ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

როგორ სწავლობს ბავშვი მეგობრობას 

0

წლების წინ ხელში ჩამივარდა  ერთი ქალის დაწერილი წიგნი გოგონებზე (https://bit.ly/2DHToyN ), სადაც ბევრ სხვა საინტერესო ამბებთან ერთად ეწერა მისი, როგორც დედის გამოცდილება: როგორ გადააგორა თავისი შვილების გარდატეხის წლები  მშვიდად და უპრობლემოდ  მხოლოდ იმიტომ, რომ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და როცა მისმა შვილებმა მეგობრები გაიჩინეს, თავისი სახლი შესთავაზა თავშეყრისა და გართობის ადგილად. მერე  წლების განმავლობაში აკვირდებოდა მათ ურთიერთობებს, განვითარებას, სევდასა და სიხარულს, მუდმივად პულსზე ედო ხელი. გემრიელ საჭმელებს უმზადებდა, მათ გართობაში დიდად არ ერეოდა და ბავშვებს უსაფრთხო, კომფორტულ გარემოს სთავაზობდა სხვა საეჭვო ადგილების სანაცვლოდ, სადაც შეიძლება აღმოჩნდნენ სკოლის შემდეგ მოზარდები.

ამ წიგნის კითხვისას  ვფიქრობდი, რა მშვენიერი რამ მოუფიქრებია ამ ქალს.  მეც ეგრე მოვიქცევი, ჩვენ სახლს და დროს ბავშვებს და მათ მეგობრებს დაუნანებლად მოვახმარ,  ადამიანებზე დაკვირვება მაინც მიყვარს, ხელის გაწვდენის მანძილზე მეყოლებიან ჩემი შვილები და მათი მეგობრები და მშვენიერი იქნება ეს ყველაფერი-მეთქი.

მე დიდად კომუნიკაბელური ბავშვი არასოდეს ვყოფილვარ. სხვებთან ურთიერთობაში ძალისხმევის დახარჯვას ჩემთვის ყოფნა მერჩია და ბევრი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ საკუთარი ნაჭუჭიდან გამოსვლა მეიძულებინა ჩემი თავისთვის. ჩემი შვილები რომ გაჩნდნენ, სხვა ბევრ რამესთან ერთად, იმაზეც დავიწყე ფიქრი, როგორ ყოფილიყვნენ უფრო ღია და გახსნილები და მეტი მეგობარი  ჰყოლოდათ. თან იმ მიზეზებზე ვფიქრობდი, რაც მე ან სხვა ჩემნაირ ბავშვებს გვიშლიდა ხელს ადამიანებთან ურთიერთობისას.

ჩვენ გვქონდა ცოტა უსაფრთხო სივრცე, სადაც ბავშვების თავშეყრა შესაძლებელი იქნებოდა, ცოტა გასართობი ან საგანმანათლებლო ადგილი და ჩვენი ტრაექტორია ძირითადად სკოლა-სახლით შემოიფარგლებოდა. ჩვენ გარშემო ბევრი სტერეოტიპი არსებობდა ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების ან არანორმატიული ქცევის მქონე ადამიანების მიმართ. ცოტა იყო ემპათია განსხვავებული საჭიროების მქონე ხალხის მიმართაც და ეს განწყობები ჩვენდაუნებურად ახდენდა გავლენას ჩვენს ქცევაზე. მაშინ მოსწავლე, რომელიც კარგად სწავლობდა და მოწესრიგებული იყო,  მოსაწყენ ადამიანად ითვლებოდა. ის კი, ვისაც კარგად სწავლა არ გამოსდიოდა, „ოროსნის” სტატუსის ქვეშ ცხოვრობდა და საერთოდ, ყველას რაღაც სტატუსი ჰქონდა და მათგან დადებით კონოტაციას თითქმის არცერთი არ ატარებდა. ოჯახიდან, საზოგადოებიდან, გარემოდან გამომდინარე ბევრ კედელს ვეჯახებოდით და არც არის გასაკვირი ჩვენი ქცევა, ვინც მარტო ყოფნას ვირჩევდით.

ჩემს შვილებს კომუნიკაციის კარგი უნარები აქვთ: ადვილად უმეგობრდებიან ბავშვებს, უყვართ როცა სტუმრად დადიან ან ჩვენთან მოდიან მათი და ჩვენი მეგობრები, საჯარო სივრცეებში ადვილად ახერხებენ უცხო ბავშვებთან საერთო ენის გამონახვას, დაძაბულ სიტუაციებში ერთმანეთს იცავენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, ცდილობენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც სამართლიანად ქცევა მოსთხოვონ და ისე გამოვიდა, რომ, წესით, მშვიდად უნდა ვიყო. თუ არ დავიზარებ მათი მეგობრების გამასპინძლებას, წვეულებებზე წაყვანას, გასეირნებასა და სხვადასხვა აქტივობებში ჩაბმას, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. არა იმიტომ, რომ რასაც ვფიქრობდი, ის არ გამომივიდა – არა. მივხვდი, რომ ურბანულ გარემოში მცხოვრები თანამედროვე ბავშვების ცხოვრება  თავისთავად უკვე მკაცრად დადგენილ ჩარჩოებსა და წესებს გულისხმობს, რომლებიც ბავშვების შესაძლებლობებს ძალიან ზღუდავს და მათ სურვილებს კონკრეტულ ფორმებში სვამს, რომელსაც ბავშვებიც და უფროსებიც იძულებული ვართ დავემორჩილოთ. ეს შეზღუდული გარემოებები და შესაძლებლობები კი მათ განვითარებაზე, კომუნიკაციის უნარების ჩამოყალიბებაზე, დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალიზმზე არც თუ ისე კარგ გავლენას ახდენს და რაც არ უნდა მოინდომო შენ, ერთმა მშობელმა ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა, მისია შეუსრულებელი ჩანს.

დიდად არც ის პრობლემები მოგვარებულა, რაც ჩვენ გვიშლიდა ხელს – ვყოფილიყავით ლაღი და გახსნილი. საჯარო სივრცეები შესაძლოა დღეს უფრო უსაფრთხოა, მაგრამ ისევ ცოტაა და ეს განწყობებიც არსად წასულა. ახლა უბრალოდ ვიცით, რა დავარქვათ ეთნიკური, რელიგიური ან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლების მიუღებლობას ან სკოლაში „ოროსნის” ძახილს, მაგრამ ამ ვნებებისგან მაინც ვერ ვართ თავისუფალი და შიში იმისა, რომ ბავშვი მეგობრების არჩევისას გარემო ფაქტორებით ან სტეროტიპების გავლენით იმოქმედებს, სამწუხაროდ, დღესაც არ არის უსაფუძვლო. საკუთარი თავის, ადამიანების და გარესამყაროს მიმართ ნდობა ისევ გვიჭირს. ნდობის გარეშე კი  როგორ ისწავლის ბავშვი მეგობრობას?

 

 

 

 

 

აგრესიული ქცევის ჩამოყალიბების მიზეზები ბავშვებში (დასაწყისი)

0

 

აგრესია ბავშვებსა და მოზარდებში აქტუალური თემაა, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ნაწყვეტები წიგნიდან „აგრესია“, რომლის ავტორები არიან ამერიკელი ფსიქოლოგები რობერტ ბერონი და დებორა რიჩარდსონი.

 

აგრესიული ქცევის ჩამოყალიბება ბავშვებში – ოჯახური ურთიერთობები

 

გთავაზობთ აგრესიული ქცევის ჩამოყალიბების ფაქტორთა ანალიზს. ძირითადად განვიხილავთ, როგორ უყალიბდებათ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ აგრესიულად მოქცევისადმი მიდრეკილება.

აგრესიის კვლევის სფეროში აქცენტი დაისმის იმაზე, თუ როგორ ითვისებენ აგრესიული ქცევის მოდელს ბავშვები, ამიტომ ჩვენი ინტერესის საგანი სწორედ ბავშვთა აგრესიულობა იქნება. მაგრამ საუბარი ეხება არა მთელი სიცოცხლის განმავლობაში აგრესიული ქცევის ევოლუციას, არამედ აგრესიული რეაქციების წარმოქმნასა და განმტკიცებას. ოჯახური ცხოვრების სტილის რომელ თავისებურებებს შეუძლია განაპირობოს მომავალში ადამინის აგრესიულობა?

აგრესიული ქცევის შესახებ „ცოდნას“ ბავშვები სამი ძირითადი წყროდან იძენენ:

ოჯახს შეუძლია, ავლენდეს აგრესიული ქცევის მოდელს და, იმავდროულად, ეწეოდეს მის განმტკიცებას. ბავშვებში აგრესიული ქცევის გამომჟღავნების ალბათობა მით უფრო იზრდება, რაც უფრო ხშირად არიან ისინი აგრესიის შემსწრე საკუთარ ოჯახში;

◦ აგრესიული ქცევის მოდელს ბავშვები თანატოლებისაგანაც სწავლობენ, უმტავრესად -თამაშის დროს.

◦ დაბოლოს, ბავშვები სწავლობენ აგრესიულ ქცევას არა მხოლოდ რეალურ მაგალითებზე, არამედ ვირტუალურადაც, მაგალითად, მასმედიის საშუალებით.

აგრესიული ბავშვები, როგორც წესი, იზრდებიან ისეთ ოჯახებში, სადაც ბავშვებსა და მშობლებს შორის უზარმაზარი დისტნციაა; სადაც უფროსები ნაკლებად ინტერესდებიან შვილების პიროვნული განვითარებით; სადაც არ სუფევს საკმარისი სითბო და სიყვარული; სადაც ბავშვის მიერ გამომჟღავნებულ აგრესიულ ქცევას გულგრილად ეკიდებიან ან არასათანდოდ აფასებენ; სადაც „აღზრდის“ მეთოდად, ნაცვლად ზრუნვისა და მოთმინებისა, ძალისმიერ მიდგომებს, ფიზიკურ ზემოქმედებას იყენებენ.

სწორედ ოჯახია ის ადგილი, სადაც პატარა პირველად სოციალიზაციას გადის. ოჯახის წევრების ურთიერთდამოკიდებულების მაგალითზე სწავლობს ბავშვი სხვა ადამიანებთან ურთიერთობას და მთელი სიცოცხლის განმავლობაში იყენებს სწორედ ბავშვობაში შეთვისებულ მოდელს. მშობლების რეაქცია ბავშვის არასწორ საქციელზე, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ხასიათი, ოჯახური ჰარმონია ან დისჰარმონია, და-ძმებს შორის დამოკიდებულება, – აი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ბავშვის აგრესიულ ქცევას ოჯახში და მის გარეთ.

კვლევები ადასტურებს, რომ თუ ბავშვებს (განურჩევლად იმისა, რომელ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი) ცუდი ურთიერთობა აქვთ ერთ ან ორივე მშობელთან, თუ ბავშვებს მიაჩნიათ, რომ ისინი არაფრის მაქნისები არიან, ისინი არავის სჭირდება და ვერ გრძნობენ მშობლებისგან სათანადო მხარდაჭერას, შესაძლოა აგრესიული ქცევა ჩამოუყალიბდეთ. ასეთი ბვშვები თანატოლებისადმი გაღიზიანებას გამოხატავენ, მშობლებსაც აგრესიულად ექცევიან და შესაძლოა, დამნაშავეთა წრეშიც კი აღმოჩნდნენ ჩათრეულები.

