ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
2 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

უფლებებისთვის დავა სკოლაში

0

2018-2019 სასწავლო წელი!

სწავლის დაწყებიდან მესამე დღე!

ისევ ბიჭი..

ისევ გრძელი თმა..

ისევ არადექვატური შეფასება პედაგოგისგან ..

ისევ მასწავლებლის და სკოლის წინააღმდეგ იმპულსურად აბობოქრებული საზოგადოება!

 

სინამდვილეში, ეს იმ დიაგნოზის სიმპტომია, რაც დიდი ხნის წინ დაგვიდგინდა. აი, მაშინ, საზოგადოებამ გოგოს და ბიჭის ფერები და ქცევები რომ გამიჯნა. ლურჯი ბიჭებს მიაკუთვნა, ვარდისფერი – გოგოს! ფულის შოვნა ბიჭებს მიაკუთვნა, შვილების აღზრდა გოგოს! ბრძოლა ბიჭებს მიაკუთვნა, ცეკვა -სიმღერა – გოგოს! მოკლე თმა ბიჭებს მიაკუთვნა, გრძელი თმა – გოგოს…

მართალია, ამ საუკუნეში თმის სიგრძე სქესის განმსაზღვრელი აღარ არის, მაგრამ  1900-ანებში დაბადებული ადამიანები დღემდე ეჭვით უყურებენ „კიკინიან“ ბიჭებს და ტატუებიან გოგონებს. მით უფრო, ისეთ კონსერვატიულ სისტემებში გამობრძმედილები, როგორიც საბჭოთა სკოლა იყო – ყავისფერი კაბებით, თეთრი წინსაფრებით და დიდი ბაფთებით რომ ფასდებოდა მოსწავლის დისციპლინა.

ერთი, რაც თანამედროვე ქართულ სკოლას დიდ წინაპართან აკავშირებს შინაარსის უგულვებელყოფა და ფორმებზე აქცენტირებაა. სკოლის ფორმებზე კი არა, ზოგადად ფორმებზე. ვიზუალზე, ზედაპირზე აქცენტის გაკეთება. არადა იმ კიკინიანი ბიჭების და ტატუებიანი გოგონების უკან ყველაზე ლაღი, გამბედავი ინდივიდები იმალებიან. სწორედ ისეთები, სამყაროს რომ ცვლიან. მაგრამ „ის ვინც ჩვენნაირი არ არის, ჩვენი მტერია“ პრინციპით მოქმედ დაწესებულებაში სამყაროს შეცვლის პროცესი მტკივნეულად და ხმაურით მიმდინარეობს.

ხან მოსწავლეს სტკივა, ხან მშობელს, ხან მასწავლებელს.

სტკივათ იძულება, უგულვებელყოფა, შეურაცხყოფა, დამცირება, მუქარა და სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს.

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეების 1 500-ზე მეტ მშობელს შევხვდი. შეხვედრის თემა ზოგასაგანმანათლებლო პროცესში მშობელთა ჩართულობა იყო. ყოველ საჯარო შეხვედრაზე, თითქმის ყველა რეგიონში, როგორც მშობლის ან ბავშვის უფლებების შესახებ იწყებოდა საუბარი, ჩნდებოდა ერთი ადამიანი, რომელიც სიტყვით გამოდიოდა და ამბობდა, რომ განათლების სისტემის კრახი მაშინ დაიწყო, როცა მასწავლებლებს ყველანაირი უფლება ჩამოართვეს და ბავშვებს – გაუზარდეს.

აზრის ავტორი, როგორც წესი, პროფესიით მასწავლებელი მშობელი იყო. ამ მოსაზრებას ყველგან გამოუჩნდა მიმდევრები.  უმეტესად ისინიც მასწავლებლები ან პედაგოგის ოჯახის წევრები და მეგობრები. დასმულ კითხვაზე, კონკრეტულად რომელი უფლება ჩამოართვეს მასწავლებლებს, რის დანაკლისს განიცდიდნენ , პასუხი ყველგან ზოგადი და ძირითადად, ერთი და იგივე იყო – „მოსწავლისთვის შენიშვნა ვერ მიგიცია. ყველას შენზე მეტი უფლება აქვს! ბავშვიდან დაწყებული, მშობელზე დამთავრებული!“. საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს ყველა მასწავლებელი. კიდევ უფრო ცოტაა ისეთების რაოდენობა, რომლებიც ამ ფიქრის ხმამაღლა გაჟრერებას არ ერიდებიან. თუმცა მათ გასაგონად, დარბაზიდან ისმოდა ჩურჩულით ნათქვამი: „სახაზავი ჩამოართვეს მასწავლებელს“, „ცემის უფლების დაბრუნებას ითხოვენ“, „ბავშვისთვის დაყვირება ენატრებათ“ და ა.შ.

ფარავს თუ არა ბავშვის უფლებები მასწავლებლის უფლებებს?

რისი დანაკლისი აქვთ სინამდვილეში პედაგოგების ამ ნაწილს? რა ენატრებათ? რას ვერ ელევიან?

იქნებ, დაიღალნენ სიახლეებით?! ჯერ იყო და თავიანთი მოსწავლეების მომზადება და მათი ოჯახებიდან მატერიალური სარგებლის ნახვა აუკრძალეს. მერე უთხრეს, საჩუქარიც არ აიღოთ მოსწავლეების მშობლებისგანო. მერე ეთიკის კოდექსი შეუდგინეს, რომლითაც მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი ფასდება და  რომლის დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, კოლეგების მიმართ მოეთხოვება.

გულახდილები, რომ ვიყოთ, ბევრი მათგანი აკრძალვების მიუხედავად მოსწავლეებსაც ამზადებს და არც საჩუქრებზე ამბობს უარს. შენიშვნებსაც გასცემს, ირონიასაც მიმართავს და ყვირის კიდეც. ყველაზე თავზეხელაღებულები ფიზიკურადაც ძალადობენ ბავშვებზე. მაგრამ არ ასვენებთ შიში, რომ ეს დანაშაულია.  საზოგადოებაში ისედაც დამკვიდრებული და ნორმად აღიარებული ძალადობის დაკანონებას ითხოვენ, ქვეცნობიერად.

აზრი, რომ მასწავლებლებს უფლებები ჩამოართვეს მითია. სინამდვილეში, მასწავლებელი იგივე უფლებებით სარგებლობს, რითიც უწინ. ამჯერად ფურცელზე გაწერილი წესები აქვთ, რაც მათ ქმედებას ჩარჩოებში აქცევს. მართალია ჩარჩოს, იმდენად მყიფე გვერდები აქვს, მის გარღვევას არაფერი უნდა, მაგრამ, მაინც აწუხებთ წესები!

დღეს მასწავლებელს ყველა უფლება აქვს, რომ მოსწავლეს ცოდნა გადასცეს, მოუსმინოს, აზრის გადმოცემა ასწავლოს და სწორი ღირებულებები ჩაუნერგოს. თუ ვინმე ამ უფლებების განხორციელებაში ხელს შეუშლის, პედაგოგმა დამსაქმებელ ორგანიზაციას ან მასწავლებელთა პროფესიულ კავშირს უნდა მიმართოს.

სახაზავს აღარავინ დააბრუნებს სკოლაში!

ბავშვებს თავიანთი ღირსება თან დააქვთ!

გრძელი თმითაც ივლიან, მოდური ტანსაცმლითაც!

ასწავლეთ ისეთებს, როგორებიც მოდიან!

2018-2019 სასწავლო წელია!

 

 

კაცმა რომ თქვას, თქვენც სიამოვნებით გაიცნობდით პეტერ ბიქსელის წიგნებს

0

მასწავლებლითვის წერილებში, როგორც წესი, პატარებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილ წიგნებზე ვსაუბრობ. ამჯერად კი ჩემი ადრესატები მშობლები და მასწავლებლები იქნებით – თქვენთვის ორი მცირე ზომის, თავშესაქცევი წიგნი შევარჩიე. თან ვიფიქრე, შემთხევით რომ შემოგვიბრუნონ შვილებმა და მოსწავლეებმა კითხვა:  ამ ზაფხულს თქვენ რა წაიკითხეთ ახალიო, მზადყოფნაში ხომ უნდა ვიყოთ.

ხუმრობა იქით იყოს და სინამდვილეში პეტერ ბიქსელის წიგნებმა („მოთხრობები ბავშვებისთვის“ და „ფრაუ ბლუმი, კაცმა რომ თქვას, სიამოვნებით გაიცნობდა მერძევეს“) ორიგინალური ილუსტრაციების გამო მიიქცია ჩემი ყურადღება. ილუსტრატორი სოფო კირთაძე აღმოჩნდა. მოთხრობების წაკითხვის შემდეგ ნახატები კიდევ უფრო მეტად მომეწონა და გავიფიქრე, ნეტავ პეტერ ბიქსელმა თუ ნახა ქართველი მხატვრის თვალით დანახული თავისი პერსონაჟები-მეთქი, ის ხომ სწოედ ასეთ ადამიანებზე წერს: ღიმილიანსევდიან, ფერადფიქრიან და უცნაურთავებიანებზე…

პეტერ ბიქსელის შესახებ ინტერნეტში მწირი ცნობები დამხვდა. მხოლოდ ის შევიტყვე, რომ შვეიცარიელი მწერალი და პუბლიცისტია, რომელმაც უბრალო ადამიანების ცხოვრებაზე დაწერილი მოკლე მოთხრობებით გაითქვა სახელი. განსაკუთრებით პოპულარული გახლავთ მისი წიგნი „KINDERGESCHICHTEN“ („მოთხრობები ბავშვებისთვის“), რომელშიც მწერალი საბავშვო ლიტერატურისთვის ჩვეული, მარტივი ენით გვიამბობს უფროსების პრობლემებზე. „მოთხრობები ბავშვებისთვის“ პეტერ ბიქსელმა 1969 წელს გამოსცა. ქართულ ენაზე კი ეს წიგნი საკმაოდ გვიან, 2015 წელს ითარგმნა. მიუხედავად ამისა, მაინც საინტერესო და თანადროულია, ავტორი ნებისმიერი ეროვნების მკითხველისთვის ახლობელ თემებს ეხება, ნებისმიერ ადამიანს აიძულებს მეტი ყურადღებით დააკვირდეს ყოფით მოვლენებს, ჩვეულ საგნებს და დაფიქრდეს ისეთ მარტივ რეალობაზეც კი, როგორიც დედამიწის სიმრგვალე ან ამერიკის არსებობაა.

 „პეტერ ბიქსელის ხელოვნება და ხიბლი უბრალოებაშია, თუ გნებავთ, დახვეწილ უბრალოებაში… ეს ის უბრალოებაა, რომლის მიღწევაც მხოლოდ ტიტანური შრომის ფასად შეიძლება. როგორც მოქანდაკე აშორებს მარმარილოს ლოდს რუდუნებით ყოველივე ზედმეტს, რათა ნატიფი ფიგურა გამოიკვეთოს, ისე ასუფთავებს და წმენდს პეტერ ბიქსელი ტექსტს, ასალაშინებს და ყოველგვარი ბალასტისგან ათავისუფლებს მას. მისი ზოგიერთი მოთხრობა შეიძლება წიგნის ერთ გვერდზე ეტეოდეს, იქნებ ნახევარზეც კი, მაგრამ უკიდეგანო სამყაროს შეიცავდეს. იმას, რის სათქმელადაც ზოგ პროზაიკოსს მთელი გვერდი სჭირდება, ბიქსელი ერთი წინადადებით ამბობს,“ – ეს სიტყვები კრებულის შესავალი წერილიდან გახლავთ და ბიქსელის მოთხრობების მთარგმნელს, დავით კაკაბაძეს ეკუთვნის. მთარგმნელის, ავტორისა და მათი შუამავლის ისტორია კიდევ ერთი საინტერესო ამბავია და აუცილებლად გაეცანით, თუ ამ წიგნის შეძენას გადაწყვეტთ.

„მოთხრობები ბავშვებისთვის“  შვიდ მოთხრობას აერთიანებს: „დედამიწა მრგვალია,“ „მაგიდა მაგიდაა,“ ამერიკა არსებობს,“ „გამომგონებელი,“ „მეხსიერების მქონე კაცი,“ „მოკითხვა იოდოკისგან“ და „კაცი, რომელსაც არაფრის ცოდნა აღარ უნდოდა.“ – სათაურებიდანვე მიხვდებით, ორიგინალური აზრებითა და არაორდინალური იდეებით გამოტენილ თავებში რომ მოგიწევთ მოგზაურობა.

