სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

მასწავლებლის სახლის ახალი პროექტი – “E-მასწავლებლის სახლი” – მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის დისტანციური პროფესიული განვითარებისთვის  

0

ჟურნალ „მასწავლებელს“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ცენტრის ამჟამინდელ და სამომავლო საქმიანობაზე ესაუბრა.

 

ბატონო ბერიკა, გლობალური პრობლემის ფონზე მთელი მსოფლიოს მასწავლებლებისთვის და, მათ შორის, ცხადია, ქართველი მასწავლებლისთვისაც მოულოდნელ, მაგრამ საინტერესო გამოწვევად იქცა დისტანციური სწავლება. ჩვენმა მასწავლებლებმა საოცარი ორგანიზებულობა გამოიჩინეს, სახელმწიფო ინსტიტუტების წინადადებისთანავე, მათი მხარდაჭერით, მეყსეულად აამოქმედეს სოციალური ქსელები და მასობრივად დაიწყეს ცოდნის ტირაჟირება. პანდემიის დაწყების შემდეგ მასწავლებელთა ტექნიკური უნარები და სხვადასხვა ტექნოლოგიური პროგრამის არაფორმალურად ათვისების ინტენსივობა და სისწრაფე წარმოუდგენლად გაიზარდა. როგორ დახვდა მასწავლებლის სახლი ამ პროცესს და რა შესთავაზა ამ კრიტიკულ ვითარებაში მასწავლებლებს?

საქართველოს მთავრობის „დარჩი სახლში“ მოწოდებისთანავე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ მიიღო სწრაფი და, როგორც განვლილი თვე აჩვენებს, ეფექტიანი გადაწყვეტილება: სკოლამდელი განათლების დაწესებულებების, სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის ცენტრის თანამშრომლებს ვებინარები და სადისკუსიო შეხვედრები მოემზადებინათ.

ეს გადაწყვეტილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, გავიაზროთ ამ ვებინარების მიზნობრიობა, მნიშვნელოვნება და განსხვავება პროფესიული განვითარების იმ სერვისებისგან, რომლებსაც ცენტრი მასწავლებლებს პანდემიამდე სთავაზობდა.

ვებინარები/დისკუსიები არ წარმოადგენს პროფესიული განვითარების იმ ტიპის სერვისს, რომელსაც მასწავლებელი ფორმალურად აღრიცხავს თავის პორტფოლიოში და სანაცვლოდ კრედიტს იღებს. მით უფრო სასიხარულოა, რომ ჩვენმა აქტივობებმა არაფორმალურ გარემოში ამხელა ინტერესი გამოიწვია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრატორების მხრივ. ამით გაქარწყლდა მითი, რომ მასწავლებლები ტრენინგებსა თუ პროფესიული განვითარების აქტივობებს მხოლოდ კრედიტებისთვის ან მოვალეობის მოხდის მიზნით ესწრებოდნენ.

პანდემიის პირობებში ვებინარების მიზნობრიობას უმთავრესად პედაგოგებისადმი მორალური და პროფესიული თანადგომა განსაზღვრავდა. სოციალურმა ქსელმა მოგვცა საშუალება, ამ ვებინარებით და დისკუსიებით მასწავლებლებისთვის გვეთქვა: თქვენ, სახლში ჩაკეტილები, არ ხართ მარტო. ჩვენ აქ ვართ, გესაუბრებით, გამხნევებთ და, სურვილისა და შესაძლებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვისმინოთ და გველაპარაკოთ. პანდემიამ მასწავლებლის სახლი კიდევ უფრო მეტად აქცია ყველა მასწავლებლისა და სკოლის დირექტორის სახლად.

უნდა აღვნიშნო ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მხარდაჭერა მასწავლებლებისადმი. გაზეთი ყოველდღიურად რამდენიმე ახალ რესურსს სთავაზობდა მასწავლებლებს დისტანციური სწავლებისთვის. შემდეგ საუკეთესო რესურსები შეირჩა და გამოიცა თემატურად მრავალფეროვან წიგნად „დისტანციური სწავლების გაკვეთილები“, რომლის წაკითხვა და ჩამოწერა ინტერნეტგაზეთის ვებგვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია.

 

ცენტრის სამოქმედო გეგმა დეტალიზებულია და ძველი რეალობის მიხედვითაა დროში გაწერილი. სკოლის ადმინისტრატორების, მასწავლებლების, სკოლამდელი განათლების პედაგოგებისა და სხვა ბენეფიციარების საჭიროებათა შესაბამისად, პირისპირ ტრენინგები და კონსულტაციები იყო პრიორიტეტული, თუმცა ცენტრის ოფიციალური ვებგვერდი და მასთან ერთად სხვადასხვა პროგრამის ვებგვერდები მათ პროფესიული განვითარების საშუალებას ყოველთვის აძლევდა. აქვს თუ არა ამჟამად ცენტრს არსებული ვითარების შესაბამისი ახალი სტრატეგია, რომელიც გაზრდის დისტანციურად მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების შესაძლებლობას?

 

ჩვენი ორგანიზაციის კულტურის ნაწილია, რომ არასოდეს ვჩერდებით, არასოდეს ვეძლევით თვითკმაყოფილებას. ეს, ჩემი აზრით, საკმაოდ  ნაყოფიერი ერთთვიანი გამოცდილება საფუძველს ჩაუყრის უფრო შინაარსიან, დროის შესაბამის და ორგანიზებულ აქტივობებს, რომლებშიც, თავიდანვე გვინდა ხაზი გავუსვათ, მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები წარმატებული მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრატორები. ჩვენ ყველას გვწამს, რომ განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად მოვახერხებთ სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებას და, ამასთან ერთად, წარმატებული გამოცდილების გაზიარებას სისტემის მასშტაბით. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცას საჯარო სკოლის გამოცდილება ადგილობრივი თემის ჩართულობასა და მოსწავლეების მიერ სკოლის ეზოს მოვლა-პატრონობაში შესაძლოა ბევრი საჯარო სკოლისთვის მაგალითად იქცეს, ან ფარცხანაყანების საჯარო სკოლის მართვის ელექტრონული პლატფორმა უფრო მისაღები გახდეს სკოლებისთვის, ვიდრე რომელიმე საერთაშორისო ექსპერტის დასკვნები (თუმცა მათი გათვალისწინებაც აუცილებელია). მე პირადად ღრმად მწამს, რომ კონკრეტული სკოლის წარმატებული მასწავლებლისგან უფრო მეტს ისწავლის ახალბედა. მასწავლებელ გიორგი ჭაუჭიძეს აქვს ემპირიული ცოდნა და გამოცდილება ეთნიკური უმცირესობის სკოლაში სწავლების კუთხით. სწორედ ის და მისთანები უნდა იქცნენ ამ მიმართულებით მენტორ მასწავლებლებად, რადგან კარგად იცნობენ ადგილობრივი თემის საჭიროებებს.

 

ორგანიზაციის მომავალი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ გაუმკლავდება ახალ რეალობას, გადაეწყობა თუ ვერა ისე, რომ ადეკვატურად უპასუხოს ახალ გამოწვევებს. თუ ასე არ მოხდა,  სსიპ-ის ტიპის ორგანიზაციაც შეიძლება მორალურად გაცვდეს. უფრო ცხადი რომ გახდეს ცენტრის სამომავლო სტრატეგია, მაინც რა ცვლილებები იგეგმება?

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს განათლების სამინისტროს ტოპმენეჯმენტმა შეძლო ამის გააზრება და რამდენიმე სსიპ-ის (თუ ყველასი არა) გადაწყობას ჩაუყარა საფუძველი.

პანდემიამ კიდევ უფრო მეტის შეცვლისკენ გვიბიძგა. და მე ამას არამც და არამც არ განვიხილავ მხოლოდ გამოწვევად. პირიქით, ეს შესაძლებლობაა!

მასწავლებლის სახლის ახალი სამოქმედო გეგმა მალე საბოლოო სახეს მიიღებს, თუმცა უკვე შემიძლია, ჩამოვთვალო სიახლეები, რომლებსაც მალე შევთავაზებთ ჩვენს მასწავლებლებს და დირექტორებს განათლების სამ: სკოლამდელ, ზოგად და პროფესიულ – საფეხურზე.

ცენტრის ძირითადი აქტივობები ასეთი იქნება:

ტრენინგი – წარმოჩნდება ტრენინგის როგორც პროფესიული განვითარების ინსტრუმენტის ახლებური ხედვა. კერძოდ, ცენტრი სამომავლოდ თავად  და მის  მიერ აღიარებული ტრენინგცენტრების საშუალებით უზრუნველყოფს საქართველოს საჯარო სკოლების მასწავლებელთა გადამზადებას. სკოლის თანამშრომლობისა და დახმარების ჯგუფი (მისი არსებობის შემთხვევაში) და რესურცენტრების ბაზაზე არსებული ქოუჩების გუნდი დაეხმარება სკოლას და კონკრეტულ მასწავლებლებს, დაადგინონ თავიანთი პროფესიული განვითარების საჭიროებები და ამ საჭიროებებზე აიგება მასწავლებლის  პროფესიული განვითარების გეგმა, რომლის შესრულებას თვითონ მასწავლებელი და სკოლის თანამშრომლობისა და დახმარების ჯგუფი გაუწევენ ორგანიზებს. რაც შეეხება ტრენინგების ფორმატს, ისინი აუცილებლად შერეული ტიპისა იქნება (ონლაინ და პირისპირ შეხვედრები).

რაც მთავარია, შეიცვლება ტრენინგების კონსისტენცია. უფრო მეტი ყურადღება იქნება  დანერგვის კომპონენტზე, ანუ მასწავლებელს მეტი საშუალება ექნება, პრაქტიკულად ნახოს, როგორ გამოიყენოს სწავლების კონკრეტული მეთოდი თუ სტრატეგია.

პანდემიის პერიოდში ორი საკმაოდ საინტერესო და, რაც მთავარია, ეფექტური ინიციატივა განხორციელდა/დაიგეგმა განათლების სისტემაში: ტელესკოლა და iსკოლა, – რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესის გაჯანსაღების კარგი საშუალებაა.

აქვე უნდა განვაცხადო ძალიან მნიშვნელოვანი სიხალის შესახებ: ვიწყებთ ახალ პროექტს – მასწავლებლის E-სახლი.

პროექტის მიზანია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს სკოლების მასწავლებლებისა და მენეჯმენტის საჭიროებებისა და საერთო თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით შექმნას E-მასწავლებლის სახლი და ამ პლატფორმაზე გააერთიანოს თავად ცენტრისა და მასწავლებლების მიერ შექმნილი ყველა სანდო რესურსი დისტანციური სწავლებისთვის.

 

ცენტრის სტრატეგიული სამსახური მოამზადებს და ჩაატარებს კვლევას არსებული სიტუაციის შესასწავლად, სასკოლო საზოგადოების საჭიროებათა დასადგენად და იმ პრობლემების გამოსაკვეთად, რომელთა გადასაჭრელადაც იქნება მიმართული ცენტრის მიერ შეთავაზებული ელექტრონული რესურსების პლატფორმა. კვლევის კითხვარი, რომელშიც აისახება არსებული გამოწვევები, დაეფუძნება ესგ-ს  და მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს.

რეალური მასწავლებლის სახლის პარალელურად ჩვენ გვექნება ელექტრონული სახლი მასწავლებლისთვის, რაც გულისხმობს, რომ ცენტრის ვებგვერდს დაემატება ინტერაქციული პორტალი – ვირტუალური სახლი, სადაც წარმოდგენილი იქნება სკოლის სტრუქტურა და თითოეული სტრუქტურული ერთეული და მათი ფუნქციონირების არეალი – სკოლის ელექტრონული მართვის ფორმა, სასკოლო სასწავლო გეგმის ფასილიტაცია, სწავლა-სწავლების პროცესის შეფასება (საგაკვეთილო პროცესი, აკადემიური მოსწრება…), სასკოლო კულტურა, სკოლის უსაფრთხოების სტანდარტი, კიბერბულინგი, მედიაწიგნიერება, თანამშრომლობა სასკოლო საზოგადოების ჯგუფებს შორის, კურიკულუმის გარე მომსახურება, სპორტული და სახელოვნებო მიმართულებები, სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზება, სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება, კათედრების სამუშაო გეგმა, მასწავლებლების ურთიერთთანამშროლობისა და დახმარების სისტემა, პროფესიული განათლების განვითარება, სკოლამდელი განათლება, აქვე იქნება მდგრადი განვითარების, გამჭოლი კომპეტენციების ბმულები, კვლევა, ინკლუზია, ისტი, დემოკრატიული კულტურა და სხვ.

პორტალზე ასევე განთავსდება მასწავლებლის დახმარებისა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი საშუალებები: სხვადასხვა კლასისა და თემატიკის შესაბამისი ვებინარები, საგნობრივი საკითხავი რესურსები (ედექსის ლინკიდან), დისკუსიების ანონსი, ინტეგრირებული პროექტების სია და მონახაზი, საკითხავი პროფესიული ლიტერატურა.

ჯერჯერობით ეს არის, რაც შეგვიძლია ახალი პროექტის შესახებ ვთქვათ. როცა ის ამოქმედდება, უფრო ცხადი გახდება მისი დანიშნულებაც და საჭიროებაც.

 

თვალსაჩინო იყო მასწავლებელთა ურთიერთსწავლების მაგალითები პანდემიის დროს და მათ მიერ შექმნილი რესურსების სიმრავლე. ვფიქრობ, ცენტრის მიზანი ამ მასწავლებელთა მხარდაჭერა და წახალისებაც უნდა იყოს. თქვენ რას იტყვით?

ყოველწლიურად ყველა საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით გამოცხადება მასწავლებლების მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსების კონკურსი. როგორც თქვით, მასწავლებლებმა დაიწყეს ელექტრონული რესურსების შექმნა სხვადასხვა პროგრამაში, კონკურსის პირობები კი წაახალისებს მაღალი დონის სასწავლო რესურსების შექმნას. გამარჯვებული ათეულები საგნობრივად და თემატურად განთავსდება ცენტრის ელექტრონული რესურსების პლატფორმაზე და სამახსოვრო თუ ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება.

შექმნილმა ვითარებამ შეაჩერა გარე დაკვირვების პროცესი. როდის და როგორ შეძლებენ მასწავლებლები ამ პროცედურის გავლას და სტატუსის ამაღლებას?

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არაერთი დადგენილი წესის შეცვლა გახდა საჭირო, რომ განათლების მიწოდება-მიღების პროცესი მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებში განხორციელებულიყო.

მასწავლებლებს, რომლებსაც გარე დაკვირვება სასწავლო წლის მეორე ნახევარში უწევდათ, ამ ეტაპზე ყველაზე ოპტიმალურ გზას ვთავაზობთ: მათ უფლება აქვთ, გარე დაკვირვებაზე 2020-2021 სასწავლო წლისთვის გაიარონ რეგისტრაცია. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, პედაგოგებს, რომლებსაც გარე დაკვირვების პროცესი შეუჩერდათ, 2020-2021 სასწავლო წლის პირველსავე სემესტრში მივცეთ მისი გავლის საშუალება, რათა იანვარში სტატუსის ამაღლება შეძლონ.

ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ჯანდაცვის სექტორის რეკომენდაციებს. ვმუშაობთ იმაზეც, რომ გარე დაკვირვებამ შესაძლოა დისტანციურ/ონლაინ რეჟიმში გადაინაცვლოს. მიმდინარეობს დისტანციური გაკვეთილის სტანდარტისა და შეფასების რუბრიკის შემუშავების პროცესიც.