1979 წელს მკვლევართა ჯგუფმა ასეთი კვლევა ჩაატარა: ბევრ სხვადასხვა პარამეტრთან ერთად მეცნიერები ლაბორატორიულად აკვირდებოდნენ, თუ როგორ ურთიერთობენ 15, 21 და 39 თვის ბავშვები დედებსა და სხვა ბავშვებთან. ერთ-ერთი პრამეტრი, რომელსაც მეცნიერები ზომავდნენ, იყო ის, თუ რამდენი ხნის შემდეგ აქცევდნენ ყურადღებას დედები ატირებულ შვილებს. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომელთა ხელში აყვანას და დამშვიდებას დედები ძალიან არ ჩქარობდნენ, უფრო აგრესიულდ იქცეოდნენ (მაგალითად, სჩვეოდათ დარტყმა, კბენა, ხელის კვრა, სხვისთვის რაიმე ნივთის წართმევის მცდელობა), ვიდრე ისინი, რომელთ მშობლებიც სწრაფად რეაგირებდნენ შვილის ტირილზე.

მიჯაჭვულობის თეორიის თანახმად, პატარა ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმ შეგრძნების მიხედვით, რომელსაც დედასთან ურთიერთობისას დაცულობის, უსაფრთხოების განცდა ეწოდება. თუ მცირე ასაკში ბავშვი საიმედოდ მიჯაჭვული იყო დედას, მომავალში ის უფრო მეტად ენდობა ადამიანებს, ექნება საკმაოდ კარგად განვითარებული სოციალური უნარ-ჩვევები. ამის საპირისპიროდ, ბავშვებს, რომლებიც არასაიმედოდ იყვნენ მიჯაჭვულები დედას, აქვთ შფოთვის მაღალი დონე, რადგან თავს დაცულად ვერ გრძნობენ; ისინი ან რეზისტენტულები ხდებიან, ან ამჟღავნებენ „გაქცევის“ ტენდენციას. ასეთი ბავშვები გაურბიან აღმზრედელებს, უძალიანდებიან კონტროლს, არ ასრულებენ რჩევა-დარიგებებს. რეზისტენტული ბავშვები დედასთან მცირე ხნით განშორებისასაც კი ძალიან ნერვიულობენ და ისიც უნდა ითქვას, რომ ხელახალი შეხვედრისას დედებს ძალიან უჭირთ მათი დამშვიდება. ასეთი ბავშვები ამჟღავნებენ ფიზიკურ აგრესიას, არიან იმპულსურები, ახასიათებთ ემოციური აფეთქებები.

ორიოდე სიტყვა და-ძმებს შორის ურთიერთობაზეც. 1990 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა თეზისი, რომ აგრესიული ქცევის შემთხვევები უფრო ხშირია იმ ბავშვებში, რომელთა და-ძმებიც აგრესიულად იქცევიან. და-ძმებს შორის აგრესიული ქცევის გამომჟღავნება ძლიერ კორელაციას ამჟღავნებს მომავალში აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებასთან. ამერიკელი ფსიქოლოგი პატერსონი ამბობს, რომ „და-ძმები არიან „მასწავლებლები“ იმ პროცესისა, რაც მათი ცხოვრების ნგრევას განაპირობებს. ანუ აგრესიული ბავშვების დები და ძმები თავდასხმას თავდასხმითვე პასუხობენ, რაც შეიძლება კონფლიქტის ესკალაციის წინაპირობად და უმცროსი დედმამიშვილისთვის აგრესიული ქცევის მოდელად იქცეს“.

აღზრდის სტილი. არსებობენ მშობლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აღზრდისას ჩარევა მინიმალური უნდა იყოს. ასეთი მშობლები შვილს უფლებას აძლევენ მოიქცეს ისე, როგორც თავად სურს და შეგნებულად ხუჭავენ თვალებს მცირე თუ უფრო დიდ გადაცდომებზე.

მშობლების მეორე კატეგორია ხშირად ერევა შვილების ცხოვრებაში. ასეთი მშობლები ყოველთვის სჯიან შვილებს საზოგადოებისთვის მიუღებელი საქციელის გამო, ხოლო სოციუმისთვის მისაღები ქმედებისთვის  აქებენ. ასეა თუ ისე, მშობლების უნებლიე თუ შეგნებული განმამტკიცებელი ქცევა ზოგჯერ ხელს უწყობს ბავშვებში აგრესიული ქცევის ჩამოყალიბებას.

დასჯა. საყოველთაოდ ცნობილია და ჯერ კიდევ 1963 წელს მკვლევართა მიერ მოპოვებული მრავალრიცხოვანი მასალის საფუძველზე ექსპერიმენტულადაც დადასტურდა, რომ „როდესაც მშობლები მეტისმეტად ლოიალურად ან მეტისმეტად მკაცრად ეკიდებიან შვილების (განსაკუთრებით – ვაჟების) აგრესიულ ქცევას, მომავალში დიდია ალბათობა, შვილებს უფრო სერიოზული აგრესიისადმი მიდრეკილება ჩამოუყალიბდეთ“.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მკაცრი სადამსჯელო მეთოდებით აგრესიის კონტროლის მცდელობა ფაქტობრივად ბუმერანგის ეფექტს იწვევს, უფრო მეტად აძლიერებს აგრესიულ ქცევას, ზრდის დემონსტრაციული აგრესიის დონეს.

კონტროლი. პატერსონმა და სტაუტჰამერ-ლებერმა 1984 წელს შეისწავლეს კორელაცია ასოციალურ ქცევასა და აღზრდის ოჯახურ ღირებულებებს შორის. მათ გამოიკვილეს ორასზე მეტი ოჯახი, რომლებსაც ჰყვდათ მეოთხე-, მეშვიდე- და მეათეკლასელი ვაჟები და აღმოაჩინეს, რომ ოჯხური აღზრდის ორი პარამეტრი – კონტროლი (შვილებზე ზრუნვის მაღალი ხარისხი და მათი ცხოვრების წესის შესახებ სრული ინფორმაციის ქონა) და თანამიმდევრულობა (შვილებისადმი წაყენებული მოთხოვნებისა და დისციპლინური ზემოქმედებისა) უშუალო კავშირშია ბავშვის ასოციალურ ქცევასა და საკუთარი ცხოვრების წესის მიმართ მის დამოკიდებულებასთან. ესე იგი ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც არ აკონტროლებენ შვილების ქცევას და თანამიმდევრულად არ იყენებენ დასჯის მეთოდებს, უფრო ხშირად იქცევიან ასოციალურად.

სხვა ფაქტორები. მკვლევარმა ფსიქოლოგებმა გამოკითხეს დაწყებითი სკოლის იმ სამასამდე მოსწავლის მშობლები, რომლებსაც ჰყავდათ ერთი ან მეტი და ან ძმა. კითხვა ასეთი იყო: როგორ სჯიან მშობლები შვილებს, როცა ისინი ერთმანეთს ეჩხუბებინ და რომელი შვილია უფრო ხშირად ჩხუბის წამომწყები? მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უმცროსი შვილები უფრო ხშირად იწყებენ ჩხუბს. გარდა ამისა, ბავშვები არ იქცევიან აგრესიულად, როცა მშობლები თავს იკავებენ მათი დასჯისგან. და კიდევ ერთი გარემოება: ჩხუბის დროს უფროსი შვილის დასჯის შემთხვევაში აგრესიის წარმოშობის ალბათობა იმატებს.

ამგვარად, როგორც დაუსჯელობა, ისე ზედმეტად მკაცრი სასჯელი თანაბრად განაპირობებს ბავშვის აგრესიულობის დონის მატებას.

სტატიის მეორე ნაწილში საუბარი გვექნება ბავშვების თნატოლებთან ურთიერთობის შესახებ აგრესიული ქცევის „დასწავლის“ ჭრილში.

პროექტული სწავლება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გეოგრაფიის სწავლებისას პროექტის მეთოდის გამოყენების მიზანია მოსწავლეთა მიერ გეოგრაფიული პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტა, კონკრეტული სასწავლო პროდუქტის შექმნა, რაც მოსწავლეებს თვითრეალიზაციისა და წარმატების განცდაში ეხმარება. გეოგრაფიაში პროექტებზე მუშაობა ავითარებს ისეთი ზოგადი თუ გეოგრაფიული უნარების კომპლექსს, როგორებიცაა შემცნებითი, პრაქტიკული, შემფასებელი, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენისა და რეფლექსიის უნარები. გარდა ამისა, მოსწავლეები იღებენ ახალ ცოდნას და ახდენენ მის ინტეგრაციასა და ტრანსფერს.

მოსწავლეები პროექტულ სწავლებას დამოუკიდებელი სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის საფუძველზე ახორციელებენ და გეოგრაფიული ინფორმაციის სხვადასხვა წყაროს იყენებენ: რუკებს, სტატისტიკურ მასალებს, საცნობარო და სამეცნიერო–პოპულარულ ლიტერატურას, მასმედიის მასალებს, ინტერნეტრესურსებს და სხვა.

გეოგრაფიის სწავლებისას ამ მეთოდს დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი არსი ის არის, რომ მოსწავლეებს დამოუკიდებლად უწევთ სასწავლო მასალის შესწავლა და შედეგის მიღება კონკრეტული პროდუქტის სახით. პროექტული სწავლება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სასწავლო საქმიანობა ზედმიწევნით მიუსადაგონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამოცანების გადაჭრას, რითაც სასკოლო განათლება პრაქტიკულ გამოცდილებას უახლოვდება, ხოლო სასწავლო პროცესი უფრო აქტიური და საინტერესო ხდება.

გეოგრაფიაში შეიძლება გამოვყოთ სასწავლო პროექტების შემდეგი ტიპები:

  • დომინირებად საქმიანობათა მიხედვით – ინფორმაციული, კვლევითი, შემოქმედებითი, გამოყენებითი ან პრაქტიკაზე ორიენტირებული;
  • საგნობრივი შინაარსის მიხედვით – მონოსაგნობრივი, საგანთაშორისი და არასაგნობრივი;
  • ხანგრძლივობის მიხედვით – მოკლევადიანი (როცა პროექტის დაგეგმვა, რეალიზაცია და რეფლექსია პირდაპირ გაკვეთილზე ხდება) და გრძელვადიანი (პროექტის ხანგრძლივობა ერთ თვეზე მეტია);
  • მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით – ინდივიდუალური, წყვილთა, ჯგუფური, კოლექტიური.

პროექტზე მუშაობა მოსწავლეთა ინტერესის სფეროს განსაზღვრით, პროექტის თემის შერჩევითა და ფორმულირებით, მისი მიზნებისა და ამოცანების ჩამოყალიბებით იწყება. თემის შერჩევისას შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებაა საჭირო:

◦ მოცემული ინფორმაციის მნიშვნელობა და საჭიროება მოსწავლეებისთვის;

◦ პროექტის სოციალური მნიშვნელობა;

◦ კავშირი გეოგრაფიის სასწავლო კურსში შემავალ თემებთან;

◦ პრობლემის დასმის შესაძლებლობა;

◦ საგანთაშორისი კავშირების რეალიზაციის შესაძლებლობა;

◦ მოსწავლეთა პირადი გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობა.

თუ მოსწავლეებს პროექტის თემის შერჩევა უჭირთ, შეგვიძლია, „პროექტების ბანკი“ გამოვიყენოთ.

ამის შემდეგ მოსწავლეები აგროვებენ, სწავლობენ და ამუშავებენ ინფორმაციას, სახავენ დასახული ამოცანების გადაწყვეტის გზებს, არჩევენ კვლევის შედარებით პერსპექტიულ და ოპტიმალურ მეთოდებსა და ხერხებს, სასწავლო პროდუქტის ფორმასა და პრეზენტაციის საშუალებებს. მასწავლებელი ამ პროცესის ფასილიტატორია და მოსწავლეთა საქმიანობას კოორდინაციას უწევს (იხ. დანართი „პროექტზე მუშაობის გეგმა“).

