პარასკევი, ივნისი 13, 2025
13 ივნისი, პარასკევი, 2025

თანატოლთა ჯგუფის გავლენა მოზარდის ქცევაზე

0

რამდენიმე წლის წინ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში საინტერესო და საყურადღებო შემთხვევის უნებლიე მოწმე გავხდი. პედაგოგთან შესახვედრად მოსულმა მოსწავლის მშობელმა, მას შემდეგ, რაც შვილის საკლასო ოთახიდან უცნაური ხმაური შემოესმა, კარი შეაღო და, ნანახით გაოგნებულმა, ამის თქმაღა მოახერხა: „თავად რომ არ შევსწრებოდი და სხვას ეთქვა თქვენი შვილი კლასში ასე იქცევაო, არ დავიჯერებდი და საყვედურსაც არ დავიშურებდი ამ ადამიანის მიმართ. ნუთუ შეიძლებაб ჩემი შვილი ასე იქცეოდეს და ასეთ სიტყვებს ხმარობდეს თანატოლთან ურთიერთობისას?“ – გაოცებას ვერ მალავდა შვილის ქცევით შეწუხებული დედა. თავისი წესიერი, ზრდილობიანი, სანიმუშო მეშვიდეკლასელი ბიჭუნა მას ასეთი არასოდეს ენახა.

ის ფაქტი, რომ ჯგუფი თავისებურ გავლენას (დადებითს ან უარყოფითს) ახდენს ადამიანზე, საკამათო არ არის. გარდამავალ ასაკში ეს გავლენა განსაკუთრებით ძლიერია. ვფიქრობ, ამით აიხსნება, რომ კლასის შეცვლა და თანატოლთა სხვა ჯგუფში მოხვედრა მოზარდის ხასიათს და ქცევას იმდენად ცვლის, რომ მისი ცნობა ხშირად შეუძლებელიც კი ხდება და მშობლები საგონებელში ვარდებიან. მოზარდის ქცევა, მისი გადაწყვეტილებები უმეტესად განპირობებულია არა მისი შინაგანი „მე“-თი, მისი ღირებულებებით, პრინციპებით, რომელთა ჩამოყალიბებაზეც მშობლები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, არამედ თანატოლთა იმ ჯგუფით, რომელთანაც მას ყოველდღიურად უწევს ურთიერთობა და რომელიც სერიოზულ გავლენას და ზეწოლასაც კი შეიძლება ახდენდეს მასზე. საინტერესოა, რომ ბევრი მოზარდი ხანდახან ვერც კი აცნობიერებს ამ გავლენას და დარწმუნებულია, რომ თავისი პრინციპების ერთგულია.

როგორ შეიძლება წარიმართოს მოზარდის განვითარება და შეიცვალოს მისი პიროვნული თვისებები, თუ მან ვერ შეძლო თანატოლთა გავლენის გაცნობიერება და დიდხანს დარჩა ამ გავლენის ქვეშ?

როდესაც მოზარდი დიდხანს განიცდის ჯგუფის უარყოფით გავლენას, მის ქცევაში ვლინდება ის, რაც დამახასიათებელია მოცემული ჯგუფისთვის და იჩქმალება მისი ინდივიდუალობა.

ასეთი მოზარდებისთვის დამახასიათებელია გადაჭარბებული ემოციურობა; მათ უჭირთ საკუთარი გრძნობების, ემოციებისა და ქცევის მართვა. თანატოლები ადვილად ახერხებენ მათ განაწყენებას, გაბრაზებას, წონასწორობიდან გამოყვანას.

თანატოლთა ჯგუფის მუდმივი ზეწოლის შედეგად მოზარდს უქვეითდება თვითცნობიერებისა და თვითკონტროლის დონე, საკუთარი შინაგანი „მე“-ს, საკუთარი სამყაროს შეგრძნების უნარი.

თანატოლთა ჯგუფის უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით აზარალებს ნიჭიერ ბავშვებს. ადამიანებს არ უყვართ მათგან ძლიერ განსხვავებული პიროვნებები, განსაკუთრებით – თუ მათი მოდრეკა და მათთვის საკუთარი შეხედულებების თავს მოხვევა უჭირთ. ამ შემთხვევაში ჯგუფმა შესაძლოა წაშალოს, ჩაკლას მოზარდის შემოქმედებითი პოტენციალი, უკიდურეს შემთხვევაში, შეაფერხოს მისი განვითარება. ნიჭიერი ადამიანის ორიგინალურ იდეებს ხშირად უარყოფს საზოგადოება, იმიტომ, რომ უმრავლესობას მისი არ ესმის. უფრო მეტიც: ასეთი პიროვნება არცთუ იშვიათად იმყოფება ძლიერი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, რაც, თავის მხრივ, თრგუნავს მის განვითარებას.

თანატოლთა ჯგუფის ზეწოლა შესაძლოა შფოთვისა და პიროვნებათაშორისი კონფლიქტების მიზეზადაც იქცეს.

ასეთი მოზარდი, როგორც წესი, ყურადღების ამახვილებს არა საკუთარ ქცევაზე, არამედ იმაზე, რა ხდება მის გარშემო; გამოირჩევა იმპულსურობით, გარეგანი ზემოქმედებისადმი მომატებული მგრძნობელობით; უქვეითდება ინტერესი გარშემო მყოფთა შეფასებების მიმართ; ნაკლებად ამჟღავნებს საკუთარი ქცევის შეფასებისა და საქმიანობის გონივრულად დაგეგმვის უნარს.

ჯგუფი შეიძლება დადებით გავლენასაც ახდენდეს მოზარდზე, რაც თავს იჩენს იმით, რომ:

* ჯგუფის წევრების მხრივ აღიარებისა და თანადგომის შემთხვევაში მოზარდი შეძლებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას და დაიკმაყოფილებს თვითრეალიზაციის მოთხოვნილებას;

* თუ ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ მოზარდის ამა თუ იმ წამოწყებას, არ შეიძლება, ამან არ გაამხნეოს და საკუთარი ძალების რწმენა არ გაუძლიეროს მას, რაც დადებითად აისახება სწავლაზე, თვითშეფასების ფორმირებაზე და, რაც მთავარია, პიროვნულ ჩამოყალიბებაზე.

ამრიგად, თანატოლთა ჯგუფის გავლენა მოზარდზე უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ის, თუ როგორი იქნება ეს გავლენა, დამოკიდებულია ჯგუფში დამკვიდრებულ ღირებულებებსა და ჯგუფის წევრთა ურთიერთდამოკიდებულებზე. ვინაიდან უკვე ჩამოყალიბებულის შეცვლა ხშირად შეუძლებელია, კარგი იქნება, თუ პირველი კლასიდანვე ვიზრუნებთ მოსწავლეთა ჯგუფებში ჯანსაღი ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნასა და ბავშვებს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთდამოკიდებულების ფორმირებაზე. მაქსიმალურად ვეცადოთ, თავიდან ავიცილოთ ბავშვის დაპირისპირება თანატოლთა ჯგუფთან. გავითვალისწინოთ, რომ თუ მოზარდს, განსაკუთრებით – გარდამავალ ასაკში, დავაყენებთ არჩევანის წინაშე, ჩვენ დაგვიჭიროს მხარი თუ თანატოლებს, ის აუცილებლად თანატოლებს აირჩევს, მაშინაც კი, თუ გულში ჩვენს პოზიციას იზიარებს. თანატოლთა კეთილგანწყობის დაკარგვას მას ჩვენი მომდურება ურჩევნია – წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფში მისი მდგომარეობა გაუსაძლისი გახდება.

ბავშვებისთვის ადაპტირებული ამბები

0

“სალომემ მითხრა, რომ ერთმა მისმა მეგობარმა ორი ბავშვი მოკლა, მეორემ ხუთი. სკოლაში, ” – მითხრა ერთ დილას ჩემმა 5 წლის შვილმა, როცა საბავშვო ბაღისკენ მიმავალ ავტობუსში ვისხედით. სალომე მისი უფროსი მეგობარია, უკვე სკოლაში დადის და მის მეგობრებს  არავინ მოუკლავთ. სხვა ბავშვებმა მოკლეს სხვა ბავშვები სხვა სკოლაში და მიუხედავად იმისა, რომ სახლში ტელევიზორი არ გვაქვს და ამ თემაზეც ბავშვებთან არ გვისაუბრია, როგორც ჩანს, საიდანღაც მაინც გაიგო და ასე სცადა ამ თემაზე ჩემთან ლაპარაკის წამოწყება.

 

იმას, რომ ბავშვებს ვერაფერს დავუმალავდი 13 ივნისის ტრაგედიის მერე მივხვდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი უფროსი შვილი მაშინ  3 წლისაც არ იყო, არც დახოცილი ზოოპარკის ცხოველები უნახავს და არც დატბორილი ვერეს ხეობა, მომდევნო ბევრი თვის განმავლობაში წვიმის შიში ჰქონდა აკვიატებული და იგონებდა ამბებს იმაზე, როგორ კვდებოდნენ ცხოველები.

 

თავის მოტყუებას სჯობს სინამდვილეს თვალებში შეხედო და ალბათ რაც უფრო ადრე მოემზადები ამისთვის, მით უფრო გაგიმარტივდება სიმართლეებს შორის ორიენტაცია – ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ის ამბები, რაც ჩვენს გარშემო ხდება და რაც დააინტერესებთ, ყველაფერი მოვუყვე  შელამაზებების გარეშე, ჩვეულებრივ, როგორც იყო ისე.

 

მარტივი აღმოჩნდა.

ტყუილად არ არის, ზღაპრები ყველაზე სასტიკი დანაშაულებების ქრონიკებს რომ შეიცავენ, ადამიანის ყველა მანკიერი მხარე ათასი მხრიდან რომაა  აღწერილი და გარემოც, რომელშიც ზღაპრების გმირები ცხოვრობენ, იშვიათად თუა  მათდამი მეგობრული – ბავშვებს შეუძლიათ ამ ამბების გაგება, ყველაფრისთვის საკუთარი სახელის დარქმევა, სიკეთისა და ბოროტების გარჩევა და უსამართლობის შეგრძნებაც, რომელიც ამ ამბების მოსმენისას უჩნდებათ, ბრძოლის სურვილს უჩენთ. ეს ჩვენ გვიჭირს, უფროსებს იმის თქმა, რომ ჩვენს გვერდით მკვლელობა მოხდა, რომელშიც შესაძლოა ჩვენც ვიყავით დამნაშავეები, ჩვენ მივაყენეთ ზიანი ბუნებას, რომლის წინაშეც სინამდვილეში უძლურები ვართ და მარტოები აღმოვჩნდით სასტიკი, მაგრამ მოსალოდნელი სტიქიის წინაშე, ჩვენ დავხუჭეთ თვალი, როცა ვინმეს უსამართლოდ ექცეოდნენ და ვიფიქრეთ, რომ ვინმე სხვა დაიცავდა, ვინც მარტო აღმოჩნდა ბოროტების პირისპირ, ჩვენ ვერ შევაფასეთ საფრთხე სათანადოდ, ჩვენ ენერგიულად ვიცავთ საკუთარი კომფორტის ზონებს და გვავიწყდება, რომ  შეუძლებელია იყო კომფორტულად, როცა გარშემო ყველაფერი პარალიზებულია და ვიგონებთ სასტიკი ამბების ადაპტირებულ ვერსიებს, რომლებსაც ბავშვებს ვუყვებით, სინამდვილეში კი მათზე მეტად ჩვენ გვჭირდება ასეთი ფორმულირებები.

 

ეს ამბავი იმას გავს, სკოლის პერიოდში, საიდანღაც რომ აღმომაჩნდა “ვეფხისტყაოსნის” ადაპტირებული ვერსია, რომლის მხოლოდ რამდენიმე გვერდის წაკითხვა შევძელი. ეს წიგნი ზარმაცი ხალხისთვის იყო შექმნილი, ვისაც ბავშვების რიტმებში, მეტაფორებში, მხატვრულ ხატებში გარკვევა უნდოდა თავიდან აეცილებინა, მე კი ზუსტად ამ უზარმაზარი პოემის რიტმიკა, დინამიკა და მისი ავტორის ლექსიკა მიზიდავდა.

 

ხო, ჩემი კლასელიც მოკლეს ადრე, როცა პატარა გოგო ვიყავი, სკოლა ახალი დამთავრებული გვქონდა, ვიღაც მოჩხუბრებს აშველებდა და სასიკვდილოდ დაიჭრა. ეგეთი უკონფლიქტო ბავშვი ცოტა მახსენდება ჩემი სკოლის პერიოდიდან. ადამიანები სასტიკები არიან და ხშირად ამ სისასტიკეს უდანაშაულოები ეწირებიან. არ ვიცი, იმ სკოლის ბავშვებიდან ვინ იყო კეთილი და ბოროტი, მაგრამ ეგ არც არის ძალიან მნიშვნელოვანი, უფრო საინტერესოა, რატომ ხდებიან ბოროტები ისინი, ვინც სხვებს წირავენ სასიკვდილოდ, რატომ აქვთ სკოლაში ბავშვებს დანა, რატომ ვერ ამჩნევენ უფროსები საშიშ სიტუაციებს  ან რატომ გონიათ სკოლაში მოსიარულე ბავშვებს, ან თუნდაც დიდებს, რომ კონფლიქტები დანით და იარაღით უნდა მოაგვარონ – ვუთხარი ჩემ შვილს იმ დილას. შეიძლება არც არაფერი, მაგრამ ალბათ სჯობს იცოდე და აღიარო, რომ აქ, ჩვენს გარემოში, წლებია დანებით კლავენ პატარა ბიჭები (და არამარტო) ერთმანეთს და სხვები ვერაფერს აკეთებენ ამის წინააღმდეგ.

