების რაინდ არნე მაგნუსონზე საკმაოდ პოპულარულია ევროპაში და მათ მიხედვით არაერთი მხატვრული ფილმია გადაღებული. 19821 წელს იან გიუმ  ავტობიოგრაფიული რომანი „უკეთურება“ (ორიგინალური შვედური სათაურით „Ondskan“) გამოსცა. წიგნში საკუთარი მამინაცვლის მკაცრი და დაუნდობელი აღზრდის მეთოდები შეუფერადებლად აღწერა და თან 50-იანი წლების შვედეთის  საზოგადოებასა თუ საგანმანათლებლო სისტემაში არსებული უსამართლობა ამხილა.

„It’s Time To Take A Stand!“ ამ სლოგანით გადიოდა მსოფლიოს კინოეკრანებზე „უკეთურების“ მიხედვით 2003 წელს გადაღებული, რეჟისორ მიკაელ ჰოფსტრომის ფილმი. 2004 წელს „Ondskan“, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ოსკარზე იყო ნომინირებული; შანხაის კინოფესტივალზე კი მამაკაცის როლის სუკეთესო შესრულებისთვის ანდრეას ვილსონმა (ერიკ პონტიმ) ოქროს თასი დაიმსახურა.

ერიკ პონტი

წიგნის მთავარი გმირი ერიკ პონტი ამბის დასაწყისში 14 წლისაა და თანატოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ „ცემას იტანს!“ მამისგან ყოველდღიურად გამოწერელი „სადესერტო მიტყეპა“ (ორმოცი დარტყმა ტანსაცმლის ჯაგრისით) უკვე არაფრად მიაჩნია. მთავარია, დამატებითი სასჯელი აიცილოს და მთლი გულისყურით აკონტროლებს საკუთარ ქცევას ვახშამზე. სასჯელი ნებისმიერ დროსა და შემთხვევაში შეიძლება დაუმძიმდეს, ჯაგრისი ქრომირებულმა ფეხსაცმლის მაშველმა, საუნის ცოცხმა ან ტყავისგან დაწნულმა, ძაღლების საცემმა სქელტანინამა წკეპლამ ჩაანაცვლოს, რომლის წვერშიც ფოლადის საკინძეა მიმაგრებული. წიგნის დასაწყისში ერიკს ჯერ კიდევ შესწევს ძალა სასჯელის დასრულების შემდეგ მამას ხელი ჩამოართვას და ჩათვალოს, რომ ყველაფერმა „სწრაფად და მშვენივრად“ ჩაიარა…  ყველაფერმა დამცირების გარდა!

რის გამო „იმსახურებს“ მოზარდი ბიჭუნა სასჯელს? მამიკო მარტივ მიზეზებს გამოჰყავს წყობიდან: ერიკის ჭუჭყიან ფრჩხილებს, ხელიდან  გავარდნილ სამარილეს, წაქცეულ რძის ჭიქას, საკმარისია ვაჟი „ზომაზე მეტად“ გადაიხაროს მაგიდიდან რაიმეს ასღებად, უმცროსი ძმა გააჯავროს ან პურზე კარაქი იმ მხრიდან არ წაუსვას, „საიდანაც მიღებულია“. უკანალსა და ზურგზე კანი არ გადაუსკდეს – ეს გახლავთ ერიკის მთავარი საფიქრალი. ამიტომ მუდმივ მზადყოფნაშია, გამრავლების ტაბულასავით ზეპირად იცის მამიკოს თითოეული მოძრაობა.

სხვა მხრივ, ანუ უცხო თვალისთვის კი ერიკი ჩვეულებრივად ცხოვრობს: ვარჯიშობს, სწავლობს, კინოში დადის, მოდურად აცვია, ვარცხნილობაც თანამედროვე აქვს; თუ გარემოება მოითხოვს, დახვეწილად მეტყველებს; არც მოხერხებულობა აკლია და თავისზე ძლიერებს ძალაუფლებას არ უთმობს; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „საძმოს ყოჩია“. ისიც კარგად ესმის, რომ საძმო მანამდე დაემორჩილება, სანამ ჩხუბში ბადალი არ ეყოლება და იძულებულია, სხვას სცემოს, თავი მისთვის მიუღებელი მეთოდებით გაიტანოს.

