პარასკევი, ივნისი 13, 2025
13 ივნისი, პარასკევი, 2025

არაქელამ რა თქვა

0

არაქელა ოქუაშვილზე, შთამომავლებისა და ოროდე მკვლევარ-ისტორიკოსის გარდა, ალბათ, ისევ არავის არაფერი ეცოდინებოდა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას, „აკრძალული მეხსიერების“ სერიით, მისი მოგონებების გამოცემა რომ არ გადაეწყვიტა. საქართველოში ხალხოსნური და სოციალ-დემოკრატიული მოძრაობების ერთ-ერთ პირველ წარმომადგენელს, ძველ ბოლშევიკს 1935 წლისთვის მოგონებების დიდი ნაწილი უკვე დაწერილი ჰქონდა, მომდევნო წლებმა კი არათუ მათი გამოცემა გახადა შეუძლებელი, არამედ თავად ავტორი გაუყენა იმ საბედისწერო გზას, საიდანაც აღარავინ ბრუნდებოდა. არაქელა ოქუაშვილი 1937 წლის 11 იანვარს გაიყვანეს სახლიდან და მას შემდეგ ახლობლები მის კვალს უშედეგოდ ეძებდნენ.

წიგნი, რომელსაც „ჩემი მოგონებები“ ჰქვია, მკითხველის ყურადღებას პირველივე გვერდებიდან იპყრობს და ამ გასაოგნებელი ჩანაწერების მცირე ხნით გვერდზე გადადება თითქმის შეუძლებელი ხდება. ეს მხოლოდ მათი საკითხავი არ არის, ვისაც გული ძველი ამბებისკენ მიუწევს, ან წარსულის პასუხგაუცემელი კითხვები მოსვენებას არ აძლევს. არაქელა ოქუაშვილის მოგონებები კითხვის საღერღელს ბევრს აუშლის, მათ შორის ბიოგრაფიული თუ სათავგადასავლო რომანების მკითხველებსაც.

თხრობა მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ამბებით იწყება – სოფელ მუხრანში გატარებული ბავშვობის გახსენებით. „შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ბერიანთ მონაზონთან მიმაბარეს წერა-კითხვის სასწავლად. წერა-კითხვას ხარის ბეჭებზე გვასწავლიდნენ. კალმად გვქონდა ბატის ფრთა. მელნად ქვაბის მურს ვიღებდით, ძმარს დავასხამდით და ქვით ვხეხდით. ასეთ სითხეში აწეწილ ყაჭს ჩავდებდით, რომ შეეშრო და ამით ვწერდით. დილიდან საღამომდე გვასწავლიდა. თუ ვინმე იჩივლებდა – იცელქესო, ქვა ისროლესო, თითებს ნემსით გვიჩხვლეტდა. პირს გვიზომავდა – ბევრი გილაპარაკნიათო…“ არადა, ცელქია არაქელა, დიდად დაუდგრომელი – მისი მშობლები მომჩივნების მიღებას ვერ აუდიან. „მიყვარდა ფანჯრის შუშების, კოკების მტვრევა. მეტადრე თუ რომელიმე დედაკაცი გამაჯავრებდა. ჩავუსაფრდებოდი წყალზე, გავუტეხდი კოკას და ზურგზე წყალი რომ გადაესხმებოდა, გამეხარებოდა. შემდეგ ვიცოდი, რომ მომჩივნები მოვიდოდნენ სახლში და მთელი დღით გავიქცეოდი. ღამით ბებიაჩემთან შევიპარებოდი, ის დამჭკნარ ძუძუს მომცემდა, მომიალერსებდა. არ წახვიდე იქით, გაგიწყრებიანო“.

მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულების აქ აღწერილი სურათი მეტ-ნაკლებად ემთხვევა იმას, რაც სკოლისა და უნივერსიტეტის წლებიდან დაგვრჩა, თუმცა, ახალი შტრიხებით გამდიდრებული, კიდევ უფრო მკაფიო და საგულისხმო ხდება. გარემო, რომელშიც ჩვენი წამოზრდილი გმირი სხვადასხვა ხელობას ერთიმეორის მიყოლებით მოსინჯავს, თვალშისაცემად ინტერნაციონლურია – რა ეროვნების ხალხს აღარ გადაეყრება წლების განმავლობაში თბილისში თუ თბილისს გარეთ. არაქელაც დიდი ავანტიურისტია – ერთდროულად რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს… სწავლა კი გულით უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს – ფარმაცევტულ ლაბორატორიაში ყურმოკრულ ლათინურ ფრაზებს უნდა დასჯერდეს. კითხვით, ალბათ, იმას კითხულობს, რასაც ხელში ჩაიგდებს და რაც საერთო მოწონებას იმსახურებს მის წრეში.

აი, ამბავი იმისა, თუ როგორი ზემოქმედების უნარი აქვს ახალგაზრდობისას წაკითხულ წიგნებს: „…სახელოსნოს პირდაპირ ებრაელის დედაკაცმა ლუდხანა გააღო, სადაც სიყვარულიც იყიდებოდა. ჩვენ შევდიოდით ლუდის სასმელად. ვნახოთ, ერთი ქალი მოგვიჯდა და ლაპარაკი დაგვიწყო. ვუყურებ, სულით როსკიპი არ არის, არ არის მთლდ გარყვნილი ქალი. დავუწყე ლაპარაკი: რად როსკიპობ, არა გრცხვენიან-მეთქი. საქმე არა მაქვსო. – საქმე რომ გიშოვნო, ხელს აიღებ? – ავიღებ. – შენ თუ დაანებებ თავს ამ საქმეს, მალე ცოლად შეგირთავ-მეთქი, ვუთხარი. ავდექი, საქმე ვუშოვე. გოლოვინის პროსპექტზე სასტუმრო „კოლხიდა“, იქ თეთრეულს აძლევდნენ გასარეცხად. სხვებიც აძლევდნენ სარეცხს. ეს მე ჩავიდინე, როგორც ვფიქრობ, რუსული ლიტერატურის და ანტონ ფურცელაძის „სამის თავგადასავლის“ გავლენით“. მართალია, არაქელას გულუბრყვილო წამოწყება იმთავითვე მარცხისთვის არის განწირული, მაგრამ მაინც როგორი დასაფასებელია ლიტერატურისთვის გამოცხადებული დიდი ნდობა, ლიტერატურაზე დაყრდნობით ისეთი გადაწყვეტილების მიღება, ცხოვრებას რომ ერთიანად ამოატრიალებს.

მე-20 საუკუნემ ახალი თავბრუსხვევა მოიტანა, ახალი საფიქრალი და საკეთებელი. რა ფანატიკოსები ვიყავითო! – შესძახებს არაქელა იმ დღის გახსენებისას, როცა რუსეთში გადასახლებულმა ორმა თანამოაზრემ, წინასწარი შეთანხმებით, სხვადასხვა ქალაქში „მარსელიეზა“ ერთდროულად იმღერა. ვმღეროდი და გეფიცებით, მართლა მესმოდა ლევანტი მამალაძის ხმა 300 ვერსით დაშორებული ელეციდანო, – წერს უკვე ასაკოვანი ბოლშევიკი, რომელიც ამ ფანატიკური ერთგულებით ემსახურა, მისსავე წარმოდგენით, უდიდეს საქმეს.

არაქელა ოქუაშვილის ხმა 21-ე საუკუნესაც მოსწვდა – პირველ რიგში, ისტორიის მასწავლებლებისა და ისტორიის საგანზე შეყვარებული მოსწავლეების გასახარად. „ჩემი მოგონებები“ ის წიგნია, სახელმძღვანელოს დახურვის შემდეგ რომ უნდა გადაშალო და ჩქარი ნაბიჯით გაუყვე ფართო შარას.

ისტორიები, რომლებიც გვაძლიერებენ

0

ოცწლიანი გამოცდილების მქონე კლინიკური ფსიქოლოგის მეგი ჯეის დასკვნით, ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მისი პრობლემები უნიკალურია. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ მარტო არ არიან, რომ მსგავსი პრობლემები შეიძლება სხვებსაც ჰქონდეთ. წიგნში „ზენორმალურები. ისტორიები, რომლებიც გვაძლიერებენ“ მეგი ჯეი იკვლევს ბავშვობის გავრცელებულ ტრავმებს და განმარტავს, თუ რატომ გვაწუხებს დაუცველობისა და მარტოობის განცდა ზრდასრულობაში.

„ძალიან დაღლილი ვარ. მრცხვენია ამის. მრცხვენია, რომ აქ ვზივარ და ვტირი, რადგან ვიცი, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრება გაცილებით მძიმეა. მგონია, რომ არ მაქვს უფლება, თავი დაღლილად და დატანჯულად ვიგრძნო. არ ვიცი, რა დამემართა. ზოგჯერ ისეთი განცდა მეუფლება, რომ ყველგან ზედმეტი ვარ. სამყაროში არ არსებობს ჩემი მდგომარეობის აღმწერი სიტყვები. თითქოს სხვა ადამიანებს არ ვგავარ. თითქოს არანორმალური ვარ,“ – ეს მეგი ჯეის მისმა კლიენტმა ელენმა უთხრა. ელენი გარეგნულად არ ახდენს დაქანცული და შეწუხებული ადამიანის შთაბეჭდილებას, მაგრამ მას პრობლემები აქვს.

 

რას ნიშნავს იყოფსიქოლოგიურად მდგრადი“?

ფსიქოლოგთან პირველ მიღებაზე ელენს არ დაუგვიანია, დათქმულ დროს გამოჩნდა. დივანზე წელგამართული, წინ ხელებდაწყობილი დაჯდა. ერთი შეხედვით, უემოციოდ თქვა, რომ სამსახურში შეაყოვნეს, გზად მანქანის საბურავიც გაუსკდა, ამიტომ ის მომსახურების სადგურზე დატოვა, შეახტა ავტობუსს და ბოლო ორი უბანიც სირბილით გამოიარა, რომ სპეციალისთან დროზე მისულიყო. ელენი მთელი ცხოვრება არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა, ცდილობდა, სამყარო უკეთესი გაეხადა. ბევრს მოგზაურობდა. ადრეულ ბავშვობაში მამა და უმცროსი ძმა დაკარგა. როდესაც გაიზარდა, საკმარისი ფულის შოვნა დაიწყო იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანებზე ეზრუნა. „თქვენ უბრალოდ სუპერგმირი ხართ!“ – აღმოხდა მეგის, მაგრამ ელენი მაინც მარტოსულად და უბედურად მიიჩნევდა თავს.

ბავშვებისა და მოზარდების 75%-ს აქვს უარყოფითი გამოცდილება: მშობლების განქორწინების, მათი ალკოჰოლიზმის, სიკვდილის ან პატიმრობის, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის, – მაგრამ ზრდასრულობაში ასეთი ბავშვები, მათ შორის – ელენიც, წარმატებულები ხდებიან.

სოციოლოგები ელენისნაირ ადამიანებს ფსიქოლოგიურად სტაბილურებად, მდგრადებად მოიხსენიებენ. მათ შეუძლიათ სირთულეების გადალახვა და გარემოებებთან ადაპტირება. პრობლემა ის არის, რომ ეს ადამიანები თვითონ არ მიიჩნევენ თავს ძლიერებად. ვერ ახერხებენ იარების სწრაფად მოშუშებას, რადგან ბავშვობაში მიღებული უარყოფითი გამოცდილება დიდხანს ახსოვთ. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამოიყურებიან ისინი გარეგნულად – თავდაჯერებულები არიან თუ წარმატებულები. მათ სულში ჯოჯოხეთია. ასეთი ადამიანები მიიჩნევენ, რომ არანორმალურები არიან, თუმცა მეგი ჯეი მათ გმირებს, ზენორმალურებს უწოდებს.

 

განქორწინებაბავშვების ტრავმის ყველაზე გავრცელებული მიზეზი

ფსიქოლოგიურად მდგრად ბავშვს საკუთარი ათვლის წერტილი აქვს, რომელიც მას სიმამაცის გზაზე აყენებს. ფსიქოანალიტიკოსისა და პედიატრის დონალდ ვინიკოტის აზრით, „ბავშვის ცხოვრებაში ხდება რაღაც, რაც ძირეულად ცვლის ყველაფერს“. ამ მომენტიდან ზენორმალური ბავშვის ცხოვრება უწყვეტი აღარ არის. ის ორ ნაწილად: „მანამდე“ და „მას შემდეგ“ – იყოფა. ბავშვიც ყოფს სამყაროს: „მე“ და „დანარჩენები“.

ბავშვების ცხოვრებაში უარყოფითი გამოცდილება ყველაზე ხშირად მშობლების განქორწინებას უკავშირდება. სტატისტიკურად, განქორწინებათა მესამედი მშობლების თანაცხოვრების პირველ თხუთმეტ წელზე მოდის. ყოველწლიურად მილიონობით ბავშვი მშობლების განქორწინების მოწმე ხდება. მათ უჩნდებათ უნდობლობის განცდა, ამის გამო შფოთავენ, რადგან ჰგონიათ, რომ რაკი მშობელმა მიატოვა, სხვა უფრო გაიმეტებს.

რობერტ ემერისა და მისი კოლეგების კვლევის მიხედვით, განქორწინებულ ოჯახებში აღზრდილები სამჯერ უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი „ბავშვობა უფრო რთული იყო, ვიდრე სხვა ადამიანებისა“.

განქორწინების ტრაგედიას ბავშვები შედარებით ადვილად ინელებენ, როცა ორივე მშობელი მზად არის, მათთან ნდობით სავსე ურთიერთობა გააგრძელოს, მაგრამ განსახორციელებლად ეს ძალიან რთულია. რომელიღაც მშობელი „მეორე რიგის“ პერსონაჟი ხდება. ბავშვებიც მარტო რჩებიან წყენისა და კონფლიქტის პირისპირ. მშობელსაც ბევრი პრობლემა აქვს. მან ბავშვსაც უნდა დაუთმოს საკმარისი დრო და საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზეც იზრუნოს. განქორწინება ოჯახის ყველა წევრისთვის იარაა.

