ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
2 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

ჟეტონების მარტივი წახალისების სისტემა დაწყებით კლასებში

0

მასწავლებლები ხშირად ვფიქრობთ მოსწავლეების წახალისებაზე, მათ ქცევებზე ყურადღების გამახვილებასა და აღნიშვნაზე. ხანდახან ხდება ისე, რომ გამოგვრჩება რომელიმე მოსწავლის შექება ან პირიქით, ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას რთული ქცევის მოსწავლეზე. რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად? გთავაზობთ ჟეტონებისა და კუპიურების წახალისების სისტემას, რომლის გამოყენებაც დაწყებით კლასებში აქტიურად შეიძლება.

რაში მდგომარეობს აღნიშნული სისტების უპირატესობა? ის არ ითხოვს:

  • თითოეული ბავშვის ქცევის აღრიცხვას იმისათვის, რომ ისინი დაისაჯონ ან წახალისდნენ;
  • გაიხსენოთ, რომელი მოსწავლე იქცეოდა კარგად მთელი კვირის განმავლობაში;
  • ქცევის ერთიანი სტანდარტის დაწესებას ყველა მოსწავლისათვის;
  • თქვენს დამატებით დროსა და ენერგიას;
  • ფინანსურ რესურსებს;
  • მთელი ყურადღების გადატანას რთული ქცევის მოსწავლეებზე;
  • სასჯელის არსებობას.

 

ეს ყოველივე კი თავის მხრივ უზრუნველყოფს:

 

  • შემთხვევითი წესით დაჯილდოებას ისე, რომ თითოეული ბავშვი იყოს წახალისებული სისტემატიურად;
  • ფაქტს, რომ ბავშვებს არ აქვთ უსამართლობის განცდა იმის გამო, რომ სულ ერთი და იგივე მოსწავლეა წახალისებული;
  • გამოიკვეთოს წინსვლა და პროგრესი;
  • ყურადღება გადატანილია დადებით და არა უარყოფით ქცევაზე;
  • სასჯელი შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ შესაძლოა ჟეტონის ერთი ან რამდენიმე დღით არ მიღება.

ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი რესურსი:

  • ჟეტონები, კუბები ან გამოჭრილი ფურცლები; (სადაც ეწერება ყველა მოსწავლისათვის განსაზღვრული რიცხვი ან სახელი და გვარი.)
  • ქისა, რომელშიც ჩაიყრება მოსწავლეებისათვის მინიჭებული ჟეტონები;
  • სახალისო ფერადი კუპონები.

 

სისტემის მიმდინარეობისას თქვენ შეგიძლიათ აღნიშნოთ მხოლოდ დადებითი ქცევა და ის წაახალისოთ. ამისათვის საჭიროა მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროთ, თუ რა იგულისხმება დადებით ქცევაში. ასევე ჟეტონების გაცემის არჩევანი თქვენზეა, გამოიყენებთ მას მხოლოდ ქცევისთვის, ან აკადემიური მოსწრებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წინასწარ ათანხმებთ მოსწავლეებთან. აუხსენით მოსწავლეებს, რომ ჟეტონებს არ მიიღებენ დადებითი ქცევის გამოვლენის ყველა ჯერზე, არამედ მისი გაცემა იქნება მოულოდნელი სიურპრიზი მათთვის, აგრეთვე განუმარტეთ, რომ თუ რომელიმე მოსწავლე მოითხოვს რაიმე ქცევისთვის ჟეტონის მიღებას, ისინი არ მიიღებენ მას, რადგან მხოლოდ მასწავლებელი განსაზღვრავს ვინ, რას და როდის მიიღებს.

მაგ: უთხარით მოსწავლეს, რომ მოგეწონათ თუ როგორ შემოვიდა საკლასო ოთახში და უცებ დაიწყო მოწესრიგება გაკვეთილისთვის, შეაქეთ თუ კი რომელიმე მოსწავლე დროულად გამოცხადდება სკოლაში, თუ შეამჩნევთ, რომ დერეფანში მშვიდად გადაადგილდება, მიეცით კონკრეტული წაქეზება თითოეულ ბავშვს კლასში და დემონსტრაციულად ჩადეთ მათთვის კუთვნილი ჟეტონი ქისაში. აუხსენით მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიღონ ჯილდო.

დაჯილდოების პროცესი:

ჩადეთ ჟეტონები ქისაში, როდესაც ხედავთ ისეთ ქცევას, რომლის წახალისებაც გსურთ. ამოიღეთ ქისიდან ჟეტონები იმ შემთხვევაში, როდესაც გსურთ მისცეთ მოსწავლეს პრივილეგია ან კონკრეტული საქმე და მიეცით მას ერთი კუპონი.

სახალისო კუპონების შესაძლო შინაარსი შეიძლება იყოს:

  • დამატებითი შესვენება;
  • დაფაზე ხატვა;
  • მასწავლებლის საწერი კალამის არჩევა და მისი გამოყენება;
  • დახასიათების ფურცელი მშობელთან, სადაც დადებით სიახლეებზე ისაუბრებთ;
  • მეგობრებთან ერთად დაჯდომა ნებისმიერ ადგილას;
  • დღის ლიდერი;
  • ზღაპრის არჩევა, რომელსაც მასწავლებელი წაიკითხავს;
  • 15 წთ კომპიუტერთან;
  • მასწავლებლის მაგიდასთან დაჯდომის უფლება;
  • სამაგიდე თამაშით თამაშის უფლება;
  • ფილმის არჩევის უფლება;
  • დამატებითი ჟეტონი და ა.შ.

მას შემდეგ, რაც ამოიღებთ ჟეტონს ქისიდან, აღარ ჩააბრუნოთ უკან. დაცალეთ ქისა თქვენი განსაზღვრული დროის შემდეგ და თავიდან დაიწყეთ. მოსწავლეებმა იციან, რომ რაც უფრო ხშრად მოიქცევიან კარგად, უფრო გაიზრდება ქისიდან მათი ჟეტონის ამოღების შანსი.

გამოიყენეთ თქვენს კლასში ჟეტონების მარტივი წახალისების სისტემა და იგრძნობთ, როგორ იმატებთ დღითი დღე თქვენს კლასში დადებითი ქცევები, არასასურველი კი- იკლებს.

 

ვაჟა-ფშაველა და ქრისტიანობა

0

ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველას ჩვენი ვაჟა-ფშაველა გვყავს: საოცარი ზნეობრიობის, ადამიანურობის, ეროვნულობის მატარებელი გენიოსიც და ჩვეულებრივი კაციც, როგორც ქრისტე, თავისი განუმეორებელი ტრაგიზმით. მისგან ვსწავლობთ, რომ არ უნდა ვიყოთ ყოფიერების მონა და სული გამოვაწრთოთ წინააღმდეგობათა გადალახვით… ვაჟამ, მართლაც, მოწამეობრივი ცხოვრება განვლო. უფალი მისნაირებზე ამბობს: ,,ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, ვინაიდან მათია ცათა სასუფეველი”.

არეოპაგეტიკაში მოცემული ქრისტიანული ფილოსოფია თანხვედრაშია ვაჟასეულ სამყაროს მსოფლაღქმასთან. ეს არის სწორედ ქრისტიანობა ვაჟათან, არა სწორხაზოვანი დოგმატიკურობით (ამისთვის ალუდას გახსენებაც კმარა, რომელსაც სწორედ დოგმის დარღვევას აბრალებს ზოგიერთი მკვლევარი, სინამდვილეში კი მისი შეგნება ბევრად წინ უსწრებს თემისას და პროგრესულია, თავისი მომავლის განზრახულებით, როგორც თუნდაც მინდიას სიბრძნე, ასე რომ – ჩამოჰგავს ღვთაებრივს), არამედ სამყაროს გულის-გულის წვდომის უცნაური, თითქოს, ადამიანთათვის მიუწვდომელი სიღრმითა და პირველყოფილი მთლიანობით: ,,ყოფიერება ვაჟას მიერ განიცდება და დაინახება, როგორც ერთიანობა, რომელიც ურთიერთში გადამსვლელი მუდმივი ქმნადობაა: თავისუფლება და მონობა (,,ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა”)…სისავსე და სიცარიელე: სიცოცხლე და სიკვდილი და სხვა…”(ჯანრი კაშია). ესაა სწორედ  ის, მიზეზი ყოველივე არსებულისა, და ღვთაებრივი საწყისი მთლიანობაში შედეგია უზენაესი ღვთაებრივი ერთობისა, რომელიც წმინდა წერილში მოიხსენიება სახელით ,,ერთარსება”, რადგანაც ერთარსებაა მამა-ღმერთი, იესო ქრისტე და სული წმინდა.

ვაჟა-ფშაველასთან ქრისტიანული მოტივებისა და განწყობების პრიმატულობას ბევრი მკვლევარი აღიარებს და ფიქრობს, რომ ამ მხრივ შეცდომის სათავე მწერლის გამოხატვის ფორმასა და მისი თვალსაზრისის გაიგივებაში მდგომარეობდა. როგორც ცოცხალ რწმენაში, ასევე მხატვრულ ქსოვილშიც მშრალი დოგმატიკა ქმედების, პიროვნული მაგალითის გარეშე არაფრის მომცემია. თავისი სიყვარულით სავსე სამყაროთი, რომელიც დასახლებულია გამორჩეული ინდივიდებით, ზნეობრივი გმირებით, ვაჟა ქრისტიანობის აპოლოგეტია. საოცარია ვაჟა-შაველას ჰუმანიზმი, რომელიც ქრისტეს ჰუმანიზმსაც ჩამოჰგავს. ზემოთ ნახსენებ ერთიანობას შემდეგი რამ ქმნის: ადამიანი, რომელმაც გაცნობიერებულად იცის სიკეთე და ბოროტება (ბუნების სხვა ქმნილებათაგან განსხვავებით), ბუნებაში სხვებზე ზეაღმატებულად კი არ უნდა აღიქვამდეს თავს, არამედ თანაბრად (თუ ასე არაა, ჰარმონია დარღვეულია, მაგ, ,,ია”, ,,შვლის ნუკრის ნაამბობი”). ვაჟას შემოქმედებაში ბუნებასთან ეს ჰარმონია ღმერთთან თანაზიარობას გულისხმობს.

