შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

პანდემიური არდადეგები

0

ბებიაჩემი და ახლა უკვე დედაც, წარსულს რომ იგონებენ, ათვლის წერტილად მნიშვნელოვან მოვლენას ასახელებენ. ვფიქრობდი, რომ მე მათზე მეტი ათვლის წერტილი მქონდა: წინა საუკუნეში – ვიტყოდი ამაყად, თბილისის, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, აგვისტოს (წლის ხსენებაც არ არის საჭირო) ომამდე და ომის შემდეგ… 4 ომის ცეცხლში გამოვლილი თაობა ვართ. ომების ჭრილობებს დღემდე ვიშუშებთ… აქ კი სიამაყის რა მოგახსენოთ.

აი, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ – ეს უკვე ახალია.

ზუსტადაც, კორონავირუსამდე სხვა გეგმები და იდეები გვქონდა მე და ჩემს მოსწავლეებს. ბედნიერების ინდექსის მაჩვენებლის დადგენას, ცხოვრების ხარისხის განსაზღვრას ვცდილობდით, გამოკითხვა ჩავატარეთ, კლასში რაოდენობრივი და პროცენტული მაჩვენებლები განვიხილეთ, ღია კითხვებზე გაცემული პასუხებიც გაიხსენეს, ცოტაც ვიხუმრეთ, ვიხალისეთ და შემდგომ დავალებაზეც შევთანხმდით, მაგრამ … დაიწყო COVID-19-ის გავრცელება და მალე პანდემიადაც ჩამოყალიბდა.

გადავედით განსხვავებულ რეჟიმზე. ჩვენს ახლანდელ მდგომარეობას „პანდემიური არდადეგები” დავარქვით (უფრო სახალისოა). პირველი დავალებაც მოსწავლეების თვალით დანახული პანდემიური არდადეგებია. გთავაზობთ რამდენიმე მეათე კლასელის ანალიზსა და ჩანახატს. რას ფიქრობენ ჩვენი ბავშვები.

ანა, პატარა მხიარული ადამიანი, რომელიც საკუთარი ემოციების დაფარვას სიცილითა და იუმორით ახერხებს. ემოციების ზღვა კი მისთვის აგვისტოს ომიდან იწყება.

ანა ლაგურაშვილი: „მშვიდი ძილის შემდგომ ომის ველზე თუ გაგიღვიძიათ?

ეს არ არის ომი, სადაც ტყვიების წვიმა და ქუჩებში დაღვრილი უამრავი სისხლია. ეს ომია ხალხსა და იმ ჰაერს შორის, რომელშიც სიკვდილის მეგობარი ნაწილაკებია გაფანტული.

გავიღვიძე და სამყარო სრულიად შერყეული დამხვდა.

ვინ იფიქრებდა, მარტის მშვიდ საღამოს თოვლი რომ მოინდომებდა ცეკვას?

ვინ იფიქრებდა, რომ ის დღეები, რომლებიც ბედნიერებით აღსავსე უნდა ყოფილიყო, ტკივილის სუნით გაიჟღინთებოდა.

ვინ იფიქრებდა ქუჩებში მანქანების ხმას, ხალხის ოვაციები რომ ჩაანაცვლებდა?

ოვაციები – სიამაყის და სევდის. ტკივილის, რომელიც ჯერ კიდევ აქ არის და არავინ იცის, როდის მოინდომებს წასვლას. ზოგისთვის არც არასდროს წავა.

ახლა შიში ცხოვრობს იმ ქუჩებში, ერთ დროს სიცოცხლით რომ იყო სავსე.

ქუჩაში არავინ გადის, რადგან ეშინიათ, ეშინიათ იმ სიბნელის, რომელიც სახლში ცრემლებად გადაიქცევა და ეს ცრემლები რომ შეწყდეს, სად წავა მერე ის სიშავე?

ის სიშავე დარჩება შიშად… რომელიც არავის უფრთხილდება.

ნუცა მშვიდი და თავშეკავებული ადამიანი, რომელიც ყოველ ჯერზე გვაკვირვებს ანალიზის უნარით. ძნელია, არ დაეთანხმო მის უცნაურ დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ“.

ნუცა სეხნიაშვილი: „2020 წელი რომ დგებოდა, ჯერ კიდევ წარმოდგენა არ გვქონდა მე და ჩემს გარშემო მყოფებს, რა გველოდა წინ.  პოტენციური მესამე მსოფლიო ომი, ავსტრალიის ხანძარი და ბოლოს  COVID-19 ის სახელით ცნობილი კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება. უამრავმა გეგმამ და ღონისძიებამ ვირუსის გავრცელების არეალის ზრდასთან ერთად გაქრობა ან უვადოდ გადავადება დაიწყო. ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებაში გამოცხადებული ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ ჯერზე მაკვირვებდა, რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა და თითქოს ზღვარი არ უჩანდა. და მაინც ამ ყველაფრის ფონზე, მაშინ, როდესაც ფეიკნიუსების ნაკადი წამოვიდა და სინამდვილის სიცრუისგან გარჩევა უკვე მიჭირდა, რეალობის აღქმა დავკარგე და ყველაფერი, რაც კი მესმოდა, გაზვიადებულად ჩავთვალე. ეს გაგრძელდა მანამდე, სანამ საქართველოშიც არ დაირღვა ყოველდღიური ცხოვრების წესი და ჩემი თვალით არ ვიხილე სიტუაცია.

და მაინც, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?! ვიღაცის დაუდევრობამ, უმოქმედობამ თუ სავალალო შეცდომამ ერთი ადამიანის დაინფიცირება გამოიწვია, რასაც დომინოს პრინციპით სხვა უამრავი მოჰყვა. ჩინეთიდან ვირუსი ჯერ მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელდა, შემდეგ იქ, სადაც თითქოს თავი ვირუსისგან ყველას მიუწვდომელი ეგონა – ევროპაში. ამ ბრძოლაში ევროპა იმ ათოსანი მოსწავლის სახეა, რომელმაც ტესტამდე განვლილი მასალა არ გაიმეორა, რადგან ჩათვალა, რომ ყველაფერი იცოდა, მას ხომ თავი ხელშეუხებელი ეგონა, მაგრამ ტესტის ფურცლის პირისპირ მარტო რომ აღმოჩნდა, გაირკვა რომ არც ისე ბევრი ახსოვდა. განვითარებული ქვეყნები იმ მოსწავლეს ჰგვანან, რომელმაც ისედაც უკვე დაბალი ნიშნის გამოსასწორებლად წინა დღეს ყველაფერი გაიმეორა და შედეგმაც არ გაუცრუა იმედი. აშშ მორიგი ათოსანია, რომელიც პირველის მსგავსად მოიქცა თუმცა მაინც შეძლო ფანტაზიორობით რაღაცის დაწერა და სულაც არ აპირებს ამ სტრატეგიის ოდესმე შეცვლას (არ ვიცი, ეს შედარება რამდენად მისაღებია). შეიძლება ამ ხელშეუხებლობის გამეფებულმა შეგრძნებამ, ანდაც სულაც ტურისტულმა მიმზიდველობამ და იმან, რომ წელს უამრავი ღონისძიება ( ფეშენვიკი თუ ფილმის გადაღება) იყო ჩანიშნული, იტალია ევროპის წითელ წერტილად აქცია. იტალიის ცხელ ზონად ქცევიდან მალევე მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა პანიკა (მაგ. ავსტრალიაში). ეს ყველაფერი კი 2020 წლის პირველ მეოთხედში მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი ჯერ ახლა იწყება, ვინ იცის, რეალურად როდის მოხდება ვაქცინის გამოგონება. იმის ფონზე, რომ ხალხი მაღაზიებიდან საჭიროებისდა მიუხედავად ყველანაირ პროდუქტს „იტაცებს”, ავსტრალიაში კი ეს პროცესი ტუალეტის ქაღალდის დეფიციტამდეც კი მივიდა, ხდება ფასების ხელოვნური ცვლილება და ეკონომიკის მიწასთან გასწორება, ჩრდილოეთ კორეაში კი „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს” ვირუსის გაქრობის ეფექტურ გზად დაინფიცირებულების დახვრეტა მიიჩნიეს.

ისმის შეკითხვა, იყო, არის ან იქნება თუ არა მსოფლიო (ხალხი თუ სახელმწიფოები) მომავალი გლობალური კრიზისებისთვის მზად?! ჰაერი იმაზე სუფთაა, ვიდრე ვინმეს გვახსოვდა, ვენეციაში თევზები დაცურავენ, ქუჩებში გამაყრუებელი სიჩუმეა ჩამოწოლილი, ხალხს კი იმაზე მეტად ეშინია განკითხვის ჟამის, ვიდრე ოდესმე“.

ნინი, მხიარული ნინი, რომელიც ყველა სიტუაციას პოზიტიურად უდგება. მზად არის მოგისმინოს, მაგრამ მაინც თავის პოზიციას იცავს.

ნინი სხირტლაძე: „კორონა – დაავადება, რომელმაც მთელი დედამიწა არია. მან საქართველოშიც შემოაღწია. სიმართლე რომ ვთქვა, არ მეშინია კორონასი და ვფიქრობ, რომ მალე გაქრება ეს დაავადება. გამოიგონებენ ვაქცინას. ამით მედიცინა უფრო წინ წაიწევს. მჯერა, რომ ჩაიწერება ისტორიაში, რომ კორონა იყო პანდემია, რომელიც ყველაზე მოკლე დროში „გააქრეს“. განათლებას რაც შეეხება, ძალიან მაღელვებს. განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ჩვენთვის… სკოლაში არსიარული მართლა ძნელია. რუტინიდან ამოვვარდი. „პანდემიური არდადეგები“ არ მომწონს. ვიდეოგაკვეთილებს რაც შეეხება, კარგია ნამდვილად, მაგრამ ეს ვერასდროს ჩაანაცვლებს სკოლას ჩემს გულსა და გონებაში. ჩემი ოცნებაა გაქრეს კორონა, იმისათვის, რომ მიზნები ავიხდინო. #წადიკორონა“.

თათა ერთი წელია გავიცანი. ხმაურითა და ხალისით შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში. რამდენიმე გაკვეთილზე არ იყო და ძალიან დამაკლდა.

თათა ვარადაშვილი: „თვალებგაფართოებული ვუყურებ რიცხვებს. რას ავიჩემე ამ სტატისტიკის ნახვა, ამიჭრელდა თვალები. ჯერ ჩინეთიდან დაიწყო, შემდეგ სამხრეთ კორეა აღმოჩნდა მის არეალში, ირანამდეც კი მიაღწია, ოღონდ არ ვიცი, როგორ და აი, ბოლოს საქართველოშიც ჩამობრძანდა. ამის გახსენებისთანავე კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი სტატისტიკას და ძლივს გავიაზრე, რომ უკვე 148 ქვეყანას დაეტყო კორონას კვალი და ჩემთვის ვფიქრობ, რომ ეს ვირუსი არ გაჩერდება, არამედ უფრო გააგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტ ქვეყანას დააზარალებს. თუმცა, არ მინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწრო. ახლა  ყველა თვითიზოლაციაში ვართ, ვფიქრობ, მთელი დედამიწა. გარეთ ცხვირის გაყოფაც კი არ შემიძლია. ვზივარ ასე… მამაჩემს ყოველდღე მოაქვს საკვები სახლში, ნელ-ნელა ცარიელდება სუპერმარკეტებიო. ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს, რაც საერთოდ არ მომწონს, პირიქით ერთფეროვნება მაღიზიანებს. სული მეხუთება სახლში ყოფნით. ჩემი მეგობრები მომენატრნენ… არა რა, ეს ხალხი ცალკე მაგიჟებს, აქვთ დიდი პანიკა, დარბიან აქეთ-იქით გიჟებივით, აქვეყნებენ პოსტებს, უარესად აგიჟებენ ერთმანეთს და უკვე დათესილ პანიკას უფრო და უფრო აღვივებენ. იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს ხელი შეუწყონ, კარანტინიდან იპარებიან… მე ვფიქრობ, რომ ხალხმა რაციონალურად აზროვნების ის მცირე უნარიც დაკარგა და მთლიანად იმპულსურ მოქმედებებზე გადავიდა. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ სამყარო შეიშალა, ყოველდღე ვხედავ, როგორ მუშაობენ ექიმები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ვფიქრობ, რომ სულ გაგიჟდნენ… ამდენს და ასე როგორ მუშაობენ… თანდათან ვრწმუნდები იმაში, რომ ადამიანის ენერგია და ძალები დღემდე შეუცნობელია…

ოხ, ეს კორონა… პანდემიაა, თუმცა ბევრი ადამიანური თვისება გამიღვიძა. პათეტიკურად ჟღერს, თუმცა ადამიანების დაფასება უფრო მეტად ვისწავლე და მგონი, არა მარტო მე… კორონამ ადამიანებს ერთმანეთის დაფასების და შეყვარების უნარი გვასწავლა თითქოს, თუმცა ამავდროულად უფრო დააშორა ერთმანეთს. ვიმედოვნებ, რომ მალე გამოიგონებენ

რამეს და ყველანი დავისვენებთ“.

