ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

რა გავლენას ახდენს სოციალური სტატუსი მოსწავლის ქცევაზე

0

სხვადასხვა ასაკში მოსწავლეთა ქცევითი და სასწავლო პრობლემების გამომწვევი მიზეზები საკმაოდ განსხვავებულია. იქიდან გამომდინარე, რომ გარდამავალ ასაკში ბავშვის ქცევითი და ემოციური მახასიათებლები ძირითადად თანატოლთა ჯგუფში მისი მდგომარეობით განისაზღვრება, ბავშვის ამა თუ იმ ქცევის გამომწვევი მიზეზების ძიებისას მნიშვნელოვანია ჯგუფის ფსიქოლოგიური სტრუქტურის, მის წევრებს შორის დამოკიდებულებებისა და კონკრეტული მოსწავლის სოციალური სტატუსის გათვალისწინება.

ვფიქრობ, ნებისმიერი პედაგოგი შეამჩნევდა, რომ თანატოლთა ჯგუფებში მოსწავლეებს სხვადასხვა სოციალური სტატუსი აქვთ. ზოგს ლიდერის პოზიცია უკავია, აშკარად თუ ფარულად მართავს ჯგუფს და მასზე საოცარი გავლენის მოხდენა შეუძლია. გვხვდებიან ჯგუფიდან გარიყული ბავშვებიც, რომლებსაც თანატოლები უგულებელყოფენ და ხშირად კლასში მათ ყოფნა-არყოფნას ვერც კი ამჩნევენ, რაც საკმაოდ დამთრგუნველია, მტკივნეული და შეურაცხმყოფელიც კი. ჯგუფებში, როგორც წესი, არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებსაც, მართალია, ლიდერებად არ აღიარებენ, მაგრამ არც რიყავენ – მოიძებნებიან ბავშვები, რომლებიც მათთან ურთიერთობის და მეგობრობის სურვილს გამოთქვამენ. ასეთი მოსწავლეები, თუ ლიდერობის პრეტენზია არ აქვთ, შესაძლოა საკმაოდ კომფორტულად გრძნობდნენ თავს ამ პოზიციაში და არც მათ ქცევაში იჩენდეს თავს რაიმე პრობლემა. მაგრამ როცა ბავშვს ლიდერობა სურს და მიაჩნია კიდეც, რომ კარგი ლიდერი იქნებოდა, თანაკლასელები კი ამას არ აღიარებენ, ის შესაძლოა საკმაოდ პრობლემურ, კონფლიქტურ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.

ნებისმიერ ჯგუფს თავისი სტრუქტურა აქვს. არცთუ იშვიათია ერთ გუნდად შეკრული ჯგუფები, სადაც ყველას თავისთვის სასურველი და მისაღები ადგილი უკავია, სადაც სუფევს სიყვარული და კეთილგანწყობა, სადაც თანაკლასელს არავის დააჩაგვრინებენ და ყოველთვის მზად არიან, გვერდით დაუდგნენ მას, ვისაც დახმარება სჭირდება. თუმცა ისეთი ჯგუფებიც გვხვდება, რომლებიც ბოლომდე არ არის ფორმირებული, მოსწავლეთა ქაოსური კრებული უფროა, ვიდრე საერთო ინტერესებითა და ღირებულებებით გაერთიანებული გუნდი. აქ ხშირად ისეთი მოსწავლე ლიდერობს, რომლისთვისაც უცხოა სასწავლო ინტერესები, მაღალი ღირებულებები. ის ჯგუფში საკუთარი ღირებულებების გაბატონებას ცდილობს და ხშირად ახერხებს კიდეც. მოსწავლეები, რომლებიც არ ეთანხმებიან მას, მაგრამ ვერც წინააღმდეგობას უწევენ თავიანთი დაბალი სოციალური სტატუსის გამო, ლიდერის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და ჯგუფში თავის დასამკვიდრებლად ნამდვილ სახეს მალავენ და თამაშს იწყებენ. ასეთ კლასებში პედაგოგები ხშირად სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან როგორც სწავლების, ისე მოზარდებთან უთიერთობის კუთხითაც. მოსწავლეთა სოციალური განვითარება ფერხდება. ვფიქრობ, ამიტომაა, რომ მათთან ყველაზე ეფექტიანია მართვის ავტორიტარული სტილი. ფსიქოლოგიაში კარგად არის ცნობილი, რომ მართვის სტილი სამართავი ობიექტის განვითარების დონის ადეკვატური უნდა იყოს. რაც უფრო დაბალია ადამიანის განვითარების დონე, მით უფრო ნაკლებეფექტიანია მასთან მართვის დემოკრატიული სტილი – ავტორიტარული გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა, ამიტომ პედაგოგები, რომლებიც ასეთ კლასებში მართვის ავტორიტარულ სტილს იყენებენ, ნაკლებ პრობლემას ეჯახებიან, დემოკრატიული სტილის არჩევის შემთხვევაში კი ვითარება კონტროლს აღარ ემორჩილება და ქაოსურ სახეს იღებს.

პედაგოგს შესაძლოა ნებისმიერმა ჯგუფმა და ჯგუფში ნებისმიერი სოციალური სტატუსის მატარებელმა ბავშვმა შეუქმნას პრობლემები, მაგრამ განსაკუთრებულ სირთულეს წარმოშობს ჯგუფში თანაკლასელების მიერ იგნორირებული მოზარდების არსებობა. ვფიქრობ, ეს ბუნებრივია, ვინაიდან კომფორტული მდგომარეობა თანატოლთა შორის ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ ის დაბალი სოციალური სტატუსის გამო ვერ იკმაყოფილებს ყურადღების, პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილებებს, მასწავლებელი შესაძლოა უამრავი ქცევითი და სასწავლო პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. თუ მოზარდის სოციალური სტატუსი დაბალია, მისი პრეტენზიების დონე კი – მაღალი, ის მიუღებელი, გამომწვევი ქცევით ეცდება ჯგუფში თავის დამკვიდრებას. იმ შემთხვევაში კი, როცა მოზარდის სოციალური სტატუსიც და პრეტენზიების დონეც დაბალია, ის საკუთარ თავში იკეტება და ურთიერთობებს გაურბის. ორივე შემთხვევაში ვეჯახებით სერიოზულ პრობლემებს, რომელთა გადაჭრა მხოლოდ ჯგუფში მისი მდგომარეობის შეცვლით იქნება შესაძლებელი.

ვინაიდან კორექციული მუშაობა სერიოზულ სირთულეებს უკავშირდება და ყოველთვის არც მოაქვს სასურველი შედეგი, ვფიქრობ, მთელი ჩვენი ძალისხმევა უნდა წარიმართოს ჯგუფის წევრებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთდამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და თითოეული მოსწავლისთვის კომფორტული გარემოს შექმნისკენ, რაც მათ სოციალურ სტატუსზეც აისახება. რა თქმა უნდა, ჯგუფში ყველა ლიდერი ვერ იქნება და ყველას არც სურს ეს, მაგრამ თანატოლთა მხრივ ყურადღების, პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება ყველა მოზარდს აქვს. რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯგუფში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატი სუფევდეს და ყველა ბავშვი კარგად გრძნობდეს თავს.

 

რეკომენდაციები მოსწავლეთა ჯგუფის ფორმირების სწორად წარმართვისა და ჯგუფში სასურველი სტატუსის მოსაპოვებლად ბავშვის დახმარების უზრუნველყოფისთვის

* კარგი იქნება, თუ მოსწავლეთა ჯგუფის ჩამოყალიბება და ამ ჯგუფში თითოეული ბავშვის ადგილისა და როლის განსაზღვრა სასკოლო ცხოვრების დაწყების პირველივე დღეებიდან გახდება ჩვენი ზრუნვის საგანი და არ დაველოდებით იმ მომენტს, როცა ბავშვი თავისი ქცევით მიგვანიშნებს, რომ ის კლასში კომფორტულად ვერ გრძნობს თავს.

ვინაიდან თანატოლების ჯგუფში ბავშვის სტატუსს ხშირ შემთხვევაში უფროსების შეფასებები განსაზღვრავს, საჭიროა, შეფასებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ, ამასთან, შევაფასოთ ქმედება და არა ბავშვის პიროვნება, ქმედების შეფასებისას კი გავითვალისწინოთ ბავშვის შესაძლებლობები. ნუ მოვთხოვთ იმას, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება.

* ნებისმიერ ბავშვს შეუძლია რაღაცის კარგად კეთება. მივცეთ მას ისეთი დავალება, რომელიც მას წარმატებას მოუტანს და ჩვენც გვექნება შექების საფუძველი.

* შევქმნათ ისეთი პირობები, რომ თითოეულ ბავშვს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცეს. ეს მათ დაეხმარება, ერთი მიმართულებით მაინც მოიპოვონ სასურველი სტატუსი. თუ ბავშვმა ინტელექტუალურ საქმიანობაში ვერ მოიპოვა პოპულარობა, იქნებ ორგანიზაციული საკითხების მოგვარება შეძლოს ისე, რომ ორგანიზაციული ლიდერიც კი გახდეს. თუ არც ინტელექტუალური და არც ორგანიზაციული უნარებით არ გამოირჩევა, შესაძლოა პიროვნული ურთიერთობები აღმოჩნდეს პოპულარობის მომტანი. მთავარია, ბავშვი ჯგუფისგან იზოლირებული არ იყოს და მისი ყოფნა-არყოფნა თანაკლასელებისთვის შეუმჩნეველი არ რჩებოდეს.

* ვერიდოთ არაპოპულარული ბავშვების უსაფუძვლო ქებას და მათდამი თანაგრძნობის გამოხატვას ჯგუფში მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ამით შესაძლოა საპირისპირო შედეგი მივიღოთ და კიდევ უფრო დავწიოთ მათი სოციალური სტატუსი. უკეთესი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ბავშვის უნარებს, შესაძლებლობებს და შევუქმნით ისეთ პირობებს, რომ მან რეალურ წარმატებას მიაღწიოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსწავლეთა ჯგუფში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის შესაქმნელად, სწავლა-სწავლების პროცესის ხელშესაწყობად და მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად ვიზრუნოთ ჯგუფში კეთილგანწყობილი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, რათა კლასში თითოეული მოსწავლე კომფორტულად, დაცულად გრძნობდეს თავს, არ ჰქონდეს იგნორირებისა და ჯგუფიდან გარიყვის შიში. ამ შემთხვევაში უფრო იშვიათად შევეჯახებით ქცევით თუ სასწავლო პრობლემებს და მოსწავლეებიც უკეთ მოახერხებენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას.

საინტერესოდ სწავლება

0

„მიკროფონი“

მასწავლებელს „მიკროფონის“ ხერხის გამოყენებით შეუძლია გაკვეთილზე საშინაო დავალების შემოწმება, ძირითადი ცოდნის აქტივაცია, მოსწავლეთა მოტივირება ან გაკვეთილის შეჯამება. ეს ხერხი გამოიყენება იმისთვის, რომ გაკვეთილის პროცესში ჩაერთოს მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა; რომ გავიგოთ, თუ რამდენად დაინტერესდნენ მოსწავლეები მასალით და როგორ გაითავისეს ის.

როდის გამოვიყენოთ? მისი გამოყენება შეგიძლიათ გაკვეთილის დასაწყისში ან მის ბოლოს. ის ყველა მოსწავლეს აგრძნობინებს, რომ მათ შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი აზრი, ილაპარაკონ როგორც საკუთარ მიღწევებზე, ასევე წარუმატებლობებზე. მოსწავლეები რიგრიგობით პასუხობენ კითხვებს. სიტუაციის განსამუხტად, შეგიძლიათ გამოიყენოთ სათამაშო მიკროფონი ან ნებისმიერი ნივთი, რომელიც მიკროფონის მაგივრობას გასწევს. სასურველია, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება.

შეკითხვები შეგიძლიათ დაყოთ სირთულის მიხედვით. თავიდან ძლიერი მოსწავლეებით დაიწყოთ და შედარებით მარტივი კითხვებით ნელ-ნელა გადახვიდეთ სუსტ მოსწავლეებზე.  შეგიძლიათ კითხვა თითო რიგს მისცეთ. მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა თვითონ აირჩიონ სასაუბრო თემა.

რა კითხვები დავუსვათ? კითხვები ეწყობა გაკვეთილის ეტაპის გათვალისწინებით.

რა გავაკეთოთ მოტივაციისთვის? გაკვეთილის თემის და მიზნის გამოცხადების შემდეგ ჰკითხეთ მოსწავლეებს, რას ელიან გაკვეთილისგან? როგორ ფიქრობენ, რას მიეძღვნება  გაკვეთილი? როგორი სახის დატვირთვა ელოდებათ?

როგორ შევამოწმოთ ცოდნის დონე? მნიშვნელოვანია, აიძულოთ ბავშვი იფიქროს და გააანალიზოს. ამ ხერხით მოსწავლე საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს გახსნის და დაინახავს სასკოლო თემების აქტუალობას.

როგორ ვაჯამებთ? ბოლოს შეგიძლიათ დასვათ კითხვა, თუ რამდენად მოეწონათ გაკვეთილი და პირობითად რამდენ ქულას დაუწერდნენ მას; რა იყო რთული, რა მოეჩვენათ უინტერესოდ ან გაუგებრად.

„მიკროფონის“ ხერხის გამოყენების მაგალითი: პირობითად, ავიღოთ ლიტერატურის გაკვეთილი. ნაწარმოების შესწავლის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი კითხვები: ვინ გახდებოდით, რომ შეგეძლოთ ნაწარმოების პერსონაჟად გადაქცევა? რატომ? რამ დატოვა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? რა სირთულე შეგხვდათ კითხვისას?

ხერხი „მიკროფონი“ დაგეხმარებათ გაკვეთილის გამრავალფეროვნებაში. მისი დახმარებით მოსწავლე მეტად იხსნება და ლაპარაკობს გაკვეთილით მიღებულ შთაბეჭდილებებზე, თავის გრძნობებსა და შედეგებზე. ეს მასწავლებელს ეხმარება ინფორმაციის მიღებაში; იმის გაგებაში, თუ რა  აინტერესებთ მოსწავლეებს და სად არის მათი სუსტი წერტილები.

