სამშაბათი, ივნისი 17, 2025
17 ივნისი, სამშაბათი, 2025

როგორ გავიგოთ მეტი ევროპის შესახებ“

0

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი მასწავლებლებისთვის სახელწოდებით: „ჩაატარე ლექცია ევროპის შესახებ“. კონკურსის პირობების მიხედვით აპლიკანტს მოეთხოვებოდა ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმის გაგზავნა. ჩემ მიერ მომზადებულმა გაკვეთილის გეგმამ და ჩატარებულმა გაკვეთილმა მოწონება დაიმსახურა, პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და მე სხვა წარმატებულ კონკურსანტებთან ერთად ბრიუსელში გავემგზავრები.

მინდა გაგიზიაროთ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილის თემატიკა, გეგმა და შემოკლებული ვიდეოვერსია.

  • პრობლემის აქტუალურობა

საქართველოში მკვეთრად იმატა ანტიდასავლურმა პროპაგანდამ და რიტორიკამ. სოციალურ ქსელებში, ბლოგებზე ხშირად ვაწყდებით ქსენოფობიური და ჰომოფობიური ლექსიკით მდიდარ წერილებსა და პოსტებს. ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში ყველაზე დიდ როლს მედია თამაშობს. შემდეგ მოჰყვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები და ა.შ. ანტიდასავლური პროპაგანდა ხშირად დაუსაბუთებელ შიშებზეა აგებული. მესიჯები ძირითადად რუსული ნარატივითაა გაჯერებული, ყურადღება მახვილდება  ისეთ ფაქიზ თემებზე როგორებიცაა: სარწმუნოება და რელიგია, ტრადიციები და ღირებულებები. მისი მიზანია მოსახლეობის განწყობის შეცვლა, ევროპის, როგორც გარყვნილების ბუდედ წარმოჩენა.

ვასწავლი სკოლაში, სადაც მოსწავლეთა 95% ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელია და ხშირ შემთხევაში მათ აქვთ მცდარი/არასწორი ინფორმაცია/წარმოდგენები ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების შესახებ, რისი მიზეზიცაა – სახელმწიფო ენის არცოდნა; საინფორმაციო საშუალებად უცხოური (ძირითად შემთხვევაში პროპაგანდისტული) მედიასაშუალებების გამოყენება.

შედეგად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ევროპას საფრთხედ აღიქვამენ. თვლიან, რომ ევროპულ სივრცეში ინტეგრაცია საფრთხეს შეუქმნის მათ კულტურას, რელიგიასა და თვითმყოფადობას.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე NDI-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევებიც ცხადყოფს.

მაგალითად, აზერბაიჯანული თემის 8% მიიჩნევს რუსეთის სამხედრო აგრესიას საფრთხედ, მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 31% მიიჩნევს ამავე ქვეყანას აგრესიის შესაძლო წყაროდ. კვლევის იმავე ნაწილში ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ 10%-ით მესამე ადგილზეა ანტიდასავლური პროპაგანდა.

ამ სურათის გათვალისწინებით, მოსწავლეების ინფორმირება თეორიულ მასალაზე დაყრდნობით და პრაქტიკული მაგალითების ჩვენებით, გამოცდილების გაზიარებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე გამოვყავი საკვანძო საკითხები:

  • ევროპაში ეროვნული ფასეულობების პატივისცემა.

დანიის მაგალითის განხილვა;

  • ლინგვისტური, ეთნიკური, რელიგიური და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა.

საკანონმდებლო დოკუმენტების მიმოხილვა,

მისი შედარება საქართველოს კანონმდებლობასთან;

  • კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება.

მოსალოდნელი შედეგი:

მოსწავლეები გაიაზრებენ, რომ ევროპა დგას ფასეულობების და ტრადიციების დაცვის სადარაჯოზე. აღმოაჩენენ, რომ ევროპის ქვეყნებში საკანონმდებლო დონეზეა დაცული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები და ევროკავშირში ინტეგრაცია არ წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის.

 

გაკვეთილის მსვლელობა

აქტივობა N1 – მისალმება, სალექციო თემატიკის გაცნობა.

აქტივობა N2 – პრეზენტაცია – ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოსა და ევროპაში.

ინტერაქტიული პრეზენტაციის ფარგლებში მიმოვიხილეთ ანტიდასავლური რიტორიკის ძირითადი მიმართულებები და მასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები.

აქტივობა N3 – ვიდეოჩართვა დანიიდან.

ქ. სვენბორგის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი სანდრა კაროლინი საუბრობს იმის შესახებ, როგორ მოახერხა დანიამ ევროკავშირში ინტეგრაცია და ამავდროულად შეინარჩუნა მთელი რიგი თავისუფლებები.

აქტივობა N4 – T დიაგრამა – აქტივობის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ იმ დოკუმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას ევროპაში. შემდეგ ის შევადარეთ საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა აქტებში არსებულ ჩანაწერებთან.

აქტივობა N5 – ჯიგსოუ – კლასი იყოფა ხუთ  ჯგუფად. თითოეული ჯგუფი მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  • საქართველო უმცირესობების, ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვის სადარაჯოზე;
  • უმცირესობებიდა უმრავლესობები;
  • ევროპისწინაშე არსებული სირთულეები;
  • რამდენიმე სიტყვით ევროპული ინსტიტუტების ისტორიისა და ფასეულობების შესახებ;
  • კულტურულიმრავალფეროვნების ცნება.

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, ამუშავებენ მასწავლებლის მიერ  მიწოდებულ ინფორმაციას. შემდეგ ჯგუფის წევრები ცვლიან ადგილებს. ჯგუფებში დარჩენილი სპიკერები სხვა ჯგუფებიდან შემომატებულ მოსწავლეებს აწვდიან საკვანძო ინფორმაციას. შემდეგ მოსწავლეები ბრუნდებიან უკან და ავსებენ ფაზლის ბადეს. ხდება საკითხის გაერთიანება, გამთლიანება.

აქტივობა N6 – შესაძლებელია ფასეულობებით ვაჭრობა?

აქტივობის ფარგლებში დავარიგე ფასეულობებისა და ღირებულებების ბარათები. თითოეულ ჯგუფს შეხვდა 6-6 ბარათი. შემდეგ დაიწყო სიმულაცია. მათ ჯგუფში განიხილეს და გადაწყვიტეს რომელ ბარათს გაყიდდნენ და რომელს დაიტოვებდნენ.

აქტივობა N7 – შეჯამება ინტერაქტიული და სახალისო ტესტირების საშუალებით

ბოლო ფაზაზე გამოვიყენე kahoot-ის პლატფორმა. შეკითხვები შეეხებოდა გაკვეთილის საკვანძო საკითხებს.

  • გაკვეთილი ჩატარდა პროექტის ფარგლებში. შესაბაბისად არ მომეთხოვებოდა დროის ლიმიტის მკაცრი დაცვა. მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით შეგიძლიათ, თქვენც ჩაატაროთ მსგავსი ტიპის გაკვეთილი და დაანახოთ მოსწავლეებს, რომ ევროპული ცივილიზაცია დგას ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე და ის არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის.

წყაროები:

NDI -ს კვლევის შედეგები – https://1tv.ge/news/endiai-mosakhleobis-umravlesoba-fiqrobs-rom-qveynistvis-mtavar-safrtkhes-ruseti-warmoadgens/

დანია და ევროკავშირი – https://www.youtube.com/watch?v=3SKuqv_7EJg

ჰელენ კელერის დღეს

0

27 ივნისს მსოფლიო ჰელენ კელერის დღეს აღნიშნავს და პატივს მიაგებს ყველა იმ პირს, ვისაც სმენისა და მხედველობის პრობლემები გააჩნია. ეს წერილიც ამ ადამიანებისადმი პატივისცემის გამოსახატად დაიწერა.

 

„შენი წარმატებაც და კრახიც შენზეა დამოკიდებული. გაიღიმე, საკუთარ თავს შეუძახე, რომ ბედნიერი ხარ და ყველაფერი კარგად იქნება!“,  – ეს ფრაზა მსოფლიოში ცნობილ ამერიკელ მწერალს, პოლიტიკურ აქტივისტს,  ლექტორსა და ქველმოქმედს, 12 წიგნისა და მრავალი პუბლიკაციის ავტორს –ჰელენ ადამს კელერს (27. 06. 1880 – 01.06. 1968) ეკუთვნის.  იგი იყო პირველი უსინათლო, სმენის არმქონე პირი, რომელმაც ხელოვნების ბაკალავრის დიპლომი და სამეცნიერო ხარისხი დაიმსახურა და დაამტკიცა, რომ შესაძლებლობები ამეტებს შეზღუდვებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი ბევრს იშრომებ, თუკი, მარცხის მიუხედავად, ფეხზე წამოდგები და გზას განაგრძობ, თუკი გვერდით მდგომებს დახმარების საშუალებას მისცემ და შენს შესაძლებლობებში დააჯერებ. მით უფრო, თუ  ბედი მასწავლებლად  „სასწაულმოქმედ“ ენ სალივანს გამოგიძებნის, ახალ ენას, ახალ სამყაროს გაზიარებს – ბნელში რომ ანათებს, ისეთს და მოცემული ცოდნით  ცხოვრების ბოლომდე უსაფრთხოდ გატარებს.

„ნურასოდეს შეეგუები მიწაზე ხოხვას, რადგან ცაში ნავარდისათვის ხარ გაჩენილი!“ – ამგვარი მსოფლხედვით ჰელენი ძველ სტერეოტიპს ამსხვრევდა და სხვა აზროვნებით ღირებულებებს ამკვიდრებდა. სწორედ ამ მნიშვნელობის გამო,  1980 წლიდან მოყოლებული, ჰელენის დაბადებიდან 100 წლის თავზე, ამერიკის პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის ბრძანებით, 27 ივნისს ჯერ ამერიკა და, ოდნავ მოგვიანებით, დანარჩენი მსოფლიო აღნიშნავს ჰელენ კელერის დღეს – იუბილეს ადამიანისა, რომელმაც თავისი მოთმინებით, ნებისყოფით, სამყაროს შეცნობისადმი ინტერესითა და სწავლის სურვილით, შემდეგ კი დაგროვილი ცოდნის სხვებისადმი გაზიარებით სამყარო გააოცა. „მეგობართან ერთად სიბნელეში სიარული მირჩევნია, სინათლეში მარტო ყოფნას“, – აცხადებდა ჰელენი და თავადაც მუდამ სხვების სამსახურში იდგა. სწორედ ამიტომ იყო, რომ  უსინათლო და სმენის არმქონე  ადამიანების მხარდასაჭერად, მათდამი თანადგომისა და საყოველთაო ცნობიერების ამაღლების ნიშნით, ჰელენ კელერის იუბილე დღესასწაულად საერთაშორისო ორგანიზაციებმა (მაგ., Lions Club International; American Foundation for the Blind) ჯერ კიდევ 1971 წლიდან გამოაცხადეს, ჰელენის ცნობილი გამოსვლის შემდეგ. ,,განათლების უმთავრესი შედეგი ტოლერანტობაა, – ამ მოწოდებით იგი ახალგაზრდებში ღირებულებითი სისტემის დანერგვას ცდილობდა და თავისი ცხოვრებით ასწავლიდა, რამდენად მნიშვნელოვანია იყო ტოლერანტული, პატივს სცემდე სხვის უფლებებს, მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებს.

ჰელენის ისტორია, ალბათ, ბევრმა იცის: გოგონა  ალაბამის შტატში დაიბადა ხედვისა და სმენის ჩვეულებრივი უნარით, თუმცა 19 თვისამ, გადატანილი ავადმყოფობის გამო, სმენა-მხედველობა ერთდროულად დაკარგა, ისევე, როგორც სულ მალე ნორმალური კომუნიკაციისა და მეტყველების უნარიც წაერთვა. საკუთარ სამყაროში გამოკეტილ მოზარდს კომუნიკაციის უნარის შემცირებასთან ერთად ხასიათიც ეცვლება. ის ხდება „რთული ბავშვი“, რომლის მენტალური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. მინიმალურ კომუნიკაციას მხოლოდ საკუთარი ჟესტების საშუალებით ახერხებს. მისთვის განათლების მიცემის სურვილით შთაგონებულ მშობლებს შვილი, ალექსანდრ გრაჰამ ბელის რჩევით, პერკინსის უსინათლოთა ინსტიტუტში მიჰყავთ. ინსტიტუტის დირექტორის რჩევით კი ბავშვის მომვლელად ენ სალივანი აჰყავთ[1]. მიუხედავად ამოცანის სირთულისა, ენი მოსწავლეს ანბანს, კარგ მანერებსა და თავის მოვლას დაუღალავად ასწავლის. ანბანის სწავლისას გოგონა მექანიკურად გამეორებულ ხელის მოძრაობებს იქამდე ვერ იგებდა, ვიდრე ერთ დღეს გოგონას, შადრევანთან, ხელზე წყლით სიტყვა „წყალი“ დაწერა. იმ დღეს გოგონამ „წყალთან“ ერთად 30–მდე ახალი სიტყვის გამოსახვა და წარმოთქმა ისწავლა. გოგონას მიღწევების ამბავი ალაბამის შტატსაც სცდება. მას სტუმრობენ ალექსანდრ გრაჰამ ბელი და პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი. 12 წლის ასაკში ჰელენის ისტორიითა და მიღწევებით ინტერესდებიან ინგლისის დედოფალი ვიქტორია, მარკ ტვენი და საბერძნეთის დედოფალი ოლგა. პერკინსის ინსტიტუტში მცხოვრები ჰელენი კი არამარტო მშობლიურ ენას, არამედ ბერძნულს, ფრანგულსა და ლათინურ ენებს, ასევე, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ცურვისა და ცხენოსნობის ტექნიკებს ფლობს. მოგვიანებით იგი ამთავრებს კოლეჯს, ენ სალივანთან ერთად მოივლის მთელი ამერიკის შტატებს, ბავშვთა სახლებს, თავშესაფრებსა და საავადმყოფოებს, თავისი სიკეთით და მაგალითით სტიმულს აძლევს  შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებს, აფუძნებს დახმარების ფონდებს, მოგვიანებით წერს წიგნებს, სტატიებს და თავისი გამოცდილებებით  ეხმარება ადამიანებს.

