სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

„სამყაროს გაჩრება“, როგორც მეტაფორა და როგორც რეალობა

0

„…იგი მასწავლიდა „ხედვას“, განსხვავებით უბრალოდ „ყურებისგან“, და „სამყაროს გაჩერება“კი » პირველი ნაბიჯი იყო ხედვისკენ“». მრავალი წლის განმავლობაში მე განვიხილავდი «სამყაროს გაჩერების» იდეას, როგორც იდუმალ მეტაფორას, რომელიც სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. და მხოლოდ არაოფიციალური საუბრის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩემი მოსწავლეობის ბოლო პერიოდში, გავიგე ბოლომდე მისი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მომენტის მნიშვნელობა, დონ ხუანის ცოდნაში.“

კარლოს კასტანედა, „მოგზაურობა იქსტლანში“

 

„სანამ წვიმა გადივლიდეს – გზები გამშრალდებოდეს –

ნუ მოაცლი ცბიერ რიდეს, რომ ბურუსში ჩნდებოდეს.

თითქო სული სადმე ვლიდეს და გულს ცეცხლი დებოდეს,

სანამ წვიმა გადივლიდეს, გზები გამშრალდებოდეს…“

გალაკტიონი

 

რეალობა, რომლის წინაშეც დღეს აღმოჩნდა ადამიანი, გარკვეულწილად მეტაფორულია. „სამყაროს გაჩერება“ დღემდე მხოლოდ მეტაფორულად წარმოგვედგინა. ახლა კი, როდესაც ეს რეალობაა, ვცდილობ, ამ რეალობაში მეტაფორულობაც დავინახო და ავხსნა!

რატომ გაჩერდა სამყარო? კორონავირუსი – კორონავირუსად, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ შედეგია და არა მიზეზი. შემთხვევით კი არაფერი ხდება. რამდენჯერ გვითქვამს ბოლო დროს, რომ „ცხოვრება გაჩერდა, დრო გაჩერდა, თითქოს არასაით მიდის…“, მაგრამ ამას ყოველთვის მეტაფორული საფუძველი ჰქონდა. ახლა კი მეტაფორა და რეალობა დაემთხვა ერთმანეთს – პლანეტა გაჩერდა და ადამინი დარჩა საკუთარ თავთან (ოჯახთან) მარტო… მარტო იმ გაგებით, რომ ამოვარდა ჩვეული რიტმიდან და იმას ვეღარ აკეთებს, რასაც მანამდე თუნდაც რუტინულად აკეთებდა, თორემ ინტერნეტის და ტექნოლოგიების ეპოქაში, მარტო ვერ დარჩები, თუ თავად არ გადაწყვეტ, რომ მონაზვნური ან ბერული ცხოვრება გინდა.

„სამყაროს გაჩერებამ“ გამახსენა კარლოს კასტანედას ერთი საინტერესო წიგნი „მოგზაურობა იქსტლანში“ (რომელიც ქართულად მამუკა გურულმა თარგმნა).

წიგნის პირველ ნაწილს ჰქვია: „სამყაროს გაჩერება“.  რა თქმა უნდა, დონ ხუანი არ გულისხმობდა, კორონავირუსით სამყაროს გაჩერების პროცესს, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი ის არის, რომ მეტაფორასა და ფრაზის პირდაპირ მნიშვნელობას შორის ნამდვილად სერიოზული კავშირია.

კარლოს კასტანედა წერს, რომ დონ ხუანმა „ამიხსნა, რომ მაგისთვის ყოველდღიური ცხოვრების სამყარო არ წარმოადგენს რეალურს, როგორც გვჩვევია გვჯეროდეს. მაგისთვის რეალობა, ანუ ის სამყარო, რომელსაც ყველანი ვიცნობთ, მხოლოდ აღწერილობაა. იმისთვის, რომ ეს მომენტი გაემყარებინა, დონ ხუანმა თავისი ძალისხმევების კონცენტრირებით შეძლო მივეყვანე გულწრფელ რწმენამდე, რომ ის სამყარო, რომელიც გონებაში მაქვს, უბრალოდ სამყაროს აღწერილობა იყო; აღწერილობა, რომელსაც დაბადების მომენტიდან მიტენიდნენ თავში…“

ახლა, როცა სამყარო ჯერ კიდევ გაჩერებულია, ხშირად ისმის ფრაზა, რომ „კორონავირუსის შემდეგ სამყარო ისეთი აღარასდროს იქნება, როგორიც მანამდე იყო.“

ამ ფრაზის მნიშვნელობაზე მეც ბევრი ვიფიქრე ამ დღეებში. თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს შეცვლა მხოლოდ ტექნოლოგიურ ცვლილებას გულისხმობს, ალბათ შევცდებით. მაშ, როგორ უნდა შეიცვლოს სამყარო…? რას დაეფუძნება ცვლილება?

პლანეტაც ხომ ერთი გლობალური სხეული და სულია და როგორც ინდივიდუალურ ადამიანს, მასაც დაუდგა ტრანსფორმაციის დრო…? ამბობენ, რომ ეს იქნება „კვანტური ნახტომი“, ეს იქნება დედამიწის გადასვლა ახალ მე-5 განზომილებაში, ეს იქნება კაცობრიობისთვის გამოღვიძების პროცესი და ასე შემდეგ…  ყველა გრძნობს, ახალი სამყროს მოახლოებას, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, როგორი უნდა იყოს ის?

ახლა კი ისევ დონ ხუანის „სამყაროს გაჩერებას“ მივუბრუნდეთ. მისთვის „ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობა შედგება აღქმის ინტერპრეტაციათა უსასრულო ნაკადისგან, რომელთა კეთებაც ჩვენ, ანუ ინდივიდებმა, რომლებიც განსაკუთრებულ წევრობას ვინაწილებთ, ერთნაირად ვისწავლეთ.“

რა არის „სამყაროს გაჩერება“ დონ ხუანის სწავლების მიხედვით?

ენერგიები, რომლებიც სამყაროში შემოედინება, მრავალგვარდ ინტერპრეტირდება, რაც აშუალებს აღქმას და გვაშორებს ჭეშმარიტებას. დონ ხუანის „მეომრის გზა“ – ეს არის სამყაროს იმგვარი შეცნობა, როდესაც თავისუფლდები ყველა სახის სამყაროს აღწერისგან და ინტერპრეტაციისგან და უშუალოდ იღებ და აღიქვამ ენერგიას. აი, ეს არის „სამყაროს გაჩერება“.

ვფიქრობ, რომ თანამედროვეობაც იმ გამოწვევის წინაშეა, რომ გააცნობიეროს სამყროს ერთი აღწერილობის ამოწურვა (ყველა პარადიგმას ვერ ამოწურავს, ბუნებრივია, ეს მხოლოდ ინდივიდებს ძალუძთ) და გადავიდეს აღქმისა და შემეცნების სხვა პარადიგმაზე. ეს საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესია. უეცრად ჩერდება ყველაფერი, რაზედაც ადამიანის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური საათი იყო მომართული და დგება „გაურკვეველი დრო“, ძველი სისტემების „დემონტაჟი“, ცნობიერება იტანჯება იმისგან, რომ ვეღარ აკეთებს, რასაც ყოველდღიურად აკეთებდა და რაც უმეტესად  შეადგენდა მის „ცრუ ცხოვრებას“, ამას ემატება კორონავირუსის ტრაგედიები…. ცნობიერება ამის შემდეგ ის აღარ არის, რაც მანამდე იყო, შესაბამისად, ის ვეღარ იცხოვრებს ძველებურად! – აი, ამაში მდგომარეობს კორონას სიბრძნე.

შეგვიძლია, ეს პროცესი დონ ხუანის და კასტანედას კიდევ უფრო შთამბეჭდავი დიალოგებით ავხსნათ.

კასტანედა წერს: დონ ხუანი „…მასწავლიდა „ხედვას“, განსხვავებით უბრალოდ „ყურებისგან“.  „სამყაროს გაჩერება“» პირველი ნაბიჯი იყო „ხედვისკენ“. მრავალი წლის განმავლობაში მე განვიხილავდი «სამყაროს გაჩერების» იდეას, როგორც იდუმალ მეტაფორას, რომელიც სინამდვილეში არაფერს ნიშნავს. და მხოლოდ არაოფიციალური საუბრის დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩემი მოსწავლეობის ბოლო პერიოდში, გავიგე ბოლომდე მისი, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მომენტის მნიშვნელობა დონ ხუანის ცოდნაში.“

როდესაც კასტანედა ეკითხება დონ ხუანს, რა უნდა მოუხერხოს მისმა მეგობარმა შვილს, რომელსაც არაფერი არ აინტერსებს, კონცენტრაციას ვერაფერზე ახდენს, სკოლაში არ დადის და სახლიდან გარბის, – დონ ხუანი მეომრისთვის შესაფერის რჩევებს აძლევს, რაც შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს წარმოდგენებს ჰუმანურ აღზრდაზე; ის ეუბნება, რომ ბავშვი მამამ არ უნდა ცემოს, არამედ უნდა დაეხმაროს ბავშვს „სამყაროს შეჩერებაში“, ამისთვის კი უნდა შეიმუშაოს სტრატეგია: იქირავოს ვინმე საშიში შესახედაობის მაწანწალა  და როდესაც ბავშვი არასწორ ქცევას ჩაიდენს, ის მაწანწალა დათქმულ დრო გამოვიდეს და ერთი გვარიანად მიბეგვოს ბავშვი.

რა ხდება შემდეგ?

„მას შემდეგ, რაც ეს ადამიანი შეაშინებს ბავშვს, შენი მეგობარი ნებისმიერი საშუალებით უნდა დაეხმაროს ბავშვს, რომ აღიდგინოს თავდაჯერებულობა. თუ იგი ამ პროცედურას სამ-ოთხჯერ გაიმეორებს, გარწმუნებ, ბავშვს სრულიად სხვა გრძნობები ექნება ყველაფრის მიმართ. იგი შეიცვლის სამყაროს შესახებ თავის იდეას.

— და რა მოხდება, თუ შეშინება დაასახიჩრებს მას?

შეშინება არასოდეს არავის არ ასახიჩრებს. სულს ის ასახიჩრებს, როცა ვიღაც გამუდმებით გყავს ზურგზე, ვინც გცემს და გამუდმებით გეუბნება, რა უნდა აკეთო და რა არ უნდა აკეთო.

 

P.S.  იქნებ კორონავირუსი სწორედ ის საშიში შესახედაობის მაწანწალაა, რომელმაც იმის გამო, რასაც მანამდე ჩავდიოდით, ერთი გვარიანად გაგვტყიპა…

უხილავმა ძალამ დონ ხუანის  სწავლება ჩაგვიტარა და „სამყაროს გაჩერებით“  ჩვენი აღქმისა და შემეცნების პარადიგმაც შეცვალა.

იქნებ ეს მართლაც მაგიაა და კვანტური ნახტომი ცნობიერებაში?

 

ქართული ლიტერატურის პერიოდიზაცია და ნაციონალური ლიტერატურის კანონი

0

ლიტერატურის პერიოდიზაცია არის საკვანძო და კომპლექსური კვლევის საკითხი. მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ პერიოდიზაცია არის მუდმივი დისკუსიის საგანი, დაუსრულებელი პოლემიკა. ლიტერატურის პერიოდიზაციას ხშირად ადარებენ ქაოსიდან წესრიგის შექმნის პროცესს, რომელიც კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა და შემადგენელია.

ლიტერატურის ისტორია, როგორც ეპოქათა ერთობლიობა, აერთიანებს ტექსტებს, რომლებიც კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ეპოქაში შეიქმნა და საერთო ტენდენციებს ამჟღავნებს. უმრავლეს შემთხვევაში, ლიტერატურულ ტექსტებს ეპოქებად ყოფენ, რომელშიც ითვალისწინებენ ეპოქის პოლიტიკურ, სოციალურ, რელიგიურ, ფილოსოფიურ, იდეურ, კულტურულ, საგანმანათლებლო თავისებურებებს, ამასთან სხვა ლიტერატურულ კრიტერიუმებს, მიზნებსა და ამოცანებს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლიტერატურულ ეპოქებში გამოიყოფა დასაწყისის, განვითარებისა და დასასრულის ეტაპები. ამასთან, ლიტერატურული ეპოქები ხშირად განიხილება არა როგორც მკაცრი ჩარჩოს მქონე აბსოლუტური სახის ერთეულები, არამედ როგორც სამეცნიერო მოდელების კონსტრუქცია, რომლის კლასიფიკაცია ყოველთვის შეიძლება იყოს ვარიანტული. შესაბამისად, ქრონოლოგიური ჩარჩო იცვლება და ფორმირდება ეპოქათა აგებისა და კულტურული მახასიათებლების,  ასევე, ლიტერატურული ფენომენების მმიხედვით.

ეპოქა (ბერძნ. ათვლის წერტილი, დროის მონაკვეთი) არის დროის მონაკვეთი, რომელსაც აქვს თავისი დამახასიათებელი თვისებები. ის ძირითადი კონსტრუქცია, რომელიც დროის კონკრეტულ პერიოდთან ერთად ასახავს კონკრეტულ შეხედულებებს, ძირითად იდეებსა და მის კავშირებს. ლიტერატურული ეპოქა განისაზღვრება, როგორც ერთგვარი მცდელობა, ლიტერატურის ისტორიაში კონკრეტული ფაზები და მისწრაფებები იყოს იდენტიფიცირებული, აღწერილი და შესწავლილი, რაც პერიოდიზაციას წარმოადგენს. ლიტერატურული ეპოქები ხშირად გაგებულია, როგორც ლიტერატურული პერიოდები, რომლებშიც შედის მაღალი დონის ლიტერატურული ნაწარმოებები.

ქართული ლიტერატურის კვლევა და სისტემატიზაცია მე-19 საუკუნიდან იწყება. ამ მხრივ მნიშვენლოვანია სწორედ დასავლური გამოცდილების გაზიარების პრაქტიკა საქართველოში, რასაც ქართული ლიტერატურის ისტორიის ადრეულ კვლევებში ვხვდებით.

გერმანელ-ავსტრიელი მკვლევრის, ლინგვისტისა და მოგზაურის, ფრანც კარლ ალტერის (1749-1804) მცირე გამოკვლევაში „ქართული ლიტერატურის შესახებ“ (ვენა, 1798), მიმოხილულია ქართული სასულიერო ლიტერატურის, ანბანის, ბიბლიის თარგმნის საკითხები. გამოკვლევის მიზნებში ალტერი აღნიშნავს: „ლიტერატურის ერთიან ისტორიაში ქართული ლიტერატურა ჯერ კიდევ ის სფეროა, რომელიც საფუძვლიან დამუშავებას საჭიროებს. მე დავიწყე სათანადო მასალების შეგროვება ქართულ ლიტერატურაში, რითაც მსურს მკითხველს გავაცნო ქართული ლიტერატურის ხელნაწერი და დაბეჭდილი  წიგნები. მოხარული ვიქნები, თუკი ქართულ ლიტერატურას მეგობრებს  შევძენ, რომლებიც ჩემს მცირე და ნაკლოვან შრომას გააფართოებენ და შეავსებენ“.

გერმანელმა მწერალმა და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტმა (1819-1892), საქართველოში ხანგრძლივი მოგზაურობის შედეგად რამდენიმე ნაშრომი გამოაქვეყნა. ,,ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“ (1850 წ.); „კავკასიის ხალხები და მათი ბრძოლა რუსების წინააღმდეგ თავისუფლებისათვის“ (1848 წ.); ორტომეული „მოგონებები ჩემი ცხოვრებიდან“ (1888-1889 წ. წ.) და სხვ. ნაშრომში „ათას ერთი დღე აღმოსავლეთში“, რომელიც 1844-45 წლებში დაიწერა, ბოდენშტედტი ყურადღებას აქცევს ქართული ლიტერატურის თემატურ და ჟანრობრივ მრავალფეროვნებას, გამოყოფს ქართულ ფოლკლორს, საერო და სასულიერო ლიტერატურულ თხზულებებს.

