კვირა, ივნისი 15, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

ცოტა რამ საფრანგეთის მეღვინეობასა და ფრანგულ ღვინოებზე

0

ფრანგული ვაზის ჯიშები და ფრანგული ღვინო მთელ მსოფლიოშია ცნობილი. არაერთი საუკუნეა, ეს ქვეყანა მოწინავედ მიიჩნევა მეღვინეობის დარგში და დამსახურებულადაც. საფრანგეთის მეღვინეობით განთქმული რეგიონები და აქაური უნიკალური ღვინოები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში უყვართ.

ელზასი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რაინის ველზე მდებარე მხარეა, რომელიც თეთრი ღვინოებითაა ცნობილი. ამ ღვინოების დასამზადებლად იყენებენ მუსკატს, რისლინგს, ნაცრისფერ პინოს, შილვანერს. ელზასის 90-ზე მეტი თვალწარმტაც სოფელში ზვრები ტერასებადაა გაშენებული. აქ წარმოებული ღვინოები გამოირჩევა არომატით და მრავალფეროვნებით – მსუბუქიდან სრულამდე. ელზასი აწარმოებს ტკბილ ღვინოებსაც გვიან შემოსული ყურძნისგან. წითელი ღვინოები იშვიათია. მათი უმრავლესობა შავი პინოსგან მზადდება.

ლუარის მხარეში უმთავრესად იწარმოება შესანიშნავი თეთრი, მშრალი ცინცხალი და დელიკატური ღვინოები. დომინირებს შენინ ბლანი. საკმაოდაა სოვინიონიც. წითლებიდან ყველაზე გავრცელებული ჯიშებია გამეი და კაბერნე ფრანი. კლიმატისა და ნიადაგის მრავალფეროვნებას, რომელიც ღვინოების პალიტრაზე აისახება, გვთავაზობს მეღვინეობის ოთხი დიდი რეგიონი: ნანტი, ანჟუ, სომურუა და ტურენი.

შამპანის რეგიონი პარიზიდან 75 მილზე მდებარეობს. აქ მდებარე 300-ზე მეტ სოფელში აწარმოებენ მსოფლიოში ყველზე ცნობილ შუშხუნა ღვინოებს. მხოლოდ აქ წარმოებული ღვინოები შეიძლება სამართლიანად იწოდებოდეს შამპანურად. კლიმატური პირობების – რბილი ზამთრისა და ცარციანი ნიადაგის წყალობით შამპანში გაზრდილი პინო ნუარი და შარდონე შესანიშნავ ღვინოებს იძლევა.

კაბერნე სოვინიონი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ყურძნის ჯიშია. ასამბლაჟისას აკომპანირებს მერლოსთან, კაბერნე ფრანთან, მალბეკთან. გამოირჩევა დაძველების შესანიშნავი პოტენციალით. მუხის კასრებში დაძველებისას გამოირჩევა ტანინების კონცენტრაციით და აქვს ღრმა სტრუქტურა.

წითელი ყურძნის ჯიში პინო ნუარი კაბერნე სოვინიონის ეკვივალენტურია. იძლევა სავსე, მძიმესხეულიან ღვინოებს, წითელი, ლალისფერი, ზოგჯერ ყავისფერში გადასული ტონალობით. მომწიფებისა და მჟავიანობის წყალობით დიდხანს ინახება.

არვინი ვალეს მხარეში მოჰყავთ. ეს ვაზის ძველი ჯიშია, რომელიც გვიანი მომწიფების შედეგად საუკეთესო ნაყოფს იძლევა. მისგან დამზადებული ღვინო ძალიან სასიამოვნო დასალევია. გამოირჩევა გრეიპფრუტისა და ლიმნის არომატით. არვინისგან მიღებული თეთრი ღვინოები ხანგრძლივი დაძველების შედეგად საუკეთესოდაა მიჩნეული.

შარდონე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული თეთრი ყურძნის ჯიშია, რომლისგანაც სხვადასხვანაირი ღვინო მზადდება. ვაზი ძლიერია და გამძლე. იზრდება შამპანის რეგიონში, ელზასში, შვეიცარიაში გერმანიაში, საქართველოში, არგენტინაში და სხვა.

თეთრი ღვინო ან შამპანური, ბლან დე ნუარი, იწარმოება წითელი ყურძნისგან და ღვინდება მარცვლის კანის გარეშე (წითელი ყურძნის ჯიშების უმეტესობის მღებავი ნივთიერება კანშია, რბილობი კი უფერულია).

ბოჟოლე მსუბუქი, წითელი, ახალგაზრდული ღვინოა, რომელიც გამოირჩევა ხილისა და ყვავილების არომატით.

მუსკატი მშრალი, თეთრი ღვინოა ალკოჰოლის დაბალი შემცველობით, ბრეტონიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთი საფრანგეთიდან. ჩვეულებრივ, სვამენ ახალგაზრდას, ზღვის პროდუქტებთან ერთად. აქვს კარგად გამოხატული არომატი.

მეტად მრავალფეროვანი თეთრი საღვინე ყურძენია შენინ ბლანი, რომელიც მსოფლიოს მრავალ რეგიონშია გავრცელებული. საფრანგეთის ლუარის ყველაზე ცნობილი ღვინოები ამ ყურძნისგან მზადდება. ყურძენი მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა; მისგან შეიძლება დადგეს მშრალი ან ზომიერად ტკბილი ღვინო. საუკეთესო ფრანგული შენინ ბლანი დაძველების კარგი პოტენციალით გამოირჩევა.

პინო ბლანის ორი ჯიშია ცნობილი – პინო ბლანი და პინო შარდონე. პირველი პინო გრისგან წარმოდგება. ის იძლევა მდიდარ, ძალიან შაქრიან წვენს. მეორე ახლოსაა შარდონესთან. მოჰყავთ გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიასა და საქართველოში.

საგანი „მე და საზოგადოება“ და მისი კურიკულუმი

0

მომავალი სასწავლო წლიდან სკოლებში ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხურისთვის) დაინერგება. სექტემბრიდან მესამე-მეოთხე კლასებში ახალი საგანი – „მე და საზოგადოება“ შემოდის.

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი ნიკოლოზ სილაგაძე  ახალი საგნის სტანდარტსა და წლიურ გეგმაზე, პროცესის ხელშემწყობ აქტივობებსა და გასათვალისწინებელ რისკებზე გვესაუბრა:

– ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ხანგრძლივი და მრავალწახნაგოვანი პროცესია. ამ პროცესში სისტემურ,  სასკოლო და საკლასო ოთახის დონეზე სხვადასხვა პრობლემა იკვეთება, თუმცა მთავარ გამოწვევად პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა რჩება. სპეციალისტები ხშირად აღნიშნავენ, რომ სკოლის სისტემა XIX საუკუნიდან მომდინარეობს, მასწავლებლები XX  საუკუნიდან მოდიან, მოსწავლეებს კი შეძენილი ცოდნა XXI საუკუნისთვის სჭირდებათ. აქედან გამომდინარე, ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, რომელშიც მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს გუნდური სულისკვეთება, მხარდაჭერაზე ორიენტირებული თანამშრომლობა და ერთმანეთის ნდობა ექნებათ, იოლი არ არის, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ მხრივ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. თუ სკოლაში XIX  საუკუნისთვის დამახასიათებელი ტოტალიტარული პრინციპები მეფობს და  წამყვანი გარე მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორებია (ნიშანი, გამოცდა, კარიერული წინსვლა, დოკუმენტების აღრიცხვა და სხვა), ძნელი წარმოსადგენია, მოსწავლეებმა გაითავისონ ის ჰუმანური და დემოკრატიული პრინციპები, რომლებსაც „მე და საზოგადოება“ და ყველა სხვა სასკოლო საგანი გვთავაზობს. ახალი სასწავლო გეგმის, ისევე როგორც საგან „მე და საზოგადოების“ მთავარი მისია სწორედ სასკოლო კლიმატის გარდაქმნაა.  თუ ამ მხრივ სწორი პრიორიტეტები გვექნება, განათლების სისტემაში არსებული სხვა პრობლემებიც შედარებით უმტკივნეულოდ გადაიჭრება.

– რა ძირითად პრინციპებს ეფუძნება ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა?

– მოსწავლეზე ორიენტირება იყო და რჩება ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარ პრინციპად. ახალ სასწავლო გეგმაში ხაზგასმულია სწავლა-სწავლების პრინციპები, რომელთა გაუთვალისწინებლად მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე ორიენტირება ვერაფრით მოხერხდება. ეს პრინციპები ყურადღებას ამახვილებს ისეთ ცნებებზე, როგორებიცაა ცოდნის კონსტრუირება, მოსწავლის წინარე ცოდნა, აქტიური სწავლა, პირობისეული ცოდნა, ცოდნათა ორგანიზება, სწავლის სწავლა და სხვა. სასწავლო პროცესში სწორედ ამ ცნებებზე ორიენტირება გვაძლევს შესაძლებლობას, აქცენტი დავსვათ მოსწავლის ინდივიდუალურ წინსვლასა და მისი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაზე. მეორე პრიორიტეტული ამოცანაა სასკოლო კურიკულუმების განვითარება. ახალი სასწავლო გეგმა ორ ნაწილად იყოფა: სტანდარტად და წლიურ პროგრამად. სტანდარტი ყველასათვის სავალდებულო მოთხოვნებს მოიცავს, წლიური პროგრამა კი სარეკომენდაციო ხასიათისაა და ამ მოთხოვნების რეალიზების ერთ-ერთ გზას აჩვენებს. ამ გზას იმდენი ალტერნატივა შეიძლება ჰქონდეს, რამდენიც სკოლა და მასწავლებელია. ჩვენი სურვილია, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით ყველა სკოლამ თავად შექმნას და თანდათანობით განავითაროს საკუთარი კურიკულუმი, რომელშიც ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების რეალიზების ერთ-ერთი ორიგინალური გზა იქნება ნაჩვენები.

– კიდევ რა საკითხებს მოიცავს სასკოლო კურიკულუმის შექმნა-განვითარება?

– ცხადია, სასკოლო კურიკულუმის შექმნა-განვითარება მხოლოდ დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზებას, ცალკეული საგნებისთვის დასასწავლ საკითხთა ორიგინალური ნუსხის შექმნას ან ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციული შინაარსის მოთხოვნების სკოლასთან ადაპტირებას არ გულისხმობს. კურიკულუმი, თავისი შინაარსით, მიზანზე ორიენტირებული პროგრამაა. აქ მთავარი იმის დაზუსტებაა, რა მიზანს ისახავს სკოლა და რას აკეთებს თითოეული პედაგოგი ამ მიზნის მისაღწევად. რაც უფრო მკაფიოა დასახული მიზნებისა და სასკოლო სივრცეში დაგეგმილი ფორმალური თუ არაფორმალური აქტივობების (მათ შორის – სწავლებისა და შეფასების ფორმების) კორელაცია, მით უფრო გამართულია კურიკულუმი. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კარგი კურიკულუმი ერთბაშად არ იქმნება. იგი ყოველწლიურად იხვეწება სკოლაში დაგროვილი გამოცდილების ხარჯზე. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მასზე მუშაობის პროცესში სასკოლო თემის რაც შეიძლება მეტი წევრი იყოს ჩართული. განათლების მეცნიერებებში გამოიყენება ტერმინი „კურიკულუმის განვითარება“, რომელიც თავისი ეტიმოლოგიითაც კი კურიკულუმის დახვეწის პროცესის უწყვეტობასა და ხანგრძლივობაზე მიგვანიშნებს. ამ ეტაპზე ეროვნული სასწავლო გეგმის მისია სასკოლო კურიკულუმების განვითარების პროცესისთვის საწყისი იმპულსის მიცემაა. მთავარი საკუთარი სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესის უზრუნველყოფაა და არა კურიკულუმების სრულყოფილება.

რით განსხვავდება სასკოლო კურიკულუმი  საკითხთა ჩამონათვალისგან, როგორც ხშირად აღიქვამენ ხოლმე?

– საკითხთა ჩამონათვალი არის დოკუმენტი, რომელიც ამა თუ იმ საგნის კონტურებს გვიჩვენებს.  საგნობრივ საკითხებს, ცხადია, კურიკულუმშიც შევხვდებით, მაგრამ ისინი მის მთავარ ელემენტს არ წარმოადგენs. კურიკულუმისთვის მთავარი მოსწავლის პიროვნული განვითარების გზის ჩვენებაა. ეს გზა აქ სასწავლო მიზნების სახით აღიწერება. თემები, საკითხები, საკლასო და არასაკლასო აქტივობები,  რესურსები, დავალების ტიპები, სწავლების მეთოდები, შეფასების ფორმები და სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სხვა ელემენტები კი სწორედ ამ მიზნების შესაბამისად  შეირჩევა. ამდენად კურიკულუმი, თავისი ბუნებით, ძალიან დინამიკური და განვითარებადი დოკუმენტია, განსხვავებით საგნობრივ საკითხთა ჩამონათვალისგან, რომელიც  თაობიდან თაობას ზოგჯერ უცვლელადაც კი გადაეცემა. ჩვენ მიჩვეული ვართ, სწავლა-სწავლების პროცესი გავაიგივოთ სახელმძღვანელოში ან სილაბუსში მოცემული საკითხების თანმიმდევრობასთან, რაც კურიკულუმის განვითარების თვალსაზრისით შემაფერხებელი ფაქტორია.

საკითხთა ჩამონათვალსა და კურიკულუმს შორის არსებული განსხვავებების გამოსაკვეთად ერთი შედარების მოყვანა შეიძლება. წარმოვიდგინოთ მასწავლებელი, რომელიც სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მთავარ ღერძად სახელმძღვანელოს არჩევს ან საგნობრივ საკითხთა ჩამონათვალს იყენებს და მეორე მასწავლებელი, რომელიც ჯერ ფურცელზე დაწერს მკაფიო გრძელვადიან მიზანს, რომელიც პასუხს გასცემს კითხვას: – რატომ ვასწავლი ამა თუ იმ საგანს? – და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოწერს, რას გააკეთებს (რა რესურსებს გამოიყენებს, რა აქტივობებს განახორციელებს) წლის განმავლობაში მიზნის მისაღწევად. ასეთი მასწავლებლის ხელში, ცხადია, სახელმძღვანელო ერთ-ერთ (და არა ერთადერთ) რესურსად იქცევა, სასწავლო პროცესი კი – კურიკულუმის განვითარების პროცესად.

