სამშაბათი, ივნისი 3, 2025
3 ივნისი, სამშაბათი, 2025

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, ანუ შენ

0

თუ არ ვცდები, ოთარ ჭილაძეზე ადრე დავწერე ერთი ბლოგი. მისივე ტექსტის სათაური – „ადამიანი გაზეთის სვეტში“ დავარქვი. სულ, როცა ჭილაძე მახსენდება, მგონია, რომ ეს კაცი ჩვენი კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო და ამაში არაფერია ცუდი, იქნებ პირიქითაც არის. თვითონ პიროვნულად სულ სხვა მოცემულობას მიჰყვებოდა. არ ვიცი, რამდენად სწორად ავხსენი, რის თქმაც მინდოდა. ავტორი კი იყო ასე, თუმცა მისი ტექსტები…

ჰო, მისი ტექსტები ყველა ნაბიჯზე გეწევა, ყველა მოცემულობაში, მომენტში და სამივე დროში გიყვება სხვებზეც, საკუთარ თავზეც; რა ხდებოდა, რა ხდება და რა მოხდება. მგონი ავცდი თემასაც.

“გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ვიღაცამ მაჩუქა. ახლა ვერაფრით ვიხსენებ – ვინ. მერე დიდხანს ჰქონდათ მეგობრებს, ახლობლებს და ვეღარ ჩავიგდე ხელში.

ზღვა რომ მიდის თანდათან, ზღვა რომ შორდება ქალაქს – ეს მახსენდება სულ. რაღა ეგ ადგილიო, ალბათ ბევრს გაუკვირდება. ამბავში რომ აიეტია, მფრინავი ვერძი ოქროსთმიან ბიჭთან ერთად, შავთვალება მამალო, მედეა და ფრიქსე, ჯერ პატარა, უცნაური, მერე კი ავადმყოფი, ისეთი უცნაური ავადმყოფი, რომ კითხულობ და გინდა, შენც დაწვე და უბრალოდ მიაშტერდე ერთ წერტილს ჭერზე. მოეშვა ყველას და ყველაფერს და ფრიქსე კი არა, შენივე თავი გახდე, შენი რეალური წარსული, რომელიც რეალური მომავლისკენ წაგიყვანს. ან იქნებ, როცა შენი თავი გახდები, მერე დროც ქრება.

როგორ იჭრება ვანში, ამ პატარა ქალაქში, სადაც ყველაფერი კარგადაა, უცხო. ცხოვრობს ქალაქი თავისთვის და უცებ ბედია დაინახავს წყალში რაღაცას, რაც მერე ვერძი და ბიჭი აღმოჩნდებიან და აქ უკვე ხვდები, ამ ძალიან დიდი რომანის პირველივე გვერდებზე ხვდები, რომ არაფერი ისე აღარ იქნება, როგორც დასაწყისში იყო; ბახას სარდაფშიც სხვა ამბებს მოჰყვებიან, ვიდრე აქამდე; მალალოსთანაც სხვა ხალხი მივა და სასახლეშიც, უფრო სწორად, სასახლეში მოხდება მთავარი ცვლილებები.

ჭილაძის ამ რომანში ყველაზე საინტერესო კიდევ ის არის, კონკრეტულ მოცემულობაში როცა ავტორს სიახლე შემოაქვს, ან შემოჰყავს ახალი პერსონაჟები. მკითხველი მიჩვეულია ასეთ ცვლილებას, როგორიც ზემოთაც აღვწერე. აქ კიდევ სხვა რამეც ხდება; თითქოს თვითონ ვანი მიდის თავისივე თავისგან, დგება და მიდის ზღვის იქით, სხვა ნაპირზე. ეს განცდა მაშინ მეუფლება, როცა ფრიქსეს შვილები მამასთან ერთად ქალაქს ტოვებენ. განა უკვე ვანში ჩამოდის ვინმე, რომ რამე შეცვალოს. არა. აქ რაღაც ამერიკული რომანების ამბავი უნდა იყოს. ასეთების დიდი მცოდნე არ ვარ, მარა ასე მგონია. ვანში ჩამოდის პერსონაჟი, რომ დაიწყოს ცვლილება, მთავარი ცვლილება – ვანი წავიდეს თვითონ თავისი თავისგან იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. სასწაული რამეა.

მოკლედ, ამ რომანში ყველა მიდის, რომ მერე უკან დაბრუნდეს. თუმცა თავიდან შენ ეს არ იცი. არ ჩანს ამის აუცილებლობა, ამიტომ არ გიყვება მწერალი ამბავს. ყველაზე მთავარი კი, ზღვა მიდის. ზღვა ერთადერთია, რომელიც შორდება ძველ ადგილს და პირველი საწყისისკენ ბრუნდება. თუმცა არ ვიცი, რა არის ეს პირველი საწყისი. ის უბრალოდ მიდის აქედან. გამოდის, ყველა დღე ბედია და თოკს აგრძელებს და ხვდება, რომ ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო, მაგრამ თითქოს არც იმჩნევს. მარტო სველი თოკის სიმძიმე ახვედრებს ჯერ ამას – რაც უფრო შორდება ნაპირი, მით მეტი სიმძიმე აწვება მხრებზე. ის ადგილი თუ გახსოვთ, ფრიქსეს შვილები რომ თხრიან არხს. რა უცნაურია. ერთი დიდი, ძველი, მთავარი წყალი მიდის და შემოდის ახალი, კონკრეტული ვიწრო დინება და ყველაფერს ავსებს. იმ ჭასაც, რომელშიც აიეტის წარსულის მოჩვენებები სხედან და თანდათან ზედაპირს უახლოვდებიან.

ასეთი წიგნები ყოველთვის იმდენს გეუბნებიან, რამდენიმე ათეული ბლოგი რომ არ ეყოფა. იქნება კიდევ ტექსტის მეორე ნაწილზეც, მთელ ტექსტზეც დავწერო, მარა რა კარგია, როცა კითხულობ ამას და ფიქრობ, შენ რომელი შენი ზღვა დაგშორდა, როგორც ადამიანს და რა არხები გაჭერი ახალი დინებების მისაღებად, რა მოჩვენებები უახლოვდებიან შენი ბნელი ჭების ზედაპირებს, რომ უფრო მკვეთრად გაგაგონონ თავიანთი სიტყვები?!.

რაღაც ასეთის თქმაც უნდოდა ჭილაძეს ამ ტექსტით, გარდა იმ გააზრებებისა, რაც არსებობს. დარწმუნებული ვარ, რაღაც ასეთის თქმაც უნდოდა. თავიდან რომ ვთქვი ჩვენი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი-მეთქი, სწორად არ გამომივიდა. უფრო თვითონ გაერიდა ამ მოცემულობას, რომ აღეწერა, როგორ დაიწყო პირველმა არხის გაჭრა ჯერ ალბათ საკუთარ თავში და მერე ამ ტექსტით ჩვენში.

აბა, გვითხარი, ის ჩიტი რას ამბობსო, ეუბნება ტექსტში მენავე აფრასიონს და გეგონება ამ დროს თვითონ ჭილაძე-მენავე გეუბნება მკითხველ-აფრასიონს, ყველაზე მარტივ რამეს, ახსნა ჩიტის ჭიკჭიკი. თან როგორი რთულია და, თუ ჩიტების ენა გესმის, როგორი ადვილი და კარგი.

 

 

გაკვეთილის დრამატურგია

0

გაკვეთილი ისეთივე შემოქმედებითი პროდუქტია, როგორიც ნებისმიერი სხვა რამ, რასაც ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელი ქმნის, რათა სარგებლობა მოუტანოს საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც. სასწავლო პროცესი რთული დინამიკური სისტემაა, რომელსაც მასწავლებლისა და მოსწავლეების მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ურთიერთობა ქმნის. იმისთვის, რომ ეს სისტემა ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი იყოს, მას მუდმივი განახლება სჭირდება. ერთხელ და სამუდამოდ მოცემული არაფერია ამ ქვეყანაზე. არც საგაკვეთილო კომპონენტები. იქ, სადაც ადამიანია, წარმმართველია არა განსაზღვრული ერთმნიშვნელოვანი სტრუქტურა, არამედ მრავალმნიშვნელოვანი შემოქმედებითი შესაძლებლობების დაუსაზღვრავი სივრცე, რომელშიც ყოველივე იცვლება და გარდაიქმნება ეპოქისა და ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად.

საგაკვეთილო პროცესის როგორც ფენომენის ეფექტიანობას სხვადასხვა კომპონენტი განსაზღვრავს. მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია მასწავლებლის ინდივიდუალურობა. პედაგოგს მხოლოდ მუდმივი თვითგანვითარება კი არ ევალება, არამედ ისიც, რომ მოსწავლეებსაც უწყობდეს ხელს განვითარებაში. მას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ხედვა და უნარები, რომლებიც გამოცდილებას მოაქვს; შეეძლოს არა მხოლოდ თვითმოტივირება, არამედ მოსწავლეთა მოტივაციის ამამაღლებელი მეთოდებისა და ხერხების მოძიებაც დროისა და გარემო პირობების შესაბამისად.

უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საგაკვეთილო დრამატურგიისა დაკავშირებულია იმ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროსთან, რომელსაც პედაგოგი ქმნის. მოსწავლეც და მასწავლებელიც თანაბრად უნდა გრძნობდნენ თავს დაცულად. გაკვეთილი უნდა იყოს ერთგვარი კომფორტული სივრცე, რომელიც მათ პროფესიული და სულიერი ზრდის შესაძლებლობას მისცემს. პატივისცემა და აღიარება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ჯერ მასწავლებელმა უნდა დაინახოს თითოეულ მოსწავლეში პიროვნება თავისი უნიკალური მონაცემებითა და მიდრეკილებებით, რათა მოსწავლეებსაც გაუჩნდეთ გარშემო მყოფთა მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, ეს კი ხელს შეუწყობს საგაკვეთილო ამოცანების წარმატებით შესრულებას.

საგაკვეთილო დრამატურგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასწავლო მეთოდებისა და ხერხების ერთობლიობაა. მიზნის შესაბამისად შერჩეული მეთოდები ადეკვატურ გამოძახილს პოვებს და ხელს უწყობს მიზნის მიღწევას. ხშირად პედაგოგი სიღრმისეულად ვერ აცნობიერებს ამა თუ იმ სასწავლო მეთოდისა თუ ხერხის შესაძლებლობებს და არაადეკვატურად იყენებს მათ. არადა, ჯერ კარგად რომ გაეაზრებინა ცალკეული მეთოდის თავისებურებები, უკეთესად მოახერხებდა მის გამოყენებას თამამი შემოქმედებითი ვარიაციებისა და მოდიფიცირების გზით.

საგაკვეთილო დრამატურგიას დინამიკასა და ექსპრესიულობას მატებს სხვადასხვა რესურსი, რომლებსაც ხან მასწავლებელი ქმნის, ხან – მოსწავლე. განსხვავებული, დროისა და ვითარების შესაბამისი რესურსის მოძიება და შექმნა მასწავლებლისა და მოსწავლეების შემოქმედებით პოტენციალს ზრდის. ამაზე ყოველთვის ზრუნავდნენ მასწავლებლები თუ აღმზრდელები – რომ ცხოვრებისეული, ვიზუალური, თვალსაჩინო მასალა სასწავლო მიზნისთვის გამოეყენებინათ. გავიხსენოთ, როგორ აქცია ჭკვიანმა, გონებამახვილმა, მოქნილი აზროვნების მქონე სრულიად უბრალო მასწავლებელმა ბავშვის უნებლიე დანაშაული საგაკვეთილო დრამატურგიის ბუნებრივ, თითქოს წინასწარ დაგეგმილ შესანიშნავ რესურსად. ვგულისხმობ აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ იმ ეპიზოდებს, რომლებშიც მწერალი პედაგოგთა განსხვავებულ სახეებს ქმნის. ერთ შესვენებაზე მოშივებულმა პატარა აკაკიმ შინ შეირბინა და ჯიბეში ცხელი მჭადით შევიდა გაკვეთილზე. მასწავლებელმა დაგვიანებულებთან დააყენა, მჭადიც გამოართვა და მაგიდაზე დადო. სწორედ ამ დროს კლასში ზედამხედველი შემოვიდა. მასწავლებელი არ დაიბნა და „სამხილი“, რომელიც მოსწავლის სასტიკი დასჯისთვის, გაროზგვისთვის, წყალგაუვალი დასტური იყო, შემეცნებითი პროცესის ნაწილად აქცია. გავიხსენოთ ეს მშვენიერი ეპიზოდი, დღემდე რომ არ დაუკარგავს აქტუალობა. ის კიდევ ერთხელ შეახსენებს პედაგოგებს, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.

აკაკი წერეთელი გვიამბობს:

„ინსპექტორმა, მართლაც, მჭადს მოჰკრა თვალი თუ არა, დაიღრიალა:

– ამ მჭადს რა უნდა აქ, ვინ მოიტანაო!..

ერთი მოწაფე, რომელიც ხშირად მექიშპებოდა ხოლმე, წამოხტა ზეზე და მოახსენა: წერეთელს ამოუღეს ჯიბიდანაო.

– რათ მოგიტანიაო?! – მკითხა მრისხანედ. მე ენა ჩამივარდა, მაგრამ მასწავლებელმა მოახსენა, ახლავ გაიგებთო და მკითხა:

– ეს რა არისო?

– მჭადი-მეთქი, – ვუპასუხე კნავილით.

– რისგან კეთდება?

– სიმინდისაგან.

– როდის სთესენ სიმინდს? რანაირად იზრდება? როგორ მუშაობენ? როდის აკეთებენ მჭადს, – და სხვანი. ესენი ყველაფერი გამომკითხა და მეც პასუხს ვაძლევდი. რამდენიმე წუთს მკითხავდა და ბოლოს სთქვა: – კარგიო! ხვალ ნუ დაგავიწყდება ბრინჯის მოტანა, ხვალ იმის შესახებ ვილაპარაკოთო. ინსპექტორმა იფიქრა, აქ სწორედ მასწავლებლის სურვილით მოუტანიათ მჭადიო და გავიდა კლასიდან ხმაამოუღებლად“ („ჩემი თავგადასავალი“).