თუ დრო მხოლოდ ნასწავლის გადამეორებასა და მსჯელობაში გაგყავთ, ალბათ საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებების გადამოწმებაზეც არ იტყვით უარს. პეტერ ბიქსელის ერთმა პერსონაჟმა, მშვენივრად იცოდა, სულ პირდაპირ თუ  ივლიდა, დღეების, კვირების, თვეების და წლების შემდეგ უსათუოდ იმავე ადგილას დაბრუნდებოდა, მაგრამ ეს მარშრუტი იმ იდეალურ წრეს დაამთხვია, რომელიც სამუშაო მაგიდიდან დაიწყებოდა და იმავე მაგიდასთან დასრულდებოდა. აქედან გამომდინარე, ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი საქმე უსაშველოდ გაართულა, გზადაგზა აღმართული სახლები გეზის დაკარგვის საფრთხეს უქმნიდა, მაგრამ… ის ხომ ჩვეულებრივი მოთხრობის გმირი არ გახლდათ და ზურგზე კიბემოკიდებული შეუპოვრად მიიწევდა წინ…

სრულიად უმიზეზოდ და მოულოდნელად შესაძლოა პერანგის ზედა ღილი შეიხსნათ, ქუდი ხელში დაიჭიროთ, ნაბიჯებს აუჩქაროთ, სირულისას რამდენიმეჯერ ჩაბუქნოთ კიდეც და საკუთარი თავი ვეღარ იცნოთ (აღარაფერი გაკავშირებდეთ ადამიანთან მეტისმეტად დაღლილი სახით, გაღიმების ან გაბრაზების ძალა რომ აღარ შესწევს)… სცადეთ და ერთ მშვენიერ დღეს თქვენს გარშემო არსებულ ჩვეულებრიობას თუ ვერ შიყვარებთ, სევდისა და მხიარულების ზღვარზე მაინც აღმოჩნდებით.

მინიატურული კრებულის მრავალფეროვან გალერეაში ბევრ უცნაურ ადამიანს შეხვდებით: კაცს, რომელიც გამოგონილ ნივთებს თავიდან იგონებს; კაცს, ყველა მატრებლის გრაფიკი და მთელი ქალაქის კიბეების საფეხურების რაოდენობა  ზეპირად რომ იცის; კაცს ყველაფერის ცოდნაზე უარი რომ უთქვამს და თანდათან „აზრიც არავითარი არ ებადება;“ საბოლოოდ კი შესაძლოა უფრო მეტი ყურადღებითა და პატივისცემით მოვეპყროთ ერთმანეთის ახირებებს და ამით სიცოცხლეც კი გავიხანგრძლივოთ.

 „ფრაუ ბლუმი, კაცმა რომ თქვას, სიამოვნებით გაიცნობდა მერძევეს,“  ასევე მოთხრობების კრებულია – წიგნი, რომელიც დაგვეხმარება უფრო ახლოს გავიცნოთ პეტერ ბიქსელი.

ძნელი არ უნდა იყოს წარმოვდგინოთ, როგორია სახლი მის სართულებზე დაკვირვებით: სართულებზე განსხვავებული გემოვნებისა და სუნის ადამიანები ბინადრობენ, თანდათან ეს სუნები ერთმანეთს ერევა და სახლის კუთვნლებად იქცევა. მოთხრობების პერსონაჟები კი პაზლის დეტალებივით ერწყმიან ერთმანეთს და საბოლოოდ ავტორის პორტრეტს ქმნიან.

მამაკაცს, ყოველმხრივ მზად რომ არის ზამთრის შესახვედრად (აქვს თბილი პალტო, სახლის გასათბობად საჭირო საწვავი და თვლის, რომ „შეცივებული ქალები ლამაზები არიან“), აწუხებს კითხვა:  რა უყიდოს საშობაოდ ბავშვებს?

საინტერესო შეკითხვები ყვავილების გარშემოც გაისმის: სუნი თუ აქვთ?.. სუნი რატომ არ აქვთ?.. განა სუნის შექმნა არ შეიძლება?.. რატომ ვქმნი ქაღალდის ყვავილებს?.. აქ რას ვაკეთებ?

ხნიერი ქალის საფოსტო ყუთში ჩატენილი ყვავილების გარშემო კი სრულიად განსხვავებული ინტრიგა იხლართება, რომელსაც წლები და ამ წლებში გადანაწილებული მეგობრობა თუ ამოხსნის.

რას ელოდება კოხტა, ლამაზტუჩებიანთმიანი ქალი წითელი პორტმონეთი (მეგობრის, თანამშრომლის, მატარებლის ან ყავის გარდა)?.. ან რატომ არის „მოხეტიალე მეწვრილმანეების ხვედრი კარდაკარ სიარული, მეტყევეების ხვედრი ტყის მოვლა. ქალების ხვედრი კი ლოდინი?“ – არანაკლებ დასაფიქრებელი კითხვებია.

მინიატურული ზომის წიგნის ფურცლებიდან შემოგვცქერის ბაბუა, რომელიც „დაბერდა, მაგრამ არ დაბრძენდა,“ გარდაცვალების შემდეგ თან გაიყოლა აუხდენელი ოცნებები, მემკვიდრეები კი ფულით გაახარა; მამაკცი, თავის დაკრძალვაზე დიდ იმედებს რომ ამყარებს და საკუთარი პანაშვიდების გასალამაზებლად სულ ახალ-ახალი აზრები მოსდის თავში; მერძევეს მოლოდინში ჩაფიქრებული ფრაუ ბლუმი, ქაღალდის ნაგლეჯებზე გაწერილი ცხოვრებითა და თანხებით; პასტორი, მიტევებული ცოდვებისა და ქადაგებების საზღაურს ყოველი დღის ბოლოს შესაწირავი კოლოფიდან ტილოს პატრა ქისაში რომ ცლის; საქმიანად მომავალი მოხელეები, ამანათივით დაკეცილი წერილები, ახალგაზრდა გოგონა კაფეს მაგიდასთან, სახლში მოუთმენლად რომ ელიან მშობლები და … მთელი ცხოვრება თავისი ავითა თუ კარგით… იმ ავითა თუ კარგით, რომლის შეფასება და ერთმანეთისგან გაყმოყოფა არც თუ იოლი საქმე გახლავთ.

რატომ?

თოვლმა შესაძლოა კაცი გაახაროს, დაამშვიდოს, გაათბოს კიდეც, თოვლის სასახლეებისა და პაპების კეთების ხასიათზე მოიყვანოს, შიგ ჩაფლობის სურვილით აავსოს, თუმცა იმავე თოვლმა შესაძლოა ფეხსაცმელში შეაღწიოს, მანქანებს გზა ჩაუხერგოს, ლიანდაგიდან მატარებლები გადააგდოს და ეულად აქციოს შორეული სოფლები…

აი, ასეთია პეტერ ბიქსელი!

იმედი მაქვს, არ უგელვებელყოფთ ჩემს შემოთავაზებულ მინიატურებს და სათაურში გამოთქმულ ვარაუდს და… კაცმა რომ თქვას, თქვენც სიამოვნებით გაიცნობთ პეტერ ბიქსელის წიგნებს.

ჯგუფური სამუშაო ისტორიის გაკვეთილზე

0

მასწავლებელის საქმიანობა გაკვეთილზე მხოლოდ ცოდნის გადაცემითა და კონტროლით არ შემოიფარგლება – მას სხვა აქტივობების მოშველიებაც უხდება წარმატებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად. მისი ერთ–ერთი ამოცანაა დროის ეფექტური გამოყენებაც. როგორც ცნობილია, ტრადიციული საგაკვეთილო საქმიანობის პირობებშიც კი თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობისთვის მასწავლებელს საშუალოდ მხოლოდ 2 წუთი რჩება. ეს დრო მეტისმეტად ცოტაა მოსწავლის კონკრეტული, ინდივიდუალური საჭიროებების ხელშეწყობისა და განვითარებისთვის. ვითარება განსაკუთრებით რთულდება, როცა კლასში ყველამ იცის პასუხი, მაგრამ მეტწილად პასუხობენ „აქტიურები“. ასეთ პირობებში მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი თანდათან პასიური ხდება და სწავლის მოტივაცია ეკარგება. გასათვალისწინებელია მოსწავლეთა მოსწრების  სხვადასხვა დონეც: ზოგი სუსტია, ზოგი – საშუალო, ზოგი – საკმაოდ წარმატებული, – და საბოლოოდ კლასში არასასურველი ურთიერთობები ყალიბდება.

სრულიად განსხვავებული ვითარებაა ჯგუფური მუშაობის დროს, რომელიც თითოეულ მოსწავლეს აძლევს შანსს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები, ცოდნა და უნარები. ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეები უკეთესად გაიაზრებენ სასწავლო მასალას, ინაწილებენ როლებს, გეგმავენ მოქმედებას, უმაღლდებათ მოტივაცია, გრძნობენ თანაკლასელების მხარდაჭერას და უფრო გამბედავები ხდებიან. უამისოდ ზოგიერთ მოსწავლეს (მაგალითად, შედარებით სუსტებს) საერთოდ უჭირს საგაკვეთილო საქმიანობაში ჩართვა. პედაგოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ შედარებით დაბალი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების მიმართ „ძლიერები“ ერთგვარ პასუხისმგებლობას გრძნობენ და ეხმარებიან ძლიერი მხარის წარმოჩენაში

რაც მთავარია, მუშაობის დროს ჯგუფი რამდენიმე დავალებას იღებს, რომელთა შესრულებაშიც ჯგუფის თითოეული წევრი მონაწილეობს და მთლიანობაში კლასის ყველა მოსწავლე განვითარების თანაბარ პირობებში ხვდება.

ასეთი შემოქმედებითი და ინტელექტუალური აქტივობების შედეგად მოსწავლეებს უმაღლდებათ მოტივაცია, ეუფლებათ წარმატების განცდა და საკუთარი თავით და, საზოგადოდ, სასწავლო პროცესით კმაყოფილების შეგრძნება (სასურველია, ჯგუფური სამუშაოს ხანგრძლივობამ არ გადააჭარბოს 10-15 წუთს – ამის შემდეგ ბავშვები უკვე იღლებიან).

ჯგუფურ სამუშაოს იყენებენ დავალებებისა და სავარჯიშოების შესასრულებლად, ცოდნის განსამტკიცებლად და გასამეორებლად, ახალი მასალის შესასწავლად და სხვ.

 

რა დამახასიათებელი ნიშნები აქვს მოსწავლეთა ჯგუფურ მუშაობას ისტორიის გაკვეთილზე? აქაც რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა:

* ორგანიზაციული მხარე – პრობლემური ამოცანის წამოჭრა (პრობლემური სიტუაციის შექმნა), მოსწავლეებისთვის დავალების მიცემა, ჯგუფში მუშაობის დაგეგმვა, მოვალეობათა განაწილება, ჯგუფის წევრების მიერ დავალების შესრულება, შედეგების განხილვა, საერთო შედეგების შეჯამება და წარდგენა;

* მასწავლებლის საქმიანობა: ყოფს მოსწავლეებს ჯგუფებად, აცნობს მუშაობის წესებს და შეფასების კრიტერიუმებს, მოსწავლეებს უბიძგებს მუშაობისკენ, კოორდინირებას უწევს ჯგუფში მოვალეობათა განაწილებას, წამოჭრილი მოსაზრებების, ჰიპოთეზების, ვერსიების განხილვას, ეხმარება დასკვნების გამოტანაში, სთავაზობს დავალების შესასრულებლად საჭირო მასალას. ის მხოლოდ საქმიანობის წამმართველია, ხელმძღვანელი, მუშაობაში ჩაერთვება მაშინ, როცა ეს მართლა აუცილებელია, უკანასკნელ ეტაპზე კი შეაჯამებს შედეგებს, გააანალიზებს დავალების შესრულების დონეს და მოახდენს რეფლექსიას.

* მოსწავლეების საქმიანობა: განაწილდებიან ჯგუფებად, ემზადებიან საგაკვეთილო საქმიანობისთვის, ჯგუფის შიგნით ინაწილებენ როლებს, ირჩევენ ლიდერს, წამოაყენებენ ჰიპოთეზას, აყალიბებენ სასწავლო ამოცანის ამოხსნის ვერსიებს, კრიტიკულად აფასებენ შეთავაზებულ ვარიანტებს, აანალიზებენ ახალ ინფორმაციას, იცავენ პოზიციებს, ასრულებენ დავალებას, იძენენ თანამშრომლობითი მუშაობისა და არგუმენტირების გამოცდილებას, განიხილავენ შედეგებს, საჭიროებისამებრ ეკითხებიან მასწავლებელს და ახორციელებენ საკუთარი საქმიანობის თვითკონტროლს.