სამყაროს არსის ტრაგიკულობის გამოხატულებაა ადამიანური სამართალიც, რომელიც ძალიან შორსაა ღვთაებრივისგან. ქრისტიანულ მცნებას ,,არა კაც კლა” ვერ იცავს კაცობრიობა. კაცთა სამართალი შურისგებასაც გულისხმობს (,,სიკვდილი ყველას გვაშინებს, სხვას რომ ჰკვლენ, მზერა გვწადიან; კაცნი ვერ ჰგრძობენ ბევრჯელა, როგორ დიდ ცოდვას სჩადიან” – ,,სტუმარ-მასპინძელი”), რაც ვაჟასთვის მიუღებელია. ალუდას სიზმარში ადამიანთა მტერობა-შურისგება-სისხლისღვრა კაციჭამიობასთანაა გაიგივებული, რადგან მწერალი წინააღმდეგია კაცისკვლის ყველანაირი შემთხვევისა, სამაგიეროს გადახდა იქნება ეს (თუნდაც სიკვდილით დასჯა) თუ სისხლის აღების წესი მთაში. ეს ცოდვა-მადლის პრობლემის ქრისტიანული თვალთახედვაა, რომელიც მიტევების, სიყვარულის ზნეობრიობაა, განსხვავებით წარმართული შურიგების სისხლიანი სამართლისაგან. ფაქტობრივად, ალუდას საქციელი სიყვარულისთვის, ღვთისთვის თავგანწირვაა, რომელიც უდიდეს სიმტკიცესა და სულიერი ძალების მობილიზებას გულისხმობს, რადგან ის ურჩია საზოგადოებისადმი (,,ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან”. – „ვეფხისტყაოსანი”), ამიტომაც განკერძოებულიც აღმოჩნდება მისგან, რაც, უმეტეს შემთხვევებში, სასიკვდილოდ განწირულობას გულისხმობს. ლექსში ,,ჩემი ვედრება”, ისევე როგორც მის გამორჩეულ გმირებში, ჩანს ვაჟას ინდივიდუალობა, მსოფლმხედველობა, ადამიანური და შემოქმედებითი კრედო:

გაგება ადამიანის თავისუფლებისა, რომელიც ყველაზე სანუკვარი, ძნელად მისაღწევი რამაა თითოეული ჩვენგანისათვის, აქ წმინდად ქრისტიანულია: ესაა პირადულზე ამაღლება საზოგადოს, მოყვასის საკეთილდღეოდ. ,,ჭეშმარიტი ქრისტიანობა მუდმივი თავგანწირვაა” (არქიმანდრიტი რაფაელი). ეს სწორედ იობის მოთმინებაა, წმინდანის თვითშეწირვა, რომელსაც მაღალი გრადაციის ქრისტიანული სიყვარული გულისხმობს, გულის დარდის ,,გადიადება”  (ვაჟას გადასვენებისას მისი სხეული უხრწნელი დახვდათ. მისი სული ხომ ყოველთვის ტანჯვით ამაღლებული იყოს სხეულზე).

„ნუ დამასვენებ ნურასდროს,

მამყოფე შეძრწუნებული,

მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,

როცა ვარ შეწუხებული“.

ეს სულისშემძვრელი ტრაგიზმი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბედნიერი დიდი შემოქმედი ოქსიმორონია. თუმცა სწორედ ეს აახლოებს მას ღმერთთან, სწორედ ესაა ის ძალა, გზა, რომელიც მიგვიძღვის ყოფის პირობითობათა და წინააღმდეგობათა გადალახვისაკენ. „ღმერთმა გიშველოს სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა”. სიკვდილს მადლად, მშვენიერებად აღიარებს მხოლოდ ის, ვინც მისი მძლეველია თავისი ცხოვრებით, სიყვარულით, მოკრძალებით, ვინც ,,სიკვდილამდე თავს არ იკლავს”, ვინც უძლებს და იბრძვის, ეურჩება ყოფას, წუთისოფელს ბოლომდე. ასეთი იყო ქრისტე, ასეთი იყო ვაჟა-ფშაველაც და მისი გამორჩეული გმირებიც – სიკვდილის, ყოფის დამმარცხებელნი. ასეთია მთელი ქართული ყოფიერებაც.

ქრისტიანულ  რელიგიაში მკაფიოდაა გამოხატული სიყვარულის ფილოსოფია.  ,,რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი თავადი მის თანა” (1 იოანე 3, 24). მცნებების დაცვა გულისხმობს მოყვასის სიყვარულს, მტერშიც უფლის ხატის დანახვას და მის სიყვარულს (ვაჟას აზრით, ყველაზე სრულყოფილი გამოვლინება ქრისტიანული მსოფლაღქმისა), ხოლო ეს ყველაფერი ერთიანდება სიცოცხლის, ღმერთის სიყვარულში, თუმცა მცნება ,,გიყვარდეს მტერი შენი” ცოტა თავისებურად ,,ესმის” ქართულ ცნობიერებას, რომელმაც იცის, რომ სამშობლოს მტერს თუ არ შეეწინააღმდეგე, ყველაზე ძვირფასს წაგართმევს. ქრისტეც მხოლოდ დოგმა კი არაა ან აკრძალვა, არამედ სწორედ სიყვარულით თავისუფლება, რომელსაც თუნდაც ალუდა ქეთელაურმა მიაღწია და რომელიც არცთუ ისე ადვილად გასაგებია თვით ზოგიერთი მორწმუნისათვის, რომელსაც საკუთარი თავისა თუ ახლობლის სიყვარული უფრო ეხერხება წარმართივით. ალუდა ქეთელაურმა მიაღწია იმ მაღალ საფეხურს სულიერებისა, რომელიც მტერში ადამიანის, ღმერთის დანახვაა. აქვე არ შეიძლება არ ვთქვათ ვაჟას მსოფლმხედველობისა და შემოქმედების საფუძველზე – ეროვნულობაზე, რადგან ღმერთი და სამშობლო ყოველთვის ერთ სიბრტყეზე განსახილველი ცნებები იყო ქართულ, ქრისტიანულ ცნობიერებაში (,,სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა”). ვაჟა-ფშაველას აზრით, სიყვარულია დანიშნულება ჩვენი არსებობისა, იქნება ეს მისი უმაღლესი იდეალი: ღმერთი და სამშობლო თუ სიკეთეს, სიბრალულს, მიტევებასა და სხვა ჰუმანურ გრძნობებში გამოვლენილი მისი რაობა.

ქართულ აგიოგრაფიაში არის ასეთი ტერმინი ,,ცრემლოობა”, რომელიც ადამიანის საკუთარ ცოდვებზე მწუხარებას გულისხმობს. ღმერთიც ალბათ სევდიანია, კაცობრიობის, სამყაროს ცოდვა-ბრალის შემყურე. ვაჟას აქვს ერთი პატარა ლექსი ,,სიმღერა”, რომელშიც სწორედ ღმერთკაცის სევდაა, კარგად ჩანს ვაჟა თავისი ტკივილიანი სიძლიერით. ტირილს ღვთისმშობლის მადლსაც ეძახიან. ,,დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდეთ. სიცილი თქუენი გლოვად გადაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად. დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ” (იაკობი 4, 9-10). ვაჟას შემოქმედება უშუალოდაა დაკავშირებული ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, დოგმებთან. თუნდაც სინანულის მოტივი, რომელიც ამ პატარა ლექსშიც შეიგრძნობა და მის სხვა ნაწარმოებებშიც და ყველაზე ძლიერი გამოვლენა ამ გრძნობისა ,,ალუდა ქეთელაური”.

ვაჟას მთელ პოეზიაში ძლიერია ღმერთის, სიკეთის, სიყვარულის, ამამაღლებელი სინანულის განცდა. ესაა უტყუარი დასტური მითი ავტორის ქრისტიანული აღმსარებლობისა.

,,მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ,

თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,

გულზედ მესვენა მზე-მთვარე,

ვლაპარაკობდი ღმერთთანა”.

გრიგოლ რობაქიძე ამბობდა: ,,ვხედავ ფიროსმანს და მესმის საქართველო”. ეს ფორმულა ვაჟასაც შეიძლება შევუბრუნოთ: ,,მესმის ვაჟა და ვხედავ საქართველოს”. ვაჟას წარმოდგენა შეუძლებელია ქრისტიანული აზროვნების გარეშე. სანამ იქნება ინტერესი ვაჟას ბოლომდე ამოუცნობი შემოქმედებისადმი (თუმცა იგი საოცარი სიმარტივით თხზავდა), იქნება საქართველოც, ორივე წამებულნი და უკვდავნი არიან…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

       გეოგრაფიული განათლების როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში

0

ამ სტატიის დაწერა ეროვნული გამოცდების ახალმა ფორმატმა გადამაწყვეტინა. თავიდანვე ვიტყვი, რომ გამოცდები სწავლების ხარისხს არ უნდა განაპირობებდეს, მაგრამ საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიზანი, ეროვნული გამოცდების ჩაბარებაზეა ორიენტირებული.

ვეცდები, ამ სტატიაში ავხსნა გეოგრაფიის მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბების საქმეში. არგუმენტებად ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და კონკრეტულ მაგალითებს მოვიყვან.

მუდმივად მოდერნიზირებული თანამედროვე განათლების მიზანია ჰარმონიულად განვითარებული და მაღალკვალიფიციური პიროვნების ჩამოყალიბება. მეცნიერების განვითარებას ყოველწლიურად შემოაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც ქმნიან ფუნდამენტურ ცოდნას. მეცნიერებათა ჩამონათვალში, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ზემოხსენებული მიზნები, უნდა აღინიშნოს გეოგრაფიის განსაკუთრებული როლი. სწორედ გეოგრაფია ახდენს გავლენას მოსწავლეში აუცილებელი ცოდნის ფორმირებაზე, რაც მას საშუალებას აძლევს სწორად აღიქვას და შეაფასოს სამყაროში მიმდინარე პროცესები და მოვლენები, არსებული სამეცნიერო სურათი. განათლების ეროვნული მიზნებიდან ერთ-ერთი ხომ ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება და დაცვაა: მოზარდმა უნდა იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ ქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო.

გეოგრაფიის მეცნიერების ჩამოყალიბებიდან მეოცე საუკუნის შუა წლებამდე ეს დისციპლინა ფასდება როგორც აღწერილობითი. სასწავლო პროცესში მისი ღირებულება დაუსაბუთებლად იყო შეფასებული, ხოლო მისი შესწავლით მოცემული ცოდნა შეფასდა, როგორც ზოგადი, რომელსაც არ ჰქონდა პრაქტიკული მნიშვნელობა, ისე როგორც, მაგალითად, მათემატიკური საფუძვლების ცოდნას. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება გეოგრაფიის მიმართ ინერციით დღემდე დომინირებს.

გეოგრაფიის, როგორც მეცნიერებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ შეაფასა რა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში გეოგრაფიის წვლილი, აღიარა მისი უზარმაზარი პრაქტიკული მნიშვნელობა. გეოგრაფია პირველ რიგში აღმოჩნდა იმ მეცნიერებებს შორის, რომლებმაც ბრძოლის ველზე მომზადებული სტრატეგიული, ტაქტიკური და ოპერაციული გადაწყვეტილებები მიიღეს.

საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, წითელი არმიის გეოლოგიური და გეოგრაფიული სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარის, აკადემიკოს ალექსანდრე ფერსმანის თანახმად „გეოგრაფია არ არის მეცნიერება მარტო მსოფლიოში მიმდინარე ცალკეული ფაქტების შესახებ. გეოგრაფია არის მეცნიერებების სისტემა იმ ღრმა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ, რომელიც სამყაროს ცალკეულ მოვლენებსა და  მასში მოღვაწე ადამიანებს შორის არსებობს”. ამ პერიოდის შემდეგ, გეოგრაფიამ დიდი ნახტომი გააკეთა მის განვითარებაში, შეიქმნა ძლიერი საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევდა, შეესწავლათ ეს უძველესი და მარად ახალგაზრდა მეცნიერება. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, გეოგრაფიული ხედვა და აზროვნება მაინც ვერ ჩამოყალიბდა საზოგადოების ფენებში, რაზეც თუნდაც არალის ზღვის მაგალითიც კმარა.  1960-იანი წლებიდან დაწყებული ტბის დაშრობის პროცესი დღემდე ადამიანის მიერ გამოწვეულ ერთ-ერთ უდიდეს ეკოლოგიურ კატასტროფად მიიჩნევა.