თამარი ყოველთვის მზად არის მოგისმინოს. ამ დროს ხვდები, რომ უბრალოდ კი არ გისმენს, თითქოს ხედავ მის ტვინში ეს ფრაზები როგორ დარბიან, თამრო კი ცდილობს ყველას თავისი ადგილი მიუჩინოს.

თამარ გოლიაძე: „რა გამოიწვია კორონავირუსმა? ბევრი რამ. ამ ბევრი რამიდან კი მთავარი ისაა, რომ COVID-19-მა ადამიანთა ცხოვრება (იმედია) ცოტა ხნით შეაფერხა, ხოლო დედამიწას ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ამაში კი ვგულისხმობ იმას, რომ, მაგალითად, ქუჩაში ტრანსპორტის რაოდენობა და შესაბამისად, გამონაბოლქვის ინტენსივობა შემცირდა. მაგრამ მე მაინც ეგოისტურად პირველ რიგში ჩემი ცხოვრების ასე უცაბედად დაპაუზება (ონლაინგაკვეთილებისთვის შესაფერისად რომ ვთქვათ) მანაღვლებს. სულ რამდენიმე კვირის წინ ზაფხულისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოახლოება მიხაროდა. ახლა კი სახლში ვზივარ, ოთხ კედელში გამოკეტილი. თუმცა, წუწუნი ახლა ვერ გვიშველის. ამიტომ ისღა დაგვრჩენია, ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები გავიხსენოთ (თუ ვინმეს არ ახსოვს) და შევეცადოთ, რაც შეიძლება მალე დავამარცხოთ კორონავირუსი. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სახლში ყოფნით სამყაროს გადარჩენა შეგვიძლია“.

ეს კი ანანოა. გახსოვთ მეოთხე კლასში გეოგრაფობა რომ გადაწყვიტა. ცოტა ხნის წინ, უკაცრავად – კორონავირუსამდე, მითხრა – გახსოვთ, რომ გითხარით გეოგრაფობა მინდაო, არ   გადამიფიქრებია. პატარა ანანო უკვე მე-10 კლასშია. ვნახოთ, კორონავირუსის შემდგომ პერიოდში როგორ შეიცვლება მისი გადაწყვეტილება.

ანანო გაფრინდაშვილი: „დილით ვიღვიძებ ჩვეულებისამებრ, თუმცა ეს სხვაგვარი დილაა. მისაღებში გავდივარ და ტელევიზორში ახალი ამბებია ჩართული:

  • „ამჯერად ქვეყანაში დაფიქსირებულია 30 შემთხვევა. ინფიცირებულები იზოლირებულნი არიან და მათ ჯანმრთელობაზე ექიმები სრულფასოვნად ზრუნავენ. სტატისტიკის მიხედვით მკვლევრები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოს მოედო, ტემპერატურის მატებასთან ერთად გაქრ…“.

ისევ ოთახში ვბრუნდები.

ჰაერი თანდათან უფრო მძიმდება. ქუჩები ცარიელდება, ხოლო ის მუდმივი ამვლელ-ჩამვლელები ისე მიდიან, ერთმანეთს აკვირდებიან და ყოველ ნაბიჯზე უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს.

გარეთ გასვლისას დაძაბული მიაბიჯებთ, რადგან არ იცით, ვის შეიძლება აღმოაჩნდეს ეს ვირუსი, რომელმაც თან გაგვაერთიანა და თან გაგვაუცხოვა. ამიტომ გირჩევნიათ სახლში დარჩეთ… იქ, სადაც დაცული ხართ. მე კი მინდა, გარეთ გავიდე, ჰაერი ხარბად ჩავისუნთქო და ქუჩებში ისე გავიარო, როგორც ადრე. მაგრამ მე სახლში ვრჩები და იცით რატომ?

სახლში ვრჩები ჩემთვის, შენთვის და ჩვენთვის. უსასრულო არაფერია… და თუ ჩვენ იმ ადამიანური იმედითა და თანაგრძნობით გავერთიანდებით, ყველაფერი გამოგვივა.

ყველაფერი უსასრულო არაა, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენ თავად უსასრულობაში ვართ მიმოფანტული და მე მსურს, ვირბინო, არა იმიტომ, რომ უსასრულობის ბოლოს მივაგნო, არამედ იმიტომ, რომ სირბილში ფრთები გამოვისხა და ავფრინდე.

აქტივობები დისტანციური გაკვეთილებისთვის

0

დისტანციური სწავლება სწავლების ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ისეთ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთ აუდიტორიაში არ იმყოფებიან. მსოფლიოში შექმნილი პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენთვის მოსწავლეებთან კონტაქტის დამყარების საშუალებად სწორედ დისტანციური სწავლება იქცა.

ჩემთვისაც, როგორც ყველა მასწავლებლისთვის, სიახლეები საინტერესოა, თუმცა ბიოლოგიის სწავლებისას არ უნდა გამოგვრჩეს კვლევითი კომპონენტის აუცილებლობა, რომელსაც აუდიტორიაში ლაბორატორიული აღჭურვილობის მეშვეობით ძალიან კარგად ვახერხებთ.

როგორ მოვიქცეთ ახლა? რა თქმა უნდა, ამ ტიპის სწავლებისას კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს შევთავაზოთ სახალისო აქტივობები და სხვადასხვა  სასწავლო რესურსებით და მრავალფეროვანი მეთოდების საშუალებებით შევძლოთ  მათი შინაგანი მოტივაციის ამაღლება.

 

მინდა გაგიზიაროთ  რამდენიმე   აქტივობა, რომელმაც ჩემი მოსწავლეების ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია.

 

  1. აქტივობა „ვსწავლობთ  ვიდეოანიმაციით“

 

შესასწავლი საკითხი – იმუნიტეტი

მოსწავლეებში ყველაზე აქტუალური ახლა სწორედ იმუნიტეტის თემაა, მათ ძალიან ბევრი კითხვა უჩნდებათ:

  • რა არის იმუნიტეტი?
  • რატომ გვემართება თვალით უხილავი დაავადებები?
  • როგორ დავიცვათ თავი?
  • იმუნიტეტის გაძლიერება მითია თუ რეალობა?

ამ კითხვებზე პასუხების გაცემა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუდმივად ესმით ამ თემასთან დაკავშირებული საუბრები ტელევიზიით და განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. სწორედ ამ დაძაბულობის მოხსნისა და ინფორმაციის სახალისოდ მიღების მიზნით, შევთავაზე მათ,  ენახათ ქვემოთ მოცემული ბმული

რადგან ვიდეოანიმაციაში ნაჩვენებია სისხლის უჯრედები, მათი მოვალეობები იმუნური პასუხის განხორციელებისას და ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმები,  მოსწავლეებს ვთხოვე,  ვიდეოს  შემდეგ  მცირე დისკუსია გაგვემართა. ასევე შეიძლება  კოგნიტურ სქემაზე  მუშაობაც:

აღწერეთ ვიდეომასლა რა იცოდით ამ თემაზე ვიდეოს ნახვამდე? რა კითხვებზე მიიღეთ პასუხი ვიდეოს ნახვით?
 

 

 

 

   

 

  1. აქტივობა „ ვსწავლობთ ვიდეოთამაშით“

 

საკმაოდ სახალისო აღმოჩნდა ვიდეოთამაში, სადაც მოსწავლეებმა სხვადასხვა ინფექციების შესახებ ინფორმაცია უნდა განალაგონ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანზე ინფორმაცია თამაშის გახსნისას არ ჰქონდათ, მაგრამ ამ სახალისო აქტივობის შემდეგ დაავადებების შესახებ დამოუკიდებლად რეფერატების მომზადება გადაწყვიტეს.

https://www.brainpop.com/games/timezoneximmunesystem/?fbclid=IwAR2v3MNhEMAkhNjHI5NdiQ3XVxVvbmo2xsWOEl9ijtmVtTeIP5Yzg0XBLbI

 

შენიშვნა: ამ აქტივობებმა მოსწავლეების უმრავლესობა დააინტერესა და მომავალი გაკვეთილისთვის ერთობლივი ვიდეოჩანაწერის შექმნის იდეა გაუჩნდათ, სადაც თანატოლებს მოუყვებიან იმუნიტეტის შესახებ არსებულ მითებსა და რეალობაზე.

 

 

ასევე, მინდა შემოგთავაზოთ სახლის პირობებში მარტივად განხორციელებადი ცდების დაგეგმვა, რომელთა გამოყენებით მოსწავლეების შინ სწავლის პროცესი გაცილებით სახალისო გახდება.

 

  1. აქტივობა „საშინაო ექსპერიმენტი“

 

თემა – ოს­მო­სის პრო­ცე­სის შეს­წავ­ლა მო­ხარ­შუ­ლი და უმი კარ­ტო­ფი­ლის მა­გალით­ზე.

ცდის­თ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლე­ბი: 1 მო­ხარ­შუ­ლი და 1 უმი კარ­ტო­ფი­ლი, 2. საოჯახო დანა, 3.  ორი ღრმა თეფში.

ცდის მსვლე­ლო­ბა:

  1. აიღეთ ორი კარ­ტო­ფი­ლი: ერ­თი მო­ხარ­შუ­ლი და ერ­თი უმი. გა­თა­ლეთ ორი­ვე და გა­ჭე­რით შუ­­ზე.
    აიღეთ ორი ერთნაირი ზომის ღრმა თეფში და ნა­ხევ­რამ­დე წყა­ლით შეავსეთ.
    3.
    აიღეთ მოხარშული და უმი კარტოფილის გაჭრილი ნახევრები,გაუკეთეთ ღრმული, მომ­­­ვა­ლე­ბუ­ლი ნა­წი­ლე­ბი ჩა­თა­ლეთ თხლად , რა­თა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს თეფშზე კარ­ტო­ფი­ლის ნაჭ­რე­ბის უძ­რა­ვად მო­თავ­სე­ბა.
    4.
    მომ­ზა­დე­ბუ­ლი კარ­ტო­ფი­ლე­ბი მო­­თავ­სეთ  ღრმა თეფშებში.
    5.
    კარ­ტო­ფი­ლის ღრმუ­ლე­ბი ამო­ავ­სეთ მა­რი­ლით და და­იწყეთ დაკ­ვირ­ვე­ბა.
    6. 2
    სთის შემ­დეგ    სა­ბო­ლოოდ დააკ­ვირ­დით პროცესს  და გა­მო­­ტა­ნეთ დას­­­ნა.

 

ამ ექსპერიმენტის ვიდეოინსტრუქციას იხილავთ ბმულზე

 

 

 

ცდის გა­მა­­ნა­ლი­ზე­ბე­ლი კითხ­ვე­ბი:

  1. ახ­სე­ნით მომ­­და­რი ცვლი­ლე­ბე­ბი?

მოსწავლის სავარაუდო პასუხი –  უ­მი კარ­ტო­ფი­ლის ღრმუ­ლი ამო­ივ­სო წყლით, რად­გან, კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ე­ბის სხვა­ო­ბის შე­დე­გად, წყა­ლი ოს­მო­სის გზით შე­ვი­და და მოხ­ვ­და ღრმულ­ში. მო­ხარ­შუ­ლი კარ­ტო­ფი­ლის ნა­ჭერ­ში ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხ­და­რა, რად­გან აქ არ არის ცოცხა­ლი უჯ­რე­დე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ოს­მო­სი არ გან­ხორ­ცი­ელ­და

  1. დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გე­ბის მი­ხედ­ვით გმოიტანეთ დას­­­ნა

მოსწავლის სავარაუდო პასუხი –  წყა­ლი შე­ვი­და კარ­ტო­ფი­ლის ცოცხალ უჯ­რე­დებ­ში კონ­ცენ­ტ­რა­ცი­უ­ლი გრა­დი­ენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით – ოს­მო­სის გზით. მო­ხარ­შულ კარ­ტო­ფილ­ში ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხ­და­რა, რად­გან არა­ცოცხა­ლი უჯ­რე­დე­ბის პლაზ­მურ მემ­ბ­რა­ნა­ში ოს­მო­სი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

 

შე­ნიშ­­ნა:  შემდეგ ონლაინგაკვეთილზე  მოსწავლეებს შეუძლიათ  მოამზადონ პრეზენტაცია ჩატარებულ ცდე­ბზე და იმ­ს­ჯე­ლონ მი­ღე­ბულ შე­დე­გებ­ზე.