* კომუნიკაციური უნარების განვითარების მიმართულებით: მოსწავლეებს უყალიბდებათ სწორი დამოკიდებულება მასწავლებლისა და თანაკლასელების მიმართ; ავლენენ ჯგუფური მუშაობისა და ზოგადად ისტორიისადმი ინტერესს; სწავლობენ სხვისი აზრისა და პოზიციის გაზიარებას, საკუთარი აზრისა და პოზიციის ფორმულირებას; სხვადასხვა რესურსის გამოყენებით იფართოებენ ცოდნას, წერენ პრეზენტაციებს, ანოტაციებს, უვითარდებათ ზეპირი და წერითი მეტყველების, არგუმენტირების, საერთო გადაწყვეტილების მიღების, მონოლოგის აგების, სასწავლო ამოცანის ამოხსნის, გადაწყვეტილებაზე კონტროლის, კვლევისა და ინფორმაციასთან მუშაობის, საქმიანობის დაგეგმვის, კორექტირების, შეფასებისა და დაფასების უნარები.

* ჯგუფური მუშაობის დროს იყენებენ სხვადასხვა მიდგომას, რომელთა შორისაც შედარებით ეფექტურად მიიჩნევა ჯგუფური გამოკითხვა და დისკუსია. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი მოცემული მიდგომების გამოყენებით.

ჯგუფური გამოკითხვის მაგალითები

XI კლასი, თემა – „სახელმწიფოს წარმოშობა“

ჯგუფებისთვის დასმული კითხვები შეიძლება იყოს ასეთი:

  • 1-ლი ჯგუფისთვის: „ჩამოთვალეთ სახელმწიფოს ფუნქციები; რას ნიშნავს პოლიტიკური რეჟიმი? რით განსხვავდება სახელმწიფოს მმართველობის ფორმები ერთმანეთისგან? დაასახელეთ სახელმწიფოს პოლტიკური სისტემის კომპონენეტები“ და ა.შ.
  • მე-2 ჯგუფისთვის: „რა არის პოლიტიკა? რით გამოირჩევიან პოლიტიკური მოღვაწეები? დაახასიათეთ პოლიტიკური პარტიის ფუნქციები“ და ა.შ.

XII კლასი, თემა – „პირველი მსოფლიო ომი“

აქ შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ჯგუფური სამუშაო, რომლებიც უკავშირდება ავსტრია-უნგრეთის, გერმანიის, ოსმალეთის, ბულგარეთის, რუსეთის, აშშ-ის, საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთის ერთმანეთისადმი დამოკიდებულებებს. ჯგუფებისთვის მიცემული დავალებები შეიძლება იყოს ასეთი:

  • რომელ ბლოკში შედიოდა ჩვენი ქვეყანა? რა იყო ამ ბლოკის მიზანი?
  • როგორი იყო ამ ომისადმი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულება? შეიცვალა თუ არა ეს დამოკიდებულება წლების შემდეგ?
  • ყველაზე მეტად რომელი ისტორიული პირები დაგამასოვრდათ ამ ომიდან? რომელ მათგანს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის?
  • რომელი ძირითადი ბრძოლები გადაიტანეს ჩვენმა ჯარისკაცებმა? რა შედეგით დასრულდა ისინი?
  • რა ძირითადი შედეგით დასრულდა ომი ჩვენი ქვეყნისთვის?

და ა.შ.

ჯგუფური გამოკითხვა ეფექტურია ისტორიულ დოკუმენტებსა და წყაროებზე მუშაობისას. მაგალითად, ძველი მსოფლიოს ისტორიის შესწავლისას (VII კლ.) მოსწავლეებს სამუშაოდ შეგვიძლია შევთავაზოთ თემა „სოლონის რეფორმები“. თითოეული ჯგუფი იღებს ტექსტს სოლონის კანონების შესახებ (პლუტარქეს მიხედვით) და კონკრეტულ დავალებებს. კითხვები შეიძლება ასეთი იყოს:

  • რა იცით სოლონის საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ?
  • შეგიძლიათ დაასახელოთ სოლონის მიერ მიღებული კანონები?
  • რატომ შემოიღო სოლონმა კანონი, რომელიც კრძალავდა ღარიბი მოქალაქის მონად გაყიდვას?
  • რატომ აკრძალა სოლონმა ვალში მყოფი ბერძნის მონად გაყიდვა და ყველა მონად გაყიდული ბერძენი სამშობლოში რატომ დააბრუნა?
  • რატომ გააუქმა არქონტ დრაკონის ყველა კანონი, გარდა იმ კანონისა, რომელიც მძიმე დანაშაულს – მკვლელობას ეხებოდა?
  • რისთვის შემოიღო სოლონმა კანონი, რომლის თანახმად, ყველა ათენელს შეეძლო სამართლის ძიება?
  • რა მიზნით აკრძალა გარდაცვლილთა აუგად მოხსებიება?

და სხვ.

მას შემდეგ, რაც ჯგუფი შეისწავლის ყველა საკითხს, ის ჩამოაყალიბებს თავის თვალთახედვას სოლონის რეფორმების შესახებ. მასწავლებელს შეუძლია, დაეხმაროს ჯგუფს და მისი დასკვნა კიდევ უფრო განაზოგადოს, მერე კი გამოკითხოს ჯგუფი.

შეიძლება, ჯგუფური აქტივობის დროს მასწავლებელმა რამდენიმე მიდგომა ერთდროულად გამოიყენოს. მაგალითად, XI კლასში ძველი ბერძნული პოლისების შესწავლისას (ათენი და სპარტა) მოსწავლეებს შეუძლიათ მოახდინონ ათენისა და სპარტის ბუნებრივი პირობების, სამეურნეო საქმიანობის, მმართველობის ფორმების შედარებითი ანალიზი. ამისთვის მოსწავლეები ჯგუფში სწავლობენ ათენისა და სპარტის მმართველობის სისტემებს, ამზადებენ საერთო პასუხს, შემდეგ ლიდერები წარმოადგენენ პასუხებს კლასის წინაშე, მასწავლებელი კი ჯგუფური გამოკითხვით კიდევ უფრო აამაღლებს თითოეული მოსწავლი ს მოტივაციას და გამოავლენს მათ ცოდნას, მერე კი განაზოგადებს მოცემულ ინფორმაციას, ყურადღებას გაამახვილებს რომელიმე დეტალზე, მაგალითად, პოლისებისთვის დამახასიათებელ ცხოვრების დეტალებზე და ცოდნისა და უნარების გამტკიცებისთვის შესთავაზებს ახალ დისკუსიას თემაზე „სად უფრო სასურველი იქნებოდა ცხოვრება – ათენში თუ სპარტაში?“

ჯგუფური მუშაობისას მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს ისეთი დავალებებიც, რომლებიც შედარებით ფართოდ გამოავლენს მოსწავლეთა ცოდნის დონეს და ხელს შეუწყობს მათი აზროვნების გაფართოებას და განვითარებას. მაგალითად, განზოგადების გაკვეთილზე მასწავლებელს შეუძლია, კლასი დაყოს ჯგუფებად და სამუშაოდ შესთავაზოს თემები: „საქართველო XX საუკუნის ბოლოს“ და „საქართველო XXI საუკუნის დამდეგს“. დავალების შესასრულებლად მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ სახელმძღვანელოს ტექსტი, დაასახელონ ისტორიული პირები, გაიხსენონ თარიღები, საზოგადოებრივი მოძრაობები, მიზეზები, შედეგები და სხვ., ბოლოს კი წარმოადგინონ პრეზენტაცია, დისკუსიის ეტაპზე კი წინ წამოსწიონ ამ პერიოდებში მომხდარი უმნიშვნელოვანესი მოვლენები: „უნდა გამოყოფოდა თუ არა საქართველო დსთ-ს ქვეყნებს?“; „დასავლეთი თუ ჩრდილოეთი?“ და სხვ.

ჯგუფური სამუშაოს შესაძლებლობები ძალიან ფართოა და რაც უფრო ხშირად გამოვიყენებთ მას მასწავლებლები, მით უფრო მეტად დავეხმარებით მოსწავლეებს ინდივიდუალური თვისებების გამოვლენასა და სრულყოფაში, სწავლისას მაღალი შედეგების მიღწევაში.

ვენახი

0

ბანალური და ყველასთვის ნაცნობი ჭეშარიტებაა, საქართველო ვაზის ქვეყანაა, აქ ვაზი მთავარი სიმბოლოა, აქ ვაზი მთავარი სიტყვაა, მთავარი კულტურაა, როგორც რიტუალის, ისე ყოფიერების, ყოველდღიურობის ნაწილი. ქართული კულტურა გაჟღენთილია ვაზით, შესაბამისად, ეს ისეთი მეხსიერებაა, რომელსაც დრო ვერაფერს უშავებს, ვერანაირი საუკუნეების ტალღა ვერ წაშლის, ვერანაირი ცვლილებები ვერ გააქრობს.

ვაზი ფერეიდანშიც მნიშვნელოვანი კულტურაა და თუმცა ის თავის ლოგიკურ ბოლოს – ღვინის სახით გარდაქნას რელიგიური მიზეზების გამო ვერ პოულობს, მისი მოვლა, გახარება, მისი ჯიშები თუ სხვადასხვაგვარი მიზნით გამოყენება ფერეიდნელი ქართველების ყოფით კულტურაში დიდ ადგილს იკავებს.  აქ ვაზთან დაკავშირებული საქმე სრული განრიგითა და მიმდევრობით გვხვდება, თუ არ ჩავთვლით ღვინის დაყენებას. ფერეიდანში ვაზის რამდენიმე ჯიში ხარობს, დიალექტური კორპუსის ფერეიდნული დიალექტის არქივი ბევრს გვიყვება ფერეიდნული ვაზის შესახებ:

„– ქიშმიში გოქ და ანს ერთს რა ჲქიან? [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – ქიშმიში არი, ასკარისაც ეძახიან, ფურის ძუძუს ეძახიან, შავყურძენს ეძახიან. [სედიყე ასლანი] – ყურძენი, რაგდენნაირი ყურძენი არი. ფურის ძუძუუბი ერთი დიდებია. [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – კი, ფურის ძუძუ ასლან დიდებია. [თითა] [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – გრძელი, თითა. [სედიყე ასლანი] – ერთი ქიშმიშ ვიტყიტყე თითან ყურძნის ქიშმიში ქენ ეგეთ გურგლებია, გურგალებია, იმას კურკა არა აქ. ერთიც არი, ანს ერთი […]. [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – ქათამ ვარიასაც ვეძახით სხილ–წმინდა. [სხილ–წმინდა?] [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – ჰა, არი ერთ ტევალზეგა წრილებიც არი და სხილი. [სედიყე ასლანი] – მოგძელო ყურძნებია. [და რა ქვია?] [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – ქათამ–ვარია.

„როდესაც შემოდგომისას წაიდითყე ბაღჩი, მევეებჩი რო ვყრიდით, ისეთი ყურძენი მოდიოდა, როგორც ბატკანი გააწვინოო, ჩონთან იციან, ის ყურძნები, როგორ ბატკანი გააწვინოო, ემ ვენახებჩი, ისეთი ყურძენიმოდიოდაო“ – მუხტარ დარჩიაშვილი იგონებს.

იქაური  ვენახი მიწაზე წევს, ამიტომაც ზამთარში თოვლით იფარება, რაც მას ყინვისგან იცავს, სადაც თოვლი არ არის, იქ ვაზს მიწაში ფლავენ, რომ ყინვამ არ გააფუჭოს.  ვენახს გაზაფხულზე დაბარავენ და მორწყავენ, შემდეგ გასხლავენ, გამარგლავენ:

„ვენახიცა ხო, რო გაიზდება და დეეტყობის ტევლები. ტევალი ხო იცი რა არი? მარცვლებიღა ზედაც რო – ტევალი. – ტევალი, ტევალი რო დეეტყო, იმაზღა მაკრატელი წაილენ და რომელ კაპსაც, კაპები, არა აქ ყურზენი იმას, იმეფს მოჲსჭრიან. [რა ქვია მაგას, გასხვლა?] – ტოტები, ტოტები. [გასხვლა იცით თქვენ, არა?] [სედიყე ასლანი] – არა, რას დაჲძახიან? [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – არა, ვენახის დაჭერვა. [დაჭვრა] [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – დაჭერვა. [დაჭერვა?] [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – დაჭერვა, დაჭვრა. [დაჭრვა] [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – კი, რომელსაცა რომელ კაპსაც არა სხია, იმას მოისრიან, [სედიყე ასლანი] – მარგვლა იმე არი? [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – და მარგვლაცა იმას ეძახიან, რო ბალახები მიწასაყე რო ამომწონებულა ვენახის იმაზე გამარგლვა, [გაიმარგლ…] იმეფსაც ბალახეფსა. [სედიყე ასლანი] – გოომარგლე, მეტი ბალახეფშიგ არი. [სედიყე ასლანი] – არა, ვენახს არა. [ჰეიდარ დარჩიაშვილი] – ვენახსა მწერეფს რო დოოჭერენ, მერე იმეეფსა დოოჭერ და მერე გაილის და უფრო გრძელ ტოტეფს გაიბავს და ის რო გრძელ–გრძელიღა არი, ერთ მეტრის მეტსღა აი, ორ თეს უკანაცღა რო ნამად ეტყობა, იმეეფსა დაჲჭრი.“

მჟავე ყურძნისგან  საწებელს გააკეთებენ, ისრიმის მსგავსს, რომელსაც შირას წყალი ჰქვია, ზამთრისთვისაც ინახავენ და ხორციანი საჭმლის გარდა, სალათებშიც ხშირად ხმარობენ.