თუმცა ჰელენ კელერის გარდა მსოფლიო სმენა-მხედველობის არმქონე არაერთ წარმატებულ ადამიანს იცნობს. მათ შორის არიან: ვიქტორია მორისეუ,  ჯეიმს მიჩელი, ჰიერონიმუს ლორმი,  სანზან ტანი, ლაურა ბრიდგმანი, მერი ბრედლი, ჯულია ბრეისი, ელიზა კუტერი, რობერტ დეუარი, რანგლინდ კაატა, ივონე პიტროისი, ალის ბეტერიჯი, ჯეკ ქლემო, რობერტ სმითდასი, ჯორგია გრიფითი, რიჩარდ კინი, დენი დელკამბრე…

უკვე დავწერე, რომ ერთ-ერთმა მათგანმა, იერონიმუს ლორმმა, შექმნა სპეციალური საკომუნიკაციო ანბანი, ხელის გულზე სპეციალური ნიშნებით გამოსახული სიმბოლოები, რომელიც უფრო სწრაფი და მოსახერხებელია, ვიდრე დაქტილი. დღესდღეობით უკვე ქართული ლორმის ანბანიც არსებობს იმ ადამიანებთან საურთიერთოდ,  ვინც დაკარგა სინათლე და სმენაც აღარ/არ აქვს.

დღეს მთავარია, ასეთი ადამიანები გამოვავლინოთ,  სიცოცხლისუნარიანებად ვაქციოთ და განვითარებისთვის ხელი შევუწყოთ.

ხელი  შევუწყოთ.

I see with your eyes!

[1] https://mastsavlebeli.ge/?p=14417

გაქცეული პატარძლის ფანტომი მასწავლებლის სულში

0

ბოლო დროს ვფიქრობ, რომ გაქცევა ადამიანურ სისუსტეებს (თუ სიძლიერეებს?) შორის ერთ-ერთია… მარტოობის გადაფარვაა ალბათ ყველაფერი ის, რასაც გარშემო ვიქმნით და რაშიც ვმონაწილეობთ, რადგან გონიერი და ცნობიერი ადამიანი მარტოა მუდამ…

მასწავლებლის გაქცევა? ეს ხომ წარმოუდგენელია? მაგრამ კოლეგებს მინდა ვკითხო: ვინაა თქვენ შორის ისეთი, ვისაც ერთხელ მაინც გაკვეთილი არ შეუწყვეტია და საკლასო ოთახი არ დაუტოვებია? ან კლასის დამრიგებლობაზე უარი არ უთქვამს? ან არ უფიქრია მაინც? ან რომელიმე კლასში თავისი საგნის გაძღოლა არ გართულებია და არ უფიქრია წასვლაზე? თუ ასეთები ხართ ჩვენს მრავალათასიან არმიაში, ჩემთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი, გამოცდილების გაზიარება და თქვენეული მეთოდების გააზრება.

ალბათ მავანი მეტყვის: რა გაქცევა? რის გაქცევა? მასწავლებელი მართლა ჯულია რობერტსის გმირი (მხატვრული ფილმი „გაქცეული პატარძალი“) მეგი კარპენტერი ხომ არ არის, რომ სიახლის ეშინოდეს და ფობიამ მარადიული გაქცევების მსხვერპლად აქციოს?

რა ასოციაციურ კავშირშია ქორწინების ფობია მასწავლებლობასთან? მოგეხსენებათ, ლიტერატურის მასწავლებლებს სიმბოლოებით აზროვნება განსაკუთრებით გვიყვარს. სიტყვა „ქორწინებამ“ თანამედროვე ქართულში მიიღო ოჯახის შექმნის, სულიერი და ხორციელი კავშირის მნიშვნელობა, თორემ ძველ ქართულში ეს სიტყვა მხოლოდ სულიერი კავშირის გამომხატველი იყო. ჩვენს სასიქადულო ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში, მაგალითად, გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ საქორწინო კრებული ეწოდება დაყუდებულ მამათა ჯგუფს, ხოლო წმინდა მამა საბას მიერ იშხნის ეკლესიის აღდგენა-ამოქმედება მოიხსენიება, როგორც  საბას იშხანზე ქორწინება. ასევე ბიბლიურად ქრისტეს სასძლოდ, ანუ ცოლად მოიხსენიება მორწმუნე ქალი. ასე მიმართავს შუშანიკ დედოფალს ჯოჯიკი: „სძალო და მჴევალო ქრისტჱსო“…

ე.წ. „გაქცეული მასწავლებლის“ სინდრომზე როცა ვფიქრობდი, პირველად მეგი კარპენტერი გამახსენდა, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს, რისა ეშინოდა თანაცხოვრების დაწყებისას, ის გარბოდა, თუმცა ბოლოს მაინც ადამიანურ გრძნობებს შორის უპირველესმა – სიყვარულმა საკუთარი ფეხით მიიყვანა ერთობლივი უღლის მიმღებლობამდე. ფილმის სათქმელიც ალბათ ეს არის, რომ გაქცევა არ არსებობს. პლანეტიდან და საკუთარი ფსიქოდან ვერსად გავიქცევით და ყველა პრობლემა თუ ტკივილი, რომელიც გაქცევას გვაიძულებს, იქ მიგვაქვს, სადაც გაქცევისას გვექაჩება ილუზია, რომ სივრცის შეცვლით პრობლემას დავძლევთ. აქვე მახსენდება ჯონ აპდაიკის 1960 წელს გამოცემული რომანი „ბაჭია, გაიქეცი“ („Rabbit, Run”), სადაც მთავარი გმირი, 26 წლის ჰარი ენგსტრომი (მეტსახელად ბაჭია) გარბის საკუთარი ოჯახიდან მძიმე სინამდვილის აუტანლობის გამო. ბაჭიამ ორი თვე იცხოვრა მეძავთან, ცოდვით დაეცა, უძღები შვილის გზა თავისებურად გამოიარა, მაგრამ მალევე იძულებული გახდა საკუთარ თავს და ოჯახს დაბრუნებოდა. თუმცა ალეგორიულად მისი გაქცევის ცოდვამ იმსხვერპლა ბაჭიას უმცროსი შვილი, რომლის მიტოვებაც მამამ დედის მუცელშივე სცადა. რომანი იმდენად რეალისტური და ჰუმანისტური სულისკვეთებისა იყო, რომ აპდაიკმა მასზე 30 წელი იმუშავა და ტეტრალოგიად აქცია, შემდეგ ტომებს კი ასეთი სახელები ერქვა: „ბაჭია ბრუნდება“, „ბაჭია გამდიდრდა“ და “ბაჭია ისვენებს“. ეს ტეტრალოგია, თვით სათაურების შიფრ-კოდებითაც კი, მთელი თავისი სიღრმითა და შინაარსით დაგვაფიქრებს გაქცევის არსსა და პრობლემის ანატომიაზე.

მასწავლებლის გაქცევაც მძიმე პასუხისმგებლობებისგან ისეთივე უნუგეშო და უაზრო მცდელობაა, როგორიც ჰარი ენგსტრომის გაქცევა იყო, რომელსაც მძიმე განსაცდელი და მსხვერპლიც მოჰყვა.

სულ ახლახან გამოვიდა რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მიერ გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, სადაც მსახიობმა ია შუღლიაშვილმა ოჯახიდან გაქცეული ქალის საინტერესო სახე შექმნა. ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო პრიზიც დაიმსახურა, მაგრამ ჩვენთვის ის მთავარი იდეური აქცენტის გათვალისწინებითაა საინტერესო. „ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა“, – შექსპირის 66-ე სონეტის განწყობას რომელი მოწიფული ადამიანი არ შეუპყრია ცხოვრებაში ერთხელ მაინც? თუმცა გაქცევების მსოფლიო გამოცდილება ამას გვასწავლის, რომ გაქცევა გამოსავალი არ გახლავთ, ხოლო გაქცეული მასწავლებელი უდავოდ სამუდამო სინდისის ქენჯნისთვის არის განწირული.

მახსენდება დედაჩემის გაქცევა სკოლიდან გასული საუკუნის ავადსახსენებელი 90-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა თვეობით და წლობით მასწავლებლებს ხელფასებსაც არ უხდიდა შევარდნაძის რეჟიმი, რომელმაც სრულ კოლაფსამდე და ყველა ინსტიტუციის მსხვრევამდე მიიყვანა ქვეყანა. დედა 50-ს გადაცილებული იყო და იფიქრა, რომ სკოლიდან წამოსვლის დრო დადგა მისთვის. მხოლოდ ერთი სასწავლო წელი გაძლო სკოლის გარეშე, მასწავლებლობის მონატრებამ მთლიანად დაიპყრო მისი არსება, მოუთმენლად ელოდა ახალ სასწავლო წელს, რომ სკოლაში დაბრუნებულიყო. დაბრუნდა კიდეც. ამბობდა, მზად ვარ უხელფასოდ ვიმუშაო, უბრალოდ სკოლის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენიაო.

მართალია, თანამედროვე მასწავლებლის არც სახელფსო ანაზღაურება და არც სასწავლო გარემო არ შეედრება გასული საუკუნის 90-იანი წლების კოშმარს, მაგრამ ჩვენც უამრავი დაუძლეველი პრობლემა გვაქვს. კერძო და საჯარო სკოლებს შორის დიდი ზღვარია. სადაც არის კარგი დაფინანსება, იქ სწავლა-სწავლების ხარისხიც ბევრად მაღალია, თუმცა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის საჯარო სკოლის სეგმენტის  განვითარებაში თუნდაც რიგითი მასწავლებლის პოზიციიდან მონაწილეობა საპატიო მისია მგონია და ნურავინ ჩამითვლის პათეტიკად ამ სიტყვებს. ფაქტია, ყოველგვარ კარიერას მასწავლებლობა ვარჩიე, თორემ თვითრეალიზაციის სხვა გზა ყოველთვის ყველასთვის არსებობს. სკოლის განვითარების დინამიკა უაღრესად საინტერესო პროცესი მგონია და სწორედ ეს არის ის მთავარი მაგნიტი, რაც ჩვენ გვიზიდავს და პროფესიაზე უარის თქმის ვარიანტს გამორიცხავს.

უამრავი პრაქტიკული მაგალითი გვაქვს ჩვენი სასკოლო ყოველდღიურობიდან, როცა ყველაფრით დაღლილ მასწავლებელს თვალი გაქცევისკენ უჭირავს, მაგრამ  ყოველთვის გვტოვებს ჩვენი სულიერი შვილების – მოსწავლეების სიყვარული და მათი საჭიროებები, ამაგი, რომელსაც მათ აღზრდაში ვდებთ, ბავშვების საპასუხო სიყვარული და პატივისცემა, ასევე საკუთარი საქვეყნო მისიის გააზრება.

თანამედროვე ცივილიზაციამ უკვე მოიტანა ის გაგება, რომ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო პროფესიები და ადამიანები არ არსებობენ, გააჩნია ჩვენ რა მისიას დავაკისრებთ საკუთარ თავს. უკვე დგება ერა, როცა სისტემის ოპტიმიზაცია მოხდება არა ზევიდან ქვედა ვერტიკალისკენ, ხელისუფლებიდან საკლასო ოთახამდე, არამედ – ქვემოდან ზემოთ, სწავლა-სწავლების ყველა აქტორიდან (მოსწავლე-მასწავლებელი-მშობელი) ზევით, ხელისუფლებისკენ. ყველა სიგნალი, რომელიც ხელისუფლებას უნდა მიეწოდოს, ჩვენი მისანიშნებელია. დროა, ყველამ იზრუნოს საკუთარი საქმიანობის თვითრეფლექსირებაზე, პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი დაძლევის გზების ძიებაზე. საამისოდ ტარდება პედაგოგიური პრაქტიკისა და სკოლის საჭიროებების კვლევები და უამრავი სხვა სასკოლო-საგანმანათელბლო აქტივობა. საამისოდაა აუცილებელი მოსწავლეთა და მასწავლებელთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, რათა მათ უკეთ გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები.

ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმში ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორის, პროფესორისა და პოეტის, ცირა ბარბაქაძის ინიციატივით ტარდება ლექციების სერია განათლების მეტაფორებზე, სადაც ცირამ მეც მიმიწვია და გასულ 8 აპრილს ვისაუბრეთ სწავლა-სწავლების პროცესის თანმდევ მეტაფორებზე. მოსწავლეებმა, კოლეგებმა და სტუმრებმა ბევრი საგულისხმო თვალსაზრისი გამოთქვეს, ხოლო მთავარი მეტაფორა, რომლითაც, ჩემი აზრით, თანამედროვე სასკოლო განათლება აღიწერება, არის „ალმოდებული კოშკიდან ბავშვების გამოპარება“, რაც მასწავლებლის გამოწვევაზე მიგვანიშნებს და გულისხმობს რთულ მოცემულობაში მოზარდების სულების გადარჩენას. მასწავლებელს უწევს, რომ „ცეცხლმოკიდებული კოშკიდან“ „გამოაპაროს“ უვნებელი ბავშვები ისე, რომ მათ არ გააგებინოს, რომ „შენობა იწვის“. ეს ჯერომ სელინჯერის უკვდავი რომანის გმირის, ჰოლდენ კოლფილდის, მისიაც არის, რომ იყოს „დამჭერი“ (The Catcher), „კლდიდან გადავარდნისას“ ხელის შემშველებელი, ანუ სულების გადამრჩენი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჰოლდენს მხოლოდ მოზარდების სულებზე უწევს ფიქრი, ხოლო მასწავლებელს, ამასთან ერთად, გონებრივი (კოგნიტური) განვითარებაც და ხარისხიანი განათლების გადაცემაც ევალება.

