კვირა, ივლისი 6, 2025
6 ივლისი, კვირა, 2025

რეზო ჭეიშვილი

0

კლასიკოსი, რომელიც ჩვენ გვერდით ცხოვრობს

 

არსებობენ და ჩვენ გვერდით, ჩვენს ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი შემოქმედებით ეპოქა შექმნეს. ფრაზები და სიტუაციები მათი შემოქმედებიდან ყოველდღე გვესმის, ყოველდღე წარმოვთქვამთ. ასეთი ტექსტები არ კარგავენ აქტუალურობას, პირიქით რაც დრო გადის, მით უფრო კარგად ერგებიან თანამედროვე ყოფასა და სიტუაციას.

რა თქმა უნდა, რეზო ჭეიშვილის  დაუვიწყარი „ცისფერი მთები “ გაგახსენდებათ, დღესაც  – ჩაკეტილი წრე, ჩაკეტილი სივრცე, ერთ წრეზე ტრიალი, აბსურდის თეატრი – არც ისე უცხოა.

როცა შენს ბიბლიოთეკაში ფურცელგაყვითლებულ „ნაკადულის“,  „მერანის“ გამოცემულ წიგნებს ათვალიერებ, უკვე მერამდენედ კითხულობ „ჩემი მეგობარი ნოდარის“,  „ბზიანეთს“, „მუსიკა ქარში“ თუ „ქარების დაბრუნებას“ – რთულია წარმოიდგინო, რომ მათი ავტორი იმ ქალაქში ცხოვრობს, სადაც შენ.  შენი ბავშვობის პერსონაჟების შემქმნელი, ის ადამიანი, რომლის ფანტაზიისა და მწერლური უნარების წყალობით ღრმა ემოციებით დატვირთულს მთელი კვირა გიფიქრია, ან გემრიელად გიცინია და  ხშირად დაუფიქრებიხარ კიდეც იმაზე, რომ ცისფერი მართლაც დაკარგული წლებისა და დამსხვრეული იმედების სიმბოლოა,  და ამ სიცისფრეში იმალება სიცოცხლის მარადიულობის საფუძველთა საფუძველი – იმედი; რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ამ აბსურდისა – ცისფერი მთები ანუ ტიან-შანი მაშინ და იმ ადგილას აღმოჩნდება, სადაც ყველაზე მეტად არ ელი. და ყველაფერი მაინც სულერთია, ცხოვრება გრძელდება წრეზე ტრიალით, წრეს კი დასასრული არ აქვს. ვერც გაჩერდები, ვერც შეისვენებ.

რეზო ჭეიშვილთან საუბარს წიგნებზე ვიწყებთ. მის გარშემოც უამრავი წიგნი და ჟურნალია, ძალიან ძველები, ძველები და ახლები. მაგიდაზე ქვები უწყვია, კაჟის, წითლები. მეუბნება, რომ ბოლო დროს ქვებს აგროვებს. თვალებზე იდებს, როდესაც სტკივა. შველის, შვებას აძლევს.

  • უამრავი წიგნი მაქვს, ქუთაისშიც მაქვს ბიბლიოთეკა. წიგნებთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება: პირველი წიგნების მაღაზია თბილისში, რუსთაველზე იყო. ერთხელაც ალექსანდრე დიუმა ჩამოვიდა ჩვენთან და აჩვენეს ეს წიგნების მაღაზია. იქ ეტყობა, იცოდნენ, რომ მოვიდოდა და მაღაზია გაავსეს, გამოფინეს მისი წიგნებით. გაუხარდა ძალიან. შემდეგ იკითხა: კი, მაგრამ სხვა მწერლის წიგნები არ არისო? გამყიდველი დაბნეულა და უპასუხია: სხვა გაიყიდა, ბატონოო. გამოვიდა რომ ამისი დარჩენილა მარტო გასაყიდი. ჩემს ბავშვობაში ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში მომხვდებოდა. ჩვენს დროს უფრო ვკითხულობდით,  იშვიათი იყო კინო და თეატრი.

სახლი, სადაც ბავშვობაში ვცხოვრობდი დაუსრულებელი იყო, შემდეგ ომი დაიწყო და მისთვის ვიღას ეცალა. მამაჩემი წაიყვანეს ფრონტზე, დედაჩემს კი დავრჩით  შვილები – სამნი. ერთ დღეს სახლის დაუსრულებელ ნაწილში ორი დიდი ჩემოდანი წიგნი ვიპოვეთ. როგორც გაირკვა ვიღაცებს მოუპარავთ, რაღაც  ძვირფასი ჰგონებიათ, შემდეგ კი, როცა ნახეს წიგნების მეტი არაფერი იყო, ჩვენთან დატოვეს. სულ ვფიქრობდი, რომ მოაკითხავდნენ, მაგრამ აბა ვის რად უნდოდა. ყველანაირი წიგნი იყო ქართული, რუსული. საკითხავი წიგნები. ეს იყო ჩემი პირველი ბიბლიოთეკა.

 

მწერლებიდან გამორჩეულად რომელმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

 

  • მწერლებიდან დიუმას გამოვარჩევდი. ჩემთვის ყველაზე დიდი საკითხავი წიგნი კი სტენდალია – „წითელი და შავი“. ახლა  ჩემს დაწერილ წიგნებს ვკითხულობ უფრო ხშირად. „ომი და მშვიდობა“ მაქვს ხელით მთლიანად გადაწერილი, მთელი ექვსი ტომი. დიდ პატივს ვცემ ლევ ტოლსტოის, მისი „ბავშვობა, ყრმობა,  სიჭაბუკე “ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია.

 

რომელიმე წიგნი ხომ არ გამხდარა თქვენი შთაგონების/ინსპირაციის წყარო?

 

  • კი, როგორ არა – მერიმე, ჩემი სათაყვანებელი მწერალი სტენდალი, ჩეხოვი. ჩეხოვის სახლშიც ვარ ნამყოფი, მისი პიესები მომწონს ძირითადად.

 

ქართველი ავტორებიდან ვის გამოყოფდით?

 

  • ქართველებიდან ნიკო ლორთქიფანიძე მომწონს ყველაზე მეტად. მწერლები როგორ არ გვყავს. გვყავს გასაცოდავებული მწერლები. ქვიშხეთში ჩვენი დასასვენებელი სახლი ახლაც არის. ამ  დასასვენებელი სახლიდან გაიყვანეს მიხეილ ჯავახიშვილი, მანქანაში ჩასვეს და იქვე მიუხვრეტიათ თურმე. ასეთი დრო იყო. რას ერჩოდნენ მიხელ ჯავახიშვილს, ნიკოლო მიწიშვილს, სხვა უამრავს.

გავიდა დრო და მწერლების სხვა თაობა წამოვიდა. მაშინ  უკვე თავისუფლება იყო. თუმცა ცენზურა კიდევ დიდხანს არსებობდა. მაგრამ აღარავის ვერიდებოდით. ძალა აღარ ჰქონდა, ეშინოდა კიდეც ჩვენი. ადრე, ასე ინფანტილური არ იყო საზოგადოება. ჩვენც უფრო ერთმანეთის გვესმოდა, ერთმანეთის გვშურდა და გვიხაროდა კიდეც. იყვნენ კარგი შემფასებლები გურამ ასათიანი, ნოდარ ჩხეიძე, კარგი მკითხველები იყვნენ.

ამბობენ, რომ დღეს წიგნებს ნაკლებად კითხულობენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

 

  • ჩვენს დროს რომ ყოფილიყო ტელევიზია და კომპიუტერი, აღარც ჩვენ დავწერდით არაფერს. მაგრამ ჩვენს დროს წიგნი და ჟურნალი იყო მხოლოდ. ბუნებრივი პროცესია. თუმცა, დღეს ისეთ ავტორებს ბეჭდავენ და თარგმნიან, ევროპელ მწერლებს, რომ ხანდახან სასიამოვნოდ გავოცდები ხოლმე. ვფიქრობ, რომ შეიკუმშება მწერლობა და რაღაც კასტასავით ჩამოყალიბდება. მწერლობას ეხმარება დრამატურგიაც.

ყველაფერი ისე მიდის, როგორც უნდა წავიდეს. ხალხი რომ წუწუნებს, ადრე სხვანაირად იყოო, არ არის მართალი. იმიტომაა ასე, რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მნათობების მოძრაობაზეა დამოკიდებელი შენი აზროვნებაც, გაქანებაც,  მისწრაფებაც და შეშლაც ჭკუიდან.  რამ გააბოროტა სტალინი, ამდენი ხალხი რომ ამოხოცა. რა ჰქონდა სისხლში, რომ სიამოვნებდა. შეზღუდული აზროვნების ხალხი კი დღესაც ითხოვს მისი ძეგლის აღდგენას.

 

 როდის დაწერეთ და დაბეჭდეთ პირველად თქვენი ნაწარმოები?

 

  • ჯერ ლექსებს ვწერდი სკოლიდან, მერე გადავედი პროზაზე.

უნივერსიტეტიდან დავიწყე გამოქვეყნება. „პირველი სხივი“ გამოდიოდა, ლიტერატურული წრის წევრები იქ იბეჭდებოდნენ. პირველი ოთხი მოთხრობა იქ დაიბეჭდა. წრის ხელმძღვანელები: ბესო ჟღენტი, ტარიელ კვანჭილაშილი და ნოდარ ჩხეიძე  იყვნენ.  ტარიელს და ნოდარს მოულაპარაკებიათ, რომ ჩემი ოთხი მოთხრობა ბესოსთვის ეჩვენებინათ. ბესო „პირველი სხივის“ რედაქტორი იყო. თან შეთანხმებულან, ბესოს არაფერი ვუთხრათ, არ შევუქოთ, თორემ არ დაბეჭდავსო; არც ვაძაგოთ, რომ არ გვისაყვედუროს, თუ არ ვარგოდა, რას მოგქონდათო. მოკლედ, უსიტყვოდ გადასცეს. იმედი ჰქონდათ, თუ ხმას არ ამოიღებდნენ, ორს მაინც დაბეჭდავდა. დილით უნივერსიტეტში მოსულ რედაქტორს უთქვამს, ეს ვინ ყოფილაო,  ოთხივე გავა მომავალ ნომერშიო. რა თქმა უნდა, გაუკვირდათ, თუმცა უფრო მეტად გაუხარდათ. პირველი ოთხი მოთხრობა „პირველ სხივში“ დაიბეჭდა.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, მოვხვდი კინოსტუდიაში და ძალიან ბევრი წელი იქ გავატარე. სცენარებს ვწერდი, კოლეგიის წევრი ვიყავი. ჩემთან ერთად მოღვაწეობდნენ ედიშერ ყიფიანი, ნოდარ დუმბაძე, გურამ ასათიანი.

 

თქვენი „ცისფერი მთები“ დღესაც ძალიან აქტუალურია, შეიძლება ითქვას, უნიკალურია ყველა ეპოქისთვის. რას გვეტყვით მის შესახებ?

 

  • ფილმიც ძალიან კარგი გამოვიდა. პროფესიონალის, ელდარ შენგელაიას გადაღებულია. მთავარ როლს – დირექტორისას თამაშობდა უნიჭიერესი კაცი თეიმურაზ ჩირგაძე, რომელიც  ექიმი იყო, ბუნებით არტისტი. „ცისფერ მთებში“  არც  სიყვარულია, არც კაცის კვლა, არც ჩხუბია, სიმღერაც კი არ არის. მხოლოდ ლაპარაკია და ბოლომდე უყურებ. უკრაინაში წავიღეთ და გასუსული უყურებდა მთელი დარბაზი. ვფიქრობდი,  რომ არ მოეწონებოდათ და ელდარის გამო ვნერვიულობდი, ჩემ გამო უხერხულ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყო. იქ არის ასეთი სცენა: ლიფტშია გაჭედილი ბატონი ვასო, რომელიც სცენარს კითხულობს. ბატონო ვასო, ჩვენ მივდივართო – ეუბნებიან, კარგით წადითო, ლიფტშია გაჭედილი და ვერ გამოდის. მოუბრუნდა ერთი და ეუბნება თქვენ აქ დარჩებითო? აქედან რომ დაიწყო ხალხმა ხითხითი, არ გაჩერებულან ბოლომდე.

თავიდან მოთხრობა იყო „ცისფერი ხიდები“, რომელიც „ცისფერ მთებად“ გადაკეთდა. ხანდახან ვჯდები და თვითონ ვკითხულობ, მიკვირს კიდეც. ამბები კინოსტუდიიდან ავიღე, იქ იყო ასეთი სიტუაციები, იქ გროვდებოდა. ვინ არ მოდიოდა, ვინ არ გადიოდა, დერეფანი იყო დიდი და სულ ვიღაცა აღებდა კარს უკითხავად.  შემოიხედავდნენ, გაიხედავდნენ.

 

თქვენი ნაწერებიდან, რომელი გიყვართ ყველაზე მეტად?

 

  • „მუსიკა ქარში“ და „ქარების დაბრუნება“. „ქარების დაბრუნება“ ჩემს გარდაცვლილ მეუღლეს მივუძღვენი, თითქმის რეალური პერსონაჟები არიან.

 

 რომელი ლიტერატურული ჟანრს ანიჭებთ უპირატესობას?

  • რეალისტური, შენი თვალით დანახული უნდა წაიკითხოს კაცმა.

 

თქვენი წერის პროცესი როგორია, იდეა რომ ჩნდება, შემდეგ რა ხდება?

 

  • იდეა რომ ჩამებეჭდება თავში, შეიძლება ის სიზმარშიც ვნახო, ის უნდა დავწერო, სხვანაირად არ შეიძლება. ხელით რომ ვწერ, ცოტა დიდი ხანი უნდა, საბეჭდ მანქანაზე უფრო სწრაფად გამოდიოდა.

ადრე საბეჭდ მანქანაზე პირველ ხელნაწერს ვბეჭდავდი ხოლმე შავად, შემდეგ იმასაც ვასწორებდი და უკვე დასრულებულ, თეთრ პირს ვბეჭდავდი. მანქანაზე ვმუშაობდი როგორც გამოცდილი მბეჭდავი. ახლა ხელით ვწერ. კომპიუტერს შევეშვი.

 

 

 

 

 

„მოგზაურობა სიზმარეთში“ – სათავგადასავლო წიგნი ყველაზე პატარა მკითხველისთვის.

0

არდადეგები დასრულდა, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უფროსებმა კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის სია ცხრა თვით უნდა დავივიწყოთ, პატარებმა კი გართობასა და თამაშზე თქვან უარი. ბავშვები, ისევე როგორც კითხვა, ვერ იტანენ ბრძანებით კილოს! ასე რომ, არ ვნებდებით და ვაგრძელებთ იმ ჯადოსნური წიგნის ძებნას, უკურნებელ სენს, „კითხვის სიყვარულს“ რომ შეჰყრის ჩვენს მოსწავლეებსა თუ შვილებს.

