შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

ჩემი საკვების ფერადი ყუთი- რა გავატანოთ ბავშვებს სკოლაში?

0

უკვე დიდი ხანია გვპირდებიან, რომ მოსწავლეთა ჯანსაღ კვებას უფრო დიდი ყურადღება მიექცევა, რომ სკოლის ტერიტორიაზე გაზიანი სასმელებისა და ჩიპსების გაყიდვა აიკრძალება, რომ სკოლის ბუფეტები უფრო ჯანმრთელ და სასარგებლო საკვებს გაყიდიან.

თუმცა, როგორც ყველა სასარგებლო ინიციატივა, ჯანსაღი კვების თემის სისტემატიზაცია და კონკრეტული, საჭირო ქმედებები იგვიანებს. ამიტომ, ისევ მშობლებმა უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი შვილებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო, მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარების ყველაზე აქტიური ფაზა გაუგებარი ფენოვანი ხაჭაპურების თუ უხარისხო სწრაფი  კვების პირობებში არ მიმდინარეობდეს.

რასაკვირველია, ძალიან რთული გამოწვევაა – საკვები უნდა იყოს მარტივი, გემრიელი, ჯანსაღი, სატარებლად ადვილი, არ სჭირდებოდეს გაცხელება, ცივიც გემრიელი იყოს, მოსწავლეს შეეძლოს ადვილად ჭამა.

ძირითადად ასეთი საკვები შეიძლება იყოს სენდვიჩების ან სალათების ტიპის, სასურველია, დესერტიც, ოღონდ ჯანმრთელი და რაციონალური.

შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს და მინიშნებას იმისთვის, რომ თქვენი შვილების ყოველდღიური წახემსება გემრიელი და მრავალფეროვანი იყოს, პროფესიონალის რჩევებსაც დავიხმარებ.

ილია ბენაშვილი გამოცდილი შეფმზარეულია, რჩევა მას ვკითხე.

პირველი, რაც სასკოლო კვებაზე ახსენდება ისაა, რომ საკვები, რომელიც ჩვენი შვილების ზურგჩანთებში დაიდებს ბინას, გზას, რამდენიმე გაკვეთილს, მგზავრობას უნდა უძლებდეს, ფორმას არ უნდა კარგავდეს და ისევ ისეთი მადისაღმძვრელი იყოს რამდენიმე საათის მერე, როგორც მომზადებისას.

მარტივი გამოსავალია სხვადასხვა სახის ვრეპი  – ლავაშში გადახვეული ომლეტი ბოსტნეულით, იმისათვის, რომ ვრეპი მშრალი არ იყოს, მაწვნის ან არაჟნის სოუსს ვიყენებთ, რომელსაც თქვენი შვილის გემოვნების მიხედვით, ცოტაოდენი პიტნით, სანელებლებით, ლიმნით შეაზავებთ. თუ მზა, ქარხნულ ლავაშს სიმინდის ფქვილის ტორტილათი ან თუნდაც წიწიბურის ან ბრინჯის ფქვილის თხელი ბლინით შეცვლით, ის კიდევ უფრო სასარგებლო გახდება. შეგიძლიათ ფრანგული კრეპებიც მოამზადოთ, რომელიც, რძისა და კვერცხის შემცველობის გამო კიდევ უფრო ნოყიერია, კრეპისთვის შიგთავსად ხორცის, ყველის, ხაჭოს, ჩაშუშული ბოსტნეულის,  ტკბილი კრემის თუ თაფლის გამოყენება შეგიძლიათ. ჩვენს „ლანჩბოქსში“ ანუ ხემსის ყუთში ადგილი ბოსტნეულის ან ხილის სალათისთვის, შინაური  ორცხობილისა თუ კექსისთვისაც მოინახება, არც თქვენი მომზადებული ლაზანიის ნაჭერი იქნება ზედმეტი, რომელსაც ხორცისა და ყველის ნაცვლად ფერად-ფერადი ბოსტნეულის რაგუთი მოამზადებთ.

ყველი, არავითარ შემთხვევაში არ დავივიწყოთ ყველი, ცილოვანი საკვები აუცილებელია სკოლის მოსწავლეთათვის, განსაკუთრებით რძის პროდუქტები – კალცის საბადო. აქვე სხვა რა უნდა გამახსენდეს, თუ არა ყველის მეგობარი – მჭადი, პირადი გამოცდილებით გეტყვით, რომ მჭადში მრავალი ისეთი პროდუქტის დამალვა შემიძლია, რაც ბავშვებს არ უყვართ, ცომს რძით ვზელ და ჭვიშტარს ვამზადებ, რომელსაც ყველთან ერთად ბლომად ხაჭოც აქვს.

ბავშვებს ძალიან მოსწონთ ხრაშუნა სტრუქტურის საკვები, ამიტომ თქვენს სალათებს შეგიძლიათ მზესუმზირა, გოგრის თესლი ან თხილი დაუმატოთ, ოღონდაც მცირე რაოდენობით.  თხილეული და მშრალი ხილი საუკეთესო გამოსავალია მაშინ, როდესაც ბავშვი ჭამას ვერ ასწრებს, ამ ფუნქციით გამორჩეული ქართული დესერტის – ჩურჩხელას მრავალსახეობის გამოყენება შეგიძლიათ.

სენდვიჩები? რასაკვირველია, გარეთ ნაყიდ საკვებს ჯობია თქვენი ხელით მომზადებული ბუტერბროდები და სენდვიჩები გაატანოთ შვილებს. მრავალფეროვნებისთვის ცვალეთ როგორც პურის სახეობა, ასევე შიგთავსი. შინგამომცხვარი პური საუკეთესო არჩევანია, მაგრამ ცხობის დრო ნაკლებად გვაქვს, ამიტომ აირჩიეთ ნაკლებსაფუარიანი პური სენდვიჩებისა თუ ბუტერბროდებისათვის. ხოლო ხორცის კოტლეტს ცოტაოდენი ყაბაყი, ჭარხალი, სტაფილო ან სხვა ბოსტნეული გაურიეთ.

გოგრა – ახლა ამ სასარგებლო პროდუქტის სეზონი იწყება – გოგრის ნამცხვარი თუ თაფლით შეზავებული მოხარშული გოგრის ერთი ნაჭერი შესანიშნავი წასახემსებელი იქნება მოსწავლეთათვის – სასარგებლო ნივთიერებათა თაიგული.

კიდევ, ძალიან ბევრი რამ მახსენდება, მაგრამ არჩევანს და ფანტაზიას თქვენ მოგანდობთ. მთავარია, რომ არ დავიზაროთ და ბავშვებს ყოველთვის გავატანოთ საკვები, საკვებთან ერთად ჩვენი მზრუნველობა და სიყვარული.

ჰო, ზოგჯერ  ერთი ულუფით მეტი ჩადეთ, იქნებ თქვენმა შვილმა რომელიმე კლასელსაც გაუნაწილოს?

 

 

ჩემი მოსწავლის მოგზაურობა 1924 წელს დამარცხებულ საქართველოში

0

1924 წლის აგვისტოს აჯანყება დამარცხდა. ამ აჯანყების დამარცხებასთან ერთად დამარცხდა საქართველოც.

უკვე რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნე იმ საინტერესო დაკვირვებების შესახებ, მე და ჩემი მოსწავლეები რომ წავაწყდებით ხოლმე კვლევით ესეებზე მუშაობის პროცესში. წელს ორი მოსწავლის ხელმძღვანელი ვარ. არცერთს არ ვასწავლი ქართულ ლიტერატურას (ამ ბავშვებს ჩემს მოსწავლეებს იმიტომ ვეძახი, რომ მათ ცოდნის თეორიას ვასწავლი). როგორც წესი, სანამ დასამუშავებელ თემას ავირჩევდეთ, ჯერ ვარკვევ, რომელი ავტორები, რა საკითხები, რომელი ჟანრი, პერიოდი იტაცებთ ბავშვებს. არ მინდა, რამე დავაძალო რომელიმეს, მირჩევნია, მათი ინტერესები მე გავითვალისწინო და არა – პირიქით. დაკვირვებული ვარ, რომ ბავშვებთან ერთად მეც ვიზრდები და ვვითარდები, იმდენ ახალს ვიგებ, ვერაფრით რომ ვერ წარმოვიდგენდი მანამდე.

ლაშა კობაიძეს რომ შეხვედრა დავუნიშნე, ვთხოვე, ფურცელზე ჩამოეწერა საყვარელი ნაწარმოებები ქართული ლიტერატურიდან. გამიკვირდა და ცოტათი გავბრაზდი კიდეც, როცა, სიის ნაცვლად, ფურცელზე ერთადერთი სათაური, „ღვთაებრივი კომედია“ დამხვდა – ქართველი მწერლის ნაწარმოების ნაცვლად ლაშას დანტე ალიგიერის ნაწარმოების სათაური დაეწერა ფურცელზე… ლაშა არ გავაწბილე და უკან არ გავაბრუნე, თუმცა ერთი წამით კი გამიელვა თავში, ახლა ამ მატრაბაზს (მართლა ასე ვუწოდე) უარს ვეტყვი და აღარ ავიყვან-მეთქი, მაგრამ მაშინვე მოვერიე ჩემს თავს და ლაშას საუბარი გავუბი. საუბარში აღმოვაჩინე, რომ ლაშა იმაზე გონიერი და ნაკითხი იყო, მანამდე რომ მეგონა. გასაგები იყო, რატომაც მოსწონდა დანტე ალიგიერი და შევეკითხე, რას იტყვი, მოგზაურობაზე შექმნილი ნაწარმოები რომ ავირჩიოთ თემად, თუნდაც ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“-მეთქი. ეს შეთავაზება ჩემგან იმიტომ წამოვიდა, რომ მას ანტისაბჭოური ისტორიებიც აინტერესებდა. ამ რომანის შესახებ ლაშას არც სმენოდა (ფილმი „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობაც“ არ ჰქონდა ნანახი), ამიტომაც უსიხარულოდ დამთანხმდა, სხვა გზა მაინც არ ჰქონდა, კვლევით ესეს თუ არ დაწერდა, დიპლომს ვერ აიღებდა. ლაშასთან ერთად მეც შევუდექი რომანის კითხვას. არ ვიცი, კარგ მეხსიერებას („ბორიაყი“ წლების წინ მქონდა წაკითხული) დავაბრალო თუ ინტუიციას, მაგრამ სასიამოვნო აღმოჩენა იყო, როცა ნაწარმოებში არაერთგზის იყო ნახსენები დანტე ალიგიერი და მისი მოგზაურობა საიქიოში. ახლა კი იმ დაკვირვების შესახებ მოგითხრობთ, რომანის კვლევისას რომ გავაკეთეთ. იმედია, თქვენც დაინტერესდებით და ჩვენსავით კმაყოფილი დარჩებით. მიუხედავად იმისა, რომ ლაშას კვლევითი ესე ჯერ არ გაგვიგზავნია შესაფასებლად, მიმაჩნია, რომ არასწორად არ ვიქცევი, როცა ჩვენს მიგნებებს წინსწრებით ვაქვეყნებ. სადისერტაციო ნაშრომის დაცვამდე მკვლევრებიც ხომ თავიანთ მოსაზრებებს ჯერ სტატიებად აქვეყნებენ ხოლმე ჟურნალებში, მკითხველის სამსჯავროზე გამოაქვთ ნაშრომები. რჩევები და კრიტიკა ხომ არასოდესაა ზედმეტი.

1924 წლის აჯანყებაზე საბჭოთა პერიოდში რომ გაჭირდებოდა ნაწარმოების გამოქვეყნება, ავტორს, დაფასების ნაცვლად რომ დასჯიდნენ, ცხადია. ამიტომაც ოთარ ჩხეიძემ გამოსავალი მოძებნა და რომანი „ბორიაყი“ ისე ააგო, ნაკლებად მოედავებოდი მწერალს. რომანი შეთქმულთა დამარცხების შემდგომ პერიოდს ასახავს. ახალგაზრდა მუსიკოსი (ნიკუშა ჩაჩანიძე) ფოლკლორულ ექსპედიციას დაგეგმავს გორის რაიონის სოფლებში, მარშრუტის ულაზათო მონახაზს, ერთგვარ რუკას შეადგენს და, მიუხედავად მისი პროფესორის, კომპოზიტორ გიორგი ყანჩაველის გაფრთხილებისა, ცუდი დრო არისო, მაინც გაეშურება საშური საქმის (მივიწყებული ხალხური სიმღერების ჩაწერა) აღსასრულებლად. ეს ულაზათო რუკა აღმოჩნდება მტკიცებულება და ნიკუშას მასპინძელ ოჯახებს, არისტოკრატული გვარის წარმომადგენლებს, ააწიოკებენ, დააპატიმრებენ, შემდეგ კი სიკვდილითაც დასჯიან. მანამდე კი ახალგაზრდა მუსიკოსს 1924 წლის აჯანყებაში დამარცხებული შეთქმულები, უკვე სასოწარკვეთილი გვარიშვილები, მხსნელად, თბილისიდან მოვლენილ შიკრიკად მიიჩნევენ. ამ გაუგებრობის გამო ნიკუშა უხერხულ სიტუაციაშია და მუდმივი თავის მართლების რეჟიმში იმყოფება. გმირად მიჩნეული ახალგაზრდა კომპოზიტორი ცრუგმირი აღმოჩნდება. მისი სტუმრობის ბრალი გახდება რამდენიმე ოჯახის – ხეთერელების, კათარელების, იტრიელების, არჯევნელების და კიდევ ცალკეული ადამიანების – პეტრე ვარაზნელის, გიგა მაბკურელის, ლეკო თათაშელის – ამოწყვეტა. თუმცა ეს ერთი შეხედვით. ნიკუშა ჩაჩანიძე ერთი შეხედვითაა დამნაშავე. სინამდვილეში ნიკუშა ჩაჩანიძე უდანაშაულოა, რადგან მისი მასპინძლები ისედაც განწირულები არიან.