 

 

ჟან ვიგოს სკოლა  

0

შორიდან დავიწყებ. შორიდან, ანუ გორში ჩატარებულ კომედიის ფესტივალზე მომხდარი ერთი დამაფიქრებელი ამბიდან. ფესტივალის ბოლო დღეს, 14 ივნისს, სამეფო უბნის თეატრმა დიდი შვედის დრამატურგის, ლარს ნურენის დრამა – „დემონები“ წარმოადგინა. წარმოდგენამ ვიღაც გულწრფელად აღაფრთოვანა, ვიღაც კი ისე გაამწარა, თავ-ბედი აწყევლინა და დარბაზი ნაადრევად დაატოვებინა. როგორი უსიამოვნოდ მოსასმენიც უნდა იყოს, ამ გამწარებულ მაყურებლებს შორის გორის მერის მოადგილე და მერიის თანამშრომლებიც ყოფილან. თავად მერს ბოლომდე გაუძლია „უცენზურო სიტყვებისა და კულტურული საზოგადოებისთვის შეუფერებელი მოქმედებებისთვის“, თუმცა მოგვიანებით არ დაუმალავს, რომ სურდა, საფესტივალო რეპერტუარის თაობაზე მერიის კულტურის სამსახური წინასწარ გაეფრთხილებინათ.

როგორც კი ამ ამბის შესახებ წავიკითხე, მაშინვე ის უსაშველოდ მოსაწყენი სასკოლო ზეიმები გამახსენდა, წლიდან წლამდე რომ იმართებოდა გორის სკოლებში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებისა თუ სოფლების სასწავლო დაწესებულებებში. ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი წესით გამოვდიოდით სცენაზე, ვცეკვავდით, ვმღეროდით, ლექსებს ვამბობდით… ტაშსაც სწორედ იმ დროს გვიკრავდნენ  გულაჩუყებული მშობლები თუ მეტ-ნაკლებად კმაყოფილი მასწავლებლები, როცა ამას ყველაზე მეტად ველოდით, ნეტარებით განაბულები.

რა გასაკვირია, რომ ამ აზრმოკლებულმა ზეიმებმა იმთავითვე არასწორი წარმოდგენა შეგვიქმნა იმაზე, თუ საერთოდ რისთვის არსებობს სცენა, რას უნდა ველოდოთ სპექტაკლისგან, რეჟისორისგან, მსახიობებისგან. ცხადია, პასუხისმგებლობის წილი კომედიურ ტელეშოუებსაც ეკისრებათ, სასკოლო ზეიმებზე გაზრდილებს მოწყენის საშუალებას რომ არ აძლევენ. რაღაც კომედიურ ტელეარხებს. რაღაც შემზარავ „იუმორინებს“.

ლარს ნურენის დრამის სანახავად ჩამომსხდარმა მოხელეებმა 1933 წელს გადაღებული ერთი კინოშედევრი გამახსენეს, რომლის სასკოლო კინოჩვენებასაც სასწავლო წლის დაწყებისთანავე მოვაწყობდი. პირველივე დღეს ვაჩვენებდი მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც ფრანგი რეჟისორის, ჟან ვიგოს ორმოცწუთიან ფილმს „ნული ყოფაქცევაში“, წლების განმავლობაში უსამართლოდ აკრძალულსა და დავიწყებულს, დღეს კი უკვე კლასიკად ქცეულს. თავის დროზე ამ ფილმში განათლების სისტემის დაცინვაც დაინახეს, კათოლიკური ეკლესიის გამასხარავებაც, ამბოხისა და ანარქიისკენ მოწოდებაც, საფრანგეთის წმინდათაწმინდა იდეალების უგულებელყოფაც. „ნული ყოფაქცევაში“ ყოველგვარი უკეთურების ბუდეა, რეჟისორი კი, უბრალოდ, მანიაკიაო და მაყურებელს მისი ნახვის საშუალება 1945 წლამდე არ მისცეს.

მოგვიანებით ჟან ვიგოს ამ ავტობიოგრაფიული ფილმიდან და, ბუნებრივია, პირადი გამოცდილებიდანაც ამოიზარდა კიდევ ერთი კინოშედევრი – ფრანსუა ტრიუფოს „ოთხასი დარტყმა“.  ნახეთ, თუ არ გინახავთ – მასწავლებლებს, მშობლებს, მერიის თანამშრომლებს…

როგორია სკოლა, რომელსაც ჟან ვიგო აღწერს ფილმის დასაწყისში? უხალისო და დამთრგუნველი, რეპრესიული და ყოვლად გაუსაძლისი, მექანიკურად აღსასრულებელ წეს-კანონებზე დამყარებული წესრიგით, მასწავლებლებით, რომელთა ქმედებებიც მეტწილად ან ძალადობრივია, ან საღ აზრს მოკლებული, ან სულაც უხამსი. რა დარჩენიათ მოსწავლეებს გამოსავლის მოძებნის გარდა? ჰოდა, ისინიც გამალებით ეძებენ. შეგუება, როგორც შესაძლო გამოსავალი, იმთავითვე გამორიცხულია – ჟან ვიგო აშკარად მათ მხარესაა, ვის თავშიც ამბოხის იდეა მწიფდება. ოთხი ყველაზე გამორჩეული მოსწავლე მცირე რევოლუციას აწყობს – სიურრეალისტურ რევოლუციას. სახურავზე ამბოხებულთა დროშა ფრიალებს, სახურავიდან კი სხვადასხვა საგნებს ესვრიან საზეიმო სანახაობის მოლოდინში ჩამომსხდარ საპატიო სტუმრებს. სულაც პრეფექტს, თუ სწორად მახსოვს.

სკოლის დირექტორი, არც მეტი, არც ნაკლები, ჯუჯაა – იმ ბავშვების სიმაღლისაა, რომლების ერთ ყალიბში მოქცევასაც ცდილობს, როგორც რეპრესიული სისტემის რიგითი წარმომადგენელი. მაინც რისი მანიშნებელი შეიძლება იყოს ფრანგი რეჟისორის ეს გადაწყვეტილება? იქნებ იმის, რომ ბავშვები, შენი მოსწავლეები სწორედ იმავენაირ ადამიანებად უნდა აღიქვა, როგორიც თვითონ ხარ? ან იმის, რომ ნებისმიერი სტატუსი, სინამდვილეში, მხოლოდ მოჩვენებითი სიმაღლეა…

არ მოვყვები იმას, რაც ფილმის ბოლოს ხდება. ეს დაუვიწყარი სცენები საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. ენით აუწერელი მშვენიერება უდავოდ იმსახურებს ხმამაღლა დაკრულ ტაშს. ჟან ვიგომ, რომელსაც ერთგვარ ანარქისტულ ხედვასაც აბრალებდნენ, სავარაუდოდ, უფრო  იმის გამო, რომ მამამისი საქვეყნოდ ცნობილი ანარქისტი იყო, კინოს ენაზე, თავისებურად შეასხა ხოტბა თავისუფლების დიდ იდეას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, ბარიერების ნგრევას, საზღვრების გაუქმებას. „ნული ყოფაქცევაში“ სამუდამოდ დარჩება იმ ფილმებს შორის, რომლებიც ყველაზე გასაოგნებელი ფორმით ამბობენ ყველაზე მეტს – იმას, რაც გულზე გხვდება, რაც გზის გაკვლევაში გეხმარება, რაც საჭირო დროს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას მიგაღებინებს.

და ბოლოს, სიტყვა, რომლითაც ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები იწყება ამ დაუვიწყარ ფილმში. მენდეთ, მეტად უხამსი სიტყვაა. მოსწავლე გაბედავს და იტყვის, გაბედავს და გაიმეორებს. სიტყვა იარაღად იქცევა – ანგრევს, აშენებს.

 

არაფორმალური განათლება, მედიაწიგნიერება და ვიდეოგაკვეთილები საბაზო საფეხურზე

0

თვისებრივი კვლევის მოულოდნელი მიგნებები

(პირველი ნაწილი)

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება წარმოდგენები საგაკვეთილო პროცესის შესახებ. თანამედროვე გაკვეთილი აღარ მოიცავს ამ ცნების მხოლოდ ტრადიციულ გაგებას – განსაზღვრული ხნის განმავლობაში ერთ სივრცეში სწავლების პროცესს. მასწავლებლებს აქვთ თავისუფლება, ნებისმიერი გზით მიაღწიონ სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს და აირჩიონ სწავლების სხვადასხვა ფორმა. მიუხედავად ამისა, მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშიც ხშირია სწავლებას, სასწავლო მასალის გადაცემასა და შედეგების დადასტურებასთან დაკავშირებული პრობლემები. განათლების თეორეტიკოსები და მკვლევრები უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური განათლებისაგან მისი გამიჯვნა ტერმინის განმარტების დონეზეც კი დღემდე რთულია.

როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში დიდი ადგილი უკავია მედიაწიგნიერებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების წყალობით საგაკვეთილო პროცესი ბევრად უფრო საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული და მოსწავლეთათვის სახალისო შეიძლება გახდეს. რაც შეეხება არაფორმალური განათლების პროცესს, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის იგი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია.

გერმანიაში 1998 წლის შემდეგ მიმდინარეობს ახალგაზრდობის, ინფორმაციისა და მულტიმედიის კვლევა (Jim Studie), კერძოდ, ინფორმაციული ქცევის მნიშვნელობის გააზრება 12-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებში. 2016 წლის კვლევაში 1200 მოსწავლე გამოიკითხა მედიაკომპეტენციის (პრაქტიკული უნარები), საშინაო დავალებების მომზადებასა და სასკოლო ცხოვრებაში მედიის როლის შესახებ. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 43% კვირაში, სულ მცირე, 45 წუთს ხარჯავს ინტერნეტისა და კომპიუტერის გამოყენებით საშინაო დავალებების მომზადებაში. უნდა ითქვას, რომ კომპიუტერთან გატარებული დრო ასაკის პირდაპირპროპორციულად იზრდება. კვლევამ განსაკუთრებული აქცენტი Youtube-ის როგორც სასწავლო რესურსის გამოყენებაზე დასვა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ახალგაზრდების 86% კვირაში რამდენიმეჯერ მაინც მიმართავს აღნიშნულ ვიდეოპორტალს საშინაო დავალებების მომზადების მიზნით. გამოკითხვის შემდეგ შედგენილ რანჟირების სქემაში Youtube-ის ყველაზე ხშირად ნახვად ვიდეოებს მეექვსე ადგილი უჭირავს, ხოლო ვიდეოგაკვეთილებს (ე.წ. ტუტორიალებს) – მეთერთმეტე.

იმავე კვლევაში, რომელიც ერთი წლის შემდეგ ჩატარდა, ვიდეოგაკვეთილებმა მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა, რაც მათი გამოყენების სიხშირისა და აქტუალურობის მაჩვენებელია. აღნიშნული კვლევა აქცენტს სვამს არაფორმალურ განათლებაზეც და ამ სასწავლო რესურსს სწორედ მის ნაწილად მოიაზრებს. ვიდეოგაკვეთილებთან (ე.წ. ტუტორიალებთან) დაკავშირებული ყველა კვლევა თანხმდება იმაზე, რომ ამ რესურსს მოსწავლეები, წერილობით მასალებისგან განსხვავებით, დღითი დღე უფრო და უფრო ხშირად იყენებენ. ტელევიზორის, კომპიუტერული თამაშებისა თუ სოციალური ქსელების გვერდით ვიდეოგაკვეთილები მოზარდების სოციალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება.

ვიდეოგაკვეთილების მაღალ დონეზე ჩაწერა და მომზადება ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ Youtobe-ზე ხშირად შეხვდებით სახლის პირობებში ჩაწერილ „სიუჟეტებსა“ თუ სასწავლო გაკვეთილებს. მოსწავლეს შეუძლია, ნებისმიერ სასწავლო საგანთან, თემასთან ან საკითხთან დაკავშირებით მოიძიოს ტუტორიალი, რომელიც მას ბუნდოვანი საკითხების გარკვევაში ეხმარება (განსაკუთრებით – ინგლისურ ან რომელიმე სხვა ევროპულ ენაზე). ამ ტიპის ვიდეოს ატვირთვა პორტალზე ყველას შეუძლია, ამიტომ მათი ხარისხის განსაზღვრაც ხშირად რთულია. გარდა არაფორმალური განათლების საშუალებისა, ვიდეოგაკვეთილები არაფორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობასაც იძლევა. კომენტარების ფუნქცია ვიდეოს შემქმნელს საშუალებას აძლევს, დაუკავშირდეს მომხმარებლებს, გაითვალისწინოს მათი მოსაზრებები, უპასუხოს დასმულ კითხვებს და ა.შ.

ვიდეოგაკვეთილები გერმანულენოვან საგანმანათლებლო ლიტერატურაში ტიპებადაა დაყოფილი. ვიდეოტუტორიალები ვიდეოგაკვეთილების ერთგვარი ჟანრია, რომლის მიზანია, დაეხმაროს კონკრეტული საგნის სპეციფიკით დაინტერესებულ პირს ამ საგანთან დაკავშირებული სხვადასხვა თემის გააზრებაში. შინაარსის მიხედვით მსგავსი ვიდეოები სწავლების სხვადასხვა მეთოდს იყენებს, მათ ძირითად „იარაღს“ კი ქმედება წარმოადგენს. ვიდეოს შემქმენელი ან თავად არის პროცესის მოქმედი პირი, ან სხვა მეთოდით აძლევს საშუალებას დაინტერესებულ პირს, დააკვირდეს ამა თუ იმ მოქმედებას. მაგ., თუ ვიდეოტუტორიალი მოგვითხრობს ონკანის შეკეთებაზე, ვიდეოში თეორიული განმარტების პარალელურად ნაჩვენებია, როგორ შევაკეთოთ ის.

ვიდეოგაკვეთილებს მიეკუთვნება პერფორმანსვიდეოებიც. ამ შემთხვევაში მაყურებელი აკვირდება ქმედებას კონკრეტული განმარტებების გარეშე. ამ ტიპის ვიდეოების შემქმნელთა მიზანია საკუთარი თავის წარმოდგენა და მათ ძირითადად შემოქმედებითი ხასიათი აქვთ და არა სასწავლო, ამიტომ ვიდეოტუტორიალების გვერდით ვერ დავაყენებთ.