რთულია თანამედროვე მასწავლებლის მისია. მწირი რესურსები. დაბალი ანაზღაურება. პროფესიული წინსვლის დამღლელი და ხანგრძლივი ლაბირინთები. კლასების მართვის დაუძლეველი სირთულეები. ცოდნის გადაცემის ახალი მეთოდების ძიება, რადგან თანამედროვე მოსწავლეს მოძველებული, ტრადიციული მიდგომები უკვე აღარ აინტერესებს. მაგრამ ყველაფერს წონის მოსწავლეთა დამოკიდებულება. ამას წინათ მორიგ საკლასო პრობლემაზე საუბრისას ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლემ მითხრა (და სხვებიც დაეთანხმნენ): „მაკა მასწავლებელო, ჩვენი მარიტა თქვენ ხართ, მხოლოდ სიყვარულს გვთავაზობთ, ჩვენ კი ტალახს გესვრითო…“ ასეთი წამებისთვის ნებისმიერი წამების ატანა ღირს… ასევე არასდროს მავიწყდება წლების წინ კერძო სკოლის მოსწავლის ნათქვამი სიტყვები: „როცა ხელში ქართულის წიგნს ვიღებ ან ტექსტებს ვკითხულობ, პირველად თქვენს სახეს ვხედავო…“.

საბას და მარიამს იმედებს ვერ გავუცრუებ, რაც უნდა „ჭირი მომკერძონ“… მათით შთაგონებული ყოველთვის ვეცდები მარიტაც ვიყო და მფარველი ანგელოზიც… ამაზე დიდებული ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა და არაფერი იქნება… ამიტომ გაქცევა არ არსებობს! მე მარადის მათთან ვრჩები მთელი არსებით, სულით, გულით, გონებით, ყველა შესაძლებლობით და ზოგ რამეში საკუთარი უმწეობითაც… ისინი ხომ ზოგჯერ ასეთსაც მიღებენ.

 

რეფლექსიის დროა!

0

 

ლექსიკონების მიხედვით, შარჟი გაზვიადებაა, ისეთი სატირული ან იუმორისტული გამოსახულება, რომელშიც დაცულია გარეგნული მსგავსება და კარიკატურულად არის შეცვლილი და ხაზგასმული ყველაზე უფრო დამახასიათებელი ნიშნები, თვისებები. წლებია, რაც ლიტერატურას ვასწავლი და შარჟის მაგალითებს ლიტერატურიდან რა გამომილევს. თუმცა youtube-ზე ატვირთული ვიდეორგოლების ავტორებმა – როგორც არ უნდა გვიმტკიცონ, რომ ისინი ხუმრობენ და სერიოზულად არ უნდა მივიღოთ ის, რასაც ვიდეორგოლებში ვნახავთ – ზოგიერთ მასწავლებელს საქვეყნოდ მოჭრეს თავი და მათ (sc. მასწავლებლებს) უკვე ვეღარაფერი უშველით. უფრო სწორად, ამგვარ მასწავლებლებს  ნორმალურ ქვეყანაში ვეღარ უშველით ვეღარაფერი… ნორმალურ ქვეყანაში, წესით და რიგით, არცერთ მშობელს აღარ მოუნდება, შვილი ისეთ სკოლაში მიიყვანოს, სადაც მოსწავლეებს ისე მიმართავენ, როგორც ეს ვიდეორგოლებშია ნაჩვენები. ვისაც არ გინახავთ ის ვიდეორგოლები, მე რომლებზეც ვსაუბრობ, გეტყვი, რომ ამ ვიდეორგოლებში ყველა მასწავლებელი სხვადასხვა ფორმითაა გაშარჟებული, ზოგის – მეტყველების ან სიარულის მანერა, ზოგის – ჩაცმულობა, ზოგის – მაკიაჟი… ეს ყველაფერი მართლაც სასაცილოა. მე დამზაფრა მოსწავლის მიერ განსახიერებული რამდენიმე მასწავლებლის (და ასეთი მასწავლებელი ყველა ვიდეორგოლში ერთი მაინც მოიძებნა) მიერ გამოყენებულმა შეურაცხმყოფელმა და დამამცირებელმა მიმართვებმა. დამზაფრა იმანაც, რომ ამ ვიდეორგოლების ატვირთვის შემდეგ მშობლები გულგახეთქილები არ მივარდნენ სკოლებში და არ გააპროტესტეს, რომ მათ შვილებს ასე მიმართავენ მასწავლებლები. სანამ წერილს დავწერდი, ამ თემაზე ჩემს მეგობრებს გავესაუბრე. ჩემმა მეგობრებმა ასეთი ვარაუდები გამოთქვეს: ალბათ მშობლების ნაწილი ფიქრობს, რომ რადგან მათმა შვილებმა უკვე დაამთავრეს სკოლა,  აწი მათი პრობლემა აღარ არის, რა ხდება სკოლაშიო; ან კიდევ უარესი – ოჯახშიც ისეთივე მიმართვები აქვთ და ვერ ხვდებიან, რომ ასეთი ლექსიკით საუბარი დაუშვებელიაო. გულგრილობა ცუდია, არცოდნა კი გამოსასწორებელი (გამოსწორებადიც). ამ წერილს სწორედ იმ იმედით ვწერ, რომ საზოგადოების მხრიდან მას სწორი, ჯანსაღი რეაქცია მოჰყვება. და იმის ნაცვლად, რომ მე დამადანაშაულონ იუმორის ნაკლებობაში, არსებულ პრობლემაზე ისაუბრონ, პრობლემაზე, რომელიც შეჩვეულ ჭირად გვექცა.

ვიდეორგოლებს, რომლებზეც ვსაუბრობ, შემთხვევით გადავაწყდი. მინდოდა, ერთ-ერთი სკოლის დამამთავრებელი მოსწავლეების ერთ-ერთ სტუდიაში გადაღებული კადრები მენახა. ამ რგოლზე ფეისბუქის პოსტებსა და კომენტარებში აზრი ორად იყოფოდა, ზოგი აქებდა ახალგაზრდების კრეატიულობას, ზოგი კი ამგვარ კლიპებში დაღუპულ თაობას და ქუჩურ მენტალიტეტს ხედავდა. სიმართლე გითხრათ, (თითქმის) ვერაფერი შემაშფოთებელი ვერ ვნახე ვიდეორგოლში, რომელიც სკოლის გამოსაშვები საღამოსთვის იყო განკუთვნილი. მერე რა, რომ მოსწავლეების ლექსიკა ბარბარიზმებით და სლენგით იყო გადატვირთული? მერე რა, რომ მათ მეტყველებაში მიუღებელი ფრაზები და აზრები ისმოდა? შარჟი შარჟია და ჩემთვის გასაგებია, რომ ეს ყველაფერი რეალობა არაა და ვიდეორგოლი აუდიტორიის გასახალისებლად შეიქმნა. ერთ ვიდეორგოლს მეორე მოჰყვა, მეორეს – მესამე, რომელიღაც მეტად მომეწონა, რომელიღაც – ნაკლებად…

აი, მასწავლებლებზე გაკეთებულმა შარჟებმა კი, გეფიცებით, მართლა შოკში ჩამაგდო: რამდენი ქუჩური მენტალიტეტის მასწავლებელი ასწავლის თურმე სკოლაში, თურმე რამდენი მასწავლებელი კიდევ ვერ მიმხვდარა, რომ მოსწავლეს პატივისცემით უნდა ესაუბროს… ვერაფრით ვერ ვიხალისებ ვიდეორგოლებზე, რომლებშიც მოსწავლეები თავიანთ მასწავლებლებს ბაძავენ და ამ დროს მათი პირიდან ღირსების შემლახავი სიტყვები ისმის. არავინ მითხრათ, რომ მასწავლებელი მოსწავლეს სიყვარულით ელაპარაკება ასეთი ლექსიკით. მე მგონია, რომ ამ ვიდეორგოლების სერიოზული ანალიზია საჭირო. სკოლები, რომლებშიც ამ ვიდეორგოლებში გაშარჟებული მასწავლებლები ასწავლიან, საკითხით უნდა დაინტერესდნენ და კი არ უნდა გაამართლონ მასწავლებელი და შარჟის მსხვერპლად წარმოგვიდგინონ, არამედ მოსწავლეების არაადეკვატური შეფასებითაც უნდა შეშფოთდნენ და უპასუხონ კითხვას: რატომ მიაჩნიათ ნორმალურად მათ მოსწავლეებს, როცა მასწავლებელი კლასში ასეთი ლექსიკით საუბრობს? ჩემთვის ვიდეორგოლებში ასახული სკოლები კარგადაა ნაცნობი: სადღაც მე თვითონ ვასწავლიდი, სადღაც თავად ვსწავლობდი, სადღაც ჩემი და ჩემი ახლობლების შვილები სწავლობენ ან სწავლობდნენ.  ამ რგოლებში ნაჩვენები სკოლების ნაწილი საჯაროა, ნაწილი კი – ფასიანი. მართლა მაფიქრებს, რაში იხდიან მშობლები ათასებს? იმაში, რომ მათ შვილებს ასე მიმართავდნენ მასწავლებლები? და სკოლა თუ საჯაროა, ეს ამართლებს მასწავლებელს? რაღაც, შესაძლოა, სასაცილო იყოს ამ კლიპებში, რაღაც კი, ჩვენდა საუბედუროდ, სატირალი. თქვენც ჩაუჯექით და უყურეთ ვიდეორგოებს, თუკი აქამდე არ გინახავთ. თუ მშობელი ხართ, აუცილებლად დაფიქრდით, უნდა ამოიღოთ თუ არა ხმა? თუ მასწავლებელი ხართ, აუცილებლად დაფიქრდით, თქვენც ასე ხომ არ იქცევით კლასში, თქვენც ხომ არ მოხვდებით შარჟებში ხვალ ან ზეგ? მაგრამ ალბათ აღარ მოხვდებით. იმიტომ, რომ, საკუთარი გამოცდილება მკარნახობს, ხვალიდან (პირობითად) პრობლემის აღმოფხვრაზე კი არ იზრუნებენ სკოლები, ხვალიდან დამრიგებლებს დაიბარებენ, მერე დამრიგებლები – მშობლებს და დაიწყება მოსწავლეებზე ზეწოლა, დაბრუნდება ცენზურა. და ეს იმიტომ, რომ დირექტორების და მასწავლებლების, მოსწავლეების და მშობლების ნაწილი ალბათ ჯერ კიდევ ვერ იაზრებს, მათ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაისიგრძეგანეს, რომ საქმე სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს, როცა ასე მიმართავენ მოსწავლეებს. გთავაზობთ, ვიმსჯელოთ, რა არის დასაშვები და რა არის დაუშვებელი თუნდაც ამ ვიდეორგოლების მაგალითზე. ოღონდ არ დამიწყოთ კამათი იმაზე, რომ ამ ვიდეორგოლების ტექსტებში ყველაფერი მოსწავლეების შეთხზულია. გამორიცხულია, მოსწავლეები ასე „მხატვრულად“ აზროვნებდნენ და მათი ლექსიკა, როდესაც ზოგიერთ მასწავლებელს განასახიერებენ, მათი ფანტაზიის ნაყოფი იყოს. თანაც რატომ მიაწერენ ერთ მასწავლებელს ამ ლექსიკას, მეორეს კი არა. მაშინ ადგნენ ეს არასწორად გაშარჟებული მასწავლებლები და ამხილონ მოსწავლეები ტყუილში.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, აჯობებს, თუკი ამას გაეცნობით, რათა უკეთ გაიაზროთ, რაზე ვსაუბრობ:

  1. შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახველი ლექსიკური ერთეულები

ყბედებო, დაეყარენით!

ერთუჯრედიანო ამება!

უნიჭონი, ვაბშე ძაან ბანძები ხართ!

თქვენ თავები ვინ გგონიათ? დონე არის დაბალი!

რას ცოხნი, ბიჭო?!

თვალებში გაქვს დაელმება 180 გრადუსით!

პარაზიტკა შენა!

რას შობი, კუკლა?!

ე, მანდ! ოე!

სულ მკიდია, რომელი ხარ!

თქვენ თავები ვინ გგონიათ, დონე არის დაბალი!

გოჭი, მიხვდი, ზედმეტი ხარ, პირველ მერხზე გადმოდი!

ცოლად შენ ვინ გამოგყვება?!

შე ლაყე, დოყლაპიასავით მიყურებ!

ნუ იცოხნები ჯორივით!

წევხარ მანდ ძუძუებგამოგლეჯილი ღორივით!

გაიღვიძეთ, ღორებო!

იდიოტიზმით დაავადებულია!

შენ არაფერი გეშველება!

ერთუჯრედიანთა გარემოა!

რა მინდა ამ დებილებთან?!

თავგასიებულო!

ერთუჯრედიანო, ფეხზე რატომ არ დგახარ?!

ამ საუკუნის პროდუქტებო, არ პრუტავდეთ მაინც!

ამ კრეტინების ამტანი!

საჩლუნგეთში ვარ!

კრეტინების კლასი!

  1. შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ზმნები:

რას იღმურძლები?

უკვე ყელში ამოხვედით!

ცოტა აზრზე მოდით!

გამოხედვაზე ვატყობ, რომ არაფერი არ იცი!

შენ ვერა ხარ?