ახალ გიმნაზიაში გადასული ერიკი მამასთან ყოველდღიურ „ურთიერთობასა“ და სკოლის, ეგრეთ წოდებულ, „წესრიგის დამცველებს“ ემშვიდობება და იმედი აქვს, ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს, ენერგია სწავლას, ცურვასა და კითხვას მოახმაროს, ახალ მეგობარს გაიჩენს, ფინელ მზარეულ გოგონას შეიყვარებს, თუმცა თავგადასავლები ახალი გიმნაზიის კედლებშიც გრძელდება…

დააყენებს თუ არა საკუთარ მომავალს ახალგაზრდა ბიჭი რისკის ქვეშ, შეასრულებს დედისთვის მიცემულ პირობას თუ იმედებს გაუმტყუნებს, მოუწევს „რინგიდან გადაბობღება?“ – ამას წიგნიდან შეიტყობთ. თავადვე მოგიწევთ დაფიქრება და პასუხის გაცემა რომანში დასმულ შეკითხვებზე: უნდა ვებრძოლოთ ბოროტებას თუ თავი ავარიდოთ მას? არის თუ არა სიძულვილი უკეთურების ერთ-ერთი ფორმა და ინტელექტის საპირისპირო ცნება? როდის უფრო ძნელია სარკეში ჩახედვა, როდესაც ფიზიკურად ხარ დასახიჩრებული თუ სულიერად დაბეჩავებული? დაბოლოს, სინამდვილეში ვისკენ არის მიმართული სიყტყვები: „შენ უკეთურების განსახიერება ხარ და შენისთანები უნდა მოისპონ?!“

უკეთურება

იან გიუ თავისი გმირების ყოფას გიმნაზიის ცხოვრების ფონზე აღწერს და  შვედური საზგადოების არაერთ მანკიერებას ააშკარავებს:  ერთმანეთს ადარებს გიმნაზიელებსა და საშუალო სკოლელებს, რომელთაგან „ცხოვრებაში ვერაფერი დადგება“, ვინაიდან საზოგადოებაში სწორედ ასეთი მზამზარეული შეხედულება ბატონობს. მაშინ ვინ არიან ისინი, ვისგანაც „რამე უნდა დადგეს?“ – მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია. მასწავლებლების მოსწავლეებისადმი დამოკიდებულებასა და კეთილგანწყობას ბავშვის ლაპარაკის სტილი და მისი გვარის ჟღერადობა განსაზღვრავს – „კარგ ოჯახიშვილად“ ის ითვლება, ვინც ფიზიკურად ძლიერია, მდიდრულად აცვია და მიკიბულ-მოკიბულად საუბრობს (ანუ მეტყველებაში „ბევრ უცნაურ სიტყვას იყენებს“). საბჭო თუ პროფკავშირი, მდიდრები თუ არისტოკრატები – რთული გასარკვევია, ვინ უფრო მეტად ვერაგია, მით უმეტეს, როცა ერთ საერთო მიზანს ემსახურებიან, ირგვლივ ძალადობასა და დაუნდობლობას თესავენ! ვინც უფროსებს უძალიანდება, უარესად იტყიპება, ამიტომ თავდაცვის საშუალებად სიძულვილი ქცეულა და ის გამაყუჩებელი აბივით მოქმედებს.

„მსოფლიოში გაურკვეველი უკეთურება სუფევს. დემოკრატიის იდეალი მუდამ პირველობას გულისხმობს,“ ისევე როგორც მედგრად ყოფნას მოსალოდნელი დარტყმის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, სხეულის კულტი ბიჭების სოციალური სისტემის ნაწილად ქცეულა და შეჯიბრებას ბოლო არ უჩანს. იან გიუ ორიგინალური ლიტერატურული ხერხებით გვიხატავს იმ სირთულეებს, ყმაწვილები სამართლიანობისთვის ბრძოლის დროს რომ აწყდებიან, მათ შინაგან წინააღმდეგობებს ააშკარავებს და ამ გზით გვიჩვენებს, როგორ ცდილობენ ისინი წინ აღუდგენ და ებრძოლონ უკეთურებას, სიყალბესა და ვერაგობას.

«It’s Time To Take A Stand!»

„დროა მყარად დადგე!“ – ეს მიმართვა მხოლოდ „ბარბაროსული საზოგადოების ხელში თითქმის მარტო დარჩენილ“ ერიკს როდი ეკუთვნის. ის ბულინგის ყველა მსხვერპლისკენაა მიმართული. ყველასკენ იმ სურვილით, რომ საკუთარ თავში ძალა გამონახონ, იან გიუს გმირის მაგალითით გამხნევდნენ და მასავით „საართლიანობის ჩემპიონებად“ იქცნენ.

ეს წიგნი ერთგვარი სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულა საკუთარ ცხოვრებაში, ვისაც ჯერ არფერი სმენია ბულინგზე, ვისაც უბრალოდ უჭირს ან არ სურს აღიაროს, რომ  მსგავსი უკეთურება მართლაც არსებობს. ეს გახლავთ სასტიკი და აუტანელი დოკუმენტი მოზარდის ცხოვრებისა. დიახ, „უკეთურება“ სახეში მუშტივით გარტყმული რომანია.