ამ უცებ მოფიქრებული მახვილგონივრული ხრიკით მასწავლებელმა სამმაგი შედეგი მიიღო: ჯერ ერთი, მჭადი ორიგინალურ სასწავლო რესურსად აქცია, მეორე – ზედამხედველის თვალწინ მოსწავლეს ცოდნის გამომჟღავნების საშუალება მისცა, მესამე – ეს ამბავი სულიერ-აღმზრდელობითი ფუნქციითაც გამოიყენა: „მასწავლებელმა მაბეზღარი მოწაფე გაიხმო და ჰკითხა: შენ არა გაქვს რა ჯიბეშიო? გაუსინჯა და კოჭი უნახა. – ეს რა არისო? ეს ხომ სათამაშოა, რომელიც კლასში სრულიად გამოუსადეგარია და შენ კი ჯიბეში გიძევსო!.. წერეთელმა მჭადი მიტომ მოიტანა, რომ შიოდა და შეჭმა ვეღარ მოასწრო და შენ კი სათამაშოდ დაბრძანდები! კარგი, გაჩერდი მაგრე კლასის გამოსვლამდე! მე მაგ კოჭით წარგადგენ ინსპექტორთანო. იმ მოწაფეს ფერი ეცვალა და ატირდა. კლასი რომ გათავდა, მიუბრუნდა მტირალს და უთხრა: კარგი, ახლა კი მიპატიებია, მაგრამ შემდეგ კი ფრთხილად იყავი, რაც შენთვის არ გინდა, იმას ნურც სხვას უზამო!“

ასეთი ინციდენტები ყოველდღიურობის თანმდევია. ეპოქები იცვლება, მაგრამ ადამიანები თავიანთი სულიერ-მატერიალური მისწრაფებებით იგივენი რჩებიან. ყველა ადამიანი მიისწრაფვის ბედნიერებისაკენ, რომელსაც ფორმულა არ გააჩნია. მოსწავლეები გაკვეთილებზეც იძერწებიან პიროვნებებად, ამიტომ მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მასაც აკისრია თავისი წილი პასუხისმგებლობა „ადამიანად ქცევის“ ამ რთულ პროცესში.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი უნდა იქცეს იმ განზომილებად, რომელშიც ყველა სათავისო ბედნიერებას მიაგნებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გაკვეთილის დრამატურგიულ ველში ყველა მოსწავლემ აირჩიოს თავისი როლი. თანაც ეს როლი მუდმივად უნდა იცვლებოდეს. თამაშისკენ ბუნებრივი მიდრეკილება მასწავლებელმა სწავლებისთვის უნდა გამოიყენოს. მან მუდმივად უნდა აკონტროლოს საკუთარი ქცევა, გამოთქმები, შეხედულებები, რათა ერთ მშვენიერ დღეს იარლიყების, შაბლონებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში არ აღმოჩნდეს, საიდან თავის დაღწევასაც დიდი ძალისხმევა, ნებისყოფა და ენერგია სჭირდება.

სასწავლო მეთოდების არჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს:

  • საგაკვეთილო პროცესისთვის დაგეგმილი მიზნები;
  • კონკრეტული სასწავლო დისციპლინის თავისებურებანი;
  • მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებანი;
  • მოსწავლეთა თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა;
  • სასწავლო რესურსები და სხვ.

ყველა მეთოდი და სტრატეგია მასწავლებელმა იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ კრიტიკული, შემოქმედებითი, დამოუკიდებელი აზროვნების უნარები.

ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის პროცესი პედაგოგმა სხვადასხვა გზით შეიძლება წარმართოს, მათ შორის – გამოიყენოს ახსნის, ილუსტრირების მეთოდები, მაგრამ ყოველთვის ცდილობდეს, რომ ნებისმიერი პრობლემა მრავალმხრივ, განსხვავებული თვალთახედვით გააანალიზოს, რათა მოსწავლისთვის ეს ცხოვრებისეულ გამოცდილებადაც იქცეს. ნებისმიერ საგანში მიღებული ცოდნა, საბოლოო ჯამში, იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მოსწავლე ინტელექტუალურ-ემოციურად გამდიდრდეს, ჩამოუყალიბდეს სამყაროს როგორც ერთიანი სისტემის ესთეტიკური ხედვა, შესაბამისად, გაუჩნდეს მისი გაფრთხილების სურვილი და პასუხისმგებლობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ღია, გლობალურ საურთიერთობო სივრცეში, რომელშიც ადამიანმა თანაბრად უნდა გააცნობიეროს როგორც „მეს“, ასევე „ჩვენის“ პიროვნულ-ეროვნული იდენტობის საზღვრები.

გაკვეთილი-საუბარი როგორც კომუნიკაციური კომპეტენციის ფორმირების საშუალება

0

ცოდნის გადაცემასა და ძირითადი სასწავლო დისციპლინების სწავლებასთან ერთად ეროვნული სასწავლო გეგმა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას. ისინი სასწავლო მიზნების მიღწევაშიც ეხმარება მოსწავლეს და სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასაც უწყობს ხელს, ამ გზით კი იქმნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდის ცოდნით შეიარაღებას, თვითრეალიზებასა და სათანადო ადგილის დამკვიდრებას თანამედროვე სამყაროში.

პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისტორიის სწავლების დროსაც. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარება, რადგან ის პიროვნული პოტენციალის განახლება-განვითარების, გადაწყვეტილებების მიღების, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივების, უწყვეტი განათლების პროცესში ჩართულობის მნიშვნელოვანი პირობაა.

კომუნიკაციური კომპეტენცია ძირითადად საუბრის, დიალოგის გზით ყალიბდება, ამიტომ საუბრისა და დიალოგის ორგანიზაცია ისტორიის გაკვეთილის აუცილებელი ატრიბუტია. აქ გაკვეთილი-საუბარი განიხილება არა უბრალოდ როგორც პედაგოგიური მეთოდი და ფორმა, არამედ როგორც ურთიერთობის უნივერსალური საშუალება, შემოქმედებითი ურთიერთობის ფორმა მასწავლებელსა და სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეებს შორის. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს ისტორიული ცოდნის რაოდენობას, მთავარი საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება, პოზიციის არგუმენტირება, ჯგუფელების პასუხების შეფასება და თვითშეფასებაა. გაკვეთილი-საუბრის დროს, კომუნიკაციური კომპეტენციის ფორმირებასთან ერთად, აქტიურდება მოსწავლეთა შემეცნებითი, ანალიტიკური და განმაზოგადებელი უნარებიც, ხდება მასალის უკეთესად გააზრება და ისტორიული ცოდნის გაღრმავება-გაფართოება.

გაკვეთილი-საუბარი ძირითადად მოიცავს სამ კომპონენტს: ) პრობლემის დასმას; ) პრობლემის გადაჭრას, ახსნას, განხილვას და ) პრობლემიდან სწორი გამოსავლის პოვნას, რაც თვითრეალიზაციის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს (თუმცა ევრისტიული საუბრით მიზნის მიღწევა – შემეცნების გზით პრობლემის არსის დანახვა – მთლიანად მასწავლებლის ოსტატობაზეა დამოკიდებული).

 

გაკვეთილი-საუბარი, როგორც წესი, გაკვეთილის დაწყებისთანავე იწყება. ამ დროს შესავალი-საუბარი ერთგვარი კითხვა-პასუხია, რომლის მიზანია, მოსწავლეებს განამტკიცებინოს მასალა არსებული ცოდნის მობილიზების, სისტემატიზაციისა და განზოგადების გზით. საუბარი საშუალებას გვაძლევს, დაისვას დიაგნოსტიკური კითხვებიც, რომელთა მეშვეობითაც მეტ–ნაკლებად ზუსტად დავადგენთ მოსწავლეთა ცოდნის დონეს და ახალი მასალის მიღებისთვის მზაობას.

გაკვეთილი-საუბარი დიდ ინტერესს იწვევს რთული თემების შესწავლის დროსაც, რადგან მოსწავლეთა მოტივაცია ამ დროს გაცილებით მაღალია:

* ახალი მასალის ახსნისას მოსწავლეები და მასწავლებელი თანამშრომლობენ, მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ეძებენ ასოციაციებს დასახელებულ თემაზე, სვამენ მათთვის სანტერესო კითხვებს, გამოაქვთ დასკვნები, მათი არც ერთი რეპლიკა არ რჩება უპასუხოდ. ამდენად, ასეთი საუბარი ამტკიცებს პედაგოგიური ურთიერთობის ფორმებს, ავლენს ყველა ორგანიზაციული საკითხის დადებით თუ ნაკლოვან მხარეებს;

* სასურველია, დიალოგი/საუბარი ძალადაუტანებლად წარიმართოს იმ კითხვების საფუძველზე, რომლებიც მოსწავლეს აინტერესებს.

 

ისტორიის გაკვეთილზე სასწავლო საუბარი-დიალოგის ძირითადი ფორმებია:

  • მასწავლებელი – მოსწავლე;
  • მოსწავლე – მოსწავლე;

სასკოლო პრაქტიკაში გაკვეთილი-საუბრის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მასწავლებელი-მოსწავლე, რომლის დროსაც აქტიურდება ცოდნაც და ადვილდება ცოდნის გადმოცემა და შემოწმებაც.

რით განსხვავდება გაკვეთილი-საუბარი ტრადიციული გაკვეთილისგან?

 

ტრადიციული გაკვეთილისა და გაკვეთილი-საუბრის ალგორითმი:

 

კრიტერიუმი ტრადიციული გაკვეთილი გაკვეთილი-საუბარი
მასწავლებლის როლი გაკვეთილის მთავარი წარმმართველი გაკვეთილის მიმართულების მიმცემი
მოსწავლის როლი არ არის მთავარი მონაწილე გაკვეთილის მთავარი მონაწილეა
ურთიერთობის ფორმა ძირითადად ავტორიტარული დემოკრატიული (მასწავლებელი „მოკავშირეა“)
სწავლების მეთოდები ძირითადი ფორმაა მონოლოგი (მასწავლებლის ახსნა-განმარტება, თხრობითი სტილი და ა.შ.) არსებითი ფორმაა დიალოგი-საუბარი (დისკუსია, როლური თამაში და სხვ.)

 

გაკვეთილის ეფექტიანობა ყოველთვის არ არის ეფექტიანი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და წარმატებული შედეგებით
ურთიერთობის ფორმა: მასწავლებელი-მოსწავლე ოფიციალური თანამშრომლობითი, ეფუძნება კონსტრუქტივიზმს
სწავლის მოტივაცია კარგი შეფასების მიღება, რაც ძნელად მისაღწევია შემოქმედებითი და ინტელექტუალური ზრდა, მაღალი ინტერესი

 

 

გაკვეთილი-საუბრის პრაქტიკული მაგალითი:

თემა: ძველი ეგვიპტე

კლასი: VII

განსავითარებელი უნარები: კომუნიკაციური, თანამშრომლობითი, ინფორმაციის ტრანსფორმაციის, ლოგიკური აზროვნების

გაკვეთილის მიზანი:

  • გააცნოს მოსწავლეებს ძველი ეგვიპტის გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური პირობები;
  • განუვითაროს რუკასთან, ისტორულ წყაროებთან, ისტორიულ ტექსტთან, სახელმძღვანელოსთან მუშაობის უნარები;
  • ხელი შეუწყოს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ფორმირებას;
  • მოსწავლეებმა თავად დაუსვან კითხვები ტექსტს;
  • ლოგიკურად და სწორად გადმოსცენ ინფორმაცია, განუვითარდეთ განზოგადების უნარები;
  • განუვითარდეთ მეტყველების კულტურა.

ძირთადი რესურსები: ისტორიის სახელმძღვანელო და სასწავლო რუკა „ძველი შუამდინარეთი“ (ან მსოფლიოს ფიზიკური რუკა)

გაკვეთილის ტიპი: ახალი მასალის ახსნის გაკვეთილი

გაკვეთილის ფორმა: გაკვეთილი-საუბარი

გაკვეთილის გეგმა: ა) ორგანიზაციული ნაწილი; ბ) თემის აქტუალიზაცია; გ) მიზნის ერთობლივად განსაზღვრა; დ) ახალი მასალის შესწავლა; ე) ცოდნის განმტკიცება; ვ) რეფლექსია

 

გაკვეთილის ძირითადი დეტალები:

 

N1 – მასწავლებლის საქმიანობა: თემის აქტუალიზაცია: რა თემაზე ვსაუბრობთ დღეს? რა იცით ეგვიტპის შესახებ? მოსწავლეთა საქმიანობა/პასუხები: იქ პაპირუსებია; ფარაონებია; პირამიდებია; მუმიებია, – და ა.შ.

 

N2 – მასწავლებლის საქმიანობა: მიზნის ერთობლივად დასახვა: რისი გაგება გინდათ ეგვიპტის შესახებ? რას შეისწავლიდით მის შესახებ? მოსწავლეთა საქმიანობა: სად მდებარეობდა ძელი ეგვიპტე? პაპირუსი რისგან კეთდებოდა? ფარაონები ვინ იყვნენ? რა საქმიანობას ეწეოდნენ ეგვიპტელები? როგორი ბუნება იყო? – და ა.შ.

 

N3 – მასწავლებლის საქმიანობა: ახალი მასალის შესწავლაზე გადასვლა: საიდან იციან მეცნიერებმა წარსულის ამბები? როგორ შეისწავლიან მათ? მოსწავლეთა საქმიანობა: ისტორიული წყაროების გაცნობა.

 

N4 – მასწავლებლის საქმიანობა: ისტორიული წყაროების შესწავლის ორგანიზება; მოსწავლეთა საქმიანობა: წყაროებზე მუშაობა წყვილებში. მოსწავლეები ერთმანეთს ეკითხებიან წყაროს ტექსტის შესახებ.

 

N5 – მასწავლებლის საქმიანობა: ეგვიპტის ადგილმდებარეობის გაცნობა, კლასთან საუბარი; მოსწავლეთა საქმიანობა: რუკასთან მუშაობა. ნილოსი და მის ნაპირზე არსებული ქალაქების გაცნობა.

 

N6 – მასწავლებლის საქმიანობა: ეგვიპტის შესახებ ისტორიულ წყაროებზე მუშაობა ეგვიპტის კლიმატისა და ბუნებრივი პირობების შესახებ. წყროს ტექსტის მიხედვით კითხვების მომზადება; მოსწავლეთა საქმიანობა: წყაროზე მუშაობა: ა) ტექსტის გაცნობა; ბ) ყოველ ნაწყვეტში ძირითადი სიტყვის პოვნა; გ) ტექსტისთვის კითხვის დასმა; დ) ძირითადი დასკვნების ამოწერა რვეულებში.

 

N7 – მასწავლებლის საქმიანობა: დოკუმენტის შესახებ საუბრის ორგანიზება; მოსწავლეთა საქმიანობა: მოსწავლეები სწავლობენ კითხვების დასმას და მათზე პასუხის მოძიებას: ეგვიპტის ბუნება არსებით გავლენას ახდენდა ეგვიპტელების ცხოვრებაზე.

 

N8 – მასწავლებლის საქმიანობა: რატომ ჩამოყალიბდა ეგვიპტე ერთიან სახელმწიფოდ? (იმისთვის, რომ ამ კითხვას უპასუხონ, მოსწავლეები უსმენენ მასწავლებელს, რომელიც საუბრობს ეგვიპტის გაერთიანების პირობებზე); მოსწავლეთა საქმიანობა: შედეგები: ა) სამეურნეო ცხოვრების მოთხოვნილებებმა ეგვიპტე გააერთიანა; ბ) უფრო სუსტი დაემორჩილა ძლიერ სახელმწიფოს; გ) ეგვიპტის მმართველობა; დ) საბოლოოდ ძვ.წ. III ათასწლეულში ეგვიპტის ერთიან სახელმწიფოდ ფორმირება დასრულდა.

 

N9 – მასწავლებლის საქმიანობა: განმტკიცება: რატომ უწოდა ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ ეგვიპტეს „ნილოსის ნობათი“? (სად მდებარეობდა ეგვიპტე? რომელი მდინარე ჩამოედინებოდა ეგვიპტეში? საიდან მოედინება ნილოსი? რა ხდებოდა წყალდიდობისას? და ა.შ.); მოსწავლეთა საქმიანობა: მდინარე ნილოსი ანოყიერებდა დაბლობს, რაც მიწათმოქმედებას და მოსავლიანობის ზრდას უწყობდა ხელს, სამეურნეო ძლიერება კი სახელმწიფოს ძლიერების საწინდარი იყო.

 

N10 – მასწავლებლის საქმიანობა: რეფლექსია: იმუშავეთ წყვილებში და გაუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. რამე ხომ არ დარჩა გაუგებარი? რამ დაგაინტერესათ ყველაზე მეტად? მოსწავლეთა საქმიანობა: შთაბეჭდილებების გაზიარება.

