პარასკევი, ივნისი 27, 2025
27 ივნისი, პარასკევი, 2025

ლიანდაგებიდან გადასული სისტემა

0

ამ სტატიის სათაურზე ბევრს ვფიქრობდი. შთაგონების წყარო სოციალურ ქსელში გავრცელებული ანიმაცია გახდა. როგორი იყო ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება COVID 19-ის გავრცელებამდე? უმეტეს შემთხვევაში მოსწავლეების ყოველი დღე ერთიმეორეს ჰგავდა. მიდიოდნენ სკოლაში, უტარდებოდათ გაკვეთილი, წერდნენ შემაჯამებელ ტესტებს, სკოლის მერე ბრუნდებოდნენ სახლში, ასრულებდნენ საშინაო დავალებებს და ემზადებოდნენ შემდეგი დღისთვის. მასწავლებლებიც ანალოგიურად მივდიოდით სკოლაში, ვატარებდით გაკვეთილებს, ვამოწმებდით ტესტებს, ვწერდით ქულებს და ა.შ. ყოველდღიური ცხოვრება მატარებლის ლიანდაგებზე მოძრავ შემადგენლობას ჰგავდა. ყოველდღე ერთი და იმავე მიმართულებით დავდიოდით, ისე, რომ  გადახვევის საშუალება არ გვქონდა.

პანდემიის გავრცელებამ მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. სკოლებში სწავლის შეჩერების შედეგად ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა საქართველოს განათლების სისტემაც… ქვეყანაში მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირით ადრე 3 მარტს დაიწყო, რომელიც შემდგომში 1 აპრილამდე გახანგრძლივდა. სტატიის წერის მომენტში კი ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც თავისთავად სკოლებში სწავლის აღდგენა მინიმუმ 21 აპრილამდე გადადო…

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების ფონზე საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულმა პირებმა ონლაინსწავლების დანერგვაზე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი. ქვეყანაში, სადაც დისტანციური სწავლების გამოცდილება რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელსა და ერთეულ (ძირითადად კერძო) სკოლებს ჰქონდათ, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა ყველა საჯარო სკოლა გადაეყვანა ელექტრონულ სწავლებაზე.

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს დირექტივას წინ უსწრებდა საჯარო სკოლების ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების (ასევე მშობლების) კერძო ინიციატივები. სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფები, სადაც განათლების ექსპერტებმა, მკვლევრებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა დაიწყეს გამოცდილების გაზიარება.

მოულოდნელად სისტემაში დაიწყო ისეთი პროცესები, რომლებზეც თუნდაც ერთი თვის წინ ვერც ვიოცნებებდით. განათლების სისტემა ლიანდაგებიდან გადავიდა. ზემოთ ტყუილად არ ვახსენე ინიციატივები. სკოლებმა და მასწავლებლებმა აქტიურად დაიწყეს სოციალური ქსელებისა და ონლაინპლატფორმების ათვისება და მოსწავლეებისთვის შეთავაზება.

რამდენად დახვდნენ მზად ჩვენი მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას? რა სირთულეებს წავაწყდი უშუალოდ მე? კოლეგები? მოსწავლეები?

დისტანციური სწავლების ელემენტების დანერგვა იოლი არ აღმოჩნდა. ერთი კვირის განმავლობაში Whatsapp-სა და Messenger-ში შემოსულმა შეტყობინებებმა მთელი წლის მონაცემები გადაწონა.

გამოიკვეთა რიგი საერთო პრობლემები:

  • ინტერნეტზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარების სიმწირე როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებში.

საერთო სურათმა ნათლად დაგვანახა, რომ V-VI კლასებში ისტ-ის სწავლება არ არის საკმარისი და ეფექტური. XXI საუკუნე და თანმდევი გამოწვევები უფრო მეტს მოითხოვს. მოსწავლეთა დიდ ნაწილს გაუჭირდა ავტორიზაციის გავლა ელექტრონულ პლატფორმებზე, დავალებების შესრულება დოკუმენტში, მისი გამოგზავნა და  ა.შ.

 

გამოწვევა, რომელიც იქცა შესაძლებლობად

ნებისმიერი გამოწვევა შეიძლება ვაქციოთ შესაძლებლობად. შექმნილმა ვითარებამ გააერთიანა სასკოლო საზოგადოება, საფუძველი დაუდო ერთგვარ კონსოლიდიაციას. დისტანციურ სწავლებაში გამოცდილმა და პრაქტიკანტმა მასწავლებლებმა  დაიწყეს ურთიერთდახმარება, დაკვალიანება. თითქოს თვალსა და ხელს შუა გაქრა სტატუსი, თანამდებობა, წოდება… ამ პროცესში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეებიც.

არსებული რეალობა არ იყო სახუმარო. არსებობდა ხანგრძლივი ვადით სწავლის შეჩერების საფრთხე. Google Classroom-ში შევქმენი ვირტუალური კლასები და აღნიშნულის შესახებ  ფეისბუქის დახურულ ჯგუფში 4 მარტს, გავავრცელე ინფორმაცია. პირველსავე მცდელობაზე თორმეტამდე მოხალისე შემომიერთდა.

ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ მოსწავლეების მიერ ნებაყოფლობით შესრულებული დავალებები. დისტანციური სწავლების მთავარი სიკეთე უსაზღვრო შესაძლებლობებია, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა აძლევთ. ასეთი დავალებების შესრულება საკლასო ოთახში შეუძლებელია. ამ დროს ვითარდება ინფორმაციის მოძიების, დახარისხების უნარი. დიდი სიამოვნებით ვეცნობოდი დავალებებს. არ შეიძლება საკლასო ოთახში გამოკეტვით მათ მოვუსპოთ მთავარი – შემოქმედობითობა.

განათლების სამინისტროს პოზიცია დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენების თაობაზე ეტაპობრივად გადავედით Teams-ში.

რჩევები ეფექტური დისტანციური სწავლებისთვის:

  • ვიდეოჩართვების დროს მოსწავლეებს კარგად აუხსენით კონკრეტული პლატფორმის შესაძლებლობები/ფუნქციები;
  • მიეცით მკაფიო ინსტრუქციები, როგორ შეასრულონ დავალება;
  • ბევრი მოსწავლე იყენებს ტელეფონს. შესაბამისად უთხარით, რომელი აპლიკაციები სჭირდებათ დავალების შესასრულებლად (word, Power Point და ა.შ.);
  • გამოიყენეთ სხვა პლატფორმები. მაგალითად, შეგიძლიათ გაუზიაროთ პადლეტის ელექტრონული დაფა და მისცეთ იქ მუშაობის საშუალება;
  • არ არის აუცილებელი 45-წუთიანი ლექცია.

იმედი მაქვს, მსოფლიო და საქართველო დაამარცხებს ამ ვირუსს. მალე დავუბრუნდებით ტრადიციულ სკოლებს. ჩემი დიდი სურვილია, რომ ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ უფრო გავაძლიეროთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლება, შემდეგ სასწავლო წელს გავზარდოთ დისტანციური სწავლების ელემენტები. მით უმეტეს მინიმუმ მომავალი ერთი თვე ამ რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა. ამ დროს დაგროვდება გამოცდილება, რომელიც ქარს არ უნდა გავატანოთ.

სტატიას ჩემი მოსწავლის უკუკავშირით დავასრულებ.

  • „მას, თქვენ მართალი იყავით, რომ გვეუბნებოდით მხოლოდ თამაშებით და სოციალური ქსელებით შორს ვერ წახვალთო… ამ ერთ კვირაში იმდენი ახალი რამ აღმოვაჩინე და შევისწავლე, ადრე საერთოდ რომ არ ვიცოდი!“.

 

რეკომენდებული ვებგვერდი:

https://www.padlet.com/

დისტანციური  სწავლების ფსიქოლოგია

0

როგორც მთლიანად საზოგადოების, ასევე ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში, განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, დგება პერიოდი, როდესაც, ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე, მან უნდა აკეთოს ჩვეული საქმე იმ ფორმით, რომელიც მისთვის უცხოა და ადრე არასოდეს გამოუყენებია. სწორედ ასეთ პირობებში იმყოფება ახლა ჩვენი საზოგადოება  და თითოეული ჩვენგანი.

იმისათვის, რომ მოსწავლეთა სასკოლო განათლებაში დიდ წყვეტას არ ჰქონდეს ადგილი და ბავშვებმა შეძლონ ცალკეულ საგნებში წინასწარ განსაზღვრული პროგრამის შეძლებისდაგვარად სრულყოფილად გავლა, გადაწყდა, დღეისათვის ჯერ კიდევ გაურკვეველი პერიოდით, დისტანციურ სწავლებაზე, უფრო ზუსტად კი დისტანციური სწავლების ისეთ ფორმაზე გადასვლა, რომელიც ონლაინსწავლების სახელით არის ცნობილი. თავისთავად ცხადია, რომ საქართველოს ყველა სკოლა, ამასთან, არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც კი, აღნიშნული სწავლებისთვის საჭირო რესურსების არასაკმარისობისა და საჭირო პირობების (არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც) არქონის გამო ყველა სკოლა ვერ შეძლებს ონლაინრეჟიმში სწავლებაზე გადასვლას. ამასთან, ბევრ ისეთ სკოლაში, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი სწავლების ზემოაღნიშნული ფორმის გამოყენებისთვის,  გარკვეულ სირთულეებს მაინც ექნება ადგილი. და, თუ გვინდა, რომ ეს სირთულეები წარმატებით დავძლიოთ, უნდა შევეცადოთ სიტუაციის გაანალიზებას და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულებას.

    უპირველეს ყოვლისა, სასურველია წინასწარ გავაცნობიეროთ, რა ცვლილებებს იწვევს ონლაინრეჟიმში სწავლება და რა სირთულეები შეიძლება შეგვხვდეს სწავლა-სწავლების აღნიშნული ფორმით წარმართვის დროს:

  • სრულიად იცვლება სასწავლო გარემო (სასწავლო განწყობის შემუშავებისთვის საჭირო ობიექტური ფაქტორი), როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც. რეალურ საკლასო გარემოში სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული არიან მოსწავლეები და მასწავლებელი. ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთის მოთხოვნებს, მოლოდინებს, საშუალება აქვთ ძალიან ბუნებრივ სიტუაციაში მთლიანობაში აღიქვან ერთმანეთის არა მხოლოდ მეტყველება, არამედ მიმიკა, ემოციები, გრძნობები და სიტუაციის შესაბამისად ცვალონ ისინი მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ვირტუალურ საკლასო ოთახში, მასწავლებლისა და მოსწავლეების გარდა, იმყოფებიან მშობლები, და-ძმები, ოჯახის სხვა წევრები, უამრავი კეთილისმყოფელი, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ, აშკარად, თუ ფარულად შეიძლება ჩაერთვნენ „საგაკვეთილო პროცესში“ და სერიოზულ ხელისშემშლელ ფაქტორად მოგვევლინონ ონლაინსწავლებისას;
  • დიდი ალბათობით, ონლაინსწავლების დროს პედაგოგისთვის ადვილი არ იქნება იმ მოსწავლეების ყურადღების მობილიზება და  „საგაკვეთილო პროცესში“ ჩართვის უზრუნველყოფა, რომლებიც რეალური საკლასო ოთახიდანაც სხვადასხვა, ხშირად  გამოგონილი მიზეზით (მაგ. „ცუდად ყოფნა“, „წყურვილის შეგრძნება და ა.შ.) ცდილობენ თავი დააღწიონ სასწავლო პროცესს. ისინი შეიძლება გამოეთიშონ ონლაინგაკვეთილს და მიზეზად დაასახელონ მაგ. ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, სინათლის გათიშვა. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს პრობლემები მათ თავად წინასწარ, „გაკვეთილის“ დაწყებამდე შექმნან და ეს ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ მოდავებაც კი ვერავინ მოახერხოს;
  • მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება, რაც ასე მნიშვნელოვანია სასწავლო პროცესში, საკმაოდ რთული იქნება ვირტუალურ სასწავლო გარემოში, გაცილებით უფრო რთული, ვიდრე რეალურ საკლასო ოთახში. დაქვეითებული თვითშეფასების, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი, მორცხვი, მორიდებული ბავშვი ძალიან ადვილად შეიძლება გადავიდეს პასიურ მდგომარეობაში, ან საერთოდ გამოეთიშოს სასწავლო პროცესს. და, პირიქით – ზედმეტად აქტიური ბავშვი ასეთ დროს, როგორც წესი, წამყვან პოზიციებს იკავებს, თრგუნავს თანაკლასელებს და მთლიანად შთანთქავს საგაკვეთილო დროს, რომელიც ონლაინსწავლებისას ისედაც შემცირებულია;
  • ონლაინსწავლების დროს ყველა გაკვეთილის ონლაინრეჟიმში ჩატარების შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა შემცირებულია, ბავშვს საკმაოდ დიდი დროის გატარება უწევს კომპიუტერთან. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ, დიდი ალბათობით, ონლაინსწავლების პირობებშიც კი ის უარს არ იტყვის  თავის ჩვეულ გატაცებაზე – კომპიუტერულ თამაშებზე, მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს;
  • ონლაინსწავლებისას ბავშვი მოკლებულია რეალურ, ცოცხალ ურთიერთობებს თანატოლებთან, უფროსებთან. თუ ამ დროს ოჯახის წევრები სათანადო დროს არ დაუთმობენ მასთან ურთიერთობას, მისი სოციალური განვითარება სერიოზულად დაზარალდება.

