ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

ქართველი ემიგრანტების გამო და არამარტო

0

 

ფლორენციასა და ბარიში ქართული სამკითხველოები გავხსენით. დიდი ემოციით და გეგმებით. ზოგმა ალბათ გაიგეთ კიდეც, მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა გელაპარაკოთ.

როცა ამგვარი შეხვედრებიდან უკან ვბრუნდები, ძალაუნებურად მეფიქრება. მეფიქრება, გამოვტყდები, ცოტა ხნით და მერე ფიქრს ყოველდღიურობის ქარი მიფანტავს, ამიტომ ახლა დავწერ.

ჩვენ ძალიან უცნაურად გვახსოვს ეს ხალხი. დიდწილად – ორგვარად: ცოტა ზიზღით ან ყალბი სიბრალულით, ერთგვარი მორალის მარილითაც – „იქ მომვლელებად და მრეცხავებად მუშაობენ, აბა, აქ შესთავაზოს ვინმე ასეთი სამუშაო“, და ყალბი თანაგრძნობით, ცოტა გამორჩენის სურვილითაც – „ეს მელოდია ჯულიარდ ჯიქანაძისგან ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს“. საზღვარს გაცდენილი ქართველი ბევრია, Youtube-ზე ნახვების რაოდენობაც – შესაბამისი. ეს არის და ეს. სიუცხოვე და უგვანო სიმღერები.

ერთმა კარგმა ნაცნობმა, ალაგ–ალაგ არცთუ ცუდმა კაცმა, განათლებულმა და დავარცხნილმა, მითხრა: „უფ, ეს ემიგრანტი ქართველები განსაკუთრებული ბნელები არიან, წუხელ დავყევი და ყველა წავშალე Facebook-დან“. ჯერ ერთი, ყველა ემიგრანტზე ასე გაზოგადება ცოტა კომიკურია და მეორე – ცხადია, ნება მისია, საიდანაც უნდა, იქიდან წაშლის, გინდ ქსელიდან და გინდ გონებიდანაც, მაგრამ ეგებ ერთხელ მაინც გვეკითხა ვინმესთვის, ვინც ბნელად მივიჩნიეთ: მხოლოდ მავნებლები ხომ არ ელაპარაკებიან, მხოლოდ მათსას ხომ არ კითხულობენ და ისმენენ? ჩვენ ინტელექტუალური იერით ერთმანეთს ვეჩურჩულებით; ეს ჩურჩული უვიწროეს წრეში იტრიალებს, ორას მოწონებას მოაგროვებს და მერე, თქვენი მოწონებული, ისე დავიძინებთ. ის სამყარო, დანარჩენი, ჩვენ მიღმა არსებობს და არ ვიმჩნევთ. და იოლად ვჩემპიონდებით ტრადიციულ, ეროვნულ სპორტში, ილია რომ ებრძოდა და „სპორტსმენებმა“ მორიგი „გარბენისას“ გადაქელეს. ერთმანეთთან სათქმელის მიუტანლობაა ეს სპორტი. ხელოვნური კასტურობა და გაუტანლობა.

დიახ, ქართველი ემიგრანტები კრიმინალებიც არიან. და ასე ხუთი-ექვსი – კულტურის ვარსკვლავი. ვიცით ეს. მაგრამ მგონი მარტო ეს ვიცით. არადა, ქართველი ემიგრანტები არიან სტუდენტები, დღეგამოშვებით რომ პატიოსნად მუშაობენ. არიან მომვლელები და მრეცხავები, შაბათობით პატარებს ქართულს და მათემატიკას რომ ასწავლიან საკვირაო სკოლაში. დიდები და პატარები. ეს ხალხი ღონისძიებაზე კატორღული სამსახურიდან ერთი საათით შემოირბენს და ამაოდ მალავს დიდ დაღლილობას და სევდას. არ იმჩნევს და არ გამჩნევინებს. „გავიქეცი ახლა ჩემს ბებოსთან“, – ნაძალადევი მხიარულებით გეტყვიან და მძიმე ნაბიჯით წავლენ. ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით ქალებმა, გადაარჩინეს საქართველო ფიზიკურად და ახლაც როდი აქვთ მცირე წვლილი. დანარჩენი ჩატეხილი ხიდის ამბავია. ეს სამკითხველოები მცირე წვლილია ჩვენგან. კიდევ იქნება. არაერთი. ჩვენი სინათლეები უნდა შევამჩნიოთ. ასე უფრო ადვილად დავძლევთ ჩვენსავე სიბნელეებს.

   ტყის რესურსები

0

ტყე ბიოსფეროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. თანამედროვე გაგებით, ის  გეოგრაფიული ლანდშაფტის შემადგენელი ნაწილი და  იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, ცხოველების, ფრინველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობაა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ბიოლოგიურ კავშირში არიან ერთმანეთთან და ზეგავლენას ახდენენ როგორც ერთმანეთზე, ისე გარემოზე.

მსოფლიოში ტყის ფართობი 4.1 მილიარდ ჰექტარს შეადგენს, ანუ ხმელეთის დაახლოებით ნახევარს. მერქნის მსოფლიო მარაგი 360 მილიარდ კუბ. მ.-ს აღწევს, ხოლო წლიური მატება 3 200 მილიონ კუბ. მ.-ს. მსოფლიოს ტყეებში იზრდება მერქნიანი და ბუჩქოვანი მცენარეების 30 000-მდე სახეობა, ცხოვრობს ათასობით სახეობის ცხოველი და ფრინველი. ტყე დედამიწის ეკოლოგიურ სისტემათა მთლიანი კომპლექსისთვის გლობალური და სასიცოცხლო ფაქტორია. იგი ცოცხალი ნივთიერების ერთ-ერთი პლანეტური აკუმულატორია, რომელიც ბიოსფეროში მთელ რიგ ქიმიურ ელემენტებსა და წყალს აკავებს, აქტიურად ურთიერთქმედებს ტროპოსფეროსთან და განსაზღვრავს ჟანგბადისა და ნახშირბადის ბალანსის დონეს. ბიოსფეროში ჟანგბადის 60%-ზე მეტს ხმელეთის მცენარეულობა და მისი მთავარი კომპონენტი – ტყე – გამოყოფს. ერთი ჰექტარი შერეული ტყე წელიწადში ატმოსფეროდან შთანთქავს 13-17 ტონა ნახშირორჟანგს და გამოყოფს 10-15 ტონა ჟანგბადს.

ტყეს აქვს მრავალი ფუნქცია: ტყე მზის ენერგიის მძლავრი აკუმულატორია. ის არსებით გავლენას ახდენს კლიმატის ფორმირებაზე, ბუნებაში წყლის წრებრუნვაზე, ატმოსფეროში აირგაცვლაზე და ამგვარად, ქმნის ადამიანისათვის საჭირო პირობებს. ამ წრებრუნვის საწყისს წარმოადგენს ფოტოსინთეზის პროცესი, რომლის დროსაც გამოიყოფა ჟანგბადი. თუ 30-50-იან წლებში პლანეტის ჟანგბადის ბალანსის შევსებაზე ტყეზე მოდიოდა მხოლოდ 30%, ახლა ტყე გამოყოფს ბიოლოგიურად აქტიური ჟანგბადის 60%-ს, დანარჩენს კი  ზღვებისა და ოკეანეების პლანქტონი და მინდვრებისა და ბაღების კულტურული მცენარეულობა იძლევა. ტყის ჟანგბადი ხარისხობრივად განსხვავდება ზღვებისა და ოკეანეების

ჟანგბადისაგან იმით, რომ გაჯერებულია უარყოფითი იონებით. ეს მნიშვნელოვნად ადიდებს ტყის ბიოლოგიურ თვისებებს, რადგან დამტკიცებულია უარყოფითი იონიზაციის კეთილმყოფელი გავლენა ადამიანის ორგანიზმზე. ტყის ჟანგბადის იონიზაცია 2-3-ჯერ უფრო მეტია ზღვის და 5-10-ჯერ ქალაქის ატმოსფეროს ჟანგბადის იონიზაციაზე.

ტყე ასუფთავებს ჰაერს მტვრისაგან. ერთი ჰექტარი ტყე წლის განმავლობაში 50-70 ტონა მტვერს ფილტრავს, შესაბამისად საქართველოს ტყეები მთლიანად – 135-190 მლნ. ტონამდე ჰაერს ასუფთავებს. ტყე არეგულირებს თოვლის დნობის ინტენსივობას, მნიშვნელოვნად ამცირებს ჰაერის მოძრაობის სისწრაფეს, იცავს სასარგებლო ფაუნასა და მიკროორგანიზმებს. ტყის მრავალი მცენარე გამოყოფს ფოტონციდებს, რომლებიც თრგუნავენ დამაავადებელ ორგანიზმებს და ამით აჯანსაღებენ გარემოს. ტყე მძლავრი სანიტარულ-ჰიგიენური ფაქტორია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მეტად მნიშვნელოვანია ტყის წყალდაცვითი ფუნქცია. ის ხელს უწყობს მდინარეებისა და წყლის სხვა რესურსების (ტბები, წყაროები და სხვა) წყლით ნორმალურ და თანაბარ მომარაგებას, აფერხებს წყალდიდობებს, უზრუნველყოფს წყლის ხარისხის ამაღლებას, იცავს მას გაჭუჭყიანებისაგან. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტყის როლი ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებისა და წყლის და ქარისმიერი ეროზიისაგან დაცვის საქმეში. დაცვითი ტყის გაშენება მიეკუთვნება  აქტიურ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია გვალვისა და ეროზიის მოვლენების წინააღმდეგ. ტყე იძლევა მრავალი სახის ძვირფას პროდუქტსა და ნედლეულს. ის არის მრავალფეროვანი ფაუნის ადგილსამყოფელი. დიდია ტყის რეკრეაციული და ტურისტული მნიშვნელობა.

შედარებით მოზრდილ ტერიტორიაზე ტყეები არაერთგვაროვანია. ტყეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სახეობათა შემადგენლობით (წმინდა – ერთი სახეობისაგან ან შერეული – რამდენიმე სახეობისაგან შემდგარი), ფორმით (მარტივი – ერთიარუსიანი და რთული – მრავალიარუსიანი), ხნოვანებით (ერთხნოვანი და ნაირხნოვანი), წარმოშობით (თესლით და ვეგეტატიური), სიხშირით, ბონიტეტით, ანუ პროდუქტიულობით და სხვა.