არალის ტბის დაშრობა იმითაა გამოწვეული, რომ ტბაში ჩამდინარე ცენტრალური აზიის ორი უდიდესი მდინარე სირდარია და ამუდარია 1960-იანი წლებიდან გამოიყენება ყაზახეთსა და უზბეკეთში ბამბის მინდვრების სარწყავად, რის შედეგადაც მდინარეების წყალი ტბამდე პრაქტიკულად ვეღარ აღწევს. დაშრობამდე სიდიდით მეოთხე ტბა იყო მსოფლიოში, რის გამოც ეწოდა არალის ტბას „ზღვა“. ამ იდეის მესვეურებს რომ გეოგრაფიული აზროვნება ჰქონოდათ, გაითვალისწინებდნენ იმ გარემოებას, რომ წლის განმავლობაში ნალექის რაოდენობა აქ ძალიან მცირეა, მხოლოდ 100 მმ. აორთქლებული წყალი კი მიღებულზე 12-ჯერ მეტია. შედეგმაც არ დააყოვნა და დაშრობის შედეგად 1989 წელს ტბა ორად გაიყო:  ამჟამად ტბის დიდი ნაწილი დამშრალია; დარჩენილია მხოლოდ მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაწილების მცირე ნარჩენები, რომლებიც ერთმანეთს ამ დროისთვის წყლით არ უკავშირდება.

2003 წელს ზღვის ზედაპირის ფართობი პირვანდელი ფართობის მეოთხედს შეადგენდა. არალის ზღვის რეგიონისათვის საერთო ზარალი შეფასებულია 35-40 მილიარდ რუბლად (800 მლნ ფუნტი სტერლინგი). თუმცა, ჩემი აზრით, შეუფასებელია ადამიანის უგუნურებით გამოწვეული ზარალი, რასაც ხშირ შემთხვევაში თვით ადამიანები ეწირებიან ხოლმე. ეს ერთი მაგალითიც კმარა იმის დასამტკიცებლად, რომ ანთროპოგენური საქმიანობისას გეოგრაფიული აზროვნებაა საჭირო.

რაც შეეხება საქართველოს, რამდენიმე კონკრეტულ პრობლემას გამოვყოფ: აჭარის გახშირებული მეწყერები, დასავლეთ საქართველოს მდინარეების წყალდიდობები, ნიადაგის დეგრადაცია და ა.შ. თბილისის წყალმოვარდნა რომ არ ვახსენო, არ შეიძლება. მე-9 -10 კლასელებმაც კი ადეკვატურად შეაფასეს ტრაგედია. მარტო ჟურნალისტების კი არა სახელმწიფო მესვეურების დონეზეც კი მოხდა დეფინიციების არევა. ბოლოს ისევ გეოგრაფებმა გააკეთეს ანალიზი. იყო კი ეს ტრაგედია საკმარისი დასკვნების გასაკეთებლად?

გლობალიზაციის, სწრაფად განვითარებადი სამყაროს ეპოქაში, გეოგრაფიის მნიშვნელობა ინდივიდის განათლებაში ყველაზე მეტად იზრდება. ამ დისციპლინის შესწავლა  მოიცავს ბევრ სასარგებლო ფუნქციას, რომელთა განხორციელება პიროვნებას ყოვლისმომცველი, მნიშვნელოვანი, შესაბამისი ცოდნის მიღების საშუალებას აძლევს. იგი უზრუნველყოფს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას.

მინდა, გამოვყო გეოგრაფიული განათლების გავლენის მთავარი ასპექტები მოზარდის პიროვნების განვითარებაში და მოკლედ დავახასიათო თითოეული მათგანი:

გეოგრაფიის ზოგადი საგანმანათლებლო ასპექტი – მოსწავლეს ამარაგებს აუცილებელი პირველადი ცოდნით სამყაროზე, რაც მას მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. რაც მთავარია, იგი საშუალებას აძლევს მას, იპოვოს პასუხები ტიპურ კითხვებზე რეალურ სამყაროზე და შეიმეცნოს ურთიერთმიმართება მასში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებთან, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები: ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება. სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა.

სოციალური ასპექტი – ხასიათდება იმით, რომ გეოგრაფიული განათლება მოსწავლეს საშუალებას აძლევს, შეუერთდეს იმ სოციალურ პროცესებსა და მოვლენებს, რომელთა ახსნა შესაძლებელია ამ მეცნიერების თვალსაზრისით. აგრეთვე საშუალებას აძლევს მოსწავლეს, საკუთარი თავი აღიქვას საზოგადოების განუყოფელ ნაწილად, რაც თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია ბუნებასთან.  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები – იყოს კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე – დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.

ეკონომიკური ასპექტი – გამოიხატება იმით, რომ გეოგრაფიული განათლება მოსწავლეს აძლევს საშუალებას, მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცოდნა, რომელიც ეხება არა მხოლოდ მის ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიო საზოგადოებას, რაც, რა თქმა უნდა, მას აძლევს ძლიერ მითითებებს არსებული და მუდმივად ცვალებადი რეალობის ობიექტურად შესაფასებლად. ეს ცოდნა სრულყოფილად აღწერს სხვადასხვა ეკონომიკური მოვლენის დინამიკას, მიზეზებსა და შედეგებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს საზოგადოების პროგრესირებულ განვითარებაზე. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები:  სასკოლო განათლებამ უნდა განუვითაროს მოზარდს უნარი, რომ სწორად განსაზღვროს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები, და მისცეს მას სასიკეთო გადაწყვეტილებათა მიღებისა და აქტიური მოქმედების შესაძლებლობა.

პოლიტიკური ასპექტი – შეიძლება ხასიათდებოდეს მოსწავლის პიროვნების გეოპოლიტიკის საჭირო ცოდნის უზრუნველყოფით.  გეოგრაფიული აზროვნება პოლიტიკოსებს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და ფენომენების ადეკვატური და მრავალმხრივი შეფასების საშუალებას აძლევს. კვლავ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები: ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.

პატრიოტული ასპექტი – ხასიათდება მოსწავლის აღჭურვით საკუთარი ქვეყნის შესახებ იმ აუცილებელი ცოდნით, რომელიც უყალიბებს მას პატივისცემას იმ ბუნებრივი, კულტურული და ეკონომიკური ფაქტორების მიმართ, რომლებიც ერთად ქმნიან ერისა და ქვეყნის კულტურულ კოდს. ეს არის ის ასპექტი, რომელიც ქმნის პიროვნების სიყვარულს სამშობლოსადმი, უღვივებს მისი უნიკალური თვისებების შენარჩუნების სურვილს, აცნობიერებინებს მას არსებულ მრავალფეროვნებას და ქმნის ნამდვილ პატრიოტულ პიროვნებას.

სულიერი ასპექტი – საშუალებას აძლევს მოსწავლის პიროვნებაში იმ ღირებულებითი პრინციპების ჩამოყალიბებას, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებისადმი მისი ფრთხილი დამოკიდებულების განვითარებას, დაცვასა და უნიკალური მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

ამრიგად, გეოგრაფია პირდაპირ კავშირშია ანთროპოგენული, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და ეკოლოგიური ბუნების თანამედროვე გამოწვევებზე კომპეტენტური და ადეკვატური პასუხების მიწოდებასთან, რომლის მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება. მდგრადი განვითარების მიზნები ხომ მთლიანად გეოგრაფიულ აზროვნებაზე და მიდგომებზეა დაფუძნებული. ამ საკითხზე შემდგომში ვისაუბრებ.

 

გამოყენებული ლიტერატურა: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები.

 

 

ადამიანები შემოდგომიდან – მეორე ნაწილი

0

შეიძლება პოეტური ბოდვაა და გლობალური დათბობა ძველ კალენდარულ მოწყობებს არ ცნობს, მაგრამ დღემდე ცხადად ვგრძნობ და მტკიცედ მჯერა, რომ აგვისტოს მიწურულს მობერილ ნიავში, თუ ჩაუსაფრდები, აუცილებლად დაიჭერ ერთ წვეთ სუნს, რომელიც მთელ შემოდგომას დაგანახებს.

 

ალბათ ოდესმე მეცნიერები იმსჯელებენ, რომელია წამების უმაღლესი ფორმა სმენის ჟანრიდან: კოღოს ჯიუტი წუილი ყურთან გამთენიის ხუთისკენ, მოშლილი ონკანიდან წყლის შეუდრეკელი, ოღონდ მოფრთხილო წანწკარი თუ ქვაბის ძირის წმენდა წვერსაპარსის პირით (ვინც ბოლო წინადადება ვერ გაიგო, განვმარტავ – ჩახანას ფხეკა ბრიტვით).

 

ცა ერთი და იგივე არ არის. არის ბავშვობის ცა და ეს ცა აუცილებლად შენი ეზოს თავზეა ან აივნის, ან ფანჯრის. მაშინაც, როცა ოცდათხუთმეტის ხარ ან სამოცდათხუთმეტის. ასეთი ცა არ იცვლება, არც ღრუბლები იცვლებიან და არც ვარსკვლავები. იქ ვარსკვლავები სულ ჩვეულებრივი ვარსკვლავები არიან – ციცინათელების ტოლები და რომ დაითვლი და მეჭეჭები ამოგივა – ისეთები. არც მილიონი წლის წინ არის წამოსული მათი ნათება და არც რაღაც გალაქტიკების პლანეტარული სისტემების წევრები ჰქვიათ. უბრალო, პატარა, ძალიან პატარა ვარსკვლავებს ხედავ და მხოლოდ შენს ცაზე ანათებენ.

 

გრუხუნა – ასე ერქვა იმ ამინდს, ახლა თბილისში როა. ელვა და კვალში გრხხხ.

პირველი – თუ შუადღე იყო, შემთხვევით ლამპოჩკა ენთო (იმ ენაზე ვწერ, ქართულისთვის ნუ დამძრახავთ), შეითამაშებდა და გაქრებოდა. ამას წინ უსწრებდა: „ე, დენი წავა ახლა, ძაბვა არ დავარდეს, გამორთე მაცივარი“ და მოსდევდა : „დედა, რაფერ გლახათ წევიდა ცა, კიდომ კაი რომ გამოგართვიე. აი, ისე წევიდა, აღარც მუა“.

მეორე – თუ საღამო იყო, კრუხი შფოთდებოდა და წიწილები გარბოდნენ მისკენ. მერე ბებია კრუხს მიეპარებოდა, ფრთების თავში ხელს ჩაავლებდა და ბუდისკენ მიჰყავდა. წიწილებს სხვები ვიჭერდით. დევნა. მთელი ფილმი. გრხხხ საუნდტრეკით და ხაპის ფოთლებზე პირველი წვეთების ხმით.

მესამე – თუ შუაღამე იყო და ვიყავი ასე ოთხიდან ექვს წლამდე, მამაჩემს ზურგზე ვეკვროდი. ხოლო მამაჩემი ყვებოდა ზღაპარს და სახურავზე წვიმა დააბიჯებდა.

მეოთხე – თუ დილა იყო, ვფიქრობდი, რომ ასეთი ამინდი, ალბათ ყველაზე უკეთესი მაშინაა, როცა შეყვარებულთან ერთად წევხარ, შეყვარებულს ცოტა ეშინია და შენ იღიმი.

ასეთია ჩემი ბავშვობის გრუხუნის ანატომია. ადრე დილამშვიდობისა ყველას.

 

ხახუნის ძალა. სასარგებლო და საზიანო ხახუნი.