პროექტული სწავლების მეთოდი ხელს უწყობს პრობლემური მიდგომის ფართოდ გამოყენებას, როცა პროექტის თემის ძირითადი შინაარსი განსაზღვრული აქტუალური პრობლემის გადაწყვეტას ეხება, მაგ., კაცობრიობის გლობალური პრობლემების, მსოფლიოს ქვეყნების ან საქართველოს მხარეების შესწავლის დროს.

გეოგრაფიის კურსის ეკოლოგიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამჭოლი მიმართულებაა. ეკოლოგიური შინაარსის სასწავლო პროექტები მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ მსოფლიოს, საქართველოს და საკუთარი რეგიონის ან დასახლებული პუნქტის ეკოლოგიურ პრობლემებს. ასეთ პროექტებში ეკოლოგიური ცოდნა შემდეგი თანმიმდევრობით უნდა იქნეს განხილული:

ადამიანის მოთხოვნილება                       ზემოქმედების სახეები                  ანთროპოგენული დატვირთვა              გარემოს ცვლილება           შედეგები ადამიანისთვის             რაციონალური ბუნებათსარგებლობის ხერხები.

პროექტების გამოყენება ასევე შეიძლება ტურისტული მარშრუტების, ექსკურსიებისა და მოგზაურობების დაგეგმვის დროს. ასეთი პროექტები ავითარებს მოსწავლეთა შემოქმედებით უნარს და მათში სოციალური და კულტურული ასპექტებია წინ წამოწეული.

სასწავლო პროექტები საგანთაშორისი კავშირების დამყარებას უწყობს ხელს. ისინი აერთიანებენ მეცნიერების სხვადასხვა დარგის ცოდნას: გეოგრაფიისას, ეკოლოგიისას, ეკონომიკისას, ფიზიკისას, სოციოლოგიისას, დემოგრაფიისას, ქიმიისას, – და საგანთაშორისი ცნებების შესწავლის პირობებს ქმნიან. ინტეგრირებული პროექტები საშუალებას იძლევა, თემა განხილულ იქნეს უფრო მრავალწახნაგოვნად, რაც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის, ხოლო მოსწავლეთა ცოდნას უფრო ამდიდრებს და აღრმავებს.

პროექტული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. ისინი დაინტერესებულნი არიან საკუთარი შრომის შედეგით. ამ დროს იცვლება ურთიერთობა მოსწავლეთა შორის, ისინი სწავლობენ საკუთარი აზრის გამოხატვას და დაცვას, სხვისი აზრის მოსმენას, კონფლიქტების მართვას და კონსენსუსის მიღწევას. პროექტული სწავლება ორიენტირებულია მოსწავლეთა მიზნების მიღწევაზე, აყალიბებს არაერთ უნარ-ჩვევას და ამიტომაცაა ესოდენ ეფექტური.

 

დანართი

 

წერილი მეგობარს – ძველი ფეხბურთის ნოსტალგია

0

როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ეს წერილი მეც ბოდიშით უნდა დავიწყო. ბოდიში პირველ რიგში იმის გამო, რომ ვერასოდეს წამოვიდგენდი თუ მაინცდამაინც ფეხბურთზე მომიწევდა წერა. ბოდიშს იმის გამოც ვიხდი, ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვითრევდი ფეხს და მუდამ სახვალიოდ ვდებდი ამ წერილის წერას. მიზეზი სიზარმაცეზე მეტად პათეტიკურობის სიძულვილია, მაგრამ ახლა ამის ახსნას აბა რაღა აზრი აქვს? ისე კი ვაღიარებ – ძალიან რთული და უსიამოვნო რამ ყოფილა, გარდაცვლილი მეგობრისათვის წერილის მიწერა.

გუშინ შეღამებულზე „დინამოს“ სტადიონთან გავიარე და სწორედ მაშინ გადავწყვიტე წერილის მოწერა. ეს სტადიონი ხომ ის ადგილია, სადაც ბავშვობაში და სიჭაბუკეში აურაცხელჯერ ვიყავით და თითქმის ყოველთვის დაძმარებული ვბრუნდებოდით შინ. გახსოვს, პირველად ერთად როდის ვიყავით „დინამოზე“ თამაშის სანახავად? მე მახსოვს! სულ ახლადშექმნილი საქართველოს ნაკრები ამხანაგურად ბელორუსს ეთამაშებოდა და ის ფრე ისე გვეწყინა, მაშინ ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდით, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ფარერების კუნძულების საცოდავ გუნდთანაც კი წააგებდა. მაშინ სხვა ამბიციები და სურვილები გვქონდა. მერე რა, თუ გაყინულ, უშუქო და უსასოო ქალაქში ვცხოვრობდით…

ამის შემდეგ აწგაუქმებულ თბილისურ გუნდს – „მერანი 91-ს“ რუსთავში გავყევით საქართველოს ჩემპიონატის გასვლით თამაშზე და ვისაც უნდა იმან დაგვცინოს, მაგრამ ჩვენ ხომ ნამდვილად ვიცით, რომ თავს მადრიდში ჩასულ კატალონიელ ინჩასებზე ნაკლებად არ მივიჩნევდით! რუსთაველ ქომაგებთან (გახსოვს, რა კარგი გუნდი ჰყავდა მაშინ რუსთავს?!) ეს პატარა ბიჭები სიტყვიერ პაექრობაშიც კი ჩავებით (მადლობა ღმერთს, ფიზიკურ ტყეპას გადავურჩით). ის თამაში „მერანმა“ 2:1 მოიგო და ისიც მახსოვს უკან თბილისში როგორ მოვდიოდით ძველი, ყვითელი „იკარუსით“ და არაფრად ვაგდებდით სხვა მგზავრების ირონიულ მზერას, რომლებიც იმ „დიადი გამარჯვების“ შესახებ ჩვენს ვრცელ საზეიმო მონოლოგებს მათდა უნებურად ისმენდნენ.

2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების ფინალში დამარცხება როგორ მწარედაც გადავიტანეთ – ეგეც მახსოვს და ისიც მახსოვს, მაშინ უკვე სტუდენტები როგორი სერიოზულობით ვგეგმავდით, იტალიის კარში გოლის გამტან ფრანგ დევიდ ტრეზეგეზე „შურისძიებას“. მის სახელზე წერილიც კი გავაშანშალეთ, სადაც ტრეზეგეს ათასი უცნაური სიტყვით „ვამკობდით“ და ეს წერილი ბატიფეხური ფრანგულით ვათარგმნინეთ და გადავაწერინეთ უცხო ენების ინსტიტუტის ნაცნობ სტუდენტს. ნეტა სადაა ახლა ის წერილი? შენი ამბავი რომ ვიცი, მართლა გააგზავნიდი…

ჩვენი ფეხბურთის ერთად ცქერის ამბები ცალკე მოგონებების ასხმულაა და როდესაც ამაზე ვფიქრობ, სულ ის მახსენდება, მუხლზედამდგარები როგორ შევღაღადებდით ფილიპო ინძაგის, მეათე ცდაზე მაინც გაეტანა გოლი „ინტერის“ კარში და ინძაგიმ, რა თქმა უნდა, არ „შეისმინა“ ჩვენი ვედრება. ლუის რონალდუს კარიკატურა რომ გააკარი შენს საპირფარეშოში, ისიც მახსოვს და ბრაზილიის დროშაზე ეშმაკი რომ მიახატე – ისიც.

ერთხელ, ტელეფონის ზარით შუაღამეს რომ გამაღვიძე და ვალტერ გუჩუას შესაძლებლობებზე რა აზრის ხარო – მკითხე, არც ეგ დამვიწყებია. ამ ბოლო დროს კი არ ვიცი წლების ბრალია თუ რისი, გამოგიტყდები და სულ იმ დღეებზე ვფიქრობ, როდესაც ფეხბურთი ბავშვური რწფელი სიალალით გვიყვარდა და სათამაშო დღეების დადგომა გაგიჟებით გვახარებდა.

ახლა, როდესაც ქუჩაში მიმავალ, ფეხბურთზე მოლაყბე ბიჭებს ვხედავ, სულ მინდა, რომ მივიდე და ვუთხრა – გაუფრთხილდნენ და შეიყვარონ მათი ყმაწვილური ცხოვრების ყოველი დღე და საათი და მთელი ცხოვრება გაიყოლონ ეს ნამდვილი, ნაღდი ფიქრები და ემოციები. ჩემი ნება რომ იყოს, ამ სურვილს „დინამოს“ სტადიონის მთავარ ტაბლოზე ავაციმციმებდი სამუდამოდ.

 

 

 

 

 თამაშით ნასწავლი მათემატიკა

0

დღეს კლასობანას ვინმე კიდევ თამაშობს?  ან  სასწავლო პროცესში იყენებს? ამ ფოტოს დანახვისას ჩემი თაობის ქალბატონებს ალბათ გაახსენდებათ,  როგორ არჩევდნენ ბრტყელ ქვებს, მერე როგორ მალავდნენ სახლის კიბეებთან, რომ უცნობი ყვავილის წვენით გაპრიალებული  ჯადოსნური ქვა კონკურენტ გოგონებს არ მოეპარათ ან დედას არ გადაეგდო კიბეების დალაგებისას. ახლაც მეღიმება, როცა ვიხსენებ, საიდან ვათრევდი ამ ქვებს, როგორ ვიდექი  საკუთარი რიგის მოლოდინში…

ალბათ არც არავის მოსვლია თავში აზრად ამით რიცხვები ან მათი თანამიმდევრობა ესწავლა… გარკვეული პერიოდი არც მე მიფიქრია ამაზე…

20 წლიდან დავიწყე მუშაობა და ამ ხნის განმავლობაში უამრავი განსხვავებული შესაძლებლობის ბავშვთან მომიწია მუშაობა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე 4-ჯერ მყავდა სხვადასხვა დროს. მეც სხვადასხვაგვარად მომზადებული შევხვდი მათ. ბევრი რამ მომცა ტრენინგებმა, უფრო მეტი – პრაქტიკამ. თუმცა მე დღეს ისეთ ბავშვებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომლებსაც გარეგნულად არაფერი ემჩნევათ, მაგრამ რაღაცით არ ჰგვანან სხვა ბავშვებს, ცოტათი ჩამორჩებიან კიდეც მათ. იქნებ დედაც ვერ იცლის საიმისოდ, რომ შვილს ნიჭის გაფურჩქვნაში დაეხმაროს…

ასეა თუ ისე, ეს სტატია ეხება შედარებით მოკრძალებული შესაძლებლობის ბავშვებს.

წლების წინ ერთ კერძო სკოლაში ვმუშაობდი. სულ ვფიქრობდი იმ ბავშვებზე, რომლებიც სასწავლო შედეგებით დანარჩენებს ჩამორჩებოდნენ. დავინტერესდი, როგორ აგვარებდნენ ამ პრობლემას სხვა გამოცდილი და დირექციისთვის საამაყო პედაგოგები. ჩემმა გამოცდილმა კოლეგამ დამმოძღვრა, სუსტ ბავშვებზე თუ იმუშავებ, საშუალოსაც დაკარგავ და ძლიერსაცო!..