ვინაიდან სწავლა-სწავლების პროცესში თითოეული მასწავლებელი ფასეულია როგორც პიროვნება და პროფესიონალი, გვჯერა, ყოველი თქვენგანი მაქსიმალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით მოეკიდება ცვლილებებს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ჩვენი ახალი ინციატივა მთლიანად მოიცავს სწავლა-სწავლებისა და სკოლის მართვის პროცესებს. რაც მთავარია, ის დაეხმარება სისტემაში არსებულ მასწავლებლებს/მომავალ მასწავლებლებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს/მომავალ ადმინისტრატორებს, თვითონვე იქცნენ ხარისხიანი საგანმანათლებლო სერვისების შემქმნელებად და მიმწოდებლებად. მხოლოდ მათ იციან კონკრეტული სასკოლო საზოგადოების ინტერესები და საჭიროებები. სისტემის დეცენტრალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ ადგილზე კვალიფიციური კადრების არსებობით არის შესაძლებელი. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ფუნქციონირების მდგრად განვითარებას.

კლასის მართვის სირთულეები ონლაინგაკვეთილზე

0

იმ კრიტერიუმებს შორის, რომლებიც პედაგოგის საქმიანობის ეფექტიანობას განსაზღვრავს, ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლოა, პედაგოგს ჰქონდეს ცოდნა, რომელიც სწავლების დროს სჭირდება, მოზარდთან ეფექტიან კომუნიკაციასაც ახერხებდეს, მაგრამ გაკვეთილზე კლასის მართვა უჭირდეს. ეს სწორედ საორგანიზაციო უნარების განვითარების აუცილებლობაზე მიუთითებს. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ონლაინგაკვეთილზე სირთულე ერთიორად მეტია. მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, პრობლემებს ის პედაგოგებიც შეიძლება შეეჯახონ, რომლებსაც რეალურ საკლასო ოთახში არასოდეს გასჭირვებიათ კლასის მართვა.

ონლაინგაკვეთილზე კლასის მართვისთვის ხელის შემშლელი ძირითადი მიზეზებია:

  • მრავალრიცხოვანი კლასი. ბავშვების სიმრავლე რეალურ საკლასო ოთახშიც უშლის ხელს პედაგოგს, მაგრამ თუ რეალურ გარემოში, ასე თუ ისე, ართმევს თავს სირთულეებს, მრავალრიცხოვან კლასში ონლაინგაკვეთილი ხშირად მარცხისთვისაა განწირული.
  • მასწავლებლის მწირი ცოდნა ონლაინგაკვეთილის თავისებურებათა შესახებ და ასეთი გაკვეთილის ჩასატარებლად აუცილებელი უნარ-ჩვევების ნაკლებობა. ონლაინგაკვეთილების ჩატარების პარალელურად პედაგოგს უწევს სწავლების ამ ფორმის თავისებურებებში გარკვევა, საჭირო ინფორმაციის მოძიება და იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რომელიც ონლაინსწავლების ეფექტიანად წარსამართავადაა აუცილებელი. ასეთი დატვირთვით მუშაობა, ბუნებრივია, ემოციურად ღლის პედაგოგს, რაც ბავშვებთან მის ურთიერთობაზეც აისახება.
  • მოზარდების მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების ფლობის მაღალი დონე. დღეს უკვე აღარავის უკვირს, რომ მოზარდები, ისინიც კი, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებით არ გამოირჩევიან, უფრო ადვილად ითვისებენ კომპიუტერულ პროგრამებს, ვიდრე ჩვენ, ზრდასრული ადამიანები. ეს თავისთავად ცუდი არ არის; საქმე ის გახლავთ, რომ მოსწავლე ჩამოყალიბების პროცესში მყოფი პიროვნებაა, რომლის ქცევის პროგნოზირება ცალკეულ შემთხვევებში არც ისე ადვილია. სკოლაში მომუშავე პედაგოგებმა კარგად ვიცით, რომ ბავშვს შეუძლია ძალიან დიდი სიყვარულიც და შურისძიებაც უფროსების მიერ დაშვებული შეცდომების გამო. პედაგოგის ერთი მცადრი ნაბიჯი და მოზარდი შეიძლება დაუნდობელ შურისმაძიებლად იქცეს, და თუ რეალურ საკლასო ოთახში ვენდეტის აღსრულებაში მას ბევრი რამ უშლის ხელს, ონლაინგაკვეთილზე შესაძლოა უფრო მეტის უფლება მისცეს თავს. მაგალითად, პედაგოგება, რომლებსაც Microsoft Teams-ის პროგრამით უწევთ გაკვეთილების ჩატარება, კარგად იციან, რომ თუ ბავშვი მასწავლებელზე ადრე შევიდა ვირტუალურ საკლასო ოთახში, ადვილად შეძლებს, საკუთარ ხელში აიღოს კლასის მართვა – გამოურთოს მიკროფონი ჯგუფში მყოფ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის – მასწავლებელსაც, კლასიდან „გააძევოს“ ნებისმიერი მოსწავლე და, ამგვარად, ქაოსი და არეულობა გამოიწვიოს გაკვეთილზე, ან არ გათიშოს მიკროფონი, როცა ამას სთხოვენ (მოიმიზეზოს ტექნიკური პრობლემა) და ხმაურით (მაგალითად, გაკვეთილის პარალელურად თამაშით) ხელი შეუშალოს პედაგოგს გაკვეთილის ჩატარებაში.
  • კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობა. ეს იმდენად სერიოზული მიზეზია, რომ მასწავლებელს შეიძლება საერთოდ ჩაეშალოს გაკვეთილი.

მასწავლებელი სირთულეებს მაშინაც შეიძლება შეეჯახოს, როცა საკუთარი კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილ ინფორმაციას, გამოსახულებას, ვიდეოს უზიარებს მოსწავლეებს – ამ დროს ის, როგორც წესი, ვერ ხედავს, რა ხდება „კლასში“, ვინ „შემოდის“ გაკვეთილზე, ვინ გადის „კლასიდან“, ვის ჩართული აქვს მიკროფონი, ვის – გამორთული და ა.შ. კონკრეტულ მომენტში ვირტუალურ საკლასო ოთახში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის დეფიციტიც სერიოზული სირთულეების წყაროა პედაგოგისთვის.

რა გავაკეთოთ სირთულეების თავიდან ასაცილებლად?

  • უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებზე ადრე შევიდეთ ვირტუალურ საკლასო ოთახში. თუ რეალურ სასკოლო გარემოში ბავშვები გაკვეთილის დაწყებამდე საკლასო ოთახში გველოდებიან, ვირტუალურ საკლასო ოთახში, უმჯობესია, ჩვენ დაველოდოთ მათ.
  • აუცილებლად აღვნუსხოთ, ვინ ესწრება გაკვეთილს. ჩავინიშნოთ, ვინ შემოდის დაგვიანებით ან გადის „კლასიდან“ გაკვეთილის დამთავრებამდე. ჩატარებული გაკვეთილის ანალიზის დროს ეს ინფორმაცია დაგვანახებს, როგორი იყო ცალკეული მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობა, ეს კი მათთან მუშაობის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებაში დაგვეხმარება.
  • გაკვეთილის დასაწყისშივე შევიმუშაოთ ქცევის წესები როგორც მოსწავლეებისთვის, ისე ჩვენთვისაც. კარგი იქნება, თუ ამაში მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას. თავისივე დადგენილი (და არა ჩვენ მიერ თავს მოხვეული) წესების დაცვა მათ უფრო გაუადვილდებათ. გულწრფელად ვუთხრათ, რატომ არის საჭირო წესების შემუშავება და დაცვა, რა გვიშლის ხელს გაკვეთილის კარგად ჩატარებაში და მათაც ვკითხოთ, რა უშლით ხელს, საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად ჩაერთონ. წესების შემუშავებისას სწორედ ამ ხელის შემშლელ ფაქტორებსა და მათ დაძლევაზე გავამახვილოთ ყურადღება.
  • ონლაინგაკვეთილის წესების შემუშავებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მიკროფონის მოხმარებაზე. გაკვეთილის დასაწყისშივე ვთხოვოთ ბავშვებს, გათიშონ მიკროფონები და ჩართვის ნება დავრთოთ მხოლოდ იმ ბავშვს, რომელსაც მასწავლებელი შეკითხვით მიმართავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კითხვაზე: „აბა, ბავშვებო, ვინ მიპასუხებს?“ – შესაძლოა, ყველას თუ არა, უმრავლესობას მაინც მოუნდეს თავის გამოჩენა და პასუხის გაცემა (განსაკუთრებით – სწავლების პირველ და მეორე საფეხურებზე), ყველამ ერთდროულად ჩართოს მიკროფონი და ალაპარაკდეს, რასაც ქაოსი და არეულობა მოჰყვება. ამის თავიდან ასაცილებლად აჯობებს, პედაგოგმა თავად განსაზღვროს, ვინ უპასუხებს და პირადად მას მიმართოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პედაგოგი საკუთარი კომპიუტერის ეკრანზე გამოტანილ მასალას უზიარებს მოსწავლეებს – ამ დროს ის ვერ ხედავს, რომელი ბავშვი გამოხატავს (მიკროფონის ჩართვით) დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის სურვილს, მხოლოდ ხმით კი ყოველთვის არ არის ადვილი ამოსაცნობი, ვინ ლაპარაკობს.

რასაკვირველია, ონლაინგაკვეთილზე მოსწავლისა და მასწავლებლის ასეთი ურთიერთობა იდეალისგან შორს დგას. შესაძლოა, ის განსაკუთრებით მიუღებელი აღმოჩნდეს პედაგოგისთვის, რომელსაც არ სურს, პასუხის გაცემა სთხოვოს ბავშვს, რომელიც მოუმზადებელია მოსული გაკვეთილზე ან პასუხი არ იცის და შეარცხვინოს. რეალურ სასკოლო გარემოში ასეთი მასწავლებელი კითხვის დასმის შემდეგ კლასს რომ გადახედავს, ბავშვების გამომეტყველებით, ჟესტებით, პოზით ხვდება, ვის შეუძლია პასუხის გაცემა და თავს არიდებს საპასუხოდ ისეთი ბავშვის გამოძახებას, რომელიც თვალებით ეხვეწება, მას არ ჰკითხოს. ცხადია, ასეთი პედაგოგისთვის ადვილი არ იქნება ონლაინგაკვეთილზე ზემოაღნიშნული წესის დაცვა, მაგრამ ჯგუფის სამართავად და ქაოსის თავიდან ასაცილებლად აჯობებს, თავად გააკეთოს არჩევანი და ყველას ერთად ლაპარაკის საშუალება არ მისცეს. ბავშვებიც მეტად იქნებიან მობილიზებულები, როდესაც ეცოდინებათ, რომ მასწავლებელმა შეიძლება ნებისმიერ დროს დაუსვას კითხვა. თუ მოსწავლემ კითხვაზე პასუხის გაცემა ვერ მოახერხა, შეიძლება ავუხსნათ, რომ შეცდომა ტრაგედია არ არის, სწავლა შეცდომების გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ მონდომების შემთხვევაში ყოველგვარი დაბრკოლება შეიძლება გადავლახოთ.

  • დაწყებით კლასებში ონლაინგაკვეთილზე მოსწავლეთა ქცევის სამართავად მასწავლებელს აუცილებლად დასჭირდება მშობლების დახმარება. კარგი იქნება, თუ მშობლები იზრუნებენ იმაზე, რომ კომპიუტერული ტექნიკა ყოველთვის გამართული იყოს, თვალყურს ადევნებენ, რომ გაკვეთილზე ბავშვის ყურადღება გარეშე საგნებმა და მოვლენებმა არ მიიტაცოს და ა.შ. ამასთან, სასურველია, მშობელმა მიაჩვიოს ბავშვი, გაკვეთილისთვის მომზადებისას თავად აწესრიგებდეს სამუშაო მაგიდას.
  • საინფორმაციო ტექნოლოგიებში კარგად გარკვეული და საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი მოზარდები კი, სანამ გაკვეთილზე ცუღლუტობის სურვილი გაუჩნდებათ, შეიძლება აქტიურად დავასაქმოთ და ჩვენი ასისტენტების ფუნქციაც კი დავაკისროთ, მით უმეტეს, რომ ონლაინგაკვეთილებზე ამის საჭიროება ნამდვილად იჩენს თავს.
  • მრავალრიცხოვან კლასებში ჯგუფის მართვის სირთულეთა თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება ჯგუფების გაყოფა და ონლაინგაკვეთილების ცალ-ცალკე ჩატარება, მით უმეტეს, რომ ეს გაკვეთილები 45-წუთიანი ნამდვილად ვერ იქნება.

ასე რომ, ონლაინგაკვეთილის ჩატარებისას კლასის მართვა და ცალკეული სირთულეების თავიდან აცილება ნამდვილად შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, არ იქნება გამართლებული, თუ ონლაინგაკვეთილზე პედაგოგის საორგანიზაციო უნარ-ჩვევები იმავე კრიტერიუმებით შეფასდება, რომლებიც გამოიყენება რეალურ საკლასო ოთახში ჩატარებული გაკვეთილის ანალიზის დროს.

  გეოგრაფიული თამაშების გამოყენება  დისტანციური სწავლებისას

0

დისტანციური სწავლების პროცესში მეტად მნიშვნელოვანია, სწავლება არ გახდეს მოსაწყენი. ამიტომ მასწავლებლები მუდმივად უნდა ეცადონ, მაქსიმალურად გამოიყენონ  ინტერნეტისა და სწავლების პლატფორმების შესაძლებლობები და, რაც შეიძლება, გაამრავალფეროვნონ თავიანთი მუშაობა.  გეოგრაფიის მასწავლებლებს  სხვადასხვა  საგანმანათლებლო, შემეცნებითი, გასართობი  ვებგვერდების გამოყენების ფართო შესაძლებლობები გააჩნიათ, რაც  გეოგრაფიის სწავლებას უფრო მეტად  სახალისოსა და საინტერესოს გახდის, ხოლო მოსწავლეებს, ცოდნის მიცემასთან ერთად, მოტივაციას და ინტერსს აღუძრავს.  ზემოთქმულიდან  გამომდინარე, ასევე,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ  ჩატარებული  საგნობრივი ვებინარების გამოხმაურების შედეგებზე დაყრდნობით, გადავწყვიტე, რომ  კარგი იქნებოდა, გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის შემექნა და გამეზიარებინა გეოგრაფიული თამაშების  „ათეული“, რომელთაგან ამჯერად  პირველ   ხუთ თამაშს  გაგაცნობთ.

  1. ვებგვერდი https://world-geography-games.com/  გვთავაზობს  ინტერაქტიურ გეოგრაფიულ-კარტოგრაფიულ თამაშებს, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს გეოგრაფიული თვალსაწიერის გაფართოებაში და ხელს უწყობს მათი სივრცეში ორიენტაციის  უნარების განვითარებას. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ვიქტორინები, რომლებიც  მოიცავს  კითხვებს ქვეყნების, მათი დედაქალაქებისა და ქალაქების, დროშების, რეგიონების, წყალსატევების, მთების  და სხვა გეოგრაფიული თემებისა თუ ობიექტების შესახებ, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ისე კონტინენტების მიხედვით.

  1. საგანმანათლებლო ვებსაიტზე https://www.sheppardsoftware.com/geography.htm  წარმოდგენილია  ასობით უფასო ონლაინ  სასწავლო თამაშები ბავშვებისთვის. თუმცა, მოსწავლეების გარდა, ყველას, ვინც დაინტერესებულია ონლაინ სწავლით, შეუძლია, გამოიყენოს ეს  საიტი. ვებგვერდზე  გეოგრაფიის გარდა, ასევე მოცემულია  თამაშები  სხვადასხვა საგნებში, მაგ:  მათემატიკაში, ბიოლოგიაში, ინგლისური ენაში, ხელოვნებაში და სხვ.  თამაშები  და აქტივობები დაყოფილია დონეების მიხედვით და გათვალისწინებულია თითქმის ნებისმიერი ასაკის შემსწავლელთათვის.