მესამე ტიპია ე.წ. ვიდეობლოგები, რომლებიც ძირითადად კონკრეტული პირების სუბიექტურ მოსაზრებათა ერთობლიობას წარმოადგენს. ვიდეობლოგებს შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც პერფორმანსის ხასიათის ვიდეოები, ასევე ტუტორიალებიც.

ვიდეოგაკვეთილების როგორც მედიაწიგნიერებისა და მედიაგანათლების ერთ-ერთი ელემენტის შესახებ გერმანულენოვან სივრცეში აქტიური კვლევები მიმდინარეობს. ამ თემით დაინტერესდა რაინ ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების ინსტიტუტის რამდენიმე სტუდენტიც, რომლებმაც გადაწყვიტეს გამოეკვლიათ ვიდეოტუტორიალებისადმი საბაზო საფეხურის მოსწავლეების დამოკიდებულება. მკვლევართა ინტერესის საგანს ვიდეოპლატფორმა Youtube–ი წარმოადგენდა. კვლევითი პროექტის სამიზნე ჯგუფად შეირჩა მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები სხვადასხვა ტიპის სკოლებიდან (Hauptschule, Gesamtschule). ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ გადაწყდა თვისებრივი კვლევის ჩატარება, რადგან ის, რაოდენობრივისგან განსხვავებით, საშუალებას გვაძლევს, შევაგროვოთ არა თვლადი მონაცემები, არამედ ჩავწვდეთ ამ მონაცემების მიღმა არსებულ ღრმა სტრუქტურებს, შევამჩნიოთ და ზედაპირზე ამოვიტანოთ საკითხები, რომლებიც კითხვარის შევსების შემთხვევაში უყურადღებოდ დარჩებოდა. თვისებრივი მეთოდოლოგია საშუალებას გვაძლევს, მონაცემების ანალიზის შემდეგ, შევაფასოთ შედეგები სხვადასხვა თეორიულ ჭრილში, გამოვთქვათ ვარაუდები საზოგადოებაში დამკვიდრებულ არაფორმალურ წესებსა თუ დამოკიდებულებებზე, გავიგოთ, რა ამოძრავებთ ადამიანებს, რა იმალება კონკრეტული ქმედების უკან, რა არის მოტივი ამოძრავებს ამა თუ იმ არაფორმალურ ჯგუფს (მაგ., შეინარჩუნონ ერთობა კრიზისულ სიტუაციებში), რა შეიძლება იმალებოდეს ციფრებით გამოხატული პრობლემების ღრმა შრეებში და ა.შ.

თვისებრივ კვლევაში გამოიყენება მონაცემების ანალიზის სხვადასხვა მეთოდი: კონტენტანალიზი, დაფუძნებული თეორია, დოკუმენტური მეთოდი… მკვლევართა ჯგუფმა არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ჩატარებული ჯგუფური ინტერვიუს შედეგები დოკუმენტური მეთოდით გაანალიზდა. ეს უკანასკნელი წარმოადგენს გერმანულენოვან სივრცეში თვისებრივი კვლევის შედეგების ანალიზის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას, რომელიც დახვეწეს და განავრცეს ბონზაკმა და ნოლმა. მეთოდოლოგია ითვალისწინებს სპეციალურ ჩარჩოს ინტერვიუების, ჯგუფური ინტერვიუებისა და ფოტოვიდეომასალის ანალიზის დროს. უკანასკნელი ეტაპია საკვლევი ერთობლიობიდან ადამიანის კონკრეტული ტიპების გამოვლენა. მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც მკვლევრები გამოკითხულ ადამიანებს დააჯგუფებენ და ამა თუ იმ ტიპს მიაკუთვნებენ, საკვლევ საკითხსა და პრობლემაზეა დამოკიდებული.

ჩვენ მიერ განხილულ კვლევითი პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი ჯგუფური ინტერვიუ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებთან. მონაცემების კოდირებისა და ანალიზის შემდეგ ზედაპირზე წამოიწია მოულოდნელმა თემებმა. მონაცემების ანალიზმა გამოავლინა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

  1. მოსწავლეები ვიდეოტუტორიალების ავტორებს (იგულისხმება ის შემთხვევები, როდესაც ისინი ვიდეოში ჩანან), მასწავლებლისგან განსხვავებით, თანასწორებად აღიქვამენ;
  2. მოსწავლეები თავიანთი თავის იდენტიფიცირებას ახდენენ ვიდეოში მოქმედ პირებთან, რადგან ისინი მათთვის წარმატების სიმბოლოდ არიან ქცეული და თავს მათგან აღიარებულად გრძნობენ;
  3. მოსწავლეებისთვის იოლია რთული მასალის აღქმა, როცა ის გადმოცემულია სხვადასხვა ფორმით;
  4. მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში „ძალაუფლების“ შენარჩუნებისთვის არაცნობიერ მეთოდებს იყენებენ;

იმაზე, თუ რას ვგულისხმობთ კონკრეტულ შედეგზე საუბრისას, დეტალურად სტატიის მოდმევნო ნაწილში ვისაუბრებთ.

რას გულისხმობს დისციპლინა

0

რას ნიშნავს ბავშვის დისციპლინირება? ზოგს ჰგონია, რომ ამ დროს საუბარია მის ცემასა და დასჯაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ არის. დისციპლინაში იგულისხმება თქვენი პატარებისათვის წესების დადგენა, აგრესიული, სახიფათო და არასათანადო ქცევების თავიდან ასაცილებლად და წესების დარღვევის შემთხვევაში, სათანადო ზომების მიღება. ჩვენ შემოგთავაზებთ ექვს სტრატეგიას, როგორ დავადგინოთ წესები და შევაჩეროთ არასასურველი ქცევა.

 

  1. აირჩიეთ თქვენი სტრატეგიები

თუ თქვენს შვილს ყველაფერზე „არას“ ეუბნებით, იგი ყურადღებას აღარ მიაქცევს ამას და თქვენს პრიორიტეტებსაც ვერ გაიგებს. კარგად განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, შესაბამისი საზღვრები დაადგინეთ და შედეგებზე შესაფერისი რეაგირება მოახდინეთ. მსუბუქად მიუდექით უმნიშვნელო საგნებს – ჩვევებს, რომლებსაც, თქვენი შვილი, დიდი ალბათობით, გადაეჩვევა. შეეცადეთ, სასურველი ქცევა შეაქოთ – ეს მათ კარგ საქციელს წაახალისებს.

  1. შეისწავლეთ თქვენი შვილის საქციელის გამომწვევი მიზეზები 

ზოგიერთი ცუდი საქციელის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ განჭვრეტთ, რა არსის მისი გამომწვევი მიზეზი და აღმოფხვრით მას. ზოგჯერ ასე უფრო ადვილია, ვიდრე „არას“ თქმა, ჩხუბი ან დატუქსვა. ასევე გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები ხშირად მაშინ იქცევიან ცუდად, როდესაც შიათ, დაღლილი ან იმედგაცრუებული არიან. დარწმუნდით, რომ ის ჯანსაღად იკვებება, საკმარისად სძინავს და ენერგიის დასახარჯად გარეთ თამაშობს, სუსხიან ამინდშიც კი.
3.იყავით თანმიმდევრულნი

 

2-დან 3 წლამდე ბავშვები ცდილობენ, გაიგონ, თუ რა რეაქციას იწვევს მათი ქცევა გარშემომყოფებში. თუ თქვენი რეაქცია ერთსა და იმავე სიტუაციაში ცვალებადია (ერთ დღეს სახლში ბურთით თამაშის უფლებას აძლევთ, მეორე დღეს – არა), თქვენ მას აბნევთ. თუ თქვენ მსგავსი სიტუაციებისას ყოველთვის ერთნაირი რეაქცია გექნებათ, 4-5 შემთხვევის შემდეგ მისი ქცევა შეიცვლება. გაითვალისწინეთ, რომ 2 წლისთვის ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ შეაცვლევინონ მშობლებს გადაწყვეტილება უბრალოდ საყვარელი საქციელით. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად საყვარლები (ან ჭკვიანები) არიან – არ მისცეთ მათ ასეთი რამის უფლება.

  1. ნუ იქნებით ემოციური

 

რა თქმა უნდა, რთულია სიმშვიდის შენარჩუნება მაშინ, როდესაც თქვენი შვილი ძაღლს კუდზე ექაჩება ან თქვენი კბილების გასუფთავებაზე უარს ამბობს. თუ გაბრაზდებით და უყვირებთ, გზავნილი არ მიაღწევს ბავშვამდე და სიტუაცია უფრო გამწვავდება. როდესაც ბავშვი ნეგატიურ განწყობას ხედავს, იგი არ მოგისმენთ. პირიქით, გაბრაზებით თქვენი შვილი შესაძლოა გაერთოს კიდეც. ასე რომ, თავი შეიკავეთ ყვირილისგან. ღრმად ჩაისუნთქეთ, სამამდე დაითვალეთ და თვალი გაუსწორეთ თქვენს შვილს. როდესაც საყვედურობთ, იმოქმედეთ სწრაფად, მტკიცედ, სერიოზულად და მკაცრად.

  1. გადმოეცით სათქმელი მოკლედ და მარტივად.

როდესაც ბავშვი წესებს არღვევს და თქვენ ცდილობთ, დეტალურად აუხსნათ, რა გააკეთა არასწორად და რა პრივილეგიებს დაკარგავს, თუ ცუდად მოქცევას არ შეწყვეტს, გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტად ბევრი ლაპარაკი ისეთივე არაეფექტურია, როგორც ზედმეტი ემოციურობა. 18 თვის ბავშვს არ აქვს კოგნიტური უნარი, რომ კომპლექსური წინადადებები გაიგოს, 2-3 წლის ბავშვს უფრო მეტად განვითარებული ენობრივი უნარ-ჩვევები აქვს, თუმცა თქვენს ნათქვამზე კონცენტრირება უჭირს. ამის ნაცვლად, შეეცადეთ, რომ მოკლე ფრაზებით ისაუბროთ, რამდენჯერმე გაუმეორეთ საყვედური და ხმისა და სახის გამომეტყველებაც შესაბამისი მიიღეთ.

  1. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად იმედგაცრუებულნი ხართ თქვენი შვილის ცუდი საქციელის გამო, არ გამოხატოთ ეს მისი თანდასწრებით. თუ თქვენ მათზე უიმედოდ და ნეგატიურად ისაუბრებთ მათი თანდასწრებით, თქვენზე კარგი წარმოდგენა არ ექნება, თქვენს მიმართ პატივისცემას დაკარგავს და საბოლოოდ, იგივე საქციელს გაიმეორებს.

 

 

ალტერნატიული საქართველოს შესახებ

0

ხელოვნება უკვე ალტერნატივაა. ლიტერატურა – სიტყვით დადასტურებული შესაძლებლობა. როცა მწერალი მხატვრულ სამყაროს ქმნის, ის სინამდვილის  ალტერნატიულ ვერსიას გვთავაზობს, ხოლო თუ ეს ქმნადობის აქტი მაღალი ოსტატობითაა აღბეჭდილი, ასეთ შემთხვევაში, იბადება განცდა, რომ – მწერალმა არა ალტერნატიული სინამდვილე, არამედ პარალელური, მეორე, სხვა სინამდვილე დაინახა და დაგვანახა.

ზოგჯერ კი, ეს მეორე, შესაძლოა, პირველიც აღმოჩნდეს.

შემოქმედებით ძალისხმევას გააჩნია, წარმოსახვას, ხედვის სიცხადეს და კიდევ იღბალს – მოხვდა თუ არა მწერალი საჭირო დროსა და საჭირო ადგილას, სიცოცხლის და ჭეშმარიტების გადაკვეთის ნემსის ყუნწისხელა წერტილში.

ცოტა ხნის წინ, გამომცემლობა „ინტელექტმა“ ერთი უცნაური პრეზენტაცია დააანონსა – ახალი წიგნის წარდგენაზე მკითხველებს, არც მეტი და არც ნაკლები, მეტროსადგურის გვირაბში ეპატიჟებოდნენ. წიგნი კი გურამ მეგრელიშვილის „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ გახლდათ. წარდგენამ, გარემოს შესაბამისად, არაორდინალურად და მხიარულად ჩაიარა, თუმცა ეს ის ბედნიერი შემთხვევა აღმოჩნდა, როცა მკითხველის შთაბეჭდილება „ეფექტისთვის“ არჩეულ (თემატურ) გარემოში კი არ ჩარჩა და ჩაიკარგა, არამედ, მთავარი „ეფექტი“ სწორედ წარდგენის მერე, კითხვისას მოახდინა წიგნმა. ამაზე უკვე ბევრგან ითქვა, კერძო საუბრებში, მეგობრული აზრთა გაცვლა-გამოცვლისასაც და საჯაროდაც.

გურამ მეგრელიშვილის ახალი კრებული „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ რომანის ელემენტებსაც შეიცავს – საერთო პროტაგონისტი ჰყავს (მართალია, ნოველიდან ნოველამდე შესაძლოა „ზნეს და ფერს“ იცვლიდეს, ხან არტისტულად სასოწარკვეთილ, ხანაც – სამაგალითოდ წარმატებულ ტიპად გვევლინებოდეს, მაგრამ ყველა ამბავს ის ჰყვება. ეს ნიშნავს – აქვს თავისი ენა, დამახასიათებელი იუმორი/სარკაზმი, იდეალები და ა.შ); სამოქმედო არეალიც წინასწარვე განსაზღვრულია და მოქმედებაც, მართალია ფრაგმენტულად და დიაქრონულად, მაგრამ მაინც ვითარდება ერთი კონკრეტული საწყისი წერტილის შემდეგ. ჩემი ფიქრით, ამ წიგნში მთავარი სწორედ ეს წერტილია, ერთგვარი სამანი, დაახლოებით ისეთი სააზროვნო პარადიგმით, როგორითაც განვმარტავთ კონტექსტებს – წარღვნამდელი/წარღვნის შემდგომი.