 

როცა პრობლემაზე არ საუბრობ, ის არც ჩანს

თავის ტვინი ნებისმიერ საფრთხეზე ორნაირად რეაგირებს: გაიძულებს გაიქცე ან წინააღმდეგობა გაუწიო საფრთხეს. თუმცა ბავშვები უფროსებთან შედარებით ბევრად დაუცველები არიან. საფრთხის დროს ტვინი კარნახობს მათ, რომ უმჯობესია, ისე მოიქცნენ, თითქოს არაფერი მომხდარა.

ადამიანის თავის ტვინის კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი ზრდასრული საშინელი განსაცდელის პირისპირ მშვიდადაა, თითქოს მუნჯდება. მაგალითად, გაუპატიურების მსხვერპლთა ჩვენებებში ხშირად ჟღერს ასეთი ფრაზა: „გავშეშდი. ვერ ვმოძრაობდი. მეჩვენებოდა, რომ ეს ჩემს თავს არ ხდებოდა“.

ამიტომ არც ბავშვები ტირიან მძიმე სიტუაციებში. სიჩუმეს ამჯობინებენ. მნიშვნელოვანია, დიდხანს ვესაუბროთ მათ განცდილი სტრესის შესახებ. ბავშვს შეიძლება არ ეყოს სიტყვები თავისი ტკივილის ასახსნელად. „კრავთა დუმილი“ ხშირად ალკოჰოლიზმით დაავადებულ მშობელთა შვილებს ახასიათებთ.

არადა, ყოველი მეოთხე ბავშვი ალკოჰოლდამოკიდებულ ადამიანთან ერთად ცხოვრობს. მშობლებში ალკოჰოლიზმი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მეორე ადგილს (განვითარებულ ქვეყნებში) დეპრესია იკავებს. „არ უნდა შეგვეშალოს: მშობლებზე მეტად ალკოჰოლიზმისგან მათი შვილები იტანჯებიან“, – ამბობს მეგი ჯეი.

ოჯახში ძალადობის ფაქტების 60% უფროსების სიმთვრალეს უკავშირდება. ბავშვებთან უხეშობის დროს მშობელთა 30% მთვრალი იყო.

ის ბავშვიც კი, რომელიც ალკოჰოლიზმით დაავადებულ მშობლებს არასდროს უცემიათ, ზიანდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვები არ ახმაურებენ მშობლების პრობლემებს, ცდილობენ მოიქცნენ ისე, თითქოს არაფერი ხდება. როდესაც მშობლები თავს ვერ აკონტროლებენ, ბავშვები პასუხისმგებლობას იღებენ – ზრუნავენ და-ძმაზე, აშოშმინებენ ნასვამ მშობლებს. ასეთი ბავშვები დიდობაშიც არ საუბრობენ მშობლების ალკოჰოლიზმზე. პრობლემა ისაა, რომ ამ საიდუმლოს შენახვით ზენორმალური ადამიანები თავს უღირსებად გრძნობენ და ეს მათ ყოველდღიურად აწუხებთ.

 

ბევრი უფლებადამცველი ბავშვობაშია „დაზიანებული“

ზოგი ბავშვი ძალადობას სახლში განიცდის, ზოგი – სკოლაში. 18 წლამდე ასაკის ყოველი მესამე ბავშვი ბულინგს აწყდება.

ექსპერტთა მონაცემებით, სიტყვიერი აგრესიის შედეგად ბავშვების 25% ზიანდება. მათ დასცინიან, შეურაცხყოფენ, უვრცელებენ უსაფუძვლო ჭორებს. ბავშვების დაახლოებით 10% ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, 5% ბოიკოტს განიცდის, ამდენივეს ფიზიკური ძალადობით მუქრებიან.

ცხადია, მოძალადე მსხვერპლზე გაცილებით ძლიერია. მსხვერპლს ის რაიმე ნიშნით არჩევს – ის პატარაა, კლასში ახალი გადმოსულია, არასპორტულია, შეზღუდული შესაძლებლობების, დაბალი სოციალური სტატუსი ან განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია აქვს. სულიერი ტკივილი მსხვერპლის თავის ტვინში ისეთივე რეაქციას იწვევს, როგორსაც ფიზიკური. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ ტკივილთან არის გათანაბრებული. ბავშვი, რომელიც სისტემურად იჩაგრება, ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ, ითრგუნება და შფოთავს.

როგორც წესი, ძალადობის მსხვერპლი უკლებს სწავლას, ჯანმრთელობა ერყევა, უჩივის თავისა და მუცლის ტკივილს, უძილობას. ყველა ეს პრობლემა ხშირად ზრდასრულ ასაკშიც გრძელდება. ასეთი ადამიანი რჩება მსხვერპლის როლში, გრძნობს უძლურებას, იოლად ეუფლება დეპრესია ან შფოთვა.

საფრთხის დროს ადამიანი ან გარბის, ან იბრძვის. ზენორმალური ადამიანისთვის ბრძოლა სიტუაციასთან გამკლავებას გულისხმობს, ამიტომ დიდობაში ასეთი ბავშვები სიღარიბესთან, დისკრიმინაციასთან და სხვა უსამართლობებთან მებრძოლებად გვევლინებიან. ისინი დიდხანს და ჯიუტად იბრძვიან, საქმე ბოლომდე მიჰყავთ. გამარჯვებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, ყოველგვარ იარაღს იყენებენ: გონებას, სპორტს, ნიჭს, ოჯახს, პირად თვისებებს… ყველაზე ეფექტიანი ძალა მათთვის რისხვაა. ის აიძულებს, აუმხედრდნენ სამყაროს.

ექსპერიმენტებით დასტურდება, რომ რისხვა შეიძლება იყოს პროდუქტიული ემოცია, რომელიც განამტკიცებს თავდაჯერებას, სიმამაცეს, ამცირებს სტრესს. თუმცა ასეთი მებრძოლები სტრესს მუდამ განიცდიან. ის მათი ცხოვრების თანამგზავრია.

 

კიდევ როგორ გავუმკლავდეთ ბავშვის ტრავმას

ფსიქოლოგების სიუზან ფოლკმენის და რიჩარდ ლაზარუსის აზრით, არსებობს სტრესთან გამკლავების ორი გზა: პრობლემაზე ფოკუსირება, როდესაც ადამიანი ცდილობს მის გადაჭრას და ემოციებზე ფოკუსირება, როდესაც ადამიანი საკუთარ რეაქციებს მართავს.

მდგრადი ფსიქიკის მქონე ზოგიერთი ბავშვი ცდილობს სტრესის მინიმალიზაციას, სიტუაციის შეცვლას, გაუმჯობესებას. როდესაც ეს არ გამოსდის, აღიარებს ამ ფაქტს და შექმნილ ქაოსს გამოერიდება. ასეთი ბავშვები ჩუმები და უჩინრები ხდებიან. ისინი თამაშის დროს თავს უჩინმაჩინად წარმოიდგინენ. უყვართ თავის მოკატუნება, თითქოს სძინავთ.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველ მეხუთე ზრდასრულს რომელიმე ფსიქიკური დაავადების დიაგნოზი აქვს, 20-დან ერთს კი – სერიოზული ფსიქიკური აშლილობა. შიზოფრენია, ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია ხელს უშლის ადამიანებს, იყვნენ პასუხისმგებლობიანი მშობლები. და, რა თქმა უნდა, მათ შვილები სტრესს განიცდიან. გარდა ამისა, ფსიქიკური პრობლემების მქონე მშობლებს ხშირად მარტო უწევთ ბავშვების აღზრდა. ხშირად ბავშვი მათთვის გამოჯანმრთელების სტიმულია. ბავშვები ძალიან აფასებენ ასეთ მშობლებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ფსიქიკურად დაავადებული მშობლების შვილთა მესამედი წარმატებულია სკოლაში, სამუშაოსა და სოციალურ ურთიერთობებში. მათ არ აქვთ ფსიქიკურ ჯანმრთელობის პრობლემები: ისინი გამოიყურებიან და იქცევიან სხვა თანატოლების მსგავსად.

იმისთვის, რომ ცხოვრების ერთ ნაწილს გაეთიშო, მაქსიმალურად უნდა გადაეწყო სხვაზე. მაგალითად, ცნობილი შვეიცარიელი ფილოსოფოსი ჟან პიააჟე, რომელსაც ფსიქიკური პრობლემების მქონე დედა ჰყავდა, მეცნიერულმა კვლევებმა გაიტაცა. ათი წლის ასაკში მან უკვე გამოაქვეყნა სტატია სამეცნიერო ჟურნალში ბაყაყების იშვიათ ჯიშებსა და მოლუსკების კლასიფიციაზე.

ბევრი ფსიქოლოგიურად მდგრადი ბავშვი კითხვით განიკურნება: „ვფიქრობ, რომ ყველა გამოგონილი პერსონაჟი, განსაკუთრებით – სათავგადასავლო და საგმირო წიგნებიდან, სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ოცნებები საკუთარ თავზე“, – ამბობს ცნობილი მწერალი და კომიქსების შემქმნელი ალან მური.

ბევრი ზენორმალური ადამიანისთვის მომავალი ერთგვარი თავშესაფარია. ღარიბი ოჯახის შვილებს არ აშინებთ ცვლილებები, პირიქით, ეშინიათ, რომ მათი ცხოვრება ისეთივე დარჩება. ნათელი მომავლისკენ სწრაფვა ხელს უწყობს მათ წარმატებას. რაც უფრო კონკრეტულია და რეალისტური ბავშვის გონებაში დახატული მომავლის სურათი, მით უფრო კონცენტრირდება ის ამ მომენტზე და უფრო სავარაუდოა, რომ მისი ფანტაზიები რეალობად იქცევა.

პრობლემური დიალოგი როგორც მოსწავლეთა თავდაჯერების გაზრდის რეალური საშუალება

0

სასწავლო პროცესი უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული, ამიტომ ყოველგვარი დადებითი მოტივატორი აუმჯობესებს სწავლის შედეგებს და პირიქით – ნეგატიური განწყობა, დაბნეულობა, შიში, გაურკვეველი შფოთვა ზრდის დაბალი შედეგების რისკს, ამიტომ საგაკვეთილო საქმიანობისას მოსწავლის პიროვნული მზაობა, მისი თავდაჯერება წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა.

თავდაჯერება ასოცირდება საკუთარი შესაძლებლობების რწმენასთან, იმის აღიარებასთან, რომ პიროვნებას შეუძლია:

  • საკითხის არსის წვდომა, დასკვნების გამოტანა და ამოცანის შესრულებისთვის საჭირო მეთოდების შერჩევა;
  • კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო ქმედებათა დაგეგმვა და შესრულება და შესრულებისას წამოჭრილი დაბრკოლებების წარმატებით გადალახვა;
  • ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

მაგრამ თავდაჯერება ადვილი მისაღწევი არ არის. რა უშლის ხელს მოსწავლეს? რატომ ეუფლება მას უძლურების განცდა და ეკარგება წარმატების მიღწევის იმედი და მოტივაცია?

არცთუ იშვიათად ამის მიზეზი სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოებია, რომლებიც ნაკლებად უწყობს ხელს „მე“-კონცეფციის ფორმირებას (ხშირად ამ ტიპის დავალებები არც კი მოიპოვება მათში). მაგრამ ყველა სირთულის დაძლევა შესაძლებელია, თუ მოსწავლეს მხარს უჭერს მასწავლებელი, რომელსაც რეალურად შეუძლია:

  • იზრუნოს მოსწავლის პიროვნულ და შემეცნებით სრულყოფაზე;
  • სამუშაო პროცესი ააგოს ერთი იდეით – „ყველა ბავშვი ნიჭიერია“;
  • შექმნას თითოეული მოსწავლის პიროვნული წარმატების ატმოსფერო, კეთილგანწყობილი სამუშაო პროცესი, დაეხმაროს მათ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში;
  • შესთავაზოს მრავალფეროვანი სამუშაო (ინდივიდუალური, ჯგუფური), რომელიც მიმართული იქნება კრიტიკული და შემოქმედებითი უნარების გააქტიურებისკენ;
  • ამუშაოს მოსწავლე პრობლემის გადაჭრაზე, ახალი მასალის განმტკიცებაზე, დამახსოვრებაზე, დავალების სწორად შესრულებასა და შეცდომების გასწორებაზე, თვითშეფასებასა და თვითკონტროლზე, სწორ კომუნიკაციაზე და ა.შ.

ყველა ეს მიდგომა ხარისხობრივად ამაღლებს მოსწავლის პიროვნულ თავდაჯერებას, განამტკიცებს „მე“-კონცეფციას. მოსწავლეები სწავლობენ საკუთარი პოზიციის დაცვას, ხდებიან ინიციატივიანები, უხარიათ, რომ თვითონვე შეუძლიათ საკუთარი პრობლემების გადაჭრა და შედეგზე გასვლა.

სახელდობრ, რა სახის აქტივობები შეიძლება გამოიყენოს მასწავლებელმა მოსწავლეთა თავდაჯერების გასაზრდელად? შედეგის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია გაკვეთილის თემის გაგება-გააზრებასა და ახალი ცოდნის შეძენაზე ორიენტირებული დავალებები. ორივე შემთხვევაში შესაძლებელია, სამუშაო წარიმართოს პრობლემური სიტუაციის შექმნით, რომელიც მოსწავლეთა გაოცებასაც გამოიწვევს და მათ სირთულეთა გადალახვისთვისაც განაწყობს. მაგრამ კიდევ უფრო ეფექტიანია დავალებები, სადაც პრობლემური სიტუაცია გადაიზრდება დიალოგში, ანუ გაკვეთილის თემის გაგება-გააზრებისა და ახალი ცოდნის აგებისთვის ჯერ ხელოვნურად შეიქმნება პრობლემური სიტუაცია და შემდეგ ისე წარიმართება სამუშაო პროცესი, რომ დიალოგთან მიგვიყვანს.

