შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

სახიფათო სიფერადე- მოზარდი, ინტერნეტი და ნარკოტიკები

0

ახალი ნარკოტიკები, რომლებიც ტრადიციულისგან ქიმიური შემადგენლობით ოდნავ მაინც განსხვავდება, ტექნიკური თვალსაზრისით უკვე ლეგალურად განიხილება. ასეთი ნარკოტიკები იზიდავენ მათ, ვინც ინტერნეტში მასტიმულირებელ და სწრაფად მოქმედ ნივთიერებებს ეძებს. გამსაღებლები მათ თამამად, დასჯის შიშის გარეშე ჰყიდიან. ყველაზე მეტად კი ასეთი ნივთიერებები ბავშვებსა და მოზარდებს იზიდავენ.

ახალი ნარკოტიკები ონლაინ იყიდება და მილიგრამობით იზომება. მათ შესაძენად საჭირო არ არის საიდუმლო ფულადი გზავნილები. ნაკლებია პოლიციასთან ურთიერთობის საფრთხეც, რადგან  ნარკოტიკები ფოსტით იგზავნება. ამდენად, პატარა ქიმიკოსის როლის მორგება მოზარდისთვის კიდევ უფრო ადვილდება.

ახალ ნარკოტიკულ ნივთიერებებს ინტერნეტით ჰყიდიან. საიტების ადმინისტრატორები მომხმარებლებს რამდენიმე ევროს სანაცვლოდ ხალისიან დროსტარებას ჰპირდებიან, თუმცა არავინ იცის, რით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი და, როგორც წესი, დასასრულიც სავალალოა. ახალი ნივთიერებების ჩამონათვალი დღეისათვის 800-ს უტოლდება. ყოველწლიურად 60-დან 70-მდე ახალი ფორმულა ჩნდება, ანუ კვირაში ერთი.

ერთი წლის წინ, „ბლუმბერგის“ შეფასებით, საქართველო იმ ქვეყნების ათეულში შევიდა, სადაც ნარკოტიკები ყველაზე ძვირადღირებულ სიამოვნებას წარმოადგენდა.  სპეციალისტები ამ რეიტინგს ყოველწლიურად, ე.წ. „ცოდვის კალათის“ ფასის მიხედვით ადგენენ, რომელშიც ოთხი ძირითადი სახეობის ნარკოტიკი შედის – ერთი გრამი ოპიოიდები, კოკაინი, მარიხუანა ან ჰაშიში და ამფეტამინი ან ექსტაზი. სააგენტოს მიერ შედგენილ რეიტინგში საქართველო მერვე ადგილზე აღმოჩნდა. „ცოდვის კალათა“ საქართველოში 536 ამერიკული დოლარი ღირს.

ახალი ნარკოტიკები სოკოებივით მრავლდებიან და შავ ბაზარს ისე სწრაფად იპყრობენ, რომ ჯანდაცვისა და სამართალდამცავი დეპარტამენტები თვალ-ყურის მიდევნებას ვერ ასწრებენ. ვებსაიტები სხვადასხვა ნივთიერებების დიდ არჩევანს გვთავაზობენ და თუ მომხმარებელს ნარკოტიკის რომელიმე აბრევიატურა არ ეცნო, ის უბრალოდ გუგლავს მას და სხვა მომხმარებლების კომენტარებს ენდობა. ასეთ საიტებზე ფასდაკლებებიც ცხადდება. მაგალითად, Blue Stuff – „ნივთიერებათა ნაზავი“. მომხმარებლები ამ პროდუქტს ხუთი „ვარსკვლავით“ აფასებენ – „შესანიშნავი მომსახურება, ლამაზი შეფუთვა“.  შეფასების „ვარსკვლავებს“ მოციმციმე სიცილაკებიც ახლავს. „პროდუქტი“ კრისტალების სახით იყიდება, აბაზანის მარილივით. მასში აქტიური ნივთიერება ეთილფენიდატია. ფსიქოსტიმულატორი პრეპარატი ძალიან ჰგავს მეთილფენიდატას.

ეს იგივეა, რაც რიტალინის – ფსიქოსტიმულატორი პრეპარატის ყნოსვა, რომლის გარშემოც ბევრი კითხვა ტრიალებს და რომელიც ყურადღების დეფიციტის, ჰიპერაქტიურობის დარღვევის სამკურნალოდ გამოიყენება. მაგალითად, იტალიაში, გასული წლის მაისიდან ის კლასიფიცირდება როგორც ნარკოტიკი, მაგრამ ბაზარი სავსეა მისი ალტერნატივებით. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ლეგალურად ტრიალებენ მიმოქცევაში და ვიდრე მათ უკანონო ნარკოტიკების ნუსხაში გადაიტანენ, უამრავი ადამიანი, მათ შორის მოზარდები და ბავშვები იყიდიან. ინტერნეტსივრცე გაჯერებულია ფერადი ტაბლეტებითა და კრისტალებით, ისინი აჩქარებენ რეაქციას, იწვევენ აღგზნებულ მდგომარეობას. იმავე მარილების რეგულარული მოხმარებას (მათ კოკაინისა და ამფეტამინის მასტიმულირებელი ეფექტი აქვთ) მივყავართ ფსიქოზებამდე, ორგანოების გათიშვამდე, ორგანიზმის დასუსტებამდე და სხვადასხა დაავადებამდე.

ეს სახიფათო სიფერადე, რომლის ფოტოებს მოზარდები არცთუ იშვიათად აწყდებიან ინტერნეტით, სულაც არ არის უკანონო, რადგან ისინი ჯერ არ შეუტანიათ აკრძალული  ნარკო და ფსიქოტროპული ნივთიერებების ნუსხებში, ისინი არ ექვემდებარება რაიმე რეგულაციებს. იმისათვის, რომ ახალი ნარკოტიკი ნარკოტიკულ ნივთიერებებად აღიარონ, საჭიროა ძვირადღირებული კვლევების ჩატარება, მათი საშიშროების ხარისხის დასადგენად სპეციალისტები თვეებს, ზოგჯერ – წლებს ხარჯავენ.

არაერთი ქვეყნის მსგავსად საქართველოც დგას ისეთი გლობალური გამოწვევის წინაშე, როგორიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებაა. კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით ჩვენთანაც აკავებენ ორგანიზებულ ჯგუფებს. მაგალითად, ჯერ კიდევ კარგად გვახსოვს შარშანდელი გახმაურებული ისტორია ინტერნეტპლატფორმა „მატანგაზე“ დარეგისტრირებულ მაღაზია MEGASHOP-ზე, რომლის მეშვეობითაც რეალიზდებოდა ნარკოტიკული საშუალებები. გამსაღებლები ნარკოტიკებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და შესაბამისი აღნიშვნებით შემძენ პირებს უგზავნიდნენ, თანხა კი ვებგვერდ ,,მატანგას’’ ანგარიშზე ერიცხებოდათ.

მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ხშირად თვით შსს-ს წარმომადგენლებიც არ ახმაურებენ რა სახის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს იღებენ. ამ ნივთიერებების წარმომავლობის დადგენა ვერ ხერხდება.

ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს ხშირად ეხმაურებიან ქართველი ნარკოლოგები. ისინი ამბობენ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები სტაციონარებშიც მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როდესაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ან ფსიქოზი უვითარდებათ, მანამდე კი ისინი ჩველებრივად მოიხმარენ და „სარეკრაციო მიზნებისთვის“ სხვადასხვა პორტალებიდან იწერენ. ნარკოლოგებიც ადასტურებენ, რომ არცერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება საქართველოში კონტროლირებადი არ არის და მათი რაობის დადგენაც არსად ხდება, რის ფონზეც მომხმარებლებს, რომელსაც კომატოზური მდგომარეობა უფიქსირდება, დიაგნოზად ეწერებათ, რომ უცნობი ეტიოლოგიის კომა აქვს.

„საქართველოში მოხმარების ერთადერთი წყარო ნარკოტიკების მომხმარებელთა თემია, რომელიც იწერს ან იძენს ამ ნივთიერებებს. შესაბამისად, მხოლოდ ანამნეზური მონაცემების საფუძველზე მომართვიანობის დროს ვადგენთ, რა ნივთიერება აქვთ მოხმარებული.  თუმცაღა, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების არანირი ლაბორატორიულ-კვლევითი დასტური ვერ და არ ხორციელდება, ვინაიდან არ არსებობს არანირი ხელსაწყო, – წერს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ფეისბუქზე. – ქვეყანაში არ არსებობს, ე.წ „პოიზინგ ცენტრი“, რომელიც შეტყობინებას გაავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რა ნივთიერების მოხმარებით აღმოჩნდა ადამიანი კომატოზურ მდგომარეობაში. არ ხდება შავი ბაზრის კვლევა და იმის კონტროლი – თუ რა ნარკოტიკია ბაზარზე. ქვეყანაში არ არსებობს ზიანის შემცირების სტრატეგია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით და შესაბამისად, არ ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაზიარება“.

ახალი ნარკოტიკები მთელი სამყაროს პრობლემაა. მაგალითად, 2016-2017 წლებში შვედეთში, პოლონეთსა და სლოვენიაში დაფიქსირებული ლეტალური შემთხვევები უკავშირდებოდა ფენტანილისგან წარმოქმნილ მოლეკულებს, სასიკვდილო სინთეზურ ოპიოიდს, რომელიც ჰეროინს ემატებოდა.

2017 წელს ევროპის ობსერვატორიაში შეისწავლეს ხუთი წარმოებული ფენტანილი ცხვირის სპრეის სახით. ორიგინალთან შედარებით, ისინი ორგანიზმზე უფრო ძლიერად მოქმედებდნენ, მაგრამ მომხმარებლებმა არც კი იცოდნენ ამის შესახებ. ეს ინფორმაცია არ ჰქონდათ.

თუ ტრადიციული ნარკოტიკები გრამებით იზომება, მოლეკულებში მილიგრამებზე ვსაუბრობთ. დოზირება რთულია არა მხოლოდ მათთვის, ვინც მათ მოიხმარს. ამავე დროს, ამ ნარკოტიკების სარგებელი ფასდაუდებელია გამსაღებლებისთვის: მცირე ოდენობებიც კი ათასობით პოტენციურ დოზად ტრანსფორმირდება.

2018 წლის ივნისში წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალებების შესახებ „თეთრი წიგნიდან“ ვიგებთ, რომ 2017 წელს ნარკოტიკების მოხმარება არასრულწლოვანებსა და მოზრდილთა შორის ოთხჯერ არის გაზრდილი. იტალია მესამე ადგილზეა ევროპაში კანაფის მოხმარებით და მეორე ადგილზე, როდესაც საქმე ეხება ასაკობრივ ჯგუფს 15-დან 34 წლამდე.  ევროპული სკოლის ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკების კვლევის პროექტის (ESPAD) ფარგლებში კი დგინდება, რომ გასულ წელს ევროპაში ასი მოზარდიდან სამს ჰქონდა გასინჯული ფსიქოაქტიური ნივთიერება. მხოლოდ იტალიაში, თითქმის 41 ათასმა ბავშვმა მიიღო მათთვის უცნობი სახის ნარკოტიკული ნივთიერება. პირველად ნარკოტიკებს 11-12 წლის ასაკში აგემოვნებენ.

ინტერნეტი ნარკოტიკების გლობალური დისტრიბუტორია. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში და ჰოლანდიაში, ნარკოტიკების მოხმარება კანონით არ ისჯება, მაგრამ ამ ქვეყნებისთვის გამოწვევაა კანონიერების საზღვრების გაფართოება, ამოუცნობი ქიმიური ზონების კვლევა.

ქუჩის ძველი ნარკოსამყარო კი არ ქრება, არეალს ზრდის. ჩნდება ახალი ნარკოტიკები და მათი მხარდამჭერი პლატფორმები, რომლებიც მოზარდებისთვის ისევე ხელმისაწვდომია, როგორც უფროსებისთვის. ძველი ნივთიერებებისგან ახალი კოქტეილები მზადდება და ეს პროცესი შექცევადია. იცვლება ნარკოტიკების მოხმარების მოდელი. მოზარდები დამოკიდებული ხდებიან არა ერთი ტიპის ნარკოტიკზე, არამედ თავად დამოკიდებულებაზე. ხველების სიროფი, შერწყმული კოდეინთან და სპრაიტთან, უკვე არა სასარგებლო, არამედ იასამნისფერი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო სასმელია, რომელსაც რეპერები ჰიმნებს უძღვნიან. რეპს კი ასაკოვანი აუდიტორია ნაკლებად უსმენს.

რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლებიც არალეგალურ ნივთიერებებს ინტრავენურად მოიხმარენ, უფრო იოლი ამოსაცნობი არიან, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენმა შვილებმა ნარკოსამყარო პირდაპირ ოპიოიდებით – მორფინით, კოდეინი, ჰეროინით გაიცნონ. ეს წამლები უკვე გამოცდილი ნარკომომხმარებლების პრეროგატივაა. ნარკოდილერები მოზარდებისთვის ბევრად „ელეგანტურ სინთეზურ ნაღმებს“ ამზადებენ კოკაინის, ამფეტამინისა და კანაბინოიდების საფუძველზე.

როგორ გავიგოთ კონკრეტულად რა ნივთიერებას მოიხმარენ მოზარდები?

სპაისი – იოლი ხელმისაწვდომობა  და არასწორი აღქმა იმისა, რომ ის „ნატურალურია“ და შესაბამისად – უვნებელი, ხელს უწყობს ამ პროდუქტების პოპულარობას ახალგაზრდებში. სპაისი სხვადასხვა სახეობის მცენარეთა ნარევია, რომელსაც აქვს მარიხუანის მსგავსი ეფექტი და მიიჩნევა მის „უსაფრთხო“, ლეგალურ ალტერნატივად. სპაისი სხვადასხვა სახელწოდებების გამოყენებით იყიდება. მასში შედის გამხმარი, დაქუცმაცებული მცენარეები და ქიმიური დანამატები ფსიქოტროპული ეფექტით. მისი მოხმარება იწვევს გუგების სიწითლეს, ეიფორიას, სიცილსა და ძლიერ მგრძნობელობას გარე სამყაროსადმი.

სპაისის მოხმარების შემდეგ ხშირია კრუნჩხვა, შფოთვა, პანიკა. ამ ყველაფერს ახლავს ადამიანის ბუნდოვანი გამოხედვა და შეფერხებული რეაქცია. თუ მოზარდმა ცოტა ხნის წინ გამოიყენა სინთეზური ნარევი, საუბრიდანაც შეატყობთ – კონცენტრაციის ნაკლებობას, მარტივ კითხვებზე პასუხის არქონას, იდეების აკვიატებას, ყურადღების მკვეთრ ცვლილებას.

სპაისზე დამოკიდებული მოზარდი ნელ-ნელა ხდება ადვილად გაღიზიანებადი, აპათიური,  მუდმივად გრძნობს გადაღლას, „უხტის“ განწყობა.

მარილი – ევროკავშირის ქვეყნებში „აბაზანის მარილების“ შეფუთვაზე არის ხოლმე მინაწერი: „არ არის განკუთვნილი ადამიანისთვის“, რაც სინთეტიკური პრეპარატების მწარმოებლების აზრით, ევროკავშირის კანონმდებლობისთვის გვერდის ავლის საშუალებაა.

ამფეტამინის ეფექტის მსგავსად, მარილის მომხმარებელი გამოხედვაზეც კი იცნობა – აგრესიულად გამოიყურება, გადიდებული აქვს გუგები. მარილების მომხამარებელს ხშირად უტევს პარანოია, აქვს სმენითი ჰალუცინაციები, უქვეითდება მეტყველება. ზედმეტი ენერგიის მოზღვავება აიძულებთ მუდმივად დამანჭონ სახე, მოილოკონ ტუჩები, ახამხამონ თვალები, უნებლიეთ ამოძრაონ  ყბის და სახის კუნთები. სტიმულატორი ცნობილია აგრესიის გამოვლენით გარშემომყოფების მიმართ. მოზღვავებელი ენერგიის გამო ადამიანს ეფიქრება, რომ ყველაფერი შეუძლია. ასევე, ერევა ცნობიერება, ეწევა წნევა, უჩნდება გიჟური იდეები (მაგალითად, ხიდიდან გადახტომა ან ელექტროგადამცემ ხაზზე ასვლა), რომელიც შეიძლება ლეტალურად დასრულდეს.

მარილების მოხმარების შედეგად მოზარდს შეიძლება რამდენიმე დღე-ღამე არ ეძინოს და საჭმელიც არ ჭამოს, რის მერე ეფიტება სხეული. დამოუკიდებლად გადაადგილებაც აღარ შეუძლია. ასე რომ, თუ მოზარდი ხშირად უჩივის დაღლილობას, ყურადღებით იყავით.

MDMA – კლუბურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნარკოტიკი, რომელსაც ექსტაზადაც მოიხსენიებენ. წამლის სახელწოდება უკავშირდება ექსტაზის განცდას, რომელიც ადამიანში მოხმარებიდან ერთ წუთში ისადგურებს. თუმცა ამ ჰალუცოგენის ხშირ მოხმარებას ძალიან ცუდ შედეგებამდე მივყავართ – დეჰიდრატაცია, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, გულის შეტევა. საშიშია ისიც, რომ შეუძლებელია ზუსტად ვიცოდეთ, რა ტიპისაა ინტერნეტპორტალებზე ნაყიდი MDMA.

MDMA-ის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს თვალები „დაურბის“ და მისი ერთ ადგილზე გაჩერება თითქმის შეუძლებელია. ამავდროულად, ექსტაზის ეფექტს თან ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება, გახშირებული გულისცემა და ოფლიანობა. დოზის გადაჭარბების გამო, ხშირია სხეულის გაუწყლოება, გულის გაჩერება. მისი მოხმარებით გარდაცვალების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია დასუსტებული ორგანიზმის მქონე ადამიანებისთვის.

LSD – კიდევ ერთი კლუბური ჰალუცოგენია, ზრდის მუსიკის, ფერების აღქმას. მას განსაკუთრებით ეტანებიან გრძელვადიანი ემოციების მოყვარულნი. ის შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს, გააჩნია ადამიანის შინაგან მდგომარეობას და განწყობას. თუ მოზარდი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა აგრესიულ ან დეპრესიულ მდგომარეობაში, ეს ჰალუცინოგენი მხოლოდ გაუაქტიურებს ამ მდგომარეობას, რაც შეიძლება ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრით, კოშმარებით, პანიკით დასრულდეს.

ხშირად მისი მომხმარებლები იკეტებიან საკუთარ თავში, ეჩვენებათ, რომ ეხსნებათ ახალი გემოები და ყნოსვა, თავის თავში პოულობენ „უნიკალურ ნიჭებს“. ასე რომ, დააკვირდით როგორ ისვენებს მოზარდი, რა ჰობი აქვს.

იაკობის ფორმულა

0

შედეგიანობა = მეთოდის გამართულობა + სიადვილის უკანასკნელი ხარისხი + მოსწავლეთა და მშობელთა ინტერესები + კრიტიკის მიმღებლობა + საკითხის აქტუალურობა + ხელმისაწვდომობა / სირთულე + ფასი

 

მიუხედავად იმისა, რომ  ჩემი დებიუტი ამ ჟურნალში სხვაგვარად მქონდა დაგეგმილი, გადავწყვიტე, პირველი წერილი იაკობზე დამეწერა. პრინციპში, რაზე უნდა დამეწერა პირველი წერილი „მასწავლებელში”, თუ არა იაკობზე?! ამასთან, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს განაცხადში მომავლის ორ გეგმათაგან ერთი სწორედ გოგებაშვილისა და მისი საგანმანათლებლო პრინციპების პოპულარიზებას ეხებოდა. ამიტომაც: „იაკობის ფორმულა!”

იაკობის რა ფორმულაზე შეიძლება იყოს საუბარი ამ წერილში? ანბანის სწავლების ფორმულაზე? „დედაენის” აგებასა და შექმნაზე? გოგებაშვილის საგანმანათლებლო პრინციპებზე? საბავშვო ტექსტების შექმნასა და ადაპტირებაზე? სწავლებაში მოსწავლეებისთვის საინტერესო შინაარსის შემოტანაზე? მის დამოკიდებულებაზე დაპირისპირებულ მხარეებთან?

ამ წერილში საუბარია ყველა ზემოთ დასახელებულ საკითხზე, რამაც განაპირობა გოგებაშვილის საქმის (ამ შემთხვევაში „დედაენის”) ეფექტიანობა.

 

თავდაპირველად შევეხოთ ორ საკითხს: 1. რას ვგულისხმობ გოგებაშვილის „დედაენის” ეფექტიანობაში და 2. რა მიმართებაა ეფექტურობასა და „ეფექტიანობას” შორის.

დავიწყოთ მეორე საკითხით. ეს ტერმინი გავიაზროთ რაიმე სასწავლო რესურსთან მიმართებით. წარმოიდგინეთ, რომ მოსწავლეებისთვის დაამზადეთ სასწავლო რესურსი – საყვირებიანი კალათა. მოკლედ რომ აღვწეროთ: მშვენივრად მოწნულ-მოქარგული კალათაა, რომელშიც შეიძლება ჩავდოთ სხვადასხვა ნივთი, ხოლო კალათა იწყებს ლაპარაკს იმ ნივთის შესახებ, რომელსაც მასში მოვათავსებთ.

შევაფასოთ ეს რესურსი: არის თუ არა ეფექტური? ყველა შემთხვევაში, ამ რესურსს შეიძლება ვუწოდოთ ეფექტური – იწვევს მოსწავლეთა მოტივირებას, ეხმარება მოსწავლეებს სასწავლო შედეგების მიღწევაში, ეხმარება მასწავლებელს სწავლების პროცესში.

ახლა დავსვათ შეკითხვა: იქნება თუ არა ეს რესურსი ეფექტიანი? გააჩნია. თუკი ამ რესურსის დამზადება იმდენად დიდ თანხასთანაა დაკავშირებული და/ან საოცრად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაშინ ეს რესურსი ეფექტიანი ვერ იქნება. აგრეთვე, თუკი ამ რესურსის გამოყენებას ისეთი იშვიათი ცოდნა დასჭირდება, რომელიც მხოლოდ ერთეულებს აქვთ, ვერც მაშინ ჩაითვლება ეს რესურსი ეფექტიანად. მაგალითად, ფორტეპიანო საოცრად ეფექტური ინსტრუმენტია ჩემთვის ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილებზე, მაგრამ ასეთივედ ვერ გამოდგება იგი იმ მასწავლებლებისთვის, რომლებმაც არ იციან ფორტეპიანოზე დაკვრა…

ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, რომელიც საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (ჯიპრაიდი, – ხშირად ვახსენებ ხოლმე ამ პროექტს ჩემს წერილებში.~) ფარგლებში შევესწარი. როგორც იცით, პროექტის ფარგლებში სასწავლო-საგაკვეთილო სიტუაციებს ვიღებდით ხოლმე, შემდეგ ვამონტაჟებდით და ვავრცელებდით პროექტში ჩართული სკოლებისთვის (ახლა ეს და სხვა მასალები საყოველთაოდაა ხელმისაწვდომი ჯიპრაიდის პორტალზე.).  რასაკვირველია, ეს ყველაფერი პაატა პაპავას, ჯიპრაიდის წიგნიერების მიმართულების ლიდერის, ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ჰოდა, მისული ვართ თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მასალის გადასაღებად. გაკვეთილის სცენარი მომზადებულია, მასწავლებელს მორგებული აქვს სცენარიც და მიმდინარეობს გადაღება. რაღაც მომენტში გადაღება შეწყდა, „ვისვენებთ”, მასწავლებელიც გავიდა გარკვეული წვრილმანის მოსაგვარებლად, ბავშვებიც აჟივჟივდნენ… უცებ პაატა წამოდგა და დაფისკენ წავიდა…
– აბა, როგორ ხართ?! – გააჟღერა თავისი საფირმო მისალმება.
ბავშვები გამოცოცხლდნენ. უპასუხეს, შეეკითხნენ… მერე რაღაც იკითხა, დაფაზე მოხაზა, მოსწავლე გაიძახა…
ვუყურებდი მინი-გაკვეთილს და ვხედავდი განსხვავებას სწავლებაში, რომელიც ახარებს მოსწავლეებს და სწავლებაში, რომელიც ავალდებულებს მოსწავლეებს…

რატომ გავიხსენე ეს შემთხვევა? იმის თვალსაჩინოდ წარმოსადგენად, რომ მიდგომა, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, ეფექტიანი ვერ იქნება…

 

კიდევ ერთი მაგალითი გავიხსენოთ. ამჯერად თეატრის ისტორიიდან.
1972 წელს ვერიკო ანჯაფარიძემ აღადგინა მარჯანიშვილის მიერ 1928 წელს დადგმული გენიალური „ურიელ აკოსტა” (პირვანდელ ვერსიაში ვერიკოსთან ერთად უშანგი ჩხეიძე თამაშობდა.). ივდითის როლში მიიწვია შვილი, სოფიკო ჭიაურელი. შემორჩენილია მოგონება, თუ როგორ უხსნიდა რეჟისორის ამპლუაში სცენაზე ასული ვერიკო შვილს, რომ აი, ასე უნდა ითამაშო ეს მომენტიო… ამაოდ, რასაკვირველია. ამაოდ უხსნიდა.