ვებგვერდი ძალიან პოპულარულია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში  მას 20 მილიონზე მეტი ვიზიტორი ყავდა.

  1. ვებგვერდ https://maps.esri.com/rc/puzzle/index.html -ზე შეგიძლიათ,  იხილოთ გეოგრაფიული თამაში   «Geojigsaw», რომელიც ფაზლების სახით წარმოდგენილი  გეოგრაფიული რუკების  კოლექციაა.  აქ  ნებისმიერ საბაზისო რუკას ზუმის ღილაკის გამოყენებით შეგვიძლია,  მასშტაბი შევუცვალოთ, შემდეგ  ფაზლებად „ დავჭრათ“  და მოსწავლეებმა ააწყონ.
  2. ვებგვერდზე https://www.triviaplaza.com/geography-world-quizzes/   წარმოდგენილია  როგორც ვიზუალური, ასევე  სტანდარტული ტესტები მსოფლიო გეოგრაფიის  საკითხებიდან, კერძოდ კი, მსოფლიოს ქვეყნების და  მათი დედაქალაქების,  დიდი ქალაქების,  ქვეყნების კონფიგურაციების, ასევე კუნძულებისა და ნახევარკუნძულების, ლითოსფეროს ფილების,  ჰიდროგრაფიული  ობიექტების  შესახებ. ვებგვერდზე  ასევე  შეგიძლიათ,  იხილოთ ტესტები მთელ მსოფლიოში ცნობილი  ხიდების, მუზეუმებისა და თვით შადრევნების   შესახებაც კი.

  1. ვებგვერდზე https://www.ducksters.com/geography/ გეოგრაფიის გარდა,  ასევე შეგიძლიათ,  იხილოთ აქტივობები ისტორიაში, ბიოლოგიაში, ასტრონომიაში, ფიზიკაში, ქიმიაში  და სხვ.  ვებგვერდის  დახმარებით  შეგვიძლია, მეტი შევიტყოთ კონტინენტებისა და    მსოფლიოს ქვეყნების შესახებ, მივიღოთ ამომწურავი  ინფორმაცია ნებისმიერი ქვეყანის შესახებ,  მათ შორის,  მსოფლიო რუკაზე ამ  ქვეყნის მდებარეობაზე, დროშაზე, მოსახლეობასა  და  სხვ .  თქვენ ირჩევთ  კონტინენტს,  ქვეყანას, აწკაპებთ ამ ქვეყნაზე და იღებთ ინფორმაციას.

დაბოლოს, თქვენ  შეგიძლიათ, ითამაშოთ და თავადაც შექმნათ გეოგრაფიული ქვიზები  ვებგვერდის  https://www.purposegames.com/  -ის  დახმარებით. ამ  გვერდის მიმოხილვას და ინსტრუქციას დაწვრილებით იხილავთ ჩვენ მიერ ჩაწერილ ვებინარზე, რომელიც ამ თემას მიეძღვნა.

ვებინარი

დადის და დასეირნობს…

0

ინდოეთის ერთ-ერთი ქალაქის მერი მოქალაქეებს ყოველდღე სელფის გადაღებას სთხოვსო – რადიოში თქვეს ეს წუთია. ჭკვიანურია, გადაიღე სელფი, ატვირთე სპეციალურად შექმნილ სივრცეში და მაჩვენე, რომ სახლში ხარ.

იტალიის, ასევე ერთ-ერთი ქალაქის მერი კი ვიდეომიმართვას ავრცელებს და ჯერ იმუქრება, მერე ცრემლმოერეული ხმით იხვეწება – ხალხო, დარჩით სახლშიო.

ამ ორს არც უბრალო მოქალაქეები ჩამორჩებიან და წამდაუწუმ სოციალურ ქსელში აზიარებენ აზრებს სახლში დარჩენის შესახებ. მერე და მერე, ენასაც გვაჩვევენ და მოგვიწოდებენ – თუ არ დარჩები,  ეგდე მაინცო.

მთელი ეს აურზაური  კორონავირუსმა მოაწყო. ჩვენ სახლებში გამოგვკეტა, თვითონ დადის, დასეირნობს უდარდელად.

ერთი კი ფაქტია, სულ სახლში ვერ იჯდები. მინიმუმ აფთიაქში, მაღაზიაში ან რაიმე გადაუდებელ ადგილას მოგიწევს გასვლა. ჰოდა, თუ ვირუსი უნდა შეგხვდეს, აუცილებლად შეგხვდება, ეჭვიც არ შეგეპაროს. თუ არ უნდა შეგხვდეს, მაშინ არ შეგხვდება. ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოების წესები არ უნდა დაიცვა. ყველა წესი შეასრულე, თუმცა პანიკას და შიშსაც ნუ აჰყვები, რადგან…

 

შიშს დიდი თვალები აქვს…!

 

შიშზე ადრე უკვე დავწერე https://mastsavlebeli.ge/?p=3781.

შიშზე სხვა სტატიაც მაქვს https://mastsavlebeli.ge/?p=11385, მგელიკა გახსოვთ? მთელ ტყეს შიშის ზარს სცემდა, სინამდვილეში კი კბილები არ ჰქონდა.

მოკლედ, ამ გრძნობას ჯერ არავისთვის სიკეთე არ მოუტანია და რაღა ჩვენ მოგვიტანს ახლა. ექიმები ყოჩაღად იქცევიან, მთავრობაც ცდილობს… უკვე კარგია და თუ მზემაც გამოანათა, ტემპერატურა მოიმატებს და იქნებ გვეშველოს – გარეთ გასვლის ნებართვაც მივიღოთ.

მანამდე კი რკინის ნერვები გვჭირდება.

რკინაზე ორჯერ  დავწერე https://mastsavlebeli.ge/?p=16677. ახლა ისევ  ვწერ, კიდევ უფრო ახლოს, რომ გავიცნოთ.

დრო იყო, ამ მეტალმა ცივილიზაცია საოცრად შეცვალა. მის გარეშე ჩვენც ვერ ვიცოცხლებთ. ჰემოგლობინის შემადგენლობაში შედის, რომელიც თავის მხრივ, ჟანგბადის ტრანსპორტირებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ იყო, რომ  ვწერდი – მომკლავს უშენობა-მეთქი https://mastsavlebeli.ge/?p=3708.

ჰემოგლობინი და მასში შემავალი რკინის იონი სისხლს წითელ შეფერილობას აძლევს. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ცილა ჰემოგლობინი შედგება ოთხი პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან და თითოეული მათგანი ჰემინურ დაჯგუფებას შეიცავს. სწორედ ჰემშია მოთავსებული რკინის იონი. რკინის ჟანგვის რიცხვის მიხედვით სისხლის ფერი იცვლება კაშკაშა წითლიდან (+2) გაჯერებულ მუქამდე (+3). ჰემოგლობინი ერითროციტებში გვხვდება და ადამიანის სხვა სითხეების ფერზეც ახდენს გავლენას. მაგ. ჩვენს ელენთაში ძველი ერითროციტები გადამუშავდება.  მათგან რკინა გამოთავისუფლდება, რომელიც ახალ ჰემოგლობინში ჩაერთვება. ჰემის ნაწილი კი ბილივერდინად (მწვანე პიგმენტი), შემდეგ კი ბილირუბინად (ყვითელი) გარდაიქმნება. ეს პიგმენტები ნაღველს  აფერადებენ და ჩვენს სხეულზე ზოგჯერ წარმოქმნილი  სილურჯეების ფერიც მათი დამსახურებაა. ბილირუბინი ბოტკინის დაავადებისას ყვითელ შეფერილობას აძლევს კანს.

ნაღველის ნაწილი პანკრეასში გამოიყოფა და ვიტამინების შთანთქმაში მონაწილეობს. ამ შემთხვევაში ბილირუბინი ბაქტერიებით იშლება ურობილინოგენად (უფერო). სისხლის ნაკადში  მოხვედრისას ურობილინად (ჩალისფერი) იჟანგება და თირკმელების მეშვეობით შარდთან ერთად გამოიყოფა. სწორედ ურობილინი აფერადებს ყვითლად შარდს.

ურობილინოგენის ნაწილი ნაწლავში გადაადგილებას განაგრძობს და სტერკობილინად (ყავისფერი) გარდაიქმნება. ასეთივე ფერით გამოიყოფა ორგანიზმიდან.

გარემოში არსებულ რკინას თუ დავუბრუნდებით, უძველეს დროში, ე.წ. მეტეორულ რკინასაც ნახავდით მიწაზე. მართალია, იშვიათობა იყო, თუმცა არსებობდა.

ძველ რომში ერთ მეფეს რკინის ფარი ჰქონია, რომელიც ციდან ჩამოვარდნილი ქვისგან გაუკეთეს. ტუტანხამონის აკლდამაში კი არამიწიერი რკინის ხანჯალი იპოვეს.

დედამიწაზე რკინა სხვადასხვა მინერალების შემადგენლობაშია და ადამიანს საბადოდან მისი მოპოვება უნდა ესწავლა. ყველაზე გავრცელებული ჰემატიტია Fe2O3, შემდეგია მაგნეტიტი Fe3O4. რკინის ჟანგბადისგან დასაცილებლად აუცილებელია აღმდგენი. ამ მიზნით ადამიანები ხის ნახშირს იყენებდნენ, რომელიც ძირითადად ნახშირბადისგან შედგებოდა. ძველი მეტალურგები ნახშირს მადანს შეურევდნენ, ათავსებდნენ სპეციალურად აშენებულ ქვის ღუმელში, სადაც მუდმივად გადიოდა ჰაერი, ნახშირი ხურდებოდა და შიგნით ტემპერატურა 1500 გრადუსზე ადიოდა. გამოყოფილი მეტალური რკინა ღუმლის ძირში გროვდებოდა. მადნიდან რკინის მიღების ეს მეთოდი ერთადერთი არ იყო. სწორედ ამიტომ, რკინის მოპოვებასთან ერთად რკინის ეპოქაც დაიწყო, რკინისგან დამზადებული მთელი თავისი აღჭურვილობით.

მე-18 საუკუნის ბოლოს ლავუაზიემ რკინის დახმარებით დაამტკიცა, რომ წყალი წყალბადისა და ჟანგბადისგან შედგებოდა. ლავუაზიეს ისტორიული ექსპერიმენტი შემდეგნაირად შეიძლება გაცოცხლდეს. ავიღოთ კვარცის მილი და შიგნით რკინის ფხვნილი მოვათავსოთ. მილს ორივე ბოლოში მოვარგოთ საცობი, რომელშიც წვრილი მილი გაივლის. მარცხენა მხარეს მივუერთოთ კოლბა წყლით და ადუღებამდე მივიყვანოთ. მარჯვენა მილი კი წყლით სავსე კრისტალიზატორში ჩავუშვათ. რკინა კვარცის მილში სიწითლემდე გავახუროთ. წყლის ორთქლი ურთიერთქმედებს გახურებულ რკინასთან  და წყალბადსა და რკინის ოქსიდს წარმოქმნის. გამოყოფილ წყალბადს სინჯარაში წყლის გამოძევების მეთოდით შევაგროვებთ.

3Fe+4H2O =Fe3O4+4H2.

რკინა სისხლის შემადგენლობაში ხომ შედის. მისგან ხელოვნური სისხლიც შეგვიძლია დავამზადოთ. უფრო სწორად, სპექტაკლივით გავითამაშოთ, ვითომ ხელოვნური სისხლია. ორი ხსნარი დაგვჭირდება, რკინის (III) ქლორიდის და კალიუმის როდანიდის. თუ ხელზე ერთ ხსნარს წავისვამთ, მეორეთი კი რაიმე პლასტმასის დანას დავამუშავებთ და ხელზე ჩამოვისვამთ „ჭრილობიდან“ სისხლი წამოგვივა.

FeCl3+3KSCN= Fe(SCN)3+3KCl.

სიტყვა როდანიდი ბერძნული „როდეოს“-იდან წარმოდგება და წითელს ნიშნავს.  ხელოვნურ სისხლს კი ნატრიუმის ფტორიდის ხსნარით ჩამოიბანთ.

Fe(SCN)3+3NaF=FeF3+3NaSCN.

ორ- და სამვალენტიანი რკინის პარალელურად ექვსვალენტიანი რკინაც არსებობს. ფაიფურის როდინში რკინის ფხვნილი კალიუმის ნიტრატი შევურიოთ. ზემოდან გახურებული ნახშირის ნაჭერი დავადოთ. 2KNO3+Fe=K2FeO4+2NO წარმოიქმნება კალიუმის ფერატი. მისი წყალხსნარი იისფერია.

საერთოდაც, რკინა  ფერადია. 200 წლის წინ გერმანიაში გამოჩნდა საღებავი ბერლინის ლაჟვარდი.  მის მოსამზადებლად სისხლის ყვითელი მარილი დაგვჭირდება. ადრე ამ მარილს კალიუმის კარბონატის (ანუ პოტაშიდან) შელღობით იღებდნენ. უმატებდნენ რკინის ნაქლიბს და სისხლს. აქედან არის მისი ისტორიული სახელი შემორჩენილი.  სისხლის წითელ მარილს დაამატეთ რკინის (III) ქლორიდის ხსნარი, გამოიყოფა კაშკაშა ლაჟვარდისფერი ნალექი, ამ ნივთიერებას დღესაც იყენებენ საღებავებისა და ემალის პიგმენტად.

K4[Fe(CN)6]+FeCl3=KFe[Fe(CN)6].

ლაჟვარდის მიღების კიდევ ერთი მეთოდია, სისხლის წითელი მარილისა და რკინის სულფატის ურთიერთქმედება.

K3[Fe(CN)6]+FeSO4= KFe[Fe(CN)6]+K2SO4.

მეცხრამეტე საუკუნეში ამ პიგმენტს საბუთებისა და ნახაზების კოპირებისთვის იყენებდნენ. ქიმიურ ჭიქაში შევურიოთ ერთმანეთს ლიმონმჟავა, რკინის (III)  სულფატი და დავამატოთ ამიაკის ხსნარი. წარმოიქმნება ნივთიერება, რომელსაც შემდეგნაირად გამოვსახავთ Fe(NH4)3(C6H5O7)2, რომელიც სინათლისადმი მგრძნობიარეა და იშლება ორვალენტიანი რკინის წარმოქმნით. ამ უკანასკნელს აღმოაჩენს რკინის წითელი მარილი, რომელსაც ასევე დავამატებთ ჭიქაში. ახლა ხსნარი ცოტა სქელ მუყაოს  ქაღალს წაუსვით და ზემოდან დაადეთ რაიმე სურათი, რისი კოპირებაც გსურთ. 15 წუთის შემდეგ გამოსახულება ქაღალდზე აისახება. ქაღალდი გამდინარე წყლით ჩარეცხეთ, რომ გამოსახულება მასზე კარგად დამაგრდეს.

 

მანამდე კი…

 

ჰაერში მოფარფატე ვირუსის,

სხვა ადამიანთან ახლო მანძილზე აღმოჩენის,.

ახალი ამბების მოსმენის,

სხვა შიშს ატანილი ადამიანების „პოსტების“,

გარეთ გასვლის –

 

გეშინიათ…?

 

სახლში ჯდომა,

დაუსრულებელი კარანტინი –

 

მოგბეზრდათ?…

ჰოდა, „მასწავლებელი“ იკითხეთ. აქ არც ვირუსია, ავტორებთან ახლოსაც მიხვალთ, უამრავ ამბავს გაიგებთ და როდესაც  კითხვას მორჩებით, ამასობაში ვირუსი დამარცხდება და კარანტინიც დასრულდება!

