სამშაბათი, ივნისი 3, 2025
3 ივნისი, სამშაბათი, 2025

საინტერესო პრეზენტაციის გაკეთებისთვის აუცილებელი გზები

0

არსებობს პრეზენტაციის ჩატარების ორი გზა – შემეცნებითი და გაყიდვადი. პირველ მიდგომას იყენებენ სკოლის მასწავლებლები, უნივერსიტეტების პედაგოგები და მეცნიერები, მოსწავლეები და სტუდენტები, მეორეს – ბიზნესმენები. ორივეს მსგავსი მიზნები აქვს: ინფორმირება, დარწმუნება, ჩართვა, შთაგონება მოქმედებისკენ. თუმცა, მასწავლებლების პრეზენტაციები, ბიზნესის წარმომადგენლებთან შედარებით, ნაკლებადაა დამუშავებული. ყველაზე ხშირად, ისინი ბევრ ტექსტს და ცოტა გამოსახულებას შეიცავს, გამოირჩევა ძალიან სუსტი დიზაინით. რატომ ხდება ასე? არსებობს პრეზენტაციის ჩატარების უამრავი საერთო პრინციპი. გთავაზობთ რამდენიმეს:

 

პრეზენტაციის ჩასატარებლად აუცილებელი შინაარსის ფლობის უნარი. კარგი მასწავლებელი ინფორმაციას 200%-ით ფლობს.

 

ბუნებრივია, ადამიანები, რომლებსაც სურთ გაყიდონ პროდუქცია ან მომსახურება, უნდა ფლობდნენ ინფორმაციას. ეს გამომსვლელს თავდაჯერებას მატებს და ეხმარება მსმენელის დარწმუნებაში. მასწავლებლები ბიზნესმენებს ამ საკითხში არაფრით ჩამოუვარდებიან. ვინ, თუ არა მასწავლებელმა, შინაარსი ყველაზე უკეთ იცის? გამოცდილმა პედაგოგმა არა მხოლოდ საკუთარი მასალა იცის, არამედ თავიდანვე ხვდება, რა შეიძლება გაურთულდეს თავის მოსწავლეს. ისინი კავშირს ამყარებენ სხვა თემებთან და საგნებთან. ეს მასწავლებლების ერთგვარი პრივილეგიაა.

პრეზენტაცია – დიალოგი თანაბარ პირობებში

ეს რთული პრინციპია. საქართველოს სკოლებში საუბარი-პრეზენტაცია თანაბარ პირობებში ცოტა წარმოუდგენლად ჟღერს. საქმე მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ სოციალურ-ასაკობრივი იერარქია ყველა სფეროში იჩენს თავს. მასწავლებლები და მშობლები ბავშვების სიცოცხლესა და ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაზე არიან პასუხისმგებლნი, შესაბამისად, ნებისმიერი მოზრდილი ადამიანი ბავშვების დიდ ჯგუფში მოხვედრისას ინსტინქტურად იწყებს მათთვის მიმართულების მიცემას და მართვას, ეს კი უკვე გამორიცხავს თანაბარ პირობებში ურთიერთობას. სავარაუდოდ, ეს უფრო ნიშნავს  პატივისცემის დამსახურებას, დისციპლინის კონტროლს, შენიშვნების მიცემას, სათანადო დროს „არა“-ს თქმას.

სამწუხაროდ, პრეზენტაციის ჩატარებისას ძალიან გავრცელებული შეცდომაა „მასწავლებელი-ბოსის“ როლის მორგება. კარგი საგანმანათლებლო პრეზენტაციის დროს მასწავლებელი არ დომინირებს მსმენელზე, არ ცდილობს მოახვიოს საკუთარი აზრი. გაყიდვებს თუ შევადარებთ – ეს შეთავაზებაა, აუდიტორიისთვის საჭირო პროდუქტის რეკლამა. ეს არ არის უსარგებლო ნივთის გაყიდვის მიზნით ჩატარებული მანიპულაცია, არამედ სასარგებლოს გაზიარების გულახდილი სურვილია.

გთხოვთ, შემაწყვეტინოთ

გამომსვლელები შემეცნებით და მეცნიერულ პრეზენტაციებში ამ პრინციპს ხშირად არღვევენ. დაფასთან მდგარი „პულტიანი“ მასწავლებელი რატომღაც ხელშეუხებელი ხდება. პრობლემა მხოლოდ მასწავლებელი როდია, რომელსაც არ სურს თავისი ავტორიტეტის შელახვა. ხშირად გამომსვლელი გამყოფ ხაზს ავლებს აუდიტორიასთან და კითხულობს მონოტონურ მონოლოგს, რადგანაც ეშინია, რომ ვერ შეძლებს კლასის მობილიზებას. განსაკუთრებით ეს ეხება დაბალი და საშუალო კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ განვითარებული ყურადღების კონცენტრირების უნარი.

პრინციპის რეალიზებისთვის საჭიროა დისკუსიის მართვა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში შეგიძლიათ ითხოვოთ, რომ პრეზენტაცია არ შეგაწყვეტინონ. ამავდროულად, აუცილებელია ინფორმაციის გაცვლის შეთავაზება და დიალოგის ორგანიზება. შეგიძლიათ უთხრათ მოსწავლეებს, რომ ჩაინიშნონ პრეზენტაციის განმავლობაში გაჩენილი კითხვები. თუ კითხვები არ ექნებათ, ეს პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ინფორმაციამ უკვალოდ ჩაიარა, მსმენელისთვის ის უმნიშვნელო იყო.

მთავარი გმირი თვითონვე ხართ

სკოლის მასწავლებლებს შორის მხოლოდ რამდენიმე გვამახსოვრდება. რა აქვთ საერთო ამ მასწავლებლებს? ალბათ ისინი საინტერესო ადამიანები იყვნენ და აუდიტორიის გარეთაც თავიანთი პროფესიით ცხოვრობდნენ. ეს ყველაზე მოქმედი პრინციპია. მხიარულ, ქარიზმატულ მასწავლებელს აუდიტორია ყველაფერს აპატიებს: უზუსტობას, გაზვიადებას, საუბრის არასრულყოფილ ტექნიკას, გადამეტებულ ემოციურობას. ეს ნამდვილი ჯადოქრობაა.

საკვირველია, მაგრამ ამ წესის დაცვა მარტივია. საკმარისია, იყოთ ის, ვინც ხართ. გაუზიარეთ მოსწავლეებს თქვენი პირადი გამოცდილება, მოყევით რომელმა ისტორიულმა ფაქტმა გაგაოცათ, რომელი ლექსი დაგამახსოვრდათ ან რა საგანმა იქონია თქვენზე დიდი გავლენა. მთავარია, არ იცრუოთ. ინტერესი ჩნდება ცოცხალი ადამიანის მიმართ, ცოცხალი ადამიანი კი არ შეიძლება იყოს სრულყოფილი, იდეალური. მას შეცდომებიც მოსდის და ამის აღიარებაც შეუძლია. მასწავლებელი საუბრისას შეიძლება წაბორძიკდეს, ეს ნორმალურია. ეს მას აახლოვებს მსმენელთან, რომელიც ხედავს საკუთარ შეცდომებს და იმასაც, როგორ შეიძლება მათი გამოსწორება. მაშინ მოსწავლე „გმირ“ მასწავლებელში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიასაც დაინახავს და ეცდება იყოს მისი „ხატების“ შესაბამისი.

თქვენი სამიზნე აუდიტორია შედგება ცოცხალი ადამიანებისგან

ამ პრინციპის გამოყენების შესაძლებლობა სკოლებსა და უნივერსიტეტებში ნამდვილად არსებობს. კარგი მასწავლებლები იცნობენ თავიანთ მოსწავლეებს, ახსოვთ, როგორ იზრდებოდნენ ისინი, როგორ ეცნობოდნენ მათ ოჯახებს. ეს კი დიდი უპირატესობაა პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების დროს. ადამიანთან ურთიერთობაზე დაყრდნობით კომუნიკაცია უფრო ეფექტიანი ხდება. მსმენელთან მყარდება ემოციური კავშირი.

როგორც წესი, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი დროის განმავლობაში იცნობენ, ამიტომ გამოსვლის დროს ორატორის თვითპრეზენტაციაზე დრო აღარ იხარჯება.

დიდი მნიშვნელობა აქვთ ტექნოლოგიებს

დაკვირვების თანახმად, მასწავლებლების თითქმის 80%-ს აშინებს პრეზენტაციების გაკეთება  და თუ აკეთებენ, აშინებთ ცოცხალი ილუსტრაციების გამოყენება. მათ ეშინიათ ცარიელი სივრცის და ცდილობენ ყოველი სანტიმეტრი ეკრანზე ტექსტით შეავსონ. მასწავლებლები ნაკლებად ფიქრობენ შრიფტზე, არ ფიქრობენ პრეზენტაციის შაბლონების გარეშე გაკეთებაზე. Power Point ფართო შესაძლებლობების მქონე არაჩვეულებრივი პროგრამაა, მაგრამ ბევრი პედაგოგი (და მათი შემყურე მოსწავლეც) იმაზე შორს არ მიდის, რომ გამოიყენოს პირველივე მოცემული შაბლონი და სწორედ ის შეავსოს ტექსტით.

ეს ეხება ყველა სფეროს, სადაც პრეზენტაციები გამოიყენება, არა მხოლოდ განათლებას. შესაძლოა, შინაგანი ხმა გვეუბნება „მე ხომ არ ვარ დიზაინერი“ ან „მე არასდროს მეხერხებოდა ხატვა“ და ვირჩევთ პროფესიონალების მიერ შექმნილ შაბლონებს, მაგრამ, ძალიან ცუდია, როდესაც უკვე მეასედ იყენებთ ერთსა და იმავე შაბლონს (იმავე შრიფტით, ხაზებით, ბლოკებით). შეიცოდეთ თქვენი მოსწავლეები. დაგუგლეთ „პრეზენტაციის შაბლონები“ (ან „უჩვეულო პრეზენტაციის შაბლონები“ – „unusual presentation templates“) და მოძებნეთ ისეთი შაბლონი, რომელიც აქამდე არასდროს გამოგიყენებიათ, ისეთი, რომელიც თემას, თქვენს ხასიათს შეეფერება. სცადეთ პრეზენტაციის გაკეთება სხვა პროგრამაში.

ნუ შეგეშინდებათ შაბლონებს გარეთ გაღწევის და დაინახავთ, როგორ მოეწონება ეს თქვენს მოსწავლეებს.

რა უფრო მნიშვნელოვანია, იყოთ სამართლიანი თუ წარმატებული?

რთულია გაუგო მასწავლებელს, რომელიც კლასში ძალაუფლების დემონსტრირებას ახდენს. მასწავლებელი ეს არის უფროსი ადამიანი აუდიტორიაში, გამოცდილი, პატივსაცემი პერსონა, რომელიც ფლობს ცოდნას. ამიტომ კონტროლისთვის დამატებითი ზომების მიღება სრულიად ზედმეტია. რადგან ამ დროს ბავშვები (და სტუდენტები) მასწავლებლის მხრიდან არცოდნის კომპენსირების მცდელობას და თავდაჯერებულობის ნაკლებობას გრძნობენ. ისინი ინტუიციით გრძნობენ უსამართლობას და დიდებისგან განსხვავებით, ამ თავიანთ აღმოჩენას არ მალავენ. პირიქით, აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ სიცრუე გამოვლინდეს.

ეცადეთ, სამართლიანი იყოთ და არ გაექცეთ სიმართლეს, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში ბავშვებს (განსაკუთრებით უფროსკლასელებს) ესმით, რაც არის ცხოვრება, ხანდახან კი მასწავლებლებზე უკეთაც. მათ იციან, როგორ არის მოწყობილი სამყარო. ამიტომ ზოგი რამის დამალვას აზრი აღარ აქვს.

თუმცა, სიმართლის თქმისას აკონტროლეთ თავი. ეცადეთ, არ ისაუბროთ ავადმყოფობებზე, ოჯახურ და პირად პრობლემებზე – ეს აღიქმება როგორც თანაგრძნობის გამოწვევის მცდელობა. ფრთხილად იყავით პოლიტიკაზე, შემოსავლებზე და რელიგიაზე საუბრისას. ამან შეიძლება კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს.

მზის კაცი

0

 

მე და დედაჩემს შერიგების ჩვენი რიტუალი გვქონდა და ამ რიტუალის მთავარი საიდუმლო, აი, ეს ლექსი იყო:

„მსუბუქი ტანი გაქვს, სურვილს აყოლილი,

ნეტა შენ, არ ვგავართ ერთმანეთს მე და შენ,

ქარს გინდა რომ აჰყვე და სივრცეს სულ ევლო,

დედიკოს რომ მოწყდე, დაჭკნები, სულელო“.

ლექსი მირზა გელოვანს ეკუთვნის. დედამ გამომიწოდა ერთხელ, როცა სინდის-შეწუხებული, ისედაც ოთახის კუთხეში ვიხერხებოდი და, ამით ყველაფერი მითხრა. მერე მეც დამიბრუნებია ეს ლექსი მისთვის იმავე მუხტით, იმავე გულისფანცქალით.

თვითონ ლექსია ასეთი – გულის ფანცქალიანი, მზეზე მოცახცახე ნიავივით გამჭვირვალე, მსუბუქი და ნამდვილი…

და უფრო მეტიც – თავად მირზა გელოვანის პოეზიაა ასეთი – ყველაფრის თქმა შეგიძლია მისი ლექსებით, ყველა განცდის თანაზიარობა. ამ ერთი შეხედვით ნაივურ, თითქოს მრავალჯერ სადღაც წაკითხულ და ნაცნობ პოეზიას აქვს ფარული ჯადო, სამუდამო ხიბლში დაგტოვოს და სულაც არ გამძიმებდეს, პირიქით – გამშვენიერებდეს სამყაროს, ადამიანის, სიყვარულის ასეთი ხიბლი.

2 მარტს მირზა გელოვანი 101 წლისა გახდა. სააქაო კი მან, 27 წლისამ დატოვა, ისე, რომ სამშობლოს მიწაში დაკრძალვა არც ღირსებია.

თავდაპირველ ლექსებს გვარ-სახელის ნაცვლად ასე აწერდა თურმე – „მზის კაცი“. მზე მისი სიცოცხლის და შემოქმედების უშრეტი ენერგია იყო, მისი თილისმა. მზის კაცები კი, რჩეულები არიან და ლამაზადაც კვდებიან ხოლმე.