ჩემი წერილის ადრესატები ამჯერად ყველაზე პატარები იქნებიან, უფროსების იმედად რომ შესცქერიან საბავშვო წიგნების გვერდებზე გაბნეულ ასოებს ან კითხვა სულ ახლახანს ისწავლეს. სწორედ მათი გემოვნების, სურვილებისა და ოცნებების გათვალისწინებით მსურს თქვენთან ერთად გავარკვიო, როგორი წიგნები მოსწონთ პატარებს? კარგად თუ დავფიქრდებით და ჩვენს ბავშვობას ობიექტურ თვალს გადავავლებთ, მარტივი პასუხის გაცემა არ გაგვიჭირდება: ისეთები, გულიანად რომ გააცინებთ, გაართობთ, თავგადასავლებისა და თამაშის ხასიათზე დააყენებთ!

მეგულება კიდეც ასეთი: თავსატეხებიან-გამოცანებიან-რუკებიანი, „ძირძველი ჯადოსნური წესებით:“

დავით ზურაბიშვილის

„მოგზაურობა სიზმარეთში

ანუ

 გიორგის და ანასტასიას არაჩვეულებრივი თავგადასავალი.“

გადაშლისთანავე, არა მხოლოდ პატარებს, უფროსებსაც მოგხიბლავთ. გულიანად გაგაცინებთ სრულიად სიზმარეთის გეოგრაფიული თუ საკუთარი სახელები და შესაძლოა, სანამ შვილებს ან შვილიშვილებს წაუკითხავთ, ჯერ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გაუზიაროთ რუკაზე აღმოჩენილი ქვეტექსტიანი კუთხე-კუნჭულები: ბერმრუდის ოთხკუთხედი, დუქანი „ლომის ხახა,“ კედლისმნგრეველის სასახლე, გიორგეთი, გრინლანდია, ბლურჯინია, გოლდონია, ალიონია, მაგნომია და დიდი როდინის ნაკრძალი, სადაც ვარჯებგაშლილი წმინდა გარგარის ხე ხარობს!..

ახლა, პერსონჟებს აღარ იკითხავთ? კიტუს ანთროპიკუსი, ბაბოიგა, ოხრადბეგი, ალთა ბალთაზარი, პროთევზი, ფუტროს-მუტროსი, ფერია ლორიელი, დრაკონიერი, წარჩინებული მეხანძრე ალხანა, ყოფილი მეხანძრე ჩალხანა, მეხანძრეთუხუცესი ჯაბახანა, მოლაპარაკე ნათურა და სხვა უამრავი გმირი თქვენთან ერთად თავგადასვლების მოლოდინშია.

უფროსები სათანადოდ რომ გაერთობით, ბავშვების ჯერიც დადგება ანუ იმ ორი მთავარი გმირის გაცნობის, ძალიან რომ უყვართ ზღაპრები, ომობანას თამაში და ბოროტებთან შერკინება. გიორგი და ანასტასია პირველივე თავში ჩაგვითრევენ სახიფათო მოგზაურობაში და თვალნათლივ დაგვანახვებენ, რა გაუთვალისწინებელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ტელეფონით თამაშს!

დიახ, დიახ, ნომრების  ალალბედზე აკრეფისთანავე, შესაძლოა ოთახში მოულოდნელად ჩამობნელდეს (დასიბნელდეს, როგორც ანასტასია იტყოდა) და მწვანეთვალება, გრძელწამწამა, თეთრი, ქათქათა პირისკანიანი ფერია გამოგეცხადოთ, მხრებამდე ჩამოშვებული ღია ფერის ტალღოვანი თმით,  ვარდისფერი, გრძელი კაბითა და მხარზე ჩანთით (რომელშიც ჯადოსნური, ბრჭყვიალა ჯოხი იმალება)… და რადგან გამოიძახებთ, ეს ზღაპრული ქალბატონი (ფერიების წესის მიხედვით) ერთ სურვილსაც აგისრულებთ (გიორგისა და ანასტასიას შემთხვევაში – ორს). არ გეგონოთ შესაძლებლობები და სურვილების სია შეზღუდული ჰქონდეს – ახალი ფერარი და მაკლარენი თვალის დახამხამებაში ჩნდება ბავშვების სახლის წინ, ეზოში!..

თუმცა… ტელეფონით თამაშის თანამდევი მოვლენები ფერიას ვიზიტით არ ამოიწურება, მალე ლურჯკოსტუმიანი, თმაგაჩეჩილი, ულვაშიანი, უჟმური კაციც გამოჩნდება (ერთი შეხედვით ჯიჯღინაა, მაგრამ კეთილი), მალე კი ისეთი დავიდარაბა ატყდება, ახალთახალი ფერარი და მაკლარენი წიგნის ბოლომდე არავის გაახსენდება.

ალბათ გაგიკვირდათ და იკითხავთ, რატომო? პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივი იქნება: ბავშვებს ხომ სერიოზულად არავინ უსმენს. რამდენიც არ უნდა ეჩიჩინონ მშობლებს, შორეულ ქვეყანაში, სადაც მეფეები, ჯადოსნური მეომრები და ფერიები ცხოვრობენ, უფლისწულია გადასარჩენიო, ირონიული ღიმილის მეტს ვერაფერს დაიმსახურებენ. სწორედ ამიტომ არის იძულებული ლურჯი ქვეყნის ჯადოქარი ბამბურა (ლურჯკოსტუმიანი, თმაგაჩეჩილი, ულვაშიანი, უჟმური, ჯუჯღუნა მაგრამ კეთილი კაცი) დრო გააჩეროს, ჩანთიდან დიდ მაღვიძარა ამოიღოს და ირგვლივ ყველაფერი გააშეშოს: ბებია, ბაბუა, ონკანში მოშვებული წყალი, მოშრიალე ხეები, ჰაერში მონავარდე ჩიტები. წინააღმდეგ შემთხვევაში სახლიდან გაუჩინარებულ ბავშვებს უფროსები ძებნას დაუწყებენ, სიზმარეთის მომავალი უფლისწული კი საურ-მაგ ბუნდოვანის …

საკმარისია, აჯობებს აქ გავჩერდე და არაფერი აღარ გითხრათ!

თუ წიგნით დაინტერესდით, თავადაც მშვენივრად დარწმუნდებით როგორი ზღაპრული ხერხებით აგვარებენ საქმეებს პატარები. როგორ ინაცვლებენ მგლის ხახიდან მძინარე გამოქვებულში, ჭინკების გარემოცვიდან ზღვის ფსკერზე, დიდბორცვის ველიდან გოლდონიის ქუდბედიანი უფლისწულის გარემოცვაში. კეთილისა და ბოროტის მარადიულ ჭიდილში ჩართულები, ცოდნას და გამოცდილებას აგროვებენ და ხვდებიან, რომ ტკბილი „ნამცხვრებით გამსპინძლება სულაც არ ნიშნავს ტკბილ მასპინძლობას,“ რომ „გზის არჩევაში გზა კი არ არის მთავარი, არამედ არჩევანი!“

უფროსებს კი ისღა დაგვრჩენია, ვაღიაროთ, რომ კარგი საბავშვო წიგნის დანიშნულება მხოლოდ წიგნიერების დონის ამაღლება როდია. გართობა და თამაშიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. გაგაფრთხილეთ კიდეც თავიდან – პატარების ოცნებებსა და სურვილებს გავითვალისწინებ-მეთქი. გაგაფრთხილედ თამამად, ვინაიდან მეგულებოდა წიგნი, რომლის სათაურშიც შეთხვევით არ გახლავთ ნახსენები სიტყვა „არაჩვეულებრუივი!“

 

შვლის ნუკრებისთვის ადგილი აქ არ არის

0
  • ე, ფიუ, ჩემი ძმა, მოიწი აქეთ..
  • რა ხდება?
  • აქ კაი ბიჭებს ცოტა ფული გვჭირდება და დაგვეხმარე რა..
  • აა.. არ მაქვს ფული..
  • ხურდაც არ გაქვს ბრატ?
  • არაა..
  • აბა ახტი!
  • რა?
  • ახტი, ახტი ერთი, თუ ხმა არ გაისმა – გაიარე შენ გზაზე, თუ აჩხარუნდი – დაგენძრა.

 

ეს იყო ადრე. არც ახლა აკლებენ, ხანდახან, მაგრამ ეგრე ხშირად აღარ. ეს რო იყო, დრო გავიდა მაგის მერე. მაგის მერე შუმახერი სრიალისას დაიმტვრა და ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი დაშორდნენ. ლესტერი საერთოდაც პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა, ტრამპი კიდე – აშშ-ს პრეზიდენტი. ბაუმგარდტნერი ძაან მაღლიდან გადმოხტა, რობერტ პატინსონისგან კაი მსახიობი დადგა (აუ ამაზე ატყდება ახლა..) და ასტანას ნურსულთანი დაერქვა. მოკლედ, ბევრმა წყალმა ჩაიარა, ეგეთი მეთოდები მოძველდა, ცოტა, გოიმობადაც იქცა, ემაგ კაიბიჭების წრეებშიც კი, სხვა მუღამები გაჩნდა, იუთუბის დიქტატი დაიწყო და ბავშვებმა Twenty One Pilots-ის მოსმენა დაიწყეს (ეს ფაქტი, აბა, მე რა ვიცოდი და შესაბამისად, ვმადლობ ჩემს უმცროს მეგობრებს, რომლებიც თურმე ხშირად უსმენენ ამ მაგათ თაობაში პოპულარულ დუოს, ანდა ორკაცას). ჰოდა, ახლა სხვა “პონტი” “გაიჩითა”, როგორც რომ თავანკარა ქართულით ვიტყოდეთ, “პალაჟენია” შეიცვალა და მეც, თქვენმა ასისტენტ-სპეციალისტმა (“მონა-მორჩილის” თანამედროვე ვერსიად იტყვიან) გადავწყვიტე ჩაგვრის, წნეხისა თუ ბულინგის იმ მეთოდებზე გესაუბროთ, რომელიც თანამედროვე სკოლებში ბუდობს, ძველი ქუჩური მენტალიტეტისგან მიზან-მიზეზებით განსხვავდება და შინაარსით კი ტყუპისცალობს.

 

ახლა მიდებ-მოდების გარეშე. სკოლების უმეტესობაში სოციალურ ნიადაგზე ბულინგის მწვავე პრობლემა დგას. უკეთ ჩაცმული ბავშვები შედარებით ნაკლებ ბრენდულად შემოსილებს ჩაგრავენ, ბოლო აიფონიანები – შედარებით ძველ მობილურიანებს, კაიმანქანიანმშობლიანები – უმანქანომშობლიანებს და ა.შ. ეს გავიგე და პირადადაც შევესწარი. მამამ შვილი სკოლაში ჰამერის ლიმუზინით მიიყვანა. არა, განა რა, მიიყვანა და მიიყვანა, მაგრამ ჩამოსვა თუ არა, იქვე დააყოლა, მიდი ახლა შენ კლასელებს დაუძახე და ნახონ, რა მანქანით ხარ მოსული, იცოდნენ ვინა ხარო. აეგრე უთხრა. ჩემი თვალით რომ არ მენახა, რაღაცა მახინდრობა მონაგონი მეგონებოდა, მარა არა. ეგრეა.

 

საერთოდ, ბულინგი ათასნაირი ფორმით გამოიხატება და ათასნაირი მიზან-მიზეზით არსებობს. ამ საკითხებზე პროფესიონალთა თუ უბრალო გულშემატკივართა მიერ არაერთხელ დაწერილა ჩვენს ვებ-გვერდზეც, მრავალი სტატია, კვლევა თუ ბლოგპოსტი მიძღვნია ბულინგის პრობლემას, თუმცა პრობლემა პრობლემად რჩება და როგორც ჩანს, უფრო მეტადაც ღვივდება აქამდე ნაკლებად პოპულარული მიმართულებებით, რომელთაგან ერთ-ერთი უმძიმესი სწორედ სოციალური ბულინგია. თუ ადრე ქუჩური მენტალიტეტი იყო ძირითადი დამნაშავე ბავშვებში ბულინგის, ახლა ზოგ-ზოგ ადგილებში ღარიბი ბავშვები გამხდარან დასაცინი. აი, აქ კი, მომკალით და მგონია, რომ პირდაპირ მშობლის დანაშაული იკვეთება. სად იბადება მაღალი კლასის მისაბაძი კულტი? საიდან ჩნდება ლტოლვა კლასობრივი დაყოფის მიმართ 21-ე საუკუნის განვითარებად და ღარიბ ქვეყანაში? ეს, შესაძლოა, ცალკე კვლევის საგანი იყოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ კერპს ბევრი თაყვანისმცემელი გამოუჩნდა ბავშვებში, მეტად სამწუხაროა. სამწუხაროა, რადგან ხელოვნურადაა ჩანერგილი, ეს ნასწავლია და არა ინსტინქტური. თუ შიმშილი აიძულებს ადამიანს დანაშაული ჩაიდინოს, თუ სიღარიბე, საფრთხე, სტრესი და სხვა გამღიზიანებლები უარყოფითად მოქმედებენ მის საქციელზე, სოციალურ და კლასობრივ დიფერენციაციას გამღიზიანებელი ფაქტორი ნაკლებად გააჩნია და მთლიანად ელიტურ მიუკარებლობაზე, სოლიდარულობის დეფიციტზე და სიძულვილზეა დაფუძნებული. მაგრამ ბავშვები? როგორ იქცევიან მათი მხიარული ბატონები ბუზთა ბატონებად? ვინ მონაწილეობს ამ შეთქმულებაში საზოგადოების წინააღმდეგ?

 

ჰო, მართლა, ამ მდგომარეობას, მეტი ფულის ქონის გამო, ნაკლებფულიანის ჩაგვრის მოთხოვნილებას, კიდევ სხვა რაღაცებიც უწყობს ხელს: მშობლებისა თუ სხვა გარშემომყოფთა მიერ ბავშვებისთვის არასწორი პრიორიტეტების ჩამოყალიბება, წარმატების ტოტემი, მაღალსართულიანი შენობის ბოლო სართულის ოფისში მჯდომი კასტიუმიანი “ლიდერის” ხატი, სოლიდარობის ნაცვლად ბუნებრივ პირობითობად კონკურენციის მიღება, გამარჯვების იდეალიზაცია და დამარცხებულის გარიყვა. ერთი სიტყვით, ყველაფერი ის, რისგანაც დღევანდელი მსოფლიო შედგება, რაც სამყაროს ერთ დიდ არენად აქცევს და რაშიც ერთად იხარშება დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც. ჰოდა, ბავშვი რა, ისიც ამ რეალობით იკვებება და თავისებურად თამაშობს “სახლობანას” ანდა “ცხოვრებობანას”. სწორედ ამიტომ, ეს იმაზე დიდი პრობლემაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ეს პრობლემა ხუთკუნჭულასავით ყოველდღიურად იზრდება და ჩვენს ავთენტურ ჯუნგლებში ახალ-ახალ მგლის ლეკვებს აჩენს, ლეკვებს, რომელთა ტყეშიც შვლის ნუკრებისთვის ადგილი არ არის.

 მოხუცების ადგილი არის აქ

0

(სამი დიალექტური ნოველა)

ადიგენში, ერთ-ერთი ულამაზესი სოფლის, დერცელის ცენტრში, დაბალ ფიცრულ სკამზე ისხდნენ მოხუცები დ საუბრობდნენ. თავისას ამბობდნენ… იმ მთისას, ამ ბარისას. ნებართვა ავიღე, ჩავიწერ-მეთქი თქვენს საუბარს, თუ ნებას დამრთავთ, ცოტას გკითხავთ ცხოვრებასა და წარსულზე. ღიმილით დამთანხმდნენ.