 

იაკობის ფორმულის „ცვლადებზე” საუბრის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი „დედაენის” ეფექტიანობას. ვფიქრობ, ამ მხრივ არავის ეჭვი არ ეპარება არც დღეს და არ ეპარებოდა არც იაკობის ეპოქაში. ერთს ვიტყვი, რომ მე-19 საუკუნის სამოციანელთა გაუთქმელი იდეა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის შესახებ სწორედაც რომ გოგებაშილის დედაენის ეფექტიანობამ დააგვირგვინა. რომ არა წერა-კითხვის ისე წარმატებით გავრცელება, როგორც ეს მოხდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ვერ მოხდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს.

 

  1. იაკობის ფორმულის მთავარი ცვლადია უკვდავი პედაგოგიკური მიგნება, რომელიც არათუ დღესაც არ კარგავს აქტუალობას, არამედ დაუძლეველიც კია თანამედროვე ქართულ პედაგოგიკაში. ეს არის ანბანის სწავლების ისეთი ხარისხი, რომლისთვისაც არც ერთ დღევანდელობამდე არსებულ დედაენათა საავტორო ჯგუფს არ მიუღწევია.

რას ვგულისხმობ ამ მიგნებაში?

  • „აი ია”-თი დედაენის გახსნას? არა. (მეტიც, პირადად მე მოსწავლეთა მიერ პოსტსაანბანო პერიოდში „ა”-სა და „ი”-ს აღრევის ერთ-ერთ მიზეზად ამ ასოების ერთად შემოტანა მეჩვენება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკუვაგდოთ გოგებაშვილის ეს ძვირფასი აღმოჩენა. რადგან, ასოების სისტემურ შესწავლაზე გადასვლისთვის მოსწავლეებისთვის უკვე ნაცნობი უნდა იყოს „ა”-ც და „ი”-ც და ეს აღრევის პრობლემაც თავისთავად მოიხსნება).
  • ანალიზურ-სინთეზურ მეთოდს, რომელიც, როგორც თავად იაკობი აღნიშნავდა, სულაც არ ეკუთვნოდა მას? არა. იაკობის მიერ თანდათან, მოსინჯვა-მცდელობით „დედაენის” პირველ, 1876 წლის გამოცემაში დამკვიდრებული ეს სტრატეგია ბრწყინვალე მეთოდიკური გამართულებით ხასიათდებოდა მაშინაც და ასეთივეა ახლაც. მაგრამ ამას, უფრო სწორად, მხოლოდ ამას არ ვგულისხმობ.
  • თითო ჯერზე თითო ასო-ბგერის შემოტანა-გაცნობა? კი ბატონო, ამ პრინციპმა დიდად შეუწყო ხელი დედაენის ეფექტიანობას, მაგრამ ამ პრინციპს იცავდა მას შემდეგ გამოცემული თითქმის დედაენის ყველა საავტორო ჯგუფი… ცოტა კიდევ ვთქვათ ამ პრინციპზე – თითო ულუფაზე თითო ასო. ეს იყო ის სიმარტივე, რამაც „დედაენის”უეჭველი წარმატება განაპირობა ნებისმიერი მასწავლებლის ხელში, განურჩევლად იმისა, მასწავლებელი ჩამოყალიბებული მაღალკვალიფიციური პედაგოგი იყო თუ სრულიად უბირი და გონებრივად გაუწაფავი მოხელე. გარკვეული და სრულიად კონკრეტული ცოდნის საფუძველზე (ამ შემთხვევაში, მაგალითად, შვიდი ასოს ცოდნა და ამ შვიდი ასოთი შედგენილი წინადადებების ამოკითხვა) თითო ასოს (ჩვენი მაგალითისთვის, მერვე ასოს) დამატებას და უკვე დამატებული ასოებისგან შემდგარი წინადადებების ამოკითხვაში მოსწავლეების ვარჯიშს ახერხებდა ნებისმიერი მასწავლებელი, საკუთარი გონებრივი შესაძლებლობებისდა მიუხედავად.
  • იქნებ, ამ მიგნებაში ასოების დალაგებას ვგულისხმობ, ე. წ. გენეტიური პრინციპით?! ანუ ჯერ დასაწერად „ადვილი” ასოები, შემდეგ რთული? არა. არც ამას ვგულისხმობ, რადგან ამ პრინციპსაც ერთგულად იცავდნენ შემდგომი „დედაენების” შემდგენელ-გამომცემლები.

 

(სხვათა შორის, ეს მიგნება საერთოდ არ არის მოხსენიებული იაკობ გოგებაშვილის მეთოდის იმ აღწერილობაში, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ ამ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა).

ეს არის მიდგომა, რომელიც გულისხმობს საანბანე სიტყვების შესახებ მოსწავლეებისთვის გარკვეული ამბის შეთავაზებას. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ:

„მასწავლებელი გარდასცემს ბავშვს ამ საგნის შესახებ რაიმე მოთხრობასა, თუ შესაძლებელია, ანდაზას, გამოცანასა და ლექსსა, რომელსაც ამღერებს მარტივს ჰანგზედ”. ეს არის ის სიმაღლე, რომელსაც ქართულმა პედაგოგიკამ ჯერჯერობით ვერ მიაღწია. თუმცა გარკვეული მცდელობები არის. მაგალითად, პაატა პაპავამ და მე შევადგინეთ გაკვეთილის სცენარი ასო-ბგერა „ფ”-ზე გოგებაშვილისეული ოფოფის მიხედვით და სწორედ მცირე საინფორმაციო ტექსტი დავურთეთ გაკვეთილის სცენარს (ეს სცენარი განთავსებულია „ონლაინდედაენაში”. აქვეა ზემოხსენებულ ჯიპრაიდში თამარ ჭანტურიას ხელმძღვანელობით ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილი ბრწყინვალე საანბანო ტექსტების კორპუსიდან რამდენიმე ნიმუშის მიხედვით შექმნილი სცენარებიც).

ასეთი მოთხრობების კონტექსტში ანბანის სწავლების დანერგვას ცდილობს „ახალი სკოლის მოდელიც”, რაც იაკობისეული პრინციპების ფართოდ გაშლა-შემოტანა იქნება.

 

რომ შევაჯამოთ, ფორმულის მთავარი ცვლადი შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც სწავლების პროგრესულობა, საუკეთესო პედაგოგიკური გამართულობა.

სანამ გავაგრძელებთ, ამ ჭრილში განვიხილოთ გოგებაშვილისეული წინადადება ასო „ჰ”-ზე: „ჩიტი ხეზე ჰკიდია”. როგორც ვიცით, თანამედროვე ქართული ენის ნორმებისთვის შეუსაბამოა, რადგან „ჰ” არ არის საჭირო. თუკი ჩავანაცვლებთ დღეისთვის არასწორ ფორმას სწორი ფორმით (მაგალითად, „ჩიტს შვილები ჰყავს”. (აქ საჭიროა „ჰ”). ან „ვაზს მტევანი ჰკიდია”). თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ეს მთლიანად ანგრევს ჩვენ მიერ დასახელებულ მიდგომას და იაკობის ფორმულის მთავარ ცვლადს – მოთხრობა-ამბებსა და გამოცანა-ანდაზებში ჩანერგეთ ახალი ასოს სწავლებაო. ის, რომ ჩიტი ხეზე კიდია, სწორედაც რომ საამბო და სამოთხრობო წინადადებაა, ხოლო სხვა ვარიანტები ვერ უბიძგებს მოსწავლეებს საჭირო საამბო კაუჭისკენ…

 

  1. რაც არ უნდა ბრწყინვალე იყოს სახელმძღვანელო, თუ არ არის გათვალისწინებული ის, ვის ხელშიც უნდა გაიაროს ამ სახელმძღვანელომ, შედეგი იქნება ცუდი. იაკობ გოგებაშვილი პირდაპირ აცხადებდა, რომ რაც არ უნდა ბრწყინვალე მეთოდი იყოს, თუკი იგი სათანადოდ, შეგნებულად ვერ მოიხმარა მასწავლებელმა, „გადამრევი აღმოჩნდება ბავშვის გონებისთვისო”.

ხომ ელემენტარული ჭეშმარიტებაა? მაგრამ ხშირად ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც ეს ელემენტარული ჭეშმარიტება არაა ხოლმე გათვალისწინებული.

ანუ იაკობის ფორმულაში ერთ-ერთი მთავარი ცვლადი ესაა: გათვალისწინებულია მასწავლებელთა, „დედაენის” მომხმარებელთა შესაძლებლობები. ის ბრწყინვალე და დღესაც თანამედროვე პედაგოგიკური მიგნება გოგებაშვილმა დაიყვანა „სიადვილის უკანასკნელ ხარისხამდის”, რითაც განსაზღვრა „დედაენის” საყოველთაო ეფექტიანობა არათუ მის თანამედროვეობაში, არამედ დღესაც – 120 წლის შემდგომ.

დღევანდელი მოცემულობიდან რომ გადავაფასოთ, ცხადია, ჩვენ უნდა წავიდეთ „სიადვილის იმ ხარისხზე” წინ, ვიდრე 120 წლის წინ ვიყავით. თუმცა, არანაირად არ უნდა გადავასწროთ თანამედროვე მასწავლებლების შესაძლებლობებს. გოგებაშვილისეული ამ პრინციპის გაუთვალისწინებლობა ჩავარდნისთვის გაწირავს ნებისმიერ გენიალურ მცდელობასაც კი.

 

  1. მოკლედ, გვაქვს საუკეთესო მეთოდი, მასწავლებელთა კვალიფიკაციის გათვალისწინება. შემდეგი ცვლადი კი არის მოსწავლეზე ორიენტირება.

არა მხოლოდ იმით, რომ თანდათან, მარტივიდან რთულისკენ, თითო ჯერზე თითო სირთულე, არამედ მოსწავლის ყოფითი კონტექსტი. იქნება ეს ჯარა თუ თოხი, ოფოფი თუ ჩიტი… მოსწავლეთა ინტერესს იწვევდა, აგრეთვე, მათთვის არა მხოლოდ ნაცნობი, არამედ საინტერესო საგნების, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამბების შემოტანაც.

და აქვე შემოდის მშობელთა ინტერესებიც. ესეც სერიოზული მნიშვნელობის მატარებელი ცვლადია. ჯერ ახლაც და, მით უმეტეს, მაშინდელ დროში მთლიანად მშობელთა ნებასა და შეძლებაზე იყო დამოკიდებული, ბავშვი წერა-კითხვას ისწავლიდა თუ არა. იაკობი ამშვიდებდა მშობლებსაც, რომ მათი შვილები რაიმე უცხო და განყენებულ საკითხებს კი არ ისწავლის სკოლაში, არამედ სწორედ იმ საკითხებს, რაც ასერიგად გამოადგებათო. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მაშინდელი ქართულ საზოგადოებას სპეციფიკური ინტერესები ჰქონდა. ამიტომაცაა იაკობის დედაენა ესოდენ გაჯერებული შესაბამისი ლექსიკით, რაც არათუ აზარალებს საბოლოო მიზანს, არამედ ხელს უწყობს მას.

შევაფასოთ ეს ცვლადი დღევანდელი გადასახედიდან და ვიკითხოთ, თუკი „თახჩასა” და „სტაქანს” დღეს შევიტანთ დედაენაში, ეს გოგებაშვილის პრინციპებისა და პედაგოგიკის პატივისცემა და დაცვა იქნება, თუ მის წინააღმდეგ წასვლა?! ვფიქრობ, პასუხი ნათელია.

 

  1. განვიხილოთ შემდეგი ცვლადი. ესაა კრიტიკის მიმღებლობა. როგორც ვიცით, იაკობ გოგებაშვილის დედაენას ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა და იაკობი კიდეც აღნიშნავს, იმდენი ენერგია „დედაენის” გაუკეთესობაზე რომ დამეხარჯა, რამდენიც მაგინებელთა მოგერიებაზე, გაცილებით დავხვეწდი სახელმძღვანელოებსო.

მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ მთავარი, რომ იაკობ გოგებაშვილი ითვალისწინებდა სხვათა მოსაზრებებს, მიუხედავად იმისა, კორექტულად იყო ეს მოსაზრება გამოთქმული თუ არაკორექტულად. რასაკვირველია, იგულისხმება ფასეული მოსაზრებები და არა არაკვალიფიციური. იაკობი დადარაჯებული იყო ნებისმიერ აზრს და ნებისმიერ წვლილს, რომელსაც კი შეეძლო დედაენის ოდნავ მაინც გაუკეთესება.

 

  1. შემდეგი ცვლადი ეს არის საკითხის აქტუალურობა. გოგებაშვილმა დედაენა ქართველობას შესთავაზა მაშინ, როდესაც მაშინდელი პროგრესული კაცობრიობა ნელ-ნელა წიგნიერ საზოგადოებად ყალიბდებოდა, წერა-კითხვას გემოს უსინჯავდა. მკითხველის უნარ-ჩვევებს ითხოვდა არა მხოლოდ ელიტური საჭიროებები, როგორც ეს ხდებოდა ფეოდალურ შუა საუკუნეებში, არამედ საყოველთაო ბაზარი. ახალმა სოციალურმა ურთიერთობებმა საოცრად დაამოკლა უწიგნური ადამიანის თვალთახედვის ისარი.

შესაბამისად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერს თავისი დრო და მომენტი უნდა ჰქონდეს შერჩეული. წარმოიდგინეთ, იაკობ გოგებაშვილი 1740 წელს რომ დაბადებულიყო და დედაენა 1776 წელს რომ შეექმნა. რა ეფექტი ექნებოდა ამ აქტს? ალბათ, დაახლოებით ისეთივე, როგორიც ვახუშტი ბატონიშვილის გენიალურ რუკებს ჰქონდა… უნდა აღინიშნოს ერთიც, რომ იაკობი და სხვა სამოციანელები თავად ახდენდნენ საკითხის აქტუალიზებას, უბიძგებდნენ ქართველ საზოგადოებას, წიგნი აეღოთ ხელში და ამის გასაიოლებლად სწორედაც რომ მარჯვე იარაღს სთავაზობდნენ დედაენის სახით.

 

  1. ბოლო, მეექვსე პირდაპირპროპორციული ზეგავლენის ცვლადი ეს არის ხელმისაწვდომობა. რაც უფრო ხელმისაწვდომია რესურსი, მით უფრო მეტია მისი ეფექტიანობა. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ხელმისაწვდომობა ეფექტიანობის მთავარი განმსაზღვრელია.

იაკობის დედაენის ყიდვა სულაც არ წარმოადგენდა მაშინდელი დაინტერესებული ოჯახისთვის დიდ სირთულეს. ცხადია, ამას ითვალისწინებდა იაკობიც და ითვალისწინებდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაც – რეფორმის მთავარი ამძრავი.

ფასის გარდა, ხელმისაწვდომობაში უნდა ვიგულისხმოთ ის სიიოლე მოხმარებაში, რაც წინა ცვლადების აღწერისას წარმოვადგინე.

 

* * *

ბოლოს, ორიოდე სიტყვით შევეხოთ, იაკობის ფორმულის მნიშვნელში ჩასაწერ ცვლადებს. ანუ ისეთ განმაპირობებლებს, რომელთა სიდიდის ზრდა უკუპროპორციულ ზეგავლენას ახდენს შედეგიანობაზე. ეს არის: სირთულე და ფასი. იზრდება ფასი? მცირდება ეფექტიანობა. იზრდება სირთულე? მცირდება ეფექტიანობა… როგორც შეგვიძლია შევაფასოთ, იაკობის დედაენას ეს ცვლადები იმდენად ზედმიწევნით ჰქონდა მოზომილი, რომ ვერანაირ უარყოფით გავლენას ვერ ახდენდა საბოლოო შედეგზე.

 

 

რომ შევაჯამოთ, იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ წარმატება დაფუძნებული იყო რამდენიმე კომპონენტზე, უფრო სწორად, ამ კომპონენტთა გენიალურად შერწყმაზე:

  • პროგრესული მეთოდი;
  • იმდროინდელი ყოფითი რეალობის გათვალისწინებით ბავშვებისა და მშობლების ინტერესები;
  • მასწავლებელთა კვალიფიკაცია და მასთან მისადაგებული მეთოდების შეთავაზება.

შესაბამისად, ასე შედგენილი „დედაენა” იძლეოდა აბსოლუტურად წარმატებულ შედეგს, მიუხედავად იმისა, მოსწავლე სოფლად ცხოვრობდა თუ ქალაქად, მასწავლებელი გამოუცდელი იყო თუ პროფესიონალი, სკოლაში სწავლობდა ბავშვი თუ შინ, სიმდიდრეში ცხოვრობდა თუ სიღარიბეში… ამიტომაც რჩება გოგებაშვილის საგანმანათლებო მოღვაწეობა ჯერჯერობით მიუღწეველ სიდიდედ.

 

  1. S. წერილში რომ პაატა პაპავასა და ვერიკო ანჯაფარიძის პერფორმანსი გავიხსენეთ, გახსოვთ? უნდა აღვნიშნო, რომ ორივე მათგანი ითვალისწინებდა სხვების შესაძლებლობებს და ამიტომაც იყო 1972 წელს აღდგენილი „ურიელ აკოსტაც” წარმატებული და ჯიპრაიდის ფარგლებში შექმნილი რესურსები დღესაც ამიტომაცაა სამაგიდო დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის.

ახლა წარმოიდგინეთ, პაატა პაპავას ნაცვლად ელეონორა მერკვილაძე რომ ყოფილიყო საკუთარი პერფორმანსის შემომთავაზებლის როლში, ხოლო ვერიკო ანჯაფარიძის მაგივრად კი – დუდუხანა წეროძე (არაფერს არ ვერჩი, მშვენიერი და საყვარელი მსახიობი იყო, თუმცა, ვერიკო – ვერა). წარმოგიდგენიათ შედეგები?!

მთავარი ისაა, რომ ჩვენ დროულად ამოვიცნოთ ხოლმე ელეონორები და დუდუხანები  და იაკობის ფორმულაში ჩასმით შევაფასეთ ნებისმიერი საგანმანათლებლო მცდელობა.

 

შენიშვნა: ელეონორა მერკვილაძე – ჩემი მომავალი წიგნის, „დიდი ნუნუს” პერსონაჟი-მასწავლებელი.

 

 

 შემოქმედებითობა და ბავშვის აღზრდა (შესავალი)

0

 

„ნებისმიერი ბავშვი – მხატვარია. რთული ის არის, რომ

ბავშვობის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ

 ისევ მხატვრად დარჩე“.

(პაბლო პიკასო)

 

იყო მშობელი – ეს დიდი თავგადასავალია. თუ მშობელი მოახერხებს ბავშვში ახალის შემეცნებითი უნარის გაღვიძებას, ის თავის თავშიც მეტად განივითარებს ცნობისწადილს. ბავშვს ხომ ყველაფერი აინტერესებს, რითაც უფროსი ინტერესდება – ჯულია კამერონი – ამერიკელი მწერალი, პოეტი, სცენარისტი, მრავალი ბეტსელერის ავტორი, რომელთა შორისაც არის წიგნი: „მხატვარი არის ნებისმიერ ადამიანში. როგორ აღვზარდოთ შემოქმედებითობა ბავშვებში“. ამჯერად, სტატიის მკითხველები გაეცნობიან იმ სამ ძირითად მეთოდს, რომლებსაც ავტორი მშობლებს და არა მხოლოდ მათ სთავაზობს.

ახლა მესმის, რომ სრულიად არაჩვეულებრივი მშობლები მყავდა – იწყებს თხრობას ავტორი და განაგრძობს: – ისინი შვილების შემოქმედებით მისწრაფებებს ყოველთვის მხარს უჭერდნენ და ცდილობდნენ ამ უნარების განვითარებას. ჩვენი მშობლები არ აქცევდნენ ყურადღებას საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს და უფრო მეტიც, თავად ადგენდნენ საკუთარს. მათ შვიდი შვილი  აღზარდეს და ზრადასრულობაში ყველა შემოქმედებითა და ხელოვნებით ირჩენდა თავს. არც მე ვარ აღზრდის სფეროს ექსპერტი, მეც ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ვარ. მაგრამ მე ვარ დედა, რომელიც შვილის აღზრდას შემოქმედებითად უდგებოდა და სრულებით დარწმუნებული იყო, რომ ბავშვებში არაფერია იმაზე მეტად ბუნებრივი და ძვირფასი, ვიდრე მათი შემოქმედებითი საწყისი. შემოქმედება – ეს სულიერი საწყისია, ისევე როგორც – მშობლობა.

მშობლები იდეალისკენ მიისწრაფიან ისე, რომ ხშირად ზომიერება ეკარგებათ, ეს აღზრდასაც ეხება. ისინი, როგორც წესი, პერფექციონისტები არიან და სურთ, რომ მათი შვილები სრულყოფილი იყვნენ. ისინი საკუთარი აღმზრდელობითი შედეგებით ტკბობაზე არიან ჩაციკლული. გამუდმებით უჩიჩინებენ შვილებს, მუდმივად ცდილობენ მისცენ რაც შეიძლება მეტი, გადასცენ მათ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და რაც ყველაზე მძიმეა, ისინი განუწყვეტლივ ზრუნავენ შვილების მიღწევების დემონსტრირება მოახდინონ ფართო საზოგადოებისათვის. უფრო მეტსაც გეტყვით. ხშირად, პატარამ ჯერ წესიერად სიარულიც კი არ იცის და მშობლები უკვე იწყებენ შფოთვას, რომელ საბავშვო ბაღში და შემდეგ კი რომელ სკოლაში სჯობს მისი მიყვანა. ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერს ძალიან დიდი სერიოზულობით უნდა მოეკიდონ, რადგან მშობლობა – ეს ხომ უსერიოზულესი რამ არის! მაგრამ ბავშვებს გართობის გარკვეული დოზა სჭირდებათ და ამიტომ, მშობლებო, იქნებ ცოტა შეისვენოთ და ბავშვის კისერზე „აღზრდის ყულფი“ შეამსუბუქოთ? არ არის საჭირო მწვერვალების დაპყრობა და იდეალურ მშობლად გახდომა – პირიქით, მოდით, საკუთარ თავს ნება დართეთ, იყოს „მკვლევარი მშობელი“, რომელიც იმით ხარობს, რომ მუდმივად ცდილობს, გააუმჯობესოს საკუთარი მშობლური უნარები. და მაინც რა უნდა გავაკეთოთ? – ვფიქრობ, ამ კითხვას სვამს ის მშობელიც, რომელიც ამ წიგნს კითხულობს. პასუხი მარტივია: დაეხმარეთ, გვერდით დაუდექით შვილებს, რათა მათ თავად ეცადონ საკუთარი ტალანტის გამომჟღავნდება. ნებისმიერ ადამიანში არის შემოქმედებითი საწყისი. ამიტომ მშობლების უმრავლესობას არ უნდა გაუჭირდეს იმის მიხვედრა, რა ტალანტი აქვს შვილს. უმთავრესი კი, რისი თქმაც მე მინდა, – ხაზს უსვამს ჯულია კამერონი, – არის ის, რომ მაშინ, როდესაც მშობელი შეამჩნევს, რისკენ მიისწრაფიან და რა აინტერესებთ მათ შვილებს, მაშინვე შეამჩნევენ იმავე პოტენციალს საკუთარ თავში. როდესაც უფროსები ცდილობენ, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას, ისინი საკუთარ თავს და შვილებსაც აძლევენ შესაძლებლობას, მიეახლონ არა მხოლოდ რაღაც დიდს, არამედ ისინი ერთმანეთსაც ეცნობიან და უახლოვდებიან.