რამდენიმე წლის წინ, აწ განსვენებულმა ქალბატონმა მანანა ზარიძემ დამირეკა და ჩვეული კეთილშობილებით მთხოვა: მირზა გელოვანის სიყრმის დროინდელ მეგობრებს შორის ერთადერთიღა დარჩა ცოცხალი, 94 წლის ნათელა ბერძენიშვილი, დღემდე გაუბზარავი მეხსიერება აქვს და უზადოდ აზროვნებს, მირზაზე ახალი მოგონებები დაუწერია, უნდა, მოასწროს და ვიდრე ცოცხალია, ვინმესთან დააბინაოს. მე ჯანმრთელობის გამო მის მონახულებას ვერ ვახერხებ, ეგებ შეძლო და ესტუმროო. . .

ასე, სრულიად შემთხვევით გავიგე მშვენიერი, ულამაზესი, 94 წლის ქალბატონის არსებობა, რომლის ცხოვრების ამ გვიან და გადაცრეცილ შემოდგომაშიც ჩაუქრობლად, გაუნელებლად ანთია მზე, სახელად მირზა გელოვანი.

შინ ვესტუმრე. ავად იყო, მაგრამ ჩემი მისვლის მიზეზი რომ შეიტყო, მაშინვე მოწესრიგდა და ოთახიდან გამოვიდა. მაღალი, მწვანეთვალება, არისტოკრატულად კეთილშობილი ნათელა ბერძენიშვილი – მირზა გელოვანის სტუდენტობის მეგობარი და მასზე არაერთი მოგონების ავტორი.

მირზაზე საუბრისას თანდათან ძალაც მიეცა და ბოლოს გახალისდა კიდეც, ავად ყოფნა აღარც მახსოვსო, თქვა. ამბიდან ამბავმდე რემარკასავით ჩაურთავდა ხოლმე: „ჩემი მირზა”. . . და მოაყოლებდა: „იცი როგორი იყო? ლამაზი, ძალიან ლამაზი, ჭკვიანი. ბაირონს ვეძახდით. ისე მღეროდა! აი ასე იცოდა ტუჩის კუთხეებში თითების ჩამოსმა და მხოლოდ ამის მერე დაიწყებდა ლექსის წაკითხვას”. . .

ქალბატონ ნათელას ერთი მოგონება შესულია წიგნში „ივრისპირელი მზეჭაბუკი”, რომელიც მანანა ზარიძისა და ციცინო გაბიდაურის თაოსნობით გამოვიდა. მირზა გელოვანზე შექმნილი ამ ყველაზე სრული კრებულის შემდგენელ-რედაქტორი ემზარ კვიტაიშვილი გახლავთ.

თორმეტფურცლიანი ვარდისფერი რვეული ჩანაწერებით და მოგონებებითაა სავსე. ამ ყველაფრის თავმოყრა 2010 წელს დაასრულა. გარეკანზე მიუწერია: „1936-1939 წწ. თბილისში ცხოვრება და ჩვენი მეგობრობის წლები”. რვეული ამ წლების ხსოვნას ინახავს.

სწორედ ეს ჩანაწერები გამომატანა და მთხოვა, რომ თუკი სადმე მირზაზე ითქმებოდა, ამ მოგონებებითაც ხსენებულიყო პოეტის სახელი.

დღეს აღარც მანანა ზარიძეა ცოცხალი, აღარც ნათელა ბერძენიშვილი. როცა მირზაზე საუბრისას გაბრწყინებულ მის თვალებს ვუყურებდი, მომეჩვენა, რომ დღეგრძელობის წამალი მისთვის სწორედ ეს ხსოვნა იყო. ცოცხალი, გაუნელებელი სურათები, ერთგული სიყვარული და უკვდავებასთან წილნაყარი ავტობიოგრაფია. სიცოცხლე იმისთვის, რათა საკუთარი თავით გაახანგრძლივო ძვირფასი სახელი, რათა ამ სახელის შესახებ სხვებს მოუთხრო და ეს ხსოვნა გადასცე.

ამ წერილსაც, სწორედ მათ ხსოვნას ვუძღვნი – ადამიანებს, ვინც თავისი თავით სიყვარულს, პოეზიას და მშვენიერებას ახანგრძლივებს ამ სამყაროში.

ნათელა ბერძენიშვილთან ჩემი შეხვედრის დროინდელ მონათხრობს კი ოდნავი შემოკლებით გთავაზობთ:

„ვწერ ჩვენი მეგობრობის შესახებ, რაც  შემორჩა ჩემს მეხსიერებას 93 წლის ასაკში. 1937 წლიდან 1939 წლამდე.

1936-37 წლებში ჩავაბარეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტები თითქმის ყველა ვიცნობდით ერთმანეთს გამოცდების პერიოდიდან. ლექციაზე (ჰუმანიტარული საგნების) შევნიშნეთ უცხო ყმაწვილი – პირველად გარეგნობით მიიპყრო ჩვენი ყურადღება. შემდეგ გავიგეთ, რომ „ის ნუკრივით ბიჭი” (რაჟდენ გვეტაძის სიტყვებია – ნ.ბ.) მირზა გელოვანი იყო. მირზა ითვლებოდა თავისუფალ მსმენელად. განსაკუთრებით აქტიურად ესწრებოდა ვახტანგ კოტეტიშვილის ლექციებს. მწარე მოგონებად დამრჩა 1937 წელი უნივერსიტეტში. ვისხედით აუდიტორიაში სულგანაბულები. მირზაც ჩვენთან იყო. უჩვეულოდ დაიგვიანა ვახტანგმა. უცებ გაიღო კარი და ტირილით შემოვიდა ჩვენი კურსის სტუდენტი – ვახტანგ ძია არ მოვა, ის დააპატიმრეს, – თქვა. ეს გოგონა იყო მედეა მაკალათია, ვახტანგის დისშვილი, ცნობილი ეთნოგრაფის, ნიკო მაკალათიას ქალიშვილი. იმ შემზარავი სურათის გადმოცემა მიჭირს, თუმცა მახსოვს ყველაფერი.

მთლიანად აუდიტორიის მზერა იყო მიპყრობილი მირზასკენ. როგორ შეიცვალა ასე უცებ? გაფითრებული, გაოგნებული ჩუმად იდგა და ხმას ვერ იღებდა. მეორე დღიდან თითქმის ყოველდღე ვიგებდით ამა თუ იმ ლექტორის დაპატიმრების ამბავს. ესენი იყვნენ ბატონები – სიმონ ყაუხჩიშვილი, შალვა ნუცუბიძე, სოსო მრევლიშვილი. ბევრი უკან დაბრუნდა. ბატონი ვახტანგი კი დახვრიტეს. სხვებიც…

… ჩვენ ვხვდებოდით მწერალთა კავშირში მოწყობილ ღონისძიებებზე, მწერლების იუბილეებზე, წიგნების განხილვებზე. ჩვენი ერთ-ერთი მეგობარი, თინა მაქსიმელიშვილი ცხოვრობდა მაჩაბლის ქუჩაზე, ზუსტად მწერალთა სახლის პირდაპირ. თინა იყო ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი, მასზე წერდნენ ლექსებს. თინა მირზას ბოლო მუზაც იყო.

მერე, სხვა პოეტებს ჩვენც დავუახლოვდით. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ირაკლი აბაშიძე. მირზა ძალიან უყვარდა. მირზა გალაკტიონსაც უყვარდა, მოსწონდა, გამოარჩევდა დამწყებ პოეტებს შორის.

… მირზა უნივერსიტეტში მისთვის საინტერესო ლექციებს ესწრებოდა. წლის მიწურულში, ე.ი. ნოემბრის თვიდან ვიწყებდით საგნების მომზადებას მე, თინა და ნონა. ჩვენ უკვე ვატყობდით, რომ მირზას ნონა ლასხიშვილისადმი გაუჩნდა სიმპატია. ნონა იყო ძალიან განათლებული. მირზამ გვთხოვა, მეც ვიმეცადინებ თქვენთანო. ჩვენ სიამოვნებით დავთანხმდით. ვმეცადინეობდით უფრო მეტად ჩემს ოჯახში. ენათმეცნიერებაში მირზას ნიშანი “5” ჩვენ დავუწერეთ, ჩვენ კი პროფესორმა არნოლდ ჩიქობავამ მატრიკულში ჩაგვიწერა ხუთები.

… 1937 წლის 31 დეკემბერს, ნონას ოჯახში, საახალწლო სუფრაზე შევიკრიბეთ. სტუმრად მოვიდნენ ახლო მეგობრები – ნელი ამაშუკელი, ელენე გოგოლაშვილი, ნინო ლაშხია, შოთა რევიშვილი, გივი ჟვანია, ვახტანგ ჭელიძე. კარგად მოვილხინეთ. მირზა კარგად მღეროდა. მე და მირზამ, ელენემ და ნელიმ ხმები შევუწყვეთ და კარგი კონცერტი გამოგვივიდა. შემდეგ გადავედით ლექსების კითხვაზე – ვინ უფრო მეტ ლექსს იტყოდა. მირზამ გვაჯობა ყველას. ჯერ საკუთარი ლექსების კითხვით, მერე სხვადასხვა ქართული და რუსული ლექსებით. ნათლად მახსოვს მანერა მისი კითხვისა, ოდნავ მხრებში მოიხრებოდა, სამ თითს მოისვამდა ტუჩებზე და ჭერში ცქერით დაიწყებდა. წუთითაც არ შეჩერდებოდა. ხმაც, ტემბრიც ძალიან სასიამოვნო ჰქონდა. 12 საათზე, მხიარულები კარგი განწყობით შევხვდით, თურმე უბედურ 1937 წელს.

საბედისწერო აღმოჩნდა ეს წელი ნონას ოჯახისთვის. დააპატიმრეს მამა – ივლიანე ლასხიშვილი, ცნობილი იურისტი. სხვათა შორის, ნონას ძმა ოთარ ლასხიშვილიც შემდეგ ცნობილი იურისტი გახდა, ჯერ ექიმი იყო და შემდეგში მიიღო იურიდიული განათლება.

ჩვენი თავშეყრა ნონას ოჯახში ხდებოდა. ურთიერთობა ნონასა და მირზას შორის უფრო გაღრმავდა. ჩვენგან დამოუკიდებლად ხვდებოდნენ ერთმანეთს. 18 თებერვალი ნონას დაბადების დღეა. მეორედ შევხვდით მირზას სუფრასთან. კარგი მომლხენი იყო, უფრო გათამამებული სიმღერითა და ლექსების თქმით.

ერთ-ერთი მეცადინეობის დროს, ნონას ოჯახში მე და თინა მივედით სამეცადინოდ. სესიები იწყებოდა და უნდა მოგვემზადებინა ბატონი კორნელი კეკელიძის საგანი  – ძველი ქართული ლიტერატურა. მოგეხსენებათ, წიგნები, იმ დროს არ იყო გამოცემული. გვქონდა ჩვენ-ჩვენი ჩანაწერები, ე.წ. კონსპექტები. ყველაზე კარგი კონსპექტი კურსზე ჰქონდა თინა ყაუხჩიშვილს. მარტო მე მენდობოდა და ვსარგებლობდი მისი კონსპექტებით, ის გამოჩენილი მეცნიერი გახდა. მუყაითი, ნიჭიერი სტუდენტი იყო და არა მარტო სვიმონ ყაუხჩიშვილის შვილი.

…ერთ-ერთი მეცადინეობის დროს გაიღო კარი და შემოვიდა მირზა ტორტით ხელში. გავოგნდით, რის აღსანიშნავად მოგვართვა ეს ტორტი? თვითონ აგვიხსნა: ტორტი ჩემი შრომის შედეგად აღებული ფულით ვიყიდეო. აი, თურმე რაში ყოფილა საქმე:

მირზა ცხოვრობდა მელიქიშვილის ქუჩაზე, დარაბაში. მასთან ახლოს იყო პატარა, კოხტა „ვერის ბაზარი” – მხოლოდ ვერელებისთვის. სხვათა შორის, ამ ბაზარში ხშირად შეხვდებოდით ვერის ლამაზმანებს: თამარ ციციშვილს, თამარ ბოლქვაძეს, მირანდა ფალავანდიშვილს და კიდევ მრავალს. მეც ამ ბაზრის მყიდველი ვიყავი. მირანდა შესასვლელში მეყვავილეებისგან მაშინვე იყიდიდა ხოლმე მიხაკებს და მთელ ბაზარს მოივლიდა ასე. მირზას დაუნახავს, მოხუცი დგას და კნავის: „მწვანილი, მწვანილი”, და ვერ ყიდის. შესცოდებია მოხუცი, მისულა, დამდგარა დახლთან და ღიღინით დაუწყია: „იყიდეთ თიანური, სურნელოვანი მწვანილი, ქორფა მწვანილი”… ნახევარი საათი არც დასჭირვებია, დახლი დაცარიელდა. მირზამ ნავაჭრი თანხა გადასცა მოხუცს და მოემზადა გამოსამშვიდობებლად. მოხუცს ჯიბეში ჩუმად ჩაუდია მცირედი – ეს შენი დამსახურებული თანხაა და აიღეო. დიდი ჭიდაობის შემდეგ მირზას უფიქრია, გოგოებს ამ ფულით ტორტს მივართმევო და, თანხა გამოურთმევია. იქვე იყო საკონდიტრო მაღაზია, ჩვენკენ წამოვიდა და მართლაც გვასიამოვნა. მივირთვით ჩაი და ტორტი. ნონამ სხვა რაღაცეებიც დაუმატა და კარგი სუფრა გამოგვივიდა. მე და მირზამ ცოტა წავიღიღინეთ და გავაგრძელეთ მეცადინეობა.

