ორშაბათი, ივნისი 30, 2025
30 ივნისი, ორშაბათი, 2025

ბერლინის ბლოკადა და მისი გმირები

0

„ცივ ომზე“ მსჯელობისას უმრავლესობას პირველად ბერლინის კედლის მშნებელობა და დანგრევა ახსენდება. თუმცა, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაპირისპირება საშინელი ბარიერის აღმართვამდე გაცილებით ადრე დაიწყო.

1948 წლის ივნისში საბჭოთა კავშირსა და დასავლეთის ძალებს შორის ვითარება სერიოზულად გამწვავდა. გამარჯვებულებს შორის საჯილდაო ქვად დასავლეთ ბერლინი იქცა. დასავლეთ ბერლინი მსოფლიოში უნიკალური ადგილი გახლდათ. ვლადივოსტოკიდან საქსონიამდე გადაჭიმულ დიდ „წითელ ოკეანეში“ გერმანიის დედაქალაქის ნაწილი მიწის ერთადერთი ნაგლეჯი იყო, სადაც საბჭოთა ხელისუფლება არ ვრცელდებოდა. დასავლეთ ბერლინი მთლიანად „წითელი არმიის“ ქვედანაყოფების ალყაში იყო მოქცეული, მაგრამ მაინც ინარჩუნებდა კომუნისტური ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას. ბუნებრივია, ძველი ქალაქის თავისუფალი ნაწილი ყელში ეჩხირებოდა სტალინს. მას სურდა, რომ სსრკ-ის კონტროლის ქვეშ მოქცეულ გერმანულ მიწებზე სასწრაფოდ დაეწყო მოსკოვის მიერ კონტროლირებული, საბჭოთა ყაიდის რეჟიმის მშენებლობა.

დასავლეთს თავისი მიზნები ჰქონდა. არც ატლანტიკური ბანაკი აპირებდა ბერლინისა და გერმანიის რუსებისათვის დათმობას. აქედან გამომდინარე, აშშ-მა, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მალევე გააერთიანეს თავიანთი საოკუპაციო ზონები. ზონების გაერთიანების, ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულების პროცესის გააქტიურება კი საერთო სავალუტო სივრცის შექმნით გადაწყვიტეს. 1948 წელს მთელს დასავლეთ გერმანიაში და ბერლინის თავისუფალ ნაწილში ატლანტიკური ქვეყნების ხელშეწყობით საერთო ვალუტამ, მარკამ დაიწყო მიმოქცევა. ბერლინის ნაწილის მარკაზე უმტკივნეულოდ გადასვლა, დასავლური მარკის მყარი კურსი საბჭოთა კავშირის მიერ დედაქალაქის სრულად „გაწითლების“ იდეას საფრთხეს უქმნიდა. შესაბამისად, კომპარტიის ლიდერებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს. მათ დატოვეს ომში გამარჯვებულების მიერ ჩამოყალიბებული საკონტროლო საბჭო. ივნისის მიწურულს კი მოულოდნელად, „ტექნიკური მიზეზების“ გამო შეწყდა დასავლეთ ბერლინში ტვირთების სარკინიგზო ხაზით გადაადგილება, საავტომობილო მიმოსვლა, ქალაქის არასაბჭოთა ნაწილს გაეთიშა ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება. ბოლოს მდინარეების ჩახერგვაზეც გადავიდნენ.

1948 წლის ივნისში ორ მილიონზე მეტი ადამიანი სრულ ბლოკადაში აღმოჩნდა. გასათვალისწინებელია, რომ 1940-იან წლებში გერმანელებს მსოფლიო მაინცდამაინც დიდი კეთილგანწყობით არ ეპყრობოდა. სულ რამდენიმე წლის წინ ბერლინის ალყაში მოქცეული მოქალაქეები ფრანგებისთვის, ამერიკელებისა და ბრიტანელებისთვის დაუძინებელ მტრებად აღიქმებოდნენ. დასავლეთისათვის ბერლინელებსაც მიუძღვოდათ წვლილი ნაცისტური უბედურების დატრიალებაში. საბჭოთა მოხელეები ფიქრობდნენ, რომ მათი მოწინააღმდეგეები დიდად თავს არ შეიწუხებდნენ „ორი მილიონი ყოფილი ნაცისტის“ გადარჩენისთვის. ამასთანავე, მარაგების გარეშე დარჩენილი ქალაქის ნაწილის გადარჩენა წარმოუდგენელ ლოჯისტიკურ ამოცანად მიაჩნდათ.

ბლოკადის შედეგად ქალაქის დასავლურ ნაწილში მალევე თავი იჩინა საკვების, წყლის დეფიციტმა. ელექტროენერგიისა და გაზის გათიშვის შედეგად მუშაობა შეაჩერა თითქმის ყველა დიდმა დაწესებულებამ. ადამიანები უმუშევრად დარჩნენ, დაკარგეს შემოსავლის წყარო. ქალაქის გადასარჩენად დასავლეთმა საჰაერო ხიდის ორგანიზება მოახერხა.

ბერლინის საჰაერო ხიდი ნამდვილი სასწაული გახლდათ. ტემპელჰოფის აეროპორტში დღეში საშუალოდ 2 000 ტონა ტვირთი შემოდიოდა. 1949 წლის აპრილში პილოტებმა რეკორდი მოხსნეს და 24 საათის განმავლობაში დასავლეთ ბერლინის მიმართულებით 1400 რეისი განახორციელეს. სისტემა იმდენად დახვეწილად იყო ორგანიზებული, რომ აეროპორტში სამ წუთში ერთი თვითფრინავი ჯდებოდა, ხომალდი კი მიწაზე მხოლოდ ნახევარი საათით ჩერდებოდა, რაც ბარგის ცამოცლისთვის სრულიად საკმარისი გახლდათ. მიუხედავად საჰაერო ხიდის მონაწილეების თავდაუზოგავი შრომისა, რამდენიმე მილიონი ადამიანის სრულყოფილად მომარაგება მაინც წარმოუდგენელი გახლდათ, ბერლინელებს მაინც უმძიმეს მდგომარეობაში უწევდათ ცხოვრება.

მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული და გამარჯვებული ხალხების სოლიდარობის შესანიშნავ გამოვლინებად მიიჩნევენ ტეგელის აეროპორტს, რომელიც საჰაერო ხიდის მუშაობის გასაუმჯობესებლად სულ რაღაც 90 დღეში აიგო.

მძიმე დროში ადამიანებს ერთმანეთისათვის სიხარულის მინიჭებაც არ ავიწყდებოდათ. გაილ ჰალვარსონს, ამერიკელ პილოტს მიაწერენ ბერლინის საჰაერო ხიდის ყველაზე საყვარელ და ტკბილ გამოგონებას. ხელსახოცებისგან დამზადებული პარაშუტებით ამერიკელი მფრინავები ბერლინელ ბავშვებს პირველად საგნებთან ერთად შოკოლადებსა და ტკბილეულობას უგზავნდიდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქელებმა თავიანთ ტერიტორიაზე ერთი მოუხვნელი მიწის ნაგლეჯიც არ დატოვეს. მათ საკვების მოყვანა პირდაპირ პარკებსა და ქუჩის კიდეებში დაიწყეს.

ამერიკელებისა და ბრიტანელების დაუჯერებელი თავგანწირვის, დასავლეთ ბერლინელების შეუდარებელი გამძლეობის, არაჩეულებრივიად ორგანიზებული სოლიდარობის ქსელის მიუხედავად, საბჭოთა კავშირი უკან დახევას არ აპირებდა. მოსკოვი ყველაფერს აკეთებდა ბერლინელებისა და დასავლური ბანაკის ბოლომდე გასატეხად. მუდმივი სამხედრო მანევრებით, ბომბდამშენებისა და ტანკების დემონსტრაციული გადაადგილებით, მოსკოვი ცეცხლზე ნავთს ასხამდა და მესამე მსოფლიო ომის რისკს ამძაფრებდა. თუმცა, როგორც მაშინდელი გერმანული პრესა წერდა რუსებს უმთავრესად მოწინავე გენერლის იმედი ჰქონდათ. მოწინავე გენერალმა მოაგებინა მათ ბრძოლა ნაპოლეონთანაც და ჰიტლერთანაც, და მას სახელად ზამთარი ერქვა.

1948-1949 წლების ზამთარი კატასტროფული აღმოჩნდა ბერლინელებისათვის. სიცივემ და ყინვამ ყველა ოჯახის კარზე დააკაკუნა. ადგილობრივებს მრავალწლიანი ხეების გაჩეხვა, სკვერებისა და პარკების განადგურება უწევდათ, რათა დროებით მაინც გამთბარიყვნენ. პილოტებმა ციდან შოკოლადთან ერთად ქვანახშირის ნატეხების გადმოყრაც დაიწყეს. ბავშვებისთვის ღუმელში შესაგდებ პატარა შავ ქვას უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, ვიდრე სანუკვარ ნუგბარს. ბერლინს ვერც თეთრი გენერალი მოერია.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები ხშირად ჩიხში შედიოდა. გენერლები და დიპლომატები ფიქრობდნენ, რომ ბერლინელთა გარეშე შეეძლოთ მათი ბედის გადაწყვეტა და მათი მომავლით ვაჭრობა. საბჭოელები კვლავ მოელოდნენ, რომ ქალაქის ბლოკირებული ნაწილიდან ხალხი აღმოსავლეთში გამოქცევას დაიწყებდა. თუმცა, ბერლინელები მოწოდების სიმაღლეზე რჩებოდნენ. ბლოკადის დაწყებიდან რამდენიმე თვეში რაიხტაგთან სამასი ათასი ადამიანი შეიკრიბა. მათი სულისკვეთება შესანიშნავად გამოხატა ისტორიული სიტყვით გამოსულმა ქალაქის მერმა, ერნსტ როიტერმა:

„თქვენ, მსოფლიოს ხალხებო! ადამიანებო, რომლებიც ცხოვრობთ ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში … შეხედეთ ამ ქალაქს და გააცნობიერეთ – თქვენ არ შეგიძლიათ, თქვენ ვალდებულნი ხართ არ გაწიროთ ეს ქალაქი! ჩვენ ყველას მხოლოდ ერთი შესაძლებლობა გვაქვს: იმდენ ხანს უნდა ვიდგეთ ერთად, სანამ ბრძოლას გამარჯვებით არ დავასრულებთ, სანამ აღნიშნული ბრძოლა ჩვენს მტრებზე, სიბნელის ძალაუფლებაზე გამარჯვებით არ აღიბეჭდება!“.

ლეგენდარული მერის სიტყვები გამართლდა, 1949 წლის მაისში ბერლინის ბლოკადა დასრულდა და ქალაქის ნაწილი გაერთიანდებამდე დარჩა თავისუფალი გერმანიის შემადგენლობაში.

ბერლინის ბლოკადის გმირებად კი სამართლიანად მიიჩნევენ ორ მილოონ მოქალაქესა და კიდევ რამდენიმე ასეულ მფრინავს.