ყურძენს საქიშმიშედ გაააშრობენ და აკიდოებსაც მოამზადებენ, ყურძენი აუცილებლად ჩრდილში უნდა გახმეს, თორემ ისე „ჭუჭყიანი“, ფერშეცვლილი იქნება.

ყურძნის დაწურვის პროცესიც ქართულის მსგავსია, ყურძენს დიდ, აუზის მსგავ ჭურჭელში ჩაყრიან და ფეხით წურავენ. შემდეგ ტკბილს ცეცხლზე დიდხანას ადუღებენ და სქელ ბადაგს – შირას  მოამზადებენ.

ვენახთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი მაინც ისაა, რომ ვენახი ყველასია, სტუმრის, ამვლელისაა და ჩამვლელის და ეს დამოკიდებულება ყველაზე კარგად ასახავს ფერეიდნელის ხასიათს:

„”ერთ ჴარ იყო დიდი ბაღი, რო ჩონ ბაღიც იქ იყო, დედასია რო ჩემ თავის მამასი გაკეთებული ბეûრი, ორი ემ ქენ სახლის ოდენი და უფრო დიდი, ისი თავის შვილეფსათი ეთქო, რო ეს ვინც გზაურმა, მოიდა, ექით ყურზენი დაკრიფა, შაჭამა, დალივა არმის ემობა არა აქ რო იმას უთხრა რატო. ესე გზაურისა არიო ეს ყურზენები, ეს ვენახებიო, ვინც გზაური გადის და გამოდისო, უნდაო მოიდეს, შაჭამოს, არვის არ უნდა უთხრასო, რო რატო, რაათიო?”

საშიში სათამაშო

0

სადგურზე ხალხმრავლობა არ იყო. მორიგი მატარებლის ჩამოდგომამდე დრო ჯერ ბლომად დარჩენილიყო, თუმცა პატარა გოგონას ქალაქში სტუმრობა იმდენად უნდოდა, რომ დამღლელ გზასა და ლოდინს  არაფრად დაგიდევდათ. მშობლებთან ერთად თბილისში მიდიოდა და ეს ამბავი ნამდვილ ჯადოსნობად წარმოედგინა. 50-იანი წლები იდგა, ქვეყანას უჭირდა, გოგონას მშობლებიც თავის საქმეზე თავდადებული ხელმოკლე მასწავლებლები იყვნენ. ეს მათი და ბავშვის ჩაცმულობასაც ეტყობოდა. ღირებულებებიც ცოტა სხვა ქონდათ და აქცენტს ბავშვის განათლებაზე უფრო აკეთებდნენ, ვიდრე ზედმეტი ნივთების შეძენაზე. ამიტომ, გოგო სკოლაშიც პირველი მოსწავლე იყო და გრძელ-გრძელი ლექსებიც იცოდა.

უცებ, სადგურში  სხვა ოჯახი გამოჩნდა.

-ამათ ეტყობა, არ უჭირთ,-გაიფიქრა გოგომ და თვალი იმ ბაფთიანი თოჯინისკენ გაექცა, სხვა გოგოს, რომ ყავდა გულში ჩახუტებული. დიახ, ყავდა და არა ქონდა, რადგან გოგოს აზრით, ყველა თოჯინა სულიერი იყო და პატარა ადამიანების უსიტყვოდ ესმოდათ.

ჩახუტება თავადაც უნდოდა, მაგრამ არ ჰქონდა…

-მივალ და ლექსებს ვეტყვი, მერე ვთხოვ, რომ ცოტა ხნით ჩამახუტებინოს…, გაიფიქრა პატარა თავში და გადამწყვეტი ნაბიჯებით გაეშურა.

იმ მეორე გოგოს დედის მკაცრმა ხმამ გამოაფხიზლა.

-არ მოხვიდე ახლოს! იქეთ გაიწიე!

-შენ კიდევ, აქეთ გამოდი, რა ვიცით ვინ არის?-დაყვავებით მიმართა თავის შვილს.

გოგონა შეკრთა და გაშეშდა.

-ვინ ვარ და ფრიადოსანი მოსწავლე, ბევრი ლექსი ვიცი და თავადაც ვწერ, სკოლის საზეიმო შეხვედრებზე სულ მე ვკითხულობ ლექსებს. თოჯინასთან  ჩახუტება მინდოდა, სულ ორი წუთით…მეტი არაფერი მინდოდა თქვენგან…,-უნდოდა ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა, სიტყვები გულში ჩაიბრუნა და მშობლებისკენ მიტრიალდა.

მერე დრო გავიდა და გოგო წარმატებული ქალი დადგა, კარგი ოჯახი შექმნა და თავისი შვილი სწორედ მშობლებისგან ნასწავლი ღირებულებებით აღზარდა. თუმცა… ბავშვობიდან გამოყოლილი სათამაშოების მონატრები ეტყობა, ისე გამჯდარიყო ძვალსა და რბილში, რომ შემდეგ, ზრდასრულ ასაკში სახლი სულ თოჯინებით აავსო. ვის აღარ შეხვდებოდით, საქანელაზე მოქანავე ჯამბაზს და მის ხუჭუჭა ქალიშვილს, მტირალა და მცინარა გოგოებს, ფუშფუშა კაბებში გამოწყობილ ფაიფურის ბანოვნებს, ფისოებს, ამუნიებს, ჩიტუნებს, ველური ფაუნის წარმომადგენლებს  და ვინ მოთვლის ვის აღარ. ყველა თოჯინას სახელი ერქვა: რუსიკო და გია, ქეთევანი და ნოდარი, ჯამბაზი ყარამანი და მისი შვილი ლილუ…

რას ნიშნავს, რამე გენატრება, თუ ბავშვობიდან თავზე საყრელად გაქვს. გოგოს თოჯინები აკლდა და შემდეგ თავისი ცხოვრება თოჯინებით აავსო, მის შვილს კი (ანუ, მე) სათამაშოებთან   ფრიად თავშეკავებული ურთიერთობა ჰქონდა.

ჰო, თუმცა ლამაზ სათამაშოს დღემდე  ვამჩნევ და ვაფასებ. თუმცა,  უკვე სილამაზე აღარ კმარა, დღეს უპირველესად  სათამაშოს ეკოლოგიური სისუფთავეა მნიშვნელოვანი.

იცით, რომ თანამედროვე სათამაშოების საღებავებში შესაძლოა ტყვია იმალებოდეს? ჩემთვის აღმოჩენა ის იყო, რომ თურმე, ამერიკაში ერთი წლიდან ბავშვებისთვის სავალდებულოა სისხლში ტყვიის რაოდენობის განმსაზღვრელი ანალიზის გაკეთება. პატარა ბავშვებში ტყვია ჭკუასუსტობას იწვევს. პატარას არც არაფერი შეეტყობა, ფიზიკურად  განვითარდება, გაიზრდება, მაგრამ გონებრივად ჩამორჩებ, თავის ტვინში ნეირონებს შორის კავშირი დაითრგუნება, შეფერხდება მეხსიერება. ვერ ისწავლის ლექსებს, გაუჭირდება წერა-კითხვა-ანგარიში, მალე დაიღლება, იოლად გაღიზიანდება. მშობელს კი გული დაწყდება, ზოგჯერ შვილს დატუქსავს კიდეც, ყველაფერი კი შესაძლოა ტყვიის ბრალი იყოს.

ეს ყველაფერი მოზრდილ ადამიანსაც შეეხება. აქაც სახეზე ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა იქნება. გარდა ამისა, ითრგუნება ახალი სისხლის წარმოქმნის პროცესი, ვითარდება ანემია. მესამე სამიზნე კი თირკმელებია.

გარდა ამისა, ტყვია ძვლოვან ქსოვილში გროვდება და კალციუმის ფოსფატში კალციუმს ჩაანაცვლებს. რბილ ქსოვილებში დაგროვებისას დაავადება პლუმბიზმს იწვევს (ზემოთ აღვწერე მისი შედეგები). სხვა მძიმე მეტალების მსგავსად, ზოგიერთ ფერმენტს ბლოკავს და პასიურ მდგომარეობაში გადაყავს.

თუმცა, საიდან შეიძლება ტყვია ორგანიზმში მოხვდეს? სათამაშოებზე უკვე დავწერეთ, განსაკუთრებით ფერად იაფფასიან სათამაშოებს შეეხება. საშიშია ის ინსტრუქტორები, თოჯინები და ა.შ. რომელთა შემადგენლობაშიც პოლივინილქლორიდია, ერთი შეხედვით პლასტმასია, ოღონს ეს უკვე ნიშნავს, რომ იქვე იქნება  სხვადასხვა სახის ფტალატი, ალდეჰიდი და მძიმე მეტალი (ამ შემთხვევაში, ტყვია). სამ წლამდე ასაკის ბავშვები საყვარელ გასართობს აუცილებლად გემოს გაუსინჯავენ, გულში ჩაიკრავენ ( კანთანაც მჭიდრო კონტაქტი ექნებათ) და გასაგებია, რომ მათ სისხლში ტყვიის (და არა მხოლოდ ტყვიის) კონცენტრაცია მოიმატებს.

სხვა?

ჟურნალ „Environmental research“-ის 2017 წლის ერთ-ერთ ნომერში სტატია სწორედ ტყვიაზე გამოქვეყნდა. კერძოდ, სად „იმალება“ ტყვია სახლში. აღმოჩნდა, რომ 1960 წლის შემდეგ აშენებულ სახლებში ტყვიით მოწამვლის შანსი 24%-ია; 1940-1960წწ.-69%; 1940-მდე-87%. ძველ სახლებში ტყვია შეიძლება იყოს ტექნიკურ კომუნიკაციებში, მილებსა და სადენებში თავმოყრილი, ძველ შპალერებსა და საღებავებში. ასევე დასახელებულია ქვეყნები, რომელთა მიერ წარმოებულ საღებავებში ტყვია აღმოჩნდა: ლიბანი, პარაგვაი, რუსეთი, ჩინეთი. ზოგიერთ ნიმუშში კი მისი რაოდენობა 500-ჯერ აღემატებოდა ნორმას. ლურჯი და კაშკაშა ფერების საღებავებში ტყვია გაცილებით მეტი რაოდენობით ყოფილა.

ტყვიის კიდევ ერთი წყარო წყალია. თუნდაც  ეს წყალი თერმულად დაამუშავოთ, მაგ. მისგან წვნიანი დაამზადოთ, ტყვიას არაფერი დაემართება, სისხლში მოხვდება, შემდეგ კი ორგანოებში აკუმულირდება.

ამერიკაში, 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის პატარა ქალაქ ფლინტში, 10 000 ადამიანი ონკანის წყლიდან მიღებული ტყვიით ერთდროულად მოიწამლა, აქედან 6 000 ბავშვი იყო.

როგორ აღმოვაჩინოთ სახლის პირობებში წყალში ტყვია? ყველაზე მარტივი ინდიკატორის მსგავსი  ე.წ. ტესტ-ქაღალდებია. ჩავდებთ წყალში და თუ გაყვითლდა, წყალში ტყვია ყოფილა. თუმცა, მათ შესაძენად,  ძებნა და პოვნა უნდათ. უფრო მარტივი იქნება,  აფთიაქებში ნაყიდი  კალიუმის იოდიდის აბები. ჭიქა აავსეთ წყლით  და ჩააგდეთ შიგნით 1-2 აბი, ტყვიის არსებობის შემთხვევაში, ისიც ტესტ-ქაღალდივით გაყვითლდება.  წყლიდან ტყვიის მოცილება ფილტრით შეიძლება, რომელიც დღეს უკვე ყველგან იყიდება.