 

 

რას ფიქრობენ ბავშვები სკოლის პრობლემებზე

0

სწავლისა და სწავლების, ბავშვების მოსწრებისა და უნარების გაუმჯობესება რომ სუბიექტურთან ერთად ობიექტურ მიზეზებზეა დამოკიდებული, არახალია.

აზროვნების აკადემიაში, სადაც ვასწავლი, მოზარდებთან ხშირად ვსაუბრობ სკოლაში არსებულ ღია და ფარულ პრობლემებზე. რადგან ჩვენი კომუნიკაცია ორ თანასწორ ადამიანს შორის ურთიერთობაზეა დაფუძნებული, ბავშვები ღიად ყვებიან იმ პრობლემებზე, რასაც სკოლაში ხედავენ. ასეთი პრობლემები უამრავია და მათი კლასიფიკაცია სხვანაირადაც შეიძლებოდა, მაგრამ მოვიძიე მსოფლიო გამოცდილება, სხვა ქვეყანაში არსებული მსგავსი გამოწვევებიც და ვეცადე რაღაც შუალედური, ისეთი პრობლემები, რაც სხვა ქვეყნებსაც აწუხებთ, წამომეწია წინ.

 

მოსწავლეთა რაოდენობა საკლასო ოთახში

 

ეს პრობლემა თანაბრად აწუხებთ მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც, რადგან ორივე მხარეს თავისი პრობლემები აქვს.

მასწავლებელი ფაქტობრივად უძლურია 45 წუთიანი გაკვეთილის პირობებში მოახერხოს მოსწავლეების იმგვარად მობილიზება, რომ მათი გამოკითხვაც მოესწროს, აღრიცხვაც და ახალი მასალის წარდგენაც.

ბავშვებს კი, თავის მხრივ, უჭირთ საკუთარი ცოდნის რეალიზება, იღლებიან მხოლოდ სხვისი მოსმენით და საგაკვეთილო პროცესის ბოლოსკენ მათი ქმედითუნარიანობა საგრძნობლად კლებულობს.

გარდა ამისა, კლასების სივიწროვე და ბავშვების სიმრავლე ბევრ ფიზიოლოგიურ პრობლემასთანაა კავშირში – მუდმივად იხუთება ოთახები, ვენტილაციის არარსებობის გამო ჭირს სუნთქვა, მერხები ერთმანეთთან მჭიდროდაა განლაგებული (ცნობილია, რომ ადამიანს აქვს პირადი სივრცის ბიოლოგიური კრიტერიუმები, რომლის დარღვევასაც მძაფრად და ხშირად არაცნობიერად განიცდის). მნიშნელოვანია თავად მერხებისა და სკამების განლაგებაც კლასში და შედეგებზე ამის მიხედვით მსჯელობა.

 

საპირფარეშო

რამდენადაც გასაკვირი უნდა ჩანდეს, 5 მთავარ პრობლემას შორის, ერთი ყოველთვის საპირფარეშოების მოუწესრიგებლობაა. ერთი ამბავია ძალიან ცუდი ჰიგიენური ნორმები და მეორე, არანაკლები პრობლემა იკვეთება საპირფარეშოების უფროსი და უმცროსი ასაკის ბავშვების საერთო სარგებლობის ქვეშ ყოფნას. როგორც ჩანს, უფროსკლასელები სიგარეტს მაინც ეწევიან ტუალეტში, მცირეწლოვან ბავშვებს აყენებენ შეურაცხყოფას და ამის გამო, ბევრი ბავშვი საერთოდ უარს ამბობს საერთო საპირფარეშოთი სარგებლობაზე.

ის, რომ საბჭოთა სტანდარტებით აშენებული ღია ტუალეტებია, ხშირად არაა ქაღალდი, საპონი, ხელსახოცი და ელემენტარული სისუფთავე, ბავშვებისთვის უფროსებზე უფრო მეტი სტრესია. ერთმა მოზარდმა, ნახევრად ხუმრობით ისიც თქვა, რომ სკოლაში შეკავების გამო ცისტიტით დაავადდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუცვალა მშობელმა სასწავლო დაწესებულება.

ზოგადად, სკოლის შენობების საერთო დონე რომ ძალიან დაბალია, ამაზე ლაპარაკიც არ ღირს. დედაქალაქის მონაცემები ამ მხრივ მძიმეა, რეგიონებისა კი – სრულიად სავალალო. ვისაც ზოგიერთი სოფლის სკოლის ტუალეტი უნახავს, დამეთანხმება, რომ მსგავს ანტისანიტარიაში, თავმოყვარე სახელმწიფო ძროხის დაბმასაც მოერიდებოდა.

 

სიღარიბე

ნებისმიერი ქვეყნის ორი სოციალური ჯგუფია განსაკუთრებულად დაუცველი სიღარიბის მიმართ და ესენი ბავშვები და მხცოვანი ადამიანები არიან. UNICEF-ის მონაცემებით, საქართველოში ბავშვების 29 %-მდე სიღარიბეში ცხოვრობს, მათ 9-10%-ს კი უკიდურეს სიღატაკეში უწევს არსებობა. სოციალური ფონი მნიშვნელოვნად აისახება განათლებაზეც და ამაზე ცივილურ მსოფლიოში აღარავინ დავობს.

ცალკეულ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, როდესაც მოზარდებს განსაკუთრებული მოტივაცია უჩნდებათ თავი დააღწიონ ცხოვრების მძიმე პირობებს და აღწევენ კიდეც ამას, უმეტეს შემთხვევაში, ბავშვები ფიზიკურად ვერ ახერხებენ საკუთარ ქუსლებზე მაღლა ახტომას და მოტივაციისა და შრომის ხარჯზე სწავლას.

უთანასწორო და მძიმე სოციალური გარემო მძიმედ აისახება ბავშვის მენტალობაზე და კლავს განათლების მიღების სურვილს, რადგან მის წინაშე დგას უფრო ფუნდამენტური მოთხოვნილება – ფიზიკურად გადარჩეს.

ქართულ ხასიათზეც ხშირად მიფიქრია და ჩვენნაირ საზოგადოებაში, სადაც ვიღაცასთან დაზომება, დატოლება ცხოვრების წესია, სიღარიბე ბავშვებში ორმაგად დამთრგუნველი ფაქტორი ხდება გარდატეხის ასაკის მოზარდისთვის.

 

სიღარიბეზე, როგორც განათლების შემაფერხებელ ფაქტორზე მსოფლიოშიც დიდი ხანია ლაპარაკობენ. ქვეყნები, სადაც სიღარიბის ზღვართან ახლოს მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მაღალია (მაგალითად, აშშ 22 %, რუსეთი 29 %,) აკადემიური მოსწრება ასევე დაბალია, სადაც ოჯახის საშუალო შემოსავალი სიღარიბის ზღვრისგან შორსაა (იაპონია, კორეა, შვედეთი, დანია), იქ მოსწავლეთა საშუალო მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

რა არის ამ კორელაციის მთავარი მიზეზი? ის, რომ მშიერ ადამიანს წიგნის კითხვა არ ეხალისება თუ იქნებ ბაზისურ მოთხოვნილებებში, რომელთა შორისაც, მე განათლებასაც მოვიაზრებ ხოლმე, უბრალოდ პრიორიტეტებში  არის ძალიან დაბლა? იქნებ ის, რომ ჯერ მაცივარია გასავსები და შემდეგ წიგნის თარო, სრულებით ბუნებრივი მოვლენაა და სანამ მშიერი ბავშვები გვეყოლება ირგვლივ, განათლებული თაობის ბუმს არც უნდა ველოდოთ?
ვინ იცის?

 

ოჯახი

 

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რასაც ჩემი მოსწავლეები პირდაპირ ან ირიბად ასახელებდნენ, ოჯახური გარემოა. მოზარდებს უჭირთ ფორმულირება, რა გავლენას ახდენს მარტოხელა მშობლების, ოჯახური კონფლიქტების, ოჯახური ძალადობის ან ელემენტარული პირადი სივრცის არ ქონის საკითხები მათ აკადემიურ მოსწრებაზე, მაგრამ კითხვაზე, რომელ ფაქტორს გამოასწორებდნენ ცხოვრებაში ისე, რომ მათი სწავლისადმი მოტივაცია გაუმჯობესებულიყო, პირველ ხუთეულში აუცილებლად ასახელებენ ოჯახური გარემოს მოგვარებასაც.
როდესაც ბავშვებს ვაკვირდები, ისინი, ვინც თბილ, მზრუნველ გარემოში იზრდებიან და ნაკლები აქვთ შფოთვა, ემოციური დისკომფორტი და ორივე მშობლის ყოლის შემთხვევაშიც ნამდვილად ორივე ჰყავთ, ვინც მამისა და დედისგან თანაბარ და სათანადო ზრუნვას იღებს და ვისაც სახლში მისვლა უხარია, უფრო მოტივირებულები არიან ცოდნის პერმანენტულად მისაღებად.

ასეთ ბავშვებს საშინაო დავალების გაკეთება უფრო მეტად გამოსდით მაშინ, როცა ოჯახური პრობლემების მქონე ან უსიყვარულო გარემოში გაზრდილი ბავშვები შინ თითქმის არასოდეს მეცადინეობენ.

 

ტექნოლოგიების ცოდნა და ხელმისაწვდომობა

რა დასამალია და ასეთი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, ჩვენი მოსწავლეები უფრო მეტად განვითარებულები არიან, ვიდრე ჩვენ პედაგოგები ვართ. ამ დროს თოხისა და ტრაქტორის დილემა დგება – ძველი თაობის ადამიანები ამბობენ, რომ „ძველი მეთოდოლოგია“ უფრო სანდო და კარგია, ახლები კი ფიქრობენ, რომ შესაძლებელია განვითარების რესურსის უკეთესად გამოყენება, ვიდრე გვაქვს ახლა.

ბავშვები თვლიან, რომ  მძიმე სახელმძღვანელოების სკოლებში ტარება მაშინ, როცა სრულიად შესაძლებელი იქნებოდა პლანშეტებით სახელმძღვანელოების რაღაც ნაწილის შემსუბუქება, ცუდი არ იქნებოდა. განათლების სისტემა ასე დროს გაცილებით „მოხუცია“, ვიდრე ისინი, ვისთვისაც ფუნქციონირებს და ეს, გარკვეულად აფერხებს კიდეც წინსწვლას.

 

 

მსოფლიოს მრავალ სკოლაში სასკოლო პროგრამაში მაღალტექნოლოგიური ფუნქციონალი სრულადაა ინტეგრირებული ბავშვებს დასწავლა დაზუთხვასთან ერთად გონებრივი განვითარების სხვა საშუალებებიც აქვთ ხელმისაწვდომად.

 

ჩაგვრა და არასასიამოვნო გარემო კლასში

 

რა მტკიცება უნდა იმას, რომ ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებლად, მოზარდები ყოველთვის ბულინგს ასახელებენ. ეს მსოფლიო სენია და ყველა ქვეყანა ებრძვის ბავშვების მხრიდან ერთმანეთზე განხორციელებულ ძალადობას, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში ის მაინც ხერხდება, რომ მოზარდები მენტორის მხრიდან ზეწოლისგან არიან დაცულები, რაც, როგორც ჩანს ჩვენ რეალობაში ისევ უდიდეს გამოწვევად რჩება.

ჩემი მოსწავლეების ალბათ 2/3-ზე მეტს ერთხელ მაინც ჰქონია მძიმე გამოცდილება სკოლის მასწავლებლის მხრიდან მათზე განხორციელებული შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ნაწილში.

ბავშვები ღიად და დაუფარავად ლაპარაკობენ ხოლმე მსგავს საკითხებზე თუ სწორად დავუსვამთ შეკითხვებს, მაგრამ როგორც ირკვევა, ძალიან ცოტა სკოლაში მუშაობს ადმინისტრაცია ამ პრობლემების გამოვლენა-აღმოფხვრაზე.

როგორც მოსწავლეების ნაწილი ამბობს, მათთვის ერთხელაც კი არ უკითხავს სკოლის ხელმძღვანელობას რა პირდაპირი ან ირიბი ბულინგის პირობებში უწევთ სწავლა. ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნებით დაცინვა დღედე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ჩვენ სკოლებში, რისი მოგვარების გარეშეც, მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე ლაპარაკი უსარგებლოა.

ძალიან საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ბულინგის არსებობის შესახებ, ბავშვების ნაწილი არც მშობლებთან ლაპარაკობს, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, ოჯახის წევრები არასერიოზულად აღიქვამენ პრობლემებს, რაც მათ აწუხებთ. ამ პრობლემების ნაწილი ერთი შეხედვით, მართლა უმნიშვნელო შეიძლება ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ხომ ჩვენი სუბიექტური აღქმაა მნიშვნელოვანი და არა ობიექტური გარემოება? სუბიექტური შეფასება კი ზუსტად ისეთივე ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვისთვის, როგორც რეალური პრობლემა.

 

ეს ექვსი, ერთი შეხედვით ზოგადი პრობლემა მხოლოდ ზღვაში წვეთია, რაც ბავშვებმა დაასახელეს, სია კი გაუთავებლად შეიძლება გაიზარდოს, განსაკუთრებით, თუ ამ ყველაფერზე მასწავლებლებიც დაიწყებენ ღიად ლაპარაკს. სკოლის ადმინისტრაციას ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ერთის გამოსწორება მაინც შეუძლია და ეს ერთიც კი, ალბათ წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნებოდა ჩვენს რეალობაში.

კარგი სახელმწიფოს ასაშენებლად ხომ, ხშირად, მარტივი პრობლემების ხალხის მხრიდან გადაჭრაც შველის?

eTwinning-ი, როგორც დამხმარე რესურსი მასწავლებლებისთვის

0

დღევანდელი რეალობა მასწავლებელს, როგორც ციფრულ მოქალაქეს, ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აყენებს.  დღეს, როდესაც სკოლები დაკეტილია და სოციალური დისტანცირება სავალდებულოა, მასწავლებლების ფუნქციების ჩამონათვალი კიდევ უფრო იზრდება.  თუმცა ბევრი მათგანი   შექმნილ ვითარებას გამოწვევად განიხილავს და თვლის,  რომ იგი ინოვაციური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს მას. მაგრამ მთავარ გამოწვევად მოსწავლეთა  მოტივაციის შენარჩუნება რჩება.   მასწავლებელს მუდმივად უწევს ფიქრი,  შესთავაზოს მოსწავლეს  საინტერესო აქტივობებითა და ციფრული რესურსებით გამდიდრებული გაკვეთილი. ციფრული განათლების ეპოქაში სწორად შერჩეული რესურსის გამოყენება კი დამერწმუნეთ,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. მინდა, წარმოგიდგინოთ eTwinning-ი, როგორც მასწავლებლების დამხმარე რესურსი, რომელიც უკვე  15 წელია, ხელს უწყობს ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული სკოლების საზოგადოების ფორმირებას უსაფრთხო ონლაინ სივრცეში www.etwinning.net. e-Twinning -ის პლატფორმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სთავაზობს კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პროექტების განხორციელების,  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებისა და  გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს.  პორტალი ფუნქციონირებს 30 ენაზე და მათ შორისაა ქართულიც.  პორტალის მნიშნელოვანი ნაწილის ქართულად თარგმნა მასწავლებლის სახლის ინიციატივით განხორციელდა.  https://www.etwinning.net/ka/pub/etwinning-plus.htm

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ ქსელებში მონაწილეობა არ არის სავალდებულო და, შესაბამისად, ჩვეულებრივ,  მასწავლებელთა თავისუფალი ნებით ხდება, სწავლა/სწავლების ეს არაფორმალური მეთოდი პოპულარობით სარგებლობს მასწავლებელთა შორის.  ევროპის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულების ორი მესამედი  მხარს უჭერს მასწავლებელთა ქსელების სკოლებში დამკვიდრებას.