ტყის მცენარეულობა, როგორც სახეობრივი შემადგენლობით, ისე ეკოლოგიური თავისებურებებით მკვეთრად იცვლება გეოგრაფიულ განედთან ერთად, ე.ი. ჰორიზონტალური ზონების მიხედვით.

ტყე ერთ-ერთი ბიოლოგიური რესურსია, რომელსაც ახასიათებს აღდგენის უნარი. იგი ასრულებს პლანეტურ ბიოგეოქიმიურ ფუნქციას, მონაწილეობს მრავალფეროვანი ლანდშაფტის შექმნაში, აქვს ძალზე დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი და სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა. ამიტომ ტყის დაცვასა და მის რაციონალურად გამოყენებას უდიდესი ეკონომიკური და სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

ტყე გავრცელებულია ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. წარსულში დედამიწაზე ტყეები გავრცელებული იყო უფრო დიდ ფართობზე, რომელთა ნაწილი შემდგომში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებმა, მზარდმა ქალაქებმა და სამრეწველო კომპლექსებმა დაიკავეს. FAO-ის მონაცემებით 1963 წელს ტყეებს დედამიწაზე 4229,2 მილიონი ჰექტარი ეკავათ, თუმცა 1990 წლის მონაცემით 788,2 მილიონით შემცირდა და ყოველწლიურად 11 მილიონი ჰექტრით მცირდება.

მსოფლიოს ტყის რესურსები

ტყე მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქანი, ქერქი, ტოტები, ფოთოლი, ნაყოფი, თესლი, სოკო და სხვა) უმდიდრესი წყაროა. მან ფართო გამოყენება ჰპოვა მერქნის დამზადების, გადამუშავების, ქიმიური, კვების, ფარმაცევტულ, საფეიქრო მრეწველობასა და სხვა დარგებში.

ტყე  საქართველოს ტერიტორიის 40 %-ს ფარავს;  საქართველოს ტყეების 98%  მთის ტყეებს წარმოადგენს, განლაგებულია მაღალი დაქანების ფერდობებზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (ნიადაგდაცვითი, წყალდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი და სხვა).

დასავლეთ საქართველოში ტყეები იწყება ზღვის დონიდანვე და ფარავს დაბლობებსა და მთისწინა კალთებს ზღვის დონიდან 500 მ. სიმაღლემდე. დაბლობ ჭაობიან ადგილებში გვხვდება მურყნარი. შემაღლებული ადგილები და მთისწინები დაფარულია კოლხური ტიპის ტყეებით. აღმოსავლეთ საქართველოს მშრალი რაიონების დაბლობებსა და მთისწინა კალთებზე (შირაქი, ელდარი, მცხეთის მიდამოები და სხვა), ზღვის დონიდან 400-დან 600 მ-მდე გავრცელებულია არიდული, ანუ ნათელი ტყეები.

მთის ქვედა სარტყელში (500-დან 900-1000 მ-მდე) წაბლისა და მუხის ტყეებია, წაბლნარი გვხვდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტენიან რაიონებში (კახეთი). დასავლეთ საქართველოს კირიან ნიადაგებზე და აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში (ქართლი, გარე-კახეთი) წაბლნარის ნაცვლად მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი და რცხილნარია გავრცელებული.  საქართველოში წიფლის ტყის სარტყელი არ არის მხოლოდ მესხეთ-ჯავახეთში, აქ მის ადგილს იკავებს სოჭთან შერეული ნაძვნარი, ნაძვნარ-ფიჭვნარი და წმინდა ფიჭვნარი.

მთის ზედა სარტყელი წარმოდგენილია მუქწიწვოვანი ტყეებით. დასავლეთ საქართველოში იგი იწყება 1400 მ-დან და ხშირად ტყის გავრცელების ზედა საზღვარს აღწევს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1500 მ.-დან 2100 მ.-მდე ვრცელდება. ამ ტყეების შემქმნელი მცენარეებია აღმოსავლური ნაძვი და კავკასიური სოჭი. ამ სარტყელში გავრცელებულია აგრეთვე ფიჭვი (სამხრეთ ექსპოზიციის, დიდი დაქანების ფერდობებზე). ფიჭვნარის დიდი მასივები განლაგებულია მთა-თუშეთში, მესხეთსა და თრიალეთის ქედზე. იმ რაიონებში, სადაც ნაძვნარ-სოჭნარი არ არის (გარე და შიდა კახეთი), მის მაგივრად  წიფლნარია გავრცელებული.

მთის ზედა ზოლი (ზღვის დონიდან 1900-2100-დან 2400 მ.-მდე) უკავია სუბალპურ ტყეებს – სუბალპურ ტანბრეცილებსა და სუბალპურ მეჩხერებს. ტანბრეცილები, რომლებიც ყველა რაიონშია გავრცელებული, უმთავრესად წარმოდგენილია არყნარითა და წიფლნარით. სუბალპური მეჩხერი უფრო დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსათვის და შექმნილია მაღალმთის ნეკერჩხლით, მაღალმთის მუხითა და ჭნავით. მას პარკულ ტყესაც უწოდებენ.

საქართველოში გავრცელებული 400-მდე მერქნიანი სახეობიდან 61 საქართველოს, ხოლო 43 კავკასიის ენდემია.

ჩვენს ქვეყანაში ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ხორციელდება ტყის ფონდის ერთდროული აღრიცხვა. 1959 წელს პირველად ბორჯომის, ახალციხისა და აბასთუმნის ტყეები აღრიცხვა ჩატარდა. ბორჯომის ტყეების სტატისტიკური აღწერა სატყეო მეურნეობის წარმოების საფუძვლების დამუშავების პირველი ცდაა კავკასიის მთიანი ტყეებისათვის. საქართველოში ტყეების მოწყობის ერთ-ერთ ფორმას ტყე-პარკების ორგანიზება წარმოადგენს.

საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ტყეები. ჩვენს ქვეყანაში  ტყეების ხელოვნურად გაშენებამ ორგანიზებული ხასიათი მე-19 საუკუნის დასაწყისში მიიღო. დაახლოებით 200 000 ჰექტარი მიწის მასივები იქნა რეკონსტრუირებული და გაშენებული. საქართველოს ტყეები ბუნებრივი უნიკალურობისა და ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით შედის ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ოცდათორმეტ „ცხელ წერტილში”.

 

კობა და კოტე – მცირე ამბავი ზარმაც და გამრჯე მევენახეებზე 

0

კობა და კოტე მეზობლები არიან. ერთ სოფელში გვერდიგვერდ მდგარ სახლებში დაიბადნენ, გაიზარდნენ, მოხუცდნენ და იქვე აპირებენ სიკვდილს. ქვემოთ, ჭალისპირას ვენახებიც გვერდიგვერდ აქვთ და როგორც მათი ავყია მეზობლები ხუმრობენ, კობას და კოტეს შვილებიც კი ერთმანეთს დაემსგავსნენ.

კობა და კოტე სკოლაშიც ერთად დადიოდნენ, ერთად აბოლებდნენ მამებისათვის აწაპნილ გლეხურ თუთუნს, ერთად იზუთხავდნენ საბჭოთა ისტორიის უინტერესო და საძაგელ პასაჟებს, ერთად დათვრნენ პირველად მერვე კლასში და ერთი გოგონა უყვარდა ორივეს.

ახლა, კი, როდესაც ორივემ 50 წელს კარგა ხანია გადააბიჯა, ყველა ხედავს, რომ მათ შორის მთავარი განსხვავება მაინც ისაა, რომ კობა შეძლებული გლეხია, კოტე კი მაჩანჩალათა კატეგორიაში გადის, მიუხედავად იმისა, რომ მათი საყანე მიწაც, ვენახიც და გარემო პირობებიც აბსოლუტურად იდენტურია.

აქ მთავარი ისაა, რომ კობას არ აინტერესებს პოლიტიკა, არ უყურებს საინფორმაციო გამოშვებებს, არასოდეს ყოფილა არცერთ მიტინგზე, მაშინ როდესაც კოტემ აგერ უკვე მეშვიდე პარტია გამოიცვალა და მის სახლში ჭეშმარიტი სააგიტაციო ცენტრი აქვთ მოწყობილი.

მაშინ, როდესაც კობა პაპანაქება სიცხეში ვენახში დადის და ზურგზე შაბიამნის აპარატაკიდებული ვაზს წამლავს, კოტესთან დამსხდარან „ერის ტკივილზე გულდათუთქულნი“ და აწყობენ ათასგვარ გეგმებს, თუ როგორ უნდა ამოიყვანონ ქვეყანა ამ ვაგლახიდან“. ისინიც კოტესავით დაუდეგარი და მრავალპარტიაგამოცვლილი ხალხია.

მაშინ, როდესაც კობა ყანაში თუ ვენახში ათენ-აღამებდა, მისი კარის მეზობელს უბრალოდ არ ეცალა ამ ყველაფერისათვის და კრილოვის ერთი ცნობილი იგავ-ავარაკისა არ იყოს, როცა აცივდა და შიმშილმაც თავისი მსახვრალი ძალა გამოაჩინა, მხოლოდ მაშინღა შეაღო კოტემ კობას ჭიშკარი ერთ ხელში ღვინის ცარიელი ტიკით და მეორეში საფქვილე ქვაბით. სახლში სტუმრები ჰყავდა და რა ექნა?…

ახლა, წესით, უნდა მივყვეთ მორალისტურ არაფრისმომცემ ღაღადს და ავხსნათ, რატომაა ცუდი უსაქმურობა და პოლიტიკოსების ხელის შემყურე ცხოვრება და რატომაა გარჯა და ოფლისდენა კარგი და ფასეული, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენზე კარგად სხვებმა თქვეს და დაწერეს. იმის თქმა კი ძალიან მინდა, რომ ეს ჩვენი ცაფირუზხმელეთზურმუხტოვანი ქვეყანა გაივსო კოტესთანა ხალხით და გულსატკენი ისაა, რომ მათი სახელები უფრო ხშირად გვესმის, ვიდრე გამრჯე, თავისი საქმის კარგად მკეთებელი ადამიანებისა, რომლებსაც „ზემდგომთ“ მხოლოდ იმას სთხოვენ, რომ ნაკლებად აფათურონ ხელები მათ ტვინსა და ქონებაში, თორემ მათგან კარგა ხანია არაფერი უნდათ და არც არაფერს მოელიან.