მინდა ერთი ისტორია მოგიყვეთ – გვთავაზობს ავტორი. ეს ამბავი მე და ჩემს გოგონას გვეხება. „საბავშვო ბაღში მე და ჩემი შვილი – დომენიკა – ძირითადად ერთად დავდიოდით. მიუხედავად იმისა, რომ მე ვცდილობდი სახლიდან საბავშო ბაღამდე მარშრუტი ხშირად შეგვეცვალა, მაინც გვქონდა ერთი უსაყვარლესი ბილიკი, რომელიც ზოომაღაზიაზე გადიოდა.  ერთ დღეს დომენიკას ხელი მოვკიდე და მაღაზიაში შევედით. ჩვენი ყურადღება თევზების განყოფილებამ მიიპყრო. როდესაც პირველ აკვარიუმთან მივედით, ვუთხარი შვილს: შეხედე, დომენიკა, ეს თევზები საყვარლები, მაგრამ ცოტათი უღიმღამოები არიან. მომდევნო აკვარიუმთან მიახლოებისას თევზების გუნდი დაფრთხა და დაგვემალა. ესენი საყვარლები, მაგრამ მშიშრები ყოფილან, განვაგრძობდი მე. ოქროს თევზებიან აკვარიუმთან მისვლისას უკვე თავად დომენიკამ მითხრა: დედიკო, ნახე ეს თევზები სულაც არ არიან მშიშრები, ისინი თვითონ გვათვალიერებენ, ეტყობა მათაც მოვეწონეთ. დომენიკა უკვე საკმარისად დიდია იმისათვის, რომ საკუთარი აკვარიუმი ჰქონდეს, გავიფიქრე მე, და დაბადების დღეზე ოქროს თევზებიანი დიდი აკვარიუმი ვაჩუქე შვილს. ჩემს გოგონას ძალიან გაუხარდა. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ის სხვა ქალაქში კოლეჯში სასწავლებლად გადავიდა, საერთო საცხოვრებელში ცხოვრებისას ოქროს თევზებიანი აკვარიუმი შეიძინა. „ეს იმისთვის გავაკეთე, რომ მინდა, აქაც ისე ვიგრძნო თავი, როგორც საკუთარ სახლში“ – ამიხსნა დომენიკამ. მე გამეღიმა და გამიკვირდა, როდესაც მივხვდი, რომ ზოომაღაზიაში ერთმა უწყინარმა შევლამ ასეთი პოზიტიური გავლენა იქონია ჩემი გოგონას ცხოვრებაზე.

აი კიდევ ერთი მსგავსი ამბავი: ჩემი ერთ-ერთი მკითხველი მიყვებოდა, რომ მისი ქმარი, რომელიც მეხანძრეა, ხშირად მათ ექვსი წლის ბიჭუნას სათამაშო სახანძრო მანქანებს ჩუქნიდა. ღიმილით ჰყვებოდა, რომ როდესაც მისი შვილი ამ მანქანებით თამაშობდა, დარწმუნებული იყო, რომ თავადაც ნამდვილად აქრობდა ხანძარს და ის ისეთივე გმირი იყო, როგორც თავისი მამიკო. ბიჭი, რომელიც სახანძრო მანქანებით თამაშობს, დიდ სიახლოვეს განიცდის საკუთარ მამასთან.

ხელოვნების საწყისი – სიყვარულშია. შემოქმედებითი უნარები ბავშვებში მაშინ იხსნება, როდესაც ის ნდობისა და გაგების ატმოსფეროში იზრდება. თუ უფროსებს სურთ, რომ მათი შვილები შემოქმედებითი იყვნენ, ისინი თავს ბედნიერებად უნდა გრძნობდნენ. უფროსების ამოცანა სწორედ პატარების გაბედნიერებაში მდგომარეობს. მაგრამ, პირველ რიგში, უფროსებმა თავად უნდა გააცნობიერონ, როგორ გაიუმჯობესონ საკუთარი სულიერი მდგომარეობა და როგორ მოახერხონ, რომ თავად განეწყონ შემოქმედებითობისაკენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც უფროსები ენერგიით იმუხტებიან, ისინი უკეთ ზრუნავენ საკუთარ შვილებზე. ყველას მოუსმენია თვითმფრინავში ფრენისას, როგორ აფრთხილებენ მგზავრებს სტუარდესები, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ჯერ თავად გაიკეთონ ჟანგბადის ნიღბები და შემდეგ ბავშვებს მოარგონ ისინი. ცხოვრებაშიც ზუსტად ასევეა, – განაგრძობს ჯულია კამერონი – უფროსებმა ჯერ საკუთარი თავი უნდა აღზარდონ, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, რომ ასე გაცილებით უკეთ ხედავენ შვილები უფროსების მისწრაფებებს. ბედნიერი მშობლები, რომლებიც შემოქმედებასთან ახლოს არიან, გაცილებით უფრო მარტივად ქმნიან ოჯახში პოზიტიურ გარემოს და შედეგად ბავშვებსაც აბედნიერებენ. აუცილებელია მშობლებმა მოახერხონ და მოძებნონ უჩვეულო და შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე უღიმღამო საგნისა და მოვლენის მიმართ, რომელთანაც მათ შვილებს ყოველდღიური შეხება აქვთ.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ბავშვები ყველაფერში უფროსებს ბაძავენ. გარდა იმისა, რომ პატარები თამაშის დროს უფროსების ქცევების კოპირებას ახდენენ, ისინი მათი ემოციებით იმუხტებიან და არსებულ გარემოს უფროსების მსგავსად აღიქვამენ. თუ მშობლები დაძაბული არიან, შვილებსაც გადაედებათ მათი ეს მდგომარეობა. როდესაც მშობლებს რაიმე ახარებთ, ბავშვებიც მათთან ერთად ხარობენ. უფროსების სიმშვიდე კი პატარების სიმშვიდის საბაბი ხდება. რაიმე მოვლენით გულწრფელად აღფრთოვანებული მშობლების ყურებისას კი მათი შვილები ემოციების გამოხატვას სწავლობენ. მშობლების ყველაზე დიდი სიხარული ხომ იმის გაცნობიერებაა, რომ მათი შვილები მშობლების მაგალითზე სწავლობენ ცხოვრებას.

მშობლები ზოგჯერ ცდებიან, როდესაც ფიქრობენ, რომ მთლიანად მხოლოდ შვილების ცხოვრებით უნდა იცხოვრონ და თუ ასე არ მოიქცევიან, მაშინ ცუდი მშობლები იქნებიან. მე ვფიქრობ – გვიზიარებს საკუთარ მოსაზრებას ავტორი – როდესაც ოჯახში პატარა ჩნდება, უფროსებს უწევთ საკუთარი ცხოვრების წესის შეცვლა, გარკვეულ საქმიანობებეზე უარის თქმა. რაც მათთვის შვილთან უფრო მეტი სიახლოვის სურვილით აიხსნება. მაგრამ, სინამდვილეში უფროსების მხრიდან საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა და სრულად პატარაზე გადართვა ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მშობელი აღარ არის ის, ვინც ადრე იყო. აქ იმის საფრთხე ჩნდება, რომ მშობელი ვეღარ მოახერხებს საკუთარი გამოცდილების, ცოდნის გადაცემას.

მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ – განაგრძობს ჯულია კამერონი – „მე მარტოხელა დედა ვიყავი, და ამიტომ მუშაობა მიწევდა, რათა ოჯახის საჭიროებები მომეგვარებინა. ჩემი საქმიანობა მწერლობა გახლავთ და ამდენად იძულებული ვიყავი, მესწავლა წერა მაშინაც კი, როდესაც ჩემი პატარა მაგიდის ქვეშ დახოხავდა და სულ ცდილობდა ჩემი ყურადღება მიეპყრო. „დედა მუშაობს“ – ვეუბნებოდი გოგონას და მის სათამაშო ცხენებთან გასართობად ვაგზავნიდი. დედიკო – მალევე მეძახდა შვილი და მე კვლავ ვეუბნებოდი: „დედა მუშაობს“. ცოტა ხანში ჩემი გოგონა მიხვდა, რომ დედა მაშინვე მიაქცევდა მას ყურადღებას, როგორც კი საქმეს დაასრულებდა. გარკვეული დროის შემდეგ სულ უფრო ნაკლებად მაწუხებდა და მარტო თამაშიც ისწავლა. კიდევ რამდენიმე ხანში შვილი მიხვდა, რომ ფრაზა: „მე ვთამაშობ“ შესაძლებელია იყოს ჩვენს შორის ურთიერთობების ისეთივე ზღვარი, როგორიც არის „მე ვმუშაობ“. გავიხარე, როდესაც მივხვდი, რომ შვილს დამოუკიდებლობას ვასწავლიდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ორივე საკუთარ ფანტაზიებში ვიძირებოდით, მე – რომ მეწერა, და ის – რომ ეთამაშა.

თავისუფალ დროს ჩვენ ვთამაშობდით. მე ვეკითხებოდი მას: რომელი ცხენი მოგწონს ყველაზე მეტად? მას ოქროსფაფრიანი მოსწონდა და მე ვეუბნებოდი: „დიახ, მეც ეგ მომწონს“.  თამაშის შემდეგ, ჩვენ სათამაშო ცხენებს ყუთში ვაწყობდით.

მეგობრები, ხშირად მეკითხებოდნენ, როგორ ვახერხებდი საქმიანობისათვის დროის გამონახვას? მათ ვუყვებოდი შვილის სათამაშო ცხენების შესახებ და იმაზე, თუ როგორ მოვახერხე მასთან მოლაპარაკება და ზღვრის გავლება ჯადოსნური ფრაზით: „დედა მუშაობს“. კი მაგრამ, ნუთუ თქვენი შვილი არ გიბრაზდებათ ასეთი მიდგომის გამო? მკითხა ერთხელ დედამ, რომელიც არასდროს არ ავლებდა არანაირ ზღვარს და შვილის პირველივე მოთხოვნისთანავე მისკენ გარბოდა. შედეგად, მისი შვილი სრულიად დაქვემდებარებული გახდა და დედის ზრუნვის გარეშე ვეღარ ძლებდა.

ბოლოს, მინდა ერთი პატარა შემთხვევა გავიხსენო: ერთ დღეს, ჩვენ დომენიკას მეგობარი გვესტუმრა და მე ისინი სათამაშო ცხენების გარემოცვაში დავსვი. გარკვეული დროის შემდეგ, შვილის მეგობარმა მოინდომა რაღაც შეკითხვა დაესვა ჩემთვის. იმავე წამს, მე გავიგონე, როგორ უთხრა დომენიკამ მეგობარს: „დედა მუშაობს“. ჩემი შვილი არ ბრაზობდა ჩემს სამწერლო საქმიანობაზე. და სულ მალე მან თავად დაიწყო წერა. ის წერდა ლექსებს, მოთხრობებს, მცირე ზომის პიესებს – ანუ აკეთებდა იმას, რასაც ვაკეთებდი მე, როდესაც დომენიკა საწერი მაგიდის ქვეშ დახოხავდა და სათამაშო ცხენებით ერთობოდა.

ლტოლვილობის ტკივილი

0

თანამედროვე მსოფლიოს ყოფასა და ხელოვნებაში ლტოლვილობის თემა აქტუალურია. ქართველი მკითხველისთვისაც მტკივნეული და მრავალმნიშვნელოვანია მასთან დაკავშირებული განცდები. ამავე დროს, სოციო-პოლიტიკურ ასპექტებთან ერთად ეს თემა პარადიგმულია, რადგან ქრისტიანული მსოფლმხედველობის ადამიანის ქვეცნობიერში დალექილია პირველსამშობლოს, სამოთხის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი. ეს კი ზედაპირზე ხშირად წამოტივტივდება ხოლმე, როგორც ამაოებისა და წუთისოფელში გაუცხოების სიმწარის განცდა. სწორედ ამ ყოფით-რეალურსა თუ კულტურულ პარადიგმულ სიბრტყეში მოიაზრება თანამედროვე გერმანელი მწერლის, კრისტოფ ჰაინის, რომანი „დაკარგული მიწა“.

კრისტოფ ჰაინის რომანის ქარგა გაშლილია ლტოლვილისა და ქალაქის ურთიერთობის ფონზე. ლტოლვილი ბერნჰარდ ჰაბერია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950 წელს, მშობლებთან ერთად ბრესლაუდან საქსონიის ერთ პატარა ქალაქში, გულდენბერგში, ჩაასახლეს. ომის შემდეგ დადგენილი ახალი საზღვრების მიხედვით, გერმანული პროვინციები, ოდერის გადაღმა, პოლონეთის შემადგენლობაში შევიდა და იქაურ გერმანელებს სამშობლოში დაბრუნება აღარ შეეძლოთ. ლტოლვილები კი სხვადასხვა ქალაქში გაიფანტნენ, მათ შორის, გულდენბერგში, სადაც ადგილობრივი მცხოვრებნი დიდი სტუმართმოყვარეობით არ შეხვედრიან. ისინი, ლტოლვილები, უცხოები იყვნენ, რომელთა მიმართ ხალხი ერთდროულად გრძნობდა გაუცნობიერებელ სიძულვილსაც და ლტოლვასაც. უცხოსადმი ამგვარი დამოკიდებულებაც პარადიგმულია და მსოფლიო ლიტერატურაში, მათ შორის, ქართულშიც, არაერთგზის არის მხატვრულად დამუშავებული და გააზრებული. უცხოს, ერთი მხრივ, დისჰარმონია შეაქვს უკვე ჩამოყალიბებულ, მწყობრ და შეჩვეულ წარმოდგენათა თუ ზნე-ჩვეულებათა კულტურულ სისტემაში, იმავდროულად, იგი ასრულებს ერთგვარი გადამხალისებლის, ძველში სიახლის შემტანის ფუნქციასაც, რაც არ არის იოლი და ადვილად შესაგუებელი პროცესი.

რომანი კარნავალით იწყება და კარნავალითვე მთავრდება. ეს არის ერთი და იგივე ზეიმი, რომელსაც შუაში წყვეტს მწერალი და ამ სივრცეში, ვერტიკალური ჩაღრმავების გზით გაშლის ამბებს. თხრობის დრო მეოცე საუკუნის მეორე ნახევარს მოიცავს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ბერლინის კედლის დანგრევის ჩათვლით. ამ დრო-სივრცეში კი თამაშდება ადამიანური ვნებების დრამა. ცხოვრება ხომ კარნავალს ჰგავს, სადაც ადამიანები ნიღბებით გამოდიან „გარეთ“ და მათი ნამდვილი სახე მხოლოდ ღმერთმა თუ იცის. ჰაბერიც, რა თქმა უნდა, ათასნაირ ნიღაბს ირგებს, მაგრამ მწერალი მაინც ახერხებს, მისი ნამდვილი სახე დაგვანახვოს და შეგვაღწევინოს მისი სულის იმ ბნელ კუნჭულში, სადაც სიძულვილი იბადება.

მწერალი რომანში გვიხატავს, როგორ ცდილობს პატარა ლტოლვილი ბიჭი ბერნჰარდი ცხოვრებაში დამკვიდრებას, ქალაქის შეუვალ სივრცეში შეღწევას. მწერალი პერსონაჟის ბედს, რა თქმა უნდა, აზოგადებს და ლტოლვილობას კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად წარმოაჩენს. ამიტომაცაა, რომ ეს ტკივილი რომანის ბოლოს კი არ იხსნება, არამედ მძაფრდება და ახალი ძალით წარმოჩნდება. ლტოლვილი ჰაბერის შვილი თავს, რა თქმა უნდა, ქალაქის მკვიდრად მიიჩნევს და უკვე სხვას უპირისპირდება, როგორც უცხოსა და ლტოლვილს, და ეს დაპირისპირება კვლავ აუხსნელ ზიზღსა და სიძულვილს ეფუძნება. აი, რა დიალოგი გაიმართება ჰაბერსა და მის შვილს შორის:

„_იქ წეღან რა აყალმაყალი იყო?

_სად?

_სად და წეღან, დაგინახეთ, დახლთან რაღაცას ყაყანებდით.

_ააა. არაფერი ისეთი, ორი ვიეტნამელი გავაძევეთ კარნავალიდან.

_დაანებე მაგათ თავი. მით უმეტეს, თუ საკარნავალო კოსტიუმებიც ეცვათ.

_კარნავალი გერმანელთა დღესასწაულია, მაგათ აქ რა ესაქმებათ?

_რა გითხრეს ამისთანა, გეჩხუბნენ?

_არა, პირდაპირ გავისტუმრეთ გარეთ, გავყარეთ. აბა, აქ ამ კარნავალზე რა დაუკარგავთ?

_პაულ, დაანებე მაგ ხალხს თავი, ეგენი საბრალო ლტოლვილები არიან. მაგათ თავიანთი უბედურებაც ეყოფათ. ეგენი ჩვენ არაფერს გვიშავებენ და არც გვერჩიან.

_ეგენი აქ ვინ დაპატიჟა? პირადად მე არა.

_ბაბუაშენიც ლტოლვილი იყო.

_ეგ სულ სხვა რამეა, მამა, ბაბუაჩემი გერმანელი იყო და უფლება ჰქონდა, აქ ეცხოვრა“.

ამგვარი დიალოგი იმას გვაფიქრებინებს, რომ მწერალი პრობლემის გადაწყვეტის გზას არ ან ვერ გვთავაზობს და ჭრილობას კვლავ ღიას ტოვებს, თუმცა გამოსავალი თვითონ რომანში მოიძებნება. მწერალს არ სურს, მკითხველს თავს მოახვიოს რაიმე თვალსაზრისი, მაგრამ უბიძგებს უცხოსა და ლტოლვილისადმი იმ თანაგრძნობის გამოჩენისკენ, რომელმაც ეს ტკივილი უნდა აღმოფხვრას. მწერალს სურს, ადამიანთა შორის ამ გაუცხოების არსს ჩასწვდეს და ამიტომ გულდასმით გაჩხრეკს და კიდევ ერთხელ მოგვახილვინებს ადამიანთა სულის ჯურღმულებს.

ჰაბერის ბავშვობის წლების წარმოჩენას რომანში ყველაზე დიდი დრო ეთმობა, რადგან სწორედ ბავშვობამ განსაზღვრა მთელი მისი შემდგომი ცხოვრება. მისმა გულმა, გონებამ და სულმა ბავშვობის წლებში მიიღო ის იმპულსები, რომლებმაც შემდგომ მთელი მისი ცხოვრება წარმართეს და განაპირობეს. ბერნჰარდისთვის ქალაქი გუნდერბერგი გაუთანაბრდა მტერს, რომელიც ყოველი ხერხით ცდილობდა მისი და მისნაირების (ლტოლვილების) თავისი სხეულიდან მოკვეთას, გასრესას, განადგურებას. ტომას ნიკოლასი იხსენებს მასწავლებელთა დამოკიდებულებას ჰაბერის მიმართ, როგორც უცხოსადმი, პოლონელისადმი. არადა, ჰაბერი მათსავით გერმანელია, უბრალოდ, მისი სამშობლო ახლა პოლონეთის შემადგენლობაშია. ქალაქისთვის კი მთავარია ლტოლვილის დამცირება და შეურაცხყოფა, თითქოს ლტოლვილებთან გააიგივა ხალხმა თავისი გაჭირვების მთავარი მიზეზი.

ათი წლის ჰაბერი სკოლაში ადამიანების კი არა, თითქოს მხეცების გარემოცვაში აღმოჩნდა და მიხვდა, მათგან მხოლოდ ფიზიკური ძალით თუ დაიცავდა თავს. ამიტომაც ბრჭყალებს ალესილი კბილები დაუპირისპირა და „სისხლი სისხლისა წილ“ ცხოვრების მთავარ პრინციპად იქცია. პირველსავე გაკვეთილზე მასწავლებელი შეეცადა ლტოლვილი ბავშვისთვის შეეგონებინა, რომ ის ბრესალუდან კი არ იყო, არამედ ვროცლავიდან, რადგან მის ქალაქს ახლა ეს სახელი ერქვა. ჰაბერმა, მართალია, მორჩილად დაუქნია თავი მასწავლებელს, მაგრამ გულის სიღრმეში მონურ თავდახრას ამაყი ღირსება დაუპირისპირა და ვიდრე მერხზე დაჯდებოდა, ჩაიბურდღუნა: „ხო, მაგრამ მე მაინც ბრესლაუში დავიბადე“. ამ წუთებში მისი პირით თითქოს მისი წინაპრების აჯანყებული სისხლი ხმიანობდა, რომელიც არ ეგუებოდა მშობლიური მიწის დაკარგვას. ბავშვს წინააღმდეგობის ამ უცნაურ და აუხნელ ძალას სწორედ ის წინაპრები ანიჭებდნენ, რომლებიც სიცოცხლეს მის სულში აგრძელებდნენ და უშეღავათო, უსამართლო ბრძოლაში ძალას მატებდნენ.

ჰაბერმა შეურაცხმყოფელ თანატოლს, რომელმაც მის ჩანთას ფეხი ჰკრა და მოისროლა, კისერი დაუნდობლად და გულგრილად მოუგრიხა და ყველას აგრძნობინა, რომ დამცირებას არავის შეარჩენდა. ამგვარად გაინაპირა თავი მან არა მხოლოდ თანატოლებისაგან, არამედ დიდებისა და მთელი ქალაქისაგან და სხვათა სიძულვილს აგრესიით დაუპირისპირდა. მასში მხოლოდ თვითგადარჩენის ცხოველური ინსტინქტი მოქმედებდა. მამამისთან, ცალხელა დურგალთან ერთად ულმობელ ცხოვრებას შეჭიდებული სიცოცხლეს მხოლოდ მუქ ფერებში აღიქვამდა. ამიტომაც იყო, რომ ერთადერთ ერთგულ მეგობრად ძაღლი, ტინცი, ეგულებოდა. საგულისხმოა ისიც, რომ ბერნჰარდი სწავლაში უგულისყურობას იჩენდა და განსაკუთრებით უცხო ენების შესწავლა უჭირდა. შეიძლება ესეც გაუცნობიერებელი შინაგანი პროტესტის გამოვლენად მივიჩნიოთ. ბავშვი ეწინააღმდეგებოდა ყოველივე უცხოს, რათა ძირი და ფესვი საბოლოოდ არ ამოეგდო მშობლიური მიწიდან, იმ „დაკარგული სამშობლოდან“, რომელიც მის წარმოსახვაში მითად იქცა და რომლის ერთგულებისა და სიყვარულისთვის სასტიკ დევნასა და შეურაცხყოფას განიცდიდა. მისი სამშობლო ახლა სხვისი იყო. სადაც მივიდნენ, იქაც სხვები დახვდნენ და თითქოს ჰაერში გამოეკიდნენ, თითქოს მიწაზე ფეხის დადგმის უფლებასაც კი ართმევდნენ. ჰაბერი მიხვდა, რომ ეს უფლება, სამწუხაროდ, მხოლოდ ძალადობით შეიძლებოდა მოეპოვებინა. გულდენბერგი ხომ ლტოლვილებს დაუპატიჟებელი სტუმრებივით შეხვდა. „ლტოლვილებს გერმანელებად არც მიიჩნევდნენ, ზურგს უკან ლანძღავდნენ, პოლონელებს, ან სხვა ჯიშის რუსებს ეძახდნენ და ასე განასხვავებდნენ იმ დამპყრობელი, ნამდვილი რუსებისაგან“. ქალაქი გულდენბერგი ბოროტად ცდილობდა, რომ უცხოები მოეშორებინა. ამას კარგად გრძნობდა ბერნჰარდის მამაც, რომელმაც, საკუთარი, რის ვაი-ვაგლახით შეკოწიწებული სახელოსნოს დაწვის შემდეგ პოლიციელს განუცხადა, დამნაშავე მთელი ქალაქიაო. ქალაქის ამ სიძულვილს შეეწირა ჰაბერის ძაღლიც, რომელიც სასტიკად მოკლული იპოვეს. მაშინ ჰაბერი დაიმუქრა: „ვინც ტინცი მოკლა,… მოვკლავ“. სკოლის დირექტორი და მასწავლებლები ამაოდ ცდილობდნენ, ბიჭი დაშინებით დაერწმუნებინათ, რომ საკუთარი სიტყვები უკან წაეღო, მაგრამ ჰაბერმა მაინც ჯიუტად გაიმეორა: „თვალი თვალის წილ, მარყუჟი მარყუჟის წილ“. ჰაბერმა თვის გარშემო მარტოობის მაღალი და მტკიცე გალავანი შემოივლო და არა მხოლოდ ქალაქს, თითქოს მთელ სამყაროსაც დაუპირისპირდა. მას ყველა პირობა ჰქონდა იმისთვის, რომ სასტიკ დამნაშავედ ქცეულიყო, მაგრამ მწერალმა იგი ამისთვის არ გაიმეტა. მართალია, მისი ცხოვრებაც სავსე იყო წვრილმანი თაღლითობებითა და ტყუილით, მაგრამ ის სხვათაგან მაინცდამაინც არ განირჩეოდა. რაღაც შინაგანი იმპულსი, თავმოყვარეობა მას არ აძლევდა საშუალებას თავისი „დაკარგული მიწა“ შეერცხვინა. იმ მიწის ხსოვნა აძლებინებდა და ზნეობის საყრდენს საბოლოოდ არ აკარგვინებდა.