გავიხსენოთ ერთი ამონარიდი საქართველოს კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სიტყვიდან: „ჩვენთან საქართველოში, ექვსი პროცენტი იყო თავადაზნაურობაო, …და უნდა გაუწყოთო, საზეიმოდ უნდა გაუწყოთ: უკვე ერთ პროცენტზე დავიყვანეთ, ერთზე, ერთადერთზე, და შემდეგ სხდომაზე ბედნიერება მექნება მოგახსენოთ: ნოლი იქნებაო” (https://maiajaliashvili.blogspot.com/2011/03/blog-post.html). ეს სიტყვები იმას ნიშნავდა, რომ ახალმა მთავრობამ მიზანში ამოიღო კონკრეტული გვარის ადამიანები. აწი მათ აღარავინ დაინდობდა. სწორედ იმიტომ რომ ახალგაზრდა მუსიკოსის მასპინძლებმა შესანიშნავად უწყიან ეს, იციან, რომ მათზე ნადირობაა გამოცხადებული ახალი რეჟიმის მხრიდან, ისინი ცოტა პირქუშად ხვდებიან სტუმარს, თითქოს დავიწყებული აქვთ სტუმარ-მასპინძლობის უკვდავი წესები. ისინი უკვე ისეთ ალყაში მოუქცევიათ მონადირეებს – პარტიის ერთგულ ფინიებს – რომ ალყიდან თავის დაღწევის არანაირი გზა არ არსებობს. ამიტომაცაა სრულიად უდანაშაულო ნიკუშა ჩაჩანიძე, მისი რუკა მხოლოდდამხოლოდ საბაბია: არ იქნებოდა რუკა, იქნებოდა სხვა საბაბი. ის კი არა, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ თავადაზნაურობა უკვე შეგუებია ხვედრს, მზადაა სიკვდილისთვის და გამოემშვიდობა კიდეც სიცოცხლეს. ისინი ამ სამყაროს კი არა, უკვე იმ სამყაროს ბინადრები არიან.

თუკი ნაწარმოების წაკითხვისას ამ მოსაზრებას მივიჩნევთ ამოსავლად და მას ამ პერსპექტივიდან წავიკითხავთ, მაშინ ნიკუშა ჩაჩანიძის მოგზაურობა გორის რაიონის სოფლებში დაკარგავს გეოგრაფიულ საზღვრებს და ეს მოგზაურობა კატაბასისად იქცევა. კატაბასისი ბერძნული სიტყვაა და ის, პირველადი მნიშვნელობით, ქვეყნის შიგნიდან ზღვისკენ მგზავრობას აღნიშნავს, თუმცა ამ სიტყვის მეორეული მნიშვნელობა ცოცხალი ადამიანის (მითოლოგიური პერსონაჟის ან ლიტერატურული ნაწარმოების გმირის) საიქიოში გამგზავრებაა. ტექსტებს კი, რომლებიც კატაბასისს აღწერენ, კატაბატიკური ჰქვიათ (მაგ. მხატვრული ნაწარმოებების პერსონაჟების ოდისევსის ან ენეასის ვიზიტი მიცვალებულებთან, მითოლოგიური პერსონაჟების ჰერაკლეს, ორფევსის სტუმრობა ჰადესში, დანტეს მიერ საიქიოს მონახულება). ოთარ ჩხეიძის რომანის პერსონაჟის მოგზაურობა ცნობილ კატაბასისებს არ წააგავს, რადგან იქ პერსონაჟებს კონკრეტული  მისია აქვთ (გარდაცვლილის მონახულება სხვადასხვა მიზნით. მაგ. გარდაცვლილის გამოყვანა საიქიოდან, წარუმატებელი მოგზაურობა, მაგრამ მაინც მოგზაურობა.  არცერთი გარდაცვლილი არ დაბრუნებულა ამ სამყაროში; მომავლის გაგება). თუმცა ოთარ ჩხეიძის რომანის პერსონაჟის მოგზაურობა კატაბასისიცაა მისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი ელემენტებით. როგორ უნდა მოხვდეს პერსონაჟი ირეალურ სამყაროში? ყველა სხვადასხვაგვარად ახერხებს ამას. ერთი ხომალდით მიდის კონკრეტულ ადგილას, მერე გარკვეულ რიტუალებს ატარებს, მეორე ოქროს შტოს ეძებს, მესამე სამყაროთა გამყოფ მდინარეზე გადადის. ნიკუშა ჩაჩანიძე კი ბორიაყისგან შეწუხებული რუსთან გაჩერდება მტვრის ჩამოსაბანად. თუკი ბორიაყი ქართლელებისთვის ზაფხულის ქარია, მტვერს რომ აყენებს ჰაერში, რომანში ბორიაყი კატაბატიკური ქარი აღმოჩნდება; საიქიოს და სააქაოს მდინარე ყოფს, რომანში კი ასეთი გამყოფი რუ არის; სააქაოდან გასულს მეგზური სჭირდება, ასეთი მეგზური ნიკუშასაც გამოუჩნდება. ის (ლეკო თათაშელი) უგონოდაა, რუში ისე გაწოლილა, თავი ერთ მხარესა აქვს, ფეხები კი მეორე მხარეს; საიქიოს დარაჯები, მცველები ჰყავთ. მათ მარტო აქედან იქით უდროოდ წასულისგან კი არ უნდა დაიცვან ის სამყარო, არამედ იქიდან გამოსვლის მსურველიც არ უნდა გამოატარონ. რომანში ასეთი ქოფაკები სასახლეს არ ატოვებინებენ ახალგაზრდა კომპოზიტორს; „ბორიაყის“ პერსონაჟი გადადის უცნაურ სამყაროში, იქ, სადაც იმქვეყნად მალე გასამგზავრებლები, სიკვდილის განაჩენგამოტანილები ისე ცხოვრობენ, თითქოს უკვე იმქვეყნად გასტუმრებულები იყვნენ. მათ უხალისო სახეები აქვთ, არც სტუმარი უხარიათ, არც ახალი ამბები იციან, ისინი დროში გაყინულან, მათთვის დრო შეჩერებულა. მათი საცხოვრებლებიც ბნელში გახვეულა. რაღაცით ოთარ ჩხეიძის რომანის პერსონაჟი ზღაპრის გმირს წააგავს, რომელიც უეცრად, ისე რომ თვითონაც არ უნდა, აღმოჩნდება ირეალურ სამყაროში; ან იმ ზღაპრის გმირს, რომელმაც არც კი უწყის წესიერად, სად იმყოფება; ან იმ ზღაპრის პროტაგონისტს, რომელიც ახალი ცოდნით აღჭურვილი გამობრუნდება რეალურ სამყაროში. ასე რომ ნიკუშა ჩაჩანიძე, გმირად (რომანის დასაწყისში ასე უყურებენ მას დამარცხებული აჯანყების მონაწილეები) აღქმული ცრუგმირი (რომანის სიუჟეტის განვითარებასთან ერთად თითქმის ყველა ხვდება, რომ ნიკუშა ის არაა, ვინც თავდაპირველად ეგონათ, ის არაა თბილისიდან მოვლენილი შეთქმულთა შიკრიკი, მომავალი ახალი აჯანყების ორგანიზატორი) კი არ არის, არამედ ნამდვილი გმირია, რომელიც ისეთ ცოდნას შეიძენს, მანამდე რომ არც დაესიზმრებოდა, რომელიც უკან ბრუნდება „რეალურ სამყაროში“ (თბილისში) და უკვე გაცნობიერებული აქვს თავისი ახალი მისია. რა მისიაა ეს?

ცხრა გვარის წარმომადგენელი უნდა დაღუპულიყო, ზოგი გვარიდან მეტი, ზოგიდან – ნაკლები. ესენი იყვნენ ხეთერელები, კათარელები, ოცხელი, მაბკურელი, ვარაზნელი, არჯევნელები, იტრიელები, თათაშელი და ნიკუშა ჩაჩანიძე. რატომ ცხრა? შესაძლოა იმიტომ, რომ დანტეს ჯოჯოხეთში ცხრა კარია. ან, შესაძლოა, ეს ციფრი არაფერ შუაში არ იყოს დანტეს რომანთან. უბრალოდ ჯოჯოხეთი იყო ამ გვარის წარმომადგენელთა ყოფაც, უსიცოცხლო სიცოცხლე, განაჩენს დამორჩილებული და ბედს შეგუებული. ახლა კი, ფიზიკური გაწყვეტის შემდეგ მათ ჯოჯოხეთიდან საიქიოში გადაინაცვლეს, იქ, სადაც, როგორც ამბობენ, სამოთხეც არსებობს. დაიმსახურეს ამ ადამიანებმა – რა ცოდვაც არ უნდა ჩაედინათ სიცოცხლეში, როგორებიც არ უნდა ყოფილიყვნენ მანამდე – სამოთხე, თუნდაც იმიტომ, რომ აქაური სამყარო მათთვის ჯოჯოხეთზე უარესი გამოდგა. ამ პერსპექტივიდან ნიკუშა ჩაჩანიძე მოგზაურობს გორის რაიონის სოფლებში, რომლებიც სინამდვილეში ამქვეყნიურ ცხრაკარიან ჯოჯოხეთად უქცევია ახალ ხელისუფლებას. ნიკუშა მოინახულებს ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს. ახლა უკვე გასაგები ხდება, რატომ აფრთხილებდნენ ყველანი ნიკუშას, მორიდებოდა მოგზაურობას, ცუდი დრო არის, თბილისს როგორც კი გასცდები, ულმობელ ამბებს გადაეყრებიო. ნიკუშა ვერ განახორციელებს დაგეგმილს, ვერ შეასრულებს თავის მისიას (დაკარგვის პირას მყოფი ხალხური სიმღერების ჩაწერა), მაგრამ ნიკუშა უკვე ახალი მისიით დაბრუნდება თბილისში.

თუკი რომანის დასაწყისში მწერალი ამბობდა, მოგზაურობა ათასგვარი არის და ვინ რა იცის, ვის რას მოუტანსო, რომანის ბოლოს გასაგები ხდება, რომ ამ მოგზაურობამ ნიკუშას ის მოუტანა, რომ მან გარეთ გამოიტანა ჯოჯოხეთის ამბები. აწი უკვე ახალ თაობებს მოამბე, მთხობელი ეყოლებათ. რაც შეეხებათ თავადური გვარების წარმომადგენლებს, ისინი გადაინაცვლებენ ამ ქვეყნიდან (სულ ერთია, ცხრაკარიან ჯოჯოხეთს დავარქმევთ თუ მოსაცდელს) იმ ქვეყანაში, მალე მათ ისინიც მიეწევიან, წირვა რომ გამოუყვანეს დიდგვაროვნებს ჯერ კიდევ სიცოცხლეში და იმქვეყნიურ ცხრაკარიან ჯოჯოხეთში მოძალადენი და ნამდვილი დამნაშავეები დაიტანჯებიან, ხოლო ისინი, ვისთვისაც აქაურობა მათ გამო ჯოჯოხეთად გადაქცეულიყო, წმინდანების გვერდით დაიმკვიდრებენ სასუფეველს.

 

ბავშვები და ქუჩა (ნაწილი პირველი)

0

 

ნაწყვეტები ჯეინ ჯეკობსის გახმაურებული წიგნიდან, „დიდი ამერიკული ქალაქების სიცოცხლე და სიკვდილი“[1]

 

მოკლე ცნობა: ამრიკელი ჟურნალისტი ჯეინ ჯეკობსი (1916-2006, აშშ-ის, შემდეგ კი კანადის მოქალაქე), საქვეყნოდ ცნობილი გახდა თავისი გახმაურებული წიგნის -, „დიდი ამერიკული ქალაქების სიკვდილისა და სიცოცხლის“ –  გამოქვეყნების შემდეგ, 1961 წელს. ამ წიგნით ჟურნალისტი და აქტივისტი ჯეკობსი, დაუპირისპირდა  იმდროინდელი აშშ-ის ურბანული „განახლების“ პოლიტიკას და ამერიკის უდიდესი ქალაქის, ნიუ-იორკის მმართველებს, კერძოდ კი დიდი ნიუ-იორკის  ტერიტორიაზე მშენებლობისა და განვითარების მთავარ შემოქმედს, რობერტ მოუზესს. ჯეკობსის მიერ წიგნში მოყვანილი არგუმენტები თვალნათლივ უჩვენებდა მკითხველებს ქალაქის „დამგეგმავების“ მიერ ჩვეულებრივი ნიუ-იორკელების აზრის უგულვებელყოფას და მათი სურვილების სრულ იგნორირებას. ჯეინ ჯეკობსის ამ წიგნით სოციოლოგიაში შემოვიდა ისეთი ცნებები როგორებიცაა „სოციალური კაპიტალი“ („social capital”) და „თვალები ქუჩაზე“ („eyes on the street”). ჯეკობსის მთავარი დამსახურება გახდა ის, რომ მისი წიგნის შემდეგ, აშშ-ში კრიტიკულად შეხედეს 60-იანი წლების „რაციონალისტური“ ქალაქგეგმარების  წესებსა და პრინციპებს. ჯეკობსის მტკიცებით, მოდერნისტული არქიტექტურა და გავრცელებული ურბანული დაგეგმვა უარყოფდა თვითონ ქალაქის, როგორც ადამიანებით დასახლებული ადგილის იდეას. ჯეკობსის აზრით, დიდი ქალაქის მოსახლეობა, ქალაქში მცხოვრები ადამიანები, წარმოადგენენ რთულ, მრავალშრიან საზოგადოებრივ ერთობას, ქალაქის თემს, რომლის აღქმა და გაგება საკმაოდ რთული საქმეა. ჯეკობსის კრიტიკის ობიექტი, „მოდერნისტი“ დამგეგმავები, ქალაქის „დაგეგმვისთვის“ დედუქციურ წესებს იყენებდნენ, რომლებმაც წარმოშვა ურბანიზმის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, ქალაქის ტერიტორიის დაყოფა „გამოყენების ზონებად“ (საცხოვრებელი, სამრეწველო, კომერციული, სხვა). ჯეკობსის აზრით, ამ პოლიტიკამ დაანგრია ქალაქების უნიკალური ერთობები – საქალაქო თემები და მათი ინოვაციური ეკონომიკა – და ჩაანაცვლა ისინი იზოლირებული, არაბუნებრივი, ურბანული სივრცეებით, რომლებიც არ ითვალსწინებენ ადამიანის ფაქტორს.