0

ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხახუნის ძალა. სამყარო სრულიად სხვაგვარი იქნებოდა ხახუნის ძალის არსებობის გარეშე – ვერაფერს დავიჭერდით ხელში, ვერ გავივლიდით, არა თუ სიარულს, ფეხზე დგომასაც კი ვერ შევძლებდით, ჩამოინგრეოდა მთები, შენობების აშენებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია, ვერცერთი სხეული ვერ შეინარჩუნებდა თავის ადგილმდებარეობას და პატარა ბიძგის შემთხვევაში უსასრულოდ იმოძრავებდა ყველაფერი ჩვენ გარშემო და მათ შორის – ჩვენც. ერთი სიტყვით, ხახუნის ძალის გარეშე სამყაროში იქნებოდა სრული ქაოსი!
მეორეს მხრივ, სწორედ ხახუნის ძალის არსებობას უკავშირდება მეცნიერებისა და ცივილიზაციის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპები. კერძოდ, ხახუნის ძალის დაძლევის მიზნით გამოიგონა ადამიანმა ბორბალი, რომელიც კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად ითვლება. მანამდე კი ძველი დროის ადამიანების სხვადასხვა სხეულის ხახუნით ცეცხლს აჩენდნენ, რაც მათი არსებობისთვის მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა.
დამეთანხმეთ, მართლა საოცარ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ამიტომ უფრო ახლოს გავეცნოთ ამ ძალას და გავარკვიოთ რა არის ხახუნის ძალა? რა არის მისი წარმოშობის მიზეზები? ხახუნის ძალის რამდენი სახე არსებობს და ყოველთვის საზიანოა იგი თუ არა? ან იქნებ პირიქით, მხოლოდ სასარგებლოა ხახუნის ძალა?
ხახუნის ძალა ეწოდება ძალას, რომელიც წარმოიქმნება ერთი სხეულის ზედაპირზე მეორის მოძრაობისას, მიმართულია მოძრაობის მიმართულების საპირისპიროდ. რადგან ხახუნის ძალა მიმართულია მოძრაობის საწინააღმდეგოდ, ესე იგი ეს ძალა ეწინააღმდეგება მოძრაობას.
ხახუნის ძალის აღძვრის მიზეზები რომ გამოვიკვლიოთ, საჭიროა მიკროსკოპით დავათვალიეროთ სხეულების ზედაპირები. აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით გლუვი ზედაპირის მქონე სხეულების ზედაპირებიც კი საკმაოდ უსწორმასწოროა. ისინი დაფარულია ბურცობებით და ღრმულებით. შესაბამისად, როდესაც ერთი სხეული სრიალებს ან გორავს მეორის ზედაპირზე, ეს უსწორმასწორობები ერთმანეთს ედება და წარმოქმნის მოძრაობის შემაფერხებელ გარკვეულ ძალას (ნახ.1). სწორედ ეს ძალაა ხახუნის ძალაა ხახუნის ძალის აღძვრის მიზეზი.

ნახ.1
ხახუნის ძალა აღიძვრება ძლიერ გაპრიალებული ზედაპირების მქონე სხეულებს შორისაც. მაგალითად, ორი მინის ან ორი სარკის ერთმანეთის მიმართ მოძრაობაც საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული. სავარაუდოდ, აქაც ხახუნის ძალის აღძვრასთან უნდა გვქონდეს საქმე. რა ხდება ამ დროს?
გავიხსენოთ ნივთიერების აგებულება. გვახსოვს, რომ ნივთიერება ნაწილაკებისგან – მოლეკულებისგან შედგება. ასევე გვახსოვს, რომ ეს ნაწილაკები ურთიერთიერთქმედებენ – მიიზიდავენ და განიზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ურთიერთქმედება ხომ ძალიან პატარა მანძილებზე ვლინდება (მოლეკულათაშორის მანძილების რიგზე ვლინდება)? საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ასეთ მანძილზე უახლოვდება შემხები სხეულების – ორი სარკის ან ორი მინის მოლეკულები ერთმანეთს. მათ შორის აღიძვრება მიზიდულობის ძალა, რომელიც მოძრაობას აფერხებს. ამ შემთხვევაში სწორედ ეს ძალაა ხახუნის ძალის ხახუნის ძალის აღძვრის მიზეზი (ნახ.2).

ნახ.2
ამგვარად, ხახუნის ძალის აღძვრის ორი მიზეზი არსებობს: სხეულების მქისე ზედაპირების შემთხვევაში მათი უსწორმასწორობები ერთმანეთს ედება და წინააღმდეგობის ძალებს წარმოშობს, ხოლო ძლიერ გაპრიალებული ზედაპირების შემთხვევაში წინააღმდეგობის ძალების წარმოშობის მიზეზს შემხები სხეულების მოლეკულათა შორის აღძრული მიზიდულობის ძალა წარმოადგენს.
განასხვავებენ მშრალ და სველ ხახუნს.

განვიხილოთ მშრალი ხახუნი. ჰორიზონტალურ იატაკზე მოთავსებულ მაგიდას ვუბიძგოთ მცირე F ⃗ წევის ძალით (ნახ.3).

ნახ.3
იგი არ დაიძრა. რატომ? ცნობილია, რომ სხეული უძრავია, როცა მასზე მოქმედი ძალები აწონასწორებენ ერთმანეთს. მაშასადამე, მაგიდაზე ჩვენ მიერ მოქმედ ( F) ⃗ წევის ძალას აწონასწორებს საპირისპიროდ მოქმედი წინააღმდეგობის ძალა, რომელსაც უძრაობის ხახუნის ძალას უწოდებენ. ამ ძალას აქვს ერთი საინტერესო თვისება. მას შეუძლია გაიზარდოს ან შემცირდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა სიდიდის წევის ძალას მოვდებთ სხეულს. მართლაც, გავზარდეთ წევის ძალა, მაგიდა ისევ არ იძვრის. ეს კი სწორედ იმას ნიშნავს, რომ უძრაობის ხახუნის ძალაც გაიზარდა და წევის ძალის სიდიდეს მიაღწია. უსასრულოდ შეუძლია თუ არა ზრდა უძრაობის ხახუნის ძალას? არა, რა თქმა უნდა. უძრაობის ხახუნის ძალას გააჩნია თავის მაქსიმუმი და თუ წევის ძალამ გადაჭარბა უძრაობის ხახუნის ძალის სიდიდის მაქსიმუმს, მაშინ იგი წევის ძალას წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს და მაგიდა გასრიალდება. რაც უფრო მძიმეა მაგიდა, მით უფრო გვიჭირს მისი ადგილიდან დაძვრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჰორიზონტალურ ზედაპირზე მოთავსებული სხეულის მოძრაობისას აღძრული უძრაობის ხახუნის ძალის სიდიდის მაქსიმალური მნიშვნელობა სხეულის სიმძიმის ძალაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ეს ლოგიკურია, რადგან მეტი მასის სხეული მეტად აწვება ზედაპირს, ახდენს მის ინტენსიურ დეფორმაციას. ეს ფაქტი კი ხელს უწყობს ზედაპირის მხრიდან მეტი წინააღმდეგობის ძალის აღძვრას (ნახ.4).


ნახ.4
მაგიდის გასრიალების შემთხვევაში სრულიად მოისპო თუ არა ხახუნის ძალა? არა. სრიალის შემთხვევაში აღიძვრება სრიალის ხახუნის ძალა, რომლის სიდიდე უძრაობის ხახუნის ძალის სიდიდეზე მცირეა. ხოლო სრიალის ხახუნის ძალის სიდიდის კიდევ უფრო შესამცირებლად სხეულს გორგოლაჭებს უმაგრებენ. ასეთ შემთხვევაში სხეული სრიალიდან გადადის გორვაზე. ამ დროს აღიძვრება გორვის ხახუნის ძალა, რომლის სიდიდე სრიალის ხახუნის ძალის სიდიდეზე კიდევ უფრო მცირეა. სწორედ სრიალის ხახუნის ძალის სიდიდის შემცირების მიზნით იქნა გამოგონებული ბორბალი, რომელიც სამყაროში ყველაზე გენიალურ გამოგონებად ითვლება. ამგვარად, ხახუნის ძალის შემცირება შესაძლებელია, თუმცა მისი სრულად მოსპობა, ზემოთ აღწერილი მიზეზების გამო, შეუძლებელია.
სითხეში ან აირში მოძრავ სხეულზე მოქმედებს სიჩქარის საპირისპიროდ მიმართული ძალა, რომელსაც სველი ხახუნის ძალა ან წინააღმდგობის ძალა ეწოდება. იგი დამოკიდებულია იმ უდიდესი განივკვეთის ფართობზე, რომელიც მოძრაობის მიმართულების მართობულ სიბრტყეში აქვს სხეულს. ასევე დამოკიდებულია სხეულის ფორმაზე, მოძრაობის სიჩქარეზე, ზედაპირის დამუშავების ხარისხზე, სითხის აირის და სხეულის გვარობაზე.
ხახუნი შეიძლება იყოს სასარგებლოც და საზიანოც. მოლიპულ გზაზე სიარული რთულია, რადგან ზედაპირის შეჭიდულობა და შესაბამისად, ხახუნის ძალის სიდიდე მცირეა. ამ შემთხვევაში ხახუნი სასარგებლოა და ცდილობენ ხახუნის ძალა გაზარდონ. ამისთვის ყინულზე ქვიშას ყრიან. ხახუნის გასაზრდელად მანქანის საბურავებს რელიეფურ ხედაპირს უკეთებენ, ხოლო მოყინული ზედაპირის შემთხვევაში საბურავებს ჯაჭვებს შემოახვევენ. ხახუნის ძალის გასაზრდელად ფეხსაცმლის ლანჩების ზედაპირი დაღარულია და სპეციალური ბურცობებით არის დაფარული (ნახ.5).

ნახ.5
ხახუნი თუ საზიანოა, მაშინ ცდილობენ იგი შეამცირონ. ნებისმიერი მანქანა-დანადგარი მოძრავი ნაწილებისგან შედგება. ისინი მოძრაობისას ერთმანეთს ეხება, დგილი აქვს მათ გადახურებას და ცვეთას. აქ ხახუნი საზიანოა და საჭიროა მისი შემცირება. ამ მიზნით მოხახუნე ზედაპირებს შორის შეაქვთ საპოხი მასალა – უმეტესად ზეთები. ამგვარად მშრალი ხახუნი იცვლება სველით. ასეთ შემთხვევაში უკვე ერთმანეთს ეხება არა მექნიზმის მოძრავი ნაწილის ზედაპირები, არამედ საპოხი მასალის ფენები, მცირდება ხახუნი და შესაბამისად, მცირდება მოძრავი ნაწილების ცვეთა.
მექანიზმებში მბრუნავი დეტალების ცვეთის შესამცრებლად ასევე იყენებენ საკისრებს. საკისრის რგოლებს შორის ბურთულების თუ გორგოლაჭების გორვისას ხახუნის ძალა საგრძნობლად მცირდება.
ხახუნის ძალის შემცირების საკითხში მეცნიერები და კონსტრუქტორები ბევრს სწავლობენ ბუნებისაგან – აკვირდებიან დელფინის ფორმას, რომელიც მას საშუალებას აძლევს წყალში განავითარის დიდი სიჩქარე, სწავლობენ სახსრების ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს მთელი სიცოცხლის მანძილზე „ცვეთის და შეზეთვის“ გარეშე იმუშაონ დ ა.შ.
ამგვარად, ამ სტატიაში გავეცანით ხახუნის ძალას, მის გამომწვებ მიზეზებს, ხახუნის ძალის სახეებს და დავადგინეთ, რომ არსებობს როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო ხახუნი. მეცნიერები მუდმივად მუშაობენ და სწავლობენ, როგორ გაზარდონ სასარგებლო ხახუნი და შეამცირონ ის, როცა საზიანოა.