მახსენდება – მირზა ხშირად იყო გაღიზიანებული, ცუდ გუნებაზე მყოფი სამსახურის გამო. არ უბეჭდავდნენ ლექსებს. მხოლოდ ერთხელ გამოექომაგა ირაკლი აბაშიძე და „ლიტერატურულ საქართველოში” დაუბეჭდა ლექსი. ეს უსიამოვნება მირზამ გამოთქვა მწერალთა ყრილობაზე და მკაცრად გააკრიტიკა პროლეტარული მწერლები. მირზამ ყრილობაზე გამოსვლით კონსტანტინე გამსახურდიას დიდი მოწონება დაიმსახურა. კონსტანტინემ მირზა გააჩერა, ხელი ჩამოართვა და უთხრა: „მეამა, ჭაბუკო, თქვენი გამოსვლა. მე თქვენი პოეზიით კმაყოფილი ვარ. მოხარული ვიქნები თუ ასეთ უკომპრომისო ბრძოლას გააგრძელებთ”.

მირზამ მიიღო სამხედრო ბარათი და გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მას წინ უსწრებს მისი გაუჩინარება. შოთა რევიშვილმა ვლადიკავკასიდან მიიღო წერილი. თურმე მირზას მეგობარ ნინო ლაშხიასთვის უთქვამს – ჩემო ნინო, საქართველოში ჩემი  ფეხის დასადგმელი ადგილი არ დარჩა და უნდა სადმე წავიდეო.

და მართლაც, მირზა გაუჩინარდა.

დიდი დრო არ გასულა, მოულოდნელად მესტუმრა შეიარაღებული მირზა ვლადიკავკასიდან. კმაყოფილი იყო – კარგი ხალხია, კარგად მიმიღეს, მაგრამ დიდხანს ვერ დავრჩებიო. მაგიდაზე დამიდო გახვეული პაკეტი, საკაბე გიყიდეთ შენ და რუსუდანსო, შეიკერე და ატარე ჩემს მოსაგონებლადო. მე ალბათ მალე მომიწევს ჯარში წასვლაო. ეს ამბავი მეგობრებს გავაგებინე. ამის შემდეგ მირზა და ნონა გაიბუტნენ, მიზეზი ვერავინ გაიგო.

… ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მირზა უკვე თმაგადახოტრილი მოვიდა და გვითხრა – გოგოებო, მივდივარ ჯარში. თუ ომმა არ მომისწრო მალე ჩამოვალო. ემოციების დაცხრომის შემდეგ გადავწყვიტეთ, გადაგვეღო კაბინეტური სურათი. გადავურეკეთ ნონას. ძმაც სახლში ყოფილა. ნინო ლაშხიაც ჩემთან იყო და თინაც. ფოტოატელიე იქვე იყო – პლეხანოვისა და მარჯანიშვილის ქუჩების კუთხეში. კარგი სურათი გამოვიდა. რამდენიმე დღის შემდეგ მირზამ შეგვატყობინა _ დღეს მივდივარო.

ეს იყო ელდა. 1939 წლის ნოემბრის ერთი სუსხიანი დღე. გავედით სადგურზე. აუარებელი ხალხი იყო, ყველას ნაღველი ედო სახეზე. ყველანი ვიცნობდით ერთმანეთს. ვცდილობდით მირზა გაგვემხნევებინა. მირზაც ცდილობდა დაეფარა მღელვარება. მოწყდა და ავარდა მატარებლისკენ, აირბინა კიბე და უცებ ფანჯრიდან თავზე წამოგვადგა. ყვიროდა ნაწყვეტებს ლექსებიდან. დაიძრა მატარებელი. შეძახილები, ტაში, ხელების ქნევა… ბოლოს ისევ დავიშალეთ და გავუდექით ჩვენს გზას.

…მირზას ჯარიდან მხოლოდ თინასთან ჰქონდა კავშირი. სწერდა წერილებს. მირზას თხოვნით თინამ და რუსუდანმა გადაიღეს ფოტო და გაუგზავნეს მას. ერთ-ერთი წერილის პასუხად თინამ იებიც გაგზავნა. ამ იებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მირზაზე. ომი რომ დაიწყო, უბეში ჰქონდა იები და მე იების სუნთქვას ვგრძნობო, თინას იები სანგარშიც მაქვს გულის ჯიბეშიო, ამბობდა. რატომღაც ჩემთვის მირზას წერილი არ მოუწერია, ნონასაც ერთხელ მისწერა მხოლოდ.

ომის დაწყების შემდეგ, ერთხანს, შეწყდა წერილები. ჩვენ ვუკავშირდებოდით ოჯახს და ასე ვიგებდით მირზას ამბავს. ერთხელ ნონამ მისწერა, მათი ურთიერთობის შეცვლის შემდეგ, ცოტა მკაცრი წერილი და ბოლოში მიაწერა: „თუ ძმა ხარ, ნათელა ნუ დაგვიჩაგრე, წერილს რატომ აღარ უგზავნიო”…

იყო პერიოდი, როცა საერთოდ შეწყდა წერილები.

ამან დიდად დაგვადარდიანა. სამჯერ მომიწია თაიენთში წასვლა – ერთხელ მივლინებით. ბოლოს მოვიდა საზარელი ცნობა მირზას დაღუპვის შესახებ. 1944 წლის ივლისის თვეში, ბელორუსიაში დასავლეთ დვინის გადაცურვის დროს დაიღუპა შესანიშნავი პოეტი, ახალგაზრდა კაცი, მირზა გელოვანი.

…ბოლოს თიანეთში, მირზას სახლ-მუზეუმში 2001 წელს ვიყავი. მირზას მიერ ჩემთვის ნაჩუქარი სურათებიდან და წიგნებიდან, რომლებიც ადრე მუზეუმს გადავეცი, არაფერი აღარ დამხვდა.

მირზას და მისი მეგობრების უფროსი მეგობარი, ნიკა აგიაშვილი დიდ დახმარებას უწევდა ახალგაზრდა პოეტებს, „ახალთაობელებს”, ლექსების ბეჭდვაში. პოეტები მას უფროს ძმას უწოდებდნენ. ნიკა აგიაშვილის მოგონებაში ვკითხულობთ: „გაბო ჯაბუშანურის თხოვნას ვასრულებ – მინდა, ვინმემ დაწეროს ჩვენი ახალგაზრდული თავგადასავალი. რა კარგი საქმე იქნებოდა. ჯერჯერობით მე ვერ ვახერხებ ამასო!..” ეს თხოვნა შეასრულა დიდებულმა ადამიანმა ნიკა აგიაშვილმა და დაწერა წიგნი „ჭაბუკები დარჩნენ მარად”. ეს წიგნი ბევრისთვის დღემდე სამაგიდო წიგნად რჩება.

…მირზას ხსოვნის უკვდავებისთვის იღწვის ქალბატონი ლულუ ქავთარაძე. მან მოაწყო შეხვედრა მირზას ორ მეგობართან – ჩემთან და თინა ოჩიაურთან. ვილაპარაკეთ მირზასთან ჩვენს ურთიერთობაზე. თინამ მირზას ბევრი ლექსი ზეპირად წაიკითხა. ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა თინა ოჩიაური, ნინო ლაშხია. მირზას მეგობრებიდან დავრჩი მარტო მე. თუ არის ვინმე ცოცხალი, გამომეხმაუროს. დავეძებ ლულუ ქავთარაძეს… “.

 

 

 

 

 

პრობლემური დავალებების გამოყენების ვარიანტები ისტორიის გაკვეთილზე

0

რობლემური დავალებების გამოყენება საგანმანათლებლო სივრცეში დიდი ხანია აღიარებული მეთოდია. ამგვარი დავალებები მიმართულია მოსწავლის მიერ პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარის განვითარებისკენ, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გააქტიურებისკენ, ზოგადი პიროვნული ზრდისკენ. ამ მიზნით ისტორიის სწავლებაში ეფექტურად გამოიყენება, ე.წ. სამსაფეხურიანი სქემა, რომელიც ეხმარება მასწავლებელს გაკვეთილზე პრობლემური  სიტუაციის შექმნაში, პრობლემის სწორად გამოკვეთაში, პრობლემური შეკითხვის ჩამოყალიბებასა და  მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ორგანიზებაში.

3 პრაქტიკული ნაბიჯი:

1 ნაბიჯი – მასწავლებელი შესასწავლი თემიდან გამოკვეთს მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტს, ფაქტს, მოვლენას, იდეას, რომელიც შეესაბამება  სასწავლო მიზანს და გამოაქვს ის განხილვისთვის;

2 ნაბიჯი –  მოსწავლეები იწყებენ პრობლემის ალტერნატიული გადაწყვეტის გზის მოძიებას, რომელიც  აღწერილი, გადმოცემული  სიტუაციის  საწინააღმდეგო იქნება;

3 ნაბიჯი – პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ მოსწავლე გამოყოფს ძირითად პრობლემას, ანუ სვამს პრობლემურ შეკითხვას („პრობლემას დაუსვამს კითხვას“)  და აყალიბებს დავალებას.

სასურველია, ისტორიის მასწავლებელმა პრობლემური დავალებების რამდენიმე ვარიანტი მოძებნოს, რომელიც  დასახული მიზნის შესაბამისი იქნება. ეს დაეხმარება მას ჩაატაროს პრობლემის იდენტიფიცირებასა და გადაწყვეტაზე მიმართული გაკვეთილი, გაზარდოს მოსწავლეთა ინტერესი, გაააქტიუროს დამოუკიდებელი აზროვნება და შექმნას პიროვნული განვითარებისათვის პოზიტიური გარემო. მთავარია, მასწავლებლის მიერ მიწოდებულმა მასალამ კითხვები გაუჩინოს მოსწავლეს:

  • „მაინც როგორ დასრულდა ეს ამბავი?..“ „როგორ მოხდა, რომ..“,  „რატომ მოხდა ასე?..“, „ნუთუ შესაძლებელია….“ და ა.შ.

მასწავლებელი აუცილებლად შეამჩნევს, რომ ამ ტიპის შეკითხვებში ჩანს მოსწავლის გარკვეული ცოდნა მოცემულ საკითხზე, რომელიც არაა სრულყოფილი და ის უნდა შეივსოს, სრულყოფილ ცოდნად იქცეს. ამის გარეშე მოსწავლე ვერ განსაზღვრავს ზუსტად თავის ცოდნას – რა იცის და რა – არა, რა გაიგო და რა – ვერ.

დავალების მიცემისას – ანუ საორიენტაციო  პრობლემის გამოკვეთისას – უნდა გავითვალისწინოთ ასაკობრივი და საფეხურისთვის დამახასიათებელი სირთულეებიც, რადგან დავალება დასაძლევი და მისაღწევი უნდა იყოს მოსწავლისათვის.

მოვიყვანოთ  პრობლემური დავალებების  კონკრეტული მაგალითები, რა ტიპის დავალებებზეც  შეიძლება გაკეთდეს  აქცენტი  საგაკვეთილო მუშაობის დროს, ანუ მოვიყვანოთ  ხელოვნურად გამოწვეული პრობლემური დავალებების  ვარიანტები:

  1. მოცემულია გაკვეთილის თემა, რომელშიც ასახულია, შესწავლილია ასეულობით წლის წინანდელი მოვლენა, მაგრამ მოსწავლე ვერ ხედავს ფაქტის, მოვლენის დასწავლის აუცილებლობას, რადგან კარგად არ ესმის საკითხის არსი, ან შეიძლება დაისწავლოს, მაგრამ მხოლოდ მოვალეობის მიზნით. მაგრამ როგორც კი მასწავლებელი ამ მოვლენას „მიანიჭებს“  თანამედროვეობის უკეთ გაგებისთვის საჭირო ინფორმაციის ხარისხს, ანუ წინ წამოწევს მის აქტუალობას თანამედროვეობასთან მიმართებაში, ამით მოცემული თემა მოსწავლისთვის შეიძენს სულ სხვა შინაარსს – ის გადაიქცევა ნამდვილ პრობლემად და მის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვლება. მთავარია, ამ დროს მასწავლებელმა ისე წარმართოს საგაკვეთილო პროცესი, რომ მოსწავლეს  გაუჩნდეს შეკითხვები, მიღებული პასუხები კი შეადაროს ძველ და ახალ ცოდნას, დააკავშიროს ისინი ერთმანეთთან და ასე  შეივსოს ის.
  • მაგალითად, როდესაც სახელმძღვანელოში საუბარია XIX საუკუნის 70-იან წლებში რუსეთის იმპერიაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, ხოლო მასწავლებელი ხელოვნურად ქმნის პრობლემურ სიტუაციას და სვამს პრობლემურ შეკითხვებს ამ რეფორმების მიმდინარეობისა თუ შედეგების შესახებ, ამით ის მოსწავლეს  საშუალებას აძლევს რეფორმების შესახებ უკვე არსებული ცოდნა გაიმდიდროს, შეივსოს. ამგვარად, მის წარმოდგენაში არსებული ცნება „რეფორმის“ შინაარსი კიდევ უფრო სრულყოფილი სახით ჩამოყალიბდება.

მსგავს უნარებზე მუშაობა მე-7 კლასიდან შეგვიძლია  დავიწყოთ, მაგალითად, რომის იმპერიის შესწავლისას მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ აჯანყებების, ზოგადად, სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზები. შემდეგ კლასებში ასევე დამოუკიდებლად შეისწავლიან გლეხთა ომებს და, ზოგადად, გამოყოფენ იმ ძირითად ნიშნებს, რაც  ახასიათებს დიდ სახალხო მღელვარებას.

  1. ხელოვნურად გამოწვეული პრობლემური დავალების ჩამოყალიბებისთვის აქტიურად გამოიყენება ალოგიზმის პრინციპი, რომლის დროსაც თემის შესწავლისას დაშვებულია ყველანაირი ალოგიკური დაბოლოება, შესაძლებლობა იმისა, რომ მოცემულ ამბავს ექნება სრულიად განსხვავებული დასასრული, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა. ასეთ მაგალითებს უხვად შევხვდებით სახელმძღვანელოების ფურცლებზეც, განსაკუთრებით XX საუკუნის პოლიტიკური ვითარების, სსრ კავშირის ისტორიისა და სხვა მაგალითების შესწავლის დროს. მასწვლებელს მათი მოძებნა არ გაუჭირდება.