ევრისტიკული სწავლება

ევრისტიკული სწავლება – მეცნიერება, რომელიც სწავლობს მეთოდებს, რომლებიც გამოიყენება ახალი კონცეფციების, იდეებისა და ობიექტებს შორის ურთიერთკავშირების აღმოსაჩენად. ასეთ მეთოდებს შეუძლიათ ამოცანის ამოხსნის პროცესის დაჩქარება.

ევრისტიკული კვლევა ითვალისწინებს მოსწავლის აქტიურ როლს ახალი ცოდნის მიღებაში. მასწავლებელი მხოლოდ დამხმარეა. ის ახალი მასალის მხოლოდ მოკლე ძირითად ნაწილს ვერბალურად აწვდის მოსწავლეს, უხსნის დეტალებს.

შემდეგ მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა იმოქმედონ. არ არის გამორიცხული, რომ ახალი ინფორმაციის მისაღებად მათ დამატებითი რესურსი და საკუთარი გამოცდილება დასჭირდეთ. ცალკეული ინფორმაცია შეუძლიათ მასწავლებლისგან მიიღონ, მაგრამ მთლიანობაში მოსწავლეებს ეძლევათ პრობლემური დავალებები, რომელთა ამოხსნაშიც ისინი მინი-აღმოჩენებს აკეთებენ.

კვლევის ჩატარების ბევრი ფორმა არსებობს: ოლიმპიადა, საქმიანი თამაში, გონებრივი შტურმი და სხვ. ყოველი მეთოდის დავალებას ნაწილობრივ საძიებო ხასიათი აქვს და მიმართულია მოსწავლის შემოქმედებითი განვითარებისკენ.

ევრისტიკულ კვლევას აქვს სამი ძირითადი ნიშანი: გახსნილობა – მასწავლებელმაც კი არ იცის წინასწარ, რა შედეგს მიიღებენ მოსწავლეები; მონაწილეების კრეატიულობაზე დაყრდნობა და აქტუალური პრობლემის დასმა.

ევრისტიკული კვლევის სარგებელის მიუხედავად, სასწავლო პროცესში ამ სწავლებით გატაცება არ ღირს.  ეს არც გამოგივათ. ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

მიდგომა გულისხმობს კლასის რამდენიმე ჯგუფად დაყოფას. ზოგი მოსწავლე პასიური იქნება და ზოგიც – აქტიური;

კვლევისთვის მომზადება დიდ ენერგიას და დროს მოითხოვს მასწავლებლისგან;

მეთოდის გამოყენება დამოკიდებულია პედაგოგის პროფესიონალიზმსა და მონაწილეთა განვითარების დონეზე, მათი ცოდნის ბაზაზე.

მიდგომას უნივერსალურს ვერ დავარქმევთ და მისი გამოყენება გამართლებული იქნება მხოლოდ ცალკეული თემების შესწავლისას. ეს კარგი ხერხია სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში, მაგრამ ევრისტიკული კვლევის მეთოდების გამოყენება ყოველთვის ვერ ხერხდება.

ევრისტიკული დავალებების მაგალითები:

ყველა დღისთვის, წლისთვის, პლანეტისთვის თავისი ფერის, ნიშნის მოფიქრება;

ცნობილი ზღაპრის საკუთარი ინტერპრეტაციით გაგრძელება;

საკუთარი გამოთქმის, ლექსის, ინტერვიუს, რეკლამის დაწერა.

ვიქტორინის, კროსვორდის, დავალების, საკონცერტო პროგრამის, ინფორმაციული ფურცლის მოფიქრება სხვა მოსწავლეებისთვის.

მუსიკის აღწერა; ბუნების მოვლენისთვის, ცხოვრების პერიოდისთვის, კონკრეტული ადამიანისთვის მუსიკალური გაფორმების შერჩევა; პრეზენტაციის, ვიდეო-ფილმის, ჟურნალის, კედლის გაზეთის მომზადება.

ლიტერატურის კვლევების გამოყენებით, შეიძლება ნაწარმოების ავტორის ან მისი მოქმედი გმირების სამყაროში „ჩაძირვა“. უცხო ენის გაკვეთილებზე, სხვა ქვეყნების კულტურის შესწავლისას, შესაძლოა ვიდეოების ჩვენება, მისი ძირითადი მომენტების ხაზგასმა, მოგზაურობა ვირტუალურად და მარშრუტების დაგეგმვა Google Map -ის დახმარებით.

ვსწავლობთ შეთანხმებულად

ამ მეთოდის მიზანია: სასწავლო მასალის უკეთ აღქმის პროვოცირება; მიღებული ცოდნის გამყარება, უნივერსალური სწავლის მეთოდების გაძლიერება, დასკვნების ფორმულირება.

ამ მეთოდის გამოყენება ითვალისწინებს ჯგუფური მუშაობის ორგანიზებას.

1 ვარიანტი

სასწავლო მასალა იყოფა რამდენიმე აზრობრივ ნაწილად. მონაწილეები იყოფიან ჯგუფებად. მასალის ყველა ნაწილზე მუშაობისთვის ირჩევა მოსწავლეების ორ-ორი ჯგუფი. ერთმა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს მასალა და მოემზადოს პრეზენტაციის წარსადგენად. ამისთვის მათ უნდა მოიფიქრონ სქემები, ნახატები, ცხრილები და ა.შ. ყველაფერი ის, რაც მათ გამოსვლას გასაგებს და მარტივად აღსაქმელს გახდის.

მეორე ჯგუფის დავალება – მათი მეწყვილეების ჩატარებული პრეზენტაციის შესახებ კითხვების მოფიქრებაა. მათაც მოუწევთ მთელი ინფორმაციის შესწავლა, არა მხოლოდ ძირითადი მომენტების გამოყოფა, არამედ მეორეხარისხოვანი დეტალების გათვალისწინებაც.

მთელ სამუშაოს ბავშვები თითქმის დამოუკიდებლად, მასწავლებლის მცირედი დახმარებით ასრულებენ (კლასის მომზადების დონის მიხედვით). ამისთვის გამოყოფილია განსაზღვრული დრო და მკაცრად კონტროლდება რეგლამენტი. შემდეგ მუშაობა ასეთ რეჟიმში მიმდინარეობს: მასალის პირველი ნაწილის შესახებ პრეზენტაციას აკეთებს პირველი ჯგუფი; მეორე ჯგუფი კითხვებს უსვამს მათ, ისმენენ პასუხებს; მასწავლებელი აკეთებს აუცილებელ დაზუსტებებსა და დამატებებს.

ასე გრძელდება, სანამ არ მოისმინება ყველა ჯგუფი, შემდეგ მასწავლებელი აჯამებს მთელი კლასის მუშაობას.

2 ვარიანტი

თავიდან ყველა მოსწავლეს ეძლევა დრო, რომ გაეცნოს თეორიულ მასალას. შესწავლის პროცესში მათ უნდა მონიშნონ მათთვის გაუგებარი ინფორმაცია. ამის შემდეგ, ბავშვები ერთიანდებიან ჯგუფებად, სადაც მსჯელობენ წაკითხულის შესახებ და ცდილობენ გაუგებარ საკითხებში გარკვევას.

შედარებით რთულ საკითხებს მთელი კლასი ერთად არჩევს. ბოლოს, მასწავლებელი არკვევს სასწავლო მასალის გააზრების დონეს და აკორექტირებს მიღებულ ცოდნას.

ხერხის გამოყენებისას, უნდა გვახსოვდეს: მასალის მოცულობა არ უნდა იყოს ძალიან დიდი; რეკომენდებულია, გამოიყენოთ სხვადასხვა საშუალება (სლაიდები, სახელმძღვანელო, ამობეჭდილი ტექსტი და ა.შ.); შეგიძლიათ მოამზადოთ დამატებითი ლიტერატურა, ტერმინების ლექსიკონები ა.შ.

ბავშვებს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რის მერე რა აკეთონ. მასწავლებელი უნდა ეცადოს, არ ჩაერთოს მოსწავლეების მსჯელობაში, მთელი სამუშაოსთვის რეკომენდებულია 15-20 წუთის გამოყოფა.

ამ ხერხის გამოყენება ბავშვს ინფორმაციის უფრო ღრმა ანალიზსა და გააზრებას ასწავლის, რასაც მყარი ცოდნის ფორმირებისკენ მივყავართ. ეს მეთოდი გვთავაზობს მოსწავლეების ცოცხალ მონაწილეობას ცოდნის მიღების პროცესში, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს სწავლების მაღალეფექტიანობას.

 

ნეტა ვინ აკავებს ბავშვებს კლდის პირზე ჭვავის ყანაში?

0

1988 წელს ერთი ამერიკელი გოგონა, ელიზაბეტ სკოტი, გავიცანი, რომელსაც, როგორც ჩვენი საერთო უფროსი ქართველი მეგობარი იტყოდა, საქართველოს სიყვარულის ბაცილა შეეყარა და დღემდე ვერ განიკურნა მისგან. ლიზი საქართველოსთვის უმძიმეს  დღეებში გამოვცადე: ერთად დავდიოდით პირველ მიტინგებზე, უნივერსიტეტის წინ რომ მართავდნენ ჩემი მეგობრები, დარბევებიც ერთად გადავიტანეთ… 90-იანი წლების კრიზისის დროსაც, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ხელფასი შვებულების დღეებში რომელიმე მზიან კუნძულზე დაეხარჯა, უშუქო თბილისში ჩამოსვლას ამჯობინებდა. ელიზაბეტ სკოტი დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია.

ცოტა ხნის წინ ლიზიმ პიესა დაწერა 9 აპრილზე და წასაკითხად მე და დათო ტურაშვილს გამოგვიგზავნა. წაიკითხა თუ არა პიესა, დათოს მაშინვე საინტერესო პროექტის იდეა გაუჩნდა და ლიზის თხოვა, პიესა გადაეკეთებინა რომანად, რომელიც უცხოელის თვალით დანახული გასული საუკუნის მიწურულის ქართული რეალობის მოგონება იქნებოდა. თავის მხრივ, დათოც დაწერდა ამბავს იმავე პერიოდის შესახებ. შემდეგ ამ ორ მოგონებას ერთ წიგნად გამოსცემდნენ. რადგან მოგონებებზე დაფუძნებული ამბების ერთ-ერთი პერსონაჟი ვიყავი, ნაწარმოებს ორივე მხარე მაკითხებდა ხოლმე. საოცარია, როგორ არ ემთხვევა ერთი ამბის მონაწილეების აღქმა ერთმანეთს და როგორ განსხვავებულად გვახსოვდა და აღვიქვამდით ერთ მოვლენას სამივენი. მაგრამ ეს უკვე ახალი წერილის თემაა. ახლა სულ სხვა თემას მინდა, შევეხო.

ლიზი იხსენებდა, როგორ უკვირდა, რომ მისი ნაცნობი ყველა ქართველი სტუდენტის საყვარელი მწერალი ჯერომ დევიდ სელინჯერი იყო. ეს გაკვირვება მეც კარგად მახსოვს, იმიტომ, რომ მეც მიკვირდა, რატომ არ უყვარდათ ჩემს ნაცნობ ამერიკელ სტუდენტებს „თამაში ჭვავის ყანაში“ ზუსტად ისე, როგორც მე და ჩემს მეგობრებს გვიყვარდა მაშინ ეს ნაწარმოები. ჰოდა, ლიზისა და დათოს ერთობლივ პროექტში ეს ყველაფერი ასე აისახა:

„…ყველანი ლიტერატურაზე ვსაუბრობდით. დათომ მკითხა: „ლიზი, ვინ არის შენი საყვარელი ამერიკელი მწერალი ახლაო?“ გავშრი. ვიცოდი, ვინც მომწონდა, ლუისის, ტოლკინის, ოსტინის, ფორსტერის, ჰარტლის მსგავსი მწერლები, თუმცა არც ისე ძალიან მიყვარდა თანამედროვე ამერიკული მწერლობა. მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ინგლისელი მწერლები მერჩივნა. მინდოდა, რომელიმე ნობელიანტი მეხსენებინა, მაგრამ უცებ არცერთი გამახსენდა. „ააააარ ვიცი…“ ამოვილუღლუღე…. დათომ განაგრძო: „ჩვენ ყველას გვაქვს წაკითხული სელინჯერი. ხომ იცი „თამაში ჭვავის ყანაში“, გიყვარს სელინჯერი?“ „მაგას სკოლაში ვკითხულობდით“ – ენთუზიაზმის გარეშე ვუპასუხე. უკვე მერამდენედ დავრწმუნდი, რომ სელინჯერი სსრკ-ში ნამდვილად უყვართ. მგონი, ჰოლდენ კოლფილდის გამო: ის ნამდვილია,.. განსხვავებული, ვიდრე მისი გარშემომყოფები. კონფორმიზმი ძალიან მტკივნეულია მისთვის. ამით აოცებდა ჰოლდენი საბჭოთა ბავშვებს, რომლებიც მკაცრი წესების მიხედვით უნდა მოქცეულიყვნენ რობოტების ჯგუფივით. ალიოშას [მოგონების ერთ-ერთი პერსონაჟი ლენინგრადიდან] კლასის ფოტოებზე აღბეჭდილი მისი თანაკლასელების ერთნაირი გამომეტყველება ამ აზრს მიმტკიცებდა. უცნაური ის იყო, რომ საბჭოთა ცენზურის მიუხედავად, ეს წიგნი სასწავლო პროგრამაში შევიდა. ალბათ იმიტომ, რომ ცენზორთა აზრით, ნაწარმოები დასავლეთის დეკადენსს აჩვენებდა. ახლახან რიდ ჯონსონი „ნიუ იორკერში“ გამოქვეყნებულ სტატიაში შეეცადა, აეხსნა ეს ფენომენი, აჩვენა რა განსხვავებები რუსულ თარგმანსა და ორიგინალს შორის. ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ამერიკაში ჰოლდენ კოლფილდი, როგორიც არ უნდა იყოს ის, მაინც არ იყო საინტერესო პერსონაჟი. შესაძლოა, 50-იანებში ის განსაცვიფრებელი იყო, მაგრამ 80-იანებში ყველას მუდმივად იმას გვიჩიჩინებდნენ, რომ ჩვენგან იმის მოლოდინი ჰქონდათ, რომ განსხვავებულები ვყოფილიყავით და უშიშრად გამოგვეხატა ჩვენი ინდივიდუალურობა და ის ვყოფილიყავით, ვინც გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით. ტენდენციამ, ყოფილიყავი სხვისაგან განსხვავებული, რაღაც თვალსაზრისით, ერთგვაროვნები გაგვხადა. ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დადგა ასეთი იყო – მას შემდეგ, რაც მიაღწევდი და გახდებოდი თავისუფალი ინდივიდუალური ადამიანი, უფრო საინტერესო იყო, მერე ვინ გინდოდა, რომ გამხდარიყავი, რას გააკეთებდი ამის შემდეგ. ჩვენ ჰოლდენს ვუყურებდით როგორც გამორჩეულად ეგოცენტრულ და ჩამოუყალიბებელ ტიპს, რომელსაც სიამოვნებით შევუძახებდით: „გეყო რა თვითტკბობა!“ სელინჯერის პერსონაჟები ისეთი გაუბედავები არიან, რომ მისი წაკითხვა ტკივილს გგვრის. მაგრამ ჩემი ქართველი მეგობრები ჰოლდენს და სხვა პერსონაჟებს „დიდებულებს“ ეძახდნენ. ჰოდა, ახლა მომეცა შანსი, შევემჩნიე დათოს და ვთქვი: „არა, ასე არა მგონია. საერთოდ არაფერში არ გეთანხმები“. ამ პასუხმა გააღიზიანა დათო და მე გავიფიქრე, აჰა, ხო გამოგიჭირე…“