არის ამაში სიმართლის მარცვალი, სულო ცოდვილო! მაშინ არავინ იცნობდა გარდნერს და მით უმეტეს, მის მიგნებას 9 ინტელექტის შესახებ. მაგრამ მე მაინც ამ გზით ვარჩიე სიარული. რაღაცნაირად მეცოდებოდნენ ეს ბავშვები და მათი გვერდში დგომა მინდოდა, ასევე მიხაროდა მათი ძნელად მიღწეული წარმატებებიც… რას წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ჩემს შვილსაც ექნებოდა მსგავსი პრობლემა…

2 წლის  ქალიშვილზე დაკვირვებისას აღმოვაჩინე, რომ უჭირდა ლექსების დამახსოვრება. ზაფხულში ბიძაშვილები ერთად შევიკრიბეთ ჩვენ-ჩვენი შვილებით. ყველა თავის შვილს აქებდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი და ჩემი ბიძაშვილის უმცროსი ქალიშვილი ტოლები იყვნენ.  ორი წლის ცუგრუმელები მშვენივრად ერთობოდნენ. გაირკვა ისიც, რომ 2 წლის ბიძაშვილის შვილი ძალიან ნიჭიერი ყოფილა. თამამად და ხალისით ამბობდა გრძელ-გრძელ ლექსებს, რომლის მნიშვნელობაც, ბუნებრივია, არ ესმოდა. ამ ამბავს ჩემი ბებია, დეიდა და, რა თქმა უნდა, უფროსი ქალიშვილიც ესწრებოდნენ.

– რეიზა არ ასწავლი ამ ბაღანას ლექსებს? – იკითხა ჩვენი საგვარეულო სიკეთეების გამოუმჟაღავნებლობით გაოცებულმა  ბებიამ.

– ასწავლე, დედა, ლექსები! – კატეგორიულად მომთხოვა უფროსმა ქალიშვილმაც. როგორც იქნა ყველა დავამშვიდე, რომ არ იყო საჭირო ამ ასაკში ასეთი ლექსების დასწავლა. თუმცა ისიც ვთქვი, რომ ჩემს შვილს ერთსტროფიანი ლექსის დასწავლა უჭირდა, მით უმეტეს მრავლსტროფიანის… მაგრამ  ნათესავებმა ეს უფრო ჩემს სიზარმაცეს მიაწერეს,  ვიდრე ბავშვის შესაძლებლობებს…

უფრო გვიან მისი ბაღის მასწავლებელმაც მსუბუქად მიმანიშნა, რომ ჩემი შვილი სხვებს ჩამორჩებოდა… როგორ შეიძლებოდა ჩემი შვილი სხვაზე ნაკლები ყოფილიყო?…

მახსოვს, ერთხელ ბაღში ადრე მივედი.  დამსვა მასწავლებელმა, ნახე რას იზამს შენი გოგოო. მასწავლებელი სვამდა შეკითხვებს, ბავშვები ხალისით პასუხობდნენ. იჯდა ჩემი შვილი მობუზული. ორი კითხვა დაუსვა მასწავლებელმა. ვერ უპასუხა. მესამე კითხვაზეც, რომ არ ახსოვდა პასუხი, გამოიქცა შეწუხებული და აქვითინებული გულში ჩამეკრა…

ბუნებრივია, ეს ამბავი სახლში მოვყევი. დედამაც, უფროსმა შვილმაც მირჩიეს,  რომ მესწავლებინა ბავშვისთვის რამე…

ჩემი პოზიცია იყო ცალსახა – მოვა დრო და ისწავლის. არაა აუცილებელი, ყველამ ზეპირად იცოდეს ლექსები! ბავშვი რამდენჯერმე მყავდა სხვადასხვა ფსიქოლოგთან, მინდოდა მენახა თუ დავრწმუნებულიყავი, რომ არ ვცდებოდი…

დიახ, მე მჯეროდა და მჯერა, რომ ჩემი შვილი შეძლებდა! აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა მისი კარგი შვილობით ვიამაყებდი!!!…

არ დაგავიწყდეთ მე ძალიან აქტიური დედა ვარ, ტრენინგიდან ტრენინგზე, გაკვეთილიდან გაკვეთილზე, კონფერინციიდან კონფერეციაზე გადავდიოდი და ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა შვილის სამეცადინოდ…

მაგრამ ეს თავისუფალი დრო, ადრე თუ გვიან, სულ გაქრება… ეს დრო შვილს სჭირდება! დიახაც, მე ახლა იმ ბავშვებისთვის ვწერ, ვინც ძნელად სწავლობს, ვის მშობლებსაც გადატვირთული გრაფიკი აქვს ან უბრალოდ „ნერვები არ ჰყოფნის“, რომ შვილს დაუჯდეს სამეცადინოდ!

მე დავიჭირე, რომ ჩემი შვილი გვიან, მაგრამ მაინც სწავლობდა. უნდოდა რომ ესწავლა, ეშინოდა, რომ არ გამოუვიდოდა! თუმცა ზეიმზე არასოდეს დავიწყებია, როდის უნდა ეთქვა თავისი ერთი სტროფი გამოთქმით და უშეცდომოდ! ხოდა მეც გადავწყვიტე თამაშით მესწავლებინა. ვიცოდი, რომ ამას დასჭირდებოდა ჩემი დროის უდიდესი ნაწილი, ნერვები, მაგრამ მე უნდა გამეფანტა მისი შიში! შიში, რომ ვერ ისწავლიდა! ხოდა დავიწყე:

დავიწყე  სწავლა კლასობანათი. დიახ, მე ვთამაშობდი კლასობანას ჩემს 5 წლის შვილთან.  რა მისცა ჩემს შვილს კლასობანამ? რიცხვები ასწავლა!

  1. სახტუნელა. ჩემს ბავშვობაში, იყო რუსული ფილმი, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიხსენებ, სადაც პატარა გოგონას სურს სახტუნელით ხტუნვის სწავლა და მას ამ თამაშს სიზმარში სპილო ასწავლის. როცა ჩემს შვილს სახტუნელით გართობა მოუნდა, შანსს  როგორ გავუშვებდი. ოღონდ სად უნდა მესწავლებინა? მერვე სართულზე ვცხოვრობ. ჩავედით ისევ ეზოში.

ვისწავლეთ სახტუნელით ხტუნვა, სხვათა შორის თუ სახტუნელით ციფრებსაც დაწერთ მთლად უკეთესად დაიხსომებს… ჩვენ ბედნიერები ვართ და თან რიცხვებსაც და თვლასაც ვიმახსოვრებთ. აბა, ხომ უნდა გავიგოთ ვინ ბევრჯერ ახტა! ამასობაში მეტობა-ნაკლებობაც შემოგვესწავლა!

  1. შვიდქვაობანა – აქ ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. რატომ? ახლავე მოგახსენებთ: ჩემს ეზოში ჩემი შვილის ტოლი ბავშვები არ იყო! დანარჩენები 3-4 წლით დიდები არ კადრულობდნენ ასეთ პატარებთან თამაშს. ორი კაცით კი აბა რა შვიდქვაობანა ითამაშებოდა? სამაგიეროდ, ერთით მეტი თამაში ისწავლა და ისიც, რომ ჯერ დიდი ქვა უნდა დადოს, მერე უფრო პატარა და ასე შემდეგ. თუმცა შვიდქვაობანა მოგვიანებით სოფელში განვაახლეთ უფრო ბევრ ბავშვთან.
  2. ბაყაყობანა – რატომ უნდა ითამაშო? ან რა კავშირი აქვს მას მათემათიკასთან? აქ სხვანაირად ამბობ რიცხვებს? არა, სულაც არა! იგივეა თანამიმდევრობა, მაგრამ სურვილი, რომ სხვას ახტომაში აჯობო, გაიძულებს, დათვალო შენი და სხვისი ნახტომი.
  3. კუბიკები – სხვადასხვა ფერის კუბიკები, რომელსაც რიცხვიც აწერია და შესაბამისი ოდენობის ფიგურებიც, ძალიან კარგია რაოდენობის შესასწავლად, თან მათი მეშვეობით ლამაზი კოშკსაც ააშენებთ. არ დაგავიწყდეთ იქვე სადმე ჩხირების დაწყობაც. თუ ბავშვს 4 ჩხირს მოსთხოვთ, ის სწორედ ოთხს გადმოალაგებს.
  4. თუ მოგწყინდათ კუბიკებით თამაში, წრეში ბურთი გააჩაღეთ! თან დაისვენებთ, თან ბავშვიც სისხარტეში გაიწაფება, დაკვირვებასაც ისწავლის და გამძლეობასაც. ამ თამაშისას ის რიცხვების თვლას ვერ ასცდება და განუმტკიცდება თვლა გონებაში თამაშით!
  5. ბოულინგი. როცა ეს სათამაშო სახლში მოვიტანე, არ შემშინებია, რომ მეზობლებს შევაწუხებდი. გავამწკრივე წესისამებრ კეგლები და ჩემს გოგონას სათამაშოდ მოვუხმე. ჯერ სწყინდა, რომ ვერ არტყამდა ბურთს, მერე ითვლიდა, ვინ რამდენი წააქცია, რამდენი დარჩა წასაქცევი, ვინ მეტი ქულა დააგროვა! უფრო მეტიც – როგორ უნდა ისროლოს, რომ ყველა წააქციოს, რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული კეგლები, რომ ადვილად წაიქცნენ, რომელი ხელით ჯობია გაქნევა და რატომ? რიცხვები რომ დავაწეროთ და ისე წავაქციოთ? თამაშის სურვილი სულაც არ გამორიცხავდა სწავლას, პირიქით სტიმულს გვაძლევდა! და კითხვა: რომ ვერ ვისწავლო? რომელიც ძალიან ხშირად ისმოდა აქამდე, თანდათან შემცირდა!!!

8.ფურთი, ანუ თერთმეტობანა – ვისაც გურიაში გაქვთ ფესვები ან სტუმრად ყოფილხართ, უფურთაოდ  არ გამოგიშვებდნენ. აღმოსავლეთში ამ თამაშს თერთმეტობანას ეძახიან. არ მითხრათ  ახლა, ჩვენ  კაზინოს გაქრობისთვის ვიბრძვით  და შენ კი 5 წლის ბავშვი დაგისვამს და აზარტულ თამაშებს ასწავლიო – ძალიან ცდებით!  ჯერ  ერთი, ეს კარტი საბავშვოა, ბავშვებისთვის განკუთვნილი ნახატებით და  მერე მეორეც, რიცხვების შედგენილობა ასე ძალიან ადვილად ისწავლება. იმარჯვებს ის,  ვინც 11-ს მოაგროვებს. ხოდა რამდენჯერ უნდა შეკრიბოს ერთი და იგივე, რომ თერთმეტი მიიღოს? და ახლა 10-ის ფარგლებში რამდენჯერ კრებს? უთვალავჯერ! მანამ სანამ არ მოსწყინდება და სანამ არ ისწავლის!

  1. ნარდი-ყურძნობანა. რაოდენ უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, აქ შემოთავაზებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თამაში მითამაშია ბავშვობაში. დედაჩემს არ ჰქონია პედაგოგიური განათლება, მაგრამ ამ გადასახედიდან ნამდვილად ვფიქრობ, რომ სწორად არჩევდა თამაშებს!

თამაშობს წყვილი. ყურძნის მტევნის მსგავსად აწყობთ ერთი ფერის ქვებს ნარდის საპირისპირო მხარეს და თითო კამათელს რიგ-რიგობით აგორებთ. იმარჯვებს ის, ვინც ადრე გამოყრის ქვებს.