ალოგიკური დასკვნების  შესახებ შესაძლებელია კლასში დისკუსიაც გაიმართოს და მოსწავლეებს გაუჩნდეთ საკუთარი მოსაზრებები და კითხვები: „რატომ და რისთვის?“

  1. წარმატებით გამოიყენება ისეთი დავალებებიც, რომლებიც მოსწავლეს ორი სავარაუდო პასუხიდან ერთის არჩევის საშუალებას აძლევს;
  2. ეფექტურია სტანდარტული მასალების ჩანაცვლება აფორიზმებით, კარიკატურებით, ნახატებით, ოღონდ განსაზღვრული სიხშირით, რათა ზედმეტად არ გადაიტვირთოს სასწავლო პროცესი;
  3. 5. მნიშვნელოვანია მიზანმიმართული შეცდომა-პროვოკაციის გამოყენება, როდესაც მოსწავლემ თავად უნდა აღმოაჩინოს შეცდომა, მაგრამ ამისათვის შეცდომა უნდა იყოს ისეთი მკვეთრი, რომ მოსწავლემ  შეძლოს მისი დანახვა.
  • ასეთი „შეცდომები“ განსაკუთრებით ეფექტურია ისტორიულ პერსონალიებთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია მათ პოლიტიკურ ურთიერთობებზე, პარტიულ დაპირისპირებაზე და ა.შ.
  1. სწავლის მაღალ საფეხურზე შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ ისეთი ტიპის პრობლემურ დავალებებზეც, როდესაც ერთსა და იმავე საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული და მოსწავლემ უნდა დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია, დაიცვას თავისი მოსაზრება.
  • მაგალითად, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ბევრი აფრთხილებდა სტალინს, მაგრამ არის ცნობები, რომ ის არ მოელოდა მსგავს პრობლემას, ან მოელოდა სულ სხვა მხრიდან, მაგალითად, იაპონიის მხრიდან  და ა.შ. მოსწავლემ ამ საკითხის შესახებ თავისი მოსაზრება უნდა დაასაბუთოს, რაც სამივე პოზიციის  დაწვრილებით განხილვას  გულისხმობს.

ასეთი დავალებების დროს კარგად გამოიკვეთება მოსწავლის ცოდნის დონე, აზროვნება და ოპერირების უნარი – შეუძლიათ თუ არა პრობლემა დაინახონ სხვადასხვა მხრიდან.

არსებობს პრობლემური  დავალებების სხვა მრავალი ვარიანტებიც, რომელთაგანაც ისტორიის მასწავლებელს შეუძლია, აირჩიოს თავისთვის საინტერესო და  მისაღები ვარიანტი, მთავარია, რომ ამით  საინტერესო  და სახალისო  გახდეს  გაკვეთილი, ხელი შეეწყოს მოსწავლის პიროვნულ და შემოქმედებით ზრდას, კრიტიკული ანალიზისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის გამომუშავებას, ცოდნის დაგროვებასა და სისტემატიზაციას, თვითგანვითარებას, თვითშეფასებასა და კორექციას. ამგვარი მუშაობით მოსწავლე გაცილებით „მდგრადი“ ხდება  პრობლემების წინაშე, არ უშინდება მას, ეძებს და პოულობს გადაწყვეტის გზებს და მომავალშიც, სკოლის დასრულების შემდეგ, გაცილებით დაცული იქნება მოსალოდნელი საფრთხეებისგ

დამატებითი დრო და სხვა დემონები

0

(ციკლიდან „პირთა საძიებელი“)

1.

„დამატებითი დრო“ – როგორც მახსოვს, ასე ერქვა რომანს, რომლის წერაც 80-იანი წლებიდან დაიწყო შუკო ჯიქიამ და მისთვის საჭირო ექვსი თვე თავის დრამატულ ცხოვრებას ვერც მეოცე საუკუნეში წაგლიჯა და ჯერჯერობით ვერც ოცდამეერთეში. რამდენიმე ფრაგმენტი წაკითხული მაქვს და თუ სიტყვაზე მენდობით, იშვიათად კარგი წიგნი უნდა გამოსულიყო, მაგრამ ყველასთვის ნაცნობი ლათინური სენტენციისა არ იყოს, – აქვთ წიგნებს თავისი ბედი.

 

2.

მარიკა ბაკურაძე ამბობდა, ზედიზედ მიეწყო ღამისთევა, მივლინებაში წასვლა… და დილით, მანქანაში მჯდომი, ვერ ვხვდებოდი, რომელი თვის რომელი რიცხვი და კვირის რა დღე იყოო. გადაქანცულმა და გამოღლილმა თანამშრომელს შუა საუბარში ვუთხარი ტელეფონით, – ფასანაურში ვარ, ახლა 8 საათია და თბილისში ალბათ 11 იქნება-თქო.

 

3.

მეგრულ ქორწილებში სიძე-პატარძალს მგონი ყველაფრის უფლება აქვს. ერთხელ, ანაკლიაში, 7 საათზე დანიშნული ქორწილი ღამის პირველზე დაიწყო, რადგან ნეფე-დედოფალმა ეტყობა სამეგრელოს ყველა ღირსშესანიშნაობის მონახულების და მის ფონზე ფოტო-ვიდეო სესიის გამართვა მოიწადინა. როცა ქუჩაში სიგნალი და თოფის სროლა ატყდა, მექორწილეებს უკვე მოელიათ „სეკას“ მრავალჯერადი პარტიები, უცოლოთა და გასათხოვართა შეთვალიერება და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩი თავისი პენალტებით.

 

4.

რევაზ შენგელიას უთქვამს, ნებისყოფა საგანი უნდა იყოს და სკოლაში ისწავლებოდესო.

ეგრეა. დროის კაპრიზებთან გასამკლავებლადაც გამოდგება და ჩვენი მსხვრევადი ხასიათების ჩამოყალიბებისთვისაც.

 

5.

გაცდენილ დროზე უკვე აღარ ვნაღვლობ ხოლმე. იმ მკვლელივითა ვარ, სინანული სისუსტე რომ ჰგონია და მის მიერ დახოცილების სახელები კი არა, მიახლოებითი რაოდენობაც არ ახსოვს. მაგრამ ყოველთვის ის განცდა ამიყოლიებს ხოლმე, რომ ვერაფერს ვერ ვასწრებ. და ასე მგონია, რისი გაკეთებაც მინდოდა, ვერც ვერაფერს ვერ გავწვდი. რაც დრო გადის, საზრუნავი მეტი გროვდება, ყველა უფრო მეტ დროს ითხოვს ჩემგან, მეც უფრო მეტს მოველი საკუთარი თავისგან და ერთ წრეზე ვტრიალებ – გაძლებისა და გადარჩენის წრეზე. წინ ვერ მივდივარ, ერთსა და იმავე ტვირთს ვეზიდები და ბედნიერების ის ძაფებიც გამიწყდება მგონია, ჩემს საყვარელ საქმესთან რომ მაკავშირებდა; გადატვირთვას ვეცადე უკვე, მაგრამ აღარ გამოდის, დასვენება მიჭირს, არც საქმე არ მანებებს ყველაფრისგან თავის გამოთიშვას, რამის გაფუჭება და ამით თავმოყვარეობის შელახვაც არ მინდა – ტყუილად ხომ არ ვიწვალე ამდენ ხანს?!

 

6.

ჩვენს ავტორებს ხშირად ვთხოვ, ტექსტზე მუშაობის პარალელურად, დაწერონ კონკრეტული დღის თუნდაც სქემატური ანგარიში – ვრცელი კომენტარები კი არა, მხოლოდ ფაქტები, პერსონალია, ძუნწად შტრიხები; ეს დეტალები შეუფასებელი წყარო იქნება 20, 30 ან მით უფრო 100 წლის შემდეგ. როგორც, ვთქვათ, გალაკტიონის ეს ჩანაწერი (გალაკტიონთან თანამედროვე ავტორები რა მოსატანი იყოო, – ვისაც ამ რეპლიკის სურვილი გაუჩნდა, ძალიან გთხოვთ, თავს ნუ შეიწუხებთ!):

„9 ივნისი, 1940 წ.

  1. როგორც გადმომცეს, შეყვანილი ვარ ლერმონტოვის საიუბილეო კომიტეტში.
    2. „მნათობის“ ბეჭდვა შეჩერებულია უქაღალდობის გამო. ჩემი დაბეჭდ.
    3. აკადემიის ფილიალიდან სახლშიც და მწერალთა კავშირშიაც რეკავდენ: კოჯორის შოსეზე ვიღაცა შოფერს გადმოუსვამს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც განუცხადებია, რომ იგი სახალხო პოეტის გ. ტაბიძის ბინაში იზრდება (ალბად, იმის გამო, რომ მეტი ყურადღება მიექციათ) და ჩამოიყვანეს ბებიასთან, კამოს ქუჩაზე. ნეტა ვინ არის?
    4. ილო მოსაშვილი განთავისუფლებულია ლიტფონდიდან. ასე და ამგვარად. თან წამოცდენია სიტყვა თარსი… საქმე ჭადრაკულად აქვს.
    5. „ლიტ. საქართველო“ გამოვიდა. არის ქრონიკა ჩემს შესახებ (აკაკი). პირველად წამოსცდათ სიტყვა „სახალხო პოეტი“.
    6. დარიკო ახვლედიანი ძლიერ სუსტადაა. ვნახე მწერალთა კავშირში. ამ დღეებში ჩამოვიდა ქობულეთიდან და ხვალ ისევ მიდის. მითხრა: – მე მალე მოვკვდები და შენ ისეთი ხარ, ჩემს დასაფლავებაზეც კი არ მოხვალო.
    ლიდიაც ჩამოსულა.
    7. ყველა მეუბნება, რომ ფედერაციას არ აქვს უფლება, ასე მომექცეს. არსებობს კანონი. ასევე მეუბნებიან „მნათობის“ შესახებაც.
    8. ო. ი. კარგად არის.
    9. მწერალთა კავშირში რაღაც სასიამოვნო განწყობილებაა… თუ მეჩვენება?
    10. საღამოთი ვნახე კინოსურათი „დიდი ვალსი“ იოჰან შტრაუსის ცხოვრებიდან. დაუვიწყარი სურათია.
    11. მარჯვენა მხრით სჩანდა ახალი მთვარე. ო. ი. ამბობს, ეს კარგი ნიშანიაო. მთელი დღე შინაარსიანი იყო და კარგი.“

 

7.

ჩემს დიდ ბებიას – ზეინე ბოხუას ჩვევად ჰქონდა: სუფრებსა და დღეობებში ოჯახის ახლობელ-ნათესავს თუ დაიგულებდა, მიუჯდებოდა გვერდით და ჰკითხავდა: „რომელი საათია?“ „ორის ნახევარი“. „შკვითის ბღურუქ“ – შვიდზე მოვკვდებიო, ისე თავდაჯერებულად ეტყოდა სტუმარს, გეგონება წერამწერალს მისთვისაც ყურში ეჩურჩულებინოს აღსრულების დრო და საათი.

ვინც იცოდა ზეინეს ეს ახირება, უიოლებდნენ, სიცილში გაუტარებდნენ ხოლმე; ვინც იჯერებდა და ცნობისწადილით ელოდა 90-ს მიტანებული ქალის წინასწარმეტყველების ახდენას, დღის ბოლოს რწმუნდებოდა, რომ…

ისე, პავლე მოციქულის „მარადღე მოვკვდებიც“ ხომ აღსრულების ყოველდღე მოლოდინს და სიკვდილის გაიოლებას გულისხმობს?!.

წიგნი, საიდანაც წყალი იღვრება…

0

სტამბულის გულჰანეს ბაღში ფუატ სეზგინის დაარსებული მისივე სახელობის ისლამური მეცნიერების ისტორიის ბიბლიოთეკაა. თავად მეცნიერი დღეს ძალიან მხცოვანია, თავს მხნედ გრძნობს, გერმანიაში ცხოვრობს და თავის შემოსავალს ისევ და ისევ საყვარელი საქმის განვითარებას ახმარს. პირველად ამ ბიბლიოთეკაში 2016 წელს მოვხვდი. 2017 წლის მაისში კი ბიბლიოთეკის გასაფართოებლად უკვე უზარმაზარი მშენებლობა წამოეწყოთ. იმავე წლის ნოემბერში  დასრულებული დამხვდა, თუმცა შიდა სამუშაოები გრძელდებოდა. სტენდზე განთავსებული სურათების მიხედვით, ახალი ბიბლიოთეკა მართლაც მაშტაბური უნდა იყოს. წიგნები რამდენიმე ენაზეა, თუმცა პირველწყაროები, ბუნებრივია, ლათინურად და არაბულად არის. საერთოდაც, თუ გსურს მეცნიერების ისტორიის  კარგი მკვლევარი გახდე, ამ ორი ენიდან ერთ-ერთი მაინც გჭირდება ხელნაწერების ამოსაკითხად.

მეცნიერების ისტორიის პოპულარიზაციისთვის ორი საზაფხულო სკოლაც იმართება. აქედან, ერთს „ისტორიის შუქ-ჩრდილი“ ეწოდება და ორიგინალურ, სახალისო ისტორიულ კვლევებს ეძღვნება.

ჰოდა, მეც დავფიქრდი, „მასწავლებლისთვის“ რა ცოტა მაქვს დაწერილი საქართველოში ქიმიის განვითარების ისტორიაზე. ამიტომ,  წიგნები მოვიძიე, გადავათვალიერე, ჩავინიშნე, მოვინიშნე და…

თურმე…

ქართულ ლიტერატურაში ქიმია პირველად მე-10-ე საუკუნეში ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნ ძეგლშია ნახსენები, რომელიც წმინდა ბაგრატის ცხოვრებას ეხება. წიგნში წარმოდგენილია ცნებები მეტალურგიისა და ქიმიის შესახებ. თუმცა სახელწოდება „ქიმიის“ ქართულ ლიტერატურაში პირველად მეათე საუკუნეში ხსენება ალბათ,  პირობითად უნდა ჩაითვალოს, რადგან შესაძლოა ის ადრეც იყო  მოხსენიებული, მაგრამ წყაროს ჩვენამდე არ მოუღწევია.

