კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

დაუჯერებელი დამაჯერებლად

0

”არცერთი ნამდვილი ამბავი არ არის გამოგონილ ამბავზე უფრო ნამდვილი”… ეს სიტყვები უილიამ სომერსეტ მოემს ეკუთვნის და გამოგონილი ამბის მნიშვნელობაზე დაგვაფიქრებს… ვინაიდან ბავშვის ბუნება არცთუ იშვიათად  მეამბოხე და პროტესტის მოყვარულია, უმნიშვნელოვანესი კლასიკური ტექსტების სწავლების დროსაც ხშირად მსმენია კატეგორიული მიუღებლობის გამომხატველი ფრაზები: ”მე ამ ნაწარმოებს არ ვისწავლი!” ”ვინ გამოაცხადა ის კლასიკურ და უკვდავ ქმნილებად?” ”თუ თქვენ გგონიათ, რომ მოვლენაა, ჩემთვის გაუგებარი, უფერული და მიუღებელია!” ”მოძველებულია მისი სამყარო და თანამედროვეობას ჩამორჩენილია მისი ღირებულებები!” ”ხომ მაქვს უფლება, რომ ასე წავიკითხო?”

მოსწავლეს რომ ტექსტისადმი ნდობა და ინტერესი დავუბრუნო, მთელი ჩემი ლიტმცოდნეობითი უნარების მოშველიება მჭირდება ხოლმე და ვიწყებთ საუბარს იმაზე, თუ რა აქცევს ტექსტს უკვდავ ქმნილებად? რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს მას? რომელი კომპონენტების წყალობით ჩაითვლება ღირებულ ნაწარმოებად? რასაკვირველია, ტექსტების შეფასების უამრავი კრიტერიუმი არსებობს, მაგრამ ერთ ასპექტზე გავამახვილებ ამჯერად ყურადღებას. ზოგადად კი ვიტყვი, რომ ტექსტის იდეურ, სახეობრივ და სტილურ მახასიათებლებს შორის ყოველი კომპონენტი უმაღლესი ოსტატობით თუ არ არის შესრულებული, ტექსტი კლასიკურ მწერლობაში ადგილს ვერ იმკვიდრებს. კლასიკური ნაწარმოები უზადოა და ამიტომაც უეჭველ ღირებულებად მოგზაურობს ხოლმე დროში. მთავარი, რამაც, ჩემი აზრით, ტექსტს მკითხველისკენ გზა უნდა გაუკაფოს, არის დამაჯერებლობა. დამაჯერებლობა ამბების, ემოციის, სახეების. იმისთვის, რომ წერის ხელოვნების საიდუმლოებებს ვეზიაროთ, ხშირად ვაკეთებთ ხოლმე ტექსტების შეთხზვის სხვადასხვაგვარ წერით სავარჯიშოებს. ბავშვების საყვარელი აქტივობაა ”ფანტაზიორები და რეალისტები”, სადაც ინტერესების მიხედვით ირჩევენ ფანტაზიორის ან რეალისტის ტექსტს და თხზავენ ამბებს. ერთ-ერთი ასეთი საკლასო აქტივობის დროს:

– ანა, შენ სრულიად დამაჯერებელ, ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბებს დაუჯერებლად ყვები, – ვეუბნები ღიმილით ჩემს მოსწავლეს (სახელები შეცვლილია)…

– რატო, მააასწ? აბა, როგორ მოვყვე?

– რას გთხოვდა დავალება? გახდი ფანტაზიორი ან რეალისტი, ხომ? შენ აირჩიე ფანტაზიორი, არა? და რას ყვები? იმას, რაშიც არაფერია ფანტასტიკური, დაუჯერებელი, ზებუნებრივი, რაც ყოველთვის ხდება და ყოველთვისაც შეიძლება მოხდეს… თანაც ყვები ისე, რომ ყალბია, დაუჯერებელი, არ მწამს, არ მჯერა, ასე არ ხდება, რაღაც სხვანაირადაა და ასეთი მთხრობელი მინდა გავაჩერო….

– აბა, როგორ უნდა ვწერო, მასწავლებელო? – სკეპსისი იპყრობს ანას…

– გახსოვს რუსთველი? დევები არსებობენ? ქაჯები არსებობენ? ვინმე დღეს დააღამებს და ღამეს გაათენებს? ვინმე მოლს მოისხამს და ქაჯთა ქალაქში გადაფრინდება? 300 მეომრით ვინმე აიღებს 19 ათასი მცველისგან გალავანგამაგრებულ ქალაქს? ვინმე ხელით დაახრჩობს ვეფხვს? ვინმეს ღირსებია სამი ათასი ჯორკიდებული დარჩეული თვალ-მარგალიტი? ვინმესთვის დაუდგამთ თავზე ერთობილი ლალის გვირგვინი? ან ვინმესთვის უჩუქებიათ ბატის კვერცხისხელა მარგალიტი? ან ტრედის კვერცხისხელა ათასი მარგალიტი შეიძლება აჩუქო ვინმეს? ვინმეს უნახავს მარგალიტის თვალი ისე ანათებდეს, რომ ბნელ ღამეში მხატვარს ხატვა შეეძლოს? ვინმეს უნახავს თვალ-მარგალიტით გამოჭედილი 40 ოთახი? ან შეიძლება თვალ-მარგალიტს არიგებდე და მას არ აკლდებოდეს? ვინმეს ამოუვსია ხევი ნაგლეჯი თმებით? ვინმეს ზღვის პირატების გემი მარტოს დაულეწია? ვინმეს 10 დღის სავალი სამ დღეში გაუვლია? ვინმეს ვინმე თავისი სილამაზით დაუბნედია? ვინმეს გაუნათებია თავისი სილამაზით ბნელ ღამეში კლდოვანი ნაპირი? ვინმეს ჰქონია “ტანი ალვა, პირი -მანგი”? ვინმე ყოფილა “პირი – ელვათა მკრთომელი”? ვინმეს მათრახით მკერდამდე გადაუფხრეწია ადამიანი? ვინმეს სამასი მეომრით 30-ათასიანი არმია დაუმარცხებია? ვინმეს ყოლია 10-მილიონიანი ჯარი? არაა? რუსთველის გჯერა? თუ ასეთ დაუჯერებელ ამბებს ყვება, რატომ გჯერა? რატომ ენდობი? ააა, დამაჯერებლად ყვება? ისე ყვება, რომ ეჭვს ვერ შეიტან? კაი მაშინ! შენც რამე ისეთი მითხარი, ისეთი დამაჯერებელი, მე რომ მინდა, რომ მჯეროდეს… აბა, გამოიცანი, რისი დაჯერება მსურს, რა მინდა, რაზე დავხუჭავ თვალებს და ვიტყვი: – ღმერთო, დიდებულო! – და სადღაც იმიერეთში გადავფრინდები… უბრალოდ: მომიყევი დაუჯერებელი დამაჯერებლად! მაფიქრებინე, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო! შენ გგონია ოდესმე რუსთველის ფანტასტიკურ ამბებში ეჭვი შემპარვია? არასოდეს! ჩემთვის ავთანდილი და ტარიელი ბევრად რეალური გმირები არიან, ვიდრე ათასი მეფე, რომელთა შესახებ “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი” უამრავ უტყუარ ამბავს ყვებიან ლაშქრობისა და პოლიტიკოსობისას… ჩემთვის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი ავთანდილია, ის აწესებს ყველაფრის საზღვარს, მას სჯერა, რომ ნესტანს იპოვის, ტარიელისთვის იპოვის, მაშინ იპოვის, როცა ეს თვით ტარიელს არ ჯერა! იპოვის და გაზაფხულიც დაუდგება სამყაროს! აი, ასეთი ამბები მინდა!

– ოჰ, ასე წერა რომ შემეძლოს, მასწ, მაშინ რუსთველი მე ვიქნებოდი?

– აჰა, ანუ გგონია, რომ რუსთველისეული ალმასური ნიჭია საჭირო საიმისოდ, რომ მკითხველი აღაფრთოვანო? აქ არ ცდები, ჩემო კარგო, მაგრამ ყველა ხომ რუსთველი ვერ იქნება? ამიტომ რა ვქნათ? კაცობრიობამ წერა შეწყვიტოს? კონსტანტინე გამსახურდია თავის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში, ”ლანდებთან ლაციცში” მამაზე, სვიმონ გამსახურდიაზე, იხსენებდა, რომ მამა კატეგორიულად აცხადებდა, ბიბლიისა და ”ვეფხისტყაოსნის” გარდა ქართველმა არაფერი უნდა წაიკითხოს, რადგან რაც კარგი იყო, ამ ორმა წიგნმა ყველაფერი თქვაო. კი მოსწრებულად უთქვამს სვიმონ გამსახურდიას, მაგრამ მისთვის არც შვილს დაუჯერებია და ვერც ჩვენ დავუჯერებთ. თუკი რუსთველური მოელვარე ნიჭი არ დაგვანათლა განგებამ, კიდევ არსებობს გზები საიმისოდ, რომ მკითხველისთვის მიმზიდველად და საინტერესოდ ვწეროთ…

– მასწავლებელო, აბა, მითხარით, რა არის საიჭირო, რომ რაღაც განუმეორებელი, საყვარელი, შთამბეჭდავი დავწერო?

– ბევრი რამ, ანა, ჩემო ძვირფასო, ბევრნაირი უნარი, ბევრნაირი ხელოვნება, ზოგი ისეთი, რომლის დასწავლაც შესაძლებელია, ზოგი ისეთი, რასაც ვერანაირად ვერ ისწავლი, თუ თან არ დაგყვა დაბადებიდან, მაგრამ არსებობს ერთი საიდუმლო ხერხი… მთავარია, გაიაზრო, რის თქმა გინდა, რამე მნიშვნელოვანის, დამაფიქრებლის, საჩხრეკის, ხოლო როცა ამგვარ თემას მოძებნი და იდეას დაუკავშირებ მას, თხრობისას გულწრფელობაა ის მთავარი სამკაული, რაც შენს ტექსტში მკითხველს მიიზიდავს. არსებობს ასეთი მიმართულება – ”ცნობიერების ნაკადი”, რომლის მიმდევარ მწერალთა ტექსტებში შეულამაზებლად არის გადმოცემული გმირის ფიქრები, სულის მღელვარება, შინაგანი მონოლოგები. რაც ადამიანურია, რაც ადამიანის (ვინც არ უნდა იყოს ის) სულში, გულსა და გონებაში გამოივლის, ყოველთვის საინტერესოა მკითხველისთვის, რადგან მწერლობა უპირველესად რეფლექსიაა, მწერლის მიერ სამყაროს აღქმა და თავისებურად გააზრება, მისი დაკვირვებების და დასკვნების გადმოცემა… ყოველ გმირში ჩვენ ვართ, გმირები ჩვენნაირები არიან და ჩვენ მათნაირები ვართ, გმირში ყოველთვის საკუთარ თავს ვხედავთ, მას ვაზომებთ, მას ვადარებთ ჩვენს გარეგნობას, ქცევას, ცხოვრების გზას, აზრებს, ფრაზებს, საყვარელ მანერებს… თუკი ჩვენ შევძელით, რომ გულწრფელად გადმოვცეთ ჩვენი ან სხვა გმირის სათქმელი, თუ სიყალბემ არ გაიჟღერა და გმირი თავისი ცხოვრებით მკითხველამდე მოვიდა, მწერალი გამარჯვებული რჩება. მის ტექსტს მკითხველი უსათუოდ მიიღებს და შეიყვარებს.  გავიხსენოთ ჯემალ ქარჩხაძის, ოთარ ჭილაძის, რევაზ ინანიშვილის ან გოდერძი ჩოხელის ტექსტები… რა ღრმად ჩადიან გმირის ფსიქოში და ცნობიერის ან არაცნობიერის რა უღრმესი პლასტებიდან იღებენ გმირის ხასიათს.