რატომ დიალოგი?

დიალოგის ძირითადი სახეა ანალიტიკური და განმაზოგადებელი საუბარი. გაკვეთილის ძირითადი ამოცანაც შესასწავლი მასალის გააზრება, ცოდნის გაღრმავება და გაფართოებაა, ამიტომ დიალოგი შეიძლება განვიხილოთ როგორც ახალი მასალის გადმოცემის მეთოდი, რომელიც მოითხოვს მასალის გააზრებას, ფაქტების შეფასებას და საკუთარი აზრის გამოხატვას. ამის კვალობაზე, სწორად წარმართული დიალოგი და კარგად მოფიქრებული შეკითხვები (რომელთა დროსაც შემეცნებისა და აღქმის პროცესი იმდენად სიღრმისეულია, რომ შესასწავლ ობიექტს აზროვნება ნაწილებად ყოფს და მერე ცალ-ცალკე შეისწავლის) გაცილებით მეტ თავდაჯერებას სძენს მოსწავლეს, ვიდრე ტრადიციული ფორმით წარმართული გაკვეთილი.

მოსწავლეთა თავდაჯერების გაზრდისკენ მიმართული ეს მიდგომა არსებითად ოთხ ეტაპს მოიცავს:

  1. პრობლემური სიტუაციის შექმნა, რომელიც აღიქმება როგორც წინააღმდეგობა, რომელთან შეხვედრაც გამოიწვევს მოსწავლეების ემოციურ რეაქციას – გაკვირვებას ან წარმოშობს წინააღმდეგობას;
  2. შემდეგში საკითხის გაგება-გააზრების გზაზე წამოჭრილი წინააღმდეგობა რეალურად საკითხის სტიმულირების საშუალებად იქცევა;
  3. საკითხის სტიმულირება ავტომატურად გამოიწვევს სასწავლო პრობლემის წამოჭრას, რომელიც შეიძლება გამოიხატოს სულ ორი კითხვით: „რა არის გაკვეთილის თემა?“ ან „რაში მდგომარეობს ძირითადი პრობლემა?“
  4. პრობლემაზე ორიენტირება! რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს აქტივობას – გაკვეთილის თემის გაგება-გააზრება თუ ახალი ცოდნის შეძენა, ის მაინც პრობლემის ფორმულირებით დასრულდება. სწორედ აქ გამოჩნდება მოსწავლის თავდაჯერებულობაც – შეძლებს თუ არა ის ამ ეტაპების გავლას, პრობლემის ფორმულირებას და ნაბიჯ-ნაბიჯ ახალი ცოდნის აგებას.

სასურველია, მასწავლებელმა პრობლემური დავალებების რამდენიმე ვარიანტი მოძებნოს, რომლებიც დასახული მიზნის შესაბამისი იქნება. ეს მას დაეხმარება, ჩაატაროს პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრისკენ მიმართული გაკვეთილი, გაზარდოს მოსწავლეთა ინტერესი, გაააქტიუროს მათი დამოუკიდებელი აზროვნება და შექმნას პიროვნული განვითარებისთვის საჭირო პოზიტიური გარემო.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი ისტორიის სწავლების კურსიდან:

VII კლასი. თემა – „რაინდობა“. I ეტაპზე საგაკვეთილო პროცესს აუცილებლად მივიყვანთ პრობლემური სიტუაციის შექმნამდე, რომელიც გამოიხატება კითხვებით: „როგორ საქციელს შეიძლება ვუწოდოთ რაინდული? ვის უწოდებენ დღეს რაინდებს? ვის უწოდებდნენ ამგვარად შუა საუკუნეებში? ვხმარობთ ამ სიტყვას დღეს იმავე მნიშვნელობით? რატომ? რა წინააღმდეგობა არსებობს ამ ცნების შუასაუკუნეობრივ გაგებასა და თანამედროვე შინაარსს შორის? რა კითხვა შეიძლება დაგებადოთ?!“ – და სხვ.

II ეტაპზე მოხდება სასწავლო პრობლემის ფორმულირება: „ვინ იყვნენ რაინდები შუა საუკუნეებში? ვის შეეძლო გამხდარიყო რაინდი?“

ცხადია, ორივე ეტაპი მიმდინარეობს საუბრის, დიალოგის ფორმატში და არა გამოკითხვის რეჟმიში.

VIII კლასი. „საქართველო XIX საუკუნეში. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა“. თემის ფარგლებში მოსწავლე, სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრებს 1832 წლის შეთქმულებაზე. საკითხში ჩაღრმავებისთვის, მისი გაგება-გააზრებისა და ახალი ცოდნის შეძენისთვის I ეტაპზე მოსწავლეებს ვაძლევთ შემდეგი სახის სასწავლო ამოცანას:

  • „დღეს ჩვენი მიზანია, გავიგოთ, რატომ და რისთვის გარისკეს შეთქმულებმა, რატომ ჩააგდეს საფრთხეში თავიანთი სიცოცხლე, თავიანთი ადგილი საზოგადოებაში. იმსხურებენ თუ არა შეთქმულების მონაწილენი ჩვენს პატივისცემას?“

II ეტაპზე მოსწავლეები შეისწავლიან საკითხს, გაეცნობიან შეთქმულების მონაწილეთა ვინაობას, საქმიანობას, მიიღებენ დამატებით ინფორმაციას, გაიაზრებენ მასალას, გამოყოფენ პრობლემას და გამოიტანენ დასკვნას, რომ:

  • შეთქმულები ვერ ერკვეოდნენ პოლიტიკაში, ისინი იყვნენ „რომანტიკული პოლიტიკოსები“ ან, ასე ვთქვათ, „პოლიტიკურად დილეტანტები“;
  • შეიძლება ითქვას, რომ „მათთვის სულერთი არ ყოფილა ქვეყნის ბედი, ისინი იყვნენ პატრიოტები, თავისუფლებისმოყვარენი, თავგანწირულები საქვეყნო საქმისთვის“;
  • „მათ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, მათი გაკვალული გზა მომდევნო თაობებმა გააგრძელეს“

და ა.შ.

თემის შესწავლის შემდეგ შეიძლება გაიმართოს დისკუსიაც:

  • „ვინ იყვნენ 1832 წლის შეთქმულები? პატრიოტები? ავანტიურისტები? ცრუ პოლიტიკოსები?“

დისკუსიის შედეგები შეიძლება შეჯამდეს თანამედროვეთა პოზიციიდანაც: „ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება“.

 

IX კლასის ისტორიის სასწავლო კურსი.

ა) თემა: „ბიზანტია-ირანის დაპირისპირება VI საუკუნეში“. I ეტაპის გავლის შემდეგ, II ეტაპზე, პრობლემური სიტუაცია შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „საქართველო დიდი იმპერიების ყურადღების ცენტრში. რამ გამოიწვია დიდი ომიანობა ეგრისში?“

ბ) თემა: „XIX საუკუნის 70-იან წლებში რუსეთის იმპერიაში და საკუთრივ საქართველოში მიმდინარე რეფორმები“. I და II ეტაპებზე, როდესაც ხელოვნურად ვქმნით პრობლემურ სიტუაციას და ვსვამთ პრობლემურ კითხვებს რეფორმების მიმდინარეობისა თუ შედეგების შესახებ, – და ამას ვაკეთებთ დიალოგის ფორმით, – მოსწავლეს საშუალებას ვაძლევთ, რეფორმების შესახებ უკვე არსებული ცოდნა გაიმდიდროს, შეივსოს, წარმოდგენაში არსებული ცნება „რეფორმის“ შინაარსი სრულყოს ყოველგვარი დაძაბვისა და ზედმეტი კონტროლის გარეშე.

 

კიდევ უფრო საინტერესოა, როცა პრობლემური დავალება დაუმთავრებელი, დაუსრულებელი მონაცემებითაა წარმოდგენილი. ამ დროს დავალების ტექსტი ისეა შერჩეული, რომ შეიცავს როგორც მოსწავლისთვის კარგად ნაცნობ, ასევე ახალ ინფორმაციასაც, რომლის მოცულობა ნაცნობ ინფორმაციაზე გაცილებით მეტია, ამიტომ დავალება უფრო ინფორმაციულია, ნაკლებად ჰგავს „საკონტროლოს“. იმისთვის, რომ მოსწავლემ წარმატებით გაართვას თავი ასეთ დავალებას, ის უნდა ფლობდეს არა მარტო ისტორიული ცოდნის განსაზღვრულ მინიმუმს, არამედ შეეძლოს ტექსტთან მუშაობაც (მთავარის გამოყოფა, ძირითადი სიტყვის პოვნა და სხვ.).

ასეთი დავალებები ზრდის მოსწავლეთა შემეცნებით ინტერესს და უბიძგებს მათ აქტიურობისკენ. მით უმეტეს – როდესაც საქმე ეხება ისტორიულ პირებს. მაგალითად, VIII/IX კლასის კურსში მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცნობილ ისტორიულ პირებზე, გააკეთოს, მაგალითად, გრიგოლ ორბელიანის მოღვაწეობის ალტერნატიული ანალიზი, შეაფასოს მათ შესახებ გამოთქმული მოსაზრებები და ამ გზით ჩამოუყალიბდეს ისტორიისადმი საკუთარი მიდგომა, დამოკიდებულება. ეს ყველაფერი ხდება დიალოგის ფორმატში.

ცხადია, პრობლემური სიტუაციის წამოჭრისადმი მითითებულ მიდგომებს აქვს თავისებურებები: გასათვალისწინებელია მოსწავლეთა განვითარების დონე, შესაძლებლობები და ა.შ. მთავარი მაინც ის არის, რომ დიალოგის სიტუაცია, რომელიც ხასიათდება მაღალი ჩართულობით, შემოქმედებითი შინაარსისაა და ადვილად დასაძლევია მოსწავლისთვის, ყველაზე მოქნილი და ეფექტური გზაა გაკვეთილზე მოსწავლის „მე-კონცეფციის“ ხელშესაწყობად, მისი თავდაჯერების გასაზრდელად.

აღსანიშნავია, რომ დიალოგის გზით წარმართული სასწავლო პრობლემის კონსტრუირებისას აქტიურია მასწავლებელი, რაც მისგან ნამდვილად არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, მაგრამ მთავარია, რომ პრობლემა მოსწავლეებმა დამოუკიდებლად გადაჭრეს, შეძლეს დამოუკიდებლად გაანალიზება, სწავლა და დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები, აღიარეს, რომ ნამდვილად შეუძლიათ ისტორიული მოვლენების შეფასება, მიღებული ცოდნის გამოყენება სხვა პრობლემების გადასაჭრელად, უარი არ თქვეს კომუნიკაციაზე, აქტიურ დიალოგზე. ამიტომ საგაკვეთილო პროცესში პრობლემური სიტუაციების გამოწვევა და დიალოგის გზით მათი დაძლევა მისაღები და სასურველია.

 

 

 

ცხოვრება გამოცდა არ არის ანუ რეფორმების კართან

0

„ცხოვრება არ არის გამოცდა, არავითარი დანიშნულება და ვალი არ გაქვს ცხოვრების წინაშე… ცხოვრება ასახავს იმას, რაც არის… ცხოვრება დამოუკიდებელი სრულყოფილი სისტემაა, რომელიც გამუდებულად განაახლებს და აღადგენს საკუთარ თავს… შენ მისი ნაწილი ხარ…“

დონალდ უოლში “ცვლილებების წიგნი”

 

ჩვენი ცხოვრების კონცეპტუალური მეტაფორები ხანდახან არაცნობიერად და თავისთავად იქმნება… თავისთავად, მაგრამ არა უმიზეზოდ და საფუძვლების გარეშე. მეტაფორები იკვებება იმ ქმედებებით, ქცევებით, თეორიებით, რომლებზეც ვიზრდებით. ჰო და, არავის გაუკვირდება, რომ ჩვენი არსებობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური მეტაფორა რომ სწორედ „გამოცდაა“.

რატომ გამოცდა…?

თუ თქვენ თქვენს ცხოვრებას გადაავლებთ თვალს, აღმოაჩენთ, რომ გამოცდები და მასთან დაკავშირებული ემოციები ცნობიერების მყარ დისკზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ჩვენი ქცევებიც კი იმ მოდელიდან გამომდინარეობს, რომელშიც ბაღში და სკოლაში ვართ: გაკვეთილი, შეფასებები, დახარისხებული მოსწავლეები (ოროსანი, სამოსანი, ხუთოსანი, ათოსანი…), კარგი, ცუდი, საუკეთესო, ყოჩაღი, ზარმაცი, უქნარა… იარლიყები, რომლებიც სკოლამ დაგვაზეპირებინა, გადაგვაქვს ცხოვრებაში და მთელი ცხოვრება ამ სტერეოტიპებში ვაგრძელებთ სიცოცხლეს. სანიმუშოდ შეგიძლიათ პარლამენტის სხდომას უყუროთ, როდესაც დებატებისას დეპუტატები ხშირად წასძახიან ერთმანეთს: – დაჯექი, ორიანი! – ოროსნები, – ხუთოსნები… – გამოცდა ვერ ჩააბარეთ! და სხვა; პარლამენტის სხდომები ტიპური და სანიმუშო მაგალითია იმისა, როგორ გადაგვაქვს ნაცნობი სისტემა სხვადასხვა სფეროზე.

ჩვენს ცნობიერებაში „გამოცდას“ რელიგიური კონტექსტიც კვებავს. ცხოვრება ხომ გამოცდაა და სასულიერო პირები ხშირად უმეორებენ მრევლს: „ცხოვრება გამოცდას გიწყობს!“ გამოცდის მიზანი სწავლაც შეიძლება იყოს და უბრალოდ „გამოცდაც“. ამას სახარებაშიც ამოვიკითხავთ:

„იესო ჯერ კიდევ იერუსალიმის მახლობლადაა, როცა რამდენიმე იუდეველი მიდის მასთან.ზოგ მათგან სურს, ისწავლოს მისგან, ზოგს კი, უბრალოდ, მისი გამოცდა უნდა“ (ლუკა 10:25).