თუმცა ყველაფერი, რა თქმა უნდა, ასე მარტივიც არ არის. სასწავლო მიზნების ფორმულირებისას და მის მიხედვით საგნის შინაარსის სტრუქტურირებისას არაერთი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. კერძოდ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენ მიერ ფორმულირებული მიზნობრივი ორიენტირების შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებთან; ჩვენ მიერ შემოთავაზებული აქტივობების თანხვედრას სწავლა-სწავლების 5 პრინციპთან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი კურიკულუმი თანხვედრაში უნდა იყოს სკოლის პრიორიტეტებთან, სხვა მასწავლებლების საკლასო კურიკულუმებთან.

სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგებსა და სკოლებს ბევრ საყრდენ ორიენტირს სთავაზობს სასკოლო კურიკულუმის განვითარების დასაწყებად. ამ ორიენტირების ჩამონათვალი ყველა საგანში განსხვავებულია. მაგალითად, საგან „მე და საზოგადოების“ შემთხვევაში პედაგოგი გათავისუფლებულია სირთულეებისგან, რომლებიც მიზნების იერარქიული დალაგების კუთხით იკვეთება. აქ მკაფიოდაა ფორმულირებული მიზნები, რომლთა მისაღწევადაც ეს საგანი ისწავლება. ეს მიზნები უშუალოდ გამომდინარეობს ზოგადი განათლებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან. შესაბამისად, მათზე ორიენტირება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებზე ორიენტირებასაც ნიშნავს:

  • დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის საზოგადოების წევრად აღქმაში;
  • ხელი შეუწყოს სოციალიზაციასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებაში;
  • გააცნობიერებინოს, რომ უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება სამშობლოს სიყვარული და სხვა.

აქვეა მოცემულია შედეგები, რომლებიც ამ მიზნებს უფრო მეტად აკონკრეტებს, მერე კი შემოთავაზებულია თემები, რომლებიც მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტებს წარმოადგენს და რომლებშიც დასახული მიზნების რეალიზება უნდა მოხდეს. მაგალითად: ჩემი ოჯახი; სასკოლო გარემო, მეგობრები და  თანატოლები; გარემო, რომელშიც ვცხოვრობ;  სად და როგორ ვიღებ განათლებას;  მედია და ინფორმაცია;  მე და ჩემი ქვეყანა.

მაშასადამე, სტანდარტი იმგვარადაა აგებული, რომ პედაგოგი ავტომატურად მიდის კითხვამდე: – რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ ესა თუ ის თემა დასახული მიზნების მისღაწევად გამოვიყენო?

ამ კითხვაზე პასუხის პოვნის გასაადვილებლად ეროვნულ სასწავლო გეგმაში, ექვსივე თემასთან მიმართებით, მოცემულია საკვნძო კითხვები.  საკვანძო კითხვა (Essential Question) არის უნიკალური საგანმანათლებლო ინსტრუმენტი, რომელიც სასწავლო თემებს მიზნებსა და შედეგებთან აკავშირებს და სასწავლო პროცესში მიზნობრივი ორიენტირის როლს ასრულებს. ამასთან, ის მოსწავლის წინარე ცოდნის გააქტიურების საშუალებასაც იძლევა. მაშასადამე, შემოთავაზებული საკვანძო კითხვები სტანდარტში შუალედურ სასწავლო მიზნებს განასახიერებს. სასწავლო პროცესში მათი გამოყენება სტანდარტის მიზნებსა და შედეგებზე მუშაობასაც ნიშნავს. საგაკვეთილო პროცესში აქტივობები ამ კითხვებზე ორიენტირებულად უნდა წარიმართოს.

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისთვის, რომ მოსწავლე ამ კითხვებზე დააფიქროს? სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა უნდა გააკეთოს მან საიმისოდ, რომ  თემის სწავლა-სწავლება მიზნების შესაბამისად წარმართოს? ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის წლიურ პროგრამაში ის აქტივობებიცაა შემოთავაზებული, რომელთა საშუალებითაც მასწავლებელს საკვანძო შეკითხვების პროვოცირება შეუძლია. ეს აქტივობები, რა თქმა უნდა, სარეკომენდაციოა. ისინი მხოლოდ ნიმუშებს წარმოადგენს, რომლებიც მასწავლებლებს სხვა მსგავსი აქტივობებისა და დავალებების მოფიქრებაში დაეხმარება. თუ პედაგოგი შემოთავაზებულ წლიურ პროგრამას გაჰყვება და მოინიშნავს, წლის განმავლობაში რომელი აქტივობა რომლით ჩაანაცვლა, ეს ჩანაწერი საფუძვლად დაედება მისი სასკოლო კურიკულუმის განვითარებას. ამდენად, „მე და საზოგადოების“ წლიური პროგრამა სასკოლო კურიკულუმის განვითარების ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს. ჩვენი ველით, რომ პედაგოგები პირველ ეტაპზე „მე და საზოგადოების“ წლიურ პროგრამაში შემოთავაზებულ აქტივობებსა და დავალებებს  თავიანთ პრაქტიკაში აპრობირებული აქტივობებით ჩაანაცვლებენ. მეორე ეტაპზე მათ შესაძლოა შეცვალონ ან სხვაგვარად გადააჯგუფონ საკვანძო კითხვები თემის ფარგლებში, შემდგომ კი შესაძლოა თემებიც თავად შეარჩიონ და, მიზნების შესაბამისად, შინაარსის სტრუქტურირების რთული პროცესიც საკუთარ თავზე აიღონ. თუმცა, ამ ცვლილებებს ასე უცებ არ ველით. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ეტაპზე კურიკულუმის განვითარებისთვის საწყისი იმპულსების მიცემაც საკმარისი იქნება.

– ახალი გეგმის დანერგვის პროცესში ახალ საგანს გამორჩეული ადგილი უკავია. რა მხარდამჭერი აქტივობები იგეგმება ამ მიმართებით?

– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „მე და საზოგადოების“ შემთხვევაში (სხვა საგნების მსგავსად), განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს სტანდარტთან ერთად წლიურ პროგრამას სთავაზობს. მომზადებულია ასევე გაიდლაინი, რომელიც დეტალურ ინსტრუქციებს შეიცავს წლიური პროგრამის საფუძველზე სასკოლო კურიკულუმის განსავითარებლად. ამასთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გამართავს ტრენინგებს, რომლებიც სწორედ სასკოლო კურიკულუმის განვითარების მექანიზმებში გარკვევას ისახავს მიზნად. აქვე აღვნიშნავ, რომ ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში მომზადდა რესურსების მთელი წყება, რომლებიც დანერგვის პროცესს ერთიორად გააადვილებს. თუმცა ეს ცალკე საუბრის თემაა.

– რას გვეტყვით მასწავლებელთა გადამზადებაზე საგნობრივი ცოდნის მიმართულებით?

– საგან „მე და საზოგადობის“ თავისებურება ის არის, რომ მისი შინაარსის სწავლება არ მოითხოვს სპეციალურ საგნობრივ ცოდნას. პირველი-მეოთხე კლასის მოსწავლეებთან ოჯახის, სკოლის, ჯანსაღი ცხოვრებისა თუ უსაფრთხოების შესახებ საუბარი ნებისმიერ განათლებულ ადამიანს შეუძლია. ამ საკითხების აღქმა არც მოსწავლეებისთვის წარმოადგენს განსაკუთრებულ სირთულეს. აქ პრობლემაა არა საგნის შინაარსის სირთულე, არამედ სასწავლო პროცესის მიზნობრივად, სტანდარტის შედეგებზე ორიენტირებულად წარმართვა. მიუხედავად ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „მე და საზოგადოების“ შინაარსის კუთხითაც სთავაზობს პედაგოგებს რესურსებს. ზემოთ ეროვნული სასწავლო გეგმის გზამკვლევი ვახსენე. ის მეთოდიკურ ორიენტირებთან ერთად პედაგოგებისთვის განკუთვნილ რესურსებსაც მოიცავს კონფლიქტების  მართვის, ჯანსაღი ცხოვრებისა და  საგნისთვის აქტუალური სხვა საკითხების შესახებ.

– როგორ მოხდება დანერგვის მონიტორინგი?

– როგორც წესი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი ატარებს დანერგვის  მონიტორინგს. ეს თვისებრივი კვლევაა. მონიტორინგის პროცესი გულისხმობს სკოლებში სასწავლო პროცესზე დაკვირვებას და სპეციალურად შექმნილი კითხვარების საშუალებით დანერგვის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირებას. ამას მოსდევს რეკომენდაციების ჩამოყალიბება ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების თვალსაზრისით. აქვე აღვნიშნავ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მონიტორინგი არის სკოლის დახმარებასა და წინსვლაზე და არა ვინმეს  შემოწმებაზე ან დასჯაზე ორიენტირებული პროცესი. ჩემ მიერ უკვე ხსენებული ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში დაკვირვების ინსტრუმენტი უფრო მეტად დაიხვეწა. „მე და  საზოგადოების“ დანერგვის პროცესის მონიტორინგი განახლებული ინსტრუმენტებით ჩატარდება.

– რა ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოყოფდით „მე და საზოგადოების“ სწავლების სასტარტო ეტაპზე?

– ძლიერ მხარედ მიმაჩნია, რომ  საგნის კურიკულუმი იმგვარადაა აგებული, რომ მისი სწავლა-სწავლება ორგანულად ეწერება დაწყებითი საფეხურის სპეციფიკაში. თითქოს „მე და საზოგადოება” არც კი იყოს ახალი საგანი. ქართულ-ესტონური პროექტის ფარგლებში მიმდინარე პილოტირების პროცესმა აჩვენა, რომ ამ საგნის სწავლა-სწავლება  და მის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა სავსებით შეესაბამება საქართველოს სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, გარკვეულ სირთულეებსაც ველით. მე პირადად სამ პოტენციურ საფრთხეს გამოვკვეთდი:

  • არასწორად დაგეგმვის შემთხვევაში „მე და საზოგადოება“ შესაძლოა გადაიქცეს წესების კრებულად, რომელთა დასწავლასაც მოსწავლეს მოსთხოვენ;
  • არასწორად გააზრების შემთხვევაში საგანი შესაძლოა იქცეს აქტუალური თემების (გარემოს დაცვა, სამოქალაქო უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სხვა) შესახებ თეორიულ სწავლებად;
  • არასწორად დაგეგმვის შემთხვევაში საგანი შესაძლოა აიქცეს სახალისო თამაშების ნაკრებად, რომელთა მიზანიც მკაფიო არ არის.

„მე და საზოგადოების“ ყველა მასწავლებელს ვთხოვ, ამ საფრთხეებზე სწავლა-სწავლების პროცესის დაწყებამდე იფიქრონ. ამგვარი შეცდომების დაშვებით საგანი ძირეულად ასცდება საკუთარ მიზნებს.

–  დაწყებით საფეხურზე, კერძოდ, მესამე-მეოთხე კლასებში, ეროვნული სასწავლო გეგმა სხვადასხვა საგანში ერთსა და იმავე საკითხებს მოიცავს,  მსგავსია შედეგებიც, ამიტომ ჩნდება კითხვა: ვთქვათ, სამშობლოს სიყვარულის  სწავლება „მე და საზოგადოებაში“ რით უნდა განსხვავდებოდეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში იმავე საკითხის სწავლებისგან?

ქართულ ენასა და ლიტერატურაში და „მე და საზოგადოებაში“ სამშობლოს ცნება განსხვავებული რაკურსებით მუშავდება. ქართული უფრო მეტად ასწავლის სამშობლოს სიყვარულს, „მე და საზოგადოება“კი – სამშობლოზე ზრუნვას. აქ ყურადღება მახვილდება იმაზე, თუ როგორ უნდა იზრუნოს მოსწავლემ საკუთარ ოჯახზე, სკოლაზე, ქვეყანაზე და სხვა. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ძალიან დროული და აქტუალურია. სამშობლო ყველას უყვარს, მაგრამ ერთეულებმა თუ იციან, როგორ იზრუნონ მასზე. ამ მხრივ მოქალაქის აღზრდას საფუძველი, რა თქმა უნდა, დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ჩაეყაროს. ამიტომ გაუგებარია პატრიოტიზმის დროშით მოსაუბრე ადამიანების მხრივ „მე და საზოგადოებაზე“ გაუთავებელი თავდასხმების მიზეზი. როგორც ჩანს, მათ საგნის არსი მართებულად არ ესმით.

რჩეული მოთხრობები „უნებლიე მკითხავიდან“ „წინწკლების ქოხამდე“

0

რატომ მიყვარს წიგნის ფესტივალი? პირველ რიგში ბევრი ახალი წიგნის გამო.  იმის გამოც, საყვარელ ნაწარმოებებს თანამედროვე შეფუთვაში რომ გადავაწყდები ხოლმე და თავიდან „შემომეკითხება…“ მივიწყებული წიგნები წლევანდელი წიგნის ფესტივალზეც „აღმოვაჩინე.“ მოსწავლეებისთვის წასაკითხად მოთხრობების კრებულებს დავეძებდი და ჩემი ყურადღება „ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგიამ“  მიიქცია ( ცისფერყდიანმა წიგნმა ხეზე შემოსკუპებული ბიჭუნასა და ღრუბლებში მონავარდე ჩიტის სილუეტებით). კრებული სამი საუკუნის მანძილზე, სულხან-საბა ორბელიანაიდან დღემდე, არაერთი გამოჩენილი მწერლის საბავშვო მოთხრობებს აერთიანებდა. ნაცნობმა ტექსტებმა არა მხოლოდ მოგონებების, ახალი თემების აღმოჩენის ხასიათზეც დამაყენა – მივხვდი, თვალის გადავლება ნამდვილად არ იქნებოდა საკმარისი ბავშვობაში წაკითხულის გასახსენებლად.

რატომ დავეძებდი მოთხრობების კრებულს? „მკითხველთა კლუბებში“ დაგროვილმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ერთი მოთხრობისთვის გაკვეთილის დათმობა გაცილებით ეფექტურია: ავტორზე ვსაუბრობთ, ნაწარმოებზე ვმსჯელობთ და რაც მთვარია, მოსწავლეები წაკითხულის მოყოლასაც ასწრებენ (ზოგიერთი ილუსტრაციის დახატვასაც კი ახერხებს). ამიტომაც ვიქეცი „მოთხრობების მაძიებლად,“ ისეთების, მრავალფეროვან თემებზე საუბრისა და ორიგინალური პარალელების გავლების საშუალებას რომ იძლევა.