რას ბჟუტურობ, ვიცოდე!

ბლადაბლუდობთ რაღაცას!

  1. პირდაპირი და ირიბი მუქარისშემცველი გამოთქმები:

ფეხზე დამხვდით თმაშეკრული – მაკრატელი ამომაქვს!

მოგაგრიხავ მაგ ფეხსა!

ეხლა შენ თუ გაგცხე!

აქანა მე მიმყავს პარადი!

ფეხზე ისე დაგაბიჯებ, ვაბშე ვეღარ ადგები!

დავალებას თუ არ დაწერ, გაგაბრტყელებ ცომივით!

დაგამოკლებ გნომივით!

გაგაბრტყელებ ადღლეზილი ცომივით!

შვიდ ბრუნვაში მაგინეთ, არ დაგითმობთ მაინც!

რამდენიც გინდა, დავამარცხე ბრძოლა, ჭორი, კიცხვა!

მორჩი ჭამას, თორემ ლობიანად გაქცევ!

მანდ ჩაკვდი!

თუ დაგიჭერ, ტუალეტში ჩაგტენი!

გაგაბრტყელებ დაფაზე!

მე ვარ თქვენი მბრძანებელი!

ვენი, ვიდი, დავამარცხე! – იყო ძლევა საკვირველი!

კაცმა ზეთიანი პერაშკებით უნდა გცემოს!

დაგვიდგებით? დაგატყდებათ რისხვა!

თორემ მოგხვდება ტაკოზე/ტრაკზე (ორ სხვადასხვა რგოლში შემხვდა ერთი და იგივე მასწავლებელი ამბობდა და ამან კიდევ უფრო მეტად გამიმყარა ეჭვი, რომ ეს გამოთქმები მოგონილი არაა)!

სკალპს აგაცლით, იცოდეთ!

თმებს აგიწეწავ და სულაც არ შეგიცოდებ!

ბოლო სიტყვა მე მეკუთვნის – რაის დემოკრატია?!

შენ გაჩერდი!

გაგგლეჯ შუაზე!

ტყავს გაგაძრობთ სათითაოდ, თქვე სულელებო, მართლა!

თავს წაგაძრობთ, გპირდებით!

ამოიღეთ რვეული დროზე, თორემ მოგცხეთ გვერდებში!

მაგ ლობიანს დაგათხლიშავ!

მოგკლავ, მოგკლავ უსწავლელი თუ მოხვალ!

ბნედას დაგცემ, იცოდე!

ისიამოვნეთ ხომ ამის წაკითხვით? შესაძლოა, მოსწავლეები, რომლებიც ვიდეორგოლებში მონაწილეობენ, დღეს ვერც ხვდებიან, მათ რომ ასე არ უნდა მიმართონ მასწავლებლებმა. მაგრამ ჩემთვის პრობლემა სწორედ ესაა – უნდა ხვდებოდნენ; შესაძლოა, მშობლების რაღაც ნაწილიც ვერ ხვდება, რომ მსგავსი ლექსიკით საუბარი არაა კომუნიკაციის ჯანსაღი ფორმა. მაგრამ თქვენ, ჩემო მკითხველებო, იმ მშობლებს ხომ არ ჰგავხართ, ვინც ასე ფიქრობენ?

მე კიდევ, ჩემდა თავად, არც ნიჭიერ ლასარას სტუდიაში გადაღებული მოდურ კლიპში მომინდება, მონაწილეობა მიიღოს ჩემმა შვილმა, თუკი რეჟისორი მართლა ასე გაიძახის: „გაინძერით, მძორებო!“ და სიგარეტს სიგარეტზე შეაბოლებს მოსწავლეებს სახეში. ან საერთოდ, რა უბედურებაა სიგარეტის ცხვირში შებოლება მოსწავლეებისთვის? ერთი-ორ ვიდეორგოლში ისიც შევნიშნე, როგორ უდევთ საფერფლეები მოსწავლეების მიერ განსახიერებულ მასწავლებლებს. მესმის, ეწევიან მასწავლებლები, ისინი ზრდასრული ადამიანები არიან და თავად გადაწყვეტენ, როგორ გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას. მაგრამ მასწავლებელი ცხვირ-პირში რატომ უნდა აბოლებდეს მოსწავლეებს?

მასწავლებლის „პროფესიული“ ფრაზეოლოგიისთვის ისე მქონდა ყური მიჩვეული, გამოგიტყდებით, სკოლაში რომ დავიწყე მუშაობა, არაერთხელ მითქვამს მოსწავლეებისთვის: „თავი ძლივს შევიკავე, რომ ახლა არ წამომცდენოდა: ენით ზურგს იფხან? რატომ თავი არ დაგრჩა სახლში! ვნახავ, ბოლოს ვინ გაიცინებს.“ როცა მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი, გონებაში ამომიტივტივდა მივიწყებული ფრაზები, მთელი ბავშვობა რომ მესმოდა. ეჭვი მაქვს, ახალი „პროფესიული“ ფრაზეოლოგიზმები გაჩნდება მასწავლებელთა ლექსიკაში, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა: „ღორი სადაც შვ(რ)ება ხოლმე, იქ არც კი დგება, თქვენ კი დღემდე ვერ ისწავლეთ ნაგვის გადაგდება“; ან: „შენ რას წამოწოლილხარ ფადიშაჰის ცოლივით“; ან: „ტვინი ტილი კი არაა, თავში რომ ჩაგაფრინდეს“.

უხერხული იქნება, არ აღვნიშნოთ, რამდენად კარგად გამოიყურება ზოგიერთი გაშარჟებული მასწავლებელი დანარჩენების ფონზე. მათ ალბათ სიამოვნებით მივაბარებდი ჩემს შვილებს, რადგან, მერე რა, რომ სატირული ვიდეორგოლების პერსონაჟებად იქცნენ, მაინც კარგად ამბობენ, როცა ამბობენ: „ძალადობით პრობლემები არ გვარდება!“ „მადლობა, რომ არსებობ!“ „შენ პიროვნება ხარ!“ „გამოდი შენი ციხიდან, რომ არა გავდე სხვას!“ მე იმ მასწავლებლის მიმართვასაც გავამართლებ ვიდეორგოლიდან, რომელიც როცა გაიგებს, რომ ტუალეტში ჩაკეტეს თანაკლასელი, დაიყვირებს: „ნორმალურები ხართ თქვენ? ჭკუა გაქვთ მაგ თავებში?“

და ბოლოს შევნიშნავ: მასწავლებელიც ადამიანია და მასაც შეიძლება, წამოცდეს (ან მიზანმიმართულად თქვას) გაკვეთილზე ბარბარიზმი, სლენგი, უცენზურო სიტყვაც კი. მაგრამ კარგი მასწავლებელი ის მასწავლებელია, რომელიც შეწუხდება ამ წამოცდენის გამო, აღიარებს, რომ არ იყო მართალი და შეეცდება, მომავალში მაინც გამოასწოროს დაშვებული შეცდომა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თაობებად დაყოფის სიხისტე

0

მილენიალები, ბუმერები, Z თაობა – სხვადასხვა თაობის აღმნიშვნელი ტერმინები ქართულ რეალობაშიც დამკვიდრდა. თუმცა, სოციალური ფსიქოლოგის ლია ჯორჯის აზრით, ტერმინების ჩარჩოებსა და კლიშეებში თაობების გამომწყვდევა ხელს გვიშლის მათი შესაძლებლობების რეალისტურ შეფასებაში.

ლია ჯორჯი წერს: „ამერიკის თანამედროვე ისტორიაში პირველად ერთდროულად, ერთ სივრცეში, ხუთ თაობას უწევს თანაცხოვრება:

  • 1922 და 1943 წლებში დაბადებული ვეტერანები, ანუ „დიადი თაობა“, მძლავრი და მდუმარეა. მისთვის დახასიათებელია თავგანწირვა, ხელისუფლებისადმი პატივისცემა და სამსახურის როგორც ჯილდოს აღქმა.
  • შემდეგი ბუმერების თობაა. ის 1944-1960 წლებში დაიბადა. ბუმერები ბევრს მუშაობენ, რისთვისაც ყველანი უნდა ვემადლიერებოდეთ. მათ მოსწონთ კონკურენცია და კომუნიკაცია. ისინი უკვე პენსიონერები არიან ან მალე გავლენ პენსიაზე.
  • X თაობა – დაკარგული თაობაა, დაბადებული 1961 და 1980 წლებში. ეს ის თაობაა, რომლის მშობლებიც ხშირად იყრებიან. ეს არის პირველი თაობა, რომელიც სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის აუცილებელ ბალანსზე ალაპარაკდა და სცადა კიდეც ამის მიღწევა.
  • მათ მოჰყვება მილენიალების თაობა – 1981 წლიდან 2000 წლამდე დაბადებული. ამ თაობას ვერ წარმოუდგენია საკუთარი სახლი ტექნოლოგიების გარეშე. ის პრაგმატული, იმედიანი და მტკიცეა. მილენიალებს მიაჩნიათ, რომ ცვლიან სამყაროს. ალბათ გამოუვათ კიდეც. ზოგჯერ ეს თაობა ზედმეტად იდეალისტურია, მაგრამ ჩვენ თვალწინ შრომის ბაზარზე მან უკვე გადაასწრო X თაობას. აშშ-ში დასაქმებულებს შორის ყოველი მესამე მილენიალია.
  • ამ თაობას სულ მალე 2000 წლის შემდეგ დაბადებული Z თაობაც წამოეწევა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ბრაუზერს, Amazon-ს ან საძიებო სისტემას ვხსნით, თაობების ბრძოლას ვაწყდებით – ბლოგებს ფორმატში „17 მიზეზი, რის გამოც მილენიელები ყველაზე უარესი თაობაა“ ან „რა ვუშველოთ თაობათა შორის განხეთქილებას“. ეს ყველაფერი ცოტათი წააგავს “West Side Story”-ს: ბუმერები ერთი კარიდან შემოდიან, მილენიალები – მეორიდან, ყველა ჩხუბობს, ჩივის, სამსახურში გარბის, მერე – სახლში… და რა მოხდება, თუ ახლა გეტყვით, რომ ეს თაობები საერთოდ არ არსებობენ? გარკვეული ხნის განმავლობაში ჩემს კოლეგებთან ერთად ვიკვლევდი ამ ფენომენს და დიდი ეჭვი გამიჩნდა ამ პოპულარული თეორიის მიმართ.

მაშინაც კი, თუ შევთანხმდებით, რომ ასეთი ჯგუფები არსებობენ, შეგვიძლია, იმაზე ვიდავოთ, რა აერთიანებთ მათ. ისინი მხოლოდ 20-წლიან შუალედს ფარავენ. ოცწლიანი ისტორიის ნებისმიერ მომენტში მათ შეიძლება აერთიანებდეთ ღირებულებათა სისტემა, სურვილები, სტერეოტიპები, რომლებიც მათ სასარგებლოდ ან წინააღმდეგ მუშაობენ. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასა და რეგიონში თაობები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ამიტომ ჩვენ მათი შედარების საფუძველიც კი არ გაგვაჩნია.

მეორე მხრივ, არსებული სტერეოტიპები თაობათა შესახებ ერთგვარ წინასწარმეტყველებად გვექცა, რაც გვიჩენს გარკვეულ მოლოდინს ამა თუ იმ თაობის მიმართ. სინამდვილეში თაობების იდეა ამერიკული კულტურის პროდუქტია – თუ მათზე ვიწყებთ საუბარს, დაუყოვნებლივ გვესმის, რაზე ვსაუბრობთ. იცით, როგორ გავარკვიე ეს? ისევე, როგორც ნებისმიერი ამერიკელი გაარკვევდა, ვის ძარღვებშიც წითელი სისხლი ჩქეფს და მცირედი აკადემიური მომზადება გააჩნია. მე უბრალოდ დავგუგლე და აი, რა შევიტყვე:

Google-ი ხომ ალგორითმებს ეფუძნება, რომლებიც ძებნის ტიპურ ვარიანტებს ან სავარაუდო ჰიტებს გვთავაზობს. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, დაფუძნებულია იმაზე, ყველაზე ხშირად რას ეძებენ საძიებო სისტემებში და რა პასუხები ამოტივტივდება ხოლმე. ამ პასუხების მიხედვით, ადამიანებს ექმნებათ გარკვეული წარმოდგენები, მათ შორის – თაობებზეც. მოდი, ერთად შევხედოთ შედეგს.

მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ბუმერები კონსერვატიულები არიან და, როგორც ამერიკელებს ჰგონიათ, ცოტა მოსულელოებიც. ეს არის ყველაზე ცუდი, გაბრაზებული და თანაც რასისტი თაობა.

X თაობა – ცინიკოსი, კიდევ უფრო მეტად გაბრაზებული თაობაა, რომელიც დაკარგული თაობის სახელითაა ცნობილი. ისინიც მოსულელოები არიან.

ახლა – მილენიალები, ანუ ჩვენი თაობა. ისინი გიჟდებიან საჭმელზე. დიახ, სულელები არიან, ზარმაცები, ზედმეტად მგრძნობიარენი, მათ ხშირად ათავისუფლებენ სამსახურებიდან და სძულთ, მაგრამ ამავე დროს მილენიალებს მაინც სწამთ საკუთარი მნიშვნელოვნების.

ყველაზე საშინელი საძიებო შედეგი Z თაობას ეკუთვნის.

ხუთი წლის განმავლობაში მე სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებთან მქონდა ურთიერთობა. იცით, ამ ინტერვიუებმა რას მიმახვედრა? თაობების თეორია უბრალო სასაუბრო თემიდან გადაიქცა იმად, რაც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და ახლა ვარსებობთ პარადიგმაში, თითქოს Google-ის ძიების შედეგები უპირობო რეალობაა.