ფრანგმა მეცნიერმა, ქართველოლოგმა, მარი ბროსე (1802-1880) გამოკვლევებში: “ქართული ლიტერატურის თანამედროვე მდგომარეობა“ (1828 წ. პარიზი), „ჴელოვნება აზნაურობითი გინა ქართულისა ენისა თჳთმასწავლებელი“ (1834 წ. პარიზი), ასევე, „ქართული ენის გრამატიკა“ (1837 წ. პარიზი) მსჯელობს ქართული ლიტერატურის თავისებურებების შესახებ, განიხილავს ქართულ ლიტერატურას ევროპული ლიტერატურის განვითარების პერსპექტივიდან.

მე-18-მე-19 საუკუნეებში ქართული ლიტერატურის შესახებ ევროპულ ენციკლოპედიებში ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც უმეტესად ყურადღება ექცევა ქართული დამწერლობის სიძველესა და მწერლობის ხანგრძლივ ტრადიციას, ქართულ ქრისტიანულ ლიტერატურას, ასევე, საერო ლიტერატურას. 1859 წელს გამოქვეყნებული უნივერსალური ლექსიკონი ქართულ ლიტერატურაზე მსჯელობისას ისტორიულ მეთოდოლოგიას იყენებს: „ქართული ლიტერატურა საკმაოდ მდიდარია, თუმცა მის განვითარებაში მრავალი გავლენა შეიმჩნევა ბიზანტიური, ბერძნული, შემდეგ კი სომხური, სპარსული, ისევე, როგორც ახალი დროის დასავლეთის ლიტერატურისა. მეცნიერება და პოეტური ხელოვნება საქართველოში ძალზედ თაყვანცემულია, ისევე, როგორც ბიზანტიურ სათავადოებში, ქართველ თავადთა და აზნაურთა შორის საპატიოდ ითვლებოდა ლიტერატურული საქმიანობა“ (Pierer’s Universal-Lexikon: 1859).

ქართული ლიტერატურის ისტორიის ეპოქების მიხედვით დეფინიცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია. დღემდე გამოიყენება ქართული ლიტერატურის ისტორიის ამგვარი პერიოდიზაცია:

  • ძველი ქართული ლიტერატურა (დღიდან მწერლობის დაწყებისა, მე-19 საუკუნის დასაწყისამდე)
  • ახალი ქართული ლიტერატურა (მე-19 საუკუნე)
  • უახლესი ქართული ლიტერატურა (მე-20 და 21-ე საუკუნეები)

თავის მხრივ, საქართველოს ისტორიის ყველაზე ვრცელ პერიოდს, ძველ ქართული ლიტერატურას, ტრადიციისამებრ, ყოფენ ოთხ ქვეპერიოდად. აღნიშნული პერიოდიზაცია ეფუძნება კ. კეკელიძის მოსაზრებებს. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის ოთხი პერიოდი, კ. კეკელიძის აზრით, ეყრდნობა ფეოდალური საქართველოს განვითარების ეტაპებს.

  • პირველი პერიოდი – ადრინდელი ფეოდალიზმის ხანა (დღიდან მწერლობის დაწყებისა, მეათე საუკუნის ოთხმოციან წლებამდე);
  • მეორე პერიოდი – განვითარებული ან პატრონყმული ფეოდალიზმი (დეოდალური მონარქიის ხანა) მეათე საუკუნის 80-იანი წლებიდან მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევრამდე;
  • მესამე პერიოდი – ფეოდალური მონარქიის დაცემის ხანა (მეცამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგამდე);
  • მეოთხე პერიოდი – მოგვიანო ან ბატონყმური ფეოდალიზმი (აღორძინების ხანა) მეთექვსმეტე საუკუნის დამდეგიდან მეცხრამეტე საუკუნის ოცდაათიან წლებამდე.

 

რამდენად მართებულია დღეისათვის ეს პერიოდიზაცია? შეესაბამება თუ არა ქართული ლიტერატურის განვითარების პროცესს ამგვარი დეფინიცია? ეს შეკითხვები არაერთხელ დამდგარა ქართული ლიტერატურის პროცესის, ან ცალკეული ლიტერატურული ეპოქებისა და მიმდინარეობის ანალიზისას.

ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციასთან და ლიტერატურულ პროცესებთან კავშირში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტერმინი ნაციონალური ლიტერატურის კანონი, იგივე ეროვნული ლიტერატურული კანონი.

ნაციონალური ლიტერატურული კანონი არის იმ ძირითადი ტექსტების ერთობლიობა, რომლისგანაც შედგება  ნაციონალური ლიტერატურა. ნაციონალური ლიტერატურის კანონის კონცეპტი მეცხრამეტე საუკუნეში, თეოლოგიური მიმართულებიდან იქნა გადმოტანილი, სადაც მეცხრამეტე საუკუნემდე მინდინარეობდა დებატები კანონიკური და არაკანონიკური რელიგიური ტექსტების შესახებ.

ნაციონალური ლიტერატურული კანონის დადგენა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის საგნობრივ, სივრცულ და საგანმანათლებლო მიზნებზე. მუდმივად ისმის კითხვა, თუ რას უნდა მოიცავდეს ლიტერატურული კანონი. ნაციონალური ლიტერატურის ძირითადი ფილოლოგიური დისკუსიები სწორედ ლიტერატურული კანონის ირგვლივ მიმდინარეობს. ნაციონალური ლიტერატურის კანონს დიდი მნიშვნელობა აქვს სასკოლო სწავლებისათვის, ასევე, ლიტერატურული კანონი მნიშვნელოვანია ნაციონალური ლიტერატურის უცხო ენაზე თარგმნის პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალური ლიტერატურული კანონი მთლიანად განსაზღვრავს ავტორებისა და ტექსტების შერჩევის საკითხს, როგორც ზოგადი განათლების პირობებში, ასევე, უცხო ენაზე თარგმნის დროსაც, , თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური ვითარების დროს, განსაკუთრებით, ტოტალიტარული რეჟიმის არსებობის დროს, ნაციონალური ლიტერატურული კანონი იცვლება.

ქართული ნაციონალური ლიტერატურული კანონისა და ქართული ლიტერატურის ისტორიის პერიოდიზაციის აღნიშნული განსხვავებები ისტორიულ, ეპოქალურ, ლიტერატურულ, ესთეტიკურ და სხვა ნიშნებთან ერთად, ამჟღავნებს პოლიტიკურ-იდეოლოგიურ გავლენებსაც. ვფიქრობთ, ქართული ლიტერატურის კანონის განხილვა მინშვნელოვანია დასავლური ლიტერატურული კანონის სტრუქტურისა და ქართული ლიტერატურის ნაციონალური ესთეტიკურ-ლიტერატურული განვითარების მიხედვით. რაღა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ქართული, ორიგინალური ლიტერატურის პროცესი და თვისობრიობა.

ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციის როგორი სქემა შეიძლება არსებობდეს?

სქემის რამდენიმე მონახაზი არსებობს (დეტალურად იხ. რატიანი 2018; შათირიშვილი 2003).

ქართული ლიტერატურის პროცესებზე დაკვირვება და ლიტერატურის გარკვეული ეპოქალური მახასიათებლებით დაჯგუფება ვფიქრობ, შესაძლებელია ამგვარი სქემით:

  • ფოლკლორი – ქართული ლიტერატურის პერიოდიზაციაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ქართულ სამწერლობო ლიტერატურას, ისევე როგორც სხვა ნაციონალურ ლიტერატურებს, წინ უძღვის ფოლკლორი.
  • გვიანანტიკური პერიოდი და ადრეული შუასაუკუნეები: მე-4 – მე-10 საუკუნეები.
  • კლასიკური შუასაუკუნეები – მე-11 – მე-13 საუკუნეები
  • გვიანი შუასაუკუნეები – მე-14-მე-15 საუკუნეები
  • ახალი დრო, განმანათლებლობა – მე-16 – მე-18 საუკუნეები
  • რომანტიზმი
  • რეალიზმი
  • მე-20 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურული მიმდინარეობები საქართველოში: მოდერნიზმი, სიმბოლიზმი, ავანგარდი
  • საბჭოთა ტოტალიტარიზმი/კოლონიალიზმი
  • პოსტმოდერნიზმი
  • საქართველოს დამოუკიდებლობა და თანამედროვე ლიტერატურული პროცესი: პოსტსაბჭოთა ქართული ლიტერატურა.

ქართული ლიტერატურის პერიოდიზაცია და ქართული ლიტერატურის კანონი კვლავაც მრავალგზის იქცევა განსჯის საგნად. ეს ბუნებრივი პროცესია და გარკვეული აუცილებლობითაც არის გამოწვეული. შეუძლებელია, ხელშეუხებლად დარჩეს ქართული ლიტერატურის ერთი საუკუნის წინანდელი დეფინიციები და არ გავითვალისწინოთ უახლესი ლიტერატურული თეორიები, მეთოდები, ლიტერატურის თანამედროვე ანალიზი და თვით თანამედროვე ლიტერატურული პროცესები, რომელიც ქართული ლიტერატურის პროცესის ორგანული ნაწილია.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

Alter F. C., Ueber georgianische Literatur, Wien, 1798

Bodenstedt F., Tausend und ein Tag im Orient, Berlin, 1850

Brosset M., Eléments de la langue géorgienne. Imprimerie Royale, 1837

Burdorf D., Fasbender Christoph, Moennighoff Burkhard (Hg.), Metzler Lexikon Literatur: Begriffe und Definitionen, 3. Auflage, Verlag J. B. Metzler, 2007

Meyers Großes Konversations-Lexikon, Band 7. Leipzig 1907

Pierer’s Universal-Lexikon, Band 7. Altenburg 1859

კეკელიძე, კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I,  ”მეცნიერება”, თბ. 1980

პოპიაშვილი ნ., ნაციონალური ლიტერატურის კანონი და დიქტატურა (სტალინი და აკაკი წერეთლის „სულიკო“), სამეცნიერო სტატიათა კრებული, IX საერთაშორისო სიმპოზიუმის „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“, მასალები, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტიტი, თბ., 2016, გვ. 190-202

პოპიაშვილი ნ., ნაციონალური ლიტერატურული კანონი და იდეოლოგიური კონტექსტი თარგმანში ქართული პოეზიის გერმანულენოვანი თარგმანების მაგალითზე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო შრომათა კრებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 2016

პოპიაშვილი ნ., ქართული ლიტერატურის ინტერკულტურული მოდელი. სამეცნიერო შრომათა კრებულში: „მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია“, რედაქტორ-გამომცემლები: ალექსანდრე კარტოზია, ნინო პოპიაშვილი, შორენა შამანაძე, ნათელა ჩიტაური. თბილისი, 2017, გვ. 162-186

რატიანი ი., ქართული მწერლობა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018

შა­თი­რიშ­ვი­ლი ზ., კა­ნო­ნის თე­ო­რია და სა­მი ქარ­თუ­ლი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო კა­ნო­ნი, ჟურნ. „სჯანი”, 2003, #4.

„დიადი გადააზრების“, ანუ ერთადერთი ნამდვილისკენ მიბრუნებისთვის- დისტანციური სწავლება და ღირებულებები

0

“ძვირფასო მასწავლებელო!

მე ცოცხალი გადავურჩი საკონცენტრაციო ბანაკს და ჩემმა თვალებმა იხილა ის, რაც არ უნდა ნახოს არც ერთმა ადამიანმა:
როგორ აშენებენ სწავლული ინჟინრები გაზის კამერებს;
როგორ წამლავენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს;
როგორ კლავენ სწავლადამთავრებული მედდები ჩვილ ბავშვებს;
როგორ ესვრიან და წვავენ ბავშვებსა და ქალებს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების კურსდამთავრებულები.

ამიტომაც, მე არ ვენდობი განათლებას!

მე გთხოვთ, დაეხმარეთ მოსწავლეებს, გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არ უნდა მიგვიყვანოს სწავლული მონსტრების, ნამეცადინარი  ფსიქოპათების, განათლებული აიხმანების ჩამოყალიბებამდე.
კითხვა, წერა, არითმეტიკა მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეხმარება ჩვენს შვილებს, გახდნენ უფრო ა დ ა მ ი ა ნ უ რ ე ბ ი!  (საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილი სკოლის ერთ–ერთი დირექტორის წერილი სამსახურში აყვანილი მასწავლებლებისადმი)

ეს ეპიგრაფად გამახსენდა. მთავარი სათქმელი კი ეს არის:

უთვალავ რესურსს შორის, რომელიც ბოლო პერიოდში იქმნება და ვრცელდება, ერთ–ერთში  მამა ძილისწინა ზღაპრად ჟამიანობის მიზეზებზე და მოსალოდნელ შედეგებზე უყვება შვილებს. ვირუსის გავრცელების მიზეზს ასე უხსნის, „ზოგჯერ ავად უნდა გახდე, სანამ თავს უკეთ იგრძნობ“–ო და მომხდარის იმედიან შედეგად ცხოვრების წესის „დიად გადააზრებას“ ელოდება.

დიადი გადააზრება, ჩემთვისაც ადამიანობისკენ შემო–  თუ და–ბრუნებაა, რომელსაც განათლება ემსახურება ან უნდა ემსახურებოდეს.

ქართულად სიტყვა ადამიანის ერთადერთ ონლაინ განმარტებას ვიკიპედიაში ნახავთ: გონიერი ადამიანი (ლათ. Homo sapiens) — პრიმატების სახეობა, ჰომინიდების ჯგუფის, ადამიანთა მოდგმის წარმომადგენელი. კემბრიჯის ლექსიკონში ადამიანი (ადამიანური) ნიშნავს ისეთი თვისებების, ნაკლოვანებების და ემოციების ქონას, რომელიც ახასიათებთ ადამიანებს, განსხვავებით ღმერთების, ცხოველების ან მანქანებისგან.