არ ვიცი, ჩვენი ეს დიალოგი რამდენად დაეხმარება ანას, რომ გულწრფელად გადმოსცეს თავისი სათქმელი, ან დაუჯერებელი ამბავი დამაჯერებლად მოუყვეს მკითხველს, მაგრამ მთავარი უკვე გავიაზრეთ, რომ მხატვრული ტექსტი ვერ იტანს სიყალბეს, არასოდეს აპატიებს ავტორს ყალბ ფრაზას, სახეს ან სიუჟეტს… გამოგონებით კი, იცოცხლე, შეუძლია ფანტაზია გალაკტიონივით თუნდაც შორეული პლანეტების ელვარე ნაპირებისკენ გააქროლოს, სადაც უნდა, უდაბნო გააჩინოს და სადაც მოისურვებს, უდაბნოს ხვატში ოაზისი ააკამკამოს… მთავარია, რომ ეს გამონაგონი არ ასცდეს მიზანს, მწერლის ჩანაფიქრისკენ სვლა ბუნებრივი და ძალდაუტანებელი დინამიკით მიმდინარეობდეს… ნამდვილი ამბის გადმოცემა საგაზეთო ქრონიკაშიც შეიძლება ეფექტურად, ძალიან დამაინტრიგებლადაც, მაგრამ ის სადღაც და როდესღაც ვიღაცას გადახდება, ხოლო მწერლის გამოგონილი ამბავი უნივერსალურია, ზედროულია და ზესივრცული და უამრავ ადამიანს შეიძლება გადახდეს… უამრავი ადამიანი იმ ამბავსა და მის გმირში საკუთარ თავს ხედავს და მსოფლმხედველობას იფართოებს მისი დახმარებით. ეს პერსონაჟი შემდგომ არქეტიპად რჩება ჩვენს შემეცნებაში და ხშირად შეგვახსენებს კიდევაც თავს. აღარც მახსოვს, რომელ კალსში წავიკითხე ჯეკ ლონდონის ”მარტინ იდენი” და შემდგომ არასდროს მივბრუნებივარ,  მაგრამ მარტინი მუდამ ისეთი ახლობელი და ”ჩემია”, მუდამ ახალი, გაუხუნარი, დაუვიწყარი, სულის უღრმეს შრეებში ”ფესვებგადგმული”… ამიტომაც არის მწერლობა ჯადოქრობა, ლოგოსის მაგია ამიტომაც გვიპყრობს და გვაკეთილშობილებს… თუ ერთხელ გემო გავუგეთ, ის ჩვენი ცხოვრების მთავარი მასწავლებელი ხდება…

– მასწავლებელო, საიდან დავიწყო ამგვარად წერის ”დამუღამება”? – ვერ ისვენებს ანა, როგორც ჩანს, ცხრა მუზიდან რომელიღაცა მაინც, ან კალიოპა, ან ევტერპა, ან ერატო, მელპომენა ან თალია უეჭველად მის სულსა და გონებას შეხიზნებია. წერის სურვილი კი ისეთი მწველი და დაუოკებელია, ვულკანური სტიქიონივით ბოლოს მაინც ამოიფრქვევა… მე კი იმაზე ვოცნებობ, რომ წლების მერე მომავლის ცნობილმა მწერალმა თქვას, წერის სურვილი ჩემმა ქართულის მასწავლებელმა გამიღვივა… ოცნებები ნისლებად იქცევიან და ცისკენ მიიზლაზნებიან, რომ მერე, მერე, ცოტა მერე მეოცნებეს დაუბრუნდნენ, ფანტელებად დაათოვონ…

ხმაური (წერილი I)

0

ყოველ დილით „ილუზიებით“ ვიღვიძებ. ეს გაღვიძება იძულებითია, მაგრამ სულ მგონია, რომ სამხრეთ აფრიკაში ჩანჩქერ „ტუგელას“ ახლოს ვიმყოფები ან სულაც პერუში ვარ, ჩანჩქერ „სამ დასთან“ (სწორედ ასე უწოდებენ სამი განტოტვილი ნაკადის გამო).  აჰა, ბრაზილიისა და პარაგვაის საზღვარზე ვარ ჩანჩქერ „გუაირას“ ძირში… ბრაზილიაში მოგზაურობა კრიმინალური სიტუაციის გამო სახიფათოა და ნეტავ რატომ წამოვედი? ან, იქნებ არგენტინისა და ბრაზილიის საზღვრად მდებარე ჩანჩქერ „იგუასუზე“ ვარ? უჰ, არა… „ნიაგარას“ ჩანჩქერთან ვარ, კანადაში… როგორ ვერ მივხვდი?..

ესეც ვერ გამოვიცანი. სახლში, ჩემსავე ოთახში, წყლის დგაფუნის გაუსაძლისი ხმით (იძულებით) გავიღვიძე. ეს ჩანჩქერი კი არა, ავტოფარეხში გახსნილი მანქანების სამრეცხაოა, სადაც მოცალეობის ჟამს ხალიჩებსაც სიამოვნებით რეცხავენ და შემდეგ იქვე ქუჩაში გაბმულ მოაჯირზე აშრობენ, მტვრით რომ კარგად გაჯერდეს.

ყოველ დილას რვა საათზე იწყებენ ბეჯითად რეცხვას და ღამის თერთმეტ საათამდე დგაფუნ-ჩქაფუნობენ. რას იზამ, თურმე კანონით ეს ხმაურის საათები ყოფილა. დაკეტე ბატონო ფანჯარაო, მეტყვის მავანი. რა ვქნა, ზამთარ-ზაფხულ ღია ფანჯარაში  მიყვარს ძილი, თბილისის ჰაერის დარჩენილი საცოდავი ნაწილით მაინც რომ ვისუნთქო. თუ არ რეცხავენ, გამაყრუებელ ხმაზე ჩართულ სიმღერებს უსმენენ, სადაც „სტიუარდესა ჟანასაც“ მოისმენ და „ჩემო კაკლის მურაბასაც“!

თუ, სიმღერებიც მობეზრდებათ, არც ერთმანეთში ჩხუბსა და კინკლაობაზე ამბობენ უარს. ჰოდა, ვწევარ ძალათ გაღვიძებული, ვუსმენ საშინელ ხმაურს და ვცდილობ ამ აბეზარ მრეცხავებზე რამე პამფლეტი შევთხზა:

სამრეცხაო, რომ გავხსენით,

მაშინვე გავხდით ამაყნი,

გვიყვარს უბანში მუსიკა,

ჩხუბი და აყალმაყალი…

შენიშვნასაც არავინ აძლევს, თავადაც წელში გამართული არიან, თურმე კანონის ფარგლებში ხმაურობენ.

ძვირფასო კანონის დამწერნო… იცით, რომ…

ხმაური უსიამოვნო ხმაა, ისეთი, რომელიც არ გვსიამოვნებს. ასეთ ხმებს დაბადებამდეც ვისმენთ. ბოლო დროს ის გარემოს ერთ-ერთ საშიშ დამაბინძურებლად არის აღიარებული, რომელიც ანთროპოგენური აქტიურობითაა  გამოწვეული. ინდივიდზე ის გარკვეულ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს. რაც შეიძლება მისი კომუნიკაციის, მუშაობის, დასვენების, ძილის უნარზეც აისახოს. თუმცა, ეს კამათის საგანია, რადგან მავანი ხმაურის მიმართ მგრძნობიარეა, მეორე კი ისეთი გამობრძმედილი, რომ უკვე თითქოს ვეღარც აღიქვამს მას. თუმცა, ეს მას ჰგონია ასე, სინამდვილეში კი, მისი ნერვული სისტემა ჩუმად რეაგირებს ხმაურზე.

ზოგადად, ორი სახის ხმაურს გამოყოფენ. ერთი მასშაბით ჰაერისა და წყლის დაბინძურებასთანაა გაიგივებული და გარემოში რაღაც პერიოდით არსებობს.  მხოლოდ ბოლო დროს  მიაქციეს ყურადღება მეორე ტიპის ხმაურს, ე.წ. ენერგიის ნარჩენს, მაღალი ტემპერატურის წარმოების პროცესებიდან, რომლებიც თერმული დაბინძურების წყაროა. ხმის ტალღებში არსებული ენერგია წარმოქმნის სპეციფიური  ტიპის ბგერით ტალღებს, თუმცა, საბედნიეროდ, გარემოში დიდი ხნით არ რჩება.

ხმაურის დონე სხვადასხვაა. ქალაქის ტიპის დასახლებაში  გარემოს ხმაური 30 dB-ის ტიპის დაბალი შეიძლება იყოს. ქალაქის (აქ საზოგადოებრივი და ინდუსტრიული ხმაურიცაა) ან მის ახლოს მდებარე საცხოვრებელ ადგილებშიც კი ეს დონე იშვიათად ნარჩუნდება და 70 dB-ს აჭარბებს. გზასთან ახლოს სახლებში 90 და 100 dB-იც შეინიშნება.

 

ხმაურის წყარო ხმაურის დონე dB
სამრეწველო
დიდი ზომის გაზის მარეგულირებლები 150
ჩამოსასხმელი ქარხანა 128
მანქანათმშენებლობა 125
გაგრილების კოშკები 130-130
სამთო სამშენებლო
ბულდოზერი 90-105
ჟანგბადზე მომუშავე საბურღი 128
ხელის ბურღი 122
ტრანსპორტი
ვერტმფრენი 130-140
დიზელის საწვავზე მომუშავე 85-110
მსუბუქი მანქანა 70-80
მეტრო 110
საზოგადოებრივი ადგილები
ბიზნეს ობიექტების ადგილი ინტენსიური სატრანსპორტო მოძრაობით 110
ტროტუარის პნევმატური ბურღვა 95
ბალახის საჭრელი მანქანა 65
ძაღლის ყეფა 15-25
სამრეცხაო 80-90
საყოფაცხოვრებო
Hi-fi (აუდიო-ვიდეო-ტელე ) მოწყობილობა საძინებელში 125
სამზარეულოს ბლენდერი 90-95
ელექტრო წვერის საპარსი 75-90

ადამიანზე ხმაურის ეფექტი სხვადასხვაა. იმაზე შევთანხმდეთ, რომ ყველა დისკომფორტს გრძნობს და ხმაური ფიზიოლოგიური სტრესია. ქვეითდება სამუშაოს შესრულების უნარი, განსაკუთრებით, თუ საქმე გონებრივ მუშაობას ეხება. იწყება უძილობა.  შემდეგ უკვე,  ყველაფერი დამოკიდებულია ასაკზე, ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესზე. ერთსა და იმავე ინდივიდზეც კი სხვადასხვა დროს განსხვავებულად მოქმედებს – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, დაღლილობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. პირველ რიგში, ზიანდება ადამიანის სასმენი ორგანო. 80 dB სიმძლავრის ხმაურის 0,05 წამის შემდეგ შუა ყურის მუსკულატურა ვიბრაციას იწყებს. აკუსტიკური ტრავმა 100  dB-დან იწყება, ოღონდ აქაც ყველაფერი ინდივიდუალურია და ხმაურის ზემოქმედების ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული.

ნორვეგიელმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს ხმაურის გავლენა სამუშაო ადგილზე. აქ საუბარი კვლავ გონებრივ მუშაობას შეეხება, თორემ ფაბრიკა-ქარხნებში, (დიახ, განვითარებულ ქვეყნებში ასეთებიც არის) წესით, ხმაურისგან დამცავ ყურსასმენებს იყენებენ.

ხმაურის გავლენა შემდეგი ფორმულით გამოითვლება: D=C/T

სადაც: D ხმაურის გავლენაა, C ხმაურის ხანგრძლივობა, T ხმაურის გავლენის ზღვარი საათების განმავლობაში, ანუ რამდენის გაძლება შეგვიძლია. ეს უკანასკნელი სპეციალურ ცხრილში უნდა მოვნახოთ:

 

ხმაურის დონე ხანგრძლივობის ზღვარი (საათებში)
80 dB 32
85 dB 16
90 dB 8
95 dB 4
100 dB 2
105 dB 1
110 dB 0.5
115 dB 0.25
120 dB 0.125
125 dB 0.063
130 dB 0.031

 

ცხრილი შემუშავებულია OSHA-ის მიერ. OSHA The Occupational Safety and Health Administration (პროფესიული  უსაფრთხოება და ჯანდაცვის ადმინისტრირება).

ზემოთ დაწერილი ფორმულის თანახმად, თუ მანქანების ხმაურს უსმენთ მაგ. 14 საათის განმავლობაში და მათი ხმაურის მაჩვენებელი 80 dB-ია, მაშინ ცხრილის თანახმად, ხანგრძლივობის ზღვარი 32 გამოდის. ფორმულის თანახმად კი, ხმაურის გავლენის კოეფიციენტი 0.4375 გამოდის. ამავე მსჯელობით გამოანგარიშებული სამრეცხაოს გავლენის მაჩვენებლად 1.75 მივიღე.

Dმანქანა=14სთ/32=0.4375

Dსამრეცხაო=14სთ/8=1.75

 

შარშან მაისში სტამბოლში საზაფხულო სკოლაში მიწვეული მომხსენებელი ვიყავი. მეცნიერები რვა ქვეყნიდან იყვნენ ჩამოსული და რადგან, ყველანი მიწვეულები გახლდით, ერთად განგვათავსეს ერთ ლამაზ და სუფთა სასტუმროში, ზეითინბურნუს უბანში. სტამბულის ამ ნაწილში პირველად ვიყავი და რაც უჩვეულო იყო (ჩემთვის!), ბევრი ხე, ბევრი სიმწვანე გახლდათ. ამას დამატებული  ზღვის ჰაერი…

თუმცა, ღამით, ასე 12 საათზე ბულდოზერების ხმა გაისმა. დილის ხუთ საათამდე თხრიდნენ.

Dბულდოზერი=5სთ/4=1.25.

მეორე დღეს, ათზე საათზე ყველანი ფუატ სეზგინის ფონდის სააქტო დარბაზში შევიკრიბეთ. ყველა თავის ტკივილს, უძილობას და შრომის სრულ უუნარობას უჩიოდა. მხოლოდ, მე ვიყავი მხნედ.

აი, რას ნიშნავს მუდმივი  წვრთნა…

 

P.S. ხმაურისადმი მიძღვნილ პირველ წერილში, ე.წ. „ქუჩის ხმაურზე“ ვისაუბრეთ. თუმცა, თავისი მასშტაბებით არანაკლებ საშიში და გამაღიზიანებელია „სახლის ხმაური“, განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთ დამაბინძურებლებად მეზობლები გვევლინებიან.

თუმცა, ამ მტკივნეულ საკითხზე მეორე წერილში დავწერ.

 

 

 

სკოლამ მოსწავლეს წარმატების რწმენა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი უნდა განუვითაროს

0

დებატებისა და განათლების ინსტიტუტი უკვე მრავალი წელია მუშაობს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან და სტუდენტებთან;  არაფორმალურ განათლებაზე, მის კავშირზე ფორმალურ განათლებასთან და სწავლა-აღზრდის საკითხებზე გვესაუბრება ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი თინათინ ცერცვაძე.