ქვემოთ გთავაზობთ ჯეინ ჯეკობსის საინტერესო ანალიზს, დიდ ქალაქებში ბავშვებისა და ქუჩის სივრცის ურთიერთქმედებისა და მათ შორის არსებული დამოკიდებულების შესახებ.

„ქალაქის მშენებელთა კიდევ ერთ ცრურწმენას წარმოადგენს ფანტაზია ბავშვების „გადაკეთების“ შესახებ. მათი ისტორია დაახლოებით ასე გამოიყურება: ბავშვების მთელი არმია იძულებულია ითამაშოს ქალაქის ქუჩებში. ეს საცოდავი ფერმკრთალი და რაქიტული ბავშვები, გარშემორტყმულნი უზნეო გარემოთი, ერთმანეთს უზიარებენ უხამსი ხუმრობებს სექსზე, დასცინიან ყველას და ისე ადვილად ითვისებენ „გაფუჭებულობის“ ახალ-ახალ  ფორმებს, როგორც ეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ხდება. ამას უწოდებენ „მორალურ და ფიზიკურ ზიანს, რომელსაც  ქუჩა აყენებს მოზარდების თაობას“ ან უბრალოდ „ჯურღმულის აღზრდას“.  თუ შესაძლებელი იქნებოდა ამ დაბეჩავებული ბავშვების გადაყვანა ქუჩებიდან პარკებში და სათამაშო მოედნებზე, სადაც იქნებოდა საშუალებები, რომლებზეც ბავშვები შეძლებდნენ გართობას, ვარჯიშს; სადაც მათ შეეძლებოდათ, ერბინათ, ექნებოდათ ბალახი, სულიერი ზრდისთვის…სუფთა და ბედნიერი ადგილები, სავსე სიცილითა და მხიარულებით, რომლითაც ბავშვები უპასუხებდნენ ჯანმრთელ გარემოს…

აქ შევჩერდეთ. გვეყოფა ფანტაზიები. განვიხილოთ სიტუაცია რეალური ცხოვრებიდან, რომელიც წარმოადგინა ჩარლზ გუგენჰაიმმა, კინოდოკუმენტალისტმა სენტ-ლუისიდან. გუგენჰაიმმა გადაიღო ფილმი სენტ-ლუისელ ბავშვებზე, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან. მან ფილმში აღნიშნა, რომ ბავშვების დაახლოებით ნახევარი, ბაღიდან სახლში უხალისოდ მიდის. გუგენჰაიმმა საკმაო ცნობისმოყვარეობა გამოიჩინა, რათა ამ უხალისობის მიზეზისთვის მიეკვლია.  ყველა ბავშვი, რომლებსაც საბავშვო ბაღის დატოვება არ უნდოდა, ახლომდებარე საცხოვრებელი მასივიდან იყო. ასევე ყველა ბავშვი, რომლებსაც სახლში დაბრუნება უხაროდა, ხცოვრობდა ძველ, „ჯურღმულ“ ქუჩებზე. ამ სიტუაციის საიდუმლო ადვილად ამოსახსნელი აღმოჩნდა: ბავშვებს, რომლებიც ბაღიდან საცხოვრებელ მასივში (ბაღებით, პარკებით და სათამაშო მოედნებით) ბრუნდებოდნენ, ხშირად ხვდებოდნენ ადგილობრივი ხულიგნები, რომლებიც მათ ჯიბეებს უტრიალებდნენ ან სულაც, ცემდნენ-ხოლმე. ამ ბავშვებისთვის, ყოველდღიურად, სახლში დაბრუნება წამების ტოლფასი იყო. ის ბავშვები კი, რომლებსაც ძველი ქუჩებით უხდებოდათ დაბრუნება, არაფერს ასეთს არც განიცდიდნენ და არც მოელოდნენ. ამასთან, მათ შეეძლოთ თვითონ აერჩიათ დასაბრუნებელი  გზის რამდენიმე მარშრუტიდან ყველაზე უსაფრთხო. „თუნდაც ვინმეს რომ მოენდომებინა მათი დაჩაგვრა, მათ ყოველთვის შეეძლოთ შეერბინათ მრავალ მაღაზიიდან რომელიმეში, სადაც მათ ვინმე დაეხმარებოდა“, ამბობს გუგენჰაიმი. „ძველი ქუჩების“ მცხოვრებ ბავშვებს ყოველთვის ჰქონდათ უსაფრთხოების შეგრძნება და ისინი სახლში მხიარულები და გახარებულები ბრუნდებოდნენ“. გუგენჰაიმმა ოსტატურად აჩვენა ფილმში  უკაცრიელი, მოსაწყენი სათამაშო მოედნების, მდელოებისა და საინტერესო, ძველებური ქუჩების შედარება, რომლებიც ფილმის ოპერატორს სიტუაციის მხატვრულად გამოსახვის უამრავ შესაძლებლობას სთავაზობდა.

აქვე მსურს მოვიყვანო ერთი ტრაგიკული ისტორია, რომელიც ნიუ-იორკში, 1959 წლის ზაფხულში მოხდა – ნიუ-იორკის მოზარდთა ბანდების დაპირისპირებას, შემთხვევით, თხუტმეტი წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა. იგი უბრალოდ იმ ადგილას აღმოჩნდა, სადაც მოზარდთა ბანდების შეტაკება მოხდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ, რომელიც მასივში მდებარეობდა. „ნიუ-იორკ თაიმსი“, უკვე სასამართლოს მიმდინარეობისას ამ შემთხვევის შესახებ წერდა: „პირველი ჩხუბი დაახლოებით შუადღისას მოხდა, როდესაც „სპორტსმენების“ ბანდის წევრები „სარა დელანო რუზველტის” პარკის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ მდელოზე შევიდნენ. ამ მდელოს, „ფორსაით სტრიტის“ დაჯგუფების ბიჭები თავიანთ ტერიტორიად თვლიდნენ. <…> დღის მეორე ნახევარში, „ბიჭებმა“ გადაწყვიტეს საბრძოლველად სხვადასხვა საშუალებები გამოეყენებინათ – კარაბინი და ბოთლები აალებადი ნარევით. <…> საღამოს, დაახლოებით ცხრა საათზე, ფორსაით-სტრიტის მოზარდები მოულოდნელად მიუახლოვდნენ „სპორტსმენების“ ბანდის შეკრების ადგილს, ლილიან უოლდის საცხოვრებელ მასივთან ახლოს, „სი“ და „დი“ ავენიუებთან. ეს ადგილი „არავის მიწად“ შეიძლებოდა განხილულიყო, რადგან აქ საცხოვრებელი მასივის საზღვარი გადიოდა. „ფორსაითელებმა“ „სპორტსმენებს“ აალებული ბოთლები ესროლეს. ერთ-ერთი ბიჭი კი მიწაზე დაწვა, კარაბინი მოიმარჯვა და ისროლა“.

სად მოხდა ეს თავდასხმა? პარკში და მასივისა და პარკის შესაყარზე. ასეთი ინციდენტებისა და კრიმინალური შემთხვევების შემდეგ, კვლავ ისმის ხმები პარკების ფართობებისა და რაოდენობების გაზრდაზე. ჩვენ მართლაც მოჯადოებულნი ვართ სიმბოლოებით. ე.წ. ქუჩის ბანდები თავიანთ „ქუჩურ გარჩევებს“ სწორედ პარკებსა და სათამაშო მოედნებზე აწყობენ.  „ნიუ-იორკ თაიმსმა“ 1959 წელს გამოიკვლია ნიუ-იორკში, ბოლო ათწლეულებში მომხდარი ძალადობის შემთხვევები მოზარდთა შორის და ყველა (!) შემთხვევაში, ინციდენტები პარკებში მოხდა. მეტიც, ასეთი შემთხვევები სხვა ქალაქებშიც მსგავსი, საცხოვრებელი მასივების მიმდებარე პარკებში და სათამაშო მოედნებზე ხდებოდა. ეს ის ადგილებია, სადაც „სათამაშო მოედანი“ ბავშვებისათვის აღარ იყო ქალაქის ქუჩა. სამწუხაროდ, მსხვილი მასივების მშენებლობების შედეგად, მოხდა ბავშვების ქუჩებიდან განდევნა და მათი გადანაცვლება, ბალახით დაფარულ, სათამაშო მოედნებით გავსებულ, მრავალჰექტრიან „დასავენებლ“ ზონებში, სადაც არ არსებობს ქუჩები. ასეთი სავალალო შედეგი გაკვირვებას არ იწვევს“. როგორც შემდეგ ქ-ნი ჯეკბსი აღნიშნავს, ქალაქის დაგეგმარება და მისი არქიტექტურის ცვლილება, შესაბამისად იწვევს ცვლილებას ადამიანების ქცევაში. უსაფრთხოების კანონები მოზრდილთათვის და საზოგადოებრივი თანაცხოვრების წესები ისევე ვრცელდება ახალგაზრდებზე, როგორც ეს ხდება ზრდასრულთათვის, იმ განსხვავებით, რომ ბავშვები უფრო მოწყვლადნი არიან ბოროტმოქმედებისა და ბარბაროსების წინაშე.

მაინც რა ცვლილებას იწვევს მოთამაშე ბავშვების გადანაცვლება ქალაქის ცოცხალი ქუჩებიდან ერთი მხრივ უფრო კომფორტულ და გამწვანებულ პარკებში, რომელბიც საცხოვრებელ მასივებთან არიან გაშლილი? უმეტეს შემთხვევაში (და არა ყოველთვის, მადლობა ღმერთს!), ყველაზე მთავარი ცვლილება ის არის, რომ ბავშვები გადიან ზრდასრულთა ზედამხედველობიდან, რომელიც მუდმივად არსებობს ქუჩებში.  პარკში და სათამაშო მოდნებზე, ეს უხილავი ზედამხედველობა (ან უბრალოდ ყურადღება) ან მცირეა, ან საერთოდ არ არსებობს.  დიდი ქალაქების ბავშვებმა ეს ყოველთვის კარგად იცოდნენ და ეს ცოდნა თაობებს გადაეცემოდა. „თუ რაიმე ანტისაზოგადოებრივის ჩადენა გვინდოდა, ჩვეულებრივ ლინდსი-პარკში მივდიოდით, სადაც ადვილი იყო უფროსებისგან დამალვა“ , ამბბს ჯესი რეიჩეკი, ბრუკლინში გაზრდილი მხატვარი – „მაგრამ უმეტეს დროს, ჩვენ ქუჩაში თამაშში ვატარებდით. იქ კი უჩუმრად ვერ იხულიგნებ“.