ჰოდა, გადავწყვიტე ასაკისა და საგნისგან დამოუკიდებელი რამდენიმე ონლაინ რესურსი გამეხსენებინა, რომელიც ადამიანური თვისებების განვითარებას – გაადამიანებას  უწყობს ხელს:

  • რუბენ გალიეგოს ავტობიოგრაფიული მოთხრობა თეთრით შავზე (მთარგმნ. ნინო ბექიშვილი) ყველაფერზეა, სადაც, მაგალითად, მოქალაქეობის და ისტორიის (და არამარტო) ინტეგრირებული სწავლებისთვის ბევრ იდეას ნახავთ.
  • ტაილანდური კომპანიის CPG-ს მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი (6.30 წთ.) მადლიერებას, პასუხისმგებლობას, ზრუნვას, ნამდვილი სიყვარულის ძალით სტერეოტიპების მსხვრევას ეხება. კარგი რესურსია, მაგალითად, მოქალაქეობისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული სწავლებისთვის.
  • ნაწყვეტი ნანა მჭედლიძის ფილმიდან გასეირნება თბილისში (71 წთ.), თავი დაანებე, სულელია, (3.18 წთ.) კონფორმიზმის მანკიერებაზე და მის საშიშ შედეგებზეა. კონფორმიზმზე, რომელიც სისტემისთვის არის დამახასიათებელი და რომლის წინააღმდეგ ცალკეული ადამიანები ხშირად უმწეონი არიან ან უბრალოდ ცხოვრების გართულებას დანებება ურჩევნიათ („ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“). მოქალაქეობრივი აქტიურობის, პროფესიული პატიოსნების შესახებ მსჯელობისას საინტერესო რესურსია. ბევრ სხვა საკითხზეც არაჩვეულებრივ ნაწყვეტებს ნახავთ ფილმში.
  • სტივ კატსის ანიმაცია შენც ჩემსავით დაიკარგე სამყაროში? (Are You Lost In The World Like Me? 3.15 წთ.) თანამედროვე მომხმარებლური და ადამიანურობისგან დაცლილი სამყაროს მანკიერებებზე, კარგზე და ცუდზე, ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობაზე, ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევაზე დააფიქრებს ბავშვებს. ზოგადად, მისი ანიმაციები უამრავ საკითხზე მუშაობისას შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს.
  • იგავის მიხედვით გადაღებული ანიმაცია საზოგადოებრივი აზრი (2.48 წთ.) საკუთარი გზის პოვნაში გვეხმარება. ვერასოდეს მოვიქცევით ყველას მოსაწონად. მთავარია, საკუთარ ღირებულებებს ვუერთგულოთ და ღირსება შევინარჩუნოთ.
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმი წამის მეასედი (One Hundredth of a Second 5.31 წთ.) ნებისმიერ პროფესიაში ზნეობრივი პრინციპების ერთგულებას, ადამიანის, როგორც უმთავრესი ღირებულების, მისი სიცოცხლის უზენაესობას გვახსენებს.
  • Kalhil Adames–ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი იდენტობა (Identity 5.18 წთ.) იმ უამრავი ნიღბის შესახებაა, რომლის ტარებასაც საზოგადოება გვაიძულებს, საკუთარი თავის აღმოჩენის სიხარულის შესახებაც და ადამიანებს იდენტობის ძიებასთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
  • Kerith Lemon–ის მოკლემეტრაჟიანი ფილმიც სოციალური ცხოვრება (A Social Life 8.26 წთ.) გარკვეულწილად, იდენტობის ძიებას ეხება და ონლაინ და ოფლაინ ცხოვრებას შორის არჩევანზე, საზოგადოებრივი აზრისა და სოციალური მედიის გავლენაზე დაგვაფიქრებს. როგორ რთულდება ხშირად ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება და როგორი აუცილებელი ხდება გადღაბნილ „მე“–სთან დაბრუნება.
  • ბელგიელი მუსიკოსის Stromae–ს კლიპიც Carmen (3.37 წთ.) სოციალურ მედიაზე დამოკიდებულების ამსახველია და ადამიანებს ზოგადად დამოკიდებულების ზიანზე დააფიქრებს.
  • დამოკიდებულების საკითხზეა ეს ორი ანიმაციაც: Andreas Hykade–ს Nuggets (5.05 წთ.) და Laura Neuvonen–ის The Last Knit (6.44 წთ.). ამ უკანასკნელში დამოკიდებულება, როგორც ვნება, ლამის ბოლოს უღებს მსხვერპლს და გამოფხიზლების ძალისხმევის გარეშე სიკვდილი ელის.
  • Cameron Covell–ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი უმშვენიერესი (The Most Beautiful Thing, 10.43 წთ.) სიყვარულის სიხარულებსა და სევდებს ეხება და ადამიანებს ამ გრძნობის მთელ სილამაზეს და სიდიადეს ახსენებს ჰელენ კელერის სიტყვებით: „შეუძლებელია სამყაროში უმშვენიერესის დანახვა, მოსმენა ან შეხება, ის გულით უნდა იგრძნო“. სიყვარულზე სასაუბროდ ასევე არაჩვეულებრივი რესურსია ნაირა გელაშვილის მოთხრობა მე ის ვარ.
  • Maaz Khan–ის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნაჩქარევი განსჯა (Too Quick To Judge, 3.42 წთ.) წინასწარი შეხედულებების საფრთხეს ეხება. გვეხმარება, დავინახოთ და გავაანალიზოთ მისი მოსალოდნელი შედეგები. მასში ერთგვარი სევდაცაა იმის გამო, რა მოუთმენლები და ხშირად დაუნდობლები ვართ ერთმანეთის მიმართ და როგორ არ ვიწუხებთ თავს სიღრმისეული ფიქრებით.
  • ეს ერთწუთიანი ნორვეგიული ფილმი ბავშვს საჭმელი არ აქვს (A child has nothing to eat at school) გაზიარების სიხარულში და აუცილებლობაში გვარწმუნებს. შესაძლოა, ის არა ზოგადად მშიერ ბავშვს, არამედ იმ მომენტში მშიერ ბავშვს ეხება, მაგრამ სწორედ ეს იმწუთიერი, დაუფიქრებელი და დაუგეგმავი (ან, საერთოდაც, სად გაგონილა სიკეთის დაგეგმვა!) სიკეთის ხაზგასმაა მნიშვნელოვანი.
  • მიზნის მიღწევისას ძალისხმევის აუცილებლობასა და სიჯიუტეზეა ანიმაცია ნამცეცა (Pip, 4.05 წთ.). შესაძლოა, არანაირ სასურველ ფიზიკურ სტანდარტებს არ ვაკმაყოფილებდეთ, სხვებზე მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს ე. წ. ნორმატივების საუკეთესოდ შესასრულებლად, მაგრამ ემოციურად ყველაზე მეტად ვიყოთ მზად საყვარელი საქმის საუკეთესოდ შესრულებისთვის.
  • რეალურ მამაც ადამიანებზე მოგვითხრობს ლევან თეთვაძის დოკუმენტური ფილმი როგორ ინგრევა კედელი (34.53 წთ.), რომელშიც ბევრი კარგი ადამიანის პირადი გამოცდილების მოსმენით, ცხოვრებისთვის აუცილებელ ძალას და გამძლეობას ვიძენთ.
  • სტერეოტიპებზე, დისკრიმინაციაზე ფიქრსა და მათი დაძლევის გზებს გვთავაზობს ანიმაცია Sneetches (12.10 წთ.). მასში ნაჩვენებია სტერეოტიპების ჩამოყალიბების აბსურდული სიმარტივე, მათი დაჟინებული დაცვის დაუოკებელი და სულელური სურვილი; ის, თუ როგორ შეუძლიათ სხვებს, ისარგებლონ სტერეოტიპული აზროვნების შეზღუდულობით და რამდენად შორს შეიძლება, წავიდეს მანკიერი პროცესები, თუკი ადამიანები ფიქრს არ დაიწყებენ.
  • უზნაძის განწყობის თეორიის და ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების თვალსაჩინოებაა ანიმაცია ბუზი (The Fly, 2.47 წთ.). ის გვასწავლის, რომ ხშირად უსიამოვნების დასაძლევად მისი სხვა პერსპექტივიდან დანახვა საუკეთესო გამოსავალია. ეპიგრაფად წამძღვარებული სიტყვები „შეცვალე საკუთარი ფიქრები და შეცვლი სამყაროს“,  განათლების ზოგად მიზანს ასახავს, თუკი გვჯერა, რომ განათლება სასიკეთო ცვლილებას ემსახურება.
  • ავტორთა ჯგუფის Anna Hinds Paddock–ის, Isabela Littger de Pinho–სა და Kriti Kaur–ის ანიმაციაში არაფერი მსგავსი (None of That, 09 წთ.) კარგად ჩანს ცრუ რელიგიურობის აბსურდული და სევდიანი შედეგები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანთა დამოკიდებულება ნამდვილი ხელოვნებისადმი. მეორე მხრივ, მასში ნაჩვენებია, როგორ ესმით ადამიანებს პროფესიის ერთგულება.
  • მცირე ამბები სახელწოდებით ღირებულებები, გადაეცი (Values, pass it on 27 წთ.) მოთმინებას, მხარდაჭერას, წახალისებას ეხება და მნიშვნელოვანი ადამიანური ღირებულებების შესახებ დაგვაფიქრებს.

ჩემი აზრით, ნებისმიერი საგნის მასწავლებელს ცალკე კატალოგი სჭირდება Pixar–ისა და CGMeetup–ის ანიმაციებისთვის. აქ ჩემს რამდენიმე ფავორიტს გაგიზიარებთ:

  • La Luna (6.57 წთ.) თვალსაჩინოდ ჩანს თაობებს შორის ურთიერთობები, სწავლება–სწავლის განსხვავებული გზები და საკუთარი ერთადერთი გზის პოვნის აუცილებლობა.
  • Piper (6.26 წთ.) სწავლის სირთულეებისა და შიშის შესახებაა და იმ ადამიანებს დაეხმარება, ვინც ხელი ჩაიქნია (ან ჩააქნევინეს) საკუთარ შესაძლებლობებზე.
  • Presto (5.14 წთ.) მასწავლებლებს და მშობლებს ნებისმიერი საქმის კეთებისას სტიმულებისა და წახალისების მნიშვნელობაზე დააფიქრებს.
  • The Power of Teamwork (1.22 წთ.) გუნდური მუშაობის ძალაზეა და სულხან–საბა ორბელიანის იგავ–არაკის – ძალა ერთობისა – ერთგვარი ანიმაციური ფორმატია.
  • Bruised (2.42 წთ.) ვისი სწავლებაც გვსურს, იმის ტკივილისა და სიხარულის ცოდნის აუცილებლობაზეა. ვერ ვასწავლით ადამიანს, თუკი მის საზრუნავს არ ვიცნობთ, რომელიც შესაძლოა ისეთი სიმძიმისა იყოს, რომ სხვა რამეზე ფიქრის ადგილს აღარ უტოვებდეს.
  • Daniel Martínez Lara–სა და Rafa Cano Méndez–ის ანიმაცია მსგავსები (Alike 8.1 წთ.) ყოველდღიური ცხოვრების ერთფეროვნებაში ყველაზე მნიშვნელოვანის არდავიწყებაზე გვაფიქრებს.
  • Aryasb Feiz–ის ანიმაცია ბატონი განურჩევლობა (Mr Indifferent, 2.45 წთ.) სამ წუთზე ნაკლებ დროში ინდიფერენტულობის შედეგებზე გვიყვება.
  • Jacob Frey–ის ანიმაცია საჩუქარი (The Present, 4.18 წთ.) გვეუბნება, რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ, მაშინაც კი, როცა საშველი არსაიდან ჩანს და ცხოვრება ერთ დიდ ტანჯვად გვეჩვენება.

ცხადია, ეს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ უთვალავი რესურსისა, რომლის გამოყენება პირისპირ თუ დისტანციური სწავლება/სწავლის დროს მზამზარეულად შეგვიძლია. ცხადია, თითოეულ რესურსთან მიწერილი განმარტებები სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის სწორედ მოცემული საკითხის/ების ახსნისას გამოვიყენოთ. ამგვარი რესურსების მთავარი ხიბლი სწორედ ის არის, რომ როგორი პერსპექტივითაც გსურს, იმ პერსპექტივით დაანახებ და საფიქრალს აღუძრავ ადამიანს. უფრო მთავარი  კი ის არის, რომ ამ რესურსებით თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლდეს ჩვენი ვრცელი მონოლოგები მნიშვნელოვან საკითხებზე.

P.S. ალბათ, ამგვარი რესურსების გამოყენებისას ისიც მთავარია, რომ ჩვენი ქცევა ჩვენს სიტყვებს არ ეწინააღმდეგებოდეს.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

„იდეალური მშობლები“ (გაგრძელება)  

0

ფილიპე მამალაკისი: (ამერიკელი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, ბოსტონის სემინარიის პროფესორი, ფსიქოთერაპევტი, ოჯახურ პრობლემებზე მომუშავე კონსულტანტი, ბავშვთა განვითარებისა და ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხის მქონე შვიდი შვილის მამა წიგნის:  „Perenting Toward the Kingdom“ ავტორი).

„მოდით, განვაგრძოთ საუბარი აღზრდის შესახებ. იმისათვის, რომ აღზრდის მიზნებს მივაღწიოთ, აუცილებელია, ვიცოდეთ რისი მიღწევა გვსურს, ანუ რას ვსახავთ მიზნად. აღზრდა – გრძელვადიანი მოვალეობების მქონე ხანგრძლივი პროცესია. სწორედ ის გახანგრძლივებული მიზნები, რომლებსაც ჩვენ, როგორც მშობლები, ვისახავთ აღზრდის პროცესში, განაპირობებენ იმას, თუ როგორი რეაგირება გვექნება შვილების ცუდ საქციელზე.

ერთ საღამოს ჩემმა შვიდი წლის ვაჟმა, რომელმაც ვახშამი დაასრულა და მაგიდიდან ადგა, აიღო მისი ხუთი წლის ძამიკოს სათამაშო მანქანა. პატარამ სასწრაფოდ გააპროტესტა, მაგრამ უფროსმა მაინც განაგრძო მანქანით თამაში და ძმას გასძახა, რომ სათამაშო პატრონს ჯერჯერობით მაინც არ სჭირდებოდა. ოთახში დაძაბულობის „სუნი“ დატრიალდა, ამიტომ მოსალოდნელ კონფლიქტში ჩარევის აუცილებლობა შეიქმნა.

მე საქმეში ჩარევის რამდენიმე ვარიანტს განვიხილავდი: შემეძლო მსაჯულის როლი მომერგო და უფროსისათვის მებრძანებინა, სათამაშოს დაბრუნება, რადგან ის სწორედ მის ძმას ეკუთვნოდა; ან პატარასთან მოლაპარაკება მეწარმოებინა, რომ ამ ეტაპზე მას მაინც არ სურდა მანქანით თამაში და არაფერი დაშავდებოდა, თუ ცოტა ხნით უფროსს დაუთმობდა მის კუთვნილ სათამაშოს. კიდევ ერთი ვარიანტი იყო ჩემ წინაშე, საერთოდ ამეკრძალა ორივესათვის სათამაშოთი გართობა. არც ის ვარიანტი გამომრჩენია, რომ ჩვენ, უფროსებს ჯერ კიდევ არ გვქონდა ვახშამი დასრულებული და პატარებს კეთილი უნდა ენებათ და ჩუმად ყოფილიყვნენ, რომ მშობლებისათვის ხელი არ შეეშალათ. იმაზეც კი დავიწყე ფიქრი, რომ სამომავლოდ ორივე ძმისათვის ერთნაირი სათამაშოები უნდა გვეყიდა, რათა მათ ერთმანეთში ჩხუბის საბაბი არ გასჩენოდათ. საერთოდ, ამ მცირე ინციდეტის იგნორირებაც შეიძლება – გავიფიქრე მე. მთავარი კი მაინც ის იყო, რომ მე არ მქონდა იმის ილუზია, რომ ისეთ გადაწყვეტილებას მოვძებნიდი, რომელიც საშუალებას მომცემდა მშვიდად დამესრულებინა ვახშამი.

მიხვდით ალბათ, საუბარი იქითკენ მიმყავს, რომ რაც შეიძლება უკეთ განვმარტო ჩემი სათქმელი და აგიხსნათ: მოკლევადიანი მიზნების დასახვა არცთუ ისე კარგია, რადგან მათ შესაძლოა ხელი შეგვიშალონ გრძევადიანი მიზნების მიღწევის გზაზე. მშობლებს, როგორც წესი, სურთ, რაც შეიძლება სწრაფად განმუხტონ კონფლიქტური სიტუაცია,  მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ზოგჯერ ნაკლებ პროდუქტიულია. მაგალითად, როდესაც ჩვენ მათემატიკის ამოცანას ჩვენი შვილების ნაცვლად ვხსნით, ამით დროს ვიგებთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამით საგნის სწავლებას ხელს ვუშლით. ბავშვის არასასურველი ქცევა შესაძლოა, სწრაფად ავლაგმოთ, რითაც მხოლოდ დროებით მოვაგვარებთ პრობლემას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ბავშვს ვერ ასწავლის საკუთარი ქცევების კონტროლს. ხანდახან სჯობს მოკლევადიანი შედეგის უგულვებელყოფა, რათა მომავალში უფრო სერიოზული შედეგები გვქონდეს.

აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შვილების აღზრდის გრძელვედიანი მიზნების ზუსტად და მკაფიოდ განსაზღვრა. როგორები გვინდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ ზრდასრულობის ასაკის მიღწევისას? აი რამდენიმე გავრცელებული პასუხი: კომპეტენტური, ბედნიერი, დამოუკიდებელი, ფინანსურად უზრუნველყოფილი, კეთილი, გულუხვი, წესიერი, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, თავშეკავებული,  მზრუნველი. მორწმუნე ქრისტიანი მშობლები, სავარაუდოდ, დაამატებენ – ღვთისმოშიში.