დიალოგის პრობლემა “მამებსა“ და „შვილებს“ შორის

0

რამდენიმე კვირის წინ ავტობუსით მგზავრობისას საინტერესო და საყურადღებო სცენის მოწმე და უნებლიე მონაწილეც გავხდი.  „რას ჰგავს, რა აცვია, ამ ბავშვს პატრონი არ ჰყავს?“,  – აღშფოთებას ვერ მალავდა ჩემს გვერდით მჯდომი ხანდაზმული ქალბატონი იქვე, შორიახლოს მდგომი, „დახეული ჯინსის“ შარვალში გამოწყობილი გოგონას ჩაცმულობის გამო. მე შეწუხებულმა გავხედე მოჩხუბარ ქალბატონს, რომელიც გაუჩერებლად ლაპარაკობდა და მგზავრების ყურადღებას იპყრობდა. როგორც ჩანს, ჩემს მზერაში მან რაღაც ისეთი დაიჭირა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა და მთელი თავისი აგრესია ამჯერად ჩემკენ მომართა. „რას მიყურებთ, ძალიან მოგწონთ ეს „დაფლეთილი“ შარვალი? სულ ჩვენი ბრალია ყველაფერი, ზედმეტ თავისუფლებას ვანიჭებთ ბავშვებს“! – არ ცხრებოდა გოგონას ჩაცმულობით გაღიზიანებული ქალბატონი. „თუკი მას თავად მოსწონს ასეთი ტანსაცმელი, ჩაიცვას, რა დაშავდება ამით?“, – მორიდებით და დიდი სიფრთხილით  შევეცადე ქალბატონის დამშვიდებას. „როგორ თუ რა დაშავდება, ჩაცმის კულტურას კარგავს ახალგაზრდობა!“, – თავის პოზიციას კვლავ მტკიცედ იცავდა ახალგაზრდობაზე განაწყენებული ხანდაზმული ქალბატონი. „თქვენს ახალგაზრდობაში უფროსი თაობა თუ იწონებდა ახალგაზრდების ჩაცმულობას?“, – ახლა უკვე მე აღარ ვეშვებოდი აფორიაქებულ „მეზობელს“. ქალბატონი ცოტა ხნით გაჩუმდა, სახეზე ღიმილმა „გადაუარა“, როგორც ჩანს, ფიქრებით შორეულ წარსულში, თავის ახალგაზრდობაში „გადავარდა“. „იცით, პირველად შარვალი რომ ჩავიცვი, მამაჩემმა კინაღამ სახლიდან გამაგდო, მოკლე კაბა კი ნაკუწებად მიქცია, თან მეჩხუბებოდა, შენ ჩემი შერცხვენა გინდაო“, – ახალგაზრდობის გახსენებამ ცოტა გაახალისა და მორიდებით გამანდო თავისი „საიდუმლო“. შემდეგ კვლავ ფიქრებში „ჩაიძირა“ და ავტობუსიდან ისე ჩავიდა ხმა აღარ ამოუღია. ჩასვლისას ერთხელ კიდევ გადახედა გოგონას, რომლის ჩაცმულობამაც მისი ასეთი უკმაყოფილება გამოიწვია, ხელი ჩაიქნია და უსიტყვოდ დაგვცილდა.

თაობათა შორის ურთიერთობის პრობლემა არსებობდა ყოველთვის, რაც არსებობს კაცობრიობა. დიალოგის პრობლემა „მამებსა“ და „შვილებს“ შორის ყოველთვის აქტუალური იყო და დღესაც არ კარგავს თავის აქტუალურობას.

თაობათა შორის კონფლიქტების ძირითადი მიზეზები:

  • თითოეული თაობა ცხოვრობს გარკვეულ დროში, გარკვეულ ეპოქაში, საზოგადოების განვითარების გარკვეულ პერიოდში და ყოველ მათგანს აქვს პრინციპებისა და ღირებულებების საკუთარი სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და მზად არის დაიცვას ის, განურჩევლად იმისა მოსაწონი და მისაღებია თუ არა ეს ღირებულებები, ფასეულობები და პრინციპები უფროსი თაობისთვის;
  • ახალგაზრდა თაობის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა და უფროსების შიში, რომ ხელიდან არ გაუშვან მოზარდის ქცევის მართვის სადავეები. იღებენ რა საკუთარი მშობლებისა და ოჯახის სხვა უფროსი წევრებისაგან ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მოზარდები ამავდროულად მიისწრაფიან განთავისუფლდნენ უფროსების ზეწოლისაგან, უარყონ ყველაფერი, რასაც ისინი სთავაზობენ და საკუთარი ცხოვრება მოაწყონ სხვაგვარად, ისე, როგორც მათ სურთ. ახალგაზრდა ადამიანები, როგორც წესი, საკუთარ თავს საკმარისად დიდებად თვლიან იმისათვის, რომ საკუთარი პრობლემები დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, მაგრამ მშობლებისათვის შვილები ყოველთვის პატარა, გამოუცდელ ბავშვებად რჩებიან, რომლებიც, მათი აზრით, მუდმივად საჭიროებენ ზრუნვასა და საზოგადოების უარყოფითი გავლენისაგან დაცვას. ეს, ბუნებრივია, სერიოზულ კონფლიქტებს ბადებს თაობათა შორის, რამდენადაც ახალგაზრდებს სურვილი აქვთ, რომ დამოუკიდებლად, თავად გადაწყვიტონ თავიანთი პრობლემები და პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღონ;
  • ცხოვრების განსხვავებული რიტმი – თანამედროვე სკოლამდელს, რომ აღარაფერი ვთქვათ უფროსკლასელსა და სტუდენტზე, ერთი კვირის განმავლობაში შეუძლია იმდენი შთაბეჭდილების მიღება და იმდენი რამის განცდა, რასაც მათი მშობლები თავის ბავშვობაში რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ მოახერხებდნენ. ისინი ამ რიტმით ცხოვრობენ, მათი ცხოვრება უფრო მეტად არის სავსე და დატვირთული ინფორმაციით. თანამედროვე ბავშვების ყოფა სხვანაირად არის ორგანიზებული, მათ გაცილებით უფრო უჭირთ ლოდინი, ვიდრე უფროს თაობას;
  • თანამედროვე ბავშვები ნაკლებად ურთიერთობენ ერთმანეთთან. ისინი ცხოვრობენ შეცვლილი ღირებულებებისა და ნორმების სამყაროში, რაც მათ ქცევაზეც აისახება და რაც ასევე უფროსების სერიოზული უკმაყოფილების მიზეზი ხდება;
  • ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან სწრაფად ცვალებად სამყაროში. დღევანდელ ბავშვს გაცილებით მეტი ცოდნა და მეტი უნარ-ჩვევების დაუფლება ესაჭიროება, ვიდრე ოცდაათი წლის წინანდელ ბავშვს. სამყარო იცვლება ყოველდღიურად, უფროსების შეხედულებები კი ხშირად კონსერვატული რჩება, რაც გავლენას ახდენს თაობათა შორის ურთიერთობაზე და ურთიერთგაგებაზე.

     რეკომენდაციები თაობათა შორის დაძაბულობის შესასუსტებლად:

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ თაობათა შორის ურთიერთობები არასოდეს და არსად არ არის სწორხაზოვანი. ამასთან, მართალია ის უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს, მაგრამ დაძაბულობის შესუსტება მაინც შეიძლება;
  • ნუ დავივიწყებთ, რომ დღეს ბავშვს სხვა გარემოში უწევს ცხოვრება, არსებობა და მისი ქცევა ხშირად სწორედ ამ გარემოდან წამოსული მოთხოვნებით არის ნაკარნახევი. არ იქნება გამართლებული დღევანდელი ბავშვი 30-40 წლის წინანდელ ბავშვს შევადაროთ და იგივე მოთხოვნები წავუყენოთ, რასაც იმ პერიოდში უყენებდნენ. დღეს ხშირად ვსაყვედურობთ ახალგაზრდებს, რომ ისინი ზედმეტად არიან გატაცებული კომპიუტერული ტექნიკით და წიგნი საერთოდ დაივიწყეს. საინტერესოა, ჩვენს ბავშვობაში საინფორმაციო ტექნოლოგიები რომ ასე განვითარებული ყოფილიყო, როგორც დღეს არის, შევძლებდით გაგვეძლო ცდუნებისთვის, რომ კომპიუტერისკენ არ გაგვეხედა? თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ საზოგადოებაში ზრდასრული ადამიანები ხშირად ახალგაზრდებზე მეტადაც კი არიან  გატაცებული სხვადასხვა სახის კომპიუტერული თამაშებით, ვფიქრობ, თავის ბავშვობაში ისინი კომპიუტერისგან განზე გადგომას ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ;
  • შევეცადოთ, გავათავისუფლოთ ახალგაზრდა ზედმეტი მეურვეობისაგან და მივცეთ მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება. რა თქმა უნდა, მან შეიძლება მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, შეცდომაც დაუშვას, მაგრამ, გავითვალისწინოთ, რომ დიდწილად სწორედ შეცდომების წყალობით იძენს ახალგაზრდა ცხოვრებისეულ გამოცდილებას;
  • შევეცადოთ გამოვიჩინოთ სიფრთხილე ახალგაზრდებთან ურთიერთობისას და მათთან საუბრისას. მოვერიდოთ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა: „სულ სხვანაირი ახალგაზრდობა მოდის, არაფრის გაკეთება არ უნდათ, არაფერი აინტერესებთ“, „დღევანდელი ახალგაზრდობა ისეთი განათლებული და წიგნიერი არ არის, როგორც ჩვენ ვიყავით“. ასეთი ფრაზები და შეფასებები მხოლოდ გაამწვავებს და დაძაბავს ურთიერთობას;
  • გვახსოვდეს, რომ მართალია, ბავშვებს ძალიან უყვართ საკუთარი მშობლები და ახლობლები, მაგრამ მათ აქვთ უფლება აირჩიონ საკუთარი გზა, გადაწყვიტონ ამოცანები, პრობლემები თავიანთი მეთოდებით და იცხოვრონ საკუთარი ინტერესებითა და მისწრაფებებით, მაშინაც კი, თუ ისინი უფროსებისთვის მიუღებელია.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი დაბერებას მაშინ იწყებს, როცა ახალგაზრდა თაობას საყვედურობს, ლანძღავს და მის მოქმედებას, ინტერესებს, ღირებულებებს და ფასეულობებს იწუნებს. შევეცადოთ გავუგოთ ახალგაზრდებს და ეს ჩვენთვის ახალგაზრდობის დიდხანს შენარჩუნების სერიოზული გარანტია იქნება.

 

ქეთევან ოსიაშვილი

18.10.2019.

 

 

კლასის დამრიგებლისთვის

0

კლასის დამრიგებლის დავიწყება შეუძლებელია, ის პირველი მასწავლებელივითაა – სულ გვახსოვს, რა საგანს ასწავლიდა, როგორი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს მშობლებთან, თავის კოლეგებთან და, რაც მთავარია, მხოლოდ კლასის ორგანიზატორის ფუნქციას კი არ ითავსებდა, არამედ, ზოგ ბედნიერ შემთხვევაში, დედობაც გაუწევია ბავშვებისთვის ან ის მაინც შესძლებია, კლასი ერთ გუნდად, ერთ მუშტად შეეკრა.