 

კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი-საუბარი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა მიერ ისტორიულ ცნებათა გაგების გამოსავლენად და მათი აზროვნების გასააქტიურებლად, არსებული ცოდნის მობილიზაციისთვის და ახალი მასალის გასაანალიზებლად. ის სოციალურად ზრდის მოსწავლეს, კარგ მსმენელად და აქტიურ პიროვნებად აყალიბებს, უვითარებს ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევის უნარს და პიროვნული სრულყოფის გზაზე წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება, ამიტომ ამ ტიპის გაკვეთილები ეფექტიანი და სასარგებლოა.

 

 

 

სასვენი ნიშნების დღე

0

სასვენი ნიშნების მნიშვნელობაზე რომ ვესაუბრები ბავშვებს, ფილოლოგებში გავრცელებული  ლეგენდით ვიწყებ ხოლმე, თუ როგორ გადაარჩინა  ერთმა მძიმემ  ადამიანის სიცოცხლე. ერთ ჩინოვნიკს ბრძანების დაწერისას მძიმის ადგილი შეშლია და დასახვრეტად გამზადებული ადამიანი გაუთავისუფლებიათ. ფრაზის ,, დაიხვრიტოს, დაუშვებელია ეპატიოს!“  მაგიერ დაუწერია: ,, დაიხვრიტოს დაუშვებელია, ეპატიოს!“

ეს ლეგენდაც ძალიან მოსწონთ და სხვა პატარ- პატარა სასვენ ნიშნებთან დაკავშირებული სახალისო ხრიკებიც, მაგრამ სასვენი ნიშნების დასმისა რა მოგახსენოთ. იმასაც დავაკვირდი, მხოლოდ არცოდნის ბრალი არაა, ვინც იცის, იმასაც ეზარება ხოლმე სასვენი ნიშნების დასმა.

ერთხელაც გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლეებისთვის დამეწესებინა სასვენი ნიშნების დღე. მე თვითონ  ისე აღვფრთოვანდი ამ იდეით და ისეთი რიხითა და ზარზეიმით გამოვუცხადე კლასში შესულმა, რომ ისღა დარჩენოდათ, ტაშის კვრით მიეღოთ ეს ახალი წინადადება და საკუთარი დაბადების დღეების აღნიშვნაზე ნაკლებად არ გახარებოდათ. მით უმეტეს, რომ ეს დღე სხვა მნიშვნელოვანი თარიღებივით წელიწადში ერთხელ კი არ იქნებოდა, არამედ თვეში ერთხელ!

პირველი დღე ვახტანგ ჯავახაძეზე საუბრით და მისი საოცარი ლექსით დავიწყე:

ქება სასვენი ნიშნებისა

მე ვადიდებ სასვენ ნიშნებს, ვიცი მათი ფასი

წერტილიდან წერტილამდე ძლივს მიმქონდა აზრი.

არასოდეს არ ვკარგავდი კითხვის ნიშნის იმედს

და ბოროტად არასოდეს ვიყენებდი მძიმეს.

ზოგჯერ,

როცა სიტყვის შემდეგ ვერ დავწერდი წერტილს

და მძიმესაც ვერ დავწერდი, წერტილმძიმეს ვწერდი.

როცა რითმებს ვდარაჯობდი, როგორც მონადირე,

მწევრებივით მაქეზებდნენ დეფიზი და ტირე.

ხშირად, როცა არ მწყალობდა შთაგონების ღმერთი,

ბეწვზე გადავურჩენივარ ერთგულ მრავალწერტილს,

ხოლო როცა დადგებოდა ჟამი ყიჟინისა,

ხან ორ წერტილს მოვუხმობდი,

ხანძახილის ნიშანს

ისევ ვწყალობ ნაცნობ ნიშნებს, როგორც მეცენატი,

თუმცა ზოგან სასვენ ნიშნებს აღარ სცემენ პატივს.

გრძნობის დილეგს უწოდებენ და ვნებათა კარცერს,

ზოგი ზოგჯერ გაიხსენებს, ზოგი სულაც არ წერს.

მე კი ისევ ერთგული ვარ ძველი მონაპოვრის:

სიტყვებს ვეძებ, რომ ჩავწერო სასვენ ნიშნებს შორის.

 

ვახტანგ ჯავახაძე

რადგანაც ჯავახაძე არაჩვეულებრივი პოეტია, დასაწყისი იყო უეფექტურესი და მონუსხულები ელოდნენ, როგორი იქნებოდა გაგრძელება.

გაგრძელება კი ყველა კლასისთვის სხვადასხვანაირი იყო: მერვეებს – გალაკტიონის ,,რომელი საათია“ წავუკითხე და მისი უსასვენნიშნებო ვარიანტი დავუდე წინ, მეშვიდეებს- მურმან ლებანიძის ,,შეჩერდი, მოასწარ!“. მეორეჯერ წაკითხვის პარალელურად სასვენი ნიშნები უნდა დაესვათ ორივე ლექსში. მერე ერთად შევასწორეთ ნამუშევრები და სათითაოდ ახსნეს.  რომელი სასვენი ნიშანი რატომ დასვეს. მე კი ავუხსენი, რომელიც არ დასვეს, რატომ უნდა დაესვათ.

პატარებთან ( მე-5 კლასთან) სხვაგვარად იყო. მანანა ტონიას ინტერნეტში მოძიებული ლექსი ,,სასვენი ნიშნები“ (https://www.facebook.com/SabavshvoLeksebi/photos/a.573482559369651.1073741828.554856601232247/983522685032301/?type=1&theater ) დავუდე წინ. წყვილებში სამუშაოდ დავალებებიც მივაყოლე ორ ეტაპად: 1) განვიხილოთ ლექსი და მასში ასახული სასვენ ნიშანთა გამოყენების წესები მივუწეროთ გვერდით. დავნომროთ თითოეული წესი.

2) ლექსში მოცემული თითოეული წესის გამოყენებით შევადგინოთ წინადადება.

ლექსად დაწერილი წესები მოეწონათ. დავალებები საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ თავი მაინც გაართვეს.

ის დღე იყო და ის დღე, ყოველი თვის ბოლოს ყველა კლასში დიდი ამბით ელოდებიან ხოლმე ,,სასვენი ნიშნების დღეს“, წინასწარ მაფრთხილებენ, რომ თვის ბოლო ახლოვდება. ზარმაცები თავიანთ სასარგებლოდაც კი იყენებენ ამ დღეს, სასვენი ნიშნების დღე მეგონა და დავალება აღარ დავწერეო. ასეა თუ ისე, გვიხარია ამ დღის აღნიშვნა. ჩემი მთავარი პრინციპია, რომ თითოეული ეს დღე ლიტერატურასაც მჭიდროდ უკავშირდებოდეს.

ამიტომაც შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძისა და მისი არაჩვეულებრივი,,ბებრების“ ჯერი დადგა. ჯერ წავიკითხეთ ეს მინიატურა, ვიმსჯელეთ ემოციებზე და მწერლის განსხვავებულ, ლაკონიურ სტილზე. მერე დავურიგე ტექსტი, რომელშიც მხოლოდ 6 სასვენი ნიშანი იყო გამოტოვებული, ხოლო 4 არასწორად იყო დასმული. ნამუშევრების ანალიზის შემდეგ ორი გენიალური მსახიობის, სანდრო ჟორჟოლიანისა და სესილია თაყაიშვილის, მონაწილეობით ,,ბებრების“ სატელევიზიო დადგმასაც ვუყურეთ და კმაყოფილები „დავიშალეთ“.

შემდეგი თვე იგავებისა აღმოჩნდა. დავყავი ჯგუფებად, დავურიგე მცირე მოცულობის იგავი- მინიატურები ( გია მურღულიას წიგნიდან ,,სიბრძნე მინიატურებში“. ბევრი მათგანი ინტერნეტშიცაა განთავსებული), რომლებშიც ბოლო ფრაზა ( იგავის მორალის განმსაზღვრელი) არ ჩანდა და თვითონ უნდა ამოეცნოთ და ტექსტი დაესრულებინათ. ძალიან საინტერესო ვერსიები გამოუვიდათ.

მაგალითისთვის აი, ეს იგავი: ყველაზე შეუცნობელი

ერთი კაცი ცოლ-შვილთან ერთად უდაბნოში მიდიოდა. წყურვილით გატანჯულებმა ჭა დაინახეს და მისკენ გაემართნენ, მაგრამ კაცს შინაგანმა ხმამ უთხრა, რომ წყალი ამ ჭაში მოწამლული იყო. მან ამას ყურადღება არ მიაქცია და ცოლ-შვილს წყალი მიაწოდა. როდესაც ის უკვე თავადაც აპირებდა დალევას, დაინახა, რომ მისი უახლოესი ადამიანები სასიკვდილოდ იკრუნჩხებოდნენ. კაცმა ღმერთს შესთხოვა:
– ღმერთო, გადამირჩინე ჩემი ოჯახი! წყურვილი იმდენად ძლიერი
აღმოჩნდა, რომ ყურად არ ვიღე შენი გაფრთხილება.
– დაგიბრუნებ შენს ახლობლებს, – უთხრა ღმერთმა, – თუ ერთ კითხვაზე მიპასუხებ. რა არის ადამიანში ყველაზე შეუცნობელი?

კაცმა დიდხანს იფიქრა – ეშინოდა, ვაითუ არასწორად ვუპასუხოო და ბოლოს გაბედა:
– ყველაზე შეუცნობელი ადამიანში ის არის, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე სხვების სიკვდილს ხედავს, მაგრამ ისე ცხოვრობს, თითქოს თვითონ არასდროს მოკვდება.
და ღმერთმა მას ცოლ-შვილი დაუბრუნა.
(გია მურღულია)

ხაზგასმული ფრაზა გაშავებული იყო და თვითონ უნდა შეევსოთ ტექსტი.

თავიდანვე არ მითქვამს, რომ ტექსტში რამდენიმე მძიმე იყო გამორჩენილი, მაინტერესებდა, თვითონ თუ შეამჩნევდნენ. ზოგიერთმა შეამჩნია კიდეც, დანარჩენებს იგავის ანალიზის მერე დავავალე, რომ ეპოვათ კონკრეტული რაოდენობის გამორჩენილი მძიმე. ზოგი იპოვეს, ზოგი ჭია – მაიამ აპოვნინა, გაკვეთილის დასრულებამდე დამატებით 1-2 იგავის წაკითხვაც მოვასწარით.

შემდეგი დღეები უფრო თამაშებსა და ხატვას დავუთმეთ.

თამაში N1 – ჯგუფებში ვანაწილებ სასვენ ნიშნებს და მათი გამოყენების წესებს. კითხულობენ, განიხილავენ და უნდა ეცადონ, ყველა წესი გამოხატონ გრაფიკულად, ნახატით. სხვა ჯგუფის წევრებმა უნდა გამოიცნონ, რომელი წესია გადმოცემული ნახატით.

თამაში N2 – იყოფიან ჯგუფებად, ჯგუფიდან გამოდის ერთი, იღებს რომელიმე სასვენი ნიშნის წესს და ცდილობს, მუნჯურად აუხსნას თავისი გუნდის წევრებს, თუ მუნჯურად ვერ გამოიცნობენ, მერე დახატოს რაიმე მიმანიშნებელი, ხოლო თუ ასეც ვერ გამოიცნეს, ეძლევა 2 სიტყვის თქმის უფლება. თითოეულ გუნდს ქულა ეწერება.

ორივე შემთხვევაში, შემაჯამებლად წერენ წინადადებებს, რომლებშიც მათ მიერ შერჩეულ რამდენიმე წესს გამოიყენებენ.

შემდეგი აქტივობა ტიპური „წრეზე წერა“ იყო. ბავშვები ჯგუფში სხდებიან წრეზე, წერენ ერთ თხზულებას მასწავლებლის შერჩეულ თემაზე, 2-2 წუთიანი შუალედებით. იწყებს ჯერ ერთი, 2 წუთის მერე განაგრძობს მეორე, ჯერ სხვის ნაწერს გადაიკითხავს და მერე ლოგიკურად განაგრძობს დაწყებული თხზულების წერას. ასე იქცევა წრის თითოეული წევრი, სანამ ნაწერი დამწყებ მოთამაშეს არ დაუბრუნდება. აქ განსხვავებული მხოლოდ ის იყო, რომ შეფასების კრიტერიუმებში ყველაზე დიდი ქულა პუნქტუაციას მივანიჭეთ ( განსაკუთრებული ყურადღება სასვენი ნიშნებისთვის უნდა მიექციათ), თუმცა ქულა ეწერებოდათ იმაშიც, თუ რამდენად გამართული და საინტერესო იყო თხზულება.

სანამ წერას დავიწყებდით, განწყობის შესაქმნელად გოდერძი ჩოხელის პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელი მოთხრობა ,,წერტილი და მძიმე“  წავიკითხეთ.

ერთ დღეს პატარებმა ნახატებით იქვე, ექსპრომტად, სასვენი ნიშნების გაცოცხლებაც გადაწყვიტეს, ეს აქტივობა სასვენი ნიშნების უფრო ემოციურ გააზრებას და ბავშვების გახალისებას ემსახურებოდა და არა წესების დამახსოვრებას.

ასეთი პატარ-პატარა გახალისებები ძალიან უხდება ხოლმე ჩვენი სასვენი ნიშნების დღეებს.

 

 

 

 

კიდევ ბევრი დღე გვაქვს დასაგეგმ- მოსაფიქრებელი.

აი, სკოლაში რომ დავბრუნდებით და სექტემბრის მიწურულს სასვენი ნიშნების დღეს აღვნიშნავთ, პოლ ელუარზე საუბრით დავიწყებ და მის „თავისუფლებას “ დავუდებ წინ. ჯერ ლექსზე იფიქრონ და იმაზე იმტვრიონ თავი, რატომ არ დასვა პოეტმა არც ერთი სასვენი ნიშანი და მერე საუკუნის

დანაშაული ჩაიდინონ: თვითონ დასვან!

 

სტატიას კი ამ საოცარი ლექსით დავასრულებ:

 

,, სკოლის რვეულებს

მერხებს და ხეებს

ქვიშას და თოვლს

მე ვაწერ შენს სახელს

 

ყველა წაკითხულ

თუ სუფთა ფურცელს

ქვით სისხლით თუ ნახშირით

მე ვაწერ შენს სახელს

 

მოოქროვილ ნახატებს

საომარ იარაღებს

მეფეთა გვირგვინებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

გაუვალ ტყეებს თუ უდაბნოებს

ბუდეებს ბალახებს

ექოებს ჩემი ბავშვობისას

მე ვაწერ შენს სახელს

 

ღამის საოცრებებს

თუ დღიურ საზრუნავს

მოკაზმულ სეზონებს

მე ვაწერ შენ სახელს

 

ჩემს წილ ცის ლაჟვარდებს

ობიან მზის გუბეს

მთვარის ლივლივა ტბორს

მე ვაწერ შენს სახელს

 

ვრცელ მინდვრებს ჰორიზონტებს

ფრინველთა ფრთებს თუ

წისქვილთა ჩრდილებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

 შემკრთალ განთიადებს

ზღვებსა თუ ხომალდებს

და შეშლილ მწვერვალებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

დახავსებულ ღრუბლებს

დაქანცულ ქარებს

წვიმის ტლანქ ფარდებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

ელვარე საგნებს

ფერად-ფერად ზარებს

ყველაფერს არსებულს

მე ვაწერ შენს სახელს

 

გაქცეულ ბილიკებს

თვალუწვდენელ გზებს

წამლეკავ სიშორეს

მე ვაწერ შენს სახელს

 

სანთელს ანთებულს

სანთელს მინავლებულს

სიმტკიცეს ერთობას

მე ვაწერ შენს სახელს

 

სარკის ზედაპირზე

გახლეჩილ ჩემს ოთახს

ჩემს საწოლს როგორც ცარიელ ნიჟარას

მე ვაწერ შენს სახელს

 

  ჩემს ძაღლს ალერსიანს

და ყურებდაცქვეტილს

მოუხერხებელ თათებზე

მე ვაწერ შენს სახელს

 

ზღურბლს ჩემი კარისას

საყვარელ საგნებს

ტალღებად დაფენილ

ღვთაებრივ ნათელს

მე ვაწერ შენს სახელს

 

დაწყვილებულს სხეულებს

მეგობრულს სახეებს

და ხელებს გამოწვდილს

მე ვაწერ შენს სახელს

 

  გაბრწყინებულ თვალებს

მომლოდინე ბაგეებს

და სრულ მდუმარებას

მე ვაწერ შენს სახელს

 

ჩემს დაღლილ სხეულს

ჩემს დაბზარულ თვალებს

კედლებს ჩემი სევდისას

მე ვაწერ შენს სახელს

 

უსურვილო სიცოცხლეს

შიშველ სიმარტოვეს

სიკვდილის ნაბიჯებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

აღდგენილ ძალ- ღონეს

დაკარგულ საფრთხეს თუ

უხსოვარ იმედს

მე ვაწერ შენს სახელს

 

და ერთი სიტყვის ფესვებიდან ვიწყებ სიცოცხლეს

შენი შეცნობით ვიბადები

შენი სახელით

 

თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა.

