პარასკევი, ივნისი 27, 2025
27 ივნისი, პარასკევი, 2025

რა შეიძლება გამოვიყენოთ  დისტანციური სწავლებისას მოსწავლის წახალისებისთვის

0

სწავლა-სწავლება  მუდმივი დაკვირვებისა და დროული რეაგირების მოწესრიგებული პროცესია. ამ პროცესში დიდია განმავითარებელი შეფასების როლი. განმავითარებელი შეფასება კი კონსტრუქციულ უკუკავშირს გულისხმობს. კონსტრუქციული უკუკავშირი არის რეაგირება იმაზე, თუ როგორ ასრულებს მოსწავლე დავალებას და როგორ იყენებს ცოდნას. როგორც წესი, უკუკავშირს ზეპირი ან წერილობითი კომენტარის სახე აქვს და მოიცავს შეფასებას, წახალისებას და რჩევას. სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ წახალისებაზე.  კომენტართან ერთად, დაწყებით კლასებში ძალიან ბევრი მასწავლებელი იყენებს წამახალისებელ აღნიშვნებს. ახლა, როცა კონტაქტური  საკლასო გარემო დროებით  დისტანციურმა სწავლებამ ჩაანაცვლა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოსწავლის წახალისებაზე,  მოტივაციასა და ჩართულობაზე ვიზრუნოთ.

დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთულია სახლიდან მართო ეს პროცესი. მასწავლებლები რთული გამოწვევის წინაშე დავდექით, ამიტომ კოლეგების რჩევები და გამოცდილების გაზიარება, ამ მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ამ მიზნით,  მინდა გაგიზიაროთ წამახალისებელი ვიდეორგოლები, მომზადებული ფაილები, რომელთა გამოყენება პედაგოგისთვის მოსახერხებელია. შეუძლია, თავადაც შექმნას და ამით მოსწავლის დაინტერესება უფრო გაზარდოს. ციფრული ინსტრუმენტები საკმაოდ მოქნილია ამ ფაილების გაგზავნის კუთხით. აქვე გაგაცნობთ, როგორ შექმნათ მსგავსი ვიდეო. PowerPoint-ში მოამზადებთ 2-ან 3- სლაიდს. წინასწარ შეგიძლიათ გადმოწეროთ სხვადასხვა ვებ-გვერდიდან მოძრავი სურათები, მიანიჭოთ მას სხვადასხვა ეფექტი, გაუკეთოთ წარწერა და მოამზადოთ. როგორ ვაქციოთ ვიდეოდ? ფაილის შესანახად ირჩევთ Save as  და ჩამონათვალიდან აირჩევთ MPG-4Video, ვიდეოდ შენახვის შემდეგ კი მიეცით Save ბრძანება.

მომზადებული სლაიდები იქცევა ვიდეოდ . ვიდეოს ნიმუში . ვიდეოები კი უკუკავშირთან ერთად შეგიძლიათ გაუგზავნოთ მოსწავლეებს და ერთგვარი  პოზიტიური განწყობა შექმნათ. ვიდეოების გაგზავნა მარტივი პროცედურაა. თუმცა  PowerPoint-ში მომზადებული სლაიდის გაგზავნაც ასევე  შესაძლებელია და საკმაოდ ეფექტურია.

მინდა გაგიზიაროთ  ბლოგი, სადაც  უკვე მზა ნიმუშებია განთავსებული, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და  სასწავლო პროცესში გამოიყენოთ.

განსაკუთრებით ახლა, დისტანციური სწავლებს პროცესში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს სჭირდებათ დახმარება, წახალისება, ეფექტური უკუკავშირი, რათა მათ შეძლონ ამ ტიპის სწავლა-სწავლების პროცესში ადაპტირება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული ,,კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე“

https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf

 

გამჭვირვალე ბავშვობის საფრთხეები

0

სხვისი რა გითხრათ და მე დიდი ენერგია მჭირდება, რომ მოვთოკო სურვილები და ჩემი შვილების პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები საჯარო სივრცეში არ გამოვამზეურო. თავშეკავებაში იმის გაცნობიერება მეხმარება, რომ არის მომენტები, როცა გონებამ გულს უნდა აჯობოს, მით უმეტეს მაშინ, როცა იცი, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი არსებობს და ჩემს ემოციებზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებამ, სარგებელზე მეტი ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვებს.

ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მეგობრებს არ გავუზიაროთ ჩვენი სიხარული ბავშვების წარმატებების შესახებ; დავმალოთ ჩვენი, როგორც მშობლის მიღწევები; მკაცრ ჩარჩოებში მოვექცეთ და არასოდეს არავის ვაჩვენოთ ჩვენი პატარების ფოტოები.

მაგრამ სულ მცირე არაეთიკურია, როცა ფოტო და ვიდეო კამერით ჩვენი საყვარელი პატარების ისეთ მომენტებს ვაფიქსირებთ, რომლის შესახებაც ბავშვმა არაფერი იცის, მერე კი არ მასალას საჯაროდ ვაქვეყნებთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სახლში, ვთქვათ, ხალათში ნებივრობთ ან შვილის საყვარელ კერძს ამზადებთ და თქვენმა შვილმა გადაგიღოთ ფოტო, რომელსაც თქვენი ნებართვის გარეშე აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ან ხართ მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილს ხსნის, მერხებს შორის დადის, ამ დროს მოსწავლე გიღებთ და აქვეყნებს ფოტოს. ძალიან ცოტა ადამიანი მგონია ისეთი, ვისაც მის მიმართ ჩადენილი ეს საქციელი მოეწონება, რამდენად პოზიტიური წარწერაც უნდა ჰქონდეს ამ ფოტოს თუ ვიდეოს სოციალურ ქსელში.

იგივეს განიცდიან ბავშვებიც!

ადამიანს ყველა ასაკში აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, მათ შორის ბავშვობაშიც. თუმცა არასრულწლოვანებს ზოგჯერ საკუთარი უფლებების დაცვა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. ამაზე მშობლებმა, მასწავლებლებმა და ბავშვებთან შეხებაში მყოფმა სხვა ზრდასრულებმა უნდა იზრუნონ.

თუ მშობლებმა და მასწავლებლებმა არ იციან, რა არის ბავშვის პერსონალური მონაცემები, ცხადია, ისინი ვერ შეძლებენ უზრუნველყონ ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. მეტიც, შეიძლება სრულიად კეთილი მიზნებით, გაუცნობიერებლად თავად დაარღვიონ წესები.

სოციალურ ქსელში სასწავლო ჩართვების, ბავშვების ფოტოების და ვიდეოების გაზიარების მაგალითები ბოლო რამდენიმე დღეში მრავლად დაგროვდა. ვგულისხმობ მასწავლებლებისა და მშობლების მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ისედაც დაბნეული ბავშვები ჩანან, სახლებიდან და აგარაკებიდან რომ ესწრებიან ონლაინ გაკვეთილებს; იმის მოლოდინში რომ მასწავლებელი „გამოიძახებს“, კომპიუტერებთან ხელაწეულები სხედან; ზოგიერთს სკოლის ფორმაც კი აცვია; ზოგიერთი კი საპირფარეშოში შესვლის და კალმის აღების ნებართვას შეწუხებული ელოდება მასწავლებლისგან, ისევე როგორც ამას საკლასო ოთახში გააკეთებდა.

არაეთიკურია, როცა სკოლა ან მასწავლებელი აქვეყნებს თავისი მოსწავლეების პერსონალურ მონაცემებს, ეს არ არის ცნობილი და შეთანხმებული ბავშვებთან და მათ კანონიერ წარმომადგენლებთან. სულ მცირე, ბავშვმა უნდა იცოდეს, რა იწერება მის შესახებ იმ სივრცეში, სადაც შეიძლება ის თავად არც იყოს რეგისტრირებული. ასევე, აუცილებელია, ბავშვი თანახმა იყოს, რომ ესა თუ ის მასალა გასაჯაროვდეს. ეს დაეხმარება პატარა ადამიანს მართოს მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის აუდიტორიაც, ვისაც დაშვებას ვაძლევთ, ნახოს ეს სტატუსი. იქ, სადაც ბავშვის შესახებ ვსაუბრობთ, აუდიტორია უნდა იყოს მაქსიმალურად შეზღუდული. უმჯობესია, გამოვიყენოთ კლასის დახურული ჯგუფი და არა სკოლის ან პირადი გვერდი. სკოლისა და პედაგოგის შემთხვევაში, აუცილებელია, არსებობდეს მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების წერილობითი თანხმობა.

ვინც ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საკითხს სკეპტიკურად უყურებს, უმჯობესია, გაითვალისწინოს, რომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში დატრიალებული ტრაგედიები, რომლებსაც ბავშვები ემსხვერპლნენ, სწორედ პერსონალური მონაცემების დარღვევას უკავშირდება.

რა არის ბავშვის პერსონალური მონაცემები?

პერსონალური მონაცემების დაცვის აპარატის მიერ გამოქვეყნებული გზამკვლევის მიხედვით, პირად ცხოვრებას მიეკუთვნება შემდეგი ინფორმაცია:

  • რომელ სკოლაში და რომელ კლასში სწავლობს? ვინ არის/არიან მისი მშობლები და როგორია მათი ოჯახური მდგომარეობა? სად ცხოვრობს? ვისთან მეგობრობს? როგორია მისი ყოფაქცევა?
  • ინფორმაცია ბავშვის სასკოლო განრიგის შესახებ. რომელ საათზე ეწყება გაკვეთილები? როდის აქვს შესვენება? რომელ დღეს, რომელ საათზე ამთავრებს სწავლას? რა დამატებით საგანს/წრეს ირჩევს?
  • ინფორმაცია ბავშვის ინტერესების შესახებ – რას აკეთებს შესვენებაზე? რა საკვებს ანიჭებს უპირატესობას? დაინტერესებულია თუ არა სპორტული აქტივობებით? უყვარს თუ არა შინაური ცხოველები?
  • ბავშვის აკადემიური მოსწრება – რომელ საგანში რა ნიშნები აქვს და რომელი საგნის სწავლა ეხალისება ან უჭირს.
  • ფოტო და ვიდეო მასალა ბავშვის გამოსახულებით. ასევე, პირად საქმეში არსებული ფოტო.
  • პერსონალური მონაცემებია, ასევე, ინფორმაცია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, გადატანილი დაავადებები, ფსიქოლოგიური დახასიათება, სპეციალური კვების სპეციალური რეჟიმი, ინფორმაცია ბავშვის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რელიგიური შეხედულებები და ბავშვის ეთნიკური და რასობრივი კუთვნილების შესახებ ინფორმაცია.

 

ბავშვის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მიწოდებით ჩვენ გზას ვუხსნით  პოტენციურ დამნაშავეს, მეტი შეიტყოს სამიზნე სუბიექტის შესახებ. ალბათ, მხოლოდ ეს მიზეზი კმარა იმისთვის, რომ მინიმუმამდე შევზღუდოთ ბავშვების შესახებ ინფორმაციის და მათი გამოსახულებით ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება.