     რა შეიძლება გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსალოდნელი საფრთხეები ონლაინსწავლებისას თავიდან ავიცილოთ:   

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ცვლილება ადამიანისაგან გარკვეული საადაპტაციო პერიოდის გავლას მოითხოვს. ამდენად, ონლაინსწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში პირველივე დღეებში ნუ გვექნება დიდი წარმატებების მოლოდინი, ვიყოთ გულისხმიერი, მიმტევებელი, ნაკლებად კრიტიკული ასეთი ფორმით სწავლებაში ჩართული ადამიანების მიმართ; ორიენტირებული ვიყოთ დადებითზე, დავაფიქსიროთ თითოეული დადებითი შედეგი, ნუ დავიშურებთ პოზიტიურ კომენტარებს; თუმცა, ამასთან ერთად, საჭირო იქნება შექმნილი პრობლემების გამოსწორებაზეც ვიფიქროთ, გავაანალიზოთ თითოეული რთული შემთხვევა, ვეძებოთ გამომწვევი მიზეზები და დავსახოთ მისი გამოსწორების გზები;
  • ნებისმიერ მშობელს უნდა ახსოვდეს, რომ ონლაინსწავლებისას სერიოზულად იზრდება მშობლის როლი სწავლა-სწავლების პროცესში. თითქმის მთლიანად მშობელზეა დამოკიდებული, რამდენად უსაფრთხო სასწავლო გარემო ექნება ბავშვს შექმნილი, უსაფრთხო არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სოციალურადაც. თუ მის ონლაინგაკვეთილს უამრავი „გულშემატკივარი“ ესწრება, რომლებიც შემდეგ გააკრიტიკებენ მის ჩართულობას, მონაწილეობას საგაკვეთილო პროცესში, მის პასუხებს, მან შეიძლება მთლად უსაფრთხოდ ვერ იგრძნოს თავი და გაკვეთილის პროცესში პასიურ მდგომარეობაში ყოფნა არჩიოს. ონლაინსწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით ბევრი მშობელი ინტერესდება და სვამს შეკითხვას, რა იქნება უკეთესი მისი მხრიდან – დაესწროს ონლაინგაკვეთილებს, აწარმოოს დაკვირვება სასწავლო პროცესზე და ამ პროცესში საკუთარი შვილის ჩართულობაზე, თუ დატოვოს ბავშვი ოთახში მარტო და მთლიანად მასწავლებელს მიანდოს. ამ კითხვაზე ცალსახად დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ იქნება გამართლებული. უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი. ვფიქრობ, უმცროსკლასელის მარტო დატოვება ონლაინგაკვეთილზე ისევე არ იქნება გამართლებული, როგორც უფროსკლასელის გვერდით ჯდომა მსგავს სიტუაციაში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი მშობლის მიერ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის სურვილები და საჭიროებები უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ მოზარდი დაჟინებით მოითხოვს მშობლისგან, რომ მარტო დატოვოს  ოთახში, ცდილობს დამოუკიდებლად ჩაერთოს „საგაკვეთილო პროცესში“, არ შეიძლება ანგარიში არ გაეწიოს მის სურვილს. მაგრამ, თუ საკუთარ თავში დაურწმუნებელ ბავშვს მშობლის გვერდით ყოფნა ძალებს ჰმატებს და სასწავლო მოტივაციას უძლიერებს, გაუმართლებელი იქნება მის დახმარებაზე ოჯახის წევრებმა უარი თქვან. თუმცა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ბავშვი, დროთა განმავლობაში,  დამოუკიდებლად მოქმედებასაც მივაჩვიოთ და საკუთარი ძალების რწმენა გავუძლიეროთ;
  • კარგი იქნება, თუ ონლაინ სწავლების პირობებში მშობლები ყურადღებას მიაქცევენ იმას, თუ რამდენ საათს ატარებს ბავშვი კომპიუტერთან. დღის განმავლობაში 5-6 ონლაინგაკვეთილზე დასწრება და მასში მონაწილეობა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ დღის დარჩენილ მონაკვეთში ბავშვმა შეწყვიტოს კომპიუტერთან ურთიერთობა. მაგრამ, თუ ის „არასაგაკვეთილო“ პერიოდში კომპიუტერული თამაშებით დაკავდება, შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს საკუთარ ჯანმრთელობას. ამდენად, საჭირო და აუცილებელიც კია, რომ მოზარდმა კომპიუტერული თამაშები  სხვა, უფრო სასარგებლო საქმიანობით ჩაანაცვლოს. ამის გაკეთება შედარებით ადვილი იქნება იმათთვის ვინც ჯერ კიდევ არ არიან „მოწამლული“ კომპიუტერული თამაშებით. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მშობლების დაკავებულობის გამო, მათთან ურთიერთობის შესაძლებლობას მოკლებული  მოზარდისთვის მშობლის მიერ შეთავაზებული, მასთან ერთად გასაკეთებელი საქმე შეიძლება ძალიან მიმზიდველი და საინტერესოც აღმოჩნდეს. ამასთან, ასეთი ერთობლივი საქმიანობა სახლში გამოკეტილ ბავშვს ერთგვარად სოციალური ურთიერთობის დეფიციტსაც შეუვსებს და მისი შემდგომი სოციალური განვითარების ხელშემწყობიც გახდება.

გავითვალისწინოთ, რომ სწორად წარმართვის პირობებში, დისტანციური სწავლება ბევრი დადებითის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ის დაეხმარება ბავშვს, გამოიმუშაოს გარემოს შეცვლილ სიტუაციაში მოქმედების, ასევე თვითდისციპლინის, პასუხისმგებლობის და საკუთარი ქცევის მართვის უნარი. ამასთან საყურადღებო და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ონლაინსწავლება არ არის დისტანციური სწავლების ერთადერთი ფორმა. ცალკეულმა სკოლებმა საკუთარი შესაძლებლობებიდან და რესურსებიდან გამომდინარე შეიძლება გამოიყენონ დისტანციური სწავლების სხვა ფორმები, რათა უზრუნველყონ საკუთარი მოსწავლეების განათლება იმ დროს, როცა სწავლება რეალურ სასკოლო სიტუაციაში შეუძლებელი ხდება.

 

 

სამი ამბავი მასწავლებლებისთვის – უფრო ემპათიური გაკვეთილებისთვის

0

თუ გადაწყვეტთ მოსწავლეებს ემპათიაზე ესაუბროთ, გთავაზობთ სამ ნაამბობს, რომელიც რამდენიმე ხანდაზმულ ადამიანთან სახლში სტუმრობის დროს ჩავიწერე. ხშირად ბავშვებისათვის ძნელი წარმოსადგენია, ჩაწვდნენ თავიანთი ბებიების თუ ბაბუების განცდებს, წარმოიდგინონ მათი ცხოვრება და გაიაზრონ მათი ცხოვრებისეული ისტორიები, მათი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ბევრი სიხარულისა თუ სევდის შემცველია. ჩემი რესპონდენტები მიყვებოდნენ ამბებს თავიანთ ახალგაზრდობაზე, უმეტესწილად ბავშვობაზე და იმ დიდებულ წუთებზე, როდესაც ბედნიერი იყვნენ საყვარელ ადამიანებთან ერთად.

 

ჰოსპისი “ფერისცვალება”, რომლის მთავარ საქმიანობას ონკოლოგიურ პაციენტებზე ზრუნვა წარმოადგენს, უკვე თითქმის ორი ათეული წელია, რაც ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვასაც ითავსებს. “შინზრუნვა” ასე ჰქვია ჰოსპისის ერთ-ერთ მიმართულებასაც. ჰოსპისში დასაქმებული მოწყალების დები ყოველდღიურად სტუმრობენ 50-მდე პაციენტს სახლში, ეხმარებიან მათ ტკივილების მართვაში, ზრუნავენ მათ კვებაზე, ჰიგიენაზე და რაც მთავარია, სულიერ მხარდაჭერას უწევენ. სწორედ, ჰოსპისის ხელმძღვანელობის თხოვნით ჩავიწერე მათი ამბები და შევხვდი ამ ადამიანებს.

 

სამი ამბავი, მარტოსულობის ამბებია იმ ადამიანებზე, რომელთა ცხოვრება ოთხ კედელს შორის ვითარდება. ასე გავიცანი 84 წლის ლანა, 76 წლის ნელი და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რესპონდენტი, 94 წლის ბატონი იური.

 

ლანა ლეჟავას ისტორია, 84 წლის

 

ჩემი ცხოვრება თავიდან კარგი იყო, მაგრამ მე მაინც ძალიან ტრაგიკული პიროვნება ვარ. პროფესიით მუსიკის პედაგოგი ვარ, ფორტეპიანოს განხრით. თეატრალურ ინსტიტუტში ვსწავლობდი ფორტეპიანოს. ძალიან ადრე გავთხოვდი, 18 წლის. 19 წლისას უკვე ბავშვი მყავდა. ჩემი შვილი არაჩვეულებრივი პიროვნება გაიზარდა, მაგრამ მერე და მერე, გამიცუდდა ცხოვრება… ბავშვი მომიკვდა, ბიჭი, 27 წლის. მერე დედა გამიხდა ცუდად, ვერ გადაიტანა ჩემი შვილის სიკვდილი და სრულიად მარტო დავრჩი, სრულიად მარტო… 1990 წელს ავტოკატასტროფაში მხედველობა დავკარგე და ახლა ასე ვარ, დამოკიდებული სხვებზე. მაგრამ, რაც არის, ეს არის!

 

ჩემი მარტოობა ასეთია: ყოველდღე სიბნელეში ვარ, მარტო, რადიო მაქვს, იმას ვუსმენ და ხანდახან, ვინმე მოვა, ან მეზობელი შემომაკითხავს. ეს უშინაარსო ცხოვრებაა, ძალიან განსხვავდება ძველი ცხოვრებისგან. მაშინ, როცა შვილი მყავდა, დედა მყავდა, ბებია მყავდა, პატრონი მყავდა და არაფერი მაკლდა , როგორც მე, ისე ჩემს შვილს. ახლა ღმერთისა და კეთილი ადამიანების ანაბარა ვარ. მეგობრებიც აღარ მყავს, ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც უცხოეთში წავიდა და აღარც დაბრუნებულა უკან. ახლა ვცდილობ წარსულის კარგი ამბებით ვიცხოვრო. ვიხსენებ: დედას, შვილს, ამხანაგებს და იმას, როგორ კარგად ვიყავი. ვიხსენებ ბავშვის გაჩენის სიხარულს, იმ დღეს, როდესაც თეატრალურში ჩავაბარე, ამაზე ვოცნებობდი… ვიხსენებ როგორ ვსეირნობდი თბილისის ქუჩებში მეგობრებთან ერთად. ძალიან ლაღი და მეგობრული გოგო ვიყავი და თბილისიც არაჩვეულებრივი იყო მაშინ. გოგირდის აბანოები მიყვარდა ძალიან და ლაღიძის წყლები, მაშინ თბილი და მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა ხალხს… ძალიან კარგი იყო ის თბილისი, მე ძველი შთაბეჭდილებებით ვცოცხლობ, მაგრამ ახლა აღარაფერი ვიცი რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს, როგორია ახლა თბილისი.

 

უბედნიერესი ბავშვობა მქონდა. კეთილშობილ ადამიანებთან გავატარე ჩემი ცხოვრების ადრეული წლები და მეც კეთილი ბავშვი ვიყავი. ერთი რაღაც მახსენდება: ჩვენ იმერლები ვართ, ბებიას არდაგეგებზე ჩავყავდი იმერეთში. ბებია ნინუას გვარის ქალი, განსაკუთრებული ბებია და კარგი დიასახლისი იყო. სამტრედიაში სახლი გვქონდა არაჩვეულებრივი, წითელი აგურის სახლი, ორსართულიანი, დიდი ყანებით და ხეხილით. სახლის წინ უზარმაზარი მსხლის ხე იდგა. მრგვალი და თაფლისფერი მსხალი იყო, თაფლზე უფრო ტკბილი… ეს რტოები გადმოსული იყო სახურავზე და ნახევარი გადაზნექილი იყო ქუჩის მხარეს. ვინც გაივლიდა გზის პირას, ყველა ჭამდა. შემდეგ, ქვეყანა რომ გასაბჭოვდა, სახლის პირველი სართული წაგვართვეს კომუნისტებმა. ოთხი ოთახი ზემოთ იყო, ოთხი ქვემოთ, დიდი “ზალა” ოთახებით. ქვედა სართულზე დიდი ოთახის კარზე დააწერეს “პიონერთა კლუბი”, ე.ი გაგვაკულაკეს…

 

ერთ ზაფხულს, ამ სახლის ვერანდაზე ვიყავი, როდესაც ჭიშკარს შავებში ჩაცმული ქალი მოადგა, გათანგული სახე ჰქონდა, წყალი ითხოვა; ჩამოვირბინე ვერანდიდან და სკამი მივუტანე, ჩვენი მსხლის ქვეშ დავუდგი. შემდეგ ჭიდან ცივი წყალი ამოვიღე და მივურბენინე. რომ დალია, ასეთი სიტყვებით დამლოცა: წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო. ეს სიტყვები ყურში ჩამესმის დღემდე, რასაც მე გავუძელი, მართლა წყლის ძალა მქონია. იმ ქალის სიტყვები მართლა ამიხდა…

 

ამ ყველაფერს ვიხსენებ, მაგრამ მაინც შემოდის მძიმე ფიქრებიც, თავისდაუნებურად… ვცდილობ, ვებრძოლო ამ ფიქრებს, გადავიყარო გულიდან, მაგრამ მაინც ძალიან მოწყენილი ვარ, ძალიან მარტო ვარ.