ტყვიის კიდევ ერთი წყარო ჰაერი და საკვებია. ჰაერში მისი მოხვედრის ერთ-ერთი წყარო მეთილირებული ბენზინი გახლავთ. მცენარეები კი მას დაბინძურებული ნიადაგიდან ან იმავე ჰაერიდან შეითვისებენ

ტყვია კოსმეტიკაშიც არის, განსაკუთრებით კაშკაშა ფერის იაფფასიან ტუჩსაცხში. პირველად ტყვია კოსმეტიკაში არაბმა ალქიმიკოსმა ჯაბირ იბნ ჰაიამმა გამოიყენა, სახის მათეთრებელ საცხში დაამატა. ქალბატონები თავიდან მართლაც გათეთრდნენ, მაგრამ შემდეგ მთელი სახე იარებით დაეფარათ და მოიწამლნენ. დღეს მათეთრებელ საცხებში ტყვია ტიტანის ოქსიდით არის ჩანაცვლებული, რაც ჯანმრთელობისთვის უვნებელია. თუმცა, ზოგიერთი მწარმოებლის ტუჩსაცხში  მაინც დარჩა…

მთელ ამ ამბავში კარგი ის არის, რომ ტყვია ორგანიზმიდან იოლად გამოდის. მისი ორგანიზმიდან გამოსადევნად იყენებენ მედიკამენტებს, რომელთა შემადგენლობაშიც ჰელატები შედიან. ჰელატები შიდაკომპლექსური ან ციკლო კომპლექსური ნაერთებია. წარმოიქმნებიან პოლიდენტატურ ლიგანდებთან ლითონის იონების ურთიერთქმედებით. ჰელატები შეიცავენ ცენტრალურ იონს და მის გარშემო კოორდინირებულ ლიგანდებს. ჰელატის შიდა სფერო შედგება ციკლური დაჯგუფებებისგან, რომლებიც მოიცავენ კომპლექსწარმომქმნელს. მედიცინაში ჰელატურ ნაერთებს იყენებენ, როგორც სხვადასხვა აუცილებელი ლითონთა იონების შესაყვანად ორგანიზმში, ასევე იქიდან მძიმე ლითონების იონთა გამოსადევნად. ჰელატური ნაერთი მედიცინაში ბიოდანამატად პირველად 1960 წელს გამოიყენეს. დღეს ჰელატო-თერაპია მერკურის, დარიშხანის და ტყვიის გამოსადევნად გამოიყენება ორგანიზმიდან. ჰელატები მეტალის  იონებს ქიმიურად და ბიოქიმიურად ინერტულ ფორმაში გადაყავთ, რომელიც იოლად ტოვებს ორგანიზმს.

-რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებრივად ჩამორჩენილი?-უკვე მერამდენედ კითხულობს სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი. და იქვე, ისე, რომ პასუხსაც არ ელოდება, აგრძელებს:

-იმიტომ, ბატონო ჩემო, რომ არ ჰქონდა სათამაშო!

მართალია, სათამაშო გონებრივად ავითარებს, ინტელექტუალური სათამაშოები ხომ, მით უმეტეს…მაგრამ, დღეს შეიძლება სულ პირიქით შეტრიალდეს საქმე და ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობა სწორედ საშიშმა სათამაშომ გამოიწვიოს.

ამიტომ, მაღაზიაში შესულებმა, ფასის შემდეგ სათამაშოს შედგენილობასაც გადავავლოთ თვალი. თუ ეკოლოგიურად სუფთაა, მაშინ შესაბამისი მწვანედ მონიშნული უნდა იყოს. თუ არადა,  მერწმუნეთ, მწარმოებელს იქ ყველაფერი უწერია, ავალდებულებენ. ოღონდ… წვრილი და შენიღბული ტექსტით.

გათვლა ასეთია:

ა) მშობელს წვრილი ტექსტის წაკითხვა დაეზარება;

ბ) მშობელს წვრილი ტექსტის წაკითხვა არ დაეზარება, მაგრამ ვერაფერსაც ვერ გაიგებს, ხელს ჩაიქნევს და იყიდის.

ჰოდა, მოდით გავაწბილოთ საშიში სათამაშოს მწარმოებელი.

 

მხატვრული ნაწარმოების გააზრებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტები – დეტალი

0

საშინელი რამ არის დეტალი, განსაკუთრებით იმ მწერლებისთვის, ვისაც ჩემსავით უყვარს დეტალები. ყელსაბამი მარგალიტებისგან შედგება, მაგრამ ისინი ძაფზეა ასხმული. ხელოვნებაც ისაა, რომ მძივის აკინძვისას არც ერთი მარგალიტი არ დაგეკარგოს და არც ძაფი დაგისხლტეს“

გუსტავ ფლობერი

 

მხატვრული ნაწარმოების შემადგენელი სხვადასხვა ელემენტი ჩვენს ბლოგებში არაერთხელ მიმოგვიხილავს. ამჯერად ისეთი მნიშვნელოვანი ცნების შესახებ ვისაუბრებთ, როგორიც მხატვრული დეტალია.

„შტრიხი“, „წვრილმანი“, „კადრი“, „ხაზი“, „მიკროელემენტი“, „სპეციფიკური მხატვრული წვრილმანი“, „მხატვრული აქსესუარი“, „მეტყველი წვრილმანი“ – ეს აღმნიშვნელები ხშირად გვხვდება ხოლმე სპეციალურ ლიტერატურაში და მათში,მეტწილად, სწორედ მხატვრული დეტალი მოიაზრება.

ავტორის მიერ გამოყენებული გამომსახველობითი საშუალებების არსენალში დეტალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და გვარიანადაც გვეხმარება გმირის ხასიათის, მისი ქცევის მოტივის, ამა თუ იმ ფსიქოლოგიური მოცემულობის, მწერლის განყობისა და დამოკიდებულების გაგებასა და გააზრებაში.

დეტალების მეშვეობით შემოქმედს სათანადო ატმოსფეროს შექმნაც შეუძლია და რაც უფრო მარჯვედ იყენებს ის დეტალებს, მით უფრო ცხადი და ფიზიკურად „ხელშესახებია“ იქ (ტექსტის რეალობაში) ყოფნის განცდა.

დეტალი, არსებული განმარტების თანახმად, ნაწარმოების მცირე, დაუშლელი სტრუქტურული ელემენტია, მხატვრული ქსოვილის, მთლიანის ნაწილი, ორიგინალური წვრილმანი. ის გარკვეულ ემოციურ ელფერს სძენს ნათქვამს, აღწერილს, მოთხრობილს და როგორც წესი, ახასიათებს, აკონკრეტებს ან სათანადო განწყობას უქმნის მკითხველს. დეტალის შემთხვევითობასა ან კანონზომიერებაზე, განზოგადებასა და კონკრეტიზებაზე დაკვირვება ტექსტის კვლევის პროცესში მეტად საინტერესოა და გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებასაც აძლევს მკითხველს.

მხატვრული დეტალი და სინამდვილის დეტალიზება, რეალისტურად აღწერა სხვადასხვა რამაა და ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს. დეტალის მიზანი ასოციაციების წარმოქმნა-წარმოშობაა, ის წარმოდგენათა ჯაჭვის ერთგვარი რგოლია, სინამდვილის დეტალიზებას, რეალისტურად ასახვას კი სხვა დანიშნულება აქვს.

დეტალის მეშვეობით მწერალი ხშირად გამოხატავს ხოლმე საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟის, მისი ხასიათის ან ქცევის მიმართ.

 

მხატვრული ნაწარმოების კითხვისა და დამუშავების დროს კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს დეტალებზე დაკვირვებას, მათ მონიშვნას და მათზე მსჯელობას ვთხოვთ. კითხვის დროს გახაზული დეტალების დამუშავება ნაწარმოების სრულად წაკითხვის შემდეგ სჯობს.

ერთ-ერთ კლასში კლასგარეშე საკითხავ მასალად რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ შევარჩიეთ. კითხვის დროს დაკვირვებისა და კვლევის საგანი სწორედ დეტალების შემჩნევა და მათზე მსჯელობა გახლდათ –  მოსწავლეებს სათანადო ადგილები უნდა მოენიშნათ და კომენტარები დაერთოთ.

კომენტირებული კითხვის მეთოდი ეხმარება მოსწავლეს ტექსტის ლიტერატურული ანალიზის პროცესში.

კლასში მათ შინ დამუშავებული მასალა წარმოადგინეს. საინტერესოა, რომ ზოგიერთი მოსწავლე დეტალების კლასიფიცირებასაც შეეცადა. ერთ-ერთმა, მაგალითად, ტექსტის ენობრივი  თავისებურებები იკვლია და საკმაოდ საინტერესო დასკვნებიც გააკეთა:

„მთავარი მოქმედი პირი ავტორს პირველივე გვერდზე შემოჰყავს. თავიდან აღწერილია ასეულობით თოლიის ჭიდილი საჭმლის ნარჩენების მოსაპოვებლად, ამას მოსდევს ახალი აბზაცი, რომელიც იწყება სიტყვით „მაგრამ“ (შედარებულია დედანთან – იქაც გამოყენებულია სიტყვა BUT) – “მაგრამ გემისა და ნაპირისგან მოშორებული ჯონათან ლივინგსტონი განმარტოებით ვარჯიშობდა“…მეორედ ხსენების დროსაც იმავე ხერხს იყენებს ავტორი „მაგრამ თოლია ჯონათან ლივინგსტონი, რომელმაც ყოველგვარი დარცხვენის გარეშე ისევ გაშალა ფრთები… – ჩვეულებრივი თოლია არ გახლდათ“.

ამ შემთხვევებში სიტყვა „მაგრამ“ ის დეტალია, რომელიც მკითხველს მიახვედრებს, რომ თოლია რაღაც ნიშნით გამიჯნულია იმ სოციუმისგან, რომელსაც მწერალი „საუზმის გუნდს“ უწოდებს და ეს მოსწავლესაც მართებულად აქვს მონიშნული და გააზრებული.

ძალიან საინტერესოა დეტალებზე დაკვირვება ისეთი საპროგრამო ნაწარმოებების კითხვისა და ანალიზისას, როგორებიცაა „ჯაყოს ხიზნები“ და  „სამანიშვილის დედინაცვალი“.

ორივე ქართველი ავტორისთვის დეტალების ხელოვნება კარგად ნაცნობი მხატვრული საშუალებაა და მათი მხატვრული სამყარო სავსეა „მარგალიტებით“, რომლებსაც ფლობერი თავის ეპიგრაფად წამძღვარებულ გამოთქმაში ახსენებს.

ზოგადად, სასკოლო ენისა და ლიტერატურის კურსის ერთ-ერთი უმთავრესი დანიშნულება მოსწავლეების გამოცდილ მკითხველებად ჩამოყალიბება და სააზროვნო მოქმედებათა

განვითარებაა.

დეტალებზე დაკვირვებითა და კრიტიკული კომენტირებით მოსწავლეები თავიდანვე ივითარებენ ტექსტების შესწავლისა და გააზრების უნარებს.

ტექსტის შემადგენელი ნაწილების ანალიზის, შედარების, განზოგადების გზით კი შემოქმედებით დამოკიდებულებას გამოიმუშავებენ.

 

მკითხველის მხილება – კიდევ ერთი ქართული რომანის შესახებ

0

35 წლის წინ, სხვა თამაშებთან ერთად, „ასოციაციობანათიც“ ვერთობოდი. თამაში ოთხ ან მეტ მოთამაშეში შეიძლებოდა და მისი წესები ასეთი იყო: მოწინაღმდეგე გუნდის ერთი წევრი მეორე გუნდის ერთ წევრს გამოსაცნობ სიტყვას ყურში უჩურჩულებდა. ორივე მოთამაშეს რომელიღაც სხვა სიტყვის დახმარებით უნდა მიეყვანათ თანაგუნდელები სწორ პასუხამდე, ანუ  გამოსაცნობ სიტყვამდე. რომელი მხარეც პირველი გამოიცნობდა ჩაფიქრებულ სიტყვას, გამარჯვებულიც ის იქნებოდა. მაგალითად, გამოსაცნობი სიტყვა იყო „აქლემი“. თანაგუნდელი მისანიშნებელ სიტყვად გამოიყენებდა სიტყვას „უდაბნო“. თუკი ეს ერთი სიტყვა არ იქნებოდა საკმარისი, მაშინ თამაშში მეორე გუნდი ჩაერთვებოდა და საწყისი სიტყვის მისანიშნებლად მეორე სიტყვას დაამატებდა, ვთქვათ, სიტყვას „სიგარეტი“. ამ ორი სიტყვის დახმარებით, განსაკუთრებით, მათთვის, ვინც იცის, რომ ერთ-ერთი კომპანია აწარმოებს სიგარეტს სახელწოდებით „ქემელი“, რომელიც ქართულად აქლემია, ჩაფიქრებული სიტყვა ადვილი გამოსაცნობი ხდებოდა. მაგრამ, თუკი თანაგუნდელები არ იცნობდნენ სიგარეტების დასახელებებს და კოლოფზე გამოსახულ ნახატებს, თამაში იქამდე გაგრძელდებოდა, სანამ რომელიმე ყოჩაღი მოთამაშე ჩაფიქრებულ სიტყვას არ გამოიცნობდა. კარგმა მოთამაშეებმა იცოდნენ, რომ სიტყვა „აქლემის“ გამოსაცნობად „უდაბნო“ კი არა, მისანიშნებელ სიტყვად „კუზი“ აჯობებდა, რადგან „უდაბნოზე“ ვიღაცას ქვიშა ან მზე გაახსენდებოდა, გააჩნნია, ვის რა ასოციაცია ჰქონდა შესაბამის სიტყვაზე.