 

სტანდარტული ენა და ორი გრამატიკა

0

ენობრივი პოლიტიკა ნებისმიერ სახელმწიფოში სტანდარტული ენის არსებობას უზრუნველყოფს და ენობრივი დაგეგმარების უშუალო შემადგენელია. თავის მხრივ, სტანდარტული ენა წინასწარ შემუშავებულ კანონებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც სახელმწიფოებრივი მოწყობის საფუძველია. სტანდარტული ენა სახელმწიფო ენაა. თითქმის ყველა ქვეყანაში კანონი ავალდებულებს საზოგადოებას, დაიცვას და გაუფრთხილდეს სახელმწიფო ენას. აუცილებელია, ყველა ქვეყანაში არსებობდეს ენის ნორმების დამდგენი სპეციალური ორგანო, რომელიც შეძლებს ახალი ლექსიკური თუ გრამატიკული ერთეულების სახელმწიფო ენაში ასახვას. თუმცა ჩვენში სახელმწიფოებრივი შეგნება, შეგნება იმისა, რომ სახელმწიფო ენა საზოგადოების ერთიანობის საფუძველია, თითქოს მოშლილია. შესაბამისად, ზღვარი ცოცხალ მეტყველებასა და სტანდარტულ ენას შორის ბუნდოვანი ან, სულაც, მორღვეულია. ისე რომ, მუდმივი ცვლილებების პროცესში ნორმა ზოგჯერ მნიშვნელოვნად ჩამორჩება ენის განვითარებას.

სტანდარტული ენის ობიექტური პრინციპების თანახმად, დაუშვებელია სხვა ენებიდან სტანდარტულ ენაში შემოღწევის გზით სახელმწიფო ენის დაბინძურების იმგვარი შემთხვევები, როგორებიცაა ბარბარიზმები, პლეონაზმები, კალკები და ენისადმი თავისუფალი მიდგომის პირობებში ისეთი ახალი ფორმების დამკვიდრება, რომლებსაც სტანდარტული ენა უარყოფს და წინასწარ შემუშავებული პრინციპების საფუძველზე სანქციას ანიჭებს[1]. დღესდღეობით ენა შემღვრეულია შემდეგი ლექსიკური ერთეულებით: ჰაილაითი, ქეისი, ტრიგერირება, იტერაცია, ვრაპი, ვეიკი ასეთი ერთეული ენაში უკვე უამრავია და ცალკე ყურადღებას იმსახურებს, თუმცა თვალში საცემია შემღვრევის შემდეგი ფორმებიც: საქმე იმაშია, პირდაპირ კავშირშია, მიმალვაშია, გაყიდვაშია, თავდებში, მიმართებაში, სისრულეში მოიყვანა, წესრიგში მოიყვანა, შეცდომაში შეიყვანა სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი აკადემიურ გამოცემებშიც უხვად გვხვდება. მაგ., იმგვარ ლიტერატურაში, რომელიც სტუდენტი ახალგაზრდობისთვისაა განკუთვნილი. ერთგან ვკითხულობთ: საქმე იმაში კი არ არის, როგორ აღიქვამენ სხვები ჩვენს ხმას, არამედ იმაში, ჩვენ როგორ ვახმოვანებთ სამყაროს; ან კიდევ: აქ საქმე იმაშია, რომ ტოლერანტობა უადგილოა“. მართალია, აზრის სიღრმე ზოგჯერ ენობრივ ხარვეზებს ფარავს, მაგრამ ახლგაზრდა მკითხველს სჯერა, რომ უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სახელმძღვანელო ენობრივად მართებულ ფორმებს აწვდის, სინამდვილეში კი მის გონებაში ნორმად მცდარი ენობრივი ფორმები მკვიდრდება.

თანამედროვე სამეტყველო და უკვე სამწერლობო ქართულისთვის მტკიცდება ისეთი ზედსართაული წარმოების შემთხვევები, როგორებიცაა: აღქმადი, მოსმენადი, წაკითხვადი, ნახვადი, გაყიდვადი, აღწერადი საგულისხმოა, რომ, ენობრივი ნორმის თანახმად, ვითარებითი ბრუნვის ნიშანი ად ერთვის არა სახელზმნას, არამედ სახელს და ასე აწარმოებს მიმართებით ან/და გასუბსტანტივებულ ზედსართავს: თვალადი, ტანადი, გულადი, პურადი, თავადი უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველ ქართულში ვითარებითი ბრუნვის ნიშნის (-ად, –) წარმოება გაცილებით ვრცელი იყო, თუმცა ის ყოველთვის სახელს ერთვოდა და არა სახელზმნას.