მოზრდილთა მხრიდან ბავშვებისა და მიმდებარე გარემოს ჩუმი ზედამხედველობის საინტერესო შემთხვევას აღწერს ჯეინ ჯეკობსი მომდევნო პარაგრაფში: „იმ დღეს მანჰეტენის შუა ნაწილში წავედი. უესტსაიდში მომხდარი საშინელი შემთხვევის შემდეგ, როდესაც ჩხუბში ორი თექვსმეტი წლის ახალგაზრდა მოკლეს, მსურდა ეს რაიონი მენახა და იქაურ ცხოვრებას დავკვირვებოდი. მიმდებარე ქუჩები უკვე დაბრუნებოდნენ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. ასობით ბავშვი, ქუჩაში მყოფი და მოსეირნე თუ ფანჯრებიდან ქუჩებში მომზირალი უამრავი მოზრდილის დაკვირვების ფონზე, ტოტურებზე თამაშობდნენ ან მხიარული შეძახილებით დასდევდნენ ერთმანეთს. ქუჩების ტროტუარებზე უხვად ნახავდით ნაგავსა და ნარჩენებს. ტროტუარებიც საკმაოდ ვიწრო გახლდათ მათთვის დაკისრებული ფუნქციებისათვის და მათ ესაჭიროებოდათ მზისგან დაცვა, მაგრამ ამ ქუჩებზე ადგილი არ ჰქონდა სახიფათო ქმედებებს: ცეცხლს, იარაღიან ხალს თუ პირდაპირ მუქარას ვინმეს მიმართ. მომხდარი მკვლელობის ადგილას, მიმდებარე პარკში, როგორც ჩანს, საქმეები ასევე ჩვეულებრივად მიმდინარეობდა. სამი პატარა ბიჭუნა, ერთად ცდილობდნენ გაეჩაღებინათ კოცონო ხის სკამის ქვეშ. იქვე, სხვა ბავშვებს, ერთი მცირე ასაკის ბიჭუნა დაეჭირათ და თავს ბეტონის საფარზე ახლევინებდნენ. მოედნის ზედმახედველი ამას ვერ ხედავდა, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული – იგი ფლაგშტოკიდან ამერიკის შეერთებული შტატების დროშას წევდა ქვევით. უკვე სახლში დაბრუნებისას, ჩავუარე მეტ-ნაკლებად მოვლილსა და წყნარ სათამაშო მოედანს. საღამოს საათები იყო და პარკებში მოსერნე დედიკოები და ბაღის ზედმახედველი ოფიცრები უკვე აღარსად ჩანდნენ. მოედანზე მხოლოდ ორი ბიჭი იდგა, რომლებიც გოგონას გორგოლაჭებიანი „სქეითერებით“ ცემით ემუქრებოდნენ. იქვე იდგა ლოთი, რომელიც ცდილობდა ბავშვებისთვის განემარტა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ცოტა მოშორებით, უკვე საქალაქო ქუჩაზე, სადაც პუერტო-რიკოდან ჩამოსული ათასობით ემიგრანტი ცხოვრობს, სურათი სრულიად განსხვავებული გახლდათ. ყველა ასაკის დაახლოებით ოცდარვა ბავშვი მხიარულად თამაშობდნენ ტროტუარზე ყოველგვარი ჩხუბებისა თუ აგრესიის გარეშე, თუ არ ჩავთვლით კამათს კამფეტების შეკვრის თაობაზე. ბავშვების აქტივობებს ზედაპირულად უყურებდნენ ქუჩის ზრდასრული ბინადარნი, რომლებიც ერთმანეთთან საუბრით იყვნენ დაკავებულნი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უფროსების ზედამხედველობა ზედაპირული სრულიადაც არ აღმოჩნდა: როდესაც ბავშვების კამათი კამფეტების თაობაზე გამწვავდა, უფროსი მოქალაქეები მაშინვე ჩაერივნენ და აღადგინეს წესრიგი და სიმშვიდე. ქუჩაში ზრდასრული ადამიანების შემადგენლობა მუდმივად იცვლებოდა – ზოგი მიდიოდა, ზოგიც მოდიოდა და ემატებოდა მიზანსცენას, ფანჯრებიდან ქუჩას სხვადასხვა ადამიანები გადაჰყურებდნენ, ქუჩის დინამიკაც მუდმივად ცვალებადი იყო: ზოგი ტროტუარზე იდგა და მეორეს ესაუბრებოდა, ზოგიც ნელი სიარულით მიჰყვებოდა მას. ერთი საათის განმავლობაში, რომლის დროსაც მე ქუჩას ვადევნებდი თვალს, ზრდასრული გამვლელების თუ დამსვნებელების რაოდენობა ქუჩაში დიდად არ შეცვლილა – ეს ხდებოდა საღამოს რვა საათიდან თერთმეტამდე. მოგვიანებით, საკუთარ სახლთან მისვლისას, ჩვენი კვარტლის ბოლოში ჩემმა მზერამ შემდეგი სურათი აღნიშნა – ჩვენი მრავალბინიანი სახლის, ატელიეს, სამრეცხაოს, პიცერიისა და ხილის მაღაზიის წინმდებარე მცირე სივრცეში, ტროტუარზე, თოთხმეტი ზრდასრული მეზობლის თვალწინ დაახლოებით თორმეტი ბავშვი თამაშობდა.

რასაკვირველია, დიდი ქალაქების ყველა ტროტუარი ასეთი დაკვირვების ქვეშ ვერ იქნება და ეს ალბათ ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლესაც ქალაქმშენებლობა და გეგმარება უნდა უზრუნველყოფდეს. ნაკლებად გამოყენებადი ტროტუარები ცუდად უზრუნველყოფენ უფროსების მიერ ბავშვების აქტივობების ზედამხედველობა-დაკვირვებას. შეიძლება ითქვას, რომ არც მთლად უსაფრთხოა ტროტუარები, სადაც თითქოს საკმარისია უფროსების პერიფერიული მზერა, ეზოში და ტროტუარზე იქნება ეს თუ უბრალოდ ფანჯრიდან ქუჩაში მომზირალი მეზობლისგან. თუ სახლებიდან გამომავალი თუ უკან დაბრუნებული ადამიანების შემადგენლობა ჩქარა იცვლება, ეს ვერ უზრუნველყოფს ბავშვების აქტივობების პერიფერიულ კონტროლს თუ ზედამხედველობას და ქალაქმშენებლებმა ესეც უნდა გაითვალისწინონ. მაგრამ ერთმნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ქუჩები, სადაც ბევრია უფროსებიცა და ბავშვებიც, გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე სათამაშო მოედნები და პარკები.  როგორ წესი, დიდ ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და რეალურად იზიარებენ მათზე პასუხისმგებლობას, კარგად ესმით ქუჩისა თუ მისი ტროტუარების მნიშვნელობა: „შეგიძლია ქუჩაში ითამაშო, ოღონდ ტროტუარს არ გასცდე – ეუბნებიან ქალაქელი დედები თავიანთ ბავშვებს. ბოსტონური ნორთ-ენდის სოციალური სერვისების დაწესებულების დირექტორის, ფრენკ ჰეივის სიტყვებით, მას მშობლები დროდადრო შეკითხვებს უსვამენ ამ თემაზე: „მე ბავშვებს ვაძლევ უფლებას, ითამაშონ ქუჩაში ვახშმის შემდეგ. გამოდის არასწორად ვიქცევი?“ – ეკითხება მას ერთ-ერთი მშობელი ნორთ-ენდიდან. ჰეივი არწმუნებს მშობლებს, რომ ისინი სწორად იქცევიან. მისი აზრით, ნორთ-ენდში მოზარდებს შორის დაბალი დამნაშავეობის მაჩვენებელი შეიძლება აიხსნას ამ სამეზობლო-თემში ქუჩის ცხოვრების იმ თავისებურებით, როდესაც ბავშვები თავისუფლად ერთობიან, ქუჩაში მყოფი უფროსების, ქუჩის მაღაზიებისა და ბიზნესების მფლობელების მუდმივი ყურადღების ქვეშ ქუჩაში მიმდინარე მოვლენებისადმი”.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

 

მოამზადა ლევან ალფაიძემ,

 

 

 

 

 

[1] The Death and Life of Great American Cities by Jane Jacobs, Vintage Books Editions, 1992, originally published by Random House, 1961, ISBN 0-679-74195-X

განათლების სექტორის გეგმის მომზადება

0

წინა სტატიაში “განათლების სისტემის დაგეგმვის საფუძვლები”,  განხილულ იქნა განათლების სექტორის დაგეგმვის (Education Sector Planning (ESP) ზოგადი არსი და მახასიათებლები. სტრატეგიული დაგეგმვის პროცესებისა და აქტივობების განხილვისას აღინიშნა, რომ გეგმების შემუშავებისა და მონიტორინგის ციკლები დაგეგმვის ძირითადი რგოლებია და მათი სათანადოდ წარმართვა დიდ გავლენას ახდენს მთელი პროცესის ოპტიმალურ განხორციელებაზე. წინამდებარე სტატიაში მიმოვიხილავთ სექტორის გეგმის მომზადების ფაზებს და პროცესებს, ჩართულ მხარეებს და მათ ფუნქცია-მოვალეობებს, გავეცნობით ეფექტიანი გეგმის მომზადების მთავარ პრინციპებს.

 

სექტორის გეგმა, ისევე როგორც განვითარების სხვა გეგმები, შეიძლება სხვადასხვა პერიოდზე იყოს გათვლილი, კონტექსტიდან გამომდინარე, იყოს გრძელვადიანი, საშუალო– ან მოკლევადიანი. საერთო სტანდარტი კონკრეტული გეგმის მოქმედების ხანგრძლივობის ამა თუ იმ კატეგორიის განსაზღვრისთვის არ არსებობს. შესაბამისად, სექტორული გეგმის პერიოდი განისაზღვრება კონკრეტული სისტემის სპეციფიკური გამოწვევებისა და პერსპექტივების გათვალისწინებით, მოცემული სისტემის მესვეურების გადაწყვეტილებით. გრძელვადიანი (როგორც მას უწოდებენ – პერსპექტიული) გეგმის ხანგრძლივობა 10-15 წლით განისაზღვრება და, წესისამებრ, ნაკლებად დეტალიზებულია, ძირითადად სისტემის განვითარების საერთო ორიენტირებსა და მიმართულებებს მოიცავს. საშუალოვადიანი გეგმა ხუთ წლამდე ვადაზეა გათვლილი და მისი პროგრამები და სტრატეგიები შედარებით სპეციფიკურია, ხოლო მოკლევადიანი ანუ წლიური გეგმები მეტად კონკრეტულია და, როგორც წესი, წლიურ საბიუჯეტო ციკლს ემთხვევა.

პერიოდის მიხედვით სექტორული გეგმის ყველაზე გავრცელებული კატეგორიაა საშუალოვადიანი გეგმა. მას სხვა გეგმებზე ხშირად იყენებენ სისტემის მესვეურები. მასში გაწერილია მოცემული პერიოდის სპეციფიკური მიზნები, ამოცანები და პროგრამები. ასეთ გეგმაში შესაძლოა გრძელვადიანი პერსპექტივაც იყოს გათვალისწინებული. საშუალოვადიანი გეგმა, როგორც წესი, ითარგმნება თითოეულ წელზე გათვლილ გეგმებად სათანადოდ გათვლილი წლიური ბიუჯეტებითურთ. გამოყენების სიხშირიდან გამომდინარე, ჩვენი მიმოხილვის ძირითად სამიზნესაც სწორედ საშუალო პერიოდზე გათვლილი გეგმა წარმოადგენს.

 

სხვადასხვა ქვეყნის განათლების სექტორის განვითარების საშუალოვადიან გეგმებს სხვადასხვა პრინციპზე დაყრდნობით შეიმუშავებენ. ისინი არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული და თითოეული ქვეყნის განვითარების სოციოეკონომიკურ, პოლიტიკურ, საგანმანათლებლო და სხვა თავისებურებებს ითვალისწინებს. ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ ნაციონალური მასშტაბის გეგმაზე მუშაობენ. სხვა ქვეყნებს აქვთ როგორც ნაციონალური დონის, ისე ცალკეული რეგიონებისა და პროვინციების განათლების განვითარების გეგმები. დონის მიხედვით გეგმის განსაზღვრა ქვეყნის შიდა პოლიტიკური მოწყობის ტიპზეა დამოკიდებული. ცენტრალიზებული მმართველობის ქვეყნებში ნაკლებად იყენებენ სხვადასხვა დონის გეგმებს, ხოლო ფედერალური მოწყობისა და დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხის მქონე ქვეყნებში გეგმათა მრავალფეროვნებას ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა გვხვდება გამონაკლისებიც. აქ ქვეყნის მართველობით სტრუქტურასა და ტიპთან ერთად მნიშვნელობა ენიჭება სხვა ისეთ ფაქტორებსაც, როგორებიცაა ქვეყნის ზომა, გეოგრაფიული მრავალფეროვნება, პოლიტიკური კულტურის თავისებურებები და სხვა. არიან ქვეყნები, რომლებსაც ძირითადად რეგიონული გეგმები აქვთ, ხოლო ნაციონალურ დონეზე მხოლოდ ადგილობრივი გეგმების დანერგვის ხელშემწყობი სტრატეგიები მუშავდება. დონის მიხედვით (ნაციონალური, ადგილობრივი, რეგიონული და ა.შ.) განსხვავდება განვითარების გეგმების შემუშავების პროცესები და მიდგომებიც.

საინტერესოა, იმ ქვეყნებში, სადაც განათლების სისტემების განვითარებისთვის იყენებენ ადგილობრივ/პროვინციულ გეგმებს და, ამასთან, ნაციონალური დონის გეგმაც აქვთ, როგორ და რა თანმიმდევრობით მიმდინარეობს თითოეული დონის გეგმის მომზადების პროცესი. ამისთვის გამოიყენება სხვადასხვა მიდგომა, რომლებიც ასევე დამოკიდებულია ცალკეული ქვეყნისა და განათლების სისტემის გვარობაზე.

არსებობს სამი ძირითადი მიდგომა:

  • თავდაპირველად იქმნება ნაციონალური დონის გეგმა, შემდეგ მასზე დაყრდნობით მუშავდება ადგილობრივი დონის გეგმები. ამ მიდგომას სექტორის გეგმის მომზადების „ზემოდან-ქვემოთ“ (top down) მიდგომას უწოდებენ.
  • ჯერ ადგილობრივი გეგმები მზადდება, მერე კი, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, დგება ნაციონალური გეგმაც. ამ მიდგომას სექტორის გეგმის მომზადების „ქვემოდან ზემოთ“ (bottom-up) მიდგომას უწოდებენ
  • არსებობს მესამე ვარიანტიც, სადაც სხვადასხვა დონეზე გეგმის მომზადების პროცესი ერთდროულად არის ინიცირებული, ანუ გეგმები რაიონულ და რეგიონულ დონეებზე ეროვნული გეგმის მომზადებასთან ერთად სინქრონულად დგება.