ლიტერატურა:

1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. ფიზიკა VIII კლასი. 2012 წ;
2. ელენე სურგულაძე, მანანა კასრაძე. ფიზიკა VIII კლასი. 2003 წ;
3. ილუსტრაციები აღებულია ვებ-გვერდიდან:
https://xaktly.com/Friction.html

ჰიპერმზრუნველობა: გამომწვევი მიზეზები, შედეგები და რეკომენდაციები მის დასაძლევად

0

საზოგადოება ხშირად კიცხავს, განიკითხავს, საყვედურობს მშობელს, რომელიც სათანადო ყურადღებას არ იჩენს შვილის მიმართ. ასეთი მშობლის ქცევა არცთუ იშვიათად საყოველთაო განხილვის საგნადაც იქცევა ხოლმე. თუმცა თითქმის არასოდეს ვსაუბრობთ იმის შესახებ, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ბავშვისთვის, მისი განვითარებისთვის, პიროვნების ფორმირებისთვის ჰიპერმზრუნველობა – ჭარბი ყურადღება, ზღვარგადასული მეურვეობა. არადა, ჰიპერმზრუნველობის შედეგები არანაკლებ საზიანოა, ვიდრე უყურადღებობისა.

ჰიპერმზრუნველი მშობლის ამოცნობა და სხვა ტიპის მშობლებისგან მისი გამორჩევა გარეშე თვალისთვის საკმაოდ ადვილია:

  • ასეთი მშობელი შვილს ადრეული ბავშვობიდანვე ართმევს არჩევანის თავისუფლებას, ყველაფერს, ბავშვთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს თავად;
  • ჰიპერმზრუნველი მშობელი მუდმივად ცდილობს, ბავშვი გვერდიდან არ მოიცილოს, რადგან თვლის, რომ ასე უფრო ადვილად მოახერხებს მის დაცვას ნებისმიერი საფრთხისგან;
  • ასეთი მშობელი დაჟინებით მოითხოვს ბავშვისგან, აკეთოს მხოლოდ ის, რასაც დედა ჩათვლის საჭიროდ, აკეთოს ისე, როგორც მიუთითებს, დამოუკიდებლობის უმცირესი გამოვლენის გარეშე. მის ლექსიკონში ჭარბობს ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „არა, ჩვენ იქ არ წავალთ, შენ ეს გჭირდება“, „ხელი მომკიდე და ისე იარე, დაეცემი“, „ხელს ნუ მიშლი, მე თვითონ ჩაგაცმევ, შენ ჯერ კიდევ ვერ გაართმევ ამას თავს“ და ა. შ. ბავშვი გათავისუფლებულია პრობლემების მოგვარების აუცილებლობისგან, რადგან გადაწყვეტილებები ან მზა სახით მიეწოდება, ან მიიღწევა მისი მონაწილეობის გარეშე;
  • ჰიპერმზრუნველი მშობელი შვილზე საუბრისას, როგორც წესი, იყენებს ნაცვალსახელს „ჩვენ“. ამით ის ქვეცნობიერად ხაზს უსვამს საკუთარ როლს შვილის ცხოვრებაში, იმას, რომ მის გარეშე ბავშვი ვერ მოახერხებს პრობლემის დაძლევას და სირთულის გადალახვას.

რა შეიძლება მოიტანოს ჰიპერმზრუნველობის გარემოში ბავშვის აღზრდამ, რით შეიძლება იყოს ის საზიანო?

* ასე აღზრდილი ბავშვი, როგორც წესი, ავლენს სირთულეების გადალახვის, მათი საღად შეფასების უუნარობას. ის კარგავს რთულ სიტუაციებში თავისი ენერგიის მობილიზაციის შესაძლებლობას და ელოდება დახმარებას უფროსებისგან, უპირველეს ყოვლისა, მშობლებისგან. მისთვის ნებისმიერი დაბრკოლება გადაულახავი ხდება და მომავალშიც მუდმივად სხვების დახმარების მოლოდინშია;

  • აკლია თავდაჯერება, დაქვეითებული აქვს თვითშეფასება. იზრდება მხდალ, უსუსურ, ინფანტილურ ადამიანად. უჭირს საკუთარი პოზიციის, საკუთარი აზრის დაცვა. არაადეკვატურად აღიქვამს როგორც საკუთარ თავს, ასევე გარე სამყაროს;
  • შეიძლება შეფერხდეს მისი განვითარება, ბავშვმა ვერ მოახერხოს სრულფასოვნად თვითრეალიზება, საკუთარი თავის პოვნა ცხოვრებაში და ძალიან უბედურად იგრძნოს თავი, გახდეს დეპრესიული;
  • არცთუ იშვიათად ასეთ ბავშვს უჭირს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა. ან საერთოდ ვერ ახერხებს სოციალიზაციას, ან ეს პროცესი მიმდინარეოს ნელა და მტკივნეულად. გარშემო მყოფებთან ურთიერთობას მთლიანად ანაცვლებენ მშობლები. ასეთი დამოკიდებულების პირობებში შფოთვის ხარისხი იმატებს და ბავშვი შეიძლება ისტერიულიც გახდეს;
  • განვითარების რთულ, კრიტიკულ პერიოდებში, გარდამავალ ასაკში, როცა, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ბავშვისთვის მიუღებელი ხდება ჰიპერმზრუნველობა, იწყება ამბოხება უფროსების წინააღმდეგ და კონფლიქტებიც გარდაუვალია. ასეთ დროს მოზარდი ან სახლიდან გარბის და ხვდება ცუდ წრეში, ან უბრალოდ იკეტება საკუთარ თავში და უარს ამბობს მშობლებთან ურთიერთობაზე, რაც აღმზრდელებს სერიოზულ თავსატეხს უჩენს;
  • ჰიპერმზრუნველობა, როგორც წესი, აფერხებს თვითმომსახურების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. ბავშვი დამოუკიდებლად არაფრის გაკეთებას არ ცდილობს, რადგან დარწმუნებულია, რომ მის ნაცვლად ყველაფერს სხვები გააკეთებენ;
  • ასეთი ბავშვებისთვის დამახასიათებელია თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის უნარის განუვითარებლობა. მათ არ შეუძლიათ საკუთარი ქცევის კონტროლი, რადგან მიეჩვივნენ, რომ მათ მაგივრად ამას ყოველთვის მშობლები აკეთებენ;
  • გამოირჩევიან ნებელობის განვითარების დაბალი დონით, მათთვის წარმოუდგენლად ძნელია ამა თუ იმ საქმის დაწყება და მისი ბოლომდე მიყვანა;
  • ჰიპერმზრუნველობის გარემოში მყოფი ბავშვისთვის ასევე დამახასიათებელია უზომო ეგოცენტრიზმი. ის საკუთარ თავს სამყაროს ცენტრად აღიქვამს და თვლის, რომ გარშემო მყოფი ყველა ადამიანი რაღაცით ვალდებულია მის წინაშე;
  • ჰიპერმზრუნველობას მივყავართ პათოლოგიურ მდგომარეობამდე – მშობლებს არ შეუძლიათ ბავშვის „გაშვება“, ბავშვს კი არ შესწევს უნარი, გათავისუფლდეს მშობლების მეურვეობისგან, მოჭარბებული ყურადღებისა და მზრუნველობისგან და დამოუკიდებლად დაიწყოს საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ მოქმედებაზე თავად აიღოს პასუხისმგებლობა, მოახერხოს თვითრეალიზება;
  • საინტერესოა, რომ როცა შვილი მშობლების ხელში ხდება თოჯინა, მათი პირადი ამბიციების დაკმაყოფილების საშუალება, ის დგება არჩევანის წინაშე – ან შეეგუოს მდგომარეობას და ამით დაკარგოს თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, ან ამბოხება მოუწყოს მშობლებს. უნდა ითქვას, რომ ასეთი ამბოხება ნაკლებსახიფათოა, ვიდრე უსიტყვო მორჩილება და სიტუაციასთან შეგუება.

 

ჰიპერმზრუნველობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად ხდება:

  • პირველი შვილი;
  • დედისერთა;
  • დიდი ხნის ნანატრი შვილი;
  • ნაბოლარა;
  • ბავშვი, რომელსაც ერთი მშობელი ზრდის ან რომელსაც გარდაეცვალა უფროსი და ან ძმა;
  • სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვი.

ჰიპერმზრუნველობის ინიციატორი და განმხორციელებელი უმეტესად დედაა.

  • ჰიპერმზრუნველობის მიზეზად ხშირად იქცევა მშობლების ზღვარგადასული შფოთვა ბავშვის გამო. „ათასი უბედურება ხდება ამქვეყნად, უმჯობესია, მუდამ გვერდით მყავდეს, ასე უფრო დაცული იქნება და მეც უფრო მშვიდად ვიგრძნობ თავს“, – ასეთი აზრები ჰიპერმზრუნველი მშობლისთვის ტიპურია;
  • საკუთარი სურვილების, ინტერესების, მისწრაფებების განუხორციელებლობის შემთხვევაში მშობლები შვილს პროექტად, ცხოვრების აზრად აქცევენ, თავს მთლიანად მას უძღვნიან, ბავშვის მოთხოვნილებებს, ინტერესებს უგულებელყოფენ და ცდილობენ, მისი საშუალებით მოახდინონ იმის რეალიზება, რაც თავად არ გამოუვიდათ. ასეთ დროს ბავშვი იძულებულია, იცხოვროს იმ ცხოვრებით, რომელზეც ოცნებობდნენ მშობლები – სწავლობს მუსიკას, ცეკვას, ირჩევს არასასურველ პროფესიას მხოლოდ იმიტომ, რომ ასე სურს მშობელს. ჰიპერმზრუნველობა ასეთი მშობლისთვის ერთგვარი შურისძიებაა პირადი წარუმატებლობის გამო ან მიაჩნია, რომ მას აქვს ბედნიერებისა და წარმატების უნიკალური რეცეპტი და ამიტომ შვილი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს და ასრულებდეს მის მითითებებს;
  • ჰიპერმზრუნველობას შეიძლება საფუძვლად ედოს მშობლის პირადი გამოცდილება და ტრადიციები. თავად ასეთივე გარემოში იზრდებოდა და ვერც კი წარმოუდგენია, რომ შეიძლება, შვილი სხვაგვარად აღზარდოს.

 

რეკომენდაციები

სანამ ბავშვი პატარაა, მასზე უწყვეტ ზრუნვას არ შეიძლება ვუწოდოთ ჰიპერმზრუნველობა. სავსებით ნორმალურია, მშობლებს უნდოდეთ პატარას დაცვა გარემომცველი სამყაროს საფრთხეებისგან და მისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. მაგრამ თუ ბავშვის, მისი ნებისმიერი მოქმედების მუდმივ კონტროლს მშობელი მაშინაც აგრძელებს, როცა ის უკვე მოზრდილია და შეუძლია, დამოუკიდებლად გადალახოს სირთულეები, საქმე გვაქვს ჰიპერმზრუნველობასთან. ბალანსის დაცვა ჰიპერმზრუნველობასა და უყურადღებობას შორის არცთუ ისე ადვილია. ნებისმიერ მშობელს სურს, მისი შვილი მყარად იდგეს ფეხზე, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მივცეთ.