მწერალი ცდილობს, ჰაბერის ბნელ ლაბირინთად ქცეულ სულში შეღწევას და ჩვენც შეგვიყოლებს პატარა ლამპრით ხელში. ეს ლამპარი კი ბერნჰარდის ცხოვრებაში ხან სიყვარული, ხან სიკეთე, ხან თანაგრძნობა, ხან მეგობრობა, ხან დანდობა იყო. რომანის მთხრობელი პერსონაჟები განსხვავებული რაკურსით გვიხატავენ ბერნჰარდის ცხოვრების ერთსა და იმავე ან სხვადასხვა პერიოდს და, ამავე დროს, საკუთარ თავსაც წარმოგვიჩენენ. ასე რომ, მთავარ გმირთან ერთად ჩვენ თვალწინ ხუთი სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაც სისხლსავსედ იხატება. ჰაბერი ცხოვრების მდინარეში სხვებივით ჩაერთო და ბევრჯერ ყოფილა ფსკერზე დანთქმის საშიშროების წინაშე, თუმცა გადარჩა, რადგან მისი მიზანი ნებისმიერ ფასად სწორედ ეს გადარჩენა იყო. როგორც მისი ამხანაგი მარიონ დემუცი ამბობს, მას ერთი მიზანი ჰქონდა, „თავისი გაეტანა“, „ყველაფერში ჯიქურ თავით მიდიოდა“ და ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც ყველას სამაგიეროს გადაუხდიდა. პეტერ კოლერი ჰაბერს ეკითხება, შენ ამბობ, შურისძიება ტკბილიაო, მაგრამ ვინ რა დაგიშავა? ჰაბერი კი ასე პასუხობს: „ვერაფრით დავივიწყებ, როგორ მიგვიღეს. დღესაც მახსოვს ჩვენი აქ მოსვლის დღე. მახსოვს, როგორ გვიყურებდნენ. მაღაზიაში რომ შევდიოდი, ხელებში ეჭვით შემომცქეროდნენ. მარტო მაღაზიის მეპატრონე კი არა, ყველა. ფულის გადახდისას, ზურგშიც და ყოველი მხრიდან შემმოწმებელ, გამჭოლ მზერას ვგრძნობდი. ვიცი ეჭვობდნენ, საიდან აქვს ამ ბიჭს ფული, ალბათ მოიპარაო. იცი, კოლერ, ისე გვექცეოდნენ, დავიფიცე, ერთ დღეს შურს ვიძიებდი. სწორედ მათ გამო ვიყავით მშიერ-მწყურვალნი. და მერე უცბად დადგა დრო, როცა მათაც უნდა განეცადათ, როგორია ყველაფრის დაკარგავა. არც არავის უთხოვია, გვერდით დაგვიდექიო, მაშინვე მათ გვერდით გავჩნდი, როგორც ნეხვს, ისე გვექცეოდნენ“. ჰაბერმა, ასე თუ ისე, შეძლო შურისძიების დამღუპველი, დამანგრეველი გრძნობის გადალახვა, მაგრამ მთელი ცხოვრება ეჭვი და უნდობლობა ღრღნიდა მის სულს. დიდი ძალისხმევის ფასად ისიც ერთ ჩვეულებრივ მოქალაქედ იქცა. როდესაც, ბოლოს და ბოლოს გამართლდა მისი ეჭვი, რომ მამამისს თავი კი არ მოეკლა, არამედ სხვებს ჩამოეხრჩოთ, შურისძიების გრძნობამ ძველებური ძალით ვეღარ იფეთქა. დროს დიდი ტკივილებიც „მოერჩინა“ და გაეფერმკრთალებინა.

მწერალი რომანში არ მისდევს სწორხაზობრივ თხრობას. ჩანართი ამბებითა თუ გადახვევებით არ ჰყვება ლტოლვილი მთავარი გმირის თავგადასავალს თანმიმდევრობით, არამედ ირჩევს ერთგვარი სარკისებური თამაშის პრინციპს. რომანში რამდენიმე მთხრობელია, რომლებიც გვიყვებიან თავიანთ ამბებს და მათ თხრობაში ირეკლება ლტოლვილი ბერნჰარდ ჰაბერისა და მისი ოჯახის ცხოვრებაც. ასე რომ, მთავარი პერსონაჟი არ დგას რომანის ცენტრში. უნდა ითქვას, რომ რომანის ქარგა არც არის ამგვარი ცენტრისკენული, როდესაც ყველა „გზა“ მისკენ მიდის, არამედ ყოველ ამბავს აქვს თავისი ცენტრი, რომელთანაც ხან ახლო რადიუსზეა ბერნჰარდი, ხან დაცილებული. თუმცა მკითხველის ყურადღება მას არასოდეს სცილდება, მაშინაც კი, როდესაც მთხრობელი იმდენად ჩაეხვევა ხოლმე თავისი ამბის ლაბირინთში, რომ ბერნჰარდი, ერთი შეხედვით, მოლოდინის ჰორიზონტიდან თითქოს ქრება. ამიტომაც ვახსენეთ სარკის პრინციპი, რადგან მთხრობელთა სარკეში ჰაბერი მხოლოდ მაშინ ირეკლება, როდესაც მის ახლოს ჩაივლის. თხრობის ამგვარი პრინციპი მწერალს საშუალებას აძლევს სხვა პერსონაჟებიც გამოკვეთოს და, ამასთანავე, დახატოს მთელი ქალაქი, როგორც პერსონიფიცირებული სახე. თვითონ ბერნჰარდიც ქალაქს სწორედ ამგვარად, ერთ მთლიანობაში აღიქვამს. საგულისხმოა, რომ მწერალს თვითონ ჰაბერი არ გამოჰყავს მთხრობლად, ე. ი. მას არ ალაპარაკებს საკუთარ განცდებზე, ამით თითქოს ერთგვარ დისტანციას ქმნის მასთან, როგორც უცხოსთან, თუმცა იგი სხვებთან დიალოგებში, რა თქმა უნდა, ამჟღავნებს თავის დამოკიდებლებას გარესამყაროს მიმართ _ ეს იქნება ყოფითი ამბები თუ ფილოსოფიურ-რელიგიური საკითხები, მაგრამ ჰაბერი მაინც სხვათა სარკეებში არეკლილი მოჩანს, სხვათა მიერ დანახული და შეფასებული. ამგვარი პრინციპი მკითხველსაც ერთ-ერთ მათგანად აქცევს, რომელმაც თავის შთაბეჭდილებათა სარკეში უნდა ასახოს ამ ლტოლვილის ცხოვრება და მასთან გარკვეული ურთიერთობა დაამყაროს, თანაუგრძნოს და თავის სიყვარულის ველში მისი აგრესია გაანეიტრალოს.

რომანს ხუთი მთხრობელი ჰყავს: ტომას ნიკოლასი, რომელიც ძირითადად ბერნჰარდთან ერთად გატარებულ სკოლის წლებს იხსენებს; მარიონ დემუცი, რომელიც ჰაბერის ახალგაზრდობის, მის პიროვნებად ჩამოყალიბების გზას ირეკლავს; პეტერ კოლერი, რომლის თხრობაშიც ბერნჰარდის ცხოვრებაში დამკვიდრებისა და მისი ოჯახური ამბები წარმოჩნდება; კატარინა ჰოლენბახი, რომელიც ჰაბერის რომანტიკული გატაცებების მოწმეა (ბარბისთან რომანი და სხვა); ზიგურდ კიცეროვი, რომელიც მოგვითხრობს, როგორ ჩაეწერა ჰაბერი ქალაქის ელიტაში, საკუთარი ბიზნესი ააწყო და პატივსაცემ მოქალაქედ იქცა.

ხუთივე პერსონაჟის თხრობა რეალისტურია და დოკუმენტურობის შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად ამისა, რადგან მთხრობლები განსხვავებული ადამიანები არიან, მათი თხრობის მანერა და სტილი განსხვავებულია, მათივე შინაგანი სამყაროს შესაბამისი. ამგვარად მიიღწევა თხრობის სტილის ერთგვარი მრავალფეროვნებაც. თითქოს რომანი ხუთი სხვადასხვა დამოუკიდებელი მოთხრობისგან შედგება და თანაც თითოეული მონათხრობი ქმნის ჰაბერის ერთ მთლიან პორტრეტს, რომელიც მკითხველის წარმოსახვაში იხატება.

კრისტოფ ჰაინმა რომანში სამშობლოდაკარგული ადამიანების რთული, სასტიკი ცხოვრება დაგვიხატა, მათი შინაგანი, ტკივილებით სავსე სულიერი სამყარო, ხშირად სიბნელითა და სისხლით სავსე, ხელისგულზე გადმოგვიშალა. რომანის გმირმა, ბერნჰარდმა გააცნობიერა, რომ ქალაქში მისი დამკვიდრება, ახალი „მიწის“ მოპოვება უდიდესი მსხვერპლის ფასად დაჯდა. „ჯერ მამაჩემის სისხლის დაღვრა იყო საჭირო, რომ აქ ადგილობრივ მოსახლედ მივეღე“.

მწერალს სურს, რომ ადამიანებმა უარი თქვან ამგვარ სისხლიან მსხვერპლზე, რათა სიცოცხლის დღესასწაულში, ყველას, განურჩევლად წარმომავლობისა, თანაბარი უფლება ჰქონდეს ზეიმისა. ლტოლვილს კი სამარადისო სატანჯველად „დაკარგული მიწის“ ტკივილიანი ხსოვნაც ეყოფა. რომანი მკითხველს წუთისოფლის „ორგემაგობაზე“, მშობლიური მიწის სიტკბოზე, უცხოთა შენდობასა და სიყვარულზე, რწმენასა და სიკეთეზე ერთხელ კიდევ დააფიქრებს.

კრისტოფ ჰაინი მსოფლიოში კარგადაა ცნობილი აღიარებული რომანებით: „უცხო მეგობარი“, „ჰორნის აღსასრული“, „ტანგოს შემსრულებელი“, „დედა ჩვენთან აღარაა“ „ვილენბროკი“ და სხვა. ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია მისი შემოქმედება. ეს რომანი კი, რომელიც ქართულად შესანიშნავად თარგმნა მაია მირიანაშვილმა, ცხად შთაბეჭდილებას შეგვიქმნის მწერლის შემოქმედებით თავისებურებებზე.

 

სწავლა-სწავლების მამოძრავებელი ძალები

0

„სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას“ – ეს ერთ-ერთი პრინციპია, რომელსაც ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმა და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას (1).

და მაინც, რა არის შინაგანი ძალები და როგორ უნდა გავააქტიუროთ ისინი?

სწავლა მრავალმხრივი ფენომენია, რომელსაც განსაზღვრავს სხვადასხვა ასპექტი. მათ შორის მნიშვნელოვანია შინაგანი ფაქტორები – ინტერესი, მოტივაცია და დამოკიდებულებები.

განათლების ექსპერტთა და ფსიქოლოგთა აზრით, მოტივაცია მამოძრავებელი ძალაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები აღწევენ თავიანთ მიზნებს. იგი დაბადებიდან არ დაჰყვება ადამიანს და არც გენეტიკურად გადაეცემა (2). „მოტივაცია არ არის მნიშვნელოვანი მოკლევადიანი სწავლებისათვის. ის აბსოლუტურად საჭიროა მდგრადი სწავლებისათვის და გამოიყენება მოცემული საგნობრივი დისციპლინის ასათვისებლად“ (3). მოტივაცია არის ფსიქოლოგიური კონსტრაქტი და ის ნათლად არის დიფერენცირებული ისეთი კონსტრაქტებისაგან, როგორიცაა ინტერესი და დამოკიდებულებები. მიუხედავად იმისა, რომ მათი მნიშვნელობა განსხვავებულია, მათ შორის არის ძლიერი ურთიერთკავშირი და ნაწილობრივი თანაკვეთა (4). ინტერესი არის მნიშვნელოვანი კონსტრაქტი სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში სასწავლო პროცესებისა და შედეგების აღწერისა და ახსნა-განმარტებისათვის (5). ინტერესი არ არის „ქვაში ნაკვეთი“ და არც გენეტიკურ მემკვიდრეობაზეა დაფუძნებული, ინტერესები შეძენილია და ისინი შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, ინტერესი სასარგებლოა და პერსპექტიულია სწავლა-სწავლებისათვის (6, 7). „მასწავლებელს შეუძლია მოახდინოს მანიპულაცია მოსწავლეთა ინტერესებზე და გამოიყენოს ისინი ეფექტური სწავლების სასარგებლოდ“ (8). მოსწავლე უნდა ხედავდეს მასწავლებლის მიერ მიცემული დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის. ძირითადად, საკლასო სივრცეში, დავალების მიცემის შემდეგ, მოსწავლეთა ერთი ჯგუფი აქტიურად, მაღალორგანიზებულად მუშაობს და მთლიანად ფოკუსირებულია მიცემულ დავალებაზე. თუმცა, მეორე ჯგუფი ნაკლებად არის კონცენტრირებული დავალებაზე, ჯგუფის წევრები დროდადრო არღვევენ დისციპლინას (8).

ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული არ არის თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური ინტერესი და, შესაბამისად, მათი მოტივაცია სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამიტომ, მრავალფეროვანი დავალებების მიცემით რთული არ იქნება ყველა მოსწავლის დაინტერესება და სასწავლო პროცესში ჩართვა. მოსწავლეთა ნებისმიერი ქმედება დამოკიდებულია მათ ინტერესსა და მოტივაციაზე.

კანადელ ფსიქოლოგს, ალბერტ ბანდურას ნათლად აქვს ხაზგასმული, რომ მოტივაცია დაფუძნებულია ინდივიდუალურ გამოცდილებასა და სასწავლო აქტივობებზე. მისი თქმით, მოტივაცია არის სიტუაციური და კონტექსტთან დაკავშირებული (6).

უნდა ითქვას, რომ მოტივაცია არ არის თვისება. ის წარმოიქმნება მოსწავლისა და მიცემული დავალების ურთიერთობის შედეგად (9). მოტივაცია შეიძლება შემჩნეულ იქნეს ინდივიდუალური გამოვლინებით, ასევე იმ აქტივობებით, ჩართულობითა და მოქმედებით, რომლებსაც ახორციელებს მოსწავლე. სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის მოტივაციის გაჩენასა და გაზრდაზე (10).

ცნობილია, რომ მოტივაციის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს შინაგანი და გარეგანი. შესაბამისად, ფსიქოლოგიური პროცესები აღიძვრება შინაგანი და გარეგანი იმპულსებით. მოსწავლეთა ერთი ნაწილისათვის მოტივაცია შეიძლება იყოს კარგი ნიშანი, მეორე ჯგუფისათვის კი – მასწავლებლის შექება. ორივე შემთხვევაში მოტივაცია არის გარეგანი და არ არის განპირობებული  საკუთარი, შინაგანი ინტერესებით (2, 6).  ყოველდღიურ სასწავლო რუტინაში ადვილი არ არის შინაგანი და გარეგანი მოტივაციის დიფერენცირება (9). „არსებითი განსხვავება მოტივაციის ამ ორ სახეს შორის არის ადამიანის ქცევის წარმმართველი მიზეზები,  ანუ მიზეზობრიობის ლოკუსი“ (11). ამიტომ, მნიშვნელოვანია ღრმად იქნეს შესწავლილი მოსწავლის ქცევის მიღმა დარჩენილი ფაქტორები.

ამერიკელი ფსიქოლოგების, დესისა და რაიანის მოტივაციისა და ინტერესის განვითარება და მიზანსწრაფულობის თეორია  (12) არის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი თეორია. ავტორები გვთავაზობენ პასუხს კითხვაზე – როგორ უნდა განვუვითაროთ მოსწავლეებს ინტერესი; აღწერენ, თუ საიდან შეიძლება წარმოიშვას ინტერესზე დაფუძნებული ქმედება. მათი მსჯელობით, ქმედება  შეიძლება გამომდინარეობდეს შემდეგი ასპექტებიდან:

  • კომპეტენცია – იყოს აქტიური იმ სიტუაციაში, სადაც იმყოფება ინდივიდი;
  • შესაბამისობა –  ურთიერთკავშირი გარესამყაროსთან;
  • დამოუკიდებლობა – საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლისა და არჩევანის უფლება (12).

ჩამოთვლილი ფაქტორები განსაზღვრავენ, რამდენად კარგად გრძნობს თავს პიროვნება მოცემულ სიტუაციაში (13). შესაბამისად,  დამოუკიდებლობის, კომპეტენციისა და შესაბამისობის განცდას მოჰყვება მოტივაციის ამაღლება. ეს ასპექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის კონტექსტში, რადგან სასწავლო აქტივობების უმრავლესობა არ არის დამაკმაყოფილებელი და სახალისო. თუმცა, ხშირად „ისეც ხდება, რომ რის სწავლებაც გვინდა ჩვენი შემსწავლელებისთვის, ის შეიძლება არ იყოს მათთვის საინტერესო ცხოვრების იმ ეტაპზე. კურიკულუმი და სილაბუსი, რომელიც შექმნილია გამომცემლებისა და სახელმწიფო დონის სპეციალისტების მიერ, დაფუძნებულია უფროსების შეხედულებებზე. ისინი ითვალისწინებენ უფროსების აზრს. მაშინაც კი, როდესაც თემა არის საინტერესო, მის შესასწავლად მოცემული რეკომენდებული მეთოდოლოგია, შესაძლოა, მოსწავლეებისათვის მისაღები არ იყოს“ (13).

გზა, რომლითაც მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს სასწავლო ამოცანებს, დიდ გავლენას ახდენს მათ თვითკმაყოფილებაზე, დამოუკიდებლობასა და სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებაზე. ყოველივემ  შეიძლება გააღრმავოს მოსწავლეებში სწავლის სურვილი ან პირიქით, გამოიწვიოს მათი დემოტივაცია (9). შესაბამისად, მასწავლებელი ყოველთვის ვალდებულია, რომ სასწავლო პროცესი მოარგოს მოსწავლეს, გახადოს მასზე ორიენტირებული და შეუსაბამოს მის ფასეულობებს.

ინტერესის საგანმანათლებლო – ფსიქოლოგიური თეორიის მიხედვით (14) ინტერესი არის მნიშვნელოვანი ასპექტი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებისა და ეფექტური სწავლისათვის. ინტერესი შეიძლება წარმოიშვას პიროვნებასა და თემას შორის კავშირით, ან, საგანსა და აქტივობებს შორის ურთიერთდამოკიდებულებით. ინტერესის ობიექტი შეიძლება იყოს როგორც კონკრეტული მოვლენა ან საგანი, ასევე ადამიანები, აქტივობები და აბსტრაქტული იდეები. ინტერესი განისაზღვრება ინდივიდის შინაგანი სამყაროთი და დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე, ან უკავშირდება რაიმე სავარჯიშოსა და მოვლენას.

ინტერესს აქვს ორი მხარე: სიტუაციური და პიროვნული. მისი თქმით, ინტერესი სხვა არაფერია თუ არა მოტივაცია, რომელიც მოკლე დროის განმავლობაში არსებობს. სიტუაციური ინტერესი გადაიზრდება პიროვნულ (ინდივიდუალურ) ინტერესში, რაც საბოლოოდ იწვევს და ზრდის მოტივაციას (15).

ნებისმიერ შემთხვევაში ინტერესი პიროვნებაში იწვევს დადებით ემოციურ გრძნობებსა და გამოცდილებას. როდესაც ჩვენ ნებაყოფლობით ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომელიც გვაინტერესებს, ეს ჩვენზე ახდენს ფსიქოლოგიურ ზეგავლენას, განვიცდით კმაყოფილებას (8). შესაბამისად, თუ მოსწავლე დაინტერესებულია, მისი ქმედებები სწავლის დროს არ საჭიროებს ზედმეტ გარეგან მოტივაციასა და სტიმულაციას, რადგან მოსწავლე განიცდის თვითკმაყოფილებას.

ამდენად, მნიშვნელოვანია, ყველა მასწავლებელმა წინა პლანზე წამოწიოს ის საკითხები, რომლებიც ფარავს მოსწავლეთა ინტერესის სფეროს, რადგან ინტერესს აქვს ტენდენცია, გაზარდოს მოსწავლის მოტივაცია და გააფართოვოს მისი შემეცნებითი სფერო.

სხვადასხვა თეორიაზე დაფუძნებით შეიქმნა მოტივაციური სასწავლო გარემოს მოდელი (16), რომლის მიხედვით, ბოლტე აღწერს საბუნებისმეტყველო საგნებში კვლევაზე დაფუძნებული სწავლებისათვის ეფექტურ სასწავლო გარემოს და განიხილავს 7 განსხვავებულ ცვლადს: აღქმადობა, მონაწილეობის შესაძლებლობა, სასწავლო შინაარსის რელევანტურობა, საკლასო თანამშრომლობა, მონაწილეობის სურვილი, კმაყოფილება და წარდგენა. ამ ცვლადებს შორის არის მჭიდრო კავშირი და ისინი ერთობლივად ახდენენ გავლენას მოსწავლეთა მოტივაციაზე (8).

 

სქემა 4: მოტივაციური სასწავლო გარემოს მოდელი

საბუნებისმეტყველო დისციპლინების დაუფლების დროს კვლევაზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებში იწვევს მაღალ ინტერესს, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სამეცნიერო წიგნიერების განვითარებას და განაპირობებს საკლასო აქტივობებში ჩართულობის გაზრდას, აუმჯობესებს შემეცნების უნარს და რთავს ბუნებაში მიმდინარე მოვლენების მეცნიერულ ახსნაში. ერთია, რომ მასწავლებელი მუდმივად უნდა ატარებდეს კვლევებს, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია, გათვალისწინებული იყოს მოსწავლეთა ინტერესი კონკრეტული საკვლევი საკითხის შესახებ (17). ამიტომ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა პიროვნული ინტერესის მიხედვით შერჩეული, კვლევით საქმიანობაზე ორიენტირებული დავალებები ზრდის საგანმანათლებლო პროცესის ეფექტურობას მოცემული საკითხისადმი გაზრდილი ინტერესის ხარჯზე. მოტივაციური სასწავლო გარემოს მქონე საგაკვეთილო პროცესში საბუნებისმეტყველო საგნების კვლევაზე დაფუძნებული სწავლება კი წარმოადგენს ფსიქო-სოციალური უნარებისა და კოგნიტური სფეროს განვითარების, მეცნიერული პრინციპებისა და კონცეფციების შესწავლის ძირითად საშუალებას.