აშკარაა, რომ მწერლის მიერ შექმნილ ალტერნატიულ საქართველოში რაღაც დიდი და მშვენიერი, წარღვნის ტემპერატურის ტოლფასი ცვლილება უკვე მომხდარია და ქვეყანა სულ სხვა მხრივ იწყებს შეუქცევად განვითარებას. ამ სინამდვილეში კი შესაძლებლობათა ფეიერვერკია – ლამის ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს იდეალური სოციალურ-პოლიტიკური და საზოგადოებრივ-კულტურული განვითარების მოდელი.

ბუნებრივია, მძლავრი წარმოსახვით შექმნილ ამ სახალისო და სასურველ პროექციას ღიმილის გარეშე ვერ წაიკითხავთ. ვინმესთვის, შესაძლოა, ეს სიმწრის ღიმილიც იყოს, ნიჰილისტური ხელის ჩაქნევით, თუმცა ესეც მისი ნებაა. საერთოდ, ყველაფერი ხომ მკითხველის ნებაა, ისევე, როგორც ავტორის, რომელმაც, კაცმა არ იცის, რა განზრახვით, რაღაც ახალი, მეორე და სხვა სინამდვილე შემოგვაპარა ან სულაც, დაგვაძალა.

მაცხოვარივით – თომა მოციქულის თითს რომ ჭრილობებში თავად ჩაიყოფს და მშვიდად, ღიმილით გამოგვხედავს სახარებიდან…

გურამ მეგრელიშვილის ალტერნატიული საქართველო კი, თავისი სამაჩაბლო-ჰერეთ-აფხაზეთით, ასე გამოიყურება:

ჭიათურა საუნივერსიტეტო ქალაქად ქცეულა და სხვადასხვა მხრიდან ჩამოსულ სტუდენტებს, ისევე როგორც რამდენიმე ქალაქიდან საგანგებოდ ამ მიზნით დაძრულ მომხმარებლებს – „ჭიათურა-TRADE_ CENTRE“, უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი ემსახურება. ლანდშაფტიდან სრულიად ამოვარდნილი, მრავალსართულიანი სასტუმრო „მაღარო Palace“ კი სტუმრებს ვერ იტევს; ზესტაფონს მწერალი ბორის აკუნინი სტუმრობს და მისივე სახელობის ქუჩაზე სეირნობს; ინოვაციური ტექნოლოგიური მიღწევების ცენტრი – ლანჩხუთი, დაკიდებული საფეხბურთო მოედნით, სუფსაზე მცურავი უნივერსიტეტით, მომავლის მუზეუმით და ფილიმონ ქორიძის სახელობის ღია ამფითეატრით, საქართველოს ახალარჩეულ პრეზიდენტს – გიორგი კეკელიძეს მასპინძლობს; ცხინვალიდან ნიქოზში ტრამვაი დადის და ხაშურში დისნეილენდის ფილიალია; სამეცნიერო ლაბორატორია, რომელიც ხვამლის მთაზე აუშენებიათ, მიღმური სამყაროს მეტაფიზიკურ ტელეპორტაციაზე მუშაობს; კაზინოები, ბორდელები, ტოტალიზატორები და მსგავსი მავნე მიდრეკილებების ადგილები, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორცმეტებივით იყო ამოზრდილი, ჯანდარაში გადაუტანიათ და სლოგანსაც „ჯანდარამდე გზა გქონია“ საუკუნოვანი მნიშვნელობა ენიჭება…

კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შეიძლება. მწერლის ფანტაზია უშურველად ქმნის საქართველოს  ახალ ვერსიას და ამ ამბავში, რომელიც თამაშსაც ჰგავს, მკითხველს ბუნებრივად ითრევს – ტექსტში გამოყენებულია QR კოდები, რომლის სკანირებითაც (მარტივი აპლიკაცით) შეგიძლიათ გააცოცხლოთ ის ვიზუალური მასალა, რაც სპეციალური აღნიშვნით ცალკეა გამოტანილი. ასევე, შენიშვნების სახით, ტექსტს უხვად ახლავს ტოპონიმთა, მოვლენათა და პერსონაჟთა განმარტებები, რაც მხატვრულ ტექსტს დოკუმენტურ სიზუსტეს ანიჭებს. ყოველი ნოველის ბოლოს კი, დართულია სანახავი ადგილების სია. მოკლედ, ეს წიგნი ყველასთვისაა, ვისაც მოგზაურობა უყვარს. მოგზაურობა ქვეყნის შიგნითაც და საკუთარ თავშიც.

მხატვრულ წარმოსახვაზე ბევრი ვილაპარაკე. მაგრამ, ერთი რამე უნდა აღვნიშნო აუცილებლად – მიუხედავად „ალტერნატიული“ სულისკვეთებისა, იუმორით გაჯერებული შესაძლებლობების მაინც უტოპიური ატმოსფეროსი, ეს წიგნი მკაფიო სამოქალაქო პოზიციით დაწერილი ტექსტების კრებულია, და ასე მგონია და მჯერა, რომ მწერლისთვის ეს უკანასკნელი – სამოქალაქო პოზიცია – დღესაც და ყოველთვის, ყველა დროში, ალბათ შემოქმედებით პასუხისმგებლობაზე არანაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

მით უმეტეს, რომ გურამ მეგრელიშვილი თავადაა აქტიური სამოქალაქო პერსონა – ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც და მსოფლიოს ქვეყნებშიც, არაერთი წარმატებული პროექტის და ინიციატივის ავტორია, პირადად ეცნობა იმ პრობლემებს, რომელთა დაძლევის პერსპექტივებსაც წიგნში გვთავაზობს.

მოკლედ, გურამ მეგრელიშვილი სანდო მწერალია. ეს ნიშნავს, რომ მის მიერ დანახული და მოყოლილი ალტერნატიული საქართველო სრულიად შესაძლებელი სინამდვილეა, თუკი, მხოლოდ კი არ ვიოცნებებთ, არამედ გულით და შეგნებით ჩავერთვებით ამ შესაძლებლობების ათვისების საქმეში.

რაღა დავმალო და, მე იმ დღესაც მოუთმენლად ველოდები, როცა რომელიმე კონკრეტული იდეა „საქართველოს ალტერნატიული რუკიდან“, ვინმეს სხვანაირად მოხვდება გულზე, დააფიქრებს და შეუდგება მის განხორციელებას.

წიგნები სულის და გონების მღვიმეებში იწერებიან და დღის სინათლეზე აგრძელებენ ცხოვრებას. შეუცნობელია მათი წუთისოფელიც…

 

 

ალკოჰოლი- რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ

0

ამას წინათ ერთ-ერთ სუპერმარკეტში პროდუქტების შესაძენად შევედი. იმ ფილიალში პირველად გახლდით და სექციების განლაგებას არ ვიცნობდი. ჰოდა, სიარულ-სიარულში ალკოჰოლის განყოფილებაში ამოვყავი თავი. ალკოჰოლის ყიდვას ნამდვილად არ ვაპირებდი, თუმცა შევჩერდი, რადგან ჩემი ყურადღება ერთი ბოთლის გაფორმებამ მიიპყრო. რაღაც მექსიკური ვისკი თუ არაყი იყო, რომლის ეტიკეტი ორი ნაწილისგან შედგებოდა. ერთზე – ცილინდრიანი კაცები და ორი სადღესასწაულო კაბაში გამოწყობილი ბანოვანი ბაასით ირთობდნენ თავს. სურათის მეორე ნაწილზე, სავარაუდოდ, უკვე წარმოდგენილი სასმელი ჰქონდათ მირთმეული და ადამიანებს აღარ ჰგავდნენ. ცილინდრებით კაცებს ამოიცნობდით, რომლებსაც ერთს სახედრის თავი ება, მეორეს კი – ღორის. ერთი ოთხზე დარბოდა, მეორე ხეზე ასვლის მცდელობის დროს იყო დაფიქსირებული. არც ყოფილი ბანოვანები იყვნენ უკეთეს დღეში, ლამაზი კაბები ახლა უკვე ჩონჩხებს ეცვათ.

გამოდის, რომ ეტიკეტის გამფორმებელმა მხატვარმა ყველაფერი გულწრფელად გამოსახა. დალევთ და სახედრად და ღორად გადაიქცევითო. ტალახშიც იგორავებთ, ოთხზეც იკუნტრუშებთ და ღრუტუნ-ყროყინით ხეზე ასვლაც მოგინდებათო. ეს ყველაფერი ქალბატონებსაც შეეხება, მაგრამ ნახეთ, ბანოვანყოფილები ჩონჩხებად გამოსახა, რითაც ალბათ მიანიშნა, რომ გარდა გაცხოველებისა, ალკოჰოლი ორგანიზმის ნაადრევ გამოფიტვას, სიბერეს და სიკვდილს იწვევს.

თუმცა, ე.წ. „გაცხოველებამდე“ „ეიფორიის“ სტადია დგება, ენერგია და  დაღლილობის გრძნობის გაქრობა მოაქვს. ისეთი მდგომარეობაა, ცა ქუდად რომ არ მიგაჩნია და დედამიწა ქალამნად. შემდეგ ეტაპზე სააზროვნო პროცესის ინჰიბირება იწყება, ამას თან ინსტინქტების წინ წამოსვლა და მათი შეკავების უუნარობა მოსდევს. სივრცეში დეზორიენტაცია და კოორდინაციის უნარი იკარგება. აი, ამას მოსდევს „გაცხოველება“.

ჰოდა, ასეთი გულწრფელი ეტიკეტის შემდეგ რატომ უნდა მოგინდეს მსგავსი სპირტიანი სასმელების შეძენა და დალევა? კარგი, მოდით, სათქმელი ოდნავ შევარბილოთ, რატომ უნდა მოგინდეს მათი სისტემატურად შეძენა და დალევა?

განვმარტოთ…!

აქ ოჯახურ დღესასწაულებსა თუ მეგობრულ სუფრებზე მირთმეულ თითო-ოროლა ჯანსაღ ღვინოსა თუ მაგარ სპირტიან სასმელებზე არ ვსაუბრობ. საქმე არც სადილის დროს მირთმეულ ერთ ჭიქა წითელ ღვინოს შეეხება. აქ ალკოჰოლს არც მედიცინის კვლევების კუთხით განვიხილავ, რომლებიც ზომიერი მოხმარების პირობებში  მის სასარგებლო თვისებებს  ადასტურებენ.

აქ საუბარი მძიმე სპირტიანი სასმელების მუდმივ გამოყენებაზეა.

სხვათა შორის, მათი შექმნაც ქიმიასთან არის დაკავშირებული.

როგორ გგონიათ, რანაირად აყენებენ, მაგალითად, ვისკის?

ხმელი ქერი ქუცმაცდება და იწნიხება. მასას ზედმეტ მინარევებს მოაშორებენ და  აპარატში ათავსებენ, ამატებენ წყალს, წარმოიქმნება ბადაგის მაგვარი სითხე.  უმატებენ საფუარს და იწყება ფერმენტაცია, შაქარი ალკოჰოლად გარდაიქმნება. შემდეგი ეტაპი დისტილაციაა, რათა ალკოჰოლი უფრო სუფთა და გრადუსიანი გამოვიდეს. შემდეგ ეტაპზე მუხის კასრებში აძველებენ. ბოლოს კი ბოთლებში ჩამოასხამენ და ვინმე დალოცვილი მხატვარი ზედ გულწრფელ ან შეფარულ ეტიკეტს მიახატავს.

ვისკი ასობით სხვადასხვა ნაერთს შეიცავს. ეს დამოკიდებულია გამოყენებული ალაოს და მარცვლეულის სახეობაზე, დისტილაციის პროცესზე, დასაძველებელი კასრის ხის სახეობაზე. მხოლოდ ზოგიერთს ჩამოვთვლი.

ვისკის ლაქტონები (ოქსიმჟავათა შიგა ციკლური ეთერები): ცის-3-მეთილ-4-ოქტანოლიდი; ტრანს-3-მეთილ-4-ოქტანოლიდი;

ორივე ნივთიერება დაძველების პროცესში ალკოჰოლს მუხის კასრიდან უერთდება. ტრანს იზომერი მას ხის სურნელს ანიჭებს, ცის იზომერი კი –  ქოქოსის  სურნელს.

ფენოლური კომპონენტები – ევგენოლი – მისი მეშვეობით ვისკის კვამლის სურნელი  და მუსკატის კაკლის სიმწარე დაკრავს. შოტლანდიურ ვისკიში შეიძლება იყოს ორთო, მეტა და პარა კრეზოლებიც.

ალდეჰიდები: ვანილინი, ფურფურალი, ჰექსანალი და ა.შ. ვისკიში მუხის კასრიდან ხვდებიან. ვანილინი ვანილის არომატს მისცემს, ფურფურალი – ნუშის არომატს, ჰექსანალი კი წვიმიანი ბალახის სუნს გადასცემს.

ესთერები: ეთილჰექსანატი და იზოამილის აცეტატი. პირველი მათგანი მწიფე ვაშლის არომატს მისცემს, მეორე კი ბანანის ან მსხლის არომატზეა პასუხისმგებელი. ზოგიერთი მწარმოებელი ვისკის მრავალჯერადად ფილტრავს ესთერების მოსაცილებლად, რადგან ის მას ამღვრევს.

სხვა კომპონენტები: ბეტა-დამასცენონი და ფენეთილი ვისკის ყვავილების სურნელს აძლევს. მათ ბურბონის ვისკიში შეხვდებით, რომელიც ამერიკულად ითვლება, თუმცა იქ გადასახლებული შოტლანდიელების წყალობით წარმოიშვა. 2-მეთილ-3-ფურანი და დიაცეტილი ასევე გვხვდება ვისკიში, თუმცა ზოგიერთ მწარე ლუდშიც შეინიშნება.

ახლა, ოდნავ ისტორიასაც თუ გადავხედავთ…

ღვინის შენახვის მხრივ საქართველო უძველეს ქვეყნად დაფიქსირდა (6000 B.C.).