ალბათ დამეთანხმებით, რომ სადიდო და საბავშვო მოთხრობები განსხვავებული ფენომენია. საბავშვო მოთხრობებში მწერალი პრიორიტეტს ანიჭებს მარტივ სიუჟეტებსა და ლიტერატურულ ხერხებს, თანმიმდევრულსა და დინამიურ თხრობას. პატარა მკითხველს, როგორც წესი ცოცხალი, ლაკონური დიალოგებით გაჯერებული ისეთი ამბები მოსწონთ, რომელთა მთავარი გმირიც ბავშვია. ზემოთჩამოთვლილ თავისებურებებს ავტორის გულწრფელობაც თუ ემატება, ნაწარმოების წარმატება გარანტირებულია. ბავშვები ინტერესით კითხულობენ და შთაბეჭდილებებსაც არანაკლები ენთუზიაზმით უზიარებენ ერთმანეთს.

ანთოლოგიას ვუბრუნდები და თემების ჩანიშვნას ვიწყებ:

  • პირველი სამი მოთხრობა სულხან-საბა ორბელიანისაა. „უნებლიე მკითხავი,“ „მხვნელი, ფეიქარი და მკერავი“ ტყუილის ფენომენზეა. მათი წაკითხვის შემდეგ, გამოუვალ მდგომარეობაში ნათქვამ, იძულებით თუ უნებლიე ტყუილზე შეიძლება მსჯელობა. მოთხრობებში აღწერილი რთული სიტუაციებიდან მთავრი გმირის სამშვიდობოს გაყვანა სიცრუის გარეშე თითქოს წარმოუდგენელია. რის გამოც მოსწავლეების შემოთავაზებული ვარიანტების, პერსონაჟების გამართლება-დადანაშაულებისას გამართული კამათის მოსმენა ძალზე საინტერესოა. რაც შეეხება მესამე მოთხრობას („ვირი, ვეფხვი, მელა და მგელი“) შიშზე, მის თანამდევ პროცესებზე და „ადგილის დამკვიდრების“ მეთოდებზეა. რომელი პერსონაჟის მხარეს დადგება პატარა მკითხველი, არც თუ იოლი გამოსაცნობია.
  • როგორია დღეს პატრიოტულ თემებთან ჩვენი დამოკიდებულება? რა თქმა უნდა, გვსურს ოქროს შუაელდი დავიცვათ და უმცროს თაობას პათეტიკის გარეშე შევაყვაროთ სამშობლო. ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტასაბიშვილი“ და იაკობ გოგებაშვილის „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“ თითქოს ახლებური თვალით წაკითხვას ითხოვს. ბავშვებისთვის თავშესაქცევი იქნება რაინდულ შერკინებებსა და თავდადებულ ბრძოლებში დაღუპულ ახალგაზრდებზე დაწერილი სიუჟეტები. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა, როგორ გაიაზრებენ ამ ნაწარმოებებში გაჟღერებულ „ხმამაღალ“ ფრაზებს – შვილმკვდარი ინგილო ქალისგან ერეკლე მეფისთის შეთვლილ სიტყვებსა თუ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილსთვის ყიზილბაშის მიმართავს: „მე სიცოცხლეს თუ ვინმესგან ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისგანაო!“
  • განსხვავებული მოთხრობაა აკაკი წერეთლის „პატარა ტარიელი,“ რომელიც, სიმართლე გითხრათ, წაკითხულიც არ მქონდა და მოთხრობის მთავარი გმირი პატარ ბიჭუნას უცნაურმა ფანტაზიებმა თუ პედაგოგებისა და მშობლების თავსატეხმა გულიანად გამაცინა.
  • მოსწავლისა და მასწავლებსლის დაძაბულ და სიურპრიზებით სავსე ურთიერთობაზეა ჯემალ ქარჩხაძის „სასწაული.“ ცამეტი წლის ბიჭი ცდილობს თავის დაუძინებელ მტერს ღირსეულად შეხვდეს საბრძოლო მოედანზე, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები შავი დაფაა! სამკვდრო-საცისიცოცხლო შერკინება კი გეომეტრიის ამოცანებთან უნდა გამართოს. სიტუაციას ის გარემოებაც ამძიმებს, რომ ამოცანებს ზურგს „ორიანებით გამოჭედილი უბის წიგნაკით“ შეიარაღებული მასწავლებელი უმაგრებს. რა ბედი ელის ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ, ცელქ ბიჭუნას, რომელსაც აღიზიანებს მოსწავლეები, „ყოველი გაკვეთილი ზეპირად რომ იციან“ და „ანტენებივით აქვთ აშვერილი თითები“ (მუდამ მზად არიან გამოსაძახებლად). მთავარი გმირი თვლის, რომ სასწაულები არც ისე ხშირად ხდება, როგორც ზღაპრებში, უფრო მეტიც, სულაც არ ხდება!.. თუმცა თანდათან  გამოცდა „უცნაური სახეს იღებს,“ ავისმომასწავებელი, სქელი უბის წიგნაკი კი მისთვის უსაყვარლეს ნივთად იქცევა. როგორ? ამას სხარტი დიალოგებითა და ირონიული ქვეტექსტებით, ემოციებით უხვად დატვირთული მოთხრობიდან შიტყობთ;
  • ალბათ გახსოვთ ბავშვობაში წაკითხული, რადიოში მოსმენილი ან ტელე-სპექტაკლად ნანახი დავით ჯავახიშვილის „ყოჩაღი ბაკურისა და ძილისგუდა ზარმაცების თავგადასავალი.“ თავშესაქცევი ზღაპარი იმის შესახებ, თუ როგორ გაჩნდა სოფელი ბაკურიანი პატარა მატარებლითურთ, მხიარულად რომ დაგუგუნებს აღმართ-დაღმართ. „სასაცილო სახელიანი სოფელი“ ფაფაც გემახსოვრებათ, სადაც თოვლის მაგივრად ტკბილი და გემრიელი მანანის ფაფა მოდის, გზებს, ეზოებს, სახურავებს ეფინება და თავის ბინადრებს ანებივრებს. უზრუნველი ფაფელები დიდი კოვზებით შეიარაღებულები, მუდამ პირდაფჩენილები დაიარებიან. სიზარმაცის პრევენციის საუკეთესო გაკვეთილებს კი თავად ყოჩაღი ბაკური გვთავაზობს;
  • რადგან სიტყვა სიზარმაცეზე ჩამოვარდა, აქვე ერლომ ახვლედიანის ფილოსოფიურ ჩანახატებსაც ვახსენებ. ვფიქრობ, ისინი მოზარდებს უფრო დააინტერესებთ. შეიტყობენ, რომ რაც უფრო ზარმაცია არსება, მით მეტი გვერდი აქვს გადასაბრუნ-გადმოსაბრუნებლად? („ზარმაცი თაგუნას ამბავი“); რას მოიმოქმედებს უვიცი თუ თავის დროზე არ ასწავლეს დათვლა და არ აუხსნეს, რომ წიწილას არ შეუძლია მელა გადასანსლოს? („მელა მასწავლებელი“); რას ფიქრობენ დანარჩენი ობობები თანამოძმეზე, რომელმაც ბუზივით ბზუილი ისწავლა და ახლა აღარ ჩერდება? („უნიჭო ობობა“); როგორ ეგუებიან ადამიანები კაცს, მხოლოდ საკუთარი თავი რომ აღელვებს („ამბავი კაცისა, თავი რომ გაიბატონა“);

ნოსტალგიურ ხასიათზე დაგაყენებთ „იავნანამ რა ჰქმნა?“ „მაგდანას ლურჯა,“ „ქაჯანა,“ „სათაგური,“ „ჩხიკვთა ქორწილი,“„ჩირიკი და ჩიკოტელა,“ „უშიშა პაპას ამბავი,“ „ხაზარულა“ და სხვა მრავალი, ჩვენთვის საყვარელი და კარგად ნაცნობი ავტორების მოთხრობები. ანთოლოგიაში მოგზაურობას კი გურამ პეტრიაშვლისა („ყვავილები,“ „პიკო და ოლიკო“) და ნაირა გელაშვილის („წინწკლებიანი მუსტანგი და პატარა წვიმა,“ „ბურბუშელა“ „წინწკლების ქოხი“) ზღაპრებით დაასრულებთ.  ყვავილებთან,  ხალიჩიან ვეშაპ პიკოსთან და მის მეგობარ ოლიკოსთან ერთად ცაში გაინავარდებთ (სანამ უჟმური საკუთარ სათქმელს იტყვის), ბოლოს კი პატრ გოგონა ანისულას ნახატებსა თუ ოცნებებში იმოგზაურებთ და შესაძლოა ისე „დაიწინწკლოთ,“ ცხადი და  სიზმარი ვეღარ განასხვავოთ. წინწკლების მეფე ჯუჯა (გახსოვდეთ, წინწკლების მეფე რომ არის, საქვეყნოდ ცნობილი საიდუმლოა) კი ისეთ ამბებს მოგიყვებათ, სულ სხვა თვალით შეხედავთ ყველაფერს, რაც დედამიწის ზურგზე დაწინწკლულია: ციცრებს, ჟირაფებს, ჭორფლიან გოგო-ბიჭებს, ჭიამაიებს (სია გრძელია და თავად უნდა გააგრძელოთ)…

***

ამ პატარა წერილში ყველა მოთხრობაზე რა თქმა უნდა ვერ და არც გესაუბრებით. კრებულში სათავისო მოთხრობას ნებისმიერი გემოვნების ბავშვი თუ მოზარდი, მშობელი თუ მასწავლებელი მიაგნებს. თან ზაფხულის არდადეგებიც  მოახლოვდა და თუ ბევრი წიგნის თან წაღება გეზარებათ, „ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია“ (ცისფერყდიანი წიგნი, ხეზე შემოსკუპებული ბიჭუნასა და ღრუბლებში მონავარდე ჩიტის სილუეტებით) საუკეთესო სამსახურს გაგიწევთ. საინტერესო ამბებს წაიკითხავთ, სკოლაში დაბრუნებულები კი უმარავ ავტორს ჩამოთვლით და მრავალფეროვან თემებზეც ისაუბრებთ.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ „ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია“ მწერალმა ლია ლიქოკელმა შეადგინა და ვფიქრობ, ეს პიკანტური დეტალი თქვენთვის უფრო საინტერესოს გახდის ამ კრებულს – მწერლის გემოვნებაზე და მისი ბავშვობის საყვარელ მოთხრობებზეც შეგექმნებათ წარმოდგენა.

 

მოწყენილობის გრადაციები – ვალერიან გაფრინდაშვილის „სენტიმენტალური ტრიოლეტი“

0

მოწყენილობას (სპლინს) შარლ ბოდლერი სიმბოლისტური პოეზიის ერთ-ერთ მთავარ პოეტურ კონცეპტად მიიჩნევდა, რომელიც თანამედროვე სამყაროში ადამიანის ყოფის უსაზრისობას, დაკარგულობას, გაუცხოებას გამოხატავდა. მან თავისი „ლექსები პროზად“ „პარიზის სპლინის“ რკალში გააერთიანა და „ბოროტების ყვავილების“ კრებულშიც არაერთი სტრიქონი უძღვნა ამ მდგომარეობას. პირველ ლექსში („მკითხველს“) ის წერს:

 

s„მოწყენა! – იგი უნებლიეთ ცრემლიან თვალით

ჩიბუხს აბოლებს, ეშაფოტზე თანაც ოცნებობს…

ნუთუ ამ ურჩხულს სული შენი, მკითხველო, ვერ ცნობს?

სული თვალთმაქცი, ჩემი მსგავსი და ტყუპისცალი“.

(დავით აკრიანის თარგმანი)

 

ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზიაში მოწყენილობა მდიდარია ნიუანსებით. ის ცნობილი სიმბოლისტი, ცისფერყანწელი პოეტი გახლდათ. 1916 წელს ახალგაზრდა პოეტთა ერთმა ჯგუფმა ქუთაისში ახალი პოეტური სკოლა დააფუძნა და ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ გამოსცა. ეს იყო სრულიად განსხვავებული ესთეტიკის დამკვიდრება ქართულ პოეზიაში. ცისფერყანწელებმა – პაოლო იაშვილმა, ტიციან ტაბიძემ, ვალერიან გაფრინდაშვილმა, სანდრო ცირეკიძემ და მათმა თანამოაზრეებმა – ქართულ პოეზიაში შექმნეს ახალი ტენდენციები, გამოთქმის უჩვეულო ფორმები. მათი პოეტური აზროვნების საყრდენი გახდა სიმბოლო როგორც სამყაროს შემეცნების უპირველესი საშუალება. ამ ლექსში ჩანს პოეტი, გამოთქმის დახვეწილი ოსტატი, რომლისთვისაც ფორმა და შინაარსი განუყოფელია. მთავარია ფერის, მუსიკისა და სურნელის სინთეზი, რომლის საშუალებითაც აზრი უფრო შთამბეჭდავი ხდება. ამ ლექსშიც ყურადღებას იქცევს გამოთქმის საოცარი სისადავე და მომხიბვლელობა.

ტრიოლეტი ლექსის ძალიან ლამაზი ფორმაა, რომელიც შუა საუკუნეებში შეიქმნა და განსაკუთრებით საფრანგეთში გავრცელდა. ტრიოლეტის ფორმით დაწერილი ლექსი რვა სტრიქონისგან შედგება და მასში პირველი სტრიქონი სამჯერ მეორდება (I, IV და VIII). ქართულ პოეზიაში ეს ფორმა XX საუკუნის 10-იან წლებში დამკვიდრდა და სონეტთან ერთად პოპულარული გახდა. ვალერიან გაფრინდაშვილს მოსწონდა ლექსის ამგვარი სტრუქტურა და ხშირად მიმართავდა. მას დაწერილი აქვს ციკლი „მაისის ტრიოლეტები“. პოეტმა თავისი სათქმელის გამოსახატავად სწორედ ეს ფორმა აირჩია და სათაურშივე გამოიტანა, დააზუსტა ამ ტრიოლეტის შინაარსის რაგვარობა, მკითხველს მიანიშნა, რომ ლექსი სახუმარო და გასართობი კი არ იყო (ცნობილია, რომ ამ ფორმას წინათ უმთავრესად გასართობი ლექსებისთვის იყენებდნენ), არამედ სანტიმენტალური (მართებული ფორმაა სენტიმენტალური), ე.ი. სევდიანი, ნაღვლიანი, მინორული. სიტყვა „სენტიმენტალური“ ხომ ძალიან მგრძნობიარეს ნიშნავს.