გამოცდები სასწავლო პროცესთანაა დაკავშირებული. ხოლო თუ მთელი ცხოვრება სწავლაა, მაშინ გამოდის, რომ სულ გამოცდები უნდა ვაბაროთ და ამ გამუდმებულ საგამოცდო ორომტრიალში ცხოვრების ადგილი აღარ რჩება! – აი, ეს არის მთელი პრობლემა, თორემ, შესაძლოა, რომ რაღაც მომენტში ცხოვრების რომელიმე მოვლენა მართლაც მივიღოთ გამოცდად, რომელმაც რაღაც გვასწავლა.

ამ ცნობიერების ანარეკლია მუხრან მაჭავარიანის ერთი ლექსი:

ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

მრავალს უწია ცოდვამ:

ვინ რა ყოფილა – გამოჩდა!

კაცი აღმოჩდა ცოტა!
ღმერთმა მოგვიწყო გამოცდა!

ცოდვის კითხვაა… ჰოდა!

ყველა ისეთი აღმოჩდა,

რა წარმოდგენაც მქონდა!

როცა პოეტი წერს, რომ: „ყველა ისეთი აღმოჩდა, რა წარმოდგენაც მქონდა!“ – აი, ეს ფრაზა აუქმებს უკვე გამოცდების საჭიროებას. ეს იუმორით, თუმცა სერიოზულადაც შემიძლია იგივე ვთქვა.

რა არის თქვენთვის ცხოვრება…? _ გამოცდა? მაშინ მოემზადეთ, რომ მიღებულ ცოდნას ვერსად გამოიყენებთ, ან, უბრალოდ, დიპლომებს და სერთიფიკატებს დააგროვებთ და, სავარაუდოდ, სამოთხის შესასვლელში წარადგენთ!

მეტაფორა, რომელსაც ადამიანი იყენებს, მისივე ცხოვრების გასაღებია, რას და როგორ ფიქრობს… ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრება თავგადასავალია და ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრება გამოცდაა, განსხვავებულად რეაგირებენ ცხოვრებისეულ მოვლენებზე და გამოწვევებზე.

კონცეპტი „გამოცდა“ დაანონსებულმა რეფორმებმა გამიაქტიურა და ერთგვარი იმედიც გამიჩინა, რომ, შესაძლოა, დადგეს ის რელობა, როდესაც ადამიანი გამოცდისთვის კი არა, ცოდნისთვის და ამ ცოდნის ცხოვრებაში რეალიზებისთვის ისწავლის, თორემ ბევრი გამოცდის შედეგი ვიცით, ჩასაბარებელ მაგიდასთან რომ დასრულებულა, გადაყრილ „შპარგალკებთან“ და სკოლისა და უნივერსიტეტის გამოსასვლელ კართან.

მინისტრის აზრით, გამოცდები ხელს უშლის სწავლების პროცესის წარმართვას და ამ გამოცდების გაუქმება უთუოდ გააჯანსაღებს სკოლას

როცა განათლების სისტემაში მიდგომები შეიცვლება და როდესაც მოსწავლეს გაუჩნდება ცოდნის მიღების სხვა მოტივი, ვიდრე ეს არის შეფასება, მაშინ ნამდვილად გაჯანსაღდება სწავლის პროცესი, სხვა შემთხვევაში, გამოცდების გაუქმება ბევრ ვერაფერ შედეგს  მოიტანს.

მოსაწყენია გაკვეთილივით დაზუთხული და დაზეპირებული ცხოვრებაც და თუ გვინდა ეს შევცვალოთ, სწორედაც რომ უნდა შეიცვალოს გამოცდების ფუნქცია. მეტი შემოქმედებითობა სჭირდება სასწავლო პროცესს: სკოლაშიც და უნივერსიტეტებშიც, თორემ თუ მხოლოდ გამოცდებით შეფასდება-დაფასდება ადამიანი, რობოტიზაცია სწორედ ეს არის. განსხვავებული უნარების განვითარება მრავალფეროვანი ხედვის წინაპირობაა, ხოლო მრავალფეროვანი ხედვა – საინტერესო ცხოვრების.

საინტერესო ცხოვრების კონცეპტუალური მეტაფორები კი ასევე მრავალფეროვანი და ცვალებადი იქნება.

აი, რას წერს დონალდ უოლში “ცვლილებების წიგნიში“: „ცხოვრება – სარკეა, რომელზეც ჩვენი შინაგანი სამყარო აირეკლება… შინაგანი სამყარო კი ყველასი განსხვავებულია… არ არსებობენ მტრები და მეგობრები… არ არსებობს გამარჯვება და დამარცხება… ეს ყველაფერი ადამიანის ავადმყოფმა გონებამ მოიფიქრა, რომ დაიცხროს გამარჯვების ვნების ილუზია… ცხოვრება არ არის გამოცდა, არავითარი დანიშნულება და ვალი არ გაქვს ცხოვრების წინაშე… ცხოვრება ასახავს იმას, რაც არის… ცხოვრება დამოუკიდებელი სრულყოფილი სისტემაა, რომელიც გამუდებულად განაახლებს და აღადგენს საკუთარ თავს… შენ მისი ნაწილი ხარ… პატარა “ცხოვრება”.

როგორც ვსწავლობთ, ისე ვხედავთ მერე და თუ შეიცვლება აქცენტები, შეიცვლება სამყაროს ხედვაც, რადგან ძალიან ბევრს განაპირობებს კონტექსტი.

და რაკი კონცეპტუალურ მეტაფორებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, აქვე 3 კითხვა, რომელზეც მაშინ უპასუხეთ, როცა თქვენ გაგეხარდებათ:

  • რომელი მეტაფორით გამოიხატება თქვენი ცხოვრება?
  • ეს ის მეტაფორაა, რომელიც თქვენ უბრალოდ პასუხისთვის მოიფიქრეთ, თუ რომელსაც თქვენი ცხოვრება ეფუძნება?
  • თუ ჯერ გიფიქრიათ ამაზე?

ჩემს პასუხსაც გეტყვით ერთი პატარა ლექსით:

* * *

ცხოვრება გამოცდა არ არის…

ცხოვრება მოცდაა…

ცხოვრება მოსაცდელი დარბაზია…

შენ არა ხარ გამოსაცდელი,

არც საცდელი ხარ…

შენ მგზავრი ხარ… (ც.ბ.)

სიყვარული

0

ახლა გვიანი ზამთარია. ოდნავ მღვრიე მზეების დრო. დამფრთხალი წვიმების. ხველის. ხანაც ქარის. ძირმომპალი ჩალის სუნის დრო. უხორცო ცაზე გამეორებული გაკვირვებული მთვარეების. შორი მეზობლებიდან გაუგებარი ხმის მოღწევისა და ძროხების ზანტი ბღავილის დრო. ტალახიანი გზების იშვიათი მანქანის ნაბორბლარით. იქ ჩამდგარი ჭრელი წყლის. გადაჭრილ ბოთლებში ჩატენილი ქათმის სკინტლის. გადმობრუნებული ქვების ქვეშ შეღვიძებული ჭიაყელების. სიარულის მობეზრების დრო. სქელტანიან წიგნებზე თვალის შევლების და მერე კითხვის დაზარების დრო. უცხო ძაღლის ჩამორბენისა და წამიანი მოშტერების დრო. მერე ამ ძაღლზე ფიქრის დრო. მერე ამ ძაღლზე ფიქრზე ფიქრის დრო. მოკლედ აჯაბსანდალი. და საერთოდაც – ოდნავ მარილმეტი აჯაბსანდლის დრო. კედელს შემორჩენილი შპალერის დაზეპირებული ნახაზების თვალით გადალაგების  და შპალერზე ნაცნობი კაცებისა და ქალების და უცნობი დევების და მამლების წარმოდგენის დრო. ძილის გატეხვის დრო. გატეხილი ძილის ბზარში ცხადის შეპარვის და სიზმრის ცხადად ქცევის დრო. შენი დრო, თუმცა შენ ჯერ არ ხარ. თებერვლის ბოლო ასეთია.

ღამით მოშარდვა მინდება და აივანზე გავდივარ. ტანზე მოცმა მეზარება და ისე გავდივარ. მხოლოდ ლოგინის შავზოლიანი მაისურით, სახელოები რომ ცოტა მოკლე აქვს. ცივა.

უნდა გადააფსა დუნიას? – მომაძახებს ბებია. არ მიკვრის, რომ ბებიასაც ღვიძავს.

მე არაფერს ვპასუხობ. უბრალოდ ცას ავხედავ. ცივა. სადღაც, შორიდან მომავალი გაზაფხულის დაუდასტურებელი, სავარაუდო სუნი იგრძნობა. შეიძლება რამე სითბოს ნაფლეთიც, უცებ რომ გაგკრავს და ქრება. ძნელია ამ სუნის და სითბოს დაჭერა, მაგრამ ხანდახან იჭერ. ცას ავხედავ. ღრმად ვსუნთქავ. ოდნავ მაჟრჟოლებს.

არ გაცივდე, შემოი შით! – ყრუდ მომესმის

თოთხმეტი ან თხუთმეტი წლის ვარ. გვიანი ზამთარია. მალე შეთენდება და სიცივე იმატებს.  და შემაშინებელი სიცხადით ხვდები, რომ შენი დროა. ზუსტად ისეთის, როგორიც ხარ. შენი დრო, თუმცა შენ  გვიან, იქიდან ბევრი თებერვლის მერე გამოჩნდები. გიღიმი და ოთახში ვბრუნდები.

გაადაფსი დუნიას? – მეკითხება ბებია

კი – რაღაც ბუნდოვანი კმაყოფილებით ვპასუხობ, ვწვები და გიყურებ. აქეთ, ბევრი თებერვლის მერე. მგონი, ეს არის სიყვარული.

 

როცა კლასში დაუმორჩილებელი მოსწავლე ზის

0

„ათი წელია, ერთსა და იმავე სახეებს ვხედავ. ყოველდღე. ოცდაათი წელია, მასწავლებელი ვარ. თქვენს მშობლებსაც ვასწავლიდი… მაგალითად, მამაშენს (სახელი). და რა შეიცვალა მას შემდეგ? შეიცვალა რამე? ვერაფერი გავუგე თქვენს თაობას. ჩემი გამოცდილების კაცი, წესით, უნდა იცნობდეს, მაგრამ თქვენთან არაფერი გამომდის. თქვენი სკოლაში ყოფნა ფულისა და დროის ფუჭი კარგვაა. ახლა მეც სულ ტყუილად ვკარგავ ძვირფას დროს. საერთოდ არ მისმენთ, არა? არ მისმენთ. არ გაინტერესებთ და რას მომისმენთ? თქვენ არასოდეს მისმენთ. ნეტავი საკუთარი სახეები დაგანახათ. თქვენი თაობა არასოდეს არავის უსმენს. რატომ მოვუსმინოთო, ფიქრობთ, არა? თქვენ ისეთი რთული და გაუგებარი ხართ, ამ რაღაც ახლებური უგემოვნო მუსიკითა და ტექნოლოგიებით, სინამდვილეში კი სიცარიელით. მინდა იცოდეთ, რომ შინაგანად არაფერი ხართ, საერთოდ არაფერი. ეს ყველაფერი, ეს… ზედაპირულია. სიცარიელე. საიდან ვიცი, (სახელი)? საიდან ვიცი, რომ თქვენთვის უცხოა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა ზრდილობა, მანერები, მორალი? საიდან ვიცი? იქიდან, რომ ამ წკეპლის გამოყენება ისევ მიწევს. ორმოცი წლის წინ ამის გაგება კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ ხალხიც სხვანაირი იყო. უკეთესი. თქვენზე ბევრად უკეთესი. ძველ მოსწავლეს რომ ვხვდებოდი ქუჩაში, ერთად ვიცინოდით იმაზე, თუ როგორ ვსჯიდი მათ. თქვენგან კი რას ვიღებ? ბინძური, მუწუკიანი და საზიზღარი მოსწავლეებისგან, რომლებსაც არაფერი სჭირდებათ ცხოვრებაში? არ ვიცი, არაფერი ვიცი, უბრალოდ არაფერი ვიცი…

ასე რომ, სანამ უკეთეს გამოსავალს არ მივაგნებთ, მომიწევს თქვენი ცემა!“

ბრიტანელი რეჟისორის კენ ლოუჩის 1969 წლის ფილმ „კესიდან“ აღებული ეს ციტატა, თუ მოსწავლეთა სახელებს ბაჩოთი, საბათი, ლუკათი, ვატოთი შევცვლით, საქართველოს რომელიმე სკოლის საკლასო ოთახში ან დირექტორის კაბინეტში გამართული ცალმხრივი მასლაათის ნიმუშადაც გამოგვადგება.

ამ კონგენიალურ ფილმში უამრავი პლასტია, ერთმანეთზე უფრო ღრმა შრეები და პრობლემები, რაც მეშახტეების ქალაქში განვითარებულ ამბავს დინამიკურსა და საინტერესოს ხდის. არც კი ვიცი, რამდენჯერ მინახავს, რამდენნაირი თვალით შემიხედავს, მაგრამ იმ კუთხით, როგორითაც ახლა მინდა გავშალო, მასზე არასოდეს მიფიქრია.

კენ ლოუჩის ფილმის ფაბულა ასეთია: ჩრდილოეთ ინგლისის ქალაქში, დაახლოებით ისეთივე მურიანში, როგორიც ჩვენი ჭიათურაა, მაგრამ ნაკლებად ლამაზში, პატარა ბიჭი, კასპერი ცხოვრობს. ამ ქალაქში დაბადებულმა ადამიანმა ცნობიერების ჩამოყალიბების წუთიდანვე იცის, რომ ან უნდა გაექცეს ერთფეროვან რეალობას, ან იმუშაოს მაღაროში, სადაც სისხამ დილით, ნახევრად მძინარე წალასლასდები და საიდანაც გვიან ღამით, ცხოვრებაზე გაბრაზებული მოლასლასდები. იმუშაოს, სანამ ყველაფერთან შეგუებულს ერთადერთ სიამოვნებად უქმეებზე ლუდის ბარში ჯდომა და ჭორაობა არ ექცევა.