7000B.C. ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ ფერმენტაციის შედეგად მიღებულ ალკოჰოლურ სასმელს, რომლის რეცეპტის ფესვებიც, სავარაუდოდ,  ჩინეთიდან იყო. 6000 B.C.  მესოპოტამიაში (ახლანდელი ერაყი) ვენახის გაშენება ინტენსიურად დაიწყეს. ღვინის დასაყენებელი პატარა საწარმოებისმაგვარი 4000 B.C.-დან ჰქონდათ.

3000 B.C.  ინდოეთში ხდიდნენ ბრინჯიდან ალკოჰოლურ სასმელს სახელად  „სურას“.

1500 B.C. ყურძნის მოწევისა და მეღვინეობის ბერძნული ღვთაება დიონისე ლიტერატურაში გამოჩნდა.

800 B.C.  ინდოეთში ქერის და ხორბლის ლუდი იხდებოდა.

65 A.D. სამყაროში სიმთვრალე იკიცხებოდა, თუმცა სამედიცინო მიზნებისთვის ალკოჰოლი აკრძალული არ იყო.

600 A.D. მუჰამედმა თავის მიმდევრებს სთხოვა დალევისგან თავი შეეკავებინათ. ბუდისტები და ინდუსები ასევე არ სვამდნენ.

1100 A.D. იტალიის მედიცინის სკოლაში დისტილაციის პროცესი სრულყვეს. ახლა უკვე სუფთა და ძლიერი ალკოჰოლის გამოხდა შეიძლებოდა.

შუა პერიოდის ევროპა გამოირჩეოდა თაფლისგან გამოხდილი ლუდისა და არყის მრავალფეროვნებით.

1600sA.D. გერმანიასა და ინგლისში გაფართოვდა ლუდისა და ღვინის წარმოება. მათი მოხმარება მასობრივად გავრცელდა ამ ორ ქვეყანაში.

1789 A.D. ამერიკაში დაარსდა პირველი საზოგადოება, რომელიც ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას ებრძოდა.

1860 A.D. ნიუ-იორკის ბარებში კოკტეილების შექმნა დაიწყეს. 1100 ლეგალური დაწესებულება 88 გალონ ალკოჰოლს მოიხმარდა წელიწადში.

1864 A.D. ნიუ-იორკში გაიხსნა ცენტრი ალკოჰოლის, ოპიუმის, ჰეროინის მოხმარებისგან განსაკურნებლად.

1935 წლიდან იმავე ამერიკაში  ანონიმური ალკოჰოლიკების კლუბები დაარსდა.

თანამედროვეობაში კი რაც მეტს დალევ, მეტ ვაჟკაცობას ნიშნავს, ოღონდ ეს ფსევდოფასეულობაა და თუ მაინც სიტყვა „ვაჟკაცობა“ უნდა ვახსენო, მაშინ ვიტყვი, რომ მსმელები მართლაც ვაჟკაცურად ანადგურებენ თავიანთ თავს და ეს პირველ რიგში ღვიძლიდან იწყება. ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და ყველანაირი ტოქსინის განეიტრალება სწორედ ღვიძლში მიმდინარეობს.

ღვიძლის ტკივილს ნუ დაელოდებით. ღვიძლი არ აგტკივდებათ, რადგან იქ  ტკივილის რეცეპტორები არ არის. ამიტომ, თუ ტკივილი მაინც  შემოგიტევთ, იცოდეთ, ეს  ნაღვლის ბუშტია.

სხვათა შორის, მშიერ კუჭზე სასმელის მიღება ღვიძლს ძალიან აზიანებს. დამცავად, ამინმჟავების ნარევი გამოდგება, მაგ. ხაში, რაიმე ბულიონი და ა.შ.

ავიცენა სამ პროდუქტზე წერდა, რომლებიც ღვიძლს სისუფთავის შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ და შრომას უმსუბუქებდნენ. ავიცენას „მედიცინის ტრაქტატში“ მიზეზებს ვერ ამოიკითხავთ, მიზეზები თანამედროვე მედიცინამ განმარტა.

ქატო, იგივე უხეში ბიჭკოა. ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს. სამაგიეროდ, ის ნაწლავებში ღრუბელივით იწოვს ყველა ტოქსინს და გარეთ გამოაქვს. ასევე გვაცილებს ნაწლავებში არსებულ ზედმეტ ქოლესტერინს და შაქარს. თუ ორგანიზმიდან მათი გამოტანა ვერ მოხდება, მაშინ ორგანიზმში შეიწოვება და ყველაფერი ღვიძლის გასანეიტრალებელ/გარდსაქმნელი გახდება.  ქატო დღეში 32გ. -ია საჭირო.

სატაცური შეიცავს გლუტათიონს, რომელიც ღვიძლს თავისუფალი რადიკალებისგან დაიცავს. ის თავად ღვიძლში გამომუშავდება და მისი სინთეზისთვის საჭიროა სამი ამინმჟავა-გლუტამინის მჟავა, ცისტეინი, გლიცინი. მისი მეშვეობით ღვიძლი წარმოქმნის დეტოქსიკაციისთვის აუცილებელ ფერმენტებს. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორების გამო (არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ცუდი ეკოლოგიური პირობები, ასაკი და ა.შ.) ღვიძლში გლუტათიონის წარმოქმნა მცირდება. სატაცურიდან კი მისი მიღებაა შესაძლებელი. სატაცური დღეში 350გ.-ია საჭირო. გლუტათიონის თემას თუ გავაგრძელებ, ერთ საინტერესო ექსპერიმენტს შეგთავაზებთ მოსწავლეებისთვის. ოღონდ ეს უფრო კლუბური მუშაობისთვის გამოგადგებათ, რადგან  გაკვეთილზე ვერ მოასწრებთ გაკეთებას.

გლუტათიონის გამოყოფა საფუარიდან:

1 კგ. დაქუცმაცებულ საფუარს ათავსებენ ფაიფურის ჯამში. დაასხამენ 70მლ. 90%-იან სპირტს და 10მლ. კონცენტრირებულ გოგირდმჟავას. კარგად მოურევენ და დაამატებენ 40მლ. ეთერს. სრესენ და შემდეგ  დაამატებენ 200მლ. 0,5 N გოგირდმჟავას ხსნარს. გადააქვთ ცენტრიფუგის დიდ სინჯარებში და 6000g ცენტიფუგირებით მოაცილებენ ნალექს. ფილტრატს  გადაასხამენ ლიტრიან ჭიქაში, ნალექს ჩარეცხავენ 0,5 N გოგირდმჟავას ხსნარით და ჭიქაში გადატანილ ფილტრატში ისევ ჩაყრიან. ჭიქას აცხელებენ 50 გრადუსამდე და სპილენძის (I) ოქსიდის სუსპენზიის დამატებით გლუტათიონს დალექავენ სპილენძის მარილის სახით. ამ სუსპენზიას ცდამდე მოამზადებენ.  გლუკოზის (ჭარბად იღებენ) ხსნარს ადუღებენ ფელინგის სითხესთან, Cu20-ს კარგად ჩარეცხავენ ჯერ დეკანტაციით, შემდეგ ფილტრის ქაღალდზე. სპილენძის ოქსიდის სუსპენზიას ამზადებენ 1გ. ოქსიდის გახსნით 30მლ. წყალში. ძირითად საკვლევ ხსნარს სუსპენზიას ნაწილ-ნაწილ დაამატებენ. პირველი ორი პორცია გაიხსნება, შემდგომი დამატებისას კი ნალექში გამოიყოფა გლუტათიონის სპილენძის მარილი. ამიტომ, 8მლ. სუსპენზიის მიმატების შემდეგ  (როგორც კი მუქ წითელ ფერს მიიღებს) ნალექს კარგად გამოყოფას დააცლიან (ერთი ღამით დატოვება კარგი იქნება) და მის ცენტრიფუგირებას მოახდენენ. ნალექს ჩარეცხავენ გამოხდილი წყლით.

გლუტათიონის სპილენძის მარილს ჩარეცხავენ გოგირდწყალბადის შემცველი წყლით (წყალში გაატარებენ გოგირდწყალბადს). სპილენძის (II) სულფიდის შავ ნალექს ცენტრიფუგირებით ჩამოაცილებენ. ფილტრატს ამოაშრობენ და რაც დარჩება, გოგირდმჟავას თავზე ექსიკატორში მოათავსებენ. საბოლოოდ მიიღება გამჭირვალე მინისებრი ნალექი. ამ უკანასკნელს გახსნიან 5-6 მლ. წყალში. დაუმატებენ 3მლ. სპირტს ისე, რომ ხსნარის ზედაპირზე სპირტის ფენა გაჩნდეს. ჭურჭელს ვაკუუმ-ექსიკატორში, ტუტის თავზე დატოვებენ. მასში მოათავსებენ გლუტთიონის ძალიან მცირე კრისტალს (მატრიცის სახით). კრისტალები გამოყოფას რამდენიმე საათის შემდეგ დაიწყებენ. გაფილტრავენ ბიუხნერის ძაბრზე, ჩარეცხავენ ჯერ 70%-იანი, შემდეგ 96%-იანი სპირტით. გამოსავალია 0,5-0,75გ.

ზეითუნის ზეთი – პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, ისინი თავის ტვინის ნეირონებს იცავს ღვიძლის დაბალი აქტივობის პირობებში. ოღონდ,  ზეთი ბუნებრივია უმად უნდა მივირთვათ ან  სალათებს მოვასხათ.  ზეთი დღეში 45მლ.-ია საჭირო.

 

ზევსისგან ცეცხლის მოტაცებისთვის პრომეთე დასაჯეს და კლდეს მიაჯაჭვეს. ყოველ ღამე მოფრინავდა ყორანი და  ღვიძლს უკორტნიდა. დილით კი პრომეთეს ღვიძლი ახალივით იყო.

ნეტავ, სიმართლეა ეს ამბავი? ღვიძლის განახლებას და აღდგენას ვგულისხმობ. დიახ, რადგან ღვიძლი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც, თუ ხელს შევუწყობთ თვითაღდგენა შეუძლია.

ჩვენ თუ მოვინდომებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში.

 

 

 

 

 

 

ნათანიელ ჰოთორნის ,,ალისფერი დამღისა“ და ვაჟა-ფშაველას პოემების პერსონაჟები

0

მინდოდა აქვე რამე ქვესათაურიც მიმეწერა, ვთქვათ, უფრო აკადემიური ,,ლიტერატურული პარალელები“; ანდა ნახევრადთავისუფალი – ,,ლიტერატურული ასოციაციები“: არანაირ მეცნიერულ პასუხისმგებლობას რომ არ აკისრებს და ყველაზე მომგებიანია ავტორისათვის: თან მკვლევარივით ჭკვიანი ჩანს და თან – მწერალივით შემოქმედებითი; ანდა სრულიად არტისტული – ვთქვათ, ,,ეჭვიანობის მცდელობა“ – მარინა ცვეტაევას წაბაძვით. და იქვე განისაზღვრებოდა სტატიის სტილიც; მაგრამ ჟანრისა და სტილის ურთიერთმიმართების კვლევაში გატარებულმა მრავალმა დღემ ისე მომაბეზრა თავი, რომ მიიღეთ ეს წერილი, გნებავთ, როგორც ლიტერატურული კვლევა, გნებავთ, როგორც თავისუფალი ასოციაციები ანდა სულაც მცდელობა იმ ეჭვიანობისა, რომელსაც წიგნის მთარგმნელი ამ ნაწარმოების მომავალი მკვლევრების მიმართ განიცდის.

ნათანიელ ჰოთორნი 1804 წელს დაიბადა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ-ნავსადგურ სალემში. დაბადების ადგილი ამჯერადაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც რეზო გაბრიაძისა და ქუთაისის შემთხვევაში, რადგან ჰოთორნი იყო სალემელი მწერალი, სალემის აღმწერელი და თუ გნებავთ, თქვით, რომ სალემის ბულბულიც, ოღონდ მე ნუ გამაგონებთ. მისი დიდი პაპისპაპა, უილიამ ჰათორნი, პირველი იმიგრანტი, რომელიც ინგლისიდან ამერიკაში გადმოსახლდა, უმკაცრესი პურიტანული საზოგადოების წიაღში პატივცემული მსაჯული გახლდათ და ეპოქის შესაბამისი გულქვაობაც ახასიათებდა. ხოლო უილიამის ვაჟიშვილ ჯონს კი მთლად მეტისმეტი მოუვიდა – კუდიანებს სჯიდა – არა, ევროპულად არ წვავდა კოცონზე, ამერიკულად აჰყავდა სახრჩობელაზე. ოცი კუდიანი გაასამართლეს და მათგან თოთხმეტი ქალი იყო. განა პაპისპაპის ცოდვების გამოსყიდვად არ უნდა ჩავთვალოთ, როდესაც იმ თოთხმეტი მოკლული ქალის სანაცვლოდ ნათანიელ ჰოთორნმა (რომელმაც გვარში ერთი ასო შეცვალა და ასე გაემიჯნა წინაპრების ულმობლობას) შექმნა ჰესტერ პრინი – მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი (,,ერთ-ერთი“ მხოლოდ თავის დასაზღვევად დავწერე) საუკეთესო ქალი პერსონაჟი.