  1. კამათელი – ოღონდ მას კუბიკს ვეძახი, ვასწავლი ბავშვებს 1-დან 1 000 000-მდე რიცხვებს, რიცხვის ჩაწერას, პოზიციურ სისტემასაც კი. ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება 1-ელი კლასიდან მე-4 კლასის ჩათვლით. სხვათა შორის ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
  2. დომინო – არაჩვეულებრივია რიცხვის შედგენილობის შესასწავლად, საანგარიშოზე შეკრება -გამოკლების სასწავლებლადაც. ოცის ფარგლებლში მიმატება-გამოკლებისთვის ფანტასტიურია.
  3. მაღაზიობანა. სათამაშო ფულების გაკეთებას თუ არ დაიზარებთ, „გასაყიდი“ ბევრი ნივთი იქნება თქვენს სახლში. ხან დედა იყოს გამყიდველი და ხან ბავშვი. თუ ამას კლასელებიც შეუერთდებიან, მერე ნახეთ ხალისი.
  4. მიზანში სროლა. ერთ -ერთი საინტერესო თამაშია. ამ თამაშით ბავშვი სწავლობს მიზანში სროლას. უვითარდება მხედველობა, ხელის კუნთები, ამავდროულად სწავლობს რიცხვებს, მათ შეკრებას, შედარებას. შეგიძლიათ შეცვალოთ სქემაზე რიცხვების რაოდენობა და სიდიდე. მერწმუნეთ,  ისიამოვნებთ ერთად თამაშით და თუ ამას კლასშიც გააკეთებთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სიხარული დაისადგურებს თქვენს საკლასო ოთახში.
  5. ლაბირინთი. ამ თამაშში 1-დან 4 -მდე ადამიანის თამაშია შესაძლებელი. რაც მეტი თამაშობს მით მეტი ხალისია. მისი დამზადება თავადაც შეგიძლიათ – უფრო მეტად იხალისებთ. სწავლა არ მოსწყინდებათ არც თქვენ შვილებს და არც მოსწავლეებს.
  6. თამაშები ბუკით. ცოტაა ეს თამაშები, მაგრამ სახალისოა. ყოველ შემთხვევაში თქვენი თამაშების ბანკს ამდიდრებს. ხოლო თუ ამას თქვენს გამოგონილ თამაშებსაც დაამატებთ, თქვენს შვილს მეტი შანსი ექნება, ხალისით ისწავლოს!
  7. მიქსიკე მათემატიკური კონკურსი – ბრძოლა გამარჯვებისთვის! დროის გათვალიწინებით, მარტივიდან რთულისაკენ. მოსინჯეთ, მერწმუნეთ ისიამოვნებთ!
  8. მძივები – თან ააწყვეთ ფერადი მძივები, თან დათვალეთ. ისწავლით სიმეტრიას, ასიმეტრიას, შეკრებას, გამოკლებას.
  9. ლოტო – ყველა ბავშვის საყვარელი თამაში 100 ფარგლებში, სკოლასა თუ სახლში. უმძიმესი სამუშაო ხალისიან გაკვეთილებად იქცევა ყველა შესაძლებლობის ბავშვისათვის.

შეიძლება ვინმე მომედავოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სწავლა-სწავლების გზაზე მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ მოტივაცია და სწავლის წყურვილი, ანუ ასწავლოთ ისე, რომ ბავშვი ბედნიერი იყოს! ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ და ხანგრძლივ გზაზე ბავშვს არ ეშინოდეს პატარ-პატარა დაბრკოლებების. თუ ამას მიაღწევთ, მგონია, რომ თქვენ და თქვენი შვილი თუ მოსწავლეები ყოველთვის გაიმარჯვებთ!

თამაშით სწავლებაზე ამახვილებს ყურადღებას დიმიტრი უზნაძეც.

„უზნაძის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტიურობა შეადგენს. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება.
სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს.
ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად, მოზარდი „ფიზიკური თამაშის“ გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ, გარკვეულ წესებსა და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში.
სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების („ძალების“) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ.

„განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევრები კი აღნიშნავენ, რომ თამაშის წილი ადამიანის წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც  კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ, ისე  ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან. თამაში ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს აქტუალური.

ბავშვები ივითარებენ ვერბალური და არავერბალური, მარტივი და კომპლექსური კომუნიკაციის უნარებს.

ფიზიკური თამაშები, მოტორული უნარების განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს, გაღიზიანებას და ადვილად დაძლიონ შინაგანი კონფლიქტები“.

დაბოლოს – მშობლებო, მასწავლებლებო,  ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თამაში წარმატებით გამოიყენებია როგორც ინდივიდუალურად მუშაობისას,  ასევე კლასზეც. ამიტომაც შემიძლია გირჩიოთ, თამამად გამოსცადოთ და დატკბეთ შედეგით!  ჯერ  თქვენ უნდა დაიჯეროთ, რომ თქვენს მოსწავლეებსა და შვილებს შეუძლიათ ისწავლონ და სასწაულები აუცილებლად მოხდება! ოღონდ სასწაულების მოსახდენად ნამდვილად დაგჭირდებათ ტონა მოთმინება, რკინის ნერვები, თქვენი თავისუფალი დროის 90%, სისტემატიური ვარჯიში და ზღვა სიყვარული!

ხათუნა ყოჩაშვილი, ქ.რუსთავის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი

 

 

მაკასთვის და დილასთვის

0

ემოციები მაკა ლდოკონენის მცირე რომანზე „ცხენისკუდები დილასათვის“

როგორც იქ, გაიდსიაში

„სალაიმალი მანქანას ქოქავს.საქარე მინაზე საწმენდების რიტმულ მოძრაობას თვალს ადევნებს. „წვიმები დაიწყო“, – ფიქრობს და მოდუნებული სხეული სასიამოვნო შვებას ჰგვრის. თავი გაიდსიის ღირსეულ მოქალაქედ თუ მიგაჩნია, ნალექს სწორედ ამგვარი კეთილგანწყობით შეხვდები“…

ნელა, აუჩქარებლად წავიკითხე „ცხენისკუდები დილასათვის“. ახალ წელს დავიწყე და შობის წინა საღამოს დავასრულე. ვკითხულობდი დაგემოვნებით, უკან დაბრუნებებით, ფიქრში წასვლებით, „მინიშნებებში“ ჩახედვებით, შეკუმშული და ღია გულით, სინაზით, სითბოთი,  გამოვტყდები, რომ ცრემლებითაც… და თან გაოგნებული ვიყავი უამრავი  დამთხვევით:  წარმოიდგინეთ, ახალი წლის დილაც კი ისეთი გათენდა ჩვენთან, როგორც იქ, გაიდსიაში, რადგან აქაური კალენდარიც გაიდსიურივით, „თვეებარეულია“ და თოვლიან-ყინვიანი დღის ნაცვლად „მზის სხივები ოქროსფერ ფარდებში თაფლივით იღვრებოდა!“ და პერსონაჟები? –  ვერც კი ჩამოვთვლი, იმდენი  პროტოტიპი გამახსენდა: ტასებას ხომ არაერთს ვიცნობ და ვიცნობ ჩემ გარშემო – ბევრი მამაკაცისთვის სასურველ ქალს, კარგ მეგობარს, მგრძნობიარეს და მომავალში უსათუოდ საუკეთესო დედას; სლაიმალის მსგავსი კაცებიც შემხვედრია ცხოვრების გზაზე – სიმპათიაც გამჩენია მათ მიმართ და შეიძლება, შემყვარებია კიდეც ჩუმად, ჩემთვის; მალკოვისნაირ მამებსა და ქმრებზეც, ალბათ, ყველა შვილს და ქალს უოცნებია, თუ არ ჰყოლიათ ასეთები; ნაცნობი მიმტანებიც ხომ გვყავს ამოჩემებულ პაბებსა და კაფეებში? თქვენი არ ვიცი და, მე პირადად რამდენიმე ბეტისაც  შევხვედრივარ, ელპებიც ყველა გოგო ვყოფილვართ, რომელიმე ჰეკის შესახებ კი, თუ არ დაგვჭირვებია ისინი, გაგვიგონია მაინც, და ვიცით, რომ აქვე, ჩვენსავე ან მეზობელ ქუჩებზე მდებარე სალონებში  ცხენისკუდებს ჭრიან, პარიკებს აკეთებს და მხოლოდ კეთილი სურვილები ამოძრავებთ. …და დილა? დილა განსაკუთრებული, საოცარი პატარა გოგოა, რომელსაც სიხარულით ჩავენაცვლებოდი  „გაფრენაში“, „ლეიბის ქვეშ“ კი, ვარდისფერ კონვერტში, მასავით მეც დავტოვებდი ქაღალდზე დაწერილ სახელს, ოღონდ  საკუთარს არა, ისევ – დილას.

„ციდან ხუთი შავი ლაქა მოჩანს – ხუთი შავი ლაქა თეთრ ფონზე: დედა, მამა, და, ბიძია და ბიცოლა. დილა მათ სახელებს ჩამოთვლის. მერე გაიდსიას ხელს დაუქნევს და თვალს ეფარება, მიფრინავს“.

ჩემი ოქრო ჩემთან

„სალაიმალ მალკოვის პაბიდან გამოსულ ქალებს ელპი სთხოვს, ტროტუარზე ჩამოსხდნენ და ხელისგულები შეატყუპონ. ჯერ ერთს, მერე მეორეს უახლოვდება. ვითომ რაღაცას უდებს, როგორც ტასებას საყვარელ თამაშში“.

არ მქონია იმის მოლოდინი, რომ დილა არ „დატოვებდა“ გაიდსიას, თუმცა, ამის მიუხედავად, და კიდევ იმისა, რომ ავტორი მაქსიმალურად ცდილობს, თავზე არ მოგვახვიოს დატრიალებული ტრაგედიის სიმძაფრე, მაინც გამიჭირდა ამის დაჯერება. აღელვებულმა კინაღამ მაკასთანაც კი დავრეკე და მას მოვთხოვე პასუხი მარადიულ პასუხგაუცემელ კითხვებზე – თუ რატომ ემართებათ ბავშვებს ასეთი დაავადებები ან ვინ იმეტებს მათ ამხელა ტკივილისთვის… მაგრამ, დროულად შევიკავე თავი. განა ვინმემ კი იცის ეს სამყაროში?! თანაც, ავტორს რომ დილა გადაერჩინა, წიგნი აუცილებლად დაკარგავდა მხატვრულ ღირებულებას და ასეთ ძლიერ შთაბეჭდილებას ვეღარ მოახდენდა მკითხველზე. ეს ხომ ზღაპარი არ იყო!.. და მაინც, კარგა ხანს ვფიქრობდი, რა უფრო გამახარებდა – ის, რომ დილას ეცოცხლა, თუ ის, რომ რომანი ასეთი კარგი გამოსულიყო?!

მოხდა ისე, რომ მხოლოდ დილაობით ვკითხულობდი წიგნს და სულ ისეთი განცდა მქონდა, რომ ამ დროს ყველგან ჩემ გარშემო – საწოლში, დივანზე, მაგიდასთან – სწორედ ისე იყო განფენილი თივთიკივით რბილი, წითური თმა, როგორც წიგნის გარეკანზე ჩანს, და მეც ამ ჟღალ, დილას თმის ფერით გაჯერებულ ყოველდღიურობაში ვცხოვრობდი დილასთან და მის ოჯახთან ერთად: გახლდით ელპის დაჯილდოების ცერემონიალზე,  დილას საბოლოო საახალწლო კარნაველზე, სლაიმალთან ერთად „ფერებგადღაბნილ“ ქალაქში იმ ავტობუსითაც ვმგზავრობდი, რომელშიც ტასება იჯდა… თუ დამიჯერებთ, ტასებას მუცელსაც კი მოვუთათუნე ხელი, და პერსონაჟებთან სწორედ ამ სიახლოვით, მათი სიხარულის და მწუხარების თანაგანცდით, რაც ავტორის ოსტატობას უნდა მივაწეროთ, მეც რაღაცნაირად შევეგუე დილას „გაფრენას“. თუმცა რამდენიმე დღის მერე, მას შემდეგ, რაც კითხვა დავასრულე და წიგნი  თაროზე ისეთ ადგილას დავდე, რომ მისი ჟღალი სიმშვიდე  გავლა-გამოვლისას  თვალში მომხვედროდა (ასე ვიქცევი ხოლმე, როცა წიგნი მომეწონება და იმედი მაქვს, არც ტრილოგიის მეორე და მესამე წიგნი – „როგორ გადავაბრუნოთ პინგვინი“ და „კატა-კაცი“ – გამიცრუებს იმედს.), უკვე დანამდვილებით ვიცოდი, რომ დილა არსადაც წასულა, რომ „ჩემი ოქრო ჩემთან“ იყო.