მოხუცების საუბარზე მიყურადება, მათი ამბების მოსმენა, გაზიარება, გარდასულ დღეთა მოგონება, იმ დროის გახსენება, რომელშიც არ გიცხოვრია – ფასდაუდებელი გამოცდილებაა. „აქ, მოხუცთა ამ ბაღში, ყვავის უამრავი ყვავილი, რომელთა მოვლაზეც კი არ გვიფიქრია. აქ ყვავის ყვავილი მოთმინებისა, მარცვალი კეთილშობილი…“, როგორც ამბობდა ჰერმან ჰესე. ამ ყვავილების სურნელი დაუვიწყარია. სიბერის მეშინია, ახალგაზრდობას ძნელად ველევი და ეს წარმოსახვითი მოგზაურობა დროში, მოხუცების სიმშვიდესთან მიახლოება თერაპიაა. რა ლამაზია მათი ქართული, რა მშვიდია მათი აწმყო და როგორი სევდაა წარსულის მოგონებაში.

ეზიზ (რეზო) ბერიძე 71 წლის

ამჟამად თბილისში ცხოვრობთ თქვენა? ახალგაზდები ხართ…ჰე…

მე რომ მამა-ბაბუები მიყვებოდნენ და იგი რომ ახლა ჩემს შვილიშვილებს მუუყვე? ზღაპარი დარჩა ყველაფერი, ევროპის დონეზეა გადასული ახლა ყველაფერი. ვინმეს მოხუცისა აღარ სჯერავს. რაღაცას ჩემებურს რომ ვიტყვი სახლში და სადმე, რომელ საუკუნეში ხარო, მაგას გეტყვიენ. მოსმენა აღარ არის. ჩვენი მოხუცები იყვენ, დაჯდებოდენ, ძველ ისტორიას ილაპარაკებდენ, გაგაგონებდენ, ვისმენდით. დღეს მაგი აღარ არის. დღეს პარლამენტში რა ხდება გლეხი აქედან სჭრის და კერავს, მთავრობას რა გაუკეთებია, ტელევიზორში რა ხდება, ამას ეპოტინება რაცხას, მანაც რომ არ იცის.

ჩვენ მოხუცებს უჯერიდით, მოხუცებს პირადობა ჰქონდენ, უპირატესობა ჰქონდენ.

ჩვენ ორმოცდათორმეტში ვართ ჩამოსული ხულოს რაიონიდან. მე თითქმის აქ გაზდილი ვარ, მიწაზე ვმუშაობ, ვარ გლეხი კაცი, მოგვყავ კარტოფილი, რასაც ფასი არ აქ,  მოსავალი იმდენი არაა.

ამ სიცხეს უყურებ? სიცხე… როგორი სიცხეა. საქონელი გვყავს, საქონელი ძალიან შრომატევადია, შაბათი მაგას არ აქ, კვირა მაგას არ აქ, დასვენება არ იცი. მოსწყინდა ახალგზარდობას. და რაცხა  გზებს ეძებს, სხვას, იოლ ცხოვრებას ეძებს, ადრე ჩვენ დროს გასაქანი არ იყო, გინდა არ გინდა უნდა, ყოფილიყავ აქ და გემუშავა, ახლა, გო, ამერიკიდან ფქვილი შემოდის და დერსელში და კიდო ბოლო სოფელში ამოდის, ყიდულობს ხალხი.

ძაან ჯაფა გვაქ გავლილი ჩვენ, ჩემ ტოლ ხალხს. ასე ვერ დაჯდებოდი ა, ახლა რო ვართ. ფეხით დავდიოდით რაიმხელა გზებს, ახლა ყველაფერი გაიოლდა.

მე რომ ჩემ შვილს ვუთხარ, ასე გავაკეთოთ, ასე ჯობიაუ, მამაჩემო, ეგ დრო აღარ არო, მითხრა, არ გიმიგონა. არადა, გავლილი მაქ, ვიცი ის მე. აღარ ჯერავს, ჩემი აღარ ჯერავს, მოხუცის, რა’ნდაქნა. დიდპატარაობა ადგა. რა ვიცი, ამის ლაპარაკი ზედმეტია, ვერ მოვსპობთ და ვერაფერი.

ოსმან ბერიძე

56-ში ჩამევედით ჩვენ აქ. ეხლა რო შეადარო ის ამბავი ამ ამბავს, თვეში ერთჯელ თუ გამეიარდა მაშინაი აქ, თვეში ერთჯელ თუ მევდოდა. მეტი არ გეიარდა.

ახლა ერთი საათის წინ ჩვენ ამას ვლაპარაკობდით აქა, რამითმა გეიარა და გამეიარა მაშინამ აქა, რომ ორმოცდათექსმეტ წელში ადიგენში არ იარებოდა ამდენი. ახლა ამ ჩემ შვილიშვილს რომ აი უთხარ, აუო, რა არიო, ჯო, ზღაპარიაუ თუ რას ყობიო. იმისთვინ ზღაპარია ეს, ხო…

მე რომ მაგიტოლა ვიყავ, გაჭირვება იყო მაშინ. ერთად ხუთი და ექვსი მეტი ოჯახი ცხოვრობდენ. ბუხარი ხომ იცი, ბუხარი, იქ უნდა შესულიყვენ ამ ექვსი ძმის ცოლი და ნაგრამი და ყველაი, ფეჩი არ იყო, ფეჩი, გასათბობი არ იდგა, გინდა არ გინდა, იქ უნდა გამთბარიყა, რავდენი’ნდა დატევლიყო, ოთხი დაჯდებოდა, დანარჩენი გარეთ იყავ დამდგარი ასე. ცივა ზამთარში, ხის სახლები… სიცივე, ქალები დაავადებულნი იყნენ სიცივით, იმიტომ ესენი ამ ბუხართან ვერ თბებოდენ, იქით იყნენ დარჩენილი. ხანდაზმული ხალხი იყო ბუხართან და არ იყო ადგილი, ამას მოსწრილი ვარ, ესენი დანახული მაქ.

ახლა ფეჩი რაღაა, სხვა რაცხები შემევდა, კაი რაცხები.

ძველი ცხოვრებისა ბევრი მახსოვს. ქორწილი რომ იქნებოდა, ქორწილში რომ დაგპაიჟებდენ, წევდა ხალხი ქორწილში, ხომ? ხოდა რა ხდებოდა, თუ მდიდარი იყო, იმასთან პური გამოცხვებოდა, შავი პური, ჩვენ ბავშები რომ მივდოდით, რამე არ გვინდოდა პურის მეტი, პური მეეტეხათ ჩვენთვინ და მეეცათ. და პური შეგვეჭამა, ოღონდ პური შეგვეჭამა, სად იყო პური. სიმინდს ვჭამდით, ჭადს ვჭამდით. პურს ვერ იყიდდი, არ იყო საშვალება, არ იყო საშვალება. ღარიბობა იყო და ის პური… დადგებოდა სუნი იმისი… ახლა ვილაპარიკებ, არც შენ არ გჯერავს, ახლა ყველაფერი სავსეა.

ამ დროს იმ დროსთან შედარება არ აქ. იმიტომ არ აქ რომ შეიძლება კაცს ბრმაწელი ჰქონდა, ბრმა წელის ტკივილი ჰქონდა, მუცელი ტკივაო და მოკტებოდა, შეიძლება მარტო აი ბრმაწელი იყო, აპერაციას გუუკეთებდი, გადარჩებოდა ადამიანი და არ  მოკტებოდა მაგრამ ეს არ იყო. რა იქნაო? მუცელი ტკიოდა და მოკტაო, ვინ იცოდა. თავი ტკიოდა და მოკტაო, დამთავრდა. ეს იყო საბაბი. ამის გამომკლევა არ იყო.

მე ოცდაჩვიტმეტიანი ვარ. მე რომ აქ ჩამეველი, კიდო არ იყო განათლება. გახტებოდა ავად, ექიმთან არ მიგყვავდა, ახლა მოვა სკორი, მოგადგება იმწუთში, ავად ყოფილაო, ავამტყოფი ყოფილაო. იმ დროებში არც სკორი მოდიოდა, არაფერი.

გავლილ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ჯაფა იყო, სიამოვნება, კარგადყოფნა ახლა არის.

ჯო, აქედან აჭარა რამდონია შენ არ იცი, ბევრია, ფეხით უნდა ჩასულიყავ-ჩამოსულიყავ. ახლა აჭარაში მაშინით დავჯდები აქედან წავალ, ერთ საათში ჩავალ. ადამიანი მოკტებოდა, ტელეფონით ვერ დოუკავშირდებოდით და… არ იყო.

თოვლი მოდიოდა, ორი მეტრი, სამი მეტრი, მეტი კიდო მთაში, წევდოდით ოცი ადამიანი და გადავამტრევდით ამ გორებს, ზამთარში, და დილამდის ჩახვიდოდი, მთელი ღამე ‘ნდა გევლო რო გეთქვა და ამბავი ჩეგეტანა რომ აქ მოკვტა ეს, ჭირისუფალი იქ არიან, გააგებინო’ნდა იმათ რომ ამბავი მიგვეცა, ჩამოვიდოდა ხალხი და ნახევდნენ.

ნატვრა მქონდა, მაშინით გევიარო, ამდენი წვალება არ ვნახო, იმისრულდა. მოვესწარ ახლა ა. 81 წლისა ვარ, მაშინით გევიარ, ჩემი ნათესავი ხარ, მოვალ, გნახავ, ფეხით ვერ მოვდოდი, ვერ გნახევდი. კარგად ვართ დღეს, არ ვართ გლახათ. საჭმელი სავსეა.

წიფელა გაგიგონია, ხე, წიფელა. ომიანობის დრო იყო მაშინ და სიმინდიც აღარ გვქონდა. და მაგ წიფელას იმ სქელ ქერქს შეხდიდენ, მეიტანდენ, გაახმობდენ და დაფქვავდენ და ჭადის ფქვილს შუურევდენ და იმას ვჭამდით, სიმინდის ტაროსაც დაფხნიდნენ, წისქვილზე ჩამოფქვავდენ და იმასაც ვჭამდით. მაგენს ყველაფერს მოსწრილი ვარ მე, ნაჭამი მაქ. არიყო საშუალება.

შენ წახვალ ახლა, მე გამახსენდება კიდე ძველი დროება. ეს მოხდება აუცილებლად.

 

თ. ბერიძე

აქ ჩამოვსახლდი ხულოდან, ღორჯომისკენ არი, მეკეიძეები სოფელი, მე ბერიძე ვარ. ორმოცდათქევმეტში ჩამევეი, მას მერე აქ ვარ, ერთი ჯარში ვიყავ და მერე აქ.

ჩემ დროს უფროსთან უმცროსს არ უნდა ელაპარიკა.

როცა რო სახლში შედიხარ და არ ათვალიერებ რო რა უნდა ჭამო, აგია ბედნიერება გაჭირვება რომ არ ნახო. ბოდიში მომითხოვია, ღორი ხომ არ ხარ, ჭამაზე იფიქრო, მარა გაჭირვება არ იყოს, აგია ბედნიერება.

მე რაც მინდოდა, ყველაი გავლილი მაქ, კაიც ვნახე, გლახაც ვნახე, გული მაქ დაბეყვილი, მარა არ ვემდური.

მომისმინე, მე ერთ რაცხას გეტყვი ახლა. თუ რაცხა გემრიელი და კაი დევნახე, მაშინ დევნახე, ახალგაზდა რომ ვიყავ. სამოცდაერთი წლიდან ოთხმოცდარვა წლამდი. ფულიც ვნახე, ადამიანობაც ვნახე. ჩემი შვილები დავაყენე თავის გზაზე და მე ახლა გვერდიდან ვდგავარ. ახლაც ძალიან მშვენიერ კარგად ვატარებ დღეებს, დამჯდარი ვარ სახლში, ჰოდა მყავს რამოდენიმე თავი ფუტკარი, გავალ იმათთან, ზოგი მიკბენს, ზოგი არა. ვარ ასე.

მადლობას გეტყვი…

 

მშობლის ქცევა, როგორც მოტივაცია

0

სკოლაში ბევრს საუბრობენ მოსწავლეთა მოტივაციის საჭიროებაზე. ამასთან, ყველას არ ესმის, საიდან უნდა გაუჩნდეს მოსწავლეს სწავლის სურვილი. ხშირად ამ პროცესში ვერც მშობელი ერთვება ან თუ ერთვება, შეცდომებს უშვებენ.

ხდება ისეც, რომ მშობლები ცუდი მოტივაციის სტიმულატორები ხდებიან. მოტივაცია უნდა მოიცავდეს ბავშვის სურვილებს, მის აშკარა და დაფარულ მიზნებს, სწავლისგან მიღებულ მოლოდინს და თავდაჯერებულობას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მშობლებმა გაიაზრონ – არსებობს კარგი და ცუდია მოტივაცია. შინაგანად მოტივირებული ბავშვი ნამდვილად დაინტერესებულია სწავლით, დავალებებით, მოსწონს ამოცანების გადაჭრა, ამით ის სიამოვნებას იღებს. მისი უპირველესი მიზანია რაღაცის კეთება.

მშობლების მიერ ცუდი მოტივაციის სტიმულირების გავრცელებული ფორმებია, როდესაც ბავშვი სწავლის სანაცვლოდ საჩუქარს ელის, ანდა სხვის დასანახად სწავლობს, ანდა ფიქრობს, რომ სწავლით თავის დანაშაული გამოისყიდის. მშობლებიც თვლიან, რომ თუ ბავშვი დივანზე არ კოტრიალობს, ტელეფონში არ თამაშობს და თვალებში შესციცინებს მასწავლებელს, ის მოტივირებულია. ეს შეიძლება ასე არ იყოს.

ფსიქოლოგთა ნაწილი გვირჩევს, საჯაროდ, საზოგადოებაში ნაკლებად ვაქოთ ბავშვები. დიახ, შექება მოტივაციის მნიშვნელოვანი ნაწილია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი, მაგრამ მასში ჩვენ ძალიან ხშირად ვცდებით. იდეა „ვაქოთ ბავშვები ხშირად“ ყოველთვის არ ამართლებს. ჩვენგან ბავშვებს უფრო პოზიტიური უკურეაქცია და მხარდაჭერა სჭირდებათ.  ამიტომაცაა, რომ ხშირად ბავშვები უარყოფითად რეაგირებენ ქებაზე: ისინი გრძნობენ, რომ ამით მშობლები მათ მანიპულირებას ცდილობენ, მათი ქმედების/საქმიანობის მეტად წახალისებას. შექებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის პროგრესის, წინსვლის მხარდაჭერაა მის თავთან და არა სხვასთან შედარებით.