ამდენად, მასწავლებლის მიერ სწავლა-სწავლების პროცესისათვის შექმნილი სასწავლო გარემო, რესურსები, მრავალფეროვანი სასწავლო სტრატეგიების, მეთოდებისა და დავალებების გამოყენება და ყოფით ცხოვრებასთან კავშირების დამყარება იწვევს მოსწავლეთა დაინტერესებას შესასწავლი საკითხის მიმართ და შინაგანი მოტივაციის აღძვრას, რაც განაპირობებს სწავლის პროცესით მიღებულ კმაყოფილებას. ყოველივე ხელს უწყობს მოსწავლეში თანამედროვე, 21-ე საუკუნის ადამიანისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებასა და მოაზროვნე კონკურენტუნარიანი პიროვნების ჩამოყალიბებას, რაც განათლების ეროვნულ მიზნებთან სრულ თანხვედრაშია. უდავოა, რომ მოსწავლეთა შინაგანი ძალების აღმოჩენასა და გააქტიურებაში მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა სკოლასა და მასწავლებელს ენიჭება.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024. მუხლი 9. ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები https://ncp.ge/
  2. Lee, O., & Brophy, J. (1996). Motivational patterns observed in sixth‐grade science classrooms. Journal of Research in Science Teaching33(3), 303-318
  3. Ausubel, D. P., Novak, J. D., & Hanesian, H. (1968). Educational psychology: A cognitive view.
  4. Glynn, S. M. & Koballa, T. R., Jr. (2007). Motivation to learn in college science. In J. Mintzes & W. H. Leonard (Eds). Handbook of college science teaching. Arlington, Va: National Science Teachers Association P
  5. Hoffmann, L., Baumert, J., Krapp, A., & Renninger, K. (1998). Interest and learning: Proceedings of the Seeon Conference on Interest and Gender.
  6. Bandura, A. (1986). Social foundation of thought and action: A social-cognitive view. Englewood Cliffs.
  7. Wade, S. E. (2001). Research on importance and interest: Implications for curriculum development and future research. Educational Psychology Review13(3), 243-261.
  8. Bolte, C., Streller, S., & Hofstein, A. (2013). How to motivate students and raise their interest in chemistry education. In Teaching chemistry –a studybook(pp. 67-95). Sense Publishers.
  9. Ryan, R. M., & Deci, E. L. (2000). Self-determination theory and the facilitation of intrinsic motivation, social development, and well-being. American psychologist55(1), 68-78.
  10. Pintrich, P.R. & Schunk, D. H. (1996). Motivation in education: Theory, research and applications. Columdus: Merrill
  11. მელიქიშვილი, მ. (2003). მოტივაცია. თბილისი:  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი
  12. Deci, E., & Ryan, R. M. (1985). Intrinsic motivation and self-determination in human behavior, Plenum Press, New York. DeciIntrinsic Motivation and Self-Determination in Human Behavior
  13. Brooks, J., & Brooks, M. (1999) In search of understanding: The case for the constructivist class-rooms. Upper Saddle River, NJ: Merrill-Prentice Hall
  14. Krapp, A. (2002). 18: An Educational-Psychological Theory of Interest and Its Relation to SDT. Handbook of self-determination research, 405.
  15. Schiefele, U. (1998). Individual interest and learning, what we know and what we don’t know. Interest and learning, 91-104.
  16. Bolte, C. (2006, April). As good as it gets: The MoLE-instrument for the evaluation of science In Proceedings of the Annual Meeting of the National Association for the Research on Science Education (NARST)
  17. Kapanadze, M., Bolte, C., Schneider, V., & Slovinsky, E. (2015). Enhancing Science Teacher’s Continuous Professional Development in the Field of Inquiry Based Science Education. Journal of Baltic Science Education14(2), 254-266

ვის ელაპარაკებიან ჩვენი შვილები?

0

ჩემი შვილი, მათე, 9 წლისაა. ბუნებით არაა კონფლიქტური, მაგრამ უყვარს წუწუნი და ნებისმიერ პრობლემას, რაც ცხოვრებაში ხვდება, მძაფრად განიცდის, განიხილავს და მშობლებსაც გვიყვება. და მაინც, მოხდა ისე, რომ მე მისი ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მოულოდნელად გამომეპარა.

ამბავი კი ასეთია:

ჩემ შვილს, მუსიკალური სკოლის სოლფეჯიოს მასწავლებელი მთელი სემესტრი აბულინგებდა.

 

როგორც მშობელმა რაღაც დაზეპირებული ისტრუქციასავით ვიცი, რომ ბავშვებთან საუბრისთვის დღის განმავლობაში დრო აუცილებლად უნდა გამონახო. რაც უფრო ემატება ასაკი შვილს, ის ნაკლებს გიყვება. ამიტომ პერიოდი, როცა თვითონ დგამს ნაბიჯს და უნდა ყველანაირი შთაბეჭდილება გაგიზიაროს, არ უნდა გავუშვათ ხელიდან. თითქოს ყოველთვის ვუსმენ ხოლმე შვილებსაც და მოსწავლეებსაც, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს ამბავი გამომეპარა – უყურადღებოდ მოვუსმინე, იქნებ დრო ვერ გამოვძებნე, Deadline მქონდა ახლოს რომელიმე სამსახურის საქმეზე, უხასიათოდ ვიყავი, რომელიმე პოლიტიკოსის სკანდალური გამოსვლა უფრო მემნიშვნელოვნებოდა ან უბრალოდ დამეზარა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – შვილის ამბავი გამომრჩა.

არადა, როგორც მოგვიანებით გავიგე, ძალიან განიცდიდა ამ საკითხს და განიცდიდა იმდენად, რომ მუსიკალურ სკოლაში სიარული საშინლად შესძულდა.

 

„აზროვნების აკადემიის“ საკვირაო სკოლაში, სადაც ლიტერატურას ვასწავლი, ბავშვებთან კომუნიკაცია ჩემივე პიროვნულ ზრდაში ძალიან მეხმარება. ცხადია, „ცდისა და შეცდომის“ მეთოდის ხარჯზე არ ვცდილობ მოსწავლეებთან კომუნიკაციას, მაგრამ მაინც ხდება ხოლმე ისე, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ძალიან გვიან ვხვდები და მენანება დრო, რომელიც განვლილ ჯგუფებთან ურთიერთობისას გამომეპარა. ასე მოხდა შარშანაც, როცა შესვენებისას მოსწავლეებს ვკითხე, ვის უყვებიან საკუთარ პრობლემებზე ან საიდუმლოებზე, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანი და საწუხარია. აღმოჩნდა, რომ ბავშვების დიდ ნაწილს ასეთი ადამიანები ოჯახის გარეთ, ან საერთოდ არ ჰყავთ. ისინი, საკუთარ გასაჭირსა და პრობლემებს კარგ შემთხვევაში თანატოლებს უზიარებენ, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მათზე არაკომპეტენტური არიან.

 

რამდენადაც ჩემი ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილებაც მეუბნება, მოზარდები საკომუნიკაციოდ არხს შემდეგნაირად ალაგებენ (რომელი სტილიც, როგორც მივხვდი, ცხოვრების ბოლომდე გაგვყვება ხოლმე). პირველი და მთავარი ხაზი ბავშვსა და გარესამყაროს შორის გაჩენილი გაურკვევლობის გადასალახავად მშობელი, ან მშობლები არიან, რომლებსაც, უარეს შემთხვევაში მასწავლებელი ან მოძღვარი (გააჩნია სუბკულტურას) ანაცვლებს. სწორედ ამ შუალედურ რგოლს აქვს მთავარი და იქნებ, გადამწყვეტიც მნიშვნელობა, როგორ ისწავლის პრობლემებთან გამკლავებას მოზარდი.

როდესაც პირველი მაშველი რგოლი, მოდი ასე დავარქვათ, ფრონტის ხაზის მეკავშირე – მშობელი დროულად არ აღმოჩნდება გვერდით, მოზარდი იწყებს პრობლემასთან მარტო გამკლავებას ან ეძებს მეორე, ნაკლებად უსაფრთხო რგოლის მოძიებას.

როდის არიდებს თავს ბავშვი ამ პირველ რგოლს? როდესაც მშობელს არ სცალია, შვილის საქციელს მუდმივად ამტყუნებს, აგდებით ეპყრობა მის პრობლემას (რომელიც, შესაძლოა ჩვენთვის სასაცილო, ბავშვისთვის კი ქვეყნის დაქცევასავით მტკივნეული აღმოჩნდეს).
ან სულაც უსმენს უგულისყუროდ, მოსმენისთვის და არაკომფორტულად აგრძნობინებს თავს მას.

მეორე რგოლი ყოველთვის მარტივად და ბუნებრივად არ გამოჩნდება ხოლმე. როდესაც მშობლებისგან ფრუსტრაციის გრძნობა გაჰყვება მოზარდს, ის ახალ მეკავშირეს, გრძნობების გამზიარებელს და მომსმენს ეძებს სიფრთხილით, ეჭვით ან უარესი – გაშმაგებით, მინდობით (რითიც ასევე სარგებლობენ ხოლმე მავნე ადამიანები), რა დროსაც მისი იმედგაცრუებების სერია გრძელდება. სხვა შემთხვევაში და კარგ შემთხვევაში, ეს მეორე რგოლი სამეგობრო წრე აღმოჩნდება ხოლმე, სადაც, არცთუ ისე იშვიათად, ერთნაირი განწყობის ბავშვები იყრიან თავს და რჩევებს უზიარებენ ერთმანეთს და ეს რჩევები ძალიან შორსაა ხოლმე ლოგიკურობისგან.

ემოციური თვითგამორკვევის დროს, მოზარდები აუცილებლად საჭიროებენ ამ მაშველ რგოლებს და ამიტომ, ხშირად და უკვე ჩვენს რეალობაში, მესამე მაშველ რგოლად ინტერნეტსივრცე შემოდის, სადაც ინფორმაციის კონტროლი უკვე სრულიად წარმოუდგენელია.

უკონტროლოდ გაზიარებული ცრუ ინფორმაცია, ვარაუდები, ვერსიები და „დამაჯერებელი ტყუილები“ მოზარდის ემოციურ მდგომარეობას საბოლოოდ ანგრევს და ამიტომ ისინი იწყებენ მზა მოდელების ძიებას, ვისაც მიბაძავენ და დაემსგავსებიან – ბავშვები ხდებიან უპიროვნებო ბრბოს ნაწილი, სადაც კონკრეტული ფიგურის ქცევა და ცხოვრების წესი, ყოველ შემთხვევაში, მისი გარეგნული მხარე მოწესრიგებული და თვალისმომჭრელია, მაშასადამე, კარგია და კომფორტული.

ბავშვებისთვის ამ პირველადი ფსიქოლოგიური სტრესის თავიდან ასარიდებლად (და ვინმე თუ მკითხავს, რა საჭიროა თავის არიდება, განა ცხოვრება ბრძოლა არააო, ვუპასუხებდი, მაშინ დავტოვოთ ახალშობილები სამშობიაროში და ტაქსით მოვიდნენ სახლში) აუცილებელია მშობელმა მოიფიქროს შვილის გახსნის მეთოდი, როდესაც ბავშვი ყველაფერს, კარგსაც და ცუდსაც მშობელს მოუყვება, მისგან მიიღებს რჩევასაც და დარიგებასაც, როგორც სანდო ადამიანისგან და არა ვიღაც მესამე პირისგან, რომელსაც უკეთეს შემთხვევაში თავად აქვს პრობლემები და უარეს შემთხვევაში, ძალიან არასანდო „კეთილი ბიძაა“.

 

ბავშვების გასახსნელად კი ალბათ კლასიკური და მიღებული მეთოდი, დამეგობრებაა საჭირო, როცა შვილმა იცის, რომ მისი „ცუდი“ საქციელი აუცილებლად კი არ დაისჯება და განიკიცხება, არამედ ყველაფერს ექნება განხილვისა და პრობლემის ერთად დაძლევის ფორმა. თუ თქვენი შვილი ვინმემ დაჩაგრა და თქვენ კი ამის გამო ისევ მას უყვირით, ეს როგორ გაგიბედესო, ცხადია, რომ ბავშვი მეორედ აღარასოდეს გეტყვით მსგავს ამბავს, რომელიც შეიძლება დაუსრულებლად დაგროვდეს.

ამბების მოსაყოლად, მახსოვს, ჩემს ოჯახში საერთო სადილი და ვახშამი გვქონდა, როცა ცხონებული პაპაჩემი ყველას გამოგვკითხავდა, რა მოხდა იმ დღეს საინტერესო ჩვენს ცხოვრებაში. ახლა, ეს მეთოდი აღარ გამოდის – ცხოვრების არეული რიტმის გამო მე და ჩემი ოჯახის წევრები ძალიან იშვიათად ვსადილობთ ერთად. ამიტომ, ასეთ დროდ კვირაში ერთი საღამო ავარჩიე, როცა ჩემი შვილი, მათე იმ კვირის ამბებს მიყვება ხოლმე.

როგორც ჩანს, სწორედ ერთ ასეთ დღეს, როცა ჩავთვალე, რომ „არაფერი დაშავდებოდა“ თუ ჩავაგდებდი, ვერ მომიყვა მასწავლებელზე და მერე, როგორც ხდება, პრობლემა გადამალა ან „დაივიწყა“.

 

პრობლემა კი ასეთი იყო, ალბათ საკუთარი გასაჭირის მქონე პედაგოგმა ჩემი შვილი, რომელიც საკმაოდ ბევრს ლაპარაკობს ხოლმე, რაღაცის გამო ამოიჩემა. ამოჩემებული ბავშვებიც გვინახავს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მათესთან მიმართებაში ამოჩემება იყო არაკორექტული, რადგან 8 წლის ბავშვს პედაგოგმა უთხრა, რომ უნიჭო იყო და მასზე დახარჯულ რესურსს სახელმწიფო შესაბამისად ვერ უნაზღაურებდა.

როგორც ჩანს, ამ დიალოგმა ბავშვზე ძალიან იმოქმედა, მისი მოსწრება ფორტეპიანოს ნაწილშიც დაბლა დაეცა და ზოგადად, ხელოვნების ამ დარგის მიმართ გახდა ძალიან გულგრილი.

მე, როგორც გარკვეული სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მყოფმა ადამიანმა, ჩავთვალე, რომ მუსიკაზე გულაცრუება „ლოგიკური“ ამბავი იყო და შვილის წუწუნს, რომ სკოლას თავი უნდა დაანებოს, ცოტა გულგრილადაც კი შევხედე.

ამბავი კი თავისით და მარტივად გამჟღავნდა. ერთხელაც, ძალიან კარგ ხასიათზე მყოფი შვილი, როდესაც მუსიკალურ სკოლის კარებთან მივიყვანე, ხელი ჩამოვართვი დამშვიდობების ნიშნად და შევამჩნიე, რომ ხელი მსუბუქად უკანკალებდა. მივხვდი, რომ რაღაც არ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო და ამბის გამორკვევა ფრთხილად და მოზომილად დავიწყე.

როგორც თივა ვერ მალავს ცეცხლს, ასე ვერ დამალა თავი ამ ამბავმაც – კლასიდან გადაყვანილ ჩემს შვილს, პედაგოგი დერეფანში დახვდა და საქმის ხმამაღლა გარჩევა დაუწყო, რასაც უკვე სხვა უფროსებიც შეესწრნენ და შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, მშობლების ყურამდეც მოვიდა ყველაფერი.

საბედნიეროდ, დირექციის რეაგირება დროული და სწორი იყო, მაგრამ მე რამდენიმე თვე დამჭირდა იმისთვის, რომ მათეს მუსიკისკენ ისევ გული მიბრუნებოდა.

ეს ამბავი ძალიან კარგი მაგალითი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ამის შემდეგ, შვილის პირველ მაშველ რგოლობაზე, პირველ გამზიარებლობაზე დრო ნებისმიერ შემთხვევაში გამომენახა.

ვფიქრობ, რომ მოსმენა, მხარდაჭერისთვის მზაობა, ცრუგანგაშზე ზომიერი და ადეკვატური რეაგირება და პრობლემის ვერმოგვარების შემთხვევაში თქმა, რომ რაღაც შენც არ შეგიძლია, მნიშნელოვანია.

ბავშვს სუპერმენი მამა და დედა კი არა, ადამიანი სჭირდება გვერდით და ფიქრი, რომ „ხვალ მოვუსმენ“ შვილს ალბათ იმას ჰგავს, მაშველი რგოლის მომლოდინე ზღვაში გადავარდნილ ადამიანს გასძახო, ნარდს გავაგორებ და მერე მოგხედავო.

 

ერთი სიცოცხლის გათავება

0

 მიხეილ ჯავახიშვილის „თეთრი კურდღლისა“ და ქართული ხალხური ზღაპრების მიხედვით

 

„ერთი სიცოცხლე გავათავე, სანამ პასუხს გავიგებდი…“,  „ერთი სიცოცხლე გავათავე, სანამ არ შევხვდებოდი…“, „ერთი სიცოცხლის გათავება მომიწია, რომ მიზნისთვის მიმეღწია…“, ისე შევშინდი, ერთი სიცოცხლე გავათავე“ და ა. შ.

ხშირად გვსმენია ან თავადვე წარმოგვითქვამს  ასეთი  სიტყვათშეთანხმება. მაინც რას უნდა ნიშნავდეს? რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი, როცა ერთ სიცოცხლეს ათავებს/ასრულებს? მაინც რამდენი სიცოცხლე აქვს ადამიანს? იქნებ ცხრა როგორც, კატას აქვს, მითს თუ დავუჯერებთ? ან იქნებ სამი სიცოცხლე, თუ ქრისტიანულ სიმბოლიკას გავითვალისწინებთ? და თუ ერთი სიცოცხლე აქვს და ისიც თავდება, რა იწყება მის შემდეგ? იქნებ მეორე სიცოცხლე ან საერთოდაც ცხოვრება სიცოცხლის შემდეგ?

ადამიანი, რომლის არსშიც ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – თავისუფალი ნება დევს, ყოველდღიურად დგება არჩევნის წინაშე, ყოველდღიურად უწევს სხვადასხვა ლიმინალური საზღვრის გადალახვა. ყოველწამიერად, ყოველწუთიერად ვიმყოფებით იმ ზღვარზე, რომლის ერთ მხარეს ის დგას, რისი გადალახვა/შეცვლაც გვსურს, ხოლო მეორე მხარეს ახალი სამყაროა – თავისი კარგი და ცუდი მხარეებით. როდესაც ადამიანი აი, ამ ზღვარზე დგება, არც აქეთა და არც იქითა მხარეს, სწორედ მაშინ ხდება ის საინტერესო – საკუთარი  შიშებით, გრძნობებით, ვნებებით.  ეს ზღვარი  „გამოკიდებულია  ჰაერში“, თითქოს ამოვარდნილია მატერიისგან, მიღმურია. აქ ხომ არაფერი არ არის – უბრალოდ ხიდია, გადასასვლელია, შემაერთებელია წარსულსა და ახალს მდგომარეობას შორის. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ ხიდზე დგომას, ამ ზღვარს ვუწოდებთ ხოლმე იმ კონდიციას, როდესაც „ერთ სიცოცხლეს ვათავებთ“ და ვიწყებთ მეორეს. შემდეგ იმ „მეორე სიცოცხლესაც ვათავებთ“ და ვიწყებთ, მესამეს, მეოთხეს, მეხუთე და ასე შემდეგ, მანამდე სანამ ბოლო სიცოცხლეს უკვე ფიზიკურად არ დავასრულებთ და არ დავივიწყებთ იმას, რაც ბოლო სიცოცხლის „გათავების“ შემდეგ იწყება და რასაც ჩვენ ადამიანები სიკვდილად ან სიცოცხლის შემდგომ მდგომარეობად მოვიხსენიებთ.

დღევანდელ ეპოქაში, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება  ფანტასტიკის ჟანრი (სამეცნიერო, ფენტეზი და სხვ.), ყველგან – კინოში, ლიტერატურაში. თანამედროვე ადამიანი უფრო და უფრო მიელტვის ირეალურს, სხვა სამყაროებს, სხვა განზომილებებს.

იქნებ სწორედაც ამ ლიმინალურ სივრცეში ჩნდება ის სამყაროები, რომლებიც საუკუნეებია ასე იზიდავს კაცობრიობას? რამდენ განზომილებას შექმნის თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ზღვარზე ყოფნა? უამრავს, დაუთვლელს. დრო რომ გავაჩეროთ და შენელებულ კადრებად გავუშვათ ჩვენი ცხოვრება, განსაკუთრებით ის ადგილები, როდესაც „ერთ სიცოცხლეს ვათვებთ“, როდესაც გადაწყვეტილების მიღების მომენტში ვართ, როდესაც არჩევნის წინაშე ვდგავართ, რაღაცას ველოდებით სუნთქვაშეკრული, მოლოდინებით და შიშებით ვართ გარემოცული, როდესაც არც აქეთა მხარეს ვართ და არც იქითა მხარეს, ჩვენს წინ უამრავი განზომილება, უამრავი სამყარო, უამრავი ალტერნატივა გადაიშლება. „იარეს ბევრი, იარეს და ერთ ტრიალ მინდორზე გავიდნენ. გზაგასაყარი ნახეს. ერთი ქვა იდო. ქვაზე ეწერა: აქეთ  წახვალ – უკან დაბრუნდები. იქით წახვალ – უკან დაბრუნდები,  ასე წახვალ – უკან ვეღარ დაბრუნდები. უფროსი ძმა იქით წავიდა, საიდანაც დაბრუნდებოდა, შუათანა  იქით წავიდა, საიდანაც დაბრუნდებოდა,  უმცროსი იქით წავიდა, საიდანაც ვეღარ დაბრუნდებოდა“. დიახ, დიახ, თქვენი ასარჩევია საით წახვალთ. თუმცა  რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, ის ალტერნატივა, რომელიც გვერდზე გადადეთ და სხვა არჩიეთ, თავისთავად მაინც იარსებებს, თქვენგან დამოუკიდებლად, ისე როგორც სინამდვილის სხვა განზომილება, ან სულაც სარკის მეორე მხარე. და როდესაც ბოლო, ფიზიკურ სიცოცხლეს ვასრულებთ და ვძლევთ მიჯნას სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, აქეთ მხარეს, ადამიანების სამყაროში ჩვენი ალტერნატივები, განზომილებები ჩვენგან  დამოუკიდებლად განაგრძობენ არსებობას, ჩვენი წარსული აჩრდილები კი მასში ხეტიალს. თუნდაც ჩვენი შთამომავლობის გონში – რადგანაც ისინი იმ არჩევნის, იმ ალტერნატივის შედეგია, რომელიც ოდესღაც მიჯნაზე მყოფებმა გადავწყვიტეთ. გავთხოვდეთ გიორგიზე და არა ლაშაზე, ცოლად მოვიყვანეთ თამუნა და არა მარინა, ამიტომაც ჩვენს შვილს გიორგის/თამუნას გენი გამოყვა და არა სხვა რომელიმესი, ერთი სიცოცხლე გავათავეთ, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდით. ასჯერ ვზომოთ და ერთხელ გავჭრათ, აი ეს ასჯერ ზომვის პროცესია – ლიმინალური მიჯნა, ერთი სიცოცხლის გათავება.

მაგრამ რა მოხდებოდა, სხვა გზა რომ ამერჩია? დედაჩემი რომ სხვა ყოფილიყო და პაპაჩემი კიდევ სხვა, მე ვინ ვიქნებოდი? ცხოვრებაც ხომ ფანტასტიკის ჟანრია – და ჩემი არარსებული და ხელნაკრავ-უარყოფილი ალტერნატივები, ჩემი შესაძლებელი „მეები“,  ან უფრო ამ „მეების“ აჩრდილები სადღაც დამოუკიდებლად განაგრძობენ ფორიაქს, სადღაც ვიღაცის გონში, მამაჩემის ცნობიერში თუ უკვე მიცვალებული ბებიაჩემის მიერ აქ დატოვებულ ალტერნატივა/განზომილებებში. რეალური  სამყარო პირთამდე სავსეა სხვა სამყაროებით. ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება და ერთი სიცოცხლის გათავება, თავისთავად ბადებს მინიმუმ სამ ალტერნატივას.

ლიტერატურის წიაღში განსაკუთრებით  ჩნდება ლიმინალური მიჯნები და იქმნება უამრავი ალტერნატივა. ამიტომ ამ „მისტიკური თამაშების” გამოსააშკარავებლად  ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა.

მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „თეთრი კურდღელი” სწორედ ამ კუთხით ვითარდება.

მთელი მოთხრობა, სიდონიას ზღურბლზე, ლიმინალურ მიჯნაზე ყოფნის ერთი დიდი ამბავია.