რელევანტური არჩევანის გაკეთება უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული. სექტორული გეგმის მომზადების ოპტიმალური მეთოდი მეტწილად განსაზღვრავს სისტემის განვითარების ადეკვატური ორიენტირებისა და გზების იდენტიფიცირების შანს.

უნდა ითქვას, რომ საერთო პოლიტიკის ფორმულირება ცენტრალურ დონეზე ხორციელდება. ადგილობრივი დონეები აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ საერთო პოლიტიკის შემუშავების პროცესში, მერე კი ზედმიწევნით მისდევდნენ ცენტრალურ დონეზე შეთანხმებულ და დამტკიცებულ პოლიტიკას. ამ შემთხვევაში ადგილობრივი გეგმების განხორციელება, რაც არ უნდა დეცენტრალიზებული იყოს სისტემა, წარმოუდგენელია ცენტრალური სტრუქტურებიდან მიზანმიმართული და ეფექტიანი კოორდინაციის გარეშე, რადგან ორივე დონის გეგმები მჭიდროდ არის დაკავშირებული წინასწარ განსაზღვრული საერთო პრიორიტეტებით. სტრატეგიული განვითარების გეგმების ოპტიმალური შემუშავებისთვის აუცილებელი პირობაა სისტემაში დაგეგმვის უნარებითა და სხვა სათანადო კომპეტენციებით აღჭურვილი პროფესიონალების არსებობა.

არსებობს სისტემები, მათ შორის – განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც სტრატეგიული გეგმის შემუშავება მხოლოდ ცენტრალურ დონეზე ხორციელდება, თუმცა ქვეყნების მიხედვით არსებობს განსხვავებები თავად დაგეგმვის პროცესების წარმართვის მეთოდოლოგიებში. განასხვავებენ უმთავრესად ორი სახის მიდგომას:

  • ცენტრალური სტრუქტურები მართავენ და წარმართავენ მთელ პროცესს. ამ შემთხვევაში ადგილობრივი დონეების როლი მინიმალურია, თუმცა მონაწილეობითი. ამ მიდგომას ცენტრალიზებული ეწოდება;
  • ძირითადი პროცესები ადგილობრივ დონეებზე ვითარდება დაინტერესებული ჯგუფების მაღალი ჩართულობით, ხოლო ცენტრალურ დონეზე ხორციელდება კომპილაცია-ანალიზი და შეჯამება. ეს დეცენტრალიზებული მიდგომაა.

იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებული განათლების სისტემებია, ორივე მიდგომას თანაბარი წარმატებით იყენებენ, რადგან თავად სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა ეფუძნება მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. ცენტრალიზებული მიდგომის შემთხვევაშიც ძირითადი ყურადღება ექცევა პროცესში უკლებლივ ყველა დაინტერესებული ჯგუფის მაქსიმალურ ჩართულობას და ადგილობრივი კონტექსტების გათვალისწინებას.

იმ სისტემების უმეტესობაში, სადაც ნაკლებადაა განვითარებული გეგმების მომზადების მონაწილეობითი პრინციპები, უპირატესობას პირველი მიდგომის მოდიფიცირებულ ვარიანტს ანიჭებენ. ამ შემთხვევაში დაგეგმვითი პროცესები მკვეთრად ცენტრალიზებულია, ხოლო ადგილობრივი დონეებისა და დაინტერესებული ჯგუფების ჩართულობის ხარისხი – ნაკლები. გადაწყვეტილებები არჩევანის შესახებ, წესისამებრ, არ ეყრდნობა წინასწარ ჩატარებულ რისკების ანალიზს და გადაწყვეტილების მიღებისას ნაკლებად ითვალისწინებენ სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებსაც, მათ შორის – კონკრეტული რეგიონების სპეციფიკურ მოთხოვნებს. შესაბამისად, განვითარების ორიენტირები და ოპტიმალური გზები საგრძნობი ხარვეზებით განისაზღვრება. ანალოგიურ სისტემებს სერიოზული პრობლემები აქვს ოპტიმალური მიზნებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირების, დიფერენცირებული პოლიტიკის შემუშავება-წარმართვის კუთხით. შედეგად სისტემის განვითარების ტემპსა და ხარისხში მნიშვნელოვანი ხარვეზები შეინიშნება.

სექტორის რეალისტური გეგმის შემუშავებისა მისი წარმატებით დანერგვისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია გეგმის შემუშავებაში მონაწილე სუბიექტების სწორად განსაზღვრა და მათ შორის კონსულტირების ეფექტიანი ფორმატის ჩამოყალიბება. ამასთან, ქვეყნის განათლების სამინისტრო უნდა იყოს დაგეგმვითი პროცესის ლიდერი, ძირითადი წარმმართველი და მაკოორდინირებელი. ზოგიერთ ქვეყანას განათლების ერთზე მეტი სამინისტრო აქვს (მაგ., ზოგადი განათლებისა, უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლებისა). ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმების არსებობაც, რადგან განათლების სექტორის დაგეგმვა თავისთავად გულისხმობს ყველა ქვესექტორის გეგმებისა და სამოქმედო სტრატეგიების განსაზღვრას. ისიც უნდა ითქვას, რომ დაგეგმვის პროცესში სამინისტროების ჩართულობა განათლების პროფილური უწყებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. აუცილებელია სხვა სამინისტროების აქტიურობაც, რომლებსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი აქვს განათლებასთან (მაგ., შრომის, ახალგაზრდობის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროები).

დიდი ქვეყნები, განსაკუთრებით ისინი, სადაც ფედერალური მოწყობაა, გეგმარებით პროცესებში ჩართული ყველა დონის (ცენტრალიზებული, დეცენტრალიზებული) ადმინისტრაციული სუბიექტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზოგიერთ ქვეყანაში, მაშინაც კი, როცა საქმე არ გვაქვს ფედერალურ სტრუქტურებთან, რეგიონისა და პროვინციის მთავრობები სტრატეგიული გეგმების მომზადების პროცესში აქტიურ პარტნიორებად გვევლინებიან. განურჩევლად ქვეყნისა და განათლების სისტემის მოწყობის ფორმისა, სექტორული გეგმების მონაწილეობითი მომზადების პროცესი აუცილებელი პირობაა. ფედერალური მოწყობის არმქონე ქვეყნებშიც კი გეგმის მომზადების პროცესი ადგილობრივ სტრუქტურებთან მჭიდრო კონსულტაციების პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. ამასთან, აუცილებელია, პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივი, პროფესიული და არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო სექტორი, პედაგოგები, მშობლები, სათემო ასოციაციები და სხვა დაინტერესებული ჯგუფები.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობით და ამ პროცესზე გავლენის მოხდენის ხარისხის მიხედვით დაინტერესებული ჯგუფები რამდენიმე კატეგორიად იყოფა. მათთან კონსულტაციები და მათი ჩართულობის მაღალი ხარისხი გადამწყვეტია კომპლექსური გეგმის შემუშავებისთვის. კონსულტაციებისთვის ჯგუფები შეიძლება ოთხ კატეგორიად დაიყოს:

ჯგუფი 1-  აერთიანებს მონაწილეობით მაღალი მნიშვნელობის, მაგრამ მცირე გავლენის მქონე წარმომადგენლებს. ესენი არიან საზოგადოებრივი, ქალთა, ეთნიკური და ეროვნული უმცირესებობის, ახალგაზრდების და ა.შ. ორგანიზაციების წარმომადგენლები;

ჯგუფი 2 – მოიცავს მონაწილეობით მაღალი მნიშვნელობის და, იმავდროულად, დიდი გავლენის მქონე წარმომადგენლებს. მაგალითად, პრემიერმინისტრის ოფისი, განათლების სამინისტრო, ნაციონალურ კომიტეტები და ძირითადი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები;

ჯგუფი 3 – შედგება მონაწილეობით დაბალი მნიშვნელობის და მცირე გავლენის მქონე წარმომადგენლებისაგან. ამ კატეგორიაში შედის საგანმანათლებლო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები, რელიგიური და სხვა დაინტერესებული ჯგუფები.

ჯგუფი 4 – აერთიანებს მონაწილეობით დაბალი მნიშვნელობის, მაგრამ დიდი გავლენის მქონე წარმომადგენელებს. ესენი შეიძლება იყვნენ უმცირესობაში მყოფი პოლიტიკური პარტიები, კერძო და ბიზნესორგანიზაციები და სხვა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობის მნიშვნელობა და ამ პროცესზე გავლენის მოხდენის ხარისხი სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს.

ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია განათლების სექტორის გეგმის მომზადების პროცესის წამყვანი სტრუქტურებიც. პროცესს ძირითადად განათლების სამინისტროების სტრატეგიული დაგეგმვის ქვედანაყოფები წარმართავენ. ზოგიერთ ქვეყანაში განათლების სამინისტროები ქმნიან ექსპერტთა სპეციალურ კომისიას და მისი მეშვეობით არეგულირებენ შესაბამის პროცესებს. ზოგიერთ შემთხვევაში სტრატეგიული გეგმის მოსამზადებლად იქმნება ნაციონალური გუნდები, რომლებიც შედგება განათლების სამინისტროს, სხვა სამინისტროების, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დონორების წარმომადგენლებისგან. ნაციონალური გუნდები მჭიდროდ თანამშრომლობენ განათლების სამინისტროებთან და ხელს უწყობენ მაქსიმალური ჩართულობის მიღწევას. სირთულეს წარმოადგენს დიდი შემადგენლობის გუნდების მართვა და მათი მეშვეობით პროცესების სწრაფად წარმართვა. ასეთ შემთხვევებში უმჯობესია, დიდი შემადგენლობის გუნდები ასრულებდნენ საკონსულტაციო და საორიენტაციო ფუნქციებს, ხოლო მცირე ზომის სამუშაო ჯგუფები წარმართავდნენ კონსულტაციის პროცესს და ამზადებდნენ საბოლოო პროექტს.

განათლების სექტორის სტრატეგიული გეგმა კომპლექსური დოკუმენტია და რამდენიმე ქვესექტორსა და პრიორიტეტულ მიმართულებას თუ თემას მოიცავს. ამ საკითხის დარეგულირების ერთ–ერთი გზაა რამდენიმე ტექნიკური სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება. ეს ჯგუფები შესაძლებელია ჩამოყალიბდეს განათლების საფეხურების (დაწყებითი, საშუალო, უმაღლესი) ან თემატური (მენეჯმენტი, დაფინანსება და სხვა) ბლოკების მიხედვით. მრავალშემადგენლობიანი დაგეგმვის კომიტეტის, რამდენიმე სამუშაო ჯგუფისა და მოცულობითი საკონსულტაციო პროცესის არსებობის შემთხვევაში დაგეგმვითი პროცესების წარმართვა საკმაოდ რთული ამოცანაა, ამიტომ წარმოიშობა საჭიროება ექსპერტთა შედარებით კომპაქტური ჯგუფის იდენტიფიცირებისა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროცესებს და მოამზადებს გეგმის დოკუმენტს. ექსპერტთა შერჩევის უნიკალური ფორმულა არ არსებობს, თუმცა ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტებული უნდა იყოს სათანადო გამოცდილების პროფესიონალი კადრებით, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური მომზადება განათლების დაგეგმვაში, სტატისტიკის ანალიზში, ფინანსურ მენეჯმენტსა და ბიუჯეტირებაში.

რეკომენდებულია დაგეგმვის ჯგუფი დაკომპლექტდეს შემდეგნაირად:

  1. ერთი კომპაქტური მართვის ჯგუფი განათლების სამინისტროს ბაზაზე, რომელიც უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს მთელ პროცესს;
  2. რამდენიმე სამუშაო ჯგუფი სხვადასხვა მიმართულების მიხედვით;
  3. წარმომადგენლობითი კომიტეტი, რომელშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პედაგოგები და სხვა. კომიტეტის მუშაობა განათლების მინისტრის თავჯდომარეობით უნდა წარიმართოს.

კომიტეტის ფორმა და შემადგენლობაც მოსამზადებელი გეგმის გვარობაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია ის გარემოება, რა ტიპის გეგმაა მოსამზადებელი – ერთი ნაციონალური თუ რამდენიმე რეგიონული, რომლებიც შემდგომ ნაციონალურ გეგმად გაერთიანდება. პირველ შემთხვევაში აუცილებელია ცენტრალურ დონეზე მიმდინარე პროცესებში დეცენტრალიზებული ადგილობრივი დონეების წარმომადგენლობის გათვალისწინება და მათთან აქტიური კონსულტაციების წარმოება, ხოლო მეორე შემთხვევა ითვალისწინებს გეგმების მომზადებას ყველა – ცენტრალურ თუ რეგიონულ – დონეზე. ორივე შემთხვევაში დაგეგმვის პროცესში ჩართული უნდა იყოს ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განახორციელებს მონაცემების სტატისტიკურ ანალიზს დაგეგმვის სხვადასხვა ეტაპისთვის და ფინანსურ ანალიზს საბოლოო ფინანსური მოთხოვნების ჩამოსაყალიბებლად, ხოლო სისტემის მართვის სპეციალისტები შეიმუშავებენ განხორციელების გეგმებს.