გაიხსენეთ, რამდენი ეპიზოდი ყოფილა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც დღეს საჯარო იმიტომ არ არის, რომ თქვენს ბავშვობაში არც ინტერნეტი იყო და არც ფოტო-ვიდეო კამერებით აღჭურვილი ტელეფონი ეჭირათ ხელში ზრდასრულებს. დაფიქრდით, ყველა ეს ეპიზოდი, რომ დღეს სახალხოდ ცნობილი იყოს, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება?

გამჭვირვალე ბავშვობა თავის კვალს დაამჩნევს ჩვენი შვილების თაობას.

ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ პოზიტიური მაგალითები და დადებითი ზეგავლენა მოვახდინოთ მომავალზე, სადაც, ჩვენ მოხუცებმა და ჩვენმა ახალგაზრდა შვილებმა, ერთად უნდა ვიცხოვროთ.

 

 

სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო

0

„სიკვდილის შიშის განადგურება მხოლოდ მისი ბუნების შეცნობით შეიძლება. ადამიანი ვერ მიაღწევს უმაღლეს თავისუფლებას, თუ მან არ გადალახა სიკვდილის შიში, ეს უნდა გააკეთოს სიკვდილის თვალებში მშვიდი ჩახედვით.  რადგან  დამფრთხალი არსებობა სიკვდილზე უარესია“.

ციოლკოვსკი

„გეშინია… სიცოცხლე იმად არ ღირს, მისი გულისათვის შიშს მონად გაუხდე“.

ჯემალ ქარჩხაძე „ანტონიო და დავითი“

 

მას შემდეგ, რაც კორონავირუსმა საქართველოს კი არა, პლანეტის საზღვრები დაარღვია და დაუპატიჟებლად შემოიჭრა ჩვენს ყოველდღიურობაში, ადამიანებმა მართვის პულტი დაკარგეს და ერთადერთი, რაც მთელი ძალით ამუშავდა, ეს თვითგადარჩენის ინსტინქტია – როგორმე სიცოცხლე შეინარჩუნოს, როგორმე თავი დაიცვას ამ „მკვლელი კორონასგან“, როგორმე თავი დააღწოს ამ უბედურებას და პლანეტის გონიერი არსება არად დაგიდევს, რომ ამის გამო არ დაინდოს სხვა, არავინ და არაფერი…

პლანეტას გლობალურმა შიშის ტალღამ გლობალურად  გადაუარა და ადამიანებმა მთელი ძალით შეიგრძნეს ნამდვილი გლობალურობის არსი! შიშის სიხშირეებმა უფრო და უფრო იწყო მატება, კომბინეზონებში თავიდან ბოლომდე შემალულმა ადამიანებმა ბრძოლა გამოუცხადეს ამ უხილავ მტერს და სადაც ეგულებოდათ თუ არ ეგულებოდათ, ყველგან სადეზინფექციო ხსნარებით საგულდაგულოდ მორწყეს პლანეტა…

მეც ამ სამყაროს ნაწილი ვარ და ეს ყველაფერი მეც ისევე შემეხო, როგორც სხვას… მაგრამ რაღაცნაირად ორი გავხდი: ერთი, რიგითი მოქალაქე და მეორე, ვიღაც სხვა, რომელიც შეეცადა დისტანცირებას და ყველაფრისათვის შორიდან შეხედვას… ერთმა ცრემლიც ღვარა ადამიანთა უმწეო მდგომარეობაზე, ხოლო მეორემ კარგად ვერ გაიგო, რა ხდებოდა დედამიწაზე… დისტანციიდან ცოტა სასაცილოც კი გახდა ამის ყურება: თეთრხალათიანები, ცისფერკომბინეზონიანები, პირბადეებით, სათვალეებით… დარბიან…დარბიან…დარბიან… წამლავენ…წამლავენ…წამლავენ… თითქოს ყველაფერი გაჩერდა…. დრო გაჩერდა, დედამიწა გაჩერდა, ადამიანები სახლებში შეიკეტნენ… ადამიანი გაჩერდა… გესმით…? ადამიანი გაჩერდა! ის ხომ გათენებიდან დაღამებამდე, საწოლიდან საწოლამდე, სულ გარბოდა-გამორბოდა-გადარბოდა-გადმორბოდა… შეიძლება ითქვას, რომ კი არ ცხოვრობდა, დარბოდა… ჰოდა, გაჩერდა… სხვა გზა არ ჰქონდა და გაჩერდა… და ეს სირბილის წყურვილი ისეთი დაუოკებელი აღმოჩნდა, რომ ბევრი რისკის მქონე, ორკვირიან კარანტინშიც კი ვერ გაჩერდა და გაიპარა… გაიქცა… დაედევნენ, დაიჭირეს… მგონია, რომ ფენტეზის ჟანრის ფილმში აღმოვჩნდით… პანიკა, ისტერია, შეშინებული ადამიანები… სოციალური ქსელებით და მედიით ტირაჟირებული შიში…შიში…შიში…. კორონამ გარჩევა არ იცის… კორონა ვერ ცნობს მდიდარს და ღარიბს, ქალს და კაცს, კორონას ვერ მოისყიდი, ვერ მოთაფლავ, ვერ მოიშინაურებ… მოკლედ, კორონა აღმოჩნდა ღმერთივით! კორონა არ ცნობს საზღვრებს, არ აღიარებს ტერიტორიებს, ვერ აჩერებს ბლოგპოსტები…

კორონა მოვიდა, რომ შიში გვაჭამოს! ის იკვებება შიშით, მას იზიდავს შიში, მას უხარია, როცა გაშინებს… ის ცოცხალი ორგანიზმია… შიშის სახელია კორონა და მას უნდა, უფრო დიდი გახდეს, უფრო გაძლიერდეს… ის გაშინებს და როცა შიშს გაჭმევს, თავად მაშინ ძლიერდება! მოდი და ნუ შეგეშინდება! მთელი მსოფლიო წრიალებს – გაიზიდა სუპერმარკეტები, დაცარიელდა თაროები… დაცარიელდნენ ქალაქები…

ჩემმა მეორე მემ, პირველს რომ ზემოდან უყურებდა, შიშის წამალი გამოიგონა და სტრიქონებად დაალაგა კორონობის დროს… ალბათ ჩემი შიშებიც მაშინ გაქრა… განა არ მქონდა… მქონდა, მაგრამ დავწერე და გაქრა. აგერ ეს ლექსიც და იქნებ თქვენც გაგიქროთ.

* * *

როცა კარზე კორონა/შიში გიკაკუნებთ,

ნუ შეგეშინდებათ…

ადექით და გაუღეთ კარი…

შიშს ექნება დიდი თვალები,

შემოვა და კარგად დაათვალიერებს

თქვენს საცხოვრებელს…

შიში იქნება დაღლილი და მშიერი,

მწყურვალი და სუსტი

და გეტყვით: –

მოწყალება გაიღე, მაჭამე, – ცოტა ურწმუნოება,  უიმედობა,

სასოწარკვეთა, ცახცახი, ცოტა კანკალი,

დესერტად დავაყოლებ ელდას…

თქვენ მაცივრის კარს გამოხსნით

და იქ ვერცერთ პროდუქტს ვერ აღმოაჩენთ…

ეტყვით, რომ გაქვთ მხოლოდ სიყვარული, სიკეთე,

გაქვთ მხოლოდ სინათლე და სხვა არაფერი…

შიშს მხოლოდ თვალები დარჩება,

მუდარით სავსე… მაჭამეთ რამე…

ღონემიხდილი სიყვარულს გაუსინჯავს გემოს და…

და გაქრება სამუდამოდ!

ყოველ მოსვლაზე ასე იქნება…

3-ჯერ გამეორების შემდეგ კი

თქვენს კარზე შიში/კორონა აღარასდოს დააკაკუნებს!

აი, ასე… ჩავხედე თვალებში და გაქრა… ჩვენ ხომ მხოლოდ იმის გვეშინია, რაც არ ვიცით? და რა არის აქ საშიში? მოვიდა – მოვიდა… გასცემ პასუხს და გაქრება, რადგან ის მანამდეც არ არსებობდა, ჩვენმა გონებამ შექმნა…

ასეა თუ ისე… ამ ამბავს კარგი მხარეც აქვს: ადამიანი ხომ გააჩერა? ადამიანი ხომ დააფიქრა? ავტომატიზმიდან ხომ ამოაგდო…? ხომ გაახსენა, რომ ის უბრალო ავტომატური და მექანიკური მანქანა არ არის? (ყველა თუ არა, ნაწილი ხომ მაინც…). ამ ფიქრის შემდეგ ცნობიერებამ ერთი ფრაზა ამომიგდო მონიტორზე: „სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო“. სოციალურ ქსელშიც ნახევრად იუმორით დავწერე:

როგორც წუხელ უცხოპლანეტელმა (ანუ ჩემმა მეორე მემ) დიალოგისას მითხრა:

დამთავრდა ძველი სამყარო თავისი პოლიტიკით, ეკონომიკით, განათლებით… ყველაფრით…!

ძველი წესრიგით ვეღარაფერი იმუშბს!

  • ყალიბდება აზროვნების ახალი პარადიგმა… ახალი კოსმოსით… ეს არის ცნობიერების ევოლუციის პროცესი!

რამდენიმე რჩევა ჩემს ერთ მეს მეორე მესგან:

 

  • ნუ ჩაეჭიდებით ძველ წესებს და ჩვევებს… გაუშვით ხელი, თორემ ჩაბღაუჭებულებს უფრო გაგიჭირდებათ!
  • მიიღეთ ახალი სამყაროს გამოწვევები!
  • მხოლოდ ცხოველური თვითგადარჩენის ინსტინქტი არ უნდა ამოძრავებდეს ადამიანს…
  • უნდა ფიქრობდეთ, რისთვის გჭირდებათ ეს გადარჩენა?
  • ადამინი უნდა გახდეს შემოქმედებითი და ეს შემოქმედებითობა უნდა დაეფუძნოს სიყვარულის ენერგიას!
  • ყველაფერი იქნება ძალიან კარგად!

 

როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ფრაზა ამ დღეებში ბევრმა ადამიანმა გაიმეორა, რამაც რწმენა კიდევ უფრო განმიმტკიცა… რა კარგია… ბევრი ფიქრობს ასე… და რაკი ფიქრობს, ეს კორონა-ტესტი აუცილებლად შეცვლის ჩვენს რეალობას!

აგერ ახლა, ამ წერილის წერისას, ლაშა ბუღაძის სტატია გამოჩნდა. გავხსენი და რას ვკითხულობ? სტატია, არც მეტი და არც ნაკლები, იწყება ასე:

„სამყარო  აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

მაგრამ, ალბათ, აღარც უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო აქამდე.