ახლახან საბჭოთა ცენზურაზე ვამზადებდი საკონფერენციო მოხსენებას და მეც წავიკითხე „ნიუ იორკერში“ გამოქვეყნებული ლიზის მოწონებული წერილი სხვა წერილებთან ერთად. ჩემი ყურადღება ერთმა ფაქტმა მიიქცია: ის, რომ სელინჯერის რომანის სათაური ინგლისურად სხვანაირად ჟღერს, ადრეც ვიცოდი; ის, რომ სელინჯერის რომანის ორივე ქართული თარგმანის სათაური რუსული ვერსიებიდანაც განსხვავებულია, არც ეს იყო ახალი ჩემთვის; მაგრამ არასოდეს მიფიქრია, თუ სათაურის შეცვლას ასეთი დიდი მნიშვნელობა შეიძლებოდა ჰქონოდა. წერილების გაცნობამდე არასოდეს მიფიქრია, რომ სათაურში სიტყვა catcher” (დამჭერი/კეტჩერი) და “rye” (ჭვავი) ამერიკელ მკითხველს განსხვავებულ ასოციაციებს უჩენდა. ჩვენ, საბჭოთა ყმაწვილებმა, სამწუხაროდ, არც ინგლისური ენა ვიცოდით კარგად და არც იმ სიტყვების  კონტექსტი, რომელსაც კულტურა განაპირობებდა. თუნდაც ეს:

რომანში კოლფილდს აეკვიატება რობერტ ბერნსის ლექსი (ჭელიძის თარგმანში ეს ლექსი ასე ჟღერს: „ნეტა ვინმეს თუ დაიჭერ ჭვავის ყანაში“ და „ნეტა ვინმეს თუ შეხვდები ჭვავის ყანაში“; ჭუმბურიძის თარგმანში: „თუკი ბიჭი გოგოს შეხვდა ჭვავის ყანაში“ და: „ვინმემ ვინმეს თუ ჩაავლო ჭვავის ყანაში“), რომელსაც ერთი პატარა ბიჭი ღიღინებს. ეს სიმღერა თითქმის ყველა ამერიკელმა იცის. გთავაზობთ ბერნსის ლექსის მურმან ლებანიძის არაჩვეულებრივ თარგმანს: ყანა-ყანა მოდიოდა, მოტოპავდა ჭვავში, დაისველა ჯენიმ კაბა, სულ კანკალებს ბავშვი, წარამარა სველი არის ეგ საბრალო ბავშვი. – ჯენი, ჭვავში რა გინდოდა, ვერ იარე მშრალში? თუ გოგოს თავს რაღაც ხდება, ვთქვათ, ბიჭს ხვდება ჭვავში, მაინც ჩვენი რა გაცვდება, ჩვენ ვინაღვლოთ რაში?! და თუ კიდეც ბიჭმა გოგოს ღდინზე კოცნა ჭვავში, ვისი ჭკუის საქმე არის, რა ქვას ვიხლით თავში? ყანა-ყანა მოდიოდა, მოტოპავდა ჭვავში. ჯენი, მშრალში ვერ იარე, რა გინდოდა ჭვავში?

სამწუხაროდ, ლებანიძის თარგმანით ბევრი ვერ მიხვდება იმ აქცენტებს, რომელთა ამოცნობის შემდეგაც ლექსი დატვირთული გახდება სექსუალური ასოციაციებით (ინგლისურის მცოდნეებს დაინტერესების შემთხვევაში აქ შეუძლიათ ნახონ ლექსი https://www.bbc.co.uk/arts/robertburns/works/comin_thro_the_rye_alternate_version/#work ). მაგრამ ჰოლდენ კოლფილდს თვითონაც არასწორად ახსოვს ლექსი და ამიტომ მის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს; ჰოლდენისთვის ლექსს უწყინარი შინაარსი აქვს და ბუნებრივ რომანტიკულ უთიერთობებს ასახავს. რომანტიკულ სიყვარულს კლავს საზოგადოება. უმანკო და სუფთა ბავშვი, სანამ მას არ გარყვნის ფლიდი საზოგადოება, ვერ ეგუება კონფორმიზმს. თვალთმაქცობა მაშინ იწყება, როცა ხვდები, რომ ამას საზოგადოება მოითხოვს შენგან. ამიტომაც ჰოლდენის გაზრდა, მისი გადასვლა ბავშვობიდან დიდობაში საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს. მას ეშინია, არ უნდა, გახდეს კონფორმისტი, დაემსგავოს უფროსებს, შეეგუოს ტყუილსა და  გახდეს ფლიდი. ჰოლდენს უნდა, დაიცვას თავისი და, ფიბი, თვალთმაქცი საზოგადოებისგან. მის წარმოდგენაში კორუმპირებული საზოგადოებისგან დაცული მხოლოდ მისი ძმა ელია, რომელიც აღარაა ცოცხალი. ის ისეთად დარჩა მოგონებებში, როგორი უმანკოც ბავშვობაში იყო. ელი ვეღარ გაიზრდება. მაგრამ სიკვდილი არ არის საუკეთესო გამოსავალი. სიკვდილი ტრაგედიაა, რომელიც ახლობლებს ანადგურებს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ჯერ ფიბის და მერე სხვა ბავშვების დაცვაა, რომ არ დაემსგავსონ უფროსებს. როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები? აქ ჰოლდენი ხატავს ჭვავის ყანის სურათს, რომელშიც ბავშვები თამაშობენ. მათ არ იციან იმ საფრთხის შესახებ, რომელიც იქვეა ჩაბუდებული. ესაა კლდე, საიდანაც, თამაშში გართული ბავშვი, ისე შეიძლება გადაიჩეხოს, რომ დაყვირებაც ვერ მოასწროს. აი აქ უნდა იყოს ვიღაც ისეთი უფროსი, რომელსაც ადარდებს ბავშვების ბედი. ცხადია, ჰოლდენ კოლფილდის მიერ წარმოსახული სურათი მეტაფორაა. მეტაფორაა ჭვავის ყანა, მეტაფორაა კლდეც და მეტაფორაა დამჭერი-კეტჩერიც. ეს მეტაფორები სხვადასხვანაირად შეგვიძლია გავიგოთ. ვიღაცისთვის ადამიანი, რომელიც ბავშვებს იჭერს ხიფათისგან, მასწავლებელია. მაგრამ – არა ჰოლდენისთვის. მისი აზრით, განათლების სისტემა ისევეა კორუმპირებული, როგორც ცხოვრება სკოლის გარეთ. არც ჭვავია ბავშვური სილაღე და უდარდელობა, ჭვავის ყანა საფრთხეა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ იქვე კლდეა, არამედ იმიტომაც, რომ ჭვავის ყანაშია ჩასაფრებული მოულოდნელი საფრთხე, თუნდაც მას იმ კონკრეტულ მომენტში რომანტიკულ ურთიერთობას ვარქმევდეთ. ახლა ვნახოთ, ვინ არის დამჭერი/კეტჩერი?

სიტყვა, რომელიც სათაურის ინგლისურ ვარიანტშია, არის „Catcher” და ის აღნიშნავს ადამიანს, რომელიც რაღაცას ან ვიღაცას იჭერს. მაგრამ ინგლისურენოვანმა მკითხველმა, სიტყვის მნიშვნელობის გარდა, სიტყვის სხვა კულტურული კონტექსტიც იცის. მან იცის, რომ ბეისბოლის მატჩში მოედანზე სათამაშოდ გასულ მოთამაშეებს როლები აქვთ და, ამ როლების მიხედვით, ვიღაც „კეტჩერია“, ვიღაც კი – „პიტჩერი“. კეტჩერის მოვალეობაა, ბეისბოლის სპეციალური ხელთათმანით დაიჭიროს ბურთი. მიხვდით ხომ? როგორც კი ინგლისურენოვანი მკითხველის მსგავსად, ჩვენც გავარკვევთ სიტყვის კონტექსტს, გაგვახსენდება:

სელინჯერის რომანის გმირს, ჰოლდენ კოლფილდს, მისი ოთახის მეზობელი სტრედლეიტერი თხოვს, დაუწეროს რაიმე თხზულება, რადგან თავად ჯეინ გალაჰერთან პაემანზე მიდის. ჯეინი, ელი და ჰოლდენი ბავშვობის მეგობრები იყვნენ, მეტიც, ჯეინი ჰოლდენის ბავშვობისდროინდელი რომანტიკული სიყვარულია (და როგორ წააგავს სახელი ჯეინი რობერტ ბერნსის ლირიკული გმირის სახელს!). ჰოლდენი გადაწყვეტს, სტრედლეიტერის ლოდინში დრო მოკლას და თხზულება დაწეროს – აღწეროს გარდაცვლილი ძმის, ელის, ბეისბოლის ხელთათმანი. ეს ხელთათმანი გამორჩეულად ძვირფასია ჰოლდენისთვის, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა ელი. გარდაცვლილი ძმის სახსოვარს კიდევ უფრო ძვირფასს ხდის ის ფაქტი, რომ მასზე ელის საყვარელი ლექსებია დაწერილი. ჰოლდენი დაწერს სტრედლეიტერის დავალებას, მაგრამ პაემნიდან დაბრუნებული სტრედლეიტერი დაუწუნებს თხზულებას. მისთვის ხომ კარგად დაწერილი თხზულება მხოლოდ წერტილ-მძიმემდე და გრამატიკულ წესებამდე დაიყვანება. გაბრაზებული, და იმავდროულად ეჭვიანობისგან გამწარებული, ჰოლდენი სტრედლეიტერს უპირისპირდება. მაგრამ ეს არაა ამ წერილის თემა, ამიტომაც ისევ დავუბრუნდეთ რომანის სათაურს.

რადგან სათაურში გამოტანილი სიტყვა „კეტჩერი“, დამჭერთან ერთად, ხელთათმანიან ბეისბოლის მოთამაშეს გულისხმობს, მკითხველს პირველ რიგში უნდა გაგვახსენდეს ელი, ჰოლდენის გარდაცვლილი ძმა. სწორედ მასზე მოგონებამ და ფიბიმ შემოაბრუნეს ცხოვრებაზე გულაყრილი ჰოლდენი სიცოცხლისკენ. ახლა კი ჰოლდენს ელის ადგილის დაკავება მოუწევს. როგორც ელიმ უშველა ჰოლდენს ბეისბოლის ხელთათმანით, ახლა ჰოლდენმაც ისევე უნდა უშველოს ჯერ კიდევ ხალას ბავშვებს. მან უნდა მოირგოს ლექსებით აჭრელებული ელის ბეისბოლის ხელთათმანი და დაიჭიროს ჭვავში მოთამაშე ბავშვები, რათა იხსნას ისინი კლდიდან გადაჩეხვისაგან. ელიმ ვერ მოასწრო გაზრდა და ბავშვად დარჩა. ჰოლდენისთვის ელი მუდმივი უმანკოების, სისუფთავის, გაურყვნელობის სიმბოლოდ იქცა. ჰოლდენი იკავებს ელის ადგილს და ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ, ელისგან განსხვავებით, ჰოლდენი გაიზრდება, ის მაინც არ დაკარგავს სამყაროს აღქმის ბავშვურ ხედვას და არც სხვა ბავშვებს მისცემს საშუალებას, დაკარგონ ბუნებრიობა, ბავშვური რომანტიზმი; დაიცავს სხვა ბავშვებსაც, არ შეაბღალინებს სტრედლეიტერისთანა ნაბიჭვრებს მათ უმანკოებას; შეეცდება, გადაარჩინოს ბავშვები, შემთხვევით რომ არ მიენდონ მორისისნაირ გარეწრებს და არ დაასამარებინონ მისტერ ანტოლინისნაირ მასწავლებლებს გულუბრყვილო ნდობა…

დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ ქართველ, და მანამდე – საბჭოთა მკითხველს, კარგად ესმის სელინჯერისეული მეტაფორა, მას არ ესმის ზოგიერთი სიტყვის სწორი მნიშვნელობა კულტურული კონტექსტის გამო. მაშინ საბჭოთა და ახლა – ქართველ მკითხველს არ უჩნდებათ ის ასოციაციები, რომლებიც უნდა გაუჩნდეთ ნაწარმოების წაკითხვისას. საბჭოთა მკითხველს აღაფრთოვანებდა პერსონაჟი, რომელიც ვერ იტანდა კონფორმიზმს; ცენზურას მოსწონდა დამპალი და გახრწნილი კაპიტალისტური საზოგადოების ჩვენება; საბჭოთა ცენზურას აკმაყოფილებდა, რომ ბურჟუაზიული მორალი ალპობდა დასავლურ ყოფას და ბავშვები უფსკრულში იჩეხებოდნენ; და ყველას ავიწყდებოდა ერთი: კაპიტალისტურიც და სოციალისტური საზოგადოებაც ერთნაირად ახდენდა ბავშვის შეცვლა-დამორჩილება-მოთვინიერება-მოდრეკას თავისი კანონების შესაბამისად. სელინჯერისთვის სულერთი იყო, რა ერქმეოდა ჩარჩოს. მისთვის სწორედ ჩარჩო იყო გამაღიზიანებელი. მთარგმნელებისთვისაც, სათაურის თარგმნის დროს (ვგულისხმობ ვახტანგ ჭელიძის „თამაში ჭვავის ყანაში“ და გია ჭუმბურიძის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში“ თარგმანებს), უფრო მნიშვნელოვანი იყო მეტაფორა და არა სიტყვების კონტექსტი. ცუდია, თუ მათ არ უფიქრიათ იმაზე, რომ კონტექსტის დაკარგვით, შესაძლოა, მკითხველს მხედველობიდან გამორჩენოდა ელის როლი ტექსტის გაგების პროცესში.