კომპანიები დიდი მონდომებით ცდილობენ იმის გარკვევას, როგორი ურთიერთობა იქონიონ ამ თაობებთან, როგორ მართონ ისინი, ამავე დროს, ემზადებიან მილენიალების დასახვედრად.

რატომ?

ჩვენ ვემზადებით ქარიშხლების ან სხვა ბუნებრივი კატასტროფების დასახვედრად, მაგრამ რატომ გადავწყვიტეთ მოულოდნელად, რომ აუცილებელია, დავხვდეთ 23 წლის თანამშრომლებს?

გამიგონია ბევრი საოცარი ისტორია იმაზე, როგორ ცდილობენ კომპანიები სხვადასხვა თაობისთვის სპეციალური სივრცის მოწყობას, რომ ისინი ავტონომიურებიც იყვნენ და თავსაც კომფორტულად გრძნობდნენ. დიახ! მე ვიყავი კომპანიაში, რომელიც სწორედ ამ გზას დაადგა.

მათ მნიშვნელოვანი კონცეფცია მიიღეს, მაგრამ განცდა იმისა, რომ ის იმუშავებს, არ გაჩნდა. ცოტა ხნის წინ ვესაუბრე კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც სრული სერიოზულობით მსჯელობდნენ, საჭირო იყო თუ არა დასვენების ოთახში ბურთებიანი აუზის მოწყობა, რათა მილენიალებს სამსახურის მიმართ ინტერესი შეენარჩუნებინათ. კი მაგრამ, ჩვენ ხომ 30 წლის ვართ და არა სამის!

იმავდროულად, ვიცნობ მილენიალ გოგონას, რომელსაც უთხრეს: თუ გინდა, ჩვენს კომპანიაში იმუშაო, იმიჯისთვის ხელოვნურმხრებიანი სამოსი უნდა გეცვასო. არ მოგჩვენებიათ, 80-იან წლებში მოდურ სამხრეებს გულისხმობდნენ. მათ ახლა ვერც იშოვი. გოგონას ორი სამაგისტრო ხარისხი ჰქონდა. ნუთუ ამაზე უკეთესი მოთხოვნის წაყენებას არ იმსახურებდა?!

გასაუბრების დროს კომპანიებში, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანები მუშაობდნენ, ცხადი გახდა, რომ მათ საერთო გაცილებით მეტი ჰქონდათ, ვიდრე პრინციპული განსხვავება. ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი იყო სამსახური, მოქნილობა, მხარდაჭერა, მადლიერება და კარგი ყავა. ამ ჩამონათვალიდან არც ერთი არ ყოფილა კონკრეტული თაობის მახასიათებელი. რასაკვირველია, სახლში ძალიანაც განსხვავებულები ვართ – 20 და 60 წლის ადამიანებს სხვადასხვა ინტერესები გვაქვს, მაგრამ ეს ბუნებრივია.

თაობების თეორიაზე ფოკუსირების დროს, სრულიად გვავიწყდება, რომ ადამიანებზე ვსაუბრობთ. იმის გასარკვევად, რა სჭირდებათ, არ არის აუცილებელი, ბურთებიანი აუზით დავიწყოთ. ასე არ არის?

მოდი, ჩვენს თანამშრომლებში ადამიანები დაავინახოთ. გამოვიყენოთ ინდივიდუალური მიდგომა. თორემ 80 წლის ადამიანიც მშვენივრად წერს SMS-ს, 20 წლისა კი მშვენივრად ქსოვს. განა ეს რამეს ამბობს თაობათა ქცევის სტერეოტიპზე?

ნილოფერ მოირჩანტი, ლიდერი ინოვაციების სფეროში, ამბობს, რომ ადამიანები ისეთებად უნდა მივიღოთ, როგორებიც იმ კონკრეტულ წერტილში არიან, იქ, სადაც ამჟამად იმყოფებიან, მათი უნიკალური ისტორიის გამოცდილებით, ჩვენი გამოცდილებისა და მოლოდინის გათვალისწინებით.

თუ ამ მიდგომებს გამოვიყენებთ, მივხვდებით, რომ ხშირად ბუმერების ბრაზი სამსახურის დაკარგვის შიშია. ისინი 16 წლიდან ყოველდღე მუშაობენ და იციან, რომ დადგება ორშაბათი, როდესაც სამსახურში ვეღარ წავლენ, თანაც შესაძლოა, ეს ორშაბათი უფრო მალე დადგეს, ვიდრე ჰგონიათ. ჩვენ შეგვწევს ძალა, გავუქრაწყლოთ ეს შიში, რომელიც ბრაზად მიგვაჩნია.

და X თაობა? მაგალითად, კაცს, რომელიც სამსახურში ოთხჯერ მოჰყვა შემცირებაში, სამი შვილი ჰყავს და ორი ხელი აქვს. ახლა ის უბრალოდ სამსახურის შენარჩუნებას ცდილობს და არა კარიერულ წინსვლას. დიახ, ის ყოველთვის ვერ ერგება არსებულ სამუშაო მოდელს, მაგრამ ადამიანია, შეიძლება დაიღალოს ან ბუნებით ჩვენნაირი აქტიური არ იყოს. მას უნდა გავუგოთ.

და მილენიალები? ისინი ახალ სამსახურში დასაქმებიდან ორ თვეში უკვე ხელფასის ზრდას ითხოვენ. დაფიქრდით, რატომ. ამ თაობას კოლეჯის დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი ვალები აჰკიდეს. ისინი სახლების იპოთეკას იხდიან.

როგორც კი ადამიანებში ადამიანებს დავინახავთ და არა რომელიმე თაობის წარმომადგენლებს, მივხვდებით, რომ ჩვენ წინაშე ჩვეულებრივი ჯიმი და ჯემია.

თითოეული მათგანი ინდივიდუალურია და სწორედ ეს არის გამოწვევა.

აირჩიეთ ადამიანი. შეისწავლეთ ის და თვითონაც ისწავლეთ. გაარკვიეთ, რას მისცემს ის თქვენს კომპანიას. შეისწავლეთ სათითაოდ. ჩვენ არ ვმუშაობთ თაობებთან, ჩვენ ვმუშაობთ ადამიანებთან.

სხვადასხვა ადამიანთან თანაცხოვრების ხიბლის გასაზიარებლად პირისპირ უნდა შევხვდეთ მათ. ამისთვის არ არის აუცილებელი მათთან სტუმრობა. უბრალოდ, ცოტა მეტი დრო გვჭირდება. მერე აღარ ვიდავებთ თაობების ბრაზსა და მათ სარგებლიანობაზე. ჩვენ ყველანი ვბრუნდებით სახლში, საკლასო ოთახში, სამსახურში დაღლილები, გულნატკენები, შთაგონებულები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისა და ირგვლივ მყოფების მიღება ისეთებად, როგორიც არიან, კონკრეტულ დღეს. ამის შემდეგ თაობების დაყოფა აღარ დაგვჭირდება.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი ფულის ზომიერად ხარჯვას

0

ყველას აწუხებს ბავშვის დაუსრულებელი „მინდა“. ბავშვი მოითხოვს, როდესაც არ ესმის უარის მიზეზი: ფული არ გვაქვს; ძვირია; უაზრო შენაძენია; მავნეა ჯანმრთელობისთვის… გაგაცნობთ პრაქტიკულ ხერხებს, რომლებიც დაგეხმარებათ, მიაჩვიოთ ბავშვი ზომიერ ხარჯვას და თავიდან აგაცილებთ მაღაზიებში დაუსრულებელ ისტერიკებს.

 

ძვირია

სამი წლის ბავშვი ძნელად გაიგებს ფრაზების „ძალიან ძვირია“ ან „ფული არ გვაქვს“ მნიშვნელობას, ამიტომ გასაგებ ენაზე აუხსენით საოჯახო ბიუჯეტის არსი:

  1. დაჭერით მუყაოს ფურცელი ნაწილებად – საყიდლების პროპორციულად.
  2. სქემატურად გამოსახეთ ხარჯები
  3. აჩვენეთ, ფულის რა ნაწილი იხარჯება სურსათზე, გადასახადებზე, ექიმებზე და ა.შ.
  4. აუხსენით, რომ თუ ამ ძვირიან სათამაშოს იყიდით, მოგიწევთ, ფული სხვა რამეს მოაკლოთ. საკვებსა და გადასახადებზე უარს ვერ იტყვით, გამოდის, რომ სხვა რამეზე მოგიწევთ უარის თქმა. აირჩიეთ ისეთი რამ, რაც დაენანება. მაგალითად, ზოოპარკში ან გასართობ ცენტრში წასვლა.

 

მასთან ერთად დაგეგმეთ ოჯახური ხარჯები

იმისთვის, რომ ბავშვი ფინანსურ აზროვნებას მიაჩვიოთ, ჯერ თქვენ უნდა გაიწაფოთ. სამაგიეროდ, შემდგომში ერთად შეგეძლებათ საოჯახო ბიუჯეტისა და ხარჯების გაკონტროლება და დაინახავთ, როგორ ეტევით ამა თუ იმ ხარჯვით ნაწილში. ასე ეჩვევა ბავშვი იმის გაგებას, თუ როგორ ნაწილდება ფული ოჯახში.

 

მასთან ერთად გააკეთეთ სათამაშოები

თუ თქვენს გოგონას თოჯინის ეტლის ყიდვა მოუნდა, ფული კი არ გყოფნით, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ სახელმძღვანელო ან თავად მოიფიქროთ, როგორ გააკეთოთ სათამაშო საკუთარი ხელით.

 

მავნეა

შინ მოამზადეთ ნუგბარი  კერძები და დესერტი. ბავშვებს უყვართ საჭმლის მომზადებაში მონაწილეობა. თუ გემრიელი და სასარგებლო საკვების მომზადებაში მონაწილეობას მიაღებინებთ, გარეთ მათი გასინჯვის ნაკლები სურვილი ექნება.

 

მიეცით სწორი კვებითი ჩვევების მაგალითი

ბავშვებს ტკბილეულის ჭამას ვუშლით. აქაც საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ: თუ ბავშვისთვის არ შეიძლება კანფეტი, კოკა-კოლა და ჩიპსი, ისინი არც მშობლებისთვისაა კარგი. ფრაზას „დიდებისთვის შეიძლება, ბავშვებისთვის – არა“ ყავლი გაუვიდა.

როცა ბავშვი სკოლაში წავა, კონტროლი უფრო მეტად გაძნელდება, მანამდე კი დრო ჩვენს ხელთაა და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბავშვის სასარგებლოდ.

 

ვისწავლოთ ეკონომია ბავშვთან ერთად

სუპერმარკეტებში ხშირია ფასდაკლების აქციები. კარგიი ქნება, თუ ამ აქციების სარგებელს დაითვლით და რვეულში ჩაიწერთ. თუ ამაში ბავშვსაც გაარკვევთ, პერიოდულად ის შეგახსენებთ, რაზეა ფასდაკლება ამა თუ იმ დღეს.

 

მაღაზიაში წასვლის წინ ბავშვთან ერთად ჩამოწერეთ საყიდლების სია

ერთი მხრივ, ეს სია დაგიცავთ ზედმეტი შენაძენისგან, მეორე მხრივ, მშვენიერი წინასასკოლო მომზადებაა წერა-კითხვაში.

 

როდესაც ბავშვი თვლას ისწავლის, მიეცით ჯიბის ფული

ბავშვი მიეჩვევა საკუთარის აჭიროებებისთვის ფულის შეგროვებას. თუ რამის ყიდვა უნდა, შეუძლია, ის თავისი დანაზოგით შეიძინოს.

 

ვჩუქნით დაბადების დღეზე ფულს, თანხის რაოდენობას წინასწარ ვახმოვანებთ

ეს მეთოდი გამართლებულია დაახლოებით 4 წლიდან, როცა ბავშვმა უკვე იცის ციფრების ცნობა. როდესაც საჩუქრის ფასი წინასწარ ეცოდინება, უფრო ძვირიან სათამაშოს აღარ მოითხოვს. ოღონდ ამ ფულის ხარჯვაში არ უნდა ჩავერიოთ –  დაე, იყიდოს, რაც უნდა, თუნდაც ჩვენ ეს სისულელედ მოგვეჩვენოს.

ნივთი უაზროა ჩვენი გაგებით, თორემ ბავშვისთვის ის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.

როდესაც ბავშვი გაიგებს, როგორ დგება ოჯახის ბიუჯეტი და რომ დანახარჯის კონტროლი გარდაუვალია, უაზრო საყიდლებზე უარის თქმა გაუადვილდება. უფრო მნიშვნელოვანია, არ მოვატყუოთ ბავშვი. თუ ვეტყვით, რომ ახალი სათამაშოსთვის ბიუჯეტში ფული არ არის, მერე კი თავად ვიყიდით ახა სამკაულს ან კაბას, ბავშვი მიხვდება, რომ ვატყუებთ.

 

ასწავლეთ ბავშვს ეკოლოგიურად მოქმედება

აუხსენით, რომ პლასტიკის სათამაშოები, რომლებსაც ბავშვები მრავლად ყიდულობენ და მერე სანაგვეში ისვრიან, ძალიან აბინძურებენ გარემოს. აჩვენეთ ინტერნეტში ნაგვის ოკეანეები, რომლებიც წყლისა თუ ხმელეთის ბინადრებს საფრთხეს უქმნიან. საკუთარი მიდგომა აქაც  უნდა შეცვალოთ და პირადი მაგალითი დაანახოთ: დააცალკევეთ და დაახარისხეთ ნაგავი და ბავშვიც მიაჩვიეთ იმავეს. ის მიხვდება, რატომ უნდა იყიდოს ნაკლები ნივთი, რატომ გამოიყენოს ისინი სწორად და ბოლოს სწორ უტილიზაციაზეც იზრუნოს.