კობა წელს პირველად ჩამოასხამს თავის ღვინოს ბოთლში. ეს ღვინო შეუძლებელია უხარისხო იყოს!

 

 

 

 

სისტემური აზროვნების ფორმირება ისტორიის გაკვეთილზე

0

სკოლაში მუშაობის გამოცდილებამ საშუალება მომცა, დამენახა ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია, რომელიც, რაც დრო გადის, უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდება: ერთი მხრივ, მოსწავლე ყოველი მხრიდან იღებს ინფორმაციის უზღვავ ნაკადს სასკოლო საკითხების ირგვლივ; მეორე მხრივ – იცვლებიან თვითონ მოსწავლეებიც, ინფორმაციის სიუხვის გამო ისინი კითხულობენ ზედაპირულად და ამის გამო მათი მსოფლაღქმა, მათ გარშემო  მიმდინარე მოვლენები და ფაქტები  ერთგვარად „კადრირებული“, ფრაგმენტული რჩება. მოსწავლეები, რომელთაც ასეთი აზროვნება აქვთ, უჭირთ დიდი რაოდენობის ინფორმაციის სისტემატიზება.

ჩემ მიერ ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზმა, ოლიმპიადებმა და საგამოცდო სიტუაციებმაც მიჩვენა, რომ მოსწავლეებს ყველაზე მეტად მასალის სისტემატიზაცია, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების, ქრონოლოგიური თანმიმდევრობის დაცვა და  წარმოსახვა უჭირთ. ქრონოლოგიური თანმიმდევრობისა და ისტორიზმის პრინციპის დაცვის გარეშე, „ნაწილ-ნაწილ“, კადრირებულად და ფრაგმენტულად   ნასწავლი მასალა კი აბნევთ მოსწავლეებს და  უჭირთ მაღალი შედეგების მიღწევა. განსაკუთრებით კარგად ჩანს ეს პრობლემა  ისტორიულ  თხზულების დაწერისას, რადგან ამ დროს  ცოდნის სისტემატიზაციასთან დაკავშირებული თითქმის ყველა ოპერაციის გამოყენება სჭირდებათ.

რადგან ისტორიის სწავლების სპეციფიკისა  და მოცემული საათობრივი ბადის პირობებში მოსწავლე პარაგრაფებში გაბნეული უამრავი  ფაქტისა და მოვლენის  შესწავლას  სპეციალური მიდგომისა და ტექნოლოგიის გარეშე  ვერ უმკლავდება, მასწავლებელი ვალდებულია მოძებნოს ყველაზე ოპტიმალური გზა, რომელიც ცოდნის სისტემატიზაციაში და პრობლემის დაძლევაში დაეხმარება მოსწავლეებს. კონკრეტულ შემთხვევაში ეფექტურია სისტემური აზროვნების განვითარებისკენ მიმართული დავალებების გამოყენება.

სისტემური აზროვნების ფორმირებისკენ მიმართული სამუშაოს ორგანიზება გულისხმობს:

  • მოსწავლეთა დამოუკიდებელ მუშაობას;
  • მეცნიერული შემეცნების მეთოდების გამოყენებას (როგორიცაა, კვლევითი ხასიათის სამუშაოები);
  • ანალიზის მეთოდს (საკითხებისა და მისი შემადგენელი ნაწილების გაყოფა/გამრავლებას, მიმატება-გამოკლებას);
  • სინთეზს – საგნის სხვადასხვა ნაწილების შეერთებას, გამთლიანებას;
  • მოვლენებისა და ფაქტების დახარისხებას, პირველადი და მეორეხარისხოვანი ფაქტორების გამოყოფას;
  • შედარებას – ობიექტებს შორის მსგავსებისა და განსხვავების დადგენას;
  • დაბოლოს – სისტემური აზროვნება ტრანსფერული უნარია და ცოდნის ინტეგრაციისთვის აუცილებელია, რომლის პირობებში მოსახერხებელია ისტორიის შესწავლა ლიტერატურის, სამოქალაქო განათლებისა და სხვ. გზის გამოყენებით.

სისტემური აზროვნების განვითარებაზე მიმართული  გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლებია:

  • ცოდნის აქტუალიზაცია, მოვლენათა სრული სურათის შექმნა, ადრე ნასწავლი საკითხების ერთ სტრუქტურაში მოქცევა, განზოგადება, მთავარი პროცესების, შესასწავლი პერიოდის მოვლენების, მთავარი მოქმედი პირების გამოყოფა, მოვლენათა შორის კავშირის დამყარება, არსებული ცოდნის სისტემატიზება;
  •  ცოდნისა და უნარ-ჩვევების კონსოლიდაცია, შეხედულებათა და მტკიცებულებათა ფორმირება, რთულ საკითხებში ჩაღრმავება, რაც საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ კიდევ უფრო მეტი თეორიული მასალის გაცნობას მოითხოვს; ზოგადიდან კერძოს გამოყოფა და პირიქით, ინფორმაციის ცალკეულ ნაწილებს შორის კავშირების დამყარება, ისტორიზმის პრინციპის დაცვა, შეფასება და ანალიზი;
  •  მოსწავლეთა მიერ შესაფერისი სავარჯიშოების შესრულება.

გონების გააქტიურებისთვის პირველ ეტაპზე შესაძლებელია  მარტივი სამუშაოს შესრულება. მოტივაციისათვის მოგვყავს პირობა, რომ სამყარო სისტემურია და  ჩვენც სისტემა ვართ ამ უზარმაზარ სისტემაში, ვქმნით რა მის „ქვესისტემას“. ასეთი ქვესისტემები უამრავია სამყაროში. მოსწავლემ უნდა დაინახოს მათ შორის კავშირი და ამ კავშირის მნიშვნელობა ჩვენი არსებობისთვის, უნდა შეძლოს მოვლენათა სწორად გაანალიზება და სინთეზი.

დავალება: დაასახელეთ სისტემა „ხე“-ს შემადგენელი ნაწილები: ხე-ტოტი-ფოთოლი-უჯრედი-ქრომოსომები-გენები-მოლეკულები-ატომები-უმცირესი ნაწილაკები- ….  (იგივეა, როგორ  „ოთახი-სახლი-ქალაქი-რაიონი-მხარე-ქვეყანა კონტინენტი…“).

მეორე ეტაპზე, მონაცემების გაზრდის შედეგად ასეთი ცხრილი გვექნება: ხე-ტყე-ლანდშაფტი-კონტინენტი-დედამიწა-მზის სისტემა-გალაქტიკა-სამყარო.

მესამე ეტაპზე მოხდება მიღებული ინფორმაციის მთლიანი სისტემატიზაცია და ცხრილი  ასეთ სახეს მიიღებს:

ზესისტემა ზესისტემის ძირითადი ნაწილი ზესისტემის  ნაწილი სისტემა ქვესისტემა ქვესისტემის ნაწილი ქვესისტემის უმცირესი ნაწილი
ქვეყანა. ლანდშაფტი. ტყე. ხე. მცენარეული საფარი. ფოთოლი. უჯრედი.

 

მოსწავლეთა შორის სისტემური აზროვნების განვითარებაზე ზრუნვამ მაჩვენა, რომ ასეთი განმაზოგადებელი ცხრილებისა და ქრონოლოგიური სქემების გამოყენება სწავლებაში წარმატებული მიდგომაა, რომ მათი საშუალებით შესაძლებელია ისეთი დიდაქტიკური ამოცანების გადაწყვეტაც, როგორიცაა, სხვადასხვა დროსა და სივრცეში მომხდარი მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება, ცოდნის განზოგადება, ბაზისური ცნებებისა და განმარტებების ათვისება, ისტორიული წარმოსახვის გააქტურება და ა,შ.

სისტემური აზროვნების განვითარებაზე მიმართული ცხრილის  მაგალითი:

 

ცხრილი სასწავლო ამოცანა ცხრილის ფორმა
ქრონოლოგიური ისტორიული თარიღების სავალდებულო მინიმუმის ათვისება
თარიღი მოვლენა მონაწილე
ასპექტური ისტორიული პერიოდის  განხილვა სხვადასხვა პოზიციიდან შუა საუკუნეები

პოლიტიკური ვითარება ეკონომიკური ვითარება სოციალური ვითარება კულტურული ვითარება
თემატური თემის შესახებ განზოგადებული წარმოდგენების ფორმირება პარლამენტარიზმის ისტორია ინგლისში

საკითხები I პერიოდი 1628-1629 წელი II პერიოდი 1640-1660 წწ. III  პერიოდი

1688-1689 წწ.

ძირითადი მოვლენები „პეტიცია უფლებათა შესახებ“ სამოქალაქო ომი და რევოლუცია სახელოვანი რევოლუცია და „ბილი უფლებათა შესახებ“
ანალიტიკური მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები

XV-XVI სს.

პირობები წყაროები შედეგები
+
1. ოსმალური დაპყრობები მოგზაურთა ჩანაწერები ახალი სავაჭრო გზების ხელში ჩაგება კოლონიალური ომები
2. ახალი ტერიტორების დაუფლება კონკისკადორები
3. ….
სისტემატური ისტორიული განვითარების ეტაპების შესახებ ბაზისური ცოდნის ფორმირება; მისი ადგილი მსოფლიო ისტორიაში ევროპისა და ამერიკის ქვეყნები მეორე მსოფლიო ომის წინ

საკითხები აშშ გერმანია ინგლისი საფრანგეთი ესპანეთი იტალია სსრ კავშირი

რაც შეეხება ცხრილების მრავალფეროვნებასა და გრაფიკულ იერსახეს, ის სასწავლო ამოცანებსა და მოსწავლის საჭიროებაზეა დამოკიდებული.

 

ცხრილების მსგავსად სქემებიც  ეხმარება მოსწავლეს პროცესების მთლიანობისა და  დროსა და სივრცეში დაცილებული მოვლენების დინამიკის დანახვაში. განსაკუთრებით მოსახერხებელია მათი ხშირად გამოყენება მეფეთა ზეობის, ხელისუფლების შტოების, მსოფლიო ომების, საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათი შედეგებისა და ა.შ. საჩვენებლად. ასეთ დროს სქემა უნდა დაგვეხმაროს ინფორმაციის ორგანიზებაში. მაგალითად:

 

კლასი: XI

თემა: ხელისუფლების ფორმები  და სახელისუფლო შტოები;

გაკვეთილის მიზანი: სისტემური აზროვნების განვითარება;

დავალება: უპასუხეთ სისტემური აზროვნების განვითარებისკენ მიმართულ შეკითხვებს:

ა) ჩამოთვალეთ ხელისუფლების ფორმები  და სახელისუფლო შტოები;

ბ) სად გვხვდება  ყველაზე ადრე თანამედროვე ხელისუფლების ფორმების გამოყენება?