აქვე აღვნიშნავ, რომ რუსული სათაური კიდევ უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა საბჭოთა ცენზურისთვის. „Над пропастью во ржи“-ში მეორე სიტყვა ითარგმნება როგორც „უფსკრული“. ეს სიტყვა კი კიდევ უფრო კარგად ასახავდა უფსკრულის პირას მყოფი ბურჟუაზიის დეკადანსს. ვინაიდან საბჭოთა კავშირში წიგნები ჯერ რუსულად ითარგმნებოდა, ხოლო შემდეგ რესპუბლიკების ენებზე, ცენზურის მიერ მოწონებული წიგნის სათაურის ქართულ ვარიანტს, სავარაუდოდ, უკვე აღარავინ დაეძებდა. ქართულმა თარგმანმა მოიშორა „უფსკრული“, მაგრამ არც ის სიტყვა დაუბრუნა სათაურს, რომელიც საკვანძო იყო. საკვანძო სიტყვა არც პოსტსაბჭოთა პერიოდის თარგმანს დაბრუნებია. თუმცა აქვე დავძენ, რომ სათაურში ვერც სიტყვა „დამჭერი“ (მით უმეტეს „ჩამვლები“ სიტყვიდან „ჩაავლო“) და ვერც სიტყვა „კეტჩერი“ ვერ იქნებოდა მომგებიანი. ამიტომაც, მთარგმნელები თავისებურად სწორად მოიქცნენ, როდესაც სათაურში არ გამოიტანეს ეს სიტყვა. ვახტანგ ჭელიძეს საბჭოთა პერიოდში ვერ მოვთხოვდით, კომენტარში აეხსნა, რას ნიშნავდა ინგლისელი მკითხველისთვის სიტყვა „catcher”, თუმცა ეს გია ჭუმბურიძეს მაინც უნდა გაეკეთებინა.

მეორეხარისხოვანი პერსონაჟები  

0

ნორვეგიელი მხატვრის, ედვარდ მუნკის, ყველაზე ცნობილი ტილოა ,,კივილი“, რომლის სხვადასხვა ვერსია არსებობს. მხატვრის მიერ შექმნილ არც ერთ ვერსიაში მთავარი ფიგურა, ადამიანი, რომელსაც ხელები აქვს ყურებზე აფარებული და მთელი არსებით სასოწარკვეთილ კივილს თუ ყვირილს გამოხატავს, მარტო არ არის. მის უკან, ფონზე, მოჩანს ორი ადამიანი.უფრო სწორად, ორი ადამიანის სილუეტი.მათი სახეები არ ჩანს. სხვადასხვა ვერსიაში ცენტრალური ფიგურა თითქმის იდენტურია, მაგრამ იცვლება უკან მდგარი სილუეტების პოზიცია. ან უბრალოდ მოდიან, ან ზურგშექცევით დგანან, ან სივრცეს გაჰყურებენ, ან ერთ-ერთი მოაჯირს ეყრდნობა და წყალს ჩაჰყურებს. თითოეულ ვერსიაში კარგად ჩანს, რომ ისინი ვერ ამჩნევენ, არ აინტერესებთ, ვერ განიცდიან იმ სასოწარკვეთილ უხმო კივილს, რომელსაც ჩვენ, ტილოს წინ მდგომი ადამიანები, ძალიან კარგად ვგრძნობთ. რა შეიცვლებოდა, ტილოდან ეს ორი ადამიანი რომ გამქრალიყო? მხატვრის „სათქმელს“ სიმძაფრე მოაკლდებოდა. რადგან სწორედ ამ ორი ფიგურის გულგრილობა ქმნის იმ დიდ ემოციას, რომელიც ამ ნახატს მოაქვს. ადამიანთა შორის მარტოობა ხომ ბევრად უფრო აუტანელია, ვიდრე საკუთარ თავთან განმარტოება.

თუ ნახატს დიდხან ვუყურებთ და მის სამყაროში გადავინაცვლებთ, იქნებ ფიქრიც გაგვიჩნდეს: ნეტა ვინ უნდა იყვნენ ის ადამიანები? აქვთ რაიმე კავშირი მთავარ ადამიანთან თუ უბრალოდ გამვლელები არიან? იქნებ აი, იმას, წყალს რომ ჩასცქერის, უფრო დიდი მარტოობა და სევდა სჭირს?..

ეს გრძელი შესავალი იმის სათქმელად დამჭირდა, რომ მეორეხარისხოვანი ფიგურები, ანუ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები, არა მხოლოდ ფონს უქმნიან მთავარ გმირებს, არამედ თავადაც საინტერესონი არიან, დამოუკიდებელ ფიქრს აღძრავენ, დამოუკიდებელ ემოციას, დამოუკიდებელ პრობლემას.

კინემატოგრაფიასა და თეატრში თანაბრად ფასდება მთავარი და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები. ამიტომაც უმაღლეს ჯილდოსა  და პრემიას მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ყოველთვის გასცემენ ხოლმე.

ძალიან სუბიექტური აზრით, ლიტერატურა ყველაზე ცოცხალი, ყოვლისგამომხატველი, ხელოვნების ყოველი დარგის საფუძველი თუ არა შთამაგონებელი მაინცაა და შესაბამისად, მგონია, რომ მასში ყველაზე კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია მეორეხარისხოვანი პერსონაჟი.

მე შევეცდები, ამ წერილში მეორეხარისხოვნობის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ვისაუბრო. ერთგვარ ფოკუსში მოვაქციო მეორეხარისხოვან პერსონაჟთა ამოუწურავი ფერადოვნება.

ჩემი მსჯელობის პრინციპი არ იქნება, პერსონაჟთა ქრონოლოგიურად დალაგება. არ მიყვარს ქრონოლოგია, თუ რაიმეა ზედროული, მათ შორის ლიტერატურა ყველაზე მეტად მგონია ასეთი.

უპირველესად სოსია მეწისქვილეზე ვისაუბრებ. პერსონაჟი, რომელიც ბევრ საფიქრალს უტოვებს მკითხველს, რადგან მწერალმა ბევრი ფუნქცია დააკისრა მას.ეს არის პერსონაჟი, რომლის არსებობა მოთხრობაში ორ მნიშვნელოვან რამეზე გვაფიქრებს: სოსიას გაუბედავობა და უპასუხო სიყვარული ოთარაანთ ქვრივისადმი ამსხვრევს მთავარ სტერეოტიპს, რომელიც ამ ნაწარმოებს უკავშირდება – რომ აქ ილია სოციალურ უთანასწორობის პრობლემასა და ტრაგიზმზე წერს. არადა, სოსიას მეორეხარისხოვანი, მაგრამ ემოციური, შთამბეჭდავი როლი ნათელს ხდის ყველაფერს: ,, გაუცხოება ყოვლისმომცველია. ხიდი ჩატეხილია, როგორც სხვადასხვა წოდების, ისე ერთი და იმავე კლასის წარმომადგენელთა შორის […] წოდებრივმა სხვაობამ გააჩინა უფსკრული კესოსა და გიორგის შორის, მაგრამ არჩილის სიმართლე სრული სიმართლე მაინც არ არის. იგი მცირე ნაწილია იმ სრული სიმართლისა, რომელსაც კაცობრიობამ უნდა მიაგნოს, თუ სურს, გაუცხოების პრობლემა მოაგვაროს.
განა ოთარაანთ ქვრივისა და სოსიას ურთიერთობა ისეთივე ტრაგიკული არ არის, როგორც გიორგისა და კესოსი? ქვრივმაც ხომ ისევე ვერ დაინახა სოსიას სიყვარული, როგორც კესომ გიორგისა. მართალია, ვრცლად არ აღუწერია ოთარაანთ ქვრივისა და სოსიას ურთიერთობა, მაგრამ რაც ნათქვამია მოთხრობაში, სრულიად საკმარისია მეწისქვილის ბედის გასაგებად […]თუ კესოსა და გიორგის წოდებრივი განსხვავება თიშავს, ქვრივსა და სოსიას აცალცალკევებს ადამიანური ღირსება.“

( ,,საქმით მეტყველი სული“ აკაკი ბაქრაძე)

აკი ნაწარმოების ერთ-ერთ მთავარ სათქმელსაც სოსიას ათქმევინებს მწერალი და თავის კომენტარსაც არ დაახანებს:

 — ცოცხალზე არ გამახარა წუთისსოფელმა და მკვდარზედაც აღარ მატირებთო!.. ცოდო ვარ, შვილო, ცოდო!
მართლა, რომ ცოდოა!..
მაგრამ სხვა ვინ არ არის ცოდო?
ერთიც ეს არის საჭირბოროტო და წყევაკრულვიანი საკითხავი ამ უთავბოლო და უსწორმასწორო წუთისსოფელში.  ამ მონაკვეთსაც იმავე აზრში ხვევს დიდი ლიტერატორი:

,, დასკვნა: ეს წუთისოფელი უთავბოლო და უთანასწოროა. ამქვეყნად ყოველი კაცი ცოდოა. ვინც მოკვდა, თავისთავს მოუკვდა.
და ყოველივე ეს შედეგია იმისა, რომ ადამიანსა და ადამიანს შორის, ადამიანსა და საზოგადოებას შორის არ არის კონტაქტი. ჩატეხილია ხიდი. ასე და ამრიგად, დაისმის „ოთარაანთ ქვრივში“. დღევანდელ ტერმინებით რომ ვთქვათ. უკონტაქტობისა და გაუცხოების პრობლემა“.( ,,საქმით მეტყველი სული“ აკაკი ბაქრაძე)

მაგრამ ჩემთვის სოსიას არსებობა ერთ რამეზე დამაფიქრებელია კიდევ. გიორგის სიყვარულის ისტორიას  პარალელად გასდევს სოსიას გარიყული, დაბეჩავებული, გულში ჩაკლული, მაგრამ მაინც ყველაზე გულისხმიერი სიყვარულის ამბავი ( ნაწარმოებში ძალიან კარგად ჩანს, რომ სოსიას ყოველთვის მაშინ ახსენებს ოთარაანთ ქვრივს, როცა სხვებს არ ახსოვთ) მე, მკითხველს, მიჩნდება კითხვა: როგორი იქნებოდა გიორგის სიყვარული წლების მერე, განგებას რომ დაეცლია? დაეცემოდა გიორგი ასე? ჩემთვის პასუხი ცალსახაა – არა. რადგან ყველაფერი, რაც ილიამ გიორგიზე გვიამბო,იმ სულიერ სიძლიერეზე მეტყველებს, რომელიც სოსიას არც თავიდანვე ჰქონია („ მაგას ასეთი ქმარი მოუკვდა, რომ მე ფეხის ჩლიქადაც არ ვეკადრებოდი… ვეღარ შევბედავ, ვეღარა!.. სთქვა და ახლოც თურმე აღარ გაუარა, ოთარაანთ ქვრივსა რიდისა და კრძალვისაგან...“ ). გიორგისაც სტანჯავს ეს მიუწვდომლობა ( მე ვინ და შენ ვინ!.. სად მოგწვდებოდი ცაში ვარსკვლავს… გული გწვდებოდა, გული, ხელი კი ვეღარ…“) , მაგრამ მას სხვაგვარად არ შეეძლო, იმიტომაც აუარა გვერდი დედის შეგონებას რასაც არა ეშველება-რა, კაცი არ უნდა აეთრევინოსო! – და თავის გზას დაადგა. შეუძლებელი შეძლო დასაწყისისთვის: დიდი ფიქრის შემდეგ დედის უნებური ნაბიჯი გადადგა, გადააბიჯა დედის ავტორიტეტს, მის თავმოყვარეობას და მოჯამაგირედ დაუდგა თავისი ტრფობის საგანს. თუმცა ეს მოჯამაგირეობა არამც და არამც არ ნიშნავს მის სულიერ მოჯამაგირეობა-დაცემა-დაბეჩავებას. რა თქმა უნდა, ამ ფიქრს ,,ჰეფი ენდამდე“ მაინც ვერ მივყავარ, მაგრამ არც სოსიასავით დამცირებასა და  სოფლის განაპირა წისქვილში მარტოდმარტო გდებას მაფიქრებინეს.

მოსწავლეებსაც ყოველთვის ვუსვამ ამ შეკითხვას. ისინიც ბევრს ფიქრობენ, კამათობენ და რაც მთავარია, მეორეხარისხოვანი პერსონაჟის მნიშვნელობას კარგად იაზრებენ.

სხვაგვარი მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც არსებობენ –  მინიმუმამდე დასული მოქმედებით, მაგრამ მაინც ყველაზე მთავარი ნაწარმოების არსის გაგებისთვის – მთავარი გმირის იდეის გამგრძელებლები.