პოლ ელუარი

მთარგმნელი ნათია ნაცვლიშვილი

 

 

 

 

 

მარტოხელა მწყემსი

0

ლითონის ბედაურების უსასრულო წყება ტალახის მდინარესავით მდორედ მიედინება ჭავჭავაძის გამზირზე. იგრძნობა, რომ მძღოლები ძლივს იოკებენ სურვილს, რკინის ცხენებს მათრახი გადაუჭირონ და გააჭენონ – პედალს ბოლომდე დააჭირონ ფეხი. ეს თბილისია, მძღოლები ერთდროულად მანქანებზეც სხედან და ნერვებზეც. 18:00-დან 20:00-მდე ჭავჭავაძე ყველაზე ხმაურიანია. თუ ფეხით მოსიარულე ამ დროს აქ მოხვდი, ისე უნდა მოიქცე, როგორც გამოცდილი ბედუინი უდაბნოში ქვიშის ქარიშხლის მოახლოებისას – შედარებით წყნარი ადგილი მოძებნო და ბუნების მიყუჩებას დაელოდო.

აურზაურს რომელიღაც ეზოში ვემალები, სადაც მყუდრო ჩამოსაჯდომი ვნახე. ყურსასმენები მიკეთია, მანქანების ღმუილსა და სიგნალებს „მოკალი ბილის“ საუნდტრეკით, „მარტოხელა მწყემსით“ ვფარავ. დიდი ხანია ვხედავ, რომ შორიდან ვიღაც მიახლოვდება. თითქოს მთელი დღეა მოიწევს სვენებ-სვენებით და სადაცაა, მიზანს მიაღწევს. ცოტაც და ჩემ წინ მოხუცი ქალი ჩნდება, წელში ნამგალივით მოხრილი. ქვედა კიდურები სამზარეულოს მორყეული სკამის ფეხებივით უყანყალებს და მეჩვენება, რომ ნიავიც წააქცევს. რაღაც აწუხებს, უთქმელადაც იგრძნობა. რაღაც რევმატულ ტკივილებზე მეტი. ასეთ ტკივილს მედიცინა ვერ უმკლავდება.

– ბებო, შეიძლება დავჯდე? – მკითხა.

– რა თქმა უნდა, დაბრძანდით. დაგეხმაროთ?

ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ მოხუცებისადმი განსაკუთრებული გულჩვილობა დამჩემდა. ეს სისუსტე იქამდეც მქონდა, მაგრამ ერთი წელია, ყველა მოხუცი რუსიკო მგონია. ამეკვიატა აზრი, რომ მცდის, როგორ მოვიქცევი, რას ვიზამ. ქალი ცდილობს, გული დაიმშვიდოს, დახმარებაზე კი ცივ უარს მეუბნება: „მე თვითონ, მე თვითონ“. გაჭირვებით ჯდება ხის სკამზე და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ძველ შენობას ძლიერი მიწისძვრის შემდეგ აგურის ნაფშვენი დასცვივდა. ყურსასმენებს ვიხსნი – ამგვარად თანავუგრძნობ მის წლებს. „მარტოხელა მწყემსის“ მელოდია ძლივსღა ისმის, მორიგი სიგნალის დროს კი საერთოდ იკარგება.

– ოთხმოცდარვა წლის ვარ, ბებო. ჩემი ასაკის ხალხი, ვინც ცოცხალია, ვეღარ ინძრევა. მე ჩიტივით ვარ.

თანხმობის ნიშნად ვუღიმი და უკვე ძეხორციელი ვეღარ გადამარწმუნებს, რომ ეს ქალი ბებიაჩემი არ არის. „მეთამაშება, როგორც სიცოცხლეში იცოდა ხოლმე“, – ვფიქრობ.

– ბებო, მესამე სართულზე აიხედე, მწვანედ შეღებილი მოაჯირი აქვს, შუქი ანთია?

– არა, ჩამქრალია.

– არ მოსულან ალბათ.

– გნებავთ, დავურეკოთ?

– არა, მაქვს ტელეფონი. დამირეკავენ, როცა მოვლენ.

მოხუცი ამბის მოყოლას იწყებს და ვხვდები, რომ ლიტერატურამ დიდი მთხრობელი დაკარგა. კი არ ჰყვება, წიგნს გაკითხებს. ვიგებ, რომ ჩაბნელებული ფანჯრის მიღმა მისი შვილი, სიძე და შვილიშვილები ცხოვრობენ. შვილი ორმოცდათვრამეტი წლისაა, სიძე – მასზე უფროსი. ყველას თავისი საქმე აქვს და, როგორც მოხუცი ამბობს, ცხოვრებისთვისაც არ სცალიათ.

– მოვაბეზრე თავი, მაგრამ რა ვქნა. ბებრებსაც შივდებათ.

– მაღაზიაში შევირბენ და გიყიდით რამეს.

– არა, – ამბობს და ხელს ისე იქნევს, როგორც მკაცრი მასწავლებელი, – მანდ იჯექი! მოვლენ მალე.

ქალი თხრობას განაგრძობს: „ჩემს გოგოს ორი უმაღლესი დავამთავრებინე, ერთი – აქ, ერთი – მოსკოვში. იქ მუშაობდა კაი ხანს. პედიატრია. ძალიან კარგი პედიატრია. კაი ფულს შოულობს, მაგრამ დედა კი მოიბეზრა. შევარცხვინე ეგეთი ფული. საღამოობით ვაკითხავ ხოლმე, ცოტას მოვეფერები ყველას და მივბრუნდები მერე ჩემს სოროში, სახლი რო ქვია“.

მე თან გაფაციცებით ვუსმენ, თან მესამე სართულის ფანჯრებს მივჩერებივარ უიმედო შეყვარებულივით და სწორედ მაშინ, როც ქალი ქმრის უცაბედი გარდაცვალების ამბავს მიადგება, ვხედავ, რომ ფანჯრებში სინათლე ფეთქდება. ბავშვივით მიხარია.

– აი, მოვიდნენ, – ვამბობ.

მოხუცმა ტელეფონი, ძველი NOKIA ამოიღო და მთხოვა, ნომერი ამეკრიფა. სასამართლოს სტენოგრაფისტივით სწრაფად ავკრიფე ციფრები და ტელეფონი გადავაწოდე. ქალი საკუთარ შვილს, რომელსაც, როგორც გაირკვა თამრიკო რქმეოდა, სთოვდა, ბავშვმა ჩამომაკითხოს და ლიფტით ამიყვანოსო. „ეტყობა, კლაუსტროფობია აქვს“ – ვფიქრობ და თან სიხარულით, დიდხანს რომ არ მოუწევს აქ ჯდომა. უცებ მოხუცმა ტელეფონი მომაწოდა.

– დაელაპარაკე, ბებო, დავყრუვდი კიდეც, ყველა სიკეთესთან ერთად.

ხაზის მეორე ბოლოს მყოფმა თამრიკომ, რომელსაც მოხუც იაპონელ მაფიოზიზე უფრო ბოხი ხმა ჰქონდა, აღელვებულმა მითხრა, რომ ჯერ შინ არ იყვნენ და გვიან დაბრუნდებოდნენ. „არ დაგველოდოს, ხვალ მოვიდეს“, – თქვა და გათიშა.

მყისიერად ავხედე ფანჯარას და დავინახე, როგორ გაქრა ოთახში სინათლე. თითქოს თამრიკომ ალბუს დამბლდორის ილუმინატორი გამოიყენა. ენა ჩამივარდა.

– რაო, რა თქვა? – მკითხა ქალმა.

ფანჯარას მივჩერებოდი, სანამ კითხვა არ გამიმეორა და იძულებული არ გავხდი, სიტყვა დამეძრა.

– სახლში არ ვართო. გვიან მოვალთო.

– როდისო? – გამომცდელი მზერით მკითხა.

– ხვალ მოვიდესო, დამაბარეს.

მოხუცმა მიწას დახედა, რომელშიც ოც წელზე მეტი ხნის წინ ჩააწვინა ქმარი, თუმცა საქორწინო ბეჭედი დღემდე უელავდა დაჩირულ თითზე.

– ალბათ მომეჩვენა სინათლე, – ვუთხარი.

– არ მოგჩვენებია, ბებო. მოვბეზრდი, მოვბეზრდი…

მოხუცმა კიდევ ერთხელ მკაცრად იუარა დახმარება, მხოლოდ წამოდგომისას ხელის შეშველება მთხოვა და როცა შეძლებისდაგვარად მყარად დადგა ფეხზე, მითხრა:

– შენ არ მოგბეზრდეს ბებო, დედაშენი.

– მე დედა აღარ მყავს – ვუთხარი დაუფიქრებლად.

ქალის სახეზე ერთდროულად დაიხატა სევდა და გამოცდილება.

– აფსუს, რა პატარა ხარ სამაგისოდ. მშვიდად წავიდა?

– მგონი, დარდებით.

– ცხონებული მამაჩემი ამბობდა, ვისაც დარდი მიჰყვება, უკანაც იხედებაო, – თქვა მოხუცმა ქალმა, რომელსაც ჩემზე გაცილებით მეტი სიკვდილი ჰქონდა ნანახი და დაიძრა იქით, საიდანაც დიდხანს მოდიოდა.

მე ვიჯექი ხის სკამზე, მის თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდებოდი, ჩემი ყურსასმენებიდან „მარტოხელა მწყემსი“ იღვრებოდა და ვხვდებოდი, რომ ჩემს სიცოცხლეში პირველად ვუსმენდი იმას, რასაც ვხედავდი.

რთული მშობლები

0

რთული ბავშვის ცნება ყოველთვის არსებობდა, არსებობს და, სავარაუდოდ, მომავალშიც იარსებებს. პედაგოგები, მშობლები, ბავშვთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ადამიანები ხშირად საუბრობენ რთული, პრობლემური ბავშვების შესახებ. თუმცა იშვიათად, რომ რთული მშობლების საკითხს შეეხოს ვინმე. და ეს მაშინ, როდესაც ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების უდიდესი წილი სწორედ რთული მშობლებისგან მომდინარეობს.

როგორი მშობლები შეიძლება გავაერთიანოთ რთული მშობლების კატეგორიაში?