გამოსვლა ნაჭუჭიდან

0

რაც დრო გადის, წინააღმდეგობების ფასად, მაგრამ მაინც მიზანმიმართულად და სრული შეგნებით გამოვდივართ რუსული კომფორტის ზონიდან. ეს ბოლო დღეებმა მკაფიოდ დაადასტურა: ჩვენი არჩევანი ევროპაა.

რას ნიშნავს კომფორტის ზონა, ნაჭუჭი, რომელშიც გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ გამოგვკეტა „ერთმორწმუნე უფროსმა ძმამ“?

– იმპერიის სამხრეთ პროვინციას, სადაც მართლმადიდებელი ხალხი სახლობს, კულტურის პატივისმცემელი, თვალტანადი, პურადი, ამყოლი ბალ-მასკარადებსა და სახიობაში;

– გამორჩეული მხარის წოდებას, რომელიც ულამაზეს ქალებს და უებრო მეომრებს უზრდის დიად სამშობლოს, პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მწერლებს (გენერლის ჩინებიც რომ დაეწევათ გზაში ცარ-ბელადისთვის გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის), პეტერბურღსა და მოსკოვში ფრიად დაფასებულ პატივსაცემ გვამთ.

– უკონკურენტო ბაზარს, რომელსაც რუსი და მისი მონათესავე ხალხების მილიონიანი ტალღა აწყდება და უანგარიშოდ გააქვს ციტრუსი, ღვინო, ყურძენი, ჩაი…

– ბუნებისგან ჭარბად მომადლებული სიკეთით ზამთარ-ზაფხულ სასურველ სამოთხეს ჩრდილოეთის ყინვისგან დამზრალი ტურისტებისთვის, სადაც მათ – სხვებისგან განსხვავებით – მშობლიურ ენაზეც დაელაპარაკებიან და უცხოდ თავს არ აგრძნობინებენ. უფრო სწორად, არც იმ ტურისტთა დიდ ნაწილს ჰგონია დღემდე, რომ უცხო მხარეში მიდის, არამედ იმ განცდითაა, როგორც რო ზაფხულის ჟამს სოფლად ანუ აგარაკად მიმავალი კაცი და მისი ჯალაბი.

1991 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადებამ დაბზარა ეს ნაჭუჭი და თავისუფლების შუქზე გამოგვახედა. ჟანგბადი სუფთაა და კამკამა, მაგრამ საუკუნობით გამთბარ ნაჭუჭში სუსხივით ჩამოდის, გაკანკალებს. სანამ შიშველ-ტიტველი და დამშეული გარეთ გამოსულხარ, ხვდები, რომ ის მზრუნველი ხელი უკვე აღარ დაგიყვავებს, და ზრუნვას რომ ელოდები, შეიძლება ალიყურიც გაჭამოს და წიხლიც ჩაგაზილოს. რაც და ვინც უკითხავად, განუსჯელად მოდიოდა შენკენ, ახლა მეცადინეობით უნდა მოიპოვო და არც საყვედურები აგცდება, არც კრიზისები, არც ომები. თავის მართლებაც მოგიწევს და დატუქსვის ღირსეულად ატანა, რომ თბილ ნაჭუჭში არხეინად გდება აღარ გინდოდა.

ბრძოლა, შრომა და მარცხთან გამკლავება გიწევს ყოველ ნაბიჯზე, რომ რაღაც გამოგივიდეს, უცოდინრობას დააღწიო თავი და სხვების თანაგრძნობაც მოიპოვო. „უფროსი ძმა“, მუქარა და ბომბდამშენები რომ მოსწყინდება, გზადაგზა იმ თაფლაკვერს დაგანახებს, წამოგახსენებს ნაჭუჭის სითბოს, სიმყუდროვეს, განურჩევლობას. თანხმდები და არც თანხმდები. არც გინდა და გენატრება კიდეც. ერთხელ, ამ ერთხელ, იქნებ სული მოითქვა, მაგრამ ნაჭუჭში წამიერად თავშეფარება ძვირად გიჯდება, მერე ისევ წლები გინდა, კამკამა ჟანგბადს რომ შეეთვისო, გაუშინაურდე. ბევრი წელი, ბევრი დანაკარგი – არ გიღირს, გენანება. ეს იმიტომ რომ ბრძოლის და შრომის ფასი ისწავლე, შენით გაკეთებულის, მიღწეულის ყადრი, როგორც იმ ზღაპარშია, ბოლო ცდაზე, თავის ნაშრომ-ნადაგს რომ მიიტანს ბიჭი შინ, მამა კი, წინანდელებით, იმასაც ბუხარში შეუძახებს, და იქ კი წამოიჭრება ბიჭი და წინანდელებივით გულგრილად კი არ მიაჩერდება ცეცხლში აბრიალებულ, სხვისგან ნათხოვარ ფულს, არა, ეს საკუთარია, მისი, ნაკვერჩხლებს მიეტანება და სათითაოდ გამოკრეფს.

ასე სათითაოდ, ცეცხლის ალიდან, არაფრიდან, მდინარის ფსკერიდან, მიწის წიაღიდან თუ კლდის მიუდგომელი სიმაღლეებიდან უნდა გამოიკრიფოს ჩვენი ძალა, უნარი, ნიჭი და ნებისყოფა, მარცხი სიხარულად გარდაისახოს და ტკივილი საკუთარი თავის რწმენად, რომ ვერავინ გაბედოს, ისევ მიგვახედოს ნაჭუჭისკენ.

P.S. „ჩემი ანდერძის დასასრული: …ჩვენო შვილებო, დაივიწყეთ ეგ რუსული ისე მკვიდრად, რომ ერთი სიტყვაც არ გაგახსენდეთ“ (მიხეილ ჯავახიშვილი, „უბის წიგნაკებიდან“, 1931-1933 წლების ჩანაწერი).

ხალხი და ბრბო   (გიორგი ლეონიძის „მარიტას“ მიხედვით)

0

გიორგი ლეონიძემ მოთხრობაში „მარიტა“ შესანიშნავად წარმოაჩინა, როგორ შეიძლება იქცეს ხალხი ბრბოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ სიბრძნის ადგილი დაიკავოს უგუნურებამ, თავისუფლებისა _ მონობამ, არჩევნის უფლება _ მორჩილებამ, სიყვარულისა _ სიძულვილმა, სინათლისა _ სიბნელემ, სიკეთისა _ ბოროტებამ.

რა გარემოებამ  შეიძლება აქციოს ხალხი ბრბოდ?

ხალხი  ხომ ბრძენია. რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხი პიროვნებათა თავმოყრაა, პიროვნება გონიერია, მას უნარი აქვს გადაწყვეტილების მიღებისა, საკუთარი არჩევნისა, კეთილისა და ბოროტის  არა მხოლოდ გარჩევისა, არამედ კეთილის არჩევისა. ბრბო უსახო, უპიროვნო მასაა _ ერთ რომელიმე ძალას დამორჩილებული. ბრბო უგუნური, მორჩილი, უღირსებო, მონური სულისკვეთების, თვალდაბრმავებული და სმენადახშულია. ადამიანის ორბუნებოვნება _ ხორციელება და სულიერება, გამუდმებულ ჭიდილს იწვევს ადამიანის არსებაში. პიროვნებაში ეს ჭიდილი არასოდეს მთავრდება, პირიქით, ამ ჭიდილში იწრთობა ადამიანის ნებისყოფა, ხოლო სუსტ ადამიანში იმარჯვებს ხორციელება და მაშინ ადამიანი ცხოველური ინსტიქტების მონა ხდება. ბრბოდ გადაქცეულ მასაში ადამიანები ნებადაჩლუნგებული, თავისუფლებადაკარგული, უსულონი  ხდებიან.

პიროვნება ზრუნავს შინაგანი ჰარმონიის მოპოვებაზე. სახარებაში იესო ქრისტე ამბობს: „მიეცით კეისარსა კეისრისა“, ადამიანის ხორციელებაზე ფიქრი არ უნდა აღემატებოდეს სულიერებაზე ზრუნვას. ადამიანს თანაბრად სჭირდება როგორც ხორციელი (სხეულის ზრდისთვის), ასევე სულიერი საზრდელი (სულიერი ზრდისათვის). როგორც სახარებაშია: „არა ხოლო პურითა ცხოვნდების კაცი“.

სულის უპირველესი მასაზრდოებელი კი რწმენა, სათნოება, სიყვარული და სიკეთეა. სოფლის მცხოვრებნი მაშინ იწოდებიან ხალხად, როდესაც ისინი აღიქვამენ და აფასებენ მარიტას არამიწიერ მშვენიერებას. ხალხის გადაქცევა ბრბოდ სამყაროს ტრაგედიაა. ბრბო არის ინსტიქტებს დამორჩილებული მასა, რომელიც ყველაფერს ანადგურებს, უპირველესად კი, პიროვნებას.

ხალხის ბრბოდ გადაქცევა შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს, ამისთვის საჭიროა გამოჩნდეს ადამიანი, ძლიერი ნებისყოფისა, რომელსაც შეუძლია ადამიანებზე ზემოქმედება. მას უნარი აქვს, თავის ნებას დაუმორჩილოს ყველა. ამგვარი ადამიანი შეიძლება ფლობდეს გარკვეულ ფუნქციას სოფელში (მაგალითად, ამ შემთხვევაში, ციციკორე იყო სოფლის მეუფროსე), ან შეიძლება უცებ გამოჩნდეს საიდანღაც და გავლენა მოახდინოს თავისი გონიერებითა და ძალით. მაგალითად, ოიდიპოსმა გამოიცნო რა სფინქსის გამოცანა, მაშინვე იქცა ხალხის რჩეულად. ყოველთვის, არის საფრთხე, რომ უცხო და გამორჩეული ადამიანი წარმოჩნდეს ბელადად, ურჩხულის დამმარცხებელი თვთონ იქცეს ურჩხულად,  ტირანად ან სხვა რაიმე ტიპის ერთპიროვნულ მმართველად. აქ საშიში სწორედ ეს ერთპიროვნულობაა, რომელიც არ არის ღვთისგან ხელდასხმული.

ასე რომ, მნიშვნელოვანია ორ რამ _ ადამიანის გადაქცევა ტირანად და ხალხის გადაქცევა ბრბოდ. რამ აქცი ციციკორე ტირანად?  რა თქმა უნდა, შინაგანი ძალა და გონიერება მას გამორჩეულად აქცევდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.

ადამიანების უმრავლესობა მიდრეკილია, თავი დააღწიოს მტანჯველ ფიქრებს, სხვას მიანდოს გზის ძიება თუ გადაწყვეტილების მიღება. მას ჰგონია, რომ ფიქრისგან გათავისუფლებით ცხოვრებას გაიიოლებს, მაგრამ ამგვარად ის პიროვნულობას, სულიერებას, ადამიანურობას კარგავს, ასე წვეთ-წვეთად, ნაბიჯ-ნაბიჯ გადასცა სოფელმა თავისი ნება ციციკორეს და ერთ დღესაც გაეღვიძა, როგორც „ბრბოს“. ვაჟა-შაველა გავიხსენოთ, „ვედრებაში“ რომ წერს:

„ნუ დამასვენებ ნურა დროს

მამყოფე შეძრწუნებული,

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული~.

არ ფიქრობ, ესე იგი არ გტკივა, ამიტომაც ადამიანი ხშირად სხვას მიანდობს ხოლმე იმას, რაც მხოლოდ თვითონ უნდა გადაწყვიტოს: აირჩიოს ის, რასაც ფიქრი, ხშირად მტანჯველი, უკარნახებს.

ტირანის დამახასიათებელია სხვათა აზრის მიუღებლობა: „ახირებული ციციკორე ზოგჯერ სხვისი აზრების მასპინძლობას ვერ იჩენდა“. იმის დასტურად, რომ იგი სხვის აზრს პატივს არ სცემს, მოსმენაც კი არ უნდა, მოწმობს ეს ეპიზოდი:

„ერთხელ, შუა კამათში, ციციკორე მოკამათეს უეცრად შეეკითხა:

-მოლაღური იცი?

-ვიცი!

-მტრედი იცი?

-ვიცი!

-ყანჩა იცი?

-ვიცი!

-იშხვარი იცი!

-არა!

-მაშ, იშხვარი არ იცი და მელაპარაკები? ჯერ წადი, გაიგე იშხვარი რა არი, მერე მოდი და მელაპარაკე!-ასე დაამარცხა მოკამათე“.

იშხვარი უაზრო სიტყვა იყო, მაგრამ მოკამათემ  უეჭვოდ დაიჯერა.

ტირანად შეიძლება იქცეს გამოცდილი, გონიერი ადამიანი. ასე დაემართა ციციკორეს, როცა ძალაუფლება იგრძნო, სიკეთის სახელით ბოროტება ჩაიდინა.