მოთხრობა იწყება სიდონიას ვნებებითა და ტანჯვით. შემდეგ მოცემულია, როგორ მიუახლოვდა გმირი ამ ზღურბლს, დასასრულ კი – როგორ ლახავს სიდონია ლიმინალურ მიჯნას.

როდესაც სიდონია ცდილობს, გააცნობიეროს შვილის სიკვდილი, მის წინ მაშინვე უამრავი ალტერნატივა იკვეთება:

ალტერნატივა 1: დალიოს საწამლავი, რომელიც კომოდის უჯრაში აქვს შენახული და ამით თავი აარიდოს სასტიკ რეალობას;

ალტერნატივა 2: თუ საწამლავის დალევას ვერ გაბედავს, გაიქცეს ვერის ხიდზე, რომელიც მის სახლთან ახლოსაა და იქიდან გადახტეს,

ალტერნატივა 3: თუ ამასაც ვერ გაბედავს მაშინ: „პასუხისგება რკინის მორივით აიკიდოს და სიკვდილამდე ზიდოს – ათი, ოცი, ორმოცი წელიწადი უნდა ატაროს, როგორც აქლემი ატარებს თავის უშნო და ვეებერთელა კუზს”;

და ალტერნატივა 4: რადგან სიდონია თავის მოკვლას ვერ გაბედავს, პასუხისგების, სინდისის ქენჯნისა და შვილის სიკვდილის დაჯერების კი საშინლად ეშინია და გაურბის, ამიტომ რჩება ერთი გზა: სიდონიამ თავი უნდა დააჯეროს, რომ მისი შვილი არ მომკვდარა, ცოცხალია. უნდა გაექცეს სინამდვილეს, რეალურ სამყაროს და თავის ოცნებებში გადასახლდეს.

 

ესეც ალტერნატივაა, მაგრამ ილუზიური, მოჩვენებითი ალტერნატივა. ეს ხელმეორე მიჯნაა, მიჯნიდან ისევ მიჯნაზე გადადის სიდონია. აქ სჭირდება სწორედ შვილმკვდარ დედას ორეული, ის ვინც ემპირიულს მოსწყვეტს და თავისივე გამონაგონ სამყაროში აცხოვრებს. ეს ორეული სწორედ თავად სიდონიაა – როგორც მისი ერთ-ერთი ალტერნატივის გმირი. ასეც ხდება ხოლმე, როდესაც სხვადასხვა განზომილების სამყაროებიდან ერთი და იგივე ადამიანი ხვდება ერთმანეთს. სწორად ამას უწოდებენ ორეულს.

მაშ ასე, აქედან იწყება  სიდონიას „ერთი სიცოცხლის გათავება“, ხიდზე დგომა, მანამდე, სანამ არ აირჩევს, რომელი გზით წავიდეს – იქ, საიდან მობრუნებაც საწყის წერტილამდე ადვილია, თუ საიდანაც ვერ მობრუნდება.

სიდონია თავის ორეულს თვითონვე არქმევს სახელს: სალომეს.

„მაშ ასე: – განაგრძო ფიქრი თავისთვის, მე სიდონი მქვიან, ამას კი – სალომე. და ესეც სატევარიშვილის გვარისა იყოს, ედიშერის ცოლი.

მე ბედნიერი ვარ, რადგან ორივე შვილი ცოცხალი მყავს, შენ კი – საწყალო, უბედურო! – შენ პირმშო ჯუანი მოგიკვდა… აგერ ის, დღეს რომ დამარხე…

საწყალო დედავ!… უბედურო…! საბრალოვ…!”.

გამოსავალი ნაპოვნია, ალტერნატივა, მიუხედავად თავისი ილუზიურობისა არჩეულია. სოდონიას პირმშო ისევ იქ, წაღვერის ბაღში, მცხუნვარე მზის ქვეშ თამაშობს, ზამბახებს რგავს და მუსიკალურ კურდღელს უსმენს (რომ ვერ იშორებს ახლა დედამისი), კურდღელი ვალსს „დილის სიზმარს” უკრავს, მართლაც რომ სიდონიას ცნობიერებაში დილის სიზმარს ემსგავსება თავს დატეხილი უბედურება. ქალი თავს აჯერებს, უმტკიცებს, რომ იქით ოთახში, პატარა თეთრ კუბოში სალომეს ვაჟი წევს, ამიტომაც მიჰყვება ასე უდრეკად და უცრემლოდ შვილმკვდარი დედა შვილის კუბოს.

მოთხრობაში, თავიდანვე კიდევ ერთი გმირია – ექიმი, რომლის მოვალეობაცაა სიდონია იმქვეყნიურიდან ამქვეყნიურში დააბრუნოს, აგრძნობინოს, მიახვედროს არჩეული ალტერნატივის მყიფობა, ილუზიურობა, ლიმინალური მიჯნა გადმოალახვინოს.

შვილის სიკვდილთან ერთად სიდონიას მარწუხებივით, საშინელ მაჯლაჯუნასავით სტანჯავს სინდისი. რომ არ დაეგვიანა იქნებ მისი ბიჭიკო ცოცხალი ყოფილიყო!

ამიტომ იყო, რომ სიტყვა „დაგვიანებული” ნაკვერჩხალივით ხვდებოდა სიდონიას. სწორად ეს სინდისის ხმაა, რომელმაც ქალი ამ ილუზიურ სამყაროში გადმოისროლა.

როდესაც იგი პირისპირ შეეჯახა სასტიკ სამყაროს, შვილის სიკვდილს: „უცებ მოულოდნელად, დედის ტვინსა და გულში რაღაც შეინძრა, გარდაიქმნა, გადატრიალდა, სიდონია გაიჭიმა, აიგრიხა, გაინასკვა – თითქოს ორსულად იყო და შვილის შობისათვის დამწიფდაო”.

დროის ათვლა ხელახლა, თავიდან დაიწყო, დროის მსვლელობის ჩვეული რიტმი დაირღვა.  სიდონიამ თავის წარმოსახვაში ალტერნატივა აირჩია, ხოლო რეალურად ლიმინალურ ზღურბლზე შედგა: ყოველგვარი კანონებისაგან და დროის მარწუხებისგან თავისუფალ მიჯნაზე, ამიტომ იყო რომ სიდონიამ წეს-ჩვეულებები, ტრადიცია უარყო და შვილი არც დაუტირებია (მისი შვილი ხომ ცოცხალი იყო!), და დრო სიდონიას ცნობიერებაში, მის გარშემო გაიყინა, შედგა. სიდონიასთვის დრო გაჩერდა, სიდონიამ დრო უარყო. და სიდონია სხვა განზომილებაში რეალურად გადასახლდა. დაიწყო მისი ერთი სოცოცხლის გათავების ხანგრძლივი, მტანჯველი პროცესი.

ქალი კალენდარს გაურბის, ფანჯრები ფარდებით ჩამობურა, რეალურმა დრომ რომ არ მოსჭრას თვალი: სიდონია ხომ ზაფხულში ცხოვრობს, რეალურად კი ზამთარია და გარეთ თოვლი მოდის. სიდონია ამიტომაც არ იხდის ზაფხულის თეთრ კაბას და გამუდმებით სცხელა.

მშობიარობის ინსცენირებას ბიჭის დაბადება მოჰყვა, სიდონიამ ჯუანშერი დაარქვა და ასე დაიწყო მისი ახალი „თეთრი” ცხოვრება. იგი ისევ ბედნიერია, ისევ ზაფხულია, მისი შვილი ისევ წაღვერის ბაღში თამაშობს და ლურსმანივით ჩაისო თავში: „არ მომკვდარა!”, „არ მომკვდარა!”

ალტერნატივა არჩეულია. სიდონიას შეუძლია ამ განზომილებაში ცხოვრება, მაგრამ გარემო მას ამის უფლებას არ აძლევს, მისთვის სხვა განზომილება არსებობს, იქნებ ეს ბედისწერაა? იქნებ ავტორის ნებაც და პოზიციაც.

ექიმი (იგივე ავტორი) სიდონიას სხვა, მყარი და რეალური ალტერნატივისკენ უბიძგებს: „ამ ქვეყანას დაბრუნდი, ღრუბლებში ცხოვრება ძალიან სახიფათოა. ჩამოვარდები და დაიმსხვრევი”.

ზოგ მომენტში სიდონია ცნობიერებითაც გადადის ოცნებების სამყაროში, ამ სამყაროსთან სიდონიას თეთრი კურდღელი აკავშირებს.

სიდონიასთვის დრო მოკვდა და გაიყინა.

„სიდონია ახლაც წარსულშია, ან წარსულია სიდონიას სულში – ეს ხომ სულ ერთია! – სიდონიას სულსა და გულში – სამივე დრო შეიკრა და შედუღდა: წარსული, აწყმო და მყოფადიც“.

ეს ყველაფერი ხომ ლიმინალური ფაზისთვის, კონდიციისთვის არის დამახასიათებელი. სიდონიას ცხოვრების ამ ეტაპზე დრო სარკალური გახდა.

ეს ქვეყანა მისთვის მეტისმეტად ცხადი,  სინამდვილე კი მკაცრი აღმოჩნდა. ამქვეყნად ჯუანშერი მოკვდა, ხოლო იქ გაღმეულში კი ჯუანშერი ისევ ცოცხალია და ამიტომ სიდონიასთვის იქ ყოფნა უფრო საამური, სასურველი და მისაღებია.

ექიმი სიდონიას მყარ, რეალურ ალტერნატივას სთავაზობს:

„დედას რომ შვილი მოუკვდება, დამარხავს, იტირებს, იგლოვებს  და შემდეგ ისევ თავის გზით წავა… მოვალეობა წინაშე ქმრისა, მშობლებისა და დანარჩენ შვილებისა”.

და ეს მოვალეობებია ზუსტად გადაწყვეტილებებს რომ გვაღებინებს, იმ სამყაროს გვარჩევინებს, რომელშიც „უნდა“ ვიცხოვროთ და არა „გვინდა“ ვიცხოვროთ.

ავტორი სიდონიას ილუზიურ ალტერნატივას ისევ ზღურბლად გარდაქმნის და ექიმის აქტიური ჩარევით ცდილობს ის რეალურ, მყარ მდგომარეობაში გადაიყვანოს.

საინტერესოა ალტერნატივებში მოგზაურობაც, როდესაც ერთი არჩევნიდან უცებ მეორეში გადავდივართ და პირველს ხიდად ვაქცევთ, თუმცა ესეც დროებითია, ერთში უნდა დავმკვიდრდეთ ბოლოს აუცილებლად. ასეთია წესი, წესი – ერთი სიცოცხლის გათავებისა.

ექიმი დაჟინებით აბამს ერთმანეთს შეცნობისა და ქვეშეცნობის სამყაროებს და ლამობს გაღმელი ისევ გამოღმა გამოიყვანოს.

ამ ჭიდილის შემდეგ, სიდონია ირეალურ და რეალურ სამყაროებს შორის არსებული მიჯნიდან აბიჯებს, სინამდვილეს მთელი თავისი სისასტიკით იღებს და:

„თითქოს მიწის გულიდან შადრევანივით ამოხეთქა ოთხი თვის დაგუბებულმა ნაღველმა და ვაებამ, გმინვამ და ცრემლმა, ურვამ და ხარხარმა”.

სათამაშო თეთრ კურდღელს ექიმი უხევს სიდონიას, კურდღელთან ერთად ექიმის ხელით იხევა მისი თეთრი, ოცნებების სამყაროც. ნივთებს საკუთარი მისტიკა აქვთ, საკუთარი ისტორია, დანიშნულება – შეგვახსენოს, დაგვაკავშიროს სხვა განზომილებებთან.

სალომეს ნაცვლად, სარკეში ადგილს ისევ ნამდვილი, რეალური სიდონია იკავებს. ორეულის საჭიროება აღარ არსებობს,  ორეული დაბრუნებულია იმ ალტერნატივაში, რომელიც როგორც იქნა უარყო სიდონიამ. თუმცა სალომე იარსებებს, სადღაც სიდონიას რომელიღაც განზომილებაში.

სიდონია თეთრ კაბას იხდის, ნიშნად იმისა, რომ ერთი სიცოცხლე უკვე გათავებულია. შავ კაბას იცვამს – ახალი რეალობის სიმბოლოს, თან მეორე შვილს ეალერსება.

სიდონია დიდი მოგზაურობიდან დაბრუნდა. დაბრუნდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, სადაც უნდა ეცხოვრა, რაც მიღებულია, რაც განსაზღვრა მისმა წინაპრების ალტერნატივამ/არჩევნებმა. – არა, სიდონია, არ შეიშლება, ფსიქიკური გადახრები მის გენში არ დევს, მისი ყველა წინაპარი ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო, ის ნორმალურია – რა უნდა ოცნებებში.

ექიმიც ადასტურებს სიდონიას არჩეული ალტერნატივის ჭეშმარიტებას:

„მარტო მიწაზეა ჭირიც და ლხინიც, ჭმუნვაც და სიხარულიც, სიცოცხლეც და სიკვდილიც. იქ კი – შენთან, მოგონილ ცაში არც ერთია, არც მეორე. იქ არაფერია, სრულებით არაფერი – გარდა ისევ შენგანვე შეთითხნილი სიცრუისა“.

თუმცა, თავისთვის სადღაც მაინც განაგრძობს არსებობას სალომე, განაგრძობს არსებობას შეშლილი სიდონიაც და თეთრი კურდღელიც. ალტერნატივის განადგურება შეუძლებელია.

„ერთი სიცოცხლის გათავების“ ფენომენი ძალიან კარგად ჩანს ქართულ ხალხურ ზღაპრებშიც, სადაც იგი ინიციაციასთან არის გაიგივებული.

ინიციაციას  კი გმირის უმეტესწილად  ქვესკნელში ჩასვლით იღებს.

ინიციაცია იგივე  „გადასვლის რიტუალი” ძველად თან ახლდა ადამიანის მეტ-ნაკლებად ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან მოვლენებს: დაბადება, მოწიფულობა, ქორწინება, სიკვდილი და ა.შ.

ქართულ ხალხურ ზღაპრებში გმირი ჩადის რაიმეს ან ვინმეს მოსაპოვებლად, ხშირად საცოლის ან უკვდავების. ქვესკნელში გმირს უამრავი თავგადასავალი გადახდება უამრავ მავნე სულს (მაგალითად დევებს, ეშმაკებს) შეებრძოლება და ზესკნელში გამარჯვებული, გამოცდილებით აღჭურვილი ამოდის. ზოგჯერ ფიზიკურადაც ესპობა სიცოცხლე და მას მეორე სიცოცხლე ეძლევა, ან ნახევრად მკვდარი ხდება  („დღისით მკვდარი“),  იმის გამო რომ მზეს თვალი დაუბნელა, ასეთ მდგომარეობაში – ღამით გაცოცხლებული და დღისით მკვდარი, იწყებს ცხოვრებას – მიჯნაზე, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ასე ვერ გაგრძელდება, ვერავინ ვერ გაძლებს დიდხანს „სიცოცხლის გათავების“ მტანჯველ პროცესში. დიახ, ლიმინალურ ზღვარზე ყოფნა მოკვდავთათვის მეტად მტკივნეულია. და, რა თქმა უნდა, მკვდრის გაცოცხლება და ერთი სიკვდილის შემდეგ მეორეს დაწყება, სწორადაც რომ სიყვარულს უკავშირდება, რადგან ეს გრძნობაა, რომელიც მოვალეობებთან ერთად ან ამ გრძნობისგან გამოწვეული მოვალეობები გვაიძულებს ნაბიჯის გადადგმას ზღურბლზე, ალტერნატივის შეცვლას, და ახალი სიცოცხლის დაწყებას.

ამიტომაა, რომ მხოლოდ ქვესკნელიდან ამოსვლის შემდეგ ირთავს ვაჟი ცოლს ან ქალი თხოვდება. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდა ჩაბარებულია, ყმაწვილობიდან მოწიფულობაში გადასვლის ეტაპი და დაწყვილების დროა მოსული. ერთი სიცოცხლეც უკვე გათავებულია, მიჯნა დაძლეულია.

სიყვარულის დროა.

 

 

ფანტაზიის განმავითარებელი წერითი დავალებები 

0

გაბრიელ გარსია მარკესის წიგნში „იცხოვრე, რომ მოჰყვე“, რომელიც წაკითხვისთანავე ჩემს საყვარელ წიგნად იქცა, ერთი ფრაზა ამოვიკითხე, რომელიც გონებაში ღრმად ჩამებეჭდა. უფროსი მეგობარი, დონ რამონი ახალგაზრდა გაბოს ურჩევს, რომანის შავი ვარიანტიდან, რეალური ტოპონიმი ბარანკილია სხვა დასახელებით შეცვალოს. გამოცდილი მეგობარი,  ამას, ერთი მიზეზით ხსნის: არსებული სახელი  იმდენად არის რეალობით დატვირთული, რომ მკითხველს საოცნებოდ დრო არ დარჩებოდა.

 

ლიტერატურა ნამდვილად არის ის ადგილი, სადაც ჩვენი წარმოსახვაც ფრთებს შლის და ჩვენც, ავტორის შემოქმედების თანაზიარი ვხდებით. კარგი ლიტერატურა კი ამას ისე ახერხებს, რომ დაგვავიწყოს რეალობა და სრულიად საოცნებო სამყაროში მოვხვდეთ. როგორც, გაბრიელ გარსია მარკესი ამბობს, ამის მოხდენა კი ისეთ წიგნებს შეუძლია, რომლებიც თავს ნებიერად გვაკითხებენ.

 

გამოგონილ ამბავს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ ბავშვების ცხოვრებაშიც. ბავშვები ხომ მუდამ ფანტაზიორობენ, როდესაც თამაშობენ, ლექსებს წერენ და ხატავენ, ან როლურ თამაშებში არიან ჩართული. ამ გამოგონილი სამყაროს ხიბლი მათში წარმოსახვასაც აძლიერებს და ახალ, სააზროვნო ჰორიზონტს უხსნის მათ.

 

არდადეგებზე, როდესაც ყველა გასართობი და თამაში ამოვწურეთ, ჩემს მეორეკლასელ შვილს არ ასვენებდა სკოლიდან გამოყოლილი პასუხისმგებლობების დარდი. ამიტომ გადავწყვიტე დღეში ნახევარი საათი დაგვეთმო წერითი მეტყველების განვითარებისთვის, რასაც ცოტა ხანში მისი ოთხი წლის დაც  შეუერთდა და მისი ამბების ჩაწერის პასუხისმგებლობა მე დამეკისრა.

 

თავდაპირველად, წაკითხული მცირე ტექსტიდან იმის დაწერა ვთხოვე, რა გაიგო და რა იყო მნიშვნელოვანი ტექსტში. ამ დავალებას რამდენიმე დღე ასრულებდა. შემდეგ, გადავწყვიტე, მათ გასახალისებლად გამოგვეგონებინა ისეთი ამბები, რომლებიც გასაოცარი და ორიგინალური იქნებოდა შინაარსით და წარმოსახვაც არ შემეზღუდა.

 

ჩემი შვილები იმ ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნებიან, რომლებსაც უფროსებისგან ბევრი ახსნა-განმარტების მოსმენა უყვართ. ამიტომ მხოლოდ ერთი მკაფიო დავალება გაითვალისწინეს – გამოეგონებინათ ისეთი ამბები, რომლებიც არ არსებობს, და შინაარსისა თუ სათაურის შერჩევისას მკაცრი ცენზორის მიერ დანახული შეცდომები თითქმის არ გაითვალისწინეს. ეს უწყინარი დავალება, არდადეგების ყოველდღიურ რუტინად იქცა და გამოგონილი ამბები და სათაურები ყოველდღიურად უფრო საინტერესო ხდებოდა.

 

ასე დაიბადა: მოუსვენარი კაშნე, ჭარბწონიანი სპილო, სახელად ტომი, ძროხა, რომელსაც ცოცვა უყვარდა, ფართხალა ბოტასი და სხვა.

 

ფართხალა ბოტასი

 

იყო და არა იყო რა. იყო ერთი ფართხალა ბოტასი. ფართახალა ბოტასი იმიტომ ერქვა, რომ სულ დაფართხალებდა. ფართხალით მიდიოდა გზაზე და ყველას აშინებდა. ბოტასის ეშინოდა კურდღლებსა და კვატებს. ბოლოს, ფართხალი რომ მობეზრდა, წავიდა სახლში, დედას უთხრა ძალიან დავიღალეო და დაიძინა.

 

ანასტასია, 4 წლის.

 

მოუსვენარი კაშნე

 

იყო ერთი მოუსვენარი კაშნე. ეს კაშნე ერთი ბიჭის საკუთრება იყო და ძალიან მოუსვენარი გახლდათ. კაშნე სულ ეპარებოდა პატრონს და ბიჭიც სულ ეძებდა. კაშნე მოუსვენარი იმიტომ იყო, რომ ძალიან პატარა იყო. გავიდა ერთი წელი, გაიზარდა და დაჭკვიანდა ჩვენი კაშნე და ამის მერე, ბიჭი და კაშნე დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

 

ანდრო, 7 წლის.

 

ძროხა, რომელსაც ცოცვა უყვარდა

 

იყო ერთი ძროხა, სახელად მარია ერქვა. მარიას ცოცვა უყვარდა ძალიან და პატარაობაში სულ ცოცავდა. ყველა გაოგნებული იყო, როგორ ცოცავდა მარია, იმიტომ, რომ ძროხები არ ცოცავენ. მარია კლდეებსა და გორაკებზე დაცოცავდა და გაწვრთნილი მცოცველი იყო.

 

ერთ დღეს მარია სკოლაში წავიდა, სადაც ლექსებს ასწავლიდნენ. სკოლიდან რომ ბრუნდებოდა კლდეზე აცოცება მოუნდა და ცდილობდა აცოცებულიყო, მაგრამ ჩამოვარდა და ეს მტკივნეული იყო…

 

დედააა, დედაააა! – ყვიროდა მარია.

 

დედაც, თურმე, ახლოს ბალახობდა და მარიასთან მივარდა, ნატკენ ფეხზე წყალბადის ზეჟანგი დაასხა და შეუხვია.

 

შემდეგ, დედამ მარია ეკლესიაში წაიყვანა და ღმერთს მადლობა უთხრეს, რომ ფეხი არ მოტყდა.

 

ანასტასია, 4 წლის

 

ჭარბწონიანი სპილო სახელად ტომი

 

იყო და არა იყო რა. იყო ერთი სპილო. სპილოს მეგობრები სულ მსუქანა სპილოს ეძახდნენ, მაგრამ მას ტომი ერქვა. ტომის ცოტა მეგობარი ჰყავდა. მას იმიტომ არ ემეგობრებოდნენ, რომ ჭარბი წონა ჰქონდა… ტომის დედა სულ ეუბნებოდა ტომს, შენ განსაკუთრებული და სიმპათიური სპილო ხარო…  ერთი წლის შემდეგ ტომი ფეხბურთით დაკავდა, კუნთებიც დაეჭიმა, წონაშიც დაიკლო და მთელ ქვეყანაში გაითქვა სახელი. ამის მერე ყველას მასთან მეგობრობა უნდოდა და ყველას შეუყვარდა.

 

ანდრო, 7 წლის.

 

ეს ათწუთიანი დავალებები, რომელსაც, შესაძლოა დავალება არც კი დაარქვა, ჩვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდა.  ბავშვებს თხრობის მიმართაც გაუმძაფრდათ ინტერესი და სახალისო საქმიანობადაც  იქცა.

 

წერითი მეტყველების უნარი ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა და ვფიქრობ, ამის მიღწევა არ იქნება რთული, თუ ბავშვებს მცირე ასაკიდან შევთავაზებთ მრავალფეროვან წერით სავარჯიშოებს, რომელიც მათ წერითი მეტყველების განვითარებაში დაეხმარებათ.

 

 

 

 ყველაზე საშიში ადამიანი და მაშველი ფოსფორი

0

სტატიას დავიწყებ შეკითხვით: ვინ არის ყველაზე საშიში ადამიანი პლანეტა დედამიწაზე?

ვერსიები გაქვთ?