და როგორი იყო? იდეალებისგან და, არსებითად, იდეებისგან დაცლილი, როცა მთავარი იდეა მექანიკური სვლაა წარმატებისკენ, – წარმატება, წარმატება, წარმატება, – რუტინული და უმეტესად გონებადანისლული რბოლა ბუნდოვანი მიზნისკენ, როცა მთავარია, ვიერთებდეთ, ვივსებდეთ, ვფლობდეთ, ვიხვეჭდეთ და ვიმარაგებდეთ – როგორც ახლა, როცა რომელიმე ჰომო-ფაგუსი თხუთმეტ ბოთლ რძეს ყიდულობს, რომელსაც სამ დღეში გაუდის ვადა, ან იმ რაოდენობის ტუალეტის ქაღალდს იმარაგებს, რაბლეს დიადი მჭამელ-მომსაქმებელი გარგანტუაც კი მთელი ასი წელი რომ ვერ გამოლევდა უკანალში გამოსასმელად, რადგან ჩვენი დროის თაურ-ინსტინქტ-იდეა საჭიროზე ათმაგად მეტის ფლობაა…

სიტყვები, სულიერი იდეალი” ან მხოლოდ სულის” თქმაც კი საერთოდ უხერხულობის გამომწვევია, რადგან ის კარგა ხნის წინ გააუქმეს „სულიერების ოფიციალურმა ყარაულებმა”.

დანარჩენი შეგიძლიათ ამ ლინკზე წაიკითხოთ: https://bit.ly/2wcUhB9

ჯიმ ქერი ერთ თავის გამოსვლას ასე ასრულებს: „აქედან რომ გახვალთ, ორი არჩევანი გექნებათ: შიში და სიყვარული. აირჩიეთ სიყვარული და არასდროს მისცეთ შიშს უფლება, თქვენი გულების საწინააღმდეგოდ შემოგატრიალოთ!“

 

დაავადებების გეოგრაფია და COVID-19

0

სამედიცინო გეოგრაფია საზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგია, რომელიც დაავადებების გავრცელებასა  და ადამიანის პათოლოგიურ მდგომარობას,  ამ დაავადებების გავრცელების მიზეზებსა  და  მოსახლეობის ჯანმრთელობაზე  გეოგრაფიული გარემოს  გავლენას შეისწავლის.  სამედიცინო გეოგრაფია  იმ ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებს იკვლევს, რომლებიც სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ  მოსახლეობაში ცალკეული დაავადებების გავრცელების თავისებურებებსა და სიხშირეს  განაპირობებს. დაავადებების გეოგრაფიული გავრცელება  განპირობებულია ბუნებრივი (კლიმატი,ზოგიერთი ქიმიური ელემენტის   ზედმეტობა ან დეფიციტი წყალში, ნიადაგსა და შესაბამისად კვების პროდუქტებშიც) და სოციალური  (ცხოვრების მატერიალური პირობები, მოსახლეობის კულტურული დონე, ტრადიციული კვება და სხვ.) ფაქტორებით, რომელთაც გადამწყვეტი  როლი აქვთ  ადამიანის ცალკეული დაავადებების გეოგრაფიაში   ანუ ნოზოგეოგრაფიაში.  დაავადებების გეოგრაფია მჭიდროდაა დაკავშირებული ეპიდემიოლოგიასთან, მიკრობიოლოგიასთან, ჰიგიენასთან, პათოლოგიასთან, ასევე ფიზიკურ და საზოგადოებრივ გეოგრაფიასთან, განსაკუთრებით კი ლანდშაფტმცოდნეობასთან.

ცნობილია, რომ ბევრი დაავადება ადამიანებს ჯერ კიდევ კაცობრიობის გარიჟრაჟზე ჩაესახათ, როგორც ბუნებრივი პირობების არახელსაყრელი გავლენის შედეგი. ზოგიერთი დაავადება კი მემკვიდრეობითაა გამყარებული.  ადამიანის ცხოვრების პირობების კომპლექსი საკმაოდ რთულია. ის მოიცავს შრომისა და ყოფის პირობებს, ეკონომიკურ სიტუაციას, ქვეყნის მოსახლეობის უზრუნველყოფის დონეს და სხვ. ამიტომ დაავადება, ისევე როგორც ჯანმრთელობა – სიცოცხლისუნარიანობის პროცესია და არ მხოლოდ შედეგების დარღვევა.

ასევე უძველესი დროიდანაა  დაკვირვებადი, რომ ბევრი დაავადება დედამიწის მხოლოდ გარკვეულ ადგილებში გვხვდება. ასე მაგ; ყვითელი ციებ-ცხელება მხოლოდ სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებშია გავრცელებული, ლეიშმანიოზი მხოლოდ ცხელ ქვეყნებში, კერძოდ კი შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში  ჩნდება, ქოლერა – ინდოეთსა და  მის მეზობელ ქვეყნებში და ა.შ.

დაავადებების გავრცელებაში გარკვეული კანონზომიერება შეინიშნება: ზოგიერთი დაავადება დედამიწის ყველა კონტინენტზე გვხვდება, ხოლო  ზოგიერთი მხოლოდ  გარკვეულ არეალებში. დაავადებებს, რომლებიც ფართო  გეოგრაფიული გავრცელებით  ხასიათდება, გლობალურს, საყოველთაოს ანუ ევრიქორულს ( ბერძ. „ევრის“ – ფართო. „ხოროს“ – სივრცე) უწოდებენ,ხოლო  დაავადებებს,  რომლებიც გავრცელების მხოლოდ გარკვეული არეალით შემოიფარგლებიან, ლოკალურს ანუ  სტენოქორულს (ბერძ. სტენოს“ – ვიწრო)  უწოდებენ.  ამ ძირითადი ტიპების  გავრცელების კანონზომიერებებს შორის არსებობს სხვადასხვა გარდამავალი ფორმები.

გეოგრაფები ნოზოარეალის ორ მთავარ ტიპს გამოყოფენ – ვრცელს  და იზოლირებულს. ვრცელი არეალები  საკმაოდ დიდ ტერიტორიებს მოიცავს და მათთვის ძირითადად ანთროპოგენული ინფექციები  ანუ ისეთი დაავადებებია დამახასიათებელი, როგორიცაა   გრიპი, დიზენტერია და სხვ.

იზოლირებული არეალები  ცალკეულ  შემოსაზღვრულ ტერიტორიებს წარმოადგენენ, რომელთა ფარგლებში ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული  დაავადებები წარმოიქმნება.  ასეთებია, ბუნებრივ-კერული დაავადებები (მაგ; ტკიპა-ენცეფალიტი, შავი ჭირი და სხვ.), ენდემური დაავადებები (მაგ; ენდემური ჩიყვი).

სამხრეთ კაროლინის (აშშ)  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  მეცნიერებმა პლანეტის რეგიონების მიხედვით  სხვადასხვა დაავადების გავრცელების რუკა შეადგინეს.  რუკაზე სხვადასხვა ინფექციური დაავადებების აქტიურობის დონე იყო გამოსახული, რაც საშუალებას იძლეოდა, თვალსაჩინოდ დაგვენახა, სად უფრო ხშირად გვხვდება ესა თუ ის დაავადება, რომელ რეგიონებში შეინიშნება პათოგენების „მსგავსი“ ნაკრები.  სულ რუკაზე ვექტორული დაავადებების  (დაავადებები, რომლებიც  გადადის კოღოებით, შინაური ცხოველებით, პარაზიტებით და სხვ. მაგ; მალარია) შვიდი და  არავექტორული  დაავადებების  (მაგ; ქოლერა) ხუთი რეგიონია წარმოდგენილი. უნივერსიტეტის მეცნიერებმა მსოფლიოს 229 ქვეყანა შეისწავლეს და  მათი აზრით ახალი რუკა დაგვეხმარება, უკეთ გავერკვეთ დაავადებების გავრცელების მექანიზმებში.

 

დაავადებების გავრცელების  გეოგრაფია: ა – ვექტორული დაავადებები და ბ – არავექტორული დავადებები.

 

2019-2020 წლები მსოფლიოს  გავრცელებული კორონავირუსის ე.წ.  SARS-CoV-2-ის პანდემიით  დაამახსოვრდება. პანდემიის  კერად  ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანის ზღვისპროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობა ითვლება. ახალი, მანამდე უცნობი ვირუსული შტამის გავრცელებაზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ხუბეის პროვინციაში 41 ადამიანს ყოველგვარი გამოკვეთილი მიზეზის გარეშე პნევმონია დაუდგინდა. ვირუსის გავრცელება ხდება ადამიანიდან ადამიანზე და იწვევს სასუნთქი გზების მძიმე დაავადებებს. დაავადების გართულებები მოიცავს პნევმონიას, სუნთქვის უკმარისობას, სასუნთქი გზების მწვავე დისტრეს-სინდრომს, თირკმლის უკმარისობას, რასაც თან ახლავს ფატალური გამოსავლის რისკი. SARS-CoV-2 ვირუსის მიერ გამოწვეულ დაავადებას მიენიჭა სახელი COVID-19.

COVID-19-ის პანდემიად გამოცხადება არ ნიშნავს, რომ ვირუსი უფრო მომაკვდინებელი გახდა, არამედ წარმოადგენს დაავადების გეოგრაფიული გავრცელების დადასტურებას.

მოცემულ  ბმულზე  შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ კორონა ვირუსის გავრცელების გეოგრაფიას  და სტატისტიკას ქვეყნების მიხედვით.

https://gisanddata.maps.arcgis.com/apps/opsdashboard/index.html#/bda7594740fd40299423467b48e9ecf6

გისურვებთ ჯანმრთელობას და მშვიდობას!

 

ევრიკა!.. არქიმედეს კანონი

0

სიტყვა „ევრიკა“ ბევრ თქვენთაგან სმენია, მაგრამ ყველამ თუ იცის, რომ ეს სიტყვა ფიზიკას და ძველ ბერძენ სწავლულს – არქიმედეს უკავშირდება?

ლეგენდის თანახმად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში ძველი საბერძნეთის ქალაქ სირკუზის მეფემ ჰიერონ II-მ გადაწყვიტა უკვდავი ღმერთებისთვის მადლიერების ნიშნად სამეფო გვირგვინი შეეწირა. ოსტატს საჭირო რაოდენობის ოქრო გადასცა და გვირგვინი შეუკვეთა. დანიშნულ დროს ოსტატმა მეფეს გვირგვინი მოუტანა, რომელსაც იმავე წონა ჰქონდა, რაც თავდაპირველ ოქროს, თუმცა მეფეს მოახსენეს, რომ ოსტატმა მას გარკვეული რაოდენობის ოქრო მოჰპარა და იმავე მასის იაფფასიანი ნივთიერებით, ვერცხლით შეუცვალა. მეფემ ოსტატის გამოაშკარავება მოინდომა და ცნობილ მეცნიერს – არქიმედეს სთხოვა შეემოწმებინა, სუფთა ოქროსგან დაუმზადა თუ არა ოსტატმა მას გვირგვინი. დიდმა მეცნიერმა მეფეს უარი არ უთხრა და დახმარება აღუთქვა.