გ) რა მსგავსება – განსხვავებაა ხელისუფლების ფორმებსა და სახელისუფლო შტოებს შორის?

დ) რა გავლენა მოახდინა მმართველობის ფორმების ჩამოყალიბებაზე ძველი საბერძნეთის პოლისური მმართველობის ფორმებმა?

ე) როდის და რამ გამოიწვია  ქართლში  ელინისტური სახელმწიფოს წარმოქმნა?

ვ) რა სახის სამოხელეო  იერარქიის ცვლილებები მოხდა XIX საუკუნის ქართლ-კახეთში? რა გახდა ამის მიზეზი?

ზ)…………….?

პასუხები სქემატურად ჩამოიწერება დაფაზე, შედეგად მივიღებთ დაახლოებით მსგავს სქემას:

 

პოლიტიკური რეჟიმის ფორმები ძველ საბერძნეთში წინა  აზია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ         სამოხელეო იერარქია

რუსეთში (XVIII ს.)

პოლისური  მმართველობის

             ფორმირება

 

 
ძირითადი ცნებები და ტერმინები:

არქონტი,  პოლისი, არეოპაგი, დემოკრატია, არისტოკრატია, ოლიგარქია,    ტირანია, ოხლოკრატია, მონარქია.

 

 

 

   ალექსანდრე მაკედონელი
ელინისტური სახელმწიფოები
ქართლის სამეფოს შექმნა

 

სამოხელეო იერარქიის ფორმირება ქართლში:

 
მეფე
სპასპეტი
ერისთავები

 

სპასალარები  ათასისთავები

 

სამოხელეო იერარქია ქართლ-კახეთში რუსეთთან შეერთების  შემდეგ

………….

         იმპერატორი
სენატი
კოლეგიები
გენერალ -გუბერნატორი

 

გუბერნატორები
კაპიტან -ისპრავნიკები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ცხრილების მსგავსად, სქემების იერსახეც  სასწავლო ამოცანზე და მოსწავლის საჭიროებაზე უნდა იყოს მორგებული.

სისტემური მიდგომების საშუალებით კულტურის, ეკონომიკური პოლიტიკის, ომებისა და სხვ. მოვლენების წარმოდგენა/დანახვა, გააზრება, დამახსოვრება და დასწავლა, ცოდნის განმტკიცება  და მაღალი  შედეგების მიღწევა გაცილებით მარტივი ხდება მოსწავლისთვის.   ასეთი დავალებები  ხალისსა და პოზიტიურ განწყობილებას უქმნის მოსწავლეებს, უღვივებს საგნის მიმართ ინტერესს, ეხმარება წარმატების მიღწევაში, ამიტომ მისი გამოყენება  სასკოლო პრაქტიკაში ეფექტური და სასარგებლოა.

 

ტემპერამენტის ტიპები და ქოლერიკ ბავშვებთან ურთიერთობა

0

მასწავლებლისთვის ძალიან რთულია სხვადასხვა ხასიათის მოსწავლეებთან ურთიერთობა. თუმცა რამდენადაც რთულია, იმდენად საინტერესოც არის. ჩემი აზრით, აუცილებელია, მასწავლებელმა კარგად იცოდეს, ტემპერამენტის ტიპები და შესაბამისად მიუდგეს მოსწავლეებს. თუ ურთიერთობის დამყარებას ვერ შევძლებთ, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მივიღოთ, კერძოდ, უნდობლობა მოსწავლისა მასწავლებლის მიმართ, რაც მტრულ დამოკიდებულებაში გადადის. მოსწავლეს მასწავლებელი მტერი ჰგონია, ამის გამო ის გამომწვევად იქცევა, ცდილობს გაკვეთილზე სხვა ბავშვებიც დაუპირისპიროს მასწავლებელს, ჩაშალოს სასწავლო პროცესი.

ჰიპოკრატე გამოყოფდა ტემპერამენტის ოთხ ტიპს. პირველად სწორედ მან აღწერა და დააჯგუფა ხასიათის ერთმანეთისგან განსხვავებული მაჩვენებლები. ჰიპოკრატეს მიაჩნდა, რომ ფიზიკური და სულიერი სნეულებების მიმდინარეობას „ადამიანის სხეულის შემადგენელი ოთხი ელემენტის” თანაფარდობა განსაზღვრავდა და ტემპერამენტის ტიპიც ადამიანის ორგანიზმში არსებული ოთხი სითხიდან ერთ-ერთის სიჭარბეზე გახლდათ დამოკიდებული. ჰიპოკრატეს თანახმად, ეს სითხეები იყო:

* „ცხელი” სისხლი, ბერძნულად – „სანგნის”;

* „ცივი” ლორწო, ბერძნულად  – „ფლეგმა”;

* „წითელი” ნაღველი, ბერძნულად – „ქოლე”;

* „შავი” ნაღველი, ბერძნულად – „მელან ქოლე”.

 

ამ ტიპოლოგიის შესაბამისად, ჰიპოკრატემ ადამიანის ოთხი ტიპი გამოყო: სანგვინიკი, ფლეგმატიკი, ქოლერიკი და მელანქოლიკი.

ტემპერამენტი პიროვნების ინსტინქტური მახასიათებელია. ის წარმოადგენს საფუძველს, რომელზედაც ვითარდება ხასიათი.

ტემპერამენტი ადამიანის ფსიქიკის თავისებურებაა, მასში ასახულია ქმედებების დინამიკა. ის ვლინდება რეაქციის სისწრაფეში, ტემპში, რიტმში, ინტენსიურობაში… ის თანდაყოლილი, მემკვიდროებითი თვისებაა და მცირედ კორექტირებს მთელი ცხოვრების მანძილზე.

მელანქოლიკები ძალიან მგრძნობიარენი არიან. მათ შემოქმედებითი ნიჭი აქვთ, შინაგანი სამყარო – ღრმა და მრავალფეროვანი. ხშირად, მარტოობას მეტ უპირატესობას ანიჭებენ, ვიდრე მეგობრების და ნაცნობობის წრეს, რომ არაფერი ვთქვათ სოციალურ აქტივობაზე. მცირედიც სწყინთ და გულჩვილობით გამოირჩევიან. მორიდებულნი არიან და მათი თვითშეფასება დაბალია. მათ მერყევი ხასიათი აქვთ და გამუდმებით სჭირდებათ ახლობელი ადამიანების გვერდით დგომა. მოძებნო მასზე უკეთესი მეგობარი, რთულია, რადგან საოცრად გულწრფელნი და ერთგულნი არიან. პირობის შესრულება მათი თვისებაა და თუ გარკვეული გარემოებების გამო ვერ შეგისრულათ, ძალიან განიცდიან.

მელანქოლიკის მიმიკა და მოძრაობები, საოცრად მწირია. ის, არ არის ენეგიული, დაჟინებული, ადვილად იღლება და მცირედ შრომისუნარიანია. ადვილად ეფანტება ყურადღება და უჭირს სწრაფად მობილიზება. ისინი კარგი შემსრულებლები არიან.

ფლეგმატიკები გამოირჩევიან მაღალი აქტივობით, მაგრამ ნალკებად მგრძნობიარენი და ნაკლებად ემოციურნი არიან. რთულია, გააცინო ან გააბრაზო. როცა გარშემო ყველა იცინის, ის შეიძლება ურეაქციოდ დარჩეს. ის არის მოაზროვნე, ყურაღებიანი, გამოირჩევა გულმოდგინეობით. არ უყვარს, როცა აჩქარებენ.  შრომისუნარიანია.  არის მომთმენი და ამტანი. ურჩევნია სამუშაო შეასრულოს გულმოდგინედ და კარგად. მათ არ შეუძლიათ, ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ყურადღების კონცენტრირება.

პრობლემების დროს რჩება მშვიდი. ღარიბი მიმიკის მფლობელია და მოძრაობებიც ნაკლებად  გამოხატული აქვთ, ისევე როგორც მეტყველება. თავიანთი ერთფეროვნების და სტაბილურობის გამო, არ ჰყავთ ბევრი მეგობარი, იფარგლებიან მხოლოდ, ძალიან ახლობელი და გამოცდილი ხალხით. ამავე დროს შეუძლიათ, შეეგუონ სხვებსაც, რადგან ძალიან მშვიდნი და მშვიდობისმიყვარენი არიან. ასეთი თვისების გამო, მშვენივრად იწყობენ კარიერას.

სანგვინიკი აქტიურობით გამოირჩევა, მაგრამ გაწონასწორებულია. ის მყისვე აღგზნებულად რეაგირებს იმაზე, რაც იქცევს მის ყურადღებას. აქვს ცოცხალი მიმიკა და მეტყველი მოძრაობები. უმნიშვნელო რამეზე შეიძლება ახარხარდეს და არაარსებითმა ფაქტმა შეიძლება გაანაწყენოს. მისი გამომეტყველებით ადვილად გამოიცნობთ ხასიათს, დამოკიდებულებას საგნისა თუ პიროვნებისადმი. ჭარბი აქტიურობის გამო ძალიან ენერგიული და შრომისუნარიანია. ის ხალისით ჰკიდებს ხელს ახალ საქმეს, შეუძლია დაუღალავად იმუშაოს. დისციპლინირებულია, სწრაფად შეუძლია მობილიზება და თუ სურვილი აქვს, შესწევს გრძნობების მოთოკვის უნარი.

სანგვინიკს ახასიათებს სწრაფი მოძრაობები, აქვს მოქნილი ტვინი, სწრაფი მეტყველება, რაც ვლინდება მისი ხასიათის ცვლილებებში, ეს ყველაფერი მის განწყობაზეც აისახება. ის ადვილად შედის კონტაქტში უცნობებთან, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

ქოლერიკი თავისი ხასიათით, ადვილად აგზნებადი და ძალიან ტემპერამენტიანია. უაღრესად იმპულსური, თავშეუკავებელი, მოუთმენელი, მათთვის აგრესიულობა და ფეთქებადი ხასიათი ჩვეულებრივი ამბავია. სხვა ტემპერამენტის ტიპებისგან განსხვავებით, ისინი გამოირჩევიან მაღალი თვითშეფასებით. არიან ლიდერები, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ახალი საქმის წამოწყებისას როგორ სწრაფადაც ინთებიან, იმდენად სწრაფად შეიძლება გაუქრეთ სურვილი. ადამიანური სისუსტეების გამოვლენა მათთვის წარმოუდგენელია, ეს მათ თავმოყვარეობასა და სიამაყეს ულახავს.