ყველაზე საშიში ადამიანი ჩემი მეზობელი ნუგზარია. ნუ იცინით, ეს შეიძლება თქვენი მეზობელი დიტო ან ნათელა იყოს. უფრო თუ განვაზოგადებთ, საშიში -უპასუხისმგებლო ადამიანია. ასეთი ადამიანებით სავსეა პლანეტა დედამიწა და სხვადასხვა უპასუხისმგებლო საქმეებს სჩადიან. მაგ. მაღაროში მძიმე პირობებში  მომუშავე ხალხს დროზე არ უხდიან ხელფასს; ან საავადმყოფოებში ვადაგასული წამლები შეაქვთ; ან იმავე წამლებს (ჩავთვალოთ, რომ ვადიანებს) ოთხმაგ ფასში ჰყიდიან; ან პენსიონერებს მიზერულ პენსიას უწესებენ და ეუბნებიან – აბა ვნახოთ, შემდეგ პენსიამდე თუ მიაღწევო; ან, მაგ. მერია სერიოზულ ავადმყოფს უძვირესი წამლის აუცილებელი 90 აბის ნაცვლად 9 აბის სამყოფ თანხას ურიცხავს, თან  წერილსაც აახლებს – აბა, ვნახოთ, ამ ცხრა აბით თუ გადარჩებიო. მოკლედ, ასეთი ხალხი ყველგანაა მიმოფანტული და უპასუხისმგებლო საქმეებს სიხარულით სჩადიან.

ეს ყველაფერი იმიტომ მომაგონდა, რომ ნუგზარმა კიდევ ერთხელ ჩამომიშვა წყალი და თავის გასამართლებლად სამი თვის წინ მოსული წვიმა დაადანაშაულა, სადმე დაგუბდებოდა და ახლა იპოვიდა გზასო.

ჰმ… წიგნები დასველდა… ვითომ გამათბობელზე გავაშრო?

არაა, ფოსფორით გავაშრობ. როგორ? როგორ და…

ჯერ ფოსფორზე, რიგით მეთხუთმეტე ელემენტზე მოვყვები. თავისუფალ მდგომარეობაში არ გვხვდება. დედამიწის ქერქში 12%-ია, თუმცა  ყველა ცოცხალისთვის აუცილებელია, რადგან ბევრი ცილის შემადგენლობაში შედის.

ვისაც კი ასანთის კოლოფი გჭერიათ ხელში, ფოსფორს ყველა იცნობთ. ასევე, ყველა ჩვენგანის ორგანიზმშიცაა,  რა თქმა უნდა, ქიმიური ნაერთების სახით.

ფოსფორშემცველი ცილები  კუნთებში, ტვინის ქსოვილებში შედიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი  კი კბილებსა და ძვლებშია – კალციუმის ფოსფატების სახით.

1669 წელს ჰამბურგში გაკოტრებული ვაჭარი ჰენინგ ბრანდი ოცნებობდა, რომ ალქიმიით საქმეს გამოისწორებდა. ძალიან ასაკში ყოფილა, 40 წლის….(ჰმ!…) ჰოდა, ფილოსოფიური ქვა საოცრად სჭირდებოდა, ახალგაზრდობასაც დაიბრუნებდა და ოქროსაც მოიპოვებდა. მოკლედ, გადაწყვიტა, რომ ეს ქვა ადამიანის შარდიდან უნდა მოეპოვებინა. ტონობით მოუგროვებია და უდუღებია, მერე გაუფილტრავს და არაფრისმაქნისი ნალექი მიუღია. დაიწყო ამ ნალექის გახურება, მალე რეტორტაში თეთრი ნაწილაკები შენიშნა, რომელიც სიბნელეში ანათებდა. ბრანდმა ჩათვალა, რომ ელექსირი აღმოაჩინა. მერე იგივე ექსპერიმენტი ბოილმა გაიმეორა, სახელი კი ლავუაზიემ უბოძა – ფოსფოროუს, ანუ მანათობელი. თუმცა, ბრანდმა ის ოქროდ გაასაღა და მდიდარ ადამიანებს სარფიანად აყიდებდა.

ელემენტარული სახით ფოსფორს რამდენიმე ალოტროპიული მოდიფიკაცია ახასიათებს. ფოსფორი არის თეთრი, წითელი, შავი.  თეთრი ფოსფორი დანით იოლად იჭრება, ცოტა მოყვითალო გადაკრავს. ძალიან საშიში და მომწამლავია. თუ კანზე მოხვდება, დამწვრობას იწვევს. კარგად მირჩილულ სახურავიან მინის ჭურჭელში  წყლის ქვეშ ინახავენ. წყალში არ იხსნება და სწორედ წყლის ქვეშ ასრულებენ მასთან მანიპულაციებს. ანუ, თუ მოჭრა უნდათ და ა.შ. ჰაერზე თეთრი ფოსფორი ჯერ აბოლდება, მერე თვითაალდება.

თან გესაუბრებით, თან დასველებულ წიგნებს ვალაგებ.

უჰ, „ბასკერვილების ძაღლიც“ დასველებულა. მახსოვს, პირველად, რომ წავიკითხე, გაოცებას ვერ ვმალავდი, ასეთი ძაღლი მართლა არსებობს-მეთქი?

ეს იყო უზარმაზარი კუპრივით შავი ძაღლი. ხახიდან ცეცხლს აფრქვევდა, თვალებიდან ანათებდა და სახეზე არაამქვეყნიური შუქი დასთამაშებდა. „ვერავითარი ცეცხლოვანი ფანტაზია ვერ წარმოიდგენდა უფრო საზარელ, უფრო ზარდამცემ სანახაობას, ვიდრე ეს ჯოჯოხეთის ქმნილება იყო, რომელიც ნისლიდან გამოვარდა და ჩვენკენ გამოეშურა…“.

თუმცა, მერე გაირკვევა, რომ ძაღლს ნარევი წაუსვეს, რომელიც თეთრ ფოსფორს შეიცავდა. ახლა, რომ არ დავწერო, ვინმე ჩასაფრებული მკითხველი ნაღარას შემოკრავს, რანაირადო? თეთრ ფოსფორწასმული ძაღლი „რაფერ“ იცოცხლებდა დიდხანსო?

სწორ გზაზე დგახართ, ჩემო ჩასაფრებულო, გილოცავთ. გვატყუებს კონან დოილი და ეგ არის.

თუმცა, რა ვიცი, რა ვიცი…

ძველ დროში „ფოსფორს“ უწოდებდნენ ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც სიბნელეში ანათებდა. მაგ. მე-17 საუკუნეში ბოლონიელმა მეწაღემ და ალქიმიკოსმა კასციაროლომ მთებში ქვა იპოვა. იფიქრა, შიგნით ოქრო იქნებაო, წამოიღო და ნაკვერჩხლებზე მანამდე გააცხელა, სანამ წითლად ნათება არ დაიწყო. ამიტომ, „მზის ქვა“ უწოდა. მოგვიანებით, ამ ქვას „ბოლონიურ ფოსფორს“ უწოდებდნენ. სინამდვილეში კი ეს მინერალი ბარიტი გახლდათ, იგივე ბარიუმის სულფატი, რომელიც ნახშირზე გაცხელებით ბარიუმის სულფიდად გარდაიქმნებოდა.

ლიტერატურაში ასევე შეხვდებით „ბოლდუინის ფოსფორს“, რომელიც ცარცისა და აზოტმჟავას შერევით მზადდებოდა. ასეთი ნივთიერებების ნათებას დიდი აურზაური მოსდევდა, მაგრამ ელემენტი ფოსფორი მათთან არაფერშუაშია.

თავად თეთრი ფოსფორი წყალში არ იხსნება, თუმცა იხსნება CS2-ში. ამ ცდას გაკვეთილზე ვერ გავაკეთებთ, თუმცა მსვლელობა შემდეგია, სინჯარაში ვასხამთ CS2-ის რამდენიმე მილილიტრს და ვათავსებთ თეთრი ფოსფორის ნაჭერს, რომელიც გაიხსნება. შემდეგ სხნარის რამდენიმე წვეთით ვჟღინთავთ სანთლის ფითილს (რასაც ცეცხლს უკიდებენ) და ველოდებით.  სანთელი მალევე თვითონ აინთება.

ამ ცდისთვის შუა საუკუნეებში კოცონი არ აგვცდებოდა.

თეთრი ფოსფორი წყალში არ იხსნება, თუმცა წყალშიც შეიძლება დაიწვას, თუ ჟანგბადს მიაწვდიან. წვის შედეგად წითელი ფოსფორი წარმოიქმნება, რომელიც მისი ალოტროპული მოდიფიკაცია გახლავთ.

წითელი ფოსფორი არ იხსნება წყალში და CS2-ში, არ არის თეთრი ფოსფორის მსგავსად მომწამლავი, არ ანათებს და სპილენძს და ვერცხლს ვერ აძევებს მათივე მარილების ხსნარებიდან. ამიტომ, წითელ ფოსფორს ჩვეულებრივად ინახავენ მინის ქილებში. ასეთი განსხვავება თეთრსა და წითელ ფოსფორ შორის მათი კრისტალური მესრების გამოა. თეთრი ფოსფორის ფორმულაა P4 და მისი მოლეკულის გეომეტრიის ნახვა ქვედა სურათზე შეგიძლიათ. სწორედ ასეთი ტეტრაედებია თეთრი ფოსფორის კრისტალური მესრის კვანძებში. ეს მოლეკულური კრისტალური მესერია.

წითელი ფოსფორის აღმნიშვნელი ფორმულაა Pn. n აღნიშნავს, რომ ნივთიერება პოლიმერული სტრუქტურის მქონეა. ამ კრისტალური მესრის კვანძებში ატომებია განლაგებული.

მათ შორის კავშირი  უფრო მტკიცეა. შესაბამისად, წითელი ფოსფორის რეაქციის უნარიანობა გაცილებით ნაკლებია და თითქმის არაფერში არ იხსნება. თუმცა, თუ დავწვავთ, კაშკაშა ალით დაიწვება და თეთრ ფოსფორად გარდაიქმნება.

სხვათა შორის, სულ პირველად,  ასანთის შემქნელებმა თეთრი ფოსფორი გამოიყენეს. კარგი იდეა სულაც არ იყო, რადგან მომწამლავ თვისებებს, რომ თავი დავანებოთ, ასეთ ასანთს, როცა მოესურვებოდა, მაშინ აინთებოდა. დღეს ასანთის წარმოებაში წითელ ფოსფორს იყენებენ. თავად ფოსფორის ფენა ასანთის კოლოფზეა დატანებული (30%-ს შეადგენს), ასანთის ღერის თავზე კი ბერთოლეს მარილი გახლავთ. ანუ, ასანთის ანთებით,  ჩვენ დღეში რამდენჯერმე შემდეგ  რეაქციას ვატარებთ:

KClO3+2P=P2O3+KCl.

ჰოდა, ვიფიქრე ცეცხლი ხომ არ დავანთო და წიგნები ისე გავაშრო-მეთქი? ცუდი იდეაა, ღმერთმა დაიფაროს ახლა ხანძარი გვინდა?

წითელი ფოსფორი კარგად იწვის. თუ წითელ ფოსფორს მოვათავსებთ ფაიფურის როდინში და ცეცხლს მოვუკიდებთ მოყვითალო-ნარინჯისფერი ალით დაიწვება. ჩაქრობა ცოტა რთული იქნება და თუ ამ მიზნით ზედ წყალს დავასხამთ, კი ჩაქრება, მაგრამ, როგორც კი ჟანგბადს მივაწვდით ჰაერიდან, ცეცხლი ისევ გაჩაღდება. რატომ?  წვის დროს მცირე რაოდენობით თეთრი ფოსფორი წარმოიქმნება, რომელიც ჰაერზე თვითაალდება. თუმცა, რეაქციის ძირითადი პროდუქტი ფოსფორის ოქსიდია:

4P+3O2=2P2O3

თუ წითელი ფოსფორის ფხვნილს სუფთა ჟანგბადის არეში დავწვავთ, მაშინ, ე.წ. „ფოსფორის ნათურა“ წარმოიქმნება. ანუ, კოლბა კაშკაშა ალით განათდება. პროდუქტი ფოსფორის ანჰიდრიდია:

4P+5O2=P4O10.

ფოსფორი ბუნებაში ძირითადად ნაერთების სახით გვხვდება. ერთ-ერთი მათგანი ფოსფინია PH3. ძალიან მომწამლავი აირია და დრაკონები, რომ არსებობდნენ, სწორედ ფოსფინს ამოაფრქვევდნენ პირ-ხახიდან. ზოგიერთი მინარევის წყალობით ფოსფინს ჰაერზე თვითაალებაც შეუძლია. ძლიერი აღმდგენია და ჟანგბადთან იოლად შედის რეაქციაში. ძველი დროიდან სასაფლაოებსა და ჭაობში ნათებას ამჩნევდნენ. ამ ნათებას „მოხეტიალეს“ უწოდებდნენ და ათას ჭორ-მოგონილს ჰყვებოდნენ. ჭაობის ნათება ფოსფინის, დიფოსფინის და მეთანის დაჟანგვით არის გამოწვეული. ისინი სხვადასხვა ორგანული ნაშთის ხრწნის შედეგად წარმოიქმნებიან.

ხომ არ იფიქრეთ, რომ რაც ფოსფორს უკავშირდება ყველაფერი იწვის? ამონიუმის ფოსფატი ავიღოთ. მისი ხსნარით თუ ხის ჩხირს დავამუშავებთ, ჩხირი აღარ დაიწვება. სწორედ ეს უდევს საფუძვლად, დაწვისგან დასაცავად, ხის  მასალის დამუშავებას. ხეს ანტიპირენებით ამუშავებენ და ისინი მრავალფეროვანია, ლაქებიდან დაწყებული საღებავით დამთავრებული. ფოსფატებზე ისიც უნდა ითქვას, რომ მათ სასუქებად იყენებენ და სარეცხ საშუალებებშიც გვხვდება.

ერთი ფერადი რეაქცია გამახსენდა. ნატრიუმის ფოსფატი გავხსნათ წყალში და პატარა ქიმიურ ჭიქებში დავანაწილოთ. ერთ ჭიქას დავამატოთ ვერცხლის ნიტრატის ხსნარი, წარმოიქმნება ვერცხლის ფოსფატის ყვითელი ნალექი.

Na3PO4+3AgNO3= Ag3PO4(ნალექი)+3NaNO3.

ეს ფოსფატ იონებზე  თვისებითი რეაქციაა.

მეორე ჭიქას ნიკელის ქლორიდის ხსნარი დავამატოთ და მწვანე ნალექი წარმოიქმნება.

3Na3PO4+3NiCl2= Ni3(PO4)2(ნალექი)+6NaCl.

კობალტის ქლორიდთან იისფერი ნალექი გვექნება. რკინის ქლორიდთან ყვითელი, ქრომის ფოსფატი კი შავ ფერს მოგვცემს. ყველა მიღებულ მარილს საღებავების წარმოებაში პიგმენტად იყენებენ.

წერაში გავერთე, წიგნები კი გადასარჩენია. ფოსფორის ანჰიდრიდით გავაშრობ, ანუ ფოსფორის (V) ოქსიდით. ეს ნივთიერება ძალიან ჰიგროსკოპულია, ჰაერიდანაც კი წყალს იტაცებს. ჰოდა, ჩავყრი ექსიკატორში, ზემოდან ფაიფურის სადგამს მოვარგებ და მასზე ჯერ „ბასკერვილების ძაღლს“ შემოვდებ. რამდენიმე საათში წიგნი გაშრება…

თუმცა, პირვენდელ სახეს მაინც ვერ დაიბრუნებს და მის დანახვაზე სულ ნუგზარისნაირი უპასუხისმგებლო ადამიანები გამახსენდებიან.

 

 

 

 

 

 

როგორ ტრანსფორმირდება სემიოტიკა ფიზიკის გაკვეთილზე

0

„როდესაც იდეა მიჩნდება, მაშინვე ვიწყებ მის განვითარებას წარმოსახვაში: ვცვლი კონსტრუქციას, ვაუმჯობესებ და აზრობრივად მომყავს მოძრაობაში მექანიზმი. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, აზრებში ვმართავ ჩემს ტურბინას თუ სახელოსნოში… ასეთ ვითარებაში შემიძლია, სწრაფად განვავითარო და სრულვყო კონცეფცია ისე, რომ არაფერს შევეხო“.

ნიკოლა ტესლა

 

„სემიოტიკური კომპეტენცია არის ვერბალური და არავერბალური (რუკის/დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიის და სხვა) საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის (მაგ., სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების, სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენის და ა.შ.) უნარი“.

პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები

 

სემიოტიკის როგორც მეცნიერების უზენაესი მიზანია ყველა ნიშნური სისტემის მატრიცის გამოვლენა, ანუ გამოვლენა იმ სტრუქტურებისა, რომლებიც იზომორფულია ყველა სემიოტიკური სისტემის მიმართ.

ჩემი საკვლევი საკითხი იყო სემიოტიკური უნარების განვითარების ხელშემწყობ აქტივობათა დაგეგმვა და განხორციელება.

კვლევის დაწყებამდე გავეცანი შესაბამის ლიტერატურას, რაც დამეხმარა, სიღრმისეულად და ზუსტი მიგნებებით მიმეღწია დასახული მიზნისთვის.

როგორც ფიზიკის მასწავლებელმა საჭიროდ მივიჩნიე ასეთი კვლევის ჩატარება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რა ტიპისაა მოსწავლეების აღქმა, – ვგულისხმობ ვიზუალებს, კინესთეტიკებს და აუდიალებს. ეს მიახვედრებს, რაზე გავამახვილო ყურადღება ჩემს პრაქტიკაში, აქტივობებზი იქნება ეს თუ მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომა მათი აზროვნების ტიპის მიხედვით.

მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით ფიზიკის საკითხების სიღრმისეული შესწავლა შეუძლებელია – მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად მნიშვნელოვანია მათი დაინტერესება ვიზუალიზაციით, ექსპერიმენტებით, ვირტუალური ლაბორატორიით. თეორულ განმარტებებთან ერთად მოსწავლემ იგივე საკითხი უნდა დაინახოს სხვა შესაძლებლობებით, კერძოდ, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნით, ცდებით, ანიმაციებით, სამეცნიერო ფილმებით, გრაფიკული ორგანიზატორებით, ცხრილებით, დიაგრამებით, სხვადასხვა საგნის ინტეგრაციით, წარმოსახვით, პრეზენტაციების მომზადებით, პროექტებზე მუშაობით, სასწავლო სპექტაკლების დადგმით (როლების მორგებით).

სწორედ ჩამოთვლილი აქტივობები უწყობს ხელს სემიოტიკური წიგნიერების განვითარებას.

საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებამ, უკუკავშირისა და შეფასების შედეგებმა დამანახა, რომ მოსწავლეებს უჭირთ სქემებით, დიაგრამებით, გრაფიკულად გამოსახული შედეგების შინაარსის გააზრება და დაკავშირება სიტყვებით გადმოცემულ თეორიებსა თუ დებულებებთან. უძნელდებათ აზრების ერთი კონტექსტიდან მეორეში გადატანა.

ასევე მნიშვნელოვანია, სიღრმისეულად ესმოდეთ, რატომ შემოგვაქვს და ვიყენებთ ფიზიკაში ამა თუ იმ მოვლენის აღწერის შემდეგ შესაბამის სიდიდეებს, ერთეულებს და ფორმულებს.

სემიოტიკა ძალიან საინტერესო და ღრმა შინაარსის მქონე მეცნიერებაა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ კუთხით ჩატარებული კვლევა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების (კრიტიკული, ანალიტიკური, შემოქმედებითი უნარების) განვითარებას და ცოდნის ტრანსფერს.

მოაზროვნე ახალგაზრდამ უნდა მოახერხოს საკუთარი წარმოსახვის მართვა და რეალობაში განხორციელება. ასეთი მიდგომა მოზარდებს მიაჩვევს, მართონ წარმოსახვა, შემდგომ კი საკუთარი თავი და საკუთარი ცხოვრებაც.

განათლების მიზანიც ხომ სწორედ ეს არის: მოსწავლეს სკოლის დამთავრების შემდეგ შეეძლოს აზროვნება და საკუთარი ცხოვრების სწორად მართვა.

ლიტერატურის გაცნობის შემდეგ ჩამოვაყალიბე საკვანძო კითხვები:

  • როგორ განვუვითარო სემიოტიკური უნარები ჩემს მოსწავლეებს ფიზიკის გაკვეთილზე?
  • რა მეთოდებით მოვახერხო სამიზნე ჯგუფში მოსწავლეთა აღქმის, აზროვნებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა ვიზუალების, აუდიალებისა და კინესთეტების მიხედვით?
  • როგორ გამოვკვეთო მთელი კლასის შესაძლებლობები სემიოტიკური აღქმის უნარების მიხედვით და იმავდროულად ინდივიდუალური მიდგომისას დავეყრდნო ადამიანის ტიპს?
  • რა აქტივობები დავგეგმო მიზნის მისაღწევად?
  • როგორ გავამრავალფეროვნო სასწავლო პროცესი?
  • რა აქტივობებით მოვახერხო ენის ეფექტური გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში?
  • როგორ შევარჩიო ისეთი დავალებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ლოგიკურ აზროვნებას და განუვითარებს მოსწავლეებს მათემატიკური ოპერაციების შესრულების უნარს?
  • როგორ დავგეგმო სასწავლო პროცესი ისე, რომ უზრუნველვყო სადემონსტრაციო ცდების, ვირტუალური ლაბორატორიის უფრო ხშირად გამოყენება?
  • რა ტიპის ამოცანები და დავალებები შევარჩიო, რომ უფრო ხშირად გამოვიყენო ნახაზები, პლაკატები, სურათები, გრაფიკული მახასიათებლები?

დაკვირვების ეტაპის შემდეგ გამოვიყენე რაოდენობრივი კვლევის მეთოდი. წინასწარ შემუშავებული კითხვარის მიხედვით მოსწავლეებმა შეავსეს შესაბამისი ანკეტები. შემდეგ ეს მასალა დავამუშავე. ანკეტირების კითხვარის გამოყენების მიზანი იყო, რაოდენობრივად მომეხდინა მოსწავლეთა კლასიფიკაცია, გამერკვია, რამდენად იყო თითოეული მათგანი ვიზუალი, კინესთეტი ან აუდიალი.

ანკეტირების შედეგებმა აჩვენა, რომ კლასში მოსწავლეთა უმრავლესობა ვიზუალია, შედარებით ნაკლები – აუდიალი, ხოლო კიდევ უფრო ნაკლები – კინესთეტი. ასევე აღმოჩნდნენ თანაბრად ვიზუალები და აუდიალები; თანაბრად ვიზუალები და კინესთეტები.

განხილული ლიტერატურის მიხედვით, კავკასიაში ადამიანების უმეტესობა ვიზუალი და კინესთეტია. ჩემმა კვლევამ აჩვენა, რომ კინესთეტების რაოდენობა ძალიან მცირეა. ვფიქრობ, ამის მიზეზია სააგაკვეთილო პროცესში გამოყენებული რესურსების სიმწირე და გაჯეტებზე დამოკიდებულება, რაც ხელს უშლის თითების მოტორიკის განვითარებას.

თვისებრივი კვლევის პროცესში გამოვიყენე ჩემ მიერ შედგენილი შეფასების რუბრიკა. ეს რუბრიკა დამეხმარა, კონკრეტულად გამეზომა მოსწავლეთა შემდეგი უნარები:

  • პრეზენტაციის უნარი (მულტისემიოტიკური, რიტორიკული);
  • არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • კინესთეკიტური აღქმის უნარი;
  • ვიზუალურ-სივრცული აღქმის უნარი;
  • აუდიალური აღქმის უნარი;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, გამომგონებლობის უნარი;
  • ფიზიკური მოვლენების გააზრების (მოვლენა, სიდიდე, ფორმულა, ერთეულები) უნარი;
  • ტრანსფერული უნარი;
  • წარმოსახვის უნარი.