ცნობილია, რომ სხეული მასა m = ρV. ოქროს სიმკვრივეც ცნობილი იყო. თუ ოსტატი წესიერი გეომეტრიული ფორმის ფიგურას დაუბრუნებდა მეფეს, მაშინ ოსტატის კეთილსინდისიერების შემოწმება ფიგურის მოცულობის გაზომვით ადვილი იქნებოდა, მაგრამ გვირგვინის მოცულობის გამოთვლა რთულ საქმეს წარმოადგენდა, რადგან გვირგვინს არაწესიერი გეომეტრიულ ფიგურის ფორმა ჰქონდა. სწორედ გვირგვინის მოცულობის გაგება გახლდათ არქიმედეს ამოცანა. დიდი მეცნიერი განუწყვეტლივ ფიქრობდა ამ პრობლემაზე და ერთხელ, როცა აბაზანაში იწვა, ბრწყინვალე აზრი მოუვიდა თავში: სხეული სითხეში ჩაშვებისას საკუთარი მოცულობის სიდიდის სითხეს გამოაძევებს. შესაბამისად, თუ გვირგვინს წყალში ჩაუშვებდა, გამოძევებული წყლის მოცულობა გვირგვინის მოცულობის ტოლი იქნებოდა (ნახ.1). ლეგენდის თანახმად, არქიმედე თავის მიგნებამ ისე გაახარა, რომ შიშველი გამოვარდა ქუჩაში

ნახ.1

 

შეძახილით: „ევრიკა!“ რაც იმას ნიშნავდა „ვიპოვე!“, „აღმოვაჩინე!“. ასე დაიბადა არქიმედეს კანონი.

ამავე ლეგენდის მიხედვით, არქიმედემ დაადგინა, ოსტატმა მართლაც შეცვალა ოქროს დიდი ნაწილი ვერცხლით, უფრო მეტიც ძველბერძენმა მეცნიერმა გამოიანგარიშა რამდენი ვერცხლი და რამდენი ოქრო დაიხარჯა გვირგვინის დასამზადებლად. ოსტატი, რომლის დანაშაული არქიმედემ              გამოააშკარავა, მეფემ შემდგომში მკაცრად დასაჯა.

ახლა კი ფიზიკას დავუბრუნდეთ. რაშია საქმე? რომელ ახალ აღმოჩენასთან ჰქონდა საქმე დიდ ბერძენ სწავლულს?

ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ბურთის წყალში ჩაძირვა შეუძლებელია, წყალში ადვილად ვწევთ იმ ქვას, რომლის აწევაც ჰაერში ძალიან გვიჭირს. ფაქტია, რომ სხეულები წყალში თითქოს „მსუბუქდება“, ე. ი. სხეულებზე წყალი მოქმედებს ვერტიკალურად ქვემოდან ზემოთ გარკვეული ძალით. გავარკვიოთ რა არის ამ ძალის გამომწვევი მიზეზი. ვთქვათ სითხეში ჩაძირულია სხეული (ნახ.2). სიმარტივისთვის ეს სხეული იყოს მართკუთხა პარალელეპიპიპედი. ცნობილია, რომ სითხე გარკვეულ h დონეზე აწარმოებს ჰიდროსტატიკურ წნევას p = pgh და იგი შესაბამისი წნევის ძალით F აწვება როგორც ჭურჭლის ფსკერს და კედლებს, ასევე მასში ჩაძირულ სხეულს. გვერდით წახნაგებზე ეს ძალები წყვილ-წყვილად ტოლია და ერთმანეთს აწონასწორებს, ხოლო ზედა და ქვედა წახნაგებზე წნევის ძალები განსხვავებულია. ასეც უნდა იყოს, რადგან ჰიდროსტატიკური წნევა სითხის დონის პირდაპირპროპორციულია და როგორც

ნახ.2

ნახაზიდან ჩანს,  h1 < h2 , F= p s ფორმულის მიხედვით, წნევის ძალა დამოკიდებულია წნევაზე და ამიტომ ქვედა წახნაგზე მოქმედი F2 > F1, შესაბამისად ამ ორი ძალის ტოლქმედი მიმართული იქნება ვერტიკალურად ზემოთ და რიცხობრივად

F = F2 – F1.    (1)

F  ამომგდებ ძალას უწოდებენ და სწორედ ეს ძალა წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც „ამსუბუქებს“ წყალში ჩაძირულს სხეულებს.

(1) გამოყენებით გავარკვიოთ რაზეა დამოკიდებული ამომგდები ძალა. F2= p2S2 და F1= p1S1 , სადაც

 

 

F= mსთ g    (3)

სადაც mსთ გამოძევებული სითხის მასას წარმოადგენს.

ამგვარად, მივიღეთ, რომ სითხეში ჩაძირულ სხეულზე სითხის მხრიდან მოქმედებს ვერტიკალურად ქვემოდან ზემოთ მიმართული ძალა, რომელსაც ამომგდები ძალა ეწოდება. იგი პირდაპირპროპორციულია სითხის სიმკვრივის და სითხეში ჩაძირული სხეულის მოცულობის. ამომგდები ძალა სხვანაირად გამოძევებული სითხის სიმძიმის ძალის ტოლია (ნახ.3).

 

 

ნახ.3

სითხის მსგავსად, აირიც ამომგდები ძალით მოქმედებს მასში ჩაძირულ სხეულებზე. აქაც აირიდან სხეულის ამომგდები ძალაც იმ აირის წონის ტოლია, რომლის მოცულობა სხეულის მოცულობის ტოლია. სწორედ ამ ძალის მოქმედებით ადის ჰაერში მაღლა საჰაერო ბურთები.

სითხიდან ან აირიდან სხეულის ამომგდებ ძალას არქიმედეს ძალა უწოდეს, ძველი ბერძენი მეცნიერის არქიმედეს პატივსაცემად, რადგან როგორც სტატიის თავში აღვნიშნეთ, ამ ძალის აღმოჩენა და განსაზღვრა სწორედ მის სახელს უკავშირდება. ზემოთ თქმულ კანონს კი არქიმედეს კანონი ეწოდება.

ამრიგად, ამ სტატიაში გავეცანით სითხეში ან აირში ჩაძირულ სხეულზე მოქმედ ამომგდებ ძალას, არქიმედეს კანონს.

 

ლიტერატურა

  1. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  2. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ ;
  3. ილუსტრაციები აღებულია ვებგვერდებიდან:

https://commons.wikimedia.org/wiki/File:Archimedes-principle.svg;

https://urok.1sept.ru/%D1%81%D1%82%D0%B0%D1%82%D1%8C%D0%B8/614419/.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დისტანციური სწავლების ლაბირინთები

0

საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს დისტანციური სწავლება და როგორ გამოიყურებოდა დისტანციური სწავლების პირველი მცდელობა?

ირკვევა, რომ  პირველად 1728 წელს, გაზეთში Boston Gazette  გაჩნდა განცხადება იმის შესახებ, რომ მასწავლებელი ეძებდა მსურველებს, რომლებსაც მასალას კვირაში ერთხელ გაუგზავნიდა.

დისტანციური სწავლება (E-learning) სწავლების ისეთი ფორმაა, რომელიც შექმნილია სპეციალურად სტუდენტისთვის/მოსწავლისთვის ან სტუდენტთა/მოსწავლეთა ჯგუფისთვის, რომლებიც ტრადიციულ აუდიტორიაში ან კაბინეტში ფიზიკურად არ იმყოფებიან.

დისტანციური სწავლების გავრცელება საფოსტო სისტემის დახვეწას უკავშირდება. მაგალითად,  მეცხრამეტე საუკუნის  40-იან წლებში,  დიდ ბრიტანეთში ისააკ პიტმანი ფოსტით  უგზავნიდა  სტუდენტებს სასწავლო მასალებს და ამის საშუალებით  ასწავლიდა.  ხოლო   უნივერსიტეტებიდან დისტანციურ სწავლებაში პირველობა  ლონდონის უნივერსიტეტს ეკუთვნის. იქ ის 1858 წელს  დაიწყო.  თუმცა,  რეალურად დისტანციურმა სწავლებამ  მხოლოდ კომპიუტერებისა და ინტერნეტის ფართოდ გავრცელების შემდეგ მოიკიდა ფეხი.

რა მიაჩნიათ  დისტანციური სწავლების  დადებით მხარეებად?

1) მოხერხებულობა და ხელმისაწვდომობა;

2) მოქნილობა.

 

მაგალითად, მეტნაკლებად თავისუფალი გრაფიკი ლექციებისთვის/გაკვეთილისთვის, სტუდენტი/მოსწავლე თვითონ წყვეტს, როდის  სურს დავალებების შესრულება.

3) არჩევანის თავისუფლება;

4)  ასეთი სწავლების შედარებითი სიიაფე;

5) მართვადობა;

6) ამ ტიპის სწავლებაზოგიერთი მოსწავლისთვის უკეთესია.

მაგალითად, ინტროვერტი ადამიანებისთვის, მათთვის, ვისაც  სხვადასხვა  ბარიერი აქვს, ვისაც მასალის ასათვისებლად მეტი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

დღეს მთელი მსოფლიოს სასწავლო დაწესებულებები აღმოჩნდენ დისტანციური სწავლების აუცილებლობის წინაშე. ამისთვის ყველა თანაბრად მზად არ არის. იგივე ითქმის საქართველოზეც. ყველა სკოლა, ყველა მასწავლებელი და ყველა მოსწავლე თანაბარ პირობებში არ იმყოფება.  ყველა მოსწავლისთვის ინტერნეტიც კი   შესაძლოა, არ იყოს ხელმისაწვდომი. მაგრამ გამოსავალს მეტ-ნაკლებად მაინც პოულობენ ჩვენი მასწავლებლები.

ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ის იდეები, რომლებიც  მასწავლებელმა სხვადასხვა  სიტუაციაში შეიძლება გამოიყენოს.  ანუ მეტაფორულად რომ ვთქვათ,  სტატიაში განვიხილავთ დისტანციური სწავლების ლაბირინთებს… განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ  რესურსებზე, რომლებიც ვიდეოგაკვეთილების გარდა, დისტანციური სწავლების დროს მნიშვნელოვანია.