მაგალითად, მასწავლებელმა არა მხოლოდ უნდა შეაფასოს, თუ როგორ შესრულდა პროექტი, არამედ დააკვირდეს თითოეული მოსწავლის საპროექტო წვლილს: დღეს დაშვებული ათი შეცდომა, გუშინდელ თორმეტთან შედარებით, კარგი შედეგია. მნიშვნელოვანია ბავშვისთვის სწორედ ამ დინამიკის ჩვენება, რის მერეც თვითონვე გაუჩნდება წინსვლის სურვილი.

ქება არა საჯაროდ, არამედ ინდივიდუალურად, პირისპირ სასურველია. როდესაც ბავშვს სხვების თანდასწრებით ვაფასებთ, ისინი მათ თავს ძალაუნებურად ადარებენ და რადგანაც ბავშვის პოზიტიურ აზროვნებაზე მიზანმიმართულად იშვიათად ვზრუნავთ, ის არასწორ დასკვნებს აკეთებენ: „მე სხვაზე უარესი ვარ, სხვაზე უნიჭო“. ბავშვი ითრგუნება, ფიქრობს, რომ სუსტია, მისი თვითშეფასება იკლებს, ის გადადის არაპოდუქტიულობის რეჟიმში და კარგავს ორიენტირებს.

სხვისი წარმატება მოტივაციად მხოლოდ მეგობრულ გარემოში შეიძლება იქცეს. PISA-ის უახლესმა კვლევამ და მეტაანალიზმა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდა, აჩვენა, რომ პრაქტიკულად კავშირი ბავშვის აკადემიურ მიღწევებსა და მისი ცხოვრებით კმაყოფილებას შორის არ არსებობს. წარმატებისადმი სწრაფვა დანაშაული ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამით შეპყრობილი ხარ და აიძულებ ბავშვიც შეპყრობილი იყოს,  საპირისპირო შედეგებს ვიღებთ.

გვახსოვდეს, სწავლაში წარმატებული ბავშვებიც შეიძლება იყვნენ უბედურები და, პირიქით, წარუმატებელი ბავშვები შეიძლება სრულიად ბედნიერები და ცხოვრებით კმაყოფილები იყვნენ.

ხშირად, უბრალოდ ყურს არ ვუგდებთ, რა აინტერესებს ჩვენს ბავშვებს, არ ვუსმენთ მათ გულისძგერას, რაც ძალიან ცუდია.

როდესაც ბავშვი ისეთ გარემოშია, სადაც მისდამი წაყენებული სწავლისა და შრომის მოთხოვნები აღემატება მისსავე შესაძლებლობებს, ეფექტიც შეიძლება განსხვავებული მივიღოთ. ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. როდესაც ბავშვი ხედავს კარგი შედეგის მიღწევის სხვადასხვა მოდელს, შეიძლება დაინტერესდეს ამ პროცესით. ძლიერ კლასში მას აქვს შესაძლებლობა აირჩიოს რომელიმე სამოქმედო მოდელი და ისწავლოს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ამ მოდელს მეგობრისგან გაიზიარებს.

ამავე დროს, არ შეიძლება გამორიცხოს სიტუაცია, როდესაც ბავშვი ვერავის უმეგობრდება კლასში ან კლასი მას ვერ იღებს „თავისიანად“. სხვისი წარმატება ნამდვილად შეიძლება გახდეს მოტივაცია, მაგრამ რა გზით მიიღწევა ეს, ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

ინტერესი, შინაგანი მოტივაცია, მიზანდასახულობა – არ არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება. ის ყალიბდება ბავშვის განვითარების პროცესში და დამოკიდებულია იმაზე, თუ რას აკეთებს ბავშვი, რა სახის უკუკავშირებს იღებს, რა მოდელები ხვდება ცხოვრების განმავლობაში.  მაგალითად, თუ ბავშვის დედა საკუთარ თავს პატივს არ სცემს და სხვებიც ასე ექცევიან, მაშინ ბავშვის ყურადღებაც დედის მიმართ ასაკთან ერთად იკლებს.

მშობლები კომპლექსური მოდელები არიან. ბავშვის სენსორები „იჭერენ“ იდეების, ემოციების და დამოკიდებულებების მთელ სისტემას, რომელიც ზრდასრულთა ქცევის მიღმაა. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედა სახლს ალაგებს, მაგრამ ამას უხალისოდ, ნეგატიური ემოციებით აკეთებს, ის არ დააკოპირებს მის აკურატულობას. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელთა ქცევა იყოს სისტემური, დაფიქრებული, პროდუქტიული.

თუ მშობლები წიგნებს სიამოვნებით და ინტერესით კითხულობენ, უყვებიან მათ შესახებ შვილებს და უზიარებენ შთაბეჭდილებებს სხვებთან ერთად, ბავშვიც ინდომებს კითხვას. თუ იტყვით: „კითხვა აუცილებელია, სხვა შემთხვევაში ამ ცხოვრებაში არავინ იქნები!“, მაშინ ბავშვი პირიქით დაიწყებს მოქმედებას. თუ თქვენ თვითონ არ მოგწონთ კითხვა, ნუ აიძულებთ ეს ბავშვმა აკეთოს.

მშობლები ორგანულად უნდა ინტერესდებოდნენ შვილებით, მათი საქმიანობით, სურვილებით. მშობლის კლასიკური შეკითხვა „დღეს რამდენი ქულა მიიღე სკოლაში?“, ყალბია, მით უმეტეს, თუ მას თან ახლავს მეორე კრიტიკული კითხვა: „და მარიამმა რა მიიღო?“ გამოდის, რომ თქვენ შორის დიალოგი ვერ დგება.

კითხვა, რომელიც კარგი იქნებოდა ბავშვისთვის დაგვესვა, სხვაგვარად ჟღერს. უნდა გაარკვიოთ, რა იყო საინტერესო დღეს სკოლაში. დიახ, ხშირად პასუხად გვესმის: „არც არაფერი“. შემდეგ საჭიროა კითხვის გავრცობა და დაზუსტება. თუ თქვენი შვილი  ემზადებოდა პროექტისთვის ქიმიაში, გაიგეთ, როგორ აღიქვეს ის. გამოჰკითხეთ მშვიდად, ზეწოლის გარეშე. თუ ბავშვს არ სურს პასუხის გაცემა, აცალეთ, იქნებ უბრალოდ დაიღალა. გახსოვდეთ: შფოთვამ და ნეგატიურმა მოლოდინებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ინტელექტის დონეც კი.

მშობლების სიმკაცრე, ზოგჯერ სიუხეშე, ქცევის წესები და ჩარჩოები, სურვილი, მიუთითონ როგორ იცხოვროს ბავშვმა, განსაკუთრებით საშიშია მოზარდობის ასაკში. თქვენი შვილი პატარა ბავშვი აღარ არის.  შეუძლია უარის თქმა, ბევრს ფიქრობს. ამ მომენტში ის უკვე უტოლდება მოზრდილს ფიზიკური მახასიათებლების თვალსაზრისით, მაგრამ ამას ჩვენ მხედველობაში არ ვიღებთ. მან კი უნდა განაგრძოს სკოლაში მერხთან ჯდომა და მასწავლებლის მოთხოვნების შესრულება. ამ ასაკში მშობლები მოზარდისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, მან შეიძლება მოისურვოს მათი დატოვება, თავის დაღწევა ზედმეტი ზრუნვისგან. თანატოლებთან ურთიერთობისას, ის პოულობს თანასწორუფლებიან ურთიერთობას, სადაც ყველას შეუძლია სხვებთან საკუთარი მოსაზრებების გაზიარება.

მაგრამ ხომ შეიძლება მშობელსაც ემეგობრო? მეტიც, ეს აუცილებელია. რა თქმა უნდა, მოზარდს მეგობრებიც სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰყავდეს ერთი ნამდვილი მეგობარი მაინც. თუმცა, როდესაც დედ-მამა შვილის ყველაზე საიმედო მეგობარია, ეს ძალიან ფასეულია.

 

 

სკოლის მართვა და განვითარება (პირველი ნაწილი )

0

სანამ უშუალოდ სკოლის განვითარების ეტაპების აღწერას შევუდგებოდეთ, მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ, რას მოვიაზრებთ სკოლის განვითარებაში,  გვესმის თუ არა ეს ტერმინი განათლების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ერთნაირად, თუ იგი ყველასთვის სხვადასხვა მნიშვნელობის მატარებელია? ხშირ შემთხვევაში, როდესაც გვგონია, რომ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებზე ყველანი შეთანხმებული ვართ, სწორად ვგეგმავთ და ვახორციელებთ ამა თუ იმ  აქტივობას, მაინც ვერ ვიღებთ ხელშესახებ და მნიშვნელოვან შედეგს. ამის გამომწვევი ფაქტორი სხვა მრავალთაგან ისიც არის, რომ თავდაპირველად, თავისთავად ცხადი და ნათელი კონცეფციები მაინც განსხვავებულად გვესმის და აღვიქვამთ. მაგ: ტერმინში „სკოლის განვითარება“ ახალგაზრდა, დამწყები მასწავლებლისთვის შესაძლებელია სულ სხვა ქმედებების, ცნებებისა და ღირებულებების ნაკრები მოიაზრებოდეს, ხოლო მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სკოლის დირექტორისთვის – სხვა. აქედან გამომდინარე, განსხვავებულია სკოლის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებებიც, მათი დაგეგმვის, მართვისა და შეფასების მეთოდები, ლიდერობის სტილი და კოლეგებთან დამოკიდებულებები. რადგან ჩვენს რეაქციებს ამა თუ იმ მოვლენებზე დიდად განსაზღრავს ჩვენი გამოცდილება, დამოკიდებულებები და აღქმები, შესაბამისად ერთსა და იმავე მოვლენაზე გამოცდილი და დამწყები კადრის რეაქციები შესაძლებელია სრულიად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ორივე ღრმად დარწმუნებული იყოს, რომ მათი ქმედებები სკოლის განვითარებისკენაა მიმართული.

რა ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს იმ რეალობას, როდესაც მიუხედავად დიდი მოცულობის ფინანსური და ადამიანური ინვესტიციისა, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებმა შესაძლებელია ის შედეგები ვერ გამოიღოს, რომელსაც ველოდით? რატომ ხდება, რომ წლების მანძილზე სისტემაში შენატანი (თუნდაც ფინანსური სახით) უფრო დიდია, ვიდრე „მოგება“? უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი რეალობა მრავალი ქვეყნის წინაშე დგას და იგი განათლების პოლიტიკის მკვლევრებისათვის საინტერესო საკვლევ სფეროს წარმოადგენს. ამ თემასთან მიმართებით საკითხის განხილვა ხდება როგორც სისტემურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე და შეკითხვაზე, თუ რატომ ვიღებთ მსგავს რეალობას, მკვლევრებს სხვადასხვა პასუხები აქვთ.

პოლიტიკური თეორიებიდან ერთ-ერთი, მსოფლიო სისტემების თეორია ცდილობს სისტემურ დონეზე ახსნას, თუ რატომ არ ფუნქციონირებს პრაქტიკაში სისტემურ დონეზე მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები. პოველი და დიმაჯიო (2010) ამის მიზეზად შემდეგ არგუმენტებს ასახელებენ:

  • სისტემები (და განსაკუთრებით განათლების) ერთმანეთის მსგავსია. გლობალიზაცია, საერთაშორისო პოლიტიკური ფაქტორები და მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციები „აიძულებენ“ ქვეყნებს, მოერგონ ერთსა და იმავე სტანდარტებს. შესაბამისად, ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ, დააკმაყოფილონ ესა თუ ის სტანდარტი, დადგენილი ათობით ქვეყნისათვის ერთნაირად, იღებენ მთელ რიგ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ატარებენ რეფორმებს, იმუშავებენ მექანიზმებს მიზნების მისაღწევად, თუმცა წყდებიან თავიანთ, ადგილობრივ კონტექსტს, რაც რეფორმების ფორმალურ ხასიათს განაპირობებს.
  • ქვეყნები ცდილობენ სხვა, წარმატებული ქვეყნის განათლების სისტემას მიბაძონ და მათ მიერ განხორციელებული რეფორმების „კოპირება“ გააკეთონ. რაც თავის მხრივ საფუძველშივე არასწორია. ამ დროს მათ ავიწყდებათ, რომ არ არსებობს მზა, კონკრეტული რეცეპტი ამა თუ იმ შედეგზე წარმატებით გასასვლელად. განათლების სისტემა არ არის ქარხნულად დამზადებული ტანსაცმელი, რომელიც ზომების მიხედვითაა მაღაზიებში გამოფენილი და ყველა თავის ტანზე მოირგებს სასურველ მოდელს. შედეგად, ვიღებთ მასწავლებლებისა და განათლების სფეროში დასაქმებული ადამიანების პროტესტს, რომლებიც ვერ იგებენ, რატომ უნდა განახორციელონ ესა თუ ის ცვლილება და დიდი მოცულობის ბიუროკრატიული სამუშაო იმ ფონზე, როდესაც ისინი ამისათვის პროფესიულად მზად არ არიან.

ინდივიდუალურ დონეზე რეფორმების „ჩავარდნების“ მიზეზების კვლევა აქტიურად არ მიმდინარეობს. ამ მხრივ განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნების კვლევები მოიკოჭლებს. თუმცა ინდივიდუალური ფაქტორების შესწავლა, რომელიც ძირითადად ორიენტირებას ადამიანურ რესურსზე აკეთებს, არანაკლებ მნიშვნელოვანია. ოეკერსი (2010) თვლის, რომ განათლების რეფორმებს კონკრეტული წინაპირობები აქვთ, რომელთა შესრულებაზეც მათი წარმატებით განხორციელებაა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ავტორი კონცენტრირდება ინდივიდუალურ დონეზე და რეფორმას განიხილავს არა სისტემურ, არამედ ლოკალურ კონტექსტში. ამ მიმართულებით განხორციელებული საერთაშორისო კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ავტორი გამოყოფს შემდეგ ფაქტორებს:

  • რეფორმა, რომელიც არ ითვალისწინებს სისტემის სხვადასხვა დონეზე დასაქმებული ადამიანების ინტერესებს, ფუჭია.
  • ცენტრალური დონე (გადაწყვეტილების მიმღები) მთავარი აქტორია, რაც მასთან შეთანხმების გარეშე ხდება, იკარგება.
  • მთავარ პრობლემას განათლების სისტემის რეფორმირების დროს წარმოადგენს ამ სისტემის შემადგენელ ერთეულებს შორის კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე შეთანხმება. იმ შემთხვევაში, თუ „ცენტრი“ გადაწყვეტილებას მიიღებს ქვემდგომი ერთეულების ჩართვის გარეშე და მათ მხოლოდ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას დაავალებს, რეფორმა დიდი ალბათობით არაეფექტური იქნება.
  • ყოველ რეფორმას სისტემაში დასაქმებული ადამიანებისათვის დამატებითი დატვირთვა და სამუშაო მოაქვს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ისინი ხედავდნენ რეფორმის აუცილებლობასა და სარგებლიანობას როგორც სისტემის, ასევე სამომავლოდ მათი სამუშაოს გამარტივების კუთხით. დამატებითი სამუშაო, რასაც ისინი რეფორმის განხორციელების პროცესში შეასრულებენ, უნდა იყოს გონივრულად გათვლილი, წარმატებული შედეგები კი – სათანადოდ დაფასებული.