 

  • არაფორმალური განათლების როლი თანამედროვე სამყაროში ძალიან დიდია. ის სწრაფად ცვალებადი გარემო, რომელშიც დღეს გვიწევს ახალგაზრდებისთვის განათლების მიცემა ნამდვილად საჭიროებს დამატებითი კომპონენტების შემოტანას. აკადემიური, ფორმალური განათლება ვერასდროს შეძლებს სწავლების პროცესში ისე ლავირებასა და ინდივიდებსა და მიკროჯგუფებზე მორგებას, როგორც არაფორმალური განათლება. სტატიკური ინსტურმენტებით რთულია მოსწავლის დაინტერესება და მისი მოტივაციის ამაღლება, არაფორმალური განათლება კი ამ მხრივ სრულიად თავისუფალია. შესაბამისად, დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე უამრავი სხვადასხვა მიმართულების (თემატური, მიმდინარე საჭიროებებზე მორგებული) სასკოლო თუ საუნივერსიტეტო კლუბების კურიკულუმია შექმნილი.
  • საქართველოში დღეს არაფორმალური განათლება ძალიან პოპულარული და მრავალგვარია. საზოგადოებაზე მისი გავლენაც არ არის ერთგვაროვანი. თითოეულ ორგანიზაციას თავისებური მიდგომა აქვს, მათ შორის, ჩვენც, მაგრამ ერთი ყველასთვის აუცილებელია: შემოტანილ სასწავლო პროგრამებს სჭირდება ქართულ რეალობასთან ადაპტაცია და არაპირდაპირი იმპლემენტაცია. თუ სასწავლო პროგრამა, სასწავლო ინსტრუმენტი ან გამოცდილება ევროპასა თუ ამერიკაში კარგად აპრობირებულია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ჩვენთანაც ასეთივე წარმატებით იმუშავებს. ორ ცეცხლს შუა გვიწევს სიარული. ერთი მხრივ, სწრაფად ცვალებად გარემოში  დრო ძალიან შეზღუდული გვაქვს, არ გვინდა ჩამოვრჩეთ  ტრენდულ პროგრამებს, მეორე მხრივ, მათი პირდაპირ გადმოტანა დაუშვებელია. ამ სიტუაციაში გულწრფელად მენანებიან  მასწავლებლები, რადგან სწორედ მათ უწევთ გაუმკლავდნენ ცვალებად გარემოს, სტანდარტებს, რომელიც ხშირად სახელმწიფოს მხრიდან მოდის. ზღვა სიახლეების  შემოტევაში, მასწავლებელი ვერ ასწრებს დასკვნების გამოტანას, რა არის კარგი და რა არის ცუდი, რა გადმოიტანოს, რა მოარგოს თავის გარემოს  და ხშირად პროცესს მექანიკურად იმეორებს… საგანმანათლებლო სივრცეში ნებისმიერი ქმედება, პროგრესული თუ არაპროგრესული, საბოლოოდ მასწავლებლების კისერზე ტყდება ხოლმე. ამ მხრივ, რაღაც უნდა შეიცვალოს.
  • თქვენი პროგრამები თავისუფალია ამ საფრთხეებისგან?
  • მაქსიმალურად ვცდილობთ. ოცწლიანი გამოცდილების მანძილზე მიღებული უკუკავშირი ადასტურებს, რომ ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ გადავცემთ მასწავლებლებს, ძალიან კონკრეტულ უნარებზე და ბავშვების კონკრეტული მიმართულებით  განვითარებაზეა ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ ვართ, არცერთი სახელმძღვანელო, რომელიც  საქართველოში დავწერეთ, არ არის თარგმნილი. ყველაფერი, მაგალითები თუ სხვა რამ, ქართულ რეალობაზეა მორგებული. ამ სასწავლო წელს  მასწავლებლის სახლის მხარდაჭერით განხორციელებული ჩვენი პროექტი გულისხმობდა თემატური კლუბების მხარდაჭერას. ტრენინგის გავლასთან, შემდგომ მუშაობასთან, ახალი ცოდნისა და უნარების განვითარებასთან ერთად სქემაში ჩართულ მასწავლებელს  შეეძლო  მიეღო დამატებითი კრედიტქულა კლუბის შექმნით, ეს დამატებით სტიმულს აჩენდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის შედეგი, რომლებზეც პედაგოგები თავად საუბრობდნენ. კერძოდ, აკადემიურად არცთუ წარმატებული მოსწავლეების გააქტიურება.  დებატების ტექნიკა, რომლსაც ჩვენ ვასწავლით, საგანგებოდ მორგებულია იმაზე, რომ ასეთი ბავშვები არ დაიჩრდილონ, სკოლაშივე გააქტიურდნენ. დებატების კლუბში გაწევრების შემდეგ ისინი პიროვნულად იცვლებიან.

 

  • დებატების ტექნიკის ცოდნა მოსწავლეს ფორმალურ  განათლებაშიც  გამოადგება…

 

  • მასწავლებელმა დებატების ტექნიკა რომ ასწავლოს, მანამდე მინიმუმ 60-საათიანი პროგრამა უნდა გაიაროს. სხვაგვარად გაუჭირდება, გაიაზროს რა წესებით, რა პრინციპით, რა სტრუქტურით განავითაროს არგუმენტირებული მსჯელობა, ორატორული უნარები, მოსმენის კულტურა, ჩანაწერის გაკეთება, ოპონენტის პატივისცემა, დროის მენეჯმენტი. ფორმალური დებატების პროგრამის მთავარი ღირსება ის არის, რომ ძალიან კონკრეტულ ინსტრუმენტს სთავაზობს მონაწილეს. ჩვენი მუშაობის სტილი თანმიმდევრულობაა: ტრენინგების შემდეგ ხანგრძლივად ვუწევთ მუშაობის სუპერვიზირებას. ვაკვირდებით მიღებული ცოდნა და უნარები  როგორ დანერგა მასწავლებელმა, როგორ მოარგო თავის გარემოს, კონკრეტულ სკოლას, კონკრეტულ კლასს,  კონკრეტულ საგანსა და თუნდაც, კონკრეტულ სამუშაო პროცესს.  ეს ცოდნა და უნარები შეიძლება გამოიყენონ, როგორც არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მიმართულება და როგორც ტექნიკა, რომელიც ნებისმიერი საგნის მასწავლებელს სჭირდება და გამოადგება იმისათვის, რომ მოსწავლეს კონსტრუქციული მსჯელობა,  საკითხის წარდგენა, საპროექტო წინადადებების შექმნა და ასე შემდეგ ასწავლოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ რაიმე წარმატება გვქონია, ამგვარი მიდგომისა და იმ მასწავლებლების დამსახურებაა, რომლებიც ხედავენ, რამხელა მოგება შეიძლება მიიღონ გაკვეთილზეც და გაკვეთილს მიღმაც.

 

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ დებატების სასწავლო პროგრამის გავლა მოზარდს პიროვნულადაც ავითარებს…

 

  • დიახ, გვაქვს ისეთი კურიკულუმები, რომლებიც მხოლოდ ერთი ან ორი უნარის განვითარებაზე კი არ არის ორიენტირებული, არამედ  პიროვნულ ცვლილებას ახდენს. აღმოსავლეთ ევროპაში სწორედ  დებატების ტექნიკის სწავლების  ჩვენი ფორმის იმპლემენტაცია მოხდა. ჩემი სადოქტორო ნამუშევარიც ეხება საკითხს, თუ რა გავლენა მოახდინა ამ პროგრამამ ახალგაზრდებზე. ეს საკითხი ვიკვლიე საქართველოსა და გერმანიაში. შედეგებმა დაგვანახა, რომ ამ სასწავლო კურსის სრულფასოვნად გავლის შემდეგ ახალგაზრდები პიროვნულ დონეზეც იცვლებიან. მათ ,,მეს“ ხატშიც ხდება პოზიტიური ცვლილებები. ოღონდ, ეს არ არის ერთი ტრენინგი, მოდული უფრო ინტენსიურია, გაჯერებულია სავარჯიშოებით. ილიას უნივერსიტეტში ეს კურსი დღესაც კარგად არის დანერგილი და ინტენსიურად  მიმდინარეობს სხვადასხვა ფაკულტეტზე. ასევე კლუბების სახითაც მოქმედებს. სკოლებშიც, სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით, რამდენიმეწლიანი პროგრამები გვაქვს.

 

  • რას მიიჩნევთ დღეს სკოლის მთავარ ამოცანად?

 

  • სკოლამ უნდა ჩამოაყალიბოს ისეთი ქართველი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო სივრცეში ადვილად ადაპტირდება, არც იდენტობას დაკარგავს და ცვალებად სამყაროსაც მოერგება. ეს ზოგადად. უფრო კონკრეტულად კი სკოლამ და მასწავლებელმა მოსწავლეს საკუთარი წარმატების რწმენა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი უნდა განუვითაროს.

 

  • უახლოესი გეგმები?

 

  • ახლა ჩვენი ორგანიზაცია იწყებს პროექტს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით. რეგიონებიდან ჩავრთავთ მასწავლებლებს, რომელთაც ჩვენთან მუშაობის გამოცდილება აქვთ. ამ თარიღთან დაკავშირებით,  ისინი დამატებით აქტივობებს წარმართავენ, მოამზადებენ ბავშვებს თავიანთი საგნობრივი  მიმართულებით.  შემდეგ მოსწავლეები მოამზადებენ სხვადასხვა მასალას: ვიღაც გააკეთებს ფოტოკოლაჟს, სხვა დახატავს, ან ესეის დაწერს და ასე შემდეგ. საინტერესო შედეგებს ველოდებით.

სადისკუსიო თემა გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გეოგრაფიის  მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე  ერთი საკითხი  მოცემული სასწავლო რესურსების გამოყენებით სადისკუსიო თემის  განსაზღვრას ეხება. არცთუ  იშვიათად, აღნიშნულ საკითხთთან მიმართებაში, მასწავლებლებს ხშირად აქვთ კითხვები. სწორედ ამიტომ ჩვენი სტატია ამ საკითხს ეძღვნება.  დისკუსია ინტერაქტიული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. საკლასო დისკუსიის გამოყენება ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში, ხელს უწყობს მათი სოციალური და ინტერპერსონალური უნარების განვითარებას. საკლასო დისკუსია ეხმარება მოსწავლეებს საკითხის ღრმა და დეტალურ განხილვაში. კერძოდ, საკლასო დისკუსიის დროს იქმნება ისეთი ატმოსფერო, რომელშიც მოსწავლეებს შეუძლიათ აზრების ურთიერთგაზიარება, ახალი იდეების გამოთქმა, სხვისი აზრების მოსმენა და გაგება, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. დისკუსიის წარმართვა როგორც დისკუსიის წამყვანის, ასევე მისი მონაწილეებისაგან კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს, მოცემული საკითხის ცოდნას, ლიდერობისა და კოორდინაციის შესაძლებლობას, აზრების ურთიერთგაცვლას, ჯგუფის, როგორც მთლიანის, გათვალისწინებას და, შესაბამისად, საჭიროების საფუძვლიან მომზადებას. საკლასო დისკუსიის მომზადებისას მასწავლებელმა შესაბამისად უნდა შეარჩიოს დისკუსიის კონკრეტული თემა/საკითხი, რომელიც განსხვავებული მოსაზრებების განვითარების საშუალებას იძლევა. ასევე, მასწავლებელმა საკლასო დისკუსიისთვის უნდა შეარჩიოს შესაბამისი ფორმა (მაგ. მოსწავლის პრეზენტაციას მოჰყვება ჯგუფური დისკუსია; მოსწავლეებს მიცემული აქვთ წასაკითხი მასალა ან რაიმე სახის რესურსები (რუკები, ფოტოსურათები, ცხრილები და დიაგრამები) და ამას მოჰყვება შემაჯამებელი პრეზენტაცია და კლასის დისკუსია და ფიზიკური გარემო (მაგ. წრეში ჯდომა დისკუსიის თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობას აძლევს, უფრო ადვილად დაამყაროს კომუნიკაცია; დიდი ჯგუფები შეიძლება დაიყოს უფრო პატარა ჯგუფებად და ა. შ.); დისკუსიის მიმდინარეობის დროს მასწავლებელმა უნდა გააკეთოს შემდეგი:

  1. დისკუსიის ფასილიტაციისათვის შესაბამისი საკლასო გარემოს შექმნა:
    ● დისკუსიის წესების ჩამოყალიბება (აზრის გამოთქმის წესები და ა.შ.);
    ● ძირითადი თემების და ტერმინების ზოგადი მიმოხილვა;
    ● დისკუსიასთან დაკავშირებული მოლოდინების გამოთქმა;
    ● დისკუსიისთვის საკმარისი დროის გამოყოფა.
    2. მონაწილეობის წახალისება/ხელშეწყობა:
    ● მოსწავლეების დასაინტერესებლად მასტიმულირებელი შეკითხვების დასმა;
    ● მოთხოვნა, რომ მოსწავლეებმა მუდმივად შეაჯამონ განხილული საკითხები;
    ● კითხვების მომზადება და მოსწავლეებისთვის გარკვეული დროის მიცემა, რათა მათ წინასწარ მოამზადონ პასუხები და შემდეგ მთელ კლასს წარუდგინონ.
    3. დისკუსიის წარმართვა და დასკვნების შეჯამება:
    ● მოსწავლეების წახალისება, რათა მათ გამოთქვან თავიანთი იდეების გამამყარებელი არგუმენტები;
    ● ჩუმი/მორცხვი მოსწავლისათვის სპეციფიკური დავალების მიცემა, რაც ხელს შეუწყობს მის მონაწილეობას, დისკუსიაში ჩართვას;
    ● ისეთი მოსწავლის შეზღუდვა, რომელიც სხვას არ აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას;
    ● განხილული საკითხების შეჯამება და ძირითადი აზრების ჩამოყალიბება; მოსწავლეების იდეების განმარტება და მოსწავლეებისაგან დამატებითი კომენტარების მოთხოვნა.

ახლა გთავაზობთ ერთი კონკრეტული დავალების ნიმუშსა და პასუხებს.