შემთხვევა -1 მხატვრული ფილმების გამოყენება

მასწავლებელი  მეორე-მესამე საფეხურის მოსწავლეებს უგზავნის  შემდეგი შინაარსის  წერილს (ელ ფოსტით,  ტელეფონით, ფეისბუკის პირად შეტყობინებაში)

„კვირის ბოლომდე ნახეთ მხატვრული ფილმი „კლასის წინ“ იხილეთ ბმული:  https://www.adjaranet.com/movies/12197/Front-of-the-Class?lang=GEO&quality=SD და მიწერეთ წერილი იმ ოთხი სკოლის დირექტორიდან მინიმუმ ერთს:

1) დირექტორს, რომელმაც აიძულა ბრედი მისი სკოლიდან წასულიყო.

2) დირექტორს, რომელმაც მთელი სკოლის წინაშე მხარი დაუჭირა ბრედის.

3) დირექტორს,  რომელმაც სკოლაში მასწავლებლად არ მიიღო ბრედი.

4) დირექტორს, რომელიც ენდო ბრედის და თავის სკოლაში მიიღო მასწავლებლად

და კვირის ბოლომდე გამომიგზავნეთ“

შენიშვნა – ფილმში აღწერილია ბრედის ისტორია, რომელიც  პატარაობიდანვე ტურეტის სინდრომით იტანჯება. ის ებრძვის ამ მძიმე დაავადებას და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს. მისი მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის.

შემთხვევა – 2  აუდიოწიგნების გამოყენება

მასწავლებელი  პირველი  საფეხურის მოსწავლეებს უგზავნის  შემდეგი შინაარსის  წერილს (ელ ფოსტით,  ტელეფონით, ფეისბუკის პირად შეტყობინებაში) „ მოუსმინე და საშინაო დავალების რვეულში დაწერე მცირე ზომის ამბავი „იავნანა მარტო სიმღერა არ არის“ აუდიოწიგნის ბმული: https://www.gudabooks.ge/book/271909-iavnana-lilistvis-aleqsandre-lortqifanidze/

შენიშვნა – „იავნანა ლილისთვის“ ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ოჯახის, სადაც დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს, სადაც უახლოესი ადამიანები ერთმანეთზე ყოველდღიურად ზრუნავენ და სადაც ჰარმონია ურთიერთგაგებით, საერთო გამოწვევებისა და პრობლემების გააზრებითა და მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიებით მიიღწევა…

ან მასწავლებელი  პირველი  საფეხურის მოსწავლეებს უგზავნის  შემდეგი შინაარსის  წერილს (ელ ფოსტით,  ტელეფონით, ფეისბუკის პირად შეტყობინებაში)

https://www.gudabooks.ge/book/242214-patara-qalaqis-zghaprebi-guram-petriashvili/

შემთხვევა  3  – მხატვრული ნაწარმოების და დოკუმენტური ფილმის შედარებითი ანალიზი

 

მასწავლებელი  წერს პირველი საფეხურის შესაბამისი კლასის მოსწავლეს  წერილს, „წაიკითხე  სახელმძღვანელოში მოცემული  რ.ინანიშვილის მოთხრობა „ბებერი ბუები“, შემდეგ ნახე ეს 2 წუთიანი დოკუმენტური ფილმი

 

 

და შეავსე სქემა

რა თვისებები გამოუგონა მწერალმა მოთხრობის პერსონაჟს? სინამდვილეში როგორი ყოფილა ბუ? ივარაუდე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ნაწარმოებში აღწერილ პერსონაჟს ფილმში ნაჩვენები თვისებებიც რომ ჰქონოდა?
 

 

 

 

 

 

 

და შევსებული სქემა გამომიგზავნე კვირის ბოლომდე“

 

შემთხვევა  4  – ინტერაქტიური ელექტრონული რესურსების გამოყენება

სხვადასხვა პლატფორმაზე შექმნილია ინტერაქტიური სასწავლო რესურსები,  რომელთა გამოყენება ეფექტურად შეიძლება დისტანციური სწავლებისას  (მაგალითად, ისეთი პოპულარული პლატფორმა როგორიცაა learningapps). საილუსტრაციოდ გამოვიყენებ დაწყებითი კლასების პედაგოგის, ნანა ვაჩიბერიძის სასწავლო რესურსს  თემაზე „მეტყველების ნაწილები“

მასწავლებელმა შეიძლება ასეთი სახის წერილი გაუგზავნოს მოსწავლეებს, „გიგზავნით მხიარულ სავარჯიშოს „მეტყველების ნაწილები“. გთხოვთ, შეასრულოთ ეს სავარჯიშო. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ გელოდებათ ჯილდო – შეგიძლიათ ნახოთ ნახატი ფილმი.  კვირის ბოლომდე მომწერეთ:

  1. რა ისწავლეთ სავარჯიშოს პირველი ნაწილით?
  2. რაზე დაგაფიქრათ და რა დასკვნა გამოიტანეთ ნახატი ფილმიდან?

https://learningapps.org/display?v=piqw8eme518&fbclid=IwAR3CYB2onSNMFAIP4yeKamngBqkBqyMMbwJUK_lQwRXVrHS6Qpv_sJOphH0

ეს არის სავარჯიშოს ბმული“.

ისმის კითხვა – რა გზები და საშუალებები შეუძლიათ გამოიყენონ იმ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, რომლებიც მაღალმთიან რეგიონში ცხოვრობენ და მათთვის ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტი? შემდეგ სტატიაში განვიხილავთ დისტანციური სწავლების ვარიანტებს ასეთ შემთხვევებში.

თამაშები გახანგრძლივებული არდადეგებისათვის ( მეორე ნაწილი)

0

პირველ სტატიაში ჩამოთვლილი თამაშები თუ უკვე სცადეთ, ახლა შეგიძლიათ ამ სტატიით გააგრძელოთ.

  1. სახეების მოხატვა: საჭიროა სახის მოსახატი საღებავები, შეგიძლიათ ანიმაციის რომელიმე პერსონაჟის მსგავსად მოიხატოთ, შეგიძლიათ, უბრალოდ სხვადასხვა ემოცია გამოსახოთ სახეებზე და თან ამ ემოციებზე ილაპარაკოთ. მერე კარგად უნდა დაიბანოთ პირი და ხელები., თუმცა ხელები ხომ ისედაც ხშირად უნდა დაიბანოთ!
  2. წერილები: მისწერეთ ერთმანეთს ნამდვილი წერილები, გამოჭერით, დააწებეთ კონვერტები და მარკები, მისამართი კი მიაწერეთ ასე: თბილისი, თქვენი სახლის მისამართი, აივნის გვერდითა ოთახი, სახელი, გვარი.
  3. ბებოს რეცეპტების რვეულის აღმოჩენა და რომელიმე, ძველებური ნამცხვრის გამოცხობა.
  4. თამაში ტანსაცმლის კარადაში – დაალაგეთ, ფერების მიხედვით დააწყვეთ სამოსი, შეუხამეთ ერთმანეთს, მოაწყვეთ მოდების ჩვენება, ცარიელ კარადაში დაემალეთ ერთმანეთს.
  5. სახლი – ფორტ ბოიარდი – მოიგონეთ თავსატეხები, დახაზეთ, ააწყვეთ ბარიკადები ბალიშებით, ლაბირინთები ფანქრებით, დამალეთ გასაღებები და მერე აპოვნინეთ ბავშვებს.
  6. ნიღბები სახისთვის- გაგიკვირდათ? ეს ხომ ძირითადად ქალების რუტინის ნაწილია, თუმცა, დაკვირვებული ვარ, როცა სახეზე ხილის ნიღაბს ვისვამ, ბავშვები ბევრს იცინიან, რატომ არ შეიძლება ეს ვაქციოთ თამაშად? უბრალოდ, მზად უნდა იყოთ, რომ სამზარეულოს ცოტათი ( ან ცოტაზე მეტად) აურევთ.
  7. ამ ვირუსის დროს ყველანი ნიღბებზე ვსაუბრობთ, იმისთვის, რომ ეზოში ან ტელევიზორში ნანახი ნიღბიანი უცნობებით გამოწვეული უარყოფითი შთაბეჭდილება გავაქარწყლოთ, ჩვენ თვითონ გამოვჭრათ ათასგვარი და ათასფერი ნიღაბი და საოჯახი სპექტაკლიც მოვაწყოთ. მაყურებელი ცოტა გვეყოლება, მაგრამ მერე რა?
  8. ძველისძველი მულტფილმები – ძალიან გამიკვირდა, მაგრამ გიომ ძალიან დიდი ინტერესით უყურა „სალამურას თავგადასავლის“ მულტიპლიკაციურ ვერსიას, ამიტომ ავდექი და სხვა მულტფილმებიც ვანახე, აღტაცებული იყო იმის წარმოდგენით, რომ როცა მისი თანატოლი ვიყავი, მაშინ ვუყურებდი ამ მულტფილმებს.
  9. საოჯახო ორკესტრი – ქვაბის თავსახურები, კოვზები, ხის კოვზები, საცერი და სახეხი, კიდევ ბევრი რამ შეიძლება ინსტრუმენტად გამოდგეს, ოღონდ მოიკითხეთ, მეზობლები როგორ ხასიათზე არიან.
  10. ღილების დაკერება — მოძებნეთ სადმე ღილი ხომ არ გაქვთ ამწყდარი ან თითქმის აწყვეტაზე და ყველა ღილი ერთიანად დააკერეთ!
  11. იგივე ითქმის გაწყვეტილი მძივების აწყობაზე.
  12. ჯადოქრის მოსასხამი – ამ თამაშისთვის ნებისმიერი მოსასხამი, ნაჭერი, თუნდაც ზეწარი გამოდგება, მოისხით და ითამაშეთ ჯადოსნური თამაშები, გადაარჩინეთ დედამიწა ან გაათავისუფლეთ დედა ან მამა მეორე ოთახის ტყვეობიდან.
  13. გახსოვთ კარლსონი და მოჩვენებების თამაში? თუ ერთ ზეწარს გაიმეტებთ, მოჩვენებობანა შეგიძლიათ ბავშვებთან ერთად ითამაშოთ.
  14. კითხვა, კითხვა და კითხვა – ახლა ყველაზე მეტი დრო გაქვთ საბავშვო ლიტერატურისთვის, დახატეთ ილუსტრაციები, ილაპარაკეთ პერსონაჟებზე, იმოგზაურეთ საბავშვო ლიტერატურის სამყაროში;
  15. შეკერეთ თოჯინები ცალ-ცალი წინდებისგან, შეგიძლიათ სულაც თქვენი ოჯახის წევრების მსგავსი თოჯინები შეკეროთ და დახატოთ, ბევრს იცინებთ, დამიჯერეთ.
  16. ააწყვეთ ფუდარტი, ეს სახალისო საქმიანობა ორ კურდღელს დაგაჭერინებთ, გაერთობით და თანაც, სასარგებლო ვიტამინებსაც მიიღებთ იმუნიტეტის გასაძლიერებლად.
  17. მოაწყვეთ შეჯიბრებები, მაგალითად, როგორ გაივლით მანძილს საძინებლიდან სამზარეულომდე თავზე წიგნით, თვალახვეული, ფეხისწვერებზე, ასკინკილით. რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველყოთ უსაფრთხო გარემო.
  18. ბალიშებით ომი და მსგავსი რამეებიც მე გასწავლოთ?