ლექსის პირველივე სტრიქონიდან ცხადი ხდება ლირიკული გმირის განწყობა. იმისთვის, რომ სევდისა და მიუსაფრობის შეგრძნება გაამძაფროს, პოეტი მიმართავს შედარებას: „ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა“. მკითხველს იოლად შეუძლია წარმოიდგინოს, რა უსუსურია ზამთარში ბეღურა, რომელსაც პოეტი ეპითეტით: „ნაზი“ – ახასიათებს. პატარა ჩიტის ეს სინაზე კონტრასტს ქმნის ზამთრის სიმკაცრესთან. ასე რომ, ამ შედარებით ცხადი ხდება, რა გაუსაძლისია პოეტის მოწყენილობა, რა უნუგეშოა მისი გული, რა უიმედოა მისი მომავალი, რადგან არავინ იცის, გადაურჩება თუ არა ცივ ზამთარს ბეღურა. ასევეა პოეტიც, რომლისთვისაც ცხოვრება ზამთრად ქცეულა, ცხოვრება, რომელმაც სატრფოსთან დააშორა (აქ გალაკტიონის „თოვლი“ გვახსენდება: „როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა…“). ასე რომ, ზამთარი წუთისოფლის სიმბოლოდაც შეიძლება მოვიაზროთ. ვალერიან გაფრინდაშვილის სხვა ლექსში, „ზამთარი“ რომ ჰქვია, ასეთ სტრიქონებს ვხვდებით:

 

„ზამთარი მოდის თავის ტერორით,

მან დაიკავა ყველა ქუჩები,

ზამთარი მოდის, ვით კომანდორი,

მათხოვრებით და თუთიყუშებით“.

 

ეს სტრიქონებიც თვალნათლივ წარმოაჩენს, რა აზრობრივ დატვირთვას ანიჭებდა პოეტი ზამთარს. თუმცა ამ პოეტურ სახეს ის სხვა შედარებასაც მოაყოლებს: „ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი“. თითქოს პოეტმა ბეღურასთან საკუთარი თავის შედარებით სრულყოფილად ვერ გადმოსცა, რას განიცდიდა და უფრო მეტად სცადა მკითხველის თანაგრძნობის გამოწვევა, მაგრამ თუ პირველი შედარება მკაფიო და გამჭვირვალე იყო, მეორე უფრო ბუნდოვანია, რადგან მკითხველმა უნდა იცოდეს, რა არის ვერსალი, რათა წარმოიდგინოს, რას განიცდის ის შემოდგომის ღამეებში.

სიმბოლისტი პოეტები, საზოგადოდ, თავიანთ მკითხველებად განათლებულ, წიგნიერ ადამიანებს მოიაზრებდნენ, რომლებიც კარგად იცნობდნენ ზოგადსაკაცობრიო კულტურას, მითოსს, რელიგიას, ლიტერატურას, ხელოვნებას. ამ თვალსაზრისით, მათი პოეზია ერთგვარად ელიტური იყო, რადგან ცოდნას მოითხოვდა.

ვერსალი საფრანგეთის სამეფო რეზიდენციაა, რომელიც მე-17 საუკუნეში ააგეს. მე-18 საუკუნიდან კი იქ უკვე აღარ ცხოვრობდნენ მეფეები, სასახლე მუზეუმად იქცა. პოეტმა იცის ეს და ამიტომაც წარმოუდგენია, რას უნდა განიცდიდეს შემოდგომაზე, ფოთოლცვენისას, ყოველივეს ჭკნობისა და კვდომისას, ეს თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული დიდი სასახლე, ოდინდელ ბრწყინვალებასა და მხიარულებას მოკლებული.

ამრიგად, პოეტმა ორ სრულიად განსხვავებულ სახეს, ბეღურასა და ვერსალის სასახლეს, მიმართა (პირველ შემთხვევაში – პატარასა და უმნიშვნელოს, მეორეში – დიდსა და ძვირფასს), რათა თავისი მოწყენილობის არსი გადმოეცა.

მესამე სტრიქონიდან კი იკვეთება ლირიკული გმირის მოწყენილობის მიზეზი: ეს არის „შენ“ – სატრფო, რომლის სილამაზესაც ეტრფის პოეტი. სწორედ სატრფოსთან დაშორებას მოუგვრია მისთვის ესოდენ გაუსაძლისი მოწყენილობა. თავისი გრძნობის გადმოსაცემად პოეტი მეტაფორას იყნებს: „შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა“. პოეტისთვის სიყვარული თითქოს კიბის საფეხურებია, რომლებიც სატრფოს გულისკენ მიემართება, ან სატრფოს სილამაზეა კვარცხლბეკზე, რომლის საფეხურებიც პოეტის სიყვარულია. ამ მეტაფორით ლირიკული გმირი თავდავიწყებულ სიყვარულს გამოხატავს. ის, როგორც თვითონვე ამბობს სხვა ლექსში, „უღონო ტრფობით არის დაისრული“. „ესაფეხურა“ პოეტის მიერ შექმნილი ახალი სიტყვაა, ნეოლოგიზმი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს მის გულისნადებს.

ლირიკული გმირი თავისი სულიერი სამყაროს გადმოსაშლელად მიმართავს მეტაფორებსაც:

„მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.

ვტიროდი ხარბათ _ მარტოობით ნაალერსალი“.

 

თოვლი როგორც საბანი, რომელიც დედამიწას ზამთარში გადაეფარება ხოლმე, ცნობილი და გაცვეთილი პოეტური ხატია, მაგრამ აქ ახალი და შთამბეჭდავია „განშორების ცივი თოვლი“. განშორება ქცეულა პოეტისთვის ცივ თოვლად, რომელიც ვერ გაადნო შეხვედრის მზემ. იყო მხოლოდ ამ შეხვედრაზე ოცნება და გლოვა. ამიტომაც იყო, რომ იგი ტიროდა ხარბად. ტირილი სწორედ სენტიმეტალურობის დამადასტურებელია. ყურადღებას იქცევს სიტყვა “ხარბად”, რომელიც ამხელს, როგორ ვერ ამშვიდებდა პოეტს ცრემლები, თითქოს სიხარბეს შეეპყრო, სიხარბეს არა რამის მოპოვებისა, არამედ დაუსრულებელი გლოვისა, თითქოს ვერ ძღებოდა ტირილით.

მშვენიერი, მაღალი ოსტატობის ნიმუშია მეტაფორა „მარტოობით ნაალერსალი“. პოეტს მარტოობა ეფერება, ეალერსება მხოლოდ. ამგვარ ალერსს კი ოდენ ტანჯვა მოაქვს. „ნაალერსალი“ „ვერსალს“ ერითმება. ამ თვალსაზრისითაც გამორჩეულია ეს ლექსი – იმით, რომ ასეთი კეთილხმოვანი რითმებითაა გაწყობილი. ვალერიან გაფრინდაშვილი რითმებს „ქალწულ-ზამბახებს“ უწოდებდა, რომელთა ძიებაში უნდა ეთენ-ეღამებინა ჭეშმარიტ პოეტს. სტრიქონებს მელოდიურობას მატებს თოთხმეტმარცვლიანი საზომიც. ეს ლექსი წარმოგვიდგება როგორც ლირიკული აღსარება. პოეტი გულწრფელად უმხელს მკითხველს სატრფოსგან განშორებით გამოწვეულ ტანჯვას. მართალია, იგი საყვარელ ადამიანთან აღარ არის, მაგრამ ძვირფასი მოგონებები დარჩა. ნამდვილი სიყვარული ხომ არც არასოდეს ქრება და კვდება. ასე გამოხატა ლირიკულმა გმირმა სატრფოს მონატრება და მასთან დაშორებით გამოწვეული უსაშველო ტკივილი.

გოგოების ვალდებულებები – გამეორება, შეცდომების გასწორება

0

რა გვასწავლეს? გვასწავლეს, რომ სახლში უფრო ადრე უნდა დავბრუნდეთ, ვიდრე ბიჭები; უფრო თავაზიანები უნდა ვიყოთ, დახვეწილი მანერები გვქონდეს, ცუდ სიტყვებს არ ვამბობდეთ, საერთოდ, სიტყვებს სულ უნდა ვწონიდეთ, რომ ვინმეს ყურში ცუდად არ მოხვდეს, ზედმეტი არ მოგვივიდეს, უხეშობაში არავინ ჩამოგვართვას. ლამაზებიც უნდა ვიყოთ, მოსაწონები, მიმზიდველები, მაგრამ ზედმეტი არ მოგვივიდეს – თვალი არავის მოვჭრათ, ვინმემ რამე ცუდი არ იფიქროს, ჩვენი სილამაზე ცუდად არ შემოგვიტრიალდეს, სასჯელად და ტვირთად არ გვექცეს.

ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ.

სადაც სუსტია, იქ გაწყდეს.

რაც მოგივა, ყველაფერი შენი ბრალი იქნება.

კარგი ცხენი მათრახს არ დაიკრავს.

კაცის ტვინი მაინც სხვაა.

ნამეტანი არაფერი ვარგა.

და ათასი სხვა რამ.

რა მოხდა მერე:

ასე გაზრდილმა გოგოებმა არასწორ კაცებს დაუკავშირეს ცხოვრება, მათ, ვინც მათზე გვიან ბრუნდებოდა სახლში, მათზე ნაკლებ პასუხისმგებლობას იღებდა, მათზე ნაკლებად წონიდა სიტყვებს და ქცევას, არც უხეშობას მიიჩნევდნენ დანაშაულად და შიგადაშიგ ძალადობაც ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ.

ასე გაზრდილმა გოგონებმა საკუთარი დამოუკიდებლობა ვერ უზრუნველყვეს, საკუთარი სურვილების მოსმენა გაუჭირდათ. ზოგს წლები დასჭირდა მოჯადოებული წრიდან გამოსასვლელად, ზოგი დღემდე იტანჯება, ზოგს ძალა გამოელია, ზოგი მიეჩვია, ზოგი მოკლეს, ზოგი შეაჩვენეს, ზოგს დაემუქრნენ.

ასე გაზრდილი გოგოების უკან ის ხალხი დგას, ვინც მათ არასწორ ვალდებულებებს ახვევდა თავს, შესაბამისად, მხარდამჭერები არ აღმოაჩნდათ, უახლოეს გარემოცვაში, ოჯახებსა და მეგობრებშიც კი.

ასე გაზრდილ გოგონებს ბევრს ვერაფერს ვშველით ისინიც, ვისაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოგვიცდია, ვინც მივხვდით, რომ ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ფეხზე მყარად დავდგეთ და სხვების დაშვებული შეცდომები გავასწოროთ. სხვა პატარა გოგონებს იგივე არ ვუთხრათ, დიდ გოგონებს ვაჩვენოთ, რომ სხვანაირად ცხოვრებაც შეიძლება.

აქ, ჩვენს გარშემო, გოგონებს ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის და სოლიდარობის უნარი თითქოს დაქვეითებული აქვთ. გინდა, შენ თუ იწვალე, სხვამაც იწვალოს, შენ თუ რაღაცაში ძვირი გადაიხადე, სხვამაც გადაიხადოს ეს ფასი, შენ თუ გაგირთულეს ცხოვრება, დაე სხვებისთვისაც ნუ იქნება მარტივი. იმის გამო, რაც შენ გადაიტანე, მზად ხარ სხვებიც დაიტანჯონ, თითქოს ამით შენი ტანჯვა შემსუბუქდება. გექნება განცდა, რომ არ ხარ ერთადერთი, ვისაც ისე მოექცნენ, როგორც არ იმსახურებდა. თანაც არგუმენტებს ეძებ, რატომ მოხდა ასე: იქნებ ბევრი ილაპარაკა, იქნებ იქ არ უნდა ყოფილიყო, სადაც იყო, იქნებ ისე არ მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო, იქნებ მართლა გამოიყვანა ვინმე მდგომარეობიდან, აბა რა ეგონა, ამაზე ადრე უნდა ეფიქრა და ასე დაუსრულებლად.

ასე არაფერი გამოვა.

დაკვირვებიხართ იმ კანონზომიერებას, მშობლებს რაღაც აუსრულებელი სურვილები რომ აქვთ და ცდილობენ, შვილებს შესთავაზონ ცხოვრების ის მოდელი, რომელიც თვითონ ვერ მოირგეს? მუსიკოსობა რომ უნდოდათ, მერე ბანკში დაიწყეს მუშაობა, შვილებს კი ჯიუტად ატარებენ მუსიკაზე იმის უკითხავად, შედის თუ არა ეს მათ ინტერესებში? მეცნიერებად რომ ხედავდნენ თავიანთ თავს, მაგრამ არ გამოუვიდათ და ცდილობენ, შვილი მაინც დაინტერესდეს კვლევებით? თავგადასავლები რომ იზიდავდათ, მერე პროზაული ცხოვრებით მოუწიათ ცხოვრება და ახლა ბავშვებს სთავაზობენ ავანტიურებს? სპორტზე დადიოდნენ, ტრავმა მიიღეს და ახლა ბავშვმა ივარჯიშოს, იქნებ მას მაინც გამოუვიდეს.

გეცოდინებათ.

ხშირია ასეთი შემთხვევები და ძლიერია ვნება, შენი შვილი შენი სურვილების ასრულების ინსტრუმენტად აღიქვა. გგონია, რაკი შენ გააჩინე, შენ გაზარდე – სამართლიანი იქნება, ისე იცხოვროს, როგორც შენ ეტყვი.

ალბათ აჯობებს, ბავშვების კარიერის დაგეგმვის მაგივრად არასწორი ვალდებულებებისგან მათი დაცვით დავიწყოთ ჩვენს აღზრდაში დაშვებული შეცდომების გასწორება.

თუ ვხედავთ იმას, რაც არ მოგვწონს ჩვენს გავლილ გზაზე, მოდი, დავიცვათ ჩვენზე პატარები, ჩვენზე დამოკიდებული ადამიანები იმავე შეცდომებისგან. ნუ მოვახვევთ თავს იმავე ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენ მძიმე ტვირთად გვექცა, რომლებისგანაც დღემდე ვცდილობთ გათავისუფლებას და მივცეთ უფრო ლაღად, უფრო ბედნიერად, უფრო მშვიდად ცხოვრების საშუალება. რა მნიშვნელობა აქვს, სპორტით დაინტერესდებიან თუ ხელოვნებით, მოთხოვნად პროფესიას აირჩევენ თუ ეგზოტიკურს, მთავარია მყარად იდგნენ მიწაზე და საკუთარი სურვილების მოსმენა, მათი დაცვა შეეძლოთ.

ფრობელის აღზრდის მივიწყებული პრინციპები 

0

დიახ, პირველი საბავშვო ბაღი გერმანიაში, XIX საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა. სწორედ მაშინ ჩამოაყალიბა გერმანელმა პედაგოგმა ფრიდრიხ ფრობელმა სკოლამდელი დაწესებულების პრინციპები, რომლებიც მშობლებს ბავშვების განათლებაში, განვითარებასა და სწავლებაში უნდა დახმარებოდა – თამაშის გზით და ყოველგვარი იძულების გარეშე. ბევრი იმდროინდელი მეთოდი დღესაც საკმაოდ წარმატებულია.