მოცემული გაქვთ სასწავლო რესუსები (რუკები, სურათები, ცხრილი). ყურადღებით დააკვირდით მოცემულ სასწავლო რესურსებს,  მათზე დაყრდნობით განსაზღვრეთ სადისკუსიო თემა და და უპასუხეთ კითხვებს:

  1.  თქვენი მიზანია, მოსწავლეებს გამოუმუშაოთ არგუმენტირებული მსჯელობის უნარი:  მოცემული  რესურსების საფუძველზე განსაზღვრეთ სადისკუსიო თემა; თემის სათაურში მკაფიოდ ასახეთ სადისკუსიო თემა; თემა აუცილებლად უნდა მოიცავდეს ყველა მოცემულ რესურსს.
  2. დაწერეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც წარმართავთ დისკუსიას;
  3. დისკუსიაზე წამოჭრილი საკითხის (პრობლემის)  დადებითი შედეგის წარმოსაჩენად მოიყვანეთ თითო-თითო ეკონომიკური და ეკოლოგიური ხასიათის არგუმენტი;
  4. დისკუსიაზე წამოჭრილი საკითხის (პრობლემის)  უარყოფითი შედეგის წარმოსაჩენად მოიყვანეთ თითო-თითო ეკონომიკური  და ეკოლოგიური ხასიათის არგუმენტი.

 

დედამიწის ტყეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ამაზონისპირეთის ტროპიკული ტყეების ფართობების ცვლილება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამატებითი  რესურსი ფოტოების სახით

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პასუხები:

  1. ფასდება ადეკვატურად შერჩეული სადისკუსიო თემის სათაური.

სწორი პასუხის ნიმუში:

თემის სათაური:  ტყის რესურსების გამოყენება  – შედეგები და რისკები.

  1. ფასდება რესურსების მიხედვით  დისკუსიის წარმართვის ადეკვატურად  დასახული გეგმა.

სწორი პასუხის ნიმუში: დისკუსიის წარმართვის გეგმა –

მსოფლიო ტყის რესურსებისა და მათი  მნიშვნელობა;

მსოფლიო ტყის რესურსების რაოდენობრივი შეფასება;

დედამიწის ტყეები ორი სარტყელი და მათი შეფასება;

ტყის რესურსების გამოყენების პრობლემა;

ტყის რესურსების რაციონალური გამოყენება.

  1. ფასდება ნებისმიერი ადეკვატურად მოყვანილი დადებითი ეკონომიკური და ეკოლოგიური არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას და ესადაგება აღნიშნულ პრობლემას.

სწორი პასუხის ნიმუში:

დადებითი შედეგის  ეკონომიკური  და ეკოლოგიური ხასიათის არგუმენტები:

ა) ეკონომიკური  – გვაწვდის ხე-ტყის მასალას, კვების პროდუქტებს, წარმოადგენს სათბობ რესურსს, იზრდება სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობები  და სხვ.

ბ) ეკოლოგიური – აუმჯობესებს კლიმატს, არის ჟანგბადის წყარო, აქვს ნიადაგდაცვითი და წყალშემნახველი ფუნქცია; წარმოადგენს მცენარეების და ცხოველების საარსებო გარემოს.

  1. ფასდება ნებისმიერი ადეკვატურად მოყვანილი უარყოფითი ეკონომიკური და ეკოლოგიური არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას და ესადაგება აღნიშნულ პრობლემას.

სწორი პასუხის ნიმუში:  უარყოფითი შედეგის  ეკონომიკური  და ეკოლოგიური ხასიათის არგუმენტები:

ეკონომიკური – უკანონო ჭრა, ხე-ტყისაგან დამზადებული პროდუქტის შემცირება,  ახალი ტყის მასივების გაშენება, ხანძრების ჩაქრობა და სხვ.

ეკოლოგიური – ტყეების ფართობების შემცირება,  მეწყერების გააქტიურება, გაუდაბნოების ტემპების ზრდა, მცირდება ბიომრავალფეროვნება.

 

 

 

 

 

გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი დაწყებით კლასებში

0

სამოდელო გაკვეთილებიდან პრობლემაზე ორიენტირებული, ინტეგრირებული და ინოვაციური გაკვეთილების დაგეგმვის გამოცდილება კოლეგებს სხვადასხვა სტატიაში უკვე გავუზიარე. ამჯერად ვისაუბრებ გაკვეთილის დაგეგმვაზე, რომელიც ორიენტირებულია გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე. ასევე, კოლეგებს შევთავაზებ ჩემ მიერ შედგენილი გაკვეთილის გეგმასა და დამხმარე რესურსებს, რომელთა ნიმუშის სახით გამოყენება შეეძლებათ. მიუხედავად იმისა, რომ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმა გათვლილია კლასკომპლექტისთვის, სადაც გათვალისწინებულია დიფერენცირებული სწავლებაც, მისი მცირე მოდიფიცირებით გამოყენება კოლეგებს ცალკეულ დაწყებით კლასებშიც შეეძლებათ.

 

  1. როგორ დავგეგმოთ გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი?

გამჭოლი კომპეტენციები ეროვნული სასწავლო გეგმის განუყოფელი ნაწილია. თუმცა ასეთი ტიპის სწავლების დანერგვას სკოლებში გარკვეული სირთულეები ახლავს. კერძოდ, ერთ-ერთი მიზეზი სათანადო დამხმარე რესურსების სიმწირეა, რომლებიც მასწავლებლებს თავიანთ საგანში მოსწავლეთა შორის აღნიშნული კომპეტენციების განვითარებაში დაეხმარებოდა. ამიტომაც, სტატიაში ყურადღება გავამახვილე რესურსების მრავალფეროვნებაზე.

უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი ეროვნული სასწავლო გეგმიდან აყალიბებს იდეას, შემდეგ კი აანალიზებს საგნობრივი სტანდარტისა და გამჭოლი კომპეტენციების ურთიერთკავშირს. სტანდარტის ანალიზის შემდეგ მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს ხელმისაწვდომი რესურსები, მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია სახელმძღვანელოს მიღმა – კომპიუტერული პროგრამები თუ სხვა ვიზუალური საშუალებები. შემდეგ კი იგეგმება გაკვეთილი. ამ დროს აუცილებლად უნდა გაირკვეს, რომელი კომპეტენციები აქვთ მოსწავლეებს უკვე განვითარებული და რა დონეზე, რადგან შეუძლებელია ერთი გაკვეთილის ფარგლებში რომელიმე ერთი კომპეტენციის სათანადოდ განვითარება. ქვემოთ წარმოდგენილი გაკვეთილის გეგმის სცენარში მოცემული აქტივობები და შესაბამისი რესურსები ორიენტირებულია რაოდენობრივი და ციფრული კომპეტენციების განვითარებაზე.

 

  1. წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შედგენილ გაკვეთილის გეგმის ნიმუშსა და რესურსებს:
კლასი/კლასები 1-2 კლასი (კლასკომპლექტი)
საგანი/გაკვეთილის თემა მათემატიკა – 1 კლასი –  „ჩვენი ფული“

მათემატიკა – 2 კლასი –  „ჩვენი ფული“

 

წინარე ცოდნა

 

ამ გაკვეთილამდე მოსწავლეებს უკვე უნდა ჰქონდეთ პროგრამა „eLearning“–ში მუშაობის გამოცდილება. იცოდნენ ფაილის მიღება, შენახვა და უკან დაბრუნება.

 

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგები მიზანი:

1 კლასი

მოსწავლეები უნდა გაეცნონ ეროვნული ფულის ნიშნებს 20–ის ფარგლებში და განასხვაონ და დაასახელონ ისინი (მონეტები და ბანკნოტები);

 

2 კლასი

მოსწავლეები უნდა გაეცნონ ეროვნული ფულის ნიშნებს 100–ის ფარგლებში და განასხვაონ და დაასახელონ ისინი (მონეტები და ბანკნოტები).

 

 

ესგ-ის მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:

1 კლასი:

მათ.I.2.  მოსწავლეს შეუძლია რიგობითი რიცხვითი სახელების გამოყენება

·         ის განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს და ბანკნოტებს) 20–ის ფარგლებში;

 

2 კლასი:

მათ.II.5.  მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას.

·         განასხვავებს, ასახელებს და რეალურ/გათამაშებულ ვითარებაში იყენებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტები და ბანკნოტები 100–ის ფარგლებში).

 

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი  

კლასი 1 კლასი 2
აქტივობა #1:  შესავალი საუბარი:

·         რისთვის არის საჭირო ფული?

·         რა იცით ფულის შესახებ?

ასეთი კითხვები საშუალებას მოგვცემს, გავარკვიოთ ფულის გამოყენების რა გამოცდილება აქვთ მოსწავლეებს.

·         ამრიგად, ჩვენ ვიხდით ფულს და ვიძენთ პურს, ნაყინს, ხაჭაპურს და ბევრ სხვა საგნებს.

·         ჩვენ ვსარგებლობთ ფულით, რომელიც ან ქაღალდისგანაა დამზადებული, ან მეტალისგან. ქაღალდისაგან დამზადებულს – ბანკნოტები ეწოდება, მეტალისაგან დამზადებულს – მონეტები.

·         ამჟამად საქართველოს ფულის ერთეულებია ლარი და თეთრი.

·         შევხედოთ სახელმძღვანელოში მოცემულ ნახატებსა (I კლასი) და დასაშლელ მონეტებს (II კლასი) და  ვისაუბროთ მათ შესახებ.

დრო: 10 წთ.

მეთოდი: შეკითხვებზე მუშაობა.

ორგანიზების ფორმა: ფრონტალური–კლასთან.

რესურსები: სახელმძღვანელო.

თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეები გაეცნობიან ეროვნული ფულის ნიშნებს.

აქტივობა #2:  შევკრიბოთ მონეტები.

მოსწავლეს ვთავაზობთ დავალებას, სადაც მოცემულია 1, 2, 5, 10, 20-თეთრიანი და 1 და 2-ლარიანი მონეტებით შექმნილი სხვადასხვა კომბინაციები (რესურსი 1). მოსწავლემ უნდა შეკრიბოს თითოეული კომბინაცია და შედეგი ტოლობის სახით ჩაწეროს.

 

დრო: 15 წთ.

მეთოდი: წერითი მუშაობა.

ორგანიზების ფორმა: კლასთან.

რესურსები: მასწავლებლის მომზადებული დავალება.

თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეები შეკრებენ 1, 2, 5, 10, 20-თეთრიანი და 1 და 2-ლარიანი მონეტებით შექმნილ სხვადასხვა კომბინაციებს.

 

აქტივობა #2: მათემატიკური თავსატეხი.

მოსწავლეებს ვაძლევთ ცხრილში მომზადებულ დავალებას, სადაც  მოცემულია 50-თეთრიანი, 1-ლარიანი და 2-ლარიანი მონეტები. ეს მონეტები უნდა დაშალონ 5, 10, 20, 50-თეთრიანი და 1-ლარიანი მონეტების კომბინაციით (იხილეთ რესურსი 2). ამავდროულად თითოეულ კომბინაციას ჩაწერენ ტოლობის სახით.

 

დრო: 15 წთ.

მეთოდი: დამოუკიდებელი სამუშაო.

ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური.

რესურსები:  მასწავლებლის მომზადებული დავალება.

თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეები დაშლიან 50 თეთრიან, 1 ლარიან და 2 ლარიან მონეტებს.

 

 

 

აქტივობა #3:  დიდაქტიკური თამაში – „მაღაზიაში“.

მოსწავლეებს მიეცემათ სიუჟეტური ნახატები – „მაღაზიაში“, სადაც იყიდება სხვადასხვა სათამაშო. პირველკლასელ მოსწავლეს ვუხსნით, რომ შეუძლია მხოლოდ 20 ლარის დახარჯვა. მეორე კლასის მოსწავლეებს კი ვეუბნებით, რომ უნდა დახარჯონ მხოლოდ 50 ლარი. მოსწავლეები აკვირდებიან სურათებს და ასახელებენ, რომელი სათამაშოების ყიდვა შეუძლიათ.

·         რომელი სათამაშოები მოგივათ მითითებული თანხით?

·         რამდენი ხურდა შეიძლება დაგრჩეთ?

·         რომელი სათამაშოა ყველაზე ძვირი? იაფი?

 

დრო: 10 წთ.

მეთოდი: სიტუაციური თამაში.

ორგანიზების ფორმა: კლასთან.

რესურსები:  მასწავლებლის მომზადებული ნახატები – „მაღაზიაში“.

თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეები ასახელებენ მითითებული თანხით რომელი სათამაშოების ყიდვას შეძლებენ.

 

აქტივობა #4:  დავალების შესრულება ბუკებში

კლასის მართვის პროგრამით „eLearning“ მასწავლებელი მოსწავლეებს გადაუგზავნის პროგრამა Word-ში მომზადებულ დავალებას, რომელიც ამავე პროგრამით შესრულებული ისევ მასწავლებელს უნდა დაუბრუნდეს. დავალებები განსხვავებულია პირველი და მეორე კლასისთვის. კერძოდ, პირველი კლასის დავალებაში ორი ხაზისა და შვიდი სვეტისგან შემდგარი ცხრილია მოცემული. პირველი ხაზის უჯრებში მოცემულია ცხრილის ქვემოთ არსებული სათამაშოების ფასის შესაბამისი მონეტები და ბანკნოტები. მოსწავლემ თითოეული სათამაშო უნდა ჩასვას ცხრილის მეორე ხაზის უჯრაში თავის შესაბამის ღირებულებასთან. ხოლო მეორე კლასის დავალებაში მოცემულია ცხრილი, სადაც ორი ხაზი და შვიდი სვეტია. პირველ ხაზზე მოცემულია სათამაშოები, თავიანთი ფასებით. ცხრილის ქვემოთ კი წარმოდგენილია მონეტებისა და ბანკნოტების გამოსახულებები. მოსწავლემ ამ მონეტებითა და ბანკნოტებით უნდა ააწყოს თითოეული სათამაშოს ღირებულება და ჩასვას ცხრილის მეორე ხაზზე.

დრო: 10 წთ.

მეთოდი:  ელექტრონული სწავლება.