 

  1. აქტივობა „დაკვირვება ხორბლის აღმოცენებაზე“

 

წუთნახევრიან ვიდეოში ნაჩვენებია ხორბლის მარცვლის აღმონაცენის ზრდა-განვითარება, ჩანს ხორბლის მარცვლის გაღვივება. გაღვივებული თესლიდან ფესვის განვითარება, შემდეგ ღეროს განვითარება და მიწისზედა სივრცეში ამოსვლის შემდეგ ხორბლის ფოთლების ფორმირება და გამწვანება

 

 

 

 

 

მასწავლებელი ფილმის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს მიმართავს სამი შეკითხვით და მოსწავლეებს  სთხოვს, პასუხები შეიტანონ წინასწარ  დახაზულ სქემაში

 

გაღვივებული თესლი როგორია?

 

ხორბლის გაღვივებისას ფესვი უფრო ადრე

ვითარდება თუ ღერო?

 

როგორ იცვლება ღერო მიწის ზემოთ ამოსვლის შემდეგ?
 

 

 

 

   

 

დისტანციური სწავლება ყველა მასწავლებლისა და მათი მსმენელისათვის გამოწვევა და სიახლეა და  ეს სიახლე საინტერესო რომ გავხადოთ   ჩვენი მოსწავლეებისთვის,  განსხვავებული მიდგომების მოფიქრება გვიწევს.

როცა ბავშვები ქრებიან  

0

ის დროა, წაკითხული წიგნები რომ თავიდან უნდა წაიკითხო და დიდი ხნის წინ ნანახი ფილმები გაიხსენო. თუნდაც ჟაკ ტატის „ბიძაჩემი“, საყვარელი მესიე იულო და სახლი, სადაც ნივთების ხმაური ყველა ხმას ფარავს. ვიფიქრე, ამას ბავშვებიც სიხარულით ნახავენ-მეთქი და გამახსენდა, როგორ მიყვარდა სწორედაც არასაბავშვო ფილმების ყურება და რა სიჯიუტით, დაუოკებელი ცნობისმოყვარეობით ვნახე მიქელანჯელო ანტონიონის „წითელი უდაბნო“, ლუკინო ვისკონტის „როკო და მისი ძმები“, ფრანსუა ტრიუფოს „მეზობელი ქალი“…

მერე 90-იანების ცივი ოთახები დამიდგა თვალწინ, ოცი წუთით, ნახევარი საათით მოსული შუქი და ნაწილ-ნაწილ ნანახი ფილმები: ერთის დასაწყისი არ ვიცოდი, მეორის – დასასრული და გულში იმედს ვინახავდი, რომ სხვა დროს კიდევ გადავაწყდებოდი, გამორჩენილ ეპიზოდებს ვნახავდი. თავბოლომოწყვეტილ ამბებსაც მოჰქონდა სიხარული, თავბრუსხვევა, უცხო მიწაზე ფეხის დადგმის განცდა. უკვე სტუდენტი ვიყავი და ჩაკეტილი კარისთვის გასაღების მორგებას ვცდილობდი. ათასი ჩაკეტილი კარისთვის – ათასი გასაღების.

ერთი პატარა გოგოც გამახსენდა, მეგობრის სახლში რომ ვხვდებოდი ხოლმე. უფროსები ეუბნებოდნენ: „ახლა თვალებზე ხელები აიფარე“, „ახლა მეორე ოთახში გადი და იქ იყავი, სანამ არ დაგიძახებთ“. ასე ცდილობდნენ მის დაცვას ეროტიკული თუ პორნოგრაფიული სცენებისგან, სანამ ერთ საღამოს არ გამოაცხადა: ხმაზე მივხვდი, რომ დამთავრდა და ამიტომ გამოვედი ოთახიდანო. თვალებზე აფარებული, შეუმჩნევლად დაშორებული თითებიდან დასანახის დანახვაშიც კარგად უნდა დახელოვნებულიყო.

ამ ფიქრებმა კი ბოლოს ალიეტ ლეჟანდრთან მიმიყვანა, ლუის ბუნუელის გამქრალ გოგონასთან. „თავისუფლების აჩრდილის“ ერთ-ერთი სიურრეალისტური ისტორიის მთავარი გმირია – რვა წლის, 25 კილო, მეტრი და 27 სანტიმეტრი, ცისფერი პალტო, თეთრი წინდები და შავი ფეხსაცმელი აცვია. ამ სამყაროს ნაწილია და ცდილობს, ყველა დაარწმუნოს, რომ არსებობს, არსებობს, არსებობს. მის მშობლებს კი სკოლიდან ურეკავენ და ატყობინებენ, რომ ბავშვი გაქრა, გაუჩინარდა, იყო და აღარ არის. მასწავლებელმა სია რომ ამოიკითხა, ოცდაორი მოსწავლე იჯდა კლასში, ხუთ წუთში კი ალიეტი აღარსად ჩანდაო.

ბავშვებით სავსე კლასი. სკოლის დირექტორი სიას ხელახლა კითხულობს, უკვე მესიე და მადამ ლეჟანდრების თანდასწრებით. თვალებს ვერ ვუჯერებთ: გოგონა თავის ადგილას ზის, უფროსების ყურადღების მიქცევასაც ცდილობს, ამბობს, აქ ვარ, სულაც არ დავკარგულვარო, მაგრამ მას არც არავინ უსმენს და ვერც ვერავინ ამჩნევს. მეტისმეტად აფორიაქებულები არიან, დაკარგულის მოძებნის გზებს არჩევენ, შეშფოთებული, ზრუნვით მოქანცული ადამიანების სახეები აქვთ.

პოლიციაშიც ასეთივე გასაოგნებელი სცენაა. ალიეტი მშობლების გვერდით დგას, როცა ისინი მისი დაკარგვის შესახებ განაცხადებენ. უფროსების საუბარში ჩართვას მოინდომებს და პრეფექტი შეაჩერებს: ნებას რომ დაგრთავთ, მაშინ ილაპარაკეო. ცოტა ხანში გოგონას კითხვებს დაუსვამს, მონაცემებს ჩაინიშნავს, მისი პოვნის პირობას დადებს. და თოთხმეტი თვის შემდეგ იპოვის კიდეც. მანამდე კი გამქრალი ბავშვი ისევ მშობლებთან ცხოვრობს, ალბათ სკოლაშიც დადის და სიის ამოკითხვისას უწინდებურად პაუხობს: „ვარ“.

საგულისხმო ისაა, რომ ბუნუელის გოგონა სწორედ გაკვეთილზე ხდება სხვისი თვალისთვის შეუმჩნეველი. სასკოლო გარემო იდეალური ადგილია იმისათვის, რომ დაიკარგო, შენს ადგილას კი სიცარიელე გაჩნდეს. თუმცა უფროსები ყველგან ერთნაირები არიან – ვერ ხედავენ იმას, რაც დასანახია და მთელი ყურადღება არაარსებითზე გადააქვთ. რა თქმა უნდა, ბავშვის ბედი ადარდებთ, მაგრამ არც იმდენად, წლიდან წლამდე ჩამოყალიბებულ ჩვევებზე უარი თქვან, ყოველდღიური ყოფა ოდნავ მაინც შეცვალონ.

ბუნუელის ეს ფილმი თავიდან ვნახე და აღმოვაჩინე, რომ „თავისუფლების აჩრდილის“ აქ აღწერილი მონაკვეთი – ალიეტ ლეჟანდრის უჩვეულო გაქრობა – გულისცემას ისევ მიჩქარებდა. მთელი ეს აბსურდი სასაცილოდაც მეჩვენებოდა და თან რაღაც ისეთს მახსენებდა, რაც დიდი ხნის წინ დამევიწყებინა. საწუწუნო არაფერი გაქვს-მეთქი, ვუთხარი საკუთარ თავს. შენ გამჩნევდნენ, გეფერებოდნენ, გეთამაშებოდნენ, ლექსებს და ზღაპრებს გიკითხავდნენ-მეთქი. არაფერი გამოვიდა. ისიც ხომ მართალი იყო, რომ როგორც კი დიდების სამყაროში ბრუნდებოდნენ და სერიოზულ თემებზე იწყებდნენ საუბარს, მაშინვე ვქრებოდი, აღარ ვარსებობდი.

სკოლაშიც ასე იყო. ხან ვიყავი და ხან – არა.

 

სწავლება დოკუმენტური ფილმებით

0

სწავლა- სწავლების პროცესში  ფილმების გამოყენების სიკეთეზე  ხშირად წაგვიკითხავს.  მათ შორის, დოკუმენტური ფილმების სიკეთეებზე. დასაწყისშივე უნდა ვთქვა, რომ დოკუმენტალისტიკასთან შეხება დიდი ხანია არ არის, რაც მაქვს და მოყვარულის/მაყურებლის დონეზე ვიცნობ. ამჯერად  მის მნიშვნელობაზე ვისაუბრებ მასწავლებლის პერსპექტივიდან.

სრულიად შემთხვევით, მქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო 2019 წლის საერთაშორისო დოკუმენტური ფესტივალის (Cinedoc Tbilisi) ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში – Civil Pitch. პროექტი ითვალისწინებს კინორეჟისორებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაკავშირებას და მათი თანამშრომლობის ხელშეწყობას. პროექტის მიზანია, წარმოაჩინოს ისეთი თემები, რომლებსაც ნაკლებად ექცევა ყურადღება. მაგალითად, ეკოლოგია, ურბანიზმი, LGBTQ უფლებები, მიგრაციის საკითხები, რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხე, ნაციონალიზმი, ეთნიკური კონფლიქტები კავკასიის რეგიონში და მრავალი სხვა…

პროექტის პირველ ეტაპზე, შესაბამისი პროცედურის მიხედვით ხდება ორგანიზაციებისა და კინორეჟისორების შერჩევა და დაწყვილება. შემდგომ, ისინი მუშაობენ გარკვეულ თემატიკაზე (ჩემს შემთხვევაში, თომა ჩაგელიშვილთან ერთად ვმუშაობდით დოკუმენტურ ფილმზე მასწავლებლის შესახებ). ამას უკვე მოსდევს რამდენიმე დღიანი ტრენინგი საერთაშორისო ტუტორების მონაწილეობით. ეს ერთგვარი რეპეტიციაცაა ნამუშევრის წარდგენამდე, ანუ „ფიჩინგამდე,“ რომელიც საერთაშორისო ჟიურის წინაშე ხდება. საბოლოდ, ჟიური ავლენს რამდენიმე გამარჯვებულს.

მოკლედ რომ ვთქვა, მიუხედავად ჩემი ინტერესისა, ამ პროექტმა ჩემში დოკუმენტური ფილმების სიყვარული ერთი-ორად გაზარდა. წარმოიდგინეთ, 10-15 ორგანიზაცია და ამდენივე დოკუმენტალისტი, ტრეილერის სახით, ერთდროულად წარადგენს იდეას სულ სხვადასხვა თემატიკაზე. დამერწმუნეთ, საინტერესო პროცესია!

გამოხდა ხანი და 2020 წლის სექტემბერში ორ სკოლაში დავიწყე მუშაობა. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდგომ, გადავწყვიტე რომ ანალოგიური პროექტი სკოლაშიც დამენერგა. პირველად ეს კერძო სკოლა „ქორალში“ დავიწყე. ბუნებრივია, პრინციპი ცოტა სხვა იყო. ამ შემთხვევაში, დოკუმენტალისტებიც და ორგანიზაციების წარმომადგენლებიც თავად მოსწავლეები იყვნენ. უფრო კონკრეტულად, თითოეულ კლასში მოსწავლეები დავაჯგუფე, რის შემდეგაც ჩემთან კონსულტაციის შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა შეარჩია ფილმის თემატიკა. მხოლოდ შერჩევის პროცესი იმდენად საინტერესო იყო, რომ, დამერწმუნეთ, მასწავლებლისათვის ღირს ამის გაკეთება. მოვიყვან შერჩეული ფილმების რამდენიმე მაგალითს: ქართველები და ჩერნობილის კატასტროფა, ოკუპაცია, წეროვანის დასახლება, აფხაზეთის ომი, ადრეული ქორწინება, ცხოველთა უფლებები, ადიქცია, გენდერული თანასწორობა, ემიგრაცია, ქაოსური მშენებლობები, ქალაქის მეეზოვე.