არსებობს წერილობითი წყაროები, რომელთა თანახმად, მცირე აზიაში მოსახლე ქართველ ტომებს საკმაოდ განვითარებული პრაქტიკული ცოდნა ჰქონდათ ქიმიაში. ამ ტომებიდან ძველად, კულტურულად უფრო დაწინაურებულები ყოფილან თაბალები, სასპერები, მუსკები, ხალიბები, იბერები. მოგვიანებით კი კოლხები და ლაზები, მეგრულ-ჭანური ტომები, სვანები. აპოლონიოს როდოსელი წერს: „ხალიბები არც მიწას ამუშავებდნენ, არც ხეხილის გაშენებას მისდევდნენ, არც ნახირს აძოვებდნენ. ისინი რკინით მდიდარ პირქუშ მიწას თხრიდნენ და მოპოვებულ მადანს სურსათზე ცვლიდნენ“-ო. ს. ყაუხჩიშვილი გვაწვდის ცნობებს ანტიკური ხანის ქართველი ტომების შესახებ და ადასტურებს, რომ ქართველი ტომები კოლხები, ლაზები და სხვები იმ დროს შავი ზღვის მახლობლად ცხოვრობდნენ და მადნების მოპოვება იცოდნენ.

პრაქტიკული ქიმიის ხანა საქართველოში დასახლებულ ტომებში ქვის მოპოვებასა და დამუშავებას უკავშირდება. არქეოლოგიური გათხრების თანახმად, ანტიკური ხანის საქართველოში სამშენებლო მასალას ქვა, აგური და კრამიტი წარმოადგენდა. კრამიტის წარმოებაში ღარიანი კრამიტის დამზადების საკუთარი, ორიგინალური იბერიული წესი გამომუშავებულა, რაც განსაკუთრებით განვითარდა ძვ.წ. I საუკუნეში, როდესაც მცხეთა იბერიის დედაქალაქი იყო. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ალ-რაზის „საიდუმლოებათა წიგნში“ თიხების მრავალფეროვნების შესახებ წერია. დასახელებულია ფაიფურის, სამეთუნეო, სატიგელე, მაგარი თეთრი თიხა და სხვა. ასევე, იბნ სინას „მედიცინის ტრაქტატის“ მესამე ტომში ოცამდე სხვადასხვა თიხაა დასახელებული. ეს ნიშნავს, რომ არაბული ალ-ქიმიის ამ თვალსაჩინო წარმომადგენლებამდე, საქართველოს ტერიტორიაზე თიხას და მასთან მუშაობის წესებს იცნობდნენ. ალ-რაზი თავის წიგნში კერამიკული ჭურჭლის ზედაპირის მომინვას (ემალით დაფარვა) ახსენებს. პრაქტიკული ქიმიის პერიოდის საქართველოში ამ ტექნიკას იცნობდნენ და იცოდნენ, რომ ამ ხერხით: ა) თიხის ჭურჭლის წყალგაღწევადობის თავიდან აცილება მომინვით შეიძლება და ბ) თიხის საგნების უკეთ გალამაზებისათვის სასურველია მათი მომინვა. ამ საქმისთვის იყენებდნენ კვარცს-SiO2, მინდვრის შპატს K2O∙Al2O3∙6SiO2, სოდას Na2CO3∙10H2O,  პოტაშს  K2CO3,  გვარჯილას KNO3,  ბორაკს  Na2B4O7∙10H2O.

შერჩეული მასალის მიხედვით, მოჭიქვა შედგებოდა შემდეგი სილიკატებისაგან: K2SiO3  (ანუ, K2O∙SiO2), CaSiO3 (ანუ, CaO∙SiO2 ),  Na2SiO3  (ანუ, Na2O∙SiO2),   PbSiO3  (ანუ, PbO∙SiO2), Al2(SiO3)3 (ანუ, Al2O3∙3SiO2). თუმცა, ბუნებრივია სილიკატების ქიმიური შედგენილობა მათთვის უცნობი იქნებოდა. უბრალოდ, მასალა თიხის ჭურჭლის კედელს კარგად უნდა მიკვროდა და არ გაბზარულიყო.

დმანისის გათხრების დროს ნაპოვნ ჭურჭელს ორგვარი მომინვა ახასიათებს: ა) გამჭირვალე მინური, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტყვიის ოქსიდი-PbO, კვარცი-SiO2 და სურინჯი Pb3O4; ბ) ფერადი მინური, რომელიც ტყვიის და სილიციუმის ოქსიდების გარდა, შეიცავდა სპილენძის (II) ოქსიდს-CuO, რაც მინურს მწვანე ფერს აძლევდა. ღია ვარდისფერის მისაცემად შავქვას, იგივე მანგანუმის(II) ოქსიდს  – MnO2 იყენებდნენ. ამ შემთხვევაში, ღია ვარდისფერს არა მანგანუმის(II) ოქსიდი იძლევა, არამედ, რეაქციათა შედეგად წარმოქმნილი Mn2(SiO3)3 მანგანუმსილიკატი.

4MnO2″2Mn2O3+O2 (500OC), Mn2O3+3SiO2″Mn2(SiO3)3.

ენეოლითურ ხანაში სპილენძი აღმოაჩინეს და ქვიდან ლითონის ნაკეთობებზე გადასვლა მოხდა. სპილენძს თურმე პოულობდნენ თერგის ხეობაში, კახეთში, ალავერდში. ენეოლოთის ხანაშივე ჩაეყარა საფუძველი მეტალურგიის განვითარების დასაწყისს.  პირველ ეტაპად თვითნაბადი სპილენძის დამუშავება უნდა ჩაითვალოს. სპილენძის გამოდნობა ჟანგბადშემცველი მადნებიდან შედარებით ადვილ პროცესს წარმოადგენს, ვიდრე მისი მიღება სულფიდური მადნებიდან. ამიტომ, შეიძლება დავუშვათ, რომ პირველად სპილენძს წითელი მადნის (Cu2O) ან მალაქიტის CuCO3∙Cu(OH)2, გადამუშავებით იღებდნენ. გამოდნობა-აღდგენა  წარმოებდა მადანზე ხის ნახშირის მოქმედებით მაღალ ტემპერატურაზე. თუმცა, საკითხავია, როგორ მიაგნეს იმ პერიოდის ადამიანებმა ამ მეთოდს, რადგან ისინი ქიმიურ პროცესებში ჩახედული არ ყოფილან. არის ვერსია, ცნობისმოყვარეობასა და დაკვირვებაზე. მაგ. სპილენძი მომწვანო ფერის ნივთიერებით იფარებოდა. ასეთი ფერის ნივთიერების პოვნა ბუნებაშიც იყო შესაძლებელი. კერძოდ, ზურმუხტისფერი მალაქიტი CuCO3∙Cu(OH)2 და ცისფერი აზურიტი 2CuCO3∙Cu(OH)2. ამ ნივთიერებათა შედარებას ბუნებაში ნაპოვნ მსგავსი ფერის მადნებთან ძველი ადამიანი შეიძლებოდა მიეყვანა იმ დასკვნამდე, რომ მადნები სპილენძის შემცველია. შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა მადნიდან სპილენძის მიღება. რადგან ენერგიის ერთადერთი წყარო ცეცხლი იყო, სწორედ მას გამოიყენებდნენ. ცოცხლის ზემოქმედებით მალაქიტი ან აზურიტი გაშავდებოდა. ეს შავი ნივთიერება, რა თქმა უნდა, სპილენძის (II) ოქსიდი იყო. მაშინდელ ადამიანს ეს არ ეცოდინებოდა. თუმცა, პრაქტიკა აჩვენებდა, რომ ამ შავი მასიდან სპილენძის მიღება შესაძლებელი იყო. მადნებიდან ჯერ სპილენძის ჟანგი წარმოიქმნებოდა, საიდანაც ლითონს ნახშირი აღადგენდა.

ძვ.წ.-ის Iათასწლეულში ქართულ ენაში შემოდის სიტყვა  „კირი“. წარმოქმნილია ურარტული „ყირა“ ანუ „კირა“-სგან, რაც ნიშნავს „მიწას“.  როგორც სამშენებლო მასალა, ჩვენთან ხმარებაში შემოვიდა ძვ.წ. VIII-VIIს.ს. „ქართლის ცხოვრებაში“ ლეონტი მროველი ამბობს: „აქამომდე არა იყო ქართლსა შინა საქმე ქვითკირისა“ . სამშენებლო მასალებზე კირის შემატების შემდეგ, შესაძლებელი გახდა ხუროთმოძღვრების ისეთი ძეგლების აგება, რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს. კირის გამაგრებას, მის შეკვრას ოთხი ფაქტორი განაპირობებს. 1. გაშრობა, 2. დაკრისტალება, 3. ჰაერის ნახშირორჟანგთან ურთიერთქმედებით, კალციუმის კარბონატის წარმოქმნა. 4. ურთიერთქმედება კირსა და ქვიშას შორის. ბოლო ორი პროცესი უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ რადგან ნელა მიმდინარეობს, კირი თანდათანობით მაგრდება. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში უწყლო კირს (ოქსიდს)-ჩაუმქრალს, ხოლო წყლიანს (ჰიდროქსიდს) – ჩამქრალს უწოდებენ. ვახტანგ VI კი მათზე გაუნელებელს და განელებულს – წერდა.

არქეოლოგიური გათხრების თანახმად, საქართველოში მინის წარმოებაც განვითარებული ყოფილა. მისი წარმოების ჩასახვას ზოგი წყარო ძვ.წ. IV-IIIსს. მიაკუთვნებს. მცხეთაში აღმოჩენილი ლურჯი მინის საგნები ადგილობრივ სახელოსნოებში ძვ.წ. VI-Vსს. უნდა იყოს. ცნობილია ასევე, რომ ფერადი მინის მისაღებად კობალტის და სპილენძის ნაერთებს შეადნობდნენ.

არქეოლოგიური გათხრების მიხედვით, ძველად და შუა პერიოდშიც საქართველოში კარგად იცნობდნენ საღებავების შექმნის ტექნიკას. კერამიკაში დმანისის ოსტატები იყენებდნენ ყვითელს, ნარინჯის ფერს; ფირუზის ფერს, მწვანეს, მოთეთროს. თეთრ საღებავად ფართოდ გამოიყენებოდა ცარცი-CaCO3;  ბარიტი-BaSO4; კაოლინი-Al2O3•2SiO2•2H2O. უფერო საღებავებს ამზადებდნენ დანაყილ მინასთან ტყვიის (II) ოქსიდის და თეთრი ქვიშის (სილიციუმის (II) ოქსიდი) შედნობით. ყვითელ საღებავად გამოიყენებოდა რკინის (III) ჰიდროქსიდის და რკინის (III) ოქსიდის ნარევი. ასევე იყენებდნენ სტიბიუმის სულფიდს. მწვანე საღებავებისთვის ძირითადად მალახიტს და მასთან შერეულ სპილენძის (II) ოქსიდს, ქრომის (III) ოქსიდს, ალუმინის (III) ოქსიდს, მაგნიუმის (II) ოქსიდს იყენებდნენ.  წითელი საღებავისთვის იყენებდნენ რკინის (III) ოქსიდს, კინოვარს (ქართულად სინგური)-HgS, რომლის სუსპენზიაც წყალში ძველად წითელ მელნად ყოფილა გამოყენებული. სხვათა შორის,  ვახტანგ მეექვსეს თავის წიგნში არა ერთხელ წერს სინგურზე, მაგრამ ყოველთვის საღებავის დასამზადებლად იყენებს და არ განიხილავს, როგორც ელექსირს ოქროს ტრანსმუტაციისთვის. #159-ე რეცეპტში ვახტანგ მეექვსე აღწერს ყვითელი  ფერის მელნის დამზადებას. „აიღე ერთი რიგი ხე არის, ჭალაში იქნება, რკოსავით მოისხამს. დაჭეჭყე, ნაცარტუტაში დაალბე, მოადუღე, გაწურე, ისევ მოადუღე და დანაყილი შაბი გაურიე“. ნაცარტუტა, სავარაუდოდ, ტუტე იქნებოდა, შაბი კი ალუმინის სულფიდი. რაც შეეხება რკოსმაგვარ ნაყოფს, სავარაუდოდ, მეფე ე.წ. ჰალის  კაკლებზე საუბრობს, რომლებსაც  არაბული ალქიმიის პერიოდში მელნის დასამზადებლად იყენებდნენ. ეს კაკლები ტანინის მჟავას შეიცავდა.

ახლა ეს ამბავი აქ დავასრულოთ, თუმცა კვლავ უეჭველად დავუბრუნდეთ, რადგან საკუთარ ქვეყანაში მეცნიერების განვითარების ისტორია წიგნია, საიდანაც სიცოცხლისთვის აუცილებელი წყალი იღვრება. ყოველ შემთხვევაში, ფუატ სეზგინის მიერ დაარსებული ბიბლიოთეკის ახალი შენობის წინ, სწორედ ასეთი წარწერით   გამოქანდაკებული წიგნია, მისგან კი  წყალი იღვრება.

 

როგორ გავხადოთ  უფრო საინტერესო და სახალისო რუსული ენის გაკვეთილი

0

(ნაწილი I)

განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები, სწავლა/სწავლების პროცესის მოდერნიზება იძულებულს ხდის მასწავლებელს, დაფიქრდეს ისეთი პედაგოგიური ტექნოლოგიების გამოყენებაზე, რომლებიც მოსწავლეს საგნისადმი მეტ ინტერესს გაუჩენს.  რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენი მოსწავლეები ინტერესით დაეუფლონ ახალ ცოდნას, შეაფასონ საკუთარი შრომა და აჩვენონ მაღალი შედეგები. რამდენიმე დღის წინ ერთი ძველი მეგობარი შემხვდა, თან მეშვიდეკლასელი შვილი ახლდა. დამინახეს თუ არა, ჩვეულებისამებრ, დაიწყეს წუწუნი ტექსტების დაზეპირებაზე, ლექსებზე, სახელმძღვანელოებსა და ენის სირთულეზე; რამდენად საინტერესოა ინგლისურის გაკვეთილები, წიგნები და მასწავლებლის მიდგომა, ვიდრე რუსულის. შეძლებისდაგვარად თავი ვიმართლე და არაერთი მაგალითი მოვუყვანე, ხან კარგი მასწავლებლის, ხან სკოლის და თან სისტემაში განხორციელებული ცვლილებები მოვიშველიე. მართლაც დიდი ძალისხმევაა საჭირო მასწავლებლის მხრიდან იმისთვის, რომ საინტერესო, ხალისიანი და, ამავე დროს, შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩაატაროს. დღეს ბევრს ვკითხულობთ აქტიური სწავლების მეთოდებზე, ვცდილობთ დავნერგოთ, თუმცა, არსებული რესურსის ფარგლებში, ხშირად  ვერ ვიღებთ სასურველ შედეგს.