ახლა მე, ამ წერილის ავტორი, თქვენ, ამ წერილის მკითხველს, ერთ სიტყვას გეტყვით, თითქოს ჩემი გუნდის წევრები იყოთ და თქვენ უნდა შეეცადოთ, გამოიცნოთ ჩაფიქრებული სიტყვა. მზად ხართ? დავიწყოთ: მისანიშნებელი სიტყვაა „არმოშლა“. ზუსტად ვიცი, რომ თქვენ პირველივე მცდელობაზე გამოიცანით სიტყვა და წამოიძახეთ: „დაშლა“! რადგანაც ასეთი კარგი გუნდი მყავს, რომელიც მომენტალურად, ერთი სიტყვით ხვდება, პასუხს, გთხოვთ, არ დავიშალოთ და გავაგრძელოთ წარმატებით წამოწყებული საქმე. მოდით, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ქართული სუფრაზე შეზარხოშებული მამაკაცების ბოლო, დაშლა-არმოშლის სადღეგრძელო. ჩემი გუნდის წევრებს არ შეგეშლებათ სწორი პასუხი და ასე მიპასუხებთ: დღეს დავიშლებით, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ, ხვალ იქნება თუ ზეგ, დაწყებულს გავაგრძელებთ, ე.ი. ჩვეულებას არ მოვიშლით. ახლა კი, მინდა, წერილის მკითხველებს და ჩემს შესანიშნავ თანაგუნდელებს იმ არაჩვეულებრივი რომანის წაკითხვა შემოგთავაზოთ (თუკი, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ), რომლის სათაურიცაა „დაშლა“. მაგრამ, სანამ ჩემს შეფასებაში ბრმად მომენდობოდეთ, რომ რომანი არაჩვეულებრივია და წიგნების მაღაზიისკენ გაეშურებოდეთ, შევეცდები, ამ წიგნით შეძლებისდაგვარად დაგაინტერესოთ. ამისთვის კი წარმოვიდგენ, რომ წიგნის გამომცემლობამ ჩემი ნაქები ნაწარმოების ანოტაციის დაწერა მომანდო.

რას დავწერდი ანოტაციაში? ალბათ წერას სტანდარტულად დავიწყებდი: „ეს წიგნი ერთ უმუშევარ შუახნის მამაკაცზეა.“

არა, არაფრად არ ვარგა ასეთი დასაწყისი, ბრიყვიც მიხვდება, რომ წიგნს ასეთი ანოტაციით არავინ შეიძენს, ამიტომ სასწრაფოდ მეორე წინადადებას დავამატებდი: „რომელიც დროდადრო სიგარეტის მოსაწევად აივანზე გასული ჯერ ზერელედ, მერე კი დიდი ინტერესით აკვირდება მოპირდაპირე კორპუსში ახლად გადმოსულ ახალგაზრდა ყმაწვილს.“

არც ამ მეორე წინადადების გამო ღირს წიგნის შეძენა, არადა, ძალიან, ძალიან მინდა, რომ დაგაინტერესოთ ისე, რომ რომანის შინაარსი არ მოგიყვეთ წინასწარ და ინტერესის ნაპერწკალი ასე არ ჩაგიკლათ. სხვა გზა არაა, სარეკლამო ხრიკი უნდა გამოვიყენო და მორიგი წინადადებით ინტრიგა შემოვიტანო, ეგებ ასე მაინც მივაღწიო სასურველ მიზანს: „რომანის პერსონაჟი აღმოაჩენს, რომ ამ ყმაწვილთან სტუმრად დადის ცნობილი ადამიანი, თანამდებობის პირი. სავარაუდოდ, სწორედ მან უქირავა ბინა ყმაწვილს. სათანადოდ შეიარაღებული შუახნის უმუშევარი მამაკაცი გადაწყვეტს ყოველ ღამე დააკვირდეს საყვარლებს და ფოტოებიც გადაუღოს გარყვნილ წყვილს“.

„ასოციაციობანაში“ რომ ძლიერები იყავით, იმიტომაც მიხვდებით იოლად, რა უნდა იყოს ჩემი შემდეგი წინადადება. დიახ, რომანი იმ თემაზეა, რომელზე ლაპარაკიც ყველას გვიყვარს და იმაზეც, რაზეც ლაპარაკს ყველანი თავს ვარიდებთ. „ფუუუჰ, მაგ წიგნს როგორ ვიყიდი“ – ბევრ ჩვენგანს ამას გვათქმევინებს წინა წინადადების მეორე ნაწილი; მაგრამ იმავე წინადადების პირველი ნაწილი ცნობისწადილს გაგვიღვიძებს, ჩვენ ხომ ასე გვიყვარს ჭორაობა, სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა. ამიტომაც უკვე აღარ ავარიდებთ თავს წიგნის ყიდვას იმ იმედით, რომ, როცა რომანს წავიკითხავთ, ამოვიცნობთ რომელი ახლანდელი თუ ყოფილი თანამდებობის პირია ნაწარმოების პროტოტიპი და ბოლობოლო გავარკვევთ, ვინ ვინ არის სინამდვილეში და ვინ რას გვიმალავს. ანუ, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე რომ ვთქვათ, დავადგენთ, ვინ ვისთან წევს, ინიღბება თუ არა ოჯახით – მეზობლების და ნათესავების მოსატყუებლად ხომ არ მოიყვანა ცოლი, გვიხვევს თუ არა თვალს და გვატყუებს თუ არა თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ.

არადა, დავით გაბუნიას (სულ დამავიწყდა, რომ მანამდე უნდა მეხსენებინა ავტორის გვარი) ეს რომანი არც საჭორაოდ დაუწერია და არც რომელიღაც თანამდებობის პირის სამხილებლად. მისი მიზანი სულაც არაა, სიზუსტით ასახოს ის სამარცხვინო რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ და მერე ჩაერთოს იმ გაუმართლებელ დიალოგებში, რომელშიც მისი პოტენციური მკითხველები მონაწილეობენ. მან კარგად იცის, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში რომანში აღწერილი ფოტოკადრების მსგავსი მასალის ხელში ჩაგდება ბევრის ოცნებაა, რადგან ამ ჩალით გადახურულ ქვეყანაში შანტაჟის გზით ვიღაცამ ფული, ვიღაცამ თანამდებობა იშოვა. ყველამ ვიცით, რომ შანტაჟი ცუდია, მაგრამ, მაინც ვუსმენთ, ვუყურებთ კადრებს და პროტესტს არ ვუცხადებთ ამ უგვან საქციელს. აბა, სხვა გზა რომ არაა?! – მხრების აჩეჩვით ვპასუხობთ ჩვენსავე სინდისს და ვერ ვხვდებით, რომ დღეს თვალის დახუჭვა ხვალ ჩვენს უსაფრთხოებას დაემუქება.

სხვის ფანჯრებში ყურება – აი, რაზეა რომანი „დაშლა“! მაგრამ, არა მხოლოდ ამაზე. მარტო ამაზე რომ იყოს რომანი, მაშინ ნამდვილად არ გავუწევდი მას რეკომენდაციას. რადგან ვიცი, რომ ისინი, ვინც ახლა ამ წერილს კითხულობენ, საკმაოდ ნაკითხები არიან და ჩემზე უკეთ  მოეხსენებათ, რომ ამ თემაზე სხვა წიგნებიც დაწერილა და მერე ამ წიგნებზე ფილმებიც გადაუღიათ. მაგალითად მოვიყვან ვულრიჩის მოთხრობაზე დაფუძნებულ ალფრედ ჰიჩკოკის ფილმს „ფანჯარა ეზოს მხარეს“. ჰიჩკოკის ფილმმა, რომელსაც ადარებენ გაბუნიას რომანს უცხოელი რეცენზენტებიც, მრავალ ნომინაციაში მოუტანა ჯილდო და გამარჯვება შემოქმედებით კოლექტივს. ფილმის სიუჟეტი საკმაოდ მარტივია: მთავარი პერსონაჟი, რომელიც პროფესიით ფოტოგრაფია, და, ერთი მხრივ, მოტეხილი ფეხის გამო, სახლიდან ვერ გადის, მეორე მხრივ, აუტანელი სიცხის გამო, ეზოს ფანჯრიდან აკვირდება მეზობლებს, რომლებსაც ასევე ღია აქვთ თავიანთი ფანჯრები, გადაიქცევა წინასწარ განზრახული მკვლელობის უნებლიე მოწმედ. ფილმის დასასრული იმით არის საინტერესო, რომ ახლა უკვე ორივეფეხმოტეხილი ფოტოგრაფი ისევ ეტლში ზის და იმავე ფანჯრიდან ეზოში გამომავალი მეზობლების ფანჯრებში ყურებას აგრძელებს. ცხოვრება ამ ფანჯრებს მიღმაც ძველებურად თუ არა, ახლებურად გრძელდება. ფილმის რიგითი მაყურებელიც და იმ მოთხრობის რიგითი მკითხველიც, რომლის ეკრანიზაციასაც წარმოადგენს ფილმი, ნაკლებად დასვამს შეკითხვებს. მისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, რომ მკვლელი დაისაჯა და არა ის, რომ ცუდია სხვის ფანჯრებში ყურება. მკითხველისთვის/მაყურებლისთვის სხვის ფანჯრებში ყურება პოზიტიური ეფექტის მატარებელი საქმიანობა ხდება და აღარ აინტერესებს მისი უარყოფითი მხარე…

ახლა გადმოვინაცვლოთ ჩვენს რეალობაში და დავუსვათ შეკითხვა საკუთარ თავებს: არაფერიც რომ არ გვქონდეს დასამალი, მოგვეწონება რომელიმეს ვინმე უსაქმურის დაკვირვების ობიექტად თუ ვიქცევით?

ჩემთვისაც დავით გაბუნიას რომანი „დაშლა“ ჩვეულებრივ რომანად დარჩებოდა იმ რიგითი მკითხველის მსგავსად, თავს რომ არ იწუხებს ზედმეტი ფიქრით, ანუ რომანად, რომელიც კარგი ენითაა დაწერილი, ერთი ამოსუნთქვით იკითხება, საინტერესო თემაზეა, თავად რომ არ აღმოვჩენილიყავი მსგავს სიტუაციებში. არა, ღმერთმა დამიფაროს, არც მკვლელობის მოწმე გავმხდარვარ და არც შანტაჟის მსხვერპლი, საქმე სხვაგვარად იყო.

პირველი სიტუაცია: აგვისტოში მივლინებით ვიყავი მოსკოვში. ძალიანაც არ მინდოდა მტრის ქვეყანაში მაინცდამაინც აგვისტოში წასვლა, მაგრამ საქმე საქმეა – ბიბლიოთეკებიდან ის მასალა უნდა ჩამომეტანა, რომელიც ჩვენთან არ მოიძებნა და პროექტისთვის მჭირდებოდა. თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პროექტისთვის აუცილებელი მასალა მოვიპოვე, მაგრამ თბილისში გამომგზავრების წინა ღამეს სასტუმროს ნომერში დაბრუნებულმა შევნიშნე, რომ ჩემს არყოფნაში ვიღაცა შემოსულიყო ოთახში. ცხადია, შემეშინდა, ვინმეს რამე არ ჩაედო შეკრულ ბარგში და, სანამ რამეს ხელს ვახლებდი, დერეფანში შევამოწმე, იყო თუ არა კამერა და მივადექი ადმინისტრატორს. ადმინისტრატორმა არც უარყო, რომ ჩემი გაფრთხილების მიუხედავად, დამლაგებელიც არ შესულიყო ნომერში, მაინც გაეღოთ ჩემს არყოფნაში კარი და იმ საბაბით, რომ დაეცვათ სასტუმროს მობინადრეთა უსაფრთხოება, შეამოწმეს ჩემი ნომერი. არაფერი დასამალი არ მქონდა, ჩემი ბარგი მხოლოდ ქსეროასლების, კომპიუტერული დისკეტებისა და პირადი ნივთებისგან შედგებოდა, მაგრამ მაინც ძალიან უსიამოვნოა, როცა შენს ნივთებში შენი ნებართვის გარეშე ვიღაც იქექება. ეს ძალიან წააგავდა სსრკ-ში სახელგანთქმული სუკ-ის მეთოდებს, რომლის ღირსეული მემკვიდრეცაა ფეესბე და დღესაც აგრძელებს ადამიანების უკანონო თვალთვალს, ჩხრეკას და ალბათ სხვა საქმიანობასაც, რომლის წარმოდგენაც კი მზარავს.