ჩემი აზრით, ,,ალისფერი დამღის“ – ამ დიდი წიგნის – ერთ-ერთი საუკეთესო მონაკვეთი ისაა, რომელიც ადამიანისა და მშობლიური მხარის ურთიერთდამოკიდებულებას ეხება. ნათანიელ ჰოთორნი, მსგავსად ჰესტერ პრინისა (რომლის პროტოტიპიც, დარწმუნებული ვარ, გარკვეულწილად თავადაც არის, როგორც მადამ ბოვარისა ფლობერი, თუ გნებავთ, ოთარაანთ ქვრივისა – ილია ჭავჭავაძე) მიჯაჭვულია მიწას, ადგილს, სადაც თავს უბედურად გრძნობს. ორივე შემთხვევაში ამის მიზეზი დანაშაულის გრძნობაა. ჰესტერი ვერ შორდება სალემს, ერთადერთ ადგილს, სადაც იგი განკვეთილია, რადგან სხვაგან ასე არსად დასტანჯავს თავისი ცოდვა, მან კი ტანჯვით უნდა გამოისყიდოს ჩადენილი დანაშაული. ვერც ჰოთორნი ტოვებს სალემს – ქალაქს, სადაც მისი ყადრი თითქმის არავინ იცის – მასაც სინდისის ქენჯნა აკავებს – სახელოვანი წინაპრებისაგან განსხვავებით, მშობლიურ მიწას ვერაფრით დაამახსოვრა თავი. და მხოლოდ მას მერე, რაც წერს დიდ რომანს, ანუ აკეთებს ღირსშესანიშნავ საქმეს, თავისუფლდება და პოულობს გზას ახალი ცხოვრებისა და ახალი მხარეებისაკენ. აი, რას წერს იგი:

,,ლამის ბედისწერად მიმაჩნდა, რომ სალემში დამედო ბინა; რათა აქაურებისათვის ნაცნობი სხეულის ნაკვთები და ხასიათის თვისებები არც ჩემი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში მოჰკლებოდა ქალაქის ქუჩებს. თითქოს, როდესაც გვარის ერთი წარმომადგენელი საფლავში წვება, მის ადგილი მეორემ უნდა დაიკავოს, როგორც გუშაგები ცვლიან ერთმანეთს მეინ სტრიტზე. მიუხედავად ყველაფრისა, მიწასთან ამგვარი მიჯაჭვულობა არის ნიშანი იმისა, რომ კავშირი, რომელიც არაჯანსაღ სახეს იღებს, ბოლოს და ბოლოს უნდა გაწყდეს. კარტოფილის არ იყოს, ვერც ადამიანის მოდგმა გაიხარებს, თუკი რამდენიმე თაობას ერთსა და იმავე გამოფიტულ ნიადაგში ჩათესავენ.“

,,ალისფერი დამღის“ კითხვისას და მით უმეტეს, თარგმნისას, ქართულ ლიტერატურასთან პარალელები ხშირად ჩნდება, მაგალითად, შეუძლებელია მოხუცი ინსპექტორის აღწერამ ლუარსაბ თათქარიძე არ გაგვახსენოს, ხოლო ჰესტერ პრინის სახალხოდ შერცხვენის სცენამ – მარიტას შეურაცხყოფა ,,ნატვრის ხიდან“. თუმცა ჩემთვის უფრო ცხადი, სიღრმისეული და ღირსშესანიშნავი სხვა პარალელები იყო და მოდით, სიტყვას მათ შესახებ გავაგრძელებ.

1890 წელს გამოიცა ,,ალისფერი დამღა“, ხოლო იქამდე ორი წლით ადრე ქართულ ლიტერატურას ,,ალუდა ქეთელაური“ შეემატა. ეს თითქმის ერთდროულად დაწერილი ნაწარმოებები ერთსა და იმავე თემას ეხება – პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირებას. ერთი მხრივ, ვხედავთ პირქუშ, ჩაკეტილ, ტრადიციებზე გადაგებულ ხევსურულ თემს, მეორე მხრივ, არანაკლებ პირქუშ, რელიგიური დოგმებით შებოჭილ, ზნეობის დიქტატურით შევიწროვებულ პურიტანელთა საზოგადოებას. მართალია, პირველ მათგანს სიძველისაგან ხავსი მოსდებია, მეორე კი სულ ახალთახალია, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ: თავიანთი წევრებისაგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ და ინდივიდუალიზმის ყოველგვარ გამოვლინებას თრგუნავენ. რა თქმა უნდა, ორივე შემთხვევაში საზოგადოებრივი დიქტატურის მიზეზი შიშია, რომელსაც ვაჟა ასე მოხდენილად უწოდებს ,,სხვა-რიგის შიშს“. რისი ეშინია ხევსურთა საზოგადოებას, ეს იმედას ქავის აღწერისას ჩანს – მათ ყოველდღიურად უდგათ ფიზიკური გადარჩენის პრობემა, ამიტომაც განსხვავებულ აზროვნებას ისინი საზოგადოების ერთიანობაში ბზარის გაჩენად, ანუ დასასრულის დასაწყისად აღიქვამენ, ამის გამო ეჭიდებიან იმას, რაც ყველა მათგანს აერთიანებს – საერთო წარსულს. მასაჩუსეტსის ახალმოსახლეებს საერთო წარსული არ აქვთ, მაგრამ ძალიან უნდათ, რომ საერთო მომავალი ჰქონდეთ. მათ ვრცელი ოკეანე გადმოლახეს ახალი ცხოვრების დასაწყებად და სწორედ ამიტომ შიში, რომელიც მათ აკავშირებს და რომელიც ათასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე გარშემო ტყეში დასახლებული ინდიელებისაგან მოგვრილი საფრთხე – ხელმოცარვის შიშია. სწორედ ამ შიშებიდან გამომდინარე, ორივე საზოგადოება შობს თავის მოკვეთილს: შატილისა – ალუდა ქეთელაურს, სალემისა – ჰესტერ პრინს.

,,ავტოკრატიული საზოგადოება მეამბოხე ადამიანს სჯის იმით, რომ აიძულებს გამუდმებით სინდისის ქენჯნით შეპყრობილმა იცხოვროს,“ – წერს ჰოთორნის მკვლევარი. ძლიერი ადამიანი, გინდაც პერსონაჟი, გამოირჩევა იმით, რომ არ ემორჩილება საზოგადოების ამ წნეხს და იბრძვის, რათა არ აჰყვეს გარე ჩაძახილს, საკუთარი სიმართლე გაიაზროს და თავს მოხვეული დანაშაულის გრძნობით შებოჭილმა არ იცხოვროს. ალუდა ქეთელაური და ჰესტერ პრინი ძლიერი პერსონაჟები არიან და ამიტომაც ორივე მათგანი განიცდის მეტამორფოზას, რათა სოციუმის ფასეულობების კლიშეებს დაუსხლტეს და ახალი სიბრძნე შეიმეცნოს. ალუდა ქეთელაურის მეტამორფოზის აღწერით არ მოგაბეზრებთ თავს, უამრავ ადამიანს, მათ შორის, ალბათ, თქვენი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელსაც ჩემზე უკეთ მოუხერხებიათ ეს. ამჯერად ჰესტერ პრინზე შევჩერდები.

ალუდასაგან განსხვავებით, რომელიც ჯერ საკუთარ თავში აღმოაჩენს სამყაროს ახლებურ ხედვას და მხოლოდ მერე მიმართავს პროტესტს და ხატობისას ღიად უპირისპირდება (თუ იპირისპირებს) საზოგადოებას, ჰესტერ პრინი ჯერ საზოგადოებისათვის მიუღებელ საქციელს ჩადის და მხოლოდ მერე პოულობს მორალურ საყრდენს თავისი საქციელის არა გასამართლებლად, არამედ უკვე არსებული სიმართლის აღმოსაჩენად. ნაწარმოების დასაწყისში, მიუხედავად იმისა, რომ ჰესტერი ამაყად თავაწეული წარსდგება სამსჯავროზე, იგი მწვავე სინდისის ქენჯნას განიცდის და პატიმრობისაგან თავდახსნილს ეჩვენება, რომ მზე მხოლოდ იმიტომ ამოდის ცაზე, მის მკერდზე აელვარებული მთავრული A (პირველი ასო სიტყვა ,,ადიულტერისა“; მის ტარებას მოღალატე ცოლებს აიძულებდნენ ხოლმე) დაანახვოს მთელ ქვეყნიერებას. მაგრამ დროთა განმავლობაში მისი მსოფლმხედველობა იცვლება და ნაწარმოების მიმდინარეობისას, ვხედავთ ქალს, რომელმაც თავისუფლად აზროვნება ისწავლა და რომელიც ბოლოს და ბოლოს თავის საყვარელ მამაკაცს ეტყვის, იმას, რაც მათ შორის იყო (იგულისხმება აკრძალული სიყვარული), თავისებური სიწმინდე გააჩნდა. ნაწარმოების ბოლოს კი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ცოდვის დამღა ჯერ ისევ გულზე ატყვია, ჰესტერ პრინი ხდება ერთგვარი მენტორი ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც კი ცხოვრებაში გზა არევია.

ძლიერი ხასიათის პერსონაჟებისთვის დამახასიათებელი დიდსულოვნებით ალუდაცა და ჰესტერიც კი არ უპირისპირდებიან საზოგადოებას, არამედ მიუტევებენ და ზრუნავენ მასზე.

მაგრამ არიან ნაკლებად ძლიერი პერსონაჟები, უფრო სწორად, პერსონაჟები, რომლებიც ვერ ახერხებენ გაიაზრონ საკუთარი შინაგანი სიმართლე და ამიტომაც თუმცა უპირისპირდებიან კულტურულ-ტრადიციულ კლიშეებს, მაგრამ საზოგადოებივი მორალის დარღვევის გამო თავსდატეხილ სინდისის ქენჯნას ვეღარ უძლებენ და ეწირებიან კიდეც. ასეთი პერსონაჟია აღაზა ვაჟა-ფშაველას პოემიდან; დავესესხები პერსონაჟის აღწერას, რომელიც მკვლევარმა ლევან გიგინეიშვილმა შემოგვთავაზა: ,,ისიც [აღაზაც] გამოირჩევა თემისაგან, მხოლოდ მას შეებრალება ზვიადაური, შეიძლება არა მარტო თავისი პიროვნული თვისებების გამო, არამედ იმის გამოც, რომ ცოტათი მაინც გაიცნო ეს პიროვნება და ნახა თავისი ქმრის მის მიმართ დამოკიდებულებაც. ის არა მარტო უთანაგრძნობს ზვიადაურს, არამედ წესის მიხედვით დაიტირებს კიდეც. აქ ვაჟა დრამატულად აღწერს მის შინაგან ჭიდილს, გაორებას: ერთი მხრივ, აქვს გუმანი, ინტუიცია, რომ რაც გააკეთა სწორია, მეორე მხრივ, მთელი მისი აქამდელი ცოდნა, თემის წესები და მსოფლმხედველობა მასში ებრძვის ამ ინტუიციას და ბრალს სდებს მას“.[1]

აღაზას ვერც ის არწმუნებს საკუთარ სიმართლეში, რომ მისთვის ყველაზე დიდმა ავტორიტეტმა, ქმარმა, საქციელი მოუწონა:

,,იტირე, მადლი გიქნია, მე რა გამგე ვარ მაგისა,

დიაცს მუდამაც უხდება გლოვა ვაჟკაცის კარგისა.“

საბოლოოდ ამ საქციელის, მტრის დატირების გამო სინდისის ქენჯნით გაბეზრებული აღაზა თავს იკლავს. აღსანიშნავია, რომ აღაზას ქმრის სიკვდილზე უფრო ჩადენილი ,,ცოდვა“ აიძულებს თვითმკვლელობას. საზოგადოებრივი აზრისგან ჩანერგილი სინდისის ქენჯნა აღაზას არსებაში სძლევს იმ შინაგან სიმართლეს, რომელმაც აიძულა სიკეთე გამოეჩინა დაჩაგრული ადამიანის მიმართ და ვერ ჯოყოლას დახმარებამ შეაძლებინა საკუთარი უდანაშაულობა ერწმუნა.

,,ალისფერი დამღის“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, ართურ დიმსდეილი, რომელიც ჰესტერ პრინის საიდუმლო საყვარელი და მისი შვილის მამაა, ასევე სინდისის ქენჯნით იტანჯება. იტანჯება არა მხოლოდ იმის გამო, რომ ცოდვა ჩაიდინა, არამედ იმიტომაც, რომ ეს ამ ცოდვის გამო პასუხისმგებლობა მთლიანად ჰესტერს დაეკისრა. მას უყვარს ჰესტერი, ამ ქალს უზარმაზარი ძალაუფლება აქვს მასზე და მის გვერდით თავს უკეთეს, უფრო ბედნიერ და ღირსეულ ადამიანად გრძნობს, მაგრამ ერთი წამითაც არ დაუშვებს, რომ შეიძლება მათი სიყვარული არც ისეთი დანაშაულებრივი იყოს, როგორადაც საზოგადოება აღიქვამდა, თუკი მათი ურთიერთობა გამჟღავნდებოდა. ართურ დიმსდეილი უაღრესად განათლებული კაცია, მაგრამ მისი სუსტი და მუდამ გარე ძალებისაგან მართული ბუნება ახლოს არ იკარებს თავისუფალ აზროვნებას. საბოლოოდ პერსონაჟი სინდისის ქენჯნით უძლურდება და მხოლოდ სიკვდილის წინ ახერხებს თავისი ,,დანაშაულის“ მონანიებას.