რას გულისხმობს აქტიური სწავლება? მეთოდისტები გამოყოფენ აქტიური სწავლების  სამ დონეს:

აღდგენა – როდესაც მოსწავლე ცდილობს, გაეცნოს მასალას; დაიმახსოვროს, აღადგინოს ცოდნა; დაეუფლოს ინფორმაციის/ცოდნის გამოყენების ხერხებს ნიმუშის გამოყენებით;

ინტერპრეტაცია – დაკავშირებულია მოსწავლის მიერ ნასწავლი მასალის აზრის წვდომასთან, კავშირების დადგენასთან, განსხვავებულ სიტუაციაში ცოდნის გამოყენების ხერხებთან;

შემოქმედებითობა –  როდესაც მოსწავლე ცდილობს თეორიული მასალის გააზრებას შემეცნებითი ინტერესის, პრობლემის გადაწყვეტის დამოუკიდებლად ძიების საშუალებით.

ტრადიციული მეთოდების გამოყენებისგან განსხვავებით აქტიური მეთოდების გამოყენებისას  ხდება:

აზროვნების გააქტიურება, როდესაც მოსწავლე, სურვილის მიუხედავად, იძულებულია, ჩაერთოს სასწავლო პროცესში;

მოსწავლის სასწავლო აქტივობებში, ე.წ. გრძელვადიანი ჩართვა, როდესაც ის იძულებულია არა ეპიზოდურად, არამედ მთელი გაკვეთილის მანძილზე იყოს აქტიური;

შემოქმედებითი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, მოსწავლეთა მოტივაციისა და ემოციურობის უმაღლეს ხარისხში აყვანა. მუდმივი კომუნიკაცია მოსწავლესა და მასწავლებელს შორის უკუკავშირის მეშვეობით.

აქტიური მეთოდებით ხდება სასწავლო მასალის ათვისება აქტიური სააზროვნო და პრაქტიკული ქმედებებით, რომლებიც ითვალისწინებს არა მზა ცოდნის ათვისება/დაზეპირებას, არამედ   მოსწავლეების მიერ ცოდნისა და უნარის განვითარებას მათ აქტიურ სააზროვნო და პრაქტიკული გამოყენების ფაზაზე.

ბოლო დროს მასწავლებლები ხშირად მიმართავენ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის მეთოდს, რომელიც მოსწავლეებს კვლევა-ძიების უნარს უვითარებს და ხელს უწყობს მოსწავლე-მასწავლებლის ერთობლივ მუშაობას. ასეთი სწავლების დროს მასწავლებლის მთავარი ამოცანაა არა მზა ინფორმაციის გადაცემა,  არამედ მოსწავლესთან ერთად ახალი თეორიული და პრაქტიკული სიახლეების „აღმოჩენა“. პრობლემური და საინფორმაციო სწავლების  ლოგიკა პრინციპულად განსხვავებულია.  თუ საინფორმაციო სწავლებისას ხდება    მასალის შემოტანა გაცნობისა და დამახსოვრების მიზნით, პრობლემური სწავლებისას ახალი ინფორმაციის შემოტანა გულისხმობს მის, ე.წ. აღმოჩენას. უცხოური ენის გაკვეთილზე  მნიშვნელოვანი ელემენტია, მოსწავლემ შეძლოს მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ მასალაზე დიალოგის/კომუნიკაციის წარმართვა. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია სამივე საფეხურზე, თუმცა გასათვალისწინებელია სწავლების დონე, ლექსიკური მარაგი, ასაკობრივი თავისებურებები და მოსწავლეთა ინტერესები. სახელმძღვანელოებში, მასწავლებელთა მიერ გადმოგზავნილ გაკვეთილის გეგმებსა თუ პროექტებში, სხვადასხვა დამატებით რესურსში ხშირად ვხვდებით ტექსტებსა და დავალებებს, რომლებიც ან ასაკისთვის შეუფერებელია, თუმცა მეთოდურად გამართული; ან მოსწავლეებისთვის ნაკლებად საინტერესოა და მხოლოდ მასწავლებლის გემოვნებითაა შერჩეული. ასეთ დროს მასწავლებლის შრომა შესაძლებელია ფუჭი იყოს, ამიტომ პრობლემის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია გონებრივი იერიშით მოსწავლეთათვის საინტერესო თემების შერჩევა და მხოლოდ ამის შემდეგ მასალის მოძიება და აქტივობების დაგეგმვა.

დღეს ინტერნეტრესურსის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში გახშირდა. მოსწავლეებს ასეთი გაკვეთილები აინტერესებთ, ეძლევათ საშუალება, უფრო გააქტიურდნენ და დაგროვილი ლექსიკა და კონსტრუქციები გამოიყენონ კომუნიკაციის დროს. გთავაზობთ აქტივობებს, რომლებიც შეგიძლიათ დაგეგმოთ ასეთი რესურსის გამოყენებით. კლასის და საფეხურიდან გამომდინარე დავალებები შესაძლებელია, გავართულოთ ან შევცვალოთ. მთავარია, რომ მასწავლებელმა შეძლოს ნებისმიერი რესურსის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, რაც გაკვეთილს მეტად ეფექტიანს გახდის.

მოდელი 1.

თემა სტანდარტული და ნებისმიერ საფეხურზე აქტუალურია – „გაცნობა“. განსხვავებულია ლექსიკური მარაგი, გავლილი გრამატიკული მასალა და კონსტრუქციების გამოყენება.

https://www.youtube.com/watch?v=ABGHYmYaqr8

მასწავლებელი წინასწარ აკრავს დაფაზე ლექსიკურ ერთეულებს, ფრაზებს, რომლის გააქტიურებაც დასჭირდებათ მოსწავლეებს გაკვეთილის განმავლობაში.

კლიპი, რომელსაც გთავაზობთ, ინგლისურენოვანია. პირველ ეტაპზე კლიპს უხმოდ უყურებენ. კლიპის ჩვენებამდე ლექსიკიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა უნდა გამოთქვან ვარაუდი, რაზე იქნება კლიპი.

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს რეკლამის/ვიდეოს პირველ ნაწყვეტს  ხმის გარეშე 00:05;

ნახვის შემდეგ მოსწავლეები აღწერენ ახალგაზრდა მამაკაცს.

Как вы думаете, кто он? Как его зовут? Где он? С какой целью?  Какое время года? Опишите….и т.д.

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს რეკლამის/ვიდეოს მეორე ნაწყვეტს  ხმის გარეშე და სთხოვს მოსწავლეებს, დაახასიათონ გოგონა. 00:26

Опишите девушку. Как вы думаете, кто она? Как ее зовут? …..

წყვილებში მუშაობა. მასწავლებელი სვამს კითხვას: როგორ გგონიათ, რაზე საუბრობენ ახალგაზრდა გოგონა და მამაკაცი? საფეხურიდან და კლასის შესაძლებლობიდან გამომდინარე მასწავლებელს შეუძლია დაფაზე წინასწარ გააკრას კონსტრუქციები, რომლის გამოყენებაც საჭიროა დიალოგის  შედგენისას. Придумайте диалог и разыграйте его.

Презентация.

პრეზენტაციის შემდეგ   

დავალება: წყვილებში უნდა მოიფიქრონ ამბის დასასრული და წარმოადგინონ საკუთარი ვერსია.

Задание. Придумайте конец этой встречи.

Презентация.

პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი აჩვენებს კლიპს ბოლომდე. თუ მოსწავლეებს აქვთ ინგლისური ენის შესაბამისი ცოდნა, გაიგებენ, რაზეა საუბარი კლიპში. თუ არა, მასწავლებელი მოკლედ უყვება დიალოგის შინაარსს. მოსწავლეები კლიპის დასასრულს საკუთარ ვერსიას ადარებენ.

 

 

როგორ ვმართოთ ემოციები

0

ვფიქრობ, ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენელია ემოციების გარეშე. მათ გარეშე ცხოვრება ძალიან მოსაწყენი იქნებოდა, რადგანაც ისინი ჩვენს ყოფას ბევრად უფრო საინტერესოს და შინაარსიანს ხდიან. თუმცა, ამავდროულად ემოციებს შეუძლიათ გაანადგურონ კიდეც ჩვენი ფსიქიკა, ჯანმრთელობა. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ  ჩვენ ემოციური აფეთქების ზღვართან მივალთ და მისი მართვის სადავეებს ხელიდან გავუშვებთ. ალბათ, ძნელია მოიძებნოს ადამიანი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მდგარა აღნიშნული საფრთხის წინაშე. არის პროფესიები, რომლებიც, ამ მხრივ, განსაკუთრებული საფრთხის შემცველია. პედაგოგის პროფესია სწორედ ასეთ პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნება. თუ გავითვალისწინებთ პედაგოგთა დღევანდელ ყოფას და იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც ისინი დგანან, ვფიქრობ, ზემოაღნიშნული საფრთხე საკმაოდ რეალურია.

შესაძლებელია თუ არა ემოციების კონტროლი, მათი მართვა და ემოციური აფეთქების საფრთხის თავიდან აცილება, თუ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ემოციები ჩვენზე ძლიერია, დომინირებს ჩვენს ქცევაზე და არაფრის გაკეთება შეგვიძლია. მიუხედავად იმისა, რომ ემოციების მართვა ბევრად არის დამოკიდებული ადამიანის ტიპოლოგიურ თავისებურებებზე, მაინც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ეს უნარი გამომუშავებადი და აღზრდადია. ერთ-ერთი ნიშანი, რაც გამოარჩევს კარგად აღზრდილ ადამიანს, სწორედ ის არის, რომ მას შეუძლია საკუთარი ემოციების კონტროლი და მართვა, მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება საკმაოდ რთულია. განვითარებულ პიროვნებას აქვს საკუთარი  თავის ფლობის უნარი.

რატომ არის საჭირო ემოციების კონტროლი და მართვა, რა ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ემოციების უმართაობა? რა ხდება, თუ ჩვენ არ შეგვიძლია, ან არ გვსურს გავიგოთ და ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები:

  • გვიფუჭდება ურთიერთობა გარშემომყოფ ადამიანებთან. ემოციებით შეპყრობილ ადამიანს უქვეითდება მგრძნობელობა ყველას, მათ შორის ახლობლების მიმართაც კი. ამიტომ, ემოციური აფეთქების ზღვართან მისული ასეთი ადამიანები არ იშურებენ ერთმანეთისათვის არასასიამოვნო და მტკივნეული სიტყვების თქმას, მწვავედ რეაგირებენ უმნიშვნელო შენიშვნებზე, ადვილად შედიან კონფლიქტში გარშემომყოფებთან, შემდეგ კი თავს უბედურად და დათრგუნულად გრძნობენ;
  • ქვეითდება ჩვენი შრომისუნარიანობა. საკუთარ ენერგეტიკულ რესურსებსუსასრულოდ ვხარჯავთ მომქანცველ, გამომფიტავ, დამაუძლურებელ  განცდებზე. შედეგად ჩვენ შეიძლება აღარ გვეყოს ძალები საკუთარი თავის რეალიზებისა და წარმატების მისაღწევად;
  • გვიფუჭდება დამოკიდებულება საკუთარ თავთან. უარყოფითი ემოციების სიჭარბე გვაფიქრებინებს, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის“ ან „ყველა ჩემს წინააღმდეგაა მომართული“. შედეგად შეიძლება დაგვიქვეითდეს თვითშეფასება, დავადანაშაულოთ საკუთარი თავი და დეპრესიაშიც კი ჩავვარდეთ;
  • ნადგურდება ჩვენი ჯანმრთელობა. შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოებაში ემოციურად ფეთქებადი სიტუაციების ზრდა პირდაპირპროპორციულ  დამოკიდებულებაშია ფსიქოსომატური დაავადებების ზრდასთან. არაკონტროლირებადი და უმართავი ემოციები დიდ როლს თამაშობს ძალიან ბევრი დაავადების აღმოცენებაში. დღეს უკვე აღარავის აკვირვებს გამოთქმა „დაავადება განვითარდა ნერვულ ნიადაგზე“. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ადგილი აქვს მოჭარბებულ ემოციურ რეაგირებას, უარყოფით ემოციებზე ჩაციკვლას, მუდმივად მსხვერპლის როლში ყოფნას, საკუთარი ემოციების უარყოფას ან დათრგუნვას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ვისწავლოთ საკუთარი ემოციების გაგება, კონტროლი და მართვა.