ორგანიზების ფორმა: კლასთან.

რესურსები:  პროგრამა Word-ში მომზადებული დავალება.

თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეები ბუკებში შეასრულებენ დავალებას.

სასწავლო რესურსები სახელმძღვანელო, თაბახის ფურცლები, მოსწავლეთა ბუკები, ინტერნეტი.

მასწავლებლის მომზადებული რესურსები:

რესურსი #1.  „შევკრიბოთ მონეტები“ პირველი კლასისთვის;

რესურსი #2.  „მათემატიკური თავსატეხი“ მეორე კლასისთვის;

რესურსი #3. კომპიუტერული პროგრამით გასაგზავნი დავალება – პირველი კლასისთვის;

რესურსი #4.  კომპიუტერული პროგრამით გასაგზავნი დავალება – მეორე კლასისთვის;

რესურსი #5.  სიუჟეტური ნახატები „მაღაზიაში“ – პირველი და მეორე კლასისთვის.

 

მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმები

 

დიახ არა
მოსწავლეს შეუძლია მონეტებისა და ბანკნოტების გარჩევა (1 კლასი – 20–ის ფარგლებში, მეორე კლასი – 100–ის ფარგლებში).
მოსწავლეს შეუძლია სწორად გამოიყენოს მონეტები და ბანკნოტები როლურ თამაშებში.

 

მოსწავლე ავლენს ელემენტარულ კომპიუტერულ უნარ–ჩვევებს დავალების შესასრულებლად (მაუსის გამოყენება, ფაილის მიღება, შენახვა, უკან დაბრუნება).

 

 

 

 

 

  1. დასკვნა

მინდა აღვნიშნო, რომ გაწერილი აქტივობები ითვალისწინებს მოსწავლეთა წინარე ცოდნასა და შესაძლებლობებს. კერძოდ, მოსწავლეები უკვე ცნობენ რიცხვებს 20–სა (I კლასი) და 100–ის ფარგლებში (II კლასი) და შეუძლიათ ამ რიცხვების ფარგლებში შეკრება–გამოკლების მოქმედებების შესრულება. გარდა ამისა, ჩემ მიერ შექმნილი რესურსებიც ხელს უწყობს მიზნის მიღწევას. ნახატები „მაღაზიაში“ ვიზუალურად ადვილად აღსაქმელი და სახალისოა. ვორდის სავარჯიშოები კი, რომლებიც ბუკებშია შესასრულებელი, ითვალისწინებს მაუსის გამოყენებით ცხრილის შესაბამის უჯრებში მოცემული ნახატების, მონეტებისა და ბანკნოტების ჩასმას; კლასის მართვის პროგრამით მასწავლებლის მიერ გამოგზავნილი დავალების შესრულება კი – ფაილის მიღების, შენახვისა და უკან დაბრუნების ფუნქციების გამოყენებას.

ამრიგად, გეგმის მიხედვით გაწერილი აქტივობები და დამხმარე რესურსები ხელს შეუწყობს როგორც რაოდენობრივი, ასევე, ციფრული კომპეტენციების განვითარებას.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2016;
  2. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. მეორე ნაწილი.

 

ნინო დათუკიშვილი

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ-მასწავლებელი

დიალექტის  საკითხი და  თანამედროვე ქართული ლიტერატურის უახლესი თარგმანები

0

ლიტერატურული თარგმანი არა მხოლოდ ტექსტის, არამედ ენობრივი კონცეფციის, კულტურული კონტექსტის, ეთნოსოციალური თვითმყოფადობის, მხატვრული რეალობის სხვა ენაზე გადატანის ცდაა, შესაბამისად, ყოველი ახალი თარგმანი ახალი ენობრივი სინამდვილის შექმნაა.

მხატვრული ნაწარმოების თარგმნისას მრავალი სირთულე იჩენს თავს, იქნება ეს მწერლის ენისა და სტილის მაქსიმალურად სრულყოფილად შენარჩუნება, ენობრივი სისტემის ცვლა, ფრაზეოლოგიზმებისა თუ სხვადასხვა ტროპული ერთეულებისათვის საუკეთესო ეკვივალენტის მოძებნა და ა.შ. ერთ-ერთი ასეთ პრობლემათაგანი ლიტერატურული ნაწარმოების თარგმნისას  დიალექტისა და სოციოლექტის სხვა ენაზე გადატანაა. როგორ ვთარგმნოთ დიალექტი? რა საშუალებები და მიდგომები არსებობს, როგორია საუკეთესო გამოსავალი რთული და თავისებული ენობრივი რეალობის სხვა კულტურულ კონტექსტში აჟღერებისას, თანაც ისე, რომ ნაწარმოების აზრი, ის კონცეფცია არ დაიკარგოს, რომელსაც ავტორი გულისხმობს ტექსტში დიალექტური რეალობის ასახვისას.

დიალექტი და სოციოლექტი ხშირად მხოლოდ პერსონაჟის იდენტიფიკაციის ან გეოგრაფიული კუთვნილების მაჩვენებელი კი არა, უმთავრესი მხატვრული საშუალებაცაა. მეტიც, დიალექტის გამოყენებამ პოეზიაში შესაძლოა ცალკე მიმართულებაც კი წარმოშვას, როგორიცაა, მაგალითად, იტალიური დიალექტური პოეზია, ავსტრიული და სხვა. ვილანდ შმიტი თავის ესეიში “პოეტი ჰ. კ. არტმანი“ წერს: „რაში მდგომარეობს არტმანის უეცარი წარმატების მიზეზი? ახალი და თვითმყოფადი მის ჟარგონულ ლექსებში ის გახლავთ, რომ იგი ახერხებს ენის მოხელთებას მისი ქმნადობის პროცესშივე, – იქ, სადაც ის ენად იქცევა, სადაც ის ყველაზე ცოცხალი და დასაბამიერია. იგი ჩასწვდა დიალექტის ფესვს, იმ წიაღს, სადაც ის ითხზება და იქსოვება, სადაც სინამდვილესთან შეხვედრისას იბადება ხატოვანი და პლასტიკური გამოთქმა, რომელშიც ეს სინამდვილე თავის სიცოცხლეს განაგრძობს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მისი ყველა გამოგონება და აღმოჩენა სრულიად ბუნებრივ ხასიათს ატარებს: პოეტის მაგიერ ენა გვევლინება შემოქმედად, თავად მას კი მხოლოდ პირის გაღებაღა უწევს“. (@”არილი”)

ქართული თარგმანის მდიდარი და ხანგრძლივი ისტორია, რასაკვირველია, გულისხმობს დიალექტის თარგმანისადმი განსხვავებული დამოკიდებულებების არსებობას. სხვადასხვა დროს ქართულ ენაზე თუ ქართული ენიდან ითარგმნებოდა ისეთი მხატვრული ტექსტები, სადაც დიალექტური მეტყველება ავტორის სტილის, ნაწარმოების ჟანრისა თუ სტილისტიკის, პერსონაჟის თავისებურებების, ლიტერატურული ტოპოსის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ნიშანია. როგორ ვთარგმნით დიალექტს? ვპოულობთ მის მსგავს დიალექტს იმ ენაში, რომელზეც ვთარგმნით? ვთარგმნით სალიტერატურო ენაზე მცირედი სტილისტური დაკონკრეტებებით? ვქმნით ახალ, ხელოვნურ დიალექტს?

ის, რომ დიალექტის უგულებელყოფა თარგმანისას არ შეიძლება, ცალსახაა, ხშირად, დიალექტი არა უბრალოდ ლინგვისტური რეალობა, არამედ სოციოლიგვისტური ერთეულია, როგორც, მაგალითად, აშშ-ში მცხოვრებ აფროამერიკელთა ზოგიერთი მეტყველების ტიპი, რომელსაც ზოგიერთი ენათმეცნიერი ეთნოსოციალური დიალექტის ტიპსაც მიაკუთვნებს.

დიალექტის სხვა ენაში გადატანის პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება, სხვა ენის ეკვივალენტის შერჩევას, ლინგვისტური ნიშნების გარდა, კულტურული კონტექსტი, ტემპერამენტი, ეთნოთავისებურება, სოციალური ხასიათი და სხვა მეტალინგვისტური ნიშნები  უნდა განაპირობებდეს. ძალიან ხშირად, დიალექტური თავისებურებები არ ითარგმნება. ამიტომ, ჩვენ, როდესაც სხვა ენაზე თარგმნილ ამა თუ იმ მხატვრულ ტექსტს ვკითხულობთ, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ორიგინალში დიალექტური მეტყველებაა. ყველაზე მარტივი მაგალითი, ალბათ,  ასტრიდ ლინდგრენის „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალია“, სადაც დიალოგებში ხშირად გამოიყენება სმოლანდური დიალექტური მეტყველება, ხოლო თარგმანში მხოლოდ გარკვეული სტილისტური თავისებურებებით გამოიხატება მისი თავისებურება, ასე გაჩნდა მაგალითისთვის, ემილის „კეპუკა“, რომელიც არა კნინობითი სუფიქსით გამოხატული არსებითი, არამედ ამ არსებითი სახელის დიალექტური ვარიანტია ორიგინალში.

როგორ იქცევა მთარგმნელი, რა გზას ირჩევს? მიდგომა სხვადასხვაგვარია, მაგალითად, პიერ პაოლო პაზოლინის „ქუჩის ბიჭების“ მთარგმნელი, ხათუნა ცხადაძე დიალექტის გადმოტანას ეწინააღმდეგება: „მთარგმნელისთვის პაზოლინის ნებისმიერი ტექსტი ურთულესი სამუშაოა. მის რომანებში რამდენიმე ენობრივი შრე იკვეთება: გარდა დიალექტისა, უმნიშვნელოვანესია სოციალური გარემო, რომელიც თარგმანში ისეთივე რთული გადასატანია, როგორც დიალექტი. პაზოლინის პერსონაჟები დაბალი ფენის, ლამის წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანები არიან. რომ შემეძლოს, კამერით ავედევნებოდი მთელი დღის მანძილზე და თითოეულ მათ სიტყვას, ნაბიჯს გადავიღებდიო – ამბობს ერთგან. ბუნებრივია, ასეთი წიგნი თარგმანში ბევრს კარგავს. დიალექტის დიალექტით გადმოტანას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ერთი ენის ამა თუ იმ დიალექტის სხვა ენის რომელიმე დიალექტით გადმოტანა გამოუსწორებლად აფუჭებს წიგნის კულტურულ გარემოს, სრულიად წყვეტს მკითხველს ორიგინალს, რაც დაუშვებელია. რომელ ქართულ დიალექტზე შეიძლება უქცევდეს რომაელი ბიჭი თარგმანში: გურულად? იმერულად? თუ ქართლ-კახურად ან მთიულურად? ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. დიალექტის ენობრივი შრე თარგმანში თითქმის იკარგება და მხოლოდ სოციალური შრით თუ „ითამაშებს” მთარგმნელი, ე.წ. ენის „რეგისტრით”. (@”არილი”)

როგორი მდგომარეობაა ქართული ლიტერატურის უცხოურ თარგმანებში? როგორ გადადის დიალექტური მახასიათებლები? იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთარგმნელები ტექსტის დიალექტური შეფერილობის სხვა ენაზე რეპრეზენტაციას ვერ ახერხებენ ან სხვა საშუალებებით ცდილობენ. მაგალითისთვის, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ რუსულ და ინგლისურ თარგმანებში თითქმის არ არის დიალექტური ლექსიკა, რომელსაც ხშირად იყენებს ავტორი ორიგინალში. ასევეა ნოდარ დუმბაძის პროზის შემთხვევაში, სადაც რუსულმა თარგმანმა არანაირი დიალექტური მახასიათებელი არ შეინარჩუნა.

2018 წლის ოქტომბერში საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნების ბაზრობის საპატიო ქვეყანაა, რაც   მრავალი კუთხითაა მნიშვნელოვანი.

ქართული ლიტერატურის შანსი, თავისი სათქმელი გააგებინოს მსოფლიოს, აბსოლუტურად გამოუყენებელი იქნება კარგი, სწორი ლიტერატურული თარგმანების ნაკლებობის ან არარსებობის შემთხვევაში. ამიტომაც, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა უცხოურ გამომცემლობებთან ქართული, (განსაკუთრებით თანამედროვე) ლიტერატურის თარგმანის თაობაზე. ეს სისტემური მუშაობა კარგ შედეგებსაც იძლევა, 2018 წელს ქართული ლიტერატურა 300-მდე თარგმანით ეცდება თავი გააცნოს მსოფლიოს.

როგორია ეს თარგმანები, რა სირთულეები და პრობლემები იკვეთება თარგმანისას? როგორია თანამედროვე ქართული ლიტერატურის დიალექტური შეფერილობა? როგორ იყენებენ თანამედროვე ქართველი ავტორები ქართული ენის ამოუწურავ საშუალებებს?

თუ უახლეს ქართულ ლიტერატურას გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ტექსტის სტილისტური გაფორმების საშუალებად, მხატვრულ ხერხად ან პერსონაჟის მეტყველების მახასიათებლად სულ უფრო და უფრო ნაკლებად გამოიყენება დიალექტი. ეს შესაძლებელია იმის ბრალიცაა, რომ ლიტერატურული პროცესი ძირითადად დედაქალაქში, ლიტერატურული ენის პირობებში მიმდინარეობს ან თანამედროვე ლიტერატურის ახალი მიმდინარეობები ნაკლებად გამოიყენებენ მრავალფეროვან ენობრივ საშუალებებს.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ თანამედროვე პროზაში უფრო ქალაქური მეტყველების სხვადასხვა ფორმები, ჩვეულებრივი, სალიტერატურო ენის მარტივი ვარიანტი, ე.წ. ყოველდღიური ენა გამოიყენება, თუმცა, რასაკვირევლია, არსებობს გამონაკლისები. იმისათვის, რომ თარგმანის პროცესზე, დიალექტისა და სოციოლექტის სხვა ენაზე გადატანის სპეციფიკაზე ვისაუბროთ, ავარჩიეთ რამდენიმე ტექსტი,  რომელიც სულ ახლახან ითარგმნა სხვადასხვა ენებზე

  აკა მორჩილაძე, „სანტა ესპერანსა“ ( მთარგმნელი ნათია მიქელაძე)

აკა მორჩილაძის პროზის მთავარი ხიბლი და წარმატების მიზეზი ავტორის ლინგვისტური განსწავლულობა, ენობრივი ექსპერიმენტებით თამაში, ენისა და დიალექტების ღრმა ცოდნაა, რაც მის ყველა ნაწარმოებში ვლინდება. განსაკუთრებით საინტერესო ენობრივი ექსპერიმენტია მისი რომანი „სანტა ესპერანსა“.