„eTwinning“-ის საზოგადოების ძალისხმევა და შესრულებული სამუშაო სათანადოდ შეფასდა „Eurydice“-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში,  სახელწოდებით: “ციფრული განათლება ევროპის სკოლებში”  (https://eacea.ec.europa.eu/national-policies/eurydice/content/digital-education-school-europe_en.)  ცალკე აღნიშვნას საჭიროებს „eTwinning“-ის როლი  მხარდაჭერის მიზნით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც ხელმისაწვდომია მასწავლებლებისათვის, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ციფრული კომპეტენციების უწყვეტი განვითარების მიმართულებით .

„eTwinning“-ი მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას ეყრდნობა და ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარების განვითარებას, როგორიცაა შემოქმედებითობა, კრიტიკული აზროვნება და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უნარები.

დღეს შექმნილ ვითარებაში eTwinning-მა აჩვენა მასწავლებლებს,  რომ მათ აქვთ უსაფრთხო პლატფორმა, სადაც შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრის  გაზიარება, მოსწავლეებთან და კოლეგებთან კომუნიკაცია, როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე.

 

რას მოიცავს eTwinning-ის პლატფორმა?

www.etwinning.net პლატფორმა არის ათვლის წერტილი eTwinning-ის სამყაროსთან დასაკავშირებლად. პლატფორმაზე რეგისტრაციით მასწავლებლებს წვდომა აქვთ სხვადასხვა საინტერესო თუ სასარგებლო რესურსთან https://www.etwinning.net/en/pub/get-inspired/testimonials.htm

  • eTwinning Liveადგილი, სადაც პედაგოგებს შეუძლიათ სხვა რეგისტრირებული ითვინერებისა და სკოლების მოძიება, მათთან დაკავშირება და მათი საქმიანობისთვის თვალის დევნება.

  • ონლაინ კურსები – პორტალზე  ყოველდღიურად მიმდინარეობს ვებინარები,  მოკლე, ინტენსიური და სახალისო კურსები, რომლებიც მასწავლებლებს სთავაზობს თემებს, იდეების სტიმულირებისათვის და უნარების განვითარებისთვის.

  • eTwinning-ის ჯგუფებ – ვირტუალური ადგილები, რომელიც საშუალებას აძლევს მასწავლებლებს განიხილონ და ითანამშრომლონ კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. eTwinning ჯგუფების მიზანია პრაქტიკული მაგალითების გაზიარება, სწავლა-სწავლების მეთოდების განხილვა და პროფესიული განვითარების მხარდაჭერა. თემები სხვადასხვაა, მაგალითად, ენის სწავლება, მეწარმეობა განათლებაში, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, საინჟინრო სფერო და მათემატიკა). არსებობს 14 ჯგუფი. მასწავლებელს შეუძლია, შეარჩიოს მისთვის საინტერესო და გაწევრიანდეს.

  • eTwinning Live app – eTwinning მობილური აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიიღონ eTwinning Live სერვისები და შეტყობინებები მობილურ მოწყობილობებზე.
  • TwinSpace უსაფრთხო ადგილი, მხოლოდ პროექტში მონაწილე პედაგოგებისთვის. ასევე შესაძლებელია მოსწავლეების მოწვევა TwinSpace- ში, რათა პროექტის ფარგლებში შეხვდნენ და ითანამშრომლონ თანატოლებთან. სწორედ თვინსფეისზე არის განთავსებული განხორციელებული პროექტები.

 

  • პროექტების გალერეა – საუკეთესო პრაქტიკის საგანგებოდ შერჩეული მაგალითები, რომლებიც ემსახურება შემოქმედებითი აზროვნების გააქტიურებას. https://www.etwinning.net/en/pub/get-inspired/kits.cfm

 

2019 წელს  ETwinning– ის ცენტრალური მხარდამჭერი  სამსახურის მიერ (CSS), რომელსაც წარმოადგენს  ევროპის სქულნეტი, გამოცემული  მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, (https://files.eun.org/etwinning/eTwinning-report-2019_FULL.pdf) პორტალზე რეგისტრირებული მასწავლებლების გამოკითხულთა   92% მიიჩნევს, რომ „eTwinning“-ში მონაწილეობა მათი მოსწავლეების მოტივაციას ზრდის , ასევე მასწავლებელთა თითქმის იგივე რაოდენობა თანხმდება, რომ „eTwinning“-ი ხელს უწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

 

აღნიშნული პუბლიკაცია, ორ წელიწადში ერთხელ გამოიცემა, ETwinning– ის ცენტრალური მხარდამჭერი  სამსახურის მიერ (CSS) და

(https://files.eun.org/etwinning/etwinning_in_an_era_of_change_EN.pdf)

„eTwinning“-ის ფარგლებში გახორციელებული ღონისძიებებისა და მიღწევების შეფასებას ემსახურება, სიღრმისეულად სწავლობს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მასწავლებელთა პრაქტიკა და მოსწავლეთა მოტივაცია, და მომავლის პერსპექტივებსაც გვაცნობს. აღნიშნული ანგარიში ეყრდნობა ფართომასშტაბიან კვლევას, რომლის ფარგლებშიც 10 000-ზე მეტმა რესპონდენტმა ექვსი განყოფილებისაგან შემდგარ კითხვარში შესულ 44 კითხვას გასცა პასუხი.

  • რესპონდენტთა 90%, აცხადებს, რომ „eTwinning“-ი უაღრესად უწყობს ხელს მასწავლებლებს შორის თანამშრომლობას.
  • რესპონდენტთა 93% მიიჩნევს, რომ „eTwinning“-ში მონაწილეობა აუმჯობესებს ურთიერთობებს სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის.
  • მასწავლებლები eTwinning-ს მიიჩნევენ როგორც პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

საქართველოდან პორტალზე რეგისტრირებულია 1300 მასწავლებელი 700 სკოლიდან.  განხორციელებულია 2000-ზე მეტი პროექტი. ბევრმა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ისინი უკეთ  მომზადებულნი აღმოჩნდნენ შექმნილ სიტუაციაში, ვიდრე ის   მასწავლებლები და მოსწავლეები, რომლებსაც არ ჰქონდათ  გამოცდილება ისეთ  პლატფორმაზე  მუშაობის, როგორიცაა eTwinning. ისინი ასევე თვლიან, რომ სწორედ დღესაა იმის დრო, აქტიურად იმუშაონ პროექტებზე, რათა გააგრძელონ/შეინარჩუნონ კომუნიკაცია დანარჩენ ევროპასთან, რაც მიმდინარე პირობებში ფასდაუდებელია. ეს ასევე დაეხმარება მოსწავლეებში მოტივაციის შენარჩუნებას, რადგან მათაც ექნებათ საშუალება, ჰქონდეთ კომუნიკაცია თანატოლებთან სხვადასხვა ქვეყანაში, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება არსებულ ვითარებაზე,  თუნდაც ონლაინ სწავლებაზე ან კულტურულ განსხვავებებსა და მსგავსებებზე.

ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ eTwinning ხელს უწყობს თანამშრომლობის იდეას ყველა დონეზე. პირველ რიგში, მასწავლებლებს შორის, რომლებმაც უნდა დაიწყონ ერთმანეთთან კომუნიკაცია პროექტის დასაწყებად. მეორეც, ეს უზრუნველყოფს მოქნილი სწავლების მეთოდს, რომელიც აერთიანებს მოსწავლეებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, კულტურებიდან და ასაკიდანაც კი, იმისთვის, რომ მათ ერთობლივი პროექტისთვის ითანამშრომლონ.

მესამე, eTwinning აჩვენებს გზას და ეხმარება პედაგოგებს. ის უზრუნველყოფს ვირტუალურ ადგილს, სადაც მათ შეუძლიათ სხვებთან დაკავშირება, პროექტების დასაწყებად შთაგონების პოვნა და თანამშრომლობის წამოწყება.

მათთვის, ვისაც eTwinning-ით არასდროს უსარგებლია, ვფიქრობ, რომ ახლა შესაფერისი დროა, რათა სცადონ მისი გამოყენება.

გაინტერესებთ მეტი? დარეგისტრირდით და შეიტყვეთ..

 

რეგისტრაციისთვის შედით პორტალზე https://www.etwinning.net/ka/pub/etwinning-plus.htm მონაცემთა ბაზის ხარისხის უზრუნველსაყოფად და შეცდომების თავიდან ასაცილებლად, რეგისტრაცია ხდება ორ ეტაპად,  რათა პორტალზე არ მოხვდეს ნებისმიერი  ან ყალბი პროფილების მქონე პირი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ

  1. ინფორმაცია ივსება ინგლისურ ენაზე;
  2. სახელი და გვარი მითითებული უნდა იყოს ისე, როგორც წერია პირადობის მოწმობაში;
  3. სკოლის სახელწოდება უნდა შეივსოს სრულყოფილად. მაგ: LEPL Tbilisi N0 Public School ;  LEPL Khashuri Municipality Village ….. Public School
  4. რეგისტრაციისას გამოიყენეთ მოქმედი მეილი.

რეგისტრაციის დასაწყებად დააწკაპეთ ზედა მარჯვენა კუთხეში  ჩანართს –  შესვლა ან რეგისტრაცია

ამის შემდეგ გამოვა ფანჯარა , სადაც უნდა დააწკაპოთ ღილაკს – შემოგვიერთდით .

პირველ ეტაპზე  გადახვალთ წინასწარ სარეგისტრაციო გვერდზე და ავსებთ მოთხოვნილ ინფორმაციას.

მოთხოვნილი  ინფორმაციის სრულყოფილად შევსების შემდეგ,  თქვენ მიერ მითითებულ  ელ. ფოსტაზე მიიღებთ სარეგისტრაციო ბმულს, რომლის გამოყენებითაც უნდა დაასრულოთ რეგისტრაცია.

ბმულზე დაწკაპებით კვლავ დაბრუნდებით პორტალზე, სადაც შესავსები  ინფორმაცია დაყოფილია ოთხ ნაწილად 1) თქვენი სკოლის შესახებ  2) თქვენ შესახებ 3)  Twinning-ის მოთხოვნები   4) გადახედვა და დადასტურება

  1. თქვენი სკოლის შესახებ – ირჩევთ ქვეყანას, შემდეგ რეგიონს, სადაც თქვენი სკოლა მდებარეობს და წერთ თქვენი სკოლის სახელწოდებას სრულად,: მაგ . LEPL Rustavi N14 Public School ან LEPL Khashuri Municipality Village ….. Public School

თუ თქვენი სკოლა უკვე რეგისტრირებულია eTwinning-ის პორტალზე, ის  გამოჩნდება ჩამონათვალში. მაგალითად ასე:

თუ თქვენი სკოლა არ იქნება რეგისტრირებული, გამოჩნდება შემდეგი ფანჯარა და იწყებთ სკოლის დარეგისტრირებას.

 

სკოლის რეგისტრაციისთვის წინასწარ  მოამზადეთ შემდეგი ინფორმაცია, სკოლის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, დირექტორის სახელი და გვარი, დირექტორის ელ.ფოსტა, სკოლის ვებგვერდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

  1. თქვენ შესახებ – სკოლის დარეგისტრირების შემდეგ გადადიხართ მომდევნო საფეხურზე და ავსებთ ინფორმაციას თქვენ შესახებ, თუ რა საგანს ასწავლით, რომელ ასაკობრივ ჯგუფს და ა.შ.

  1. eTwinning-ის მოთხოვნები – ამ ჩანართში წერთ თქვენი საპროექტო იდეის შესახებ და რომელ ენებს ფლობთ.

 

ბოლოს, გადახედავთ თქვენ მიერ შევსებულ ინფორმაციას, დააწკაპებთ  ღილაკს

და მიიღებთ შეტყობინებას, რომ თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  • Digital education at school in Europe Eurydice Report Education and

Training – European Commission/EACEA/Eurydice, 2019.

 

დავალებები ონლაინგაკვეთილებისთვის

0

ნებისმიერი გამოწვევა, თუნდაც იძულებითი, ახალი შესაძლებლობაა. ტრენინგებზე ხშირად გვიწუწუნია, რომ გაკვეთილებზე ონლაინრესურსების ხშირად გამოყენების საშუალება არ გვაქვს. და აი, სწორედ ახლაა დრო, დანაკლისი ავინაზღაუროთ.

ონლაინ- თუ ტელეგაკვეთილებმა კიდევ ერთხელ დამანახა, რომ მასწავლებლებს უსაზღვრო შესაძლებლობები გვაქვს.

აქ არ დავწერ, რომელი მასწავლებლების გაკვეთილებს ვუყურებ ინტერესითა და ხალისით, მაგრამ ვიტყვი, რომ ძალიან მომწონს გაკვეთილები, რომლებზეც მასწავლებლები მოსწავლეებს ფიქრისკენ უბიძგებენ და რომლებზეც თავიანთ ადამიანურ დამოკიდებულებას არ მალავენ, თანაც ისე, რომ საკუთარ აზრს თავს არ ახვევენ მსმენელს, უბრალოდ გამოცდილებას უზიარებენ. მიყვარს ემოციების გაზიარება, რომელიც ბავშვებს ლაღად ცხოვრებაში, სილამაზისა და ბედნიერების აღქმაში ეხმარება… არადა, ძალიანაც მინდა, დავასახელო ეს მასწავლებლები, ჩემთვის უინტერესო საგნის გაკვეთილებიც რომ შემაყვარეს.

მეც ვცდილობ, მოსწავლეებს გაკვეთილები გავულამაზო და გავუფერადო, ამ ფორსმაჟორის დროს კი – განსაკუთრებით.

გახსოვთ სტატია, სადაც გეოგრაფიის სწავლების მნიშვნელობაზე ვწერდი? ჰოდა, ახლა გაგიმხელთ, რომ ქვეტექსტად მას სწორედ „არასტანდარტული“ (როგორც მავანნი იტყვიან) სწავლების აუცილებლობა გასდევდა. არ მესმის, რატომ უნდა მოვთხოვო მოსწავლეს სახელმძღვანელოში დაბეჭდილი ტექსტებისა და სტატისტიკური მონაცემების დაზეპირება და ჩაბარება. რას მისცემს? რაში გამოადგება 10, თუნდაც 5 წლის წინ გამოცემულ სახელმძღვანელოში ამოკითხული ინფორმაცია? საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის (2014 წ.) შედეგებიც კი მოძველებულია, სახელმძღვანელოში კი 2010 წლის მონაცემებია შეტანილი. ხომ არ სჯობია, მეცხრეკლასელებს, მათი დაზეპირების ნაცვლად, მივცეთ ახალი მონაცემები (იხ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე https://www.geostat.ge/ka/modules/categories/41/mosakhleoba?fbclid=IwAR3qRSekWUtTglhkpJ8gUp3BmiI6TP6_IF84UmPG64fOEFBCEZ9fmktAlAc ) და მათზე სხვადასხვა დავალება ავაგოთ? თუნდაც შედარება:

  1. როგორ შეიცვალა მოსახლეობის რაოდენობა 2010 წლიდან დღემდე?
  2. როგორი იყო ბუნებრივი მოძრაობა 2010 წელს და როგორია დღეს?
  3. რომელმა ფაქტორებმა განაპირობა მოსახლეობის ზრდა?
  4. შეაფასეთ დღევანდელი დემოგრაფიული ვითარება.
  5. რა საჭიროა მოსახლეობის რაოდენობის შესწავლა? – და ა.შ.

მოსწავლე კითხულობს სახელმძღვანელოსა და ვებგვერდზე მოცემულ დიაგრამებსა და ცხრილებს და ფიქრობს, ანაალიზებს, აფასებს.