მეორე სიტუაცია: ცოტა ხნის წინ პრობლემა შევუქმენი (დავზუსტებ: ვამხილე არაპროფესიონალიზმში) რამდენიმე ადამიანს ერთ-ერთ სამსახურში (დავაზუსტებ: ბევრგან ვმუშაობ), რომელშიც ვმუშაობ და ამით აღშფოთებულმა დირექტორმა ბრძანა, სასტიკი საყვედური გამოეცხადებინათ ჩემთვის. ბრძანებას ვერაფერი ვერ გავუგე, სანამ ჩემს ადვოკატს არ წავაკითხე, ამიტომაც ფეისბუქზე დავწერე, ნეტა, რვა ენის შესწავლას ბრძანებების ენა შემესწავლა-მეთქი.  რამდენიმე დღეში, დაწესებულების იურისტს, რომელიც მეგობრებში არა მყავს, წამოსცდა, რვა ენა რომ იციო. არადა, სულაც არ ვიცი რვა ენა, უბრალოდ ოდესღაც რვა ენას ვსწავლობდი. მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თურმე ჩემი პოსტები მას, დაწესებულების იურისტს შესასწავლად გადაეცემოდა. როდესაც მეგობრებთან მოვყევი ამის შესახებ, არცერთს არ გაკვირვებია და მითხრეს, ნესტან, საჯარო სამსახურებში ჩვეულებრივი ამბავია, თანამშრომელთა პოსტებს დააკვირდნენ და მერე ამის გამო პრობლემა შეუქმნანო.

ჩემი პასუხი ვუაიერისტებისთვის ცალსახად ასეთია: ნეტა რად გვინდა ადამიანებს ის თავისუფალი სივრცე, რომელსაც ინტერნეტი და სოციალური ქსელები გვაძლევს, თუკი მას სათანადოდ, ჭკუით არ გამოვიყენებთ?!

ჩემო მკითხველო, თუკი სოციალურ ქსელში გითვალთვალებენ, თუკი ოთახში კამერას დაგიმონტაჟებენ, თუკი მოსასმენ აპარატს ჩაგიდგამენ, არ უნდა გააპროტესტო? რა თქმა უნდა, შენი პასუხი დადებითი იქნება. მაგრამ ახლა ასე დავსვათ შეკითხვა, ჩემო მკითხველო, თუკი სხვას უთვალთვალებენ უკანონოდ, თუკი მოსასმენ აპარატს ჩაუდგამენ და საძინებელ ოთახში კამერას დაუმონტაჟებენ, უნდა გავაპროტესტოთ თუ არა? პასუხი თქვენთვის მომინდვია, მე ამაზე ჩემი პასუხი უკვე მაქვს და თქვენს ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ…

ერთხელაც დავუბრუნდეთ დავით გაბუნიას რომანს და მერე უკვე დავიშალოთ. ჩემი აზრით, „დაშლა“ ესაა სილა, რომელმაც აგვიწითლა და აგვიწვა ლოყა. სილის გაწვნის უფლება აქვს შემოქმედს. აბა, ვინ, თუ არა მან, უნდა დაგვაფიქროს, რა უსაშველო გვჭირს?! აბა, ვინ უნდა მითხრას, მე, მკითხველს, რომ ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება ცუდია, რომ თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ აზროვნებაშიც და ცხოვრებაშიც: თუკი არ მოგვწონს, როცა უსამართლოდ გვექცევიან, მერე კი არ უნდა წავიშინოთ თავში ხელები, მანამდე უნდა ამოვიღოთ ხმა და გავაპროტესტოთ, როცა სხვას მოექცევიან უსამართლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიქნებით ღირსები, საზოგადოება გვერქვას. მე ეს დავინახე რომანში, მაგრამ მოგვიანებით, კიდევ კარგი გვიან და არა ვერასდროს. მერე კი, იცოცხლეთ, გავბრაზდი საკუთარ თავზე, როცა აღმოვაჩინე, რომ პირველად მეც მომეწონა ნაწარმოების მთავარ პერსონაჟთან ერთად სხვის ფანჯარაში ყურება, მისი მოკავშირე გავხდი, როცა მან სამსახურის შოვნა ან, უფრო სწორად, გამოძალვა გადაწყვიტა მოპოვებული კადრების სანაცვლოდ, გულიც დამწყდა, რომ გარიგება ვერ შედგა…

რომანის კითხვის პროცესში მე არასწორი მხარე დავიჭირე და ამის გამო ახლა ძალიან ვბრაზობ. სანამ დროა, წაიკითხეთ რომანი და დაფიქრდით, ვის მხარეს ხართ თქვენ, ვის მხარეს ხართ ახლა და გადაწყვიტეთ, ვის მხარეს იქნებით, როცა წიგნის ბოლო ფურცელს ჩაამთავრებთ ან, როცა თქვენ ან თქვენს ახლობლებს პრობლემა შეექმნებათ…

მოდით, დავასრულოთ ეს წერილი იმ იმედით, რომ ჩვენს პირობით გუნდს და მის დროებით დაშლას, არმოშლა მოჰყვეს, ოღონდ ეს არმოშლა განა მანკიერი ჩვევების არმოშლა, არამედ ეს არმოშლა დაფიქრების, ანალიზის, კითხვებზე სასწრაფოდ გასაცემი პასუხების ძიების არმოშლა იყოს!

 

„რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი…“

0

იხიბლებოდა სული დიადით,

როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი.

რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი

ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.

 

გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი

 

– შენი პლანეტის ადამიანებს, – მითხრა პატარა უფლისწულმა, – ერთ ბაღში ხუთი ათასი ვარდი აქვთ… მაგრამ მაინც ვერ პოულობენ იმას, რასაც დაეძებენ.

– ვერ პოულობენ… – დავუდასტურე მე.

– ხოლო ის, რასაც ისინი დაეძებენ, შეიძლება ერთადერთ ვარდში ან ერთ ყლუპ წყალში იპოვოს კაცმა.

– მართალია, – ისევ მივუგე მე.

– მაგრამ თვალი ბრმაა. ადამიანი გულით უნდა ხედავდეს…“

 

ე კ ზ ი უ პ ე  რ ი, „პატარა უფლისწული“

 

 

საიდუმლო ინიციატორული ორგანიზაციას Fedeli d Amore, ანუ Fidelés d Amour  -„მიჯნურობის მორწმუნენი“-ს თავისი საიდუმლო ენა ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ძმობის წევრებმა იცოდნენო.  „მიჯნურობის მორწმუნენი“ აღიარებდნენ „ერთადერთი ქალის“ კულტს, რომელიც განასახიერებდა ქალურ საწყისს, სიბრძნეს, სოფიას.

პოეტი გვიდო კავალკანტი იყო ამ საიდუმლო ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. სიყვარული რწმენის წყალობით მის ადეპტებს მოუვლენდა ხსნას და უღვიძებდა სულს „ახალი ცხოვრებისთვის“. დანტე პირდაპირ ამბობს, რომ თუ ტრფობის ობიექტი ქალი მეტრფეს ღირსეულად ჩათვლიდა, მხოლოდ მაშინ მოუვლნდა ხსნას და მისცემდა ახალ ძალას.

ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ასეთი იყო მაგალითად, დანტეს მკვლევარი, Luigi Valli, – „პოეტები, რომლებიც ცხოვრობდნენ განსაკუთრებული მისტიკურ-საიდუმლო ცხოვრებით, მათთვის ხელოვნება არ იყო ხელოვნებისათვის, არც მჭევრმეტყველება – მჭევრმეტყველებისათვის, ისინი თავიანთ სიყვარულის გამოცდილებას მიმართავდნენ მისტიკაზე…“. იულიუს ევოლა აღნიშნავს აგრეთვე, რომ „მიჯნურობის მორწმუნეებს“ ჰქონდათ თავიანთი მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური შეხედულებები; მათი იდეები შენიღბული იყო სასიყვარულო პოეზიით, სინამდვილეში კი ჰქონდათ თავიანთი საიდუმლო დაშიფრული ენა, რომლის მეშვეობითაც ისინი ინფორმაციას იღებდნენ, გადასცემდნენ  და ცვლიდნენ. სასიყვარულო სიმბოლოები და მეტაფორები სულაც არ ემყარებოდა მათ პირად გამოცდილებასო; სიყვარულის ენა იყო ხელოვნური და სიმბოლური, რათა გამოეთქვათ სრულიად სხვა ამბები. მათ პოეზიას ჰქონდა ორმაგი მნიშვნელობა: ერთი, რაზედაც ლაპარაკი  იყო ლექსში და მეორე – საიდუმლო მნიშვნელობა, რომელიც მხოლოდ ძმობის წევრებისთვის იყო გასაგები (იულიუს ევოლა, სქესის მეტაფიზიკა)

ამ მოსაზრებას ბევრი სხვა მკვლევარიც იზიარებდა. მე ეჭვი შემაქვს მათ ასეთ სკეპტიკურ დაკვირვებაში, თითქოს ყველაფერი ძალაუფლებას და პოლიტიკას ემსახურებოდეს (თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური იდეალები „მიჯნურობის მორწმუნეებს“ ჰქონდათ და ცვლილებების გზებსაც ეძებდნენ). თუ საიდუმლო დაშიფრული ენა მხოლოდ ძმობის წევრებს ესმოდათ, მაშინ საუკუნეებით დაშორებულმა მკვლევრებმა როგორ შეძლეს მათი გაშიფვრა? და კიდევ, ადამიანები, რომლებიც ზენაარს და არსს მიელტვოდნენ და ერწყმოდნენ, შეუძლებელია, რომ მათთვის ერთადერთი ღირებული პოლიტიკა ყოფილიყო, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ბევრისთვის სულიერ გზაზე მოპოვებული სულიერი ძალა ძალაუფლების წყაროდაც გადაქცეულა.

კონცეპტუალურ მეტაფორებს, სიმბოლოებს, ნიშნებს ხომ არასდროს არა აქვთ ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული მნიშვნელობები. პირიქით, კონცეპტი იმას ნიშნავს, რომ მას ურთიერთსაპირისპირო სემანტიკის გამოხატვა შეუძლია.

ასეთია ვარდის სიმბოლო-მეტაფორაც. ვარდი ერთდროულად სიკვდილისა და სიცოცლის, სიხარულისა და მწუხარების მეტაფორაა. თვითონ ვარდიც ხომ ეკლებთან ერთად არსებობს? სიცილი და ტირილი ერთადაა… სხვათა შორის, არსებობს ოშოს ერთი მედიტაცია, რომელსაც ეწოდება „მისტიური ვარდი“. ამ მედიტაციაში საინტერესო ისა, რასაც ზემოთ განვიხილავდით: სიცილისა და ტირილის ემოციის გამოვლენა. მედიტაციის მონაწილეები 3 საათის განმავლობაში გამუდმებით იცინიან (7 დღე) და შემდეგ 3 საათის განმავლობაში (ისევ 7 დღე) გამუდმებით ტირიან… რას ემსახურება სიცილ-ტირილი? ადამიანში ჩაგუბებული ემოციების გამოდევნა-გამოთავისუფლებას. ემოციათა ჩაგროვებას თავისი მიზეზები აქვს. უმეტესად საზოგადოებისგან ტაბუირება სიცილ-ტირილის ბუნებრივი გამოვლენისა და სხვა. ასეთი კათარზისის შემდეგ უკვე ხდები „დამკვირვებელი“, მაღალი მთიდან დასცქერი თითქოს ყველაფერს და ემოციებისგან თავისუფალი ხედავ „ნამდვილ ცას“.

ეს მედიტაცია ვარდის ორბუნებოვნებამ გამახსენა. ვარდის ორბუნებოვნება კი მისტიკური საზოგადოების „მიჯნურობის მორწმუნეების“ საქმიანობის განსხვავებულმა აღქმა-ინტერპრეტაციამ.