ერთ-ერთ მშობელთან კონსულტაციისას ორი წლის ბიჭის ახალგაზრდა დედიკომ შემომჩივლა, რომ მისი პატარა სხვა პატარა ბავშვებს კბენს. მეც მქონდა ასეთივე პრობლემა ჩემს ორი წლის გოგონასთან და მინდა ავღნიშნო, რომ მსგავსი პრობლემა საკმაოდ ხშირად გვხვდება. საუბრისას გამოვარკვიეთ, რომ ბიჭუნა იწყებს კბენას, როდესაც ის გაბრაზებულია, ზედმეტად აღგზნებულია ან რაიმე ძლიერი შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფება. მე და ბავშვის დედამ შევადგინეთ გეგმა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელი იქნებოდა ბავშვის ასეთი მდგომარეობის შემსუბუქება, სხვა მოვლენებზე გადართვა და თანდათანობით არასწორი საქციელის შეცვლა. ორი კვირის შემდეგ დედამ დამირეკა და შემატყობინა, რომ გეგმამ არ იმუშავა. ბიჭუნა კვლავ კბენდა სხვა ბავშვებს. ვივარაუდე, რომ ორი კვირა არ აღმოჩნდა საკმარისი მსგავსი ქცევის შესაცვლელად, მაგრამ ეს თავისთავად გეგმის ბრალი არ იყო. მიმაჩნია, რომ აღზრდის მართებულობა მდგომარეობს მისი პრინციპების სისტემატურ, თანამიმდევრულ გატარებაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაიმე ქცევის კორექციაა საჭირო. შეშფოთებულ დედიკოს შევახსენე, რომ მისმა შვილმა კარგი გაკვეთილი მიიღო, რაც გაცილებით უფრო ღირებულია, ვიდრე უბრალოდ კბენის შეწყვეტა. ბავშვი შეძლებისდაგვარად სწავლობდა საკუთრი ქცევის კონტროლს, როდესაც გაბრაზებული ან ზედმეტად აღგზნებული იყო და ამ პროცესს, მერწმუნეთ, დიდი დრო დასჭირდა. ჩვენი სტრატეგიის მიზანი ის იყო, რომ ბავშვისთვის სხვა რამის კეთება გვესწავლებინა, რათა მისი ბრაზიც სადღაც გამქრალიყო. გარწმუნებთ, რომ ამ ყველაფრის სწავლება შესაძლებელია მხოლოდ დიდი მოთმინებითა და ძალისხმევით; მუდამ ბავშვის გვერდით ყოფნით, როდესაც ის ცდილობს რაიმე შეცვალოს, როდესაც ის იზრდება, სწავლობს სიყვარულს, იძენს ღირებულებებს.

მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათი ამოცანაა იყვნენ იდეალურნი და სრულყოფილნი – ეს შეუძლებელია. ბავშვების აღზრდა თავისთავად უკვე გამოცდაა, რომელსაც ვერცერთი მშობელი ვერსად გაექცევა. აქვე მინდა ერთი, შესაძლოა ბევრი თქვენგანისათვის უცნაური რამ ვთქვა: აღზრდის საკითხებში „ექსპერტების“ მოსაზრებების უაპელაციოდ გათვალისწინება და ამ საკითხების შესახებ წიგნების კითხვა იმ იმედით, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც კი პრობლემის წინაშე დადგება მშობელი მაშინვე უზუსტესი და უშეცდომო პასუხი იპოვოს მისთვის საჭირბოროტო საკითხზე, რა თქმა უნდა, მცდარი შეხედულებაა. უბრალოდ მინდა, გავიმეორო, რომ უშეცდომო არავინაა და შესაბამისად, არცერთი მშობელი არ არის დაზღვეული არასწორი გადაწყვეტილებისგან. ანუ იდეალური მშობლები არ არსებობენ.

ბავშვებს სჭირდებათ ისეთი მშობლები, რომლებიც უბრალოდ შრომობენ, ცდილობენ და სწავლობენ საკუთარ შვილებთან ერთად. და თუ თქვენ ამ სტატიის წაკითხვისას ერთი წუთით მაინც დაფიქრდით და დაისახეთ გრძელვადიანი მიზნები საკუთარი შვილების აღსაზრდელად, მაშინ თქვენ უკვე გადადგით პირველი ნაბიჯი, შვილების დახმარების რთულ და ხანგრძლივ გზაზე. ამასთანავე, ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები იქცევიან ზუსტად ისე, როგორც ბავშვები უნდა იქცეოდნენ. ყველაზე უკეთესი კი რაც მშობლებს შეუძლიათ გააკეთონ არის ის, რომ მოიქცნენ როგორც ზრდასრულები, რომლებიც უსმენენ საკუთარ შვილებს.

ახლა კი მინდა, კიდევ ერთი ამბავი მოგიყვეთ ჩემი შვილების ცხოვრებიდან. ერთ საღამოს სახლში დაბრუნებულს ასეთი სანახაობა დამხვდა: სასადილო ოთახის მაგიდაზე ამძვრალი რვა წლის გოგონა; მისი ათი და თერთმეტი წლის დაიკოები, რომლებიც უყვიროდნენ წესის დამრღვევს; სამი და ერთი წლის ბიჭები მაგიდის ქვეშ, რაღაცას შეექცეოდნენ. ამ ტრადიციული ქაოსის დანახვისას პირველი რეაქცია, რაც გამიჩნდა, იყო ხმამაღლა დამეყვირა მათთვის და დამესაჯა მაგიდაზე ამძვრალი გოგონა. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მაინც თავი შევიკავე, ღრმად ჩავისუნთქე, გუნებაში მცირე ლოცვაც კი წავიკითხე და შემდეგ მივმართე პატარას: გინდა ჩამეხუტო? ყველამ გაკვირვებით შემომხედა. წესის დამრღვევი მაგიდიდან ჩამოხტა, ჩემთან მოვიდა, ჩამეხუტა და „მომიბოდიშა“: „მაგიდაზე იმიტომ ავძვერი, რომ სავახშმოდ სუფრა გამეშალა“.

მიმაჩნია, რომ ბავშვები ყველაზე უკეთ სწავლობენ მაშინ, როდესაც ხედავენ, რა რეაქცია გვაქვს ჩვენ მათ ცუდ საქციელზე. შვილები უნდა ხედავდნენ, რომ ჩვენ ისინი გვიყვარს მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ თავხედურად და უზრდელურად გევლაპარაკებიან კიდეც. ჩვენი ადეკვატური და სწორი რეაქციები ასეთ მძიმე შემთხვევებშიც კი არის იმის საწინდარი, რომ ბავშვებმა გაცილებით მეტ რამ შეიძინონ, ვიდრე მაშინ, როდესაც ოჯახში სრული იდილია სუფევს.

ამგვარად, აღმზრდელობითი სტრატეგიის განხორციელებისას მშობლებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვების შეცდომებზე რეაგირება, არამედ ამ ქცევებზე შესაბამისი თანაგრძნობით აღსავსე პასუხის გაცემა“.

 

 

 

 

 

 

 

 

ექიმთა სახეები მსოფლიო ლიტერატურაში

0

„ექიმი ყოველთვის ბრძოლის ველზეა, ჯერ ერთი, მუდამ ადამიანის ტანში შესაპარად მომზადებულ სენს ებრძვის. აქეთ კიდევ, გასაპარად მომზადებულ ჯანმრთელობას სდარაჯობს.“

მორის დრიუონი

 

სანამ ექიმებზე ახალი ნაწარმოებები დაიწერება, მსოფლიო ლიტერატურის არსებულ ნიმუშებს გადავავლოთ თვალი. საინტერესოა, რომელი ექიმი რატომ იქცა ამა თუ იმ მწერლის შთაგონების წყაროდ, როგორი თვისებები აღმოჩნდა პრიორიტეტული მოთხრობებსა თუ რომანებში წარმოსაჩენად. დარწმუნებული ვარ, უკვე არაერთი პერსონაჟი ექიმი გაგახსენდათ წაკითხული წიგნებიდან. ჩვენი სიები შესაძლოა ერთმანეთს დაემთხვეს ან სრულიად განსხვავებული აღმოჩნდეს – ექიმები მხატვრულ ლიტერატურაში ხომ უამრავია. მე მხოლოდ რამდენიმეს შეგახსენებთ როგორც ქართული, ასევე უცხოური  წიგნებიდან.  

 

ზურიკელას ექიმი

 

ამ ქვეყნად ყველაზე მხიარული ექიმი ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონში“ მეგულება. გახსოვთ ალბათ, ყანის გასათოხნად ზურიკელას სკოლა რომ აქვს გასაცდენი. ავადმყოფობის ცნობის მოსაპოვებლად ერთი საათით ლოგინში ჩაწოლა და ექიმის მოტყუება მოუწევს. ილიკო, ილარიონი და ოლღა საგანგებოდ გაამზადებენ: დილიდან აშიმშილებენ, ავადმყოფის ფერი რომ დაედოს და თავს პირსახოცით გაუკრავნ. ზურიკელასა და ექიმს შორის გამართული კვიმატი დიალოგიც მინდა შეგახსენოთ:

 

  • რა გჭირს, ბიჭო?
  • ვკვდები, ექიმო.
  • რა გტკივა?
  • ყველაფერი.
  • თმა გტკივა?
  • კი.

 

სიტუაციის გასამძაფრებლად საუბარში ილარიონიც ერევა და ამტკიცებს, რომ „ბაღანას ჭამის მადა აქვს დაკარგული… ამას წინათ ერთი კეცი ჭადი და სამი საინი ლობიოს მეტი ლუკმა არ ჩაუდია პირში… წინათ ყველსაც აყოლებდა და ახლა ერთი ლუკმაც ვერ გადავაცდინეო.“ ილიკო კი საფეთქელთან საჩვენებელ თითს იტრიალებს და ექიმს ანიშნებს, ვერ არის კარგად ზურიკელაო.

საბოლოოდ ავადმყოფობის ცნობისა რა გითხრათ, ჯანმრთელობას კი გულითადად უსურვებს ექიმი თავის პაციენტს და სწორედ იმ არყით ადღეგრძელებს, ოლღა ბებიას დანიშნულებით საფეთქლების დასაზელად რომ იყო გადანახული.

 

 ნუნუ ექიმი

 

ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“ ყველაზე ფერადი და სიცოცხლით სავსე პერსონაჟი, ყოველ დღე წამლები რომ დააქვს ციხის საკნებში – ნუნუ ექიმია. „შეყოფს ხოლმე კარის ჭრილში თავის პუდრმოყრილ, ლამაზ, აპრეხილ ცხვირს, უსაშველოდ წითელი პომადით მოთხუპნულ ტუჩებს, უზარმაზარ წამწამებს ააფახულებს, ოცდათორმეტივე, მარგალიტივით ჩაწიკწიკებულ კბილს გამოაჩენს და ნარნარი ხმით კითხულობს: – ბოროტმოქმედებო, რამე ხომ არ გტკივათ?..“ და რომ უპასუხონ, ფეხში ეკალი შეგვერჭოო, მაინც ლუმინალს სთავაზობს.

 

  • რაო, რას გაჩუმებულხართ, არაფერი არ გტკივათ?
  • თავი, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი!
  • კბილი, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი!
  • კუჭი, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი!
  • გული, ნუნუ ექიმო!
  • ლუმინალი
  • ყელი, ნუნუ ექიმო!
  • ბაწარი! – პასუხობს და მაინც ლუმინალს აძლევს.

 

ნუნუ ექიმი „ზოგისთვის დედა იყო, ზოგისთვის – და, ზოგისთვის – შვილი, ზოგისთვის – დეიდა, მამიდა, საყვარელი, მეგობარი, მოწყალების და და უბრალოდ ვნებისმომგვრელი  დედაკაცი.“ ამიტომ მისი ყოველი ვიზიტი პატიმრებისთვის გაზაფხულის მოსვლას ჰგავდა, ზვავივით აწყდებოდნენ კარებს.

და რადგან ვნებები ვახსენეთ, ის თავიც გავიხსენოთ, „ტანო, ტატანო“ რომ ჰქვია და პატიმარი დედვდარიანი (იგივე ლიმონა) ბესიკის ლექსის ფონზე ამაღელვებელ პერფორმანსს მართავს. შუა საკანში, სკამზე მდგარი, სპეტაკ ხალათში გამოწყობილი, მხარზე წითელჯვრიან ჩანთაგადაკიდებული ნუნუ ექიმი კი აცრემლებულ-მოჯადოებული უსმენს…

 

ექიმი იაკობი

 

ექიმი იაკობი რეზო გაბრიაძის საშობაო მოთხრობის („ექიმი და ავადმყოფი“) გმირია: „ბებერი კაცი, შესახედავად ვიდნი, ზორბა, სწორ ცხვირზე მძიმე სათვალე რომ ედო საიმედოდ.“ ქუთაისში ყველას ძალიან უყვარს და ეიმედება. ბატონი რეზო ქუთაისში „საქმის დიდი მცოდნე ორი ექიმის, უსპეტაკესი ადამიანების (გიორგი ლორთქიფანიძისა და გიორგი გელოავნის)“ მეზობლად ცხოვრობდა და ყოველთვის აინტერესებდა ექიმთა საზოგადოება. ეს ნოველა სწორედ თავისი ბავშვობისდროინდელ ექიმებს, მათ უანგარო, კეთილშობილურ მოღვაწეობას მიუძღვნა.

სადაცაა შობა გათენდება, ექვსის ნახევარია, უკვე ღამესავით ბნელა, ექიმ იაკობს კი ოთხი გამოძახება წინ აქვს: „ორი არაუშავს გამოძახებაა, სკოლამდელები, აქვე, თეთრხიდსგადაღმა (ტემპერატურა 38,5), ერთიც უხსენებელში, ბაკისუბანში და ერთიც მთლად გადასაკარგავში…“ თუმცა ჯადოსნური ღამე დამატებით სიურპრიზსაც უმზადებს – ყველაფერს რომ მოითავებს, ჩიტო ГК-49-54 მიადგება თავისი „პაბედით.“

ჩიტო ГК-49-54, წარმოსახვითი მანქანით რომ დაიარება ქუთაისსა და მის შემოგარენში, სათაურში მოხსენიებული ავადმყოფი გახლავთ. თავის დროზე მართალია ბევრი უმკურნალეს: „ვის არ უჩვებნეს: თბილისში პროფესორს, ხარკოვში და მენჯში მკითხავს, კურდღლის ფრჩხილიც ჩაუკერეს პიჯაკში, როლანდას თმაც გამოიტანეს საპარიკმახეროდან და რიონს გააყოლეს მთვარიან ღამეს. არაფერმა არ უშველა. მაინც დარბოდა უთენიიდან გვიან ღამემდე.“

ექიმისა და ავადმყოფის ფეხაწყობილი ურთიერთობა ცრემლიან-ღიმილიან აბზაცებში მჟღავნდება. ვკითხულობთ და ზოგჯერ ჩვენც გულუბრყვილოდ ვუმატებთ ორმოებზე ხტუნვას, ხან კი ექიმი იაკობივით ვღიზიანდებით: „გადარეულს როგორ ავყევი, როგორ ჩავუჯექი მანქანაშიო!“ და ეს სიტყვა „ჩაუჯექი“ რამ გვათქმევინაო, – კდევ უფრო ვაბრაზობთ და ვხარხარებთ.

 

ექიმი ფრანკენშტაინი

 

XIX საუკუნის ბრიტანელი მწერლის, მერი შელის რომანი „ფრანკენშტაინი ანუ თანამედროვე პრომეთე“ გამოქვეყნებიდან დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ექიმი ფრანკენშტაინი და მისი ქმნილება უნიკალური წყვილია, არაერთი ადაპტირებული წიგნის, სპექტაკლისა თუ ფილმის გმირად რომ ქცეულა.

ექიმი ფრანკენშტაინი უსულო მატრიისგან ცოცხალი არსების შექმნას განიზრახავს და მიაღწევს კიდეც სასურველ მიზანს. მოავლენს არსებას, რომელიც არა მხოლოდ მკითხველს, მის შემქმნელსაც შიშის ზარს ჰგვრის. ამ საზარელი ქმნილების აწყობა-შეკოწიწებისა თუ გაცოცხლების მეთოდები წიგნში არ გახლავთ აღწერილი. ავტორი მეცნიერულ სიზუსტეებს თავს არიდებს იმ მიზეზით, რომ „თავად ფრანკენშტაინს არ სურდა საიდუმლოს გამხელა, რათა მისი შეცდომა არავის აღარ დაეშვა.“ მერი შელის შემოქმედების მკვლევარები კი მიიჩნევენ, რომ გასაიდუმლოების მიზეზი სამედიცინო თუ მეცნიერულ საკითხებში მწერლის არაკომპეტენტურობა იყოო.