არ შემიძლია გვერდი ავუარო კიდევ ერთ საკითხს, რომელიც უშუალოდ არ ეხება ჩვენს საკვლევ მასალას, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან აქტუალურია. თუკი ვაჟა-ფშაველას ამ გმირებიდან, მსოფლიო ლიტერატურის დომინანტური პარადიგმის მიხედვით, რაციონალური მამაკაცია, ხოლო ქალი – გაუცნობიერებელ იმპულსს აყოლილი, ჰოთორნი მოულოდნელ სვლას გვთავაზობს: მის ნაწარმოებში, რაციონალური, ძლიერი, მზარდი განვითარების მქონე, პირველხარისხოვანი გმირი (პირველხარისხოვანიცა და გმირიც) მდედრობითი სქესის პერსონაჟია, ხოლო მისი საყვარელი მამაკაცი კი – სუსტი, ქენჯნილი და მუდამ გარე ძალებზე დამოკიდებული. სასიყვარულო ურთიერთობაშიც კი წარმმართველი როლი ჰესტერ პრინს აკისრია. იგი საკუთარ თავზე იღებს დანაშაულის მთელ სიმძიმეს, რათა ართურ დიმსდეილი სახალხო გაკიცხვას აარიდოს. იგი იღებს ასევე გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი სიტუაციებისას:

,,შენ მომეცი ძალა,“ – ეუბნება დიმსდეილი ჰესტერ პრინს, -,,შენ მასწავლე, როგორ მოვიქცე.“

ჰოთორნისეული ფემინიზმი სრულყოფილადაა გამოვლენილი ნაწარმოების დასკვნით ნაწილში, სადაც ავტორი ახალი სამყაროს მესიად ახალგაზრდა ქალს ასახელებს:

,,განკვეთილი… უბედურ ქალებს უზიარებდა თავის მტკიცე რწმენას, რომ, როდესაც უკეთესი დრო დადგებოდა და შემოქმედის ნებით სამყარო ამისათვის მომწიფდებოდა, თავს იჩენდა ახალი ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც ქალისა და კაცის ურთიერთობა დაემყარებოდა ამჟამინდელზე უფრო საიმედო საძირკველს – ორმხრივ ბედნიერებას. უწინ ჰესტერ პრინს ხშირად წამოუვლიდა ხოლმე ფუჭი იმედი, რომ თავად შეიძლებოდა ქცეულიყო ამ ახალი სამყაროს ღვთისგან ხელდასხმულ მესიად. მაგრამ დიდი ხანია მიხვდა, რომ ღმერთი ღვთიური და იდუმალი ჭეშმარიტების გაცხადებას ცოდვით დაღდასმულ, სირცხვილით თავჩაღუნულ და სიკვდილამდე ნაღვლით დამძიმებულ ქალს არ მიანდობდა. მოახლოებული გარდაქმნის მახარებელი თუ მოციქული აუცილებლად მდედრი იქნებოდა, ოღონდ წარჩინებული, უმანკო და მშვენიერი, და, ამასთანავე, დაბრძენებულიც, ოღონდ არა – პირქუში სადარდებლის, არამედ ჰაეროვანი სიხარულის მეშვეობით; და იგი თავისი ბოლომდე უხინჯო ცხოვრებით უჩვენებდა სამყაროს, როგორი ბედნიერების მოტანა შეუძლია წმინდა სიყვარულს.“

და ბოლოს, ყველა ქვეყნის ლიტერატურაში არის ტექსტები, რომელიც მკითხველს ბარიერს უქმნის – ენობრივი, შინაარსობრივი თუ სტილური სირთულეების გამო. მასწავლებლებმა კარგად იციან, თუ როგორ მოათვინიერონ ასეთი ტექსტები, როგორ მიიტანონ ისინი ისეთ გამოუცდელ რეციპიენტამდე, როგორიც მოსწავლეები არიან. ითვლება, რომ ,,ალისფერი დამღა“ გარკვეულწილად სწორედ ამგვარ ,,საშიშ“ ტექსტებს მიეკუთვნება, ამ წერილით მინდოდა მკითხველისათვის მიმენიშნებინა, რომ ამ უკვდავი რომანის მრავალი ასპექტი უკვე ,,მოთვინიერებული“ ჰყავს ქართველი მკითხველის გონებას.

 

[1] https://gfsis.org/files/my-world/1/vajas_proeqti.pdf

სტრატეგიები იმპულსურობის კონტროლისათვის

0

მიჩნეულია, რომ იმპულსების გაკონტროლებასთან არანაირ კავშირში არ არის იმის ცოდნა, თუ რა შედეგებთან მივყავართ წესების დარღვევას. იმ ბავშვების უმრავლესობას, რომლებსაც აქვთ პრობლემური ქცევა, განსაკუთრებით მათ, ვინც სხვებს საუბარს არ აცლის და აწყვეტინებს, ხელის აუწევლად წამოიძახებს პასუხს და უჭირს რიგის დაცვა, შეუძლიათ, ყველაფერი გითხრან წესების შესახებ, ახსნან, რატომ იყო მათი საქციელი შეუფერებელი, თუმცა ეს ცოდნა მათ არაფერში ეხმარება. იმის მიუხედავად, რომ ბავშვების უმრავლესობა თანდათან სწავლობს საკუთარი იმპულსების გაკონტროლებას, ზოგიერთისთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც აქვს ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის, ასევე სანაყოფე ალკოჰოლური სინდრომი (ADHD და FASD) და რომელთა პრობლემებიც ბიოლოგიური წარმომავლობისაა, ეს პროცესი ბევრად რთულად მიმდინარეობს.

ფსიქოლოგთა ერთი ნაწილის აზრით, არ არსებობს უფრო ფუნდამენტური ფსიქოლოგიური უნარი, ვიდრე იმპულსისთვის წინააღმდეგობის გაწევაა [გოულმანი 1997]. „ეს არის ემოციური თვითკონტროლის საფუძველი, რადგან ყველა ემოცია, მათი ბუნებიდან გამომდინარე, გვიბიძგებს ერთი ან მეორე იმპულსის ამოქმედებისკენ” (გვ.81). იმპულსების გაკონტროლების შესწავლა ხელს უწყობს პრობლემური ქცევების პრევენციას; შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს, შეამჩნიონ, რას გრძნობენ თავად და რას გრძნობენ სხვები.

მიჩნეულია, რომ ბავშვები თვითკონტროლის უნარს ორიდან ხუთ წლამდე ითვისებენ, რომელიც ასევე გადამწყვეტია აზროვნებისთვის. გარდა სურვილის დაკმაყოფილების გადადების შესაძლებლობისა (თუ მოიცდი, მაშინ შეგიძლია ორი ზეფირი მიირთვა), ესენია:

  • ფრუსტრაციის – მოთმენა (არ დაარტყა, როდესაც ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა);
  • ძალისხმევითი – კონტროლი (ქცევის შეკავების გამოყენებით გააკეთო რაიმე სხვა სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგალითად, არ წაართვა სხვას სათამაშო, რომელიც გინდა, ან ითხოვო დახმარება, იმის ნაცვლად, რომ დახიო მათემატიკის დავალება);
  • ქცევის გარემოსთან ადაპტირება (ისაუბრო ხმადაბლა ბიბლიოთეკაში).

საკლასო ოთახში, გაცვლა-გამოცვლით გამოწვეულ რია-რიაში, ბავშვები ხშირად ავტომატურად მოქმედებენ და იმპულსურად იქცევიან. ისინი აკეთებენ იმას, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ, და თუ ოდესმე აგრესიულად მოქცეულან, აგრესიული ქცევა ისევ იჩენს თავს. რონალდ გ. სლაბისა და მისი კოლეგების (1995) მიხედვით, ბავშვები იმპულსურად იქცევიან რამდენიმე მიზეზით:

  • მათ უჭირთ საკუთარი ემოციების მართვა;
  • არ შეუძლიათ ყურადღებით მოსმენა.

„ზეფირის ტესტი“

ფსიქოლოგ უოლტერ მიშელს ბავშვი ოთახში შეჰყავდა და გემრიელ ზეფირს ახვედრებდა, მერე უხსნიდა, რომ ახლა ოთახიდან გავიდოდა და თუ მის მოსვლამდე ზეფირს არ შეჭამდა, ჯილდოდ მეორეს მიიღებდა.

ექსპერიმენტი რთული გამოდგა. 653 ბავშვიდან თხუთმეტი წუთი ბავშვების მხოლოდ მესამედმა მოითმინა, დანარჩენებმა ზეფირი მისი ოთახიდან გასვლისთანავე შეჭამეს. ბავშვების უმეტესობამ 30 წამზე მეტხანს მოთმენა ვერ შეძლო.

ექსპერიმენტის ავტორმა 80-იანი წლების დასაწყისში პირველი ექსპერიმენტის მონაწილეები მოძებნა და „მომთმენი” და „მოუთმენელი” ბავშვები ერთმანეთს შეადარა. მკვლევარმა დაადგინა, რომ ის ბავშვები, რომლებმაც ზეფირი არ შეჭამეს, ზრდასრულ ასაკში უფრო მიზანდასახულები და გონიერები იყვნენ. 1988 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში მიშელი და მისი კოლეგები წერდნენ, რომ ეს ბავშვები სტრესულ სიტუაციებშიც კი არ ჰკარგავენ თავდაჯერებულობას.

 

ბავშვებს განვითარებული აქვთ ვერბალური უნარი, რომელიც ეხმარებათ, შეჩერდნენ და დაფიქრდნენ, თუმცა ამ უნარს ისინი ნაკლებად ან სულაც არ იყენებენ. მათ  თავში აზრად არ მოსდით, რომ დაფიქრდნენ, სხვა რა შეიძლება მოიმოქმედონ, ან რა მოხდება, თუ აგრესიულად უპასუხებენ. პასიური ან აგრესიული გამოსავალი სრულიად მისაღები ჩანს მათთვის. დენიელ გოულმანის თქმით, იმპულსების გაკონტროლების ერთ-ერთი საიდუმლო გრძნობებისა და ქმედებების სწავლის  განსხვავებაა.

როდესაც ბავშვი სწავლობს იმის შეცნობას, რომ გრძნობს ბრაზს, ფრუსტრაციას, იმავდროულად, შეიძლება ისწავლოს, რომ ამ ემოციების ქონა იმის ნიშანია, რომ უნდა გაჩერდეს და დაფიქრდეს და არა იმისა, რომ იმოქმედოს. გრძნობების იდენტიფიკაციის სწავლის ნაწილია იმის შესწავლა, რომ მისაღებია ნებისმიერი ემოციის განცდა და რომ მათი გამოხატვა არაძალადობრივად შეიძლება. ასევე აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება. 4 წლის „ორზეფირიანებმა“  გამოიყენეს წარმატებული სტრატეგია: საკუთარ თავთან საუბარი, რომელსაც ვერბალურ მედიტაციასაც უწოდებენ. საკუთარი ქმედებების სამართავად ბავშვი ხმამაღლა (ან გულში) ლაპარაკობს. საკუთარ თავთან საუბარი ბავშვს საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს, რომ პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე (Watson, 2003).

ზოგიერთი სოციალური და ემოციური უნარების პროგრამა სიბრაზის ან ფრუსტრაციის განცდისას, ბავშვს ასწავლის, ხმამაღლა შეახსენოს საკუთარ თავს: „შეჩერდი, დააკვირდი და მოუსმინე”. ხმამაღლა საუბრითა და აზროვნების ფარული პროცესების გახმოვანებით მასწავლებლებს მაგალითის მიცემა შეუძლიათ. ბავშვებმა ასევე შეიძლება ისწავლონ ღრმად სუნთქვა, ხუთამდე დათვლა ან სარელაქსაციო ვარჯიშები. სანამ ყოველივე ამას რეალურ ცხოვრებაში გამოიყენებენ, სასურველია, ბავშვებმა მშვიდ ვითარებაში ივარჯიშონ. კარგი იქნება, მასწავლებელსა და თანატოლებთან ერთად თოჯინებით გაითამაშონ პოტენციურად პროვოკაციული სიტუაციები. აუცილებლად გამოიყენეთ მინიშნებები, რეპლიკები და განმარტებები. იმპულსების მართვის სწავლებისას პრევენცია ძალიან მნიშვნელოვანია. როცა კარგად იცნობთ ბავშვს, როგორც ყოველთვის, ეს პრობლემის გასაღებია. შეგიძლიათ განსაზღვროთ, როდის და სად შეიძლება აფეთქდეს. თუ თვალყურს ადევნებთ, შეახსენეთ წესები და მისაღები ქცევები, დაეხმარეთ, გაერკვეს თავის გრძნობებში, მიეცით ტექსტი, რა თქვას, სანამ კონტროლს დაკარგავს. ამით თქვენ აწვდით იმ მინიშნებებსა და ინფორმაციას, რომლებიც მას საკუთარი თავის გაკონტროლებაში დაეხმარება. დაეხმარეთ და გაამხნევეთ, სანამ ეს საბოლოო მიზნის მიღწევამდე სჭირდება.

ჯგუფში ინტეგრაცია

ბავშვები ჯგუფში ყოველდღე ინტეგრირდებიან, მაგრამ ეს იოლი არ არის. კვლევებმა ცხადყო, რომ ბაღის ასაკის ბავშვები, რომლებიც ერთმანეთს იცნობენ, არ იღებენ ნახევარზე მეტ თანატოლს ინტეგრაციის პირველი მცდელობისას. ამასთან, არ მიიღეს პოპულარული მეორე და მესამეკლასელების 26%-ც კი (Putallaz&Wasserman, 1990). იმპულსების გაკონტროლება წარმატებისთვის არსებითია. ბავშვებს, რომლებსაც მოთმინება არ ღალატობთ, მეტი შესაძლებლობა აქვთ, გაარკვიონ, რას აკეთებს ჯგუფი, როგორ ჩაერთონ მასში და განმეორებითი მცდელობისას თანატოლები მისდამი მეტ ლოიალურობას გამოიჩენენ. ბავშვები, რომლებიც, სულ ცოტა, სამ მცდელობას ახორციელებენ, უმეტესად მიზანს აღწევენ. შესაბამისად, მათი შეუპოვრობა შედეგიანია (Putallaz&Wasserman, 1990). ტაქტიკის თანამიმდევრობასაც მნიშვნელობა აქვს. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე შედეგიანი გზა ეს არის:

  • თამაშის ან აქტივობის წესების ცოდნა;
  • ხმისამოუღებლად ჯგუფის ირგვლივ ტრიალი;
  • ჯგუფში მყოფი ბავშვების მიბაძვა (პარალელური თამაში გამოსადეგი ხიდია);
  • როდესაც ბუნებრივი პაუზა ჩამოვარდება, ჯგუფის აქტივობასთან დაკავშირებული პოზიტიური რამის თქმა;
  • უყოყმანო თანხმობა ნებისმიერ შემოთავაზებაზე, თუნდაც ნაწილობრივი ჩართულობისთვის (მაგ. გახდე მსაჯი). utallaz&Wasserman, 1990; Walker, Ramsey&Gresham, 2004):

ჩვეულებრივ, თხოვნა, ჩაგრთონ, ამართლებს, მაგრამ ბავშვები ხშირად ამ პირდაპირი მიდგომის გამოყენებაზე ყოყმანობენ. ალბათ, იმიტომ, რომ მათთვის უფრო რთულია მცდელობის გამეორება უარის შემთხვევაში. უფრო ეფექტურია, ფოკუსირება მოხდეს სოციალურ ურთიერთქმედებებსა და იმის დემონსტრირებაზე, რომ გესმის, თუ რას აკეთებს ჯგუფი (Putallaz&Sheppard, 1992). თამაშის ან საუბრისთვის ხელის შეშლა ახალი თემების შემოტანით, საუბრის მიმართულების საკუთარი თავისკენ მიმართვით, კითხვების დასმით, რომლებიც პასუხს ითხოვენ, ინსტრუქციების მიცემით ან არდათანხმებით, რასაკვირველია, მცდელობა თითქმის ყოველთვის მარცხით დასრულდება (Walker et al., 2004).