მეცხრეკლასელებისთვის კიდევ ერთი სახალისო აქტივობა მოვიფიქრე. ურბანიზაციის თემის განხილვამდე მივეცი ასეთი დავალება: ოჯახის წევრებთან ერთად მოიძიეთ სიმღერა, ლექსი ან ნახატი საქართველოს რომელიმე ქალაქის შესახებ და გაკვეთილზე წარმოადგინეთ. წარმოიდგინეთ, როგორი ხალისით ჩაივლის ონლაინგაკვეთილი. ამავე დროს, მოსწავლეებმა ქალაქები უნდა მონიშნონ NatGeo Interactive mapmaker-ის (https://mapmaker.nationalgeographic.org ) ვებგვერდზე და შექმნან ინტერაქციული რუკა. რუკაზე ტექსტთან ერთად, მოგეხსენებათ, ვიდეოს დამატებაც არის შესაძლებელი. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო და მხიარული რუკა გამოვა. ქალაქებიც დაამახსოვრდებათ და იხალისებენ კიდეც.

აქვე შევთავაზოთ სინქვეინის შედგენაც მათთვის საყვარელ ქალაქზე ან სოფელზე. როდესაც სინქვეინს ვუხსნიდი, ვუთხარი, ლექსის წერას გასწავლით-მეთქი და ძალიან გაუკვირდათ. ახლა უკვე ოჯახის წევრების ჩართვაც ევალებათ.

სინქვეინის რამდენიმე მაგალითს გიზიარებთ:

 

თბილისი

ჩემია, ერთადერთია.

მიყვარს, მაბედნიერებს, მახალისებს.

ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში.

სახლი.

 

ქუთაისი

უძველესი, საგანძური.

ინახავს, გვახსენებს, გვასწავლის.

ფეხი დამადგით, გულზე დამადგით, ფეხი ყოველმან.

მატიანე.

 

ბათუმი

თბილი, მზიანი.

ცეკვა, სიმღერა, დასვენება.

ზღვაო, არ გეტყვი ლექსს, მხოლოდ დაგიგდებ ყურს.

ზაფხული.

 

დაახლოებით ასეთივე დავალება აქვთ მეათეკლასელებსაც. მათ უნდა მოიძიონ ევროპის რომელიმე ქვეყნის კომპოზიტორები, მწერლები და მხატვრები, გაკვეთილისთვის შეარჩიონ ამ ქვეყნის ენაზე შესრულებული ერთი საყვარელი სიმღერა და გვიმღერონ. ყველა სიმღერის მოსმენას ერთ გაკვეთილზე ვერ მოვასწრებთ, ამიტომ ყოველ გაკვეთილზე თითოს ვისმენთ. ერთად ვმღერით. არც მსოფლიოში მიმდინარე პრცესები გვავიწყდება: აუცილებლად განვიხილავთ ნატოს სამიტს, რომელიც ონლაინრეჟიმში პირველად ჩატარდა. ჩრდილოეთი მაკედონიის მიღების საკითხი ხომ მშვენიერი სადისკუსიო თემაა. თუ არც ერთი მოსწავლე არ დასვამს კითხვას: რამ განაპირობა ამ ქვეყნის ნატოში მიღება? – შეგვიძლია, ჩვენ მივიყვანოთ ამ კითხვამდე. მერწმუნეთ, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა უფრო საინტერესო იქნება, რადგან ასე რამდენიმე თემაზე შეიძლება საუბარი: ბალკანეთის ქვეყნების სახელმწიფო წყობაზე, მოსახლეობაზე, ეკონომიკაზე, გავლენის სფეროებზე…

პარალელურად გაშლილი იქნება ვებგვერდი https://mapmaker.nationalgeographic.org/#/

და მოსწავლეები შექმნიან თემატურ რუკებს, დაამატებენ ტექსტებს, ფოტოებს და ვიდეოებს. ეს ვებგვერდი სხვადასხვა მიზნით ყველა კლასში შეგვიძლია გამოვიყენოთ.

მერვე კლასში ურბანიზაციას რამდენიმე გაკვეთილი დავუთმე. სახელმძღვანელოში არსებული პარაგრაფები გავაერთიანე. ინტერნეტში წავაწყდი ვებგვერდს: https://ourworldindata.org/urbanization

ამ საიტზე ნახავთ რუკებსა და დიაგრამებს.

აი, ერთი მათგანი:

თითქოს ჩვეულებრივი რუკაა, მაგრამ თუ ვებგვერდზე შეხვალთ, ნახავთ, რომ რუკა ანიმაციურია, ქვეყნებს კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით აჩვენებს. სახელმძღვანელოში ფერების გარჩევა ხშირად კითხვებს ბადებს, ეს რუკა კი მხოლოდ იმ ქვეყნებს აფერადებს, რომელთა პროცენტული მაჩვენებლებიც გვაინტერესებს.

დავალება 1. მოცემული რუკიდან ამოიწერეთ 5-5 ქვეყანა ურბანიზაციის დონის მიხედვით.

შეავსეთ ცხრილი:

20%-ზე ნაკლები 20-60% 60%-ზე მეტი
 

 

   

 

დავალება 2. გამოიყენეთ ვებგვერდი https://mapmaker.nationalgeographic.org/#/ აირჩიეთ ყველა კონტინენტიდან ერთი ქალაქი, მონიშნეთ რუკაზე, განსაზღვრეთ კოორდინატები, ფუნქციები. შექმენით რუკა სათაურით „ჩემი ქალაქები“. რუკის დიზაინი თავისუფალია.

დავალება 3. გასულ სასწავლო წელს შემაჯამებელი წერის დროს გამოვიყენე დიაგრამა, რომელიც ქვეყნების ურბანიზაციისა და განვითარების დონეებს გვიჩვენებს. მოსწავლეებს უნდა გაეანალიზებინათ ის და აეხსნათ, რა კავშირია ამ ორ მაჩვენებელს შორის. დისტანციური სწავლების დროს უკვე შეგვიძლია, დიაგრამის ნაცვლად კვლავ https://mapmaker.nationalgeographic.org/#/ გამოვიყენოთ. მოსწავლეებს დავავალოთ, შექმნან ფონური რუკები ქვეყნების განვითარების დონისა და ურბანიზაციის მაჩვენებლებით, შემდეგ დააკავშირონ ეს ორი მაჩვენებელი და მათ ურთიერთმიმართებაზე იმსჯელონ.

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ურბანიზაციის თემის განხილვისას „ქალაქის აშენება“ გამოვიყენე. ეს აქტივობა თქვენთვის უკვე ცნობილია. მეთოდებიდან ვიღებ იმას, რაც ჩემი ხდება. ზოგის ინსტრუქციას პირდაპირ ვიყენებ, ზოგისას კი კლასის საჭიროებისა და ჩემი ხედვის მიხედვით ვცვლი. ამჯერადაც ინსტრუქცია ოდნავ შევცვალე, დროისა და ფორმატის გათვალისწინებით შევამცირე.

„ჩვეულებრივი გაკვეთილების“ დროს „ქალაქის მშენებლობა“ წინარე ცოდნის გააქტიურების საშუალებაა და გამოწვევის ფაზაზე სრულდება. ააქტიურებს მოსწავლის შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას. ჩემი აზრით, ამ აქტივობის გამოყენება შეცვლილი ინსტრუქტაჟით დისტანციური სწავლების დროსაც არის შესაძლებელი. ეს აქტივობა მოსწავლეს პრობლემის გადაჭრის უნარსაც განუვითარებს. ონლაინგაკვეთილის ხანგრძლივობა ხომ მცირეა, ამიტომ არ ვკარნახობდი, სად აეშენებინათ ქარხნები, საცხოვრებელი კორპუსები, ინფრასტრუქტურა; არ მითქვამს არც ხეების მოჭრის შესახებ.

საინტერესოა, რომ ტექსტი, რომელშიც ატმოსფეროსა და მდინარეების დაბინძურებაზეა საუბარი, აღარ გავაგრძელე, თუმცა მოსწავლეებმა ნახატებში ეს თავისებურად ასახეს. ყველა ნახატში მდინარეს უამრავი ნაგავი მოჰქონდა. ვიხალისეთ.

ამ აქტივობის შემდეგ უფრო გაუადვილდათ ქალაქური პრობლემების განხილვა.

მეშვიდე კლასში მოსახლეობის დემოგრაფიის საკითხების შესწავლა ონლაინგაკვეთილზე თამაშით დავიწყეთ. ჩვენი ოჯახებით მინისახელმწიფოები შევქმენით. უცებ ჩამოვაყალიბეთ მანანას, ნიას, ლუკას სახელმწიფოები. შემდეგ ჩამოვთვალეთ, რომელ ქვეყანაში რამდენი ბავშვი ცხოვრობდა და აღწარმოების რაობა გავარკვიეთ. საშინაო დავალებისთვის გაკვეთილზევე განვიხილეთ ინტერაქციული ვებგვერდი https://www.worldometers.info/world-population/#top20 , რამდენიმე ქვეყნის დემოგრაფიულ მაჩვენებელსაც გავეცანით. ამ გვერდზე ყველა ქვეყნის მოსახლეობის დემოგრაფიული მაჩვენებლებია, ასე რომ, მომდევნო გაკვეთილებზეც გამოიყენებთ.

დავალება: გამოიყენეთ მითითებულ ვებგვერდზე https://www.worldometers.info/world-population/#top20 მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები, ამოირჩიეთ ქვეყნები, გამოთვალეთ ბუნებრივი მატება, განსაზღვრეთ, აღწარმოების რომელ ტიპს მიეკუთვნება და შეავსეთ ცხრილი:

გაფართოებული მარტივი შეზღუდული
 

 

   

 

ეს ის დავალებებია, რომლებიც ამ დროისთვის შევაგროვე.

ილუზია და ცოდნა  

0

„ადამიანთა 99% რეალობას აღიქვამს არა ისეთად, როგორიც სინამდვილეშია, არამედ ისეთად, როგორადაც ის ინტერპრეტირებულია წარსულის გამოცდილებისა და მზა შეხედულებების მიერ“.

ჯო დისპენზა

 

„ცნობიერება ხრიკების ნაკრებია“.

მარვინი

 

რამდენი რამ გვეჩვენება სამყაროში ისეთად, როგორიც ის არასდროს ყოფილა? ეს ეხება საგნებს, ფაქტებს, მოვლენებს, ურთიერთობებს… მერე ვამბობთ, რომ „მოგვეჩვენა“.

გიფიქრიათ, რატომ გვეჩვენება რეალობა დამახინჯებულად და ზოგჯერ ასიმეტრიულადაც კი? რაზეა დამოკიდებული ჩვენი „მოჩვენებები“?

უცნაურია, როცა რაღაცას ვუყურებთ და ხან თვალი გვატყუებს, ხან – ყური, ხან – გონება, და რაც უფრო მეტად ვუღრმავდებით ამ საკითხს, მით უფრო ყალბად გამოიყურება სამყარო და ადამიანთა ქცევა და ურთიერთობა ამ სამყაროში. რა თქმა უნდა, ადამიანი ამას უმეტესად ვერ აცნობიერებს და ცხოვრობს ასე, სტერეოტიპებისა და წარმოდგენების ტყვეობაში; მუდამ ზედაპირზე დაფარფატებს და ვერასდროს სწვდება სიღრმეს.

ყველაფერი კი შეიძლება სკოლიდან დაიწყოს!

ბავშვის ცნობისმოყვარეობა მაშინ იზრდება, როდესაც ის რაღაც შეუსაბამოს აღმოაჩენს თავის გარშემო და „გამოძიებას“ იწყებს. აი, სწორედ ახლაა დრო, აუხსნა, ასწავლო, ცოდნა მიაწოდო. ამ გზით მიღებული გამოცდილება არასდროს დაავიწყდება. ასე რომ, ღირს, გავაოცოთ მოსწავლეები – კლასში, სტუდენტები – აუდიტორიაში და მერე ერთად ვიმოგზაუროთ ცოდნის სამყაროში.

ასეთი შეგრძნება გამიჩნდა, როდესაც თბილისში „ილუზიების მუზეუმს“ ვეწვიე და ბავშვებთან ერთად მეც დიდი სიამოვნება მივიღე. საქართველოც შეემატა მსოფლიოს იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ასეთი მუზეუმი არსებობს. ქართული მუზეუმის გახსნის იდეა „სარკე ჯგუფს“ ეკუთვნის. სწორედ მისი ინიციატივის შედეგია, რომ „მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოდგენილი ინსტალაციების საშუალებით ინფორმაცია მიიღონ ადამიანის ხედვის, აღქმისა და მეცნიერების შესახებ და გაარკვიონ, რატომ ხედავენ მათი თვალები იმას, რასაც გონება ვერ აღიქვამს“.

საკმაოდ შთამბეჭდავი იდეაა ცნობისმოყვარეობის გასაღვიძებლად და არა მხოლოდ ბავშვებისთვის.

ილუზიის შესახებ სალექსიკონო სტატიებში ვკითხულობთ: მას შემდეგ, რაც 1854-55 წლებში ჯ. ოპელმა ილუზიის პირველი მეცნიერული ანალიზი გამოაქვეყნა, ათასობით სტატია დაიწერა ბუნებაში, შეგრძნებებში, აღქმასა და ხელოვნებაში არსებულ ილუზიებზე. ილუზიების შესწავლაში ოპელის მოკრძალებული წვლილი გახლდათ ხაზებით შემოსაზღვრული სიბრტყე, რომელიც უფრო გრძელი ჩანდა, როცა რამდენიმე სეგმენტად იყო დაყოფილი (ვარიანტი ა), ვიდრე მაშინ, როცა მხოლოდ განაპირა ხაზებს ვხედავდით (ვარიანტი ბ).

ილუზიების მუზეუმში წარმოდგენილი 70-ზე მეტი ინსტალაცია ფიზიკას, მათემატიკას, ბიოლოგიას, ფსიქოლოგიას უფრო მეტად შეგაყვარებთ. რა საინტერესო იქნებოდა, ასეთი მოვლენების ასახსნელად მოსწავლეს კომპლექსური ცოდნა მიეღო სკოლაში! შესანიშნავი იდეაა ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაც, რომელიც ბავშვს დაეხმარებოდა, მთლიანობაში გაეაზრებინა მოვლენა.

ილუზიების მუზეუმის ერთ დარბაზში – მიაბიჯებ და ფეხდაფეხ „მოგყვება“ აინშტაინის ჰოლოგრამა; სხვა კედელზე სარკეების ეფექტით უსასრულობას ჩახედავ თვალებში; მერე ის გაგაოცებს, როგორ განსხვავდება სარკეში არეკლილი სურათი რეალობისგან. ხიდზე გადადიხარ და – ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების გამო გგონია, ხიდი ირწევა და სადაცაა, გადავარდები, სინამდვილეში კი მსგავსიც არაფერი ხდება.

მაშ, რა მოსდის ჩვენს გონებას? რატომ აღიქვამს მოძრაობას იქ, სადაც მოძრაობა არ არის? საინტერესოა, ხომ?

მსგავსი „ილუზიების“ მეცნიერული გააზრება საჭიროა. სხვაგვარად ეს ცრუ ცოდნა საგნებიდან და მოვლენებიდან სოციალურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში გადაინაცვლებს და ბედნიერებაში ხელს შეგვიშლის.

როგორც ფილიპ ზიმბარდო წერს: ცრურწმენა (Prejudice) სამიზნე ობიექტის მიმართ წინასწარ დასწავლილი დამოკიდებულებაა, რომელიც მოიცავს ნეგატიურ გრძნობებს (არმოწონება ან შიში) და ნეგატიურ შეხედულებებს (სტერეოტიპებს), რომლებიც ამართლებს არსებულ დამოკიდებულებას და ქცევით განზრახვებს – აცილებულ, გაკონტროლებულ, დომინირებულ ან განადგურებულ იქნეს ის, ვინც ამ სამიზნე ჯგუფს ეკუთვნის.