 

ფრიდრიხ ფრობელი გერმანიაში 1782 წელს დაიბადა. ის მეექვსე შვილი იყო და მალევე დაობლდა. როცა დედა გარდაეცვალა, ჯერ წლისაც არ იყო. მამას და დედინაცვალს ბავშვისთვის ნაკლებად ეცალა, ამიტომ და-ძმა უვლიდა. თუმცა უმეტეს დროს მარტო ატარებდა. „ბუნება იყო ჩემთვის სკოლა, ხეები და ყვავილები – მასწავლებლები“, – იხსენებს ფრობელი.

 

მოზარდობაში ფრობელი ბიძასთან ცხოვრობდა, მერე დაამთავრა საშუალო სკოლა და უნივერსიტეტი, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების ფაკულტეტი. თუმცა უფულობის გამო სწავლა მიატოვა და მუშაობა დაიწყო. მუშაობდა მეტყევედ, ბიბლიოთეკარად, მდივნად. დაინტერესებული იყო არქიტექტურით. ერთხელაც სკოლის მასწავლებელს დაუმეგობრდა და პედაგოგიკას მიჰყო ხელი. მიხვდა, რომ მასწავლებლობა მისი მოწოდება იყო.

 

იმ დროისათვის ევროპაში ქუხდა მასწავლებელ-განმანათლებლის – შვეიცარიელი იოჰან ჰაინრიხ პესტალოცის სახელი, რომელმაც  კერძო სკოლა გახსნა და მიიწვია არა მარტო მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც, რათა მათ პედაგოგიკა ესწავლათ. ფრობელმა ამ სკოლაში ორი წელი გაატარა – სწავლობდა და ასწავლიდა კიდეც.

 

მაშინ ბევრს საუბრობდნენ ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობის როლზე, მაგრამ იდეალად ჯერ კიდევ უცოდველი ბავშვის სახე მიაჩნდათ. ცხადია, ეს არ მიესადაგებოდა რეალურ ბავშვებს – ცნობისმოყვარეებს, დაუღალავებსა და ჯიუტებს. მიუხედავად ამისა, რელიგიურ აღმზრდელებს სწამდათ, რომ აუცილებელი იყო „ცოდვილი ბუნების მოთვინიერება“, თუნდაც როზგების საშუალებით. პესტალოცი კი (და მის შემდეგ ფრობელიც) ამტკიცებდა, რომ ბავშვის შეზღუდვა მკაცრი წესებით არ შეიძლებოდა, პირიქით, მოზრდილები უნდა დახმარებოდნენ მათ სამყაროს შეცნობაში.

1816 წელს ფრობელმა საკუთარი სკოლა გახსნა. თავდაპირველად ექვსი მოსწავლე ჰყავდა. სკოლაში ფრობელის სამხედრო მეგობრები მასწავლებლობდნენ (ფრობელმა  მონაწილეობა მიიღო 1813 წელს ფრანგების წინააღმდეგ პარტიზანულ ომში), რომლებიც მან პედაგოგიკის იდეით „მოწამლა“. ეს კი ფრობელს შესანიშნავად ეხერხებოდა – მისმა ცოლმა, ქმრის იდეებით აღტკინებულმა, სკოლის კეთილმოწყობას საკუთარი ქონება მოახმარა.

მისი ძმა ბიზნესის გაყიდვის შემდეგ სკოლას ხელმძღვანელობდა. მეორე ძმის ქვრივმა მეუღლემ კი ფრობელს შესთავაზა თავისი სკოლა მის ახალ მამულებში გადაეტანა. თუმცა სკოლას დიდხანს არ უარსებია – ფრობელი ათეიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულეს. ფრობელი ათეისტი არ იყო. პირიქით, ცდილობდა ბავშვებში „ღვთაებრივი საწყისის“ განვითარებას, მაგრამ მისი მეთოდები ძალიან უჩვეულო იყო მათთვის, ვინც თავმდაბლობასა და მორჩილებას ქადაგებდა.

„ადამიანები რომ შეცვალო, უნდა გიყვარდეს. ადამიანებზე გავლენა პროპორციულია მათი სიყვარულისა“, – ფრობელის ეს განცხადება გაჯერებული იყო ქრისტიანული სულისკვეთებით, მაგრამ, სინამდვილეში, მათთვის, ვინც ათეიზმი დასწამა, ეს რთულად გასაგები აღმოჩნდა.

ფრობელი და მისი მეუღლე ბევრს მოგზაურობდნენ. სადაც მიდიოდნენ, ყველგან ცდილობდნენ სკოლების გახსნას. მაგალითად, შვეიცარიაში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბურგდორფის ობოლთა სახლის ხელმძღავანელობაც კი შესთავაზა.  იმ პერიოდში თავშესაფართა უმეტესობა ეკლესიას ეკუთვნოდა. იქ მკაცრი დისციპლინა იყო, თუმცა ბავშვების აღსაზრდელად განსაკუთრებული არაფერი კეთდებოდა. ბავშვებს სჭირდებოდათ პედაგოგი, მაგრამ აქ ეს ნაკლებად აინტერესებდათ. რადგან ფრობელი თავად იყო ობოლი, კარგად ესმოდა რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბავშვზე ზრუნვა და ყურადღება. ის ურთიერთობდა ბავშვებთან, უწერდა ლექსებს, სიმღერებს, თამაშებს, უკეთებდა სათამაშოებს, რომლებიც ისტორიას შემორჩა. თუმცა, ფრობელი დიდხანს ვერ დაყოვნდა შვეიცარიაში – მისმა მეუღლემ ადგილობრივი კლიმატი ვერ აიტანა.

გერმანიაში, ქალაქ ბლანკენბურგში 1839 წელს ფრობელმა პირველი სკოლამდელი დაწესებულება გახსნა და „საბავშვო ბაღი“ უწოდა. ამ სახელში იმალებოდა განმანათლებლობის ეპოქის სულისკვეთება და „ბუნებრივი ადამიანის“ კონცეფცია – ბავშვები ხომ მცენარეების მსგავსად საჭიროებენ განსაკუთრებულ ზრუნვას.

„ისევე, როგორც მებაღე ან ფერმერი უვლის მცენარეებს, ინარჩუნებს ბუნებასთან მჭიდრო კავშირს და ყველაფერი მიჰყავს განვითარებამდე, ასევე ჩვენც უნდა ვეცადოთ მოვექცეთ ბავშვს ისე, როგორც საზოგადოდ ადამიანს ვექცევით. მისი ბუნებიდან, მისი შინაგანი კანონებიდან გამომდინარე, ის უნდა განვავითაროთ, აღვზარდოთ და განვანათლოთ  სიცოცხლესთან, ბუნებასა და ცხოვრების პირველწყაროსთან კავშირში“.

პირველ საბავშვო ბაღში მართლაც ბაღი იყო გაშენებული – საერთო ყვავილნარითა და თითოეული ბავშვისთვის განკუთვნილი პაწაწუნა ბაღჩეულობით. ახალგაზრდა ქალებს კი, რომლებიც ბავშვებთან მუშაობდნენ, „ბავშვთა მებაღეებს“ უწოდებდნენ. ფრობელის ბაღი იქმნებოდა არა იმისათვის, რომ ოჯახს ჩანაცვლებოდა, არამედ დახმარებოდა მშობლებს ბავშვის აღზრდაში. დედებს შეეძლოთ აქ ბავშვებთან ერთად მოსულიყვნენ, დარჩენილიყვნენ, ერთად ეთამაშათ და „მებაღეებისგან“ ბევრი რამ ესწავლათ.

ფრიდრიხ ფრობელმა არა მარტო პირველმა გამოიგონა და გახსნა საბავშვო ბაღი, არამედ მასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოებიც შეიმუშავა. მიაჩნდა, რომ ბავშვი თამაშით შეიცნობდა სამყაროს, „საჩუქრები“ კი ამ შეცნობაში ეხმარებოდნენ.

მაგალითად, პირველი „საჩუქარი“ იყო ძაფზე გამობმული ცისარტყელას ფერების  მატყლის ბურთები. დედა ამოძრავებს ბურთს და შვილს განუმარტავს, თუ რომელი მიმართულებით ამოძრავებს – წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხვნივ, ქვემოთ, წრიულად. ის ყუთში დებს ბურთს, ხელისგულში მალავს და მერე გამოაჩენს. ბავშვი აკვირდება და სივრცით აზროვნებას ივითარებს. შემდეგ ბავშვი თვითონაც ცდილობს ბურთებით თამაშს, ივარჯიშებს მოძრაობის კოორდინაციას. ის სწავლობს ძირითადი ფერების გარჩევას.

ფრობელის მეორე „საჩუქარი“ ხის ბურთია, კუბი და ცილინდრი, რომლითაც ბავშვს მთავარ გეომეტრიულ საგნებსა და მათ თვისებებს აცნობენ. ბურთი უსასრულობისა და მოძრაობის სიმბოლოა, კუბი – სიმშვიდის და ერთიანობის მრავალფეროვნებაში, ის ხომ სხვადასხვანაირად გამოიყურება, თუ მას ზევიდან ან გვერდიდან დავაკვირდებით. ცილინდრი კუბისა და ბურთის თვისებებს აერთიანებს, შეუძლია დადგეს ან გაგორდეს.

ფრობელის „საჩუქრები“ იყო სხვადასხვა ფორმის შედარებით პატარა კუბები, რომლებიც კონსტრუქტორის ფუნქციას ასრულებდნენ. ასევე, მას ჰქონდა ორგანზომილებიანი „საჩუქრები“ – მრავალფუნქციური ფერადი რგოლები, ნახევრად რგოლები და სხვ. ფრობელმა გამოიგონა თამაში ჩამლბარი ბარდითა და წაწვეტებული ჩხირებით. მათი საშუალებით შესაძლებელი იყო უამრავი რამის კონსტრუირება.

ფრობელმა გამოიგონა არა მარტო ბევრი საინტერესო რამ, რომლითაც ბავშვები დღესაც გატაცებით თამაშობენ, არამედ მათთან მუშაობის სხვადასხვა სტრატეგია შეიმუშავა. ის მათ უჩვეულო და ცოტა პომპეზურ სახელებს არქმევდა: „ცხოვრების ფორმები“, „შემეცნების ფორმები“, „მშვენიერების ფორმები“.

  • „ცხოვრების ფორმებია“, როცა ბავშვი აშენებს ან რაიმე სახით წარმოადგენს რეალური სამყაროს ობიექტებს: სახლებს, გზებს, მდინარეებს, მთებს;
  • „შემეცნების ფორმები“ — ბავშვი იმავე დეტალების დახმარებით შეისწავლის საგნების მათემატიკურ და ფიზიკურ თვისებებს, მაგალითად, სწავლობს თვლას, ხმის მიხედვით არჩევს, თუ რა საგანი დაეცა, ერთ მთლიანს ნაწილებად ჰყოფს;
  • „მშვენიერების ფორმები“ — ბავშვი მარტივი წესებით ქმნის აბსტარაქტულ საგნებსა და მორთულობებს.

რა თქმა უნდა, „საჩუქრები“ მხოლოდ ფრობელის სისტემის ნაწილს წარმოადგენდნენ: მის ბაღებში ბავშვები მოძრავ თამაშებსაც თამაშობდნენ, სწავლობდნენ ხელსაქმესა და მებაღეობას. გერმანელ განმანათლებელს სწამდა, რომ  ყველაფერი სამყაროში ურთიერთკავშირში იყო და სურდა, რომ ეს კავშირები ბავშვებსაც ენახათ.

1852 წელს 70 წლის ასაკში ფრობელი გარდაიცვალა. მის საფლავზე აღიმართა  ბურთი, კუბი და ცილინდრი – სამყაროს მრავალფეროვნებისა და ერთიანობის სიმბოლოები და პირველადი ფორმები.

თავად ფრობელი სიცოცხლეში არ იყო საკუთარი მეთოდის წარმატებული პოპულარიზატორი. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ბერლინში „ფრობელის  საზოგადოება“ დაარსდა, გამოიცა პირველი სახელმძღვანელოც, სადაც მისი სწავლების სისტემა დეტალურად იყო აღწერილი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა საბავშვო ბაღები და მებაღეთა სკოლები. გერმანიის ბაღები მართლაც სამაგალითო იყო. ფრობელის იდეები სწრაფად გავრცელდა მთელ ევროპაში.

მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ეს ხშირად ხდება, მისი მეთოდები გახდა პოპულარული, მაგრამ მნიშვნელობა დაეკარგათ: „საჩუქრები“, ფაქტობრივად, ჩხირების და „კუბიკების“ ნაკრებად იქცა. პედაგოგები აიძულებდნენ ბავშვებს ამ ნაკრებით ეთამაშათ, მაგრამ აღარ განუმარტავდნენ მნიშვნელობას. აღარაფერს ვამბობთ ბუნებასთან კავშირზე…

ამიტომ, ფრობელის მეთოდიკას ხშირად და უსაფუძვლოდ ადანაშაულებენ სიმშრალესა და ცხოვრებისგან მოწყვეტილობაში. როდესაც ნახევარი საუკუნის შემდეგ იტალიაში ბავშვებთან მუშაობა მარია მონსტესორიმ დაიწყო, მისი მეთოდი ფრობელის საბავშვო ბაღებს დაუპირისპირეს.

სინამდვილეში ორივე პედაგოგი ერთსა და იმავეს ქადაგებდა: ბუნებამ ბავშვებში ყველაფერი საუკეთესო დააბანდა – ჩვენ კი მათ შეგვიძლია მხოლოდ დავეხმაროთ სამყაროსთან დამეგობრებაში და ამისათვის შესაფერისი გარემოს შექმნაში.

 

 

 

 

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” კიდევ ერთი ახალი ნომერი!