კასპერი უცნაური ბიჭია. როგორც ყველა მაგარი რეჟისორი, კენ ლოუჩიც სრულყოფილად გვაცნობს ამ პროტაგონისტს – ის არც რძის მოპარვას ერიდება, არც გაკვეთილებზე ძილს და არც მეკარეობისას ძელზე ცოცვას.

უყურადღებოდ და უსიყვარულოდ გაზრდილი ბავშვისთვის ერთადერთი შვება მოშინაურებული კირკიტას წვრთნა და მასთან თამაშია. ამ უცნაური სიყვარულის წყალობით კასპერი ბიბლიოთეკიდან აწაპნილი წიგნის კითხვასაც კი დაიწყებს.

სიუჟეტი ისე ვითარდება, რომ ყველაზე გულგრილ ადამიანსაც კი ვერ დატოვებს გულგრილს, ცოტა გულჩვილებს კი სადღაც ბოლოსკენ იქნებ ცრემლიც მოადგეთ.

როგორც ზემოთ ვთქვი, კენ ლოუჩის ეს გენიალური ფილმი მრავალშრიანია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შრე კი საგანმანათლებლო სისტემის დრომოჭმულობაა. ვისაც „პინკ ფლოიდი“ ჰყვარებია, „კესის“ ნახვის შემდეგ უთუოდ გაახსენდება ამ ბრიტანული ჯგუფის ფილმი „The Wall” და მასწავლებლის ცნობილი სცენა, სადაც სახლში დაჩაგრული, მაგრამ სკოლაში დიდგული მასწავლებელი მოსწავლეს ლექსს თავზე გადაახევს. „ლექსი დაწერე? გესმით, ბავშვებო? კლასში პოეტი (ინტონაცია ისეთია, უფრო „გიჟპოეტა“ იგულისხმება) გვყოლია!“ კლასი იცინის.

კენ ლოუჩის ფილმშიც თითქოს განსაკუთრებით ცუდი არაფერი ხდება. კი, აქ არის ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული, ვერრეალიზებული სპორტის მასწავლებელიც, რომელიც ბოღმას მოსწავლეებზე ანთხევს და ბავშვების სულამდე მიღწევის მოწადინე სამოქალაქო განათლების მასწავლებელიც, რომელიც, როგორც ყველა ამ ფილმში, არცთუ იდეალურია. მაგრამ ეს გმირები ისეთივე ნამდვილები არიან, როგორებიც არიან მასწავლებლები თუნდაც აქ, 21-ე საუკუნის 10-იანი წლების თბილისში, სადაც ამ წერილს ვწერ.

აქამდე, რამდენჯერაც ეს ფილმი მინახავს, მაღაროელობის არმოსურნე პატარა კასპერის თავგადასავალი მეგონა მთავარი სიუჟეტური ხაზი, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ამბის მთავარი სათქმელი ის გაუცხოებაა, რომელიც საზოგადოების ყველაზე ახლობელ წევრებს – მშობელსა და შვილს, ძმებს, მეგობრებს, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის სუფევს. ამ ფილმში ერთმანეთისა მხოლოდ შევარდენს და მის მომთვინიერებელ ბიჭს ესმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ბუნებისა და ჯიშისა არიან. ამ ბაბილონის გოდოლივით არეულ საზოგადოებაში მხოლოდ ეს ორი არსება ახერხებს გულწრფელ თანაცხოვრებას.

წერილის დასაწყისში მოყვანილ სიტყვებს დირექტორი ამბობს. ფილმში ის თითქოს ერთი უჟმური და გაბოროტებული კაცია, ბავშვები რომ ეზიზღება, მაგრამ კარგად რომ დააკვირდები, სულ სხვანაირი აღმოჩნდება. არ ვიცი, მერამდენე ნახვისას მივხვდი, როგორ იტანჯება ეს კაცი, როგორ ცდილობს, სკოლაში ყველაფერი იდეალურად ჰქონდეს. როგორ იტანჯება, როდესაც ხმამაღლა კითხულობს სახარებას, ბავშვებს კი ეძინებათ ან ეცინებათ. მისი გულწრფელი აღსარება-მონოლოგიც იმას მოწმობს, რომ არ გამოსდის, უბრალოდ არ იცის როგორ ელაპარაკოს ახალ თაობას, რომელიც სრულიად გაუცხოებია.

თანაკლასელებისგან დამცირებული კასპერი ახალგაზრდა მასწავლებელს, კითხვაზე, რატომ გჩაგრავენო, პასუხობს:

„- არ ვიცი სერ. თითქოს არც სხვაზე უკეთესი ვარ და არც უარესი. მანამდე ბანდაში ვიყავი და გამოვედი. პოლიცია კი, თუ რამე დაიკარგა, პირველი მაინც მე მომადგება ხოლმე.

– რაღაც მიზეზი ხომ უნდა იყოს?

– მაგალითად, დღესაც უსამართლოდ დამსაჯეს, სერ. გაკვეთილზე დავჯექი და ჩამეძინა. დილით ექვსზე ვდგები, სერ, რომ გაზეთები დავარიგო, მერე სახლში გავრბივარ, რომ ვნახო, ჩიტი როგორაა. ვიღლები. თქვენც ხომ დაიღლებოდით, სერ?

– ნამდვილად. მერე?

– მასწავლებლებს კიდევ საერთოდ არ ვაინტერესებთ. სამიანებს რომ ვიღებთ, იდიოტები ვგონივართ, თან სულ საათზე იყურებიან, რომ დროზე მოგვიშორონ თავიდან და სახლში გაიქცნენ.

– რა სამსახური გინდა გქონდეს, კასპერ?

– სულერთია, სერ, რაშიც ფულს გადამიხდიან“.

სინამდვილეში კასპერისთვის ფული მესამეხარისხოვანია, რადგან ჯერაც ბავშვია. ისეთივე ბავშვი, როგორიც თბილისის ქუჩებშიც შეიძლება შეგვხვდეს და ცხვირი ავუბზუოთ, რადგან მაწანწალაა, დაუბანელი და ცუდი მანერების პატრონი. ასეთი მოსწავლე რამდენი გვყოლია. რამდენი გვყავს. მოსწავლე, რომელსაც ვერ ვთოკავთ. ისე ვერ ვმართავთ, როგორც გვინდა. არ გვიჯერებს, ერთს ვეუბნებით და მეორეს აკეთებს. სხვა ბავშვებს ეჩხუბება. გაკვეთილებზე სძინავს, დავალებას არასოდეს ასრულებს და სხვა.

მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი ჰეკლბერი ფინია.

სწორედ ასეთ ჰეკლბერებს, ტომ სოიერების გვერდით რომ ცხოვრობენ და სწავლობენ კიდეც, შეიძლება ისეთი საოცარი, შევარდენივით თავისუფალი სული ჰქონდეთ, როგორიც კასპერს აქვს.

ყველა მასწავლებელს ვთხოვდი, ეფიქრა ამაზე.

იქამდე მაინც, სანამ ასეთი ბავშვების სწორად აღზრდისთვის რამე უკეთესს არ მოვიფიქრებთ.

რომა- შავ-თეთრი კინოდან

0

ოსკარის 91-ე დაჯილდოების ცერემონიალზე მექსიკურმა ფილმმა, ალფონსო კუარონის “რომამ”, სამი ოსკარი მიიღო: “საუკეთესო რეჟისორის”, “საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის” და “საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის” ნომინაციებში. კუარონი ფილმის სცენარის ავტორიცაა, რეჟისორიც, ოპერატორიც, მემონტაჟეც და, თუ სწორად მახსოვს, პროდიუსერიც. მას უამრავი ჯილდო აქვს მიღებული “ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვისთვის” და “გრავიტაციისთვის“, მათ შორის ოსკარი “საუკეთესო რეჟისორის” ნომინაციაში, ანუ ამ ნომინაციაში მისთვის წლევანდელი ოსკარი მეორეა.​

კუარონი იმ ჰოლოვუდელ რეჟისორთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც თითქოს ცდილობენ კომერციული კინო მთლიანად არ გამიჯნონ საავტორო კინოსგან, თუმცა ეს მცდელობები, როგორც წესი, კომერციული კინოს სასარგებლოდ სრულდება ხოლმე. კუარონის შემთხვევაშიც აქამდე ასე იყო. ის მაინც მაღალბიუჯეტიანი ფილმების გასაკეთებლად (დიახ, გასაკეთებლად) დაქირავებული რეჟისორია და მოულოდნელიც იყო მისგან ისეთი სოციალური დრამის გადაღება, როგორიც “რომაა”. თან ფილმი შავ-თეთრია, შავ-თეთრ ფილმებს კი, როგორც წესი, არ აფინანსებენ. ამაზე ვუდი ალენის ერთი ფილმი მახსენდება, სადაც რეჟისორი (ვუდი ალენის პერსონაჟი) ამაოდ ცდილობს დაარწმუნოს პროდიუსერები, რომ მისი ფილმი შავ-თეთრი უნდა იყოს, რადგან ამას კონცეპტუალური მხარე მოითხოვს. მთავარ პროდიუსერს ვისკიანი ჭიქა შეაცივდება ხელში და მოსხლეტით და მკაცრად ეუბნება: “თუ გინდა ფილმი დავაფინანსოთ, ეს იდეა დაივიწყეო!” და რეჟისორიც ივიწყებს.

მაგრამ, ამ შემთხვევაში, ალფონსო კუარონის ავტორიტეტმა და წონამ, როგორც ჩანს, თავისი ქნა, და მას არ გასჭირვებია ფულის მოძიება მისი “ცხოვრების ფილმისთვის” (ასე უწოდა თვითონ).

ჩემი აზრით, ეს ფილმი ძველი იტალიური კინოსადმი მიძღვნილი მხურვალე სალამია. ფილმის სათაური პირდაპირ პაზოლინის “MAMMA ROMA”-ს გვახსენებს, ფილმში შიგადაშიგ მიმობნეული, უცნაური რაკურსით ნაჩვენები არქიტექტურული ნაგებობების კადრები ადრეულ ანტონიონის გვაგონებს, მაგრამ ფილმში მაინც ყველაზე დიდი დოზით ფედერიკო ფელინის კინოესთეტიკაა გადმოტანილი, უფრო სწორედ, მისი ორი საუკეთესო ფილმისა: “8½”-ის და “მშვიდი ცხოვრების”. “რომაშიც”, ისევე, როგორც ფელინის ამ ორ ფილმში, თხრობა მდორეა და, რაღაცნაირად, მასშტაბური. რეჟისორი ცდილობს მარტივი სიუჟეტის მიღმა დაგვანახოს რუტინული ცხოვრების მთელი სირთულე და, ფელინივით, ახერხებს კიდეც ამას. გვირაბში გაჩენილი საცობის სცენა პირდაპირი ალუზია-რემინისცენციაა ფელინის “8½”-ის სიზმარეული დასაწყისისა: დიდი, მოუხეშავი, შავი მანქანების მწკრივი, უსიცოცხლო სახეები, აწეული შუშებითა და მანქანების სიმჭიდროვით შექმნილი კლაუსტროფობიული გარემო.

ფილმის სიუჟეტი სამოცდაათიანი წლების მექსიკაში ვითარდება და ფოკუსში მოსამსახურე ქალია, რომელიც მრავალშვილიან ოჯახში მუშაობს. ბავშვებს ის ძალიან უყვართ. ოჯახში, ცოლ-ქმარს, ცუდი ურთიერთობა აქვთ და ქმარი საყვარელთან მიდის საცხოვრებლად. დედა ატყუებს შვილებს, რომ მამა მალე დაბრუნდება. მოსამსახურე გოგო ყველანაირად ცდილობს ბავშვებისთვის უმამობის შემსუბუქებას. ერთხელაც აღმოაჩენს, რომ ორსულადაა ბიჭისგან, რომელიც სულ რამდენჯერმე ჰყავს ნანახი. შეხვდება იმ ბიჭს და ეტყვის, რაშიცაა საქმე. ბიჭი არაფერს შეიმჩნევს, ცოტა ხანი აქ დამელოდეო”, ეტყვის, შუა ქუჩაში დატოვებს და გაუჩინარდება. გოგო დიასახლისს გამოუტყდება, რომ ორსულადაა. მაყურებელს უჩნდება შიში, რომ გოგოს სახლიდან გააგდებენ, მაგრამ პირიქით – დიასახლისი დაამშვიდებს და ნაცნობ გინეკოლოგთან წაიყვანს.

გოგო სოფელშიც ჩააკითხავს ბიჭს, მაგრამ ბიჭი გამოაგდებს. ერთხელაც, როცა დიასახლისს ავეჯის მაღაზიაში გაჰყვება, ქუჩაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყებ. რამდენიმე ახალგაზრდა მაღაზიაში შემოვარდება, მათ რამდენიმე იარაღიანი ახალგაზრდა დაედევნება და მათ იქვე, ხალხის თვალწინ, ხოცავენ. იარაღიანებს შორის ერთ-ერთი ამ გოგოს ყოფილი შეყვარებულია. გოგოს დენა დაეწყება, გააქანებენ კლინიკაში, სადაც მკვდარ ბავშვს იმშობიარებს.

შემდეგ სახლის დიასახლისი გადაწყვეტს, რომ ბავშვები ზღვაზე წაიყვანოს და მოსამსახურე გოგოსაც შესთავაზებს წამოსვლას, რომ ცოტა გული გადააყოლოს. წავლენ ზღვაზე. ვახშმობისას დიასახლისი შვილებს გამოუტყდება, რომ მამამ ისინი მიატოვა და აღარასოდეს დაბრუნდება. ერთ საღამოს, ბავშვებს (და-ძმას) ზღვა შეითრევს და მოსამსახურე გოგო მათ ძლივს გადაარჩენს და ისევ ქალაქში ბრუნდებიან.