 

იური სიხარულიძე, 94 წლის, ჰოსპისის ისტორიები

 

“დავიბადე 1926 წლის 24 მაისს, ზემო გურიაში, სოფელ გოგოლესუბანში. ადრე ერქვა ქვემო ფაცხა. ბავშვობა არ იყო ცუდი. მამაჩემი მომღერალი კაცი იყო და საოჯახო ანსამბლი შექმნა. მე მაშინ 4 წლის ვიყავი. ბაბუაჩემი იყო ბანი, ბებიაჩემი იყო მეორე ხმა. საერთოდ, საოჯახო ანსამბლები ბევრი არ არის, ჩვენი ანსამბლი კი ხალხური იყო, უფრო სოფლური. მაშინ, სოფელში, ხშირად იმართებოდა დღესასწაულები – ზოგი საეკლესიო იყო, ზოგიც ხალხური. დაიწყო ამ ანსამბლმა მუშაობა და გამოვდიოდით დღესასწაულებზე.

 

ჩვენთან სოფლის ცენტრს ერქვა ნაფსორი, რაც ნიშნავს (ზანური სიტყვაა) “ნადინებს”, ადრე ღელე ჩადიოდა იმ ადგილას და დაშრა ეს ღელე და მერე ამის მნიშვნელობა შეიძინა. ანუ “ნადინები” ადგილი იყო და ეს ნადინები იყო სოფლის ცენტრი, თავშეყრის ადგილი. აქ იმართებოდა დღესასწაულები.

 

ბებიაჩემი იყო მწერალ ჭოლა ლომთათიძის და, ფატი ლომთათიძე. ხელოვნების მოყვარე ქალი გახლდათ, სილამაზით ვინ შეედრებოდა, იმფერი იყო…  დაირას უკრავდა და მოდაირე სოფელში, მის გარდა, არავინ იყო. თუ ბებიაჩემი არ იქნებოდა ნაფსორში, რა თქმა უნდა, დღესასწაულიც ვერ ჩატარდებოდა. მე კრიმანჭულს “ვამბობდი”, ბაღნობიდან მქონდა წკრიალა კრიმანჭული. იშვიათია კრიმანჭული, არც იმერეთში “ხარობს”, არც სამეგრელოში და არცერთ კუთხეში, გარდა გურიისა. ბებიაჩემი დაირას უკრავდა და ბაბუაჩემი იყო მესოლინარე (სოლინარი – ჩასაბერი ინსტრუმენტი) და კარგი ფილტვები თუ არ გაქვს, კარგი მესოლინარე ვერ იქნები. ხელოვნებით სავსე ოჯახი მქონდა, აქით ბებია იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, მთელი ძველი აღმოსავლეთი იცოდა, მაგრამ ბებიას პროფესია არ ჰქონდა. ბებია სურებიდან იყო, ეს იცით რა ქვეყანაა?! ეს დიდი ხეობაა ზემო გურიაში. სულ, სხვა სამყაროა სურებში, ძალიან თავისებური მხარეა, მიუწვდომელი. ბარი ადვილად ივიწყებს ყველაფერს, სურებში კი ახსოვთ ყველაფერი…

 

ბებია იყო ყველაფერი ჩვენს ოჯახში, ბაბუა მეორე ადგილზე იყო, როცა ბაბუას გული მოინადირა ბებიამ, რა იცოდა ასეთი თუ იყო…. ბებია დედამთავრულ წესს მისდევდა, ოჯახის სადავეები ეჭირა ხელში, პირველყოფილი ქალი იყო.

 

ბებიას პირუტყვი ჰყავდა ბევრი, საძოვარზე რომ მიჰყავდა, მეც თან მივყავდი. დილით გავდენიდით საქონელს. მახსოვს აშვერილი იყო ყანები, ძველ ჩვენს ნასახლარზე ვზივართ მე და ბებია. ბებია მაქეზებს, რომ ძროხა არ გამოვუშვა ყანებისკენ და მეუბნება: “ბებია, რამდენჯერაც მაგ ძროხას გააბრუნებ და მოხვალ, მე მოგიყვები ახლოაღმოსავლურ ზღაპარსო”. გავდენიდი ძროხას, რომ ყანებს არ მიპარვოდა და მივიდოდი ბებიასთან და მიყვებოდა ზღაპრებს. მეუბნებოდა შუმერულ ზღაპრებს, აქადურს, სპარსულს… მერე ეს ზღაპრები ჩემს შუმეროლოგ მეგობარს მოვუყევი და გოუკვირდა, რომ სოფლად ქალი იყო და ამფერი რამეები იცოდა.

 

ახლა რა მაქვს მოსაყოლი, ძველი ამბების გარდა?! მარტოხელობა ძააან ძნელია. მთელი დღე, დილა-საღამომდე ამ კედლებში, პატიმრობასავითაა. მე მეცნიერება რომ არ მეხმარებოდეს გადევირეოდი, ვერ გოვუძლებდი, ვერავინ ვერ გოუძლებდა…

 

 

ნელი გოგიევა, 70 წლის

 

 

თითქმის 30 წელია ვწევარ. ეს ჩემი დაკარგული წლებია და მგონია, მთელი ცხოვრება ასეთი მქონდა.

 

თბილისში დავიბადე და გავიზარდე, დავდიოდი ქართულ ბაღში. პირველად საბავშვო ბაღიდან წაგვიყვანეს ოპერაში, სადაც “გედების ტბა” ვნახეთ. ბალეტზე დავიწყე ოცნება, ბავშვობაში ყველა გოგო ოცნებობს ბალეტზე… მერე “აბესალომ და ეთერი” ვნახე, ოპერაში ხშირად დავდიოდი. საშუალო სკოლაში სწავლის დროს მუსიკაზე დავიწყე სიარული, ვუკრავდი და ვმღეროდი. მიყვარდა მუსიკა, მაგრამ ცხოვრების უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, 7 წლის ასაკში დავბრუნდებოდი და მერე ბევრ რამეს შეცვლიდი ნელ-ნელა: მაგალითად, ჩავაბარებდი სამხატვრო აკადემიაში.

 

მომწონს შემოქმედებითი პროცესი, ახლა ჩემი საქმიანობა ქსოვაა. ჩემს შვილიშვილებს და შვილებს ვუქსოვ წინდებს და საზღვარგარეთ ვუგზავნი, ბისერებით დეკორატიულ ნივთებს ვქმნი… ახლა ასეთია ჩემი ცხოვრება.

 

იქნებ, დამიძახონ

0

ჰიდროქსიქლოროქინი- ეს ჩემი ნამდვილი სახელია. გაგიჭირდათ წარმოთქმა? რა ვქნა, ასე დამარქვეს. თქვენთვისაც ხომ არავის უკითხავს, სახელს რომ გარქმევდნენ. ჰოდა, მეც არავინ მკითხა. არადა ბევრს უჭირს მისი დამახსოვრება. ამიტომ პლაქველინი დავირქვი. ამ სახელით უფრო მიცნობენ.

მე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოვევლინე ქვეყნიერებას. მსოფლიო მოქალაქედ დავიბადე. მოკლედ, სამშობლო თან არ მაქვს და თან ყველგან მაქვს. მამაჩემიც, ქლოროქინი, ჩემსავით იყო. 1934 წელს გაჩნდა ბაიერის მამულებში ჰანს ანდერესაგის დახმარებით. სანამ ქვეყნიერების სამსახურში იყო, ბევრ ვირუსსა და ოხრობას მოსჭრა თავი. მაგრამ ცოტა ფიცხი ბუნების მოლეკულა გახლდათ, მუშაობისას ზოგჯერ პაციენტებსაც ეუხეშებოდა ხოლმე, ამიტომ ნელ-ნელა აქციეს ზურგი. თუმცა დიდება ვერ დაუკარგეს. ამასობაში მეც მოვევლინე ქვეყნიერებას. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, მამაჩემის დამსახურებაა. მეც მისი დიდებით მიცნობენ. ერთი ეგაა, რომ მასზე რბილი ხასიათისა ვარ, ამიტომ მომდურავი ცოტა მყავს, თორემ მამაჩემს რომ უჭრიდა ხმალი, ისე უნდა. მასთან რას მივალ…

მამაჩემისგან გამიგონია, რომ ჩვენი გვარი შორეული პერუდან მოდის. ეს ჩვენ მოგვიწია კოლბაში დაბადება, თორემ ჩვენი წინაპარი ძალიან ლამაზ ყვავილში გაჩნდა. კეჩუას ტომის შამანებმა გვიპოვეს ქინაქინას ფესვებში. მის ნაყენს ტკბილ წყალში ურევდნენ და მოტკბო-მომწარო სასმელს იღებდნენ, რომელიც ნადირობისა თუ ავადმყოფობის დროს მუხლში ძალას აძლევდათ.

შემდეგ ბედმა ევროპაში გადმოგვაგდო. იეზუიტებმა გაგვაყოლეს ხელს და ასე აღმოჩნდით ესპანეთში. პირველად ნოკოლას მონარდესმა და ხუან ფრაგოსომ გაგვისინჯეს გემო. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი სამსახური ბებერ კონტინენტზე. თუ ვინმეს ფაღარათი შეაწუხებდა, პირველს ჩვენ გვიხმობდა და არც ჩვენ ვიშურებდით ძალ-ღონეს ბაქტერიებთან ბრძოლაში.

შორს გაგვივარდა სახელი. 1631 წელს რომს მალარიის ბაქტერიების ურდო შესევია. დიდი ზარალი მიაყენა თურმე. უმოწყალოდ ჟლეტდა დიდსა და პატარას, ჩინიანსა და უჩინოს. რამდენიმე პაპის სიცოცხლეც კი შეიწირა. მალარიის ბაქტერიებს რომ ვერაფერი დააკლო რომის უძლეველმა არმიამ, ჩვენ გვიხმეს. არც ჩვენ დაგვიზოგავს ძალი და ღონე, ვიხსენით ძველი რომაელები. მერე ინგლისში მოგვიწია ჯარების გადასხმა – პრინცი ჩარლზ II გამხდარიყო ავად. ბუკინგემის სასახლის კარზეც ვიმარჯვეთ…

დღეს დღე მისდევდა და ჩვენი წინაპრების დიდებას დიდება ემატებოდა. სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდებოდა ჩვენით. სად აღარ გვნახავდით – ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა თუ საფრანგეთის ლაბორატორიებში. ბოლოს ფრანგებმა იმარჯვეს და ქინაქინას ქერქიდან ჩვენი პირველი მოლეკულა გამოყვეს. ეს მოხდა 1820 წელს, პიერ ჟოზეფ პელეტიერის ლაბორატორიაში. ბატონმა პიერმა პატივი დაგვდო და მშობლიურ ენაზე სახელი შეგვინარჩუნა – ქინაქინა ანუ ქინინი დაგვარქვა. იმ დღეს დაედო სათავე ჩვენს დინასტიას. ისე შორს გაგვივარდა სახელი, რომ უამრავ ხეს გააძრეს ტყავი პერუში. პერუ პატარა იყო სამყაროსთვის, ჩვენზე მოთხოვნა კი – დიდი, ამიტომ დანიელებმა ქინაქინას მოშენება დაიწყეს. იქაურ ცივ კლიმატში ქინაქინის ხე ვერ გაიხარებდა და ჩვენც ინდონეზიაში ამოვყავით თავი. მერე მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. ქვეყნებთან ერთად ჩვენც იზოლაციაში აღმოჩნდით. გერმანიამ დანია დაიპყრო, მისმა მოკავშირე იაპონიამ კი – ინდონეზია. დავაკლდით სამყაროს დიდ ნაწილს. ომით ისარგებლეს მალარიის ბაქტერიებმაც და ისევ დაიწყეს ნავარდი. ბევრ კბილებამდე შეიარაღებულ ჯარისკაცს მტრის ტყვიის ნაცვლად სხეულში დაბუდებულმა ბაქტერიამ მოუღო ბოლო. ბედის ირონიით, იაპონელებმა კი ჩაგვიგდეს ხელში, მაგრამ არაფრად ჩაგვაგდეს. მწარედაც გადაიხადეს – მალარია უფრო დიდ მტრად ექცათ, ვიდრე მტრის ესკადრილიები.

ჩვენი არმიის აღსადგენად თითქოს მოიძებნა გამოსავალი – ქინაქინის ნერგები კოსტა-რიკაში გადაისროლეს, მაგრამ შევსებას ძალიან ნელა ვიღებდით – სანამ ქინაქინა აღმოცენდებოდა, გაიზრდებოდა, ქერქს გაიმაგრებდა და მერე იქიდან ჩვენს მოლეკულებს გამოყოფდნენ, უამრავი დრო გადიოდა, ამიტომ სხვა გზის ძიება გახდა საჭირო. სწორედ ამ დროს მოევლინა მამაჩემი ამ ქვეყანას…

…ახლა კი მეც დავბერდი. უკვე 70-ს გადავაბიჯე. ხანში კი შევედი, მაგრამ უსაქმოდ არ დავრჩენილვარ – ხან ართრიტისგან ხსნას მთხოვენ, ხან რას და ხან რას, მაგრამ ძველი დროება მაინც სხვანაირად მაგონდება. თავთით ჩამოკიდებულ ხმალს რომ შევავლებ ხოლმე თვალს, სხვანაირად მიჩქროლდება გული და მარჯვენა თამაშს მიწყებს. ის დრო მახსენდება, ყიჟინას რომ დავცემდით ხოლმე და, ხმალამოწვდილები, მალარიის ბაქტერიების მილიონიან ურდოში შევიჭრებოდით. ხშირად რამდენიმე დღე მუხლჩაუხრელად გვიბრძოლია, ოფლი გვიღვრია, მაგრამ ჯაბანად არასოდეს გამოვსულვართ ბრძოლის ველიდან. ახლა კი ჟანგმოკიდებული ხმლის დანახვაზე ცრემლით მევსება თვალები.