ექიმი ფრანკენშტაინის სამზარეულოს პიკანტური დეტალები და საყოველთაოდ ცნობილი მეთოდები კი (სხეულის ნაწილების გადაკერება და გვამის ელვის ნაკადით გაცოცხლება) კინემატოგრაფების ფანტაზიის შედეგი გახლავთ.

 

ექიმი ვატსონი

 

შერლოკ ჰოლმსის შესახებ დაწერილი მოთხრობების მთავარი გმირი, შერლოკის საუკეთესო მეგობარი და ბიოგრაფი ექიმი ვატსონი გახლავთ. არტურ კონან დოილის  ზოგიერთ დეტექტივში ის მთხრობელადაც გვევლინება.

ერთერთი ვერსიის მიხედვით ექიმი ვატსონის პროტოტიპად თავად არტურ კონან დოილია მიჩნეული. ოჯახური ტრადიციის თანახმად, დოილი ხელოვნების რომელიმე სფეროს უნდა გაჰყოლოდა, მაგრამ მან ექიმის კარიერა აირჩია და ოფთალმოლოგი გახდა. ედინბურგის უნივერსიტეტში სწავლის დროს მან გაიცნო ექიმი ჯოზეფ ბელი (შერლოკ ჰოლმსის პროტოტიპი), ვის ასისტენტადაც კლინიკაში მუშაობდა.

კეთილმა, მგრძნობიარე და ალღოიანმა ექიმმა ვატსონმა იმთავითვე დადებითი შთაბეჭდილება მოხდინა მკითხველზე. გარდა იმისა, რომ საკუთარი საქმის უზადო მცოდნეა, მოყვასისადმი უდიდესი სიყვარულიც გამოარჩევს, სასარგებლო რჩევებს აძლევს სახელგანთქმულ გამომძიებელს და რამდენჯერმე სიკვდილისგანაც კი იხსნის მას. ექიმ ვატსონთან ერთად ყავის მირთმევა, ფილოსოფოსობა და ჭადრაკის თამაში საუკეთესო თავშესაქცევია შერლოკ ჰოლმსისთვის.

ექიმი ჰანიბალი

 

ექიმი ჰანიბალი თომას ჰარისის რომანების („წითელი დრაკონი,“ „კრავთა დუმილი,“ „ჰანიბალი,“ „ჰანიბალის აღზევება“) პერსონაჟია. ჰარისის წიგნებში და მათ მიხედვით გადაღებულ ფილმებში ექიმი ლექტორი უაღრესად კულტურულ, განათლებულ და ინტელექტუალურ გმირად წარმოგვიდგება. სამედიცინო წრეებში საკმაოდ ცნობილი და აღიარებული ფსიქიატრია, თუმცა ნიღბის მიღმა კანიბალიზმის სენით შეპყრობილი სერიული მკვლელი და სოციოპათი იმალება.

 

აბრაამ ვან ჰელსინგი.

 

ზემოთ ჩამოთვლილ პერსონაჟებს ექსცენტრიკულობაში არც ბრემ სტოკერის რომანის  „დრაკულას“ გმირი ჩამორჩება. აბრაამ ვან ჰელსინგი ექიმი მეტაფიზიკოსი, ფილოსოფოსი და ოკულტისტი გახლავთ. იგი რომანის მთავარი გმირის, ლუსი ვესტენრას გამოსაკვლევად ამსტერდამიდან პრენსილვანიაში მიემგზავრება. საგანგებოდ იწვევნ როგორც „იდუმალებით მოცული დაავადებების საუკეთესო მცოდნეს.“ სწორედ ჰელსინგი  მიხვდება, რომ ლუსის დაავადების მიზეზი ვამპირის ნაკბენია და ძალისხმევას არ იშურებს ახალგაზრდა ქალის სულისა და სხეულის გადასარჩენად.

ექიმ აბრაამ ვან ჰელსინგის მთავარი იარაღები ვამპირების წინააღმდეგ ბრძოლაში ინტელექტთან ერთად ჯვარცმა, ნაკურთხი წყალი და ვერხვის შუბია.

 

ექიმი ჟივაგო

 

ბორის პასტერნაკის  შემოქმედებაში „ექიმი ჟივაგო“ პროზაულ შედევრად გახლავთ აღიარებული. თუმცა საბჭოთა ცენზურამ წიგნი ნეგატიურად შეაფასა და მისი დაბეჭდვა აკრძალა (რმეთუ ავტორს „არ გააჩნდა ერთგვაროვანი პოზიცია 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციასთან დაკავშირებით“). სამაგიეროდ, ანტისაბჭოური რომანი უყურადღებოდ არ დატოვეს ევროპაში და 1958 წელს პასტერნაკს ნობელის პრემია მიანიჭეს. საბჭოთა ხელისუფლებამ ხრუშოვის მეთაურობით პასტერნაკს უარი ათქმევინა პრემიაზე. კუთვნილი დიპლომი და მედალი 1989 წელს ბორის პასტერნაკის შვილს, ევგენი პასტერნაკს გადაეცა.

რომანის მთავარი გმირი იური ჟივაგო პროფესიონალი ექიმი და ამავდროულად ნიჭიერი პოეტიც გახლავთ. მისი არაორდინალურობა ახალგაზრდობიდანვე თვალშისაცემია. ზოგიერთი ლიტერატურათმცოდნის აზრით, ავტორმა რომანში საკუთარი ცხოვრება აღწერა, ოღონდ რეალური კი არა – საოცნებო.

 

ექიმი სენწაამლია

 

მორის დრიუონის სიტყვებით დავიწყე და მისივე ნაწარმოებით დავასრულებ. გამოგონილი ექიმი სენწამლია „მწვანეთითება ტისტუში“ ერთერთი გამორჩეული პერსონაჟია. მისი აზრით, „მედიცინას არაფერი შეუძლია თუ ადამიანის გულში სევდა ჩაჰბუდებია.“ ამიტომ „ადამიანებს კარგად რომ უმკურნალო, ძალიან უნდა გიყვარდეს ისინი.“

 

სად არის „შინ“, სადაც მთებს აქვთ ფერი დაბინდულ ქლიავის?

0

თვითმფრინავის ილუმინატორიდან კავკასიონის დანახვისას უცნაური შეგრძნება გეუფლება: ძლიერი ტკივილისაც, სიყვარულისაც, სიძველისაც, სიამაყისაც, სიბრალულისაც, ტრაგიზმისაც, იმედისაც, ძლიერებისაც, ღვთისაც… ალბათ სწორედ ეს არის „სამშობლოს გრძნობა გასაკვირველი…“ თუმცა ხდება ისეც, როგორც გალაკტიონთანაა:

 

„გემით „დალანდი“ მოვდიოდი სამშობლოსაკენ

და მთვარისაგან გაღვიძება გულს დარდად ჰქონდა,

მაგრამ სამშობლოს ძველი გზებით ვეღარ მივაგენ

და არ მახსოვდა: მქონდა იგი თუ მომაგონდა?“

 

იძულებით შიდა მიგრაციას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: სტიქიური უბედურება, პოლიტიკური გადაწყვეტილება, ინდუსტრიული განვითარების პროექტები. ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში სხვადასხვა ხარისხის სტიქიური პროცესების საფრთხე დაემუქრა სამი ათასამდე დასახლებულ პუნქტს, 400 000-მდე ოჯახს. შიდა მიგრაციისგან ქვეყნისთვის მიყენებული ზარალი ძალიან დიდია (100-150 მილიონი აშშ დოლარი). რაც შეეხება აფხაზეთიდან თუ შიდა ქართლიდან დევნილებს და ეკომიგრანტებს, მათ, როგორც წესი, გადასახლების შემდეგ მათი ორგანული გარემოსგან განსხვავებულ, მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება.

მიგრაცია, რომელიც გლობალური ფენომენია და თანამედროვეობის დიდი გამოწვევა, ძლიერ გავლენას ახდენს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ზემოთქმულისა და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიგრაციული პროცესების მართვა პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ბოლო წლებში მიგრაციის მაჩვენებელი უარყოფითია. სახელმწიფოს ინტერესებშია, მიგრაციის პროცესები საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების ინტერესთა დაცვით წარმართოს. განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს არალეგალური მიგრაცია. მიგრაციას, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოს პრობლემა, მრავალი მიზეზი აქვს, თუმცა მთავარი მაინც იყო და არის ეკონომიკური გაჭირვება. კაცებთან ერთად უკვე სოლიდურია ემიგრანტი ქალების რიცხვიც, რომლებიც ტოვებენ ოჯახს და მის სარჩენად მიდიან საზღვარგარეთ. ახლა კაცები რჩებიან შინ შვილების მოსავლელად, ეს კი ქართველ კაცს ოჯახის დომინანტისა და ეკონომიკური წინამძღოლის ტრადიციულ როლს უკარგავს, თითქმის უფუნქციოდ ტოვებს. საზოგადოდ, ყალიბდება არაჯანსაღი ურთიერთობები, რაც, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოსთვისაც საზიანოა და ინდივიდისთვისაც. კაცებთან შედარებით ქალებს გაცილებით მეტი პრობლემა აქვთ უცხოეთში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ემიგრანტების რიცხვი დღითი დღე იმატებს.

გარე მიგრაციისა და უცხოეთში ქართველი ქალების პერმანენტულ გადინებასთან ერთად, არანაკლებ სავალალოა შიდა მიგრაციების რიცხვი და შედეგებიც. ახირებისა თუ ობიექტური მიზეზების გამო ადამიანთა უმრავლესობამ სოფლებიდან აყრა და ქალაქებში გადასახლება დაიწყო. აქაც, გენდერულ განსხვავებათა გათვალისწინებით, ქალები უფრო აქტიურობენ. თბილისში, რომელიც თავკომბალას დაემსგავსა, 1 171 200 ადამიანი ცხოვრობს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ შიდა მიგრაცია უმთავრესად თბილისის მიმართულებით მიმდინარეობს. ამას განაპირობებს უკეთესი საცხოვრებელი პირობების, დასაქმებისა თუ უმაღლესი განათლების მიღების სურვილი. არის რეგიონები (თუნდაც მთა), სადაც ახალგაზრდობა  მოკლებულია გართობის შესაძლებლობას, არ არის კინო, თეატრი, ცხოვრების ფართო პერსპექტივა… რაიონიდან ჩამოსული სტუდენტები, რომლებიც სამუშაოს ეძებენ, დიდი ალბათობით, ისევ თბილისში რჩებიან, სადაც ყოველწლიურად უამრავი ადამიანი მკვიდრდება. საოფელში კი მიწას, რომელიც სიმდიდრეა, არავინ ამუშავებს და ისინი ცარიელდება ან იქ მცხოვრებთა რიცხვი საგრძნობლად იკლებს. მაგალითად, რაჭის რაიონებში გარდაცვლილთა რიცხვი 100-200-ით აჭარბებს დაბადებულთა რიცხვს. ამის მიზეზიც საცხოვრებელი პირობების არარსებობაა. მიტოვებული სახლებისა და მიწების რაოდენობაც მუდმივად იზრდება, მათი მომავალი კი უცნობია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან შიდა მიგრაცია და დევნილობა ის თემაა, რომელიც ასეთ ტრაგიკულ ელფერს აძლევს ჩვენს ახლო წარსულს, ყოველდღიურობას თუ მომავალს. 1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მომხდარ შიდა კონფლიქტებს მოჰყვა მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება აფხაზეთიდან (1992-1993 წ.წ.) და სამაჩაბლოდან (1989-1992 წ.წ.). ამჟამად საქართველოში ცხოვრობს დაახლოებით 247 ათასი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. ზოგი მათგანი კომპაქტურად დასახლებულ ობიექტებში, ე.წ. კოლექტიურ ცენტრებში განათავსეს, ზოგმა ნათესავს ან მეგობარს შეაფარა თავი, ზოგი ქირით ცხოვრობს. მძიმე საბინაო პირობებია როგორც კოლექტიური ცენტრების უმრავლესობაში, ისე კერძო შემთხვევებშიც.

დევნილთა უმრავლესობა კონფლიქტის ზონების მიმდებარე ტერიტორიებზე ცხოვრობს. სამეგრელოში, გორის რაიონში, იმერეთსა და თბილისში. დანარჩენი საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა გაფანტული. განსაკუთრებული შემთხვევაა აფხაზეთი, სადაც ათასობით დევნილი სტიქიურად დაუბრუნდა თავის საცხოვრებელს ან სეზონურად (სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის) ცხოვრობს. მათ დაუცველობისა და გაურკვეველი მომავლის გამო უნარჩუნდებათ დევნილის სტატუსი. ზოგიერთმა არ მიატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი და რისკის ფასად განაგრძობს იქ ცხოვრებას. ამ ლტოლვილთა დიდი ნაწილი არსებობს სახელმწიფო შემწეობისა თუ ჰუმანიტარული დახმარების ხარჯზე, მძიმეა მათი სოციალური პირობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო ხარისხიანი სოციალური მომსახურება – განათლება, ჯანდაცვა – ნაკლებად ხელმისაწვდომია მათთვის.

იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მთავრობის მიდგომა 2007 წლის 2 თებერვალს დამტკიცებულ სახელმწიფო სტრატეგიაში გამჟღავნდა. ამ უკანასკნელმა დაადგინა სახელმწიფოს ორი უმთავრსი მიზანი: პირობების შექმნა დევნილთა ღირსეულად, უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის და იმ დევნილთა მხარდაჭერა, რომლებიც სტიქიურად დაუბრუნდნენ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს; დევნილი მოსახლეობისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ინტეგრაცია. ამ მიზნების განხორციელებაში უმთავრსი, მაკოორდინირებელი როლი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაეკისრა. 2009 წლიდან საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირისა და სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ბევრ კოლექტიურ ცენტრს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და საკუთრებაში გადაეცა დევნილ ოჯახებს. ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს და მანამდე გაგრძელდება, სანამ ყველა დევნილი ოჯახი არ დაკმაყოფილდება.

დადგენილია ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა უფლებებიც:

◦ აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი და თავისუფლად გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე;

◦ მიიღონ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყოველთვიური შემწეობა;

◦ იმოგზაურონ სხვა ქვეყანებში, გარდა წარმოშობის ქვეყნისა და იმ ქვეყნისა, სადაც მისი და მისი ოჯახის წევრების ყოფნა უსაფრთხოდ არ მიიჩნევა;

◦ საქართველოს ყველა მოქალაქის მსგავსად ისარგებლონ სკოლამდელი და ზოგადი განათლების უფლებით, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო და სხვა სოციალური პროგრამებით (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – პროფესიული და უმაღლესი განათლების უფლებით,

ამ ადამიანების გახსენებისას თვალწინ წარმოგვიდგება ჭუბერის უღელტეხილი, რომელიც სიკვდილის უღელტეხილის სახელით დარჩა საქართველოს ისტორიაში; როგორ მიაბიჯებს საკუთარი სამოსახლოდან აყრილი ხალხი, მოხუცები, ბავშვები თოვლსა და სიცივეში. ზოგმა მათგანმა, ომს გადარჩენილმა, სიცოცხლე აქ დაასრულა. რჩება მათი ოცნება მიტოვებულ სახლ-კარზე, რომლის აუხდენლობა მათ ტრაგიზმს ამძაფრებს, მათ სტატისტიკად, ციფრებად ქცეულ უბედურებას თითოეული მათგანის ცალკე ტრაგედიად განგვაცდევინებს, სამშობლოშივე უსამშობლოოდ გვტოვებს… ამიტომ ეს ოცნება, ადამიანებისა თუ ღვთის შეწევნით, უნდა ასრულდეს და ეს ტანჯვის გზა სიყვარულით უნდა დამთავრდეს. სხვაგვარად მას ბოლო არ ექნება.