გაკვეთილებზე, ასევე – საწრეო და საკლუბო მუშაობის პერიოდში ვაკვირდებოდი მოსწავლეებს. კონკრეტულად, მათ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარებს, მეტყველების კულტურას, ტექსტის ანალიზის უნარს, კომენტარებს, დისკუსიებში მონაწილეობას, საუბრისას მათ მეტყველებას და ინფორმაციის გადმოცემის უნარს, დამაჯერებლობას და არგუმენტების მოყვანის შესაძლებლობებს; ასევე – რამდენად შეეძლოთ როლურ თამაშებში მონაწილეობა, მოდელების შექმნა და შექმნის თაობაზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, გრაფიკების, ცხრილების, დიაგრამების აგება და მათი ფიზიკური შინაარსის ახსნა, დამოუკიდებლად აზროვნება და გადაწყვეტილების მიღება, ფიზიკური მოვლენის შესახებ არგუმენტირებული მსჯელობა, მოვლენის სიდიდეების, ფორმულებით, ერთეულებით გამოსახვა და ერთეულთა სხვადასხვა სისტემის ერთმანეთთან დაკავშირება, ძველი ცოდნის ახალთან ლოგიკურად დაკავშირება, ერთ კონტექსტში ნასწავლის მეორეში გადატანა და გამოყენება, კრეატიული იდეების გამოთქმა და მათ შესახებ დამაჯერებლად მსჯელობა, პრობლემის გადაჭრის რამდენიმე შესაძლებლობის განხილვა.

მონაცემთა ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა მომავალი სამუშაოს პრიორიტეტები.

შედეგიანი აღმოჩნდა ვერბალური, ვიზუალური და აუდიო კოდებით მუშაობა.

  • სასწავლო პროცესში მეტი ყურადღება მივიქციე არა შედეგს, არამედ პროცესს. სასწავლო პროცესი გავხადე მეტად შემოქმედებითი.
  • მეტად გამოვიყენე დიალოგი-დისკუსია.
  • საგაკვეთილო პროცესში უფრო ხშირად ვიყენებდი თანამედროვე ტექნოლოგიებს (ფოტო, სლაიდი, ანიმაცია, გიფები, პლაკატები, ვირტუალური ლაბორატორიები).
  • მეტი ყურადღება მივიცქციე მოსწავლეების მიერ პრეზენტაციების ვიზუალურ გაფორმებას და შესაბამის ვერბალურ ახსნას.
  • ასევე მეტი ყურადღება მივაქციე მოსწავლეთა მეტყველებას და აზრის სწორად გამოხატვას.
  • უფრო ინტენსიურად გამოვიყენე გრაფიკული ორგანიზატორები. ცხრილები, სქემების, დიაგრამების გამოყენების დროს ყურადღებას ვაქცევდი როგორც ამ ორგანიზატორების შევსება-აგებას, ისე უკვე შევსებული ცხრილების, აგებული გრაფიკებისა და დიაგრამების წაკითხვას და ფიზიკური შინაარსის გააზრებასაც, ასევე – ფერების გამოყენებას გრაფიკული ორგანიზატორების შექმნის დროს.
  • მეტად ვამახვილებდი ყურადღებას ფიზიკური მოვლენების შესწავლის დროს შესაბამისი სიდიდეებისა და ერთეულების შემოტანის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე.
  • მეტ ძალისხმევას ვახმარდი იმას, რო მოსწავლეს გაემიჯნა არსებითი და მეორეხარისხოვანი; დაეკავშირებინა მოვლენა და ფაქტი; შესძლებოდა შორი ტრანსფერი.

ინტერვენციის განხორციელების პროცესში აქტივობათა დაგეგმვისას გამოვიყენე როგორც კლასის საერთო სურათი, ისე თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები.

  1. გავახშირე აქტივობები, რომლებიც გულისხმობდა პრეზენტაციების მომზადებას და მრავალფეროვანი თვალსაჩინოების გამოყენებას.
  2. ვიყენებდი მარკირებული კითხვის მეთოდს. მოსწავლეები აკეთებდნენ ტექსტის ანალიზს, კომენტარებს, ერთვებოდნენ დისკუსიაში. ვცდილობდი, ყურადღება მიექციათ არავერბალური კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვისაც.
  3. სისტემატურად ვიყენებდი ცხრილებს, დიაგრამებს, გრაფიკებს. მოსწავლეები თვითონ ავსებდნენ ცხრილებს, აგებდნენ შესაბამის გრაფიკებსა და დიაგრამებს. ვაძლევდი ისეთ დავალებებს, რომ თვითონ ამოეცნოთ უკვე აგებული გრაფიკების დიაგრამების ფიზიკური შინაარსი.
  4. ფიზიკური მოვლენების ახსნისას მეტად ვუღრმავდებოდი მოვლენა-სიდიდე-ფორმულა-ერთეულების ერთმანეთთან დაკავშირებას, იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეზე გადასვლა.
  5. ვაჩვენებდი სადემონსტრაციო მარტივ ცდებს და ვირტუალურ ანიმაციებს.
  6. ჩავატარე გაკვეთილი ბუნებაში.
  7. ვატარებდი მრავალფეროვან გაკვეთილებს და ყოველთვის ვამახვილებდი ყურადღებას ცოდნის ტრანსფერზე – როგორ შეიძლებოდა ერთ კონტექსტში ნასწავლი მასალის მეორეში გამოყენება.

სემიოტიკური უნარების განვითარების ხელშეწყობისთვის საუკეთესო მასალაა მოლეკულურ-კინეტიკური თეორია და თერმოდინამიკა – კავშირი მიკრო- და მაკრო სამყაროებს შორის. ამ სასწავლო მასალაზე მუშაობამ სემიოტიკაში მეტი მიგნების საშუალება მომცა.

ინტერვენციების განხორციელების დროს გამოვიყენე სწავლების სხვადასხვა მეთოდი:

◦ მონაცემთა ანალიზი;

◦ სასწავლო გაჩერებების მეთოდი;

◦ სწავლება ლექციის გარეშე, კერძოდ:

◦ სწავლება ვებ-ძიების საშუალებით;

◦ სწავლება ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით;

◦ სწავლება მოდელების საშუალებით;

◦ სტრატეგია ,,ამოიცანი და ახსენი“.

გაგაცნობთ ჩემ მიერ განხორციელებულ რამდენიმე ინტერვენციას:

 

ინტერვენცია 1

გაკვეთილის თემა: ტემპერატურა

მიზანი: მოსწავლე განმარტავს ტემპერატურას და მის თვისებებს, აბსოლუტურ ტემპერატურას; ამყარებს კავშირს ცელსიუსისა და კელვინის სკალებს შორის; ესმის, რომ ტემპერატურა არის მოლეკულების საშუალო კინეტიკური ენერგიის ზომა.

სტანდარტთან კავშირი:

ფიზ. XI. 7. მოსწავლეს შეუძლია სითბური მოვლენების ანალიზი მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის და თერმოდინამიკის კანონების დახმარებით.

გამოწვევის ფაზაზე წინარე მასალა გამოვიკითხე კითხვა-პასუხის რეჟიმში; კერძოდმ მოსწავლეების ჩართულობით (ვერბალური კომუნიკაცია) გავიხსენეთ:

◦ მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის პირველი დებულება და შესწავლილი მიკროსკოპული პარამეტრები;

◦ მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის მეორე დებულება – დიფუზია და ბროუნის მოძრაობა;

◦ მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის მესამე დებულება და აგრეგატული მდგომარეობების განმარტება ენერგიების საშუალებით;

◦ მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის მნიშვნელოვანი ამოცანა;

◦ მიკროსკოპული და მაკროსკოპული პარამეტრები.

◦ იდელური აირი; იდეალური აირის წნევა;

◦ მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლება და კავშირი იდეალური აირის წნევასა და მოლეკულების საშუალო კინეტიკურ ენერგიას შორის.

მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად გამოვიყენე სეგმენტური აქტივობის მეთოდი (დისკუსია; პრეზენტაცია);

დავალება: მოსწავლეები ინდივიდუალურად ჩამოწერენ რა იციან ტემპერატურის შესახებ, რა ერთეულებში იზომება ტემპერატურა და ა. შ. დისკუსიის შემდეგ მოსწავლეები მოსაზრებას გადაიტანენ ფორმატზე ფერადი მარკერებით (ყველამ იმუშავა თავის სეგმენტში). შემდეგ ჯგუფმა შეაჯერა ნამუშევრები და ცენტრალურ სეგმენტში ჩაწერეს ჯგუფის საერთო ნააზრევი. დასასრულ, ერთმა მოსწავლემ ჩაატარა პრეზენტაცია.

მოსწავლეების მონაწილეობით ჩავატარე მარტივი ცდა. ცდისთვის გამოვიყენე სამი ჯამი და სხვადასხვა ტემპერატურის წყალი. მოსწავლე ერთ ხელს ყოფს ცხელ წყალში, მეორეს – ცივში, ამის შემდეგ ორივე ხელს ყოფს ოთახის ტემპერატურის წყალში.

დავსვი კითხვები: რა მოხდა? რა დაინახეთ და გაიგეთ? რა დასკვნა გამოტანეთ?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლემ უნდა გაიაზროს, რომ როდესაც ერთმანეთს ეხებიან ცივი და თბილი სხეულები, მყარდება სითბური წონასწორობა, ცივი სხეული თბება, ცხელი კი ცივდება. ამ მოვლენის გასააზრებლად მოსწავლეებს ვთხოვე, დაფიქრდებულიყვნენ იმაზე, რომ სხეულები შედგება მოლეკულებისა და ატომებისგან, რომლებიც უწყვეტ ქაოსურ მოძრაობაში იმყოფებიან და რაც უფრო მეტია მათი ქაოსური მოძრაობის სიჩქარე, მით უფრო თბილია სხეული. ანუ მიკრონაწილაკების მდგომარეობა განაპირობებს მაკროსკოპული სხეულების მდგომარეობას.

ლექციური მეთოდით ავუხსენი მოსწავლეებს, რომ მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი დებულებაა ხიდი მაკროსკოპულ და მიკროსკოპულ სამყაროებს შორის; რომ ტემპერატურის გასაზომავად იყენებენ იმ ექსპერიმენტულ ფაქტს, რომ სითბური წონასწორობის პირობებში წნევის შეფარდება ტემპერატურასთან ერთი და იგივეა ყველა იდეალური აირისთვის – P/n დამოკიდებულია მხოლოდ ტემპერატურაზე. ავუხსენი, რომ მოუხერხებელია ტემპერატურის გაზომვა ჯოულებში, ამიტომ მას ზომავენ გრადუსებში. გავაცანი აბსოლუტური ტემპერატურისა და აბსოლუტური ნულის განმარტება. პლაკატის და ფორმულების საშუალებით ვაჩვენე აბსოლუტური ტემპერატურის სკალა და კავშირი ცელსიუსის, კელვინისა და ფარენჰეიტის სკალებს შორის.

რეალურად, ტემპერატურა არის წნევის შეფარდება კონცენტრაციასთან, რაც იზომება ჯოულებში:

– 00 -ზე P/n = 3,76 .10-21ჯ; ხოლო 1000-ზე P/n = 5,14 .10-21ჯ;

ჩვენ კი ტემპერატურას გამარტივების მიზნით ვზომავთ გრადუსებში, რადგან ჯოულებში გაზომვა ძალიან არაპრაქტიკულია. გამოდის, რომ ტემპერატურის გასაზომავად ვიყენებთ უფრო გამარტივებულ ნიშანთა სისტემას და მის ერთეულს ვუწოდებთ გრადუსს. ასევე ავხსენი, რომ ცელსიუსის სკალა უკავშირდება წყლის აგრეგატული მდგომარეობის ცვლილებას, პირობითია ისიც, რომ წყალი დუღს 1000 -ზე და იყინება 00-ზე; ესეც ასევე ნიშანთა სისტემების გამარტივებაა რთული საკითხის გააზრების მიზნით. ავხსენი, რომ აბსოლუტური ტემპერატურა იზომება კელვინებში და უკავშირდება სითბური მოძრაობის შეწყვეტას. ამ ორი სკალის ერთმანეთთან მარტივად დასაკავშირებლად 1K = 10C; ამიტომაც T = t + 273. ესეც ნიშანთა სისტემების ურთიერთმონაცვლეობაა შინაარსის გააზრებისა და გამარტივების მიზნით.

 

ინტერვენცია 2.

გაკვეთილის თემა: აირის კანონები (შემაჯამებელი)

მიზანი: მოსწავლე განმარტავს, იზოთერმულ, იზობარულ და იზოქორულ პროცესებს; აანალიზებს შესაბამისი ფორმულების ფიზიკურ შინაარსს; ავსებს ცხრილებს, აგებს შესაბამის გრაფიკებს; კითხულობს უკვე აგებული გრაფიკების ფიზიკურ შინაარსს.

სტანდარტთან კავშირი:

ფიზ. XI. 7. მოსწავლეს შეუძლია სითბური მოვლენების ანალიზი მოლეკულურ-კინეტიკური თეორიისა და თერმოდიმამიკის კანონების დახმარებით.

ამ შემაჯამებელი გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებმა სიღრმისეულად გაიაზრეს, რომ მოლეკულების ისეთი ინდივიდუალური მახასიათებლები, როგორიცაა მასა, სიჩქარე, იმპულსი და გადატანითი მოძრაობის კინეტიკური ენერგია, განაპირობებს სხეულის ტემპერატურას, მოცულობას და წნევას.

იზობარულ, იზოთერმულ და იზოქორულ პროცესებში დაადგინეს კავშირი შესაბამის ცვლადებს შორის, როგორც შინაარსობრივად, ასევე ფორმულებით და გრაფიკულადაც.

გრაფიკების საშუალებით გააცნობიერეს, რომ:

◦ როდესაც T=const ; მაშინ P.V =const

◦ როდესაც P=const; მაშინ V/T= const

◦ როდესაც V=const ; მაშინ P/T = const

 

შეავსეს ცხრილები; ააგეს გრაფიკები, განიხილეს უკვე აგებული გრაფიკების ფიზიკური შინაარსი.

იზოპროცესების შესწავლის დროს გამოიყენება როგორც შინაარსობრივი განმარტებები, ისე მათი ფორმულებით დაკავშირებაც; ასევე – გრაფიკული წარმოდგენები, რაც გულისხმობს სიდიდეების ერთი ნიშანთა სისტემიდან მეორეში და მეორე ნიშანთა სისტემიდან მესამეში გადატანას. ასეთი მიდგომები აიოლებს საკითხის სიღმისეულ შესწავლას.

 

ინტერვენცია 3

გაკვეთილის თემა: მუშაობა თერმოდიკამიკაში

მიზანი:

მოსწავლე აკვირდება ანიმაციურ ცდას და განმარტავს მუშაობას იზობარული პროცესების დროს.

◦ თერმოდინამიკური პროცესების დროს შესრულებულ მუშაობას გამოთვლის გრაფიკულად.

სტანდარტთან კავშირი:

ფიზ. XI. 7. მოსწავლეს შეუძლია სითბური მოვლენების ანალიზი მოლეკულურ-კინეტიკური თეორიისა და თერმოდიმამიკის კანონების დახმარებით.

ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ნახეს ანიმაციური ცდა – დააკვირდნენ აირის გაფართოება-შეკუმშვას და შესაბამისი გარდაქმნების შემდეგ გაიგეს, რომ ფორმულებით გამოსახული მუშაობა არის წნევისა და მოცულობის ცვლილების ნამრავლი. ასევე გაიაზრეს, როდისაა დადებითი და როდის უარყოფითი აირის მიერ შესრულებული მუშაობა (ცნებები „დადებითი“ და „უარყოფითი“ პირობითია და მოვლენის უფრო იოლად აღქმის მიზნითაა შემოტანილი).

(P:V) დამოკიდებულების გრაფიკების გააზრების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ გრაფიკულადაც შეიძლება მუშაობის გამოთვლა, რადგან მიღებული ფიგურის ერთი გვერდი წნევაა, მეორე კი მოცულობა; შესაბამისად, მიღებული ფიგურის ფართობი უფრის შესრულებულ მუშაობას.

ამ საკითხის განხილვის დროს, მოსწავლე იყენებს ნიშანთა სისტემების მონაცვლეობას და ერთი და იმავე საკითხს სხვადასხვა მიდგომით გაიაზრებს.

 

ინტერვენცია 4

გაკვეთილის თემა: ელექტრომაგნიტური ტალღების სკალა (შემაჯამებელი)

მიზანი: მოსწავლე სქემატურად წარმოადგენს ელექტრომაგნიტური ტალღების სკალას და თვისებრივად განასხვავებს სხვადასხვა ტიპის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ტალღების სიგრძის მიხედვით.

სტანდარტთან კავშირი:

ფიზ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია ელექტრომაგნიტური რხევებისა და ტალღების დახასიათება.

მოსწავლეებმა გრაფიკული სურათისა და ანიმაციის საშუალებით თვალნათლივ დაინახეს, რომ პერიოდულად ცვლადი ელექტრომაგნიტური ველის გავრცელების პროცესი წარმოადგენს ტალღურ პროცესს – ელექტრომაგნიტურ ტალღას. ანიმაციამ თვალნათლივ დაანახა მათ სინამდვილეში უხილავი პროცესი; ის, რომ სინათლე, ელექტრული და მაგნიტური ველები გავრცელების დროს ერთმანეთის მართობულია. მასალის უკეთ გააზრებაში მათ დაეხმარა ციფრული ანიმაცია (ვებ-ძიება).

გაკვეთილი წარიმართა საშინაო დავალებად მიცემული პრეზენტაციების წარმოდგენით, კერძოდ, მოსწავლეებმა გაფორმებული და ფერადი ნამუშევრების საშუალებით აღწერეს:

◦ ხილული სხივები და მათი გამოსხივების წყაროები;

◦ ინფრაწითელი გამოსხივების წყაროები და მათი პრაქტიკული გამოყენება;

◦ ულტრაიისფერი გამოსხივება, მისი თვისებები და პრაქტიკული გამოყენება;

◦ რენტგენის სხივები, მათი წყარო და პრაქტიკული გამოყენება;

◦ გამა გამოსხივება, მისი წყარო, თვისებები და პრაქტიკული გამოყენება;

◦ რადიოტალღები, მათი თვისებები და გამოყენება;

◦ მიკროტალღები და მათი გამოყენება.

მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია ,,ელექტრომაგნიტური ტალღების სკალა“.

ამ გაკვეთილმა მოსწავლეებს განუვითარა ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარები. ფერადმა პრეზენტაციებმა კიდევ უფრო გააადვილა განხილული საკითხების აღქმა.

 

ინტერვენცია 5

გაკვეთილის თემა: ატომის პლანეტარული მოდელი

მიზანი: მოსწავლე რეზერფორდის ცდების ანალიზით სქემატურად წარმოადგენს ატომის პლანეტარულ მოდელს; გამოიტანს შესაბამის დასკვნებს.

სტანდარტთან კავშირი:

ფიზ. XI. 8. მოსწავლეს შეუძლია ატომის აგებულების, რადიაქტივობისა და რადიაქტიური გამოსხივების სახეების აღწერა.

გაკვეთილი დავიწყე ანალოგიის მოშველიებით; კერძოდ, მოსწავლეებმა გაიხსენეს მზის სისტემა. უპასუხეს კითხვებს: რომელი ძალის მოქმედებით მოძრაობს პლანეტები მზის გარშემო? რითია შევსებული სივრცე მზესა და მის გარშემო მბრუნავ პლანეტებს შორის? ინტერნეტში მოიძიეს ინფორმაცია იმის შესახებ, მთელი სისტემის რა ნაწილი უკავია სისტემის ცენტრს და მზეს.

ანალოგიების განხილვის შემდეგ ანიმაციის საშუალებით წარმოვადგინე ატომის პლანეტარული მოდელი და ვისაუბრე ანალოგიაზე მიკრო- და მაკრო სისტემებს შორის. ბორის პოსტულატების განხილვის შემდეგ მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ეს პოსტულატები ეწინააღმდეგება კლასიკური მექანიკისა და მაქსველის ელექტროდინამიკის კანონებს.

ბორის პოსტულატებით, რომლებსაც ნიუტონის მექანიკასა და მაქსველის ელექტროდინამიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს, საფუძველი ჩაეყარა კვანტურ მექანიკას და კვანტურ ელექტროდინამიკას, რომლებიც ატომის შიგნით მიმდინარე პროცესებს აღწერს.

ამ საკითხის განხილვის შემდეგ მოსწავლეს თვალწინ გადაეშლება ახალი სამყარო, ის ხვდება, რომ რაც აქამდე ისწავლა ნიუტონის მექანიკასა და ელექტროდინამიკაში, თურმე მხოლოდ განსაზღვრულ პირობებშია მართებული. ასეთი აზროვნება ამდიდრებს წარმოსახვის უნარს, რაც  მოზარდს უფრო დიდი სიახლეებისთვის ამზადებს.

 

ჩემ მიერ შერჩეულმა საკვლევმა თემამ და განხორციელებულმა ინტერვენციებმა მოსცა საშუალება ჩამომეყალიბებინა რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს პედაგოგს, განუვითაროს მოსწავლეებს სემიოტიკური უნარები. ასევე სთავაზობს ამ უნარების განვითარების გზებს.

◦ მასწავლებელმა უნდა მოახდინოს მოსწავლეთა კლასიფიკაცია შესაძლებლობების მიხედვით ვიზუალებად, აუდიალებად და კინესთეტიკებად. ეს დაეხმარება პედაგოგს, გაარკვიოს მოსწავლეთა აღქმის ტიპები და სასწავლო პროცესი დაგეგმოს მათი საჭიროებების შესაბამისად.

◦ მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლეთა ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარების განვითარებას. საუბრისას დამაჯერებლობას და არგუმენტირებულ მსჯელობას, ხმის ტემბრს და გამომტყველებას.

◦ მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს იდეების წარმოშობას, რაც განუვითარებს მოსწავლეებს წარმოსახვის უნარს; უნდა წაახალისოს მოსწავლეები კრეატიული აზროვნებისთვის და ხელი შეუწყოს ისეთ სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც მიღებული იქნება თავისუფალი აზროვნება და სხვათა შეხედულებების მოსმენა და განხილვა.

◦ მასწავლებელმა ხშირად უნდა გამოიყენოს პრეზენტაციები სასწავლო პროცესში; პრეზენტაციები უნდა იყოს მრავალფეროვანი, ფერადი და თვალსაჩინო.

◦ მასწავლებელმა სასწავლო პროცესი ისე უნდა დაგეგმოს, რომ პერიოდულად გამოიყენოს როლური თამაშები; მოსწავლეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მოდელების შექმნაში.

◦ მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს ტრანსფერის განვითარებას, წაახალისოს და დაგეგმოს პრაქტიკული სამუშაოები და რაიმე პროდუქტის შექმნა.

◦ მასწავლებელი ხშირად უნდა იყენებდეს გრაფიკულ ორგანიზატორებს ცხრილებს, დიაგრამებს, სქემებს. მოსწავლეები უნდა მონაწილეობდნენ როგორც გრაფიკული ორგანიზატორების აგებაში, ისე აგებულის გააზრებასა და სათანადო დასკვნების გამოტანაშიც.

◦ მოზარდებს უნდა განვუვითაროთ უნარები, თავის თავში უფრო ღრმად განმარტონ მოცემული მოვლენა თუ საკითხი; შეძლონ თეორიულად ახსნილი მასალის გადატანა სხვა ნიშანთა სისტემაში და მიღებული ცოდნა დანერგონ პრაქტიკაში ექსპერიმენტის, მოდელის, გრაფიკული მახასიათებლების გამოყენებით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ცირა ბარბაქაძე. „მასწავლებლის წიგნი. გამჭოლი კომპეტენციები – სემიოტიკური წიგნიერება“
  2. ცირა ბარბაქაძე. „სემიოტიკური წარმოდგენა“. გამომცემლობა ,,უნივერსალი“, 2017
  3. თინათინ მაჭარაშვილი. „რიცხვების სემიოტიკა“

https://mastsavlebeli.ge/?p=15593

  1. გრაფიკული ორგანიზატორები, ანუ კოგნიტური დიაგრამები – ეფექტური სწავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016
  2. ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია. თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016
  3. ტრანსფერის უნარის განვითარება. თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016
  4. თამარ ჭანტურია. „მრავალმხრივი ინტელექტის თეორია“. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2012

 

 

კვლევაში დიდი დახმარება გამიწია პროფესორ ცირა ბარბაქაძის ნაშრომების განხილვამ. მინდა, მადლობა გადავუხადო მას სემიოტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...