ქოლერიკი ბავშვი ძალიან რთულია. საქმეს იმდენად სწრაფად აკეთებს, რომ უკან შეცდომების გროვა რჩება. უჭირს კომპრომისზე წასვლა, რაც მცირედ აგრესიასა და ჭირვეულობას იწვევს. გადაჭარბებული დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა, რისკის სიყვარული და გაუაზრებელი ნაბიჯებისკენ მიდრეკილება ზოგჯერ უსიამოვნოდ მთავრდება. ქოლერიკი ტიპის ბავშვი ურთიერთობებისთვის გახსნილია, მაგრამ მოულოდნელად შეიძლება მთელ სამეგობროს წაეჩხუბოს. მოზარდობისას ურთიერთობებში არსებული პრობლემების გამო მისთვის უცხო არ არის ნერვული აშლილობა და სუიციდისკენ მიდრეკილება.

ხშირად მშობლები და მასწავლებლები მათთან ურთიეთობისას შეცდომებს უშვებენ. მათი მხრიდან ზედმეტ სიმკაცრეს, აქტივობის შეზღუდვას, საკუთარი თავის კონტროლის გადაჭარბებული მოთხოვნას ბავშვთან კონტაქტის გაწყვეტის გამოწვევა შეუძლია.

ქოლერიკის მოჭარბებული ენერგიის გაკონტროლება კარგად შეუძლია კონკრეტულ საქმიანობას, გატაცებას, თუნდაც ხელსაქმეს ან სხვა მსგავს მსუბუქ ჰობის. ძალიან კარგია, თუ ის აქტიური სპორტით დაკავდება, რადგან ვარჯიში საკუთარი ენერგიის კონტროლს ასწავლის, გარდა ამისა, ლიდერობისკენ მისწრაფება სპორტში კარგი შედეგის მიღწევის წინაპირობას შეუქმნის. ქოლერიკს სივრცე ესაჭიროება, ამიტომ ხშირად წაიყვანეთ ქალაქგარეთ, სამოგზაუროდ, ხალხმრავალ ადგილებში.

საჭიროა, შთავაგონოთ და მაგალითები მოვუყვანოთ ცხოვრებიდან, რომ რაოდენობაზე უპირატესი ხარისხია, ამიტომ საკუთარი მოუთმენლობის მოთოკვა მოუწევს. აქტიურად ჩაერთეთ მისი ენერგიის კონტროლის სწავლების პროცესში, ბევრი დრო გაატარეთ მასთან ერთად, აჩვენეთ საკუთარი მაგალითი. ნუ გაღიზიანდებით, თუ საქმეში ბოლომდე არ მოგყვებათ, რადგან ეს ეტაპობრივი პროცესია, ამიტომ მოთმინება გმართებთ. ხშირად შეაქეთ გამოჩენილი მოთმინებისთვის, აგრძნობინეთ, რომ ამ ბრძოლაში მარტო არაა.

მათ უნდა ვასწავლოთ კოლექტივში ურთიერთობის დალაგების მეთოდები, რადგან ადრე თუ გვიან ამის გაკეთება დამოუკიდებლად მოუწევს. ერთად გავარჩიოთ კონფლიქტის შემთხვევები, გავაანალიზოთ, მოვუყვანოთ საკუთარი მაგალითი და შევარჩიოთ გამოსავლის საუკეთესო ვარიანტები.

ქოლერიკ ბავშვს სათავგადასავლო და ჰეროიკული ხასიათის ნაწარმოებების კითხვა უყვარს, ამიტომ ნუ დაიზარებთ და აღფრთოვანდით მისი საყვარელი პერსონაჟების მოთმინებით, თვითკონტროლისა და ზომიერების უნარით.

გახსოვდეთ, ტემპერამენტის გამო ნურასოდეს გაკიცხავთ, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ თანდაყოლილი თვისებაა, რომელიც კონტროლს ექვემდებარება, ამის გაკეთება კი ბავშვს თქვენთან ერთად უფრო მეტად გაუიოლდება.

დიდი სიფრთხილეა საჭირო ქოლერიკ ბავშვებთან დამოკიდებულებაში. ისინი უცებ ბრაზდებიან, მაგრამ ძალიან გულჩვილნი და მგრძნობიარენი არიან. კარგი იქნება თუ მშობელი მასწავლებელთან ერთად შეიმუშავებს კონკრეტულ მოსწავლესთან მიდგომას, ყურადღებით მოეკიდება შვილს.

პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ცუდი შედეგები მოსდევს, როცა მასწავლებელი ბრაზით ხვდება მოსწავლის ფეთქებად გამოხდომას. ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ დაივიწყებს მასწავლებლის ასეთ დამოკიდებულებას. მე არ ვგულისხმობ დისციპლინის დამრღვევ, უზრდელ მოსწავლეს. მხოლოდ განსხვავებულ ხასიათებს ვუსვამ ხაზს.

მშობლებს ვურჩევ: მეტი ყურადღება გამოიჩინონ შვილების მიმართ, შეისწავლონ მათი ხასიათი, რატომ ღიზიანდება ბავშვი, რატომ აღარ ერთობა, რატომ ჩაიკეტა და აღარ მხიარულობს. დააკვირდეს, რითია დაკავებული შვილი. მესმის მშობლების, რომლებიც დილიდან გადიან სამუშაოდ, რათა სარჩო-საბადებელი ჰქონდეთ, მაგრამ აღზრდა ხომ უმთავრესია? მშობლების ჩარევის გარეშე სკოლა უძლურია.

საჭიროა აღმოვაჩინოთ ბავშვის ინტერესის სფერო, კარგად შევისწავლოთ და მიმართულების მიცემაში დავეხმაროთ. მაგალითად, მისი ინტერესი რამე საგნის ან სფეროს მიმართ შეიძლება გავამძაფროთ და განვავითაროთ რამე ფილმის ან წიგნის შერჩევით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვასკვნი, რომ სკოლა და ოჯახი ერთიანი ინსტიტუტი უნდა იყოს. მოსწავლე, მშობელი და მასწავლებელი ერთ მთლიანობად უნდა აღიქმებოდეს. ხშირ შემთხვევაში სკოლისგან შორს მდგომი მშობელი ისმენს და იზიარებს შვილის აზრებს სკოლაზე, მასწავლებლებზე, უფრო მეტიც, უმძაფრებს და უღვივებს სიძულვილს მასწავლებლის მიმართ. რას ვიღებთ შედეგად? სკოლაზე გულაცრუებული ბავშვი ქუჩაში აღმოჩნდება, მისი ფსიქიკა ძალიან მგრძნობიარეა. ის შეიძლება ადვილად აღმოჩნდეს ვინმე დამნაშავის გავლენის ქვეშ. ჩემი აზრით, საჭიროა, მშობელმა იცოდეს შვილის ხასიათის თავისებურებები და დიდი სიფრთხილით მოეკიდოს მის ბუნებას. ეს, ასევე, გასათვალისწინებელია სკოლაში მასწავლებლის მიერ, განსაკუთრებით, დაწყებით საფეხურზე.

ქოლერიკ ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებით გამოვყავი, რადგან ყველაზე რთულნი და ყველაზე მგრძნობიარენი არიან. დიდი ხნის სკოლაში მუშაობის გამოცდილებამ მაჩვენა, როგორ განიცდიან ქოლერიკი ბავშვები დაცინვას თავისივე თანატოლებისგან. ისინი შეიძლება დუმილით შეხვდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ საკუთარ თავში ჩაიკეტონ, ბევრ რამეზე ხელი ჩაიქნიონ, გულს გაიტეხონ.

მასწავლებელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს მოსწავლეთა ქცევას ერთმანეთის მიმართ. თუ საჭიროა, მოსწავლისაგან ფარულად დაუკავშირდეს მის თანატოლს (ვინც ასეთი გამომწვევი ქცევის ინიციატორია) და ისე მოაგვაროს პრობლემა, რომ მისივე თანატოლისგან მიყენებული გულისტკენა გააუვნებელყოს.

ტემპერამენტის ოთხივე ტიპი განსხვავებულია და მათთან დამოკიდებულებაც განსხვავებულად უნდა წარვმართოთ, რათა სკოლა, ოჯახი და საზოგადოება ერთმანეთს არ დაშორდეს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. დ. უზნაძე, „განწყობის ფსიქოლოგია“, 1966;
  2. რ. ნათაძე, „ზოგადი ფსიქოლოგია“,1977

 

მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის № 124 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი, Microsoft-ის ექსპერტ-მასწავლებელი მარინა ტარუღიშვილი

 

         გასვლითი გაკვეთილი მხატვრის სახელოსნოში

0

მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად საჭიროა შესაფერისი გარემოს შექმნა, რისთვისაც აუცილებელია სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო აქტივობის მოფიქრება და მომზადება.

მასწავლებელმა ძირითადი საკითხიდან გამომდინარე მკაფიოდ უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს წინარე ცოდნა. გაიაზროს შედეგი, რომლის მიღწევასაც აპირებს. ამის მიხედვით უნდა დაიგეგმოს აქტივობები და შეიქმნას შესაბამისი  გარემო.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სტანდარტი დაწყებით საფეხურზე პიროვნების აღზრდასა და ჰარმონიულ განვითარებას ემსახურება. ამაში კი მნიშვნელოვან როლს თამაშობს მისი ხელოვნებასთან ზიარება. სწორედ ეს ფუნქცია აქვს სკოლაში ესთეტიკური აღზრდის საგნებს. მათი შესწავლა მოსწავლეს უვითარებს შემოქმედებითობას, წარმოსახვას, თვითგამოხატვისა და კრიტიკული აზროვნების უნარებს, უღვივებს სიახლის ძიების სურვილს, რაც აუცილებელია მოსწავლის  ნებისმიერი მომავალი საქმიანობისათვის.