მთავარი კი ისაა, რომ ძალაუფლება წარმავალია. ერთ დღეს ციციკორესაც გამოუჩნდენენ მძლეველნი და სადღაც გაქრა მისი რიდი და პატივისცემა.  ციციკორე, უნებურად, აფერხებს თავისუფლების წყურვილს, რაც სამყაროს განვითარების, არსებობის უნივერსალურ კანონს ეწინააღმდეგება. მარიტას სიკვდილის დღისგან განსხავავებით, „ციციკორეს სიკვდილის ღამით, თურმე, არც ვარსკვლავები ჩამოცვენილა, არც წყლები შხიოდნენ, არც ქარი გრიალებდა, როგორც სცოდნია, ხალხის სიტყვით, დიდი კაცის სიკვდილის დროს, არც ძაღლებს უღმუვლიათ მთელი ღამე! არაფერიც არ მომხდარა ამის მსგავსი!“

ის იყო მხოლოდ დროებით დიდი კაცი, მარიტა კი _  სამყაროსთვის იყო დიდი და მნიშვნელოვანი, მარადიულად მშვენიერი. ციციკორე მთავარი პერსონაჟიცაა სხვა მოთხრობისა („ციციკორე“), რომელშიც მისი ცხოვრება უფრო დაწვრილებითაა მოთხრობილი.  აქ ის ზრდილი, კეთილშობილი, ხალხზე მოფიქრალია, მაგრამ სულ სხვაგვარია ის „მარიტაში“. მარიტაზე გავრცელებულ ცილისწამებას ის მაშინვე იჯერებს და „ხალხის ზნეობის დასაცავდ“  საოცრად გარდაიქმნება. კონკრეტულმა ვითარებამ მისი სულიდან თითქოს ძლიერი, მაგრამ ბნელი ძალები გამოათავისუფლა. მასში გაჩნდა ცხოველური ინსტიქტი _ თავისი სოფლიდან (ჯოგიდან) მოეშორებინა უცხო (ის შინაგანად გრძნობდა, რომ მარიტას მშვენიერება თავისუფლებას გულისხმობდა, რაც მისთვის მიუღებელი იყო: „ცეცხლმოკიდებული სოფლის მეუფროსე ციციკორე თავზე ცივ წყალს ისხამდა. გმინავდა, თრთოდა.

ტვინი გაუფიცხდა.

– მირონი დააქციეს, ტალახში შერიეს, ქვეყანა შეგვიგინეს, გაუგონელი ამბავია, ძნელად დასაჯერებელი, ქვეყნის გადაჯიშების ნიშანია სწორედ! მერე ვის დროს ხდება: ჩემს ხელში! ღმერთიც მე მომთხოვს პასუხს, ქმარიც, სოფელიც, ჩამავლობაც!“

ასე იქცა იგი ტირანად. ერთ დროს ღირსეულმა ადამიანმა ღირსება დაკარგა. თანდათან მოპოვებულმა ძალაუფლებამ მის არსებაში გაანადგურა პიროვნება და აქცია უპიროვნო ბნელ ძალად.

ბრბოს ნიშანი ისიცაა, რომ ადამიანები აღარ ფიქრობენ, მათ ნაცვლად ფიქრობს სხვა _ ამ შემთხვევაში, ციციკორე. გიორგი ლეონიძე საოცარი შთამბეჭდაობით ხატავს მარიტას დასჯის სცენას. ადამიანთა შინაგანი უწმინდურება თითქოს გარეთ გადმოიღვარა, ირგვლივ ყოველივე ტალახიანი და ჩაშავებულია.  ბუნებაც ვერ ეწინააღმდეგება ბრბოს: „ახლაც თმები მებურძგება იმ სასტიკ სანახაობაზე.

სოფლის ბრბო უხმოდ მოდიოდა ღვარმოდენით, ჩოჩქოლით, გაონავრებული,

გაძალიანებული…

აღრენით ღელავდა ბრბო, მრისხანებდა, გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს გულის ნაღველს იწურავდა, ნიშნისმოგებით უხმაუროდ ზეიმობდა რაღაცას. მოდიოდა ღვარცოფულად, მაგრამ მუნჯად…“

ადამიანი პირუტყვს არიან დამსგავსებული,   სისხლი და მსხვერპლი სწყურია. ერთი მხრივ, იხატება ბრბო თავისი ბნელი, სტიქიური ძალითა და ენერგიით აღსავსე, და, მეორე მხრივ, სიწმინდე, უსუსური, ნათელი და გასაწირავად განწირული. მარიტა არის სინათლის ნამცეცი, წყვდიადში შემოჭრილი. მარიტას თეთრი პერანგი ტალახით იბღალება. გვახსენდება ბრბო, რომელმაც პილატეს შესძახა, ბარაბა გათავისუფლე და იესო ჯვარს აცვიო.

„სიჩუმე საზარლად ხმაურობდა, ჩანჩქერივით გრიალებდა და თან იხვევდა ყველაფერსა და ყოველივეს“ „ბრბო კი ჩუმად, უჩუმრად მიჰქუხდა, როგორც ღვარცოფი, და მის წინაშე უძლური იყო თვით ღმერთი!“

როგორ შეიძლება რამეს წინაშე უძლური იყოს ღმერთი?

ეს იმგვარი უძლურებაა, როგორიც ღმერთმა გამოიჩინა თვისი, ძის, იესოს, ჯვარცმისას. უძლურება ადამიანური შეფასებაა.  ადამიანია უძლური, რომ თანამოძმეთა ცხოველებად გადაქცევა შეაჩეროს, წინ აღუდგეს სისასტიკესა და ძალადობას. თუკი ადამიანი ამას შეძლებს, მაშინ მას აღარ ექნება განცდა ღვთის უძლურებისა. პირიქით, განუმტკიცდება რწმენა მისი ყოვლისშემძლეობისა. ბრბო შურისმაძიებელია. როგორც კი აასრულებს ბნელ საქმეს, იწყებს გამოფხიზლებას და ჩადენილის გააზრებას. მხატვრული ტექსტის სამყაროში ღმერთმა დასაჯა ეს სოფელი გვალვებითა და მოუსავლიანობით. ბრბოდ ნაქცევმა ხალხმა მარიტას სახით მოიკვეთა თავისი საკეთესო ნაწილი. მარიტა კი, სიმბოლო და განსხეულება ღვთაებრივი მშვენიერისა, მხოლოდ „დროებით  მიეფარა თვალს“, ბროწეულის ყვავილად იქცა, მზის ნაწილი მზეს შეუერთდა.

ბრბოს ფსიქოლოგია არაერთ ნაწარმოებშია წარმოჩენილი, მათ შორის, მაგალითად, მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვაში“, რომელშიც მწერალი ხატავს, როგორ შეიძლება იქცეს ანგელოზური სულის ადამიანი დემონური სიბნელის განმასახიერებელი ბრბოს მსხვერპლად. როგორც გუსტავ ლებონი წერს თავის ცნობილ გამოკვლევაში: „კულტურული ადამიანი ბრბოში ბარბაროსად გადაიქცევა“ („ბრბოს ფსიქოლოგია“). ამ სივრცეში აღარ რჩება ადგილი ფიქრისა, საკუთარ თვალში „დირეს დანახვისა“, სხვის ჩასაქოლად აღებული ქვის გადაგდებისა. დგება ჟამი საყოველთაო სიბნელისა და სიბრმავისა, როცა ბრმას მიდევნებულნი უფსკრულში გადაიჩეხებიან, ჯოჯოხეთის კერძი ხდებიან.

ისევე როგორც შენება ძნელი და ხანგრძლივი პროცესია, ხოლო ნგრევა _ იოლი და ხანმოკლე, ასევე რთული გზა უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ პიროვნებად იქცეს, მაგრამ ოდნავი თვალის მოხუჭვაც კი საკმარისია, რომ უსახო ბრბოს ნაწილად გადაიქცეს. ამიტომაც ყოველთვის, ჩაუმქრალად უნდა ენთოს ადამიანის სულში მოყვასის სიყვარული.

 

„ოთახი ხედით“ მომავალ საუკუნეებზე

0

(წიგნები ბათუმსა თუ სხვა ქალაქებში)

 

წიგნები სხვადასხვა ნიშნით გვამახსოვრდება: სურნელით, გემოთი, ფერებით, ამინდით, მუსიკით… ზოგჯერ ისეც ხდება, რომელიმე ქალაქში წავიკითხავთ და ის ქალაქიც სამუდამოდ თან გამო(გვ)ყვება. ასე მაგალითად, შაფაქის „სტაბოლელი ნაბიჭვარი“ ჩემთვის ბათუმური წიგნია (დები კაზანჯების უგემრიელესი კერძებით დახუნძლული სუფრები „იქვე,“ მყუდრო ქუჩის ბელეტაჟზე, ფანჯრებს მიღმა მეგულება); იქაურია კუტზეეს „იესოს ბავშვობაც“ (ფანტასმაგორიული ქალაქი და ზურგადატყავებულმუშებიანი პორტი სანაპიროს ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე მოვნიშნე); ახლახანს, ბათუმში ფორსტერის „ოთახი ხედით“ შევიძინე, წიგნმა ქალაქი მაშინვე იის სურნელით, კლასიკური მუსიკით აავსო და მოიხდინა.

***

თუ ოფისში მუშაობით გადაღლილებს მსუბუქი წიგნით განტვირთვა გადაგიწყვეტიათ, „ოთახი ხედით“ თქვენთვის საუკეთესო მიგნება იქნება. რომანი ერთი შეხედვით კლასიკურ ბრიტანულ ჩარჩოებშია მოქცეული – ხატოვან-ფერადოვან ჩანახატებს ამაღლებულ თემებზე მსჯელობები და დიალოგებთ ენაცვლება. თუმცა თანდათან თხრობა ირონიული ქვეტექსტებით მდიდრდება, საბოლოოდ კი პერსონაჟების არაორდინალურ გარდასახვაზე თვალყურისდევნება თავშესაქცევ მოგზაურობაში ჩაგითრევთ. მოგზაურობაში იტალიიდან ინგლისამდე, ინგლისიდან კი კვლავ იტალიამდე…

წიგნის მთავარი გმირი ლიუსი მეოცე საუკუნის დასაწყისის ინგლისში აღზრდილი ტიპიური გოგონაა – იმ წესებისა და პირობების დაცვას ცდილობს, ბავშვობიდან თავს რომ ახვევდნენ. მაგრამ ავტორს განსხვავებული გეგმები აქვს – საზოგადოებაში ქალის როლსა და ადგილზე შეხედულებების შეცვლა სურს! ამიტომ ლიუსის მტკიცე ხასიათს, შინაგან ენერგიასა და გონიერებას ხაზგასმით უპირისპირებს საფუძველსმოკლებულ შეზღუდვებსა და გაუმართლებელი ეტიკეტის უმკაცრეს ნორმებს.

„ვინ იყო ლიუსი?“ – კითხულობს ფორსტერი და დამცინავად განმარტავს, რომ ის ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალი გახლდათ, „რომელსაც უყვარდა კონცერტებზე სიარული თავის ბიძაშვილთან სტუმრობა, ცივი ყავა და ბეზე.“ მაგრამ… ლუსი ასეთი „იყო!“ – „იყო,“ სანამ დაინტერესდებოდა,  „რატომ არის შეუფერებელი მისი წრისა და აღზრდის ქალიშვილისთვის ტრამვაით მარტო მგზავრობა?!. რატომ არის ყველაფერი მნიშვნელოვანი ქალისთვის შეუფერებელი?!“

„გაუთავებელი ლაყბობის სამყაროში“ ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი, მზამზარეული პასუხები მუსირებს: „ქალის დანიშნულება ცხოვრებაში რამის მიღწევა კი არა, სხვების შთაგონებაა. ირიბად, საკუთარი ტაქტისა და უმწიკვლო სახელის მეშვეობით, ქალს შეუძლია უამრავ რამეს მიაღწიოს. მაგრამ თუ ის თავად ჩერთვება პაექრობაში, ჯერ გაკიცხავენ, მერე შეიძულებენ, საბოლოოდ კი გარიყავენ!.“

ინგლისში ახალი ცხოვრებისეული ხედვით დაბრუნებული ლიუსი კი „მხოლოდ დიდი სასტუმრო ოთახით“ ვეღარ კმაყოფილდება, ის საყვარელ მამაკაცთან თანასწორობასაც ითხოვს და ხვდება, რომ სოციალური ბარიერები ძნელად დასანგრევია, მაგრამ არც ისე მაღალია, რომ ვერ გდაახტე. იტალიაში ჩასვლისთანავე მის წარმოდგენებში პირველი ბზარი  ჩნდება – გოგონას გულწრფელად უკვირს ფლორენციის პანსიონატში თავმოყრილი ინგლისელები „რამდენიმე დღე რატომ აკვირდებიან ერთმანეთს, სანამ გადაწყვეტენ ღირს თუ არა საუბრის გაბმა,“ ან რატომ ითვლება არაჯენტლმენურ გამოსვლად, როდესაც მამაკაცები ქალის ოთახში ყველა ლარნაკსა და დოქს იებით ავსებენ.

ლიუსისთვის ოთახი ხედით კეთილი მოხუცისგან მიღებული უანგარო საჩუქარია, შარლოტისთვის კი – დიადი აფორიაქების მიზეზი. როდესაც ლიუსი არნოს ნაპირზე მოელვარე შუქით, სან მინიატოს კედლებზე ატუზული კიპაროსებისა და აპენინის დაბლობის ცქერით ტკბება, შარლოტი „სანატრელ“ ხედს მძიმე ფარდებით გადაფარავს და ოთახის სათითაო კუთხე-კუნჭულს გამომძიებელივით სწავლობს.

„ლიუსი მზად იყო თავგადასავლებისთვის და მის ცხოვრებაში ის გათამაშდა კიდეც.“  თუმცა, ვის აირჩევს გოგონა ცხოვრების თანამგზავრად? (ეს რომანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა!). ადამიანს, რომელიც „ევროპას ათასი წლით უკან ხევს“ და არავითარ შემთხვევეაში არ მისცემს ქალს უფლებას თავად მიიღოს გადაწყვეტილება თუ იმას, ვისაც რიდი, კრძალვა, რინდული კეთილშობილება და დიდსუოვნება არ გამოარჩევს, მაგრამ უაზრო ჭორაობით არავისთვის არაფერი დაუშავებია?!.