თუ გსურთ, იდეალთან მიახლოებული კლასის დამრიგებელი იყოთ, ეს მარტივი რჩევები გაითვალისწინეთ:

საკლასო ოთახში ატმოსფეროსა და ბავშვების გაცნობის შესახებ

  1. კლასის დამრიგებელი გამუდმებით ლუპის ქვეშაა – მას ბავშვებიც აკვირდებიან და ზრდასრულებიც. ბავშვებს კი, ლაკმუსის ქაღალდივით, მარტივად შეუძლიათ სიცრუის ამოცნობა. როგორც კი კლასის დამრიგებელი ეცდება, მოსწავლეებს რამე დაუმალოს ან მოატყუოს, ისინი ამას მაშინვე იგრძნობენ და სამომავლოდ ეს გაართულებს კლასთან ურთიერთობას. ბავშვების ნდობის დაბრუნება ძალიან ძნელია.
  2. კლასის დამრიგებელი, გარდა იმისა, რომ ასწავლის და კლასში არსებულ ზოგად მდგომარეობას აკონტროლებს, ასევე პასუხისმგებელია კლასში არსებულ მიკროკლიმატზეც და ეს ეხება არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მშობლებსაც. მათ გარეშე ხეირიანად ვერაფერი გაკეთდება: თუ დედებისა და მამების მხარდაჭერა არ იქნა, კლასში არსებული ატმოსფერო ვერ ივარგებს. ეს აქსიომაა, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება.
  3. მოზარდი ასაკი სახადივითაა – უნდა „გადააგორო“. მიზანშეწონილია, ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვი დილიდან საღამომდე დაკავებული იყოს. საზოგადოდ, კლასის დამრიგებელი კარგად უნდა იცნობდეს ასაკობრივ მახასიათებლებს. თანაც, დამრიგებლის როლი სკოლაში ყოველწლიურად იცვლება, ბავშვებიც იზრდებიან. იმისთვის, რომ თითოეულმა მოსწავლემ კარგად იგრძნოს თავი, დამრიგებელმა უნდა შექმნას ერთგვარი ოჯახური ატმოსფერო როგორც დაბალ, ისე მაღალ კლასებში.
  4. ბავშვებთან პირველი შეხვედრისას კლასის დამრიგებელი ჩვეულებრივ ემზადება გაკვეთილისთვის. ნაკლებად რომ ინერვიულოს, უნდა გაწეროს შეხვედრის გეგმა. თუ კლასს ახალი მოსწავლეები შეემატა, აუცილებლად უნდა გააცნოს დანარჩენ ბავშვებს. პირველი შთაბეჭდილება მყარია და ხანგრძლივი, ამიტომ ახალი მოსწავლის გაცნობის დროს უარყოფითი ემოცია არ უნდა იგრძნობოდეს, მასწავლებლის ხმის ტემბრშიც კი.
  5. მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს. დიახ, ეს ათასჯერ გვსმენია, მაგრამ როდესაც გვიყვარს, ბავშვებიც სიყვარულით გვპასუხობენ. სიკეთისა და პასუხისმგებლობის შესახებ ხომ ყველაფერი ნათელია: ადამიანი, რომელსაც ბავშვები უყვარს, არ შეიძლება ბოროტი იყოს. ასევე, ყველაფერი ნათელია ყვირილისა და დამცირების შესახებაც – ეს სრულიად დაუშვებელია.

მშობლებთან ურთიერთობის შესახებ

  1. მშობლებთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე ბავშვებთან. მათ უმეტესობას მიაჩნია, რომ მხოლოდ მათი აზრია მართებული. ხშირად კლასის დამრიგებელზე ასაკითაც უფროსები არიან, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მათი უმეტესობა სკოლაში არ მუშაობს და პედაგოგიკა არ უსწავლია.
  2. კლასის დამრიგებელმა მშობელთა კრებაზე პიროვნულ კონტექსტში არაფერი უნდა განიხილოს. მარტივი სათქმელია: „აი, დუმბაძე საერთოდ არ სწავლობს, რა ვუყო?“ ამ საჯარო შერცხვენის შემდეგ დუმბაძის მშობელი, სავარაუდოდ, ათას მიზეზს მოიგონებს და აღარ მოისურვებს კრებაზე დასწრებას. თუ გსურთ, მშობლის ყურადღება პრობლემას მიაპყროთ, პირისპირ ესაუბრეთ.
  3. საჯაროდ ბავშვის ქება აუცილებელია: ამას ყოველთვის დადებითი შედეგი მოჰყვება. თუ ბავშვის გვარმა რომელიმე ჩამონათვალში არ გაიჟღერა, მშობლები უნებურად დაფიქრდებიან და ეცდებიან, გაარკვიონ შვილთან, რატომ არ მონაწილეობდა ის ამა თუ იმ აქტივობაში.
  4. მშობლები ყოველთვის ფარულად ეჯიბრებიან ერთმანეთს. საკუთარი შვილი ყველას საუკეთესო ჰგონია. უნდა ავუხსნათ, რომ ყოვლისმომცველი ზრუნვით შორს ვერ წავლენ.
  5. მშობელთა კრება კარგია. რა თქმა უნდა, ამაზე უზარმაზარი ენერგია იხარჯება, რადგან დამრიგებელი ურთიერთობს ზრდასრულებთან, რომლებსაც საკუთარი, განსხვავებული შეხედულებები აქვთ. დამრიგებელი უნდა ეცადოს, აუხსნას მშობლებს, რომ კლასიც ოჯახივითაა. ამიტომ თუ დათუნას რამე პრობლემა აქვს, საჭიროების შემთხვევაში მას კლასიც თანაუგრძნობს, ჭირსა თუ ლხინში მის გვერდით იქნება.
  6. მშობლებს შეუძლიათ, კლასის დამრიგებელს სხვადასხვა პრობლემა გაუზიარონ. ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე საუბართან ერთად, ზოგჯერ მოულოდნელად ჰკითხავენ, მოსწონს თუ არა მათი შვილის ახალი შარვალი, შესაფერისია თუ არა ის ამა თუ იმ ღონისძიებისთვის. მასწავლებელი ასეთი კითხვებისთვის მზად უნდა იყოს, მოიკრიბოს მოთმინება და გაუგოს. შეუძლია, შეუქოს მშობელს მზრუნველობა, მერე კი დელიკატურად მიანიშნოს, რომ ბავშვის ჩაცმულობა მათი საქმეა.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და ბულინგის შესახებ

  1. კლასის დამრიგებელმა უნდა იცოდეს, როგორია თითოეული ბავშვი, როგორი ხასიათი აქვს, რა უნარ-ჩვევები, რა თვისებები. მაგალითად, თუ მოსწავლე დინჯია, მან უნდა აუხსნას სხვა მასწავლებლებს, რომ ამ ბავშვს მოსამზადებლად მეტი დრო სჭირდება და ეს არ არის ტრაგედია.
  2. თუ ბავშვი ბულინგს შეეჯახა, ჯერ თავად ეცდება სიატუაციის გამოსწორებას, მაგრამ დამრიგებელმა კლასს თავიდანვე უნდა აუხსნას, რომ ამ შემთხვევაში პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფროსებთან კონტაქტია. დამრიგებლის ერთ-ერთი მოვალეობაა კლასში მიკროკლიმატის შეგრძნება, საეჭვო და შემაშფოთებელი სიგნალების დაჭერა. როგორც წესი, ბავშვებს ბოდიშის მოხდაც უჭირთ. ამ დროს მასწავლებელმა მათი შერიგებისთვის სწორი სიტყვები უნდა გამონახოს.
  3. სკოლას თავისი წესები აქვს, ყველა წესი გაწერილია. ბავშვებისათვის წესების ახსნა მარტივად და გასაგებად შეიძლება ნაკლებად მოსაწყენი, მაგალითად, თამაშის გზით. ან დაუსვით კითხვა: „რა მოხდება, თუ ასე მოიქცევი?“ – ისინი ადვილად უპასუხებენ ამ კითხვას.
  4. თითოეულ კლასში არიან ბავშვები, რომლებსაც არავინ უსმენს. მათ უბრალოდ ვერ ამჩნევენ. თითოეულ ასეთ ბავშვს, ეჭვგარეშეა, აქვს რაიმე ნიჭი: კარგად ხატავს ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს, ან იქნებ უბრალოდ ფეხბურთის ყურება იტაცებს. ეს ნიჭი უნდა ვიპოვოთ და ვეცადოთ მის რეალიზებას სასკოლო ცხოვრების ფარგლებში. თუ ბავშვი კარგად უკრავს ვიოლინოზე, აჩვენეთ სხვებს ეს რაიმე ღონისძიების დროს. უთხარით მორცხვ მოსწავლეს, რომ მის დაუხმარებლად არაფერი გამოგივათ. გარკვეული ხნის შემდეგ ის უფრო თავდაჯერებული გახდება.

პირადი დროისა და ბავშვების თავისუფალი დროის პატივისცემის შესახებ

  1. კლასის დამრიგებელი 24 საათის განმავლობაში არ მუშაობს. მას აქვს პირადი ცხოვრება, მან უნდა მიხედოს თავს, ოჯახს, მეგობრებს. მასწავლებლისთვის ეს არის აღდგენის მნიშვნელოვანი პერიოდი. შეუსვენებლად მუშაობა საზიანოა. თუ ადამიანს არ აქვს დრო, რომ ძალები აღიდგინოს, მისი პროდუქტიულობა დაიკლებს. ასეა მოსწავლეების შემთხვევაშიც.
  2. კლასის დამრიგებელმა ბავშვებთან თავისუფალი დრო მხოლოდ მაშინ უნდა გაატაროს, თუ ეს ყველას სიამოვნებს. იგივე ითქმის დღესასწაულსა თუ სხვა ღონისძიებებზე. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ კლასის დამრიგებელს აქვს თავისუფალი დროის გამოყენების უფლება. მასწავლებელსაც უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ბავშვებისთვის განკუთვნილი უქმე დღეები. ბავშვებიც ხომ წლის განმავლობაში ცოტას ურთიერთობენ თავიანთ მშობლებთან. ამიტომ არ არის აუცილებელი ექსკურსიის სავალდებულო აქტად გადაქცევა.
  3. ბავშვებს სჭირდებათ ნდობა. ისინი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან დაპირებებს, როდესაც იძულებულნი არიან, გააკეთონ რაღაც ისეთი, არ მოსწონთ. თუ ბავშვს მთელი კლასის წინ შეურაცხყოფთ და იტყვით, რომ ის არაკეთილსინდისიერია, შემდეგში ის ვეღარაფერს გააკეთებს. გულშემატკივრობა და დახმარება გაცილებით შედეგიანია.

სითხის და აირის წნევა. პასკალის კანონი

0

სხეულის მიერ საყრდენზე წარმოქმნილ წნევას ჩვენ უკვე გავეცანით. საინტერესოა, სითხე ან აირი წარმოქმნის თუ არა წნევას? თუ – კი, რაზე, ან რა განსაზღვრავს  ამ წნევას? სანამ ამ კითხვებს ვუპასუხებთ, ისევ და ისევ სითხის ან აირის შემადგენლობა უნდა გავიხსენოთ. სითხიდან დავიწყოთ: სითხის ნაწილაკები ერთმანეთთან მჭიდროდ, თუმცა უწესრიგოდაა განლაგებული. მათ შორის არსებული მანძილი კი გარკვეულწილად ურთიერთქმედების ხარისხსაც განსაზღვრავს. როგორც გვახსოვს, სწორედ სითხის ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედება – მიზიდვა და განზიდვა განაპირობებს იმას, რომ თხევად სხეულებს (ჭიქაში ჩასხმული წყალი, ზეთის წვეთი და ა.შ) აქვს მოცულობა, მაგრამ არ აქვს საკუთარი ფორმა. იგი იმ ჭურჭლის ფორმას იღებს, რომელშიც ჩავასხამთ. ეს თვისება სითხის უმნიშვნელოვანესი თვისებაა და მას დენადობას უწოდებენ.