მონაწილეობითი პროცესების ფასილიტირების მკაფიო წესები არ არსებობს. ქვემოთ მაგალითად მოყვანილია ცენტრალურ დონეზე განათლების სექტორის დაგეგმვის პროცესის ორგანიზაციული სტრუქტურის ზოგადი სქემა.

 

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ განათლების სექტორის დაგეგმვითი პროცესების განხორციელება აუცილებელია სისტემის ჰარმონიული განვითარებისთვის სწორი სარეფორმო პროცესების უზრუნველსაყოფად. სექტორის განვითარების ოპტიმალურად ჩამოყალიბებული გეგმა უზრუნველყოფს განათლების სისტემის სწორი განვითარება-გაუმჯობესების პროცესის შეუქცევადობასა და მდგრადობას (მიუხედავად სისტემის ხელმძღვანელი რგოლების ხშირი ცვლილებისა). ძალიან მნიშვნელოვანია თვით დაგეგმვითი პროცესების სწორი მეთოდოლოგიით წარმართვა და რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპის გათვალისწინებაც. სექტორის სტრატეგიული დაგეგმვა აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპებს. უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ამ პროცესში უკლებლივ ყველა დაინტერესებული ჯგუფის მაქსიმალური ჩართულობა და გათვალისწინებულ იქნეს ადგილობრივი კონტექსტები და ინტერესები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  • Philip Coombs. 1970. What is educational planning? Fundamentals of educational planning No. 1, Paris: IIEP-UNESCO.

რეცენზია, ანოტაცია და გამოხმაურება

0

სექტემბრის პირველი კვირა განსაკუთრებულია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში. ხანგრძლივი არდადეგებიდან სკოლაში მობრუნებულ მოსწავლეებს უამრავი რამ აქვთ გასაზიარებელი ერთმანეთისთვის და მასწავლებლებისთვის. სასკოლო რეჟიმსა და  სწავლა-სწავლების ჩვეულ პროცესში ჩართვაც არ არის მარტივი საქმე. მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები უნდა ჩავაწერინოთ, მომავალი წლის სამუშაო გეგმა გავაცნოთ, რვეულების რაოდენობა, შემოწმების „განრიგი“ და სხვა უამრავი დეტალი გავაცნოთ. ამ პირობებში პირველივე დღეს ვერც შესაბამის გვერდზე ვთხოვთ მათ წიგნების გადაფურცვლას, ვერც მიცემული დავალების შემოწმებას შევუდგებით და ვერც პირდაპირ საპროგრამო ტექსტების დამუშავებას  შევუდგებით.

გთავაზობთ აქტივობას, რომელიც სწორედ სექტემბრის პირველი კვირისთვისაა ზედგამოჭრილი.

ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეებს ხშირად ვთხოვთ ხოლმე ზაფხულის განმავლობაში წაკითხული წიგნების ჩამონათვალს. მშრალი, არაფრისმომცემი სიის წარდგენის ნაცვლად ვთხოვოთ მათ რეცენზიის, ანოტაციის ან გამოხმაურების მომზადება. თავდაპირველად, გავაცნოთ მოსწავლეებს, რა განსხვავებაა რეცენზიას, ანოტაციასა და გამოხმაურებას შორის. საპრეზენტაციო გაკვეთილებზე სასურველია საკლასო სივრცეც შესაბამისად მოვაწყოთ – განალაგეთ მერხები წრიულად, მოირგეთ მოდერატორის ან დამკვირვებლის „როლი“, თავადაც მოამზადეთ ზაფხულის განმავლობაში წაკითხული საინტერესო წიგნის შესახებ რეცენზია, ანოტაცია ან გამოხმაურება.

რეცენზია

რეცენზია (resensio)  ლათინური სიტყვაა და ნიშნავს განხილვას, გამოხმაურებას, შეფასებას. რეცენზია მხატვრული ან სამეცნიერო ლიტერატურის, მუსიკალური ნაწარმოების, თეატრალური დადგმის, ფერწერული ტილოს ან ხელოვნების სხვა ნებისმიერი ნიმუშის შეფასებას გულისხმობს. ეს აკადემიური, კრიტიკული, ანალიტიკური წერის სახეა და მისი დანიშნულებაა კრიტიკულად განიხილოს, შეაფასოს ნამუშევარი. რეცენზიაში შინაარსის დეტალური მიმოხილვა საჭირო არ არის. რეცენზენტმა მოკლედ უნდა ისაუბროს შინაარსობრივ მხარეზე და მეტი ყურადღება დაუთმოს ნამუშევრის ღირსებების ან ნაკლის მიმოხილვას. რეცენზიაში დასაშვებია (ლიტერატურული ტექსტის შემთხვევაში) ამონარიდების, განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთების, არსებითი ელემენტების მიმოხილვა/ციტირება.

რეცენზია, განსხვავებით ანალიტიკური ან არგუმენტიირებული ესესგან, მკაცრად სტრუქტურირებული არ არის. რეცენზენტს შეუძლია შეარჩიოს მისთვის მოსახერხებელი ფორმა და მისცეს რეცენზიას სტატიის, ფელეტონის, ავტორთან ინტერვიუ/დიალოგის ფორმა. მნიშვნელოვანი ისაა, რომ რეცენზენტმა წარმოაჩინოს საკუთარი შეხედულებები, სუბიექტური შეფასება, განსახილველი ნაშრომის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მიუხედავად ამგვარი თავისუფლებისა, არის რამდენიმე მნიშნელოვანი კრიტერიუმი, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კარგი რეცენზია:

  • ცნობები ავტორის შესახებ ( ვინაობა, საინტერესო ბიოგრაფიული ცნობები, ნამუშევართან დაკავშირებული ბიოგრაფიული ეპიზოდები…)
  • ნაშრომის დასახელება და მოკლე აღწერა ( შინაარსის დეტალური გადმოცემა საჭირო არ არის. საკმარისია საკვანძო, არსებითი დეტალების ხსენება)
  • არგუმენტირებულად შეფასება ( დადებითი და უარყოფითი მხარეების წარმოჩენა, რა მომეწონა/რა არ მომეწონა და რატომ)
  • განსაკუთრებით საინტერესო/მნიშნელოვანი/დასამახსოვრებელი ციტატები

ანოტაცია

ანოტაცია შენიშვნას ნიშნავს და განსახილველი ნაშრომის შინაარსის მოკლედ გადმოცემას გულისხმობს, ზოგჯერ – შეფასების დართვით. ანოტაცია წარმოაჩენს ნაშრომის თავისებურებებს, მიმოიხილავს შინაარსობრივ მხარეს და განკუთვნილია იმისთვის, რომ მკითხველს გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება. ანოტაცია პასუხს გვცემს კითხვაზე „რაზეა წიგნი/ფილმი/ნაშრომი?“ ანოტაცია მოკლე ცნობებს გვაწვდის ასევე ნაშრომის ავტორის, სახელწოდების, გამოცემის(გამოშვების, შექმნის) ადგილსა და თარიღზე. ანოტაცია უფრო მოკლე და სქემატურია, ვიდრე რეცენზია.

მოცემულ განმარტებებში განსხვავება ანოტაციასა და რეცენზიას შორის თვალნათელია, ამიტომ ამაზე საგანგებოდ აღარ შევჩერდებით.

გამოხმაურება

გამოხმაურება მეტად ჰგავს რეცენზიას, თუმცა მისგან განსხვავებით კიდევ უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს ავტორს. გამოხმაურებაში მოსწავლეს შეუძლია იმ თანმიმდევრობით გადმოსცეს სათქმელი, როგორც თავად მოესურვება. არც ფორმისა და არც შინაარსის მხრივ ის შეზღუდული არ არის. გამოხმაურება გულისხმობს სუბიექტური მოსაზრებების, შეგრძნებების გადმოცემას, თუნდაც – მხატვრულად ( განსხვავებით წინა ორი ფორმისგან. ანოტაციაც და რეცენზიაც აკადემიური, ანალიტიკური სტილის დაცვით იწერება).

მნიშნელოვანია მცირე ცნობების მოწოდება ნაშრომზე ( ავტორი, სათაური, შექმნის პერიოდი).

სასურველია ციტატების, ეპიზოდების, მნიშნელოვანი მონაკვეთების წარმოჩენა.

 

საორგანიზაციო საკითხების მოგვარებისა და რეცენზია-ანოტაცია-გამოხმაურების სტრუქტურული თავისებურებების გაცნობის შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს წაკითხული წიგნის შესახებ რომელიმე მათგანის მომზადება, მომდევნო რამდენიმე გაკვეთილი კი წაკითხული წიგნების განხილვის გაკვეთილებად გამოაცხადეთ.  კარგი იქნება, თუ მოსწავლეები იმ წიგნებსაც თან წამოიღებენ, რომლებზეც ნაშრომებს მოამზადებენ. ჩემი გამოცდილებით, გაკვეთილის დასრულებისთანავე კლასში დიდი „აღებ-მიცემობა“ ჩაღდება, ბავშვები ერთმანეთს უთანხმებენ, ვინ ვის წიგნს ითხოვებს. იყო შემთხვევებიც, როდესაც საინტერესოდ მომზადებული რეცენზიის შემდეგ ერთ-ერთ წიგნს „მთხოვნელების“ მთელი რიგი დაუდგა. ეს პროცესი იმდენად ცოცხალი, შემეცნებითი და მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე საათის დათმობა, მით უფრო, სასწავლო წლის დასაწყისში ნამდვილად ღირს.

 

 

 

 

 

ორი ქალი, ორი პროფესია, ორი საქმე

0

საქარველოში პროფესიებს კვლავაც ორად ჰყოფენ ხოლმე: ეს კაცის საქმეა, ეს სპეციალობა კი ქალისთვისაა ზედგამოჭრილიო. თუმცა უკვე ბევრ დასაქმებულს შეხვდებით, რომელიც ამ სტერეოტიპს ამსხვრევს და ეს ხელოვნურად სულაც არ ხდება – პროფესიონალიზმი ხომ სქესს არ ცნობს.

გაგაცნობთ ორ გამორჩეულ ქალს, რომელთა საქმიანობის არეალი, ბევრის აზრით, მამაკაცების სფეროს განეკუთვნება.

 

*

თეზიკო (მანონ) კვარაცხელია იურიდიულ-ფსიქოლოგიურ ინსტიტუტში იურისპრუდენციას დაეუფლა, თუმცა იქ გავლილი ფსიქოლოგიის კურსი დღემდე ეხმარება თანამშრომლებთან ურთიერთობისას. ის საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე – ენგურჰესზე მუშაობს. საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს  დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს „ენგურჰესის“ დაცვის პოლიციის განყოფილებას სულ სამი უფროსი ინსპექტორი ჰყავს. პოლიციის მაიორი მანონ კვარაცხელია ერთადერთი ქალია მათ შორის. მას ენგურჰესის პერიმეტრზე განლაგებული 11 საგუშაგო პუნქტისა და იქ მომუშავე 24 უმცროსი ინპექტორის ხელმძღვანელობა, ობიექტისა და მისი სტუმრების (ტურისტების) უსაფრთხოება აბარია.

ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი სიმაღლის მიხედვით მსოფლიოს კაშხლების ხუთეულში შედის და მას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ჰესიდან საბერიოს (გალის რაიონი) წყალი 15 კილომეტრის სიგრძის გვირაბის მეშვეობით მაღალი წნევით მიეწოდება, სადაც ელექტროენერგიის გამომუშავება სპეციალური აგრეგატებით ხდება. ენგურის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია სრულად უზრუნველყოფს აფხაზეთის განათებას და დანარჩენი საქართველოს დაახლოებით 50 %-ის მომარაგებასაც. ამრიგად, ეს ჰესი ერთგვარი მშვიდობის ხიდია აფხაზეთთან.

ენგურჰესის ირგვლივ განლაგებულ საგუშაგოებთან, რელიეფიდან გამომდინარე, ხანდახან ტყიდან გამოსული ნადირიც შეუნიშნავთ, ზამთარში კი მოყინულ გზებზე ზოგჯერ მანქანას ამოსვლაც უჭირს. თუმცა მკაცრი პირობები, მეტეოროლოგიური თუ ოჯახური, ყოფითი პრობლემები არასდროს გამხდარა მანონ კვარაცხელიასთვის სამსახურის გაცდენის მიზეზი; არასოდეს უსარგებლია შეღავათით, უარი უთქვამს, როდესაც, როგორც ქალისთვის, შეუთავაზებიათ მოკლევადიანი შვებულება და ხშირად ობიექტზე დაბა ჯვარიდან ფეხითაც ასულა.

 

უმცროსი ინსპექტორები უმეტესად უფროსი ინსპექტორის შვილის ასაკის ან მასზე გაცილებით ახალგაზრდები არიან. მანონ კვარაცხელია ამბობს, რომ ერთსა და იმავე ობიექტზე ათწლიანი მუშაობისას ხვდები, რომ მთავარი პირადი ურთიერთობებია. თანამშრომლებთან დასამეგობრებლად საჭიროა, რომ თითოეულის მდგომარეობაში შეხვიდე; ახალგაზრდებთან დისტანციაც საჭიროა და ქალური სირბილეც. მაიორი ქალი, რომელიც მალე დამსახურებულ პენსიაზე გავა, რომელსაც მოწესრიგებულ ხელმძღვანლად ახასიათებენ და რომელსაც შსს მინისტრისაგან სხვადასხვა დროს 10 მადლობა აქვს მიღებული, ოთახში ნებისმიერი ასაკის თანამშრომლის შემოსვლისას ფეხზე დგება.