თვალში საცემია -ამ თემისნიშნინი ზმნების –ავ თემისნიშნიანებად გარდასახვის სიხშირეც. ვსვავ, ვდგავ, ვიზავ, ვუსვავ, ვაბავ, ვურტყავ, ვიცვავ, ვასხავ, აღვიქვავ… უნდა ითქვას, რომ –ამ თემის ნიშანს ზმნათა გაცილებით მცირერიცხოვანი ჯგუფი დაირთავს, ვიდრე –ავ თემის ნიშანს (სულ 15-ოდე ზმნა). სწორედ –ავ თემისნიშნიანთა გავლენით გაჩნდა ამ ზმნებშიც არასწორი ფორმები. ზმნის საწყის ფორმებში კარგად ჩანს –ამ თემის ნიშნის ნაშთი: შესა, დადგა, დარტყა, დასხა, თქა, ჩაცა, აღქა… საწყისსა და მიმღეობაში –ს არსებობა სათანადო პირიან ფორმაში –ამ დაბოლოების მიმანიშნებელია.

აღარაფერს ვამბობთ უზუალურ ენაში სხვადასხვა ფონეტიკური პროცესის შედეგად გაჩენილ მცდარ ფორმებზე, რომლებიც არცთუ იშვიათად ისმის ცნობილი ადამიანთა მეტყველებაშიც. ესენია: სავანტყოფო, შეურაწყოფა, საშვალებით, ხანცთელი, ახქმა… ასევე არცთუ იშვიათია პირის ნიშნით ზმნისწინის გათიშვის (ავღწერ, ავღნიშნავ, ვანთავისუფლებ…), ვ-ინის გაჩენის (დაბოლოვება, დაჯილდოვება…) და სხვა ტიპის მორფოლოგიური თუ სინტაქსური შემთხვევები, რომელთა გამოყენება არაეთიკურია ენისადმი სამოქალაქო/სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან, რადგან სწორედ ამგვარი მიდგომა გვავალდებულებს, დავიცვათ ენა-იდეალი, სტანდარტული ენა.

მეორე მხრივ, ენის განვითარების ცოცხალი პროცესის აღქმისთვის აუცილებელია თანამედროვე ქართული ცოცხალი მეტყველების ფაქტების გათვალისწინება – ქართული ენის სტანდარტული სალიტერატურო ვერსიისა („ქართული ენა“) და მისი რეალური მოხმარების შედეგად მიღებული ვარიანტების („ქართული“) სინოფსისი. პირველს იმპერატიული, პრესკრიფციული გრამატიკა განაპირობებს, ხოლო მეორეს – დესკრიფციული.

პრესკრიფციული გრამატიკა ფოკუსირებულია მითითებებზე, რა და როგორ უნდა გამოვიყენოთ ენაში, როგორ ვიმეტყველოთ სწორად და რა ენობრივი ფორმები ავიცილოთ თავიდან. დესკრიფციული გრამატიკისთვის ენა აღიწერება სწორედ ისე, როგორიც მოცემულია და გამოიყენება ყოველდღიურ მეტყველებაში.

დესკრიფციული მიდგომის თანახმად, წინადადება გრამატიკულად მართებულია, თუ მშობლიურ ენაზე მოლაპარაკე აწარმოებს ამა თუ იმ ენობრივ ფრაზას და იყენებს თუნდაც უმართებულო ფორმით. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ სპეციალისტები, რომ ცნებების „ქართული ენა“ და „ქართული“ შეპირისპირება არ ემთხვევა დიქოტომიას „სალიტერატურო ქართული“ vs. „არასალიტერატურო ქართული“. კორპუსლინგვისტიკის პერსპექტივიდან საინტერესოა არა „ქართული ენა“ როგორც დადგენილი ზოგადი გრამატიკული წესების მიხედვით ფორმულირებული „სწორი“ ქართული, არამედ „ქართული“ როგორც ქართული ენის ენობრივი კომპეტენციის მოხმარების ემპირიული ფენომენი კოგნიტიურ, სოციალურ და კულტურულ ასპექტებთან კონტექსტში – სივრცესა და დროში.

ქართული ენის გრამატიკა აღწერს ქართული ენის ფუნქციონირების გრამატიკულ წესებს ერთი ეპოქის ჩარჩოებში, კორპუსს კი ძალუძს ასახოს ქართულის ფუნქციონირების ყველა – გრამატიკული და არაგრამატიკული – ენობრივი შემთხვევა ემპირიულად ხელმისაწვდომ რესურსებზე დაყრდნობით, როგორც სინქრონიულ, ისე დიაქრონიულ ჭრილში[2].

ამ წინააღმდეგობების ფონზე როგორ ვასწავლოთ ენა – როგორც მხოლოდ სტანტარტიზებული მონაცემი თუ განვიხილოთ როგორც მრავალფეროვნება?