  • „გულუხვი“ მშობლები. „ჩემს შვილს არაფერი არ უნდა აკლდეს“ – ასეთია მათი დევიზი. საინტერესოა, რომ მათ შორის არიან არა მხოლოდ შეძლებული ადამიანები, არამედ ისინიც, ვინც შემოსავლით არ გამოირჩევა. „გულუხვ“ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათმა შვილმა აუცილებლად უნდა მიიღოს სასურველი, განურჩევლად იმისა, სჭირდება თუ არა. ასეთი მშობლები „სიყვარულის“ ცნებას „ყიდვის“ ცნებით ანაცვლებენ. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს მეტი ყურადღება მიაქციონ, მეტი დრო გამონახონ მასთან ურთიერთობისათვის, გამოხატონ მის მიმართ სიყვარული, სითბო, არ მოაკლონ ალერსი, ისინი ყიდულობენ ძვირფას ნივთებს და ძვირად ღირებულ სათამაშოებს. არაცნობიერად – და ხშირად ცნობიერადაც – ასეთი მშობლები თავიანთ საქციელს იმით ხსნიან, რომ ბავშვი თავს შეიქცევს ამ სათამაშოთი და უფროსებს მუშაობასა და დასვენებაში ხელს არ შეუშლის. ისინი ძიძასაც განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ – მას აუცილებლად უმაღლესი პედაგოგიური განათლება უნდა ჰქონდეს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას და კარგად აღზარდოს ის. „გულუხვ“ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათ შვილს უნდა ჰყავდეს საუკეთესო რეპეტიტორი, ტრენერი, ფსიქოლოგი და ექიმი. როცა ყველა აღნიშნულ საკითხს მოაგვარებენ, ისინი მშვიდად აგრძელებენ ფულის გამომუშავებას – ბავშვი ხომ იზრდება და მისი მოთხოვნილებებიც, ბუნებრივია, გაიზრდება; მომავალში მას დასჭირდება საუკეთესო, პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, მანქანა, ბინა და უამრავი სხვა რამ ბედნიერი ცხოვრებისთვის. და თუ ვინმე შეეცდება, „გონს მოიყვანოს“ ასეთი მშობელი, პასუხად მიიღებს: „შეუძლებელია ხელმოკლე ადამიანი ბედნიერი იყოს“. თუმცა, ბავშვისთვის „ბედნიერი ცხოვრების“ შექმნის პროცესში მათ განზე რჩებათ მისი პიროვნების ფორმირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – სითბო, სიყვარული, მშობლეთან ურთიერთობით განცდილი სიხარული. წლების წინ ერთმა მეშვიდეკლასელმა გოგონამ, რომელსაც მშობლები ძვირად ღირებული ნივთებით ანებივრებდნენ, სინანულით თქვა: „მე რომ დედა ვიყო, ჩემს შვილს, პირველ რიგში, სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი“. გოგონას დედას ძალიან აწუხებდა შვილის ქცევა – აგრესია და უხეშობა არა მხოლოდ გარეშე ადამიანების, არამედ საკუთარი დედის მიმართაც. „ვერ გამიგია რა ემართება ამ ბავშვს, არაფერს ვაკლებ, ყველაფერი აქვს, რაზეც მისი თანატოლები ოცნებობენ, რატომ არის ასეთი უხეში და უმადური?“ – გაოცებას ვერ მალავდა დედა. ბავშვს მართლაც ყველაფერი ჰქონდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე სჭირდებოდა, მაგრამ აკლდა მთავარი – მშობლებთან ურთიერთობა, მათი ყურადღება. მუდმივად საკუთარი თავით, საკუთარი საქმეებით დაკავებულობის გამო ისინი ვერასოდეს იცლიდნენ შვილთან ურთიერთობისთვის, მასთან საუბრისთვის. შედეგმაც არ დააყოვნა – ბავშვი გახდა მოჩხუბარი, აგრესიული, უხეში და „რთული“.
  • „მშფოთვარე“ მშობლები – ასეთი მშობლებისთვის ბავშვთან დაკავშირებული ყოველი აზრი განმსჭვალულია შიშით და განგაშით – „ის შეიძლება გაცივდეს, ის შეიძლება წაიქცეს და რაიმე იტკინოს , შეიძლება რამემ ან ვინმემ შეაშინოს“ – და ა.შ. ერთი შეხედვით, უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ ასეთი მშობლების შვილები მართლაც სხვებზე ხშირად ცივდებიან, მუდმივად ეშინიათ სიბნელის, ექიმების, ცხოველების და ა.შ. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, არაფერია გასაკვირი, რადგან დედის შიში და შფოთვა ადვილად გადაეცემა შვილს. „მშფოთვარე“ მშობელი ყველაფერს შვილის მაგივრად აკეთებს. ბავშვი შესაძლოა ერთხანს პროტესტს გამოხატავდეს დამოუკიდებლობის შეზღუდვის გამო, მაგრამ თანდათან ყველაფერს ეჩვევა და საბოლოოდ შესაძლოა სიამოვნებდეს კიდეც, რომ მის პრობლემებს მშობლები აგვარებენ. შესაძლოა, სწორედ ასეთი მშობლების წყალობით დამკვიდრდა ისეთი ცნებები, როგორიცაა „დედიკოს ბიჭი“, „მამიკოს გოგო“.
  • „დაღლილი“ მშობლები – ამ ტიპის მშობლები ოჯახური ცხოვრებით ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე იღლებიან. ხშირად მათი დაღლილობის მიზეზია ქორწინებამდე ოჯახურ ცხოვრებასა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული მოლოდინების რეალობასთან შეუთავსებლობა, ოჯახური ცხოვრებით განხიბვლა „მკაცრ და რთულ ყოველდღიურ ცხოვრებასთან“ შეჯახების შემდეგ, ინტერესის დაკარგვა ცოლქმრული ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდის მიმართ. ასეთი მშობლები შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობისას ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ნუ დარბიხარ!“; „ყველგან ნუ მიძვრები!“; „როგორ დამღალე!“; „როგორ მომაბეზრე თავი!“; „ახლა დაგსჯი!“ გვახსოვდეს, რომ ყველაზე მტკივნეული ბავშვისთვისაც და ზრდასრულისთვისაც უყურადღებობაა, მეტადრე – საყვარელი ადამიანების უყურადღებობა. გარშემო მყოფთა ყურადღება რომ დაიმსახუროს, ბავშვი ყველაფრისთვის მზად არის. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლების ყურადღება, თუნდაც ჩხუბი და დასჯა. ადამიანს ყველაზე მეტად გულგრილობის ატანა უჭირს. მას ურჩევნია, ეჩხუბებოდნენ, საყვედურობდნენ, კიცხავდნენ, ვიდრე არაფრად აგდებდნენ. ამიტომ, როცა ბავშვი მშობლების უყურადღებობას, გულგრილობას აწყდება, ხშირად ცუდად იქცევა – მან ჯერ არ იცის, სხვაგვარად როგორ შეიძლება მშობლების ყურადღების მიპყრობა.
  • „პერფექციონისტი“ მშობლები. „შენ საუკეთესო უნდა იყო! – აი, მათი დევიზი შვილთან ურთიერთობისას. ასეთ მშობლებს, როგორც წესი, აქვთ ორი უმაღლესი განათლება, მუდმივად ოცნებობენ დისერტაციის დაცვასა და პრესტიჟულ სამსახურზე. მათ ბავშვი შეჰყავთ „ყველაზე პრესტიჟულ“ საბავშვო ბაღში, სადაც პატარები გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისურს – და არამხოლოდ მას. მზად არიან, პრესტიჟულ სკოლაში მოსახვედრად ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ატარონ შვილი, არც რეპეტიტორების დაქირავებაზე იტყვიან უარს, რათა მათი შვილის ცოდნის დონე სკოლის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. „პერფექციონისტი“ მშობლების აზრით მათი შვილი მხოლოდ უმაღლეს შეფასებას უნდა იმსახურებდეს. სასკოლო პროგრამაც „ვუნდერკინდს“ უნდა ზრდიდეს. ასეთი მშობლები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებსაც, მათი აზრით, არ სურთ გაგებით მოეკიდონ მათი შვილის თავისებურებებს. აცხადებენ, რომ ისინი განგებ ტვირთავენ ბავშვს სრულიად „უსარგებლო და პრიმიტიული“ საგნებით, რომლებიც მას ბევრ დროს ართმევს, ხელს უშლის წარმატებაში და აქვეითებს მისი აკადემიური მოსწრების საერთო მაჩვენებელს.
  • „ხელმოცარული“ მშობლები. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ასეთი მშობლები, ერთი შეხედვით, ბევრს აღწევენ, მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მათ ქცევაში აშკარად დავინახავთ რომელიმე აუხდენელი ოცნების კვალს. პროფესიული სპორტი, დიდი სცენა, პოდიუმი, სამხატვრო ნამუშევრების პერსონალური გამოფენა – ყველაფერ ამის მიუღწევლობა მოსვენებას უკარგავს ამბიციურ მშობელს. ოდესღაც სიზარმაცემ, არამოტივირებულობამ, საჭირო მხარდაჭერის უქონლობამ სხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზებთან ერთად არ მისცა მას ოცნებების ახდენის საშუალება. სამაგიეროდ, ცდილობენ, მათ შვილებში შეასხან ხორცი. არ აინტერესებთ, უნდა თუ არა ბავშვს იმის კეთება, რასაც მისგან მოითხოვენ – დაჰყავთ მუსიკაზე, სპორტზე, გაძლიერებულად ასწავლიან ცალკეულ საგნებს… ეს მაშინ, როცა ბავშვს შესაძლოა არც ინტერესი ჰქონდეს და არც შესაძლებლობა იმის გასაკეთებლად, რასაც მისგან ასე დაჟინებით მოითხოვენ. მშობლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ბავშვს ხშირად უწევს უარის თქმა თავის გატაცებებზე, გართობაზე, თანატოლებთან ურთიერთობაზე. ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება მივიღოთ შედეგად – ნერვული სისტემის გამოფიტვა, ნევროზი, ფსიქოსომატური დაავადებები.
  • „მანიპულატორი“ მშობლები. ასეთი მშობლებისთვის ბავშვი გარშემო მყოფებზე – მეუღლეზე, მშობლებზე, ნათესავებზე – ზემოქმედების იარაღია: „ეს მე კი არ მჭირდება, ბავშვისთვისაა საჭირო“. ამასთან, რაც უფრო უსუსურია ბავშვი, ოჯახის სხვა წევრებზე ზემოქმედების მით მეტი შესაძლებლობა აქვს მშობელს. ხანდახან მშობლები ამ გზით ცდილობენ, შეინარჩუნონ დესტრუქციული ოჯახი. ბუნებრივია, როცა ბავშვი დაბადებიდანვე იმყოფება ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები აქვთ, იზრდება გარემოში, სადაც არავითარი ფსიქოლოგიური კომფორტი არ არის, ის ცნობიერად თუ არაცნობიერად გაურბის რეალობას. ცუდად სწავლობს ან საერთოდ თავს ანებებს სწავლას, უჩნდება მიდრეკილება ასოციალური ქცევისკენ, ურთულდება გარშემო მყოფებთან ურთიერთობა. მშობლები შეწუხებულები შესჩივიან გარშემო მყოფებს: „ნეტავი ვის დაემსგავსა, საოცრად რთული და აუტანელი ბავშვია!“ – და არც ერთ მათგანს არ მოსიდის აზრად, რომ ბავშვი კი არა, თვითონაა პრობლემური.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რთულ ბავშვებზე საუბრისას და მათი ქცევის მიზეზების ძიებისას კარგი იქნება, თუ შევისწავლით მშობლის ბავშვთან დამოკიდებულების თავისებურებებს, მისი აღზრდის სტილს და საჭიროების შემთხვევაში, უპირველესად, მას გავუწევთ დახმარებას, ვინაიდან რთული ბავშვის ქცევა, როგორც წესი, რთული მშობლის ქცევის უშუალო შედეგია.

ბავშვს უნდა უსმინო და მიჰყვე

0

ხათუნა მეტრეველი თბილისის მეექვსე საჯარო ბაღის მასწავლებელია. ცხრა წლის წინ, როდესაც საბავშვო ბაღში მივიდა, იქ უკვე აღარ იდგა „მასწავლებლის მაგიდა“, რომელთანაც მასწავლებელი იჯდა და დირექტივებს გასცემდა. ჯგუფის სივრცეში ბავშვებისა და აღმზრდელის ურთიერთობას დღეს არავითარი ბარიერი არ უშლის ხელს, ამიტომ ხათუნამ არ იცის, რა შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა ასეთ მაგიდასთან. სამაგიეროდ, იცის, რომ ახლა ბავშვებთან უფრო ახლოსაა, ისინი ეხებიან, ეთამაშებიან და მშვიდად არიან. ხათუნა ფიქრობს, რომ ბაღი სწორედ დაცულობის და სიმშვიდის განცდას უნდა უჩენდეს თითოეულ ბავშვს.

რეჯო ემილიას აღზრდის ცნობილი მეთოდის წყალობით მონდომებულმა და კომპეტენტურმა ადამიანებმა თბილისის ერთი საჯარო ბაღის პრაქტიკა უფრო ჰუმანური, სასიამოვნო და ლაღი გახადეს, რაც ასე იშვიათია ბაღების ყოველდღიურობაში. ხათუნა მეტრეველი ამ ცვლილებებზე, ბავშვებთან ურთიერთობის სწორ ფორმებსა და მიდგომებზე გვიყვება.

 

 

რა გამოწვევებს უკავშირდება ბაღის მასწავლებლობა თქვენთვის? ამ ცხრა წლის განმავლობაში რა შეიცვალა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

 

ბაღი არ არის სამსახური, სადაც შეიძლება, მხოლოდ ხელფასისთვის იარო – ეს საქმეს დაეტყობა, ბავშვთან ურთიერთობას დაეტყობა. მასწავლებლობა ურთულესი საქმეა, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც დამღლელი. ბავშვებს რომ გადაითვლი, უცებ შეიძლება ვიღაც გამოგრჩეს და ხელმეორედ გადათვლამდე ერთ სიცოცხლეს ათავებ… მაგრამ შინ დაბრუნებისას ყოველთვის მაქვს მოსაყოლი რაღაც კარგი, რაღაც სახალისო. ჩემი შვილებიც მეკითხებიან ყოველდღიურ ამბებს. მეორე დღეს გაღიმებული შევდივარ ჯგუფში და როდესაც ბავშვიც ღიმილით შემოდის, სხეული და გონება თავისით იწყებს მუშაობას და ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.

ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა, მსიამოვნებდა, მავსებდა. მასწავლებლობამ, პირველ რიგში, ემოციების მართვა მასწავლა. როდესაც, ჩვენთან რეჯო ემილიას მეთოდი ინერგებოდა, კულუარებში ამბობდნენ: ეს რა არის, რა მოიგონესო… ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს გვქონდეს სიახლეების მიმღებლობა, რომელიც პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში, გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში დაგვეხმარება.

 

როგორია ბავშვზე ორიენტირებული აქტივობები და რას გკარნახობენ თავად ბავშვები? მაგალითად, სხვა ბაღების ყოველდღიურ პრაქტიკაში უფრო ნაკლები დრო ეთმობა თამაშს…

 

ჩემს პროფესიულ პრაქტიკას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი პერიოდი იყო ზუსტად ასეთი: ჩვენ გვქონდა მზა პროგრამა, სახელმძღვანელო, რომელიც უბრალოდ უნდა წაგვეკითხა. ბავშვს კი შესაძლოა ამ დროს სხვა ინტერესები ჰქონოდა. მართალია, ეს პროგრამა ლავირების საშუალებას გვაძლევდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მეორე პერიოდი უფრო მომწონს. ამ დროს პროექტირებით სწავლება დავიწყეთ. ეს ბავშვზე უფრო მეტად ორიენტირებული მიდგომაა. მაგალითად, თუ ბავშვი იკითხავს, რა არის აისბერგი, შეიძლება მშრალად კი არ უპასუხო, არამედ კომპიუტერში აჩვენო, ან ბიბლიოთეკაში წაიყვანო და იქ ერთად ჩაიხედოთ ენციკლოპედიაში, ან გახვიდე სამზარეულოში, გამოიტანო ყინულის ნატეხები და აისბერგის პატარა მოდელი გააკეთებინო. ბავშვიც ხვდება, რომ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან შეიძლება მიიღოს, რაც შემდეგ სკოლაშიც დაეხმარება. ბევრ დროს ვუთმობთ თამაშს, რადგან მას აქვს ბევრი განმავითარებელი თვისება. მისი წყალობით ბავშვი თავისთავად ითვისებს იმ უნარებს, რომლებიც წლის ბოლოს უნდა ჰქონდეს: სწავლობს სწორ ხაზზე სიარულს, სამბორბლიანი ველოსიპედის მართვას, ფერების ცნობას, ნივთების ამა თუ იმ ნიშნით დაჯგუფებას… ბევრ ბაღში ბავშვები სხედან და ჩვეულებრივ მეცადინეობენ. თუმცა ეს არ არის მარტო პედაგოგების ბრალი – ზოგჯერ მშობლებიც ითხოვენ, მათი შვილები სასკოლოდ ასე მოამზადონ. ბავშვების გადაღლილი და დათრგუნული სახეებიც მოწმობს, რომ ეს არ არის სასიამოვნო პროცესი და უფრო მეტი შანსია, სწავლისადმი ნეგატიური განწყობა ჩამოუყალიბდეთ.

 

ბავშვებისა და აღმზრდელის ასეთი ურთიერთობა უფრო თანამშრომლობას წააგავს, სადაც ორივე თავისუფალია…

 

როდესაც მუშაობა დავიწყე, ოთახიდან უკვე გატანილი იყო მაგიდა, რომელიც ერთგვარი ზღუდეა აღმზრდელსა და ბავშვებს შორის. ასეთი მაგიდები ბევრ ბაღშია შემორჩენილი და პირადად მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს აღმზრდელმა მაგიდასთან, როგორ უნდა მართოს იქიდან ჯგუფი. მართალია, ბავშვებთან თვალით კონტაქტი აუცილებელია, მაგრამ როდესაც მათ გვერდით ზიხარ ხალიჩაზე, ბავშვები გეხებიან და ეს შეხება მათთვისაც და შენთვისაც სასიამოვნოა, მაგიდასთან განცალკევებით მჯდარ მასწავლებელსა და ბავშვს შორის კი ბარიერია. როდესაც ეს ბარიერი მოშლილია, ჩვენ თავისუფალ სივრცეში ვართ და ერთობის სრულფასოვან წევრებად ვიქცევით. მე, მასწავლებელი, არ ვარ წამყვანი – ვაკეთებ იმას, რასაც ბავშვები მკარნახობენ. ბავშვი ითხოვს იმას, რაც აინტერესებს და ჩემი დახმარებით უნდა დაიკმაყოფილოს ინტერესი. ეს თავადაც მსიამოვნებს, იმისთვის კი არ ვაკეთებ, რომ ვიღაცასთან თავი მოვიწონო…

 

ბავშვების შესაძლებლობებს მუდმივი დაკვირვება და კვლევა სჭირდება. რაზე უნდა დასვას აღმზრდელმა აქცენტი და როგორ შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს, რომლებსაც გამოხატვის პრობლემები აქვთ?