ფორსტერი დელიკატურად გვთავაზობს ავყვეთ „კომედიის მუზის ახირებებს“ და ამ თავშესაქცევ თამაშში მხოლოდ ადამიანების გაცნობით არ შემოვიფარგლოთ. ამიტომაც ცდილობს, თვალთახედვის არეალიდან არ გამოგვრჩეს ხორცი, „რომელიც ნამდვილად ნამყოფია უკვე წვნიანში,“ საცოდავი ფორტეპიანო, მრავალჯერ რომ ხურავენ და „იმედს უცრუებენ,“ ამბიციური ტანსაცმლის ფუთები, კითხვისნიშნიანი ფურცლები… ავტორი უმნიშვნელო დეტალებზე დაკვირვებას გვასწავლის და ცდილობს გვაგრძნობინოს „როგორი უმაქნისია ცოდნა და ტექნიკა ადამიანის სიდიადესთან შედარებით.“

იტალიური გაზაფხულის არომატებით შეზავებული ინგლისური რომანი არნოზე ხედით იწყება და მთავრდება. თუმცა, უმთავრესი ის ხედი როდია, რომლის გამოც ქალები მამაკაცებს (თუ პირიქით, მამაკაცები ქალებს) ოთახებს უცვლიან. მნიშვნელოვანი ის რაკურსია, ედვარდ მორგან ფორსტერი რომ სთავაზობს თავის პერსონჟებსა და მკითხველს – ხედი მეოცე საუკუნის სათავეებიდან პროგრესული სამყაროსკენ.

მედიაწიგნიერების განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობები            

0

თანამედროვე   განათლებაში ერთ-ერთ აქტუალურ მიმართულებად ითვლება მედიაწიგნიერება. რომელიც გვეხმარება მოსწავლის, როგორც პიროვნების განვითარების პროცესის უკეთ წარმართვაში, უვითარებს  მას ინფორმაციის კრიტიკულად გააზრების, შემოქმედებითად მიდგომის უნარს. შესაბამისად, გაკვეთილზე მასწავლებელმა მნიშვნელოვანი დრო უნდა დაუთმოს მედიამასალების ეფექტიან გამოყენებას.

გთავაზობთ სამოდელო გაკვეთილის  აქტივობებს, რომლებიც მეთერთმეტე კლასში ინტეგრირებული გაკვეთილის ფარგლებში გამოვიყენე და მედიაწიგნიერების მნიშვნელოვანი კომპეტენციის განვითარებას ემსახურება.

                                                           

გაკვეთილის თემა:  ბეთჰოვენის მე-3 სიმფონია

             

 გაკვეთილის მიზანი: მოსწავლის საკომუნიკაციო და  მეტაკოგნიტური უნარების განვითარების, დამოუკიდებელი სწავლისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

1.მოსმენილი და წაკითხული ინფორმაციის გაგება-გააზრება-გაცნობიერება:

  • საჭირო ინფორმაციის ამოცნობა, ტექსტის გამთლიანება (გამოტოვებული სიტყვების ჩასმა);
  • ტექსტის შინაარსობრივ ნაწილებად დაყოფა-დასათაურება.
  1. სხვადასხვა ინფორმაციის ერთმანეთთან დაკავშირება  და ამ კავშირის ლოგიკურობის  შესახებ დასკვნის    გაკეთება;
  2. მედიაწიგნიერების სხვადასხვა ტექნოლოგიით მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.

 

გაკვეთილის გეგმა

 

N აქივობის აღწერა გამოყენებული მეთოდი/

მეთოდები

კლასის ორგანიზების ფორმა/

ფორმები

სასწავლო რესურსი დრო (წთ)
 

1

А ფაზა

N1 აქტივობა – გაკვეთილის მიზნების გაცნობა.

                           ინტელექტუალური შეკითხვა

N1აქტივობის მიზანი:                                                                                                                                                                   1. პოზიტიური და კომფორტული გარემოს,  პოზიტიური განწყობის შექმნა;                                                                                                                                    2.მოსწავლეთა მოტივირება და ცნობისმოყვარეობის  გამოწვევა.

მედიაწიგნიერების პირველი ელემენტის შეთავაზება

 

გაისმის რა? სად? როდის? ინტ. თამაშების დაწყების მაუწყებელი მუსიკა და მასწავლებელი სვამს შეკითხვას.

1.შეკითხვა: გაიხსენეთ რუსულის გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა, ინფორმაციები და შესაბამისად დაუკავშირეთ ერთმანეთს: კომპოზიტორი, მწერალი, სიყვარული, ლოცვა და, აქედან გამომდინარე, დაასახელეთ მუსიკალური  ნაწარმოების ჟანრი.

მოსწავლეებს, სავარაუდოდ, გაახსენდებათ ,,ძოწის სამაჯური“, შესაბამისად, კუპრინი, ბეთჰოვენი, ლოცვიდან სიტყვები ,,წმინდა იყავნ სახელი შენი…“ და შეძლებენ დაასახელონ მუსიკის ჟანრი-სიმფონია. მასწავლებელი სლაიდზე გამოაჩენს სწორ პასუხს.

 

2.მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას- ,,ბეთჰოვენის მე-3 სიმფონია“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაპროვოცირებელი შეკითხვა

 

ლოგიკური სვლა

 

ინდუქციური

(ფაქტებიდან ზოგადისკენ)

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

PowerPoint-ში აწყობილი მასწავლებლის თვალსაჩინოება

 

 

 

აუდიოჩანაწერი

 

სლაიდიN

 

 

 

 

 

 

5 წთ

2 N2 აქტივობა –  გაკვეთილის მთავარი გმირები

აქტივობის მიზანი:                                                                                                                                                                                                                                                                                                                               1.მოსწავლეთა გამოწვევა ახალ თემაზე გადასასვლელად;                                            2.მოსმენის, სმენითი მახსოვრობის უნარ-ჩვევის განვითარების ხელშეწყობა;                                                              

3.საჭირო ინფორმაციის ამოცნობა, ტექსტის გამთლიანებაკონტექსტურ გასაღებებსა და არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოტოვებული სიტყვების აღდგენა.

 

1. მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მთავარ გმირებს, ანუ მათ, ვისზედაც აგებულია ძირითადად გაკვეთილი, ესენი არიან: თვითონ მოსწავლეები-გაკვეთილის წარმმართველი ძალა, ერეკლე მეორე, ნაპოლეონ ბონაპარტი, ბეთჰოვენი და ერთიც, მართალია, ამ გაკვეთილისთვის, მეორეხარისხოვან გმირი, მაგრამ მოსწავლეთა კუმირი – რუსი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო. სლაიდზე წარმოდგენილია ამ პირების ფოტოები, ინსტრუქცია, რომელიც ტექსტის ნაცვლად შედგება ნიშნებისაგან, რომლებსაც მოსწავლეები უკვე იცნობენ:

შესაბამისობა, მსჯელობა-ვარაუდი, დასკვნა-არგუმენტირება, ნოტის ნიშანი-აუდირება-მოსმენა.

 

მოსწავლეებს ევალებათ 3 მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა და მათი შესაბამისობის დადგენა რომელიმე ერთ-ერთ გმირთან (პორტრეტთან);

 

2. მასწავლებელი წინასწარ ამბობს, რომ ორი ნაწარმოები (სამიდან) ეკუთვნის ბეთჰოვენს, და ისინი წარმოადგენენ მე-3 სიმფონიის 1 და მე-4 ნაწილებს. სთხოვს მოსწავლეებს, დანარჩენ 3 პორტრეტთან თვითონ დაადგინონ შესაბამისობა მოსმენილი ნაწარმოების ხასიათიდან და ჟღერადობიდან გამომდინარე.

3. სამივე მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა;

4. შესაბამისობების დადგენა, რა თემა ვითარდება თქვენი აზრით, ამ ნაწარმოებებში? (ზეიმი, ბრძოლა და გამარჯვება, სიყვარული)

 

5. მასწავლებელი: არსებობს 2 განსხვავებული აზრი, რომელიც გავრცელებულია მედია სივრცეში: რომ თავისი მე-3 სიმფონია ბეთჰოვენმა მიუძღვნა… ვის მიუძღვნა, ამას ჩვენ გავეცნობით ორი მედია ინფორმაციის დახმარებით.

 

 

 

 

 

 

დემონსტრირების

ვერბალური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესაბამისობების დადგენა

ასოციაცია-წარმოსახვა

 

 

პროვოცირება

 

 

 

 

 

 

 

 

მთელი კლასი

 

 

 

 

 

 

სლაიდი N

ფოტომასალა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.ბეთჰოვენის მე-3 სიმფონია, I-IV ნაწ. ნაწყვეტი,

აუდიოჩანაწერი

https://www.youtube.com/watch?v=sYHzmb9yoiQ

 

https://www.youtube.com/watch?v=xUbKaTSirKo

 

2.სიმღერის ნაწყვეტი ფილმიდან „დამიბრუნე ჩემი სიყვარული“

https://www.youtube.com/watch?v=5rKJA29jYe0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2წთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 წთ.

 

 

 

3 წთ.

 

1 წთ.

 

 

3 N2აქტივობა –  საინფორმაციო ტექსტის მოსმენა

2.მოსმენის, სმენითი მახსოვრობის უნარ-ჩვევის განვითარების ხელშეწყობა;                                                             

3.საჭირო ინფორმაციის ამოცნობა, ტექსტის გამთლიანებაკონტექსტურ გასაღებებსა და არსებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოტოვებული სიტყვების აღდგენა.

 

1.    საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტის მოსმენა

ა). მოსმენის წინა ეტაპი-ტექსტში მოცემულ ახალ სიტყვებზე მუშაობა;

ბ) ტექსტის მოსმენა 2-ჯერ;

გ)  გამოტოვებული სიტყვების შეტანა ტექსტში და შემოწმება;

დ) გოგონები კითხულობენ მარინას სიტყვებს, ბიჭები-თომას სიტყვებს;

) დიახ/არა სავარჯიშო ტექსტის გაგების შესაფასებლად;

ე) შემაჯამებელი შეკითხვა:  რა გაიგეთ მოცემული ტექსტიდან ბეთჰოვენის შესახებ?

 

 

 

 

 

 

 

 

აუდიო-ლინგვური

 

 

დიალოგური კითხვა

 

შეფასება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყველა

 

წყვილში

 

 

წყვილში

 

 

ინდივიდ.

 

ყველა

 

 

 

 

 

 

დაფა

 

აუდიოჩანაწერი

დასარიგებელი მასალა-გამოტოვებული სიტყვებით

 

საკითხავი მასალა

დასარიგებელი სამუშაო მასალა ”დიახ/არა/არ ვიცი” სავარჯიშო

 

 

 

 

 

2წთ.

 

4 წთ.

 

5წთ.

3 წთ.

 

2წთ.

1 წთ.

 

  N3 აქტივობა-კითხვა. ტექსტი-ბეთჰოვენი

აქტივობის მიზანი:  მოსწავლის მიერ ტექსტის აბზაცებად დაყოფა და შესაბამისად დასათაურება; ტექსტის გაგება-გააზრება;  ქვესათაურების მიხედვით ტექსტის გამთლიანება.

ა) ჩუმი, გაცნობითი კითხვა-წყვილებში და სტიკერებზე გეგმის შედგენა-ნაწილებად დაყოფა და მათი დასათაურება.

ბ) ტექსტის გამთლიანება- მოსწავლეების მიერ ტექსტიდან ქვესათაურების შესაბამისი ნაწილების წაკითხვა;

გ) წყვილში მუშაობის შეფასება;

დ) აქტივობის შემაჯამებელი კითხვები: რა გაიგეთ წაკითხული ტექსტიდან ბეთჰოვენზე?

რომელი ტექსტია სანდო, სარწმუნო? რატომ მიგაჩნიათ ასე?

 

 

 

 

 

წიგნზე მუშაობა

 

 

 

 

შეფასება

 

კითხვა-პასუხი

 

 

 

 

 

წყვილში მუშაობა

 

 

 

 

 

საკითხავი მასალა

 

 

 

10 წთ

 

3 წთ

5 სარეზერვო აქტივობა-ონლაინტესტირება: გამოიცანი მეფე

 აქტივობის მიზანი:                                                                                                                                                                                                                                                                                                                             ემოციური განმუხტვა.

მთელი კლასი l

 

 

2
           
7.    N4 აქტივობის მიზანი:  

 

1.საშინაო დავალება

2. მოსწავლეთა შეფასება

3. გაკვეთილის შეჯამება

 

 

უკუკავშირი

 

შეფასება

3 წთ

 

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს სხვადასხვა სახის აუდიო/ვიდეოჩანაწერი (საინფორმაციო გადაცემა, ტურისტული რეპორტაჟი, ინტერვიუ) ნაცნობ თემატიკაზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს;
  • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა);
  • განარჩევს ფაქტებს დამოკიდებულებისაგან, შეფასებისაგან;
  • აკავშირებს კონკრეტულ დეტალებს ძირითად ინფორმაციასთან;
  • გამოაქვს კონკრეტული დასკვნები.

 

უცხ.ს.V.4. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
  • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
  • ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად;
  • განარჩევს ფაქტს ვარაუდისაგან;
  • აჯგუფებს ინფორმაციას სხვადასხვა ნიშნით;
  • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ კავშირს და გამოაქვს სათანადო დასკვნა.

უცხ.ს.V.9. მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ნაწყვეტი.

  • შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს;
  • სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას;
  • მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.

 

უცხ.ს.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან

  • ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
  • საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში.

შეფასების ინსტრუმენტი:

,,დაუსრულებელი წინადადებები”                                                                            

გაკვეთილზე მე ვისწავლე…

გამიჭირდა გაგება…

მომეწონა…

მინდა ვიცოდე ..

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა რუსული ენა;
  2. ესგ საგნობრივი პროგრამა მუსიკა;
  3. Источник https://www.aif.ru/culture/classic/istoriya_odnogo_proizvedeniya_tretya_simfoniya_lyudviga_van_bethovena.

 

                                                                                                                                                    

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...