ამ ფილმს ორი დღის მანძილზე ვუყურებდი. იმიტომ კი არა, რომ ქრონომეტრაჟი ორი საათი და თხუთმეტი წუთია. არა, უბრალოდ ამ ტიპის ფილმებს გამოზოგვით, დაგემოვნებით უნდა უყურო. თავის დროზე ფელინის და სხვა დიდი რეჟისორების ფილმებიც პირველ ჯერზე ასე გამოზოგვით მაქვს ნანახი. ვიცი, რომ ამ ფილმსაც აუცილებლად მივუბრუნდები.

 

მოტივაცია, ანუ შემიძლია უფრო მეტი

0

,,ძალიან კარგ პოსტებს წერ სოციალურ ქსელში, ხშირად დადე’’ – მითხრა ჩემმა თანამშრომელმა სკოლაში. დავიმორცხვე, თან შევიფერე და გულში გამიხარდა კიდეც. გონებაში კი უნებლიეთ დავიწყე შემდეგის ამორჩევა. ერთმა წინადადებამ ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანი წამახალისა და მოტივაცია მომცა. წარმოიდგინეთ პატარები, როცა მათ მათთვის ჯადოსნურ ერთ სიტყვას – ,,ყოჩაღს!’’ ვეუბნებით, რამხელა სტიმულს ვაძლევთ.

დაწყებით კლასებში მუშაობა ერთი დიდი თავგადასავალია. შენც ამ თავგადასავლის ნაწილი უნდა გახდე, სხვანაირად არ გამოვა. ისინი მუდამ მოელიან წახალისებას, შექებას. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, მივცე მათ ისეთი მოტივაცია, რომელიც პროგრესირებად შედეგს მოუტანთ.

გაგიზიარებთ ჩემი პრაქტიკიდან რამდენიმე აქტივობას, რომელიც ალბათ ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას გამოუყენებია.

სახელმძღვანელოების მოფრთხილება = წიგნები საჩუქრად!

ჩემმა კოლეგებმა იციან, რომ მასწავლებლები ძალიან ხშირად სრულიად უანგაროდ, საკუთარი სახსრებით ვცდილობთ მოსწავლეებისათვის სასკოლო ცხოვრების გაფერადებას. ამიტომ მაისის წიგნის ფესტივალი ჩემთვის ერთგვარი მოტივაციაა, რომელსაც შემდგომში ჩემი მოსწავლეების მოტივაციისთვის ვიყენებ.

ჩემს სადამრიგებლო კლასში შევამჩინე, რომ მოსწავლეები სახელმძღვანელოებს არ უფრთხილდებოდნენ. მათემატიკის წიგნის ყდას ასოები გაფერადებული ჰქონდა, ბუნებისმეტყველების ყდებს წებოვანი ლენტი აერთიანებდა, მუსიკის სახელმძღვანელო ომიდან ახალ დაბრუნებულს ჰგავდა. ძალიან შევწუხდი. ვეცადე გამოსავალი მომეძებნა. ამ დროს პირველი სემესტრი უკვე სრულდებოდა. ახალი სასწავლო სემესტრიდან კი კლასში ხმამაღლა, ბედნიერი სახით გამოვაცხადე, რომ  წლის ბოლოს, რომელ მოსწავლესაც სახელმძღვანელო ყველაზე მოვლილი და გაფრთხილებული ექნებოდა, საჩუქრად გადავცემდი საკითხავ ლიტერატურას! ყველა წიგნს საგულდაგულოდ შევარჩევდი არჩეულ ჟიურის წევრებთან ერთად და გამოვავლენდით გამარჯვებულებს.

ამ განცხადებამ მოსწავლეებზე დადებითად იმოქმედა, რადგან წლის ბოლოს იმაზე მეტი ჯანსაღი წიგნი ეწყო ჩემს მაგიდაზე, ვიდრე პირველი სემესტრის დასასრულს. აღარც ასოები იყო გაფერადებული მომრგვალებული ასოების მუცელზე და არც წებოვანი ლენტები ეკრო ყდებზე.

 

მე ვცდილობ, ლამაზად ვწერო

კალმის, ფანქრის სწორად დაჭერა დაწყებით საფეხურზე, განსაკუთრებით პირველ კლასში ბევრ მოსწავლეს უჭირს, რომ აღარაფერი ვთქვა წერაზე. მათთვის ძალიან რუტინული და მოსაბეზრებელია ერთი ასო-ბგერის ორ ან მეტ სტრიქონზე გამოწერა. თავიდან ცდილობენ, ლამაზად მოამრგვალონ ასოები, რიცხვები, თუმცა შემდეგ ბეზრდებათ და  მოვალეობის მოხდის მიზნით ბოლოს მიაფუჩეჩებენ.

როგორც ყველა ადამიანს არ გამოსდის ლამაზად ხატვა, ისე ყველა ვერ წერს ლამაზად. თუმცა ჩვენ შეგვიძლია პატარებში მცირეოდენი ბიძგით, მოტივაციით, ინტერესი და სურვილი გავუღვიძოთ ლამაზად წერის. ამისათვის კლასში გამოვაცხადე კალიგრაფიის კონკურსი. როგორც ქართულის, ასევე მათემატიკის საგანში. მოსწავლეებს დავპირდი, რომ გამარჯვებულებს საჩუქრად გადავცემდი კალამს, ფანქარს და სიგელებს. კონკურსის ფარგლებში ბევრმა მოსწავლემ სცადა გამოესწორებინა წერა. ვინც ლამაზად წერდა შეენარჩუნებინა წერის მანერა. განსაკუთრებით მოულოდნელი იყო ჩემთვის, როდესაც დავიწყე დავალების შესწორება, რომელიც ძალიან მომეწონა, როგორც შინაარსით ასევე ნაწერით, რვეულის ყდაზე კი აღმოვაჩინე იმ მოსწავლის სახელი და გვარი, რომელიც აქამდე ლამაზად ვერ წერდა. ამ კონკურსმა მოსწავლეებს ლამაზად წერის მოტივაცია გაუღვივა.

მე მასწავლებელი!

ალბათ ყველას გვიოცნებია მასწავლებლის ადგილას ყოფნა. თუნდაც მაშინ, როდესაც გაკვეთილი არ გვქონდა მომზადებული და სიამოვნებით გავცვლიდით მოსწავლის როლს მასწავლებლობაში.

მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ, როდესაც საკუთარ ნივთს ათხოვებ, შენს ადგილას დასვამ, ჟურნალის მოტანას სთხოვ ან რვეულის დარიგებას.  მოგეხსენებათ, რომ მოსწავლეები ყველაზე დიდ პატივისცემას დამრიგებლის მიმართ გამოხატავენ. შესაბამისად მის გაკვეთილებზეც ყველაზე კარგი ყოფაქცევით გამოირჩევიან სხვა საგნებთან შედარებით. ამიტომ მოსწავლეებს ერთ დღეს დავუსვი შეკითხვა: ,,ვის უნდა იყოს მასწავლებელი და ჩაატაროს გაკვეთილი?’’ მცირერიცხოვან კლასში ყველამ ასწია ხელი. ახლა უკვე შემდეგი შეკითხვის  ჯერი დადგა: ,,ვინ იცავს საკლასო წესებს ყველა გაკვეთილზე?’’ ჩამჭრელმა შეკითხვამ თავისი ეფექტი მოახდინა. ამჯერად ჰაერში ყველა მოსწავლის ხელი არ ჩანდა. მოსწავლეებს შევთავაზე შეთანხმება, თუ ისინი ყველა გაკვეთილზე დაიცავდნენ საკლასო წესებს, რომელიც მათ მიერ იყო შედგენილი და ხშირად ავიწყდებოდათ, ისინი დაიმსახურებდნენ დღის მეორე მონაკვეთში ერთი გაკვეთილის ჩატარების უფლებას.

მოსწავლეები სიხალისით ჩაერთნენ ამ აქტივობაში. ცდილობდნენ ისეთი მოსწავლეები ყოფილიყვნენ, როგორსაც თავად ისურვებდნენ მასწავლებლის ამპლუაში.

მსგავსი სახალისო აქტივობები ძალიან ბევრია. მთავარია, ლამაზად შევფუთოთ და ისე მივიტანოთ მოსწავლეებთან. დადებითი შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს.

 

გაგებისა და ანალიზის მარტივი სქემები  

0

 

ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ადამიანის წარმოსახვაში ხდება საგნის ცალკეული თვისებების გამოყოფა. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება და მასში იგულისხმება:

 

  • მასალის შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება-შეპირისპირება;
  • მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;
  • მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.

 

იმისათვის, რომ მოსწავლეს გავუადვილოთ წაკითხულის გააზრების პროცესი, შეიძლება შევთავაზოთ  გაგებისა და ანალიზის სქემები. ეს სქემები არის ერთგვარი ტრანსფერი, რომელიც:

  • ააქტიურებს მასალის ათვისების უნარს;
  • მოსწავლეს აძლევს საშუალებას, შეაჯამოს მოსაზრებები წაკითხულის შესახებ;
  • აძლიერებს მოტივაციას;
  • ავითარებს კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევას;
  • უადვილებს აზრის მოკლედ და ლაკონურად ჩამოყალიბების უნარ-ჩვევას
  • ავითარებს წერითი მეტყველების უნარ-ჩვევას.

ამ სტატიაში წარმოდგენილი სქემები  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს ასწავლის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეს ანალიზის უნარ-ჩვევების განვითარებაში.

საილუსტრაციოდ გთავაზობთ ა.ბაქრაძის პუბლიცისტიკიდან  ნაწყვეტს ,,პატიოსნება“და თანდართულ სქემას.

                                     წაიკითხეთ ნაწყვეტი ა.ბაქრაძის წერილიდან ,,პატიოსნება“

  • ზნეობრივი პრობლემის სოციალური პრობლემით შეცვლამ დღეს ნაყოფი გამოიღო. ამის გამოა, რომ ასე ხშირად ვკითხულობთ გაზეთებში, ვისმენთ რადიოთი და ვუყურებთ ტელევიზიით ზნედაცემულობის თავზარდამცემ ნიმუშებს.
  • ისევე როგორც ყოველი მაღალი რანგის მწერლობისათვის, ქართული ლიტერატურისთვისაც დამახასიათებელია ზნეობრივი აპოლოგია (…)
  • მაგრამ მწერალს ირონიულობა რომ არ დასწამონ, ერთ ისტორიულ დოკუმენტსაც მოვუხმობ. ეს გახლავთ, ერეკლე მეორის წერილი მისი ხუთი წლის ქალიშვილის, თეკლე ბატონიშვილისადმი. ბარათი ასე მთავრდება: ,,ექვსი კარგი ბროწეული გამომიგზავნია. ხვალ კიდევ ღვთით კიდევ ბევრ შაქრის ყინულს და ნუღლს და შაქარს გამოგიგზავნი“.
  • ექვსი კარგი ბროწეულიო! და ამას წერს მეფე უფლისწულს! ახლა მიბრძანეთ, არსებობს კი დღე სადმე კოლმეურნეობის თავმჯდომარე ან ბრიგადირი, რომელიც ესოდენ მცირე საჩუქრით კმაყოფილდება?
  • შეიძლება მითხრათ, ახლა სხვა დროა, გავმდიდრით, მეტი შესაძლებლობა გვაქვს და რით არის ეს ცუდი? ცხადია, გამდიდრებისა და კეთილი ცხოვრების წინააღმდეგი ვერ ვიქნები, ან რატომ უნდა ვიყო, მაგრამ საკითხავია, როგორ გავმდიდრდით. პატიოსანი შრომით თუ მოყვასი გავძარცვეთ, ქრთამი ავიღეთ, აბიტურიენტს გამოცდის დროს ფული ავწაპნეთ, სკოლაში ნიშნები გავყიდეთ, სახელმწიფო ქონება გავფლანგეთ  და კიდევ რა არ  ჩავიდინეთ? ამას სჭირდება განსჯა; ამას სჭირდება გარკვევა, თორემ, თუ მშრომელმა კაცმა წელზე ფეხი დაიდგა, დღე და ღამე გაასწორა, კაპიკი კაპიკს მიაწება და ისე მოიწყო ცხოვრება, ღმერთმა ველაფერი შეარგოს.
  • არც იმას ვამბობ, თითქოს წინათ არ იყვნენ ნაძირლები. ცხადია, იყვნენ და არც მცირე რაოდენობით. მატიანეში შენახულია ცნობა – როგორ გაყიდა ერთმა ციციშვილმა დედა უნაგირის შესაძენად. სამშობლოს ღალატთაც ბევრს მოუთბია ხელი, მარგამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხალხს მათთვის მოწიწებით დაეკრას თავი, შნოიანი და მარიფათიანი კაცი ეწოდებინოს, სამწუხაროდ, დღეს ეს ხდება და ეს არის საშიში.
  • საშიში ქურდობა კი არ არის, საშიში ქურდის მიმართ მოწიწების გრძნობის გაჩენაა.
  • საშიში ფლანგვა კი არ არის, საშიში მფლანგევლის მიმართ მოწიწების გრძნობის გაჩენაა.
  • საშიში ქრთამი კი არ არის, საშიში მექრთამის მიმართ მოწიწების გრძნობის გაჩენაა.
  • ქურდსაც, მფლანგველსაც, მექრთამესაც და სხვა ამგვარ ავაზაკსაც მოევლება, მაგრამ რა ეშველება მოწიწების გრძნობას, რომელიც მათ მიმართ გაჩნდა?
  • რა ეშველება იმას, როცა ყმაწვილი მომავალ პროფესიას იმისდა მიხედვით კი არ ირჩევს, რასაც შინაგანი მოწოდება უკარნახებს, არამედ იმის გათვალისწინებით, რომელი პროფესია მეტი ხალტურის საშუალებას იძლევა?
  • ჩვენი ხალხის ცხოვრებაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანმა გულის კარნახს ხალტურა ამჯობინა.
  • და პატიოსნებაც პირველად გახდა ირონიის საგანი.