…გუშინ ხელმწიფისგან ხმა მოგვივიდა. რაღაც ახალი გვირგვინიანთა ურდოები შესევია დედამიწას. ქუდზე მოლეკულას გვიხმეს. მეც ჩამოვიღე ჩემი სატევარი, ჟანგი მოვაცილე, პირი ავუფხავე და ჩავაბარე გამოსაცდელად. ვინ იცის, იქნებ ბედმა გამიღიმოს და დამიძახონ…

საშინაო სკოლა: დისტანციური დავალებების შესახებ

0

21-ე საუკუნეში დისტანციური ფორმატით სწავლა-სწავლება თითქოს პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა ონლაინლექციების თუ სესიების ჩანაწერების გამოყენება საუნივერსიტეტო სწავლების ორგანული ნაწილი უფროა, ვიდრე – ზოგადსაგანმანათლებლო სივრცის. ამის მიუხედავად, შინ სწავლის მსურველები დღესაც მრავლად არიან (გავიხსენოთ, ე.წ. ჰოუმსქულინგი ამერიკის შეერთებულ შტატებში). ბოლო მონაცემებით საშინაო სკოლაში დაახლოებით მოსწავლეთა 3% იღებს განათლებას. ამ შემთხვევაში მშობელს თავად უწევს შვილის სწავლის პროცესის ორგანიზება, რაც უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვს, ან დამხმარე მასწავლებლის აყვანა ხდება საჭირო. დღეს კი, ვიწრო სპეციალიზაციის ეპოქაში, არცთუ ისე ბევრი „სიბრძნის მასწავლებელი“ მოიძებნება, რამდენიმე დისციპლინის სწავლება ერთნაირად ხარისხიანად რომ შეძლოს.

საქართველოში დისტანციური განათლების პლატფორმა განვითარების პროცესშია. შესაქმნელია დიდი რაოდენობის რესურსი, რომელიც აღნიშნული საგანმანათლებლო მიდგომის ეფექტურად გამოყენებას შეუწყობს ხელს. ამას კი საკმაო დრო, ფინანსები და პროფესიონალიზმი სჭირდება. პირადად მე  შინ სწავლის ზოგიერთი ელემენტი პირველად საკუთარ თავზე სამი წლის წინ გამოვცადე, როდესაც ცამეტი წლის შემდეგ ხელმეორედ აღმოვჩნდი უნივერსიტეტში მაგისტრატურის ფაკულტეტზე. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ძირითადად სალექციო ფორმატში მიმდინარეობდა, ვიდეოლექციების, ონლაინსივრცეში უკუკავშირით სწავლების, დრაივის, მუდლის თუ სხვა სიკეთეების შესახებ სწორედ ამ პერიოდში შევიტყვე. ჩემი აზრით, სასწავლო პროცესის სტანდარტულ მოდელს არაფერი სჯობს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ არაერთ ტექნიკურად განვითარებულ ქვეყანაში დისტანციური პლატფორმა განათლების მიღების ერთ-ერთ ეფექტურ გზას წარმოადგენს.

ქართული სკოლების ტექნიკური მზაობის ფონზე ალბათ დისტანციურ განათლებაზე საუბარი რთულია. გარკვეული პროცესები (სპეციალური სატელევიზიო გადაცემები, უფასო ონლაინ ბიბლიოთეკები და სხვ.) უკვე მიმდინარეობს, თუმცა აზრთა სხვადასხვაობა ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით გვტოვებს დისკუსიის  ფაზაში, რაც, არსებული ემოციური დაძაბულობის ფონზე, ხელს უშლის გამოსავლის დროულად მოძიებას.

მე და ჩემს კოლეგებს საშინაო სკოლის წარმართვის გამოცდილება აქამდე არ გვქონია, თუმცა დროის უქმად დაკარგვას მოქმედება ვარჩიეთ და რიგგარეშე ოთხკვირიანი არდადეგების სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობით დატვირთვა გადავწყვიტეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველები არ ვართ, ვინც საქართველოში „საშინაო სკოლის“ მიმართულებით იფიქრა. ინტერნეტში არაერთ ვიდეოგაკვეთილს ნახავს, რომელიც სხვადასხვა საკითხის დისტანციურად სწავლის პროცესს გაგიადვილებთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რა სირთულეებთანაა დაკავშირებული ვიდეოგაკვეთილების მომზადება და არასრულწლოვანი ადამიანებით დაკომპლექტებულ ჯგუფებთან პირდაპირი ჩართვების წარმართვა.

პირველ რიგში, ასეთ ექსტრემალურ პირობებში ვიდეოგაკვეთილების ჩაწერა რთულია (დიდ დროს და ტექნიკურ რესურსს მოითხოვს). კამერასთან ურთიერთობა ყველას არ შეუძლია, რადგან ვიდეოჩანაწერის ტექნიკურად გამართვა და „საკუთარ თავთან“ ყველასათვის გასაგებ ენაზე საუბარი სულაც არ გახლავთ ადვილი. კიდევ ერთ სირთულეს წარმოადგენს მსმენელის ჩართულობა. ძნელია, ივარაუდო, რამდენად კარგად გაიგო და აითვისა მოსწავლემ შენ მიერ ახსნილი მასალა. ვიდეოგაკვეთილების დადებით მხარედ კი ჩანაწერების მაქსიმალურად დახვეწის და  მისი მრავალჯერ ნახვის საშუალება შეგვიძლია დავასახელოთ.

თუ ონლაინგაკვეთილის ფორმატს გამოვიყენებთ, აქ ჩნდება ერთსა და იმავე დროს ინტერნეტსივრცეში მთელი კლასის თავმოყრისა და სასწავლო პროცესის მართვის სირთულეები, თუმცა სინქრონული სწავლების ფორმატში გაკვეთილის ჩატარების შედეგად იხსნება უკუკავშირის პრობლემა და ვიღებთ ჩვეული საგაკვეთილო პროცესის დისტანციურ ვარიანტს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ვიდეოგაკვეთილების ჩაწერისა და ონლაინსესიების წარმართვისთვის ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე და მისი მომხმარებელი (მოსწავლე, მშობელი) ჯერ მზად არ არის. ამიტომ ჩემმა სკოლამ ჯერ გამოკითხვა ჩაატარა, რის შედეგადაც მივიღეთ ინფორმაცია, თუ რა სიხშირით შეეძლოთ ოჯახის წევრებს ბავშვების დახმარება და რა ტიპის ტექნიკური მხარდაჭერის (კომპიუტერთან წვდომა, ქსეროასლების გაკეთება და ა.შ.) იმედი უნდა გვქონოდა. სასკოლო გამოკითხვის შემდეგ შევქმენით ერთგვარი საოჯახო თამაშები/პროექტები ძირითად სასწავლო დისციპლინებში. სკოლის მთავარი გამოწვევა გახლდათ მოსწავლეთა მოტივაცია, რომელიც დისტანციურად უნდა გაგვეღვივებინა მოსწავლეებში. ამ მიზნით ჩავწერეთ საკმაოდ მოზრდილი ვიდეომიმართვები, სადაც შევეცადეთ საშინაო სკოლის ფარგლებში შესასრულებელი დავალებების „გაცოცხლებას“. ვიდეოგზავნილებს, დავალებათა განმარტების გარდა, გეზის მიცემისა და მოტივირების ფუნქციაც ეკისრებოდა. ვიდეოსთან ერთად მიწოდებული წერილობით, ნაბიჯებად და დროში მკაფიოდ გაწერილი ინსტრუქციები შესასრულებელი სამუშაოს სწორად გადანაწილებას უზრუნველყოფდა. ასე შევეცადეთ ხანგრძლივი არდადეგების თანმდევი უსიამოვნო ფენომენის – აკადემიური უნარების „დაბლაგვების“ თავიდან აცილებას. რაც შეეხება უკუკავშირს, ამ შემთხვევაში სკოლის ელექტრონულ ჟურნალს ვიყენებთ მოსწავლეთა კითხვებზე პასუხის გასაცემად და ეტაპობრივად მიღებულ დავალებებზე უკუკავშირის გასაგზავნად. დავალებების გაგზავნის შემდეგ არაერთი დადებითი კომენტარი მივიღეთ მშობლებისა და მოსწავლეების მხრიდან და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოტივაციაზე ზემოაღნიშნულმა ვიდეოგზავნილებმა ძალიან კარგად იმოქმედა. რაც შეეხება არდადეგებამდე მიღწეული აკადემიური შედეგების შენარჩუნებას და ახალი უნარ-ჩვევების შეძენას, ამას განახლებული სასწავლო პროცესი გვაჩვენებს. ამ წერილს კი ჩემი მესამეკლასელების პირველი კვირის დისტანციური დავალების ნიმუშით დავასრულებ.

გამარჯობა! შენთვის წერილია!

როგორც უკვე იცი, არდადეგები გაგვიგრძელდა და სახლში რომ არ მოიწყინო, გიგზავნი რამდენიმე საინტერესო დავალებას.

 

პირველი ნაბიჯი –  აირჩიე წიგნი

  • აირჩიე და წაიკითხე ქვემოთ ჩამოთვლილი წიგნებიდან ერთ-ერთი;
  • კითხვას დაუთმე დღეში მინიმუმ 30 წუთი (შენს განკარგულებაშია მომდევნო ერთი კვირა);
  • წაიკითხე რჩეული წიგნის მინიმუმ 3 თავი, თუმცა შეიძლება ისე დაინტერესდე, არდადეგების დასრულებამდე მთლიანად შემოგეკითხოს J
  1. სალამურას თავგადასავალი (არჩილ სულაკაური)
  2. პეპი გრძელიწინდა (ასტრიდ ლინდგრენი)
  3. პატარა უფლისწული (ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი)

 

მეორე ნაბიჯი – აირჩიე დავალების შესრულების გზა

  • კითხვის პროცესში ან საკითხავი მასალის დასრულების შემდეგ შექმენი შთაბეჭდილების დღიური;
  • შეგიძლია დღიური აწარმოო წერილობით ან ჩაწერო ვიდეობლოგების სახით.
  • თუ ვიდეოს ჩაწერას გადაწყვეტ, ალბათ დაგჭირდება რომელიმე ოჯახის წევრის დახმარება. დავალების შესრულებისთვის საკმარისია 1 დღის გამოყოფა.
  • თუ წერილობით ფორმატს აირჩევთ, სასურველია 2 დღეზე გადაანაწილო (დაახლოებით 30 -30 წუთი დღეში) შესასრულებელი სამუშაო.

 

მესამე ნაბიჯი –  აირჩიე ორი დავალება

იდეა #1 შეეკითხე ავტორს/პერსონაჟს – კითხვის პროცესში სულ მიჩნდება შეკითხვები ავტორთან ან პერსონაჟთან, მაგალითად, რატომ დაარქვა პერსონაჟებს ასეთი სახელები, ან რომელიმე მათგანს პროტოტიპი თუ ჰყავს?! პერსონაჟებს ალბათ ვკითხავდი, რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება, ან რას გრძნობდნენ რთულ სიტუაციებში?! თუ შენც გიჩნდება მსგავსი კითხვები, მაშინ ეს დავალება შენთვისაა.

იდეა #2 გააგრძელე ამბავი – ეპიზოდების თუ წიგნების გაგრძელება საკლასო ოთახში უკვე მრავალჯერ გვიცდია და ვიცი, რომ გიყვართ. ვფიქრობ, ეს დავალება „შთაბეჭდილების დღიურსაც“ მოუხდება.

იდეა #3 გაყიდე წიგნი – ჩვენ არაერთხელ მოგვიწყვია იმიტირებული წიგნის პრეზენტაციები და დაგვიმზადებია სარეკლამო ბუკლეტები. თუ ამ დავალებას აირჩევ, შეეცადე რამდგრძელწენიმე წინადადებაში ჩაატიო წიგნის მთავარი ღირსებები, რომლებსაც სარეკლამო ბუკლეტის, ან ვიდეომიმართვის სახით წარმოადგენ.

იდეა #4  მოამზადე რეპორტაჟი – მაგალითად, წარმოიდგინე, რომ თოკით მოსიარულეთა ქალაქში სალამურას მიერ შესრულებული ოთხმაგი სალტო საკუთარი თვალით ნახე. მოგვიყევი პირველ პირში ეს ამბავი და თან საკუთარი დამოკიდებულების, ემოციის გადმოცემაც არ დაგავიწყდეს.

 

მეოთხე ნაბიჯი – გაიგე მეტი, დააჭირე ბმულს

შეგიძლია გაეცნო ბმულებს, რომლებიც დაგეხმარება შენი რჩეული წიგნის უკეთ გაცნობაში:

სალამურას თავგადასავალი

მულტფილმი https://www.youtube.com/watch?v=vg2jZdAqdKg

წიგნის ელექტრონული ვერსია https://www.bu.org.ge/x678?lang=geo

პეპი გრძელიწინდა

ფილმი   https://www.youtube.com/watch?v=dar3xhQWVvg

აუდიოწიგნი  https://www.youtube.com/watch?v=mTDZTOpgeLk

პატარა უფლისწული

ფილმი https://www.adjaranet.com/movies/10225/The-Little-Prince?lang=GEO&quality=HD

აუდიოწიგნი https://www.youtube.com/watch?v=v0DISv22-3g

წიგნის ელექტრონული ვერსია https://geolit.ge/targmanebi/ekziuperi/uplistsuli/patara_uplistsuli1.htm

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ხარაჩო“ – ანიმაციის/ფილმის ერთობლივად ყურება შეკითხვებით

0

აგერ უკვე მეორე კვირაა, დიდიან-პატარიანად უჩვეულო მდგომარეობაში აღმოვჩნდით – შინ გამოკეტილნი. ვინ იცის, სამსახურებისკენ მიმავალთ რამდენჯერ გვინატრია სახლში მოსვენებულად ყოფნა, არაფრის კეთება. მაგრამ როცა შინ დარჩენა იძულებითია და, ამასთან, არც ვიცით, როდემდე მოგვიწევს, თითო წუთი საათად გვეჩვენება.