ზუ  ჯემალ ქარჩხაძის ,,იგიში“ ერთი პატარა ბიჭია, რომელსაც ცნობისმოყვარეობა არ ასვენებს და იგი გამუდმებით გრძნობს მის მზერას. მთავარი იდეა სწორედ მასში ჩადო მწერალმა – იგის კვალი ზუა, ზუში გადავა იგის განსხვავებულობა,ზუ გააგრძელებს იმ მნიშვნელოვან გზას, იგი რომ დაადგა – ეს ფიქრის, სიტყვის,სიყვარულისა და შემოქმედების ნიჭის პოვნის გზაა, რომელმაც შინაგანი თავისუფლება მოუტანა იგის.

„იგი ისე სწრაფად მოტრიალდა, თითქოს რაღაცამ უბიძგა და ძალით მოატრიალაო. და უცებ შეკრთა. სხეულში თბილმა ტალღამ დაუარა. და სანამ თვალები მიხვდებოდნენ, რა დაინახეს, სიტყვებმა უხმოდ თქვეს: „იგიმ იცის რა დარჩება მისგან!“ ისინი იდგნენ მოხრილები, გრძელი ხელები კოჭებამდე დასთრევდათ, ვიწრო შუბლები მიწისათვის მიეშვირათ და ქვემოდან შემოსცქეროდნენ იგის. ხოლო ბოლოში, ყველაზე უკან იდგა ზუ. და იგის თვალები ისე იყვნენ გაკვირვებული, რომ გვიან მიხვდნენ: ზუ იდგა გამართული, მხრებში გაშლილი, თავი მაღლა აეწია, მშვიდი მზერით შემოჰყურებდა ქარაფის წვერს...“

გამართული ზუს დანახვა აფიქრებინებს იგის კიდევ უფრო დიადს – ის გასხივოსნებულ ტომს ხედავს!

( აქ აუცილებლად უნდა გავიხსენო რიჩარდ ბახის კლასიკად ქცეული იგავიც ,, თოლია ჯონათან ლივინგსტონი“. ჯონათანი პირველია, მეორე – თოლია ფლეტჩერ ლინდია, რომელიც ჯონათანის სულიერი შეგირდი და ზუს არ იყოს, იდეის გამგრძელებელია)

ძალიან ბუნებრივი, ლამის გაცვეთილი პარალელია ამ კონტექსტში ,,ალუდა ქეთელაური“. მეორეხარისხოვანი პერსონაჟთაგან გამორჩეულია მინდია, რომელიც ძალიან ერთგულ, უანგარო, თავდაუზოგავ, „ვაჟკაცობის ადათის“ დამფასებელ მეგობრად გვევლინება, მაგრამ მწერალი მაინც არ აკისრებს მას უმნიშვნელოვანესს – არ ტოვებს ალუდას იდეის გამგრძელებლად ( ზუსაგან განსხვავებით) –

„ ამის გამგონე მინდიას

მაუწყლიანდის თვალები,

ვეღარასა ჰშველს ალუდას,

გულზე გადიწყვის მკლავები“ – კულმინაციურ მომენტში ესღაა მინდიას რეაქცია. მინდია რჩება ალუდას გულშემატკივრად, მაგრამ არა გზის გამგრძელებლად და იდეის თანამოაზრედ ( აღარ გავაგრძელებ, რადგან ამ თემაზე  უფრო სიღრმისეულად სხვა სტატიაში ვისაუბრე: ,, სულ სხვა მინდია“ https://mastsavlebeli.ge/?p=9981 )

ერთსაც ვერ ავუვლი გვერდს. ეს ივანეა ,,ჯაყოს ხიზნებში“.

ნახუცარი ივანე – ნათავადარი,ნაკაცარი თეიმურაზ ხევისთავის ერთადერთი მეგობარი. თვითონაც რწმენადარღვეულს, სულგაყიდულს, ცხოვრებაგაორებულს საკმაოდ დიდი ტვირთი აჰკიდა მწერალმა: ივანესთან საუბარი არ ბეზრდება თეიმურაზს, საუბრობენ და კამათობენ ყველაფერზე ღრმად, ფილოსოფიურად, დამაფიქრებლად, ამ საუბრებიდან იგებს მკითხველი ყველაზე უკეთ, როგორი ფიქრები ფუთფუთებენ დაჩიავებული, დაბეჩავებული, ხიზნად და მსხვერპლად ქცეული თეიმურაზის თავში. ყველა მწარე სიმართლეც ივანემ უნდა უთხრას თეიმურაზს და ყოველ განსაცდელშიც თვითონ უნდა ედგეს გვერდით. თვალები უნდა აუხილოს და ძნელი, მაგრამ აუცილებლად გასავლელი გზისკენ უბიძგოს.

როგორი დასაჯერებელია, რწმენადაკარგულს, ძველის დამვიწყებელს, ახალ ცხოვრებას ფეხაწყობილს, ,,ქლესაობას“ და პირმოთნეობას მიჩვეულს საოცარი ერთგულებაც და თანადგომაც რომ შეუძლია და ადამიანის სწორ გზაზე დაყენებაც?! ასეთი წინააღმდეგობრივი კაცია ივანე.

აქ შევჩერდები.

თუმცა ამ თემაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი, რადგან თავად ლიტერატურაა ამოუწურავი. იქ სადაც გმირები, მთავარი პერსონაჟები და პირველხარისხოვნები იბადებიან და იქმნებიან, მეორეხარისხოვანთა და უკანასკნელთა არსებობაც გარდაუვალია –  „მრავალნი იყვნენ პირველნი უკუანა, და უკანანი წინა“ (მათე 19,30).

„მეორეხარისხოვანი როლის არ მესმოდა და სწორედ ამიტომაც, რეალობაშიც ყოველთვის უკანასკნელი ვიყავი. ან გმირი ხარ, ან ტალახი, შუალედი არ არსებობს.“( თეოდორ დოსტოევსკი „ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“)

ჰო, გენიოსებისთვის არა, მაგრამ ჩვენთვის, მოკვდავთათვის,  მეორეხარისხოვნობაც მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

მებრძოლი მღვდელი

0

ლონდონის ცენტრში უესტმინსტერის ანგლიკანური ტაძარი დგას. ის ბრიტანელ მონარქთა კორონაციის ადგილი იყო. ნაგებობის ერთ-ერთი მთავარი ღირსება მისი დასავლეთის კედელია. კედელი დაფარულია ქვის ფიგურებით, რომლებსაც მეოცე საუკუნეში დევნილი და წამებული ქრისტიანების სახეები აქვთ. აქ ნახავთ მარტინ ლუთერ კინგსაც და სოციალური სამართლიანობისთვის თავგადადებულ ეპისკოპოს ოსკარ რომეროსაც, კათოლიკეებსაც და პროტესტანტებსაც და მართლმადიდებელსაც კი – რომანოვების ოჯახის წევრ ელიზავეტა ფიოდოროვნას. თუმცა დღეს დიტრიჰ ბონჰიოფერზე, ჰიტლერის წინააღმდეგ მებრძოლ მღვდელზე მოგიყვებით.

რატომ გადავწყვიტეთ ქრისტიან მღვდელზე საუბარი?

განვითარებული ქვეყნის ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ეკლესიას თავისი სოციალური ფუნქციები აქვს. მისი ვალია, მონაწილეობა მიიღოს ადამიანთა მატერიალური და სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებაში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რელიგიური სტრუქტურები დანარჩენებს ზემოდან, ბატონივით არ უნდა უყურებდნენ. დიტრიჰ ბონჰოფერმა მთელი სიცოცხლე იმას მიუძღვნა, რომ ეკლესია, თავისი უმდიდრესი უწყებებით, გაჭირვებულთა და ტანჯულთა მსახურად, შემწედ ექცია.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ ურთულეს წლებში ეკლესიები მხოლოდ საყოველთაო ჭეშმარიტებებს არ ქადაგებენ ხოლმე. მებრძოლი, მამაცი ქრისტიანები კონკრეტულ ეპოქაში არსებულ პრობლემებზე პასუხის გაცემასაც ცდილობენ, დიქტატორს დიქტატორად მოიხსენიებენ, ქურდს – ქურდად და მჩაგვრელს – მჩაგვრელად. გასული საუკუნის პირველ ნახევარში მხოლოდ მუშები, ქალები, ებრაელები, სტუდენტები არ უწევდნენ წინააღმდეგობას აბსოლუტურად არაჰუმანურ რეჟიმებს – დემოკრატიულ ბრძოლაში სასულიერო პირებსაც შეჰქონდათ თავიანთი წვლილი. ისინი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ მაგალითითაც ცდილობდნენ საკუთარი იდეალების დაცვას.

1930-იან წლებში ნაციონალ-სოციალისტური პარტია გერმანიის ჩრდილოეთში მდებარე პროტესტანტულ ოლქებში იყო განსაკუთრებით პოპულარული. ცნობილი ქართველი მწერალი და მთარგმნელი, გერმანისტი ნაირა გელაშვილი წერს, რომ ჰიტლერს კონსერვატიული ამომრჩევლის მოსაზიდად ქრისტიანობა „გერმანული ხალხობრიობის გაფურჩქვნის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად“ ჰქონდა გამოცხადებული. მას სურდა, მრავალრიცხოვანი ქრისტიანული მრევლის ენერგია მისი პარტიისა და „მესამე რაიხის“ მშენებლობისთვის გამოეყენებინა. შესაბამისად, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან „ქრისტიანობის საყოველთაო, უნივერსალური და ინტერნაციონალური შინაარსის რასობრივი პატრიოტიზმის კალაპოტში მოქცევა“ გადაწყვიტა. მიზნის მისაღწევად, მასობრივი შიშის პირობებში, სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაღა იყო საჭირო. ჰიტლერმა მრავალრიცხოვანი, თვითმმართველი პროტესტანტული ეკლესიების ნაცვლად საფუძველი ჩაუყარა ერთ, ცენტრალიზებულ, პარტიისგან მართულ სახელმწიფო ეკლესიას, რაიხის ეკლესიის მიღმა დარჩენილ სამრევლოებს კი ბრძოლა გამოუცხადა. აამოქმედა „არიელთა პარაგრაფი“, რომლის მიხედვითაც, არაგერმანული წარმოშობის სასულიერო პირების უმრავლესობას სასულიერო სტატუსი ჩამოერთვა. რეგულაცია განსაკუთრებით სუსხიანი გაქრისტიანებული ებრაელებისთვის იყო. ჰიტლერის მხარდამჭერებმა ძველი აღთქმის კრიტიკაც თავიანთ ხელობად აქციეს. ძველი აღთქმა ებრაულ, შესაბამისად, პარტიისა და „გერმანიის მომავლისთვის მიუღებელ“ ტექსტად შეირაცხა.

ნაცისტური დიქტატურის დამყარებისას ბონჰიოფერი მხოლოდ 27 წლისა იყო. თეოლოგიის გამოუცდელმა სპეციალისტმა წიგნებისა და რარიტეტების გარემოცვაში ყოფნას ხალხთან სიახლოვე ამჯობინა და მღვდლობის პასუხისმგებლობა იკისრა. რეჟიმის არსებობის პირველსავე წელს ბიონჰოფერი უმწვავესად დაუპირისპირდა ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ჯგუფის დევნის პოლიტიკას. 1933 წლის აპრილში გამოქვეყნებულ საპროტესტო, ებრაელთა მხარდასაჭერ თეზისებში ის წერდა: „თუ ეკლესია ხედავს, რომ სახელმწიფო ან აკლებს, ან აჭარბებს თავის უფლებასა და დისციპლინას, მაშინ მან არა მხოლოდ უნდა აკრიფოს სახელმწიფო მანქანის ბორბლებქვეშ მოყოლილი მსხვერპლნი, არამედ თვითონ უნდა ჩაუვარდეს ბორბლებქვეშ მანქანას“. იგი ქრისტიანებს განწირულთა გადარჩენის მიზნით ნაცისტური მანქანის ბორბლებქვეშ შევარდნისკენ მოუწოდებდა.

ბონჰიოფერი დაუნდობელი იყო ლიდერის კულტის შექმნის მცდელობის მიმართაც. „ბერლინის რადიოს“ ქრისტიანულ პროგრამაში მან თამამად მიანიშნა პრობლემაზე: „თუ წინამძღოლი საშუალებას მისცემს გასაძღოლებს, კერპად აქციონ იგი, რისი წყურვილიც ამ უკანასკნელთ მუდამ ექნებათ, – მაშინ წინამძღოლის სახე გადაიზრდება მაცდუნებლის სახეში… წინამძღოლი, რომელიც აღმერთებს საკუთარ თავს, აბუჩად იგდებს ღმერთს! “

ბონჰიოფერის მსგავსი ღვთისმსახურები მაშინ აბსოლუტურ უმცირესობაში აღმოჩდნენ. მათ ვერაფერი გააწყვეს ნაცისტურ პარტიასთან დაკავშირებულ „გერმანელი ქრისტიანების ჯგუფთან“. მთელი ნაცისტური პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდა მღვდელი იდევნებოდა. მას აკრძალული ჰქონდა წერა, მოგვიანებით ჩამოართვეს საჯარო ქადაგების უფლებაც. ბონჰიოფერი თავს მუშათა უბნებს აფარებდა, სადაც სახელდახელოდ აშენებულ ქოხებში სახლობდა, თან ღარიბებს შორის საიდუმლოდ ეწეოდა ანტინაცისტურ პროპაგანდას. ახალგაზრდა პასტორს არალეგალურ მდგომარეობაში უწევდა ფინკენვალდის თეოლოგიური სემინარების გაძღოლა. სემინარების განმავლობაში მღვდელი იმის დასაბუთებას ცდილობდა, რომ პასიური ზნეობა არ არსებობს, რომ ჰიტლერისთვის წინააღმდეგობის გაწევა ყველა ქრისტიანის ვალდებულებაა.