თემატიკის შერჩევის შემდგომ, მათი მიზანი იყო, გადაეღოთ მოკლე 3-4 წუთიანი ფილმი (სინოფსისი). ბუნებრივია, მასწავლებლის მხარდაჭერა ამ პროცესში მნიშვნელოვანია. მაგალითად, ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად წავედით მარნეულში და შევხვდით ეროვნულ უმცირესობებს, სხვა ჯგუფებმა ჩაწერეს თემატური ინტერვიუები და ა.შ.

პროცესი გადასარევად მიდიოდა და ორი რეპეტიციის ჩატარება მოვასწარით. რეპეტიციების შემდგომ, ვგეგმავდით ფილმების ჩვენება დიდ აუდიტორიაში მშობლების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანდასწრებით გაგვეკეთებინა. ამჟამად, ამ ამბავმა დისტანციურად გადაინაცვლა.

რომ არ გამომრჩეს, გარდა პროექტის სახალისო ნაწილისა, ის ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარებისათვის. ამ პროექტით ისინი სწავლობენ არა ერთ, არამედ ყველა იმ საკითხს, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, რადგან რეპეტიციები და ჩვენებები ერთდროულად, ანუ დიდ ჯგუფში, კლასში ხდება. რაც მთავარია, ამგვარად ისინი სწავლობენ დამოუკიდებელ მუშაობასა და უვითარდებათ კვლევითი უნარ-ჩვევები.

დაბოლოს, ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა მოგახსენოთ, რომ დატვირთული ონლაინგაკვეთილების ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ დოკუმენტური ფილმები. საბედნიეროდ, ამ მხრივ არჩევანი ძალიან დიდია. საინტერესო ბაზა აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს. კიდევ უფრო გასახარია და, გარკვეულწილად ფუფუნებაა, რომ ფილმები ხელმისაწვდომია IDFA-ს (ამსტერდამის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი) ვებგვერდზეც. აქ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ 200-მდე ფილმი ონლაინრეჟიმში. არის როგორც მოკლემეტრაჟიანი ასევე სრულმეტრაჟიანი ფილმები.

უაღრესად საინტერესო მასალებია რადიო თავისუფლების ვებგვერდზე, რომლებიც შეიქმნა „3-წუთიანი ფილმების კონკურსის“ ფარგლებში. ამ შემთხვევაში, თემატიკა გენდერულ თანასწორობასა და ოჯახურ ძალადობას ეხება.

დაბოლოს, ჩემი საყვარელი – „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს“. როგორც მის აღწერაში ვკითხულობთ, ეს არის ფილმი სიყვარულზე, იმედგაცრუებაზე, ომსა და ოცნებაზე. ჩემთვის კი, ეს არის ფილმი ცხოვრების ტრაგიზმსა და აბსურდულობაზე. ეს იმ კატეგორიას მიეკუთვნება, აუცილებლად სანახავს რომ ეძახიან.

 

ვწერ მასწავლებლისთვის

0

ნინო ლომიძე, მასწავლებელი

 

ჩემს საქმიანობას სწავლა-სწავლება ჰქვია.

ეს პროცესი მომწონს. ის არ არის ერთფეროვანი. პირიქით, მრავალფეროვანია. საინტერესო, დატვირთული, ცვალებადი, სხვადასხვანაირი.

მე გავცემ და ამავდროულად ვიღებ. რამდენი რამ იციან ჩემმა მოსწავლეებმა და ამავდროულად მასწავლებლებმა, როგორ კითხულობენ და ახლებურად აღიქვამენ იმას, რაც მანამდე არაერთხელ წამიკითხავს.

ილიასგან შთაგონებული, „ანთებული სანთლის ეფექტს“ დავარქმევდი ამას. „ცოდნა ანთებულ სანთელს ჰგავს. ერთი სანთლით შეგიძლია ათას სხვა სანთელსაც მოუკიდო. ამით სანთელს არც ალი დააკლდება, არც სინათლე. პირიქით, იმატებს კიდეც, რადგანაც ერთის მაგიერ ათასი სხვა სანთელი იმასთან ერთად დაიწყებს ლაპლაპს“.

„mastsavlebeli.ge“ ის ადგილია, სადაც ჩემი ცოდნის, გამოცდილების გაზიარების საშუალება მაქვს და კიდევ უფრო მეტი ცოდნისა და გამოცდილების მიღების. აქ ვსწავლობ და ვასწავლი. ეს წრებრუნვა მხიბლავს.

მიყვარს ჩემი პროფესია.

მჯერა, რომ ამ პროფესიის ადამიანებს შეუძლიათ შეცვალონ ბევრი რამ უკეთესობისკენ.

აქ  კი ბევრი ასეთი გულანთებული ადამიანია. თავის საქმეზე შეყვარებული, ფუსფუსა და მშრომელი.

საინტერესო და საპასუხისმგებლოა მათთან თანამშრომლობა.

მნიშვნელოვანია აუდიტორია, ვისთვისაც მზადდება ჩემი თითოეული სტატია. ისე ძალიან მაინტერესებს ხოლმე, როგორ მიიღეს, რა გამოიყენეს, რა გამოადგათ, რის გაუმჯობესებას მირჩევენ.

ეს ფასდაუდებელი გამოცდილებაა.

 

ნინო ლომიძის წერილები

 

 

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს გაზიარება

0

გაზიარება არის აუცილებელი უნარი ბავშვების სოციალური, კოგნიტური და ემოციური განვითარებისათვის. სკოლამდელ წლებში განვითარებული გაზიარების ძირითადი ჩვევები შეიძლება გრძელვადიან პერიოდში გადაიქცეს ეფექტური კომუნიკაციისა და სოციალიზაციის უნარებად.

 

გაზიარება მხოლოდ სათამაშოს ან სხვა რომელიმე ფიზიკური ნივთის თხოვებას არ ნიშნავს. გაზიარება გულისხმობს სიკეთის უამრავ მოქმედებას, რისი მაგალითიც, საბედნიეროდ, პანდემიის პერიოდში არაერთი გვაქვს. უკვე უთხარით თქვენს პატარებს უცხო ადამიანების გაერთიანებამ სოციალურ ქსელში და მათ მიერ, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, გაზიარებულმა რესურსებმა რამდენი მოხუცი დააიმედა? ამ სიკეთემ ზოგიერთი მათგანი იქნებ გადაარჩინა კიდეც? და რამდენი პერსონალური სიხარული მოიტანა ამ ყველაფერმა მიმღების და გამზიარებლის გულებში? ასეთი ისტორიები არის შესაძლებლობა, თქვენს შვილებს რეალური მაგალითებით ასწავლოთ გაზიარების მნიშვნელობა.

 

თქვენ მუშაობთ დისტანციურად, უკან კი ფონად ისმის გაუთავებელი ხმაური, გიჭირთ ბავშვებთან კომუნიკაცია, გაღიზიანებთ მათი გამუდმებული კითხვები, საჭიროებები, სირბილი… ერთი სიტყვით, ნამდვილი ქაოსია. ახლა იგივე ქაოსი თქვენს საქმეში წარმოიდგინეთ. უამრავი ზარი, წაუკითხავი წერილები, ოფისის კარზე მუდმივი კაკუნი შეხვედრის თხოვნით… რას მოიმოქმედებდით ამ დროს?! პირველ რიგში, ალბათ კალენდარს გადაშლიდით, დღეებისა და საათების მიხედვით გაწერდით შესასრულებელი საქმეების სიას, თქვენს განრიგს გააცნობდით კოლეგებს და შედეგად ქაოსს წესრიგი ჩაანაცვლებდა. და დიახ, ასე მარტივად, დროსა და სქემებში გაწერილი გრაფიკი მუშაობს ბავშვებთანაც. ბავშვთა ფსიქოლოგი, მოლი გარნერი, ამბობს, რომ მეურვეების ემოციები კვებავს ბავშვების ემოციებს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია,  უფროსებმა ვიპოვოთ ჩვენში ძალა, დავაბალანსოთ საკუთარი ემოციები, გვქონდეს მაქსიმალურად განახლებული ინფორმაცია ჩვენი აღსაზრდელების საჭიროებებისა და განვითარების სტადიების შესახებ, რათა უფრო ორგანიზებული და მშვიდი გავხადოთ მათთან ერთად ყოფნის პერიოდი.
ადრეული ასაკის ბავშვებში გაზიარების სწავლება თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. არ არსებობს მეთოდი, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს ყველა ბავშვისთვის, თუ გჭირდებათ იდეები იმის შესახებ,  როგორ უნდა წახალისოთ და ასწავლოთ ბავშვებს გაზიარება, აქ მოცემულია რამდენიმე გამოცდილი ტექნიკა, რომელიც სკოლამდელი აღზრდის მასწავლებლებმა ათწლეულების განმავლობაში გამოიყენეს. მოდით, დავიწყოთ სულ თავიდან:

გაზიარებისთვის მზადყოფნა

გაზიარება გვასწავლის თანამშრომლობასა და გუნდურ მუშაობას. მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გაზიარებამ შეიძლება გაზარდოს ერთიანობა და განავითაროს მჭიდრო კავშირები. გაზიარების უნარი განვითარების ერთ-ერთი ეტაპია. დაახლოებით 2-7 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ იმის აღქმას, რომ სხვებს აქვთ განსხვავებული იდეები (ჟან პიაჟე, ერიკ ერიქსონი). ბავშვების უმეტესობა არც კი დაიწყებს გაზიარების არსის გაგებას მანამ, სანამ ვერ შეძლებს გააცნობიეროს, რომ სხვებს განსხვავებული აზრი და საჭიროებები აქვთ. მცირეწლოვანი ბავშვები ბუნებით ეგოცენტრულები არიან და უჭირთ თავიანთი ხედვის არეალის მიღმა სხვა ხედვების აღქმა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე ფიქრობენ. გაზიარების უნარის განვითარებას სჭირდება დრო და გამოვლენილი სიკეთის პოზიტიური განმტკიცება.

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გაზიარება არ ეხება მხოლოდ ფიზიკურ ნივთებსა და სათამაშოებს. გაზიარება ასევე ეხება დროს, გაცვლას და აქტივობების მონაცვლეობით კეთებას. პატარა ლიზიკო ელოდება მამას, როდის დაამთავრებს სადილის მომზადებას, რათა დრო დაუთმოს მისთვის საყვარელი წიგნის წაკითხვას. მან იცის, რომ ახლა მამა სხვა საკითხით არის დაკავებული, მაგრამ ამის დასრულების შემდეგ ლიზიკოსთან ერთად თამაშის ჯერი დგება. მეორე მხრივ, ჩვენც უნდა გვახსოვრეს, რომ ბავშვებსაც აქვთ პირადი სივრცე, მოთხოვნილებები და საჭიროებები, შესაბამისად, ხანდახან ჩვენც მოგვიწევს დაველოდოთ, როდის მოამთავრებენ სასურველ საქმიანობას და ყურადღებას მოგვაქცევენ.

 

შეინარჩუნეთ მეგობრული ტონი

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ადრეულ ასაკშივე გავაგონოთ წინადადებები, რომელშიც გაჟღერებული იქნება გაზიარების აუცილებლობა. მაგალითად: „ვიცი, როგორ გინდა ახლა ჩემთან ერთად ხატვა, მაგრამ ძალიან მჭირდება შენი დახმარება 30 წუთით, შეგიძლია შენი საყვარელი გასაფერადებლები გააფერადო, სანამ მე ვიდეო შეხვედრას მოვრჩები? … ვაჰ, რა კარგად მეხმარები!“; „ვიცი, რა რთული შეიძლება იყოს ლოდინი, მაგრამ მალე მოვა ერთად ცეკვის დრო“; თუ თქვენ განსხვავებული ასაკის ბავშვები გყავთ, შეეცადეთ ასწავლოთ ერთმანეთზე ზრუნვა და აჩვენეთ, რომ თქვენი ყურადღება ყველას მორიგეობით და საჭიროების მიხედვით ერგება. თუმცა, ეს გადაწყვეტილებაც ქმედების განხორციელებამდე მათთვის გასაგები ენით აუხსენით.