სასწავლო პროცესი და სკოლის მართვა დისტანციურ რეჟიმში

0

ახალმა რეალობამ და  იძულებით, მთლიანად  დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ, ცხადია,  ბევრი პრობლემა წარმოქმნა, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით  შესაძლებლობებიც გააჩინა. უპირველეს ყოვლისა, ფასდაუდებელია ის გამოცდილება, რაც პედაგოგებმა,  მოსწავლეებმა და მთლიანად სისტემამ მიიღო ამ პერიოდში ტექნოლოგიების გამოყენების, სწავლების ალტერნატიული ფორმების და მეთოდების შესახებ. ალბათ, წლები იქნებოდა საჭირო ტექნოლოგიების მიმართულებით იმ ცოდნის მისაღებად, რაც მასწავლებლებმა შეძლეს უმოკლეს პერიოდში. ბევრმა ახალი შესაძლებლობებიც კი აღმოაჩინა საკუთარ თავში. აღსანიშნავია, რომ დისტანციური სწავლების პროცესში მარტივია ტექნოლოგიების ჩართვა, პრეზენტაციების, სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენება და თვალსაჩინოებების მოსწავლეებისთვის ჩვენება/გაზიარება,  რაც ჩვეულებრივ საგაკვეთილო პროცესში ძალისხმევას მოითხოვს.

ტრადიციული  გაკვეთილი და  საკლასო ოთახი, გარდა სწავლა-სწავლების პროცესისა, თავის თავში მოიცავს სოციალურ  ელემენტებს,  ემოციების გაცვლას, ურთიერთობებს, თვალით  შესამჩნევ თუ   შეუმჩნეველ პროცესებს.  ეს ყველაფერი მოზარდებისთვის დამატებითი მამოტივირებელი   ფაქტორია და ამ ფაქტორის გადმოტანა ონლაინ სივრცეში ძალიან ძნელია.  შედეგად, მოსწავლეებისთვის ონლაინ გაკვეთილები ზოგჯერ დამღლელი და უინტერესო ხდება. ამის კომპენსირება, გარკვეულწილად, სხვადასხვა   ტექნოლოგიური შესაძლებლობით და გაკვეთილების კარგი დაგეგმვით  შეიძლება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ონლაინ სწავლების  არსებული პლატფორმები არ არის საკმარისად დახვეწილი და ბოლომდე ვერ პასუხობენ  გამოწვევას, სწავლა-სწავლების პროცესში ჩართული ყველა მხარის საჭიროებებს (ალბათ, ეს პერიოდი იქნება ახალი შესაძლებლობა, რათა ამ მიმართულებითაც მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები). მაგალითად, მასწავლებლებს უჭირთ საკლასო ოთახში მიმდინარე პროცესების მთლიანობაში აღქმა,  ამის გამო, მოსწავლეების ნაწილი ზოგჯერ ყურადღების მიღმაც კი რჩება. მასწავლებლების დიდი ნაწილი  კარგად იაზრებს და გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს გაკვეთილების მზადების პროცესში. მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით ტრადიციულ გაკვეთილებთან შედარებით,  ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემებია.   ეს პრობლემა განსკუთრებით თვალსაჩინოა დაწყებით კლასებში, სადაც მასწავლებელი ჩვეულებრივ სიტუაციაში თითოეული მოსწავლის მდგომარეობას კარგად შეიცნობს.  მოსწავლეები მიჩვეულები არიან მასწავლებლებისგან  სხეულისა და ჟესტების ენას. მაღალია ემოციური კავშირი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის და ამ დროს, მხოლოდ ხმით და შეზღუდული ვიზუალური  კავშირით, ცხადია, საკლასო ოთახის დანაკლისის სრული კომპენსაცია ვერ მოხდება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველ ეტაპზე წარმოშობილი პრობლემების შემდეგ, პატარებმა მაღალ კლასელებზე გაცილებით სწრაფად შეძლეს ახალ ვითარებასთან ადაპტაცია და  ამას ხელი შეუწყო მშობლების ჩართულობის გაზრდამ.   რაღაც ფორმით სკოლა შევიდა სახლებში და  მშობლები იქცნენ  გაკვეთილების  აქტიურ მონაწილეებად. მშობლების როლი და გავლენა, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, სასწავლო პროცესში თვალსაჩინო გახდა.  ამას, რა თქმა უნდა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. კერძოდ, მშობლებისთვის უფრო ცხადი გახდა  მასწავლებლების საქმიანობის  სირთულე და ამან  მასწავლებლის შრომის მეტად დაფასებას შეუწყო ხელი.  მშობლების მაღალი დაინტერესება საგაკვეთილო პროცესისადმი გადამდებია მოსწავლეებზეც. მასწავლებლები კი, თავის მხრივ,  კიდევ უფრო მეტი ყურადღებით არიან, რომ არ დარჩეს არცერთი მოსწავლე ყურადღების მიღმა.  ცხადია, მშობელთა ჩართულობის ამ ფორმას  ზოგჯერ უარყოფითი  მხარეებიც ახლავს. კერძოდ, ზოგიერთ მშობელს სურს, მხოლოდ მისი შვილი იყოს ყურადღების ცენტრში. ამ უჩვეულო სიტუაციაში მასწავლებელთა ნაწილმა არაკომფორტულად იგრძნო თავი და ეს დამატებით სტრესულ ფაქტორადაც კი იქცა.

სერიოზულ  პრობლემად ონლაინ  სწავლებისთვის მოსწავლეთა ქცევის მართვა,   პროცესის  დემოკრატიულად მართვა და  პასუხისმგებლობის განაწილება იქცა. თუ სოციალურ ქსელებს გადავავლებთ თვალს, მასწავლებლების დიდი ნაწილი დახმარებას  სწორედ  ამ მიმართულებით ითხოვს –   მოსწავლეებს არ ჰქონდეთ წვდომა კლასის მართვის  ინსტრუმენტებზე.  როგორიცაა: მიკროფონი, ეკრანის გაზიარება და  ზარის წამოწყების  ფუნქცია, შეხვედრის მონაწილის  გაძევების ფუნქცია და ასე შემდეგ.  მოსწავლეებში ახალი ქცევის  ჩამოყალიბებას და განმტკიცებას დრო სჭირდება და  ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ამის დრო ნამდვილად არ იყო.  ცხადია, მასწავლებლებს უნდა გავუგოთ, მაგრამ შორეულ პერსპექტივაში  მნიშვნელოვანია,  მოსწავლემ  გაინაწილოს პასუხისმგებლობა  ქცევისა და დისციპლინის მართვაზე. მოსწავლისთვის  საკუთარი მიკროფონის მართვაზე  უფლების წართმევა ძალიან წააგავს სიტუაციას, როცა  საკლასო ოთახში მოსწავლეს ,,პირი  უნდა აუკრათ”  იმ მოტივით, რომ მან  უადგილოდ არ დაიწყოს საუბარი და ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესს. შესაბამისად, მომავალში უნდა ვეცადოთ მოსწავლეებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების  არა შეზღუდვას, არამედ, უნდა შევძლოთ კლასის მართვა  იმ  პირობებში,   როცა მოსწავლეებს  ეს ფუნქციები შეზღუდული არ  აქვთ.  თუმცა, საფიქრალია, რომ გარდამავალ ეტაპზე მასწავლებელს ჰქონდეს ამ ფუნქციების  მარტივად  მართვის შესაძლებლობა  და დროთა განმავლობაში უფრო ნაკლებად გამოიყენოს მოსწავლეთა მსგავსი შეზღუდვა.

ახალ რეალობაში განსხვავებულია  სკოლის მართვის პროცესიც.   რეალურ სივრცეში სკოლის ყველა პედაგოგმა,  დირექციის წევრმა იცოდა, სად, როდის, რომელ კლასებში ტარდებოდა გაკვეთილები, სასწავლო-საგაკვეთილო პროცესი იყო ხელშესახები.  დირექტორს შეეძლო დაენახა სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, როგორც მთლიანობაში, ასევე  კონკრეტულ საკლასო ოთახში.  დასვენებებზე მასწავლებლები  სამასწავლებლოში დღის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებას და ემოციებს  უცვლიდნენ ერთმანეთს.  საჭიროების შემთხვევაში განიხილავდნენ  კონკრეტული მოსწავლის პრობლემებს.  ეხმარებოდნენ და მხარდაჭერას  უცხადებდნენ ერთმანეთს.    ერთ მშვენიერ დღეს კი- ყველაფერი ეს, ერთი ხელის მოსმით,  გაქრა. მასწავლებლები სრულიად მარტო   აღმოჩნდნენ საკუთარ კლასთან. სკოლების ორგანიზაციული  მთლიანობა  საფრთხის წინაშე დადგა. ცალკეულ შემთხვევაში,  სკოლის დირექტორების ნაწილმა ამ გამოწვევას  იმით უპასუხა, რომ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი დაემატა თითოეულ ვირტუალურ კლასს. ზოგი უფრო შორს წავიდა და  კათედრის წარმომადგენლებიც  დაემატა ვირტუალურ კლასებს.  ამით   დირექტორებს მიეცათ საშუალება, დაენახათ ცალკეულ კლასებში მიმდინარე პროცესები  და საჭიროების შემთხვევაში დახმარებოდნენ მასწავლებლებს, რათა დროული   რეაგირება მოეხდინათ წარმოქმნილ პრობლემებზე.   ეს საკითხი შეიძლება  განსჯის საგანი იყოს,  მაგრამ მე ვფიქრობ, რომ  საკითხის ასეთი გადაწყვეტა სკოლას საშუალებას მისცემს, გამოიყენოს ორგანიზაციისთვის დამახასიათებელი ძლიერი მხარე და ერთობლივი ძალისხმევით  გაუმკლავდეს  გამოწვევებს.   ახალი რეალობა, პრობლემებთან ერთად, მრავალ შესაძლებლობას იძლევა. მინდა ამის შესახებ ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ. მაგალითად: გაცილებით მარტივია მასწავლებლების ურთიერთმხარდაჭერა და თანამშრომლობა. კერძოდ,  შეგვიძლია ის მასწავლებლები, რომლებიც ტექნოლოგიებს კარგად   ფლობენ,  ვირტუალურ კლასებში დავაწყვილოთ იმ მასწავლებლებთან, რომლებსაც ამ მიმართულებით გარკვეული პრობლემები აქვთ.       სკოლა ერთიანი ორგანიზაციაა და  ახალ გამოწვევას უნდა უპასუხოს იმ ძლიერი მხარეებით, რაც ორგანიზაციას  გააჩნია. ესაა პრობლემებთან ერთად და თანამშრომლობით გამკლავება, პროცესების ანალიზი, მიზნებისა და  გეგმების ჩამოყალიბება, შედეგების გაანალიზება,  შესაბამისი ცვლილებების გეგმის დასახვა  და ინტერვენციების განხორცილება,  თანამშრომლების მოტივირება,  აღიარება და  მხარდაჭერა.  ახალი რეალობა უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. სკოლა არ უნდა გახდეს გათითოკაცებული,  მიზნის და მისიის  არმქონე   ქაოსური წარმონაქმნი.   სკოლას შეუძლია,  კიდევ უფრო ეფექტიანი გახადოს მშობლების  ჩართულობა მათგან მიღებული უკუკავშირის მეშვეობით. ამისთვის, აქტიურად შეგვიძლია, გამოვიყენოთ  მშობლებთან ონლაინ შეხვედრები და  გამოკითხვის ელექტრონული ფორმები.  მოსწავლეების საჭიროებების  კვლევაც მარტივად  შეგვიძლია ელექტრონული კითხვარის მეშვეობით.

  • პროფესიული განვითარება

პროფესიული განვითარების შესაძლებლობები გაცილებით ფართოა ონლაინ სწავლების პირობებში. კერძოდ,  მარტივად შეიძლება მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება ვირტუალურ  მინი-კონფერენციებზე,  რომლის მოწყობაც ძალიან მარტივია პრეზენტატორის   მიერ ეკრანის გაზიარებით, ხოლო დანარჩენმა მასწავლებლებმა მოსწავლეების  როლში  იგრძნონ თავი და ამით უკეთ გაარკვიონ, რამდენად ხელსაყრელია ესა თუ ის მეთოდი, თუ ტექნოლოგიური გადაწყვეტა მოსწავლეებისთვის. მინდა ვთქვა, რომ ეს პრაქტიკა უკვე გამოვიყენე ჩვენს სკოლაში.   ონლაინ სწავლებაზე გადასვლისთანავე სკოლაში ყოველდღე 9 საათზე ვაკეთებდით სასწავლო დღის შეჯამებას.  ვუზიარებდით    პრობლემებს  და  ვსახავდით მათი გადაჭრის გზებს. მასწავლებლებს ხშირად ვუზიარებდი ეკრანს, რათა  მეჩვენებინა  ამა თუ იმ პრობლემის ტექნიკურად გადაწყვეტის გზები,  შეძენილ გამოცდილებას  აზიარებდნენ  მასწავლებლებიც. შემდეგ ვიფიქრეთ, ხომ არ აჯობებდა, ცალკე  დღე დაგვეთმო  კონკრეტული მასწავლებლის პრეზენტაციისთვის,  სადაც პედაგოგი  დანარჩენებს აჩვენებდა  მეთოდებს,   ტექნოლოგიურ საშუალებებს,   საიტებს, ბმულებს და  მასალებს, რასაც მიაგნო და წარმატებით იყენებს.    თავიდან მეგონა, რომ ამ პროცესში მხოლოდ მასწავლებლების ნაწილი მიიღებდა მონაწილეობას. თუმცა, თანდათან მთელი კოლექტივი ჩაერთო პროცესში.  როგორც აღმოჩნდა,  მასწავლებლები არასტანდარტულ სიტუაციაში  მეტ   შემოქმედებითობას  იჩენენ  და ბევრი სიახლე  გააცნეს კოლეგებს. მომავლში შესაძლებელია, დისტანციურად გავეცნოთ სხვა სკოლების და წარმატებული მასწავლებლების გამოცდილებას. პროფესიული განვითარების კუთხით  სხვა მრავალი შესაძლებლობა გაჩნდა. მაგალითად,

  • ელექტრონულ სივრცეში მარტივია გაკვეთილების ერთობლივი დაგეგმვის პროცესი, ურთიერთდასწრება, საკუთარი გაკვეთილის ჩანაწერის გაკეთება და მოგვიანებით ანალიზი დამოუკიდებლად, კოლეგასთან ან კათედრის წევრების წინაშე.
  • აქვე შესაძლებელია, ერთი მასწავლებლის მიერ შექმნილი დავალება თუ რესურსი გაზიარებული, გამოყენებული და ადაპტირებულ იქნას სხვა მასწავლებლების მიერ. შეიძლება შევქმნათ შეფასების რუბრიკების და ტესტების საზიარო ბანკი, არაფერს ვამბობ სასწავლო კურსებზე, რომლებსაც მასწავლებლები ქმნიან.
  • ვფიქრობ, ამ ეტაპზე, სკოლებისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა რეალური სკოლის სტრუქტურის გადატანა ვირტუალურ სივრცეში.​  ამისთვის  ძალიან კარგი  საშუალებაა ვირტუალური კლასები.
  • ჩვენ შეგვიძლია, ვირტუალური კლასი შევქმნათ სკოლის ნებისმიერი საჭიროების რეალიზაციისთვის. მაგალითად: შევქმნათ ვირტუალური სამასწავლებლო, ვირტუალური კათედრები,  დამრიგებლების ვირტუალური კლასები.    ვირტუალური სამეურვეო საბჭო, ვირტუალური ბუღალტერია და ა. შ.
  • ვირტუალურ კლასებში შევქმნათ საზიარო საქაღალდეები,   საზიარო ფაილები, რომელზეც დისტანციურად ვიმუშავებთ  და იმავე სივრცეში გვექნება  დისტანციური კომუნიკაციის  საშუალება.      ვირტუალური კლასების მეშვეობით  ორგანიზაციის ხელმძღვანელს საშულება აქვს, გამოიყენოს ძალიან მოსახერხებელი  ინსტრუმენტები კომუნიკაციის,  ინფორმაციის შეგროვების,  მხარდაჭერისა და მონიტორინგის, პროფესიული განვითარებისთვის და დისტანციურ რეჟიმში   მუშაობის ორგანიზებისთვის.