  • როცა პატარა რამის გასაკეთებლად სერიოზულ ძალისხმევას ამჟღავნებს, ნუ ეცდებით საქმის მის მაგივრად გაკეთებას, მით უმეტეს, თუ ის დახმარებას არც გთხოვთ. საერთოდ, მშობლისთვის უფრო ადვილია, თავად გააკეთოს ყველაფერი, ვიდრე დაელოდოს, სანამ ამას ბავშვი იზამს. ეს უფროსების ყველაზე გავრცელებული შეცდომაა. ბავშვი ან მეტისმეტად ნელა ირჯება, ან „ისე არ აკეთებს“, როგორც საჭიროა, მშობელს კი უნდა, ყველაფერი სწრაფად, ხარისხიანად, სწორად გაკეთდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე საჩქაროა. ასეთ დროს ბავშვს ვუკარგავთ შესაძლებლობას, შედეგზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და ამგვარად მას სხვებზე დამოკიდებულ პიროვნებად ვზრდით.
  • ნუ ვეცდებით ნებისმიერი სირთულისგან ბავშვის დაცვას. ერიდეთ მის მიმართ სიბრალულის გამომჟღავნებას, როცა რამე არ გამოსდის. ბავშვისთვის აუცილებელია, განიცადოს სირთულეები, რომლებსაც ეჯახება. სირთულეების გადალახვის გარეშე ძლიერი პიროვნება ვერ ჩამოყალიბდება, ვერ ისწავლის ცხოვრებას და პრობლემებისთვის თავის გართმევას.
  • გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს აქვს შეცდომის დაშვების უფლება. შეიძლება, ჩვენთვის არასასურველი ნიშანიც მიიღოს – ეს სრულიადაც არ არის ტრაგედია. უმჯობესია, ბავშვმა შეცდომა დაუშვას და ცუდი ნიშანი მიიღოს, ვიდრე ჩვენ შევასრულოთ მისი დავალება. მივცეთ ბავშვს საშუალება, დაუშვას შეცდომები და იპოვოს გზები მათ გამოსასწორებლად. ის სწორედ მაშინ სწავლობს ცხოვრებას, როცა თავად გადალახავს დაბრკოლებებს.
  • ნუ შეგაშინებთ ის, რომ ბავშვი შეიძლება განაწყენდეს, გაბრაზდეს. ხშირად პატარა უარს ამბობს ისეთი რამის გაკეთებაზე, რაც კმაყოფილებას არ ანიჭებს და ამ საქმეს გასაკეთებლად მშობლებს გადასცემს. თუ დედა ნებდება შვილის პროტესტს და თავად აკეთებს ყველაფერს მის ნაცვლად, ბავშვი მომავალშიც იმავეს გაიმეორებს და უნებისყოფო, სუსტ, სხვაზე დამოკიდებულ პიროვნებად ჩამოყალიბდება. დავეხმაროთ მას რთული დავალებების შესრულებაში, მაგრამ ნურაფერს გავაკეთებთ მის ნაცვლად. ასეთი დამოკიდებულების პირობებში ბავშვი სრულფასოვნად მოსინჯავს საკუთარ ძალებს, უფრო სწრაფად გახდება დამოუკიდებელი და გაუჩნდება პასუხისმგებლობის გრძნობა. შვილის სიყვარული მის ნაცვლად ცხოვრებას არ ნიშნავს.
  • უფრო მეტად ვენდოთ ბავშვს, თუნდაც პატარა და უსუსური გვეჩვენებოდეს. ვეცადოთ, საღად შევაფასოთ მისი ძალები, გვჯეროდეს, რომ ის თავს გაართმევს დავალებას.
  • მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება. დაე, თავად შეარჩიოს მეგობრები, თავად იფიქროს, რა ჩაიცვას დღეს, რა ჭამოს. თუ გვეშინია, რომ სწორ არჩევანს ვერ გააკეთებს, პატივისცემით მიწოდებული რჩევაც საკმარისი იქნება. ამ გზით ის ისწავლის გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას. ვეცადოთ, მოვუსმინოთ და გავუგოთ ბავშვს, პატივი ვცეთ მის სურვილებს. თუ ის ამბობს, რომ რაღაც არ უნდა, ნუ ვაიძულებთ ამის გაკეთებას სიტყვებით „დედამ უკეთესად იცის, რა გინდა!“

 

დიახ, დამოუკიდებელი, ძლიერი პიროვნების აღზრდა გაცილებით ძნელია, ვიდრე დედიკოს ბიჭისა ან დედიკოს გოგოსი, რომელიც მთელი ცხოვრება დედის კალთას იქნება მიწებებული. სამაგიეროდ, დამოუკიდებელი ბავშვი მომავალში გაცილებით წარმატებული და ბედნიერი იქნება.

როგორ უნდა ბავშვის სიყვარული

0

ცოტა ხნის წინ, როდესაც საოჯახო ბიბლიოთეკის წიგნებს ვახარისხებდი, თვალში მომხვდა წიგნი, რომელიც მანამდე მაჩუქეს, სანამ ჩემი შვილები გაჩნდებოდნენ.

 

„როგორ უნდა ბავშვის სიყვარული“ – ასე ჰქვია აღმზრდელობითი ხასიათის ესეების კრებულს, რომლის ავტორი იანუშ კორჩაკია. პოლონელი პედაგოგი და საბავშვო მწერალი, რომლის ნამდვილი სახელია ერიხ ჰენრიხ გოლდშმიდტი, ჩვეული მგრძნობიარობით და სიფაქიზით ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა ბავშვის დაბადება, მისი აღზრდა, დედობრივი გრძნობა, ოჯახის სამყარო, გარემო პირობები და მათი ზეგავლენა ბავშვზე და სხვა იმ აქტუალურ საკითხებს, რომლებიც ბავშვებთან ახლოს მყოფ ადამიანებს გვაინტერესებს და გვჭირდება.

იანუშ კორჩაკის შემოქმედების ცენტრალური ხაზი ბავშვის უპირობო სიყვარული და მისი სწორად აღზრდა, მისი პიროვნების დანახვა და დაფასებაა. ალბათ არასდროს ყოფილა ისეთი ხელმსაწვდომი ბავშვის აღზრდის საკითხებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ლიტერატურა, როგორიც თანამედროვე სამყაროში, სადაც ყოველდღიურად ზღვა ინფორმაციაში ვიძირებით. ამ დროს ფასდაუდებელი საგანძურია იანუშ კორჩაკის პედაგოგიური რჩევები და დარიგებები, რომლებიც გამთბარია ბავშვებზე ფიქრით, ნასაზრდოებია მათზე დაკვირვებით, რის გამოც არასდროს კარგავს აქტუალობას.

იანუშ კორჩაკის ეს წიგნი პირველი მსოფლიო ომის დროს, 1914-1918 წლებში, ავტორის ფრონტზე ყოფნისას დაიწერა. ესეების კრებული ოთხი თავისგან შედგება: „ბავშვი ოჯახში“, „ინტერნატი“, „საზაფხულო ბანაკები“, „ობოლთა სახლი“. ავტორი ყურადღებას ამახვილებს წვრილმან დეტალებზე, რომლებიც ბავშვის აღზრდის პროცესში შეუმჩნეველი რჩება, მერე კი მძიმე შედეგებს იწვევს.

თანამედროვე აღზრდა იქითაა მიმართული, რომ ბავშვი მოხერხებლი იყოს, თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაძინოს, დათრგუნოს, გაანადგუროს ყოველივე ის, რაც არის ნება და თავისუფლება, სულიერი სიმტკიცე, ძალა მისი მოთხოვნილებებისა. ზრდილობიანი, გამგონე, კარგია, მოხერხებლია და არც არავის მოაფიქრდება, რომ შინაგანად ეს ბავშვი უნებისყოფო, ცხოვრებაში ბრძოლის უნარს მოკლებული იქნება.

ამ სიტყვების კითხვისას ვის დავინახავდი, თუ არა საკუთარ თავს, რომელიც ზოგჯერ ოცნებობს, მისი შვილები ნაკლებად ხმაურიანები იყვნენ, ნაკლებად აქტიურები, სწრაფად ისაუზმონ, ისადილონ, ივახშმონ, სწრაფად გაიხეხონ კბილები და სწრაფადვე დაიძინონ. ერთი სიტყვით, სწრაფად იცხოვრონ და უბრალოდ ისეთები გახდნენ, ისეთი დამყოლები, რომ ჩვენთვის მათთან ერთად ცხოვრება უფრო კომფორტული იყოს.

აღმზრდელობით რუტინაში ჩათრეული მშობლები უამრავ შეცდომას ვუშვებთ და იმწუთას ვერც კი ვიაზრებთ სიტუაციის სიმძიმეს; არ ვუფიქრდებით, რამდენად უარყოფით შედეგებს გამოიწვევს ჩვენი დაუფიქრებელი საქციელი. მერე კი, როდესაც ბავშვები წამოიზრდებიან, ვიწყებთ ხელჩართულ ბრძოლას მათ შესაცვლელად, მათი ძლიერი ნების მოსადრეკად. ვიბრძვით, რომ არ იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან, უსიტყვოდ დაგვემორჩილონ და არ შეგვეწინააღმდეგონ, როდესაც რამეში არ გვეთანხმებიან.

ბავშვი იტყვის ასე: საკუთარი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო“, – და შენც, დედა, უპასუხებ:იცხოვრე საკუთარი ცხოვრებით“, – წერს კორჩაკი.

და სევდიანია ეს გაშვებაც… პირველ რიგში, ალბათ სწორედ ეს უნდა ვისწავლოთ მშობლებმა: ბავშვები, რომლებიც რაღაც ძალით ჩვენს ცხოვრებას დაუკავშირდნენ, თავისუფალი ნების მატარებლები არიან და ჩვენსას ვერ დავუქვემდებარებთ.

ჰოდა, ურჩევ მას, როგორი უნდა იყოს, როგორ უნდა იცხოვროს. მერე რა, რომ ირგვლივ ერთფეროვნებაა და ცხოვრება ჩვეულებრივ მიდის. ვინ უნდა გამოვიდეს შენი შვილი? მებრძოლი თუ მუშაკი? სარდალი თუ ჯარისკაცი? თუ უბრალოდ ბედნიერი? ბედნიერება კი სადაა, ბედნიერება კი რაღაა? იცი კი მისკენ მიმავალი გზა? არსებობს კი ადამიანი, ვინც ეს იცის?

 

ამ კრებულში ვერ შეხვდებით რეცეპტებს და მითითებებს, როგორ აღვზარდოთ შვილები და როგორ ვიზრუნოთ მათზე, რადგან თითოეული ბავშვი უნიკალურია, ძნელია, ყველა პატარა ერთ, ყველასათვის მოსაწონ ყალიბს მოარგო და ამის მიხედვით მართო მისი პიროვნება. იანუშ კორჩაკის აზრით, ბავშვის სიყვარული და მისი სწორად აღზრდა ნიშნავს მივენდოთ მშობლობის გუმანს, დავაკვირდეთ ჩვენს შვილებს, მათ ემოციებს და სურვილებს და ფრთხილად, ოდნავ ხელის ცეცებით და ფეხაკრეფით გავიკვლიოთ გზა მათი სამყაროსკენ, მათი გულებისკენ.