 

გუნდურ თამაშებს კარგი როლი აქვს გაზიარების უნარის განვითარებაში. მაგალითად, ერთად ააწყვეთ პაზლი, ითამაშეთ საბავშვო დომინო ან ლოტო. ასეთი თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ სვლების მორიგეობით გაკეთებას. ასევე, შეგიძლიათ ქრონომეტრით დაადგინოთ დრო სათამაშოების, თამაშებისა და მასალების გამოყენებისთვის. დაეხმარეთ ბავშვებს დროის თანაბარი ხანგრძლივობის განმავლობაში. ქრონომეტრი შეინახეთ სათამაშო ზონის არეალში ისე, რომ აღსაზრდელები შეჩვეულები იყვნენ მის გამოყენებას და მიზანს.

კარგი იქნება, თუ ეცდებით და ერთად გასატარებელი დროის წესებსა და აქტივობების განრიგზე შეთანხმდებით. გაზიარების წესები უნდა იყოს მარტივი და გასაგები. ყურადღება გაამახვილეთ გაზიარების ასპექტებზე, როგორიცაა ნივთების თხოვება, რიგრიგობით გადაცემა და ერთმანეთის დახმარება. ნება მიეცით თქვენს აღსაზრდელებს დაინახონ, რომ გამზიარებლურ ურთიერთობებში მონაწილეობენ სხვა უფროსებიც და რომ ეს ყოველდღიურობის ნაწილია. მაგალითად, საკვების, სხვადასხვა სახის დახმარების ან ნივთების შეთავაზება მასწავლებლებისთვის, ახლობლებისა თუ ნათესავებისთვის.

მართალია, თავიდან დიდი ენერგიის დახარჯვა მოგიწევთ და არ იქნება ადვილი, მაგრამ პოზიტიური გაძლიერებისა და მოთმინების საშუალებით ჩადებული ინვესტიცია მომავალში ძალიან გაგიმარტივებთ შვილებთან/აღსაზრდელებთან კომუნიკაციას.

სიტყვა, როგორც იარაღი

0

ცოტა რამ შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე ადამიანებს საკუთარი ხელების გვეშინოდეს. დიახ, ხელების! ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ინფექციის გავრცელების ყველაზე დიდი წყარო სხეულის სწორედ ეს ნაწილია. მეორე მიზეზი, რის გამოც ხელების შეიძლება გვეშინოდეს, კომპიუტერში ტექსტის აწყობაა – სწორედ ხელები  ასრულებენ ენის და ხორხის როლს, როცა ჩვენი თითები კლავიატურაზე დახტიან. თუ პირიდან ამოთქმულ სიტყვას იტყვი და ჰაერში გაიფანტება, დაწერილ-გამოქვეყნებული მრავალჯერ უფრო რეზონანსულია.

საქართველოში მასწავლებლებისა და მშობლების ურთიერთობა (მეტწილად) არც აქამდე იყო ჰარმონიული.  სკოლების დაკეტვის და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, პედაგოგებსა და მშობლებს სრულიად უჩვეულო რეალობაში გვიწევს დაკისრებული მოვალეობების შესრულება. არცთუ საიმედო ეპიდსიტუაციის და მაღალი სტრესის მიუხედავად, ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ; ისე მოხდა, რომ უნდა ვაკეთოთ უფრო მაღალი ხარისხით, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. შესვენებების და სამუშაო საათების შეზღუდვის გარეშე.

ამ მოცემულობაში, როცა ეპიდემიოლოგები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ; როცა სახლი სკოლაა და სკოლა სახლია; როცა ერთი ადამიანი ერთ სივრცეში და ერთდროულად ითავსებს მშობლის, თანამშრომლის, დამლაგებლის, მომმარაგებლის, კულინარის, კონდიტერის და სხვადასხვა როლს; როცა ადამიანებს უჭირთ ემოციების ვენტილაცია, ნერვები წამოშლილია, ახალი საქმე კი არ იცდის, კონფლიქტების და უკმაყოფილების რისკები ერთიორად იმატებს.

დისტანციური ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. არის მთელი რიგი საკითხები, რაც სასურველია, გათვალისწინებული იყოს პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების ურთიერთობაში. მით უფრო, როცა პირისპირ და საჯარო შეხვედრები ვერბალურმა და წერითმა კუმუნიკაციამ ჩაანაცვლა, ამ უკანასკნელთ კი თავიანთი განსაკუთრებული ხასიათი აქვთ.

მოკლედ შევეხები საკითხებს, რისი გათვალისწინებაც მშობლებსა და მასწავლებლებს სავალდებულო დისტანციურ ურთიერთობას გაუადვილებს.

განათლება VS ემოციური უსაფრთხოება

არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მიზანი, უწყვეტი განათლება მივცეთ ბავშვებს, ნამდვილად კეთილშობილურია, მაგრამ მსოფლიო უფრო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ადამიანები, პირველ რიგში, უნდა გადავრჩეთ. თუ ატყობთ, რომ თქვენს მოსწავლეს, მასწავლებელს ან მშობელს მიმდინარე მოვლენების გამო სტრესი აქვს, ვერ ახერხებს ჩაერთოს დისტანციური სწავლების პროცესში, ამის გამო აყალმაყალის ატეხვა არ ღირს. ადამიანების ემოციური უსაფრთხოება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე განათლების ხარისხი. მივცეთ დრო, რათა შეძლონ აუწყონ ფეხი ახლებული სწავლების აღმართს.

 

მშობელთა მონაწილეობა დისტანციური სწავლების მეთოდის შერჩევაში

შედეგზე ორიენტირებული სწავლების გეგმაში მშობლებთან დიალოგს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება.  მოსწავლეთა მშობლების აქტიური და რეგულარული მონაწილეობის გარეშე დისტანციური სწავლება შედეგს ვერ გამოიღებს. პირველ რიგში, აუცილებელია, სკოლამ და მასწავლებლებმა გამოკითხონ მოსწავლეთა ოჯახები, თუ რა ტექნოლოგიური უნარები და შესაძლებლობები აქვთ და ამის მიხედვით შეარჩიონ  დისტანციური სწავლების მეთოდები. მათთან, ვისაც არ აქვს წვდომა მაღალტექნოლოგიებზე, გამოიყენონ კომუნიკაციის ნაცადი ინსტრუმენტები, მაგალითად ტელეფონი.

 

როგორი უნდა იყოს მასწავლებლისა და მშობლის სატელეფონო საუბარი?  

  • საუბრის დროს არ იჩქაროთ. გაითვალისწინეთ, რომ სატელეფონო საუბარი არ არის სრულყოფილი კომუნიკაცია. მოკლებულია სხეულის ენას: სახის მიმიკებს, ჟესტიკულაციას, მანერებს, ემოციებს, მზერას, შეხებას, გარეგნობას.
  • მთელი ყურადღება გაამახვილეთ ხმის ტემბრზე. თანამოსაუბრე უნდა გრძნობდეს, რომ თქვენ ზრუნავთ და არ აკონტროლებთ.
  • დირექტიული ტონი მიზნის მიღწევაში ვერ დაგეხმარებათ. მეტიც, არსებობს რისკი, რომ გამოიწვიოთ თანამოსაუბრის გაღიზიანება.
  • იზრუნეთ, რომ დისკომფორტს არ გიქმნიდეთ მობილური ტელეფონის ეკრანზე ერთმანეთის ნომრის დანახვა.
  • გააოცეთ ერთმანეთი – სულ ერთი წუთით დაურეკეთ მშობელს/ მასწავლებელს, მაშინ, როცა ყველაფერი იდეალურად არის და უთხარით მადლობა გაწეული სამსახურისთვის.

 

წერითი კომუნიკაცია მასწავლებელსა და მშობლებს შორის:

  • სიტყვებს წერითი კომუნიკაციის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ისინი ინფორმაციის გადაცემის ერთადერთი საშუალებაა.
  • იზრდება ზრდილობის ნორმების დაცვის მნიშვნელობა, რადგან კომუნიკაციის ეს ფორმა კიდევ უფრო მეტად არის მოკლებული ურთიერთობის სურყოფილების ელემენტებს, მათ შორის, სხეულის ენას, ხმის ტემბრს და ინტონაციას.
  • სასურველია, წერისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს გამოხატვის სიცხადეს; არ უნდა იქნეს გამოყენებული ბუნდოვანი გამოთქმები და ორაზროვანი სიტყვები, რადგან სხვა ადამიანს დრო სჭირდება იმის დასაზუსტებლად, თუ რას გულისხმობთ თქვენ.
  • გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ფორმით გაგზავნილი წერილი არის ფიქსირებული დოკუმენტი.
  • მოერიდეთ წერილობით კომუნიკაციას საკამათო საკითხებზე, რადგან არსებობს გაუგებრობის გაღრმავების რისკი.
  • წერილობით გაგზავნილი შეტყობინება არ არის ეფექტური, თუ თანამოსაუბრისგან სწარაფ პასუხს ან რეაგირებას ელით.

 

მშობელთა კრება Online

  • არ მოაწყოთ ვიდეო განხილვები საკამათო საკითხებზე.
  • სასურველია, admin ფუნქციას ფლობდეს პედაგოგი.
  • წინასწარ გააცანით მშობლებს ვიდეოშეხვედრის წესები, განრიგი და რეგლამენტი.
  • დაიცავით პერსონალური მონაცემები, მაგალითად, გააკეთეთ ღია განაცხადი, რომ დაუშვებელი და არაეთიკურია ვიდეოშეხვედრის ჩაწერა და მისი გასაჯაროება.
  • მიეცით მშობლებს აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.
  • თუ რომელიმე საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, გამოიყენეთ გამოკითხვის ფუნქცია და სადაო საკითხები ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეთ.
  • სასურველია, ვიდეო შეხვედრის დასასრულს, მასწავლებელმა შეაჯამოს დისკუსიის შედეგები და გააცნოს მშობლებს უახლოესი მომავლის გეგმები.
  • სასურველია, პედაგოგს მზად ჰქონდეს შეფასების ანონიმური კითხვარის ბმული, მაგალითად, google form-ში, რომელსაც ვიდეოშეხვედრის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ მშობლები შეავსებენ. ეს დაეხმარება მასწავლებელს, გაზომოს, ერთი მხრივ, მშობელთა ღიაობა, მეორე მხრივ, განსახილველ საკითხებზე მოისმინოს მშობელთა რეალური მოსაზრებები.

 

ახლა, როცა უიმედობის შიშს დედამიწა ხელში უჭირავს, სახლებში გამოკეტილი ადამიანებისთვის სიტყვები შეიძლება ყველაზე ბასრი იარაღი იყოს, რაც კი გაგვაჩნია. არ დავივიწყოთ, რომ დისტანციური სწავლა მხოლოდ დროებითი მოვლენაა.

Covid 19 ჩაივლის…

ჩვენ კი ისე ნუ ვიზამთ, როცა ვირუსი გაგვეცლება, ერთმანეთს თვალი ვერ გავუსწოროთ.

მაპატიეთ, მაგრამ ავად გავხდი

0

მოულოდნელი კატასროფების შემთხვევაში, ადამიანების ქცევა უკონტროლო და რადიკალური ხდება. ომის მოლოდინში განწყობის კონტროლი შესაძლებელია, თვითმფრინავში მჯდომი ადამიანი სადღაც გულის სიღრმეში კიდევ უშვებს აზრს, რომ შესაძლებელია მიწაზე ფეხი ვეღარასოდეს დადგას, ფლორიდაში წამოკოტრიალებულმა რუჯის მოყვარულმა ადამიანმა იცის, რომ შესაძლოა რომელიმე კატრინა, ელიზაბეტი, მართა, ირმა (ამერიკელმა მეტეროლოგები ქარიშხლებს ცოლებისა და სიდედრების სახელებს არქმევენ ხოლმე) დაატყდეს თავს, მაგრამ არც ერთ სოლოლაკელს თავში აზრადაც არ მოუვა, რომ მაგალითად მთაწმინდა შეიძლება ერთ მშვენიერ დღესაც ცხელი შოკოლადივით ჩამოიღვაროს და გადაეფაროს ქალაქის ცენტრს. ასეთისთვის მზად არ ვართ.