 ვისთვის დაიწერა „ცხენისკუდები“

ექსპერტად არ გამოვდგები და ვერ ვიტყვი, რომელი ასაკიდან უნდა წაიკითხოთ ორიგინალური ხელწერით, უცნაურსახელიანი პერსონაჟებით,  არაჩვეულებრივი არტტექსტებით, ზომიერი სევდით და იუმორით გაჯერებული, თავდაჯერებული თხრობით გამორჩეული მაკა ლდოკონენის მცირე რომანი. ბავშვებისთვის, ჯერ ალბათ ადრეა, თუმცა მათ შეიძლება სამომავლოდ ჩავანიშნინოთ, რომ არსებობს ასეთი კეთილი წიგნი პატარა გოგონა დილაზე, უცნაურ, თვეებარეულ ქალაქზე, სიყვარულზე და კიდევ ბევრ რამეზე, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ თუნდაც იმიტომ, რომ როცა გაიზრდებიან, შესაძლოა, მათაც სწორედ  გაიდსიის მსგავს რომელიმე ქალაქში მოუწიოთ ცხოვრება და ეს წიგნი მათი ცხოვრების ერთგვარი რეპეტიციაც კი იყოს. თინეიჯერებს და მათ მშობლებს კი, რასაკვირველია, ვურჩევ, რომ როდესაც „ცხენისკუდებს“ დაინახავენ წიგნის მაღაზიებში, არ გადადონ მისი შეძენა, მიჰყვნენ „წითელ შუქს“, „რომელიც დადგენილი წესების დარღვევის ხასიათზე გაყენებს, იქ გადაჰყავხარ, სადაც მორჩილად უნდა იდგე“, და შეაბიჯონ გაიდსიაში, „ახირებულ“ ქალაქში. ხოლო როდესაც კითხვას დაასრულებენ, თუ ჩემსავით ემოციური სპაზმი დაემართათ და ავტორთანაც მოუნდათ დარეკვა, უმჯობესია, ეს მანამდე არ გააკეთონ, სანამ არ დამშვიდდებიან. მერე კი ფეისბუქზე მოძებნონ სპეციალურად ამ წიგნისთვის შექმნილი გვერდი #ცხენისკუდებიდილასთვის# და იქ გაუზიარონ მაკას თავიანთი შთაბეჭდილებები.

ჰო, და კიდევ ერთი რამ: ამ რომანის კითხვის დროს, კითხვის დაწყებამდე ან კითხვის დასრულების შემდეგ, სასურველია, ერთხელ მაინც მოისმინონ ერიკ სატის gnossienne.

„რას ნიშნავს „გნოსიენ?“ეტიმოლოგია უცნობია, უფრო სწორად, ერიკ სატის გამოგონილი სიტყვაა. გამოგონილი სიტყვით დასათაურებული ქმნილება კი, როგორც წესი, დროს უსწრებს, რის გამოც ნებისმიერი ქალაქი სათანადოდ ვერ იღებს. და ეს მხოლოდ გაიდსიის ახირება არ გეგონოთ!“

 

 

ხმელის წინააღმდეგ – ნედლი,  ნედლის წინააღმდეგ – ხმელი…

0

ადამიანი უცნაურია, მეტი და მეტი სურს. რაც უკვე აქვს, არ აფასებს, დაკარგავს და მერეღა ხვდება, დაკარგული რა ძვირფასი ყოფილა. ეს ყველაფერს ეხება, მაგრამ ჯანმრთელობის დაკარგვა ყველაზე სასტიკი და ულმობელია. თუმცა, ჩვენ, ადამიანები ამასაც არაფრად ვაგდებთ. არადა, ჯანმრთელობაზე ფიქრი აუცილებლობას წარმოადგენს. ფიქრობდნენ კიდეც, ოღონდ პოტენციური პაციენტები კი არა, ალქიმიკოს-ექიმები. დიახ, ალქიმიკოსები ორ ნაწილად იყოფოდნენ, ერთნი ექიმობდნენ, მეორენი მინეროლოგიით იყვნენ დაკავებულნი. ამ მხრივ, არც საქართველოში იყო ცუდად საქმე. თუმცა აქ ქართველი ალქიმიკოსების კვალი არ იკვეთება, სამაგიეროდ საკმაოდ საინტერესო კარაბადინებია შექმნილი.

ტერმინი კარაბადინი-აკრაბადინი, წამლების წიგნი წარმოდგება არაბული „Aqrabadin“-სგან, რაც პატარა წიგნს, წიგნაკს ნიშნავს.

XI საუკუნის თვალსაჩინო ძეგლია ქანანელის „უსწორო კარაბადინი“ („უსწორო“ ნიშნავს, შეუდარებელს, ყველაზე სწორს). არაბული და სპარსული მედიცინის გავლენით არის დაწერილი, თუმცა ქართული ხალხური მედიცინის ნიმუშებიც გვხვდება. ასევე, აღწერს თავის დაკვირვებებსაც. კარაბადინის თანახმად, ბერძნების მიერ აღიარებული ოთხი ელემენტიდან, ადამიანის სხეულში წყალს შეესაბამება სისხლი, მიწას – სევდა, ცეცხლს – ზაფრა (კუჭის წვენი), ჰაერს – ბალღამი (ნაღველი). როდესაც მათ შორის წონასწორობა ირღვევა, ან რომელიმე მათგანი უვარგისი ხდება,  იწყება დაავადება. ავტორი მკურნალობის მეთოდებს დაპირისპირების პრინციპზე ამყარებს.  თბილის წინააღმდეგ გრილს იყენებს; გრილის წინააღმდეგ – თბილს; ხმელის წინააღმდეგ ნედლი გამოიყენება; ნედლის წინააღმდეგ კი – ხმელი.

ხოჯაყოფილი თავის კარაბადინში „წიგნი სააქიმოი“,  ზემოთ თქმულს ეთანხმება და არაერთ მკურნალობის ხალხურ მეთოდს და წამალს გადმოსცემს, რომელსაც მოგვიანებით გამოცემულ ხალხური მედიცინის კრებულებშიც ნახავთ. ერთი ასეთი ჩანაწერი ფუტკრის, კრაზანას და მათი მსგავსი მწერების ნაკბენს ეხება. აიღეთ ორი წილი თაფლი და ერთ წილ სუფრის მარილში აურიეთ. შემდეგ ნაკბენზე წაისვით. ალბათ მოგირჩენთ, ხოჯაყოფილი ასე ფიქრობდა. სუფრის მარილი შხამს გარეთ გამოიტანდა, თაფლში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები კი ჭრილობის სწრაფ შეხორცებას უზრუნველყოფდა. აქვე იმასაც ამოიკითხავთ, რომ ტირიფის ქერქის ნახარში მაღალ სიცხეს დაგიწევთ. დიახ, ასეც არის, რადგან 1828 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ბიუხნერმა ტირიფის ქერქისგან გამოყო ნივთიერება და სალიცილი უწოდა. ეს სახელი ტირიფის ლათინური სახელისგან „Saliks“-დან მოდიოდა. მარტივი შაქრისგან გლუკოზისგან და სალიცილის სპირტისგან შედგებოდა. მოგვიანებით სალიცილისგან სუფთა სალიცილის მჟავა მიიღეს.

ოთხი სტიქიის შესახებ მოძღვრების გავლენას ხოჯაყოფილის ნაშრომზე ნათლად ადასტურებს შემდეგი ტექსტი: „შექმნა ღმერთმან მოწყალემან კაცი ოთხთა ბუნებათაგან: ქარისაგან, ცეცხლისაგან, მიწისაგან და წყლისაგან. ესე ერთმანეთისა არ გარივნა ცალკე არიან სიმხურვალითა და სიხმელითა, სიგრილითა და სინოტიითა“.

მოძღვრება ოთხი სტიქიის შესახებ საფუძვლად უდევს ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის „სამკურნალო წიგნის“ მკურნალობის მეთოდებს. თუმცა, ირანულ-არაბულ გავლენასთან ერთად, აქ კარგად ჩანს ქრისტიანული სარწმუნოების გავლენაც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამკურნალო წიგნი „იადიგარ დაუდია“, რომელიც დავით ბაგრატიონმა (საქართველოს მეფე დავითმა) 1569-1578 წლებში სტამბულში დაწერა. ავტორი იზიარებს ოთხი ელემენტის – წყლის, მიწის, ჰაერის და ცეცხლის არსებობის იდეას.

ქართულ კარაბადინებში ხშირად არის გამოყენებული წონის სხვადასხვა ერთეულები, რომლებსაც აღმოსავლურ ქვეყნებში იყენებდნენ. 1. მისხალი – 4,25გრ; 2. უნცია – 30,0გრ; 3. კერატი – 0,33გრ; დანგი – 1,0495გრ; 4. თასი – ერთი თანამედროვე ჩაის ჭიქა; „იადიგარ დაუდში“ შეხვდებით ასევე, წამლების სახელებსაც, რომლებიც ქართული თანამედროვე სახელწოდებებისგან განსხვავდებიან: კვერაკი-აბი; ღათი-კუჭნაწლავის წამალი; გუარიშნი – კუჭის მოქმედების საშუალება; იარიჯი, სალბუნი-წასასმელი მალამო; სიქანგუბინი – ღვიძლის წამალი; შარბათი – სიროფი; მუღლაბი-თხიერი წამალი; ტლე – კომპრესი; ღვინო ერთ-ერთ წამლად არის მოხსენიებული, ხშირად, კი წამლის მოსამზადებელ კომპონენტს წარმოადგენს.

ვახტანგ მეექვსე თავის წიგნში „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნისა“ „ზეთებზე“ საუბრობს. ცნება „ზეთი“ თანამედროვე გაგებით არ გამოიყენება. წიგნში აღწერილ „ზეთებს“, ალბათ უფრო მალამოები უნდა ვუწოდოთ. „ზეთების“ უმრავლესობის დამზადებისას მეფეს გოგირდი აქვს გამოყენებული. ზოგჯერ საპნის წყალსაც ურევდა. ასეთი „ზეთის“ შესახებ მეფე წერს: „ზეთი მუწუკის მოსარჩენი უკეთესი არ იქნება“; ზოგჯერ მითითებულია „ზეთის“ დამზადება გოგირდის, ნიშადურისა და ნაცრისგან. ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც „ზეთის“ დასამზადებლად გამოყენებული იყო გოგირდი საპნის წყლით, გაუნელებელი კირით ან ნაცრით, ძირითადი ქიმიური რეაქცია მდგომარეობდა გოგირდისა და ტუტის ურთიერთქმედებაში, რის შედეგადაც ნატრიუმ- ან კალციუმსულფიდი ან პოლისულფიდი წარმოიქმნებოდა. ასეთი მასალები უფრო თანამედროვე მედიცინაშიც გამოიყენებოდა კანის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც მაგ.  იყო ქეცი.