„სანტა ესპერანსა“ გამოგონილი ლიტერატურული ტოპოსია, გამოგონილი ქვეყანა და დიალექტიც გამოგონილი, ხელოვნური აქვს. ქართული ენის რამდენიმე დიალექტის თვისებებს ატარებს. ძალიან წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა მთარგმნელის, ნათია მიქელაძის გადაწყვეტილება: „სუნგალები ხომ არარსებულნი არიან – არც სვანები არიან, არც კახელები. კუთხური უნდა გადმოიტანო, როგორც გერმანიაშიც არ არსებობს, ფიქტიურია. მე რაღაც შვაბიური ლექსიკონი ვიყიდე და ეს შვაბურ-საქსონური სტილი შეიქმნა, რომ არ ყოფილიყო დამახასიათებელი არც შვაბებისთვის, არც საქსონელებისთვის, მაგრამ გამოსულიყო როგორც დიალექტი“

 

კოტე ჯანდიერი „გლობალიზაცია“ (მთარგმნელები ნატალია ბუკია-პიტერსი და ვიქტორია ფილდი)

 

„გლობალიზაცია“ თავიდან ბოლომდე დიალექტური ტექსტია, დეტალებამდე ზუსტი, ცოცხალი კახური დიალექტი მოთხრობას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.

„იმ ყოფაში ვიყავით, რო ჩვენ ღობეს ეტლი მაადგა. იქიდან აცრემლებული ანიჩკა გადმოვარდა

და ჩემკენ გამეექანა გულამომჯდარი. გავიხედე -ელიჩკა ვახვახიშვილი და მაგისი ძმისწული, ელიზბარაც არ გადმოდიან?! მაგითთვინ უხიფათო არ იყო ესრეთ დროსა და ვითარებაში ჩვენ ოჯახში მოსვლა, რად უნდა ლაპარაკი! მარტოკინა მაინც არ გამოუშვეს ჩემი და… წარმაიდგინეთ, არც თელაველ

სტუმრებს გამეეგება ვანა. ერთადერთი, როცა ოთახში შემოლაგდნენ, ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამაართვა. დავსხედით სკამებზე. ელიჩკამ ფუთას თავი მოხსნა და იქიდან თბილი საცვლები, წინდები და ნაქსოვიხელთათმანები ამაალაგა. მერე

პაპაჩემს გახედა და თქვა: „ვანა, თბილისში უნდა წახვიდე. ბიჭს თბილები დასჭირდება;

მეტადრე თუ გააციმბირეს… ამ ქაღალდს კი ენკავედეში დასტოვებ. შეწყალების თხოვნაა. მე დაგიწერე. შენ მარტო ხელი მააწერე და კანცელარიაში მიიტანე, ოღონდაც გააკანტროლე, ჟურნალში გაატარონ და ზედ ნომერი დაასვან.“

ამავე ეპიზოდის ინგლისურ თარგმანს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დიალექტური მეტყველების კვალიც არ არის. მთარგმნელთა გადაწყვეტილებით, ტექსტი ლიტერატურულ ინგლისურზე ითარგმნა, თუმცა, სასაუბრო სტილის სიმარტივის წყალობით, თარგმანში ერთგვარი ინტიმურობა და გულწრფელობა შენარჩუნებულია.

 

დიალექტური მეტყველების თარგმნისას იკვეთება მთარგმნელთა გადაწყვეტილების ორი ძირითადი მიმართულება

  1. დიალექტი გადადის დიალექტით, თუნდაც მხოლოდ ლექსიკურ ან ფონეტიკურ დონეზე;
  2. დიალექტი ითარგმნება სალიტერატურო ენით, თუმცა მეტყველების გარკვეული მახასიათებლების საშუალებით, ინარჩუნებს მცირე განსხვავებას და სტილისტურ შეფერილობას.

„მშობლებთან თანამშრომლობა – ვსწავლობთ ერთად“

0

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება ახლოსაა იმ მიდგომასთან, რომელსაც თანამედროვე საგანმანათლებლო თეორიებში პრობლემაზე ორიენტირებულ სწავლებას უწოდებენ.

სასწავლო პროცესების მართვისას მასწავლებელი არა ხელმძღვანელის, არამედ ფასილიტატორის ფუნქციებით სარგებლობს.

მოსწავლეები გაცილებით უკეთ ართმევენ თავს პროექტის დროს  დაგეგმილი აქტივობების მართვას მაშინ, როდესაც თვითონ მონაწილეობენ მის დაგეგმვაში და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე სწავლობენ. ეფექტურ შედეგს იძლევა მშობელთა ჩართულობაც. მათი გააქტიურება და პროექტის წარმართვის პროცესში მათთვის დამოუკიდებლობის მინიჭება, ერთი მხრივ, ზრდის მათ პასუხისმგებლობას და ამასთანავე,  აჩვევს მშობლებს შვილებთან თანამშრომლობას. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება 21-ე საუკუნის უნარებს ავითარებს.

სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა წარმატებისთვის. როგორი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსიც არ უნდა ჰქონდეს ოჯახს, მშობლის მონაწილეობა შვილის განათლების პროცესში დიდ გავლენას ახდენს მოსწავლის განვითარებაზე.  მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებაზეც. სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიურობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. ამდენად, უკეთესი შედეგების მისაღწევად სკოლა და მასწავლებელი დაინტერესებული უნდა იყოს მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით. მშობელთა აქტიური ჩართულობა დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე.

როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოცდებისა და ტესტების უკეთესი შედეგები; უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობის პროცესშიც. მაგრამ როგორ შეუძლიათ მშობლებს, ეფექტიანად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და როგორ შეუძლია სკოლას მათი მხარდაჭერა? უფრო ზუსტად რას ნიშნავს „მშობელთა ჩართულობა“? ტერმინი „მშობელთა ჩართულობა“ აღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას  მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას.

„მშობელთა ჩართულობა“ ნიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, სასწავლო პროცესსა და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ დროს:  მშობლები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ შვილის სწავლის პროცესში;  მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში; მშობლები შვილების სწავლის პროცესში არიან ჩართული, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორები და ეხმარებიან მას, მიიღოს გადაწყვეტილება, სად გააგრძელებენ სწავლას. მშობლებისთვის „მშობლის ჩართულობა“ შეიძლება გულისხმობდეს:  შეძლებისდაგვარად მეტ სასკოლო ღონისძიებაზე დასწრებას;  ბავშვის მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს წახალისებასა და ქებას მშობლის მხრიდან; სკოლისთვის რეალური მოთხოვნების დასახვას; მასწავლებლებთან რეგულარულ შეხვედრებსა და მათი შვილის პროგრესის განხილვას;

რაში ეხმარება ეს მოსწავლეს: როდესაც მშობელი ჩართულია ბავშვის განათლების პროცესში, მოსწავლეს უკეთესი მიღწევები აქვს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ეთნიკური წარმომავლობა თუ მშობელთა განათლების დონე. მოსწავლე, რომლის მშობელიც ჩართულია შვილის განათლების პროცესში, უფრო წარმატებით ამთავრებს სკოლას და მეტად აქვს სწავლის გაგრძელების სურვილი.

სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლების შვილებს უფრო კარგი ურთიერთობები აქვთ როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთან. განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებით სწავლობენ, როდესაც მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობების გათვალისწინებას.

რა სარგებელი აქვს ამას მშობლისთვის :მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებისათვის, ასევე მშობლის უნარ-ჩვევების განვითარებისთვისაც. იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები. ბავშვის განათლების პროცესში მონაწილეობის შედეგად მშობელს  მეტად ესმის საკუთარი შვილის;  უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის სოციალური, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს;  ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს მის მიღწევებს;  ხდება უფრო თავდაჯერებული და სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში;  უფრო თავდაჯერებულია გადაწყვეტილების მიღებისას;  მეტ ყურადღებას აქცევს საკუთარი ცოდნის დონისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას; უფრო წარმატებით იყენებს სხვადასხვა შესაძლებლობებს საკუთარი ოჯახისა და შვილის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

რაში ეხმარება ეს მასწავლებლს :მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელს ეხმარება, გახდეს უფრო თავდაჯერებული.  მასწავლებლები მეტად აფასებენ თავიანთ პროფესიას;  ისინი უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი საქმიანობით და მისი შედეგებით. მშობელთა ჩართულობა ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობლებსა და მასწავლებლებს შორის, რაც ეხმარება პედაგოგს, სისტემატურად იღებდეს ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის შესახებ. მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სასწავლო პროცესის მორგება კი მასწავლებელს სასურველ შედეგს მისცემს.

ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციების მიზანი იყო მოსწავლეებსა და მშობლებში მოტივაციის ამაღლება და მათი დაინტერესება საგაკვეთილო პროცესით, რათა, რაც შეიძლება მეტ მოსწავლესთან მიმეღწია ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილი მიზნებისთვის.

მშობელთა ჩართულობის მიზნით დავიწყე ფიქრი სასწავლო პროექტზე. იდეა დაიბადა კითხვის გაკვეთილზე. მოსწავლეებთან დისკუსიის შემდეგ შეირჩა პროექტის სათაური: „წიგნი ერთგული მეგობარია“.  მსვლელობის დროს გამოყენებული იქნა ინტერნეტრესურსები, რამაც მრავალფეროვანი გახადა სხვადასხვა ტიპის პროდუქტები: ტექსტური, რეფერატული, ვიზუალური მასალით გამდიდრებული პრეზენტაციები, მედიაფილმები. პროექტის მთავარი იდეა იყო მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება, ცოდნის გაღრმავება-განმტკიცება, მასწავლებელსა და მშობელს შორის კომუნიკაციის გაღრმავება.

მიზნის მისაღწევად გამოვიყენე შემდეგი აქტივობები:

  • თვალსაჩინოებები;
  • პროექტებით სწავლება;
  • სასწავლო რესურსები PowerPoint;
  • ფილმების ჩვენება;
  • საბავშვო ლიტერატურა.
  • თვალსაჩინოებები ძალიან კარგი რესურსია მოსწავლეებისთვის. ის ეხმარება მათ მასალის უკეთ ათვისებაში. მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად კითხვის გაკვეთილზე შევქმენი დაგეგმილი აქტივობების სლაიდშოუ:
  • მოგზაურის დღიური;
  • მოვიგონოთ თავიდან;
  • პოეტი;
  • რა მოგეწონა? (საყვარელი საბავშვო გადაცემა);
  • წაკითხულის შინაარსი (,,ცხელი სკამი“).

პროექტებით სწავლება ძალიან საინტერესოა, მოსწავლეებს უვითარდებათ შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, პრობლემის გადაჭრის უნარები. მოსწავლეები და მშობლები აქტიურად მუშაობენ და ქმნიან პროდუქტს.

  • ,,წიგნი-ერთგული მეგობარია“.
  • მასალა განთავსებულია საიტზე: https://qetevan1969.blogspot.com

პროექტის განხორციელების დროს, „ცხელი სკამის“ აქტივობის განხორციელების შემდეგ, რომელიც მოსწავლეებთან ერთად წარვმართე, საგაკვეთილო პროცესში ჩაგვერთნენ მშობლები. მათ შვილებთან ერთად წარმოადგინეს პრეზენტაციები: მოგზაურის დღიური.

  • მოვიგონოთ თავიდან.
  • პოეტი.

რა მოგეწონა?(საყვარელი საბავშვო გადაცემა).

ჩემ მიერ განხორციელებულ ინტერვენციებს დადებითი შედეგი ჰქონდა, მოსწავლეები და მშობლები ინტერესით ჩაერთნენ სასწავლო პროცესში. საგაკვეთილო პროცესი მათთვის ბევრად უფრო საინტერესო და სასიამოვნოა.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პროექტის მსვლელობაში რამდენიმე მშობელი არ ჩაერთო, მიუხედავად ამისა , ვთვლი, რომ დაგეგმილი აქტივობები საინტერესო იყო არა მხოლოდ მოსწავლეებისათვის, არამედ მშობლებისათვისაც. საგაკვეთილო პროცესი ინტერაქტიული მეთოდით წარიმართა.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი II ნაწილი.

ინტერნეტ რესურსი: www.kargiskola.ge

 

 

ქეთევან ლომიძე

  

სსიპ ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი 

 

 

 

 

თავისუფალი წერილი როგორც ცოდნის დიაგნოსტიკის საშუალება

0

მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებისა და დიაგნოსტიკის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ ორიგინალურობითა და შემოქმედობითობით გამოირჩევა თავისუფალი წერილის (Freewriting) მეთოდი.