Covid 19-იც რაღაც მსგავსი უცნაური გამოწვევა აღმოჩნდა მსოფლიოსთვის. თითქოს ყველამ ვიცოდით, რომ ეს ოხერი ვირუსები ყოველ წელს ახალი ფორმით გვახსენებენ თავებს, ვიცოდით, რომ გლობალური პრობლემებიც არსებობს, გეიტსები და WHO-ს ეპიდემიოლოგები ფართომასშტაბიან ვირუსულ შემოტევას წინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ კაცობრიობა მაინც დაბნეული დახვდა ამ გამოწვევას და დედამიწა უბრალოდ გაშეშდა მასობრივი საფრთხის წინაშე.
ადრეც ვწერდი, მაკედონელი ჯარისკაცებს შემდეგნაირად ახარისხებდა-მეთქი: მშიერი ლომის წინ გაატარებდა სამხედრო ნაწილს და ვინც ფითრდებოდა, მათ უკანა ხაზში ტოვებდა, ვინც წითლდებოდა – უშვებდა საბრძოლველად ყველაზე რთულ დავალებაზე. რატომ? – გაფითრებული ადამიანი თურმე უცაბედი შიშის დროს მოქმედების უნარს კარგავს და სანამ გონს არ მოეგება, უბრალოდ გადაადგილებაც შეიძლება გაუჭირდეს, გაწითლებული კაცი კი მეტწილად ემოციურად და ინსტიქტით მოქმედებს და თავდაცვის ეს უნებური სურვილი, თვითგადარჩენის გაუაზრებელი წყურვილი ქმედებისკენ უბიძგებს მას.

დედამიწა ამ თავსდამტყდარი უბედურების ჟამს თითქოს გაფითრდა. ყველა სახელმწიფო გაშეშდა, ადამიანები დაიბნენ და შიშმა მოიცვა კაცობრიობა და ამ გლობალური შიშის პირობებში, მაკედონელის ჯარის გადახარისხების სტილი გამახსენდა უცებ – ნაწილი ჩვენგანი პირველივე დღეს გავარდა პროდუქტისა და პირველადი მოხმარების საგნების მოსამარაგებლად, ნაწილს ამისთვის რამდენიმე დღე დაჭირდა.

და მაინც, დარჩნენ ადამიანები, ვინც კრიზისულ სიტუაციაში მშვიდად და აუღელვებლად მოქმედება მოუწიათ. ასეთები ძირითადად ის ხალხი იყვნენ, ვისაც ნებით, თუ უნებლიედ სხვაზე ზრუნვა მოუწიათ ან ეს საკუთარი სურვილით აირჩიეს. სხვაზე ზრუნვა სწორედ გაწითლების ის მომენტია, როცა ადამიანი მოქმედებით ცდილობს თავდაცვას და ამით სხვასაც რგებს და თავსაც.

სწორედ სხვაზე მზრუნველმა ცნობილმა ადამიანებმა, COVID-19-ის მსოფლიო პანდემიად გამოცხადების პირველივე დღეს იგუმანეს ან იწინასწარმეტყველეს, რომ ამ ვირუსს, რამდენიმემილიონიან დაინფიცირებულ და ათასობით გარდაცვლილ ადამიანთან ერთად ექნებოდა ერთი დიდი და უკიდურესად სახიფათო შედეგიც.

თითქოს რა უნდა იყოს ადამიანის სიკვდილზე ფატალურიო, იკითხავს მავანი და თუ პათეტიკური ნაწერი არ გამომივა, ვიტყოდი: ის, რასაც ადამიანი უნდა უფრთხოდეს – „თანაგრძნობის გაქრობა“.

დიახ, მსოფლიოს ბევრმა ჯანსაღად მოფიქრალმა ადამიანმა იწინასწარმეტყველა, რომ ეპიდემიას, როგორც ადიდებულ მდინარეს ნაფოტები, გამოყვებოდა დისკრიმინაციისა და სტიგმატიზაციის უამრავი ფორმა და ეს ფორმები საზოგადოების შავ-ბნელ მხარეებს უცბად გამოაჩენდა.

სოციალური სტიგმა, რომელიც დაავადების შიშმა და შფოთვამ შეიძლება გამოიწვიოს, არახალია. სწორედ ასეთი სტიგმები იყო შავი ჭირის ებრაელებისთვის დაბრალება (ცნობილია, რომ ევროპაში, ებრაულ თემს შორის ეპიდემია არ გავრცელდა, რადგან ეს უკანასკნელნი „განწმენდის“ რიტუალს იცავდნენ და ხელ-ფეხთბანვის რელიგიური წესი ჭირსგან დაცვაში უნებურად დაეხმარათ).

სტიგმა შეიძლება გაჩნდეს, როგორც ადამიანების, ასევე ადგილებისა და ნივთების მიმართაც. სტიგმა იჩენს თავს კონკრეტული ეროვნების, რელიგიური ჯგუფების, აღმსარებლობის ადამიანების სახელის გაგონებაზე.

ცნობილია, რომ ბევრ განვითარებულ ქვეყანაში, ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებში ჩინური წარმოშობის ადამიანების მიმართ წარმოუდგენელი ზიზღი და აგრესია გაჩნდა. მსგავსი ფაქტები მოხდა, სამწუხაროდ საქართველოშიც.

ეს ირაციონალური შიშის სხვაზე გადაბრალება ბუნებრივი და ლოგიკური ამბავია და ფსიქოლოგები სწორედ ამ ირაციონალური განწყობების გააზრებას და თავიდან მოშორებას გვირჩევენ, ჩვენივე მენტალური უსაფრთხოების გამო, რაც ნებისმიერ კრიზისულ ვითარებაში ასე აუცილებელია.

სტიგმა გაჩნდა იმ ადამიანების მიმართაც, ვინც საერთაშორისო მოგზაურობებიდან დაბრუნდნენ. ასეთ ხალხს, ზოგიერთი ჩვენგანი ზიზღითაც კი მოიხსენიებდა „რა ემოგზაურებოდა“, „მაგათ შემოგვიტანეს“, „დარჩეს ყველა გარეთ, მთავარია ჩვენ გადავრჩეთ“ და სხვა. მეტიც, ზოგიერთმა სახელმწიფომ (წუხელ ვუყურებდი რუსეთის ფედერაციის მიდგომას) თავად იტვირთა სტიგმის კანონმდებლის ფუნქცია და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოფრენილ ადამიანებს, როგორც უდიდესი რისკის შემცველ პოტენციურ ბომბებს, პირდაპირ ეთერში და საჯაროდ „ამუნათებდნენ“. მათი სახეები ჯერ ქუჩებში არ გაუკრავთ წარწერით Wanted, მაგრამ სახის ამომცნობის პროგრამით კი ემუქრებიან ყველას, ვინც მათთან მიახლოებას გაბედავს. მოკლედ, ავტორიტარულმა რეჟიმებმა დრო იხელთეს და გაინავარდეს.

უცნაური და თვითსტიგმატიზაციის ფორმები დაფიქსირდა ბევრ ქვეყანაში, როდესაც გამოჯანმრთელებული ადამიანები თავს დამნაშავედ გრძნობდნენ იმის გამო, რომ დააავადნენ და ვირუსის გავრცელების წყაროდ თავადვე იქცნენ. სტიგმის ქვეშ აღმოჩნდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვისაც რისკჯგუფებთან შეხება უწევდათ რომ აღარაფერი ვთქვათ, აეროპორტში მომუშავე ადამიანებზე და მაღაზიის კონსულტანტებზე, სტიგმატიზირებულნი იყვნენ ექიმებიც კი (თავდაპირველად მაინც, სანამ მსოფლიო მათ ტაშს დაუკრავდა), რადგან ვირუსის გავრცელების მაღალ რისკ ჯგუფში ისინიც მოიაზრებოდნენ.

ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღეებში, ვირუსის შესახებ გახსნილ ათობით ჯგუფიდან რომელიღაცაში დაწერეს, მეზობელი მღვდელი შემხვდა ლიფტთან და პირველად შემეშინდა მასთან ერთად დახურულ სივრცეში აღმოჩენისო.

სხვადასხვა საიტებზე, ფსიქოლოგები გვირჩევენ ჩვენი განცდები და ემოციები პოტენციურად სტიგმატიზირებულ ჯგუფებზე ღიად გავუზიაროთ სხვებსაც, რათა ასე დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საერთო გაჭირვების ჟამს შეიძლება ფიზიკურად ან ემოციურად გარიყულები აღმოჩნდნენ ჩვენ მიერ.

დაავადებულებმა არ უნდა იფიქრონ, რომ მათი ბრალია ის, რომ რაღაც ვირუსი შეეყარათ, არ უნდა სცადონ დამალონ ეს ფაქტი და ამით უარეს საფრთხეში არ უნდა ჩააყენონ სხვა ადამიანები. სნეულების რისკის ქვეშ აღმოჩენილმა პიროვნებებმა ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნონ და არა იმაზე, თუ რას იტყვიან მასზე ის ადამიანები, ვისაც ნებით თუ უნებურად მასთან შეხება მოუწიათ.
„დარჩი სახლში“ არ უნდა იქცეს „დაგდებულიყო სახლში“ ტერმინად და ვირუსთან ბრძოლა შიშის გარეშე, ინფორმირებულობით უნდა გაგრძელდეს.

ნებისმიერი არასწორი ინფორმაციის გაზიარება, ცრუ ფოტოების გავრცელება, ზიზღისა და აგრესიის შემცველი აზრების საჯაროდ თქმა სტიგმატიზირებული ჯგუფების მიმართ რისკის გაზრდას ემსახურება.

ხშირად გადავუხადოთ მადლობა იმ ადამიანებს, ვინც დროულად დაფიქსირდა მედ პუნქტში, ვინც ჩვენთვის შრომობს მიკროფონითა თუ ნიჩბით, საზღვარზე თუ საავადმყოფოში, საცხობში თუ დისტანციურად ნაყიდი საკვების მოწოდებისას.

ერთხელაც, შეიძლება ეს უცნაური ვირუსი ჩვენ სხეულშიც აღმოჩნდეს და 14 დღიანი კარანტინის შემდეგ, არასოდეს დაგვავიწყდეს როგორ გვატკინეს გული უაზრო და უნებური სიტყვითა თუ ქცევით ჩვენთვის სრულიად უცნობმა და ძალიან ახლობელმა ადამიანებმა.

კოლბაში ვერავინ ვიცხოვრებთ, გვირგვინოსან ვირუსსაც დაამარცხებს კაცობრიობა. ადამის დღიდან არ ყოფილა არ გაგვემარჯვა ყველაზე უთანასწორო ბრძოლაშიც კი. ყველა უბედურება გადაივლის, უარესსაც გადაუვლია და იქნებ უფრო რთული დროც დადგეს,  მაგრამ ადამიანებმა სწორედ ასეთ ვითარებაში უნდა გამოვიყენოთ ბუნებისგან ნაბოძები დრო ფიქრისთვის და არა ნერვიულობისათვის მთავარი ადამიანური ჭირი თუ ვერ მოვიხადეთ, ეს ვირუსი შიგნიდან გამოგვხრავს და შეგვჭამს.

სიფრთხილე გვმართებს, ვისაც ვამუნათებთ, მათი ფეხზე წამოსაყენებლები არ ვიყოთ.

მასწავლებელი ცვლილებების პირისპირ

0

დროდადრო, არსაიდან, კითხვების კორიანტელი აიშლება  ჩემს გონებაში: „რა იქნება მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა დასრულდება?.“ „შევძლებ თუ არა ჩვეული საქმიანობების გაგრძელებას?“ უიმედობაც მსტუმრობს  ალაგ – ალაგ: „რა მეშველება?,“ „მომავალი უიმედოა.“ ზოგჯერ მცირეწლოვანი ბავშვივით თვალებზე ხელის აფარების სურვილი მიპყრობს, თითქოს, თვალებზე ხელის აფარება იმ სინამდვილესაც გააქრობს, რომელშიც ახლა ვარ.

ამ მდგომარეობას შეგუება ეწოდება. შეგუების აუცილებლობა ჩვენ წინაშე მაშინ დგება, როდესაც სტრესული გარემოებების პირისპირ აღმოვჩნდებით. თითოეული დღე მოიცავს, ე. წ., სტრესული გარემოებების ერთობლიობას, რომელთაგან უმრავლესობას, ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ. ანუ, ჩვენი აზრები, ემოციები და ქცევები შეგუებულია ყოველდღიურ გამოწვევებს, ხოლო, დროთა მანძილზე, ჩვეული ცხოვრების წესი ჩვენგან ნაკლებ და ნაკლებ ძალისხმევას ითხოვს გამოწვევებთან გასამკლავებლად. მაგალითად, თქვენ პირველად მიდიხართ ახალ სამსახურში. რა თქმა უნდა, მეტად გაფაციცებული ხართ, აკვირდებით თანამშრომლებს, ფიქრობთ შთაბეჭდილებაზე, რომელსაც სხვებზე დატოვებთ, რამდენად კეთილგანწყობილნი არიან თქვენდამი თანამშრომლები, იკვლევთ გარემოს: სად შეგიძლიათ, შესვენებაზე ისადილოთ? არკვევთ, როგორ შეგიძლიათ დაბრუნდეთ სახლში ახალი სამსახურიდან. დროთა მანძილზე, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სახლიდან გასვლამდე ოთახის საგულდაგულოდ დალაგების სურვილზე უარი თქვით, რადგან მეტად მნიშვნელოვანი სამსახურში დროულად მისვლა გახდა. ეს ყველაფერი შეგუების გზაა: როდესაც  ჩემი ცხოვრების ჩვეულ წესრიგს ისეთი ახალი გარემოება მირღვევს, რომელიც ჩემ წინაშე ცვლილების აუცილებლობას წარმოქმნის. მე კი ვცდილობ, ახალ გარემოებებს შევეგუო: რაღაც გავაკეთო ან რაღაც აღარ გავაკეთო იმისათვის, რომ სიახლესთან გამკლავება შევძლო.