სხვადასხვა სითხეს დენადობა სხვადასხვაგვარი აქვს. მართლაც, თაფლის და წყლის დენადობა განსხვავებულია. რა განაპირობებს ამ განსხვავებულობას? აღმოჩნდა, რომ სითხის მოძრაობისას სითხის მეზობელი ფენები ერთმანეთს ეხახუნება. ამ მოვლენას შინაგანი ხახუნი ეწოდება. გასაგებია, რომ იმ ნივთიერებებს, რომლებსაც დიდი შინაგანი ხახუნი გააჩნია, დენადობა მცირე აქვს და მათ ბლანტ სითხეს უწოდებენ. ბლანტი სითხეებია თაფლი, გლიცერინი, საპოხი ზეთი და ა.შ.

ნახ.1

სურ.1-ზე წარმოდგენილი ნივთიერებების სიბლანტე მარცხნიდან მარჯვნივ იზრდება და როგორც ვხედავთ, რაც უფრო ბლანტია ნივთიერება, მით უფრო დიდი ბურცობი წარმოიქმნება  ჭიქაში სითხის ჩასხმისას. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ეს სიმრუდე ქრება და სითხის თავისუფალი ზედაპირი ჰორიზონტალური ხდება.

დადგენილია, რომ სითხის თავისუფალი ზედაპირი ყოველთვის მასზე მოქმედი ძალების მართობულია. პატარა ლამბაქზე დასხმული წყლის ნაწილებზე მოქმედი სიმძიმის ძალები ერთმანეთის პარალელურია, ამიტომ წყლის თავისუფალი ზედაპირი ჰორიზონტალურია. ზღვის ან ოკეანის თავისუფალი ზედაპირი კი ვერ იქნება ჰორიზონტალური, რადგან დედამიწის სიმრუდის გამო წყლის სხვადასხვა ნაწილზე მოქმედი სიმძიმის ძალები ერთმანეთის პარალელური აღარ არის. ამდენად,  ზღვის ან ოკეანის  თავისუფალი ზედაპირი სფერულ ფორმას იღებს. სითხის ნაწილაკებს შორის მოქმედი მიზიდულობის ძალა ცდილობს, ეს ნაწილაკები რაც შეიძლება მჭიდროდ განალაგოს. სწორედ ამიტომ იღებს კოსმოსურ ხომალდში სითხე სფერულ ფორმას. იქ ხომ იგი უწონო მდგომარეობაშია (ნახ2).

ნახ.2

ამრიგად, სითხის ნაწილაკებს შორის არსებული ურთიერთქმედება საკმარისია იმისთვის, რომ სითხემ მოცულობა შეინარჩუნოს და წინააღმდეგობა გაუწიოს მის შეკუმშვას. სითხე პრაქტიკულად არ იკუმშება, თუმცა წყალი რომ საერთოდ არ იკუმშებოდეს, ოკეანის დონე 30მ-ით მეტი იქნებოდა და ხმელეთს 4% დააკლდებოდა.

რა ხდება აირებში? გვახსოვს, რომ აირის მოლეკულებს შორის შუალედები ბევრად მეტია, ვიდრე სითხის მოლეკულებს შორის. ამიტომ აირის მოლეკულები თითქმის არ ურთიერთქმედებენ. შესაბამისად, აირი ვერც ფორმას და ვერც მოცულობას ვერ ინარჩუნებს. იგი მთლიანად ავსებს იმ ჭურჭელს, რომელშიც მოვათავსებთ  და არ აქვს არც თავისუფალი ზედაპირი და არც სიბლანტე. მიუხედავად ამისა, აირი ეწინააღმდეგება მის შეკუმშვას. გასაგებია, რომ შეკუმშვისას აირის მხრიდან აღძრული წინააღმდეგობის ძალა – დრეკადობის ძალა ნაკლებია, ვიდრე სითხის შეკუმშვისას. რაც უფრო მეტად არის შეკუმშული აირი ან სითხე, მით მეტია აირის ან სითხის მიერ აღძრული დრეკადობის ძალა. სწორედ ეს ძალა ქმნის სითხესა და აირში წნევას.

ცნობილია, რომ აირში ბევრი მოლეკულაა. ისინი დიდი სიჩქარით უწესრიგოდ მოძრაობენ და ეჯახებიან როგორც ერთმანეთს, ისე  ჭურჭლის ფსკერსა და კედლებს. თითოეული მოლეკულის დაჯახება სუსტია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მოლეკულათა რიცხვს, მაშინ ამ დაჯახებათა მოქმედება საგრძნობი იქნება. სწორედ მოლეკულათა დაჯახებები განაპირობებს აირის წნევას. რაც მეტი მოლეკულაა ჭურჭელში, მით მეტია დაჯახებათა რიცხვი და რაც მეტია მოლეკულების მოძრაობის სიჩქარე, მით მეტია დაჯახების მოქმედება. ამდენად, აირის წნევას განსაზღვრავს აირის მოლეკულათა დაჯახებების რიცხვი ჭურჭლის ფსკერსა და კედლებზე.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მდინარეზე ან ტბაზე საკმარისია ამოვარდეს სუსტი ქარი, წყლის ზედაპირზე ჩნდება ტალღის ჭავლი, ან ჭიქაში ჩასხმული წყლის ზედაპირზე ოდნავ შებერვით წყალი  მაშინვე იწყებს მოძრაობას. ეს მოვლენები სითხის ნაწილაკების თავისუფალი ძვრადობით აიხსნება. იგივე ახასიათებს აირის ნაწილაკებს. სითხისა და აირის ნაწილაკების თავისუფალი ძვრადობა უდევს საფუძვლად ფიზიკის მნიშვნელოვან კანონს, რომელიც ფრანგი მეცნიერის ბლეზ პასკალის სახელს უკავშირდება. ჭურჭელში, რომელსაც დგუში ახურავს, მოვათავსოთ აირი(ნახ.3). აირის ნაწილაკები თანაბრად არის გადანაწილებული მთლიან მოცულობაში.

ნახ.3

თუ დავაწვებით დგუშს და აირს შევკუმშავთ, აირის ნაწილაკები ძვრადობის გამო ყველა მიმართულებით გადაადგილდება და ისევ თანაბრად, მაგრამ წინანდელზე უფრო მჭიდროდ განლაგდებიან. ამიტომ აირის წნევა ყველგან თანაბრად გაიზრდება. რა მოხდება თუ აირის ნაცვლად ჭურჭელში მოვათავსებთ სითხეს? სითხის შეკუმშვა, როგორც უკვე ავღნიშნეთ პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა თუ ექსპერიმენტს გავაგრძელებთ, ზუსტად იგივე უნდა მოხდეს სითხის შემთხვევაშიც. მართლაც, ჩავატაროთ შემდეგი ცდა. ნასვრეტებიან სფეროს მივამაგროთ დგუშიანი მილი, სფერო ავასოთ წყლით და დავაწვეთ დგუშს (ნახ.4). წყალი ყველა ნასვრეტიდან თანაბრად გადმოვა. შევეცადოთ ავხსნათ ეს მოვლენა. დგუში აწვება მილში მოთავსებული წყლის ზედაპირს და წარმოქმნის მასზე წნევას. წყლის მოლეკულები შემჭიდროვდებიან და ამ წნევას გადასცემენ სითხის უფრო ღრმად განთავსებულ ფენებს. სფეროს ყველა ნასვრეტიდან გადმოსული წყლის ჭავლის თანაბარი ნაკადი ასაბუთებს, რომ დგუშის მხრიდან წარმოებული წნევა სითხეში თანაბრად ყველა მიმართულებით გავრცელდა. იგივე მოხდება, თუ წყლის ნაცვლად ჭურჭელში მოვათავსებთ კვამლს.

ნახ.4

მაშასადამე, პასკალი კანონის თანახმად, წნევა სითხესა და აირზე თანაბრად გადაეცემა სითხის ან აირის ყოველ წერტილს.

ამგვარად, ამ სტატიაში გავეცანით სითხის და აირის მიერ წარმოქმნილი წნევის არსს და მათ მიერ წნევის გადაცემის ხასიათს – პასკალის კანონს.

 

ლიტერატურა

  1. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  2. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი, ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  3. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ ;
  4. ილუსტრაციები აღებულია ვებგვერდებიდან:
https://www.youtube.com/watch?v=JDjROfhP4Hg

https://thehigherlearning.com/2015/08/14/ever-wondered-what-happens-when-you-put-alka-seltzer-in-a-floating-water-droplet-video/

https://physics.aidio.net/index.php/18-teoria?start=68

 

 

 

 

„რატომაც არა, შენ შეიძლება იყო მასწავლებელი“

0

2013 წელს ჩემი მეგობრები და ახლობლები დიდად არ მიესალმნენ ჩემს გადაწყვეტილებას სკოლაში შესვლის და განათლების სფეროში დარჩენის თაობაზე. იყო ასეთი რეპლიკები: „შენი გაქანების ადამიანს მანდ რა გინდა?“, „ამ სიშორეზე როგორ წახვედი (არადა, სოფელი სადახლო თბილისიდან სულ რაღაც 70 კილომეტრზე)?!“, „შენ მანდ სულ დაიკარგები!“, „სხვა სფეროში გხედავდი“, – და ა.შ.

საქართველოში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე აბიტურიენტები სხვა, გაცილებით მაღალრეიტინგულ ფაკულტეტებსა თუ საბაკალავრო პროგრამებზე აბარებენ. ეს საკითხი მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ წარმოადგენს პრობლემას. 2018 წელს სასწავლო ვიზიტით ესტონეთში ვიყავი. სხვადასხვა უწყებასა თუ სკოლაში საუბრისას დაგვიდასტურეს, რომ ეს პრობლემა იქაც მწვავედ დგას. მიუხედავად ამისა, ესტონეთი საერთაშორისო კვლევებში მოწინავე ადგილს იკავებს 15 წელს მიღწეულ მოზარდებს შორის წაკითხულის გააზრების, მათემატიკური უნარ-ჩვევებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

მასწავლებლის პროფესიაში ჩემი შემოსვლის პირველ წლებში ერთი-ორჯერ სკოლის მოსწავლეებისგანაც გამიგონია, რომ სკოლა ხელმოცარული ადამიანების თავშესაფარია. დამეთანხმებით, რთულია ასეთ ვითარებაში მუშაობა, მით უმეტეს – სწავლება. პედაგოგიურ ფაკულტეტზე ჩაბარებაზე მხოლოდ ის მოსწავლე-აბიტურიენტები ოცნებობდნენ, რომლებიც ამ პროფესიაზე ბავშვობიდანვე იყვნენ შეყვარებულები.