საანალიზო სქემა

. ბაქრაძის ტექსტი ,,პატიოსნება არის პუბლიცისტური წერილი, რადგან (დაასაბუთეთ)———————–მოცემული ტექსტი მსჯელობაა, რადგან———————————————————————————————-მონოლოგია, რადგან—————————————————————————————————————————–ტექტი შეიცავს:

  • თეზისს, რომელიც არის —– აბზაცი  ( მიუთითეთ აბზაცის ნომერი).
  • 3 არგუმენტს.   არგუმენტები არის    —-     —–    —–   აბზაცები        ( მიუთითეთ აბზაცის ნომრები)
  • მაგალითებს. მაგალითები არის     —-    ——    —–  აბზაცები      (მიუთითეთ აბზაცის ნომრები)
  • დასკვნას, რომელიც წარმოდგენილია  —– და —-     აბზაცებით     (მიუთითეთ აბზაცის ნომრები).

     მე-3 აბზაცში მოყვანილ მაგალითს უპირისპირდება  მე-4 აბზაცში დასმული რიტორული კითხვა, ამით ავტორს იმის თქმა უნდა, რომ —————————————————————————————–

მე-5 აბზაცში მოყვანილი მაგალითები ადასტურებს იმ აზრს, რომ———————————————–

მე- 6 აბზაცის მიხედვით მთავარი პრობლემაა———————————————————————-

მე-7, მე-8 და მე-9 აბზაცები თითო წინადადებითაა გადმოცემული და სამივე ერთნაირად იწყება და მთავრდება, ავტორი ამ ხერხს იმისთვის მიმართავს, რომ———————————————–

 

ამოწერეთ  თითო ნიმუში

რიტორული შეკითხვა  

 

რიტორული შეძახილი  

 

ლექსიკური გამეორება  

 

ფრაზეოლოგიზმი  

 

 

ავტორი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას საზოგადოებრივ პრობლემაზე. ეს პრობლემა არის-——-ეს პრობლემა დღესაც  აქტუალურია, რადგან ———————————————————————— მოიყვანეთ ერთი მაგალითი იმის დასადასტურებლად, რომ ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია ———-უპასუხეთ მე-10 და მე-11 აბზაცში დასმულ შეკითხვას————————————————————-მოკლედ ჩამოაყალიბეთ, რაზე დაგაფიქრათ ამ ტექსტმა————————————————————რაში დაგეხმარებათ ამ ტიპის დავალების შესრულება მომავალში—————————————-

 

ამ დავალების შესრულების შემდეგ უმჯობესია მოსწავლეებს  ვთხოვოთ, დაფიქრდნენ მათ გარშემო არსებულ მწვავე საზოგადოებრივ პრობლემებზე, გამოყონ მათგან ერთ-ერთი და დაწერონ ესეი. რისთვისაც ვაძლევთ ასევე მარტივ სქემას:

პრობლემა  
მაგალითი  
მიზეზი  
მოგვარების გზა  
მოსალოდნელი შედეგი  

 

 

 

შესაძლოა, მასწავლებელმა თავად შესთავაზოს პრობლემა. ამ შემთხვევაში აუცილებელია მოსწავლეს მივცეთ არჩევნის საშუალება.

აქვე გთავაზობთ მარტივ სქემებს, რომელთა გამოყენებაც  დაეხმარება მოსწავლეებს ტექსტების გაგება-გაანალიზებაში.

  • მოთხრობის შეჯამება ერთი პერსონაჟის შესახებ ინფორმაციით

 ჩვენი მოთხრობა არის—————————შესახებ. ————–არის მნიშვნელოვანი გმირი იმით, რომ იგი ცდილობს————————- . მოთხრობა მთავრდება, როცა————————————-.

  • მნიშვნელოვანი იდეა ან პრობლემა

ამ მოთხრობაში პრობლემა იწყება, როცა—————————— ამის შემდეგ———————— მერე—————————–, შემდეგ——————————–. პრობლემა საბოლოოდ გადაწყდა, როცა——————————. მოთხრობა მთავრდება—————————————

  • ტექსტში მოთხრობის ადგილისა და დროის განსაზღვრა

ამბავი ხდება—————- მე ეს ვიცოდი, რადგან ავტორმა გამოიყენა სიტყვები: „————————–„ სხვა მინიშნებები, რომლებიც გვიჩვენებს როდის ხდება მოქმედება ,არის——————————— .

  • პერსონაჟის დახასიათება

———————– არის მნიშვნელოვანი გმირი ამ მოთხრობაში.————მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ——————————— . ერთხელ ის———————–, სხვა დროს———————–. მე ვფიქრობ, რომ ———————( გმირის სახელი)———-არის—————– (გმირის ხასიათი)————

——————. რადგან—————————————.

  • პერსონაჟების შედარება

—————–  და —————- ამ მოთხრობის ორი გმირია——( გმირის სახელი) ——-არის————– ( ხასიათის თვისება/ თვისებები——-, მაშინ, როცა———–(გმირის სახელი) არის —————————– ( გმირის ხასიათი/ თვისება)——————–.

 

 

  გამოყენებული ლიტერატურა:

ნ. შარაშენიძე.  ფუნქციური წერა. თბილისი 2013

ა.არაბული.  ქართული ენა ,,წყაროსთვალი“ თბილისი 2006

 

ფერის, მუსიკისა და სიტყვის იდუმალი თანაზიარობა

0

ყოველ დროსა და ვითარებაში ხელოვანი ფერის, მუსიკისა და სიტყვის იდუმალი თანაზიარობით, თავისუფალი ნებით ქმნის სამყაროს, რომლის ინტერპრეტაციას მსმენელს, მაყურებელსა თუ მკითხველს მიანდობს. თუმცა ხანდახან ხელოვანნი, მწერლები, მუსიკოსები, ფერმწერნი და სხვანი ისეთ წიგნებს წერენ, რომლებიც მკითხველს ხელოვნების ლაბირინთებში მიუძღვებიან და იმგვარ ცოდნასა თუ გამოცდილებას აზიარებენ, რომელიც სხვა გზითა და საშუალებით, იმავე ინტენსივობითა და სიღრმით, შეუძლებელია მოიპოვო. ერთი ასეთი წიგნია ვასილი კანდინსკის „სულიერების შესახებ ხელოვნებაში“ (თარგმნა ლევან ღამბაშიძემ). რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი – ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ვასილი კანდინსკი, მეოცე საუკუნის გამორჩეული ხელოვანი, ავანგარდისტი, აბსტრაქციონისტული მხატვრობის ფუძემდებელი, ფერებისა და ფორმების გამოსახვის ექსპერიმენტატორი. მისი ნამუშევრები წარმოაჩენს ადამიანის სწრაფვას შემეცნებისკენ რაციონალური ხაზების, ფორმების, ფერებისა და ირაციონალური შეგრძნებების გზით. მისი თამამი ექსპერიმენტები ხელოვნებაში აოცებს მნახველს, რადგან სამყაროსეულ თუ ადამიანურ საიდუმლოებათა ამოცნობისკენ უბიძგებს. მისი აზრით, ხელოვანი ადამიანის სულს, „კლავიშებიან პიანინოს“, ფერისა და ფორმის საშუალებით ათრთოლებს და უცნაურის დანახვისთვის „აღვიძებს“. კანდინსკის ეს წიგნი მკითხველს ფერთა საიდუმლო მნიშვნელობებს აზიარებს და აბსტრაქციონისტული ხელოვნების ერთგვარად ჩაკეტილი სივრცეების გასაღებს აპოვნინებს.

სიტყვა, როგორც სიმბოლისტები მოიაზრებენ, არა მხოლოდ აზრის, არამედ ფერის, მუსიკის, პლასტიკისა და სურნელის გამომხატველიცაა. ამავე დროს, ფერები, მელოდიები თუ სურნელებიც თავიანთ ენაზე „ლაპარაკობენ“. ამ თვალსაზრისით, მხატვართა ნააზრევი საინტერესო და საგულისხმოა. ვასილი კანდინსკი ამ წიგნში წარმოაჩენს, როგორია სულიერი ცხოვრება და რა გზით ვლინდება ის ყოფასა თუ ხელოვნებაში. ამ წიგნის ზემოქმედება იმდენად ძლიერია, რომ ჩვენს ესეს პარაფრაზირების სახე მიეცა. მთავარი მიზანი კი ისაა, მკითხველს მისი წაკითხვის სურვილი გაუჩინოს. წიგნი 1910 წელს დაიწერა, მაგრამ დღესაც აქტუალურია, რადგან ხელოვნების ნამდვილ არსსა და დანიშნულებაზეა.

კანდინსკის აზრით, ხელოვნების ყველა ნიმუში თავისი დროის პირმშოა. თუმცა, თუ მომავლის პოტენციას არ შეიცავს, თუ მხოლოდ დროის შვილია და ვერასდროს გახდება მომავლის დედა, მაშინ იგი „კასტრირებული ხელოვნებაა“. ესე იგი, მხოლოდ ექო და სარკე კი არ არის, არამედ გამომაფხიზლებელი და წინასწარმეტყველური ძალაც აქვს. ავტორი მაიმუნურ მიმბაძველობად მიიჩნევს იმას, როდესაც ვინმე, მაგალითად, პლასტიკაში ბერძნული პრინციპების გამოყენებას ცდილობს. ამგვარად შექმნილი ფორმა უსულო იქნება და ისეთივე უსაზრისო, როგორიც მაიმუნის მიერ წიგნის ფურცლების გადაშლა.

კანდინსკი მოდერნისტული ხელოვნების მთავარ კონცეფციას წარმოაჩენს, როდესაც მიიჩნევს, რომ ადამიანური სული ხანგრძლივი მატერიალისტური პერიოდის შემდეგ გამოღვიძების პროცესშია. ცივილიზაციის განვითარებამ, ტექნიკურმა პროგრესმა ადამიანს, ერთი მხრივ, ხორციელი ცხოვრება გაუადვილა, მეორე მხრივ კი სულიერი ყოფა დაუმძიმა და დაუცარიელა. მას „აწუხებს“ სასოწარკვეთილება, ურწმუნოება და უმიზნობა. მატერიალისტურ შეხედულებებს კანდინსკი მიიჩნევს კოშმარად, რომელმაც სამყაროს სიცოცხლე ბოროტ და უაზრო თამაშად აქცია. სული თითქოს გაბზარულია და ძლივსღა ბჟუტავს გაწყვდიადებულ რეალობაში. ხელოვნების ნამუშევრები კი სულს გაუხეშებისაგან იცავენ. იგი სვამს კითხვას: რისი თქმა სურს ხელოვანს? – და პასუხად კომპოზიტორისა და მწერლის, შუმანისა და ტოლსტოის პასუხებს მოიხმობს. შუმანის აზრით, „ხელოვანის მიზანი ადამიანის გულის წიაღში შუქის გაგზავნაა“, ხოლო ტოლსტოი ფიქრობს, რომ მხატვარს ყველაფრის დახატვა შეუძლია. კანდინსკის ტოლსტოის პასუხი უფრო მოსწონს, რადგან, როგორც წიგნის წაკითხვისას ვრწმუნდებით, ხელოვანს სულის დახატვაც შეუძლია. „მშიერი სულები უკან მშიერი ბრუნდებიან“ – ასე აფორისტულად გამოთქვამს იმ განცდას, რომელიც მაშინ ეუფლება, როცა უყურებს საგამოფენო დარბაზებიდან თუ მუზეუმებიდან გამოსულ ბრბოს, რომელიც ხელოვნებისგან ვერაფერს იღებს, რადგან ვერაფერს უგებს.

კანდინსკის აზრით, სულიერი ცხოვრება (რომლის ნაწილია ხელოვნება) მიიწევს წინ და მაღლა. ეს გზა დაბრკოლებებითაა სავსე. ამ სახიფათო, მტანჯველ გზაზე ჩნდებიან გამორჩეულნი, რომელთაც „წინ და მაღლა მიაქვთ ქვებში გაჩხერილი კაცობრიობის ურემი“. ავტორი სულიერი ცხოვრების ზუსტ სქემატურ გამოსახულებად მიიჩნევს სამკუთხედს, რომელიც ქვემოდან ზემოთ მიიწევს. „ყველაზე მაღალ წერტილზე, წვერზე, ხშირად მხოლოდ ერთი ადამიანი დგას ხოლმე“. მისი არ ესმით და ამიტომ გიჟად ნათლავენ, როგორც თავის დროზე გალანძღეს ბეთჰოვენი. კანდინსკი განყოფილებებად წარმოიდგენს სამკუთხედს, რომლის ქვედა ნაწილები ფართოა. ყველა განყოფილებაში შეიძლება იყოს ხელოვანი და რაც უფრო ქვემოთაა, მით მეტი გამგები ეყოლება. ხოლო ის, ვისაც საკუთარი განყოფილების მიღმა ცქერა და ზემოთ სწრაფვა შეუძლია, კანდინსკისთვის კაცობრიობის სულიერი ცხოვრების მამოძრავებელია. იგი იმოწმებს სენკევიჩის გამონათქვამს, რომელმაც სულიერი ცხოვრება ცურვას შეადარა: ის, ვინც დაუღალავად არ შრომობს და და გამუდმებით არ ებრძვის ჩაძირვას, აუცილებლად ფსკერისკენ წავა. ასეთ ადამიანს ნიჭი წყევლად ექცევა. ამ ფრაზამ ქართველი სიმბოლისტის სანდრო ცირეკიძის აზრი გაგვახსენა, რომელიც წერდა, რომ „კულტურა კონუსით შენდება: მეტი მაღალი მეტი ვიწროა და მწვერვალებზე დგომა შეუძლიათ მარტო ერთეულებს… მწვერვალებმა იცის სიცივე მარტოობის.., მსმენელები მრავლადაა კონუსის დაბლა ფენებში. მსმენელები ჯოგად მიჰყვებიან ეპიგონებს უკვე მიღწეულ სიმაღლეზე. კონუსი წვრილდება და ვიწროვდება რკალი მკითხველების… ოსტატ გენიოსს სჭირდება მკითხველი გენიოსი, რომელიც მისი თანაბარი იქნება ხედვის და სმენის დაწვრილებით. პოეტს გენიოსს უნდა შეხვდეს მკითხველი გენიოსი, რომლის თვალები გაუძლებს ქვეყნის ახალი გვერდით დანახვას“ („პოეტი და მკითხველი“, 1922 წ.).