ესთეტიკური აღზრდის სწავლების ამოცანებია:

 

*მოსწავლის ჩაბმა შემოქმედებით  და  საინტერპრეტაციო საქმიანობებში;

*ხელოვნების ნიმუშის/ნაწარმოების აღქმის უნარის განვითარება.

 

პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაში მასწავლებელს განსაკუთრებული როლი ენიჭება.

შემოგთავაზებთ გასვლით გაკვეთილს მხატვრის სახელოსნოში.

გაკვეთილის თემა:  რა არის ფერწერა;

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ხელოვნების დარგს – ფერწერას, განუვითარდებათ  სურათით აღძრულ შთაბეჭდილებებზე საუბრის უნარი.

მხატვრის სახელოსნოში ვიზუალურად გაეცნობიან და შეიქმნიან ზოგად წარმოდგენას  სახვითი ხელოვნების დარგზე  –  ფერწერაზე;

ე.ს.გ. განსაზღვრული შედეგი:

..III.8. მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის თვითგამოხატვის და კომუნიკაციის საშუალება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  საუბრობს ნამუშევრით აღძრულ შთაბეჭდილებებზე;

..III.11. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთისგან განასხვავოს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგები, ზოგიერთი ჟანრი და დააკავშიროს ისინი ყოველდღიურ ცხოვრებასთან.  

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  ამოიცნობს ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს და მიაკუთვნებს მათ შესაბამის დარგს (ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება).

წინარე  ცოდნა:  ნამუშევრის აღწერა;

ამ ყველაფრის საფუძველზე, ცოდნის გაღრმავებისა და მეტი თვალსაჩინოების მიზნით, გადავწყვიტეთ გაკვეთილის შემდგომი ეტაპი მხატვრის სახელოსნოში ჩაგვეტარებინა. ამ მიზნით ვეწვიეთ მხატვარ გივი თორაძეს, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო ტერმინი – ფერ-წერა,  ესაუბრა მის შინაარსსა და არსზე. მოსწავლეები გაეცნენ  მხატვრის  ფერწერულ ნამუშევრებს, დაათვალიერეს სახელოსნო და მხატვრისთვის საჭირო ატრიბუტები:  ტილო, ფუნჯი, საღებავი, პალიტრა.

ნახეს დაზგა-მოლბერტი, რომელზეც მხატვრები მუშაობის დროს სურათს დებენ; ასევე. ზეთის საღებავები, რომლებიც სპეციალურ ტუბებშია მოთავსებული.

მოსწავლეებს გაკეთებული ჰქონდათ კითხვარი, სადაც მათთვის საინტერესო კითხვებს  მხატვარი   სიამოვნებით  პასუხობდა.

მხატვარმა აუხსნა, რომ  ფუნჯები სხვადასხვა ფორმისა და სისქისაა, რომ მათი საშუალებით მიიღება განსხვავებული მონასმები.

აჩვენა ტილო, რომელზეც ზეთის საღებავით იმუშავა. მან მოსწავლეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ხატონ – ფანქრებით, საღებავებით, პასტელებით.

მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს მხატვრის ყველა ნამუშევარი, აღფრთოვანებულები შთაბეჭდილებებს ვერ ფარავდნენ, მოსწონდათ თითოეული ნახატი  და  მხატვართან ერთად სამახსოვრო ფოტოსურათებს იღებდნენ.

 

გაკვეთილის მსვლელობის მოკლე გეგმა:

* მასწავლებლის შესავალი საუბარი;

* მხატვრის სახელოსნოსა და ფერწერული ნამუშევრების დათვალიერება;

* ფერწერული ნამუშევრებისათვის საჭირო ატრიბუტების ნახვა-გაცნობა;

* კითხვა-საუბარი მხატვართან;

* ნანახისა და მოსმენილის ანალიზი;

* მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება;

* გაკვეთილის ღირებულებითი შეფასება.

გასვლითი გაკვეთილის შედეგი:

გასვლითი გაკვეთილით მესამე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მრავალფეროვანი და საინტერესო ინფორმაცია ფერწერაზე, მისი მხატვრულად დამუშავების ხერხებზე, განუმტკიცდათ   შეძენილი თეორიული ცოდნა ფერწერასა და  მის დანიშნულებაზე.

 

გასვლითი გაკვეთილის  ღირებულებითი  მნიშვნელობა

 

მხატვრის სახელოსნოში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილი ხელს უწყობს სკოლაში მიღებული ცოდნის განმტკიცებას, ახალი ინფორმაციის ათვისებას,  ფერწერული ტილოების ვიზუალურად ნახვას, ხელოვნების ნიმუშების აღქმას.

ასევე ხელს უწყობს შემოქმედებით აზროვნებას, წარმოსახვას და სურათით აღძრული შთაბეჭდილებების გადმოცემას.

მოსწავლე ამოიცნობს ხელოვნების ცნობილ ნამუშევრებს და მათ შესაბამის დარგს – ფერწერას – მიაკუთვნებს.

 

მხატვრის სახელოსნოში ჩატარებული გასვლითი გაკვეთილით მიღებული შთაბეჭდილებები სწავლის შემდგომ ეტაპებზე ხელს უწყობს არა მარტო სწავლების მოტივაციის, არამედ სწავლის ხარისხის ამაღლებასაც. დამოუკიდებელი სამუშაოს შესრულების დროს, პატარ-პატარა ფერწერული კომპოზიციების შექმნისას მოსწავლეები იხსენებენ ნანახ ილუსტრაციებს და ცდილობენ ნახატის მხატვრულად დამუშავების ამა თუ იმ ხერხის გამოყენებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა-2011-2016;

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება-მასწავლებლის წიგნი.

 

 

ლიტერატურული კონკურსი მწერლებისათვის!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი,  საინფორმაციო საგანმანათლებლო  რესურსების, ჟურნალ „მასწავლებლის “ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“ ფარგლებში –ლიტერატურულ  კონკურსს აცხადებს!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი  “მასწავლებელი“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“, ლიბერთი   ბანკის  მხარდაჭერით, აცხადებს ლიტერატურულ კონკურს მწერლებისთვის: საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე,  რომლის ფარგლებში გამოვლინდება სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ.

კონკურსის ფარგლებში განიხილება  მხოლოდ ის მოთხრობა, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. კონკურსის მიზანია,  მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) გამოავლენს  ჟიური.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან  3  ოქტომბერს,  მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კვირეულის მიმდინარეობისას,  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზები და  ასევე  ფულადი პრიზი:

ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი  700 ლარი;

III ადგილი  500 ლარი.

წელს, კონკურსის მრავალფეროვნებისთვის  საერთო სათაურის “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე,”  სკოლისა და მასწავლებლის ცხოვრებიდან ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი_ ღირებულებების_ თემა გამოვყავით. რაც იმას ნიშნავს, რომ მწერლებმა უნდა შექმნან ნაწარმოებები, რომლებიც  ისეთი ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს,  როგორიცაა უსაფრთხო სასკოლო გარემო, ინკლუზიური განათლება, ტოლერანტობა, ინტერკულტურული განათლება, სამართლიანობა, მეგობრობა და  წარმოაჩენს მასწავლებლის  როლს ამ პროცესში.

წელს, ასევე სიახლე გვაქვს,  რომ კონკურს უკვე ექნება თავისი სიმბოლო, რომელიც გადაეცემა გამარჯვებულს!

ლიტერატურული ნაწარმოები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე:  mastsavlebeli.ge@gmail.com  გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო მოთხრობის მოცულობა 5-15 გვერდამდე.

საკონკურსო მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა 1 სექტემბერი!

საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე.

კონკურსის პარტნიორებია:    გამომცემლობა „ინტელექტი“, რომელიც თავის ორ რჩეულ ავტორს დააჯილდოვებს სპეციალური პრიზით  და „ საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია“, რომელმაც  დააწესა განსაკუთრებული პრიზი საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელთა პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისთვის!

კონკურსის  საინფორმაციო მხარდამჭერია: BMG  – Business Media Georgia

აუდიოწიგნები ბავშვებისთვის

0

რაც დრო გადის, ბავშვებისა და მოციმციმეეკრანიანი გაჯეტების ურთიერთობის შესახებ მსჯელობაში უფრო და უფრო მეტი პედაგოგი, მშობელი, ფსიქოლოგი და თავად ბავშვი ერთვება. ფაქტია, მათ გარეშე ცხოვრება არ გამოდის, კონტროლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და იმისთვის, რომ მოციმციმე ეკრანები ბავშვისთვის ყველაზე მიმზიდველი გასართობი არ იყოს, მას სხვა მიმზიდველი საქმიანობები უნდა შევთავაზოთ.

ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ბავშვის ფანტაზიის გასავარჯიშებლად, ინფორმაციის მისაღებად და წიგნებთან, ზღაპრებთან კავშირის შესანარჩუნებლად აუდიოწიგნებია. ვერ ვიტყვით, რომ ქართულ ენაზე ისინი მრავლად გვაქვს, მაგრამ რაც გვაქვს, იმ რესურსის ათვისებაც არ იქნებოდა ურიგო.

საქართველოს ეროვნული არქივის ვებსაიტზე რამდენიმე ტიპის საბავშვო წიგნებისა და ზღაპრების აუდიოარქივია თავმოყრილი.

ყველაზე მსუყე ბაზა ჩვენი ბავშვობის დროინდელი სერიული გამოცემის, მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების აუდიოვერსიებია, რომლებიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია ჩაწერილი. მათ ცნობილი ქართველი მსახიობები: ეროსი მანჯგალაძე, მედეა ჩახავა, ელენე ყიფშიძე, გიორგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი, – კითხულობენ. ეს ბაზა გერმანულ, სლოვაკურ, იაპონურ, პოლონურ, ინდონეზიურ და ჩეხურ ზღაპრებს აერთიანებს (https://www.archives.gov.ge/ge/Msoplio_Khalkhta_Zgaprebi).

 

არქივის ვებსაიტზევე შეგიძლიათ იპოვოთ ქართული ზღაპრების თანამედროვე და ძველი ჩანაწერები. ახალ ჩანაწერებში ზღაპრებს ჩვენი თანამედროვე მსახიობები კითხულობენ და ბავშვებისთვის შესაძლოა ეს ესთეტიკა უფრო ნაცნობი და ახლობელი იყოს (https://www.archives.gov.ge/ge/kartuli-zgaprebis-akhali-chanawerebi), თუმცა ალბათ ასევე საინტერესო იქნება ძველი ჩანაწერები, რომლებიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია გაკეთებული (https://www.archives.gov.ge/ge/kartuli-zgaprebi ).