ახალგაზრდების პირველი ტალღა სკოლებში მოხალისე მასწავლებლების სახით პროექტის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში მოხვდა. ასე აღმოჩდნენ იურისტები, ფინანსისტები, ეკონომისტები, ტურიზმისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ხელოვნებისა და სხვა საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულები სკოლებში. ამ პროექტმა ბევრი საინტერესო კადრი შემატა სკოლებს. განათლების სამინისტროსა და მასწავლებლის სახლის პროგრამებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ამ პროფესიისადმი ინტერესი.

იხ. სტატია „მასწავლებლობანობიდან – მასწავლებლობამდე“ https://mastsavlebeli.ge/?p=20407

დღეს ვგრძნობ, რომ დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. გარშემო ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, რომელსაც მასწავლებლობა სურს. 2018-2019 სასწავლო წელს მყავდა რამდენიმე პრაქტიკანტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. სოციალური ქსელების საშუალებით შევიტყვე, რომ მათ მარნეულის სკოლებში დაიწყეს მუშაობა. ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ახალგაზრდები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ უბრუნდებიან მშობლიურ სოფლებს მასწავლებლად მუშაობის დაწყების სურვილით. დამეთანხმებით, რომ სახელმწიფო ენის სრულყოფილად მცოდნე კადრების მიერ ქართული ენის არმცოდნე მასწავლებლებლების ჩანაცვლება განსაკუთრებით მისასალმებელია ასეთ რეგიონებში.

ხშირად გავდივარ სხვადასხვა სასწავლო ტრენინგ-კურსს (არაპედაგოგიური მიმართულებით). შესაბამისად, მიწევს თავის წარდგენა მრავალი პროფესიის წარმომადგენლებთან. თავის წარდგენისას ხაზს ვუსვამ ჩემს ძირითად საქმიანობასა და მიღწევებს. ხშირად მეკითხებიან, რა არის საჭირო სკოლაში მუშაობის დასაწყებად. ინტერესდებიან, როგორ ჩააბარონ საგნობრივი გამოცდები… მაგალითად, იურისტებს ძალიან აინტერესებთ, როგორ გახდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, ეკონომისტ-ფინანსისტებს – მათემატიკის, მედიკოსებს – ქიმია-ბიოლოგიის და ა.შ.

რამ შეუწყო ხელი დამოკიდებულების შეცვლას?

ბოლო წლებია, მასწავლებლის საუკეთესო პრაქტიკის წარმოსაჩენად აქტიურად იმართება კონკურსები, რომლებშიც მონაწილეობენ მასწავლებლები/დაინტერესებულები პირები და მოსწავლეებთან ერთად აღწევენ წარმატებას. გვერდს ვერ ავუვლი მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოს კონკურსს და ლადო აფხაზავას დიდ საერთაშორისო წარმატებას. ამ ფაქტმა პროფესიის მიმართ ინტერესი ერთიორად გაზარდა.

აუცილებლად უნდა შევეხო სახელფასო პოლიტიკას. ცხადია, სადავოა, რამდენად მოდის ერთმანეთთან კორელაციაში სახელფასო ანაზღაურება და მასწავლებლის კვალიფიკაცია, თუმცა, ვფიქრობ, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით დაწინაურებული პედაგოგებისთვის ანაზღაურების ზრდამ ინტერესიც გაზარდა. ვიცნობ ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ უფროსი მასწავლებლის სტატუსი, საჯარო სკოლებში მუშაობენ მცირე საათობრივ განაკვეთზე და იმავდროულად დასაქმებულები არიან ცნობილ კერძო კომპანიებში.

მე არ ჩამიტარებია რაიმე სახის კვლევა ამ მიმართულებით. სტატიაში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ ზოგადი დაკვირვების შედეგია, ასე რომ, მკითხველი შეიძლება დამეთანხმოს, შეიძლება – არა.

ვერ ვიტყვი, რომ მასწავლებლის პროფესია დღეს სირთულეებთან აღარ არის დაკავშირებული ან სკოლაში მუშაობა გაიოლდა. პირიქით, XXI საუკუნის გამოწვევები მასწავლებლებისგან სხვა ტიპის აზროვნებასა და დამოკიდებულებას მოითხოვს. პედაგოგს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება კლასის სამართავად, მოტივაციის ასამაღლებლად, მრავალფეროვან აქტივობათა შესათავაზებლად. ამასთან, კარიერაში პირველი ნაბიჯები ყოველთვის რთულია. პირველი დაბრკოლებების გადასალახად საჭიროა სკოლის ადმინისტრაციის, კოლეგა-მასწავლებლების თანადგომა/თანამშრომლობა და დახმარება.

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ პედაგოგიკა არ გაიძულებს, 24 საათით მიეჯაჭვო სკოლას და რობოტის რეჟიმით იმუშაო. პირიქით, გეძლევა დროც და საშუალებაც, იმავე წარმატებით აკეთო შენთვის საინტერესო სხვა საქმე. შესაბამისად, ეს სტატია ერთგვარი მოწოდებაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ოდნავ მაინც არიან დაინტერესებულნი ამ სფეროთი – რატომაც არა, შენ შეიძლება იყო მასწავლებელი!

რა გავლენას ახდენს მუსიკა ბავშვის განვითარებაზე

0

რამდენიმე ათეული წლის წინ ბავშვის მუსიკალური აღზრდა საერთო აღზრდის აუცილებელ კომპონენტად მიიჩნეოდა. ძნელად იპოვიდით ოჯახს, საიდანაც ერთი ბავშვი მაინც არ იღებდა მუსიკალურ განათლებას სპეციალურ მუსიკალურ სასწავლებელში. მშობელთა უმრავლესობა ფორტეპიანოს ანიჭებდა უპირატესობას, ბავშვების ნაწილი ვიოლინოს ან რომელიმე სხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს ეუფლებოდა, ნაწილი კი სასიმღერო ხელოვნებას.

დღეს, როდესაც მშობელთა პრიორიტეტები შვილების განათლებასთან დაკავშირებით სერიოზულადაა შეცვლილი, საზოგადოდ ხელოვნება და კერძოდ მუსიკა პირველი რიგის სასწავლო დისციპლინად ნამდვილად აღარ მოიაზრება. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვების უმრავლესობა სკოლის პარალელურად რეპეტიტორებთან გაძლიერებულად სწავლობს ცალკეულ სასკოლო დისციპლინებს, კვალიფიციური მუსიკალური განათლების მისაღებად მათ დრო აღარ რჩებათ.

და მაინც, მუსიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. განურჩევლად იმისა, ექნება თუ არა ბავშვს სპეციალური მუსიკალური განათლება, მას უნდა შეეძლოს მუსიკალური ნაწარმოების მოსმენა და გაგება. ადამიანი, რომელსაც მუსიკის მოსმენის უნარი შესწევს, ჩიტების ჭიკჭიკს, ნაკადულის რაკრაკს, ზღვის ტალღების ხმაურს, ფოთლების შრიალს და წვიმის წვეთების წკაპაწკუპსაც კი მუსიკად აღიქვამს და ამაში არაფერია გასაკვირი, ვინაიდან სწორედ ამ ყველაფრის ასახვას ცდილობდნენ ცნობილი კომპოზიტორები თავიანთ ნაწარმოებებში.

მაინც რაში სჭირდება ბავშვს სპეციალური მუსიკალური განათლება?

◦ მუსიკა დადებითად მოქმედებს ბავშვის გონებრივი, ფიზიკური, შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე;

 

◦ მუსიკა უხსნის ბავშვს გზას ხელოვნებისკენ, საშუალებას აძლევს, განთავისუფლდეს კომპლექსებისგან, ხელს უწყობს მის სოციალიზაციას.

◦ მუსიკა აყალიბებს ბავშვის სულიერ კულტურას, ამდიდრებს მის სულიერ სამყაროს.

◦ ბავშვი, რომელსაც მუსიკალური განათლება აქვს, ემოციურად და ინტელექტუალურად თანატოლებზე განვითარებულია.

◦ მუსიკალურ ხელოვნებას აქვს ამოუწურავი შესაძლებლობები ემოციური გამოცდილების გასამდიდრებლად და გასაფართოებლად.

◦ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის სწავლა ადრელ ასაკში დადებითად მოქმედებს ბავშვის შემდგომ განვითერებაზე. ასეთი ბავშვები გამოირჩევიან სმენით ინფორმაციის აღქმის კარგი უნარით. ასევე მათ კარგად აქვთ განვითარებული ხელის წვრილი მოტორიკა, აქვთ მდიდარი ლექსიკური მარაგი და კარგად განვითარებული ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი.

◦ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა ხელს უწყობს ესთეტიკური აღქმისა და ესტეთიკური გრძნობის სრულყოფას, მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას, ასწავლის ბავშვს მუსიკის გაგებას და სიყვარულს; ეხმარება ბავშვს ისეთი ნებელობითი თვისებების განვითარებაში, როგორიცაა მოთმინება, გამძლეობა, მიზანსწრაფულობა, სიბეჯითე. ამასთან ერთად, ავითარებს მეხსიერებას და ყურადღების კონცენტრაციის უნარს.

◦ იქიდან გამომდინარე, რომ მუსიკა ამშვიდებს, ამაღლებს განწყობას, ფსიქოფიზიკური პრობლემების მქონე ბავშვებთან საკორექციო მუშაობის პროცესში მას სერიოზული დახმარების გაწევა შეუძლია. ასეთი ბავშვების ფსიქოფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა დამოკიდებულია იმაზე, რა მუსიკას უსმენენ ისინი.

◦ მუსიკალური განათლების გარეშე თითქმის შეუძლებელია ბავშვის სრულფასოვანი გონებრივი განვითარება.

◦ ხელოვნების ყველა სხვა დარგს შორის მუსიკა ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე ძლიერი საშუალებაა. მუსიკას შეუძლია, ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ფსიქოემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავუღვივოთ ბავშვს ინტერესი და სიყვარული მუსიკის როგორც ცხოვრების ჯანსაღი წესის შემადგენელი ნაწილის მიმართ.

◦ მუსიკა ადამიანის გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის ერთ-ერთი უძველესი ხერხია. მას შეუძლია ნერვულ-ფსიქიკური დაძაბულობის მოხსნა, მაშასადამე, ფსიქოთერაპიული ეფექტი აქვს. მისი დახმარებით ადამიანი შეიძლება ბევრი შინაგანი პრობლემისგან გათავისუფლდეს.

◦ მუსიკა მატებს ბავშვს საკუთარი ძალების რწმენას.

◦ მუსიკალური უნარების განვითარება მნიშვნელოვანია ბავშვის ჰარმონიული განვითარებისთვის, რადგან მუსიკა უდიდეს გავლენას ახდენს ინდივიდუალურობის ფორმირებაზე.

◦ მუსიკა ეხმარება ბავშვს, შეიცნოს და გაიგოს ადამიანური გრძნობების, ემოციებისა და განცდების სამყარო. მუსიკალურ ხელოვნებას ბავშვის ემოციურ სფეროზე ზემოქმედების უნიკალური თვისება აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ემოციური სფერო წამყვანია ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის (ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში, უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარებაში, ქცევის რეგულაციაში), ადვილი მისახვედრი იქნება, რა როლის შესრულება შეუძლია მუსიკას ბავშვის საერთო ფსიქოფიზიკურ განვითარებაში.