დისტანციური სწავლება მასწავლებლების წინაშე შეგუების აუცილებლობას წარმოქმნის. „რაზე ვთქვა უარი იმისთვის, რომ მოვასწრო ონლაინ სწავლებისთვის გაკვეთილის თემის მომზადება?,“ „რა ვიცი, რა არ ვიცი იმისთვის, რომ ონლაინ – სწავლების ფორმატს შევუსაბამო ჩემი პრაქტიკა?“ გარდა ამისა, მასწავლებლებზეც, როგორც ყველაზე, ზემოქმედებს ის ცვლილებები, რომლებიც, ბოლო ერთი თვის მანძილზე, საკმაოდ სწრაფად და ხშირად ხდება.

ვფიქრობ, შეგუებაში ხელის შემშლელი რწმენების განხილვა მასწავლებლებს საშუალებას მისცემს, იზრუნონ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რომელიც ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია და სწორედ მას ეყრდნობა კეთილდღეობის შენარჩუნება და საქმიანობის ნაყოფიერად გაგრძელების შესაძლებლობა.

  • ღელვა, როგორც ბუნებრივი პასუხი არსებულ გარემოებებზე – თუ თქვენ თავს შეახსენებთ, რომ ღელვა ამ მდგომარეობასთან შეგუების განუყოფელი ნაწილია, ის ნაკლებად შემაწუხებელი გახდება.
  • ღელვისა და შფოთვის კონტექსტის გაგება და მისი საფუძვლის აღიარება – შეგვიძლია, საკუთარი თავი ასე დავამშვიდოთ: „შენს შფოთვას აქვს ახსნა. მე მესმის, რომ შენ შფოთავ იმ გარემოებებისგან გამომდინარე, რაც ახლაა ირგვლივ“. ასეთი შინაგანი დიალოგი საშუალებას მოგცემთ, არ დაგავიწყდეთ შფოთვის კონტექსტი.
  • სოციალური მედიით სარგებლობის შეზღუდვა – რამდენიმე დღის წინ, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ გამოაქვეყნა კვლევის შეჯამება, რომლის თანახმადაც სოციალური მედიის გამოყენება გაცილებით ძლიერ შფოთვას უკავშირდება, ვიდრე – მასობრივი ინფორმაციის ტრადიციული წყაროების გამოყენება.
  • სასიამოვნო და კმაყოფილების აღმძვრელი საქმიანობებით დღის დატვირთვა –სიამოვნება უსარგებლოდ ხომ არ მიგაჩნიათ? იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ სიამოვნების განცდა უსარგებლოა, დაფიქრდით, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს თანმხლები სიამოვნების განცდის ან გემრიელი საკვებით დროდადრო თავის წახალისების გარეშე? შეგიძლიათ, თქვენს თავს შეახსენოთ, რომ სიამოვნების განცდა ადამიანის ქცევის ერთ – ერთი ძლიერი მამოძრავებელია და მას დღის მანძილზე, განსაზღვრული დრო უნდა დავუთმოთ.
  • ნაყოფიერი ღელვა – კონკრეტული პრობლემის კონკრეტული ნაბიჯებით გადაჭრაზე ორიენტირება, ერთი მხრივ, გაგავარჯიშებთ გადაწყვეტილების მიღება – აღსრულებაში, მეორე მხრივ, გაგიძლიერებთ უნარიანობისა და შედეგის განცდას, რაც თავის მხრივ, განსაზღვრულობის განცდას აძლიერებს.

მაგალითად, თქვენ გიჭირთ ონლაინ – სწავლების რომელიმე თავისებურების გაგება. განვლილი გაკვეთილის მანძილზე აღმოაჩინეთ, რომ საშინაო დავალების შეფასების ონლაინ – ფორმატის თავისებურებებთან შესაბამება გაგიჭირდათ. სცადეთ შემდეგი კითხვების დასმა:
ა) რას ნიშნავს საშინაო დავალება ონლაინ – ფორმატში?

ბ) რამ შემიშალა ხელი საშინაო დავალების წარმატებით შეფასებაში?

გ) რა შემიძლია, შევცვალო საშინაო დავალების წარმატებით შეფასებისთვის?

დ) რომელი ტექნიკური მახასიათებლები უნდა გამოვიყენო იმისათვის, რომ გაკვეთილის მიმდინარეობა მის მიზანს შეესაბამებოდეს?

  • ძილის რეჟიმის დაცვა – ასეთ ვითარებაში, მარტივია, ძილის რეჟიმის არევა. თუმცა, სასურველია, ისეთი აქტივობებით დატვირთოთ დღე, რომელიც დღის მანძილზე უნდა შეასრულოთ და ღამით მათი შესრულება გაგიჭირდებათ. ეს იმის ალბათობას გაზრდის, რომ ღამით დაიძინებთ.
  • ახალი განრიგების შექმნა – მაგალითად, ქაღალდზე ნაბეჭდი, ყვითელი, სურნელოვანი წიგნი ბოლოს როდის წავიკითხეთ? ან, ლოგინში მყუდროდ ჩამთბარი ბოლოს როდის ვეკირკიტებოდით რთულ, მონუმენტურ ტექსტებს? თუ ეს საქმიანობა მოგწონდათ, გაიხსენეთ. თუ, მაგალითად, ქოთნის ყვავილები გყავთ, რომელსაც ამ დრომდე არ გაკარებიხართ ან მხოლოდ წყლის დასხმით შემოიფარგლებოდით, შეგიძლიათ, სხვაგვარად მოაწესრიგოთ. მაგალითად, გაუწმინდოთ მტვრისგან ფოთლები და ა. შ. ზოგჯერ აღმოჩნდება, რომ ისეთი აქტივობები, რომლებიც “ჩვენად” არ მიგვაჩნდა, ძალიან სასიამოვნო და სახალისოა.
  • დახმარებისა და მხარდაჭერის ძიება − იმისათვის, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ, შემიძლია, გითხრათ, რომ Instagram – ის მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისი სულ რამდენჯერმე მინახავს, ხოლო, მაგალითისათვის, სოციალური ქსელის – TikTok – ის შესახებ მხოლოდ შორიდან მსმენია. ვაცნობიერებ იმას, რომ ზოგიერთი ტექნოლოგიური სიახლის ისე მარტივად გაგებას ვეღარ ვახერხებ, როგორც ადრე. ეს, ნაწილობრივ, იმაზეა დამოკიდებული, რომ ზემოთ დასახელებული სოციალური ქსელებით არ ვსარგებლობ. თუმცა, ისინი ადამიანებისათვის ინფორმაციის მიწოდებისათვის იმდენად მნიშვნელოვანი საშუალებებია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც კი გადაწვიტა, TikTok – ის სივრცეში განეთავსებინა COVID – 19 – ის პრევენციის თუ მკურნალობის შესახებ მოკლე ვიდეორგოლები. ბუნებრივია, ყველა ტექნოლოგიურ სიახლეს ერთბაშად ვერ ავუღებთ ალღოს. ეცადეთ, ამის გამო, საკუთარი თავისადმი გამკიცხავი დამოკიდებულების ნაცვლად, ისეთ ადამიანებს მიმართოთ, ვინც უკვე გაერკვა ონლაინ – სწავლების თავისებურებებში. მართალია, შესაძლოა, ზოგჯერ გვიჭირს იმის აღიარება, რომ რაღაც ვერ გავიგეთ ან დახმარება გვჭირდება, თუმცა, ეცადეთ, ერთი მხრივ, საკუთარ თავს შეახსენოთ, რომ ბუნებრივია, სიახლეებს ერთბაშად ვერ ვითვისებდეთ და, მეორე მხრივ, ადამიანებს კონკრეტულ სიტუაციებში გვჭირდება ერთმანეთის დახმარება და ახლა სწორედ ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება იმისათვის, რომ სიახლეებს შევეგუოთ.
  • მიღწევისა და გასაუმჯობესებელი უნარების აღრიცხვა − ხშირ შემთხვევაში, იმდენად დაკავებულნი ვართ, ერთი მიღწევიდან მეორე მიღწევისკენ ისე ვინაცვლებთ, საკუთარი თავისთვის რამდენიმე თბილი სიტყვის თქმაც კი გვავიწყდება. ზოგჯერ იმასაც კი ვერ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი მიღწევებით კმაყოფილნი ვართ. კმაყოფილების განცდის გაუფასურება, მისი არსებობისა და მისი მნიშვნელობის უარყოფა, მისი განცდისთვის საკუთარი თავის გაკიცხვა („რა გიხარია?,“ „რა გააკეთე ისეთი?“) ხელს გვიშლის ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვნების გაცნობიერებაში. იმ შემთხვევაში, თუ დღეს თქვენ ონლაინ – სწავლებაში დაოსტატებას ერთი ნაბიჯით დაუახლოვდით, ნუ დაინანებთ საქებარ სიტყვებს თქვენი თავისთვის. ეს საშუალებას მოგცემთ, დღევანდელი წინსვლა შეადაროთ გუშინდელს და ხვალინდელს. აქედან გამომდინარე კი, ნათლად დაინახოთ, რომ ვითარდებით და რა გიშლით ხელს განვითარებაში.

ბოლოს…

  • ჩვენი აზრები ყოველთვის სწორად არ ასახავს რეალობას − თითოეული ჩვენგანი, მათ შორის, მასწავლებლებიც, ვშფოთავთ იმ მომავალზე, რომელიც წინ გველის. ეს ბუნებრივია. შეგუება იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენი გონება ბევრ ისეთ მოლოდინს ქმნის, რომელთაგან ნაწილი შეიძლება გამართლდეს, ნაწილი კი – არა. თუმცა, თუ ჩვენს თავს შევახსენებთ, რომ წარმოსახულს შორის ყველაზე უარესიც კი მაინც ჩვენი გონების ვარაუდია, შევძლებთ განუსაზღველობის მიერ აღძრული შფოთვა დავძლიოთ და მომავალში დაზოგილი ძალებით შევაბიჯოთ.

სკოლის და ოჯახის ახალი გამოწვევები და პრიორიტეტები, რომლებიც უნდა გადაიხედოს

0

2020 წელი განათლების სისტემებისთვის ურთულეს წლად შევა ისტორიაში. მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანის სკოლის კარები გამოიკეტა. როგორც UNESCO-ს ოფიციალური ვებგვერდი გვამცნობს, პირველი იყო  ჩინეთი, რომელმაც 16 თებერვალს დახურა სკოლები, უკვე 2 მარტს, 11 სხვა ქვეყანასთან ერთად, ჩვენც მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება.  დღეს კი, 7 აპრილია და სკოლები სრულად დახურულია 188 ქვეყანაში, 1,576 მილიარდი მოსწავლე, საერთო რაოდენობის 91,3%  ვეღარ  ან დისტანციურად იღებს განათლებას.

წყარო: https://en.unesco.org/covid19/educationresponse[1]

 

 

 

 

 

 

 

 

 

მცირე დროითაც კი სკოლების დახურვა გარკვეულ პრობლემებს ქმნის სკოლებისთვის,  რთულდება მოსწავლეების უკან დაბრუნება, ჩვეულ ფორმაში ჩადგომა. თუმცა მოკლე ვადით შეწყვეტილი სწავლა, დიდად ვერ ახდენს გავლენას სწავლების ხარისხზე. სწავლის განახლების შემდეგ ხდება გაცდენილი საათების აღდგენა და არცთუ დიდი ძალისხმევის შედეგად, პრობლემები მალე გვარდება.

კოვიდ 19-ის შემთხვევაში სკოლებს მოუწიათ ხანგრძლივი დროით, 3-4 კვირით სწავლის შეჩერება. თუმცა არცერთ ქვეყანას არ შეუძლია იმის ზუსტად განსაზღვრა, რეალურად, სწავლის განახლება როდის იქნება გონივრული.