თუ მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები თვალსაზრისთა მრავალფეროვნებას აფასებდნენ, მკაფიო წარმოდგენები უყალიბდებოდეთ ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობებზე, აუცილებელია, დავანახოთ მათ ენის კულტურული შრეები და თავად აღმოვაჩენინოთ ის მსოფლმხედველობრივი განსხვავებანი, რომლებიც ამა თუ იმ ენაში ამა თუ იმ სახით იჩენს თავს. მთავარია, ავუხსნათ, რომ ენას სამყაროს შესაქმნელად ვიყენებთ, მისი წყალობით ვფიქრობთ და ვაზროვნებთ. მისი წყალობით ვასხვავებთ საგნებს და მივდივართ იქ, სადაც მას მივყავართ. სუფთა ენა სუფთა სამყოფელია. და თუ პირველითგან იყო სიტყვა, როგორც ხმაშესხმული ლოგოსი, უკანასკნელადაც ის იქნება. მთავარია, ამას სკოლაშივე სერიოზულად მოვეკიდოთ.

[1] რუსუდან საღინაძე, სტანდარტული ენა და ცვლილებები თანამედროვე ქართულ სამეტყველო კონტექსტში, მეშვიდე საერთაშორისო ქართველოლოგიური სიმპოზიუმის მასალები, თბ., 2016.

[2] https://tandaschwili.com/thema-1/%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90

აგვისტოს დღეები

0

აგვისტოს დღეები დაწყებულ და ვერდამთავრებულ წიგნებს გულისხმობენ. დიდი დაზარებაა აგვისტო. უნებისყოფობის მწვერვალებს ლაშქრავ. ალბათ ამიტომაც დგება მაშინ ფერისცვალება – თითქოს სხვა სიცოცხლეში გადასაბარგებლად ემზადები. ნაბიჯებს იქით სექტემბერია. ადამიანებს გვეშინია ფერიცვალების –  მწიფე ზაფხულის ჩამავალ მზესავით მობერებულ, უფორმო სხეულიდან გამოსვლა და სხვაგან გადაბარგება გვიჭირს. არადა, ეს არის ჩვენი მთავარი უპირატესობა – ადამიანად ყოფნის საუკეთესო ნიშანი. ძველის მიტოვება ტკივილს გულისხმობს – შეჩვევის და სითბოს დაკარგვის, ახლის მიღების უცხოს და რთულის შიშს. ამიტომაც ბევრი აგვისტოში რჩება და სხვა ყველა თვეც აგვისტოა მისთვის – უძრაობის და სიცოცხლისგან თვალის მორიდების დრო.

წყალში ყინული ჩავარდა დღეს – იტყოდნენ და საბანაოდ წასვლა ძნელდებოდა. გაპარვები და ტყუილები კი ჭრიდნენ და ის წყლები – ბჟუჟი, სუფსა, ნატანები თუ გუბაზეული – ამ საქმედ ღირდა, მაგრამ თვალი და გონება იოლად გრძნობდა დასასრულის გემოს. ჩამოსულები წასასვლელად იბარგებდნენ. მდინარის ნაპირზე მიგდებული ასე ძვირფასი კოკა-კოლას ორიოდ ქილა, ბარემ გაზაფხულამდე რომ ძლებდა იქ, როგორც ქალაქის საკრალური და მიუწვდომეული სიმბოლო – იყო ამის უტყუარი დასტური. ზაფხული მთავრდებოდა. სტუმარი ნათესავის დატოვებული ჩუსტები და მისი შვილის დაფუშული საცურაო რგოლი უკვე უხმაურო სახლში – ღირს ეს დასასრული მსოფლიო სევდათა ათეულში მოსახვედრად.

ამ დღეებში ჭრიჭინებიც უჩვეულოდ მღერიან. თითქოს გემშვიდობებიან და არ იმჩნევენ. ან შენ არ იმჩნევ. სად ქრებიან ჭრიჭინები და ან ციცინათელები? ვინ ესწრება ამ ჩემი ბავშვობის უსათუო თანამდევების სიკვდილს? ან ეგებ არც კვდებიან, ეგებ ხეების ტანში იმალებიან გვიან გაზაფხულამდე. არავინ იცის.

მიწა ნელ–ნელა იცვამს მეორად ტანსაცმელს. ფოთლებს, ადრე სხვებს რომ მოსავდნენ. ჰეჰ, მეორადი ტანსაცმელი. სულ ბოლოს მომისწრო, სკოლას რომ ვამთავრებდი. ძონძები – ასე ერქვა. ჰოლანდიური ფუთა ფასობდა ყველაზე მეტად –  მით უფრო, რომ ვიღაცამ ერთი შარვლის ჯიბეში იქაური ფულიც კი ნახა. გარეცხილი, მაგრამ თქვა ლარში გადამიცვალესო და ჰა! მერე ხმები დაყარეს – მკვდრებს ეცვაო ეს ტანსაცმელი. ასეთი ჭორები ადვილად იპყრობდა გულებს. უფრო ადრე  ჯინსებზე თქვეს, ეგ ამერიკაში უკანასკნელ მუშებს აცვიათო, მერე სათამაშო გამოძვრა ასეთი – ცისარტყელა ერქვა, ყველას გვინდოდა და ცოტა თუ ყიდულობდა, მაგრამ მკვახე ყურძნის ამბავში კარგად მოგვისწრო ახალმა ხმამ – გიჟებს აწყნარებენ გერმანიაში ეგრეო. მოკლედ. ჰოდა, თვის შუიდან მიწა უკვე პალიმფსესტივით იკითხებოდა – ფოთლების დაწერილ ამბებს ქვემოთ იყო.