ამასთან დაკავშირებით ზიმბარდო ასეთ ამბავს გვიამბობს:

ჰოლანდიაში ჩატარებული ექსპერიმენტების სერიაში ცდისპირები შემთხვევითად დაყვეს ორ ჯგუფად: მწვანეებად და ლურჯებად. ცდისპირებს, იმის მიხედვით, თუ რომელ ჯგუფს მიაკუთვნეს, დაურიგეს მწვანე და ლურჯი კალმები და სთხოვეს, ეწერათ, შესაბამისად, მწვანე ან ლურჯ ქაღალდებზე. ექსპერიმენტატორები ორივე ჯგუფის წევრებს მიმართავდნენ ჯგუფის ფერის შესაბამისი სახელით და მიუხედავად იმისა, რომ ფერის მიხედვით განსაზღვრულ კატეგორიებს არავითარი ფარული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა არ გააჩნდა და ჯგუფის წევრების შერჩევაც სრულიად შემთხვევით მოხდა, საკუთარ ჯგუფს ცდისპირები უფრო დადებითად აფასებდნენ, ვიდრე მეორეს. მეტიც: მხოლოდ და მხოლოდ ფერთა განსხვავებაზე დაფუძნებული ეს შიდაჯგუფური მიკერძოება მანამდე გამოვლინდა, სანამ ცდისპირები ექსპერიმენტული დავალების შესრულებას დაიწყებდნენ (Rabbie, 1981).

დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიასაც“ თუ მოვიშველიებთ, მივხვდებით, რა პროცესებთან გვაქვს საქმე. ფიქსირებულ განწყობათა შექმნა ადვილია, მით უმეტეს, რომ ეს მოვლენა, წესისაებრ, არაცნობიერია, ადამაინი კი მხოლოდ პრობლემებს, ანუ ზედაპირს ხედავს; სიღრმეში კი, აი, ეს ხდება: ფიქსირებული განწყობები იწვევს რეალობის დამახინჯებას; როდესაც რაღაც იცვლება (ან არსებობს შესაძლებლობა, შეიცვალოს), ჩვენი ცნობიერება მოვლენებს კვლავ ისე „ხედავს“, როგორც „მიჩვეულია“.

ახლა თუ ქართულ კულტურაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ ცრურწმენებსაც გავიხსენებთ, რომლებიც ადამიანებს ხელს უშლის, ამ სტერეოტიპების მიღმა აღიქვან სამყარო, მივხვდებით, რამხელა პასუხისმგებლობაა, ასწავლო ბავშვს, როგორ ტყუვდება თვალი, გონება, ცნობიერება და ის, რაც „ნამდვილი“ გვგონია, სინამდვილეში ილუზორულია, ცრურწმენებს ეფუძნება.

როცა ბავშვისთვის საინტერესო ფოკუსის ახსნას ცდილობენ, ის უარობს, რადგან ადამიანს სურს, სასწაულების სჯეროდეს. ბევრი ზრდასრულ ასაკშიც ილუზიების ტყვეობაში დარჩენას ამჯობინებს. ჰოდა, სანამ ასე მოხდება, მანამდე ჩვენ უნდა გავიკეთოთ „ცოდნის სათვალეები“ და ისე შევხედოთ სამყაროს.

ბავშვობის შთაბეჭდილებები – სასწავლო რესურსი

0

„ეს იყო ორმოცი წლის წინ. მას შემდეგ აღარ მინახავს ის ნაპირი და ჩამპაკის ხეებში ჩაფლული აგარაკი. იგივე ხეები, იგივე სახლი, ალბათ ისევ დგას, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ ყველაფერი, რასაც ბავშვის ცოცხალი და მხურვალე ცნობისმოყვარეობა ხატავდა, აღარ არის იქ. საიდან მოვიპოვო შთაგონების ის მძლავრი ძალა?“

„დღენი ჩემი სიჭაბუკისა“, რაბინდრანათ თაგორი

 

ბავშვობის შთაბეჭდილებები მძაფრი და დაუვიწყარია. სამყაროს ბავშვისეული აღქმაც განსხვავებულია. ცხოვრებისეული დამოკიდებულება, პირადი დაკვირვება თუ ფსიქოლოგთა დასკვნები ერთსა და იმავე მოსაზრებისკენ გვიბიძგებენ, კერძოდ, ჩვენი ცხოვრება ჩვენსავე ბავშვობაზე დგას.

მწერალთა ბავშვობის დღეებზე დაკვირვება ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ასე დავაგროვე პატარ-პატარა ამბები, რომლებიც მოთხრობების, ლექსების, პოემების, რომანების, პირადი წერილების მიღმა მწერლებისა და პოეტების ცხოვრებაში გვახედებს და მათ შესახებ ჩვენეულ დამოკიდებულებას ქმნის: მირზა გელოვანი თქვენობით ელაპარაკებოდა დედ-მამას; ვაჟას გულჩვილი, კეთილი, სტუმართმოყვარე დედა ჰყავდა,  გამორჩეული სახელით – გულქანი; ტერენტი გრანელს  დედა ხუთი წლისას გარდაცვლია, წიგნების სიყვარული კი ზუგდიდის მაზრაში ცნობილმა მწიგნობარმა, იაკობ შანავამ გაუღვივა; ნიკოლოზ ბარათაშვილს დედა იმ დროს დადგენილ წესებს არღვევდა და ჩვილს თავად აჭმევდა ძუძუს;  სულხან-საბა მამიდაშვილებმა – ვახტანგ V-ის ვაჟებმა არჩილმა, ლევანმა და გიორგიმ აღზარდეს.

ხშირად ვფიქრობ ჩემი ბავშვობის დღეებზე, გზებზე, ადამიანებზე, სახლებზე, ხეებზე. დაკვირვებული ვარ, ბავშვებისთვის ყველაზე საინტერესო მოსასმენი ჩემი მოგონებებია. შეუძლიათ, ერთი და იგივე მრავალჯერ მომაყოლონ.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, სექტემბერში, ინდოელი მწერლისა და პოეტის, რაბინდრანათ თაგორის „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“  წავიკითხე, რომელიც სკოლის, სწავლების, მასწავლებლების შესახებ დაგროვილ გამოცდილებას ასახავს. მწერალი პირველივე გვერდებიდან გვიმხელს, რომ ფურცელზე გადატანილი ნებისმიერი მოგონება ლიტერატურაა. ბატონი თაგორი თანამოაზრე აღმოჩნდა. ერთგან წერს: „ცნობილია, ლიტერატურის გულწრფელი სიყვარული უფრო იშვიათია, ვიდრე ლიტერატურული ერუდიცია“ –  ლიტერატურის მასწავლებლისთვის ეს საყურადღებო გზავნილია.  თაგორი ერთნაირი მოწიწებითა და აღფრთოვანებით იხსენებს უბრალო ადამიანს, შრიკანტა-ბაბუს თუ დოქტორ რაჯინდრალალ მითრას. „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“ ცხოვრების ჩვეულებრიობის მიღმა არსებულის პოეზიად გადაქცევის მცდელობაა. მიჰყვები მწერალს მოგონებების ლაბირინთში და შრიკანტა-ბაბუ სამუდამოდ გამახსოვრდება: „ეს მოხუცი ერთდროულად მეგობრობდა მამაჩემთანაც, ჩემს უფროს ძმებთანაც და ჩვენთანაც, ბიჭებთან. ძნელად მოიძებნებოდა მეორე კაცი ლექსების ეგოდენ ტრფიალი. ვით პატარა კენჭს აიტაცებს ჩანჩქერის ნაკადი, წყლის სწრაფი ბრუნვით ააცეკვებს, აათამაშებს, ასევე მისთვის საკმარისი იყო სულ მცირე საბაბი, რომ უზენაეს აღტაცებას მისცემოდა“.

დოქტორ რაჯენდრალალ მითრას ასე გვაცნობს: „ის არა მარტო ღრმად განსწავლული ადამიანი იყო, მას ჰქონდა იშვიათი, მომხიბლავი ხასიათი, რომელიც მის სახეშიც გამოკრთოდა. საზოგადოებრივ მუშაობაში დაუზარელი და ენერგიული მუშაკი, პირად ცხოვრებაში სრულიად იცვლებოდა და ისეთ პაწია ბალღსაც, როგორიც მე ვიყავი, გატაცებით ესაუბრებოდა სერიოზულ თემაზე“.

რაბინდრანათ თაგორმა ბავშვობის მოგონებების გამოსახმობად შთაგონება კიდევ უფრო გამიმძაფრა.  თუ ჩვენ პატარა ადამიანების სულებთან გვაქვს შეხება, მათი აღზრდა და გამოწრთობა გვავალია, სწორედ ასეთი ბავშვობის ამბები უნდა ვუამბოთ მთელი გულითა და მონდომებით. ამგვარად ცხოვრების შემჩნევა, დაკვირვება, შეყვარება, დამახსოვრება და დაფასება ვასწავლოთ.

როგორ დავუკავშიროთ საგაკვეთილო პროცესს?

მოსწავლეთა ასაკის გათვალისწინებით შეგვიძლია მოვძებნოთ ქართველი მწერლების ბავშვობის მოგონებები. მაგალითად, სასწავლო რესურსად გამოვიყენოთ ვაჟა-ფშაველას „ჩემი წუთისოფელი“, დავით კლდიაშვილის „ჩემი ცხოვრების გზაზე“, აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, რაბინდრანათ თაგორის „დღენი ჩემი სიჭაბუკისა“…

ჩაღრმავებული კითხვის მეთოდით წავიკითხოთ ტექსტები.

გაკვეთილის შემდეგ ეტაპზე თავად ვუამბოთ ჩვენი ბავშვობის მოგონებები. თხრობა  ლიტერატურას რომ დაემსგავსოს, მოსაყოლ თემებს სათაურები მოვუფიქროთ. სანამ მე ჩემი მოგონებების გაცოცხლებას შევუდგები, ბოლომდე მივყვები გაკვეთილის ხაზს.

შეგვიძლია ბავშვებს ვთხოვოთ, ინტერვიუ ჩაწერონ ბებია-ბაბუებთან, მშობლებთან და მოპოვებული ინფორმაცია  საკლასო ოთახში ერთმანეთს გააცნონ.

გზები

მე მამას „ლურჯაში“ გავიზარდე. ასე დაარქვა საბჭოთა კავშირის დროინდელ მანქანას „აძინადცატს“. 90-იანი წლების შიმშილს ჩემი მშობლები მასწავლებლობისთვის ვაჭრობის შეთავსებით ებრძოდნენ. წავიდოდნენ კახეთში. წაიღებდნენ ჭაღებს, ათას წვრილმანს. გადავიდოდნენ ბაქოში. ჭაღებს ცვლიდნენ ბენზინში. წნორში დაბრუნებისას ბენზინი ხორბლად იქცეოდა. კახეთიდან ზეთი და ფქვილი მთა-მთიულეთში მიჰქონდათ. იქიდან თბილისში ხაჭოთი, ყველით, ხორცით, ხილით ვბრუნდებოდით. ეს ყოველივე კი ხან იყიდებოდა, ხან – ვერ. ამ უცნაური ვაჭრობით ჩვენს ოჯახს ფული ვერა, მაგრამ უხვად ჰქონდა საჭმელ-სასმელი.

დამღლელი მგზავრობებისას წვრილმანების ფუთებსა და ფქვილის ტომრებს შუა ვიყავი მიკუჭული და მანქანიდან ვაკვირდებოდი გაბლანდულ შარაგზებს. ასე დამამახსოვრდა კახეთის ცხელი, გველებიანი გზატკეცილები, ყაზბეგის ვარდისფერი კლდეები და ვიწრობები, ძველ თბილისში, მტკვრის სანაპიროს გაყოლებით მანქანათა სვლა, ჟინვალის წყალსაცავის დასაწყისთან თვალების დახუჭვის რიტუალი.

ყინვაში, წვიმასა თუ თაკარა მზეში დავდიოდით და ხან მიყრუებული სოფლის ბოლო ჭიშკართან გვიღამდებოდა, ხან ორთაჭალაში, ხან კი მცხეთის  ავტობანზე.

ტიბაანიდან მირზაანში, ფიროსმანის სახლ-მუზეუმის სანახავად მე და ჩემმა მეგობრებმა ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა. შემოდგომის თბილი დღე სიარულს გვიადვილებდა. ალაგ-ალაგ მაყვლის ბუჩქებითა და მოყვითალო მიწით დაფარული გზა იმ დღის ისეთივე დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დამრჩა, როგორც  ფიროსმანის სახლ-მუზეუმის დაკეტილი კარი.

ზაფხულია. მე და ჩემი ბიძაშვილი სოფელში ვართ. თაკარა მზეში შარაგზაზე ფეხზე ვიხდით და ფეხშიშველები მოვტანტალებთ. ფეხისგულებს ცხელი ასფალტი გვიწვავს და გვსიამოვნებს. ამ მოგონებას ოცდაათი წელია გულით დავატარებ.

ჩვენ ვართ გზები, რომლებზეც გვივლია.

 

მამას მეგობარი „ლეინტენანტი“

მამას სახლში ხშირად მოჰყავდა მეგობრები. მათ შორის იყო ერთი მაღალი, ხმელი კაცი, რომელსაც ზედმეტსახელად „ლეინტენანტს“ ეძახდა. ქვეყანაში საშინელი სიღატაკე იყო. ამ კაცს კი ჩემთვის ყოველთვის მოჰქონდა „სნიკერსი“ . უზომოდ მიხაროდა მისი დანახვა. მამას მეგობართან შეხვედრის ბუნდოვანი სურათებიდან „ლეინტენანტის“ ღიმილი  და „სნიკერსი“ მახსენდება. მამაჩემის მადლიერი ვარ ამ ნაუცბადევად მოყვანილი სტუმრებისთვის, ჩემი გული სიყვარულით რომ აავსეს.

 

 ხეები

დაფიქრებულხართ თქვენი ბავშვობის ხეებზე? მე ხშირად ვფიქრობ. ალაზნის ველთან ახლოს, სოფელ ტიბაანს ხევი ეკრა. ხევზე კაკლის ხე იდგა, რომელზეც მე და ჩემი თანატოლი ბიძაშვილი ხშირად დავძვრებოდით. ბაღში ბროწეულისა და ლეღვის ხეები იდგა. მათი ტკბილი და მსუყე ნაყოფით ზაფხულისა თუ შემოდგომის მზიან დღეებში პირს ვიტკბარუნებდით და ხელები ტკბილი წვენით გვეწებებოდა.

მუხიანში, სახლის წინ ბაღი გვქონდა, სადაც მამამ თეთრი ბალი დარგო. მალე ბლის ტოტები კორპუსის მეხუთე სართულამდე აიწოწა. ივნისის დასაწყისში ნაყოფის დაკრეფის დრო დგებოდა. უბნის ბიჭები ხშირად მოდიოდნენ მოსაპარად და თუ თვალს შევასწრებდით, ფაცხა-ფუცხით გარბოდნენ. მამაჩემი უშიშრად მოექცეოდა ხოლმე ხის კენწეროში და საგულდაგულოდ კრეფდა ბალს. უწვრილეს ტოტებზე ისე იდგა, თვალებზე ხელს ვიფარებდი შიშისგან. მისი გარდაცვალების შემდეგ ბლის დაკრეფის რიტუალიც ქარს გაჰყვა.