კანდინსკის აზრით, ხელოვანს ქვემოთ ექაჩება დაბალი მოთხოვნილებანი, ამიტომ ხშირად ცვივიან ზემოდან ქვემოთ. ამ დროს სულიერი სამყაროც ეცემა და „სამკუთხედი“ ქვავდება. ასეთ დროს მატერიალური საზრუნავები, ტექნიკური პროგრესი ყველაფერს შთანთქავს, „უფრო და უფრო ისადგურებს სულიერი ღამე“. ამ დროს ხელოვნება მხოლოდ მატერიალურ მიზნებს ემსახურება. ხელოვნებას თითქოს სული ეცლება. ძიება გარეგნული და წარმატებაზე ორიენტირებული ხდება. კანდნისკი ამას დაბრმავებად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ სულიერი ცხოვრების სამკუთხედი ნელა და შეუჩნევლად, მაგრამ მაინც განაგრძობს მოძრაობას. აქ იგი აზრის სიცხადისა და თვალსაჩინოებისთვის ბიბლიურ მაგალითს მოიხმობს: „უხილავი მოსე ჩამოდის მთიდან, ხედავს ოქროს ხბოს გარშემო მოცეკვავე ხალხს, მაგრამ მაინც მოაქვს ადამიანებისთვის ახალი სიბრძნე“. ხელოვანს ესმის წინასწარმეტყველის ხმა და მიჰყვება მას. ის შეუქმნის გამოღვიძებულთ სულიერ საზრდოს. სამკუთხედის ზედა განყოფილებაში არიან თავისუფლად მოაზროვნენი, ფილოსოფოსები, მწერლები, მეცნიერები, მათ შორის – ნიცშესეული დაცარიელებული ცისა და მკვდარი ღმერთის მიღმა დარჩენილნი, მაგალითად, ვიხროვი, რომელმაც გამოაცხადა, რომ უამრავი გვამი გაკვეთა, მაგრამ სული ვერსად იპოვა, პოზიტივისტები, რომლებიც მხოლოდ იმას აღიარებენ, რაც იზომება და იწონება. მაგრამ აქ ქაოსი და დაბნეულობა იმძლავრებს, რადგან გუშინდელი სიბრძნე და აღმოჩენა ხვალ ახლით გადაილახება და უარიყოფება. ირყევა რელიგიის, მეცნიერებისა და მორალის საყრდენები, ამიტომ უფრო მეტად ჩნდება წყურვილი მატერიალურის მიღმა გახედვისა. სულიერი შემობრუნება უპირველესად ლიტერატურაში, მუსიკასა და ფერწერაში ხდება. კანდინსკი ასეთ მწერლად მეტერლინკს მიიჩნევს, რომელიც ზეგრძნობად სამყაროში შეუძღვა მკითხველს. მისი აზრით, თუ სიტყვას მრავალგზის გაიმეორებ, მნიშვნელობას დაკარგავს და წმინდა ჟღერადობად იქცევა, გაშიშვლდება. ეს ხმა ზეგრძნობადია და სულის შერხევა შეუძლია. ამგვარი სიტყვის შინაგანი მნიშვნელობის აღმოჩენით ხელოვანი სულთან საუბარს ახერხებს. კანდინსკის ასეთ მუსიკოსებად მიაჩნია ვაგნერი, რომლის მუსიკაც „სულიერად ასხივებს“, დებიუსი, რომელიც სულიერ სურათებს გადმოშლის. კანდინსკი მსჯელობს სულიერ მშვენიერებაზე, რომელიც გარეგან სილამაზეს დახარბებულ მზერას შეიძლება სიმახინჯედაც მოეჩვენოს. შეჩვეული მშვენიერების უარმყოფელად ის მიჩნევს არნოლდ შონბერგს, რომელმაც „აღმოაჩინა ახალი მშვენიერების ოქროს მაღარო“. შონბერგი თავისი მუსიკით წმინდა სულისმიერ განცდებს წარმოაჩენს, ამიტომ ეს მომავლის მუსიკაა. გამოჩნდნენ მხატვრებიც, რომლებიც გარეგანში შინაგანის მაძიებლები არიან, მაგალითად, სეზანი: „მას შეეძლო ჩაის ჭიქისგან სულიერი არსება შეექმნა“. მის ნატურმორტებში მკვდარი საგნები შინაგანად ცოცხლდებიან. ის საგნებს ადამიანებივით ეპყრობა, თავის ნახატებში ვაშლისა თუ ადამიანის, ფერისა და ფორმის გამოსახვის საშუალებით ის ღვთაებრივის გადმოცემას ცდილობს. ავტორი პიკასოსაც მოიხმობს, რომელმაც კუბისტურ ნახატებში მატერიალური ფორმები დაანაწევრა და მათი მოჩვენებითობა გამოსახა. კანდინსკი სოკრატესეულ საკუთარი თავის შეცნობას ხელოვნების მიზნად წარმოაჩენს, რომელსაც ახალი ხელოვნება მიჰყვება. ის მუსიკისგან იღებს შინაგანი სამყაროს გადმოცემის საშუალებებს. ყოველგვარი ექსპერიმენტი კი იმას ემსახურება, რომ „პირამიდის წვერი ზეცას მისწვდეს“. ადამიანი იზრდება, შეიმეცნებს და მის თვალში სამყარო ხიბლს კარგავს.

ავტორი ფერების ზემოქმედებაზე მსჯელობს და სხვადასხვა ფერის ძალას გამოკვეთს. იგი მუსიკასა და სურნელთან ფერის კავშირს წარმოაჩენს. ფერი სულზე პირდაპირ მოქმედებს. „ფერი კლავიშია, თვალი – ჩაქუჩი, სული კი – პიანინო მრავალი სიმით“. იგი ხელოვანის სამ მნიშვნელოვან უნარს უსვამს ხაზს: 1. ინდივიდუალურობას; 2. ეპოქის სულის წარმოჩენას; 3. ზოგადის გამოხატვას (ხელოვნების წმინდა და მუდმივი ელემენტისა, რომელიც ყველ ადამიანს, ხალხს, სივრცესა და დროს მსჭვალავს). ამიტომ არის ასეთი ცოცხალი ინდიელთა უძველეს ტაძარზე გამოსახული ელემენტი, რადგან სულიერებით არის გამსჭვალული. რაც უფრო გადაწონის ხელოვნებაში ეს ზოგადი, ესე იგი, სულიერი, მით უფრო დიდებულია ის და უკვდავი. თუმცა ხელოვნების ამგვარ ნიმუშთა გაგება თანამედროვეებს უფრო უძნელდებათ. მისი აზრით, ხელოვანი ბრმა და ყრუ უნდა იყოს დროის მოთხოვნების მიმართ. ის შინაგან სამყაროს უნდა ჩაუღრმავდეს და მიჰყვეს სულით ნაკარნახევ კანონებს.

კანდინსკის მსჯელობა აბსტრაქტული ხელოვნების სიღრმეებისკენ მიუძღვება მკითხველს. მისი აზრით, ფერის სითბო და სიცივე, ზოგადად, ყვითლისკენ ან ლურჯისკენ მიდრეკილებაა. თბილი მაყურებლისკენ მოძრაობს, ცივი კი შორდება. ავტორი ყურადღებას ამახვილებს ლურჯი ფერის ჩაღრმავებისაკენ მიდრეკილებაზე. „რაც უფრო მუქდება ლურჯი, მით უფრო მოუწოდებს ადამიანს უსასრულობისაკენ, აღვიძებს მასში სწრაფვას ამაღლებულისა და ზეგრძნობადისკენ. ეს არის ზეცის ფერი, როგორსაც სიტყვა „ზეცის“ ჟღერადობის გაგონებისას წარმოვიდგენთ. ბუნებრივად გვახსენდება ნიკოლოზ ბარათაშვილის გატაცება ლურჯი ფერით, მასში დანთქმის წყურვილი, რომელსაც ის ლექსში „ცისა ფერს“ ამჟღავნებს. ამ ფერს უწოდებს პოეტი „პირველად ქმნილ ფერს“, არაამქვეყნიურს, რომელსაც ეტრფის და ყველაფერს შესწირავს, სიცოცხლესაც კი. ლურჯი შავისკენ გადახრისას არაადამიანური სევდის ელფერს იღებს, ხოლო ნათლისკენ გადახრისას ადამიანს შორდება, გულგრილი და ინდიფერენტული ხდება. კანდინსკი ყურადღებას ამახვილებს მწვანეზე, რომელიც ყვითლისა და ლურჯის შერევით მიიღება. „აბსოლუტური მწვანე არის ყველაზე მშვიდი ფერი: იგი არსაითკენ არ მოძრაობს და სიხარულის, სევდის, გრძნობის არანაირი თანხმოვანება არ აქვს, იგი არაფერს მოითხოვს, არსაით გეძახის. მოძრაობის ეს მუდმივი არარსებობა დაღლილ ადამიანებზე კარგად მოქმედებს“, თუმცა გარკვეული ხნის შემდეგ მოსაწყენი ხდება. მისი აზრით, ყვითლად დახატული სულიერ სითბოს ასხივებს, ლურჯი გამაგრილებლად მოქმედებს, მწვანე პასიურია. კანდინსკი მწვანე ფერს თვითკმაყოფილ ბურჟუას ადარებს, თეთრს – შესაძლებლობებით სავსე დუმილს, არარას, დაბადებამდე არსებულს, ხოლო შავს აღიქვამს, როგორც ყოველგვარ შესაძლებლობას მოკლებულ არარას, უიმედო მარადიულ დუმილს. თეთრისა და შავის ნარევი, ნაცრისფერი, უხმო და უმოძრაოა. წითელი უზარმაზარი ძალის შთაბეჭდილებას ტოვებს. გვაგონებს ჩელოს ვნებიან დაბალი და მაღალი ტონების ელემენტებს. იისფერი გაგრილებული წითელია, ჩამქრალი, მოწყენილი. მისი აზრით, ფერთა ტონები, ისევე როგორც მუსიკისა, სულის უფრო დახვეწილ ვიბრაციას იწვევს, რომლის გადმოცემაც ენით შეუძლებელია.

კანდინსკი საუბრობს სულიერ ატმოსფეროზე, რომელსაც გამოხატული თუ გამოუხატავი ფიქრები, განცდები ქმნიან. ის სულიერ არსებებად მიიჩნევს სიძულვილს, ძალადობას და ამ რიგის მოვლენებს, რომლებსაც სიყვარული, სამართლიანობა მიკრობებივით ანადგურებენ და ჰაერს ასუფთავებენ.

ადამიანი დიდი სიამოვნებით არ მიდის სიღრმისკენ, იგი ზედაპირზე ყოფნას ამჯობინებს, რადგან ეს ნაკლებ გარჯას მოითხოვს. ხელოვნების ნიმუშმა არ უნდა აღძრას ადამიანის გარეგანი ინტერესები. სწორედ ეს არის დამახასიათებელი აბსტრაქტული ხელოვნებისთვის. ის საიდუმლოს შესაცნობად აღძრავს ადამიანს. ყოველგვარი ჟღერადობა და ფერადოვნება მშვენიერია, თუ იგი შინაგანი აუცილებლობიდან მომდინარეობს. მისი აზრით, ნამდვილი ხელოვნება სულს უშუალოდ მისთვის დამახასიათებელი ფორმით ესაუბრება. ხელოვანს უნდა ჰქონდეს სათქმელი, მას უნდა ახსოვდეს, რომ ცხოვრებაში კი არა, მხოლოდ ხელოვნებაშია თავისუფალი. მისი აზრით, ხელოვანი სხვებთან შედარებით სამმაგად პასუხისმგებელია: 1. მან ნაყოფიერად უნდა გამოიყენოს მისთვის ბოძებული ტალანტი; 2. მისი ქმედებები, აზრები ქმნიან სულიერ ატმოსფეროს (ან აბინძურებენ, ან წმენდენ მას); 3. მისი ქმედებები, აზრები, გრძნობები მისი ქმნილებების მასალაა. მისი ქმნილებებიც მონაწილეობენ სულიერი ატმოსფეროს შექმნაში. მისი აზრით, „მშვენიერია ის, რაც შინაგანი აუცილებლობიდან გამომდინარეობს. მშვენიერია ის, რაც შინაგანად მშვენიერია“. იგი ისევ მეტერლინკის გამონათქვამს მოიხმობს იმის თაობაზე, რომ სული ესწრაფვის მშვენიერებას. ნამდვილი ხელოვნება სულიერ სამყაროს განამტკიცებს. ამგვარად, კანდინსკი მკითხველს კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ფერი, მუსიკა და სიტყვა იდუმალ თანაზიარობაში სულის უკიდეგანო სივრცეებისკენ მიგვიძღვიან, რათა, როგორც ბარათაშვილი იტყვის, ადამიანმა შეძლოს ამაოების დაძლევა და, გალაკტიონის ლურჯა ცხენების დარად, მოიხილოს უხილავი სამყაროები. კანდინსკის ცნობილი ტილო „ლურჯი მხედარი“ კი თვითონ ავტორის და ყველა რჩეული ხელოვანის სიმბოლოა, დაუძლეველი სწრაფვით ბედისწერის საზღვრების გადალახვისკენ. ამ თვალსაზრისით, მრავალმხრივ საგულისხმოა რევაზ სირაძის წერილი „გალაკტიონის „ლურჯა ცხენები“ და კანდინსკის „ლურჯი მხედარი“ (ინტერტექსტუალური წაკითხვისთვის), რომელშიც შესანიშნავადაა წარმოჩენილი ამ ორ შედევრის ესთეტიკური ნათესაობა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...