ბავშვები და მასწავლებლები ორმაგად უცნაურად ვგრძნობთ თავს. რაც უნდა ვიწუწუნოთ დატვირთულ რეჟიმსა თუ სხვა რუტინებზე, სასკოლო ცხოვრება, თავისი უსწრაფესი, მომთხოვნი, ყიჟინა ტემპორიტმით, ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ერთ მშვენიერ დღეს ასე, მოსხლეტით, მის გარეშე დარჩენა არცთუ სახალისო ყოფილა.

თავის მხრივ, სოციალურ ქსელებსა თუ პირად საუბრებში მშობლებიც დაბნეულნი კითხულობენ ორკვირიანი კარანტინის თავზე, ახლა რა(ღა) გავაკეთოთ, რომ დავაინტერესოთ ეს ბავშვებიო.

სახლურ მოწყენილობას რომ თავი დავანებოთ, ჩვენც, ბავშვებიცა და მშობლებიც ახალი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით – დისტანციური სწავლება – სოციალურ ქსელში მასწავლებელთა ჯგუფებში ეს სიტყვები სულ უფრო ხშირად გვხვდება.

ეს სტატია მიზნად არ ისახავს დისტანციურ სწავლებაზე ინფორმაციის მოწოდებას. მისი მიზანია დაეხმაროს მასწავლებლებსა და მშობლებს ბავშვებთან დროის საინტერესოდ გატარებაში – პირისპირ თუ დისტანციურად. და ამისათვის ხელახლა აღმოაჩენინოს ერთი კარგად ნაცნობი რესურსი – ანიმაციის ერთად ყურება.

ანიმაცია/ფილმი, როგორც შემეცნებით-გასართობი რესურსი, ალბათ არცერთი მასწავლებლისა თუ მშობლისთვის არ არის უცხო. ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვები ხშირად უყურებენ სხვადასხვა ანიმაციას და კმაყოფილნიც ვართ – რაღაც ახალს იგებენ, ერთობიან, წყნარად სხედან, ბოლოს და ბოლოს.

ეს ძალიანაც კარგია, თუმცა მთავარია არ  გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი რამ – როგორც ნებისმიერი სხვა რესურსი, ანიმაციაც შეიძლება ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერ მასალად იქცეს მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში და პირიქით, სრულიად უსარგებლო, მეტიც, მავნე იარაღადაც იქცეს გაუაზრებელი სარგებლობით.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ბავშვებს რაღაც ახლის შემეცნებისათვის სჭირდებათ ხარაჩოები, რომლებიც ჩვენ, უფროსებმა უნდა გავდოთ და ამით მათ სიახლეებისკენ სწრაფვას, აღმოჩენებს, ახალი ცოდნის, უნარებისა თუ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას ხელი მნიშვნელოვნად შევუწყოთ. „ხარაჩოების გადება“ ყოველთვის მარტივი არ არის და ჩვენგან, უფროსებისგან, ხშირად ძალისხმევას, ნებისყოფასა და ენთუზიაზმს მოითხოვს. თუკი უფროსები ხშირად გავიაზრებთ, რა მნიშვნელოვანია ჩვენი „ხარაჩოები“ პატარა ადამიანებისთვის, სწორედ ეს შეგვმატებს ენერგიასა და ახალ-ახალ იდეებს მათ „გასადებად“.

მაშ ასე, „ხარაჩო“ – ანიმაციის/ფილმის ერთობლივად ყურება შეკითხვებით

კონკრეტულ ანიმაციაზე გადასვლამდე მოკლედ შევეხოთ იმ ზოგად რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგვეხმარება ერთად სანახავი მასალის შერჩევისას.

  1. შეეცადეთ შეარჩიოთ იმგვარი ანიმაცია/ფილმი, რომელიც ეხება ამა თუ იმ ღირებულებას, ფასეულობას (მაგ., სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ემპათია, თავისუფლება, მეგობრობა და სხვ.). ძალდაუტანებლად,“ჩვეულებრივ“ ფორმატში ამგვარ საკითხებზე მსჯელობა, როგორც წესი, ორმაგად ნაყოფიერია.
  2. არ შეარჩიოთ ძალიან გრძელი ანიმაცია/ფილმი, რადგან ბავშვებს უჭირთ დიდხანს ერთ საკითხზე კონცენტრირება, რაც უნდა საინტერესო იყოს იგი მათთვის (დიდებსაც გვიჭირს ხშირად).
  3. გაითვალისწინეთ, რომ ერთად ყურება არ ნიშნავს „ჩაგირთავ და მეც აქ ვიჯდები“-ს. პატარა ადამიანებს ზუსტად ისეთივე მოლოდინები აქვთ თქვენთან ერთად რაიმეს ყურებისას, როგორიც თქვენ, მეგობრებთან ერთად საყვარელი სერიალისა თუ ფეხბურთის მატჩის ყურებისას. მაშასადამე, თქვენი ჩართულობა, ემოციის გამოხატვა, რეაქციები, უკუკავშირი, დროული რეპლიკები ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი ატყობთ, რომ განწყობა, დრო, მოტივაცია არ გაქვთ, ბავშვთან ერთად უყუროთ ანიმაციას/ფილმს და გულგრილად ჯდომას აპირებთ, სჯობს სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან ინდიფერენტულობა ბავშვებისთვის მოსაწყენიცაა და გადამდებიც.
  4. თუკი ვგეგმავთ ანიმაციის/ფილმის, როგორც „ხარაჩოს“ გამოყენებას, არ დაგვავიწყდეს, ე.წ. სამფაზიანი მოდელის გამოყენება „-მდე“, „დროს“ და „შემდეგ“ აქტივობებით. იგულისხმება, რომ ანიმაციის/ფილმის ყურებამდე შევამზადოთ ბავშვები, გავააქტიუროთ მათი წინარე ცოდნა/მოლოდინები/ვარაუდები მის სათაურთან/თემატიკასთან დაკავშირებით; ყურებისას გავაკეთოთ ლოგიკური პაუზები, დავუსვათ/დავასმევინოთ შეკითხვები/გამოვათქმევინოთ ვარაუდები/დავამყარებინოთ კავშირები; ყურების შემდეგ გამოვათქმევინოთ/გამოვთქვათ მოსაზრებები, დამოკიდებულებები პერსონაჟების, შინაარსის, მთავარი იდეის, რეჟისურის, მხატვრობის მიმართ, შევავსოთ სხვადასხვა სააზროვნო სქემა (მაგ., მოთხრობის რუკა, პერსონაჟის რუკა, შთაბეჭდილებების ფურცელი და სხვ., შევეცადოთ, ახლად შეძენილი ცოდნა და დამოკიდებულებები დავუკავშიროთ უკვე არსებულს და ამის შედეგად შევქმნათ რაიმე პროდუქტი, რომელიც ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდება (მაკეტი / ბუკლეტი / მინი-ვიდეო / დიორამა / წერილი / დღიური / აფიშა / რეკლამა / განცხადება / სიმულაციური ფბ პოსტი/ ბლოგი / სხვ.).

 

მნიშვნელოვანია!

  • რეფლექსიის ფაზა ძალიან ღირებულია და სათანადო დრო და ყურადღება უნდა დავუთმოთ.
  • დიახ, თქვენ უნდა იყოთ მსჯელობისთვის კალაპოტის მიმცემი, მაგრამ მოქნილი ფასილიტატორი და არა პასიური მსმენელი/მომთხოვნი და ცოდნის გადამმოწმებელი მასწავლებელი ან მშობელი. გავითვალისწინოთ, რომ თუკი ბავშვებს ჩვენთან ერთად რაიმეს ყურება უხარიათ, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენგან ცოცხალ შთაბეჭდილებებს, თანასწორობის ხაზგამსმელი ტონითა და დამოკიდებულებით გაზიარებულ რჩევებსა და გამოცდილებებს, ერთად ხუმრობას, გაკვირვებას, ინტერესს ანუ, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, სწორად და მოქნილად გაწვდილ „ხარაჩოებს“ ელიან.

 

სახელწოდება: ლორაქსი

ლინკი: https://www.adjaranet.com/movies/5757/The-Lorax?lang=GEO&quality=SD

თემატიკა: ეკოწიგნიერება

 

ანიმაციის ყურებამდე

წინარე ცოდნის გააქტიურება. მოლოდინებისა და დამოკიდებულების გაჩენა.

  • რით შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანმა გარემოს? ჩამოთვალე.
  • როგორ აისახება ჩვენი ქმედება გარემოზე? ჩამოთვალე.

 

ანიმაციის ყურების დროს

ქვემოთ მოცემულია ძირითადი შეკითხვები, რომლებიც შეგვიძლია დავსვათ ანიმაციის ყურებისას. ცხადია, ყველა მათგანის გამოყენება სავალდებულო არაა. რასაკვირველია, შეკითხვები შეგიძლიათ შეცვალოთ ბავშვის ინტერესებისა და შესაძლებლობების, ყურების პროცესის დინამიკის მიხედვით.

მნიშვნელოვანია, თქვენ მიერ შეთავაზებულ კითხვებში ჭარბობდეს „რატომ“ და „როგორ“ ტიპის შეკითხვები, რომლებიც ნაწარმოების იდეის, მთავარი სათქმელის, პერსონაჟთა ხასიათის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ამოცნობაზე იქნება ორიენტირებული.

რასაკვირველია, ეს პროცესი არ უნდა ატარებდეს „დაკითხვის“ ხასიათს და ბავშვსაც უნდა მივცეთ საშუალება, მეტიც, წავახალისოთ, მოგვმართოს შეკითხვებით.

მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ თუკი ანიმაციის ერთად ყურება არის ცოცხალი, იმპროვიზებული აქტივობა, შეიძლება რაღაც შეკითხვებზე პასუხები თავადაც არ გვქონდეს და/ან სავსებით არ ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს. ეს, ცხადია, მეტ ინტერესსა და ხალისს სძენს პროცესს.

 

  1. 6:18 – თუკი ხელოვნური ხეები აქვთ, რატომ ამბობს გოგონა, ოდრი, „ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ჩემს ეზოში ნამდვილი, ცოცხალი ხე გაიზარდოსო?
  2. 8:57 – როგორი ტიპია ბებია? (თვისება + არგუმენტი)

რატომ ეხმარება ის ტედს?

  1. 9:14 – შენი აზრით, რისთვის სჭირდება ვანსლერს მაინცდამაინც ეს ნივთები?
  2. 11:47 – რას ყიდის ო’ჰერი? რატომ იყიდება ამ ქალაქში მისი პროდუქცია კარგად?
  3. 12:07 – რატომ არ უნდა ო’ჰერის, რომ ტედი ქალაქიდან გავიდეს?
  4. 13:10 – შენი აზრით, ვინ არის გამოსახული პოსტერზე? რატომ ფიქრობ ასე?
  5. 15:20 – რომელ პერსონაჟს გაგონებს გარეგნულად ვანსლერი? (გრინჩს ჰგავს). რით?
  6. 15:38 – რატომ არ უნდა ვანსლერს, რომ მის სანახავად ვინმე მივიდეს?
  7. 16:24 – ვანსლერი: „ეს ჩემ გამო მოხდა. ჩემი გამოგონების გამო“ – რა გამოიგონა ვანსლერმა, შენი აზრით?
  8. 23:11 – რატომ ჩნდება ლორაქსი სწორედ ამგვარად? (ვიდრე გამოჩნდება, როგორია გარეგნულად) – როგორი ტიპი იქნება გარეგნულად?
  9. 27:59 – რატომ არ უყვება ვანსლერი ტედს ამბავს პირველივე ჯერზე ბოლომდე?
  10. 29:12 – როგორ იშოვა ტედმა ხე ოდრისთვის საჩუქებლად?
  11. 32:42 – რას იზამს ტედი ო’ჰერის მუქარის შემდეგ? მაინც წავა ვანსლერთან თუ არა? რატომ ფიქრობ ასე?
  12. 33:37 – „გოგოსთვის გინდა, არა?“ – როგორ გამოიცნო ვანსლერმა, რომ ტედს ხე გოგოსთვის უნდოდა?
  13. 34:33 – რა არის ტნიდი? გაიხსენე, რა ჰქვია ქალაქს, რომელშიც ტედი ცხოვრობს? (ტნიდვილი). შენი აზრით, რატომ?
  14. 38:19 – რატომ ცდილობენ ტედის გადარჩენას ტყის მცხოვრებლები?
  15. 44:12 – რატომ დამეგობრდნენ ტედი და ტყის მცხოვრებლები?
  16. 48:53 – რატომ იქცევიან უცნაურად ვანსისთან ჩამოსული მისი ოჯახის წევრები?

ლორაქსი რატომ არ აჩერებს მათ ძალადობით? ბოროტი ხერხებით?

  1. 53:54 – იწყება სიმღერა ინგლისურად „how bad can I be” – შეგვიძლია გამოვიყენოთ ინგლისურის სასწავლადაც – თარგმნა. მუსიკის კომპონენტის გასააქტიურებლადაც – ერთად მღერა.
  2. რა შინაარსი აქვს სიმღერას? რატომ ვარ ცუდი? ეს ბიზნესია, ეს ნიშნავს ბევრ ფულიან ადამიანს.