 

◦ ვინაიდან ბავშვი მუსიკალურ ბგერებზე მეტყველების განვითარებამდე დიდი ხნით ადრე რეაგირებს, მუსიკა ფართო შესაძლებლობებს იძლევა ბავშვისა და უფროსის ურთიერთობისთვის, საფუძველს უყრის მათ ემოციურ კონტაქტს.

◦ მუსიკა ეხმარება ბავშვს, გადალახოს ურთიერთობაში არსებული ბარიერები, უკეთესად შეიცნოს საკუთარი თავი და სხვა ადამიანები, მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება.

◦ ფასდაუდებელია მუსიკის როლი ბავშვის ესთეტიკურ აღზრდაში. მუსიკალური აღზრდა ესთეტიკური აღზრდის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს ბავშვის პიროვნების განვითარებაში.

◦ მუსიკა იძლევა უბადლო შესაძლებლობას ბავშვის სულიერი სფეროს, მისი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებისთვის.

◦ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მუსიკალურ აღზრდას შეუძლია ხელი შეუწყოს ბავშვის მუსიკალური კულტურის ფორმირებას. მუსიკალური უნარ-ჩვევების განვითარება და მუსიკალური კულტურის საფუძვლების ფორმირება კი ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ. ბავშვობაში სრულფასოვანი მუსიკალური შთაბეჭდილებების დეფიციტი მოგვიანებით ძნელი აღმოსაფხვრელია.

საბავშვო წიგნები საშობაო დღესასწაულებით

0

საშობაო დღესასწაული ვინ მოთვლის, რამდენ წიგნში გვეგულება. დარწმუნებული ვარ, საკუთარი რჩეული თქვენც გაქვთ – მე კი ამ წერილში ჩემს საყვარელ სამეულს წარმოგიდგენთ. მათში შობის დღესასწაულს განსაკუთრებული ადგილი აქვს მიჩენილი. გარდა ამისა, სწორედ შობის დღესასწაულზე ხდება უმნიშვნელოვანესი მოვლენა მთავარი გმირების ცხოვრებაში.

ყველაზე მხიარული და არაორდინალური

„პეპი გრძელწინდას მოგზაურობას“ ასტრიდ ლინდგრენი საშობაო დღესასწაულით ასრულებს. მართალია შობა დიდი ხნის ჩავლილია, მაგრამ პეპის ამ „უზუსტობის“ გასამართლებლად საკმაოდ მყარი არგუმენტი გააჩნია: „ჩემი ვილის კალენდარი ჩამორჩა და კალენდრის ხელოსანთან უნდა მივიტანო შესაკეთებლად…“

მხიარულების კუნძულიდან დაბრუნებული პეპი თავის საყვარელ ვილა „ყიყლიყოს“ საშობაო ღია ბარათს დაამსგავსებს: ფუმფულა თოვლგადაფარებული სახლის ტერასაზე დიდ სანთელს დაანთებს, სამზარეულოს შუაგულში უზარმაზარ ნაძვის ხეს დადგამს ჩვიდმეტი მოციმციმე სანთლით, სუფრაზე   საშობაო ღვეზელებს, თხლად დაჭრილ შაშხს, ძეხვს და სხვა უამრავ ნუგბარს დაახვავებს, ღუმელში ცეცხლს ააგიზგიზებს, არც საჩუქრებს დაივიწყებს და ფერად შეკრულებს ყველასთვის გაამზადებს.

ზღურბლზე გაშეშებული ტომი და ანიკა აღტაცებისგან ხმას ვერ იღებენ. არადა, როგორ სწყდებოდათ გული მხიარულების კუნძულზე შობა სათანადოდ რომ ვერ აღნიშნეს. დიახ, ასეთი გახლავთ პეპი – მისი წყალობით ყველა სურვილი ხდება, მის გარშემო უსაზღვრო ბედნიერებას გრძნობენ ადამიანები. საკუთარი თავით აღტაცებას არც თავად მალავს, „მე ძალიან მუყაითი ვარო!“ – ამაყად გაიძახის სადაც კი ამის შესაძლებლობა ეძლევა.

ლინდგრენისეული შობა მხოლოდ შესაკეთებელი კალენდრის გამო როდია არაორდინალური, ამ ზღაპრულ დღესასწაულზე მისი გმირები მართლაც რომ გამორჩეულ სურვილს ჩაიფიქრებენ. სამივეს სჯერა, რომ ყოველთვის და ყველგან მხიარულად იქნებიან, რომ დიდების მსგავსად თამაშს არ დაივიწყებენ, თუმცა თავის დასაზღვევად ჯადოსნურ აბებს დალევენ, აბებს, რომლებიც სამუდამოდ პატარებად დატოვებთ!

„პეპის უნდა, სულ პატარა იყოს,“ – ასე ჰქვია უკანასკნელ თავს „პეპი გრძელწინდას მოგზაურობაში“ – თავს, რომელიც შობის სურნელითაა გაჟღენთილი. ავტორი ფრთხილად გვაპარებს, რომ პეპი იზრდება. გოგონა მართალია ამას არ აღიარებს, მაგრამ ჯადოსნური აბების ვარგისიანობაში ეჭვი ეპარება – ყოყნმანობს, შესაძლოა არ იმოქმედონო. ანიკას და ტომის წასვლის შემდეგ კი  სევდიანი თვალებით დიდხანს შესცქერის საშობაო სანთელს.

ყველაზე თბილი და ცრემლიან-ღიმილანი

„ქარი ტირიფებში“ ცხოვრებისეული გაკვეთილებითა და ჭკუის სასწავლებელი ამბებით სავსე საგანძურია. ეს წიგნი ადამიანური განცდებითა და ემოციებით ისეა გაჯერებული, ზოგჯერ გავიწყდება, წიგნის გმირები ცხოველები რომ არიან. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს ტენდენცია, საქმე სახლის, მშობლიური კერის სიყვარულს როცა ეხება. შობის საოცარი ღამეც სწორედ იმ თავში დგება, რომელსაც „Dulce Domum“ ანუ ტკბილი სახლი ჰქვია. ეს თავი იმ შეგრძნებას ეხმიანება, ყველა ცხოველის გულში რომ ბუდობს და ზოგჯერ კარნახობს: „ეს გზა დანამდვილებით სახლამდე მიგიყვანსო…“

მოქმედება თხუმნელას უბრალო, მაგრამ კოხტა და მყარ სახლში ვითარდება, თუმცა თავის დასაწყისში ეს სახლი არავის ახსოვს. გზააბნეულ ვირთხასა და თხუნელას შემოაღამდებათ, სწრაფი ნაბიჯებით წინ მიიწევენ და ამ დროს თხუნელას მიტოვებული სახლი თავის პატრონს მიაგნებს. დიახ, მიაგნებს, თითქოს ცოცხალი არსებააო, „მაცნეებსა“ და „შიკრიკებს“ გაუგზავნის. ვინ არიან ეს „შიკრიკები“ და „მაცნეები?“ პასუხი გაგაოცებთ – სახლის სურნელი და მისი მომნუსხველი ძახილი, ოთახებიდან წამოქროლილი ნაზი ჰაერი.

დაბრუნებულ თხუნელას სახლი სიხარულით იპატიჟებს, წყენის გარეშე იღებს უკან, ვინაიდან  კარგად იცნობს პატრონს, თითოეულ ნივთზე მოგონებას გონების კუთხე-კუნჭულში ერთგულად რომ დაატარებდა.

ვირთხა და თხუნელა საშობაო ფუსფუსში ჩაებმებიან, სუფრას გაშლიან და ამასობაში კარს მომღერალი მინდვრის თაგვების გუნდი მოადგება: სანთლის სანათის მინავლებულ შუქზე ნახევარწრედ მოქუჩდებიან, ყელი წითელი კაშნეებით აქვთ შეფუთული, თათები ღრმად უწყვიათ ჯიბეებში, ფეხებს გასათბობად აბაკუნებენ, მძივებივით თვალებით მორცხვად იცქირებიან, სრუტუნებენ და დრუნჩს სახელოთი იწმენდენ. მერე კი წინაპარი თაგვების სიმღერას იმღერებენ (რომელიც ქარბუქისგან გამოკეტილ, ბუხრიან ოთახში დაწერილს გავდა და თაობიდან თაობას გადაეცემოდა, რათა შობას ემღერათ)…

ვირთხა და თხუნელა თაგვებს სახლში იპატიჟებენ, გემრიელი ვახშმითა და ცხელი სასმელით უმასპინძლდებიან. „Dulce Domum“ მართლაც რომ პირის ჩასატკბარუნებელი თავია – შობის დღესასწაულის სიხარულითა და სევდით შეზავებული. თავი, რომელიც გვახსენებს, რომ წელიწადის ამ მშვენიერ დღეს იქ უნდა დავბრუნდეთ, სადაც მშობლიური სახლის ნაცნობი სურნელი გვეგულება; რომ „სახლის სიყვარული ყველას ისე ღრმად გვაქვს გამჯდარი სულსა და გულში, თითქოს იქ ღუზით ჩაუშვესო…“

ყველაზე დასაფიქრებელი

განა შესაძლოა, შობის დღესასწაულზე ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერა“ არ ვახსენოთ?!  მთელ წიგნს თუ ვერ გადავიკითხავთ, უკანასკნელი თავი მაინც გავიხსენოთ. „მეხუთე სტროფში“ ებინეიზერ სკრუჯი (რომელმაც უკვე სამ სულთან ერთად იმოგზაურა, საკუთარი ბავშვობა, სიყმაწვილე და გარდაცვალება იხილა) იღვიძებს!!!

შობის მოძულე, უხეში, ძუნწი და ქვახარშია პერსონაჟი, „პირველ სტროფში“ რომ გაგვაცნო ავტორმა, სრულიად გარდასახულია. საკუთარი წარსულის გამოსყიდვის სურვილი ამოძრავებს, სურს შეცვალოს ბედისწერა და კეთილი ზრახვებით გულანთებული მოქმედებას იწყებს. თუ უწინ მუდამ იმაზე ფიქრობდა, რა გზებით გაეძარცვა, გამოეძალა, ტყავი გაეძრო და  სული ამოერთვა გაჭირვებულებისთვის, თუ უპოვარს მისკენ ხელის გაშვერაც კი აშინებდა, დამფრთხალი გამვლელ-გამომვლელი კი საათსაც ვერ ეკითხებოდა, კათარზისგამოვლილს ვეღარც კი სცნობენ. „მასზე ყვებოდნენ, რომ არავის შეეძლო შობის ისე აღნიშვნა და პატივისცემა, როგორც მისტერ სკრუჯს… ნეტავ შეძლონ და ჩვენზეც იგივე თქვან! თითოეულ ჩვენგანზე!..“

სახეზე გამკრთალი პირველი ღიმილიდან უდიდეს ქველმოქმედებამდე წიგნის მთავარი გმირი ხანგრძლივ და რთულ გზას გადის. მისი ტრანსფორმაცია იმედს გვაძლევს, რომ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ისეთ გულქვასა და შეუვალს, როგორიც ებინეზერ სკრუჯი იყო, აუცილებლად გამოუჩნდება გულშემატკივარი. რომ ადამიანებმა უხმო შეთანხმებით ერთმანეთს გულები უნდა გავუხსნათ,“ არა მხოლოდ შობას, ყოველთვის, როცა ჩვენგან თანადგომას ელიან.