სასკოლო კვების პროგრამების თაობაზე

0

დაახლოებით ერთი თვის წინ მე და ჩემი კოლეგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ძალიან საინტერესო ლექციას დავესწარით. შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი იუსეფ იჰაბ მოჰამედ ტევფიკი ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან (დიდ ბრიტანეთი). პრეზენტაციის თემა იყო „კიბო და ნუტრიცია“.

ლექციის დიდი ნაწილი ეძღვნებოდა ჯანსაღი კვებისა და ნუტრიციის, როგორც შედარებით ახალი მეცნიერების მნიშვნელობას; ასევე, კვებითი აშლილობებისა და მალნუტრიციასთან ბრძოლის საკითხებს. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მისი მოხსენება უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის შესახებ. მისი თქმით, ვესტმინსტერის უნივერსიტეტი თანამშრომლობს არაერთი ქვეყნის მთავრობასთან (მაგ. განა სენეგალი, ეგვიპტე) კვებითი ინტერვენციების განსახორციელებლად სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად, მაგ. კიბოს მაჩვენებლების შემცირება ქალებში, მალარიის, ჭაბრწონიანობისა და სიმაღლის პრობლემების შემცირება/გადაჭრა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო მათ მიერ განხორციელებული პროექტი განაში, სადაც სახელმწიფოს კონსულტაციას უწევდნენ, რა სახის უფასო კვებითი პროგრამები დაენერგა საჯარო სკოლებში. მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხოლოდ სამიზნე რეგიონები შეირჩნენ, ანუ გაკეთდა დიფერენცირება საჭიროების მიხედვით. კიდევ ბევრი საინტერესო რამ ილაპარაკა ამ ადამიანმა, მაგრამ სტატიის მიზნებიდან გამომდინარე აქ გავჩერდები. ვიმეორებ, ქვეყანა, რომელშიც სასკოლო კვების პროგრამა დაინერგა არის განა!

ახლა, გადმოვერთოთ საქართველოს მაგალითზე. გაეროს ბავშვთა ფონდის „საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევის“ მიხედვით, საქართველოში 50,000 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილება დაკმაყოფილებული არ არის[1]. აღარაფერს ვამბობ განათლების ხარისხსა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საკითხებზე, რომლებთანაც ასევე ახლო კავშირშია ბავშვთა კვებით უსაფრთხოებასთან.

ასეთ მძიმე სიტუაციაში, შეიძლება დაისვას მარტივი შეკითხვა: რატომ არ შეიძლება სახელმწიფომ შეიმუშაოს სასკოლო კვების პროგრამები რომლებიც ორიენტირებული იქნება მიზნობრივად, ისეთ ადგილებში, სადაც ეს საკითხი ნამდვილად პრობლემურია? მაგალითად, ავიღოთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაგომარი, რომელიც სრულიად გაპარტახებულია. სკოლაში არათუ კვებითი პროგრამა, არამედ ინფრასტრუქტურაც კი გაუმართავია – დანგრეული კედლები, ჭერი, იატაკი; გაუბედურებული სველი წერტილები, გაყინული შენობა და ა.შ. ეს არის ერთ-ერთი უღარიბესი ადგილი, სადაც სასკოლო კვების პროგრამა დიდი შვება იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობისათვის და უდიდეს გავლენას იქონიებდა ბავშვების განვითარებაზე, მათ შორის აკადემიურ მოსწრებაზე. გარდა ამისა, მსგავს სოფლებში სადაც სკოლა, ე.წ. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს უნდა წარმოადგენდეს, კვებითი პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება ამ როლის შესრულებაში.

მეორე მაგალითსაც მოვიყვან – თუ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გვერდზე შეხვალთ და ლადო აფხაზავას პროფილს გაეცნობით, გარკვევით წერია, რომ მის რეგიონში ბავშვთა კვება სერიოზული გამოწვევაა. ეს ამბავი საკუთარი თვალითაც არაერთხელ მაქვს ნანახი ლადოსთან სტუმრობისას[2]. ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვები სკოლაში მშივრები არიან. რაღა დაგიმალოთ და ჩემი ნახევარწლიანი მასწავლებლური გამოცდილებისას უამრავჯერ შევსწრებივარ ამგვარ შემთხვევებს, რომლებიც მხოლოდ სიღარიბით არის გამოწვეული. მიუხედავად ამისა, საქართველოში კვების ეროვნული კვლევის მიხედვით, „დღეისათვის სკოლებში ჯანსაღი კვების ორგანიზებასთან დაკავშირებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს. ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი რეგიონებში, ბევრია ისეთი სკოლა, რომლებსაც კვების ბლოკი საერთოდ არ გააჩნია… სამწუხაროდ, დღეისათვის არ არსებობს სკოლაში მოსწავლეთა კვების ორგანიზების მარეგულირებელი ოფიციალური დოკუმენტი და სტანდარტი, რომელსაც გამოიყენებს სკოლის ადმინისტრაცია და/ან ტენდერში მონაწილე ორგანიზაცია, ბავშვთა კვების ორგანიზებისთვის“[3].

 

დაბოლოს, ქვემოთ მაინც მოკლედ ჩამოვწერ რამდენიმე საკითხს, რომლებიც სასკოლო კვების პროგრამებს უაღრესად მნიშვნელოვანს ხდის:

  1. შიმშილის აღმოფხვრა – ძალიან ზედაპირულად, ზედმეტი ლამაზი სიტყვებისა და ფიქრის გარეშე, ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც აღნიშნული პროგრამები ინერგება, არის ის, რომ ბავშვები არ იყვნენ მშივრები და იკვებონ ჯანსაღად[4];
  2. უთანასწორობის შემცირება – კვება ხელმისაწვდომია ყველასათვის (ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, ეს გაკეთდეს იმგვარად, რომ არ იყოს ღირსების შემლახავი იმ ბავშვებისათვის, ვინც აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს);
  3. ბავშვთა კვებითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება;
  4. გავლენა აკადემიურ მოსწრებაზე;
  5. სკოლის, როგორც სათემო ცენტრის როლის გაძლიერება – პროგრამის მეშვეობით სკოლებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნებათ გაკვეთილების შემდგომი აქტივობების დასაგეგმად. სხვა სიტყვებით, აღნიშნული ხელს შეუწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას.

 

დასასრულ, მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს საკითხი დადგება გადაწყვეტილების მიმღებთა დღის წესრიგში. მასწავლებლებმა კი გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლეთა ესა თუ ის ქცევა შესაძლოა ზუსტადაც რომ შიმშილით იყოს გამოწვეული, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველოში 50,000 ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს!

[1] გაეროს ბავშვთა ფონდი, 2017. საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის კვლევა. საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მეხუთე ეტაპი.

[2] https://www.globalteacherprize.org/person?id=7507

[3] ოქსფამი, 2016. საქართველოში კვების ეროვნული კვლევა.

[4] ჯანსაღი კვება გულისხმობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების წყლის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სწორ ბალანსს.

ცხოვრება დისტანციურად

0

ერთ ოთახში ორი სხვადასხვა კომპანიის თანამშრომელი და  სკოლის მოსწავლე უზის სამ კომპიუტერს.

ეს ახალი რეალობაა, რომელიც ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესებამ განაპირობა.

ჩვენმა სახლმა ოფისის და სკოლის ფუნქციაც შეითავსა.

ახალი კორონა ვირუსისგან თავდაცვის მიზნით მე და ჩემი მეუღლე დისტანციური მუშაობის გრაფიკზე გადავედით. ჩვენს უფროს შვილს ონლაინ სწავლება დაეწყო.

ყოვედღიური რეჟიმი სრულიად შეგვეცვალა. დღის წესრიგის არც ერთი შაბლონი, რაც აქამდე გვქონდა, აღარ გვადგება.

საერთო სივრცეში ვსხედვართ და დილიდან ასე ვურთიერთობთ თანამშრომლებთან, საქმიან პარტნიორებთან, მასწავლებლებთან და თანაკლასელებთან.

ვცდილობთ, საქმესა და პირად ცხოვრებას შორის ზღვარი გავავლოთ, თუმცა, ერთი ოვალური მაგიდის გარშემო მოთავსებული სამი ადამიანისთვის ეს არც ისე ადვილი საქმეა. მით უფრო, რომ მაგიდის გარშემო, ოჯახის ყველაზე პატარა, მეოთხე წევრი დარბის და სასურველი მომენტის ხელში ჩაგდებას ელის, რომ „უნოს“ თამაში შემოგვთავაზოს.

ერთ რამ ვიცი! თუ ასე დიდხანს გაგრძელდა, საზიარო სივრცეში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი გარდაუვლად გამომგვიმუშავდება. კიდევ თვითდისციპლინის უნარი, რაც საკუთარი საქმის დაგეგმვას, შესრულებას და შეფასებას გულისხმობს.

საერთო სივრცეში სხვადასხვა საქმეების კეთება მშვენიერი სავარჯიშოა იმისთვის, რომ კარგად გავითავისოთ: ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც საკუთარი თავის რეალიზებისთვის უხილავი პირადი სივრცე სჭირდება. ჩვენს მშობელსაც და ჩვენს გაჩენილსაც თავისი ცხოვრება აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, სასურველია, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს  მიზნის მიღწევაში, პატივი ვცეთ ერთმანეთის საქმეს, არ დავასაქმოთ, არ გავფანტოთ ერთმანეთის ყურადღება უმნიშვნელო წვრილმანებზე. ქართულ რეალობაში, როგორც წესი, პირადი სივრცე ძალიან ვიწროა. მით უფრო, მშობლების, რომლებსაც გენეტიკურად მოსდგამთ, რომ შვილის კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. შვილებს კი ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ არც მშობელია მსხვერპლი, თავისივე გაჩენილის მსხვერპლი.  ამიტომ მნიშვნელოვანია, შვილები ხედავდნენ, თითოეული ჩვენგანი, ასაკის მიუხედავად, დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც თავისი საქმე აქვს. ეს საქმე ხან გვსიამოვნებს, ხან – იძულებით ვაკეთებთ, მაგრამ ვაკეთებთ, რადგან ყველას ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც ჩვენს მიზნამდე მიდის.