რეკომენდაციები ემოციების გასაკონტროლებლად და სამართავად:

  • ვაღიაროთ იმ ემოციის არსებობა, რომელიც ჩვენ დაგვეუფლა და დავარქვათ მას სახელი. რა არის ეს – შიში, სიხარული, მრისხანება, აღშფოთება, თუ რაიმე სხვა. იმისათვის, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ ემოციები, საჭიროა ჯერ ვაღიაროთ მათი არსებობა და მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება. თუ ჩვენ ბოლომდე ვერ გავაცნობიერებთ ჩვენს განცდებს, ვერ გავიგებთ, რა როლს თამაშობს ემოციები პირადად ჩვენს ცხოვრებაში;
  • ნუ გავუკეთებთ იგნორირებას ემოციას, რომელსაც განვიცდით, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის ჩვენთვის. უკეთესი იქნება შევხედოთ სიმართლეს თვალებში, მივიღოთ ის, როგორც მომხდარი ფაქტი. გავაცნობიეროთ, გავაანალიზოთ, გავიგოთ რა დგას ამ ემოციის უკან; როდის, რის შემდეგ გაჩნდა ის, რაშია მისი არსი და ღირებულება, რისთვის გვჭირდება, რა  სიგნალს იძლევა, რისკენ მიმართავს ჩვენს ყურადღებას, რაზე ღირს დაფიქრება და რა ცვლილებების გატარებაა საჭირო. ვიყოთ გულწრფელი საკუთარ თავთან ამ კითხვებზე პასუხის დროს;
  • ემოციების გასაკონტროლებლად და სამართავად აუცილებელია ვმართოთ ჩვენი აზრები, ვინაიდან ემოციებს იწვევს არა ესა თუ ის მოვლენა, ფაქტი ან ადამიანი, არამედ ჩვენი აზრები და ფიქრები ამ მოვლენის, ფაქტისა და ადამიანის შესახებ. და, თუ ეს აზრები პოზიტიურია, ჩვენ დადებით ემოციებს განვიცდით, მაგრამ, თუ ისინი უარყოფითია, ჩვენ ნეგატიური და გამანადგურებელი ემოციები გვიპყრობს. ამასთან, მთელი სიბრძნე მდგომარეობს არა იმაში, რომ არ დავინახოთ ცხოვრების სირთულეები, არამედ იმაში, რომ ამ სირთულეებს კონსტრუქტივისტულად მივუდგეთ. იმ დროს, როცა ვიგრძნობთ, რომ მარცხის გამო საკუთარ ემოციებზე კონტროლს ვკარგავთ, გავიხსენოთ ჩვენი პირადი წარმატების მაგალითები წარსულიდან. მაგ. ნაცვლად იმისა, რომ ვინერვიულოთ წარუმატებლად ჩატარებულ დღევანდელ გაკვეთილზე, გავიხსენოთ კოლეგების როგორი მოწონება და აღიარება დაიმსახურა ერთი კვირის წინ ჩატარებულმა ჩვენმა გაკვეთილმა. დღევანდელი მარცხი კი შეიძლება აღვიქვათ, როგორც სასარგებლო გამოცდილება. ემოციური წონასწორობის მდგომარეობაში გადასვლა დაგვეხმარება, გავაანალიზოთ სიტუაცია და ვიზრუნოთ მდგომარეობის გამოსწორებაზე. გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს ქცევას ჩვენივე ემოციები მართავს, ემოციებს კი – ჩვენი აზრები და ფიქრები. ამიტომ, თუ გვინდა ჩვენს ქცევაში რამე შევცვალოთ, აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ და ვმართოთ ემოციები. ემოციების სამართავად კი ჩვენი აზრებისა და ფიქრების მართვაა საჭირო;
  • მოვერიდოთ ემოციის დათრგუნვას, ჩახშობას, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ის ჩვენთვის. ემოციების დათრგუნვით, ჩახშობით ჩვენ კი არ ვთავისუფლდებით, არამედ უფრო ვაღრმავებთ პრობლემას და ნეგატიური ემოციების ტყვეობაში ვრჩებით. უკეთესი იქნება არ დავმალოთ, არ დავთრგუნოთ, არ ჩავახშოთ ჩვენი ემოცია და ვიფიქროთ იმაზე, რამაც ჩვენში ეს ემოცია გამოიწვია. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე დრამატულ სიტუაციებშიც კი ინარჩუნებენ სიმშვიდეს და ამას იმით ახერხებენ, რომ ფიქრობენ იმ ცუდზე, რაც შეიძლებოდა ამ სიტუაციაში მომხდარიყო. იმაზე ფიქრი, რომ ამაზე ბევრად უარესი შეიძლებოდა მომხდარიყო, ნეიტრალიზებას უკეთებს არსებულ პრობლემას და კონტროლის შენარჩუნების შესაძლებლობას გვაძლევს.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ემოციური წონასწორობის აღსადგენად იმათი შენდობის, პატიების უნარია, ვინც გაგვანაწყენა. ემოციური წონასწორობა კი, თავის მხრივ, აუცილებელია რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად და ოპტიმალური გადაწყვეტილების მისაღებად. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ მიმდინარე მოვლენების საღად, გონივრულად შეფასებასა და ადეკვატურად მოქმედებას.

 

 

მებრძოლ უღმერთოთა კავშირი

0

ერთი დიდი ღმერთი, ლენინი, სადღაც შორს იდგა და დანარჩენ ღმერთებს – სტალინს, ხრუშოვს და სხვებს – შობდა. ზოგიერთი შეიძლება ძმას წაექცია და მისი ადგილიც მიეთვისებინა, მაგრამ მთავარი ბომონი – სრულქმნილი ულიანოვი – ეჭვის მიღმა სუფევდა. არის ერთი ძალიან კარგი ანიმაციური ფილმი, რაულ სერვაისის „პეგასუსი“, – ადვილად იპოვით ინტერნეტში. ათიოდე წუთში დიდებულადაა მოთხრობილი, როგორ ანაცვლებს სოფლის მჭედელი ერთ უფალს მეორით. ამ წერილის თანასამზერელად გირჩევთ. ისე, ირიბად. ცალი თვალით.

ანტირელიგიური კამპანია გაჩაღდა.

ხოლო ჩემს მაგიდაზე ახლა ოცამდე ამგვარი წიგნი დევს. გაზეთი უფრო მეტი იყო. ეს წიგნები პერიოდული გამოცემების ერთგვარ შეჯამებად შეგვიძლია ვიგულისხმოთ. აქ იყრიდა თავს მთავარი ინსტრუქციები და, ჩვენებური ახალმეტყველებით რომ ვთქვათ, „ქეისები“. იწყებოდა ყველაფერი ყმაწვილთა აღზრდით. 1932 წელს გამოდის ვინმე პ. მიქაძისა და ან. გველესიანის წიგნი „პიონერები ანტირელიგიურ ფრონტზე”. ახალი, ლენინური რელიგია ძალიან აგრესიული იყო. მას მთლიანად უნდა ამოეძირკვა წინამორბედი. ამიტომაც „ნორჩ უღმერთოთა კუთხეში“ დაიდგა ყუთი, სადაც ასეთ ამბებს ათავსებდნენ: „ერთხელ პიონერები შეგროვდნენ ჩემს ეზოში და გადაწყვიტეს, რამენაირად მაინც დაეშალათ მორწმუნენი. პიონერები რამდენიმეჯერ მოვიდნენ ეკლესიაში და იმდენი მოახერხეს, რომ შეუმჩნევლად ეკლესიის გამათბობი მილი გასტეხეს. ამის გამო შესწყდა მორწმუნეთა სიარული ეკლესიაში, რადგან საშინლად ციოდა; ამრიგად, ეკლესიას რელიგიური ცრუმორწმუნეობის საშუალება გამოეცალა“.

სხვებს, უკვე ზრდასრულებს და განსხვავებულ ფერხულში თავშერგულებს, „უფრო დიდ“ კუთხეებს უწყობდნენ. მაგალითად: „კუთხეს უნდა ქონდეს თარო და ვიტრინა პოპულიარული ანტირელიგიური ლიტერატურით. კუთხის ლოზუნგები, ისე როგორც სხვა მასალები, დაკავშირებულ უნდა იქნენ კოლმეურნეობის წარმოებასთან, მაგ.: „ძირს ხუცის სასხურებელი, გამოვიყენოთ ქიმიური სასუქი“. თუ ბოლშე-ეზოთერიზმი არ გაჭრიდა, სხვა, პრაგმატული მაგალითებით ცდილობდნენ მშრომელთა მორჯულებას – სანამ კიდევ უფრო „პრაგმატული” 37 არ დადგა. ასე განსაჯეთ, 1932 წელს გამოცემულ წიგნში: „აღდგომა. მისი წარმომავლობა და მნიშვნელობა“, – დაწვრილებით ანგარიშობენ იმ ზარალს, რაც სადღესასწაულო ამბების გამო მიადგა დიად სამშობლოს: „ბეჟიცაში, დასავლეთის ოლქში, ქარხანა „წითელმა პროფინტერნმა“ დაკარგა 1500 კაცზე მეტი თვითნებობითი გაცდენის გამო; ფულზე რომ გადავიტანოთ – 22.754 მანეთი. მაშასადამე, ქარხანამ სოფლის მეურნეობას ვერ მისცა 2.143 სახნისი“. რკინის ლოგიკაა, ვერაფერს იტყვი. უფრო საბჭოურად – ფოლადის ლოგიკა. კაპიტალიზმს ხომ ბრალდებოდა და ბრალდებოდა ყველაფერი. იესო ქრისტე და მუჰამედი ლამის იყო პირველ ბურჟუებად გამოიყვანეს და მათი მოწაფეები – გაწაფულ კლერკებად. დ. ციხელაშვილი მიმართულების ოსტატად მიიჩნეოდა. სწორედ მას ავალებდნენ ან ივალებდა ამ საქმეს და საოცარი მხატვრულობით ასრულებდა – ჯვაროსნული ლაშქრობებიდან იწყებდა და მოულოდნელად კულაკთა შეთქმულებებით ასრულებდა. მოკლედ, ახლა სახალისოდ საკითხავია, მაშინ კი სისხლს ითხოვდა ეს ფურცლები.

რაღაც ნაწილი აღარ მომიყვანია. აი, ის, სადაც მუქარა იმატებს და სიტყვები ადრესატებს სასაკლაოსკენ მიერეკებიან. რა საჭირო იყო –  მინდოდა, რბილად მეთქვა ძალიან მარტივი რამ: ყოველგვარი ძალადობა ცუდია.

ხოლო მებრძოლ უღმერთოთა კავშირს უფრო მოკლედ ერქვა „მუკ“-ი. ლოზუნგი კი, რომელიც თითქმის ყველა გამოცემას ახლდა, ასეთი იყო: „არც ერთი საწარმოო, დაწესებულება, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, საბინაო ამხანაგობა, ყაზარმა, კოლმეურნეობა, საბჭოთა მეურნეობა და კომუნა მუკის გარეშე“.

უჰაკლბეროდ

0

ჰეკლბერად გავიცანი. არადა, ჰაკლბერია – წიგნების მაღაზიაში ნანახ ორი წლის წინანდელ გამოცემასაც სწორედ ასე აწერია: მარკ ტვენი, „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“. მთარგმნელი იგივეა – თამარ დიასამიძე. ეს თარგმანი ბავშვობაში წავიკითხე, თანაც ზედიზედ რამდენჯერმე: დავამთავრებდი და ისევ თავიდან ვიწყებდი. რა მექნა, ნათხოვარი მქონდა და ადრე თუ გვიან უნდა დამებრუნებინა. ყურიც მთავარი გმირის იმ სახელს მიეჩვია, რომელიც მაშინ ეწერა წიგნში – ჰეკლბერი, ჰეკი.

ორი თვის წინ ინგლისური წიგნების მაღაზიაში გადავაწყდი და, ბოლოს და ბოლოს, იმ ენაზე წავიკითხე, რომელზეც მარკ ტვენმა დაწერა. განუზომლად დიდი სიამოვნება იყო. ოღონდ პირველივე გვერდების კითხვისას მივხვდი, რომ ჩვენ „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ არ გვაქვს – ეს წიგნი თავიდან უნდა თარგმნოს ვინმე მამაცმა, თავზეხელაღებულმა მთარგმნელმა, არც წლების დაკარგვას რომ არ შეუშინდება და არც ენობრივ ექსპერიმენტებს, დიდ, აზარტულ თამაშს.

გახსოვთ ის ეპიზოდი, ჰაკი რომ გოგოსავით გამოეწყობა და შუა ხნის ქალბატონის წინაშე თავშესაქცევ სცენას გაითამაშებს – ვითომ ძალიან ნაზი, ზრდილობიანი, დახვეწილი არსებაა? ჯერ ამბობს, სარა უილიამსი ვარო, მერე – მერი უილიამსიო. დაშვებულ შეცდომას რომ გააცნობიერებს, საჩქაროდ გამოასწორებს: სარა მერი უილიამსი მქვიაო. წიგნის ქართული თარგმანი სწორედ ამ „გოგოს“ მაგონებს, იმდენად თვალშისაცემია გაკეთილშობილებისკენ სწრაფვა, ხელოვნური სამშვენისები, ვითომ-მოკრძალება და ვითომ-დახვეწილი მეტყველება, უხერხული სიტუაციებიდან თავის დაძვრენის მცდელობები.

სინამდვილეში ეს „ჰაკლბერი ფინის თავგადასავლის“ ქართული თარგმანი კი არა, სალიტერატურო ენით გადმოწერილი ამბავია, დაწვრილებით მოყოლილი შინაარსი. მარკ ტვენის წიგნში დიალექტების ნამდვილი ფეიერვერკია, ყოველდღიური მეტყველება, ცოცხალზე ცოცხალი ენა. მას, ვინც ახალ თარგმანს შეეჭიდება, მაგარი გული უნდა ჰქონდეს – არაერთხელ მოუწევს სქელ კედელთან თავით შეჯახება, გაუვალ უღრანში ჩაკარგვა, სასოწარკვეთის წუთებიც ბევრჯერ დაუდგება. არადა, ღირს ამგვარი თავგანწირვა იმისათვის, რომ მოზარდებისა თუ ზრდასრულების უსაყვარლესი წიგნი იმ სახით მოხვდეს მკითხველის ხელში, რა სახითაც მწერალმა შესთავაზა თავის დროზე.

აქვე ერთი რჩევაც მისთვის, ვინც ამ საქმეს შეუდგება: ყოველმხრივ გაუმართლებელი იქნება უცხო ენის დიალექტების ჩანაცვლება ქართული კილოებითა თუ კილოკავებით. განსაცდელში ჩავარდნილ მთარგმნელს ხან გამომგონებლობა მოუწევს, ხან სიტყვა-გამოთქმათა ფაქიზი გადარჩევა. საკმარისია, ერთხელ მაინც მოუქციოს ზანგმა ჯიმმა გურულად ან ზემო იმერულად, რომ გამოუსწორებლად დაზიანდეს მთელი თარგმანი და კომიკური ეფექტი მივიღოთ იქ, სადაც ის სრულიად ზედმეტი იქნება.

არც „მეფე“ და „ჰერცოგი“ უნდა ლაპარაკობდნენ ვერა-ვაკელი ყალთაბანდებივით.

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, როგორი დიდი წიგნია მარკ ტვენის „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მის წაკითხვას იმ ასაკში, როცა მთელი სამყაროს მდინარეები გიხმობენ, როცა სახლიდან გაქცევა ყველაზე იდუმალი ნატვრაა და თავგადასავლების ძიება – უდიდესი ვნება.

მართალია, ეს წიგნი გამოსვლის დღიდან არაერთხელ აკრძალეს სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ დამფასებელთა და აღფრთოვანებულთა რიცხვი ყოველთვის გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მისი დამწუნებლების. სასკოლო პროგრამიდანაც ამოუღიათ და მერე ისევ დაუბრუნებიათ ამერიკის სკოლებში. სულ ცოტა ხნის წინ მინესოტის შტატის ქალაქ დულუთში როგორც მისი, ასევე ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ სწავლებაზე თქვეს უარი – რასისტული გამონათქვამები შავკანიანი მოსწავლეებისთვის შეურაცხმყოფელია და მათ გარიყვას უწყობს ხელსო. უარესი რა შეიძლება დაემართოს მოზარდს, რომელიც მეტისმეტად სწორხაზოვნად მოაზროვნე აღმზრდელთა ხელშია ჩავარდნილი?