ფასანაურის ეზოში ვაშლის, მსხლისა და ჭანჭურის ხეები გვქონდა. სახლის უკან კი უზარმაზარი კაკლის ხეები იდგა. შემოდგომობით სახლი ივსებოდა დაბერტყილი კაკლის, მსხლისა და ვაშლის სურნელით.

ტყის ძირში გარეული მსხლის, პანტის ხე იდგა. ბავშვურ წარმოსახვას იმის წარმოდგენა მიშფოთებდა, რომ პანტის საჭმელად დროდადრო დათვი სტუმრობდა.

ბავშვობის ხეებზე ჩემს შვილებს ხშირად ვუყვები. ძვირფასი მეგობრებივით მომყვება მოგონებები მათთან გატარებულ დღეებზე.

 

 ეკლესიები

კახეთში, სოფელ ტიბაანში, ორი ეკლესიაა: მთავარანგელოზისა და წმინდა სტეფანე ხირსელის. მთავარანგელოზის ეკლესიაში წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა. ხევისა და ფოთლოვანი ტყის გავლით ყოველდღე დავდიოდით და საგულდაგულოდ ვალაგებდით. იქიდან ვაკვირდებოდით ხირსის მონასტერსა და სოფელს.

დაუვიწყარი იყო სტეფანე ხირსელის სახელობის ტაძარში გატარებული აღდგომის ღამეები. გარდამოხსნის ეზოში გამოტანისას მრევლი ანთებული სანთლით ხელში ვუვლიდით გარს ტაძარს. მთვარიან ღამეში ალაზნის ველი და იქვე, ეზოში ჩარიგებული საფლავები იდუმალებით ავსებდა ჩვენს სულებს.

 

ტიბაანში ისევ დგას პაპაჩემის აშენებული ვეებერთელა სახლი, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და ხმაური იყო. ახლა იქ აღარავინ ცხოვრობს. სოფლის ორღობეები, ჭიშკრები, ძაღლები, ვირები, ინდაურები, რუები, სახლები, ბებოები, პაპები, ნათესავები – ბავშვობაში დარჩნენ, მაგრამ ჩემგან არსად წასულან. სიზმრადაც ხშირად ვარ იქ. წერისას განსაკუთრებული სიმძაფრით ვგრძნობ იმ დღეების სინათლეს. მგონია, რომ ხან „პედრო პარამოს“ ვკითხულობ, ხან ხიმენესის პლატერო მიდგას თვალწინ, ხან კი „სულების სახლი“ მახსენდება. ერთი რამ ცხადია, რომ არა ჩემი ბავშვობა, სამშობლოს, ენისა და რწმენის განცდა, არ იქნებოდა ისეთი ღრმა და ფაქიზი, როგორიც ახლა არის ჩემში. სწორედ ამიტომ, აუცილებელი მგონია, ვუამბოთ ბავშვებს ჩვენი ადამიანების, გზების, ხეების, სოფლების, ეკლესიების, დაუვიწყარი დღეების შესახებ, რათა მათ სულშიც გაიზარდოს სიკეთე და სიყვარული, რომელზეც ცხოვრებას ააგებენ.

 

ბავშვები, მოწყენილობა და ონლაინ გაკვეთილები

0

მას შემდეგ, რაც ეს ვერაგი ვირუსი გამოჩნდა და ცხადი გახდა, რომ ადრე თუ გვიან თითქმის ყველას კართან ჩამოდგება, იმაზე ვფიქრობ, რა მოხდება, თუკი შემხვდება და ჰოსპიტალიზაცია დამჭირდება; როგორ იქნებიან ბავშვები ჩემ გარეშე იმ არც თუ ისე ცოტა დღეების განმავლობაში. ან რა იქნება მაშინ, რომელიმეს თუ დაემართება და საავადმყოფოში მარტოს მოუწევს ყოფნა. ვირუსის იმდენად არ მეშინია, რამდენადაც მარტოობის. ჩემი და ბავშვების მარტოობის, ერთმანეთის გარეშე ყოფნის. თითქმის ორი თვეა იზოლირებული ვართ, მაგრამ ეს არაფერია, ერთად ვართ. მარტო ყველაფერი რთულდება. როცა ბავშვი ხარ, ან როცა ბავშვები გყავს.

 

სკოლიდან წერილი მივიღეთ, ჩვენი ფსიქოლოგი მზადაა, დახმარება თუ დაგჭირდათ, მიმართეთო. მსოფლიო მედია წერს იმაზე, რომ როცა ეს ყველაფერი გადაივლის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები წამოყოფს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბავშვობა ამაზე არანაკლებ განსაცდელებს დაემთხვა – ომებსა და სიღარიბეს, შიშით, გაურკვეველი მომავლის შიშით ცხოვრება ადვილი არ არის. სანამ მე ვირუსზე ვფიქრობ, სხვა იმაზე ფიქრობს, რა აჭამოს იმ დღეს შვილებს ან იმაზე, როდემდე შეიძლება ვერაფერი აჭამოს.

 

ყოველ დილას 4 ეკრანი ციმციმებს და ტარდება გაკვეთილები, შეხვედრები, თათბირები. ყველა ცდილობს, ცხოვრება ისე გააგრძელოს, როგორც მანამდე. ჩემი 5 წლის შვილს ბაღის „გაკვეთილებიც” კი უტარდება zoom-ში. ვარჯიშობენ, ხატავენ, მღერიან, დიდხანს გაჩერება უჭირთ და მასწავლებლებმა გვითხრეს, არა უშავს, თუ თავიდან ბოლომდე ვერ გაჩერდებიან, ნაწილობრივად დასწრებაც საქმეა, ერთმანეთთან კავშირი რომ შევინარჩუნოთ, ფორმაში რომ ვიყოთო. რაც დრო გადის, უფრო და უფრო იშვიათად შედის, ვხვდები, რომ სტრესია ეს ბავშვებთან კომუნიკაციის განსხვავებული ფორმა და არ ვაძალებ.

 

უფროსი მეორე კლასშია და დღეში 4 გაკვეთილი აქვს. ზოგჯერ დილას ადრე გაღვიძება ეზარება. პარასკევს 4-ის ნაცვლად 2 გაკვეთილი აქვს და ეგ მოსწონს. პროგრამა ჩვეულებრივ გრძელდება, მაგრამ ორივეს ეტყობა, რომ ეკრანებთან მყოფებს სკოლის ეზოში თამაში, მეგობრებთან ლაპარაკი და თავისუფალი დრო ენატრებათ. მხოლოდ გამრავლების ტაბულა და ტექსტების ანალიზი ხომ არ არის სწავლა, მით უმეტეს, როცა პატარა ხარ და თამაშით და გარემოზე დაკვირვებით უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე დავალებების შესრულებით. ისე ენატრებათ ის ყველაფერი, რაც მანამდე იყო, ზოგჯერ მაგიტომ არ დგებიან საწოლიდან დილაობით და მაგიტომ ამბობენ უარს „გაკვეთილზე შესვლაზე”, რომ უფრო არ დასევდიანდნენ მონატრებისგან.

 

მეც ჩვეულებრივ ვმუშაობ – სახლიდან, მაგრამ სრული დატვირთით და დღის განმავლობაში თითქმის არ მრჩება დრო მათთან სათამაშოდ. თავიდან ეგონათ, ეს ყველაფერი არდადეგებივით იქნებოდა, ბევრი დრო გვექნებოდა ერთმანეთისთვის. მალევე გაირკვა, რომ დრო მხოლოდ საკუთარი საქმეებისთვის გვაქვს, რომელთა შესრულებაც სახლიდან, რომელიც სკოლაცაა, ბაღიც, ბიბლიოთეკაც, სათამაშო მოედანიც, პარკიც, კაფეც და სამსახურიც, ბევრად რთულია. ამ დღეებში ბევრს ვწერ იმაზე, როგორ შეცვალა პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ ცალკეული ადამიანის ცხოვრება – ვის შეეზღუდა გადაადგილება, ვინ მოწყდა ოჯახს, ვინ ვერ შეძლო ონლაინგაკვეთილებში ჩართვა, იმიტომ, რომ ინტერნეტთან წვდომა და გაჯეტისთვის ფული არ ჰქონდა და იმაზეც, ვინ ვერ იბანს ხელს, იმის გამო, რომ სუფთა წყალზე არ მიუწვდება ხელი. ასეთი ბევრია და პანდემია პირველ რიგში დაუცველებს ერჩის, მათ აზიანებს. ისიც ცხადია, რომ ცენტრალიზებული და მასობრივი მიდგომა თუნდაც ყველაზე კეთილშობილი მიზნით, გაუფრთხილდე ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ცალკეული ადამიანისთვის შეიძლება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხედ გადაიქცეს, როცა ეს მათი საჭიროებების უგულებელყოფას გულისხმობს. ვწერ ამ ამბებს და ეს მეხმარება, რომ არ ვიფიქრო ჩემს შიშებზე – როგორ მიჭირს ვენდო ექიმებს, პოლიციელებს, გადაწყვეტილების მიმღებებს; როგორ არ მინდა, რომ საკვების დეფიციტი გაჩნდეს და შიმშილობამ უფრო მასობრივი სახე მიიღოს; რა ახლოსაა რეალობა, რომ მალე ისეთი გაჭირვება დადგება, აღარ გვექნება ფული წიგნებისა და სათამაშოებისთვის და ბავშვები მიხვდებიან, რაზე ვლაპარაკობთ მაშინ, როცა ჩვენს ბავშვობაზე ვლაპარაკობთ. რა მოხდება მაშინ, თუ ბებია-ბაბუებს შეხვდებათ ეს ვერაგი ვირუსი – გადაიტანენ კი?

 

ვმუშაობ, ვუყურებ ჩემი, ბავშვებისა და მასწავლებლების შეცვლილი ცხოვრების წესს და ვფიქრობ, იქნებ სწორედ ესაა დრო იმისთვის, რაც არა პროგრამების ჩვეულებრივ გაგრძელებაში, სრული დატვირთვით მუშაობისა და მოციმციმე ეკრანებთან ჯდომისთვის უნდა გამოვიყენოთ. ესაა დრო, როცა ზუსტადაც ჩვენს შიშებსა და მონატრებებზე, იმედგაცრუებებსა და შეუსრულებელ ამოცანებზე უნდა ვიფიქროთ. ყველა ის ამბავი უნდა გავიხსენოთ ალბათ, რაც თავს გადაგვხვდა და არ გვინდა განმეორდეს და დავსახოთ გადარჩენის გზები – ინდივიდუალური, ჯგუფური თუ საყოველთაო. ალბათ ახლაა საუკეთესო დრო აღიარებისთვის, რომ – დიდებს გვეშინია, ზოგჯერ ჩვენც არ ვიცით, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება, რა იქნება ხვალ და ადამიანს კიდევ უამრავი რამ აქვს სასწავლი, თუნდაც ის, როგორ გადაურჩეს ვირუსის პაწაწუნა ნაწილაკებს ცოცხლად. ალბათ ეს დრო იმისთვისაცაა, რომ გადავაფასოთ ჩვენი ცოდნა და უნარები, განათლების და სხვა სისტემები – ალბათ ახლა საუკეთესო ნიადაგია  იმაზე მსჯელობისთვის, რას ვერ ფარავდა სასწავლო პროგრამები, ვის ვერ ხედავდა განათლების სისტემა, რამდენად არ აძლევდა საჭიროების მიხედვით ლავირებების საშუალებას  მასწავლებლებს და იმაზეც, რა ცოდნასაც ვაძლევთ სკოლაში ან უნივერსიტეტში ადამიანს, რამდენად საჭირო და გამოსადეგია ის.

 

ონლაინგაკვეთილებსა და სწავლებაზე საუბრისას ძირითადად განხილვის საგანი ტექნოლოგიური ელემენტებია ხოლმე – რა პროგრამას გამოვიყენებთ და როგორ ვმართავთ მოსწავლეებს დიდ და პატარა ჯგუფებში. ამ ვითარებაში ტექნოლოგიური საკითხები მგონია ნაკლებად მნიშვნელოვანია და მთავარი ისაა, რომ სწავლება, როგორიც არ უნდა იყოს, საჭირო ცოდნის გადაცემას უნდა ისახავდეს მიზნად და თუკი ამ დაშვებაზე შევთანხმდებით, შეიძლება იმაზეც დავფიქრდეთ, რომ ახლა, შიშების, იზოლაციისა და მარტოობის პერიოდში ყველაზე უპრიანია ბავშვებს ამაზე ველაპარაკოთ, იმაზე, რომ რაღაც დროს შეიძლება მარტო დარჩნენ, შეიძლება განსხვავებულ, უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, შეიძლება ამის გამო ტკივილი და სასოწარკვეთა იგრძნონ, მაგრამ ეს არ უშველით – მხნეობა უნდა მოიკრიბონ და გადარჩნენ. თუ ამას გადარჩებიან, აუცილებლად იქნება ვინმე მათთან ახლოს, ვისაც ეს დაემართება და მათ გვერდით დგომა, მათი მხარდაჭერა უნდა იცოდნენ. შეიძლება ზუსტად ახლაა ის დრო, რაც სულ გვჭირდებოდა, პაუზისთვის, ამოსუნთქვისთვის და იმაზე დაფიქრებისთვის, სად ვართ და სად გვინდა ვიყოთ, რას ცოდნას ვაძლევთ ბავშვებს და რა სჭირდებათ სინამდვილეში. ამ დროს უფრო მარტივად აიხსნება გაკვეთილები ავტორიტარიზმის, დემოკრატიის, მეცნიერების მნიშვნელობის, ეკონომიკური დილემების, სახელმწიფო მოწყობის შესახებ, გაკვეთილები უფლებებისთვის ბრძოლის, იზოლაციის, გარიყვისა და დისკრიმინაციის, სამართლიანობისთვის ომებში დაკარგული ადამიანების. ალბათ ახლაა კარგი დრო იმაზე სალაპარაკოდ, როგორი განსხვავებული ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს სხვადასხვა კულტურაში და რა საბედისწეროა ტოტალიტარიზმი იქ მცხოვრები ადამიანებისთვის.

 

შიგადაშიგ ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, რომ პეპიც მარტო ცხოვრობდა, მეტიც, ცხენს და მაიმუნსაც უვლიდა, ბლინებსაც აცხობდა და თავსაც ირთობდა. ყაჩაღის ასული რონია მთლად გამოქვაბულში წავიდა მარტო საცხოვრებლად მთელი ზაფხულით, როცა დაახლოებით იმხელა იყო, რამხელაც თქვენ ხართ. შესანიშნავი ხუთეულის ბავშვები მარტო როცა არიან, შესანიშნავ თავგადასავლებში ეხვევიან. ვუამბობ ამ და სხვა ამბებს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე იფიქრებენ, თუ მარტო დარჩენა მოუწევთ.

 

იმასაც ვეუბნები ხოლმე, რომ ადამიანები ზოგჯერ მთელ სიცოცხლეს ასე ატარებენ სახლის კედლებში გამომწყვდეულები, იმიტომ, რომ მათი სახლი ან ქუჩა სახლთან ახლოს ეტლით გადაადგილებისთვის არ არის ადაპტირებული, ან ვიღაცას მისი დანახვა არ სიამოვნებს და ურჩევს, სახლში იყოს, გარეთ არ გამოვიდეს, თორემ საბედისწერო იქნება ეს გამოსვლა – ახლა კარგი დროა ემპათიისთვის. როცა თავად ხარ საფრთხის ქვეშ, მგონია, უკეთ გესმის სხვების, ვინც ასე ხანგრძლივად ცხოვრობს.

 

ისეთი დროა, ონლაინგაკვეთილების გარდა, ცხოვრების გაკვეთილებსაც ვიღებთ და ალბათ ამ გაკვეთილების ონლაინგაკვეთილებზე განხილვა საინტერესო იქნება, სანამ მოწყენილობა მორჩება.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...