როგორც ვხედავთ, ინდივიდუალურ დონეზე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სისტემაში დასაქმებული ადამიანური რესურსის დამატებით სამუშაოზე კეთდება. გარდა იმისა, რომ სისტემის სხვადასხვა რგოლები რეფორმებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთობლივად უნდა იღებდნენ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტორებიც, თუ როგორ აღიქვამენ ამ სისტემაში დასაქმებული ადამიანები აღნიშნულ ცვლილებებს, ყველას ერთნაირად ესმით თუ არა რეფორმის მიზანი და აუცილებლობა? მზად არიან თუ არა (როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიული შესაძლებლობების თვალსაზრისით) განახორციელონ რეფორმა, არის თუ არა საერთო თანხმობა და ერთობა რეფორმის თანმდევ ღირებულებებთან დაკავშირებით? რა უარყოფითი შედეგები შეიძლება დადგეს გადაწყვეტილების მიმღებთათვის, თუ სისტემაში დასაქმებული ადამიანები ერთ, ვითომდა კარგად დაგეგმილ რეფორმას სხვადასხვაგვარად უყურებენ? რამდენად მნიშვნელოვანია საერთო შეთანხმება? ამ კითხვებზე სტატიის მომდევნო ნაწილებში ვისაუბრებთ.

 

გერმანელი ქართველოლოგი ქართული ენისა და კულტურის შესახებ

0

თანამედროვე უცხოელ ქართველოლოგთა შორის გამორჩეულია ცნობილი გერმანელი მეცნიერი, ქალაქ ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ვინფრიდ ბოედერი.

ვინფრიდ ბოედერმა უკვე 80 წელს გადააბიჯა და  აქედან თითქმის 50 წელი მეცნიერი ქართულ-ქართველურ ენობრივ სინამდვილეს იკვლევს, რისი შედეგიც არის არაერთი გამოკვლევა ქართველური ენების სტრუქტურისა და ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე.

1974 წლის გაზაფხულზე ვინფრიდ ბოედერი პირველად ჩამოვიდა საქართველოში და აქ სექტემბრამდე დარჩა. მისი მასწავლებლები იყვნენ ძველ ქართულში – ივანე იმნაიშვილი, მეგრულში – ტოგო გუდავა, სვანურში – ალექსანდრე ონიანი, კონსულტაციებს უწევდნენ აკაკი შანიძე და ალექსანდრე ღლონტი. გერმანიის სამეცნიერო კავშირის (DFG) დახმარებით, ვინფრიდ ბოედერი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ რამდენიმე კვირით ჩამოდის საქართველოში, სადაც იგი ამ ხნის მანძილზე შინაურ კაცად, სასურველ სტუმრად იქცა საქართველოს ყოველ კუთხეში, რომლებიც მან ფეხით შემოიარა – კახეთი, თუშეთი, ხევსურეთი, სამტრედია (მისი პირველი მასწავლებლის ნიკოლოზ ჯანელიძის „მამულეთი“), ქუთაისი, შავი ზღვის სანაპირო…

ვინფრიდ ბოედერს ქართულის შესახებ არაერთი შრომა აქვს გამოქვეყნებული საქართველოსა და უცხოეთის სოლიდურ ჟურნალებში. მათგან შეიძლება გამოიყოს გამოკვლევა ქართული ზმნის ქცევის შესახებ (1969), ძველი ქართული ანბანის ანალიზი (1975), „მაქვს“ და „მყავს“ ქართველურ ენებში (1980), ქართველი ბერები ათონის მთაზე და ქართული სამწერლო ენის ისტორია (1983), „და“ -ს ხმარების ზოგიერთი თავისებურება ძველ ქართულ სალიტერატურო ენაში (1983), ქართველური ენების წოდებითის შესახებ (1985), ქართული და მონათესავე ენები ევროპის საზღვართან (1987), ხევსურული ანდაზების სტრუქტურისა და ინტერპრეტაციისათვის (1991), შენიშვნები მრავლობითის   -ეთ სუფიქსის შესახებ ძველ ქართულში (1992) და სხვა.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ვინფრიდ ბოედერის ის გამოკვლევები, რომლებიც ემსახურება ქართული ენისა და მწიგნობრობის მოაზრებას ზოგად კულტუროლოგიურ ასპექტში. უცხოელი მკვლევრის თვალი საინტერესოდ წარმოგვიდგენს ეროვნული თვითცნობიერების, ქრისტიანული კულტურისა და ენობრივი თვითგანსაზღვრის ურთიერთმიმართების პრობლემურ საკითხებს. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: იდენტიტეტი და უნივერსალიტეტი (1994),  ენა და ვინაობა ქართველთა ისტორიაში (1997) და სხვა.

ვინფრიდ ბოედერი ნაყოფიერი მთარგმენობითი მოღვაწეობითაც გამოირჩევა. 1969 წელს მან ჰამბურგში გამოსცა გერმანული თარგმანი გიორგი კლიმოვის მონოგრაფიისა „კავკასიური ენები“, კომენტარებითურთ, ხოლო 1982 წელს გამოაქვეყნა გერმანული თარგმანი თამაზ გამყრელიძისა და გივი მაჭავარიანის მონოგრაფიისა „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“.

ვინფრედ ბოეფერი წლების განმავლობაში ასწავლის ქართულ ენას დაინტერესებულ სტუდენტებსა და მეცნიერებს.

ეს დიალოგი 2002 წელს ჩავიწერე და გაზეთ „ჩვენს მწერლობაშიც“ დაიბეჭდა, მაგრამ ახლა მინდა, რომ მას „ახალი სიცოცხლე“ მივანიჭო, – ქართველმა მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ იმ მეცნიერზე, რომელიც დღემდე დაუღალავად ემსახურება ქართული ენის მეცნიერულ შესწავლას და შეყვარებულია ქართველ ხალხზე და მის კულტურაზე;

 

ამჟამად „პენსიონერი“ ვინფრიდ ბოედერი თბილისის სტუმარია. მისი მასპინძელია აკადემიკოს გურამ თოფურიას ოჯახი, რომლის შესახებაც ინტერვიუს დროს ბატონი ვინფრიდი იტყვის: მათი წყალობით საქართველოში მე ნამდვილ სამოთხეში ვცხოვრობ.

–           ბატონო ვინფრიდ, როდის და როგორ დაინტერესდით ქართული ენით?

–           ეს დიდი ისტორიაა… დაიწყო იმ დროს, როდესაც ვმუშაობდი საკანდიდატო დისერტაციაზე „საშუალი გვარი ჰომეროსის ენაში“, 1961 წელს წავიკითხე გერჰარდტ დეეტერსის მონოგრაფია ქართული ზმნის შესახებ. პირველი ინტერესი ქართული ენისა  სწორედ მაშინ აღმეძრა.

–           ე.ი ქართული საშუალი გვარიდან დაიწყო ყველაფერი?

–           (იცინის)… შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ დამავიწყდა ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც გადავედი ჰამბურგში, სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას, რომელიც ლათინური სინტაქსის გენერატიულ თეორიას ეხებოდა, უკვე მაინტერესებდა ზოგადად ენათა ტიპოლოგია და მინდოდა მესწავლა რომელიმე არაინდოევროპული ენა, ამ მიზნით შევედი აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, სადაც პროფესორი ბერთოლდ შპულერი ზოგჯერ ქართულის კურსსაც კითხულობდა, თუმცა ძირითადად არაბულის სპეციალისტი გახლდათ.

ამ დროს ჰამბურგში ჩამოვიდა ქართველი ემიგრანტი, ყოფილი სამხედრო ტყვე, ნიკოლოზ ჯანელიძე, მან შპულერს თავისი სამსახური შესთავაზა ქართული ენის სწალების საქმეში. უნივერსიტეტში ხელსაყრელი მომენტი ხელიდან არ გაუშვეს და ნიკოლოზ ჯანელიძეს საშუალება მიეცა, ქართული ენა ესწავლებინა მსურველთათვის. მე, რა თქმა უნდა, მსურველთა სიაში აღმოვჩნდი.

–           ერთ-ერთ პირად წერილში თქვენ წერთ: „დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მცხოვრებთ, კავკასიური ენების გრამატიკოსთა უმრავლესობას, არ ჰყავთ მასწავლებლები. მე ბედმა გამიღიმა, ჰამბურგის უნივერსიტეტში გავიცანი ნიკოლოზ ჯანელიძე, რომელიც ასწავლიდა ქართულს. იგი წარმოშობით სამტრედიელია. მივმართე დახმარებისათვის. დიდი თანადგომა აღმომიჩინა, ჩემთვის საინტერესო კითხვებს პასუხი გასცა და ჩემი შემდგომი კვლევის მიმართულებაზე, შეიძლება ითქვას, დიდი ზეგავლენა მოახდინა“…

 

_ ბატონო ვინფრიდ, რამდენჯერმე შევესწარი, როდესაც ნიკოლოზ ჯანელიძეზე საუბრობდით, თქვენი ხმის ტემბრი და სახის გამომეტყველება ისეთი იდუმალი ნათლით იმოსებოდა… ასე მხოლოდ უახლოეს და საყვარელ ადამიანებზე საუბრობენ, ვფიქრობ, ბევრი საინტერესო მოგონება გაკავშირებთ.

–           ჩემთვის ბატონი ნიკოლოზი დაუვიწყარი მასწავლებელია. ყოველთვის ვამბობ, ის არც პროფესორი ყოფილა, არც მეცნიერული პრეტენზიები ჰქონდა, მაგრამ ცხოვრებაში ეს ყოველთვის არ არის მთავარი. იგი თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი გახლდათ, გამუდმებულად ენატრებოდა თავისი ქვეყანა და ხალხი და ამ სიყვარულს იმით გამოხატავდა, რომ ბევრ გერმანელს შესაწავლა ქართული ენა, ყოველთვის იდეებით იყო სავსე – გერმანულ სკოლებში შედიოდა და ქართულ ზღაპრებს ასწავლიდა ბავშვებს, მართავდა გამოფენებს, სამზარეულოს წიგნიც კი გამოსცა… მისი პიროვნების გავლენით მე შევიყვარე ქართული ენა.

–           დეეტერსმა მეცნიერული ინტერესი გაგიღვიძათ და ჯანელიძემ შეგაყვარათ ქართული, ასე იყო არა?

–           დიახ, დიახ, ბევრი დეტალი მითხრა, რაც მაინტერესებდა ქართულის შესახებ, ამავე დროს მიამბობდა საქართველოზე. იგი თავის დროზე სწავლობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, სადაც მისი მასწავლებელი იყო პროფესორი ალექსანდრე ღლონტი. მათ ხშირი მიწერ-მოწერა ჰქონდათ.

–           სხვათა შორის, ბატონო ვინფრიდ, მე ბატონი ალექსანდრე ღლონტის სტუდენტი ვიყავი. ბევრი რამისთვის მადლობელი ვარ მისი და იმისთვისაც, რომ პირველად ბატონმა ალექსანდრემ მიამბო თქვენ შესახებ. მახსოვს, სპეციალური ლექცია მიუძღვნა – გაგვაცნო თქვენი ქართველოლოგიური ინტერესები და გვესაუბრა თქვენს ნაშრომებზე… ეს ყველაფერი ალბათ სწორედ იმ მიმოწერიდან გამომდინარეობდა, თქვენ რო ახსენეთ.

–           მართლა? ძალიან სასიამოვნოა… ყოველ შემთხვევაში, ამ მიწერ-მოწერით დაიწყო ჩემი უფრო მჭიდრო კონტაქტი საქართველოსთან. თბილისში გამოვგზავნე ჩემი პირველი სტატია ქართული ზმნის ქცევის შესახებ, რომელიც გაასწორა ბატონმა ალექსანდრე ღლონტმა, გამომიგზავნა ჩემთვის საჭირო ლიტერატურა… ამ გზით დავუკავშირი და გავიცანი აკადემიკოსი აკაკი შანიძე.

–           როდესაც გხვდებოდათ, გერმანულად მღეროდა თურმა აკაკი შანიძე, – ბატონი ზურაბ სარჯველაძისაგან გამიგია…

–           (იცინის) ნამდვილად… სტუდენტობის დროს ბატონი აკაკი პეტერბურგიდან რამდენიმე თვით კენიგსბერგში იმყოფებოდა, სადაც ღრმად შეისწავლა გერმანული ენა.

–           რომელ სიმღერას მღეროდა?

–           კარგად აღარ მახსოვს… მგონი, ეს იყო სტუდენტების სიმღერა.

–           ბატონო ვინფრიდ, 1974 წელს პირველად ჩამობრძანდით საქართველოში. იყო რაიმე სხვაობა წარმოსახულ საქართველოსა და რეალურ საქართველოს შორის?

–           ყველაფერი ძალიან სასიამოვნო იყო…

–           გულწრფელად?

–           მთლად ყველაფერი არა, რა თქმა უნდა. მაშინ სასტუმრო „ივერიაში“ ვცხოვრობდი და შენობიდან რომ გამოვდიოდი, სულ ვხედავდი, რომ უკან კაცი მომდევდა. ძალიან შეწუხებული ვიყავი და ვურეკავდი ჩემს მეგობრებს, დახმარებოდნენ „იმ კაცს“ თავისი სამუშაოს შესრულებაში.

–           სხვათა შორის, გამახსენდა, ამასწინათ, „ენათმეცნიერების საკითხებში“ (#2, 2002 წ.), დაიბეჭდა თქვენდამი გამოგზავნილი აკაკი შანიძის წერილები. იქ ერთ-ერთ წერილში ამოვიკითხე, რომ აკაკი შანიძეს დაჭირვებია ლექსიკონისთვის ახლად ნათარგმნი გერმანული ბიბლია, ამასთან დაკავშირებით გწერთ: „… მე ვსთხოვე შარშან პროფესორ Assfalg – (Munchen), , რომ გამოეგზავნა ჩემთვის ახლად ნათარგმნი ბიბლია. მან პატივი დამდო და გამომიგზავნა, მაგრამ წიგნმა ჩემამდე ვერ მოაღწია. აქ ჰგონიათ, რომ მე ბიბლია სალოცავად  მინდა და არა სამეცნიერო მუშაობისთვის – ლექსიკონის შესადგენად.

ამიტომ, როცა თქვენ ამ შემოდგომაზე აქეთ იზამთ პირს, უმორჩილესად გთხოვთ, თან წამოიღოდ  die Sog.  ძალიან დაგიმადლებთ, შეიძლებოდა ფოსტითაც გამოგეგზავნათ თუ ზედ დააწერდით ჩემს სახელსა და გვარს, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ მივიღებ“.

–  ასე რომ, თქვენი „დაწუნებული რეჟიმით“ ვერც ქართველები ხეირობდნენ.

ბატონო ვინფრიდ, იქნებ თქვენს ქართველ მეგობრებზე გვესაუბროთ?