ინგლისში დროებით გახიზნულ ბონჰიოფერს უცხო ქვეყანაში გულმა ვერ მოუთმინა და წელიწადნახევრიანი მივლინების შემდეგ, ორმოციანი წლების გარიჟრაჟზე, კვლავ დაბრუნდა გერმანიაში. იგი სათავეში ედგა იატაკქვეშეთში ჩამოყალიბებულ თვითორგანიზებულ ჯგუფს, რომლის მიზანი შვეიცარის საზღვარზე ებრაელებისა და სხვა შევიწროებული პირების საიდუმლოდ გადაპარება გახლდათ. მღვდლის მონაწილეობით რეჟიმის რამდენიმე ასეულმა მსხვერპლმა მოახერხა გერმანიიდან გაქცევა.

მღვდელი თავის ახლობლებთან ერთად ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულების ბრალდებით დააკავეს. ბონჰიოფერს ჰიტლერზე ტერორისტული თავდასხმის მომზადების ორგანიზატორთა ხელშეწყობა დაბრალდა. 1943 წელს იგი ბერლინის ტეგელის საპყრობილეში გადაიყვანეს. მთელი პატიმრობის განმავლობაში მღვდელს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პირობებში უწევდა ცხოვრება. 1945 წლის 9 აპრილს, ომის დასრულებამდე ერთი თვით ადრე, ჰიტლერის უშუალო ბრძანდებით პროტესტანტი ქადაგი ჩამოახრჩვეს.

„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა!“ ბიონჰოფერმა ქრისტიანული ცოდნა რეალობად აქცია და ხალხისთვის თავგანწირვისა და შეუპოვრობის მაგალითი შექმნა. ასეთი ადამიანები ნაცისტურ ეპოქაში სინდისს უნარჩუნებდნენ ევროპასაც, ეკლესიასაც და ადგილობრივ საზოგადოებებსაც.

ბლუმის გვირილა გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

პედაგოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებმა არ იციან კითხვების დასმა. უფრო სწორად, მათ მიერ დასმული კითხვები მარტივია და მხოლოდ ფაქტების ცოდნის შემოწმებას ეფუძნება. თუ ვიცით, რომ თითოეული სახის კითხვა მოიცავს აზროვნების ერთ-ერთ მხარეს, შეგვიძლია ვაკონტროლოთ როგორც საკუთარი, ასევე ჩვენი მოსწავლეების აზროვნება, რათა მათი ინტელექტუალური პოტენციალი სრულყოფილად გავააქტიუროთ.

ძალიან მარტივ შეკითხვაზე პასუხად შეიძლება მივიღოთ მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, ხოლო რთულზე – არაორდინარული და ფართო.

როგორი კითხვებია მარტივი ან რთული?

კარგი კითხვაა ის, რომელიც წარმოშობს პასუხის ფართო ალტერნატივას. გამოყოფენ კითხვების რამდენიმე ფუნქციას:

* კითხვის დახმარებით შეიძლება გავიგოთ ახალი ინფორმაცია.

* სწორად დასმული კითხვის საშუალებით არსებულ ინფორმაციას ვაზუსტებთ.

* კითხვა შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვა თემაზე გადასასვლელად.

* კითხვის საშუალებით შეიძლება გამოვხატოთ ჩვენი აზრი, დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია.

* სწორად დასმული კითხვა სწორ პასუხს კარნახობს.

სწორედ კითხვები მართავენ ჩვენს შემეცნებით აზროვნებას, რასაც პრობლემის გადაჭრისკენ მივყავართ და შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

ბევრი პედაგოგი განსაზღვრავს მოსწავლეთა აზროვნების დონეს იმის მიხედვით, თუ როგორ და რა კითხვებს სვამენ ისინი. ადამიანთა უმრავლესობა პრიმიტიული კითხვებით შემოიფარგლება. სააზროვნო კითხვის დასმის უნარი არის ის, რასაც სასწავლო პროცესში უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ის, ვისაც შეუძლია კითხვების დასმა, უკეთესად ახერხებს სივრცეში ორიენტირებას, ვიდრე ის, ვისაც სააზროვნო კითხვების დასმა არ ძალუძს.

სწავლებისადმი ახალი მიდგომები მიზნად ისახავს საყოველთაო საგანმანათლებლო საქმიანობის ფორმირებას, რაც აუცილებელია ინდივიდუალური განვითარებისთვის, ისეთი პიროვნების აღზრდისთვის, რომელიც მუდამ მზადაა თვითგანათლებისთვის, მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის გზების ძიებისთვის.

კრიტიკული აზროვნების უნარი არის ინფორმაციის ანალიზის, სწორი გადაწყვეტილებების პოვნისა და სტანდარტული და არასტანდარტული სიტუაციების, საკითხებისა და პრობლემების გადასაჭრელად მიღებული შედეგების გამოყენების უნარი.

 

რამდენიმე რჩევა კითხვების დასმისთვის პირობების შესაქმნელად

* ნუ აქცევთ ტრაგედიად, თუ მოსწავლე ვერ პასუხობს კითხვას. ეს ნორმალურია, რადგან ის ბავშვია და ის სწავლობს. მასწავლებელი იმისთვისაა მის გვერდით, რომ დაეხმაროს.

* დასვით მეტი შემოქმედებითი კითხვა, რომლებსაც შეიძლება რამდენიმე სწორი პასუხი გაეცეს და გააგრძელოს დიალოგი.

* მიზანშეწონილია კითხვების დასმის დაწყება სიტყვებით: “სხვათა შორის… საინტერესოა, რომ…”

* გაუზიარეთ მოსწავლეებს თქვენი პრობლემები, რეალური და არა გამოგონილი.

* კითხვები, რომლებიც იწყება სიტყვით “რატომ”, მოსწავლეს თავდაცვისკენ უბიძგებს.

* ახალი მასალის ასათვისებლად დაავალეთ მოსწავლეებს კითხვების ბანკის შექმნა.

გთავაზობთ მოსწავლეებისთვის კითხვების დასმის უნარის განსავითარებლად გამოსადეგ რამდენიმე მეთოდს.

 

მარტივი და რთული კითხვები

ეს ტექნიკა საკმაოდ მარტივია. ცხრილი შედგება ორი სვეტისგან:

მარცხენა სვეტში ჩამოვწერთ რთულ კითხვებს. ესენია კითხვები, რომლებზეც პასუხები შეიძლება იყოს დეტალური, უფრო სრულყოფილი და ვრცელი. მაგალითად, “რა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა დედაქალაქის მშენებლობისთვის ამ ადგილის არჩევაზე?”

მარჯვენა სვეტში კი მარტივი კითხვებს ჩამოვწერთ. ამ კითხვებზე პასუხები, წესისამებრ, ერთმნიშვნელოვანი, მოკლე, ფაქტობრივია. მაგალითად, “რომელია თქვენი საყვარელი დღესასწაული?”

მეთოდი გამოიყენება შემდეგ სასწავლო სიტუაციებში:

* ურთიერთგამომრიცხავი დიალოგების მოდელირება. მოსწავლეები შესასწავლი თემის შესახებ ერთმანეთს უსვამენ 2-3 მარტივ და რთულ კითხვას.

* ახალი თემის შესწავლისას. შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ კითხვები, რომლებიც გაუჩნდათ და ჩაწერონ ცხრილში. ეს მასწავლებელს თემის შესახებ უკვე არსებული ცოდნის ხარისხის შემოწმების საშუალებას მისცემს და თემის ახსნისას დაეხმარება.

* რეფლექსიის ეტაპზე. თემის შესწავლის დასრულების შემდეგ შეიძლება ბავშვებს მიეცეს დავალება, რათა გაირკვეს, რომელი რთული თუ მარტივი კითხვები დარჩა უპასუხოდ. ეს მასწავლებელს დაეხმარება იმის გაგებაში, რომ თემა კარგად არ არის შესწავლილი და საჭიროა შემდგომი გაღრმავება.

მარტივი კითხვები რთული კითხვები
ვინ არის ესპანეთის მეფე?

რა არის ვერტიკალური გრადიენტი?

სად მდებარეობს ქალაქი რომი?

როდის მოხდა ყველაზე ძლიერი მიწისძვრა საქართველოში?

რა ეწოდება მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას დროსა და სივრცეში?

მართალია თუ არა, რომ სიმაღლის მატებასთან ერთად ატმოსფეროს ტემპერატურა იკლებს?

ახსენით, რატომ განსხვავდება მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა სხვადასხვა ქვეყანაში.

რატომ ფიქრობთ, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა განპირობებულია სოციალური ფაქტორებით?

რატომ მიგაჩნიათ, რომ ტურიზმის განვითარება გამოიწვევს ეკონომიკის ზრდას?

რა განსხვავებაა ეკოტურიზმსა და აგროტურიზმს შორის?

ეთანხმებით თუ არა იმ აზრს, რომ ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობა უნდა შეიცვალოს?

 

 

კითხვების გვირილაანუ ბლუმის გვირილა” (ბენჟამინ ბლუმი)

 

თითოეული სახის კითხვა მოიცავს აზროვნების ერთ-ერთ მხარეს.

1.      ცოდნა მარტივი

 

ვინ? როდის? სად? როგორ?

 

2.      გაგება

 

დამაზუსტებელი სწორად მესმის?

 

3.      გამოყენება პრაქტიკული როგორ შემიძლია შევასრულო?.. რა შეიძლება გაკეთდეს?..
4.      ანალიზი

 

ინტერპრეტაცია

 

რატომ?

 

5.      სინთეზი

 

შემოქმედებითი კითხვები რა მოხდება, თუ?..

 

6.      შეფასება შეფასებითი რას ფიქრობთ ამის შესახებ?

 

 

მარტივი კითხვები: კითხვები, რომელებიც მოითხოვს ფაქტობრივი მასალის ცოდნას და ორიენტირებულია მეხსიერების მუშაობაზე. მარტივი კითხვები იწყება სიტყვებით: ვინ? რა? სად? როდის? როგორ? კითხვა შეიძლება დაიწყოს ასე: „დაასახელე…“ მაგალითად: სად მდებარეობს უდაბნოები? ან რა ფაქტორები აყალიბებს კლიმატს? როდის მოქმედებს ელ-ნინიო? სად წარმოიშობა იგი?

ცნობილია, რომ იმ ინფორმაციის ოთხმოცდაათი პროცენტი, რომელსაც მოსწავლე ფლობს, რამდენიმე წელიწადში დავიწყებას მიეცემა. მიუხედავად ამისა, მარტივი კითხვები უნდა გამოვიყენოთ, რათა ჩავრთოთ აზროვნების ის მხარე, რომელიც ფაქტობრივი ინფორმაციის დამახსოვრებაზეა პასუხისმგებელი.

რეკომენდაციები მარტივი კითხვებისთვის:

  1. რას ნიშნავს ეს სიტყვა (ცნება, მოვლენა)? (მაგალითად რას ნიშნავს უდაბნო, კლიმატი, ელ-ნინო?)
  2. რა ვიცით ამ სიტყვის შესახებ?
  3. მოიფიქრეთ ფრაზები, რომლებიც ამ სიტყვას (ცნებას, მოვლენის ამსახველ ტერმინს) შეიცავს.

დამაზუსტებელი კითხვები, ჩვეულებრივ, იწყება სიტყვებით: „შენ ამბობ, რომ…“, „თუ სწორად მივხვდი…“. ეს კითხვები, როგორც წესი, დაისმის მაშინ, როცა სურთ დააზუსტონ გაგებული ინფორმაცია, მაგრამ გამომწვევი მიზეზების გარეშე. კითხვა შეიძლება დაიწყოს ასე: „ახსენი…“ მაგალითად: ესე იგი, შენ ამბობ, რომ უდაბნოების ჩამოყალიბებას განაპირობებს…; ესე იგი, შენი აზრით, ელ-ნინიო გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე… ან: ახსენი, რა განაპირობებს ელ-ნინიოს წარმოშობას; ახსენი, რა განაპირობებს უდაბნოების ჩამოყალიბებას. დამაზუსტებელი კითხვების დასმით ხაზს ვუსვამთ, რომ გვაინტერესებს მოსწავლის აზრი, რომ ჩვენთვის ღირებულია, რასაც ის ამბობს.

დამადასტურებელი კითხვებით მოსწავლე გაიგებს, თუ როგორ გამოხატა თავისი აზრი. ის განმარტავს და დააზუსტებს ნათქვამს.

განმარტებითი (ინტერპრეტაციული) კითხვები: როგორც წესი, იწყება კითხვით: რატომ? ხშირად ეს კითხვები შეიძლება უარყოფითად აღიქვან – როგორც იძულება, გაამართლონ ან უარყონ მოცემულობა, თუმცა სინამდვილეში ის მიზნად ისახავს მიზეზშედეგობრივი კავშირის დამყარებას. “რატომ სცვივა ხეებს ფოთლები შემოდგომაზე?” ინტერპრეტაციის საშუალებით მოსწავლეებს მივუთითებთ მოსაზრებათა და ქმედებათა მიზეზებისკენ. თუ ასეთ კითხვაზე პასუხი ცნობილია, ის ინტერპრეტაციულიდან მარტივ კითხვად გადაიქცევა. რატომ განსხვავდება უდაბნოების ფლორა და ფაუნა ერთმანეთისგან? რატომ მოდის გობის უდაბნოში თოვლი? რატომ ყალიბდება ელ-ნინიო სამხრეთი ამერიკის სანაპიროებთან?

შემოქმედებითი კითხვები, როგორც წესი, იწყება სიტყვებით: „რა იქნებოდა, რომ…“ და მოიცავს ვარაუდის, პროგნოზის, ფანტაზიის ელემენტებს. შემოქმედებითი კითხვის დასმით ჩვენ ვცვლით გაკვეთილის მიმათულებას. ფანტაზია არ შეიძლება იყოს სწორი ან მცდარი.

კითხვა შეიძლება დაიწყოს ასე: „მოიფიქრე…“ როგორ შეიცვლება უდაბნოების ლანდშაფტები, კლიმატი რომ შეიცვალოს? როგორ შეიცვლება აზიის აღმოსავლეთი სანაპიროს კლიმატი ელ-ნინიოს მოქმედების შედეგად?