 

ზოგჯერ ბავშვებს ეზარებათ მეცადინეობა, სკოლას ერთფეროვან და მოსაწყენ ადგილად თვლიან. ჰგონიათ, როცა გაიზრდებიან ბევრი თავისუფალი დრო და ნაკლები პასუხისმგებლობა ექნებათ. დისტანციური სწავლისა და მუშაობის პირობებში, ბავშვებს შეუძლიათ ნახონ, როგორ მუშაობენ მათი მშობლები. რამდენად ახერხებენ ისინი, ჰქონდეთ თავისუფალი დრო სასურველი საქმიანობისთვის და გართობა-დასვენებისთვის. ეს კარგი პერიოდია, ავუხსნათ შვილებს, რომ საქმე და თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველა ასაკში აქვს ადამიანს. და თუ ჩვენი ქცევის მოდელით ვაჩვენებთ, როგორ უნდა დაგეგმო, განახორციელო და ცოტა სიამოვნებაც მიიღო საქმისგან, იქნებ, უფრო მეტად შეუყვარდეთ სწავლის პროცესი, იქნებ უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე საშინაო დავალების მომზადების პროცესში, იქნებ უფრო გაიზარდოს მათი მოტივაცია.

——————–

სირთულეების მიუხედავად, დისტანციურად მუშაობა და სწავლა იდეალური საშუალება გამოდგა იმისთვის, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთი უკეთ „გავიცნოთ“, ერთმანეთის საქმის პატივისცემა ვისწავლოთ და ერთმანეთს მიზნის მიღწევაში დავეხმაროთ.

როგორც წესი, მშობლები შვილებს იცნობენ,  შვილები მშობლებს. მაგრამ ზოგჯერ არაფერი იციან ერთმანეთის შესახებ სახლის მიღმა. როგორია მისი დღის რეჟიმი, ვისთან მეგობრობს, ვისთან უწევს ურთიერთობა და ა.შ.  მით უფრო, გადატვირთული დღის რეჟიმის პირობებში, განა ხშირად გვეძლევა შესაძლებლობა, დავინახოთ ერთმანეთში არა მხოლოდ დედა, მამა ან შვილი, არამედ დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც ჩვენ გარდა სხვა, თავისი ცხოვრებაც აქვს, მათ შორის საქმე, რომელსაც სხვა ადამიანებთან ერთად აკეთებს?!

ხშირად ჩვენი წარმოდგენები და რეალობა არ ემთხვევა ერთმანეთს. ზოგჯერ ჩვენ ერთმანეთს ისეთებად ვხედავთ, როგორც გვინდა, რომ ვხედავდეთ – როგორი შვილიც და როგორი მშობლებიც გვინდა, რომ გვყავდეს.

შვილებს უმეტესად ჭკუის დამრიგებლის როლში წარმოვუდგენივართ, რომლებთანაც შეცდომების დაშვების ყველაზე მეტად გვეშინია. და ეს შინაგანი დისტანცია, დღითი დღე გვაშორებს ერთმანეთს.  მშობლები კი ვიცნობთ ბავშვის ცხოვრებას, ქცევის თავისებურებებს ოჯახში, მაგრამ არ ვიცით, როგორია ბავშვი სხვა სივრცეში, მაგალითად, სკოლაში, სადაც არანაკლებ დიდ დროს ატარებს, ვიდრე სახლში.

სკოლასა და სახლებს შორის გაჭიმული ტელეხიდები კი საშუალებას გვაძლევს, შევაგროვოთ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია ბავშვის ქცევათა სისტემის შესახებ და უფრო ფართო ჰორიზონტზე გავიხედოთ, ვიდრე ჩვენი სახლის ზღურბლი და კედლებია.

ვუყურებ ჩემს შვილს, რომელიც სახლისთვის უჩვეულოდ გამოპრანჭული ზის კომპიუტერის ეკრანთან და ვხედავ, როგორ იქცევა გაკვეთილზე; როგორი ურთიერთობა აქვს თანაკლასელებთან; როგორ კომუნიკაციაშია მასწავლებლებთან; როგორია მისი თვითშეფასება; შეუძლია თუ არა ყურადღებით ყოფნა; ახდენს თუ არა კონცენტრირებას მთავარ საკითხებზე; რამდენად სერიოზულად ეკიდება გაკვეთილის პროცესს;  არის თუ არა ესა თუ ის მასწავლებელი მისთვის ავტორიტეტი; არღვევს თუ არა წინასწარ შეთანხმებულ წესებს; როგორ რეაგირებს, როცა სხვები არღვევენ წესებს და ა.შ.

ვუყურებ და ვფიქრობ, ასეთი გამჭვირვალე განათლების სისტემა არასოდეს ყოფილა.

თუ ვინმესთვის  დისტანციური სწავლება გამოწვევას წარმოადგენს, ეს, პირველ რიგში, მასწავლებელია, რომელიც ტრადიციულად თავის საქმეს დახურულ კარს მიღმა აკეთებდა. და თუ აქამდე მოსწავლეების პირისპირ იდგა, ახლა ყველა გაკვეთილი ღია გაკვეთილს ჰგავს, სადაც ერთი“სტუმარი“ კი არ ჰყავს, შეიძლება ყველა მოსწავლის ოჯახის ყველა წევრი ესწრებოდეს გაკვეთილს.  იმედს ვიტოვებ, რომ ამ უჩვეულო და არც ისე პოზიტიურ პერიოდში, მასწავლებლები და მშობლები თანაშრომლობის უპრეცედენტოდ მაღალ ხარისხს  აჩვენებენ.

———-

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე!

კიდევ რამდენი დღე მოგვიწევს ამ ოვალური მაგიდის გარშემო ჯდომა.

რამდენ ხანს გაგვყვება დისტანციურად სწავლა-მუშაობის ხალისი.

მაგრამ ერთი რამ ცხადია, უჩვეულოდ დიდი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მოგვცა 2020-მა წელმა. ზღვა გამოცდილების, რომელიც ტექნოლოგიურ საუკუნეში ცხოვრებისთვის წყალივით აუცილებელია.

ინფანტილური ბავშვები

0

მეშვიდეკლასელი ბიჭის დედამ შეწუხებულმა შემომჩივლა, რომ მის შვილს განვითარებაში სერიოზული პრობლემები ჰქონდა – „ბავშვობის ასაკიდან ვერ გამოდის, უპირატესობას მასზე უმცროს ბავშვებთან ურთიერთობას ანიჭებს, უნებისყოფო და უყურადღებოა, სულ თამაშისკენ გაურბის თვალი და პატარა ბავშვის სათამაშოებით თამაშობს. მართალია, სწავლაში სერიოზული პრობლემები არა აქვს, მაგრამ, სწავლას მაინც თამაში ურჩევნია. დამოუკიდებლად ვერანაირ პრობლემას ვერ წყვეტს, მე შემომჩერებია, რომ დავეხმარო სირთულეების გადალახვაში. მგონი, უჩემოდ საერთოდ დაიღუპება“. მოზარდთან შეხვედრის, მისი შესაძლებლობების, პიროვნული მახასიათებლების და უნარ-ჩვევების შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მართალია, მას ინტელექტუალურ განვითარებაში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარებაში ნამდვილად შეინიშნებოდა ერთგვარი შეფერხება. ასეთ ბავშვებს ფსიქოლოგიაში ინფანტილურ ბავშვებს უწოდებენ.

ვფიქრობ, მკითხველისათვის საინტერესო იქნება იმის გაგება, თუ რა არის ინფანტილიზმი, რა იწვევს მას და როგორ შეიძლება ვიმუშაოთ ასეთი ტიპის ბავშებთან განვითარებაში არსებული სირთულეების მინიმუმამდე შესამცირებლად.

ტერმინი „ინფანტილიზმი“ ფსიქოლოგიაში გამოიყენება პიროვნების, უპირატესად მისი ემოციურ-ნებელობითი თვისებების მოუმწიფებლობის აღსანიშნავად. ინფანტილური ბავშვის ქცევა არ შეესაბამება მის მიმართ წაყენებულ ასაკობრივ მოთხოვნებს და ვლინდება ბავშვური თვისებების შენარჩუნებაში. ფსიქიკურ ინფანტილიზმს კავშირი არა აქვს გონებრივი განვითარების შეფერხებასთან. ინფანტილური ბავშვები ინტელექტუალური უნარ-ჩვევების განვითარებით არაფრით განსხვავდებიან თანატოლებისაგან – მეტყველებას ჩვეულებრივ ვადებში ეუფლებიან, სვამენ შეკითხვებს, ნორმალურად კითხულობენ, ითვლიან, ხატავენ, ფსიქიკურად საკმაოდ აქტიურებიც არიან.

ინფანტილური ბავშვის ძირითადი მახასიათებლები: 

  • ეგოცენტრიზმი – თვისება, რომლის წყალობითაც ადამიანი ხედავს, ესმის და გრძნობს მხოლოდ საკუთარ თავს, მას არ შეუძლია გაიგოს და იგრძნოს სხვა ადამიანის მდგომარეობა. პატარა ბავშვისთვის ეს ბუნებრივია, რადგანაც მისთვის მთავარი საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაა. ეგოცენტრული ადამიანისთვის დამახასიათებელია აბსოლუტური დარწმუნებულობა საკუთარ სიმართლეში. ურთიერთობის პროცესში პრობლემების აღმოცენების შემთხვევაში არასოდეს აღიარებს, რომ არ ესმის ადამიანების, პირიქით – ყოველთვის თვლის, რომ სხვებს არ ესმით მისი;
  • დამოუკიდებლად მოქმედების, პრობლემებისა და სირთულეებისათვის თავის გართმევის უუნარობა – არა აქვს უნარი მოემსახუროს საკუთარ თავს, სირთულეებისა და პრობლემების დასაძლევად სხვებს, უპირველეს ყოვლისა დედას მიმართავს დასახმარებლად;
  • ორიენტაცია თამაშზე – ინფანტილური ბავშვი სხვა სახის საქმიანობასთან შედარებით, თამაშს ანიჭებს უპირატესობას. სასკოლო ასაკშიც მისი ინტერესები ძირითადად თამაშთან და სათამაშოებთან არის დაკავშირებული. მას შეუძლია ითამაშოს და იმხიარულოს დაუსრულებლად და ოჯახის წევრებსაც მოუწოდებს, რომ ითამაშონ და იმხიარულონ მასთან ერთად. საკლასო ოთახშიც ნებისმიერ სასკოლო სიტუაციას თამაშად აქცევს და სკოლამდელივით იქცევა, ნებისმიერი სასწავლო ნივთი შეიძლება სათამაშოდ გამოიყენოს. ინფანტილური ბავშვი ძალიან ხალისიანი და ემოციურია, მაგრამ არა თავისი ასაკის შესაფერისად;
  • საკუთარი ქცევის სიტუაციის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარების უუნარობა – მას არ შეუძლია სწორად შეაფასოს სიტუაცია, შეცვალოს საკუთარი ქცევა არსებული მოთხოვნების შესაბამისად, ასევე განჭვრიტოს მოვლენების განვითარება, შესაძლო საფრთხეები და საშიშროებები;
  • საკუთარი სურვილების და ემოციების შეკავების უუნარობა;
  • ბავშვური უშუალობა, გულუბრყვილობა – მისი ქცევა არ შეესაბამება მისსავე ასაკს. ხშირად ის მოქმედებს წინდაუხედავად, ვერ წარმოუდგენია, რომ შეიძლება ვინმემ აწყენინოს;
  • უდარდელობა, უზრუნველობა, დაუდევრობა, მოვალეობის გრძნობის განუვითარებლობა;
  • სირთულეების გადასალახად ნებისყოფის დაძაბვის უუნარობა;
  • მომატებული მიმბაძველობა და შთაგონებადობა;
  • შემეცნებითი აქტივობის დეფიციტი სწავლის პროცესში, სასკოლო ინტერესების არქონა;
  • მოსწავლის „როლის“ ჩამოუყალიბებლობა;
  • იმ საქმიანობისთვის თავის არიდების სურვილი, რომელიც მოითხოვს აქტიურ ყურადღებას და ინტელექტუალურ დაძაბვას;
  • მისწრაფება იყოს უმცროსი ასაკის ბავშვების საზოგადოებაში, ან ისეთი ასაკის ბავშვების წრეში, რომლებიც მას მფარველობას გაუწევენ და მასზე იზრუნებენ;
  • ინფანტილური ბავშვი გაურბის იმის კეთებას, რაც მას არ სურს, თუ პრობლემებს ხედავს, თავს არიდებს, რადგანაც ფიქრობს, რომ გაუჭირდება მათი დაძლევა. მას არ სურს გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება;
  • ინფანტილურ ბავშვთან სოციალური კონტაქტები თავდაპირველად არ არის დარღვეული. პირიქით, ასეთი ბავშვი მიისწრაფვის გარშემომყოფებთან ურთიერთობისაკენ, უყვარს ყურადღების ცენტში ყოფნა. სოციალური ადაპტაციის უნარი მას იმის შედეგად უქვეითდება, რომ არ შეუძლია საკუთარი ქცევის და ემოციების კონტროლი, თანდათან უძნელდება იმათთან თანაარსებობა, ვინც წინ უსწრებს განვითარებაში. ამას მივყავართ კიდეც სოციალური კონტაქტების დარღვევასთან;
  • ინფანტილიზმი დაკავშირებულია, უპირველეს ყოვლისა, ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარების შეფერხებასთან და გონებრივ განვითარებას ის არ ეხება, მაგრამ, თუ მაინც დაფიქსირდა ჩამორჩენა ინტელექტუალურ განვითარებაშიც, ეს უკვე მეორად მოვლენად ითვლება, აღმოცენდება სოციალური დეზადაპტაციის შედეგად და გამოვლენას იწყებს სასკოლო სწავლების პროცესში.