 

აუდიოწიგნები შეგიძლიათ ნახოთ ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ არქივ „ივერიელის“ ბაზაში, რომელიც ასამდე წიგნს აერთიანებს. მართალია, ამ ბაზის მოხმარება ტექნიკურად ნაკლებმოხერხებულია, ვიდრე ეროვნული არქივის აუდიოფონდისა, მაგრამ ინტერესისა და სურვილის შემთხვევაში მაინც საყურადღებო რესურსია.

 

აუდიოწიგნებით ბავშვების დაინტერესების შემთხვევაში ისინი შეიძლება სწავლებისთვისაც გამოიყენოთ. მაგალითად, სთხოვეთ ბავშვებს, გააკეთონ თავიანთი საყვარელი ნაწარმოებების აუდიოჩანაწერები დამოუკიდებლად ან მეგობრებთან ერთად; შექმნან რესურსი ინტერნეტში, სადაც აუდიოჩანაწერებს ატვირთავენ; მოიფიქრონ ამბები, რომლებშიც გამოყენებული იქნება სხვადასხვა ბუნებრივი ხმა და მათი სინთეზით პატარა აუდიოისტორიები შექმნან; აგზავნონ ერთმანეთთან ხმოვანი შეტყობინებები და აწარმოონ აუდიოდღიურები. ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და ბავშვების მონდომებაზეა დამოკიდებული.

 

ამბებისა და ტექსტების აუდიოფორმატში კონვერტირება ბავშვებს მათთან დააახლოებს, ახლებურ ხედვას გაუხსნის და ინტერპრეტაციების საშუალებას მისცემს, აუდიოისტორიების შექმნის პროცესი კი მათ შემოქმედებით უნარებს განუვითარებს და ხმების, ბგერების, ინტონაციების მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას გამოუმუშავებს. აუდიოფაილები ირიბად შეიძლება მეტყველების სავარჯიშოებადაც გამოიყენოთ და მათთვის სასურველი ინფორმაციის მოსასმენადაც.

მოსწავლეების მიერ ჩატარებული კვლევის მნიშვნელობა სწავლა -სწავლებაში

0

მინდა, გაგაცნოთ კვლევითი აქტივობა, რომელიც მეცხრე კლასში ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე. ჩემი მთავარი მიზანი იყო, მოსწავლეებს მიგრაციის საკითხებზე მარტო თეორიული ცოდნა არ ჰქონოდათ და თვითონ დაენახათ, რომ  მიგრაცია გლობალური ფენომენი და თანამედროვეობის გამოწვევაა; რომ იგი  გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, მის უსაფრთხოებასა და სტაბილიზაციაზე. მსოფლიოს მოსახლეობის 3% დღესაც არ ცხოვრობს იმ ქვეყანაში, სადაც დაიბადა. მიგრაციის ზრდას, განსაკუთრებით ხელი შეუწყო ბოლო ოცწლეულის გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა. ამან ბევრი შიდამიგრაციული პროცესი საერთაშორისო მიგრაციად აქცია.

    მიგრაციასთან დაკავშირებით ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე კვლევა –   მოსწავლეებს უნდა წარმოეჩინათ მიგრაციის გამომწვევი მიზეზები, ფორმები და შედეგები. კვლევამ ინტერაქტიული გახადა მოსამზადებელი პროცესი და მოსწავლეთა მეტი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა გადაინაწილეს დავალებები, რომლის ფარგლებშიც უნდა შეესწავლათ ლოკალური ადგილის (ჩვენი საცხოვრებელი სოფლის), მოსახლეობის სტატისტიკა მიგრაციასთან დაკავშირებით.

მოიპოვეს ინფორმაცია, რომ განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის სიჭარბეა, მიგრაცია ქვეყნისთვის შვებაა, მიგრანტების ოჯახების წევრებისთვის კი შემოსავლის წყარო. ნებისმიერი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია მიგრაციული პროცესების მართვა, განსაკუთრებით ყურადღება უნდა დაეთმოს საზოგადოების ინფორმირებას იმ საფრთხეებსა და რისკებზე, რომლებიც თან ახლავს არალეგალურ მიგრაციას.

ადამიანის გადაადგილების ისეთ ფორმას, როდესაც ადამიანი თვითონ იღებს მიგრაციის გადაწყვეტილებას, ნებაყოფლობითი ეწოდება.

განვითარებული, განვითარებადი და სწრაფად მზარდი ეკონომიკის ქვეყნები მიგრაციულ პროცესებში ერთნაირად აღმოჩნდნენ ჩართული, თუმცა განვითარებადი ქვეყნები უმთავრესად სწორედ მიგრანტთა გამცემ ქვეყნებად მოიაზრება, საიდანაც ადამიანები უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მიემგზავრებიან.

ნებაყოფლობითი მიგრაცია მზარდი ტემპით მიმდინარეობს, რასაც ხელს უწყობს ტექნოლოგიების განვითარება, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის ზრდა და მგზავრობის გაიაფება, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, შრომითი ბაზრის გამრავალფეროვნება, სადაც გაჩნდა მოთხოვნა სხვადასხვა კვალიფიკაციისა და სქესის ადამიანებზე.

ადამიანს უფლება აქვს თვითონ აირჩიოს საცხოვრებელი, თუმცა რეალობა ყოველთვის არ იძლევა ამის საშუალებას. მილიონობით ადამიანი იძულებულია დატოვოს სამშობლო და თავი უცხო ქვეყანას შეაფაროს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს იძულებით მიგრაციასთან, რომლის მიზეზი, ფორმა, ხანგრძლივობა და მასშტაბი სხვადასხვაა, შედეგები კი – მწვავე და მრავალფეროვანი.

მიგრაციის პროცესში წარმოიშობა: რასობრივი, კულტურული, რელიგიური, ენობრივი პრობლემები; პრობლემები იქმნება ასევე კვალიფიკაციის დაბალ დონესთან, ცხოვრების განსხვავებულ სტილსა და ტრადიციებთან, განათლებასთან, კონკურენტულ სამუშაო ძალასთან, ქსენოფობიასთან,  რასიზმთან, მოხეტიალე ცხოვრებასთან, კრიმინალთან, უსახლკარობასთან  მიმართებითაც; თავს იჩენს დაავადებებიც.

მიგრაცია პრობლემაა ასევე არა მარტო მიმღები, არამედ გამცემი ქვეყნებისათვისაც:

  1. ირღვევა ასაკობრივი ბალანსი (მიგრაციაში ახალგაზრდები მიდიან);
  2. იკლებს შობადობა;
  3. მუშახელის ნაკლებობა;
  4. კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობა;
  5. იკარგება თანხა, რომელიც სახელმწიფომ თავის მოქალაქეებზე დახარჯა (ანუ ინვესტიციები);
  6. ოჯახის რღვევა, ნოსტალგია.

მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზია უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების სურვილი. ანაზღაურება კი არის ფასი, რომელსაც ადამიანის უნარში იხდიან და რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია.

მოსწავლეთა შეგროვებული მასალების შესაბამისად ჯგუფმა შეისწავლა  დემოგრაფიული მდგომარეობა, მიგრაციაში წასული ადამიანების სტატისტიკა, მიგრაციის ფორმები, დაადგინეს დასაქმების მიზნით წასული ადამიანების ოჯახის წევრთა რაოდენობა. შექმნეს ოჯახური მდგომარეობისა და სქესობრივი დიაგრამები. გამოკვლევა ჩატარდა ქანქარისებრი მიგრაციის თვალსაზრისით, რომელიც მიგრაციის მნიშვნელოვანი ფორმაა ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებისათვის.

ჯგუფებს დაევალათ კვლევის შედეგების პრეზენტაციის მომზადება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. სამუშაო პროცესს ფოტოებით აფიქსირებდნენ.

 

        კვლევაზე მუშაობის პროცესი

მოსწავლეებმა მიზნობრივად გამოიყენეს საკითხთან დაკავშირებით ტერმინოლოგიები,  გააცნობიერეს მიგრაციის მიზეზები და შედეგები, ჩაატარეს კვლევები სოფლების გელათის, მაღაროს დასახლებასა და მოწამეთაში მცხოვრები მოსახლეობის მიგრაციის შესახებ, დაამუშავეს კვლევის სტატისტიკა და შედეგები ცხრილებსა და დიაგრამებში ასახეს. კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოამზადეს კომპიუტერულ პროგრამა Power Point-ის გამოყენებით.

IX კლასის მოსწავლეებმა შეისწავლეს 124 ოჯახის წევრთა მიგრაციის მონაცემები. დიაგრამებში ასახული იყო რესპონდენტთა საცხოვრებელი ადგილები, ემიგრაციაში წასულთა რაოდენობა, მიგრაციის ფორმები და მიზეზები, მიმღები ქვეყნები, ქანქარისებრი მიგრაცია, ემიგრაციაში მყოფ რესპოდენტთა ოჯახური მდგომარეობა, სქესი და ეკონომიური მდგომარეობა.

კვლევაში მონაწილეობდა 124 ოჯახი. ჩვენ მიერ გამოკითხული ოჯახების                   სტატისტიკა ასეთია :

N მოსწავლის გვარი და სახელი შესწავლილი ოჯახების რაოდენობა
1 ამყოლაძე ლუკა 11
2 აფრიდონიძე მარიამი 8
3 ბაბუხადია სალომე 9
4 მეგენეიშვილი ანა 20
5 მესხორაძე ლაშა 13
6 შალიკიანი ნინო 19
7 ხანთაძე ლუკა 14
8 ხანთაძე გიორგი 15
9 ჯანგავაძე ანა 15

 

მიგრანტთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით

                         ქვეყნები             მიგრანტთა რაოდენობა
შიდა მიგრაცია 28
საბერძნეთი 30
გერმანია 3
თურქეთი 16
იტალია 13
აშშ 5
ინგლისი 1

 

მოსწავლეები აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. დამოუკიდებლად მოიპოვებდნენ ინფორმაციას საკითხთან დაკავშირებით, როგორც ინტერნეტით და დამხმარე ლიტერატურით, ასევე მოსახლეობაში. გამოავლინეს ცოდნის ტრანსფერის უნარ-ჩვევები და ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით (ცხრილებისა და დიაგრამების) გამოსახვის უნარები. შეძლეს მიგრაციის შესახებ მიღებული ინფორმაციისა და კვლევის შედეგების სინთეზი, ისტ-ის გამოყენებით პრეზენტაციის უნარ-ჩვევების გამოვლენა, მოსწავლეებმა ბევრი ახალი ინფორმაცია მიიღეს მიგრაციის გლობალიზაციასა და პრობლემებზე.