შეფასების კითხვები: მიზნად ისახავს განსაზღვრული მოვლენებისა და ფაქტების შეფასების კრიტერიუმებს. “რატომ არის რაღაც კარგი და რაღაც – ცუდი?” კითხვა შეიძლება დაიწყოს ასე: „გაგვიზიარე…“ მაგალითად: ელ-ნინიო დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი? რატომ იწვევს ელ-ნინიო კლიმატის ცვლელებებს? უდაბნო ატაკამაზე რატომ ახდენს დადებით ზეგავლენას ელ-ნინიო? შეადარეთ ელ-ნინიო და ლა-ნინია.

პრაქტიკული კითხვები: თეორიისა და პრაქტიკის კავშირია. რა უნდა გაკეთდეს?… როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?.. პრაქტიკული კითხვები მიზნად ისახავს ურთიერთობის დამყარებას. კითხვა შეიძლება დაიწყოს ასე: „შემოგვთავაზე…“ რატომ უნდა ვიცოდეთ ელ-ნინიოს მოქმედების შედეგები? როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს ცოდნა? სად შეიძლება დავაკვირდეთ მუსონური ჰავის გავლენის არეალებს?

ნებისმიერ ასაკში ბავშვს შეუძლია მაგალითების მოყვანა თითოეული სახის კითხვისთვის. მოსწავლეებს უყვართ ამ ტიპის დავალებები, რომლებიც თამაშს ჰგავს. თამაში სწავლის პროცესის მამოძრავებელი ფაქტორია.

“ბლუმის გვირილა” შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოწვევის ეტაპზე, როდესაც მოსწავლეები კითხვებს სვამენ და შემდეგ პასუხობენ, ან რეფლექსიის ეტაპზე შეძენილი ცოდნის განზოგადებისათვის.

 

გამოყენებული ინტერნეტსაიტები:

https://paidagogos.com

https://pedsovet.su

https://lib.1september.ru/2004/18/11.htm

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრიტიკული აზროვნება  სამოქალაქო  განათლებაში

0

ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სხვა სიახლეებთან ერთად საკვანძო კომპეტენციების გაზრდილ ნუსხას შემოგვთავაზებს. კრიტიკული აზროვნება, რომლის განვითარებასაც მოქმედი ესგ-ც ითხოვს, ამ ნუსხაში ცალკე საკვანძო კომპეტენციად შევა.

ამგვარი აზროვნების გარეშე, მომავალ მოქალაქეს აჩქარებულად ცვალებად ღირებულებებსა და მოთხოვნებში გზის გაკვალვა გაუჭირდება. მოსწავლისთვის საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრებების სწავლების ტენდენციამ დრო მოჭამა.  თუ მასწავლებელს მოსწავლის განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობა აღიზიანებს ან  სახელმძღვანელოში წაკითხულზე ეჭვის გამოთქმას ხელის შეშლის მცდელობად აღიქვამს, მას სერიოზული ზრუნვა მოუწევს დასკვნების გამოსატანად და დამოკიდებულებების შესაცვლელად.

ყველა საგნის მასწავლებელს თავისი კუთხით უწევს ამ უნარის განვითარებაზე ზრუნვა.  სამოქალაქო განათლება საამისოდ  განსაკუთრებული „ასპარეზია“. თუ მომავალ მოქალაქეს  ამ ეტაპზევე არ გამოუმუშავდა ანალიზისა და კრიტიკული შეფასების უნარი, ზრდასრულობაში მას გაუჭირდება აქტიურ პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბება.  მეთოდები (დებატები, დისკუსიები, როლური თამაშები, პროექტული სწავლება…), რომელსაც ამ საგნის სწავლება ეფუძნება თავისთავად გულისხმობს კრიტიკულ აზროვნებას.

რა წინაპირობებია საჭირო კრიტიკული აზროვნებისთვის?

პირველი გამოწვევა დასმული ამოცანის/მიზნის გაცნობიერება-გააზრებაა. აუცილებელია, მოსწავლემ საჭირო მომენტში დაძაბოს გონება კონკრეტული საგნობრივი ამოცანის  გააზრებაზე. შემდეგ ცოდნა და უნარები მიმართოს ამ ამოცანის გადაჭრისკენ. თუ ამის დეფიციტია, ამ უნარის განვითარებისთვის დრო არ უნდა დავიშუროთ.

მოსწავლეს უნდა შეეძლოს  რელევანტური ინფორმაციის მოძიება, ინფორმაციაში საკვანძო  მომენტების გამოყოფა. ეს ერთი შეხედვით იოლ ამოცანად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. რადგან პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ხშირად მოსწავლეები  ვერ ახერხებენ სხვადასხვა წყაროდან ამოკრეფილი ინფორმაციის ლოგიკურად დაკავშირებას და გააზრებულად გამთლიანებას, მის სარწმუნო და საეჭვო ასპექტებზე მსჯელობასა და  მოძიებული ინფორმაციის მხოლოდ მექანიკურ თავმოყრას ახდენენ.

მნიშვნელოვანია დასაშვები ზღვრის შეგრძნებისა და დაცვის უნარი.  მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. მორალური და ეთიკური ნორმების დაცვა აუცილებელი პიროვნული თვისებებია. სკოლაში ამ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება მომავალ მოქალაქეებს თავთავიან პროფესიაშიც და პირად ურთიერთობებშიც დასჭირდებათ.

მოსწავლეს უნდა აინტერესებდეს, მოსწონდეს წაკითხულის, მოსმენილის  გაანალიზების პროცესი, სიახლის შეცნობა. ეს უნდა ასოცირდებოდეს პოზიტიურ განცდებთან.

ასევე მნიშვნელოვანია არჩევნის გაკეთების უნარი. ადამიანს ხომ უამრავ არჩევანში უწევს და მოუწევს გზის გაკვალვა. ეს ეხება სწავლის გაგრძელებას, დასვენებას, პროფესიას, მეგობარს და ასე შემდეგ. ხშირად ამსჯელეთ მოსწავლე არჩევანზე. შეახსენეთ, რომ გადაწყვეტილებაში პრიორიტეტების დალაგება და   კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრა დაეხმარებათ. შეაშველეთ  კითხვები:  „რატომ ასე ან სხვაგვარად?“ „შედეგზე რას ფიქრობთ?“ „რომელი მახასიათებელი შეიძლება იყოს განმსაზღვრელი“? „მიზნის მისაღწევად რა მსხვერპლის გაღება შეუძლია?“

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს უნდა შეეძლოს ემოციების კონტროლი, ემოციის მიზეზებისა და შედეგების სწორად აწონ-დაწონვა, თავის მართვა ლოგიკური განსჯების მეშვეობით. დამხმარე კითხვები აქაც გამოგვადგება: „აქვს კი აზრი ნერვიულობას, თუ ამით ვერაფერს გამოვასწორებთ?“  და პირიქით – „როცა შანსი არსებობს, რატომ ვკარგავ დროს ნერვიულობაზე და არ ვკონცენტრირდები იმაზე, რისი შეცვლაც შემიძლია?“

როგორ წავაქეზოთ და განვავითაროთ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებში?

მოვახდინოთ საკუთარი კრიტიკული აზროვნების უნარების დემონსტრირება,  „ვიფიქროთ“  ხმამაღლა, დავუშვათ „შეცდომები“, რომ მათ შეუსაბამობაზე რეაგირების გამოცდილება შევძინოთ.

ხშირად შესთავაზეთ მოსწავლეებს, დაასრულონ შეთავაზებული ფრაზა: „სიტყვის თავისუფლება იზღუდება, როცა…“ „მმართველობის ეს ფორმა უკეთესია/უარესია ვიდრე…“  შესთავაზეთ დააკავშირონ ორი მოვლენა, ვთქვათ, ეკონომიკური სიდუხჭირე და დანაშაულის მატება;  ეკოლოგიური განათლება და გარემოზე ზრუნვა; გაუმართავი კანონი და  კანონთან კონფლიქტი… შეეცადონ გამოიცნონ მათი განვითარების პოზიტიური/ნეგატიური პერსპექტივა?

წავაქეზოთ მათი აქტიურობა. მივცეთ შესაბამისი დრო პრობლემაზე დასაფიქრებლად და იდეების ფორმულირებისთვის. მოვითხოვოთ გახსნილი, დასაბუთებული პასუხები „კი/არას“ ნაცვლად. აზრების შემდგომ პროვოცირებაში დაგვეხმარება კითხვები – „ასეთი თვალსაზრისი ყოველთვის  გამართლებულია?“ ,,ანალოგიურ სიტუაციას წინა საუკუნეში რა შედეგები მოჰყვებოდა?“ „დღევანდელი კანონმდებლობა როგორ შეაფასებდა ამ ქმედებას?“

მოვახდინოთ  დისკუსიის სტიმულირება. ხშირად დისკუსიაში მონაწილეთა რაოდენობაზე მეტ განსხვავებულ მოსაზრებას მოვისმენთ. მოგვიწევს ვიყოთ  მაქსიმალურად მომთმენი: კამათში, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ყოველთვის ვერ იმარჯვებენ უფრო მცოდნეები. ამას გარდა, მწვავე დებატებმა შეიძლება წარმოშვას  სერიოზული კონფლიქტი, რაც ნიშნავს, რომ მოგვიწევს ვეძებოთ კომპრომისი და არავითარ შემთხვევაში, დამნაშავე. ესეც საჭირო გამოცდილებაა.

მოსწავლეებს ვთხოვოთ, საკუთარი აზრები გადაიტანონ ფურცელზე: წაკითხული ხშირად წარმოშობს ახალ იდეებს; გვაიძულებს, გადავაფასოთ მანამდე ნათქვამი. მივცეთ საშუალება მოსწავლეებს გაცვალონ მოსაზრებები, ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები, დაასაბუთონ საკუთარი სიმართლე. ესეების წერა, „თოვლის გუნდის“ მეთოდით საკითხების განხილვა საამისოდ კარგ პირობას ქმნის.

ვუბიძგოთ ანალიზისკენ, იქნება ეს მიმდინარე საზოგადოებრივი მოვლენები, ცნობილი პიროვნების ქმედებები, მეცნიერთა დასკვნები, მიმდინარე თემასთან დაკავშირებული  სიტუაციური ამოცანები თუ სხვა.

დავავალოთ, დაიცვან მათთვის უცხო ან მიუღებელი თვალსაზრისი: მაგალითად, ისაუბროს მიგრაციის ობიექტურ მიზეზებზე, როცა მიგრანტებზე აგრესიით საუბრობს.  უფრო მსუბუქი თემებიც შეიძლება ვცადოთ:  „ბარსას“გულშემატკივარს დავავალოთ, დაასაბუთოს „რეალის“ უპირატესობა, ან დაგვისაბუთოს იმ საჭმლის  სიკეთე, რომელზეც ზიზღით ლაპარაკობს ან ხოტბა შეასხას ნაწარმოებს, რომლის ავტორის ადეკვატურობაშიც ეჭვი ეპარება.

ხშირად სთხოვეთ შეაფასონ რამდენად სარწმუნოა მიღებული ინფორმაცია (სარეკლამო, პოლიტიკური, ეკონომიკური): რამდენად შეესაბამება ერთმანეთს მოსწავლეების წარმოდგენები და ცხოვრებისეული რეალობა/სიმართლე.

დავაკისროთ მოსწავლეებს კონკრეტული ისტორიული ან პოლიტიკური მოღვაწის როლი. მივცეთ საშუალება, აღწერონ თავიანთი ერთი დღე (რას გააკეთებს? რის გაკეთება არ შეიძლება? რატომ?).

დასკვნების გაკეთების უნარზე ზრუნვა აუცილებელია. დავიწყოთ მარტივიდან: დღეს გიორგიმ შესანიშნავად გაართვა თავი პრეზენტაციას, რა შეგვიძლია აქედან დავასკვნათ? გამოვკვეთოთ კავშირი მიზეზებსა და შედეგებს შორის.

ფსიქოლოგები გვირჩევენ,  მოსწავლის თავდაჯერებულობის ამაღლების გარდა, ვიზრუნოთ, რომ მათ კრიტიკულად განიხილონ საკუთარი შეხედულებები და ჩვევები. თუმცა, ეს საკმაოდ სარისკო საქმეა, რადგან ადამიანი საკუთარი თავისთვის – უსასრულო ამოუცნობი სამყაროა, რომელშიც  გზის აბნევის დიდი რისკი არსებობს. კრიტიკული აზროვნების უნარი ცხოვრების „კომპასის“ ერთი აუცილებელი მექანიზმია.

 

  ინფოგრაფიკების გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გეოგრაფიის მასწავლებლის ერთ-ერთი  მთავრი ამოცანაა ვასწავლოთ მოსწავლეებს გეოგრაფიული ინფორმაციის მოძიება, მისი დამუშავება და გამოყენება, ანუ  ჩამოვუყალიბოთ მათ ინფორმაციული კომპენტენცია. ინფორმაციული კომპენტენცია გულისხმობს მოსწავლის ცოდნასა და უნარს დამოუკიდებლად მოიძიოს, გააანალიზოს, შეარჩიოს, დაამუშაოს, დაიმახსოვროს და გადასცეს საჭირო ინფორმაცია ზეპირი თუ წერითი ტექნოლოგიების გამოყენებით. გეოგრაფიის გაკვეთილზე ინფორმაციული კომპენტენციის განვითარების ერთ-ერთი კარგი საშუალება ინფოგრაფიკების გამოყენებაა.

ინფოგრაფიკა მონაცემების  ან იდეების ვიზუალიზაციის საშუალებაა, რომლის მიზანია  ფართო აუდიტორიასთან რთული ინფორმაციის  მარტივად და სწრაფად მიტანა. ინფოგრაფიკა  კომუნიკაციის ინსტრუმენტია და ამიტომ მისი გამოყენება კომუნიკაციის მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. მაგ;  თუ თქვენ გინდათ, აუდიტორიას მოუყვეთ  საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ, ეს მონაცემები  შეგიძლიათ   ცხრილის სახით წარმოადგინოთ, თუმცა გრაფიკული სახით წარმოდგენილი უფრო ნათელი და  გასაგები იქნება.