 

პავლიკოვსკი და კნაუსგორი      

0

პირველ ნოემბერს, მწერალთა სახლში, პოლონელ რეჟისორს, „იდას“, „ცივი ომის“ ავტორს, პაველ პავლიკოვსკის თავისი ფილმებისა და ცხოვრების შესახებ უნდა ესაუბრა. ნახევრად ცარიელ დარბაზში ისეთი ადგილი შევარჩიე, მისი სახის გამომეტყველება კარგად რომ დამენახა და უმნიშვნელო ჩრდილის გადარბენაც კი არ გამომპარვოდა. არა, ბევრს არაფერს ველოდი ამ შეხვედრისგან – ალბათ იმას გაიმეორებდა, რაც სხვაგან, სხვა აუდიტორიის წინაშე ეთქვა. ისიც ვიცოდი, რომ მზის შუქზე მწერალთა სახლში არ ვიტირებდი და გულდამშვიდებული ვემზადებოდი მის მოსასმენად.

„ცივი ომი“ შარშან, ნოემბრის ბოლოს ვნახე კინოთეატრში. ფილმის დაწყებიდან ათი წუთიც არ იქნებოდა გასული, სიბნელეში რომ ვტიროდი და სველ სახეზე ხელისგულს ვისვამდი. დარჩენილი დრო – საათი და ოცი წუთიც ტირილში გავატარე. ამ ფილმის ხელახლა სანახავად გამბედაობა აღარ მყოფნის – ცეცხლთან მიახლოებასავით იქნება, ახლად დამწვარი სხეულით.

პაველ პავლიკოვსკიმ გვითხრა, რომ ფილმში თავისი მშობლების ამბავს მოჰყვა, რომ მისი წარმოდგენა სიყვარულზე ბოლომდე განსაზღვრა დედამისისა და მამამისის სასიყვარულო ისტორიამ – განშორებების, შეხვედრების, ერთმანეთისგან გაქცევის, ერთმანეთის ხელახლა აღმოჩენის, გაუნელებელი გრძნობის ათწლეულებმა. თუმცა ბავშვობაშივე გადავწყვიტე, რომ ჩემი ცხოვრება სხვანაირი უნდა ყოფილიყო – ნაკლებად ქაოსური, ნაკლებად დამოკიდებული იმგვარ შემთხვევითობებზე, მოვლენათა მსვლელობას მიმართულებას რომ უცვლიანო, – ესეც დაამატა. ერთი სიტყვით, ცხოვრებისთვის, ისევე როგორც სიყვარულისთვის ფორმა თვითონ უნდა მიეცა და, როგორც თქვა, მოახერხა კიდეც.

ამ შეხვედრიდან ცოტა ხნის შემდეგ წიგნის კითხვა დავიწყე, სადაც მთავარი გმირი გამუდმებით ტირის და სწორედ ამის გამოა, რომ შენიანად აღიქვამ და აღარც მისი გაუმართლებელი, ზღვარგადასული გულწრფელობა გეუცხოება. შესაძლოა სხვა წიგნებს სხვა რამის გამო კითხულობდე, ნორვეგიელი მწერლის, კარლ უვე კნაუსგორის „ჩემი ბრძოლა“ კი თავს იმიტომ გაკითხებს, ავტორი რომ დამწვარ ხელებს გიწვდის და საშუალებას გაძლევს, მათ დიდხანს დააკვირდე, ძალიან დიდხანს. ეს ავტობიოგრაფიული წიგნია და მწერლის ამოცანაც, ერთი შეხედვით, მარტივია: თავის ამბავს ისე უნდა მოგიყვეს, რომ კითხვის გაგრძელების სურვილი არ დაგეკარგოს. აქ კი გვერდებს შორის სანიშნის ჩადება აღარ გინდა, ბოლომდე ქრები ჩრდილოეთის უსასრულო ღამეში, თოვლში, მკვლელ სიცივეში.

თავიდან ბავშვობის, ბიჭობის, პირველი სიყვარულის, სკოლის წლების ისტორიებია. კარლ უვესა და მისი მასწავლებელი მამის ურთიერთობა დროდადრო დაძაბულობის ისეთ ხარისხს აღწევს, ბნელ ჩიხს თვალნათლივ ხედავ. და რა უნდა იყოს ამის შემდეგ? მამას თითქოს შეუძლია, ერთდროულად ყველგან დადიოდეს, ყველაფერს ხედავდეს, ყველაფერი ესმოდეს. მისი უკმაყოფილო სახე შვილს გადაულახავ წინაღობად ექცევა. არის დღეები, როცა უმნიშვნელო ქმედების შესრულებაც კი გამორიცხულია ამ დიდ, დამთრგუნველ ფიგურაზე, მის საპასუხო რეაქციაზე ფიქრის გარეშე. არადა, ახალი წელი მოდის, ბიჭი სიხარულს ეძებს, იმედი ჯერ არ დაუკარგავს, სიცოცხლე უნდა, სიყვარული უნდა, მეგობართან ერთად თავაწყვეტილი მხიარულება უნდა…

სიყვარული. „ის სიყვარული ალბათ უდიდესი იყო, რადგან ყველაფერი მეუცხოებოდა. ჩემთვის სამყარო ჰანეს გარშემო ბრუნავდა. დილაობით სკოლაში მისვლა ჰანეს გამო მიხაროდა. თუ ავად გახდებოდა ან სკოლას სხვა მიზეზით გააცდენდა, ყველაფერს მაშინვე აზრი ეკარგებოდა. მინდოდა, ის დღე მალე გასულიყო. რატომ? რას ველოდი? ერთმანეთს არ ვეხვეოდით და არც ვნებიანად ვკოცნიდით. მსგავსი ურთიერთობა არ გვქონია. სამაგიეროდ, იმ წუთებში, როცა მხარზე უბრალოდ ხელს დამადებდა, ან მეგობრულად გადამეხვეოდა, როცა დამინახავდა და გამიღიმებდა, ანდა როცა ჩემს ხუმრობაზე გაიცინებდა, უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი“. სიყვარული დიდ განსაცდელად იქცევა, როცა ასეთია – მწვერვალიდან უფსკრულში, უფსკრულის სიღრმიდან მწვერვალისკენ ყურება გამძლეობას, მუდმივ ტკივილთან შეგუებას მოითხოვს.

ბავშვობაშიც ტირის კარლ უვე და მერეც, როცა ჰანე დიდი ხნის დავიწყებული ჰყავს, მამა კი სულაც აღარ ეღობება ცხოვრების გზაზე. ყოველ შემთხვევაში – ძველებურად აღარ. ხან მხოლოდ თვალები უწყლიანდება, ხან კი ცრემლებს ვერაფრით იკავებს. მახსენდება წიგნები, სადაც ცრემლების გუბეები დგას და სხვებიც, რომლების ფურცლებიც ბავშვობისას თუ მერე დამისველებია. მახსენდება მამაჩემიც, მწვანე დივანზე რომ იწვა ნამტირალევი სახით, მე კი, მუხლებზე დამდგარი, თავზე ხელს ვუსვამდი და ტირილის მიზეზს მშვენივრად ვხვდებოდი. რა განსაზღვრა იმ დღემ? პასუხის გაცემა რომ მომინდეს, კნაუსგორის მიმბაძველად უნდა ვიქცე – სხვა ჩრდილოეთში სხვა თოვლს უნდა შევუშვირო სახე. არადა, არის პავლიკოვსკის გზაც – ისიც საშიში, მოლიპული, ძნელად სავალი.

 

იგავი და იგავ-არაკი

0

რა განსხვავებაა იგავსა და იგავ-არაკს შორის? ეს ერთი და იმავე ჟანრის ორი სხვადასხვა სახელწოდებაა თუ არსებითად ორი სხვადასხვა ჟანრია? შეგვიძლია თუ არა ეს აღმნიშვნელები გამოვიყენოთ, როგორც სინონიმები?

ამ კითხვებს მოსწავლეები ხშირად გვისვამენ ხოლმე. ჩემი დაკვირვებით, როდესაც პასუხი მექანიკური, მზამზარეული და პირდაპირია, მოსწავლე ისმენს, იაზრებს, მაგრამ მალევე ივიწყებს, ამიტომ თუ რომელიმე ცნების ან ტერმინის ახსნა მინდა, სამუშაოსაც წინასწარ ვგეგმავ იმის გათვალისწინებით, რომ “რაც მოვისმინე – დამავიწყდა, რაც დავინახე – დავიმახსოვრე, რაც გავაკეთე – გავიგე“.

იგავისა და იგავ-არაკის თემის შესატანად წინასწარ ვარჩევ ორ ტექსტს. თითოეული შეიცავს ჟანრის სპეციფიკურ მახასიათებელს. მაგალითად, შეიძლება რომელიმე სახარებისეული იგავის ( დავაკვირდეთ, არასდროს ვიტყვით და დავწერთ სახარებისეული იგავ-არაკი) და სულხან-საბას იგავ-არაკის მომზადება. თუმცა კლასის ინტერესებისა და მზაობის გათვალისწინებით, შესაძლებელია სხვა იგავებისა და იგავ-არაკების შეტანაც.

ამჯერად სანიმუშოდ ერთ აღმოსავლურ იგავს და საბას იგავ-არაკს შემოგთავაზებთ.

ვისია საჩუქარი?
იაპონიაში, ერთ პატარა დასახლებაში, ცხოვრობდა ბრძენი მოხუცი სამურაი. ერთხელ,მოწაფეებით გარშემორტყმული, მშვენიერი ხის ქვეშ მყუდროდ მოკალათებული, საუბრობდა თავის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. უცბად მას მიუახლოვდა ახალგაზრდა, ძალიან ღონიერი სამურაი, რომელიც განთქმული იყო სისასტიკით და უხეშობით. ახალგაზრდა სამურაის საყვარელი ხრიკი იყო მოწინააღმდეგის გამოყვანა წყობიდან – იწყებდა მის ლანძღვას, ამცირებდა, წყობიდან გამოიყვანდა, გააგულისებდა და საბრძოლველად გამოიწვევდა. ბრაზისა და წყენისგან გაალმასებულ მოწინააღმდეგეს ახალგაზრდა სამურაი ადვილად ამარცხებდა, რადგან ის შეცდომას შეცდომაზე უშვებდა.

ახალგაზრდა მიუახლოვდა მოხუცს და მის ლანძღვას მიჰყო ხელი. საზარელ სიტყვებს უწოდებდა, იფურთხებოდა, კენჭებსა და ხის რტოებს ისროდა მოხუცის მიმართულებით. მოხუცი კი მშვიდად განაგრძობდა საუბარს თავის მოწაფეებთან, ყურადღებას არ აქცევდა ახაგაზრდა სამურაის და თავისას ჰყვებოდა. ასე გაგრძელდა დღის ბოლომდე. ბოლოს და ბოლოს ახალგაზრდა სამურაის ძალა გამოელია, გასავათებული ჩაიკეცა, ცოტა ხნის შემდეგ კი წამოდგა და შინისკენ გალასლასდა.
გაკვირვებულმა მოწაფეებმა ჰკითხეს მასწავლებელს:
-თქვენ ადვილად შესძლებდით ამ უზრდელის დამარცხებას. რატომ არ გამოიწვიეთ ბრძოლაში? რად არ მოსთხოვეთ პასუხი შეურაცხყოფისთვის?
ბრძენმა სამურაიმ უპასუხა:
-ბუდა ასე ამბობდა: თუ ვინმე მოვა თქვენთან საჩუქრით, თქვენ კი არ მიიღებთ მას, ვის დარჩება ეს საჩუქარი?
-იმას, ვისაც ეკუთვნის, იმას, ვინც ჩუქებას აპირებდა – უპასუხა ერთ-ერთმა მოწაფემ.
-იგივე ეხება შურს, შეურაცხყოფას, ბოღმას, ლანძღვას. თუ თავად არ მიიღებ ამ „ძღვენს“, იმასვე დარჩება, ვინც ამას შენთვის არ „იშურებს“.
ნალბანდი მგელი
ერთი მგელი მოუხდა ვირსა, შეჭმას ლამობდა.
ვირმა უთხრა: ვიცი, შემჭამ, ეს ანდერძი ამისრულე: ქაჩაჩში ლურსმნის ნატეხი დამრჩა და იგი ამოიღეო!
მგელმან პირი მიჰყო, უნდა ამოეღო. ვირმა წიხლი ჰკრა, კბილები ჩაამტვრია მგელსა. ვირი ვეღარ შეჭამა.