 

ბავშვის ძლიერი მხარეები კარგად ჩანს და ამის გამო მისი სისუსტეები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მასწავლებელს დიდი ყურადღება მოეთხოვება, რომ არც ერთი აღსაზრდელის საჭიროება არ გამოეპაროს. მორიდებულ ბავშვებთან – უფრო მეტად. მაგალითად, დილის შეხვედრაზე, როდესაც ვკითხულობ, ვის აქვს მოსაყოლი ახალი ამბავი, უმთავრესად აქტიური ბავშვები იწევენ ხელს. თუ ამ დროს აღმზრდელმა მხოლოდ აქტიურ ბავშვებს მიაქცია ყურადღება, მორიდებულები წლის ბოლომდე ხმას არ ამოიღებენ. მაგრამ თუ დაანახე, რომ მათი მონათხრობი აინტერესებთ, არ დასცინიან, გათამამდება და ჯგუფის სრულფასოვან წევრად იგრძნობს თავს.

 

ბაღის ყოველდღიურობაში ალბათ პატარ-პატარა კონფლიქტებიც არსებობს. როგორ აგვარებთ მათ?

 

ჩემი დაკვირვებით, ბავშვები თვითონვე პოულობენ გამოსავალს. ისინი ყოველთვის კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე მიდიან. ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაზე და მასწავლებლის როლზე უფრო მეტად დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ არც ერთ კონფლიქტს არ დავტოვებდი უყურადღებოდ. როდესაც ყოველდღიურ რუტინაში ხარ ჩართული, ჯგუფში 30 ან 35 ბავშვია, შესაძლოა, ბავშვების პატარ-პატარა კონფლიქტებზე თვალი დახუჭო. მაგრამ არა, სწორედ ბაღის ასაკიდან იწყება ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება და მასწავლებელს ამაში უდიდესი როლი აკისრია. ბავშვმა უნდა შეძლოს აგრესიის გარეშე მოაგვაროს კონფლიქტი. თავდაცვა აგრესია არ არის, მაგრამ ბავშვს ასეთ დროსაც უნდა შეეძლოს, სიტყვიერად განტვირთოს კონფლიქტი. ამ უნარის განვითარებაში კი ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი.

 

სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის, ოჯახის წევრების შემდეგ, ალბათ ბაღის მასწავლებელია პიროვნება, რომელიც შეიძლება მისი როლური მოდელი გახდეს.

 

ბავშვი საბავშვო ბაღში რვა საათს ატარებს და ამ ხნის განმავლობაში გიყურებს, გაკვირდება და იმეორებს შენს ქცევას, ე.ი მისი მოდელი ხარ. ამიტომ შეცდომის უფლება არ გაქვს. ბაღის გარემო განაპირობებს მომავალში ბავშვის დამოკიდებულებას და მიმღებლობას სხვა ადამიანების მიმართ. თუ მე არ ვიქნები ტოლერანტული და გამგები, ამას ბავშვები იგრძნობენ და ყველანაირ დარიგებას აზრი დაეკარგება. ჩვენ, მასწავლებლებსაც შეგვიძლია, ბავშვებისგან ვისწავლოთ. როდესაც ჯგუფი ჩართულია ინკლუზიურ განათლებაში, უფრო მეტი თანადგომა ბავშვებისგან მოდის. ისინი ზრუნავენ პრობლემურ თანატოლზე, ეთამაშებიან მას. მშობლებს თავდაპირველად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ ინკლუზიური განათლების მიმართ. არ ესმოდათ, რატომ უნდა ევლოთ მათ შვილებს იმავე ბაღში, ან იმავე ჯგუფში, სადაც სწავლობდა, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ისინიც გაიზარდნენ და ჯანსაღი და სწორი დამოკიდებულება გაუჩნდათ.

 

როგორ მონაწილეობენ მშობლები სკოლამდელი განათლების პროცესში?

 

მშობელი არ არის ვალდებული, იცოდეს, რა საჭიროა, მაგალითად, თიხაში თამაში, რა გავლენას ახდენს ეს ბავშვის განვითარებაზე. მასწავლებელი იმისთვისაა, რომ აუხსნას, რა სარგებლობა მოაქვს სენსორულ აქტივობებს. ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობაც იზრდება. ბავშვისა და აღმზრდელის და მშობლისა და აღმზრდელის თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია და ამ პროცესში ორივე მხარე ერთად იზრდება.

 

დაბოლოს, როგორი უნდა იყოს ბაღი, რომ ბავშვმა თვითაქტუალიზაცია შეძლოს?

 

იდეალურია ბაღი, სადაც კარგი ფიზიკური გარემოა, ბევრი და ხარისხიანი განმავითარებელი სათამაშო, მაგრამ კარგი ბაღი, უპირველეს ყოვლისა, არის ის, სადაც ბავშვი ემოციურად დაცულად გრძნობს თავს. კარგ ბაღში ბავშვი არ უნდა იყოს დათრგუნული, არ უნდა ეშინოდეს, უნდა გრძნობდეს აღმზრდელის ემოციურ მხარდაჭერას. კარგ ბაღში ბავშვი თავისუფალი უნდა იყოს, რომ თვითაქტუალიზაცია და საკუთარ უნარებში გარკვევა შეძლოს. ბავშვს უნდა უსმინო და მიჰყვე. მაგალითად, თუ ბავშვს ექიმობანას თამაში უნდა, აღმზრდელმა კი უთხრა: ჯობია, მათემატიკაში ვიმეცადინოთ, – ეს უკვე ცალმხრივი განვითარებაა. უმჯობესია, ბავშვს შევთავაზოთ თამაში, რომელშიც ის ფურცელს და კალამს გამოიყენებს, მაგალითად, „პაციენტისთვის“ რეცეპტის გამოსაწერად. ასე, თამაშ-თამაშით, ბავშვს მეტყველებაც განუვითარდება, შემეცნებითი და სოციალური უნარებიც, ისწავლის წესების დაცვას, გაუვარჯიშდება მეხსიერება, მოტორიკა და წინარე გამოცდილებასაც გადმოიტანს თამაშში. მასწავლებელს მხოლოდ ის მოეთხოვება, ბავშვს საჭირო რესურსით დაეხმაროს. თავის მხრივ, მასწავლებელსაც სჭირდება მხარდაჭერა. ის თავისუფალი უნდა იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, სტანდარტის ფარგლებში. თავისუფლების გარეშე მას მუდმივი ბრძოლა მოუწევს, მებრძოლი მასწავლებელი კი უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვების ფსიქიკაზე.

მითები აღზრდის შესახებ

0

დასაწყისი

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს წიგნი მკითხველებში შოკს გამოიწვევს. თანამედროვე კვლევების დახმარებით ვეცდებით, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ბავშვების აღზრდის შესახებ დღეს არსებული ზოგიერთი შეხედულება სრულებით მცდარია“. ასე წერია ამერიკელი ავტორების პო ბრონსონის და ეშლი მერიმენის წიგნის: „მითები აღზრდის შესახებ“ შესავალში. (პო ბრონსონი – ჟურნალისტი, მწერალი. მრავალი პრიზის მფლობელი. ბავშვთა აღზრდის შესახებ ეშლი მერიმანთან ერთად ჟურნალ New York Magazine-ში დაწერილი სტატიისათვის ავტორებს მიენიჭათ ჟურნალისტური პრემია მეცნიერების განვითარების ასოციაციისაგან. ეშილი მერიმენი – ამჟამად ცხოვრობს ლოს-ანჟელესში და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს).

მინდა გაგაცნოთ ავტორების მოსაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი მითის შესახებ.

მითი: ბავშვები ხშირად უნდა ვაქოთ. ამით მათ უმაღლდებათ თვითშეფასება და უჩნდებათ სურვილი, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოისმინონ ქება-დიდება.

შექების უკუშედეგები. მოდით ვისაუბროთ თომასზე, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი პრივილეგირებული სკოლის მეხუთე კლასში სწავლობს. ის მეგობრობს იმ  ბიჭებთან, რომლებიც თომასთან ერთად „ყველაზე ჭკვიანებად“ ითვლებიან და სკოლის თანატოლებს შორის პირველ ხუთეულში ირიცხებიან. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი კომპანია.

მას შემდეგ, რაც თომასმა ფეხი აიდგა, მას გარშემო ყველა ჭკვიან ბიჭად მოიხსენიებდა. საბავშვო ბაღში ჩასარიცხად თომასმა IQ ტესტი გაიარა და მისი ასაკის ბავშვებს შორის პირველი აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ სხვადასხვა დავალების შესრულებისას თომასს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. უფრო მეტიც, ვუნდერკინდის მამიკომ შეამჩნია, რომ: ბიჭს არასოდეს გასჩენია ისეთი დავალებების შესრულების სურვილი, რომლებიც მისთვის სირთულეს შექმნიდა. საზოგადოდ, დავალებების უმეტესობა ბიჭუნასთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა, მაგრამ საკმარისი იყო, ის რაიმე სახის პრობლემას წაწყდომდა, რომ საერთოდ უარს აცხადებდა მცირედ ძალისხმევაზეც კი, რადგან თვლიდა, რომ მაინც ვერ შეძლებდა მის შესრულებას. თომასი დავალებებს ორ კატეგორიად ჰყოფდა: დავალებები, რომლებიც, ასე ვთქვათ, „თავისთავად“ გამოსდიოდა; და დავალებები, რომლებსაც ის ვერ შეასრულებდა.

თომასის ისტორიით მინდა დაგაფიქროთ – რატომ ხდება, რომ ინტელექტუალური რეიტინგების ლიდერ ბავშვს იმდენად აკლია თავდაჯერებულობა, რომ ხანდახან ელემენტარული სტანდარტული სასკოლო დავალებების შესრულებასაც კი ვერ ახერხებს?

ბოლო პერიოდში მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ნიჭიერი სტუდენტების დიდი ნაწილი არასათანადოდ აფასებს საკუთარ უნარებს. ისინი თამასას დაბლა სწევენ და ეჭვი ეპარებათ, რომ საბოლოო ჯამში შეძლებენ სირთულეების დაძლევას. საქმეს ისიც ართულებს, რომ ნიჭიერი ბავშვები, ვერ აცნობიერებენ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სირთულეების გადასალახად ძალისხმევის გამოყენება. ამის საპირწონედ კი, როგორც წესი, აზვიადებენ მშობლების როლს. მშობლები თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემას ბავშვის მონაცემების გაძლიერებული ქება გამოასწორებს.

კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამერიკელი მშობლების 85% მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს ხშირ-ხშირად გაუმეორონ, რომ ის ძალიან ჭკვიანია. მსგავსი ქცევა დიდი ხანია ჩვევად ექცათ მშობლებს. ჰკითხეთ მშობლებს რამდენად ხშირად აქებენ ისინი საკუთარ შვილებს და პასუხი იქნება: „ძალიან ხშირად, თანაც სულ მცირე ასაკიდან“.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ქცევების მიზეზი ის გახლავთ, რომ მშობლების აზრით, თუ ბავშვი დაიჯერებს, რომ ის ძალიან ჭკვიანია (რა თქმა უნდა, ამისათვის მას მილიონჯერ უნდა გავუმეოროთ: შენ უჭკვიანესი ხარ; შენ უბრალოდ გენიოსი ხარ) მას ვერანაირი სირთულის დავალება ვეღარ შეაშინებს. შექება – ეს საუკეთესო თილისმა და მფარველი ანგელოზია! ასე ფიქრობენ ამერიკელი მშობლები და მიიჩნევენ, რომ შექება საშუალებას აძლევს მათ ძვირფას შვილებს, არასოდეს დაივიწყონ საკუთარი ტალანტების შესახებ.

ბოლო პერიოდის კვლევები (და თავად ნიუ-იორკის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული მონაცემები) საპირისპიროს ამტკიცებენ. ბავშვების გადაჭარბებული შექება, თავისუფლად შეიძლება სკოლაში დაბალი შეფასებების მიზეზიც კი გახდეს.

დოქტორი კეროლ დუეკი, რომელიც ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტში მუშაობს, ხოლო მანამდე დიდი ხნის განმავლობაში კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიდა, უკვე ათი წელია, იკვლევს შექების გავლენას მოსწავლეებზე. მკვლევრის ასისტენტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები 400 მეხუთეკლასელთან. კერძოდ, ბავშვებს უტარებდნენ არავერბალურ IQ  ტესტს, რომლის დასრულების შემდეგ ასისტენტები ატყობინებდნენ ცდისპირებს ტესტის შედეგებს და არ იშურებდნენ მათთვის საქებარ სიტყვებს, თუმცა ნაწილს ეუბნებოდნენ: „შენ ალბათ ძალიან ჭკვიანი ხარ“; ნაწილს კი – აქებდნენ გაწეული ძალისხმევისათვის: „შენ ძალიან კარგად იმუშავე“. ამის შემდეგ მოსწავლეებს სთავაზობდნენ ტესტირების გაგრძელებას. მეხუთეკლასელებს შეეძლოთ არჩევნის გაკეთება ტესტის უფრო რთულ ვარიანტსა და იმავე სირთულის ვარიანტს შორის. შედეგად, ბავშვების 90%, რომლებიც შეაქეს მათ მიერ გაწეული შრომისა და ძალისხმევისათვის, ირჩევდა ტესტის უფრო რთულ ვერსიას. ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც გონიერება შეუქეს, იმავე დონის დავალებაზე აკეთებდა არჩევანს.

რატომ მოხდა ასე? კეროლ დუეკის აზრით: „როდესაც უფროსები ბავშვებს აქებენ იმის გამო, რომ ისინი ჭკვიანები არიან, ამით ეუბნებიან პატარებს, რომ მთავარია „ჭკვიანის იმიჯის ქონა და თანაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომა, რომ იმიჯი დავაზარალოთ“.

კვლევის შემდეგ ეტაპზე, მეხუთეკლასელებს აღარ ჰქონდათ არჩევნის უფლება. ტესტი ძალიან რთული იყო. რა თქმა უნდა, ვერც ერთმა ბავშვმა ვერ შეძლო მისი ამოხსნა. ბავშვებს განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ. ის ბავშვები, რომლებსაც ძალისხმევა შეუქეს, ძალიან ცდილობდნენ რთული დავალების შესრულებას. მათ ეგონათ, რომ არასაკმარის კონცენტრაციას ავლენდნენ და ამიტომ მცდელობას არ აკლებდნენ დავალების შესრულებას. საბოლოოდ კი მათ აღნიშნეს, რომ ეს რთული დავალება ყველაზე მეტად მოეწონათ.  მეხუთეკლასელების იმ ნაწილმა, რომლებსაც გამჭრიახობისთვის აქებდნენ, ჩათვალეს, რო დავალებას თავი იმიტომ ვერ გაართვეს, რომ არც ისე ძალიან ჭკვიანები იყვნენ.  გარეგნულადაც კი ემჩნეოდათ დაძაბულობა და თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ. ტესტირების ბოლო ეტაპზე ბავშვებს, კვლავ ისეთივე იოლი დავალება შესთავაზეს, როგორც პირველად. იმ ბავშვებმა, რომლებიც შრომისა და ძალისხმევისათვის შეაქეს, შედეგები 30 პროცენტით გააუმჯობესეს, ხოლო „ჭკვიანების“ ჯგუფმა შედეგები 20 პროცენტით გააუარესა.