კვლევებმა აჩვენა, რომ ბიჭები მეტად არიან მიდრეკილი ისეთი სტრატეგიების გამოყენებისკენ, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს, ფარ-ხმალი არ დაყარონ მას შემდეგაც კი, რაც ისინი უარყვეს, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია პატივისცემისა და სტატუსის შენარჩუნება, ვიდრე ჯგუფში გაერთიანება.

მასწავლებლებს პროცესის გამარტივება ერთი ბავშვის საჭიროებებისა და ინტერესების ირგვლივ შეუძლია  მთელი ჯგუფისთვის აქტივობების მოფიქრებით. თუ იცით, რომ ლუკას, რომელიც აგრესიული ქცევის გამო ხშირად ჯგუფი უარყოფს, უყვარს მატარებლები და ყველაფერი იცის მათ შესახებ, გააკეთეთ პროექტი მატარებელზე. თავისი ცოდნის წყალობით ლუკა ჯგუფისთვის საინტერესო წევრი გახდება და იოლად ჩაერთვება გუნდში.

ექსპერტები გვირჩევენ, რომ კიდევ ერთხელ, მიზანდასახულად და განმტკიცებით, გამოვუმუშავოთ ბავშვებს დისკუსიების, როლური თამაშებისა და იმიტაციის უნარები.

 

 

„სწავლა კეთებით“ და Result-სილაბუსი საუნივერსიტეტო სწავლებაში

0

მე მჯერა, რომ განათლება თავად ცხოვრების პროცესია და არა მომავალი ცხოვრებისათვის მზადება

ჯონ დიუი

განათლება არის დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი (დიუი); ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიას ან თავისუფლებას უბრალოდ აბსტრაქტული სიტყვებით ან ცნებებით კი ვერ მოვიპოვებთ, არამედ იმ უნარებით და გამოცდილებებით, რასაც სკოლაში და უნივერსიტეტებში ვიღებთ. ჰო და, თავად განსაჯეთ, საიდან იწყება თავისუფლება? პოლიტიკოსების შექმნილი სლოგანებიდან? ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისკენ ისე, თითქოს ეს განათლების გარეშე შესაძლებელი იყოს. ამიტომ თანამედროვე განათლების სისტემაში რაც არ უნდა ვცვალოთ და გადავაკეთოთ და რამდენი აბსურდის შემცველი მოსაზრებაც არ უნდა შევიტანოთ კანონში, შედეგს ვერასდროს ვერ მივიღებთ; იმიტომ რომ, ხედვის ფოკუსი გვაქვს შესაცვლელი და ტრაგიკული ის არის, რომ ქვეყნის მმართველებს ეს ფოკუსი საერთოდაც არ აქვთ, ამიტომ ვერც ვერასოდეს შე(ი)ცვლიან. თავისუფლების მოსაპოვებლად გინდა თავი დაიწვი და გინდა პირი ამოიკერე – ასეთი ქცევებიც სწორედ იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენაც არა გვაქვს, რა არის ნამდვილად თავისუფლება, საიდან იწყება და როგორ მოიპოვება იგი.

ჯონ დიუის – „სწავლა კეთებით“ – უბრალოდ, ამ იდეას რომ მივყვეთ, იმდენ გასაოცარ შედეგს მივიღებთ, რომ თავადაც გაგიკვირდებათ. მე საიდან ვიცი? მე ნამდვილად გამოცდილებიდან ვიცი და „ჰაერზე არ ვლაპარაკაობ“.  ჩვენ მივეჩვიეთ პროგრესულ იდეებზე სტატიების წერას, მსჯელობას, მაგრამ ეს გამოცდილებები თუ თავად არ შეგვეხო და ჩვენში არ მოახდინა ცვლილება, დარჩება პროგრესულ იდეებად ფურცლებზე და სიტყვებში. დიუის იდეა კი სწორედაც საპირისპიროს ამბობს. მისი ნააზრევი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ დიუი უბრალოდ თეორიებს კი არ აყალიბებს, არამედ თავად არის თავისივე იდეების ცხოვრებაში გადმომტანი. რასაც სხვებს უქადაგებდა, თავად განახორციელებდა.

ჰოდა, ამჯერად მეც ჩემს პედაგოგიურ თავგადასავლებზე დავწერ. ეს გამოცდილება კი მომიტანა იმ დრომ, როდესაც შეიქმნა ახალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი რექტორი გახდა ამ ქვეყანაში ერთ-ერთი პროგრესული ადამიანი, გიგი თევზაძე. გიგის განხორციელებულმა იდეებმა ამოაყირავა საუნივერსიტეტო ცხოვრება, თუმცა ბევრისთვის მაშინაც და დღესაც, ეს იდეები მიუღებელი და გაუგებარი იყო. მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდობამ იგრძნო გიგის შექმნილი სისტემის სიკეთე. ვხედავდი ჩემ თვალწინ როგორ ხდებოდა ეს ცვლილება, როგორები გახდნენ ახალგაზრდები, როგორ დაიწყეს ბუნებრივი უნარების გამოვლენა, ხდებოდნენ უფრო დამოუკიდებლები, გადაწყვეტილების მიმღებები, ცვლილებებისადმი სრულიად გახსნილები. თითქოს გადამდები გახდა ეს ყველაფერი და სულ უფრო მეტად ჩაერთნენ სტუდენტები ამ პროცესში. ეს ჩემთვის ძალიან ადვილი შესამჩნევი იყო, რადგან ბევრი წელია უნივერსიტეტში ვასწავლი და სტუდენტთა განწყობების ცვლილებას მაშინვე ვგრძნობ.

გიგი თევზაძის მიერ განხორციელებული მრავალი სიახლიდან მე მხოლოდ ერთ იდეაზე შევჩერდები (რომელიც სასწავლო პროცესში დაინერგა) და ეს იდეა გახლავთ – „სწავლა კეთებით“, იგივე „გამოცდილებით სწავლა“ და ამ სწავლების შესაბამისი, ეგრეთ წოდებული, Result-სილაბუსების შემოტანა. ამ სილაბუსების არსებობა საუნივერსიტეტო სივრცეში და განათლებაში, ზოგადად, დიდი გარღვევა იყო.  ეს სწორედ დიუის იდეის განხორციელება გახლდათ – „სწავლა კეთებით“. როგორც მახსოვს, ბევრმა პროფესორმა აითვალწუნა ეს სილაბუსი მისი არატრადიციულობის და საკუთარი მხოლოდ ტრადიციულობის გამო.  ამ სილაბუსის მიხედვით, ცოდნის მიღების პარამეტრები იცვლებოდა. „დასწავლა, გამოკითხვა, ტესტები“ ჩაანაცვლა პროექტებზე მუშაობამ. ასეთ ვითარებაში პროფესორი აღარ იყო სასწავლო პროცესის მთავარი ფიგურა, არც ყოვლისმცოდნე, მისი დიქტატი გატანილია აუდიტორიიდან. პროფესორი ხდება თანამშრომელი, თანაშემოქმედი, გიდი, რომელიც აძლევს მიმართულებას, ეხმარება სტუდენტებს ახალი ცოდნის აღმოჩენაში. ჩემთვის ეს მეთოდი აღმოჩნდა სრულიად ბუნებრივი, რადგან მხოლოდ ასეთი დამოკიდებულება მაძლევდა სიხარულს სტუდენტებთან ურთიერთობისას – ვყოფილიყავი მათი ტრანსფორმაციის მოწმე იმ ცოდნის წყალობით, რომელსაც განსხვავებული მეთოდებით ვაწვდიდი.

მე დღემდე ამ სილაბუსით ვასწავლი და ამიტომაც თავს უფლებას ვაძლევ, იმ სიამოვნებებზე და ცოდნის ზეიმზე გესაუბროთ, რომელიც ამ ტიპის სწავლებას მოჰყვება ხოლმე. აქვე გიმჟღავნებთ იმ საიდუმლოს, რომელიც დღემდე ვერ გამოიკვლიეს: „რას უკეთებს ბარბაქაძე სტუდენტებს, რითი აჯადოებს?“

ეს საიდუმლო იმაში მგომარეობს, რომ მე სტუდენტებისთვის ვხდები ექსკურსიამძღოლი, გიდი ცოდნაში სამოგზაუროდ. ჩემს ერთ Result-სილაბუსს ასე ჰქვია: „მეტაფორები, რომლებშიც ვცხოვრობთ“. სათაურში სპეციალურად მივანიშნე ცოდნისა და ცხოვრების ურთიერთკავშირსა და განპირობებულობაზე. ლექციას ვიწყებთ  სხვადასხვაგვარად. ამ სემესტრში ასე დავიწყე:

მოემზადეთ, ჩვენ ახლა მივდივართ შორეულ მოგზაურობაში, ვისაც ამ მოგზაურობის სურვილი არ აქვს, შეგიძლიათ გადაირჩიოთ საგანი, სანამ „არგუსი“ არჩევა-გადარჩევის რეჟიმშია…

მერე ჩვენ გავდივართ…. ვიწყებთ მეტაფორებში მოგზაურობას. მეტაფორები კიდევ ერთ ადგილას არ არიან თავმოყრილები… ისინი ყველგან არიან, ამიტომ მოგზაურობის დროს ვირჩევთ მარშრუტს, რომელი გზით წავიდეთ, დღეს რა ვნახოთ, რა განვიცადოთ, რომელი მეტაფორების რომელ პლანეტას მივადგეთ… არჩევანი მრავლადაა: აქეთ პოეზიის მეტაფორები შემოგვყურებს, იქით – პოლიტიკური მეტაფორები, უფრო სიღრმეში – ენობრივი მეტაფორები და ფრაზეოლოგიზმებია, მარჯვნივ ერიქსონი დგას და მანიშნებს, რომ იქით წავიდე, გვპირდება, რომ მეტაფორებით ადამიანის გაშიფვრას გვასწავლის და იმასაც, როგორ იცვლება ცხოვრება, როცა მეტაფორას ვცვლით… აი, ეს კვანტური ფიზიკა ხომ ჩემთვის მეტაფორების წყაროა, ცოტა შორს არის, მაგრამ ისე, რომ ალისა და ალისონი მაინც ჩანან… მთელი კვანტური ფიზიკა მეტაფორებითაა სავსე… ერთი სიტყვით, შესასვლელში ჯერ ვათვალიერებთ ჩვენს პლანეტებს (ვეცნობით სილაბუსს) და მერე ვირჩევთ, რომელი მეტაფორა დავლაშქროთ და სად ავიტანოთ ჩვენი (კ)ალამი.

ვგრძნობ, ამ შესავლის შემდეგ მეც და ჩემი მოგზაურებიც როგორი განსხვავებულები ვხდებით… ჩვენ უბრალო აბსტრაქტული სიტყვებით არ ვსაუბრობთ, ჩვენ განციდით იმ სიტყვებს, რომლებსაც წარმოვთქვამთ, შევდივართ სხვა საგანში, ვიხედებით განსხვავებული სარკმელებიდან… ყველას ავიწყდება, რომ ეს ლექციაა, აუდიტორიაში ზის და იქნებ კუჭიც ცარიელი აქვს ამ დროს…

მოგზაურობიდან დაბრუნებულები გაფართოებული თვალებით იხედებიან, აუდიტორიიდან გასულებს თან მიჰყვებათ ის განცდა-ემოცია, რომელიც მოგზაურობისას მიიღეს და სამყაროს სხვა თვალით უწყებენ ყურებას… ამას მაშინ ვხვდები, როცა შემდეგ ლექციაზე მოდიან ახალი კითხვებით და ახალი გამოცდილებებით… სემესტრის ბოლოს კი, პროექტების შემდეგ, ყველა, უგამონაკლისოდ, აცხადებს, რომ მეტაფორების ლექციებმა შეცვალა მათი ცხოვრება და ჰყვებიან, ეს როგორ მოხდა… ამაზე საინტერესო ფილმები მე ცხოვრებაში არ მინახავს. მე დამოკიდებული გავხდი მათი ტრანსფორმაციის ისტორიებზე.

ისევ დიუით დავასრულებ ( და გაგრძელებასაც გპირდებით):

ცოდნა და სწავლა შესაბამისად წარმოიქმნება გარემოს აქტიური მანიპულაციის შედეგად. დიუის მოჰყავს ასეთი მაგალითი: ადამიანს ესმის ხმა ბნელ ოთახში. თავიდან ეს ხმა შიშისმომგვრელია, გამოკვლევის შემდეგ (მაგალითად, სინათლის ანთება და გარშემო დათვალიერება) დგინდება, რომ ხმა, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო ფანჯრის დარაბის ბრახუნით, რაც არ ქმნიდა შიშის საფუძველს. ამ მაგალითის არსი არის ის, რომ ცოდნა ყალიბდება   სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობის პროცესში.

ეს ფოტოები კი ერთი (არა)ჩვეულებრივი დღეა მეტაფორების კურსის მსმენელების ცხოვრებიდან. მეტაფორების გამოფენა „მზიურში“: სტუდენტებმა თავად შექმნეს – დახატეს, ააწყვეს ვიზუალური მეტაფორები, შემდეგ გამოფინეს და ერთმანეთის ემოციები გაამდიდრეს კონცეპტუალური ნამუშევრებით. ჩვენ კი (მე და ჩემმა კოლეგებმა) პატარა კონკურსიც მოვუწყვეთ: წავახალისეთ, დავაჯილდოვეთ, მოტივაცია მივეცით და ცოდნის ზეიმი ერთად გავიზიარეთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...