ის პირველად პიტერ ელბოუმ (Peter Elbow) აღწერა წიგნში „Wraiting without teachers“ (1973). წიგნს ფართო გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო ნატალი გოდბერგმა ხსენებული მეთოდი ძენ-ბუდიზმის პრინციპებთან გააერთიანა და მიიღო ე.წ. წერის პრაქტიკა, რომელიც გადმოსცა კიდეც თავის წიგნში „Writing down the bones“ (1986). განსაკუთრებული პოპულარობა თავისუფალი წერილის მეთოდმა XX საუკუნის 90-იან წლებში მოიპოვა. მეთოდი საკმაოდ მარტივია, საჭიროა მხოლოდ ცარიელი ფურცელი, კალამი (ცხადია, შეიძლება კომპიუტერის გამოყენებაც) და დროის საზომი. წერა მიმდინარეობს შეუჩერებლად გარკვეული ხნის განმავლობაში, ადამიანი წერს ყველაფერს, რაც თავში მოსდის, ისე, რომ არ ფიქრობს სტილსა და ორთოგრაფიულ შეცდომებზე.

მოცემული ტექნიკა გამოადგება ყველას, ვისაც საქმე აქვს სიტყვასთან, მწერალი იქნება, ბლოგერი, რიგითი სტუდენტი თუ მოსწავლე. ამიტომ იყენებენ მას ფართოდ სასკოლო პრაქტიკაშიც.

რითია სასარგებლო თავისუფალი წერილის მეთოდის გამოყენება სასწავლო პრაქტიკაში?

მეთოდის საფუძველია იდეა, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც სათქმელი ნებისმიერ თემაზე (კოტექსტური ცოდნა), მაგრამ არსებობს სუბიექტური ფაქტორები: შფოთვა, კრიტიკის მიმართ შიში, აპათია და ფრუსტრაციის მომენტები, – რომლებიც არ გვაძლევს გახსნის საშუალებას. თავისუფალი წერილი ის გზაა, რომლითაც მოსწავლე თავის თავში აღმოაჩენს ახალ იდეებს, წარმოდგენებს, შესაძლებლობებს, ასე ვთქვათ, გაარკვევს, „რა იცის“ და „რა აინტერესებს“, ესაუბრება საკუთარ თავს, შესაძლოა გაუჩნდეს რაიმე ახლის წაკითხვის ან გაკეთების სურვილი, ან თუნდაც წარმოიდგენს, რას და როგორ დაწერს მომავალში, ხოლო მასწავლებლებს უფრო ახლოს გააცნობს მოსწავლეებს, დაეხმარება მათ მიერ აღმართული კედლების დანგრევაში (ვიწრო გასასავლელის პოვნაში მაინც, რომელიც მათ მოსწავლესთან უფრო მეტად მიახლოების საშუალებას მისცემს).

თავისუფალი წერილი ეხმარება მოსწავლეებს:

  • ლექსიკური მარაგის განვითარებაში;
  • აზრებისა და წინადადებების ფორმულირებაში;
  • შეფასების მიმართ შიშის დაძლევაში;
  • საკუთარი თავით სწავლაში;
  • საკუთარი აზრების გამოხატვაში;
  • ფანტაზიის, რეალიზმისა და წარმოსახვის განვითარებაში;
  • დროის დაფასებასა და სწორ გამოყენებაში;
  • თემის კონტექსტის გააზრებაში;
  • რთული ტექსტის დამუშავებაში;
  • პრეზენტაციის მომზადებაში;
  • საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვაში;
  • კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში;
  • კრეატიულობაში;
  • ცოდნის კონსტრუირებაში;
  • იმპროვიზაციაში;
  • თამაშში.

თავისუფალი წერილის წესები გაკვეთილზე:

  1. დავალებას ეთმობა განსაზღვრული დრო, უმეტესად – 10-20 წუთი;
  2. იწერება ყველაფერი, რისი მოფიქრებაც შეიძლება მოცემული თემის შესახებ (ან უბრალოდ რაც მოსწავლეს თავში მოუვა);
  3. თემა წარმოდგინილია მთლიანობაში, მისი ყველა ნაწილი დაკავშირებულია ერთმანეთთან, არ იწერება ცალკეული თეზისები;
  4. ტექსტთან დაბრუნება, მისი ჩასწორება არ ხდება, რჩება ისე, როგორც დაიწერა;
  5. წერა გრძელდება მაშინაც კი, როდესაც მოსწავლეს არავითარი აზრი არ მოსდის თავში; მან უნდა აიძულოს თავი, წეროს მანამდე, სანამ თემას არ დაუბრუნდება;
  6. წერისას ორთოგრაფიას ყურადღება არ ექცევა;
  7. მთავარია პროცესი და არა შედეგი;
  8. თუ მოსწავლე ცუდ გუნებაზეა, უმჯობესია, ესეც აღწეროს წერილში (მაგალითად: „რატომ მიკანკალებს ხელი წერისას?“, „რატომ ვნერვიულობ?“, „რას ვგრძნობ ახლა?“ – და ა.შ.);
  9. შეიძლება შევთავაზოთ ნაწერის ხმამაღლა წაკითხვა ჯგუფის ან კლასის წინაშე, მაგრამ ეს უნდა იყოს ნებაყოფილობითი;
  10. სურვილის შემთხვევაში შეიძლება ჯგუფურად წერაც.

თავისუფალი წერილის ერთ-ერთი ვარიანტია კონკრეტულ თემაზე წერილის დაწერა (focused freewriting), რომლის დროსაც მოსწავლე:

  • დამოუკიდებლად ირჩევს თემას (მაგალითად, რაიმე პროექტის ან გაკვეთილის შესახებ წერს, ან თავისუფალ თემას ამჯობინებს, თუნდაც „როგორ გავატარე არდადეგები“;
  • მოსწავლეს მიეცემა განსაზღვრული დრო, რომლის განმავლობაშიც ის წერს ყველაფერს, რაც თავში მოუვა, ყურადღებას არ აქცევს ტექსტის შინაგან ლოგიკას, სტილისტიკას და ა.შ.;
  • შეუძლია, დაწერილი ტექსტი გადაიკითხოს, გამოყოს ძირითადი იდეა, ჩაამატოს ან ამოაკლოს რამე, ახლებურად შეხედოს პრობლემას, იპოვოს ჩიხიდან გამოსავალი.

თავისუფალი ან ფოკუსირებული წერილის დაწერა შეგვიძლია შევთავაზოთ მოსწავლეს გაკვეთილის დასაწყისში ან ბოლოს, რეფლექსიის ეტაპზე, გაზოგადებისა და გამეორების გაკვეთილებზე, „კლასის საათზე“ და ა.შ., მაგრამ განსაკუთრებით ეფექტურია დიაგნოსტიკისთვის, რომლის დროსაც მოსწავლის ცოდნის შემოწმება ხდება სრულიად უშფოთველად, ძალდატანებისა და შეფასების შიშის გარეშე. წერის პროცესში აქტიურდება მოსწავლის გონება, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მოცემული მასალები საშუალებას მისცემს მასწავლებელს, გამოიტანოს დასკვნა მოსწავლის ცოდნის შესახებ და თავადაც დაისახოს კლასთან მომავალი მუშაობის გეგმა.

მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე მასწავლებელმა კლასს შეიძლება შესთავაზოს დაწერა რომელიმე ეპოქაზე, ბავშვთა უფლებებზე, ტექნიკური სიახლეების გამოყენებაზე, ან წერილის მიწერა ისტორიული პირებისთვის და სხვ. მაგალითად, ისტორიის გაკვეთილზე რენესანსის ეპოქაზე ფოკუსირებული წერილის დაწერისას მეშვიდეკლასელებმა ნიმუშად გამოიყენეს საკუთარი ცხოვრება, საკუთარი ურთიერთობები, ინტერესები და ისე ააგეს თხრობა, რომ გამოჩნდა, რა იცოდნენ რენესანსზე, იდმროინდელი ადამიანების ოცნებებზე, საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ქვეყანაზე, ქალაქზე, საცხოვრებელი სახლებისა თუ სასახლეების სტილზე, რა შესაძლებლობები ჰქონდათ მიზნების მისაღწევად იმდროინდელ ადამიანებს და ა.შ.

რაც შეეხება „თავისუფალ წერილს“, მაგალითად გთავაზობთ მეცხრეკლასელის ნამუშევარს (სურ.1.):

„მასწავლებელმა – ფრაირაიტინგიო… რად მინდა ფრაირაიტინგი? რას მომცემს ახალს? რაც ვიცი, ისედაც ვიცი, რაც არ ვიცი და რას მოვიგონებ?.. ან რაში მჭირდება ახლა რაიმეს წერა?.. როსტომ ხანზე ვისაუბრო თუ ქართლ-კახეთის გაერთიანებაზე? რამეს შევცვლი თუ რა?.. რა უნდა გავიხსენო ახლა ისეთი, სამომავლო მაგალითად რომ გამომადგეს?.. ოცდამეერთე საუკუნეში ხმალი და შუბი რაიმე ცოდნის მომცემია?.. დროს ვკარგავთ და მეტი არაფერი… ან ესენი, ჩემი კლასელები რას წერენ ნეტავ? თავისუფალი წერა მესმის ლიტერატურის გაკვეთილზე, ისტორია რა შუაშია?.. ან იქნებ შუაშია?.. პრინციპში ყველაფერი ხომ ისტორიის ნაწილია, ლიტერატურის გაკვეთილებიც კი… რა ვილაპარაკო ახლა? მოდი გაკვეთილს დავწერ, რაც დღეს გვქონდა… მაგრამ ამდენ მასალას რა დაწერს, თანაც 10 წუთშიო… ამხელა გაკვეთილის დაწერას 10 წთ. ვერ მოვასწრებ… ერთი თავი რომ დავწერო?. ერთი თავის დაწერასაც რა აზრი აქვს, რა უნდა გაიგოს ადამიანმა ერთი ქვეთავით… ცოტა-ცოტა რომ ყველაფერი დავწერო?.. ოოო, ახლა ყველაფერი თუ დავწერე 10 წუთი რას მეყოფა… ნეტავ ჰეროდოტე ისტორიის წიგნის წერას რამდენ ხანს მოუნდა?.. აუ, ახლა ვინმეს რომ მისთვის წამზომი ჩაერთო, ალბათ გადაიფიქრებდა დაწერას… ოჰ, არაფერსაც არ დავწერ, თუ ზეპირად მკითხავს, მაშინ ვუპასუხებ… ასე უბრალოდ, უმიზნოდ რა უნდა დავწერო.. ისე ჰეროდოტე იმდენ რამეს წერდა, ზოგჯერ სასაცილოებსაც, მგონი ისიც თავისუფალ წერილს წერდა.. გაუმარჯოს ჰეროდოტეს… ისე წარმოგიდგენიათ ხალხო? კაცი თურმე 25 საუკუნის წინ წერდა თავისუფალ წერილს და მე 21 საუკუნეში ვერ დამიწერია… ჰმ, ამიტომ არის ის „წინ“ და მე – უკან… რანაირად შეიძლება 21 საუკუნე იყოს უკან და ჰეროდოტეს დრო – წინ?.. ოოო, აღარ მინდა ეს წერილი, რომელი მწერალი მე ვარ… ბოდიშს გიხდით მასწავლებელო“.

 

სურ. 1.

 

ასეთი დავალებები მასწავლებელს წარმოდგენას შეუქმნის მოსწავლის მდგომარეობაზე – რა და როგორ იცის, რას და როგორ აღიქვამს, რა აინტერესებს და აღელვებს, რა აოცებს, რითია დაკავებული, როგორი პიროვნებაა და ა.შ., რაც დაეხმარება მომავალში სასწავლო მიზნების დასახვაში, მიღწევაში და მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის ამაღლებაში.

 

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს აივ ინფექცია/შიდსის შესახებ

0

სქესობრივი განათლების შესახებ იუნესკოს რეკომენდაციის თანახმად, ბავშვებთან აივ ინფექციაზე საუბარი პირველად 5-8 წლის ასაკშია მიზანშეწონილი. ამ ასაკში სასურველია ვუამბოთ იმის შესახებ, რომ აივინფიცირებულებს შეუძლიათ იცხოვრონ სრულფასოვნად, იყვნენ ჩვენს გვერდით.

9-12 წლის ასაკში უკვე შეიძლება ავუხსნათ ბავშვს, როგორ იცვლება ვირუსი, რატომ არის მნიშვნელოვანი აივპოზიტიური ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა და ამაზე ღიად საუბარი.

მოზარდებთან ერთად თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად განიხილოთ მითები, რომლებიც მათ ინტერნეტში აღმოაჩინეს ან მეგობრებისგან გაიგეს. იუნესკო მიუთითებს, რომ „ეს სტერეოტიპები შესაძლოა ეხებოდეს აივ ინფექციას, ორსულობას, რასასა და სქესს. ბავშვებმა უნდა გაიხსენონ, რა სახის დისკრიმინაცია უნახავთ“. კარგი იქნებოდა, მითებზე ბევრი გესაუბრათ. მაგალითად, შეგიძლიათ დაუსაბუთოთ, რომ ეს ვირუსი „მოკვდავია“. დიახ, აივი ადვილად ინაქტივირდება გარემოში. მშრალ პირობებში ვირუსი რამდენიმე საათში იღუპება, თუმცა შესაძლოა, 1-3 დღეც გაძლოს. ქსოვილოვან კულტურაში ვირუსი ოთახის ტემპერატურაზე 15 დღე ძლებს, ხოლო 370 გრადუსზე – 11 დღე, 1000 გრადუსზე კი რამდენიმე წუთში კვდება. ვირუსი ადვილად ექვემდებარება დეზინფექციას და სტერილიზაციას.

შეგიძლიათ, უფროსკლასელ მოსწავლეებს ცნობილი აივინფიცირებული ადამიანების შესახებ რეფერატები მოამზადებინოთ. დაავალოთ, მეტი გაიგონ ინფექციის, აივტესტირებისა და მკურნალობის ცენტრების შესახებ მათ ქალაქსა და ქვეყანაში. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რა არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, თავდაცვის რა საშუალებები უნდა გამოიყენონ სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას.