„თუ თქვენ აქებთ შრომასა და ძალისხმევას, ამით ბავშვს სიტუაციაზე კონტროლს ასწავლით. პატარა ხვდება, რომ წარმატება დიდწილად მასზეა დამოკიდებული. თუ პატარას მუდმივად გამჭრიახობისათვის აქებთ, ამით ბავშვი სიტუაციაზე კონტროლს ვეღარ ახერხებს და მისთვის ძალიან რთული ხდება წარუმატებლობის გადალახვა“, – ამბობს კეროლ დუეკი.

ამგვარად, იმისათვის, რომ შექებამ დადებითი როლი შეასრულოს, საჭიროა ის იყოს ძალიან კონკრეტული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექება გულწრფელად ჟღერდეს. ცდებიან ის მშობლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ბავშვები ვერ ხვდებიან შექების ჭეშმარიტ არსს. პატარები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ისეთ შექებას, რომლის მიზანია დიდებმა, რაღაც „გამოსტყუონ“ პატარებს. მხოლოდ ძალიან პატარა ბავშვები იღებენ შექებას პირდაპირი მნიშვნელობით. უკვე შვიდი წლის ასაკიდან ბავშვები დიდი ადამიანებივით ეჭვის თვალით უყურებენ ქება-დიდებას. გადაჭარბებული შექება უარყოფითად აისახება მათ მოტივაციაზე. ბავშვები რაიმეს გაკეთებას მხოლოდ იმიტომ ცდილობენ, რომ შექება დაიმსახურონ და არანაირ სიამოვნებას აღარ იღებენ ამ საქმის კეთების პროცესში. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც ძალიან ხშირად აქებენ, კარგავენ დამოუკიდებლობას და რისკიანი ნაბიჯების გადადგმისგან ყოველთვის თავს იკავებენ. ასევე, მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ არსებობს კორელაცია ხშირ ქებასა და შემცირებულ ძალისხმევას შორის. ანუ ისინი უფრო ხშირად უყურებენ მასწავლებელს დავალების შესრულებისას, რათა გაარკვიონ სწორად პასუხობენ დასმულ შეკითხვას თუ – არა. მათ ასევე შენიშნეს, რომ თანდათან მათი პასუხები შეკითხვის ინტონაციას იღებს. პროფესიის არჩევისასაც კი ძალიან უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან შიშობენ, რომ არჩეულ სარბიელზე სასურველ წარმატებას ვერ მიაღწევენ.

ამგვარად, თუ ჩვენ ვაქებთ ბავშვს მისი გონებრივი შესაძლებლობების გამო და ის შემდეგ რაიმე შეცდომას დაუშვებს, მისთვის ძნელი ხდება წარუმატებლობის გადალახვა. სამაგიეროდ, თუ ჩვენ ვაქებთ ბავშვს ძალისხმევისა და მიზნის მიზანდასახულობისათვის, რთული სიტუაცია მასში ფრუსტრაციას კი არ გამოიწვევს, პირიქით, ის ბავშვში პრობლემის დაძლევის ძლიერი მოტივატორი გახდება. გამოდის, რომ გაცილებით ეფექტურია იმ პედაგოგის შრომა, რომელმაც იცის, თუ როგორ, რა დოზით გააკრიტიკოს მოსწავლე და არა იმისი, რომელიც გამუდმებით ქება-დიდებას არიგებს.

დაბოლოს, ბავშვების ქება აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ გაწეული ძალისხმევისათვის. უბრალოდ ქება, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ის ძალიან გვიყვარს – შესაძლებელია საბოლოოდ  ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს.

 

GeoLorm – ანბანი ხელის გულზე

0

სამგვარი ანბანის არსებობით განებივრებულ ქართველებს ანბანის კიდევ ერთი სახეობა შეგვემატა. ოღონდ იგი მთავრულს და ნუსხურს მხოლოდ იმდენად უკავშირდება, რამდენადაც მათი რამდენიმე ასო რომელიმე საკრალურ თუ უფრო მარტივ სიმბოლოს. ეს ანბანი მათთვისაა, ვისთვისაც ხილული და ხმოვანი სამყარო სრულიად ან რამდენადმე დახშულია და მხოლოდ წარმოსახვით და შეხებით ახერხებენ მისაწვდომი სამყაროს აღქმას.

GeoLorm – სმენის და მხედველობის არმქონე ადამიანებისთვის შექმნილი, ე. წ. „ლორმის ანბანის“ ქართული ვერსიაა, სპეციალური ტაქტილური კოდი, რომელსაც ამ ტიპის ადამიანებთან სწრაფად და ეფექტურად საურთიერთოდ გამოვიყენებთ. ანბანი იმთავითვე ორიენტირებულია შეგრძნებებზე და მოსახერხებელია ერთდროულად სმენისა და მხედველობის არმქონე ადამიანებთან საურთიერთოდ.

ლორმის ანბანი 100 წლის წინ გერმანიაში შეიქმნა. მისი ავტორი მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესეისტი, ჰაინრიხ ლანდესმანია, რომელიც 1821 წელს მორავიაში (ავსტრია-უნგრეთი) დაიბადა და  30 წლის ასაკში დაყრუვდა, ხოლო მოგვიანებით მხედველობაც დაკარგა. ახალი ანბანი მან თავის ქალიშვილ, მარიასთან ერთად შექმნა და მის შესახებ ნაშრომი „იერონიმუს ლორმის” ფსევდონიმით გამოაქვეყნა. „ლორმი” შვეიცარიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და ბელგიაში, ასევე პოლონეთში იციან არამარტო იმ ადამიანებმა, ვისაც სმენა და მხედველობა დაუქვეითდა, არამედ მათმა ნათესავებმა, ინსტრუქტორებმა, სპეციალური განათლების პედაგოგებმა და სტუდენტებმა, თარჯიმან-მეგზურებმა თუ მოხალისეებმა. ეს სიტყვა მათი ძირითადი ლექსიკის შემადგენელი ნაწილია. გამოცდილება აჩვენებს, რომ ანბანს ყველა სწრაფად სწავლობს. ის ეფექტურად ინერგება. ლორმის ანბანის დახმარებით სმენა- და მხედველობადაქვეითებული პირები ყველასთან თარჯიმნის დაუხმარებლად ურთიერთობენ.

საქართველოში სმენის და მხედველობის შეფერხების მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, პროექტი დაფინანსდა პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ქართული ორგანიზაციის, „მომავალი იწყება დღეს” მხარდაჭერით.

 

GeoLorm-ის – ლორმის ქართული ანბანის ყოველ ასოს ადამიანის ხელის გულზე ან მის გარეთაც შეესაბამება საკუთარი წერტილი ან ხაზი. ასოები შემდეგნაირად გამოისახება:

ა – თითის წვერით ერთჯერადად შევეხოთ ცერის ზედა წვერს.

­ დაუსვით თითის წვერი საჩვენებელი თითის სიგრძის გასწვრივ წვერიდან ქვევით, ხელისგულამდე.

გ – დაუსვით თითის წვერი არათითის სიგრძის გასწვრივ წვერიდან ქვევით, ხელისგულამდე.

დაუსვით თითის წვერი შუა თითის სიგრძის გასწვრივ, წვერიდან ქვევით, ხელისგულამდე.

–  ერთჯერადად შეეხეთ საჩვენებელი თითის ზედა წვერს.

ვ – თითის წვერით შეეხეთ ხელისგულს მარცხენა მხარეს, ცერსა და საჩვენებელ თითს შუა.

ზ – გაუსვით თითის წვერით ჰორიზონტალურად ხელისგულის შუაში, მარცხნიდან მარჯვნივ.

დაუსვით თითი ცერის სიგრძის გასწვრივ წვერიდან ქვევით, გარეთა მხრიდან.

ი – ერთჯერადად შეეხეთ შუა თითის  წვერს.

კ – შეეხეთ საჩვენებელი, შუა და არათითის წვერებით კელისგულის შუაში.

ლ – დაუსვით თითი სიგრძივ შუა თითის წვერიდან მაჯამდე.

მ – შეეხეთ თითის წვერით, საჩვენებელი თითის ქვევით, ხელისგულს.

ნ – შეეხეთ თითის წვერით ნეკის ქვევით ხელისგულს.

ო – ერთჯერადად შეეხეთ არათითის ზედა წვერს.

პ – აუსვით თითის წვერი გარეთა გვერდითა მხრიდან მაჯიდან საჩვენებელი ცერის წვერამდე, ქვემოდან ზევით.

ჟ – დაუსვით თითის წვერი ვერტიკალურად ზევიდან ქვევით ხელისგულის შუაში.

რ – დაუკარით თითების წვერებით ხელისგულის შუაში.

ს –  ერთჯერადად შეეხეთ მაჯაზე.

ტ – მსუბუქად მოუჭირეთ ერთად შუა და საჩვენებელი თითების წვერებს.

უ – ერთჯერადად შეეხეთ ნეკის ზედა წვერს.

ფ – აუსვით თითი გარეთა გვერდითი მხრიდან საჩვენებელი თითის სიგრძის გასწვრის ქვემოდან ზევით.

ქ – აუსვით ხელს თითის წვერი გარეთა გვერდითა მხრიდან, მაჯიდან ნეკის ბოლომდე.

ღ – დაუსვით შუა და საჩვენებელი თითების წვერები ხელისგულის შუიდან მაჯისკენ.

ყ – გაუსვით თითის წვერი მაცხნიდან მარჯვნივ ჰორიზონტალურად გაშლილი თითების შუაში

შ – მსუბუქად მოუჭირეთ შუა თითის წვერს

ჩ –  მსუბუქად მოუჭირეთ ერთად ყველა თითს ცერის გარდა

ც –   მსუბუქად მოუჭირეთ ცერის წვერს.

ერთჯერადად შეეხეთ საჩვენებელი თითის წვერით ხელისგულის შუა ნაწილს.

წ – შემოხაზეთ წრე ხელის გულზე.

ჭ – მაჯის გარეთა ხაზზე გამოსახეთ მძიმე.

ხ – გაუსვით ტითის წვერი მარცხნიდან მარჯვნივ ჰორიზონტალურად მაჯაზე.

ჯ – გამოსახეთ ჯვარი ხელისგულზე, ჯერ ვერტიკალური ხაზი ზევიდან ქვევით, შემდეგ ჰორიზონტალური  მარცხნიდან მარჯვნივ (რომელიც შუაზე გადაკვეთს ჰორიზონტალურ ხაზს).

ჰ – დაუსვით თითის  წვერი ნეკა თითის სიგრძის გასწვრივ წვერიდან ქვევით (არ შეეხოთ ხელისგულს).

 

სიგნალები

ლორმის ანბანი გამდიდრებულია სიგნალებით, რომლებიც განსაზღვრულ სიტუაციებში გამოიყენება, როგორც კოდური საშუალება. მაგალითად, „ახლა არ საუბრობ” ეს თხოვნა გამოიყენება ხელისგულის დადებით ზურგზე, ასევე წერილობითი ან ჟესტური აბრევიატურები, რომელბიც გამოიყენება ხშირად განმეორებულ სიტყვებსა და გარემოებებზე. ამ მეთოდის ელემენტებში ასევე შედის შეტყობინებები:

  • დადასტურება: მუჭის რამდენჯერმე სწარფად შეკვრა;
  • აკრძალვა: ხელისგულზე რამდენჯერმე ხელის გასმა;
  • სიტყვის დასრულება: გაშლილი ხელით შეხება და სხვა.

ლორმის ანბანს ბევრი დადებითი თვისება გააჩნია. ესენია:

  • ენის სიმარტივე;
  • შეცდომების დაშვების მცირე რისკი;
  • ინფორმაციის გადაცემის სწრაფი ტემპი;
  • ურთიერთობებზე ხელმისაწვდომობა;
  • მოსახერხებელია თარჯიმნებისთვისაც.

მიიჩნევენ, რომ ლორმის ანბანი კარგია ყველასთვის, ვისაც შეუძლია საკუთარი აზრების გამოხატვა ბრაილით, დაქტილოგრაფიით ან, უბრალოდ, ასოებით. მისი გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც იგი მუდამ არ სჭირდება. ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, დღისით კითხულობენ ტუჩების მოძრაობის მიხედვით, ხოლო დაბნელებისთანავე, მხედველობის ვიწრო დიაპაზონის გათვალისწინებით, არ ჰყოფნით დისტანცია და განათება ტუჩების დასანახად. ლორმის მეთოდი უნდა იცოდნენ მათაც,  ვინც სარგებლობს სასმენი აპარატით, ასევე ტუჩებიდან წაკითხვის ტექნიკის მქონეთაც.

უცხოეთში ლორმის ანბანი ძალიან პოპულარულია იმ ადამიანთა შორის, რომელთათვისაც პირველი ენა „ჟესტების ენა” იყო. სმენის არმქონე ბევრი ადამიანი მხედველობის დაკარგვის შემდეგ უარს ამბობს ჟესტური ენის მეშვეობით ინფორმაციის მიღებაზე და მთლიანად გადადის ლორმის ანბანზე. ჩვეულებრივ, ლორმის მეთოდით იღებს ინფორმაციას და პასუხობს სხვადასხვა მეთოდით, როგორც შეულია. ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას ასაბუთებენ ლორმის შემდეგი უპირატესობით:

  • მასთან დაკავშირებული შეტყობინებები ცალსახაა;
  • ჟესტების ენა საკმაოდ ერთფეროვანია და ხშირია შემთხვევა, როცა ერთი ჟესტი მეორეს ჰგავს. შინაარსის გაგება ხშირად შეუძლებელი ხდება და ამით ენა ძალიან ღარიბდება. ამაზე ძირითადად გავლენას ახდენს ორი ნიშანი: 1. ენაში რამდენიმე განსხვავებულ ტერმინს ერთნაირი ნიშანი აქვს; 2. ერთი სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება, რადგან ერთი ფუძე აქვთ;
  • ლორმი ხშირად იძლევა აზრების გადაცემის შესაძლებლობას ადამიანებისათვის, ვისთვისაც ტერმინი “ყრუ-მუნჯი” ხშირად გაუგებარია;
  • ლორმის გამოყენებით ლაპარაკი შესაძლებელია სასეირნოდ, ხალხში, ცეკვაში, მატარებელში, გვერდით მჯდომთან, როდესაც ორივე ხელი დაკავებულია, ამავე დროს შენახულია საიდუმლო, არ იქცევენ სხვა ადამიანების ყურადღებას.

 

წარმოვიდგინოთ, ერთხელაც სკოლის კარი ვინმე უსინათლო და სმენის არმქონე გოგონამ, პატარა ჰელენ კელერმა  შემოგვიღო. როგორ ვიქცევით ამ დროს? მისი ხელის ზედაპირს ჩვენი ხელის ზედაპირს ვახებთ, მერე ხელს მაგრად ვკიდებთ და ადგილს ჩვენს საკლასო ოთახში ვუჩენთ. საგნებს შეხებით შევაგრძნობინებთ, ხელისგულებზე წერტილებით მათ აღმნიშვნელ სიტყვებს ვაწერთ და უშიშრად, თავდაჯერებით სამყაროს მრავალფეროვნებას შევაგრძნობინებთ. GeoLorm  ხომ სულ რაღაც ნახევარ საათში ვისწავლეთ. ეს ანბანი ახლა თანაკლასელებმაც იციან და ამიტომაც პატარა ქართველ ჰელენს ყველაზე ნათელ სიზმარში ჰგონია თავი. მერე რა, რომ უსინათლოა და სმენაც არ აქვს?! სამყაროს ანბანის გასაღებს მოარგებს, ამავე გასაღებით წარმატების არაერთ კარს შეაღებს და ისევე გაგვაოცებს, როგორც ეს ჰერონიმუს ლანდესმანმა ან ჰელენ კელერმა შეძლეს, მთავარია, „სასწაულმოქმედი მუშაკის” როლი მოვირგოთ და ასე გავიმარჯვოთ.