ინფოგრაფიკა, გამოსახულებების გარდა, ასევე მოიცავს მცირე ტექსტებს, გრაფიკებს, დიაგრამებს, ბლოკ-სქემებს, ცხრილებს, რუკებს, სიმბოლოებს და სხვ. ინფოგრაფიკის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ დიდი ინფორმაციის ორგანიზება, არამედ   ფაქტების, ობიექტების, მოვლენების უფრო თვალსაჩინოდ გამოსახვა დროსა და სივრცეში და განვითარების ტენდენციების დემონსტრირებაც კი. ინფოგრაფიკებმა შეიძლება ასახოს ფაქტები, მოვლენები, პროცესები და პერსპექტივები. მათი წყალობით ნებისმიერი რთული ინფორმაციის გადმოცემა შესაძლებელია  ხელსაყრელი, სერიოზული ან იუმორნარევი მანერით. ინფოგრაფიკის ძირითადი დადებითი თვისებებია მასალის, ინფორმაციის გადმოცემა თვალსაჩინოდ, კრეატიულად და გასაგებად. ინფოგრაფიკები ყველა სფეროსა და დისციპლინაში გამოიყენება: ჟურნალისტიკაში, სტატისტიკაში, განათლების სფეროში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში,  სოციოლოგიაში და სხვ.

ინფოგრაფიკების შედგენისას მთავარია, რომ  განსახილველი ინფორმაცია და ფაქტები  ერთმანეთთან ლოგიკურად იყოს დაკავშირებული. ინფოგრაფიკა შემდეგი მნიშვნელოვანი მახასიათებლებით ხასიათდება: გრაფიკული ობიექტები  ასოციაციურად დაკავშირებული არიან  წარმოდგენილ ინფორმაციასთან; დატვირთული არიან სასარგებლო ინფორმაციით; თემის მხატვრულად,  ლაკონურად და გააზრებულად წარმოადგენენ. ინფოგრაფიკების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს რამდენიმე ასპექტი: აქტუალობა, მიმზიდველი საინტერესო და გასაგები თემა, ლამაზი და ეფექტური დიზაინი, ემოციური ფერები, მიზნობრივი აუდიტორიის გათვალისწინება, ციფრები ყველაფრის მთქმელია, ხარისხიანი და მრავალფეროვანი დიაგრამები, მასშტაბის შერჩევა, ისტორიის შექმნა, საინტერესო ფაქტების შერჩევა, სიმარტივე,  სიმბოლოების, რუკების და  დროის ხაზის გამოყენება, გამოყენებული წყაროების ავტორიტეტი და სანდოობა,  კონცეფციისა და მიზნების განსაზღვრა.  გარდა ამისა, კარგი  ინფოგრაფიკა ასევე ეყრდნობა სამ ფაქტორს: სარგებლიანობას, პრაქტიკულ გამოყენებას  – რამდენად  მიიღწევა დასახული მიზნები;  გამოყენებადობას –  რამდენად სრული, ზუსტი და საინტერესოა შინაარსი მკითხველისთვის; სილამაზეს – ინფორმაციის მიწოდების ფორმებისა და დიზაინის ხარისხი.

წყაროს ტიპების მიხედვით ინფოგრაფიკის 3 ძირითადი  ტიპი გამოიყოფა: 1. ანალიტიკური შინაარსის  ინფოგრაფიკა –  გრაფიკა, რომელიც მომზადებულია ანალიტიკური მასალის მიხედვით. ამ კუთხით  ყველაზე ხშირად გამოიყენება ეკონომიკური ინფოგრაფიკა, რომელიც  ეკონომიკური მაჩვენებლებისა და კვლევების მონაცემთა ანალიზის მიხედვით დგება.  2. ინფორმაციული შინაარსის ინფოგრაფიკა, რომელიც ახალი და კონკრეტული ინფორმაციის საფუძველზე მზადდება ოპერატიულ რეჟიმში.  3. რეკონსტრუქციული ხასიათის ინფოგრაფიკა, რომელიც რომელიმე მოვლენის მონაცემების საფუძველზე დგება და ამ მოვლენის დინამიკას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გვიჩვენებს.

მეტად მნიშვნელოვანია ინფორგრაფიკების სწორი წაკითხვა.  განვიხილოთ მაგალითი.

ქვემოთ მოცემული ინფოგრაფიკა  ეკოლოგიურ პიარ-კომპანიას ეხება. მისი ავტორები მომხმარებელს მოუწოდებენ,  ერთჯერადი მუყაოს ჭიქები კი არ გადაყარონ, ჩააბარონ. მოცემული ინფოგრაფიკის მთავარი მესიჯია: დაგვიბრუნეთ მუყაოს ჭიქები და თქვენ მიიღებთ ფასდაკლებას, გადაარჩენთ ხეებს და დაეხმარებით ბუნებას.

რას ვხედავთ ინფოგრაფიკულ გამოსახულებაზე? შინაარსი გადმოცემულია საკმაოდ მსუბუქად და იუმორით. უპირველესად თვალში გვხვდება სათაური:  რატომ უნდა გამოვიყენეოთ კიდევ ერთხელ მუყაოს ჭიქა?  შემდეგ საკმაოდ თვალსაჩინოდაა  ახსნილი მიზეზი.  ამასთან მაშინვე ყურადღებას იქცევს წითელ ფონზე  გაკეთებული წარწერა-მიმართვა:  „Hallo Mr. Throwaway!“ (გამარჯობა ბატონო გადამყრელო!) და მაშინვე მოდის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წლის განმავლობაში აშშ-ში 25 მილიონი მუყაოს ჭიქა იყრება.

ამის შემდეგ მოყვანილია საკმაოდ საინტერესო ფაქტები, თუ რატომ არ უნდა გადავყაროთ მუყაოს ჭიქები. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ დროს თქვენ მიიღებთ ფასდაკლებას ყავაზე, მაგრამ ეს არაა მთავარი. ავტორები გვამცნობენ, რომ თუ არ გადავყრით ჭიქებს, ჩვენ გადავარჩენთ ხეებს, რომლებიც  ჩვენს პლანეტაზე კატასტორფული მასშტაბებითა და ტემპებით იჭრება. ინფოგრაფიკზე მარჯვნივ ჩანს ინფორმაცია, რომელიც გვატყობინებს, რომ ერთი მუყაოს ჭიქის დასამზადებლად  საჭიროა 43 გრ. ხის მასალა, 4.1 გრ საწვავი და 1.8 გრ ქიმიური პრეპარატი.  მაშასადამე,  25 მილიონი მოხმარებული მუყაოს ჭიქების შედეგად 9.4 მილიონი ხე იჩეხება.  გამოსახულებაზე სხვა საინტერესო  ინფორმაციაცაა მოცემული, რომელსაც  მოსახლეობის 50% ჩვეულებრივ სტატიაში საერთოდ არ წაიკითხავდა, თუმცა ინტერესით ეცნობა მას ინფოგრაფიკზე სურათის სახით.

ვფიქრობ მსგავსი სახის ინფოგრაფიკები კარგი რესურსია  გაკვეთილზე, ხოლო თუ  მათ   შედგენას თავად მოსწავლეები შეძლებენ,  ეს მათ ინფორმაციულ კომპენტენციას საკმაოდ აამაღლებს. გთავაზობთ  რამდენიმე ინერნეტსაიტის მისამართს, რომლებიც თქვენ და თქვენ მოსწავლეებს დაგეხმარებათ ინფოგრაფიკების შედგენაში.

https://infosthetics.com/  – დიზაინისა და ინფორმაციის შესაბამისობა;

https://www.dailyinfographic.com/   – ახალი ინფოგრაფიკა ყოველდღე;

https://www.informationisbeautiful.net/  – იდეები, პრობლემები, ცოდნა, მონაცემები  – ყველაფრის ვიზუალიზაცია;

https://infographr.tumblr.com/  –  ყველაფერი ინფოგრაფიკების შესახებ;

https://www.freepik.com/free-vector/infographic-elements-pack  – ინფოგრაფიკები და მათი ელემენტები;

https://www.videoinfographics.com/  – ვიდეოინფოგრაფიკა;

https://visualjournalism.com/   – სიახლეები ინფოგრაფიკის შესახებ;

https://www.amazinginfographics.com/  – რესურსები ინფოგრაფიკებზე;

https://www.best-infographics.com  – საინტერესო ინფოგრაფიკების მაგალითები;

https://infographiclist.com  – მათთვის, ვისაც უყვარს ინფოგრაფიკა.

 

 

 

 

შოთა, აჩი, რეზი და სხვები…

0

ფეხბურთში ძმების თემა ამოუწურავია და მარადიული. დედმამიშვილებს ერთად ბურთი უგორებიათ საქართველოშიც და იტალიაშიც, დანიაშიც და რუსეთშიც, ჰოლანდიაშიც და არგენტინაშიც. ეს ფესვგაუხმობი, დიდი ტრადიციაა, რომელიც მუდამ იარსებებს, სანამ უფროსი ძმის, ანდა ტყუპისცალის მიბაძვით მეორე ძმაც მოინდომებს ფეხბურთის თამაშს და შემდეგ უკვე ყველაფერი მუხლმაგრობისა და ილაჯის საქმეა.

შოთა, აჩი და რეზი არველაძეების მაგალითისა არ იყოს, ფეხბურთელი ძმებიდან ყველა, რა თქმა უნდა, არ და ვერ იქნება ერთნაირად ნიჭიერი და წარმატებული. ისიც ფაქტია, რომ მუდამ იქნება გულისტკენა ერთი ძმის წარმატების ფონზე მეორის წარუმატებლობის გამო, მაგრამ ძმობა მაინც ძმობაა და სულ ყველა მერაბ მეგრელაძედ და როჟე მილად რომ იქცეს, ფეხბურთელის საფეხბურთო კარიერა მაინც დაახლოებით 20 წელი გრძელდება და საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სულ სხვა ცხოვრება იწყება.

ცნობილი ამბავია, რომ სუპერ-წარმატებული ფეხბურთელები, როგორც წესი, ვერ ხდებიან ასეთივე წარმატებული მწვრთნელები. თუმცა, ამ კუთხით სასიამოვნო გამონაკლისებიცაა, მაგალითად, ფრანც ბეკენბაუერისა და ზინედინ ზიდანის სახით. რეალობა კი მაინც გვიჩვენებს იმას, რომ საუკეთესო მწვრთნელები უფრო ხშირად ნაკლებად წარმატებული ფეხბურთელები ხდებიან და ეს ფენომენი დღემდე ძალაშია. კლასიკურ მაგალითად კი ძმები ინძაგების შემთხვევა უნდა განვიხილოთ.

ალბათ კამათგარეშეა, რომ გასული ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე, ფილიპო ინძაგი, რბილად რომ ვთქვათ, ვერ გამოდგა კარგი მწვრთნელი და ამ ფაქტმა იტალიელ ტიფოზებს გული ძალიან ატკინა. თუმცა, ფეხბურთელობისას ძმაზე აშკარად ნაკლებად წარმატებულ სიმონე ინძაგის აღმოაჩნდა სამწვრთნელო ნიჭი და დღეს რომის „ლაციო“ რომ თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს, დიდწილად სწორედ სიმონეს დამსახურებაა.

რომაული კლუბის შემტევმა და წარმატებულმა ფეხბურთმა არამხოლოდ იტალიელი ქომაგები მოხიბლა, ევროპის საფეხბურთო პრესაშიც აქტიურად იწერება სიმონე ინძაგის მომავალზე. ბევრი ფიქრობს, რომ საშუალო დონის „ლაციო“ არ იქნება უმცროსი ინძაგის საბოლოო ნავთსაყუდელი და მას აუცილებლად უხმობენ „ლაციალეზე“ ბევრად ბობოლა კლუბები. თუმცა, სანამ პიპო თავის მშობლიურ რომაულ კლუბს უძღვება, „მარადიული ქალაქიდან“ ამ კაცის გაშევება ამ ეტაპზე წარმოუდგენლია და „ლაციოს“ ბოსები გამუდმებით აწყობენ გეგმებს, თუ როგორ შეინარჩუნონ სიმონე ინძაგი.

რა არის სიმონე ინძაგის წარმატების საიდუმლო? თავად სიმონე ამ ამბავს მეტად მარტივად ხსნის და ამბობს, რომ ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას დაინტერესდა სამწვრთნელო საქმით და ახალგაზრდობიდანვე ეცნობოდა სამწვრთნელო ხელობის ამსახველ წიგნებსა და ლიტერატურას. ამას გარდა, სიმონეზე იძახიან, რომ მაშინ, როდესაც მისი უფროსი ძმა – ფილიპო ვარჯიშზებზე ოფლს ღვრიდა, მრავალტრავმიანობის გამო სიმონეს ბევრად მეტი დრო ჰქონდა, მინდორზე ოფლის ღვრის გარდა, სხვა საფეხბურთო სიღრმეებითაც დაინტერესებულიყო. ყველა აღნიშნავს, რომ სიმონეს საფეხბურთო ინტელექტი და ხედვა ძმისაზე ბევრად უფრო მომცველი და ფართოა. ვიწრო დიაპაზონის მწვრთნელისგან კარგს რომ არაფერს უნდა ველოდოთ, ეს იტალიის ნაკრების აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმაც – ვენტურამაც დაადასტურა.

ჯერ ყველაფერი წინაა და სიმონე ინძაგის შესაძლებლობების ზღვარი სად გადის, ამის დადასტურებულად გაგებას წლები დასჭირდება, თუმცა ძმები ინძაგების შემთხვევაც გვაჩვენებს, რომ წარმატებული და შედარებით წარუმატებელი ძმების ისტორია გრძელდება და ეს ფენომენი, შეიძლება ითქვას, რომ უკვდავია. რაც შეეხება ფილიპო ინძაგის – „პიპო“ დიდი ფეხბურთელი იყო და იმედია ასეთად დაამახსოვრდება ყველას. მწვრთნელობაზე კი ბოდიში…

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...