სამწუხაროდ, საქართველო ისევ რჩება ქვეყნად, სადაც აივსა და შიდსთან დაკავშირებული სტიგმა მძლავრია. ბევრ მშობელსა და მასწავლებელს ამ თემის განხილვა ბავშვების თანდასწრებით უხერხულად მიაჩნია ან უბრალოდ არ იცის როგორ ესაუბროს ამაზე. ბევრიც დარწმუნებულია, რომ ეს პრობლემა მათ ბავშვებს არასოდეს შეეხება. ნამდვილად შესანიშნავი სურვილია, მაგრამ რეალობა განსხვავებულია და მკაცრი – საქართველოში აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს და სიფრთხილე აუცილებელია.

2018 წლის 2 აპრილის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივით ინფიცირების 6942 შემთხვევა (5197 მამაკაცი და 1745 ქალი). პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა. შიდსი განუვითარდა 3761 პაციენტს, 1424 კი უკვე გარდაიცვალა.

2018 წელს გამოვლინდა 180 ახალი შემთხვევა. მართალია, მსოფლიო სტატისტიკით, საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილი უკავია, მაგრამ, მეორე მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 7000-ს უტოლდება. ეს კი ჩვენსავით მცირერიცხოვანი ერისთვის სოლიდური რიცხვია.

აივის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ შექმნილა. სხვადასხვა კვლევით მიღებული საიმედო შედეგების მიუხედავად, ისევ უცნობია, როგორ უნდა შეფასდეს აივსაწინააღმდეგო იმუნური რეაქცია. რაც შეეხება რისკჯგუფებს, მათ შორის ყოველთვის მოიაზრება ახალგაზრდა თაობა, მით უფრო – საქართველოში, სადაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს პროფილაქტიკურ პროგრამებს. შიდსის ეპიდემია საქართველოში მზარდია. ამიტომ მშობლები ვალდებულებიც არიან, ესაუბრონ შვილებს ამ ინფექციაზე.

 

რა არის დამოკიდებული მშობლებზე

არსებული მოსაზრებით, მშობლები მოზარდებზე გავლენას ნაკლებად ახდენენ, რადგან მათთვის უფრო მნიშვნელოვანია თანატოლების აზრი. სინამდვილეში ასე არ არის: ყველაზე აქტიური მოზარდული ამბოხებების დროსაც კი მშობლები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ბავშვის მომდევნო ქცევის ჩამოყალიბებაში და ეს მრავალი კვლევით დასტურდება.

მაგალითად, პუერტო–რიკოში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა პირდაპირი კავშირი 14-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში აივ ინფექციის გადაცემის რისკსა და დედასთან ბავშვების ურთიერთობის შედეგებს შორის. აღმოჩნდა, რომ ოჯახებში, სადაც დედები მეტ-ნაკლებად ღიად საუბრობდნენ ბავშვებთან სქესობრივი ცხოვრების შესახებ, მოზარდების სარისკო ქცევა იკლებდა. ასეთი საუბრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დრო იყო სქესობრივი მომწიფების პერიოდი, სქესობრივი ცხოვრების პირველი გამოცდილების მიღებამდე.

სტერეოტიპების წინააღმდეგ აივ ინფექციის პრევენციაზე ბავშვებთან მშობლების საუბრები ძალზე ეფექტიანია. კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვების უმეტესობას სურს მშობლებთან ამ თემაზე საუბარი, მაგრამ არ სჯერათ, რომ მოახერხებენ, ამიტომ საუბრის ინიციატივა მშობლისგან უნდა მოდიოდეს.

 

საუბარი სერიოზული იქნება

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე ძირითად წესს იმის შესახებ, თუ როგორ ვესაუბროთ შვილებს ყველაზე რთულ საკითხებზე – სექსუალობაზე, ნარკოტიკების მოხმარებასა და აივ ინფექციაზე.

თუმცა ერთჯერადი საუბარი საკმარისი არ არის. რთულ საკითხებზე ხშირად უნდა ისაუბროთ. დროთა განმავლობაში ბავშვი ბევრ რამეს ივიწყებს ან ერთი ინფორმაცია მეორეში ერევა. ჩვენ არაერთხელ უნდა მივუბრუნდეთ თემას იმის გასაგებად, თუ რა ახსოვს ბავშვს.

ასევე, მშობლებმა ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ შვილებს. პედაგოგთა მრავალწლიანი გამოცდილება ადასტურებს, რომ ბავშვები ცუდად აღიქვამენ ლექციებს და ნოტაციებს. ვკითხოთ ბავშვებს, თვითონ რა აინტერესებთ. მნიშვნელოვანია გამოვიჩინოთ მოთმინება. მაგალითად, თუ ბავშვი გვეკითხება სექსისა და ნარკოტიკების შესახებ, უმჯობესია ჯერ ვკითხოთ, თავად რას ფიქრობს ამ თემებზე. ეს დაგვეხმარება მისი ცოდნის დონის შეფასებაში და ოპტიმალური პასუხის შერჩევაში.

ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასება. კვლევები აჩვენებს, რომ დაბალი თვითშეფასება ერთ-ერთი ძირითადი რისკფაქტორია აივთან მიმართებით. არ აქვს მნიშვნელობა ბავშვის ცოდნის დონეს. თავმოყვარეობის ნაკლებობა საბოლოოდ იქამდე მიიყვანს, რომ ის ვერ გაბედავს უარის თქმას, როდესაც ნარკოტიკებს შესთვაზებენ, ანდა გოგონა თანახმა იქნება, ჰქონდეს დაუცველი სექსი, თუკი პარტნიორი სთხოვს. ხშირად შეაქეთ შვილები, წააქეზეთ, დაუსახეთ ადვილად მისაღწევი მიზნები, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ მათთან ერთად.

ასწავლეთ ბავშვს უარის თქმა. გაითამაშეთ სიატუციები, როდესაც მან უარი უნდა უთხრას მეგობრებს, მაგალითად, თუ ალკოჰოლს შესთავაზებენ. მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც საშუალებას მისცემს, არ დაუშვან ზეწოლა ნარკოტიკების მოხმარების საკითხებში. ასევე, მნიშვნელოვანია იმის ახსნაც, რით განსხვავდებიან ნამდვილი მეგობრები ყალბისგან. აუხსენით, რომ კარგი მეგობარი არასოდეს შეუქმნის საფრთხეს.

მკაფიოდ გამოთქვით თქვენი აზრი ნარკოტიკების შესახებ. ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ მათი ნეგატიური დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი თავისთავად ცხადია და ბავშვს ეს უთქმელად უნდა ესმოდეს, მაგრამ ასე არ არის. ბავშვის მიერ ნარკოტიკების მიღების რისკი მაშინ მცირდება, როდესაც ოჯახი ღიად განიხილავს ამ საკითხებს. დაუზარლად უნდა უმეოროთ, რომ ნარკოტიკების გასინჯვა დაუშვებელია, რადგან ისინი იწვევენ დამოკიდებულებას, დამოკიდებულება კი მძიმე დაავადებაა. უნდა შთააგონოთ, რომ თქვენს ოჯახში ბავშვებს არ შეუძლიათ ალკოჰოლის მიღება, რადგან მას შეუძლია, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.

განიხილეთ შვილთან ერთად თქვენი ზნეობრივი ღირებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა შეისწავლონ საკუთარი სხეული და სქესის ფიზიოლოგიური მხარე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იცოდნენ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც გიყვართ. რასაკვირველია, არ არსებობს გარანტია, რომ ბავშვები თქვენს ზნეობრივ ღირებულებებს გაიზიარებენ, მაგრამ გააცნობიერებენ, რომ თქვენ გაქვთ ასეთი ღირებულებები, გრძნობები, სურვილები.

ნუ აარიდებთ თავს საპირისპირო სქესის შვილებთან საუბარს. ზოგ მშობელს არ სურს, ესაუბროს შვილს სექსზე, ეშინია ამისი ან რცხვენია. ეს გასაგებია, მაგრამ ამაზე დელიკატურად საუბრის მრავალი ხერხი არსებობს. გახსოვდეთ, რომ სხვა სქესის წარმომადგენლის აზრი ხელს შეუწყობს ბავშვს, უკეთესად გაერკვეს ურთიერთობების საკითხებში. მომავალში მას მაინც მოუწევს მსგავსი თემების განხილვა თავის პარტნიორთან.

 

საიდან დავიწყოთ?

გამოცდილება აჩვენებს, რომ მშობლები, როდესაც ბავშვთან „სერიოზულ საუბარს“ აპირებენ, იბნევიან და არ იციან, როგორ დაიწყონ. საბედნიეროდ, საუბრის საფუძველი შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ: სტატია, გადაცემა, ფილმი, სარეკლამო რგოლი. საუბრის დასაწყებად საკმარისია ჰკითხოთ ბავშვს: „რას ფიქრობთ ამაზე? რა იცი ამ თემაზე?“ დისკუსიის დაწყებამდე მოუსმინეთ შვილს – რას ფიქრობს, რისი ეშინია? შემდეგ გაუზიარეთ საკუთარი მოსაზრებები და უპასუხეთ მის კითხვებს.

არაფერია ბავშვისთვის ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ნამდვილი ცხოვრებისეული მაგალითები. ეს შეიძლება იყოს „ვარსკვლავი“, რომელიც ნარკოდამოკიდებულებას მკურნალობს ან აივინფიცირებული ცნობილი ადამიანი. თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება გამოგვადგეს ნაცნობი ან ნათესავი, რომელიც ნარკოტიკების/ალკოჰოლის მოხმარებით გარდაიცვალა. ბავშვმა უნდა იცოდეს სიმართლე. ზოგჯერ მისთვის აუცილებელია მძიმე დეტალების ცოდნა.

 

რა უნდა ვუთხრათ ბავშვს აივზე?

აივ ინფექციის საკითხებს მრავალი სპეციფიკური ასპექტი აქვს და მშობლებს შესაძლოა დამატებითი დახმარებაც დასჭირდეთ. ინფორმაციის მოძიება საგანმანათლებლო თემატურ ვებგვერდებზე შეიძლება. აი, ის ძირითადი თემები, რომელთა მიტანაც ბავშვებამდე მნიშვნელოვანია: აივი ვირუსია, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას. აივ ინფექცია არ ვრცელდება ყოფით სიტუაციებში, აივინფიცირებულ ადამიანებთან კომუნიკაცია სრულიად უსაფრთხოა. ბევრ ბავშვს ეშინია და მათი შიშის განეიტრალება აუცილებელია.

ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ვირუსის გადაცემის რისკი მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციებში არსებობს, ძირითადად – სხვისი საინექციო საშუალებების გამოყენებისას, დაუცველი სქესობრივი ცხოვრებისას და ორსული დედისგან ბავშვზე.

იმის განსაზღვრა, აქვს თუ არა ადამიანს აივ ინფექცია, გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია. ამისათვის საჭიროა სისხლის სპეციალური ანალიზი. ის იძლევა საშუალებას, დაინიშნოს მედიკამენტები იმუნიტეტის დაცვის მიზნით.

გახსოვდეთ: ივარაუდეთ აივ ინფექცია ბავშვებში, როცა მშობელი აივინფიცირებულია.

როდესაც ზრდასრულ ადამიანს დაესმება აივ/შიდსის დიაგნოზი, ექიმმა მას უნდა გამოჰკითხოს ოჯახის წევრების, მათ შორის – შვილების შესახებ; ბავშვები შეიძლება იყვნენ აივინფიცირებული, მაგრამ სიმპტომები 20 წლამდეც კი არ გამოუვლინდეთ, ამიტომ, აივინფიცირებულის ოჯახის წევრებს ყოველთვის უნდა შესთავაზონ ტესტირება აივ ანტისხეულებზე. ყოველთვის უნდა შეიკრიბოს საოჯახო ანამნეზი, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს აივ ინფექციის სიმპტომები.

იდეალური აირის კანონების გამოსახვა ტემპერატურული კოეფიციენტების საშუალებით

0

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით, მე-11 კლასში სითბური მოვლენების ნაწილში ისწავლება იდეალური აირის კანონები – მოცემული მასის აირის მახასიათებელი სამივე პარამეტრის (წნევის, მოცულობისა და ტემპერატურის) დამოკიდებულებები, როცა ამ სამი სიდიდიდან ერთ-ერთი მუდმივია. სახელმძღვანელოებში გეი-ლუსაკის და შარლის კანონები წარმოდგენილია მოცემული მასის აირის წნევისა და მოცულობის აბსოლუტურ ტემპერატურაზე დამოკიდებულებით.

ვფიქრობთ, მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება, თუ ისინი გაეცნობიან აღნიშნულ ტემპერატურულ დამოკიდებულებას ცელსიუსის სკალის მიხედვითაც და შემდგომ შეადარებენ ამ დამოკიდებულებებს აბსოლუტურ ტემპერატურაზე როგორც მათემატიკური, ასევე გრაფიკული ანალიზის კუთხით. ამ ასპექტში საკითხის წარმოდგენისას აუცილებელი გახდება მოვლენის საფუძვლიანი გრაფიკული ანალიზი, რაც ხელს შეუწყობს ფიზიკაში მათი მათემატიკური ცოდნის ტრანსფერს.

სასკოლო კურსიდან მოსწავლეები იცნობენ ბოილ-მარიოტის კანონს და იციან მისი მათემატიკური ფორმულირება აბსოლუტური ტემპერატურის საშუალებით. ამ კანონის ცელსიუსის სკალით ჩაწერა აზრს მოკლებულია, რადგან ეს კანონი აღწერს მოცემული მასის აირის წნევის დამოკიდებულებას აირის მოცულობაზე მუდმივი ტემპერატურის პირობებში.

ვრცლად

იდეალური აირი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...