(აქცენტი სინდისის ქენჯნაზე)

  1. 56:32 – როგორ ფიქრობ, რა მოხდება? რატომ ფიქრობთ ასე?
  2. 58:04 – რატომ აგდებს ვანსი ლორაქსს? ის ხომ ვერ შეუშლის ხელს ბიზნესში?
  3. 58:43 – ხომ არ შეგვხვდა ეს გამოსახულება მანამდეც? როდის?
  4. 59:04 – ვინ არის ეს პერსონაჟი?
  5. რამ გაუჩინა მას თავისი ბიზნესის იდეა?
  6. 59:22 – როგორი პერსონაჟია ვანსის დედა? (თვისება + არგუმენტი)
  7. 1:02:01 – როგორ ფიქრობ, რა მოხდება? რატომ ფიქრობ ასე?
  8. 1:05:58 – რატომ დაუჯერა ო’ჰერმა გაბრაზებულ ტედის დედას და წავიდა მათი სახლიდან?
  9. 1:06:16 – სად გაქრა მარცვალი?
  10. 1:08:12 – როგორ ფიქრობ, რა მოხდება? რატომ ფიქრობ ასე?
  11. 1:10:39 – რით ჰგავს/განსხვავდება ტედის ბებო თქვენი ბებოებისგან?
  12. 1:12:35 – რისი მინიშნება უნდა რეჟისორს ო’ჰერის ქანდაკებისთვის თავის მოძრობით?
  13. 1:12:47 – როგორი რეაქცია აქვთ ამაზე მოქალაქეებს? რატომ?
  14. 1:13:48 – „ამ პროცესს ფოტოსინთეზი ჰქვია“- ამბობს ოდრი. – რა არის ფოტოსინთეზი?

ბუნებასთან ინტეგრირება.

  1. 1:14:09 – რატომ ვერ ხვდებიან მოქალაქეები, რომ ხეები საჭიროა?
  2. 1:14:58 – რატომ გადაანგრევს ტედი ქალაქის გალავანს ტრაქტორით?
  3. 1:16:09 – მოქალაქეების სიმღერა „let it grow”. სიმღერის შინაარსია, რომ მოქალაქეები გადადიან ტედის მხარეზე. ეს სიმღერაც შეიძლება ინგლ./მუს. ინტეგრირებით წარიმართოს.
  4. 1:18:45 – რატომ გამოაჩენს სახეს ვანსი? გამომტვრეული ფანჯარა რას ნიშნავს? რატომ იხდის მადლობას?
  5. 1:19:48 – ჩიტის გამოჩენით რაზე მიგვანიშნებს ავტორი?

შეიძლება პარალელიც – ვენეციის არხებში ცოცხალი არსებების კვლავ გამოჩენა.

ანიმაციის ყურების შემდეგ

შეჯამების აქტივობების ვარიანტები:

  1. მოთხრობის რუკა

  1. დაამყარე კავშირი

 

 

  1. 5 კითხვა
  2. 4.კომიქსი 
    1. მიზეზი – შედეგი (მოვარგოთ ანიმაციაში ნაჩვენებ მნიშვნელოვან მოვლენებსა და მათ გამომწვევ მიზეზებს)

 

  1. პერსონაჟის რუკა – ტედი/ვანსი

  1. პერსონაჟის რუკა

 

  1. შთაბეჭდილება
  2. 5-სტრიქონიანი ლექსი (ვარიაცია – ბრილიანტი)

  1. 3-2-1
  2. აფიშა
  3. ანოტაცია

 

მსხვილი, ე.წ. კომპლექსური დავალება

როგორ შეიძლება წინ აღვუდგეთ გარემოს დაზიანებას ადამიანების მიერ?

შეუძლიათ თუ არა ბავშვებს რამე?

ჩამოვწეროთ.

დავამზადოთ ბუკლეტი/მინი-ვიდეო გზავნილებით.

ან მანამდე დავამუშაოთ ეკოთემატიკაზე სხვა ტექსტური და/ან ვიდეომასალა და შემდეგ დავამზადოთ.

 

სტატიაში მითითებული სქემების ნახვა შესაძლებელია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის (G-PriEd) პორტალზე:

https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva_danarti.pdf

 

სპეციალური განათლება და დისტანციური სწავლება

0

საკმარისად დიდი დროა,  რაც სკოლების ტექნოლოგიური გაძლიერებისთვის საჭირო ადამიანურ თუ მატერიალურ კაპიტალში ჩვენი სახელმწიფო დიდ თანხებს იხდის, პირველკლასელებსაც უკვე წლებია, ახალი ლეპტოპებით ახარებს, მაგრამ covid – 19-თან დაკავშირებულმა შექმნილმა მდგომარეობამ გამოავლინა, რომ ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ შინაგანი მზაობა და კულტურაა და ეს თურმე ყველაზე ძალიან გვაკლდა.

დღეს ყველა ვხედავთ ტექნოლოგიების საჭიროებას საუნივერსიტეტო თუ სასკოლო განათლების ფერხულში ჩაბმული თითოეული ადამიანი. დისტანციური სწავლებაც ქართული განათლების სისტემისთვის უკვე არც ისე ახალი, თუმცა უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და მისი ეფექტური გამოყენება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა სახლში მყოფი მოსწავლეების როგორც კოგნიტური, ასე აკადემიური უნარების განვითარებისთვის. ამ ამბავში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება იმ რისკების გათვალისწინება, რომლებიც თან  ახლავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ თუ სხვა სოციალურად  მოწყვლადი  მოსწავლეების ოჯახებს; მათი ჩართვის ხელშეწყობას დისტანციური სწავლების რეჟიმში, რადგან რამდენადაც გამოიკვეთა, დისტანციურად საურთიერთოდ მათ უმრავლესობას აღარც ნაბოძები ბუკი გააჩნია, არც ალტერნატიული საშუალება და ინტერნეტი და, ზოგ შემთხვევაში  – ტელეფონიც კი.

 

არადა, თუკი უცხოეთის გამოცდილებას გავიზიარებთ, აუცილებელია, შემუშავებული გვქონდეს განათლების დეტალური სამოქმედო გეგმა, რაც განვითარებული ქვეყნების პრაქტიკაში უკვე მუშაობს და – საკმაოდ წარმატებულადაც. მაგალითად, ამერიკის ბევრ შტატსა და სასკოლო ოლქს უკვე აქვს დეტალურად გაწერილი გეგმები კორონავირუსით გამოწვეული ცვლილებების გამო, რამდენადაც სწორედ მსგავს სამუშაო გეგმებს ეყრდნობა და ონლაინსწავლებას მიმართავს სკოლების უმრავლესობა H1N1 გრიპის, ქარიშხლების, დიდთოვლობის თუ სხვა შემთხვევების დროს. გეგმების განსხვავებულობის გამო  რეკომენდებულია იმ კონკრეტულ სკოლასთან დაკავშირება, რომელშიც ესა თუ ის მოსწავლე სწავლობს. სკოლების რუკებიც და სწავლებასთან დაკავშირებული საათობრივი სიახლეების ნახვაც დაინტერესებულ პირებს მარტივად შეუძლიათ[1].

დეტალურ სამოქმედო გეგმებში[2] იმთავითვე მოიაზრებიან განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეები, რომელთა განვითარებისთვის აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების  შემუშავება, გათვალისწინება და ამუშავება:

 

  • სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები ისევე უნდა იყვნენ ჩართულნი დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში, როგორც დანარჩენი მოსწავლეები/სტუდენტები.

 

  • მათ უნდა მიეწოდოთ ადაპტირებული სასწავლო მასალა.

 

  • დისტანციურ სასწავლო პროცესში აუცილებლად უნდა ამუშავდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ვირტუალური ჯგუფი, რომელიც მშობელთან ერთად კიდევ ერთხელ მოითათბირებს, შეისწავლის თუ გადააფასებს ბავშვის საჭიროებებს და ამის შემდეგ გადაწყვეტს, რა გზით იმუშაოს ან რა ტიპის მასალები მიაწოდოს სსსმ მოსწავლეს, რომელსაც ასისტირებას მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უწევს.

 

  • ინდივიდუალური გეგმის ჯგუფი ქმნის ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამას (Individualized Education Program): სამოქმედო გეგმას, საგნობრივ სასწავლო გეგმებს, ადაპტირებულ საგაკვეთილო გეგმებს და ა. შ.

 

  • კანონის თანახმად, სსსმ მოსწავლის მშობელს აქვს შვილისთვის განათლების სერვისების მოთხოვნის უფლება შვილის შესაძლებლობების, სუსტი მხარეებისა თუ მიზნების გათვალისწინებით. მას შეუძლია დეტალურად აღწეროს, რას აკეთებს ან ვერ აკეთებს კარგად მისი შვილი.

 

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ვირტუალურ ჯგუფში უნდა შევიდეს: ძირითადი საგნის ის  მასწავლებლები, რომელთაც კარგად იციან ბავშვის შესაძლებლობები, ზედმიწევნით ზუსტად აქვთ შეფასებული მისი აკადემიური უნარები ეროვნულ სასწავლო გეგმებთან მიმართებით.

 

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ვირტუალურ ჯგუფში უნდა შევიდეს სულ მცირე, ერთი სპეციალური მასწავლებელი, რომელსაც ზედმიწევნით ზუსტად აქვს შეფასებული ბავშვის შემეცნებითი უნარები და შეუძლია მართებულად განსაზღვროს ის საფუძველი, რასაც რეალურ ცოდნას დააშენებს ბავშვთან მუშაობის შეთავაზების ან წარმართვის პროცესში. შეთავაზებები შეიძლება მოიცავდეს ინსტრუქციების მოდიფიცირებას ან მორგების (აკომოდაციის) შეთავაზებას ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე.

 

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ვირტუალურ ჯგუფში უნდა შევიდეს სკოლის დირექციის ის წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილი და პასუხისმგებელია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის სასწავლო რესურსების მიწოდებაზე. მან შეიძლება აწარმოოს ან გააკონტროლოს სპეციალური განათლების სერვისები.

 

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ვირტუალურ ჯგუფში უნდა შევიდეს ექსპერტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სსსმ მოსწავლის შეფასების შედეგები. ეს შეიძლება იყოს სკოლის ფსიქოლოგი ან სხვა სპეციალური განათლების მასწავლებელი.

 

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ვირტუალურ ჯგუფში შეიძლება შევიდეს თავად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, თუკი ის აღწევს 16 წლის ასაკს და თავად შეუძლია საკუთარი უფლებების ადვოკატირება და ტრანზიციის გეგმის გაწერაში მონაწილეობა. ზოგიერთი მოსწავლე უძღვება კიდეც ისგ გუნდის შეხვედრებს.

 

  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ვირტუალურ ჯგუფში შეიძლება შევიდეს თარჯიმანი (თუკი ბავშვს ენის სირთულეები აქვს), ჟესტური ენის თარჯიმანი (თუკი სმენასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს) ან თარჯიმან-მეგზური (თუკი მოსწავლე ყრუ-უსინათლოა). სკოლისაგან სსსმ მოსწავლის მშობელს ყველა ამ სერვისის კანონიერი  მოთხოვნის უფლება აქვს. იგი ასევე უფლებამოსილია, ინდივიდუალურ სასწავლო გეგმის ჯგუფში მოიწვიოს ადვოკატი და მეგობარიც კი, თუ ამგვარი მხარდაჭერის საჭიროება დგას.

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ვირტუალური ჯგუფის შექმნა და პირველი ონლაინშეხვედა

ბევრმა სპეციალურმა მასწავლებელმა სსსმ მოსწავლეების მშობლებთან ონლაინ კონსულტაციები უკვე კარგა ხანია, დაიწყო და  ბავშვებს დავალებების ნიმუშებიც გადაუგზავნა. უცხოური გამოცდილება კი გვაჩვენებს, რომ მანამდე აუცილებელია ისგ გეგმის ვირტუალური ჯგუფის შექმნა. საურთიერთოდ  მითითებული კრებულიდან[3] შეიძლება ავირჩიოთ ნებისმიერი ქსელური პორტალი.

მთავარი მაინც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის ონლაინ შეხვედრის სწორად ორგანიზება და მიმდინარეობის წარმართვაა, ამისთვის კი აუცილებელია გავითვალისწინოთ 10 რჩევა, რომელთაც უცხოელი ექსპერტები გვაძლევენ[4]. ესენია:

წინდაწინ შევაგროვოთ და მოვაწესრიგოთ დოკუმენტები, როგორიცაა: ისგ გეგმები, მოსწავლის პროგრესის დამადასტურებელი ჩანაწერები, ანგარიშის ბარათები, დავალების ნიმუშები, ტესტები და ბავშვის ხელნაწერები. მშობელს აქვს უფლება, თითოეული მათგანი გამოითხოვოს მასწავლებლისაგან, რათა გაზომოს ბავშვის პროგრესი.

  • მშობელს უფლება აქვს, მოიწვიოს მხარდამჭერები (ოჯახის წევრი, მეგობარი, დარგის პროფესიონალი ან ადვოკატი). მათთან პოზიტიური დიალოგებით გამოიკვეთება მიდგომები, რომლებსაც მოსწავლის/სტუდენტის შემდგომი პროგრესისთვის გამოვიყენებთ.
  • წინასწარ ჩამოვწეროთ შეკითხვები და ვარაუდები; მათ კვალობაზე გამოიკვეთება შეთავაზებებიც.
  • ნათლად ჩამოვაყალიბოთ სსსმ მოსწავლის მიზნები და მისაღწევი შედეგები.
  • ვიყოთ მაღალი მიმღებლობის და შეგვეძლოს თანამშრომლობა.
  • მშობელს შეუძლია იყოს ბავშვის ექსპერტი და ღიად თქვას, რასაც ფიქრობს მის შესახებ, აღწეროს, როგორ ქცევას ავლენს ბავშვი სხვადასხვა საშინაო აქტივობებისას.
  • მშობელს უფლება აქვს, დაიცვას ბავშვი და საკუთარი თავი, გაერკვეს, თუკი რაიმე ტერმინი უცხო, ახალი ან გაუგებარია, ჩასწვდეს ყველა დეტალს, არ დაეთანხმოს მისთვის მიუღებელ გადაწყვეტილებას.
  • მშობელი უფლებამოსილია, ჩართოს სსსმ მოსწავლე ან სთხოვოს მას ისგ გუნდის შეხვედრის გაძღოლა. ამისთვის წინდაწინ უნდა შეუთანხმდეს მას. მიმდინარეობისას კი ყველაფერი, რასაც ვერ გაიგებს, აუხსნას და გაარკვიოს.
  • ფოკუსი ბავშვის ძალებზე. სსსმ მოსწავლის მშობელი უფლებამოსილია იკითხოს: „რას აკეთებს კარგად?“ „ცოდნის რა ნაწილში იმსახურებს მაღალ შეფასებას?“.