ახლა კი ისღა დამრჩენია, პატარა ტიმის სიტყვები გავიმეორო: ღმერთმა თავისი წყალობა ნუ მოგაკლოთ!

საახალწლო საკითხავი მასწავლებლებისთვის

0

ყოველთვის ვცდილობ, მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნება მეტად გავაღვივო. ოტია იოსელიანს უყვარდა ხოლმე თქმა: ბალზაკმა 20 ტომი სისულელე დაწერა და მერე გახდა გენიოსიო.

„ცდისა და შეცდომის“ ეს კლასიკური მაგალითი საოცრად ცხადი და საგულისხმოა, თუ როგორ შეიძლება თავდაუზოგავმა შრომამ შედეგი მოიტანოს, თუნდაც ამ შრომას, ერთი შეხედვით, არანაირი გრძელვადიანი მიზანი არ ჰქონდეს.

მოსწავლეებს, მოახლოებული დღესასწაულების კვალდაკვალ ვთხოვ ხოლმე, მოიფიქრონ და დეტალურად აღწერონ რამე ისეთი, რაც მანამდე არავის გამოუგონია – იქნება ეს სახლში ჩაშენებული ნარჩენების გადამამუშავებელი მინი რობოტი, რომელიც კომპოსტს სადღაც საერთო სივრცეში აგზავნის და ამას მერე ბაღ-ბოსტნების გასანოყიერებლად ვიყენებთ, თუ ახალი დღესასწაული, რომელიც შესაძლოა, კარგი ტრადიციის დასაწყისი აღმოჩნდეს.

ეს გასართობი, ძალიან კარგი საშუალებაა, ერთის მხრივ, ახალი ინფორმაციის მისაწოდებლად, მეორეს მხრივ კი, წერითი უნარების განვითარებისთვის (განსაკუთრებით, ვითარებაში, როცა კლავიატურის ეპოქის ბავშვებს სულ უფრო უჭირთ კალმით წერა).

საახალწლო დავალება კი ამგვარი მოვიფიქრე: ჯერ მოვუყევი რამდენიმე უძველეს ტრადიციაზე, რომელიც ახალი წლის დადგომასთან იყო კავშირში, შემდეგ, ვთხოვე, საკუთარი, ალტერნატიული ახალი წლის აღნიშვნის ვერსია გამოეგონათ, ისეთი, როგორიც აქამდე ისტორიკოსებმა არ იცოდნენ, მაგრამ შეიძლება დამაჯერებელი ყოფილიყო.

ზრდასრულებისგან განსხვავებით, ბავშვები მსგავს დავალებას უფრო მეტი ხალისით  ასრულებენ, მათი ფანტაზია უსაზღვროა. შედეგები ისეთი სახალისო, ზოგჯერ ღრმა, ხანდახან თითქმის გენიალური და ყოველთვის საინტერესო.  ვფიქრობ, ეს მეთოდი ბევრ პედაგოგს შეიძლება გამოადგეს.

2019 წლის მიწურულს, ახალი წლის უძველესი ტრადიციების შესახებ ინფორმაცია ერთად მოვაგროვეთ.

გაირკვა, რომ ძველ ბაბილონში ახალი წელი მარტის ბოლოს, ახალმთვარეობასთან ერთად დგებოდა. სამყაროს აღორძინებისა და ბუნების გაღვიძების მრავალდღიან დღესასწაულს, ბაბილონელები აკიტუს ეძახდნენ და ეს საერთო სახალხო დღესასწაული იყო, რომლის დროსაც აკიტუს ქანდაკებები ქუჩებში გამოჰქონდათ და მსხვერპლს სწირავდნენ. ხალხი თვლიდა, რომ ამ დროს, კოსმიური ქაოსისგან განწმენდა ხდებოდა და ის წელი ბევრად უფრო საინტერესო და იმედიანი იქნებოდა ყველასთვის.

ძველი რომაელები ახალ წელს თითქმის იმავე დღეს აღნიშნავდნენ, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ – პირველ იანვარს. ორსახოვანი იანუსის პატივსაცემად მოფიქრებული განახლების ეს დღესასწაული „ცვლილებებისა და ახალი წამოწყებების“ ღმერთისთვის პატივის მიგება იყო. ამ დროს, მეზობლები და ნათესავები ერთმანეთთან ლეღვით, თაფლითა და საჩუქრებით მიდიოდნენ.

ძველეგვიპტური კულტურა კი, ნილოსთან მჭიდრო კავშირის გამო, ახალ წელს, როგორც უმეტესობა დღესასწაულებისა, წყალუხვობას უკავშირებდა. რომაელი ისტორიკოსის, ცენზორინუსის ცნობით, ძველეგვიპტელებმა ახალი წლის აღნიშვნა ვარსკვლავ სირიუსის 70 წლიანი „გაქრობისა“ და გამოჩენის შემდეგ დაიწყეს. ეს ამბავი კი ივლისს დაემთხვა, როცა დიდხნიანი გვალვების შემდეგ, ნილოსი ისევ ადიდდა, მოსავალი კვლავ უხვად მოვიდა და მოსახლეობამ შიმშილით სიკვდილს თავი დააღწია (სავარაუდოდ, ეს კონტინენტის 150 წლიან გვალვას ემთხვევა). ამ დღესასწაულს ეგვიპტელები Wepet Renpet-ს უწოდებენ და დღემდე აღნიშნავენ, როგორც მადლიერების გამომხატველ ამბავს.

„ახალი წლის“ დადგომას ძველეგვიპტელები მუტის ტაძრის რიტუალს ამთხვევდნენ, როდესაც ყველა, ქალიცა და კაციც, უნდა დამთვრალიყო და ეზეიმა. ალბათ, Octoberfest, რომელიც ყოველწლიურად ტარდება გერმანიაში, სათავეს სწორედ აქედან იღებს, რადგან არსად, დედამიწის ზურგზე არ ისმებოდა იმდენი ლუდი, რამდენიც ახალ წელს ეგვიპტეში.

როგორც წესი, ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციები უამრავია მსოფლიოში. აცტეკების, ძველირანელების, ჩინელების, იაპონელების, უძველესი გერმანული ტომებისა თუ დრუიდების. საკითხავ და მოსაყოლ მასალას რა გამოლევს დედამიწაზე, მოსწავლის თვალსაწიერი ფართოვდება, მულტიკულტურული სიახლოვის განცდა ჩნდება. ყველა ქვეყნის ტრადიციაში აღმოვაჩენთ ხოლმე ჩვენთვის მსგავსს და ახლობელს, რაც აქრობს განცდას, რომ ეგვიპტელი პრინციპულად სხვა ადამიანია და არა ჩვენნაირი, მართალია განსხვავებული კულტურის, მაგრამ მაინც ჩვენნაირი, იგივე შიშებითა და სიხარულით, რაც გვაქვს, მსგავსი ცრურწმენებითა და იმედებით, მასაც უყვარს, მასაც სტკივა და მასაც უხარია და რომ შეიძლება, დედამიწის რომელიმე სხვა კუთხეში, ჩვენსავით კითხულობდნენ სკოლის მოსწავლეები კალანდაზე და იმავეს ფიქრობდნენ, რასაც ახლა ჩვენ.

სიამოვნებით გაგიზიარებდით ბავშვების შექმნილ ახალ ტრადიციებსაც, მაგრამ შევუთანხმდი, რომ არ გავასაჯაროებ მათი ნებართვის გარეშე, მე კი მოსწავლეებთან  შეთანხმებას ყოველთვის ვიცავ.

 

ეზოში ბავშვები არ არიან?

0

“ეზოში ბავშვები არ არიან” – შემომჩიოდა ჩემი მეორეკლასელი შვილი, როდესაც ეზოში ჩასვლას ვთხოვდი სათამაშოდ, მას კი მარტოს არ სურდა თამაში.  სექტემბერში, სწავლის დაწყებისთანავე, ეზოები დაცარიელდა.  ბავშვების ხმაური მიწყდა და არც  ფეხბურთის თამაშისგან და კედელზე ენერგიული დარტყმებისგან  თავგაბეზრებული მეზობლების ყვირილი ისმოდა.  ისინი  სახლში ჩაიკეტნენ; აღარც სკუტერით, აღარც სკეიტით და ველოსიპედით მოქრიალე ბავშვები აღარსად ჩანდნენ. დაიწყო რუტინა, საინტერესოც და ცოტათი გულის გამაწვრილებელიც.

რუტინა სტრუქტურირებული რეჟიმია, რომელიც შესასრულებელი აქტივობების მიხედვით არის დაგეგმილი და  ბავშვის ძირითად საჭიროებებზეა მორგებული. ასეთი საჭიროებებია: დროული ძილი, დროული კვება, სავალდებულო საქმიანობები. ბავშვის რუტინის აუცილებელი კომპონენტია ასევე ფიზიკური აქტივობაც. ასევე მნიშვნელოვანია, დროის გამონახვა და მისთვის ყურადღების დათმობა. ფიზიკური აქტივობის, როგორც ბავშვის განვითარების  მნიშვნელოვანი კომპონენტის შესრულებას,  განსაკუთრებით უნდა ვესწრაფვოდეთ მშობლები და ხელს უნდა ვუწყობდეთ ბავშვის აქტიურ დასვენებას და გართობას.

სამწუხაროდ, ხშირად,  ისევ ჩვენ – მშობლები, როდესაც ჩვენი შვილები სწავლას შეუდგებიან, პირველივე კლასიდანვე ვტვირთავთ მათ უზარმაზარი პასუხისმგებლობებით, რაც არათუ მათ  ემოციურ ჯანმრთელობაზე, ასევე ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება, რადგან მათ აღარ რჩებათ დრო ფიზიკური დასვენებისთვის, თამაშისთვის და მუდმივად უფროსებივით “გადარბენის” რეჟიმით ცხოვრობენ… ან, როგორ უნდა იკმარო დღის განმავლობაში  რამდენიმე ათეული წუთი, სკოლის დერეფნებში სირბილისთვის?! ნამდვილად, არ კმარა!

როდესაც, სკოლის მოსწავლეს არ რჩება დრო თამაშისთვის, მას შესაძლოა ჩამოუყალიბდეს სკოლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და გაუჩნდეს პროტესტი. უნდა გვახსოვდეს, რომ სკოლამდელი ბავშვის და ასევე დაწყებითი საფეხურის მოსწავლის განვითარების მთავარი სტრატეგია და ერთ-ერთი მთავარი აქტივობა არის ისევ თამაში  და არ უნდა უგულებელვყოთ ის. თუ თამაში, საკლასო ოთახის ფანჯრებს მიღმა, ღია და დაცულ სივრცეში განხორციელდება, მით უფრო სასიკეთო იქნება  ბავშვებისთვის.

ჩვენს ისედაც შემჭიდროვებულ და წუთებზე გათვლილ რუტინაში მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად გამოვნახოთ დრო ბავშვის ფიზიკური გართობისა და თამაშისთვის. მშობლების ამ საკითხში დასარწმუნებლად კი შესაძლოა მოვიშველიოთ ის კვლევები და მათი  შედეგები, სადაც ასახულია, თუ როგორი ცხოვრების წესით აღწევენ მოსწავლეები წარმატებას ცხოვრებაში.