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2018  წლის მესამე   ნომერი, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :

შინაარსი

 

დებატები  ისტორიის  სამოდელო  გაკვეთილზე                                                                    

0

ისტორიის საგანი ზოგადად მოსწავლეებს აინტერესებთ. ხშირად ეს ინტერესი გამოწვეულია  უამრავი ისტორიული მოვლენისა და პირის შესახებ სხვადასხვა შეხედულებების არსებობით. მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულმა პრობლემურმა საკითხებმა, კონკრეტულად, საბჭოთა კავშირისა და გერმანიის პოზიციებმა მეორე მსოფლიო ომის წინ დიდი დაინტერესება გამოიწვია VIII კლასში.  გადავწყვიტე, ჩამეტარებინა განსხვავებული გაკვეთილი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა თავისი მიზნებით –  პრობლემის გადაჭრასთან ერთად საშუალებას მომცემდა, მიმეღწია მოსწავლეთა ჩართულობისთვის, კიდევ უფრო გაუღრმავებდა მოსწავლეებს საგნის მიმართ ინტერესს, მოსწავლეები უკეთესად გაიაზრებდნენ მასალას და შეძლებდნენ  შეფასებების  გაკეთებას. გადავწვიტე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება დებატების გამოყენებით,  რომელიც საკითხის გადაწყვეტაში მოსწავლეთა აქტიურობას  მაქსიმალურად  უზრუნველყოფდა. ცხადია, დებატების ფორმატით მაშინვე ვერ მომზადდებოდა გაკვეთილი, ამიტომ წინასწარ ვამუშავე მოსწავლეები დებატების ტექნიკის ათვისებაზე.

რადგან სამოდელო გაკვეთილი გულისხმობს სხვებისთვის პრაქტიკის გაზიარებას, გთავაზობთ ჩემს გამოცდილებას:

 

  1. კლასი -VIII კლასი
  2. საგანი – ისტორია
  3. თემა: – „მეორე მსოფლიო ომის წინაპირობები”
  4. სასწავლო მიზნები – ისტ.VIII.1.6. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან; შეისწავლოს და დაახასიათოს კონფლიქტის მიზეზები, იმსჯელოს მის განვითარებაზე, შეადაროს მიზეზები ერთმანეთს და იმსჯელოს შედეგებზე;
  5. კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან – ისტ.VIII1. მოსწავლე აკავშირებს ფაქტებსა და მოვლენებს შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან; ისტ. VIII.6. მოსწავლეს შეისწავლის კონფლიქტის მიზეზებს, განვითარებასა და შედეგებს.
  6. გაკვეთილის ტიპი – პრობლემაზე ორიენტირებული;
  7. 7. შეფასება – განმავითარებელი;
  8. საჭირო საგანმანათლებლო რესურსების  ჩამონათვალი:

ა) ნარატივი –  ისტორია, VIII  კლ., შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბ., 2012;

ბ) მასწავლებლის ინტერაქტიური მინი-ლექცია;

გ) დაფა, მარკერი;

დ) მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდ-შოუ – „მეორე მსოფლიო  ომის  საწყისი ეტაპი;

  1. კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური; ჯგუფური;
  2. 10. გაკვეთილის დროში გაწერილი მიმდინარეობა:

აქტივობა N1  (3 წთ)  – მასწავლებელი კლასის საორგანიზაციო საკითხების შემდეგ  აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს (სქემა 1).

აქტივობა N 2  (5 წთ) – მასწავლებელი ახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას კითხვა-პასუხის საშუალებით და განაწყობს მოსწავლეებს ახალი მასალის მოსასმენად.    მოსწავლეები გამოცდილებიდან და წინარე ცოდნიდან გამომდინარე გასცემენ პასუხებს, მიღებული პასუხები აისახება სქემაზე, რომელიც აიგება დაფაზე (სქემა 2):

 

კითხვები პასუხები
– რომელ წლებში მიმდინარეობდა და რა შედეგებით დასრულდა I მსოფლიო ომი?

– რომელი სამხედრო ბლოკები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს  ამ ომში?

– ჩამოთვალეთ თითოეულ ბლოკში შემავალი ქვეყნები;   – გადაიჭრა თუ არა ის პრობლემები, რის გამოც მილიონობით ადამიანი დაიღუპა?

– რა შეიძლება გამხდარიყო მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი?

 

– 1914-1918 წწ; დაიღუპა მილიონობით ადამიანი; გერმანიას დაეკისრა მნიშვნელოვანი კონტრიბუცია; ომმა ვერ გადაჭრა ის პრობლემები, რისთვისაც დაიღუპა მილიონობით ადამიანი.

 

– კონფლიქტის ბუნებიდან გამომდინარე, წინააღმდეგობები შეიძლება გადაზრდილიყო დაჯგუფებების წარმოქმნაში – მომხრე და მოწინააღმდეგე  დაჯგუფება, ასეთი კონფლიქტი  შემდეგ ეტაპზე  ადვილად გადაიზრდებოდა  ცხელ, საომარ კონფლიქტში. შესაბამისად, არსებული პრობლემების გადაჭრა აუცილებლად გამოიწვევდა საომარ სიტუაციას სხვადასხვა  დაჯგუფებებს შორის.

 

 

 

 

სქემა 2.

აქტივობა N3 –  ახალ  მასალაზე  მუშაობმასწავლებლის მინი-ლექცია სლაიდ-შოუს თანხლებით – „მეორე მსოფლიო ომი“ (7 წთ) (სურ.1): იგი მიმოიხილავს მე-20 ს.-ის 20-30-იან წლებში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას; ყურადღებას ამახვილებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე; საუბრობს გერმანიის მიერ განხორციელებულ ექსპანსიებზე; ქრონოლოგიური პრინციპის  გამოყენებით წარმოადგენს  ომის მიმდინარეობას 1939-1941 წლებში;  მსჯელობს  მეომარი ქვეყნების სამხედრო გეგმების შესახებ.

სურ.1.

 

აქტივობა N 4 (2 წთ) – მასწავლებლის შეკითხვა მოსწავლეებს: „როგორ ფიქრობთ, რომელმა  მოვლენამ  დაძაბა ევროპაში პოლიტიკური მდგომარეობა, რომლითაც ისარგებლეს გერმანელებმა და ახალი ომი გააჩაღეს?“

 

მოსწავლეები პასუხობენ: „ყველაზე მეტად ეს გამოიწვია მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმებამ, რადგან გზა გაუხსნა გერმანული აგრესიის გაძლიერებას“.

 

პრობლემის გამოკვეთა: „უნდა დადებულიყო თუ არა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი?!“

აქტივობა N 5  (2 წთ) მასწავლებელი  სთავაზობს  მოსწავლეებს, დაიყონ ჯგუფებად, დაასახელონ მთავარი დებატორები და მოპასუხეები და გამართონ კლასიკური დებატები  (ლინკოლნ-დუგლასის ფორმატი)  მოცემულ თემაზე,  ამავე დროს შეახსენებს  მოსწავლეებს დებატების წესებს (რომელიც გამოტანილია სქემაზე 3):

 

სქემა 3:

 

დებატების დროში  გაწერილი თანამიმდევრობა:

I აქტივობა :

მომხრე  ჯგუფის  მთავარი დებატორი  წარმოადგენს თავის არგუმენტებს:

„პაქტის დადების პირობა გახლდათ ის, რომ ჯერ კიდევ 1938 წელს მიუნხენის გარიგებაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად ჰიტლერმა მთელი ევროპა დაარწმუნა, რომ მეტად აღარ აპირებდა გაფართოებას, მაგრამ სულ მალე 1939 წლის მარტში  ჰიტლერმა ჩეხეთის ნაწილი ბოჰემია და  მორავია გერმანიის პროტექტორადად აქცია, ხოლო სლოვაკეთში მარიონეტული ხელისუფლება დასვა. დასავლეთის ქვეყნის ლიდერებისთვის ნათელი გახდა, რომ ჰიტლერი არ შეწყვეტდა აგრესიას.  მოსალოდნელი საშიშროების გამო საფრანგეთმა და ბრიტანეთმა გერმანიასა და სსრ კავშირის შორის მდებარე პოლონეთთან ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულება დადეს. ისინი ცდილობდნენ საბჭოთა კავშირთანაც დაედოთ მსგავსი ხელშეკრულება, მაგრამ მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ და მოლაპარაკება ჩაიშალა. ჰიტლერის მიზანი იყო, ხელი არ შეშლოდა ევროპის ქვეყნების მომავალ დაუფლებაში. ის ფიქრობდა, რომ სსრ კავშირს შეეძლო, ზიანი მიეყენებინა მისთვის, ამიტომ წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად სსრ კავშირს თანამშრომლობა „შესთავაზა“ და დაპირდა, რომ  აღმოსავლეთ ევროპის მიერთებაში ხელს არ შეუშლიდა.

თავის მხრივ, სტალინი ხედავდა ჰიტლერის მზარდ აგრესიას და სურდა დროის მოგება, თანაც არც ისე ურიგო იქნებოდა ამ პირობების შესრულება, რადგან ტერიტორიული გაფართოების შანსი ეძლეოდა და შეეძლო, შემოერთებული ტერიტორიები ბუფერულ ზონად გადაექცია მომავალ ომში. ამავდროულად, თუ ჰიტლერი ომს წამოიწყებდა, ის აღმოჩნდებოდა ოკუპანტი მხარე, სტალინი – ის მხარე, რომელიც თავის დაცვას აპირებდა. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ სტალინის მიერ ამ პაქტის დადება ნიშნავდა იმას, რომ არ ენდობოდა გერმანიას და ცდილობდა დროის მოგებას.  ეს მართლაც ასე მოხდა: სტალინმა გარკვეული დრო მოიგო და უკეთ მოემზადა ომისთვის.

ჩვენი ჯგუფი ვფიქრობთ, რომ პაქტი აუცილებლად უნდა დადებულიყო, სსრ კავშირს დრო უნდა  მოეგო და ფაშისტური გერმანიის დამარცხებისთვის მომზადებულიყო“.

თემის მოწინააღმდეგის შეკითხვა (კონტრარგუმენტატორი): „თუ პირველ მსოფლიო ომში რუსეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი იყვნენ ერთმანეთის მოკავშირეები და თუ  მათმა მოკავშირეობამ შედეგი გამოიღო და დაამარცხეს გერმანია და მისი მოკავშირეები, ახლა, ხელახალი ომის კარიბჭესთან, რატომ არ უნდა ნდობოდა საბჭოთა კავშირი (პრაქტიკულად – „რუსეთი“) ყოფილ მოკავშირეებს? ამასთან ერთად გერმანია ფაშისტური ქვეყანა იყო და ასეთ  ქვეყნას ისედაც რატომ უნდა გამოუცხადო  მხარდაჭერა?!“

მომხრე  ჯგუფის  პასუხი (კონტრარგუმენტატორის  მოპასუხე): „ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირმა არ გაითვალისწინა ბრიტანეთის, საფრანგეთის და პოლონეთის შემოთავაზება და არ გააღრმავა მათთან კავშირი, გამოწვეული იყო იმით, რომ ისინი არც მანამდე თანამშრომლობდნენ. საბჭოთა კავშირისთვის ისინი საიმედო პარტნიორებად არ გამოიყურებოდნენ. არც ჰიტლერი იყო საიმედო სსრ კავშირისთვის,  პირიქით, რომ არ ენდობოდა სტალინი მას, ხელშეკრულებაც იმიტომ დადო,  რათა დრო მოეგო ომის მომზადებისთვის და გერმანიისთვის საკადრისი წინააღმდეგობის გაწევისთვის“.

II აქტივობა :

მოწინააღმდეგე  ჯგუფის  მთავარი დებატორი წარმოადგენს თავის არგუმენტებს: „ვერსალის საზავო ხელშეკრულებით გამარჯვებულმა ქვეყნებმა გადაინაწილეს გერმანიის კოლონიები აფრიკასა და წყნარ ოკეანეში, მინიმუმამდე დაიყვანეს გერმანიის არმია, ელზასი და ლორენი დაუბრუნეს საფრანგეთს, გერმანიას ჩამოეჭრა ტერიტორიები ევროპაშიც, დააკისრეს დიდი ფულადი გადასახადები, მაშინ როდესაც სხვა მისი მოკავშირისთვის მსგავსი პირობები არ წამოუყენებიათ და როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა დაძაბული ვითარება შექმნა მსოფლიოში და გერმანიაში, გერმანელებს აღეძრათ რევანშის სურვილი მათ მიმართ, ვინც ისინი ამ დღეში ჩააგდო, რადგან მათი აზრით, ისინი ამგვარ  დასჯას არ იმსახურებდნენ.

1933 წლიდან გერმანია სამხედრო თვალსაზრისით აქტიურად ემზადებოდა  რევანშისთვის და აძლიერებდა თავის ძალებს, შემდეგში ის ფაქტობრივად ღია აგრესიაზე გადავიდა, შეიერთა ავსტრია, ჩეხეთის ოლქი. საინტერესოა, რომ მის ამგვარ აგრესიას დუმილით შეხვდენენ საფრანგეთი და ბრიტანეთი, რითაც „აღიარეს“ კიდეც მიღებული შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენის გარიგებაც ეს იყო – მათ უნდოდათ თავის მოტყუება და ასეც მოხდა. ამ  ორმა ქვეყანამ  ფაქტობრივად წააქეზა გერმანია მსოფლიო ომისკენ. ერთადერთი რაც შეძლეს, ის იყო, რომ პოლონეთთან, რომელიც გერმანია-საბჭოთა კავშირის საზღვარზე მდებარეობდა და დაუცველად გამოიყურებოდა,  ერთობლივი თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გააფორმეს. თუ სსრ კავშირს გერმანიასთან მოსალოდნელი საფრთხე ამოქმედებდა, სჯობდა ასეთი ხელშეკრულება საფრნაგეთთან და ბრიტანეთთან დაედო და არა – გერმანიასთან. ჰიტლერულ გერმანიასთან შეთანხმებით სსრ კავშირი თვითონაც ოკუპანტის როლში გამოდიოდა, რადგან რეალურად ევროპის გაყოფაზე უთანხმდებოდა გერმანიას, რაც ჩვენი აზრით, მიუღებელი  იყო და სსრ კავშირის გამოცხადებულ პოლიტიკურ კურსს ეწინააღმდეგებოდა“.

მომხრე ჯგუფის შეკითხვა (კონტრარგუმენტატორის მოპასუხე):  „თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ საბჭოთა კავშირს არათუ უნდა დაედო ხელშეკრულება გერმანიასთან, არამედ გაეღრმავებინა კავშირი საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. გავიწყდებათ ის, რომ ამ ქვეყნებს არ სურდათ ომი  და იქაური მოსახლეობის აზრი პაციფისტური იყო (მშვიდობის შენარჩუნების მომხრე)“.