აუცილებელია, რომ ერთ ბაინდერში განთავსდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფის შეხვედრის ყველა დოკუმენტი (დამსწრეთა სია, კონტაქტების ფურცელი,  კომუნიკაციის ჟურნალი, მიზნების ჩამონათვალი) და მხოლოდ ამის შემდეგ ვაწარმოოთ შეხვედრის ოქმი.

ასე რომ, ვინც ვიჩქარეთ, ვიცოდეთ, ჯერ ვირტუალური ისგ გეგმის ჯგუფი უნდა შევკრიბოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეთ დავალებების ფორმებსა და სხვა დეტალებზე, რომელთა შესახებ მომდევნო ნაწილში ვისაუბრებ.

[1] https://www.edweek.org/ew/section/multimedia/map-coronavirus-and-school-closures.html

https://www.dodea.edu/Coronavirus.cfm

guidance from the U.S. Department of Education on H1N1, another virus         challenge of providing special education when there’s an emergency.

[2] https://www2.ed.gov/policy/speced/guid/idea/h1n1-idea-qa.pdf

https://blogs.edweek.org/edweek/speced/2017/10/special_education_disaster_region.html

 

[3]https://www.facebook.com/photo?fbid=10157287554199211&set=a.386745164210

[4] https://www.understood.org/en/school-learning/special-services/ieps/the-iep-meeting-an-overview

,,ვეფხისტყაოსანი“ უჩვეულო არდადეგების ჟამს

0

ეს უჩვეულო არდადეგები რომ დაიწყო, თავიდან კი მესიამოვნა, მაგრამ მერე ნელ – ნელა შემომიჩნდა მოვალეობების მახრა და არ შემარგო.

,,ვეფხისტყაოსანს“ ყოველთვის ბოლოს ვიტოვებ ხოლმე, რომ უფრო გულდადებულად შევისწავლოთ. ახლაც ასე ვგეგმავდით და ამ იძულებითმა არდადეგებმაც მოგვისწრო.

ამას ისიც დაერთო, რომ ყოფილი მოსწავლე მწერს, ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელმეორედ კითხვას ვიწყებ და ხომ ხართ მზადო.

ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ,,ვეფხისტყაოსნის“ სწავლა-სწავლება  სავალდებულო  და საპროგრამო საქმე კი არა, ცხოვრებისეული ამოცანა მგონია და  ზუსტად ასე მივწერე ჩემს მოსწავლეებს იმ ახალშექმნილ ფეისბუქჯგუფში, ,,მეათეკლასელები და ,,ვეფხისტყაოსანი“ რომ დავარქვი და საყოველთაო გადინსტანციურსწავლებამდე დავიწყეთ.

მოსწავლეებს დავავალე, შეექმნათ ,,ვეფხისტყაოსნის“ დღიურები“ ( ტრადიციულად, ფურცელზე ან ელექტრონულად), რომლებშიც ჩაწერდნენ ყველა წერილობით დავალებას, თავიანთ შთაბეჭდილებებსაც, გააკეთებდნენ თემატურ ჩანახატებს … მინდოდა, რომ ეს დღიურები ყოფილიყო მათი არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნის, არამედ  ,,ვეფხისტყაოსანთან“  ემოციური  კავშირის გამომხატველი, თავიდან მარტივი სქემით დავიწყე, რომელიც თითქმის ყველა კლასისთვის საინტერესო აღმოჩნდა ( ეს სქემა სხვა სტატიაშიც ვახსენე) . ჩავთვალე, რომ არც მეათეებისთვის იქნებოდა ურიგო და არც შევმცდარვარ.

აფორიზმი ( ჩაწერე ბრძნული გამონათქვამი, რომელიც „ვეფხისტყაოსნიდანაა“, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენ ის ზეპირად გახსოვს)
უფროსების დამოკიდებულება ,,ვეფხისტყაოსანთან“

 

( გამოკითხე ოჯახის წევრები, ალაპარაკე, რას ფიქრობენ „ვეფხისტყაოსანზე“ და მერე მათი ნათქვამი შენი სიტყვებით გადაიტანე ცხრილში)

 

შენი დამოკიდებულება ,,ვეფხისტყაოსანთან“

 

(გაქვს თუ არა ნასწავლი რომელიმე ნაწყვეტი, როგორია შენი შთაბეჭდილება, გაგიჭირდა თუ არა მისის სწავლა, მოგეწონა თუ არა- დაწერე გულწრფელად)

,,ვეფხისტყაოსანი“ ჰოლივუდში რომ გადაეღოთ …

 

(წარმოიდგინე, როგორი ფილმი გამოვიდოდა, რომელი მსახიობი წარმოგიდგენია თითოეულის როლში, როგორ შეხვდებოდა მსოფლიო ამ ფილმს, რას მოუტანდა საქართველოსა და ქართველებს)

მოიძიე ,,ვეფხისტყაოსნის“ ერთი ნებისმიერი ილუსტრაცია და აღწერე

 

( ისე უნდა აღწერო, რომ მკითხველს თვალწინ დაუდგეს ნახატი: ყურადღება მიაქციე ფერებს, ცეტრალურ ფიგურებს, ფონს, დეტალებს…)

 

ზოგადად, ერთი და იმავე რესურსის გამოყენება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მასწავლებელს კარგად აჩვენებს, რამდენად განსხვავდება მოსწავლეთა დამოკიდებულებები, მისწრაფებები, პრობლემები ასაკის მატებასთან ერთად და ამ სქემამაც  ეს ფუნქცია ძალიან კარგად შეასრულა: თურმე ძალიან მნიშვნელოვანი აფორიზმები დამახსოვრებიათ; თურმე ,,ვეფხისტყაოსნის“ გადაღებას უტოპიურად საერთოდაც არ თვლიან და მარკეტინგულადაც კი გათვალეს, რამდენად მომგებიანი იქნებოდა ქართული კულტურისა და ფილმის შემქმნელებისთვის. რომ მეგონა, მხოლოდ სირთულესთან ასოცირდებოდა მათთვის ,,ვეფხისტყაოსანი“, თურმე შევმცდარვარ და ამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ სწავლას, ამბებად მოთხრობას, პარალელების გავლებას ტყუილად სულაც არ ჩაუვლია და მათთვის უკვე კონკრეტული სული და ხორცი შეუსხამს ამ უცნაურად ყოვლისმომცველ წიგნს.

მეორე დავალება ჩავთვალე, რომ ნაწარმოების ისტორიულ კონტექსტს უნდა დაკავშირებოდა. ამიტომაც დავდე ჯგუფში ლევან ბერძენიშვილის ნახევრასაათიანი ლექციის, ,, რუსთაველი და ისტორიიის“, ლინკი:

დავალება N2:

ნაწარმოების სრულყოფილად გასაგებად აუცილებელია მისი კონტექსტის ცოდნა ( როგორ და რომელ ეპოქაში დაიწერა, რატომ დაიწერა…). სწორედ ეპოქას უკავშირდება ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის ვიდეო, რომელიც უნდა მოისმინოთ და დაახარისხოთ მოსმენილი ინფორმაცია შემდეგი ფორმით:
ა) საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვნად ჩათვალე;
ბ) საკითხები, რომლებიც პირველად გაიგე;
გ) კითხვები, რომლებიც გაგიჩნდა ლექციის მოსმენისას.

მას შემდეგ, რაც დავალება ყველამ გადმომიგზავნა, მათ შეკითხვებს ვიდეოკონფერენციაზე გავეცი პასუხები.

გადავწყვიტე, რომ ტექსტის შეწავლა პროლოგით არ დაგვეწყო. როსტევანისა და უცხო მოყმის ამბავი მაინც ნაცნობი იყო მათთვის, ადვილად აუღებდნენ ალღოს ჩემ გარეშეც ( კომენტარებიანი „ვეფხისტყაოსნის“ დახმარებით), პროლოგს კი გზადაგზა მოვუბრუნდებოდით ნაწილ- ნაწილ შესაბამის თემას დაკავშირებით:

  • თინათინის გამეფებასთან ერთად ის მონაკვეთი, თამარსა და დავით სოსლანს რომ ეხება;
  • თინათინი რომ ავთანდილს სიყვარულში გამოუტყდება და უცხო მოყმის მოძებნას ავალებს, აქ პროლოგის იმ მონაკვეთს დავუბრუნდებით, რომელშიც მიჯნურობაზე საუბრობს პოეტი;
  • ტარიელის სახელსა და ვინაობას რომ გავიგებთ, პროლოგში იმ რამდენიმე სტროფს მივუბრუნდებით ვეფხისტყაოსან რაინდს რომ ეხება ( ,,მო, დავსხდეთ, ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი..)
  • პროლოგის იმ ნაწილს, რომელიც შაირობას ეხება, პოემის შესწავლის შემდეგ განვიხილავთ, რათა გავიაზროთ, როგორი პოეტი აღმოჩნდა თავად რუსთაველი და ზოგადად, პროლოგსაც გავამთლიანებთ. ვფიქრობ, ასე უფრო აღიქვამენ პროლოგს, როგორც ტექსტის განუყოფელ ნაწილს და არა როგორც განყენებულ შესავალს.

მანამდე კი დავალება N3:

მოცემული სამი თავის მიხედვით უნდა მოამზადოთ ვიდეომონოლოგი როსტევან მეფეზე შემდეგი ასპექტების გათვალისწინებით:

  1. როსტევანი, როგორც მეფე;
  2. როსტევანი, როგორც მამა;
  3. როსტევანი და უცხო მოყმე ( როგორ იქცევა, რა თვისებებს ამჟავნებს ამ ეპიზოდში)

სამივე ასპექტზე საუბრისას უნდა გამოჩნდეს თქვენი კრიტიკული დამოკიდებულება და ანალიტიკური აზროვნების უნარი დეტალებზე დაკვირვებით.

მონოლოგის შეფასების კრიტერიუმებია:

  • საუბრობს სამივე ასპექტზე ამომწურავად;
  • მსჯელობისას ეყრდნობა ტექტს და ამით ამჟღავნებს თავის ცოდნას;
  • ჩანს მისი დამოკიდებულება მოცემული საკითხის მიმართ;
  • საუბრობს გამართულად, არ უშვებს უხეშ შეცდომებს;
  • იცავს დროის ლიმიტს;

პირველ სამ თავს რომ დაამუშავებენ (რადგან მუშაობას ვაგრძელებთ და წინ სხვა დავალებები გველის, მომავალ დროში განვაგრძობ წერას), უნდა წავაკითხო ირაკლი ქასრაშვილის  მოთხრობა ,,მონა“, რომელშიც აღწერილია ტარიელის მიერ დახოცილ თორმეტ მონათაგან ერთ-ერთის განცდები. წაიკითხავენ და დაწერენ მოკლე ანალიზს. ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგ საკითხებზე ( დავალება N4):

  • შენი აზრით, რატომ გაუჩნდა მწერალს ამ მოთხრობის დაწერის სურვილი?
  • რომელი დეტალებით უკავშირდება მოთხრობა ,,ვეფხისტყაოსანს“?
  • რომელი ნიუანსები ხდის ტექსტს ემოციურს?
  • რაზე დაგაფიქრა ამ მოთხრობამ?

მორიგ დავალებაში მომდევნო თავს განვიხილავთ და პროლოგის იმ ნაწილს მივუბრუნდებით, მიჯნურობას რომ ეხება. შემდეგ კი მოსწავლეები ავსებენ ქვემოთ მოცემულ ცხრილს ( დავალება N 5):

მიჯნურობის კრიტერიუმები

 

 

,,ვეფხისტყაოსანში“ ( მე-12 – მე -13 საუკუნე)

 

 

ჩვენს რეალობაში ( 21- ე საუკუნე )

 

კრიტერიუმები ( პროლოგი, ,,თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად“ )

 

 

ციტატა ტექსტიდან

 

 

კრიტერიუმები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ანალიზი – შენი აზრით, რამ განაპირობა ცვლილებები

 

 

 

 

 

 

 

შემდეგ თავებთან ერთად დავავალებ, თავადვე შექმნან მარტივი ონლაინ თამაშ- თავსატეხები კონკრეტული თავების მიხედვით, რათა,  ერთი მხრივ, სწავლების პროცესი სახალისო ელემენტებით შეივსოს და მეორე მხრივ,  მოზარდების შემოქმედებით- ანალიტიკური უნარი გააქტიურდეს და გაჯეტებთან ერთიერთობის სხვა ფორმებიც დაინახონ. გამოვავლენთ ყველაზე საინტერესო თამაშის ავტორს.

ტექსტს თანდათან რომ შევყვებით და მნიშვნელოვან ნაწილებს ვიდეოკონფერენციების დახმარებით განვიხილავთ, აუცილებლად წავაკითხებ თანამედროვე ლიტერატორ ლევან გიგინეიშვილის წერილს: ,,შეუმჩნეველი“ პოლიტიკური ავანტიურა „ ვეფხისტყაოსანში“.

https://www.georoyal.ge/?MTID=1&TID=86&id=2224

ამ საკმაოდ ვრცელი და საინტერესო კრიტიკული წერილიდან ბევრ რაიმეს ისწავლიან მოსწავლეები:

ა) კიდევ ერთხელ გაიაზრებენ, რამდენად მნიშვნელოვანია კონტექსტი ნაწარმოების სწორად გაგებისთვის.