6NaOH+3S→2Na2S+Na2SO3+3H2O

3Ca(OH)2+3S→2CaS+CaSO3+3H2O

ნატრიუმის ან კალციუმის სულფიდები ხსნის კანის ეპიდერმისს და სპობს პარაზიტებს. ზოგჯერ გაუნელებელ კირს ან ვერცხლისწყლის მარილსაც (მერიკვირიალი, ანუ მერკურის მარილი) იყენებდა.

ვერცხლისწყლის  სახელწოდება ბერძნულ ენაზე შემოიღო ექიმმა დიოსკორიდემ  I საუკუნეში თავის ნაშრომში „სამკურნალო საშუალებათა შესახებ“. მასში მოცემულია ცნობები მცენარეული, ცხოველური და არაორგანული წარმოშობის პრეპარატებზე. მათ შორის, აღწერილია ვერცხლისწყალიც. ბერძნულად მისი სახელი წარმოდგება ბერძნული სიტყვებისგან წყალი და ვერცხლი. რომაელმა პლინიუსმა (23-79წწ) ამ სახელწოდებას ლათინური დაბოლოება მისცა და წარმოიქმნა მისი თანამედროვე საერთაშორისო სახელწოდება Hydrargyrum. მისი ქართული სახელწოდება გვხვდება ქანანელის „უსწორო კარაბადინში“. „ვერცხლისწყალი“ უფრო ადრეც იყო ქართულში გამოყენებული. ი. აბულაძის ლექსიკონის მიხედვით, „ვერცხლისწყალი“ პირველად გვხვდება გრიგოლ ნოსელის Xს. ხელნაწერში „კაცის აგებულებისთვის“. ასეთი რედაქციით: სახელწოდება „ვერცხლისწყალი“ მეტად მოხდენილი აღმოჩნდა და სავსებით პასუხობს ამ ლითონის გარეგან ფიზიკურ თვისებებს. მართლაც, ვერცხლისწყალი სითხეა და სახელწოდება „წყალი“ ამიტომ არის გამოყენებული. ამასთანავე, ამ „წყალს“ ვერცხლის ფერი აქვს, ე.ი. „ვერცხლისწყალია“.

თითქმის ყველა ქართულ კარაბადინში საუბარია ჯანსაღ პროდუქტზე. იმავეს ამტკიცებდა იბნ-სინა თავის „სამედიცინო ტრაქტატში“ და Mufarrih an-nafs თავის სამედიცინო ხელნაწერებში, რომლის ასლიც სტამბულში პროფესორ ფუატ სეზგინის მიერ დაფუძნებულ და მისივე სახელობის ბიბლიოთეკაში ინახება. მათ სრულიად ვეთანხმები. მე ის მაკვირვებს, იმ პერიოდში რომ ამახვილებდნენ ამაზე ყურადღებას, რადგან მაშინ ეკოლოგიური გარემო ჯანსაღი იყო და თუ შენახვის და სანიტარულ ნორმებს დაიცავდნენ, საკვებიც ჯანსაღი იქნებოდა. თუმცა, ალბათ სწორედ ეს უკანასკნელი იყო პრობლემა. ხელნაწერში წერია, ღვიძლის ვარგისიანობაში კარგად დარწმუნდით, თორემ რამდენიმე საათში მასში „დემონები“ ჩასახლდებიანო. ვირუსი „დემონები“ დღესაც უხვად არიან და მათ სულ ნაირ-ნაირი სახელები აქვთ. უფრო მეტიც, თანამედროვე დროში ნათესავი „დემონებიც“ დაემატათ საკვებ-პროდუქტებში შემავალი მძიმე ლითონების სახით.

გაკვეთილზე პატარა ტესტი შეიძლება ჩატარდეს ხორცის ვარგისიანობის განსასაზღვრად. მოვამზადოთ ხორცის ბულიონი (10 მლ წყალში მოვათავსოთ ხორცის პატარა ნაჭერი და  ვადუღოთ 2-3 წუთი). ბულიონი გავფილტროთ. ფილტრატს დავამატოთ 5 წვეთი კონცენტრირებული გოგირდმჟავა. შედეგი რამდენიმე წუთში გამოჩნდება. ახალი ხორცის ბულიონში ხსნარი გამჭირვალეა, საეჭვო სიახლის ხორცის ბულიონში შეიმღვრევა, ძველი ხორცის ბულიონში კი ფიფქისებრი ნალექი წარმოიქმნება.

ასევე საინტერესო სინჯია რძეში სოდის აღმოჩენა. ზოგიერთმა ფალსიფიკატორმა რძეს შეიძლება სოდა დაამატოს. ქიმიურ ჭიქაში ჩავასხათ 5 მლ. რძე. დავამატოთ ინდიკატორ ბრომთიმოლ ლურჯის 7-8 წვეთი. ათი წუთის შემდეგ ფერადი რგოლი გამჟღავნდება. მოყვითალო რგოლი სოდის არარსებობას დაადასტურებს. მწვანე შეფერილობა კი სოდის შემცველობაზე მიუთითებს. მეთოდი მიანიშნებს სინჯში დაახლოებით 0,05% სოდის არსებობის შესახებ.

იბნ-სინა „სამედიცინო ტრაქტატში“ მეშვიდე საუკუნეში აღწერდა მკურნალობის დაპირისპირების პრინციპს. მეთერთმეტე საუკუნეში ქანანელიც იმავეს იმეორებდა. თბილის წინააღმდეგ გრილი; გრილის წინააღმდეგ  თბილი; ხმელის წინააღმდეგ ნედლი; ნედლის წინააღმდეგ ხმელი.

მერე კი, როცა დრო მაინც მოვა…

 

„მოვიდნენ ანგელოზები ღმერთო,

ჩხრეკა ჩაატარონ,

ნება დართულია.

გადახდილი მაქვს:

გარდაცვალებისთვის – სიკვდილით.

სხეულისთვის – სხეულით.

იმედგაცრუებისთვის – იმედით.

ძილისთვის – გაღვიძებით.

მომავლისთვის – წარსულით.

მადლისთვის – ცოდვით.

სიჩუმისთვის – ხმაურით…“ (ნატო ინგოროყვა, კრებულიდან „ხმელები“).

 

 

 

როგორ ვასწავლი სინტაქსური ურთიერთობის სახეებს

0

ქართული ენის სწავლებისას ხშირად მასწავლებლები და მოსწავლეები ვაწყდებით ამა თუ იმ  პრობლემას. ეს მრავალ საკითხს ეხება, მაგალითად, ზმნის გვარის სწავლებას, თემისა და თემის ნიშნების სწავლებას, სინტაქსური ურთიერთობის სახეების სწავლებასა და მრავალ სხვას. მე მინდა ყურადღება გავამახვილო სინტაქსური ურთიერთობის სახეების სწავლების საკითხზე.

ყველასათვის ცნობილია, რომ სინტაქსური ურთიერთობის სახეები ისწავლება მე-8 კლასში, სანამ მოსწავლეები ისწავლიან წინადადების წევრებს. არა და მათ ჯერ მხოლოდ მეტყველების ნაწილები იციან. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება, ეს საკითხი მაშინ შევიდეს პროგრამაში, როცა მარტივი წინადადების შესწავლა დამთავრდება და ბავშვებს უკვე ეცოდინებათ შემასმენლისა და ქვემდებარის ურთიერთობა რიცხვში, ასევე ეცოდინებათ წინადადების ის წევრები, რომლებიც სახელზმნით არის გადმოცემული. აუცილებელია, უკვე ნასწავლი ჰქონდეთ უბრალო დამატება. მაშინ უფრო კარგად გაიგებენ შეთანხმების, მართვისა და მირთვის არსს. მაგრამ, რადგან პროგრამა ამას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ვცდილობ, მე-8 კლასის მოსწავლეებს გავუადვილო  სინტაქსური ურთიერთობის სახეების შესწავლა და ამიტომ მე-7  კლასიდან ვიწყებ თანდათან მზადებას ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესასწავლად.

როცა ზმნასა და მის პირს ვასწავლი, მაშინვე ვამხვილებ ყურადღებას ზმნისა და მის პირთან შეწყობილი სახელების ურთიერთობაზე. მაგალითად, ავიღოთ ასეთი წინადადება: „მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა“. რადგანაც მოსწავლეებმა უკვე იციან, რომელია ზმნა, ამოიწერენ მას და შეუწყობენ პირებს: სტყორცნა მან, მას, ის. შემდეგ ასახელებენ, რომელია აქედან სუბიექტი და ობიექტები.(აღსანიშნავია, რომ მათ უკვე იციან პირისა და რიცხვის ნიშნები ზმნაში, ასევე სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვები). შემდეგ დავაწყვილებინებ ზმნასა და სუბიექტისა და ობიექტის ფარდ სიტყვებს:

მზემ სტყორცნა;

სხივი სტყორცნა;

ფანჯარას სტყორცნა.

შემდეგ ბავშვებს კითხვების საშულებით ვეხმარები, გაარკვიონ ურთიერთობა წყვილებს შორის. მაგალითად:

  1. რომელ დროშია ზმნა?
  2. რომელ ბრუნვაშია სუბიექტური პირი?
  3. რომელ რიცხვშია ზმნა?
  4. რომელ რიცხვშია სუბიექტური პირი?
  5. ზმნას რომ დრო შევუცვალოთ, როგორ შეიცვლის ბრუნვას სუბიექტი, ანუ რამ იქონია სუბიექტის ბრუნვაზე გავლენა?

ამას ბავშვები სწორად პასუხობენ, რომ ზმნისა და მის დროზეა დამოკიდებული სუბიექტის ბრუნვა და მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ზმნა მართავს სუბიექტს ბრუნვაში. შემდეგ ბავშვებს ვუსვამ კითხვას, სუბიექტი რომ მრავლობითში იყოს, მაგალითად, მზის მაგივრად ბავშვები(რადგან მზეს მრავლობითი რიცხვი არ ეწარმოება) რომ იყოს, რომელ რიცხვში იქნება ზმნა? ბავშვები ამასაც ადვილად პასუხობენ და ასკვნიან, რომ სუბიექტის რიცხვზეა დამოკიდებული ზმნის რიცხვი, სუბიექტი ითანხმებს ზმნას რიცხვში.  ამის შემდეგ ბავშვებს ვეკითხები: რომელი პირის ფორმაა სუბიექტი და რით არის ის გამოხატული ზმნაში?  რადგან მათ პირის ნიშნები უკვე იციან, არ უჭირთ პასუხის გაცემა და მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ სუბიექტი მართავს ზმნას პირში. ამისათვის ვასახელებთ რამდენიმე ზმნას სხვადასხვა პირსა და რიცხვში და ვამტკიცებთ უკვე შეძენილ ცოდნას, რომ სუბიექტი და ზმნა ეთანხმება ერთმანეთს რიცხვში და ერთმანეთს მართავენ ბრუნვასა და პირში. (თუმცა იმას, რომ მნიშვნელობა აქვს რიცხვში შეთანხმებას სუბიექტი სულიერი სახელით არის გადმოცემული თუ უსულოთი, ეს შემდეგ კლასში უნდა ისწავლონ). ამ საკითხთან დაკავშირებით ბავშვებს ვავარჯიშებ დაფასთანაც და დამოუკიდებლადაც და მხოლოდ ამის შემდეგ გადავდივარ ზმნისა და ობიექტების ურთიერთობაზე. ბავშვები უმალ პასუხობენ დასმულ კითხვებს და თვითონ მიდიან იმ დასკვნამდე, რომ  პირდაპირი ობიექტური პირი იმართება ზმნისგან ბრუნვაში, ხოლო ზმნას ვერ ითანხმებს რიცხვში. ბოლოს, ვთხოვ ბავშვებს, რომ გაარკვიონ ურთიერთობა ირიბ ობიექტურ პირთან ჩემი დახმარების გარეშე და მარტივად ხვდებიან, რომ ირიბი ობიექტური პირი იძულებულია, იყოს სულ მიცემით ბრუნვაში, მაგრამ ორივე ობიექტური პირი მართავს ზმნას პირში, რადგან აიძულებენ, რომ ისინი გამოხატულნი იყვნენ პირის ნიშნებით, ანუ მართონ ზმნა.( ობიექტური პირი რომ ითანხმებს ხანდახან ზმნას მრავლობით რიცხვში, ამას შემდეგ კლასში ისწავლიან).