წინა წლებში სიტყვა „ზანგი“ ხვდებოდათ ყურში ცუდად და სცადეს, შეეცვალათ სიტყვით „მონა“. სხვა სიტყვებიც სცადეს, მაგრამ დიდად ვერც ერთმა გაამართლა. ან კი როგორ გაამართლებდა?! მსგავსი მცდელობები მხოლოდ თავშესაქცევ ამბად შემორჩება ისტორიას.

პირველად 1885 წელს აკრძალეს მასაჩუსეტსის შტატში – მაკულატურაა და მეტი არაფერი, ბარაკებში მცხოვრებთა საკითხავიაო. დრომ საპირისპირო დაამტკიცა – მარკ ტვენის ამ ბრწყინვალე წიგნმა საუკუნესაც გაუძლო და მეტსაც. ზოგიერთი მოსაზრებით, ის სულაც პირველი ამერიკული რომანია. შესაძლოა სადავოდ გახადო ეს მოსაზრება, შესაძლოა მის ლიტერატურულ ღირსებაში ეჭვიც შეიტანო – ამის უფლება მკითხველს აქვს. ერთი რამ ცხადია: „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ ის წიგნია, რომლის აკრძალვაც უპატიებელი დანაშაულია, რომლის ცუდად თარგმნაც შესაძლოა, ნაკლებად მძიმე და მისატევებელი, მაგრამ ასევე დანაშაულია.

ამერიკულ ლიტერატურაზე ჩემსავით შეყვარებული მკითხველისთვის კი წარმოუდგენელია სამყარო ამ გონიერი, გამბედავი, თავგადასავლების მაძიებელი, გარდასახვის შესაშური უნარის მქონე ბიჭის გარეშე. არც ამერიკა, არც მე-19 საუკუნე არ არსებობს უჰაკლბეროდ.

 პრობლემაზე დაფუძნებული  სწავლების მაგალითები  გეოგრაფიის გაკვეთილზე            

0

გეოგრაფიის სწავლების თავისებურება ის გახლავთ, რომ იგი  მრავალი ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთმანეთზე მოქმედი ფაქტორის კომპლექსს წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ  ეს ფაქტორები  მეცნიერების სხვადასხვა დარგს მიეკუთვნება, რაც მასალას განსაკუთრებულ მიმზიდველობას  ანიჭებს  და სასწავლო პროცესს კი უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის.

პრობლემაზე  დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული,  ანუ აქტიური სწავლების ხერხია და იგი წარმატებით გამოიყენება გეოგრაფიის სწავლებისას. მას  სამი ძირითადი ასპექტი ახასიათებს:  სწავლა ეყრდნობა ღიად დასმულ პრობლემურ შეკითხვებს;  მოსწავლეები მცირე ჯგუფებში მუშაობენ და მასწავლებელი არის ,,ფასილიტატორის“ როლში, რის შედეგადაც მოსწავლე საკუთარ სწავლაზე  მეტ პიროვნულ პასუხისმგებლობას იღებს.  თავად პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება ოთხი ეტაპისგან შედგება: 1. პრობლემური სიტუაციის შექმნა და პრობლემის  წარდგენა (პრობლემის იდენტიფიცირება); 2. ჰიპოთეზის გამოთქმა; 3. გადაწყვეტის გზების ძიება და ჰიპოთეზის დამტკიცება; 4. პრობლემის გადაწყვეტა.

სწავლების ამ სტრატეგიის გამოყენებისას მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიპოვებენ ინფორმაციას  სხვადასხვა წყაროებიდან განსახილველი საკითხის შესახებ და მაქსიმალურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში. დასმული პრობლემა მათ  უბიძგებს, მოიძიონ და შეიძინონ ახალი ცოდნა, ერთადერთი სწორი პასუხის ძებნისას მოახდინონ დასმული პრობლემის ინტერპრეტირება, მოაგროვონ საჭირო ინფორმაცია, ააგონ მოდელი, გამოთქვან ვარაუდი, შეაფასონ და შეადარონ შესაძლო შედეგები და გააკეთონ დასკვნები.

პრობლემა არსებობს მაშინ, როცა მოსწავლე ავლენს  დაინტერესებას, ცნობისმოყვარეობას და არ იცის, როგორ გადაჭრას რაიმე საკითხი. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას ახალი მასალის შესწავლა და შემდგომ მისი განმტკიცება დაფუძნებულია მოსწავლეების წინარე ცოდნაზე და მისი გამოყენების უნარ-ჩვევებზე.  მოსწავლეებს ეძლევათ რაიმე  კონკრეტული პრობლემა, რომელიც მათ დამოუკიდებლად  უნდა გადაწყვიტონ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, მაგრამ უკვე  ახალ სიტუაციაში  და იპოვონ მისი გადაწყვეტის გზები და საშუალებები.

პრობლემაზე დაფუძნებული  სწავლებისას გასათვალისწინებელია რამდენიმე პირობა: ა) პრობლემური სიტუაცია მოსწავლეთათვის გასაგები უნდა იყოს. თუ მოსწავლეები ვერ იგებენ ამოცანის არსს, მასზე შემდგომი მუშაობა უნაყოფოა. ბ) მეორე მოთხოვნაა – წამოჭრილი პრობლემის დაძლევა. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად უნდა შეძლონ პრობლემის გადაჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ამოცანაზე მუშაობისას ბევრი დრო დაიხარჯება, გაუგებარი იქნება და ასეთი  სწავლება აზრს დაკარგავს. გ) პრობლემის ფორმულირებამ და შინაარსმა მოსწავლეები უნდა დააინტერესოს. ასევე არც თუ უმნიშვნელო როლს ასრულებს პრობლემის ავთენტურობა და  რეალურობა.

სასწავლო პროცესში პრობლემა შეიძლება წარმოდგენილი იყოს პრობლემური კითხვის ფორმით ან დავალებით.  თუმცა ორივეს აქვს საერთო: მათ შინაარსში ჩადებულია პრობლემური სიტუაციის წარმოქმნის პოტენციური  შესაძლებლობა, რომელიც მათი ამოხსნის  თუ შესრულების პროცესში  წარმოიქმნება. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლებისას მოსწავლე აწყდება პრობლემას, რომლის გადაჭრაც მას უჭირს მხოლოდ იმ ცოდნით, რაც აქვს. ამიტომ ამ პროცესში იგი აქტიურია, ეძებს საჭირო ინფორმაციას –  წიგნებს, გამოკვლევებს, ელექტრონულ ინფორმაციას და ახალი ცოდნით უბრუნდება პრობლემას და ახერხებს მის გადაჭრას.

პრობლემური სიტუაციის განხილვამდე  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით შესაძლებელია მათ რაიმე სახალისო დავალება შევთავაზოთ. მაგალითად;  მე-7 კლასში თემის „დედამიწის შინაგანი აგებულების“  შესწავლისას შესაძლებელია ასეთი დავალების მიცემა: დედამიწის ქერქისა და ლითოსფეროს ფილების  შესახებ თქვენი წინარე ცოდნის საფუძველზე გამოთქვით თეორია ლითოსფეროს ფილების მოძრაობის შესახებ. თქვენი თეორია დასაბუთებული უნდა იყოს  და  მის მართებულობას უნდა ჰქონდეს მტკიცებულება.

გეოგრაფიის სწავლებისას გამოიყენება რამდენიმე სახის პრობლემური ან შემოქმედებითი დავალება. მოსწავლეებისთვის  ბუნებისმეტყველებისა და ფიზიკური გეოგრაფიის კურსიდან  ცნობილია, რომ მზის სითბოს რაოდენობა დამოკიდებულია  განედზე: რაც უფრო დაბლაა განედი, მით მეტია სითბო და პირიქით. მაგრამ აფრიკის კონტინენტის შესწავლისას  მოსწავლეები იგებენ, რომ ტროპიკულ სარტყელში  ზაფხულის ტემპერატურა უფრო მაღალია (+32 გრადუსი), ვიდრე ეკვატორულში  +24 გრადუსი). ეს ფაქტი ეწინააღმდეგება მათ მიერ შესწავლილ კანონზომიერებას და,  შეიძლება ითქვას, პრობლემური შინაარსის დავალების საფუძველი ხდება. პრობლემური შინაარსის დავალება კი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ატლასის  ან თემატური რუკების გამოყენებით შეადარეთ  აფრიკის ტროპიკული და ეკვატორული სარტყლების  ზაფხულისა და ზამთრის ტემპერატურები. იმსჯელეთ, რატომაა  ტროპიკულ სარტყელში ივლისის ტემპერატურა უფრო მაღალი? (პასუხი: ზაფხულში სუბეკვატორულ სარტყელში ეკვატორული ჰაერის მასებია გაბატონებული, რომელსაც დიდი რაოდენობით ნალექი მოაქვს. ტროპიკულ კლიმატურ სარტყელში მთელი წელი მშრალი ტროპიკული ჰაერის მასები ბატონობს. რადგანაც სითბოს დიდი რაოდენობა აორთქლებაზე იხარჯება, ამიტომ ეკვატორულ სარტყელში, სადაც ზაფხულში ტენიანობა ძალიან მაღალია, ზაფხულის საშუალო ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, ვიდრე ტროპიკულ სარტყელში).

გეოგრაფიული გარსის მთლიანობისა და გეოგრაფიული კანონზომიერებების შესახებ  პრობლემური ხასიათის დავალების მაგალითი შეიძლება შეეხებოდეს დედამიწის კლიმატის ცვლილებას ან მარად მზრალობას. მოსწავლეებმა ამ მოვლენების შესახებ უნდა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები, რომლებსაც საფუძვლად მათი მეცნიერულ-პრაქტიკული მნიშვნელობა უნდა დაუდონ.

გთავაზობთ პრობლემაზე ორიენტირებული დავალებების ნიმუშებს:

ადრე  დედამიწას  იმიტომ სწავლობდნენ, რომ მისი აღწერილობა  მოგზაურობისა და ვაჭრობის დროს გამოეყენებინათ.  ახლა რა მიზნით მიმდინარეობს დედამიწის შესწავლა?

რატომ მოდის ოკეანის სანაპიროზე მდებარე ნამიბის უდაბნოში უფრო მცირე ნალექი, ვიდრე საჰარის ყველაზე მშრალ რაიონებში?

მდინარეების  რა თავისებურებაა დამოკიდებული დედამიწის რელიეფსა და კლიმატზე?

რა დადებითი და უარყოფითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობას?

რა როლი შეასრულა დიდი აბრეშუმის გზამ  საქართველოს ეკონომიკაში?

განიხილეთ და დაახასიათეთ მსოფლიოში არსებული დემოგრაფიული სიტუაცია. რა ტენდენციების გამოვლინებას აქვს ადგილი?

რატომაა ტუნდრის ზონაში  წყლის საკმაოდ დიდი რაოდენობა, თუ ნალექების წლიური რაოდენობა 300 მმ-ზე ნაკლებია ანუ უფრო ნაკლები,  ვიდრე, მაგალითად, კასპიისპირა  უდაბნოებში?

სტეპებში ხე-მცენარეულობის არარსებობა არასაკმარისი ტენიანობით  აიხსენება.  მაშინ რატომ  არ არის ტუნდრაში გავრცელებული ხე-მცენარეულობა, რომელიც პირიქით გადაჭარბებული ტენიანობით  გამოირჩევა.

გოლფსტრიმის დინების ტემპერატურა +4 გრადუსია  და  იგი, როგორც  თბილი დინება ისეა ცნობილი, მაშინ, როცა კანარის დინების ტემპერატურა +22  გრადუსია და მას ცივ დინებას უწოდებენ.  როგორ ფიქრობთ, რატომ?

1800 წელს 1 ტონა თუჯის გამოსადნობად 2.5 ტონა კოქსი და 4 ტონა კოქსვადი ნახშირი იყო საჭირო. კოქსის ხარისხის გაუმჯობესებამ და გამოდნობის პროცესის სრულყოფამ 0,7-0,8 ტონით შეამცირა კოქსის წილის ხარჯი. ახსენით, როგორ აისახა ეს მოვლენა მეტალურგიული ქარხნების განლაგებაზე?

ცნობილია, რომ მეტალურგიული  საწარმოები გარემოს ძლიერი დამაბინძურებელია. შავი მეტალურგიის  ქარხნები ატმოსფეროში 15%-მდე, ხოლო ფერადი მეტალურგიის საწარმოები  22%-მდე  მავნე ნივთიერებებს გამოაფრქვევს. რატომ ითვლება მოცემული კომპლექსის საწარმოების ნაწილი ეკოლოგიურად სუფთად? რაზე არიან ისინი სპეციალიზებული?

ავსტრალიაში ფართოდაა გავრცელებული  და ძალიან  განვითარებულია მეცხვარეობა, მაგრამ  კლიმატოლოგიურ ცოდნაზე  და ავსტრალიის ბუნებრივი ზონების რუკების ანალიზზე დაყრდნობით  ჩვენ ვსაუბრობთ კონტინენტის სიმშრალეზე,  დამშრალი მდინარეების (კრიკების)  ქსელსა და მტკნარი წყლის დეფიციტზე. მაშინ როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ამ პირობებში კონტინენტს  ლიდერის პოზიცია უკავია სოფლის მეურნეობის ამ დარგში? (პასუხი: მოსწავლეებს ინფორმაციის ანალიზისა და წინარე ცოდნის გააქტიურების საფუძველზე შეუძლიათ გამოიტანონ დასკვნა, რომ ცხვრები  იმ გამხმარი ბალახით იკვებებიან  და იმ მარილიან წყალს  სვამენ, რომელიც ავსტრალიაში საკმარისადაა).

გეოგრაფია  ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საგანია სასკოლო პროგრამაში,  მისი სწავლების ეფექტურობა მისაღწევია იმ შემთხვევაში, თუ  სასწავლო პროცესი  მიმართული იქნება მოსწავლეთა აზროვნების განვითარებაზე, მათი შემეცნებითი დამოუკიდებლობის ფორმირებაზე, მათ შორის  პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების სტრატეგიის გამოყენებით.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...