 

 

*

 

 

 

ეკა ჯიქიას დაწყებითი კლასების მასწავლებლობის ათწლიანი სტაჟი აქვს, თუმცა მეორე ქალიშვილის შეძენის შემდეგ აღარ უმუშავია თავისი სპეციალობით. ის მხარში ედგა მეუღლეს – პაატა ძერიას ოჯახური ბიზნესის მართვისას და მეტ-ნაკლებად ერკვეოდა ავტონაწილებში, თუმცა ქმრის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მისი საქმის გაგრძელება ითავა და კარგადაც გამოუვიდა. ზუგდიდში „ფოლკსვაგენისა“ და „აუდის“ მარკის მანქანების ნაწილები თუ დაგჭირდათ, ყველა ხელოსანი მასთან მიგასწავლით.

კლიენტების ზარი ტელეფონზე არ წყდება და ხშირად, მისი ხმის გაგონებაზე, ბოდიშსაც კი იხდიან, მგონი სხვაგან მოვხვდითო. არადა ზუსტად გულისხმიერი მასწავლებლის ხელში აღმოჩნდებით, როგორც კი მისი სახლის კარს შეაღებთ. სწორედ იქ აქვს ავტონაწილების საწყობები განთავსებული, ყვავილებით მორთულ ეზოში კი რამდენიმე დაშლილი მანქანა უდგას, რომელსაც ასაკის მიხედვით „დიდ ბებიას“, „ბებიას“, „შვილსა“ და „4 წლის ბავშვს“ უწოდებს ხუმრობით. ის ბევრ მამაკაცზე უკეთ ერკვევა „პაჩობნიკების“, „კლაპნების“, „გალოვკების“, „ტურბოების“ ნიუანსებში და ყოველდღე, დილის 9 საათიდან გვიანობამდე დაუზარებლად აძლევს რჩევებს როგორც დაბნეულ მძღოლებს, ისე ახალბედა ხელოსნებსაც.

 

ძველი თუ უახლესი მანქანების ნაწილებისათვის მას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (მათ შორის – აფხაზეთიდანაც) უკავშირდებიან, თავად კი ინტერნეტით ამყარებს კონტაქტებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – გარეთ. უცხოეთიდან ჩამოჰყავს მანქანები, შემდეგ მათ ხელოსანი შლის, ნაწილებს კი ადგილს თავად უჩენს და მომხმარებლბსაც თვითონ ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ სახლში, სადაც მეორადი ავტონაწილების რამდენიმე სათავსოა („ბამპერების“, ბორბლების, სალონისა თუ სხვადასხვა წვრილ-წვრილი დეტალის) ორი ქალი და ორი გოგონა ცხოვრობს. ეკა თავმდაბლად აღნიშნავს, რომ მეუღლის გაკვალულ გზაზე დადის, რომ ქმრის პატივისცემის გამო არ ელევა მომხმარებელი პროდუქციას, თუმცა, ვფიქრობ, კლიენტების რამდენიმეწლიან ერთგულებასა და პატივისცემას სწორედ მისი პროფესონალიზმი და გულისხმიერება განაპირობებს.

 

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

0

ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო მკითხველებო, ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” და ჟურნალი “მასწავლებელი,” გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! გილოცავთ და გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებას! ვისურვოთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან უფრო მეტად დაეფასებინოთ ჩვენი შრომა, რომელიც ძალიან რთული, მაგრამ საინტერესეო და მნიშვნელოვანია. ვისურვოთ, რომ  გვქონდეს ჩვენი პროფესიული განვითარების სურვილი და შესაძლებლობა და  ვისურვოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს უფრო მეტად შევაყვაროთ სკოლა და გავუჩინოთ  ცოდნის მიღების სურვილი.

კლასკომპლექტის მასწავლებელი

0

ის აქტიურად იყენებს თამაშის ხელოვნებას, უფრო ზუსტად, თამაშით სწავლების მეთოდებს. კარგად ახსოვს, როგორი გაკვეთილები მოსწონდა ან არ მოსწონდა. ბავშვობის თამაშების საწყისი პირობა, „ვითომ, ვითომ“, საკლასო სივრცის მიზნებს მოარგო.

სარა კურეტიშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის კლასკომპლექტის მასწავლებელია. სულ რვა მოსწავლე ჰყავს – პირველკლასელები და მესამეკლასელები.

– მახსოვს, მეოთხე კლასში დავწერე, რომ ამ სკოლის რუსულისა და მათემატიკის მასწავლებლობაზე ვოცნებობდი. ნაწილობრივ ამიხდა ოცნება – აქ ვარ და მათემატიკასაც ვასწავლი. თსუ ფრანგულის სპეციალობით დავამთავრე, მაგრამ ეს ცოდნა ვერაფერში გამოვიყენე, ძველი სიყვარულივით შემრჩა. ამ ზაფხულს მოგზაურობისას გამომადგა და გამიხარდა.

მასწავლებლობა 2011 წელს ბოჭორმის სკოლაში დავიწყე. 2014–ში ჩემს მშობლიურ სკოლაში მოვედი დაწყებითი კლასის მასწავლებლად. უფროსი მასწავლებლის სტატუსიც ამ მიმართულებით მაქვს.

შარშან ამ სკოლის უფროსკლასელებს ვკითხე, თქვენი აზრით, დღევანდელი მასწავლებელი როგორი უნდა იყოსმეთქი. ერთმა მათგანმა დაუფიქრებლად მიპასუხა, როგორიც სარა მასწავლებელიაო. მაინც როგორი ხართ?

– რა ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. ვიცი, რომ ბავშვებთან უბრალო, უშუალო უნდა იყო, ენდო მათ, ისე დაგეგმო გაკვეთილი, რომ არ დაღალო, თამაშით მიიყვანო მიზნამდე. მათთან ერთად გაიოცო, შეშინდე, იდარდო და იმხიარულო. ძალიან მოსწონთ დიორამებით, ვიდეოებით სწავლება. თეორიული და პრაქტიკული მასალა მონაცვლეობით უნდა გამოიყენო, რომ ბავშვმა ყურადღება არ მოადუნოს.

ვიცი, ვიდეოფილმებს, ვიდეომასალებს ქმნი და იყენებ, უფროსკლასელებთან ერთადაც იმუშავე საკონკურსო ვიდეოზე

– თუ მოინდომე, ყველაფერს ისწავლი. მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოების, შეფასების საკითხებისა და ბევრი სხვა რამის მიმართ  კრიტიკულად ვარ განწყობილი, სისტემა მასწავლებლის განვითარებას ნამდვილად უწყობს ხელს. ტრენინგების დახმარებით ვისწავლე ვიდეოგადღება, ვიდეომონტაჟი და კიდევ ბევრი რამ, რასაც სწავლებისას ვიყენებ. ტრენინგები ძალიან მიყვარს. არ მინდა, სიახლეებს ჩამოვრჩე, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი.

რას გულისხმობთ?

– მინდა, კარგად ვიცნობდე ბავშვის ფსიქოლოგიას, ასაკობრივ თავისებურებებს. კლასში ორ მოსწავლეს უთანხმოება მოუვიდა. ბუნებით ორივე ლიდერი იყო და პირველობას არც ერთი არ თმობდა. რამდენჯერმე ვცადე კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. ვიკითხე ლიტერატურა, გამოცდილებს ვკითხე. დავსხი ბავშვები, ერთად ვიმსჯელეთ, ვიფიქრეთ და გამოსავალსაც ერთად მივაგენით. კონფლიქტი მოგვარდა და ურთიერთობaც დალაგდა. იფიქრებ, პატარები არიან, რა ჭკუა მოეკითხებათო, მაგრამ უნდა უსმინოთ, როგორი ლოგიკა აქვთ.

კლასკომპლექტში მუშაობა თავისებურ მიდგომ მოითხოვს. რა სირთულეებს აწყდებით?

– თავდაპირველად დროის განაწილება მიჭირდა. თანდათან ავუღე ალღო. პატარები არიან, გამუდმებით სჭირდებათ ყურადღება, ამ სიტუაციაში კი მესამეკლასელებს უკვე უფროსების როლი ეკისრებათ. სულ ვნატრობ, ნეტავ მრავალრიცხოვან კლასში მამუშავა, რომ სხვადასხვა მეთოდის გამოყენების საშუალება მომეცეს–მეთქი. აშკარაა, კლასკომპლექტს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. პირველკლასელებთან სკოლასა და საკლასო ოთახში ქცევის წესების ახსნა არ დამჭირვებია, მესამეკლასელებმა აუხსნეს, თანაც უფრო გასაგებად, ვიდრე ამას უფროსი მოახერხებდა. კლასკომპლექტი კარგი გარემოა სოციალური ურთიერთობების განვითარებისთვის. უფროსები ზრუნავენ პატარებზე, პასუხისმგებლობა გამოუმუშავდებათ. თანაც კლასის საათზე საინტერესო აქტივობათა დაგეგმვის საშუალება გვეძლევა.

თქვენს შემაჯამებელ აქტივობაზე გვიამბეთ, ისეთი შთამბეჭდავი ფოტოები და კომენტარები გაქვთ, ჩანს, კარგად გამოგივიდათ.

– ეს იყო პროექტი „იაკობი და ჩვენ“, რომელიც ჩემმა კლასმა, მუსიკის მასწავლებელმა ნინო ქავთარაძემ და მე განვახორციელეთ. იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით სპექტაკლი დავდგით. დიდხანს ვემზადებოდით. მოსწავლეებმა ამაში დიდი შრომა და ნებისყოფა ჩადეს. დეკორაციები თავად ავაწყვეთ. ძალიან მონდომებულები იყვნენ, უხაროდათ. მოვიწვიეთ სტუმრები, სოციალური ქსელითაც გავავრცელეთ ინფორმაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მგონი, მოეწონათ მასწავლებლებს, მშობლებს და, რაც მთავარია, თავად ბავშვებს. მათ ძალიან სჭირდებათ დღესასწაულები.

როგორც ვხედავ, სკოლაში თავს კარგად გრძნობთ

– მასწავლებლობა ჩემი პროფესიაა და თავი სხვაგან ვერ წარმომიდგენია. მინდა, ბევრი ახალი მეთოდი ავითვისო და გამოვიყენო, რომ ბავშვებმა ხალისით ისწავლონ. სექტემბრიდან ახალი მიზნები მაქვს. რთული კი ნამდვილად არის. ვაკვირდები ჩემს კოლეგებს და ვფიქრობ გამოცდილებზე, უფროსებზე… რა სირთულეები გადაიტანეს, ფაქტობრივად ენთუზიაზმის ხარჯზე გააძლებინეს სკოლას, ბავშვები არ მიატოვეს. თოვლსა და ყინვაში ფეხით გამოიარო კილომეტრები და გაკვეთილი ჩაატარო, თან საარსებო წყარო გქონდეს საძებნი, ადვილი არ არის. პატივს ვცემ იმ პედაგოგებს, ოჯახშიც ქვეყნის საქმეს რომ აკეთებენ და სკოლაშიც ყველაფერი მოწესრიგებული აქვთ. მისაბაძად მიმაჩნია მასწავლებლები, ახალ რესურსებს, ახალ მეთოდებს რომ ქმნიან და სხვებსაც უზიარებენ, ისინიც, ქალაქებს რომ ტოვებენ და მთის სოფლებში მიდიან. მოკლედ, მომწონს, რომ მასწავლებელი ვარ, ვიცი, ჩემს ბავშვებს ვჭირდები.

 

სარას ბებიის სახელი ჰქვია. უყვარს სიმღერა, ფოლკლორულ ანსამბლ „სიონის ზარებშიც“ მღეროდა. თამაშობს ჩოგბურთს, საოჯახო საქმეებში ეხმარება მშობლებს. უყვარს მოგზაურობაც. ახლახან საბერძნეთი მოიარა და მეტეორას სამონასტრო კომპლექსის შთაბეჭდილებების ქვეშაა. აქვს საინტერესო არქივი: აგროვებს მოსწავლეების ნაწერებს, რომლებშიც სიყვარულს ეფიცებიან.

სხვა სკოლაში გადავდივარ

0

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ათასობით მოსწავლე, რომლებსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ და გამუდმებით სჭირდებათ მზრუნველობა, ქცევითი პრობლემების გამო იტანჯება. მოუსვენრობას, შფოთვასა და განწყობის ხშირ ცვლილებას მკვლევრები იმას აბრალებენ, რომ მშობლები ამ მოსწავლეებს ხშირად უცვლიან სკოლას, ერთიდან მეორეში გადაჰყავთ, რაც ხშირად საცხოვრებელი ადგილის შეცვლასაც იწვევს.

ინგლისელი მოსწავლეთა ოფიცერი ანე ლონგფილდი ადასტურებს, რომ ბრიტანეთში ყოველწლიურად ძალიან ბევრ ბავშვს უცვლიან სოციალურ მუშაკს, საცხოვრებელ ადგილსა და სკოლას.