საგანმანათლებლო სისტემებმა, რომლებიც თავისი მკაცრი, რთული, სანდო  და სამართლიანი შეფასებით გამოირჩეოდნენ  (საერთაშორისო ბაკალავრიატი[2], გაერთიანებული სამეფოს A დონე და GCSE)  გააუქმეს გამოსაშვები გამოცდები და გაიცა რეკომენდაციები დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს როგორ გამოუთვალონ ნიშნები, ასევე უნივერსიტეტებს მიმართეს თხოვნით, მხედველობაში მიიღონ არსებული მდგომარეობა და გადახედონ თავის მოთხოვნებს.

ყველა ქვეყანის განათლების სისტემამ დროულად და ეფექტურად ვერ უპასუხა სკოლების დახურვის შედეგად შექმნილ გამოწვევებს. ამ გამოწვევების ფონზე,  ჩვენი ქვეყანა არცთუ ურიგოდ წარმოჩინდა, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებები მალევე გადაეწყვნენ დისტანციურ სწავლებაზე. პირველები იყვნენ უნივერსიტეტები, მათ მიყვნენ კერძო სკოლები და ამის პარალელურად საჯარო სკოლების ადმინისტრაციებმა თუ მასწავლებლებმაც გამოიჩინეს თავი.

გადაწყობა არ აღმოჩნდა რთული. მასწავლებლების უმეტესობა ყოველწლიურად ესწრება სხვადასხვა ტრენინგს, რაც მათ უფრო მეტად აკავშირებს განათლებაში მიმდინარე სიახლეებთან, აცნობს მათ მრავალფეროვან სტრატეგიებს და დიფერენცირებულ მიდგომებს. სკოლების ადმინისტრაციებმა მოკლე ვადაში მოახერხეს მასწავლებლების მობილიზება და ვირტუალურ რეალობაში გადართვა.

რა პრობლემებს წააწყდნენ სკოლები?  მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუ რამდენ მოსწავლეს აქვს სახლში დისტანციური სწავლებისთვის საჭირო მოწყობილობები და წვდომა ინტერნეტთან.  მონაცემები  შეგროვდა სწრაფად . სკოლებს არ აქვთ გამართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც გააადვილებდა ოჯახებთან კომუნიკაციას, შეითავსებდა გარკვეულ ფუნქციებს რჩევების, დავალებების გასაზიარებლად, განსაკუთრებით თუ ამ დავალებებს ასინქრონულად შესთავაზებდა.

სამინისტროსგან შეთავაზებული რეკომენდაციები საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობასა თუ სიხშირეზე იყო ზოგადი, რამაც სკოლებს მეტი თავისუფლება მისცა. სკოლების ნაწილი ახორციელებს დისტანციურ სწავლებას,  იყენებენ სხვადასხვა პლატფორმას, რომელთა შორისაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს Microsoft Teams და Zoom. პირველის შემთხვევაში, მის მოხმარებას ამარტივებს ის ფაქტი, რომ  სამინისტროსა და Microsoft-ს შორის  დადებული მემორანდუმის საფუძველზე, მათთვის ითარგმნა გზამკვლევები და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ მასწავლებლების ნაწილი გადამზადებული იყო Microsoft Office 365-ში.

სკოლებს ონლაინსწავლებისთვის ქართული ალტერნატიული პლატფორმა Feedc Edu შესთავაზეს, რომელიც უფასოა და შესაძლებელია სმარტფონებში ამ პლატფორმის გამოყენება მაშინაც კი, თუ მაღალი სიჩქარის ინტერნეტი არაა ხელმისაწვდომი.

ამავდროულად, მოკლე ვადებში სტარტი აიღო საზოგადოებრივ მაუწყებელთან განხორციელებულმა ერთობლივმა საგანმანათლებლო პროექტმა –  „ტელესკოლა“. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებულია, რადგან ჩვენს მოსახლეობაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები  ართულებს  დისტანციურ სწავლებაზე სკოლების გადაყვანას. ტელესკოლა ბულგარეთში, მონღოლეთში, ვიეტნამში, ჩინეთში ამოქმედდა, ასევე, ისეთ  განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, დაანონსდა ტელესკოლის ამოქმედება.

მანამ, სანამ თუნდაც კლასიდან  ერთი მოსწავლე ვერ ახერხებს დისტანციურ სწავლებაში ჩართვას, მოდუნების უფლება არ გვაქვს.   სწავლების ამ ფორმამ არ უნდა გააღრმავოს სეგრეგაცია და გამოინახოს კონკრეტული მოსწავლისთვის მისაღები საკომუნიკაციო გზები. ასევე გასათვალისწინებელია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, რადგან მათ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ. თავდაპირველად ჩვენი სპეციალური მასწავლებლები თითქოს განყენებულები აღმოჩდნენ ონლაინ სწავლებიდან, თუმცა მალევე აუღეს ალღო ცვლილებებს და  იგივე სერვისები, რასაც აწვდიდნენ მოსწავლეს სასკოლო სივრცეში, გადაიტანეს ვირტუალურ რეალობაში. მასწავლებლები კი, იმისთვის, რომ მოსწავლეების ყურადღება მიიქციონ, ხშირად ეწყობიან ფერად სამოსში, ან ირგებენ მხიარულ აქსესუარებს. მათი დავალებებიც უფრო ოჯახურ გარემოზე გახდა მორგებული, თუ სახლში შინაური ცხოველი ჰყავთ, მოუყვნენ  როგორ ზრუნავენ მასზე, როგორია ის,  და ა.შ. ან აჩვენონ საკუთარი ოთახი თუ კუთხე, სადაც უყვართ მეცადინეობა და თამაში. მოკლედ, საჭიროა ახალ ფორმატში ახალი ვირტუალური ურთიერთობის დალაგება და ნდობის მოპოვება. თუ მათემატიკის სწავლებისას რესურს ოთახეში კუბიკებს იყენებდა მასწავლებელი, სახლის პირობებში ის ჩანაცვლებული უნდა იყოს სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით ან პროდუქტებით, როგორიცაა ნატეხი შაქარი, ან თუნდაც მაკარონის ჩხირები.

ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მშობელთა ჩართულობა და იმ დავალებებისთვის თვალის მიდევნება, რომელსაც მასწავლებელი აძლევს მოსწავლეს.

რეკომენდაციებს შორის არის ისეთი თამაშები ბავშვებთან, რაც ეკრანის წინ ჯდომას არ გულისხმობს. საჭიროა ფიზიკური დატვირთვა სახლის პირობებში, მოსწავლეების ფიზიკური განვითარება რომ არ შეფერხდეს. გარდა ვარჯიშისა, შეიძლება აქტიური თამაშების მოფიქრება, როგორიცაა „განძზე ნადირობა“, რომელიც სხვადასხვა ადგილას შეიძლება იყოს დამალული. თამაშისთვის ყველას თავისი როლი უნდა ჰქონდეს, ასევე კოსტიუმების მორგებაც შეიძლება ხელთ არსებული აქსესუარებიდან. რეკომენდებულ აქტივობებს შორისაა ცეკვის ან სპექტაკლის დადგმა. მათი შერჩევა ასაკის მიხედვით და  ბავშვისთვის საყვარელი ნაწარმოებების შერჩევით შეიძლება. აქაც დეკორაციებს და კოსტიუმებს დიდი მნიშვნელობა ექნება. სასურველი ადგილების მოსანახულებლად ვირტუალური მოგზაურობის მარშრუტის დაგეგმვა, „პიკნიკის“ მოწყობა  და  საყვარელ ლიტერატურულ გმირებთან ერთად „მოგზაურობა“ შეიძლება .  ამ აქტივობებს მზადება სჭირდება, მსგავსი აქტივობები დიდხანს ართობს ბავშვს და საინტერესოს ხდის სახლში ყოფნას.

რა თქმა უნდა, სამაგიდო თამაშები (ლოტო, ბანქო, მოზაიკა და სხვა) არის ძალიან სახალისო და  დროის საინტერესოდ გატარების საშუალება.  შეიძლება ბავშვების დაინტერესება სხვადასხვა პროექტებით, იქნება ეს სათამაშოების სათავსოს, თოჯინების სახლის, საფრენი აპარატის  მშენებლობა, თემატური დასურათებული წიგნების შექმნა (ხუმრობების, იგავ-არაკების, ზღაპრების, მოთხრობების), ან ახალი უნარის განვითარებით ან სწავლით – ლექსი, სიმღერა, ფოკუსი, ორიგამი.

შეიძლება ფილმების შერჩევა მიზანმიმართულად განხორცელდეს და დაეხმაროს იმ თემის შესწავლას, რომელსაც  იმ ეტაპზე სწავლობს ბავშვი. ამ შემთხვევაში მასწავლებლების როლი მნიშვნელოვნია, დავალებებთან ერთად კარგია, თუ რჩევებს მისცემენ მშობლებს, ბავშვებს დაეხმარებიან ნანახი ფილმის გაგება-გააზრებაში.

განათლების ხელმისაწვდომობის შემცირების რისკის მინიმიზაცია არის დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. სკოლების ამოქმედების შემდეგ აუცილებელი გახდება, სისტემის მუშაობის გადააზრება და პრიორიტეტების გადახედვა.

რა სჭირდება სკოლებს სამომავლოდ

ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ სცენარებისთვის, რომლებიც შეიძლება კვლავ განმეორდეს. შესაბამისად, აუცილებელია, ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს შემდეგი მიმართულება მიეცეს:

  • ალტერნატიული სასწავლო გეგმის განვითარება, რომელიც დისტანციური სწავლებისთვის იქნება გათვლილი და საჭიროების შემთხვევაში ამოქმედდება;
  • სახელმძღვანელოების შექმნა ელექტრონულ ფორმატში, ეს დაეხმარება მოსწავლეებსა თუ მასწავლებლებს;
  • სკოლების ადმინისტრაციის გადამზადება კრიზისული მენეჯმენტისთვის, აღნიშნული მიმართულებით სასკოლო სასწავლო გეგმების გამართვა;
  • საგანმანათლებლო რესურსების შექმნა, რომლებიც დისტანციურ სწავლებაში დაეხმარება ჩვენს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება შესაძლებელი იქნება საკლასო ოთახშიც, რაც სასწავლო პროცესს ბევრად საინტერესოს გახდის;
  • მასწავლებლების მიერ შექმნილი რესურსების თავმოყრა, რაც საუკეთესო პრაქტიკული დახმარებაა კოლეგებისთვის;
  • მოსწავლეების და მასწავლებლების უზრუნველყოფა შესაბამისი ტექნოლოგიებით და ინტერნეტზე წვდომით;
  • სასწავლო პროგრამების განახლება და მათში აქტუალური გლობალური თემების, ასევე გარემოს გაუმჯობესებისა და უსაფრთხოებისკენ მიმართული საკითხების ასახვა, რომლებსაც არასათანადო ყურადღება ექცეოდა აქამდე;
  • საჭიროა მოსწავლეების ისტ-ის უნარების განვითარება;
  • მასწავლებლების მომზადება სხვადასხვა კრიზისული სიტუაციების სამართავად. მათი კომპეტენციების განვითარება დისტანციური სწავლებისთვის, რაც მათ ჩვეულებრივ, არადისტანციური სწავლების დროსაც, მოსწავლეთა შინ სწავლების უზრუნველსაყოფად, ან მათი ავადმყოფობის დროს მოსწავლეების ჩამორჩენის დასაძლევად გამოადგებათ;
  • ერთიანი პორტალის მომზადება, სადაც განთავსდება საჭირო რესურსები, გზამკვლევები და შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა პირებმა მიიღონ დასმულ შეკითხვებზე პასუხები;
  • მშობელთა მხარდაჭერა მსგავსი კრიზისული სიტუაციების დროს, რათა მათ შეძლონ მასწავლებლების ხელშეწყობა და ასევე, ისწავლონ, თუ როგორ შეავსონ შვილების თავისუფალი დრო უკეთ, მათი აქტიური და ჯანსაღი განვითარებისთვის.

 

ონლაინ და დისტანციურ სწავლებაზე სკოლების გადაწყობის პირველი  კვირები გავიდა.   ახლა უკვე საფიქრალად მეტი დრო გვრჩება. საინტერესოა თქვენი აზრი, რა უნდა შეიცვალოს და როგორ?

 

[1] https://www.gov.uk/government/publications/coronavirus-covid-19-cancellation-of-gcses-as-and-a-levels-in-2020/coronavirus-covid-19-cancellation-of-gcses-as-and-a-levels-in-2020

[2] https://www.ibo.org/news/news-about-the-ib/covid-19-coronavirus-updates/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...