აგვისტო არის მარიამობა, ანუ მარიობა. ეს დრო ზაფხულს აღარ ეკუთვნის. ამიტომაც მეფობს ალბათ მკაცრი ლეგენდა – ზღვა ადამიანს ითხოვსო და ძნელად თუ ვინმე ეკარებოდა. საერთოდ, ზღვის შიშზე ადრეც მოგითხრეთ – სულ მიკვირდა ამ შიშის, მაგრამ ვიზიარებდი კი. დახრჩობას როდი ვუფრთხოდით, მგონია, რომ სივრცე უფრო გვაშინებდა. მე მგონია, მეც და თქვენც დღემდე გვაქვს ეს შიში და ძალიან გვაფერხებს. ზღვას მეგობრობა სჭირდება. გადაცურვა. ახლის დანახვა და შენახვა. უცხოს გაცნობა და შეცნობა. ბოლო-ბოლო სექტემბერი მოდის – სხვა დაბადების თვე.

 

 

 

ჩვენი და სხვისი სკოლამდელი განათლება

0

„დანიელის ბაღში ჩიტებს, ხეებს და ბუნების მოვლენებს აკვირდებიან და იკვლევენ. დანიელი ორი წლისაა. ტყეში ხშირად დადიან. იქ პატარა ქოხიც აქვთ. აღმზრდელები ბავშვებს პატარ–პატარა ამბებს უყვებიან. დანიელს ძალიან მოსწონს ბაღი“, – მიყვება ნინო, რომელიც უკვე ათი წელია ფინეთში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად და ორ შვილს ზრდის. ფინურ სკოლამდელ განათლებასთან ნინოს როგორც მშობელს და აღმზრდელს ერთდროულად მოუწია შეხება. სამი წელი სხვადასხვა ბაღში გადიოდა პრაქტიკას და ერთი წელი აღმზრდელადაც მუშაობდა. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ძირითადად საჭირბოროტო თემებზე საუბრით შემოვიფარგლებით და მეც ვუყვები, როგორ ვებრძვი თებერვლის ბოლოდან გამოყოლილ ბაღის შიშებს.

„წვიმს, თოვს, ქარი ქრის, ყინავს თუ მზე ანათებს, ყოველთვის გარეთ ვართ. –15 გრადუსშიც კი გაგვყავს ბავშვები დაახლოებით 30 წუთით. წვიმაში ფერად-ფერადი საწვიმრები და ბოტები აცვიათ. ფინეთში გრძელი და ცივი ზამთარი იცის, ამიტომ ყველამ იცის, რომ თბილად უნდა ეცვათ, სილამაზეს არავინ უყურებს. მთავარია, ბავშვი დღის განმავლობაში საინტერესო აქტივობებით იყოს დატვირთული. როგორც კი მოთოვს, ბავშვები თხილამურებით სასრიალოდ მიგვყავს. გარეთ დღეში ორჯერ გავდივართ: დილაობით – საათ–ნახევრით და საღამოობით – ორი საათით. ხშირად დავდივართ ტყეში. ზეიმს წელიწადში ორჯერ ვმართავთ: დეკემბერში შობას აღვნიშნავთ, მაისში – სასწავლო წლის დამთავრებას. ყველა ჯგუფი ერთ ან ორ სიმღერას ასრულებს. საზეიმოდ საგანგებოდ გამოწყობილი არავინ მოდის, უბრალო კაბები და შარვლები აცვიათ. საზოგადოდ, ჩაცმას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ამაზე ფიქრით არ ირთულებენ ცხოვრებას. აი, ეს სურათი, მაგალითად, კრისტინას საგაზაფხულო ზეიმზეა გადაღებული“, – მწერს ნინო და ფოტოს მიგზავნის. ფოტოზე ფერად საწვიმრებში გამოწყობილ გოგონებს წყალგაუმტარ შარვლებზე ტიულის ფრიალა კაბები გადაუცვამთ.