ბავშვები აღწევენ წარმატებას  სკოლაში:

რომელთაც მოწესრიგებული აქვთ ძილის რეჟიმი;

რომელთაც რჩებათ თავისუფალი დრო დღის განმავლობაში;

ბავშვები, რომელთაც ნაკლები შეხება აქვთ  ტექნოლოგიებთან;

და ასევე, ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სახლში თამაშის გამოცდილება და წახალისებული არიან პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრისათვის.

თამაში ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია, მით უფრო ფიზიკური აქტივობა, რომელიც ბავშვისთვის მნიშვნელოვანია როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური ასპექტითაც. გარდა ამისა, ბავშვი რომელიც ღია სივრცეში  თამაშობს, იხარჯება ფიზიკურად და სხვა ბავშვებთანაც ამყარებს ურთიერთობას, ეს მრავალმხრივ დადებითად მოქმედებს მის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ  ჯანმრთელობაზე. ფიზიკურად აქტიური ბავშვები კი სკოლაში უკეთ სწავლობენ და აკადემიური და სოციალური უნარებითაც  გამოირჩევიან.

 

 

შორენა ტყეშელაშვილი

ბავშვების სეგრეგაცია ასაკის მიხედვით სკოლებსა და ბაღებში (I ნაწილი)

0

ბავშვები სწავლობენ ისეთი თამაშების მეშვეობით, რომლებიც მათი პროქსიმული განვითარების ზონაში[1] მიმდინარეობს.

 

სწავლისა და დასწავლის პროცესის წარმატებისთვის აუცილებელია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც კრიტიკულ როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში:

ა) მოსწავლეს გვერდით უნდა ჰყავდეს ვინმე, ვისაც აქვს სათანადო ცოდნა და უნარები და ვინც სწავლების პროცესს სწორად წარმართავს;

წბ) მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გარემო, სადაც სხვებთან სოციალური ურთიერთქმედება საშუალებას მისცემს, დააკვირდეს და შემდეგ დაისწავლოს ის უნარები, რომლებიც თავად ჯერ არ აქვს განვითარებული;

გ) მხარდამჭერი აქტივობები/ვარჯიში/ერთად თამაში, რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება, განავითაროს ის ახალი უნარები, რომლებიც ფიზიოლოგიურად და მენტალურად უკვე მოიაზრება მისი პროქსიმული განვითარების ზონაში, მაგრამ ვერ განვითარდება უფრო გამოცდილი მენტორის გარეშე.

ლევ ვიგოტსკის კონცეფციის მიხედვით, გააზრებული და დინამიკური ინსტრუქტაჟი (სწავლება), რომელიც ქმნის ურთიერთგანათლების (ურთიერთსწავლების) სოციალურ და კულტურულ ბუნებას, ხელს უწყობს ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებას[2].

განათლების ამერიკული სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსი, ფსიქოლოგი, ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, დოქტორი პიტერ გრეი, თანამედროვე დასავლური განათლების ერთ-ერთ საინტერესო ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას. იგი კითხულობს: რატომ არის აშშ-ში, ბრიტანეთსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სასკოლო განათლება დაყოფილი სამ დონედ ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (ელემენტარული სკოლა, ე.წ. საშუალო სკოლა და მაღალი სკოლა – High School)?

როგორც გრეი წერს, ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რამ, რაც, მისი აზრით, დამაზიანებელია ბავშვისთვის, ის არის, რომ ჩვენ, უფროსები, ბავშვებს ჩვენი სურვილებისა და წარმოდგენების გამო „ვანაწილებთ“ განათლების მისაღებად ასაკობრივ ჯგუფებად. თანაც, – აღნიშნავს დოქტორი გრეი, – ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ სკოლებში, არამედ არასასკოლო გარემოშიც.

ასეთი სეგრეგაციული, გამმიჯვნელი წესებით ჩვენ ბავშვებს ვუზღუდავთ განათლების ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელსაც განათლების ბუნებრივი გზით მიღება ჰქვია.

ისე მოხდა, რომ ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილი სასკოლო სწავლების სისტემა სწორედ იმ დროს გაჩნდა, როდესაც წარმოება ამწყობ ხაზზე – კონვეიერზე გადავიდა. ანალოგია, ვფიქრობთ, გასაგებია.

ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილი საგანმანათლებლო სისტემა მოსწავლეებსაც კონვეიერული ხაზის ფილოსოფიით განიხილავს და მათ ერთი პუნქტიდან (გაჩერებიდან) მეორემდე (კლასიდან კლასში) გადააადგილებს, ისევე როგორც კონვეიერის ხაზზე გადაადგილდება პროდუქტი ზუსტად და ერთი და იმავე სიჩქარით. ქარხნის მუშა (მასწავლებელი) ყოველ გაჩერებაზე კონვეიერზე განლაგებულ პროდუქციას ერთსა და იმავე კომპონენტს ამატებს. ხაზის ბოლოს ქარხანა გარეთ „აგდებს“ ახალ ზრდასრულ, მზა ადამიანებს, რომლებიც ერთნაირები, მწარმოებლის (პროფესიონალი განმანათლებლების) საერთო სპეციფიკაციით არიან შექმნილები (წარმოებულები).

რა თქმა უნდა, ნებისმიერმა ადამიანმა (ჩვენ მიერ შექმნილ ასაკობრივ ჯგუფებად დაყოფილ სკოლებში მომუშავეთა ჩათვლით), რომელსაც ჰყოლია ან უბრალოდ უნახავს ბავშვი, კარგად იცის, რომ ბავშვთა განვითარების ასეთი „კონვეიერული“ ფილოსოფია მცდარია – ბავშვები, მიუხედავად იმისა, რომ მათი განვითარების ეტაპები მსგავსია, ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ყოველ მათგანში მკაფიოდ ჩანს ინდივიდუალობა.

ბავშვები არ არიან პასიური პროდუქცია, რომელსაც კომპონენტებს ამატებენ. ბავშვები არ არიან  „დაუმთავრებელი“ მოზრდილები, რომლებსაც თანდათანობით „შენება“ სჭირდებათ წინასწარ განსაზღვრული მეთოდით თუ სიხშირით.

ბავშვები სრულფასოვანი ადამიანები არიან, საკუთარი უფლებებისა და ნების მქონე ადამიანები, რომლებიც მუდმივად მოითხოვენ კონტროლს თავიანთ ცხოვრებაზე და რომლებიც, მიუხედავად ჩვენ მიერ მათთვის გაწერილი ცხოვრების გეგმისა, დაჟინებით ესწრაფვიან იმის სწავლას, რაც თვითონ სურთ და მუდმივად სრულყოფენ იმ უნარებს, რომელთა განვითარებაც თვითონ უნდათ. ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, ეს გზა, ნაცვლად დაბრკოლებების აღმართვისა, მათთან ერთად გაგვევლო.

ადრე გამოქვეყნებულ წერილებში მე რამდენჯერმე შევეხე ბავშვების თვითგანსწავლის – უფროსების ყოველგვარი ჩარევის გარეშე  სწავლის – ბუნებრივ უნარს. კერძოდ, ვისაუბრე თვითგანათლების პროცესებზე თანამედროვე მონადირე-შემგროვებლებში და თვითგანათლებაზე ორიენტირებულ ზოგიერთ სკოლაში (სადბერი ველის სკოლა მასაჩუსეტსში, აშშ – Sudbury Valley School).

ზემოთ მოყვანილი მაგალითების ყველაზე საინტერესო თავისებურება ის არის, რომ განსაზღვრულ გარემოში ბავშვები მუდმივად ურთიერთქმედებენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებთან. ანთროპოლოგების აზრით, შერეული ასაკობრივი ჯგუფები მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოებაში თვითგანათლების გადამწყვეტი ფაქტორი იყო. დენიელ გრინბერგი[3] ყოველთვის ემხრობოდა ბავშვების შერეული ასაკობრივი ჯგუფების თვითგანათლების მეთოდს სადბერი ველის სკოლაში, რომლის ერთ-ერთი დამაარსებელიც თვითონ არის.

რამდენიმე წლის წინ მე და ჯეი ფელდმანმა (იგი ჩემი დოქტორანტი გახლდათ) სადბერის სკოლაში ჩავატარეთ შერეული ასაკის ბავშვების ურთიერთქმედების კვლევა. ჩვენი მიზანი იყო, განგვესაზღვრა:

ა) რამდენად შერეული ასაკისა იყო სკოლაში ბავშვების ურთიერთქმედება;

ბ) რა კონტექსტში ხდებოდა შერეული ასაკის ბავშვების ურთიერთქმედება;

გ) შერეული ასაკის ბავშვების რა ტიპის ურთიერთქმედება უწყობდა ხელს მოსწავლეების თვითგანათლების პროცესს.

როდესაც ბავშვებს არჩევანს არავინ უზღუდავდა, ისინი დროის უმეტეს ნაწილს სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან ერთად ატარებდნენ.

რაოდენობრივი კვლევის მონაცემების თანახმად, სადბერის სკოლაში მოსწავლეთა 50%-ზე მეტს სოციალური ურთიერთობა ჰქონდა მოსწავლეებთან, რომელთა ასაკი 2 წლით ან მეტით აღემატებოდა ან ჩამორჩებოდა მათსას, ხოლო 25%–ს – მათზე 4 წლით უფროს ან უმცროს თანასკოლელებთან. შერეული ასაკის მოსწავლეთა ურთიერთქმედება განსაკუთრებით ხშირი იყო თამაშის დროს. ყოველგვარი აქტიური თამაში უმეტესად შერეული ასაკის ბავშვების მონაწილეობით მიმდინარეობდა, ხოლო საუბრები (თამაშის ელემენტების გარეშე) – ნაკლებად შერეული ასაკის ბავშვებს შორის.

ერთი აშკარა უპირატესობა, რომელიც მცირე ასაკის ბავშვებისთვის სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან ურთიერთობას მოაქვს, ის არის, რომ პატარები ერთვებიან, სწავლობენ და ახორციელებენ იმ აქტივობებს, რომელთა შესრულებაც მარტოებს არ შეუძლიათ და მხოლოდ მათზე უფროსების მონაწილეობით ხდება შესაძლებელი.

 

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

თარგმნა ლევან ალფაიძემ

[1] პროქსიმული განვითარების ზონა (Zone of Proximal Development, ZPD, ინგლ.) – ტერმინი, რომელიც შემოიღო ცნობილმა საბჭოთა ფსიქოლოგმა ლევ ვიგოტსკიმ (1896-1934). ვიგოტსკის თანახმად, პროქსიმული განვითარების ზონა არის მანძილი განვითარების ფაქტობრივ (რომელიც განისაზღვრება პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარებით) და პოტენციურ დონეებს (რომელიც განისაზღვრება პრობლემის გადაჭრის უნარით უფროსის ხელმძღვანელობით ან უფრო განვითარებული უნარების მქონე თანატოლებთან ერთდ) შორის (Vygotsky, 1978, p. 86).

[2] Hafiz M.Iqbal, Cognitive Development, Educational Theories of, International Encyclopedia of the Social & Behavioral Sciences (Second Edition), International Encyclopedia of the Social & Behavioral Sciences, 2015, Pages 51-57.

[3] დენიელ გრინბერგი (Daniel Greenberg; დაიბ. 1934 წელს) – სადბერი ველის სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...