აქ მნიშვნელოვანია სკოლის დირექტორის, როგორც ლიდერის როლი და უნდა აღინიშნოს, რომ სულაც არ არის აუცილებელი, სკოლის დირექტორი ძალიან კარგად ფლობდეს   ტექნოლოგიებს.  მთავარია, მან იცოდეს სისტემის შესაძლებლობები და სკოლის წინაშე მდგარი ამოცანები,  ხოლო ტექნიკურად შეიძლება დაეხმაროს ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი, რომელიმე მასწავლებელი ან მოსწავლე, რომელიც ტექნოლოგიებს კარგად ფლობს.  მთავარია, დირექტორმა სწორად დასვას ამოცანები. ჩემი აზრით, სკოლის დირექტორი იმავე სისტემას და ინტერფეისს უნდა იყენებდეს მასწავლებლებთან, რასაც მასწავლებლები იყენებენ სასწავლო პროცესში.

 ინფორმაციული ნაკადების მართვა სასკოლო სტანდარტების შემუშავება

ახალ სიტუაციაში  აგრეთვე მნიშვნელოვანია  ინფორმაციული ნაკადების მართვა. სკოლა, მასწავლებლები მრავალ ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა წყაროებიდან,  განსაკუთრებით სოციალური ქსელებიდან ეცნობიან რეკომენდაციებს  თუ მითითებებს. ზოგჯერ მოძველებული ინფორმაცია,    საკანონმდებლო აქტი  ვრცელდება როგორც ახალი და აქტუალური.  ბუნებრივია, ყველა ადამიანი რეკომენდაციებსა და მითითებებს განსხვავებულად იღებს  ან განსხვავებულ ინტერპრეტაციას უკეთებს. აქაც მნიშვნელოვანია:

  • სკოლამ ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში, ფართო კონსესუსის საფუძველზე დაალაგოს,   გაფილტროს და შეიმუშაოს  საერთო პოზიცია .  გარდა ამისა, ბევრი მიმართულებით არ არსებობს სტანდარტები.
  • მაგალითად: რა რაოდენობის და ხანგრძლივობის  ონლაინ ჩართვები გვქონდეს? რა ტიპის დავალებები მივცეთ? როგორ გამოვიყენოთ ოპტიმალურად ელექტრონულ სივრცეში არსებული რესურსები? იგივე ტელესკოლის ბმულები და ასე შემდეგ. აქაც მნიშვნელოვანი იქნება საერთო პოზიციების შეჯერება, სკოლის  მინიმალური სტანდარტების შემუშავება.   ცხადია, ეს არ უნდა მოხდეს   მასწავლებლების შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე.

ორგანიზაციული მხარეების მოგვარება

ელექტრონული აღრიცხვის ჟურნალი,  გაკვეთილების ელექტრონული განრიგი, ელექტრონული კალენდარი  და სხვა,  ერთი მხივ, სკოლაში მიმდინარე პროცესების ორგანიზებაში და  მართვაში, ასევე,  მტკიცებულებებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარება. მეორე მხრივ, გაკვეთილები მოსწავლეთა წარმოდგენებში ტრადიციული გაკვეთილების ისეთ ატრიბუტებთანაც  ასოცირდება, რომლებსაც   მოსწავლეები მიჩვეული იყვნენ აქამდე.

სავარაუდოდ,    ბევრი სიახლე, რაც ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში  იქნა გამოყენებული,  სასარგებლო იქნება. არ დაიკარგება ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სასკოლო საზოგადოების ყველა წევრმა დააგროვა ამ სიტუაციაში.  ეს საშუალებას მისცემს მასწავლებლებს, მომავალში უფრო ეფექტიანად გამოიყენონ ელექტრონული ინსტრუმენტები. მაგალითად, დავალებების დიდი ნაწილი მოსწავლეებს  ელექტრონულ ფორმატში მისცენ. ტრადიციულ გაკვეთილებთან ერთად,  ხშირად გამოიყენონ  დისტანციური  ჩართვები, უკვე შექმნილი რესურსები და ელექტრონული კურსები.  ხშირი იქნება, ალბათ, მასწავლებლების დისტანციური შეხვედრები, ვებინარები და კონფერენციები. მთავარია, შევინარჩუნოთ, უზრუნველვყოთ    ამ ახალი რეალობით მიღებული შედეგების  მდგრადობა.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ დავიწყოთ დისტანციური სწავლება საბავშვო ბაღში

0

თითქმის ორი თვე გავიდა, რაც კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად სწავლის პროცესი შეწყდა ადრეულ და სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღმზრდელების როლი, ავად თუ კარგად, მშობლებმა შეითავსეს.

მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღის დასრულების შემდეგ, სწავლის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად არ ხდება მოსწავლეების ტესტირება, ადრეული განათლების უწყვეტობა უმნიშვნელოვანესია აღსაზრდელების მრავალმხრივი განვითარებისთვის. სწორედ ამ პერიოდმა გამოკვეთა ცალკეული, კერძო თუ საჯარო საბავშვო ბაღების ლიდერთა როლი მათ მიერ ადმინისტრირებული დაწესებულების თანამედროვე გამოწვევებზე ადაპტირებისა და სწრაფად ცვალებადი სიტუაციების მართვის საკითხში. ამ სტატიაში თავმოყრილია ინფორმაცია, რაც საბავშვო ბაღის დირექტორებსა და აღმზრდელებს სასწავლო პროცესის ელექტრონულ სივრცეში გადატანაში დაეხმარება.
რას ნიშნავს დისტანციური სწავლება?

დისტანციური სწავლება ან ონლაინ სწავლება ხდება მაშინ, როდესაც საკლასო ოთახში ფიზიკურად არ იმყოფებით, არ გაქვთ ფიზიკური კონტაქტი აღსაზრდელებთან, მაგრამ გაქვთ ონლაინ რესურსებზე ხელმისაწვდომობა. აღსაზრდელების მშობელთა უმეტესობა დღეს დისტანციურად მუშაობს. ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ონლაინ სწავლება ახალი გამოწვევაა, თუმცა ამის ორგანიზება არ არის რთული.

 

როგორ მივაღწიოთ შედეგს დისტანციური სწავლებისას?

პირველი – რაც უნდა გავაკეთოთ, არის სამუშაო გარემოს ორგანიზება. აღმზრდელის სამუშაო გარემო აქამდე იყო საკლასო ოთახში. სამუშაო კუთხის მოწყობა დაგეხმარებათ მობილიზებაში. მოახდინეთ უკვე კარგად ნაჩვევ საქმეზე ფოკუსირება და დაისახეთ კონკრეტულ დღეს აღსაზრდელებთან მისაღწევი მიზნები.

მეორე –  თუ ოთახში აურზაურის საფრთხეა, დარწმუნდით, რომ ვიდეოს მსვლელობისას მარტო იქნებით და არავინ შეგიშლით ხელს.
მესამე –  გამოიყენეთ  დღის ბუნებრივი განათება. შეიძლება, რომელიმე ვიდეოს ჩაწერას დაესწრონ თქვენი აღსაზრდელები, მათ უნდა შეეძლოთ თქვენი სახის გარკვევით დანახვა. დამატებით ხელოვნურმა განათებამ შეიძლება არასასურველი ჩრდილები შექმნას.

 

მეოთხე – ყოველი შეხვედრისთვის  წინასწარ მოემზადეთ. დაისახეთ გეგმა და ვიდეო ზარს   პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. მაგალითად, შეიძლება დაგჭირდეთ, მშობლებს აჩვენოთ რომელიმე აქტივობა, რომელიც ბავშვებთან ერთად უნდა განახორციელონ, ამისთვის წინასწარ მოამზადეთ რესურსები, რათა მათ მოსაძიებლად ოთახიდან გასვლა არ დაგჭირდეთ. რა თქმა უნდა, არავის აქვს მოლოდინი, რომ იდეალურად ჩაივლის ყველაფერი, მაგრამ კარგი იქნება, თუ ონლაინ სწავლების პროცესის შეფერხებას მინიმუმამდე შეამცირებთ. მშობლებთან საუბარი შეიძლება, სახალისოდაც წარმართოთ, თუმცა ეს არ უნდა გასცდეს შეხვედრის მიზნებს.
მეხუთე –  შეარჩიეთ და წინასწარ მოსინჯეთ ელექტრონული პლატფორმა. სთხოვეთ ოჯახის წევრს ან თქვენს რომელიმე მეგობარს მოგეხმაროთ პროგრამის ათვისებასა და გამოყენებაში. დარწმუნდით, რომ თქვენი სახე ვიდეო კამერაში კარგად ჩანს, ინტერნეტი კარგად მუშაობს და გამართულია მიკროფონი.

 

მეექვსე – თუ ეს არის სამუშაო ჩართვა ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, თქვენს კოლეგებთან წინასწარ შეათანხმეთ შეხვედრის მათთვის სასურველი თარიღი და დრო. შეხვედრის დაწყებამდე გააგზავნეთ შეხსენების შეტყობინებები, შეიმუშავეთ ელექტრონული სწავლების სილაბუსი და ერთად შეთანხმდით დისტანციური მუშაობის ბაზისურ წესებზე. მშობლებთან დარეკვისას, ასევე დაგჭირდებათ საინფორმაციო წერილის გაგზავნა ვიდეო შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე და შეხსენებითი შეტყობინების გაგზავნა ყოველი შეხვედრის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.

 

რომელი ელექტრონული პლატფორმა შეიძლება გამოვიყენო?

zoom.us

– უფასო შეთავაზება, თითოეული ლექციისთვის 40 წუთი;

– შეგიძლიათ, შექმნათ დახურული ჯგუფი;

– ვიდეო ჩართვის ბმული შეგიძლიათ, მშობლებს შეტყობინების სახით  გაუგზავნოთ;

– ჯგუფის წევრების რაოდენობა არ არის განსაზღვრული;

– კომპიუტერსა და ტელეფონზე ინსტალაცია მარტივია;

– ადვილად ასათვისებელი.
web.skype.com

– უფასო;

– კომპიუტერსა და ტელეფონზე ინსტალაცია მარტივია;

– ადვილად ასათვისებელი;

– სწრაფი შეტყობინებების, ფოტოების და ვიდეოების გასაგზავნად კარგი რესურსია;

– მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა 50.
facebook group call

– უფასო;

– მარტივი;

– ვინაიდან, ელ. ფოსტაზე წვდომა ნაკლებად შეიძლება ჰქონდეთ აღმზრდელების და მშობლების უმრავლესობას, ფეისბუქ ჯგუფის მეშვეობით, შესაძლოა, გამარტივდეს ერთმანეთთან დაკავშირება;

– მსმენელთა შეზღუდული რაოდენობა.
მარტივი და უფასო რესურსები, რომლებიც უმოკლეს ვადებში იქნება ხელმისაწვდომი
1 – Messenger Rooms

ვინაიდან, ფეისბუქ ჯგუფში დარეკვისას, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ახლა მესენჯერ ოთახი შესაძლებლობას იძლევა, იმუშაოთ zoom-ის მსგავსად, ბევრად დიდ ელექტრონულ კლასში.

 

2 – meet.google.com

თუ აქამდე გუგლის რესურსი იყო ფასიანი, მალე შეძლებთ უფასო პრემიუმ პაკეტის გამოყენებას.

 

როგორი შეიძლება იყოს ელექტრონული სწავლების სილაბუსი?

როგორც გითხარით, საჯარო თუ კერძო ბაღების ნაწილმა დისტანციურ სწავლებაში ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. სოციალურ ქსელებში მათ მიერ განთავსებულ შეტყობინებებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ აღმზრდელები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ პროგრამას მიჰყვებიან და ეს, ალბათ, ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა. საკლასო ოთახში მუშაობისგან განსხვავებით, დისტანციურად დაგეგმილი აქტივობების ხანგრძლივობა ბევრად ნაკლები ხანგრძლივობისაა. შესაძლოა, დღის განმავლობაში ჩაატაროთ ერთი ან ორი 40-40 წუთიანი სესია. პატარები რომ არ გადაიღალონ და ეკრანს არ მიეჯაჭვონ, სესიებს შორის შესვენება უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს.

 

დაეხმარეთ ოჯახებს

გახსოვდეთ, ვიდეო შეხვედრების მთავარი მიზანი მშობლებისთვის თქვენი ცოდნის გაზიარებაა. ახლა ისინი თქვენს ფუნქციებს ითავსებენ, ამ მხრივ, დახმარება ძალიან სჭირდებათ. გაუზიარეთ გრაფიკი, რომლითაც ბაღში სარგებლობდით. დღის რა მონაკვეთში იღებდნენ საკვებს, როდის იყვნენ დაკავებული ფიზიკური აქტივობით თუ დასვენებით. კარგი იქნება, თუ მშობლები შეეცდებიან და ბაღის რუტინის მსგავს პროცესს სახლში გადაიტანენ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, ზუსტად იმავე რიტმით გააგრძელონ ბავშვებთან ურთიერთობა, მაგრამ პატარებს სჭირდებათ დისციპლინა, რომელიც ბაღში არც თუ ისე ადვილად გამოუმუშავდათ.

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების მიხედვით, ბაღის დირექტორების ნაწილი მშობლებთან საკონსულტაციო შეხვედრებს ატარებს გვიან საღამოს, როცა ბავშვებს სძინავთ. ამ ტიპის შეხვედრა შეიძლება, ჩაატაროთ კვირაში ორჯერ ან ერთხელ იმისთვის, რომ მშობლებისგან მოისმინოთ უკუკავშირი, სთხოვოთ, აღსაზრდელების მიერ შესრულებულ ნამუშევრებს გადაუღონ ფოტო და გამოგიგზავნონ. დაინტერესდით ელექტრონული სწავლების შემდგომ, ბავშვების მიერ გამოვლენილი დამოკიდებულებებით, იქნებ რომელიმეს კონკრეტული დავალების შესრულება გაუჭირდა და ეს შორიდან ვერ შენიშნეთ?

 

ცოტა რამ ვიდეოების გაზიარების ეთიკურობაზე

ბოლო დროს სოციალურ ქსელში გამოჩნდა საბავშვო ბაღის აღსაზრდელების ვიდეოები, რომლებიც ასრულებენ მასწავლებლების დავალებას ან ერთვებიან მათ მიერ შესრულებულ აქტივობებში. ამან საბავშვო ბაღებს თითქოს კედლები ჩამოხსნა და შიგნით მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების შესაძლებლობა მოგვცა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ სივრცის წევრები არ ვართ. ამ დროს, ჩვეულ სასწავლო პერიოდში საჯარო ბაღში უცხო ადამიანების შესვლა არც თუ ისე მარტივია. კარგი იქნება, თუ გაეცნობით მეგი კავთუაშვილის სტატიას “გამჭვირვალე ბავშვობის საფრთხეები”, რომელშიც ავტორი კარგად აღწერს ბავშვის პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისა და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკებს.

 

ელექტრონული რესურსები, რომლებიც სასწავლო კომპონენტის შევსებაში დაგვეხმარება
გაეროს ბავშვთა ფონდისა და მასწავლებლის სახლის ფეისბუქ გვერდებზე გაჩნდა რეკომენდაციები, ვებინარები და სახალისო ინსტრუქციები ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აქტივობების დასაგეგმად. სურვილის შემთხვევაში მიჰყევით ბმულებს და გამოიწერეთ სიახლეები:

 

 

დისტანციური სწავლების პრიორიტეტული მიზანი

0

„პირველი ინგლისური გვაქვს, 9 საათზე. გვიანობამდე ფილმს ვუყურებდი და მაღვიძარას ზარზე ძლივს გამოვფხიზლდი, პირის დაბანაც ვერ მოვასწარი, ჰუდის კაპიუშონი წამოვიფარე და ისე დავჯექი. აუ, მის ნათია კი, ნახე, რა გამოპრანჭული დაგვხვდა – მაკიაჟით, თეთრი პერანგითა და პიჯაკით. დავიმალე, მაგრად შემრცხვა, მგონი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც კი ეცვა, ჩვენ კი ყველას ნახევრად გვეძინა. სამაგიეროდ, მეორე გაკვეთილზე სოსო მასწავლებელიც აშკარად ახალგაღვიძებული იყო, სპორტული ეცვა და თმაც არ ჰქონდა დავარცხნილი…“ – მესმის, როგორ არჩევენ ბავშვები გაკვეთილების ამბებს.