მოწინააღმდეგე ჯგუფის პასუხი (კონტრარგუმენტატორი): „საბჭოთა კავშირს გერმანიასთან შეთანხმება თავდაუსხმელობის შესახებ არ უნდა გაეფორმებინა, შეუძლებელია საბჭოთა კავშირს არ შეემჩნია, რომ გერმანიას ვერანაირი შეთანხმება ვერ შეაკავებდა. ამაზე იმდროინდელი ფაქტებიც მეტყველებენ. მაგრამ თქვენ რით დაამტკიცებთ,  რომ ამ პაქტმა ხელი არ შეუწყო ომის გაჩაღებას და რომ ღირდა მისი დადება?!  ან რით ახსნით იმ ფაქტს, რომ  გერმანიამ და სსრ კავშირმა ხელშეკრულება გამოიყენეს თავიანთი გეგმების და ტერიტორიული ზრდისთვის და მოახდინეს  პოლონეთის გაყოფა  და  კარელიის ნაწილის მიერთება?!..“

III აქტივობა:

მომხრე  ჯგუფის  პასუხი (გამბათილებელი): „თქვენ მხოლოდ შეკითხვებს სვამთ და არ უფიქრდებით, რომ სხვა ალტერნატივა არც არსებობდა,  შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, რა უნდა გაეკეთებინა საბჭოთა კავშირს ამის სანაცვლოდ ისეთი, რომ  დრო  მოეგო და მომავალი ომისთვის მომზადებულიყო?!“

მოწინააღმდეგე  ჯგუფის  პასუხი (გამბათილებელი): „და რით ამტკიცებთ, რომ საბჭოთა კავშირმა რეალურად მოიგო დრო და უკეთესად მოემზადა ფაშისტებთან ბრძოლისთვის?.. უფრო ის ჩანს, რომ მასაც გერმანიასავით მხოლოდ ტერიტორიების დაკავება სურდა და ამას ომის საფრთხით ამართლებდა“.

დასკვნა/შეჯამება: ამ ეტაპზე მთავრდება დებატები. მოდერატორი/მსაჯი /მასწავლებელი კიდევ ერთხელ ასახელებს გუნდების მთავარ არგუმენტებს და გამოყოფს საუკეთესო გუნდს და დებატორს.

აქტივობა N8 (2 წთ)განმავითარებელი შეფასება – მასწავლებლის ზეპირი კომენტარი /განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები და  კრიტერიუმები:

 

სრულიად

 

ნაწილობრივ განსავითარებელია
გადმოცემის უნარი      
არავერბალური კომუნიკაცია      
მონაწილეობა      
მოსაზრების არგუმენტირება      
ფაქტებისა და მოვლენების  დაკავშირება      
  კონფლიქტის მიზეზებზე, განვითარებასა  და შედეგებზე  მსჯელობა      
ახდენს შეფასებას      

 

გაკვეთილი იყო საინტერესო, მაქსიმალურად აქტიური,  აქტივობები იყო მიზანთან შესაბამისობაში. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ერთი საკითხი შეესწავლათ სხვადასხვა კუთხით, გაეაქტიურებინათ ძველი ცოდნა და გამოეყენებინათ ის პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას. მოცემულმა აქტივობებმა და დავალებებმა ხელი შეუწყვეს მოსწავლეთა ზოგად კოგნიტურ განვითარებას და სწავლა-სწავლების პროცესის მიზნების მიღწევადობას.

 

 

ის, რაც სწყინს და გულს სტკენს ბავშვს

0

ყველა ის პრობლემა, რომლებსაც უფროსები ბავშვთან ურთიერთობაში ვხვდებით, შეიძლება პრობლემათა ორ ჯგუფში გაერთიანდეს – სასწავლო და ქცევითი პრობლემები. თუ აღნიშნული მიმართულებით სირთულეებს არ ვაწყდებით, თავს მშვიდად ვგრძნობთ, მაგრამ, საკმარისია ბავშვმა სწავლას მოუკლოს ან ჩვენთვის მიუღებელი ქცევები განახორციელოს, რომ იწყება საყვედურები – სკოლა ოჯახს საყვედურობს  ბავშვის ცუდად აღზრდისა და უყურადღებობისათვის, ოჯახი სკოლას ადანაშაულებს მათი შვილის სწავლასა და ქცევაში არსებული სირთულეების გამო. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ ურთიერთბრალდებების დროს არავინ ცდილობს პრობლემის გამომწვევი რეალური მიზეზების გარკვევასა და თავისი წილი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის ქცევა მისი გრძნობებით და ემოციებით იმართება, პრობლემური ქცევა კი, როგორც წესი, უარყოფითი გრძნობებით არის ნაკარნახევი, შევეცადე გამერკვია, თუ რა არის ის, რაც ყველაზე მეტად სწყინს და გულს სტკენს ბავშვს და რაც შეიძლება მისი მხრიდან ჩვენთვის მიუღებელი ქცევის მიზეზი გახდეს. აღნიშნული მიზნით, შევისწავლე V-IX კლასების მოსწავლეთა მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება იყოს ამ ასაკის ბავშვისთვის ყველაზე საწყენი და გულსატკენი მასწავლებელთან, თანატოლთან და მშობელთან ურთიერთობისას.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ბავშვები შესანიშნავად ახერხებენ საკუთარი გრძნობებისა და ემოციების დიფერენცირებას მასწავლებელთან, თანატოლთან და მშობელთან ურთიერთობისას. როგორც მათი ნაწერების ანალიზმა გვიჩვენა, მასწავლებლის მხრიდან ყველაზე საწყენი და გულსატკენი ამ ასაკის ბავშვისთვის შეფასებებსა და ურთიერთობებს უკავშირდება. აი, რას წერენ ისინი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

     ის, რაც ყველაზე მეტად სწყინს და გულს სტკენს ბავშვს მასწავლებლის მხრიდან„როცა ერთნაირ პასუხებში მე უფრო დაბალ ქულას მიწერს, ვიდრე ჩემს კლასელს და თან არ მიხსნის, თუ რატომ მომექცა ასე უსამართლოდ“;  „ის, რომ მასწავლებელს არ სჯერა ჩემი შესაძლებლობების“; „როცა მასწავლებელი არ მიჯერებს,  არ მენდობა და ტყუილად მადანაშაულებს“; „ხელს ვიწევ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, მასწავლებელი არ მეკითხება, შემდეგ კი დაბალ ქულას მიწერს და მეუბნება არ აქტიურობდი და მეტი არ გეკუთვნისო“; „როცა სხვა ბავშვს მადარებენ და მოითხოვენ მეც ისე მოვიქცე, როგორც ის იქცევა“; „როცა დაუმსახურებლად და უსამართლოდ დაბალ ქულას მიწერს“; „როცა ბავშვი ამოჩემებული ჰყავს, მუდმივად ეჩხუბება და უყვირის“; „როცა ბავშვი ცდილობს, მაგრამ მის მცდელობას ვერ ხედავს და დაბალ ქულას უწერს“; „ბავშვების განსხვავება და მათი ერთმანეთთან შედარება“; „უმიზეზოდ დადანაშაულება“; „ჩემი მშობლების ცუდად მოხსენიება და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება“; „როცა ჩემი აზრი არ აინტერესებს, არ მისმენს და უნდა, რომ ვიფიქრო ისე, როგორც მას მოეწონება, ამასთან, თუ პრეტენზიას გამოვთქვამ, გადამემტერება“;   „მუქარა – ვნახოთ, ბოლოს ვინ გაიცინებს“; „არაობიექტურობა და უსამართლობა შეფასების დროს“; „სხვა ბავშვების თვალწინ მოსწავლის დამცირება“; ეჭვის შეტანა ჩემს შესაძლებლობებში“; „დამცინავი და შეურაცხმყოფელი ტონი ბავშვის მიმართ“; „უმიზეზოდ და უადგილოდ ყვირილი“; „უსამართლო და უპატივცემულო ქმედებები“; „როდესაც რაიმე საყვედურს თანაკლასელების თანდასწრებით ეუბნება მოსწავლეს და შეურაცხყოფას აყენებს მას“; „როდესაც ბავშვის მხრიდან რაიმეს არცოდნაზე სასაცილოდ და ბევრჯერ ამახვილებს ყურადღებას“; „როცა ცუდ გუნებაზე ყოფნის გამო უმიზეზოდ უყვირის ბავშვს, რომელიც არაფერ შუაშია“; „რეალურად სხვაზეა გაბრაზებული, მაგრამ ჯავრს იყრის ბავშვზე“; „გამაღიზიანებელი მიმიკებით და ტონით ბავშვის ნიშნით შანტაჟი“; „ბავშვების გამორჩევა, ფავორიტი ბავშვების არჩევა“; „შეურაცხყოფა მთელი კლასის თანდასწრებით“; „ბავშვის შრომის და მისი მიღწეულის არდაფასება“; „ბავშვის აზრის აბუჩად აგდება და თანაკლასელების წინ დამცირება“; „როცა ბავშვი სწავლას უმატებს და დავალებებსაც უკეთესად ასრულებს, მასწავლებელს კი არ სჯერა მისი, არ ენდობა და ეუბნება, რომ სხვისგან ექნება გადაწერილი“.

მართალია, ბავშვები ღიად და გულწრფელად  აფიქსირებენ საკუთარ აზრს იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გახდეს მათთვის გულსატკენი და საწყენი მასწავლებლის მხრიდან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ პედაგოგი არ არის ერთადერთი, ვისი სიტყვა და ქმედებაც შეიძლება გარკვეული დისკომფორტის შემქმნელი აღმოჩნდეს მისთვის სკოლაში ყოფნის პერიოდში. მოზარდისთვის თანატოლი, მისი აზრი, მასთან დამოკიდებულება, მისი ქცევა, სიტყვა ასევე საკმაოდ და შეიძლება ითქვას, გარკვეული აზრით, უფრო მნიშვნელოვანიც კი შეიძლება იყოს სიმშვიდისა და სულიერი კომფორტის შესაქმნელად.

ის, რაც ყველაზე მეტად სწყინს და გულს სტკენს ბავშვს თანატოლის მხრიდან – „ზურგს უკან მასზე ჭორაობა“; „მისი საიდუმლოს არშენახვა და გაფრთხილების მიუხედავად, სხვებისთვის გამხელა“; „როცა იგნორირებას უკეთებენ კლასელები“; „ისეთი იარლიყების მიკერება, როგორიცაა: ძუნწი, უზრდელი, თავხედი, მახინჯი, შტერი“; „დამცირება, ჩაგვრა“; „შეუმჩნევლობა კლასში და მასთან მეგობრობის სურვილის არქონა“; „ორგულობა“; „მისი ცუდი სიტყვებით მოხსენიება ხმამაღლა, ყველას თანდასწრებით“; „ღალატი“; „შური“; „უსამართლოდ სხვისი დანაშაულის დაბრალება“; „არაფრის გამო ჩხუბი“; „დაცინვა ყოველ სიტყვაზე და საქციელზე“; „დამცირება“; „ჯგუფიდან გარიყვა“; „უხეშობა, უყურადღებობა“; „უპატივცემულობა“; „უნდობლობა“; „დაცინვა იმის გამო, რომ ის სხვებს არ ჰგავს“; „ტყუილი“; „ორპირობა“; „მისი ოჯახის ცუდად მოხსენიება და მასზე ჭორაობა“; „არაპუნქტუალური შედარება სხვა ბავშვებთან“; „მისი აზრის არგათვალისწინება“; „დაცინვა შეცდომის დაშვებისას“; „როდესაც სიტყვის დასრულებას და პასუხის გაცემას არ აცლიან“; „დამცინავად ლაპარაკი“; „როდესაც ნიშნის გამო მეგობართან ურთიერთობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“; „საკუთარი უპირატესობის დემონსტრირება“; „საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა“; „მის ფიზიკურ ნაკლზე ხმამაღლა ლაპარაკი“; „მის ოჯახზე ცუდის ლაპარაკი და გაკრიტიკება“; „თხოვნის გაუთვალისწინებლობა“; „საიდუმლოს გამჟღავნება“.

უნდა ითქვას, რომ ბავშვები ყველაზე მეტ შემწყნარებლობას მშობლების მიმართ იჩენენ, თუმცა, არც იმის დაფიქსირებას გაურბიან, რომ მათი მხრიდანაც ხვდებათ ბევრი საწყენი და გულსატკენი.