მიმაჩნია, რომ ამ საშუალებით ბავშვებს დახმარებას ვუწევ, რომ შემდეგ კლასში გაუადვილდეთ სინტაქსური ურთიერთობის სახეების შესწავლა და ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ამ მეთოდმა მეც და ჩემს მოსწავლეებსაც გაგვიადვილა ამ საკითხის შესწავლა.

 

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის # 199 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი   თამარ ჩხაიძე

 

 

 

 

 

 

ჩვენი ემიგრაციის დარბაზი

0

მთელი ჩემი ლევილური ვოიაჟებისას, საკმარისად დავაკვირდი აქაურებს და დავასკვენი, რომ გურული და ფრანგული საერთო ძირიდან მოდის. აი, წარმოიდგინეთ დიალოგი:

– კოფე გინდებიენ?

– ტღე ბიენ.

არის კიდევ ერთი გურული გადამისამართება ცუდი ამბების. მტერსა და ავს მოუვიდეს ესა და ეს საქმეო. ასე გამოთქმის – მტერსდ’ავს. ფრანგულ ნიშანს მოითხოვს. ერთი ეგ არის, ცოტა უგემურ მსხალს დავარქვით გურულებმა ფრანგულა. მოკლედ, ვხუმრობსავით. მაგრამ საბაბით. მართლა ძალიან ბევრი გურულია იმ ხალხში, 1921 წელს ბოლშევიკურ ცელს რომ გამოექცა, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა რომ ერქვა და ევროპამ შეიფარა. დიდწილად საფრანგეთმა. პარიზთან ახლოს, დაბა ლევილის მშვენიერი ეზო და ძალიან საინტერესო რეზიდენცია გახდა მათი სახლი. ამ რთულზე რთული ბიოგრაფიის ხალხის. დღეს ბევრი აძაგებს მათ. არაერთი მძაგებლებს აძაგებს. ხშირად ერთი და მეორეც ზეპირ ლეგენდებს ეყრდნობა. ჰაერში დაჭერილ, ათას ენაზე დანაფრენ-ანაფრენ სიტყვებზე დაყრდნობა კი ნამეტნავად გვიყვარს და მერე ამ სიყვარულში გაჯიუტება. ეროვნული ბიბლიოთეკის ამჟამინდელი მუშაობა ემიგრაციის შესწავლის მიმართულებით, სწორედ ამ გაჯიუტების დაძლევის მცდელობა. ფაქტებზე, საბუთებზე სწორება. სანდო ბილიკებით სიარული. რთული საქმეა. ცხადია, უნდა აღვნიშნოთ საქართველოს ემიგრაციის მუზეუმის (თსუ) ფუნდამენტური ღვაწლი. ჩვენც, ჩვენი მხრივ, ამ საერთო პროცესის მონაწილეობას ვცდილობთ. უკვე გავხსენით ემიგრაციის დარბაზი – ამერიკიდან სამი უმნიშვნელოვანესი არქივი ჩამოვიტანეთ – ზალდასტანიშვილების, დიასამიძის, ხვედელიძის. გერმანიიდან – კერესელიძის. დნეპროპეტროვსკიდან სულხან-საბას ძმის შთამომავლის, გალინა ბულატნიკოვა- ორბელიანის, ბაქოდან მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველების, სტამბოლიდან ქართველ მუჰაჯირებთან დაკავშირებული მასალები, შატუდან ნანო კვინიკაძის ფანტასტიკური ფოტოალბომები, ლევილიდან ყველა ის გამოცემა, რომელთა სამი პირი მაინც არსებობდა.

ეს ჩამოტანილი. თუმცა საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენი ხედვა, ამ თვალსაზრისით, ამგვარია: ამ არქივების საქართველოში განთავსება არ არის აუცილებელი და განმსაზღვრელი ამოცანა. შესაძლოა, მათი ასლებიც დაბინავდეს ჩვენთან, ორიგინალებს კი იქვე მივხედოთ. სიმონ ზაზაძესთან, რომელიც სტამბოლში ქართველ კათოლიკეთა უნიკალური არქივის მფლობელია, სწორედ ასე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, მალე შევთანხმდებით. იგივე გზა აღმოჩნდა უკეთესი ლევილის ბიბლიოთეკასა და საარქივო მასალასთან დაკავშირებით. ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ჯგუფმა, საქართველოს პრეზიდენტის დაფინანსებით, საქართველოს ელჩის საფრანგეთში, ეკა სირაძის დიდი მეცადინეობით და შატოს მეურვეთა თანადგომით, ლევილის ბიბლიოთეკა მოაწყო. მალე კიდევ უფრო დიდი ამბები იგეგმება – ვცდილობ, დროს არ გაასწროს ჩემმა ენამ.

ის,  რომ  ბიბლიოთეკა და ექსპონატები, ამ შემთხვევაში, ადგილზე  დარჩება,  შემაშფოთებელი როდია: არსებობენ ადამიანი-ხიდები, მით უფრო, თუ მათთან კულტურული ურთიერთობებია დაკავშირებული. ამიტომაც, სულ ეჭვის თვალით ვუყურებ იმ მნიშვნელოვანი ქართველების გადმოსვენების საკითხს, რომლებიც სხვაგან მოღვაწეობდნენ და იქაც დატოვეს თავიანთი კვალი. ისინი საქართველოს მარადიული ელჩები არიან, სწორედაც რომ ხიდები, რომელზეც შეგვიძლია ქვეყნებს შორის ურთიერთობები ავაგოთ და განვავითაროთ.

 

მეღვინეობის ანაბანა

0

საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა – აქ წარმოიშვა ყურძნის პირველი კულტურული სახეობები. უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მრავალფეროვანი ნიადაგი იდეალურ პირობებს ქმნის მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის.

კახეთის მევენახეობის ისტორია ძვ. წ. აღ.-ის VI ათასწლეულიდან იწყება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და ისინი უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო – ვაზის სამშობლოა.

მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვა – “ღვინო” (“vin”, “wine”, “vine” და სხვ.) ქართული წარმოშობისაა. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.

არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნაკეთობანი, უძველესი საწნახელები, მარნები, თიხისა და მეტალისგან დამზადებული ღვინის სასმისები და სხვ. აღმოჩენილია ჩვ.წ.-მდე IX-VII სს. დათარიღებული ღვინის მსმელი კაცის ფიგურა, რომელიც აგრეთვე ნაყოფიერების სიმბოლოცაა. ყურადღებას იქცევს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსაგან დამზადებული ღვინის სასმისები, შემკული ძვირფასი თვლებითა და ვაზის გამოსახულებით.

ვაზის კულტურასთან არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება, ვაზის ჯვრით შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და იქადაგა ქრისტიანობა. ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებანი.

ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებობდა პრიმიტიული ღვინის ქარხნები. აქ დღესაც შეხვდებით მარნებსა და საწნახელებს. აღსანიშნავია ნეკრესში აღმოჩენილი IV საუკუნის მარანი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვინის ქარხნის ნაშთები. ალავერდის კათედრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარანი, სამონასტრო ღვინის დამზადების ტრადიცია აქ დღესაც გრძელდება.

ყვარლის რაიონში მდებარეობს უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც კლდეში ნაკვეთ გვირაბშია განთავსებული. გვირაბის სიგრძე 13,5 კმ-ს შეადგენს. საცავი წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას 14-დან 16-გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისათვის. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ სამარკო ღვინოებს.

როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი – „პოლონური თაფლი“ – 1814 წლით თარიღდება.

ღვინის დამზადების კახური ტექნოლოგია

კახეთში ღვინოს ყველა ოჯახში ამზადებენ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო ტოლს არ უდებს ცნობილ საფირმო ღვინოებს.

ტრადიციულად, დაკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად სპეციალურ ნაგებობაში – მარანში თავსდება. დასაწურად საწნახელი გამოიყენება. მიღებული წვენი მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩაედინება – იქ ღვინდება და ინახება.

ღვინის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის გამოიყენება ტყავისაგან დამზადებული ტომრები – ტიკები და რუმბები.

ღვინის სასმისებად სპეციალურად დამზადებული თიხის ფიალები გამოიყენება. ტრადიციულად გამოიყენება – ყანწიც, თხის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებული სასმისი.

მარანი

მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე კაპიტალურად ნაშენ მარნებს – დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება.

მარანი, როგორც წესი, საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი. ხშირად ღვინის დაყენებას თან ერთვის მისი დაჭაშნიკებაც, რისთვისაც მარანშივე ვხვდებით სუფრის გასაშლელ ატრიბუტიკას.

საწნახელი

ყურძენი ქვაში ნაკვეთი ან ხისაგან გამოთლილი ნავისებური ფორმის საწნახელში იწურება. მისი ძირი, საიდანაც სითხე გაედინება, შინდისა და გვიმრის წნულითაა დაფარული. გლეხი საწნახელში დგებოდა და ყურძენს ფეხით წურავდა, რასაც სიმღერები და შეძახილები სდევდა თან. ღვინის წურვის ამ ტრადიციას დღეს აღარ მისდევენ, მისი ხილვა მხოლოდ ღვინის ფესტივალებსა და თეატრალიზებულ სანახაობებზეა შესაძლებელი.

ქვევრი

ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა. მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მოსარევად და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ. დღესდღეობით ქვევრში ღვინოს იშვიათად აყენებენ, მას მხოლოდ ღვინის შენახვის ფუნქცია აქვს.

არქეოლოგიური გათხრებისას ქვევრის კულტურა უძველეს ფენებშია აღმოჩენილი. არსებობდა აგრეთვე ქვევრის ეკლესიისადმი შეწირვის ტრადიცია. ეკლესია – მონასტრებში დღესაც შეხვდებით ძველისძველ ქვევრებს.

რთველი

საქართველოში ყურძნის კრეფას რთველი ეწოდება. რთველი, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. კახეთში რთველი შრომის დღესასწაულია, მოსახლეობა რთვლისათვის განსაკუთრებულად ემზადება. ყურძნის კრეფა დილას ადრე იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. მას ამ მოვლენისადმი სპეციალურად მიძღვნილი ფოლკლორული სიმღერები სდევს თან.

ყურძნის საკრეფად დაწნული კალათა – გოდორი გამოიყენება. რთველში მეზობლები, ნათესავები და ჩამოსული სტუმრები მონაწილეობენ. სამუშაო დღის დასასრულისთვის ხალხი სუფრასთან იყრის თავს, სადაც რთვლის დღესასწაულს განსაკუთრებული მხიარულებით აღნიშნავენ.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...