იმის თქმა მინდა, რომ ერთი რაიმე მოვლენა განსხვავებული პარამეტრებით შეიძლება აღიწეროს იმის მიხედვით, ვინ უყურებს ამ მოვლენას და რა სიღრმეს ხედავს მასში.

ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სიმბოლო, რომელსაც „მიჯნურობის მორწმუნეები“ მიმართავდნენ, სწორედ „ვარდი“ იყო. ვარდი – ეს იყო ინიციაციის სიმბოლო, რომელიც უკავშირდებოდა არსის მიწვდომას, ამაღლებას, გასხივოსნებას. ზემოაღწერილი მედიტაციისა არ იყოს, ცხოვრებაში მიჯნურები გადიოდნენ დაცემას და აღდგენას, სიკვდილს და ხელახალ დაბადებას და მხოლოდ ამ ეტაპების შემდეგ იღებდნენ ისინი ინიციაციას. ისრით განგმირული წყვილების ფეხზე წამოდგომა ანუ ხელახალი დაბადება, სწორედ ვარდით აღინიშნებოდა.

ვფიქრობ, ინიციაციის გზა სიმბოლურად არის გადმოცემული ოშოს მედიტაციაში. ამის მიღწევა მედიტაციით შეუძლებელია, მაგრამ თუ მედიტაციას გავიგებთ, როგორც ინიციაციის რიტუალს, მაშინ გასაგები გახდება ვარდის მისტიკა.

მიჯნურობის ადეპტები ხშირად აღწერენ ვარდს ამ მნიშვნელობით.

დანტე ალიგიერი „ღვთაებრივი კომედიის“ 30-ე ქებაში წერს:

„შიგ ვარდის გულში შემიყვანა მადონამ ჩემმა,

ვარდის ფურცელნი აღაკმევდნენ ნელსურნელებას,

მარადიული გაზაფხულის სადიდებელად“.

33-ე ქებაში კი სინათლეს შერწყმული პოეტი წერს:

„აქ ვჭვრეტდი სუბსტანცს, შემთხვევასა, არსთა რაობას,

ეს ყოველივე ისე იყო ერთად შერწყმული,

რომ აქ ნათქვამი მხოლოდ მკრთალი ჩრდილია მისი“.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „ვარდები“, რომელშიც ერთი სტროფი რუსთაველის „ვარდებს“ ეძღვნება და ვფიქრობ, რომ ამ სტრიქონებში სწორედ ის მისტიკური მნიშვნელობაა, რომელსაც „მიჯნურობის მორწმუნეები“ დებდნენ ვარდის  სახე-სიმბოლოში და სწორედ ამ „ვარდებით“ არის სავსე შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“. საბოლოო აზრი კი ისეთია, როგორიც გალაკტიონის ამ სტრიქონებში:

„იხიბლებოდა სული დიადით,

როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი.

რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი –

ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.“

 

მეტი თვალსაჩინოებისათვის გალაკტიონ ტაბიძის ამ ლექსს მთლიანად გთავაზობთ და ჩვენ კი ამ თემაზე გაგრძელებას გპირდებით.

 

გალაკტიონ ტაბიძე

ვარდები

მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი,

ნაცნობ ბაღისკენ მივემართები,

სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი,

ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები.

 

დე, ჰომიროსის და ჰესიოდეს

ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი,

მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი,

სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი.

 

დაე, მაისის ხატავდეს ხელი

ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს.

რომელი იყო პოეტი წრფელი,

რომ სიყვარულზე არ დაემღეროს?

 

ვარდები იგი ელადის გემმა

დაფანტა, როგორც ძვირფასი ჩრდილი,

როგორც სახება და დიადემა

სილამაზისა და სინამდვილის.

 

რომელი ლხინი იყო უვარდო,

და ან – რომელი დღე საცნაური,

ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს,

რაა უვარდოდ დღესასწაული?

 

სახეთა ფერი და ნეტარება,

ბაგე, თითები თუ ყოფნა მზარდი,

პოეტს ყოველთვის აქვს შედარება:

მაისის ვარდი, სიცოცხლის ვარდი.

 

მარად იზრდება ვარდთან ჭინჭარი,

როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის.

დაე, მოვარდეს სეტყვათა ღვარი,

და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს.

 

ნეტავი ჩემთვის წუთებს არ ეკლოს,

აივნიდან რომ მესვრიან ვარდებს,

ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს…

ოჰ, ამ დღეების სიმღერა მმართებს!

 

ო, სიწმინდეო და სიფაქიზე!

შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი,

როცა მზიანი იყავი ისე,

როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი.

 

და ორნამენტით აკრთობდა დემონს

იმ მშვენიერი წიგნების ძალა,

წიგნთა ყოველთა მაშინდელთ ზემო

ვარდით მორთული ჩნდა თავის ქალა.

 

ბოტიჩელს ვარდთა სწვავდა დღე იგი,

რაფაელს იგი ფარავდა ლხინში,

სადაც ჯიოტო და ვან-დეიკი

და ლეონარდო იყო და-ვინჩი.

 

იხიბლებოდა სული დიადით,

როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი.

რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი –

ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი.

 

ვიგონებ თაღებს, ვიგონებ სვეტებს

და ყვავილებით მოქარგულ ფარდებს,

მაისს, კოლხიდას, ძვირფას პოეტებს

და კათედრასთან მიმოყრილ ვარდებს.

 

 

 

ლიტერატურული კონკურსი “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე,” საუკეთესო ათეული ცნობილია!

0

ლიტერატურული  კონკურსი ქართველი მწერლებისთვის     “საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზე”,    ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო ათეული შერჩეულია!

ვულოცავთ შერჩეულ ავტორებს!  მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს!

შერჩეული ათეულიდან,  სამი გამარჯვებული ავტორი დაჯილდოვდება 3 ოქტომბერს, მასწავლებლის დღის კვირეულის ფარგლებში,  საზეიმო მიღებაზე.

 

 

მუხა

0

დრონი მეფობენ და არა მეფენიო, – უთქვამთ ძველებს. უდავოა – დრო მეფეთა მეფეა, თანაც, სხვათაგან განსხვავებით, უხილავი, ხელშეუხებელი და, რაც მთავარია, უკვდავი. ყველა სხვა მეფე მოკვდავია. მხოლოდ ერთეულები უძლებენ საუკუნეებს, მაგრამ არა მარადისობას, ამიტომ სიცოცხლეში ორი მთავარი საზრუნავი აქვთ: ძალაუფლების განმტკიცება და საუკუნო ხსენების მოპოვება. გვირგვინის მორგების სიამოვნებასაც ალბათ საუკუნო სიცოცხლის წყურვილი ასაზრდოებს. ამიტომაც არის, რომ მის ხელში ჩასაგდებად დიდძალი სისხლიც ხშირად დაღვრილა. ისტორიასაც (ჯერჯერობით) ამ მეფეთა სახელები უფრო ახსოვს, ვიდრე მათი, სისხლისღვრით დაღლილ ეპოქებს შორის, სიმშვიდის ჟამს, უდრტვინველად რომ მოირგეს სამეფო გვირგვინი და ასევე ნეტარებაში გაატარეს მთელი ცხოვრება.

ცხოველთა სამყაროსაც ჰყავს თავისი მეფე – ლომი. მერე რა, რომ ამქვეყნად უფრო დიდი ცხოველებიც არიან, უფრო ძლიერებიც და ალბათ გონიერებიც – ცხოველთა სამყაროში ლომი გავამეფეთ და ასე იქნება, სანამ ჩვენ ასე გვწადია.

მეფე ჰყავს მცენარეთა სამყაროსაც – მუხა. რატომ მაინცდამაინც ის? დედამიწაზე ხომ უფრო დიდი ხეებიც ხარობენ, უფრო მეტხანს რომ უძლებენ დარსა თუ ავდარს, უფრო გემრიელ და სასარგებლო ნაყოფსაც რომ ისხამენ… მაინც მუხაა მეფე. ტყეში, მის სამფლობელოში, მას ყველა ცნობს. უმეტესობა – ნაყოფით, ზოგიც – დაკოჟრილი ზროთი თუ ფოთლის ორიგინალური მოხაზულობით. მუხა დიდია, ზვიადი, დინჯი და დარბაისელი. თვალი ყველას უმალვე მისკენ გაურბის, არადა მის ძირას შესაძლოა ულამაზესი ცირცელი იდგეს ან ია ყვაოდეს ნაზად…

მაინც რით განსხვავდება მუხა თვისტომთაგან? მარტივი ტესტი მისი წვის რეაქციაა. ის წვის დროსაც ისეთივე დარბაისელი და დინჯია, როგორიც სიოსთან ჩურჩულის დროს. ერთბაშად არ აბრიალდება, როგორც ნაძვი, ფიჭვი, წიფელი თუ ნეკერჩხალი; მის ნაკვერჩხალს ოდნავ შესამჩნევი ალმური ასდის, თუმცა ისეთ მცხუნვარებას გამოსცემს, ხელს ახლოს ვერ მიუტან – საუკუნეობით მდუმარედ დგომისას გულში დაგროვილ დარდსა და ვარამს უბრუნებს სამყაროს.

სასკოლო სახელმძღვანელოშიც კი წერია, რომ მცენარეთა საშენი მასალა ცელულოზაა. აქედან, მუხა, ფიჭვი და ბალახი ულეწელა, ერთი შეხედვით, ერთნაირი უნდა იყოს. მაგრამ მცენარის ღერო უფრო რთული რამაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ცელულოზა კრისტალური აღნაგობის ჰეტეროპოლიმერია. მის ამორფულ, არაკრისტალურ ანალოგს კი ჰემიცელულოზა ეწოდება. ცელულოზა და ჰემიცელულოზა მხოლოდ „აგურებია“. ერთმანეთთან შესაკავშირებლად მათ დუღაბი სჭირდებათ. მცენარის სხეულში მის როლს ლიგნინი ასრულებს. მუხა და ფიჭვი სწორედ ამ კომპონენტების (განსაკუთრებით კი ჰემიცელულოზის) ვარიაციებით განსხვავდება. მაგარმერქნიან მცენარეებში ცელულოზის შემცველობა 50%-ს აღწევს, ჰემიცელულოზისა – 23-27%-ს, ხოლო ლიგნინისა – 12-14%-ს. მათი განსაკუთრებული თანაფარდობა მუხას დიდ სიმტკიცესა და ჟამგამძლეობას ანიჭებს. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი ძვლები შესანახად მას მივაბაროთ და როგორმე ცოტა ხნით კიდევ აღვუდგეთ წინ მოლეკულათა და ატომთა დაუსრულებელი წრებრუნვის უზენაეს კანონს.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ღვინის დასაყენებელ-შესანახად ოდითგანვე თიხის ჭურჭელი გამოიყენებოდა, მუხის კასრებს არაერთი ქვეყანა იყენებს იმავე მიზნით. ამის მიზეზი კი მუხის მერქანში შემავალი ნაერთებია.

ერთ-ერთი პირველი ტანინი უნდა ვახსენოთ. სხვადასხვა სახეობის მუხა მას 1-დან 8%-მდე შეიცავს და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვინის დაძველების პროცესში. მეორე მნიშვნელოვანი ნაერთი ლიგნინია, რომელიც დროთა განმავლობაში ულტრაიისფერი სხივებისა თუ სოკოების ზემოქმედებით ნელ ტრანსფორმაციას განიცდის ვანილინში და მუხის ჭურჭლის შიგთავსს სასიამოვნო არომატს და სურნელებას ანიჭებს. მართალია, ცელულოზა თავად არ მონაწილეობს ღვინის ფორმირებაში, მაგრამ მისი დაბალმოლეკულური ანალოგი ჰემიცელულოზა, რომელსაც ხშირად ხის შაქარსაც უწოდებენ, აქტიურად არის ჩართული ღვინის დავარგების პროცესში. მუხის კასრების გამოწვა (150°C-მდე გახურება) იწვევს ჰემიცელულოზის მონოსაქარიდებამდე დაშლას და ამ უკანასკნელთა კარამელიზაციას. უფრო მეტად, მაგალითად, 220°C-მდე გახურებისას კი კარამელიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი მიიღწევა და პროდუქტიც სხვანაირ გემოს იღებს.

 

ცოტა ხნის წინ ლაიფციგში წიგნის დიდი ბაზრობა გაიმართა. ჩვენი ქვეყნიდან არაერთი მწერალი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის ბესიკ ხარანაული ბერმუხასავით იდგა…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...