„ბაღში არა? დედა, ბაღში არა?“ – მეკითხება ჩემი გოგონა. ზაფხულის არდადეგებზეც კი ბაღიდან გამოყოლილ შიშებს ვებრძვით. „მეშინია“, – ამბობს და საკუთარი სიტყვების: „ბაღში საშიში არაფერია“, – თავადაც არ მჯერა. ვეუბნები, რომ ბაღში სიარული საჭიროა, მაგრამ ვიცი, რომ შიშები, რომლებიც სქელი მინის კარის მიღმა ჩაბუდებულა, არც ისე გაზვიადებულია. ამ შიშებს ვერც საკონტროლო ვიდეოთვალით მოერევი და ვერც კარს უკან ატუზვით. ვერც ორწლინახევრის გოგოს მოსთხოვ მათ დამარცხებას. მიზეზი სადღაც ღრმადაა და ერთადერთი ძალა შიშის ამოსაძირკვად ამაზე ხშირი საუბარია.

ახლა გეტყვით, რატომ ეშინიათ ბავშვებს და იმასაც გეტყვით, თავადაც როგორ შემეშინდა, როცა შემთხვევით დავინახე, რაც არ უნდა დამენახა – როგორ ჩაარტყეს თავში ბავშვს ტელეფონი. ამან ისე დამაბნია, კარგა ხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა აღმზრდელისთვის, რომ ძალიან ცუდად მოიქცა. საბოლოოდ გავბედე და ვუთხარი, მომდევნო ერთი კვირა კი ბავშვები ბაღში აღარ წამიყვანია. ჩემს ორწლინახევრის გოგოს არ შეუძლია, ზედმიწევნით გადმოსცეს, რისი ეშინია, მაგრამ მაინც ახერხებს გამაგებინოს, რომ გარემო, სადაც ნახევარ დღეს ატარებს, აშინებს. ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ არის გადაჭარბებული დედური სენტიმენტები. ჩვენს ბაღებში, მთელ ჩვენს საზოგადოებაში ბავშვებს პატივს არ სცემენ და ეს არც ისე ძნელი შესამჩნევია.

ჩვენს ბაღებს დაცულობის შეგრძნება აკლია. სკოლამდელი განათლების სპეციალისტებიც ყველაზე ხშირად იმაზე საუბრობენ, რაოდენ მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხოებისა და საკუთარი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდა. ეს განცდა აღსაზრდელს საკუთარი პიროვნების პატივისცემას უჩენს და ისიც უფრო ადვილად ეგუება სხვა სამყაროს, უფრო გამბედავი და ინიციატივიანი ხდება.

იმ ფოტოებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამომიგზავნეს, საწვიმრებში გამოწყობილი პატარა გოგო-ბიჭები მშვიდად თამაშობენ გუბეებში და ალბათ დრო, რომელიც ბაღში უნდა გაატარონ, უფრო საინტერესოდ გადის, ვიდრე ჩვენი შვილების ბაღებში, სადაც ბავშვები მთელი დღე ოთახში არიან გამოკეტილი და გაღიზიანებულები და შეშინებულები ელოდებიან მშობლებს. სამწუხაროდ, ბევრ ბაღს არც კი აქვს ეზო და რომლებსაც აქვს, იქაც მთელი დღე ცარიელია. ბავშვები არც საქანელებზე ქანაობენ და არც ქვიშის მოედნებზე ერთობიან ფერად-ფერადი სათამაშოებით. საითაც არ უნდა გავიხედოთ, ბავშვების სამყარო დღითი დღე ვიწროვდება.

მიმოფანტულ ფუნდუკებზე

0

 

ხუთი წლის განმავლობაში რამდენიმე სხვადასხვა სკოლაში ვასწავლიდი. პირველი დღიდან დღემდე ერთ-ერთი ფრაზა, რაც ხშირად მესმის, არის ის, რომ – არა უშავს, რომ მალე რამე გამოჩნდება, რამე – ნამდვილი სამსახური. თითქოს მათ შვილებთან, და-ძმებთან კი არ ვიყავი მასწავლებლად, ვქურდობდი ან სხეულის ნაწილებით ვვაჭრობდი. ყოველთვის ძალიან მტკივნეულად აღვიქვამდი ამ ვითომ გამხნევებებს. იყო პერიოდი, როცა ყურადღებას არც ვაქცევდი, თუმცა ისიც მიფიქრია, რომ მართლები იყვნენ. ხშირ შემთხვევაში, ისინი მართლები იყვნენ.

რაიონებსა და რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ მჭიდრო დასახლებებია და ადამიანები დედაქალაში ან სხვა დიდ ქალაქებში არ გადასახლებულან, ახალგაზრდები მეტ-ნაკლებად სკოლებში მასწავლებლებად მიდიან. რადგან იქ სხვა სამუშაო რთულად იძებნება. სულ სხვა სურათია დიდ ქალაქებსა და დედაქალაქში. თითქმის ვერ შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ საჯარო სკოლაში მივიდნენ სამუშაოდ.