 

მასწავლებლის ხმა:  ბავშვობის სკოლაში დაბრუნებულები

0

ბავშვობაში დაბრუნება ვის არ ახარებს?! მეც ყოველ ჯერზე სიხარულით მივიჩქარი დასავლეთისკენ, სადაც მაღალ, ხშირი ტყეებით დაბურულ მთებში მოქცეული პატარა ქალაქი მელოდება. მე ოზურგეთის განაპირა, ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ უბანში დავიბადე. ჩემი ბავშვობის სახლთან ახლოს დიდი სკოლაა. აქ მხოლოდ სამოქალაქო ომის პერიოდში ვსწავლობდი, მაგრამ ბავშვობის ყველა ზაფხული მის ეზოში გავატარე. სკოლის სპორტულ მოედანზე თამაშს არავინ გვიშლიდა, დიდ სიცხეს კი მოედნის გვერდით ჩარიგებული უზარმაზარი ნაძვების ჩრდილში ვემალებოდით. მერე გავიზარდეთ და თავგადასავლების ,,არენამ“ სკოლიდან ქუჩაში გადაინაცვლა. თუმცა მის წინ ჩავლისას ყველანი ვგრძნობდით, რომ ის ჩრდილი, ის მოედანი ძველებურად სათამაშოდ გვეძახდა. ნელ-ნელა ეს გრძნობაც გაფერმკრთალდა, გაყუჩდა. დღეს კი, როცა ისევ შევაღე ქ. ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის ჭიშკარი, ბავშვობის ყველა ზაფხული თვალწინ ამესვეტა.  ერთადერთი განსხვავება ის გახლდათ, რომ მე ახლა მოსწავლე კი არა, მასწავლებელი ვიყავი და სკოლის დირექტორთან სასაუბროდ მიმეჩქარებოდა.

 

ნანა გაგუა ბავშვობის სკოლაში დაბრუნებული მასწავლებელია. სტუტენტობის დროს პედაგოგის პროფესიაზე არც უფიქრია, არქეოლოგობა უფრო იზიდავდა. თუმცა პედაგოგიური პრაქტიკის გავლის შემდეგ მასწავლებლის პროფესიითაც დაინტერესდა. ბავშვობის სკოლაში ისტორიის მასწავლებლის სტატუსით დაბრუნდა, 2007 წლიდან კი მის დირექტორად დაინიშნა, თუმცა მასწავლებლობას მაინც ვერ შეელია.

,,ჩემთვის უფრო სასიამოვნო პროცესი მასწავლებლობაა. ზოგადად მიყვარს გაკვეთილი, მიყვარს, როცა ვასწავლი, ძალიან მიყვარს ეს პროცესი!“

მასწავლებლობის მსგავსად, არც პროფესიული განვითარება შეუწყვეტია. 2001 წლიდან მასწავლებლის სახლის მწვრთნელია და სქემის ტრენერ-კონსულტანტობასაც ითავსებს. რამდენიმე წლის წინ ,,წლის საუკეთესო მწვრთნელის“ წოდებაც მიუღია. სიახლეების ძიებამ პროექტ ,,ჯიპრაიდთან“ მიიყვანა. შემდეგ ძალები ახალ მიმართულებაშიც მოსინჯა და დასავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებს სამოქალაქო განათლების ტრენინგებს უტარებს.

თქვენი აზრით, რა განსხვავებული პრობლემების წინაშე დგას პატარა ქალაქების სკოლები?

,,ჩემი სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მცირეკონტიგენიანია. დღეს 120-მდე მოსწავლე გვყავს, შენობა კი 800 მოსწავლეზეა გათვლილი. ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ ერთ მიკროუბანში ფუნქციონირებს სამი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რაც პატარა ქალაქისთვის რისკის ფაქტორის შემცველია“

თავისუფალი არჩევანი, რომელიც მშობელს შვილის სხვა უბნის სკოლაში ჩარიცხვის უფლებას აძლევს, მოსწავლეთა არათანაბარი გადანაწილების კიდევ ერთი მიზეზია (ზოგ სკოლაში ორი ცვლაა, ზოგი სკოლა კი თითქმის ცარიელია). ცხადია, ქალაქის ცენტრი მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე განაპირა უბნის, მოსახლეობაში შეჭრილი სკოლა. მშობელთა ნაწილი სასწავლო პროცესის დასრულებას ხან სკოლის მიმდებარე კაფეში ელოდება, ხან საყიდლებზე სიარულში გაჰყავს დრო. ამას გარდა, მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაზე მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და შობადობის შემცირებაც ,,ზრუნავს“.

,,კარგი იქნებოდა, მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას კლასში სტანდარტი არეგულირებდეს. პატარა ქალაქებში შესაძლებელია ისე დაკომპლექტდეს კლასები, რომ 25 მოსწავლეზე მეტი არ ჩაირიცხოს ჯგუფში. როგორც მცირე, ისე გადაჭარბებული რაოდენობაც შეიძლება პრობლემად მივიჩნიოთ. გადავსებულ სკოლებში ძნელია უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცვა, შენობის ვენტილაცია და სხვ. ჩემი აზრით, თუ კლასის ზომის სტანდარტი დაცული იქნება, ზემოაღნიშნული პრობლემებიც არ წარმოიქმნება პატარა ქალაქის სკოლებში.“

როგორც ვხედავთ, ქ-ნი ნანა სკოლის დაცარიელების მთავარ მიზეზად მის ადგილმდებარეობას ასახელებს და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ პოტენციური მოსწავლეების – უბნის ბავშვების დიდი ნაწილი ცენტრის სკოლებში მიჰყავთ. მიმდებარე სოფლებიდანაც ცენტრში ჩამოსვლა უფრო მოსახერხებელია. თუ უბნის სკოლა მათ რაიმე განსაკუთრებულს შესთავაზებს, შეიძლება მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა მოიზიდოს, მაგრამ ამისათვის დამატებითი დაფინანსებაა საჭირო, რომლის ფუფუნებაც ამ ეტაპზე არ გააჩნია.

,,იძულებული ხარ, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული, ის ასწავლო სრულყოფილად. შენ არ გაქვს არჩევანის თავისუფლება, იმიტომ, რომ არ გაქვს საკმარისი დაფინანსება, რომლის გაზრდისთვისაც საჭიროა ბავშვების რაოდენობა. ეს არის ჯაჭვური რეაქცია, შეკრული წრე, საიდანაც თავს ვერ დაიხსნი“

ქ-ნი ნანა არც სტერეოტიპების გავლენას გამორიცხავს. ზოგჯერ ბაძავენ ახლობლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალაქის ცენტრში მათი შვილები უკეთეს განათლებას მიიღებენ, ან უკეთეს კავშირებს დაამყარებენ ,,კარგ ოჯახიშვილებთან“. შეიძლება მათ წინაპრებს სკოლასთან არასასიამოვნო მოგონებები აკავშირებდეთ და ეს იყოს თავის არიდების მიზეზი, ზოგჯერ კი, პირიქით, სხვა სკოლაში გადასულ ,,საყვარელ მასწავლებელს“ გაეკიდებიან… როგორც ხედავთ, პატარა ქალაქის განაპირა უბნის სკოლას ბევრი იმედგაცრუება დაგროვებია, რაზეც მის ხელმძღვანელს ძალიან სწყდება გული.

,,როცა ოჯახის ერთმა თაობამ სკოლას ზურგი აქცია, მისი შთამომავლობაც ასევე მოიქცა და მიზეზებს აღარ ჩასძიებია. ზოგიერთმა ახლობელ-ნაცნობებს მიბაძა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზემოაღნიშნული შეხედულების წყალობით ჩვენს მოსწავლეებს არასრულფასოვნების შეგრძნება უყალიბდებათ, თითქოს ისეთ სკოლაში სწავლობენ, სულ თავი უნდა დაიცვან.  ამ შეხედულების შეცვლას ალბათ მეტი დრო და მოსახლეობის ნდობა სჭირდება. ამის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ სკოლის პრესტიჟის დაცვას“

 

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლამ ასი წლის იუბილე რამდენიმე წლის წინ იზეიმა. დირექტორის თქმით, ამ დროის განმავლობაში სკოლამ სწავლა-სწავლების უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა.  ოცდაცხრა მასწავლებელიდან თორმეტი მათგანი სერტიფიცირებულია, ორი – წამყვანი, სამი პედაგოგი კი მილენიუმის სახლის მწვრთნელი გახლავთ. ქ-ნი ნანა სიამაყით აღნიშნავს, რომ ის ხელმძღვანელობს პროგრესზე ორიენტირებულ სკოლას, რომელსაც იმედი აქვს, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებისთვის ფეხის აწყობას შეძლებს.

როგორც წესი, სკოლების შემოსავლების უმეტესობა კომუნალურ გადასახადებსა და ხელფასებზე იხარჯება. ამ მხრივ არც ოზურგეთის სკოლაა გამონაკლისი. განვითარებისთვის საჭირო სახსრების მოძიება არც ისე ადვილია. თუმცა დირექტორის ძალისხმევით დაზოგილი მცირე თანხებით ნაბიჯ-ნაბიჯ უმჯობესდება სამუშაო გარემო (იცვლება საკლასო ოთახების კარები, რემონტდება რესურს-ოთახი და ა.შ.). ქ-ნი ნანა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის სკოლებში სტუმრობისას ყველაზე მეტად მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მოხიბლულა. თუმცა აქვე დასძენს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ზემოაღნიშნულ ქვეყნებთან დატოლება შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გაკვეთილის ჩატარებას, პროფესიონალ მასწავლებელთან ერთად, სრულყოფილი რესურსით აღჭურვილი გარემოც ესაჭიროება.

რამდენად ჩართულები არიან მშობლები შვილის სწავლა-სწავლების პროცესში?

,,სამწუხაროდ, მშობლების გარკვეული ნაწილი უფრო იმას აქცევს ყურადღება, მისი შვილის თანაკლასელთა ოჯახები რომელი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან. რა თქმა უნდა, გვყავს ისეთი ბავშვები, რომლებსაც აქვთ მხარდაჭერა ოჯახისგან. თუმცა მცირეკონტიგენტიან სკოლებში უფრო ჭარბობს ისეთი მოსწავლე, რომელსაც სახლში ნაკლებად უწყობენ ხელს და მეტი ძალისხმევა დაგჭირდება, წიგნთან რომ მიიყვანო. ასეთი შემთხვევები ბევრია და ცალკეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვმუშაობთ. პატარა სკოლების დადებითი მხარეც ესაა –  თითოეული ბავშვის საგანმანათლებლო თუ პიროვნული პრობლემა ვიცით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ კლასში უთანასწორობის განცდა არ გაუჩნდეთ.“

ქ-ნი ნანას აზრით, მოსწავლეთა დაახლოებისა და ერთ გუნდად შეკვრის ყველაზე კარგი საშუალება ჯგუფურ პროექტებზე მუშაობაა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული აქტივობების განხორციელების შედეგად სკოლამ სპორტული ინვენტარი და ახალი ნარგავები მიიღო. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდურობისა და ჩართულობის მაღალი ხარისხი იყო, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა ურთიერთობებზეც დადებითად აისახა.

,,ძალიან მინდა, არაფორმალური განათლების მხრივ სკოლაში წრეობრივი მუშაობა იყოს. გვაქვს დიდი სპორტული დარბაზი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და კლუბური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა აქაც ხელს გვიშლის სკოლის ადგილმდებარეობა. სკოლის ბიუჯეტით კი შიდა წრეების დაფინანსება შეუძლებელია.“

თქვენი შეფასებით, პატარა ქალაქის სკოლებს შეუძლიათ მოსწავლეების თანამედროვე  გამოწვევებისთვის მომზადება?

,,ჩემი აზრით, რაიონებში ამ მხრივ უფრო უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე დიდ ქალაქებში.  ყოფილა შემთხვევა, მხოლოდ სკოლის იმედზე მყოფ, ბეჯით მოსწავლეებს ყველა სასკოლო გამოცდა წარმატებით ჩაუბარებიათ და არც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა გასჭირვებიათ. თუ ბავშვი სკოლას ხშირად აცდენს და სწავლის დაბალი მოტივაცია აქვს, რა თქმა უნდა, დასჭირდება რეპეტიტორის დახმარება.“

ქ-ნ ნანას რეპეტიტორობა თავის თავზეც გამოუცდია და ამბობს, რომ ზოგ ბავშვს ინდივიდუალური გაკვეთილები არაფერში სჭირდება, მშობელს კი თავის დაზღვევის მიზნით მოჰყავს მასთან. კლასში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად ,,ზრუნავს“ რეპეტიტორთა ინსტიტუტის გამყარებაზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ სკოლისა და ეროვნული გამოცდების პროგრამა ერთმანეთს შორდება და ჩნდება ამ დანაკლისის შევსების საჭიროება. გარდა ამისა, სკოლის მიმართ უნდობლობის პრობლემა მშობელს ძალაუნებურად რეპეტიტორზე  დამოკიდებულს ხდის.

,,საჭიროა სკოლისათვის მეტი ნდობის გამოცხადება, რომ ბავშვმა განათლება სწორედ სკოლაში მიიღოს. ოჯახსაც ნაკლები დანახარჯი ექნება და სკოლის ავტორიტეტიც ამაღლდება.“

ალბათ ბევრმა არც იცის, რომ გურიაში პროფესიული და უმაღლესი განათლების საკმაოდ კარგი პლატფორმა არსებობდა. დღეს აქ პროფესიული განათლების მიღებას კოლეჯ ,,ჰორიზონტში“ შეძლებთ. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, რაიონში ფუნქციონირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, სადაც ქ-ნი ნანა გაგუა ლექციებს ცნობილ ლექტორებთან ერთად კითხულობდა.

,,ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოზარდა ამ ფილიალმა. მათთვის, ვისაც სწავლის უმაღლესში გაგრძელება სურდა და დედაქალაქში წასვლას ვერ ახერხებდა, შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენდა. კარგი შეფასებების მიუხედავად, ფილიალი დაიხურა. რომ დარჩენილიყო, ვფიქრობ, დღეს განათლების ერთ-ერთი მძლავრი კერა იქნებოდა.“

თქვენი აზრით, როგორია ,,კარგი სკოლა“?

,,პირველ რიგში, სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო, როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.  გარდა ამისა, ეს არის სკოლა, სადაც ყველამ იცის თავისი საქმე და მოვალეობას პირნათლად ასრულებს, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი გამართულია და ამას უზრუნველყოფს პროფესიონალი მასწავლებელი, რომელსაც უყვარს ბავშვი, თავისი საქმე და მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის ყველაფერს აკეთებს.“

მალალა იუსუფზაის თუ დავესესხებით, ერთ მასწავლებელსაც შეუძლია მსოფლიოს შეცვლა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ერთ ადამიანს რეალურად ძალუძს გლობალური ცვლილებების მოხდენა?

,,ვფიქრობ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ ვერ ვირწმუნებ, რომ მე ერთს შემიძლია რაღაც ცვლილების განხორციელება, შესაძლოა ამ ცვლილებების დაწყებამ დროში უსასრულოდ გადაინაცვლოს. პაოლო კოელიო წერდა, როცა გულით გწადია რამე, მთელი სამყარო გეხმარება ამის მიღწევაშიო. შესაძლოა, შენი შედეგი თავიდან არც ისეთი თვალსაჩინო იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.“

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...