–           მეგობრებზე? რა ვთქვა… ძნელია (როგორც შევატყვე, ბ-ნ ვინფრიდს ძალიან უჭირს საყვარელ ადამიანებზე ხმამაღლა საუბარი _ ც.ბ.). საქართველოში ბევრი სასიამოვნო ადამიანი გავიცანი, ზოგთან მხოლოდ სამეცნიერო ურთიერთობა მაკავშირებს, ზოგი – ნამდვილი მეგობარია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ზურაბ სარჯველაძესა და ალექსანდრე ონიანთან მიწევს მუშაობა, ბატონი გურამ თოფურია ჩემი მასპინძელია და მისი ოჯახის სტუმართმოყვარეობის გამო საქართველოში ვცხოვრობ, როგორც ნამდვილ სამოთხეში. ამავე დროს მისი დიდი ბიბლიოთეკაც ჩემთვის მეორე სამოთხეა.

ძნელია ნამდვილ მეგობრებზე საუბარი… ეს ნიშნავს,რომ არც ჩემი სამსახური, არც ჩემი მეცნიერება და არც განსხვავება ქართველებსა და გერმანელებს შორის არ თამაშობს განსაკუთრებულ როლს ნამდვილ მეგობრობაში… ეს ადამიანური დონეა…

–           და ალბათ უნივერსალური დონეც, აქ დაძლეულია კულტურათა კონფლიქტი და განსხვავება ერებს შორის, როგორც ნამდვილ სიყვარულში საზოგადოდ.

–           ერთადერთი განსხვავება ქართველ და გერმანელ მეგობრებს შორის ის არის, რომ ჩემი ქართველი მეგობრები ადვილად და ხშირად ვერ ჩამოდიან ჩემთან, როგორც საჭიროა.

–           მაგრამ ვიცი, რომ თქვენი მიწვევით ჩამოდიან „კავკასიური ენობრივი პრობლემების“ სიმპოზიუმებზე. რას გვეტყვით ამ სიმპოზიუმების შესახებ?

–           ცნობილმა გერმანელმა მკვლევარმა კარლ ჰორსტ შმიდტმა ევროპაში (ბონის უნივერსიტეტში) საფუძველი ჩაუყარა სიმპოზიუმებს „კავკასიური ენობრივი პრობლემები“. 1985 წლიდან მან ხუთი ასეთი შეკრება ჩაატარა. სიმპოზიუმებს ესწრებიან ქართულ-კავკასიურ ენათა ამა თუ იმ პრობლემაზე მომუშავე მეცნიერები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ცხადია ქართველი მკვლევარებიც. პროფესორ შმიდტის პენსიაზე გასვლის შემდეგ ჩვენ შევთანხმდით და ამ სიმპოზიუმებს მე ვხელმძრვანელობ. ოლდენბურგში ჩატარდა VI კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სვანურის პრობლემებს (1995), VII – ხევსურულს (1997), VIII – მეგრულ-ლაზურს (1999), IX – თუშურს (2001). სიმპოზიუმების მიზანი ის იყო, რომ კავკასიელი სტუმარი ჩამოსულიყო. იმ წლებში, რომ ქართველები ჩამოდიოდნენ, ჩემი მონდომებით ხდებოდა, რადგან მე მიჭირს რუსული ენა, ქართველი მეცნიერი მერჩია, ამიტომ მოველაპარაკე ორგანიზატორებს, რომლებიც აფინანსებდნენ სიმპოზიუმს, და ვიწვევდი ქართველებს. სიმპოზიუმზე მთავარი თემა შეირჩეოდა სტუმრის მიხედვით (თუშური, სვანური, ლაზური…) დანარჩენები იყო ჩვეულებრივი გამოკვლევები კავკასიურ ენობრივ პრობლემებთან დაკავშირებით. ახლა ვაპირებ წაკითხული მოხსენებების გამოქვეყნებას.

–           შემდეგი სიმპოზიუმი როდის შედგება და რა იქნება შემდეგი თემა?

–           თქვენ დაგავიწყდათ, მე პენსიაზე გავედი! ამ სიმპოზიუმებს ალბათ სხვა გააგრძელებს სხვა ქალაქში.

–           ბატონო ვინფრიდ, ძალიან დამაინტერესა თქვენმა გამოკვლევებმა: „იდენტიტეტი და უნივერსალიტეტი“ და „ენა და ვინაობა ქართველთა ისტორიაში“. ქართველებისთვის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელის თვალით დანახული ეს პრობლემა. იქნებ გვესაუბროთ ამის შესახებაც?

–           საერთოდ, და ეს არის საერთაშორისო მოვლენა, ენის ისტორია ნიშნავს ენის ფორმების ისტორიულ ახსნას, გამოკვლევას. მე დამაინტერესა, ქართველისათვის რას ნიშნავდა ქართული. რა თქმა უნდა დედაენა არის ბუნებრივი მოვლენა და მასზე არავინ ფიქრობს, ვიდრე პრობლემა არ იჩენს თავს. ქართულ სინამდვილეში სხვადასხვა საუკუნეში ენას სხვადასხვა ფენისთვის განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ამის გამოკვლევა ძალიან ძნელია, რადგან შუასაუკუნეთა ტექსტებში ამაზე პირდაპირ არ ლაპარაკობენ. მაგრამ მაინც მოიძებნება ზოგიერთი საინტერესო შენიშვნა ძველქართულ ტექსტებში.

ასეთია გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან“ შემდეგი დეტალი: “ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამნი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ქართულ ენას უკვე პრობლემა გაუჩნდა, სხვა შემთხვევაში ენაზე ლაპარაკს არ დაიწყებდნენ ქართველები. მაშასადამე, ენა ქართული სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი ნიშანი იყო.

შემდეგ მთაწმინდელთა ტექსტებში არის ასეთი ადგილები; მაგალითად: საქართველოს მეფემ მიწერა ბერებს: ჩვენ გვინდა ბევრი ქართული წიგნი გვქონდეს. რისთვის უნდოდათ? ადმინისტრაციისთვის არ იყო საჭირო. ეტყობა, მეფეებმა შექმნეს საქართველოს სამეფო, როგორც სახელმწიფო, მათთვის მნიშვნელოვანი გახდა ენა. არა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ქართულად ლაპარაკობდნენ, არამედ წიგნი გახდა საჭირო, ვინაიდან წიგნს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ კულტურულ სამყაროში.

გასაოცარია ბერების მოღვაწეობა, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობდნენ, ჩაკეტილ სამყაროში და ქართულად წიგნებს ჰქმნიდნენ. როგორც ჩანს, უცხო ქვეყანაში მშობლიური ენის ძალა უფრო მეტად მოქმედებს.

მე შევაგროვე ბევრი მასალა, საიდანაც ჩანს, თუ რას ფიქრობდნენ ქართველები თავის ენაზე. შევისწავლე XVII საუკუნეში ქართულად თარგმნილი წიგნები. მათ არა მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდათ (მაგ. მედიცინის წიგნი), არამედ ქართველები დაინტერესებული იყვნენ ქართულ ენაზე წიგნების არსებობით, რადგან წიგნი მაინც განათლებისთვისაა დანიშნული.

მაქვს პროექტი, დავწერო წიგნი, რომელშიც თავს მოიყრის ყველაფერი, რაც ვიცი ქართველთა ენობრივი თვითშეგნების შესახებ.

–           როგორ წარმოგიდგენიათ ქართული ენობრივი კულტურა იმ კულტურებს შორის, რომლებსაც იკვლევთ?

–           ქართველებმა თავისი ისტორიის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა კულტურა შეითვისეს – ბერძნული კულტურა, აღმოსავლური კულტურა… ეს არის ქართული კულტურის თვისება.

–           თავისიც ხომ ჰქონდათ რაღაც…

–           თავისი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ყველგან ევროპაში ასეა. მაგალითად: გერმანული კულტურა რა არის? გერმანულმა კულტურამ შეითვისა – რომაული, ლათინური, ფრანგული სამყაროს კულტურები, „სუფთა“ ყოველთვის უინტერესოა. მთავარია ინტეგრაციის პროცესი…

–           განსხვავებულია თქვენთვის ცნებები: „სუფთა“ და „ინდივიდუალური“?

–           ინდივიდუალირიც არის სხვადასხვა კულტურის ნაერთი, მხოლოდ განსაკუთრებული ნაერთი. რა თქმა უნდა, არსებობს ქართული ტრადიცია, ქართული მწერლობა, ეს ყოველთვის მთავარი ფაქტორია, თქვენი ტრადიცია, მაგრამ…

–           მაგრამ ტრადიციაც მაინც „სუფთა“ არ არის?

–           „სუფთა“ არასოდეს არაფერი არ არის კულტურებში, არც არსებობს.

–           ბატონო ვინფრიდ, 1999 წელს თქვენ იმოგზაურეთ სვანეთში, მივლინების დროს განუწყვეტლივ სწავლობდით თქვენთვის საინტერესო ენობრივ მოვლენებს. რას იკვლევდით?

–           სხვა საგნების გარდა სვანურში მაინტერესებდა სხვათა სიტყვის ნაწილაკების ხმარება და გამოვიდა, რომ დღევანდელი მეტყველება უკვე განსხვავდება ოციანსა თუ ოცდაათიან წლებში ჩაწერილი ტექსტებისაგან სალიტერატურო ქართულის გავლენით… სვანურში ვმუშაობდი ბატონი ალექსანდრე ონიანის დახმარებით, აქ უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე ქართულში, თუმცა ქართულშიც აღმოჩნდა სირთულეები, რაც ჯერჯერობით აღწერით გრამატიკებში არ გაუანალიზებიათ. აი, ასეთი წინადადება ნოდარ დუმბაძესთან: „ვინა ვარო, – არ თქვა?“ ე.ი ეს ო არ არის ნამდვილი სხვათა სიტყვის გადაცემა. „ვარ“ კი არის, მაგრამ შერეული გადაცემაა, ეს ძალიან საინტერესო თეორიული საკითხია. ქართველოლოგიაში ჩემი კვლევის საფუძველი არის ყოველთვის თქვენი ძალიან მდიდარი და მნიშვნელოვანი ნაშრომები, როგორებიცაა ბატონი აკაკი შანიძის „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები“, ან ლეო კვაჭაძის ძალიან სასარგებლო წიგნი ქათულ სინტაქსზე და ა.შ.

ჩემი ძირითადი ინტერესია ქართველურ ენათა საერთო განვითარება ტიპოლოგიური თვალსაზრისით.

–           თქვენ სისტემატიურად ბეჭდავთ ევროპულ და ამერიკულ ჟურნალებსა და კრებულებში რეცენზიებს საქართველოში გამოსული ენათმეცნიერული ლიტერატურის შესახებ. 80-იანი წლების „ბედი ქართლისას“ ნომრებში მიგყავდათ რუბრიკა „წიგნები საქართველოდან“ (ენათმეცნიერება). ამჟამად როგორ არის „ბედი ქართლისას“ ბედი?

–           ამჟამად ცუდად, ყოველ შემთხვევაში, ასე ვიცი. მოგეხსენებათ, რომ „ბედი ქართლისა“ კალისტრატე სალიას საკუთარი მოღვაწეობის შედეგია, მისი გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა სხვა ჟურნალი – ქართული ენისა და კავკასიური ენების მიმომხილველი თუ ძიებანი, რამდენიმე ნომერი ნამდვილად გამოვიდა, „ბედი ქართლისას“ ნაცვლად. ბოლო ხუთი წელია აღარაფერი გამოსულა. არ ვიცით, რატომ, შეიძლება გამომცემელი გიორგი შარაშიძეა შეუძლოდ. გიორგი შარაშიძე ენათმეცნიერი გახლავთ, მრავალი საინტერესო წიგნის ავტორი ქართულ მითოლოგიაზე. საერთოდ, უბიხური ენის სპეციალისტია. არ ვიცი, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს კიდევ გამოიცეს, მაგრამ სისტემატიურად გამოდის ჟურნალი „გეორგიკა“, ქალაქ კონსტანსში; ჟურნალის რედკოლეგია გერმანულ-ქართულია ან ქართულ-გერმანული, როგორც გნებავთ, ერთი სიტყვით, საერთო პროექტია. დღემდე მისი მთავარი რედაქტორია გერმანელი ქართველოლოგი ჰაინც ფენრიხი, რომელიც იენის უნივერისიტეტის პროფესორია.

–           რას გვეტყვით ქართველოლოგიურ სკოლებსა და მის მომავალზე?

–           ქართველოლოგიური სკოლა გერმანიაში ტრადიცია უფროა, ვიდრე სკოლა. ჩვენთან, და საერთოდ ევროპაში, ორი კათედრაა, სადაც საერთოდ სისტემის მიხედვით ისწავლება კავკასიური ენები – ეს არის, რამდენადაც ვიცი, იენა და ლონდონი; ქართველოლოგია და კავკასიოლოგია ზოგადად, ბოლო ათწლეულების მანძილზე სახიფათო სიტუაციაშია, რადგან რეგულარული კათედრები არ არსებობს, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის დააინტერესებს ეს ენები. საერთოდ, ესენი არიან ინდოევროპეისტები და ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტები. მაგალითად, ბრწყინვალე ენათმეცნიერი ჰანს ფოგტი, ნორვეგიაში, რომანისტი გახლდათ, ჰუგო შუხარტი, რომელიც ალბათ მეტ-ნაკლებად ცნობილია საქართველოში, ასევე რომანისტი იყო, გერჰარდტ დეეტერსი, ერთ-ერთი დიდი კავკასიოლოგი, შედარებითი ენათმეცნიერების პროფესორი გახლდათ ბონში. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მეცნიერები, რომლებსაც დააინტერესებთ ქართული ენა, როგორც განსაკუთრებული სტრუქტურისა და კულტურის წარმომადგენელი. იმედი მაქვს, ზოგადი ენათმეცნიერების სპეციალისტებს დააინტერესებთ ეს ენა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არაინდოევპორული ენა, ენათმეცნიერებაში კარგად რომ არის აღწერილი.

–           ერთ-ერთ ადრინდელ წერილში წერთ: „პენსიაზე გასვლის შემდეგ მინდა განვახორციელო ჩემი ძველთაძველი ოცნება, დავწერო ქართველურ ენათა შედარებით სინტაქსზე, რომლის მასალების შეკრება საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტის დროს 1974 წელს დავიწყე, საცხოვრებლად ოლდენბურგში დავრჩები, მას არ მივატოვებ“.

შეიცვალა რამე პენსიაზე გასვლისას? როგორი იქნება თქვენი ცხოვრების რიტმი 65 წლის მერე?

–           ჯერ არ ვიცი, მაგრამ მე მგონი, დიდი განსხვავება არ იქნება. რა თქმა უნდა, ვაპირებ გამოვცე „ქართველურ ენათა შედარებითი სინტაქსი“, – ეს ჩემი დიდი „ფორიაქია“, სხვა, პატარ-პატარა „ფორიაქებიც“ მაქვს… ზამთარში გავაგრძელებ ლექციების კურსს ბრემენის უნივერსიტეტში, წავიკითხავ ზოგად ენათმეცნიერებას, ოლდენბურგშიც შემეძლო წამეკითხა, მაგრამ დრო მეკარგება ბევრი ინგლისურზე… ისე, სწავლება სხვა სიხარულია…

–           თქვენი დრო სულ წუთებით გაქვთ განაწილებული, ახლაც საათზე იხედებით, უნივერსიტეტში შეხვედრაზე გაგვიანდებათ, თუმცა ბატონი გურამ თოფურია გამშვიდებთ, დრო ჯერ კიდევ გაქვთ დიალოგისთვისო. ბატონო ვინფრიდ, სულ ამ რეჟიმით ცხოვრობთ?