მგელმან თქვა: მამაჩემი ხარაზი იყო, მე ნალბანდობას რა მრჯიდაო?

ტექსტების ლექსიკურ და შინაარსობრივ დონეზე დამუშავების შემდეგ საკლასო სამუშაო ისე უნდა წარიმართოს, რომ მოსწავლეებმა თავად აღმოაჩინონ როგორც მსგავსებები, ისე განსხვავებები. იგავისა და იგავ-არაკის ჟანრობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით, სასურველია, დაისვას ამგვარი კითხვები:

რომელი ტექსტის მოქმედი გმირები არიან ცხოველები?
რომელი ტექსტია მეტად სატირული ( ან იუმორისტული და კომიკური)?
რომლის ენა და სტილია სადა, მარტივი, ავტოლოგიური (როდესაც სიტყვები და გამოთქმები გამოიყენება პირდაპირი მნიშვნელობით, მეტაფორისა და სიმბოლიზმის გარეშე)?
რომელი ტექსტია მეტად ფილოსოფიური/ფსიქოლოგიური/რელიგიური ხასიათისა? (ამათგან ყველა ან ერთ-ერთი, თქვენ მიერ შერჩეული ტექსტის მიხედვით).
რომელი ეხება ზნეობრივ თემას მეტად და რომელია გაჯერებული მეტაფორულ-სიმბოლური სახეებით?
რა აერთიანებს ორივე ტექსტს?

მსჯელობისას გამოთქმული მოსაზრებები მოსწავლეებმა წერილობით უნდა მოაწესრიგონ და სამუშაო რვეულებში ჩაინიშნონ განმარტებები.

საბოლოოდ, ჩატარებული სამუშაოს შემდეგ უნდა გამოიკვეთოს, რომ:

იგავ-არაკი არის ეპიკური ჟანრი, რომელიც დამრიგებლური ხასიათისაა და რომლის მთავარი გმირები, მეტწილად, არიან ცხოველები, მცენარეები, საგნები, რომლებშიც ნაგულისხმევია ადამიანი ( გამოყენებულია გაპიროვნება). იგავ-არაკი ალეგორიულია. მეტწილად – იუმორისტული ( სატირული ან კომიკური). არ ახასიათებს მეტაფორული სტილი. ენა სადაა, ავტოლოგიური. პერსონაჟები, ძირითადად, სქემატური და სტერეოტიპულია ( ცბიერი/მსუნაგი მელა, ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ გულუბრყვილო დათვი…). იგავ-არაკებში დამხმარე გმირები ადამიანებიც არიან ხოლმე.
იგავი – ასევე ეპიკური ჟანრია, დიდაქტიკურ-ალეგორიული მცირე ფორმის ტექსტი საყოფაცხოვრებო, ისტორიულ, ფილოსოფიურ, რელიგიურ, ზნეობრივ, ფსიქოლოგიურ თემებზე. იგავ-არაკისგან განსხვავებით გამოირჩევა ფსიქოლოგიზმით, არ გვხვდებიან სტერეოტიპული გმირები, ამბავს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, გამოყენებულია მეტაფორული აზროვნება. ხასიათდება ამაღლებული განწყობით. იშვიათად გვხვდება იუმორის სახეები ( სატირა, კომიკური ელემენტები…).
ორივე ჟანრის საერთო მახასიათებელია ის, რომ მათ შეგონების ფუნქცია აქვთ. ორივე დიდაქტიკურ-ეთიკურია. როგორც წესი, სრულდება აფორიზმით, რომელსაც მორალსაც უწოდებენ ხოლმე.

სამაგიდო თამაშები გრამატიკის წესებით

0

გრამატიკა მოწესრიგებული, იერარქიული სისტემაა, ძალიან ლოგიკური და კანონზომიერი, მაგრამ რატომღაც ამ ერთიანობის, სისტემურობის განცდა არ აქვთ ჩვენს მოსწავლეებს. ისე ხდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კლასში, ლიტერატურასთან ინტეგრირებით თუ ცალკე, ჩვენ მათ ვასწავლით მნიშვნელოვან გრამატიკულ საკითხებს, მორფოლოგიას თუ სინტაქსს, მათ მაინც უჭირთ ამ ფაზლის გაერთიანება და პრაქტიკული გამოყენება.

თამაში საუკეთესო მეთოდი და საშუალებაა სწავლებისათვის, ეს უკვე დამტკიცებული, წყალგაუვალი ჭეშმარიტებაა, როდესაც თამაში განათლების სამსახურში დგება, შედეგი ყოველთვის სასიკეთოა.

სამაგიდო საგანმანათლებლო თამაშებს უკვე ქართულ  სკოლებშიც იყენებენ მასწავლებლები, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, როდესაც რუტინული, მოსაწყენი გაკვეთილის ჩარჩოებს გამოვარიდებთ, როგორი  სხვანაირები ხდებიან ჩვენი მოსწავლეები, ყველა იდეა უცებ ნათდება მათ ჭკვიან თავებში, შემოქმედებითი პროცესი იწყება, პროცესი, რომელიც ატრიალებს დედამიწას, სიყვარულისა არ იყოს.

ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ერთი დიდი თავადასავლის შექმნა გრამატიკის გაკვეთილისგან, ენის სხვადასხვა დონის, ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგის გამოყენება თამაშის პროცესში.

ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ენის პირამიდაზე ვერასდროს ავინაცვლებთ, თუ რომელიმე საფეხურს გამოვტოვებთ.

თუ სამეტყველო პროცესი არ გავიაზრეთ, ფონეტიკა-ფონოლოგიის რთული გზა არ გავიარეთ, ხმოვნებისა და თანხმოვნებისაგან სიტყვები არ შევქმენით, ვერასდროს დავიწყებთ მეტყველებას.

თუ სიტყვები, რომელიც ამ ბგერა/ფონემათა საშუალებით შეიქმნა, სწორად არ ვმართეთ, სწორი მორფემებით არ აღვჭურვეთ და ბრუნება – უღლების პროცესი არასწორად წარვმართეთ, არ გვექნება წინადადება, შესაბამისად, არ გვექნება აზრი! და თუ აზრი არ გვექნება, აბა, რა აზრი ექნება ჩვენს გაკვეთილს საერთოდ? დაიბენით? ცოტა უცნაური წინადადებაა.

შემდეგი ეტაპი – გვაქვს სიტყვა, მორფოლოგიური ერთეული და მისი მართვის წესებიც ვიცით, თუ ორი სიტყვა ერთმანეთს არ დავუკავშირეთ, თუ სინტაქსური ფერხულის, გნებავთ, ხორუმის სინქრონი არ ვიხილეთ, ამბავს როგორღა მოვყვებით? აბზაცს როგორღა ავაშენებთ? ტექსტი როგორ დაიბადება?

კარგი, ვთქვათ სინტაქსური კავშირებიც შედგა ( ვიცი, რომ კალკი გამოვიყენე), წინადადებებიც გვაქვს, რთულიც, მარტივიც, ათასგვარი ქვეწყობა-თანწყობის სახეებით, თუ ამ ტექსტის მიზანი არ დავადგინეთ, ტექსტის პრაგმატიკასაც არ შევეხეთ, ტექსტი არ გავაშინაარსეთ, ხომ არ დავიკარგებით ტექსტების ოკეანეში, ასე პოპულარული ტრავოლტას გიფივით?

მაშ, ასე, შევთანხდმით, რომ ურთიერთდამოკიდებული სისტემისგან შესანიშნავი სამაგიდო ( და არა მხოლოდ სამაგიდო) თამაშის შექმნა შგვიძლია, როგორ? აი, წარმოიდგინეთ:

  1. ენის ყოველი საფეხური, ყოველი დონე სხვადასხვა ეტაპია, ფონეტიკური ეტაპის გადალახვისას, მორფოლოგიურში ხვდებით, მორფოლოგიიდან სინტაქსში, სინტაქსიდან სემანტიკაში.
  2. თამაშის ერთეული დონეების მიხედვით არის – ასო-ბგერა, მარცვალი, სიტყვა, მორფემა, სიტყვათა კავშირი, წინადადება, აბზაცი, ტექსტი.
  3. ქაღალდის პლაკატზე, რომელიც ჩვენი თამაშის მთავარი ობიექტია, დახატულია ენის სხვადასხვა დონე, სხვადასხვაგვარი ქულობრივი სისტემით, ასევე, სხვადასხვაგვარი სიტუაციის გამომხატველი ამბები,
  4. მოთამაშეებს ხელთ უპყრიათ სათამაშო კონვერტი, სადაც ჩალაგებულია თამაშის ერთეულების გამომხატველი ბარათები;
  5. თამაშის მიზანია, ერთეულის შეკრებისა და სინთეზის გზით, ბგერიდან სიტყვა მივიღოთ, სიტყვიდან წინადადება, წინადადებიდან აბზაცი, რომელიც ასახავს თამაშის რუკაზე დახატულ ამბავს.
  6. საჭიროა ჯგუფური მოქმედება, თუ რომელიმე მოთამაშეს რომელიმე სიტყვის შესადგენად აკლდება ბგერა, ან აქვს სიტყვა და არ აქვს საჭირო მორფემა, მაგალითად, ბრუნვის ნიშანი, მას შეუძლია გაუცვალოს თანამოთამაშეს ან ქულების მიცემის სამაგიეროდ, იყიდოს მისგან.
  7. ვინც პირველი გადალახავს ყველა ეტაპს, ანუ ფონეტიკური დონიდან შინაარსის პლანზე გადავა და ამბავს „ამოხსნის“, ის იქნება გამარჯვებული.

 

პს. ახლა ვიფიქრე, რომ ფიზიკის ინტეგრირებითაც მშვენივრად შეიძლება გავერთოთ, თუ მაგნიტების იმ მხარეს, რომლებიც ერთმანეთს განიზიდავენ, მივაკრავთ იმ ძირსა და მორფემას, რომელიც ერთად იშვიათად, ან  არასდროს შეგხვდება ( ვთქვათ, მრავლობითის  გამომხატველი მორფემა აბსტრაქტული სახელებისთვის ან რომელიმე ბრუნვის ფორმისა და თანდებულის ურთიერთმიმართება), ხოლო პირიქით, ურთთიერთდამუხტულ მხარეებს მორფემათა და სიტყვათა აუცილებელი კავშირებით გავაფორმებთ.

 

დანარჩენი თქვენ მოიფიქრეთ.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...