სხვა რეალობას ქმნიან კერძო სკოლები, რომელთაც სერვისების უფრო ფართო სპექტრი აქვთ და ამით ახალგაზრდებსაც იზიდავენ დასასაქმებლად, თუმცა კერძო სკოლებიდანაც ხშირია ამ კადრების ჩანაცვლება.

ყველაფრის თავი და თავი კი მასწავლებლის პროფესიის ნაკლებპოპულარობა და დაბალი ხელფასები, არათანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკა და ბუნდოვანი მომავალია. მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ კარგი მასწავლებელი ვარ ან ვიყავი, თუმცა დაბეჯითებით ვიტყვი, რომ მე შემეძლო უკეთესი მასწავლებელი გავმხდარიყავი ყოველდღიურად, ყოველწლიურად, თუ არ მომიწევდა იმაზე ფიქრი, როგორ მეკმარა სკოლის ხელფასი; თუ კიდევ რამდენგანმე დასაქმების გამო ჩემს სამასწავლებლო კარიერულ ზრდას დროს არ მოვაკლებდი.

ჩვენ ვსაუბროთ მასწავლებლების დაბალ კომპეტენციებზე, მოსწავლეების დაბალ კომპეტენციებზე, რეპეტიტორირობის დადებით და უარყოფით მხარეებზე, სქემაზე, კრედიტქულებზე, ვიდეოგაკვეთილებზე, ყველაფერზე – გარდა რეალურად დასაგეგმი ნაბიჯებისა. აუცილებელია, რომ მოხდეს სკოლების ოპტიმიზაცია. ის სკოლები, სადაც სამი ბავშვი სწავლობს და იმდენივე ვაუჩერულ დაფინანსებას იღებს, რამდენსაც რამდენიმე ასეულმოსწავლიანი სკოლა, არის სრული უაზრობა. ისე გამოდის, რომ ჩვენ ისედაც ძალიან მიზერულ თანხებს არასწორად, უშედეგოდ ვახმართ საბჭოთა სასკოლო განლაგების მოდელს.

რომელიმე ხელისუფლებამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და შექმნას სხვა სასკოლო გეოგრაფიული რუკა. მაგალითისთვის, თუ რომელიმე მაღალმთიან რაიონში არის ოცამდე სკოლა და თითოეულში რამდენიმე ათეული ბავშვი დადის, შესაძლებელია, რომ რაიონში აშენდეს ახალი სკოლა-პანსიონი, სადაც მხოლოდ ამ სკოლებიდან შერჩეული საუკეთესო მასწავლებლები დარჩებიან, ყველა ბავშვი იქ ისწავლის და კვირის მანძილზე იცხოვრებს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან კარგი დათვლა და პროექტი სჭირდება, თუმცა ერთი შეხედვითაც ადვილი მისახვედრია, რომ ამ მოდელით საკმაო თანხები დაიზოგება, რითაც შესაძლებელი გახდება მასწავლებლების ხელფასების გაზრდა, მათთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა საკლასო ოთახებსა და სამასწავლებლოში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მაქსიმუმ ათ-თხუთმეტ წელიწადში ჩვენ გვექნება ასეულობით სკოლა, სადაც რამდენიმე ათეული ბავშვი ივლის. არა, სწავლით ვერაფერს ისწავლის, იმიტომ, რომ იქ არ იქნება საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, უცხო ენის მასწავლებელი. ან თუ იქნება, მხოლოდ ფორმალურად. და სახელმწიფო ამ თავის მოტყუებაში ისევ უაზროდ გადაიხდის ძალიან დიდ თანხებს. რეალობა კი დარჩება ის, რომ პროფესიაში არ მივლენ ახალგაზრდა კადრები, ან თუ მივლენ მართლა მხოლოდ ის ადამიანები, ვინც სხვა სამსახური ვერ ნახა; ვინც თვლის, რომ უქმად ყოფნას, ისევ სკოლაში ყოფნა სჯობს ცხრიდან ორამდე; ვინც პირველივე შესაძლებლობისთანავე დატოვებს სკოლას, თუნდაც ხეზე მიაბა, ოღონდ ოდნავ მეტი ხელფასი მიიღოს.

და კიდევ – საატესტატო გამოცდებში უკუნითი უკუნისამდე ჩაიჭრება ათეულობით ათასი აბიტურიენტი, სერტიფიცირების გამოცდას მასწავლებელთა ოთხმოცდაათი პროცენტი ვერ ჩააბარებს. გატანჯულ მშობლებს ქრისტეს ნათელივით მოევლინებიან სასწავლებლები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში ჩაჭრილ მათ შვილებს შიდა გამოცდების შედეგად მიიღებენ მხოლოდ. მოკლედ, ვიცხოვრებთ უფრო ბედნიერად, ვიდრე ახლა, ვიდრე ოდესმე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...