–           საერთოდ კი! სხვანაირად როგორ შეიძლება?! (იცინის).

–           როცა ეს დიალოგი დაიბეჭდება „ჩვენი მწერლობის“ ფურცლებზე, თქვენ უკვე გერმანიაში იქნებით. მინდა საქართველოდან განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით მივესალმო თქვენს მეუღლეს – ქალბატონ დორის ბიურელს და თქვენთან ერთ-ერთ შეხვედრაზე წარმოთქმული ბატონი ალექსანდრე ონიანის სიტყვები მოვიშველიო: „… ვინც კი ერთხელ მაინც მოხვედრილა ბატონი ვინფრიდისა და ქალბატონი დორისის გარემოცვაში, ვერასოდეს დაივიწყებს იმ სითბოს, მზრუნველობასა და სიყვარულს, რაც ამ გარემოცვისაგან მიიღო… ჩვენ, უკლებლივ ყველა ქართველმა სტუმარმა, ბატონი ვინფრიდისა და ქალბატონი დორისის ოჯახში ვიგრძენით გასაოცარი სითბო, მზრუნველობა და სტუმრის შეუდარებელი სიყვარული. უზომო მადლობა მათ ყოველივე ამისთვის“.

თქვენ ხომ არ მიმართავდით აქედან თქვენს მეუღლეს?

–           იცით, მთავარი ის არ არის, რომ ჩემმა მეუღლემ გამიგო. ჩემი სამეცნიერო და ორგანიზატორული მუშაობის გამო ყოველთვის ცოტა დრო მრჩებოდა პირადი ცხოვრებისთვის. ეს ხომ ბევრს ნიშნავს, რომ მეუღლემ გაიგო ჩემი ინტერესები  და თანაც ყოველმხრივ მომეხმარა როგორც მუშაობაში, ასევე სტუმართა დახვედრაში.

–           ბატონო ვინფრიდ, ხვალ მიემგზავრებით. გზას დაგილოცავთ…სივრცე და მანძილი, რომელიც თქვენსა და თქვენს ქართველ მეგობრებს შორის გაიზრდება, ვიცი სიყვარულით ამოივსება. ისიც ვიცი, ეს სიყვარული ხვალ თუ ზეგ უკან მოგაბრუნებთ.

 

 

ესაუბრა

ცირა ბარბაქაძე

 

წერილები აფხაზეთის თემაზე

0

წერილი მეორე – გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული“

გიორგი ოვაშვილის მიერ გადაღებული ფილმის, „გაღმა ნაპირის“, ნახვის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი, როდესაც ხუთი წლის შემდეგ შევიტყვე, რომ იმავე რეჟისორმა ისევ აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი მეორე ფილმიც გადაიღო, ახალი ფილმის სანახავად მეტი სტიმული გამიჩნდა. სამწუხაროდ, სანამ მხატვრულ ფილმს ვნახავდი, ჯერ ტელევიზიით მოვისმინე, რომ ფილმი ჩვენს პარლამენტარებს უნახავთ და ზოგიერთი მათგანი აღშფოთებულიც კი დარჩენილა მასში წარმოჩენილი პედოფილიის ელემენტებით. რადგან შეფასება პროფესიონალ კინოკრიტიკოსებს კი არა, პოლიტიკოსებს ეკუთვნოდათ, არ გამინელდა გიორგი ოვაშვილის ნაშრომის მიმართ ინტერესი და პარლამენტარების შეფასებამ არ გამიქრო სურვილი, „სიმინდის კუნძული“ მენახა. კიდევ კარგი, ზოგიერთი პარლამენტარისგან განსხვავებით, ჩემი რეაქცია იმ ჟიურის წევრთა შეფასებას დაემთხვა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ფილმი ოვაციებს და დამსახურებულ ჯილდოებს იმსახურებს.

ვიცი, რომ კარგ მაყურებლებს ჩემგან მითითებების მიცემა არ სჭირდებათ, რას მიაქციონ ყურადღება ფილმის ნახვისას; კარგ მაყურებლებს არც იმის განმარტება უნდათ, რატომაა „სიმინდის კუნძული“ არაჩვეულებრივი ფილმი. მაგრამ, მიუხედავად ამის, წერილს მაინც ვწერ და მას ერთადერთი მიზანი გააჩნია – მინდა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები დავაინტერესო, სულ ცოტა, რამდენიმე საათი მაინც დაუთმონ აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილ ნაწარმოებებს, იქნება ეს წიგნი თუ ფილმი. ჩემს სარეკომენდაციო ფილმებს შორისაა სწორედ გიორგი ოვაშვილის ფილმები. ვინაიდან „გაღმა ნაპირი“ ნუგზარ შატაიძის იმ მოთხრობას ეფუძნება, რომელიც ისედაც შესულია სასწავლო პროგრამაში და მის ნახვას ალბათ ისედაც ურჩევენ ხოლმე მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს, როდესაც ამ მოთხრობას გადიან, მე მხოლოდ მეორე ფილმზე, „სიმინდის კუნძულზე“ შევაჩერებ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ყურადღებას. ჩემი აზრით, ამ ფილმის სასწავლო რესურსად გამოყენების შემდეგ ისინი არა მარტო აფხაზეთის თემატიკის წინა პლანზე წამოწევას მოახერხებენ, არამედ შეძლებენ, აუხსნან მოსწავლეებს, რას წარმოადგენს ხელოვნების ენა და როგორ განსხვავდება, შესაძლებლობების მიხედვით, ხელოვნების ორი დარგი – მწერლობა და კინო  ერთმანეთისგან. ლიტერატურის მასწავლებლები შეძლებენ დასვან საინტერესო შეკითხვები, ისეთები, როგორიცაა: რომელი უფრო შეზღუდულია გამოხატვის თვალსაზრისით, კინო თუ ლიტერატურული ტექსტი; ეხმარება თუ ხელს უშლის, ზღუდავს თუ უფრო ფართო ასპარეზეს აძლევს ვიზუალიზაცია მაყურებელს, აღიქვას სათქმელი; მხატვრული ტექსტი სიტყვაა, კინო კი კადრი, მაგრამ კადრს ხშირად  ახლავს დანამატის სახით სიტყვა, მუსიკა, ფერი – არის თუ არა ამის გამო კინო ტექსტზე უფრო მოსახერხებელი შემოქმედისთვის, თავისი მესიჯი მიიტანოს უფრო სრულყოფილად და დაუზიანებლად აუდიტორიამდე. ამ კითხვებზე დასაფიქრებლად და სასაუბროდ ნამდვილად სასარგებლოა, გამოვიყენოთ გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“, რადგან ფილმში მინიმუმამდეა დაყვანილი დიალოგები, ფილმში არაა ფერების სიჭარბე და არც მუსიკა ამძაფრებს შთაბეჭდილებას. ავტორის სათქმელი კადრებით და არა სიტყვებითაა გადმოცემული, თანაც ფილმი იმავე მხატვრულ საშუალებებს იყენებს, რომელსაც იყენებს ხოლმე ლიტერატურა. ეს მხატვრული საშუალებებია მეტაფორა, ალეგორია და სიმბოლო. მეტაფორა გამოიტანა რეჟისორმა ფილმის სათაურად. ავხსნათ, რისი მეტაფორაა ფილმის სათაური.

„სიმინდის კუნძული“ ფილმის სიუჟეტად ერთ საინტერესო მოვლენას იყენებს, მისი  ამოსავალი ამბავი მარტივია და ეს მარტივი ამოსავალი ამბავი პირველივე კადრებიდან  იქცევა მეტაფორად. თურმე მდინარე ენგურს გაზაფხულზე მთებიდან ჩამონაშალი ჩამოაქვს, რომელიც დროებით კუნძულებს წარმოქმნის. ეს ჩამონაშალი იმდენად ნოყიერია, რომ მას სიმინდის დასათესად იყენებენ ადგილობრივები, მდინარე ენგურის სანაპიროებზე მაცხოვრებლები. შემოდგომაზე დროებით წარმოქმნილი კუნძულები ისევ იშლება და მათ ადგილს ისევ მდინარის წყალი იკავებს. ჩემი აზრით, გაზაგხულზე შექმნილი ახალი კუნძული აფხაზეთის მეტაფორაა. სწორედ ამის სათქმელად გამოიყენა ეს ამბავი რეჟისორმა ფილმის ცენტრალურ ამბად. არ სჭირდება დამატებითი სიტყვები, ფერები, მუსიკა, განმარტებები ფილმს. ყველაფერი მინიმუმამდეა დაყვანილი. სათქმელს კადრები ამბობს. რეჟისორმა და სცენარის ავტორებმა ფილმი ასეც დაიწყეს: მდინარე ენგურმა გაიკეთა დროებითი კუნძული. მის საძებნელად გამოსული ასაკოვანი მამაკაცი ნავით დაცურავს ენგურში და ბოლობოლო მიაგნებს სასურველ კუნძულს. კუნძულზე გადასული პეშვით აიღებს მადლიან მიწას და გემოს უსინჯავს, ხვდება, რომ გამოადგება მიზნისთვის და შეუდგება საქმეს: ჯერ ფაცხას წამოჭიმავს, მერე დათესავს სიმინდს, მერე ყოველდღიურად შრომობს, მოსავალი რომ მოიწიოს. ამ ყველაფერში მამაკაცს შვილიშვილი ეხმარება. გოგონა ბაბუას მხარდამხარ შრომობს, არ ერიდება მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებს. ფაქტია, რომ ბაბუას და გოგონას მატერიალურად უჭირთ, მათთვის ეს კუნძული უკანასკნელი იმედია, ცოტა მაინც გაიმართონ წელში. და რომ არა ეკონომიკური სიდუხჭირე, ამ საქმეს არც წამოიწყებდნენ. მით უმეტეს, რომ კუნძული კი არის ე.წ. ნეიტრალურ ადგილას, მაგრამ იქ ყოფნა მაინც სახიფათოა თავზეხელაღებულ ჯარისკაცებთან, პატრულთან, მესაზღვრეებთან სიახლოვის გამო. სახიფათო ამ კუნძულზე ყოფნა გოგონასთვისაა, ქალიშვილისთვის, რომელმაც, ეს ესაა, ქალობაში უნდა შეაბიჯოს. როგორ დაიცავს ბაბუა შვილიშვილს, რამე რომ მოხდეს? ვერანაირად. თავდაცვა ორივეს სიკვდილის ტოლფასი იქნება. ამიტომ აჯობებს, თუკი არაფერი მოხდება. ამიტომ აჯობებს, თუკი ჩუმად იქნებიან, იმდენად ჩუმად, რომ არავინ შეაწუხონ, არავის ზედმეტი ყურადღება არ მიიქციონ. ეს სიჩუმე მაყურებლისთვის ცოტათი მომაბეზრებელიც არის. მაგრამ ასეც უნდა იყოს. სიჩუმემ დამთრგუნველად უნდა იმოქმედოს მაყურებელზე, რადგან სხვაგვარად მაყურებელი არ დაფიქრდება, რისი მიმანიშნებელია ეს სიჩუმე და მას გაუჭირდება ფილმის სათქმელის ამოცნობა.

ვინ არის ბაბუა და ვინ არის შვილიშვილი. სად არიან გოგონას მშობლები. მაყურებელს მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეუძლია. რამდენიმე ფრაზის წყალობით, გასაგები ხდება, რომ ნეიტრალურ წყლებში დროებით კუნძულზე მოსული ბაბუა და შვილიშვილი ეროვნებით აფხაზები არიან. ვინც იცის ფილმის უკანა ისტორია (აფხაზეთის ომი), ის ხვდება, რომ კაცმა შვილი და რძალი ან სიძე და ქალიშვილი, სავარაუდოდ, ომში დაკარგა. ვინც არ იცის ომის ისტორია (არაქართველი და არააფხაზი მაყურებელი), ის ორმხრივი, აფხაზური და ქართული პატრულის დანახვის შემდეგ ხვდება, რა მოვლენები უძღოდა ორსულიანი ოჯახის ამჟამინდელ გაჭირვებას. დიდი გამჭრიახობა არ უნდა იმის გამოცნობას, რომ ორსულიანი ოჯახი ადრე მინიმუმ ოთხსულიანი მაინც იქნებოდა და რომ არა ომი, არც ასაკოვან მამაკაცს და არც გოგონას დასჭირდებოდა მშვიდობიანობის ჟამს ლუკმაპურის მოსაპოვებლად ასეთი სარისკო წამოწყების სისრულეში მოყვანა.