ის, რაც ყველაზე მეტად სწყინს და გულს სტკენს ბავშვს მშობლის მხრიდან„როცა ბავშვი ცდილობს, მაგრამ მშობელი ეუბნება არაფერს აკეთებო“; „როცა მშობლები დაცილებული არიან და დედა მამაზე ცუდს ამბობს“;  „სხვა ბავშვებთან შედარება და მოთხოვნა, რომ მას მიბაძოს“; „შრომის და მონდომების დაუფასებლობა“; „უყურადღებობა“; „სხვაზე გაბრაზებული მასზე იყრის ჯავრს“; „მისი თანდასწრებით სხვა ბავშვის ქება და მოფერება“; „დაპირების შეუსრულებლობა“; „სხვების თანდასწრებით შერცხვენა“; „საყვედურები, ჩხუბი, ყვირილი, გაბრაზება“;  „ხმააწეული ტონით ლაპარაკი“; „ნიშნის გამო ჩხუბი“; „დანაპირების დავიწყება“; „უაზროდ დადანაშაულება“; „უსამართლოდ ჩხუბი“; „უნდობლობა“; „მუქარა“; „ყოველთვის საწინააღმდეგო აზრზე ყოფნა“; „როცა ვერ უგებენ ბავშვს“; „მუდმივი შენიშვნები“; „ზედმეტი მოთხოვნები“; „იმის არდაჯერება, რომ შეიძლება ბავშვიც დაიღალოს და მისი ამდენ წრეზე ტარება არ შეიძლება“; „ბავშვის ნათქვამს ეჭვის თვალით უყურებენ და არ სჯერათ მისი“; „მასწავლებლის პოზიციის მხარდაჭერა და ბავშვის არდაჯერება“; „როდესაც ერთმანეთთან ბედნიერები არ არიან და ამას არც მალავენ ბავშვთან“;  „როდესაც ბავშვის პოზიციის მოსმენა და გაგება არ სურთ“; „მუდმივად ნიშნებზე ლაპარაკი“; „დაბალი ნიშნების გამო ჩხუბი“; „როდესაც ზედმეტად ბევრს მოელიან ბავშვისგან და დიდ მოთხოვნებს უყენებენ მას“; „იგნორი“; „ როდესაც ბავშვს არ აღიქვამენ ისეთ ადამიანად, რომელსაც შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს თავისი პრობლემები“; „თანაკლასელებთან დროის გასატარებლად არგაშვება“; „მათთვის მოსაწონ ბავშვებთან მეგობრობის დაძალება და იმათთან მეგობრობის შეწყვეტის მოთხოვნა, ვინც მათ არ მოსწონთ“; „სიმკაცრე, მუდმივი აკრძალვები, ჩხუბი, ბავშვის აზრის გაუთვალისწინებლობა, უპატივცემულობა“; „მუდმივი, აბსურდული კონტროლი“; „შედარება“; თავისუფლების შეზღუდვა“; „მეგობრების წინ შეურაცხყოფა“; „მისი ინტერესებით, ცხოვრებით დაუინტერესებლობა, მისი არმოსმენა“; „ზედმეტად ჩარევა მის პირად ცხოვრებაში; მეგობრებთან მისი სატელეფონო საუბრების ჩუმად მოსმენა“; „როცა შვილს არ ენდობა და სხვებთან ცდილობს მისი ნათქვამის გადამოწმებას“; „მშობლების ერთმანეთთან გაუთავებელი კამათი და ჩხუბი“; „შვილს უყურებენ, როგორც ისევ პატარა ბავშვს და არ აღიარებენ, რომ მას უკვე შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება“; „არ შედიან ბავშვის მდგომარეობაში და ისეთ რამეს მოითხოვენ მისგან, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება“; „როცა ერთი შვილი უფრო მეტად უყვართ, ვიდრე მეორე და ეს მასზე მოჭარბებულ მზრუნველობაშიც კარგად ვლინდება“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან კარგად ჩანს, რომ  ყოველდღიურად ბავშვს უამრავი გულსატკენი და საწყენი ხვდება, როგორც მასწავლებლებთან, ასევე თანატოლებთან და მშობლებთან ურთიერთობაში. თუ ერთ-ერთი მოზარდის სიტყვებს გავიხსენებთ, რომელმაც გულისტკივილით აღნიშნა, რომ სწავლა მისთვის პირველადი არ არის და ვერც იფიქრებს მასზე, თუ მოგვარებული არ ექნება გარშემომყოფებთან ურთიერთობები, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რატომ იჩენს თავს ამდენი უარყოფითი ემოციებით და გრძნობებით დატვირთულ ბავშვებთან, როგორც სასწავლო, ასევე ქცევითი პრობლემები. გავითვალისწინოთ, რომ მოზარდთან პრობლემების მოგვარების საუკეთესო საშუალება მისი მოსმენა, ყურადღება და აღიარებაა. იგნორირება და უყურადღებობა კი ბევრად უფრო ართულებს და ამძაფრებს სიტუაციას. როგორც ერთმა მოზარდმა ჩვენთან საუბარში გულწრფელად აღნიშნა, მას „ურჩევნია ცუდი ილაპარაკონ მასზე, ვიდრე საერთოდ ვერ შეამჩნიონ და  დაივიწყონ კიდეც მისი არსებობა“.

 

 

 

არაფორმალური განათლება, მედიაწიგნიერება და ვიდეოგაკვეთილები საბაზო საფეხურზე (მეორე ნაწილი)

0

თვისებრივი კვლევის მოულოდნელი მიგნებები 

სტატიის პირველ ნაწილში შემოგთავაზეთ ვიდეოგაკვეთილების როგორც საგანმანათლებლო რესურსის მოკლე მიმოხილვა, ვისაუბრეთ რაინ-ვესტფალიის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერების ინსტიტუტის სტუდენტების მიერ ჩატარებული თვისებრივი კვლევის მიგნებებზე. ამჯერად დეტალურად განვმარტავთ თითოეულ მათგანს.

კვლევის მიგნება #1. ვიდეოტუტორიალების ავტორებს (იგულისხმება ის შემთხვევები, როდესაც ისინი ვიდეოში ჩანან) მოსწავლეები, მასწავლებლისგან განსხვავებით, თანასწორებად აღიქვამენ.

შედეგების ანალიზის დროს მკვლევრებისთვის მოულოდნელად გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი მიგნება, რომელიც გერმანელი მოსწავლეებისთვის თანასწორობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ფაქტორია – ეს არის სასაუბრო ენა. მათ მიაჩნიათ, რომ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში ხშირად იყენებენ ტერმინებს, რომლებიც მოსწავლეთა უმრავლესობას არ ესმის. შესაძლოა, პედაგოგი ამას გაუცნობიერებლად აკეთებდეს, მაგრამ მათ უმრავლესობას (განსაკუთრებით – ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებში) ავიწყდება, რომ კლასში სხედან განსხვავებული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები (მათ შორის – ემიგრანტები), რომლებიც სპეციფიკურ საგნობრივ ტერმინოლოგიაში გარკვეულნი არ არინ. ვიდეოტუტორიალების ავტორები, მასწავლებლებისგან განსხვავებით, საუბრობენ მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე, ხშირად ჟარგონსაც იყენებენ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – რთული მათემატიკური ან ფიზიკური ფორმულის იმგვარად ახსნას და გადმოცემას, რომ ყველას შეეძლოს მისი გაგება, განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა.

ნაწყვეტი ინტერვიუდან (თარგმანი ადაპტირებულია ქართულ ენაზე):

მონაწილე A: „და… როგორ გამოვხატო უკეთ ჩემი სათქმელი? ამ ვიდეოებში ადამიანები აკეთებენ ისე, რომ რთული რამეები ჩვენც (იგულისხმება მოსწავლეები) მარტივად გვესმის. გვესმის ყველას. ყველას შეუძლია მათი ენის გაგება და გააზრება. ჩვენ შორის არიან ემიგრანტებიც, მაგალითად, აფრიკული ფესვებით… მათ არ იციან ეს ტერმინოლოგია, არამხოლოდ მათ – ხშირ შემთხვევაში გერმანელებმაც კი არ იციან… ამ ვიდეოებში კი მარტივ სიტყვებს იყენებენ, აი, ძალიან მარტივად აგებენ წინადადებებს, არავისთვია თავის მოწონებას არ ცდილობენ: „ნახე, მე რა მაგრად ვიცი გერმანული“. ყველას ესმის, ყველა იგებს… იმაზე უკეთ, ვიდრე გაკვეთილზე“.

  1. მოსწავლეები საკუთარ თავს ვიდეოში მოქმედ პირებთან აიგივებენ, რადგან ისინი მათთვის წარმატების სიმბოლოები არიან და თავს მათგან აღიარებულად გრძნობენ.

ანალიზმა ცხადყო, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის არსებული უხილავი ენობრივი ბარიერის საკითხი ამ კვლევაში დიდ როლს შეასრულებდა. ენისა და საგნობრივი ტერმინოლოგიის დაძლევა მოსწავლეებისთვის დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. ეს ის სირთულეა, რომლის გადალახვის შემდეგ მათ გზაზე არაფერი გადაეღობებათ. ვიდეოტუტორიალების ავტორები, რომლებიც რთული თემების ასახსნელად მარტივ სიტყვებს იყენებენ, ბავშვებისთვის მაგალითს წარმოადგენენ. სირთულის დაძლევისა და წარმატების ცოცხალ მაგალითს.

ნაწყვეტი ინტერვიუდან (თარგმანი ადაპტირებულია ქართულ ენაზე):

მონაწილე B: „ყველაზე მეტად ის მაოცებს, რასაც ეს ტიპი (იგულისხმება ვიდეოს ავტორი) თავისი ცოდნით აკეთებს! მარტივ გამომთვლელს იყენებს და ისე გვიხსნის… ამით სურს გვაჩვენოს, რომ რთული გამოთვლების შესრულება მარტივი გზებითაც შესაძლებელია. უყურებ და ფიქრობ… მეც მინდა ასეთი ვიყო, მეც მინდა წარმატებული ვიყო! მან თუ შეძლო და გაიგო ეს ფორმულები, მეც შევძლებ, მეც მივაღწევ მიზანს. დავძლევ მათემატიკას, გავხდები ისეთი, როგორიც ეს კაცია… და ამის მერე უბრალოდ აგრძელებ, უბრალოდ ყოველდღე იბრძვი“.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსწავლეები ვიდეოს ავტორებისგან თავს აღიარებულად და დაფასებულად გრძნობენ. მაგალითად, თუ ვიდეოს ავტორმა გაითვალისწინა მათი კომენტარი და გააუმჯობესა შემდეგი ლექციის ხარისხი, ამას ბავშვები პირად გამარჯვებად და აღიარებად აღიქვამენ – აღიარებად მათზე „ჭკვიანი“ და „წარმატებული“ ადამიანის მიერ, რაც კიდევ ერთი მამოტივირებელი ფაქტორია. ვიდეოს ავტორებისგან განსხვავებით, მასწავლებლები არ ეკითხებიან მოსწავლეებს, რა შეიძლება გააუმჯობესონ საკუთარ პრაქტიკაში.

  1. მოსწავლეებს უადვილდებათ რთული მასალის აღქმა, როცა ის გადმოცემულია სხვადასხვა ფორმით.

ვიდეოტუტორიალების დახასიათების დროს სამივე ჯგუფში გამოიკვეთა თანაბარი მიგნებები: მოსწავლეებს უადვილდებათ რთული მასალის გაგება, როცა ის გადმოცემულია მარტივი ენით, თან ახლავს თვალსაჩინოება (მაგალითად, გრაფიკი, დიაგრამა, ანიმაცია), მასალის ახსნა არ გრძელდება დაუსრულებლად (დაცულია დროის ფაქტორი), მთხრობელის ხმა არ არის მონოტონური, მოყვანილია შედარებები და მაგალითები მათთვის ნაცნობი გარემოდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან, შესაძლებლობა აქვთ, თავადაც გაკეთონ პრაქტიკული მაგალითები მასალის ახსნის შემდეგ და მიიღონ უკუკავშირი. ინტერვიუს დროს თითქმის ყველა მოზარდმა ამა თუ იმ ფორმით აღნიშნა, რომ არ უყურებენ ისეთ ვიდეოტუტორიალებს, რომლებშიც ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცული არ არის. ვიდეოების ხარისხის შეფასებისას ასევე ითვალისწინებენ კომენტარების შინაარსსა და მოწონებების რაოდენობას.

  1. მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში „ძალაუფლების“ შესანარჩუნებლად არაცნობიერ მეთოდებს იყენებენ.

ინტერვიუების შედეგების ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა ენა როგორც ძალაუფლების ინსტრუმენტი. იმ ფაქტს, რომ მათ მეტი ცოდნა აქვთ ენობრივი თვალსაზრისით (საგნობრივი ტერმინოლოგია), მასწავლებლები ხშირად გაუცნობიერებლად იყენებენ კლასზე გავლენის შენარჩუნების მექანიზმად. მათი მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის მოსწავლეების „ჩაჭრა“ ან კლასში ცუდი შედეგების მიღება, თუმცა კონკრეტულ სიტუაციებში მათ ყოველთვის შეუძლიათ შეახსენონ მოსწავლეებს, ვინ არის კლასში მთავარი, ვინ არის „ყველაზე ჭკვიანი“. აღსანიშნავია ის ზეწოლაც, რასაც მასწავლებლები ირიბად განიცდიან – მათ უნდა მოასწრონ კონკრეტული თემების გავლა, მიაღწიონ კურიკულუმით დასახულ მიზნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ თუ ირიბად, პასუხისმგებელნი იქნებიან კლასის შედეგებზე. გადარჩენისთვის ამ ბრძოლაში  მათ უხდებათ იმ მოსწავლეების „გაწირვა“, რომლებიც არ შეესაბამებიან მათი სწავლების ტემპს.

ნაწყვეტი ინტერვიუდან (თარგმანი ადაპტირებულია ქართულ ენაზე):

მონაწილე A: „გასაგებია, რომ მათაც (მასწავლებლებს) ბევრი საქმე და სტრესი აქვთ… და საგნობრივი ტერმინოლოგიის ცოდნაც კარგია… თუმცა… მმმ… მაგალითად, ხშირად ხდება, რომ აგვიხსნიან ერთხელ, ორჯერ, და კიდევ თუ ვერ გავიგე, უკვე აღარ ვეკითხები, რადგან მერე ყოველთვის ფიქრობენ (მასწავლებლები), რომ რაკი ვერ გავიგე, ესე იგი ცუდი ნიშანი მეკუთვნის. მაგალითად, თუ მანამდე მაღალ ნიშანს დამიწერდა, რამდენჯერმე ერთი და იმავე შეკითხვის დასმის შემდეგ იფიქრებს: რატომ უნდა დავუწერო საშუალო ქულა? მოდი დაბალს დავუწერ, რაკი ბევრჯერ მკითხა, ესე იგი, არ იცის“.

მონაწილე B: „ისინი (მასწავლებლები) უბრალოდ ძალიან სწრაფები არიან, რამე თუ გამოგრჩა, მერე ვეღარ გაიგებ. გაკვეთილისგან განსხვავებით, ვიდეო  შეგიძლია გააჩერო,  გადაახვიო და იმდენჯერ უყურო, რამდენჯერაც გინდა. თანაც მარტივადაა ახსნილი და ჩვენი (იგულისხმება მოსწავლეების) ენაა… ამიტომ ხშირად ვუყურებ… გაკვეთილების მომზადებაში მეხმარება“.

მონაწილე C „მასწავლებლებისგან განსხვავებით, ვიდეოს ავტორები დარწმუნებით ლაპარაკობენ. მასწავლებლებს ხშირად ეჭვი ეპარებათ. გეტყვიან: – ახლა არ მცალია, მოდი, ამაზე მერე ვისაუბროთ, – და ეს „მერე“ აღარ დგება, რადგან ავიწყდება, ან სხვა საქმე აქვს. შენ კი გამოცდა გაქვს ჩასაბარებელი და ეს მხოლოდ შენი პრობლემაა“.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანული და ქართული რეალობა (თუნდაც ზოგადსაგანმანათლებლო კუთხით) ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, ვფიქრობ, ამ ექსპერიმენტის შედეგებში ჩვენთვის სასარგებლო მიგნებებიც შეგვიძლია ამოვიკითხოთ. გარდა ამისა, ვიდეოტუტორიალები დღითი დღე აქტუალური ხდება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეშიც და მათი როგორც არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ინსტრუმენტის კვლევა ნამდვილად მისცემს ახალ შესაძლებლობებს ქართველ მასწავლებლებს.

უნდა აღნიშნოს, რომ ამ პატარა კვლევითი ექსპერიმენტის მიგნებები საფუძვლად დაედო დიდ პროექტს, რომლის განხორციელებასაც ზემოაღნიშნული ინსტიტუტი აპირებს. მადლობა მკვლევრებს და იდეის ავტორებს (მაგისტრანტებს) მარტინა გროილს და ალექსანდერს, პროექტის ხელმძღვანელს, პროფესორ სვენ კომერს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...