 

 

როგორ ვიყენებ მხატვრულ ტილოს ლიტერატურის სწავლებაში

0

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე წარმატებით ვიყენებ მხატვრულ ტილოებს და სხვადასხვა ვიზუალურ მასალას, რადგან  ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა წერითი და ზეპირი მეტყველების განვითარებისა და ესთეტიკური აღზრდის საქმეში. მიზანშეწონილად მიმაჩნია ზოგიერთი გრამატიკული მასალის ფერწერულ სურათებთან კავშირში შესწავლაც. ილუსტრირებული სურათის მიხედვით მოსწავლეებს ვაძლევ სხვადასხვა გრამატიკულ დავალებას.

ლიტერატურის გაკვეთილზე მხატვრული ტილოების გამოყენებისას ჩემი მიზანია, ვასწავლო მოსწავლეებს მათი წაკითხვა, თავიანთი გრძნობებისა და შთაბეჭდილებათა ხატოვანი გადმოცემა. მხატვრულ ტილოებს მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით ვარჩევ.

სურათის  აღწერისას მოსწავლეებს ვთხოვ აღნიშნონ, თუ რით მიიპყრო სურათმა მათი ყურადღება, რატომ მოეწონათ იგი სხვაზე მეტად. სასურველია მოსწავლეებს წარვუდგინოთ რამდენიმე სურათი. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ სურათის არჩევის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი აქტივობა შესუსტდება.

ზოგჯერ რომელიმე მოსწავლე სურათს კი არჩევს, მაგრამ ეძნელება წერის დაწყება, არ იცის საიდან და როგორ დაიწყოს. ასეთ მოსწავლეს ვაძლევ ისეთ საორიენტაციო კითხვებს, რომლებიც მას სწორ გზაზე დააყენებს. პირველად ვაძლევ ასეთ კითხვას: ,,რით მოგწონს ეს სურათი?“ მოსწავლეს შეიძლება სურათის შინაარსი მოეწონოს, იგი ნაცნობი და ახლობელი იყოს მისთვის და მასში სასიამოვნო მოგონებებს  აღძრავდეს. ზოგიერთმა სურათმა შესაძლოა მოსწავლის ყურადღება მიიქციოს შესრულების ოსტატობით, ფერთა შეხამებით, შინაარსი კი გაუგებარი დარჩეს. მოსწავლე აუცილებლად მიუთითებს, რა მოეწონა მას. სწორედ ამით მათთან მუშაობას. თუ მოსწავლეს სურათის შინაარსი მოსწონს, ვეხმარები მას ნაწარმოების მხატვრულ აღქმაში.

წერით მუშაობას ვიწყებთ სურათების ზეპირი გარჩევის შემდეგ და ამას ვუკავშირებ ბუნების წიაღში გასვლით გაკვეთილს. ამის შემდეგ ვიწყებთ თხზულებაზე მუშაობას.

მოსწავლეების უმეტესობა ლევიტანის „ოქროს შემოდგომას“ ირჩევს.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი გავლენა მოახდინა ბავშვებზე მხატვრულ სურათებზე მუშაობამ,  გაგაცნობთ V კლასის მოსწავლეთა მიერ ლევიტანის „ოქროს შემოდგომაზე“  დაწერილ რამდენიმე თხზულებას.

ლუკა  ა.

,,შემოდგომამ ზღურბლს გადმოაბიჯა, ყველაზე კარგი დრო შემოდგომაა. მეწამული და ოქროსფერი ბატონობს ტილოზე, შორს კორომი ელვარებს. ხეები ალისფრად ლაპლაპებს. საოცარი, საკვირველი სურათია ჩემ წინაშე, თითქოს ზღაპარში ვუყურებ შემოდგომის სილამაზეს.

მეწამულ სამოსში ჩაცმული ბუნება თითქოს ზეიმობს. საზეიმოდ მორთულან ხეები. ტილოს ლამაზი ფერები თვალს ახარებენ, მაგრამ რატომ იწვევს სურათი მწუხარებას? რატომ? იქნებ იმიტომ, რომ ,,გამჭირვალე ცის ნათელი რაღაც ცივად იმზირება“. მდინარე გამუქდა და გაცივდა. ბალახი გახუნდა, „აღარ ჩანან ჩიტუნები“. ლევიტანის სურათზე მოკლე, მაგრამ საოცარი შემოდგომაა, ზღაპრული სილამაზეა დახატული. ჩვენთან ბუნება ტირის მიმავალი ზაფხულის გამო, ტირის, ტირის, დილიდანვე მსხვილსა და გამჭირვალე ცრემლებს ყრის. სკოლის ეზოში ხის ოქროსფერი ფოთლები წვიმაში პირს იბანენ, გზებზე კი წუმპეებია“.

ლუკა  გ.

„გავიდა ცხელი ზაფხული. დადგა ლამაზი შემოდგომა. „ტყეში მიწა იფარება ოქროსფერი ფოთლის ფენით“… შემოდგომის ფოთლები თოვლივით ცვივა. შემოდგომამ ნაირფერი, ხავერდის  ხალიჩა მოქსოვა. თითქოს ზრაპარია, შორს აელვარდა ტყის კორომი, ჩიტები კი წასული ზაფხულის საძებრად მიფრინავენ. მდინარე გაცივდა, ცის ლაჟვარდი ისეთი გამჭირვალე აღარ არის, როგორც ზაფხულში.

ლამაზია ტყე შემოდგომაზე, მაგრამ მაინც რაღაც ცივი და უკარებაა იგი. მე ტყე ზაფხულში უფრო მიყვარს, მწვანე სამოსში გამოწყობილი, ხასხასა ბალახისა და მინდვრის ყვავილების ფონზე“.

აღნიშნულმა თხზულებებმა მომხიბლა გრძნობების უშუალობითა და მეტყველების კულტურით, კარგად არის გამოყენებული ციტატა ლექსიდან. მაგრამ ყოველთვის როდი გვახარებენ თხზულებები. ზოგჯერ ასეთი ნამუშევარიც გვხვდება:

„ოქროს შემოდგომა.

მოახლოვდა შემოდგომა. ყველა ფრინველი სამხრეთისაკენ გაფრინდა. „ტყეში მიწა იფარება ოქროსფერი ფოთლის ფენით“… მდინარე ცივი და გამჭირვალე გახდა. ბალახი გახუნდა, გატვიტლდა და მოიწყინა. შორს აელვარდნენ კორომები, ,,ალისფრად ღვივის ცირცელის ტოტი“… „რაღაც ცივად იმზირება გამჭირვალე ცის ნათელი“. დაიწყო ფოთოლცვენა, ფოთლები ფარფატებენ ჰაერში. ფოთოლცვენა, ფოთოლცვენა, ცვივა ყვითელი  ფოთლები ი. ლევიტანის ,,ოქროს შემოდგომის“ მიხედვით“.

არ არის საჭირო ამდენი ციტატა, სად არის გოგონას განცდა, რატომ არის მისი თხზულება ასე უინტერესო? გასაგებია, იგი ყოველგვარი განწყობის გარეშე წერდა, ოღონდაც რამე დაეწერა, წერა კი ეხერხება. რატომ? რა არის მიზეზი?

ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ იგი ჩვენთან ერთად არ იყო გასვლით გაკვეთილზე, არ დასწრებია სურათის ზეპირ გარჩევას. გარდა ამისა, შემოდგომას სხვა დრო ურჩევნია, ეტყობა მას საყოფაცხოვრებო თემა უფრო იზიდავს. ამაში დავრწმუნდი, როდესაც მან პეროვის სურათის ,,სამცხენას“ მიხედვით დაწერილი თხზულება „ზამთარი“ წარმოგვიდგინა.

„ბავშვები, რომლებიც მარხილით მიათრევენ წყლით სავსე კასრს, არ ტირიან. ისინი შეურიგდნენ თავიანთ მწარე ბედს და შეეგუენ მძიმე შრომას. ეს ბავშვები ოსტატის შეგირდები არიან. ისინი მშივრები, გამხდრები, ჩამოძენძილები არიან. ძნელია ამსიმძიმე წაღებით სიარული, ქუჩა კი გასიპულია. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ორი ბიჭი და ერთი გოგო ჯიუტად მიიწევენ წინ ქარის საწინააღმდეგოდ, რომელიც მათ ძონძებს ტანზე ახევს. ვიღაც გამვლელს შეეცოდა ბავშვები და უკნიდან უბიძგებს მარხილს.

მთელი სურათი დახატულია ნაღვლიან, რუხ ფერებში. პეროვი იქვე ხატავს სახლს, რომლის ფანჯრიდან ლამპის შუქი გამოდის. სადღაც შორს მყუდროება და სითბოა, ეს ბავშვები კი უსახლკარონი და უპატრონოები არიან. დიახ, სახარბიელო არ არის მათი ბავშვობა!“

განა შეიძლება ამის შედარება წინა თხზულებასთან? არც ციტატებითაა დამძიმებული, არც მაღალფარდოვანი სიტყვებით. მოსწავლე უბრალოდ და გულახდილად  წერს, განიცდის ამ ბავშვების ბედს. გრძნობათა მოძალების გამო ზოგიერთი მოსწავლე თავის ემოციას ლექსის ფორმით გამოხატავს. მათი ლექსები, რა თქმა უნდა, არ გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, მაგრამ მათში ხალასი გრძნობები იგრძნობა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც , რომ ბავშვები არ მიეჩვიონ ყალბი გრძნობების  ლამაზი სიტყვებით გამოხატვას. კლასიკური ლიტერატურის მაგალითზე უნდა ვუჩვენოთ ბავშვებს, რომ ღრმა ემოციების გადმოცემა უბრალო სიტყვებითაც შეიძლება.

მხატვრულ სურათებზე მუშაობისას დიდი ტაქტი და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, ყოველი განსახილველი ნაწარმოები დიდაქტიკური პრინციპების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს, სხვაგვარად შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღწევა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...