2015-2016 წლებში დიდ ბრიტანეთში საცხოვრებელი ადგილი და სკოლა დაახლოებით 50 000 მოსწავლეს შეუცვალეს, რაც სავალალოდ აისახება მათ განვითარებასა და უნარ-ჩვევებზე, 7000-ზე მეტი ბავშვი კი წელიწადში რამდენჯერმე გადაიყვანეს სხვა სასწავლებელში. როგორც მკვლევრები ამბობენ, სკოლის შეცვლა წელიწადში ერთხელაც კი სარისკოა. კანონმდებლობის მიხედვით, მოსწავლემ წელიწადში მხოლოდ სამჯერ შეიძლება შეიცვალოს სკოლა. 2016 წელს კი მშობლებმა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ათ ბავშვს შეუცვალეს სკოლა სამჯერ.

მკვლევრები მშობლებს აფრთხილებენ, რომ სკოლის ხშირი ცვლილება რამდენიმე კუთხით აისახება ბავშვზე:

* შეინიშნება სწავლის მიმართ ყურადღებისა და მოტივაციის განელება. თანაკლასელებთან ხშირი კონფლიქტი, ემოციური არასტაბილურობა და ქცევის უმართავობა.

* ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო ურთულებს პატარებს უცხო გარემოში ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას. ეს, თავის მხრივ, კიდევ უფრო აქვეითებს მათ თვითშეფასებას და იზოლაციისკენ, ჩაკეტილობისკენ უბიძგებს.

ანე ლონგფილდი ამბობს, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა სტაბილურობა, ხშირი ურთიერთობა ნაცნობ მასწავლებლებსა და უკვე დამეგობრებულ თანატოლებთან. ეს მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეხმარება, ადვილად გადაჭრან ურთიერთობის პრობლემები, რომლებსაც წინათ შეეჩეხნენ.

ცვლილებები ხშირად გარდაუვალია, მაგრამ მშობლებმა კარგად უნდა შეაფასონ თავიანთი შვილების მდგომარეობა და მათი მომავალი განვითარება. პატარების უმეტესობას შესაძლოა მწვავე, კომპლექსური პრობლემები ჰქონდეს, ამიტომ მათთვის უკეთესი, კონსისტენტური გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, – ამბობს ანნე.

ლონგფილდი მშობლებს ურჩევს, თვალი გადაავლონ ბოლოდროინდელ კვლევებს, სადაც მკვლევრებმა სტაბილურობის ინდექსი მიმოიხილეს. ინდექსი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მათ და აღუწერს, თუ როგორ აისახება ცვლილებები ბავშვებზე და როგორ უნდა მოარიდონ ისინი უმიზნო და უსარგებლო ცვლილებებს.

 

 

„ესა მესა, გადის ესა“ –  არდადეგებზე გათვლილი წიგნები

0

ზაფხული ამჯერადაც თვალსა და ხელს შუა მიილია, არდადაეგებიც თვალის დახამხამებაში გაფრინდა. არ გამიკვირდება, წიგნებისთვის თუ ვერ მოიცალეთ. არადა, რამდენი წიგნი იყო ზაფხულში წასაკითხად გათვლილი! „ეს წიგნი მესა, გადის ესა,“ – ფიქრობდით, იოლად გაიცხრილებოდა გაზაფხულის მიწურულს ჩამოწერილი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის უზარმაზარი სია. ახლა რა გაუძლებს მშობლებისა და მასწავლებლების დამცინავ ტონსა და ირონიულ გამოხედვას, როდესაც მათი დასმული საბეიდისწერო კითხვა „რა წაიკითხე ზაფხულის არდადეგებზე?“ ხასიათს მოგიწამლავთ!

ამ მდგომარეობიდან შემიძლია მარტივად გიხსნათ პატარა და „ყოჩაღი“ წიგნების დახმარებით – მათ ერთ დღეში წაიკითხავთ, სასაუბრო და მოსაყოლი კი უამრავი დაგიგროვდებათ. ყოველ შემხვევაში, უხერხულ დუმილისა და უფროსებისთვის თვალის მორიდებას ნამდვილად გადაურჩებით. გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (და კითხვა გათვლებსა და ანგარიშებს აღარ დაუკავშიროთ),  ეს წიგნები ნამდვილად მოგეწონებათ, კითხვის ხასიათზე მოგიყვანთ და შესაძლოა, მხოლოდ მათ აღარც დასჯერდეთ.

მარია ფარის „ვაფლის გულები“ (+9)

წიგნის მთავარი გმირები ცხრა წლისანი არიან: ლენას მწვანე თვალები და ცხვირზე შვიდი ჭორფლი აქვს, თრილეს ღია ფერის თვალები, ლოყაზე კი ფოსო. თუ შევთანხმდებით, რომ საბავშვო ლიტერატურაში ცელქობით პირველ ადგილზე პეპი გრძელწინდაა, მეორე ადგილში ლენას ნამდვილად ვერავინ შეეცილება. ის თავის სახლიდან თრილეს სახლამდე ხან თოკს გაჭიმავს და მის გამძლეობას თავადვე ამოწმებს, ხან ტრამპლინიდან პირდაპირ შუა სამანქანო გზაზე ხტება, რის გამოც ხშირად „თავი ტვინის შერყებვით აქვს სავსე.“  გოგონას სკოლა არ უყვარს, ოცნებობს, დათვივით ბუნაგში შეძვრეს და ზაფხულის მომდევნო არდადეგებამდე ზამთრის ძილით დაიძინოს. თრილე კი ხშირად ნატრობს შუბლზე ისეთი ღილაკი ჰქონდეს, დააჭიროს და გაქრეს (ასეთ სურვილს ლენას შექმნილი უხერხული სიტუაციები უჩენს).

თრილეს პაპა საუკეთესო უფროსია, რომელსაც ბავშვები იცნობენ: მას შეუძლია სახლი საომარ შტაბად აქციოს, ქამარში გაყრილი გასაბრტყელებელი ჯოხით კი მეკობრეების მეთაურად გარდაისახოს, ჯიბის ფანრით „შეიარაღებული“ ზოგჯერ თრილეს დედას ყავასა და ორცხობილებს სძალავს, თან გაიძახის: „ან ყავა ან სულიო!“ რაც შეეხება პაპიდას, ის ხომ გაჭირვების ნამდვილი ტალკვესია, „რაზე არ ამბობენ საუკეთესოა, მაგრამ პაპიდას ვაფლებთან დედამიწის ზურგზე მართლა ვერაფერი მივა,“ ამაში თქვენც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, წიგნის სანიშნეზე პაპიდას საოცარი ვაფლების რეცეპტს თუ გამოცდით.

„ვაფლის გულების“ ავტორი შვედი მარია ფარი დაწყებითი კლასების პედაგოგია, წიგნის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ის პატარების გულისნადებისა და ფარული ფიქრების მიგნების დიდოსტატია. მშვენივრად იცის და ჩვენც მოხერხებულად გადმოგვცემს როგორია „მათემატიკის გაკვეთილის ოხვრა“ („პატარა ლენას ხშირად რომ აღმოხდება), გვიმჟღავნებს თრილეს გრძნობებს (ბიჭუნა ლენას საუკეთესო მეგობრად თვლის თავს, თუმცა დაკვრვებული თვალი იმასაც შეამჩნევს, რომ მის ბავშვურ გულს სიყვარული შეჰპარვია). ასე რომ, „ვაფლის გულებში,“  როგორც ნებისმიერ საბავშვო წიგნში, უფროსებსაც უამრავი თავშესაქცევი გველოდება.

ანა გავალდას „35 კილო იმედი“ (+9)

„ვერ ვიტან სკოლას!“ – ასე იწყება ეს პატარა და გრძნობებით სავსე წიგნი. საკუთარ თავგადასავალს პირველ პირში გვიამბობს პატარა ბიჭუნა, რომელსაც სწავლამ ცხოვრება გაუმწარა. მას მერე, რაც აღმოაჩენს, რომ სკოლაში მხოლოდ პირველ დღეს კი არა, ყოველდღე უნდა იაროს, მის გარშემო ყველაფერი თავდაყირა დგება. ერთადერთი ნათელი წერტილი საგანმანათლებლო სისტემაში მისთვის მარი მასწავლებელია, რომელიც მხოლოდ ერთი წელი საუკეთესო საგანს, ჩხირკედელაობას ასწავლის. სწორედ მარი მასწავლებლისგან ვიგებთ (წიგნის მე-12 გვერდზე), რომ პატარა ბიჭუნას გრეგუარი ჰქვია. ჩემი აზრით,  ეს ორიგინალური ნიუანსი ნაწარმოების ერთგვარი სამკაულია, მანამდე გრეგუარს დედ-მამა ეჩხუბება, არიგებენ, სჯიან, მის სახელს კი არავინ წარმოთქვამს. ავტორი მთავარი გმირის წარდგენის პრეროგატივას სწორედ მარი მასწავლებელს ანიჭებს.

ბაბუა „35 კილო იმედშიც“ ზღაპრული პერსონაჟია: შვილიშვილის დამცველი, შემწე, მოსიყვარულე და მისთვის თავგადადებული (როგორც ბაბუებს სჩვევიათ, ყველაზე მაგარი „ბიჭია“ დედამიწის ზურგზე). აღმოჩნდებით თუ არა ბაბუას სურნელოვან ფარდულში, ამაში მაშინვე დარწმუნდებით. იმასაც შეიტყობთ, რისი იმედი აქვს პატარა გრეგუარს, ოცდათხუთმეტ კილოს რომ იწონის და უწერია თუ არა მის სანუკვარ სურვილებს ახდენა.

ანა გავალდას ეს მცირე ზომის წიგნი ბავშვებს უკეთ დაანახვებს საკუთარ თავს, მშობლებს კი დაგვაჯერებს, რომ მეტი ყურადღება გვმართებს საკუთარი შვილის განსაკუთრებული ინტერესების მიმართ.

იუსტაინ გორდერის „ჰეი, არის მანდ ვინმე?“ (+7)

ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, იუსტაინ გორდერის, როგორც საბავშვო მწერლის მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ რთულ თემებზე მარტივად  საუბარი შეუძლია. მისი ნაწარმოებები გულწრფელობით გამოირჩევა, სწრაფად და იოლად იკითხება,  მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის ათვისებაშიც კი ეხმარება.

რვა წლის ჯო ძამიკოს დაბადაბეამდე ცოტა ხნით ადრე ვაშლის ხეზე თავდაყირა ჩამოკიდებულ პატარა მიკას იპოვის, ბიჭებს შორის „ფილოსოფიური“ საუბარი გაიმართება. ისინი უამრავ საინტერესო კითხვას სვამენ. წიგნში ეს კითხვები  განსხვავებული შრიფტით ცალკეა გამოყოფილი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინტერესო თემებზე საუბრის საშუალებას იძლევა. თუმცა გორდერის აბზაცები უფროსებსაც ბევრ რამეზე დააფიქრებს:

„მოგზაურობას შორს მივყავართ, ქვეყნიერების ზურგზე, სიზმარს კი უფრო შორს, მის სიღრმეში.“

„მუდამ მაოცებდა და მაოცებს კოსმოსი, თუმცა ისიც ყოველთვის მაკვირვებს, რომ მაქვს თავი და გონება, რომელსაც ჩემსავე სამყაროში შევყავარ.“

საკუთარ თავში მოგზაურობა, საკუთარი თავის მიგნება, სამყაროზე კი მეტი გულისყურით დაკვირვება, – აი, რის ხასიათზე დაგაყენებთ ეს წიგნი.

ჟან კლოდ მურლევას „პირაღმა მდინარე“ (+10)

„პირაღმა მდინარე“ ორტომეულია. პირველ წიგნს „ტომეკი“ ჰქვია, მეორეს – „ჰანაჰი.“ თუ გსურთ, თქვენს ცხოვრებაში სინათლემ და სიკეთემ შემოაღწიოს, ორივე წაიკითხეთ.

თხუთმეტი წლის ტომეკი თავის პატარა მაღაზიში ყველაფერს ყიდის. ერთ დღეს, შაქარყიუნლის საყიდლად მისული თორმეტი წლის ჰანაჰი ტომეკს თავგზას აურევს (გოგონა ისეთ მდინარეს დაეძებს, რომელიც პირაღმა მიედინება და რომლის ბოლოში აღებულ წყალსაც უკვდავების ძალა აქვს) და „სამყაროს მოხილვის ხასიათზე“ დააყენებს.

როგორც ხედავთ, ნაწარმოების დასაწყისი ზღაპარში სამოგზაუროდ საუკეთესო წინაპირობებს გვთავაზობს, თუმცა არც მერე მოისაკლისებთ საინტერესო შეხვედრებს, იქნება ეს ჭკუამხიარული და ფუმფულა მარი სახედარ კადიშონთან ერთად თუ თავდავიწყების ტყე, გემის გულადი კაპიტანი თუ ბრაზიანი ცისარტყელა, არარსებული კუნძული თუ ყვავილების ოკეანე. აი, ლურჯი ყვავილებს (სახელად იალქნები რომ ჰქვია) კი უნდა ერიდოთ, თორემ მათი სურნელი ძილს მოგგვრით და სანამ პარფიუმერები ყურში „გაღვიძების სიტყვებს“ არ ჩაგჩურჩულებენ, ვერ გაიღვიძებთ. ისიც უნდა გაგიმხილოთ, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური „გაღვიძების სიტყვები“ ჰქონია და მათ მოძებნას ზოგჯერ უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ჩემი შემოთავაზებული ოთხი წიგნის წაკითხვას. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა, გაითვალეთ და სასურველი წიგნით დაიწყეთ.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...