მაგრამ ფილმს და, მით უფრო, კარგ ფილმს, მხოლოდ მასში განვითარებული ისტორია ვერ მოუტანს დამსახურებულ ჯილდოებს და მაყურებლის მოწონებას. ფილმი მხატვრული ენით ფასდება, კიდევ უფრო დასაფასებელია ფილმი, როცა სათქმელის ამოსაცნობად დააფიქრებს მაყურებელს. რისი თქმა უნდა ფილმის შემოქმედებით კოლექტივს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უნდა დავუკვირდეთ პერსონაჟებს. აფხაზი ბაბუაც და მისი შვილიშვილიც ალეგორიულად აფხაზეთს წარმოადგენენ. ვის უნდოდა დამოუკიდებლობა? ძველ თაობას, გოგონას ბაბუას თაობას. რა მიიღო ძველმა თაობამ საეჭვო თავისუფლებით? რა მოუტანა საეჭვო თავისუფლებამ ახალ თაობას? ღირდა კი შეწირული შუა თაობის სიცოცხლის ხარჯზე ეს საეჭვო თავისუფლება? რა მიიღო ძველმა თაობამ თავისუფლებით? ფილმისთვის მნიშვნელობა არა აქვს ზუსტი ასაკების გამოანგარიშებას, რადგან ფილმი ზოგადსაკაცობრიოა. ნებისმიერი ომის უპირველესი მონაპოვარია განადგურებული შუა თაობა. სწორედ ეს ჩანს ფილმში. და მეორე მონაპოვარი არაღიარებული სახელმწიფოა, რომელიც არც არის და ვერც იქნება საქმეში ჩახედული ადამიანებისა და სახელმწიფოების მიერ სრულუფლებიან წევრად მიღებული. ის სიმინდის დროებით კუნძულს წააგავს, ერთი შეხედვით, ნოყიერია, მაგრამ მას მყარი ფესვები არ გააჩნია, ის გაზაფხულის გაგიჟებული მდინარის მოტანილია, რომელსაც ისევ მდინარე, ოღონდ ახლა უკვე შემოდგომის წვიმებით გავსებული, წაიღებს. იციან პერსონაჟებმა, რომ საშიშია ამ კუნძულზე ცხოვრება, მაგრამ სხვა გზა არა აქვთ. იციან ნამდვილი ომის მოქმედმა პირებმა, რომ, რაც მიიღეს, როგორი გზითაც მიიღეს, არასწორია, მაგრამ უკან დასახევი გზა მათ არა აქვთ. მათ ისიც იციან, რომ შუა თაობის სიკვდილში დამნაშავე ოდესღაც მტრულ მხარედ მოაზრებული ქართველი კი არაა, არამედ ძველი თაობაა დამნაშავე შუა თაობის წაქეზებაში. იმის ნაცვლად, რომ სიყვარული ესწავლებინა ძველ თაობას შვილებისთვის, მათ სიძულვილი ასწავლეს და დაღუპეს. მაყურებელს უფლება აქვს იფიქროს, რომ გოგონას მშობლების სიკვდილში ქართველები არიან დამნაშავეები, მაგრამ მაყურებელი ხედავს, რომ ბაბუა იფარებს ქართველ დაჭრილ ჯარისკაცს. რატომ? ჰუმანურობაა ამის მიზეზი? არა. ბაბუა იმიტომ იფარებს დაჭრილ ჯარისკაცს, რომ ის მას და მისი სახით იმ ჯარისკაცსაც, რომელმაც გოგონას მშობლები მოუკლა, პატიობს. და ეს პატიებაა ყველაზე მთავარი. მან იცის, რომ საპატიებელიც არაფერია. არასწორად განვითარებულმა მოვლენებმა იმსხვრეპლეს გოგონას მშობლები და მათ სიკვდილში დამნაშავე რომელიღაც მეომარი კი არაა, არამედ ის მეომარი ტყვიასავით ბრმაა, ის მეომარი მხოლოდ იარაღია, რომელიც წარსულში უნდა დარჩეს, თუ მომავალი გინდა. ფილმი წარსულში ტოვებს ძველ, მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ჯარისკაცს და უნდა, მაყურებელმა გაიაზროს, რომ ეს ახალი, ოცდამეერთე საუკუნის ჯარისკაცი, რომელიც სიმინდის დროებით კუნძულზე მოხვდება, სულ ჯარისკაცი კი არ იქნება, ის ჩვეულებრივი ადამიანი გახდება ფორმის გარეშე. და ეს ტრანსფორმაცია მაყურებლის თვალწინ ხდება, ჯარისკაცი, რომელსაც ჯერ კიდევ აცვია ფორმა, ჩვეულებრივ ადამიანად იქცევა. ის არ სძულთ ფორმის გამო, ის ჩვეულებრივი ადამიანია. ჩვეულებრივ ადამიანს სიყვარულის უფლებაც ხომ აქვს, ხომ აქვს უფლება, შეუყვარდეს გოგონა, რომელიც მალე შეაბიჯებს ქალობაში? გოგონასაც ხომ აქვს უფლება, შეუყვარდეს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სულ ჯარისკაცი ხომ არ იქნება? მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ადრეა სიყვარულისთვის. ჯერ კიდევ ადრეა, ფორმა გაიხადოს ჯარისკაცმა და სიყვარულზე იფიქროს. ჯერ კიდევ ადრეა, გოგონას შეუყვარდეს, რადგან მას ხომ ჯერ არ შეუბიჯებია ქალობაში. ბაბუა გოგონას კუნძულიდან გაისტუმრებს, რათა აღკვეთოს ჯერ კიდევ ფორმიანი ქართველისა და აფხაზი გოგონას ურთიერთობა. ჯერჯერობით არაფერ კარგს არ უქადის არცერთ მხარეს ეს ურთიერთობა. პერსონაჟების თავს დატრიალებული მოვლენების წყალობით ალეგორია გასაგები ხდება.

მაგრამ ყველაზე უფრო გულისმომკვლელი ფილმის დასასრულია. გაზაფხულზე მთის ჩამონაშალით დროებით წარმოქმნილი სიმინდის კუნძული იქამდე იშლება, სანამ ამ კუნძულის დროებით ბინადრებს ჰქონდათ გათვლილი მასზე ცხოვრება. სიმინდის კუნძულს იქამდე წაიღებს შემოდგომის თავსხმა წვიმებისგან ადიდებული მდინარე, სანამ ბაბუა და შვილიშვილი მოსავლის დაბინავებას მოასწრებენ. ალეგორია აქაც გასაგებია. ძველი თაობის ტრაგიკულ ხვედრს ფილმის გადამღები კამერა აჩვენებს: ბაბუა ეწირება სტიქიას, რომელთან გამკლავება წარმოუდგენელია, როცა უმყარსაფუძვლო დროებით კუნძულზე ცხოვრობ. გოგონას ბედი, რომელიც მოასწრებს ნავში ჩაჯდომას, უცნობია. გადამღები კამერა მისკენ არაა მიმართული და მაყურებელი ვერ ხედავს, მოასწრო თუ არა მან სოფლამდე მისვლა. მაყურებელს იმდენად მოსწონს გოგონას პერსონაჟი, რომ ის იმედს იტოვებს, რომ გოგონა გააღწევს ნაპირზე და მას მომავალში მაინც ექნება ყველაფერი კარგად. თუმცა მაყურებელი ვერ ხედავს გოგონას ნავს, რადგან ამ დროს ოპერატორის კამერა ბაბუას გვიჩვენებს, იმედისდა მიუხედავად, მაინც გასაგები ხდება მაყურებლისთვის, რომ ვერც გოგონა გადაურჩებოდა აბობოქრებულ მდინარეს. იმ მცირე იმედს, რომელიც მაყურებელს უბჟუტავს გულში, აცამტვერებს ფილმის ბოლო კადრები: ვიღაც უცნობი გოგონას თოჯინას იპოვის. გასაგები ხდება, რომ გოგონასგან მოგონებაც არ დარჩა, არავის ეცოდინება, რა მოხდა სინამდვილეში, მთელი ამ ისტორიიდან დარჩა მხოლოდ თოჯინა. გოგონას გადარჩენა ბაბუას უნდა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს შეცდომა. მას არ უნდა მოეყვანა დროებით კუნძულზე ერთადერთი შთამომავალი. ბაბუას, მაყურებლის მსგავსად, იმედი არ ტოვებს, რომ  გოგონა მაინც გააღწევს დროებით კუნძულს თავს და მას მომავალი ექნება. მაგრამ სულ ტყუილად – მისი ეს იმედი ფუჭია. აბობოქრებული მდინარე არავის ინდობს, მით უმეტეს თავნება მოსულებს, რომელთაც სჯერათ, რომ გაზაფხულის მდინარის ახლადწარმოქმნილი კუნძული ნოყიერია და საცხოვრებლად ვარგისი. საცხოვრებლად ვარგის კუნძულებს მარტო მიწა კი არა, მყარი საფუძველიც სჭირდებათ. საცხოვრებლად ვარგის კუნძულებზე სხვაც უნდა ცხოვრობდეს, თუ გადარჩენა გწადია; მახლობელ კუნძულებზე მეზობლები უნდა გყავდეს; ის მახლობელი კუნძულები შენნაირი დროებითი კი არ უნდა იყოს, მის მცხოვრებლებს შენს გადასარჩენად ყველაფერი უნდა ჰქონდეთ, პირველ რიგში უნდა იცოდნენ შენი არსებობის შესახებ და უნდა უღირდეთ, თავი რომ გასწირონ შენს გადასარჩენად.

ამგვარად, სიმინდის კუნძული მეტაფორაა, ბაბუა-შვილიშვილის ამბავი ალეგორია, ხოლო მთელი ფილმი სიმბოლური.

სწორედ ამიტომ ვურჩევ არა მხოლოდ ჩემს მოსწავლეებს და სტუდენტებს, არამედ ჩემს ნაცნობ და უცნობ მასწავლებლებსაც, აუცილებლად ნახონ „სიმინდის კუნძული“ და რეკომენდაცია გაუწიონ ამ ფილმს მოსწავლეებთან. როცა ლიტერატურას ასწავლი და ცდილობ, ესაუბრო ხელოვნების ენაზე, ფილმები არაჩვეულებრივი საშუალებაა, კიდევ უკეთ გააგებინო შენს მსმენელს, რომ მარტო ლიტერატურა კი არა, ხელოვნების ყველა დარგი ერთნაირად იყენებს ესთეტიკური და ინტელექტუალური ტკბობის მოსანიჭებელ ხერხებს.

საშინელებათა ფილმების გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე

0

საშინელებათა ფილმებით ბავშვის გატაცება დღეს ბევრი მშობლისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. არიან მოზარდები, რომლებსაც შეუძლიათ, საათობით ისხდნენ ეკრანთან და თვალი ადევნონ სცენებს, რომლებიც ზრდასრულ ადამიანსაც კი შიშს აღუძრავდა.

რით იზიდავს ასეთი ფილმები მოზარდს?

  • უპირველეს ყოვლისა, მას არ სურს, ჩამორჩეს თანატოლებს. თუ მის წრეში ბევრი უყურებს საშინელებათა ფილმებს და მერე ნანახის შესახებ საუბრობს, იმის შიშით, რომ „თამაშგარე მდგომარეობაში“ არ აღმოჩნდეს, მოზარდი თავადაც უყურებს მისთვის არცთუ სასიამოვნო და მიმზიდველ კადრებს.
  • არსებობენ მოზარდები, რომლებსაც საშინელებათა ფილმების ყურებისკენ მძაფრი შეგრძნებების განცდის სურვილი უბიძგებს.
  • ზოგიერთი მოზარდი ასეთ ფილმებს მხოლოდ იმისთვის უყურებს, რომ დაუმტკიცოს საკუთარ თავს და სხვებსაც, რომ ძლიერი და უშიშარია. ალბათ, ამიტომ არის, რომ საშინელებათა ფილმებით ბიჭები უფრო მეტად არიან გატაცებულნი, ვიდრე გოგონები.

რაც უნდა იყოს აღნიშნული ჟანრით ბავშვის გატაცების მიზეზი, მშობლებს აწუხებთ ეს ამბავი და, ვფიქრობ, არცთუ უსაფუძვლოდ.

მაინც რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს საშინელებათა ფილმებმა ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკაზე?

  • ასეთი ფილმებით გატაცებულ ბევრ მოზარდს უჭირს საკუთარი თავის კონტროლი და აგრესიული ხდება გარშემო მყოფების მიმართ ან დეპრესიაში ვარდება.
  • ასეთი ფილმებით გატაცება აჩლუნგებს სხვისი ტკივილის აღქმას. საშინელებათა ჟანრით გატაცებული მოზარდისთვის ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. უკანასკნელ წლებში სისასტიკის დონის მომატების ერთ-ერთი მიზეზი მოზარდი თაობის ეს გატაცებაც არის. ბავშვები ხშირად ბაძავენ საშინელებათა ფილმების პერსონაჟებს, აწამებენ, ხოცავენ უმწეო არსებებს – ძაღლებს, კატებს – და ჩადენილის გამო სინანულს ვერ გრძნობენ, პირიქით, სიამოვნებასაც კი განიცდიან. დიდია ალბათობა, ასეთი მოზარდი მომავალში ასოციალურ პიროვნებად და საშიშ დამნაშავედაც კი ჩამოყალიბდეს.
  • საშინელებათა ფილმების ყურებისას მოზარდი დაძაბულია, აღგზნებული, შფოთავს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ემპათიის, თანაგანცდის და თანაგრძნობის უნარით გამოირჩევა. საშინელებათა ფილმებში ნანახმა სცენებმა მას შესაძლოა ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენოს, რომ მთელი ცხოვრება ვერ გათავისუფლდეს მისგან.
  • არასტაბილური ფსიქიკის მქონე მოზარდებისთვის საშინელებათა ფილმები შესაძლოა ნევროზის ან რომელიმე ფსიქიკური დაავადების მაპროვოცირებელი გახდეს.
  • საშინელებათა ფილმების ყურება განსაკუთრებით საშიშია პატარა ბავშვებისთვის, რომლებსაც უჭირთ რეალური და გამოგონილი, წარმოსახვითი სამყაროს ერთმანეთისაგან გამიჯვნა, განსხვავება და თითოეულ კადრს, თითოეულ პერსონაჟს რეალურად აღიქვამენ. მათ სრულიად დაუჯერებელი სიუჟეტებისაც კი სჯერათ. ასეთ ბავშვებს ხშირად იპყრობთ შიში, რომ ფილმში ნანახი ურჩხული ღამით მათ ოთახში შევა, ამიტომ უარს ამბობენ მარტო დარჩენაზე, ხდებიან ჭირვეულები, ეწყებათ ნერვული ტიკები, ფობიები და ისტერიკები, ესიზმრებათ კოშმარები, აქვთ მშფოთვარე ძილი, მოახლოებული უბედურების შეგრძნება, არიან, დაბნეულები, არაორგანიზებულები, უჭირთ ყურადღების კონცენტრირება, უფუჭდებათ მეხსიერება, ეწყებათ ღამის ენურეზი.

 

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი საშინელებათა ფილმებით ინტერესდება?

 

რეკომენდაციები მშობლებისთვის:   

  • უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ ეს არ არის პანიკის საფუძველი. დღეს, როცა მულტფილმების პერსონაჟებიც კი ურჩხულები არიან, როცა ტელეეკრანზე თუ ქუჩაში ბავშვი ყოველდღიურად ხდება ძალადობის მოწმე, გაგვიჭირდება მისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომ ნეგატიური არაფერი შეეხოს. უბრალოდ, ეცადეთ, ყველაფერი გონივრულ საზღვრებში მოაქციოთ.
  • სანამ ბავშვს ნებას დართავთ, ნახოს საშინელებათა ჟანრის ფილმი ან წაიკითხოს წიგნი, კარგი იქნება, ჯერ თავად გაეცნოთ მას. შესაძლოა, იქ იპოვოთ თემა, რომელსაც ბავშვთან ერთად განიხილავთ.
  • ნუ დატოვებთ ეკრანთან მარტოს, ეცადეთ, მის გვერდით იყოთ და თუ შიში, შფოთვა, დაძაბულობა შეატყვეთ, შესთავაზეთ, შეწყვიტოს ფილმის ყურება და სხვა რამეზე გადაატანინეთ ყურადღება.
  • კარგი იქნება, თუ ფილმის ყურების შემდეგ ბავშვთან ერთად განიხილავთ ნანახს, ესაუბრებით განცდილ ემოციებზე, დააზუსტებთ, სახელდობრ რომელმა ეპიზოდმა აღუძრა შიში, მერე კი აუხსნით, რომ ეს ეფექტი მხოლოდ ფილმის მხატვრების ოსტატობისა და მსახიობების შესანიშნავი თამაშის შედეგია, რომ არ უნდა ეშინოდეს იმისი, რაც მხოლოდ ეკრანზე ხდება.
  • ნუ აყურებინებთ ასეთ ფილმებს ძილის წინ. თუ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა, საერთოდ მოარიდეთ საშინელებათა ჟანრის ფილმებს. მასთან ერთად იკითხეთ მისთვის საინტერესო წიგნები, გაუღვიძეთ ინტერესი სპორტის მიმართ.

 

არსებობს მოსაზრება, რომ საშინელებათა ფილმებს დადებითი გავლენის მოხდენაც შეუძლია ადამიანზე. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ როცა საქმე ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ ფსიქიკას ეხება, საშინელებათა ფილმების დადებით გავლენაზე საუბარი, ვფიქრობ, უსაფუძვლოა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...