ბ) დარწმუნდებიან, რომ დეტალებზე დაკვირვება ბევრ საფიქრალსა და სააზროვნოს უჩენს მკითხველს;

გ) დაინახავენ, როგორი ამოუწურავი და ბევრისმომცველია ეს ნაწარმოები და რატომ არ კარგავს აქტუალობას კვლავაც.

დ) კრიტიკული აზროვნების აუცილებლობასაც კიდევ ერთხელ გააცნობიერებენ, რადგან  არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთონ, რატომ გაიზიარეს ან არ გაიზიარეს მკვლევრის შეხედულებები.

თავად წერილს ორ ნაწილად გავყოფ: ჯერ სარიდანის გადაწყვეტილება – ტარიელის ამირბარობა- ხატაეთის ომი, ხოლო შემდეგ ნესტანის გათხოვების საკითხი და ხვარაზმშას სასტიკი მკვლელობა.

ასე უფრო გაუადვილდებათ წერილის წაკითხვა, გააზრება და ტექსტთან დაკავშირება.

ჯერჯერობით ესაა უახლოესი გეგმები. არ მავიწყდება, რომ მიუხედავად იძულებითი დასვენებისა, მათ სხვა საგნებშიც აქვთ დავალებები, ამიტომ თითოეული დავალების შესასრულებლად საკმაო დროს ვაძლევ, რომ სულიც მოითქვან, უსაქმურადაც არ იყვნენ და არასასიამოვნო განწყობაც არ გაუჩნდეთ ,,ვეფხისტყაოსნის“ მიმართ.

ვეცდები, შემდგომი აქტივობები სხვა წერილში შემოგთავაზოთ.

განწყობისთვის კი გიტოვებთ  მოსწავლეების მიერ შექმნილ მიმებს, რომლებიც ჩემი დავალებების გამოჩენისთანავე გამოხტნენ ჩვენს დახურულ ჯგუფში.

 

20 მარტი

0

*

მასზე წერას გაბედვა უნდა. თითქოს ადვილად არ გემორჩილება სათქმელი და არც ის გინდა, მხოლოდ პათოსში და მოკრძალებაში გაიხლართო. მთლად გაშინაურებაც არ გამოდის. თვითონაც ასეთი იყო – ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავსო, რომ ამბობდა, ფიზიკურადაც და სულიერადაც განცდილ-გადატანილს ამბობდა. ბევრმა გაბედა მასზე დაწერა, მეც მათ შორის. თითქმის ყველანი დავმარცხდით. ადრე ვკითხე, 2006 წელს მგონი, – მესმის, ეკრანზე რომ არ ჩნდებით და გასაგებია თქვენი ეს პოზიცია, მაგრამ აი, ისეთი ფილმი რომ გაკეთდეს, სადაც მწერალი თავის ერთ წიგნზე მოჰყვება – ერთი წიგნის ამბავს – მაგაზე თუ დათანხმდებით-თქო. დათანხმება-არდათანხმებაზე არაა საქმე, უბრალოდ რატომ უნდა წავიდე იმაზე, რაც წინასწარვე ვიცი, რომ სიყალბეა. წერის პროცესი იმწუთიერი განცდაა, ვნება, ტანჯვა, ძიება, ის უნიკალურია, მხოლოდ იმ წუთს ეკუთვნის – მაგაზე წლების შემდეგ ვერ ილაპარაკებ, ვერ ახსნი, არც უნდა ეცადო, უკლებლივ ყველა სიტყვა ყალბი იქნებაო.

 

*

დიდი ხნის წინ ერთ გაზეთს ასეთი რუბრიკა ჰქონდა: „ახდენილი  ნატვრა“. ადამიანები საქართველოს სხვადასხვა მხარიდან თავიანთ სურვილებს იწერებოდნენ და რედაქცია (პარტნიორების მხარდაჭერით) მათ შეძლებისდაგვარად ასრულებდა. ზოგს ველოსიპედს ჩუქნიდა, ზოგს ტელევიზორს, ზოგს – რას და ზოგს – რას. ზუგდიდელი ექიმის, ავრორა შონიას ნატვრა ასეთი იყო: „გთხოვთ, გამომიგზავნეთ წიგნები ოთარ და თამაზ ჭილაძეების ავტოგრაფით“. ერთხელაც ხილიანზე მისულმა ჩემს მასპინძლებს გავუმხილე ეს ამბავი. ძალიან გაუხარდათ. ბატონი თამაზი სამუშაო ოთახში გავიდა, თავისი და ძმის წიგნები მოიტანა, „წათეს წითელი წაღები“ ოთარს გაუწოდა, „დრო“ (წერილები, ესეები, ინტერვიუები) თავისთან დაიტოვა და სატიტულო გვერდზე დიდრონი ასოების გამოყვანას შეუდგა…

წიგნებმა ადრესატი იპოვნეს. „ავრო უბედნიერესია, ამ ღამით ვერ დაიძინებს“ – ჩემმა მეგობარმა ჯაბა გერსამიამ მოკლედ დაარქვა დედის განცდას სახელი.

*

– ჩვენკენ ხშირად იყო ოთარი, – მიამბობდა რენე კალანდია, – ზღვა როგორ უყვარდა, იცი შენ, ლექსები, მთელი ამბავი, რომანები, ყველგან ზღვაა, მერე აქაური სიტუაცია, სოხუმი, გაგრა, ბიჭვინთა, ქალების მიმართ რომ გულგრილი არ იყო, ეგეც გეცოდინება, არც პირიქით, რა თქმა უნდა… სულ სხვა ამბავს გიყვები, ესე იგი… მწერლების რაღაც შეხვედრა იყო მგონი ლიტფონდში, საერთო ფოტო გადავიღოთო, თქვეს თუ არა, ოთარმა ხელი გადმომხვია და ხმამაღლა მითხრა, მოდი, მარტო მე და შენ გადავიღოთო… ამაზე უკეთესი ჯილდო მე მაგის მერე არ მიმიღია…

 

*

მაშინ „სკაიპს“ უფრო გასავალი ჰქონდა. ბოლო კლასში ან პირველ კურსზე ვიქნებოდით. ჩემი ძმა ვიღაც გოგოსთან შეჰყვა ჩეთს. იმან ლიტერატურაზე ჩამოუგდო სიტყვა, გაცვალეს ის წიგნები, რასაც იმწუთას კითხულობდნენ და ჩემმა ძმამ – „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“-ო, უდეპეშა, ეგ უნდა წაიკითხო, ეგაა რაცააო.

თურმე სამი დღე არ გამოჩენილა ის გოგო, უკვე შეშფოთებას ვიწყებდი, რომ ჩეთში აინთო და ეგრევე მივწერეო:

– სად დაიკარგე? სად იყავი?

– ურუქში. – იყო პასუხი.

 

*

ოთარ ჭილაძის გარდაცვალების შემდეგ, გამოსათხოვარ წერილებში ბევრი ამბობდა, – მერე და მერე უფრო დაფასდება, სულ სხვანაირად დაფასდებაო. დრომ ეს არათუ დაადასტურა, არამედ ბევრი ინდივიდუალური შტრიხითაც შეავსო.

„პოეტი მეტია თუ რომანისტი?“ – პირველ ყოვლისა ამ შეკითხვას დაუკარგა სიმწვავე. დღემდე არც მისი რომანების თემებს და პერსონაჟებს მოკლებიათ აქტუალურობა და ლექსები ხომ ლამის სოციალური ქსელის მუდმივი ბინადრები გახდნენ.

უფრო და უფრო ხშირად ვიმოწმებთ ოთარ ჭილაძის პოზიციას ეროვნულ, კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურულ საკითხებზე. თუნდაც მისი აზრი რუსეთთან ურთიერთობაზე – ძალიან მკვეთრი სახელმწიფოებრივი შეფასება – თითოეული ჩვენგანისთვის სახელმძღვანელო პრინციპად იქცა (უნდა იქცეს).

„აველუმის“ ავტორის პირადი ჩანაწერები/დღიურები ის გზავნილი აღმოჩნდა, რომელმაც ყველა თაობის მკითხველს თავისი მწერალი, მესაიდუმლე და თანამგრძნობი აპოვნინა. მეტროს ვაგონებში იქნება თუ კორპუსების ფასადებზე, ოთარ ჭილაძის ენა მხოლოდ წიგნში კი არ რჩება, ქვეყნის ნაწილიცაა:

„მაგრამ თუ მეყო დროც და მანძილიც

და მოვუნახე სულს სასთუმალი –

მოვკვდები, როგორც ქვეყნის ნაწილი

და არა – წუთისოფლის სტუმარი“.

დაბადების დღეს გილოცავ, აველუმ!

დისტანციური სწავლება – ერთი მასწავლებლის გამოცდილება

0

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი Covid19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საჭირო გახდა სასწავლო დაწესებულებების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. ამან ცოტა დაბნეულობა გამოიწვია მათში, ვისაც ამ კუთხით შესაბამისი გამოცდილება არ ჰქონია.

გაგიზიარებთ ჩემს მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ვცდილობ, მოსწავლეებთან დისტანციურად ვიმუშაო. ამისათვის საწყის ეტაპზე, სიმარტივისა და გამოცდილების გამო გამოვიყენე Facebook-ის პლატფორმა. იქიდან გამომდინარე, რომ დაწყებით კლასებს ვასწავლი, კომუნიკაციის პირველი წყარო ჩემთვის პირველ რიგში მშობლები არიან.   Facebook-ში გავაკეთე ახალი ჯგუფი დისტანციური სწავლებისათვის. მოვიწვიე ჩემი მშობლები და კლასის მასწავლებლები, იმისათვის, რომ მათაც ჰქონოდათ საშუალება, მოსწავლეებისათვის მიეცათ დავალებები. მოვამზადე პირველი დავალება: https://www.youtube.com/watch?v=j3yxupzawyc&t=5s&fbclid=IwAR0llFOqKVBGzwn1nV6A6Q1TxwoEfzjsJXVlvXYhgebLBSETPyMZQXNGRWo და შევიმუშავე დავალების მიცემის ფორმა, რომელსაც შემდეგნაირი სახე აქვს:

იქიდან გამომდინარე,  რომ Facebook-ის ჯგუფს ვიყენებდით როგორც საკომუნიკაციო საშუალებას და პრაქტიკაში მრავალჯერადად გვქონდა ნაცადი, გადავწყვიტე, რომ სწავლებაც ამ პლატფორმაზე გამეგრძელებინა. ჯგუფი იძლევა საშუალებას, მოვამზადო დავალებები და ავტვირთო Microsoft Word Document-ისა და PowerPoint Presentation-ის სახით, გავაზიარო ვიდეო და საჭიროების შემთხვევაში ჯგუფიდან შევქმნა სასაუბრო ჯგუფი, სადაც განვახორციელებ ვიდეო ზარს.

აგრეთვე, გავააქტიურე ჯგუფი სახელწოდებით – აქტივობები კლასში👩‍🏫👨‍🏫 https://www.facebook.com/groups/384972735509535/about/ სადაც განთავსებულია სხვადასხვა კლასისა და საგნის სავარჯიშოები, რომლებიც ჩემს კოლეგებს სწავლების დროს დაეხმარებათ.

გთავაზობთ რეკომენდებულ რესურსებს, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ დისტანციური სწავლების დროს:

  1. პროგრამა Teams. ამ პროგრამის გამოყენებით თქვენ შეძლებთ მიმოწერას, სასურველი ფაილების გაგზავნას, ინფორმაციის გაზიარებას. ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობის საშუალებასაც იძლევა. იმისათვის, რომ უფრო დეტალურად გაეცნოთ ამ პროგრამის გამოყენებას, შეგიძლიათ გადახვიდეთ შემდეგ ბმულზე https://www.youtube.com/playlist?list=PLDMSDtaBUrSmQTFijz5FeCMGiSrdTA847
  2. პლატფორმა learningapps, მოგცემთ საშუალებას თავად შექმნათ მოსწავლეებისათვის საინტერესო დავალებები, ან გამოიყენოთ ბაზაზე არსებული რესურსები, რომლებსაც მოარგებთ თქვენი მოსწავლეების ინტერესებსა და ასაკს. https://learningapps.org
  3. ,,საშინაო სკოლა“ არის პლატფორმა, რომელსაც დიდი რესურსი აქვს დისტანციური სწავლებისათვის. https://silkschool.ge/lessons ის გაძლევთ საშუალებას, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კლასი და საგანი.
  4. გუდა გახლავთ საიტი, რომელიც კლასგარეშე ლიტერატურის გაცნობის იდეალური საშუალებაა. მოსწავლეები შეძლებენ, მოუსმინონ მათთვის სასურველ წიგნს. https://www.gudabooks.ge/
  5. Zoom Video Communications – რომელიც აერთიანებს კომუნიკაციის ბევრ საშუალებას, როგორიცაა ონლაინშეხვედრები, ვიდეოკონფერენციები, ონლაინჩეთები და ა.შ. ის მუშაობს როგორც პერსონალურ კომპიუტერში, ასევე მობილურ ტელეფონში. ონლაინშეხვედრებისთვის საჭიროა რეგისტრაცია და იმ ადამიანების მოწვევა, რომლებთანაც კომუნიკაციას გეგმავთ. შეგიძლიათ აპლიკაცია ჩამოტვირთოთ. https://zoom.us/download ასევე რამდენიმე მოსწავლეს ესაუბროთ ერთად. თქვენ არეგულირებთ, რომელ მოსწავლეს მისცეთ სიტყვა და იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ზედმეტი აურზაური, შეგიძლიათ ხმა ჩაურთოთ მას, რომელიც თქვენ გინდათ. https://zoom.us

ეს მცირე ჩამონათვალია იმის, თუ როგორ შეიძლება დისტანციური სწავლება იყოს პროდუქტიული და საინტერესო.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...