დისტანციური სწავლება, რომლის საჭიროებაზე საუბარი უკვე კარგა ხანია დაწყებულია, განათლების სფეროში ჩართულთა უმრავლესობას შორეულ ან მიუღწეველ პერსპექტივად ესახებოდა და უცებ კორონამ სიტუაცია გადაალაგა. სწავლების ამ ფორმის საჭიროებას ყველამ თვალებში ჩავხედეთ, უფრო სწორად, ამ საჭიროებამ გაგვიყარა თვალი თვალში. მოგვიწია, უარი გვეთქვა სიახლისთვის მომზადების ფუფუნებაზე – განათლების სისტემამ ექსტრემალურ სიტუაციაში სწრაფი მოქმედება დაიწყო, ინდივიდებმა კი – ხელების ქნევა, რომ ამ მდინარეში გაეცურათ. გამოჩნდა მაშველი რგოლებიც თანამშრომლობის, წინარე გამოცდილების (ისტ-ის ტრენინგები, ახალი სკოლის მოდელი) გააქტიურების, ვიდეოსწავლებების სახით. ამ ჭიდილში პროცესი დაიძრა.

დისტანციური სწავლების ფორმატი მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს – ეს მართებულად არის აღნიშნული პირველად რეკომენდაციებში, რომლებიც უწყებამ დისტანციური სწავლებისთვის შეიმუშავა.

რა სეგმენტს ჩაანაცვლებს, რა დოზით, რა რესურსების გააქტიურებაა შესაძლებელი, რა გამიადვილდება და რა გამიჭირდება, შედეგად რას მივიღებ, მომავალში როგორ გამოვიყენებ? – აი, კითხვები, რომლებზეც ფიქრობს განათლების სფეროსთან დაკავშირებული ყველა სუბიექტი.

დღევანდელ დისტანციურ სწავლებაში აუცილებლად დგება პრიორიტეტების გამოკვეთის საკითხი. რეალურად, მთავარი ფსიქოლოგიური ფაქტორია, ხოლო საგანმანათლებლო მომდევნო დონეზე გადაინაცვლებს.

ფრაზა „სკოლა – თემის ცენტრი“ ხშირად ტრაფარეტულიც მოგვჩვენებია, მაგრამ ამ შემთხვევაში მას ძალიან კონკრეტული შინაარსი აქვს. პანდემიით შეშფოთებული მშობლებისთვის, რომლებსაც ერთდროულად დაატყდათ თავს ვირუსი, უმუშევრობა, გაუმძაფრდათ ხვალინდელი დღის შიში, შესაძლოა არ ჰყოფნიდეთ ცოდნა ან ძალისხმევა, რომ პირადადაც გაუმკლავდნენ ყველაფერს და შინ დარჩენილ ბავშვებსაც აუხსნან, შიში შეუმსუბუქონ, იმედი გაუღვივონ. სკოლა ამ ფუნქციასაც ითავსებს და ხშირად ემოციების მართვის თვალსაზრისით მშობლებისთვისაც მაორგანიზებელი ფაქტორი ხდება. სკოლა აგებს ონლაინურთიერთობებს მოსწავლეებთან, მშობლებთან, რომ სოციალური დისტანცირების ფენომენი ფიზიკური დისტანცირებით ჩაანაცვლოს და ვირტუალურ საკლასო ოთახში სოციალური ურთიერთობები შეძლებისდაგვარად გადაარჩინოს, განავითაროს. ამ პროცესს რა ხარვეზიც უნდა ახლდეს, ის თავის საქმეს, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მაინც ასრულებს და ჩაკეტილობის თანამდევ პრობლემებს თუ ვერ აგვარებს, ამსუბუქებს მაინც. ბავშვისთვის, მასწავლებლისთვის, მშობლისთვის ყოველ დღეს თავისი მიზანი აქვს. უფრო მეტიც – სწორი მიდგომისა და შესაბამისი რესურსების პირობებში ისინი ახალ უნარებს იძენენ და ივითარებენ. ჩნდება თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები. მაგალითად, მის ნათია, ინგლისურთან ერთად, მოსწავლეებს ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობას, ეტიკეტის პატივისცემასაც ასწავლის – უსიტყვოდ და შთამბეჭდავად.

გადარჩენილი სოციალური ურთიერთობების მნიშვნელოვნების დასტურია იმ ბავშვებისა და ოჯახების განწყობაც, რომლებიც რაიმე მიზეზით დისტანციურ სწავლებაში ვერ მონაწილეობენ. ეს ბავშვები ინტერნეტის ან ხელსაწყოების უქონლობის გამო ვერ ახერხებენ დისტანციური სწავლების პროცესში ჩართვას. ესენი უმეტესად სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები არიან და მათ უფრო უმძაფრდებათ გარიყულობის განცდა.

გულისტკივილის გარეშე ვერ წაიკითხავ მშობლის წერილს, რომელიც ერთ-ერთმა დაწყებითის მასწავლებელმა გაგვიზიარა:

„გამარჯობა, … მასწავლებელო. ალბათ იცით, რომ ინტერნეტის გამო ბავშვი უსწავლელი მრჩება. ვერსად გავდივარ, ვერ ვმუშაობ და იქნებ თქვენ მიმართოთ განათლების სამნისტროს, დაგვეხმაროს როგორმე ინტერნეტი ჩაგვირთონ, რომ ბავშვი არ ჩამორჩეს. ტელეფონში ყოველდღე ვერ ვრიცხავ და ვერც სხვას ვაწუხებ. ტელეფონით გამოგზავნილ დავალებებს კი ასრულებს, მაგრამ ძალიან განიცდის, რომ ვერ გერთვებათ და სულ მოწყენილია. სოციალურად დაუცველები ვართ და, წესით, უნდა გვეხმარებოდნენ“.

განათლების სამინისტრო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს და საპირწონედ ტელესკოლას დაასახელებს, მაგრამ ძნელია, პირველკლასელს აუხსნა, რატომ არ შეუძლია ყოფნა თავის მასწავლებელსა და თანაკლასელებთან ერთად. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბავშვს სწორედ მიკუთვნებულობის განცდა სჭირდება და ამშვიდებს. სტატისტიკა ოჯახური ძალადობის ფაქტების მატებაზეც მეტყველებს. ოჯახური ძალადობის პირდაპირი თუ ირიბი მსხვერპლები უმეტესად სწორედ ბავშვები არიან. მათთვის სკოლა ერთგვარი თავშესაფარია. არ გაგვიჭირდება წარმოდგენა, დღეს რა მდგომარეობაში იქნებიან ასეთი ბავშვები, თუ მათ დისტანციურ სწავლებაში ჩართვის საშუალებაც არ მიეცათ. ამიტომაც დისტანციური სწავლების პრიორიტეტად ამ ეტაპზე სწორედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გვესახება.

რეკომენდაციების მიხედვით, ონლაინშეხვედრების სასწავლო მიზანი აქამდე მიღწეული შედეგების განმტკიცება, სწავლების პროცესისთვის აუცილებელი უნარების გადარჩენა, მოსწავლე-მასწავლებელს შორის საერთო ენის შენარჩუნებაა და თუ ამ ყველაფრის პარალელურად მასწავლებელმა საგნის სწავლების დაგეგმილ გზაზე მოსწავლეთა წინსვლაც უზრუნველყო, შეგვეძლება ვთქვათ, რომ ის სათანადოდ ართმევს თავს ახალ გამოწვევას.

მომდევნო ნაბიჯი ამ გამოცდილებიდან დასკვნების გამოტანა, ახალი უნარების განვითარება და სწავლა-სწავლებაში მათი ეფექტური გამოყენება იქნება.

გარდამავალ ასაკში მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება, გაკვეთილზე მათი ჩართულობისათვის

0

გარდამავალ ასაკში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში და მათი დაინტერესება სხვადასხვა თემით მასწავლებლის ერთ-ერთი უპირველესი გამოწვევაა.

12-14 წლის ასაკში მოსწავლეებს ეცვლებათ ინტერესთა სფერო, უჩნდებათ სხვადასხვა გატაცება, ხდებიან მიმბაძველი. მათ ყოველდღიურ რუტინაში თავის როლს ასრულებს თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტერნეტ-თამაშები – ეს ყოველივე კი აფერხებს მოზარდის როგორც პიროვნულ, ასევე აკადემიურ წარმატებას გარკვეულწილად.

დავსვათ პრობლემური შეკითხვა: როგორ დავაინტერესოთ ქართული, როგორც მეორე ენის გაკვეთილებით მოსწავლე, რომელიც ბოლო მერხზე ზის და გამუდმებით საათის ციფერბლატს გაჰყურებს?!

(სტატიაში განვიხილავ მოსწავლეთა  ჯგუფს/მოსწავლეს, რომელიც დაწყებით საფეხურზე V – VI კლასებში აქტიურობით, მონდომებით, ნოვატორობით გამოირჩეოდა).

თუმცა:

დგება პერიოდი და საბაზო საფეხურზე მასწავლებელს სთხოვს, უკანა მერხზე გადაჯდომას, არც დაბალ შეფასებაზე აქვს პრობლემა/რეაქცია, მისთვის გაუფერულებულია ინტერესი საგნის მიმართ. სწორედ აქედან იწყება, ის – რაც განაპირობებს შემდგომში მოსწავლის პიროვნულ რეგრესს, დაბალ აკადემიურ მოსწრებას, სოციალურ შებოჭილობას.

რაში მდგომარეობს მასწავლებლის როლი?!

უპირველეს ყოვლისა მასწავლებელმა უნდა გამოარკვიოს პრობლემა. (აქვს თუ არა მოსწავლეს ოჯახში, სოციუმში პრობლემა, კერძოდ, რა იწვევს მის ამგვარ ქცევას, ინტერესის ნაკლებობას, ხასიათის ცვლილებას). შემდგომ ეცადოს მოსწავლეს განუმტკიცოს თვითშეფასება. თავდაპირველად შესთავაზოს ისეთი აქტივობები, რომლებსაც მოსწავლე წარმატებით გაართმევს თავს და მისცეს პოზიტიური უკუკავშირი. ამის შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მისცეს საშუალება, დაგეგმოს ექსკურსია, გაუღვივოს ლიდერობის განცდა, რათა ნელ-ნელა სწავლისა და საგნის  მიმართ ინდეფერენტულობა იქნეს დაძლეული და მოსწავლეს პასუხისმგებლობის გრძნობა გაუჩნდეს. ამასთანავე ჩართოს არაფორმალურ აქტივობებში (წრე, კლუბი, პროექტი).

პრაქტიკის გაზიარება

დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ კარგი გაკვეთილის წარმართვისთვის სულაც არაა საჭირო საკლასო ოთახი და ფორმალური გარემო. შესაძლებელია ასე მოულოდნელად მასწავლებელმა დატოვოს სამუშაო მაგიდა, გავიდეს საკლასო ოთახიდან და გაიყვანოს მთელი კლასი სკოლის ეზოში. მახსენდება: ნოვრუზ ბაირამი, როცა ოთხი სამშაბათი სკოლის ეზოში გავდიოდით (გავდივართ) და იქ ვატარებდით ქართულის გაკვეთილებს. მოსწავლეები საუბრობდნენ ნოვრუზზე, როგორც ბუნების გაღვიძების დღესასწაულზე, ხსნიდნენ თუ რა დატვირთვა აქვს 1-ელ, მე-2, მე-3 და მე-4 სამშაბათს, რომელ სტიქიას გამოხატავს თითოეული მათგანი. რა იდება სადღესასწაულო სუფრაზე, როგორ აგდებენ ქუდს უჩუმრად მეზობლის სახლში, რათა ტკბილეულობით შეუვსონ და სხვ.  ყველაზე დასამახსოვრებელი მე-3 სამშაბათი გამოდგება ხოლმე, ცეცხლის სტიქია და კოცონის დანთება ნიშნავს იმას, რომ ფანჯრებიდან 1000 გაბრწყინებული თვალი გვიყურებს, ჩვენ კი ვაგრძელებთ ქართულად საუბარს ნოვრუზზე, როგორც გაზაფხულის დღესასწაულზე.

ამგვარი აქტივობები კლასის თითოეულ მოსწავლეს (განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა) ააქტიურებს, ზოგი სკოლის ეზოში გამხმარ ბალახს აგროვებს, ზოგი ტოტებს, ზოგს წყალი მოაქვს – თამაში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და რაც მთავარია, ყველა დაკავებულია – ყოველი მათგანი საუბრობს, ჰყვება, მსჯელობს, ისმენს – ეს კი ქართულის, როგორც მეორე ენის შესწავლის პროცესში უმნიშვნელოვანესია.

მოსწავლეთა დაინტერესებასა და საგნის/პედაგოგის მიმართ პოზიტიურ დამოკიდებულებას ყველაზე მეტად მათი ინტერესების გათვალისწინება განაპირობებს. ცხადია, მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესში ვითვალისწინებთ მოსწავლეთა საჭიროებებს, შესაძლებლობებს, თუმცა არის შემთხვევები, როცა მოსწავლეთა ინტერესს უგულებელვყოფთ კიდეც.

დავსვათ შეკითხვა: როგორ ვუბიძგოთ მოსწავლეს შემაჯამებელი ტესტის გულდასმით შესრულებისკენ?! როგორ გავუღვივოთ მოსწავლეს საკლასო სამუშაოს შესრულების ინტერესი?! და გავხადოთ ის მობილიზებული გაკვეთილის დაწყებისთანავე?!

გარდამავალი ასაკის მოსწავლეები, როგორც ზემოთ აღვნიშნე საბაზო საფეხურზე საგნის მიმართ ინტერესს კარგავენ და პედაგოგს უჭირს მათი ყურადღების კონცენტრირება. მაშ, რა შეგვიძლია მასწავლებლებს?!

მაგალითად, მე, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელს, როცა მსურს მოსწავლეები ვამუშაო ლექსიკაზე – ახალ სიტყვებს მათ ყველაზე დიდ გატაცებას ვუკავშირებ…

ანუ:

  • დიდ ეკრანზე წინასწარ ვამზადებ საფეხბურთო მოედანს, მოსწავლეების ფავორიტი გუნდის ემბლემებით – წარმოგიდგენიათ?! თითოეული მოსწავლის გაბრწყინებული თვალები და რაც მთავარია, სიხარულით მიღწეული შედეგი, როცა მოსწავლე, სულ უკანა მერხიდან იწევს ხელს:

– მას!

– მე გამოვალ, მას…

– ახლა მე, მას…

  • შემაჯამებელ ტესტებს მოსწავლეთა „გატაცებებზე“ ვბეჭდავ – მაგალითად: ყურსასმენები, მას ვისაც მუსიკა უყვარს… Iphone & Samsung სმარტფონების კონტურზე, მოსწავლეებს ვთხოვ, შეავსონ კროსვორდი და სხვ. ამდაგვარი ილუსტრაციებით ვცდილობ მასალა დავაშენო მათ გატაცებებზე.

მოსწავლეებს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდებულება პოზიტიურად განაწყობთ. მეტი ინტერესით, პასუხისმგებლობით ეკიდებიან დავალებას, რაც მათ შედეგებს გაცილებით აუმჯობესებს.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ თუ მასწავლებელი (მით უმეტეს) გარდამავალ ასაკში ასახსნელ/განსამტკიცებელი მასალის გადმოცემისას გაითვალისწინებს მოსწავლეთა ინტერესებს, მოსწავლეები უფრო მობილიზებული და ყურადღებიანი იქნებიან, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებასა და აკადემიურ წინსვლას, და დასახულ მიზანიც მეტი წარმატებით მიიღწევა.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...