ინფანტილიზმის გამომწვევი მიზეზები:   

  • ჰიპერმზრუნველობა – როდესაც ბავშვთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას მშობლები იღებენ, იცავენ მას ნებისმიერი სახის სირთულეებისაგან, აკმაყოფილებენ მის ნებისმიერ მოთხოვნას და კაპრიზს, ბავშვი ვერ სწავლობს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტას. ამასთან, გარშემომყოფი ადამიანებისაგან ის ითხოვს ისეთივე ყურადღებას და ზრუნვას, როგორსაც ოჯახში მიეჩვია, ითხოვს ყველა მისი სურვილის დაკმაყოფილებას, მისი ქცევა ხდება ეგოცენტრული, რაც მის სოციალურ ადაპტაციას გარემოსთან სერიოზულად ართულებს და ბავშვის ინფანტილურობის მიზეზი ხდება;
  • მშობლების უყურადღებობა და გულგრილობა ბავშვის მიმართ – მშობლების არასაკმარის ყურადღება შეიძლება მაპროვოცირებელი იყოს ინფანტილურობის განვითარების. ბავშვი, რომელიც თავის ნებაზეა მიშვებული, ცდილობს საკუთარ მშობლებთან ურთიერთობის დეფიციტი შეავსოს ფილმების, სერიალების ყურებით, კომპიუტერული თამაშებით, სოციალურ ქსელებში ვირტუალური ურთიერთობით. რეალური სამყარო მისთვის გამოგონილით, წარმოსახულით იცვლება. ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს რეალურ სამყაროში, ვერ ახერხებს ადეკვატური ურთიერთობის დამყარებას ადამიანებთან, ის არ არის მორგებული მის გარემომცველ რეალურ სამყაროსთან. ყველაფერი ეს კი ინფანტილურობის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ხდება;
  • ავტორიტარული აღზრდა და დამოუკიდებლად მოქმედების აკრძალვა – თუ მშობლები შესაძლებლობას არ აძლევენ პატარას, გამოავლინოს დამოუკიდებლობა და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან მის ნაცვლად ამას უფროსები აკეთებენ, მომავალში ბავშვი აღმოჩნდება ყველაფერში სხვაზე დამოკიდებული. მას გაუჭირდება იყოს დამოუკიდებელი, მიიღოს გადაწყვეტილებები, თავად მოაგვაროს თავისი პრობლემები, რაც ბუნებრივია ინფანტილურს გახდის მას.

რეკომენდაციები ინფანტილური ბავშვების მშობლებისთვის:

  • მოვიწონოთ და წავახალისოთ ბავშვის მისწრაფება დამოუკიდებლობისაკენ, საკუთარი გადაწყვეტილების მიღებისაკენ. ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება მოსინჯოს საკუთარი ძალები;
  • მოვერიდოთ უყურადღებობას და გულგრილობას;
  • გავითვალისწინოთ, რომ აღზრდის პროცესში დიდი ზიანის მომტანია განსვლა ოჯახისა და სკოლის, ასევე ოჯახის სხვადასხვა წევრის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს შორის. ამიტომ, ვიმოქმედოთ შეთანხმებულად;
  • ხელი შევუწყოთ ბავშვის თანატოლებთან ურთიერთობას. ვასწავლოთ მას თანამშრომლობა სხვა ბავშვებთან, წყენის დავიწყება, კონფლიქტების მოგვარება. ავუხსნათ მის მიერ დაშვებული შეცდომების შედეგები;
  • ვასწავლოთ ბავშვს, გადალახოს სირთულეები. დავეხმაროთ და გამოვხატოთ სიხარული მისი გამარჯვებებით და წარმატებებით. გვახსოვდეს, რომ წარმატება ადამიანს უღვიძებს საკუთარი ძალების რწმენას, უხსნის დაძაბულობას და უქმნის ემოციური კომფორტის განცდას;
  • მოვერიდოთ ჰიპერმზრუნველობას. დავაკისროთ ბავშვს გარკვეული ვალდებულებები, მივცეთ დავალებები, საქმე, რომელზეც პასუხისმგებელი თავად იქნება. ამასთან, მოვერიდოთ მის გაკიცხვას და მასთან ჩხუბს ნაკლებად ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს გამო, მას სჭირდება დრო, რომ ისწავლოს და დაეუფლოს ამა თუ იმ საქმეს. სწავლის პროცესში კი შეცდომები ბუნებრივია;
  • გვახსოვდეს, რომ მუდმივად კომფორტულ გარემოში ყოფნა აფერხებს განვითარებას. ბავშვისთვის, რომელსაც ყველაფერი აქვს, რასაც მოისურვებს, ყველა მას ემსახურება, უინტერესო ხდება ცხოვრება. ასეთ დროს მშობლები ხშირად ტეხავენ განგაშს – “ჩემს შვილს არაფერი უნდა, არაფერი აინტერესებს“. მას უბრალოდ ყველაფერი მობეზრდა. თუ ბავშვი მუდმივად კომფორტულ გარემოში იმყოფება, არ სჭირდება სირთულეების გადალახვასა და გადაწყვეტილებების მიღებაზე ფიქრი, დიდი ალბათობით ის ინფანტილურ ადამიანად ჩამოყალიბდება, რაც მას მომავალში წარმატებების მიღწევასა და თვითრეალიზებაში სერიოზულად შეუშლის ხელს;
  • ბავშვში ინფანტილიზმის დასაძლევად კარგი საშუალებაა “კომფორტის ზონიდან“ მისი გამოყვანა. თუ ვხედავთ, რომ ბავშვს რაიმე აშინებს, მაგ. უცხო ადამიანებთან ურთიერთობა ან აუდიტორიის წინ გამოსვლა, შევეცადოთ შევქმნათ მისთვის ისეთი სიტუაციები, სადაც ის შეძლებდა გადაელახა ეს შიში;
  • მივცეთ ბავშვს უფლება გააკეთოს ის, რაც მისი ასაკისთვის სრულიად შესაძლებელია, თუნდაც ისე კარგად არ გამოუვიდეს, რომ ჩვენ მოგვეწონოს. აკრძალვები შეიძლება მომავალში ჩვენ დავივიწყოთ, ბავშვმაც დაივიწყოს, მაგრამ მის ქვეცნობიერს არ დაავიწყდება და ის უარს იტყვის ბევრი რამის გაკეთებაზე იმის შიშით, რომ არ გამოუვა და მარცხს განიცდის. წავახალისოთ დამოუკიდებლობა ნებისმიერ ასაკში. შეიძლება დილით სახლიდან 10-15 წუთით გვიან მოგვიწიოს გასვლა, თუ 4 წლის პატარა თავად შეეცდება ზონრების შეკვრას, მაგრამ შედეგით ნამდვილად არ დავრჩებით უკმაყოფილო, რადგანაც თვითმომსახურების და დამოუკიდებლად მოქმედების უნარ-ჩვევები ბავშვს დროულად ჩამოუყალიბდება. წავახალისოთ და შევაქოთ პატარა, გამოავლინოს ინიციატივა და დამოუკიდებლობა. ამასთან, ნუ ვეჩხუბებით და ვუსაყვედურებთ, თუ მისი მოქმედებები დახვეწილი და ჩვენთვის მოსაწონი არ იქნება. გვახსოვდეს, რომ უნარ-ჩვევების გამომუშავებას დრო და გამოცდილება სჭირდება.

ინფანტილიზმი საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა და პრაქტიკულად თითოეული ჩვენთაგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეხვედრია ინფანტილურ ადამიანს. მაგრამ, რამდენადაც ეს მოვლენა, თავისი არსით, არ წარმოადგენს სოციალურად სახიფათოს, მას,  როგორც წესი, არ ეთმობა სათანადო ყურადღება. ეს კი საკმაოდ დიდი შეცდომაა, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ინფანტილური ქცევა არ არის სოციალურად სახიფათო, ის მნიშვნელოვნად უშლის ხელს ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და თვითრეალიზებაში. ამასთან, მისი ახლობლებისთვისაც საკმაოდ სერიოზული დისკომფორტის  და პრობლემების შემქმნელი ხდება. ამდენად, კარგი იქნება, თუ ბავშვის სწორი აღზრდის გზით, მის თავიდან აცილებაზე, ჩამოყალიბების შემთხვევაში კი დროულად დაძლევაზე ვიფიქრებთ.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...